კვირა, მაისი 17, 2026
17 მაისი, კვირა, 2026

ეკონომიკის განათლება მოსწავლეებისთვის

0

რატომ „დაუძლურდა“ ფული?

 
შესავალი: მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, ის დროში გაიწელება, თუკი ფულის მიწოდება პროდუქციის გამოშვებაზე სწრაფად გაიზარდა. ინფლაციის მოდელირება კლასში შესაძლებელია „აუქციონის“ აქტივობით.

ეკონომიკური კონცეფცია: ინფლაცია

მოსაზღვრე საგნები: მეტყველება, მათემატიკა

მიზნები:

  • განსაზღვრონ ინფლაცია როგორც ფასების საშუალო დონის ზრდა;
  • ახსნან, რომ ფულის მიწოდების გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფლაცია;
  • განსაზღვრონ ინფლაციის გავლენა მსყიდველობით უნარზე.

გაკვეთილის აღწერა: ამ გაკვეთილზე ინფლაციის შესწავლის მიზნით მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ორრაუნდიან აუქციონში.

საჭირო დრო: ერთი გაკვეთილი

მასალები: სამი ერთნაირი ნივთისგან შემდგარი ორი კომპლექტი (მაგალითად, კანფეტი, ფანქარი, საფოსტო მარკა); თითო მუჭა ორი სახის მარცვლეული (მაგ., ლობიო, ბარდა); თვალსაჩინოება 1. „აუქციონის შედეგები“.

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. დაურიგეთ თითოეულ მოსწავლეს ერთი სახის მარცვლეულის 4-12 მარცვალი. მიეცით სხვადასხვა რაოდენობის მარცვლები.
  2. გამოაცხადეთ, რომ გამართავთ აუქციონს. აჩვენეთ სამი საგნის ერთი კომპლექტი.
  3. აუხსენით, რომ ამ საგნების ყიდვა შეუძლიათ დარიგებული მარცვლეულით. თითოეული მარცვლის ღირებულება 25 თეთრია. სთხოვეთ, დაითვალონ მათ ხელთ არსებული „ფული“.
  4. ჩაატარეთ აუქციონი და გაყიდეთ თითოეული ნივთი ყველაზე მაღალ შესაძლო ფასად. აჩვენეთ თვალსაჩინოება 1. ჩაწერეთ შესაბამის გრაფაში ნივთების სახელწოდება და აუქციონის შესაბამისი ფასი.
  5. „გაზარდეთ“ კლასში ფულის მიწოდება – გულუხვად (მაგრამ ისევ არათანაბრად) დაურიგეთ თითოეულ მოსწავლეს მეორე სახის მარცვლეული.
  6. უთხარით, რომ კიდევ ერთხელ გაიმართება აუქციონი. აჩვენეთ სამი ნივთის მეორე კომპლექტი.
  7. აუხსენით, რომ შეუძლიათ ორივე სახის მარცვლეულის გამოყენება. თითოეული მარცვლის ღირებულება კვლავ 25 თეთრია. სთხოვეთ, დაითვალონ მათ ხელთ არსებული ფული.
  8. ჩაატარეთ აუქციონი და გაყიდეთ თითოეული ნივთი ყველაზე მაღალ შესაძლო ფასად. თვალსაჩინოება 1-ზე ჩაწერეთ ნივთების სახელწოდება და აუქციონის შესაბამისი ფასი.
  9. იმსჯელეთ:

*           რატომ ჰქონდა მარცვლებს ფასი? (მათი გამოყენება შესაძლებელი იყო კლასში ნივთების საყიდლად.)

* რას ცდილობდა თითოეული თქვენგანი აუქციონის დროს? (დაეხარჯა საკუთარი ფული შემოთავაზებული ნივთების საყიდლად.)

*           მეორე აუქციონის დროს როგორ შეიცვალა თითოეული ნივთის ფასი? (გაიზარდა.)

*           მეორე აუქციონის დროს როგორ შეიცვალა თქვენს ხელთ არსებული დასახარჯი ფულის რაოდენობა? (გაიზარდა.)

* როგორი იყო თითოეული აუქციონის დროს ნივთების რაოდენობა? (ერთი და იგივე.)

–           როგორ ფიქრობთ, რატომ იყავით თანახმა მეორე რაუნდის დროს, მეტი გადაგეხადათ ნივთებში? (მეტი ფული გქონდათ, ხოლო გასაყიდი ნივთები აღარ იყო.)

  1. აუხსენით, რომ ამ სავარჯიშოს საშუალებით მათ ინფლაციის არსი გაიგეს. ინფლაცია ნიშნავს, რომ საშუალოდ ყველა საქონლისა და მომსახურების ფასი იზრდება. შესაძლოა, ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების ფასი არ გაიზარდოს, მეტიც, დაეცეს კიდეც, მაგრამ იზრდება ფასების საშუალო დონე.

დასკვნითი ნაწილი.

  1. აუხსენით, რომ მეორე აუქციონის დროს მათ მეტი ფული ჰქონდათ, მაგრამ აღარ იყო გასაყიდი საქონელი და/ან მომსახურება. როცა ეკონომიკაში (ამ შემთხვევაში – საკლასო ოთახში) მიმოქცევაში მეტი რაოდენობის ფულია, მაგრამ საქონლისა და მომსახურების რაოდენობა იგივე რჩება, ხდება ინფლაცია. ინფლაცია ადამიანებზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს – ზოგი ხეირობს, ზოგი კი ზარალდება.
  2. ჰკითხეთ მოსწავლეებს: მათი შემოსავალი კვირაში 5 ლარი რომ იყოს, ინფლაციის პირობებში მეტ საქონელსა და მომსახურებას იყიდიდნენ თუ ნაკლებს? (ნაკლებს.) რატომ? (თუ შემოსავალი უცვლელად 5 ლარი იქნება, ხოლო ფასები გაიზრდება, ისინი ვერ შეძლებენ იმავე რაოდენობის საქონლისა და მომსახურების ყიდვას. ინფლაციის დროს ფულის მსყიდველობითი უნარი ეცემა (მცირდება). იმავე რაოდენობის ფულით მათ ნაკლები საქონლისა და მომსახურების ყიდვა შეეძლებათ.)

შეფასება:

  1. დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:

*           რატომ აქვს ფასი ფულს? (ფულით შეიძლება საქონლისა და მომსახურების ყიდვა.)

*           რა არის ინფლაცია? (ფასების საშუალო დონის ზრდა.)

*           რა გავლენას ახდენს ინფლაცია ფულის მსყიდველობით უნარზე? (ამცირებს.)

გავრცობა.

  1. დაავალეთ მოსწავლეებს, ჰკითხონ ოჯახის წევრებს, როგორი იყო ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების (მაგალითად, ერთი ლიტრი ბენზინის, ერთი ცალი ხაჭაპურის, ერთი ფილა შოკოლადის, თეატრის ბილეთის) ფასი 10, 20 ან 30 წლის წინ და როგორი იყო ოჯახის შემოსავალი. იმსჯელეთ ფასებისა და შემოსავლების ცვლილების შესახებ.
  2. სთხოვეთ მოსწავლეებს, გადახედონ თანამედროვე და გასული წლების ეკონომიკურ ჟურნალ-გაზეთებს, მოიძიონ ინფორმაცია ფასების შესახებ და გამოთქვან აზრი წლების მიხედვით ფასების ცვლილებების თაობაზე.

 

თვალსაჩინოება 1. „აუქციონის შედეგები“

ნივთი აუქციონის I რაუნდის ფასი აუქციონის II რაუნდის ფასი
1. ___________________

___________________

___________________

 

   
2. ___________________

___________________

___________________

 

   
3. ___________________

___________________

___________________

 

   

 

წყარო: Caulson E., McCorkle S., (1996). Master Curriculum Guide in Economics Teaching Strategies 5-6, National Council on Economic Education.

სიცოცხლის ფერი და სურნელი –  ვაჟა-ფშაველა „ღამე მთაში“ სწავლებისთვის

0

ამ ლექსის  მხატვრული სამყარო კიდევ ერთხელ გვაჯერებს, რომ ვაჟა-ფშაველა უნივერსალური ხედვისა და აზროვნების პოეტია. მის თვალთახედვაში სამყარო ირეკლება, როგორც მთლიანი, განუყოფელი, ღვთის მიერ შექმნილი, რომლის დაშლა შეუძლებელია. ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაც ასეთი უნდა იყოს, სხვაგვარად ის ვერ შეიმეცნებს იმ კანონზომიერებებს, რომლებიც სიცოცხლის აზრს განაპირობებენ. პოეტი ბუნების საოცარ თანხმიერებაში პოულობს ბედნიერებას:

„ამაზე ტურფა და კარგი

მე სხვა აღარა მგონია!“

ადამიანიც სამყაროს ნაწილია და ამიტომ  საკუთარი თავი ამ სრულყოფილ მთლიანობაში უნდა გაიაზროს, ამაზე უნდა დაასაქმოს გონება, იშრომოს, პირზე ოფლი გადაიდინოს და ჩასწვდეს არსებობის აზრსა და მიზანს:

„ხევი მთას ჰმონებს, მთა – ხევსა,

წყალნი – ტყეს, ტყენი – მდინარეთ,

ყვავილნი – მიწას და მიწა –

თავის აღზრდილთა მცინარეთ

და მე ხომ ყველას მონა ვარ,

პირზედ ოფლ-გადამდინარედ!“

ადამიანი სხვაგვარად თუ მოიქცევა, გაუცხოვდება იმ მადლისა და სიყვარულისაგან, რომელიც კოსმოსის ცალკეულ ნაწილს ერთ „ღვთაებრივ ტაძრად“ ადუღაბებს, სამლოცველოდ, რომელშიც ნებისმიერი რჯულის, რასის, ეთნოსის, კულტურის, წარსულისა და მომავლის ადამიანს თანაბრად შეუძლია მუხლის მოდრეკა და მხურვალე ლოცვა. ეს ლოცვა იმ სიხარულის გაზიარება იქნება, რომელიც სიცოცხლის სიხარულის შეგრძნებიდან იბადება. სწორედ ამაზეა ლექსი „ღამე მთაში“. რადგან ვაჟასთვის „ენა მწერლის სულია“ („ნიჭიერი მწერალი“), იგი მხატვრულ სახეებში შიფრავს სათქმელს, ოღონდ ისე, რომ გულისხმიერ მკითხველს არ გაუჭირდეს მათი დეკოდირება, ახსნა და შემეცნება:

„ლამაზის მთების ასულთა

ხმა ხმისთვის შაუწონია,

მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,

უფალო, დაუმონია“.

ამ  სტრიქონებით იგი წარმოაჩენს, რა წარმოქმნის ბუნების მშვენიერებას, რა უდევს საფუძვლად მის ჰარმონიულობას. ეს არის ერთმანეთს „მონობა“, ურთიერთშეთანხმებულობა. ღვთის იმგვარი განგებულება, რომლის მიხედვითაც,  „მონობა“ თავისუფლებაა, სიყვარულია. ყოველივე არსებულს თავისი იდუმალი ფუნქცია აქვს. ვაჟა ცდილობს ჩასწვდეს ბუნების ამ საიდუმლოს, რომელიც ყველა ფერს თავის ადგილს მოუნახავს ერთგვარ სამოთხისეულ აღქმაში, რომელიც სიკეთისა და ბოროტების, სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა არსებობას გულისხმობს:

„საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა…

მაინც-კი ლამაზი არის,

მაინც სიტურფით ჰყვავისა!..“

ვაჟას, როგორც შემოქმედს, თანაბრად აქვს „თვალი“ და „ყური“ გამახვილებული, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს იდუმალ ხმებს ისმენს და ფერწერულად აღიქვამს ყოველივეს. მასაც სჯერა ბარათაშვილივით, რომ:

„არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის“ („ჩინარი“).

ეს იგივე „სასუფევლის ენაა“ (ბარათაშვილი „ჩჩვილი“). რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ეხმიანება „ვეფისტყაოსნისეულ“ სამყაროს, რომელშიც ადამიანი და კოსმოსი ჰარმონიულად ურთიერთობს:

„რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან“ (რუსთაველი).

ბუნება ადამიანს ელაპარაკება ფერითა და სურნელით, როგორც რომანტიკოსებს სჯეროდათ. რაც მთავარია, ვაჟას თავისი მუსიკალური თუ ფერადოვანი შეგრძნებები, სამყაროს ესთეტიკური აღქმა მკითხველამდე მოაქვს მხატვრული სახეებით:

„დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი

აყვავდნენ, დასხდენ ცაზედა“.

ვარსკვლავთა აყვავება იმგვარი მეტაფორაა, რომელიც ერთდროულად იწვევს ფერისა და სურნელის შეგრძნებას. აყვავება პირდაპირ ასოცირდება ყვავილებთან, რომლებიც, თავის მხრივ, სურნელსაც მოიყოლებენ. გვახსენდება გიორგი ლეონიძე, ვაჟას პოეტური მემკვიდრე, რომელიც ცას ასე ხატავს: „ცა ატმებით, მსხმოარე, ჩახჩახა“ („ნინოწმინდის ღამე“).   აქაც თვალით აღქმული ფერადოვნებაა გამოკვეთილი. აკაკის პოეზიაში, მაგალითად, სხვაგვარადაა, იქ  ვარსკვლავებს კოსმიური ხმოვანება ახლავთ თითქოს:

„და ვარსკვლავებიც იმავ დროს

დაჰფეთქენ, დასჭიკჭიკობენ“ („თორნიკე ერისთავი“).

ლექსში ბუნება  თითქოს ადამიანური ყოფისგან განუყოფლად აღიქმება. მთვარეს ჯერ არ გაუღვიძია და ტკბილად სძინავს მკლავზე, როცა გაიღვიძებს, სხივებს პირის საბანად წყალზე გაგზავნის, მერე გორაზე შემოჯდება და გამარჯობას იტყვის, მაგრამ მანამდე ჯერ შუაღამეა – მგლების ღავღუვის დრო. პოეტი  ხატავს, როგორ ენაცვლება ერთმანეთს სიმშვიდე და ხმაური, დარი და ავდარი. ყველაფერი, რაც ხდება, სასიცოცხლო  მისტერიაა, ამიტომაც არაფერს გაუნაპირდება პოეტი, ყოველივეს ყურს უგდებს და მკითხველსაც ამ საყოველთაო სასიცოცხლო რიტუალში ჩართავს, სინათლისა და სიბნელის მარადიული მონაცვლეობის აუცილებლობას აზიარებს. ამიტომაც უწოდებდა გრიგოლ რობაქიძე ვაჟას „მითოლოგიური წარსულის ძეს“. მისი აზრით: „მისთვის, განმჭვრეტი მწყემსისათვის, ჩუმ და იდუმალ ღამეში გადახსნილია ვარსკვლავთა ზეცა, და იგიც სამყაროს საერთო მდუმარების ჟამს გარდასახავს ცის ამ საიდუმლოთ თავისი ლერწმის სალამურის მომხიბლავ ხმებად. ამ გამოუცნობი პოეტის შემოქმედებითი ცნობიერება  შესაძლოა განისაზღვროს – როგორც მითოლოგიური; ის – გრძნობა და აზრი პოეტისა – ყურს უგდებს ბუნების ყოველ მოვლენას და ინტენსიურად შეიცნობს რაღაც მახლობელსა და მშობლიურს, თუმცაღა გარკვეული სახით მოწყვეტილსა და დაკარგულს; ესმის მას – გულსა და გონებას პოეტისას – რაკრაკი მთის ნაკადულისა და ამაში თავის სულიერ მღელვარებათა რიტმის გამოძახილს გრძნობს. ცნობიერება (პოეტისა) თავის სახეს ჰქმნის ბუნებაში და ამით მას ასულიერებს, – და ბუნების ასარკვაში ქმნილი სახე ცნობიერებისა ხდება სიმბოლო მათი – ცნობიერებისა და ბუნების – ერთიანობისა. ასე იქმნება მითი მათ წინასამყაროულ მდგომარებაზე: რადგან ვ. ივანოვის შესანიშნავი თქმით: „მითი გახსენებაა მისტიკური ამბისა, კოსმიური საიდუმლოსი“. სწორედ ამ ამოუხსნელ სამყაროს, სიმბოლოსა და მითის სამყაროს ბიოკლინის საღებავებით გადაგვიხსნის პოეტი ვაჟა-ფშაველა“.

 

 

ტოჩინოშინმა დიდი ისტორია დაწერა

0

თემურ ლენგის მორიგი შემოსევა. დიდი უბედურებაა ქართლის თავზე. გადაბუგული სოფლები და სახლები, გავერანებული ბაღები და ვენახები, ჩამკვდარი სიცოცხლე და სრული უიმედობა. მტერს გარიდებული საქართველოს მეფე ტყე-ტყე დადის და ნასოფლარების ხილვა მასა და მის მცირერიცხოვან ამალას ყველა მბჟუტავ იმედს უკლავს და უქარწყლებს. აი ერთ-ერთი სოფელი გამოჩნდა. იქაც იგივე სურათია. თათარ-მონღოლების მიერ დახოცილი ხალხი, მბოლავი სახლები, გავერანებული მიდამო და არცერთი სულიერი თვალსაწიერში. მაგრამ აი ერთი სახლის წინ 10-11 წლის ბიჭუნა ცოცხით ხელში დამდგარა და ეზოს გვის. მეფეს სიხარულით თვალები უბრწყინდება, ცხენს აჩერებს და ხმამაღლა გახარებული ყვირის: „ნახეთ – ძე გვის! ძე გვის!“.  – ესაა ძველი ლეგენდა, სოფელ ძეგვის სახელწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართლში დღესაც იციან და ალბათ დადგება დრო, როდესაც ამ სოფლის შესასვლელში ეზოს დაგვით გართული ბიჭუნას ძეგლი დაიდგმება.

სანამ ძეგვში ბიჭუნას ძეგლი დაუდგამთ, მანამდე ამ სოფელს სახელი უკვე გაუთქვეს და ეს აწ უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინიმ გააკეთა. ლევანი წარმოშობით სწორედ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვიდანაა და ამ სოფლის შესახებ, დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ბევრმა უცხოელმა, ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემაც კი პირველად გაიგო. ესაა ნიმუში იმისა, როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ქვეყანა და შენი მშობლიური მხარე. ესაა ნიმუში დიდი პროფესიონალიზმისა და საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულისა. ლევან გორგაძემ ქართულ სპორტში ახალი და მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა.

ტოჩინოშინის ტრიუმფის შემდეგ, ქართველი ქომაგები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, ქართველი სპორტსმენების ინდივიდუალურ წარმატებებს შორის რომელი  უფრო დიდი და გრანდიოზული წარმატება იყო – ზაზა ფაჩულიას ამერიკაში პირველობა, კახი კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება თუ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის დაუფლება.

ჩემი აზრით, ეს შედარებები და საკითხის ასე დაყენება ძირეულად არასწორია, რადგან, ჯერ ერთი, არ მესმის, რატომ უნდა დავატოლოთ ერთმანეთს დიდი წარმატებები. მეორეც, ეს იგივეა, ლევან გორგაძე ფაჩულიას შევაჯიბროთ ნახტომში. და პირიქით – ფაჩულია გორგაძეს ღონეში. ეს ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა და აქ მთავარი ისაა, რომ ზემოთ აღნიშნული დიდი გამარჯვებები დამოუკიდებელი ქართული სპორტის არსებობის პერიოდში მოხდა, როდესაც ზემოთ დასახელებული სპორტსმების ჩვენებურობას ვერც საბჭოეთი გვედავება და ვერც ვერავინ.

მაგრამ, არის კი გორგაძის წარმატება ქართული სუმოს ისტორიაში უმთავრესი და ერთადერთი?! ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა სასიმოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს მომავალი და ვინ იცის, იქნებ ტოჩინოშინის ტიტულმრავლობა შემდეგში სრულიად ჩვეულებრივ ამბად იქცეს (ღმერთმა ქნას!). ისიც შეიძლება, რომ სუმოს პოპულარიზაციამ ასპარეზზე ბევრი სხვა ნიჭიერი ქართველი სპორტსმენი გამოიყვანოს და ლევანი მხოლოდ დიდი გზის მესაფუძვლე იყოს.

ფაქტი კი ისაა, რომ ტოჩინოშინის გამარჯვება უნდა იქცეს დიდ სტიმულად ჩვენი ახალგაზრდებისათვის და თუკი რაგბი გახდა ჩვენი თამაში, სუმო რატომ არ შეიძლება გახდეს? სოფელ ძეგვში რომ სუმო უკვე სპორტის მთავარი სახეობაა – ამაზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ!

 

ცრუპენტელა აღმზრდელი

0

ბავშვობაში წაკითხული წიგნები სულ სხვაა. იმ პერიოდიდან დღემდე ნათლად მახსოვს არათუ ავტორი და ნაწარმოების სიუჟეტ-პერსონაჟები, არამედ კითხვის დროს აღძრული განცდები, წიგნის ყდის ფორმა და ფერი, თაროზე ის ადგილი, საიდანაც მათ ვიღებდი. იმ სახლში სტუმრობისას, სადაც გავიზარდე და ამ წიგნებს ვკითხულობდი, თვალის ერთი გადავლება მჭირდება იმავე ადგილას მდგარ წიგნების კარადაში ჩამწკრივებული საკმაოდ დამტვერილი წიგნებისათვის, რომ გაცოცხლდეს მთელი ბავშვობა და ის ემოციები, მათთან გაცნობისას რომ მეუფლებოდა.

ამ ცოტა ხნის წინ ვაჟა-ფშაველას პროზის ერთ-ერთ ტომი მექანიკურად გადავშალე. წაკითხვასაც არ ვაპირებდი. მაგიდაზე იდო და უბრალოდ ავიღე ხელში. პირველივე სათაური, რომელიც შემომეგება, „ცრუპენტელა აღმზრდელი“ იყო…

ტექსტის წაუკითხავად გაცოცხლდა მეხსიერებაში ციხელი, გაუცინარი მოხუცი, თხის ტყავი რომ ეცვა და თავზეც თხის ტყავის წოწლოკინა ქუდი ეხურა. თვალწინ დამიდგნენ ეფრემი და მისი ტოლ-ამხანაგებიც. როცა პირველად ვკითხულობდი ამ ნაწარმოებს, მეც ერთი მათგანი ვიყავი. მეც ვყვებოდი მათ ოცნებებში. ოღონდ ციხელის ალს, მანათობელ ფრთას, უსახელო გმირის ნაბოძებ ქამარ-ხანჯალსა თუ გველის თვალს ჩემთვის სხვა გამოხატულება ჰქონდა და სამელემენტიანი ფარნის, კალკულატორის, მაგნიტოფონ „ელექტრონიკასა“ ჩვენი თაობის დანატრებული ბავშვების სხვა ოცნებებს არ სცდებოდა…. კიდევ, დიდად მეცოდებოდა ციხელის კაკაბ-კურდღელი, მეცოდებოდა და ვბრაზობდი ამ ბერიკაცზე. ხან თავად ისიც მებრალებოდა. ნაწარმოების ბოლოსკენ კი მე, ეფრემსა და ჩვენს თანატოლ სხვა გოგო-ბიჭებს ერთად დაგვემსხვრა ოცნების კოშკები. თუმცა მე უფრო შემბრალდა ციხელი, ვიდრე ეფრემს და დიდი ვაჟა კიდევ უფრო ბუმბერაზი გახდა, რადგან ბოლოს გვათქმევინა: „…იქნებ მართალი იყოს? იქნება არა სტყუის ციხელი? შაიძლება! შაიძლება!“-ო.

ფიქრებიდან გამორკვეული, სათაურზე ჩავფიქრდი. რატომ მაინცდამაინც „აღმზრდელი“? აღზრდა და სწავლება ხომ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მით უფრო არ განსხვავდებოდა იმ დროს, იმ ყოფაში. ვაჟაც ხომ თითოეული ეპითეტი ზედმიწევნით აქვს მორგებული ყოველთვის. აქაც უდავოდ რაღაცას გულისხმობდა. ამიტომ კიდევ ერთხელ, უკვე დიდის თვალით, გადავიკითხე მოთხრობა.

მაინც რატომ არის ციხელი აღმზრდელი? მას ხომ არც სკოლა აქვს, არც გაკვეთილებს ატარებს და, მით უფრო, არც „მოსწავლეთა“ გამოკითხვა-შეფასებას. დგას მოხუცი და თავისთვის რაღაცას ჰყვება, ოცნებობს ხმამაღლა. და აი, ამ ოცნება-ოცნებაში გვასწავლის, რომ ალი ყოველთვის ბოროტი არ არის; ისიც შეიძლება ისეთივე სათნო და საყვარელი იყოს, როგორიც კეთილი ფერია, თუ თავად მოინდომებ. კიდევ? კიდევ ის ვისწავლე, რომ ოცნებასაც და სწავლასაც ერთი მთავარი მიზანი აქვს – უკეთ მოიწყო ხვალინდელი დღე, გქონდეს ყველაფერი ის, რაც ცხოვრებას გაგიბედნიერებს და სიკეთის კეთებას შეგაძლებინებს…

რევოლუციის შემდგომ დაბადებულ ბავშვებს სათამაშო შესაძლოა უკვე გვქონდა, მაგრამ არ გაგვაჩნდა საკუთრების განცდა. ფული ხელის ჭუჭყი იყო, ხოლო ბევრი ფული – დანაშაული, რადგან სისტემა გამდიდრების საშუალებას არ იძლეოდა. სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებში მხოლოდ ცოდნას გადასცემდნენ. უკვე საკმარის მიღწევად ითვლებოდა დიპლომირებულ ინტელიგენტად გახდომა, რომელსაც ზნეობრივ კოდექსში პირველ პუნქტად დიდი ასოებით ეწერა „ყოველთა თმენა“ და შემგუებლობა. ინტელიგენტისათვის, აბა, რა საკადრისი იყო უფულობის გამო წუწუნი… ამიტომაც სჯერდებოდა ორასმანეთიან ხელფასს. მუშათა სახელმწიფოში წერაქვით უფრო მეტს იშოვიდი, ვიდრე გონიერებით. სამწუხაროდ, ეს დაღი დღემდე გვატყვია. ვასწავლით ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, ისტორიას, ქართულს… მაგრამ არ ვასწავლით, ამით როგორ მოიწყონ ცხოვრება. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვერ ვასწავლით, რადგან ჩვენთვისაც არავის უსწავლებია თავის დროზე…

ისევ ციხელს, ამ ცრუპენტელა აღმზრდელს, მინდა დავუბრუნდე… იყო დრო, აღმზრდელ-მასწავლებლები მოწაფეებს შთააგონებდნენ, დედამიწა ბრტყელია და სპილოების ზურგზე დგასო; იყო დრო, როცა ასწავლიდნენ, რომ მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი სამყაროს წარმომქმნელი ისეთივე ელემენტები იყო, როგორებადაც დღეს მოლეკულები მიგვაჩნია; დადგა დრო, როცა მივაგენით ყველაზე პატარა განუყოფელ ნაწილაკს – ატომს და დავასკვენით, რომ სამყარო ატომებისაგან შედგება…

ახლა უკვე ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია და რომ ის მზის სისტემის ნაწილია; ახლა უკვე ვიცით, რომ სამყაროს შემადგენელი ნაწილაკები მოლეკულებია და მათი მიღებისა და გარდაქმნის წესებშიც ვერკვევით; ვიცით, რომ ატომი სრულებითაც არ არის „ატომი“ და ისიც შეიძლება კვარკებად დაიშალოს…

და დადგება დრო, როცა ვიღაც დაწერს, რომ იყო დრო, როცა ასწავლიდნენ, რომ ატომები მხოლოდ კვარკებამდე იშლება…

ცოდნის აგების პროცედურები ანუ  რა სურთ მოსწავლეებს

0

რამდენად განსხვავებულია ან მსგავსია მოსწავლეთა სურვილები სწავლასთან მიმართებაში?  რაზეა დამოკიდებული ეს მსგავსება ან განსხვავება? რას ამბობს კვლევები და როგორია რეალური ისტორიები?

 

მოსწავლეთა შესაძლებლობები, სწავლის სტილი და ღირებულებები სხვადასხვაა, მაგრამ კვლევებით დგინდება, რომ სწავლა-სწავლების პროცესში  მოსწავლეებს მოსწონთ  ისეთი მიდგომა, რაც შემდეგი  ოთხი პრინციპის თანმიმდევრულ დაცვას გულისხმობს:

პირველი პრინციპია  – რთული საკითხების/ ახალი  თემების შესწავლა  მარტივი აქტივობებით დაიწყოს მასწავლებელმა.   სწავლების მარტივი საფეხურიდან დაწყება   არ ნიშნავს, რომ  მოსწავლეთა ცოდნა, უნარები ან გამოცდილება და შესაძლებლობები დავაკნინოთ. ეს ნიშნავს  ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელოვან დასაწყისს ანუ ამით  მოსწავლეთა ცოდნის აგების პროცესის „ათვლის წერტილი ფიქსირდება“.   მოსწავლეებს მოსწონთ კონკრეტული მაგალითები.  ანალოგიების გამოყენებაც ძალიან  ეფექტურია.

 ბიოლოგიის  მასწავლებელი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას –    „ სისხლის მიმოქცევის სისტემის ახსნამდე გამოვიყენე შემდეგი ანალოგია: სისხლის მიმოქცევა  მდინარის  სისტემას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ ის ორივეს, საკვებსაც და ნაგავსაც ატარებს და მისი გადატვირთვა და არასწორად გამოყენებაც ერთნაირად არის შესაძლებელი.  ვიცოდი რომ  ჩემმა მოსწავლეებმა გასულ სასწავლო წელს შეისწავლეს  მდინარეთა სისტემები და  პროექტიც დაამუშავეს და ამიტომ  ამ კუთხით  მსგავსი მაგალითით მე  მათ სისხლის მიმოქცევის შესახებ ელემენტარული წარმოდგენა შევუქმენი”

მეორე პრინციპი –  საკითხის ახსნისას კონკრეტული მაგალითების გამოყენებაა. ეს ნიშნავს, რომ  მასწავლებელი სწავლებისას იყენებს  მასალებს, სიმულაციებს, მოდელებს ან არტეფაქტებს, რომლებიც  შესასწავლი საკითხის/ ცნების ან განზოგადების ილუსტრირებას ახდენს, რასაც იმ დროს ასწავლის მასწავლებელი.

მესამე პრინციპი – სწავლებაში საკითხის  თანდათანობით გართულებაა. ამის გაკეთება ხდება  დამატებითი მახასიათებლების შემოტანით, ახალი კრიტერიუმების წარმოქმნით ან კონკრეტული გაკვეთილის შინაარსსა და სხვა შინაარსს შორის კავშირის დადგენით. მაგალითად, სისხლის მიმოქცევაზე მსჯელობისას შეიძლება გულის, ღვიძლისა და სისხლის მიმოქცევაში ჩართული სხვა ორგანოების ფუნქციებიც განვიხილოთ. ამით თემა გაცილებით რთულდება; თითოეულ ახალ ორგანოს, რომელსაც მოსწავლეებს ვაცნობთ, ემატება ფუნქციებიც და  შეიძლება  მასწავლებელს  საწყის (ანალოგიასთან) ან მეორე ეტაპზე  განხილულ   საკითხებთან  დაბრუნება დასჭირდეს.

მეოთხე პრინციპი –   აბსტრაქტული ცნებების შემოტანას გულისხმობს. მაგალითად, კითხვა – `როცა ავად ხართ, რატომ იწყებს ექიმი თქვენს გასინჯვას წნევის გაზომვით და გულისცემის დათვლით? მოსწავლეს უბიძგებს საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით მოახდინოს საკითხის აბსტრაგირება და არგუმენტირებულად დაასაბუთოს პასუხი.

შედეგი – მოსწავლეებს მოსწონთ სასწავლო პროცესი თუ  მასწავლებელი  თანამიმდევრულ ციკლებად დაყოფისისას დაიცავს  ოთხ პრინციპს:

  1. დაიწყეთ მარტივი საფეხურით;
  2. გამოიყენეთ კონკრეტული მაგალითები;
  3. გაართულეთ გაკვეთილი;
  4. შემოიტანეთ აბსტრაქტული ცნებები.

აქვე უნდა აღინიშნოს: ზოგიერთი საკითხი იმდენად რთულია, რომ შეიძლება წლები დასჭირდეს ოთხივე პრინციპის გამოყენებას, რათა მისი გააზრება და საბოლოოდ დაუფლება მოხერხდეს.

მაგალითად, შეუძლებელია დემოკრატიის ცნების  რამოდენიმე გაკვეთილზე ამომწურავად შესწავლა. დემოკრატიის არსის შესწავლა სკოლაში შესვლამდე იწყება, მიმდინარეობს  სკოლამდელ, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მანძილზე და ყოველ მომდევნო დონეზე  უფრო რთულდება და აბსტრაქტული ხდება.

ზოგჯერ კი, შეიძლება ოთხივე პრინციპი ერთ გაკვეთილზე გამოიყენოთ, როგორც ეს, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის ახსნისას  ან კვადრატული განტოლების ამოხსნის  სწავლებისას ხდება.  ყოველ საგანს თუ სფეროს მსგავსი ძირითადი ფაქტები, ცნებები და განზოგადებები აქვს, რითაც გაჟღენთილია მთელი სასწავლო გეგმა. ჩვენი სურვილია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ამ ოთხი პრინციპის ურთიერთქმედების გააზრება მასწავლებელს სწავლებაში ეხმარება.

რა ეხმარება მასწავლებელს ამ ოთხი პრინციპის დაცვაში?

ფაქტები. ინფორმაციის ყველაზე მთავარი, არსებითი ნაწილია ფაქტი, რომელიც გამოვლინდება და არსებობს ან ხდება აწმყო დროში. ფაქტი არ გვეხმარება სხვა ფაქტების პროგნოზირებაში და მისი შესწავლა უმეტესად დაკვირვებით ხდება. ქვემოთ მოტანილი წინადადებები ფაქტების მაგალითია:

  1. ოლიმპია ვაშინგტონის შტატის დედაქალაქია.
  2. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტეხასის შტატის გუბერნატორი იყო.
  3. დღეს მზე 4 საათსა 15 წუთზე ჩავიდა.

იმის გამო, რომ ფაქტების ცოდნას არ მივყავართ სხვა ფაქტების პროგნოზირებისკენ, მათი შესწავლა, უმთავრესად, დამახსოვრებით ხდება. ფაქტის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზაა ზეპირი გამეორება. მისი დამახსოვრება ადვილია, თუ სხვა შინაარსსაც უკავშირდება.

 

ცნება/კონცეფცია: ცნება/კონცეფცია გამოთქმაა, რომელიც, ჩვეულებრივ ერთი ან ორი სიტყვისა თუ აზრისგან შედგება და   საერთო თავისუბერებები აქვთ.  ხშირად  კონცეფცია/ცნება განმარტებულია,  როგორც კატეგორიის მიმანიჭებელი სიტყვა, რომელსაც საგნების და  იდეების დასაჯგუფებლად იყენებენ.

როგორც ჩანს, ადამიანის ტვინში ცნების/კონცეფციის ფორმირება ბუნებრივი პროცესია. მაგალითად, ბავშვები ნაცნობ ცხოველებზე, ვთქვათ, ძაღლებსა და კატებზე დაკვირვებით აყალიბებენ წარმოდგენას მათ შესახებ. ბავშვები ძაღლისა და კატის გარჩევას მათთვის დამახასიათებელი ყეფისა თუ კნავილის, ქცევის განსხვავებული ფორმებისა თუ სხვა თავისებურებების საშუალებით სწავლობენ. ისინი მხოლოდ ერთ მახასიათებელს, მაგალითად, ზომას, არ ენდობიან. თუ ბავშვი ხედავს, რომ კონკრეტული ძაღლი კონკრეტულ კატაზე დიდია, ეს არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რომლის მიხედვით ის ამ ცხოველებს ერთმანეთისგან განასხვავებს. სკოლაში სწავლის უმეტესი დრო ცნების შესწავლას ეთმობა. მაგალითად, დამწყებ კლასში მეტყველების ნაწილების შესწავლისას მოსწავლე სწავლობს, რომ სახელი არის `პირი/პიროვნება”, `ადგილი” ან `საგანი”. ცნებას ხუთი კომპონენტი აქვს.

  1. 1. სახელი. მაგალითად, არსებითი სახელი ცნების სახელი ან სახელწოდებაა. მათ, ვისაც ცნება აქვთ ნასწავლი, როცა ის გამოიყენება,ესმით, რაზეა საუბარი. სახელი/ სახელწოდება უფრო ქმედითია, ვიდრე ვრცელი განმარტება.
  2. განმარტება. განმარტება განცხადებაა ცნების დამახიათებელ თვისებებზე. მაგალითად, არსებითი სახელი არის პირი, ადგილი ან საგანი.
  3. დამახასიათებელი ნიშნები. ეს ხარისხი, თავისებურებაა, რომელიც აუცილებელია ცნებისთვის, რომ ის გამოყენებული იქნეს. მაგალითად, არსებითი სახელის დამახასიათებელია, რომ ის პირი, ადგილი ან საგანია . მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი უნდა ეხებოდეს  სიტყვას, იმისთვის, რომ ის სახელად იქნეს მიჩნეული. ხოლო სხვა ცნებებისთვის, მაგალითად, “დემოკრატია”, გარკვეული რაოდენობის მახასიათებელია საჭირო.

მაგალითები. მაგალითი საგანთა კლასის წევრია, რომელიც გვიჩვენებს ცნების აუცილებელ დამახასიათებელ ნიშნებს. მაგალითად: `ტომი არსებითი სახელის მაგალითია, როგორც მანქანა და ისლანდია”.

  1. 4. ადგილი იერარქიაში. ცნებათა უმეტესობა განეკუთვნება შინაარსის იერარქიას, რომელიც ცნებას მნიშვნელობას ანიჭებს და სასწავლებლად აიოლებს. იერარქია არსებითი სახელისთვის არის მეტყველების ნაწილი. არსებით სახელთან დაკავშირებული ან კოორდინირებული ცნებებია ზმნა, ზმნიზედა და ზედსართავი სახელი. ქვემდებარე ცნებებია საზოგადო არსებითი სახელი, საკუთარი არსებითი სახელი და ნაცვალსახელი. თქვენ გაეცნობით ცნების ანალიზს;

ცნების შესწავლა ყველა კლასის დონეზე მიმდინარეობს. ბირკილი (2007) განმარტავს, თუ რატომ არის სასურველი კონცეპტუალურად გამართული სასწავლო პროგრამა, სადაც ფაქტები კონცეპტუალურ ჩარჩოებშია მოთავსებული. ამგვარი ჩარჩოების არსებობის პირობებში შესაძლებელია იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც პირველადი ცნებებისა და რთული საკითხების შესწავლისას გვხვდება მეცნიერებაში, ბუღალტერიაში, ეკონომიკასა და სხვა დისციპლინებში სკოლის შემდგომ, კოლეჯში სწავლის დროს.

  1. განზოგადება. განზოგადება ლოგიკური მსჯელობის შედეგად გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ორ ან ორზე მეტ ცნებას შორის არსებულ კავშირს გამოხატავს. ის ერთზე მეტ მოვლენას ეხება და საწინასწარმეტყველო და განმარტებითი ღირებულებაც აქვს. მაგალითად, “არამწეველებთან შედარებით მწეველთა შორის ფილტვის სიმსივნე უფრო ხშირია”, განზოგადებაა, რომელიც ადგენს კავშირს მოწევასა (ცნება) და ფილტვის სიმსიმვნეს (მეორე ცნება) შორის. ამ განცხადებას აქვს პროგნოზირების უნარი და ეხება ყველას, ვინც ეწევა. განზოგადებების გამოყენების კარგი მაგალითები აქვს მოტანილი ჯეიმს ბენკს თავის წიგნში “სწავლების სტრატეგიები ეთნიკური საკითხებისთვის”.  ბენკსი გვთავაზობს შემდეგ განზოგადებებს ემიგრაციასა და მიგრაციაზე საუბრისას: “ნებისმიერ კულტურაში ხდებოდა ინდივიდისა თუ ადამიანთა ჯგუფების გადაადგილება ერთი რეგიონიდან მეორეში მათთვის უკეთესი და უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური შესაძლებლობების მოძიების მიზნით. თუმცაღა, მათი გადაადგილებები ნებაყოფლობითიც იყო და იძულებითიც.  ამ ზოგადი განცხადების გათვალისწინებით, მოსწავლე, ალბათ, მასწავლებლისგან მოითხოვს უფრო მეტ ინფორმაციას იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გადაადგილების შესახებ, და არა მარტო იმ ქვეყნისას, რომლის განვითარების ისტორიასაც იმჟამად სწავლობს“. მაშასადამე, ბენკსის განცხადებას საწინასწარმეტყველო ღირებულებაც აქვს და ერთზე მეტ მოვლენას ეხება. ეს განცხადება შეიცავს ბევრ სხვა ცნებას, კერძოდ, კულტურებს, ინდივიდებსა და ჯგუფებს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ შესაძლებლობებს; იძულებითსა და ნებაყოფლობითს. განცხადება ინფორმაციას გვაწვდის იმ კავშირების შესახებ, რაც ამ ცნებებს შორის არსებობს. როცა მოსწავლე ფაქტებიდან ცნებებზე და შემდეგ განზოგადებებზე გადადის, იზრდება ინფორმაციის მოცულობა და ის უფრო რთულიც ხდება. ბლუმის ტაქსონომია რომ მოვიხმოთ,  ფაქტი ცოდნის დონეზეა, ცნება – გაგების და განზოგადება – გამოყენებისა და ანალიზის. მოსწავლეს შეუძლია ფაქტის, ცნების განზოგადებების გახსენება, მაგრამ ფაქტი და ცნება არ არის საკმარისი გამოყენებისა და ანალიზისთვის, რადგან არც ერთ მათგანს არ აქვს საწინასწარმეტყველო ან განმარტებითი ღირებულება.

ანუ როგორია პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე ანუ – რამდენად განსხვავებულია ან მსგავსია მოსწავლეთა სურვილები სწავლასთან მიმართებაში?  რაზეა დამოკიდებული ეს მსგავსება ან განსხვავება? რას ამბობს კვლევები და როგორია რეალური ისტორიები?

მოსწავლეთა გამოკითხვები და  განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მთავარია  მასწავლებელმა  ისე წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი, რომ მოსწავლეებს ასწავლოს საკუთარი სწავლის პროცესის მართვის უნარი…  ანუ მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია მეტაკოგნიცია რაც  გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. სწავლის სტრატეგია კი გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულად გამოყენებას სწავლის დროს.  ცხადია, მოსწავლეები თავიდან ამგვარი სამუშაოების ჩატარებას დამოუკიდებლად, მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ, მაგრამ ეს უნარ-ჩვევა დროთა განმავლობაში ვითარდება. პედაგოგმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ მასალა, არამედ გამოიმუშაონ თავიანთი სწავლის პროცესის მართვის უნარები.

 

როგორ ვასწავლოთ სიყვარულით

0

„აბა, ყოველმა ჩვენგანმა ჰკითხოს თავის თავს, რამდენი ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანი შეხვედრია ცხოვრების მანძილზე. საქმე სულაც არ არის ისე, თითქოს ადამიანები სიყვარულს უმნიშვნელო საქმედ მიიჩნევდნენ, პირიქით, მათ სურთ სიყვარული. მრავალ ფილმს უყურებენ ბედნიერი და უბედური სიყვარულის ისტორიაზე. ასობით ბრიყვულ სიმღერას უსმენენ სიყვარულზე, მაგრამ არცერთი მათგანი, სავარაუდოდ, არ ფიქრობს, რომ არსებობს აუცილებლობა,

ვისწავლოთ სიყვარული!“

ერიჰ ფრომი, „სიყვარულის ხელოვნება“.

 

რამდენჯერ გსმენიათ  ფრაზები: „მასწავლებელმა სიყვარულით უნდა ასწავლოს“, „სიყვარულის გარეშე აუდიტორიაში არ უნდა შეხვიდე“, „ბავშვი თუ არ გიყვარს, ვერ ასწავლი“, „მთავარი სიყვარულია…“  და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით, თითქოს ყველამ იცის, რას ნიშნავს „სიყვარულით სწავლება“, მაგრამ აბა, ერთი სთხოვეთ ამის მთქმელს განმარტება და ნახავთ, რა პასუხსაც მიიღებთ. აღმოჩნდება, რომ ეს სიყვარული ყველას განსხვავებულად ესმის და სრულიად სხვადასხვა რამეს გულისხმობს. რას ჰქვია, რომ მოსწავლეს (სტუდენტს) ძალიან უყვარს თავისი მასწავლებელი, იმდენად ძალიან, რომ მის გამო გადაწყვიტა გახდეს იმ საგნის მასწავლებელი, რომელსაც ეს მასწავლებელი ასწავლის. მოსწავლე ვერ იტანს იმ საგანს, რომლის პედაგოგი არ უყვარს, მაგრამ უყვარს ის საგანი, რომლის მასწავლებელიც უყვარს. და რა გამოდის? სად არის ჩვენი არჩევანი ამ დროს და სინამდვილეში, როგორ ვირჩევთ მომავალ პროფესიას, „საყვარელი მასწავლებლის“ მიხედვით? უმრავლესად ასეცაა და ახლა გავყვეთ და ავხსნათ, რას ნიშნავს „საყვარელი მასწავლებელი“, „საყვარელი ლექტორი“? რას აკეთებს ის და რით გამოირჩევა არასაყვარელი მასწავლებლისგან?

როგორ უნდა გავიგოთ, რა არის ნამდვილად სიყვარული, თუ ეს არასდროს არავის უსწავლებია და შექმნილი სტერეოტიპების მიხედვით ვმსჯელობთ მხოლოდ. შეიძლება თქვენ გულწრფელი ხართ, როდესაც ამბობთ „საყვარელი მასწავლებელი“ (ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ), მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, ასეთები უმეტესად ცოდნასთან „კომპრომისზე წასული“  და „ჯიგარი მასწავლებლები“ (დიახ, ასეთი შეფასებაც გამიგია: „აუ, რა ჯიგარი მასწავლებელია“) არიან, ნიშნებს რომ იოლად წერენ, მშობლებს რომ რაღაცას უმალავენ და თავს არ იწუხებენ იმაზე ფიქრით, რეალურად რა ცოდნა მიიღო მისგან  მოსწავლემ. რა თქმა უნდა, ისეთი მასწავლებლებიც არიან „საყვარელი მასწავლებლები“, რომლებთანაც ნამდვილად ცოდნის სიყვარულია დაკავშირებული, მაგრამ ასეთები მხოლოდ ერთეულია. მე ახლა გამონაკლისებზე კი არა, ისევ სისტემაზე ვწერ.

მოკლედ, ამ ცნებების განსამარტავად ნამდვილად ლაბირინთში აღმოვჩნდებით, საიდანაც ვერასდროს გამოვალთ.

თუ სკოლა (უნივერსიტეტი) ცოდნის გადაცემის ადგილია, მაშინ ჩვენ ერთადერთი კრიტერიუმით შეიძლება შევაფასოთ მასწავლებელი, „როგორ გადმოგვცა ცოდნა“, რა ცოდნა მივიღეთ მისგან?

თანამედროვე საზოგადოებაში და განათლების სისტემაში სიყვარულის პრიმიტიული გაგება კიდევ უფრო აკნინებს სისტემას. მასწავლებელი ან „მკაცრი და სამართლიანია“ ან „ჯიგარი და საყვარელი“. იშვიათად გაიგებთ, რომ სიყვარული ცოდნის სიყვარულთან არის დაკავშირებული. ალბათ ამ გაუკუღმარეთებულ სისტემაში სხვაგვარი სიყვარული ვერც იარსებებს და ვერც გადარჩება.

ნამდვილი მასწავლებელი არასდროს ასწავლის მოსწავლეს მხოლოდ საკუთარი საგნის სიყვარულს, ეს ცოდნის მიმართ დამაკნინებელია. ნამდვილი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, თავისი საგნის მეშვეობით აღძრას მოსწავლეში ფიქრი, აზროვნება, გააღვივოს ინტერესი, უნარები, რათა მოსწავლემ შეძლოს თავისი უნარების უკეთ გამომხატველი პროფესიის არჩევა.

აგრეთვე სისტემის ბრალია, როდესაც მასწავლებლის პროფესიას უმეტესად ქალები ირჩევენ და ძირითადად იმ მოტივით, რომ „ნახევარ დღეს დაკავებული იქნებიან სკოლაში და მერე ოჯახს მიხედავენ“. კაცი მასწავლებლების ნაკლებობა სკოლაში განათლების სისტემის კიდევ ერთი შეცდომაა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა.

„შეაყვარე ბავშვებს სწავლა“, „შეაყვარე სკოლა“, „შეაყვარე სამშობლო“! – ეს ლოზუნგები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ყოველგვარი აზრისგან და ემოციისგან დაცლილი. როგორ აყვარებენ მასწავლებლები მოსწავლეებს სწავლას? უმეტესად: დაძალებით, აგრესიით, წივილ-კივილით, შემოლაწუნებით… მომავლის იმედით: „ახლა იწვალებ, მაგრამ მერე მადლობას მეტყვი“, „სამაგიეროდ, მერე კაცი (ქალი) დადგები“. მერე რომელიმე აღზრდილი კი იტყვის: „უფრო მეტი უნდა გეცემე, რომ მესწავლა…!“ აი, ამ დროს ვგრძნობ ორმხრივ საცოდაობას… სისტემის მსხვერპლ ადამიანთა ჯაჭვს….

კულტურის (უკულტურობის) მიერ ასეთი ჩანერგილი სიყვარული ბოლოს იქამდე მიდის: „უყვარს და იმიტომ სცემს…!“, „უყვარდა და იმიტომ მოკლა…“, რომ არ ჰყვარებოდა, რეაქცია ხომ არ ექნებოდა? უყვარდა… ისე უყვარდა, რომ მოკლა! რამდენი ასეთი ამბავი გაგვიგია? მოკვლა რომ მხოლოდ ფიზიკური არ არის და ფსიქიკურადაც ადამიანები ერთმანეთს ყოველდღე კლავენ, ესეც კიდეც სხვა თემაა.

მე ისევ მთავარ თემას დავუბრუნდები: სიყვარული და განათლება… რას ნიშნავს „სიყვარულით ასწავლის“, „უსიყვარულოდ ასწავლის“? ძირითადად, ზრუნვასთან აკავშირებენ ასეთ, ეგრეთ წოდებულ, სიყვარულს და ეს, ეგრეთ წოდებული, ზრუნვა, არის ცოდნასთან კომპრომისი. სიყვარულს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის, მეტადრე „ნამდვილი სიყვარული“ იცის ყველამ და ასე ვიყენებთ არგუმენტად ყოველდღიურ ცხოვრებაში:  „სიყვარულით გაკეთებული საქმე“ და წარმოდგენაც არ გვაქვს, ამაში რა იგულისხმება, ძირითადად ის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, ჩვენ კი იმას ვგულისხმობთ, რისი გამოცდილებაც გვაქვს და ასე შემდეგ…

ჯერ სიყვარული ვისწავლოთ და მერე სიყვარულით ვასწავლოთ!

სიყვარული არ ისწავლება… (უკვე მესმის კომენტარი!) – რა თქმა უნდა, სიყვარულს როგორ ისწავლი, ნიჭია…  ოჰ, ეს „ნიჭიერი და ზარმაცი“ ქართველები! გულით უნდა იგრძნო… – მაშ როგორ? გულით… და იცით, გულით რას გრძნობენ ადამიანები და როგორ გრძნობენ სიყვარულს? – რა და როგორ აზრებსაც ატარებენ, ზუსტად ისე გრძნობენ გულითაც და სხეულის სხვა ორგანოებითაც. ადამიანი რომ იტყვის, აი, ეს ისეთი ლექსია (სიმღერა, ფილმი….) სულ ჭიანჭველები დამიდისო და შენ რომ ფიქრობ, ამ დარი-დურიზე ნეტავ რა ჯიშის ჭიანჭველები დაუდის…? გეცნოთ, ხომ? აი, ეგ არის… მანაც გულით იგრძნო და მერე ჭიანჭველებიც გამოჩნდნენ… თქვენ თქვენი ჭიანჭველები გყავთ და სხვა საკვებით და ლექსებით იკვებებიან თქვენი ჭიები…

პოეზიის ლექციების კითხვა რომ დავიწყე ილიას უნივერსიტეტში, ძალიან ბევრი გაოცებული მეკითხებოდა: – როგორ პოეზიას ასწავლით…? როგორ შეიძლება პოეზია და ლექსების წერა ასწავლოთ…?

საერთოდ არ მესმის, „ლექსის წერა“ რატომ უნდა ასწავლო და პოეზიის სწავლება რატომ უკავშირდებოდა თავზე მათრახით დგომას და „აბა, ჩქარა, ლექსი დაწერე, თორემ ქულას არ გაღირსებ“ – ამ გაგებას? მაგრამ ისევ სტერეოტიპი: პოეზიის სწავლება თურმე „ლექსის დაწერის“ სწავლებაა…. მშვიდად ვპასუხობდი – ნუ ნერვიულობთ, ადამიანებო, მე მხოლოდ ლექსის წაკითხვას (გაგებას) და ფიქრს ვასწავლი… – ეგ როგორო? როგორ და მობძანდით ლექციებზე და გაიგებთ, როგორც… მოკლედ, მერე ისე მოხდა, რომ ეს კურსი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩემი მთავარი მიზანიც უკვე საიდუმლოდ აღარ დარჩა: სულში პოეზიის გაღვიძება შესაძლებელია, ფიქრი შესაძლებელია… შეცვლილი ფიქრით ადამიანის ცნობიერების გამდიდრებაც შესაძლებელია… თუ ეს ვინმეს ცოტა ეჩვენება, მაშინ მას საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონია პოეზიის დანიშნულებაზე.

პოეზიის სწავლება ხომ შესაძლებელი აღმოჩნდა… ახლა ვფიქრობ, ამ მეთოდით სიყვარულის სწავლებაც შეიძლება… ჯერ მაცადეთ, ნუ აღელდებით და თავს ნუ დამესხმებით! ამასაც აგიხსნით, რას ვგულისხმობ. უდავოა, რომ სამყაროში დაგროვილია ცოდნა „სიყვარულის შესახებ“ ისევე, როგორც ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკის და ხელოვნების სხვა დარგების შესახებ. ადამიანებს აქვთ გარკვეული ნიჭი, მერე ამ ნიჭს ავითარებენ და სწავლობენ კონსერვატორიაში, სამხატვრო აკადემიაში და სხვაგან და სხვაგან…. თუ ფიქრობთ, რომ სიყვარული ხომ ისედაც „ზეპირად იცით“ და მაგას რა სწავლა და განვითარება უნდა, ძალიან ცდებით… ან თუ ფიქრობთ, რომ ხელოვნებასთან სიყვარული რა მოსატანია, მაშინ ათასგზის ცდებით… თუ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია „სიყვარულის სწავლა“, კარგი, მართალი ხართ…. სწავლა შეუძლებელია, მაგრამ სიყვარულის „გაღვიძება“ ნამდვილად შესაძლებელია ცოდნით…

პლატონის მონათხრობიდან ხომ იცით, რომ სოკრატეს სულ ორი მასწავლებელი ჰყავდა და ერთი მათგანი იყო დიოტიმა – ქალი მანტეანიდან – რომელიც მას „სიყვარულის შესახებ“ ასწავლიდა…  თქვენ რომ სოკრატე არ ხართ, ეგეც ვიცი, მაგრამ მაინც…

 

რატომ არის საჭირო სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა? ნაწილი პირველი

0

დოქტორი ზიგლინდე ვეირინგერი, (განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზალცბურგის უნივერსიტეტი, ავსტრია)  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორია. მან მოამზადა სტატია, სადაც აღწერილია სკოლისა და საზოგადოების თანამშრობლობის ავსტრიული მოდელი, ის გზა რაც ავსტრიამ გაიარა თანამშრომლობის სრულყოფისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიზნით.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (სსო) და სკოლების თანამშრომლობის საუკეთესო ევროპული გამოცდილების შესახებ ნაშრომის დაწერა რთულია, რადგან არ არსებობს თვით ამ გამოცდილების მრავალფეროვნებისა და „საუკეთესოს“ ხარისხის ერთობლივი კრიტერიუმები ევროპის ფარგლებში.

შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა რამდენიმე საფუძველს:

  1. ნაშრომს არ აქვს პრეტენზია, რომ ამომწურავია. მასში ასახულია საკვანძო ასპექტები, განსაზღვრულია მათი ურთიერთქმედება და მოცემულია განვითარების დინამიკის სავარაუდო ანალიზი.
  2. ნაშრომში ევროპის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის კონკრეტული, საუკეთესო გამოცდილების ანგარიში არ არის წარმოდგენილი. მაგალითებით აღწერილია, როგორ განხორციელდა ავსტრიაში ფორმალური განათლების ინსტიტუტებსა და სსო–ს შორის თანამშრომლობის იდეა 1960 წლიდან.
  3. ნაშრომი არ გვთავაზობს საქმიანობის კოდექსს. მისი მიზანია, წაახალისოს იდეები და მათი ხორცშესხმის ინოვაციური გზების მოძიების ინიციატივები საქართველოს რეალობაში.
  4. ნაშრომი ეფუძნება სწავლების ავტორისეულ გამოცდილებას ავსტრიულ სკოლაში 1973 წლიდან, მის მონაწილეობას განათლების პოლიტიკის ცვლილებაში, ნიჭიერთა საგანმანათლებლო პროგრამის/კურსის შექმნასა და მის ინტეგრაციას განათლების სისტემაში, ასევე მასწავლებელთა მომზადების გამოცდილებასა და ავტორისავე მეცნიერულ კვლევას.

ნაშრომის სტრუქტურის გზამკვლევად ქვემოთ მოცემული ოთხი კითხვა გამოგვადგება:

  1. რატომ არის საჭირო სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა?
  2. თანამშრომლობის რა ფორმებზეა საუბარი?
  3. რა პირობებსა და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამშრომლობა?
  4. შედეგად, რა პრაქტიკასა და გამოცდილებას ველოდებით?

 

დაბოლოს, წარმოდგენილი იქნება შემდგომი თეორიული იდეებისა და მეცნიერული მიდგომების ნაკრები.

 

  1. რატომ არის საჭირო სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა?

 

თუკი სკოლას ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება გამოვყოთ ერთი საერთო საფუძველი: სწავლება ეფუძნება განათლების მიზნებს, ხოლო განათლების მიზნები ორიენტირებულია საზოგადოების უწყვეტ სარგებელსა და კეთილდღეობაზე. ეს მიზნები დაინტერესებულ მხარეთა განსხვავებული ჯგუფების მონაწილეობით წარმოებული განხილვებისა და მოლაპარაკებების პროცესში ჩამოყალიბდა. მას ეცნობა ფართო საზოგადოება,  მშობლებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება კონკრეტული სკოლის საგანმანათლებლო მიზნების შესახებ. სკოლის ტიპების მრავალგვარობა დამოკიდებულია იმ პერსპექტივებსა და ინტერპრეტაციებზე, რომელიც მის მიმართ აქვთ კონკრეტულ ქვეჯგუფებს, ასევე მათსავე გავლენის მასშტაბზე, ძალაუფლებასა და აქტიურობაზე. ამრიგად, შეგვიძლია დავასახელოთ სკოლები, რომელთა მიზანი იყო სამხედრო ძალით მოქალაქეთა დაცვა (მაგ., ჯარისკაცები სპარტაში), სამხედრო ძალაუფლებასთან ერთად ადმინისტრაციის ავტორიტეტის და ძალაუფლების განმტკიცება (მაგ., კლერკები ჩინეთის უძველეს იმპერიაში), სწავლებითა და წვრთნით ცოდნის შენახვისა და უწყვეტობის დაცვა (მაგ., ვაჭრობა უძველეს მესოპოტამიაში ან რელიგიური იდეები შუასაუკუნეების დამწერლობის სკოლებში), კონკურენციის წახალისებით ცოდნის შექმნა  (მაგ., ეროვნული და/ან საერთაშორისო ოლიმპიადები მათემატიკაში), მოსახლეობის გადარჩევა კონკრეტულ სკოლებში წვდომის შეზღუდვით (მაგ., ელიტური სკოლები). ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სკოლის სისტემა საოჯახო განათლების დამატებაა და აძლიერებს ჯგუფის ან თემისადმი მიკუთვნებულობას, ის ადამიანებს  დამატებით სთავაზობს ქცევის დომინანტი კოდექსის შესატყვის განათლებას – „ჩვენ ინსაიდერები (ჯგუფში მიღებული წევრები)  ვართ, ხოლო სხვები – აუტსაიდერები (ჯგუფს გარეთ დარჩენილი წევრები)“.

საგანმანათლებლო მიზნების მრავალგვარობის მიუხედავად, ყველა სკოლა მიზნის მიღწევის რამდენიმე საერთო პრინციპს იზიარებს. განათლების პროცესი მიმდინარეობს ოჯახს გარეთ, ორგანიზებულია იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები და ემყარება სისტემატურად განახლებად სილაბუსსა (საგნის გეგმას) და სწავლა-სწავლების გარემოს. განათლების ზოგადი მიზნების საფუძველი დიდი საზოგადოების სოციალური შეთანხმებაა. პედაგოგებს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება უნდა ჰქონდეთ დიდაქტიკაშიც და განათლების მიდგომებშიც. სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით ისინი პროფესიულად ვითარდებიან . მასწავლებელთა პროფესიული განვითარება განასხვავებს სასკოლო განათლებას საოჯახო განათლებისაგან.

  • ზემოთ აღვნიშნეთ საზოგადოების მნიშვნელობა სკოლის შექმნაში. საჭიროა გავაანალიზოთ ის კომპონენტები, რასაც საზოგადოება ეფუძნება. ამ საკითხზე პასუხების ძიება წინამდებარე ნაშრომის მიზანს ბევრად სცილდება, თუმცა, რამდენიმე არსებითი ასპექტის აღნიშვნა მაინც შესაძლებელია. ეს ასპექტებია: ეროვნება, კულტურა, ენა, ტრადიცია, ისტორია, ღირებულებები, რწმენა, გამოცდილება, კონსტიტუცია, პოლიტიკა, ხელისუფლება, იდეები, რელიგია და სხვა მრავალი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ საზოგადოება არსებობს სხვადასხვა საფუძვლებზე, რომლებიც პერიოდულად იცვლება, ამ ცვლილების მიზეზი საზოგადოების განვითარებაა. საზოგადოების განვითარებაზე კი გავლენას ახდენს  სკოლა და განათლება. შეჯამების სახით სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის გამო სკოლა:აკავშირებს ადამიანებს საზოგადოებასთან.
  • გადასცემს ქცევის დადგენილ კოდებს მომავალ თაობებს.
  • არის საზოგადოებაში ცვლილების წყარო.
  • ქმნის დაგეგმილ და დაუგეგმავ გავლენებსა და შედეგებს.
  • არის საზოგადოების სარკე: როგორი იყო (წარსული), როგორია (აწმყო), როგორი იქნება (მომავალი).
  • დამოკიდებულია მმართველობის ფორმაზე.
  • ემსახურება სუვერენს – ადამიანებს „demos kratós“–ში ან „res public“–ში.
  • ქმნის საზოგადოებაზე კრიტიკულ აზრს.

 

შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში საფუძველი ეყრება მომავლის საზოგადოებას. ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვება კითხვა: როგორი ადამიანები სურს რომ ჰყავდეს ამ საზოგადოებას – ჯარისკაცები, კლერკები, სუბიექტები თუ ზრდასრული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები?

სკოლაში სწავლების ეფექტურობას რამდენიმე გარემოება ზღუდავს. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მომავალი სოციალური ტენდენციების წინასწარ განჭვრეტის სირთულე. მაგალითად, არავინ იცის, რა ცოდნა და უნარები დასჭირდება საკუთარი ცხოვრების მართვისთვის 10 წლის ბიჭს ზრდასრულობაში. მეორე გარემოებად შეიძლება დასახელდეს ის განზომილება, რომელიც მოქმედებს ინდივიდის სოციალურ განვითარებაზე: სკოლაში სწავლება დროში შეზღუდულია და მისი გავლენა ოჯახში განათლებასთან შედარებით  სუსტია. მესამე გარემოება თვით სკოლის სისტემის სტრუქტურას ეხება: საკლასო ოთახები მეტ–ნაკლებად ჩაკეტილია, ერთსა და იმავე ადამიანები ხანგრძლივად ურთიერთობენ; სწავლის შინაარსი უკავშირდება სახელმძღვანელოებს  და არა ცხოვრებას; სწავლების მეთოდები თეორიულ პრინციპებზეა ორიენტირებული და არა ცხოვრების სწავლაზე. მეოთხე, თვით სკოლა არის სწავლებისა და სწავლის შესახებ დისკურსების ადგილი, რაც წარმოქმნის შიდა ინსტიტუციურ პრობლემებსა და იწვევს ცვლილებებს.

ამ ანალიზიდან გამომდინარე, თავდაპირველ კითხვაზე პასუხები შეიძლება დაჯგუფდეს მოთამაშისა (აქტორის) და მიმღების მიხედვით. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ინდივიდი, ჯგუფი, ინსტიტუტი ან სოციალური სისტემა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ამ პასუხებისთვის რამდენიმე საბაზისო პრინციპი ვიპოვნოთ, რომელიც თანამშრომლობას ეხება და რომლის ფარგლებში ჩართული პარტნიორები ურთიერთსარგებელს იღებენ.

თანამშრომლობამ უნდა

  • შეამციროს სასკოლო ცხოვრებასა და ცხოვრებას შორის ნაპრალი.
  • შექმნას ცოდნისა და უნარების ტრანსფერის შესაძლებლობები.
  • უზრუნველყოს გამოცდილება, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანია.
  • ადამიანებისთვის შეასრულოს მაკორექტირებელი ფაქტორის როლი.
  • შეასრულოს განვითარების სრულყოფის ინიციატორის როლი.
  • რეალური გახადოს „res publica“.

 

ამ არგუმენტების წყაროები, ძირითადად, ფილოსოფიურ და ანტროპოსოფიურ პარადიგმაში უნდა ვეძებოთ. სწავლის ფსიქოლოგია ამ მოსაზრებას ამყარებს: სწავლა აღარ შემოიფარგლება არც სკოლის შენობით და არც ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდით; ის სხვადასხვა ხანგრძლივობითა და ფორმით, სხვადასხვა ადგილას მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ედგარ ფორის (Edgar Faure) მიერ, იუნესკოს ანგარიშში (UNESCO 1972) „სწავლა ცხოვრებისთვის“ წარმოდგენი იყო  „უწყვეტი განათლების“ იდეა,  რომელიც ჟაკ დელორსის (Jacques Delors) ანგარიშით – „შინაგანი საგანძური“ (UNESCO 1996) – გამყარდა. დელორისი აღწერს  სწავლის სამ ფორმას – ფორმალური, არაფორმალური და თავისუფალი/იმპლიციტური და მათ პიროვნების განვითარებაში თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. ამავდროულად, ვარაუდი, რომ ყველაზე საფუძვლიანი სწავლა სკოლის ან ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ხდება, მეცნიერულ და მრავალჯერადად დადასტურებულ ფაქტად იქცა. მიუხედავად ამისა, ამან ფორმალური განათლება ვერ გახადა დრომოჭმული, რადგან ის უზრუნველყოფს საბაზისო ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს.

სხვა არგუმენტი ნეირობიოლოგიაში შეიძლება ვეძებოთ. ადამიანის გონება მანქანა არ არის; ყოველი ადამიანი ინფორმაციას თავისებურად გადაამუშავებს და შესაბამისი რეაგირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგ., კონკრეტულ სიტუაციაზე, მიმდინარე ფიზიკურ მდგომარეობაზე ან წინარე გამოცდილებაზე (ძირითად წყაროდ იხ.: J. Piaget 1932, 1958; L. S. Vygotsky 1978; H. von Foerster 2002; H. R. Maturana და F. G. Varela 1980, 1987 ნაშრომები).  მთავარი დებულება ის არის, რომ სწავლა ქმედებისა და უკუქმედების საშუალებით კი არ ხდება, არამედ მსწავლელის გონებრივი აქტივობით, პრობლემის გადაჭრის უნარების სწავლება შეუძლებელია, საჭიროა მათი აღმოჩენა და გამოცდა. გონება მუდმივი მოდულაციის პროცესშია; მას გარე სამყაროდან მრავალფეროვანი სტიმულები სჭირდება. გონების განვითარება ამ სტიმულების ხარისხზეა დამოკიდებული.

კონსტრუქტივიზმის ამ პარადიგმას უდიდესი გავლენა ჰქონდა და აქვს სწავლების მეთოდებზე, რადგან მასწავლებლის როლი პირდაპირი სწავლების გზით ცოდნისა და ფაქტების მიწოდება კი აღარ არის, არამედ აქტიური აღმოჩენის გზით სწავლება და ამ დროს  სწავლაში დახმარება და სწავლის პროცესის მოდერატორობაა.

თარგმნა : ნინო ჭიაბრიშვლიმა

პროფესიული განვითარების სქემა და მასწავლებლი

0

განათლების სისტემის ოპტიმიზაციაზე საუბრისას მასწავლებლის კომპეტენციის საკითხი ცხენის ძუით დაკიდებული დამოკლეს მახვილივით მუდამ ჰაერში ტრიალებს და მოსვენებას გვიკარგავს ყველას: მასწავლებლებს, მშობლებს და მათაც კი, ვისაც მასწავლებლებთან უკვე აღარ აქვს ურთიერთობა – თუ ქვეყნის ბედი აღელვებს ადამიანს, ისიც აინტერესებს, მასწავლებელთა 62–ათასიანი კორპუსი რამდენად კომპეტენტურად უძღვება ქვეყანაში სწავლა-განათლების საქმეს. თუ დამოკლე დიონისიოსს შენატროდა და მონარქობაში ეგულებოდა ბედნიერება, სირაკუზელმა ტირანმა ხატოვნად აუხსნა, რომ მეფე მუდმივად განსაცდელის მოლოდინშია და მას არაადამიანური ნებისყოფა თუ გადაარჩენს. მასწავლებლის თავზეც დამოკლეს მახვილი კიდია მუდამ. ალბათ არც ერთ პროფესიას არ ახლავს იმდენი ექსტრემალიზმი, რამდენიც მასწავლებლობას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თბილისური საჯარო სკოლის მრავალრიცხოვან კლასებთან გიწევს ურთიერთობა და ათეულობით, ზოგჯერ კი ასეულობით ბავშვის სწავლება, მათი ადამიანური პრობლემების მოგვარება, შეფასება, განვითარებაზე ზრუნვა და შედეგების დადება გევალება.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ რაღაც არარეალურს ელიან ჩვენგან უფალი, სამშობლო, განათლების სამინისტრო, სკოლის დირექცია, მშობელი და ბავშვი. ხშირად გვითქვამს, რომ არც ერთი პროფესია არ აკისრებს კაცს იმხელა მორალურ ტვირთს, რამდენის ზიდვაც მასწავლებელს უწევს. არც ერთი პროფესიის ადამიანს არ შემოჰყურებს ყოველდღიურად ათობით ანთებული და მომლოდინე თვალი, და თუ რაღაც ახალი არ გამოიგონე მათ წინაშე, რაღაც განსაკუთრებული სიყვარულის ფლუიდები თუ არ მიაშუქე, დამარცხებული გლადიატორივით შენს სისხლს ითხოვს ყველა…

ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს შორის მასწავლებლის კომპეტენცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ვისაც არ ეზარება, ყველა მასწავლებლის უვიცობაზე, აგრესიაზე, არაადეკვატურობაზე ქილიკობს, რამაც ამ პროფესიის ადამიანების რეპუტაცია საგრძნობლად დააზარალა და ეს უფრო მეტად უშლის ხელს სწავლების ისედაც ურთულეს პროცესს. თუ ბავშვები პატივს არ გვცემენ, თუ მათთვის ავტორიტეტები არ ვართ, არც გვისმენენ, არც გვაფასებენ, არც სწავლობენ.

გაუგონარი უსამართლობაა, დაბალი კვალიფიკაციის პრობლემა მარტო მასწავლებლის პროფესიაში დავინახოთ. ხშირად გვესმის მოთქმა-გოდება, რომ გაუნათლებელი ჟურნალისტები გვყავს, რომ ცუდი ეკონომისტების ხელში ქვეყანა ეკონომიკურად ვერ ვითარდება, რომ უვიცი ექიმები ცხოვრებას გვიმწარებენ, რომ ადვოკატები უმეტესად თაღლითები არიან, მაგრამ ყველაზე მეტი არგნის სიმწარე მაინც მასწავლებლებს გვერგო. სხვებს თუ ერგასი არგანი ჰკრეს, ჩვენ – ასერგასი. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანნი ვართ, იმიტომ, რომ ყველას ყოველდღიური შეხება აქვს ჩვენთან და იმიტომ, რომ ყველაზე გამჭვირვალეა მასწავლებლის საქმიანობა…

სკოლამ ერთი რამ მასწავლა: როცა არსებობს პრობლემა, მის გარშემო თავმოყრილ ადამიანთა შორის ყველაა სირთულეების აქტორი და თუ კოლექტივის წევრები ვერ გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და სხვებს გადააბრალებენ ხელის  მოცარვას, ვითარების გამოსწორება გამორიცხულია. მწარედ ცდება, ვინც გაზვიადებით ცდილობს მასწავლებელთა კორპუსის დისკრედიტაციას. საზოგადოებრივი ჯგუფებიც კი არსებობს, რომლებიც ამ პროფესიის ხალხის კომპრომეტაციას ეწევიან, რის გამოც იზრდება მასწავლებლისადმი მშობლებისა და ბავშვების აგრესია. სახელმწიფო აპარატიც არცთუ ლოიალურია. მწარედ ცდებიან მასწავლებლებიც, როცა ვერ გაიაზრებენ, რას მოითხოვს მათგან საზოგადოება და რა უნდა შეაგებონ თავიანთ „დამოკლეს მახვილებს“. ერთადერთი, ვინც ყოველთვის მართალია, მოსწავლეა და ყველაზე მეტად სწორედ ის, ქვეყნის მომავალი, ზარალდება ამ ბრუტალურ მარათონში.

დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია? ამაზე სულ ვსაუბრობთ, მაგრამ სულ გვეშინია… გურამიშვილისა არ იყოს, „ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მასზე გვერცხვინება“. მაგრამ ისევ გურამიშვილს თუ დავესესხებით, „ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“. ვგონებ, უნდა დავიწყოთ იმაზე საუბარი, რა გზები არსებობს კადრების ოპტიმიზაციისთვის, როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდები პროფესიაში, რა პრივილეგიები მიენიჭოთ მასწავლებლობის მაძიებლებს, სახელდობრ რით გამოიხატება მასწავლებელთა პრობლემები. უნდა დაიწყოს ამ პრობლემათა კომპლექსური ანალიზი. ამასწინათ ერთმა მოსწავლემ თავის სკოლაზე მკვეთრად ნეგატიური ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რასაც მასწავლებლების სასტიკი აღშფოთება მოჰყვა. არ ვიცი, ცდებოდა და აჭარბებდა თუ არა ის ახალგაზრდა, მაგრამ რეაქცია მისი გმობა და გაკილვა კი არა, ამ პრობლემების გააზრება უნდა იყოს. ცამოწმენდილზე მოსწავლე ასეთ კრიტიკულ წერილს ვერ დაწერს. ფაქტია, პრობლემების მთელი სპექტრი გვიწამლავს რეალობას. ვიმსახურებთ ამდენ გვემას მასწავლებლები? ამასწინათ მასწავლებელთა შორის საუკეთესოზე საუკეთესო პიროვნებამ და სპეციალისტმა მითხრა: ხშირად, როცა საქმე მუნდირის ღირსების დაცვას შეეხება, ხმას ვერ ვიღებ, მასწავლებლის იმდენად არაკორექტული, არაადეკვატური და არაჰუმანური მოპყრობის ამბებს ვიგებო. ამავე საუკეთესო მასწავლებელმა თქვა, რომ ვინაიდან მას უწევს დაუსრულებელი ბრძოლა ოჯახის გადასარჩენად და მისი ხელფასი არ შეესაბამება თანამედროვეობის მოთხოვნებს, ბევრ დამატებით სამუშაოს იღებს, რაც ფიტავს და ძალებს ართმევს, რომ ყოველდღიურად დაგეგმოს მრავალფეროვანი გაკვეთილები, რომ უმრავლეს შემთხვევაში უწევს, იმპროვიზაციაზე ააგოს გაკვეთილი, მიენდოს საკუთარ გამოცდილებას, ინტუიციას და ფორტუნას, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ მის მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევს ყველა, თავად უკმაყოფილოა, ძალიან თვითკრიტიკულია და გამუდმებით სინდისის ქენჯნა აწამებს. მისი აზრით, უნდა მიდიოდეს სკოლიდან, მაგრამ გარემოებების მძევალია. ამ მდგომარეობაშია მასწავლებელთა არცთუ მცირე ნაწილი.

მასწავლებელთა პრობლემებიდან ყველაზე თვალში საცემია: ცოდნის სიმწირე, უარი განვითარებაზე, არამოტივირებულობა, აგრესიულობა, არაკომპეტენტურობა შეფასებისას, სწორხაზოვნება, არაკეთილგანწყობა, არაკოლეგიალურობა, – რასაც ერთვის სისტემის გაუაზრებელი ინოვაციები, რომლებიც შედეგზე ორიენტირებული არ არის და ხშირად განიცდის იმგვარ მოდიფიკაციას, რომ ბოლოს, დასახიჩრებული, თავადვე აშთობს საკუთარ თავს. მასწავლებლისთვის გაუგებარია მისდამი წაყენებული მოთხოვნები. ერთ მაგალითს მოვიყვან: დაგვევალა ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ქაღალდის ჟურნალს ჩვეულებრივ ვაწარმოებთ, იქიდან კი ყველა მონაცემი ელექტრონულად უნდა შეიყვანო. შინ მუშაობის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან სპეციალური პროგრამა მხოლოდ სკოლის პერიმეტრზეა ხელმისაწვდომი. საკლასო ოთახებში კომპიუტერები არ გვაქვს. სკოლის კომპიუტერებთან რიგებია. ხან ტექნიკური შეფერხებაა, შესაძლოა, ინტერნეტი ან ელექტროენერგიაც გაითიშოს. ამ ჟურნალზე ხელი არ მიუწვდება არც მოსწავლეს, არც მშობელს, მას არ ამოწმებს არც დირექცია, არც სამინისტრო. ან რა მიზნით უნდა შეამოწმოს? მასწავლებელი მაინც ქაღალდის ჟურნალში აკეთებს შეფასება-შეჯამებებს. მაშ, რა ფუნქცია აქვს ამ ჟურნალს? ვისთვისაა? რისთვისაა? მშობლებს მაინც რომ ეგზავნებოდეს, კიდევ ჰო… მასწავლებელს ყოველ კვირა ავალებენ ახალ-ახალი დოკუმენტების შექმნას, რომლებიც ხშირად მკვდრადშობილი და შეუსრულებელი რჩება, მასწავლებლის მთელი ენერგია კი მის პორტფოლიოში უმიზნოდ და უშედეგოდ ჩასაყრელი დოკუმენტების შექმნას უნდება.

რით დაიწყო ფინეთმა თავისი წარმატებული რეფორმა? მასწავლებლის ხელფასის მომატებით, რასაც მიება მისი დამატებითი შრომისგან გამოთავისუფლება. მასწავლებელმა მთელი დრო და ენერგია საგაკვეთილო პროცესისკენ მიმართა. თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო ზრდის რესურსები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს არ გააჩნია.

მასწავლებლებს აქვთ სრულიად გაუმართლებელი პროტესტი პროფესიული განვითარების სქემისადმი, რაც ყოვლად უგუნური ხარაკირია, რადგან თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნებში შედის მრავალმხრივ განვითარებული მასწავლებელი. მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების ეპოქის მოსწავლის დაკვეთა მკვეთრად განსხვავდება გასული საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებისგან. მასწავლებელი ვალდებულია, მიუსადაგოს ამ მოცემულობას შესაბამისი პედაგოგიური უნარები და რესურსები. იმდენად ფართომასშტაბიანი გახდა ცოდნა თანამედროვე კაცობრიობისთვის, რომ თუ მასწავლებელმა რეგულარულად არ იმუშავა საკუთარი ცოდნის შევსებაზე, მოსწავლე მას მოსმენაზე უარს ეტყვის. დღეს რომ მოსწავლე დააინტერესო, ყოველი გაკვეთილი პერფორმანსი უნდა იყოს, გაჯერებული ახალ-ახალი მეთოდებით, აქტივობებით, კოგნიტიური სქემებით, მულტიმედიარესურსებით. ვიმართლოთ თავი იმით, რომ ამ რესურსებს საჯარო სკოლის მწირი დაფინანსება ვერ გვაძლევს? ეს მოსწავლეს არ აინტერესებს, მისი დაკვეთა მრავალფეროვანი გაკვეთილებია. მისი მოლოდინის გაცრუება კი მასთან თანამშრომლობის შანსის დაკარგვას ნიშნავს.

სახელმწიფომ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს განათლებაში და საჯარო სკოლას მისცეს მეტი დაფინანსება, რათა მას რესურსების შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდეს. როცა ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლები ჩივიან, რომ სკოლაში არ არის ლაბორატორია ცდების ჩასატარებლად, როცა მუსიკის მასწავლებელი ჩივის, რომ არ აქვს სათანადო აპარატურა მუსიკის მოსასმენად და მუსიკის თეორიის საკითხების გასაცნობად, როცა უცხო ენის მასწავლებელი ჩივის, რომ მოსასმენი აპარატურა მისთვის მიუღწეველი ფუფუნებაა, რომ ტესტებისა და თავისივე მომზადებული სკაფოლდინგის მასალების ამობეჭდვას ვერ ახერხებს, როცა ქართულის მასწავლებელს არ გააჩნია არავითარი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რომ საკლასო ღონისძიებები, გასვლითი გაკვეთილები დაგეგმოს, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელს არ აქვს საკლასო ოთახში ფლორისა და ფაუნის ამსახველი თვალსაჩინოების შეტანის შესაძლებლობა, რასაკვირველია, ვიღებთ სრულ გაუგებრობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

პროფესიაში სრულყოფას მასწავლებლის მხრივაც სჭირდება თვითგანვითარებაში ინვესტიციის დაბანდება. იშვიათად, მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ კრეატიული იდეების ხორცშესხმას და მცირე რესურსებით ბევრს აღწევენ. მოსწავლისთვის მთავარია ერთფეროვანი და რუტინული გაკვეთილების თავიდან აცილება, თორემ როცა კლასი ხედავს, რომ მასწავლებელი სიახლეებზეა ორიენტირებული, ბავშვებიც და მშობლებიც ხელს უწყობენ მას, ერთობლივად იგეგმება საინტერესო აქტივობები. მშობლები სულ იმას ამბობენ, რომ ოღონდაც მასწავლებლებმა ინოვაციები დაგეგმონ და სიხარულით იზრუნებენ რესურსებით ბავშვების მომარაგებაზე. ხშირად მომისმენია, რომ სქემა თავისი მკაცრი მოთხოვნებით იწვევს მასწავლებლის პროტესტს, ის ეთიშება პროცესს, უარს ამბობს იმ შრომაზე, რასაც ითხოვს მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება ან წინსვლა, აგრძელებს ერთფეროვან, უხალისო, უინტერესო და უშედეგო სწავლებას, ვერც თავად ვითარდება, ვერც კლასი მიჰყავს მიზანთან, მისით უკმაყოფილოა ყველა და თავადაც თვითუკმარობის განცდა ტანჯავს. ათასობით მასწავლებელი უბრალოდ უარს ამბობს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ არ აქვს დრო ან ნებისყოფა გამოცდისთვის მოსამზადებლად, უარს ამბობს კრედიტების დაგროვებაზე. ეს კი თავისთავად არის ინდიკატორი იმისა, რომ მასწავლებელი არ ცდილობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მოძველებული მეთოდებით შედეგებზე ვერ გადის.

კოლეგებს შორის თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით, სულ მცირედი მონდომებითა და სიახლეებისკენ სწრაფვით თავისუფლად შეიძლება სქემის ფარგლებში მასწავლებლის წარმატებული და წინსვლაზე ორიენტირებული კარიერის შექმნა. სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს, რომ მასწავლებლის ხელფასი როგორმე გაიზარდოს. მარტო წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასის ზრდა საქმეს ვერ უშველის. როგორც ვიცი, ამ სტატუსის მატარებელი სამასი მასწავლებელიც კი არ არის საქართველოში, უფროსი და პრაქტიკოსი მასწავლებლები კი სამართლიანად ჩივიან, რომ დისკრიმინაციულია მხოლოდ უფროსი და მენტორი მასწავლებლებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდა.

შესაძლოა, სქემაში ბევრი რამ იყოს დასახვეწი, დასამუშავებელი, შესაცვლელი, მაგრამ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის უკანასკნელ წლებში ბევრი გაკეთდა, უხვად გამოიცა მეთოდური ლიტერატურა, არსებობს მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკები, სტატიები, ჟურნალი „მასწავლებელი“ უამრავ რესურსს აწვდის პედაგოგებს, მასწავლებლის სახლის ტრენერები გვთავაზობენ მრავალი მიმართულების ტრენინგ-მოდულს, უბრალოდ, მასწავლებელს სჭირდება მეტი ძალისხმევა და საკუთარი კარიერის სწორი მენეჯმენტი, სიახლეების შესწავლის დაგეგმვა და ობიექტური თვითშეფასება. როცა სასერტიფიკაციო გამოცდებზე მასწავლებლები დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ, ამბობდნენ,  რომ არ ღირდა საზოგადოებრივ დისკუსიებში ამ თემის წამოწევა – ეს ბევრ უხერხულობასა და გაუგებრობას გამოიწვევდა, მაგრამ, ვფიქრობ, დისკუსია უნდა დაიწყოს, ეს თვით მასწავლებელთა ინტერესებში უნდა შედიოდეს. სასურველი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ეთერი რამენაირი ფორმატით დაუთმოს მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს, მშობლებსა და მოსწავლეებს და ყველამ გავაცნობიეროთ, რა პრობლემები გვაქვს, რა არის მისახედი. რუსთველის გმირის არ იყოს: „მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?“

ქართული ენის გაკვეთილები: პუნქტუაცია

0

ქართული ენის მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა დიდ ნაწილს უძნელდება წერითი დავალებების სათანადო სასვენი ნიშნებით გამართვა. მათი არასწორად გამოყენების ან სრულიად უგულებელყოფის შემთხვევებს სწავლების მაღალ საფეხურზეც ვაწყდებით.

 

სასვენ ნიშანთა ერთობლიობას პუნქტუაციას უწოდებენ. უძველეს დროში წერტილს არა მარტო წინადადებების, აბზაცების გამოსაყოფადაც იყენებდნენ. პუნქტუაციაში შემავალი ძირითადი ნიშნების დაკანონება არისტოფანეს (დაახ. ძვ.წ.446 – ძვ.წ.388) სახელს უკავშირდება. VIII საუკუნის მიწურულს ვარნეფრიდმა და ალკუინმა სასვენ ნიშანთა სისტემის  პრინციპები ხელახლა შეიმუშავეს, მაგრამ პუნქტუაცია XV საუკუნემდე განსაზღვრული წესების ნაკლებობას მაინც განიცდიდა. ტიპოგრაფმა ძმებმა მანუციუსებმა კი სასვენი ნიშნების რაოდენობა გაზარდეს და გარკვეულ კანონზომიერებას დაუმორჩილეს. მათ ამიტომაც უწოდებენ თანამედროვე ევროპული პუნქტუაციის ფუძემდებლებს. ცხადია, ენების თავისებურება ცალკეული გამონაკლისების დაშვებას განაპირობებს, თუმცა ისინი მხოლოდ კონკრეტული ენობრივი ჯგუფ(ებ)ის მახასიათებლად შეგვიძლია განვიხილოთ.

 

დღეს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმაც კი იციან, რომ პუნქტუაცია თორმეტი სასვენი ნიშნისგან შედგება, თუმცა მათზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ამიტომაც ხშირად მივმართავ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეების სასვენი ნიშნებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლას გამიადვილებს. ზოგს მასწავლებელთა დამხმარე რესურსებში ვპოულობ, ზოგს კი თავად ვიგონებ. დღეს შევეცდები „სიტყვის მწყემსების“ დანიშნულებაზე ვისაუბრო, შემდეგ წერილში კი – სამოტივაციო აქტივობებთან დაკავშირებულ მიგნებებზე.

 

წერტილი (.) შეკრული წრეა. იგი წინადადების ბოლოს დაისმის და დასრულებულ აზრს გამოხატავს. წერტილს ასევე ვიყენებთ სიტყვის შემოკლების (ქ. ქალაქი; სოფ. სოფელი),  ტექსტის დანაწევრებისა და მონაკვეთების დანომრვის დროს (1. ან ა.). რაც შეეხება გამონაკლისს, წერტილი არ იწერება მოთხრობის, ლექსის, წერილის, სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის თუ ზღაპრის სათაურების ბოლოს.

 

მძიმე (,)  გრძელ წინადადებებში მოქცეულ რამდენიმე ამბავს შორის პაუზას, შესვენებას უზრუნველყოფს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სასვენ ნიშანს იყენებენ ერთგვაროვანი წევრების,  რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებების, განკერძოებული სიტყვებისა და მიმართვების გამოსაყოფად. მძიმის გრაფიკული გამოსახულებაც (ნახევარწრე) მის შინაარსს მიესადაგება და ამბის ნაწილობრივ დასრულებას გამოსახავს.

 

კითხვის ნიშნის (?) ფუნქციას მის ვიზუალურ მხარეზე დაკვირვებითაც ამოვიცნობთ. მძიმის მსგავსად, აქაც შეუკრავი წრეა გამოსახული, რომლის ერთი ბოლო წერტილისკენ მიმართება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამბის დასასრულებლად თხრობითი წინადადების (პასუხის) დამატებაა საჭირო. ზოგჯერ წინადადებაში რამდენიმე შეკითხვა იყრის თავს. მსგავსი შემთხვევა, კითხვის ნიშნის გარდა, მძიმის გამოყენების ერთ-ერთ მაგალითადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგან კითხვები ერთმანეთისგან სწორედ მძიმეებით გამოიყოფა, კითხვის ნიშანი კი წინადადების ბოლოს დაისმის (სად ვიპოვო სამართალი, ვის მივმართო, რა მეშველება?).

 

ძახილის ნიშანი (!) მეჩვიდმეტე საუკუნემდე მხოლოდ ბრძანებით წინადადებას დაერთვოდა. გადმოცემის თანახმად, სასვენი ნიშნის „ჯოხი“ მეფის კვერთხის ანალოგიას წარმოადგენდა, წერტილი კი, მისი შინაარსის თანახმად, აზრის/მოქმედების დასრულების აუცილებლობაზე მიანიშნებდა. დღეს ეს სასვენი ნიშანი მძაფრი ემოციის (თხოვნა, მოწოდება, დარიგება, მითითება, შეშფოთება, აღტაცება და სხვ.) გამომხატველ წინადადებებთან დაისმის. მას ასევე ვიყენებთ მიმართვასთან, შორისდებულთან და მიგებით ნაწილაკთანაც (როგორ არ გეცოდები, ჩემო ძამია!; ვაიმე!; დიახ! და სხვ.).

 

კითხვა-ძახილის (?!) ნიშანი, შეკითხვის დასმის გარდა, გაკვირვება-აღტაცებას და ვარაუდსაც გამოხატავს. იგი ასევე დაისმის არასრული წინადადებების ბოლოს (რაო?! მართლა?!). ამ სასვენი ნიშნის გამოყენებას მოსწავლეთა დიდი ნაწილი  არიდებს თავს, რადგან უჭირთ მისი დანიშნულების სათანადოდ გააზრება. აქედან გამომდინარე,  გირჩევთ მხატვრული ტექსტების საკვლევ მასალად გამოყენებას და აღმოჩენილ ნიმუშებზე ყურადღების გამახვილებას.

 

რაც შეეხება წერტილ-მძიმეს (;), იგი ერთნაირი ენობრივი ელემენტების ერთმანეთისგან გამოსაყოფად გამოიგონეს. აღნიშნული სასვენი ნიშანი დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაშიც, სადაც მთავარი წინადადების შემასმენელი მეორდება (გარდაუვალი იყო მოსალოდნელი განსაცდელის თავიდან აცილება; გარდაუვალი იყო თავისუფლების დაკარგვა). წერტილ-მძიმეს იყენებენ გეგმის ან მიზნების ჩამონათვალთანაც.

 

მრავალწერტილი (…) იწერება მიზანმიმართულად აზრობრივად დაუსრულებელი წინადადების ბოლოს. აღნიშნული სასვენი ნიშანი მწერლის ერთგვარი იარაღია, როცა მას რაიმეს ბოლომდე თქმა არ სურს და მინიშნებებს უტოვებს მკითხველს. იგი პერსონაჟის თავისებურებაზე ან სიტუაციის შესაბამის ქმედებაზეც მიანიშნებს (ენის მოკიდება, დაბნეულობა, შიში და სხვ.), აქედან გამომდინარე, მრავალწერტილი წინადადების ან სიტყვის შუაშიც შეიძლება შეგვხვდეს. ამას გარდა, მრავალწერტილი დაისმის ციტატის თავში ან ბოლოში, თუ ციტირებული მონაკვეთის დასაწყისი ან დასასრული არ ემთხვევა წინადადების თავს ან ბოლოს. მას ამოღებული მონაკვეთის აღსანიშნად, ციტირებული ტექსტის შუაშიც იყენებენ.

 

ორწერტილი (:) შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების წინ, ანუ ჩამონათვალთან დაისმის. მას ასევე იყენებენ იმ წინადადების დასასრულებლად, რომელსაც პირდაპირი ან ირიბი ნათქვამი მოსდევს (ასლუკუნებული ბიჭი დედობილს მიეკრა და ჩურჩულით ჰკითხა: – ხვალ მართლა წამიყვან სასახლეში, დედი?). ამას გარდა, ორწერტილი ციტატასაც უძღვის წინ (აკაკი წერეთელი იხსენებს: – ,,სანამდი სოფელში ვიზრდებოდი, სრულიად ბედნიერი ვიყავი“). ორწერტილს ვხვდებით უკავშირო რთული წინადადების ბოლოსაც, თუ მომდევნო ფრაზები მთავარი წინადადების დამაზუსტებელ ინფორმაციას შეიცავს. („ამქვეყანად ერთმანეთის საპირისპირო მრავალი ძალა არსებობს: სიმდიდრე და სიღარიბე, კეთილი და ბოროტი, ბნელი და ნათელი…“).

 

დეფისი (-) მოკლე ჰორიზონტალური ხაზია. იგი ნაირფუძიანი და გაორკეცებული რთული სიტყვების ჩაწერისას გამოიყენება (ქუჩა-ქუჩა; მინდორ-ველი და სხვ. ). ამას გარდა, ეს სასვენი ნიშანი ერთმანეთთან აკავშირებს იმ უცხოენოვან გეოგრაფიული სახელებს, რომლებიც მშობლიური ენაზე ცალ-ცალკე იწერება (ნიუ-იორკი). დეფისს ასევე ვიყენებთ ზმნაზე სხვათა სიტყვების აღმნიშვნელი „-მეთქი“ და „-თქო“ ნაწილაკების და რიცხვებზე თავსართ-ბოლოსართების დართვის დროს ( არ გაბედო-მეთქი!;  მე-5 კლასი და სხვ.). დეფიზი გვჭირდება სიტყვის ერთი ხაზიდან მეორეზე გადატანის და დამარცვლის დროსაც.

 

ტირე () ვიზუალურად დეფისს ჰგავს (გრძელი, ჰორიზონტალური ხაზია), თუმცა სულ სხვა დანიშნულებით გამოიყენება. ტირეს დიალოგებში პერსონაჟთა მეტყველების გამოსაცალკევებლად ვიყენებთ. იგი წინადადების გამოტოვებულ წევრებს ენაცვლება (ილია ყვარელში დაიბადა, აკაკი კი – საჩხერეში) და წინ უძღვის განმაზოგადებელ სიტყვებს (,,კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი, მღვდელი — მისთვის სულ ყველა ერთი იყო“). აქვე დავურთავ მოკლე შენიშვნას: მოსწავლეებს, ზემოთ მოყვანილი ბოლო მაგალითის მსგავს შემთხვევებში, უჭირთ ორწერტილსა და ტირეს შორის არჩევნის გაკეთება. ეს თავსატეხი კი განმაზოგადებელი (გამაერთიანებელი) სიტყვის ადგილმდებარეობაზე დაკვირვებით შეიძლება ამოიხსნას. მაგალითად ზემოთ მოყვანილი ნიმუშის შებრუნებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ: „მისთვის სულ ყველა ერთი იყო: კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი, მღვდელი“. როგორც ვხედავთ, თუ ჩამონათვალს წინ უსწრებს განმაზოგადებელი სიტყვა, ტირის ნაცვლად ორწერტილს ვიყენებთ.

 

ფრჩხილებში ჩაისმის ის სიტყვები/ფრაზები, რომლებიც განმარტავენ/აზუსტებენ წინადადებაში გადმოცემულ აზრს. ასევე ფრჩხილებში ვათავსებთ იმ ფრაზებს, რომლებიც დამატებით ინფორმაციას შეიცავს, მაგრამ მთავარ წინადადებას აზრობრივად არ უკავშირდება. შესაძლოა ფრჩხილებში მოქცეული წინადადება მთავარ ნაწილში გამოთქმული მოსაზრების გაგრძელებასაც წარმოადგენდეს, მაგრამ თუ მას დამატებითი შენიშვნის სახე აქვს, წინადადების სრულფასოვან წევრად ვერ ვაქცევთ. ფრჩხილებს აქტიურად იყენებენ სამეცნიერო ნაშრომის (აკადემიური სტილი) წერის დროს. იგი საჭიროა მოქმედების აღსაწერადაც (სტენოგრაფისტები, სცენარისტები).

 

ბრჭყალებს ყველაზე ხშირად ციტატის დამოწმების დროს ვიყენებთ. ასევე ბრჭყალებში ჩაისმის ჟურნალების, დაწესებულებების სახელები, სათაურები. ამავე სასვენ ნიშანს იყენებენ ირონიულად ან გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამთანაც. არ უნდა დაგვავიწყდეს ბარბარიზმებისა და არქაული გამონათქვამების ბრჭყალებში ჩასმაც.

 

რაც შეეხება სასვენ ნიშანთა სწავლებას, ე.წ. ძირითად სასვენ ნიშნებს (წერტილი, მძიმე, ძახილისა და კითხვის ნიშნები) მოსწავლეები პირველი კლასიდანვე ეცნობიან. თუმცა პუნქტუაციის მიზანმიმართული სწავლება უფრო გვიან იწყება. მესამე კლასის ქართული ენის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ვ. როდონაია) მოცემულია ლექსი „სასვენი ნიშნები“ (ავთანდილ არაბიძე), რომელიც დიალოგის ფორმატში საკმაოდ ლაკონურად და მარტივად აღწერს სასვენი ნიშნების დანიშნულებას. მსგავს სასწავლო მასალებზე დაყრდნობით საკმაოდ საინტერესო აქტივობების დაგეგმვა შეიძლება, რაც გრამატიკული საკითხებით მოსწავლეთა დაინტერესებას გაგვიადვილებს. შემდეგ წერილში შემოგთავაზებთ ზემოაღნიშნული ლექსის გამოყენებით დაგეგმილ გაკვეთილს და რამდენიმე იდეას, თუ როგორ ვაქციოთ სასვენი ნიშნები, ე.წ. სამაგიდო თამაშების მთავარ რესურსად.

 

„უფროსი შვილი“ და „დიდობა“ განსაკუთრებული უპირატესობა ოჯახში

0

იყო დრო, როცა საზოგადოება უფრო მკაცრი კანონებით ცხოვრობდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა ავტორიტეტებს, უფროსი ვაჟი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა ოჯახში მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი დაიბადა. ახლა ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ასაკს არ ენიჭება ისეთი მნიშვნელობა, როგორიც წინათ და ოჯახში პირმშოს უფრო მეტი მოწიწებით არ ეპყრობიან, ვიდრე სხვა ბავშვებს. რა თქმა უნდა, მას დარჩა ზოგიერთი პრივილეგია, მაგალითად, სხვებზე გვიან დასაძინებლად წასვლის უფლება, მაგრამ მთლიანად არავინ აღიარებს მის უპირატესობას და მშობლები ცდილობენ, თანაბრად გაუნაწილონ სიყვარული ყველა შვილს. თუმცა ისევ არსებობენ მშობლები, რომლებიც უფრო მკაცრად ეპყრობიან პირმშოს, მასზე ამყარებენ იმედებს, უფრო მეტს ელოდებიან მისგან, ვიდრე სხვა შვილებისგან. საინტერესოა, პრაქტიკულად რა არის მსგავსი სიტუაციის გარდაუვალი შედეგი.

6 წლის მერის საყვედურობენ, რომ სასტუმრო ოთახში სათამაშოები მიყარ-მოყარა. მართალია, ოჯახში მისგან მკაცრად მოითხოვენ უკეთ მოქცევას, მაგრამ ის ხედავს, რომ როცა მისი 3 წლის დაიკო იმავეს აკეთებს, მშობლები არაფერს ეუბნებიან, მის მაგივრად ალაგებენ სათამაშოებს. მერი აღმოაჩენს, რომ ის, რასაც მისი და აკეთებს, მშობლებს მოსწონთ, ხოლო მას მსგავსი ქმედებისას კიცხავენ.

რა ხდება ამ დროს მერის გულში? მას უმცროსი დაიკოს მიმართ უგროვდება „ჩუმი მტრობა“ და უჩნდება ეჭვი მშობლების გულწრფელ სიყვარულში.

როდესაც „უფროსი შვილობა“ და „დიდობა“ ოჯახში არ იძლევა განსაკუთრებულ უპირატესობას, პირიქით, პირმშოს მიმართ ბევრი საყვედური გაისმის, ბავშვს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს, რომ „დიდია“ „უფროსია“. მერის უმცროსი და მიხვდება, რომ პატარად დარჩენით შეძლებს, შეინარჩუნოს მშობლების ასეთი სიყვარული, რაც მას სავსებით აძლევს ხელს და მეტყველებისა და ქცევის ბავშვური მანერა ჩვევაში გადადის. ეს ყველაფერი ქვეცნობიერად ხდება.

მნიშვნელოვანია, უფროს შვილს ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეს იმის მიმართ, რომ ის იზრდება; ესმოდეს, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს კარგია. ასეთი მიდგომა სასარგებლოა არა მარტო უფროსი შვილისთვის, არამედ მომდევნო შვილებისთვისაც და, საზოგადოდ, ოჯახში ჯანსაღი ატმოსფეროსთვის.

როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არც უფროსი და არც უმცროსი ბავშვები არ იტანჯებოდნენ?

  1. ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ, შევამციროთ ან ნულამდე დავიყვანოთ მეტოქეობა ან მტრობა, რომელსაც ბავშვები ერთმანეთის მიმართ ამჟღავნებენ. ბავშვები იშვიათად წყვეტენ მეტოქეობას საღად და გონივრულად. თუ მათ მეგობრულად ცხოვრებას ვასწავლით (დაწვრილებით ამის შესახებ იხ. თავში „ძმების მეტოქეობა“), გაქრება წვრილ–წვრილი უთანხმოებანი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაჩნდება სხვადასხვა ასაკში სიხარულის შეგრძნების შესაძლებლობა და ერთმანეთისთვის ამ სიხარულის გაზიარებისას არ განიცდება შური და წყენა.
  2. მიზანშეწონილი არ არის, უფროს შვილს დავაკისროთ უმცროსზე ზედმეტი პასუხისმგებლობა და მზრუნველობა. ასეთი მიდგომა პრაქტიკული თვალსაზრისით შესაძლოა მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ ის იშვიათად გვირგვინდება წარმატებით. არა მარტო ართულებს და აფუჭებს ბავშვების ურთიერთდამოკიდებულებას, არამედ ართმევს პირმშოს თავისუფლების განცდას, რასაც ის სამართლიანად უკავშირებს თავისი უფროსობის ფაქტს. რა თქმა უნდა, ბავშვში უნდა აღვზარდოთ პასუხისმგებლობის შეგნება, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადავიდეთ. ბავშვები უნდა თამაშობდნენ, თავს ლაღად გრძნობდნენ. ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რის საშუალებასაც ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მოგვცემს.
  3. რეკომენდებული არ არის მკაცრი რეგლამენტირება იმისა, რამდენი პრივილეგია უნდა ჰქონდეს უფროს შვილს და რამდენი – უმცროსს. თუ მშობელი მუდამ სამართლიანი იქნება, არა მხოლოდ პირმშოს განუმტკიცდება საკუთარი თავის რწმენა, არამედ უმცროს შვილსაც გაუჩნდება სურვილი, „გახდეს დიდი“.

უეჭველია, რომ „დიდად გახდომის“ სურვილის ყველაზე დიდი სტიმული ბავშვთან ჩვენს კარგ ურთიერთობაში იმალება. ეს ურთიერთობა ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვს უნდოდეს, მშობელს დაემსგავსოს. თუ მოვეწონებით, მოგვბაძავს. თუ მის თვალში მოსაწყენები გამოვჩნდებით, ის ეცდება, მხოლოდ იმისთვის გაიზარდოს, რომ მოგვშორდეს. აი რატომ არის, რომ დიდად გახდომა ნიშნავს მშობლებთან თანხმობით ცხოვრებას. ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ამას, თუ მხიარულს და ბედნიერს გავხდით ბავშვთან ჩვენს ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ის ხანდაზმულ ადამიანებთანაც და თანატოლებთანაც ადვილად გამონახავს საერთო ენას, უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენ მათ გარემოსადმი კეთილგანწყობას ჩავუნერგავთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ალან ფრომი, “აღზრდის ანბანი მშობლებისთვის”

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...