ორშაბათი, მაისი 18, 2026
18 მაისი, ორშაბათი, 2026

ციფრული ტექნოლოგიები ადრეულ განათლებაში

0

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აქტუალობას იძენს განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის ადრეულ განათლებაში. დღეს ბავშვები გარემოცულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებით და, შესაბამისად, ციფრული „გარემო“ მათთვის ბუნებრივი და ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე ბევრი ჩვენგანისთვის. საბავშვო ბაღში სიარულის დაწყების მომენტისთვის ბავშვებს უკვე აქვთ მრავალფეროვანი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება. ამ კონტექსტში ადრეულ განათლებაში მხოლოდ ტრადიციული რესურსების გამოყენება და ტექნოლოგიების, როგორც სწავლისა და თამაშის მედიუმის უგულებელყოფა, შესაძლოა დღეს უკვე ვეღარ პასუხობდეს ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებს.

ადრეული განათლების თანამედროვე მკვლევრების მოსაზრებით, ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს სთავაზობს ცოდნის კონსტრუირებისა და უნარების ჩამოყალიბების მრავალფეროვან საშუალებასა და მოდალობას. სმარტფონი, კომპიუტერი, ტაბლეტები, მარტივად პროგრამირებადი სათამაშო რობოტები – რეალობის შესწავლისა და რეპრეზენტაციის ისეთ შესაძლებლობებს იძლევა, რომლებიც მათ გარეშე წარმოუდგენელი ან ძალიან რთული იქნებოდა.

საქართველოს სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სავალდებულო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი“ ტექნოლოგიების საკითხს ითვალისწინებს ზოგადად, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით სტანდარტი კონკრეტულ მიმართულებებს და/ან განმარტებებს არ გვთავაზობს.

რა ადგილი შეიძლება ეჭიროს ტექნოლოგიებს ადრეულ ასაკში თამაშსა და ან/სწავლაში? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თამაშსა და სწავლას შორის კავშირი მრავალი ათწლეულია მეცნიერთა მსჯელობის საგანს წარმოადგენს. თამაშის გამოჩენილი თეორეტიკოსის ბრაიან სათონ-სმითის აზრით, მე-20 საუკუნის განვითარების ფსიქოლოგიის ლიტერატურა გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს ადრეულ ასაკში თამაშს, როგორც განვითარებისა და უნარ-ჩვევების დაუფლების საფუძველს. სათონ-სმიტი სკეპტიკურად უყურებს თამაშის განხილვას მხოლოდ განვითარების პერსპექტივიდან და მიუხედევად იმისა, რომ ამ პერსპექტივას არ უარყოფს, მიაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად ამ  სკეპტიციზმისა, ადრეული განათლების სპეციალისტების მიერ თამაში და სწავლა ადრეულ ასაკში განუყოფელ და მჭიდროდ ურთიერთდამოკიდებულ პროცესად არის მიჩნეული. სკეპტიკოსებისთვის თამაშის პოტენციალი სწავლისთვის რეალიზდება მასწავლებლების/მშობლების მხრიდან მიმართული ძალისხმევის გზით – თამაშზე დაკვირვებით, მისი გამდიდრებით, წახალისებით, გამრავალფეროვნებით, გარკვეული მიმართულების მიცემით და ა.შ. ადრეული განათლების მკვლევარი ნიკოლა იელანდი ასეთ პროცესს თამაშ-თამაშით კვლევას („playful explorations“) უწოდებს. იელანდის აზრით, თამაშ-თამაშით კვლევის დროს მასწავლებლის მხრიდან სკაფოლდინგი ბავშვის ინიციატივას სწავლის შესაძლებლობად აქცევს, ისე, რომ ბავშვისთვის საინტერესო ფორმა და პროცესი შენარჩუნებულია. იელანდი ამტკიცებს, რომ ახალი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თამაშით კვლევის წახალისებისთვის. ახალი ტექნოლოგიები მულტიმოდალური, მულტიწიგნიერების გამოცდილების მიღების საშუალებას გვაძლევს, აგრეთვე მრავალფეროვანი გზით თვითგამოხატვის საშუალებებს გვთავაზობს. ადრეული განვითარებისა და განათლების მკვლევარი მარლინ ფლიერის კვლევა ოჯახურ გარემოში ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, საინტერესო პერსპექტივებს გვთავაზობს თამაშისა და ტექნოლოგიების ურთიერთმიმართებაზე. ფლიერის მოსაზრებით, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ძლიერდება ფანტაზია და თამაში (მაგალითად, მზარეულობანას თამაში, ნაცვლად რეალური სადილის მომზადებაში დახმარებისა). ფლიერის კვლევა ცხადყოფს, რომ ადრეული ასაკის ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ: უფროსების დასახმარებლად, გასართობად, თამაშისთვის.

დღეს ბავშვები ტექნოლოგიური სამყაროს აბორიგენები არიან. ხშირად, უფროსებისთვის გასაკვირად, ისინი ძალიან მარტივად, სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეუფლებიან სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიების გამოყენებას. ხშირად ბავშვები თავისუფლად სარგებლობენ ციფრული ტექნოლოგიებით წერა-კითხვის სწავლამდეც. მეტიც, ხანდახან სწორედ ამ ტექნოლოგიების საშუალებით უვითარდებათ წიგნიერების უნარ-ჩვევები. ამდენად, ტექნოლოგიები ის სფეროა, სადაც ადრეული ასაკიდანვე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი კომპეტენტურობისა და შემოქმედებითობის დემონსტრირების. ამავდროულად, ბევრი პროფესიონალი შიშობს, რომ ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ეკრანის მქონე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლოა, საზიანო იყოს ბავშვების ადრეული განვითარებისთვის. იმისათვის, რომ ტექნოლოგიები ბავშვის განვითარებას უწყობდეს ხელს და არა პირიქით, მნიშვნელოვანია ორი პრინციპის გათვალისწინება: ციფრული ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილი დროის შეზღუდვა და გამოყოფილი დროის გამოყენება ბავშვებისთვის ღირებული და საინტერესო გამოცდილების მიღებისთვის, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მასწავლებლები და მშობლები. შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებაში ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს საგანმანათლებლო პროცესის ფორმაზე, მათ შორის ბავშვებსა და პედაგოგს შორის ინტერაქციაზე: ერთი მხრივ, ეს იქნება ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში მასწავლებლის მხრიდან ბავშვების დამატებითი კონტროლი (დროის მონაკვეთი, შინაარსის შესაბამისობა), მეორე მხრივ კი – მასწავლებლების მიზანმიმართული ძალისხმევა, ასწავლოს ბავშვებს სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება, აქციოს ეს პროცესი სასწავლო და განმავითარებელ გამოცდილებად.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ბოლო რეკომენდაციების მიხედვით, ეკრანული ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია 18 თვიდან, თუმცა ხარისხიანი რესურსის/პროგრამების შერჩევა სიფრთხილით უნდა მოხდეს, ხოლო მათი ყურება/გამოყენება უფროსის დახმარებით, რათა ბავშვებმა შეძლონ ინფორმაციის გადამუშავება და გააზრება. ასოციაციის რეკომენდაციით, 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის ხარისხიანი ეკრანული მედიის გამოყენება დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. ადრეულ განათლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო მაგალითებს რეჯიო ემილიას მიდგომა გვთავაზობს. ის იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბებული პედაგოგიური მიდგომაა, რომელიც დღეს მსოფლიოში ადრეული პედაგოგიკის ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ მოდელად არის მიჩნეული. რეჯიო ემილიას მიდგომა დიდი ხანია გასცდა იტალიის საზღვრებს და დღეს მრავალ ქვეყანაში გვხვდება ამ მიდგომის პრინციპებით მომუშავე საბავშვო ბაღები. რეჯიოს ბაღებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტებია:

  • კომპეტენტური ბავშვი, რომელსაც სწავლისა და თვითგამოხატვის მრავალი „ენა“ აქვს; შესაბამისად მიდგომა აგებულია ბავშვების ინტერესების მიყოლაზე, ბავშვების მიერ მოვლენებისა და საგნების სიღრმისეულ კვლევაზე (გრძელვადიანი პროექტები), შემოქმედებითობაზე.
  • ესთეტიკა, როგორც საგანმანათლებლო პროცესის და გარემოს მნიშვნელოვანი მხარე.
  • გარემო, როგორც მასწავლებელი.
  • დოკუმენტირება, როგორც გამოცდილების „შენახვის“ და ხელახალი გაანალიზების საშუალება.
  • თემი და საზიარო კულტურა, როგორც ცოდნის შეძენის და განვითარების საყრდენი.

ერთი შეხედვით ეს პრინციპები თითქოს შორს დგას თანამედროვე ტექნოლოგიებისგან, თუმცა რეჯიოს გამოცდილების შესწავლა ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიები ორგანულად არის შერწყმული საგანმანათლებლო პროცესთან და წარმატებით გამოიყენება საბავშვო ბაღის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რეჯიო ემილიაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება არა მიზანი, არამედ საგანმანათლებლო პროცესის გამდიდრებისა და გამრავლფეროვნების კიდევ ერთი საშუალებაა. ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენება როგორც ურთიერთობების გამყარების საშუალება, კვლევის ინსტრუმენტი, ახალი ცოდნის კონსტრუირების და უნარების ჩამოყალიბების წყარო, შემოქმედებითობის განვითარების გზა, დოკუმენტირებისა და კომუნიკაციის საშუალება და სხვა. გთავაზობთ აღნიშნული მიმართულებებით ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებულ მაგალითებს.

ურთიერთობები, შემოქმედებითობა: რეჯიო ემილიას მასწავლებლებს მყარად სჯერათ, რომ ტექნოლოგიები, სწორად გამოყენების შემთხვევაში, აახლოვებს ადამიანებს ერთმანეთთან. ამიტომ ტექნოლოგიების გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობის ელემენტს, ბავშვების ჯგუფურად მუშაობას და ტექნოლოგიების, როგორც ადამიანებს შორის კავშირის გაღრმავების საშუალებას. რეჯიო ემილიას პედაგოგიკის სპეციალისტს, ჯორჯ ფორმანს, საინტერესო მაგალითი მოჰყავს, როგორ იყენებენ ბავშვები ტექნოლოგიებს მოვლენებისთვის სოციალური და ემოციური განზომილების მინიჭებისთვის: ძლიერი ქარის შემდეგ ბაღის ეზოში მდგარ ხეს მოზრდილი ტოტი მოტყდა. ტოტით თამაშის შემდეგ ბავშვებმა იფიქრეს, რომ ტოტისთვის დედასთან (ხესთან) განშორება ალბათ რთული იყო. ლეგოს სპეციალური კუბურებით (Mindstorm), რომლებიც სინათლის მიმართ სენსიტიურია ბავშვებმა დაამზადეს მოწყობილობა: დაამაგრეს სარკე ხეზე, რომელიც მზის ამოსვლასთან ერთად სინათლეს ირეკლავდა და ლეგოს მოწყობილობაზე „გადასცემდა“; სინათლეზე კი მოწყობილობა რეაგირებდა და უკრავდა აუდიო ჩანაწერს: „დილა მშვიდობისა, დედიკო“. ამ მაგალითში ნათლად ჩანს ტექნოლოგიების გამოყენების ადამიანური განზომილება, რომელსაც ბავშვები გასაოცარი შემოქმედებითი ხერხებით აღწევენ.

კვლევის ინსტრუმენტი, ახალი ცოდნის კონსტრუირების წყარო: თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვებს აძლევს საშუალებას უმცირეს დროში მოიპოვონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. პინგვინების მოგზაურობის პროექტის ფარგლებში ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით რეჯიოს ბავშვები მათგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ მეცნიერს ესაუბრებიან ანტარქტიდაზე. ინტერნეტის საშუალებით აგროვებენ პინგვინებსა და მათ ოჯახებზე მრავალფეროვან ინფორმაციას ტექსტური, ვიზუალური, აუდიო თუ ვიდეო ფორმატით. ფოტოშოპის საშუალებით ქმნიან ვიზუალური რუკების ფენებს პინგვინების მოგზაურობის მიმართულებების გამოსახატად და ა.შ.

დოკუმენტირება, შეფასება, კომუნიკაცია: ტექნოლოგიების საშუალებით ბავშვების საქმიანობების, მიმდინარე პროექტებისა და განვითარების პროცესის დოკუმენტირება უფრო მარტივი და მრავლისმომცველი ხდება. ციფრული ვიდეოჩანაწერები საშუალებას აძლევს რეჯიოს მასწავლებლებს რეგულარულად დააკვირდნენ და შეაფასონ ბავშვები. აგრეთვე, მოახდინონ რეფლექსია საკუთარ პრაქტიკაზე, ვინაიდან ვიდეოს საშუალებით შესაძლებელია ისეთი ქცევის, მოვლენების შემჩნევა, რაც საგანმანათლებლო პროცესის დროს შესაძლებელია მასწავლებლის ყურადღების მიღმა დარჩეს. ციფრული დოკუმენტები – ფოტოები, პროგრამული და ვიდეოჩანაწერები, ტექსტები და სხვა, წინამორბედ ფორმატთან შედარებით ადვილად კლასიფიცირებადი და შესაბამისად, ადვილად მოძიებადია საჭიროების შემთხვევაში. ციფრული დოკუმენტირება საშუალებას აძლევს რეჯიო ემილიას თემს (საბავშვო ბაღს, მშობლებს, ბავშვებს) შექმნას და შეინახოს მთელი ბიბლიოთეკა ბავშვის შესახებ, მისი საქმიანობების, ემოციების, თამაშის, ინტერესების შესახებ.

მოცემული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ადრეულ განათლებაში შესაძლებელია ისე, რომ დაცული და გაღრმავებული იყოს ადრეული ასაკში განვითარების და განათლების პრინციპები. წარმატებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიების სწორი გამოყენების შემთხვევაში ხშირად საზოგადოებაში არსებული შიში ტექნოლოგიური საფრთხეების შესახებ გადაჭარბებულია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

American Academy of Pediatrics (2016). American Academy of Pediatrics announces new recommendations for children’s media use. https://www.aap.org/en-us/about-the-aap/aap-press-room/pages/american-academy-of-pediatrics-announces-new-recommendations-for-childrens-media-use.aspx

Fleer, M. (2011). Technologically constructed childhoods: Moving beyond a productive and critical view of curriculum development. Australian Journal of Early Childhood 36 (1), 16-24.

Forman, G. (2012). The use of digital media in Reggio Emilia. In The Hundred Languages of Children: The Reggio Emilia experience in transformation, Eds. C. Edwards, L. Gandini & G. Forman. Santa Barbara: Praeger.

Mitchell, L. M. (2007). Using technology in Reggio Emilia-inspired programs. Theory into Practice 46 (1) 32-39.

Sutton Smith, B. (1997). The ambiguity of play. Cambridge Mass.: Harvard University Press. Sutton Smith, B. (1997). The ambiguity of play. Cambridge Mass.: Harvard University Press.

Yelland, N. (2011). Reconceptualising play and learning in the lives of young children. Australian Journal of Early Childhood 36 (2), 4-12.

 

 

 

 

რეჯიო ემილიას საერთაშორისო განათლების ცენტრი. მწვანე სამყარო /აუდიო-ვიზუალური გამოფენა/. (ავტორის ფოტო, 2015).

კითხვების დასმის ხელოვნება

0

აინშტაინი წერდა: „ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს შეწყვიტო კითხვების დასმა“. ეს არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ ნებისმიერ ადამიანურ სფეროს  შეეხება. სწავლებისას კი კითხვების დასმა უმნიშვნელოვანესია. როგორც ცნობილია, სოკრატე თავის ფილოსოფიურ ძიებებს სწორედაც ამ პრინციპით,  დასმულ კითხვებზე მრავალმხრივ განტოტვილ პასუხთა ძიებებით ახორციელებდა.

პედაგოგის  ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ისიცაა, ასწავლოს ბავშვებს კითხვების დასმა. ამ თვალსაზრისით, არაერთი მეთოდი და სტრატეგიაა დამუშავებული, თუმცა, ყოველ ჯერზე მასწავლებელმა თვითონ უნდა შეძლოს არსებულ ტექნოლოგიათა იმგვარი მოდიფიცირება, რომ გამოყენებულმა სასწავლო ხერხებმა შედეგი მოიტანოს.

ყველა საგნის პედაგოგი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს უჭირთ კითხვების დასმა, უფრო ზუსტად კი, კითხვები, რომლებსაც ისინი სვამენ, ერთმნიშვნელოვანია, უფრო ხშირად მხოლოდ ფაქტების ცოდნაზეა დაფუძნებული. არადა, კითხვის ნიშანი თითქოს ანკესს ჰგავს, რომლითაც უნდა რაღაც დაიჭირო თუ მოიხელთო. რა შეიძლება ეს იყოს? უპირველეს ყოვლისა, ინფორმაცია. თუმცა, ინფორმაცია მრავალგვარია_ კონკრეტული, ზოგადი, ერთმნიშვნელოვანი, მრავალმნიშვნელოვანი, სიმბოლური, არაორდინარული და ა. შ.  რაც უფრო ფართო და ღრმა იქნება კითხვების სპექტრი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება პასუხების მრავალფეროვნებისა. ნებისმიერ გაკვეთილზე მასწავლებელმაც და მოსწავლემაც შეიძლება მოიფიქროს სხვადასხვა ტიპის კითხვა, მათ შორის:

  • მარტივი კითხვები;
  • პრაქტიკული კითხვები;
  • დამაზუსტებელი კითხვები;
  • შემოქმედებითი კითხვები;
  • ინტერპრეტაციული კითხვები;
  • შეფასებითი კითხვები;

კარგ კითხვად ის მიიჩნევა, რომლის პასუხი აზროვნებას, ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას, შეფასებას, ანალიზისა და სინთეზის განხორციელებას გულისხმობს.

ფსიქოლოგთა დაკვირვებით, კითხვას რამდენიმე ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს:

  • კითხვის საშუალებით ახალი ინფორმაცია შეიძლება მოიპოვო;
  • კითხვის სწორად დასმის შემთხვევაში, შეიძლება, დააზუსტო უკვე არსებული ინფორმაცია;
  • კითხვის დასმით შეიძლება მსჯელობის მიმართულება შეცვალო;
  • კითხვის დასმისას შეიძლება საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნო;
  • კითხვის დასმით შეიძლება საკუთარი თვალსაზრისი გამოხატო;
  • სწორად დასმული კითხვა სწორი პასუხისკენ იკვალავს გზას;
  • კითხვათა საშუალებით შეიძლება მოპასუხის განწყობილების შექმნა.

ცხოვრება ადამიანისგან გამუდმებით მოითხოვს კითხვების დასმასა და პასუხების ძიებას. პრობლემების  არსებობა ყოფის თანამდევია, მათი მოგვარება კი ინტელექტუალურად და სულიერად ზრდის ადამიანს. ბევრი მოსწავლეცა და მასწავლებელიც პრიმიტიული კითხვებით იფარგლება, რადგან გააზრებული კითხვის დასმა უნარია, რომელსაც შეძენა, დახვეწა, განვითარება, წვრთნა სჭირდება, ამიტომაც სასწავლო პროცესში   ამას  ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

თუ მოსწავლეს კითხვის დასმის ხელოვნება ეცოდინება, მაშინ ის უფრო თავისუფლად შეძლებს თანამედროვე სამყაროში ორიენტირებას, ინტელექტუალურ განვითარებას. კონკრეტულ ფაქტთა და მოვლენათა მიღმა ზოგად კანონზომიერებათა აღმოჩენას,  ნაწილების მთლიანობაში აღქმას.

კითხვების დასმა კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ლოგიკურად გაანალიზოს ინფორმაცია, გამოიტანოს დასკვნები, მიღებული შედეგები კი გამოიყენოს როგორც სტანდარტული, ჩვეულებრივი, ნაცნობი სიტუაციების, აგრეთვე, უცნობი ვითარების გასაანალიზებლად. გარკვეულ ტექნოლოგიათა გამოყენებით მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა მიაჩვიოს იმას, რომ არ შეეშინდეთ სხვადასხვა ხასიათის  კითხვების დასმისა. ამისთვის კი გარკვეული პირობების შექმნაა საჭირო:

  • არ უნდა აღიქვას მასწავლებელმა ტრაგედიად, თუ მოსწავლე ვერ უპასუხებს დასმულ კითხვას, ეს ნორმალური სიტუაციაა, სწორედ ესაა სწავლების პროცესი. ის უნდა დაეხმაროს მას პასუხისკენ გზის გაკვალვაში.
  • მასწავლებელმა მეტი შემოქმედებითი ხასიათის კითხვა უნდა დასვას, რომლებიც მრავალმნიშვნელოვან პასუხებს გულისხმობენ და ახალ კითხვებს აძლევენ ბიძგს, დიალოგის გაგრძელებას უწყობენ ხელს;
  • ისეთი კითხვები უნდა დაისვას, რომელიც შეიძლება დაიწყოს სიტყვით: „საინტერესოა“.
  • ხშირად კითხვა, რომელიც იწყება სიტყვით: რატომ? თანაც, შესაბამისი ინტონაციით, იწვევს მოსწავლეთა სურვილს, თავი დაიცვან შემოტევისგან, განაპირდნენ და არა, პირიქით, ჩაერთონ კითხვის გაცემის პროცესში.

არსებულ სტრატეგიათაგან შეიძლება მასწავლებელმა გამოიყენოს, მაგალითად:

  1. სტრატეგია: „კითხვითი სიტყვები“

ორსვეტიან ცხრილში მარჯვნივ  ჩამოწერონ შესასწავლი ცნებები, ფაქტები, პრობლემები, ხოლო მარცხნივ კითხვები. შეიძლება ეს დავალება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე_ ჯგუფურად.

  1. სტრატეგია: „დიდი და მცირე კითხვები“

მოსწავლეებმა ჯერ უნდა  მოიფიქრონ შესასწავლ მასალასთან დაკავშირებული კითხვები, შემდეგ კი  გადაარჩიონ და ორსვეტიან ცხრილში მარჯვნივ დიდი კითხვები ჩამოწერონ, ესე იგი, კითხვები, რომლებიც განზოგადებულ მსჯელობას მოითხოვენ პასუხის გასაცემად, მარცხნივ კი მცირე კითხვები_ რომლებიც კონკრეტულ ფაქტთა და მოვლენათა ცოდნას გულისხმობენ სწორი პასუხისთვის.

მოსწავლეების  ნამუშევართა განხილვისას წარმოჩნდება კლასიფიკაციისას დაშვებული შეცდომები. მოსწავლეები მიეჩვევიან, ერთმანეთისგან განასხვავონ მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი კითხვები. სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას უნდა მიექცეს ყურადღება. მოსწავლემ კარგად უნდა გაიაზროს, რა ტიპის კითხვა დაეხმარება მას მასალის სიღრმისეულად გააზრებაში და რა კითხვები დატოვებს მას მასალის  მხოლოდ ზედაპირული აღქმის სივრცეში.

ეს სტრატეგია მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როგორც ახალი თემის დაწყებისას, ასევე, შესწავლილი თემის ანალიზისას. დასაწყისში  დასმული კითხვების საშუალებით მასწავლებელი გაარკვევს, ვის რა ცოდნა აქვს მოცემულ თემაზე, ანალიზისას კი შეძლებს, დაინახოს, რა შედეგი გამოიღო მისმა ძალისხმევამ, რამდენად შეძლო დასახული ამოცანების შესრულება.

3.სტრატეგია: „კითხვების გვირილა“, იგივე, „ბლუმის გვირილა“

 

ექვსფურცლიანი გვირილის თითოეული ფურცელი კითხვის გარკვეულ ტიპს განასახიერებს:

  1. მარტივი კითხვები, რომელთა პასუხები გულისხმობენ მასალის შესწავლისას არსებული კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების ცოდნას;
  2. დამაზუსტებელი კითხვები, რომლებიც ჩეულებრივ შეიძლება იწყებოდეს ასე: „მაშასადამე, შენ ამბობ, რომ..“; „მე თუ სწორად გავიგე, მაშინ…“ ასეთი კითხვები იმისთვის დაისმება, რომ დაზუსტეს რაიმე მიზეზის გამო ნაგულისხმევი, მაგრამ არა დასახელებული თუ გამოთქმული ინფორმაცია.
  3. ინტერპრეტაციული (ამხსნელი კითხვები), რომლებიც ჩვეულებრივ იწყება კითხვითი სიტყვით: რატომ? ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ამ კითხვამ უარყოფითი ელფერი შეიძინოს, როგორც იძულებითმა ახსნა-განმარტებამ. სხვა შემთხვევაში, ისინი იმისთვის ისმება, რომ დადგინდეს მოვლენათა თუ ფაქტთა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ვთქვათ, მაგალითად, რატომ ხდება ეს თუ ის მოვლენა? თუ პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია და იოლია, მაშინ კითხვა ინტერპრეტაციული აღარ იქნება, არამედ _ მარტივი.
  4. შემოქმედებითი კითხვები, ჩვეულებისამებრ, შეიცავენ „თუ“ ნაწილაკს. ისინი გულისხმობენ გარკვეულ ვარაუდსა თუ დაშვებას, რომლებიც საგანთა და მოვლენათა ჩვეულ მდინარებას შეცვლიან, უცხო და ორიგინალური თვალთახედვით წარმოაჩენენ. მაგალითად, როგორ შეიცვლებოდა ესა თუ ის მოვლენა, მაგალითად, სამყარო, თუ ყველა ყინული გადნებოდა? თუ შენზე იქნებოდა დამოკიდებული, რას შეცვლიდი სამყაროში?
  5. შეფასებითი კითხვები საჭიროა რაიმე მოვლენის შესაფასებლად. მაგალითად, რატომ არის კარგი, რომ იყო განათლებული? ან რატომ ფასდება ენების ცოდნა?
  6. პრაქტიკული კითხვები მაშინ დაისმება, როდესაც გასარკვევია, რა კავშირია თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის. მაგალითად, როგორ მუშაობს ამა თუ იმ ხელსაწყოს ესა თუ ის მექანიზმი? როგორ უნდა დაითესოს სხვადასხვა მცენარე?

წარმოდგენილი ყველა ტიპის კითხვის გამოყენება საჭიროა ყველა კლასში, ნებისმიერი დისციპლინის სწავლებისას,  პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ ბავშვებს, რომ იაზროვნონ კრიტიკულად და შემოქმედებითად, მთავარია, რომ ამას მიაჩვიონ პედაგოგებმა შესაბამისი კითხვების დასმით.  ბავშვებს მოსწონთ, როდესაც თეორიულ ცოდნას  საკუთარი მაგალითებით ამრავალფეროვნებენ.  მოსწავლეებს უყვართ  ისეთი მეცადინეობები, რომლებიც რაღაც კუთხით თამაშს წააგავს. კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად თამაშის ელემენტების ჩართვაც გამართლებულია, რადგან ასეთ დროს სწავლების პროცესი უფრო ხალისიანად, საინტერესოდ და ეფექტურად მიმდინარეობს.

 

 

 

 

ისტერიკა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომლისთვისაც უცხოა ბავშვური ისტერიკა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უგრძნია თავი უხერხულად საზოგადოებაში ბავშვის ისტერიკული ქცევის გამო. განვითარების პროცესში მყოფი თითქმის ყველა ბავშვის ცხოვრებაში, რა დამჯერი და უპრობლემოც არ უნდა იყოს ის, დგება ბავშვური ისტერიკის პერიოდი.

იმისთვის, რომ თავი გავართვათ ბავშვის ისტერიკულ გამოვლინებებს, უპირველესად საჭიროა, გავარკვიოთ მისი გამომწვევი მიზეზი.

ბავშვური ისტერიკის ძირითადი მიზეზებია:

  • გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის სურვილი – ხშირად ისტერიკა ბავშვისთვის საკუთარი ემოციების, გრძნობების გამოხატვის ერთადერთი ხერხია, განსაკუთრებით – ერთ წლამდე, ვინაიდან ამ პერიოდში მას არავითარი სხვა გზით არ შეუძლია უკმაყოფილების, დისკომფორტის, ტკივილის გამოხატვა. ამ ასაკის ბავშვი მეტისმეტად პატარაა იმისათვის, რომ სხვაგვარად მოახდინოს რეაგირება მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, ამიტომ ის ხშირად მიმართავს ისტერიკას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამოსდის კბილები, სტკივა მუცელი, თავი – ამ ყველაფერს ბავშვი საფრთხედ აღიქვამს და ტირის. ტირილით გამოხატული ემოციური რეაქცია ბავშვისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რომ დისკომფორტის შესახებ გვამცნოს. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი რეაქცია მხოლოდ ამა თუ იმ მოთხოვნილების არსებობაზე კი არ მიუთითებს, არამედ ავლენს სხვა სურვილებსაც, რომელთა რეალიზებასაც ბავშვი ამ ხერხით მიეჩვია.
  • ნერვული სისტემის მოუმწიფებლობა – ხშირია შემთხვევა, როდესაც მეტყველებას დაუფლებული ბავშვი, რომელსაც უკვე სიტყვიერადაც შეუძლია თავისი ემოციების გამოხატვა, კვლავ ისტერიკას მიმართავს ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს მეთოდი მისთვის ნაცნობია; გარდა ამისა, მისი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ უზრუნველყოს სტრესზე ნორმალური რეაქცია ან სხვაგვარად გამოხატოს შინაგანი განცდები.
  • ვითარების, გარემო პირობების შეცვლა – ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოს სტაბილურობის შეგრძნება, რომელშიც არსებობა უწევს. ცხოვრების დადგენილი, უცვლელი წესები ბავშვს კეთილდღეობისა და დაცულობის განცდას უჩენს. ამიტომ გარემოში მომხდარი ცვლილებები (მეორე ბავშვის დაბადება, ბინის გამოცვლა, საბავშვო ბაღში შეყვანა, მშობლებთან დაშორება და სხვა) უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და, დიდი ალბათობით, შესაძლოა ისტერიკის მიზეზადაც იქცეს.
  • გადაღლა, შიმშილი, უძილობა, დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების სიუხვე – არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ისტერიკას იწვევს გადაღლა, გამოუძინებლობა, შიმშილი ან დღის განმავლობაში ემოციებით გადატვირთვა.
  • უფროსების ქცევის კოპირება – თუ ბავშვი ხედავს, როგორ მართავს ოჯახის რომელიმე, მისთვის ავტორიტეტული წევრი ისტერიკას, სავსებით შესაძლებელია, ამ ქცევის კოპირება მოახდინოს. როდესაც პატარები ხშირად ხდებიან მშობლების მრისხანების მოწმეები, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნორმაა.
  • მანიპულაცია – მანიპულირების „ხელოვნებას“ ბავშვი უკვე 3 წლიდან სწავლობს. ისტერიკის საშუალებით ზოგი უფრო ადრეულ ასაკშიც ახერხებს უფროსებით მანიპულირებას, თუმცა ეს შედარებით იშვიათია, რადგან 3 წლამდე ასაკის ბავშვის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნილება, როგორც წესი, დაუყონებლივ კმაყოფილდება. მშობლი პირველი უარი ბავშვისთვის ძნელი ასატანია, ამიტომ ის ყოველგვარ ხერხს იყენებს სასურველის მისაღებად და მიზნის მისაღწევად. თუ სიტყვა „არა“ ბავშვს ისტერიკაში აგდებს, დედა კი დასამშვიდებლად ყველა სურვილს უსრულებს და მის მოთხოვნებს ეთანხმება, ბავშვი ხვდება, რომ ისტერიკით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით და ის მომავალშიც შეეცდება ამ ხერხის გამოყენებას, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მის პიროვნულ განვითარებაზე.

 

რეკომენდაციები ისტერიკაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად

  • გადართვა, სხვა, უფრო საინტერესო შთაბეჭდილებაზე ყურადღების გადატანა ეს ხერხი შედარებით კარგად მუშაობს ემოციური შეტევის დასაწყისში. ბავშვის ყურადღება საკმაოდ ლაბილურია და ის ადვილად გადაერთვება, ამიტომ დომინანტური აზრი ან განცდა სწრაფად შეიძლება შევცვალოთ სხვა აზრით ან განცდით, მაგალითად, ლამაზი ხმოვანი სათამაშოს შეთავაზებით. თუ ემოციური ქარიშხლის დროულად შეჩერებას მოვახერხებთ, ბავშვი შედარებით მშვიდად დაიწყებს მოქმედებას და ისტერიკის შეტევასაც ავიცილებთ თავიდან, თუმცა ეს ხერხი ყოველთვის და ყველა ბავშვთან სასურველ შედეგს არ იძლევა.
  • მაყურებლის როლის შესუსტება – ბავშვის ისტერიკული ქმედება, როგორც წესი, მაყურებელზეა გათვლილი, ამიტომ პატარები ხშირად ხალხმრავალ ადგილებში მართავენ ისტერიკას. შვილის ასეთი ქცევა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მშობელს, ამიტომ ის იწყებს ფიქრს არა იმდენად ბავშვის გრძნობებზე, რამდენადაც იმაზე, რას იფიქრებენ გარშემო მყოფები. ასეთ დროს არ ღირს, ხალხის თანდასწრებით ყვირილი, ჩხუბი ან ჭკუის სწავლება დავუწყოთ ბავშვს. უკეთესი იქნება, თუ ავიყვანთ და ისეთ ადგილას გავიყვანთ, სადაც სხვების თანდასწრების გარეშე მოვახერხებთ მასთან დალაპარაკებას და მის დამშვიდებას.
  • სრული იგნორი – ბევრისთვის შესაძლოა უცნაური და მიუღებელიც კი აღმოჩნდეს ქცევა მშობლისა, რომელიც ისტერიკაში ჩავარდნილ ბავშვს ყურადღებას არ აქცევს და თავისი საქმით არის დაკავებული. სინამდვილეში ეს არც დადევრობაა და არც გულგრილობა – უბრალოდ, მშობელი საშუალებას აძლევს ბავშვს, მიხვდეს, რომ ამ გზით ვერაფერს მიაღწევს. სრული იგნორი მოცემულ შემთხვევაში აღმზრდელობითი მეთოდია. ასეთ დროს ოთახიდან გასვლაც კი შეიძლება იმისთვის, რომ ისტერიკაში ჩავარდნილ ბავშვს მაყურებელი არ ჰყავდეს. მაყურებლის არარსებობა ხშირად ძალიან ამცირებს ისტერიკის ხანგრძლივობას.
  • ემოციებისა და გრძნობების ეფექტიანდ გადმოცემის სწავლება – მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმ შეგრძნებების, გრძნობებისა და ემოციების ვერბალიზებაში, სიტყვებით გადმოცემაში, რომლებიც აწუხებს. მაგალითად, ბავშვი ტირის იმის გამო, რომ შემთხვევით გატეხა საყვარელი სათამაშო. ამ დროს მასთან ვიზუალური კონტაქტი უნდა დავამყაროთ და ვესაუბროთ იმაზე, რასაც განიცდის: „ვიცი, რომ ძალიან გიყვარდა ეს სათამაშო და გულდაწყვეტილი ხარ, მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის. ეს შემთხვევით მოხდა. თანაც შენ კიდევ გაქვს სათამაშოები“. ახლობლის გვერდით დგომა, მისი ემოციებისა და გრძნობების გაზიარება ბავშვს მდგომარეობას უმსუბუქებს.
  • მშვიდი გარემოს შექმნა – თუ ბავშვი ისტერიკაშია, უფროსებმა ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენი გაღიზიანებული, შეშფოთებული, განერვიულებული სახის დანახვა კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვის ისტერიკას. ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, არ გამოვუშვათ ისინი გარეთ, მაშინაც კი, თუ ბავშვის ქცევამ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა.
  • აკრძალვების შემცირება – ცნობილია, რომ ისტერიკა ნაკლებად ემართებათ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მათ გარშემო აკრძალვების ზღუდეს არ აღმართავენ. ამდენად, კარგი იქნება, თუ შევამცირებთ აკრძალვებს, რომლებსაც ბავშვებს ვუწესებთ და რომლებიც მოჩვენებით წესრიგს და მოჩვენებით უსაფრთხოებას ქმნის (არ დაეცემა და არაფერს დაიშავებს, არაფერს გააფუჭებს, ნივთებს არ აურევს და დასალაგებელს არ გახდის), მაგრამ ზღუდავს ბავშვს და აფერხებს მის განვითარებას.
  • ბავშვისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება, როცა ის ისტერიკაში არ არის – დავეხმაროთ ბავშვს იმის გაცნობიერებაში, რომ მშობელი უფრო ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულეა არა მაშინ, როცა ის ისტერიკას მართავს, არამედ მაშინ, როცა მშვიდადაა და შეუძლია, ნორმალურად გამოხატოს თავისი გრძნობები და ემოციები. გარდა ამისა, დავარწმუნოთ, რომ ისტერიკის დროს შეუძლებელია მისი გაგება; თუ ის მშვიდად, გასაგებად იტყვის, რა სურს, შესაძლოა მისი თხოვნა დაკმაყოფილდეს კიდეც.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ერთი უნიკალური რეკომენდაცია, რომელიც ყოველგვარ სიტუაციაში, ყველა ბავშვთან სასურველი შედეგის მომტანი იქნება. ისტერიკაში ჩავარდნილ ერთ ბავშვთან შეიძლება კარგ შედეგს მივაღწიოთ იგნორირებით, მეორესთან კი – მისი ხელში აყვანით და მოფერებით. ამიტომ სასურველია, კარგად ვიცნობდეთ პატარას და წინასწარ ვიცოდეთ ჩვენს ამა თუ იმ ქმედებაზე მისი რეაქცია.

ჩინური გაკვეთილი

0

– ველოსიპედით სეირნობისას მოსახვევში არ შეუხვიო, – უთხრა დედამ შვიდი წლის გოგონას.

– რატომ? – გაუკვირდა იმას.

– იმიტომ, რომ ვეღარ დაგინახავ. დაეცემი და აღრიალდები, მე კი ვერაფერსაც ვერ გავიგონებ.

– საიდან მოიტანე, რომ დავეცემი? – ჩაიფრუტუნა გოგონამ.

– ასე წერია „ბოროტების ოცდაექვს კარიბჭეში“. იქ ისეთ ცუდ რამეებზე წერია, რაც ბავშვებს მაშინ ემართებათ, როცა სახლისგან შორს იმყოფებიან და სახლი ვეღარ იცავს მათ.    

– არ მჯერა შენი. აბა, მაჩვენე ეს წიგნი.

– ჩინურად არის დაწერილი. ვერაფერს ვერ გაიგებ. ამიტომ მე უნდა მომისმინო და დამიჯერო.

– და რა არის ეს ცუდი რამეები? მომიყევი, რა არის ეს ოცდაექვსი ცუდი რამე? – მოითხოვა გოგონამ.

დედა კი იჯდა და მშვიდად ქსოვდა.

– რა არის ის ოცდაექვსი რაღაც? – დაიყვირა გოგონამ.

დედას პასუხი არ გაუცია.

– არ ამბობ, იმიტომ რომ არ იცი! არაფერიც არ იცი!

გოგონა ეზოში გამოვარდა, ველოსიპედს მოახტა და გააქროლა. ერთი სული ჰქონდა, დედის თვალს მიფარებოდა. ამ სიჩქარეში მანამდე დაეცა, სანამ მოსახვევამდე მიაღწევდა.   

 

ეს პატარა ჩანაწერი თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ემი ტანისაა. 1989 წელს გამოსული „იღბლისა და სიხარულის კლუბი“ (The Joy Luck Club) მეტად გახმაურებული წიგნია. ავტორს – ჩინელი ემიგრანტების ამერიკაში დაბადებულ ქალიშვილს სახელიც მოუტანა, აღიარებაც და დიდი სიხარულიც. 1993 წელს უეინ ვანმა – ორი წლით ადრე, სანამ პოლ ოსტერთან ერთად „ბოლს“ გადაიღებდა – მის მიხედვით ფილმი გადაიღო.

ემი ტანის სახელს პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს მიმოწერის თარგმნის დროსაც გადავაწყდი – ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ძველი ნაცნობი მოულოდნელ ადგილას დავინახე. დიახ, აქ ყველაზე ნაკლებად ველოდი ჩინური წარმოშობის ამ შესანიშნავი მწერლის გამოჩენას. პოლ ოსტერი ძველ მეგობრად მოიხსენიებს და ერთ მეტად საგულისხმო ამბავსაც ჰყვება, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს…

ემი ტანი ამერიკაში გამოცემულ ერთ ანთოლოგიაში აღმოვაჩინე ძალიან დიდი ხნის წინ. მასში ზემოთ ნახსენები „იღბლისა და სიხარულის კლუბის“ ერთ-ერთი მოთხრობა იყო შესული – ჩემი აზრით, საუკეთესო მოთხრობა „თამაშის წესები“, რომელშიც დედისა და მცირეწლოვანი ქალიშვილის ნაცნობი თემა  სულ სხვა შუქშია წარმოჩენილი. შეიძლება ითქვას, რომ თექვსმეტივე მოთხრობა, რომლებსაც ეს წიგნი აერთიანებს, სწორედ ასეთია – მრავალჯერ განცდილს კიდევ ერთხელ ისე განგაცდევინებს, რომ საბოლოოდ გაოცების უნარს კარგავ. აღარ გიკვირს, უცხო, უცნობი ადამიანი რომ ჰყვება შენს ამბავს, შენი ცხოვრების ისეთ წვრილმანებს, წესით, არავის რომ უნდა სცოდნოდა.

ერთმანეთთან ხილული თუ უხილავი ძაფებით დაკავშირებული თექვსმეტივე მოთხრობა დედებსა და ქალიშვილებზეა, დიდ ქალებსა და პატარა გოგოებზე, ცხოვრებისეული სირთულეებით შეშინებულ უფროსებსა და პასუხების ძებნაში თავგზაარეულ უმცროსებზე, ამერიკაში გადასახლებულ ჩინელებსა და ჩინური წარმოშობის ამერიკელებზე.

საერთო თემით გაერთიანებულ ყოველ ოთხ მოთხრობას წინ ისეთი ერთგვერდიანი ჩანაწერი უძღვის, რომლითაც ეს წერილი დავიწყე. ოდესღაც „თამაშის წესების“ თარგმნაც ვცადე – ნახევრამდე ვთარგმნე კიდეც… მშობლებისთვის სავალდებულო საკითხავის სია რომ შემედგინა, ამ მოთხრობას აუცილებლად შევიტანდი, რადგან ალბათ ბევრს გასჩენია სურვილი, მისი შვილი სხვებზე ცოტათი მეტი ყოფილიყო, გამორჩეული ნიჭი ჰქონოდა, დასაწყისშივე გაემართლებინა დედისა თუ მამის მოლოდინი. შვიდი წლის უევერლი, რომელსაც შინაურები მეიმეის ეძახიან, გასაოცარი სისწრაფით სწავლობს ჭადრაკის თამაშს და პარტიას პარტიაზე იგებს. შვილის წარმატებით ფრთაშესხმული დედა კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს – წრეგადასული ტრაბახი ერთია და გოგონას რჩევებსაც კი აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც არა აქვს ჭადრაკის თამაშის წესებზე.

უევერლის აღარაფერი დარჩენია, სახლიდან გაქცევის გარდა…

დედა გეუბნება, რომ შავი უჯრები თეთრია და თეთრი უჯრები – შავი. დედა ლაზიერია, რომელსაც ყველა მიმართულებით მოძრაობა თავისუფლად შეუძლია და სადაც უნდა წახვიდე, ყველგან მოგწვდება. შენ ჯერჯერობით პაიკი ხარ – ყველაზე სუსტი, ყველაზე დაუცველი, მაგრამ თუ გზას ჯიუტად გააგრძელებ, იქნებ საწადელს მიაღწიო კიდეც. ოღონდ მანამდე ბევრჯერ წაიქცევი, ბევრჯერ გაიგონებ: „აი, ხომ გეუბნებოდი…“

ემი ტანის „იღბლისა და სიხარულის კლუბი“ ისეთი წიგნია, აუცილებლად რომ უნდა წაიკითხო, თუ წარსულთან მიბრუნებისა და იქიდან გამოხმობილი აჩრდილების არ გეშინია. მაშინაც უნდა წაიკითხო, თუ აწმყოში რაღაცის შეცვლა გინდა; თუ ხვდები, რომ რაღაცის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

 

ბავშვთა ადრეული განათლება

0

ანდრეა მილზი, ვალდკინდერგარტენი – საბავშვო ბაღი ტყეში

 

ანდრეა მილზი (Andrea Mills) ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტია. მან განათლება აშშ-სა და ევროპაში მიიღო. ცხოვრობს ქ. სტოუნი ბრუქში, ნიუ–იორკის შტატში, მეუღლესა და შვილებთან ერთად.

 

„მე დღეს თოვლის კაცი გამოვძერწე“, – გაიძახოდა ჩემი პირველკლასელი შვილი, როდესაც იანვრის თოვლიან დღეს სკოლაში გავუარე. სიხარული და გაკვირვება ერთად მომეძალა. „ვაშა!“ – გამიხარდა გულში, – „როგორც ჩანს, მასწავლებელები ბავშვებს შესვენებებზე თოვლში თამაშის საშუალებას აძლევენ“, – დავასკვენი. „ალბათ რა კარგი იყო თოვლში თამაში! თოვლში სათამაშო შარვალი შენ თვითონ ჩაიცვი?“ – ვკითხე ჩემს შვილს.

ბიჭუნამ გაკვირვებით შემომხედა, – როგორც ჩანს, რაღაც არასწორად ვიკითხე, – და შემწყნარებლური ტონით მიპასუხა: „ჩვენ თოვლის კაცი კომპიუტერზე გავაკეთეთ და არა ეზოში!“

 

საკლასო ოთახის გარეშე

გამახსენდა რომ ჩვენს სამეზობლოში, ლონგ-აილენდზე, თოვლიან დღეს შესვენებისას ბავშვების შენობაში დატოვება ჩვეულებრივი სასკოლო პრაქტიკაა. ჩვენი ოჯახი ციურიხიდან აშშ-ში ოთხი წლის წინ დაბრუნდა. აშშ-ში ჩვენს დაბრუნებას ბევრი კულტურული ცვლილება მოჰყვა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე შესამჩნევი ბავშვების ეზოში თამაშისადმი ფრთხილი და შიშნარევი დამოკიდებულება გახლდათ, განსაკუთრებით – არცთუ იდეალურ ამინდში.

ციურიხში ცხოვრებისას ჩემი შვილი ვალდკინდერგარტენში (Waldkindergarten –გერმ. ტყის საბავშვო ბაღი) დადიოდა, რომელიც ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იყო შექმნილი. სახელიდან გამომდინარე, ბაღი ბავშვების უმეტესად გარეთ ყოფნას ითვალისწინებდა. გარდა უამინდო დღეებისა, კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, 08:30-დან 2:30-მდე, წვიმასა თუ სითბოში, მზესა თუ თოვლში, ვალდკინდერგარტენის პატარა მოსწავლეები განათლებას უჩვეულო საკლასო ოთახში, ტყეში იღებენ. ტყის საბავშვო ბაღების მოძრაობა ევროპაში იზრდება. გერმანიაში შვიდასამდე ასეთი პროგრამაა პატარებისთვის.  ტყის მოძრაობამ გამოძახილი უკვე აშშ-შიც პოვა.

ეს არაჩვეულებრივი სკოლები/საბავშვო ბაღები განათლების სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ ურთიერთობა ბავშვებთან საკლასო ოთახის გარეთ, მზერა გაუსწორონ განათლების სრულიად განსხვავებულ სტილს, რომელიც პირდაპირ გამოცდილებას, თვითმართვად მოქმედებას, ჯგუფურ მუშაობასა და საკუთარ ძალებზე დაყრდნობას სთავაზობს მათ.

შვეიცარიაში ცხოვრებისას დილაობით ჩემი შვილი საბავშვო ბაღში ზურგჩანთით, საწვიმრით, თბილი ტანსაცმლით ან მზისგან დამცავი ქუდით და შესაბამისი ფეხსაცმლით შემოსილი მიმყავდა და ეს ბავშვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. პატარებმა იცოდნენ, რომ მათი ჩაცმულობა ამინდზე იყო დამოკიდებული და გარეთ გასატარებელი საათების შესაბამისად უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმულნი.

სწორედ მაშინ გავაცნობიერეთ, რამდენად სწორი იყო ცნობილი გამოთქმა ამინდზე, რომელსაც ჩვენი მასწავლებელი ხშირად ამბობდა : „არა არსებობს ცნება „ცუდი ამინდი“, არსებობს მხოლოდ „ცუდი ტანსაცმელი“.

მიუხედავად ზოგიერთი მშობლის შიშისა, რომ გარეთ დიდხანს დარჩენა სახიფათოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სუფთა ჰაერზე რეგულარულდ ყოფნა, ყინვიან დღეებშიც კი (რა თქმა უნდა, შესაბამისი ჩაცმულობით), ბავშვებს უფრო აკაჟებს და აჯანსაღებს, ვიდრე ზამთრის თვეების ძირითადად სახლში გატარება.

“ტყის“ საბავშვო ბაღებს თითქმის არ სჭირდება კომერციული სათამაშოები თუ ტიპური სასწავლო მასალები. ჯოხები, ფოთლები, გირჩები თუ რკოები და ბუნების სხვა საჩუქრები ბავშვების ხელში მაშინვე იძენს ახალი სათამაშოს ფუნქციასა და შინაარს და სათამაშო სცენის შესანიშნავ რეკვიზიტებად გარდაიქმნება. ასევე შეუცვლელია „ბუნებრივი“ რეკვიზიტი სამეცნიერო ექსპერიმენტებისა თუ მათემატიკის გაკვეთილებისთვის.

მახსოვს, ერთხელ, ჩემი შვილის ბაღის ამხანაგების თამაშის ცქერისას, აღმოვაჩინე, რომ ბავშვებ ფიჭვის გირჩების შეგროვებისას ავტომატურად ახარისხებდნენ მათ ზომის მიხედვით – ელემენტარული არითმეტიკის კურსისათვის მოსამზადებელი სავარჯიშო ბავშვებმა ყოველგვარი ინსტრუქციის, ფერადი კუბებისა თუ სათამაშოების გარეშე, თვითონვე ჩაატარეს.

რაც შეეხება მასწავლებლებს, მათი ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს იმ რწმენიდან მომდინარეობს, რომელის მიხედვითაც ბავშვების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, ბუნების ელემენტებისადმი ინტერესი ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას. უნარებისა, რომლებიც მათ უფრო მაღალ კლასებში სწავლისას გამოადგებათ.

ფრიბურის უნივერსიტეტის (University of Fribourg) 2003 წლის კვლევის თანახმად, რომელიც ვალდკინდერგარტენისა და ჩვეულებრივი, რიგითი შვეიცარიული საბავშვო ბაღების მოსწავლეთა უნარების განვითარების შედარებას ეხება, „ტყის“ საბავშვო ბაღისა და „ჩვეულებრივი“ ბაღების მოსწავლეებს ერთანირად აქვთ განვითარებული ნატიფი მოტორული უნარები, უხეში მოტორული და შემოქმედებითი უნარები კი „ტყის“ ბავშვებს საგრძნობლად უკეთესი აქვთ. ასევე, ტყის საბავშვო ბაღების მოსწავლეებს მეტად აქვთ განვითარებული პრობლემების გადაჭრის უნარები და უფრო მეტ ვარიანტს პოულობენ მათ მოსაგვარებლად.

საბავშვო ბაღში, რომელშიც შვეიცარიაში ჩემი შვილი დადიოდა, ჩვეულებრივი დღე ვალდში (გერმ. ტყე) სეირნობით იწყებოდა. ტყეში ბავშვები რამდენიმე საათს ატარებდნენ მათთვის მოწყობილი „ვალდზოფას“ („ტყის ტახტის“) გარშემო. „ტახტრევანი“ მრგვალი, ხის ტოტებით აწყობილი კედლებია სახურავის გარეშე.

„ტყის ტახტრევანთან“ მისასვლელად ბავშვებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომლის გავლასაც ისინი ყველასთვის მისაღები სალაშქრო სიჩქარით ახერხებენ. გზაში ბავშვებს უწევთ გაიარონ მოყინული ადგილები ან ტალახიანი ბილიკები, რომლებიც, ბუნებრივია, აფერხებს მოძრაობას. მასწავლებლები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს პატარების ყოველდღიურ ლაშქრობებს. „ტახტრევანამდე“ მისასვლელ გზაზე ხშირად ისმის სიცილი და სიმღერა, მაგრამ ყველა სერიოზულად ეკიდება უსაფრთხოებას: არავინ დარბის ხის ტოტებით ხელში, არავინ სცილდება მთავარ ჯგუფს…

„ვალდზოფა“ ბავშვებისთვის ყოველდღიური სათამაშო ადგილია. მათი ნაწილი ერთად აჩაღებს კოცონს „ვალდზოფას“ ცენტრში. მოგვიანებით ამ კოცონზე მასწავლებლები ბავშვებისთვის საჭმელს ამზადებენ. ბავშვები ყოველდღიურად სწავლობენ, რომ ცეცხლის გაჩარება სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეა და დიდ ყურადღებას და უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვს.

ჩემი შვილის საბავშვო ბაღში ბავშვები ნამდვილ დანებსა და ხერხებს იყენებდნენ, ცხადია, მასწავლებლების ზედამხედველობით. ტყის საბავშვო ბაღის სასწავლო პროგრამა მუდმივად ცვალებადი გარემოს შესაბამისად იცვლება.

„ტყეში ხილისა და თხილეულის შეგროვება სწავლის უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა“, – ამბობს პროგრამის დირექტორი, ქ-ნი მარგა კელერი, რომელიც მიუთითებს ცვალებად ამინდსა და გაფურჩქვნის პერიოდში მყოფ მცენარეებზე როგორც სწავლებისთვის საჭირო მომენტებზე ბუნების ცხოვრებიდან. – „ბავშვებს უზარმაზარი სივრცე აქვთ სამოქმედოდ, გარემოს საკვლევად, აღმოჩენებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, თვითმართვადი სწავლისთვის“.

ერთხელ მოსწავლეებმა ხეებზე ხვრელები შეამჩნიეს. მასწავლებლებმა მათ სხვადასხვა ცხოველის საცხოვრებლების, ცხოვრების წესის, გამოზამთრების შესახებ უამბეს.

კელერის თქმით, ტყის საკლასო ოთახი ბავშვებში ბუნებრივად იწვევს ინტერესს და ხელს უწყობს სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მომავალში გამოადგებათ.

ტყის საბავშვო ბაღებში ბავშვები თამაშ-თამაშით ითვისებენ მოტორულ უნარებს. ამაში მათ ხელს უწყობს ტყის გარემოსთვის ჩვეულებრივი თამაშები: გორაობა, ცოცვა, ცეცხლის გაჩაღება, ხელსაწყოების – ქვისა და ხის ჩაქუჩებისა თუ ნაჯახების კეთება.

რაც უფრო მეტი გრძნობის ორგანოა ჩართული ბავშვის გამოცდილებაში, მით უფრო ღრმაა სწავლის პროცესი. ტყეში ბავშვების გრძნობები უფრო აქტიურია, ვიდრე დახურულ შენობაში.

ქ-ნი კელერი მოგვითხრობს იმ ფსიქოლოგიურ სარგებელზეც, რომელიც ბავშვების ბუნებასთან კონტაქტით ჩნდება, თავდაჯერებისა და სოციალური კომპეტენციის შეგრძნებთა ჩათვლით.

ბუნებრივი წინააღმდეგობების გადალახვა  – ტოტებისგან ბილიკის გათავისუფლება, ქვების დალაგება მდინარის ნაკადის გადასალახავად – ბავშვებს ასწავლის და ტავდაჯერებას მატებს.  ტყის ცხოვრებაზე დაკვირვება ბავშვებს შეგრძნებებს უვითარებს, ხოლო ტყის საკლასო ოთახი ხელს უწყობს მათ თანამშრომლობას ასწავლის და მისი აუცილებლობის გაცნობიერებაში ეხმარება. მძიმე კუნძის გადათრევა თუ მეგობრისთვის ხელის გაწვდენა სველი აღმართის გადალახვისას მოსწავლეებს ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემას უვითარებს.

 

იდეა, რომ ბუნება კარგ სასწავლო გარემოს წარმოადგენს, ისეთივე ძველია, როგორიც თავად საბავშვო ბაღის არსებობის იდეა. გერმანელი განმანათლებელი ფრიდრიხ ფრიობელი (Friedrich Froebel), რომელსაც მიაწერენ პირველი საბავშვო ბაღის ორგანიზებას 1840 წელს და ტერმინ „კინდერგარტენის“ (გერმ. საბავშვო ბაღი) შექმნას, ამბობდა, რომ ბუნება ბავშვების სწავლებისთვის ბუნებრივი და კეთილისმყოფელი გარემოა. ევროპაში ტყის საბავშვო ბაღების პოპულარობა შესაძლოა ფრიობელის კონცეფციის პრაქტიკული განხორციელება იყოს ას სამოცდაათი წლის შემდეგ.

ამერიკელი ბავშვების უმეტესობისთვის გარე სამყაროსთან, ბუნებასთან, ტყესთან კავშირი უკვე წარსულია. ბავშვები თავიანთ თავისუფალ დროს, ნაცვლად ეზოში თამაშისა, ძირითადად კომპიუტერებთან, ტელევიზორებსა და სხვა მედიასთან კავშირში ატარებენ. აშშ-ში ბევრი საბავშვო ბაღი, მიუხედავად ექსპერტების დასკვნებისა აკადემიურ მოსწრებაზე თამაშისა და ბუნების გაცნობის უზარმაზარი მნიშვნელობის შესახებ, გარეთ თამაშის ნაცვლად ძირითად დროს ბავშვებს ოთახში ატარებინებს საწერი დაფისა და კალმის თანხლებით.

„ბოლო წლებში ბევრი საჯარო სკოლა შიგნით „ჩაიკეტა“ – აშენებენ უფანჯრო შენობებს, კრძალავენ საკლასო ოთახში ცხოველების ყოფნას და მეტიც – ამცირებენ ან აუქმებენ შესვენებებსა და საველე გაკვეთილებს“, – ამბობს რიჩარდ ლოუვი (Richard Louv), ავტორი წიგნისა „ბუნების უკანასკნელი შვილები: გადავარჩინოთ ბავშვები ბუნების დეფიციტის სინდრომისგან“.

ლოუვის სიტყვებით, ამერიკელ პედაგოგებს შეუძლიათ, ბევრი რამ ისწავლონ ევროპელებისგან. „შეიძლება, ყველას არ ჰქონდეს ტყე სახლის უკან, მაგრამ ყველგან არსებობს შესაძლებლობა ბავშვების განათლების გასამდიდრებლად“.

ლოუვი იმ სიკეთეებსაც გვიზიარებს, რომლებიც ბავშვებმა შეიძლება მიიღონ ბუნებაში ყოფნისას: პირველი – ბავშვები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან; მეორე – ჰიპერაქტიური ბავშვები სწავლობენ ფოკუსირებას; მესამე – ბავშვებს უფრო ადვილად და ბუნებრივად უვითარდებათ წარმოსახვა, ვინაიდან ბუნებაში ყოფნისას ისინი თვითონვე იგონებენ თამაშებს, მათ წესებს, სწავლობენ თამაშის დროს თანამშრომლობას და ბევრად მეტს იგებენ და სწავლობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ.

იდეა, ნება დართონ ბავშვებს, თავისუფლად ირბინონ წვიმაში ან თოვლში, გამოიყენონ დანები და ითამაშონ ღია ცეცხლის ახლოს, აშშ-ში იმდენადაა დაშორებული საჯარო სკოლებისა და, საზოგადოდ, საგანმანათლებლო სისტემის წესებსა და პროცედურებს, რომ სასაცილოდაც კი ჟღერს. მიუხედავად ამისა, გარეთ გამართული გაკვეთილები სულ უფრო  მეტ პოპულარობას იხვეჭს ეროვნული მასშტაბით. რამდენიმე მათგანი ვალდკინდერგარტენის მოდელს ემყარება. რა თქმა უნდა, ეს აშშ-ში მხოლოდ კერძო ბაღებში ხდება და ბავშვთა ადრეული განათლების პროგრამის ფარგლებშია ნებადართული. კარგი ის არის, რომ მათი გამოცდილება სამომავლოდ შესაძლოა საჯარო სკოლებმა და ე.წ. „ჩარტერ-სქულებმაც“ (ჩარტერულმა სკოლებმა)[1] გამოიყენონ და ეს დაეხმაროს მათ საკლასო ოთახების გარეთ გასამართი გაკვეთილების პროგრამის ჩამოყალიბებაში.

მსგავსი პროგრამა შექმნა დავნეთ ქონვეი შაფერმა, გარემოს დაცვის აქტივისტმა და განმანათლებელმა, რომელსაც გამოცდილება ბავშვთა ადრეულ განათლებაშიც ჰქონდა – ევროპული „სატყეო“ სკოლების წესებისა და გამოცდილების გაცნობის შემდეგ შაფერმა გადაწყვიტა შეექმნა არამოგებიანი ორგანიზაცია – „ბუნების ცენტრი“, რომელიც კონეკტიკუტის შტატში, ქ. მისთიქში განთავსდა. ეს ცენტრი მთლიანად ვალდკინდერგარტენის პედაგოგიკასა და იდეოლოგიას დაეყრდნო.

ბუნების გავლენა ადამიანზე, მის ქცევაზე, მის შეგრძნებებზე, ბავშვებსა და მათი განვითარების პროცესზე კარგად არის შესწავლილი. UNESCO-ს 2008 წლის ანგარიშში, „The contribution of early childhood education to a sustainable society“[2], ხაზგასმულია, რამდენად დიდია ბუნებასთან ბავშვების ურთიერთქმედების როლი მათი განვითარებისა და განათლებისთვის. ანგარიშში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის გამოცდილებას ბავშვთა ადრეული განათლების თავისებურებების შესახებ, აღნიშნულია, რომ ბუნებასთან ადამიანის ურთიერთობა დღევანდელ ურბანიზებულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბუნების გარეშე შეუძლებელია ბავშვის სწორი და სასურველი განვითარება. ბუნების ელემენტების კვლევა-შესწავლა, ბუნებრივ გარემოში თამაში, სწავლა თუ გართობა ადამიანის ცხოვრების ისეთივე აუცილებელი კომპონენტებია, როგორიც კვება, შრომა თუ დასვენება. სკოლისა და სასკოლო პროცესის დაახლოება ბუნებასთან, ტყესთან, მდინარეებსა თუ მთებთან ისევე აუცილებელია, როგორც სიარულისა და თუ ლაპარაკის სწავლა. ადამიანი ქალაქში გადასვლამდე მდინარეებთან, ზღვებთან, ტბებთან, ტყყებსა და მდელოებთან სახლობდა. ჩვენი წინაპრების ასეულობით თაობა პირველ გაკვეთილებს ბუნებისგან ირებდა. როგორც ვხედავთ, ამ გაკვეთილებს ფუჭად არ ჩაუვლია: ბუნებაზე, მის პროცესებზე დაკვირვებამ და მათმა შესწავლამ ადამიანი 21-ე საუკუნემდე მოიყვანა. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ბუნებისგან და დღეს, როდესაც ბუნების „ბატონ-პატრონებად“ ვიგრძენით თავი, დაგვავიწყდა, რომ ბუნება კვლავ ჩვენი და ჩვენი შვილების მთავარი მასწავლებლად რჩება.

წყარო: https://www.edutopia.org/early-childhood-outdoor-education-waldkindergarten

 

 

[1] ჩარტერული სკოლები/Charter Schools – ამერიკაში ე.წ. ჩარტერული სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ დაწყებით და მეორეული საფეხურის განათლებას სწავლის გადასახადის გარეშე და გამოცდებს ატარებენ შტატის მიერ მანდატირებული პროგრამის მიხედვით. ეს სკოლები ნაკლებად რეგულირდებიან საჯარო სკოლებისთვის აუცილებელი წესებით, აქტებითა და რეგულაციებით და საჯარო სკოლებთან შედარებით ნაკლებ საჯარო დაფინანსებას იღებენ ერთ მოსწავლეზე. მათ მინიჭებული აქვთ არაკომერციული (არამომგებიანი) ორგანიზაციების სტატუსი და უფლებები და შეუძლიათ მიიღონ შემოწირულობები კერძო პირებისგან ან ორგანიზაციებისგან.

[2] The contribution of early childhood education to a sustainable society, 2008. Source: https://unesdoc.unesco.org/images/0015/001593/159355e.pdf

ელისი

0

ის საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლად ჩამოვიდა. შავკანიანი, ლამაზი გოგო დეტროიტიდან. რაღაცით ქვინ ლატიფას ჰგავდა, მაგრამ ეგეთი მსუქანი არ იყო, უბრალოდ ფერხორციანი იყო, ჯანიანი გოგო, როგორც იტყვიან. ცხოვრობდა ჩვენი სკოლის ინგლისურის მასწავლებლის სახლში და ყოველ დილით სკოლაში მასწავლებlის ქმარს დაჰყავდა მანქანით თავისი ცოლი და ელისი. ელისს შეყვარებულიც ჰყავდა, ტეხასელ-მექსიკელი გილერმო, რომელიც ჩვენი რაიონის სხვა სკოლაში ასწავლიდა.

 

რატომღაც არასდროს მიკითხავს ელისისთვის, მანამდე იცნობდა გილერმოს და სპეციალურად გაანაწილეს ერთ რაიონში, თუ აქ გაიცნო. გილერმო გამხდარი იყო, ძვალი და ტყავი, ელისს ნიკაპამდე სწვდებოდა. ელისი „ჩემს უდღეურს” ეძახდა.

– ნეტა ვის ჰგავს ასეთი საწყალი, მექსიკელები ჯმუხები არიან! – იცინოდა ელისი. გილერმო სულ სამჯერ ვნახე. რაიონის ცენტრში გამაცნო ელისმა, კაფეში დავსხედით და წყალწყალა ლუდით გავიჭყიპეთ.

– დალევა ჩვენც გვიყვარს, მაგრამ რასაც თქვენ შვრებით, ზედმეტია! საღამოს, სკოლიდან სახლში რომ მივალ ხოლმე, ოთახში ვიკეტები, რადგან სოფლელები არყით მოდიან! – დაიწუწუნა გილერმომ და გულწრფელად შემეცოდა, რადგან იმ სოფელში, სადაც ის ასწავლიდა, ხუშტურიანი ხალხი ცხოვრობს.

 

კაფეში გილერმო დაგვითვრა, გავედი, ნაცნობი ტაქსი მოვიყვანე და მაგიდაზე თავჩამოდებულ გილერმოს მხარში შევუდექი, მაგრამ ელისმა თვალი ჩამიკრა და გვერდზე გამწია, მე თვითონო.

– მოდი ჩემო პატარა, მოდი დედიკოსთან, ჩემო ბიჭო! – ისე აიყვანა ხელში, როგორც კაცებს აჰყავთ ხოლმე საყვარელი ქალები. მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა, გილერმომ ელისის სირბილეები რომ იგრძნო, ეტყობა, ტეხასში, თავის ლოგინში ეგონა თავი და უფრო ღრმა ძილში ჩაეშვა.

 

მე და ელისი კაფეში არ შევბრუნებულვართ, წყალწყალა ლუდის სმა მოგვბეზრდა. ისიც ჩემსავით იყო, თუ დაიწყებდა სმას, ბოლომდე უნდა დამთვრალიყო. მაღაზიაში ლუდები, მიწის თხილი და სიგარეტი ავიღე და ჯერ ძველ ციხეზე ასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ დაგვეზარა და ხობისწყლის პირას გავედით.

– თქვენს ღვინოზე უფრო თქვენი ლუდი მომწონს! – ერთჯერადი ჭიქა ლამის ჩაანახევრა ელისმა. გასაკვირი ამბავია, რატომ გიჟდებიან უცხოელები ჩვენს ლუდებზე.

– მეხუმრები?!

– არ ვხუმრობ. არადა, თქვენს ღვინოზე იმდენი კარგი მსმენია.

– ჩვენი კუთხის ღვინო არ ვარგა. აი, კახურ ღვინოს გაგასინჯებ და მერე ვილაპარაკოთ, – ვუთხარი და მიწის თხილის ქილა ავიღე, თავსახურის ამოსაწევი რგოლი მოძვრა და საჩვენებლ თითზე წამოცმული შემრჩა.

– შეეშვი, ლუდი ხომ გვაქვს, ლუდი და სიგარეტი! – მითხრა ელისმა. – როგორც იმ ბაკენბარდებიან ჯარმუშთან.

– დათვერი ელის, იქ ყავა და სიგარეტია.

– ჯანდაბა მაგის თავს.

 

დიდი ძებნის შემდეგ რკინის ნატეხი ვიპოვე და ცოტათი გახსნილი ქილა თითქმის ნახევრამდე გავხსენი.

– არასოდეს თქვა არასოდეს! – ქილა მივაწოდე ელისს, ელისმა თითები ჩაყო, ამოღებისას მიწის თხილის რამდენიმე მარცვალი გაუვარდა და ასაკრეფად დაიხარა.

– წეღან გახსნაც არ გინდოდა, ახლა კი ძირს დაყრილ მარცვლებსაც ვერ ელევი?!

ელისი გასწორდა, თვალებში ჩამხედა და მოგონილი მაღალფარდოვნებით თქვა:

– ამაზე ხომ ხალხის შრომაა დახარჯული?! – მერე ისევ დაიხარა და აკრეფას შეუდგა. მე გამეღიმა და ჯილეხით ქუთუთომოჭმული ფშაველი გენიოსის აი ის ტაეპები გამახსენდა, სადაც დიაცის უბის სიამეებზე საუბრობს და მანამდე შემრცხვა, სანამ ელისი ჩემს მზერას დაიჭერდა. მოწყალედ გამიღიმა, იცოდა რა მძლავრ და მომნუსხველ იარაღს (უფრო სწორად, იარაღებს) ფლობდა.

– ესე იგი, ჯარმუში მოგწონს?! – მკითხა და ხელით მანიშნა, მომიკიდეო.

– კი, რაღაცები მომწონს, მაგრამ კასავეტისი და დევიდ ლინჩი მირჩევნია.

 

ამ უკანასკნელის ხსენებაზე ელისს სიგარეტის ბოლი გადაცდა და ლამის დაიხრჩო.

– ლინჩი ხომ ისეთ საზიზღრობებს იღებს. თანაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. აი, მე ნენსი მეიერსი მომწონს.

– კარგი რა ელის, მე დიდ კინოზე გელაპარაკები.

– მე კინომანი არ ვარ. რაც მომწონს, იმას ვამბობ.

– ხო, ნენსიმ იცის, რა სურთ ქალებს.

– ცისფერთვალება მელი. როგორ დაბერდა. არადა, რა ბიჭი იყო, – ამოიოხრა ელისმა და ეგრისის ქედს გახედა, მთის ნაოჭებში თოვლი ჩარჩენილიყო, ბოლომდე არ იყო დამდნარი, მდინარე ჯერ კიდევ მოდიდებული და ფერშეცვლილი მოედინებოდა.

 

შუკიდან პატარა ბიჭებმა ჩამოუხვიეს. ცოტა ხანს გვიყურეს, ალბათ ეგონათ, რომ მეც უცხოელი ვიყავი. მერე ტანსაცმელი გაიხადეს და მდინარეში ჩახტნენ. მეორე ნაპირამდე გაცურეს და ისევ უკან დაბრუნდნენ. ჩვენს დასანახად გამოიდეს თავი, თორემ მაისის დასაწყისში ხობისწყალი ისეთი ცივია, ჩახტომა და ამოსვლა ერთია, ხანდახან „პლავკები“ ბოლომდე დასველებასაც ვერ ასწრებს. მაგის მეტი რა მიკეთებია ბავშვობაში.

– წამოდი! – თქვა ელისმა და ტანსაცმლიანად ჩახტა წყალში.

– შენ დედაც… რა საშინელებაა! – აკივლდა ელისი, არ მოელოდა, წყალი ასეთი ცივი თუ იქნებოდა.

 

მივყევი, სხვა რა გზა მქონდა. ნელ-ნელა ჩასვლა საშინელებაა, გრძნობ, როგორ მოიწევს ზევით სიცივე, ყვერებზე ცივი წყლის შეხებისას ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მარწუხებს გიჭერენ, ამიტომ, გამოცდილი თუ ხარ, აუცილებლად ხელს შემოიჭერ და მხოლოდ მაშინ გაუშვებ ნელ-ნელა, როცა უკვე წელამდე წყალში ხარ. ელისთან ამას ვერ ვიზამდი, ამიტომ გავქანდი და პირდაპირ ჩავხტი. რომ ამოვედი, ელისი აკანკალებული იჯდა ქვაზე და ჰელიოსს, ჩვენს დიდ პაპას, დედის ტრაკს აგინებდა, რადგან მზის ეტლი ღრუბლებში შეეხრიგინებინა.

 

ხანდახან ელისი ჩემთან რჩებოდა. ელის, ჩემო მეგობარო ელის, შენ დაიბადე, დიად ქვეყანაში. ის დიადი ქვეყანა კი, რომლის ნაწილიც ჩემი პატარა ქვეყანა იყო, ჩემი დაბადებიდან ოთხ წელიწადში დაიშალა. შენ გქონდა ფერადი ბავშვობა და ყველა სათამაშო, რომელსაც მოისურვებდი. ჩემი ბავშვობა კი ბნელი იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რადგან ჩემი ბავშვობა ხელისუფლების მაძიებელთა თუ ჩემს კუთხეზე შურისმაძიებელთა ხანა იყო, თუმცა შენ მხოლოდ ოქროსმაძიებლები იცი. როცა ჩემს ფეხზე პროთეზი დაინახე, მოგიყევი, თუ როგორ აგვიფეთქდა ბავშვებს ჩაის პლანტაციაში ნაპოვნი უცნაური ასაფეთქებელი მოწყობილობა და მე ფეხი დავკარგე, ჩემმა მეგობარმა კი – ორივე თვალი. მე ფეხბურთს სამუდამოდ დავემშვიდობე, მაგრამ ეს რა სახსენებელია, როცა ჩემი მეგობარი ბნელ ბავშვობაზე უფრო ბნელ წყვდიადში სამუდამოდ ჩაიძირა.

– დამპლები! – გაბრაზებულმა უთხარი შენ ჩემი ფეხის პროთეზს, მე კი შევეცადე ამეხსნა მაშინდელი გეო- და შიდაპოლიტიკური მდგომარეობა.

– კი, მაგრამ, რატომ?! – ახლა უკვე მე მკითხე და მივხვდი, რომ ვერაფერიც ვერ გაიგე, შენთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, ამიტომ მიგიყვანე კაიფერა მსხალთან, რომლის ძირშიც კოჭქვეშ მოწყვეტილი ჩემი მარჯვენა ფეხი დამარხა მამაჩემმა. მიწას ბალახები მოვაშორე და ბიძაჩემის დაყენებული „ადესა” მოვასხი, შენ ეს მოგეწონა და იგივე გაიმეორე.

 

შენ, როცა რამეს დააშავებდი, დაგსვამდნენ და გიხსნიდნენ, რომ ასე არ შეიძლება, მე კი თხილის წნელით მცემდნენ და შიშველ ტანს ჭინჭრით მისუსხავდნენ.

– რა სადიზმია! – თქვი და ჩემს მშობლებს გახედე, რომლებიც გიღიმოდნენ.

– არა, დაო ელის, ეს სპარტანული აღზრდა იყო! – ვთქვი მე და მოგრძო თხილი, პოეტური სახელწოდებით „დედოფლის თითი”, კბილებში მოვიქციე.

 

შენ ქალიშვილობა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე დაკარგე, მე კი ფულს კარგა ხანს ვაგროვებდი, რომ ვაგზლის ბინძურ სასტუმროში ვაჟიშვილობა დამეკარგა, თუმცა ძალიან მთვრალი ვიყავი და არაფერი გამომივიდა.

– იმპოტენტო! – გაგეცინა შენ, მამაჩემის გამოხდილი ჭაჭა მოსვი და დაიმანჭე. გიყვებოდი, საკუთარი მარცხით თავმოყვარეობაშელახული, როგორ ვაგინებდი მეძავს, ის კი მიყვიროდა:

– მე რომ მკვდარს ვაცოცხლებდე, მამაჩემს გავაცოცხლებდი!

– ჰაჰ, მკვდარი, როგორც შენი ფეხი! – იცინოდი და ჩურჩხელას ღეჭავდი.

 

შენი ინდიელი წინაპარი, დედის მხრიდან, ერთ-ერთი ტომის უკანასკნელი ბელადი იყო, შენ ამით ძალიან ამაყობდი და აღშფოთებას ვერ მალავდი ინდიელთა გენოციდის გამო. ჩემი წინაპარი დადიანის კარზე ძაღლების მომვლელად მუშაობდა.

– ჩემს ძაღლს მაქსი ჰქვია, – თქვი შენ და ჩემი მეზობლის მშიერ ძუკნას მჭადის ნატეხი გადაუგდე.

ბებიაჩემს სკოლაში ალიო მაშაშვილს ასწავლიდნენ: „ხარის ბეჭზე ლექსებს ვწერდი, / მასწავლიდა მელანია”. ბებიაშენს კი ალბათ…

– ბებიაჩემს პოეზია არ უყვარდა, – შემაწყვეტინე შენ და ტყლაპს კუთხე ჩამოახიე.

ბაბუაშენი პერლ-ჰარბორის დაბომბვისას დაიღუპა, ბაბუაჩემს მეორე მსოფლიო ომში საერთოდ არ უბრძოლია, რადგან უფროსმა ძმამ დაატოვებინა ერთი პურ-მარილის ფასად მავან ძალმოსილ ჩინოვნიკს.

– დეზერტირი?! – ჰკითხე შენ ბაბუაჩემის გადიდებულ სურათს.

სამაგიეროდ, შენგან განსხვავებით, მე გამიკეთებია შურდული სკოლის სამხედრო კაბინეტში შენი ქვეყნის ბირთვული იერიშის შიშით ცივი ომის დროს მომარაგებული აირწინაღისგან. თვალის შუშებში ნეკის სიმსხო რეზინი ჰქონდა ჩატანებული, რომელიც გასაწელად რთული იყო, ძალა უნდოდა, მაგრამ თუ გაწელავდი და, თან, საკისრის ბურთულა იდო ტყავში, მიზანს შუაზე გლეჯდა.

– და რაზე ნადირობდით?! – მკითხა ელისმა და ხურმის ჩირს თავი მოაკბიჩა.

– მერცხლებზე და ჩხიკვებზე.

– მაშ, შენ მოკალი ჯაფარა?! – გაეცინა ელისს და ღია ფანჯრიდან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა.

 

– გავიგეთ, რძალი მოგიყვანია! – ეხუმრებოდნენ დილით მამაჩემს მეზობლები. ელისმა კი სკოლაში წამათრია, სამხედროს კაბინეტი მანახეო. არანაირი ნოსტალგია არ მაქვს სკოლის მიმართ. ის კი არა, როცა წარმოვიდგენ, რომ ისევ მოსწავლე ვარ, ტანში ჟრუანტელი მივლის, ამიტომ წასვლა არ მიხაროდა, მაგრამ მაინც გავყევი. სამხედროს კაბინეტი იმაზე უარეს დღეში აღმოჩნდა, ვიდრე ჩემს დროს. მაშინ დაკეტილი მაინც იყო და ფანჯრიდან ვიპარებოდით, ახლა კი კარიც ჩამოეხსნათ. შიგნით მხოლოდ დაგლეჯილი სამხედრო რუკები და აირწინაღების ხორთუმის ჟანგიანი რკინები ეყარა.

– მაშდამე, ტერორისტი კამკამაძე დაუნდობელია! – გამახსენდა, როგორ ცდილობდა ჩვენი ცნობიერების ამაღლებას შახი მასწავლებელი და ტერორიზმთან ერთად სხვა გლობალურ საფრთხეებსაც მიმოიხილავდა, როგორც შეეძლო.

ელისს ჩვენი სპორტდარბაზიც ვანახე: ჩამოსული წყლისგან დამპალი, აყრილი ფიცრებით და ჩამსხვრეული ფანჯრებით.

– აი, თურმე რატომ მიმალავდნენ. ერთხელ დირექტორს ვუთხარი მოსწავლეები სპორტულ დარბაზში უნდა წავიყვანო-მეთქი და მიპასუხა, არ გვაქვსო, – თქვა ელისმა და თავისი კოლეჯის დარბაზი გაახსენდა, სადაც ჩირლიდერობის დროს, კუბოკრული, მოკლე ქვედაბოლოთი და ვარდისფერი ტრუსით ცეკვავდა.

 

გაკვეთილების შემდეგ ელისი გზის გადაღმა, ბიბლიოთეკაში წავიყვანე, სადაც მამიდაჩემი მუშაობდა. მარცხენა მხარეს, ჭერამდე ასულ სტენდზე, ჩემი ბავშვობის დროინდელი ნაცოდვილარები ელაგა. ერთხელ იქ გაერო-ის ბავშვთა ფონდმა ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი მოაწყო და მე გავიმარჯვე, საჩუქრად ბადმინტონი მომცეს. მერე, რაც სახლში ნახატები და ქანდაკებები მქონდა, მამიდაჩემმა ბიბლიოთეკაში წაიღო. ელისს ყვითელი საიზოლაციო პენოპლასტისგან გამოთლილი ფიგურები მოეწონა. ბავშვობაში, პენოპლასტის ნატეხები მდინარეს ჩამოჰქონდა და სამართებლით ფიგურებს ვთლიდი.

– ნამდვილი როდენი ხარ! – მითხრა ელისმა.

– ნამეტანია. იაკობ ნიკოლაძე მაინც გეთქვა.

– იაკობ… ვინ?! – ეჭვით შემომხედა, თან არ უნდოდა რამე მწარე ეთქვა, იქნებ მსოფლიოში სახელგავარდნილი ვინმე ყოფილიყო და სირცხვილი ეჭამა.

 

ელისს საფლავის ქვებზე ფოტოების თვალიერება უყვარდა. დაღლილები რომელიმე საფლავის მესრის ცოკოლზე რომ ჩამოვსხდებოდით, ელისი სილვია პლათის ლექსს წამოიწყებდა: „მთვარეს ღიმილი რომ შეეძლოს, შენ გემგვანება. / ერთნაირ განცდას ბადებთ ორივე – / ლამაზები ხართ, მაგრამ ირგვლივ ყველაფერს ახმობთ. / სხვისი სინათლის ქურდები ხართ შენცა და ისიც”. (აუდიოინსტრუქცია: თარგმანი იკითხება ანი კოპალიანის ხმით).

 

„ო, ღმერთო ჩემო, მითხარი, ვინ ვარ, / თუკი უნდა გაჰკიოდნენ ნაგვიანევი ეს პირები / ყინვის ტყეში, აისზე ლურჯი ღიღილოების”. (აუდიოინსტრუქცია: თარგმანი იკითხება შოთა იათაშვილის ხმით) – ავყვებოდი ხოლმე მეც.

 

აღდგომაზე ელისი საფლავებზე ჭამა-სმამ გააკვირვა.

– ელისი საოცრებათა ქვეყანაში, – ვეხუმრებოდი და კვერცხს ვფცქვნიდი.

– ამ შემთხვევას „უცნაურობათა” უფრო შეეფერება! – თქვა ელისმა, ხელიდან გაფცქვნილი კვერცხი ამართვა და სიცილით პირში ჩაიტენა.

 

ელისი ფრენბურთს მაგრად თამაშობდა. მთელი სანახაობა იყო ჰაერში ამხტარ ელისს სოფლის ბიჭ-ბუჭობა ციდან ჩამოსული ძეღმერთივით რომ ასცქეროდა.

– Fuck!!! – ყვიროდა ელისი, როცა ბურთს გააფუჭებდა.

– Fოქი! – ყვიროდნენ ბიჭები, როცა ბურთს გააფუჭებდნენ.

– ბებია, რა სჭირს თქვენს ბადეს, მთელი დღე „თოკი, თოკის” რომ ყვირით, თუ გაწყვეტილია, ვერ გადააბამთ?! – მკითხა ერთხელ ბებიაჩემმა, რომელიც მთელი დღეები სახლის დერეფანში, დაბალ სკამზე იჯდა. ელისს ვუთარგმნე და სიცილით მოკვდა.

 

მე და ელისი სამგზაგასაყართან მდგარ შავ კუნელს ვჭამდით ხოლმე.

– ვისია ბიჭო ეს ნახშირივით გოგო?! – მოვიდოდა იქვე მცხოვრები მეზობელი ზაკონ ოკუჯავა.

– რა იყო, მოგეწონა?! თუ გინდა გაგირიგებ.

– სად ვიპოვო ბიჭო ეს ღამით, სიბნელეში არც გამოჩნდება, – „ასტრას” აბოლებდა ზაკონი. გაგანია სიცხეში, ელისისთვის თავის მოსაწონებლად, დუბლიონკა ეცვა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ნაქონი, რომლის მამასაც ყანა გაუთოხნა და აჩუქეს.

– მურე წიე! – საყვარლად ამბობდა ელისი, მეგრულად მხოლოდ ეს იცოდა.

– ა, უყურე შენ, მეგრულიც სცოდნია, ინგლისურის სწავლა არ მომიწევს! – უხაროდა ზაკონს, თითქოს დღე-დღეზე ცოლად უნდა მოეყვანა.

 

გილერმო მეორედ რომ ვნახე, ის და ელისი რაიონის ცენტრში, პარკში, ზედ ბესარიონ ქებურიას საფლავის წინ ისხდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. ხანში შესული ხალხი უკმაყოფილოდ აქნევდა თავს, ბავშვები ტელეფონით ვიდეოებს უღებდნენ, ბესარიონ ქებურიას ბიუსტი კი, კმაყოფილი, ულვაშებში იღიმებოდა. რა გააკვირვებდა, ქვეყანა ჰქონდა კაცს ნანახი, ბოლოს და ბოლოს, ეიფელის კოშკს პირველმა შემოუფრინა.

 

როგორც ერთხელ მითხრა ელისმა, თურმე გილერმო ჩემზე ეჭვიანობდა. ზემოთ, ოსინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიასთან ვისხედით. ქვევით, ჰორიზონტამდე გაშლილ ვაკეზე გაბნეული სოფლები თხელ ბურუსში იყო გახვეულნი.

– ამბობენ, რომ მზის ჩასვლისას აქედან ზღვა ჩანს, – ვუთხარი ელისს.

– დაველოდოთ მზის ჩასვლას?!

– დაველოდოთ.

ელისს ჩემს მხარზე ედო თავი, ჩუმად ვისხედით.

– ახლა გილერმო რომ გვიყურებდეს, გაგიჟდებოდა, შეიძლება მაჩეტეც დაეძრო. ან ისე გცემდა, – გაიცინა ელისმა.

– შენი აზრით, მე გილერმოს თავს ვაცემინებ?! – ცოტა არ იყოს გავბრაზდი. – და სერთოდაც, იცი ვის ჰგავს?!

– ვის?

– კლონირებისას გაფუჭებულ ეუხენიო დერბესს!

ელისს არ სწყენია, სიცილით მოკვდა. თვითონაც მომეწონა უცებ მოფიქრებული ჩემი ხუმრობა. მზის ჩასვლამდე დავრჩით, მაგრამ არანაირი ზღვა არ გვინახავს.

 

მეორე დღეს ელისის დაბადების დღე იყო. მასპინძლებმა დიდი სუფრა გაუშალეს. სხვა სკოლების უცხოელი მასწავლებლები და მთელი ჩვენი სკოლა იქ იყო. ელისმა იმდენი მაცეკვა, ცხოვრებაში რომ არ მიცეკვია. გილერმო მეხუთე ჭიქაზე დათვრა და, თამადის წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტი აღარ დაულევია. გვიანობამდე ვსვით.

– გილერმო ამაღამ ჩემთან დარჩება! – გადაულაპარაკა ელისმა დიასახლისს. შევატყვე, ქალს დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი. კარგა ხანს იწრიალა, ბოლოს ქმართან მივიდა და რაღაც ჩასჩურჩულა.

– მე აქ ბორდელი კი არ მაქვს! – მთვრალ ქმარს პასუხი ზედმეტად ხმამაღალი გამოუვიდა, სუფრის წევრები ახარხარდნენ.

 

ელისი მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. გილერმო და სტუმრები რომ წავიდნენ, ნელ მუსიკაზე ერთიც ვიცეკვეთ.

– თუ გინდა ამაღამ ჩემთან წამოდი! – ვუთხარი ელისს.

– არა, აქ ვიქნები. ყველაფერი კარგადაა! – მითხრა ელისმა, ღაწვზე მაკოცა და მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად. შემორჩენილ სუფრის წევრებს დავემშვიდობე და სახლში წავედი.

 

შუაღამისას ელისმა ბარგი ჩაალაგა, რაიონის ცენტრამდე ფეხით იარა, ტაქსი იშოვა და თბილისისკენ გაუდგა გზას. როგორც ჩანს, მძღოლს ჩაეძინა და ტაქსი სოფელ ზანაში, თერმული წყლის შადრევანთან, გზისპირა ჯებირს შეასკდა.

 

დილით, ელისის ოთახში ასულმა დიასახლისმა კომოდზე მოკლე წერილი იპოვა: „თქვენ გული მატკინეთ!” „თქვენ”-ში მასპინძელი ოჯახიც, მეც, მთელი ქვეყანაც და გილერმოც იგულისხმებოდა.

 

მანქანიდან გადავარდნილი ელისის ცხედარი, თერმული წყლის გუბეში, ზუსტად იმ ადგილას ეგდო, სადაც გვირილების თაიგული ჩაუვარდა, როცა რამდენიმე დღით ადრე შადრევნის სანახავად ვიყავით.

 

ფიზიკის სწავლება სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

0

„საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი“.

ოგადი განათლების ეროვნული მიზნები

 

თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც კომპიუტერული პროგრამები ყველა მიმართულებით უამრავ საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა. სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით კი ფიზიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის ნაკლებობა ცნობილი ფაქტია. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის აქტუალური – ის მთელ მსოფლიოში აღიარებულია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. ამას ადასტურებს TIMSS ( Trends in Mathematics and Science Study)-ისა და PISA (Programme for International Student Assessment)-ის საერთაშორისო კვლევები, რომელთა თანახმად, წინა წლებთან შედარებით, 2015 წლის შედეგების პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო საშუალო ნიშნულსაც კი ვერ აღწევს.

ასეთი დაბალი შედეგები, სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად, გამოწვეულია იმით, რომ სკოლების უმრავლესობა მოკლებულია თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს. ფიზიკის გაკვეთილზე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას განაპირობებს ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი: პირველი – განვუვითაროთ მოსწავლეებს სააზროვნო უნარები, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკის უკეთ შესწავლას და მეორე – შევცვალოთ ფიზიკისადმი მათი ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურით.

ფიზიკაში ცოდნის შედარებით დაბალი დონე იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ საგრძნობია თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის დეფიციტი. თანამედროვე სამყაროში არსებული ინფორმაციის სწრაფ ნაკადს კლასიკური სახელმძღვანელოები დროულად ვერ პასუხობს, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება ელექტრონული რესურსების გამოყენება. იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა თაობის ყოველდღიურობაში კომპიუტერის გამოყენება უალტერნატივო აუცილებლობაა, ფიზიკის გაკვეთილზე კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვან და გადაუდებელ საკითხად მიმაჩნია.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების პირობებში ფიზიკის გაკვეთილი გაცილებით საინტერესო და სახალისო გახდება. კომპიუტერები და მულტიმედია საგრძნობლად შეამსუბუქებს ფიზიკის ამოცანების მათემატიკურ და გრაფიკულ გადაწყვეტას. თუმცა, როდესაც ფიზიკის გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ლამაზი სლაიდებით ვერ შემოვიფარგლებით. მულტიმედიური რესურსები უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, მოსწავლეებმა ინტერესით შეისწავლონ თეორია, მოახდინონ მისი მოდელირება, ისწავლონ პროექტებით, პრეზენტაციებით და ა. შ. სამუშაოს მთლიანად განსაზღვრავს ის ამოცანები, რომლებსაც დაისახავს პედაგოგი, მათ შორის – ცოდნის განმტკიცება, მოსწავლის შეფასება, ახალი მასალის ახსნა.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვეთილზე მოსწავლეთა სასწავლო შემეცნებით აქტივობას განაპირობებს ის მეთოდები, რომლებიც გამოყენებულია საგაკვეთილო პროცესში. ახალგაზრდა თაობას აინტერესებს ფიზიკა, რომელსაც მასწავლებელი თანამედროვე საშუალებებით მიაწვდის. ეს მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბება-განვითარებას, საგნის ცოდნის კორექციას, მის სტანდარტიზაციას და შემდგომ – კიდევ უფრო ამაღლებას.

ფიზიკის გაკვეთილზე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია გრაფიკების, ფორმულების წარმოდგენა, ფიზიკური მოვლენების სიმულაციური ხერხით აღწერა, ხელსაწყოების მოქმედების შესწავლა, ვიდეოფილმების, ფიზიკისთვის მნიშვნელოვანი ფოტომასალის გაცნობა. თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია მოვლენების და ექსპერიმენტების ისეთი რაკურსით შესწავლა, რომელიც ჩვეულებრივი დაკვირვებით არ დაიმზირება. ვირტუალური ლაბორატორიები კი მოვლენების ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის საშუალებას იძლევა. აქ მოვლენების მოდელირების განუსაზღვრელი შესაძლებლობებია: მოსწავლეები ვიზუალურად ხედავენ მიკრო- და მაკროპროცესებს. მოვლენების ვიდეოანალიზი სწავლებას ეფექტურობას მატებს. მაგალითად, კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა, რომელიც ორგანზომილებიან მოძრაობას წარმოადგენს, მოსწავლეებისთვის საკმაოდ ძნელი აღსაქმელია. ვიდეოანალიზის შემთხვევაში კი ამ მოვლენის სიღრმისეულად გააზრება მათ გაცილებით გაუადვილდებათ. ტექნოლოგიების გამოყენებით ასევე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მოვლენაზე დაკვირვება, მათი შედარება და გამოკვლევა, რაც თავისთავად გულისხმობს მოვლენების მრავალმხრივ შესწავლას: როგორც მათემატიკური ანალიზის კუთხით გაზრებას, ასევე ცხრილებისა და გრაფიკების სახით წარმოდგენას.

წარმოდგენილი სურათის მიხედვით მოსწავლე ეკრანზე ხედავს კონკრეტულ მოძრაობას შესაბამისი ცხრილებით და გრაფიკული ანალიზით, თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლითაც კი.

რამდენიმე საერთაშორისო კვლევის შედეგების მიხედვით, სწავლის პროცესში ინტერაქციული ციფრული ვიდეოს გამოყენება დადებითად მოქმედებს როგორც მოსწავლეთა კომფორტულ განწყობაზე, ასევე მათ შორის ურთიერთობაზეც.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პრეზენტაციებით და პროექტებით სწავლებისას.

ასეთ პირობებში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მოახდინონ პროცესების კომპიუტერული მანიპულაცია და ექსპერიმენტების კონტროლი, მიღებული დასკვნები და შედეგები სოციალური ქსელით თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ხელმისაწვდომი გახადონ თანაკლასელებისთვის, მასწავლებლებისა და მთელი მსოფლიოსთვის.

საქართველოში, დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლებში ფიზიკის სწავლების პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მიგვაჩნია, რომ პროცესის დაწყება დროული და აუცილებელია.

    ფატმანის მხატვრული სახის გააზრება-სწავლებისათვის

0

„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, – ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსნის“ კართან მდგარნი. ტაეპი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და დაგვაფიქრებს სამყაროსა და მისი გვირგვინის, ადამიანის, ბუნების მირიად ფერზე, რომელთა კავშირი თუ გარდატეხა ერთ დიდ სინათლეს ქმნის ღვთისკენ მიმსწრაფთ სამკვიდროში.

ზემოხსენებული სტრიქონით შოთა რუსთაველი სწორედ იმ ცხრაკლიტულის გასაღებს გვიბოძებს, რომლითაც არა მხოლოდ მისი გმირების ქმედების განსჯა, არამედ  ჩვენს სულში მზერის ჩაბრუნება ხერხდება თავის შესაცნობად, ანუ ღმერთთან მისაახლოებლად, რადგან ,,ადამიანი მოწოდებულია ცისკენ მიაპყროს თვალი, ეზიაროს ამაღლებულ ყოფას“. (გ. მურღულია).

რუსთაველი  იდეალურ პერსონაჟთა სახეებს ქმნის და „ვეფხისტყაოსნის“  მოგზაურობით გვანებივრებს, მაგრამ არც ის ავიწყდება, რომ, ადამიანი უპირველესად, მიწიერი არსის მქონეა, „ვნებათაგან ბოროტ-ღელვილობა“ სდევს თან, რომ „რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ იდეალური სიყვარული არ არსებობს“, (გ. მურღულია) ამიტომაც მზიან ფერთა გვერდით „ჩრდილოვანის“ დახატვაც საჭიროდ მიუჩნევია, ფერისა, რომელსაც ფატმანი ჰქვია, რომელსაც, მართალია, ,,მიჯნურთ ზნეობით“ ვერ გამოვარჩევთ, მაგრამ „გასამსალებულ სოფელს“ იდეალური მიჯნურობისას სალბუნად და მუფარახად მოვლენია და გულანშაროელ ვარდს თავისი სიკეთით მათი ცხოვრებისთვის ციცინათელასოდენი სინათლე მაინც მიუცია.

ადამიანის ბუნების სირთულის, ღირსება-ნაკლის, წუთისოფლის „ორგემაგობის“ წარმოჩენა დაუკისრებია რუსთველს ფატმანისთვის, რომელსაც „თვალად სიტურფის“ ნაცვლად „თვალად მარჯვეობა“ აკმარა, გულანშაროში დაასახლა და „სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი“ თუ ნაირ-ნაირ მიჯნურთა „უგულო სიყვარული“ არ მოაკლო, ერთი მხრივ, სულ-ხორციან ტურფა მეტრფეთა უკეთესად წარმოსაჩენად, მეორე მხრივ, ჩვენში ისეთი თვითკრიტიკულობის აღსაზრდელად, როგორიც ფატმანს აქვს, ჭაშნაგირის მუქარით დაზაფრულს, სიკვდილმოლანდებულს:

,,ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,

ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა“.

საკუთარი ნაკლის დანახვა-აღიარება ყველაზე მეტად გვეძნელება ედემის დამკარგველ ადამ-ევას მოდგმას, არადა, თავის შეცნობის გზაზე დამდგარს, უწინარეს, იგი მოგვეთხოვება.

„ჩვენ თვალწინ ხდება ფატმანის ფერისცვალება. ამგვარი შინაგანი ფერისცვალების შესაძლებლობა ყველა ადამიანშია და მისი წარმმართველი ძალა სიყვარულია. სიკეთეს, როგორც ყველაფერ დანარჩენს, სიყვარული ბადებს და ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია (ფატმანი კი სწორედ ასეთია), მას ჭეშმარიტი სიყვარულიც ძალუძს. სხვა საქმეა, ამ უნარის გამომჟღავნებისა და გაცხადების რაგვარ შესაძლებლობას აძლევს მას გარემო, საზოგადოებრივი ცხოვრების წესი“ (გ. მურღულია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფატმანის  ღირსების არგამოკვეთა ან მხოლოდ მის ნაკლზე საუბარი მის მხატვრულ სახეს ვერ გაგვააზრებინებს. ასეთი დამოკიდებულება „მართლჭვრეტის“ არქონას ნათელყოფს ჩვენსას და იდეალურ გმირთა შეფასების მორალურ უფლებასაც წაგვართმევს. მით უფრო, რომ ჩვენივე სისუსტითა თუ ცოდვილობით უფრო ვგავართ ფატმანს, რომელიც იმ გულანშაროში ცხოვრობს, „გლახა თვე ერთ რომ გამდიდრდება,“ „მოსახვეჭელ  ოქრო-ვერცხლს  მოიხვეჭს“ და თვითვე იქცევა იმ უსულო, ჭეშმარიტება-დაკარგულ საგნად, „თუალ რომ ასხენ და არა ხედვენ, ყურ რომ ასხენ  და არა ესმის“. (ფსალმუნნი და ლოცვანი“).

ასეთ სამკვიდროს გაზრდილობა ქალს სათნოებას, სიქველესა თუ მეგობრობას, რა თქმა უნდა, ვერ ასწავლიდა. მაშ, რამ დაბადა მასში მოყვასისათვის თავდადების, ცისკენ თვალის მიპყრობის, ამაღლებულ ყოფასთან ზიარების წადილი? ეს ოდენ რუსთაველის კაპრიზია (პერსონაჟის ბოლომდე არგაწირვით შეპირობებული) თუ იმავე რუსთაველისაგან კაცთა ბუნების ღრმა ცოდნა და რწმენა – ღვთისშვილობის ნათელი ყველა ჩვენგანშია, ყოველს ჩაესმის უფლის სიტყვები: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი…“ („ფსალმუნნი და ლოცვანი“).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგულისხმოდ მეჩვენება აზრი: „მწერალი ზომიერების გრძნობით  და რეალისტური ალღოთი ეძებს წყალგამყოფ მიჯნას სიკეთესა და ბოროტებას შორის. მაგრამ გამყოფი ხაზის მოძებნის დროს შემოქმედი ხასიათის შინაგანი ბუნებიდან გამოდის… ცხოვრება აიძულებს ხასიათს მოვლენებთან დამოკიდებულებაში თავისი ნამდვილი ბუნება გაამჟღავნოს“. (დ. ბენაშვილი) სამართლიანად გვებადება კითხვა: რომელი ფატმანია ნამდვილი (თუ თვითონ ფატმანის ბუნების წყალგამყოფ მიჯნას დავუწყებთ ძებნას),  სულით ტურფა გმირებთან (ნესტანთან, ავთანდილთან) შეხვედრამდე „სმა, გახარება, თამაშით“ გულანშაროში მცხოვრები თუ მათთან შეხვედრის შემდეგ?

ფატმანის სიდიაცეში ქალობის არსებობა ვირწმუნეთ მაშინ, როცა რუსთაველმა გულანშაროელი ხათუნის მშვენიერებასთან ზიარების უბადლო სურათი დახატა:

„რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა;

დავიწუხენ, თვალნი ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა“.

ვეთანხმები აზრს, რომ „მშვენიერება სახის შინაგანი თვისებაა. იგი ნათელივით ადგას ადამიანის სულს“.  (დ. ბენაშვილი). ამავე დროს, სულის მშვენიერების  არანაკლებ გამოვლინებად მიმაჩნია ფატმანისაგან ნესტანის „შუქის განცდა“ და დაფასება. „დიდ შინაგან ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სხვა არსებაში თავისი საოცნებო სრულქმნილების ხილვამ მასში ძალიან ბუნებრივი ადამიანური შური კი არ დაბადა, არამედ თავგანწირული სიყვარული!“(გ. მურღულია).

,,…მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,

გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,

ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე“.

ეს საოცარი მზრუნველობა, პირმზე ნესტანის ცრემლთა წამლობის დიადი წადილი ავთანდილის გულს მოგვაგონებს, ახლად გაცნობილი ტარიელისთვის სამეგობროდ მყისიერად აძგერებულს:

„დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა!“

„შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“

ჭეშმარიტად, „სულიერი ნათელი თვითმყოფადია“. (გ. მურღულია). ფატმანში არსებულ ასეთ ბუნებით შუქს ნავროზობის დღესასწაულზე ხათუნებს შორის „მღერა-ყმაწვილობისას“ შევნიშნავთ, ვაჭართა ცოლებს გამოყოფილი, „სევდაშემოქცეული,“ სარკმელს რომ გამოაღებს გაუცნობიერებელი კაეშნის გასაქარწყლებლადა თუ სხვა სამყაროს აღმოსაჩენად.

აკი აღმოაჩენს კიდეც!

ეპიზოდში სარკმელს, მის გამოხსნას, ვფიქრობ, ის სიმბოლური დატვირთვა აქვს, ფატმანის მაძიებელ სულს, ამაღლებულისაკენ მისი სწრაფვის წადილს რომ დაგვანახვებს. ამასობაში შეიძლება დაგვავიწყდეს კიდეც, წუთის წინ რომ გვაინტერესებდა – რა აწუხებს „მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარულ“ ხათუნს, რა „ჩუმი ნაღველი“ შეჰპარვია მის გულს? ეგება „სინდისის საშფოთველ-საქენჯნავი“ სიძვის დიაცისა? მართალია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ხერხდება, მაგრამ ერთი ცხადია, სარკმელთან მიმდგარ ფატმანს სევდიანს, ფიქრიანს ვხედავთ, მანამდე ნათქვამი: „ვიმღერდი და ვყმაწვილობდი“, უდარდელი წარსულის კუთვნილება ხდება და მშვენიერებასა და სიბრძნესთან ზიარებისთვის შემზადებულს, ფიქრით შეიარაღებულს, შეახვედრებს ქალს რუსთაველი ჯერ ნესტანს, შემდეგ ავთანდილს. საგულისხმოა, რომ ორივე მათგანისთვის მაშინვე საცნაური ხდება ფატმანის გულის სითბო და სიფაქიზე. „დედის უმჯობეს დედას“ უწოდებს ინდოელი ასული მას. არც არაბი ჭაბუკი ცდება შეფასებისას, როცა ხათუნზე ფიქრობს: „მოსადგურე და მოყვარეაო, მგზავრთა, ყოველგნით მავალთა“.

არც მოტყუებულან! სწორედ ფატმანმა გადაჰყარა ბინდი წუთისოფელს  ჩვენთვის საყვარელ გმირთათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს თავგანწირვა ავთანდილის სიყვარულზე უარის ფასად დაუჯდა და მასში გატაცება კი ჭეშმარიტმა გრძნობამ, მოყვასის სიყვარულმა შეცვალა, ავთანდილისდარი კეთილგანწყობა ჩვენც გაგვიჩნდება, უკვე „საჭაბუკო“ სამოსში გამოწყობილი რომ გაუმხელს სპასპეტობასა და გიშრისთვალება ასულის მიჯნურობას:

„მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა“.

„ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია“.

და  გულწრფელად შეუქებს ქალს მეგობრობის უნარს:

„შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი“.

არც ტარიელს ავიწყდება ფატმანის სიკეთე, რომლის წყალობითაც „მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“ და გულმხურვალე ჭაბუკი „ტურფა სიტყვითა, ენითა“ გამოთქვამს მის მიმართ მადლიერებას:

„ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია“.

დად მიჩნეულისთვის კი ცდილობს „გარდაუხდელად დიდი ვალის“  „ქაჯთა საჭურჭლის“ ჩუქებით გადახდას, მაგრამ ფატმანის დიდ ადამიანებთან შეხვედრით „ბნელგანათლებული,“  „მზეჩამდგარი“ გული მატერიას აღარ ეხარბება. ვაჭართ ცოლების წინამძღოლი ტურფა გმირების მსახურებს შენატრის, მათთან მყოფობით ბედნიერთ:

,,ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!“

ფატმანისთვის, მანამდე „დიდროვან მარგალიტთა თუ უსახო

ლალთა“ უბადლო შემფასებლისთვის, ფიზიკური ნათელი დაიმცრო, ახლა ისეთ

ღირებულებებათა შემცნობს ვხედავთ, „უკვდავებისა სწორანი“ რომაა,

ჭეშმარიტ სიხარულს რომ მოგანიჭებს, ადამიანის „ხმელთა მნათობობას“,

ღვთის ნათლის ტარების მშვენიერებას რომ განგაცდევინებს.

„ყოველი ხასიათი, რომელიც შექმნილია გამოცდილი ოსტატის ხელით,

დამოკიდებულია არა მწერლის სუბიექტურ ფანტაზიაზე, არამედ ობიექტურ

დაკვირვებაზე, ხასიათის შინაგანი სულიერი ცხოვრების თანმიმდევრობით

შესწავლაზე. ხასიათის გამოსახვის დროს თვალსაზრისი ნაწარმოების გმირისა

ხშირად ემთხვევა ავტორის თვალსაზრისს, მაგრამ, მიუხედავად ამისა,

თვალსაზრისი გმირისა გამოსახული უნდა იქნას გმირის

ხმითა და ფერით“. (დ. ბენაშვილი). მოსაზრებიდან გამომდინარე, უჩვეულოდ

აღარ გვეჩვენება, როცა ფატმანი სამყაროსა  და მის შემოქმედზე

ფილოსოფიურად იწყებს ფიქრს და იმავე ჭეშმარიტებას ქადაგებს „თავისი ხმითა

და ფერით“,  რომელსაც მანამდე თვით  „ფილოსოფოსთა ბრძნობით “ზეციურ

ჰარმონიას მიწვდენილი ავთანდილისაგან ვისმენთ: „ბოროტსა სძლია

კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

ეჭვმიუტანლობითაა გაცხადებული დიდი ხნის წინ შეძენილი ცოდნა არაბი ჭაბუკისაგან. ფატმანის ნათქვამს კი: „ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“, თუ დავუკვირდებით, მივხვდებით, ახლახან შემეცნებულის ფერი დაჰკრავს, გულის სიღრმიდან ამოხეთქილი სინათლის ფერი. ასეთ ასოციაციას კი ზმნის ფორმა ,,ვცან“ იწვევს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ახლახან, „აწ გავსებულმა,“ ერთბაშად შეიმეცნა ჭეშმარიტების, მშვენიერების, ბედნიერების, სიკეთის არსი და „მადლგაათასებული“ ხარობს მოყვასთა სიხარულით.

სწორედ ეს უნდა შეგვენიშნა „ვეფხისტყაოსნის“ ფერთა სამყაროსათვის, რაც ფატმანის მხატვრული სახის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარებოდა და პერსონაჟისადმი, როგორ ჩვენივე მოყვასისადმი, კეთილმოსურნეობით განგვაწყობდა. დიდი რუსთველის მიზანიც ხომ ესაა – სინათლეს გვაზიაროს, სიკეთის ქმნის წადიერება აღძრას, ბოროტებასთან ბრძოლა გვასწავლოს, როგორც ჩვენივე შინაგან არსში, ასევე გარესამყაროში, რათა „მოგვეცეს შერთვა ზესთ  მწყობრთა წყობისა“.

 

რაც შეეხება პერსონაჟის მხატვრული სახის შესწავლას, მოსწავლეებს, უპირველესად, მწერლის მიზანდასახულობაზე ვესაუბრები, რათა სწორად განსაზღვრონ ფატმანის როლი და ადგილი.

საჭიროდ მივიჩნევდი მათი აზრისა თუ ვარაუდის გამოთქმას ისეთ საზოგადო საფიქრალზე, როგორიცაა:

რისთვის მოვდივართ ამქვეყნად? (ნ. ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“ ნასწავლი აქვთ).

რა მნიშვნელობისაა მათთვის „ანდერძი“ ანტიკური ფილოსოფიისა, ამავე დროს, ქრისტიანობის უმთავრესი მოწოდება  – „შეიცან თავი შენი“?

ვამჩნევთ თუ არა ფატმანის რომელიმე ქმედებას „თავის შეცნობის“ სურვილს?

რა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში სევდას, ფიქრს? შეიძლება თუ არა ფიქრის სწავლა? (ნ. დუმბაძის ,,სისხლს“ გავახსენებ).

შეიძლება თუ არა ეპიზდურად ნახსენებ სარკმელს სიმბოლური დატვირთვა მივანიჭოთ?

რა ან ვინ ეხმარება ფატმანს ფიქრის სწავლაში?

იდეალურ გმირებთან შეხვედრამ  შეცვალა თუ არა ფატმანის დამოკიდებულება სამყაროს, ადამიანების მიმართ?

ფატმანის მხატვრული სახის გასააზრებლად ვთხოვ, მოიძიონ ის სტრიქონები თუ სტროფები, რომელთა საშუალებითაც ინფორმაციის დახარისხებას მოახერხებენ, მნიშვნელოვანზე დაყრდნობით კი ცალკეულ სტრიქონთა იდეურ-მხატვრულ მხარეზე ისაუბრებენ. რაც მთავარია,  დააკვირდებიან პერსონაჟის ფიქრს, ქმედებას, მისი სულის მოძრაობას. ასეთი აქტივობებით, საბოლოოდ, როგორც ზეპირმეტყველებით, ასევე წერილობით გმირის მხატვრული სახის გააზრებას შეძლებენ და, რაც მთავარია, ასცდებიან პერსონაჟზე სტერეოტიპული დამოკიდებულებით მსჯელობას, რისი მიზეზიც მაინცდამაინც უარყოფით თვისებებზე ყურადღების გამახვილება იყო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გ. მურღულია, გ. ალიბეგაშვილი, ვ. მაღლაფერიძე – ,,საუბრები ქართულ ლიტერატურაზე;“ გამომცემლობა „განათლება;“ თბ., 1992;

დიმიტრი ბენაშვილი – ,,სახისა და ხასიათის პრობლემა ,,ვეფხის​ტყაოსანში;“თბ., 1954

ფსალმუნნი და ლოცვანი – გამომცემლობა ,,ალილო;“ თბ., 2011

 

 

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ილურიძე

 

ნარცისი თუ გოლდმუნდი?

0

როდესაც ვსაუბრობ თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევრსფეროების ფუნქციებზე და რომელიმეს უფრო მეტად მუშაობაზე თანამედროვე ადამიანში (მეცნიერულ თეორიებთან ერთად ამის თქმის საფუძველს მაძლევს სტუდენტებზე დაკვირვება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში), მხედველობაში მაქვს არა რომელიმე ნახევარსფეროს უპირატესობა, არამედ ის, რომ  ადამიანთა ჰარმონიულობისათვის და სამყაროს მთლიანი სურათის აღქმისთვის საჭიროა  ნახევარსფეროთა  „დიალოგი“ და ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება და მუშაობა.

იქნებ მთელი პლანეტის პრობლემაც ესაა: ადამიანი, რომელიც ჩაიკეტა და ვერ ვითარდება იმის გამო, რომ ერთი ნაწილი ქაოსის მორჩილია, ხოლო მეორე ნაწილი – კოსმოსის. ნამდვილი სიცოცხლე კი ქაოსისა და კოსმოსის დიალოგია, ფორმისა და შინაარსის ურთიერთქმედებაა, ქალური და მამაკაცური ენერგიების შერევაა, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზია… მეტაფორულად ამ ყველაფერს დაპირისპირებულთა ერთიანობა ჰქვია: ინი და იანი.

თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა ცალ-ცალკე განვითარების პრობლემაზეა ჰერმან ჰესეს ძალიან საინტერესო ტექსტი: „ნარცისი და გოლდმუნდი“. ორი მარტოსული და ტანჯული ადამიანი, ერთი რომ მონასტრის წესებს შეფარებია და მეორე – დიონისურ ქაოსს დამორჩილებია. საბოლოოდ რომ ვერცერთმა ვერ იპოვა სიმშვიდე. ერთმანეთის მიმართ აღსარებებში ეს კარგად ჩანს. ნარცისისთვის გოლდმუნდი განსხვავებული და საინტერესოა და ასეთივეა გოლდმუნდიდსთვის – ნარცისი. ისინი აღიარებენ ერთმანეთის უნიკალურობას, მაგრამ ამ აღიარებას არ მოაქვს ურთიერთქმედება. ნარცისი რჩება თავის მონასტერში და ვერ წარმოუდგენია მის გარეთ არსებობა, თუმცა ხიბლავს გოლდმუნდის გამბედაობა და ცხოვრების ვნებებით სისავსე და გოლდმუნდიც არ ეხსნება ქაოსის ღმერთს და კვლავ და კვლავ მოგზაურობასა და თავგადასავლებზე უჭირავს თვალი… ის დიდხანს ვერსად ჩერდება… მას მხოლოდ სიკვდილი აჩერებს…

მათ დიალოგს როცა ახლა ხელხალა ვკითხულობ, თითქოს ეს არის არა ორი ადამიანის, არამედ ორი ცნობიერების, ან უფრო ზუსტად: მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების დიალოგი და თან ისეთი დიალოგი, რომელშიც ორივე აღქმა ბოლომდე ინარჩუნებს ავტონომიურობას…

„თუ ნარცისი მოაზროვნე და ანალიტიკოსი იყო, გოლდმუნდი მეოცნებე და ბავშური სულის პატრონი ჩანდა…“  ნარცისს წარმოსახვის უნარი არ ჰქონდა, სურათხატებით და შეგრძნებებით ვერ აღიქვამდა სამყაროს, ხოლო გოლდმუნდისთვის აბსტრაქტული ცნებებით აზროვნება და სამყაროს აღქმა სიცარიელე და დიდი გაუგებრობა იყო. გოლდმუნდი გაოცებული ეკითხებოდა ნარცისს: „… განა ცნებები და აბსტრაქციები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებ, წარმოდგენები და სურათები არ არის? ნუთუ ის სიტყვები გვიყვარს და გვინდა სააზროვნოდ, რომლებითაც მართლაც ვერაფერს წარმოიდგენ? ან კი შეიძლება ისე აზროვნება, რომ ვერაფერი წარმოიდგინო? – კარგია, ამას რომ მეკითხები! – უპასუხა ნარცისმა. თუმცა, ცხადია, შეიძლება, წარმოდგენების გარეშეც იაზროვნო. აზროვნებას წარმოსახვებთან სულ მცირედი კავშირიც არა აქვს. ის სრულიქმნება არა სურათებით, არამედ ცნებებითა და ფორმულებით…… შენთვის სამყარო სახეებით წამოსდგება, ჩემთვის – ცნებებით…. – მე მეშინია,- თქვა გოლდმუნდმა, – რომ ვერასდროს შევძლებ, შენს სააზროვნო სამყაროში, სადაც წარმოდგენების გარეშე აზროვნებენ, ცნებათა აზრს ჩავწვდე… სიტყვა „სივრცე“ ჩემთვის არაფერია და ფიქრდაც არ მიღირს, ვიდრე ნამდვილ სივრცეს არ წარმოვიდგენ….“

ნარცისისა და გოლდმუნდის მეგობრობა სწორედ სამყაროთა განსხვავებულ ხედვას ეფუძნება და ამით მეტ მიზიდულობას იძენს, მაგრამ ერთად მხოლოდ დროებით არიან, მათ არ შეუძლიათ ბოლომდე ურთიერთმიღება და თანამშრომლობა. ნარცისს რომ ეგონა, გოლდმუნდი საბოლოოდ დამკვიდრდებოდა მონასტერში, მას თვალი მაინც გაქცევაზე უჭირავს… თითქოს ერთი მომთაბარეა და მეორე – ბარის ადამიანი…

თუ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა ფუნქციებს და ნარცისისა და გოლდმუნდის დიალოგებს შეადარებთ, ადვილად აღმოაჩენთ, რომ ნარცისი მემარცხენეა, მეცნიერების ნახევარსფეროს წარმომადგენელი, ხოლო გოლდმუნდი – მემარჯვენე, ხელოვნების ნახევარსფეროს წამომადგენელი, ნარცისი – წესრიგი და კოსმოსია, გოლდმუნდი – ქაოსი და უწესრიგობა… სხვანაირადაც შეგვიძლია ვთქვათ: ნარცისი აპოლონია და გოლდმუნდი – დიონისე. ნარცისი გონების მსახურია, გოლდმუნდი – გულის, გრძნობების, ემოციების… მხოლოდ ასე შეიმეცნებს, მხოლოდ ცხოვრებისგან მიღებული განცდებით ხატავს და ქმნის უკვდავ სახეებს, რომლებიც ასე ცოცხალია…

„არა, სიტყვებით ვერაფერი გამოითქმება, ვერც მოიაზრება, მაგრამ  მაინც კვლავ გამოხატვის მოთხოვნილება გვაქვს, კვლავ ვესწრაფვით აზროვნებას.“ – ეს ნარცისია.

ეს კი გოლდმუნდი: „დიდებულია ვირგილიუსი, მაგრამ განა მას ყველა ლექსში აქვს გამოხატული სათქმელი ასე აშკარად, ასე ჭკვიანურად, ასე ლამაზად და შინაარსიანად, როგორც ეს მოახერხა ღეროზე სპირალურად ამოყრილმა პაწაწინა ფოთლებმა?“

მაინც ორივე მარტოსულია, ორივე ტანჯვით სავსე… ვერცერთი ვერ პოულობს სიმშვიდეს… ერთმანეთი იზიდავთ, აინტერესებთ, მაგრამ გაერთიანებას ვერ ახერხებენ, ურთიერთგავლენას ვერ ახერხებენ და „შევსებასთან“ ერთად ანადგურებენ ერთმანეთს… ასე გაანადგურა სიკვდილის წინ გოლდმუნდის სიტყვებმა ნარცისი“ „ -ნარცის, შენ ხომ დედა არ გყავს და არ ემორჩილები? უდედოდ არ შეიძლება სიყვარული… უდედოდ არც სიკვდილი შეიძლება…. გოლდმუნდის ბოლო სიტყვებმა გულზე ცეცხლი წაუკიდა ნარცისს…“

თუმცა ქალური ენერგიის მორჩილმა და ქალთა მორჩილმა გოლდმუნდმაც ვერ იპოვა ბედნიერება.

დასკვნით ნაწილში კი მდიცინის დარგში ნობელიანტ პროფესორ როჯერ ვ. სპერის Roger W. Sperry დავიხმარ: „უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ აზროვნების ორი სახე არსებობს: ვერბალური და არავერბალური, რომელთა ცენტრებიც ერთმანეთისაგან გამიჯნულად მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროშია. ჩვენი განათლების სისტემა, ისევე როგორც სამეცნიერო სფერო, საყოველთაოდ მიდრეკილია იქით, რომ ინტელქტის არავერბალური ფორმა უგულვებელყოს; ამას კი შედეგად მოსდევს საზოგადოების მხრიდან მარჯვენა ნახევარსფეროს დისკრიმინაცია. მონაცემთა საფუძველზე ვასკვნით, რომ ნაკლებდაფასებული მარჯვენა ნახევარსფეროს განსაკუთრებული უნარი მის მიერ მიღებულ გაღიზიანებათა უწყვეტ სინთეზურ გადამუშავებაში მდგომარეობს. ხოლო დიდად აღიარებული, მეტყველების განმაპირობებელი მარცხენა ნახევარსფერო მკაცრად ლოგიკურ-ანალიტიკურად – მსგავსად კომპიუტერისა – ოპერირებს.”

ვფიქრობ, რომ ახალი ცნობიერების ადამიანი არის უფრო სრული და დუალისტურ სამყაროზე ამაღლებული. ახალი ცნობიერების ადამიანი დიალოგის და ურთიერთქმედების ადამიანი, ეს ცნობიერება კი გამოიხატება: მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგსა და ურთიერთქმედებაში, აპოლონურისა და დიონისურის სინთეზში, ქაოსისა და კოსმოსის მონაცვლეობაში, ფორმისა და შინაარსის შესაბამისობაში… რაც განათლების სისტემაშიც უნდა აისახოს.

სტატიის სათაურში დასმული კითხვა: ნარცისი თუ გოლდმუნდი? პასუხი ასეთია: უწყვეტი დიალოგი და ურთიერთქმედება მათ შორის, რაც წარმოშობს ახალი ცნობიერების ადამიანს. შინაარსი, რომელიც გავლენას ახდენს ფორმაზე და ფორმა, რომელიც მოქმედებს შინაარსზე… ფიქრობთ, ეს როგორ შეიძლება? მაშინ დალიეთ ერთი და იგივე ყავა განსხვავებული ჭურჭლით და მიხვდებით, რომ ფორმამ გემოზე მოახდინა გავლენა და თუ ეს ასე არ მოხდა, თქვენი ფორმისა და შინაარსის დიალოგი ჯერ კიდევ არ არის ურთიერთგავლენა და კიდევ სცადეთ!

 „აზროვნების  ექვსი ქუდი“ – მეთოდის ეფექტური გამოყენება ინგლისურის სწავლებაში

0

კაცობრიობის ყველა მიღწევა ადამიანის აზროვნების შედეგია. აზროვნება იწყება იქ, სადაც ჩნდება პრობლემა და მისი გადაჭრისთანავე მთავრდება.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეცნიერთა დიდი ნაწილი აზროვნებას ინდივიდის პიროვნულ თვისებად თვლიდა და მის გაუმჯობესებას შეუძლებლად მიიჩნევდა. დღეისათვის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. ის ასახულია სასკოლო პროგრამებშიც.

საზოგადოდ, კრიტიკული აზროვნებისთვის დამახასიათებელია: კითხვების გაჩენა, მოსაზრებების გამოთქმა, ახალი იდეების წამოყენება, სხვადასხვა არგუმენტის მოშველიება, პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტა. იფიქრო კრიტიკულად, ეს ნიშნავს: გამოამჟღავნო ცნობისმოყვარეობა, გამოიყენო კვლევითი მეთოდები, დასვა კითხვები, შეადგინო პასუხების მოძიების გეგმა, გამოააშკარაო ფაქტები და მიზეზები,  ჩამოაყალიბო ლოგიკური დებულებები, ყურადღება მიაქციო ოპონენტის არგუმენტებს და ლოგიკურად უკუაგდო ისინი.

კრიტიკული აზროვნების მეთოდებს შორის განსაკუთრებულია ედვარდ ბონოს მოსაზრებები და მისი ნაშრომი : „აზროვნების ექვსი ქუდი“.

ავტორის შეხედულებით ადამიანის აზროვნება ყოფიერების პროცესში თანდათან ცალმხრივი, სტერეოტიპული ხდება. ეს დამტკიცებულია უამრავი ფაქტით: რელიგიით, განათლებით, მორალით და ა.შ. გარდა ამისა, აზროვნების პროცესი დაკავშირებულია ადამიანის ხასიათთან, ემოციებთან და ინტუიციასთან.

ფიგურულად ექვსი ქუდის გამოყენების ტექნიკა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნახატი სხვადასხვა ფერის ფანქრებით. ნახატი ფერადია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფერია გამოყენებული, ასევეა დე ბონოს მეთოდის შემთხვევაშიც, სიტუაციის მთლიანი ხედვა მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ყველა „ქუდს დავიხურავთ“.

რა ხდება ქუდების გამოცვლისას? ვიხურავთ რა აზროვნების ქუდს, ვირგებთ როლს, რომელზეც ეს ქუდი მიუთითებს (რომელთანაც ეს ფერი ასოცირდება). ვიხდით რა კონკრეტული ფერის ქუდს, ჩვენ გამოვდივართ ამ ტიპის აზროვნებიდან. ერთი ქუდის მეორით შეცვლისას მყისიერად ხდება აზროვნების „გადართვა“. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, რომ აზროვნების მდინარება ისე სხვა კალაპოტში მოვაქციოთ, რომ „არ გავღიზიანდეთ“. ჩვენ კი არ უარვყოფთ გამოთქმულ მოსაზრებას, არამედ „ვითხოვთ“ მის შეცვლას;. ჩვენი აზრის გამოხატვისთვის უბრალოდ ვამბობთ, ვაცხადებთ, რომელ ქუდს ვიხურავთ და ამით ვაჩვენებთ, აზროვნების რომელი ტიპის გამოყენება მიგვაჩნია ეფექტურად. მაგალითად, უბრალოდ ვამბობთ, რომ ვირჩევთ შავ ქუდს, რითაც ვიღებთ იდეის განხილვის შესაძლებლობას, ოღონდ ისე, რომ „თავს არ ვესხმით“ იმ ადამიანს, რომელმაც ეს იდეა შემოგვთავაზა.  რას ნიშნავს აზროვნების ექვსი ქუდის ექვსი ფერი?

წითელი ქუდი – წითელი ცეცხლოვანი აზრების გამომხატველი ფერია. წითელი ქუდი დაკავშირებულია ემოციასთან, ინტუიციასთან, გრძნობებსა და წინათგრძნობებთან. აქ აუცილებელი არ არის რამის დასაბუთება. გრძნობები არსებობს და წითელი ფერი მათი წარმოდგენის საშუალებას იძლევა.

ყვითელი ქუდი – ყვითელი ფერი მზისა და ოპტიმიზმის გამომხატველია. ამ ფერის ქვეშ ვცდილობთ მოვიპოვოთ ღირსება და საუკეთესო წინადადებები, პერსპექტივები და შესაძლო მოგება; ვცდილობთ გამოვავლინოთ ფარული შესაძლებლობები.

შავი ქუდი – შავი ფერი მოგვაგონებს მოსამართლის მანტიას და გამოხატავს სიფრთხილეს, კრიტიკულ განწყობას. იგი გვიჩვენებს რისკების არასაკმარისობას და მიგვითითებს, რატომ ვერ განხორციელდება ესა თუ ის დეტალი.

მწვანე ქუდი – მწვანე ფერი მცენარეებს მოგვაგონებს, ზრდას, ენერგიას, ცხოვრებას. მწვანე ქუდი – ეს შემოქმედებითი რეჟიმია, იდეების გენერაციაა, არასტანდარტული და ალტერნატიული შეხედულებებია.

თეთრი ქუდი – თეთრი ფერი ქაღალდზე სავარაუდო აზრების გადატანაში გვეხმარება. ამ დროს ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ იმ ინფორმაციაზე – ფაქტებსა და ციფრებზე, რომელსაც ვფლობთ ანდა რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. ვიხურავთ რა თეთრ ქუდს, ამით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ველით სრულ ინფორმაციასა და ფაქტებს.

ლურჯი ქუდი – გამოიყენება განხილვის დასაწყისში, ამოცანის დასახვისას და შედეგების განსაზღვრისას (რისი მიღება გვინდა შედეგად). ის თავად აზროვნების პროცესზე დაკვირვების, მისი მართვის რეჟიმია (მიზნების ფორმულირება, შედეგების შეჯამება და ა.შ.).

რატომ ქუდები? ქუდი ადვილი გამოსაყენებელია. ნებისმიერი ფერის ქუდის „დახურვისას“ თამაშის მონაწილეთა ყურადღება მიმართულია საკითხის ერთი კუთხით განხილვისაკენ. პროცესი იმართება ერთ-ერთი მონაწილის მიერ, ეს შეიძლება იყოს მასწავლებელიც.

ედუარდ დე ბონოს მიერ შემოთავაზებული მეთოდის არსი მარტივია, მისი აზრით აუცილებელია „აზროვნების დანაწევრება“, რაც ნიშნავს ფიქრს მხოლოდ ერთი მიმართულებით – ფაქტის განცალკევებას ემოციისგან, მოსაზრების განცალკევებას ახალი იდეისაგან და ა.შ. მეთოდის მთავარი მიზანია, ყველა მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება გამოყენებული იქნას ექვსივე მიმართულებით.

ჩატარებული კვლევების თანახმად „აზროვნების ექვსი ქუდის“ გამოყენება შეიძლება ნებისმიერ საგანში, ნებისმიერ სააზროვნო სიტუაციაში.

განვიხილავთ ედუარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდის“ გამოყენებას ინგლისური ენის გაკვეთილზე ზოგიერთი აქტივობისთვის.

 

Using “six thinking hats” at the English lesson

Warm up

As we mentioned above, we can use “six thinking hats” at any stage of the lesson, e.g. as a warm up exercise at the beginning of the lesson;

The teacher puts the question: “   You are having a party at home, you are dancing on the music and having fun. Your neighbor asks you to turn down the volume of your CD player. What would you do? The teacher gives students 5 minutes to express their ideas using hats.

Expected answers:

White Hat: Describes the situation as it is.

Red Hat: It is not fair, if the neighbor is kind, she should take into account that kids do want have fun.

Yellow Hat: It’s better to sympathize with the neighbor’s caprice.

Black Hat: Our guests would be annoyed, without the music they might leave the party.

Green Hat: Let’s apologize to the neighbor for being too loud.

Blue Hat: Let’s think about what color of hat is better to put on and decide how to solve the problem. We’d better put on the green hat (or any answer students feel possible)

Using “six thinking hats” for the stories in the literature  at higher grades

Putting the White Hat on, students think about information and facts about the book or story; e.g.) a) Title, b)  Author and illustrator, c) Plot, d) Characters’ names, what they look like, e) Setting

Putting the Red Hat on, students discuss feelings, likes and dislikes

  1. a) How did the book make you feel?
  2. b) How did you feel when the character did……?
  3. c) How did the ending make you feel?
  4. d) How did the ending make you feel?
  5. e) Did you like the story, illustrations, characters etc.?

Putting the Yellow Hat on, students discuss benefits, good points, advantages about the story

Putting the Black Hat on, students speak about disadvantages, dangers, problems in the book or in the story

  1. a) What are the dangers involved in visiting/doing/meeting…..?
  2. b) What are the disadvantages?

Putting the Green Hat on, students discuss new ideas, creating, adapting, innovating facts

  1. a) Let’s write a new ending
  2. b) Write an acrostic about the main character
  3. c) Draw new illustrations for the story
  4. d) Think of a different way to solve the problem
  5. e) Write an innovation on the story

Putting the Blue Hat on, students control which hat goes on and off, blue hat tells us when to switch hats and indicates what type of thinking is needed.

Above mentioned methodology can be used for any material in the textbook, but we’ve chosen some texts for higher grades:

  1. New Inspiration, Level 2, grade 8, p.88 “I’m a Celebrity – Get Me out Here!”
  2. New Inspiration, Level 3, grade 9, p.16, “It All Started in the Bus”
  3. Gateway A2, grade 10, p.67, “What’s in your Food?”
  4. Gateway B1, grade 11, 44, “Health Problems and Illness”
  5. Gateway B1+, grade 12, p.45, “The Future of Food”

Let us take one of these texts and shape it to this methodology:

New Inspiration, Level 3, grade 9, p.16, “It All Started in the Bus”

White hat gives information about the text based on the facts the presenter should be free from the personal feelings and emotions and mentions about where does the action takes place? (on a bus), who is the main character? (Rosa Parks), where does she work? (at the department store) etc.

Red hat expresses feelings-what does the student feel, expresses emotions freely in light colors.

Black hat sees the negative sides of the case, what is happening in the bus, what are the risks, finds weak points, what is the threat?

Yellow hat expresses the optimism, finds the positive sides in the story, the relevant question is- what are the benefits in this case? What are the positive sides? (Many historians believe that the movement began with Rosa Parks’ action on the Cleveland Avenue bus)

Green hat gives possibility to activate students critical thinking skills once more, this time they think about the new ways to solve the problem, students think about alternatives, new approaches to the problem

Blue hat acts as a facilitator, he/she manages the thinking process, sums up all results, and blue hat is a reflexive hat.

Using “six thinking hats” for the class project “Living Together”  at higher grades

Brief Description of the Project

Project “Living Together” consists of five units:

  1. Migration
  2. Integration
  3. Tensions
  4. Whose values should dominate?
  5. Participation in public life. Project can be performed

Project can be performed at higher grades. Problems put in the project is familiar not only for one country, but for all the countries all over the world including Georgia

Materials for the project is available at – teachingenglish.org.uk

Teachers feel free create:

  • Class discussions on current events relevant to students’ lives
  • Community service programs related to students’ needs
  • Decision-making tasks
  • Implementing role-plays

We can create kind of graph, or our own storyboard

 

Using “six thinking hats” for the managing debates

“Civic Education Makes Us What We Are!”

Before we start debates, we should give students some rules for debates or interaction tips:

  • Don’t interrupt each other
  • Respect your opponent’s point of view
  • Don’t use offensive words
  • Keep time limit (each student speaks not more than a minute)
  • Use appropriate addressing:

– I agree with you but …

– Why not?

  • I completely disagree with you because…
  • I am sorry, can you repeat this again?
  • Really? I think that…
  • What do you mean?
  • I agree completely, etc.

Debate in civic education

Goals for the debate:

  1. To build up good citizenship skills
  2. To apply critical thinking and analyses
  3. To make our community better

Main point for the debate: Citizenship education is not about giving directives on what to do. It is a process by which students are helped to make decisions in their everyday life based on-judging what is right, and doing what they believe to be right, even in the face of pressure from outside or temptation from inside.

Discussion Topics

  • Which of these positions most closely matches your own beliefs?
  • Which of the following makes you feel the best?
  • Being secure.
  • Being free.
  • Protecting the rights of others.
  • Will citizens who possess integrity always make wise and good decisions? Explain your answer.

A teacher with students choose any topic appropriate for the debate and solve the problems by using Edward De Bono’s methodology “Six Thinking Hats”

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ელისო კეკელიძე: „ედუარდ დე ბონო – აზროვნების ექვსი ქუდი“ 2015;
  2. მარინა ჩხიკვაძე: „როგორ ვასწავლოთ აზროვნება“;
  3. მაია ფორჩხიძე: „კრიტიკული აზროვნების განვითარება“;
  4. Edward De Bono: “Think Creatively”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...