ორშაბათი, მაისი 18, 2026
18 მაისი, ორშაბათი, 2026

Skype in the Classroom-ის გამოყენება უცხო ენის და არამარტო უცხო ენის გაკვეთილზე. მასწავლებლის პროფესიული განვითარება

0

დღეს, როდესაც სამყარო სწრაფად ვითარდება და ადამიანი თითქოს ვერც ასწრებს სიახლეების გათავისებას და გაანალიზებას, დადგა განსხვავებული გაკვეთილების დაგეგმვის საჭიროება. მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ სხვადასხვა უნარი, დავაინტერესოთ და დავანახოთ ამ ყველაფრის ცოდნის საჭიროება. ეს მათ მათ დაეხმარება, დაგეგმონ საკუთარი მომავალი კარიერა. მოსწავლისთვის აღარ არის საინტერესო მხოლოდ სახელმძღვანელოდან ნასწავლი გაკვეთილები. საგნის მიმართ ინტერესის გასაღვივებლად მათ მეტი სჭირდებათ.

Skype in the Classroom არის ონლაინსივრცე, რომელიც ათასობით მასწავლებელს შთააგონებს, დაეხმაროს ახალ თაობას  მსოფლიოს მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. მასწავლებელს საშუალება აქვს, მოსწავლეები მსოფლიოს სხვა მოსწავლეებს დაუკავშიროს და განახორციელოს მათთან ერთად პროექტი ან ერთჯერადად დაუკავშირდეს Skype-ით, მოიწვიოს ექსპერტი და მოსწავლეებს მისცეს  მასთან  Skype-ით საუბრის,  ექსპერტის შეხედულებების, ცოდნისა და გამოცდილების გაიზიარების საშუალება.

Skype-ის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს როგორც უცხო ენის გაკვეთილზე, ასევე სხვა ნებისმიერი საგნის სწავლების დროს. დღეს უკვე პორტალი სხვადასხვა ენაზე შიძლება ვთარგმნოთ და უცხო ენა ამ მხრივ ბარიერი აღარ არის. თუმცა მინდა შევეხო იმ უპირატესობებს, რომლებიც უცხო ენის გაკვეთილზე Skype-ის გამოყენებას აქვს.

უცხო ენის გაკვეთილზე Skype-ის გამოყენება მოსწავლეებში რამდენიმე უნარს ავითარებს. განსაკუთრებით ხელს უწყობს მოსმენის და მეტყველების განვითარებას. ეს ის უნარებია, რომლებიც მხოლოდ სახელმძღვანელოს გამოყენების შემთხვევაში ნაკლებად ვითარდება, ხშირ შემთხვევაში კი „აქილევსის ქუსლია“. მოსწავლისთვის ბევრად საინტერესოა სამიზნე ენაზე საუბარი, როცა ხედავს როგორ საუბრობენ და ცდილობენ ახალი საკომუნიკაციო ენის ათვისებას მეორე მხარეს მისი თანატოლი მოსწავლეები. ეს მათთვის დამატებითი მოტივაციაა.

იმისათვის, რომ მოვძებნოთ პარტნიორი მასწავლებელი და განვახორციელოთ Skypeჩართვა აუცილებელია დავრეგისტრირდეთ Microsoft-ის პორტალზე. Microsoft-ის პორტალზე დარეგისტრირებულ მასწავლებელს შეუძლია მოიძიოს პარტნიორი მასწავლებელი, რომელთან ერთადაც წინასწარ გეგმავს აქტივობებს, მოსწავლეთა ასაკისა და მათი უცხო ენის ცოდნის შესაბამისად. ასევე Microsoft მასწავლებლებს სთავაზობს Skype-ის სხვადასხვა სახით გამოყენებას.

ესენია:

  • Mystery Skype;
  • Virtual field trip;
  • Skype Lessons;
  • Guest Speaker;
  • Skype Collaborations;
  • Share your Expertise via Skype.

Mystery Skype არის თამაში გამოცნობაზე, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, ისწავლოს გეოგრაფია, სხვა ქვეყნების კულტურა, მსგავსება და განსხვავებები კულტურებს შორის და მათი თანატოლების ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;

Virtual field trip გაძლევთ საშუალებას, დაუკავშირდეთ სხვადასხვა მუზეუმს, ნაკრძალს, ზოოპარკს და დაათვალიეროთ ის საკლასო ოთახიდან გაუსვლელად;

Skype Lessons საშუალებას გაძლევთ, აჩვენოთ მოსწავლეებს მსოფლიო საკლასო ოთახიდან გაუსვლელად. გამოიყენოთ პირდაპირი ჩართვები და ექსპერტების მიერ შექმნილი აქტივობები კონკრეტული თემის ირგვლივ;

Guest Speaker-ის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი თემის ექსპერტი, რომელიც მოსწავლეებს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

Skype Collaborations გაძლევთ საშუალებას, დაუკავშირდეთ მასწავლებლებს მთელ მსოფლიოში და ითანამშრომლოთ კონკრეტულ პროექტზე. მაგალითად, თუ თქვენ ასწავლით ბიომებს, შესაძლებლობა გაქვთ, დაუკავშირდეთ იმ ბიომი-ში მცხოვრებ კლასს, რომელიც თქვენი ბიომი-დან განსხვავებულია;

Share your Expertise via Skype. თუ თქვენ ხართ გამოცდილი ექსპერტი კონკრეტულ საკითხში, მეცნიერი, მუშაობთ მუზეუმში ან ცხოველებთან, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და გაუზიაროთ მსოფლიოს მოსწავლეებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

ჩამოთვლილი აქტივობების შერჩევისას შეგიძლიათ სასურველი ენის არჩევა, მოსწავლეთა ასაკის, საცხოვრებელი ზონის /მდებარეობის, მათი ინტერესების, სასწავლო გეგმის საჭიროებების და საგნის მიხედვით. ასევე საჭიროა, მასწავლებელმა მოიძიოს პარტნიორი მასწავლებელი, დაგეგმოს მასთან ერთად განსახორციელებელი აქტივობა/ აქტივობები, გაააქტიუროს ინტერნეტკავშირი საკლასო ოთახში და განახორციელოს Skype ჩართვა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელებას სხვა ქვეყნის მასწავლებელთან ან მოწვეულ სტუმართან ერთად ვაპირებთ, სასურველია შესაბამისი უცხო ენის ცოდნა, რათა ინფორმაცია სრულყოფილად მივიღოთ, რომელიც შეიძლება თარგმნის დროს დაიკარგოს. პორტალს აქვს ფილტრი, სადაც ჩვენთვის სასურველ ენაზე წარმოდგენილი მასალების მოძიებაა შესაძლებელი.

აქტივობების უცხო ენაზე განხორციელება მასწავლებელს ეხმარება, გახადოს უცხო ენის გაკვეთილი უფრო საინტერესო  და საშუალება მისცეს მოსწავლეებს საკლასო ოთახიდან გაუსვლელად ნახონ სამყარო, სადაც მათი თანატოლები ცხოვრობენ და გაიზიარონ მათი გამოცდილება. მოსწავლე ახდენს ცოდნის ტრანსფერს და ხედავს, როგორ შეიძლება გამოიყენოს ცოდნა საკლასო ოთახის მიღმაც.

აღნიშნული აქტივობები და პორტალზე მუშაობა მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება. აქ  შესაძლებელია მასწავლებლისთვის ონლაინკურსების გავლაც, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო უნარებისა და Microsoft-ის სხვადასხვა ინსტრუმენტების ასათვისებლად, რაც მას დაეხმარება სასწავლო რესურსების შექმნაში. ხოლო მოსწავლეები განივითარებენ სხვადასხვა უნარს, მათ შორის – მოსმენის, მეტყველების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის და ა. შ. უნარებს.

ამრიგად, Microsoft-ის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა აქტივობები Skype in the Classroom-ის გამოყენებით მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს განსხვავებული თანამედროვე გაკვეთილები და დააინტერესოს მოსწავლეები, ასევე იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.

გამოყენებული რესურსები: https://education.microsoft.com

 

 

 

გააპროტესტე (ხელო)ვნებით ანუ პროტესტის რიტორიკა

0

ეს სამყარო აზრის ფორმაა. ეს აზრი კი განსხვავებულად და ათასგვარად  შეიძლება გამოიხატოს (აუდიალურად, ვიზუალურად, ვერბალურად…) ხელოვნება – აზრის გამოხატვის განსაკუთარებული ფორმატია, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია არა იმდენად გამოხატავის საგანი, არამედ ფორმა…. ის, თუ როგორ გამოიხატება. გამოხატვის ფორმის მიხედვით ვაფასებთ აზრს, იდეას, სათქმელს… იმაზეც ვთანხმდებით, რომ ჩვეულებრივი მეტყველებისაგან განსხვავებით ხელოვნებას მეტი ზეგავლენა აქვს ჩვენს ცნობიერსა თუ არაცნობიერზე და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვიმახსოვრებთ აზრს, რომელიც შემოქმედებითად, კრეატიულ ფორმატში გამოითქვა.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, რომელიც გადავსებულია ინფორმაციით, როგორ უნდა გამოვარჩიოთ მნიშვნელოვანი აზრი უმნიშვნელოსგან…? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ის გვეჩვენება, რაც კრეატიულად გამოითქვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ასეთი გამორჩეულობა ხდება. სხვა საკითხია: რამდენად ჭეშმარიტია ის, რაც შემოქმედებითად ითქვა… დამერწმუნეთ, რომ ამის განსჯის დრო დაკარგა ადამიანმა. მის ყურადღებას იქცევს მხოლოდ რაღაც, რაც გამორჩეულად გამოიხატა. ინდივიდის შინაგან ეთიკას უნდა მივანდოთ ეს საკითხი. ანდაზა – „მღვდელი ჭილობში იცნობა“ – კარგავს აქტუალურობას. ამირანის გულში ნამღერსაც ვერავინ გაიგებს, თუ არ გაახმოვანებს ამირანი.

ციფრული რეალობა თავის ახალ კანონებს ქმნის და გვთავაზობს და ამას მაშინ ვაცნობიერებთ, როცა ვხედავთ, რომ რაღაც ისე აღარ ხდება, როგორც ხდებოდა.

პროტესტის (პირადი თუ სოციალური) გამოხატვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიყვარულის ახსნა (თუ თვლით, რომ ეს აუცილებელი არ არის, ცდებით…). ტრადიციული ფორმები აქაც უკვე მოსაწყენი გახდა. უკვე რამდენი წელია, სოციალური პროტესტის გამოხატვის ძირითად ფორმად ქუჩაში სტიქიური გასვლა და „.. -ჯოს! …-ჯოს! და „გადადექის“ ძახილია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ წრეზე ვტრიალებთ და ისე შევეჩვიეთ, პერიოდულად ამ გავარდნის სურვილი უკვე რეფლექსით გვიჩნდება, თითქოს სისხლში გადაგვივიდა. არა და, მართლა რამდენი რამ არის გასაპროტესტებელი…. ჩვენ კი თითქოს ეს მოგვწონს: გავვარდებით, ვიყვირებთ, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, ორთქლს გავუშვებთ და წავალთ სახლში. თითქოს მიზანი „ქუჩაში გავარდნა“ იყოს და არა ცვლილებები. მერე მალევე გვავიწყდება ის, რისთვისაც ქუჩაში გავვარდით და ასე გრძელდება…  ოჯახური პროტესტებიც ცემა-ტყეპვით, აგრესიით, მოკვლით, დასახიჩრებით გამოიხატება, როცა სიყვარული იკლებს, პირდაპირპროპორციულად იმატებს აგრესია. სიყვარულის ნაკლებობას მხოლოდ ეს ადგენს – მოძალებული აგრესია და მსხვრევა-მტვრევის და არა შეცვლის სურვილი! გვირჩევნია, მუშტები ვიქნიოთ, ვიდრე ვიფიქროთ…  რა ვიცი, 21-ე საუკუნის ადამიანს ეკადრება ისევ გამოქვაბულში ყოფნა? მე ის ვიცი, რომ სლოგანი: „გამოდით გარეთ, თქვე ჩმორებო“ – მოძველდა და არაადექვატურია. მით უფრო ციფრულ ეპოქაში, რომელშიც ისედაც ყველანი „გარეთ ვართ“. სოციალური ქსელი უსწრაფესად ავრცელებს ინფორმაციას და ეს კონტექსტი უკვე ცვლის გამოხატვის ფორმებს.

ამ შესავლით იმის თქმა მინდა, რომ მომავალში საზოგადოებაზე ძლიერი ზეგავლენა ექნება პროტესტის მხოლოდ იმგვარ ფორმებს, რომლებიც წინასწარ კარგად მოფიქრებული, გააზრებული და შესაბამისი ფორმით იქნება გამოხატული და იქნება იმდენად კრეატიული და შემოქმედებითი, რომ დიდი ძალისხმების გარეშე მთავარ გზავნილს ძალდაუტანებლად მიიტანს ადრესატამდე; შესაბამისად, აღარც ჯარის გამოსვლა იქნება საჭირო ქუჩაში მოსალოდნელი ძალადობის აღსაკვეთად, რადგან პროტესტის შემოქმედებითი ფორმების გავლენა ძალადობას და აგრესიას არ ეფუძნება, სამაგიეროდ, ყველაზე პირდაპირი გზავნილია ცნობიერებისათვის. ხომ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ აზრის გამოხატვის ისეთ ველურ ფორმებზე, როგორიცაა: თავ-პირის დალეწვა, თავში წამორტყმა, ხელების გაგადრეხვა, წიხლქვეშ გაგდება, ტაბურეტკებით სირბილი, ჩაცუცქვით საქმეების გარჩევა და ასე შემდეგ. ჰო, ვიცი, რომ ეს ფორმები ბოლომდე არასდროს ჩაბარდება ისტორიას, მაგრამ ხომ შეიძლება, შევამციროთ? ყველა დაიღალა ამის ყურებით….

ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში შემოქმედებითი ადამიანები სოციალურად უფრო აქტიურები პროტესტის გამოხატვითაც უნდა გახდნენ, პროტესტის გამოხატვაც შემოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ქუჩაში გასვლის გარეშე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალითაც კი შედეგს მოიტანს. ნამდვილად არის ამის მცდელობები ქართულ კულტურაში და ამ თემის აქტუალიზებით მინდა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს სოციალური პროტესტის შემოქმედებითი ფორმები. ერეკლე დეისაძის  „რაც მამას უნდა“ -ს მეტაფორამ იმდენი გააკეთა ქართულ ცნობიერებაში, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ. მე მახსოვს სტუდენტები, რას ფიქრობდნენ, როდესაც პირველად მოისმინეს ეს სიმღერა და ტექსტი და მახსოვს, რამდენიმე თვის შემდეგ რასაც ამბობდნენ (ვაკვირდებოდი დიდი გულისყურით ამ პროცესებს). თავიდან ბრაზობდნენ, მერე ფიქრობდნენ და ბოლოს ამბობდნენ: მართალია! ბოლოსდაბოლოს, იმასაც მიხვდა საზოგადოება, რომ ერეკლეს მამის სიძულვილი არ აწერინებდა. არა და, ის შემთხვევებიც კარგად მახსოვს, რაც მისი წიგნის -„საიდუმლო სირობის“ – განხილვას მოჰყვა ილიას უნივერსიტეტში. მახსოვს, აუდიტორიაში შემოვარდნილი მმკ-ს წევრები დაქსეროქსებული წიგნის ტექსტებით (რადგან ყველა ეგზემპლარი სასწარფოდ გაიყიდა), მახსოვს, როგორ დევნიდნენ ამ ნიჭიერ ადამიანს…

ამ ბოლო დროს რით გახდა პოპულარული სრულიად უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი „პანდა“? სტერეოტიპების ირონიზებით და ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე გამოხატვით ზოგი ააფორიაქეს, ზოგი – გააბრაზეს, ზოგი – დააფიქრეს…

ხელოვნებით გავლენა ყოველთვის უფრო ღრმაა და რაც უფრო შემოქმედებითია გამოხატვა, ზეგავლენაც მით უფრო ძლიერია.
სოციალური პროტესტის მრავალი ფორმიდან კიდევ ერთი იკიდებს ფეხს ჩვენს კულტურაში – ქუჩის არტი. ამ არტის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, ანუ არტისტია გაგოშა, იგივე გიორგი გაგოშიძე. მის მიერ გამოხატული პროტესტიც მრავალგვარია. თბილისის ქუჩებში, შენობებზე თუ გადასასვლელებში გაგოშას ხელწერა ყურადღებას იქცევს და გულგრილად ვერავინ ჩაუვლის… ერთი ფრაზა მაინც გაჰყვება. რადგან გიორგი ბევრს ფიქრობს იმაზე, როგორ მიიტანოს მთავარი გზავნილი საზოგადოებამდე. პროტესტის ხლოვნებით გამოხატვა იმითაც არის საინტერესო, რომ შემოქმედს არ სჭირდება, მოუძახოს თანამზრახველებს, მოდით და ნახეთ, რას ვაკეთებ, გამოდით, გვერდში დამიდექით! რა თქმა უნდა, მას ჰყავს თანამოაზრეები, მაგრამ ყველაფერს დამოუკიდებლად წყვეტს და იმასაც, რომ იცის, გარკვეული შენობების მოხატვა „საშიშიცაა“, შეიძლება, დაიჭირონ კიდეც, მაგრამ ესეც გაცნობიერებული აქვს და პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ საკუთარ თავზე.

ინტერნეტსივრცეში (netgazeti,ge) ვასო კუჭიხიძის საინტერესო წერილი წავიკითხე პროტესტის კულტურაზე. სტატიაში საქართველოში პროტესტის გამოხატვის დაბალი კულტურა შემდეგი ფაქტორებითაა ახსნილი:

საქართველოში პროტესტის გამოხატვის დაბალი კულტურა ძირითადად რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. არტის ელემენტები, რომელიც პროტესტს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს საზოგადოებაში, იქმნება ხელოვნების მიერ, საქართველოში კი ხელოვნება კონფორმიზმის ჭაობში იხრჩობა და ხელოვანები კი პირადი კეთილდღეობის მოპოვებისთვის იღწვიან. მათ პოზიციას კარგად ესადაგება გიორგი ხასაიას მიერ ქართულად თარგმნილი ლექსი ვისთვის მუშაობთ თქვენ კულტურის მოღვაწენო?“

 

აქვე გ. ხასაიას და ვ. ნაცვლიშვილის ამ თარგმანიდან ფრაგმენტსაც მოგაწვდით:

ა.ბრენერი, ბ.შურცი

ვისთვის მუშაობთ თქვენ კულტურის მოღვაწენო?“

 

არამზადებს უნდა ელაპარაკო პირდაპირ, ენის მოჩლექვის გარეშე,

მთელი დღევანდელი კულტურა ესაა გონებასუსტ მეძავთა თარეში.

კუ-კლუქს-კლანი კომუფლირებულ ბალახონებში – აი, დღევანდელი არტისტები,

ორმაგი აგენტებიც კი არ არიან, არამედ უბრალოდ ლპობაშეპარული ფაშისტები,

პოეტუნები მთელ დროს შაქრის პუდრის ყლაპვასა და ვისკის წრუპვაში ატარებენ,

ამ დროს კი სიერა-ლეონეში მათლაფიდან აყროლებულ სითხეს ლოკავენ პატარები,

მხატვრები თავს გვაჩვენებენ, ვითომ არიან ღმერთები და შეშლილები,

ამ დროს კი ავღანეთში დევნილებს ნაწლავები უცახცახებთ შიმშილისაგან…

(და ასე შემდეგ….)

 

P.S. იმით დავსრულებ, რითიც დავიწყე: გააპროტესტე (ხელო)ვნებით! ეს სლოგანი 3 წაკითხვას მოიცავს: 1) გააპროტესტე ხელოვნებით; 2) გააპროტესტე ვნებით და 3) გააპროტესტე ნებით!

დევნილი თეატრის შვილები  

0

მათზე როცა ვფიქრობ, საიდანღაც მოდის ძალა და ჩემს პირად შიშებს მამარცხებინებს. იმასაც ვხედავ, როგორ იზრუნა ვიღაცამ, ჩვენ ზემოთ ჩვენ ჩაურევლად რომ ალაგებს ხოლმე მიზეზებს და შედეგებს, და მათგან რაღაც იმაზე მეტი შექმნა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ვგრძნობ, რაც კი რამე თქმულა და დაწერილა, ან ხმამაღლა გაფიქრებულა – კაცთა შორის სიყვარულზე, ძმობაზე და თავისუფალ სულზე – როგორ ლამაზად გამოიხატება მათ არსებობაში.

არადა, ორ უფაქიზეს ქალზე ვფიქრობ და ვამბობ. მსახიობ ქალებზე – ლილი და ნანა ხურითებზე, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ ცხოვრობენ ქალაქის გარეუბანში, ყველაომგამოვლილები, უამრავი სიკვდილით და უფრო მეტი სიყვარულით გულდამძიმებულები, ჩუმად მოღვაწეობენ, მათთვის შემოქმედება ხომ ცხოვრების წესი კი არა, სულის მდგომარეობაა. ამიტომ, მათი ყველა ნაბიჯი თავისთავად შემოქმედებაა, კეთილშობილი და გადამდები.

სოხუმის თეატრის მსახიობები, ეთნიკურად ოსი, აზროვნებით და დამოკიდებულებით ქართველი, მასშტაბებში – ევროპელი კავკასიელი დები, ლილი და ნანა ხურითები. აი, ასე – ვისაც ჰქონია მათთან ურთიერთობის ბედნიერება, ამ მასშტაბებზე, ცოტა უცნაურ კონოტაციაზეც (ევროპელი კავკასიელი:) შევთანხმდებით.

საუბრით უფრო ბევრი ვისაუბრეთ. მკითხველამდე მხოლოდ ყველაზე საგულისხმოს გავუშვებ. დანარჩენი, მომავალი შეხვედრებისთვის…

ბავშვობა

ლილი

რეალობის აღქმა  ჩემში ბავშვობიდან იწყება. ფიქრებში ხშირად ვბრუნდები იქ. ჩემს ბავშვობას თამამად შეიძლება ბედნიერი და უზრუნველი ვუწოდო, თუმცა მასში სევდაც ბევრია, მონატრებაც…  მენატრებოდა მამა, არდადეგებზე, სოფელში ბებიასთან ჩასულებს, გამომშვიდობებისას გულში რომ ჩაგვიკრავდა, მაგრად ჩაგვკოცნიდა და ფეხით  გაუყვებოდა სოფლის გზას, საღამომდე თბილისში მიმავალი ბოლო ავტობუსისთვის რომ ჩაესწრო. ვიდექი გორაზე და გავცქეროდი მამაჩემის მძიმე ნაბიჯებით მიმავალ სილუეტს, ზოგჯერ  მთებს შორის რომ  ქრებოდა და  ჩნდებოდა. მერე თანდათან პატარავდებოდა, წერტილად იქცეოდა და უჩინარდებოდა. დაბინდებამდე ვიჯექი იქ. გავცქეროდი მთებს,  ფიქრებში ვაგრძელებდი მამას გზას და სამშვიდობოს გამყავდა, რომ შეღამებულზე მგლებს და ტურებს არ გადაჰყროდა.

მერე კი, ბებოს მოწვდილი ძალით დაღეჭილი ლუკმები, ღუმელზე  ჩვენს დასაბანად შემოდგმული წყალი, თავზე გადაფარებული საბანი, ჩუმი, შეკავებული სლუკუნი და საშველად მოფრენილი ძილის ანგელოზები.

დილიდან კი იწყებოდა ველური, თავაწყვეტილი და მართლაც უდარდელი ბავშვობა.

თბილისში წასვლის დროს კი – იგივე განცდები. ოღონდ ახლა გორაზე, ოთარაანთ ქვრივივით შავებში შემოსილი, ჯოხზე დაყრდნობილი, ჩვენკენ მომზირალი ბებოს სილუეტი პატარავდებოდა, წერტილად იქცეოდა და ცრემლთან ერთად ქრებოდა.

ნანა

მგრძნობიარე ბავშვი ვყოფილვარ. პრობლემური, ხშირად ავადმყოფობდი. ვინმე უცხოს, ჩემი სახელით რომ მოემართა ოდნავ ხმამაღლა, გული მერეოდა… დედას ასაცრელად რომ  მივყავდი, ექიმებს აფრთხილებდა, ხმამაღლა არაფერი უთხრათო. როგორც ჩანს, უცხო ადამიანების და გარემოს შიში მქონდა. საბავშვო ბაღშიც ამ მიზეზით არ დავდიოდი. ამიტომაც შეიკრიბნენ, მოითათბირეს და სოფელში გამიშვეს, როგორც ,,თავისუფლების“ მოყვარული. მთაში, ბუნებასთან, ცხოველებთან, ჩიტებთან ახლოს.

ბედნიერება…

ხშირად კინოკადრივით მახსენდება…

თოვლში გაკვალული გზა… წინ მამა და მამიდა, უკან დედა… შუაში მე, ბიძაჩემის კალთაში, როგორც თბილ ბუდეში… მხარზე თავჩამოდებული… ძილბურანში… და თოვლის მშვიდი ფანტელები… დაუსრულებელი და სასიამოვნო გზა სოფლისკენ, სადაც ბებიები (მამა და დედა ერთი სოფლიდან იყვნენ) და პაპა გველოდებიან…

სოფელი ღამით…

ჭრიჭინები… აქა-იქ ტურების ხმაც… მთელი სოფელი შემოკრებილი ბიძაჩემის რადიოსთან,  ბევრი ციცინათელა ჩემ გარშემო, ბევრი ,,ციცინათელა“ცაზე… რომელიც ერთი და იგივე მეგონა მაშინ…

დილა სოფელში…

ღვთისმშობლობის დღესასწაულის წინა დღეს მთელი სანათესავო ვიკრიბებოდით. ღამის 12 საათზე, ტრადიციულად სანთლებით და სამი ხაბიზგინით ხსნიდნენ სპილენძის დიდ ქვაბს, რომელშიც საგანგებოდ ამ დღესასწაულისთვის მოდუღებული სქელი, ოსური ლუდი თუხთუხებდა… დილის 4 საათიდან კი იწყებოდა შეპარული საუბრები, შეკავებული სიცილ-კისკისი, მამლის ყივილი, საქონლის ბღავილი. დიდი ოთახი, ძირს გაშლილი ლოგინები. ყველა ოჯახში ქალაქიდან ჩამოსული სტუმრები. აგიზგიზებული ცეცხლი და კოლექტიური ფაცი-ფუცი. „მთელი სოფელი ჩვენ ვიყავით“… სამი თაობა ერთად… ოთხიც…

გვყავდა ულამაზესი ძროხა „დიდო“, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.  ჩვენი შეხვედრა უნდა გენახათ, საძოვრიდან როცა ბრუნდებოდა! გვერდიდან არ ვშორდებოდი. არავის იკარებდა და არ აძლევდა საშუალებას მოეწველათ. მეც მეტი რა მინდოდა, კისერზე ვეკიდებოდი და მრგვალ, მოკაუჭებულ ლამაზ რქებზე ვეფერებოდი, ჩემთვის განკუთვნილი რძე რომ დაბრკოლების გარეშე მოეწველა ქეთო ბაბოს.

ჩემი ოთახის ფანჯრები შიგნით იღებოდა. დილით საძოვარზე რომ გადიოდა ჩემი ,,დიდო“, ეს ოთახი უნდა გამოევლო. უცნაურია – რქებს ურტყამდა ფანჯრებს, შემომბღავლებდა, რაც ძალიან მახალისებდა; და მიდიოდა, ჩემთვის რძის ჩამოსატანად. ასე გრძელდებოდა ყოველდღე… ერთ დღესაც, არ გააღო  ლამაზი რქებით ჩემი ფანჯარა… ხან რას მეუბნებოდნენ, ხან რას… მოვაო, საძოვარზეაო… მენატრებოდა!!! ველოდებოდი… ის კი არ ჩანდა… მოგვიანებით ამიხსნეს, რომ დაბერდა და… ეს იყო პირველი შეხვედრა სიკვდილთან. ჩემი „დიდო“…

შიში

ლილი

ერთხელ დედამ ნაჭრების მაღაზიაში გამიყოლა.  თამარ მეფის გამზირზე იყო ყველაზე დიდი ნაჭრების მაღაზია. მიყვარდა იქ სიარული. უამრავი ფერად-ფერადი ბრჭყვიალა ნაჭრის რულონი, ლამაზად შემოსილი მანეკენები და რაც ყველაზე მთავარია ნახერხი!!! პარკეტის იატაკზე უხვად მოყრილი ნახერხი, რომელსაც რაღაც სპეციფიკური მათრობელა სურნელი   ჰქონდა. სწორედ მაგ ნახერხში თამაშით გართულმა ისე დავკარგე დედაჩემი, რომ ამაზე მხოლოდ კარგა ხნის მერე გავიგე, თავი რომ ავწიე მისთვის ჩემ მიერ შექმნილი ნახერხის გუნდებით თავმოსაწონებლად. დედა კი არსად იყო.

სუნთქვა შემეკრა. აი, ეგ იყო პირველი ელდა. საზარელი შიში –   მე დავიკარგე! დავიკარგე და ვერასოდეს ვერავინ ვეღარ მიპოვის! დედააააა!!!!!!!

დედა მინდოდა ყველაზე მეტად იმ წამს! რა თქმა უნდა, შორს არსად წასულა. როდის-როდის, ვიპოვეთ ერთმანეთი და გულშიც ჩამიკრა. შიში უცებ სირცხვილმა შემიცვალა. ახლა დედაზე მეტად მამასთან ყოფნა მომინდა, სახლში.

ეს იყო ჩემი შიშები – მშობლიური სახლის, სითბოს, ადამიანების და მათთან ერთად საკუთარი თავის დაკარგვის შიში…

ენა

ნანა

თბილისში კი დავიბადე, მაგრამ 6 წლამდე სოფელში ვიზრდებოდი. ენა ქართულ-ოსურად ავიდგი თურმე. ჩემთვის გაუგებარი იყო და ვერ ვხვდებოდი ვერასოდეს, რას ნიშნავს ქართული და ოსური ცალ-ცალკე.

ჩემ დროს ,,0“ კლასი იყო. მახსოვს კარგად. ვიყავით ასო-ბგერა ,,ძ“-ზე. „ძ უ ა“ ,,ძ ი ძ ა“. მასწავლებელმა იკითხა – ,,აბა, ბავშვებო! რას ნიშნავს ,,ძ ი ძ ა“? ყველანი დადუმდნენ, მე კი დაუფიქრებლად ავწიე ხელი და თავდაჯერებულმა ვუპასუხე: ,,ძიძა არის ხორცი“!   ოსურად „ძიძა“ მართლაც ხორცს ნიშნავს და ძალიან გაკვირვებული დავრჩი, რომ აქ, ქალაქში ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

ლილი

ენა ქართული და ენა ოსური. რომელ ენაზე აღვიქვი სამყარო? ამ კითხვას ისევე ვერ ვცემ პასუხს, როგორც ბავშვობაში ჩემთვის ყველაზე სატანჯველ კითხვას – დედა უფრო გიყვარს  თუ მამა? არ ვიცი, ალბათ ორივე ენაში ერთდროულად დავსახლდი.

ენა ქართულად ავიდგი. დედა და მამა პირველად ქართულად წარმოვთქვი და დღემდე ასე მომდევს. საგნები და მოვლენები ქართული სიტყვებით შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში, მშობლები კი ოსურად მეფერებოდნენ.

ეზო, საბავშვო ბაღი, სკოლა, ქუჩა, ქალაქი – ქართულად. იავნანა, მოფერება,ზღაპრები, სახლი, სოფელი, ველური ბუნება – ოსურად.

ორივე ენამ თავის ფერებში შემოიყვანა რეალობა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ საერთო ღირებულებებით.

დროთა განმავლობაში ცხოვრება თავისი ტკბილ-მწარე ქარტეხილებითა და შეგრძნებებით ქართულ ენაზე აღვიქვი და უკვე ქართული ენა გახდა ჩემი სააზროვნო და საფიქრალი ენა. ოსურმა ენამ კი სადღაც ქვეცნობიერში გადაინაცვლა, მაგრამ მაინც ვახერხებდი ნათესავებთან ოსურ ენაზე ურთიერთობას, ქართული სიტყვების მოშველიებით.

მამაჩემის გარდაცვალება ჩვენს ქვეყანაში ტრაგიკულ მოვლენებს დაემთხვა. 9 აპრილი, ქაოსი, სამოქალაქო დაპირისპირება უკვე სახეზე იყო, ქართულ-ოსური კონფლიქტი, ავტონომიის გაუქმება… ჩემი ნათესავებისგან მაშინ თითქმის დაცლილი იყო თბილისი. სოფლიდან მამიდები და ბიძები ჩამოვიდნენ მამას სოფელში გადასასვენებლად. აქ აღარავინ დაგვრჩა, თქვენც მალე მოგიწევთ წასვლა და საფლავზე მიმსვლელი ხომ სჭირდებაო.

სამყარო თავზე დამექცა, ისედაც მამის დაკარგვისგან განადგურებულს. ერთი მხრივ, არ მინდოდა მამის გაშვება, მაგრამ აქ დარჩენისაც მეშინოდა მამას გარეშე.

საბოლოოდ გადაწყდა და მამა სოფელში გადავასვენეთ. სასაფლაოზე მამიდა ცუდად შეიქნა და მამას ზედ დააკვდა. მამა დავასაფლავეთ და სასაფლაოდან ისევ მიცვალებულთან ერთად დავბრუნდით. საშინელი სტრესი იყო. ოსურად მოვთქვამდი თურმე. მთელი ეს დღეები გამართული ოსურით დამიტირია მამა და მამიდა, ისე, რომ ერთი ქართული სიტყვაც არ შემიშველებია.

ღმერთო, ყველა დაიფარე განსაცდელისგან! ამ სიტყვებს ქართულად წარმოვთქვამდი მაშინაც და ახლაც!

მასწავლებელი

ნანა

1980 წელს დავამთავრე თბილისის 36-ე საშუალო სკოლა. ანუ, მე ,,საბჭოთა“ ბავშვი ვარ. ვიყავი ოქტომბრელი, პიონერი, კომკავშირელი. მეგონა, რომ ასაკთან ერთად გვაძლევდნენ ამ პირობით წოდებას.

„საბჭოთა“ ბავშვებზე, ოჯახთან ერთად, პასუხისმგებლობას იღებდნენ სკოლის დირექტორ-მასწავლებლები, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა კი დამრიგებელს ჰქონდა. თუმცა, ჩვენ ჩვენი თამაშის წესები გვქონდა და ამ წესებზე უხმოდ ვთანხმდებოდით – ჩვენ და მასწავლებლები. მაგალითად, ჩვენი დამრიგებელი გულიკო დარჩია, აღდგომის წინა დღეებში შემოდიოდა და გვეუბნებოდა, ბავშვებო რეიდები იქნება, წითელი კვერცხებით არ იაროთო და თვითონ უკვე თითები საღებავიანი ჰქონდა, წითელ პარასკევს კვერცხიც შეუღებავს და პასკაც გამოუცხვია. ბავშვებს ვინ რას გამოაპარებს  და ერთმანეთს ღიმილით ვუქნევდით თავებს…

ლილი

ჩემი მასწავლებლებისგან ვისწავლე, რომ სიკეთის კეთება და მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია ამქვეყნად, რომ უმთავრესი ღირებულება სამშობლოს განცდა, საკუთარი ქვეყნის და ისტორიის პატივისცემაა და რომ ამ ყველაფერს შენარჩუნება და დაცვა სჭირდება.

დღეს არანაკლები წნეხის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა ყოველი მხრიდან. ფასეულობებს დღესაც არანაკლები  დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

დიდი იმედი მაქვს, რომ „თავისუფალი“ ქვეყნის მასწავლებლებიც ღირსეულად დახვდებიან მსოფლიო გლობალურ პროცესებს, ეროვნულ ღირებულებებს მოარგებენ მათ და ისე გადასცემენ მომავალ თაობებს.

ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარული მიჩნდება ჩემი მასწავლებლების მიმართ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიცხოვრო ისე და ვიყო ისეთი, რომ ჩემს მასწავლებლებს თამამად ეთქვათ ჩემზე – ეს ჩემი მოსწავლე იყო!

სოხუმის თეატრი

ლილი

სოხუმის თეატრში ბატონმა დოდო ალექსიძემ მიმიწვია ჯესიკას როლზე,  სპექტაკლში ,,ვენეციელი ვაჭარი“, სადაც  შაილოკის როლი გოგი ქავთარაძეს უნდა ეთამაშა. ბატონი გოგისგან   შემოთავაზება მივიღე  სოხუმში გადავსულიყავი სამუშაოდ. მაშინ ცხინვალის თეატრში  სადიპლომო სპექტაკლებს ვთამაშობდი, ოსურ ენაზე. სოხუმში ნამყოფი არ ვიყავი. პირველად ბატონმა დოდომ წამიყვანა. გამთენიისას ჩავფრინდით. აეროპორტიდან გაკვირვებული ვათვალიერებდი საოცარ გზას თეატრამდე. თავი ზღაპარში მეგონა. თეატრთან ბატონი გოგი დაგვხვდა და საუზმეზე დაგვპატიჟა, იქვე, სასტუმრო „აფხაზიასთან“, ღია კაფეში, რომელსაც ადგილობრივები ,,კუკურ ჩაის“ ეძახდნენ…

თეატრში მისულმა, მალევე გავიფიქრე, რომ კონკიას ზღაპარი ამიხდა.

იმ პერიოდს „სოხუმის თეატრის ოქროს ხანა“ უწოდეს, რომლის შემოქმედი გოგი ქავთარაძე იყო, სოხუმის მართლაც რომ შესანიშნავ და გამორჩეულ დასთან ერთად. ჩემი შემოქმედებითი და პიროვნული თვითდამკვიდრება ამ თეატრში დაიწყო.

მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ამ თეატრს,  შემოქმედებითთან ერთად სხვა ფუნქციაც ჰქონდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი – ის აფხაზეთში „ქართულ სიტყვას“ ამბობდა.

სოხუმის თეატრმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ თეატრალურ სამყაროში. გარდა ამისა, ის იყო ცენტრი  ყველა კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრებისა აფხაზეთში. თეატრში იწყებოდა ის პროცესები, რომელსაც მაშინ თამამად ვარქმევდი ეროვნულ მოძრაობას. არ ვიცი, ალბათ ასეც იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ მოუმზადებლები აღმოვჩნდით თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე და ამის გამო ბევრი შეცდომა დავუშვით. დრო ალბათ ყველაფერს შეაჯამებს.

რაც შეეხება ჩემს ყოფას სოხუმში, იმდენად დაკავებული ვიყავი რეპერტუარში, რომ პრაქტიკულად თავისუფალი დრო არ მქონდა, სამი დღე თუ გამომიჩნდებოდა, თბილისში მოვრბოდი, მშობლებთან. ასე რომ, ჩემი სოხუმი თეატრთან ახლოს იყო. მშვიდობის პროსპექტი, ბარათაშვილის ხიდი, ბოტანიკური ბაღი და რასაკვირველია, სანაპირო.ზღვაში სულ რამდენჯერმე ჩავედი, ჩამოსული სტუმრების ხათრით. სოხუმის სილამაზით ტურისტები და არდადეგებზე ჩამოსული დამსვენებლები უფრო ტკბებოდნენ. მე კი, რეპეტიციები, პრემიერები, გასტროლები, საზოგადოებრივი აქტივობა, გაფიცვები, მსვლელობები… ბოლოს ომი!

ყველაზე სასიამოვნო მოგონებებიც კი ტკივილს მაყენებს, ამიტომ ვცდილობ ნაკლებად ვიფიქრო სოხუმში გატარებულ წლებზე. ის აღარასოდეს დაბრუნდება.  გურამ ოდიშარიას დავესესხები და ვიტყვი, ჩემი სოხუმი ზღვაში ჩაიძირა, დიოსკურიასავით.

ნანა

სოხუმში 1986 წელს ჩავედი. ამ დროს ჩემი და, ლილი უკვე სოხუმის ქართულ თეატრში მუშაობდა. გარკვეული წარმოდგენა მქონდა აფხაზეთზე, მაგრამ ნანახი მაინც სულ სხვა აღმოჩნდა. აფხაზეთი ჰგავდა ლამაზ კუნძულს, თავისი სუნით, ბუნებით, გამჭვირვალე ჰაერით.

დილის 7 საათზეც კი ყავის და ზღვის სუნი ირეოდა ერთმანეთში.

წარმოიდგინეთ, დილით ადრე გამოდიხარ, უნდა გამოიარო ,,ჩაი კუკურინო’’, სადაც განიხილებოდა მთელი მსოფლიოს ამბები, ანუ ეს იყო დილის დაიჯესტი. თან ჩაი უნდა დაგელია ხაჭაპურით. მერე იქიდან ყველა თავის სამსახურში მიდიოდა. ყველას თავისი საქმე ჰქონდა. შუადღისას, შესვენებაზე, ზოგი ამირანის ყავას მიირთმევდა, ან ,,ნართაში’’ მიდიოდა. ეს ქალაქი იყო შენი, შენთვის ხელისგულივით გაშლილი და მოვლილი. „დიოსკურიაში’’ ფუჟერებით იყიდებოდა შამპანური, რაღაცნაირი ქალაქი იყო.

სოხუმი საინტერესო იყო თავისი კოლორიტი „გიჟებითაც”: „სვაბოდა’’, ,,მარადონა’’, „ტოლსტოი’’, ჩემი „შეყვარებული” – „კოწიკა’’. მათ ყველა იცნობდა… ისეთი აზროვნება ჰქონდათ, ბევრ პოლიტიკოსს შეშურდებოდა… ბევრ საინტერესო თემაზე დაელაპარაკებოდი. მათი თავშესაფარი თეატრი იყო, საერთო ენას უფრო მეტად, მაინც ჩვენთან პოულობდნენ.

ეს გარე კაფეები, ყოველდღიური ჩვეულებები, რომელიც ყველა იქ მცხოვრებს აერთიანებდა,  ყველაფრის მიმართ, რაღაცნაირად განსაკუთრებული დამოკიდებულება – ქმნიდა  სოხუმურ ხასიათს, რასაც სხვაგან ვერ ნახავდით.

საუბარი ისმოდა სხვადასხვა ენაზე: რუსულად, ქართულად, აფხაზურად, სომხურად, ბერძნულად. ჩემი აზრით სოხუმელს, აფხაზსაც და ქართველსაც რუსულ ენაზე საუბრისას, ზუსტად ერთნაირი აქცენტი ჰქონდათ.

……………

მე რომ ჩავედი, აფხაზური დასიც ჩვენს შენობაში იყო. ამ დროს უკვე გაყოფილები იყვნენ, მაგრამ აფხაზურ თეატრში რემონტი ჰქონდათ და ქართულ თეატრში მუშაობდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ნორმალური სიტუაცია და ურთიერთობები იყო.

სოხუმში ბერძნული თეატრიც ყოფილა ადრე, რომელსაც მე ვერ მოვესწარი, 80-იან წლებში, როცა იქ ვმუშაობდი, იყო ქართული და აფხაზური დასები და რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

სამწუხაროდ, ისეთ პერიოდსაც მოვესწარი, როცა აფხაზები აღარ გველაპარაკებოდნენ, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით, ერთმანეთის სპექტაკლებზე აღარ დავდიოდით. ორივე მხარე წამოეგო პროვოკაციას,  მერე დაიწყო მიტინგები, ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე მოკლეს ვოვა ვეკუა, იქედან უკვე განსაკუთრებით აირია სიტუაცია და ბოლოს ყველაფერი ომით დამთავრდა…

დევნილი თეატრი თბილისში

ლილი

თბილისში იძულებით გადასახლების შემდეგ… დიმა ჯაიანმა მოახერხა, ერთად შეგკვრიბა და დარჩენილებისგან დასი შეაკოწიწა. ეს ხსნის ერთადერთი გზა იყო. ბინა რუსთაველის თეატრის  მცირე სცენაზე დავიდეთ. პირველი სპექტაკლის ვითამაშეთ – „დიდოსტატის მარჯვენა“. ვითამაშეთ შავ სამოსში, კაცებს ჯარისკაცის ფარაჯები ეცვათ. კედელზე ომში დაღუპული მსახიობების ფოტოები ეკიდა. სცენები წყდებოდა იმ ადგილას, სადაც მათ უნდა ეთამაშათ და წუთიერი დუმილის შემდეგ ისევ გრძელდებოდა სპექტაკლი. სცენაზე შვილმკვდარი დედა თამაშობდა. ეს იყო სოხუმის თეატრის განაცხადი – „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“. დიმა ჯაიანმა თეატრი აღადგინა, ფეხზე წამოაყენა და ახალი სიცოცხლე შესძინა. და დაიწყო თეატრმა საინტერესო მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრება. სპექტაკლებს დგამდნენ რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ნუგზარ ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, ლევან წულაძე, გიორგი სიხარულიძე, დათო დოიაშვილი, გოჩა კაპანაძე, დათო საყვარელიძე, ბექა ქავთარაძე… საუკეთესო რეპერტუარი დააგვირგვინა  თემურ ჩხეიძის სპექტაკლმა ,,…ზღვა, რომელიც შორია“ (გურამ ოდიშარია), სადაც თეატრმა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია  გამოხატა და აფხაზეთში დაბრუნების მისეული ხედვა აჩვენა. თეატრმა ახალი ფუნქცია შეიძინა, ერთად ყოფნით და ჩვენი შემოქმედებით ჩვენი წილი აფხაზეთი გადაგვერჩინა, დაბრუნებამდე! ვახერხებდით კიდეც! 17 წელი ხელმძღვანელობდა დიმა თეატრს და ამ ხნის განმავლობაში ის ერთგვარ თავშესაფრად იქცა ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის. ერთმა მაყურებელმა ისიც გვითხრა, სანამ თეატრი არსებობს, სოხუმში დაბრუნების იმედი არ გამიქრებაო. კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებდით, მაგრამ…

დიმა ხშირად ჰყვებოდა, ჭუბერის გზა გოლგოთა იყო ჩვენთვის. საუბედუროდ, ამ გზაზე ყველამ ვერ შეძლო თავის კაცობის გადმოტანაო. დევნილობის პერიოდიც, სოხუმის თეატრისთვის, გოლგოთა იყო. ყველამ ვერ შეძლო ამ გზაზე „კაცობა“ გადმოეტანა. ასეთი ყოფილა ცხოვრება. კრიტიკულ მომენტში, ყველას არ შეუძლია მძიმე ტვირთის ტარება და მისგან სინდისის ხარჯზე თავისუფლდებიან.

დღეს „ჩემმა თეატრმაც“ ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა, მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებ. ვეცდები კიდევ ბევრჯერ ვთქვა ჩემი სათქმელი სცენიდან, და თუ ამას ვერ მოვახერხებ, არც მაგაში ვხედავ დიდ ტრაგედიას. მე კი არა, ისეთ ნიჭიერ და  გენიალურ   მსახიობს დარჩა სათქმელი უთქმელი, რომ ჩემი რა მოსატანია.

საოცნებო როლები არა მაქვს, მაგრამ მაქვს ოცნება. ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც  თითოეულ ადამიანს ექნება უპირველეს ყოვლისა სურვილი და მერე შესაძლებლობა რაღაც, იოტისოდენა მაინც გააკეთოს თავის ქვეყნის სასიკეთოდ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

კონფლიქტები  ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, კამათს და დამატებით არგუმენტებს არ საჭიროებს ის მოსაზრება, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება და განსაკუთრებით კი სასკოლო ცხოვრება წარმოუდგენელია კონფლიქტების გარეშე. ძალიან ბევრი პირობაა სკოლაში იმისათვის, რომ კონფლიქტებმა იჩინოს თავი – განსხვავებული ასაკის, განსხვავებული სოციალური სტატუსის, განსხვავებული ღირებულებების, მიზნების, ფასეულობების, განსხვავებული როლის მქონე ადამიანების ერთად ყოფნა ერთ სივრცეში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის კონფლიქტური სიტუაციების შესაქმნელად. მართალია, სკოლაში სრულიად განსხვავებული კატეგორიის ადამიანებს შორის შეიძლება იჩინოს თავი კონფლიქტებმა, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ხდება ბავშვებს შორის კონფლიქტები, რადგან ისინი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანები არიან, უჭირთ საკუთარი ემოციებისა და ქცევის მართვა, ჯერ კიდევ კარგად არა აქვთ გამომუშავებული ის უნარ-ჩვევები, რომლებიც კონფლიქტების მართვაში დაეხმარებათ. თუ გავითვალისწინებთ ადამიანური ურთიერთობების თავისებურებებს, შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტები გარდაუვალია და ის ტრაგედია ნამდვილად არ არის, თუმცა, ადვილი შესაძლებელია ძალადობაში, ტრაგედიაში გადაიზარდოს, თუ მისი მართვის სადავეებს ხელიდან გავუშვებთ.

იმისათვის, რომ შევძლოთ კონფლიქტების მართვა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება, უნდა ვიცოდეთ მათი გამომწვევი მიზეზები.

ბავშვებს შორის კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები:

  • ლიდერობის სურვილი და რომელიმე თანატოლის მეტოქედ, მიზნის მიღწევის პროცესში დამაბრკოლებლად და ხელისშემშლელ ფაქტორად აღქმა;
  • ბრძოლა აღიარებისა და თანატოლთა შორის მისთვის სასურველი ადგილის დასამკვიდრებლად;
  • ქედმაღალი დამოკიდებულება თანაკლასელთან და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დემონსტრირება;
  • წყენის არდავიწყება და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ გრძნობით ურთიერთობა თანატოლთან;
  • უპასუხო გრძნობა. ბავშვს ძალიან მოსწონს, უყვარს თანაკლასელი, მაგრამ, ის იმავე გრძნობით არ პასუხობს;
  • რომელიმე კლასელთან მეგობრობის სურვილი, რაც მეორე თანაკლასელისთვის მოსაწონი და მისაღები არ არის;
  • მასწავლებლის მიერ რომელიმე ბავშვის მუდმივად ქება, მისი სანიმუშოდ და მისაბაძად წარმოჩენა ადვილი შესაძლებელია ამ ბავშვთან თანაკლასელების მუდმივი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ბავშვები ხანდახან ძალიან დაუნდობლები არიან, შეიძლება ძლიერიც ისევე არ მოსწონდეთ, როგორც სუსტი;
  • მასწავლებლის უარყოფითი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, მისი მიუღებლობა. ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებში ჩართული აღმოჩნდებიან ხოლმე როგორც მასწავლებლების მხრიდან აღიარებული და მათი საყვარელი მოსწავლეები, ასევე ისეთებიც, რომლებიც მუდმივად საყვედურებს იღებენ პედაგოგებისგან.

მართალია, კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და არა მხოლოდ სკოლაშია გარდაუვალი, მაგრამ მათი სწორი მიმართულებით წარმართვით გარკვეული სარგებლობის მიღებაც არ არის გამორიცხული.  ცალკეულ სიტუაციებში კონფლიქტი ბავშვის სოციალური განვითარების  და მასში რიგი უნარ-ჩვევების (მოსმენის, კამათის, განსხვავებული აზრის აღიარების და ა.შ.) განვითარების ხელშემწყობიც კი შეიძლება გახდეს. თუმცა, ეს ყველაფერი უფროსების დახმარების გარეშე ვერ მოხერხდება.

რეკომენდაციები პედაგოგებისა და მშობლებისთვის ბავშვებში კონფლიქტური სიტუაციების სამართავად:

  • უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ, რომ ჩვენ თავად არ გავუკეთოთ პროვოცირება კონფლიქტებს ბავშვებში. მოვერიდოთ ცალკეული ბავშვების, როგორც ძაგებას, ასევე ზედმეტ ქებას და ამ გზით მათ გამოყოფას თანაკლასელებისაგან;
  • თუ არ გვინდა, რომ ბავშვი ჩაიკეტოს საკუთარ თავში, დაიგროვოს წყენა ყველაზე და ყველაფერზე, გახდეს აგრესიული და ადრე თუ გვიან კონფლიქტში ჩართულ მხარედ მოგვევლინოს, მოვერიდოთ მის გაკიცხვას და საყვედურებს სხვების თანდასწრებით, მაშინაც კი თუ ის მართალი არ არის;
  • ბავშვებს შორის კონფლიქტის დაფიქსირების შემთხვევაში შევეცადოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავერკვეთ სიტუაციაში, გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება;
  • გავითვალისწინოთ, რომ კონფლიქტის დროს თითქმის არასოდეს არის ერთი მხარე სრულიად უდანაშაულო და მეორე – დამნაშავე. უმრავლეს შემთხვევაში სიმართლე სადღაც შუაშია. ნუ გავაკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს. მოვერიდოთ „სასამართლო პროცესის“ მოწყობას და მტყუან-მართლის გამოვლენას. უკეთესი იქნება, თუ მოვახერხებთ და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მივიყვანთ იქამდე, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავებაში საკუთარ თავზე აიღონ;
  • სწორად შევარჩიოთ ბავშვთან საუბრის დრო. გაღიზიანებულ, წონასწორობადაკარგულ მოზარდთან საუბარი ხშირად უშედეგოდ მთავრდება. მივცეთ მას დამშვიდების, ემოციური წონასწორობის აღდგენის საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ დაველაპარაკოთ მომხდარსა და შექმნილ სიტუაციაზე;
  • ბავშვთან საუბრისას ვილაპარაკოთ მხოლოდ კონკრეტულ პრობლემაზე. ნუ განვავრცობთ საკამათო საკითხს. არ ღირს წარსულიდან მისი ცუდი და ჩვენთვის მიუღებელი ქცევის გახსენება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს დაძაბულობამდე და მოზარდმა ჩვენი მოსმენის სურვილიც კი დაკარგოს;
  • მოვერიდოთ განზოგადებებს. ნუ გამოვიყენებთ ბავშვთან საუბრისას ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „შენ ყოველთვის“, „შენ არასდროს“. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავერთვებით პრობლემიდან, რომლის გადაწყვეტასაც ვცდილობთ;
  • ნუ შევეცდებით მიზნის მიღწევას ბავშვის სტატუსის დაქვეითების ხარჯზე. ისეთი არგუმენტები, როგორიცაა: „მე შენზე დიდი, გამოცდილი ვარ, მე უკეთესად ვიცი, რა არის შენთვის კარგი და რა არის ცუდი“, შეიძლება აიძულებდეს ბავშვს დაგვეთანხმოს და გაჩუმდეს, მაგრამ პრობლემის მოგვარებაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. მოზარდს ჩვენგან უფრო გონივრული არგუმენტები სჭირდება;
  • მოვუსმინოთ რას ამბობს ბავშვი. თუ ჩვენ კარგი, აქტიური მსმენელი ვიქნებით, ბავშვი იგრძნობს, რომ მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რაც ჩვენდამი მის ნდობას საკმაოდ გააძლიერებს და მასაც გაუჩნდება ჩვენი მოსმენისა და ჩვენი მოსაზრებების გათვალისწინების სურვილი;
  • ნუ გამოვიყენებთ იარლიყებს: „ზარმაცი“, „უპასუხისმგებლო“, „გაუგონარი“. ამით ვაიძულებთ ბავშვს იფიქროს, რომ ის არაფერს წარმოადგენს ჩვენთვის. ამასთან, დროთა განმავლობაში, ჩვენ მიერ ცხელ გულზე მიკერებული იარლიყების სისტემატური გამოყენების შემთხვევაში, ის შეიძლება მართლა გახდეს ისეთი, როგორადაც გამოყენებული იარლიყებით ვახასიათებთ და როგორიც ჩვენ ნამდვილად აღარ მოგვეწონება;
  • ნუ შევეცდებით „ვუწინასწარმეტყველოთ“ ბავშვს მომავალი: „შენ არასოდეს შეიცვლები“;     „შენ გაგიჭირდება ასეთი ხასიათით ცხოვრება“ და ა.შ. ასეთი მტკიცებულებები მხოლოდ დაგვაშორებს იმ საწყის პრობლემასთან, რომლის მოგვარებაც დავისახეთ მიზნად;
  • მოვერიდოთ მზამზარეული რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვისთვის პრობლემის მოსაგვარებლად. უმჯობესი იქნება მასთან ერთად გავაანალიზოთ სიტუაცია, მოვისმინოთ მისი აზრი მომხდართან დაკავშირებით და დავუტოვოთ უფლება თავად გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ რომ ძალიან ხშირად ბავშვებს დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშეც შეუძლიათ მოაგვარონ თანატოლთან კონფლიქტური სიტუაცია. ამდენად, კარგი იქნება, თუ მას გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მივცემთ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები და შესაძლებელი, თუ სიტუაცია უმნიშვნელო მიზეზის გამო დაიძაბა და მოზარდს მისი მოგვარების უნარი აქვს.

 

 

 

წიგნები, რომლებიც გვაშინებენ

0

არ ვგულისხმობ ედგარ პოს მისტიკას, ლავკრაფტის შემაშინებელ სიუჟეტებს ან კინგის ლამის იაფფასიან ტრიუკებს. არა, ვგულისხმობ წიგნებს, რომლებიც ვერ წავიკითხეთ, რომლებმაც დაგვამარცხეს არა თავიანთი სირთულის, არამედ თავიანთი სისუსტის, ან იმის გამო, რომ უბრალოდ „ჩვენი” წიგნები არ არიან.
ასეთი წიგნი ჩემს სამკითხველო კარიერაში სულ რამდენიმეა. ორჯერ ვცადე მაინ რიდის „უთავო მხედრის” წაკითხვა. ერთხელ იმ ასაკში, როცა ამ წიგნს კითხულობენ ხოლმე, მეორედ კი – მოზრდილობისას. პირველად ორმოცდაათ გვერდს ვერ გავცდი, მეორედ კი ოთხმოცამდე ავედი, მაგრამ გავჩერდი.

ვერაფრით წავიკითხე ჯონ აპდაიკის „ისთვიქელი ალქაჯები”. როგორც მახსოვს, ნახევრამდე მივედი და გავიჭედე. ერთხელ ტელევიზორში ამ ფილმის ცნობილ ეკრანიზაციას გადავაწყდი (ჯეკ ნიკოლსონის, მიშელ პფაიფერის, შერის და სიუზან სარანდონის მონაწილეობით). ფილმი უარესი აღმოჩნდა. წიგნის მეორეხარისხოვანი პერსონაჟის დარილ ვან ჰორნის (იმედია, სწორად მახსოვს სახელი) ფილმში წინა პლანზე წამოწევამ, წიგნის ყოფითი დეტალებისა და გარემოს ხელოვნურმა გამისტიკურებამ სულ ამიბნია თავგზა. ფილმის არმოწონების ინერციით წიგნი ისევ გადმოვიღე თაროდან და ოცდაათი გვერდის წაკითხვაც გავქაჩე, მაგრამ ისევ გავჩერდი.
თუ ზემოთ ნახსენებ ორ წიგნს ტექნიკური თვალსაზრისის პრობლემა აქვს, კორტასარის „კლასობანა” უბრალოდ მოსაწყენი წიგნია. არადა, ეს კაცი დიდი მწერალი იყო, ამაზე მისი გენიალური მოთხრობები მეტყველებენ. ორჯერ ვცადე ამ რომანის წაკითხვა და ორივეჯერ წარმოუდგენლად სამარცხვინო რამ დამემართა: ჩამთვლიმა. მომაბეზრებელი მედიტაციური მონოლოგებით გაჯერებულ ამ წიგნს მესამედ არასდროს გავეკარები, რადგან კითხვისას კიდევ ერთხელ ჩათვლემამ ჩემს თავმოყვარეობაზე შესაძლოა ფატალური გავლენა იქონიოს.
ამ სამ წიგნზე უფრო უარესი წიგნებიც მიმიყვანია ბოლომდე, მაგრამ ამათ ვერაფერი მოვუხერხე. არადა, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, პროფესიონალი მკითხველი ვარ და რთულად საკითხავი წიგნები არ მაფრთხობს. პირიქით, პროზა მძიმე და „რთულად წასაკითხი” უნდა იყოს. მხოლოდ ასეთმა წიგნებმა შეიძლება მოგცენ რამე. თორემ „ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ რომანებს”, როგორც წესი, სერიოზულად არც განვიხილავ. ვიცნობ ადამიანებს, კარგ მკითხველებს, რომლებიც „ცნობიერების ნაკადის” მწერლებთან ჭიდილში რამდენიმე გვერდის მერე უპირობოდ მარცხდებიან. მე კი პირიქით ვარ. უცნაური კია ჯოისი და ფოლკნერი რომ ვერაფერს გიხერხებენ და მაინ რიდი დაგამარცხებს.

 

ჩემ მიერ ნახსენები სამი წიგნი მაშინებს. ისინი თვალისგან შორს, ქვედა თაროს უკანა მხარეს მაქვს შემალული. უცნაური შეგრძნებაა, როცა ნივთი, ფურცლების გროვა, მოგერევა. თუმცა ჭკვიან ხალხს თუ ვერწმუნებით, ყველა წიგნს თავისი სული აქვს. ეს თუ მართალია, მაშინ ასეთი წიგნები პერსონალური ბოროტი სულები არიან.
რეზო გაბრიაძე წერს ერთგან, თუ რა ბედნიერება იყო მისთვის, როცა ბავშვობაში სიცხეს აუწევდა და ლოგინში ჩააწვენდნენ. არც სკოლა, არც არაფერი, მხოლოდ წიგნების კითხვა.
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე სიცხიანი ვერაფრით ვკითხულობდი. ვცდილობდი, თავს ძალას ვატანდი, მაგრამ ამაოდ. ჩემდა ჭირად, ჩემი საწოლი ოთახის კარის შუშიდან წიგნის თაროები ჩანდა. საშინლად მთრგუნავდნენ წაუკითხავი წიგნები. მეგონა, რომ მათ წაკითხვას ვერასდროს შევძლებდი. წაუკითხავი წიგნები დღესაც ასე მთრგუნავენ, შიშით კი მათი მხოლოდ მას შემდეგ მეშინია, რაც კითხვას დავიწყებ და ვეღარ ვაგრძელებ.
შიგადაშიგ ფილმებსაც (კლასიკურ კინოს ვგულისხმობ) დავუმარცხებივარ, მაგრამ ფილმების შემთხვევაში ეს ნაკლებად მტკივნეულია. შეიძლება ფელინის „რთულად საყურებელ” “8½”-ს უყურო და მისივე (შედარებით „მსუბუქად საყურებელმა“) „დედიკოს ბიჭებმა” დაგამარცხოს, თუმცა მე არც ამ უკანასკნელს დავუმარცხებივარ.

 

სკოლა და მასწავლებლები მეუფე ისაიას მოგონებებში

0

სექტემბრის  თვეში რამდენჯერმე მომიწია ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, ნიქოზში ჩასვლა. ჯერ იყო და ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, სადაც ქართველი და უცხოელი რეჟისორების  ფილმები აჩვენეს, გაიმართა ვორქშოფები და ერთი კვირა სოფელი დედაქალაქელ  და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა. ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის” დაარსების იდეა მეუფე ისაიას  (ჭანტურია) ეკუთვნის. იგი თავადაც რეჟისორია და ომამდე მონასტერში მცირე ტიპის ანიმაციური სტუდიაც ჰქონდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ნიქოზის დაბომბვისას განადგურდა. ანიმაციის ფესტივალის შეზღუდული გრაფიკის მიუხედავად, მეუფე ისაიასთან გასაუბრება მაინც შევძელი. იგი თანმიმდევრულად იხსენებდა ამბებს თავისი ცხოვრებიდან. განსაკუთრებით  ემოციური მისთვის სკოლის წლების, სკოლის მეგობრებისა და პირველი ნახატების გახსენება იყო.

„ბავშვობა წალენჯიხაში გავატარე. დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და ხშირად დავყავდი სკოლაში, უფროსების გაკვეთილებსაც ვესწრებოდი. სკოლაში ერთი წლით ადრე შემიყვანეს. საკლასო ოთახში პარკეტი ეგო და ბავშვები ქეჩებზე შემდგარი ფეხით ვაპრიალებდით. ძალიან მოგვწონდა ეს პროცესი. სკოლაში კარგი მეგობრებიც მყავდა: დავითი, ძალიან ნიჭიერი ბიჭი საჩინოდან, და ტყუპი ძმები ალეკო და ავთანდილ ხუბუტიები, ჯვრელები. სადაც ისინი გაიზარდნენ, იქ მდინარე მაგანა ჩამოდის და ამ მდინარის პირას გაზრდილები, იყვნენ როგორც ქვა და რკინა. მე კი ვიყავი ყველაზე პატარა და სუსტი. ტყუპები, ალეკო და ავთანდილი ცოტა შარიანები იყვნენ, სამი-ოთხი წლით უფროსებსაც ერეოდნენ და მათი ყველას ეშინოდა. ამიტომ პრობლემა არ მქონია, ვინმეს დავეჩაგრე. ბავშვები სკოლა-ინტერნატში ღამითაც რჩებოდნენ, სადილის მერე კი მთელ სკოლაში მეცადინეობის დუდუნი ისმოდა. რადგან, მე და ტყუპები ვმეგობრობდით, დედას ხშირად მოჰყავდა ისინი  სახლში და შაბათ -კვირას ჩვენთან რჩებოდნენ. მამამ გვასწავლა ჭადრაკი და მერე ატარებდა ჩემპიონატებს. მამის ნაქონი სამხედრო ვარსკვლავიანი ქამარი გვქონდა, რომელიც მეც ძალიან მომწონდა და ჩემს მეგობრებსაც და ცალ-ცალკე ყველა მთხოვდა მეჩუქებინა. მერე დათოს ვაჩუქე, ტყუპებს ნამდვილად ვერ ვაჩუქებდი, რომელიმეს მაინც დასწყდებოდა გული. თავი ბავშვობის მოგონებებით მაქვს სავსე”, – ამბობს მეუფე ისაია.

დედა სკოლაში დაწყებით კლასებს  ასწავლიდა. ასევე  ასწავლიდა ხატვასაც. მეუფე ისაიას  ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. როდესაც დედის გაკვეთილებს ესწრებოდა, მაშინაც ხატავდა. სკოლაში  იქმნებოდა მისი  პირველი ნახატები,  როგორ თამაშობდნენ ბიჭები ფეხბურთს, ხან ომის თემებს ხატავდა – როგორ ეომებოდნენ ერთმანეთს გერმანელები და „ჩვენები”. რატომღაც ეს მეომრები დიდთავიანები გამოდიოდნენ. გერმანელებს მიწაზე აწვენდა, როგორც ომში დამარცხებულებს. პირველი ნახატები დაიკარგა, გული წყდება ნახატებზე, რომლებიც დაიკარგა.  ეს ის პერიოდი იყო, როცა ხატვით სულდგმულობდა.

„მგონი მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ბავშვებს „ოქტომბრელებში” იღებდნენ. მეც მიმიღეს. ძალიან ნათლად მახსოვს ის განცდები. ბავშვებს უხაროდათ, მოსწონდათ ის ვარსკვლავი და ლენინის პატარაობის ბარელიეფი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ უხაროდათ. მეხუთე კლასიდან წალენჯიხის პირველ საშუალო სკოლაში გადამიყვანეს და სწავლა იქ გავაგრძელე. უკვე ხატვის წრეზეც დავდიოდი, პიონერთა სახლში, ქალაქის ცენტრში. ხატვის მასწავლებელს სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ეს ანზორ კვარაცხელია იყო და იქ სწავლა, რაღაცნაირად საამაყო იყო ჩვენთვის. ჩემთვის ეს იყო სავსე ცხოვრება. შეიძლება ასეთი წლები მერე არც განმეორებულა”, – ამბობს და ვხვდები, რომ ინტერვიუ ემსგავსება წარსულის ლაბირინთებში მოგზაურობას და შეხვედრას იმდროინდელ ლანდებთან, წალენჯიხელ მხატვართან თავის სახელოსნოში, რომელიც ხატვის მეტს თურმე არაფერს აკეთებდა, სადაც დამწყებ მხატვარ ბავშვებს  ასწავლიდნენ, როგორ უნდა გადაეკრათ ტილო ჩარჩოზე, სადაც საღებავების სუნი იყო და მერე დახატა ნახატი, ისეთი განწყობით დახატა, როგორც თვითონ ამბობს,  სული რომ უნდა იშვას. სახლში ჩაიკეტა, რომ არავის შეეწუხებინა და სადმე არ გაეშვათ საქმეზე. ეს ნახატი ადგილობრივი მხატვრების გამოფენაზე გამოფინეს.

„ჩვენი სახლის გვერდით ბაბუას ეზო იყო, რომელთან ახლოსაც ბოსელი იდგა, საქონელი ჰყავდათ ჩვენებს. ამ ბოსლის გვერდით ტყემლის ხე იდგა, შემოდგომაზე, როცა ჩალას მოჭრიდნენ, ამ ტყემლის ხეზე ჰკიდებდნენ. ჩალაც ბავშვობას მახსენებს, ეს მოჭრილი ჩალის ღერები, რომლებიც მერე თოვლში იყო ამოშვერილი. და მე დავხატე ჩემი ბაბუის ბოსელი, ეს ტყემლის ხე და თოვლში ამოშვერილი ჩალის ღერები. ეს ნახატიც დაიკარგა”.

ხატვის და მეგობრების გარდა, პატარა ქალაქს, სადაც მეუფე ისაია დაიბადა და სიყმაწვილის წლები გაატარა,  თავისი წესებიც ჰქონდა. ამ ქალაქში  ადამიანები და მოვლენები  ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ეს მოვლენები მნიშვნელოვანი იყო თითოეული მცხოვრებისთვის. მეუფე ისაიას ცხოვრების ადრეული წლები მხატვრობის სამყაროში ვითარდება, სადაც ასევე იყო ცეკვა, იყვნენ მეგობრები და ასევე იყო მოვლენა „კომუნიზმი”, რომელიც პერსონალურ სამყაროებშიც ცდილობდა შეჭრას, თავისი საცეცების ყველგან შეხებას.

„როდესაც, კომკავშირში მიღების დრო დადგა, ნამდვილად მახსოვს, რომ იქ მიღების არანაირი სურვილი არ მქონია და როცა ეს დღე დადგა, მე დავრჩი სახლში, არ წავედი სკოლაში, რომ ავრიდებოდი ამ საქმეს. სახლში მომაკითხეს, ავად ვარ-მეთქი. არ დამიჯერეს, მე, მერვეკლასელი ვეღარ გავუწევდი წინააღმდეგობას. წამიყვანეს რაიკომში, სადაც ჩემი თანატოლები იყვნენ, რომლებიც იზეპირებდნენ, როდის რომელი ყრილობა ჩატარდა, ლენინი როდის დაიბადა, როდის გარდაიცვალა. რა შეკითხვებიც დამისვეს ვერცერთს პასუხი ვერ გავეცი, მაგრამ იქ ჩემი უფროსი დის თანამშრომელი იყო, რომელიც კომკავშირში მსახურობდა. მიცნეს და თქვეს ეს ჭადრაკს კარგად თამაშობს, ცეკვავს, ხატავს და ცუდი ბიჭი არ არისო. ასე მიმიღეს კომკავშირში…”. ეს ცოტა ადრე იყო, შემდეგ  კი სკოლის დირექტორმა კომკავშირის მდივნად დაასახელა. მეუფე ისაიამ მაშინ ითხოვა – არ მინდა კომკავშირის მდივნობაო,  მაგრამ არავინ არ დაუჯერა.

„თუ გავყოფდი ჩემი ბავშვობისა და დიდობის ხანას, შეიძლება ეს ზღვრად დავუდო ჩემს ცხოვრებას. როდესაც, „პატიოსნება” სახლში და „პატიოსნება” სკოლაში ჩემთვის ძალიან მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ერთ-ერთი შესვენების დროს საკლასო ოთახში ბიჭები ვიდექით და ვსაუბრობდით, მერხზე მიყუდებული ვიყავი. ამ დროს შემოიხედა დირექტორმა, წამიყვანეს და მთელი ლექცია წამიკითხეს თუ რა მაგალითს ვაძლევდი ბავშვებს. მერე ის მტანჯავდა, როცა მითხრეს, რომ კომკავშირის კრება უნდა ჩამეტარებინა. ვფიქრობდი, რა უნდა ჩავატარო, რა უნდა ვუთხრა ამ ხალხს და ისე დავამთავრე ის მერვე კლასი, კრება ვერ ჩავატარე. მერე დირექტორს ვთხოვე, მე ხატვა მიყვარს  და მინდა პროფტექნიკუმში გავაგრძელო სწავლა-მეთქი. დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ეტყობა იფიქრეს ეს არაფრის გამკეთებელი არ არისო…”.

პატარა ქალაქიდან დედაქალაქში გადასვლას  თავისი თავგადასავლები ახლავს. ამასთან, ერთად ახალგაზრდა ზურაბ ჭანტურიასთვის საკუთარი ადგილის ძიება და ურბანულ ყოფაში საკუთარი იდენტობის განსაზღვრაც მნიშვნელოვანი იყო. პროფტექნიკუმში გადასვლასაც ახლდა მსგავსი თავგადასავლები, რომელსაც მეუფე ახლა ღიმილით იგონებს:

„ჩვენს დროს ძალიან მოდაში იყო ჯინსები. ჩემი ბავშვობის მეგობრის მამამ ჩემს მეგობარს 300 მანეთიანი ჯინსები უყიდა და ის ასე გამოცხადდა პროფტექნიკუმში. მერე იქ მას „სთხოვეს” – გვათხოვე ეს შარვალიო. ამან ათხოვა, უარს როგორ ეტყოდა, არ დაუბრუნეს ის შარვალი, მერე გალახეს კიდეც. ასეთ ამბებში ვიყავით. ეს წლები იმით იყო ყველაზე რთული, რომ მე მიწევდა მეთამაშა სხვა ვინმე, რათა იმ გარემოს შევგუებოდი. მერვე კლასიდან უცხო ქალაქში წამოსულს, როცა არანაირი საყრდენი არა გაქვს, არ იყო ადვილი ამასთან გამკლავება”.

ყველა თარიღი თანმიმდევრულად ახსოვს, ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდისაც კი.  ახსოვს, რა დაწერა თავისუფალ თემაში, რომლის სათაური ასე ჟღერდა – „რა მოგვცა ტექნიკუმმა?”. მან  თავის ლიტერატურის მასწავლებელს მისწერა წერილი, რომელიც ცოტა ადრე მის ჯგუფს გაუნაწყენდა. მეუფე ამ ისტორიასაც დაწვრილებით იხსენებს:

„პროფტექნიკუმში სწავლის პერიოდში ჩემთვის ნათელი წერტილი  ქართული ლიტერატურის გაკვეთილები იყო. ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი გვყავდა. მე ბოლო სკამზე ვიჯექი,  ვუსმენდი ყურადღებით და დიდი პატივისცემა მქონდა მისდამი. ერთხელაც, ისიც გააბრაზეს  და მანაც ყველა გაგვლანძღა, რომ ჩვენგან არაფერი გამოვიდოდა და ა.შ.  სხვებისგან, ასეთი რამე არ  მეწყინებოდა, მისგან კი ძალიან მეწყინა, რადგან მის მიმართ დიდი პატივისცემა  მქონდა. 1979 წელს ქართულ ლიტერატურაში გამოცდა  გვქონდა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენი ეს სამი წელი პროფტექნიკუმში დიდი არაფერი გვიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გამოცდებს კომკავშირის ცეკას ახალგაზრდა მდივანი ესწრებოდა, მაინც იყო  გადაწერის საშუალება. მე კი სკოლაშიც არასდროს გადამიწერია.  ასეთი თავისუფალი თემა მოვიდა – „რა მოგვცა პროფტექნიკუმმა?”. მე ბავშვური ფიქრებით გადავწყვიტე წერილი მიმეწერა ჩემი ლიტერატურის მასწავლებლისთვის,  რომელიც აუცილებლად წაიკითხავდა ჩემს ნაწერს. შინაარსი დაახლოებით  ასეთი იყო: მე წამოვედი რაიონიდან, რომ  მესწავლა. უბრალოდ, ეს აქ არ გამომივიდა. თქვენ რომ მაშინ ყველა გაგვლანძღეთ, ეს მარტო ჩვენი ბრალი არ ყოფილა-მეთქი. ადრე დავამთავრე ჩემი სათქმელი, გამოვედი  ტექნიკუმის ეზოში და  სეირნობა დავიწყე. ბავშვები კი აგრძელებდნენ გადაწერას. ამ დროს ჩემი ჯგუფელი მანჩო მოვიდა  და მითხრა – ყველა შენ გეძებსო. ვიფიქრე, ალბათ ჩემი თემა მოეწონათ-მეთქი. შევედი დირექტორის კაბინეტში. ვინც კი საშიშად გვესახებოდა მოსწავლეებს, ყველა იქ შეკრებილიყო, ის დამსწრეც კომკავშირის ცეკადან. მკითხეს, ეს რა დაგიწერიაო. ვუპასუხე – რასაც ვფიქრობდი ის დავწერე-მეთქი. შემდეგ ყველას გასაგონად წაიკითხეს ჩემი ნაწერი და ნაწერში გრამატიკული შეცდომები აღმომიჩინეს. ამაზე ძალიან ბევრი იცინეს და გამომიშვეს. მეორე დღეს რექტორმა დამიბარა და მითხრა, ეს თემა თავიდან უნდა დაწერო, თორემ ,,მოისმინა”-ს მოგცემთო. მე ვუთხარი: მე დავწერე, რასაც ვფიქრობდი. თუ ,,მოისმინას” მომცემთ, ამას შეიძლება ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ დედაჩემისთვის სულერთი არ იქნება-მეთქი. გამოვედი ოთახიდან, ძალიან მტკიოდა თავი.  თითქოს გზაგასაყარზე ვიყავი, არ ვიცოდი უფსკრულში უნდა გადავვარდნილიყავი, თუ რა მეშველა თავისთვის. რამდენიმე კვირის შემდეგ, ჯგუფელები, მაია და ლიკა დამიჯდნენ და მკარნახობდნენ ტექსტს, რა კარგია ჩემი ტექნიკუმი, რა გადასარევია ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი. ამ ჩემს ,,თავისუფალ თემაში” სამიანი მივიღე. თუმცა, მე მაინც ვემადლიერები ჩემს იმდროინდელ ლექტორს, რადგან იგი ჩემით დაინტერესდა. იქ თიხაზე ვმუშაობდი და ჩემი ნამუშევრები გამოფენებზეც გაჰქონდათ. რექტორმა ეს ნამუშევრები ნახა და დედაჩემი დაიბარა, იქნებ ბავშვს ყურადღება მიაქციოთ, ხატვაში მოამზადოთ, რომ სამხატვრო აკადემიაში გააგრძელოს სწავლაო. თუმცა, ეს ისტორია დღემდე გულში დამრჩა”.

 

 

წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები (ნაწილი მეორე)

0

 

                                                             „ხანდახან მხოლოდ ფურცელი გვისმენს

                                                                                                    ქესიდი უაიტსეტი

 

მოხმობილი ეპიგრაფი უაიტსეტის ლექსის სათაურია. თვით ლექსი კი დიალოგია, რომელშიც ფურცელს ფანქარი საკუთარი გრძობებისა და თავგანწირვის შესახებ უყვება. მას ხომ სხვა მსმენელი არ გააჩნია. თავგანწირვა ფანქრის სტრატეგიაა, რომელსაც სიამოვნებით ირჩევს. ჩანს, წერისას გარკვეული სტრატეგიის არჩევა  ჩვენთვისაც გარდაუვალი იქნება. მსვერპლი კი სულაც არ არის აუცილებელი.

 

წერის სტრატეგიები წინასწარ მოფიქრებული, წერაზე ფოკუსირებული აზროვნების გზაა.  მათ შეიძლება ჰქონდეს ბევრი ფორმა და შეიძლება იყოს როგორც სახელმძღვანელო გეგმა ამა თუ იმ ტექსტის შესაქმნელად, ასევე  რაღაც მარტივი ხერხი, რომლითაც თუნდაც სიტყვები იმარცვლება, მაგრამ ეს წერის ათვისების საწყის ეტაპზე. საბაზისო უნარებთან ერთად თანდათანობით ვითარდება წერილობითი აზრის გადმოცემის, ნაწერის გადამუშავების, სხვადასხვა საკითხზე წერით სწავლის უნარები.

წერის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია, თუმცა ამ დოკუმენტში წერის სტრატეგიებში გეგმის შედგენა, ნაწერის გადამუშავება და რედაქტირება მოიაზრება. არადა,  წერის უნარების განსავითარებლად არც მხოლოდ  სიმბოლოების/ნიშან-ხატების სწორად გამოსახვის და მათი სხვადასხვა კომბინაციების შექმნის ცოდნა და არც აზრის მწყობრად ჩამოყალებება და გადმოცემა – მნიშვნელობის კონსტრუირებაა საკმარისი. ამიტომაცაა, რომ მოსწავლეებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, წერის პროცესი არცთუ საინტერესო და მარტივია. იქნებ სწორედ ამიტომ არ იცის მოსწავლეთა და სტუდენტთა დიდმა ნაწილმაც კი  როგორ აიდგას ფეხი და საიდან დაიწყოს წერა. იქნებ მათ ნაწერებში ბუნდოვანება და უამრავი დაუზუსტებელი საკითხი ამის ბრალია?!

წერა არ არის მარტივი პროცესი, სასწავლო გეგმის მიხედვით წერა არის მცდელობა, გამოიყენო წერის შესაძლებლობა საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების წარმოსაჩენად.  ხანდახან  სწორედ წერა გვიჩვენებს, მოწაფე როგორ შორდება ცნებას, და პირიქით, მას შეუძლია აჩვენოს სტუდენტის ოსტატობა ამ საკითხში. სპეციფიკური სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენოთ მათი ცოდნის დონის ამაღლების, გააზრების გაუმჯობესების, შენარჩუნების, დაოსტატების და სინთეზური აზროვნების მისაღწევად.

წერას ვიყენებთ დისკუსიის დაწყების, შინაარსობრივი მხარის განმტკიცების და იმ მეთოდების მოდელირებისთვის, რომლებიც ზიარია შესასწავლ დისციპლინებში.  მოსწავლეს/სტუდენტს წერა აღმოაჩენინებს ახალ ცოდნას, რათა დააჯგუფოს წინარე შეხედულებები, მოხაზოს კავშირები და  ღიად წარმოაჩინოს ახალი იდეები.

წერის სწავლების ხანგრძლივი და რთული პროცესი მოითხოვს სისტემატურ მუშაობას, მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას, რათა მოსწავლე დაეუფლოს სხვადასხვა სახის (დანიშნულების და სტილის მიხედვით განსხვავეული) ტექსტების შექმნას.  ცხრილის სახით უკვე არსებობს წერის სწავლების მეთოდები თუ აქტივობები, რომლებიც წერის ათვისების სხვადასხვა ეტაპზეა შესაძლებელი[1].

         წერის მეთოდი

 

რესურსი
ილუსტრაცია და კარნახი ფურცელი, ფანქრები/ფლომასტერები
მინიშნებები თავისუფალ თემაზე წერისთვის სურათი, საგნები, ფოტო, რვეული
პირადი დღიური რვეული/ბლოკნოტი, კალამი
წერა ბარათის მიხედვით სურათიანი ბარათები, რვეულები
ხუთსტრიქონიანი ლექსი და მისი ვარიაციები (ბრილიანტი და სხვ.) ფურცელი, კალამი
გრაფიკული ლექსები (პირამიდა, სოკო) ფურცელი, კალამი
ხუთსაფეხურიანი წერა ფურცელი, კალამი
წერის ექვსი ასპექტი ფურცელი, კალამი
როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა (RAFT) რვეული, კალამი, დაფა და ცარცი/ფორმატის ქაღალდი და მარკერი
იდეები შემოქმედებითი წერისთვის თემების ჩამონათვალი
სამწუთიანი წერა რვეული, დაფა ცარცი
სწრაფი წერა რვეული, კალამი
წერა ილუსტრაციების მიხედვით საინტერესო ილუსტრაციები, ფურცელი, კალამი
მოთხრობების/ზღაპრების ჩარჩო დაფა, რვეული, ფურცელი/შესავსები სქემა
დაწერე მოთხრობა თვისებების, გარემოებებისა და პრობლემების ნუსხა, ფურცელი, კალამი
ლექსიკური ერთეულებით ამბის შეთხზვა +და დასათაურება სიტყვების ბარათები, ფურცელი, კალამი
12 სიტყვიანი რეზიუმე (შეჯამება) ფურცელი, კალამი
ქარგები (შაბლოები წერისთვის) სამუშაო ფურცელი ქარგით

სქემა 1.

ამ მეთოდებით ტექსტების შესაქმნელად მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს წერის ყველა ძირითადი მახასიათებელი: თემა და იდეა, შინაარსი და სტრუქტურა, ტონი და სტილი, ორთოგრაფია და პუნქტუაცია. საკუთარი ნაწერის ნაბიჯ-ნაბიჯ დასახვეწად  მუშავდება ის ტექნიკები, რომლებსაც უბრალოდ წერის მცოდნე და გამოცდილი მწერალი ერთნაირად კარგად იყენებენ.

როგორ ავამაღლოთ წერის მოტივაცია და განვავითაროთ წერითი აზროვნება? – წერისკენ გადაგმულ ნაბიჯებს შეიძლება ავადევნოთ მინიშნებები თავისუფალ თემაზე წერისთვის. ეს ინსტრუმენტი იძლევა შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობას, მოსწავლეები წერენ მცირე ზომის ამბავს, მოთხრობას, ლექსს შეთავაზებული სურათის/ მინიშნების მიხედვით. მინიშნებები სხვადასხვა სახისაა. ამ სტრატეგიით მოსწავლეები ივითარებენ წარმოსახვის უნარს, გამოხატავენ საკუთარ განცდებს, ემოციებს, მოსაზრებებს, აკვირდებიან საკუთარ ემოციებს და  ცდილობენ შესაბამისი ლექსიკის შერჩევას.

მთავარია, ბავშვებს წერის დაწყებამდე მივცეთ მიმანიშნებელი ინსტრუქცია – დავანახოთ პრობლემა, რომელიც  იკვეთება მინიშნებაში. მისი გადაჭრისკენ გადაგმული ნაბიჯები და მოსალოდნელი შედეგები კი თავად უნდა განვასაზღვრინოთ.

მსვლელობა

  • მოსწავლეებს ვაჩვენებთ რომელიმე ნახატის რეპროდუქციას ან საინტერესო ფოტოსურათს, შესაძლოა, ვიდეოფრაგმენტსაც და ვთხოვთ მათზე დაკვირვებას.
  • ისინი აკვირდებიან, წარმოიდგენენ, რა შეიძლება მომხდარიყო სურათზე გამოსახულ სცენაში და წერენ ამბავს.
  • მუშაობის დასრულების შემდეგ მსურველები წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს კლასს „საავტორო სკამის“ მეშვეობით.

 

 

 

(სათაური)  ………………..

 

ერთ დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე,, რომ ქალაქში ყველაფერი გამქრალიყო. გამიჭირდა ამის დაჯერება. რაღაც აუცილებლად უნდა მომეფიქრებინა. 

უპირველეს ყოვლისა, …………………………………………………………………….

 

 …………………………………………………………………………………………………………………..

 

……………………………………………………………………………………………………………………

 

……………………………………………………………………………………………………………………

 

……………………………………………………………………………………………………………………

 

……………………………………………………………………………………………………………………

 

…………………………………………………………………………………………………………………..

 

 სქემა 2.

წერისკენ გადაგმულ ნაბიჯებს ასევე შეიძლება ავადევნოთ სტრატეგია რა აკლია?“.  ამ სტრატეგიისთვისაც დაგვჭირდება „თავისუფალ თემაზე წერისთვის მინიშნებების“ ან სხვა მეთოდების გამოყენება. „რა აკლია სპილოს?“. სურათთან ერთად ამ შეკითხვის შეტანას მოსწავლეებში/სტუდენტებში ინტერესი და ხალისი ახლავს. ხოლო რაც მეტი წერითი სტრატეგია იცის მოსწავლემ, მით მეტად სახალისო და მარტივი ხდება მისთვის წერილობითი დავალებების შესრულების პროცესი.

 

სურ.1.

 

 

 

 

სპილო, რა თქმა უნდა, პირობითი სტუმარია და მისი ადგილი შეიძლება დაიჭიროს სხვა როგორც კონკრეტულმა, ასე აბსტრაქტულმა საგნებმა.

სტრატეგიის მეორე ნაბიჯი: „რატომ აკლია?“

ამ მეთოდის მეშვეობით იქმნება აღმწერი წინადადებებიცა და მსჯელობის ტექსტიც. ასევე პირობითია სურათიც, რომლის ადგილიც ასევე შეიძლება დაიჭიროს სხვადასხვა ტექსიდან ამონარიდმა, რომელსაც წავუკითხავთ, ან ამონაბეჭდი სახით შევთავაზებთ მოსწავლეებს/სტუდენტებს.

სტრატეგიის მესამე ნაბიჯი: „რით ვუშველოთ?“

აღნიშნულ ნაწილში მოსწავლეები სახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს და სახავენ უკეთესი შედეგების შესაძლებლობებს.

თავის მხრით, აღნიშნული სტრატეგია რარატომ და როგორ?” სტრატეგიის[2] შვილობილია. მისი თითოეული შეკითხვა მოსწავლეს განსხვავებულ ამოცანას უსახავს და უბიძგებს საკითხის დამოუკიდებლად გააზრებისკენ, საკუთარი მოსაზრების ახსნისა და დასაბუთებისკენ (იხ. სქემა 2). აღნიშნული სტრატეგია მოიაზრება ეფექტურ საშუალებად არგუმენტებით გამყარებული, საინტერესო და გამართული ნაშრომების შესაქმნელად. გარდა ამისა,   მოსწავლეებს უვითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრებების დამოუკიდებლად შემუშავება, მათი ახსნა საკუთარი პოზიციდაან გამომდინარე და საბუთებით განმტკიცება, ინფორმაციის მოძიება, იდეების დეტალებით დაზუსტება და სხვადასხვა კუთხით ორგანიზებული მოსაზრებების გამთლიანება.

რა?

რატომ?

საიდან? როგორ?

რასფიქრობთ?

(ჩვენი მოსაზრება)

რატომ ფიქრობთ ასე? (მოსაზრების ახსნა, გამომწვევი მიზეზების
დასახელება)
საიდან იცით?

(ჩვენი მოსაზრების დამასაბუთებელი არგუმენტი, მაგალითი)

 

     

 

სქემა 3.

ეს ტექნიკები, როგორც წესი, ისეთი სტრატეგიებია,  რომლებიც ეხმარებათ წერის უწყვეტი პროცესის  შენარჩუნებასა და თავისი ჩანაფიქრის სრულყოფაში. მთავარია, მოსწავლეებს გავააზრებინოთ, რა არის და როგორ უნდა დავიწყოთ წერა, გავაცნობიერებინოთ, წერის სწავლების კითხვასთან ინტეგრირების აუცილებლობა, ვასწავლოთ წერის უნარების შეფასება, გავააზრებინოთ წერის სწავლების ძირითადი პრინციპები.

წერის სწავლების ძირითადი პრინციპები:
მოსწავლეთა/სტუდენტთა საჭიროების პასუხად მრავალფეროვანი სტრატეგიების შემუშავების მიზნით, ასევე განსხვავებულ კონტექსტებში პრაქტიკული წერის  მოდელების დასახვეწად ბევრი უცხოელი თუ ქართველი მასწავლებელი მიმართავს გეგმის მიხედვით წერის პრაქტიკას, რომელსაც საფუძვლად შემდეგი პრინციპები უძევს:

  • წერა ხელს უწყობს სწავლას
  • წერისა და წერის წერის პროცესის ინტეგრაცია განაპირობებს სტუდენტების ჩართულობას, მათი ხმების არაერთგვაროვნებასა და მრავალფეროვნებას, მათ კრიტიკული აზროვნების პროცესში ჩართვას, და გაცნობიერებას იმისას, რომ ტექსტები, რომელთაც ქმნიან, მნიშვნელოვანი რესურსი და სააზროვნო ინსტრუმენტებია
  • ეფექტური წერის ინსტრუქციები აერთიანებს დისციპლინებს (მულტიდისციპლინურია)
  • ყველა კლასში წერის შესაძლებლობა აყალიბებს გაწაფული წერის კულტურას
  • წერის, როგორც ინსტრუქციის, გამოყენება შესაძლებელია ყველა საგაკვეთილო სივრცეში
  • სტუდენტები/მოსწავლეები მხოლოდ და მხოლოდ აკადემიურ დისციპლინებში აზროვნების ვარჯიშითა და წერითი ჩვევების დახვეწით აღწევენ ეფექტურ აკადემიურ კომუნიკაციასა და ინტეგრაციას სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში.

 „წერა სწავლისთვის“ აქტივობები  ირეკლავს სწავლას და მნიშვნელოვნად ავითარებს მეტაკოგნიტურ უნარებს. წერითი აქტივობების ეფექტური გამოყენების გასაღებს ვფლობთ მაშინ, როდესაც აქტოვობას სასწავლო სიტუაციას  მართებულად მოვარგებთ. მნიშვნელოვანია წერითი სტრატეგიის შერჩევისას შემდეგი კითხვების დასმა:

  • რამდენად კარგად უკავშირდება ამოცანა/პრობლემა იმ ცოდნას ან მიზნებს, რომელსაც ვფლობთ ან რომლის მიღწევასაც ვცდილობთ?
  • „რამდენად ერგება ეს სტრატეგია ჩემი სტუდენტების/მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს?
  • „სრულყოფს თუ არა ეს სტრატეგია იმ გზას, რომლის ბოლოს შეფასება გარდაუვალია.

დაგეგმილი წერა“ ყველა კლასსა თუ კურსზე ეხმარება სტუდენტებს/მოწაფეებს, რათა შეინარჩუნონ და დახვეწონ თავიანთი  წერითი უნარები. ისინი ხდებიან უკეთესი მკითხველები, მოაზროვნენი და მკვლევრები ამა თუ იმ დისციპლინებში, რომლებშიც ამუშავებენ/სრულყოფენ იდეებს და ეს ხდება სწორედ წერის გზით.   დაგეგმილი წერა ასევე ეხმარება სტუდენტებს, მოამზადონ ყოველდღიური საკომუნიკაციო ამოცანები, რომლებსაც ისინი მომავალი მუშაობისას გამოიყენებენ.

თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს/სტუდენტებს ვასწავლოთ, თუ როგორ გამოიყენება წერა ამა თუ იმ დისციპლინის ფარგლებში; ასევე რა პრაქტიკულ დანიშნულებასა და ღირებულებას იძენს წერის ჩვევები  მრავალი სხვადასხვა სახის წერილობითი დავალების შესრულებისას, რატომ დავავალეთ წერა მათ კლასებში. სტუდენტები/მოსწავლეები გაიფართოვებენ თვალსაწიერს, ნათლად წარმოაჩენენ საკუთარ აზრებს. ეს კი ჩვვენს საკლასო ოთახებში შექმნის მზაობას თავისუფალი აზროვნებისა და ურთიერთობითი გამოწვევებისათვის.

 

 

[1] სასწავლო მეთოდური რესურსების კრებული, კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, თბ., 2015, გვ. 292.

[2] https://mastsavlebeli.ge/?p=2369 ამავე ნაშრომში შეიძლება ნახოთ სტრატეგია „იდეადეტალები”.

დისნეის „აზროვნების სამი სკამი“ გაკვეთილზე

0

საზოგადოებას ქმნიან განათლებული, მოაზროვნე, მოტივირებული, სიახლისადმი გახსნილი პიროვნებები. სწორედ ამგვარი პიროვნებების ჩამოყალიბებას, განვითარებასა და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს მასწავლებელი.

თითოეული გაკვეთილი წარმოადგენს აღნიშნული შედეგისათვის განკუთვნილ 45 წუთს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილსა და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულს, შესაბამისი აქტივობებით ჩართულს.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც სასწავლო პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს, შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებაა, გაკვეთილი კი ამ უნარის განვითარების ხელშეწყობის საშუალებაა.

შემოქმედებითი აზროვნება „რთული სააზროვნო უნარ-ჩვევაა. იგი ახალი გზით კეთებას ან დანახვას გულისხმობს. შემოქმედებითი აზროვნება ხასიათდება იდეების მრავალრიცხოვნებით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), მათი სიახლით (ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

შემოქმედებითი აზროვნების კვლევისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ აზროვნების პროცესს და პროდუქტს, არამედ თავად პიროვნებას, რადგან სწორედ ის ახორციელებს შემოქმედებით აქტს და ქმნის ახალს. ამგვარად, შემოქმედებითობა შემდეგნაირად განისაზღვრება: შემოქმედებითია აზროვნების ისეთი ფორმა, რომელიც მიმართულია ახლის ძიებისკენ, შექმნისკენ და ხორციელდება შინაგანი სტიმულა­ციის საფუძველზე.

შემოქმედებითი აზროვნებისას ადამიანი აზროვნებას ერთი კონკრეტულ საკითხით იწყებს, მაგრამ კვლევა-ძიების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რის შედეგადაც წარმოიშობა მრავალფეროვანი, ფართო, საინტერესო არჩევანი. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, სიახლითა და გარდაქმნის უნარით.

რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას, მნიშვნელოვანია, პედაგოგს გააზრებული ჰქონდეს და ითვალისწინებდეს, თუ რა ფაზებს გადის მოსწავლის ცნობიერება შემეცნების პროცესში, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინება ხელს შეუწყობს საინტერესო საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.

ახლა კი უშუალოდ წარმოგიდგენთ შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის  ერთ საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობას სახელწოდებით „დისნეის აზროვნების სამი სკამი“. მეთოდის კონცეპტუალური აღწერა შემდეგია:

  „აზროვნების სამი სკამი“ წარმოადგენს როლურ თამაშს, რომლის წარმართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მეთოდს არ სჭირდება ინვეტარის მრავალფეროვნება. საკმარისია სამი სკამი. შეგვიძლია, მეტი ეფექტისათვის განსხვავებული აზროვნების ტიპის შესაბამისი, ე.წ. აზროვნების სკამები წარმოვადგინოთ.

თითოეულ როლს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

მეოცნების სკამი: მეოცნების სკამზე ვავითარებთ ჩვენს ფანტაზიას, გვეძლევა ყველაფრის უფლება, გარდა ერთისა – პრობლემაზე სერიოზული ფიქრის;

რეალისტის სკამი: ვფიქრობთ იდეების განხორციელებაზე, ვართ პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული, ვირჩევთ მიზანმიმართულ გზას;

კრიტიკოსის სკამი: ყურადღებას ვამახვილებთ იდეის განხორციელებაზე, ვაფასებთ არჩეულ გზას. რამდენად არის ის ორიენტირებული პრობლემის გადაჭრაზე. „კრიტიკოსი“ არ უნდა იყოს იდეისადმი ნეგატიურად განწყობილი. მან ამ იდეაში პრობლემები უნდა იპოვოს, მაგრამ უნდა სჯეროდეს იდეის“.

მეთოდის მსვლელობაში გასარკვევად, გაგაცნობთ მოცემული სტრატეგიის გამოყენებით  განხორციელებულ პროექტს.

 

პროექტის სახელწოდება

მულტფილმში მოგზაურები

 

 

პროექტში მონაწილეები

 

ქართული სექტორის I კლასის მოსწავლეები

 

 

პრობლემის ანალიზი

 

მოსწავლეები ხშირად მულტფილმის ყურებისას პასიური მაყურებლის როლით შემოიფარგლებიან, არ აანალიზებენ პერსონაჟების ქმედების შედეგებს, არ ფიქრობენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზასა და ხერხზე, არ უღრმავდებიან პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. ხშირ შემთხვევაში ყურებას მულტფილმიდან მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებით ასრულებენ. აგრეთვე, მოსწავლეებს უჭირთ აზრის გამართულად ჩამოყალიბება, პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვანი გზების ძიება, პრობლემის გამომწვევი მიზეზის დანახვა, მისი გადაწყვეტის მრავალფეროვანი გზების პოვნა.

 

 

პროექტის მიზანი

 

 პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარის ხელშეწყობას. რათა მოსწავლემ თავადვე გააანალიზოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, მოიძიოს გადაჭრის ეფექტური გზები, შეძლოს აზრის გამართულად ჩამოყალიბება.
 

პროექტის ამოცანები

 

„ჯადოსნური ქუდი“;

„პერსონაჟის ავტობიოგრაფია“;

მულტფილმის ყურება;

„აზროვნების სამი სკამი“;

პრეზენტაცია.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნების უნარები, აფასებენ პერსონაჟების ქმედებებს, უღრმავდებიან პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, აღმოაჩენენ პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვან გზებს. ცდილობენ მის შემოქმედებითად გადაჭრას.
 

მიზნობრივი ჯგუფი

 

ქართული სექტორის I კლასის მოსწავლეები. კლასის დამრიგებელი ნათია ნადარეიშვილი. უცხო ენის მასწავლებელი გვანცა ბერაძე.

 

 

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

 

„ჯადოსნური ქუდი“

მოსწავლეები ირგებენ „ჯადოსნურ ქუდს“, განასახიერებენ  მულტფილმიდან მითითებულ პერსონაჟებს.

„ავტობიოგრაფია“

იხსენებენ მათთვის საყვარელი მულტფილმის პერსონაჟებს, წერენ მათ ბიოგრაფიას პირველი პირის ფორმით, ბარათებს ათავსებენ ყუთში. იღებენ ბარათებს შემთხვევითობის პრინციპით. ცდილობენ, გამოიცნონ რომელი პერსონაჟის ბიოგრაფიას გაეცნენ.

„გონებრივი იერიში“

მოსწავლეები იხსენებენ მათთვის საყვარელ და ნაცნობ მულტფილმებს.

„აზროვნების სამი სკამი“

სანამ მოსწავლეები აქტივობაში ჩაერთვებიან, იმისათვის, რომ მათ გაითავისონ სამივე როლი, მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ინფორმაციას დისნეის ცხოვრების შესახებ. მეოცნებეების კუთხეში გაიხსენებენ მათი ცხოვრებიდან შემოქმედებით ეპიზოდებს, რათა დაეუფლოთ პოზიტიური განწყობა.

შემდეგ ჯგუფი მეოცნებეების კუთხიდან გადაინაცვლებს რეალისტის კუთხეში, სადაც გაიხსენებენ პრობლემის გადაწყვეტის რეალისტურ, პრაგმატული გაანალიზებისა და გადაჭრის ფაქტს. კრიტიკოსის კუთხეში გაიხსენებენ სიტუაციას, სადაც იდეა ობიექტურად და კონსტრუქციულად გააანალიზეს.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მულტფილმის ყურებას, რომელიც პრობლემის წამოჭრის ეტაპზე შეწყდება. შემდეგ ეტაპზე იწყებენ როლურ თამაშს. კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად. I – ჯგუფი უბრუნდება მეოცნებეთა კუთხეს, ამ ფაზაში  უსაზღვრო ფანტაზიის უფლება აქვთ, ყველა იდეა მისაღებია; მეორე ჯგუფი რეალისტის კუთხეში მოპოვებულ იდეებს გააანალიზებს. დასვამენ კითხვებს – მიზნის შესაბამისია თუ არა იდეა, რა არის საჭირო მისი  განხორციელებისათვის ადამიანური, ტექნიკური რესურსი. მოცემულ ფაზაზე შესაძლებელია ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებაც; ბოლო ეტაპისათვის მესამე ჯგუფის კრიტიკოსების დავალებაა, კონსტრუქციულად განიხილონ იდეები; დასვან  კითხვები, რა შეიძლება გაუმჯობესდეს, იდეის რისკები, ხელის შემშლელი გარემოებები, რა გამორჩათ მხედველობიდან.

სამივე ჯგუფი ერთდროულად მუშაობს. ჩამოაყალიბებენ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზას.

მოეწყობა პრეზენტაცია.

გააგრძელებენ მულტფილმის ყურებას.  შეადარებენ მათ მიერ განხილულ იდეებსა და მულტფილმში შემოთავაზებულ გადაჭრის გზას.

   მეთოდის „აზროვნების სამი სკამის“ გამოყენება  ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია. მას შეუძლია  წამოჭრას პრობლემა და თავად მოსწავლეები ჩართოს მისი გადაწყვეტის გზების ძიებაში. როგორც მეთოდის აღწერიდან გამოჩნდა, ის ავითარებს შემოქმედებითი აზროვნებისათვის საჭირო და მნიშვნელოვან ასპექტებს. უპირველესად მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნას მეთოდი, არსი, შეუქმნას მათ შესაბამისი გარემო, განწყობა. გასათვალისწინებელია ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო უნარების ფლობა, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებზე ყურადღების გამახვილება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
  2. ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში; ავტორები: სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი;
  3. როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  4. https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16862
  5. https://edu.aris.ge/news/SemoqmedebiTi-azrovnebis-mniSvneloba-da-misi-ganviTareba.html

 

 

 

 აღზრდის ანბანი – შვებულება შვილების გარეშე

0

სრულიად ბუნებრივია, რომ ხანდახან ოჯახისგან ვიღლებით და მისგან დასვენება გვინდა. გარემოს ნებისმიერი შეცვლა ყოველთვის კარგად მოქმედებს ჩვენზე და სიამოვნებით ველოდებით ყოველ მომდევნო  შვებულებას, მაგრამ დასასვენებელი დროის გეგმების დაწყობისას აუცილებლად ვეჯახებით შეკითხვას: „ბავშვებთან ერთად თუ მათ გარეშე?’’. თუ ბავშვებთან ერთად დასვენებას ვარჩევთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი მოსაზრება.

უეჭველია, რომ  ყველაზე მოყვარული მშობლებიც კი იღლებიან ოჯახზე ყოველდღიური ზრუნვისა და შვილების აღზრდისგან. თუნდაც მშობლები ასე არ თვლიდნენ, არის ზოგიერთი საქმიანობა, რომლებიც მხოლოდ უფროსების გასაკეთებელია, ბავშვების გარეშე. განსაკუთრებით დედის, რომელსაც უფრო მეტი დროის გატარება უხდება შვილებთან, ვიდრე მამას. ბევრი ქალი უბრალოდ ოცნებობს ცოტა ხანი მაინც გაატაროს თანატოლთა საზოგადოებაში, მას შემდეგ, რაც იძულებულია დიდხანს იყოს ბავშვებთან, მაგალითად, ბავშვის დიდი ხნით ავადმყოფობის დროს ან სხვა მიზეზით. ასეთ შემთხვევაში შვებულება არა მხოლოდ აკმაყოფილებს მის სურვილს, მოიპოვოს მცირე ხნით თავისუფლება, არამედ საშუალებას აძლევს ორივე მშობელს, სრულფასოვან მეუღლეებად იგრძნონ თავი. ბავშვები ხომ იმდენად ავსებენ ოჯახურ ცხოვრებას, რომ მეუღლეებს თითქმის არ რჩებათ დრო სხვა როლის შესრულებისთვის, გარდა მშობლის მოვალეობისა.

ბავშვების გარეშე დასვენებას სასურველია ორ კვირაზე მეტი არ დავუთმოთ. უფრო ხანგრძლივად დატოვებამ შეიძლება ბავშვში მიტოვების შიში გამოიწვიოს. ასეთი გრძნობა გაცილებით ნაკლები დროით მშობლების არყოფნისასაც შეიძლება გაუჩნდეს ბავშვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვტყდეთ, რომ ბავშვი მეტისმეტადაა მშობლებზე დამოკიდებული. თუ ბავშვები არასდროს დარჩენილან უჩვენოდ, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ შვებულების დროს ჩვენთან დაშორებას დათანხმდებიან. ამას გარდა, ნუ ჩავთვლით ჩვენს სკოლამდელი ასაკის შვილებს უკვე იმდენად დიდებად და დამოუკიდებლებად, რომ ორ კვირაზე მეტხანს ჩვენი არყოფნა ვერ შეამჩნიონ. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი და ზოგიერთი ბავშვი ამ ასაკშიც მიემგზავრება ხოლმე საზაფხულო ბანაკში, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც საჭიროა დავიცვათ ოქროს შუალედი.

უნდა ითქვას, რომ ბავშვების გარეშე შვებულება მხოლოდ ისეთ შემთხვევებშია შესაძლებელი, თუ თქვენ შეგიძლიათ ის საიმედო ხელში დატოვოთ. უმნიშვნელოვანესია ბავშვები ნელ-ნელა მოამზადოთ იმ აზრისთვის, რომ ცოტა ხნით დაშორდებით. ასევე მნიშვნელოვანია გამგზავრების შემდეგ დროდადრო სატელეფონო კონტაქტი. ზოგიერთი მშობელი შვებულებიდან საჩუქრებით ბრუნდება, ზოგი ხელცარიელი.თვლის, რომ მათი დაბრუნება თავისთავად სასიხარულო მოვლენაა ბავშვისთვის. ასეთი მშობლები, ჩვეულებრივ, ცდილობენ, რომ გამგზავრება არ გადააქციონ სევდიან განშორებად. როგორ მივაღწიოთ ამას? გამგზავრების წინ დაიწყეთ განძის ძებნის თამაში. წინასწარ მალავთ საჩუქრებს და იწყება თამაში ყველა წესის დაცვით. ბავშვებს ანდობენ თამაშის დამთავრებას, თვითონ კი განერიდებიან. ბავშვები, რომლებმაც ადრევე იციან ახალი გასართობის შესახებ, იმდენად გატაცებულნი არიან, რომ მშობლების გაუჩინარებას ვერც კი ამჩნევენ.

თუ თქვენ დასასვენებლად ბავშვებთან ერთად მიდიხართ, საჭიროა წინასწარ მოიფიქროთ დასვენების პროგრამა და მოემზადოთ ამისთვის. რაც უფრო მეტი იციან ბავშვებმა ახალი გარემოს შესახებ, მით უფრო ადვილად ეგუებიან მას. ჩვენზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოება. ეს ძნელია ბავშვისთვისაც, რომელსაც ჩვენზე ნაკლები გამოცდილება და სიტუაციის ცვლილებისადმი შემგუებლობა აქვთ. კარგი იქნება, თუ ვიქონიებთ რამდენიმე სათამაშოს, რადგან  ბავშვები არ დასხდებიან მიწაზე და არ დატკბებიან ბუნებით. ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ შვებულებას, როგორც არაფრის კეთების დროს, მაგრამ ბავშვები როგორც ყოველთვის აქტიური რჩებიან და ზოგჯერ უფრო მეტად საქმიანები. ჩვენ სრულიად გვაწყობს, რომელიღაც უდაბური პლაჟი ან მთებში სახლი, მაგრამ ბავშვები ამას თანატოლებთან ურთიერთობას ამჯობინებენ.

რა თქმა უნდა, როცა ოჯახი შვებულებაში მიემგზავრება, შეიძლება მრავალი გასართობი მოიძებნოს ბავშვების მონაწილეობითაც, მაგრამ ეს დრო მხოლოდ მაშინ მოუტანს ყველას სიამოვნებას და სიხარულს, როცა ყველაფერს ერთად გააკეთებთ. როგორც მეუღლეები ბავშვების გარეშე დასვენებისას თავიდან იძენენ ერთმანეთს, ასევე ბავშვებთან ერთად მშობლებს ერთობლივი გასართობების წყალობით შეუძლიათ შვილებთან ურთიერთობა გაამყარონ. შვებულების დროს გადაღებული ფოტოები კი წლების შემდეგ მოგვაგონებენ ერთობლივად გატარებულ ბედნიერ დღეებს.

დასასრულ, დასვენების ბოლო ორი დღე უმჯობესია სახლში გავატაროთ, რათა მაშინვე არ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ მომქანცველ რიტმს. არ უნდა დავუშვათ, რომ დასვენების დროს მიღებული სასიამოვნო ცვლილებების გამო ჩვენი სახლი დაბრუნების შემდეგ ნაკლებ სასურველად მოგვეჩვენოს. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ რწმენა: რამდენი მშვენიერი და შესანიშნავი ადგილიც არ უნდა იყოს დედამიწაზე, მშობლიურ სახლზე უკეთესი არაფერია.

 

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის  ზოგიერთი ასპექტი

0

   გარდნერის თეორიის მიხედვით, ადამიანის ინტელექტი და გონიერება ერთი და იგივე უნარი არ არის და ერთი საზომით ვერ გაიზომება. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთსაგან სწავლის სტილით, უნარებითა და მიდრეკილებებით. იმ რვა უნარიდან, რომელსაც გარდნერი გამოყოფს, ადამიანები შეიძლება ზოგიერთში გამოირჩეოდნენ და სხვა უნარებს კი ვერ ამჟღავნებდნენ. მის მიხედვით, ყოველი ადამიანი განსაზღვრულ სფეროშია ძლიერი, რისი გათვალისწინებაც სწავლების პროცესში აუცილებელია.

სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ და არსებულმა გამოცდილებამ განსაზღვრა ჩემი და ჩემი კოლეგის, ბიოლოგიის მასწავლებლის, მარინე ბერიანიძის საკვლევი თემა.

ჩვენი საკვლევი თემის მიზანი მდგომარეობდა შემდეგში, როგორ უნდა მოხდეს მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინება სასწავლო პროცესში.

სამიზნე ჯგუფად არჩეულ კლასში მოზარდების უმრავლესობა სასწავლო პროცესის მიმართ მეტად აქტიური და მიზანდასახულია. მოსწავლეთა მცირე ნაწილი კი – პასიური, რაც მათ მიერ სასწავლო მიზნების მიღწევაზეც აისახება.

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე დაფუძნებული კვლევა დაგვეხმარა გამოგვეკვეთა პრიორიტეტები, რათა მომავალში გაკვეთილები მოსწავლეზე მორგებული საჭიროებების გათვალისწინებით დაგვეგეგმა.

პედაგოგიური კვლევის პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, ვაწარმოეთ კვლევის დღიური, რომელშიც შევიტანეთ სტრუქტუირებული და არასტრუქტუირებული დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები და მონაცემთა ანალიზის შედეგები. კვლევის პროცესში დროდადრო ვუბრუნდებოდით საკუთარ ჩანაწერებს ხელახლა გააზრების მიზნით. კვლევის დღიურის წარმოება დაგვეხმარა, სწორად გვევლო ღირებული იდეების განსახორციელებელ გზაზე.

კვლევაზე მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე მოვხადინეთ მოცემული თემის ირგვლივ არსებული  ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი.

   გამოვკვეთეთ  რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი

– მასწავლებელმა უნდა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ უნარებს. აუცილებელია, სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება.

–  მასწავლებელმა ისეთ აქტივობებს უნდა მიმართოს, რომლებიც ბავშვის უნარებს არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს.

– ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ  რთულია თითოეული მოსწავლის ინტელექტის თავისებურების დადგენა და ამ შესაძებლობების ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მეთოდებში გამოყენება და დაგეგმვა.

შევარჩიეთ კვლევაზე მუშაობის რამდენიმე გზა, როგორ განგვესაზღვრა  მოსწავლეთა  მიდრეკილებები და ინტერესები:

– კლასის დამრიგებლის დახმარებით;

– სხვა საგნის მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციით;

– მოსწავლეთა შესახებ არსებული დოკუმენტაციის შესწავლით;

– მშობლებთან თანამშრომლობით;

– ანკეტირების კითხვარის გამოყენებით;

– ბავშვებთან ინტენსიური კომუნიკაციით;

– გაკვეთილების დაგეგმვა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ცხრილის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი  და თვისობრივი  მეთოდების ერთობლივი გამოყენება უზრუნველყოფს  კვლევის სანდოობასა და მაღალ ხარისხს.

პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით მოსწავლეებმა შეავსეს შესაბამისი ანკეტები. შემდეგ მოვახდინეთ ამ მასალის დამუშავება კოდირების ცხრილით, სვეტოვანი და წრიული დიაგრამებით.

მონაცემები განვიხილეთ, როგორც თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად, ასევე გავაკეთეთ მთელი კლასისთვის.

შევარჩიეთ ანკეტირების კითხვარი, კერძოდ:

1 – არასოდეს;  2 – იშვიათად;  3 – ხშირად; 4 – ყოველთვის.

1. ლინგვისტური ინტელექტი  
მიყვარს ამბების მოფიქრება.  
შემიძლია ციტატების/ ფრაზების ადვილად დამახსოვრება.  
უცხო ენა ჩემი საყვარელი საგანია.  
მიყვარს კითხვა.  

 

2. ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი  
მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანია;  
ადვილად ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს;  
ვანგარიშობ თითების გარეშე;  
მიყვარს სამაგიდო თამაშები( ჭადრაკი,შაში, დომინო და სხვა);  
მიყვარს ნივთების დაშლა-აწყობა.  

 

3. სივრცული ინტელექტი  
შემიძლია ცხრილების/გრაფიკების ადვილად გაგება;  
კარგად ვიმახსოვრებ იმ ადგილებს, სადაც ერთხელ მაინც ვიყავი;  
მაქვს წარმოსახვის კარგი უნარი;  
ხელოვნება ჩემი საყვარელი საგანია;  

 

4. პრაქტიკული  ინტელექტი;  
მიყვარს ხელსაქმე, ჩხირკედელაობა;  
ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება და აწყობა;  
მიყვარს პრაქტიკული გაკვეთილები;  
მნიშვნელოვანია ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება.  

 

5. კინესთეტიკური ინტელექტი  
შემიძლია ცეკვა;  
მიყვარს სპორტული თამაშები;  
მიყვარს ბურთით თამაში;  
მიყვარს ძერწვა.  

 

6. ინტერპერსონალური ინტელექტი  
მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;  
განვიცდი, როცა ვინმე ტირის და ვერ ვეხმარები;  
მიყვარს გუნდური თამაშები;  
 მეგობრები ხშირად მეკითხებიან რჩევას.  

 

7. ინტრაპერსონალური ინტელექტი  
ყოველთვის მოწესრიგებული, ორგანიზებული ვარ;  
ვადგენ სამომავლო გეგმებს;  
მომწონს ინდივიდუალური სპორტის სახეობები;  
ყოველთვის ვიცი, რასაც ვგრძნობ;  
მიყვარს მარტო ყოფნა.  

 

8. ნატურალისტური ინტელექტი  
ადვილად ვცნობ სხვადასხვა ჯიშის ფრინველს;  
მაინტერესებს ქვები და მინერალები;  
ადვილად ვცნობ სხვადასხვა ჯიშის მცენარეს;  
მიყვარს სახლის გარეთ, ბუნებაში ყოფნა;  
ადვილად ვცნობ მანქანის მარკას.  

აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ არჩეულ სამიზნე მოზარდებში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ინტელექტის ყველა ტიპი, მაგრამ განსხვავება მათ შორის მაინც გამოიკვეთა.

ანკეტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად მოსწავლეებს განვითარებული აქვთ ინტერპერსონალური, კინესთეტიკური და ინტრაპერსონალური ინტელექტი, რაც უდავოდ არის წლების მანძილზე სკოლის მასწავლებლების სწავლების პროცესისადმი სწორი მიდგომის  შედეგი.

ანკეტირებამ ასევე აჩვენა, რომ სამიზნე ჯგუფის მოზარდებს შედარებით ნაკლებად აქვთ განვითარებული ენობრივ-ლინგვისტური და ნატურალისტური ინტელექტი. კერძოდ, შედარებით უჭირთ ენობრივი ინფორმაცია, წერითი და ზეპირი მეტყველება, ინფორმაციის შენახვა, ინტერპრეტაცია და ახსნა ენობრივი საშუალებებით; ასევე ნაკლებად აქვთ ბუნების აღქმის, მცენარეებისა და ცხოველების, ბუნებრივი სამყაროში განსხვავებების შეცნობის უნარი.

 

    თვისობრივი კვლევა  ანკეტირების შედეგების გათვალისწინებით დავიწყეთ.

 

– გამოვიყენეთ   აღწერითი და ფოკუსირებული დაკვირვების მეთოდი.

– საგაკვეთილო პროცესისთვის აქტივობებს მოსწავლეებში სხვადასხვა ინტელექტის  დონის გამოსავლენად ვგეგმავდით.

–   ვერბალური უნარების გამოსავლენად რამდენიმე გაკვეთილი, შესაბამის თემაზე, მარკირებული კითხვის მეთოდით ჩავატარეთ. მასალის წაკითხვის შემდეგ ხდებოდა ტექსტის ანალიზი, მოსწავლეები კომენტარს აკეთებდნენ მოცემულ საკითხსა თუ მოვლენაზე. იმართებოდა დისკუსიები, დებატები, პრეზენტაციები.

 

ლოგიკური აზროვნების გამოსავლენად რამდენიმე გაკვეთილი, ძირითადად, არითმეტიკული ოპერაციების გამოყენებით ჩავატარეთ. ჩავატარეთ სხვადასხვა გაზომვები და შევაფასეთ მიღებული შედეგები.

სხეულის ზუსტი მოძრაობების კონტროლზე დაკვირვებისთვის  ვიყენებდით როლური თამაშის ელემენტებს, ამ გაკვეთილებზე ვაკვირდებოდით მოტორულ მოქნილობას, წონასწორობის და კოორდინაციის უნარს და საგნების მართვის ხელოვნებას.

მხედველობითი და სივრცითი აღქმის გამოსავლენად გაკვეთილებზე გამოვიყენეთ ვიზუალური მასალა, ავაგეთ გრაფიკები და გავაანალიზეთ გრაფიკულად მიღებული შედეგები.

სხვათა გრძნობების აღქმისა და გაგებისთვის, ხშირად ვგეგმავდით თანამშრომლობით სწავლებას – წყვილებში, ჯგუფებში მუშაობას, კლუბურ სამუშაოებს.

თვითცნობიერების უნარებზე დაკვირვების მიზნით მოსწავლეებს ვაძლევდით დამოუკიდებელ სამუშაოებს, გაკვეთილზე ვიყენებდით ისეთ აქტივობებს, რომლებიც საკუთარ თავში ჩაღრმავების, დამოუკიდებლად ფიქრის საშუალებას იძლეოდა.

ასევე ინტრაპერსონალურ უნარებზე დაკვირვებისთვის გამოვიყენე სასკოლო კონკურსი სახალისო ფიზიკასა და მათემატიკაში – ,,მოაზროვნე”.

პრაქტიკული ინტელექტის გამოსავლენად გაკვეთილებზე გამოვიყენეთ ისეთი აქტივობები, სადაც მოსწავლეები საკუთარი ხელით დამოუკიდებლად ასრულებდნენ პრაქტიკულ დავალებებს.

 

შევიმუშავეთ დაკვირვების ოქმები, ჩავინიშნეთ შედეგები და მიღებული შედეგები გავაანალიზეთ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკების საშუალებით.  დაკვირვებას ვაწარმოებდით 5 თვის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას

 

      1.

არასოდეს

 2.

იშვიათად

3.

ხშირად

4.

ყოველთვის

ენობრივ-ლინგვისტური არ შეუძლია მოცემული საკითხის მიმართ საუბარი,

ტექსტის ანალიზი, მოვლენაზე კომენტარის გაკეთება,

დისკუსიებ

ში, დებატებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა.

იშვიათად შეუძლია მოცემული საკითხის მიმართ საუბარი,

ტექსტის ანალიზი, მოვლენაზე კომენტარის გაკეთება, დისკუსიებში, დებატებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა.

ძირითადად, შეუძლია მოცემული საკითხის მიმართ საუბარი,

ტექსტის ანალიზი, მოვლენაზე კომენტარის გაკეთება,დისკუსიებში, დებატებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა.

შეუძლია მოცემული საკითხის მიმართ საუბარი,

ტექსტის ანალიზი, მოვლენაზე კომენტარის გაკეთება,

დისკუსიებ

ში, დებატებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა.

ლოგიკურ-მათემატიკური არ შეუძლია არითმეტიკული ოპერაციების, სხვადასხვა გაზომვების შესრულება, შედეგების შეფასება და პროცესის დაგეგმვა. იშვიათად შეუძლია არითმეტიკული ოპერაციების, სხვადასხვა გაზომვების შესრულება, შედეგების შეფასება და პროცესის დაგეგმვა. ძირითადად შეუძლია არითმეტიკული ოპერაციების, სხვადასხვა გაზომვების შესრულება, შედეგების შეფასება და პროცესის დაგეგმვა. შეუძლია არითმეტიკული ოპერაციების, სხვადასხვა გაზომვების შესრულება, შედეგების შეფასება და პროცესის დაგეგმვა.
სხეულებრივ-

კინესთეტიკური

არ შეუძლია სენსორების (შეხების) გამოყენება, როლურ თამაშებში მონაწილეობა. იშვიათდ შეუძლია სენსორების (შეხების) გამოყენება, როლურ თამაშებში მონაწილეობა. ძირითადად შეუძლია სენსორების (შეხების) გამოყენება, როლურ თამაშებში მონაწილეობა. შეუძლია სენსორების (შეხების) გამოყენება, როლურ თამაშებში მონაწილეობა.
ვიზუალურ-სივრცული არ შეუძლია სივრცული ფიგურების და გრაფიკების დახაზვა, აგება; გამოსახულების შექმნა იდეის მიხედვით; დიდი და მცირე სივრცეების აღქმა. იშვიათად შეუძლია სივრცული ფიგურების და გრაფიკების დახაზვა, აგება; გამოსახულების შექმნა იდეის მიხედვით; დიდი და მცირე სივრცეების აღქმა. ძირითადად შეუძლია სივრცული ფიგურების და გრაფიკების დახაზვა, აგება; გამოსახულების შექმნა იდეის მიხედვით; დიდი და მცირე სივრცეების აღქმა. შეუძლია სივრცული ფიგურების და გრაფიკების დახაზვა, აგება; გამოსახულების შექმნა იდეის მიხედვით; დიდი და მცირე სივრცეების აღქმა.
ნატურალისტური არ შეუძლია ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვა, მცენარეების და ცხოველების, ბუნებრივ სამყაროში განსხვავებების შეცნობა. იშვიათად შეუძლია ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვა, მცენარეების და ცხოველების, ბუნებრივ სამყაროში განსხვავებების შეცნობა. ძირითადად, შეუძლია ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვა, მცენარეების და ცხოველების, ბუნებრივ სამყაროში განსხვავებების შეცნობა. შეუძლია ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვა, მცენარეების და ცხოველების,ბუნებრივ სამყაროში განსხვავებების შეცნობა.
ინტერპერსონალური არ შეუძლია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;ადამიანებს და სიტუაციას შორის კავშირის ხედვა. იშვიათად შეუძლია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;ადამიანებს და სიტუაციას შორის კავშირის ხედვა. ძირითადად, შეუძლია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;ადამიანებს და სიტუაციას შორის კავშირის ხედვა. შეუძლია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.ადამიანებს და სიტუაციას შორის კავშირის ხედვა.
ინტრაპერსონალური არ შეუძლია საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ჩამოყალიბება; ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. იშვიათად შეუძლია საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ჩამოყალიბება; ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ძირითადად შეუძლია საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ჩამოყალიბება; ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. შეუძლია საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ჩამოყალიბება; ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.
პრაქტიკული არასოდეს არ ეხერხება ხელსაქმე, შეკეთება, ჩხირკედელაობა, ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება ან ხელსაწყოს აწყობა და მოქმედებების დროს პრობლემის გადაწყვეტა.

 

იშვიათად ეხერხება ხელსაქმე, შეკეთება, ჩხირკედელაობა, ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება ან ხელსაწყოს აწყობა და მოქმედებების დროს პრობლემის გადაწყვეტა. ძირითადად  ეხერხება ხელსაქმე, შეკეთება, ჩხირკედელაობა, ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება ან ხელსაწყოს აწყობა და მოქმედებების დროს პრობლემის გადაწყვეტა.

 

ეხერხება ხელსაქმე, შეკეთება, ჩხირკედელაობა, ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება ან ხელსაწყოს აწყობა და მოქმედებების დროს პრობლემის გადაწყვეტა.

 

 

მე და ბიოლოგიის  მასწავლებელმა შევავსეთ კოდირების ცხრილები, ავაგეთ დიაგრამები, როგორც ცალკე საგნების მიხედვით, ასევე საერთო სვეტოვანი დიაგრამა ანკეტირების, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილების მონაცემების შედეგებით.

 

კვლევის შემდეგ ეტაპზე გამოვიყენეთ ინტერვიუს მეთოდი. ინტერვიუს შედეგებმა დაადასტურა ჩემი და ბიოლოგიის მასწავლებლის კვლევის სანდოობა. კლასის დამრიგებელმა, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა დაადასტურეს, რომ სამიზნე კლასის მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად ავლენენ ლინგვისტურ-ენობრივ და  ნატურალისტურ ინტელექტს.

მათ ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური  ინტელექტი. ასევე იმ საგნის პედაგოგებმა, სადაც მოსწავლეებს სჭირდებათ მათემატიკური გარდაქმნები, აღნიშნეს, რომ ზოგადად ასეთი მოქმედებების შესრულება უძნელდებათ. ხოლო მათემატიკის მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მათემატიკის გაკვეთილებზე აქტიურები არიან. ეს ზოგადად განათლების სპეციალისტების მიერ აღიარებული ფაქტია, რომ მოსწავლეებს უჭირთ ერთ კონტექსტში ნასწავლის მეორეში გადატანა, ანუ ცოდნის ტრანსფერი. ამ მიმართულებითაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საკვლევი კლასის მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული ინტელექტის ყველა სახე, თუმცა არის მათ შორის განსხვავება. ასევე განსხვავებულია ინდივიდუალური შესაძლებლობებირა თქმა უნდა, ჩვენ მომავალში უნდა გავითვალისწინოთ, როგორც თითოეული მოსწავლის მიდრეკილებები, ასევე საერთო სურათი, რათა მოცემულ  კლასში დაგეგმილი გაკვეთილები იყოს უფრო მეტი შედეგის მომტანი.

ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითრებული ინტრადა ინტერპერსონალური ინტელექტი.

მოსწავლეებს უფრო მეტად უჭირთ ლოგიკური აზროვნება და წაკითხულის შინაარსის თავისი სიტყვებით გადმოცემა. ასევე უმეტესობას ნაკლებად აქვს განვითარებული ნატურალისტური ინტელექტი. ამ შედეგმა ჩემი გაოცება გამოიწვია, რადგან მოსწავლეები ცხოვრობენ პერიფერიაში და მეტი სიახლოვე აქვთ ბუნებასთან.

ჩარევის, ინტერვენციის განხორციელების მიზნით, მე და ბიოლოგიის მასწავლებელმა  გაკვეთილები დავგეგმეთ ისეთი აქტივობებით, რომლებიც ხელს შეუწყობს შესაბამისი ინტელექტის განვითარებას (რა თქმა უნდა, შესაბამისი მასალის გათვალისწინებით).

გამოვიყენეთ მარკირებული კითხვის მეთოდი, ასევე მოსმენილის გააზრება და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. მოცემულ აქტივობებს ვიყენებდით მრავალფეროვანი სამუშაოს შესასრულებლად: ზეპირი თუ წერილობითი პრეზენტაციების მომზადებისას, გარემოზე დაკვირვებისა და პრაქტიკული სამუშაოებისას, ინდივიდუალურ და ჯგუფური მუშაობების მონაცვლეობით.

ბიოლოგიის მასწავლებელმა დაგეგმა, გააკეთოს ,,ცოცხალი კუთხე”, სადაც სადაც მოსწავლეები ერთობლივად შეარჩევენ მცენარეებს და ცოცხალი არსებების მაკეტებს; ასევე, მოსწავლეები ჩართო ,,ეკო-კლუბის” მუშაობაში, რომელიც სკოლაში დიდი ხანია ფუნქციონირებს.

ასევე მრავალი ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს სახალისო კონკურსი ფიზიკასა და მათემატიკაში –  ,,მოაზროვნე”,  ამ კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები დამოუკიდებლად  სცემენ პასუხს ღიადაბოლოებიან კითხვებს, რაც ხელს უწყობს ლინგვისტური, ლოგიკური  და ინტრაპერსონალური ინტელექტის განვითარებას.

მოსწავლეებს უფრო მეტად ვაძლევთ ისეთ დავალებებს, როდესაც უნდა ააგონ გრაფიკები, ფიგურები და დახატონ საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებული ნახატები, რაც ხელს შეუწყობს სივრცული ინტელექტის განვითარებას.

ჩვენი  ქმედებების/ინტერვენციის შედეგებმა ცხადყო მოსწავლეთა შესაძლებლობების  ზრდა, ისინი საკმაოდ აქტიურობენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებების დროს.  ეს პროცესი ძალიან შრომატევადია, ამიტომ  ამ მიმართულებით მუშაობას და შესაბამისად კვლევასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.

გარდნერის თეორიის განხორციელება საჭიროებს რესურსების სიმრავლეს, მოძიებას, დამზადებას და შეძენას. ამ მიმართულებითაც გვაქვს დაგეგმილი მუშაობა, მაგრამ ესეც დროსთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული.

ასევე გარდნერის თეორიის პრაქტიკაში არსებობს არასწორად გამოყენების რისკი – ძალიან რთულია ყველა მოსწავლის უნარების გათვალისწინება, მაგრამ სწორედ ამიტომ გავაკეთეთ კოდირების ცხრილი და დიაგრამები, როგორც თითოეული მოსწავლისთვის ცალკე, ასევე მთელი კლასისთვის.

კვლევაზე მუშაობით გამოიკვეთა კლასის შესაძლებლობები და მოთხოვნილებები.  გვაქვს მონახაზი, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და რომელი აქტივობები გამოვიყენოთ.   მომავალში კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას და კვლევას, რადგან ჩვენმა შრომის შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

ა) ,,თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში”

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

2016 წელი;

ბ) ,,მრავალმხრივი ინტელექტის თეორია”;

თამარ ჭანტურია  2012 წელი;

გ) http://mastsavlebeli.ge

,,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია” –

24 იანვარი, 2014 მარინე ჯაფარიძე.

 

 

პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის”

კონსულტანტ-მასწავლებელი  ნესტან მიქაძე

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტი  წალკის პირველი საჯარო სკოლა

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...