სამშაბათი, მაისი 12, 2026
12 მაისი, სამშაბათი, 2026

ციფრული წიგნიერების შესახებ

0

ინტერვიუ ჯერონ კლემენსთან

2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ნიდერლანდელი კოლეგა ჯერონ კლემენსი შემეხმიანა. მითხრა, რომ შუა აზიაში მოტოციკლით სამოგზაუროდ მოდიოდა და რამდენიმე დღით თბილისში აპირებდა დარჩენას. ცხადია, შეხვედრა დავგეგმეთ. მოგზაურობიდან მალე გადავედით განათლებისა და წიგნიერების საკითხებზე, რასაც მეორე დილით, გამგზავრების წინ, ეს ინტერვიუ მოჰყვა. ვფიქრობ, მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ციფრული წიგნიერების პრობლემები დღევანდელი სკოლებისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

პაატა პაპავა: გაეცანით მკითხველს.

ჯერონ კლემენსი: მე გახლავართ ჯერონ კლემენსი, ნიდერლანდებიდან. ორმოცი წელია, განათლების სფეროში ვმუშაობ. ვარ მასწავლებელთა ტრენერი და მკვლევარი უნივერსიტეტში. თხუთმეტი წელია, ვასწავლი ენას საშუალო სკოლაში. ბოლო ათი წელია, ვატარებ კვლევებს ციფრულ წიგნიერებაში. ათი წლის წინ ჩვენ, ენის მასწავლებლებს, – საზოგადოდ მასწავლებლებს, – კარგად არ გვესმოდა, რას ნიშნავდა ციფრული წიგნიერება. გვეგონა, მოსწავლეები თავისუფლად ფლობდნენ საძიებო სისტემებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო.

პაატა პაპავა: ეს მეტად საინტერესოა. მოდი, ზოგადი კითხვებით დავიწყოთ. დღეს ყველა ციფრული წიგნიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს. რითაა ის ესოდენ მნიშვნელოვანი?

ჯერონ კლემენსი: ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ ბოლო ათი თუ თხუთმეტი წლის განმავლობაში კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების უდიდესმა ნაწილმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. შესაბამისად, ადამიანს უნდა შეეძლოს ინტერნეტკომუნიკაცია, მისი საშუალებით ინფორმაციის მიღება და გაზიარება.

ჩემს ქვეყანაში სასკოლო კურიკულუმი ტრადიციულია. ჩვენ ვიღებთ ქაღალდზე დაბეჭდილ გაბმულ ტექსტს, რომელიც მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ, მერე კი მის ირგვლივ წერითი დავალებები შეასრულონ. მაგრამ დღესდღეობით წერითი კომუნიკაცია ადამიანებს შორის სხვაგვარად მიმდინარეობს. შესაბამისად, კურიკულუმი დროს ჩამორჩა.

ზოგჯერ მასწავლებლები ამბობენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში გაზრდილი მოსწავლეები კარგად ერკვევიან ციფრულ კომუნიკაციაში. თითქოს აღარ უნდა იყოს საჭირო მათთვის დამატებითი ცოდნის მიწოდება ამ მიმართულებით. მაგრამ ეს შეცდომაა. უამრავი კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ტექსტები ძალიან განსხვავდება ტრადიციულისგან. დღეს მათი დიდი ნაწილი მოწოდებულია ჰიპერტექსტის ანუ ტექსტის ბლოკების სახით, რომლებიც ბმულების საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს. მსგავსი ტექსტი განსხვავდება ტრადიციული საკითხავი ტექსტისგან, რომელსაც აქვს თანმიმდევრული, წრფივი წყობა – დასაწყისით, შუა ნაწილით და დასასრულით.

მეორე საკითხია ონლაინინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა მოიძიონ. მათ არ იციან ძიების ფუნქციის სათანადოდ გამოყენება და ქსელში შესაფერისი ინფორმაციის პოვნა. ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ხშირად დაბალი ხარისხისაა. მოსწავლეთა უმრავლესობას არ ძალუძს, დაბეჯითებით თქვას: „ეს კარგი ტექსტია და გამომადგებაო“, – ამიტომ ინტერნეტში ინფორმაციის ძებნისას პირველივე ოთხი-ხუთი წყაროდან იღებენ ინფორმაციას და ქოფი-ფეისთის საშუალებით ქმნიან თავიანთ ტექსტებს. საბოლოდ ეს არ არის კარგი ტექსტები.

ამ მსჯელობას მომდევნო საკითხზე გადავყავართ. კურიკულუმის მიხედვით, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები სთხოვენ მოსწავლეებს, თავად მოიძიონ ესა თუ ის მასალა, დამოუკიდებლად აწარმოონ კვლევა, შემდგომ კი დაწერონ მოხსენება ან წარმოადგინონ ნამუშევარი პრეზენტაციის სახით. როგორც აღვნიშნეთ, ამ დავალების სათანადოდ შესასრულებლად მოსწავლეებს ხარისხიანი ინფორმაციის მოძიების უნარი სჭირდებათ. გარდა ამისა, მათ უნდა შეეძლოთ მოძიებული ინფორმაციის სინთეზი, შეჯერება, და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანა. სინთეზირება კი თვისებრივად განსხვავებული უნარია, რომელიც მით უფრო აქტუალურია, რაც უფრო დიდია შესაჯერებელი ინფორმაციის მოცულობა. ასევე, მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ახალი ტექსტი ან რეფერატი, საამისოდ კი მათ სჭირდებათ ის უნარები, რომლებიც მოსწავლეთა უმრავლესობას არ გააჩნია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ინფორმაციამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა და მისი დამუშავებაც ახალ, დამატებით უნარებს მოითხოვს. ეს უნარები თავისთავად არ ჩნდება. მათი უმრავლესობა, სტრატეგიებთან ერთად, არ ისწავლება ტრადიციული სასწავლო გეგმების მიხედვით.

საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს უნდა ასწავლოს შესაბამისი სტრატეგიები და განუვითაროს ონლაინ საძიებო სისტემების მეშვეობით ინფორმაციის მოძიების უნარები.

დაუსვით თქვენს მოსწავლეებს კითხვა: „რამდენად ერკვევი ინტერნეტის საძიებო სისტემებში?“ ისინი გიპასუხებენ, რომ საკმაოდ კარგად ერკვევიან, მაგრამ მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსწავლეს თავისი უნარ-ჩვევები გაცილებით უკეთესი ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია. მე როგორც ენის მასწავლებელს შემიძლია ვთქვა, რომ ენა შეიცვალა და, შესაბამისად, შეიცვალა წიგნიერებაც. ამჟამად წიგნიერება ფურცელზე დაწერილ სიტყვებზე გაცილებით მეტია. და რაკი ასეა, ჩვენც, მასწავლებლებმა, განსაკუთრებით კი ენის მასწავლებლებმა, ახლებურად უნდა ვასწავლოთ. ენის მასწავლებლები წინა ხაზზე უნდა იყვნენ, რადგან მათ აქვთ ის დრო, რომელიც შეიძლება წიგნიერებასთან დაკავშირებული სტრატეგიების სწავლებას დაუთმონ. წიგნიერება მათი საგანია. მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ენის მასწავლებლებმა სხვა საგნების მასწავლებლებთანაც ითანამშრომლონ და მათთან ინტეგრირებულად იმოქმედონ.

პაატა პაპავა: ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, სკოლების უმრავლესობა გლობალურ ქსელთანაა დაკავშირებული და ბავშვებს აქვთ წვდომა ინტერნეტთან. სკოლებს ჰყავთ IT სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა სახის მხარდაჭერას უწევენ მასწავლებლებს. თუ შეიძლება, რომ ენის და მათთან ერთად სხვა საგნების მასწავლებლებს გაუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მათ ციფრული წიგნიერების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება?

ჯერონ კლემენსი: უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელმა ზემოთ ჩამოთვლილი უნარები და სტრატეგიები ცალკე უნდა შეასწავლოს მოსწავლეებს, შემდგომი ნაბიჯი კი მათთვის კვლევითი დავალების მიცემაა. ამ გზით მოხდება ენისა და სხვა საგნების მასწავლებლების ინტერაქცია, რადგან სხვა საგნის მასწავლებლებიც ხომ მსგავს დავალებას აძლევენ მოსწავლეებს.

რაც ჩემს კლასში გავაკეთე, ის იყო, რომ ვასწავლე მოსწავლეებს საძიებო სისტემების უკეთ გამოყენების სტრატეგიები და განვუვითარე მოძიებული რესურსების ეფექტურად შეფასების უნარები, რაც სინთეზური უნარების უფრო მაღალი საფეხურია. რაც შეეხება სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობას, დავუშვათ, ისტორიის მასწავლებელი კლასში ამუშავებს მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსზე. ერთად მუშაობისას ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს საუკეთესო ინფორმაციის მოძიებაში, მის სინთეზირებასა და ქაღალდზე გადატანაში. შედეგად მოსწავლეები იწყებენ ფიქრს იმაზე, რომ ციფრული წიგნიერება სასარგებლოა. ცოდნა სასარგებლოა. არა იმიტომ, რომ მე, მასწავლებელი ვეუბნები ამას, არამედ იმიტომაც, რომ თავად ხედავენ, რომ უკეთეს შედეგებს აღწევენ ისტორიაში, გეოგრაფიაში და იმ კვლევებშიც კი, რომლებსაც თუნდაც თავისთვის აწარმოებენ.

რა შეიძლება დაამატოს ისტორიის მასწავლებელმა იმას, რაზეც უკვე ვილაპარაკე? მან შეიძლება მიუთითოს მოსწავლეებს, რომ მათ მიერ მოძიებული ისტორიული და გეოგრაფიული მასალა სანდოა. მოსწავლეები იძენენ ახალ უნარებს, სწავლობენ ახალ სტრატეგიებს და ექმნებათ წარმოდგენა იმის შესახებ, რომელია კარგი რესურსები ინტერნეტში. ეს ცოდნა მათ შემდგომში უკეთესი კვლევების ჩატარებაში ეხმარება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკთხი, რომელზეც ჯერ არ გვისაუბრია, ონლაინ თანამშრომლობაა. ჩემს კლასში მოსწავლეები ხშირად მუშაობენ წყვილებად ან სამწევრიან ჯგუფებად და შემდეგ აგრძელებენ მუშაობას ონლაინ. ამის რამდენიმე გზა არსებობს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ ჯგუფებში და გააგრძელონ ონლაინ მუშაობა შინ. ეს პრაქტიკა უფრო საინტერესო რომ გახდეს, შეიძლება, დავალებები და პროექტები სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეასრულონ, ან – უფრო უკეთესი – სულაც სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან იმუშაონ. წლების წინ გვქონდა ასეთი გამოცდილებაც. მოვამზადეთ პროექტი მაკედონიასთან, ახლანდელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან თანამშრომლობით. ჩემმა კლასმა მაკედონიელ თანატოლებთან ერთად ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, როგორ შეიცვალა მედია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მათ ერთმანეთს შეადარეს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჰოლანდიასა და მაკედონიაში, უპასუხეს კითხვას: „რატომ ხდება ასე?“ გამართეს დისკუსია. საბოლოოდ მომზადდა პრეზენტაცია იმის შესახებ, რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მოვლენები ამ ორ ქვეყანაში და რა იყო მათ შორის საერთო. ასეთი პროექტი მოითხოვს მრავალი განსხვავებული უნარისა და სტრატეგიის ფლობას, მათ სწორად გამოყენებას. ერთობლივი მუშაობისას მოსწავლეებს მოუწიათ ბევრი ფიქრი, შედარება და კონტრასტების შეჯერება, რაც უნარების უფრო მაღალ საფეხურს მოითხოვდა. ვინაიდან მედიის საკითხებზე მუშაობა და ერთმანეთთან საუბარი უწევდათ, მათ მოუხდათ ციფრული წიგნიერების უნარების გამოყენებაც. ასე რომ, ამ პროექტმა ხელი შეუწყო რამდენიმე უნარის – ციფრული წიგნიერების, თანამშრომლობის და კვლევის ინტეგრაციას უნარების – განვითარებას. აქვე დავამატებდი, რომ მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სხვა, მათი ქვეყნისგან განსხვავებულ სამყაროს და მათ ეს ძალიან მოეწონათ.

პაატა პაპავა: კიდევ ერთი კითხვა: როდის არის სკოლაში ციფრული წიგნიერების სწავლებისთვის საუკეთესო დრო?

ჯერონ კლემენსი: ვინაიდან მოვლენები ახლა, ჩვენ თვალწინ ვითარდება, კარგი იქნება, თუ ციფრულ წიგნიერებას კურიკულუმში შეიტანენ სწავლების ყველა საფეხურზე – სკოლამდელიდან უმაღლეს სასწავლებლებამდე. დიახ, სტუდენტებსაც უნდა ვასწავლოთ, რადგან უმაღლეს სასწავლებლებში ყველა არ არის სათანადოდ მომზადებული. მათი უნარების გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია.

ამრიგად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ციფრული წიგნიერება უნდა ისწავლებოდეს ყველა ასაკში, თუნდაც 4 წლიდან დაწყებული 30-მდე.

პაატა პაპავა: რამეს ხომ არ დაამატებდით?

ჯერონ კლემენსი: ბოლო ათმა წელმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ პროფესიული განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა გუნდში მუშაობა. შეიძლება, სკოლაში მოქმედებდეს ენის მასწავლებელთა გუნდი, რომელშიც მასწავლებლები ერთად ადგენენ გაკვეთილის გეგმებს, ეძებენ მასალებს, ატარებენ საცდელ აქტივობებს, მერე კი მსჯელობენ, რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი. მიმუშავია პროფესიული განვითარების შერეულ გუნდში, რომელშიც იყვნენ ენის, ისტორიის და სხვა საგნების მასწავლებლებიც. ინდივიდუალური პროფესიული განვითარება უფრო ადვილია, როცა კოლეგები გეხმარებიან. ასეთ დროს უკეთ სწავლობ. რა თქმა უნდა, შეიძლება, გაეცნოთ გზამკვლევებსა და სახელმძღვანელოებს ციფრული წიგნიერების შესახებ, მაგრამ ეს ისე კარგად არ იმუშავებს. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, არ დააკლოთ მცდელობა და სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გუნდები შექმნათ.

პაატა პაპავა: დიდი მადლობა საუბრისთვის.

კომპლექსური დავალება – „მარტივი მექანიზმები“

0

განათლების სისტემაში ნებისმიერი  სიახლე  ეფუძნება წინარე კვლევებს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული პრობლემების გამოკვეთას და შემდგომ – მათი მოგვარებისკენ მიმართულ ქმედებებს. ერთ-ერთი პრობლემაა დაშორება ესგ-ით განსაზღვრულ გრძელვადიან მიზანთან, რომელიც გულისხმობს ცოდნის ადაპტირებას ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და მის ტრანსფერს, შესაბამისად, სათანადო უნარების ჩამოყალიბებასაც. სკოლაში მიღებული ცოდნა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს პრაქტიკულ გამოყენებასთან, გრძელვადიან მიზნებზე  გასასვლელად კი  უნდა გავააქტიუროთ პირობისეული ცოდნა და დავეხმაროთ მოსწავლეს, გაიაზროს მიღებული ცოდნა-უნარების ღირებულება – რაში სჭირდება, როგორ გამოიყენებს, სად, რა ფორმით და რასთან კავშირში. როცა მოსწავლე ამ ყველაფერს გააცნობიერებს, სულ სხვა შინაგანი მოტივაცია და ინტერესი აღეძვრება. გრძელვადიანი მიზნები ერთგვარი ბაზაა მისთვის ახალ საფეხურზე გადასასვლელად. ეს არის ახალი მოდელის მთავარი პრინციპი, ფაქტობრივად, ამაზეა აგებული მოდელი.

რაც შეეხება პედაგოგებს,  ისინი შეეცდებიან, სწორედ კომპლექსური მიდგომით, კომპლექსური გააზრებით დაეხმარონ მოსწავლეებს შინაგანი მოტივაციის, შეძენილი უნარების და გარემოსთან ადაპტირებული ცოდნის გაერთიანებაში. მთავარია, მოსწავლემ გაიაზროს, რატომ დაწერა  დავალება, რატომ ისწავლა ეს გაკვეთილი და რაში გამოიყენებს. როცა მასწავლებელი ამას მოსწავლემდე მიიტანს, რა თქმა უნდა, შედეგიც უკეთესი გვექნება. სწორედ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

ცხადია, მასწავლებელს უჩნდება კითხვა, რას შეცვლის ახალი სკოლის მოდელი სკოლისთვის, მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვის; მოახდენს თუ არა სასიკეთო გარდატეხას ზოგადი განათლების სისტემაში; რით იყო საინტერესო და სასარგებლო ჩატარებული ტრენინგები.

შევეცდები, ამ და სხვა კითხვებს პასუხი გავცე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არც ერთი სკოლა არ არის ჩართული ამ მოდელში, ინტენსიურად ვესწრებოდი ახალი სკოლის მოდელის ტრენინგებს არაჩართული სკოლებისთვის – მინდა, მომზადებული დავხვდე რეფორმას.

მინდა გითხრათ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ქოუჩები. ისინი ჩვენთან ერთად ქმნიდნენ და ამუშავებდნენ კომპლექსური დავალებების პირობებს და გვეხმარებოდნენ სასწავლო პროცესის უკეთესად დაგეგმვასა და წარმართვაში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ გადავწყვიტე, საცდელად  შემეტანა მე-8 კლასში კომპლექსური დავალება მოსწავლეებთან და შედარება მომეხდინა პარალელურ კლასებს შორის.

 

კომპლექსური დავალება, მისი განხორციელების ეტაპები და მოსწავლეთა ნამუშევრები

კომპლექსური დავალება, რომელიც შევიტანე ორივე სკოლის მე-8 კლასებში, არის „მარტივი მექანიზმები“.

ცხრილის სახით წარმოგიდგენთ, როგორ დავგეგმე კომპლექსური დავალების შესრულების ეტაპები და განსახორციელებელი სამუშაო.

 

  ეტაპები განხორციელებული

სამუშაო

მოსწავლის როლი
1 კომპლექსური დავალებისთვის მომზადება კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა; მოტივაციის გაღვივება ეცნობა დავალების პირობას,  მისი შესრულების ვადებს
2 კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები შუალედური დავალებების შესრულება, ამოცანების ამოხსნა

 

ეცნობა ამოცანის პირობებს და ხსნის მას შუალედურ ეტაპზე
3 კვლევა ინფორმაციის მოგროვება აწარმოებს კვლევას
4 შედეგები და დასკვნები ინფორმაციის ანალიზი, დასკვნების გამოტანა აანალიზებს ინფორმაციას
5 შედეგების წარმოდგენა (პროდუქტი) სასურველი ფორმით  წარმოადგინოს შედეგი, მოახდინოს დემონსტრირება პრეზენტაცია

და თვითშეფასება

 

ყოველივე ამის შემდეგ მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს, მათ ძალისხმევას,  მოცემული საკითხის შესწავლის  ხარისხს და შესაბამის უკუკავშირს აძლევს მათ სოლო ტაქსონომიის საშუალებით.

კომპლექსური დავალების გაცნობამდე ყოველი საკითხისთვის შევქმენი ელექტრონული რესურსი, რომელიც წინასწარ ცხრილის სახით გავუზიარე მოსწავლეებს და  ვიყენებდი ონლაინ-გაკვეთილებზე. მოცემულია საკითხთა ჩამონათვალი:

 

სხეულის წონასწორობა

 

  პარაგრაფის დასახელება ელექტრონული რესურსის ბმული
1 ძალა. უძრავი ან თ/მოძრავი სხეულის წონასწორობა https://sway.office.com/LlSFDlcT5YmiVTaa?ref=Link

 

2 ძალის მაბრუნებელი მოქმედება https://sway.office.com/zJSbflnCDX9B76u7?ref=Link

 

3 ბერკეტი https://sway.office.com/x8v56pwaGDWEourl?ref=Link

 

4 ბერკეტი ამოცანებში https://sway.office.com/ysK0xA2ln1lPkTg2?ref=Link

 

5 სიმძიმის ცენტრი. წონასწორობის სახეები. საყრდენი ფართობის მქონე სხეულთა წონასწორობა https://sway.office.com/hfuKOze9kuvEbjku?ref=Link

 

6 მექანიკის ოქროს წესი. ბერკეტის გამოყენება https://sway.office.com/EGXrt4NgSPcGEamh?ref=Link

 

7 ჭოჭონაქი. დახრილი სიბრტყე https://sway.office.com/BD5GDk5ImP0IgjnV?ref=Link

 

8 თავის შეჯამება https://sway.office.com/g2FOlVnWYUy8Ix3W?ref=Link

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

„დავეხმაროთ აკილიკს წყლის ამოღებაში“

 

 

 

 

ძველ ეგვიპტეში, როდესაც მდინარეში წყალი შრებოდა, მოსახლეობა სურათზე წარმოდგენილ მოწყობილობას იყენებდა. რამდენიმე ასეთი მოწყობილობა იძლეოდა საშუალებას, წყალი სიმაღლეზე აეტანათ. ამისთვის გამოიყენებოდა ბერკეტის სახესხვაობა.

 

გაეცანით ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია მსგავსი ხელსაწყოს დამზადება:

https://vimeo.com/89758584

მდინარიდან თუ ჭიდან წყლის ამოღების სხვა ვარიანტებიც არსებობს.

ჩამოთვალეთ, რომელი მარტივი მექანიზმებია წარმოდგენილი შემდეგ სურათებზე:

 

 

 

კომპლექსური დავალების მიზანი ა. მოსწავლეები ეცნობიან მარტივ მექანიზმებს, რომლებიც პრაქტიკულად ყველგან გვხვდება გარემომცველ სამყაროში.

ბ. მოსწავლეები ეცნობიან მარტივი მექანიზმების დანიშნულებას და გამოყენების პრინციპებს,  გაიაზრებენ, რომ მარტივი მექანიზმები გამოიყენება შრომის გასამარტივებლად.

კომპლექსური დავალების კითხვები

(ხაზგასმით წარმოაჩინეთ)

1.რა არის ბერკეტი?

2. დაასახელეთ წონასწორობის სახეები.

3. რომელ წონასწორობას მიეკუთვნება გაწონასწორებული ბერკეტი?

4. მარტივი მექანიზმების რომელი სახეობებია თქვენთვის ცნობილი?

5. მოიყვანეთ მარტივი მექანიზმების მაგალითები ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში.

6. ჩამოაყალიბეთ მექანიკის ოქროს წესი და ახსენით ამ წესის გამოყენება მარტივი მექანიზმებისთვის.

7. ამოხსენით ამოცანები.

8. შეასრულეთ კვლევითი სამუშაო.

9. მოამზადეთ პრეზენტაცია.

10. შექმენით მარტივი მექანიზმის მოდელი.

 

კომპლექსური დავალების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა ა. ბერკეტის წონასწორობის პირობა

ბ. მექანიკის ოქროს წესი

გ. ჭოჭონაქი. დახრილი სიბრტყე

დ. მარტივი მექანიზმები ყოფა-ცხოვრებაში

ე. მარტივი მეაქნიზმები ბუნებაში

 

კომპლექსური დავალების ეტაპები

 

ა. თეორიული მასალის შესწავლა

 

ბ. ამოცანების ამოხსნა

 

გ. ექსპერიმენტული სამუშაო

 

გ. პრეზენტაციის მომზადება

 

დ. მარტივი მექანიზმების მოდელების დამზადება

 

 

ამოცანები

მომდევნო ამოცანებში იცვლება პირობები. მოსწავლე ითვლის ბერკეტის სიგრძეს, მისი გრძელი მხრის სიგრძეს, მოკლე მხრის სიგრძეს, თოკის სიგრძეს, წყლის მასას, მოკლე მხარზე დაკიდებული ტვირთის მასას და ა.შ.

გარდა ამისა, მოსწავლეები ასრულებენ https://sway.office.com/ysK0xA2ln1lPkTg2?ref=Link  პრეზენტაციაში წარმოდგენილ ამოცანებს და ექსპერიმენტულ სამუშაოს.

 

ექსპერიმენტული სამუშაო                

სურათის მიხედვით აიღეთ ანათვალები. ვთქვათ, ამ ადამიანს ხელში უჭირავს ცნობილი მასის ტვირთი (მასა თავად შეარჩიეთ და რამდენჯერმე შეცვალეთ). გამოთვალეთ ამ ტვირთზე მოქმედი სიმძიმის ძალა.

შემდეგ იპოვეთ F1 ძალა. (r2/r1=F1/F2).

მესამე სურათის მიხედვით განსაზღვრეთ, რა სიმაღლეზე აიწევა ტვირთი, თუ S1=2 სმ  (S2/S1=F1/F2).

 

მონაცემები შეიტანეთ ცხრილში და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

 

  r1 r2 mტვირთი F2 r2/r1=F1/F2 F1 S1 S2/S1=F1/F2 S2
1 4 სმ 32 სმ         2სმ    
2 4 სმ 32 სმ         2სმ    
3 4 სმ 32 სმ         2სმ    

 

https://sway.office.com/g2FOlVnWYUy8Ix3W?ref=Link – ამ ბმულის ბოლოს მოცემულია  თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ორი მერვეკლასელის მიერ შექმნილი  ელექტრონული წიგნი და თბილისის 94-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შექმნილი მარტივი მექანიზმების ვიდეო.

ახალი სკოლის მოდელის უპირატესობა ის არის, რომ სასწავლო პროცესს აძლევს ორგანიზებულ სახეს. მასწავლებელი ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლეს განუვითაროს საჭირო უნარ-ჩვევები საჭირო მიმართულებით.  მთავარია, ლოგიკური აზროვნების თვალსაზრისით, ნებისმიერ საკითხზე მუშაობისას, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს სწორი წარმოდგენები და შეხედულებები ასაკის მიხედვით. საგანში თემები და ცნებები ისე უკავშირდება ერთმანეთს, რომ მასწავლებელი ადვილად ახერხებს ერთი საკითხის სხვადასხვა საგანთან დაკავშირებას, ტრანსფერს. კომპლექსური დავალებების ბანკი კი (რომლის შექმნაც ერთ-ერთი აუცილებლობაა) მასწავლებელს გაუადვილებს შრომას, რათა საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალება მოარგოს  კლასის საჭიროებებს და შესაძლებლობებს, მოახდინოს ამ დავალებების მოდიფიცირება.

ვფიქრობ, მოცემული კომპლექსური დავალება საინტერესო აღმოჩნდება კოლეგებისთვის. მომავალი სასწავლო წლიდან ვგეგმავ ამ კომპლექსური დავალების სრულად განხორციელებას. საინტერესო იქნება კოლეგების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ლინგვისტური რომანის სამყაროში

0

როსტომ ჩხეიძის რომან-ლექსიკონის შესახებ

ლექსიკონი სამაგიდო წიგნია მათთვის, ვისაც კითხვა მხოლოდ შთაბეჭდილებებისთვის არ უყვარს. ჩვეულებრივი გაგებით, ლექსიკონის „კითხვაც“ შეუძლებელია, რადგან ის უფრო მეტია, ვიდრე ერთი წიგნი. ის მრავალ წიგნს, მრავალ ცოდნას, ბოლოს და ბოლოს, მრავალ სიცოცხლეს შეიცავს.

ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი რომან-ლექსიკონი ჩამივარდა ხელთ, როგორც თავად ავტორი უწოდებს – ლინგვისტური რომანი. მან განუზომელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მომინდა, ის სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

„ჟარგონი და მეტსახელი, და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ – ასე ჰქვია ამ წიგნს, რომლის ავტორიც გახლავთ ყველასთვის კარგად ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი, მეცნიერი როსტომ ჩხეიძე. ალბათ, თავიდანვე ამ სახელით უნდა დამეწყო, რადგან მისი ხსენება ბუნებრივად გულისხმობს ხარისხს, პროფესიონალიზმს, სანდოობას და ჩემი აღტაცებაც ბუნებრივი და ლოგიკურია. როსტომ ჩხეიძის მონოგრაფიები, სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები, კვლევის ფართო არეალი ქართული ლიტერატურული პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და დროის დინებასთან ერთად, კიდევ უფრო დაფასდება ის უზარმაზარი შრომა და ენერგია, რომელსაც როსტომ ჩხეიძე ჩვენი მწერლობის ავანგარდში დებს.

თუმცა ეს წიგნი, რომელსაც მოსწრებულად და სამართლიანად დაარქვეს რომანი-ლექსიკონი, კიდევ რაღაც სხვა დვრიტას იუნჯებს, კიდევ რაღაც სხვა ხდება მის ვეებერთელა ლინგვისტურ სამყაროში.

ავტორი დასაწყისშივე განუმარტავს მკითხველს, რომ ამ წიგნზე მუშაობა მას მამის – ოთარ ჩხეიძის შემოქმედებამ შთააგონა და საერთოდაც, ეს რომანი მის მწერლურ ლაბორატორიაში დაწყებული ლინგვისტური ალქიმიის ერთგვარი გაგრძელებაა. „ოთარ ჩხეიძის მიერ არის შეკრებილი წიგნში წარმოდგენილი და განხილული ჟარგონული სიტყვებისა და გამოთქმების ერთი ნაწილი. მის არქივში დაცული საკმაო რაოდენობის ლექსიკური ერთეულები ჟარგონის ლექსიკონის შექმნის პირველი ნიმუშია, რომელიც ერთი გარკვეული პერიოდის ჟარგონული მეტყველების სურათს წარმოგვიდგენს“, – ვკითხულობთ ნინო ჭუმბურიძის ბოლოსიტყვაობაში. ასევეა მეტსახელების შემთხვევაშიც – ისინიც თავის დროზე ოთარ ჩხეიძის ინიციატივითაა შეკრებილი სხვადასხვა რეგიონიდან.

ეს ყველაფერი კი, ერთ ლინგვისტურ რომანში თავმოყრილი, ღრმა მეცნიერული წიაღსვლებით, შენიშვნებით და აღმოჩენებით, ქმნის იმ მრავალფეროვან, ცოდნით გაჯერებულ, ხალას და ცოცხალ სამყაროს, რომელიც აუცილებლად მიგიზიდავთ, ქართული ენის პერსპექტივებს გადაგიშლით და მისივე დაუშრეტელი ენერგიით დაგმუხტავთ.

„ჟარგონს დიდი ძალა აქვს ლიტერატურაში“, – 1927 წელს უბის წიგნაკში ჩაუწერია მიხეილ ჯავახიშვილს. მართლაც, რა არის ჟარგონი – ენობრივი შეცდომების რიგი თუ ენის სიცოცხლისუნარიანობის დადასტურება? ამ კითხვას უტრიალებს როსტომ ჩხეიძე და გზადაგზა მყარ არგუმენტებს იმოწმებს.

იოსებ გრიშაშვილის აზრით, „ქალაქური ენაც, ჟარგონიც იქ იბადება, სადაც გონებამახვილი ხალხია, მხიარული, დარდიმანდი; სადაც სიცოცხლის და ადამიანის დაუშრეტელი სიყვარული სუფევს“. როსტომ ჩხეიძე წარმოგვიდგენს ქართულ ენაში დამკვიდრებული ჟარგონული სიტყვებისა და გამოთქმების ვრცელ პალიტრას; არაერთგზის აღნიშნავს მწერლისა და კრიტიკოსის ლევან ბრეგაძის დამსახურებასაც, რომელმაც შექმნა „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“ – ნამდვილი მარგალიტი ქართულ სამეცნიერო (და არამხოლოდ) ლიტერატურაში.

სახალისო და საინტერესოა ამ ჟარგონთა წარმომავლობა. როსტომ ჩხეიძე თითოეულ მათგანს გვაცნობს. მაგალითად, იცოდით, საიდან მოდის გასულ საუკუნეში ფეხმოკიდებული „გეჩე“? გეჩე სოფლიდან ჩამოსულ ხიხოს ნიშნავდა და, ოთარ ჩხეიძის განმარტებით, მისი ეტიმოლოგია საბჭოთა ყოფიდან მომდინარეობს: 40-50-იან წლებში მანქანებს, რომლებიც რაიონებს (სოფლებს) ეკუთვნოდა, სანომრე ნიშნებზე ციფრებთან ერთად ეწერა რუსული ასოები – ГЧ (გე-ჩე), რაც მერე სოფლელი, ხალხში გამოუსვლელი კაცის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა.

ან კიდევ ასეთი ჟარგონი: „იშკილებიდან ჩამოვარდა“ – სულიერად დაეცა, მხნეობა დაკარგა (სხვათა შორის, ეს გამოთქმა დღესდღეობითაც გამიგონია ზოგიერთი ქალაქელისგან). მისი წარმომავლობაც ცნობილია: სიტყვა „იშკილ“ სპარსულია, გაიძვერობას, მატყუარობას ნიშნავს. „იშკილ!“ – მიაძახებდნენ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში კინომექანიკოსს, როცა რაიმე ტექნიკური მიზეზით ფილმის ჩვენება შეწყდებოდა.

როსტომ ჩხეიძე უშორეს წარსულსაც იხსენებს და ჟარგონის პირველ ნიმუშებს იქაც პოულობს – მე-10 საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ძეგლში, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. გიორგი მერჩულე ანჩელს ასე მოიხსენიებს: „მაგრიად მოისარი“. ამ მიგნებისთვის როსტომ ჩხეიძე მეცნიერ ნინო ვახანიას ემადლიერება, რადგან თავდაპირველად სწორედ მან გაამახვილა ყურადღება ამ დეტალზე. ეს მაგრიად სწორედ იმას გულისხმობს, რასაც დღეს – ჟარგონი „მაგრად“ (მაგრად მუშაობს, მაგრად მღერის და ა.შ).

თავბრუდამხვევად ვრცელი და მრავალფეროვანია მეტსახელთა სამყაროც. როსტომ ჩხეიძის ლინგვისტურ რომანში ეს ეპიზოდიც ოთარ ჩხეიძის შემოქმედებითაა შთაგონებული. სწორედ მან ჩაუყარა საძირკველი იმ უზარმაზარ „ლინგვისტურ ცათამბჯენს“, რომელსაც მეტსახელთა ლეგიონები უნდა დაეტია – სხვადასხვა კუთხის, რეგიონის, მწერალთა შემოქმედების თუ პირადი მიგნებების მიხედვით. მეტსახელები უხვად გვხვდება ქართველ მწერალთა შემოქმედებაში. გვახსოვს ლიტერატურული პერსონაჟები, რომლებსაც სწორედ მეტსახელებით ვიცნობთ და ეს მეტსახელები ისე მძლავრად ირეკლავს ეპოქის სულს, რომ დღემდე მასთანაც ვასიმბოლოებთ (მაგალითაად, მიხეილ ჯავახიშვილის „დამპატიჟე“ – ბოლშევიკური დროების სიმბოლო, „ჩანჩურა“ – უმწეო, უხერხემლო, ფსკერის ადამიანი). მეტსახელითაა ცნობილი აკაკი წერეთლის ბაში-აჩუკი.

მეტსახელთა სურნელი ტრიალებს გიორგი ლეონიძის პროზაულ კრებულ „ნატვრის ხეში“ – დევკაჟი, ფოლადგულა, მგელხარი, ყიჭალა, ჩანჩუხა, თარიმანი, ტროყია…

მეტსახელები გალაკტიონსაც ჩაუნიშნავს: „ქუთათელის ზედმეტი სახელია ყოყია“, (ალექსანდრე ქუთათელზეა საუბარი და განმარტავს კიდეც, რატომაც დაარქვეს ყოყია: ძალიან ჰგავს ქუთათელის თავის მოყვანილობა და ქუთათელის ლიტერატურული სტილიო). ამ პასაჟში როსტომ ჩხეიძე შენიშნავს: „ძალიან გაიმეტებდა ალექსანდრე ქუთათელს, უმთავრესად ცნობილს ორტომიანი რომანით „პირისპირ“ (რომლის ისტორიულ-დოკუმენტური ფონიც, უნდა ითქვას, ჩინებულია და თვით გალაკტიონის ხელწამოსაკრავიც არ არის!)“.

საინტერესოდაა აქცენტირებული მეტსახელთა სამყარო ფოლკლორში, ზღაპრებში (ზღაპრის გმირთა სახელები სულაც მეტსახელებია: ხუთკუნჭულა, სიზმარა, ჭინჭრაქა, ცეროდენა და სხვა), საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტში.

ამ ვრცელ ენათმეცნიერულ რომანში როსტომ ჩხეიძე იმოწმებს უამრავ მეცნიერს, მკვლევარს, წარმოაჩენს მათი ნაშრომების მნიშვნელოვანებას, მკითხველის ყურადღებას ამახვილებს თითოეული მათგანის კვლევის თავისებურებებზე. „ჟარგონი და მეტსახელი, და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ ამ მხრივაც საინტერესო და მრავალფეროვანია.

ტოპონიმებზე საუბრისას კი პირადად ჩემთვის გამორჩეულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მშობლიური სოფლის, ყელქცეულის, ერთ-ერთი ტოპონიმის – ყვავის საყდრის – განმარტება, რომელიც თავისი არსით მითოსურ-ბიბლიურ სიღრმეებს სწვდება…

საინტერესოა თავად ამ ტოპონიმური ლექსიკონის წარმოშობის ისტორიაც: მწერალმა, მამის დავალებით, 10-11 წლის ასაკში თავად მოუყარა თავი მშობლიური სოფლის ტოპონიმებს (ნატბევი, თოკიანები, ნაფუზრები, ჩხეიძეანთ ბაღი, ნადავრები, ყვავის საყდარი) და, უფროსების (მეცნიერთა და მწერალთა) ქებით გამხნევებულმა, იმ დღიდან ჩაიდო გულში ტოპონიმების შესახებ საფუძვლიანი მონოგრაფიის შექმნა.

პავლე ინგოროყვას მეცნიერული კვლევის შუქზე გაცხადებული ხეთური სამყარო როსტომ ჩხეიძის ლინგვისტური რომანის ფინალური ეპიზოდია. ამ ნაწილშიც ვრცლად და მომნუსხველად იშლება ქართული ანბანის სამყარო – სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებები, ჭილ-ეტრატის იადგარისეული დაქარაგმება, ძველ ებრაულსა და ქართულს შორის კავშირი, პარონომაზიის შემთხვევები, ქართული დამწერლობის შორეული პერსპექტივები და არქეტიპები…

ეს გახლავთ წიგნი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაშალოთ, კითხვა ნებისმიერი გვერდიდან დაიწყოთ, შეჰყვეთ ავტორს ენის ლაბირინთებში, დაიტვირთოთ ლინგვისტური საგზლით, რომელსაც შემეცნებისა და აზროვნების გზებზე ხელხვავიანად ჩამოცლით. ამ რომანში იმდენი ცოდნაა, რამდენიც ჩვენს პირად ენობრივ სივრცეებს სჭირდება სასიცოცხლოდ და სარწყულებლად; ის მასწავლებლებისთვისაცაა და მოსწავლეებისთვისაც, რადგან ისეთ საკითხებს უტრიალებს, რომლებიც მუდმივ განათლებას, მუდმივ შემეცნებას და ცოდნით აღვსებას გულისხმობს, ამიტომ ის ერთგვარი ცენტრია, სადაც თავს მოიყრიან ოსტატიც და შეგირდიც და პლატონისეულ ნადიმს გამართავენ, სიტყვები კი, სამეფო ვახშამივით, წყება-წყება და რიგრიგობით „შემოვა“ ამ წმინდა ნადიმზე.

ჰოდა, თუ ნადიმია, ესაც ვთქვათ – ლექსიკონები აუშლელ სუფრას ჰგავს, როცა უნდა გაიწვდინო ხელი, შენს საკბილოს ყოველთვის მოიხელთებ.

როსტომ ჩხეიძის „ჟარგონი და მეტსახელი, და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ ამ სუფრის ლინგვისტური ანარეკლია.

მობილური ტელეფონები და საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესი

0

„მობილურ ტელეფონებს ჩვენი ცხოვრების შიდა სამყაროში მივყავართ, მაშინ, როცა კინოფილმები გვაძლევენ შანსს გავექცეთ ცხოვრებას. ამიტომაც, ეს ორნი, მოპაექრე ძალებს წარმოადგენენ“.

სტივენ სპილბერგი

(Read more at https://www.brainyquote.com/topics/phones-quotes)

სულ უფრო მეტი სკოლა ამონტაჟებს ან აუმჯობესებს სასკოლო WiFi -ქსელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უამრავი ისეთი ადგილია, სადაც ინტერნეტი არ არსებობს, გაზრდილი წვდომა ინტერნეტზე ბავშვებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ უამრავი ახალი სასწავლო შესაძლებლობა, რომლებიც ყოველწლიურად სულ უმჯობესდება.

სასწავლო პროცესის პროექტირებისადმი „ჯერ პედაგოგიკა და შემდეგ ტექნოლოგიები“ მიდგომით, განმანათლებლებს შეუძლიათ, გააძლიერონ და უფრო სრულყოფილი გახადონ გაკვეთილები, დღეს არსებული, თითქმის უსაზღვრო ტექნოლოგიური საშუალებებით. ისეთი ვებსაიტები, როგორებიცაა Common Sense Education და edshelf, აადვილებენ, შეარჩიოთ სწორი გზა, მართებული საინსტრუქციო სტრატეგიისათვის.

თუმცა, თუ ხელთ გვაქვს კარგად შედგენილი შეფასების მექანიზმი, მაშინ ყველაზე ბუნებრივი იქნება, საკუთრივ მოსწავლემ შეარჩიოს მისთვის საუკეთესო საშუალება ამოცანის გადასაწყვეტად.

მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონების ფასებმა დაიწიეს, მაინც რჩება ახალი ტელეფონის ყიდვის სიძვირის საკითხი.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით მსურს, მოგიყვეთ ერთი საინტერესო და პრაქტიკული იდეის შესახებ, რომელსაც ველსის ელემენტარულ სკოლაში (Wells Elementary School, მეინის შტატი, აშშ) საკონსულტაციო ვიზიტის დროს გავეცანი.

სკოლის ადმინისტრაციულ გუნდთან ერთად, გაცნობითი ფეხმავალი ტურის დროს შევამჩნიე, რომ სკოლამდელი კლასების რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებლის, ქ-ნ დებორა უექერლის  კლასიდან, ჩართულნი იყვნენ შერეული ტიპის სასწავლო აქტივობებში, სმარტფონების გამოყენებით (სმარტფონი – მობილური ტელეფონის თანამედროვე ტიპი, რომელსაც მექანიკურის ნაცვლად, ვირტუალური კლავიატურა, უფრო მაღალი ხარისხის ფოტოკამერა და ბევრი ახალი ფუნქცია აქვს, GSM-მობილურ ტელეფონთან შედარებით, ლ.ა.).

მე, როგორც BYOT კამპუსის პროგრამის (BYOT- Bring Your Own Technology/თან იქონიე შენი საკუთარი ტექნოლოგია, ინგლ.) ყოფილ კურსდამთავრებულს, არ გამკვირვებია ის, რომ ბავშვები სასწავლო პროცესის ზოგ ეტაპზე სახლიდან მოტანილ ტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ.

თუმცა ქ-ნ დებორას მაინც შევეკითხე, მართლა სახლიდან მოტანილ ტელეფონებს/ტაბლეტებს იყენებდნენ თუ არა ბავშვები სასწავლად ან ამოცანების გადასაჭრელად.

მასწვლებელმა გაიცინა და მითხრა, რომ ეს ასე არ არის, რადგან ბავშვები ჯერ კიდევ სკოლამდელი, მოსამზადებელი კლასის მოსწავლეები იყვნენ.

დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ აქ საქმე სხვაგვარად იყო ორგანიზებული.

 

ამის შემდეგ, ქ-ნმა დებორამ მიჩვენა კალათა, რომელშიც ხუთიოდე ტელეფონი ეწყო.

შემდეგ ამიხსნა, რომ რამდენიმე წლის წინ მან სთხოვა წინასასკოლო კლასის მოსწავლეების მშობლებსა და მეგობრებს, სკოლისთვის ეჩუქებინათ მოძველებული სმარტფონები, მათი კლასში გამოყენებისათვის, მათი სატელეფონო კომპანიებში ჩაბარების, ნაღდი ფულის ან პროგრამული გაუმჯობესების სანაცვლოდ.

რა დიდებული იდეაა!

დღეს, ქ-ნ დებორას კლასში უკვე რამდენიმე უსაფრთხო ინტერნეტზე მიერთებული სმარტფონი აქვს, რომლებსაც იყენებს ინდივიდუალური თუ შერეული სწავლებისათვის. ბევრი სასწავლო აქტივობისათვის, მნიშვნელობა არ აქვს საკუთრივ მოწყობილობას (ტელეფონს). მთავარია, გქონდეს საშუალება, რომელიც გამოდგება სხვადასხვა სასწავლო თუ ინტერაქტიულ ვებსაიტზე წვდომისათვის.

იდეა იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა ამ საქმეში და სკოლისთვის, ჩემი მეუღლის მოძველებული სმარტფონი მეჩუქებინა, რომლის საპროგრამო გაუმჯობესაბასაც ახლო მომავალში ვაპირებდით.

ქ-ნ დებორას მსგავსი ნოვატორები ყოველთვის ეძებენ (და პოულობენ) გზებს, რომლითაც შეძლებენ სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესებასა და გამდიდრებას. სწორედ ასეთი საშუალებებით, ბევრად უფრო ადვილი ხდება სასკოლო ოთახში იმ ახალი მეთოდების დანერგვა და გამოყენება, რომლებიც პედაგოგიურ პროცესს ბავშვებისთვის მრავალფეროვანს ხდის. გარდა ამისა, ასეთი ინიციატივები საშუალებას იძლევა, პროცესი ხელმისაწვდომი გახადოთ იმ მოსწავლეებისთვისაც, ვისაც არ აქვს  ასეთი ტელეფონების ქონის შესაძლებლობა.

ბოლოს, იმას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია, ვეძებოთ გზები, მოსწავლეთა სხვადასხვა ციფრულ სასწავლო რესურსზე წვდომისა და ბავშვებს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

მასალა მოამზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

სწავლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოსწავლის გააქტიურება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ყველაზე ეფექტური გზაა მოსწავლის აზროვნების გასააქტიურებლად. პრობლემური სიტუაციების შექმნით, მათი ანალიზით, კვლევის პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობით აქტიურდება მოსწავლეთა გონება და ის ინარჩუნებს ღრმა კოგნიტურ ინტერესს.

შემეცნებითი აქტივობის ჩამოყალიბება შესაძლებელია, თუ არსებობს სისტემა, რომლითაც მოსწავლეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. სასწავლო პროცესის დაგეგმვის ამოცანაა, უზრუნველყოს მოსწავლის გონებრივი განვითარება.

განვითარების საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია:

1) მოსწავლის ინფორმირებულობა სასწავლო პროცესის შესახებ;

2) მასწავლებელმა უნდა მოაწყოს თავისი მოსწავლეების საქმიანობა ისე, რომ ისინი გახდნენ შემეცნებითი პროცესის აქტიური სუბიექტები.

სკოლაში სასწავლო პროცესის გასააქტიურებლად ვიყენებ პრობლემურ სწავლებას.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის დიდაქტიკური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის დამოუკიდებელი შემეცნებითი საქმიანობის ფსიქოლოგიურ ნიმუშებს.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების არსი ორი ცნებისგან შედგება:

  1. პრობლემური სიტუაცია – არის ინტელექტუალური სირთულის მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი ცხადად ან ბუნდოვნად აცნობიერებს, რომლის გადასალახად საჭიროა ახალი ცოდნის, მოქმედების ახალი გზების ძიება; 2. პრობლემა – სიტუაციის ის ელემენტია, რომელიც უკავშირდება სირთულეს და მოითხოვს გადაჭრას.

პრობლემის გამოხატვის ფორმა:

ა) პრობლემური კითხვა;

ბ) პრობლემური ამოცანა.

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება არის დიდაქტიკური მიდგომა, რომელიც გულისხმობს:

  1. პრობლემური სიტუაციების შექმნას;
  2. მოსწავლის ორგანიზებას მათი ანალიზისთვის;
  3. მოსწავლისთვის პრობლემების გადაჭრის სწავლებას;
  4. პრობლემის ხედვისა და ფორმულირების უნარის ჩამოყალიბებას.

მოსწავლის დამოუკიდებელი შემეცნებითი აქტივობა პრობლემური მიდგომის ნიშანია. ამ დროს, განსხვავებულია მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც დამოკიდებულია სწავლების მეთოდებზე.

პრობლემის სწავლის მეთოდები:

  1. I) პრობლემის დებულება;
  2. II) ნაწილობრივი ძებნა (ევრისტიკული საუბარი);

III) კვლევის მეთოდი.

1) პრობლემის დებულება  – მისი მიზანია პრობლემის გადაჭრის მოდელის ჩვენება.

თემა: ურალის ბუნების თავისებურებები.

პრობლემა: ურთიერთქმედების შედეგად ტერიტორიის ბუნების ფორმირება:

ა) შიდა და გარეპროცესების მოქმედების შედეგები;

ბ) ზონალური და აზონალური ფაქტორები;

გ) ანთროპოგენული ფაქტორები.

მოსწავლემ უნდა დაამტკიცოს, რომ ურალის თანამედროვე ბუნება სხვადასხვა ფაქტორის რთული ურთიერთქმედების შედეგია, რომლებიც ხშირად საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ.

თემა: ურბანული და სოფლის მოსახლეობა. ურბანიზაციის მახასიათებლები.

პრობლემა: რომელი ქალაქებია ხალხისთვის უფრო მოხერხებული, დიდი თუ პატარა?

მოსწავლემ პრეზენტაციის დროს უნდა აჩვენოს:

  1. თითოეული ქალაქის ტიპის უპირატესობები და ნაკლოვანებები: წარმოების განვითარების, დასაქმების, განათლებისა და კულტურის თვალსაზრისით;
  2. შეადაროს სიტუაცია რეგიონში: ეკოლოგია, ტრანსპორტი, სოციალური გარემო და ა.შ.

დასკვნა პრობლემის განხილვის ბოლოს: პრობლემის ცალსახა გადაწყვეტა შეუძლებელია, ვინაიდან თითოეული ტიპის ქალაქს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პრობლემური სწავლება მოსწავლისათვის ადვილი არ არის, ამიტომ გაკვეთილის ბოლოს სასურველია მასწავლებლის მტკიცებულებათა სისტემატიზება მთლიანად ან ცალკეული სემანტიკური ბლოკით.

 

  1. II) ნაწილობრივი ძიების მეთოდი (ევრისტიკული საუბარი) – ეს მეთოდი თანდათანობით აცნობს მოსწავლეებს შემოქმედებით საქმიანობას.

როგორ მიიღწევა ეს?

  1. პრობლემური (ან შემოქმედებითი) ამოცანების გამოყენება:

მასწავლებელი – ა) აყალიბებს დავალებას;

ბ) აცნობებს მას მოსწავლეებს;

გ) დაყოფს დავალებას რამდენიმე ამოცანად და შეკითხვად;

დ) ამ მეთოდის ექსპრესიული (გამომსახველობითი)  ფორმაა ევრისტიკული საუბარი.

მოსწავლეები – ახორციელებენ კვლევით საქმიანობას მასწავლებლის ხელმძღვანელობით.

თემა: „კოლხეთის ჭაობები”.

პრობლემური ამოცანა: დავიცვათ თუ ამოვაშროთ ჭაობები?

ქვეკითხვები:

  1. რა როლს ასრულებს კოლხეთის ჭაობები რეგიონში?
  2. რა როლს ასრულებს ჭაობები კოლხეთის დაბლობის ბიომრავალფეროვნების ჩამოყალიბებაში?
  3. სად არის ჭაობების გავრცელების არეალები?
  4. რომელი ფაქტორები განაპირობებს ჭაობების ჩამოყალიბებას?
  5. რა სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს კოლხეთის დაბლობის ჭაობებს?

დასასრულ, ვიმეორებ შეკითხვას: დავიცვათ თუ ამოვაშროთ ჭაობები?

კეთდება განზოგადება და დასკვნა.

III) კვლევის მეთოდი  – სკოლის მოსწავლეებს აცნობს შემოქმედებით საქმიანობას.

ეს გზა სხვებთან მეტად გულისხმობს შემოქმედებითი ამოცანის დამოუკიდებლად შესრულებას.

გრძელვადიანი შემოქმედებითი დავალებები:

შესრულებულია მხარეთმცოდნეობის მუშაობაში.

1. პროექტი კალენდარი მოსკოვის რეგიონის ბუნების შესახებ”.

2. კვლევითი სამუშაო მოსკოვის რეგიონის ამინდი და კლიმატი”.

მოკლევადიანი შემოქმედებითი ამოცანები:

მოითხოვს ადრე მიღებული ცოდნის გადახედვას და სხვადასხვა წყაროსთან მუშაობას (რუკები).

პრობლემური ამოცანების ტიპები გეოგრაფიაში

  1. ამოცანები, რომელთა პრობლემური ხასიათი განპირობებულია ადრე მიღებული ცოდნისა და დავალების მოთხოვნილებას შორის არსებული შეუსაბამობით.

მათ იციან, რომ ზღვის სანაპიროსთან მეტი ნალექი მოდის, რაც უფრო შორდები ნაპირს, ნალექი მცირდება.

პრობლემური ამოცანა (ატლასის რუკების ანალიზი):

რატომ არის ნამიბიის უდაბნო აფრიკაში ოკეანის ნაპირთან?

ორაზროვანი, კვლევითი კავშირების დამყარების ამოცანები:

რა ცვლილებები ხდება ბუნებაში ხე-ტყის მოპოვების შემდეგ?

რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი შეერთებულ შტატებს მსოფლიოში წამყვან ძალად ჩამოყალიბებაში?

  1. დავალებები, რომლებიც მოითხოვს დიალექტიკური წინააღმდეგობების გაგებას, მათთან მუშაობის შესაძლებლობას (ანტინომიების (წინააღმდეგობა ორ ურთიერთგამომრიცხავ დებულებას შორის) სიტუაცია – საპირისპირო განსჯები, მსჯელობა, როგორც „ორივე ერთდროულად”).

ა) გაიზარდა თუ შემცირდა ბუნებრივი რესურსების გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციის დროს?

ბ) გამოიყენეთ ცოდნა გეოგრაფიის შესახებ, ახსენით რა გავლენას ახდენს დიდი ტერიტორია ქვეყნის ეკონომიკაზე. „ხელს უწყობს თუ უშლის ეკონომიკის ამ განვითარებას?

გ) რა გავლენას ახდენს წყალი (მდინარეები) რელიეფზე, ანადგურებს თუ ქმნის (აყალიბებს)?

  1. დავალებები, დაფუძნებული სამეცნიერო ჰიპოთეზაზე, მაგალითად, მუდმივი ყინვის წარმოშობის, ტყეების პლატოების წარმოქმნის, დედამიწის კლიმატის ცვლილებების შესახებ.
  2. პარადოქსული ამოცანები. (პარადოქსი არის აზრი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საყოველთაოდ დადგენილ წესთან).

„რუსეთისა და ციმბირის ევროპულ ნაწილში მდინარეები წელიწადში ერთხელ იტბორება, ხოლო ცენტრალური აზიის მდინარეებს – სირდარია, ამუდარია და ზარაბშანი – ორი წყალდიდობა ახასიათებთ – გაზაფხულზე და ზაფხულში. როგორ შეიძლება ამის ახსნა? ”

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდი: https://nsportal.ru/shkola/geografiya/library/2020/12/27/problemnoe-obuchenie-kak-metod-aktivizatsiya-umstvennoy

 

 

ეძღვნება ყველას, ვინც გადარჩენა გვასწავლა 

0

ავტორი ქალია. გადარჩენა უსწავლია, ამიტომაც წიგნს იმ ადამიანს უძღვნის, რომელმაც მას ეს ასწავლა. რახან გადარჩენილი სიცოცხლის ფასი იცის, იცის მოგონებებისა და „სახსოვრების” ფასიც. წიგნიც ამ მოგონებებზე და სახსოვრებზეა, ალბათ ამიტომაა ასეთი ნაღდი, გულწრფელი, ერთი წამითაც არ იფიქრებთ, რომ ავტორი კეკლუცობს და იპრანჭება.

ბეწვის ხიდზეც გადის, წერს ისეთ ტკივილზეც, რომელზეც ჯერ არავის დაუწერია. რაზე? – ამას, როცა წაიკითხავთ, მიხვდებით.

გაგიკვირდებათ და ამბობს, რომ რაღაც მთავარი ყოველთვის უთქმელი რჩება..

მე კი მოგიყვებით, რა მთავარიც ვიგრძენი მისი წაკითხვისას. პირველი ამბავი ბავშთა სახლში ხდება. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი ხართ, და ფიქრობთ, რომ ბავშვების ნებისმიერ „ჩამჭრელ” შეკითხვას უპასუხებთ და ამ დროს ყველაზე ანცი, მატაოცი ბავშვი თვალების წმენდითა და ფეხების ბაკუნით იმას გეუბნებათ, რაც თქვენც ხშირად გიფიქრიათ. გეუბნებათ, რომ ღმერთი არ არსებობს.. რომ იყოს, მამამისი ხომ ცუდად არ გახდებოდა? არადა, კარგი მამაა, მასწავლებლებზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული. კეთილიცაა, ჭიანჭველას არ აბიჯებს ფეხს. ღმერთს მისი რომ ეყურებოდეს, ხომ წაიყვანდა ბავშვთა სახლიდან..

და რას ეტყოდით თქვენ? – რომ ესეც გაივლის? იქნებ მარკუს ავრელიუსზე მოუყვებით რამეს? იქნებ ენას დაასველებთ და ეტყვით, რომ ნატანჯები და გაჭირვებულები სამოთხეში ხვდებიან?

თქვენ ახლოს მისვლას და მის გულში ჩაკვრას ცდილობთ, ის გაგირბით, იმიტომ, რომ დიდი ხართ. უცბად ბავშვი ჭრილობას დაინახავს, რომელიც ყელზე გაქვთ. ბიჭშიც ცნობისმოყვარეობა იღვიძებს.

 

ბიჭიც და ბავშვებიც რიგში დგებიან, სათითაოდ მოდიან, რომ ჭრილობა ნახონ. თქვენ ამ დროს გულში ითვლით – ერთი, ორი, სამი…

ბავშვები ხანდახან დიდებზე სასტიკი არიან, თუმცა მათ ეს არ იციან.

დრო გავა, ბიჭუნა სკოლაში აღარ ივლის, მასწავლებელიც დიდი ხნის შემდეგ მას ბარათს მიწერს.

იმას სწერს, რაც, ნეტა, მეც მომესმინა ჩემი მასწავლებლისგან, როცა პატარა ვიყავი. მარტო ყველაზე დიდი მთისა და ზღვის სახელი კი არა, ის, რომ ცხოვრება ძაღლს ჰგავს, არ იცი, როდის წაგწვდება საკბენად. ამ დროს კი ის ღმერთი გიშველის, რომელზეც ბრაზობ, თუმცა ბოლოს მაინც მის კართან მიდიხარ.

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალება  გზა – სახლიდან სკოლამდე

0

პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო რომ გახდა სასკოლო ცხოვრება, დღეს ამის შესახებ უკვე არავინ დავობს.

ბავშვებს მოსწონთ მრავალფეროვანი აქტივობები. კომპლექსური დავალების შესრულების პროცესში მასწავლებელი იყენებს დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიებს. ყველა მოსწავლეს შეუძლია ახლად შესწავლილი მასალა დაუკავშიროს ყოველდღიურობას, რეალურ ცხოვრებაში აღმოაჩინოს პრაქტიკული მაგალითები და შექმნას ორიგინალური შემოქმედებითი პროდუქტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც საჭირო რჩევა-რეკომენდაციებს აძლევენ საგნობრივი მიმართულების მასწავლებლებს, როგორც კომპლექსური დავალების შექმნის, ასევე მისი განხორციელების პროცესში.

მინდა, გაგიზიაროთ სსიპ თბილისის მე-18 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ანი ბაბუნაშვილისა და სპეციალური მასწავლებლის, ნინო გომურაშვილის მიერ პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ერთობლივად შექმნილი საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალება, რომელმაც მოსწავლეობა მანატრებინა.

ძირითადი რესურსი: ბუნება I. ბაკურ სულაკაურის გამომც. გ კვანტალიანი, ლ. მიქიაშვილი, თ. კვანტალიანი. გვ. 11.

მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო.

თემა: გზა სახლიდან სკოლამდე.

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

გეოგრაფიული ობიექტი (მიმართულება, მდებარეობა).

  • გეოგრაფიული ობიექტის (მთა, ტყე, ხეობა, ვაკე, მდინარე, ტბა, ზღვა, ოკეანე) მდებარეობის განსაზღვრა საჭიროა სივრცეში სწორად და მიზანმიმართულად გადაადგილებისთვის;
  • გლობუსის, რუკის, ადგილის გეგმის მეშვეობით შეგვიძლია ურთიერთმიმართება დავადგინოთ სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტს შორის.

შედეგების ინდექსი: 4

საკითხი/საკითხები/ქვეცნებები

  • სივრცეში ორიენტირება და სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტს შორის ურთიერთმიმართების დადგენა სხვადასხვა გეოგრაფიული ინფორმაციის წყაროს მეშვეობით (მაგალითად; გლობუსი, რუკა, GPS) საშუალებით.

 

 

საკვანძო შეკითხვა:

  • როგორ გამოვიყენო ინფორმაციის სხვადასხვა წყარო სივრცეში ორიენტაციის დროს?

კომპლექსური დავალების პირობა:

დილას, სახლიდან გამოსვლისას კარგად დააკვირდი გარემოს. რას ხედავ? ყურადღებით იარე სკოლამდე და დაიმახსოვრე გზა სახლიდან სკოლამდე. რა გეხმარება გზის დამახსოვრებაში? რომელ მინიშნებებს მიაქციე ყურადღება? გზაზე დაკვირვების შემდეგ შექმენი „რუკა“, რომელიც გამოხატავს შენს გზას სახლიდან სკოლამდე.

 

რუკაზე აუცილებლად უნდა იყოს:

  • სკოლის გზაზე არსებული შენობები.

ნაშრომის პრეზენტაციისას ისაუბრე:

  • რომელი აქტივობა დაგეხმარა რუკის შედგენაში?
  • რაში და როგორ გეხმარება შენ მიერ შექმნილი რუკა?

პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მასწავლებლისათვის/მოსწავლისათვის:

  • კომპლექსური დავალების კეთების პროცესში დამხმარე ვიდეო, რომელიც რუკის ობიექტების თვალსაჩინოებისთვის გამოდგება.

  • რუკა შეიძლება ჩაანაცვლოთ გასასვლელი გზის მაკეტით ან დიორამით.

 

კომპლექსური დავალების პირობა სსსმ მოსწავლისთვის:

სკოლის გზაზე დააკვირდი, რას ხედავ გარშემო? სახლიდან გამოსვლისას რა დაინახე პირველი? მეორე? რომელია ყველაზე დიდი შენობა სკოლის გზაზე? შეადგინე „რუკა,“ რომელზეც ჩანს შენი გზა სკოლისაკენ.

რუკაზე აუცილებლად უნდა იყოს: 

  • სკოლის გზაზე არსებული შენობები.

ნაშრომის პრეზენტაციისას ისაუბრე: 

  • ვინ დაგეხმარა „რუკის“ შედგენაში?
  • რამდენი შენობაა შენს რუკაზე?
  • რომელ შენობაში მიდიხარ ხოლმე საყიდლებზე?
  • აჩვენე რუკა შენს კლასელს და ასწავლე გზა შენს სახლამდე.

 

განხორციელებული აქტივობები:


ეტაპი 1. კომპლექსური დავალების პირობის არსის გაცნობა

(მათ შორის რა ფორმით მოხდება კომპლექსური დავალების პრეზენტაცია –   სკოლამდე, გზაში დაკარგული მასწავლებლის როლის გათამაშება).
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება​ – გავიხსენეთ, როგორ მოვდივართ სკოლამდე.
აქტივობა 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა – სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება.
აქტივობა 3. დასამუშავებელი ცნებების (რუკა) განხილვა-დამუშავება და ნიმუშების ჩვენება.
აქტივობა 4. ჩვენებით სწავლება – ჯერ მასწავლებელმა ისაუბრა თავის გზაზე სკოლამდე, შემდეგ- ყველა მოსწავლემ.
აქტივობა 5. პრაქტიკული დავალება – „რუკის“ შექმნა გზა-სახლიდან სკოლამდე. (საჭირო შენობების დახატვა, გამოჭრა, „რუკის“ ფონის შექმნა, შენობების განლაგება, გზის მოხაზვა).

ეტაპი 2. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

 
 შექმნილი „რუკების“ წარდგენა.

 

განხორციელებული აქტივობები სსსმ მოსწავლესთან:

ეტაპი 1. უცხო ცნებების გაცნობა

აქტივობა 1. ცნება „შენობის“ იდენტიფიკაცია აღმნიშვნელ ობიექტთან.

მაჩვენე, რომელ ნახატზეა გამოსახული შენობა?

აქტივობა 2. ცნება „შენობის“ განზოგადება.

შეხედე, არსებობს სხვადასხვანაირი შენობები.

 

აქტივობა 3. ცნების „რუკა“ იდენტიფიკაცია აღმნიშვნელ ობიექტთან.

რუკა არის ქაღალდი, სადაც ხატია დაპატარავებული გზა და შენობები, ზუსტად ისე, როგორც შენ ხედავ სახლიდან სკოლამდე. შეხედე, ეს არის რუკა.

 

აქტივობა 4. პრაქტიკული სწავლება. მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს რუკას, სადაც პირობითად, ასახულია გზა სახლიდან სკოლამდე და ეკითხება, რამდენი შენობაა მის რუკაზე? შენობების გარდა, კიდევ რას ხედავს? (მანქანებს, ავტობუსის გაჩერებას) რუკის აღწერის შემდეგ მოსწავლეს ევალება, გაიხსენოს, ხედავს თუ არა შენობებს, როდესაც მოდის სკოლაში. ბევრ შენობას ხედავს თუ ცოტას. შენობები დიდია თუ პატარა? რომელი შენობაა უფრო მაღალი – სკოლა თუ მისი სახლი?

 

აქტივობა 5. პრაქტიკული დავალება – „რუკის“ შექმნა გზა – სახლიდან სკოლამდე.

ჩვენ შევქმნით შენს რუკას, ამისთვის საჭიროა გავაფერადოთ შენობები, რომლებსაც შენს რუკაზე დავაკრავთ. (გაფერადების დროს აღვწერთ თითოეულ შენობას და ვასახელებთ რა შეიძლება იყოს ამ შენობაში. (მაღაზია, სახლი, რესტორანი და ა.შ.).

 

ეტაპი 2. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. ​
აქტივობა 1. შექმნილი „რუკების“ წარდგენა.

მასწავლებელი იყენებს წინასწარ მომზადებულ კითხვებს:

  • ვინ დაგეხმარა „რუკის“ შედგენაში?
  • რამდენი შენობაა შენს რუკაზე?
  • მაჩვენე, რომელ შენობაში მიდიხარ ხოლმე საყიდლებზე?
  • სად გიყვარს ყველაზე მეტად სიარული – მაღაზიაში, რესტორანში თუ საცხობში?

                       

 მოსწავლეთა ნამუშევრებში ჩანს, რამდენად კარგად იყო გაწერილი კომპლექსური დავალების შესრულებისთვის საჭირო თითოეული აქტივობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიკვეთა მშობლების ჩართულობა, რომლებიც კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მოსწავლეთა მრავალნაირი შემოქმედებითი უნარის განვითარებას უწყობს ხელს და იმდენად სახალისოა, რომ ისინიც სიამოვნებით ჩაერთნენ დავალების შესრულების პროცესში, თუმცა მოტივირებულმა ბავშვებმა არ „დათმეს პოზიციები“ და დიდი მონდომებით შეეცადნენ, დამოუკიდებლად შეექმნათ ორიგინალური პროდუქტი – „რუკა“.

 

გზებზე

0

ხშირად მეკითხებიან: „არ იღლები?“ ვიღლები. ხან ძალიანაც. აგერ, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ხუთ რეგიონს მოვედე. ცხადია, რომ ვიღლები. მაგრამ ეს ჩემი არჩევანია და არც ამაზე წუწუნი და არც ამით ტრაბახი არ არის სწორი საქმე. ამასწინათ სოფელ ბავარში მცხოვრებ მარტოკაცს, კორნელი გაზდელიანს ვესტუმრე. ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. იქ ტელეფონი მხოლოდ ერთ ადგილას იჭერს. ურეკავდნენ საკალანდოდ, იმ კუთხეში დგებოდა და ყველას სიხარულით ეუბნებოდა, სტუმრად გიორგი კეკელიძე მყავსო. ამის მერე რა დამღლის?! განა მე არ ვიცი, რომ ბატონი კორნელი ჩემზე ათასჯერ ღირსეული კაცია, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ვინმე ვგონივარ. მიხარია, რომ დღეში ასობით ადამიანი მწერს და რაღაც სჭირდება ჩემგან. ასობით ადამიანი მწერს და გვერდით დგომას მთავაზობს. და მე მიხარია. ეს ჩვეულებრივი, ადამიანური სიხარულია და მისი დამალვა ყალბი კეკლუცობა იქნება. ჰოდა, მათკენ მიმავალ ბილიკებს, მათ მისამართებს ვიმახსოვრებ, – თუ ყველასთან ვერ ჩავალ მეორედ, ვინმეს მაინც მივასწავლი გზას. ადრე თუ გვიან, როგორც გამცნეთ, საჯარო ცხოვრებას აუცილებლად ჩამოვშორდები, მაგრამ ამ ადამიანებს აუცილებლად შევინარჩუნებ. მათ მე სიხარული მასწავლეს.

 

გურიაში ახლა რომ წვიმს, ასეთ წვიმას თხროშო ჰქვია. ის ზოგ დარდს ერევა და იოლად გაძინებს, ზოგს – ვერა. მოურეველ დარდებს შორის სხვენში თაგვების სირბილიცაა. იქ, სხვენში, არაფერია, გარდა ელექტროსადენებისა, მაგრამ მამაჩემი წუხს, რომ შეიძლება, თაგვებმა ეს სადენები გადაღრღნან. რაც იმ ამბებში მიცხოვრია, მთელი თექვსმეტი წელი, ფუჭი შიში გამოდგა – თაგვები ისე დაახრიგინებდნენ საიდანღაც მოპარულ თხილებს, სხვას არაფერს შეხებიან, მაგრამ წვიმიან დილას, ადრე გაღვიძებულს, რამე თუ მახსენდება, ერთი და აუცილებელი ლოგინზე წამომჯდარი ჩაფიქრებული მამაჩემია, გარეთ – ოჭვათოს გაბმული თქრიალი და მაღლა – თაგვების დოღი. არის ამბები, რომლებიც არც მძაფრია და არც საინტერესო, არც მოსასმენად ჩამთრევი და არც ცრემლის მოკარნახე. ამ ამბებს სხვა ვერ გაიგებს, იმიტომ, რომ იმ სხვას საკუთარი აქვს ამგვარი. მე კი მგონია, რომ ადამიანს ასეთი ფრაგმენტები აკოწიწებს, ეს არის ჩვენი უჩინარი წებო, ეს რომ გაშრება, ჩვენც დავიშლებით.

ახლა ჩემ გვერდით არც მამაჩემი წევს, არც ვირთხები დარბიან ჭერში. უბრალოდ წვიმს და გურიაში ვარ. და სანამ სახურავი წვეთების ხმას ასე გათქვამს, მე ყოველთვის 1993, 1995 ან 1999 წლის დეკემბრის დილას გავიღვიძებ და მამაჩემი მეტყვის: „დეიძინე, ბიჯო, ადრეა ჯერ, რა გინდა, რას აკვარკვალებ თვალებს ამ იალონზე?“

 

ფილმ „ზურიკოს კალანდას“ (რომელზეც მე და ნათელა გრიგალაშვილი ვმუშაობთ) გადაღებებიდან ფოტოები გამოვაქვეყნე. მათ შორის დაკლული ღორის გაპუტვის სცენაც არის – ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად არანატურალისტური ხედით. ეს სცენა ფილმშიც იქნება. წავიკითხე ორი-სამი გამოხმაურება და მივხვდი, როგორ ავცდით სოფელს, როგორ დაიკარგა ის ჩვენი ფიქრის რუკაზე და გამოგონილ გზას მხოლოდ ბუხართან მივყავართ, სადაც ბებია ზის და ჩურჩხელას გვაჭმევს.

არა, მარად ძვირფასო მეგობრებო, სოფელი ჩურჩხელა არ არის. ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სოფელი იშვიათად არის ჩურჩხელა.

სოფელი ის სისხლიანი ტალახია, ღორის დაკვლის მერე ფეხზე რომ მოგეცხება და გაყინული წყლით ძლივს იშორებ.

ღორის ის საზარელი ჭყივილიც არის სოფელი, მე რომ ვერ ვუძლებ და მთელი ბავშვობა ყურებში თითებს ვიცობდი. ვიცობდი, მაგრამ მაინც ჟონავდა და მერე მესიზმრებოდა. მომწონს? არა, არ მომწონს. მაგრამ ფოტო, ფილმი, სიტყვა უნდა ასახავდეს ყველაფერს. მათ შორის – იმასაც, რაც შეიძლება გძულდეს კიდეც. კანფეტების ადგილი სხვაგან არის. ის ხალხიც ძალიან საყვარელი და ტკბილია, ვინც თავს ამ კანფეტით იტყუებს და სხვასაც ატყუებინებს, მაგრამ სოფლის სიმართლე ეგეთი ბაიათებით ვერ იმღერება.

ჰოდა, სოფელი ის სუნიც არის, მდუღარე წყლის გადასხმის მერე ერთმანეთში არეული გაპუტული ღორის ბეწვი და ჭონჭყო რომ აყენებს.

ის სისველეც არის, გახეულ კოლოშშიც (ვიცით მისი ქართული შესატყვისი) რომ უცებ შეამჩნევ და მერე ამ სისველეს, ადესისგან გაბრუებული, სადღაც შორს გრძნობ, მაგრამ მაინც ცივდები.

სოფელი ამ ამბების გაძლების ხელოვნებაა დღემდე. ეს გამძლე ადამიანები უნდა შეამჩნიო და გიყვარდეს. ეს გაძლება რომ უხარიათ – ის ადამიანები.

თორემ ჩურჩხელის სიყვარულს რა უნდა.

 

გუშინ, ღამით, უკანა ეზოში, სადაც შეშას ვინახავდით ხოლმე, მამაჩემი შემხვდა. აი, მოხურულას რომ ეძახიან, იმ მოხურულასა და საქათმეს შუაში იდგა.

– როფავს უკვე ნელ-ნელა! – მითხრა მამაჩემმა.

– ხო, აცივდა! – ვუთხარი მე.

– რაია აი, რაფერი მომსპარი წელი იყო? – იკითხა თავისთვის, – ორი ჩვენი მეზობელი მოკტა ამ რაცხა იი რომაა იმით.

– კი, – ვუთხარი მე და დავაკვირდი.

მამაჩემს ბუშლატა ეცვა, თავზე თბილი ქუდი ეხურა და ხელში ცული ეჭირა.

– სად იყავი? – ვკითხე მე.

მამაჩემი შეტრიალდა. ხელი სადღაც იქით, გომის მთისკენ გაიშვირა. გომის მთა უკვე ჩამოთოვილია. ლამაზია ნათელი ღამეებისას თოვლიანი გომის მთა.

– იქ რა გინდოდა? – ვკითხე ისევ.

– დაგავიწყტა, კაცო? – მითხრა მამაჩემმა. – უკვე ხუთი წელია, იქინე ვარ მე.

მე გამახსენდა, რომ მამაჩემი ხუთი წლის გარდაიცვალა, მაგრამ არ ვიცოდი, გომის მთაზე თუ იყო.

– შეხედე! – თქვა მამაჩემმა, – შეხედე იმ ხეს!

ხე ეზოს ბოლოში დგას და ამ უღრუბლო ზამთრის ღამეს თითქოს ცას გაუდგამს ტოტები ძარღვებივით და მთვარე გულივით ფეთქავს.

– შეხედე! – მითხრა მამაჩემმა, – ნახე, რაფერი ლამაზია მთვარე ხეის ტოტებში. შეხედე და დაწერე.

– კი, ლამაზია. ძალიან!

– ჰოდა, დაწერე! მე წევეი ახლა, თვარა თლა მოყინავს გზებს. მუალ ხანდახან.

მამაჩემი წავიდა. მე მოხურულასთან დავრჩი და მთვარეს ვუყურებდი. და დავწერე. დავწერე, რადგან მამაჩემი ტყუილად არ მეტყოდა.

ეს წელი წერის წელი იქნება. დავალება მიღებულია.

მინიმალიზმი ანუ “Less is more”

0

მინიმალიზმი ცხოვრების ფილოსოფია და ცხოვრების სტილია. მინიმალიზმი მსოფლმხედველობაა: როგორ აღიქვამ საგნებს, მოვლენებს და ადამიანებს შენ გარშემო. განსაკუთრებით – თანამედროვე სამყაროში, რომელიც გადაჭედილია საგნებით და ინფორმაციით. ცნობიერებას და სახლს ყოველდღიურად ვავსებთ უსარგებლო ამბებით და ნივთებით.

მოკლედ, დევიზი „რა იცი, რაში გამოგადგება“ იცვლება დევიზით „Less is more“ („ცოტა უდრის ბევრს“).

მინიმალისტური მიდგომა საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ რადიკალურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ვტოვებთ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა, რაც გამოსადეგია, რასაც ფუნქცია აქვს! და ეს არ ეხება მხოლოდ ნივთებს, ეს ეხება ჩვენს ცნობიერებასაც. შეგიძლიათ, ერთი მეორის მეტაფორად აღიქვათ.

ერთხელ ჩემმა გერმანელმა სტუდენტმა, რომელიც რამდენიმე ხანს საქართველოში ცხოვრობდა, აღშფოთებულმა მკითხა: გამაგებინე, რატომ ჰგავს საქართველოში ბევრი სახლი მუზეუმს? ფეხაკრეფით უნდა იარო, საგნებს არ შეეხო, უყურო ერთსა და იმავე სურათებს კედელზე, ვიტრინების ჭურჭელი არასდროს გამოიყენო… აპრიალო იატაკი… ეს ხომ ცხოვრება არ არის, აქ ხომ საგნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები?!

გამიკვირდა, სად ნახა ასეთი „მუზეუმები“ და ჩამომიყვა, სადაც ნახა… ვუთხარი, რომ მე არ მიყვარს, როცა სახლი „მუზეუმია“. ვიცი, ამიტომაც გითხარიო. ასეთი ადამიანები სინამდვილეში ძალიან სასაცილოები არიან, როცა უყურებ, ნივთებს როგორ დაჰკანკალებენ, წმენდენ, აპრიალებენ… ნეტავ როდისღა ცხოვრობენო?

მეც ხშირად მიფიქრია და მეც მიგროვებია უსარგებლო ნივთები და აზრებიც („რა იცი, რაში გამომადგება“ დევიზით). გავიდა წლები და ერთხელაც ვთქვი, ახლა ჩამოვუყვები და ყველაფერს, რაც არ მჭირდება (მაგრამ, შესაძლოა, სჭირდება სხვას), გავაჩუქებ, გადავყრი, მოვიშორებ! ასეც მოვიქეცი და ვიგრძენი, რა სიამოვნებაა, როდესაც სივრცეს ზედმეტისგან ათავისუფლებ… მეტი სინათლე და ჟანგბადი ავსებს ოთახებს… და არა მარტო ოთახებს! ასეთივე გულმოდგინებით მიმდინარეობს მერე ურთიერთობების დალაგება, ადამიანების გადაფასება, ზედმეტი და უსარგებლო მოქმედებებისგან გათავისუფლება.

პერიოდულად ისევ გროვდება და პერიოდულად ისევ ვატარებ ასეთ „წმენდებს“.

მინიმალიზმის იმდენი განმარტება არსებობს, რამდენიც ალბათ პოსტმოდერნიზმის. მინიმალიზმი არ არის ცოტა საგნები და ცოტა ადამიანი. მინიმალიზმი – ესაა საჭირო საგნები და საჭირო ადამიანები. ეს მდგომარეობა კი ხანგრძლივი გადაფასების შემდეგ ცხოვრების ახალი ეტაპია.

ვფიქრობ, მინიმალისტური მოძრაობა და ფილოსოფია განსაკუთარებით აქტუალური კორონას შემდგომ ეტაპზე გახდება. ჩვენ (ალბათ არა ყველამ, მაგრამ უმეტესობამ) უკვე ვისწავლეთ სხვაგვარი ცხოვრება… „საკმარისია“ ცხოვრება. ადამიანი „საწყაული აღუვსებელიდან“ მარტივ „საკმარისი“-მდეუნდა ტრანსფორმირდეს. „საკმარისი“ არ ნიშნავს დაზოგვას, ეკონომიას და ასე შემდეგ… ეს ნიშნავს არჩევანს – მრავალთა შორის აირჩიო საჭირო ნივთი, საჭირო საქმე, საჭირო ადამიანები და არა ყველა და ყველაფერი!

გინახავთ, ხომ, ისეთი ადამიანები, „ყველაფერი“ რომ უნდათ! სამი სახლი აქვთ და მეოთხე-მეხუთე-მეცხრეზე ფიქრობენ… აგარაკები ყველგან… მანქანები – განწყობის მიხედვით… ისეთი საგნები, წელიწადში ერთხელაც რომ არ გამოიყენებენ და ასე შემდეგ… ასეთივე გულმოდგინებით უნდათ ქალები/კაცები… მოკლედ, ასეთია „საწყაული აღუვსებელი“ ცნობიერება – ადამიანს ფლობს საგანი და არა პირიქით.

ცოტა ხნის წინ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ტვიტერატურული კონკურსი ჩავატარე და ვთხოვე მონაწილეებს, მოკლედ, რამდენიმე წინადადებით გადმოეცათ, რაზე იყო „ვეფხისტყაოსანი“. იგივე კითხვა ფეისბუქზეც დავსვი და პასუხების უმრავლესობა ასეთი იყო: ეს პოემა ყველაფერზეა!

გესმით, ხომ, სად არის პრობლემა? რას ნიშნავს, რომ „ყველაფერზეა“? საერთოდ, რა არის „ყველაფერი“?

„ყველაფერი“ არ ნიშნავს, რომ „გრძელი სიტყვა მოკლედ თქვი“, ყველაფერი საერთოდ არაფერს ნიშნავს! მოკლედ თქმა ნიშნავს, რომ ამბობ ცოტას და გულისხმობ ბევრს. აზროვნების ეს სტილი კი, როგორც ჩანს, რთულია, რადგან ჩვენ ყველაფერი გვინდა და ამ „ყველაფერს“ მიჩვეულები ვართ!

მოკლედ, მინიმალისტური აზროვნების სტილის დასაუფლებლად პირველი გამოწვევა იქნება არჩევანი. დიახ, არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ, რა გვინდა სინამდვილეში „ყველაფრიდან“, რა გვჭირდება უფრო მეტად. არჩევანი პასუხისმგებლობაა. არჩევანი გარჩევის უნარია.

ერთი სიტყვით, მინიმალისტები არიან ადამიანები, რომლებსაც არჩევანი შეუძლიათ. რომლებმაც დიდი ცოდნა დააგროვეს და მერე გადაარჩიეს. რომლებმაც გაფილტრეს საკუთარი თავი, ურთიერთობები, ადამიანები, მოვლენები. მინიმალისტები ორიენტირებულები არიან ხარისხზე, სიღრმეზე, საჭიროებებზე და არა რაოდენობაზე. მინიმალიზმი არის ადამიანის ცნობიერების ახალი ევოლუციური მდგომარეობა.

შესაძლოა, ყველაზე დიდი მინიმალისტი დიოგენე იყო. ის კასრში ცხოვრობდა, სულ რამდენიმე ნივთი ჰქონდა და როცა ერთხელ დაინახა, ბავშვი პეშვით როგორ სვამდა წყალს, თასიც გადააგდო.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი დღეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, უფრო მეტაფორულად და იმის აღიარებით, რომ საჭიროა ზედმეტისგან გათავისუფლება და სივრცის აღდგენა, რათა ხელახლა მოვაწყოთ ჩვენთვის სასურველი.

Joshua Becker-ი, ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მინიმალისტი, ბლოგერი, წიგნში: „Less is more“ ყველაზე დიდ მინიმალისტად იესო ქრისტეს მიიჩნევს. იესო ეუბნება მდიდარს: „წადი, გაყიდე, რაც გაქვს და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი“.

თანამედროვე სამყაროში ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, გქონდეს სიმდიდრე, მაგრამ მასზე არ იყო დამოკიდებული, უსარგებლო და უმნიშვნელო ნივთების შემცირებით კი მნიშვნელოვანს მეტ დროს ვუთმობთ.

და რა არის მნიშვნელოვანი? ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც გავთავისუფლდებით უმნიშვნელოსგან – ნივთებისგან, ადამიანებისგან, ურთიერთობებისგან, საქმეებისგან და ასე შემდეგ.

„სახლი, სავსე ნივთებით:

„რა იცი, რაში გამოგადგება“ –

წამოკრიფე და გადაყარე…

ცნობიერება, სავსე „დაუმარხავი მკვდრებით“ –

ადამიანებით, ფაქტებით, მოვლენებით, –

რომლებმაც ჩაიარეს…

მოაგროვე ერთად,

მოძებნე შესაბამისი ღილაკი და მიეცი delete…

ისინი სუნთქავენ შენს წილ ჟანგბადს,

იკვებებიან შენი სისხლით…

ამრავლებენ სარეველას…

……………

დაიბრუნე შენი ცხოვრება…“

 

ცირა ბარბაქაძე

მოდი, ერთად დავიწყოთ სახლის და საკუთარი თავის (დალ) ა გ ე ბ ა!

 ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა ინკლუზიურ საკლასო ოთახში

0

საგნის ბევრ მასწავლებელს მნიშვნელოვნად უიოლდება საქმე, თუკი გაკვეთილების ადაპტირებულ მოდელს შევთავაზებთ. წინამდებარე ადაპტირებული გეგმა მესამე კლასის მათემატიკის გაკვეთილისთვისაა განკუთვნილი, ისეთ საკლასო ოთახში, რომელშიც სსსმ მოსწავლე სწავლობს.

საგანი: მათემატიკა

კლასი: მესამე

გაკვეთილის თემა: თანაბარი გაყოფა

მოსწავლეთა რაოდენობა: 30

მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: 1

სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები კლასისთვის

მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება- გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.

Ø  მოსწავლე შეძლებს 2-ზე გაყოფის შესრულებას;

Ø  მოსწავლე კარგად გაიაზრებს და შეასრულებს გაყოფის მოქმედებებს, როგორიცაა:

20 : 2 =

18 : 2 =

16 : 2 =

და სხვ.

სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები სსსმ მოსწავლისთვის

(უნდა იყოს ლოგიკურ ბმაში მთელი კლასისთვის განსაზღვრულ მიზანთან, მნიშვნელოვანია იყოს ადაპტირებული სსსმ მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად )

მოსწავლე ისმენს  გაყოფის მოქმედების შესრულებას, უცქერს  თვალსაჩინოებას;

მოსწავლე აკავშირებს მოსმენილს ნანახთან;

მოსწავლე ადარებს გამოკლების და გაყოფის მოქმედებებს

მაგ., 4-2=2 .

4:2=2

 

გაკვეთილის მიზანი/მიზნები მთელი კლასისთვის

(გაკვეთილის ბოლოს რა სასწავლო შედეგს მიაღწევს მთელი კლასი)

 

 მოსწავლეებმა შეისწავლონ ახალი მოქმედება  – გაყოფა

Ø  მოსწავლეები შეძლებენ გაყოფის მოქმედების შესრულებას თვალსაჩინოების გამოყენებით.

Ø  მოსწავლეები გროვის თანაბარ ნაწილებად დაყოფასთან შეძლებენ გაყოფის მოქმედების დაკავშირებას და მოსწავლეები შეძლებენ ზეპირად გაყოფას;

Ø  აითვისებენ შესაბამისი ტერმინებსა და სიმბოლოს;

Ø  შეასრულებენ შესაბამის ჩანაწერებს, დააკავშირებენ გაყოფასა და გამრავლებას ერთმანეთთან.

გაკვეთილის მიზანი/ მიზნები სსსმ მოსწავლისთვის

 (გაკვეთილის ბოლოს რა სასწავლო შედეგს მიაღწევს სსსმ მოსწავლე)

 

მოსწავლე შეისწავლის 2-ზე გაყოფას თვალსაჩინოების გამოყენებით.

ცოდნის წინაპირობა კლასისთვის

(რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები ამ ეტაპზე, რომ წარმატებით მიაღწიონ დასახულ მიზანს)

(დასახელებული ლოგიკურ ბმაში უნდა იყოს მისაღწევ მიზანთან)

მოსწავლეს შეუძლია გამრავლების მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან დაკავშირება.

 

ცოდნის წინაპირობა სსსმ მოსწავლისთვის

(რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები ამ ეტაპზე, რომ წარმატებით მიაღწიონ დასახულ მიზანს).

(დასახელებული ლოგიკურ ბმაში უნდა იყოს მისაღწევ მიზანთან)

 მოსწავლეს შეუძლია 2-ის ფარგალში გამრავლების მოქმედებების შესრულება ვიზუალიზაციის დახმარებით.

 

აქტივობა I ჯგუფისთვის

აქტივობა:

(გამოწვევა, ახალი მასალის ახსნა, შეფასება, გაწაფვა, გადაფასება, დავალების მიცემა, შეჯამება)

აქტივობა II ჯგუფისთვის

(გამოწვევა, ახალი მასალის ახსნა, შეფასება, გაწაფვა, გადაფასება, დავალების მიცემა, შეჯამება)

აქტივობა III ჯგუფისთვის

(გამოწვევა, ახალი მასალის ახსნა, შეფასება, გაწაფვა, გადაფასება, დავალების მიცემა, შეჯამება)

 
რესურსი:

 

წიგნი, რვეული, ბარათები და სხვა თვალსაჩინოება, ინტერნეტრესურსი, დაფა-ცარცი, კალამი და სხვ.  
დრო: 15 წთ  
აქტივობების მიზანია, მოსწავლეებმა გააქტიურონ წინარე ცოდნა ახალი მასალის შესწავლის დაწყებამდე.

 

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს.

 მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს საშინაო დავალების შემოწმებით.

თუ დისტანციური გაკვეთილი არაა, მასწავლებელი სათითაოდ მიდის ყველასთან და ნახულობს თითოეული მოსწავლის ნამუშევარს, დისტანციური გაკვეთილის შემთხვევაში მასწავლებელი ნახულობს მოსწავლეთა დავალებების ფოტოებს. და იქვე აძლევს ბავშვებს უკუკავშირს.

განმავითარებელი შეფასებისთვის მონაცემთა შესაგროვებლად გამოიყენება სააღრიცხვო ცხრილი (იხ. ქვემოთ).

Ø  კლასში განიხილება მოქმედებები, რომლებითაც მოსწავლეები ახსნიან, როგორ შეასრულეს შესამზადებელი სავარჯიშოები რიცხვების გამრავლებაზე;

Ø  განიხილება მოქმედებები, რომლებითაც მოსწავლეები ახსნიან, როგორ შეასრულეს შესამზადებელი სავარჯიშოები რიცხვების განახევრებაზე;

Ø  განიხილება მოქმედებები, რომლებითაც მოსწავლეები ახსნიან, როგორ შეასრულეს შესამზადებელი სავარჯიშოები რიცხვების განახევრებაზე და მათ შედარებაზე გამოკლებასთან.

 

 
 

2.  მასწავლებელს დაფასთან გამოჰყავს რომელიმე პრეზენტატორი მოსწავლე და აწერინებს გამრავლების გამოსახულებებს, დისტანციური გაკვეთილის შემთხვევაში მასწავლებელი ბავშვებს უზიარებს სამუშაო დაფას, რომელზეც თავად წერს,

მაგ., 2 ☓ 2 = 4 , 3 ☓ 2 = 6   ტოლობებს თუ სხვა მნიშვნელოვან, საკვანძო ჩანაწერებს, ხოლო დანარჩენები ადარებენ პრეზენტატორის/მასწავლებლის  ნაწერს და ასე ამოწმებენ/აჯამებენ თავიანთს ნამუშევარს.

 

 
 

3. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გაუჭირდათ წინა მასალის გააზრება და დავალების შესრულება, მასწავლებელი უსვამს  მიზანმიმართულ შეკითხვებს, იყენებს თვალსაჩინოებას, მაგალითად, ვაშლების  2 წყვილეულსა და 3 სამეულს.  დაიხმარს ზოგიერთ მოსწავლეს.

 

საკლასო ოთახში სსსმ მოსწავლეს მასალის გააზრებასა და დავალების შესრულებაში ეხმარება სპეციალური მასწავლებელი, ვირტუალურ საკლასო ოთახში კი – მშობელი. საკლასო ოთახში დავალების შედეგებს იგი ჯგუფის პრეზენტატორთან ერთად წამოადგენს დაფასთან, ვირტუალურ სივრცეში დავალებას წარმოადგენს თავად ან მშობლის დახმარებით.

 

 
4. მასწავლებელი აჯამებს აქტივობის შედეგებს, მოსწავლეებს აძლევს დავალებასთან დაკავშირებულ საერთო უკუკავშირს და გადადის მომდევნო აქტივობაზე.  
აქტივობა  II.

ჯ           გ            უ            ფ              ე            ბ          ი          ს              თ               ვ              ი                ს

 

აქტივობის მიზანი: გაყოფის შესახებ მოსწავლეებში წინასწარი თვალსაზრისის შექმნა  
დრო: 10წთ  
1.       მასწავლებელი მოსწავლეებს გადაანაწილებს ჯგუფებში.

2.       ჯერ    დაფასთან   თავად   დაითვლის  ბარათებს,   შემდეგ   გაუნაწილებს   ჯგუფებს   მათ  თანაბარ  რაოდენობას,  მაგ.:  12  ბარათს  დაყოფს   4   ტოლ   ნაწილად  .   თითო   ჯგუფ  ს შეხვდება  3  ბარათი.

3.       მასწავლებელი  ხსნის, რომ  ეს  მოქმედება   „გაყოფაა“ და  შესაბამის  დავალებას   ასევე  წერს  დაფაზე:

12    ::   4   = 3

 
     შემდეგ მასწავლებელი ოსწავლეებს სთხოვს, სიტუაციის სქემატურ-გრაფიკული წარმოდგენის საფუძველზე  გამოიცნონ სწორი პასუხი – მოსწავლეები ხედავენ გროვის გაორმაგების და დაყოფის თვალსაჩინო ბარათებს, რომლებზეც ასევე დატანილია გამოსახულებები,

მაგ, 20 : 2 =

მოსწავლეთა ზოგიერთ  ჯგუფს სპეციალური  მასწავლებელი   სხვადასხვა თვალსაჩინოებებს ურიგებს და სთხოვს გაყონ საგნების გროვა ტოლ  ნაწილებად.

მაგალითად, 12  კუბი  2  ბავშვს  გაუნაწილონ  თანაბრად, შემდეგ შეასრულონ შებრუნებული მოქმედება და დაადგინონ, რა მათემატიკური მოქმედებაა ეს.

სსსმ მოსწავლეს, რომელიც დაბალი მზაობის ბავშვების ჯგუფში ზის, დავალების შესრულებაში ეხმარება სპეციალური მასწავლებელი.

სსსმ მოსწავლე თანაბარ ნაწილებად ჰყოფს 4, 6, 8 კანფეტს

და შემდეგ წერს გამოსახულებას.

 
4.  თითოეული გუნდი მუშაობს თავიანთ დავალებაზე, ყველას აქვს მათი მზაობის შესაფერისი სხვადასხვა რიცხვი. დავალების შესასრულებლად მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დროს – 5წთ.-ს.

 

მოსწავლეებს წინ უდევთ „შუქნიშნის“ ბარათები, რომლებსაც იყენებენ საჭიროების შემთხვევაში. ამ დროს მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს და აკეთებს ჩანიშვნებს, რამდენად წარმატებით და მასწავლებლის დახმარების გარეშე ასრულებენ დავალებას მოსწავლეები, რამდენად ნაყოფიერად მონაწილეობენ ისინი ჯგუფის მუშაობაში.

 

მასწავლებელი მოძრაობს ჯგუფებს შორის, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი დავალებას.

სსსმ მოსწავლეს დავალების შესრულებაში ეხმარება სპეციალური მასწავლებელი.  
აქტივობა III აქტივობების მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ წინა ფაზაზე შესრულებული მათემატიკური მოქმედებები (პირდაპირი და შებრუნებული) და მოახდინონ მათი ვერბალიზაცია შესაბამისი ტერმინების გამოყენებით.

მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს ახალ ტერმინებს – გასაყოფი, გამყოფი და განაყოფი. მოსწავლეები კიდევ ერთხელ შეხედავენ ჩანაწერებს გროვის დაყოფაზე ტოლ ნაწილებად და მასწავლებელი ავარჯიშებს მათ, შესაბამისი ტოლობის რომელი წევრი რა ტერმინით აღინიშნება.

 

 
                                  აქტივობები კლასისთვის დრო აქტივობები სსსმ მოსწავლისთვის
1.       დაფასთან სათითაოდ გამოსული მოსწავლეები ჩაწერენ  გაყოფას სიმბოლოს შემცველი გამოსახულებების სახით.

10 : 2 = 5

12 : 2= 6 და ა. შ.

 

 

3 წთ სსსმ მოსწავლეს სპეციალური მასწავლებელი ეხმარება ერთგვაროვან საგანთა 2 ტოლ ნაწილად გაყოფით გაააზრებინოს გაყოფის მოქმედების  მნიშვნელობა.
2.       შემდეგ თითოეული ჯგუფი ჩაწერს თავისი გროვის თანაბარი გაყოფის შედეგებს ტოლობის სახით.

 

 

2 წთ 7 წთ სსსმ მოსწავლეს სპეციალური მასწავლებელი ეხმარება შესრულებული მოქმედებები გადაიტანოს რვეულში.
3.       მასწავლებელი დამატებით აძლევს მათ ანალოგიურ დავალებებს და სთხოვს მოახდინონ გაყოფის დემონსტრაცია, ჩაწერონ შესრულებული მოქმედება და მისი შედეგი უკვე ტოლობის სახით, რომელშიც გამოყენებულია გაყოფის სიმბოლო.

 

მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის გაყოფის მოქმედების აღნიშვნას,

აჩვენებს გაყოფის შემცველ გამოსახულებებს.

 

მოსწავლეები კითხულობენ მათ, ანუ ხვდებიან, რა მოქმედებაა შესასრულებელი.

შემდეგ მასწავლებელი კარნახობს რიცხვების გაყოფას ვერბალურად.

 

 
აქტივობა 4. შეჯამება;

დავალებების მიცემა

 

აქტივობები კლასისთვის

 

დრო

 

აქტივობები სსსმ მოსწავლეებისთვის

 

მასწავლებელი აჯამებს/შეფასების რუბრიკის მეშვეობით, აფასებს გაყოფასთან დაკავშირებულ საკლასო ცოდნას, საუბრობს სამომავლო გამოწვევებზე.  2წთ 1წთ სპეციალური მასწავლებელი აჯამებს/შეფასების რუბრიკის მიხედვით, აფასებს სსსმ მოსწავლის მიღწეულ ცოდნას და საუბრობს სამომავლო გამოწვევებზე.
 

ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას: გამოიყენონ კლასში, გაკვეთილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და შეასრულონ 10 გაყოფა ორნიშნა რიცხვისა ერთნიშნა რიცხვზე.

დრო
2 წთ.

 

როგორ დააკვირდებით მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს? რის მიხედვით იმსჯელებთ მათ

მიღწევ?

 

 

შეფასების რუბრიკა, სადაც მასწავლებელი აფიქსირებს + , V და – ნიშნებს.

 
მოსწავლის გროვას ყოფს განარჩევს ასრულებს ამყარებს
     სახელი და ტოლ გასაყოფს, სავარჯიშოებს. კავშირს
გვარი ნაწილებად. გამყოფს და   გაყოფასა და
    განაყოფს. გაყოფაზე გამრავლებას შორის.
         
         
+ _ მაღალი, V _ საშუალო , _ – საჭიროებს დახმარებას.  
დამატებითი რესურსი:
მათემატიკური დავალების ბარათები კომპლექსური ხასიათის დავალებებით გამრავლების გამოყენებაზე, პოსტერები.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...