პარასკევი, მაისი 8, 2026
8 მაისი, პარასკევი, 2026

ქვეითის ჩანაწერები  

0

***

ორი პატარა გოგო მოდის ჭავჭავაძეზე. შილიფად აცვიათ, მოწყალებას ითხოვენ და არც ითხოვენ, თამაში ურჩევნიათ, ერთობიან. წამოეწიათ ერთი ლოთი. მოწყალებას ითხოვს და არც ითხოვს, უმისამართოდ დადის უბანში. ამოიტრიალა ჯიბეები და რაც ხურდა ჰქონდა, ამათ მისცა, კანფეტები იყიდეთო. გამხიარულდნენ გოგოები და გზას კუნტრუშით გაუყვნენ. ხედავენ, სტუდქალაქის წინ ქუჩის მუსიკოსი დგას. მოწყალებას ითხოვს და არც ითხოვს, ჯაზის დაკვრის მუღამზეა. ადგნენ და ხურდები იმ ბიჭს ჩაუყარეს.

 

***

საბაჩი პერეულოკით გავდივარ კამოდან პლეხანოვზე, თან ორნამენტულ გისოსებს და მაქმანიან ფარდებს ვაკვირდები. გადამიდგა ახალგაზრდა კაცი და მიღიმის. ვერ ვცნობ. იმან კიდევ, მოიცა, შენ არა ხარო. ჩემი უფეისბუქო კლასელი! მგონი, ამ საუკუნეში მანდ აღარ ჩამიხვევია, ვერც იმან გაიხსენა იმ ქუჩაზე ბოლოს როდის იყო. ამას ჰქვია “გადავიკვეთეთ!”.

 

***

ერთხელ ავრორასთან კაცმა გამაჩერა და მკითხა, კეპი სწორად მახურავს თუ არა, კარგად დააკვირდით, საჩრდილობლის ცენტრი ცხვირის წვერს უნდა ემთხვეოდესო. სწორად გახურავთ, მაგრამ ასე რომ არ იყოს, რა მოხდებოდა-მეთქი. აი, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად შეიძლება ბაგებში ამომეყო თავიო.

***

ქუჩაში ქალს ნავაჭრი დაებნა და სანამ აკრეფაში ვეხმარებოდით, გაბრაზებული გაჰყვიროდა – რაც მთავრობა, ის პარკიო.

***

წლებია, ერთი ქალთან ვყიდულობ ბოსტნეულს და სოფელში გადავდივარ საცხოვრებლად, ორშაბათიდან აღარ ვიქნებიო. თითქოს აუღელვებლად დავემშვიდობე, მაგრამ მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე ამეტირა.

 

***

შაბათის ბაზარი თამარაშვილზე:

– ბადრიჯანი მინდა, ქინძი და ნიორი.

– ო-ჰო-ჰო, უნდა შეწვათ ბადრიჯანი?

– კი, ეგრე ვაპირებ.

– ნიორი იმ ყუთიდან აიღეთ, თავს დავდებ, ერთი კბილიც არ იქნება გაპარული. ქინძი დაამატეთ, ერთი კონა რას გეყოფათ, ქვასანაყში გაგიქრებათ, ქალბატონო!

 

***

“აბა, მოწყენა არ გავიგო! დღეს არ გვაქვს, ხვალ გვექნება!” – მძღოლებს ამხნევებს ვაკის მთავარი ქოუჩი ფალიაშვილის და არაყიშვილის გზაჯვარედინიდან.

 

***

წლების წინ ქალაქში ერთი ქალი დადიოდა. ხელზე წინდა ჰქონდა წამოცმული და ხურდას იქ აგროვებდა. ვარაზის ხევში გადამიდგა ერთხელ, სად მუშაობო. პირველ არხზე-მეთქი. არა, „გიორგი სააკაძე“ მართლა მაგარი გამოგივიდათო.

 

***

კაცი გაჩერდა ჩემ წინ ქუჩაში, ხელები გაშალა და გაოცებული თქვა:

– გაგიჟდება კაცი, მაინც რა ძვირია ყველაფერი!

– ბატონო?

– შენ არ გელაპარაკები, კაცო!

 

***

„კარგი კაცი იყო, საყვარელი ჰყავდა გერცენზე.”- მთაწმინდაზე მეეზოვისგან მოსმენილი მცირე ქალაქური რომანი.

 

***

ამ ქალაქის არქიტექტურისა მოკლედ რომ გითხართ – ერთხელ დედაჩემმა დიღომში გავლისას პირჯვარი გადაიწერა და მამაჩემმა, ეგ რესტორანიაო.

 

***

“მერიდება შემოსვლა უფულოდ, ტყუილად ხომ არ დავიწყებ გაზომვას. აი, ღირსების ორდენზე ვარ წარდგენილი და თუ მომცეს და ფულიც მოაყოლეს, პალტოზე შემოგივლით,” – მაღაზიის კართან ჩამომდგარა მოხუცი ქალი.

***

ნაცნობი შემხვდა, ქუჩის მეორე მხრიდან დამიქნია ხელი. გავაბით მუნჯურად ლაპარაკი. ხელით მანიშნა, როგორ ხარო. თავი დავუქნიე, კარგად-მეთქი. ხელი ზემოთ ასწია, უფროსი როგორ არისო. ილიაუნისკენ ვანიშნე, დიდია და სტუდენტია-მეთქი. მერე პატარაზე მიმანიშნა, ის რას შვრება, ისო. დავიჭყანე, ძალიან საყვარელია-მეთქი. ბოლოს ხელები გაშალა, ტროტუარზე ჩამომდგარ მანქანებს მოავლო თვალი და ენა ამოიდგა. შეკითხვას ჟესტი ვეღარ მოუძებნა და ქუჩის მეორე მხრიდან დასჭექა: გვეშველება რამე?!

 

***

– გამარჯობა.

– ვაიმე, დედა! როგორ შემაშინეთ!

აბაშიძის ბუტიკებში ისეთი ფასებია, კვირიდან კვირამდე ხმის გამცემი არ ჰყავთ კონსულტანტებს.

 

***

„ნახეთ, ეს კაბა რა კარგია, თან თბილია და თან არ იკბინება, მოკიდეთ ხელი,“ – ქალი მომძახის არაყიშვილის ქუჩის იაფი მაღაზიიდან.

 

***

დღეს ვაკის პარკში ერთი კაცი გვეძახის მე და მატასის. მივედით და ნაძვის ხისკენ იშვერს ხელს. ნახეთ, ციყვები როგორ თამაშობენო. ისეთი სასიამოვნო იყო ამათი ცქერა, მარტო არ მინდოდა ყოფნაო.

***

არ მოვიდა ის ასაკი, რიგის ქუჩაზე წაბლების ასაკრეფად არ დავიხარო.

***

დავინახე ელენე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, დავუძახე – ვერ გაიგო, დავუსტვინე და გამომხედა. განა ბევრს უსტვენს დედა ქუჩაში. აბა, ჩქარა ვახშამი-მეთქი. კაფეში შემოვიარეთ, ახლა მშვიდად გავუშვებ.

***

ქუჩაში ერთი პატარა ბიჭი გამოიქცა, ამომეფარა და დაიყვირა: გარაჟში ვარ! დანარჩენებმა დევნა შეწყვიტეს. აკლდა ვითომ ქალაქს უნებართვო გარაჟები.

***

ქუჩაში ერთი ბავშვი დავინახეთ, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩვენს ნაცნობს, ოღონდ ასაკით ორი-სამი წლით უმცროსი იქნებოდა. მატასი მაინც გაუღიმა და ჩუმად მითხრა: “გეუბნები, ეგ არის, უბრალოდ ტყუილები რომ იცის, მაგისგან ცოტა დაიჩუტა.”

 

***

ვერელმა მეწაღემ, მე ვერაო და სხვა „ტოჩკა“ მიმასწავლა: “აგე, იქით პადზემკაშია. პადზემკა ხო იცი, რა არის, შვილო, გადი-გამოდის ხალხი.”

 

***

სტუდენტი ვიყავი, მელანომ და ლენამ „კრუგთან“ ვაჭრობა რომ დაიწყეს. ერთი თევზის მაღაზიის მხარეს იდგა, მეორე – მეცხრე საავადმყოფოს. მერე დამეგობრდნენ და მიწისქვეშაში ერთად იქირავეს ფართი. დღეს ჩავუარე, აი, გზა რომ გადაკეტილია, ვაჭრობა ისე არ მიდისო. სამაგიეროდ, კარგად გამოიყურებით-მეთქი. აბა, როგორ, ამ უბნის გოგოები ეგეთები ვართო.

***

თითქმის ორი წელია, პირბადეს ვატარებ და ბოლო თვეა, ამეკვიატა ფიქრი, რომ შეიძლება ადამიანმა ვერ მიცნოს. ამიტომ ქუჩაში ნაცნობი თუ შემხვდა, მოკრძალებული სალმის ნაცვლად, ომახიანად შევძახებ ხოლმე – რუსიკო რუხაძე მოგესალმებათ! ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ეს ამბავი და, თუ კარგად წარმოიდგენთ, ასეც არის.

***

ბერძენიშვილზე კაცები ნარდს თამაშობენ ხოლმე. ძალიან მინდა, გავერიო და მეც გავაგორო კამათელი. ჩემი სიბერე ეგრე, ნარდის და დომინოს მოთამაშე კაცებთან უფრო წარმომიდგენია, ვიდრე მზეს მიფიცხებულ ქალებთან. არ ვიცი, შეიძლება მანამდე რამე შეიცვალოს.

 

 

რუსეთი – ორ ქართულ მოდერნისტულ რომანში

0

ამ სტატიაში შევეხები საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ არის წარმოჩენილი რუსეთი ორ ქართულ მოდერნისტულ რომანში: კონსტანტინე გამსახურდიას დიონისოს ღიმილსა და გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგში.

ორივე რომანში უჩვეულოდ ძლიერია ნაციონალიზმის მუხტი. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ოციან წლებში, როცა ეს რომანები იწერებოდა, მსოფლიო ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი ასეთი იყო (რომანებშიც მოქმედება სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს): 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში რევოლუცია მოხდა. რა მოუტანა ამან საქართველოს? 1921 წლის თებერვლის უდიდესი ტრაგედია (საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა) და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლში ჩახშობა ბოლშევიკების მიერ. შეუძლებელია ამ მოვლენებს გამოძახილი არ ჰქონოდა ქართულ მოდერნისტულ რომანებში, რადგან ქართველი ერი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

გველის პერანგშიაც და დიონისოს ღიმილშიც ყველაზე ხშირად გვხვდება სიტყვები: მიწა, სისხლი, მამა, ვენახი, ფესვები. ეს სწორედ ამ რომანებში დომინირებულ ნაციონალისტურ ტენდენციაზე მიუთითებს. ნაციონალიზმიც მოდერნულობის პროექტია, მაგრამ ქართულ ექსპრესიონისტებთან ის განსაკუთრებული სიმძაფრით გამოვლინდა და ეს გახლავთ მისი თავისებურება. ნაციონალურ-ეროვნული მოტივის შემოტანა მოდერნისტულ მწერლობაში სრულიად ბუნებრივი რამაა, თუმცა ეს ტენდენცია მაინც გამოარჩევს ქართულ მოდერნიზმს ევროპულისგან. მიუხედავად ფესვებსმოწყვეტილობისა და გაუცხოებისა დასახელებული რომანების მთავარ პერსონაჟებში (კონსტანტინე სავარსამიძე, არჩიბალდ მეკეში) ინტუიციურად და ინსტინქტურად მაინც ძლიერია დაკარგული სამშობლოს შეგრძნება.

რომანებში პირდაპირ და ქარაგმულად უამრავჯერ არის ნახსენები კოლონიზატორი რუსეთი და არც ერთხელ დადებითად: „საით მოსულხარ, იქითკენ წადი … რუსო – რუსეთში; საქართველოს მთელი სიმდიდრე რუსის ბერებმა და გუბერნატორებმა გაზიდეს; პანსიონში ქართულად ლაპარაკს გვიკრძალავდნენ; წიგნი გამოვეცი გერმანულად რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ [ამბობს სავარსამიძე ო. ჯ.]; ბოლშევიკები მამულებსა და მთელ ქონებას ართმევენ ხალხს; საქართველოს მტრები მიწის პირიდან აღიგვენ… არც პავლე პირველს და ნიკოლოზ მეორეს დასდგომია უკეთესი დღე. პირველი ქართველმა იაშვილმა დაახრჩო. მეორე – ქართველმა, ვალია ბახტაძემ შეიპყრო; ასი წლის წინ რუსებმა ჩვენი მეფე ჩამოაგდეს; მონღოლური საფრთხე…“ და ა. შ. (გამსახურდია 1992, 46-98-101-118-122-140-277-279). გველის პერანგშიც ხშირია გამონათქვამები: „პეტერბურგში რაღაც „ხდება“ თუ მოხდა?! … სპარსეთში ისევ რუსის ჯარისკაცები დაყიალობენ… პირმოშვებული რასსა: ველური. …ეტყვიან: „კანონი ასეთია“ – „ჩემთვის არ სწერია, „ასე არ შეიძლება“ – „ფეხებზე მკიდია“; ტფილისი ტორტმანობს: მთვრალი ქალაქი. ჩრდილოით მოისმის უცხო გუგუნი: ვნებაატეხილი რუსეთი ძველ სამყაროს წარღვნას უქადის; ბოლშევიკებმა აიღეს; ბოლშევიკებმა დახვრიტეს; რუსეთი აიშალა;“ ოლგა რუსმა ოფიცერმა გააუპატიურა; მუდმივი შიში და შეგრძნება იმისა, რომ ვამეხ ლაშხი რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს და ა. შ. (რობაქიძე 1989, 175-226-240-257-261-264).

ორივე რომანში მკვეთრად არის გამოხატული ანტიიდეოლოგიურობა. ეს საკითხი, ისევე როგორც ანტიკოლონიალიზმი, დაკავშირებულია ნაციონალიზმთან. რომელი იდეოლოგიები იყო იმ დროს გაბატონებული? ესენია: მარქსიზმის ლენინურ-ბოლშევიკური მიმართულება (დიალექტიკურ-ისტორიული მატერიალიზმი); ქრისტიანობა; პოზიტივიზმ-ნატურალიზმი[1]. მოდერნიზმი სამივე ამ მსოფლმხედველობას უპირისპირდებოდა, თავად კი არსებითად ხელოვნების კულტის იდეას ეფუძნებოდა.

გველის პერანგში აშკარაა მარქსისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართული ხაზი. ამ რომანის დედაარსი, დაკარგული სამშობლოს ფესვებთან დაბრუნება, ანტიმარქსისტულია. ეს განსაკუთრებული სიმძაფრით გამოვლენილია მე-13 თავში ნორდოსტ (რობაქიძე 1989, 172). ამ თავში საუბარია პეტერბურგზე, პეტრე დიდზე, დოსტოევსკიზე და ყაზვინის ბაზრის ფარდულებში მოყიალე რუს ჯარისკაცებზე. ნაცადია რუსული სულის, რუსი ხალხის ფსიქოლოგიის რამდენიმე შტრიხის გამოკვეთა. ორი ნიშანია განსაკუთრებულად შესამჩნევი: ველურობა და სხვისი მიწების მიმტაცებლობის დაუოკებელი სურვილი. ჯარისკაცების ველურობა ბილწსიტყვაობაში, „სემიჩკის“ კბილვასა და გადმოფურთხებაში ვლინდება. მათ ისიც კი არ იციან, აქ რა უნდათ. ტაბა ტაბაის შეკითხვაზე: „რისთვის ომობთ?“ უპასუხებენ: „არ ვიცით, წამოგვასხეს და ვომობთ“ (რობაქიძე 175-176). მთხრობლის დასკვნა ასეთია: „რა დაუდგება ამ რასსას და რა დააკავებს მას?! წალეკავს ყველაფერს“ (რობაქიძე 1989, 176). ამ თავში რუსული იმპერიალისტული იდეოლოგია (სულერთია რომელ ფორმაში ვლინდება) უდიდეს საფრთხედ არის დანახული. ამ თავში ხშირია მარქსისტული იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი სიტყვები. ორატორი გამოდის და გაჰყვირის: „აღმასრულებელი კომიტეტი, ბოლშევიკები, მენშევიკები… ძირს კაპიტალიზმი, ბურჟუაზია, პეტერბურგი, რევოლუცია, პროლეტარიატი“ (რობაქიძე 1989, 177), მაგრამ, მიუხედავად ამ იდეოლოგიის მოჩვენებითად ინტერნაციონალური ხასიათისა, ყველაზე ხშირად მეორდება სიტყვა: „მიწა! – მათ სურთ მიწა!“ (რობაქიძე 1989, 177, 178). ამ სიტყვაში გამოვლენილია სხვისი მიწების დაპყრობის მძლავრი სურვილი. რა რეაქცია აქვს ირანელ მსმენელს ორატორის გამოსვლაზე? „სპარსი წევს და თვლემს. – იცი რაა პეტერბურგი?! სპარსი თვლემს. – იცი რაა რევოლუცია?! სპარსი ამთქნარებს“ (რობაქიძე 1989, 178-179). ამ ეპიზოდში ნაჩვენებია დაუფარავი ირონია მარქსისტული იდეოლოგიის მიმართ და გამოვლენილია მისი ბრძოლის ნამდვილი მოტივი: სხვისი მიწის დაუფლება! მარქსისტულ-ბოლშევიკური იდეოლოგიის უარყოფა კი ამ სიტყვებით არის გამოხატული: „პეტერბურგს – ჯანდაბა: თუ გინდ სულ დაიქცეს“ (რობაქიძე 1989, 172).

გველის პერანგში ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან დაპირისპირება მოხსნილია წარმართობასთან მისი შერწყმა-გაერთიანებით. ამ რომანში ქრისტე არ არის გაიგივებული ქრისტიანობასთან, როგორც ეს დიონისოს ღიმილშია. ქრისტეს მოძღვრება, თვითონ ქრისტე, სამყაროს ერთგვარი ონტოლოგიურ-მეტაფიზიკური გამოვლინებაა, ის ინსტიტუციურ-ორგანიზებული რელიგიის დონემდე არ დაიყვანება, იგი მის მიღმაა, ამიტომ რობაქიძისეულ ქრისტიანობას მარტივად შეუძლია მიიღოს და შეეთვისოს წარმართობაში გამოვლენილ სამყაროს აღქმის მოდელს. ეს ქრისტიანობა არის არა მართლმადიდებლური, კათოლიკური ან პროტესტანტული, არამედ „დიონისური ქრისტიანობა“. გველის პერანგში მოხსნილია წინააღმდეგობა დიონისოსა და ქრისტეს შორის. სულ სხვა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით დიონისოს ღიმილში. იქ ქრისტე და ქრისტიანობა გაიგივებულია, ამიტომ წარმოიშობა დაპირისპირება წარმართულ ელინიზმსა და ქრისტიანობას შორის. ეს წინააღმდეგობა რომანში ყველაზე მძაფრად ჯვარცმის დამტვრევის სცენაში გამოვლინდა. პერუჯა-ასიზის გზაზე სავარსამიძის მიერ ჯვარცმის დამსხვრევა პირდაპირ დაკავშირებულია ქრისტიანული იდეოლოგიის, ან იდეოლოგიზებული ქრისტიანობის უარყოფასთან.

რატომ უპირისპირდება სავარსამიძე ასე მძაფრად ქრისტიანულ მსოფლმხედველობას? გარდა იმ მიზეზისა, რაც ზემოთ უკვე განვიხილე, არსებობს მეორე მიზეზიც, ესაა ქრისტიანობის ჩაყენება რუსული იმპერიალიზმის სამსახურში, რამაც საქართველოს უამრავი უბედურება დაატეხა თავს. ეკლესიის გამოყენებით აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს ტოტალური რუსიფიკაცია. ფაქტობრივად ქრისტიანობა გადაიქცა ინსტრუმენტად სახელმწიფოს ხელში. ამ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საერთოდ ნებისმიერი იმპერია, იმპერიალისტური აზროვნება, მიდრეკილია ყველა და ყველაფერი თავის სამსახურში ჩაიყენოს. ეს მომენტი კარგად არის ნაჩვენები სავარსამიძის საუბარში დოქტორ ფატენპურთან. დოქტორი ეუბნება: „თქვენი ბედი რუსეთი რომ დაინგრა“ და საუბარმა ასეთ მიმართულება შეიძინა (დოქტორი ფატენპური): „შექსპირი ისეთივე დიდი იარაღია ინგლისის ხელში, როგორც ინგლისური კრეისერი“. შემდეგ ეკლესიაზე საუბრობენ და დასკვნა ასეთია: „ისინი უტიფრად ამართლებენ ჩვენს მონობას თავიანთი დიდი კულტურის სახელით“. სავარსამიძის შეკითხვაზე: „თქვენ რა შექსპირს უარყოფთ?“ დოქტორი უპასუხებს: „შექსპირი რაა ინდოეთის მომავალთან შედარებით?“ (გამსახურდია 1992, 291-292). ჩვენც შეგვიძლია ასე დავსვათ შეკითხვა: დოსტოევსკი რაა საქართველოს მომავალთან შედარებით? ასე ჩაიყენა რუსეთმა კულტურა და ქრისტიანული რელიგია თავის სამსახურში იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად.

სავარსამიძე ამბობს მამა ჯიოვანისთან საუბარში, რომ ევროპისგან განსხვავებით საქართველოსთვის ქრისტიანობა პოლიტიკური თავდაცვის იარაღი იყო, ამიტომ „ქართული ბუნება დღესაც სანახევროდ წარმართულია“ (გამსახურდია 1992, 193). ეს პოლიტიკური იარაღი ახლა უდიდეს თავისტკივილად გვექცა, რადგან „ქრისტეს ჯვარს შეეწირა დიდი საქართველო; მე იმ საქართველოზე ოცნებამ მომიშხამა საწუთროება. …აღარ მწამს ამ ქვეყნად აღარც ღმერთი, არც ისტორიის სამართალი“. შემდეგ საუბრობს, როგორ გამოუცხადა თორმეტმა ახალგაზრდა ქართველმა ომი უშველებელ რუსეთს (გამსახურდია 1992, 226-227). რომანში ასეთი საგულისხმო მომენტი გვხვდება, გამომძიებელი ეუბნება იტალიაში დაპატიმრებულ სავარსამიძეს: „თქვენ მოლაპარაკება გქონიათ აღმოსავლეთის რომელიღაცა პატარა ერის გაკათოლიკებისთვის“ (გამსახურდია 1992, 224). ამ პატარა ერში საქართველო იგულისხმება. როგორც ჩანს, პროტაგონისტი ქართველების გაკათოლიკებაში ხედავს კოლონიზებული საქართველოს გადარჩენის ერთადერთ გამოსავალს. სავარსამიძე ევროპასაც საყვედურობს: „ჩვენ გიძახოდით: შველასა გთხოვდით… თქვენი პაპები და მეფეები ფარისევლურ ეპისტოლეებით გვანუგეშებდნენ… ასიზი პერუჯიას გზაზე ჯვრის დანახვაზე ჩემი განადგურებული ქვეყანა მომაგონდა. დავლეწე ჯვარცმა და ვგმე ქრისტე, ჩვენი დამქცეველი“ (გამსახურდია 1992, 226). ამ ეპიზოდში ნათლად არის გამოხატული ქრისტიანობის უარყოფის მიზეზი სავარსამიძის მიერ. ის უარყოფს დიდი რელიგიების მიერ იდეოლოგიად ქცეულ ქრისტიანობას.

როდესაც ქართული მოდერნიზმის ანტიკოლონიურ ხასიათზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ დიონისოს ღიმილის ერთი შეხვედით უმნიშვნელო ეპიზოდურ პერსონაჟზე, რომელსაც მწერალი სლანსკიდ მოიხსენიებს. ეს პერსონაჟი რომანში სულ ერთგან გვხვდება, თუმცა ოთხ ადგილას არის ნახსენები (გამსახურდია 1992, 141-284-366-367). სლანსკი რუსი ოფიცერია, რომელიც სხვა რუს ოფიცრებთან ერთად პარიზის ერთ-ერთ კაფეში კონსტანტინე სავარსამიძეს, ტერორისტ დათა ლანდიასა და ხალილ ბეის გადაეყრება. როდესაც დათა და კონსტანტინე მეგრულ სიმღერას წამოიწყებენ გვერდზე სუფრიდან სლანსკი მიაძახებთ: „ოსტავტე ვაში დიკია ვოლპი“[2] (გამსახურდია 1992, 141). შეურაცხმყოფელი ფრაზის გაგონებაზე ჩხუბი ატყდება. სავარსამიძე სლანსკის გალახავს და რევოლვერს წაართმევს. ამის შემდეგ სლანსკი რომანში აღარ ჩნდება, მაგრამ ის განაგრძობს არსებობას სავარსამიძის არაცნობიერში. ეს არის კოლონიზებულის ტრავმირებული მეხსიერება, რომელიც მუდმივად ზემოქმედებს მასზე. კოლონიზატორი სლანსკი ჩნდება სავარსამიძის ჰალუცინაციაში, როდესაც ჭინჭრის ციება ეწყება. ამ დროს რუსული ყვითელეპოლეტებიანი სლანსკი ეცხადება და მარცხენა ხელიდან აცლის ჯენეტის მიერ ნაჩუქარ სმარაგდის ბეჭედს, რაც საქართველოს სიმბოლოა (გამსახურდია 1992, 284). მაინც რა ააცალა რუსეთმა საქართველოს? ამ შეკითხვაზე პასუხს რომანიდან ვიგებთ. ნაწარმოების ბოლოს, როდესაც სავარსამიძე ჯოჯოხეთში ჩადის, იქ მას სწორედ სლანსკი დახვდება „ჩრდილოეთის მეფის“ ტახტზე მჯდომი. ჩრდილოეთის მეფე გასაგებია, რომ რუსეთია. აღსანიშნავია, სლანსკი რომანში მხოლოდ რომანოვების რუსეთს კი არა, კომუნისტურ რუსეთსაც განასახიერებს, რადგან ამ თავში (ჯოჯოხეთად ჩასვლა კონსტანტინე სავარსამიძისა) სლანსკი მხოლოდ გახუნებული ყვითელეპოლეტებიანი ოფიცერი კი არ არის, არამედ მას მუდამ თან სდევს წითელი ფერიც. იქ მისი სიმბოლოა „წითელი, პირსისხლიანი ფრინველი – კირიპა“ (გამსახურდია 1992, 364). ამ ჩრდილოეთის მეფემ საქართველოს წაართვა „ბაგრატიონის გვირგვინი და თამარის ალმასი“ (გამსახურდია 1992. 366) დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ორი მთავარი ატრიბუტი. ამის გამო თვისი წინაპრის არგვეთის მთავრის ხმლით შეიარაღებული სავარსამიძე ბრძოლას გამოუცხადებს ტახტზე მჯდომარე მთვლემარე ჩრდილოეთის მეფეს, სლანსკის. ასე მიმართავს: „სლანსკი! შენ – ყინულეთი, მე – მზისგული, შენ – თოვლი, მე – ცეცხლი, შენ მურტალი, ღორის ტყავის ფარივით ფართო და მრგვალი, მე – ქართული სატევარივით ბასრი და წვეტიანი, სლანსკი მე და შენ ერთ სახლში ვერ დავეტევით!“ (გამსახურდია 1992, 367). ამ შეძახილიდან აშკარად ჩანს, რომ კოლონიზებული კოლონიზატორს ვერ ეგუება, მათ არაფერი აქვთ საერთო, ამიტომ დამპყრობელმა უნდა დატოვოს დაპყრობილის „სახლი“; მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ამ სიტყვების გაგონებაზე სლანსკი გამოფხიზლდება და სავარსამიძეს შეუტევს. სავარსამიძემ დაიყვირა: „სლანსკი ასჩვიდმეტი“ (გამსახურდია 1992, 367) და ბრძოლა დაიწყო. რას უნდა ნიშნავდეს ასჩვიდმეტი? ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა საქართველო: 117 წელი, 1801 წლიდან[3] 1918 წლამდე. 1918 წელს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ სულ რაღაც სამი წელი გასტანა, სლანსკიმ (ჩრდილოეთის სამეფომ) კვლავ დაიპყრო საქართველო სამოცდაათი წლით, თითქოს მას არ ეყო 117 წელი. მთლიანობაში სლანსკის ლამის ორასი წელი ჰყავდა საქართველო დაპყრობილი. ამას ვერ ურიგდება სავარსამიძე. სლანსკისთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამ სამ დღესა და სამ ღამეს გასტანა. ბოლოს სავარსამიძე სლანსკის ამარცხებს, ოღონდ არა ხმლითა და ფიზიკური დაპირისპირებით, არამედ მისი აღმზრდელის ტაია შელიას მიერ ნასწავლი შელოცვით, ესე იგი თვითმყოფადი კულტურითა და გონიერებით. დამარცხებული სლანსკი სთხოვს სავარსამიძეს არ მოკლას და „თავის მიჯნურს ასწავლის“ (გამსახურდია 1992, 369). სავარსამიძე შეჰპირდება. სლანსკი ასწავლის: „ირბინე აქედან მზის დასავლეთისკენ, იქ ვენახია…“ (გამსახურდია 1992, 369). აქ ორი მნიშვნელოვანი მინიშნებაა, საქართველოს ხსნა დასავლეთისკენ მოძრაობასა და ვენახშია, რაც დიონისოსაც განასახიერებს და ქართული უნიკალური ყოფის სიმბოლოცაა. სავარსამიძე პირობას არ შეუსრულებს, სლანსკის მაინც მოკლავს, რადგან კოლონიზატორს არასდროს არანაირი პირობა არ შეუსრულებია. „მეც ისევე ავუსრულე პირობა, როგორც მან ამისრულა… ყელი გამოვჭერი და სისხლი დავლიე“ (გამსახურდია 1992, 369).

მთლიანობაში თუ დავაკვირდებით დიონისოს ღიმილისა და გველის პერანგის განვითარებასა და დასასრულს ადვილი ამოსაცნობია ამ რომანების ანტიკოლონიური და ანტიიდეოლოგიური ხასიათი. კონსტანტინე სავარსამიძეცა და არჩიბალდ მეკეშიც უცხოეთში გატარებული წლების შემდეგ საბოლოოდ სამშობლოში ბრუნდებიან, ერთი აბასთუმანში, მეორე – საირმეში. ეს მათი ბედისწერაა, ისევე გარდაუვალი, როგორც ოდისევსის დაბრუნება ითაკაში. უცხოეთში ყოფნის დროს მათი მელანქოლიისა და გაუცხოების მიზეზი სამშობლოს ფესვებს მოწყვეტაა. ფაქტობრივად, მათი ნაციონალისტური იდეალები დამარცხებულია, ამიტომ განიცდიან უმწეობასა და ძლიერ სულიერ ტანჯვას. მხოლოდ სიზმრებში ახერხებენ ბედნიერებისა და დაკარგული სამშობლოს დაბრუნებას. ბოლოს ფიზიკურადაც ბრუნდებიან და სწორედ აქ იკვეთება ამ ორი პერსონაჟის განსხვავებულობა. შეიძლება ითქვას, რომ არჩიბალდ მეკეში კონსტანტინე სავარსამიძის ანტითეზაა.

გაინგლისელებული არჩიბალდ მეკეში განიცდის დიდ მეტამორფოზს. ალეგორიულად თუ ვიტყვით, მან შეძლო კანის გამოცვლა, როგორც გველი იცვლის პერანგს და არჩიბალდ მეკეში არჩილ მაყაშვილად გარდაიქმნა. იგი უცხოეთში მუდამ თანმდევ პესიმისტურ განწყობას ნაციონალურ ოპტიმიზმს დაუპირისპირებს და დაძლევს კიდეც. არჩიბალდ მეკეში სხეულითაც და სულითაც ძლიერი ადამიანი აღმოჩნდება, შეძლებს გაუცხოების გადალახვას და დაბრუნებას მამის წიაღში. რომანის ბოლოს თამაზ მაყაშვილი და არჩიბალდი მშობლიურ საირმეში წინაპრების მიერ დატოვებულ სახლში ხვდებიან. შვილი დამშვიდებულ მოხუც მამას თავისი ხელით დაუხუჭავს თვალებს. ბოლოს ვამეხიც არჩიბალდის ნახევარძმა აღმოჩნდება. ფესვი არ დაიკარგება, რადგან არჩილი მატასის მოიყვანს ცოლად, საირმეში დამკვიდრდება და შვილიც შეეძინებათ. მაყაშვილების გვარი გაგრძელდა, საქართველოც გააგრძელებს არსებობას. ასე ოპტიმისტურად მთავრდება რომანი. ბოლომდე მოიშორა თუ არა დასავლური იდენტობა არჩილ მაყაშვილმა და თქვა თუ არა მასზე უარი? სავარაუდოდ არა, რადგან რომანის ბოლოს ჩნდება ასეთი ადგილი: საირმეში „პატარა დუქანია გამართული. …აქ ჰყიდიან: მარილს – ნავთს – პაპიროსს – ჩითს – ასანთს – შაქრეულს – საპონს. ფერსათის მთების კალთებზე „ევროპა“ შემომძვრალა. მედუქნე გიგოც „ევროპიელია“, იგი გაზეთის მკითხველია და მსოფლიო ამბები იცის“ (რობაქიძე 1989, 279). არჩიბალდს ევროპა აღმოსავლეთშიც (საირმეში) დახვდა. თამუნჩოც (თამაზი, არჩილის მამა), როდესაც ბრუნდება საირმეში იგი „ევროპიულ არის ჩაცმული“ (რობაქიძე 1989, 280), ესეც მეორე მინიშნება ევროპული იდენტობის შენარჩუნებაზე. რობაქიძემ გველის პერანგში ხორცი შეასხა თავისივე იდეას აზიისა და ევროპის დაქორწინების შესახებ ქართულ სუფრასთან. არჩილ მაყაშვილი მამის წიაღში ბრუნდება, რითაც აღწევს აღმოსავლურ ერთიანობას, მაგრამ ევროპულობაც თან დააქვს და ეს ყველაფერი დანერგილია ქართულ ნიადაგზე. ამიტომ მართალია, ჩვენი ქვეყანა „აღმოსავლეთს მოსცილდა და დასავლეთს ვერ მიაღწია“ (რობაქიძე 1989, 219), მაგრამ აქ ორივეს პოვნაა შესაძლებელი, აღმოსავლეთისაც და დასავლეთისაც. ყველა წინააღმდეგობა დაძლეულია ფესვებთან დაბრუნებითა და მამასთან ერთიანობით.

სხვაა კონსტანტინე სავარსამიძის მდგომარეობა. იგი ფიზიკურად კი დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ შინაგანად გაუცხოებული დარჩა. ვერც ფესვებს დაუბრუნდა და ვერც მამის წიაღს. რომანში შინაგანი კონფლიქტი დაძლეული არ არის. მამის წყევლისგან ვერ გათავისუფლდა. ვერც ცოლი მოიყვანა და არც შვილი ეყოლა. მასთან ერთად დაასრულა არსებობა მისმა არისტოკრატულმა გვარმა. სავარსამიძემ ვერ გადალახა მოდერნული ადამიანის სულიერი კრიზისი. ბოლოს ისეთ ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთილებაში გადავარდა, რომ ფარვიზიც, ვინც დიონისოს, წმინდა გიორგისა და საქართველოს განასახიერებდა, გაიმეტა. მან მოკლა თავისი ღმერთი. ჯერ ქრისტე მოკლა, შემდეგ კი დიონისო. ეს მიგვანიშნებს, რომ მან სამშობლო საბოლოოდ დაკარგა. სავარსამიძე ორი ღმერთის მკვლელია, ამიტომაც ჩავიდა ჯოჯოხეთში, იქ სლანსკისთან შეხვედრამდე მამასაც შეხვდება. სთხოვს, რომ წყევლა უკან წაიღოს და დალოცოს შვილი, მაგრამ მამა ჯოჯოხეთშიც კი ვერ შეძლებს შვილს მიუტევოს მამისეული სახლისა და ვენახის გაჩანაგება, მამა-პაპისეული ფესვების განადგურება, ის მას ვერ დალოცავს. საბოლოოდ იღუპება სავარსამიძე: „ნელა, ნელა ქანაობენ მაღალი ალვები. სიკვდილის ანგელოზების ცრემლებივით ეცემიან შარაგზაზე ფოთლები უღონო და ფერგასული, და მესმის ალვების და აკაციების შტოებში მგლოვიარე ბუნების საშემოდგომო რეკვიემ… …უნებურად მაგონდება ლუქსემბურგელი ინვალიდი – სახით მახინჯი, კაცი სიცილს გადაჩვეული. აღარც სიცილი შემიძლია, აღარც ტირილი. და ერთად ერთი ნატვრაა ჩემი: ყინულზე დავარდნილ ნაპერწკალივით გადნეს თუნდაც ჩემი სხეული. ტაია შელია! ჩემი ცხოვრების ნახევარგზაზე შემომაღამდა!..“ (გამსახურდია 1992, 377), მაგრამ საქართველოს აღდგენისა და განახლების იმედი მაინც არ ქრება: „სმარაგდის ტალღებიდან ამოდის ნორჩი, პირშიშველი ჭაბუკი… მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი დიონისო ამოდის ხმელზე, ელემენტებისაგან ახლადშობილი, ექსტაზი ისახება მის ტუჩებზე“ (გამსახურდია 1992, 376).

მართალია, გველის პერანგი უფრო ოპტიმისტურად მთავრდება, ვიდრე დიონისოს ღიმილი, მაგრამ ანტიიდეოლოგიურობა და ანტიკოლონიურობა ორივე ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ორივე ნაწარმოებში ძლიერია ნაციონალიზმის ელემენტი. სწორედ ეს თავისებურებები გამოარჩევს ქართულ მოდერნიზმს.

 

ოთარ ჯირკვალიშვილი

 

[1] რაციონალიზმზე, ადამიანის სხეულებრივ დაკმაყოფილებაზე, მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე ორიენტირებული მსოფლმხედველობა.

[2] ქართ. მოეშვით თქვენს ველურ ყმუილს.

[3] ამ წელს რუსეთის მეფემ ალექსანდრე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, 1804 წელს კი იმერეთის სამეფოც დაიქვემდებარა.

სანგარი – პოეზია

0

როცა გარშემო სამყარო გაბზარულია, უკიდურესად დაჭიმულია ადამიანების კი არა, დედამიწის ნერვები, როცა უსუსურობისგან არ იცი, რა ქნა, რადგან ვერ შველი ვერც შეშინებულ ბავშვებს, ვერც ბავშვებზე გადაფოფრილ დედებს, ვერც ომში წასულ მამებს, ბაბუებს, შვილებს, როცა საშველს ეძებ და ვერ პოულობ, როცა ერთდროულად ცოცხლდება ოდესღაც წაკითხული ომზე დაწერილი ყველა წიგნი და ოდესღაც ნანახი ომზე გადაღებული ყველა ფილმი, მაშინ ვიღაცისთვის სანგარი პოეზიაა.

თავშესაფრის ძიებაში შესაძლოა მოულოდნელად აღმოჩნდე მდინარესთან, უცნაურ სიზმრისეულ მდინარესთან, რომელსაც ღამღამობით კეტავენ და დილაობით ათავისუფლებენ. ალბათ იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე უკეთ იგრძნოს, რა შვებაა თავისუფლება. ამ მდინარის ნაპირას შეიძლება კოცონი გიზგიზებდეს და მან შეიძლება შენც გაგათბოს, სული მოგიბრუნოს.

ეს მდინარე და კოცონი ერთად ზვიად რატიანის პოეზიაა.

ახლა მე ის ვარ, ვინც ამ მდინარის ნაპირას ჩამოჯდომას და იმ კოცონზე გათოშილი გრძნობების გათბობას ცდილობს.

„ზოგჯერ შევდივარ მშვიდ ნაკადში,

ზოგჯერ შევდივარ ამღვრეულში,

ზოგჯერ მშვიდში შევდივარ და შემდეგ იმღვრევა.

ზოგჯერ პირიქით. ძირითადად ნაპირთან ვზივარ

 

და ვფიქრობ ქოხზე,

და ფიქრშივე ინგრევა ქოხი.

ღამღამობით ვანთებ კოცონს

და ვღიღინებ ძველ შეკითხვებს. ის ზოგჯერ მპასუხობს“.

ეს პატარა კრებული მდინარეა. ლექსებს მოსდევს პოემა, რომელიც თითქოს ლექსებადაა დანაწევრებული და თან ერთი მთლიანობაა (თითოეული ნაწილი იწყება ახალი გვერდიდან, სათაურის გარეშე და აგრძელებს წინა ნაწილის სათქმელს, დაწყებულ წინადადებას, უკვე დაწერილ ფრაზასა თუ სიტყვას).

ოდესღაც წაკითხულს ახლა ხელმეორედ ვკითხულობ, კრებულის გარეთ განვიცდი, რომ ის საშინელი, 21-ე საუკუნისა და ,,განვითარებული სამყაროსთვის“ (მწარე ჩაცინება) წარმოუდგენლად შეუფერებელი ბომბები თითქოს ჩემს სახლს, ჩემს შვილებს, ჩემს მშვიდ დღეებს აცვივა და უცებ სათაურგამქრალი პოემის პირველ სტრიქონებს ვკითხულობ: „სიკვდილი ცხადია. ეს სათაურია, მეგობარო…“

დამზაფვრელია.

 

„სიკვდილი ცხადია. ეს სათაურია, მეგობარო, სათაური

წესით ცალკე იწერება, მსხვილი შრიფტით.

რამდენი დაკვირვებული მკითხველი ჩაიცინებს თვითკმაყოფილი, დარწმუნებული, რომ მიმიხვდა

არცთუ ისე ღრმა ჩანაფიქრს: ცხოვრება სიზმარია, – გადაიქნევენ ისინი თავს; ანუ სიკვდილი, ცხადია, ცხადია!“

 

ვაგრძელებ კითხვას, ერთდროულად ვკითხულობ ახალ ამბებს ინტერნეტში და ლექსებს წიგნში. ინტერნეტსივრცე სავსეა დაბომბილი, ცეცხლმოდებული ქალაქების ფოტოებით, ნანგრევებით, ნამსხვრევებით… ინტერნეტში ვიღაცები ტირიან ბომბსაფრებში შეყუჟული ბავშვების გამო, ვიღაცები აგრესორზე ბრაზობენ, ვიღაცები საკუთარ ომს იხსენებენ, ვიღაცები ყოყმანობენ, არ იციან, რომელ მხარეს დადგნენ, ვიღაცები ირჩევენ სიჩუმეს… მე მშიშარა ვარ, გავრბივარ ჩემს თავშესაფარში და იქ მხვდება:

 

„რა რჩება დიდი სიყვარულიდან?

მხოლოდ ქარი,

რომელიც უბერავს სიცოცხლის ბოლომდე,

მაგრამ აღარსად ხვდებიან ხეები – გადახაროს,

და არც ტალღები – ააღელვოს,

აღარც უდაბნო – აამტვეროს;

მხოლოდ და მხოლოდ შენობები,

უზარმაზარი, ნახანძრალი შენობები,

და ყველა ფანჯარა რა ხანია ჩალეწილია…“

 

მოედინება ეს ღრმა, ერთდროულად მშვიდი და ბობოქარი პოეზია ზოგან ლამის პროზის მსგავს გრძელ სტრიქონებად, რომლებიც ზოგჯერ გახლეჩილია მარცხენა და მარჯვენა ნაპირებად, რაღაც მნიშვნელოვანი სრულდება მარცხენა ნაპირზე და მერე გრძელდება მარჯვენაზე, მაგრამ მკითხველს უნდა დარჩეს განცდა, რომ ეს არც სხვადასხვა ნაწილია, არც სხვადასხვა სათქმელი, ოღონდ მასში იმხელა ემოციაა გამომწყვდეული, უწყვეტად თქმაც შეუძლებელია:

 

„დიდხანს მეძინა; და უფრო დიდხანს ვიღვიძებდი.

პირველი სიზმარი ძველი იყო, თითქმის მშობლიური:

ცამდე აწვდილი ბნელი ტალღა, რომელიც საცაა გამსრესს.

მეორეც ნაცნობი, მთელი დღე დავდივარ ცარიელ თბილისში

და მიკვირს, სად გაქრა ხალხი. როცა ჩემებზე გავიფიქრებ,

წესით, უნდა გამეღვიძოს (როგორც უნდა გამღვიძებოდა

წამით ადრე, ვიდრე ტალღა შემითრევდა), და კიდევაც მეღვიძება,

ოღონდ ამჯერად – მესამე სიზმარში

და ეს რაღაც ახალია! საბანს ძლივს ვიხდი

და ჯერ თვალი ვერ იჯერებს მიწის ბელტებს, საბანზე დაყრილს,

სამაგიეროდ, მასზე ბევრად მგრძნობიარე ფეხისგულები

შეხებისასვე ცნობენ მიწას (ალბათ ტერფების ისტორიულ-გენეტიკური

მეხსიერება გაცილებით ტევადია, ვიდრე ტვინი დღევანდელი ადამიანის,

მით უმეტეს – მძინარესი); და საწერი მაგიდის უჯრებიც

სავსეა მიწით, და მატულობს. მე მივხოხავ

გასაქცევად, მაგრამ კარი მკვიდრად არის ჩაკირული ორივე მხრიდან

და ჩემს ბღავილსაც გუდავს მიწა. ჭერს ვეკვრი ლოყით

და კბილებით ვეჭიდები ჭაღის საკიდს, რადგან ხელები

დაფლულია, ხოლო ყურში შემიცოცდა ცივი მატლი…

და განა შიში –

მიწის მოტკბო და ნაცნობი გემო მაღვიძებს“.

 

ზოგან მოკლე, სხარტი სტროფები ენაცვლება ამ სიმდორეს. მე მხოლოდ ომის ჭრილში ვხედავ ახლა, მაგრამ მაინც გამუდმებით ჩამესმის თავად პოეტის დაბალი, სიღრმისეული, სულ, სულ ოდნავ ხრინწიანი ხმა. მრავლისმთქმელია ეს ხმა, სუნთქვა შეგეკვრება ადამიანს, ამ ლექსების კითხვა პოეტის სულში ურცხვად ყურებაა.

აქ მისი ავტოპორტრეტია დაწერილი და ის ზოგადადამიანური ტკივილითაა სავსე: როდის და როგორ ვიქცევით ადამიანები რობოტებად:

„ …რათა დანერგონ ჩემში

თანამედროვე, უახლესი ნერვული სისტემები,

რათა დროულად ამომკვეთონ რამდენიმე ზედმეტი და მახინჯი გული,

რათა დამირეგულირონ საგანგაშო ცვლილებები – მაღალი საზრიანობა,

მოციმციმე ურწმუნოება, გაბნეული ალკო-სკლეროზი

და დარწმუნდნენ წინასწარი დიაგნოზის სისწორეშიც, რომლის თანახმად,

ყველა გადახრის გამომწვევი მიზეზია აგნოზიის იშვიათი სახეობა –

თანდაყოლილი მწვავე ზამთარი…“

 

როგორ ცხოვრობდა, რას ფიქრობდა, რა ადარდებდა, რა უხაროდა სამშობლოდან უცნაურად გადახვეწილ პოეტს, ისე მკაფიოდ ვხედავ! მისი ამბავი ერთდროულად სიზმარი და ცხადია და აქ სიყვარული უმნიშვნელოვანესია, თუნდაც უკვე დაკარგული. ბევრს წერს ამაზე.

ისევ ინტერნეტში ვიყურები – სიყვარულს ვეძებ. სიყვარული ბევრია დაბომბილი, შეძრწუნებული ქალაქის ფონზე: ერთი თვის წინ ჯვარი დაიწერეს, ახლა მიდიან ერთად… მიდიან სახენათელი, შეყვარებული გოგოები და ბიჭები… არ იმჩნევენ, სასიკვდილოდ რომ მიდიან.

აქ, ჩემს სანგარში, კი პოეტი წერს:

 

„ეს იყო ქალაქი ორი ბედნიერი შეყვარებულის შესახებ,

რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ წვიმაში.

 

ყოველი სიტყვა უჩვეულოდ ბრწყინავდა წვიმაში;

მეკითხებოდი, რატომ მითრთის ხმა და ხელი, როცა გეხები.

სევდა ყოველთვის დროულია, გპასუხობდი, როდესაც გიყვარს,

როცა სველია მისი თმა და მაისური, ვისაც კოცნი.

ეს იყო ქალაქი წვიმით გალუმპული ბედნიერი წყვილის შესახებ. შენი და ჩემი

დაკარგული ქალაქი,

 

და როცა გკითხე, სად წავიდა სიყვარული,

ცივად მიპასუხე: არ ვიცი“.

 

მერე პოეტის ხმას სხვა ხმებიც უერთდება, თარგმანები ისე შემოდის კრებულის საოცრად შეკრულ სხეულში, რომ თუ არ დაუკვირდი, შეიძლება გამოგეპაროს კიდეც. ისინიც, თავისუფლებისმოყვარე მწერლები, სიყვარულზე წერენ.

 

კრებული – სანგრის ნაწილსა და ნაწილს შორის ცარიელი, თეთრი არა, სპილოსძვლისფერი ფურცლებია, თითქოს მკითხველის სულის მოსათქმელად, უბრალოდ იმისთვის, რომ გაჩერდე და თუნდაც მხოლოდ თვალებით დაწერო, რა იგრძენი, რა განიცადე, რამე ხომ არ გინდა იმ მძიმე და სუნთქვისშემკვრელი რეალობიდან აქ გადმოიტანო.

 

მთელი დღეა ერთდროულად ვკითხულობ ლექსებსა და ომის საზარელ ამბებს. ძლივს ვუმკლავდები პარალელური სამყაროების ემოციებს, გავედი ბოლოში და უცებ ვხედავ, რომ ბოლოსწინა ლექსი „ომია“, ბოლო კი ბულდოზერი, გადახაზული სიტყვა ბულდოზერი (რადგან რაც ან ვინც ანგრევს, უნდა დაგმო, უნდა წაშალო).

 

ბულდოზერი

 

ცოდოა ჩიტი, რომელიც მიყვარს.

 

ჩემი გული მისი სახლია,

ჩემი მკერდი – სახლისწინა პატარა ეზო

ხმელი ხეებით და გალავნით. წლები გავიდა

და ვერაფრით ავამღერე. ცოდოა ჩიტი –

 

კედლიდან კედელს ეხეთქება,

ვერც გაფრინდა, ვერც აჭიკჭიკდა.

 

და მოვიყვანე ბულდოზერი, ხარჯი გავწიე.

მან მოანგრია გალავანი, მოთხარა ეზო

და ჩამოლეწა უფანჯრებო სახლის კედლები –

გაფრინდა ჩიტი.

მე ახლა ვწევარ

ჩემივე გულის ნანგრევებში

და მონუსხული ვუსმენ ჭიკჭიკს

 

მით უფრო მკაფიოს,

რაც უფრო შორიდან.

 

ხე და ჩიტი. ყველაფერი უკუღმაა ლექსშიც და ლექსის გარეთაც – იმ უკიდეგანო, სრულყოფილი სიმშვიდის საწინააღმდეგო, ტერენტი რომ წერდა: ,,გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“

 

მაპატიეთ, აი, ასეთია – ლიტერატურული წიაღსვლებისგან დაცლილი, ემოციური და სუბიექტურია ომში წაკითხული პოეზია.

მასწავლებლობა, ანუ როგორ ჩავატაროთ საინტერესო გაკვეთილები

0

საინტერესო გაკვეთილების ჩატარება, ვფიქრობ ყველა მასწავლებლის სურვილია. აქვე ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, უამრავი პედაგოგია ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ნამდვილად საინტერესო გაკვეთილებს ატარებს. ეს სტატია ამერიკელი მასწავლებლის დეივ ბერჯესის (Dave Burgess) წიგნიდან: „სწავლება, როგორც თავგადასავალი. როგორ გავხადოთ გაკვეთილები საინტერესო და მომხიბვლელი“ საყურადღებო იქნება ნებისმიერი პედაგოგისთვის. (დეივ ბერჯესი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოს სკოლის ისტორიის მასწავლებელია).

ეს სტატია, ეძღვნება სწავლების პროცესში ერთგვარი „კაუჭების“ გამოდების ხრიკებს და სხვადასხვა შემოქმედებით საკითხს. როგორც დეივ ბერჯესი განმარტავს: მნიშვნელოვანია განსხვავებული, მრავალფეროვანი იდეების გაზიარება, რათა მასწავლებლებმა შეძლონ მოსწავლეების ყურადღების სასწავლო მასალაზე გადატანა. ამერიკელი პედაგოგი იმედოვნებს, რომ მკითხველი საკუთარ გაკვეთილებზე მის იდეებს გამოიყენებს. მთავარია, დაინტერესებულმა მასწავლებლებმა გამონახონ დრო და მიზანმიმართულად ეძებონ საკუთარი მეთოდები, რომლებიც ზედგამოჭრილი იქნება მათი მოსწავლეებისთვის და გათვალისწინებული იქნება შესასწავლი საგნის სპეციფიკაც. როდესაც მე გადავწყვიტე იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიული ზრდისკენ ისწრაფვიან, ჩამეტარებინა ტრენინგები, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, შევძლებდი თუ ვერა სხვებისთვის საკუთარი მეთოდების იმგვარად გადაცემას, რომ მათაც გასჩენოდათ მისი პრაქტიკაში გამოყენების სურვილი. ნებისმიერი მასწავლებლის პედაგოგიურ წარმატებას ხშირად განაპირობებს მათი დამოკიდებულება სწავლებისა და ბავშვების მიმართ. სხვა დანარჩენი კი საზრდოობს პედაგოგის მზაობით, მუდმივად ეძიოს ის, რითაც მისი მოსწავლეები დაინტერესდებიან. მასწავლებლებს მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი მეთოდი და გამოცდილება დაეხმარება მათ საკუთარი შემოქმედებითობის აღმოჩენაში. ყველაფერი ეს გიტარაზე დაკვრის სწავლას ჰგავს. ძირითადი აკორდების შესწავლის შემდეგ ყველა თავად წყვეტს, რა ნაწარმოები შეასრულოს.

მოდით, ახლა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და გამორჩეულ გაკვეთილზე გიამბობთ: „ისტორიის გაკვეთილების ჩატარება შესაძლოა გარკვეული კინესთეტური აქტივობების დახმარებით, მით უფრო, თუ მასწავლებლის მიზანია, ცოტა გართობის ელემენტი შემოიტანოს გაკვეთილის მსვლელობაში. ერთხელ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვუამბობდი მონობაზე და იმ მრავალფეროვან მეთოდებზე, რომლებსაც მონები იყენებდნენ, რათა გაქცეოდნენ საკუთარ მჩაგვრელებს. ჰენრი ბრაუნის ისტორიას იმით შემორჩა, რომ მან საკუთარი თავი ამანათით გააგზავნა, რათა მონობისთვის დაეღწია თავი. ჰოდა, მეც შევთავაზე მოსწავლეებს შემძვრალიყვნენ ყუთში, რომელიც უფრო მცირე ზომის იყო, ვიდრე ჰენრი ბრაუნის ამბავშია მოთხრობილი. ბავშვები ძალიან გახალისდნენ, განიხილეს შესაძლებლობები, აიღეს დიდი ზომის პლასტმასის ყუთი და დაიწყო ექსპერიმენტი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საინტერესოდ განვითარდა მოვლენები! როდესაც მე იგივე გაკვეთილი პარალელურ კლასში ჩავატარე, მათაც მიიღეს გამოწვევა და პრაქტიკულად ყველა მოსწავლემ სცადა ყუთში ისე შეძრომა, რომ მისი დახურვა თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი. ასე გაგრძელდა კიდევ ერთ კლასში და კონკურენციამ პიკს მიაღწია, ოღონდ ამ ყველაფერს თან ახლდა იუმორი და არა აგრესია ან ერთმანეთის მიმართ გაღიზიანება. ეს ხალისი მეორე დღესაც გაგრძელდა. უკვე პრაქტიკულად მთელმა სკოლამ იცოდა ამ ექსპერიმენტის შესახებ და კლასში შემოსულმა მოსწავლეებმა მაშინვე დააპირეს ყუთში შეძრომა, მაგრამ მე შევაჩერე და ვუთხარი, რომ მანამდე მათ უნდა გაეგოთ, რატომ იყო ეს ყუთი საკლასო ოთახში. მოკლედ, ეს პატარა მხიარული ოინი დიდ კონკურსად გადაიქცა.

და მაინც, რატომ მოვყევი ეს ისტორია? დარწმუნებული ვარ მასწავლებლების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილს  გაუჩნდება კითხვები:

რატომ უნდა შეძვრეს მოსწავლე ყუთში?

ზედმეტად ბევრი დრო ხომ არ დაიხარჯა ფუჭად ამ აკვიატების გამო?

და რომ არავინ გამოთქვას ყუთში შეძრომის სურვილი?

ჩემი პასუხები: „ზოგჯერ მსგავსი სამხიარულო აქტივობების კეთება სრულიად მისაღები და ნორმალურია, რადგან ეს ახალისებს კლასში (ზოგჯერ მთელს სკოლაშიც კი) პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თან მე მსურს, რომ ჩემი გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები კარგ ხასიათზე დგებოდნენ და ამავე დროს ცოდნის გარკვეულ მარაგსაც იგროვებდნენ. ასეთი სავარჯიშო გაკვეთილის მთელ დროს არ საჭიროებს და ამიტომ ეს სულაც არ არის დროის ფუჭად ხარჯვის მაგალითი. სამაგიეროდ, მსგავსი აქტივობის დროს მე ვხედავდი, რომ მოსწავლეები ნამდვილად დაფიქრდნენ მონობის მანკიერებაზე და განსაკუთრებულად ჰენრი ბრაუნის ამბავზე. ისინი ცდილობდნენ, მის ადგილას წარმოედგინათ თავი. მე ასევე ვუყურებდი სიხარულით გაცისკროვნებულ სახეებს. იმ დღეს ბევრჯერ შევამჩნიე, რომ მოსწავლეები ჩემი კაბინეტის წინ ჩერდებოდნენ და ცდილობდნენ, დაენახათ, როგორ ართმევდნენ თავს დავალებას სხვა კლასის მოსწავლეები. მე რამდენიმეჯერ შევთავაზე მათ კიდევ სხვა კლასის ბავშვებიც მოეყვანათ და შეეთავაზებინათ მათთვის ყუთში შეძრომა. დიდი სიხარულით ვაკვირდებოდი, როგორ ამხნევებდნენ თანაკლასელები ერთმანეთს და თან ასწავლიდნენ დანარჩენებს, როგორ შემძვრალიყვნენ ყუთში უფრო მოხერხებულად. დავინახე, როგორი ხალისით ურთიერთობდნენ ერთმანეთთან ბავშვები, რომლებიც მანამდე საერთოდ არც კი დალაპარაკებიან ერთმანეთს. ისეთი მოსწავლეებიც კი ცდილობდნენ დავალების შესრულებას, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამოსულან სიტყვით კლასის წინაშე. დავინახე, რამდენი მშვენიერი რამ მოიტანა ამ ერთი შეხედვით სულელურმა წამოწყებამ. და კიდევ, დავინახე მოსწავლეები, რომლებსაც არასდროს დაავიწყდებათ მონა ჰენრი ბრაუნის ისტორია.

თუ მასწავლებლები ნამდვილად ფიქრობენ, რომ მათი მოსწავლეები არასდროს მიიღებენ მონაწილეობას მსგავს აქტივობებში, მაშინ მე გეტყვით, რომ: პირველი – თქვენ, სავარაუდოდ, ძალიან ცდებით! მეორე – თუ თქვენ არ ცდებით, მაშინ აუცილებლად უნდა გააუმჯობესოთ თქვენსა და თქვენს მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია, შექმნათ მოსწავლეებისათვის უსაფრთხო და ნდობით აღჭურვილი ატმოსფერო, რათა ბავშვებმა მსგავსი დავალებებით იხალისონ.

გაფრთხილება პირველი: არ დაიწყოთ ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ თქვენ ახალისებთ, ამხიარულებთ თქვენს მოსწავლეებს და მეტიც, ბოდიში მაშინ უნდა მოიხადოთ, როცა ამას არ აკეთებთ. მეორე: სულაც არ არის სავალდებულო მოსწავლეები ყუთში შეაძვრინოთ; მთავარია არასტანდარტული აზროვნება და შემოქმედებითი იდეების რეალიზება.

მოდით, ახლა კიდევ რამდენიმე „კაუჭს“ გაგიზიარებთ. მაგალითად, „ადამიანები -რეკვიზიტები“. ერთხელაც დავფიქრდი: როგორ მოვამზადო გრანდიოზული გაკვეთილი და თან მოსწავლეები გამოვიყენო, როგორც უსულო საგნები ან მოვახერხო მათი რაიმე ცნების როლში გამოყვანა? იქნებ ბავშვებისგან შევქმნა გრაფიკი ან დიაგრამა, დავხატო რუკა ან სულაც შევადგინო განტოლება? შესაძლებელია, რომელიმე მოსწავლეს დავავალო რაიმე ეტაპის ან ღონისძიების ჩატარება შესაბამისი თანმიმდევრობით? იქნებ მოსწავლეების გარკვეულმა ჯგუფმა რეკვიზიტის როლის შესრულება შეძლონ, სხვებმა კი ეს რეკვიზიტი საჭირო ადგილას გადაიტანონ?

„კაუჭი საფარი“ – იქნებ მოვახერხო მოსწავლეების კლასის გარეთ გაყვანა ამ გაკვეთილის ჩასატარებლად? გამოდგება თუ არა სკოლის ტერიტორია ამ აქტივობისთვის? როგორ მოვძებნო სკოლის შენობაში ისეთი ადგილი, რომელიც იდეალური დეკორაციის ფუნქციას შეასრულებს? შევძლებ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ნივთების დამალვას შენობის გარეთ, რომ შემდეგ ისინი მოსწავლეებმა მოძებნონ? შევძლებ თუ არა ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავტოვო სკოლის ტერიტორია და სადმე გავემგზავრო საგაკვეთილო მასალის შესასწავლად? საკლასო ოთახის გარეთ გაკვეთილის ჩატარება ძალიან უცნაური/განსხვავებულია და თანაც უმოკლესი გზაა მოსწავლეების დასაინტერესებლად, მათ გასახალისებლად და წასახალისებლად. ამავე დროს, სრულად ვაცნობიერებ, რომ ამ აქტივობის ჩატარება რთულია. თუმცა, არავის შევპირებივარ, რომ ასეთი კრეატიული იდეები მარტივად და უპრობლემოდ რეალიზდება.

 

სტატიის თარგმანი მოამზადა:

ქეთევან კობალაძე

 

 

 

ბრძოლა საავადმყოფოს გადასარჩენად

0

შედარებითი პარტიული პოლიტიკა პოლიტიკის მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული და ნაკლებად პოპულარული დარგია. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სპეციალიზაცია მათ თვალსაწიერს დაავიწროებს და შედეგად ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვას მოწყდებიან. ჩემი გამოცდილება სულ სხვა რაიმეს მკარნახობს. პარტიული პოლიტიკის შედარებითი ანალიზის საფუძველზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარე უამრავი უმნიშვნელოვანესი პროცესის აღმოჩენა შევძელი, გავარკვიე, თუ რა ამოძრავებთ ადამიანებს განვითარებული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში, რომელი ღირებულებების საფუძველზეა შესაძლებელი ადამიანების დარაზმვა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებზე გავლენის მოპოვება. შედარებითი პარტიული პოლიტიკის ლაბირინთებში მოგზაურების დროს დავრწმუნდი, რომ პატარა რეგიონის მცირერიცხოვანი ქალაქის პრობლემაც კი შეიძლება იქცეს საერთო ეროვნული დისკუსიების საგნად.

პოლიტოლოგები ხშირად იყენებენ ტერმინს „ერთი საკითხის პარტია“ (single-issue party). აღნიშნული ცნებით მოიხსენიებენ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელთაც მოქალაქეები ერთი კონკრეტული საკითხის, პრობლემის გადასაწყვეტად აფუძნებენ. ამგვარ პარტიებს არ აქვთ ყოვლისმომცველი პროგრამა და მათი მიზანი არ გახლავთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შესახებ მწყობრი ხედვის ჩამოყალიბება. „ერთი საკითხის პარტიები“ თავიანთი მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის შემდეგ ან უქმდებიან, ან ტრადიციულ პარტიებად გარდაიქმნებიან. ასეთი ორგანიზაციების შესწავლის საფუძველზე შეგვიძლია მივაკვლიოთ თემებს, რომელთაც პოლიტიკური ელიტა სათანადო ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა აწუხებდეს ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს ერთი, ცალკე აღებული გამოწვევა, რომ მის საპასუხოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანება დააარსოს.

თანამედროვე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალი და წარმატებული single-issue party ნორვეგიაში ჩამოყალიბდა, რაც არაერთი დამკვირვებლის გაოცებას იწვევს. გაკვირვებას მარტივი საფუძველი აქვს, ნორვეგიაში წლებია შედეგიანად ფუნქციონირებს მრავალპარტიული სისტემა. წინა მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია გახლდათ წარმოდგენილი. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ რაოდენობრივი სიმრავლით არ გამოირჩეოდა. სტორტინგში ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქეს შეეძლო თავისი ღირებულებების შესაბამისი ძალის აღმოჩენა, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში კომუნისტებიდან დაწყებული ულტრაკონსერვატორი ქრისტიანებით დასრულებული, ყველა საზოგადოებრივ ტენდენციას ჰქონდა ადგილი დამკვიდრებული. რამ განაპირობა იდეოლოგიურად მრავალფეროვან მულტიპარტიულ ქვეყანაში კიდევ ერთი, ახალი საპარლამენტო პარტიის წარმოშობა?

2017 წელს ჩრდილოეთ ნორვეგიის მეჩხრად დასახლებული ოლქის, ფინმარკის ორ პატარა ქალაქში სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა. ჯგუფის წევრები ქალაქ ალტასა და მის შემოგარენში კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს პოლიტიკოსებისათვის სპეციალური საფოსტო ბარათების გაგზავნას სთავაზობდნენ. საფოსტო ბარათებში ერთადერთი მოთხოვნა გახლდათ ჩამოყალიბებული – ალტელები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საქალაქო საავადმყოფოს გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ. სამოქალაქო ინიციატივის წევრები საავადმყოფოში შექმნილ ვითარებასაც აპროტესტებდნენ. ისინი უკმაყოფილო იყვნენ სამედიცინო მომსახურების ხარისხით, ყურადღებას ამახვილებდნენ სამედიცინო პერსონალის სიმცირეზე. სწუხდნენ, რომ რიგი სერვისების მისაღებად მეზობელ რეგიონებში უწევდათ გამგზავრება. გარდა ამისა, საფოსტო ბარათების გაგზავნით პროტესტის გამოხატვის იდეის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ სამედიცინო სისტემა სათანადო ყურადღებას არ უთმობდა პაციენტთა ინტერესებსა და უფლებებს. მათთვის კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ პაციენტების ხარჯზე კომერციული თუ ბიუროკრატიული ამოცანების გადაწყვეტა. „Postkortaksjonen“-ის ლიდერები არ ემხრობოდნენ ჯანდაცვის სისტემის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას.
უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქის მოსახლეობა სამოქალაქო ინიციატივას ენთუზიაზმით გამოეხმაურა. უამრავმა ადამიანმა მართლაც გააგზავნა ოსლოში საპროტესტო საფოსტო ბარათი. თუმცა, პროტესტანტები მალევე მიხვდნენ, რომ ფოსტის საშუალებით ჯანდაცვის სისტემის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, სექტორში საბაზრო ინტერესებზე მაღლა საკუთარი მოთხოვნების დაყენებას ვერ შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, 2020 წელს დააარსეს ფონდი „ალტას საავადმყოფო პაციენტებზე ფოკუსით“, რომელმაც მიზნის მისაღწევად სისტემური ბრძოლა დაიწყო. ფონდის ეგიდით არაერთი შეხვედრა, დისკუსია, კონფერენცია გაიმართა. შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტები, პეტიციები, განცხადებები, რათა ქალაქის საავადმყოფოს მოდერნიზებისთვის ბიძგი მიეცათ. ორგანიზაცია მთელ ნორვეგიაში შეუდგა ალტას ჰოსპიტლის მხარდამჭერთა მობილიზებას. ცხადია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ფონდის მოთხოვნებით, რიგი პრობლემების გადასაწყვეტად თავიანთი წინადადებებიც წარადგინეს, მაგრამ მოძრაობის აქტივისტებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე პასიური გამოხმაურება დამაკმაყოფილებელი არ გახლდათ.

2021 წლის შემოდგომაზე ფონდის წევრებმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს და დაარეგისტრირეს პარტია „ფოკუსი პაციენტებზე“. პარტიამ საკუთარი საარჩევნო სია ფინმარკის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე, ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მცირერიცხოვან, ნორვეგიელებითა და ადგილობრივი აბორიგენებით – საამებით დასახლებულ ოლქში წარადგინეს. ჩრდილოეთის რეგიონების პაციენტების დაცვაზე ორიენტირებულ პარტიას საარჩევნო პროგრამაში ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ისინი ალტას საავადმყოფოს გადარჩენასა და მის შემადგენლობაში გერიატრიის (მედიცინის მულტიდისციპლინარული ქვედარგი, რომელიც მოხუცების საჭიროებებს იკვლევს და მკურნალობს), სამშობიარო და სასწრაფო დახმარების განყოფილებების გახსნას ითხოვდნენ. ყველასთვის მოულოდნელად პარტიამ ოლქში 12,5%-ის მოპოვება მოახერხა და ერთ საპარლამენტო მანდატს გამოჰკრა ხელი.
2022 წლიდან ნორვეგიის პარლამენტი მთელ ევროპაში მხოლოდ იმით არ არის გამორჩეული, რომ კრებას სათავეში ქურთული წარმოშობის სპარსელი, მასუთ გარახანი უდგას. სტორტინგის უნიკალურობას ირინე ოიალაც განსაზღვრავს, ონკოლოგიური პაციენტი, რომელმაც საკუთარ ქალაქში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება ვერ შეძლო და ამიტომ საფოსტო ბარათებით დაიწყო ბრძოლა უკეთესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ბაზარზე ნაკლებად ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემისათვის.
იმედია, დადგება დრო და მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ იარსებებს პაციენტების პარტიის დაფუძნების აუცილებლობა.

ლიდერობა და ლიტერატურა

0

„ლიდერობა“ – ციფრულ ლექსიკონებში ამ სიტყვის მრავალგვარ განმარტებას იპოვით. ამ ლექსიკურ ერთეულს უმეტესად ძალაუფლების, ავტორიტეტის სინონიმად წარმოგვიდგენენ და ორგანიზაციული კიბის სათავეებისკენ მიგვითითებენ, თუმცა საგანმანათლებლო სისტემა, დიდი ხანია, მას ერთ-ერთ კომპლექსურ, მნიშვნელოვან უნარ-ჩვევად განიხილავს.

საინტერესოა, როგორ იბადება ადამიანში ლიდერობის სურვილი, როგორ გარდაიქმნება იგი ეფექტურ უნარად, შესაძლებელია თუ არა ამ უნარ-ჩვევის გამომუშავება და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატურად გამოყენება?

სანამ მოზარდთა ჯგუფში გამოვლენილ ლიდერებსა და მათი გავლენის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდე, შეგახსენებთ, რომ არსებობენ ფორმალური და არაფორმალური ლიდერები. ლიდერთა ნაწილს სოციალური პოზიცია აძლევს ჯგუფით მანიპულირების უფლებამოსილებას, ზოგი მათგანი კი არაორდინარული თვისებებისა თუ ქარიზმულობის წყალობით მოიპოვებს გავლენას სოციუმზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სულაც არ არის საჭირო ფორმალური, პოზიციით განპირობებული ძალაუფლების გამოყენება ადამიანთა ჯგუფებზე გავლენის მოსახდენად. მეტიც, შესაძლოა არაფორმალურმა ლიდერმა ჯგუფი ძალაუფლების ბერკეტის კანონიერი მფლობელის წინააღმდეგაც განაწყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალაუფლების ცნებას გავლენასთან ყოველთვის ვერ დავაკავშირებთ.

სოციალურ ფსიქოლოგიაში გამოყოფენ ძალაუფლების ექვს ძირითად ფორმას:

  • კანონიერი ძალაუფლება ინდივიდს სამსახურებრივ იერარქიაში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე ეძლევა (მინისტრი, დირექტორი, მთავარი რედაქტორი და ა.შ.).
  • წახალისების ძალაუფლება ჯილდოების (პრემია, პრიზი, დაწინაურება, შექება/კომპლიმენტი და სხვ.) ეფექტურად გაცემის უნარს და ამ გზით ჯგუფზე კონტროლს გულისხმობს.
  • იძულების ძალაუფლება დამსჯელობითი ღონისძიებების (საყვედური, ხელფასის დაქვითვა და სხვა სანქციები) მოყვარული ლიდერების პრეროგატივაა.
  • ექსპერტის ძალაუფლებას სპეციფიკური უნარებისა თუ ცოდნის მატარებელი ინდივიდები ფლობენ.
  • რეფერენტული ძალაუფლების შემთხვევაში ერთგვარ პიროვნულ სიმპათიასთან გვაქვს საქმე. იგი ჯგუფის განწყობას უკავშირდება – თუ მის წევრებს მოსწონხარ/გაღიარებენ, ესე იგი, გარკვეულ ლიდერულ უნარ-ჩვევებს ნამდვილად ფლობ. რეფერენტული ძალაუფლება ასევე შეიძლება ემყარებოდეს ჯგუფში გარკვეული გავლენის მქონე ადამიანთან კავშირს („იმის“ მეგობარია, ნათესავია და ა.შ.).
  • ინფორმაცია რომ ძალაუფლების ერთ-ერთი წყაროა, ამაზე თანამედროვე მედიის გავლენაც მკაფიოდ მეტყველებს. ინფორმაციული ძალაუფლება შესაძლოა არც იყოს დაკავშირებული ინდივიდის პროფესიულ პოზიციასთან, მთავარია, ჯგუფისთვის საჭირო რესურსს ფლობდე და შენ უკვე მისი ლიდერი ხარ.

ლიდერის ამოცნობა არ არის რთული. ჯგუფის ერთგვარი ვექტორის (მიმართულების მიმცემის) ძლიერი მხარეების გრძელი ჩამონათვალიდან გამოვყოფ რამდენიმე თვისებას, რომლებიც გავლენის მქონე ინდივიდებს გამოკვეთს:

სტრატეგიული აზროვნება – კარგი ორგანიზატორული უნარების გარეშე ძნელია ლიდერთა სიაში მოხვედრა.

ორატორული უნარ-ჩვევები – ჯგუფის მიერ ინდივიდისგან წამოსული ინიციატივის მხარდაჭერას ნამდვილად სჭირდება კარგი ორატორისთვის დამახასიათებელი კომპლექსური უნარები (მჭევრმეტყველების, მოლაპარაკება-დარწმუნების, აუდიტორიასთან დიალოგის, სხეულის ენის ეფექტურად გამოყენების და სხვ.), რითაც ლიდერი სამიზნე ჯგუფზე სასურველ გავლენას მოახდენს.

მოსმენის უნარი – მჭევრმეტყველებასთან ერთად, ლიდერს ჯგუფის წევრების მოსმენა, მათი პოზიციის გათვალისწინებაც უნდა შეეძლოს. კომუნიკაციის ზემოაღნიშნული ფორმა ინფორმაციული თვალსაზრისითაც შეაიარაღებს ლიდერს და ჯგუფის განწყობის მართვის სადავეებს ჩაუგდებს ხელში. მოსმენის უნარის მქონე ინდივიდები, წესისამებრ, ასერტიულ ლიდერებად ყალიბდებიან, რაც ორგანიზაციას ეგოცენტრული გადაწყვეტილებების მიღების საფრთხისგან იცავს და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, ლიდერი უნდა გამოირჩეოდეს გამბედაობით (საჭირო დროს რისკის გაწევის უნარი), ადეკვატური თავდაჯერებულობითა და პროფესიული/პიროვნული თვითგანვითარებისკენ სწრაფვით.

ლიდერული მახასიათებლების სია, რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება, თუმცა ამჯერად ზემოაღნიშნული თვისებებით შემოვიფარგლები და მათ ერთგვარ გამაერთიანებელ ცნებაზე – მანიპულაციაზე გავამახვილებ ყურადღებას.

მანიპულაციას ვერ განვიხილავთ როგორც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენას. მთავარია, რა მიზანი ამოძრავებს მანიპულატორს ინდივიდზე/ჯგუფზე ზემოქმედების მომენტში. ადამიანი ბუნებით მანიპულატორია (მცირეწლოვანსაც შესანიშნავად გამოსდის სასურველი სოციუმით მანიპულირება), გააჩნია, ვინ როგორ და რა მიზნით იყენებს ამ თანდაყოლილ უნარს. არსებობს სხვადასხვა გზა იმისთვის, როგორ განვასხვაოთ საზიანო ქცევა სოციუმისთვის სასარგებლო ინიციატივისგან.

აქტიური მანიპულატორი, წესისამებრ, ნიღბავს საკუთარ უნარებს და მზა შაბლონებით ცდილობს ჯგუფზე ეფექტის მოხდენას, საკუთარი თავის ძლიერ, გამორჩეულ ინდივიდად წარმოჩენას. მისი მიზანი გავლენის მოპოვებაა და არა ამ გავლენის საშუალებით საერთო საქმეზე ზრუნვა. უნდა ერიდოთ ისეთი ტიპის მანიპულატორებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ სიტყვას „შენ“ – ეს პასუხისმგებლობის გადაბარების ყველაზე აშკარა ნიშანია. პასიურ მანიპულატორებს თავიანთი უსუსურობის განცდის სხვებისთვის თავს მოხვევით არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ (საკუთარი ჯანმრთელობით მანიპულირება, სოციუმში დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ამ გზით გარკვეული პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და სხვ.). მებრძოლი მანიპულატორები მუდამ პაექრობით ცდილობენ მიზნის მიღწევას და კონკურენტს პირად მტრად მოიაზრებენ. ბუნებრივია, ამ ტიპის მანიპულატორიც ვერ იქნება ორგანიზაციისთვის სარგებლობის მომტანი პიროვნება. გულგრილი მანიპულატორი კი ძირითადად იზოლირებულია სოციუმისგან, ჯგუფის წევრებს თავს აჩვენებს, თითქოს მისთვის ყველაფერი სულერთია, თუმცა ხშირად ჭირვეულობს, აკრიტიკებს სხვადასხვა ინდივიდსა თუ ინიციატივას, რაც სასურველი მიზნის (სხვისი დამცირებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა) მისაღწევ ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მანიპულაციის უნარი ლიდერებს სოციუმზე გავლენის მოპოვებაში ეხმარება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მანიპულატორებს უნდა ვებრძოლოთ. აქვე ამერიკელი ფსიქოლოგის ევერეტ შოსტრომის ტერმინს მოვიშველიებ და მანიპულატორებს წარმატებულ წინსვლას ვუსურვებ თვითაქტუალიზაციის გზაზე (აქტუალიზატორები გამოირჩევიან თვითეფექტურობით და სოციუმისთვის სარგებლობის მომტანი ლიდერული უნარ-ჩვევებით არიან აღჭურვილნი).

ლიდერებს ნებისმიერი ტიპის სოციუმში შეხვდებით, მათ შორის – საკლასო ოთახშიც. როგორ ამოვიცნოთ კლასის ლიდერი? როგორ ვასწავლოთ მოზარდს სოციუმის გონივრულად „მართვა“? ამ და მსგავს კითხვებზე მასწავლებლებს არაერთხელ გვიფიქრია. მოზარდებს, წესისამებრ, უჭირთ ზომიერების დაცვა და უკონტროლო მანიპულაციას მიმართავენ. მათ რიგებში უმეტესად მებრძოლ მანიპულატორებს ვხვდებით, თუმცა არც სხვა ტიპის მანიპულაციის გამოვლენისგან ვართ დაზღვეული (მაგ., საკლასო ოთახში ხშირად შეხვდებით საკუთარ „უუნარობას“ ამოფარებულ ინდივიდებს, რომელთა ანკესზეც არაერთი მასწავლებელი წამოგებულა).

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კლასში ლიდერობასთან დაკავშირებული სირთულეები შემექმნა. მთელი ძალით ვცდილობდი ჯგუფზე გავლენის მქონე ინდივიდის უფლება-მოვალეობების შეძლებისდაგვარად დაბალანსებას, რადგან რეფერენტული ძალაუფლების მქონე მოზარდები ხშირად აჭარბებენ და სოციუმზე მოპოვებულ გავლენას ბულინგის იარაღად იყენებენ. ე.წ. სოციალური აქტივობების მარაგი რომ ამომეწურა, საშველად ლიტერატურას მივმართე. ახლაც მახსოვს, როგორ დაიწყო ყინულმა დნობა, როცა მოსწავლეები ფურცლების სარკეში ჩავახედე.

პარალელების გავლება ამა თუ იმ პრობლემის დაძლევის ნაცადი გზაა. ამჯერად გადავწყვიტე, ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე პერსონაჟები სამიზნედ გამომეყენებინა და მათ ქცევაზე დაკვირვებით მოსწავლეებისთვის ძალაუფლების დადებითი და უარყოფითი მხარეები მეჩვენებინა (ზიანისა და სარგებლობის მომტანი ქმედებების ჩამონათვალთა რაოდენობრივი შედარებაც საკმარისია შესაბამისი დასკვნის გამოსატანად). ჯერ სამიზნე პერსონაჟებს ვარჩევდი, მერე კი მკითხველთა კლუბის შეხვედრებზე რჩეული გმირების მონაწილეობით ცალკეულ ეპიზოდებს ვკითხულობდით/განვიხილავდით, სიტუაციას/პერსონაჟის ქცევას ვაანალიზებდით და ა.შ. მალე თავადვე დაეტოლნენ წიგნის გმირებს. დისკუსიის დროს გამოვლენილი მახასიათებლებიდან ჯერ მხოლოდ „ბრჭყვიალა“ უნარები მიითვისეს, თუმცა ფიქრისკენ გაქცეული მზერით ვხვდებოდი, რომ მათ შეუვალ პოზიციას ეჭვის ჭია შეეპარა.

ლიტერატურაში ლიდერ პერსონაჟებს მრავლად შეხვდებით. მოზარდებთან ყველაზე მეტად „გიკი გოგო“ (ჰოლი სმეილი) დამეხმარა. ამ წიგნამდე თავად მოსწავლეებმა მიმიყვანეს. წავიკითხეთ და სადისკუსიო შეხვედრაც დავთქვით. ჰარიეტი ძალიან მომხიბლავი პერსონაჟია – ლამაზი, ჭკვიანი, მშრომელი, მიზანდასახული და ორგანიზებული. მოკლედ, ლიდერული უნარ-ჩვევების ნაკლებობას არ უჩივის. ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი ის გახლავთ, რომ გოგონას თავის „ორგანაიზერში“ სულაც არ აქვს გათვალისწინებული გარშემო მყოფთა ინტერესები, რის გამოც ხშირად უსიამოვნო სიტუაციის ინიციატორი ხდება. მას ჯგუფზე ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა ცალკეულ ინდივიდებს მაინც ჰყოფნით ძალა, მეგობარს თვალი აუხილონ, რის შემდეგაც ჰარიეტის ლიდერული უნარები სოციუმისთვის გაცილებით სასარგებლო ძალად გარდაიქმნება.

კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ფილმის „თქვენთვის წერილია“ მთავარმა პერსონაჟმა მაპოვნინა, ნოელ სტრიტფილდის „საბალეტო ფეხსაცმელებია“. მასში ლიდერული უნარ-ჩვევებით აღჭურვილ სამ მშვენიერ გოგონას შეხვდებით. დები ფოსილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც სხვადასხვა ტიპის მოზარდ ლიდერებზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს და განსახილველად მრავალფეროვან მაგალითებს გვაწვდის.

დაწყებით საფეხურზე პეპისა და კარლსონზე (ასტრიდ ლინდგრენი) უკეთეს „საკვლევ ობიექტს“ სად ნახავთ?! გაიხსენეთ, რა ოსტატურად მანიპულირებს კარლსონი ბიჭუნათი. სახურავის ბინადარ კაცუნას თუ პეპი გრძელწინდას შეადარებთ, ლიდერული უნარების მრავალ დადებით და უარყოფით მხარეს მოუყრით თავს. მათ არც ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი (მარკ ტვენი) ჩამორჩებიან. ტომ სოიერის თავგადასავლებიდან მანიპულაციის მაგალითად ღობის შეღებვის სცენაც კმარა. მოკლედ, ლიდერ პერსონაჟებს რა დალევს; მთავარია, ისინი საჭირო დროს შემოვიპატიჟოთ საკლასო ოთახში და ჩვენი მოსწავლეები თავადვე მიაგნებენ პასუხს კითხვაზე: „როგორი ლიდერი ვარ მე?“

 

 

 

 

 

 

თვითშეფასება სკოლაში

0

თამთა ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ, მიმოვიხილავთ ხარისხის განმარტებებს, მისი წარმოშობისა და განვითარების ეტაპებს. ამჯერად სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესზე – შიდა შეფასებასა და თვითშეფასებაზე ვისაუბრებთ.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სკოლის შეფასებას არცთუ მცირე ისტორიული საფუძველი აქვს. გარე შეფასების აუცილებლობაზე XIX საუკუნის ბოლოს აქტიურად დაფიქრდნენ ინგლისში, სადაც XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა კიდეც სკოლებში ინსპექტირების მსგავსი მაკონტროლებელი მექანიზმი და ორგანო. გერმანულენოვან სივრცეში პირველად შვეიცარიაში, XVIII საუკუნის ბოლოს (1771-1772), ციურიხში იყო კითხვარის მეშვეობით სკოლის შეფასების მცდელობა. აქ, ინგლისისგან განსხვავებით, პირველი აქცენტები შიდა შეფასებაზე დაისვა. საერთო ჯამში, მიუხედავად ევროპული გამოცდილებისა, სკოლის შეფასების სათავეებთან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. 1893 წელს გამოცემული Rice-ის წიგნი „The Public School System in the United States“ მრავალი სკოლის პრაქტიკის შეფასების პირველი ემპირიული მცდელობა გახლდათ. შტატების მიხედვით, სკოლებიდან ემპირიული მონაცემების აქტიური მოგროვება 1915 წლიდან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შეფასების ეს პირველი მცდელობები დღეს ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად, მათში ერთმნიშვნელოვანად იკითხება საკუთარი სკოლების პრაქტიკის გაუმჯობესების, სუსტი მხარეების აღმოჩენის და შეფასების სათანადო მექანიზმების შექმნის სურვილი.

სკოლის გარე და შიდა შეფასება ერთმანეთისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით განსხვავდება:

1) მიზანი;

2) შემფასებელი;

3) ჩართული პირები;

4) შედეგების გამოყენება.

ბევრისთვის ალბათ სიახლე იქნება, რომ შიდა შეფასება და თვითშეფასება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნებებია და ერთი მეორეს ყოველთვის არ გულისხმობს. შიდა შეფასებად ძირითადად აღიქმება ის პროცესი, რომელიც დაგეგმილი და წარმართულია თავად ორგანიზაციის წევრების მიერ. დასაშვებია შეფასების დროს გარე შემფასებლის მიერ დადგენილი სტანდარტების, ინდიკატორებისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, თუმცა პროცესის შედეგებზე მთავარ პასუხისმგებლობას სკოლა იღებს. შიდა შეფასების დროს სკოლის გუნდი (შეფასების წარმმართველი აქტორი) წარმოგვიდგება როგორც პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი, მოტივირებული ჯგუფი, თუმცა მისი მიზნები და ქმედებები გარე ფაქტორებითაა განპირობებული.

ლიტერატურაში ხშირად ბარიერებს ქმნის ტერმინების „შიდა შეფასება“ და „თვითშეფასება“ გამოყენება, თუ ამას სათანადო განმარტება არ ახლავს თან. გავრცელებულია ორგვარი მიდგომა: პირველი, როდესაც შიდა შეფასებას წარმოადგენენ ვრცელ პროცესად, რომლის ნაწილიცაა თვითშეფასება და მეორე, როდესაც თვითშეფასება სრულიად დამოუკიდებელ ქმედებათა ჯაჭვია, მიმართული პრობლემის იდენტიფიცირებისკენ ვიწრო ფოკუსით (მაგალითად, მასწავლებელი აფასებს საკუთარ პრაქტიკას კონკრეტულ კლასში).

სკოლის შიდა შეფასება თანდათან განვითარდა როგორც მნიშვნელოვანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელსაც ორგანიზაციაში სოციალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, თუ პროცესი თვითშეფასებასაც მოიცავს და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოგვიდგება. ორგანიზაციის შიგნიდან მოტივირებული, ხარისხისა და სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მიდგომა ანგლოამერიკული სივრცის გამოცდილებას ეფუძნება („HighStake-Testings“ – გარე შეფასება, ინსპექტირება). შიდა შეფასება ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განვითარების ფუნქციებსაც ითავსებს. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ შეფასებას შეუძლია შეითავსოს სხვადასხვა სტრატეგია და როგორც სისტემური პროცესი, შერეული ვარიანტის ფორმითაც წარმოგვიდგეს.

თვითშეფასების პროცესს აკვირდებიან დელეგირებისა და ცენტრალიზების თვალსიაზრისითაც. როგორც ტერმინოლოგიიდან ჩანს, ეს ორი მიდგომა ადმინისტრაციის მხრივ პროცესში ჩარევის დონეებს აერთიანებს.

სკოლაში თვითშეფასების პროცესი მოიცავს სამ ფაზას, რომლებიც სამი ამოცანის გადაწყვეტას ითვალისწინებს: მიზნის ფორმულირებას, განხორციელებას, მეთოდის/მეთოდების შერჩევას. გერმანულენოვან სივრცეში თვითშეფასების პროცესი უმთავრესად სასწავლო პროგრამებსა და სასწავლო მუშაობაზეა ფოკუსირებული. მონაცემთა შეგროვების მეთოდებად დოკუმენტაციის ანალიზი, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები გამოიყენება. საინტერესო მონაცემებს გვაწვდის ამ სფეროში გამოქვეყნებული კვლევები. სკოლებში, რომლებშიც უკეთაა განვითარებული კომუნიკაციის კულტურა, მასწავლებელთა თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა ჯანსაღად აღიქმება, თვითშეფასების პროცესი სასკოლო კულტურაზე დადებით გავლენას ახდენს.

2013 წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა სასკოლო კულტურაზე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გავლენას სკეპტიკურად უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სკოლაში მონაცემების შეგროვება და ანალიზი წარმატებით მიმდინარეობს, სირთულეს წარმოადგენს პრაქტიკაში მისი გადატანა, შედეგების იმპლემენტაცია და სათანადო აქტივობების დაგეგმვა. 2009 წელს ჩატარებული მეტაანალიზი (Hattie, 2009), რომელმაც 50 000 კვლევის მონაცემები შეადარა ერთმანეთს და 138 ფაქტორი გაითვალისწინა, აჩვენებს, რომ სწავლა/სწავლების პროცესში ისეთი საქმიანობები, რომლებიც ფასდება, დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა წარმატებაზე.

დემსკიმ (და სხვ., 2012) და ვურსტერმა (და სხვ., 2013) ასევე აჩვენეს დამოკიდებულება შეფასების სხვადასხვა წყაროს შორის. კერძოდ, გამოთქვეს მოსაზრება, რომ თვითშეფასებისა და შიდა შეფასების დროს მოპოვებულ მონაცემებს გაცილებით მეტი სარგებლობა მოაქვს სკოლისთვის, ვიდრე გარე შეფასების მაჩვენებელს. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სკოლის შიდა/თვითშეფასების პროცესის გავლენა სკოლის განვითარებაზე ჯერ კიდევ საკამათოა და დადებით ან უარყოფით გავლენაზე დაბეჯითებით საუბარი მიკერძოება იქნებოდა. მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ფაქტორი სფეროში ახალი კვლევების ნაკლებობით და ზოგადად, სფეროს ხანმოკლე ისტორიითაა განპირობებული.

სკოლაში თვითშეფასებისა და შიდა შეფასების ეფექტიანობასთან დაკავშირებული კვლევების სიმრავლით განათლების სფერო ჯერ კიდევ არ გამოირჩევა. თეორიული დისკურსი ეფუძნება პროგრამების, პროექტების შეფასების ჩარჩოსა და ხარისხის უზრუნველყოფისადმი ზოგად მიდგომას (Learn, Do, Check, Act). ლიტერატურის ანალიზი გვაჩვენებს, რომ შიდა შეფასებისა და თვითშეფასების გადაკვეთის წერტილები შეფასების თემასთან დაკავშირებითაც იკვეთება:

  • სწავლის შედეგები (სასწავლო მიზნების მიღწევა, ცოდნის ტრანსფერი, სსსმ მოსწავლეებთან მიღწეული შედეგები);
  • გაკვეთილი (ცხადი და ნათელი მიზნები, შინაარსი, შეფასება);
  • ურთიერთობები (ღირებულებები, უკუკავშირის კულტურა, მკაფიო როლები, ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკა, ლიდერებისა და ადმინისტრირების აღქმა);
  • სტრუქტურა და რესურსები (დრო და სასწავლო რესურსების განაწილება, თანამშრომლობის ფორმები, პროფესიული განვითარების პოლიტიკა).

შიდა შეფასების მიმართ დროთა განმავლობაში მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომა ჩამოყალიბდა. გამოცდილებამ ცხადყო, რომ ორგანიზაციულ შეფასებას ღრმა მეთოდოლოგიური ცოდნა სჭირდება, რაც არაერთი ქვეყნისა და სკოლის პრობლემაა. იმისთვის, რომ სკოლებს პროცესების წარმართვა გაუადვილდეთ, შემუშავდა სხვადასხვა მექანიზმი. ერთი მათგანია გერმანულენოვან სივრცეში არსებული SEIS (Selbsevaluation in Schulen). იგი მოიცავს ვრცელ ონლაინკითხვარს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის ადმინისტრაციის, სხვა ადამიანური რესურსების, მოსწავლეთა და მშობელთა მოსაზრებების მოკრებას. მსგავსი ელექტრონული სივრცის შექმნის მიზანია, გაუმარტივოს სკოლის ადმინისტრაციას ისეთი რთული პროცესი, როგორიც მონაცემების შეკრება და ანალიზია.

შიდა შეფასებისა და თვითშეფასებისთვის საერთოა მონაცემთა შეგროვების მეთოდებიც. შიდა შეფასებისას მონაცემთა შეგროვების მრავალი მეთოდი არსებობს. მათი გაერთიანება შეიძლება შემდეგ კატეგორიებად: გამოკითხვა, დაკვირვება, დოკუმენტების ანალიზი, ექსპრესიული და კრეატიული მეთოდები.

გამოკითხვა. გამოკითხვის ნაწილს მიეკუთვნება კლასიკურ, სოციალურ მეცნიერებებში აპრობირებული წერილობითი გამოკითხვის ფორმები ღია და დახურული კითხვებით/შეფასებითი სკალებითა და/ან არჩევითბოლოიანი პასუხებით. გამოკითხვის ერთ-ერთ კრეატიულ მეთოდად მიიჩნევა, .. თერმომეტრის/ბარომეტრის მეთოდი. მისი მიზანია მონაწილეთა მოსაზრებების მოკრება ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ. მკვლევარს შეუძლია მისი გამოყენება როგორც ჯგუფში, ისე ინდივიდუალურადაც. ბარომეტრი საკვლევი შეკითხვით იხატება ჯგუფში და მონაწილეებს ევალებათ, პასუხების ვარიანტები  სკალას შეუსაბამონ. რაც უფრო პოზიტიურადაა გადმოცემული გამოკითხულთა მოსაზრებები, მით უფრო მაღალ ადგილს იკავებს ის სკალაზე. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ნათლად დაინახონ გამოკითხვის შედეგი თვალსაჩინოების გამოყენებით. კვლევები მოწმობს, რომ ეს მეთოდი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე უბრალო წერილობითი გამოკითხვა. თუ გვსურს პოპულაციის მოსაზრებების გაცნობა რამდენიმე საკითხის ირგვლივ, გამოკითხვის ბლოკში ერთიანდება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა შავი დაფა, გარდამავალი დღიური, SWOT ანალიზი, სასწავლო წრე, ინტერვიუები, დისკუსია, ჯგუფური დისკუსია (Fischbowl), რეიტინგული შეფასება, Q-დაჯგუფება და უკუკავშირი. დაკვირვების ბლოკიერთიანებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა გარე დაკვირვება, თვითდაკვირვება, თვითდაკვირვების სპეციალური ფორმაფოკუსირებული დაკვირვება და კოლეგიური ჰოსპიტაცია. დოკუმენტების ანალიზის ნაწილს მიეკუთვნება პორტფოლიოები, საკლასო სამუშაოებისა და სასწავლო მასალების შესწავლა. ექსპრესიული და კრეატიული მეთოდები აერთიანებს ფოტოშეფასებას და როლურ თამაშს (კობახიძე 2020, Bürger and Schmidt).

შედეგების წარმოდგენისა და ანალიზის თვალსაზრისით მიდგომები აქაც მსგავსია. კვლევები აჩვენებს, რომ სკოლებში ყველაზე დიდ პრობლემას მონაცემთა შეგროვების ადეკვატური მეთოდების შერჩევა და მათი ანალიზი წარმოადგენს. პრობლემა მწვავედ დგას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებშიც. ლიტერატურის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ქვეყნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფის, კერძოდ, თვითშეფასების კულტურით/რეგულირებით/მიდგომით. უფრო მეტად ცენტრალიზებული სისტემის მქონე ქვეყნებს ზოგადი განათლების ეს სფეროც მეტწილად ცენტრალიზებული აქვთ, თუმცა მათ შორის შეიმჩნევა განსხვავება კონკრეტული სკოლების მაგალითებზე, რომლებიც ანგარიშვალდებულების სისტემის გაძლიერებით ცდილობენ სკოლაში თვითშეფასების კულტურის დამკვიდრებას და მისდამი მასწავლებელთა დამოკიდებულების შეცვლას.

ქვეყნების საერთო პრობლემაა შიდა შეფასების/თვითშეფასების მიმართ მასწავლებელთა დამოკიდებულებაც. ქვეყნებში, სადაც სისტემის მართვა ძირითადად ხელისუფლების მხრივ ძალაუფლების შენარჩუნების, კონკრეტული ღირებულებების გატარებისა და კონტროლის მექანიზმია, ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხებისადმი უნდობლობაც დიდია, ცენტრალიზებული, მეტად დემოკრატიული ქვეყნების პრობლემას კი პროცესის ფორმალური, აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დიდი როლი ენიჭება სკოლის ადმინისტრაციას, რომელმაც პირადი მაგალითით უნდა აჩვენოს სასკოლო საზოგადოებას, რა სარგებლობა მოაქვს გამართულ თვითშეფასების სისტემას სკოლაში, კერძოდ, სასწავლო შედეგების გაუმჯობესება, სასკოლო კულტურის ამაღლება და სსსმ მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება.

 

 

კომპიუტერული თამაშები: ზიანი და სარგებელი

0

კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში, მშობლები კი საგონებელში ჩაცვივდნენ. მათ აღელვებთ კომპიუტერის გავლენა ბავშვზე, აინტერესებთ, რამდენად უსაფრთხოა ის მოზარდი ორგანიზმისთვის. განუწყვეტლივ მიმდინარეობს დებატები კომპიუტერული თამაშების სარგებელსა და მავნებლობაზე, არ წყდება კამათი იმის შესახებ, აყენებს თუ არა ზიანს ეს თამაშები ბავშვს.

არსებობენ კომპიუტერული თამაშების მოწინააღმდეგეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ასეთ თამაშებს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებსაც კომპიუტერული თამაშების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

ბავშვზე კომპიუტერული თამაშების გავლენა ერთმნიშვნელოვანი არ არის. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ისინი კარგია და ბავშვმა შეიძლება ითამაშოს იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებს, თუმცა გაუმართლებელი იქნება იმის მტკიცებაც, რომ ცუდია და მათზე უარი უნდა ვთქვათ. კომპიუტერული თამაშები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ ჩვენ გარშემო, სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც.

ვინაიდან კომპიუტერული თამაშები დღეს ფართოდაა გავრცელებული, მათი ზიანისა და სარგებლის საკითხი ეხება ადამიანთა ძალიან დიდ რიცხვს. მათი დადებითი და უარყოფითი ზემოქმედების გამოვლენა დაგვეხმარება, უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ამ თამაშების პლუსები და თავიდან ავიცილოთ მინუსები.

დღეს ფართოდ არის გავრცელებული კომპიუტერული ტექნოლოგიები, რომელთა წყალობითაც კომპიუტერული თამაშები იქმნება. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც შეიძლება ბავშვის განვითარებისთვის იქნეს გამოყენებული:

  • ინტელექტუალური თამაშები (თავსატეხები, რებუსები), რომლებიც ხელს უწყობს ინტელექტის, ლოგიკური აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, ობიექტების ვიზუალური აღქმის და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • განმავითარებელი კომპიუტერული თამაშები. ამ თამაშების საშუალებით ბავშვმა შეიძლება ისწავლოს ასოები და ციფრები, გაეცნოს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. ასეთი თამაშები ხშირად დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ემოციური სფეროს, ხელის წვრილი მოტორიკის, მხედველობითი მეხსიერების, მუსიკალური სმენის განვითარებაზე;
  • საგანმანათლებლო, სასწავლო კომპიუტერული თამაშები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს, აიმაღლოს ცოდნა ამა თუ იმ სფეროში, ასწავლის მას სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედებას, ხელს უწყობს შეუპოვრობის, კონცენტრაციის, რეაქციის სისწრაფის განვითარებას.

თუმცა გვხვდება ისეთი თამაშებიც, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ისინი, წესისამებრ, დინამიკურია, აგრესიისა და ძალადობის შემცველი. სწორედ დინამიკურობის გამო უჭირთ ბავშვებს ამ თამაშებისგან მოწყვეტა. რით გამოიხატება მათი უარყოფითი გავლენა?

  • ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც ცალკეული თამაშები უქმნის ბავშვს, არის მათზე დამოკიდებულების, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. მოზარდი, რომელიც კომპიუტერის ტყვეობაში ექცევა, მასზე დამოკიდებული ხდება, სწყდება რეალობას და ვირტუალურ სამყაროში იწყებს ცხოვრებას. კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება ყველაზე სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც თამაშით გატაცებულ მოზარდს ეკარგება მადა (ჭამისთვისაც კი არ სურს, მოსწყდეს თამაშს) და ერღვევა ძილი (ენანება დრო დასვენებისთვის და თამაშს სიზმარშიც კი აგრძელებს). თამაშდამოკიდებულებაში საგანგაშო ის არის, რომ შეუმჩნევლად იწყება და საფრთხის თაობაზე არავითარ ეჭვს არ ბადებს. ამიტომ არის რთული თამაშდამოკიდებულებასთან ბრძოლა.
  • თუ კომპიუტერული თამაშებით გატაცებული მოზარდი ვერ სწყდება მონიტორს და ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან, დროთა განმავლობაში მას შეექმნება ხერხემალთან, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, გახდება აგრესიული, ნერვული, უყურადღებო, დაბნეული, გაუჭირდება სწავლა, სხვა ყოველდღიური მოვალეობების შესრულება.
  • მზარდ ორგანიზმს სისტემატური ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში სჭირდება. ხანგრძლივი უმოძრაობის გამო ბავშვის ფიზიკურ განვითარებას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს. არსებობს ჰიპოდინამიის განვითარების საფრთხე.
  • როდესაც ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს ბევრ დროს უთმობს, ის ემოციურად საკმაოდ დაძაბულია (ემოციური დაძაბულობა კომპიუტერული თამაშების თანმხლებია) და ეს დაძაბულობა, თავისთავად ცხადია, უკვალოდ არ ქრება. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომისა და თამაშის შედეგად საღამოსთვის ბავშვი უკვე აღგზნებული, გაღიზიანებული, აგრესიული და უმართავია, უჭირს მშვიდად დაძინება.
  • კომპიუტერთან ბავშვები, როგორც წესი, ურთიერთობენ პირისპირ, ერთი-ერთზე, რაც სერიოზულად აფერხებს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
  • ძალადობისა და სისასტიკის ელემენტების შემცველი კომპიუტერული თამაშები ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე. კომპიუტერულ თამაშებში ნაჩვენები ძალადობა პროვოცირებას უწევს აგრესიულ აზრებს, აგრესიულ ქცევას, სისასტიკეს აჩვევს მოზარდს. ასეთ ბავშვებში ხშირად შეუძლებელიც კი ხდება რეალური ადამიანების მიმართ თანაგანცდის, თანაგრძნობის გაღვივება.

კომპიუტერული თამაშების სარგებელსა და მავნებლობაზე მსჯელობა დიდხანს შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს თამაშები თავისთავად არც საზიანოა და არც სასარგებლო, ისევე როგორც ნებისმიერი რამ ჩვენ გარშემო. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დანით გავჭრათ ვაშლი და ამავე დანით შეიძლება თითიც გავიჭრათ, მაგრამ ამის გამო არავის მოსვლია აზრად დანების აკრძალვა და ხმარებიდან ამოღება. საქმე საგნებში კი არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ მათ. კომპიუტერული თამაშების ზიანი და სარგებელი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლებზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ერთი რამ ცხადია: ზომიერად ყველაფერი კარგია და თითოეულმა მოზარდმა უნდა იცოდეს, რა არის მისთვის მავნე და რა – სასარგებლო. კომპიუტერული თამაშები ბავშვის განვითარების დამხმარე უნდა იყოს და არა მტერი. ამისთვის საჭიროა, კომპიუტერი არ დარჩეს მოზარდისთვის ინფორმაციის მიღებისა და განვითარების ერთადერთ წყაროს, კომპიუტერული თამაშები კი – ერთადერთ გასართობად. ბავშვი თავს უნდა იქცევდეს კითხვით, სამაგიდო თამაშებით, კონსტრუქტორებით, ისეთი საქმიანობით, რომელიც მოითხოვს რაღაცის საკუთარი ხელით კეთებას, შრომით ძალისხმევას, შემოქმედობითობას, გამომგონებლობას.

დაბოლოს, კარგი იქნება, თუ კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირულ ბავშვს ავუხსნით, რომ ყველაზე საინტერესო თამაში რეალური ცხოვრებაა და არ ღირს მისი შეცვლა ეკრანზე მოციმციმე, უსიცოცხლო სურათებით. ვურჩევთ, არჩევანი გააკეთოს რეალური ცხოვრებისა და საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ. ნუ გადაეშვება ოცნებებისა და ფანტაზიის სამყაროში, ეცადოს, რეალურ და არა ილუზორულ ცხოვრებაში გაიმარჯვოს.

 

 

 

 

შემოქმედებითობა როგორც ოპერაციული სისტემა

0

(კენ რობინსონის სამი მეტაფორა განათლებაზე)

 

კენ რობინსონს კარგად იცნობენ როგორც თანამედროვე განათლების ექსპერტს. მისი გამოსვლები მართლაც რევოლუციურია და შემოქმედებითი და კრეატიული განათლების აუცილებლობის წარმოჩენისკენაა მიმართული. ხადახან ვფიქრობ, რომ ასეთი განათლება შესაძლოა ყველასთვის არ იყოს, რადგან ყველა ვერ გრძნობს მის საჭიროებას, მაგრამ თუ ადამიანი ღვთის, შემოქმედის „სახე და ხატია“, მაშინ ყველაშია შემოქმედებითობის მარცვალი, რომელიც შესაძლოა არასდროს აღმოცენდეს, თუ შესაბამისი კლიმატური პირობები არ შეექმნა.

TED-ვიდეოებში კენ რობინსონი გვიყვება, როგორ დავაღწიოთ თავი განათლებაში „სიკვდილის ხეობას“ და როგორ ვიზრუნოთ მომავალ თაობებზე შესაძლებლობების კლიმატის შექმნით.

ჩემი ყურადღება პირველად სწორედ ამ მეტაფორებმა მიიქცია: განათლების „სიკვდილის ხეობა“ და „კლიმატკონტროლი“.

მხოლოდ ამ ორი მეტაფორის გააზრებაც საკმარისია, რომ დაინახო თანამედროვე განათლების მდგომარეობა და მომავლის საუკეთესო პერსპექტივაც. რეალობიდან აღებული ნიშნებით რობინსონი ისე შემოქმედებითად ოპერირებს ჩვენი ცნობიერითა თუ არაცნობიერით, გეჩვენება, რომ რეალობის მთელი მასალა (ფაქტები და მოვლენები) მხოლოდ ცნობიერების ტრანსლაციაა – ის გვიჩვენებს და აღწერს ადამიანის ცნობიერების მდგომარეობას და მისი შეცვლის გზებსაც გვთავაზობს. მთავარია, ზუსტად მიაგნო იმ მეტაფორას, რომელსაც მოვლენის აღწერისთვის ვიყენებთ.

ჰობსის გაგებით, თეორიულად ცნობიერება არის ოპერირება ნიშნით. მან ჩამოაყალიბა ნიშანთა ტიპოლოგია, გაყო ნიშანთა მნიშვნელობა და ნიშანთა მასალა. განსხვავება ისაა, რომ ერთს მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მეორეს კი სხვისთვის.

 

ვფიქრობ, რომ რობინსონმა ზუსტი მეტაფორა შეარჩია. დიახ, მართლაც არსებობდა ასეთი ხეობა, რომელსაც „სიკვდილის ხეობას“ უწოდებდნენ, რადგან წვიმა იქ არასდროს მოდიოდა და ყველაფერი ჩამკვდარი იყო (ამის შესახებ სხვა სტატიებშიც დავწერე). მაგრამ ერთხელ ნალექის მოსვლამ სრულიად შეცვალა, ააყვავილა ეს ხეობა. ამ მოვლენას თუ გავიაზრებთ როგორც ცნობიერების მეტაფორას, ადვილად დავინახავთ, რა და რატომ სჭირდება თანამედროვე განათლებას.

რას გულისხმობს მეორე მეტაფორა –„კლიმატ-კონტროლი“? – ერთხელ შექმნილი კლიმატი არაფრის მაქნისია, თუ ის არ ვაკონტროლეთ და სათანადო ტემპერატურა არ შევინარჩუნეთ. განათლების სისტემასაც ასევე სჭირდება იმ მეთოდების შერჩევა, რომლებიც ბავშვების მრავალფეროვან შესაძლებლობათა განვითარებისკენ იქნება მიმართული და, რასაკვირველია, ეს ერთჯერადი პროცესი კი არ უნდა იყოს, არამედ განმეორებადი და თანამიმდევრული.

კიდევ ერთი მეტაფორით გამოხატული განათლების სისტემის „დიაგნოზი“: „ბუნებრივი რესურსების კრიზისი“.

რობინსონის მიხედვით, „კლიმატის კრიზისი კომპასივით განათლებაში მომუშავე ადამიანებისთვისაა და, რა თქმა უნდა, კავშირშია ბუნებრივი რესურსების კრიზისთან. ეს გახლავთ არა მარტო ბუნებრივი რესურსების, არამედ ადამიანური რესურსებისა და ტალანტების არასწორი გამოყენებაც. იმ რესურსებისა, რომლებთან ერთადაც ჩვენ, ადამიანები, გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ჩვენმა საზოგადოებამ გამოიწვია ის, რომ ბუნებრივი რესურსების არასწორი და აქცენტირებული გამოყენებით თაობების განმავლობაში არასწორად მოხდა ადამიანის ტალანტისა და ნიჭის გამოყენებაც.

შედეგი კი ის გახლავთ, რომ დღეს საქმე გვაქვს მასობრივ სოციალურ განხეთქილებასთან, მასობრივ სოციალურ უთანაბრობასთან და, შესაბამისად, სოციალურ თუ ინდივიდუალურ მღელვარებასთან“ (თარგმნა ლევან ალფაიძემ).

რა ზუსტი ანალოგიაა: ბუნებრივი რესურსების კრიზისი და ადამიანური რესურსების კრიზისი. თითქოს ის, რაც ბუნებაში ხდება, კარგავს ჩვენი ცნობიერებისგან გამყოფ ზღვარს ან, პირიქით, ჩვენი ცნობიერება პირდაპირ ვრცელდება ბუნებაში. ბუნებაც ხომ მეტაფორაა და ერთდროულად ნიშნავს შინაგანს და გარეგანს.

კენ რობინსონის მეტაფორებზე დაკვირვება დაგვანახებს, როგორ ჰგავს ზიარჭურჭელს ადამიანის შინაგანი და გარეგანი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ გარეგანი მოვლენები ცნობიერების ტრანსფორმაციით ან პირიქით, გარეგან მოვლენებზე დაკვირვებამ შინაგანი ტრანსფორმაცია განგვაცდევინოს. მნიშვნელოვანი აქ ის კი არ არის, რომ უბრალოდ მივენდოთ რობინსონის სიტყვებს და მეტაფორებს, არამედ ის, რომ მისი მეშვეობით გავაცნობიეროთ შინაგანი და გარეგანი და მათი ერთიანობა და განუყოფლობა და, რაც მთავარია, ცვლილებების აუცილებლობა იმისთვის, რომ ადამიანი უფრო შემოქმედებითი, რეალიზებული და ბედნიერი გახდეს და ჰარმონიაში მოვიდეს გარე სამყაროსთან, რადგან სხვაგვარად არც ბედნიერება არსებობს!

როგორც ჩანს, გარე და შინა სამყაროების მოდელირება ერთნაირად მიმდინარეობს. ამის დამტკიცება შედარებით იოლად შემიძლია პოეზიის ენაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ეხება არა მხოლოდ პოეზიას, არამედ საზოგადოდ ენას და მეტყველებას. აი, რას წერს სამეცნიერო მეტყველებაში მეტაფორების გამოყენების შესახებ მეცნიერი სულხან ცაგარელი წიგნში „ცნობიერება“: „სამყაროში მიმდინარე პროცესების შესაცნობად მეცნიერება ემყარება მოდელირების სხვადასხვა ფორმებს. მოდელირება კი თხოულობს შედარებას, პერსონიფიკაციასა და ანალოგიას. მეცნიერულ ენაში მეტაფორის მომრავლებას ხელი შეუწყო ბუნებრივ და სოციალურ პროცესთა მათემატიკურმა მოდელირებამ. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავის ტვინში მიმდინარე ნეიროდინამიკური პროცესების ფიზიკურ და მათემატიკურ მოდელირებას“.

კენ რობინსონის მთავარი იდეაა, შემოქმედებითობა იქცეს ისეთ ოპერაციულ სისტემად, როგორიც წერა-კითხვის შესწავლაა. კრეატიულობა და შემოქმედებითობა უნდა დაუკავშირდეს სწავლებას, მისი ნაწილი გახდეს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვასწავლოთ წერა-კითხვა, მაგრამ საკითხი დგას ასე: როგორ ვასწავლოთ წერა-კითხვა შემოქმედებითად? სწავლების მეთოდი იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენი მასწავლებელიცაა ამქვეყნად, რადგან იდეები ხომ განუწყვეტლივ იბადება ჩვენს ცნობიერებაში, მთავარია, შევიძინოთ და ჩამოვტვირთოთ ცნობიერებაში ის ოპერაციული სისტემა, სოფტი, რომელიც კრეატიულობას სწავლებასთან დააკავშირებს და მერე უკვე ბუნებრივად განვითარდება ყველაფერი.

არსებობდა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, ახლა კი დროა, „შემოქმედებითი აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნას და მერე ორივე დაუკავშირდეს ერთმანეთს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ნამდვილი ცვლილება განათლებაში!

„ჩვენ შეგვეძლება კრეატიულობის ჩართვა და მისი დაკავშირება წერა-კითხვასთან, მათემატიკასთან, მეცნიერებებსა და სასწავლო პროგრამის სხვა ნაწილებთან. თუ ვაპირებთ, შემოქმედება, ინოვაცია და წარმოსახვა განათლების ცენტრალურ წერტილებად ვაქციოთ, არ შეიძლება, ისინი გაფანტულ ოცნებებად დავტოვოთ. ყველა ჩვენგანს დროდადრო მოსდის კარგი იდეა. საქმე ის არის, როგორ გავწაფოთ ადამიანები, რომ მათ ბევრი კარგი იდეა მოუვიდეთ, რა სახის უნარებია ამისთვის საჭირო. ვფიქრობ, პირველი ამოცანაა კრეატიულობისა და გონების კვლავ ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ფაქტია, რომ ვერ იქნები შემოქმედებითი, თუ მაღალი ხარისხის გონებრივი უნარები არ გაქვს. ხოლო გონების უმაღლესი ფორმა სწორედ შემოქმედებაა“ (კენ რობინსონი, თარგმნა ლევან ალფაიძემ)

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.english-video.net/v/ka/1738

https://www.edutopia.org/sir-ken-robinson-creativity-part-one-video

სანელებლების ამბავი

0

ჩემს ქეთო ბებოს ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდა. მეც, მისი შემხედვარე, სამი-ოთხი წლისა, თურმე ჯიუტად ვაბაკუნებდი ფეხს და ვამტკიცებდი, დიდი რომ გავიზრდები, ქეთო ბებო გამოვალ-მეთქი.

უამრავი კერძის კეთება იცოდა და სანელებლებით ისე ოსტატურად აზავებდა, უბრალო სადილიც კი უგემრიელესი გამოსდიოდა. თან უამრავ ამბავს მოაყოლებდა.

მისგან გავიგე, რომ სანელებლების გამოყენება ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანებს დაუწყიათ. პალეოლითის ეპოქაში მონადირეები ხორცის გემოს გასაუმჯობესებლად მცენარის ფესვებს, ბოლქვებს და ფოთლებს იყენებდნენ.

მოგვიანებით კარაბადინებში უამრავი სანელებელი აღწერეს და ზოგიერთი მათგანი ოქროსავით ძვირფასი იყო.

რომაელი ისტორიკოსი პლინიუსი ჩიოდა, ეგზოტიკური სანელებლების შესაძენად ყოველწლიურად 50 მილიონამდე სესტერცია იხარჯებაო.

მაგალითად, წიწაკას „შავ“ ან „წითელ“ ოქროს უწოდებდნენ. ძველ რომში მისით იხდიდნენ გადასახადებს და მავანს ქრთამადაც კი აძლევდნენ. ლონდონში „მეწიწაკეების გილდიაც“ ყოფილა, რომლის მოვალეობაც წიწაკის ხარისხის კონტროლი იყო.

დღეს წიწაკით ვერაფრის საფასურსაც ვერ გადაიხდი, თუმცა, კვლევების თანახმად, წიწაკა ჩილი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ვინც მას რეგულარულად მიირთმევს, 13%-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

ჩილის მთავარი კომპონენტი კაპსაიცინია, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აჩერებს. ეს უკვე ბებომ კი არა, Google Scholars-ის სტატიებმა თქვეს, რომლებიც კვლევებს ეფუძნება. როდესაც ლაბორატორიულ პირობებში სიმსივნურ უჯრედებს ამ ნივთიერებას ამატებდნენ, უჯრედები გამრავლებას წყვეტდა და აპოპტოზი ანუ უჯრედების დაშლა იწყებოდა.

გარდა ამისა, კაპსაიცინი ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს სწორი ნაწლავის პერისტალტიკას.

კაპსაიცინი ცეცხლოვანი წვის გემოს ალკალოიდია. სუფთა სახით ეს უფერო კრისტალური ნივთიერებაა. მისი ლღობის ტემპერატურა 65 გრადუსია, დუღილისა – 210-220. იოლად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, ეთილის სპირტსა და ცხიმებში.

წიწაკის შემდგომ წვას პირის ღრუში რძე ჩააცხრობს, წყალი კი – ნაკლებად. სალათას მოყრილ წიწაკას უფრო იოლად მიირთმევთ.

ცნობისათვის:

წიწაკის სპრეი – 2000-5,300 ერთეული კაპსაიცინი;

ყვითელი ჩილი – 5000-8000 ერთეული კაპსაიცინი;

ჩილაკა – 2500-4000 ერთეული კაპსაიცინი;

მწვანე ჩილი – 500-2000 ერთეული კაპსაიცინი;

წითელი ჩილი – 500-1500 ერთეული კაპსაიცინი;

ბულგარული წიწაკა – 0 ერთეული კაპსაიცინი.

გამოდის, რომ კაპსაიცინის მისაღებად ბულგარული წიწაკა არ გამოგვადგება.

ბებია კურკუმას არ იცნობდა. იმ დროს არც იყო დიდად გაყიდვაში. მე კი მიყვარს და ვიყენებ.

ინდოეთში ის თავდაპირველად, მხოლოდ საღებავი ეგონათ. არც გაემტყუნებათ – რასაც კურკუმას მოაყრით, მაშინვე დამახასიათებელ ყვითელ შეფერილობას იღებს. მერე ეტყობა გემოც მოეწონათ – ნებისმიერ კერძს მართლაც თავისებურ პიკანტურ გემოს აძლევს. სიმსივნური უჯრედების ზრდას ეს სანელებელიც ანელებს. მთავარი მოქმედი ნივთიერება კურკუმინია.

აქვე ერთი განმარტებაც უნდა გავაკეთო, თორემ უმისამართო კრიტიკოსების მეტი რა არის: ვერავითარი ბუნებრივი ალკალოიდი უკვე შორს წასულ დაავადებას ვერ განკურნავს, თუმცა მათმა მუდმივმა გამოყენებამ შესაძლოა დაავადების ჩამოყალიბება აგვაცილოს თავიდან ან ადრეულ სტადიაზე მყოფი გადაგვარებული უჯრედის ზრდა შეაჩეროს.

კურკუმინი იგივე დიფერულოილმეთანია. გვხვდება როგორც დანამატი E100. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, პოლიფენოლია და მინერალური მჟავების ხსნარში ფერს არ იცვლის, ტუტე გარემოში კი წითელი შეფერილობა აქვს.

დაფნის ფოთოლიც სანელებელია. ბებია არა მხოლოდ საკვებში იყენებდა, მის ნახარშსაც ივლებდა თმაზე. 92 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე სქელი და ჯანსაღი თმა ჰქონდა.

თუ გახსოვთ, იმპერატორები დაფნის გვირგვინით იმკობდნენ თავს. ტიბერიუსი ამგვარად მეხსაც ემალებოდა. დაფნა სასარგებლოა. მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, რომლებსაც ბაქტერიების განადგურება შეუძლია. მაგალითად, ევგენოლი, რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა და ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ ჭრილობების დასამუშავებლად.

ევგენოლი, იგივე 4-ალილ-2-მეტოქსიფენოლი, ფენოლების კლასს და სურნელოვან ნივთიერებებს განეკუთვნება.

ევგენოლი C10H12O2 დაფნის ეთერზეთის შემადგენლობაშია და ამ მცენარის ფოთლების ექსტრაქციით გამოყოფენ.

ჯანჯაფილი სამხრეთი აზიიდან ევროპაში შუა საუკუნეებიდან შემოიტანეს. მას შავი ჭირის საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები აღმოაჩნდა. ახლა ვიცით, რომ ჯანჯაფილი პოლიფენოლებს შეიცავს – ჯინჯეროლს და მის წარმოებულებს. ებრძვის ანთებით პროცესებს და კიბოს. მასში ასევე შედის მანგანუმი – მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საწარმოებლად, ძვლების სიმტკიცისთვის და გენეტიკური მასალის დასაცავად.

დარიჩინი – ყავისფერი ხე – სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ცვლის ინსულინრეზიზსტენტობას და ეს მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან აქტუალურია. აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. ერთი სუფრის კოვზი დარიჩინი მანგანუმის დღიური ნორმის 70%-ს შეიცავს.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანებს გვაქვს, მეხსიერებაა, და ვინაიდან დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ნათელი გონების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამაზე წერდა გალა:

„…სიბერის ხანა გულს ეპარება

და ნათელ დღეთა ჰქრება ფიცხობა,

მას ხან ეშმაკი გადეფარება,

ხან სასიკვდილო გულმავიწყობა…“

სასიკვდილო გულმავიწყობის წინააღმდეგ ავიცენა თავის სამედიცინო ტრაქტატში სამ კომპონენტს განიხილავს. პირველი მათგანი ოხრახუშია. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერება აპეგინინია, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების დამყარებას უწყობს ხელს და ჩვენს მეხსიერებას წრთობის უნარს უნარჩუნებს.

მომდევნოა გვირილა, რომლის ეთერზეთებიც უსაფუძვლო შფოთვას გვაცილებს ადამიანს.

ბოლო კი კურკუმაა, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და სიმსივნური უჯრედების გამრავლებასთან ერთად ალცჰაიმერის დაავადების შეფერხებაც შეუძლია.

თუმცა იგივე ავიცენა ყველაზე გავრცელებულ და სახიფათო სანელებლად ჩვეულებრივ სუფრის მარილს მიიჩნევს.

მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. მისი დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული უჯრედების ფუნქციობასა და იმპულსების გადაცემაში, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაში, კუნთების შეკუმშვაში, თუმცა ნატრიუმთან მიმართებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, რასაც შესაძლოა არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვეს. სისხლძარღვებში ზედმეტმა სითხემ შესაძლოა წნევის მომატება გამოიწვიოს. ამრიგად, ჭარბი ნატრიუმი წნევის მატებას უწევს პროვოცირებას, მომატებული წნევა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ინსულტის, ინფარქტის) და თირკმელების უკმარისობის რისკფაქტორია. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოჩნდა ე.წ. მარილის შემცვლელი პრეპარატები, რომლებშიც ნატრიუმის იონები კალიუმის ან მაგნიუმის იონებითაა შეცვლილი. თუმცა მათი ავკარგიანობა საბოლოოდ ჯერ არ დაუდგენიათ. გარდა ამისა, ნატრიუმზე სულ მთლად უარის თქმაც არ ივარგებს. გამოდის, რომ საუკეთესო გამოსავალი მარილის ზომიერი მიღებაა.

ახლა სამზარეულოში უკვე მე დავფუსფუსებ. ჩემი ქეთო ბებოს ნეკადაც არ ვღირვარ, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებ და სულ ის დრო მენატრება, ხელებდაკაპიწებული ბებო სანელებლებზე რომ მიყვებოდა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...