ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

„გასწრობანა“. კანონის ფილოსოფია

0

იშვიათად, მაგრამ მაინც – როცა ამის დრო და განწყობა მაქვს, სიამოვნებით ვკამათობ მეგობრებთან: ჯერ ფილოსოფია იყო თუ ჯერ ადამიანი. ზოგჯერ ადამიანებისკენ ვარ, ზოგჯერ – ფილოსოფიისკენ. ისევ განწყობას გააჩნია. ესეც ფილოსოფიური საკითხია.

უფრო იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება – არ ვკამათობთ და ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ ზედმეტი ფილოსოფია მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საბოლოოდ, ეს შეიძლება ფილოსოფიის კანონადაც ვაღიაროთ, ვნახოთ.

კიდევ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც – როცა საუბარი თუ კამათი ფილოსოფიიდან კანონებზე გადადის, აქ ჩემს შინაგან შუქნიშანზე სამივე ნათურა წითლად ინთება და მე საუბარს ვწყვეტ. ეს ჩემი საკუთარი კანონია (ან კანონის ჩემეული ფილოსოფია) და ყოველთვის ვემორჩილები, მაგრამ სხვებს ამას არასდროს ვუხსნი, რადგან ვთვლი, რომ საკუთარი კანონი შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს სხვისი ჯანმრთელობისთვის!

ერთხელ, კამიუს „სტუმარზე” რომ გიამბეთ, თვალი ავარიდე ჩემს შუქნიშანზე ერთდროულად ანთებულ სამ წითელ ნათურას და ჩემი კანონების კანონი გაგანდეთ (ურთულესი!): რომ საბოლოოდ მართლა ვერაფერი ზრდის ადამიანს ისე, როგორც ნდობა. ამ კანონისთვის ჩემი „კანონმდებელი” მეგობრებისგან არნახული ქებაც კი დავიმსახურე! მაგრამ მას შემდეგ ვერაფრით მოვიშორე თავიდან ფიქრი, რამდენად ზრდის, ან კანონების რა დოზა ზრდის ადამიანს… ან სად, როდის და რატომ ირღვევა ბალანსი საკუთარ და საზოგადო კანონებს შორის. ზევით გითხარით, რომ ზედმეტი ფილოსოფია მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არა მგონია, მაინცდამაინც მედიცინის დარგის საკვლევი იყოს, კანონების რა „დოზა” და, საერთოდ, როგორი კანონებია მავნებელი ადამიანის არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის…

ვერაფრით მოვიშორე თავიდან იმაზე ფიქრი, რა სახიფათოდ დიდია „კანონმდებელი” ადამიანების პასუხისმგებლობა და მათიც, ვინც ადამიანს კანონებთან ურთიერთობას აჩვევს და ასწავლის… და საერთოდ, რანაირად ყალიბდება ჯანსაღი კანონმორჩილება.

ასე ორი კვირის წინ 2-დან 5 წლამდე ბავშვების საზოგადოებაში მოვხვდი. ჩემი შეთავაზებული მშვიდი გასართობები რომ მოსწყინდათ, ერთ-ერთმა, ლუკამ შემოგვთავაზა, „გასწრობანა” ვითამაშოთო. ეს თამაში მის გარდა არავინ იცოდა. მე რაღაც მოვიმიზეზე, თამაშს გამოვეთიშე და დამკვირვებლად დავრჩი. ლუკამ მონდომებით აუხსნა წესები მასზე უმცროს თანამოთამაშეებს და, ჩემდა გასაოცრად, ეს ახალნასწავლი წესები არავის დაურღვევია მთელი თამაშის განმავლობაში!

და უცებ გამახსენდა ერთი კანონი, რომელიც განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში, როცა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის ვემზადებოდი:

საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან…

აი, მაგალითად, ასეთი დავალება:

სწორი პასუხია: 3. არა.

გასწრების აკრძალვის ნიშანი რომც არ იდგეს, მაინც არა! მერე რა, რომ მარჯვენა ზოლი თავისუფალია, მაინც არა! იმიტომ რომ საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან…

არადა, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მოდით, საშინაო დავალება გვქონდეს ასეთი – ერთხელ მაინც დავსხდეთ ჩვენ ჩვენს მეგობრებთან, მათთან, ვინც დედამიწაზე თუნდაც ერთ ადამიანთანაა პასუხისმგებელი, კანონმორჩილება სწორად ასწავლოს, და გულწრფელად ვილაპარაკოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონზე: როდის, როგორ და საიდან შეიძლება გაასწრო შენ წინ მიმავალს…

იმედია, დამეთანხმებით, რომ ამაზე დაფიქრება და საუბარი ნამდვილად ღირს…


 

საუკეთესო მასწავლებელი

0

დავით ბოლქვაძე

 

უკანასკნელ ხანს, სასკოლო რეფორმის პარალელურად, მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა საკითხს, რა არის მთავარი იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი გახდე. გამოიკვეთა რამდენიმე მახასიათებელი: განათლება, საგნის ღრმა ცოდნა, მოსწავლეთა მაღალი შედეგები, სხვა მასწავლებელთა შეფასებები და სხვა. ამ გამოკვლევებს ერთი ნაკლი ჰქონდა: სათანადო ყურადღებას არ აქცევდა მასწავლებელთა შრომის მთავარ მომხმარებლებს – მოსწავლეებს. თითქმის არავინ დაინტერესებულა მათი აზრით. არადა, მოსწავლეები ხომ ყველაზე მეტ დროს ატარებენ მასწავლებლებთან… აღმოჩნდა, რომ მათ ამ საკითხის თაობაზე უამრავი საინტერესო და ყურადსაღები მოსაზრება აქვთ და შესანიშნავად შეუძლიათ იმ თვისებების ჩამოთვლა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს.

სწორედ მოსწავლეები და მათი მოსაზრებები მოექცა ამერიკელი მეცნიერების კელი მიდლტონისა და ელიზაბეტ პეტიტის კვლევის არეალში. მათ შეისწავლეს ეს მოსაზრებები, გააანალიზეს ისინი და გამოკვლევის შედეგები წიგნად “უბრალოდ საუკეთესო: 29 მოთხოვნა, რომლებსაც, მოსწავლეთა აზრით, საუკეთესო მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს” – გამოსცეს. ვფიქრობთ, ამ ნაშრომის გაცნობა ქართველი მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო იქნება.

მოსწავლეთა მოსაზრებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მასწავლებლების მიმართ მათ აქვთ როგორც ძალიან უბრალო (გაუღიმონ მოსწავლეებს, მიმართონ სახელებით), ასევე შედარებით ძნელად შესასრულებელი მოთხოვნები (დაესწრონ მოსწავლეთა ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს, ესტუმრონ მათ შინ).

მიდლტონი და პეტიტი ამტკიცებენ, რომ მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება, ასევე იმის გააზრება, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებელი ინდივიდია. მკვლევართა აზრით, მასწავლებლები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ მომენტებს ითვალისწინებენ, აღწევენ მაღალ აკადემიურ პროგრესს და მუშაობისას გაცილებით ნაკლებ პრობლემას აწყდებიან.

მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ გავრცელებულ ეფექტზე, რომელიც მოსწავლეებთან პოზიტიურ ურთიერთობას მოაქვს. კითხვაზე: “რატომ არის მოსწავლეებთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენს დროში?” – წიგნის ავტორები პასუხობენ: “ურთიერთობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი როგორც სწავლის, ასევე სწავლების პროცესში, თუმცა ჩვენს დროში ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ტრადიციული ტიპის ურთიერთობები აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე გამოწვევებს და გარკვეულ კორექტივებს მოითხოვდა. ახალი ტიპის ურთიერთობებში სულ უფრო მეტად მკვიდრდება ისეთი მომენტები, როგორებიცაა თანამშრომლობა, კეთილგანწყობა, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა, მოსწავლეთა ინდივინდუალიზმის გათვალისწინება და სხვა. კვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი მოსწავლე ურთიერთობის დეფიციტს განიცდის. მათ იშვიათი კონტაქტი აქვთ მშობლებთან, ზოგ შემთხვევაში უჭირთ ურთიერთობის დამყარება თანატოლებთანაც. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გარეშე სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ბევრი მოსწავლე ქრონიკულად გამოეთიშება სასწავლო პროცესს”. ამის საპირისპიროდ, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობასა და მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებს შორის უშუალო კავშირია. წიგნში დასახელებულია ის კონკრეტული შედეგებიც, რაც ასეთ ურთიერთობას მოჰყვება:

. იზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და მათი სურვილი, მიაღწიონ უფრო მაღალ სტანდარტებს;
. იშვიათდება მოსწავლეთა ნეგატიური ქცევა, პრაქტიკულად აღარ გვიხდება ისეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, სკოლიდან გარიცხვა;
. იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური ხდება;
. მოსწავლეებს უჩნდებათ სკოლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება;
. მოსწავლეებს უყალიბდებათ ისეთი სოციალური თვისებები, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ემპათია, სოციალური პასუხისმგებლობა.

პროფ. რობერტ მარზანო გვთავაზობს, გავიზიაროთ მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავიანთ მოსწავლეებთან მასწავლებლების ურთიერთობის ხარისხი არის ამოსავალი წერტილი საკლასო მენეჯმენტის ეფექტური წარმართვისთვის და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მთელი სასწავლო პროცესის წარმატებასაც. იქ, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობით ურთიერთობას დიდ ყურადღებას აქცევენ, თვალსაჩინოა ასეთი ურთიერთობის შედეგი და იგი გავლენას ახდენს სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესის ყველა ასპექტზე, დაწყებული მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, დამთავრებული სკოლაში უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნით. დადგინდა, რომ პოზიტიური ურთიერთობები სკოლის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და, თავის მხრივ სკოლაში არსებული ატმოსფეროს საიმედო ინდიკატორს წარმოადგენს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები მეტი მონდომებით სწავლობენ იმ მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რომლებსაც სჯერათ მათი და რომლებიც სიტყვით თუ საქმით გამოხატავს მოსწავლეთა მიმართ მზრუნველობას, მათ პატივისცემას.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ მჭიდრო, კეთილგანწყობილი ურთიერთობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, საკლასო ოთახში, რაც უნდათ, ის აკეთონ. არც იმას ვგულისხმობთ, რომ მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი უნდა გახდეს ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენ ვამბობთ, რომ მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეს, სჯეროდეს მისი და მასაც ჩაუნერგოს საკუთარი თავის რწმენა; პატივისცემით ეპყრობოდეს მოსწავლეს, უქმნიდეს ხელსაყრელ პირობებს ცოდნის დემონსტრირებისთვის, თუნდაც ამან მის გეგმაში გარკვეული ცვლილება შეიტანოს და, რაც მთავარია, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი მასთან ურთიერთობას აფასებს. ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური და მასში არ იგრძნობოდეს ფავორიტიზმი.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხია მასწავლებლების დამოკიდებულება საკუთარი შეცდომების მიმართ. სავსებით შესაძლებელია, მასწავლებელს შეცდომა მოუვიდეს სასწავლო პროცესში ან მოსწავლესთან ურთიერთობის დროს. იგი მზად უნდა იყოს ამისთვის, თუმცა ბევრს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ შეუცდომელი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შეცდომის დანახვა და მის გამოსასწორებლად ზომების მიღება. ცდება, ვისაც მიაჩნია, რომ მასწავლებელი სრულყოფილი უნდა იყოს და ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი. უკვე აღარავინ დავობს, რომ მოსწავლის შეცდომა და მისი გამოსწორება ხელს უწყობს სწავლის უნარის ამაღლებას. მოსწავლეები უკეთესად ვითარდებიან, როდესაც შეცდომებისა არ ეშინიათ, როდესაც მათ დაუყოვნებლივ არ სჯიან ამის გამო. მაგრამ როგორ ავუხსნით მოსწავლეებს, რომ შეცდომისა არ უნდა ეშინოდეთ, როგორ განვუვითარებთ მისი აღმოჩენისა და გამოსწორების უნარს, როგორ ვასწავლის გაბედულ აზროვნებას, თუ თავად არასოდეს გადავაფასეთ საკუთარი შეხედულებები? გამოკვლევა მოწმობს, რომ უმჯობესია, შეცდომა მოგვივიდეს და შემდეგ წარმატებით გამოვასწოროთ იგი, ვიდრე “არასოდეს შევცდეთ”.

მკვლევართა საბოლოო დასკვნა ასეთია: მასწავლებლის პროფესიული ცოდნის დონე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოსწავლის აკადემიური წარმატების მისაღწევად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასწავლებლის უნარი, დაამყაროს მოსწავლესთან კარგი ურთიერთობა, რაც, თავის მხრივ, უამრავი მცირე თუ დიდი დეტალისგან შედგება (ხშირად გაღიმება, სახელებით მიმართვა, მოსწავლეთა ხასიათების ცოდნა, მათი სურვილების გაგება, მათთვის საკუთარი პიროვნების უკეთ გაცნობა, თანამიმდევრულობა ურთიერთობისას, შეცდომის შიშის დაძლევა და სხვ.). კეთილგანწყობილი ურთიერთობა მასწავლებლისთვის უნდა იყოს იარაღი, რომლითაც იგი მოსწავლეს უკეთ ჩართავს სასწავლო პროცესში და შეუქმნის მას ხელსაყრელ პირობებს როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ზრდისთვის.

პრემია ჩემს მეუღლეს ეკუთვნის – ხუან რამონ ხიმენესი

0

ხუან რამონ ხიმენესმა მთხოვა, გადმოგცეთ შემდეგი განცხადება:

“მადლიერებით ვღებულობ დაუმსახურებელ მაღალ პატივს, რომელიც სახელოვანმა შვედურმა აკადემიამ მომანიჭა.

უბედურება და ავადმყოფობა მაიძულებენ დავრჩე პუერტო – რიკოში და ვერ ვღებულობ უშუალო მონაწილეობას საზეიმო ცერემონიალში. ამ სახით, თქვენ ცოცხალი დადასტურება გაქვთ პირადი მეგობრობისა, რომელიც პუერტო-რიკოს მიწაზე აღმოცენდა და ხელი შეუწყო მჭიდრო ურთიერთობამ. მე ვთხოვე ჰაიმე ბენიტესს, იმ უნივერსიტეტის რექტორს, რომელშიც ვმოღვაწეობ, იყოს ჩემი წარმომადგენელი ყველა ღონისძიებაში, რომელიც ნობელის პრემიის გაცემას უკავშირდება 1956 წელს”.

აქ მე წავაწყდი ხუან რამონ ხიმენესისადმი ისეთ სიყვარულს და მისი ნაწარმოებების ისეთ გაგებას, რომ ვიმედოვნებ, მომიტევებთ ჩემს პირად მადლიერებას ერთ-ერთი თქვენგანის ბრძენისა და შორსმჭვრეტელი ადამიანის მიმართ და დარწმუნებული ვარ, მოხარულნი იქნებით მასში ამოიცნოთ თქვენი სრულუფლებიანი წარმომადგენელი. მხედველობაში მყავს პოეტი იალმარა გულბერგი, რომლის დღევენდელი გამოსვლა სამუდამოდ გვემახსოვრება და ხიმენესის პოეზიის მისეულმა ანალიზმა სკანდინავიელებს გაუხსნა ჩვენი ანდალუსიელი ოსტატის გამჭვირვალე სისუფთავე.

ხუან რამონ ხიმენესმა ასევე მთხოვა მეთქვა შემდეგი:
“ნობელის პრემია სინამდვილეში, ჩემს მეუღლე ზენობიას ეკუთვნის. რომ არა მისი მეგობრული მხარდაჭერა და შემოქმედებითი მონაწილეობა, მე ვერ შევძლებდი ასეთ ნაყოფიერ შრომას ჩემი სიცოცხლის ორმოცი წლის განმავლობაში. ახლა მის გარეშე მე უმწეო ვარ და მარტოსული”.
platero da me
მე მოწმე გახლავართ იმისა, ხუან რამონ ხიმენესის ბაგეებს როგორ მოსწყდა უიმედობის ამაღელვებელი სიტყვები. ხუან რამონი ხომ ისეთი პოეტია, რომლის ყოველ სიტყვაში განსაკუთრებული სულიერი სამეფო ირეკლება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ დადგება დღე, როდესაც მისი სევდა შემოქმედებაში შეისხამს ხორცს და ზენობიას ხსოვნა განახლებულ და ამოუწურავ აღმაფრენას მოუტანს ესპანური ლიტერატურის უდიდეს ოსტატს, რომელსაც ჩვენ დღეს საზეიმოდ მივაგებთ პატივს.

ქიმიური ვენდეტა

0
რა არის შიში? ნუთუ არსებობს სულიერი, რომელსაც შიშის იოტის ოდენა გრძნობაც კი არ გააჩნია? ცხადია, არა, ასეთი არსება დედამიწაზე არ დააბიჯებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არაფრისა ეშინია, ან თავს იტყუებს, ან სხვას ატყუებს. შიშს თუ არ ვაღიარებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ განსხვავებას მოშიშობასა და ლაჩრობას შორის. დაბეჩავებული ვაჟკაცის ხილვა არ არის საამური, მაგრამ რაიმე ძვირფასის (თუნდაც ახლობლის) დაკარგვის შიში, აბა, რა სამარცხვინოა? შიში იმ მედლის უკანა მხარეა, წინაზე “სიყვარული” რომ ამოუტვიფრავთ. ჯერ კიდევ როდის ითქვა, შიში შეიქმს სიყვარულსაო…

ყოველი სულიერი დაბადებიდანვე თავისუფლებისკენ ისწრაფის. ამისთვის ჰომო საპიენსებმა არაერთი ფორმაცია მოვსინჯეთ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, იმაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ, რაც ქრისტეს დაბადებამდეც ვიცოდით, მაგრამ დღესაც, ციფრულ-ოპტიკურ-მექანიკურ-ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში, დაახლოებით იმავე ფორმით ვიყენებთ და სახელადაც ისევ დემოკრატიას ვეძახით.

რა მოგვწონს დემოკრატიაში ისეთი, რომ ამდენი საუკუნეა, ვერ ველევით? უპირველეს ყოვლისა, ალბათ პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება. ცხადია, უსაფრთხო გარემო უშიშარ გარემოს არ ნიშნავს. დემოკრატიაც მორჩილების ერთგვარი ფორმაა. უბრალოდ, ამ დროს კანონს ვემორჩილებით. კანონისა უნდა გვეშინოდეს. ამგვარი შიში რომ მშვიდი ცხოვრებისთვის აუცილებელია, ისტორული რაკურსიდანაც ჩანს. საქართველოს მთიანეთში ერთ დროს არსებული “სისხლის ძიების” კანონიც დანაშაულის პრევენციას ისახავდა მიზნად და არა დასჯას, მაგრამ როდესაც ამ კანონის შიში დავკარგეთ, მან ამაზრზენი ფორმა მიიღო. ჰომო საპიენსებმა ავკრძალეთ (ფართო მასშტაბით) “სისხლის ძიება”, მაგრამ შურისძიებას ვერაფერი მოვუხერხეთ… საეჭვოა, ოდესმე მოვუხერხოთ! ვერავითარი გონებრივი თუ მატერიალურ-იურიდიულ-სამართლებრივი განვთარების მწვერვალებზე ასვლა ამას ვერ უშველის. რატომ? როგორც ჩანს, ასეთია ამ ქვეყნის წესი და რიგი. მოლეკულათა სამყაროშიც კი შურისძიება კანონობს…

მოდი, ავიღოთ კოლბა და ჩავტვირთოთ მასში მეტად აგრესიული ნაერთები – ქლორი და მეთანი. მჭიდროდ დავახუროთ თავზე და დაველოდოთ, რა მოხდება. მინდა, დაგამშვიდოთ – არც არაფერი. მაგრამ, აბა, იგივე სისტემა მზისგულზე (ულტრაიისფერი სხივების ქვეშ) მოვათავსოთ ან მაღალ (300 °C-მდე) ტემპერატურაზე გავაცხელოთ!.. ამ, ოდესღაც ერთმანეთის მიმართ ინდიფერენტულ მოლეკულებს შორის უმალ ფიცხელი ომი ატყდება და ორივე მათგანი სისხლის უკანაკნელ წვეთამდე იბრძოლებს.

ეს – რაც გარეგნულად ჩანს, რასაც ყველა შენიშნავს. მაგრამ რა ხდება შიგნით? ვინ ატეხა ეს ომი და რა აიძულებს მოლეკულებს ბოლომდე თავდაუზოგავად ბრძოლას? მოდი, ამ პროცესს კოლბაში (თუნდაც მის გარეთ) ქიმიკოსის თვალით შევხედოთ.

ქლორის მოლეკულა, მიუხედავად იმისა, რომ ორი მეტად ელექტროუარყოფითი ელემენტისგან შედგება, ინერტულ გარემოში მდგრადია. ამ ელემენტთა თანაცხოვრების მიზეზი საზიარო ელექტრონული წყვილია. ვინაიდან ელექტრონს ორივე მათგანი თანაბარი ძალით იზიდავს, ბმა არაპოლარულია და ატომებს შორის კონსენსუსია მიღწეული.

მაგრამ, ქლორის ბუნების გათვალისწინებით, ეს კონსენსუსი ადვილად შეიძლება დავარღვიოთ. თუ ნივთიერებას დამატებით ენერგიას მივანიჭებთ, მისი გაყუჩება შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს – ქლორის მოლეკულა ადვილად აღიგზნება და ელემენტებს შორის არსებული კავშირიც უმალ ირღვევა.

შედეგად ვიღებთ ქლორის რადიკალს – ქლორის ატომს, რომელსაც ერთი ელექტრონი აკლია. მიუხედავად იმისა, რომ ქლორი ასეთი სახით პერიოდულობის ცხრილში “მშვიდად” განისვენებს, ეს მხოლოდ ფურცელზე ხდება. ბუნებაში, მატერიალური ნაწილაკის სახით, ასეთი რამ არ არსებობს (უფრო სწორად, არსებობს – მხოლოდ წამის მემილიონედ ხანს). ქლორის რადიკალი და ქლორი (მიუხედავად იმისა, რომ სეხნიები არიან, ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, როგორც ცხენზე ამხედრებული, ხმალამოწვდილი, ბრძოლის ყიჟინით ყელისძარღვებდაბერილი ფარაონი და მისი მუმია. ქლორის რადიკალს მიაჩნია, რომ იგი ასეთი კი არ დაიბადა (“პასპორტში”, პერიოდულობის ცხრილში, ის ასეთი ფორმითაა შესული), არამედ ელექტრონი წაართვეს, ამიტომ შურისძიებას იწყებს და პირველსავე შემხვედრს, განურჩევლად იმისა, ვინ არის იგი, აუცილებლად წაართმევს ელექტრონს. ცხადია, თუ დაჯაბნა, დაჯაბნით კი ყველა ნეიტრალურ მოლეკულას დაჯაბნის. ჩვენს სისტემაში მისი შურისძიების მსხვერპლი მეთანის მოლეკულა ხდება.

მაგრამ ელექტრონი ყოველთვის რომელიმე ატომის გარემოში ბუდობს. ქლორი მეთანიდან ელექტრონის ამოგლეჯისას მის “მფლობელ” წყალბადის ატომსაც გააყოლებს ხელს, ანდა ელექტრონს გამოტირებული წყალბადი თვითონვე ტოვებს მეთანის მოლეკულას (იმ იმედით, რომ ელექტრონს შეინარჩუნებს) და ქლორის გვერდით იდებს ბინას. ასე ფორმირდება ამ რეაქციის შედეგად HCl-ის მოლეკულა.

მაგრამ მოდი, კარგად დავაკვირდეთ, რა ხდება რეალურად HCl-ის მოლეკულის შიგნით. მასში წყალბადი ფორმალურად არის ქლორის ატომთან. მთელი ელექტრონული სიმკვრივე ქლორის ატომზეა თავმოყრილი, დაბეჩავებული წყალბადი კი მის სიახლოვეს მოკუნტულა და ელის, ცარიელ-ტარიელს როდის გააგდებს შინიდან ქლორის ატომი.

დავუბრუნდეთ მეთანის მოლეკულას. მეთანი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოლეკულაა, რომელმაც ათასობით საუკუნეს გაუძლო დედამიწის წიაღში და მთელი ეს ხანი უშფოთველად და უდრტვინველად გაატარა. მაგრამ ბედისწერამ (ვიყოთ ბოლომდე რეალისტები – ბედისწერამ კი არა ჩვენ! ჩვენ არ ჩავტვირთეთ კოლბაში და მივანათეთ?) იგი ქლორის რადიკალს გადაჰყარა და მასთან ომში ჩააბა. ელექტრონწყალბადდაკარგული მეთანის მოლეკულა ის მშვიდი მეთანი აღარ არის; იგი შურისძიების, დანაკლისის ანაზღაურების წყურვილით გამსჭვალული მეთილის რადიკალია, რომელიც ისეთივე საშიში და ულმობელია, როგორიც ქლორისა.

სიყვარული სიყვარულს შობს, ბოროტება – ბოროტებას, რადიკალი კი – რადიკალს. გახელებული მეთილის რადიკალი დაეძებს ქლორის მოლეკულას და პირველსავე შემხვედრს ართმევს ელექტრონს – დაკარგულ ელექტრონს იბრუნებს (წარმოიქმნება ქლორმეთანი), მაგრამ წარმოშობს ქლორის რადიკალსაც. ქიმიური რეაქციებით ეს ყველაფერი ასე ჩაიწერება:
რეაქცია მანამდე მიმდინარეობს, სანამ ყველა მოლეკულა არ იგრძნობს “სისხლისა და ოფლის” გემოს.

კიდევ რა არის საინტერესო ამ ბრძოლაში (რეაქციაში)? ქლორის რადიკალი, რომელიც მეთილის რადიკალით არის მიღებული, მომდევნო ეტაპზე ქლორმეთანს კი არ უტევს (ესე იგი, მას, ვინც უშუალოდ წაართვა ელექტრონი და ქლორის ერთი ატომი), არამედ “უდანაშაულო” მეთანის მოლეკულას და ახლა მას ახელებს და ამ გაუთავებელ ბრძოლაში ითრევს.

როდის სრულდება ეს აურზაური? მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარე (ქლორი ან მეთანი) მთლიანად გამოილევა, ან ორი რადიკალი ერთმანეთს შეხვდება.
აი, ასეთია ჯაჭვურ-რადიკალური რეაქციის მექანიზმი, რომელშიც მოლეკულები ვენდეტას წესით მოქმედებენ.
რამდენ ხანს გრძელდება კოლბაში ეს “არეულობა”? ძალიან მცირე ხანს. ატომების გადაჯგუფებით მიიღება ახალი ნაერთები, სარეაქციო სისტემა კი ახალ სტაბილურობას აღწევს. თუმცა იქ მეთანისა და ქლორის ნაცვლად უკვე ქლორმეთანი და ქლორწყალბადი გვექნება. ახლა ისინი გააგრძელებენ მშვიდ თანაცხოვრებას, სანამ რომელიმე ქიმიკოსს ახალი იდეა არ მოუვა და კოლბაში კიდევ რაიმეს არ ჩააწვეთებს…

გმირების მარტოობა

0

ბოლო ხანს ერთი უცნაურობა დამჩემდა – ნეოფობია. მუდამ სიახლეები მიზიდავდა, ახლა კი ყოველივე ახალს და უცხოს გავურბივარ. მიჭირს თაროდან ისეთი წიგნის ჩამოღება, რომელიც ამ დრომდე არ წამიკითხავს (არადა, პირად ბიბლიოთეკაში ასეთი მრავლად მაქვს) ან საღამოობით, ძილის წინ, ისეთი ფილმის ყურება, რომელიც ჯერ არ მინახავს. რამდენიმე თვეა, კინოშიც აღარ ვყოფილვარ – ვიმიზეზებ, ამ მოსაწყენი ჰოლივუდური ფილმების დიდ ეკრანზე სანახავად ფულის დახარჯვა არ ღირს, ერთ თვეში ინტერნეტში პირატული ვერსიები გაჩნდება-მეთქი, უარით ვისტუმრებ მეგობრებს, რომლებიც ახალი სპექტაკლის სანახავად მეპატიჟებიან, თუმცაღა, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში იმედგაცრუების ალბათობა ნაკლებია – თუ კრიტიკოსთა რეცენზიებს ვენდობით, დღეს საქართველოს თეატრებში ბევრი საინტერესო სპექტაკლის ნახვაა შესაძლებელი.

როდესაც ასეთი განწყობა გეუფლება, ცდილობ, ისეთი წიგნები ან ფილმები მოიძიო, რომლებმაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრეს თავი. ირჩევ საუკეთესოს, რათა იმედგაცრუებისგან თავი დაიზღვიო, მხოლოდ გაიხსენო ან, უკეთ, ხელახლა განიცადო ის სასიამოვნო ემოციები, ამ წიგნის კითხვისას თუ ფილმის ყურებისას რომ დაგეუფლა.
თუმცა ისეთი წიგნებიც არსებობს, რომლებიც ყოველი წაკითხვისას სხვადასხვანაირად შეგიძლია გაიაზრო, აღმოაჩინო დეტალები, რომლებიც თავის დროზე ვერ შეამჩნიე… დღეს სწორედ ერთი ასეთი წიგნის შესახებ მინდა შთაბეჭდილება გაგიზიაროთ.

ყველაზე ცნობილი თანამედროვე ჩეხი რომანისტის, მილან კუნდერას, უკანასკნელი რომანი “შეუცნობელი”, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ თარგმნა ნანა იაშვილმა, ჩემი აზრით, ბოლო ხანს ქართულად თარგმნილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია.

მილან კუნდერა 1929 წელს ბრნოში დაიბადა. უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით – კინოს. 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მას კი ბეჭდვა აუკრძალეს. 1979 წელს კუნდერას ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს.

“შეუცნობელი” სწორედ სწორედ ემიგრაციასა და ნოსტალგიაზე დაწერილი წიგნია. მისი გმირები მწერლის ბიოგრაფიის დეტალებს იმეორებენ.

რომანი ორი ემიგრანტის ამბავს მოგვითხრობს. ირენა და იოზეფი ერთი შეხედვით სრულიად სხვადასხვანაირი პიროვნებები არიან, მათი თვალთახედვა, სამშობლოსადმი, ემიგრაციისადმი, ყოველდღიური ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ხშირად რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მათ სამშობლო – ჩეხეთი აერთიანებთ.

საკუთარი ქვეყნისგან, ნათესავებისგან, მეგობრებისგან ემიგრანტების გაუცხოება “შეუცნობელის” მთავარი თემაა. მწერალი ხშირად ავლებს პარალელებს ჰომეროსის ნაწარმოებებთან. ემიგრაციაში წასვლიდან 20 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ირენი პოულობს მთავარ განსხვავებას საკუთარ თავსა და ჩეხეთში დარჩენილ მეგობრებს შორის. მას ახსენდება, რომ “ოდისევსის არყოფნის ოცი წლის მანძილზე ითაკეს მაცხოვრებლები მასზე ბევრ რამეს იხსენებდნენ, მაგრამ ნოსტალგიას არ განიცდიდნენ, ოდისევსი კი, პირიქით, ნოსტალგიით იტანჯებოდა, მაგრამ არაფერს იხსენებდა”. მას ხელახლა უწევს თავის დამკვიდრება, საამისოდ ახალი არგუმენტების პოვნა, ისევე როგორც ოდესღაც საფრანგეთში, სადაც, ახალ მეგობრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად, ხშირად იმეორებდა: “რაც უნდა საშინელი იყოს ფაშისტური დიქტატურა, ის დიქტატორთან ერთად ემხობა, ამასთან, ხალხს შეუძლია იმედის შენარჩუნება, კომუნიზმი კი, პირიქით, უზარმაზარ რუსულ ცივილიზაციას ემყარება და პოლონეთისა და უნგრეთისთვის (ესტონეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ერთი გრძელი გვირაბია, რომელსაც ბოლო არ უჩანს. დიქტატორები იხოცებიან, რუსეთი კი უკვდავია. სწორედ იმედის არქონაა იმ ქვეყნების მთავარი უბედურება, საიდანაც ჩვენ მოვდივართო”. ახლაც რამე მსგავსი უნდა მოიფიქროს. სხვაგვარად ბავშვობის მეგობრებისთვის უცხოდ დარჩება – უკვე ოცი წელი გავიდა…

იოზეფიც განიცდის სამშობლოსთან გაუცხოებას. ის ფიქრობს: “საბჭოთა იმპერია დაეცა, რადგან აღარ შეეძლო იმ ერების მოთვინიერება, რომლებსაც დამოუკიდებლობა სურდათ, მაგრამ ახლა ეს ქვეყნები ყველაზე ნაკლებად დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ოდესმე. მათ არც ეკონომიკის მიმართულების განსაზღვრა შეუძლიათ, არც საგარეო პოლიტიკისა, არც საკუთარი ბანერის სლოგანისა”. ქალაქში განთავსებულ ბანერებზე ხომ ორი ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელია გამოსახული – შავი და თეთრი. ასეთი მრავლად უნახავს, მაგალითად, როგორ ართმევს ხელს ჩეხი მუშა რუს ჯარისკაცს, ან გერმანელს, მაგრამ შავი ხელი… დედამისი ხომ ისე გარდაიცვალა, შავკანიანისთვის თვალიც არ მოეკრა…

სწორედ ასეთ ადამიანებსა და მათ მარტოობაზე მოგვითხრობს კუნდერა “შეუცნობელში”. წიგნში უამრავი პარალელის გავლებაა შესაძლებელი თანამედროვე საქართველოსთან – ემიგრაცია ხომ ჩვენთვისაც აქტუალური თემაა; ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ განვიცდით კი ნოსტალგიას?..

ქიმია და… მხატვრობა

0
დიახ, დიახ, აქა-იქ თითქოს უკვე მესმის: ოჰ, შეგვაწუხა ამან თავისი ქიმიითო, სად გაგონილა ქიმიის მუდმივი პოპულარიზაცია, ვისაც უნდა და სჭირდება, ისედაც ისწავლისო. თუმცა მე იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც დახურული კარისთვის გასაღების მორგება უფრო ეხალისება, ვიდრე ფართოდ გაღებულ კარიბჭეში შესვლა. ამიტომ იქ, სადაც ჩემს პროფესიას, ანუ ქიმიას, დახურული კარი დახვდება, გასაღებად ცდას არ დავაკლებ.
მახსოვს, პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს სადისერტაციო გამოცდას ვაბარებდი ზოგად ბიოქიმიაში. ბიოქიმია განსაკუთრებულად მიყვარდა და დღემდე ასეა. ან როგორ არ მიყვარდეს? აბა, დაუკვირდით: ბიო ქიმია, ანუ სიცოცხლის ქიმია, – განა შეიძლება, არ გაინტერესებდეს და არ გიყვარდეს ის, რაც ცოცხალ ორგანიზმებში ხდება? გამოცდაში უმაღლესი შეფასება დავიმსახურე, მერე ცოტა გავისაუბრეთ კიდეც. ბატონმა ნუგზარმა თავისი ხუმრობანარევი სურვილი გამანდო: ჩემი ნება რომ იყოს, ბიოქიმიას ყველა სპეციალობის სტუდენტებისთვის სავალდებულო საგნად ვაქცევდიო; როგორ, რა ხდება მათსავე ორგანიზმში, არ უნდა იცოდნენო?! გულში გავივლე, რომ მეც სწორედ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ეს არარეალური იყო.
იტალიელებმა კი ეს სანახევროდ რეალობად აქციეს. La Sapiensa-ს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ქიმია სავალდებულო საგანია. დეკანი, პროფესორი მარჩელო კონტი, ამას ძალიან ორიგინალურად ხსნის: ქიმია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეკონომიკა კი მართავს ცხოვრებას, ამიტომ მომავალმა ეკონომისტმა – და არამხოლოდ მან – ქიმია უნდა იცოდესო. აი, საქართველოს უნივერსიტეტების ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანებიც რომ ასე ფიქრობდნენ…
კარგი, მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ და კიდევ ერთი უცნაური საგანთაშორისი კავშირის შესაძლებლობა განვიხილოთ.
რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ქიმიასა და მხატვრობას? ალბათ გგონიათ, იმაზე საუბარს ვაპირებ, რა ნივთიერებებისგან შედგება საღებავები… არა, მე ის უფრო მაინტერესებს, რატომ იქცა ქიმია ამდენი მხატვრის მუზად.
ოდნავ შორიდან დავიწყოთ: მეთექვსმეტე, მეჩვდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეების ევროპულ მხატვრობაში ალქიმიისადმი ინტერესი შესამჩნევია. ამ თემაზე შექმნილი ტილოები ისეთ ცნობილ კოლექციებშია დაცული, როგორიცაა ფიშერის კოლექცია პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში და იზაბელ და ალფრედ ბადერების კოლექცია ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში. ამ ტილოებს შორის არის იან ვან დერ სტრაეტის (1523-1605) “დისტილაცია”. ნახატზე ალქიმიკოსის ლაბორატორიაა გამოსახული, სადაც შეგირდები ერთი რეტორტიდან მეორეში სითხის (ალბათ წყლის) დისტილაციას აწარმოებენ. იმხანად გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ დისტილაციით შეიძლებოდა ელექსირის, ანუ ფილოსოფიური ქვის მიღება. თუმცა ამ აზრს მეცნიერთა მხოლოდ ერთი ჯგუფი იზიარებდა, მეორეს კი მიაჩნდა, რომ ელექსირი აუცილებლად ფხვნილი უნდა ყოფილიყო.
საინტერესოა, რით მიიზიდა გერმანელი მხატვარი ამ თემამ.
ადრიან ვან ოსტადი (1610-1685), „ალქიმიკოსი” 
ცნობილი ინგლისელი მხატვარი ჯოზეფ რაიტი (1734-1797) ფოსფორის აღმოჩენის ისტორიით დაინტერესებულა. ფოსფორი რობერტ ბოილმა აღმოაჩინა, თუმცა მასზე ათიოდე წლით ადრე ერთმა ალქიმიკოსმა ეს ნივთიერება თავისივე შარდში იპოვა. აი, როგორ იყო ეს ამბავი: ალქიმიკოსი ფილოსოფიურ ქვას ეძებდა და მიაჩნდა, რომ ის აუცილებლად ადამიანის ორგანიზმში უნდა ყოფილიყო; აიღო და თავისივე შარდი აადუღა. როდესაც მასში არსებულმა ფოსფორმა ნათება დაიწყო, ალქიმიკოსი სიხარულისა და აღტაცებისგან მუხლებზე დაეცა – ეგონა, თვით ფილოსოფიური ქვა ანათებდა. ეს ცდა მოგვიანებით ბოილმა გაიმეორა და მიხვდა, რომ მანათობელი ნივთიერება რომელიღაც ელემენტი იყო. სახელი კი ლავუაზიემ უბოძა: “ფოსფოროუს” – მანათობელი.
1801 წელს ჯოზეფ ბერტინიმ შექმნა ნახატი, რომელზეც იმპერატორი ნაპოლეონია გამოსახული. მის წინაშე ვოლტას სვეტის დემონსტრირებას ახდენენ. თვით ნაპოლეონიც კი გაოცდა – სხვადასხვა ცხოველის ორგანოებზე ვოლტას სვეტის მიდებისას ისინი “ცოცხლდებოდნენ” – კანკალს იწყებდნენ.
თანამედროვე მხატვრებიც პოულობენ ქიმიაში შთაგონების წყაროს. ამ თემას ერთი უჩვეულო ვირტუალური გამოფენაც კი მიეძღვნა
“საოცარი ესთეტიკის განცდა დამეუფლა, როდესაც პირველად შევავლე თვალი ქიმიურ სიმბოლიკას. ვერ გეტყვით, არ არის გამორიცხული, რომ უბრალოდ “სხვა თვალით” შევხედე. პერიოდული სისტემის ძველ გამოცემებს მივაკითხე, თითქმის დალტონისეული სიმბოლიკით დავიწყე და იცით, რა მოხდა? – ქიმია მომეწონა, დავეწაფე ქიმიას. პერიოდულ სისტემაში ჩადებული ამხელა არსი, გადმოცემული ესოდენ მარტივი გრაფიკით – ეს ჩემთვის, მხატვრისთვის, ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მას შემდეგ ქიმიას არაერთი ტილო მივუძღვენი და ის დღემდე მაოცებს”, – გ. ბრედშოუ, თანამედროვე ამერიკული გრაფიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი
“ჩემი სამუშაოს ახალ თემად ცილის შედედების პროცესი ავიღე. მინდოდა, შედედების ენა გრაფიკაში გადმომეტანა და გამეცოცხლებინა. აქ ისეთივე გათვლაა საჭირო, თითქოს მრავალსართულიანი შენობის პროექტს ქმნიდეთ – ერთი შეცდომა და ის შეიძლება სავალალოდ დასრულდეს; ერთი შეცდომა და ცილის შედედებული მოდელი ფორმას დაკარგავს”, – კრისტოფერ ფუსიო, გრაფიკოსი, მხატვარი
იდეა მან ძველი ბიბლიური ისტორიებიდან აიღო. პირველი ინსტალაცია, “ბიბლიური ბატარეა”, 2001 წელს გამოფინა სან-ხოსეს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში. დანადგარი ცხრავოლტიან დენს გამოიმუშავებს, აქვს ეკრანიც. როდესაც მნახველი მცირე ზომის ღილაკს აჭერს ხელს, ეკრანზე ჩნდება წარწერა: “მზად ხართ ისტორიაში სამოგზაუროდ?”
“ბიბლიური ბატარეა” შემდეგ თემებს ასახავს: ენერგია როგორც ძალა და მისი ფორმების ურთიერთგადასვლა; ბიბლიის წარმოდგენა ენერგიად და მისი ტრანსფორმაცია.
2005 წელს არიზონაში მდებარე ოსვეგოს ტბისპირა ქალაქის მოსახლეობა უცნაური სანახაობის მოწმე გახდა. ადამიანის სისხლის ცილა ჰემოგლობინმა მხატვარ ჯულიან ვოს-ანდრეას შთააგონა, ფოლადისა და მინისგან შეექმნა ჟანგბადთან დაკავშირებული (ეს უკვე ჩემი მოსაზრებაა, რადგან კომპოზიციაში ჰემოგლობინი აშკარად რელაქსირებულ მდგომარეობაშია, ანუ R ფორმა აქვს და, შესაბამისად, ჟანგბადიც უნდა ჰქონდეს შეერთებული) ჰემოგლობინის კომპოზიცია. თუ ბმულს მიჰყვებით, ამ კომპოზიციის სამ სურათს ნახავთ. პირველზე კომპოზიცია ახალდამონტაჟებულია, მეორეზე იგი აღბეჭდილია ათი დღის შემდეგ, მესამე სურათი კი იმავე კომპოზიციას უკვე სამი თვის შემდეგ ასახავს. რა სხვაობაა მათ შორის? არავითარი, უბრალოდ, კოროზიის კარგი მაგალითია, ეს არის და ეს.
დაბოლოს – პაბლო პიკასო… პიკასო რაღა შუაშიაო – გავიგონე, როგორ თქვა, აი, იმ ბატონმა. მან დაამკვიდრა მიმდინარეობა კუბიზმი, რომელშიც საგნებს გეომეტრიული ფიგურების კომბინაციით გამოსახავდნენ. სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურას კრისტალური მესრის განხილვის დროსაც შეხვდებიან მოსწავლეები; ბარემ პიკასოც გაეცნოთ – იქნებ ხელოვანის თვალით შეეხედათ ქიმიისთვის…

ანბანთრიგის ფონოლოგიური პრინციპის ერთი ასპექტისათვის

0

დამწერლობა, ისევე როგორც ნიშანთა ნებისმიერი სისტემა, გარკვეულ შინაგან ლოგიკას, გარკვეულ კანონზომიერებას ეფუძნება. ეს კანონზომიერება შეიძლება იყოს ფონეტიკური, გრაფიკული ანდა სემანტიკური სახისა.

წერილობით ნიშანთა სისტემაში ნიშანთა გარკვეული კანონზომიერებით წარმოდგენა დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო უკვე დამწერლობის განვითარების ადრეულ საფეხურზე. მაგალითად, ძვ. აქადური სისტემის პარადიგმატიკას გრაფიკული და ფონეტიკული პრინციპი განსაზღვრავდა. ძვ. წ-აღ-ის VII საუკუნის ერთ-ერთ წარწერიან ქვაზე პირველი ხუთი ასო განლაგებულია ცნობილი თანამიმდევრობით: ჰ (ე), დ, გ, ბ…

ძნელია დაბეჯითებით ითქვას, რა ედო თავდაპირველ საფუძვლად ძვ. სემიტური დამწერლობის ნიშანთა ამ რიგს – საგნობრივი მნიშვნელობა, ფონოლოგიური თვალსაზრისი თუ ასოთა გრაფიკული მსგავსება, რადგან ამ კუთხით მრავალი თვალთახედვა შეიძლება იყოს აპრიორული.

ფონოლოგიური პრინციპით დალაგებული დამწერლობის მაგალითად გამოგვადგება ინდური დამწერლობა დევანაგარი, სადაც წარმოდგენილია შვიდი თანამიმდევრული და ფონეტიკურ-არტიკულატორულად განსაზღვრული ჯგუფი.

შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი კანონზომიერება ქართულ ანბანსაც ახასიათებს, სადაც გვაქვს ერთად თავმოყრილი სონორები (ლმნ), თანამიმდევრობით დალაგებული მჟღერები (ბგდ) ან ენისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური თანხმოვნები.

ანბანის რიგის იდეურ მნიშვნელობაზე შეიძლება სლავური გლაგოლიცას მიხედვით ვიმსჯელოთ, სადაც ასეთი მიმდევრობაა:

a – az ( მე)

b – buki( ასო)

v – vedi ( ცოდნა)

g- glagol( სიტყვა)

d – dobro ( სიკეთე)

 

ამ მიმდევრობიდან წარმოსახვის უნარით დაჯილდოებულმა ადამიანმა შეიძლება გამოიყვანოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც “მე, ადამიანი, ასოს საშუალებით მოვიპოვებ ცოდნას, ვქმნი სიტყვას (“სიტყვაში” შეიძლება რელიგიური სიმბოლოც ვიგულისხმოთ) და ეს არის დასაწყისი ყოველგვარი სიკეთისა”.

რასაკვირველია, ამგვარი გაშინაარსების მრავალი ვარიანტი შეგვიძლია შევქმნათ და ყველა ეს ვარიანტი ერთგვარად ხელოვნური და არამეცნიერული იქნება, მაგრამ ასე ადვილად ავსახავთ ანბანის შემოქმედის დამოკიდებულებას ასოთა რიგის შინაარსისა და მნიშვნელობისადმი.

დამწერლობა ნიშანთა სისტემაა და როგორც ყველა ნიშანთა სისტემას, მასაც ახასიათებს განვითარება მიმეტურიდან არამიმეტურისაკენ. შესაბამისად, უნდა ჰქონდეს გარკვეული კანონზომიერება – გრაფიკული, ფონოლოგიური თუ სიმბოლური.

ამ კანონზომიერების დანახვა განვითარების ადრეულ ეტაპზე ადვილია, რადგან აქ სისტემა მოვლენისა თუ რეალობის ანალოგიას ეფუძნება, ნიშანი – ხატია.

მაგალითად, აღსანიშნავსა და აღმნიშვნელს შორის დამოკიდებულება რეტროსპექტულად იცვლება ხელოვნების ისტორიაში, მათ შორის – მხატვრობაშიც. რენესანსის, ბაროკოს ან თუნდაც რომანტიზმის დროს აღმნიშვნელისა და აღსანიშნავის კავშირი აშკარაა და ადვილად დასანახავი, რასაც ვერ ვიტყვით მხატვრობის ავანგარდულ მიმდინარეობებზე, ვთქვათ, კუბიზმსა თუ იმპრესიონიზმზე.

კავშირი აღსანიშნავსა და აღმნიშვნელს შორის თანდათან სუსტდება, ძნელი ამოსაცნობი ხდება და ბოლოს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სულ მთლად იკარგება, რის შედეგადაც პირობით ნიშანთა სისტემებზე ვსაუბრობთ.

ასეთივე პროცესია დამწერლობის სისტემათა განვითარება იდეოგრაფიულიდან ანბანურისაკენ.

ამ მცირე სტატიის დაწერის მიზეზად იქცა ასოთა განლაგების კანონზომიერების ერთი პრინციპი, რომლის გამოსარკვევად განვიხილე ანბანური დამწერლობის თითქმის ყველა სისტემა. იმდენად, რამდენადაც ანბანურ დამწერლობათა უმრავლესობას ერთი დამწერლობა – ძვ. სემიტური ანდა ბერძნული – უდევს საფუძვლად, ჩემ მიერ განხილული მოვლენა შესაძლოა ერთგვარ უნივერსალიასაც წარმოადგენდეს.

საუბარია ყველა დამწერლობისთვის დამახასიათებელ პირველ ასოთა მიმდევრობაზე: ა, ბ.

ანბანის დასაწყისში წარმოდგენილია ა, რომელიც ყველაზე ღია ხმოვანია და ყველა ენაშია წარმოდგენილი სხვასხვა ალოფონის სახით. მას მთავარ ხმოვანსაც უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ სწორედ მისი დაყოფის შედეგად გაჩნდა სხვა ხმოვნები ფონეტიკურ სისტემაში.

მას მოჰყვება ბ – წყვილბაგისმიერი მჟღერი თანხმოვანი, რომელიც, ისევე როგორც ა ხმოვანი, არამარკირებულია, შესაბამისად, გამოირჩევა გამოყენების სიხშირით და თითქმის ყველა ენის ფონეტიკურ სისტემაში დასტურდება.

რომან იაკობსონი წერს, რომ, ჩვეულებრივ, ბავშვის მეტყველების გავითარება იწყება იმით, რითაც მთავრდება მეტყველების რღვევა აფაზიის დროს, რასაც ფსიქოპათოლოგები “ლაბიალურ სტადიას” უწოდებენ. ამ ეტაპზე მოლაპარაკეს შეუძლია შექმნას მხოლოდ ერთი ტიპის სამეტყველო მოდელი, რაც, ჩვეულებრივ, ტრასკრიფიცირდება როგორც PA/BA.

აღსანიშნავია, რომ ყველა ენაში “დედა” და “მამა” ენობრივი ნიშნები გამოხატულების პლანში სწორედ ამ ფონემური ერთეულებისგან შემდგარი მიმდევრობებით არის წარმოდგენილი.

არტიკულაციის თვალსაზრისით, ამ წარმონათქვამის ორი კომპონენტი სამეტყველო ტრაქტის ორ დიამეტრულად განსხვავებულ მდგომარეობას ემთხვევა: /P/B/-ს წარმოთქმისას სამეტყველო ტრაქტი ბოლომდეა დახურული, ხოლო A-ს წარმოთქმისას მაქსიმალურად ღიაა.

აკუსტიკური თვალსაზრისით ხშულ-მსკდომი პ(ბ) წარმოადგენს სკდომას ენერგიის კონცენტრაციის გარეშე, მაშინ, როცა ა-ს არ აქვს დროში რაიმე შეზღუდვა; მისი ენერგია ყურისათვის მაქსიმალურად მგრძნობიარე ნაწილში კონცენტრირდება.

დაახლოებით ამასვე ამბობდა ფერდინანდ დე სოსიური, როდესაც ახდენდა ბგერათა კლასიფიკაციას პირისმიერი არტიკულაციის მიხედვით. მისი აზრით, ნებისმიერი ბგერა, სადაც არ უნდა იყოს იგი ნაწარმოები, წარმოადგენს ღიაობის გარკვეულ ხარისხს ორ უკიდურეს საზღვარს – სრულ ხშვასა და განხშვას შორის. იგი გამოყოფს 7 კატეგორიას 0-დან 6-ის ჩათვლით. ნულოვანი ღიაობაა პ, ბ, ხოლო მაქსიმალური – ა.

ვფიქრობთ, იაკობსონის უნივერსალური მარცვლის თეორია, სოსიურის მოსაზრება და ანბანური სისტემის უნივერსალური დასაწყისი გარკვეულ ურთიერთკავშირშია, ანუ შემთხვევითი არ არის, რომ უნივერსალური მარცვლის შემადგენელი ფონემები ანბანთრიგის დასაწყის ასოებს წარმოადგენს.

ა-ბ მაქსიმალური ოპოზიცია ენისთვის მნიშვნელოვანია ენის საწყისი კომპეტენციიდან ენის ათვისების უმაღლეს საფეხურამდე, რადგან ეს ორი ბგერა ისეთი ნაწილია მთელისა, რომელიც მთლიანად მოიცავს მთელს, ასე ვთქვათ, მთელის ერთგვარ დაგეროტიპს წარმოადგენს. ამიტომაც ანბანის დასაწყისში წარმოდგენილია ენის ფონოლოგიური სისტემის, ფონოლოგიური შესაძლებლობის მცირე მოდელი, ერთგვარი რეზიუმე – ყველაზე ღია და ყველაზე დახურული ფონემების სახით
რაც შეეხება .ანბანის დასაწყისში ბ თანხმოვნის ნაცვლად პ-ს არსებობას, ეს იმით აიხსნება, რომ მჟღერი ბ პ-სთან მიმართებით არამარკირებულია და, შესაბამისად, უფრო დიდი სიხშირით გამოიყენება.

ბიჭი, რომელიც გადარჩა

0

ჯადოსნური ამბები ყოველ ნაბიჯზე ხდება და ამისთვის ჯოხისა და შელოცვების ნაცვლად სრულიად უბრალო სიტყვებს ვიყენებთ. “ჯადოსნური ამბავი” თავისთავად პოზიტიური ცნება ვერ იქნება: ეს ისაა, რაც გვიკვირს ან აუცილებლად გაგვიკვირდებოდა, გვერდით თეთრწვერა ჯადოქარი რომ გვეხილა. ჩვენ გვიყვარდება, მაგრამ ეს ისევე ბუნებრივი გვგონია, როგორც ჩვენი ბინის მუდამ ღია კარი, რომლის ზღურბლისთვისაც ქურდს არასდროს გადმოუბიჯებია, და აზრადაც არ მოგვდის, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები ყველაზე საიმედო სახლის, საკუთარი სხეულის, კარი რომ დაუგმანავთ, თითქოს გულდახურულობა ამქვეყნიური სიკეთეებით ტკბობის უკეთესი საშუალება იყოს. ცხოვრობენ და ძალიან იშვიათად იღიმიან. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიყვარული სულაც არ არის სასწაული – ეს მწყურვალისთვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაზე მარტივი რამეა. მაგრამ ის აღარ გვახსენდება, რა ძნელია, დარწყულებულმა ზედმეტი ჭიქა დალიო, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულელური სანაძლეოს წყალობით წყლით სავსე ჭიქები შენივე ეზოს კატის კნუტებივით თვალის დახამხამებაში მრავლდება, თავს კი უკვე ისე გრძნობ, თითქოს ოკეანე შეგესვას.

არიან ადამიანი-ყულაბები. მე მათგან გულისცემის ნაცვლად სულ ფულის შრიალი მესმის და ისინი არავითარ ჯადოსნობას არ ემორჩილებიან, გარდა კუპიურებზე აღბეჭდილთა ძლივს შესამჩნევი ღიმილისა, რომელიც ბანკნოტების ღირებულების ზრდასთან ერთად სუსტდება.

არიან ადამიანი-ფურცლები, ბიუროკრატიული გვამები. მათ ჰგონიათ, რომ კარიერის მწვერვალზე ასულებს დიდება ელით. იქ კი წნევის ცვალებადობა არ ინდობთ – მიუხედავად იმისა, რომ ხელებს ფურცლებივით აშრიალებენ, მაინც ჩვეულებრივი სისხლი უდგათ ძარღვებში.

არიან ადამიანი-ჭიშკრები, რომლებსაც შეაღებ და მაშინვე შინ გრძნობ თავს. თავად კი ისე უჭირთ, როგორც სამუდამო პატიმრობამისჯილებს, რადგან ჭიშკრის თვისება გაშვებაცაა – ადამიანები მიდიან, ჭიშკრები რჩებიან სხვების მოლოდინში.

არიან ადამიანი-ლაბორატორიები. ეს ლაბორატორიები ხშირად სიკვდილის ლაბორატორიებადაც შეიძლება იქცეს, თუ არ ხარ ბიჭი, რომელიც გადარჩა.

ჯადოსნობა რწმენა და მორჩილებაა. ჯადოსნობის პოზიტიური გაგება რწმენაზე გადის. რწმენის გარეშე ყოველგვარი ადამიანური ცოდნა ფასს ისევე კარგავს, როგორც მოდიდან გასული ტანსაცმელი. მორჩილებას კი ნეგატიურ გაგებასთან მივყავართ: საკუთარი თავისუფლების ვინმესთვის ნებაყოფლობითი გადაცემა, თითქოს ის შენი თავისუფლება კი არა, უბრალო მოკითხვა იყოს, მთელ დაგროვილ სიბრძნეს კუპონებივით აუფასურებს.

ჰარი პოტერზე გიყვებით და თუ ყურადღებით წაიკითხეთ პოსტის შესავალი, იქნებ ადამიანი-ფურცელი და ადამიანი-ყულაბა პერსი უისლისა და მაგიის მინისტრებსაც დაუკავშირეთ, ადამიანი-ჭიშკარი კი სირიუს ბლეკი გგონიათ – ჰარის საყვარელი ნათლია და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი სევერუს სნეიპისა და დობის შემდეგ.

მაშინ, როცა ბრიტანელმა ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის დაუჯერებელი ისტორიის დაწერა გადაწყვიტა, ძალიან პატარა ვიყავი. მერე კი, რელიგიური და ბეცი ფანატიზმის გამო, ამ წიგნების წაკითხვა ამიკრძალეს და მიუხედავად აკრძალვების რღვევისადმი ჩემი სიყვარულისა, ჰარი მივივიწყე – კიდევ ბევრი “აკრძალული ლიტერატურა” მქონდა წასაკითხი. ახლა კი, 23 წლისას, ძალიან მომინდა, გადარჩენილი, ნაიარევიანი ბიჭი გამეცნო.

რამდენი პერსონაჟი გამიცნია და მერე გამიშვია, ზოგიერთი დამიტოვებია კიდეც, მაგრამ ჩემთან დარჩენილ, მაინც ბოლომდე უსახო პერსონაჟებს ვერაფერს გაუგებ: თითქმისუთავო ნიკივით არც აქეთ არიან, არც იქით. გასაჭირის ჟამს რომელიმე მათგანისკენ ხელი თუ გავიწოდე, თბილი, მშობლიური თითების ნაცვლად ჰაერს ვბღუჯავ. ახლა კი მოხდა ისეთივე სასწაული, როგორიც თავად ჰარი პოტერის შვიდივე წიგნია: მწერლის ფანტაზიის, მწერლური ოსტატობისა და სიბრძნის ზღვარზე მე აღმოვაჩინე უნივერსალური სიკეთითა და სიყვარულით, უანგარობითა და სიმამაცით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანური კრიზისის ჟამს უანგაროდ დაგეხმარებიან და რომელთა წყალობითაც ნებისმიერ ვოლდემორს დაამარცხებ.

შვიდივე წიგნი ბოროტებასთან სრულიად უანგარო ბრძოლას ეძღვნება და ეს ბრძოლა სულაც არ არის უპატიოსნო: არც ერთი კეთილი ჯადოქარი არ იბრძვის ბინძური წესებით, თავად ბავშვები კი, ჰარი, რონი და ჰერმიონი, თავიანთი ბავშვური სისუფთავის წყალობით, ყოველგვარი “ავადა კედავრას” გარეშე კლავენ ვოლდემორს. კლავენ-მეთქი, ვთქვი, რადგან, მიუხედავად გამორჩეულობისა და ნაიარევის მიერ დაკისრებული დიდი მისიისა, მეგობრების დახმარების გარეშე ჰარის მაინც არაფერი გამოუვიდოდა. მისი დამცავი ფარი კი ისევ და ისევ სიყვარულია: დედის თავგანწირვის შედეგად გადარჩენილი ბავშვი საბოლოოდ უკვე საკუთარი თავგანწირვისა და მოყვასის სიყვარულის წყალობით გადარჩება – სიკვდილს ხომ არა უკვდავების ელექსირით, არა უძლეველი ჯოხებითა თუ ხმლებით, არა ჰარკრუქსების გადამალვითა და უამრავი მსხვერპლით, არამედ მზადყოფნით, შესაბამისად, სიკვდილისავე შიშის ძლევით თუ დაამარცხებ.

წიგნის ბიბლიური იდეოლოგიური საფუძვლები, მგონი, საკამათოც არ არის. აბსოლუტური სიყვარულისა და რწმენის უნარი ბიბლიური პერსონაჟების თვისებაა, რომელთაც ამ სიყვარულითა და რწმენით გასავლელ გზაზე დაბრკოლებებიც ხვდებათ, და თუ დროდადრო ადამიანური სისუსტეებიც დარევთ ხოლმე ხელს, ეს სულაც არ არის გასაკვირი – ვის გაუგონია წმიდათაწმიდა ბრძოლა, ვის გაუგონია ადამიანი ადამიანური თვისებების, შესაბამისად, სისუსტეების გარეშე? ისინი ხომ არასასურველ საჩუქრებად მოგვყვება, მაგრამ რაც უნდა არასასურველები იყვნენ, მათ გარეშე ცივი, პერსი უისლის მსგავსი ლითონები ვიქნებოდით. ან ვის გაუგონია უფროსები ამბიციებისა და პატივმოყვარეობის გარეშე? ამიტომაც აქვთ დაკისრებული დიდი მისია პატარებს: თვით კეთილზე კეთილ დამბლდორსაც კი თავის დროზე დაახლოებით ისეთი რამეები არ ასვენებდა, რომლებიც, ალბათ, თითოეული თქვენგანისთვის ნაცნობია: ვის არ გყოლიათ, მაგალითად, საკმაოდ ამბიციური, ჭკვიანი ჯგუფელი თუ თანაკლასელი, ან იქნებ თავად ხართ ის ამბიციური და ჭკვიანი თანაკურსელი თუ ჯგუფელი…

ბოროტების დამარცხება უმსხვერპლოდ შეუძლებელი აღმოჩნდა, მსხვერპლი კი იმაზე ძვირფასი იყო, ვიდრე ნებისმიერი პატიოსანი ქვა დედამიწის ზურგზე – კრისტალები არ სუნთქავენ, არ გელაპარაკებიან, არ გიღიმიან და მათი ღირებულება კარატითა და ჩვენივე წონა ფულით იზომება – ობოლი ბიჭის, ჰარი პოტერის, უცბად გამოჩენილი ნათლია უცბადვე კვდება. კიდევ ერთი მშობლიური ნაწილი კვდება სირიუს ბლექის არისტოკრატული გარეგნობისა და ოდნავ ქედმაღლური იერის ქვეშ. ვინ აღარ კვდება: ფრედ უისლი, კინგსლი, ტონქსი, მუდი, დიგორი, დობი… თვით დამბლდორიც კი. კვდება სევერუს სნეიპი, რომელიც ძალიან ჰგავს მიჩინიოს. სევერუს სნეიპი, უსიყვარულოდ გაზრდილი ბიჭი, შხამ-წამლების დიდი ოსტატი, ბოროტი, ბოროტი, ბოროტი სნეიპი, რომელიც ფურთხისა და ზიზღის ქვეშ თავს ისე ჩუმად, შეუმჩნევლად გაწირავს ჰარისთვის, თითქოს ამაზე უბრალო საქმე დედამიწის ზურგზე არ არსებობდეს.

ვისთვის კი ყველაზე უბრალო საქმიანობა ხოცვაა, მაგლების, ანუ არაჯადოქრების ჟლეტა. ვოლდემორი რაღაცით წააგავს ჰიტლერს – “ცისფერი სისხლი”, აღმატებული რასა და “მუქსისხლიანების” უადგილობა მსოფლიოში…
ჰარი, რა თქმა უნდა გადარჩება, რადგან ის სიკვდილს სძლევს, რადგან მთელი ცხოვრება ესმოდა, რომ ბოროტება ყველაზე მოსაწყენი რამაა ამქვეყნად.

როგორ ვიკითხოთ წიგნები იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები

0
მწერლებს კეთილგონიერება არ ღალატობთ და, როგორც წესი, ვიდრე მკითხველებს წიგნების კითხვის ინსტრუქციებს შესთავაზებდნენ, თავს მოვალედ თვლიან, რამდენადმე დაამცრონ საკუთარი ღირსებები და წინდაწინ აღნიშნონ ამ განზრახვის კადნიერება. ამ დროს ავტორი, შესაძლოა, ერთიანად იყოს მოკლებული გულწრფელობას. თუმცა, მწერალს ხომ ამ სიტუაციაში თავმდაბლობა არც მოეთხოვება, მისი ამოცანაა, საკუთარი უმნიშვნელობის ხაზგასმით, ცოტათი თავი მოუქონოს მკითხველს, რათა მას თავმოყვარეობა არ შეელახოს.

მაგალითად, მუდამ ტაქტიანობით გამორჩეულმა ვირჯინია ვულფმა სტატიას – “როგორ ვიკითხოთ წიგნები?” – ასეთი შენიშვნა წაუმძღვარა: “ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ, არანაირ რჩევას”. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ვ. ვულფისთვის, ამ აზრისთვის მოეყოლებინა მკაფიოდ ფორმულირებული რჩევები და მათ შორის ასეთიც: “ნურასოდეს ეცდებით საკუთარი ნება მოახვიოთ თავზე ავტორს. უმჯობესია, თვითონ სცადოთ ავტორად ქცევა”. მონტენი მისი დროის კლასიკური კანონების თვალსაზრისით გამომწვევად ორიგინალურ მანიფესტს “წიგნებისათვის” მობოდიშებით იწყებს: “ცხადია, ხშირად მიხდება ისეთ საგანთა გამო საუბარი, რომლებზე მსჯელობაც ამ საქმის ოსტატებს მართებდათ”. დევიდ დენბის “დიად წიგნებში”, სადაც 48 წლის ავტორი კოლეჯში მიბრუნდება, რათა კლასიკოსების კითხვა ისწავლოს, შემდეგ კი ჩვენ გვმოძღვრავს ამ საქმეში, იგი საკუთარი უბირობის ასეთი აღიარებით ცდილობს დაიმდაბლოს თავი: “მე მქონდა ინფორმაცია, და არა ცოდნა; შეხედულებები, და არა პრინციპები; ინსტინქტები, და არა მრწამსი”.

თუმცაღა, არც ისე დიდი ხანია, ამ ტიპის წიგნთა ავტორები საჭიროდ აღარ თვლიან, მსგავსი წინასწარი პირფერობით მოინადირონ მკითხველის გული. ალბათ იმიტომ, რომ მათ რიცხვში იმატეს ცნობილმა პროფესორებმა, რომლებიც გაცილებით ნაკლებად არიან მკითხველთა კეთილგანწყობაზე დამოკიდებულნი, ვიდრე ჩვეულებრივი მწერლები. ისიც შესაძლებელია, რომ გამუდმებით გაფუყულ მეცნიერთა და კრძალვით შემყურე უფროსკლასელთა წრეში ტრიალმა ამ ადამიანებს ჩამოუყალიბა საკუთარი ინტელექტუალური აღმატებულებისა ყველა სახის არაკომპეტენტურობის რწმენა. წერის კულტურას აღსასრული დაუდგა, ამბობენ ისინი, და რაკი ასეა საქმე, რაღატომ ვხარჯოთ საბოდიშო სიტყვები? ჰაროლდ ბლუმის 2000 წელს გამოქვეყნებულ წიგნში – “როგორ და რატომ უნდა ვიკითხოთ?” – აპოკალიპსური შეშლილობის ნოტები ჟღერს. ბლუმის მოთქმა დღევანდელი მდგომარეობის გამო ბიბლიური წინასწარმეტყველის ხმას გაგვახსენებს, ისრაელის გარდაუვალ დაღუპვას რომ ჰგოდებდა: “ტელევიზორთან გატარებულ ყრმობას კომპიუტერთან ჩავლილი სიჭაბუკე მოსდევს და უნივერსიტეტის სტუდენტი უკვე იმ ფაქტის გააზრების უნარს ჰკარგავს, რომ ოდესმე ყველას ისევე მოგვიხდება ამ სოფლიდან განსვლა, როგორც მოვედით მასში” (აქ ბლუმი მიგვითითებს ბრძნულ გამონათქვამზე სიკვდილთან შერიგების შესახებ “მეფე ლირის” ბოლო ნაწილში). “წიგნის კითხვა თანდათან ქრება როგორც რეალობა და ამას თან სდევს პიროვნების რღვევა, მაგრამ ჩივილი უკვე საქმეს ვეღარ უშველის”.

პროფესორთა წიგნები იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები, ყველაზე მეტად იმით მაოცებდა, რომ ძნელი მისახვედრი მეჩვენებოდა, საერთოდ, ვის რაში სჭირდება ისინი. თუკი უბრალო მკითხველს საკმაო შეგნება აღმოაჩნდა საიმისოდ, რათა ეყიდა წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიკითხოთ წიგნები, რატომღა უნდა ვიწუწუნოთ ხალხის შეუგნებლობაზე და რად გადავასხათ მის ცოდნისთვის ანთებულ ენთუზიაზმს ცივი წყალი? ამასთან, ლიტერატურათმცოდნეობა სწორედ კითხვას გვასწავლის და ამას ყველაზე უკეთ მაშინ ახერხებს, როცა მეტისმეტად თვალშისაცემი არ არის, რომ რაღაცის სწავლებას ცდილობს.

ასე ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც გამოირკვა, ვცდებოდი. ამ დღეებში ბოლოს და ბოლოს ვაიძულე თავი, წამეკითხა ბლუმის წიგნიცა და მისი წინამორბედის, რობერტ ოლტერის შრომაც გულშემაღონებელი სათაურით “კითხვის მშვენიერებანი იდეოლოგიების ეპოქაში” (1989) და, ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ თურმე მათში ბევრი არაფერი შეგიღონებს გულს. პირიქით, ამ წიგნებს სიხარულიც კი მოაქვთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლუმი და ოლტერი თავიანთ პირქუშ წინასწარმეტყველებათა ღაღადებას შეწყვეტენ ხოლმე და კითხვის თემას ჩაუღრმავდებიან. კარგი იქნებოდა, ამ სახელგანთქმულ მკვლევრებს ძალები გაეერთიანებინათ და მოეწყოთ ერთობლივი სატელევიზიო შოუ. მეტად სასარგებლო სანახაობა იქნებოდა, რას მოიმოქმედებდა ეს ორი ურთიერთშემავსებელი ანტიპოდი. მაშინვე აშკარა გახდებოდა, რომ ვინც რა უნდა გვითხრას, სულ ერთია, კითხვის აბსოლუტური რეცეპტი მაინც არ არსებობს; და რომ მხოლოდ საბაზისო ჩვევების ათვისება არის შესაძლებელი, შემდეგ კი ყველაფერს უკვე პირადი გემოვნება განსაზღვრავს.

თანამედროვეობის უთვალსაჩინოესი ბიბლიისმცოდნე ოლტერი გემოვნებიანი და ჩაკირკიტებული მკითხველია, ხოლო ენციკლოპედიური გაქანების ლიტერატურათმცოდნე ბლუმი, რომელმაც ლიტერატურა განსაზღვრა როგორც ბრძოლა ძლიერ და სუსტ პოეტებს შორის, – შეუპოვარი და თავნება მკითხველი. ოლტერი ცდილობს პოეტური ხელოვნების თავისებურებებში გაგვარკვიოს, ამიტომ ცალკე თავებს უთმობს სტილს, ალუზიებს, სტრუქტურას და ა.შ. ბლუმს კი ლამის რელიგიურ გრძნობას აღუძრავს ლიტერატურის უნარი, კირთებისაგან იხსნას სული, და ცდილობს მკითხველსაც იგივე გრძნობა ჩაუნერგოს; იგი, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს მწერლურ ძალმოსილებაზე, პერსონაჟის ცხოველხატულობაზე, იმაზე, რომ, აუცილებელია, ლიტერატურათმცოდნეს მაღალი გემოვნება ჰქონდეს. ბლუმი მოითხოვს, განვავითაროთ ჩვენში სასწაულის წინაშე განცვიფრების უნარი, როცა ლექსების კითხვას იწყებს, ხმა უკანკალებს და ვგრძნობთ, როგორ ევსება ცრემლით თვალები. ოლტერი მასთან შედარებით უფრო დინჯი და მსჯელობისკენ მიდრეკილია, ოღონ ოდნავადაც არ არის ნაკლებად დაჟინებული. ორივე უაღრესად დიდსულოვანი ინტერპრეტატორია. ორივეს ძალუძს მღელვარე ყურადღებით მიადევნოს თვალი, როგორ მუშაობს ოსტატი, როგორ აკეთებს თავის საქმეს და ამ დროს ერთადერთი მიზანი ჰქონდეს: თვალნათლივ დაგვანახოს, რას ნიშნავს საქმის კარგად კეთება.

არსებითად, აი, რა უპირატესობა აქვს ამ ჟანრს – წიგნებს იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები: იგი ლიტერატურათმცოდნისაგან არანაირ თეზისებს არ მოითხოვს, ყოველ შემთხვევაში – აშკარად გამოთქმულს მაინც. მიეცით საშუალება კრიტიკოსებს, ეძებონ და ახსნან ტექსტში დაფარული აზრები და აქონ ან განაქიქონ ავტორის კულტურული თვალსაზრისები. უბრალო მკითხველს ისღა დარჩენია, რომ დააკვირდეს ინტერპრეტატორის მოქმედებას და თვითონ გადაწყვიტოს, აღუძრავს თუ არა მისი შრომა რაღაც უფრო მეტის გაგების სურვილს. ოლტერი განსაკუთრებით დამაჯერებელი ხდება მაშინ, როცა ძველებრაული ბიბლიიდან მოჰყავს მაგალითები. მის მიერ დახატული ბიბლიური დავითის სახე, – ტრაგიკული ფიგურა მეფისა, რომლის უსაყვარლესი ვაჟი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას მამის წინააღმდეგ, – შექსპირულ სიღრმესა და ძალმოსილებას აღწევს. ბლუმი, რომელმაც ათასობით გვერდი მიუძღვნა შექსპირს, დღემდე ახერხებს, განგვაცვიფროს – და, ამავე დროს, ინტერესიც აღგვიძრას – იმ ენერგიითა და გაქანებით, რომლითაც იგი შექსპირის სიდიადეს ამტკიცებს.

კითხვა, როგორც პროცესი, ყოველთვის განმარტოებასთან არის დაკავშირებული, და არასოდეს – მარტოობასთან. ყოველთვის შეგვიძლია მოვიწვიოთ თანამოსაუბრე და ვაზიაროთ იგი წიგნისადმი ჩვენს ინტიმურ დამოკიდებულებას, ოღონდ ზიზღს აღგვიძრავს ბრბო. კრიტიკოსები, სხვადასხვა სერიოზული იდეის სამსახურში რომ დგანან, ხშირად ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ კეთილგონიერი ადამიანები კითხულობენ, ვთქვათ, ასე ან სხვაგვარად. ავტორები წიგნებისა იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები, მეტი პატივისცემით ეპყრობიან მკითხველებს, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის საუკეთესონი მაინც (ხოლო თუკი რომელიმე მათგანი მენტორულ ტონზე გადავა და ჭკუის სწავლებას არ მოიშლის, შეგვიძლია, მაშინვე დავხუროთ და მივაგდოთ მისი წიგნი). ისინი საშუალებას გვაძლევენ, გავეცნოთ მწერლის სამზარეულოს. ამქვეყნად ჯერ არავის მოუხერხებია, სხვებისთვის აღეძრა კითხვის სურვილი ლიტერატურის რაღაც კატეგორიებში მოქცევით. ლიტერატურა სავსებით იმსახურებს იმას, რომ მასზე ვხარჯოთ დრო და იგი ჯიუტად ამბობს უარს, ჩაეტიოს რაღაც ხელოვნურად შეკოწიწებულ ჩარჩოებში. აი, მაგალითად, რას ამბობს ვ. ვულფი: “განა არ არსებობს საქმეები, რომლებსაც ვაკეთებთ, უბრალოდ, იმის გამო, რომ მათი კეთება სახალისოა და საბოლოო სიამოვნებას ველით? და განა კითხვა ერთ-ერთი ასეთი საქმიანობათაგანი არ არის?” უეჭველია, ასეა – იმ შემთხვევაშიც კი, თუ კითხვის უკიდურეს სოლიპსიზმს ძალუძს (ამაზე თვით ვულფიც მიგვანიშნებს ავბედითი განსაზღვრებით “საბოლოო”), ლამის ზარდამცემი ლოგიკურობით გააუფერულოს ამქვეყნად სხვა ყველაფერი.
© “წიგნები – 24 საათი” 

ადრეული განათლების მნიშვნელობა მომავალი წარმატებისთვის

0

ადრეულ ასაკში ბავშვზე, მის განათლებაზე თითქმის ყველა საზოგადოებაში, ტრადიციულად, ოჯახი ზრუნავდა. მე-19 საუკუნის ევროპაში, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, რომელმაც ხელი შეუწყო ურბანიზაციასა და ქალთა დასაქმების ზრდას, წარმოიშვა საჭიროება, ადრეულ ასაკში ბავშვსა და მის განათლებაზე ზრუნვა ოჯახს სხვა ინსტიტუტთან გაეზიარებინა. ასეთი დაწესებულებები მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა შოტლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს უკვე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარებას.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული განათლება

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ ადრეული განათლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას როგორც ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ისე საზოგადოების განვითარებისთვისაც. კვლევები სრულიად განსხვავებული დისციპლინების, მათ შორის _ ნეირომეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ფარგლებში ხორციელდება. ნეირომეცნიერებაში განხორციელებულ კვლევათა შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის ტვინი ყველაზე ინტენსიურად სწორედ სკოლამდელ ასაკში ვითარდება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვი მასტიმულირებელ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, საშუალება მიეცემა, განივითაროს სხვადასხვა უნარი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. კვლევის შედეგები ცხადყოფს იმასაც, რომ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა და განათლება განუყოფელია ერთმანეთისგან: “ერთი მხრივ, ბავშვების სიყვარული და, მეორე მხრივ, მათი სწავლება თავისთავად, ცალ-ცალკე, არ არის საკმარისი ბავშვის ოპტიმალური განვითარებისთვის”

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფსიქიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია და მუდმივად მოითხოვს ზრდასრულის მზრუნველობასა და თანადგომას.

ადრეული განათლების ეკონომიკურ მნიშვნელობასთან დაკავშირებულ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნობელის პრემიის ლაურეატის ჯეიმს ჰეკმანის კვლევებს, რომლებიც აანალიზებს სკოლამდელ განათლებაში დაბანდებული ინვესტიციების შედეგებს სხვადასხვა კონტექსტში. მეცნიერს მიაჩნია, რომ განათლების სხვა საფეხურებთან შედარებით სწორედ სკოლამდელ განათლებაში ჩადებულ თანხას მოაქვს ყველაზე დიდი “მოგება” წლების შემდეგ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ყოველ 1 დოლარზე 8 დოლარს უდრის. ჰეკმანი ხაზს უსვამს ადრეულ ასაკში ინვესტირების მნიშვნელობას სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის:

“ინვესტირება არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის იშვიათი საჯარო პოლიტიკის ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს სამართლიანობასა და სოციალურ თანასწორობას და იმავდროულად ზრდის პროდუქტიულობას ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაში. არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის გამიზნულ ადრეულ ინტერვენციას გაცილებით მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე გვიანს, ისეთს, როგორიცაა სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლეების დაბალი თანაფარდობა, სამსახურისთვის გადამზადება, მსჯავრდადებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები, სწავლის სუბსიდიები, ან პოლიციის ხარჯები”

კვლევები განვითარების ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებაში ცხადყოფს, რომ სკოლამდელი ასაკი კოგნიტური, ემოციური, მეტყველებისა და სოციალური განვითარებისთვის კრიტიკული პერიოდია. სწორად დაგეგმილი ადრეული განათლება ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარებას, სკოლისთვის მის მომზადებას და წარმატებას მომავალ ცხოვრებაში. განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი:

საფრანგეთი

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლამდელი ასაკის 20 000-ზე მეტმა ბავშვმა, დაადგინა, რომ რაც უფრო მეტხანს დადიოდა ბავშვი სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, მით უფრო მაღალი ნიშნები ჰქონდა დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში. პოზიტიური გავლენის შედეგი ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამასთან, მე-5 კლასში _ უკეთესი, ვიდრე პირველში. ყველაზე საგულისხმო შედეგები კი არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებმა ბავშვებმა აჩვენეს.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 2003 წლის ანგარიშის მიხედვით, სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას, განსაკუთრებით კი არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის. შედეგები უკეთესია, როდესაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში სხვადასხვა წარმომავლობისა და სტატუსის მქონე ბავშვები ერთად სწავლობენ. რაც უფრო ხარისხიანია საგანმანათლებლო პროგრამა და მაღალია მასწავლებლის კვალიფიკაცია, მით უფრო დადებითია შედეგები ზემოაღნიშნული უნარების განვითარების გამოკვლევისას.

აშშ

კალიფორნიის შტატში ჩატარებული კვლევის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით, თუ ბავშვი დადიოდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, მეტი იყო ალბათობა, დაემთავრებინა საშუალო სკოლა, ზრდასრულ ასაკში ჰქონოდა უფრო მაღალი ხელფასი და ნაკლები _ ჩართულიყო რაიმე სახის კრიმინალში. ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ თუ კალიფორნიელი ბავშვების 25% მაინც ისარგებლებს სკოლამდელი განათლების სერვისებით, შტატს ეს ყოველ ინვესტირებულ დოლარზე ორმაგ მოგებას მოუტანს (2005 წლისთვის კალიფორნიაში ამ სერვისებით 3 წლის ბავშვების მხოლოდ 5% და 4 წლის ბავშვების 11% სარგებლობდა).

ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ 12 წლის ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, უკეთესად ასრულებენ მათემატიკურ და კითხვის დავალებებს. განსხვავება მაშინაც კი თვალსაჩინოა, როდესაც სტატისტიკური ანალიზის დროს ითვალისწინებენ ოჯახის შემოსავალს და მშობლების განათლებას.

ასეთი კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ადრეული განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვთა სასკოლო, სოციალური და პროფესიული წარმატებისთვის, მრავლად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად მრავალი ქვეყანა, აცნობიერებს რა ამ ასაკში განათლების კრიტიკულ მნიშვნელობას, დგას გამოწვევის წინაშე, შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროგრამების მიწოდებას სკოლამდელი ასაკის თითოეული ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც არახელსაყრელ პირობებში იზრდება (სიღარიბე, უმუშევრობა, მშობლების განათლების დაბალი დონე, სახელმწიფო ენის არცოდნა და ა.შ.).

ადრეული განათლების სისტემების თანამედროვე გამოწვევები

უკანასკნელ ხანს საერთაშორისო ორგანიზაციები _ გაეროს ბავშვთა ფონდი ((UNICEF),), გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და სხვ. _ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადრეული განათლების პოლიტიკის ანალიზსა და სისტემების გასაუმჯობესებლად კვლევაზე დაფუძნებული გზების ძიებას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება ქვეყნების მიერ სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის სტატუსის ინდიკატორადაა მიჩნეული.

მინიმალური სტანდარტები 10 ძირითად პუნქტს მოიცავს:

1. ერთ წლამდე დეკრეტული შვებულება ხელფასის 50%-იანი ანაზღაურებით;

2. ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაკუთებულ ყურადღებას უთმობს არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს;

3. სუბსიდირებული და რეგულირებადი ბავშვზე ზრუნვის სერვისები 3 წლამდე ასაკის ბავშვების 25%-ისთვის;

4. სუბსიდირებული და აკრედიტებული ადრეული განათლების სერვისები 4 წლის ბავშვების 80%-ისთვის;

5. ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების თანამშრომელთა 80%-ის სათანადო პროფესიული მომზადება;

6. ადრეული განათლების აკრედიტებულ დაწესებულებებში თანამშრომელთა 50% უმაღლესი განათლებით შესაბამის სფეროში;

7. ადრეული განათლების დაწესებულებებში თანამშრომლებისა და ბავშვების მინიმალური თანაფარდობა 1:15;

8. მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ის გაღება ადრეულ ასაკში ბავშვთა სერვისების უზრუნველსაყოფად;

9. ბავშვთა სიღარიბე არა უმეტეს 10%-ისა;

10. თითქმის ყველა ბავშვის უზრუნველყოფა ძირითადი ჯანდაცვის სერვისებით.

ამ სტანდარტების ათივე პუნქტს მხოლოდ ერთი ქვეყანა _ შვედეთი აკმაყოფილებს, 9 პუნქტს _ ისლანდია, 8-ს _ დანია, ფინეთი, საფრანგეთი და ნორვეგია. გასათვალისწინებელია, რომ სტანდარტები მოითხოვს სახელმწიფოს მნიშვნელოვან ჩართულობას ბავშვის ადრეულ განათლებასა და განვითარებაში, რაც ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ტრადიციულად, ოჯახისა და კერძო სექტორის ვალდებულებად მოიაზრება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის, მაგალითად, ირლანდია, აშშ, ავსტრალია, ესპანეთი და კანადა, მხოლოდ სამ ან ნაკლებ პუნქტს აკმყოფილებს. ამასთანავე, რთულია მხოლოდ ამ სტანდარტების საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სისტემების შედარება. მაგალითისთვის, განვიხილოთ ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი _ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების თანამშრომელთა 80%-ის სათანადო პროფესიული მომზადება. სხვადასხვა ქვეყანაში “სათანადო პროფესიული მომზადების” ცნება შესაძლოა სრულიად სხვადასხვანაირად ესმოდეთ; ერთ შემთხვევაში იგულისხმებოდეს ერთთვიანი მომზადება, მეორეში კი ორწლიანი განათლება უმაღლესი განათლების საფეხურზე. მიუხედავად ამისა, მინიმალური სტანდარტები წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გაიღონ სახელმწიფო რესურსები, რათა ბავშვებს ხარისხიან ადრეულ განათლებაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ეს ზოგადი სტანდარტები, რომლებიც მშობლობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, ბავშვთა ზოგად მდგომარეობას (ჯანმრთელობა, სიღარიბე), ადრეული განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას უკავშირდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. სტანდარტების ადგილობრივ კონტექსტთან და განათლებაში არსებულ ტრადიციებთან შეჯერებით შესაძლებელია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ყველაზე უკეთ დაიცავს ბავშვთა ინტერესებსა და უფლებებს.

დღეს, როდესაც მრავალი სამეცნიერო კვლევა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს სკოლამდელი განათლების პოზიტიურ გავლენას სკოლაში ბავშვის წარმატებაზე, მომავალში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე, ვფიქრობთ, დროული იქნება ქვეყნების ძალისხმევა ამ სფეროში ინვესტირების გასაზრდელად.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...