კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

წერა-კითხვა პრაქტიკულად

0
მოსწავლეობისას ხშირად გამიგონია, როგორ ეუბნებოდა „გამოცდილი” ხალხი მავან ინტელექტუალს, რას დაათრევ ამ წიგნებს, აგერ, მავანი „წარმატებული” გაუნათლებელია, მაგრამ მილიონები ხომ აქვსო. ასეთი საუბრები დროდადრო ახლაც მესმის.

რა თქმა უნდა, თუ მილიონებია ჩვენი ოცნება, წიგნებსა და ლიტერატურაზე მოხერხებული სფეროებიც არსებობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის ცოდნა-გააზრება იმ „უფრო მოხერხებულ” სფეროებშიც გამოგვადგება.
პოეზიის კითხვა გამოგვიმუშავებს აბსტრაჰირების უნარს, რომანისა – სტრუქტურულ აზროვნებას, პიესების კითხვა ავითარებს ფორმის შეგრძნებას, დეტექტივი ხვეწს დედუქციურ უნარებს.

ასე რომ, საბოლოო ჯამში, ლიტერატურა ძალიანაც პრაგმატული საქმეა. კითხვით გამომუშავებული ეს თვისებები ბიზნესშიც გამოგვადგება, პოლიტიკაშიც და, თუ მაინცდამაინც, სპორტშიც.

როგორ უნდა ვიკითხოთ, ძნელი სათქმელია – ალბათ, როგორც მოგვიხერხდება: წამოწოლილებმა, მაგიდასთან, აივანზე… აი, როგორ უნდა ვწეროთ, ამაზე საუბარი შედარებით მეტ დროს იმსახურებს და, ამავე დროს, უფრო იოლიცაა. მეც ეს იოლი საქმე ავირჩიე და 10 წესი ჩამოვწერე, რომელთა შესრულება სავალდებულო სულაც არ არის. უმეტესობას, მგონი, არც მე ვიყენებ.
როგორ ვწეროთ
(10 ბანალური მოსაზრება)
1. საფუძვლიანად ვისწავლოთ გრამატიკა. წერის დროს კი დავივიწყოთ.

2. ერთმა ავსტრიელმა ექიმმა ასთმიან პაციენტს თომას მანის კითხვა აუკრძალა – გრძელი წინადადებები აქვს და შენი ფილტვები ასეთი დატვირთვისთვის მზად არ არისო. ჰემინგუეი „გამოუწერა”.

მორალი: წინადადება უნდა იყოს მოკლე, ამოსუნთქვის საშუალებას უნდა იძლეოდეს. მართალია, ზოგი მკითხველი იმსახურებს გაგუდვას, მაგრამ მთლად ყველა – არა.

3. ვიკითხოთ ფილოსოფოსები (ლოგიკურ და სახეობრივ აზროვნების ავითარებენ), მაგრამ არასოდეს ვწეროთ მათსავით. 

4. ვიკითხოთ კრიტიკული წერილები, ოღონდ სხვის შესახებ დაწერილი. ჩვენზე დაწერილი კრიტიკის კითხვა კონტრპროდუქტიულია – ვბრაზდებით და კრიტიკოსის ჯიბრით ისევ ისე ვწერთ.

5. წერის დროს ნუ გამოვიყენებთ ასეთ სიტყვებს და ფრაზებს: „უკეთუ”, „დაღაცათუ”, „დისკურსული ექსკურსი”… უკეთუ, პაროდიული ტექსტის შემთხვევაში, ასეთი ფრაზები მისწრებაა.

6. ფორმა მნიშვნელოვანია – ვიფრთხილოთ პერსონაჟების აღწერისას. ლიგვისტი როლან ბარტი ამბობს: „იმისთვის, რომ განვიცადოთ საშინელება, ფოტოგრაფმა ნაკლებად უნდა „აღნიშნოს” ის”. ალბათ შეგიმჩნევიათ, ტრაგედიის ზოგი პერსონაჟი ისე ტრაგიკულადაა გამოყვანილი, სასაცილო ხდება და პირიქით – სულ ახლახან ჩავამთავრე რომანი, სადაც მკვლელის უარყოფითი თვისებები ისე იყო ხაზგასმული, რომ თანაგრძნობას იწვევდა. საერთოდაც, მე ვარჩევდი, ზედმეტი აღწერებისგან თავი შემეკავებინა და გმირი იმგვარ სიტუაციაში მომექცია, რომ მკითხველი თავად გარკვეულიყო მის ფსიქოტიპში (ან ვერ გარკვეულიყო – ესეც შეიძლება იყოს მწერლის მიზანი). 

7. დამაჯერებლობა. მკითხველმა რომ დაგვიჯეროს, ის უნდა მოვატყუოთ. სიმართლე, ნატურალიზმი, სწორხაზოვნება ისტორიკოსებს დავუტოვოთ; კარგ მკითხველს წინააღმდეგობრივი პერსონაჟები, გაორებული ადამიანები და მოულოდნელი ხასიათები იზიდავს.

8. ნუ მოველით ლიტერატურისგან პასუხებს ჩვენს ცხოვრებაზე, პრობლემებზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე. ლიტერატურა არ იძლევა პასუხებს. პასუხებისთვის არსებობს ცნობარები.

9. გვახსოვდეს, რომ (საქართველოს პირობებში) წერა ვერ მოგვიტანს ბევრ ფულს, ვერ გვიყიდის აიფონს და ლენდ კრუიზერს. ამიტომ სასწრაფოდ გავერკვეთ საკუთარ პრიორიტეტებში. 

10. არ ენდოთ არავის, ვინც დაგიწყებთ სწავლებას, როგორ წეროთ. ისინი უიმედო ლუზერები არიან. 
ასე რომ, გისურვებთ წარმატებულ კითხვას და თუ მაინც არ გადაიფიქრეთ, წერასაც.

როცა სათაური მეტაფორაა….

0
ერთხელ ფეისბუკზე გამოქვეყნდა ასეთი სტატუსი: ”ერეკლე დეისაძეს თავი მოუკლავს! ხომ არ იცით, რა მოუვიდა საწყალს? ”

როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტს სტატია დაუწერია სათაურით: “ერეკლე დეისაძემ თავი მოიკლა!”  საქმე იმაშია, რომ  სათაური მეტაფორული იყო… ჩვეულებრივმა მკითხველმა კი პირადაპირ გაიგო… 

ერთი პოეტი ამ ფაქტის შესახებ წერდა: ”ხომ გითხარით, საქართველოში მხოლოდ სათაურებს კითხულობენო…”
დავამატებდი, რომ მხოლოდ სათაურებსაც ვერ კითხულობენ… უმეტესად, თუ კითხულობენ, ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ და მიდის მერე განხილვა: რას ნიშნავს იმავე დეისაძის „საიდუმლო სირობა” ან ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი”…? 
რთულია, ადამიანს აუხსნა, რას ნიშნავს მეტაფორა და რისი თქმა სურდა სინამდვილეში ავტორს, როცა მანამდე მეტაფორის არსებობის შესახებ არაფერი გაუგია.
როგორ დავარქვათ სათაური?

ყველაფერი, რაც არსებობს ამ სამყაროში, ითხოვს სახელს. სახელის დარქმევით თითქოს სრულდება ერთგვარი რიტუალი და საგანს, მოვლენას, ფაქტს, ნებისმიერ ტექსტს, ენიჭება ფუნქცია. ამის შემდეგ ის შემოდის  სახელთა სამყაროში და ფუძნდება, როგორც  გარკვეული შინაარსისა და ფუნქციის მქონე, რომელსაც ენიჭება ”კანონიერი უფლება” შევიდეს ურთიერთქმედებაში  სახელით გამოხატულ სხვა საგნებთან, მოვლენებთან, ფაქტებთან.

ტექსტისთვის სახელის დარქმევა შემოქმედებითი მოღვაწეობაცაა და ერთგვარად შემოქმედის მოღვაწეობაც… რაღაც ახალი ქმნადობა. ავტორი ტექსტის ბატონ-პატრონია, მან კარგად იცის, რისთვის, რატომ, რა მოტივებით შეიქმნა ტექსტი. გაცნობიერებული აქვს მისი არსი, ფუნქცია, დანიშნულება, აზრი (ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია…). ენის  ქაოსიდან ავტორი ქმნის ტექსტს, ანიჭებს მას სიცოცხლეს და დამოუკიდებლობას და აუცილებლად აძლევს სახელს (სათაურს). ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ ბავშვის დაბადებას, როცა მშობელი მას არქმევს სახელს.  ტექსტის სათაური (ისევე, როგორც ბავშვის სახელი) შეიძლება არ განსაზღვრავს და არ ამოწურავს  ყველაფერს, მაგრამ აუცილებელია, როგორც მისი არსებობის ნიშანი.
სახელდება _ ეს არის გამორჩევა სხვა დანარჩენისგან. ინფორმაციულ ოკეანეში ჩვენ ვარჩევთ ტექსტებს სახელებით ანუ: სათაურებით.

ლოსევის მიხედვით, სახელი, ეს არის: საზღვარი, ფორმა, განსხვავებულობა, თავისებურება, სახე, აზრი… იგივე შეიძლება გავიმეოროთ სათაურებზეც.

ავტორები ძალიან  ბევრს ფიქრობენ სათაურის დარქმევაზე და ეს ყოველთვის არის რთული პროცესი, რადგან შენ განსაზღვრავ უკვე არა მხოლოდ ტექსტის აზრს, არამედ ორიენტაციასაც, საით და როგორი მკითხველისკენ გასცუროს ამ ტექსტმა.

უმბერტო ეკო წერდა: სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი/მაყურებელი, ვინაიდან პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია.  …სჯობს, მწერალი უმალვე გარდაიცვალოს, როგორც კი ბოლო გვერდს დაწერს, რათა ნაწერი უსათაუროდ მივიდეს მკითხველამდეო…

თანამედროვე სამყაროში ტექსტის სათაური  არის ამავე დროს რეკლამა _  ბრენდის ნაწილი, ტექსტის პასპორტი, ფასადი, სახე, გზამკვლევი, დროშა და სიმბოლური ნიშანიც…

რეკლამის ტექსტი კი უნივერსალური დანიშნულებისაა, მისი მიზანია, რაც შეიძლება, საზოგადოების დიდ ნაწილზე მოახდინოს ზეგავლენა. ამისათვის რეკლამა იმუშავებს ზემოქმედების უნივერსალურ ფორმებს. ენა (მეტყველება) უკვე თავის თავში ატარებს ზემოქმედების ფუნქციას იმის მიუხედავად, ამ ფუნქციას აცნობიერებს თუა არა მოლაპარაკე. ის ვინც მეტყველებს, ტექსტს ქმნის, უკვე ნიშნავს, რომ მას სურს, რომ მის ნათქვამს ან დაწერილს ჰქონდეს ზეგავლენა მეორე ადამიანზე, ადამიანთა ჯგუფზე, ან საზოგადოებაზე… სხვაგვარად ის, უბრალოდ, არ ილაპარაკებდა (არ დაწერდა). რეკლამის და, ამ შემთახვევაში, სათაურის შერჩევისას, მეტყველების ზეგავლენის ფუნქცია პრიორიტეტული ხდება, რათა სათაურმა, როგორც რეკლამამ, მიიქციოს ყურადღება.

სალექსიკონო განმარტებით:  რეკლამა (ლათ. reclamo – „წამოვიყვირებ”) _ ეს არის ინფორმაცია, გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.

ტექსტის სათაურის, როგორც რეკლამის გაგება, გვაიძულებს, მეტი სიფრთხილით შევარჩიოთ სათაურები, რადგან ძალიან არ გაგვიტაცოს სარეკლამო ფუნქციამ და არ დაშორდეს ტექსტი სათაურს, როგორც ეს ხშირად ხდება რეკლამაში. იმ შემთხვევაში, თუ ავტორი ეფექტურად შეარჩევს სათაურს, მაგრამ ამ სათაურს არ ექნება კავშირი ტექსტთან, მკითხველი მოტყუვდება ერთხელ და მეორედ ამას უკვე აღარ დაუშვებს.

 სათაურის ფუნქციაა, მკითხველი მიიყვანოს ტექსტამდე, ამისთვის ავტორები განსხვავებულ ხერხებს მიმართავენ.

როგორი შეიძლება იყოს კარგი სათაური? _ ორიგინალური, სხარტი, კრეატიული, რაღაც უნდა თქვას ტექსტზე და, ამავე დროს, არ უნდა თქვას ყველაფერი. მოკლედ, სათაურებიც მრავალფეროვანია ისევე, როგოც მათი შემქმნელი ავტორები.

ეგრეთ წოდებული, “მოლაპარაკე” სათაურები გვაძლევს პუბლიკაციაზე პირველად წარმოდგენას, რითაც მკითხველი იღებს გადაწყვეტილებას, რა წაიკითხოს პირველ რიგში და რა _ გადადოს.
პროვოკაციული (ეპატაჟური) სათაურები  ზემოქმედებს მკითხველის ემოციაზე, იწვევს ინტერესს, აინტრიგებს მას.
 
როგორ დავწეროთ სათაური

▶ სათაური უნდა შეიცავდეს გასაღებ სიტყვებს და გამოხატავდეს სტატიის არსს;
გასაღები სიტყვების შერჩევა სათაურში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამის მიხედვით ხდება ინტერნეტ-სივრცეში თქვენი მასალის ინდექსაცია;
▶უმჯობესია, თხრობითი, მარტივი წინადადებები;
▶ზმნა _ არის “მოლაპარაკე” სათაურის მთავრი ელემენტი, შეარჩიეთ დინამიური ზმნები;
▶დრო უმჯობესია ახლანდელი!
▶სათაურმა არ უნდა გამოიწვიოს იმედგაცრუება, უნდა შეესაბამებოდეს შინაარს!

   რომელი სათაურები იქცევს ყურადღებას თანამედროვე საზოგადოებაში, ანუ: როგორი სათაურები ”მუშაობს”:

1. ყვითელი პრესის, მყვირალა სათაურები (შეიძლება, არ მოგვწონს, მაგრამ ეს ფაქტორი მუშაობს…);

2. ნეგატიური ინფორმაციის შემცველი სათაური აგრეთვე იქცევს ყურადღებას პოზიტიურთან შედარებით;
3. პროვოკაციული და ეპატაჟური;

4. კრეატიული…

თუ თქვენ შექმნით ამგვარად სათაურებს, ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს და შეიძლება წაგიკითხონ კიდეც, მაგრამ გახსოვდეთ: ამის შემდეგ როგორი აზრი დარჩებათ, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას… რადგან ეს ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს თქვენს იმიჯზე.

ნებრისმიერი რჩევა, რომელიც შეიძლება სათაურის დარქმევასთან დაკავშირებით მოისმინოთ, პირობითია და მათ შორის  საუკეთესო რჩევა ასეთია: უბრალოდ, იფიქრეთ ამაზე…
 

ახალი რესურსი „ვეფხისტყაოსნის „ სწავლებისათვის

0

ქართულის მასწავლებლები დამეთანხმებიან, როგორი მნიშვნელოვანია, ბავშვებს გააგებინო და შეაყვარო „ვეფხისტყაოსანი” ისე, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ჟანგბადივით აუცილებელი გახდეს მათთვის შოთა რუსთველის შესანიშნავი ტექსტის კითხვა, ეს ქართული ლიტერატურის სწავლების ერთ–ერთი უმთავრესი და რთული პრობლემაა.

 

მე ადრეც მოგიყევით, რომ ბევრს ვცდილობდი, ეს შესანიშნავი ტექსტი, ყველაზე ჩამთრევი და დამაინტრიგებელი გამეხადა მათთვის, ხან–პერსონაჟები გავაცოცხლეთ, ხან როლები გავინაწილეთ და გავითამაშეთ, ხან მარტივი სამაგიდო თამაში მოვიფიქრეთ, ხან როგორც მუსიკას, ისე ვუსმინეთ, ხან მეტაფორების გამოფენა მოვაწყვეთ, ერთხელაც მივეცი საშუალება, ყველას თავისებურად განევითარებინა პოემის სიუჟეტი. წარმოიდგინეთ, რომ „მათ სამთა გმირთა მნათობთა” სულაც არ შეექმნათ კოალიცია და ცალ-ცალკე წასულიყვნენ ნესტანის გასათავისუფლებლად, ან თვითონ თინათინი გამგზავრებულიყო უცხო ყმის გამოცანის ამოსახსნელად; იქნებ ნესტანსა და ტარიელს თავიდანვე ექორწინათ და ქაჯებს მათი მშვენიერი ასული გაეტაცებინათ, ანდა ფრიდონს ასმათის გული მოენადირებინა; იქნებ ქაჯებიც გონს მოგებულიყვნენ და საკუთარი სამეფო ინდოეთისთვის შეეერთებინათ… მოკლედ, ხან რა გავაკეთეთ, ხან რა… მაგრამ, არასდროს იყო საკმარისი.

ამას წინათ ინტერნეტსივრცეში თვალი მოვკარი ერთ შესანიშნავ ღონისძიებას, რომელზეც ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს, ყველას ერთად გვეპატიჟებოდნენ –„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს”.

ამ გამოფენა–პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო
ბავშვების მიერ “ვეფხისტყაოსნის” თემაზე შექმნილი ნახატი-ილუსტრაციები; ბავშვებთან მუშაობის პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, ფრაგმენტები ანიმაციური ფილმიდან “ვეფხისტყაოსანი” და ამ ყველაფრის ერთად დამტევი ელექტრონული სივრცე– www.utvalavi.ge.

ხომ არის ხოლმე, როცა რაღაც, რაც ძალიან გინდა, გისრულდება, ასე იყო ამ პროექტთან დაკავშირებითაც. ვერ წარმომიდგენია, უფრო გამოსადეგი და გამოსაყენებელი რა უნდა შექმნილიყო ჩემი მოსწავლეებისათვის, ვიდრე მათივე თანატოლების მიერ მოყოლილი და დასურათებული ანიმაცია „ვეფხისტყაოსანი”.

ამ პროექტს სტუდია „ტელევეზირი” ახორციელებს. გახსოვთ? რამდენიმე წლის წინ რომელიღაც სატელევიზიო არხზე იყო საბავშვო გადაცემა „ტელევეზირი”, სამწუხაროა, რომ ახლა აღარ არის.

ჰოდა, პროექტის მონაწილეები ჩადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხვდებიან ბავშვებს და პოემის ამა თუ იმ სტროფს ახატვინებენ, ასევე ახმოვანებინებენ კიდეც. ასეთი სამუშაო შეხვედრების შედეგად საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა გროვდება, ამ ყველაფრისაგან კი შესანიშნავი ანიმაციები იქმნება.

ხატვას ლიტერატურის სწავლებისას ძალიან ხშირად ვიყენებ, თითქმის არცერთი გაკვეთილი არ ჩაივლის ისე, რომ ჩვენი საპროგრამო მასალა ან ბავშვების დაწერილი ესეები არ დავასურათოთ, შედეგად, თითქმის სრულყოფილ საგამომცემლო პროდუქტს ვიღებთ–ლიტერატურული ნაწარმოები შესაბამისი ილუსტრაციებით.

როცა წარმოვიდგინე, როგორ კარგად გამოვიყენებ ამ მასალას გაკვეთილზე, პატარა ბავშვივით ავცქმუტდი.

როგორ დავგეგმავ რუსთველის კვირეულს, ან სულაც ერთ თვეს. როგორ გადავეშვებით მე და ჩემი მოსწავლეები სრულიად სხვა, ფანტასტიკურ სამყაროში–შოთა რუსთაველის ეს პოემა ხომ ყველაზე დიდი თავგადასავალიცაა, ფანტასტიკაც, სარაინდო რომანიც, დიდაქტიკური თხზულებაც და კიდევ, კიდევ ბევრი.

მოკლედ, შესანიშნავი რესურსია, თქვენც აუცილებლად გამოიყენეთ, ან სულაც თქვენი კლასის დასურათებული „ ვეფხისტყაოსანი” შექმენით, კლასში გამოფენა მოაწყეთ და კიდევ ერთხელ გაიხსენეთ გენიალური პოეტის ულამაზესი სამყარო.

პს. რადგანაც „ვეფხისტყაოსანი” უკვე დასურათებულია, მე და ჩემი მოსწავლეების ასეთ პროექტს განვახორციელებთ–წავიკითხავთ და დავასურათებთ შოთას პოემის გაგრძელებებს და ხალხურ ვერსიებს.

პოემის გაგრძელებები ძალიან ამართლებს ძირითადი ტექსტით დაინტერესებისათვის. რა თქმა უნდა, დაწვრილებით არ განვიხილავთ ამ თხზულებებს, მაგრამ სათავგადასავლო თუ ფანტასტიკური სერიალების მოყვარული მოზარდებისათვის ძალიან კარგი ასახსნელია სხვადასხვა დროის ადამიანთა ინტერესი პოემის გმირების ცხოვრებისადმი, ადამიანთა ფანტაზია კი ნამდვილად სასწაულ ნაყოფს მოიწევს–ხოლმე.

აი, მაგალითად:

„ავთანდილი და ტარიელი გაუწყვიტამენ ჯარს. ფრიდონი გეექცევათ. ადგებიან და პური ჭამას დაიწყებენ ერთ კლდი ძირასა. ამ დროს ზეიდან წამოუვლის ფრიდონი. წაკრამს ფეხს კლდესა და გადაანხვლევს ზედა. გადანხვლევის დროს ხმალ ამოიღებს ტარიელი, დაჰკრამს კლდესა და ნახევარ იქით გადააგდეფს და ნახევარ იქით და გადარჩებიან. მაღლიდან დაუძახეფს ფრიდონი: ან მიძმეთ ან მიყმეთო. ტარიელი ეტყვის: ჩამოდი, ძმა იყავიო. ჩამოა, ელაპარაკებენ და ეგეც გამოდგება უმფროსი ძმაი. ერთმანეთ უამბობენ თავანთ ამბავს. ავთანდილი და ტარიელი ჩავლენ ქაჯეთის სახემწიფოში, დაუწყობენ ბრძოლას ქაჯებსა. დახოცამენ ამ ქაჯებსა, მაგრამ ცოცხლდებიან. მერე ერთი თხრობელი გაუვიდათ. ერთი ბებერი ატრიალეფს ჯარას, რამდელიც კვდება, ინდელი ცოცხლდება ამის გამო. მივა ეს ტარიელი და ამ ბებერ ქალ ეტყვის:

ბებერო, ეგ შენი ჯარა

დაბერდა, აღარ იჯარა

ავიღოთ და კედელსა ვცხოთ

ნეტა ვინ გამოაჯავრა?!

ამ ჯარას დაუნტრევს და ბებერსაც მოკლამენ. მერე დახოცამენ ამ ქაჯების ჯარს. ავა ტარიელი და ავთანდილი და მოყამთ ლერწამ-დარეჯანი.” – ხალხური „ვეფხისტყაოსნის” ერთ–ერთი ვერსიაა,

საინტერესოა არა?

ჰო, მეც ასე ვფიქრობ.

„ესტაფეტა“

0

მასწავლებლის გამოცდილება

სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ინტერაქტიული სწავლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და ხალისიანი განწყობის შექმნას და გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურად ჩართვას სასწავლო მიზნების მისაღწევად. მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შესაძლებლობებით, აღქმის ტემპით, სწავლის სტილით, ამიტომ აუცილებელია სასწავლო პრაქტიკის მრავალფეროვნება, ხერხების, მეთოდების მონაცვლეობა.

ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანატოლებისგან სწავლის პრინციპის გამოყენებას განათლების თანამედროვე სისტემებში. დ. პერკინსის აზრით, ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს, ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ერთმანეთისგან და მასწავლებლის ვალია, ზედმიწევნით შეუწყოს ხელი ამ ბუნებრივი პროცესის ეფექტურ განხორციელებას.

 

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დანერგილ სასწავლო მეთოდს, რომელსაც ჩემმა მოსწავლეებმა „ესტაფეტა” დაარქვეს. ეს არის მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ყველა მიმართულების საგნის სწავლების დროს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს, გაიგონ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი და ეფექტურად დაუკავშირონ ის მანამდე მიღებულ ცოდნას.

 

მეთოდის არსი ასეთია: თითოეული მოსწავლე გაკვეთილიდან რიგრიგობით წარმოთქვამს თითო წინადადებას. მომდევნომ წინას ნათქვამი არ უნდა გაიმეოროს.ყოველი ახალი წინადადება აზრობრივად გამართული უნდა იყოს და ებმოდეს წინას. არ შეიძლება პასუხზე 15-20 წამზე მეტხანს ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე თამაშს გამოეთიშება და თხრობას მომდევნო გააგრძელებს. შეიძლება თემის შესახებ საკუთარი მოსაზრების, ვარაუდის გამოთქმა, მის მიზეზებზე საუბარი, მისი დაკავშირება ნაცნობ, მსგავს ან განსხვავებულ მაგალითებთან, არგუმენტების მოყვანა, მოვლენის, ფაქტის შეფასება. მოსწავლეები პასუხობენ ადგილიდან, ფეხზე აუდგომლად. თამაშში რჩება ჯერ 3 ნახევარფინალისტი, შემდეგ – 2 ფინალისტი, საბოლოოდ კი ვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც კლასი – აპლოდისმენტებით, ხოლო მასწავლებელი მაღალი ქულით აჯილდოებს.

 

გამოკითხვის მეთოდი „ესტაფეტა” ყველა მოსწავლეს აძლევს თავისი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალებას. ამასთან, ზრდის მოტივაციასაც, რადგან კონკურენტული გარემო ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად. მოსწავლე, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოამჟღავნა, ცდილობს, თავადაც მიაღწიოს წარმატებას და მომდევნო გაკვეთილზე ლიდერი გახდეს.

 

„ესტაფეტა” საშუალებას იძლევა, მოკლე ხანში გამოიკითხოს მთელი კლასი, შემოწმდეს და შეფასდეს ყველა მოსწავლე. მისი მეშვეობით მასწავლებელი ახერხებს, თავისუფლად მართოს რეგლამენტი და საკმარისი დრო დაიტოვოს ახალი მასალის ასახსნელად. სხვაგვარად გაკვეთილზე 28-30 მოსწავლის შეფასება წარმოუდგენელია.

 

„ესტაფეტა” ზრდის მოსწავლეთა მობილიზებას, ორგანიზებულობასა და ჩართულობის ხარისხს, აიძულებს მათ ყურადღების კონცენტრაციას კონკრეტულ თემაზე, რადგან თუ მოსწავლემ წინამორბედთა ნათქვამი გაიმეორა, თამაშს ეთიშება. მეთოდი მოსწავლეებს იმის გააზრებაშიც ეხმარება, როგორ შეუწყონ ხელი თავიანთ განვითარებას, როგორ მართონ საკუთარი სწავლის პროცესი.

 

ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები მასწავლებლის მითითების გარეშე, თავად ხვდებიან შეცდომას და თავადვე უსწორებენ მეგობარს. ასეთი ჩარევა არავის სწყინს, ის ყველასათვის მისაღებია, რადგან თამაშის წესების ნაწილია. გამორიცხულია დაცინვა, სარკაზმი. მოსწავლეებს, თამაშის წესებიდან გამომდინარე, ამის არც დრო აქვთ და არც უფლება.

 

„ესტაფეტა” უვითარებს მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას მაღალი სააზროვნო დონეების მიხედვით. ამგვარი გამოკითხვა მოხერხებულია ნასწავლი მასალის განმტკიცების დროს, შემაჯამებელ გაკვეთილზე, ან ჩვეულებრივი გაკვეთილის რეფლექსიის ეტაპზე. ის მოსწავლეებს ნასწავლი მასალის დამახსოვრებასთან ერთად მის მთლიანობაში აღქმასაც უადვილებს. „ესტაფეტა” ასევე შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის დასაწყისში ახალი თემის ახსნის დროს, როცა რაიმე მასალის გახსენება და წინარე ცოდნაზე ახლის დაშენება გვინდა.

 

ამ მეთოდის წყალობით მოსწავლეები კომპლექსებისგანაც თავისუფლდებიან. ბევრს ეძნელება თხრობა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია გარდატეხის ასაკში მყოფი მოსწავლეებისთვის. ხმის ტემბრი, მეტყველების მანერა ასაკთან ერთად იცვლება. მრავალი მოსწავლე, განსაკუთრებით – ვაჟები, საერთოდ უარს ამბობს საგაკვეთილო თემაზე საუბარზე. ამას ერთვის საყოველთაოდ აღიარებული სახელმძღვანელოების სირთულე. მოსწავლეებს უჭირთ ვრცელი ტექსტის გადმოცემა, მოკლე წინადადებებით თხრობის წყალობით კი ისინი თანდათან ძლევენ ბარიერს, თავისუფლდებიან კომპლექსებისგან, უჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა.

 

აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულების შემდეგ თამაშს გამოთიშულ მოსწავლეებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ეუფლებათ. საზოგადოდ, ბავშვების უმრავლესობას საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ ბევრი რამ იციან და მეტი კითხვა არ სჭირდებათ, გამოკითხვის პროცესში კი აღმოაჩენენ, რომ ვიღაცას მეტი შეუძლია, მეტი იცის და ეს ვიღაცა მათი თანატოლია, მათი მეგობარი, რომელიც იმავე პირობებში ცხოვრობს და სწავლობს, როგორშიც ისინი, იმავე წიგნით მუშაობს და იგივე მასწავლებელი ჰყავს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათ ნაკლები წაიკითხეს, ნაკლები დრო დაუთმეს შესასწავლ მასალას და შედეგიც მაშინვე მოიმკეს და არა წლების შემდეგ, რაზეც მოზარდები, ჩვეულებრივ, არ ფიქრობენ; მათ კონკურენცია ვერ გაუწიეს თანატოლს.

 

„ესტაფეტა” მოსწავლეთა გარეგანი მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თამაში აზარტულია, მარტივი და სახალისო. ასეთ გაკვეთილზე დისციპლინური პრობლემებიც ნაკლებია, მოსწავლეები ემორჩილებიან წესებს, რომლებიც მასწავლებელმა თამაშის წესებად შესთავაზა. იქმნება ატმოსფერო, სადაც სწავლა სასიამოვნო და უწყვეტი პროცესია. ამის წყალობით მოსწავლეები გაკვეთილს რუტინად აღარ აღიქვამენ. ისინი ახდენენ თავიანთი ცოდნის აქტიურ კონსტრუირებას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიიღეს მასწავლებლისგან, თანაკლასელებისგან. ამგვარი სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა დახმარებას არა მარტო სწორი პასუხის გაცემაში, არამედ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაშიც. მოზარდი სწავლობს არა აბსტრაქტულად, არამედ მიღებულ ინფორმაციას უკავშირებს იმას, რაც უკვე იცის.

 

„ესტაფეტა” იმითაც არის საინტერესო, რომ წაახალისებს აქტიურ მოსმენას. ყურადღების დეფიციტი სერიოზული პრობლემაა არა მარტო ბავშვებსა და მოზარდებთან, არამედ ზრდასრულ ადამიანებთანაც კი. მოსწავლეს აქ მხოლოდ მასწავლებელი კი არ უსმენს ყურადღებით, არამედ თანაკლასელებიც. როდესაც მოზარდი გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და ყურადსაღები, ის უფრო მოტივირებულია, პასუხისმგებლობიანი და, შესაბამისად, წარმატებულიც.

 

მასწავლებელი ამ მეთოდით ეხმარება მოსწავლეებს მათდამი მაღალი მოლოდინის გამართლებასა და სათანადო აკადემიური მოსწრების მიღწევაში. მოსწავლეები ფოკუსირებული არიან ერთ საკითხზე. ისინი ხვდებიან, რომ პროცესის სწორად წარმართვისთვის სახელმძღვანელო არ არის საკმარისი და ბევრ დამხმარე მასალას იყენებენ გაკვეთილის მოსამზადებლად: არასაპროგრამო ლიტერატურას, ინტერნეტს, ამხანაგისგან მიღებულ ინფორმაციას, ასევე – საკუთარ დამოკიდებულებებსა და გამოცდილებას. მეთოდი ხელს უწყობს მეტყველების რედაქტირებას, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზსა და შეჯამება-შეფასებას. მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია კრიტიკული აზროვნების განვითარება. კრიტიკული აზროვნება მოითხოვს შესაბამისი ან საუკეთესო პასუხის პოვნას, ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას, შედარება-შეპირისპირებას, კანონზომიერების დანახვას, პარალელების გავლებას, კავშირების მიგნებას, ვარაუდის ფორმულირებას, „ესტაფეტა” კი სწორედ ის მეთოდია, რომელიც ყოველივე ზემოთჩამოთვლილის განმტკიცებას ემსახურება და, ამასთან, პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული გზის მიგნების შესაძლებლობას იძლევა; ახასიათებს იდეების სიმრავლე, მრავალფეროვნება (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლე (ორიგინალობა) და გარდაქმნის უნარი (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

 

„ესტაფეტის” გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ხელის შემშლელი ფაქტორებიც, ყურადღება მიაქციოს ნიუანსებს, რომლებმაც შესაძლოა დაააბრკოლოს მიზნისკენ სვლა, უპირველესად, გაითვალისწინოს რისკები, რომლებიც შესაძლოა ახლდეს თან არასწორად დაგეგმილ კონკურენტულ სწავლებას.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის წარდგენა. შეუძლებელია, მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ მთელი ის ინფორმაცია, რომელსაც მათ მასწავლებელი აწვდის. ხშირად ტექსტშიც უძნელდებათ არსებითი ინფორმაციის ამოცნობა და მეორეხარისხოვანზე ამახვილებენ ყურადღებას. ასეთი რამ შეიძლება განმეორდეს „ესტაფეტის” მსვლელობის პროცესშიც, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია, მიზანმიმართულად დაეხმაროს მათ, ისე, რომ ეს ხარვეზად არ იქცეს.

 

მეთოდის გამოყენების საჭიროება უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებს. ასევე აუცილებელია მასალის ცოდნა, დროის მართვა და სივრცის იმგვარად ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს ერთმანეთის მოსმენა. ამისთვის სასურველია, მოსწავლეები წრიულად ისხდნენ, რაც ქმნის თანაბარი მონაწილეობის განცდას და სურვილს.

 

მეთოდის გაცნობისას მნიშვნელოვანია მისი თვალსაჩინო მოდელირება, რაც მოსწავლეებისთვის პროცედურის დემონსტრირებას გულისხმობს. სწავლების ამ სტრატეგიის რამდენიმეჯერ გამოყენების შემთხვევაში მოსწავლეები სწრაფად აითვისებენ თამაშს. შეიძლება, თამაშის წესები რამდენჯერმე შევახსენოთ მათ, გამოვაკრათ ოთახში ან ჩამოვუწეროთ დაფაზე. არ არის გამორიცხული, ეს ვინმეს დროის დაკარგვად მოეჩვენოს, მაგრამ აუცილებელია. მასწავლებელმა სწავლების სტრატეგიების მოსწავლეებისთვის ახსნას საკმაო ხანი უნდა დაუთმოს და არ მიიჩნიოს, რომ ეს სამუშაო მას დროს აკარგვინებს.

 

მიმაჩნია, რომ დაინტერესებული თვალი უკეთ შეამჩნევს „ესტაფეტის” დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც მეტად სრულყოფს მას და აქცევს მოსწავლეთათვის საყვარელ მეთოდად, რომელიც სწავლება-სწავლის პროცესს საინტერესოს, ეფექტურს და წარმატებულს გახდის.

ფრენკ აისლამი, ედ ქრეგო – დამოუკიდებელი (ჩარტერული) სკოლები: ხსნა თუ წყევლა?

0

ინფორმაცია: ჩარტერული სკოლები/Charter Schools. ამერიკაში ე.წ. ჩარტერული სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ დაწყებით და მეორეული საფეხურის განათლებას სწავლის გადასახადის გარეშე და გამოცდებს ატარებენ შტატის მიერ მანდატირებული პროგრამის მიხედვით. ეს სკოლები ნაკლებად რეგულირდებიან საჯარო სკოლებისთვის აუცილებელი წესებით, აქტებითა და რეგულაციებით და საჯარო სკოლებთან შედარებით ნაკლებ საჯარო დაფინანსებას იღებენ ერთ მოსწავლეზე. მათ მინიჭებული აქვთ არაკომერციული (არამომგებიანი) ორგანიზაციების სტატუსი და უფლებები და შეუძლიათ მიიღონ შემოწირულობები კერძო პირებისგან ან ორგანიზაციებისგან. ამ სკოლების დამაარსებლები შეიძლება იყვნენ მასწავლებლები, მშობლები ან აქტივისტები, თუმცა სკოლის განაწესს უთანხმებენ შტატის ან საგრაფოს განათლების საბჭოს. განაწესი შესაძლოა შეიქმნას არამომგებიანი ორგანიზაციების, უნივერსიტეტების ან სახელმწიფო ერთეულების მიერ. საგრაფოს, ოლქის ან შტატის განათლების განყოფილებამ ან ერთეულის საჯარო სასკოლო ადმინისტაციამ შესაძლოა კერძო კორპორაციებს, არამომგებიან ორგანიზაციებს მისცეს რამდენიმე ჩარტერული სკოლის მართვის უფლება. დღეს აშშ-ის 50 შტატიდან 41-ში არსებობს ჩარტერული სკოლები და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობა. პირველი ჩარტერული სკოლა შეიქმნა და დარეგისტრირდა მინესოტის შტატში 1991 წელს.

 

სტატისტიკური ინფორმაცია:

▪ აშშ-ში დაახლოებით 56 მილიონი სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის 132 000 სკოლაში დადიან.

▪ მოსწავლეთა 88% ტრადიციულ საჯარო, ჩარტერულ, სპეციალიზებულ (მაგნეტ) სკოლებში სწავლობს, 9% – კერძო სკოლებში, ხოლო დაახლოებით 3% განათლებას შინ იღებს.

– აშშ-ში ყოველგვარი ტიპის სკოლებში: საჯაროში, ჩარტერულში, მაგნეტ-სკოლებში, კათოლიკურში – დაახლ. 3, 8 მილიონი მასწავლებელი მუშაობს.

▪ ჩარტერული და მაგნეტ-ტიპის სკოლების რაოდენობა აშშ-ში დაახლოებით 8 000-ია (2010 წლის მონაცემებით).

ეს წერილი გახლავთ გაგრძელება ჩვენი ბლოგების სერიისა, რომლებიც აშშ-ის განათლების დღევანდელ მდგომარეობას და მის პრობლემებს ეხება. წინა წერილებში ჩვენ წარმოვადგინეთ კონცეფცია – სამკუთხედი, რომლის ცენტრშიც მოსწავლეა, წვერში – ოჯახი, ხოლო ფუძეში – სკოლა და თემი. ჩვენ სამკუთხედის წვერებს განვიხილავთ როგორც განათლების სისტემისა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების უმთავრეს (ღერძულ) პუნქტებს.

დღევანდელ წერილში ჩვენ მთავარ ყურადღებას დავუთმობთ საჯარო და დამოუკიდებელ (ჩარტერულ) სკოლებს. ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ბევრ ქალაქში ამდენი საჯარო სკოლა იხურება, დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებელია საუბარი ამ პროცესზე ჩარტერული (დამოუკიდებელი) სკოლების გავლენაის შესახებ, საგანმანათლებლო სისტემასა და იმ შედეგებზე, რომლებიც დღეს შეიძლება გაანალიზდეს დამოუკიდებელ სკოლებთან მიმართებით.

ფაქტია, რომ ჩარტერული სკოლების მოძრაობა ნელ-ნელა ცვლის აშშ-ის სასკოლო განათლების სივრცეს. როგორია ეს ცვლილებები? აუმჯობესებს თუ აუარესებს განათლების მდგომარეობას? აღმოჩნდა, რომ ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, საით იყურები და ვის ესაუბრები მათ შესახებ.

2013 წლის 23 თებერვალს „ნიუ-იორკ ტაიმსის” სარედაქტორო სტატიაში აღწერილ იქნა საინტერესო სურათი „უკეთეს ჩარტერულ სკოლებზე ნიუ-იორკში”, თუმცა იმავე სტატიაში ითქვა, რომ „ეროვნული მასშტაბით ჩარტერულმა სასკოლო მოძრაობამ ვერ გაამართლა”. ნინა რისი, „საჯარო სკოლების ეროვნული ალიანსის” (აშშ-ის მასშტაბის არამომგებიანი ორგანიზაცია – ლ. ა.) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, „ნიუ-იორკ ტაიმსის” სტატიას პასუხობს, რომ ჩარტერულმა მოძრაობამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 700-ზე მეტი ახალი სკოლა შეიერთა მილიონამდე მოსწავლით; 610 000-ზე მეტი მოსწავლე აშშ-ში ელოდება თავისუფალ ადგილებს ჩარტერულ სკოლებში ჩასარიცხად; 2009-დან 2013 წლამდე დაიხურა 500-მდე ასეთი სკოლა, რამაც მათი ეფექტურობის სხვადასხვაგვარი შეფასება გამოიწვია; დღეს ქ. ნიუ-ორლეანში (ლუიზიანის შტატი) მოსწავლეთა 75 პროცენტი ჩარტერულ სკოლებში სწავლობს და ქარიშხალ კატრინას შემდეგ საჯარო სკოლებში მოსიარულე მოსწავლეთა რაოდენობა 3-ჯერ (!) შემცირდა.

ამგვარივე თემატიკის სარედაქციო წერილი დაიბეჭდა „ვაშინგტონ პოსტის” 2013 წლის მარტის ნომერშიც. იგი „ცოდნა ძალაა” პროგრამის (Knowledge is Power Program) შესახებ მოუთხრობდა მკითხველს და აღწერდა ეროვნული ჩარტერული სკოლების ქსელის ზრდას. გაზეთში მოყვანილი იყო დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის, „მათემატიკა პოლისი რისერჩის (Mathematica Policy Research)” მიერ 43 ჩარტერულ სკოლაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები – კვლევამ აჩვენა, რომ ამ ტიპის სკოლებში მოსწავლეებს გაცილებით უეკთესი შედეგები ჰქონდათ მათემატიკაში, ფუნდამენტურ მეცნიერებებში, კითხვასა და საზოგადოებრივ დისციპლინებში, ვიდრე ტრადიციული საჯარო სკოლებისას. კვლევამ ისიც დაადასტურა, რომ ეს არ იყო „შერჩევით” შელამაზებული შედეგი, რომელიც მხოლოდ კარგ მოსწავლეებს და მათ შედეგებს აღწერდა – კარგი შედეგები აჩვენებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან მოსულმა მოსწავლეებმაც. „მათემატიკა რისერჩის” ერთ-ერთი მთავარი შედეგი ის გახლდათ, რომ „ცოდნა ძალაა” პროგრამის მიხედვით განსაზღვრული სასწავლო გრაფიკით, ჩარტერული სკოლების მოსწავლეები დღეში საშუალოდ 9 საათს სწავლობდნენ (სასწავლო წლის 192 დღის განმავლობაში), ხოლო საჯარო სკოლებში იგივე მაჩვენებელი დღეში მხოლოდ 6.6 საათს შეადგენდა.

ელექტრონული ჟურნალის, „სქულ ფაინანსის” („სკოლების ფინანსების”) გვერდზე ანალიტიკოსი, რუტგერსის უნივერსიტეტის პროფესორი ბრუს ბეიკერი, ყურადღებას ამახვილებს „მათემატიკა რისერჩის” კვლევის შედეგების სხვაგვარ ინტერპრეტაციაზე. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ ჩარტერული სკოლების პროგრამა „ცოდნა ძალაა” კონცენტრაციას ახდენს არა საქმის „უკეთ კეთებაზე”, არამედ იმავე საგნების უფრო ხანგრძლივ შესწავლაზე. ბეიკერის სიტყვებით, ჩარტერულ სკოლებში ერთ მოსწავლეზე გადათვლილი ხარჯი გაცილებით მაღალია: „ცოდნა ძალაა” პროგრამის ფარგლებში ამ პროგრამით მომუშავე სკოლა, მისი მდებარეობის გათვალისწინებით, ერთ მოსწავლეზე ხარჯავს წელიწადში დაახლ. 4 800-5 000 აშშ დოლარს, რაც საჯარო სკოლებში დახარჯულ სახსრებზე ბევრად მეტია (მაგალითად, 4 300 აშშ დოლარი ნიუ-იორკში და 2,000 დოლარი – ჰიუსტონში).

სტენფორდის უნივერსიტეტის გავლენიან მკვლევართა გამოკვლევამ (CREDO/„კრედო” – ჩარტერული სკოლების ეროვნული კვლევა, 2013)წარმოაჩინა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, რომლებიც ჩარტერული სკოლების მოსწრებაში შეინიშნება – სკოლები, რომლებმაც ძლიერად დაიწყეს, ასევე ძლიერად აგრძელებენ, ხოლო სკოლები, რომლებსაც დაბალი მაჩვენებლებიდან მოუწიათ პროგრამის დაწყება – სუსტად. „კრედოს” ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დაბალი მოსწრების ჩარტერული სკოლების 80%-ის მოსწრება დაბალივე რჩება პროგრამაში მათი მონაწილეობის მეხუთე წელსაც. „კრედო” მოიცავდა როგორც ჩვეულებრივ საჯარო, ისე ჩარტერული სკოლების მმართველორგანიზაციებს (ჩსო). ეს ორგანიზაციები არიან ოპერატორები, რომლებიც მართავენ სამ ან მეტ ჩარტერულ სკოლას.

მოვიყვანთ რამდენიმე საინტერესო დასკვნას კვლევის ანგარიშიდან:

▪ საშუალოდ, ჩსო-ები საშუალო შედეგებს აჩვენებენ. მათი უპირატესობა დამოუკიდებელი ჩარტერული სკოლების მოსწავლეთა მოსწრებასთან შედარებით სტატისტიკურად უმნიშვნელოა.

▪ ჩსო-ები აქვეყნებენ მაღალ შედეგებს ისტორიულად ხელმოკლე მოსწავლეთა ქვეჯგუფების შესახებ.

▪ ჩსო-ების შესახებ რეალობა მათ ხარისხობრივ განსხვავებებში იკვეთება. 167 ჩსო-დან 43% პროცენტში კითხვაში მოსწრების მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ტრადიციულ საჯარო სკოლებში, ჩსო-ების სკოლების მოსწავლეთა 37%-ის მოსწრება მათემატიკაში ისეთივეა, როგორიც ტრადიციულ საჯარო სკოლებში. ჯამში, ეს მაჩვენებელი ყველა ჩარტერული სკოლისათვის 17%-ით უკეთესია ტრადიციულ სკოლებთან შედარებით.

▪ ჩსო-ში გაერთიანებული ახალი სკოლები დამოუკიდებელ (გაერთიანების გარეთ მყოფ) ჩარტერულ სკოლებთან შედარებით უკეთეს მოსწრებას აჩვენებენ, თუმცა საშუალო ჯამური მაჩვენებლებით ორივე ჩამორჩება ტრადიცულ საჯარო სკოლებს.

▪ აღმოჩნდა, რომ „ახალი სკოლის” ცნება (ჩარტერულ სკოლებთან მიმართებით) წლების განმავლობაში სტრუქტურულად არაფრით განსხვავდება „ძველისგან” და პირველი წლის სუსტი მონაცემები ვერაფრით ბათილდება.

„კრედოს” მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გახლდათ 2009 წლის მსგავსი კვლევის ოფიციალური გაგრძელება და კვლევის პრესრელიზში აღინიშნა, რომ „ჩარტერული სკოლები, აშშ-ის 26 შტატის მონაცემებით, უკეთეს მოსწრებას აჩვენებენ”, თუმცა ამ „უკეთესობის” შესახებ საინტერესო მონაცემებს გვთავაზობს მკვლევარი ტომ ლავლესი (ბრუკინგსის მთავრობის კვლევის ინსტიტუტი): „ახალმა კვლევამ (ნაგულისხმებია „კრედოს” ანგარიში) გვიჩვენა, რომ ჩარტერული სკოლები საჯარო სკოლებზე უკეთ მუშაობენ, თუმცა მათი მოსწავლეების უპირატესობა კითხვაში სტატისტიკურად ძალზე უმნიშვნელოა, ხოლო მათემატიკაში ორივე ტიპის სკოლა დაახლოებით ერთ დონეზეა”. საბოლოო შეფასებაში ტომ ლავლესი წერს, რომ „კრედოს” 2009 წლისა და 2013 წლის კვლევების შედეგების შედარებისას ჩარტერულ სკოლებსა და ტრადიციულ საჯარო სკოლებს შორის იმდენად მცირე განსხვავება იქნა აღმოჩენილი, რომ, შეიძლება ითქვას, ორივე სექტორი თითქმის თანაბარ შედეგებს გვაძლევს მოსწრების თვალსაზრისით”.

ზემოთქმულიდან შეიძლება რამდენიმე დასკვნის გამოტანა. პირველი: ჩარტერული, დამოუკიდებელი სკოლები ნამდვილად არ არის განათლების სისტემის ხსნა. ჩვენი აზრით, გამოსავალი საჯარო სკოლების ჩარტერულად გადაკეთებაში კი არა, არამედ ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლობაში უნდა ვეძებოთ, რამაც შესაძლოა უკეთესი შედეგები გამოიღოს სკოლების მოსწავლეთათვის.

2012 წლის დეკემბერში ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა აშშ-ის შვიდ ქალაქს გადასცა 25-მილიონიანი გრანტი „საჯარო და ჩარტერული სკოლების თანამშრომლობისთვის” მოსწავლეთა მოსწრებისა და უკეთესი სწავლის კონცეპტუალური სქემის შესაქმნელად. ნიუ-იორკში (ნიუ-იორკის შტატი) ოთხი საჯარო და ოთხი ჩარტერული სკოლა ერთად იმუშავებს წერა-კითხვის გაუმჯობესების პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც დაეყრდნობა განათლებისა და ძირითადი სასწავლო საგნების ძირეულ სტანდარტებს. დენვერში (კოლორადოს შტატი) მაღალი მოსწრების ჩარტერულ და საჯარო სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ფონდს სადემონსტრაციო პროგრამის გრანტებისთვის. სუსტი შედეგების მქონე სკოლების მასწავლებლებს და ადმინისტრატორებს შეეძლებათ მოინახულონ მაღალი მოსწრების სკოლები და იმუშაონ იქ მენტორებად გარკვეული ხნის განმავლობაში.

გეიტსის ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისკენ და ბავშვების სწავლების ხარისხის ზრდისკენ. ფონდი ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრისთვის მუშაობას. გეიტსის ფონდის მიდგომა ხაზს უსვამს ჭეშმარიტებას, რომ ახალი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს, ხოლო ძველი – უარესს. ფონდის საგრანტო პროგრამა საშუალებას იძლევა, დისკუსია „შენიდან” და „ჩემიდან” „ჩვენის” განზომილებაში გადავიყვანოთ.

„ჰაფინგტონ პოსტი” (აშშ), 2013 წლის 10 სექტემბერი

https://www.huffingtonpost.com

ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

როგორ ვიმუშაოთ ტექსტზე (სამოდელო გაკვეთილი)

0

გაკვეთილის ამ ვარიანტში თემას არ ვცვლით, მაგრამ გთავაზობთ ტექსტის შინაარსის შედარებას რეალურ ამბავთან, ამ შემთხვევაშიმოსწავლის ოჯახის ისტორიასთან.

 

Тема: «Семья и семейные традиции»

Цели урока: ознакомить учеников с материалом («Яи моё ближай­шее окружение»); активизировать уже знакомую лексику и расширить словарный запас по теме урока; развивать устную и письменную речь; обучать учащихся целенаправлен­ному нахождению информации в тексте и её применению в работе.


Стадия вызова (გამოწვევა)

Учитель записывает в центре доски слово семья и просит учеников назватьподходящие к этому слову прилагательные («Какая бывает семья?»).




Когда все предлагаемые учениками слова записаны на доске, учитель задаёт воп­рос: «А какая у вас семья?» (отвечают по желанию) — и объявляет тему урока.

Стадия осмысления (შინაარსის რეალიზება)

შინაარსის რეალიზების სტადიაზე მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს (იხ. დანართი). თუ არის საშუალება, სასურველია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ტექსტის ქსეროასლი, რათა ინდივიდუალურად იმუშაოს მასალაზე მარკირებით (მონიშნოს მსგავსება და განსხვავება). ასეთი საშუალების უქონლობის შემთხვევაში:


·

მოსწავლეები ტექსტის წაკითხვისას რვეულში ამოიწერენ მსგავსებებსა და განსხვავებებს და ამ ჩანაწერებს იყენებენ დიაგრამის შედგენისას;


·

შედარებითი დიაგრამა იგება ტექსტის კითხვის პარალელურად.

მასწავლებელი დაფაზე მიანიშნებს შედარების ძირითად ელემენტებს:


·

ოჯახის საცხოვრებელი ადგილი;


·

ოჯახის წევრები – რაოდენობა (ორი ძმა და ა.შ.), ვინ რას აკეთებს (სად სწავლობს, მუშაობს);


·

შინაური ცხოველები;


·

ვინ რას აკეთებს თავისუფალ დროს.


თუ მასწავლებელი კონკრეტულ კლასში შედარებითი დიაგრამის მეთოდს პირველად იყენებს, ტექსტის კითხვა რეკომენდებულია ხმამაღლა. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქცევინოს მოსწავლეებს საკვანძო სიტყვებისთვის. მოსწავლე მუშაობს უშუალოდ მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ამ მეთოდის გამეორების შემთხვევაში მოსწავლეებს მეტი თავისუფლება (დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება) უნდა მიეცეთ.

Текст для учителя

ტექსტი წარმოდგენილია კომენტარებით, რომლებიც უნდა ამოიღოთ, სანამ მას მოსწავლეებისთვის ამობეჭდავთ. აქ გამუქებულია მხოლოდ ის ფრაზები და სიტყვები, რომლებზეც, ჩვენი აზრით, უნდა გამახვილდეს ყურადღება შედარებითი დიაგრამის მეთოდის გამოყენებისას.

МОЯ СЕМЬЯ – ЭТО СЕМЬ «Я»

С удовольствием расскажу о своей семье, так как считаю, что мне с семьёй крупно повезло. Почему я так считаю? У меня прекрасные родители (многие ученики отметят этот момент как сходство). Заботливые, добрые и особенно не вмешиваются в мои дела (здесь могут возникнуть разные варианты — и сходство, и различие), но всегда помогут советом, «-«если попросишь. Они местные – здесь же, в Санкт-Петербурге (свой город), и родились.

Отец мой по профессии инженер-автоконструктор (профессия своего отца). Он любит технику и всё своё свободное время проводит в мастерской, которую устроил в гараже (многие ученики отметят это как сходство, так как большинство отцов любят проводить свободное время в гараже). Больше всего он любит шутить. У него всегда есть в запасе весёлые случаи, анекдоты, которые он рассказывает нам по вечерам.

Мама у меня детский врач. Она работает в детской больнице (место работы мамы). Очень любит работу и переживает за больных детей. Но она и хозяйка отличная.Она прекрасно готовит.

У меня два брата. Старший брат, Сергей, уже женат. Он и его жена Оля – студен­ты, будущие экономисты. Младший, Виктор, заканчивает в этом году седьмой класс.

Младшая сестра, Татьяна, учится в пятом классе. Я думаю, что она – будущий ветеринар.

Седьмой член нашей семьи – это фокстерьер Джек, которого мы все безумно любим. Кажется, и он нас тоже.

У нас много родственников и друзей, поэтому в доме часто бывают гости. Мы любим принимать гостей – честное слово! И конечно, если ожидаются гости, то мы с мамой обязательно что-нибудь печём. У меня получаются отличные блины, а у мамы – торт «Наполеон». Зато мой папа – специалист по салатам. Особенно он любит француз­ские салаты.

У нас есть семейные традиции и правила:

На заботу отвечай заботой.

Не жди, пока тебе прикажут что-то сделать. Сделай сам! Храни семейные секреты.

Когда кому-нибудь плохо, постарайся вести себя деликатно.

Все имеют право на «своё» время, «своих» друзей, «свои» секреты.

Стадия рефлексии (რეფლექსია)

რეფლექსიის სტადიაზე მასწავლებელი დაფაზე ადგენს შედარებით დიაგრამას მოსწავლეების დახმარებით. თითოეული მოსწავლე კარნახობს თავის ვერსიას.


Семья Марины Общее Наша семья

ტექსტის გარჩევისა და შედარებითი ანალიზის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მონიშნონ ფაქტები, რომლებიც შეიძლება საერთო იყოს ბევრი ოჯახისთვის. მაგალითად:


·

მშობლები და შვილები;


·

შინაური ცხოველები;


·

მეგობრები;


·

ნათესავები;


·

ტრადიციები.

შემდეგ მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ყველა ოჯახს აქვს თავისი ტრადიცია. მოსწავლეები ამოიკითხავენ ტექსტიდან ნაწყვეტებს, რომლებშიც მოთხრობილია ტრადიციებსა და ოჯახის წესებზე. შემდეგ მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას ტრადიციასა და წესების განსხვავებებზე. მოსწავლეებს მოჰყავთ მაგალითები. ბოლოს ავსებენ ცხრილს.

რეკომენდაცია: ცხრილის შევსება შეიძლება სახლშიც (საშინაო დავალება). აქ შესაძლებელია მშობლებთან კონსულტაცია. ე. წ. რეფლექსიის დროს შესაძლებელია ამ თემაზე საუბარი დიაგრამებზე დაყრდნობითა და წინასწარ მომზადებული ოჯახური ფოტოების მიხედვით.

ТРАДИЦИИ

ПРАВИЛА

На Рождество вся семья собирается вместе.

Не жди, пока тебе прикажут что-то сделать. Сделай сам!

საშინაო დავალება: დავალება მოსწავლეების ლექსიკურ მარაგსა და ენის ფლობის დონეზეა დამოკიდებული. მათ შეიძლება მოამზადონ:

·ზეპირი მოხსენება თავიანთი ოჯახების შესახებ;

·თხზულება (ესე) თავიანთი ოჯახების შესახებ;

·კითხვები თანაკლასელების ინტერვიუირებისთვის.

რეკომენდაცია:

ინტერვიუირება დაეხმარება მოსწავლეებს, გაიმეორონ და განიმტკიცონ თემა. მომდევნო გაკვეთილის ჩატარება შეიძლება:

·წყვილებში (ჟურნალისტის ინტერვიუ);

·კითხვებით წრეზე (მოსწავლეები წრეზე სხდებიან, კითხვები ჩამოწერილია ცალკე ფურცლებზე, თითოეული მოსწავლე იღებს ერთ კითხვას და უსვამს ჯგუფის რომელიმე წევრს);

·სახლში მომზადებული კითხვების გაცვლა (დავალება სრულდება წერილობით).




მოსმენის უნარ-ჩვევაზე მუშაობის სავარჯიშოთა ტიპოლოგია

0
ენის სრულყოფილად ათვისებისათვის მოსმენა ლაპარაკთან, კითხვასა და წერასთან ერთად სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. უცხო ენების დიდაქტიკაში მოსმენა გულისხმობს ენის შემსწავლელებში იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელთა მიხედვითაც ისინი მოსმენილი ტექსტისშესასწავლ ენაზე გაგებასა და ამ ტექსტებით მოწოდებული ინფორმაციების ენობრივი და არაენობრივი ქმედებისათვის შემდგომ გამოყენებას შეძლებენ.
 
მოსმენა ლაპარაკთან ერთად წარმოადგენს სამეტყველო აქტივობას და ის პირდაპირი კომუნიკაციისას უცხოენოვანი ინტერაქციის ნაწილია ( მაგ.: მეორე ადამიანთან ლაპარაკი და ა.შ.), ხოლო როგორც დამოუკიდებელი აქტივობა, ის არაპირდაპირ კომუნიკაციაშიიღებს მონაწილეობას (მაგ.: მედიასთან ურთიერთობისას, როგორიცაა რადიო, ტელევიზია და სხვ.).
ზეპირი კომუნიკაცია, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა მოსმენა, შესაძლებელია იყოს სპონტანური ან არასპონტანური,ხოლო მოსასმენი სიტუაციები – ავთენტური (უცხო კულტურის რეალურ კონტექსტში წარმოდგენა) ანარაავთენტური (ენის ათვისების პროცესისათვის დიდაქტიკურად მართული, ხელოვნურად შექმნილი ტექსტები, რომლის ავტორიც არ არის ენის მატარებელი).
უცხო ენის გაკვეთილზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსასმენი ტექსტების შერჩევას. სწორად შერჩეული ტექსტი პირდაპირ კავშირშია გაკვეთილის პროცესის საინტერესოდ და ეფექტიანად წარმართვასთან. ტექსტის შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება ისეთ ტექსტებს, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ენის შემსწავლელთა ინტერესებზეა გათვლილი და ზეპირი ენის სტრუქტურას და მის სპეციფიკურობას ითვალისწინებს (მაგ.: ელიფსები, პაუზები ლაპარაკისას, საუბრის შეწყვეტა, გამეორებები, პარაფრაზები, საუბრისათვის დამახასიათებელი დანაწევრება და სხვ.). აუცილებელია, რომ ახალი ტექსტი შეირჩეს მოსწავლეთა ენის ცოდნის შესაბამისად. დასაწყის საფეხურზე დაშვებულია მარტივი, ადაპტირებული და არაავთენტური მასალით მუშაობა, თუმცა ტექსტის ავთენტურობა შესაძლებლობის მიხედვით ყოველთვის სასურველია (მაგ.: მოკლე ავთენტური დიალოგები; ტექსტები მხოლოდ მთავარი ინფორმაციის გაგებისათვის და ა.შ.); უფრო მაღალ საფეხურებზე საჭიროა მხოლოდ ავთენტური მასალით მუშაობა.
მოსმენის უნარ-ჩვევაზე მუშაობისას გასათვალისწინებელია აგრეთვე ის, თუ რა გვაინტერესებს ამა თუ იმ ტექსტში და რა მიზნით შეგვაქვს ის გაკვეთილზე.
სასწავლო პროცესში, მოსმენის ინტერესებისა და მიზნებიდან გამომდინარე, განასხვავებენ მოსმენის სხვადასხვა სახეს:
Ø მოსმენილი ტექსტის ძირითადი აზრის გაგება (მოსმენილი ტექსტის გლობალურად გაგება, ანუ ტექსტში ძირითადი აზრის გაგება).
მოსმენის ეს სახე არ ითვალისწინებს ყველა სიტყვისა და წინადადების გაგებას! მოსწავლეს ერთი მოსმენით შეუძლია ძირითადი აზრის ამოცნობა.
Ø მოსმენილი ტექსტიდან მხოლოდ საინტერესო ინფორმაციის გაგება (სელექციური გაგება, ანუ ტექსტში მხოლოდ საჭირო ინფორმაციების ამოცნობა).
მოსმენისას მოსწავლის კონცენტრაცია მიმართულია მხოლოდ მისთვის საინტერესო ინფორმაციის გაგებისკენ, რაშიც მას სასიგნალო სიტყვები ეხმარება! ტექსტის დანარჩენ ნაწილს ის გლობალურად იგებს.
Ø მოსმენილი ტექსტის დეტალურად გაგება (ტექსტის დეტალური [სიტყვისა და წინადადების დონეზე] გაგება).
მოსმენისას მოსწავლე ცდილობს, გაიგოს ყველა სიტყვა და წინადადება! ტექსტის ამ მიზნით გაგებაში მოსწავლე ისმენს მას რამდენჯერმე (სასურველია, პაუზებით!).
მოსმენის უნარ-ჩვევაზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია და როგორც პედაგოგებისაგან, ასევე მოსწავლეებისგან დიდ შრომას მოითხოვს. ეს პროცესი მრავალი კომპონენტისაგან შედგება და ამ კომპონენტების გათვალისწინების გარეშე ენის სრულყოფილად ათვისება ვერ მოხდება.
მოსმენა-გაგების პროცესი ხუთ კომპონენტს მოიცავს: აუდიტურს, სემანტიკურს, სინტაქსურს, პრაგმატულსა და კოგნიტურს.
Ø ”აუდიტური” კომპონენტები აკუსტიკური სიგნალებისა და ცალკეული მორფემების, ფონემების, სიტყვებისა და წინადადებების (მათი ინტონაციისა და რიტმის გათვალისწინებით) აღქმას ემსახურება;
Ø სემანტიკური კომპონენტები ლექსემების, სიტყვებისა და სიტყვათშეთანხმებების გაგებას გულისხმობს;
Ø სინტაქსური კომპონენტები ტექსტში ცალკეული წინადადებების ერთმანეთთან დაკავშირებას ემსახურება;
Ø პრაგმატული კომპონენტები კომუნიკაციურ კონტექსტში წინადადებების ფუნქციების დადგენას და, მაშასადამე, სამეტყველო სიტუაციებისა და სამეტყველო ინტენციების ამოცნობას განსაზღვრავს.
Ø კოგნიტური კომპონენტები ტექსტის დამუშავების არსებულ ცოდნასა და განსხვავებული ტექსტის ტიპისა თუ ტექსტში მოცემულ სხვადასხვა სინტაქსურ თუ ლექსიკურ განსაკუთრებულობას ითვალისწინებს.
ჩამოთვლილი კომპონენტების სასწავლო პროცესში გონივრულად შეტანის საფუძველზე მოსწავლე შეძლებს:
Ø პირდაპირ კომუნიკაციაში მონაწილეობას, რაც ითვალისწინებს ნათქვამის გაგებასა და მასზე შესაბამისად რეაგირებას;
Ø არაპირდაპირ კომუნიკაციაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს მოხსენებების ან მედიის მოსმენა-გაგებას, მოსმენილი ტექსტიდან ინფორმაციების ამოღებასა და შეფასებას და სხვ.
მოსმენაზე მუშაობისას გამოყენებულ სავარჯიშოთა ტიპოლოგია მრავალფეროვანია და მათი უმეტესობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ავთენტურ, ასევე არაავთენტურ ტექსტებზე მუშაობისას. აუდიტური, სემანტიკური, სინტაქსური, პრაგმატული და კოგნიტური კომპონენტების მოსმენის პროცესში გათვალისწინებით, მოსმენაზე ორიენტირებული კონკრეტული სავარჯიშოები შემდეგი სახისაა:


v

მოსმენისდისკრიმინაციული და სადიფერენციო სავარჯიშოებისმიზანია ფონემების, მორფემების, სიტყვების, წინადადებათა ნაწილების, წინადადებებს შორის არსებული განსხვავებებისა და საზღვრების სწორად აღქმა-გაგება (აუდიტური კომპონენტი):

სავარჯიშოს მიზანი

სავარჯიშოს ტიპი

მსგავსი ფონემების ერთმანეთისაგან განსხვავება

ალტერნატიული პასუხი

მორფემების ერთმანეთისაგან გარჩევა/განსხვავება, მორფო-სინტაქსური ფორმების ამოცნობა (მაგ.: სიტყვის დაბოლოებებში)

ალტერნატიული პასუხები; გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩასმა

მორფემებს შორის განსხვავებების სმენით აღქმა/პერცეფცია (მსგავსი/განსხვავებული); კვლავ ამოცნობა

სავარაუდო პასუხი

ინტონაციების ერთმანეთისგან განსხვავება ან დეფინიცია (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი წინადადებების აღმავალ-დაღმავალი ინტონაცია)

მრავალი პასუხიდან სწორის ამორჩევა; დაჯგუფება

წინადადების ნაწილების ან საზღვრების (დასაწყისი და ბოლო) ამოცნობა (ინტერპუნქციის აღნიშვნა)

გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩასმა

სხვადასხვა ფონეტიკური პროცესის ამოცნობა (ასიმილაცია, ელიზია, დიალექტური თავისებურებანი)

სელექციური სავარჯიშოები


v

სემანტიკურ სავარჯიშოებში ყურადღება გამახვილებულია ტექსტში აზრის მაკონსტრუირებელ ელემენტებზე, მაგ.: პერსონაჟები, დრო, ადგილი, საკვანძო სიტყვები და სხვ. (სემანტიკური კომპონენტი).

სავარჯიშოს მიზანი

სავარჯიშოს ტიპი

ტექსტში აზრის მაკონსტრუირებელი ელემენტების სმენითი აღქმა (მაგ.: პერსონაჟები, ადგილი, დრო, თემა…)

მრავალი პასუხიდან სწორის ამორჩევა;

კითხვა-პასუხი

ტექსტში აზრობრივი ელემენტების განსხვავებების დადგენა (მაგ.: პერსონაჟთა შორის განსხვავებები…)

დაჯგუფება სურათსა და ტექსტს შორის

აზრობრივი ვარიანტების ამოცნობა (სინონიმები)

სავარაუდო პასუხები, სელექციური სავარჯიშო

სიტყვათა ბუდეების სმენითი აღქმა და დაჯგუფება (საბაზისო სიტყვის მიწოდება)

სელექციური სავარჯიშო

ძირითადი საკვანძო სიტყვების ამოცნობა და მათი თემატური დაჯგუფება

გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩასმა, სელექციური სავარჯიშო

საკვანძო სიტყვების კონტექსტში ამოცნობა

სელექციური სავარჯიშო

კოლოკაციების ამოცნობა (ზმნა/არსებითი სახელი-დაკავშირება)

გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩასმა


v

ტექსტის სტრუქტურაზესამუშაოდ (სინტაქსური კომპონენტი) შემუშავებული სავარჯიშოების მიზანია ტექსტში გამოყენებულ წინადადებათა ნაწილების ან წინადადებების საზღვრების დადგენა, ტექსტის დაყოფა/ტექსტის სტრუქტურირება და არგუმენტირება.

სავარჯიშოს მიზანი

სავარჯიშოს ტიპი

წინადადებების ცალკეულ ნაწილთა ამოცნობა; ორი წინადადების მაკავშირებელი ინტერპუნქციების პოვნა

გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩასმა

ქმედებების ან არგუმენტაციის თანმიმდევრობის ამოცნობა (სურათებისა და წინადადებების დაჯგუფება)

დასაჯგუფებელი სავარჯიშოები

საკვანძო წინადადებების გამოყოფა (სუბიექტი/შემასმენელი/ობიექტი)

სელექციური სავარჯიშო

კოლოკაციების ამოცნობა (სახელი/ზმნა-დაკავშირება)

გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩასმა

ტექსტის ნაწილებად დაყოფა

სელექციური სავარჯიშო

ტექსტის აგებისა და არგუმენტაციების სტრუქტურის გადამოწმება (ტექსტში შემაკავშირებელი ადგილების მონიშვნა/ხაზგასმა)

სელექციური სავარჯიშო



v


სავარჯიშოები სიტუაციისა და ინტენციის განსასაზღვრად (პრაგმატული კომპონენტი)

სავარჯიშოს მიზანი

სავარჯიშოს ტიპი

ენობრივი ინტენციის ამოცნობა და განსხვავებების დადგენა (თხრობა, კითხვა, თხოვნა…)

მრავალი პასუხიდან სწორის ამორჩევა; სელექციური სავარჯიშო

ლაპარაკის ტემპის დადგენა (ტემპის სისტემა და ტემპის ცვლილებები ტექსტში)

სელექციური სავარჯიშო

საკომუნიკაციო ნიშნების ამოცნობა (მოსაუბრის სამეტყველო ნიშნები, ტექსტის ხმების ნიშნები, ტექსტის დაყოფის სიგნალები)

გამოტოვებულ ადგილას სიტყვების ჩასმა

ენის ცოდნის დონის დეფინიცია (სალიტერატურო ენა, სტანდარტული ენა, ფამილარული სტილი…)

სელექციური სავარჯიშო


v

სავარჯიშოები სალაპარაკო ენისათვის დამახასიათებელ კომპეტენციაზე/ცოდნაზე (კოგნიტური კომპონენტი)

სავარჯიშოს მიზანი

სავარჯიშოს ტიპი

სალაპარაკო ენისათვის დამახასიათებელი სტრუქტურული ნიშნები (ლაპარაკის გაწყვეტა, ლაპარაკისას გამეორებები, სიტყვების წყობა…)

სელექციური სავარჯიშო ტრანსკრიფციის გამოყენებით, ტრანსკრიფციაზე სამუშაო სავარჯიშო

სალაპარაკო ენის ლექსიკური მახასიათებლების სმენითი აღქმა (შორისდებულები, ტექსტის დაყოფის სიგნალები…)

გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩასმა (სიტუაციისა და ინტენციის განსაზღვრა…)

სალაპარაკო და სამწერლობო ენებს შორის განსხვავებები (დაწერილი და ზეპირად წარმოთქმული ტექტების შედარება)

სელექციური სავარჯიშოები

მოსმენაზე ვარჯიშისას სწორად შერჩეულ ტექსტთან და სავარჯიშოებთან ერთად აუცილებელია სასწავლო გარემოს შესაბამისად ორგანიზება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ტექნიკური საშუალებებით მის სრულყოფილ აღჭურვას ითვალისწინებს. სახელმძღვანელოებში მოცემული თუ მასწავლებლის მიერ შერჩეული მოსასმენი მასალა შესაძლებელია ყოველთვის არ იყოს ავთენტური (განსაკუთრებით დასაწყის საფეხურზე!), მაგრამ ნებისმიერ მოსასმენ ტექსტზე მუშაობა ჩანაწერის მოსმენის გარეშე არაეფექტურ შედეგს იძლევა და ენის შესწავლაც სათანადოდ ვერ ხერხდება. მოსწავლის მიერ ენის სრულყოფილად დაუფლებაზე კი მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, თუ ის სრულყოფილად ფლობს ოთხივე სამეტყველო უნარ-ჩვევას (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) და მიღებული ცოდნის ნებისმიერ სიტუაციაში ადეკვატურად გამოყენება შეუძლია.

ოჯახური გენეალოგია როგორც უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო

0
ბაბუაჩემის მამა, საბერძნეთიდან იმერეთში ემიგრირებული გზის ოსტატი, 1937 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა. დიდ ბაბუას ექვსი შვილი და მკერავი ცოლი დარჩა, რომელსაც მძიმე ტვირთად დააწვა, ერთი მხრივ, დიდი ოჯახის რჩენა, მეორე მხრივ კი „ხალხის მტრად” შერაცხულ და უკვალოდ გამქრალ მეუღლეზე დარდი. ბაბუაჩემმა, ჯერ კიდევ ბავშვმა, სწავლას თავი დაანება და მძიმე ჯაფას შეუდგა ოჯახის დასახმარებლად. სიცოცხლის ბოლომდე მუხლჩაუხრელად შრომობდა; დაღლილი და წელში მოხრილი, მხოლოდ ზამთრის გრძელ ღამეებში იხსენებდა ხოლმე მამას და ამბობდა: ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე წვალება არ მომიწევდა, აუცილებლად ექიმი გამოვიდოდიო. ბაბუამ 80 წელზე მეტხანს იცოცხლა. სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ სტალინი კარგი კაცი იყო, მისი ოჯახი კი ვიღაც სხვებმა გაწირეს.

დედაჩემის მეგობარი 9 აპრილს მოიწამლა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ამბავი დედამ რომელიღაც გაზეთში დაბეჭდილი ნეკროლოგიდან გაიგო კარგა ხნის შემდეგ, ერთ ცივ და უშუქო ღამეს. მკვეთრ კადრად ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორ ტიროდა და ბრაზობდა ვიღაცებზე, ვინც მისი მეგობარი და სხვები სასიკვდილოდ გაიმეტა, ვისაც ახალგაზრდების სიცოცხლე არ ადარდებდა.

მამაჩემის მამა, ახალცოლშერთული ჭაბუკი, ხევსურეთიდან აყარეს და სადღაც, კახეთში გადაასახლეს. ამ ამბავს ბებიაჩემი ჰყვებოდა ხოლმე – შირაქს რომ გაგვხიზნესო, ასე იწყებდა. კომუნისტებმა 50-იან წლებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საბაბით ბევრი ოჯახი აყარეს მთიდან და ბარში ჩაასახლეს. გადასახლებულებს ახალ პირობებთან შეჩვევა ძალიან გაუჭირდათ; მოხუცები იხოცებოდნენ, ახალგაზრდები საქმეს ვერ პოულობდნენ… ბაბუა მალევე დაუბრუნდა თავის სოფელს და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა. მოგვიანებით, როცა მე დაცლილ მთაზე ჯავრი დავიწყე, მამამ ამიხსნა, ეს უკაცური სოფლები სწორედ იმ გადასახლებათა შედეგიაო.

ასეც ხდება – ამბებს იმაზე ადრე იგებ, ვიდრე ამ ამბების მნიშვნელობას და ისტორიულ კონტექსტს. სამივე ეს ამბავი იმ ასაკიდან მახსოვს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა „საბჭოთა კავშირი”, „რეპრესიები”, „იძულებითი მიგრაცია”, „რეაბილიტაცია”, „ეროვნული მოძრაობა”… იმ ადრეული ბავშვობიდან მომყვება ჩვევა, ამბები კონკრეტულ ადამიანებთან გავაიგივო. ერთი მხრივ, კარგია – უკეთესად აღვიქვამ მომხდარს, მეორე მხრივ კი მძიმე – როცა ფაქტის უკან ვისიმე რეალური ისტორია, ბედნიერება ან უბედურება დგას, უფრო მტკივნეული ხდება მომხდარი. მაგალითად, აგვისტოს ომის ხსენებისას სულ ჩემი გორელი დეიდაშვილები მიდგებიან თვალწინ, პატარა ბავშვებით და ორად ორი კაბით რომ გამოექცნენ ბომბებს თბილისში, და გული მეწურება.

ერთ ამბავს ერთ ადამიანთან ვაიგივებდი, სანამ ერთი 82 წლის ბაბუა არ გავიცანი, რომელმაც მიმახვედრა, რომ ზოგჯერ ცხოვრება იმაზე უფრო დაუნდობელია, ვიდრე წარმოიდგენ, იმაზე მძიმე, ვიდრე ატანა შეიძლება და იმაზე მეტ ქარცეცხლს გადაგატარებს ზურგზე, ვიდრე ოდესმე იფიქრებდი. გიორგი ზვიადაური იმ ხევსურთაგანია, კომუნისტებმა 50-იან წლებში კახეთში რომ გადაასახლეს. მამამისს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ბარში, სადაც თვითმფრინავების გუგუნი უფრო მეტად ისმოდა და მეტი ხალხი ირეოდა, ვერ გაუძლია – სულ ომი ესიზმრებოდა და ვერ ისვენებდა, მთაში დაბრუნებას მთხოვდაო. ასე დასახლდა გიორგი პაპა ანანურის ზემოთ, სოფელ ვეძათხევში, სხვა ხევსურებთან ერთად.

ვეძათხევი ერთი შეხედვით კი ჩანდა კარგი, მაგრამ წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეწყერსაშიში ზონა იყო, მცოცავი ქანები სახლებს ვერ იჭერდა. ხევსურებიც დანგრეული ქვითკირის სახლებიდან ნელ-ნელა საკუთარი ხელით შეკოწიწებულ ქოხმახებში გადასახლდნენ, რომელთა კედლები ქარს ვერ აკავებს, ჭერი კი წვიმას.

კარგი ცოლი მყავდა, სხვებს არ ჰგავდა, ჭკვიანი ქალი იყო, ლამაზი, ჭორაობა არ უყვარდა, ბავშვებს კარგად უვლიდაო, მიყვებოდა გიორგი პაპა და თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ შავ-თეთრ ფოტოს მაჩვენებდა. ფოტოზე თავსაფრიანი, სახედანაოჭებული ქალი იყო აღბეჭდილი. ეს ქალი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა – გაუსაძლის პირობებში ფილტვები დაუავადდა და ვერ გადაარჩინეს. თავს ვერ ვპატიობ – წესიერ სახლში რომ გვეცხოვრა, ეს ხომ არ დაგვემართებოდა, ხომ ისევ ერთად ვიქნებოდითო, გიორგი პაპამ, რომელიც ზის და იმაზე ფიქრობს, როგორ მოშორდეს ამ დანგრეულ სოფელს, რომლის ბედიც დედამიწის ზურგზე არავის ადარდებს. გოგოსთან წავიდოდი, მაგრამ ისიც ლტოლვილიაო და ახლა ქალიშვილის ამბის მოყოლას იწყებს, რომლის ქმარიც 2008 წელს ომში დაჭრილა და რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაცვლილა. სვანი იყო ჩემი სიძე, მამამისი აფხაზეთში იბრძოდა; მთელი ოჯახი ეგეთი ჰყავდა, მებრძოლიო.

ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ ისტორიის სახელმძღვანელოები ზოგჯერ აზრს კარგავს; საკმარისია, ერთ ასეთ ადამიანს იცნობდე, რომ თვალნათლივ დაინახო, რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ 100 წლის განმავლობაში, როგორ აისახება ქვეყნის უბედურება ადამიანების ბედზე და რა მნიშვნელოვანია, სწორად დაარქვა სახელები მოვლენებს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ მოგივიდეს.

გიორგი პაპას ამბავმა გული დამიმძიმა. ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ახლაც, როცა მე ამ წერილს ვწერ, ის ჩაცმული, ძველმანებმიფარებული წევს თავისივე შეკოწიწებულ ქოხში, სადაც ოთხივე მხრიდან ქარი უბერავს, და გვერდით ცოლის სურათი უდევს, მე კი არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ მოგიყვეთ, რა მძიმეა გულგრილ მმართველთა ხელში ადამიანების ბედი. მაგრამ იმისთვის კი არა, რომ სიბრალული გავაღვიძო თქვენში, არამედ იმისთვის, რომ გაჩვენოთ – ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოები; ზოგჯერ პიროვნების მაგალითზე უკეთ ჩანს ამა თუ იმ მოვლენის მასშტაბი, ვიდრე თარიღებსა და ლოკაციებზე განაწილებულ მშრალ ფაქტებში. ამიტომ უამბეთ თქვენს მოსწავლეებს არა მხოლოდ მეფეების, მწერლების, მთავარსარდლებისა და დიდი გამომგონებლების ამბები, არამედ იმ ხალხისაც, ჩვენ გვერდით რომ ცხოვრობს; სთხოვეთ მათაც, გაიხსენონ გამორჩეული ისტორიები და თუ ვერაფერი გაიხსენეს, უთხარით, რომ ასეთი ამბებით სავსეა სამყარო, მთავარია, მოსმენა და გაგება შეგვეძლოს.

თალ ბენ-შახარისასარგებლოა თუ არა ბავშვის კონტროლი

0
რით არის საშიში ქება და კრიტიკა
პერფექციონისტებად არ იბადებიან – ასეთები ხდებიან სკოლასა და ოჯახში, სადაც არავინ გაძლევს შეცდომის უფლებას და შენ ირგვლივ მყოფმა ზრდასრულმა ადამიანებმა ყოველთვის ყველაზე უკეთ იციან, როგორ მოიქცნენ, – ამგვარი დასკვნა გამოაქვს თალ ბენ-შახარს თავის ცნობილ წიგნში „პერფექციონისტის პარადოქსი”.
ღარიბი მდიდრები
განსაზღვრული პარადოქსები, რომლებსაც შეიძლება წავაწყდეთ მდიდარი ოჯახებიდან გამოსულ მოსწავლეებთან, კარგი გაკვეთილია, საზოგადოდ, განათლებასთან მიმართებით. მატერიალურად უზრუნველყოფილი ბავშვები ხშირად შინაგანად ღარიბდებიან. სტატისტიკურად ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილი მსუბუქი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენებისკენ, დეპრესიისკენ. ფსიქოლოგმა სუნია ლუტარმა კოლეგებთან ერთად გამოიკვლია ე.წ. ღარიბი მდიდრების ფენომენი და გამოავლინა ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიც ამას განაპირობებს: წარმატების აუცილებლობა და იზოლაციის განცდა, – ხოლო თანმხლები ფაქტორი, რომელსაც გაკვრით განიხილავს ლუტარი, არის მშობლებისა და მასწავლებლების ზედმეტი ჩართულობა ამ ბავშვების ცხოვრებაში.

მდიდარი მშობლები შვილებს ხშირად გზავნიან კერძო ან საუკეთესო სახელმწიფო სკოლებში, რომლებიც აკადემიურ წარმატებაზე არიან კონცენტრირებული და საუკეთესო მოსწავლეთა სიებსაც კი აწარმოებენ. მერე ისინი პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებებში აბარებენ.

ამრიგად, ასეთი ბავშვები განიცდიან ძლიერ წნეხს, რომელიც მათ კარგად სწავლას აიძულებს. ამ წრეში არცთუ დიდი ყურადღება ეთმობა სწავლისგან სიამოვნების მიღებას და საკუთარ შეცდომებზე სწავლას. ცხადია, ეს არის უმოკლესი გზა მიზნის მისაღწევად. ისმის კითხვა: რომელი მოსწავლე უფრო ადვილად ჩააბარებს პრესტიჟულ უნივერსიტეტში – ის, ვინც თავისით მოქმედებას ცდილობდა და ამის გამო ხშირად ხელიც  მოსცარვია, ის, ვინც ცდილობდა გაეგო, რა აინტერესებდა სინამდვილეში თუ ის, ვისაც მხოლოდ უმწიკვლო ატესტატი აქვს? უნივერსიტეტები ამ უკანასკნელთ იშვიათად ამჯობინებენ – მათთვის ხომ გაზომვადი შედეგია მნიშვნელოვანი.

მაგრამ მხოლოდ ბავშვები როდი განიცდიან ასეთ წნეხს – ნაწილობრივ ასეთივე აღზრდის პროდუქტები არიან მათი მშობლებიც, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს სამუშაოს უთმობენ და ხშირად – იძულებით.

ამგვარ მშობლებს ცოტა დრო და ენერგია რჩებათ შვილებისთვის, რის გამოც ეს უკანასკნელნი თავს მარტოსულებად გრძნობენ. მშობლების მხარდაჭერას მოკლებული ასეთი ბავშვები ნაკლებად მომზადებული ხვდებიან სტრესის მომგვრელ სიტუაციებს და თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეებს.

კრიტიკა და ქება – ერთიც ცუდია და მეორეც

შესაძლოა, ასევე საზიანო აღმოჩნდეს მშობლების მხრივ ბავშვის ცხოვრებაში ზედმეტი მონაწილეობა. თუ, მაგალითად, გოგონა განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებენ და გამუდმებით აძლევენ მითითებებს, მსითვის ერთადერთ გამოსავლად იქცევა მოკლე და მოხერხებული გზა, ანუ საქმის მიფუჩეჩება – აი, ეს არის გაკვეთილი, რომელსაც გოგონა იღებს. მშობლის მხრივ ამ გზიდან არავითარი გადახვევა არ დაიშვება. დროთა განმავლობაში ბავშვში იღვიძებს ხმა, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებს და გოგონას ის მაშინაც კი ჩაესმის, როდესაც მშობლები გვერდით არ ჰყავს.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები ცდილობენ, მკაფიო მითითებებით დააჩქარონ ბავშვის განვითარება. ბოლოს და ბოლოს, რატომ არ შეიძლება, მშობელი, რომელიც შვილზე გამოცდილია, ამ უკანასკნელს შეცდომების თავიდან აცილებაში დაეხმაროს? მაგრამ ხშირად ეს სრულიად ზედმეტია. ბავშვებს აუცილებლად უნდა დავრთოთ მათთვის უცნობ სამყაროში დამოუკიდებლად შესვლის ნება, მაშინაც კი, როდესაც ჩიხი გარდაუვალია. პერფექციონისტული მიდრეკილებების მქონე მშობლებს უჭირთ, თავი დაანებონ შვილის ყოველი ნაბიჯის კონტროლს, ამგვარი მოპყრობა კი ბავშვის განვითარებას აფერხებს. ვიდრე ბავშვი უსაფრთხო გარემოშია, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საკუთარი, თუნდაც არასრულყოფილი გადაწყვეტილებები, განიცადოს მარცხის სიმწარე, შემეცნების სიხარული და წარმატებით გამოწვეული ბედნიერება.

ზედმეტი ქება ისევე ვნებს ბავშვს, როგორიც ზედმეტი კრიტიკა. ფსიქოლოგთა რჩევით, ზოგიერთი მშობელი ცდილობს, დაეხმაროს შვილს დადებითი განწყობის შენარჩუნებაში, როდესაც ის სწორად იქცევა. მაგრამ ბავშვის ცხოვრებაში ისეთი მომენტებიც უნდა იყოს, როდესაც მას არც კრიტიკა ესმის და არც ქება. არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს ის სწავლით არის დაკავებული თუ უბრალოდ ერთობა.

ლუტარმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლისა და მსუბუქი ნარკოტიკისებისადმი სწრაფვის, ასევე სტრესების ძირითადი მიზეზი სოციალურად უზრუნველყოფილ მოსწავლეებში – როგორც გოგონებში, ისე ვაჟებშიც –  იყო „მშობლების მკაფიო კრიტიკა და სკოლის მიღმა მეთვალყურეობის არარსებობა”. ერთი მხრივ, მშობლების უმეტესობა შვილების ცხოვრებაში დღეს აშკარად არასაკმარისად მონაწილეობს; მეორე მხრივ, იმ მცირე ხნის განმავლობაში, რომელსაც მშობლები შვილებთან ატარებენ, ისინი იჩენენ ზედმეტ მზრუნველობასა და შეშფოთებას, ზომაზე მეტად ცდილობენ შვილების ცხოვრებაში ჩარევას, ამას კი არცთუ პოზიტიურ შედეგებამდე მივყავართ.

ბავშვობიდან პერფექციონისტები?

გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა ოჯახში, სადაც უფროსი შვილები ჰყავთ, კვლევის ავტორებს დამატებითი წარმოდგენა შეუქმნა ზედმეტ ყურადღებასა და ყურადღების დეფიციტს შორის არსებულ ოქროს შუალედზე. უფროს შვილს, დიდი ალბათობით, ნიჭიერად მიიჩნევენ და მართლაც, სტუდენტების განუზომლად დიდი წილი პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უფროსი შვილია. ეს ნაწილობრივ იმითაც არსი განპირობებული, რომ უფროს შვილებს მშობლები მეტ დროსა და ყურადღებას უთმობენ.

თუმცა სავსებით შესაძლებელია ისიც, და-ძმისგან განსხვავებით, უფროსი შვილი პერფექციონისტად იქცეს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ცხოვრებაში მშობელთა კრიტიკისგან თავისუფალი სულ უფრო ნაკლები დრო აქვს. უნდა ითქვას, რომ მშობლების უყურადღებობას ვერ გაამართლებს შვილისთვის სამანევრო სივრცის მიცემის აუცილებლობა. თუ ოქროს შუალედის შესახებ არისტოტელეს სწავლების პერიფრაზირებას მოვახდენთ, ყველაფრის თავიდათავი ის არის, რომ მშობელმა შვილისადმი ინტერესი გამოხატოს სათანადო დროს, სათანადო ფორმით და სათანადო მოტივით.
რასაკვირველია, ყველა მშობელმა იცის, რომ ასეთი რჩევების მიცემა ადვილია, შესრულება კი ძნელი. ოქროს შუალედის პრაქტიკაში განხორციელების მარტივ მაგალითს ვიპოვით, მაგალითად, მონტესორის სკოლებში. საკლასო მეცადინეობის მიზანი, მონტესორის მეთოდიკის მიხედვით, მოსწავლეებისთვის „სტრუქტურირებულ გარემოში თავისუფლების სულის გაღვივებაა”. ინტერესის ნაკლებობა – ეს არის თავისუფლება, რომელსაც სტრუქტურა და საზღვარი არ გააჩნია; ზედმეტი ინტერესი კი სტრუქტურა ანუ საზღვრებია, რომელთა შიგნით თავისუფლება არ არის.

მონტესორის სკოლებში მასწავლებლის მიერ მოსწავლის საქმიანობაში ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. მასწავლებელი უბრალოდ ქმნის უსაფრთხო გარემოს, რომელიც შეესატყვისება ბავშვის ასაკს. ასეთ გარემოში ბავშვს სრული თავისუფლება ენიჭება.

მიხეილ ჩიკსენთმიჰეიმ კევინ რატუნდთან ერთად განახორციელა კვლევა, რომელშიც ტრადიციული სკოლები მონტესორის სკოლებთან არის შედარებული. მათი დასკვნის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის გახლავთ, რომ ტრადიციული სკოლების მოსწავლეები დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ გაკვეთილის მოსმენასა და ჩაწერაში, ანუ დაკავებული არიან ე.წ. მაღალსტრუქტურირებული საქმიანობით, მონტესორის სკოლის მოსწავლეები კი, პირიქით, უმეტეს დროს ხარჯავენ დამოუკიდებელ პროექტებში, რომლებსაც ინდივიდუალური ან ჯგუფური ხასიათი აქვს. ამ სახის საქმიანობა გულისხმობს თავისუფლებისა და ორგანიზებულობის შერწყმას. შემთხვევითი არ არის, რომ მონტესორის სკოლის მოსწავლეები მეტად კეთილგანწყობილნი არიან თანაკლასელების, მასწავლებლებისა და, საზოგადოდ, სკოლის მიმართ. ისინი უფრო აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ღონისძიებებში, უფრო ენერგიულები არიან და შინაგანი მოტივაციის მაღალ დონეს წარმოაჩენენ.

ახლა კი დავფიქრდეთ: ვუქმნით თუ არა სწავლისთვის ხელსაყრელ გარემოს ბავშვებს? გარემოს, რომელშიც, ერთი მხრივ, სულ უფრო ნაკლებად ისმის ჩვენი, უფროსების კრიტიკა მათი მისამართით, მეორე მხრივ კი ბავშვის ცხოვრებაში ზომიერად ვერევით?

წიგნიდან „პერფექციონისტის პარადოქსი”

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

მეტამორფოზის საიდუმლო კლასის გამოუსწორებელი მაჩანჩალასგან ანუ დანიელ პენაკი

0
იშვიათია ავტორი, სწავლების მეთოდებზე, მიდგომებზე, სასწავლო პროცესის პრობლემებზე „იზმების”, რთული ქვეწყობილი წინადადებებისა და პროფესიულ ლექსიკონში დასაძებნი ტერმინების გარეშე რომ წერდეს. მეტიც: არასოდეს წამიკითხავს სიამოვნებით სასწავლო მეთოდების სახელმძღვანელოები. ამ მხრივ დანიელ პენაკის „სკოლის სევდა” უიშვიათესი გამონაკლისია. სათაური გაუწყებს, რომ რომანის კითხვას იწყებ, მაგრამ დასასრულისკენ ხვდები: რომანივით შეფუთული სასწავლო მეთოდები „შემოგატყუეს”, მარტივი, ადამიანური ენით დაწერილი და საინტერესო თავგადასავლებით სავსე.
პენაკის „სკოლის სევდა” მათთვისაა, ვისაც სკოლასა და, საერთოდ, ბავშვებთან რაიმე კავშირი აქვს, მათთვისაც, ვინც ოდესმე ოროსანი და კლასის მაჩანჩალა ყოფილა და მათთვისაც, ვინც ასეთებს ცხვირს უბზუებდა.
წიგნი ჩამორჩენილი მოსწავლის გულისმომკვლელ განცდებსა და ჯადოქრობაზეა – იმაზე, როგორ უნდა აიგლიჯო საბედისწერო იარლიყი, რომელიც საზოგადოებამ მოგაკრა, რა განაპირობებს სასიკეთო ძვრებს, რომლებიც ადამიანს დროსა და სივრცეში საკუთარ თავს აპოვნინებს და სასიცოცხლო ძალების საბადოს მიაგნებინებს მაშინ, როდესაც ყველასათვის იგი უმომავლო, მაჩანჩალა მოსწავლეა; როგორ უნდა აღდგე ფენიქსივით ფერფლიდან და კლასის ოროსნისგან საუკეთესო მასწავლებლად და კარგ მწერლად იქცე. მთელი წიგნი ამ და სხვა კითხვებზე ვრცელი პასუხია.
კლასში ყოველთვის არის ერთი მოსწავლე მაინც, რომელსაც გამუდმებით ეფანტება გონება, ავიწყდება ყველაფერი და რომლის ინდიფერენტულობასა და სიზარმაცეს ვერც საინტერესო სასწავლო გარემო შველის, ვერც მშობლებისა და მასწავლებლების ძალისხმევა. ყველაზე წარმატებულ მასწავლებლებლებსაც კი ჰყავთ „მოუდრეკელი”, „ამოუხსნელი” მოსწავლეები, რომლებსაც გულის სიღრმეში თავიანთი პროფესიული მარცხის მაგალითად მიიჩნევენ.
არადა, სიზარმაცე და სწავლისადმი გულგრილობა შეიძლება უამრავი ფსიქოლოგიური ფაქტორით იყოს გამოწვეული. ეყოფა თუ არა მასწავლებელს ნებისყოფა,  იპოვოს პასუხი კითხვაზე „რატომ?” დანიელ პენაკი მიიჩნევს, რომ აქ უმთავრეს როლს სიყვარული ასრულებს – ფენომენი, რომელიც პენაკისდროინდელ სასკოლო სივრცეში ტაბუდადებული და იგნორირებული იყო.
სასწავლო პროცესისადმი შიშის მიზეზი შესაძლოა სტრესი და, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფანტაზიებიც კი იყოს: დანიელ პენაკი, მაგალითად, თამაშის დროს ქალაქის დიდ ნაგავსაყრელში ჩავარდა, რამდენიმე საათი ფართხალებდა უზარმაზარ სანარცხე ორმოში, სანამ შემთხვევით არ მიაგნეს და ამოიყვანეს. მერე სეფსისით დაავადდა და ორი თვე მკურნალობდნენ. ამ ამბების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული, ხშირად გრძნობდა თავს სანაგვე ორმოში მოსროლილ ნარჩენად, ყოველი გაკვეთილის ახალი თემა კი იმ საზარელ, ძალით საჩხვლეტ ნემსებად ეჩვენებოდა, მედდები რომ მთელი ორი თვე უკეთებდნენ. მთავრული ასოებისადმი უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა: „მეჩვენებოდა, რომ განზრახ, ჩვენი ურთიერთობისთვის ხელის შესაშლელად იდგნენ ჩემსა და საკუთარ სახელებს შორის, დიდი ასოთი დაწყებული ნებისმიერი სიტყვა იმთავითვე დასავიწყებლად იყო განწირული: ქალაქები, მდინარეები, ომები, გმირები, ხელშეკრულებები, პოეტები, გალაქტიკები, თეორემები რიგრიგობით იშლებოდნენ მეხსიერებიდან ერთადერთი ნიშნით – ნებისყოფის მტრით, დიდი ასოთი იწყებოდნენ. „სდექ! – ყვიროდა დიდი ასო – აქეთ არ შეიძლება! ეს საკუთარი სახელია და კრეტინებისთვის შემოსვლა აკრძალულია!”
სიზარმაცე ხანდახან პროტესტის ფორმაა სწავლის თავს მოხვეული პროცესის მიმართ, ან უბრალოდ წინასწარ გაწერილი ცხოვრება (სკოლა, უნივერსიტეტი, ოჯახი, სამსახური) უინტერესოა ბავშვისთვის, რომელსაც სიახლეები, აღმოჩენები სჭირდება და სულაც არ იზიდავს უფროსების უწყვეტი ჩიჩინი „სოციალური დარვინიზმის” საფეხურების შესახებ (გული არ გიღონდებოდათ ბავშვობაში, თქვენი უღრუბლო მომავლის თაობაზე მშობლების გეგმებს რომ მოჰკრავდით ხოლმე ყურს?). იქნებ სწორედ ამ პროტესტში ჩანს მეამბოხე სულის გენიალურობა „დიპლომიანი წინაპრების შთამომავალი, პირდაპირ სოციალურად ვიყავი დაპროგრამებული, გვარის მშვენება და სიამაყე გავმხდარიყავი: თავდაპირველად – პოლიტექნიკური ან პედაგოგიური ინსტიტუტი, მერე, რა თქმა უნდა – ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა; იქვე კიდევ რამე უნდა ყოფილიყო, სამინისტროზე არანაკლები; უნდა გამეგრძელებინა იღბლიანი ქორწინებით და მეჩინა ბავშვები, რომლებსაც აკვნშივე გადავუწყვეტდით ლუდოვიკო დიდის ლიცეუმში სწავლას. ბანალურზე ბანალური სოციალური დარვინიზმი! ელიტის წარმოება…”
თუ გვსურს, მოსწავლეებმა რეალობა შეიგრძნონ და თავისუფლად გამოამჟღავნონ შესაძლებლობები, არ უნდა ვაყვედრიდეთ წარსულის შეცდომებს და არ უნდა ვაშინებდეთ მომავლით.
მოსწავლეს, რომელსაც არ ესმის ის, რაც მის ირგვლივ ყველასთვის გასაგებია, სირცხვილი წვავს. განუზომელია მისი მარტოობა ამ ყოვლისმცოდნეთა სამყაროში. მხოლოდ ჩვენ, მასწავლებლებს, შეგვიძლია ამ ტყვეობიდან მათი დახსნა, – ასე მიაჩნია დანიელ პენაკს, – „ერთი უშინაარსო სასწავლო წელი ხომ მინის ქილაში გატარებულ მარადისობას უდრის”.
ყველა მოსწავლე საკუთარ ინსტრუმენტზე უკრავს, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული, როგორ შექმნის ჰარმონიულ მუსიკას ამ ნაირ-ნაირი ინსტრუმენტებისგან. კარგი კლასი ორკესტრია, რომელიც სიმფონიას ასრულებს და თუ ორკესტრში სამკუთხედი გყავთ, რომელსაც მხოლოდ „დინ-დინის” გამოცემა შეუძლია, მთავარია, ის დროულად აჰყვეს სხვა ინსტრუმენტებს და რაც შეიძლება უკეთესად ჟღერდეს. ბოლოს და ბოლოს, სამკუთხედსაც შეაქვს წვლილი მუსიკის სრულყოფაში. პრობლემა ის არის, რომ ხანდახან მასწავლებლები არწმუნებენ მოსწავლეებს, თითქოს მხოლოდ პირველი ვიოლინოები იყვნენ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები ამქვეყნად.
პენაკი „სკოლის სევდაში” მოდაზეც წერს, როგორც ახალგაზრდების თავშესაფარზე; წერს სამოცდაათიანი წლების იროკეზებიან მოსწავლეებზე, ოთხმოციანების პანკებსა და გოთებზე, ოთხმოცდაათიანების ნეოჰიპებზე, ინფექციასავით სწრაფად რომ ეყრებოდათ სამოსის, მუსიკის, საკვების, თამაშებისა თუ ელექტროტექნიკის მოდა, წერს მომხმარებელთა საზოგადოების ყველაზე აქტიურ წევრებზე – ახალგაზრდებზე, რომლებსაც ცოცხალ, მოსიარულე რეკლამებად იყენებენ ბრენდები და მოდური მარკები, „ბრენდის სამოსი იგივე უნიფორმაა, რომელიც ცოცხალ რეკლამად გაქცევთ, თითქოს მაღაზიის მანეკენები იყოთ”. დანიელ პენაკი ბავშვობაში ნანახ ადამიან-რეკლამას იხსენებს, ასაკოვან ძიას – მოსიარულე ბუტერბროდს, მისი სახლის პირდაპირ, სარეკლამო ბანერების ფონზე რომ იდგა და რომელიღაც ფირმის მდოგვს ასხამდა ხოტბას. „თქვენს თავსაც იგივე ხდება, – ეუბნება პენაკი მოსწავლეებს, – და საერთოდაც, მგონია, რომ რა ძვირფასი სამოსიც უნდა გეცვათ, ნებისმიერი თქვენგანი უფრო ფასეულია”. ამის შემდეგ კლასში იწყებოდა კამათი ფასებზე, მერე კი – ფასეულობებზე, ოღონდ არა საბაზრო, არამედ სხვა, მარადიულ ფასეულობებზე. 
ჩვენს ეპოქაში ბაზარი ცდილობს, ბავშვი სრულუფლებიან და დამოუკიდებელ კლიენტად აქციოს. კლიენტი-ბავშვი კი, რომელიც უზრუნველყოფილია ყოფა-ცხოვრების ყველა აუცილებელი ელემენტით – სამოსით, საკვებით, ტექნიკით, ტრანსპორტით, ისეთივე მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს, როგორსაც მისი მშობლები. კლიენტი-ბავშვი ბაზრის დიდ ნაწილს შეადგენს, მისი სურვილები განუწყვეტლივ იზრდება და მრავალფეროვნდება, რაც საბაზრო-ეკონიმიკური მანქანის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით კლიენტი-ბავშვი მეტად მნიშვნელოვანი პერსონაა, უფროსების მსგავსი სრულუფლებიანი მომხმარებელი.
ბავშვის სურვილების ასრულება თითქოს მშობლებისა და ახლობლების სიყვარულის ხარისხის მაჩვენებელია. მომხმარებელთა საზოგადოებაც ასე ვითარდება: გიყვარდეს შვილი ნიშნავს გიყვარდეს მისი სურვილები, რომლებიც უმთავრესად ნივთებით შემოიფარგლება, და ხშირად ადამიანები ერთმანეთს ნივთებით უმტკიცებენ სიყვარულს…
ყოველ ეპოქას მშობლებისა და შვილებისადმი სიყვარულის გამოხატვის თავისებური ენა აქვს. ჩვენი ეპოქა საგნების ენით მეტყველებს. უცნაური ბავშვის, დანიელ პენაკის, სკოლიდან გამოყოლილ სევდას კი ნივთები ვერ უშველიდა. მის ღრმა, შინაგან ტრაგედიას მხოლოდ ცოცხალი, ადამიანური ენერგია და თანადგომა სჭირდებოდა. გამოჩნდნენ კიდეც მის ირგვლივ ისინი, ვინც უნებურად უბიძგა აზროვნების ძირეული ცვლილებებისკენ, საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა, თავდაყირა დააყენა მისი უშინაარსო ცხოვრება და კლასის მაჩანჩალა უამრავი ადამიანისთვის საყვარელ მწერლად აქცია.
სკოლისგან გატანჯულ პენაკს ოჯახში ყოფას მამა უმსუბუქებდა, რომელსაც არასოდეს წარუკვეთდა სასოს შვილის წარუმატებლობა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ლეგენდასავით იხსენებდნენ გამუდმებით, დანიელს მთელი წელი დასჭირდა, ასო „ა” რომ დაემახსოვრებინაო. „პანიკის გარეშე, გეთაყვა, – ამშვიდებდა მამა ყველას, – სულ რაღაც ოცდაექვსი წელიწადი და მთელი ანბანი ეცოდინება”. მერეც, როცა პენაკმა სკოლის გამოსაშვები გამოცდა ვერ ჩააბარა და მეორე წელს სცადა ატესტატის მიღება, მამამ გულიანად გაამხნევა: არაფერია, ბოლოს და ბოლოს ავტომატურად გამოგიმუშავდება გამოსაშვები გამოცდის ჩაბარების ჩვევაო. დიდი ხნის შემდეგ, როცა პენაკმა 1968 წელს ფილოლოგის დიპლომი მიიღო, მამა, ჩვეულებისამებრ, ხუმრობდა: „შენი დიპლომისთვის რევოლუცია გახდა საჭირო (იგულისხმება 1968 წლის საფრანგეთის რევოლუცია), ნეტავ რა მოხდება, დისერტაციის დაცვა რომ გადაწყვიტო, მესამე მსოფლიო ომს დაელოდები?” პენაკი მთელი გულით იცინოდა მამის ხუმრობებზე, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მომავალში რა ეკეთებინა: „რა დისერტაცია, მამა?! არავითარი დისერტაცია, აზარტული თამაშები არ მიზიდავს, არც პროფესორობა მჭირდება, ისეც უამრავი დრო ვფლანგე. მაგისტრატურა სავსებით საკმარისია სკოლის მასწავლებლის საარსებო მინიმუმისთვის. უბრალო მასწავლებელი, მამა. ჩვეულებრივ სკოლაში. თუ საჭიროა, დამნაშავე დანაშაულის ადგილს უბრუნდება, ჰოდა მეც სანაგვეში მოსროლილ ბავშვებთან ვიმუშავებ და მუდამ მემახსოვრება, როგორი ვიყავი თვითონ”.
მეორე საბედისწერო ადამიანი ფილოსოფიის მასწავლებელი და მისი მეგობრის, ნიკოლას მამა ჟან როლენი იყო. ყოველთვის, როცა პენაკი გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრებოდა, ჟანი მას საუკეთესო რესტორანში ეპატიჟებოდა, რათა ისევ და ისევ დაერწმუნებინა, ყველას ინდივიდუალური ცხოვრებისეული რიტმი აქვს, შენ, უბრალოდ, ცოტათი შეფერხდიო. პენაკმა „სკოლის სევდა” სწორედ ჟან როლენს მიუძღვნა: „ჟან, ჩემო ძვირფასო ჟან, დაე, ამ გვერდებმა შენს ფილოსოფიურ სამოთხეში გაგამხიარულონ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც”.
იყო კიდევ მათემატიკის მასწავლებელი მესიე ბალი, რომელიც ყოველთვის საკლასო ოთახში ხვდებოდა ბავშვებს, ღიმილით ესალმებოდა და ისინიც პირველივე სიტყვებიდან მათემატიკის სამყაროში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ბალი თავისი საგნის სამყაროში ჩაყურყუმელავებულიყო. წრფელი სურვილი ცოდნის გაზიარებისა თბილ და მშვიდ პიროვნებად აქცევდა. ბავშვებს აზრადაც არ მოსდიოდათ მის გაკვეთილზე აურზაურის ატეხა. ვერც მას წარმოედგინა, რაზე შეიძლებოდა ეფიქრათ მოსწავლეებს გაკვეთილზე, თუ არა მათემატიკაზე. მეცნიერების სიყვარულს მისი არსება უცნაური სიკეთით გაესხივოსნებინა. ბალი თავისი საქმისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა და ეს ბავშვებზეც გამაბრუებლად, ჯადოსნურად მოქმედებდა. მესიე ბალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიც იყო, რომ არასოდეს იმუქრებოდა გამოსაშვები გამოცდების გადაულახავი სირთულეებით, არც უბადრუკ მომავალს ახსენებდა არასოდეს, რომელიც, დანარჩენი მასწავლებლების აზრით, აუცილებლად ელოდა ჩამორჩენილ მოსწავლეებს.
და მთავარი ანტიდეპრესანტი – სიყვარული, რომელიც ყველაზე ინერტულ სულებზეც კი პოზიტიურად მოქმედებს: „მე ქალს ვუყვარდი! შეყვარებული პირველად მომმართავდა სახელით! ახლა უკვე მართლა ვცხოვრობდი, ვარსებობდი ქალის თვალებში, გულსა და ფიქრებშიც კი. მისი მზერა ყველაფერს ამბობდა! მან მე ამირჩია! მე! მან! მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. ასეთ ვნებას ძალი შესწევს, სიმშვიდე და თავდაჯერება შესძინოს ადამიანს. შვიდმილიანი ნაბიჯებით მივიწევდი წინ. სკოლის დამთავრების შემდეგ თვალის დახამხამებაში მივიღე ფილოლოგის დიპლომი, დავამთავრე მაგისტრატურა, დავწერე პირველი რომანი… მე ხომ მეტი არც არაფერი მსურდა – მხოლოდ თავისუფლად წერა და ჩემს ცაზე ჩემივე ფრთებით ფრენა! და კიდევ ის, რომ სატრფოს ძველებურად ვყვარებოდი”.
მასწავლებლის ყველაზე დიდი მიზანიც ალბათ მოსწავლეებისთვის საკუთარ ცაზე საკუთარი ფრთებით ფრენის სწავლებაა, თუმცა ამისთვის „უნდა იყო საჭიროზე მეტად კეთილი, რომ ეს სიკეთე რამეს მაინც ეყოს ამქვეყნად”.
მიუხედავად შინაგანი რევოლუციებისა, ადამიანები გულისგულში ისეთივენი რჩებიან, როგორებიც იყვნენ. „ჩვენში ბევრი არაფერი იცვლება, – წერს დანიელ პენაკი „სკოლის სევდის” დასასრულს, – ეჭვები მიპყრობს. ეჭვი მეპარება ამ წიგნის აუცილებლობაში, საკუთარ თავში, საერთოდ, ცხოვრებაში და ეს ეჭვები ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებივით სწრაფად ვრცელდება. ასეთი რამ ხშირად მემართება, ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ დღითი დღე მაინც იმ ოროსანს ვემსგავსები, რომელზეც მინდოდა დამეწერა, იგივე სიმპტომები მაქვს, რაც ცამეტი წლისას მქონდა: მეოცნებეობა, ყურადღების გაფანტულობა, იპოქონდრია, ნევროზულობა, საკუთარ წარუმატებლობებზე წუწუნი – და ბოლოს კომპიუტერის ეკრანს მივშტერებივარ, როგორც ერთ დროს – საშინაო დავალებას ან საკონტროლო სამუშაოს… „მე ისევ აქ ვარ, არსად გავმქრალვარ”, – ხითხითებს კლასის მაჩანჩალა, ოდესღაც რომ ვიყავი”.
P.S. პენაკის „სკოლის სევდა” მალე ქართულ ენაზეც ითარგმნება, მანამდე კი შეგიძლიათ, რუსულ და ფრანგულ ენებზე წიგნი შემდეგ ბმულებზე მოიძიოთ: 
https://www.scribd.com/doc/73475878/Chagrin-d-Ecole-Daniel-Pennac
https://www.loveread.ec/read_book.php?id=22671&p=1

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...