კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

მოსმენის პედაგოგიკა

0
„თქვენ შესაძლოა გქონდეთ შესანიშნავი სმენა, მაგრამ იყოთ ცუდი მსმენელი – გესმოდეს არ ნიშნავს უსმენდე”, – ეს მოსაზრება ეკუთვნის ფრანგ ექიმ ოტოლარინგოლოგს ალფრედ ტომატისს („ექიმი მოცარტი”). იგი არაერთმა კვლევამ დაარწმუნა, რომ ყური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა ადამიანის აზროვნების ფორმირების პროცესში. ტვინის მუშაობის თავისებურებათა კვლევისას ტომატისმა დაადგინა, რომ მაღალსიხშირიანი ბგერების მოსმენა ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნების პროცესებს. კომპოზიტორების ნაწარმოებთა გაანალიზებისას მოცარტის მუსიკაში ყველაზე მეტი მაღალსიხშირიანი ბგერა აღმოჩნდა. დაკვირვებებზე დაყრდნობით ექიმმა ტომატისმა მუსიკით მკურნალობის მეთოდი შეიმუშავა, ხოლო იმ ზემოქმედების აღსანიშნავად, რომელსაც მოცარტის მუსიკა ახდენდა მსმენელზე, დამკვიდრდა ტერმინი „მოცარტი-ეფექტი”. მასვე ეკუთვნის შესანიშნავი აღმოჩენა – ნაყოფზე მუსიკით ზემოქმედება მუცლად ყოფნის მეოთხე-მეხუთე თვეებში, როცა ნაყოფის ყურს მუსიკა გარედან ჩაესმის.

ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს, არსებით გავლენას ახდენს მის მომავალზე. მუსიკის საშუალებით შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირების სტიმულირება, ამიტომ სასურველია, მშობელმა ნაყოფს ყოველდღიურად მოასმენინოს სასიამოვნო მელოდიები. ეს, გარდა ზემოხსენებული ეფექტისა, პატარებს მუსიკალურ სმენასაც უვითარებს. მუსიკალური სეანსები სასარგებლოა თავად მომავალი დედებისათვისაც, რადგან მუსიკა მათ სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. არსებობს მოსაზრება, რომ მომავალ დედას თუ ზოგიერთი მუსიკალური ნაწარმოების სმენისას ნეგატიური განწყობა ეუფლება, დაბადების შემდეგ ბავშვი ამ მუსიკაზე ცუდად რეაგირებს, ხოლო თუ ახალი ბგერების სამყაროში რომელიმე ბგერა დაბადებამდე მისთვის პოზიტიურად ნაცნობი იყო, მისი რეაქციაც შესაბამისია – თავს იქით აბრუნებს, საიდანაც მუსიკა ესმის, მიმიკა ეცვლება, გაღიმებას ცდილობს.
 
ვიდრე გავერკვეოდეთ ბავშვის ამა თუ იმ ქცევის მიზეზებში, რათა მივხვდეთ, როგორ უნდა მოვეპყროთ მას, თვალი გადავავლოთ ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს.

ადამიანის განვითარების პერიოდები დაკავშირებულია ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მომწიფების პროცესებთან, რომლებსაც სტაბილური და კრიზისული პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს.

სტაბილური ასაკობრივი პერიოდებია: ჩვილობისა (1 წლამდე), ადრეული ბავშვობისა (1-დან 3 წლამდე), სკოლამდელი ასაკისა (3-დან 6-7 წლამდე), დაწყებითი სასკოლო ასაკისა (6-7-დან 11-12 წლამდე), მოზარდობისა (11-12-დან 15-17 წლამდე), სიჭაბუკისა (15-17-დან 19-21 წლამდე), ადრეული მოწიფულობისა (19-21-დან 25-30 წლამდე), შუალედური მოწიფულობისა (25-30-დან 55-64 წლამდე), გვიანდელი მოწიფულობისა (65 წლიდან).

ჩვილობიდან სკოლამდელი ასაკის ჩათვლით ბავშვის ძირითადი ინტელექტუალური საქმიანობა თამაშით შემოიფარგლება. თამაშიდან სასწავლო პროცესზე გადასვლა თანდათან, ბუნებრივად უნდა მოხდეს. ამ პერიოდისთვის ისინი უკვე მზად არიან ინფორმაციის მისაღებად და ლოგიკური დასკვნების გამოსატანად. პედაგოგიური მოღვაწეობის თვალსაზრისით ბავშვებთან მუშაობის მეთოდად აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული თამაშები, რომლებიც მათ კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ხატვის, მუსიკის ათვისებაში დაეხმარება.

მომდევნო წლებში (10-დან 18 წლამდე) სასწავლო პროცესი უფრო სიღრმისეულ ხასიათს იძენს. მოზარდში შინასამყაროს აქტიური ფორმირება – ღირებულებების, ეთიკისა და მორალური ნორმების გააზრება იწყება.
კრიზისული პერიოდები ასაკობრივი განვითარების გარდაუვალი ფაზებია და ვლინდება განვითარების ერთი სტაბილური პერიოდიდან მეორემდე, მათ საზღვარზე:

1. დაბადებიდან ერთ თვემდე;
2. სიცოცხლის პირველი წლის დასასრულს;
3. სკოლამდელი ასაკის პირველ წელს (3 წლის);
4. უმცროსი სასკოლო ასაკის პირველ წელს (7 წლის);
5. სქესობრივი მომწიფების (მკვეთრი ჰორმონული ცვლილებების) ასაკში (13 წლის);
6. 17 წლის ასაკში.

ასაკობრივი კრიზისი გამოიხატება თითქოსდა უმიზეზო სიჯიუტით, გაღიზიანებით, მომაბეზრებლობით, უხეშობით, არამოტივირებული აგრესიით და სხვა. ბავშვის ქცევის მკვეთრ ცვლილებებს ობიექტური მიზეზები აქვს, რადგან დაკავშირებულია ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის განვითარების ჰეტეროქრონულ ტემპებთან და აგრეთვე ჰორმონული სისტემის ძლიერ ბიოლოგიურ გარდაქმნებთან.

პედაგოგიური თვალსაზრისით მოზარდის ფსიქიკა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. განვითარების ამ პერიოდს, „მოზარდულ მაქსიმალიზმს”, ახასიათებს დაძაბულობა, კონფლიქტურობა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უკიდურესი შეხედულებების ფონზე და ა.შ. ამ პერიოდში მოზარდი ცდილობს საკუთარი სივრცის გაფართოებას, აკონტროლებს ურთიერთობებს, მოითხოვს მეტ თავისუფლებას. უმეტესად გაუცნობიერებლად სურს დაამტკიცოს, რომ აქვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება. ამ დროს მშობლის როლი ძალზე მნიშვნელოვანი ხდება. მისი მხრივ ყურადღების ნაკლებობამ შესაძლოა შვილთან კონტაქტის დეფიციტი, გაუცხოება და ჩაკეტილობა გამოიწვიოს. შესაბამისად, მშობელი თანადგომით უნდა ახერხებდეს შვილის ნდობის მოპოვებას.

მშობლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ სურთ შვილის მრავალმხრივ განვითარებულ პიროვნებად აღზრდა, მხოლოდ სკოლის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. რაც შეეხება მუსიკას, იგი უნდა იქცეს ოჯახის საქმიანობად. ყველა საქმეში არსებობს სასიამოვნო და ნაკლებად სასიამოვნო მომენტები, რომელთა გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. ეს გზა გასავლელია და არაერთხელ. ზრდასრულთა უმეტესობას ეს ესმის და თუ სასურველ შედეგს ხედავენ, მთელი ძალისხმევით მიილტვიან მიზნისკენ. ხოლო ბავშვებმა, რომელთა კრედოა „აქ და ამწუთას” შესაძლოა ვერ გადალახონ სირთულეები. აქაც აუცილებელია მშობლის თანამონაწილეობა – მუსიკის ერთად მოსმენა, ნოტების შესწავლა, და თუ თქვენ ამ საქმეს ინტერესით არ მოეკიდებით, სასურველ შედეგს ნუ ელით.

წესისამებრ, ბავშვები მუსიკალურ და ჩვეულებრივ საგანმანათლებლო სკოლაში ერთდროულად შეჰყავთ. ვინაიდან ისინი პატარები არიან, მშობლები წყვეტენ, ისწავლის თუ არა ბავშვი მუსიკას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, I-II კლასებში ბავშვები ხალისით დადიან მუსიკაზე. პირველი ორი წელი ფორტეპიანოსთან ურთიერთობა მათ ართობს. კრიზისული პერიოდი დაახლოებით სამი-ოთხი წლის შემდეგ დგება, როდესაც პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები ძნელად გასარჩევი და შესასრულებელი ხდება. მარტო პედაგოგთან მუშაობა საკმარისი არ არის; საჭიროა შინ ბეჯითად მეცადინეობა. ვიდრე თქვენი პატარა სავსებით გააცნობიერებს მუსიკაში არსებულ სირთულეებს, კიდევ უფრო დააინტერესეთ, შეაჩვიეთ, განავითარეთ, შეაყვარეთ მუსიკა და ისიც ამ რთულ გზას გატაცებით, ცრემლებისა და იმედგაცრუების გარეშე გაივლის. ხოლო მოზარდი, რომელიც აცნობიერებს, რომ ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის გარეშე მუსიკა ვერ გახდება მისი პროფესია, უარს ამბობს მუსიკალური განათლების გაგრძელებაზე და ტოვებს მუსიკალურ სკოლას. ხშირად ძალზე ნიჭიერი ბავშვიც ზარმაცობს, ამიტომ აუცილებელია, მშობელი შეძლებისდაგვარად მონაწილეობდეს საშინაო დავალების შესრულებაში, რათა საინტერესო გახადოს შინ მუშაობის პროცესი. სწორედ მშობლებმა უნდა შთააგონონ შვილებს, რომ მუსიკისგან სიამოვნება მხოლოდ დიდი შრომითა და წინააღმდეგობების გადალახვით მიიღება.

როგორც ვხედავთ, უდიდესი როლი ეკისრება იმ გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება. განათლების მიღება კი არსებულ გარემოში ცხოვრებასთან შეგუების საშუალებაა. შესაბამისად, ოჯახში მუსიკალური გარემო პედაგოგიური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება.
 

თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ბახის საგვარეულო, რომელმაც მსოფლიოს 50 ცნობილი მუსიკოსი და რამდენიმე კომპოზიტორი მისცა. მათ შორის ყველაზე მეტად აღიარებულია იოჰან სებასტიან ბახი.

ასევე აღსანიშნავია შტრაუსების დინასტია. ამ გერმანულმა გვარმა განსაკუთრებით მუსიკაში გაითქვა სახელი, თუმცა მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი მხოლოდ ორი კომპოზიტორი გახდა: მსოფლიოში განთქმული „ვალსების მეფე” იოჰან შტრაუსი (შვილი) და ნაკლებად ცნობილი რიჰარდ შტრაუსი – მსოფლიო მუსიკალური კულტურის უდიდესი მოვლენა, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება გამოირჩევა ფილოსოფიური კონცეფციებით, ფსიქოლოგიურად გართულებული სახეებით. ამ რთული ნატურის, თავისებური ხელოვანის თაყვანისმცემლებს  – გამორჩეული გემოვნების გამო თამამად შეიძლება ეწოდოთ გურმანები. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალი თაობის ამგვარ მსმენელებად აღზრდისკენ, მით უფრო – თუ ისედაც „მთელი სამყარო ბგერაა” და ჩვენ – „სმენის შემძლენი”.

ახლა კი გავიხსენოთ რიჰარდ შტრაუსის სიმფონიური პოემა ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოების მიხედვით „ასე იტყოდა ზარატუსტრა” – პროგრესული რომანტიკული სიმფონიზმის ბრწყინვალე ნიმუში, „სიმფონიური მიგნებების” ფეირვერკი.
პოემა იწყება მზის ამოსვლის ფონზე ზარატუსტრას მიერ მარტოობის უარყოფით. ამ შესავლის მუსიკალურ თანხლებად კომპოზიტორს გამოყენებული აქვს მარტივი დო მაჟორის სამხმოვანება, რომლითაც ის ცდილობს მიგვანიშნოს, რომ ყველაზე რთული ფილოსოფიური აზრიც კი შეიძლება ძალზე მარტივად აიხსნას.
 
მუსიკალურ გარემოში აღზრდილი კომპოზიტორების მცირე ჩამონათვალი ასეთია: დომენიკო სკარლატი, იოზეფ ჰაიდნი, ვოლფჰანგ ამადეუს მოცარტი, კარლ ვებერი, ფრანც შუბერტი, ვინჩენცო ბელინი, ჰექტორ ბერლიოზი, ფელიქს მენდელსონი, ფრედერიკ შოპენი, შარლ გუნო, ბედრჟიხ სმეტანა, ჟორჟ ბიზე, ედვარდ გრიგი, ჯაკომო პუჩინი, იგორ სტრავინსკი.

რაც შეეხება პოპკულტურიდან მაგალითს, ცნობილმა ამერიკელმა პოპმომღერალმა დაიანა როსმა მუსიკა ჩვილობიდანვე შეისისხლხორცა. მისი სახლი თითქოს სავსე იყო მუსიკით. დედა, რომელიც სამზარეულოში ტრიალებდა, მღეროდა საეკლესიო ჰიმნებს; რადიო შეუჩერებლად გადმოსცემდა მუსიკას. მუსიკა იყო დაიანას თანამდევი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იგი იხსენებს: „ჩვენი სახლის ფანჯრებიდან ყოველთვის მუსიკის ხმა ისმოდაო”.

მაიკლ ჯექსონის (ცხრაშვილიანი ოჯახის მეშვიდე შვილის) ტალანტიც ადრეულ ბავშვობაში გამომჟღავნდა. უკვე 5 წლისა ის საშობაო კონცერტებზე გამოჰყავდათ. მაიკლის მამის, ჯოზეფ ჯექსონის, ინიციატივით შეიქმნა ოჯახური ჯგუფი „The Jackson 5″. ამ საბავშვო კვინტეტში ფაქტობრივად მაიკლს მიჰყავდა მთავარი სოლო პარტიები. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა საოცარი ცეკვითა და სცენაზე მოძრაობის მანერით. მაიკლი ერთადერთია, რომელიც სუპერვარსკვლავად იქცა იმ ასაკში, როდესაც მისი თანატოლები ანბანისა და ოცამდე თვლას სწავლობდნენ.

(დაიანა როსი მაიკლ ჯექსონის „ნათლიად” იწოდებოდა. სწორედ მან გამოიყვანა ხელიხელჩაკიდებული პატარა მაიკლი დიდ სცენაზე).

ზვიად კვარაცხელია

0

სად მთავრდება სწავლა და სად იწყება სწავლება

0
ვუძღვნი ჩემს მასწავლებლებს :  პედაგოგებსა  და მოსწავლეებს

მე, ისევე როგორც ყოველი სულიერი, სამყაროს თანდაყოლილი, ვესტიბულარული აპარატის ქვეცნობიერ ტალანებში დალექილი ცოდნით მოვევლინე. მართალია, მაშინ ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ, ჯერ კიდევ უჩინომ და კუნთებმოუმაგრებელმა, ვიცოდი, როგორ მესუნთქა, როგორ დამერეგულირებინა სხეულის ტემპერატურა თუ ნივთიერებათა ცვლა და ბევრი სხვა რამ, რასაც, ცხადია, ჩემდა უნებურად ვაკეთებდი. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო არსებობისთვის. ჰოდა, მეც სწავლა დავიწყე. სიცოცხლისთვის ენერგია მჭირდებოდა, ამიტომ პირველი, რაც დამოუკიდებლად ვისწავლე, იყო გზა დედის მკერდიდან მომდინარე რძის ნაკადულისკენ, რომელსაც ხელის ცეცებითა და ტუჩების ცმაცუნით მივიკვლევდი.

მერე თვალი ამეხილა. პირველი, რაც დავინახე, სადღაც მაღლა და შორს დაკიდებული წითელი ბურთი იყო. ხან ჩანდა, ხან იმალებოდა და ამ დროს მეუფლებოდა განცდა, რომ ისევ იმ წყვდიადში დავბრუნდი, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვედი. მალე გავიგე, რომ ნათელს დღე ერქვა, ხოლო წყვდიადს – ღამე, რომ დღე იყო საქმისა, ხოლო ღამე – მოსვენებისა.

და ვიდრე იყო ნათელი, ხარბად ვაკვირდებოდი გარშემო ყოველივეს, ვიმახსოვრებდი ფერებს, მოხაზულობას, ფორმებს… უამრავი დამიგროვდა. მერე მათ ხმებიც დავუკავშირე და პირველი აღმოჩენა გავაკეთე – როცა ნაცნობ ფერს, ფორმასა და მოხაზულობას „იავნანა” ახლდა, მხოლოდ მაშინ მოდიოდა რძის ნაკადული.

მომდევნო განცვიფრება საგნების ქცევამ განმაცდევინა. ზოგიერთი მათგანი მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე იდგა, ზოგიერთი კი დროდადრო თვალსაწიერიდან გამიქრებოდა: ზოგი – მცირე ხნით, ზოგი – დიდი ხნით, ზოგიც – სამუდამოდ… და მე მივხვდი – ამ გაუჩინარებას მოძრაობა ერქვა, მოძრაობა ოთახის ერთი კუთხიდან, ერთი ოთახიდან, ერთი ქალაქიდან, ერთი სამყაროდან მეორემდე… მეც მოვინდომე და ვისწავლე ბობღვა, მერე – სიარულიც…

უკვე ვიცოდი, რომ ადამიანები ერთმანეთს ამბავს საუბრით აგებინებდნენ, მაგრამ ერთხელაც შევამჩნიე, რომ ახალი ამბის გაგება უთქმელადაც შეიძლებოდა. ოთხად დაკეცილ ქაღალდს ისეთივე ამბები ჩამოჰქონდა ქალაქიდან, როგორიც ბიძა ლაზარეს. იმასაც მივხვდი, რომ ქაღალდი ვერაფერს ამბობდა, თუ ზედ წვრილი ნახატები და ნაფხაჭნები არ იყო. მეც დავიწყე ხატვა და ფხაჭნა…

მერე სკოლაში მიმიყვანეს. აქ სწავლამ ორგანიზებული და ინტენსიური სახე მიიღო. ყოველდღე, ყოველ გაკვეთილზე რაღაც ახალს ვიგებდი. ჭირდა ყველაფრის გაცნობიერება, ყველაფრის დამახსოვრება, მაგრამ აუცილებლობა (!) მოითხოვდა ამას.

წელს წელი მიჰყვა… სკოლას ვამთავრებ. ვცდილობ, ქიმიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში გამორჩეული მოსწავლე ვიყო. ქართულში თხზულებებსაც ხუთიანზე ვწერ, ოღონდ – საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის შესაბამისად… ახლაც მახსოვს, გრიგოლ ორბელიანის ლირიკაზე დავწერე რაღაც – როგორც მიღებული იყო, პატრიოტულ-სოციალისტურ-მარქსისტული ტერმინებით გაჯერებულ-შეზავებული. მოკრძალებით ვთხოვე ჟუჟუნა მასწავლებელს მისი გადახედვა. სახლში დამიბარა – საღამოს, გვიან, ავ თვალს რომ არ დავენახეთ (მაშინ ესეც იკრძალებოდა!). წავუკითხე. მომისმინა. მერე კარადიდან თავისი რვეული გამოიღო და მსგავსი თხზულება წამიკითხა. თხზულება, რომელიც მრავალწერტილით იწყებოდა. ლაღი, თავისუფალი, ზედმეტ პათეტიკასა და ყალბ სიტყვებს მოკლებული. სწორედ მაშინ დაიბადა ჩემთვის ქართული ლიტერატურა ხელახლა. მას შემდეგ წერას თითქმის ყოველთვის სამი წერტილით ვიწყებ.

სკოლას უნივერსიტეტი მოჰყვა. ბედმა ბევრ კარგ პედაგოგს შემახვედრა, გამორჩეულებსაც და გამორჩეულთა შორის გამორჩეულებსაც. ბატონი გოგი ქიმიასთან ერთად მუსიკას, პოეზიას, ეთიკას და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ რამეს გვასწავლიდა. მახსოვს, ერთხელ მის ოთახში ვზივარ და ველოდები. იგი ჩემი კოლეგის ნაშრომს კითხულობს. ასგვერდიან დისერტაციაში ხუთსტრიქონიანი აბზაცი ჩემი ჩამატებულია. ბატონი გოგი უცებ თავს სწევს და მეკითხება: „ეს შენ დაწერე?” დაბნეულ-შემცბარ-შეშინებულმა, უნებურად თავი დავუკარი. მან თავი დახარა და სანამ კითხვას გააგრძელებდა, ჩაილაპარაკა: „ჩემი სტილია, ჩემი”. ჩვენ მას ვსწავლობდით, ის კი თურმე ჩვენ გვსწავლობდა. როდესაც დისერტაცია ოპონენტს წარვუდგინე, პირველი, რაც მკითხა, ეს იყო – რუსული სკოლა დაამთავრეო? არა, გოგი ჭირაქაძისა-მეთქი.

მერე თავად დავიწყე სწავლება… მახსოვს, პირველი ლექციის წინ მეც ბევრი „ვიმეცადინე”. ერთ-ერთი ჩემი დოქტორანტის დისერტაციის კითხვისას მეც ვიპოვე „ჩემი სტილი”… ორი ათეული წლის განმავლობაში, კვლევა-ძიებისას, არაერთი ნაშრომის დაწერა მომიხდა, შეიძლება ითქვას, რომ „ვიცი”, როგორ იწერება სტატია, თეზისი, დისერტაცია… მაგრამ როდესაც ბლოგს შევეჭიდე პირველად, ძალიან გავწვალდი და რომ არა რედაქტორის რჩევა-დარიგება, ბლოგერობა ისეთივე ბურუსით მოცული დარჩებოდა ჩემთვის, როგორიც მანამდე იყო. არადა, სხვების სწავლებით დაკავებულს, ვერ წარმომედგინა, თუ კიდევ რამის სწავლა მომიწევდა თავად.

დღეს ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეები გვესტუმრნენ. ბევრი ვისაუბრეთ – ფერის ფენომენზე, მოლეკულებზე, მათი მიღების მეთოდებზე… დამშვიდობებისას ერთმა მათგანმა მკითხა, პირველი პიგმენტი როდის მიიღესო. ვერ ვუპასუხე.

ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი…

ასეა, არ მოიძებნება ამქვეყნად სასწავლებელი, სადაც ყველაფერი ისწავლება; ვერსად ვიპოვით მასწავლებელს, რომელიც ყველაფერს გვასწავლის; ვერსად მოვიძიებთ წიგნს, რომელშიც ყველაფერი ეწერება. ასეთი სასწავლებელი, მასწავლებელი და წიგნი თავად უნდა შევაკოწიწოთ ჩვენს შიგნით…
ეჰ, როგორ განზავდა აზრი თანამედროვე ქართულ წინადადებებში… ის, რის სათქმელადაც ამდენის დაწერა მომიხდა და რის კითხვაშიც ამდენი დრო დაგაკარგვინეთ, ძველებს სულ ორი სიტყვით უთქვამთ: „სწავლა სიბერემდეო”…

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება. პროფესიული განვითარებისა და სწავლების მონიტორინგის ინსტრუმენტი

0
მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლების მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების როლს და ფუნქციებს პროფესიული განვითარების და სწავლების მონიტორინგის თვალისაზრისით.

 

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების მეთოდის გამოყენებისთვის პროფესიული განვითარების შესაბამისი საფეხური უნდა შეირჩეს, რათა ამ მეთოდის ეფექტურობა უზრუნველვყოთ. გავიხსენოთ პროფესიული განვითარების ხუთსაფეხურიანი სქემა და განვიხილოთ, რომელ ეტაპზე შეიძლება იყოს უფრო მეტად სარგებლიანი მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ინტეგრირება. პროფესიული განვითარების პირველ საფეხურზე ძირითადი ყურადღება ეთმობა ცოდნისა და ინფორმაციის დაგროვებას. აქვე მოიაზრება ინფორმაციის გააზრება, გაანალიზება, კონცეპტუალიზაცია. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის რეკომენდებული აქტივობები შეიძლება იყოს: მიზნების დასახვა, საჭიროებების მოკვლევა, ინტერაქტიულ ტრენინგებში მონაწილეობა, რესურსების გაზიარება და განხილვა. პროფესიული განვითარების მეორე საფეხურზე კონცენტრირება ხდება სწავლების მოდელებისა და მაგალითების აღქმასა და გაანალიზებაზე სასწავლო მოდელების დაკვირვების გზით. ამდენად, ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურია გაკვეთილებზე დაკვირვება, კოლეგების მუშაობაზე დაკვირვება, არსებული სასწავლო გეგმების და მოდელების გაცნობა, ერთობლივი დაგეგმვა, აუდიო/ვიდეო მასალის გაცნობა. მესამე საფეხურზე ფოკუსში თვით-ანალიზი ექცევა – ახალი ცოდნის გათვალისწინებით მასწავლებელი აფასებს და აანალიზებს სწავლების პროცესს. ასევე, რეკომენდებულია ჟურნალების გამოყენება, ჯგუფურ განხილვებში მონაწილეობა და რეფლექსია. შემდეგი, მეოთხე საფეხური სწავლების პრაქტიკის მოდიფიცირებაზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს პროფესიული ცოდნის ინდივიდუალურ და კოლაბორაციულ გეგმებში ასახვას, სასწავლო გეგმისა და სწავლების მოდელების ცვლილებისთვის სამოქმედო გეგმის შედგენას პრაქტიკული კვლევების, მენტორობის, პედაგოგიური განხილვების, სასწავლო გეგმების ერთობლივად დამუშავების, პროფესიული ჯგუფების ჩამოყალიბების გზით. მეხუთე ეტაპზე მასწავლებლები ახდენენ ექსპერტული ცოდნის გამყარებასა და გაზიარებას სწავლების პრაქტიკის დახვეწის მიზნით. ამ ეტაპზე რეკომენდებულია თანამშრომლობითი სწავლის, კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების, გუნდური დაგეგმვის, მენტორობის, კოლეგასთან პარტნიორობისა და წყვილში სწავლების, პროფესიულ ქსელში ჩართვის წახალისება.

პროფესიული განვითარების საფეხურების მოკლე მიმოხილვიდან თვალნათლივ ჩანს, რომ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ყველაზე ეფექტურად გამოყენება მეოთხე და მეხუთე საფეხურებზე შეიძლება. ურთიერთდაკვირვება ორმხრივი პროცესია. ამ მეთოდის ძირითადი მიზანია სწავლების პროცესის გაანალიზება და მასწავლებლებს შორის განმავითარებელი ურთიერთშეფასების გაზიარება. სასწავლო პროცესის დაკვირვების ფუნქცია კი პროფესიული განვითარების პირველ ეტაპზე ცალმხრივი პროცესია (დამწყები მასწავლებელი აკვირდება სწავლების მოდელებს ან მენტორი/შემფასებელი აკვირდება დამწყებ მასწავლებელს ცოდნისა და ინფორმაციის დამატებითი საჭიროებების გამოვლენის და საწყისი პრაქტიკის შეფასების მიზნით).

პროფესიული განვითარების სხვა მეთოდებთან შედარებით, მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების მეთოდის უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ სწავლების უშუალო მონიტორინგის და შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე ზეგავლენის შესაძლებლობას ქმნის. კვლევების თანახმად, აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე მიმართული ყველაზე გავრცელებული ინტერვენციები, რომლებიც ფოკუსირებულია სასწავლო პროგრამების დიზაინზე, სასწავლო მასალებსა და რესურსებზე, სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ფერგუსონი და თანაავტორები (ნაშრომში „მასწავლებლის პროფესიული განვითარება პროცესია და არა ერთჯერადი მოვლენა”, CORD 2003), აღნიშნავენ, რომ განათლების სფეროში ნებისმიერი რეფორმის საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა, ხოლო წარმატებულმა რეფორმამ თუ ინიციატივამ, პირველ რიგში, უნდა აღიაროს, რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისთვის მასწავლებლების პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებააა საჭირო.

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება სწორედ პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაზეა მიმართული. გარდა ამისა, ტრადიციული, სკოლის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სადამკვირვებლო და შეფასებითი მეთოდებისგან განსხვავებით, მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას განმავითარებელი შეფასების ფუნქცია აქვს. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, თავად აირჩიოს დამკვირვებელი, შეიქმნას უსაფრთხო გარემო და თავად განსაზღვროს გაკვეთილის დაკვირვების მიზნები და სასურველი შედეგები.

დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე, ხშირად საუბრობენ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების მეთოდის სოციალურ სარგებელზეც. ამ მეთოდის გამოყენებით მასწავლებლებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის და ერთმანეთთან დაახლოების შესაძლებლობა ეძლევათ. საქართველოში კი, სადაც მასწავლებლებს შორის უკვე არსებობს მჭირდო სოციალური ურთიერთობები, მათი სასწავლო მიზნებისთვის გამოყენება ეფექტურად შეიძლება, კერძოდ, უსაფრთხო გარემოს და სანდოობის უზრუნველსაყოფად.

ურთიერთდაკვირვების მეთოდის დადებით მხარეებს შორის, ასევე, უნდა აღინიშნოს ამ მეთოდის მაღალი რენტაბელობა, როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსების თვალსაზრისით. სწორი სტრატეგიის შერჩევის შედეგად, სკოლას შეუძლია, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოს მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების გრძელვადიანი და ეფექტური სისტემის დანერგვა.

ურთიერთდაკვირვების მეთოდს თავისი შეზღუდვები და უარყოფითი მხარეებიც აქვს. ამ მეთოდით, გაკვეთილის მხოლოდ ხილვადი ასპექტების დაკვირვებაა შესაძლებელი – დროის განაწილება, აქტივობები, შეკითხვის დასმის ტექნიკა, მონაწილეობა, საკლასო/პროცედურული ენა, პრეზენტაციის და ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები. მასწავლებლის მიერ გაკვეთილის დაგეგმვისას მიღებული გადაწყვეტილებები, მოსწავლეთა შეკითხვებზე/ქცევაზე რეაგირება, შერჩეული აქტივობების ტიპები წინა სასწავლო გამოცდილებასა და კლასში არსებულ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და ამდენად, ერთ გაკვეთილზე დაკვირვებით ყველა ასპექტის სრულყოფილად დანახვა და ობიექტურად შეფასება შეუძლებელია. ამდენად, დაკვირვების მიზნების წინასწარ შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ურთიერთდაკვირვებამ შესაძლოა, გარკვეული მღელვარება მაინც გამოიწვიოს მასწავლებლებში. მეორე მხრივ, ამ მეთოდის შედარებით არაფორმალური ხასიათის გამო, შესაძლოა, დაკვირვების და შეფასებითი კომენტარების ხარისხის და აუთენტურობის უზრუნველყოფა რთული იყოს.

პროფესიული განვითარების მიზნებისთვის ურთიერთდაკვირვების რეკომენდებული ჩარჩო REACT მოდელს ეფუძნება (REACT წარმოადგენს აკრონიმს: R – პირად გამოცდილებასა და ცოდნასთან კავშირი, R- გამოცდილების მიღება, A – პრაქტიკაში გამოყენება, C – თანამშრომლობა, T – გათავისება (CORD, 1999); მოსწავლეთა აკადემიური შედეგების ასამაღლებლად ურთიერთდაკვირვებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის ძირითადი კატეგორიები, რომლებიც კვლევების მიხედვით ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. ესენია: ამოცანების განსაზღვრა, თანამშრომლობითი სწავლება, ცოდნის გამყარება, პრაქტიკა, კითხვა-პასუხი, სწავლის ორგანიზება, ანალიზი და ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, საშინაო დავალება და შეფასება (Marzano, Pickering, & Pollock, 2001).

იმისათვის, რომ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება წარმატებით განხორციელდეს სისტემურ დონეზე, რეკომენდებულია რამდენიმე ფუქნციური კრიტერიუმის დაკმაყოფილება. ამ მეთოდის ეფექტურად გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობააა მასწავლებელთა გზამკვლევის შემუშავება და გაზიარება. აღნიშნული რესურსი სასურველია, თავად მასწავლებლებლებმა შეიმუშაონ. გზამკვლევში აღწერილი იქნება ურთიერთდაკვირვების მიზნები, ვადები, დაკვირვების კრიტერიუმები, ფორმები, შეფასების სტანდარტები, რუბრიკები, კონფიდენციალობის მოთხოვნა, ეფექტური დამკვირვებლის მახასიათებლები, რჩევები დამკვირვებლის შერჩევისთვის, დაკვირვებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების და დაკვირვების შემდგომი შეხვედრების მიზნები, ინფორმაციის დოკუმენტირების გზები და დაკვირვების ფორმების ნიმუშები.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაკვეთილის ყველა ასპექტზე დაკვირვება და მათი ობიექტურად შეფასება შეუძლებელია. დაკვირვებისთვის პრიორიტეტული კატეგორიების შეიძლება იყოს:

· გაკვეთილის დაწყება და დასრულება;

· დავალებების/ინსტრუქციების მიცემა;

· სახელმძღვანელოს გამოყენება;

· ინდივიდუალური ყურადღება/ჯგუფური მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგი;

· კითხვების დასმა/შეცდომების გასწორება და შეფასება.

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ორგანიზება კი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:

· გაკვეთილის დასწრებამდე შეხვედრა (გაკვეთილის გეგმის და დაკვირვების მიზნების გაზიარება)

· გაკვეთილზე დაკვირვება (შესაბამისი ფორმის გამოყენებით: აღწერითი, ფოკუსირებული და ჩართული დაკვირვების მოდელებისთვის)

· გაკვეთილზე დასწრების შემდგომი შეხვედრა (შედეგების გაზიარება)

· წერილობითი ანგარიშის გაზიარება (ანგარიში შეესაბამება დაკვირების ფორმას – აღწერითი, ფოკუსირებული, ჩართული დაკვირების მოდელებისთვის)

საბოლოოდ, პროცესის ორგანიზებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. სტრატეგიის შემუშავების გარდა, ადმინისტრაციის ჩართულობა მაღალი უნდა იყოს საჭიროებათა მოკვლევაში, სასწავლო ცხრილში საჭირო ცვლილებების შეტანასა და ტრენინგების ჩატარებაში.

ქვემოთ წარმოგიდგენთ გაკვეთილის დაკვირვების ფორმების ნიმუშებს.

 

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ფორმები

მოსამზადებელი კითხვარი

საგანი და კლასი _________________________ თარიღი ­­­­­_____________

გაკვეთილის ხანგრძლივობა _______________ მოსწავლეთა რაოდენობა _____

დამკვირვებელი ___________________________

1.რა არის გაკვეთილის მიზნები? რა არის მოსალოდნელი შედეგები? რა კონტექსის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი?

2.გაკვეთილის რა ასპექტებზე გსურთ შეფასების მიღება? (მაგ. ახალი მეთოდების გამოყენება, მოსწავლეებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიების გამოყენება, გაკვეთილის მსვლელობა და თანმიმდევრობა, დროის მართვა და ა.შ.)

3.რა კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი? (მაგ. აქტივობების ეფექტურად გამოყენება, მოსწავლეთა ჩართულობა, პრეზენტაციის უნარ–ჩვევები)

4.კიდევ რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეს დამკვირვებელს? (ჯგუფის დინამიკა, პრობლემები ურთიერთობებში, პრობლემური საკითხები)

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ფორმა

დამკვირვებლის ფორმა (ფორმა 1)

ქვემოთ მოცემული მიმართულებები შერჩევითია და არა სრულყოფილად ამომწურავი. გაკვეთილის დაკვირვების მიზნებიდან გამომდინარე, კატეგორიები შეგიძლიათ შეცვალოთ შესაბამისად.

საგანი და კლასი _________________________ თარიღი ­­­­­_____________

გაკვეთილის ხანგრძლივობა _______________ მოსწავლეთა რაოდენობა _____

დამკვირვებელი ___________________________

მიმართულება

კომენტარები

1.ორგანიზება

მიზნები და ამოცანები ეფექტურადაა ჩამოყალიბებული, მასალა ეფექტურადაა ორგანიზებული, გაკვეთილის გეგმა ორგანიზებულადაა აგებული, ინსტრუქციები ნათლადაა ჩამოყალიბებული.

 

2.პრეზენტაცია

ინფორმაცია ნათლადაა წარმოდგენილი, ინფორმაცია დაკავშირებულია წინა მასალასთან და მოსწავლეების საბაზისო ცოდნასთან, მიზნებსა და ამოცანებთან. გაკვეთილის ბოლოს ხდება ინფორმაციის შეჯამება და მომავალი ნაბიჯების მიმოხილვა.

 

3.სასწავლო მიდგომა და მასალები

სწავლების მეთოდები და შესაბამისობა მოსწავლეების საჭიროებებთან. სასწავლო აქტივობების სახეები, მოსწავლეთა წახალისება, გაკვეთილის და კლასის მართვა, შეფასების მეთოდები.

 

4.მოსწავლეთა მონაწილეობა

მოსწავლეთა მონაწილეობის და ინტერესის დონე. კლასის ზოგადი გარემო.

 

 

 

5.ზოგადი შენიშვნები

 

 

 

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ფორმა

დამკვირვებლის კომენტარები (ფორმა 2)

საგანი და კლასი _________________________ თარიღი ­­­­­_____________

გაკვეთილის ხანგრძლივობა _______________ მოსწავლეთა რაოდენობა _____

დამკვირვებელი ___________________________

ზოგადი შენიშვნები

გაკვეთილის რა ნაწილი/ელემენტები იყო ეფექტური? (მაქსიმუმ 5)

რჩევები (მაქსიმუმ 5)

 

ემოციური თავისებურებები და ბავშვის ქცევის მართვა

0
სწავლებაში წარმატებისთვის ხშირად საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვა არ არის საკმარისი. ბავშვთან ურთიერთობისას როგორც საკუთრივ მისი, ისე ჩვენი ემოციური თავისებურებების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა უამრავი პრობლემის წყაროდ გვექცეს. წლების წინ ერთმა შეწუხებულმა მშობელმა თხოვნით მოგვმართა, დავხმარებოდით მის შვილს, რომელიც ისტორიაში არათუ მაღალი, დაბალი ნიშნის მიღებასაც ვერ ახერხებდა – საგანგებოდ მომზადებულიც კი ვერ ამჟღავნებდა გაკვეთილზე საკუთარ ცოდნას. დიტო დინჯი, მშვიდი ბიჭუნა იყო. მას საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა, მაგრამ დასმულ კითხვებზე მისგან პასუხის მისაღებად მასწავლებელს დიდი ძალისხმევა და მოთმინება უნდა გამოეჩინა. ისტორიის მასწავლებელისთვის ეს ადვილი არ იყო – საკუთარი ემოციური თავისებურებები უშლიდა ხელს. მარინა მასწავლებელი სწრაფად მოქმედებდა, აზროვნებდა, მეტყველებდა და იმავეს ითხოვდა ბავშვებისგანაც. ამ პედაგოგთან ურთიერთობა დიტოსთვის დაუძლეველ პრობლემად იქცა.

ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა პატარა ტატოც, რომელიც ხასიათით ძალიან ჰგავდა უფროს მეგობარს. ერთხელ, როცა მასთან, გაკვეთილზე, სტუმრად მყოფმა, მისი პასიურობა შევამჩნიე, ვუსაყვედურე: „რატომ არ იწევდი ხელს, დავიჯერო, ასეთმა ჭკვიანმა ბიჭმა ერთ კითხვაზე მაინც არ იცოდი სწორი პასუხი?” საგონებელში ჩავარდნილმა ტატომ დინჯად მიპასუხა: „ვიცოდი, მაგრამ სანამ ხელს ავიწევდი, პასუხი უკვე გაცემული იყო და რაღა აზრი ჰქონდა ხელის აწევას?” ასეთ სიტუაციებს არცთუ იშვიათად წააწყდებით ჩვენს სკოლებში.

ვინაიდან ადამიანის ემოციური ცხოვრების საფუძველს ტემპერამენტი წარმოადგენს, სასურველია, ყველა პედაგოგი მეტ-ნაკლებად ერკვეოდეს მის არსსა და ტიპოლოგიურ თავისებურებებში და ითვალისწინებდეს ამას ბავშვთან ურთიერთობისას.
ტემპერამენტი პირველად აღწერა და ამ ცნების პირველი განმარტება, ისევე როგორც ტემპერამენტის ტიპების პირველი კლასიფიკაცია, მოგვცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ, მედიცინის მამამთავარმა ჰიპოკრატემ. დღესაც, ოცდახუთი საუკუნის შემდეგ, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიასა და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის 4 ძირითადი ტიპი, რომლებიც ჰიპოკრატემ გამოყო.

ტემპერამენტის ძირითადი ტიპები:

·სანგვინიკური
·ქოლერიკული
·ფლეგმატიკური
·მელანქოლიკური

ტემპერამენტის ტიპების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები:
·გრძნობათა აღმოცენების სისწრაფე
·გრძნობათა ხასიათი
·გრძნობათა ხანგრძლივობა
·გრძნობათა ექსპრესიულობის ხარისხი

სანგვინიკური ტიპი

·გრძნობები აღმოცენდება ძალიან სწრაფად;
·აღმოცენებული გრძნობა არ არის ღრმა და მტკიცე, ის ადვილად და სწრაფად ქრება;
·მიდრეკილება აქვს დადებითი ხასიათის გრძნობებისადმი;
·საკმაოდ კომუნიკაბილურია;
·ახასიათებს მკვეთრი ჟესტიკულაცია და მიმიკა;
·არის ოპტიმისტი, მხიარული, არასოდეს კარგავს მომავლის იმედს.

ქოლერიკული ტიპი 

·გამოირჩევა ემოციური აღგზნებადობით, ძლიერი განცდების სწრაფი აღმოცენებით; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის;
·ახასიათებს შედარებით მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები;
·მიდრეკილება აქვს უარყოფითი ხასიათის გრძნობებისადმი;
·ახასიათებს მდიდარი მიმიკა და მეტყველი ჟესტიკულაცია, ასევე – აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე.

ფლეგმატიკური ტიპი

·ახასიათებს გრძნობათა სუსტი აღგზნებადობა, მისთვის უცხოა აფექტები;
·აღმოცენებული გრძნობები არის მტკიცე და ღრმა, დიდხანს არ ქრება, პირიქით, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ღვივდება და ძლიერდება;
·მიდრეკილება აქვს უფრო დადებითი ხასიათის გრძნობებისადმი, არის ოპტიმისტი;
·მისი მიმიკა და ჟესტები ძუნწია, არ უყვარს გრძნობების გამომჟღავნება.

მელანქოლიკური ტიპი

·ახასიათებს გრძნობათა სუსტი აღგზნებადობა;
·აქვს მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი; მასთან ჭარბობს უარყოფითი ემოციები; იგი პესიმისტურადაა განწყობილი, ხშირად ნაღვლიანია;
·მისი მოქმედება, ჩვეულებრივ, დუნეა, უენერგიო, უხალისო. ცხოვრების ტონუსი დაქვეითებული აქვს, გულჩათხრობილი და ეჭვიანია, ყველაფერი გულთან მიაქვს;
·გრძნობები ღრმა და ხანგრძლივია;
·ჟესტები და მიმიკა გაუბედავი აქვს.
რეკომენდაციები სხვადასხვა ტემპერამენტის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის
არ არსებობს ტემპერამენტის კარგი და ცუდი ტიპი; ეფექტური კომუნიკაცია შეიძლება ნებისმიერი ტემპერამენტის ადამიანთან, თუ გავითვალისწინებთ მის თავისებურებებს.

სანგვინიკი ცოცხალია, ცნობისმოყვარე, მოძრავი, მხიარული, ხალისიანი, ემოციურად არამდგრადი; ადვილად ემორჩილება გრძნობებს, მაგრამ მისი გრძნობები არ არის ძლიერი და ღრმა. სწრაფად ავიწყდება წყენა, შედარებით ადვილად იტანს წარუმატებლობას. ადვილად ეგუება ცვლილებებს.

სანგვინიკში უნდა აღვზარდოთ მდგრადი ინტერესები, სერიოზული დამოკიდებულება ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, აუჩქარებლობა.

ქოლერიკი გამოირჩევა მოძრაობისა და მოქმედების სისწრაფით, აღგზნებადობით. ფსიქიკური პროცესები მასში სწრაფად, ინტენსიურად მიმდინარეობს. ქოლერიკისთვის დამახასიათებელი გაუწონასწორებლობა აშკარად მჟღავნდება მის მოქმედებაში: ის გატაცებით იწყებს საქმეს, იჩენს ინიციატივას, მაგრამ ნერვული ენერგიის მარაგი შესაძლოა მალე გამოელიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო ერთფეროვანია და მოთმინებას მოითხოვს. ამ დროს ქოლერიკს ეუფლება გულგრილობა, განწყობა მკვეთრად ეცემა.

თავშეუკავებლობის, უხეშობისა და სიფიცხის გამო ადვილად ვარდება აფექტურ მდგომარეობაში, ამიტომ მასთან მკვეთრი და ხმააწეული ტონით საუბარი რეკომენდებული არ არის, ეს მხოლოდ გააძლიერებს მის აღგზნებას. ქოლერიკზე უკეთესად მოქმედებს მშვიდი, წყნარი ხმა. სასურველია, გავითვალისწინოთ მისი დადებითი თვისებები – ენერგიულობა, აქტიურობა, ინიციატივიანობა.

ფლეგმატიკი ნელია, მშვიდი, აუჩქარებელი; საქმიანობას ეკიდება გულისყურით, ბეჯითად. მიდრეკილება აქვს წესრიგისკენ, ჩვეული გარემოსკენ; ცვლილებები არ უყვარს. დაწყებული საქმე, წესისამებრ, ბოლომდე მიჰყავს. ფსიქიკური პროცესები მასთან შენელებულია. ადამიანებთან ურთიერთობისას ის ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და ზომიერად კომუნიკაბელურია. ფლეგმატიკის წონასწორობიდან გამოყვანა და ემოციურად დამუხტვა ადვილი არ არის. ის გაურბის ჩხუბს, უსიამოვნებას და წარუმატებლობას, ძალიან ძნელია მისი გაცინებაც და გაბრაზებაც.

ფლეგმატიკის ნაკლია ინერტულობა, სიზანტე. მას დრო სჭირდება ყურადღების მობილიზებისთვის, ერთი ობიექტიდან მეორეზე ყურადღების გადატანისთვის სასურველია, განვუვითაროთ აქტიურობა, ქმედითობა, ვიზრუნოთ, რომ არ გამოიჩინოს გულგრილობა, სიზარმაცე და ინერტულობა საქმიანობის მიმართ.

მელანქოლიკი ძნელად რეაგირებს ძლიერ გამღიზიანებლებზე. ფსიქიკური პროცესები მასში შენელებულად მიმდინარეობს. მართალია, ის სწრაფად იღლება, მაგრამ ნაცნობ სიტუაციაში თავს მშვიდად გრძნობს და ნაყოფიერად მუშაობს. მისი წყენინება ადვილია. ის მტკივნეულად განიცდის წყენას, მწუხარებას, თუმცა გარეგნულად ამ განცდებს სუსტად გამოხატავს. მიდრეკილება აქვს ჩაკეტილობისკენ, გაურბის ურთიერთობას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. ხშირად მორცხვობს და გრძნობს უხერხულობას უცხო ვითარებაში. საშიშ სიტუაციებში განიცდის ძლიერ შიშს.

მელანქოლიკთან ურთიერთობისას აუცილებელია სირბილე, ტაქტი, გულისხმიერება, კეთილგანწყობა. უზომო სიმკაცრე და მაღალი მოთხოვნები უფრო მეტად თრგუნავს მას და აქვეითებს მის შრომისუნარიანობას. მელანქოლიკს ხშირად სჭირდება მოწონება, შექება და გამხნევება. 
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ბევრს გაუჩნდა სურვილი, მიიღოს ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც მას საკუთარი თუ ბავშვის ტემპერამენტის ტიპის განსაზღვრაში დაეხმარება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ვერიდოთ ფართო მკითხველისთვის  ფსიქოლოგიური ტესტების მიწოდებას – ასეთი ტესტის გამოყენება და, მით უმეტეს, შედეგების ინტერპრეტირება კვალიფიციური ფსიქოლოგის საქმეა, ვინაიდან მცირე უზუსტობაც კი შესაძლოა სიკეთის ნაცვლად ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ამასთან, ვფიქრობთ, ტემპერამენტის ტიპების ზემოთ მოყვანილი დახასიათება გარკვეულწილად დაეხმარება ადამიანს საკუთარი ტიპის განსაზღვრაში. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტემპერამენტის წმინდა ტიპები იშვიათად გვხვდება – ადამიანთა უმრავლესობა ნარევს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის ნიშნები. საყურადღებოა, რომ ტემპერამენტის წმინდა ტიპებს ბავშვებთან უფრო ვხვდებით, ვიდრე მოზრდილებთან. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად უკეთესად ახერხებს იმ მახასიათებელთა გამოვლენის შესუსტებას, რომლებიც მას სხვებთან ურთიერთობას ურთულებს.
ქვემოთ წარმოდგენილ ნახატზე დანიელმა მხატვარმა ბიდსტრუპმა დიდი ოსტატობით გამოსახა ტემპერამენტის 4 ტიპი. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მეშვეობით მკითხველი ადვილად ამოიცნობს თითოეულ მათგანს ერთსა და იმავე სიტუაციაში მოქმედების მიხედვით:

 

საკუთარი თავის მართვა

0
პიტერ დრუკერს მენეჯმენტის მამად მოიხსენიებენ. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი მსხვილი კონცერნი „დრუკერის პრინციპებით” ხელმძღვანელობს. დრუკერს ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური ჰარმონიის თანაარსებობის სჯეროდა. მისი სტატია „საკუთარი თავის მართვა” (Managing Oneself), რომლის შემოკლებულ ვერსიასაც გთავაზობთ, შესულია წიგნში „მართვის ამოცანები 21-ე საუკუნეში” (Management Challenges for the 21st Century. HarperCollins, 1999).
ჩვენ უმაგალითო შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ: თუ ადამიანს ამბიცია აქვს და გონიერია, შეუძლია თავისი პროფესიის მწვერვალზე მოექცეს, მიუხედავად იმისა, საიდან დაიწყებს. 
თუმცა შესაძლებლობებს თან სდევს პასუხისმგებლობაც. დღეს კომპანია კი არ მართავს თავისი თანამშრომლების კარიერას, არამედ თვით ცოდნის მუშაკები მართავენ. თქვენზეა დამოკიდებული საკუთარი ადგილის პოვნა, კურსის ცვლილების დროის განსაზღვრა, ასევე ისიც, ეფექტურად და ნაყოფიერად იმუშავებთ თუ არა. საქმის კარგად შესასრულებლად საკუთარი თავის სიღრმისეულად შესწავლა გჭირდებათ – არა მხოლოდ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების, არამედ იმის შესწავლაც, როგორ სწავლობთ ან მუშაობთ სხვებთან ერთად, რა ღირებულებები გაქვთ და რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ სხვებზე უკეთ. მხოლოდ საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით შეგიძლიათ ნამდვილი უპირატესობის მოპოვება. 
დიდ ადამიანებს – ნაპოლეონს, ლეონარდო და ვინჩის, მოცარტს – საკუთარ თავზე მუშაობა შეეძლოთ. მათი მიღწევები, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამით აიხსნება. თუმცა ისინი გამონაკლისები არიან და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ნაკლებად გამოადგება ჩვეულებრივ მოკვდავს. უმრავლესობამ – ვინც ბუნებამ ასე უხვად არ დაგვაჯილდოვა – საკუთარი თავის მართვა, საკუთარი უნარების განვითარება უნდა ვისწავლოთ, ის საქმე უნდა ვიპოვოთ, რომელიც თვითრეალიზებას შეგვაძლებინებს.  
თითქმის ყველა ვფიქრობთ, რომ ვიცით, რა გამოგვდის კარგად და რა – არა, თუმცა ხშირად ვცდებით.
რაშია ჩემი უპირატესობა?
საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას ე.წ. შედეგების ანალიზის მეთოდი გვაძლევს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას დაწერეთ, რისი მიღწევის იმედი გაქვთ. ერთი წლის შემდეგ კი შეადარეთ, რამდენად შეესაბამება რეალობა თქვენს პროგნოზს. ეს მეთოდი ჯერ კიდევ XIV საუკუნეში შეიმუშავა არაფრით გამორჩეულმა გერმანელმა თეოლოგმა. 150 წლის შემდეგ ის დამოუკიდებლად “აღმოაჩინეს” ჟან კალვინმა და იგნასიო ლოიოლამ. სწორედ მეთოდის არსი – წარმატებაზე ორიენტაცია – ხსნის კალვინიზმისა და ასევე, იეზუიტთა ორდენის იმ უდიდეს გავლენას ევროპაში, რომელიც მას დაარსებიდან 30 წლის შემდეგ ჰქონდა.       

შედეგების მუდმივი ანალიზის საშუალებით, 2-3 წელიწადში შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. თქვენ გეცოდინებათ, რა სფეროში გჭირდებათ დამატებითი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება. რაც მთავარია, განსაზღვრავთ, რომელია ის პროფესია, რომელშიც ვერასოდეს იქნებით წარმატებული, რადგან საამისოდ მონაცემები არ გაქვთ.   

შედეგების ანალიზის მეთოდი მოქმედების ერთგვარი გზამკვლევის შექმნის საშუალებას გაძლევთ: 1) პირველ რიგში, საკუთარ ძლიერ მხარეებს დაეყრდენით და ისეთი სამუშაო იპოვეთ, სადაც თქვენი ღირსებების წყალობით მეტ წარმატებას მიაღწევთ; 2) განივითარეთ პროფესიონალიზმი და ნიჭი; 3) ეცადეთ, გამოავლინოთ და დაძლიოთ უცოდინრობის ხელშემწყობი თავდაჯერებულობა. ბევრ ჩვენგანს, განსაკუთრებით, გამოცდილ სპეციალისტებს, “უცხო” სფეროს ცოდნის მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება აქვს. უცოდინრობა მარცხის წინაპირობაა. მუდამ გამოიყენეთ ახლის სწავლის შესაძლებლობა.
მოლოდინებისა და შედეგების შედარებით გაიგებთ, რომელ საქმიანობაზე უნდა თქვათ უარი.        
როგორ ვმუშაობ?
საოცარია, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ ვიცით ხოლმე, როგორ ვაღწევთ წარმატებას. ამიტომ ხშირად სხვებს ვბაძავთ, სხვების მეთოდებსა და სტრატეგიას ვიყენებთ და საკუთარ თავს მარცხისათვის ვწირავთ. 
პირველ რიგში, გაარკვიეთ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით – “მკითხველს” თუ “მსმენელს”. ბევრმა ამ კატეგორიების არსებობაც კი არ იცის, რაც შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.  
ჟურნალისტები აღმერთებდნენ ეიზენჰაუერს, როგორც მთავარსარდალს, მაგრამ 10 წლის შემდეგ იგივე ჟურნალისტები აუგად მოიხსენიებდნენ პრეზიდენტ ეიზენჰაუერს. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი არასოდეს პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვებს და იწყებს ვრცელ მსჯელობას განყენებულ საკითხებზე. როგორც ჩანს, ეიზენჰაუერმა არ იცოდა, რომ “მკითხველის” კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მთავარსარდლობისას ის პრესკონფერენციამდე ნახევარი საათით ადრე ეცნობოდა ჟურნალისტების შეკითხვებს და არაჩვეულებრივად პასუხობდა. პრეზიდენტის პოსტზე ის ორი “მსმენელის” – რუზველტისა და ტრუმენის – მემკვიდრე აღმოჩნდა, რომლებსაც პრესკონფერენციაზე იმპროვიზება შეეძლოთ. ალბათ ეიზენჰაუერმა იფიქრა, რომ მათთვის უნდა მიებაძა. შედეგად, ის თითქმის ვერასოდეს ვერ იგებდა სათანადოდ, რას ეკითხებოდნენ ჟურნალისტები. 
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ ვსწავლობთ. როცა სწავლის საკუთარ სტილს განსაზღვრავთ და აგრეთვე იმას, „მკითხველის” კატეგორიას ეკუთვნით თუ „მსმენელისას”, არ შეჩერდეთ. გაარკვიეთ, როგორ უფრო გეხერხებათ მუშაობა – სხვებთან ერთად თუ დამოუკიდებლად, რა როლი მოგწონთ. დაფიქრდით იმაზეც, შეგიძლიათ თუ არა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მრჩევლის როლი უფრო გიზიდავთ თუ არა. ხშირად კარგი მრჩეველი თავს არიდებს გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას. სწორედ ამის გამო ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული ყოფილი მოადგილე ხშირად უმწეოდ გრძნობს თავს.
 
როგორია ჩემი ფასეულობები?
საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის მართვისათვის კარგად უნდა ვიცნობდეთ ფასეულობათა საკუთარ იერარქიას. თუ ისეთ ორგანიზაციაში მუშაობთ, რომლის ფასეულობათა სისტემა თქვენსას ეწინააღმდეგება, მუდმივი შინაგანი ბრძოლა გექნებათ და ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს. ერთ-ერთი კომპანიის ერთ-ერთ წარმატებული ხელმძღვანელი მშვენივრად უძღვებოდა საკუთარ საქმეს: მას ევალებოდა კანდიდატების შერჩევა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ის დარწმუნებული იყო, რომ გარედან ადამიანების მოზიდვა მხოლოდ მაშინ იყო აუცილებელი, როცა კომპანიის შიდა რესურსებს ამოწურავდნენ. მოგვიანებით, როცა მისი კომპანია უფრო მსხვილმა კორპორაციამ შეისყიდა, ახალმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ მხოლოდ გარედან მოწვეულებს შეეძლოთ კომპანიაში სიახლეების დანერგვა. რა თქმა უნდა, ორივე თვალსაზრისს თავისი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ისინი ურთიერთგამომრიცხავ ფასეულობებს ემყარება: განსხვავებულ შეხედულებებს ორგანიზაციასა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობების შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ მმართველი თავისი ნებით წავიდა სამსახურიდან.  
როგორც წესი, ჩვენი უნარები და მუშაობის მანერა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ფასეულობათა სისტემასა და უნარებს შორის კონფლიქტი მოსალოდნელია. ადამიანი შესაძლოა სპეციალისტი იყოს იმ პროფესიაში, რომელიც არ შეესაბამება მის ფასეულობებს. ამ შემთხვევაში, არ ღირს ცხოვრების ან მისი ნაწილის მიძღვნა ასეთი საქმისადმი. საკუთარი ცხოვრებიდან მოვიტან მაგალითს: XX საუკუნის 30-იან წლებში წარმატებით ვმუშაობდი ლონდონის ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში. საქმე აქტივებთან მქონდა და ვხვდებოდი, რომ ადამიანები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ფული. არ მქონდა სხვა სამსახურის პოვნის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დეპრესიის წლები იდგა, სამსახურს თავი დავანებე, და ვთვლი, რომ სწორედ მოვიქეცი. 
რა სარგებლობის მოტანა შემიძლია? 
საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს არ სჭირდებოდათ იმაზე ფიქრი, რა სარგებლობის მოტანა შეეძლოთ. რა და როგორ უნდა ეკეთებინათ, მათი დაბადებისთანავე იყო განსაზღვრული. XX საუკუნის 50-60-იან წლებშიც კი გონებრივი შრომის მუშაკები თვლიდნენ, რომ მათ კარიერას კადრების განყოფილება განსაზღვრავდა. 60-იანი წლების ბოლოს უცებ აღმოჩნდა, რომ არავის სურდა მუშაობა სხვისი კარნახით. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გახდა მათივე სურვილები. მათ ასწავლიდნენ, რომ მთავარი „საკუთარი თავის პოვნა” იყო. თუმცა ეს მიდგომაც მცდარი იყო. ის დრო, როცა ადამიანები მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რასაც ავალებდნენ, წარსულს ჩაბარდა. 
ვნახოთ, როგორ მოქმედებდა დიდი საავადმყოფოს ახლად დანიშნული დირექტორი. ერთ დროს საავადმყოფო წარმატებული იყო, თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. დირექტორმა მიზნად დაისახა, ორ წელიწადში ერთი განყოფილების მდგომარეობა მაინც გამოესწორებინა. მან არჩევანი შეაჩერა სასწრაფო დახმარების განყოფილებაზე, რომელიც საავადმყოფოს ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ერთი წლის შემდეგ ეს განყოფილება საუკეთესო გახდა, ხოლო 2 წლის შემდეგ მთელი საავადმყოფო გარდაიქმნა. ზოგადად, მკაფიო და კონკრეტული გეგმა, მაქსიმუმ, წელიწადნახევარზე უნდა იყოს გათვლილი. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, რისი მოსწრება შეიძლება ამ დროში. უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოებაც:
·დასახული ამოცანა რთული, მაგრამ რეალისტური უნდა იყოს; 
·ის გააზრებული უნდა იყოს;
·შედეგები თვალსაჩინო უნდა იყოს. 
კოლეგებთან ურთიერთობა
პირველ ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგადად, ადამიანები და კერძოდ, კოლეგები, ჩვენნაირები არიან. მათაც აქვთ ძლიერი მხარეები, ფასეულობათა სისტემა, მუშაობის სტილი, რომელიც უნდა ვიცოდეთ.   
მიუხედავად ნათქვამის სიმარტივისა, ხშირად ვტოვებთ ამ საკითხს უყურადღებოდ. აი, ერთ-ერთი ცნობილი ამბავი: პირველ სამსახურში თანამშრომელი ანგარიშებს წერდა, რადგან მისი უფროსი „მკითხველი” იყო. ახალ სამსახურში ის უსარგებლო ანგარიშების წერას განაგრძობს თავისი „მსმენელი” ხელმძღვანელისთვის. უფროსი, რასაკვირველია, დარწმუნებულია, რომ ახალი თანამშრომელი სულელი, ზარმაცი, არაკომპეტენტურია და ვერ ასრულებს მოვალეობებს. 
ამგვარი სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფროსი ჩვეულებრივი ადამიანია და უფლება აქვს, ისე იმუშაოს, როგორც მოსწონს. თანამშრომელი უნდა დააკვირდეს, რათა ზუსტად გაიგოს, როგორი სტილი აქვს მის უფროსს. სწორედ ამაშია „მართვის” საიდუმლო. ამავეს თქმა შეიძლება კოლეგებზეც.  
გარდა ამისა, აუცილებელია კოლეგებთან ურთიერთობა, მათთან საკუთარ სამუშაოზე საუბარი. როცა კონსულტანტი პირველად მიდის ორგანიზაციაში, თანამშრომლები კონფლიქტების შესახებ იწყებენ საუბარს. მიზეზი ერთია: მათ არ იციან, რას აკეთებენ კოლეგები, როგორია მათი წვლილი საერთო საქმეში და რა შედეგების მიღწევას ცდილობენ. არ იციან, რადგან ერთმანეთს არ ეკითხებიან. თანამედროვე ორგანიზაცია ურთიერთნდობას ემყარება. ურთიერთნდობა ყოველთვის ურთიერთსიმპატიას არ გულისხმობს: ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ერთმანეთის ესმით. აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობების მოგვარება შეგვეძლოს და პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ ამ ურთიერთობების გამო.  
ცხოვრების მეორე ნახევარი
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მმართველებში „საშუალო ასაკის კრიზისზე”. 45 წლის ასაკში მრავალი მათგანი თავისი კარიერის მწვერვალს აღწევს. მომავალი 20–25 წელი ისინი ასეთივე შრომისუნარიანნი იქნებიან.  
ახალი საქმის პოვნა სხვადასხვაგვარად შეიძლება. პირველ რიგში, შეიძლება სამსახურის გამოცვლა. ადამიანები ხშირად  სხვა ორგანიზაციაში გადადიან. ზოგი უფრო გამბედავია: მაღალი რანგის ჩინოვნიკი სასულიერო პირი ხდება, მენეჯერი კი იურიდიულ განათლებას იღებს და პატარა ქალაქში ადვოკატობას იწყებს.   
მომავალში პირველი წარმატებული კარიერის მქონე ადამიანები კიდევ უფრო ხშირად დაიწყებენ მეორე კარიერაზე ზრუნვას. ბევრი, მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატების მიღწევის შემდეგ, ძირითად სამუშაოს არ ტოვებს და ახალს პოულობს, როგორც წესი, საქველმოქმედო ორგანიზაციაში. ზოგი, ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, საზოგადო მოღვაწე ხდება. მათ უყვართ, მაგრამ უწინდებურად ვეღარ ხიბლავთ საკუთარი საქმე. ამიტომ მას თავს არ ანებებენ, ისე ერთვებიან სოციალურ პროექტებში.   
მუდამ მცირერიცხოვანნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სერიოზულად ემზადებიან ცხოვრების მეორე ეტაპისთვის. თუმცა მაგალითი სწორედ მათგან უნდა ავიღოთ, რადგან მათ სურთ, სანამ ძალა შესწევთ, სასარგებლონი იყვნენ საკუთარი თავისა და საზოგადოებისათვის. თუ მათ რიცხვში მოხვედრა გსურთ, მზადება დროულად უნდა დაიწყოთ. ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციების დამფუძნებლები და სოციალური პროექტების ხელმძღვანელები მეორე კარიერას ჯერ კიდევ მაშინ იწყებენ, სანამ პირველი კარიერის მწვერვალზე ავლენ. საზოგადოებაში, სადაც წარმატება ასე ფასობს, უბრალოდ, აუცილებელია, ძირითადი სამუშაოს გარდა, სხვა საქმის კეთებაც. წარმატების გზაზე მარცხი გარდაუვალია. სწორედ ამიტომაც, აუცილებელია „სხვა საქმეც” გვქონდეს, რომლის საშუალებითაც თვითრეალიზაციას და სარგებლობის მოტანას შევძლებთ.
ბევრი მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის მართვა უადვილესი ამოცანაა. სინამდვილეში კი ეს ყველასგან ახლებური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. დღეს ყოველმა ჩვენგანმა, არსებითად, მენეჯერის მსგავსად უნდა იაზროვნოს. ფიზიკური შრომიდან, რომლის დროსაც ადამიანი იმას აკეთებს, რასაც ავალებენ, გონებრივ შრომაზე გადასვლა საზოგადოების სტრუქტურის ძირეულ ცვლილებებს იწვევს. არსებული საზოგადოება ორ პრინციპს ემყარება: ორგანიზაცია თავის თანამშრომლებზე დიდხანს „ცოცხლობს” და ადამიანთა უმრავლესობა იშვიათად იცვლის სამსახურს. დღეს სულ უფრო ხშირად ვაწყდებით რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას: ის, ვინც „ინტელექტუალურ” სფეროში საქმიანობს, ხშირად ორგანიზაციაზე დიდხანს ცოცხლობს და მთელ ცხოვრებას ერთ საქმეს არ უძღვნის. საკუთარი თავის მართვა ნამდვილი რევოლუციის საწინდარია.    
 

დიდაქტიკური თამაშის ფსიქოლოგიური და კოგნიტური საფუძვლები

0
“თამაშობს ყველა. თამაშობენ ბავშვები, უფროსები. თამაშობენ ცხოველები. თამაშობდნენ პირველყოფილი ადამიანები…” _ ეს სიტყვები მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი წერილიდანაა. წერილის მთავარი დედააზრია, რომ  ნებისმიერ ეპოქაში ყველა ცოცხალ არსებას აქვს თამაშის _ რეალობის იმიტირების, “თეატრალიზების” მოთხოვნილება.
საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თამაშს, როგორც ქცევას, საფუძვლად უდევს სიამოვნება. ბავშვისთვის თამაშის ძირითადი მოტივი აქტივობისაგან სიამოვნების მიღებაა. თამაშზე საუბრისას აუცილებელია, შევეხოთ მის ფსიქოლოგიურ და კოგნიტურ საფუძვლებს. 
 თამაშის დროს ქცევის იმპულსი ფუნქციონალურია, ანუ ბავშვის ქცევას წარმართავს ფუნქციური სიამოვნება. ამიტომ, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში და იწყებს სწავლას, მისი ინტელექტუალური ფუნქციების ასამოქმედებლად უფრო ეფექტური იქნება თამაშის გამოყენება, ანუ სწავლის წარმართვა თამაშით.
ცოდნის მიღების, განმტკიცებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ხშირად გამოიყენება სახალისო, შემეცნებითი სავრჯიშოები _ დიდაქტიკური თამაშები.

დიდაქტიკური თამაშები მრავალფეროვანია. ეს თამაშები შეიძლება იყოს: 

1. სახალისო
2. სააზროვნო
3. ლოგიკური
4. განმავითარებელი
5. შემეცნებითი
6. სიმულაციური
7. ინტელექტუალური
დიდაქტიკური თამაშები, კოგნიტური განვითარების თეორიების მიხედვით, ორ ჯგუფად იყოფა:
 


1. ჯგუფი

ამ
ტიპის დიდაქტიკური თამაშის დროს ბავშვის
აზროვნება

 

 ლოგიკური ხდება, მაგრამ მაინც აღქმით
არის განსაზღვრული.
გასათვალისწინებელია, რომ
ბავშვი პრობლემას მხოლოდ საკუთარი მოლოდინის მიხედვით განიხილავს.


2. ჯგუფი

ამ
ტიპის დიდაქტიკური თამაშის დროს ბავშვები აღარ უშვებენ შეცდომებს კლასიფიკაციის დროს,
იმიტომ, რომ აზროვნება აღარ არის მხოლოდ
აღქმით შემოფარგლული.

დიდაქტიკური
თამაშის გართულება იმით არის გამოწვეული, რომ ამ ასაკში (7-11 წ.) მოზარდის ცნობიერებაში
ჩნდება მასის, მოცულობისა და წონის მუდმივობის ძირითადი ცნებები. მეორე მხრივ, ლოგიკური
ოპერაციების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ რეალურ საგნებზე. ამიტომ ბავშვები ხშირად
წყვეტენ ამოცანებს რეალურ საგნებზე, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ ფორმალურ დონეზე
– აზრობრივად, წარმოსახვით.

  
ამ ტიპის დიდაქტიკური თამაშის დროს ბავშვის აზროვნება ლოგიკური ხდება, მაგრამ მაინც აღქმით არის განსაზღვრული. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი პრობლემას მხოლოდ საკუთარი მოლოდინის მიხედვით განიხილავს.ამ ტიპის დიდაქტიკური თამაშის დროს ბავშვები აღარ უშვებენ შეცდომებს კლასიფიკაციის დროს, იმიტომ, რომ აზროვნება აღარ არის მხოლოდ აღქმით შემოფარგლული. 

დიდაქტიკური თამაშის გართულება იმით არის გამოწვეული, რომ ამ ასაკში (7-11 წ.) მოზარდის ცნობიერებაში ჩნდება მასის, მოცულობისა და წონის მუდმივობის ძირითადი ცნებები. მეორე მხრივ, ლოგიკური ოპერაციების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ რეალურ საგნებზე. ამიტომ ბავშვები ხშირად წყვეტენ ამოცანებს რეალურ საგნებზე, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ ფორმალურ დონეზე – აზრობრივად, წარმოსახვით. 
     
 როგორც სქემიდან ჩანს, 7-11 წლის მოსწავლეებს შეიძლება გავურთულოთ დიდაქტიკური თამაშები, რადგან ისინი კონკრეტული ოპერაციების სტადიაზე იმყოფებიან.
რა არის ოპერაცია?
ოპერაცია არის გონებრივი აქტივობა, რომელიც გარკვეულ ლოგიკურ წესს ეყრდნობა. 
ახლა დავაკონკრეტოთ ის ლოგიკური წესები, რომლებსაც გონებრივი აქტივობა ეყრდნობა:
ოპერაციებში ორი ლოგიკური წესი მონაწილეობს – შექცევადობის და იგივეობის. 
 

შუქცევადობა 

ნებისმიერი ოპერაციისათვის
არსებობს საპირისპირო ოპერაცია, რომელიც აღადგენს პირვანდელ მდგომარეობას
(6-4=2; 2+4=6).

ხე შემოსილია ფოთლებით.
ხეს ფოთლები დასცვივდა. ხე შეიმოსა ფოთლებით.

იგივეობა

ნებისმიერი ოპერაციისათვის არსებობს ოპერაცია, რომელიც
არაფერს არ ცვლის (2X1=2; 2X1X1=2).

 
ამ ეტაპზე მყოფ მოსწავლეს ესმის “შენახვის” ცნება, ანუ შეუძლია  იმის გაცნობიერება, რომ რაოდენობა და მოცულობა არ იცვლება მანამდე, სანამ არ დაემატება ან მოაკლდება რამე. 

მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი თამაშები სასკოლო დისციპლინების მიხედვით. მათი სწორად შერჩევის შემთხვევაში, მასწავლებელს ხელთ ექნება სერიოზული დამხმარე რესურსი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. ცნობილია, რომ კოგნიტური განვითარება, პიაჟეს მიხედვით, სტადიურ ხასიათს ატარებს და ოთხ საფეხურს მოიცავს. განვიხილოთ II და III საფეხურები, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შეესაბამება.
 
II სტადია _ ოპერაციამდელი – 2-დან 7 წლამდე
 
ბავშვი თანდათან იქცევა შემმეცნებელ სუბიექტად, ეუფლება წარმოდგენებით აზროვნებას. ამ სტადიის დასაწყისში ბავშვი იწყებს მეტყველებას. მას ნამდვილი ცნებები არ გააჩნია და იყენებს ცნებამდელ წარმონაქმნებს, მიჯაჭვულია მხოლოდ იმას, რასაც ხედავს.

ცნებამდელ აზროვნებას ამავე სტადიაზე ცვლის ე.წ. ინტუიციური აზროვნება     (4-7 წ.), როცა ბავშვის აზროვნება ლოგიკური ხდება, მაგრამ მაინც აღქმით არის განსაზღვრული. ბავშვი პრობლემას მხოლოდ საკუთარი მოლოდინის მიხედვით განიხილავს.
 
IIII კონკრეტული ოპერაციების სტადია _ ეს არის ლოგიკურ აზროვნებაზე გადაგადასვლის სტადია 7-11 წლამდე.
 
ამ სტადიაზე ბავშვები აღარ უშვებენ შეცდომებს კლასიფიკაციის დროს, იმიტომ, რომ აზროვნება აღარ არის მხოლოდ აღქმით შემოფარგლული. ამ პერიოდში მათ ცნობიერებაში ჩნდება მასის, მოცულობისა და წონის მუდმივობის ძირითადი ცნებები. მეორე მხრივ, ლოგიკური ოპერაციების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ რეალურ საგნებზე. ამიტომ ბავშვები ხშირად წყვეტენ ამოცანებს რეალურ საგნებზე, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ ფორმალურ დონეზე – აზრობრივად, წარმოსახვით.
განვიხილოთ 6 წლის მოსწავლისათვის შექმნილი დიდაქტიკური თამაში, რომლის შედგენისას გათვალისწინებულია  მიდგომა – ამ ასაკის  ბავშვი საკითხს მხოლოდ საკუთარი მოლოდინის მიხედვით განიხილავს. ამ ტიპის თამაშების გამოყენებით ხდება მოსწავლის კოგნიტური განვითარება. თამაშს საფუძვლად უდევს კოგნიტური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდი _ გონებრივი იერიში. მისი მეორე ეტაპი (რანჟირება) “თეატრალიზებული” შეკითხვებით მიმდინარეობს. ასეთი თამაშების ეფექტურად გამოყენებით ბავშვის აზროვნება ლოგიკური ხდება, თუმცა მაინც აღქმით არის განსაზღვრული.
დიდაქტიკური თამაში “მებაღე”
“მებაღე” მოსწავლემ უნდა  დაასახელოს მისი საყვარელი 3, 4, 5  ხილის სახელი.
მოსწავლეები ასახელებენ სხვადასხვა ხილს. ერთი და იმავეს გამეორება შეიძლება. მასწავლებელი დაფაზე წერს მოსწავლეთა მიერ დასახელებულ სახელებს და დაფაზე “ბაღის პანორამა” ჩნდება.
შემდეგ მასწავლებელი იწყებს სახალისო შეკითხვებით თამაშს. ის სვამს შეკითხვებს: 
მარწყვი რომ მოწყვიტო, ხეზე უნდა ახვიდე?
მოცხარი რომ მოწყვიტო, ხეზე უნდა ახვიდე?
ბალი ბალახია? რომ მოწყვიტო, ბალახის ფოთლები უნდა გადაწიო და იქ იპოვი?

შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სამსვეტიან ცხრილს და შიგ წერს: ხე, ბუჩქი ბალახი. მოსწავლეები  სახალისო კითხვა-პასუხის შედეგების მიხედვით ავსებენ ცხრილს, ანუ ხდება რანჟირება.

ხე

ბუჩქი

ბალახი

 

ვაშლი

მსხალი

ატამი

კომში

მოცხარი

ჟოლო

მაყვალი

 

მარწყვი

პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დიდაქტიკურ თამაშში ჩართვისათვის მოსწავლეს სჭირდება სპეციალური მზაობა, განწყობა,  რომელიც აამოქმედებს მის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებელმა 6 წლის მოსწავლეს მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებზე გათვლილი სასწავლო თამაში უნდა მიაწოდოს. დიდაქტიკური თამაშისას სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა ცოდნის წყურვილ­ში გადაეზარდოს. უზნაძე აღნიშნავს: “გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივო­ბის პროცესშია შესაძლებელი”.  

განვიხილოთ უზნაძის კონცეფციის გამოყენების ასპექტები დიდაქტიკური თამაშებისას. 
სწავლებისას უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

1.  მოსწავლეს უნდა შევუქმნათ განწყობა; 
2. დიდაქტიკური თამაშის მასალა უნდა მოვარგოთ მოსწავლეს (აქტუალური დონე + წინსვლა); 
3. უნდა შევქმნათ სწავლაზე ორიენტირებული საკლასო გარემო.

სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გუ­ლისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას, რომელიც განსაზ­ღვრავს მოსწავლის ჩართვას დიდაქტიკურ თამაშში. თუ დიდაქტიკური თამაშის  მიმართ მოსწავლეებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგი აუცილე­ბლად დადებითი იქნება.

საჭიროა, მასალა მოვარგოთ მოსწავლეს (აქტუალური დონე + წინსვლა). დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოვარგებთ დიდაქტიკური თამაშის სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძა­ლებს. 
როგორი უნდა იყოს ეს მასალა?

“იგი, ერთი მხრივ, შესაფ­ერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისათვის. მეორე მხრივ, იგი დაშორებულიც უნდა იყოს მას საკმარისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლა შეუძლებელი იქნება. მასწავლებლის ჩარევა სწორედ ამ პირობის რეალიზაციას ახდენს, მასწავლებელი მასალას ისე აწვდის მოწაფეს, რომ იგი მისაწვდომი გახდეს. მასწავლებლის როლი სასწავლო მასალისა და მოწაფის ძალთა შორის შუამავლობასა და მისი ნამდვილი  განვითარების შესაძლებლობის აუცილებელი პირობის შექმნაში მდგომარეობს” (დ. უზნაძე).
ბავშვის განვითარება ეფუძნება იმ კიბეს, სადაც ათვისებული და აუთვისებელი მასალა ქვედა და ზედა საფეხურებია! მნიშვნელოვანია,  სწავლაზე ორიენტირებული საკლასო გარემო შევქმნათ. დიდაქტიკური თამაშებით სწავლება  მოსწავლეზე ორიენტირე­ბული სწავლებაა და ის, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.

სწავლის ცნება ძალიან ფართოა. არ არსებობს არცერთი ექსტეროგენური ქცევის ფორმა, რომლის სწავლის საგნად გადაქცევაც არ შეიძლება. დ. უზნაძე ამას სწავლის გენერალურ ხასიათს უწოდებს და იმით ხსნის, რომ სწავლის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ჩვევების, უნარებისა და ცოდნის შეძენა, რასაც ბავშვი იღებს, არამედ მოზარდის ძალების განვითარება განსაზღვრული მიმართულებით. სწორედ ამ თვისებით ჰგავს სწავლა თამაშს, ანუ მოზარდის ძალების განვითარება ისეთივე სპეციფიკურია სწავლისათვის, როგორც თამაშისათვის. თამაშიც, თავის მხრივ, ქცევის ისეთივე გენერალური ფორმაა, როგორიც სწავლა. 
როდესაც სწავლის შესახებ ვსაუბრობთ, ძნელია იმის თქმა, რომ ქცევის იმპულსი აქაც ფუნქციონალურია. სწავლა ყოველთვის გულისხმობს იმას, რაც ისწავლება: მოსწავლეს ვაწვდით საგანს, გარედან ავამოქმედებთ მის ძალებს, ე. ი. სწავლა, როგორც ქცევა, იგება გარეგან იმპულსზე.

როდესაც ბავშვს გარკვეულ ასაკში მეტყველების ფუნქცია მოუმწიფდება, უჩნდება შინაგანი იმპულსი _ მეტყველების ფუნქციის ამოქმედების ტენდენცია, მაგრამ თუ ჩვენ მას გარედან არ მივაწვდით გარკვეულ ენობრივ მასალას, შეუძლებელია, გაიზარდოს ეს ფუნქციონალური ტენდენცია.

ამრიგად, სწავლა არის ქცევის თავისებური ფორმა, რომელიც არ შეიძლება იყოს გაიგივებული თამაშთან, შრომასთან თუ ქცევის რომელიმე სხვა ფორმასთან. სწავლა შეიცავს როგორც ექსტეროგენური, ასევე ინტროგენური ქცევის ფორმების ელემენტებს და ამასთანავე განსხვავდება თითოეული მათგანისაგან.
    
 დიდაქტიკური თამაში სწავლების ისეთი საშუალებაა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო ამოცანის შენიღბვის მეშვეობით ბავშვი წინასწარი განზრახვის გარეშე დაეუფლოს ცოდნას.

მაგალითად განვიხილოთ მკითხველთა თეატრი. ის ისეთი დიდაქტიკური თამაშია, რომელიც კითხვის დასახვეწად გამოიყენება _ ამა თუ იმ ნაწარმოების ზეპირი შესრულებით ხომ მოსწავლეები გაუცნობიერებლად ვარჯიშობენ კითხვაში. გარდა ამისა, ისინი ოსტატდებიან საუბარში, მეტი ინტერესი უჩნდებათ ლიტერატურისადმი.  

  

საჭიროა მცირე ზომის ტექსტი, რომელიც 10-15 წუთში იკითხება და შედგება დიალოგებისაგან, რაც მოსწავლეებისთვის როლების განაწილების საშუალებას იძლევა. 

მკითხველთა თეატრის მოსაწყობად უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურები: 

·კლასში ტექსტის წასაკითხად უნდა შეირჩნენ მოხალისეები;
·თითოეულ მკითხველს უნდა მიეცეს ასლი და მასწავლებელმა უნდა მოისმენოს მხატვრულად წაკითხული ვარიანტი;
·ამის შემდეგ მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს ტექსტი კლასთან ერთად;
·მან უნდა სთხოვოს მოსწავლეებს, წაიკითხონ ტექსტი ჟესტებით, მიმიკებით, ინტონაციებით;
·მოსწავლეებმა ტექსტი თეატრალურად უნდა წაიკითხონ;
·მათ უნდა გაიმეორონ სცენები რამდენჯერმე, რათა მათი წაკითხული უფრო დრამატული და გამართული გახდეს.  
გასაკვირი არაა, რომ ბავშვებს თამაში განსაკუთრებით უყვართ. ამ დროს ისინი ითავისებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებს და ჩვევებს, იმდიდრებენ სოციალურ წარმოდგენებს და ეცნობიან რთული და პრობლემური სიტუაციებიდან თავის დაღწევის გზებს. დიდაქტიკური თამაში სწავლების განსაკუთრებული საშუალებაა. მისი გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია ლამაზად შენიღბოს სასწავლო ამოცანა  და მოსწავლე ბუნებრივად, სტრესის გარეშე დაეუფლოს ცოდნას.  

რატომ აღარ იცინიან თოჯინები

0
ორი ათეული წლის წინ მეც ვიყავი ბავშვი, – ვუთხარი ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს და მერხის ქვეშ დამალული აიფონი ჩამოვართვი.

ორი ათეული წლის წინ მართლა ვიყავი ბავშვი და თან მოსწავლე, რომელსაც საოცნებო არ ელეოდა – განათებული ნათურით დაწყებული სათამაშოებით დამთავრებული. პირველი კომპიუტერი სახლში ბიძაჩემმა მოიტანა. ღამეებს ,,ომობანას” თამაშში ათენებდა, კიბერნეტიკული მტრის ჟლეტვით იოხებდა გულს. გარეთ კი, ერთი დაღმართით დაბლა, მოშინაურებული სამოქალაქო ომის ,,მამლები” ყიოდნენ.

თავიდანვე მტრულად განვეწყვე კომპიუტერის მიმართ; ამ მორახრახე მანქანის გამო, ძილი მიფრთხებოდა. არადა, ბავშვების უმეტესობას ისე იზიდავს კომპიუტერული თამაშები, როგორც მწერს თაფლი. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთ მოზარდს ამ თანამედროვე მანქანასთან თამაში უფრო ეხერხება, ვიდრე – თანატოლებთან. 

ამას წინათ, კლასში გამოკითხვა ჩავატარე , მაინტერესებდა, რა საჩუქარს ისურვებდნენ პატარები დაბადების დღეზე. მოსწავლეთა უმეტესობამ აიფონის სახელგანთქმული ბოლო მოდელის ტელეფონი დაასახელა. რეკლამის ჯადოსნურ ძალას რომ თავი დავანებოთ, მშობლების  სურვილებს და მისწრაფებებს სარკესავით ირეკლავს პატარების ოცნებები. თან, საზოგადოება სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში ტოლს არავის უდებს. ასე რომ, გაცილებით ადვილია მოგწონდეს (გინდოდეს) ის რაც ყველას მოსწონს და – პირიქით. 

***
მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა თანაკლასელმა სკოლაში პატარა სათამაშო გიტარა მოიტანა, რამდენი ღილაკიც ჰქონდა, იმდენ მელოდიას უკრავდა. მთელი წელი ვოცნებობდი, როგორ მჩუქნიდნენ ამ გიტარას დაბადების დღეზე, ახალ წელს ან სხვა რაიმე დღესასწაულზე, მაგრამ მეტისმეტად მორიდებული ვიყავი და მშობლების ,,შეწუხება” ვერ გავბედე (მაშინ სხვა დრო იყო, ერთი შეხედვით, უბრალო სათამაშო თუ ტკბილეული  ჩემი თაობის ბავშვების უმეტესობისთვის იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენდა). შესაბამისად, იმ წლის ყველა დღესასწაული საოცნებო საჩუქრის გარეშე ვიზეიმე. 

ბავშვობისდროინდელი ყველაზე დიდი ოცნება მაინც მედალიონებსა და ჯიბის საათებს უკავშირდება. ბაბუას ჯიბის საათი ოჯახის რელიკვია იყო, იშვიათად თუ მოვკრავდი თვალს, ამიტომ ბუნდოვნად მახსოვს (ძალიან მალე ბაბუ გარდაიცვალა, არეულობა დაიწყო და საათიც ,,პურზე გავცვალეთ” ). რაც შეეხება მედალიონებს, დღემდე მიყვარს. როცა მეორე კლასში ვიყავი, ერთ უფროსკლასელს ჰქონდა გულის ფორმის, ვერცხლის გასახსნელი მედალიონი, შიგნით დიდი ბებიის სურათი ედო. ერთხელ მთელი დღით მათხოვა და ისე ამაყად დავატარებდი, თითქოს ათი წელი მომემატა. ხშირად ვხსნიდი და ვათვალიერებდი შეყვითლებულ სახეს ( რა თავგადასავალში აღარ გავხვიე ის ქალი… ).
***

შესვენებაა. ბიჭები, როგორც ყოველთვის, დერეფანში გაცვივდნენ, გოგონებმა კლასი ,,დაიპყრეს” და აღფრთოვანებით საუბრობენ დედიკოების ,,აიფონებზე”, მამიკოების ,,მაკ-ეარებზე” და სხვა მრავალ  თანამედროვე თავშესაქცევზე. ორი ათეული წლის წინ კი მე და ჩემი მეგობრები ლამფის შუქით განათებულ სამზარეულოში თოჯინებს ვაძინებთ, მერე ათას საშიშ ისტორიას ვიგონებთ და ვიჯერებთ. ხანდახან თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდზეც წავიოცნებებთ.  ჩვენი წითელქუდა ოცნებებისთვის შორეული ქვეყნის ტყეში ,,ჩაკბეჩილი ვაშლების” მოსაგროვებლად წასვლა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ზღაპარი მგლის გარეშე. აქ ჯერ კიდევ პურის რიგში ბერდებიან ჩვენი მამები და გრძელი ზამთრის საღამოები ღუმელში შემწვარი დაშაქრული ვაშლის ჯანსაღი სურნელითაა გაჯერებული.

,,მშიერი და თავზეხელაღებული” 

სტივ ჯობსი დაიბადა კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოში, 1955 წლის 24 თებერვალს. მომავალი მაგნატის დედა (ჯოან სიმფსონი) ამერიკელი იყო, მამა კი – სირიელი ემიგრანტი (აბდულფატაჰ ჯანდალი). ბიოლოგიურმა მშობლებმა ბავშვი გააშვილეს. პატარა სტივი კლარა და პოლ ჯობსების ოჯახმა იშვილა.

სკოლის დამთავრებისთანავე, სტივ ჯობსმა პორტლენდის კოლეჯი აირჩია. ასეთ პრესტიჟულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შემსწავლელ დაწესებულებაში განათლების მიღება ძვირადღირებული სიამოვნება იყო, მაგრამ ჯობსებმა სტივის ბიოლოგიური დედისთვის მიცემული პირობა არ დაარღვიეს და სტივს სწავლის საფასურის გადახდას შეჰპირდნენ. ,,ეფლის” დამაარსებლის სტუდენტურმა ენთუზიაზმმა მხოლოდ ერთ სემესტრს გასტანა. გაბედულმა თინეიჯერმა მიატოვა არჩეული კურსი და მისივე თქმით, საკუთარი თავის აღმოსაჩენად, მეგობრების ჭერქვეშ, უფრო სწორად, სტუდენტების საერთო საცხოვრებლის იატაკზე მრავალი ღამე გაათენა. ახალგაზრდა სტივი სახარჯო ფულის მოსაგროვებლად კოკა-კოლას ცარიელ ბოთლებს აბარებდა, კვირაში ერთხელ კი რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა, რათა ინდურ  მონასტერში უფასოდ ესადილა. 

Reed College-ში კალიგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი იკითხებოდა. ყოფილი სტუდენტი თავისუფალი დროის ნაკლებობას არ განიცდიდა, თან, მოიხიბლა ლამაზად წერის ხელოვნებით და კურსებზე სიარული გადაწყვიტა. სტივ ჯობსი სწორედ ამ კურსის წყალობით დაეუფლა შრიფტებისა და ასოთა სხვადასხვა კომბინაციას შორის სივრცის დარეგულირების ხელოვნებას. ასე ვთქვათ, შეისწავლა ყველაფერი, რაც ტიპოგრაფიას ეხებოდა.
ათი წლის შემდეგ, როდესაც ,,ეფლი” მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ქმნიდა, კალიგრაფიის კურსებზე მიღებული ცოდნა სტივს ძალიან გამოადგა. მაკი იყო მსოფლიოში პირველი კომპიუტერი, რომელიც ულამაზესი ტიპოგრაფიით აღჭურვეს. 

19 წლის სტივი, თანამოაზრესთან და მომავალ პარტნიორთან – სტივ ვოზნიაკთან ერთად,  ინდოეთს ესტუმრა, სადაც  ისევ  ,,საკუთარი თავის ძიებით” იყო დაკავებული. მაგრამ მალე დაბრუნდა სამშობლოში, როგორც კომპიუტერული ფირმის – “Atar” თანამშრომელი, სადაც კომპიუტერული თამაშების შექმნაზე მუშაობდა. ვოზნიაკი კი თავის პირველ კომპიუტერს ქმნიდა. მალე მეგობრებმა ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს და დააარსეს კომპიუტერული ფირმა  “Apple” . 

მეგობრებმა პირველი ოფისი ჯობსების ავტოსადგომში მოაწყვეს და 1977 წელს,  შექმნეს კომპიუტერი, რომელსაც Apple1 დაარქვეს (სულ რაღაც ორასამდე მოდელი გაიყიდა), მალე Apple1-ს   გაუმჯობესებული Apple2 მოჰყვა. სწორედ ამ მოდელის წყალობით, სტივებმა  ელვის სისწრაფით დაიპყრეს ბაზარი და  24 წლის ასაკში, ერთი შეხედვით, ქარაფშუტა ახალგაზრდები სახელგანთქმულ და პატივსაცემ მილიონერებად  იქცნენ. 
 
Apple3-ის გამოსვლის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის იდეაც  ჯობსს ეკუთვნოდა. პროექტი – Lisa  უნიკალურ ინოვაციას წარმოადგენდა, მაგრამ  დირექტორთა საბჭომ სტივი რატომღაც პროექტს ჩამოაშორა. პარტნიორები ხშირად უჩიოდნენ ,,გადაჭარბებულ ემოციებს აყოლილ იდეალისტს”, რომელსაც არ შეუძლია სამუშაოს რეალურად შეფასება. თითქოს შურისძიების მიზნით, სტივმა წამოიწყო პროექტი Macintosh, რომლის მთავარი იდეაც ბაზარზე იაფი, მომხმარებლისთვის მისაწვდომი მოდელის გატანა იყო. პროექტის ფარგლებში, ჯობსი მუშაობდა  მარტივი პინ-კოდის შექმნაზეც. დირექტორთა საბჭო  სკეპტიკურად განეწყო სტივის მორიგი იდეის მიმართაც, მაგრამ  Lisa-ს  ფიასკოს შემდეგ,  MAC-ი კომპანიისათვის ერთგვარ ხსნად იქცა და 1984 წელს საზოგადოებამ პირველი მაკინტოში იხილა. 

ეს პროექტი წარმოადგენდა  “Apple”- ისა და  რევოლუციური გამოგონებებით სახელგანთქმული ფირმის  – “Xserox”-ის შესაძლებლობების შერწყმას. ,,მაკინტოში” დღევანდელი პერსონალური კომპიუტერის უშუალო წინაპრად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. სწორედ მას გამოაბეს პირველად თაგვის ფორმის უცნაური ხელსაწყო  – ,,მაუსი”. 
 
ჯობსის ინოვაციურმა იდეებმა საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და კომპანია “Apple” მალე უზარმაზარ კორპორაციად გადაიქცა. თუმცა,  ,,კულისებში”  ,,რეჟისორისადმი” დამოკიდებულება არ შეცვლილა და მალე, კომპანიის დამაარსებელი მისივე არჩეულმა დირექტორთა საბჭომ სამსახურიდან გაათავისუფლა. ,,იმპიჩმენტის” მთავარ არგუმენტად  ჯობსის მმართველობის ავტორიტარული სტილი დასახელდა. ეფლის თანადამფუძნებელი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამდა:

,, როგორ უნდა გაგაგდონ შენი შექმნილი კომპანიიდან? ეფლი ნელ-ნელა იზრდებოდა და გადავწყვიტეთ დაგვექირავებინა ადამიანი, რომელსაც მაშინ ნიჭიერად ვთვლიდი, რათა კომპანიას ჩემთან ერთად გაძღოლოდა. პირველი ერთი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ თანდათანობით ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაშორდა და ბოლოს, უთანხმოება მოგვივიდა. დირექტორთა საბჭომ მისი მხარე დაიჭირა და 30 წლის ასაკში, საკმაოდ სკანდალურად, უმუშევრად დავრჩი. ყველაფერი გაქრა, რაზეც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება იყო ორიენტირებული. განადგურებული ვიყავი.”

„მე არ ვენდობი კომპიუტერს, რომლის აწევაც არ შემიძლია” 

კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ, სტივ ჯობსმა  ჯორჯ ლუკასისაგან  გრაფიკული სტუდია შეიძინა და მალე, ,,პიქსარის”  მიერ განხორციელებული ანიმაციური პროექტებით გაითქვა სახელი ( ,,მონსტრების კორპორაცია” ,  ,,სათამაშოების ისტორია”… ).  პიქსართან ერთად, ჯობსმა დააარსა კომპიუტერული კომპანია ,,ნექსთი”, რომელიც,  მოგვიანებით,  ჯობსის პირველმა ,,პირმშომ” შეიძინა და უძღები შვილიც სახლში დაბრუნდა. მან  5 მილიონ დოლარად შეძენილი სტუდია  კომპანია ,,უოლტ დისნეის”  7,5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა  და 1997 წელს,  თითქმის გაკოტრებულ  ეფლში დაბრუნდა. ,,მოვლენათა სასწაულებრივი შემობრუნებით, ეფლმა ნექსთი შეიძინა, მე დავბრუნდი ეფლში და ის ტექნოლოგიები, რომლებიც ნექსთში შევიმუშავეთ, ეფლის დღევანდელი რენესანსის საფუძველია”, –  განაცხადა ჯობსმა 2005 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში სტუმრობის დროს.
არავინ იცის, სტივმა საზოგადოების გასამხიარულებლად იხუმრა, თუ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, შოკისმომგვრელი შემოთავაზებების ისტორიაში თავისი წვლილი შეეტანა. ასე იყო თუ ისე, მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე ,,მონსტრების კორპორაციის” სრულუფლებიანი მმართველის ხელფასი მხოლოდ 1 დოლარით განისაზღვრა. 
ჯობსის ეფლში დაბრუნების შემდეგ, კომპანიამ  გამოუშვა  iPhone  და  iPod, მოგვიანებით კი – iPad.  ინოვაციური იდეების წარმატებით განხორციელებისათვის, მაგნატს პრემიის სახით 43 მილიონ დოლარად შეფასებული ავიალაინერი გადაეცა.
 
ახალგაზრდების  ,,კიბერ-მესიას”  ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს. ბუდიზმის მიმდევარმა თავიდან ქირურგიულ ჩარევაზე უარი განაცხადა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ოპერაციამ  სიცოცხლე რვა წლით გაუხანგრძლივა. სტივი თავს იმითღა იმშვიდებდა, რომ მოახერხა ,,რაღაც მშვენიერის შექმნა”. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ  უკეთესობისკენ მაინც ვერ შეცვალა ადამიანის ცხოვრება, რისთვისაც ბოდიშს უხდიდა მომხმარებელს.
სტივ ჯობსს  დღემდე მიიჩნევენ  მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელად. მაგნატიც ამავე აზრის იყო საკუთარ პროდუქციაზე და ამტკიცებდა, რომ მთავარი შტრიხი, რაც  Apple -ს კონკურენტი კომპანიებისგან განასხვავებს, ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმის შედეგია.
 
მენეჯმენტის წარმატების უცვლელი გასაღები,  რომლის მიხედვითაც, წარმატების კარი მაშინ გაიღება თუ მწარმოებელი სამომხმარებლო პროდუქტის შექმნის დროს მომხმარებელის მოთხოვნასა და საჭიროებას გაითვალისწინებს, სტივ ჯობსმა უკუაგდო. ის ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია  მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რა უნდა, როცა საქმე ეხება ისეთ პროდუქტს, რომელიც საზოგადოებას არასდროს გამოუყენებია. 

სტივ ჯობსი ავადმყოფობას სასოწარკვეთილებამდე არ მიუყვანია. პირიქით, სიცოცხლის ბოლო რვა წელი, რომელიც კომპიუტერულმა მაგნატმა სიკვდილთან ბრძოლაში გაატარა, ყველაზე პროდუქტიული და ინოვაციებით დატვირთული წლები იყო ეფლის ისტორიაში.

2005 წელს, სტენფორდის სტუდენტებისთვის მოთხრობილი სამი ისტორია  – ,,წერტილების შეერთებაზე, სიყვარულსა და დანაკარგზე და ბოლოს, სიკვდილზე” ყველაზე სანდო და ინფორმაციულ ავტობიოგრაფიად შეიძლება ჩაითვალოს. როცა ამ სიტყვის დასკვნით ნაწილს ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ამ სიტყვებით სტივ ჯობსი მსმენელთან ერთად საკუთარ თავსაც ემშვიდობებოდა:

,,პატარა რომ ვიყავი, არაჩვეულებრივი გამოცემა არსებობდა, სახელად „მთელი დედამიწის კატალოგი”, ჩემი თაობის ერთ-ერთი ბიბლია იყო. მას სტიუარტ ბრენდი წერდა. ეს 1960-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, კომპიუტერების ეპოქამდე, ასე რომ მთლიანი გამოცემა საბეჭდი მანქანებით, მაკრატლებით და პოლაროიდის აპარატებით იწყობოდა. ნაბეჭდი გუგლივით იყო, გუგლამდე 35 წლით ადრე: გადავსებული იდეალისტური და დიდებული განზრახვებით. ჟურნალის ბოლო  ნომერი 70-იანების შუაში გამოვიდა. საფინალო გამოცემის უკანა ყდაზე გზის ფოტო იყო გარიჟრაჟისას, აი, ისეთის, ავტო-სტოპით მოგზაურობისას რომ ადგახართ ხოლმე. ქვეშ კი ეს სიტყვები ეწერა: „იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.” ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო; მე ყოველთვის ვუსურვებდი ამას საკუთარ თავს და ახლა, როცა თქვენ ასრულებთ სწავლას და ახალ ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას ადგახართ, იმავეს გისურვებთ თქვენც.”

მარია მონტესორის სწავლების მეთოდი

0
მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი ექიმი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა და რამდენიმე წელიწადი მათ შესწავლაში გაატარა. 28 წლის ასაკში მონტესორი გონებრივად შეზღუდული ბავშვების სკოლის დირექტორი გახდა. სწავლების მისეული თეორია მას შემდეგ დაიბადა, რაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლისუუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს. ეს მოვლენა მაშინდელ იტალიაში სასწაულად შერაცხეს. მონტესორიმ აღმოაჩინა, რომ ამ ბავშვებს შეეძლოთ სწავლა პრეცეპტუალური სისტემის დახმარებით. მან შეიმუშავა ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი ვარჯიშების მთელი სისტემა და უჩვეულო სათამაშო მოწყობილობები და დაკვირვების საფუძველზე აღმოაჩინა თანამედროვე მეცნიერთა მიერ დადასტურებული კანონზომიერება: რაც უფრო სხარტი ხდება ბავშვის ნატიფი მოტორიკა და რაც უფრო მეტი საგნის მეშვეობით – მგრძნობელობით გამოცდილებაზე დაყრდნობით ეცნობა იგი გარე სამყაროს, მით უფრო სწრაფად და ადვილად სწავლობს მეტყველებასა და წერა-კითხვას.

1907 წელს მარია მონტესორის სთხოვეს, პასუხისმგებლობა აეღო უსახლკარო ბავშვებზე, რასაც შედეგად რომის ერთ-ერთ გარეუბანში ბავშვთა სახლის დაარსება მოჰყვა. „ბავშვის სახლში” მან შეიფარა ღარიბი, უსახლკარო და პედაგოგიურად ხელმიშვებული ბავშვები, რომლებსაც თავისი მეთოდით მალე შეასწავლა წერა-კითხვა და სამაგალითო მოწაფეებად აქცია.

მაინც რაში მდგომარეობს მარია მონტესორის სწავლების უნიკალური მეთოდი?

მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. ამისთვის მას აუცილებლად მიაჩნდა სწავლების პროცესში ფსიქიკური განვითარების იმ კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის უნარი. მაგალითად, მეტყველების განვითარების კრიტიკული პერიოდია 1-3 წელი და სწორედ ამ დროს არის საჭირო მისი წახალისება. მონტესორისეული აღმზრდელი დამხმარეა ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესში. მისი აზრით, არ არსებობს ზარმაცი და არასასურველი ქცევების მქონე ბავშვი.; სიზარმაცე და ქცევითი პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც გარემო არ ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს.

საგანგებოდ ბავშვისთვის შექმნილი გარემო

მარია მონტესორიმ პირველმა გამოთქვა აზრი – და შემდეგ პრაქტიკულადაც განახორციელა – იმის შესახებ, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სათანადო ზომის ავეჯი. თავდაპირველად მან დაამზადებინა პატარა კარადები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რათა ბავშვებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ მათით სარგებლობა. მონტესორის თანახმად, გარემო უნდა პასუხობდეს ბავშვის განვითარების თითოეული საფეხურის სენსიტიურ პერიოდებს. ეს „სპეციალური გარემო” სხვადასხვა საფეხურისთვის სხვადასხვაგვარია, თუმცა ერთ პრინციპზეა დაფუძნებული. სწორედ ეს გარემო და მონტესორისეული მასწავლებელი განასხვავებს სხვებისგან მის თეორიას. ამ თეორიის მიხედვით, ბავშვის თავისუფალი აქტივობა მოიცავს სწავლების 80%-ს, მხოლოდ დანარჩენი 20% ეკუთვნის მასწავლებელს. ამგვარი თვალთახედვა უცხოა სწავლების ტრადიციული მეთოდისთვის, სადაც წამყვანი ადგილი მასწავლებელს უკავია. პატარებზე მორგებული გარემო მათ საშუალებას აძლევს, შეასრულონ განსხვავებული მოქმედებები დამოუკიდებლად. ამასთან, ამ გარემოში ისინი თვითონვე აღმოაჩენენ თეორემებს, რომლებიც არა წარმოდგენილი, არამედ „აღმოსაჩენია”.

   
სასწავლო მასალები

ეს მასალები არის სახლსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გადებული ხიდი, სამყაროს მცირე მოდელი, რომლის მეშვეობითაც ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, უვითარდება სივრცეში კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის მექანიზმები. სწავლება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს შეგრძნების ყველა არხის გათვალისწინებით – მხედველობით, სმენით, ყნოსვით, შეხებით. ბავშვები მასალებით მანიპულაციის დროს ეცნობიან სხვადასხვა კატეგორიას: დიდი-პატარა, გლუვი-პრიალა და ა.შ., ხედავენ მათ შორის განსხვავებებს და ამ გზით ივითარებენ ანალიზისა და სინთეზის უნარს. მაგალითად, ბავშვებმა უნდა ააგონ ვარდისფერი კოშკი სხვადასხვა ზომის კუბებისგან, ყველაზე დიდი კუბი საფუძველში უნდა მოაქციონ, ხოლო ყველაზე პატარა – წვერზე. ყველა კუბი ერთი და იმავე ფერისა და მასალისაა, განსხვავება მხოლოდ ზომაშია. ამრიგად, ბავშვებმა ზომის მიხედვით უნდა მოახერხონ დიფერენცირება. არის დავალებები, როდესაც ბავშვები ნივთებს ახარისხებენ ფერის, ფორმისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. სკოლამდელ ასაკში, როდესაც ბავშვის აღქმაში წამყვანია სწორედ სენსორული ინფორმაცია, ეს მასალები მას სამყაროს შეცნობაში ეხმარება. მონტესორისეული სწავლების მიხედვით, წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლება არ არის სკოლამდელი განათლების მიზანი – ის მხოლოდ თანმხლები პროცესია. სენსორული ინფორმაციის საფუძველზე ბავშვს თანდათანობით უჩნდება ინტერესი იმისა, რამდენით დიდია, მაგალითად, ზემოთ ნახსენები ერთი კუბი მეორეზე და სწორედ ამ დროს ჩნდება ელემენტარული მათემატიკური ცოდნის მიწოდების საშუალება. ასეთივე მეთოდით ხდება ენის ათვისება: სიმღერებით, ლექსებით, მოთხრობებითა და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი დავალებებით ბავშვს ეტაპობრივად უქმნიან წინა პირობებს წერა-კითხვის დასაუფლებლად. ამ ყველაფრის კომბინაცია ბავშვს ნელ-ნელა, ძალდაუტანებლად, შეუმჩნევლად ასწავლის წერა-კითხვას. 

მონტესორის განათლების სისტემა, უკვე 100 წელიწადზე მეტია, წარმატებით იყენებს ენის სწავლების საკმაოდ ეფექტურ მეთოდს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მყარ ზედაპირზე დამაგრებული ზუმფარის ქაღალდისგან გამოჭრილი ასოებით ვარჯიში. ბავშვები ერთსა და იმავე დროს ხედავენ, შეიგრძნობენ და გამოთქვამენ მათ, ასე რომ, სწავლება მიმდინარეობს კომბინირებულად, სამი სენსორული არხის დახმარებით.

   

მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად მარია მონტესორიმ დაასკვნა, რომ არსებობს მასალების განსაზღვრული რიცხვი, რომელიც სავსებით საკმარისია ბავშვის კულტურული განვითარებისთვის; უბრალოდ, ამ გარემოში უნდა იყოს მისი თუნდაც ერთი ნიმუში. ეს მასალები ბავშვის „კოსმოსურ აღზრდას” ემსახურება. ბავშვებს სამყაროს შესახებ ცოდნას აწვდიან სწორედ ამ სპეციფიკური საგნების დახმარებით, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სამყაროსა და ბუნების შესახებ. მასალა ამ შემთხვევაშიც სენსორულია და მიეწოდება ზოგადიდან კერძოს მიმართულებით. მაგალითად, ბავშვი ჯერ ითვისებს ცოდნას სამყაროს შესახებ, შემდეგ – ცხოველებისა და მცენარეების შესახებ; ცხოველთა სამყაროს ზოგადად გაცნობის შემდეგ ის იღებს ინფორმაციას ცხოველთა ნაირსახეობების შესახებ და ა.შ.

საგნები, რომლებიც ბავშვებს დამოუკიდებლობას უყალიბებს

ეს საგნები თავისებურად „იწვევენ” ბავშვების აქტივობას. ბავშვებს აქვთ ნაირგვარი გეომეტრიული ფიგურები, პაზლები, ფერადი მძივის მარცვლები და უამრავი სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის კუბი. მონტესორის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ყველა ნივთი, ავეჯი თუ საგანი, ჯაგრისი იქნება ეს თუ აქანდაზი, მაქსიმალურად არის მორგებული ბავშვის ზომებს, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს მათი გამოყენება. ამ ნივთების მოხმარება, მაგალითად, წყლით სავსე დოქის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, ბავშვს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს, რაც მისი თვითგანვითარების საფუძველია. ბავშვების მიერ გამოსაყენებელი საგნები აწყვია მათთვის ხელმისაწვდომ თაროებზე, თანაც ეს ყველაფერი ისეა განლაგებული, რომ ბავშვებმა ადვილად მიაგნონ შეცდომებს და გაასწორონ. მონტესორის სისტემაში მასწავლებელს არ მიეკუთვნება მაკორექტირებლის როლი, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ასეც ხდება. სხვის მიერ მიცემული მითითების, ანუ გარეგანი განსჯის ნაცვლად ბავშვი ეყრდნობა ინტერნალურ განცდებს, საკუთარ აზრს, დაშვებული შეცდომების შესახებ. პასუხები მოცემულია მექანიკური (მაგალითად, რომელიმე სათამაშოს ნაწილები მხოლოდ ერთი, განსაზღვრული გზით ერგება ერთმანეთს), ვიზუალური (ნივთების დახარისხება შესაძლებელი გარკვეული მახასიათებლების მიხედვით, მხედველობით ან შეხებით), ხანდახან კი, უბრალოდ, ფურცელზე პასუხების ჩამონათვალის სახით. შეცდომების აღმოჩენისას საკუთარ გამოცდილებასა და თვითშეფასებაზე დაყრდნობით ბავშვს უყალიბდება „მეგობრული” დამოკიდებულება შეცდომების მიმართ და ეს მეგზურობას უწევს მას თვითგანვითარების გზაზე. 
შერეული ასაკობრივი ჯგუფები

ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შინ თუ სამსახურში, სხვადასხვა ასაკის ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფებით. ტრადიციული სკოლებისგან განსხვავებით, სადაც კლასში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ასაკობრივი ჯგუფი, მონტესორის სკოლაში ასაკობრივი ჯგუფები შერეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გარემო სჭირდებათ, მონტესორის კლასები შედგება 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე 6-დან 12 წლამდე და 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშევბისაგან. თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ყველაზე პატარა წარმომადგენელი გარშემორტყმულია თავისზე ოდნავ მეტად გამოცდილი და ასაკით უფროსი ბავშვებით, რომლებიც მისთვის მოდელებს წარმოადგენენ. თავის მხრივ, უფროსი ბავშვები, პატარებით გარშემორტყმულნი, გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას და მეტად თავდაჯერებულნი აჩვენებენ პატარებს საკუთარ შესაძლებლობებს. შეჯიბრს თანამშრომლობა ცვლის და სწორედ ეს არის ამ პატარა სოციუმების მამოძრავებელი ძალა. წინასწარ მომზადებული გარემოთი ხელშეწყობილი თვითგანათლება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ბავშვი სწავლობს და ვითარდება.

თავისუფლება და დისციპლინა

სპეციალურად შექმნილი გარემოს ზემოქმედების შედეგები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად ეს გარემო. იგი ბავშვებს აძლევს მათთვის აუცილებელ „იარაღებს”, თუმცა მათ უნდა შეძლონ ამ „იარაღების” საშუალებით ცოდნის აღმოჩენა და მათით მანიპულირება.

გარემოსთან ბავშვის ინტერაქცია ინდივიდუალური განვითარებისთვის ყველაზე ნაყოფიერია მაშინ, როდესაც ის ეფუძნება არჩევანის თავისუფლებასა და პირად ინტერესს. მონტესორისეულ საკლასო ოთახში ბავშვი თვითონ ირჩევს სასურველ აქტივობებს და ამ აქტივობათა შესასრულებლად შეუზღუდავი დრო აქვს. გარდა ამისა, ბავშვს საშუალება ეძლევა, ერთი და იგივე აქტივობა იმდენჯერ გაიმეოროს, რამდენჯერაც მოისურვებს. ეს აქტივობა შესაძლოა იყოს თამაში, ჭურჭლის რეცხვა, დალაგება და სხვა.

პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ამ თავისუფლებას მიჰყავს ბავშვები დისციპლინამდე. ტრადიციული მიდგომის თანახმად, ბავშვები არსებითად უწესრიგოები და თავაშვებულები არიან, მხოლოდ დასჯით შეიძლება მათი სიჯიუტისა და იმპულსურობის დათრგუნვა. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბავშვისგან სასურველი ქცევა რომ მივიღოთ, აუცილებელია მისი დასჯა ან წახალისება კონტექსტის შესაბამისად, მაგრამ, თუმცაღა საზოგადოება ხშირად მიმართავს ამ მეთოდს, პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. როდესაც გარეგანი მოტივი ჩამოშორებულია, ადამიანში რჩება საკუთარი ქმედებებისა და განზრახვების კონტროლის მხოლოდ სუსტი სურვილი, სუსტი ზნეობრივი საზღვრები და ადამიანის მოთხოვნილება ითანამშრომლოს სოციუმთან მხოლოდ იმაზეა დამყარებული, რომ მან „უნდა” გააკეთოს ეს და არა იმაზე, რომ მას „უნდა” სოციუმთან ურთიერთობა.

მონტესორის სისტემა ბავშვს ნებისყოფის გამომუშავებაში ეხმარება. მონტესორის საკლასო ოთახში ბავშვი მუდმივად გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და სწორედ ამის წყალობით უყალიბდება საკუთარი სურვილებისა და ინტერესების „მოსმენის” უნარი. თუმცა გარემო გარკვეულწილად ლიმიტირებულია, სოციალურიც და ნატურალურიც, რაც ბავშვს უვითარებს იმპულსების შეკავების უნარს. ამ სპეციალურ გარემოში, როგორც უკვე ვახსენეთ, არის მხოლოდ ერთი ნიმუში ამა თუ იმ საგნისა, მაგალითად, არის მხოლოდ ერთი სახატავი რვეული და თუ ბავშვს აქვს ხატვის იმპულსი, ამ დროს კი სხვა ხატავს, მას ამ იმპულსის შეკავება უხდება; თუ რომელიმე სათამაშო „დაკავებულია”, ბავშვი უნდა დაელოდოს, სანამ ის არ გათავისუფლდება. 

მონტესორის განათლების სისტემაში შექმნილია სპეციალური პირობები, რათა ბავშვის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ინიციატივა, დამოუკიდებლობა, კონცენტრაცია, თვითრეგულაცია, თანაგრძნობა, გახდეს თვალსაჩინო და ბუნებრივი, ნორმალიზებული მოვლენა. მათი გათავისება არ ხდება ძალდატანებით ან მითითებებით. სწორედ იმის დამტკიცება სურდა მონტესორის, რომ ეს მახასიათებლები ბავშვში ბუნებრივად დევს. ისეთი მახასიათებლები კი, როგორებიცაა სიჯიუტე, ჭირვეულობა, სიზარმაცე და სხვა, ვლინდება მაშინ, როდესაც გარემო არ უპასუხებს ბავშვის მოთხოვნილებებს და განვითარების ბუნებრივი პროცესი ფერხდება. როდესაც ბავშვებს აქვთ თავისუფლება იმ გარემოში, რომელიც მათზეა მორგებული, ისინი იფურჩქნებიან (blossom). როდესაც იმპულსების ძლიერი შეკავების შემდეგ სასურველ მოქმედებას იწყებენ, ისინი გამოცოცხლდებიან, კმაყოფილებას განიცდიან, ხოლო მას შემდეგ, რაც აქტივობას განაგრძობენ სასურველ მოქმედებაზე კონცენტრირებით, ბავშვები სწავლობენ შინაგან დისციპლინას და განიცდიან სიმშვიდეს. სწორედ ბავშვის ამ მახასიათებლების ნორმალიზებაა მონტესორის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი.

მონტესორის მეთოდებთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობამ (რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებშია ჩატარებული) აჩვენა, რომ მონტესორის სკოლის მოსწავლეები ტრადიციული სკოლების მოსწავლეებზე კრეატიულები და შემოქმედებითები არიან. მონტესორის პედაგოგიკა აქტუალობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს და აქტიურად გამოიყენება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მონტესორის სახელობის უამრავი სკოლა, რომლებიც იყენებენ მის მეთოდს, თუმცა მცირე ინტერპრეტაციებით.
წყარო:

https://www.absorbentminds.co.uk/acatalog/What_is_Montessori_.html

სასკოლო არჩევნების პირველი გამოცდილება

0
მრავალჯერ მითქვამს და კიდევ არაერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი სკოლის წლებია. უამრავ დაუვიწყარ თავგადასავალთან ერთად ჩემს სასწავლებელთან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის პირველი გამოცდილებაც მაკავშირებს. დღეს სწორედ ამ ამბებს მინდა მოგიყვეთ.

მოგეხსენებათ, 2005 წელს საქართველოს განათლების სისტემაში ერთი ახალი, ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი ტენდენცია გამოიკვეთა: სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსნები სკოლების დამოუკიდებლობასა და გადაწყვეტილებათა ავტონომიურად მიღების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველი ერთეულების, სამეურვეო საბჭოების ჩამოყალიბება დაიწყო. ამ ორგანოთა არჩევის წესებიც უაღრესად დემოკრატიული გახლდათ – უკლებლივ ყველა სამეურვეო საბჭო საყოველთაო, ფარული, თანასწორი კენჭისყრის საფუძველზე უნდა დაკომპლექტებულიყო. ამრიგად, სკოლები იძულებული გახდნენ და შექმნეს კიდეც საარჩევნო კომისიები. კანონის მიხედვით, ხმათა დამთვლელებს შორის ერთი მანდატი მოსწავლეებსაც ერგოთ.

ბუნებრივია, ახალ სისტემაზე გადასვლა ჩემს სკოლასაც მოუწია. ჩვენთანაც აუცილებელი გახდა არჩევნების ორგანიზება. გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ საარჩევნო კომისიაში აღმოჩენილი ერთადერთი მოსწავლე მე გახლდით. მაშინ სკოლის ხელმძღვანელები ხშირად მომიხსენიებდნენ ინტრიგანად ან სხვა ამგვარი ეპითეტებით ამკობდნენ ბავშვების აქტიურობას, ამიტომ ყველას ეუცნაურა დემოკრატიული პროცესების შუაგულში ჩემი აღმოჩენა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებისთანავე შევადგინეთ და გამოვაკარით ამომრჩეველთა სიები, დავბეჭდეთ ბიულეტენები, ვიშოვეთ გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი, გავაფრთხილეთ მასწავლებლები და მშობლები. გამოჩნდნენ კანდიდატებიც. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არჩევნების დღეს იდეალურად ჩაევლო.

დადგა ის სანუკვარი დილაც. ხმის მიცემის პროცესი ნელა, მშვიდად და მოსაწყენად მიმდინარეობდა. დღის ბოლოს კომისიის ყველა წევრმა შფოთვა დაიწყო – ყველა მიხვდა, რომ ამომრჩეველთა პასიურობის გამო კენჭისყრა ჩაშლილად გამოცხადდებოდა. მასწავლებლებსა და მშობლებს მეორე ტურის ჩატარება სიკვდილივით ეზარებოდათ, მაგრამ უფრო მეტად ზემდგომი პირებისგან მოსალოდნელ საყვედურს უფრთხოდნენ. თურმე ასეთივე ვითარება შეიქმნა მთელ მთაწმინდის რაიონში. აქედან გამომდინარე, უბნის დაკეტვამდე ჩვენს სკოლაშიც შემოირბინეს სარესურსო ცენტრისა და სამინისტროს გაბრაზებულმა წარმომადგენლებმა. მათ უჩვეულოდ წამოწითლებული, ლოტოტრონით შერჩეული ჩვენი დირექტორიც მოჰყვა. მხოლოდ მე ვიყავი მშვიდად და ინტერესით ვადევნებდი თვალს დაბნეულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას კანდიდატთა სახელების მომხიბვლელობის მიხედვით აძლევდნენ. ბოლოს და ბოლოს დადგა არჩევნების შეჯამების დროც. შევიკეტეთ პატარა ოთახში, პროცედურის სრული დაცვით გავხსენით პატარა ყუთი და დავთვალეთ რამდენიმე კინკილა ბიულეტენი. მეგონა, ოქმს შევავსებდით და მალევე დავიშლებოდით. ჩემი იმედი, რომ სახლში უგემრიელესი ფხვიერი ნამცხვრის უკანასკნელ ნაჭერს მაინც მივუსწრებდი, ფუჭი აღმოჩნდა – მოულოდნელად კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოთახის კარი საგულდაგულოდ ჩარაზა და ღიმილით მითხრა: „ლევან, ახლა იწყება თავდავიწყება!” საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილი კვორუმის შესავსებად დოკუმენტების გაყალბებას გეგმავდა. ფალსიფიკაციის მსურველნი გაოგნდნენ, როდესაც მიუნხენის „ბაიერნის” პერანგში გამოწყობილი, უჩვეულოდ ლოყებღაჟღაჟა 15 წლის ბიჭის წინააღმდეგობას წააწყდნენ. აგდებულ ქვას თავი შევუშვირე და ოქმის ხელმოწერაზე უარი ვთქვი. აღელვებულმა ფუნქციონერებმა ათას ადგილას დაიწყეს რეკვა. ზარები შემოდიოდა სამინისტროს მითიური წარმომადგენლებისგანაც. სცადეს ჩემი მასწავლებლების საშუალებით ჩემზე ზემოქმედება, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იკადრა უღირს საქციელში ჩემი მონაწილეობის წახალისება. ხუთსაათიანი ბრძოლისა და აყალმაყალის შემდეგ კომისიას კანონის დარღვევაზე ხელი ავაღებინე, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა.

მეორე ტურიც ასეთივე სცენარით წარიმართა, მესამე ჯერზე კი, მთელი სისტემის ჩარევის შედეგად, კომისიიდან გამრიცხეს და განმეორებითი არჩევნებიც ძალიან მაღალი მონაწილეობით შედგა. სხვათა შორის, ამ კენჭისყრას დღემდე სინანულით იხსენებენ კომისიის მაშინდელი ლიდერები.

არც ვინმეს სიმხდალეზე, შიშსა თუ დემოკრატიული ღირებულებების უპატივცემულობაზე მივანიშნებ და არც საკუთარ გამბედაობას ვუსვამ ხაზს. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემს დროს სკოლის ავტონომიურობა, დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა ფიქცია გახლდათ, არც მშობლებს, არც პედაგოგებს არ ანაღვლებდათ კენჭისყრის ბედი, საბოლოო გადაწყვეტილებას ბიუროკრატიის წარჩინებულ მუშაკთა უმცირესი ჯგუფი იღებდა. დარწმუნებული ვარ, იგივე ხდებოდა მაშინ მთელ საქართველოში.

თქვენგან მხოლოდ ის მაინტერესებს, რა ხდება დღეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...