ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025
6 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

მწყემსების არისტოკრატული თამაში

0
ამქვეყნად დაბადებას გოლფი წმინდა ანდრეას და… კურდღლებს უნდა უმადლოდეს. თქმულების მიხედვით, სპორტის ეს სახეობა ცხვრის ფარის მწყემსვის დროს სწორედ ამ წმინდანმა გამოიგონა. მან მრგვალ კენჭს მწყემსის კავი მოარტყა და მოხდენილად შეაგორა კურდღლის სოროში. წმინდა ანდრეას მხლებელი ზუსტმა დარტყმამ აღაფრთოვანა და გამეორება სცადა. დღეს ქალაქ სენტ-ენდრიუსში, სწორედ იმ ისტორიულ ადგილზე, გოლფის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოედანი მდებარეობს.

ამ პოპულარული თამაშის ავტორობაზე, გარდა შოტლანდიელებისა, პრეტენზიას აცხადებენ ჰოლანდიელები, ფრანგები, იტალიელები და ჩინელებიც. ჰოლანდიელებს საბუთად მე-17 საუკუნის მხატვართა ნამუშევრები მოაქვთ, რომლებზეც გოლფისმაგვარი თამაშის სცენებია ასახული. მათი აზრით, შოტლანდიაში გოლფი მე-13 საუკუნეში სწორედ ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა შეიტანეს.

ამ თამაშის ასახველი მხატვრული მინიატურები ფრანგებსაც აქვთ. ასეთივე საბუთს წარმოადგენენ ჩინელებიც: მინის (1368-1644) ეპოქის გრავიურებზე ყვანჯებით „შეიარაღებული” ქალები არიან გამოსახულნი. იტალიელების აზრით, გოლფის წინამორბედი იყო რომაული „პაგანიკა”, რომელსაც ბუმბულით გატენილი ტყავის ბურთით თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები ამ ქვეყნების პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რადგან არც ერთ ამ თამაშში არ არსებობდა გოლფის მთავარი ელემენტი – ფოსო.

გოლფი შოტლანდიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მეფე იაკობ მეორემ ეროვნული უსაფრთხოებისთვის პარლამენტს მისი აკრძალვა მოსთხოვა – თურმე გოლფი შოტლანდიელ ჯარისკაცებს წვრთნასა და ინგლისთან ომისთვის მზადებაში  უშლიდა ხელს. აკრძალვა 1457 წელს შევიდა ძალაში და ეს არის გოლფის პირველი წერილობითი ხსენება.

მე-16 საუკუნემდე ამავე ბრძანებას გასცემდა ყველა მეფე. 1502 წელს კი, ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, გოლფი კვლავ ნებადართული გახდა. იაკობ მეოთხემ თავის ოსტატს ყვანჯების კომპლექტი შეუკვეთა, მონარქის ხარჯების წიგნში კი მითითებულია გოლფის ბურთების საფასური და ეს გოლფის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე წერილობითი დოკუმენტია.

გოლფის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა სახელგანთქმული მარია სტიუარტი. მას მეორე ქმრის, ლორდ დარლნის გარდაცვალებამაც კი ვერ აიძულა თამაშზე უარის თქმა – დაკრძალვის ცერემონიის დასრულებისთანავე დედოფალმა გოლფის მოედანს მიაშურა. მისი წყალობით გოლფში მოთამაშის დამხმარეები გაჩნდნენ, რადგან დედოფალს ყვანჯების თრევა და ბურთების ძებნა არ ეკადრებოდა. 

გოლფის მსოფლიო ექსპანსია ბრიტანეთის საზღვრების გაფართოებას ემთხვევა. ინგლისელები ახალ-ახალ ქვეყნებს იპყრობდნენ, თამაში კი სულ უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენდა.

მე-19 საუკუნეში პირველი პროფესიონალი მოთამაშეები გაჩნდნენ, 1851 წელს კი დაარსდა პირველი გოლფკლუბი „პრესტვიკი”, რომელიც ცნობილია იმით, რომ 1860 წელს ისტორიაში პირველ საგოლფე ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 8 პროფესიონალმა მოთამაშემ მიიღო, გამარჯვება კი ვილი პარკს დარჩა. წესების მიხედვით, მან მიზერული პრიზი – 10 გირვანქა მიიღო.

1888 წელს გოლფის მსოფლიო ასოციაცია PGA-მ თავისი წესდებიდან ამოიღო წესი, რომელიც შავკანიანებს გოლფის თამაშს უკრძალავდა. ამ შესწორების წყალობით დღეს გოლფის სამყაროში ყველაზე ცნობილი ფიგურა აფროამერიკელი ტაიგერ ვუდსია. უკანასკნელი წლების საუკეთესო მოთამაშემ თავისი კარიერის განმავლობაში 89,4 მილიონი დოლარი იშოვა. აღსანიშნავია, რომ ამაში არ შედის ვუდსის სარეკლამო კონტრაქტები, თორემ რიცხვი, სულ ცოტა, გასამმაგდებოდა. ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა ათეულში კი ყოველწლიურად რამდენიმე გოლფის მოთამაშე ხვდება.

გოლფს მხოლოდ დედამიწაზე როდი თამაშობენ. 1971 წლის 6 თებერვალს კოსმოსურ ხომალდ „აპოლონ-14-ის” კაპიტანმა ალან შეპარდმა მთვარის ზედაპირზე გოლფის ყვანჯით ბურთს ორჯერ დაარტყა. 1975 წლიდან ეს ყვანჯი სამუზეუმო ექსპონატად იქცა, გოლფის ორი ბურთი კი კოსმოსში დღესაც დაფრინავს.

თამაშის წესები
თამაშის არსი ასეთია: სხვადასხვა ყვანჯით (ვუდი, აირონი, პატერი; მინიმუმ 2, მაქსიმუმ 14), ბურთი თვრამეტივე ფოსოში უნდა ჩააგდოთ. ფოსოს უწოდებენ როგორც უშუალოდ მიწაში ამოთხრილ ორმოს, ასევე რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის მოედანსაც.

თითოეული მოედანი სამი ზონისგან შედგება: სასტარტოსგან (თი), ძირითადისგან (ფერვეი) და სპეციალური მოედნისგან (გრინი), სადაც ფოსოა ამოჭრილი. ყველა ეს ზონა ერთმანეთისგან დაბრკოლებებითა და ბალახის სიმაღლით განსხვავდება. დაბრკოლებათა შორის შეიძლება იყოს ქვიშის მახეები, წყლის ზღუდეები, ბუჩქნარები, ყვავილები, მაღალი ბალახი და ა. შ. თუ მოთამაშე ზუსტ დარტყმებს ასრულებს, თიდან ფერვეიზე ხვდება, საიდანაც რამდენიმე დარტყმით ბურთს გრინზე აგდებს.

გრინი – ეს არის იდეალური ბალახით დაფარული მოედანი, რომელიც ხალიჩას მოგაგონებთ. პატერით დარტყმის შემდეგ ბურთი მასზე დაუბრკოლებლად მიგორავს და თუ დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, ფოსოში ვარდება. 

გოლფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გოლფის ეტიკეტი. გოლფი ჯენტლმენების თამაშია, მისი ეტიკეტი კი – ტრადიცია, რომელიც თამაშის მთელი ისტორიის განმავლობაში არ შეცვლილა. უწინარესად, მოთამაშე კარგი მანერებით უნდა გამოირჩეოდეს, პარტნიორებსა და მოწინააღმდეგეებს პატივს სცემდეს და მინდორზე წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავდეს.


პირველი ნაბიჯები
დიდ მოედანზე მოუმზადებლად გასვლას აზრი არ აქვს; თავდაპირველად ყვანჯებსა და ბურთთან მოპყრობა უნდა ისწავლოთ და გოლფის მთავარი დარტყმა -პატერი აითვისოთ.

ფეხსაცმელმა გოლფის გაზონი არ უნდა აყენებდეს, დააზიანოს, ამიტომ ქუსლიანი ფეხსაცმლით თამაში აკრძალულია. გოლფის სპეციალური „რბილწვეტებიანი” ფეხსაცმელი 100-150 დოლარი ღირს. უნდა გახსოვდეთ, რომ ჯინსითა და უსაყელო მაისურით მოედანზე გასვლა მიღებული არ არის. ასეთია გოლფის დაუწერელი კანონი.

შეიძლება თუ არა საკუთარი გოლფის მოედნის გაშენება? საეჭვოა. გოლფის მოედანი ნაგებობათა რთული კომპლექსია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დრენაჟი და სპეციალური რელიეფი. უზარმაზარი თანხა სჭირდება გაზონის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. სრულყოფილი მოედნისა და კლუბისთვის 100 ჰექტარი მიწა და რამდენიმე მილიონი დოლარია საჭირო. თქვენ მხოლოდ პატინგისთვის პატარა სავარჯიშო მოედნის გაშენება შეგიძლიათ. საამისოდ საკმარისია 50 კვ. მეტრი. გაითვალისწინეთ, ბალახის სიმაღლე 4 მმ უნდა იყოს, ამის უზრუნველყოფა კი ყველა გაზონის საკრეჭ მანქანას როდი შეუძლია.

მარიამ დემურია და მისი „ავჭალის აუდიტორია“

0
საბჭოთა რეჟიმის პირობებში მეცნიერების უამრავი დარგი ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ისტორიისა და სოციალურ ურთიერთობათა შემსწავლელნი უამრავ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მათ თავისუფალი კვლევის შესაძლებლობა შეეზღუდათ და იძულებულნი გახდნენ დამორჩილებოდნენ ბოლშევიკთა მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს. ამის კვალობაზე, მეცხრამეტე საუკუნის ისტორიიდან მრავალი მნიშვნელოვანი პიროვნების, მოღვაწის სახელი შეგნებულად ამოიშალა. ჩვენი ყურადღების მიღმა აღმოჩნდა დემოკრატიული ღირებულებებისთვის გაჩაღებული ბრძოლის ათეულობით აქტიური მონაწილე. მაგალითად, საქართველოს სკოლებში დღემდე ცოტამ თუ იცის, ვინ იყო მარიამ დემურია და რას აკეთებდნენ ის და მისი მეგობრები.

მოგეხსენებათ, მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის იმპერიის ზეწოლა ეროვნულ უმცირესობებსა და სახელმწიფოს განაპირა რეგიონებზე. ცენტრალური ხელისუფლების ცენზურასა და უმკაცრეს კონტროლს, ცხადია, ვერც საქართველო გადაურჩა. ჩვენს ქვეყანაში ორი პარალელური საზოგადოებრივი მოძრაობის უკიდურესმა გაძლიერებამ კი ჩრდილოური რეპრესიები გააასკეცა – იმხანად საქართველოში უკვე მყარი პოზიციები ეკავათ ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მომხრეებსაც და მათ მოწინააღმდეგე სოციალისტებსაც. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში ავიწროებდნენ ქართულ ენაზე წარმოებულ ნებისმიერ საქმიანობას, არბევდნენ მუშათა და ღარიბთა თავყრილობებს, ეწინააღმდეგებოდნენ წერა-კითხვის მასობრივი გავრცელების ყოველგვარ მცდელობას, იზღუდებოდა სახალხო კულტურული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ. მაშასადამე, ადგილობრივ სლავურ ბიუროკრატიასთან დაახლოებულ თავად-აზნაურთა და ვაჭართა უმცირეს ჯგუფს ჰქონდა ყოველგვარი შესაძლებლობა, გასცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას, მოეწყო საჯარო პოლიტიკური თუ კულტურული ღონისძიებები, ეკითხა გადაუკეთებელი საგაზეთო პუბლიკაციები და შეეძინა თბილისის ოპერის ძვირად ღირებული ბილეთები, ქალაქის გარეუბნებში მცხოვრები ხელმოკლე მოსახლეობა კი, რომელიც დღეში 12-14 საათს მუშაობდა, მოკლებული გახლდათ ყველა ამ ლეგალურ სიკეთეს.


მონარქიის მოწინააღმდეგე ინტელექტუალთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დისკრიმინაციული, უთანასწორო რეჟიმის გარდაქმნის საუკეთესო გზად ქართულენოვანი საგანმანათლებლო და კულტურული მოძრაობის წამოწყება მიიჩნია. ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მათ თავიანთი საქმიანობის საყოველთაო გავრცელება დაისახეს. მაშასადამე, მოხალისეთა ჯგუფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა სასურველი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მოქალაქისთვის. ინოვაციური იდეების, ორგანიზებისა და ლიდერობის შესანიშნავი ნიჭის წყალობით ამ მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა მასწავლებელი მარიამ დემურია.

რა გააკეთა ფედერალისტებთან დაახლოებულმა აქტივისტმა ქალმა?

თბილისის განაპირას, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, უმცირესი შემოწირულობებითა და ილია წინამძღვრიშვილის მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია”. მოკრძალებული ორსართულიანი შენობა გადაკეთდა დარბაზად, სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. სახალხო სცენაზე გამოცდილ მსახიობებთან ერთად გამოდიოდნენ არაპროფესიონალებიც, რომელთაც, ნიჭის სიმცირის მიუხედავად, ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის სურვილი. მაგალითად, შეკრებილები მუდამ ოვაციებით ამხნევებდნენ სცენაზე დაშვებული შეცდომების გამო დამწუხრებულ მკვლევარ თედო სახოკიასა და პუბლიცისტ გიორგი ლასხიშვილს. ცხადია, თითოეული ამ ღონისძიების მიზანი დემოკრატიულ ღირებულებათა პოპულარიზება გახლდათ.

ფაქტობრივად, ავჭალაში მდგარი ეს პატარა ქვიტკირის სახლი იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური განათლებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის რევოლუციურ კერად, რომლის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანასწორად ჰქონდა. ბუნებრივია, აუდიტორია უამრავ სირთულეს წააწყდა – მეფის „ოხრანკასთან” დაახლოებული პირები ხშირად არბევდნენ სცენასა და პარტერს, ხელს უშლიდნენ მარიამ დემურიას საქმიანობას და ათასგვარი სანქციით ცდილობდნენ ამ გამბედავი ქალისთვის მუშაობაში ხელის შეშლას. მიუხედავად ამისა, „ავჭალის აუდიტორიამ” რამდენიმე წელი იფუნქცია. შედეგად ქალაქის გარეუბნებში ჩამოყალიბდა განათლებული, სოლიდარობის განსაკუთრებული გრძნობის მქონე და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მუდამ მზად მყოფი სოციალური ჯგუფები, რომლებმაც მოახერხეს, მეოცე საუკუნის დასაწყისის ყველა ანტიცარისტულ გამოსვლას გასძღოლოდნენ.

მარიამ დემურიას მის მიერ დაარსებული კერის განადგურების შემდეგაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი მოღვაწეობა. წლების განმავლობაში მისი სახლი არაერთხელ ქცეულა რევოლუციონერთა თავშესაფრად თუ თავშეყრის ადგილად. 1904 წელს მან დააარსა საგანმანათლებლო ჟურნალი „ნაკადული”, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს აშუქებდა. რაც მთავარია, გამოცემა მალევე გამრავალფეროვნდა სპეციალური ჩანართით, რომელსაც „პედაგოგის ფურცელი” ეწოდებოდა (ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება, თუ mastsavlebeli.ge-ს სწორედ ამ გაზეთის ღირსეულ სამართალმემკვიდრედ განვიხილავთ).

ხშირად მიფიქრია განათლების თანამედროვე სისტემის შესახებ. სკოლისა და უნივერსიტეტის ფუნქცია მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ უნდა იყოს. საგანმანათლებლო დაწესებულებები საზოგადოებაში, თემში ჰუმანიზმისა და კულტურის გავრცელებასაც უნდა ემსახურებოდნენ. წარმომიდგენია კიდეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში დაარსებული „ავჭალის აუდიტორია”. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ცოტა ხნის წინ მარტვილის ერთ-ერთ სკოლაში დადგმული „ოლივერ ტვისტის” შესახებ შევიტყვე. იმედია, დადგება ისეთი დროც, როცა საქართველოში აღარ დარჩება სკოლა, სადაც მუდმივი საჯარო განხილვები და თეატრალური დადგმები არ გაიმართება.

ხსნარების კოლიგატური თვისებები – პირველი ნაწილი

0
ხშირად გვინახავს, თოვლის მოსვლისთანავე როგორ ყრიან მარილს მოყინულ გზებზე. გაგვიგონია, რომ ავტომობილის რადიატორში დროდადრო ანტიფრიზად წოდებული სითხის, მაგალითად, ეთილენგლიკოლის დამატებაა საჭირო. შესაძლოა, იმის შესახებაც წაგვიკითხავს, ხანგრძლივი საზღვაოსნო მოგზაურობის დროს როგორ იღებენ სასმელ წყალს ზღვის წყლისგან მეზღვაურები. ყველა ამ მოვლენის ახსნას საფუძვლად უდევს საკითხი, რომელსაც ხსნარების კოლიგატური თვისებები ეწოდება.

ხსნარის ფიზიკური თვისებები სუფთა გამხსნელის ფიზიკური თვისებებისგან განსხვავდება. ეს განსხვავება მეტწილად განპირობებულია გახსნილი ნივთიერების რაოდენობით და არა ბუნებით.

ხსნარის ფიზიკურ თვისებებს, რომლებიც დამოკიდებულია არა გახსნილი ნივთიერების ქიმიურ თვისებებზე, არამედ ხსნარში ამ ნივთიერების რაოდენობაზე, კოლიგატური თვისებები ეწოდება. სიტყვა „colligative” ნიშნავს „კოლექტიურ ეფექტს” (collective effect), რაც გულისხმობს ხსნარში გახსნილი ნივთიერების სტრუქტურული ნაწილაკების საერთო, ე.წ. „კოლექტიურ” ზეგავლენას ხსნარის თვისებებზე.

ვრცლად

დათვები

0
ეროვნულ სტადიონთან ქართველებმა შეკრება 16 საათიდან დაიწყეს. ქომაგთა მცირე ნაწილი 22 თებერვალს საქართველოსთან ერთად უკრაინასაც გულშემატკივრობდა. წინა დღეებში Facebook-ზე აგორებული უკრაინის მხარდასაჭერი დიდი ტალღა „დინამო არენაზე” ზღვის უმცირეს ღელვას ჰგავდა – მოედნის მისადგომ გზებზე სულ რამდენიმე ლურჯ-ყვითელი ალამი ფრიალებდა. ამ ფერების სიმრავლე არც ტრიბუნებზე მომხვედრია თვალში. ცენტრალურ შესასვლელთან ბევრი მოძველბიჭო ელემენტი დააბიჯებდა და ხელში Балтика №9 ეჭირათ.

თამაშზე უმანქანოდ წავედი, რათა მხოლოდ სანახაობაზე ვყოფილიყავი მომართული და პარკირებაზე არ მეფიქრა. წინა დღეს ნაყიდი უკრაინის დროშითა და ბილეთებით შევიარაღდი.

უკრაინის დროშა ორ-სამ სიტყვას იმსახურებს: 21-ში მეგობრებთან ერთად მის ძებნაში ნახევარი თბილისი შემოვირბინე. ერთგან მივაგენით. მე მაშინვე გამაოცა ქართველი ბიზნესმენების მოქნილობამ, როგორ აქციეს თავისუფლებისთვის ბრძოლა მომგებიან ბიზნესად:

– დროშას ვეძებთ, ალბათ მიხვდებით, რომელი ქვეყნის დროშას
– დიახ, 45 ლარი ღირს.
სხვა გზა არ იყო, ვყიდულობდით, თუმცა ცოტაოდენი შხამის გამოშვება გადავწყვიტეთ:
– საქართველოს დროშა გაქვთ?
– დიახ.
– საქართველოს დროშაც 45 ლარი ღირს?
– არა, 15 ლარი
– ფასი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიხედვით რეგულირდება? თუ მთლიანი შიდა პროდუქტის? 
– ხარისხის მიხედვით
დავიჯერებდით კიდეც, იგივე დროშა სხვაგან 17 ლარად რომ არ გვენახა.

ტრიბუნები ნელ-ნელა შეივსო და ერთიანად ბარე 55 000 გულშემატკივარი მაინც დაიტია. ამათგან რუსთა ქომაგი სულ ორი-სამი ათეული კაცი თუ იქნებოდა. ისინი საუკეთესო ადგილებზე გამაგრდნენ და ყველაზე თვალნათლივ ნახეს თავისიანების მარცხი.

ამასობაში ქართველი გულშემატკივარი წამოზრდილა, წამოჩიტულა. უწინდელზე გაცილებით ნაკლები და უფრო ბანალური გინებები მოვისმინე. ადრე სართულების დათვლა ჭირდა და მაგინებლის ფანტაზია გაოცებდა. გინების ზეიმს შორეულ 2002 წელს შევესწარი: მაშინ „დინამო არენაზე” ხის მოძველებული და ნესტიანი სკამები იდგა. ბორჯღალოსნებსაც სხვანაირი ფორმები ემოსათ – კუშტი და უხალისო. მაშინაც რუსეთს ვეჯახებოდით. მე და მამა უცნაური ხალხის გარემოცვაში ვისხედით. ერთ-ერთს მკაფიოდ ვიხსენებ: გაბუშტული წითელი ცხვირი და გრძელი, მოუვლელი წვერი ჰქონდა, გახუნებული ქუდი ეხურა და მოჩაჩული პალტო ეცვა, რომლის ზომაც მეუბნებოდა, რომ სხვისი ტანისთვის იყო ნაყიდი. ახლა ვხვდები, რომ ამ კაცის მოღუშული სახე გულგვამიანად აღბეჭდავდა იმდროინდელ საქართველოს. ის, გამწარებული და ნატანჯი კაცი, იგინებოდა სხვებზე უფრო ხშირად და გულმოდგინედ. მან ბილეთის ფული მოაკლო ოჯახს, რათა გული მოეფხანა. მაშინ დავინტერესდი, რამ გააბოროტა ის ხალხი. ამ კითხვაზე პასუხი ცოტა მოგვიანებით საკუთარი თავისგან მივიღე. 

2002 წლის მატჩში ბოლო წუთამდე ვმარცხდებოდით. უკანასკნელი გაფართხალებისას პალიკო ჯიმშელაძემ ურთულესი საჯარიმო ძელებს შორის გაჭედა. ამაზე რომ სტადიონმა იხუვლა, მგონი, ექო დაღამებამდე მოსდევდა თბილისს და ხანდახან ახლაც ჩამესმის იმ წვერიანი კაცის ბღავილი, რომელსაც სახეზე ერთიანად დაედო წითელი ფერი და გლანდები გამოუჩნდა. იმ დღეს ყაიმით გავიყარეთ – 12:12, გუშინ კი გულიანად გვასიამოვნეს, რუსების ჩათვლის მოედანზე 5 ლელო დაამიწეს და მსოფლიო თასზეც გავიდნენ. უკრაინამაც გაიმარჯვა, ოღონდ სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მოედანზე. გასაოცარია, მათაც იგივე მეტოქე დაამარცხეს, ოღონდ ბევრად უფრო ძლიერი. გუშინ რუსთა დამარცხების დღე იყო.

„55 000 ქართველი 30 რუსის წინააღმდეგ”, – ასეთი Twit-ი გამოაცხო რაფაელ სან-ანდრემ, რუსთა დაცვის მწვრთნელმა. არც შემცდარა. ქომაგთა უმეტესობა ბოლომდე უკრავდა ტაშს ბორჯღალოსნებს, რომლებიც საპატიო წრეს უვლიდნენ მოედანს. ერთი რამ კი გუშინაც გამოჩნდა: ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას უფრო ქომაგობს, ვიდრე გუნდს. თუ მოთამაშეს ფეხი დაუცდა, საგინებლადაც გაიმეტებს.

ისე კი, ნერვიულობა ზედმეტი იყო. რუსებზე 5 თავით კარგი გუნდი გვყავს და რაგბიში არც ბურთია მრგვალი.

დიალოგები რუსული ენის გაკვეთილზე

0
მას შემდეგ, რაც რუსული ენის სწავლება უცხოური ენის სწავლების ფარგლებში მოექცა, სახელმძღვანელოებსა თუ დამხმარე ლიტერატურაში უფრო ხშირად ვხვდებით დიალოგებს. დიალოგები წარმოდგენილია სხვადასხვანაირად: თემატურად, გრამატიკასთან კავშირში, ლექსიკის გასამდიდრებლად და სხვა, – თუმცა მათი სიმრავლის გამო მასწავლებლებისგან ხშირად ისმის საყვედური. მათ მიაჩნიათ, რომ დიალოგებზე მუშაობა დიდი შედეგის მომცემი არ არის, ძალიან იოლი გასაგებია მოსწავლეებისთვის, არ ავითარებს ენობრივ კომპეტენციებს და, საზოგადოდ, მხოლოდ დიალოგების სწავლება აკნინებს რუსული ლიტერატურის როლს. ეს სადავო საკითხია, მით უმეტეს, რომ რუსული ლიტერატურის სწავლება არც არავის აუკრძალავს. საქმე ის არის, რომ ელემენტარული და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ, დამოუკიდებლად წაიკითხონ და გაიგონ რუსული კლასიკური ლიტერატურა. მათ აუცილებლად სჭირდებათ მასწავლებლის დახმარება. მასწავლებლების მიერ ხშირად გამოყენებული გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი მხოლოდ იმის ილუზიას ქმნის, რომ მოსწავლე იგებს ტექსტის შინაარსსა და სიღრმეს. რეალურად, ისინი იმახსოვრებენ მხოლოდ შინაარსს (თარგმანს). ეს იგივეა, რაც თხზულების შინაარსის ქართულად მოსმენა. ამას სჯობია, ისევ კარგი თარგმანი წავაკითხოთ, ხოლო საბავშვო თუ კლასიკური ლიტერატურა მივაწოდოთ დონის შესაბამისად, სასურველია – ადაპტირებული.

მეთოდისტების აზრით, დიალოგებით გაჯერებული სახელმძღვანელო საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მოსწავლის ენობრივი უნარების განვითარებაში. მთავარია, მასწავლებელმა იცოდეს, რა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენოს ამ ტიპის ტექსტებით სწავლებისას.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული გაკვეთილი შეიძლება ჩატარდეს წყვილებშიც, ჯგუფშიც და ინდივიდუალურადაც.
* მოსწავლეები იღებენ ფლიპჩარტს წარწერით «Великий князь Владимир Романов: о себе и о стране» და კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია კითხვები და პასუხები (არეულად);

* დავალება: მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ კითხვები და პასუხები სწორი თანმიმდევრობით და განათავსონ ფლიპჩარტზე (უნდა გამოვიდეს ინტერვიუ);

* ბოლო ეტაპია ჯგუფების/წყვილების მიერ აწყობილი დიალოგის(ინტერვიუს) შედარება. ინტერვიუს შინაარსში გასარკვევად შეიძლება სხვა აქტივობების დამატებაც.
 
ПАЗЛ НА ДИАЛОГИЧЕСКОМ ТЕКСТЕ
Текст для учителя
Интервью с князем Владимиром Романовым (глава семьи Романовых; прямой на­следник российского престола; жил в Париже; умер в 1992 году).
ВЕЛИКИЙ КНЯЗЬ ВЛАДИМИР РОМАНОВ:
О СЕБЕ И О СТРАНЕ
– Владимир Кириллович, вы можете представить себя?
– Как вы знаете, я являюсь главой нашей императорской семьи. После меня на­следницей будет моя дочь, а затем — мой внук.
– Где вы сейчас живёте?
– Мы живём сейчас в Париже, так как внук начал ходить в школу. Ему пошёл девятый год. В деревне Сен-Бриак мы проводим летние месяцы. Иногда ездим в Испа­нию, где у нас есть дом около Мадрида.
– Каким образом старшинство в вашей семье перешло к вам?
– Это очень просто. После гибели Николая II и его семьи старшинство перешло к моему отцу, а потом — ко мне. Мой отец — великий князь Кирилл Владимирович — был старшим сыном моего деда. Он женился на внучке королевы Виктории.
– У вас есть брат или сестра?
– У меня были две сестры старше меня, я был третьим ребёнком от этого брака.
– Кто ваша супруга?
– Моя жена — Леонида Георгиевна, урождённая княжна Багратион, из грузин­ской царской семьи.
– Как вы встретились?
– Мы познакомились случайно в Испании и полюбили друг друга. И вот уже с 1948 года живём вместе. У нас одна дочь Мария, которая живёт с нами, так как, к сожалению, ей пришлось развестись с мужем. С нами живёт и наш внук.
– Ваш внук говорит по-русски?
– Он говорит по-русски, по-французски и бегло по-испански.
– И вы прекрасно говорите по-русски. Вы здесь общаетесь с русскими?
– В Париже много русских. У нас есть друзья из исех сословии. Мы постоянно общаемся с ними.
– А дома на каком языке вы говорите?
– В семье говорим по-русски. Моя жена с раннего детства усвоила русский, и я. слава Богу, имел счастье научиться говорить на нём с малых лег.
– Что вас главным образом интересует в жизни?
– Меня интересуют многие вещи, но в первую очередь волнует всё, что касается нашей страны. И это совершенно нормально. Ведь всё мое воспитание было направлено на изучение истории, воспитание любви к нашему Отечеству.
– Вы любите изучать историю?
– Историей я интересовался с детства и всю свою взрослую жизнь я следил за тем, что происходит в России. Мы надеемся, что процесс, который начался в 1990 году, закончится благополучно. Я много отдал бы за То, чтобы Россия вышла из чрезвычайно затруднительного положения — экономического и политического. Меня радуют даль­нейшие изменения.
– У вас есть какие-нибудь опасения?
– Конечно. И я возражаю против всяких эксцессов, против кровопролития. Я верю, что Россия найдёт форму жизни, которую люди заслуживают.
– А какой политический режим, на ваш взгляд, был бы идеальным для нашей страны?
– Самое главное, чтобы каждый человек был заинтересован в своей работе и знал, что эта работа пойдёт ему на пользу. И если новый политический режим даст людям возможность работать свободно, то это будет лучшая политическая система.
– Раньше вы считали, что наилучший строй для России — это монархия. Ваши взгляды изменились?
– Теперь условия жизни совершенно иные, чем в 1914 году. Предсказать точно, что бы было с Россией, если бы она стала монархией, очень трудно.
– Есть ли у вас ещё другие интересы, кроме истории и политики?
– Я всегда увлекался литературой и обожаю читать киши. Я также люблю зани­маться авиацией. Мне приятно строить модели самолётов в свободное время. Занимать- д ся большой авиацией, к сожалению, мне мало удавалось — это слишком дорого.
– Не хотите ли что-нибудь передать вашим соотечественникам у нас на Родине?
– Передайте там, что больше всего мы хотим, чтобы люди жили по-человечески. И ещё скажите, что мы могли бы помочь в том, что касается сохранения истории, искусства.

გაკვეთილზე გამოსაყენებელი რესურსი.

„ყველგან ტაქსიმია!.. კიევია ყველგან!..“

0

ჩვენს უახლოეს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, თავისუფლების, ღირსებისა და მომავლისთვის მოქალაქეთა გმირულმა ბრძოლამ 2013 წლის გაზაფხულის თურქეთის მოვლენები გამახსენა. იქაც, როგორც ახლა კიევში, მოქალაქეები მაღალ იდეალებს სწირავდნენ თავს. იქაც, როგორც ახლა კიევში, ხელისუფლებამ არნახული სისასტიკე გამოიჩინა საკუთარი ხალხის მიმართ.

 

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, გეზი პარკის გაჩეხვის წინააღმდეგ ეკოლოგისტების მიერ გამართული აქციის დარბევა ერთ დღეში სახალხო მღელვარებაში გადაიზარდა, ანტისამთავრობო და ქემალისტური იდეების დასაცავად მილიონობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში და ავტორიტარული მმართველის ტაიპ ერდოღანის გადადგომა მოითხოვა. გეზი პარკის პროტესტის დარბევის დროს 8 000-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა, 2 000-ზე მეტი დააპატიმრეს და ექვსი მოკლეს, მათ შორის – 20 და 22 წლის სტუდენტები.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2002 წელს თურქეთის არჩევნებში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” გაიმარჯვა და თუ მანამდე ის ზომიერ ისლამისტურ ძალად განიხილებოდა, არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტში, თურქეთის ისტორიაში პირველად, ყველა წევრი ისლამისტი აღმოჩნდა, რამაც, ბუნებრივია, ისლამისტური პოზიციებისა და განწყობების გაძლიერება გამოიწვია.

2008 წელს უპრეცედენტო რამ მოხდა: მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” წინააღმდეგ საქმე აღიძრა. პარტიას ქვეყნის კონსტიტუციასთან, ლაიცისტურ პრინციპებთან წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი სფეროს ფარულ ისლამიზაციას სდებდნენ ბრალად, რის გამოც მის აკრძალვას მოითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბრალდებას მოთხოვნაზე უარი უთხრა, თუმცა პარტიას გაფრთხილება მიეცა.

თურქეთის პრემიერმინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თურქეთმა ბევრისთვის წარმოუდგენელს – ისლამის, დემოკრატიის, სეკულარიზმისა და თანამედროვეობის ბალანსს – მიაღწია”, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ოპოზიციური ძალები და სეკულარიზმის ათათურქისეული იდეების მხარდამჭერები.

ისლამისტურმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველი დარტყმა ქალთა უფლებებს მიაყენა. ათათურქის სამოქალაქო რეფორმის უდიდესი მიღწევა იყო ხელისუფლების მხრივ ქალთა ემანსიპაციის უპრეცედენტო მხარდაჭერა. ქალები საზოგადოებრივ ცხოვრების მრავალ სფეროში გამოჩნდნენ და მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ერდოღანის პარტიამ ჰიჯაბის (ქალთა თავსაბურავი) აკრძალვის გაუქმებას მიაღწია, სკოლის მოსწავლებს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს მისი ტარების უფლება მიეცათ. დღეს ბევრი აღნიშნავს, რომ ასეთი რელიგიური ზეწოლის სურათი მუსტაფა ქემალის რეფორმებამდეც არ იყო და ქვეყანამ სეკულარული რესპუბლიკისა და ევროპული განვითარების გზიდან რადიკალურად გადაუხვია.

სტამბულის “კულტურ უნივერსიტეტის” მკვლევარი მურატ ბილჰანი თავის წერილში აღნიშნავს, რომ „თურქეთში ინდივიდუალიზმი ძალიან არასწორად ესმით. მას აბრკოლებს ისლამის მიერ თავს მოხვეული ღირებულებათა სისტემა. სამწუხაროდ, ისლამური ღირებულებები სეკულარული ღირებულებები არ არის. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ილოცოს, მისდიოს რელიგიას, რწმენას, მაგრამ ინდივიდუალურ ღირებულებებს რაიმე საზოგადოებრივი, კოლექტიური ღირებულებები არ უნდა დაუპირისპირონ. თავს მუსლიმად თუ აცხადებ, ეს მხოლოდ შენსა და ღმერთს შორის არსებული ურთიერთობაა. ჰიჯაბი მხოლოდ სამოსი არ არის და ისლამისტები ამ იარაღით ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობენ და ზემოქმედებენ…”



თურქეთის მოქალაქეები დღესაც ებრძვიან პოლიტიკური ისლამის გამო მიღებულ უამრავ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჯერ კიდევ უშედეგოდ. მაგალითად, მთავრობის ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ისლამისტური სწავლება აუცილებელი გახდება, რადგან მთავრობა მიიჩნევს, რომ განათლების არსებული სისტემა რელიგიურ და ზნეობრივ აღზრდას უშლის ხელს.

დასასრულ, მინდა თურქი კომპოზიტორის, პიანისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ფაზილ საის გეზი პარკის საპროტესტო მოძრაობაზე დაწერილ სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპი შემოგთავაზოთ, რომელშიც კარგად ჩანს, როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ისევე როგორც კიევში დღეს!



სოციალური ფაქტორების გავლენა განათლების ხარისხზე (მეორე ნაწილი )

0
დანიელ ვ. როსიდესი  -ამერიკული განათლების რეფორმა: გაუაზრებელი ფორმალიზმი
უმაღლესი განათლება, როგორც კლასობრივი განათლების დამამთავრებელი ეტაპი
XIX საუკუნეში ამერიკაში უმაღლეს სასწავლებლებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ქმნიდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. გაჩნდა მრავალი კოლეჯი, რომლებიც „გარკვეული ჯგუფების ინტერესებს” გამოხატავდა. ასეთები იყო კოლეჯები პროტესტანტული თემისთვის, კათოლიკეებისა და ებრაელებისთვის, მამაკაცებისა და ქალებისთვის, თეთრებისა და აფროამერიკელებისთვის, ფერმერებისთვის, ინჟინრებისთვის, გარკვეული ქალაქის ან შტატის მცხოვრებლებისთვის, მდიდრებისა და არც ისე მდიდრებისთვის. ინსტიტუტების სამეურვეო საბჭოების შემადგენლობაში შეინიშნება ერთი და იგივე ტენდენცია: სასულიერო პირების ძალაუფლების შესუსტება და, შესაბამისად, ბიზნესმენებისა და პროფესიონალების (ექიმების, იურისტების და ა.შ.) ძალაუფლების გაზრდა. ფერმერები, მუშები, „თეთრსაყელოიანები” (ოფისების თანამშრომლები) დაბალი ფენიდან, ეთნიკური უმცირესობა, ხელოვნების მუშაკები (ასევე – ქალები და ახალგაზრდები) არ არიან წარმოდგენილნი მმართველ საბჭოებში იმ პროპორციით, რომელიც შეესაბამება მათ მნიშვნელობას.

XIX საუკუნის მიწურულიდან უმაღლესი განათლება სულ უფრო მეტად იქცა პოლიტიკური ეკონომიკის დამატებად. კერძო კაპიტალსა და სახელმწიფო სუბსიდიებზე დაყრდნობით უმაღლესი სასწავლებლები იძლევიან ვიწროსპეციალიზებულ არაპოლიტიკურ განათლებას, რომელიც ამზადებს პერსონალს ბიზნესისთვის, სხვადასხვა პროფესიისთვის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ხელისუფლებისთვის. უმაღლეს განათლებაში კვლევები ტარდება სახელმწიფო დაფინანსებით (ამასთან, მიღებული შედეგები არ საჯაროვდება). მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ეხმარება ამერიკას, იყოს კონკურენტუნარიანი ეკონომიკაში, კვლევის შედეგების უდიდესი ნაწილი უცხოურ კორპორაციებზე იყიდება.

საინტერესოა, რომ უმაღლესი განათლება უკვე აღარ წარმოადგენს მრავალდონიან მერიტოკრატიას (იხ. განმარტება სქოლიოში – რედ.), სადაც დონეები ერთმანეთთან კავშირშია. ის წარმოადგენს (და, სავარაუდოდ, მუდამ ასე იყო) არაკონკურენტუნარიანი სოციალური ჯგუფების ფრაგმენტულ ნაკრებს. ამიტომ არავის უნდა უკვირდეს, რომ უმაღლეს განათლებას ფესვები ღრმად უდგას კლასობრივ სისტემაში. სამწუხაროდ, საზოგადოებას სჯერა, რომ კოლეჯებში ხვდებიან ღირსეულები და ისეთი ფაქტორებს, როგორიცაა რასობრივი ან სოციალური წარმომავლობა, რელიგია, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სინამდვილეში კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტური საბჭოები პრივილეგირებული კლასების წარმომადგენელთა თავშესაფარია.

სოციალური კლასის გავლენა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას სხვადასხვა ფორმას იღებს. ადგილობრივი სასკოლო ოლქები აერთიანებენ შემოსავლებით მსგავს მოსახლეობას და, შესაბამისად, ერთი კლასის ინტერესებს გამოხატავენ. ეს ნიშნავს დიდ განსხვავებას დაფინანსებაში, რომელიც განათლებაზე იხარჯება. ამაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოსწავლეები უკვე დაპროგრამებული არიან წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე.

სკოლის მაღალ კლასებში მოსწავლეთა განაწილება IQ-სა და აკადემიური მიღწევების მიხედვით შემდგომ სერიოზულ გავლენას ახდენს უმაღლეს სასწავლებელში მათ სტატუსზე. ამის შედეგია უმაღლესი განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა. კლასობრივი კუთვნილება განსაზღვრავს, რა დონის სკოლაში დადიან ბავშვები და აგრძელებენ თუ არა ისინი კოლეჯში სწავლას. უფრო მეტიც – კოლეჯში არჩეული პროგრამებიც კი სოციალურ წარმომავლობასთან არის დაკავშირებული. 

უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა ასახავს ამერიკულ კლასობრივ სისტემას. ამის ნათელი მაგალითია ფედერალური პროგრამა კოლეჯის სტუდენტებისთვის, რომლიც უმაღლეს განათლებაში ეკონომიკური ბარიერების დასძლევად არის შექმნილი და სტუდენტებს სწავლისთვის იაფფასიანი სესხების აღების საშუალებას აძლევს. ისინი უპროცენტო სესხს იღებენ ოთხი წლით და შემდეგ ათი წლის განმავლობაში იხდიან. ამ პროგრამით სარგებლობა არ შეუძლიათ მხოლოდ ძალიან მდიდრებს. ეს პროგრამა თეორიულად მოიცავს ღარიბებს და მუშათა კლასს, მაგრამ მისი პრაქტიკული შედეგები ამ სოციალური ფენისთვის უმნიშვნელოა. სხვადასხვა სოციალური ფენის ბავშვებს კოლეჯისთვის საჭირო მოტივაცია და უნარები სხვადასხვა ტემპით უვითარდებათ, ისინი სხვადასხვა ტიპის კოლეჯებს ირჩევენ, სხვადასხვანაირი მოსწრება აქვთ და პროგრამებს სხვადასხვა ხანგრძლივობით გადიან. ამგვარად, ფორმალურად თანაბარი შესაძლებლობები შორსაა რეალურად თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი კონკურენციისგან. ეს იმითაც გამოიხატება, რომ სტიპენდიებს იყენებენ ისინი, ვისთვისაც არ არის აუცილებელი. ასევე ცნობილია, რომ არსებობს უპირატესობები უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფინანსური დახმარების განაწილებაში. სტუდენტები, რომელთაც ეს დახმარება სჭირდებათ, სამწუხაროდ, მას ვერ იღებენ, მაშინ როცა გადახდისუნარიანი სტუდენტები, თანაბარი შესაძლებლობების იდეოლოგიას ამოფარებულნი, ახერხებენ ამ დახმარების მიღებას. ბოლო დროს, განსაკუთრებით – საუკეთესო სტუდენტებზე კონკურენციის ზრდასთან ერთად, ასეთი პრაქტიკაც გაიზარდა.

სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის განსხვავებები დიდი ხანია აღარ არსებობს. სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, რომლებიც თავდაპირველად საშუალო ფენის სტუდენტებისთვის შეიქმნა, თანდათან განათლებაზე გადასახადი შემოიღო. სახელმწიფო მათ უფრო და უფრო ნაკლებ დახმარებას უწევს. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ისე ექცევიან, როგორც „ბაზარზე მოთამაშეებს”, რომლებსაც კერძო ბიზნესი აქვთ. ფულის შემომტან ფაკულტეტებს, რომლებიც იურისტებსა და ბიზნესმენებს ამზადებენ, მომსახურებაზე გადასახადის დაწესებას სთხოვენ, პარტნიორულ ურთიერთობაში შედიან ინვესტორებთან საკონფერენციო და ტექნოპარკების მშენებლობის მიზნით იმ მიწებზე, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის (გაიხსენეთ ანალოგიური პროცესები საქართველოში – როგორ მოხდა, ზოგჯერ – ერთ ლარად, სახელმწიფო სასწავლებლების ქონების გასხვისება; გაიხსენეთ პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა სახელმწიფო სასწავლებლების პირველ სართულებზე გახსნილი კაფეები და რესტორნები! – რედ). კვლევებმა ცხადყო, რომ 2000 წელს ღარიბმა ოჯახებმა, 1980 წლისგან განსხვავებით (13%), თავიანთი წლიური შემოსავლის 25% კოლეჯზე დახარჯეს, საშუალო ფენის ოჯახებისთვის იგივე მაჩვენებელი 4-დან 7%-მდე გაიზარდა, ხოლო მდიდრებისთვის იგივე 2% დარჩა.

საუკეთესო სტუდენტების გამო კონკურენციამ უმაღლეს სასწავლებლებს შორის აგრეთვე მიგვიყვანა საშუალო და შეძლებული ფენებისთვის დახმარების გაზრდამდე. დღესდღეობით ფედერალური გრანტები სახელმწიფო კოლეჯებში სწავლების 57% ფარავს, განსხვავებით 1986 წლისგან, როცა ეს მაჩვენებელი 98%-ს აღწევდა. ღარიბი ოჯახებიდან გამოსული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წილი ხუთჯერ აღემატება შეძლებული ოჯახებიდან გამოსული სტუდენტებისას.

უმაღლესი და საშუალო განათლების ძირითად ტენდენციად, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორში, წარმოადგენს ის, რომ განათლება ხდება მზარდი ამერიკული კაპიტალიზმის ბატონობის განუყოფელი ნაწილი. ეს ტენდენცია ცვლის ტრედიციულ წარმოდგენას
 განათლებაზე, როგორც სამომხმარებლო საქონელზე, როგორც პიროვნების განვითარების გზაზე. ეს უფრო მეტია, ვიდრე იმ ფაქტის აღიარება, რომ კოლეჯები და უნივერსიტეტები მოქმედებენ როგორც ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულები არიან ფასებზე დავაში და ოსტატურად უწევენ ექსპლუატაციას თავიანთ სამუშაო ძალებს.
უთანასწორობის ტენდენცია იქმნება ამ სფეროში საბაზრო ურთიერთობების დანერგვით. ეს პროცესი აკანონებს არსებულ კლასობრივ იერარქიას, რაც ეწინააღმდეგება ტრადიციულ ამერიკულ ნორმებსა და ფასეულობებს. კლასობრივ კუთვნილებას ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელობა იმის მისაღებად, რაც ფასეული იყო ამერიკაში. მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაიწყო ამის ღიად და ფართოდ აღიარება საზოგადოების ყველა სექტორში. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ამერიკული განათლების სისტემის მიერ შექმნილი წინსვლის იერარქია გაჯერებულია კლასობრივი განსხვავებულობის სულით. წესით, ის უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ბუნებით მინიჭებულ უნარებს. განათლების სისტემა, რომელიც აგებულია კლასობრივ განსხვავებულობაზე, გვიშლის გავიგოთ, რამდენად კარგად შეგვიძლია ჩვენი ბუნებრივი ნიჭის გამომჟღავნება.
განათლების უუნარობა შეასრულოს სოციალური ფუნქციები
ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ განათლებას შეუძლია აღზარდოს ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მომთხოვნი პროფესიული იერარქიისთვის და რომ ის ამზადებს ან შეუძლია მოამზადოს ისინი სამოქალაქო ფუნქციების შესასრულებლად. ემპირიული კვლევის მონაცემები გვამცნობენ, რომ განათლებაზე ასეთი წარმოდგენები არასწორია; საკმაოდ ბევრი მტკიცებულება მიგვითითებს იმაზე, რომ ფორმალური განათლება არანაირად არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ან სამოქალაქო ქცევასთან. ამის მიზეზი იმალება ობიექტური ცოდნისადმი ამერიკელების აშკარა სწრაფვაში, ამ შემთხვევაში კი განათლების მოღვაწეთა ფორმალიზმში, რომელიც დეპოლიტიზებას უწევს მოსწავლეებს საბავშვო ბაღიდან პროფესიულ განათლებამდე (ავტორი გულისხმობს, რომ სკოლებში ცდილობენ, ნაკლებად შეეხონ მწვავე ეკონომიკურ თუ სამოქალაქო პრობლემების განხილვა-გაანალიზებას, შესაბამისად, სასწავლებლის ფუნქცია გაზარდოს აქტიური მოქალაქე, იკარგება – რედ.)

მითი იმის შესახებ, რომ განათლება ქმნის ადამიანურ კაპიტალს
ივარ ბერგი (Ivar Berg) თავის კვლევაში გვიჩვენებს, რომ განათლების სისტემა წარმოადგენს „დიდ მძარცველს”. მრავალი კვლევის განზოგადებით და საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით მან გამოავლინა, რომ არ არსებობს კავშირი ფორმალურ განათლებასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს შორის. რეალურად ფორმალური განათლება ასრულებს ერთ მარტივ ფუნქციას: ის განსაზღვრავს, რა ადგილს დაიკავებს მოსამსახურე შრომის ბაზარზე. არასწორია, როცა დამსაქმებელს სჯერა, რომ ფორმალურ განათლებას უშუალო კავშირი აქვს საწარმოებსა თუ ოფისებში მომსახურების ხარისხის ზრდასთან. სხვადასხვა დაწესებულების მოსამსახურეები მეტი თუ ნაკლები ფორმალური განათლებით დაახლოებით ერთნაირად მუშაობენ. მათი განმასხვავებელი მხოლოდ ხელფასია.

ამ კვლევებმა ასევე ვერ აღმოაჩინა კავშირი ფორმალურ განათლებასა და სამხედრო და სამოქალაქო სამსახურებში მომსახურების ხარისხს შორის. ამის მაგალითია 1980 წლის ცნობილი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა რეიგანმა გაფიცული საჰაერო დისპეტჩერები გაათავისუფლა და ახალი დისპეტჩერების დაჩქარებული წესით მომზადება მოუწიათ. გაირკვა, რომ დიპლომიანი და უდიპლომო მოსამსახურეები ერთნაირად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. სხვა მაგალითი: მოთხოვნა, რომ პედაგოგს უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო დიპლომი, დაკავშირებულია ამ პროფესიიდან ადამიანთა დიდი რაოდენობით გადინებასთან.

რენდალ კოლინზმა ამ თემაზე კვლევების ანალიზის დროს დაამტკიცა, რომ კავშირი ფორმალურ განათლებასა და დადებით ეკონომიკურ შედეგებს შორის ილუზორულია. აღმოჩნდა, რომ განათლება წარმოადგენს სტატუსის მინიჭების პროცესს, რომლის საშუალებითაც დომინანტური ჯგუფი ეძებს პროფესიებზე კონტროლის საშუალებას, თავს ახვევს დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არ ასახავს სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარებს. 

სკოლაში წარმატება არ ზრდის დასაქმებისა და მეტი შემოსავლის მიღების ალბათობას. გარდა ამისა, არ არის აუცილებელი, ის, ვინც სკოლაში სწავლობს, თავისი განათლების გამო გახდეს კარგი მუშა ან მოქალაქე. არ არსებობს კავშირი კარგ შეფასებებსა და ცხოვრებაში წარმატებას შორის.

უნივერსიტეტები არ წარმოადგენს გამონაკლისს ამერიკული განათლების საერთო უეფექტობის ფონზე. ვერც ერთი სასწავლო დაწესებულება ვერ დაგიმტკიცებთ, რომ მათი კურსდამთავრებულები სხვებზე უკეთესად მუშაობენ. მათ ახასიათებთ ერთი საერთო თვისება – ისინი „ძერწავენ” ჩვენი პროფესიული ელიტის ტვინებს ისე, რომ მათ აღარ შეუძლიათ ფართოდ აზროვნება. მათ არ ასწავლიან დღევანდელობის მნიშვნელოვან პრობლემებზე მსჯელობას: როგორ უზრუნველვყოთ დასაქმება, სამართლიანობა და სამედიცინო მომსახურება ყველასთვის და როგორ ვასწავლოთ ადამიანებს, მიაღწიონ ამ მიზნებს. სკოლასა და სამუშაო ადგილზე წარმატებებს შორის კავშირის არარსებობა უმეტესად აიხსნება იმ ფაქტორით, რომ დამსაქმებლები არ არიან დაინტერესებული მუშახელის აბსტრაქტული კოგნიტური (სააზროვნო) უნარ-ჩვევებით. როდესაც მათ ეკითხებიან, როგორი ადამიანები სჭირდებათ, ბიზნესი პასუხობს, მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მუშაობის სურვილი, იციან თავიანთი საქმე და სჯერათ საკუთარი თავის, სავსე არიან სასიცოცხლო ენერგიით და იციან,  საით მიდიან. ამ ჩამონათვალში არც კი მოიხსენიება კოგნიტური უნარ-ჩვევები. ამიტომ არის, რომ სკოლაში მაღალი შეფასებები არ ემთხვევა მუშაობაში წარმატებას. იგივე ითქმის პროფესიულ განათლებაზე – არც ერთი კვლევა არ ადასტურებს კავშირს უნივერსიტეტში მიღებულ შეფასებებსა და შემდგომ პროფესიულ წარმატებას შორის.

იდეა, რომ სასწავლო დაწესებულებები აწარმოებს ადამიანურ კაპიტალს, გასაგებია კაპიტალისტური საზოგადოებისთვის და ეკონომისტები ეთანხმებიან მას. ისინი ცდებიან, როდესაც კოლეჯების კურსდამთავრებულების მაღალ შემოსავალს იყენებენ ეკონომიკური ზრდის საბუთად იყენებენ. ვარაუდობენ, რომ განათლების ზრდა და ეკონომიკური ზრდა ურთიერთგამომდინარეა. მაგრამ ამერიკული საყოველთაო განათლების სისტემის სწრაფი ზრდა 1950-იან წლებში ემთხვევა ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებას. იაპონიასა და გერმანიში ამავე დროს წარმოების ტემპი გაცილებით მზარდი იყო, მაშინ როცა კოლეჯის კურსდამთავრებულთა რაოდენობა საგრძნობლად ჩამოუვარებოდა აშშ-ის მაჩვენებელს. 

ეკონომისტებმა თავიანთი ანალიზი მცდარ შეხედულებებზე ააგეს, რომელთა მიხედვითაც რაციონალური ანუ ეფექტური ბაზარი არსებობს ან შეუძლია იარსებოს. აუცილებლად უნდა გავაქარწყლოთ ეს მითი, რადგან, იმავე წარმოდგენებიდან გამომდინარე, ამერიკელი პოლიტიკოსები განათლებასაც განიხილავენ როგორც ინსტიტუციურ კომპლექსს, რომელიც იძლევა სტატუსს და ჯილდოს კონკურეციის გზით, რომელიც ეფუძნება პირად მიღწევებს. მაგრამ რამდენად ეფექტურია, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მესამედი გყავდეს სამუშაოზე, რომლის შესრულება სკოლადამთავრებულსაც შეუძლია? განათლებასა და წარმოებას შორის კავშირის ანალიზისას საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ თანამშრომლები რომლებმაც კვალიფიციური საქმიანობა უშუალოდ სამუშაო ადგილზე ისწავლეს და ჯგუფი, რომელიც ფორმალურმა განათლებამ გამოუშვა. უფრო მეტიც – ხომ არ იწვევს „ზედმეტი” განათლება ეკონომიკური ზრდის დაცემას? ჩნდებიან განათლებული ადამიანები, რომლებიც უსარგებლო სამუშაოს ასრულებენ. 
 …………………..
მერიტოკრატია – სახელმწიფოს ან კომპანიის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ადამიანებს თანამდებობები გადაეცემათ და პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ მიერ გამომჟღავნებული ნიჭისა და შესაძლებლობების (დამსახურების) მიხედვით. მერიტოკრატიის დროს საზოგადოება აჯილდოებს (სიმდიდრით, თანამდებობრივი პოზიციით ან სოციალური სტატუსით) მათ, ვინც საკუთარ ტალანტსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე შეჯიბრებაში გამარჯვებით. შეფასება ფორმალური განათლების სისტემებში, წესით, მერიტოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს (რედ.).
თარგმანი, რედაქცია და კომენტარები კახა ჟღენტისა
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Knee-Jerk Formalism: Reforming American Education.Rossides, Daniel W., 1925-; The Journal of Higher Education, Volume 75, Number 6, November/December.2004, pp. 667-703 (Article) Published by The Ohio State University Press DOI: 10.1353/jhe.2004.0039. (https://www.bupedu.com/lms/admin/uploded_article/eA.1063.pdf)
2.Berg, Ivar assisted by Gorelick, Sherry. (1970). Education and Jobs: The Great Training Robbery. New York: Praeger. Updated Percheron Press, 2003. Clinton Corners, N.Y.
3.Дэниел Россидис. БЕЗДУМНЫЙ ФОРМАЛИЗМ: РЕФОРМИРОВАНИЕ АМЕРИКАНСКОГО ОБРАЗОВАНИЯ. (https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268034294/03ros.pdf)

როცა მოსწავლე დახმარებას ითხოვს

0
ერთ-ერთ ტრენინგზე ახალგაზრდა პედაგოგი კოლეგებს თავისი გასაჭირის შესახებ უამბობდა: სადამრიგებლო კლასში მყავს ბიჭი, რომელიც ყოვლად აუტანლად, აგრესიულად იქცევა, უზრდელობს, ყველა მასწავლებელს ამწარებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ხელი არ უნდა ვკრათ, რადგან ოჯახში უმძიმესი მდგომარეობა აქვს, მამა გალოთდა და სულ აურზაურში არიან, მინდა, რამით დავეხმარო, ხომ ვერაფერს მირჩევთო.

ალკოჰოლიზმის, ამ მავნე სოციალური დაავადების, უარყოფითი ზეგავლენა მხოლოდ ერთ ადამიანზე არ აისახება – ის მძიმე დაღს ასვამს ალკოჰოლდამოკიდებულის ოჯახის წევრებს და, საერთოდ, საზოგადოებას. სამწუხაროდ, არც ქართული რეალობაა თავისუფალი ამ პრობლემისგან. ალკოჰოლდამოკიდებულთა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა მოძალებული კრიზისების, დევნილობის, უმუშევრობისა და საერთო არასტაბილურობის ფონზე.

კლასში შეიძლება გვყავდეს ალკოჰოლდამოკიდებულის შვილი, რომელიც ფსიქოლოგიური, ზოგჯერ კი ფიზიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. ასეთი მოსწავლეები განსაკუთრებით დაკვირვებულ და ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვენ. მასწავლებელს მათ შესაცნობად და დასახმარებლად სათანადო ცოდნა და უნარები სჭირდება. 

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ქცევის წესით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ისინი არიან:

* აგრესიულები (ყველასა და ყველაფრის მიმართ);
* იზოლირებულები (რომლებიც პასიურ წინააღმდეგობას გამოხატავენ);
* კულტურულები (უზრუნველყოფილები, სვამენ ხარისხიან სასმელს, კარგ საზოგადოებაში);
* შეშინებულები (დარცხვენილები, დანაშაულის განცდით აღსავსენი);
* მხიარულები (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, თავხედები).

მათგან მომდინარე პრობლემებიც სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ხშირად ოჯახის ზრდასრულ წევრებს, მიუხედავად დიდი ფსიქოლოგიური და მატერიალური სირთულეებისა, არ შეუძლიათ ან არ სურთ ალკოჰოლდამოკიდებულთან ურთიერთობის გაწყვეტა, არასრულწლოვან წევრებს, ბავშვებს, კი დამოუკიდებელი არჩევანი არ აქვთ, მათ ბედს უფროსები წყვეტენ.

ასეთი ოჯახი ურთულესი გარემოა მოზარდისთვის, ის დაღს ასვამს ბავშვის ხასიათს, ქცევას და მას სხვადასხვა როლს აკისრებს:
ოჯახის გმირი

ის ზრუნავს ოჯახზე, სახლზე, მფარველობს დებსა და ძმებს. სკოლაში მას მაღალი შეფასებები აქვს, გამორჩეულად სწავლობს, მისდევს სპორტს. ის პასუხისმგებლობას გრძნობს შინაურ პრობლემებზე, ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ნორმალური ატმოსფერო, მთელ ქვეყანას დაუმტკიცოს, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა.  ასეთები უმეტესად უფროსი შვილები არიან. 

ასეთ ბავშვს უჭირს ვინმესთან დაახლოება და საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება. უფრო მეტიც – მას უჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა. გმირი ძნელად ენდობა ადამიანებს, ცხოვრობს მუდმივ დაძაბულობაში. ჩვეულებრივ, არ არის დამთმობი, გაუთვალისწინებელ სიტუაციებში სტიქიურად იპყრობს პანიკა.
განტევების ვაცი

ოჯახში მას ხელიდან წასულად მიიჩნევენ; კონფლიქტურია, აგრესიული, ვულგარული და არ იცავს წესებს. განტევების ვაცი მასწავლებლის მოთმინების სასინჯი ქვაა. მას ხშირად ადანაშაულებენ; მისკენაა მიმართული ოჯახური აშლილობები და პრობლემები. ასეთ ბავშვს უჭირს თანატოლებისა და უფროსების გარემოცვაში ყოფნა. მას არაკეთილგანწყობილად ხვდებიან და თავისი მიუღებელი ქცევებით ხშირად გაძევების კანდიდატად იქცევა. გარეგნულად ახირებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად კი დასახიჩრებული, მარტოსული და გაბოროტებულია.
თილისმა (მასხარა)

ამ როლში უმეტესად უმცროსი შვილი გვევლინება, რომელიც ალკოჰოლდამოკიდებული მშობლის რჩეულია, რადგან თავისი ენაკვიმატობით იოლად ახერხებს ოჯახის წევრთა გამხიარულებას და ამით პრობლემიდან ყურადღების გადატანას. მისი როლი ოჯახში შექმნილი მძიმე სიტუაციის შემსუბუქებაა. მასთან ახლოს ვერ მიხვალ, რადგან მუდამ სიცილის გაუვალი კედლის მიღმა იმალება. ის გარშემო მყოფთა სული და გულია, ყველას უყვარს, რადგან ყველას გამხიარულება შეუძლია, თუმცა სერიოზულად მას არავინ ეკიდება. ნიღბის მიღმა ის დიდი ძალისხმევის ფასად უმკლავდება სტრესს, სევდიანი, მფრთხალი და მარტოსულია.
ანგელოზი (უჩინარი ბავშვი)

კარჩაკეტილი და მარტოსულია; მას ვერ ამჩნევენ (ხშირად არ ახსოვთ); არც დადებითი და არც უარყოფითი ნიშნით არ იქცევს ყურადღებას. უმეტესად ეს შუათანა შვილია, რომელიც ემალება (ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც) ოჯახურ სკანდალებს. წარმოსახვის უნარი მეტად განვითარებული აქვს. ეს ფაქტორები წარმოშობს ფსიქიკური დაავადებების რისკს. ის იდეალური ბავშვია, რომელიც არასოდეს ქმნის პრობლემებს, თუმცა თავად ვერც ოჯახურ და ვერც სასკოლო გარემოში თავს მშვიდად ვერ გრძნობს. ცოტას ლაპარაკობს, ვერ პოულობს თავის ადგილს კოლექტივში, ჯგუფში. გარეგნულად მფრთხალი და თავშეკავებულია. აქვს სახიჩრობისა და უსუსურობის განცდა.

როგორ დავეხმაროთ მათ? 

მასწავლებელს, აღმზრდელს გულისყურის დაძაბვა მართებს, რომ მოსწავლის ქცევას დააკვირდეს და მისი პრობლემა და როლი განსაზღვროს. თუ ეს მოხერხდა, მომდევნო ეტაპი უკვე იმ რჩევების გათვალისწინება იქნება, რომლებსაც ფსიქოლოგები ალკოჰოლდამოკიდებულთა კონკრეტულ როლში მყოფი შვილებისთვის გვთავაზობენ:
ოჯახის გმირი

• ყურადღება გაამახვილეთ მეტისმეტად კომპეტენტურ ბავშვებზე, რომლებიც დიდი დატვირთვით მუშაობენ და ახალ-ახალ დავალებებს თავდაუზოგავად ეჭიდებიან. დაეხმარეთ მათ საქმესა და თამაშს შორის წონასწორობის პოვნაში.

• შეეცადეთ დაარწმუნოთ ისინი,  არ მოიკლონ თამაშის პოტენციური სარგებელი იმ მიზეზით, რომ მეტისმეტად დაკავებულნი არიან ან სხვათა საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებენ.

• აუხსენით, რომ ხანდახან დასვენებასა და უქმად ყოფნაში ცუდი არაფერია.

• დაარწმუნეთ, რომ არ არის აუცილებელი, მუდამ გამორჩეულნი იყვნენ და სხვების სიამოვნების ნაცვლად შეიძლება ხანდახან საკუთარ თავსაც ასიამოვნონ – არც ამაშია რაიმე ცუდი.

• აუმაღლეთ თვითშეფასება იმის გათვალისწინებით, რაც სინამდვილეშია და არა იმით, რასაც აკეთებს. აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ, მიუხედავად წარმატებისა თუ მარცხისა.

• დაეხმარეთ გაიგოს, რომ მარცხიც ჩვეულებრივი მოვლენაა.

• ასწავლეთ მოქნილობა და ელასტიკურობა შემოქმედებითი სავარჯიშოების გამოგონებით.

• წააქეზეთ, ხშირად გამოხატოს გრძნობები როგორც საუბარში, ასევე მხატვრული ფორმით.

• გახსოვდეთ, რომ, განურჩევლად იმისა, რამდენად კომპეტენტურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მას მაინც ძალიან სჭირდება უფროსების რჩევა-დარიგება.
განტევების ვაცი
• მისი ქცევა დახმარების თხოვნად აღიქვით და არა თქვენთან დაპირისპირებად.

• ნუ მიმართავთ ყველაზე ბანალურ მიდგომას – მასზე ხელის ჩაქნევას. სხვა როლებთან შედარებით, განტევების ვაცი ყველაზე ნაკლებსიმპათიურია, რადგან თავისი ქცევით იწვევს გულისწყრომასა და რისხვას და… თქვენგან უდიდეს მოთმინებას მოითხოვს.

• შეამოწმეთ საკუთარი გრძნობები ასეთი ბავშვის მიმართ; მიეცით თავს ნება აღიაროთ, რომ გაგიჭირდებათ მისი შეყვარება. მასწავლებელი არ არის ვალდებული, თანაბარი სიმპათიით იყოს განწყობილი ყველა ბავშვის მიმართ, მაგრამ ის ვალდებულია, ყველას მიმართ იყოს სამართლიანი.

• სამართლიანობის გრძნობის უარყოფით ნუ გააძლიერებთ იმ უარყოფითი ფაქტორების სისტემას, რომლებიც ისედაც აწუხებს ალკოჰოლდამოკიდებულის ოჯახს და ამ ოჯახის ბავშვს.

• მკვეთრად შეიცვალეთ ქცევა განტევების ვაცის მიმართ, თუ ის უარყოფითია, რადგან არსებობს ალბათობა, თქვენი დამოკიდებულების შეცვლამ ისიც უკეთესობისაკენ შემოაბრუნოს.

• ნუ დაუმალავთ წყენას, თუ ისეთი რამ გააკეთა, რამაც გაგაბრაზათ; უთხარით ამის შესახებ, ოღონდ თავშეკავებულად. უთხარით, რომ ბრაზობთ მის კონკრეტულ საქციელზე და არა პირადად მასზე. 

• იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვმა ზუსტად იცოდეს, სად გადის ნებადართულის ზღვარი. ნათლად აუხსენით წესები, დაუწესეთ გონივრული და მოქნილი საზღვრები. ელაპარაკეთ იმაზე, რას ელით მისგან და არა იმაზე, რა არ შეიძლება.

• შეაქეთ ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო, დადებითი საქციელისთვის.

• ურჩიეთ სპორტის რომელიმე კარგად ორგანიზებულ სახეობაში ჩაბმა, რომელშიც განიტვირთება, განიმუხტება ძლიერი ემოციებისგან და ჩამოუყალიბდება დადებითი ურთიერთობა თანატოლებთან.

• დაეხმარეთ სხვა მოსწავლეებს, რამდენადაც შეიძლება გაუგონ განტევების ვაცს და მიიღონ ის, რა თქმა უნდა, საკუთარი უფლებებისა და გრძნობების შეულახავად.
თილისმა (მასხარა)

• შეეცადეთ მისი ნდობის მოპოვებას, დაეხმარეთ, რომ გაიხსნას; მართალია უდარდელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ დიდი კეთილგანწყობა უნდა იგრძნოს, რათა გენდოთ და ნიღაბი მოიხსნას.

• აუხსენით, რომ არ არის საჭირო, დაფაროს თავისი ნამდვილი მე, რომ სხვებს ის მაშინაც ეყვარებათ, თუ ანეკდოტებს არ მოჰყვება.

• მოუყევით რამე ამბავს, რომლითაც თქვენს გრძნობებს გამოხატავთ. ამით საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რომ გრძნობების გამოხატვაში ცუდი არაფერია. შეგიძლიათ უამბოთ გამოგონილი ამბავი ბავშვზე, რომელიც იღიმება, მაგრამ გულში დარდობს, ტირის. ეს დაგეხმარებათ, მიუახლოვდეთ მას იმ გზით, რომელიც საფრთხის განცდას არ აღუძრავს.

• დაავალეთ რამე გამორჩეული, რაც საკუთარი გრძნობების შემოქმედებითად გამოხატვის საშუალებას მისცემს.

• აჩვენეთ კონკრეტული მოვლენის შესაბამისი ემოციები და რეაქციები. აუხსენით, რომ ჩვენ ვიცინით გასართობზე, მაგრამ ვტირით, როცა სამწუხარო ფაქტის შემსწრნი გავხდებით. ვბრაზობთ, როცა ვინმე გვაწყენინებს… თუ მან გაიცინა, როცა ვინმეს ცუდი რამ დაემართება, შეაბრუნეთ ეს სიტუაცია სასარგებლოდ და აუხსენით, რომ სულაც არ არის სასაცილო, თუ ვიღაც დაეცა, ფეხი იტკინა და სტკივა.

• თუ ასაკი ამის საშუალებას იძლევა, დაითანხმეთ, დაიწყოს დღიურის წარმოება. დაარწმუნეთ, რომ თქვენ გარდა მას არავინ წაიკითხავს. აუხსენით, რომ ამ თემებზე ყოველთვის შეუძლია თქვენთან საუბარი.
ანგელოზი (უჩინარი ბავშვი)

• შეეცადეთ, გაუღვივოთ მას კლასისადმი, ჯგუფისადმი კუთვნილების განცდა, რათა ამის შესაძლებლობა ირწმუნოს.

• უბიძგეთ, მონაწილეობა მიიღოს თამაშებში, რომლებიც სხვა ბავშვებთან ურთიერთობას მოითხოვს, მაგრამ ძალდაუტანებლად.

• აღნიშნეთ, თვალსაჩინოდ განათავსეთ მისი ნამუშევრები ან საინტერესო საგნები, რომ თავდაჯერების მოპოვებასა და პირადი ღირსების გრძნობის ამაღლებაში დაეხმაროთ.

• წააქეზეთ მისი თვითდამკვიდრების მცდელობა, კონსტრუქციული მსჯელობის ან მოსაზრების გამოთქმის შემთხვევაში შეაქეთ.

• დაეხმარეთ, შეიცნოს და უსაფრთხო ხერხით გამოხატოს თავისი გრძნობა, მაგალითად, მხატვრული სამუშაოს შესრულებით.

• დააკვირდით, კლასიდან ვისთან თანამშრომლობა ეხალისება ყველაზე მეტად, გაითვალისწინეთ ეს კლასის ორგანიზებისას.

• ჩაინიშნეთ, რამდენჯერ მიმართეთ, რამდენჯერ შეაქეთ ის. დღის ბოლოს გადახედეთ ამ ჩანიშვნებს – ეს სწორად ორიენტირებას გაგიადვილებთ. შეგიძლიათ, მისი რეაქციები, მასში მომხდარი ცვლილებებიც ჩაინიშნოთ, რომ დინამიკას მიადევნოთ თვალი და მისი ანალიზით თქვენი შემდგომი სტრატეგიაც განსაზღვროთ.

ლევან ლორთქიფანიძე

0

რა იყო და რა არ იყო, ანუ ცულის ტარზე დატეული დედამიწა

0
იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელსაც ზღაპრები ძალიან უყვარდა. როცა გაიზარდა, გადაწყვიტა სხვა პატარებისთვის ესწავლებინა ჯადოსნური სიტყვების უღრან ტყეში სასარგებლო ნაყოფის მოგროვება…

*** 

პირველი ზღაპარი, რომელიც ჩემს მეორეკლასელებს წავუკითხე, „კალის ჯარისკაცი” იყო. მოსწავლეებმა უგულისყუროდ მომისმინეს და გამომიცხადეს: – ეს ამბავი არასდროს მომხდარა, თანაც არც ისეთი პატარები ვართ, გამოგონილ გმირებს რომ დავუჯეროთო. მეც ავდექი და სრულიად საზღაპრეთის გატეხილი სახელის გამთელებას მივყავი ხელი. თავიდან მოსწავლეებს მარტივი, დაუჯერებელი ამბების შეთხზვა ვთხოვე, შემდეგ მათი გმირებისა და თავგადასავლების „გაცოცხლება” ვცადეთ. პატარები თვალებს ხუჭავდნენ და რამდენიმე წუთის წინ გამოგონილ გმირებს წარმოსახვაში აცოცხლებდნენ. ნელ-ნელა ზღაპრებს მიუცუცქდნენ, სცადეს, ნამდვილი ამბავივით” წაეკითხათ და გაეაზრებინათ. ცოტა ხნის შემდეგ, კალის ჯარისკაცს მივუბრუნდით – ანიმაციური ფილმი ვნახეთ. ამჯერად ცალფეხა ჯარისკაცისა და ბალერინას სევდიანი თავგადასავლის მიმართ გულგრილი არავინ დარჩენილა. ასანთის გამყიდველი გოგონას ამბავს ხომ ნუღარ გამახსენებთ (ცრემლების ფრქვევამდე მივიდა საქმე). მოკლედ, ისე დაინტერესდნენ, რომ ყველა უცნობი თუ ნაცნობი ზღაპარი გადაიკითხეს, რაც შინ და ერთმანეთის ბიბლიოთეკებში მოიძიეს. მალე, სასკოლო პროექტის ფარგლებში, მითებისა და ლეგენდების სამყაროსაც გავეცანით.

ძალიან საინტერესო თავგადასავალი გამოგვივიდა. შუა საუკუნეებში გადახვეწილებმა, რიჩარდ ლომგულის, მეფე ართურის, რობინ ჰუდის, ჯვაროსნებისა და რაინდების სამფლობელოში ამოვყავით თავი:

ზღაპრისა არ იყოს, პატარებმა ლეგენდებსაც ეჭვის თვალით დაუწყეს ცქერა – ექსკალიბურივით ჩაეჭედნენ სიმართლის კლდეში და ცხადსა და გამოგონილს შორის ზღვარის გავლებას დიდი ისტორიკოსებივით ცდილობდნენ. დროულად მივხვდი, რომ მერლინის ჯადოქრობაზე მეტად მშობლიურ მიწაზე დაღვრილი სისხლი მიშველიდა და დავით აღმაშენებელზე მოვუყევი; მასთან ერთად შევაკოწიწეთ დაქსაქსული სამშობლო, ხმალი ვიქნიეთ, დიდგორიც ვიზეიმეთ. კვირის ბოლოს, შერვუდის ტყე და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყანა უკან მოვიტოვეთ და ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე ქართული ზღაპრებისა და მითების სამყაროსკენ მიმავალ გზას დავადექით.
მიწის კაცი და მზის ჭაბუკი

ქართული ზღაპრების მიმართ ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენდი. დღემდე გაუგებარია ჩემთვის იმ სისასტიკის მიზეზი, რაც თითქმის ყველა ამბავში გვხვდება. საკმარისია გავიხსენოთ ჩიტი-ჩიორას დაბრმავებული დედური ინსტინქტი, ნაცრისქექია „ხერხის” მიერ საკუთარი სახლიდან გამოძევებული „ღონე”, ცხრა მთას იქით ძალის გასაზომად სიარული და „განსხვავებული” სიბრიყვეების მოჭრილ თავებზე შემოსკუპებული „ვალმოხდილი გმირობა”.

ამიტომ, სანამ ქართული ზღაპრის კარს შევაღებდი, მითოლოგიით დავიწყე. ბავშვებს ძალიან უყვართ მითები. ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენები ხომ ჩვენი შორეული წინაპრების ე.წ. რელიგიაა. ჩემი აზრით კი, ბავშვების გულუბრყვილო ცნობიერებაში ამ ორი ცნების შეერთებით მსგავსი ფორმულა მიიღება: რწმენას + რელიგია = სინამდვილეს

მითური პერსონაჟებიდან ამირანი შევარჩიე; წავიკითხეთ, წარმოვიდგინეთ, ვხატეთ… ინფორმაციის მიწოდების დროს ძალიან შევეცადე, მათთვის ასე მნიშვნელოვანი „რეალობასთან კავშირი” შემენარჩუნებინა და კავკასიონზე მიჯაჭვული გმირის „გასაცოცხლებლად” რა არ ვიღონე:

,,კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება:
არც ჰკვნესოდა, არც ოხვრიდა;
უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა!
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!.. ყველა გააოცა!..
და ის ღვაწლი მაგალითად 
მიწის შვილთა მან გადმოსცა.
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი 
არის მთელი საქართველო
და მტრები კი ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება 
ამდენი ხნის გასაჭირი!..”

აკაკი წერეთლის ლექსმა, გარდა იმისა, რომ განამტკიცა მითოლოგიური წყაროდან მიღებული ინფორმაცია, ამბის ალეგორიული თვალსაზრისით განხილვის საშუალებაც მოგვეცა. კავკასიონის ქედიდან ირემთ კალოსაც (კოპალას საცხოვრებელი) მივაწვდინეთ თვალი. ოჩოპინტრეს ცელქობაზეც ბევრი ვიცინეთ. კვირის ბოლო დღისთვის კი, გემრიელ ლუკმად, „თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი” შემოვინახე. მსუბუქი ირონიითა და გემრიელი იუმორით ზომიერად შეზავებული „გველეშაპი და მზეჭაბუკი” სწორედ რომ დროული გამოდგა ამდენი ახალი ინფორმაციით გადაღლილი პატარა თავებისთვის:

ხალხური ზღაპრებისა და თქმულებების დალაშქვრის შემდეგ ლიტერატურული ზღაპრის დროც დადგა. „საქმენი საგმირონია” ხომ მხოლოდ ხმლის ქნევა და მტრის ჟლეტა არ არის, ამიტომ შევეცადე, ისეთი პერსონაჟი შემერჩია, რომელიც საუკეთესო პიროვნული თვისებებით გამოირჩევა და მისი არსად ნამყოფ-ნაბრძოლი ცხოვრება „სიზმრის რაინდისა” და ზანტი საჭურველმტვირთველის ფუჭ ხეტიალს ნამდვილად სჯობია.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბედნიერი უფლისწული და მისი ერთგული მეგობარი გამახსენდა. ბავშვები ჯერ კითხვისთვის მოვამზადე: ვესაუბრე გაჭირვებულ ადამიანებზე, ქვაზე ჩუმად დადებულ სიკეთეზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან ადამიანებს დაკვირვებულობა და გულისყურით ხედვა აკლიათ. ამიტომაც გვიკვირს, როცა თბილ ქვეყნებს შეფარებულ ხანგრძლივ სიცოცხლეს ვინმე ზამთრის დღეებივით მოკლე, მაგრამ სრულყოფილ არსებობას ამჯობინებს. 

მეგონა, ექვსი-შვიდი წლის ბავშვები ჩახლართული სიუჟეტის ზედაპირს ვერ გასცდებოდნენ, მაგრამ შევცდი. ყველაზე დიდი აღფრთოვანება ამირანსა და მზეჭაბუკს კი არა, „უსულო” ქანდაკებას ხვდა წილად. ისინი დაბრმავებული უფლისწულის ნაცვლად იყურებოდნენ, ეძებდნენ და ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაუზარელ მერცხალთან ერთად დაფრინავდნენ ყინულივით ცივ ღამეში „სიკეთის ქვაზე დასადებად”.

ახლა რეალურ ისტორიებს მოვუყვები. შევეცდები, თანამედროვე ადამიანებში ამოვაცნობინო ამირანი, მზეჭაბუკი თუ ბედნიერი უფლისწული. ჯერ მათ თანატოლებზე ვუამბობ, ისეთებზე, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე სოფელი, მუხლამდე თოვლი, თავსხმა წვიმა ან პაპანაქება სიცხე რომ ეღობებათ. ბავშვებზე, რომლებიც უფსკრულში ჩაკიდებული ბაგირისა თუ ვარცლის მსგავსი ნავების მეშვეობით, ანუ ნებისმიერი გზით მიფრინავენ, მიცურავენ, სკოლისაკენ მიიჩქარიან. შემდეგ რისკის შემცველ პროფესიებს განვიხილავთ. იქნებ ერთი „გმირი” დედიკო ან მამიკო ჩვენს კლასშიც მოიძებნოს და მოვიწვიოთ. მაშინ საუბარი მართლაც ეფექტური და შედეგიანი იქნება.

ბოლოს ბორბლებიანი სავარძლებით, ჩამქრალი თვალებით, მთელი ცხოვრების სამყოფი სიჩუმით „დასაჩუქრებულ” სამყაროშიც მინდა შევიხედოთ. მართალია, მტკივნეული თემაა, მაგრამ პატარებმა, ჯობია, თავიდანვე გაუსწორონ თვალი განსხვავებულ სამყაროს. იცოდნენ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელი შრომის ფასად აღწევენ თუნდაც ისეთ ჩვეულებრივ მიზანს, როგორიც განათლების მიღებაა. აქაც რეალურ ისტორიას მოვიშველიებ:

ერთხელ, მე და ჩემი მეგობრები უსინათლოთა სკოლაში მიგვიწვიეს პოეზიის საღამოს ჩასატარებლად. ცოტათი მეშინოდა, ისეთი არაფერი წამომცდენოდა (წამეკითხა), ამ კონკრეტულ გარემოში არაკორექტულად რომ გაიჟღერებდა. თურმე როგორ ვცდებოდი… შეხვედრის ბოლოს გამაყრუებელი ხმაურითა და გაუთავებელი კონფლიქტების ჭუჭყით სავსე რეალურ სამყაროში დაბრუნება აღარ მინდოდა. არსად შემხვედრია ასეთი ყურადღებიანი და მადლიერი მსმენელი. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საკუთარი ლექსები გვისახსოვრეს, გულუხვად გაგვიმასპინძლდნენ, თბილი სიტყვები არ დაიშურეს, გაჩერებამდე გამოგვაცილეს, მერე კი წყვილ-წყვილად, ხელიხელჩაკიდებულები და ღიმილიანები დაუბრუნდნენ ერთმანეთს. მათ სამყაროში მართლა ეტეოდა ცულის ტარზე დედამიწა. „ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე და მას ვაჩვენოთ სიყვარული, მაგრამ ხომ შეგვიძლია, დავინახოთ ადამიანები და მათ მიმართ გამოვხატოთ ის სიყვარული, რომელსაც გამოვავლენდით ქრისტესთან, მისი დანახვა რომ შეგვძლებოდა” (დედა ტერეზა).

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...