ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025
7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

წერითი მეტყველების განვითარება – სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი

0

ნათქვამია, არ არსებობს იოლი და ხელსაყრელი სიმართლე, სიმართლისათვის თვალის გასწორება გვიჭირს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ სიმართლეში გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობისა და გაწეული შრომის ანარეკლიც ჩანს.

ყველა დროის სირთულეს წარმოადგენდა წერა-კითხვის, ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება. არასოდეს ყოფილა იოლი მისი სწავლება და სწავლა. მითუმეტეს დღეს, როდესაც წიგნს, საწერ მასალასა და ცოცხალ მეტყველებას უალტერნატივო კონკურენტი — ისტტექნოლოგია — გამოუჩნდა.
დასამალი არ არის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უჭირთ წერაც, კითხვაც და ზეპირი მეტყველებაც. ამჯერად წერითი მეტყველების პრობლემას მინდა შევეხო, თუმცა სამივე მათგანი იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, შეუძლებელია მიზნის მიღწევა კომპლექსური მიდგომის გარეშე. მშობლიური ენა სწავლა-სწავლების საშუალებაც არის და უცხო ენების შესწავლის საძირკველიც. ეს ფენომენი კი უფრო აფართოებს მისი საფუძვლიანი შესწავლის მნიშვნელობას.
მოსწავლეებისათვის ადვილი გასააზრებელია ანალოგიები რეალურ სიტუაციებთან. როცა ვამბობთ, რომ წინადადება სინტაქსური კონსტრუქციაა, თვალსაჩინოებისათვის შეიძლება ჩვეულებრივი კონსტრუქტორიც ვაჩვენოთ, რომლის დეტალებითაც ნაირგვარი ფიგურები მიიღება. სიტყვა ჩვეულებრივი საშენი მასალაა. წინადადების ,,აშენება”, ფრაზის გამართვა იოლი არ არის. მოსწავლეები აღიარებენ, რომ იციან, რაც უნდა დაწერონ, მაგრამ ვერ წერენ… ისინი გულახდილად საუბრობენ ამის შესახებ : —
— თავში ათასი აზრი მიტრიალებს, მაგრამ ვერ ვალაგებ…
— ერთ სიტყვას რომ დავწერ, ვცდილობ, შემდეგი აზრი მასზე ავაწყო და არ გამომდის…
— რაც მახსენდება, ვწერ… წავიკითხავ და აღარ მომწონს…
ფაქტია, რომ ჩვენი მოსწავლეები თეორიულად ნასწავლ კრიტერიუმებს პრაქტიკაში სათანადოდ ვერ იყენებენ.
კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი გრამატიკული თამაშები წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების სწორი და მიზანმიმართული სტრატეგიაა. იგი სწავლების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება გამოვიყენოთ. ამ დროს ავთენტური და სახალისო ხდება მეცნიერების ნორმათა სწავლისა და გამოყენების პროცესი.
ლოტო მეტყველების ნაწილებით
 
არსებითი სახელი ზედსართავი სახელირიცხვითი სახელინაცვალსახელიზმნა
ზმნიზედათანდებულინაწილაკიკავშირიშორისდებული
მუყაოს ფირფიტებზე დაწერილია მეტყველების ნაწილები (მზე, ბავშვი, სამი, ირგვლივ, ვაკეთებ…) ერთი მოსწავლე ლოტოს პრინციპით ყუთიდან იღებს სიტყვებს, რა თქმა უნდა, რომელიც ამოჰყვება. მონაწილეებს წინასწარ აქვთ დარიგებული ფირფიტები მეტყველების ნაწილთა წარწერებით. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც პირველი სწორად შეავსებს ფირფიტებს. ე. ი. თუ ამოიკითხა მზე, უნდა მოათავსონ იმ უჯრაში, რომელსაც აწერია — არს. სახელი და ა.შ.
აირჩიე და ისაუბრე
წინასწარ შერჩეული ნახატებსა და ილუსტრაციებს ვათავსებთ მაგიდაზე. მოსწავლეთა ჯგუფი შეარჩევს ერთ მათგანს. მის მიხედვით წერენ ამბავს, მოთხრობასა თუ ნოველას. ავლენენ საუკეთესო ნაშრომს.
მოკარნახე ნახატები
 
დაფაზე ვაკრავთ ნახატებს, რომელთა მიხედვითაც ადგენენ კომპოზიტებს. გამარჯვებულია ის, ვინც მეტს შეადგენს. გათვალისწინებულია ერთცნებიანი და ორცნებიანი სიტყვების მართლწერის წესი.
სინტაქსური დემოკრატია და ავტოკტატია
რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადების ანალოგიები ამ სახით ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელია. დემოკრატები (თანწყობა) და ავტოკრატები (ქვეწყობა) კითხულობენ ტექსტს და ინიშნავენ შესაბამის წინადადებებს. შემდეგ საპირისპირო თანმიმდევრობით გადააკეთებენ წინადადებას და ისე წერენ.
 
სიტუაციური ამოცანები
 
ნინომ ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოიტანა, მაგრამ არ მოეწონა. გოგონა დაბრუნდა ბიბლიოთეკაში და მუშაკს უთხრა: — მომეცით სხვა, საინტერესო წიგნი. ბიბლიოთეკარმა სწორად ვერ გაიგო ნინოს ნათქვამი და იმავე ჟანრის ლიტერატურა გაატანა. ნინო უკმაყოფილო დარჩა. დაეხმარეთ გოგონას და გაარკვიეთ, ნინოს ბრალია ეს გაუგებრობა თუ ბიბლიოთეკის თანამშრომლის?
კოლექტიური თხრობა
პირადად მე ძალიან მეხმარება აქტივობა — კოლექტიური თხრობა (ზეპირმეტყველება წერის სამსახურში). მოსწავლეები თითო წინადადებას ამბობენ მოცემული თემის შესახებ, ამ დროს მნიშვნელოვანია მოუსმინონ, რათა იგივე არ გაიმეორონ, იფიქრონ იმაზე, რომ შემდეგი წინადადება ლოგიკურად დააშენონ წინაზე. კლასი მობილიზებულია, ჩართულობა მაქსიმალური. აგრძელებს ის მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი ან თვითონ მოსწავლე მიანიშნებს. ,,ვაშენებთ ერთად” — ასე ვუწოდეთ ამ პროცესს.
წერითი და ზეპირი მეტყველების ტიპები სწავლების სამივე საფეხურზეა წარმოდგენილი. სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მოსწავლეს უნდა შეეძლოს თხრობის, აღწერისა თუ მსჯელობის გამიჯვნა, ერთი ტიპის მეტყველებიდან მეორეზე ლოგიკური გადასვლა.
მოსწავლე კომენტატორი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა მოსწავლეების მიერ კომენტარების გაკეთებაა. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შეაფასონ თანაკლასელის მიერ შესრულებილი წერითი თუ სხვა სახის დავალება. ბუნებრივია, თავდაპირველად შესაძლებელია ამხანაგის გულისწყრომაც კი გამოიწვიოს თუნდაც სამართლიანად მიცემულმა რეკომენდაციამ. მოსწავლეები სულ რამდენიმე ცდის შემდეგ ეჩვევიან და მოსწონთ ეს პროცესი. ამ ფორმით მასწავლებელი ახერხებს პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას, რადგან ვინც არ ისმენს, კომენტარსაც ვერ გააკეთებს. მასწავლებელმა არ უნდა დაიშუროს პოზიტიური სტიმულები მოსწავლეთა მიერ კომპეტენტურად გაკეთებულ კომენტარზე. ვისაც ეს მეთოდი გამოუყენებია, დამიდასტურებს, რომ მოსწავლეები არაჩვეულებრივ განმავითარებელ შეფასებებს აძლევენ ერთმანეთს.
დაწერე კლასში
მნიშვნელოვანია, რომ კლასში ხშირად შეასრულონ თუნდაც ძალიან მცირე წერითი დავალება. დროის დაზოგვის, მოსწავლის წახალისებისა და პასუხისმგებლობის აღების მიზნით შესწორებისათვის რამდენიმე მოსწავლე მეხმარება.
სულ 2 წუთია საჭირო მოკლე და სხარტი კომენტარის გასაკეთებლად. ეს მეთოდი გამართლებულია მრავალრიცხოვან კლასშიც, როცა მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა ორგანიზება და კლასის მართვა. კლასში ერთობლივად შევიმუშაოთ საშინაო დავალების შესრულების სტრატეგიები, ზოგადი ინსტრუქციები და რჩევები. სწავლის სწავლა მრავალმხრივ ასპექტებს გულისხმობს და მათ შორის უმნიშვნელოვანესია წერის სწავლა. წერითი დავალების ტიპსა და სახეზეა დამოკიდებული, როგორ უნდა დაიგეგმოს შესრულების პროცესი. ამ მიზნით დროდადრო კლასში საშინაო დავალებას ვაწერინებ. გამოითქმება მოსაზრებები, დავალების შესრულების გზები და ვარიანტები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასებისას მნიშვნელოვანია შემაჯამებელი დავალება. ხშირად ხდება, რომ მოსწავლე მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული ან, პირიქით, მას ნიშანი არც აინტერესებს. შეცდომების გასწორება და მათზე დაკვირვება ამ შემთხვევაში ზედაპირულია. მოსწავლის მოტივირების მიზნით დროდადრო მათ ფანქრით ვასწორებინებ ნაწერებს. პირობა ასეთია, თუ ნაშრომში შეცდომას აღმოაჩენენ, შეუძლიათ გაასწორონ და ეს ნიშანზე არ იმოქმედებს… თუ ერთი და იმავე ტიპის შეცდომა რამდენჯერმე განმეორდა, ეს ნიშანზე აისახება. პროცესის დასრულების შემდეგ ვახდენთ შეცდომების კლასიფიცირებას — მორფოლოგიურ, სინტაქსურ, სტილისტურ თუ პუნქტუაციურ შეცდომებს აჯგუფებენ და მოსახერხებელი ფორმით წინასწარ გამზადებულ დიაგრამაში წერენ (სასურველია ფორმატზე მარკერით, რადგან ეს უკვე სასწავლო რესურსია და შეიძლება კლასში გამოიკრას).
ისტტექნოლოგია წერითი მეტყველების სამსახურში

წერითი და ზეპირი მეტყველების უალტერნატივო კონკურენტი თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიებია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, ამ მიმართულებით სასწავლო პროცესში მათი მიზანდასახული გამოყენება. პრეზენტაციებისა და სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების მომზადების, ინფორმაციების მოძიების თუ პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ასეთი დავალებები კომპენსირებული იყოს ხელით ნაწერი დავალებებით. ელექტრონული ვერსიით წერა მნიშვნელოვანი აქტივობაა, როცა მოსწავლე თვითონ ფიქრობს, ქმნის, აანალიზებს და მსჯელობს. (გარდა ციტირებისა იკრძალება მასალის გადმოწერა და კოპირება). ორიგინალური ნაშრომისა და კოპირების ამოცნობა კი სირთულეს არ წარმოადგენს.

არ არსებობს იდეალური ფორმა, მეთოდი თუ აქტივობა წერითი და ზეპირი მეტყველების შესასწავლად. მისაღწევი თუ მიღწეული შედეგები დამოკიდებულია როგორც მასწავლებლის მონდომებასა და პასუხისმგებლობაზე, ასევე მოსწავლის მოტივაციასა და ძალისხმევაზე. კარგი მასწავლებლის მოსწავლეები კარგად წერენ და მეტყველებენ… კარგი მასწავლებლობა კი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგმა თვითონ იცის საგანი… რა იციან ჩვენმა მოსწავლეებმა? – ამ კითხვაზე პასუხით განისაზღვრება მასწავლებლის კვალიფიკაცია.

თორნიკე ჭელიძე

0

„ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?“

0

ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია

” ASTRE ანუ “რა მნიშვნელობა აქვს, გაიგე იგი შენ თუ არა?”

1846 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი გრიგოლ ორბელიანს სწერდა: “არ ვიცი, იცი თუ არა, რომ პირველი სიყვარული საწყლისა იყო ნინო, არც ის ვიცი, იცი თუ არა, რომელი ნინო იყო…” პოეტის პირველი გატაცების ობიექტი ბურუსითაა მოცული, დღემდე არაა დადგენილი მისი გვარი. ვარაუდობენ, რომ იგი ორბელიანთა გვარიდან უნდა ყოფილიყო.
1836 წელს ნინოთი გატაცებული ტატო ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, სწერდა: “ამ წარსულს ზაფხულში, ერთს მშვენიერს, მთვარიანს ღამეში, ყაბაზხედ დავიარებოდი, სადაც მისმა მშვენებამ, სატრფოდ მარაქამ, მათმან უწინდელებრ კიდევ დარდიმანდობამ, სრულიად განატკბეს სახედველი, აღმიტაცეს ფიქრნი, წარმიღეს გონება!.. განვიზრახე, რომ ამ ღამეს უთუოდ აღვწერ და გავუგზავნი ძია გრიგორის მეთქი და კიდევაც აღვასრულე: მით უფრო, ჩქარად, რომ ერთმა საგანმა პირველ დამასო გულს კაეშანი”. ბარათს თან ერთვოდა ლექსი “ღამე ყაბახზედ”, რომელშიც მშვენიერი ღამის სურათებში გაკრთება სახება სატრფოსი, რომელიც უფრო მეტად აბსტრაქტულია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ქალზეა საუბარი. ნინო მალევე გაქრება პოეტის ცხოვრებიდან, როგორც ლექსის ბოლო სტრიქონებშია:
ამ დროს მთვარემაც თვისი შუქი მისტეხა ბროლსა,
რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა;
მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,
რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი _ თვალსა.
1837 წელს პოეტი გაიცნობს ფრანგ დელფინა ლაბიელის, რომელიც იმხნად თბილისში ცხოვრობდა დედასთან _ მადამ ლაბიელისთან ერთად. დელფინას ოჯახი საფრანგეთიდან იყო ჩამოსახლებული საქართველოში; მადამ ლაბიელი ერთხანს აბრეშუმის ძაფსართავ საწარმოში მუშაობდა თურმე, შემდეგ თბილისში საკონდიტრო მაღაზია გაუხსნია.
დელფინა საქართველოში გაზრდილა, კარგად სცოდნია ქართული ენა და, რაც მთავარია, კარგად ესმოდა ბარათაშვილის პოეზია. ერთ-ერთი ლექსი, რომელიც პოეტმა დელფინას მიუძღვნა, იყო `ასტრა~ (რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია).
1838 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს ლექსი წერილთან ერთად მიხეილ თუმანიშვილთან გაუგზავნია, რომელიც ვერაფრით მიმხვდარა, თუ ვის მიუძღვნა პოეტმა ეს ლექსი და შეკითხვა ლექსად გაუგზავნია ტატოსთვის:
ასტრავ, ასტრავ, უცნაურო კაცთათვის,
სადაური სად მოსულხარ და რისთვის?
უსულო ხარ, სულიერი, ვინ იცის,
ეს სახელი არ სმენია არავის…
ბარათაშვილს პასუხი დაუბრუნებია მიხეილ თუმანიშვილისთვის: “მადლობა, ძმაო, წერილისთვის, სიამოვნებისთვის, უკანასკნელი მათგანი წავიკითხე ზაქარია ორბელიანთან ერთად. ეს იყო კრიტიკა, ანუ, უფრო სწორედ, მიმართვა `ასტრას~ ავტორისადმი. ძალიან კარგი! მხოლოდ მგონია, იგი ვერ მიაღწევს მიზანს, ესე იგი, ვერ გაიგებ, ვინ არის ეს უცნობი ასტრა. ეს ავტორის საიდუმლოა. იგი არ წერდა არც შენთვის, არც საზოგადოებისათვის, წერდა მხოლოდ მარტო მისთვის. მას ესმის ავტორისა და ავტორი ამით ამით კმაყოფილია. რაღა უნდა ავტორს ამის მეტი? რა მნიშვნელობა აქვს, გაიგე იგი შენ, თუ არა?.

“წინანდლის ვარდი” ანუ “მიამბე რამე… ველის ქალწულის შესახებ”

 
ჭავჭავაძეების სალონში სილამაზით და მომხიბვლელობით გამორჩეული ეკატერინე ტრფობის საგნად იქცა, მის სიახლოვეს ყველა შეყვარებული ხდებოდა, ბევრი რჩეული ვაჟკაცი შეტრფოდა მას უიმედოდ. პავლე ინგოროყვა წერს: “ეკატერინე ჭავჭავაძე იყო იმ ოჯახიდან, რომელსაც სამართლიანად უნდა მიეკუთვნოს სახელი _ ქართული პოეზიის მუზათა სადგური”.
ეკატერინე იყო ქალი განთქმული პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძისა; განგებამ ყველა საჩუქარი უხვად გაიმეტა ამ ქალისათვის. “ეკატერინე ყოფილა განსაკუთრებული სილამაზის, რაზედაც აღტაცებით მოგვითხრობენ ყველა თანამედროვენი, არტისტული განათლებით, დიდი გემოვნებით, ამასთან გონებამახვილი, თან მშვენიერი მომღერალი და დამკვრელი”.
1829 წლის 22 ივლისს გრიგოლ ორბელიანი ასეთ სტრიქონებს უძღვნის წინანდალში ეკატერინეს:
წინანდლის ვერდო,
სულითა ტრედო,
გულითა წმინდავ, ვით მთისა წყაროვ!
ვითა ცისკარი,
ხარ მოცინარი,
რომე მხილველის გული ახარო.
ჯერ კიდევ 15 წლის ეკატერინეზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული ივანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონი, შემდეგში გენერალ-ლეიტენანტი და თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, რომელსაც ძილშიაც კი ეზმანებოდა “ღვთიური კატინკა”.
ეკატერინე ჭავჭავაძის დედას, სალომეს, ამ რომანის ამბავი რომ გაუგია, ძლიერ გაჯავრებულა. მანანა ორბელიანი ატყობინებდა გრიგოლ ორბელიანს: “ივანე კი კვდება კატინასათვის, რომ აღარა აქვს სიცოცხლე მუხრანის ბატონიშვილს. კატინას კი არა მისწერო რა ივანეზედ გამოცხადებით. ჩემი მული ჯავრობს ძალიან”.
ივანეს წინადადებას ცოლობაზე, ეკატერინე დათანხმებია. ნიშნობაც შემდგარა. “ჩემს მაგიერ, _ სწერდა გრიგოლ ორბელიანი თავის ძმას, ზაქარიას, _ სალომეს და ნინოს მიულოცე კატუას დანიშვნა, რა გამოვიდა, ერთხელ ვერავის ქორწილში ვერ დავესწარ”.
ჯვრისწერისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის თანხმობა ყოფილა საჭირო. იმხნად ალექსანდრე პეტერბურგში მსახურობდა. ზაქარია ორბელიანი თბილისიდანი სწერდა თავის ძმას, გრიგოლს: “ივანე მუხრანსკი პეტერბურგს წავიდა ალექსანდრესთან ნების ასაღებად ჯვრის წერისა კატინაზე”, მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძე წინაღუდგა დანიშნულთა შეუღლებას, უარი უთხრა ივანე მუხრან_ბატონს და ქორწილი ჩაშალა. ქეთევან ორბელიანი ირწმუნება: “ივანეს ქალი არ მისცა, თუმცა ეკატერინესაც უყვარდაო~.

1836 წლის 15 ოქტომბერს ზაქარია ორბელიანი გრიგოლ ორბელიანს ატყობინებდა: “ივანე მუხრანსკიმ ლევან დადიანის ქალი შეირთოო”.

ეკატერინეზე იყო გამიჯნურებული პოეტი და დრამატურგი გიორგი ერისთავიც, რომელიც ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ ორბელიანს სთხოვდა: “ივანე მუხრანსკის დადიანის ქალი შეურთავს, ღმერთო, იქნება კატინა მე მერგოს, რომ წახვალ, შენ ეგებ მომიხერხო”.
ინგლისელი რიჩარდ უილბრეჰემი, რომელიც 1837 წლის შემოდგომაზე ჩამოსულა თბილისში, უმალვე ეკატერინე ჭავჭავაძის ტყვე გამხდარა. გერმანელი პროფესორი კარლ კოხი გადმოგვცემს: “ეკატერინე თავისი სინატიფითა და შეუდარებელი ქცევით ხიბლავდა ყველას მრავალ სალონში და, უმთავრესად, თავის მამის სალონში. მოაჯადოვა მან ჩემი მეგობარიც კი, ინგლისელი პოლკოვნიკი უილბრეჰემი”.
როგორც თანამედროვენი გადმოგვცემენ, ამაოდ დაშვრა ინგლისელი პოლკოვნიკი.
1838 წელი… მ. ხელთუბნელი გადმოგვცემს: “მიხეილ თუმანიშვილი განიცდიდა იმ დროს ტრფობის ალს. წინანდალში მოგზაურობდა და მისი ლექსი, რომელიც ეძღვნება “კ.ჭ-ს”, ნათლად გვიჩვენებს, რომ იგი ვერ გადაურჩა თავისი წრის ახალგაზრდების საერთო ხვედრს და ეძიებდა შთაგონებას ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში, სადაც ოცდაათიან წლებში ლიტერატურა, სიჭაბუკე და სილამაზე ერთიმეორეს ჰმეტოქეობდა “გულთა მიზიდვის ასპარეზზე”.
ნიშანდობლივია და სიმბოლური, რომ 1838 წლის 6 აგვისტოს ნიკოლოზ ბართაშვილი მიხეილ თუმანიშვილს სწერდა დედოფლისწყაროში ამ სასიყვარულო გატაცების შესახებ: “ალაზნის ველის მეუდაბნოევ, მიამბე რამე, შენი ველის ქალწულის შესახებ”.
იქნებ ტატოს გული იმთავითვე გაუცნობიერებლად უკვე ისწრაფვოდა ეკატერინესაკენ… ისე, თვითონაც რომ ვერ გაეგო, ჯერ რა ხდებოდა… ასეც ხდება, სანამ ადამიანი თავის თავში გაარკვევს და აღმოაჩენს სიყვარულს, ის უკვე არსებობს! აბა, რას მივაწეროთ, როცა ბარათაშვილი გამიჯნურებულ და ტრფობის ალში გახვეული მეგობრის, მიხეილ თუმანიშვილის ამბავს კი არ კითხულობს… არა… “ველის ქალწულის” ამბავი აინტერესებს… “მიამბე რამე…” _ ევედრება იგი მეგობარს.
“ჰოი, საყურეო…”

1838 წლის 18 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი _ დავით დადიანი ეკატერინე ჭავჭავაძეზე დაინშნა. 1839 წლის დამდეგს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილმა, ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილმა ცოლად შეირთო სამარაგდონ ივანეს ძე ორბელიანის ასული _ ბარბარე. ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავად საგინაშვილის სიდედრმა _ ელისაბედმა, წვეულება გამართა. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი და ეკატერინე ჭავჭავაძე. აქ,… ამ სუფრაზე, რაღაც იდუმალი ბედისწერით ორი მზერა შეხვდა ერთმანეთს. ბავშვობიდან თანაშეზრდილმა მეგობრებმა უეცრად ერთმანეთში რაღაც სხვა აღმოაჩინეს და დაინახეს… ჯერ კიდევ გაუცნობიერებელმა მდგომარეობამ ტატოს სული ერთიანად ააფორიაქა, ააწრიალა. იონა მეუნარგიას ეს შემთხვევა შემდეგნაირად აქვს ჩაწერილი: “ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი: ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი აღარა ვარ! კატერინა იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს”.
ეკატერინეს საყურეს თამაშმა ჭაბუკი ტატო უცხო ლაბირინთებში შეიყვანა და სამუდამოდ იქ დატოვა. თითქოს მუზა _ სიყვარულის სული _ იმ საღამოს “საყურეში” ჩასახლდა და პოეტის მზერა მარადისობაში გაიტაცა. შემდგომში არაერთგზის მოისურვებს პოეტი უკან გამოქცევას, მაგრამ… უკან გზა აღარ იარსებებს.
იმ საღამოს სახსოვრად კი დაიწერება ლექსი: “საყურე”
ვითა პეპელა,
არხევს ნელ-ნელა,
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
მხოლოდ საყურის თამაში არ ყოფილა, რამაც დაატყვევა ჭაბუკი ბარათაშვილი. ეს საღამო მის ბედისწერად იქცა, ხოლო ეკატერინე იმ საზღვრად თუ უსაზღვროებად, რომელსაც პოეტის სული ვერასოდეს გაცდება. გრძნობააშლილი ტატო გულის სიღრმიდან ამოიკვნესებს:
ჰოი, საყურეო,
გრძნობით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს? (1839)
“გლოვა თუ ჯვარისწერა?”

დავით დადიანი 1838 წლის 1-ლ დეკემბერს თბილისაიდან სწერდა თავის ძმას, პოეტ გრიგოლ დადიან-კოლხოდელს: “უნდა მოუპოვო ჩემს ხმატკბილ იადონს ესეთი სამგალობლო, სამსახიობლო, სასიხარულო საგანი, სჭვრეტდეს მას ღირსად თვისისა შვრომისა და დაუზოგავად იღვაწოს სამსახეობათა სხვადასხვათა, მრავალთა თხზვაო.

საგანი ესე არს სჯულიერს ქორწინებასა შინა შესვლა ჩემი ეკატერინა ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულსა თანა, რომელ უნდა მოხდეს შემდეგ დღესასწაულსა ღვთისა, შენი ბერი მუზა დაშვრება ჩემი კატინკას სანაქებო ლექსებზე”.

1839 წელი, 18 მაისი… ქაშუეთის ეკლესია… ეკატერინე ჭავჭავაძე ჯვარს იწერს დავით დადიანზე. ჯვრისწერის დროს პატარძალს გული შეღონებია და ჩაკეცილა. საზოგადოებაში ამ ფაქტს დიდი მითქმა-მოთქმა გამოუწვევია. შემონახულია წერილი ზაქარია ორბელიანისა, 1839 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული, მოწერილი ქალაქ ლუცკიდან მანანა ორბელიანისადმი: “დონზე (რუსეთში მიმავალს) მომეწია გალავინის ცოლი და მარია პეტროვნა იმ დროს, როდესაც მე ფოშტით მივდიოდი ჩერქეზ-ქირმანიდამ. დავაყენებინეთ კარეტა და რამდენიმე ხანი ვილაპარაკეთ, _ მათ შორის კატინას (ეკატერინე ჭავჭავაძე) ამბავიც, და სხვანი და სხვანი”.

ნიკოლოზ ბარათაშვილის გულში კი მაშინ ის ტკივილი იხარშებოდა, რომელსაც ათეული წლების შემდეგ თითქოს გალაკტიონი გაახმოვანებს:

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

დავითი და ეკატერინე ბოლომდე უცხონი დარჩნენ ერთმანეთისთვის. ერთი თანამედროვე მათი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ წერს: “ის (სამეგრელოს მთავარი დავითი) ბოლო დროს ყოველგვარ გართობას ერიდებოდა და მაშინდელი ქრონიკა წერდა, რომ რომ ის რატომღაც გაცივდა ცოლის მიმართ”. ეკატერინეს ერთადერთი ნუგეში იყო თბილისი და შეხვედრები ახლობლებთან.

“ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?”
ნიკოლოზ ბარათაშვილის სულში სიყვარულმა ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მაშინ იფეთქა მთელი ძალით, როცა ის უკვე დავით დადიანზე იყო დაწინდული. ასე რომ, ეკატერინე ტატოს სიყვარულს ვერც უარყოფდა და ვერც მიიღებდა. ალბათ ამიტომ პოეტის სიყვარულს ხშირად უიღბლოს უწოდებენ. სინამდვილეში ეს სიყვარული თავიდანვე იდუმალებითა და მისტიკით იყო აღსავსე. ის, რაც შეყვარებულთა სულში ხდებოდა, მხოლოდ მათი საქმე იყო და სხვისი არავისი. ამ სიყვარულის არც ხმამაღლა გაცხადება იყო შესაძლებელი და იქნებ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონები ამას არც მოითხოვდა, რადგან ეს სიყვარული მეტი იყო ცოლ-ქმრობაზე, ოჯახზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზეც კი! ეს სიყვარული ვერ დაეტეოდა “ბეტონის კედლებში”, მას სივრცე სჭირდებოდა უკიდეგანო და უსაზღვრო, და “მალვა უნდოდა” “ვითა ცხენსა ნაპარავსა”. პოეტის სულის ბიოგრაფია მისსივე პოეზიას შეესახლა. ამავე აზრისაა პავლე ინგოროყვა, როცა წერს: “ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინეს რომანის ისტორია დაშიფრულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების მთელ რიგშიო!”
1839-41 წლებში შეიქმნა ეკატერინეს სიყვარულით შთაგონებული ლექსები: “სატრფოვ, მახსოვს”, “სული ობოლი”, “აღმოხდა მნათის”, “არ უკიჟინო, სატრფოო”, “საყურე”, “თავადის ჭავჭავაძის ასულს, ეკატერინას”, “კატერინა, ფორტეპიანოზედ მომღერალი” და სხვა.
1840 წელს ეკატერინე ჭავჭავაძე თბილისში ბრუნდება, ამ პერიოდის ბარათაშვილის ლექსებით თუ ვიმსჯელებთ, მათი სიყვარული დიდ სულიერ მეგობრობასა და ურთიერთაგანდობას დაეფუძნა. “ნუ თუ ამ სულის ძახილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?” _ კითხულობს პოეტი, რადგან ამ გრძნობას ყველა სიყვარულს უწოდებს, სინამდვილეში კი მას იმდენნაირი ხარისხი აქვს, რამდენი შეყვარებული წყვილიცაა სამყაროში.
ბარათაშვილის სიყვარული უსაზღვროა, ღვთაებრივი, გამოუთქმელი:
არ უკიჟინო, სატრფოო,
შენსა მგოსანსა გულისთქმა,
მოკვდავსა ენას არ ძალუძს
უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
ან:
მაგრამა მშვენიერება
გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი
ვერ დასდვან კაცთა სახელი.
1841 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკატერინესათვის მიუძღვნია თავისი ხელით გადაწერილი ლექსთა კრებული, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძე მთელი ცხოვრება ძვირფასი რელიკვიასავით გაუფრთხილდება და დაიცავს.
“ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი” და “შევიშრობ ცრემლსა…”
ზღვარდაუდებელი გრძნობა ტანჯავდა პოეტის სულს, ტანჯავდა და თანაც ენით გამოუთქმელი ნეტარებით აღავსებდა. მხოლოდ ადამიანის სული შესჭიდებია უსაზღვროებას და უსასრულობას, როგორც რეალობას, მხოლოდ ის ვერ შეგუებია ვერავითარ საზღვარს და ცდილობს მის დაძლევას… გონება მოწოდებულია დააოკოს გონიერების საზღვარს გადასული ვნებათაღელვა, ზღვარდაუდებელი სწრაფვა სულისა. საზღვარი ადამიანურობის ბედისწერად ქცეულა ისევე, როგორც უსაზღვროება… სწორედ აქ დაიბადება კონფლიქტი… “საზღვარს” დანარცხებული პოეტი არტახებგადაკრული ჩვილივითაა, უძლურია… ის ეკატერინეს უკან ვეღარ მოაბრუნებს, როცა დედოფალი სამეგრელოს გზას გაუდგება, თუნდაც თავისი სურვილების საწინააღმდეგოდ. თითქოს ესეც უნდა დაძლიოს ნამდვილმა სიყვარულმა, მაგრამ უჭირს ბარათაშვილს საყვარელ ადამიანთან დაშორება და ტკივილშეყრილი იტყვის:
ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი,
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი. (ვპოვე ტაძარი)
მაიკო ორბელიანს კი მისწერს პოეტი: “… ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი, კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ, ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს… ვინც მაღალი გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალურისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა” (1842 წელი, 31 ოქტომბერი).
ისევ ეკატერინეთია შთაგონებული სრტიქონები:
ძნელი არის მარტოობა სულისა,
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა.
1843 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინეს მიართვა თავისი ხელით გადაწერილი ორი წიგნი თავისი ლესებისა: პირველი _ “ლექსნი” და მეორე: “ბედი ქართლისა”.
განშორებას ისევ შეხვედრები შეცვლის, ტკივილს _ სიხარული და პოეტიც იტყვის:
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს…

კოაგულაცია – ძმაო, ძმითა ხარ…

0

ალბათ ყველას გვახსოვს არაკი რძეში ჩავარდნილ ხვლიკსა და ბაყაყზე; ბაყაყმა იმდენი იხტუნა, რძე კარაქად აქცია და დახრჩობას გადაურჩა. კიდევ ბევრი ასეთი ამბავი მოიძებნება ლიტერატურასა თუ ზეპირსიტყვიერებაში: ცხრა ძმა ხერხეულიძისა და სამასი არაგველის, გნებავთ, სპარტელის ამბავი, ამბავი ერთ კონად შეკრული ისრებისა და სხვა.

რა აქვს პირველ იგავს საერთო დანარჩენებთან? ლიტერატურულად, ჩვენებრ მოკვდავთა ენაზე – თანადგომა, მოცადობა, ბედისადმი დაუმორჩილებლობა, ხოლო ქიმიკოსთა ენაზე – კოაგულაცია.

რა განსხვავებაა წყალსა და რძეს შორის? ცხადია, ერთი შეხედვით პასუხი მარტივია: პირველი უფერულია და გამჭვირვალე, მეორე – თეთრი და სხივგაუმტარი. მაგრამ თუ დავფიქრებულვართ, რატომ არ არის რძე გამჭვირვალე? წყაროს წყალიც კი, რაგინდ კამკამა იყოს, არასოდესაა „სუფთა”, რადგან წყლის მოლეკულებთან ერთად მარილებსაც შეიცავს. სწორედ ამ მარილების ბუკეტი აძლევს მას სასიამოვნო და განუმეორებელ გემოს. მარილებგამოცლილი წყალი ბევრი ვერაფერი სარწყულია ჩვენი გამომშრალი ხახისთვის. რატომ არ ჩანს მარილები წყალში? იმიტომ, რომ ხსნარებში, მით უფრო – ჭეშმარიტ ხსნარებში, კონცენტრაციის „დემოკრატიულობის” კანონია უზენაესი: წყლის აუარება მოლეკულას შორის ყოველთვის თანაბრად არის განაწილებული მათი „ხიზანი” მარილების იონები – დოქის ყელთანაც და ფსკერზეც წყალს ერთი და იგივე გემო აქვს.

რძე რომ ცხიმს შეიცავს, ესეც ცნობილია, მაგრამ, აბა, ცოტაოდენი ზეთი ჩავასხათ წყალში! – თავზე მოადგება წყალს და მკაცრად გააპროტესტებს წყლის მოლეკულების მიკარებას. კარაქის ნაჭერი კიდევ უფრო „კერკეტი კაკალი” აღმოჩნდება. მაშ, სად იმალება რძეში ცხიმი?

საქმე ის არის, რომ რძეში ცხიმი გათითომოლეკულებულია. პრინციპი „დაყავი და იბატონე” მოლეკულათა სამყაროშიც ისევე ჭრის, როგორც ჩვენს აჭრელებულ პოლიტიკურ რუკაზე.

რძეში ცხიმი იმდენად მცირე, თვალით უხილავი ზომის ნაწილაკებად არის გაფანტული, რომ დედამიწის საყოველთაო მიზიდულობის კანონიც კი მათ მიმართ „გულგრილი” რჩება. მოძმეებს მოცილებულ და დაქსაქსულ ცხიმის მოლეკულებს კი არ შესწევთ უნარი, გადალახონ მათ შორის აღმართული წყლის მოლეკულების ბარიკადები, ამიტომ ისინიც, ბედს შეგუებულები, განაგრძობენ წყალში უსასრულოდ „ტივტივს”. მაგრამ რძეს თუ ჩხუტში, ვარიასა თუ მიკროსენსორებით აღჭურვილ მოქრომილ-გაპრიალებულ სეპარატორში მოვათავსებთ და ერთს გემრიელად შევაჯანჯღარებთ, უმალ გამოფხიზლდებიან, დაიწყებენ ერთურთის ძებნას და როგორც კი გადაეყრებიან, მაგრად ჩასჭიდებენ ხელს. ასე, ნელ-ნელა გამსხვილდება მათი წვეთები და თანდათანობით დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. ხოლო თუ იმდენი მოახერხეს, რომ „ასიათასობით” მოლეკულა გაერთიანდა და მათი ერთობა სხვისთვისაც შესამჩნევი გახდა, ამოქმედდება „საერთაშორისო” გრავიტაციის ძალა და ცხიმი დასცილდება წყალს.

ასე მიიღება კოაგულაციით კარაქი, სისხლის ტრომბი… ევრომაიდანი…

აგრესიულ მოსწავლეთა ტიპოლოგია და მათთან მუშაობის სტრატეგიები

0
მოსწავლეთა აგრესიის მატებას ვგრძნობთ მშობლები, მასწავლებლები, ექიმები, ფსიქოლოგები და მთელი საზოგადოება. ეს გამოწვეულია ფაქტორთა წყებით: 1. არასასურველი სოციალური პირობებით; 2. ოჯახურ აღზრდაში არსებული კრიზისებით; 3. ბავშვის ფსიქონევროლოგიური მდგომარეობისადმი არასათანადო ყურადღებით; 4. არაბუნებრივი და პათოლოგიური მშობიარობის წილის გაზრდით და სხვა. საკუთარი წვლილი შეაქვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, კინო- და ვიდეოინდუსტრიას, რომლებიც რეგულარულ პროპაგანდას უწევენ ძალადობის კულტს.

აგრესია ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა და მისი ადეკვატური და უსაფრთხო გამოვლინება ჩარევას არ მოითხოვს. ბავშვები მას ზოგჯერ ჩვენი ყურადღების მისაპყრობად იყენებენ. თუ აგრესია დასაშვები ფორმითა და სიძლიერით ვლინდება, თანაც – გასაგები მიზეზით, საჭიროა, ბავშვს მივცეთ მისი გამოხატვის საშუალება, მოვუსმინოთ და შევეცადოთ, ყურადღება სხვა საქმიანობაზე გადავატანინოთ.

რას გვირჩევენ სპეციალისტები ბავშვის ან მოზარდის მხრივ აგრესიული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში? 

1. უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ კიდეც, მშვიდად შევხვდეთ გამოწვევას, მით უფრო – თუ იგი საშიში არ არის მოცემული მომენტისთვის. მაგალითად, მოვახდინოთ ქცევის იგნორირება ან გამოვხატოთ, რომ გვესმის მოზარდისა („რასაკვირველია, ნაწყენი ხარ და მე ეს მესმის”); გადავიტანოთ მისი ყურადღება და ამ მიზნით შევთავაზოთ რაიმე საქმიანობა („დამეხმარე ზედა თაროდან რვეულების ჩამოღებაში”), აგრესიული ქცევა პოზიტიურ მახასიათებელში გადავიყვანოთ („დაღლილობამ გაგაღიზიანა, არა?”).

2. ყურადღება გავამახვილოთ მოსწავლის ქცევაზე და არა მის პიროვნებაზე. მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაწყნარდება, მართებულია, განვიხილოთ მისი ქცევა შეფასების გარეშე – რას აკეთებდა, რას ამბობდა „აქ და ამჟამად”. მორალის კითხვა შედეგს არ მოგვცემს; უმჯობესია, ვაჩვენოთ, რა მოჰყვა მის საქციელს და ვუთხრათ, რომ აგრესიული ქცევა ყველაზე მეტად მას აყენებს ზიანს. ძალზე მნიშვნელოვანია, მივუთითოთ კონფლიქტურ სიტუაციაში შესაძლო ქცევის კონსტრუქციულ ხერხებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა აგრესიის შესამცირებლად არის მოსწავლესთან უკუკავშირის დამყარება. ამ მიზნით სასურველია შემდეგი ხერხების გამოყენება: ა) ფაქტის კონსტატაცია („აგრესიულად იქცევი”);  ბ) დამაზუსტებელი კითხვის დასმა („გაბრაზებული ხარ?”); გ) აგრესიული ქცევის მოტივის დადგენა („ამით შენს ძლიერებას გვაჩვენებ?”); დ) მოსწავლის აგრესიული ქცევის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა („არ მომწონს, ამ ტონით რომ მელაპარაკები”); ე) წესის შეხსენება („ჩვენ ხომ შევთანხმდით…”). ამ უკუკავშირის დროს მასწავლებელმა უნდა გამოამჟღავნოს, სულ მცირე, სამი თვისება: ინტერესი, კეთილგანწყობა და ხასიათის სიმტკიცე. ეს უკანასკნელი ეხება მხოლოდ კონკრეტულ ქცევას და მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი ეწინააღმდეგება მის ქცევას და არა მას.

3. საკუთარი უარყოფითი ემოციების კონტროლი. მოსწავლის აგრესიული ქცევა მასწავლებელში უარყოფით ემოციებს იწვევს, ეს ბუნებრივია. მთავარია, მასწავლებელმა სახე არ დაკარგოს. უპირველეს ყოვლისა, მივიჩნიოთ, რომ ჩვენი ეს მდგომარეობა ბუნებრივია და არაფერი ხდება განსაკუთრებული. ამის შემდეგ აუცილებელია, მოვახეროთ ჩვენი ემოციების კონტროლი, გავაგრძელოთ მოსწავლესთან ნორმალური ურთიერთობა და მუშაობა.

4. დავუკარგოთ სიტუაციას სიმწვავე. მასწავლებლის მიერ დაშვებული ტიპობრივი შეცდომები ასეთია: ხმის აწევა, ყვირილი, მუქარის ტონის გამოყენება, ძალაუფლების დემონსტრირება („აქ ჯერ კიდევ მე ვარ მასწავლებელი, ისე იქნება, როგორც მე მინდა”), აგრესიული პოზის დემოსტრირება: დაძაბული ნიკაპი, შეკრული მუშტი, „სიტყვების კბილებში გამოცრა”, სარკაზმი, დაცინვა, სხვა მოსწავლეების კონფლიქტში ჩართვა, ნოტაციები და „მორალის კითხვა”, მუქარა, გამონათქვამები: „ყველანი ერთნაირები ხართ”, „შენგანარაფერი გამოვა”, ასევე – თავის მართლება, მოსყიდვის მცდელობა, ჯილდო… აქ ჩამოთვლილმა ზოგიერთმა რეაქციამ შესაძლოა დროებით შეაჩეროს მოსწავლე, მაგრამ საბოლოო შედეგი გაცილებით სავალალო იქნება, ვიდრე თავად აგრესიული ქცევა.

5. საქციელის განხილვა. ეს არ უნდა მოხდეს აგრესიული ქცევის გამოვლენის მომენტში. ესაუბრეთ მოსწავლეს მოგვიანებით, როცა აგრესია ჩაცხრება და ისიც დამშვიდდება, მაგრამ დაგვიანების საშიშროებაც არსებობს. ესაუბრეთ მარტო მყოფს, მოწმეების გარეშე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ობიექტური. დეტალურად განიხილეთ აგრესიული ქცევის შესაძლო შედეგები სხვებისთვის და საკუთრივ მოსწავლისთვისაც.

6. შეუნარჩუნეთ მოსწავლეს დადებითი რეპუტაცია. მოსწავლეს, მით უფრო – მოზარდს, ძნელია აღიარებინო, რომ მართალი არ არის ან დამარცხდა. მისთვის ყველაზე უარესია საჯარო გაკიცხვა და უარყოფითი შეფასება. ის ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს ასეთ სიტუაციას და იყენებს თავდაცვის სხვადასხვა მექანიზმს, რითაც საკუთარი თავისადმი პატივისცემის შენარჩუნებას ახერხებს. ასეთი მექანიზმი მრავალია: წარმოდგენის შეცვლა („ვიხუმრე, დიდი ამბავი”);მოგებიანი შედარება („ჩემზე უარესად ის მოიქცა”); შედეგების დამახინჯება („მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და დაეცა”); დეჰუმანიზაცია („ცუდი ბიჭია და ეგრე მოუხდება”). და მართლაც, ცუდი რეპუტაცია და უარყოფითი იარლიყი საშიშია: მივაკრავთ თუ არა მოსწავლეს ამ იარლიყს, ის თვითონვე ხდება თავისი აგრესიული ქცევის განმამტკიცებელი.

დადებითი რეპუტაციის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია: ა) შევამსუბუქოთ მოსწავლის საქციელი და საჯაროდ გამოვხატოთ ეს (მაგ.: „ცუდად გრძნობ თავს?” ან „არ გინდოდა მისი წყენინება, არა?”), მაგრამ პირისპირ დარჩენისას მას გულწრფელად ვუთხრათ ჩვენი აზრი; ბ) არ მოვითხოვოთ მისგან მორჩილება, დავრთოთ ნება, შეასრულოს მოთხოვნა ისე, როგორც შეუძლია. იძულება, ზუსტად შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა, შესაძლოა ახალი კონფლიქტის საბაბად იქცეს. შევთავაზოთ კომპრომისი ურთიერთდათმობის გზით

7. მოვიქცეთ არააგრესიულად . აგრესიული მოქმედების დროს ორივე მხარე კარგავს მოთმინებას და ჩნდება დილემა: იბრძოლო საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თუ კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარო. უფროსი არ უნდა მოიქცეს აგრესიულად, მით უფრო – თუ მოსწავლე მცირე ასაკისაა. კონსტრუქციული ქცევის მოდელი, რომელიც მიმართულია აგრესიის შესამცირებლად, მოიცავს შემდეგ ხერხებს: არარეფლექსიურ მოსმენას (ანალიზისა და შეფასების გარეშე), ყურადღებიან სიჩუმეს – მოსწავლეს სურს, ყურადღებით მოუსმინო და არ სურს შენიშვნების მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბრაზდება, ღიზიანდება და კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება. როგორ უნდა მოვიქცეთ? – ხელი შევუწყოთ, გამოხატოს თავისი აზრი, გამოვიყენოთ პაუზა, რათა მოსწავლე დამშვიდდეს და არავერბალური საშუალებებით გამოვხატოთ ინტერესი მის მიმართ, გამოვიყენოთ ე.წ. გრძნობების არეკვლის ტექნიკა ანუ ვაჩვენოთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია, დავსვათ დამაზუსტებელი კითხვები, გამოვიყენოთ იუმორი (და არა სარკაზმი).
აგრესიულ მოსწავლეთა ტიპები

1. ჰიპერაქტიური და აგრესიული ტიპი. ასეთ მოსწავლეს უჭირს იყოს დისციპლინირებული და დამჯერე. ასეთი ბავშვები უმეტესად იზრდებიან ოჯახებში, სადაც მათ „კერპად” მიიჩნევენ და ყველაფრის უფლებას აძლევენ. თანატოლთა კოლექტივში მოხვედრისას ისინი შესაძლოა აგრესიულნი გახდნენ. საჭიროა, ზედმიწევნით სწორად ავაგოთ მათთან ურთიერთობის წესები, შეზღუდვები, დავეხმაროთ და ვასწავლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. აქ მასწავლებელს დიდი ტაქტი მოეთხოვება. შეიძლება ამისთვის იუმორის გამოყენებაც. ასწავლეთ, არ გადააბრალონ თავიანთი დანაშაული სხვებს, იმუშავეთ ემპათიის, სხვების (თანატოლების, უფროსების, ცხოველების, საზოგადოდ, ცოცხალი სამყაროს) მიმართ თანაგრძნობის უნარის განვითარებაზე.

2. აგრესიული და ფხუკიანი ტიპი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ოჯახური აღზრდა ან სწავლის სირთულეები, არამედ, მაგალითად, ზრდისა და განვითარების პრობლებებიც. მაგალითად, ნერვული სისიტემის, საზოგადოდ, ორგანიზმის მომწიფების თავისებურებები, გაძლიერებული მგრძნობელობა, გაღიზიანება და სხვა. ეს ყველაფერი შეიძლება აგრესიის მაპროვოცირებელი გახდეს. დაეხმარეთ მოსწავლეს ფსიქიკური დაძაბულობისგან განტვირთვაში, მაგალითად, ჩართეთ ხმაურიან თამაშში. რაც მთავარია, შეისწავლეთ და შეძლებისაგვარად აარიდეთ თავიდან სიტუაციები, რომლებიც მასში აგრესიას იწვევს.

3. აგრესიული და გამომწვევი ტიპი. თუ მოსწავლე ხშირად უხეშობს თქვენთან, მაგრამ არა ყველასთან, გამოდის, რომ ეს ურთიერთობა ჯანსაღი არ არის – მოსწყინდით თქვენც და თქვენი გაკვეთილიც. არ იცის, როგორ მოიქცეს, აღარ ხართ მისთვის საინტერესო მიბაძვის ობიექტი. იშვიათად ხომ არ ეკონტაქტებით? თვითონაც გულგრილი ხომ არ ხართ მის მიმართ? მოწყენილ მოსწავლეებს სჩვევიათ საკუთარი განწყობილების,  პრობლემებისა და ქცევის მიზეზების სხვებისთვის გადაბრალება. შეეცადეთ, ამ სირთულეს ერთად გაართვათ თავი, მაგრამ არა მის მაგიერ – საკუთარი პრობლემების გადაჭრაში თვითონაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, იკისროს გარკვეული ვალდებულებები და იგრძნოს პასუხისმგებლობა.

4. აგრესიული და მფრთხალი ტიპი. მტრობა და ეჭვიანობა შესაძლოა მოჩვენებითი „თავდასხმის” საფრთხისგან თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებით იყოს გამოწვეული. ამ დროს საგანგებო მუშაობაა საჭირო შიშების დასაძლევად. დაიხმარეთ სკოლის ფსიქოლოგიც, რომელიც იმუშავებს მოსწავლესთან და თქვენც გაგიწევთ კონსულტირებას, როგორ მოიქცეთ, რით დაეხმაროთ დილემის დროს სირთულეების დაძლევაში, მაგალითად, როდესაც სიტუაცია სასურველ-არასასურველის ზღვარზეა, მოსწავლესთან ერთად უზრუნველყოთ მისი მშვიდობიანად დასრულება.

5. აგრესიული და უგრძნობი ტიპი. ზოგიერთ მოსწავლეს ემოცური ინტელექტი შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეს. მათ არ შეუძლიათ თანაგრძნობა, საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის შეფასება. ისინი არიან ცივები, უგულოები. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ოჯახური აღზრდის ნაკლოვანებები, ინტელექტის განვითარებაში არსებული დარღვევები. სამაგიეროდ, მათ ახასიათებთ გაძლიერებული აფექტური აღგზნებადობა, რომელიც მჟღავნდება მშობლების, მასწავლებლებისა და ახლობლების მიმართ. მოსწავლე  ძლიერ აღგზნებულია ან, პირიქით, საოცრად გულგრილი, უხეშად ექცევა ცხოველებს, ადამიანებს და არ ესმის, რომ მათ ეს წყინთ ან სულაც სტკივათ. შეეცადეთ, იმუშაოთ ისე, რომ მათში ჰუმანური გრძნობები გამოიწვიოთ: შეიცოდეთ და მათ თვალწინ მოეფერეთ ცხოველს, ყურადღება მიაქციეთ მოწყენილ მოსწავლეს და გამოხატეთ მისდამი თანაგრძნობა, დახმარების სურვილი. თუ ეს ყველაფერი არ იმოქმედებს, ასწავლეთ, იკისროს პასუხისმგებლობა – გამოისყიდოს საკუთარი აგრესიული ქცევით გამოწვეული „ცოდვები”, მაგალითად, ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ხელი ჩამოართვას, ათხოვოს ნივთი და ა. შ.

თომას გორდონი- როგორ გავხდე კარგი მშობელი. თავი 14

0

როგორ გადავურჩეთ „მშობლობის სამსახურიდან დათხოვნას

დღეს შვილები სულ უფრო ხშირად „ითხოვენ” მშობლებს. მოზარდობის დადგომასთან ერთად, ისინი თითქოს „ჩამოწერენ” ხოლმე მშობლებს, სათვალავში აღარ აგდებენ, უარს ამბობენ მათთან ურთიერთობაზე. ეს ათასობით ოჯახში ხდება მათი სოციალური თუ მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად. თანატოლების წრეში უფრო ნაყოფიერი ურთიერთობების ძიებისას უამრავი ახალგაზრდა ტოვებს მშობლებს ფიზიკურად თუ არა ფსიქოლოგიურად მაინც.

 

რა არის ამის მიზეზი? ჩვენს კურსებზე ათასობით მშობელთან ურთიერთობის გამოცდილება მარწმუნებს, რომ ამ ბავშვებს სახლიდან წასვლას მშობლების ესა თუ ის კონკრეტული ქცევა აიძულებს. შვილები მაშინ „ითხოვენ” მშობლებს, როდესაც ისინი გამუდმებით მოითხოვენ უარი თქვან მათთვის მნიშვნელოვან შეხედულებებსა და ფასეულობებზე. მოზარდები უარს ამბობენ მშობლებთან ურთიერთობაზე, როდესაც გრძნობენ, რომ ეს უკანასკნელნი არღვევენ მათ ელემენტარულ მოქალაქეობრივ უფლებებს.

მშობელი ვეღარ ზემოქმედებს საკუთარ შვილზე კონსტრუქციულად, რადგან მეტისმეტი დაჟინებით და თავგამოდებით ცდილობს მასზე ზემოქმედებას ისეთ საკითხებში, რომელზეც შვილს სურს საკუთარი აზრი ჰქონდეს. ქვემოთ ამ მნიშვნელოვან საკითხს დეტალურად შევეხები და კონკრეტულ მეთოდებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით მშობელი შეძლებს თავიდან აიცილოს „დათხოვნის” საფრთხე.

უდანაკარგო მეთოდის ეფექტურობის მიუხედევად, არსებობს ისეთი გარდაუვალი კონფლიქტები, რომელთა გადაჭრის იმედი არ უნდა გვქონდეს ამ მეთოდის ოსტატური გამოყენების შემთხვევაშიც კი, რადგან მათი გადაჭრა, უბრალოდ შეუძლებელია III მეთოდით. ამგვარი კონფლიქტები ღირებულებათა დაპირისპირების სახელით არის ცნობილი. ქცევის ფანჯარაში ეს ასეა წარმოდგენილი:


როდესაც მშობელი ცდილობს შვილი ღირებულებათა კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში ჩართოს, როგორც წესი, მარცხდება. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ამ ფაქტის გაგება და აღიარება მშობელს ძალიან უჭირს, რადგან ის მოითხოვს მშობლისა და საზოგადოების როლის შესახებ სამყაროსავით ძველი შეხედულებებსა და იდეებზე უარის თქმას.

თუ ოჯახური კონფლიქტი მნიშვნელოვან ფასეულობებთან, შეხედულებებთან და პიროვნებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებთან დაკავშირებით ჩნდება, მშობელს შეუძლია სხვადასხვა მიდგომა გამოიყენოს, რადგან შვილს შესაძლოა, არ სურდეს ამ საკითხების ღიად განხილვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელი აღარ უნდა ეცადოს შვილზე ზეგავლენას მცდელობაზე ამა თუ იმ ღირებულების სწავლების მიზნით. უბრალოდ, წარმატებისათვის მან სხვა მიდგომა უნდა გამოიყენოს.

ღირებულებათა საკითხი

შვილის ქცევა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ეხება მათ რწმენას, ღირებულებებს, სტილს, პრიორიტეტებს, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, გარდაუვლად ხდება მასა და მშობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი. მაგალითად, ავიღოთ გრძელი თმები. ბიჭების თვალში მას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. სრულიად არასაჭიროა მშობელმა იცოდეს გრძელი თმის სიმბოლური მნიშვნელობის ყველა დეტალი; მთავარია, ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შვილისთვის.

მშობლის მცდელობა ხელი შეუშალოს შვილის იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რომელიც მისთვის ღირებულია, გარდაუვლად აწყდება მძაფრ წინააღმდეგობას. გრძელი თმები სიმბოლურად ასახავს იმ ფაქტს, რომ მოზარდი თავის საქმეს აკეთებს, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის შესაბამისად იქცევა.

თუ ეცდებით დაარწმუნოთ შვილი, რომ თმა შეიჭრას, მისგან დაახლოებით ასეთ პასუხს მიიღებთ:

„ჩემი თმაა”.

„მე ასე მომწონს”.

„თავი დაანებე ჩემთვის ჭკუის სწავლებას”.

„უფლება მაქვს, საკუთარ თმას ისე მოვექცე, როგორც მსურს”.

„ეს შენ არ გეხება”.

„მე ხომ არ გირჩევ, რა სიგრძის უნდა გქონდეს თმა”.

სათანადოდ გაშიფრული ყველა ეს შეტყობინება მშობელს ერთსა და იმავეს ეუბნება: „ჩემი აზრით, უფლება მაქვს, მქონდეს საკუთარი ღირებულებები, რადგან ისინი არანაირად არ გიშლის შენ ხელს”. თუკი შვილი ამას მეტყოდა, იძულებული ვიქნებოდი მეღიარებინა მისი სიმართლე. მისი თმების სიგრძე ნამდვილად არ მიშლის ხელს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში; არ იწვევს სამსახურიდან ჩემს დათხოვნას, შემოსავლის შემცირებას, არ მიშლის ხელს ძველ მეგობრებთან ურთიერთობაში და ახლების გაცნობაში, გართობაში, არც წინამდებარე წიგნის დაწერაში მაფერხებს და არც პროფესიულ საქმიანობაში და, რაც მთავარია, არ მიშლის ხელს ჩემთვის სასურველი ვარცხნილობის არჩევაში. შეიძლება ითქვას, რომ ფულსაც კი მიზოგავს.

ხშირად შვილის ბევრს არჩევანს, ზემოთ აღწერილი თმის სიგრძის მსგავსად, მშობელი „საკუთარ” პრობლემად აქცევს ხოლმე. გთავაზობთ ამის მაგალითს:

მშობელი: არ შემიძლია შენი თმის ატანა. საშინლად გამოიყურები.

შვილი: მომწონს, როგორც გამოვიყურები.

მშობელი: ნუთუ სერიოზულად ამბობ! დაკარგულს ჰგავხარ.

შვილი: რას ამბობ, არ მესმის?

მშობელი: რაღაც უნდა ვიღონოთ, ჩემთვის მიუღებელია შენი ვარცხნილობა!

შვილი: თმა ჩემია და ისე მექნება, როგორც მინდა.

მშობელი: ნუთუ არ შეგიძლია რამე იღონო, რომ ღირსეულად მაინც გამოიყურებოდე?

შვილი: მე ხომ არ გეუბნები თმა როგორ დაივარცხნო!

მშობელი: ჰო, მაგრამ მე ასე დაკარგულად არ გამოვიყურები.

შვილი: ნუ მეუბნები ასე. ჩემს მეგობრებს მოსწონთ, განსაკუთრებით გოგოებს.

მშობელი: არ მაინტერესებს, ჩემში ზიზღს იწვევს.

შვილი: მაშინ ნუღარ შემხედავ.

ცხადია, ბიჭს არ სურს თმის გამო პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა, რადგან, როგორც ამბობს, „ეს მისი თმაა”. თუკი მშობელი დაჟინებით გააგრძელებს თმის პრობლემაზე საუბარს, საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ შვილი შებრუნდება, შეიყუჟება თავის ოთახში, ან სახლიდან წავა.

ხშირად მშობელი დაჟინებით აგრძელებს ხოლმე მისთვის მიუღებელი ქცევის შეცვლის მცდელობას და ამგვარი ჩარევას აუცილებლად მიჰყავს შვილთან ბრძოლამდე, წინააღმდეგობამდე და შეურაცხყოფამდე, რაც საბოლოოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხოლმე მშობლისა და შვილის ურთიერთობას.

როცა შვილი ეწინააღმდეგება მშობლის მცდელობას შეაცვლევინოს, მისი აზრით, უწყინარი ქცევა, ის ისევე იქცევა, როგორც ნებისმიერი ზრდასრული. არც ერთი ზრდასრულს არ სურს ქცევის შეცვლა, თუკი არ დარწმუნდება, რომ ვინმეს ზიანს აყენებს. ნებისმიერი ზრდასრული, ისევე როგორც ნებისმიერი ბავშვი, მტკიცედ იბრძოლებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად, თუკი მიხვდება, რომ ვინმე მისი ისეთი ქცევის შეცვლას ცდილობს, რომელიც არავის უშლის ხელს.

ეს მშობლების ერთ–ერთი სერიოზული შეცდომა და მათი არაეფექტურობის ყველაზე ხშირი მიზეზია. თუ მშობელი მხოლოდ იმ ქცევის შეცვლაზე იზრუნებს, რომელიც მის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, შვილს ამბოხის, კონფლიქტის გაცილებით ნაკლები მიზეზი ექნება და მშობლისა და შვილის ურთიერთობაც უფრო მშვიდობიანი იქნება. მშობლების უმრავლესობა არა კეთილგონივრულად აკრიტიკებს, ითხოვს და ავიწროებს შვილს უვნებელი ქცევის შესაცვლელად. თავდაცვის მიზნით შვილი იბრძვის, ეწინააღმდეგება, ურჩობს ან გარბის.

არც ისე იშვიათად, შვილი ჯიბრზე აკეთებს ისეთ რამეს, რასაც მშობელი დაჟინებით უშლის იქნება ეს ჩაცმისა თუ თმის ვარცხნილობის სტილი, სვირინგი ან პირსინგი. ზოგჯერ მშობლის ძალაუფლების შიშის გამო შესაძლოა დათმოს კიდეც პოზიცია, მაგრამ აუცილებლად რჩება წყენა მშობლისადმი, რომელმაც აიძულა ქცევის შეცვლა.

ბავშვები არ უჯანყდებიან ზრდასრულებს, ისინი უჯანყდებიან ზრდასრულების მიერ თავისუფლების წართმევის მცდელობას. ისინი უჯანყდებიან ზრდასრულების მცდელობას შეიცვალონ მათი წარმოდგენების შესაბამისად, უჯანყდებიან ჩაგვრას, იძულებას მოიქცნენ ზრდასრულის ქცევის მოდელის შესაბამისად, ისე, როგორც ის მიიჩნევს სწორად ან არასწორად.

სამწუხაროდ, როდესაც მშობელი გავლენას იმ ქცევის შესაცვლელად იყენებს, რომელიც მას ხელს არ უშლის, ის იმ ქცევის შეცვლის შესაძლებლობასაც კარგავს, რომელიც მას უშლის ხელს. ნებისმიერი ასაკის ბავშვთან მუშაობის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ისინი თანახმა არიან შეცვალონ ქცევა, თუკი ხედავენ, რომ ეწინააღმდეგებიან სხვა ადამიანის ინტერესებს. თუკი მშობელი შვილის მხოლოდ იმ ქცევის შეცვლას ცდილობს, რომელიც კონკრეტულ და აშკარა უარყოფით გავლენას ახდენს მშობელზე, როგორც წესი, შვილი პატივისცემას ამჟღავნებს მშობლის მოთხოვნების მიმართ და მზად არის მასთან ერთად გადაჭრას ინტერესთა კონფლიქტი.

ვარცხნილობის სტილის მსგავსად ჩაცმის სტილს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. ჩემს ახალგაზრდობაში მოდური იყო ჩალისფერი ველვეტის შარვალი და ჭუჭყიანი (აუცილებლად ძალიან ჭუჭყიანი) ფეხსაცმელი ფერადი თასმებით. მახსოვს, როგორი მოთმინებით ვაგლესავდი ჭუჭყს ახალ ნაყიდ ფეხსაცმელს, სანამ ქუჩაში გავიდოდი. შემდეგ გახეხილი ჯინსები, სვირინგი, პირსინგი, ძვირადღირებული სპორტული ფეხსაცმელი და სხვა შემოვიდა მოდაში.

როგორ ვიბრძოდი საკუთარი უფლებისთვის, ველვეტის შარვალი და ფერად თასმებიანი ფეხსაცმელი მცმოდა! მე ეს სიმბოლოები მჭირდებოდა! ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მშობლებმა ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ შემომთავაზეს, რომ მერწმუნა – ჩემი ჩაცმულობა ხელს უშლიდა ან საფრთხეს უქმნიდა მათ ინტერესებს.

არის მომენტები, როდესაც ბავშვი ხვდება და აღიარებს იმ ფაქტს, რომ მისი ჩაცმის სტილი ხელშესახებ, რეალურ გავლენას ახდენს მშობელზე. მაგალითისთვის გამოგვადგება არაერთხელ ციტირებული სიტუაცია ჯეინისა და „უშნო” ქურთუკის შესახებ. ამ შემთხვევაში ჯეინი მიხვდა, რომ თუკი რამდენიმე ქუჩას ავტობუსის გარეშე გაივლიდა, ქურთუკის გარეშე დასველდებოდა, შეიძლება გაციებულიყო და მამას სამსახურის გაცდენა მოუწევდა.

უდანაკარგო მეთოდის პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთ მაგალითად გამოგვადგება ჩემს ქალიშვილთან კონფლიქტი, რომელსაც ნიუპორტის სანაპიროზე უფროსების გარეშე სურდა სააღდგომო არდადეგების გატარება. ჩვენი შვილი მიხვდა, რომ დაჟინების შემთხვევაში რამდენიმე უძილო ღამის გატარება მოგვიწევდა მასზე ნერვიულობის გამო.

გრძელი თმების გამო კონფლიქტიც კი შეიძლება გადავჭრათ უდანაკარგო მეთოდით, როგორც ეს ერთ–ერთ ოჯახში მოხდა. მამა სკოლის დირექტორი იყო. ის შიშობდა, რომ მისი სამსახური საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა, თუკი კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობა მისი შვილის გრძელ თმებს მეტისმეტი ლიბერალიზმის ნიშნად მიიჩნევდა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის თანამდებობას. ვაჟიშვილმა საკუთარი თმის სიგრძე მშობლის ცხოვრებაზე რეალური გავლენის მქონე ფაქტორად აღიქვა. მამისადმი გულწრფელი პატივისცემის ნიშნად ის დათანხმდა გვარიანად შეემოკლებინა თმა.

რომელიმე სხვა ოჯახში იმავე გარემოებაში სხვაგვარად შეიძლება მომხდარიყო. მნიშვნელოვანია, შვილს ესმოდეს საკუთარი ქცევისა და მშობლის ინტერესების ურთიერთკავშირი. მხოლოდ ამ შემთხვევაში დათანხმდება ის უდანაკარგო მეთოდით პრობლემის გადაჭრას. მშობელმა უნდა უნდა შეძლოს შვილის კონკრეტული ქცევის უარყოფითი გავლენის დასაბუთება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილი პრობლემაზე საუბარსაც კი არ ისურვებს.

გთავაზობთ ზოგიერთ ქცევას, რომელსაც, მშობლების აზრით, შვილები არ მიიჩნევენ განსჯის საგნად, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არაფრით უშლიან ხელს მშობლებს.

მოზარდ ქალიშვილს მოსწონს სვირინგი.

მოზარდ ვაჟიშვილს ძალზე დიდი ზომის ჯინსები და დაგლეჯილი ფეხსაცმელები აცვია.

მოზარდს მშობლებისთვის მიუღებელი მეგობრები ჰყავს.

ბავშვს საშინაო დავალების მომზადება ეზარება.

ბავშვს სწავლისთვის თავის დანებება და რეპ–მუსიკოსობა სურს.

ხუთი წლის ბავშვი სახლში საბანს დაათრევს.

ქალიშვილს ცხვირისა და ჭიპის პირსინგი სურს.

ქალიშვილს ძალზე მოკლე კაბები ხიბლავს.

მოზარდს ეკლესიაში სიარული არ სურს.

ცხადია, IIIმეთოდი არ გახლავთ მშობლების გემოვნების შესაბამისად შვილის გამოძერწვის მეთოდი. თუ მშობელი ამ მეთოდის გამოყენებას აღნიშნული მიზნით ცდილობს, დაბეჯითებით შეიძლება განვაცხადოთ, რომ ბავშვები ვერ გაიგებენ და აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან. ამ შემთხვევაში მშობელი ხელიდან უშვებს მეთოდის წარმატებით გამოყენების შესაძლებლობას იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ნამდვილად ლახავს მის ინტერესებს. ეს შესაძლოა იყოს: საოჯახო საქმეში მონაწილეობა, მეტისმეტი ხმაური, საგნების დაზიანება, მანქანის სწრაფად ტარება, ტანსაცმლის დაუდევრად დაყრა, ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით სიარული, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭლის ჩატოვება, საგნების მიყრა–მოყრა, ეზოს დანაგვიანება და ა.შ.

სამოქალაქო უფლებების შესახებ

მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტზე საუბრისას, რომელიც ვარცხნილობასა და სხვა ისეთ ქცევებს ეხება, რომელიც რეალურად არ მოქმედებს მშობელზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბავშვთა უფლებები. მოზარდმა იცის, რომ მას აქვს უფლება ჰქონდეს ის ვარცხნილობა, რომელიც მოსწონს, აირჩიოს მეგობრები, ჩაიცვას, როგორც მოსწონს და ა.შ. თანამედროვე მოზარდები, ნებისმიერი დროის მოზარდების მსგავსად, შეუპოვრად დაიცავენ ამ უფლებებს.

მოზარდები, ზრდასრულების ან ხალხების მსგავსად მუდამ იბრძოლებენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებენ თავისუფლებისა დ საკუთარი ავტონომიის დაკარგვის მცდელობის საწინააღმდეგოდ. ეს მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას, კომპრომისს ან რომელიმე მეთოდით პრობლემის გადაჭრას.

რატომ არ ესმით ეს მშობლებს? რატომ არ ესმით, რომ მათი შვილები ადამიანები არიან და სწორედ ადამიანური ბუნების კარნახით იბრძვიან თავისუფლებისათვის, თუკი საფრთხეს გრძნობენ? რატომ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ საქმე რაღაც ძალზე არსებითთან გვაქვს – ადამიანის მოთხოვნილებასთან შეინარჩუნოს თავისუფლება? რატომ არ ესმით, რომ სამოქალაქო უფლებებს ოჯახში ეყრება საფუძველი?

ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რატომ ვერ ხედავენ მშობლები შვილებში სამოქალაქო უფლებების მქონე პიროვნებებს, ფართოდ გავრცელებულ შეხედულებაში უნდა ვეძებოთ, რომლის მიხედვით შვილი მშობელს „ეკუთვნის”. ამ შეხედულებით ამართლებენ მშობლები შვილების „გამოძერწვის”, შეცვლის, ჩაგონების, კონტროლის, ჭკუის სწავლების მცდელობას. ბავშვებისათვის სამოქალაქო უფლებების ან გარკვეული განუყრელი თავისუფლების მინიჭება, მოითხოვს ბავშვის ცალკეულ და დამოუკიდებელ პიროვნებად განხილვას, რომელსაც საკუთარი ცხოვრება აქვს. ბევრ მშობელს უჭირს იმ პრინციპის აღიარება, რომ ბავშვსაც აქვს უფლება გახდეს ის, რაც სურს გახდეს, იმ პირობით, რომ მისი ქცევა არ ზემოქმედებს მშობლის უფლებაზე გახდეს ის, რაც სურს გახდეს.

„შემიძლია თუ არა ვასწავლო ჩემი ღირებულებები?”

ეს მშობლების საყვარელი კითხვაა, რადგან მათ უმრავლესობას ძლიერ სურს, შთამომავლობას საკუთარი ნალოლიავები ღირებულებები გადასცეს. „რა თქმა უნდა! თქვენ არა მხოლოდ შეგიძლიათ ასწავლოთ, არამედ ასწავლით კიდეც”, ასეთია პასუხი. მშობელი ღირებულებების სწავლებას თავს ვერ აარიდებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სურთ თუ არა შვილები ეცნობიან მის ღირებულებებს, დედისა და მამის ქცევაზე დაკვირვებით, მათი საუბრის მოსმენით.

მშობელი, როგორც ნიმუში

ზრდის კვალობაზე მშობლები და სხვა ზრდასრულები, რომლებთანაც ბავშვები ურთიერთობას ამყარებენ, მათთვის მისაბაძები ხდებიან. მშობელი მუდამ მაგალითია შვილისთვის, რომელიც თავისი ქმედებით გაცილებით მეტს ასწავლის, ვიდრე სიტყვით, თუ რისი სჯერა და რას აფასებს.

მშობელი ფასეულობებს მთელი თავისი ცხოვრების წესით გადასცემს. თუ სურს, რომ შვილი პატიოსნებას აფასებდეს, თავადაც პატიოსნად უნდა იქცეოდეს. თუ სურს დიდსულოვნება გახდეს შვილისთვის მნიშვნელოვანი, თვითონ უნდა აჩვენოს ამის მაგალითი. ეს საკუთარი ღირებულებების გადაცემის საუკეთესო, და შესაძლოა ერთადერთი გზაა.

“გააკეთე ისე, როგორც გეუბნები და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ” – არაეფექტური მიდგომაა ღირებულებების დასასწავლად. „გააკეთე ისე, როგორც მე ვაკეთებ” – მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მშობელს რეალური შესაძლებლობა იმოქმედოს შვილზე და შეცვალოს მისი ქცევა.

თუკი მშობელს სურს, პატიოსანი შვილი გაზარდოს და ტელეფონით სტუმრად მიპატიჟებაზე შვილის თანდასწრებით იცრუებს, სამწუხაროდ თავად ვეელოდებით სტუმრებსო, ის თავს მოიტყუებს. ამგვარი მაგალითების სია უსასრულოა: მამამ თავი ვერ შეიკავა და ვახშმობისას აღნიშნა, როგორ გონივრულად მოიქცა, როცა საგადასახადო დეკლარაციაში არარსებული ხარჯები აჩვენა; დედა თავის მოზარდ შვილს სთხოვს, არ უთხრას მამას, რამდენი გადაიხადა მაგიდის ნათურაში; ორივე მშობელი ცრუობს ცხოვრებისეული სირთულეების, სექსის, რელიგიის და ა.შ. შესახებ.

თუ მშობელს სურს შვილმა ადამიანთა არაძალადობრივი ურთიერთობები დააფასოს, მაგრამ შვილის დასასჯელად ფიზიკურ დასჯას იყენებს, თვალთმაქცობს. ერთი გონებამახვილური კარიკატურა მახსენდება, სადაც მამა ვაჟიშვილს სცემს და თან ეუბნება: „იმედი მაქვს, ახლა მაინც ისწავლი, რომ პატარების ცემა არ შეიძლება”.

შვილებმა რომ მშობლების ფასეულობები ისწავლონ, ამ უკანასკნელებმა სწორედ ამავე ფასეულობების მიხედვით უნდა იცხოვრონ და არ აიძულონ შვილებს გარკვეული აბსტრაქტული წესებით ცხოვრება. ჩემი ღრმა რწმენით, ერთ–ერთი მიზეზი თანამედროვე ახალგაზრდების მიერ ზრდასრულთა საზოგადოების მრავალი ფასეულობის უარყოფისა იმაშია, რომ ისინი ცხადად ხედავენ – უფროსები ხშირად თავადაც არ იქცევიან საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. იმედგაცრუებულები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში სრული სიმართლე არ წერია მთავრობისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ და მასწავლებელი ხშირად ცრუობს ზოგიერთ ცხოვრებისეულ ფაქტზე საუბრისას. შეუძლებელია არ გაბრაზდნენ უფროსებზე, რომლებიც სქესობრივი მორალის გარკვეულ პრინციპებს ქადაგებენ, ხოლო ფილმებში და ტელეეკრანზე ამ პრინციპებთან სრულიად შეუსაბამო სქესობრივ ქცევას ავლენენ.

დიახ, მშობლები შეძლებენ საკუთარი ფასეულობების გადაცემას, თუკი ამ ფასეულობებით იცხოვრებენ. რამდენი მშობელი ფიქრობს და იქცევა ასე? რამდენიც გნებავთ იქადაგეთ საკუთარი ფასეულობები, მაგრამ მხოლოდ საკუთარი მაგალითით და არა სიტყვებით ან მშობლის ავტორიტეტით. ასწავლეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის ფასეულია, მაგრამ თავად იყავით ამ ფასეულობებით ცხოვრების მაგალითი.

მშობელი ყველაზე მეტად იმის გამო დარდობს, რომ შვილმა შესაძლოა არ აღიაროს მისი ფასეულობები. რასაკვირველია, შესაძლებელია. მშობლის ზოგიერთი ფასეულობა შვილისათვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს; შეიძლება შეექმნათ სავსებით სამართლიანი შთაბეჭდილება, რომ მშობლის ზოგიერთი ფასეულობა (შეხედულება), მათი აზრით, არასასურველი შედეგების მომტანია (მაგალითად, ახალგაზრდების ნაწილი უარყოფს მშობლების სწრაფად შესასრულებელ, სტრესულ სამუშაოს, რადგან მას იმ „ფასეულობად” მიიჩნევს, რომელიც გულისა და ნერვიული სისტემის დაავადებებს იწვევს).

როცა მშობელი შიშობს იმის გამო, რომ შვილმა შესაძლოა არ აღიაროს მისი ფასეულობები, ის ერთგვარად ცდილობს გაამართლოს ძალაუფლების გამოყენება შვილზე ზეგავლენის მიზნით. „ისინი მეტისმეტად პატარები არიან იმისათვის, რომ გაარკვიონ ცუდი და კარგი” – ყველაზე გავრცელებული თავის მართლებაა ფასეულობების იძულებით თავს მოხვევისას.

განა შესაძლებელია ძალით ან ავტორიტეტით მოვახვიოთ ჯანსაღ ადამიანს ფასეულობები? ჩემი აზრით, არა. შედეგად იმას მივიღებთ, რომ ბავშვები უფრო მეტი გააფთრებით შეეწინააღმდეგებიან ასეთ დიქტატს და უფრო მტკიცედ დაიცავენ საკუთარ შეხედულებებსა და ფასეულობებს. ძალაუფლებით და ავტორიტეტით შესაძლებელია სხვათა მოქმედების კონტროლი, მაგრამ შეუძლებელია ვაკონტროლოთ მათი ფიქრები, იდეები, შეხედულებები.

მშობელი, როგორც მრჩეველი

კარგისა და ცუდის გარჩევის სწავლების მიზნით, საკუთარი ქცევით ფასეულობათა დემონსტრირების გარდა, მშობელს კიდევ ერთი მეთოდი შეუძლია გამოიყენოს. მას შეუძლია შვილს საკუთარი იდეები, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სწორედ ისე, როგორც ამას კონსულტანტი აკეთებს, როცა კლიენტი რჩევისათვის მიმართავს. ამ მეთოდს თავისი ხიბლი აქვს – გამოცდილი კონსულტანტი ცდილობს აზრის გაზიარებას და არა დამოძღვრას, შეთავაზებას და არა აზრის თავს მოხვევას, კარნახს და არა მოთხოვნას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კონსულტანტი გვიზიარებს, გვთავაზობს და გვკარნახობს მხოლოდ ერთხელ. ეფექტური კონსულტანტი კლიენტებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს, მაგრამ ის თავს არ აბეზრებს ყოველდღიურად, არ არცხვენს ვინმეს იმის გამო, რომ მისი აზრი არ გაითვალისწინა, არ ცდილობს საკუთარი აზრის დაჟინებით მტკიცებას, თუკი კლიენტი ეწინააღმდეგება. გამოცდილი კონსულტანტი საკუთარ იდეებს სთავაზობს კლიენტს, ხოლო შემდეგ პასუხისმგებლობას უტოვებს გადაწყვიტოს, მიიღოს, თუ უკუაგდოს რჩევა. კონსულტანტი რომ ისე მოიქცეს, როგორც მშობლების უმრავლესობა იქცევა, კლიენტი განუცხადებს, რომ აღარ სჭირდება მისი მომსახურება.

მოზარდები იმიტომ ამბობენ უარს ”მშობლების მომსახურებაზე”, რომ ამ უკანასკნელს იშვიათად შეუძლია კარგი კონსულტანტობა. მშობლები შვილებს უმეტესწილად ჭკუას ასწავლიან, არწმუნებენ, დაყოლიებას ცდილობენ, ემუქრებიან, აფრთხილებენ, სთხოვენ, მოძღვრავენ, არცხვენენ და ამას მხოლოდ იმ მიზნით აკეთებენ, რომ აიძულონ ის გააკეთებინონ, რასაც თვითონ მიიჩნევენ მართებულად. მშობლები ყოველდღიურად მიმართავენ საკუთარ შვილებს დარიგებისა და ჭკუის სწავლების შემცველი შეტყობინებებით. ისინი შვილებს არ აძლევენ ჩაგონების გაზიარებაზე ან უარყოფაზე პასუხისმგებლობის აღების საშუალებას; ისინი სრულად კისრულობენ შვილებისთვის ჭკუის სწავლების პასუხისმგებლობას. როცა მშობელი კონსულტანტის როლს ირჩევს, მისი მიდგომა იცვლება: მან იცის, რომ ”კლიენტი უნდა დაიყოლიოს”, მაგრამ თუკი კლიენტი უარყოფს რჩევას, კონსულტანტი თავს დამარცხებულად გრძნობს.

მშობელი დამნაშავეა საკუთარი ”საქონლის” თავისმოხვევაში. გასაკვირი აღარ არის, რომ ოჯახების უმრავლესობაში ბავშვების სასოწარკვეთილი შეტყობინებები გაისმის მშობლების მისამართით: ”თავი დამანებეთ”, ”მოეშვით ჭკუის სწავლებას”, ”ნუ მბურღავთ”, ”ისედაც ვიცი, რას ფიქრობთ. აღარ მჭირდება წამდაუწუმ გამეორება”, ”ნუ შემაწუხეთ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით”, ”მორჩით”, ”მივდივარ, ნახვამდის”.

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ შეუძლია საკუთარი შვილის კარგი კონსულტანტი იყოს – გაუზიაროს საკუთარი იდეები, გამოცდილება, სიბრძნე, თუკი იმ გამოცდილი კონსულტანტივით მოიქცევა, რომელსაც კლიენტი დახმარებისთვის მიმართავს და ”არ დაითხოვს”.

თუ ფიქრობთ, რომ სასარგებლო ინფორმაცია გაქვთ ჯანმრთელობისთვის მოწევის ზიანის შესახებ, გაუზიარეთ შვილს. თუ თვლით, რომ რელიგიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში, ესაუბრეთ ამის შესახებ შვილებს. თუ ნარკოტიკების გავლენის შესახებ საინტერესო სტატიას წააწყდით, შესთავაზეთ მისი წაკითხვა შვილებს, ან თავად წაიკითხეთ ყველასთვის ხმამაღლა. თუ მონაცემები გაქვთ უმაღლესი განათლების სარგებლიანობის შესახებ გაუზიარეთ შვილებს. თუ ბავშვობაში ისწავლეთ, როგორ გადაგექციათ საშინაო დავალების შესრულება დამღლელი პროცედურიდან სახალისო პროცედურად, შესთავაზეთ შვილებს საკუთარი მეთოდი. თუ საკუთარი თავი ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობების სფეროში ექსპერტად მიგაჩნიათ, გაუზიარეთ შვილებს ცოდნა. მხოლოდ ამ ყველაფრისთვის შესაბამისი დრო შეარჩიეთ!

ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია კონსულტანტობის პირად გამოცდილებას ემყარება. მივხვდი, რომ კლიენტებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი მძლავრი იარაღი აქტიური მოსმენაა. როდესაც ახალ იდეებს ვთავაზობდი, კლიენტები თავდაპირველად მეწინააღმდეგებოდნენ და თავის დაცვას ცდილობდნენ. ნაწილობრივ, ალბათ, იმიტომ, რომ ეს იდეები, როგორც წესი, ეწინააღმდეგებოდა მათ შეხედულებებს ან ქცევის სტანდარტებს. როგორც წესი, მათი გრძნობების აქტიური მოსმენის შემდეგ წინააღმდეგობა სუსტდებოდა და საბოლოოდ კლიენტი იზიარებდა ჩემს ახალ იდეებს. თუკი მშობელს სურს შვილებს საკუთარი შეხედულებები და ღირებულებები ასწავლოს, მზად უნდა იყოს წინააღმდეგობისთვის და არ უნდა შეშინდეს. წინააღმდეგობისას აუცილებლად გაიხსენეთ აქტიური მოსმენა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

ცხადია, შეგიძლიათ შვილებს საკუთარი ფასეულობები ასწავლოთ, მაგრამ ღვთის გულისათვის, ნუ მოახვევთ თავს! ფასეულობებზე ღიად ისაუბრეთ, მაგრამ ნუ ეცდებით მათ იძულებას. გაუზიარეთ, მაგრამ თავს ნუ მოახვევთ. დაბეჯითებით შესთავაზეთ, მაგრამ ნუ ეცდებით ჩააგონოთ ნებისმიერი ხერხით. ამის შემდეგ თავი დაანებეთ და საშუალება მიეცით ”კლიენტს” აწყობს თუ არა შეთავაზება. არ დაივიწყოთ აქტიური მოსმენა! თუკი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შვილები არაერთხელ მოგმართავენ სამსახურისთვის. ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ სასარგებლო კონსულტანტი ხართ და აღარ მოუნდებათ თქვენი სამსახურიდან ”დათხოვნა”.

„მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია”

მკითხველს, ალბათ, ახსოვს სოლომონ ბრძენის სიტყვები,

„ღმერთო, მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია,

მომეცი სიმშვიდე შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და

მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან”.

„სიმშვიდე შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია”, უშუალოდ ეხება იმას, რაზეც ახლა მსურს საუბარი. ბავშვის მრავალი ქცევა არსებობს, რომლის შეცვლაც მშობელს არ ძალუძს. ერთადერთი ალტერნატივაა ამ ფაქტის მიღება.

მრავალი მშობელი ეწინააღმდეგება ჩვენს რჩევას იმის შესახებ, რომ შვილისთვის უბრალოდ კონსულტანტი იყოს:

„ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ჩემმა შვილმა არ მოწიოს სიგარეტი”.

„მთელი ჩემი ავტორიტეტი უნდა გამოვიყენო და შვილი ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობისაგან დავიცვა”.

„არ მსურს მხოლოდ კონსულტანტი ვიყო, როცა საქმე ნარკოტიკების გამოყენებას ეხება. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემი შვილი არ ეწევა”.

„მშვიდად ვერ ვიქნები, როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი საშინაო დავალებას არ ასრულებს”.

მრავალი მშობელი იმდენად მტკივნეულად განიცდის შვილის გარკვეულ ქცევას, რომ უარს ვერ ამბობს შვილზე ზემოქმედების მცდელობაზე. მიუხედავად ამისა, უფრო ობიექტური თვალსაზრისი, როგორც წესი, არწმუნებთ ხოლმე არ აქვთ უფრო მისაღები ალტერნატივა, ვიდრე თავის დანებებაა – იმის მიღება, რისი შეცვლაც არ ძალუძთ.

განვიხილოთ სიგარეტის მოწევა. დავუშვათ მშობელმა ყველა რესურსი ამოწურა (უამბო იმ ზიანის შესახებ, რაც ამ მავნე ჩვევამ მოუტანა თავად მას, მოუძებნა სტატისტიკური მონაცემები, სტატიები). დავუშვათ, შვილი აგრძელებს სიგარეტის მოწევას. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? თუ სახლში მოწევას აუკრძალავს, შვილი სახლის გარეთ მოსწევს (ან სახლშიც, როცა მარტო იქნება). ცხადია, მშობელი ყველგან ვერ გაჰყვება და ვერც სახლში დაუჯდება გვერდით. სიგარეტის მოწევისასაც რომ წაასწროს, რას გააკეთებს? თუკი „ხერხვას” დაუწყებენ, ის როგორმე აიტანს ამ ‘წამებას” და შემდეგ ისევ მოსწევს. თეორიულად, შესაძლოა სახლიდან გაგდებით დაემუქროს, მაგრამ არც ერთ მშობელს არ მოუნდება ამგვარი რადიკალური მეთოდის გამოყენება. სწორედ ამიტომ მშობელს ფაქტობრივად არ რჩება ხელმისაწვდომი ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს გამოუტყდეს – ვერ აიძულა შვილი უარი ეთქვა მოწევაზე. ერთ–ერთმა მშობელმა ძალზე მკაფიოდ ჩამოაყალიბა დილემა: „ერთადერთი საშუალება, რომლის დახმარებით შემიძლია ვაიძულო ქალიშვილი უარი თქვას მოწევაზე ის გახლავთ, რომ საწოლის ფეხზე მივაბა”.

დამატებითი მაგალითის სახით შეგვიძლია განვიხილოთ საშინაო დავალების შესრულება, რომელიც მრავალ ოჯახში კონფლიქტის წყაროა. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუკი შვილს არ სურს დავალების შესრულება? თუ აიძულებენ ოთახში განმარტოებას, შეიძლება რადიო, ტელევიზორი, კომპიუტერი ჩართოს, ან ნებისმიერი სხვა რამ აკეთოს. საქმე იმაშია, რომ შეუძლებელია აიძულო ადამიანი ისწავლოს. ნათქვამი „შეიძლება ცხენი წყალთან მიიყვანო, მაგრამ დალევას ვერ აიძულებ” ბავშვის მიერ საშინაო დავალების შესრულებასაც ეხება.

რა შეიძლება ითქვას ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობებზე? აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. მშობელი ვერ შეძლებს შვილის გამუდმებით თვალთვალს და კონტროლს. ერთ–ერთმა მამამ აღიარა: „შვილის ქორწინებამდე ურთიერთობებისაგან დაცვის ნებისმიერი მცდელობა უაზრობაა. ყველგან ფეხდაფეხ ხომ ვერ გავყვები”.

გრძელია იმ ქცევების სია, რომლის შეცვლაც მშობელს არ შეუძლია: კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელი, თანატოლებთან უსიამოვნებები, ნარკოტიკები და ა.შ. მშობელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ შვილისთვის მაგალითი იყოს, ეფექტური კონსულტანტი გახდეს და შვილთან „თერაპიული” ურთიერთობები დაამყაროს. სხვა რა შეუძლია? უნდა აღიაროს ფაქტი, რომ საბოლოო ანგარიშით მას არ შესწევს შვილის ამა თუ იმ ქცევის თავიდან აცილება, თუკი შვილი მიდრეკილია ამ ქცევისადმი.

შესაძლოა ეს არის ის ფასი, რასაც მშობლობისთვის ვიხდით. შეგიძლიათ ძალ–ღონე არ დაიშუროთ, უკეთესის იმედი გქონდეთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მუდამ არსებობს რისკი, რომ თქვენი ძალისხმევა არასაკმარისი აღმოჩნდება. მაშინ, ალბათ, თხოვნაღა დაგრჩებათ: „მომეცი სიმშვიდე შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია”.

თარგმნა ნინო ჭიაბრიშვილმა




ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საჯარო განათლების სისტემას ანადგურებს

0
რიჩარდ ვოლფი – ეკონომიკის ამერიკელი პროფესორი; ცნობილია მემარცხენეობით. წარსულში – იელის, მასაჩუსეტსის, ამჰერსტის, სორბონისა და ნიუ-იორკის საქალაქო (CUNY) უნივერსიტეტების პროფესორი; ამჟამად მოწვეული პროფესორის რანგში ასწავლის ნიუ-იორკის ნიუ სქულის უნივერსიტეტში (New School University).
კაპიტალისტური კრიზისები, განსაკუთრებით კი მწვავე კრიზისები, წარმოადგენენ ამ სისტემის სოციალურ საფასურს. ვინაიდან კონსერვატიული ეკონომიკური მეცნიერება იშვიათად აანალიზებს ასეთ შემთხვევებს, ვცადოთ შეფასება, რა გავლენას ახდენს მიმდინარე კაპიტალისტური კრიზისი აშშ-ის საჯარო განათლების სისტემაზე. სამწუხაროა, მაგრამ დეგრადირებადი საჯარო სკოლები ქვეყნის სხეულზე მრავალწლიან მოუშუშებელ იარებს ტოვებენ – სკოლებში „მიღებული” უხარისხო განათლების გამო კურსდამთავრებულებს აკლიათ ცხოვრებისა და შრომისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები და, რაც მთავარია, ქვეყანა იღებს მომავალი თაობის სპეციალისტებს, მუშებს, მოქალაქეებს, კოლეგებს, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან მომზადებულნი შრომისა და ცხოვრებისთვის, ვიდრე წინა თაობები. შეიძლება ითქვას, რომ სასწორზე ერის მომავალი განვითარების პერსპექტივა დევს.

აშშ-ის დასავლეთ კიდეზე, კალიფორნიაში, მისი რესპუბლიკელი გუბერნატორი (არნოლდ შვარცნეგერი – ლ.ა.) მილიარდობით დოლარით ამცირებს საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტს, რათა რაიმე მოუხერხოს შტატის 12%-იან უმუშევრობას… 2009 წლის ნოემბერში კალიფორნიის შტატის რეგენტთა საბჭომ ხმა მისცა კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშშ-ის უდიდესი სახელმწიფო უნივერსიტეტი – მთარგმ.) სწავლის საფასურის გაზრდას. გაიზარდა სამაგისტრო და პროფესიული სკოლების გადასახადებიც. ამ გადაწყვეტილებებმა ათიათასობით სტუდენტს წაართვა საჯარო განათლების უმაღლეს სკოლებში სწავლის გაგრძელების შანსი.

გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო სტუდენტების ნაწილმაც მიატოვა სწავლა, რაც ასევე გაზრდილი ან არსებული გადასახადის ბრალია. შტატის სათემო კოლეჯებშიც კი სწავლის საფასურმა 30%-ით მოიმატა. ნაცვლად იმისა, რომ შტატის ბიუჯეტის შესავსებად ყველაზე მდიდარი კალიფორნიელებისთვის მიემართათ, რომლებსაც ყველაზე ადვილად შეუძლიათ გაუკლავდნენ მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს, შტატის კანონმდებლებმა საჯარო განათლების სისტემის განძარცვა არჩიეს.

ამ მდგომარეობის ახსნა შეუძლებელია აშშ-ის პოლიტიკის ძირეული პრობლემების გაუთვალისწინებლად. პოლიტიკოსები დამოკიდებულნი არიან კორპორაციებზე და, უბრალოდ, მდიდრებზე, მათთან კონტაქტებზე, არჩევნების დროს. ნებისმიერი ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული საარჩევნო კამპანიის წარმატება მეტწილად ძვირ სარეკლამო და საეთერო მომსახურებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკურ კანდიდატთა კამპანიები ძირითადად აგებულია ისეთი „უბრალო” და „ხალხისთვის მისაღები” იდეების გაჟღერებაზე, რომლებიც „გადასახადების გაზრდის”, „სახელმწიფოს კერძო საქმეებში ჩარევის” სიავეზე მიუთითებს. ეს იდეები სკრუპულოზურად არის დამუშავებული ანალიტიკურ ორგანიზაციებში (ე.წ. think tank-ებში), ფონდებში, საუნივერსიტეტო ინსტიტუტებში, რომლებიც, თავის მხრივ, კორპორაციებისა და მდიდრების მიერ ფინანსდება.

პოლიტიკოსებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერაზე, ნაკლებად ადარდებთ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა კორპორაციების ან მდიდრების ზედმეტად დაბეგვრის ხარჯზე. პირიქით, ამ პოლიტიკოსებს ურჩევნიათ, ის სახელმწიფო სერვისები გააუქმონ ან შეამცირონ, რომელთა არსებობაც მათ კორპორატიულ „პატრონებს” გულზე არ ეხატებათ. ვინაიდან მდიდრების შვილები ძირითადად კერძო, პრესტიჟულ ან „ელიტურ” საჯარო სკოლებში დადიან, პოლიტიკოსები საბოლოოდ იმ საბიუჯეტო შეკვეცებს უჭერენ მხარს, რომლებიც ეხება საჯარო საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც, თავის მხრივ, ნაკლებად შეძლებული ამერიკელების შვილებს ემსახურება. აშშ-ის კორპორაციები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ პოულობენ, შესაბამისად, კორპორაციებს უკვე ნაკლებად სჭირდებათ მაღალი კვალიფიკაციის ამერიკელი მოსამსახურეები, რომლებსაც გასამრჯელო „ამერიკული ნიხრით” უნდა გადაუხადონ.

აშშ-ის მეორე კიდეზე, ატლანტიკურ აღმოსავლეთში, მჭიდროდ დასახლებულ ნიუიორკულ ლონგ-აილენდზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც პირველი და მეორე საფეხურის საჯარო სკოლებს შეეხო, დოკუმენტურად დაადასტურა, რომ ეკონომიკური უთანასწორობა ღრმად არის აღბეჭდილი ამერიკულ საჯარო განათლების სისტემაში. კერძოდ, ასეთი სკოლების დაფინანსება პირდაპირ არის დამოკიდებული მიწის ადგილობრივ გადასახადზე და სახელმწიფოს (შტატის) მიერ გამოყოფილ დახმარებაზე: მდიდარ უბნებში განლაგებულ სკოლებს შეუძლიათ, გაცილებით უკეთესი განათლება მისცენ ბავშვებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ემი ს. უელსი წერს: „ღარიბ სკოლებში მთავარი ამოცანაა შტატის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებთან მიახლოება; უფრო წარმატებულ სკოლებში მასწავლებლების აკადემიური ხარისხი გაცილებით მაღალია – ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მდიდარ უბნებში მასწავლებლის ადგილზე ასობით განცხადება იყო შესული, მაშინ როდესაც ღარიბი უბნების სკოლები ერთ კანდიდატსაც კი ვერ პოულობენ მასწავლებლის ვაკანტური ადგილის შესავსებად”.

ამ კვლევის ძირითად დასკვნაში წერია, რომ „ერთ მოსწავლეზე დახარჯული თანხის მიხედვით სხვადასხვა რაიონის სკოლებს შორის წარმოუდგენელი სხვაობაა. შტატის მიერ დადგენილი ხარჯვის ფორმულაც კი, რომლებიც რაიონების სკოლებს შორის არსებული უთანაბრობის გასაწონასწორებლად არის შექმნილი, ვერაფრს ხდება ამ მასშტაბურ უთანაბრობასთან”.

ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ნიუ-იორკის შტატის საჯარო სკოლებში არსებულ უთანასწორობას. საშუალო და მცირე შემოსავლების მქონე რაიონებში მაღალია უმუშევრობის ან ვალების გამო სახლებიდან გამოსახლების მაჩვენებელი. ეს, თავის მხრივ, იწვევს ამ უბნებში მიწისა და სახლების ფასის მკვეთრ ვარდნას, ოჯახის შემოსავლების შემცირებას. ასეთ გაღარიბებულ რაიონებში საზოგადოების წნეხი ადგილობრივ კანონმდებლებზე, მიწის გადასახადების შემცირებაზე, ბუნებრივია, უფრო მაღალია. შესაბამისად, მცირდება სკოლების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული რაიონში მიწის გადასახადის აკრეფაზე. უთანასწორობა საჯარო განათლების სისტემის შიგნით, სამწუხაროდ, ხელს უწყობს უთანასწორობას კვალიფიკაციაში, დასაქმებასა და შემოსავლებში, რომელიც უკვე ახალ თაობას შეეხება.

ნიუ-იორკის მთავარობა არათუ ხელს არ უწყობს, გათანაბრებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ სირთულის მოგვარებას, არამედ საპირისპიროდ იქცევა – დემოკრატმა გუბერნატორმა პატერსონმა მიმდინარე დეკემბერს (საუბარია 2009 წელზე – ლ.ა.) 750 მილიონი აშშ დოლარით შეუკვეცა ასიგნება სკოლებს და დასძინა, რომ 2010 წლის ბიუჯეტში სასკოლო საჯარო თანხების კიდევ 700 მილიონით შეკვეცა იგეგმება. გარდა ამისა, შტატის მთავრობა აპირებს მსუბუქ სასმელებზე (რომლებიც სკოლებში იყიდება) 18%-იანი გადასახადის დაწესებას (მიზეზი: „სიმსუქნესთან საბრძოლველად”), სავაჭრო გადასახადის აღდგენას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც 100 დოლარზე ნაკლები ღირს და გადასახადების დაწესებას საკაბელო და სატელიტურ რადიოზე (აშშ-ში დღგ-ს ნაცვლად არის ე.წ. „სავაჭრო გადასახადი”, ადგილობრივი გადასახადი, რომლესაც შტატი ადგენს და რომელიც საქონლის ფასის პროცენტს შეადგენს. მას მყიდველი იხდის საქონლის შეძენისას, – ლ.ა.). სასკოლო თანხების ასეთი შეკვეცა და ახალი გადასახადების შემოღება პირდაპირ აისახება მიწის გადასახადების გადამხდელთა ჯიბეზე, რომლებიც, თავის მხრივ, მიწასა და ქონებაზე გადასახადების შემცირებას მოითხოვენ პოლიტიკოსებისგან. პოლიტიკოსები კი, თავის მხრივ, იძულებულნი არიან, არჩევნების წინ დასწიონ მიწის გადასახადი, რათა ამომრჩეველთა ლოიალობა დაიმსახურონ. მიწის გადასახადებიდან მობილიზებული თანხების შემცირება კი სკოლებისთვის ასიგნების შემცირებას იწვევს. 

სამწუხაროდ, ორივემ, ბუშისა და ობამას ადმინისტრაციებმა, დაუშვეს შესაძლებლობა, რომ შტატებისა და ადგილობრივ მმართველობათა მიერ საჯარო სკოლების დაფინანსება და მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირებულიყო. განათლების შესაძლებლობები მცირდება, ხოლო ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, რომელიც თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის – იზღუდება. ატლანტიდან წყნარი ოკეანის ნაპირებამდე მოსწავლეთა უმრავლესობისთვის (მდიდართა შვილების გარდა) უარესდება სამუშაოს შოვნის, ადეკვატური შემოსავლის მიღებისა და ნორმალური ცხოვრების აწყობის პერსპექტივა. საჯარო განათლებასთან მიმართებით აშშ-ის მთავრობის პროგრამას ირონულად შეიძლება დავარქვათ „არც ერთი ბანკირი არ დაგვავიწყდეს” (პროფესორი ვოლფი გულისხმობს ჯორჯ ბუში-უმცროსის დროს მიღებულ სახელმწიფო პროგრამას და ამერიკულ კანონს „No Child Left Behind” – „არც ერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე”, – ლ.ა.).

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის საჯარო განათლების კოლაფსთან მიახლოებული მდგომარეობა არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე დღევანდელი, უკვე კოლაფსურ მდოგომარეობაში მყოფი საკრედიტო ბაზარი. 

პრეზიდენტი, რომელიც საპრეზიდენტო ოფისში „იმედის” კამპანიით მივიდა (იგულისხმება პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო სლოგანები – „ცვლილება” და „იმედი გვაქვს”, – ლ.ა.), დღეს თავის პრეზიდენტობას, ბავშვებისთვის ამ იმედის აორთქლების ფონზე აგრძელებს.
ავტორი: რიჩარდ ვოლფი
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ
გამოყენებული რესურსი:
ECONOMIC CRISIS SAVAGES PUBLIC EDUCATION. from MRzine, 12/18/2009
by Rick Wolff. https://brechtforum.org/economic-crisis-savages-public-education

პედაგოგიური იდეალი და მისი კონკრეტულ-ისტორიული განხორციელება

0

საზოგადოების მომავალი განათლებული, კარგად განვითარებული უნარ-ჩვევების მქონე
თაობის აღზრდაშია,
მაგრამ როგორი უნდა
იყოს პედაგოგი, რომელიც ამ
შეძლებს და რა უნდა იყოს მისი ძირითადი ორიენტირი?

ადამიანი, რომელმაც ჩვენი აღზრდის ფორმირება
უნდა
ითავოს, არ არის ისეთი, როგორიც
ბუნებამ შექმნა
იგი ისეთია, როგორიც საზოგადოებას სურს იყოს. საზოგადოებას კი ის ისეთი წარმოუდგენია, როგორსაც მისი ღირებულებები მოითხოვს. ღირებულებები დროთა განმავლობაში იცვლება; ამის კვალობაზე,იცვლება აღზრდის სისტემები და მისი მოთხოვნებიდა, შესაბამისად, წარმოდგენებიც ამ საქმის წამმართველთა შესახებ (მაგალითად, ძველიდროის ადამიანებ, როგორც ჩვენც, მიაჩნდათ, რომ შეძლებდნენ შვილების
ჭეშმარიტ
ადამიანური სულისკვეთებით აღზრდას, მაგრამ ამ ცნების მათებური გაგება არ ემთხვევა ჩვენსას, რადგან
საზოგადოების ორგანიზაციაში
მომხდარმა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა ადამიანსაც შეცვლა წარმოდგენა საკუთარ თავზე).

როგორი იყო პედაგოგიური იდეალები და რა გზით
ხდებოდა მათი კონკრეტულ-ისტორიული განხორციელება? რ
ით გამოიხატებოდა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები და, მათი
გათვალისწინებით
, რას უნდა ველოდეთ მომავალში? ამ კუთხით წარსულში
მიმდინარე პროცესებს თუ გავადევნებთ თვალს, მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი ორიენტირი
იქნება სამომავლოდ.

საკთხის შესწავლას
უძველეს
ეპოქაში, ადამიანთა თანაცხოვრების პირველი ორგანიზაციული ფორმების ჩამოყალიბების პერიოდში გადავყავართ. ამ დროს პირველყოფილ საზოგადოებაში, შრომის ანაწილების გაძლიერებისდა ემპირიული ცოდნის გაფართოების კვალობაზე, გართულდა სწავლების
შინაარსი და ბავშვის აღზრდა, რამაც აღზრდის სისტემური ფორმების ჩამოყალიბება
გამოიწვია. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს ადამიანს უმთავრესად თავად ცხოვრება ზრდიდა, რადგან უფროსების გამოცდილება არც ისე დიდი იყო, სწავლა-აღზრდა კი თვითგადარჩენისთვის ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა და
მოითხოვდა ცხოვრებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების
უწყვეტ ათვისებას. ამიტომაც იყო, ამ ეტაპის საზოგადოების განვითარების ინიციატივა
კულტურული გამოცდილების გადაცემის პირველ ფორმად რომ გადაიქცა.

საზოგადოების განვითარებისკვალდაკვალ მივიღეთ სწავლა-განათლების,
სწავლა-აღზრდის თეორიული საფუძვლების პირველი ცდებიც. საზოგადოება თანდათან გადავიდა განათლების მეორე ეტაპზე, რომელიც ცალკეული
სოციალური ჯგუფების მიერ კულტურული და მატერიალური გამოცდილების
თვისებას და მათ შესაბამისად ამ ჯგუფების
დიფერენცია
ცია
გულისხმობდა.
ამის მიხედვით გაჩნდა პედაგოგიური ამოცანები, სწავლის მიზნებისდა სწავლის ფორმირების, ორგანიზების მოთხოვნილება, მალე კი ძველი აღმოსავლეთის საზოგადოებაში მომხდარმა ცვლილებებმა
პირველი
სკოლებიც” წარმოშვა და
მათ საფუძველზე განათლებული ადამიანის იდეალზე პირველი წარმოდგენებიც შეიქმნა.

სწავლის თეორიისა და პრაქტიკის შემდგომი განვითარება
ანტიკურ ეპოქას და ბერძნულ-რომაულ სამყაროს უკავშირდება
. იმ დროისთვის სწავლა-აღზრდის ორი მოდელი არსებობდა: სპარტული (ორიენტირებული ადამიანის საზოგადოებრივ და
სამხედრო-ფიზიკურ აღზრდაზე) და ათენური(ორიენტირებული ადამიანის ყოველმხრივ და პიროვნულ განვითარებაზე)
.შედეგმაც არ დააყოვნა – ჰომეროსის ილიადასადა ოდისეაშიუკვე გვხვდება ამ
სამყაროს პირველი პედაგოგიური იდეალი – ფიზიკურად, პიროვნულად და გონებრივად განვითარებული
ანუ სრულყოფილი ადამიანის იდეალი. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროის პედაგოგიურ პრაქტიკაში ამგვარი დამოკიდებ
ლება უკვე განიხილებოდა პედაგოგიური იდეალად.

სწავლა-აღზრდას არანაკლებ ყურადღებას აქცევდნენ
ძველი ფილოსოფოსებიც
: ძველ საბერნეთში პედაგოგიური
იდეა განავითარა დემოკრიტემ,
რომელსაც ეკუთვნის მოსაზრება აღზრდის მეთოდების
ბავშვის ბუნებასთან შესაბამისობის აუცილებლობის შესახებ
. დიდი ბერძენი ფილოსოფოსები, სოკრატე, პლატონი და არისტოტელე, პედაგოგიკის თეორეტიკოსებიც
იყვნენ. სოკრატე სწავლის ევრისტი
ული მეთოდების სათავეებთან იდგა, პლატონმა
კი წინ წამო
წია სახელმწიფო სკოლების შექმნის იდეა და
ფიქრობდა,
რომ
სახელმწიფოს უნდა გაეწია კონტროლი მომავალი თაობის სწავლა-აღზრდ
ისთვის. ეს
იდეა განსაკუთრებით განავითარა არისტოტელემ, რომელმაც მრავალი სიახლე შეიტანა ამ სფეროში
. კერძოდ, მას მიაჩნდა, რომ სწავლება რამდენიმე საფეხურად უნდა
წარმართულიყო.

შუა საუკუენეებში პედაგოგური იდეალი უკვე
შეცვლილი სახით
წარმოჩნდება. მაგალითად, ნეტარი ავგუსტინე მიიჩნევდა, რომ აღზრდის
მიზანი უფალთან შეერთება იყო, აღზრდის იდეალად კი ახალი აღთქმის იდეალები იქცა.
აქცენტმა ადამიანის რელიგიურ-სულიერ განვითარებაზე
გადა
ინაცვლა. იმ დროის
ადამიანის იდეალად იქცა ასკეტი, რომელიც ღმერთში ეძებდა შვებას, თუმცა შუა საუკუნეებში
სწავლის მიზნების მი
საღწევად სხვა ხერხებიც იყო მიღებული, მაგალითად, ძალდატანება
და დასჯა.

ცვლილებები დაეტყო მომდევნო ეპოქებსაც:

* ჰუმანიზმი ქადაგებდა ჰარმონიულად განვითარებულ, თავისუფალ პიროვნებს, რომელიც გარდაქმნიდა საზოგადოებას (ერაზმ როტერდამელი ერთიან სახალხო განათლებაზეც
კი ფიქრობდა); აღორძინებამ სამყაროს ცენტრში
საერთოდ ადამიანი
დააყენა; ამიტომ იყო აღორძინების
ეპოქის იდეალი რაინდის – სხვადასხვა უნარ-ჩვევის,
მდიდარი კულტურის, დიდი ზნეობრივი ღირებულებების მქონე ადამიანის აღზრდა.

* ევროპაში XV საუკუნის ბოლოს, აბსოლუტური
მონარქიის
ჩამოყალიბებისას,გაჩნდა აზრი, გადაეხედათ აღზრდის იდეალებისთვის და მალე ყოველმხრივ
განვითარებული, აქტიური ადამიანის იდეალი ლიტერატურულ
სახედ იქცა, თუმცა პედაგოგიური აზრის განვითარება მაინც მიდიოდა ფართოდ განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე
ადამიანის აღზრდისკენ
.

* რეფორმაციის დროს იდეალი ისეთი ადამიანის აღზრდა იყო,
რომელიც თავის თავს საზოგადოების ინტერესებს დაუქვემდებარებდა
.

* განმანათლებლობის ეპოქაში, მსგავსად აღორძინებისა, იდეალი გახდა ყოველმხრივ
განვითარებული, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის მზად
მყოფი პიროვნების აღზრდა (მაგალითად, ჟაკ ჟაკ რუსოს მიაჩნდა,რომ თავისუფალი სწავლა-აღზრდა შეხამებული
უნდა ყოფილიყო მოზარდის ბუნებრივ თვისებებ
სა და უნარ-ჩვევებთან).

ეს პროგრეული იდეები საფრანგეთში
ახალი სკოლის თეორიულ საფუძვლად
იქცა. ასეთი სკოლები გაიხსნა ასევე შვედეთში, აშშ-ში,
გერმანიაში, ავსტრიაში. მათში ბუნებრივ მონაცემებთან ერთად ხაზგასმული იყო ოჯახის,
საზოგადოებრივი და საოჯახო ურთიერთობების ერთდროულად განვითარების აუცილებლობა
, ამიტომ ადამიანის დაბრუნება თავის თავთან, რასაც ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებ
ა აქვს, დომინანტი
გახდა პედაგოგიკაში. აღნიშნული იდეა
ძალზე მნიშვნელოვანაღმოჩნდა, რადგან თანამედროვე საგანმანთლებლო პრინციპებსაც ის უდევს საფუძვლად.

მომდევნო ეპოქაში მანუფაქტურულმა და სამანქანო წარმოებამ ყოველმხრივ განათლებული
პიროვნების იდეა დააყენა
დღის წესრიგში. და რაც უფრო ვითარდებოდა შრომის ანაწილება და ინერგებოდასამანქანო წარმოება, მით უფრო იზრდებოდა მოთხოვნა
ისეთ ადამიანზე, რომელსაც ფიზიკური და გონებრივი მონაცემები მაქსიმალურად ექნებოდა
განვითარებული. შესაბამისად უნდა მომხდარიყო მისი ზნეობრივი და ესთეტი
ური ფორმირებაც.

მაგალითად, იმ დროის
თვალსაჩინო წარმომადგენელ
ს, ინგლისელ მეფაბრიკე რობერტ ოუენ (1771-1858 წ.წ.), მიაჩნდა, რომ სწავლა-აღზრდის პარალელურად უნდა
წარმართულიყო მოზარდის შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებაც.
ოუენმა გადაწყვიტა, ეს დეა პრაქტიკულად
განეხორციელებინა და ლიუ-ლენკარის ფაბრიკასთან
, ისტორიაში
პირველმა
, შექმნა
საბავშო ბაღი, დაწყებითი სკოლა მუშათა
შვილებისთვის და საღამოს სკოლა მოზრდილთათვის. მოგვიანებითახალგაზრდობის აღზრდაში შრომისა და სწავლების გაერთიანების იდეამ მეცნიერული დასაბუთება პოვა.

დღეს, როცა საოცრადსწრაფად იცვლება ტექნიკური
განვითარების ტემპი, ჩნ
ება ახალი და ქრება ძველი პროფესიები, სრულყოფისკენ სწრაფვა უფრო და უფრო თვალსაჩინო
ხდება. და
ვინაიდან იცვლება დროის მოთხოვნები,
იცვლება მოთხოვნები ინდივიდის მიმართაც – თუ შუა საკუნეებში
ადამიანის იდეალი იყო მეომარი,
მამაცი, სამშობლოს მცველი რაინდი და სწა
ვლა-აღზრდაც უფრო “გასამხედროებულ” ხასიათს
ატარებდა,
მერე კი იდეალი გახდა მაღალგანვითარებული სპეციალისტი და მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი მუშაკი, ამჟამად უფრო აქტიური გახდა სახლმწიფო მოღვაწის ტიპი. მაგრამ მთავარი ის არის,
რომ პიროვნული განვითარების მოთხოვნილება ასეთი მაღალი ხარისხის
, როგორც დღესაა, არასოდეს
ყოფილა. ამას იმის აღიარებამდე
მივყავართ, რომ დღეპიროვნების ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარება
არის არა ობიექტური მოთხოვნილება, არამედ მიზანი, თანამედროვე აღზრდის სისტემის იდეალი.

იდეალის მოთხოვნა სასწავლ-აღმზრდელობით გეგმებზეც აისახება – ხდება იდეალის კონკრეტიზაცია, „გაშლასასწავლო გეგმებში
თეორიული
ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის ფორმითდა მოთხოვნით, ეს კი, თავის მხრივ, იწვევს სწავლების შინაარსის და სათანადო მეთოდების შემუშავებას.

თუ თვალს გადავავლებთ რეალობას,
მიმდინარე სასწავლო პროგრამებს, თანამედროვე
მსოფლიოში არსებული სწავლა-აღზრდის ყველა სისტემა პიროვნული განვითარების ორ ძირითად
პედაგოგიურ იდეალას გვთავაზობს:

* პირველი მაღალი, ფართოდ რეკლამირებული, წარმატებული,
თითქმის ადამიანისთვის მიუღწეველი იდეალია, რომლის დანიშნულებაა
, იყოს ორიენტირი,
ფლაგმანი, შუქურა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა მიემსგავსოს აღსაზრდელი;

* მეორეა განხოციელებადი, შესაბამისად,ნაკლებად რეკლამირებული, ნაკლებად პროპაგანდიზებული
იდეალი. ეს
არის რეალური იდეალი – თავისი დროის გმირი, რომელსაც ყველა
შეხარის,
ვისიც ყველას შურს, რომლის
ადგილზეც ყველა ისურვებდა ყოფნას, რომლის ბედსაც ბევრი ინატრებდა თავისი შვილისთვის.

და ვინაიდან აღზრდის მიზანი ადამიანთა საზოგადოების მთელი
ისტორიის
განმავლობაში არსებული წარმოდგენების,
იდეალის შეაბამისი იყო, დღესაც პედაგოგიურ
პროცესს საფუძვლად უდევს ის იდეალები, რომლებიც კონკრეტული სახლემწიფოს მოქლაქეებმა შექმნეს და ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებების შემცველია. მაგრამ
, როგორც წარსულში, ისევე ახლაც, ჩვენი პედაგოგიური იდეალი უმცირეს შტრიხებამდე საზოგადოების
პროდუქტია
ის
გვისახავს
, როგორი უნდა იყოს იდეალური პიროვნება და
ამ
იდეალში აისახებას მისი ორგანიზაციის ყველა თავისებურებ

წარსულის გამოცდილებას
და
ამჟამად არსებულ ვითარებას ერთ დასკვნამდე მივყავართ:კონკრეტული ისტორიული პირობები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავპედაგოგიური იდეალის განხორციელების შესაძლებლობებს
და თუ საზოგადოება იზრუნებს თავის სრულყოფაზე, პედაგოგიური იდეალებიც გაცილებით განხორციელებადი
იქნება.

თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიური ბუნება უზნაძის მიხედვით

0
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიური ბუნება და ფუნქცია. მეცნიერის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა მოძრაობა, აქტიურობა. დიმიტრი უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი მხოლოდ იმ ძალებით კი არ არის აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც განვითარების მომდევნო ეტაპებზე იქნება მნიშვნელოვანი. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა.
თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც შემდგომ სერიოზული საქმიანობის განხორციელებას ედება საფუძვლად. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სასკოლო ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს, მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრების ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არავითარი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ მოზარდი ზოგჯერ მარტოც აამოქმედებს საკუთარ მოტორულ აპარატს. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს, უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.
ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარებას, გაუმჯობესებასა და დახვეწას ემსახურება და იგი შეჯიბრების პირობებში ხორციელდება, რაც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად მოზარდი „ფიზიკური თამაშის” გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ წესებსა და ნორმებს, რაც მას პიროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარება.
დიმიტრი უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სასკოლო გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. ის მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას კი არ გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც, ამიტომ სწავლის პროცესში მოსწავლე მხოლოდ კონკრეტულ ცოდნას კი არ იღებს ან ჩვევას კი არ ეუფლება, არამედ ივითარებს იმ უნარებსა და შესაძლებლობებსაც („ძალებს”), რომლებიც სწავლაში მონაწილეობს. უფრო მეტიც – უზნაძის აზრით, სწავლისას ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და ამ მხრივ სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.
სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად მასწავლებელსაც, სწავლის პროცესში მის მონაწილეობასაც გულისხმობს. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ – სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწვდის მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ კი – მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისთვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა”. „ახსნა” კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.
ამრიგად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის „ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული განსაზღვრული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის მისაწვდომი ხდება. ესა თუ ის ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.
ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის არსი ახსნა და ამ გზით მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაა.

მათემატიკისა და ფიზიკის ინტეგრაციის კიდევ ერთი მაგალითი: ფიზიკის გამოყენება მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას

0

ცნობილ უნგრელ მათემატიკოსს ჯორჯ პოიას (რომელიც მეცნიერულ კვლევებთან ერთად ბევრ დროს უთმობდა მათემატიკური განათლების საკითხებსაც) ასეთი რამ უთქვამს: „მათემატიკა არის ცხადი რაღაცების დამტკიცება ყველაზე უფრო გაუგებარი ხერხებით”. მაგრამ მასვე ეკუთვნის სიტყვები: „ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკური აღმოჩენა განხორციელდა ფიზიკურ ინტუიციაზე დაყრდნობით” (იგულისხმება არქიმედეს მიერ ინტეგრალური აღრიცხვის აღმოჩენა). შეიძლება ითქვას, რომ მათემატიკისადმი ფიზიკური მიდგომა უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ჯერ კიდევ არქიმედე ითვლიდა სივრცული ფიგურების (ცილინდრის, სფეროს, კონუსის) მოცულობებს წარმოსახვითი სასწორის გამოყენებით, ნიუტონი კი ამ ორ დისციპლინას, მათემატიკას და ფიზიკას, ერთმანეთისგან არ განასხვავებდა. უამრავ ფუნდამენტურ მათემატიკურ აღმოჩენას საფუძვლად დაედო ფიზიკური მოსაზრებები. არსებობს თუ არა საყოველთაო რეცეპტი, რომლითაც შესაძლებელია მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ფიზიკური მოდელის მოფიქრება? ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეთოდის შემთხვევაში, აქაც შეიძლება ითქვას, რომ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს – ზოგიერთი ამოცანისთვის ფიზიკური მოდელის მოფიქრება შესაძლებელია და მისი გამოყენებით ამოცანა მარტივად იხსნება, ხოლო ზოგიერთისთვის ეს არც ისე ადვილია. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანია არა მათემატიკური ამოცანების ამოხსნის კიდევ ერთი ინსტრუმენტის შესაძლებლობათა დემონსტრირება, არამედ სასწავლო დისციპლინებს შორის კავშირის წარმოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობის მიმოხილვა.

ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...