კვირა, აგვისტო 10, 2025
10 აგვისტო, კვირა, 2025

„ფეისბუკი საკონტროლო სამუშაო არ არის, ამიტომ სკოლებში უნდა აიკრძალოს“

0
21-ე საუკუნეს, გადაუჭარბებლად შეიძლება, „ქსელების საუკუნე” ვუწოდოთ. დაქსელვა არც აქამდე აკლდა საავტომობილო, სარკინიგზო და, თუ გნებავთ, საჰაერო მაგისტრალებს, მაგრამ ამჯერად იმ „ობობაზე” გვექნება საუბარი, რომელმაც თანამედროვე ადამიანის ცნობიერში სულ მოკლე ხანში შეძლო მეტად ჩახლართული და გამოუცნობი ქსელების გაბმა. ვგულისხმობთ ინტერნეტში არსებულ უამრავ სოციალურ ქსელს, რომლებზეც აშშ-ის ფლორიდის შტატის სასკოლო სოციოლოგთა და მოსწავლეთა უფლებების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქევინ დროუკი ლაპარაკობს. მას მიაჩნია, რომ სოციალური ქსელებით სარგებლობა ნეგატიურ გავლენას ახდენს სკოლის მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებასა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარზე. „ინტერნეტსაძიებლებით მუდმივი სარგებლობა ქსელის მომხმარებელ მოზარდთა მეხსიერებას აქვეითებს, რადგან ისინი ვეღარ ხედავენ აუცილებლობას, დაიმახსოვრონ ცნობები, რომლებსაც ნებისმიერ წუთს ადვილად მიიღებენ”, – აცხადებს დროუკი. ასოციაციის დირექტორი აცხადებს, რომ სოციალური ქსელი Facebook-ი საზოგადოების, ამ შემთხვევაში კი სკოლის აღსაზრდელთა ცნობიერში ღრმადაა შეჭრილი და ბავშვები ამ ქსელს ლამის უახლოეს მეგობრად აღიქვამენ. Facebook-ის უამრავი ფუნქცია, საძიებელი, ათასნაირი გასართობი და 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი აიძულებს სკოლის მოსწავლეებს, დღის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სოციალურ ქსელში გაატარონ.

ამ და სხვა მიზეზების გამო ფლორიდის შტატის სასკოლო სოციოლოგთა და მოსწავლეთა უფლებების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ქევინ დროუკმა გამოთქვა საკმაოდ თამამი ინიციატივა, ფლორიდის სკოლებში მასწავლებლებს საკუთარ მოსწავლეებთან სოციალურ ქსელებში დამეგობრება და ურთიერთობა აეკრძალოთ. სკოლა Lee County-ს ხელმძღვანელობამ უკვე ოფიციალურად გასცა განკარგულება, რომელიც ავალდებულებს მასწავლებლებს, არავითარ შემთხვევაში არ იურთიერთონ მოსწავლეებთან ისეთი სოციალური ქსელების მეშვეობით, როგორებიცაა Facebook-ი, MySpace-ი და Twitter-ი. 

აღნიშნული ბრძანება აფრთხილებს მასწავლებლებს იმის თაობაზეც, რაც შესაძლოა ამგვარ კომუნიკაციას მოჰყვეს.
„სკოლის თანამშრომლებს, განურჩევლად მიზეზისა, არ აქვთ უფლება, არათუ დაუმეგობრდნენ სკოლის მოსწავლეებს სოციალურ ქსელში, არამედ თუნდაც პერსონალურ ვებგვერდებზე წვდომის უფლება მისცენ”, – ნათქვამია ბრძანებაში.

ხსენებული სკოლა, სავარაუდოდ, პირველია არა მხოლოდ ფლორიდაში, არამედ მთელ ამერიკაში, რომელიც ამგვარ პრეცედენტს უშვებს.

ეს დოკუმენტი შეიქმნა არა დასჯის მიზნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პრევენციისთვის. „არ გვინდა, მასწავლებელმა ან მოსწავლემ ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც შემდგომ სანანებელი გაუხდებათ”, – აცხადებს სკოლა Lee County-ს დირექტორი. მან საკუთარი გადაწყვეტილება შემდეგი მოტივით დაასაბუთა: ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც მავან მოსწავლეს ფეისბუკზე განუთავსებია ინფორმაცია, რომელიც შემდგომ მისთვის სავალალოდ შემოტრიალებულა. ამასთანავე, დირექტორმა დასძინა, რომ ის არ წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ „ინტერნეტპოლიციას” და განაცხადა, რომ მას ერთადერთი რამ სურს: მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ.

„როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთთან სოციალური ქსელის მეშვეობით ამყარებენ ურთიერთობას, უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს, რაც შესაძლოა ორივე მხარისთვის სავალალოდ დასრულდეს”, – აცხადებს ქევინ დროუკი.

გადაწყვეტილების ავტორები ვარაუდობენ, რომ მათ მაგალითს ამერიკის მრავალი სკოლა მიბაძავს და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთობა მომავალში გაცილებით უფრო მოწესრიგებული და უსაფრთხო გახდება.

სოციალური ქსელის უარყოფითი გავლენის მაგალითად პენსილვანიის ერთ-ერთი სკოლიდან დათხოვნილი მასწავლებლის შემთხვევა მოჰყავთ. ამ უკანასკნელმა ფეისბუკზე განათავსა საკუთარი „გოგონათა წვეულების” სურათი, რომელზეც ნახევრად შიშველი იყო გადაღებული. მართალია, სოციალურ ქსელში ეს ფოტო სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში იდო, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, სკოლის რამდენიმე ათეულ მოსწავლე ბიჭს ერთიმეორისთვის გაეზიარებინა და საბოლოო ჯამში მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს კიდეც.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ფეისბუკი პრაქტიკულად უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალობას. ასე რომ, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, საიტზე სხვა სახელით დარეგისტრირდეს, ინტერნეტში სიმპათიური მამაკაცის ფოტო მოიძიოს, საკუთარ მასწავლებელს დაუმეგობრდეს და…” – აცხადებენ ინიციატივის მომხრეები. მათი თქმით, ასეთი შემთხვევა უამრავია, მაგალითად კი კალიფორნიის შტატში მომხდარი ინციდენტი მოჰყავთ. ერთი „მოხერხებული და საზრიანი” მოსწავლე ფეისბუკზე ასაკით სამჯერ უფროსი მამაკაცის ნიკით დარეგისტრირდა, დაუმეგობრდა თავის მასწავლებელს და იმოდენა ფანტაზია გამოამჟღავნა, რომ მასწავლებელი აიძულა, პირად მიმოწერაში თავისი ინტიმური ფოტოები გაეზიარებინა. ამის შემდეგ მოსწავლემ საგნის მომზადებას თავი მიანება და, მიუხედავად უცოდინარობისა, ამ საგანში წლის ბოლომდე უმაღლესი შეფასება ჰქონდა. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა გზით ახერხებდა ჩამორჩენილი მოსწავლე კარგი ნიშნების მიღებას. სიმართლე მაშინ გაირკვა, როდესაც მოსწავლემ მასწავლებელს არა მხოლოდ მაღალი ნიშნების დაწერა, არამედ მისი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც მოსთხოვა.

„პედაგოგებმა უბრალოდ უნდა ამოშალონ მეგობრების სიიდან თავიანთი მოსწავლეები, რათა მსგავსი ინციდენტები სამომავლოდ თავიდან აიცილონ. მოსწავლეებთან სოციალურ ქსელში მეგობრობისთვის მასწავლებლებს არავითარი მიზეზი არ გააჩნიათ, მეტადრე მაშინ, როდესაც არსებობს ურთიერთობის უამრავი სხვა ფორმაც, თუნდაც სასკოლო ვებგვერდი, ან სულაც ელექტრონული ფოსტა”, – აღნიშნავენ წინადადების ინიციატორები.

სოციალური ქსელები უფრო და უფრო ფართოვდება, იხვეწება მათი გამოყენების მეთოდები. სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი მასწავლებელი და არამხოლოდ ისინი რეგულარულად მოიხმარენ ამ ქსელებს. ამა თუ იმ საწარმოსა თუ დაწესებულების ხელმძღვანელები ცდილობენ, სოციალური ქსელების მეშვეობით გარკვეული წარმოდგენა შეიქმნან საკუთარ თანამშრომლებზე. იგივე შეიძლება ითქვას მასწავლებლებზე: ისინი ცდილობენ, სოციალური ქსელის, ამ შემთხვევაში კი ფეისბუკის მეშვეობით ჩასწვდნენ აღსაზრდელთა სულიერ მისწრაფებებს, გააანალიზონ მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის მიმართ, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ ფეისბუქი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელია და არა საკონტროლო სამუშაო, იქ მოზარდს ვერავინ და ვერაფერი აიძულებს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე განათავსოს.

სკოლებში სოციალური ქსელების გამოყენების მოწინააღმდეგეთა არგუმენტის თანახმად, შეუძლებელია, აღმზრდელმა სოციალურ ქსელში პირდაპირ გადაიტანოს ყველაფერი, რაც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს, ეს კი მომავალში მათაც და მათ აღსაზრდელებსაც უმეტესად სავალალო შედეგებამდე მიიყვანს.

მოგზაურობა ევროპაში – ბავშვები და მუზეუმები

0
ახლაღა მივხვდი, რომ სანამ ამბების მოყოლას დავიწყებდი, მცირე შესავალი უნდა წამემძღვარებინა, ანუ ჩემი მოგზაურობის მიზეზებზე მომეთხრო.

მოკლედ, ასე იყო: ცოტა ხნის წინ ფრანკფურტის ქართული ლიტერატურული სალონიდან შემატყობინეს, რომ სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ საღამოზე მიწვევდნენ და რამდენიმე ლექსის თარგმნასაც აპირებდნენ. ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონსა და მის დიასახლისზე, მანანა თანდაშვილზე აუცილებლად უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, ახლა სხვა ამბებზე შევჩერდები. მოკლედ, რაკიღა, ასეთი კარგი შემთხვევის გამოტოვება არ იქნებოდა, მე და ზაზამ დავგეგმეთ, რომ გერმანიაში ჩავიდოდით, ლიტერატურულ შეხვედრას დავესწრებოდით, მერე რაიმე იაფფასიან მანქანას ვიყიდდით და გერმანიიდან საქართველოსკენ მანქანით წამოვიდოდით, გზად რამდენიმე ქვეყანას ვნახავდით, გერმანიასა და საბერძნეთში ჩემს მონატრებულ ოჯახის წევრებს ვესტუმრებოდით. 

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ცოტათი ავანტიურისტულად გამოიყურებოდა, ის მაინც აღსრულდა. ჰოდა, ჩვენი თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაეშვა….

ძალიან ბევრი რამის ნახვა გვინდოდა, ამიტომ ზუსტად გაწერილი განრიგი შევადგინეთ, მეც ვეცდები, მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებზე გიამბოთ.

ამჯერად, მუზეუმებზე შევჩერდები.

1. „აუდის” მუზეუმში

„აუდის” ქარხანაზე წინა პოსტში მოგიყევით. ეს კომპანია ძალიან დიდ როლს ასრულებს პატარა ქალაქის,  ინგოლშტადტის ცხოვრებაში. „აუდის” ავტომობილების მუზეუმი, თავისი ძალიან საინტერესო და კარგად მოფიქრებული ექსპოზიციებით ყოველდღიურად ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანები დიდად არ მაინტერესებს, მუზეუმში მაინც წავედი, რადგან სანაცვლოდ ქმრისგან დაპირება მივიღე, რომ უდრტვინველად გამომყვებოდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 

ექსპოზიცია ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო, კომპანიის ისტორიის ამსახველი ფილმები თითქმის ყველა სტენდზე გადიოდა, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისის მანქანების, ველოსიპედებისა თუ მოტოციკლეტების მოდელები უახლესი ავტომანქანების გვერდით იწონებდნენ თავს.

 პირველი, რამაც მუზეუმში შესვლისას გამაოცა, ბავშვების სიმრავლე იყო. 2–3 კლასელი ბავშვები ყურადღებით ათვალიერებდნენ გამოფენას, ზოგი მშობელთან ერთად იყო, ზოგი -მათ გარეშე, მასწავლებლის თანხლებით.

 გვერდით მდგარ მაგიდებთან რამდენიმე ბავშვი იჯდა და საკლასო დავალებას ასრულებდა. აღმოჩნდა, რომ მეორეკლასელების გაკვეთილზე მოვხვდი. ბავშვებს ავტომანქანებსა და გერმანიის ეკონომიკაზე უამბეს, მერე კი სხვადასხვა მასალისგან სასაცილო  მანქანები დაამზადებინეს, ეს მანქანები დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოფენილი აუდის მუზეუმში.
 
 ახალგაზრდა მამა პატარა შვილთან ერთად ათვალიერებს 1937 წელს გამოშვებული მანქანის  მოტორს და რაღაცას უხსნის, ბიჭუნა ყურადღებით უსმენს.
დედა და სამი ბავშვი მეოცე საუკუნის ბოლოს გამოშვებულ მანქანებს უყურებენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინიან.
ყველა მუზეუმში თუ გამოფენაზე, წიგნის მაღაზიებში – ბავშვები და მშობლები ყველგან ერთად იყვნენ! გამოგიტყდებით და ცოტათი შემშურდა.

რა იქნებოდა, ჩვენც უფრო საინტერესოდ რომ ვგეგმავდეთ შვილებთან ერთად გასეირნებებს, მათთან ერთად ვეძებდეთ და ვპოულობდეთ საინტერესო რამეებს, თბილისში ხომ იმდენი კარგი მუზეუმია.

2.ზენკერბერგის ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ფრანკფურტი

ფრანკფურტში საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად სულ ერთი დღე მქონდა, ამიტომ ჩემს მეგობარს ვთხოვე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები  გვენახა. პირველი, რაც მას გაახსენდა, ბუნებისმეტყველების მუზეუმი იყო, ცნობილი თავისი უძვირფასესი და უიშვიათესი კოლექციებით, სადაც დინოზავრების ჩონჩხები, გადაშენებული ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები, იშვიათი ქვები თუ მეტალები და ბევრი სხვა რამ არის წარმოდგენილი.

რასაკვირველია, აქაც, ისევე, როგორც გერმანიის ყველა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ცენტრში, რამდენიმე ღია გაკვეთილი თუ ექსკურსია მიმდინარეობდა. მოსწავლეების სიმრავლე იყო, მასწავლებელი დაწვრილებით უხსნიდა ბავშვებს ბუნების საოცრებებს და ისინიც, თვალებგაფართოებულები, ათვალიერებდნენ არქეოპტერიქსებს თუ ბიზონებს, უმცირეს მიკროორგანიზმებს თუ იშვიათ მწერებს.
ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი გამახსენდა, გაგიჟდებოდა ეს მუზეუმი რომ ენახა.
 
 
 

        
შემდეგ პოსტში გოეთეს მუზეუმში ჩატარებულ ლიტერატურის გაკვეთილზე მოგიყვებით. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გავაკეთო, მომავალი კვირიდან თბილისის მუზეუმებს დავივლი და იქ ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილებს დავგეგმავ.

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის უნარები -ნაწილი პირველი

0
რას წარმოადგენს თვითმართვადი სწავლა?
თვითმართვადი სწავლა არის კომპლექსური და მრავალმხრივი საქმიანობა, რომლის დროსაც „აქტორს შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება – რა, როდის, რა დროში, როგორ და რისთვის უნდა ისწავლოს” (Weinert. F. E., 1982, Selbsgesteuertes Lernen als Voraussetzung, Methode und Ziel des Unterrichts. Unterruchtswissenschaft).
სხვა განმარტებით, თვითმართვადი სწავლა არის საკმაოდ კომპლექსური პროცესი, როდესაც „შემსწავლელს უნარი შესწევს, სხვისი დახმარებით ან დაუხმარებლად დაადგინოს თავისი სასწავლო მოთხოვნილებები და საჭიროებები, მოახდინოს საკუთარი სასწავლო მიზნების ფორმულირება, შეძლოს სწავლისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება, აირჩიოს და გამოიყენოს სწავლის შესაბამისი სტრატეგიები და ბოლოს შეაფასოს სწავლის შედეგები” (Knowles M. (1980) Self-directed learning. A guide for learners and teachers. 4-th edition. Englewood Cliffs: Prentice Hall).
აქედან გამომდინარე, რა უნარებს უნდა ფლობდეს დამოუკიდებლად შემსწავლელი?
მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება:
·სასწავლო მიზნის შესახებ (რისთვის? რა მიზნით?);
·შინაარსის შესახებ (რა?);
·სასწავლო რესურსების შესახებ;
·დროითი ასპექტების შესახებ (როდის? რა დროში?);
·მეთოდური ასპექტების შესახებ (როგორ?);
·სასწავლო მიზნების მიღწევის შეფასების შესახებ (რას მივაღწიე?);
·შეფასების შედეგების გათვალისწინებით სწავლის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის შესახებ (რა უნდა გავაუმჯობესო?).
რატომ არის მოსწავლეთა თვითმართვადი სწავლის უნარების განვითარება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი?
1. თანამედროვე საზოგადოების საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული და სოციალური ცვალებადობა მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას, ამიტომ სკოლის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს უნარები, რომლებიც დამოუკიდებელ სწავლას უწყობს ხელს.
2. თვითმართვადი სწავლისადმი ასეთი ინტერესი განპირობებულია მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლით.
3. სწავლა ინდივიდუალურად აქტიური პროცესია. სწორედ თვითმართვადი სწავლა ავითარებს ინდივიდუალური სწავლის უნარებს.
4. უნარი, თავად იყო პასუხისმგებელი სწავლის ამა თუ ასპექტზე, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტებისა და ზრდასრულთა განათლების ჩათვლით.
რა არის თვითმართვადი თვითმართვად სწავლაში?
„როცა ვლაპარაკობთ უნარზე, ვისწავლოთ დამოუკიდებლად, საქმე ეხება არა „არაფერს”, ანუ სრულ უუნარობას, მართო და აკონტროლო საკუთარი სწავლა, ან „ყველაფერს”, ანუ უნარს, ყოველივე ეს სხვის დაუხმარებლად აკეთო, არამედ კონტინიუმს, რომელიც ამ ორ ექსტრემს შორის იშლება” (Simons P.R.J., 1992, Lernen, selbstständig zu lernen-ein Rahmenmodell). თვითმართვადი სწავლის დროს სასწავლო პროცესი მიმართული უნდა იყოს როგორც მოსწავლეთა დამოუკიდებელი აქტივობისკენ, ისე სხვათა (მასწავლებელთა, თანატოლთა, მშობელთა) დიდაქტიკური ქმედებისკენაც. ეს ხელს არ უშლის მოსწავლეთა ავტონომიას, თუ ეს მეთოდური თანადგომა სწორად არის წარმართული.
თვითმართვადი სწავლის რეალიზებას მივყავართ მასწავლებლის როლის აშკარა ცვლილებისკენ – ავტორიტარიდან ფასილიტატორისკენ. დასავლეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევა ცხადყოფს, რომ მასწავლებლები, რომლებიც წარმატებას აღწევენ საკუთარი მოსწავლეების თვითრეგულირებად შემსწავლელებად ჩამოყალიბებაში, გამოირჩევიან საგნის ღრმა ცოდნით, მეთოდური კომპეტენციით, დიდი მონდომებით, რუდუნებით, თანმიმდევრულობით, ანალიზისა და შეფასების უნარით და, რაც მთავარია, მოსწავლეებთან თანამშრომლობით.
რა მოთხოვნებს გვიყენებს თვითმართვადი სწავლა?
ეს მოთხოვნები სხვადასხვა ავტორის მიერ უფრო ფართო ან უფრო ვიწრო პროფილებად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ნებისმიერი კლასიფიკაციისას ნათლად ჩანს, რომ თვითმართვადი სწავლა პიროვნების ყველა ასპექტს მოიცავს, ე.ი. იგი პიროვნებას მთლიანობაში განიხილავს.
თვითმართვადი სწავლისთვის აუცილებელი კომპონენტებია:
·კოგნიცია; 
·მეტაკოგნიცია;
·მოტივაცია;
·რესურსების გამოყენება;
·სოციალური ინტერაქცია.
კოგნიცია
სწავლისას ხდება ახალი ინფორმაციის მიღება, რომელიც სოციალური თუ ინდივიდუალური დამუშავების პროცესში ცოდნად ტრანსფორმირდება. ყოველივე ამას სწავლის შემდეგი კოგნიტიური სტრატეგიები უზრუნველყოფს:
·ელაბორაციის სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება, ახალი მასალის დამუშავებისას ღრმად ჩასწვდეს მას, რაც მოითხოვს აქტიურ კავშირს უკვე არსებულ და ახალშეძენილ ცოდნას შორის, აქცენტის დასმას არსებითზე, გაანალიზებას, დასკვნების გამოტანას და ა.შ.;
·შენარჩუნების სტრატეგიები, რომლებიც მაშინ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა, როცა სურთ, ახალშეძენილი ცოდნა რაც შეიძლება ზუსტად ჩაიბეჭდონ მეხსიერებაში. ასეთებია, მაგალითად, გამეორება და ვარჯიში, რომლებიც ხელს უშლის ნასწავლის „გაფერმკრთალებას” და მეხსიერებიდან ამოშლას;
·გამოხმობის სტრატეგიები, რომლებიც გვეხმარება მეხსიერებიდან ნასწავლის მიზნობრივ გამოხმობაში. მაგალითად, საკვანძო სიტყვებით, სქემებითა და სხვა საშუალებებით;
·ორგანიზების სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს რთული, კომპლექსური ინფორმაციის გამარტივებაში, რათა ახლადნასწავლი უკეთ იყოს გაგებული, შენარჩუნებული და საჭიროების შემთხვევაში გამოხმობილი. 
ეს კოგნიტიური სტრატეგიები თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი ასპექტებია.
მეტაკოგნიცია 
მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ, რაც თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მეტაკოგნაცია გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. იგი ადმიანისგან მოითხოვს პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი სირთულის დადგენას, მერე კი დაძლევის სტრატეგიების შემუშავებას. რაც უფრო მაღალია მოსწავლეებში მეტაკოგნიტიური აზროვნება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი.
გამოყოფენ სწავლისა და აზროვნების მარეგულირებელ სამ მეტაკოგნიტიურ უნარს:
·დაგეგმვა გულისხმობს იმის გადაწყვეტას, რამდენი ხანი დახარჯო დავალებაზე, რა სტრატეგიები გამოიყენო, რით დაიწყო და ა.შ. მოსწავლემ შესაძლოა საკუთარ თავს ჰკითხოს: „რაც უკვე ვიცი, იქიდან რა შეიძლება გამოვიყენო პრობლემის გადასაჭრელად?”, „რა ამოცანები დგას ჩემ წინაშე და როგორ ვაპირებ მათ გადაჭრას?”, „რა უნდა გამოვკვეთო, რა არის არსებითი?” – და ა.შ. 
·მონიტორინგი იმის გაცნობიერებაა, „როგორ ვუმკლავდები დავალებას”, „სწორ გზაზე ვდგავარ თუ არა”, „ვიყენებ თუ არა შესაბამის ინფორმაციასა და რესურსებს”, „რა უნდა შევცვალო უკეთესი შედეგის მისაღებად”;
·შეფასება მოიცავს განსჯას სწავლის შედეგების შესახებ. ამოცანის დასრულების შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჰკითხოს საკუთარ თავს: „რამდენად სწორად გადავჭერი ამოცანა?”, „მივაღწიე თუ არა დასახულ მიზანს?”, „მოითხოვს თუ არა ჩემი მუშაობა კორექციას?”
მაშასადამე, თვითმართვადი სწავლისთვის მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტიური სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს სიტუაციის სათანადო დაგეგმვას („როგორ გადავჭრი მე ამ პრობლემას?”), დაკვირვებას („მე ეს ვერ გავიგე/მე ეს გავიგე”) და რეგულაციას („მე ეს კიდევ ერთხელ უნდა ვცადო”).
მოტივაცია
თვითმართვადი სწავლისთვის სწავლის მეტაკოგნიტიურ და კოგნიტიურ სტრატეგიებთან ერთად, რომლებიც შეიძლება გამოვხატოთ ერთი წინადადებით: „მე ეს შემიძლია”, – მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციური სტრატეგიებიც: „მე ეს მსურს”. სწავლის მეტაკოგნიტიური და კოგნიტიური სტრატეგიები კონკრეტულ სიტუაციაში გააქტიურდება თუ არა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწავლის მოტივაციური სტრატეგიების სწორად გამოყენებაზე. თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი მოტივაციური წინა პირობაა შინაგანი მოტივაცია, როდესაც სწავლა მიმდინარეობს საგნისადმი, საქმისადმი ინტერესით, კომპეტენციის გასაფართოებლად. ამ დროს სწავლა კომპლექსური სასწავლო სტრატეგიების ამოქმედებით ხორციელდება, განსხვავებით გარეგანი მოტივაციისგან, როდესაც ადამიანი სწავლობს, მაგალითად, სოციალური აღიარებისთვის, მატერიალური კეთილდღეობისთვის და ა.შ. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწავლის მოტივაციის ეს ორი ფორმა ერთმანეთს გამორიცხავს. ერთი და იმავე სასწავლო დავალების შესრულებისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ორივე ფორმა: ისწავლო როგორც საგნისადმი ინტერესის გამო, ასევე კარგი ნიშნისთვის. სწავლის გარეგანი მოტივაციის გამოყენების საბოლოო მიზანი სწორედ შინაგანი მოტივაციის გამოწვევაა.

რესურსების გამოყენება
თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია რესურსების მიზნობრივი შერჩევა და გამოყენებაც. თანამედროვე სამყაროში მოზარდის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებისთვის სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დროითი, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და მულტიმედია რესურსების სათანადო და რაციონალურ გამოყენებას. მრავალი კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რაც უფრო ეფექტურად იყენებს მოსწავლე რესურსებს, მით უფრო იზრდება სწავლის სტარტეგიების გამოყენების ეფექტურობა.
სოციალური ინტერაქცია
თვთმართვადი სწავლის უნარის განვითარებას და დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობა, არამედ თანამშრომლობითი სწავლებაც. სწავლა ჯგუფებში ხშირად უფრო სახალისოა, ვიდრე დამოუკიდებლად. ჯგუფში თითოეულ მოსწავლეს აქვს განსხვავებული შეხედულებები, იდეები, წინარე ცოდნა და ა.შ. შეკრული ჯგუფის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებს, ეხმარებიან სწავლის პროცესში, უზიარებენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, აკვირდებიან ერთმანეთის საქციელს. ჯგუფებში მოსწავლეები სწავლობენ დაკვირვებით/მოდელით. ეს ქმნის ურთიერთნდობის ატმოსფეროს, რაც საგრძნობლად ამცირებს სწავლის პროცესის თანმხლებ სტრესსა და დაძაბულობას, რაც, თავის მხრივ, სწავლისადმი ინტერესს ზრდის.
თვითმართვადი სწავლის ზემოთ განხილული ოთხივე კომპონენტის კონკრეტულ სტრატეგიებზე მომდევნო სტატიაში გესაუბრებით.

მაია ფირჩხაძე

0

გამოსავლის ძიებაში

0
მწუხრის ჟამს, თუკი თქვენი ბინის კარზე კოსტუმში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა დააკაკუნა, შესაძლოა, ეს ახალგაზრდა კაცი თქვენი შვილის მწვრთნელი იყოს, რომელიც იმის შესახსენებლად იქნება მოსული, რომ მისთვის 50 ლარის გადახდა დაგიგვიანდათ და თუკი მომავალშიც ვერ გადაიხდით, მწვრთნელი იძულებული გახდება, რომ თქვენი შვილი გუნდიდან კი არ გააგდოს, არამედ –  დროებით “დაითხოვოს”.
 
ჩვენ სულაც არ ვცდილობთ, რომ ბავშვებისათვის ფულის მოთხოვნის გამო ბავშვთა გუნდების მწვრთნელები გავამტყუნოთ. ეს იგივე იქნება, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაციას მოვუწოდოთ ბავშვებისათვის ფულის არგადახდის დაწესება, ანდა აქცია მოვაწყოთ, მუშტაიდის ბაღში ბავშვებისათვის კარუსელებზე უფასო დასხდომის მოთხოვნით. მწვრთნელის ერთადერთი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში სწორედ ბავშვებისაგან აგროვებული გადასახადებია და მასაც სჭირდება გაწეული შრომის საფასურის ანაზღაურება. 

 პრობლემა ის არის, რომ წმინდა მერკანტილური მიზნების გამო, ბავშვთა გუნდების მწვრთნელები ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან, რომ გუნდში ტალანტების გარდა საფეხბურთო კუთხით უნიჭო ბავშვებიც აიყვანონ. ამ  გზით ბევრი ცდილობს, გუნდის სალარო შეავსოს. ეს თავის ორმაგად მოტყუების პოლიტიკაა. 
 
პირველ რიგში უნიჭო ბავშვის მშობელი იტყუებს თავს. უფრო სწორად, მას მწვრთნელი ატყუებს, რომ მისი შვილისგან “რაღაცა გამოვა”. და გარდა ამისა, საკუთრივ მწვრთნელიც მოტყუებული რჩება, რადგან იძულებული ხდება, რომ იმუშაოს იმ გუნდთან, რომლის წევრების უმეტესობა ისევე მწყრალად არის ფეხბურთის ტალანტთან, როგორც პრემიერი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი – დემოკრატიასთან.

 გამოსავალი ერთია – მწვრთნელებმა უნიჭო მოზარდები გუნდში არ უნდა აიყვანონ! ეს გამოსავალი სათქმელად ძალიან ადვილია. ნებისმიერი მწვრთნელი იტყვის, რომ ამ გზით გუნდი შემოსავალს დაკარგავს და შესაძლებელია არსებობაც შეწყვიტოს. აი, სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვები: მაშ როგორ უნდა განვითარდეს ართული ფეხბურთი? მხოლოდ უცხოელი მწვრთნელის მოყვანითა და მისთვის მაღალი ხელფასის დანიშვნით? ფეხბურთის ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ტალანტების ხელშეწყობის კუთხით რაიმეს აკეთებს?
პირადად ვიცნობ ოჯახებს, რომლებმაც ბავშვი ფეხბურთზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ შეიყვანეს, რომ გადასახადის ფული არა აქვთ. ასეთი მშობლები ხშირ შემთხვევაში გაჩუმებას ამჯობინებენ და არ წუწუნებენ, რადგან კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული საქართველოში სიღარიბე რატომღაც სირცხვილად ითვლება და ხმამაღლა ძალიან ცოტა ვინმე თუ ამბობს, რომ ძალიან უჭირს. 

როდესაც ამ ყველაფერზე ფიქრობ, უნებურად ამოგიტივტივდება ერთი აზრი: თუკი შედეგი მაინც არ ჩანს და უცხოელი მწვრთნელებისთვის გადასახდელ მილიონებს ფაქტობრივად წყალში ვყრით, ხომ არ ჯობია, რომ ნაკრების მესაჭის ადგილზე დაბალხელფასიანი და ნაკლებად პრეტენზიული ქართველი მწვრთნელები დავნიშნოთ?! (ქართველმა მწვრთნელმა ამაზე მეტი რაღა უნდა გააფუჭონ? წაგებით ისედაც ყველასთან ვაგებთ). უცხოელი მწვრთნელისათვის მისაცემი თანხების საშუალებით კი შევადგინოთ სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ბავშვებისათვის ბავშვთა გუნდებში თამაში უფასო გახდება და მწვრთნელებისთვის გადასახდელი ხარჯებიც სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაიფარება.
 
ეს იქნება ერთგვარი საგრანტო სისტემა, რომელიც თავის თავში  წარმატებული მწვრთნელების წახალისებასაც იგულისხმებს. გაკეთდება “კოკა კოლას” რეიტინგის ტიპის ქართული ბავშვთა გუნდების რეიტინგიც (გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგის მიხედვით) და მაღალრეიტინგიანი გუნდების მწვრთნელებს მეტი ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ. 
 
ამ გზით ერთბაშად 3 კარგი საქმე გაკეთდება. 1. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პრეცედენტის სახით პირველად ფული მართლაც საჭირო საქმეში დაიხარჯება. 2. ჩვენს უფულო თანამოქალაქეებს, შვილების ფეხბურთზე უფასოდ ტარების საშუალება მიეცემათ. 3. გაიზრდება მწვრთნელების მოტივაცია.
 
ბოლოს და ბოლოს, საქართველო ბრაზილია არ არის, რომ ყველა ბავშვი ბურთს დააგორებდეს და მთავარი პრობლემა ათაიათასობით ტალანტიდან საუკეთესოების არჩევა იყოს. საქართველოში ტალანტები ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ. ახლანდელი მიდგომებით კი, შესაძლებელია ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართულმა ფეხბურთმა მომავალი ტალანტები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაკარგოს, რომ ბავშვის მშობლებს გადასახადად დაწესებული 50 თუ 60 ლარი არ გააჩნიათ.

პროტესტი, მუსიკა, ევრომაიდანი

0
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა რამდენიმე საკითხზე დამაფიქრა. პირველი ისაა, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ ფორმალურადაა დაშლილი და ,,მენტალური კავშირი” ისევ არსებობს. ამის ნათელი მაგალითი რუსეთის ხელისუფლების პოზიციაა. ის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცდილობს გავლენის გაძლიერებას. ყირიმში სამხედროების შეყვანით თითქოს ‘რუსულენოვან მშვიდობიან მოსახლეობას’ იცავს, სინამდვილეში კი ერთადერთი, რასაც პუტინის ხელისუფლება იცავს – საბჭოთა კავშირის იდეაა. იდეა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა, რომელმაც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ზენიტს მიაღწია, მერე კი ნელი ტემპით დაეშვა დაბლა, რასაც ბოლოს ‘მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატსტროფა’, კავშირის დაშლა მოჰყვა. როგორც ქართული, ასევე მთელი პოსტსაბჭოთა საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც ეთანხმება აზრს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ყველაზე ნეგატიური მოვლენა იყო.

ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე ქვეყნები, რომლებიც მენტალური მარწუხებისგან გათავისუფლებას ცდილობენ, ერთი შეხედვით სასაცილოდაც არ ჰყოფნის რუსეთის ხელისუფლებას. მათთვის ორმაგად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ევრომაიდანზე შეკრებილი მილიონამდე ადამიანის დანახვა. კიდევ უფრო მეტად გააბრაზა რუსეთი უკრაინაში ევროპული იდეის გამარჯვებამ. იდეისა, რომლის გარშემოც გაერთიანდა მთელი ქვეყანა და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა მოღალატე რეჟიმს, რომელმაც უარი თქვა ევროინტეგრაციაზე. ეს გახლდათ არნახული პროტესტი, რომელიც 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და გამარჯვებით დასრულდა.

 
გენიალური ფოტოა, არა? 🙂

არ არსებობს პროტესტი მუსიკის გარეშე. 89-ში, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ‘დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს’ ჟღერდა (რომლის მოსმენასაც თვალწინ დღემდე რუსული სპეცრაზმი, ნიჩბები და სისხლი წარმომიდგება). 2003-ში იმავე ქუჩაზე ნიაზის სიმღერა – ‘სახლი’. 2011-ში რუსთაველზე უკვე ‘Bella Ciao’ ისმოდა. უფრო მოგვიანებით – ბერა ივანიშვილის რომელიღაც სიმღერა. შეიძლება ამ ოთხ პროტესტს ბევრი ვერაფერი მოვუნახოთ საერთო ერთი ფაქტორის გარდა – ყველა მათგანს თავისი მუსიკა ჰქონდა.

ევრომაიდანსაც ჰქონდა საკუთარი მუსიკა. პირველ რიგში ეს უკრაინის ეროვნული ჰიმნი გახლდათ. სამწუხაროდ, თებერვალში ის ტყვიების ზუზუნის რიტმმა შეცვალა. თუმცა იყო პროფესიონალური მუსიკაც. ბევრმა კარგმა ხელოვანმა დაუჭირა მხარი უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს. ერთ-ერთი პირველი ბელორუსული აგიტ-პოპ ბენდი ‘Lyapis Trubetskoy’ გახლდათ. მათი კონცერტი მაიდანზე 7 დეკემბერს გაიმართა. მართალია, წარმოდგენა სულ რაღაც 20 წუთს გაგრძლდა, რადგან ტემპერატურა ქალაქში ძალიან დაბალი იყო, ბენდის ლიდერმა, სერგეი მიხალოკმა დემონსტრანტებამდე მთავარი მუხტის მიტანა მაინც შეძლო. ,,ჩვენ, ბელორუსები პატივისცემით, აღფრთოვანებითა და აღტაცებით გიყურებთ, რადგან თქვენი მაგალითით გვიჩვენეთ, რომ სიმამაცით, გმირობით, სოლიდარობითა და სახალხო ერთობით შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა, არამედ რეალური წინააღმდეგობის გაწევა პოლიტიკური, სამთავრობო და პოლიციური უკანონობისთვის. თქვენ სუპერგმირები ხართ!” – ამ ტექსტით მიმართა ბენდის ლიდერმა ევრომაიდანზე შეკრებილ ათობით ათას ადამიანს.

შედარებით თავშეკავებული გახლდათ ლეგენდარული რუსი როკ მუსიკოსი, ბორის გრებენშიკოვი, რომელმაც 13 დეკემბერს კიევში წინასწარ დაგეგმილი კონცერტი არეულობების გამო არ გადადო და შოუს დროს განაცხადა – მგონი დარბაზი სავსე არ არის, მაიდანელებისთვის ხომ არ დაგვეძახაო. შემდეგ კი უკრაინელებს „პური და თავისუფლება” უსურვა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯგუფი ‘Okean Elzy’. ალბათ, ყველაზე ცნობილი უკრაინული როკ-ბენდი. როგორც ამბობენ, მათი კონცერტის დღეს მაიდანზე ორას ორმოცდაათი ათასი ადამიანი იდგა. სწორედ ამ დღესაა გადაღებული კადრები, როდესაც გაკვირვებული ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მაღალი შენობიდან ფოტოებს უღებს ხალხის მასას:

იყვნენ ფოლკ ჯგუფებიც, ჩვენთან ნაკლებად ცნობილი მომღერლებიც, იყო ევროვიზიის უკრაინელი გამარჯვებული რუსლანა… ბევრი ადგილობრივი როკ ბენდი იჩენდა სოლიდარობას ევრომაიდნის მიმართ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხნის განმავლობაში რუსულ მუსიკალურ საზოგადოებაშიც კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მართალია, მაიდანზე არ იდგნენ, მაგრამ ღიად უჭერდნენ მხარს უკრაინის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს.

რუსული სამთავრობო არხების პროპაგანდის პასუხად, რომლებიც ევრომაიდანს ნაციონალისტურ თავყრილობად ასაღებდა, ჯგუფ DDT-ს სოლისტმა, იური შევჩუკმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „კიეველები, რომლებიც იქ დგანან, ჩემი მეგობრები არიან. ისინი დღის განმავლობაში სამსახურში დადიან, საღამოს კი მაიდანზე მუშაობენ. იქ არ არიან რადიკალები, ნაციონალისტები. სრულიად ჩვეულებრივი და ინტელიგენტი ხალხია, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ კორუმპირებული  მთავრობა”. შევჩუკმა ისიც აღნიშნა, რომ რევოლუციებს მუდმივად თან ახლავს რადიკალური გამოვლინებები, მაგრამ რადიკალები ამ შემთხვევაში უმცირესობას წარმოადგენდნენ.

ოდნავ მოგვიანებით, როდესაც პუტინმა ყირიმში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, მისი კომენტარი ასეთი გახლდათ: „დამშვიდდით, დემონებო, დაწყევლილო კაბინეტისა და სამზარეულოს ფსევდოპატრიოტებო ორივე მხრიდან! თუ 2014 წელს უკრაინაში სისხლი დაიღვარა, 2017-ში სულ სხვა რევოლუციას მივიღებთ. ეს კი უკვე ნამდვილად დასასრული იქნება!”

პირადად ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო გახლდათ ჯგუფ ‘Машина Времени’-ს ლიდერის, ანდრეი მაკარევიჩის პოზიცია. ის ზოგადად ნაკლებად გამოირჩევა რუსეთის მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით, მაგრამ ამჯერად ძალიან მაგარი კომპოზიციით – ‘ОМОНовский вальсок’ – მანაც კი გამოთქვა პროტესტი უკრაინაში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაღუპვისა და ყირიმში ჯარების შეყვანის გამო: 
‘მეორე რუსეთის’ კონცეფციის ნაკლებად მწამს. მე უფრო იმის მჯერა, რომ რუსეთშიც არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც თავი დააღწიეს საბჭოეთის მენტალურ ტყვეობას და ხვდებიან, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამას მოსკოვსა და პეტერბურგში გამართული რამდენიმე დემონსტრაციაც ადასტურებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასეთი ადამიანების რაოდენობა კრიტიკულად ცოტაა. 
არ ვთვლი, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყება. ამის ალბათობა ძალიან მცირეა და, ლოგიკურად, ეს რუსეთის ხელისუფლების ინტერესშიც არ უნდა შედიოდეს. ომის დასაწყებად ბევრი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ამას დასავლური სამყაროსგან იზოლირებაც მოჰყვება, რაც კიდევ უფრო დააკნინებს რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო პოლიტიკაში. ერთი რამ ნათელია – საბჭოთა ურჩხული უნდა გაჩერდეს, თანაც რაც შეიძლება მალე. მისი გაჩერება კი სწორედ ისეთ „სინათლის მეომრებს” შეუძლიათ, რომლებიც თვეების განმავლობაში იბრძოდნენ კიევის ქუჩებში.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ უთანასწორო ბრძოლაში მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. წარმატება და მშვიდობა ვუსურვოთ მათ. პატივი მივაგოთ მაიდანზე დაღუპული „სინათლის რაინდების” ხსოვნას, აღვფრთოვანდეთ მათი თავდადებით და ხმამაღლა ვიყვიროთ: 
Слава Україні!
……………………..

ტატო ნოზაძე – ვიყოთ უფრო მეტად სოლიდარულები და ტოლერანტები

0
თითქმის თორმეტი წელია საქართველოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლება ინერგება, რაც  გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად ჩართვას. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური  ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.
რა დადებითი შედეგები მოჰყვა ინკლუზიური განათლების დანერგვას საქართველოში და რა პრობლემები არსებობს ამ მიმართულებით, mastsavlebeli.ge-ს სტუმარია ფსიქოლოგი და ტრენერი ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტატო ნოზაძე.

ინკლუზიური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის და, მით უმეტეს, საქართველოსთვის, რადგან იგი საბოლოოდ ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია. მოგეხსენებათ, სკოლა გარკვეულწილად  ჩვენი საზოგადოების მოდელია. სკოლიდან იწყება ღირებულებების ჩამოყალიბება.  როგორი სტერეოტიპიც ჩამუყალიბდება მოზარდს, ისეთი  დამოკიდებულება ექნება შემდგომში თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ და, პირიქით,  ამ კატეგორიის ადამიანებს საკუთარი თავისადმი.  ინკლუზიური სწავლების სისტემა აუცილებლად უნდა დაინერგოს, რადგან ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება. ამ მეთოდით სწავლება, მიუხედავად შეზღუდვისა, საშუალებას აძლევს მოზარდს, თანაკლასელებთან თანაბარ პირობებში და თანაბარ გარემოში იყოს. იგი შეგუებულია კონკრეტულ მოზარდს, კერძოდ, სპაციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეს.  თუმცა ამ სისტემის დანერგვას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი.  ძირითადი პობლემების ერთიან კონტექსტში შეფასება, ალბათ, რთული იქნება. შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე საკითხი – ერთი მხრივ, პრობლემას წარმოადგენს ის, თუ რას ასწავლიან დღევანდელი მასწავლებლები მოსწავლეებს და, მეორე მხრივ კი, რა მოტივაცია აქვთ პედაგოგებს საკუთარ პროფესიაში განსავითარებლად. არიან მასწავლებლები, რომლებიც წმინდა ენთუზიაზმით  ბევრს აკეთებენ. შეიძლება მათ არ ჰქონდეთ დიდი თეორიული ცოდნა, მაგრამ პრაქტიკაში საუკეთესო გამოცდილებას ავლენენ.  ჩვენ რეგიონების სკოლებში ინკლუზიური სწავლების ტრენინგებს ვატარებთ, სადაც მასწავლებლები ჩივიან, რომ  მინიმალურ ხელფასზე ახალი საქმე ემატებათ და ამიტომ სწავლის სურვილიც ნაკლებად აქვთ. 

თუმცა ინკლუზიური სწავლება საჯარო სკოლებში მაინც ინერგება და პედაგოგებიც გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ. 

გეთანხმებით, მასწავლებლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ძალიან კარგია ინკლუზიური სწავლება, მაგრამ იქვე აღნიშნავენ – რომ მათ არ აქვთ არც პირობები, არც რესურსი და არც ხელშეწყობა,  რომ ყველა მოთხოვნა შეასრულონ. ჩვენ მოგვაქვს ნორვეგიის მაგალითი, სადაც ინკლუზიური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, მასწავლებლებს  აქვს ძალიან დიდი რესურსი, ჰყავს ასისტენტი და ერთ-ორი დამხმარე, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში არიან ჩართულები. ამასთან, იქ კლასში, სადაც ერთი ან ორი სპაციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეა, მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს. ჩვენს სკოლებში კი მოსწავლეთა რაოდენობა 30-40-მდე ადის და დამხმარე ასისტენტებიც არ არსებობენ.  მიუხედავად ყველაფრისა, ინკლუზიური სწავლება უკვე რეალურად ხორციელდება.  მასწავლებლებს აქვთ  ინკლუზიური სწავლების ინდივიდუალური  გეგმა და სტრატეგია. ეს მეთოდი ეფექტურია, როგორც სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე, ასევე ნორმალური განვითრების მოსწავლეებისთვის. 

ჩვენ მასწავლებლებს ვასწავლით, რა და როგორ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს, როგორ შეავსონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ან როგორ  მოახდინონ პედაგოგიური შეფასება; ვაჩვენებთ როგორი უნდა იყოს ადაპტირებული გაკვეთილი, რომ  სპაციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა შეძლონ   გაკვეთილის პროცესში ჩართვა.  ინკლუზიური სწავლების მოდულში არის სასწავლო კურსი, რომელიც განვითარების დარღვევებს შეისწავლის. შეისწავლის, თუ  რა თავისებურებებით ხასიათდება თვითოეული განვითარების დარღვევა,  ეს იქნება გონებრივი ჩამორჩენა, აუტისტური სპექტრი, ცერებრალური დამბლა,  ფიზიკური, ფსიქოლოგიური პრობლემები თუ სხვა. სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე შეიძლება იყოს ნებისმიერი მოზარდი, რომელსაც სასწავლო პროცესში გარკვეული სირთულეები ექმნება. ამ კარტეგორიაში შედიან ეთნიკური უმცირესობები,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. ნაკლებად გვხვდება პრობლემები  რელიგიური მიკუთვნილობის თვალსაზრისით. 

ერთი სიტყვით, ძირითადად ეს ის საკითხებია, რასაც პედაგოგებს ვასწავლით. მიუხედავად იმისა, რომ  ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე დაიწერა და ითარგმნა ძალიან კარგი ლიტერატურა, პადაგოგების სურვილია უფრო მეტი პრაქტიკული მაგალითები ვაჩვენოთ.  განათლების სამინისტროში არსებობენ სპეცპედაგოგები და ფსიქოლოგები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და ეხმარებიან მასწავლებლებს. ასევე „მასწავლებლის სახლში” არის მულტიდისცილპინური გუნდი, სადაც პედაგოგებ შესაბამისი რჩევების მიღება შეუძლიათ. 

თავის დროზე ინკლუზიური სწავლების დაწყებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ეს კატეგორია სპეციალიზირებულ სკოლებს ანიჭებდა უპირატესობას. რა არის ინკლუზიური სწავლების უპირატესობა?  

პირველი, სპეციალიზირებული სკოლები ხელს უშლის სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციას. მეორეც, თუ ინკლუზიური სწავლება კარგად განვითარდება, სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ განათლება საჯარო სკოლებში თანატოლებთან ერთად მიიღონ და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ისინი არ იქნებიან სტიგმატიზირებულები. თუმცა დღესდღეობით მშობლებს აქვთ არჩევნის თავისუფლება, მათ შეუძლიათ შვილი მიიყვანონ, როგორ სპეცსკოლაში, ასევე საჯარო სკოლაში, სადაც ინკლუზიური სწავლებაა დანერგილი. თავის დროზე მშობლებში არსებობდა გარკვეული სტიგმა და ისინი შვილების სპეციალიზირებულ სკოლებში მიყვანას არჩევდნენ, მაგრამ დღეს საზოგადოებაში ეს პრობლემა დაძლეულია. შესაბამისად,  მშობლებსაც თავისუფლად მიჰყავთ შვილები საჯარო სკოლებში. 

– არსებობს მოსაზრება, რომ ინკლუზიური განათლება ურთიერთობისას პრობლემას უქმნის ნორმალური განვითარების და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მასწავლებელი?

მე ვერ ვიტყვი, რომ სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეები აგრესიულები არიან. თუ რამე კონკრეტული აგრესიის მომენტი დაფიქსირდება, მაშინ  ეს ფაქტი ცალკე განხილვის საგანი უნდა გახდეს.  პედაგოგებმა უნდა გაარკვიონ რა იყო აგრესიის წინაპირობა. ამისთვის  არიან მასწავლებლები, ფსიქოლოგები. ზოგად რჩევას ასეთ შემთხვევაში ვერ მივცემ, რადგან გააჩნია კონტექსტს. ფაქტის შესწავლის შემდეგ პედაგოგმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეუძლია ჩართოს ფსიქოლოგი, სპეცპედაგოგი, რომელიც სიტუაციის დარეგულირებაში დაეხმარება. 

თქვენ ახსენეთ სტიგმა, ეს არ არის ცალკეული ადამიანის პრობლემა და მისი დაძლევისთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა საკმარისი არ არის. იმისათვის რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა შეძლონ საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილის დაკავება, რას ურჩევდით მათ, როგორც ფსიქოლოგი?

პირველ რიგში, მშობლები კარგად უნდა ხედავდნენ საკუთარ მდგომაროებას. შემდეგ კარგად უნდა გააცნობიერონ რა შესაძლებლობა არსებობს გარემოში. თუნდაც რას აძლევს მათ ინკლუზიური განათლების სისტემა, რას თავაზობს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. რას სთავაზობს იგივე სპეცსკოლა. ქვეყანაში რა რესურსი არსებობს საკუთრი შვილის პერსპექტივისთვის. მათ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რათა საკუთარ შვილს მომავალი შეუქმნან. შევთავაზებდი, რომ მეტი იწავლონ, გაიგონ და გაანალიზონ არსებული მდგომარეობა და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ და რა მიმართულებით დაეხმარებიან საკუთარ შვილებს. 

ამ კატეგორიის ბავშვებს ვურჩევდი, არ დაიშურონ ძალისხმევა, ისწავლონ და სჯეროდეთ, რომ  ნებისმიერ მდგომარეობაში არსებობს პარსპექტივები. დაისახონ მიზნები, ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის მისაღწევად და აუცილებლად მიაღწევენ. 

რაც შეეხება მასწავლებლებს, მინდა ვუთხრა, მასწავლებლობა არ ნიშნავს, რომ მათ დასრულებული ცოდნა აქვთ. პედაგოგობა განვითრებადი პროფესიაა და მათ გამუდმებით უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. ერთი მხრივ, უნდა ასწავლონ სხვას და, მეორე მხრივ, თავადაც ისწავლონ. კარგია  მასწავლებელები ამას თუ გაიაზრებენ და გამუდმებით იმუშავებენ საკუთარ თავზე. 

ამ პრობლემის დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს ენიჭება. ამიტომ მან კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი ინკლუზიურ განათლებას. ქვეყანაში, როდესაც რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ძნელია ზედმეტ ვალდებულებეზე საუბარი, მაგრამ მგონია, რომ მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში, სპეციალისტების მომზადებაში. 

და კიდევ ერთი, საზოგადეობას ვურჩევ, ვიყოთ უფრო მეტად სოლიდარულები და ტოლერანტები, რადგან რაც უფრო  ჰარმონიულად იცხოვრებს ყველანაირი ადამიანი, საბლოოდ  უფრო მეტად მოიგებს თვითონ საზოგადოება.

 

ბატონო ტატო, თქვენ ბრძნდებით ფსიქოთერაპევტი და მუშაობთ სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში „კამარა”, სადაც მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები მკურნალობენ. დასამალი არ არის, რომ დღეს მოზარდების გარკვეული ნაწილი დამოკიდებულია მავნე ნივთიერებაზე, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა. თუ მოგმართავენ სკოლის მოსწავლეები?  

დღეს სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა სააფთიაქო წამლებზე დამოკიდებული მოსწავლეების კუთხით, რასაც კატასტროფული შედეგები მოაქვს. მით უმეტეს, რომ შემოსულია ახალი ნარკოტიკული ნივთიერება – „ბიო”, რომელსაც მოზარდები სხვადასხვა საშუალებით იღებენ – ეწევიან, სვამენ, და ა.შ. ეს ნივთიერებები ფსიქიკაზე და ნერვულ სისტემაზე კატასტროფულად მოქმედებს. „კამარაში” ძალიან ცოტა მოზარდი მოდის. ძირითადად მშობლები თუ მოიყვანენ, რადგან მოზარდს უჭირს იმის გაცნობიერება, რომ ის უკვე სერიოზული პრობლემის წინაშე დგას – ფსიქოზი, ნერვოზი, კომატოზური მდგომარეობები და ბოლო პერიოდში  ძალიან გახშირებული სიკვდილიანობა. ცენტრში უფრო ხშირად ზრდასრული ასაკის ადამიანები მოდიან, რომელთა ნაწილმა შეიძლება სკოლის ასაკში დაიწყო ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარება და უკვე  10-15-წლიანი დამოკიდებულება აქვთ.  მოზარდებს ამ ეტაპზე ჰგონიათ, რომ გართობის სახით იღებენ ნარკოტიკულ ნივთიერებას და მალე დააღწევენ თავს, რაც უმეტეს შემთხვევაში ასე არ სრულდება.  რეალურად, სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, არა მხოლოდ მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები, არამედ მთლიანად საზოგადოება. ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა დარეგულირდეს ამ ნივთიერების ხელმისაწვდომობა, მოზარდებს ხელი მასზე ასე ადვილად არ უნდა მიუწვდებოდეთ. უნდა გაიზარდოს ინფორმირებულობა და განათლება  ამ ნივთიერებების მავნებლობის შესახებ. 

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება მოზარდზე ალბათ მალევე აისახება. რა სიმპტომებია, რომლის შემჩნევაც მშობლებმა და თუნდაც მასწავლებლება თავიდანვე უნდა შეძლონ?  
მოზარდში მავნე ნივთიერების მოხმარების შემჩნევა არც ისე რთულია. მას უქვეითდება ათვისების და შემეცნებითი უნარები. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს იგი, უჭირს ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. გააჩნია რა ნივთიერებას იღებს. შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო აქტიური იყოს, შემდეგ მოულოდნელად დეპრესიული ხდება. ეწყება ემოციური ლაბირილობა, ინტერესთა შეზღუდვა. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა გარკვეულწილად მეტყველებაზეც აისახება. საუბრის თემები შეზღუდული, ერთგვაროვანია. მშობლებმა ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე უნდა მიმართონ ფსიქოლოგს ან მოიყვანონ ბავშვი სარეიაბილიტაციო ჯგუფში. მაგრამ აქ არის ერთ მთავარი მომენტი – თუ ადამიანს თავად არ სურს და ვერ აცნობიერებს, რომ  სჭირდება დახმარება, ვერავინ უშველის. მშობელი უნდა ეცადოს, შვილი პირველ რიგში აღიარებამდე და შემდეგ კი იქამდე მიიყვანოს, რომ თვითონ გაუჩნდეს განკურნების სურვილი. სამწუხაროდ, მშობლები ძალიან ხშირად ყველაზე გვიან იჯერებენ, რომ მათ შვილს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აქვს. ამიტომ მათ ვურჩევ, რეალურად შეხედონ საკუთრ შვილებს, რადგან სიტუაციიდან გაქცევა უფრო მეტ პრობლემებს მოუტანთ, ვიდრე ამ სიტუაციის მიღება, აღიარება და, აქედან გამომდინარე, მოქმედება. 

 ესაუბრა თამარ კაციტაძე

ერლომ ახვლედიანის გამოუქვეყნებელი მონოლოგი :შშმ ბავშვებს სოციალური ადაპტაციის მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ

0
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის თემა გააქტიურდა. სასურველ ვითარებამდე მანძილი შორია, მაგრამ საკითხი ადგილიდან დაიძრა და ეს იმედის მომცემია. წლების წინ ამ მიმართებით დიდი, ყრუ კედელი არსებობდა. ისეთი ყრუ, რომ განათლების სამინისტრო შშმ ბავშვების წინაშე პასუხისმგებლობას ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არაშემწყნარებლური ფრაზით იხსნიდა: „..ჩვენ ჯერ ნორმალური ბავშვებისთვის არ გვაქვს პირობები და…”

„დილის გაზეთიდან” წამოყოლილ ჩემს წილ არქივში შემონახული მქონდა ბატონი ერლომ ახვლედიანის მონოლოგი. გაზეთის პატივი, ჰყოლოდა ასეთი ავტორი, ჩემზეც გადანაწილდა. ვიწერდით, ვამზადებდით საუბრებს სულიერების, აღზრდის საკითხებზე. ეს პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა, მერე გაზეთმავე გამოსცა წიგნად „ძველი და ახალი”. ახლახან გაზეთ „მასწავლებელში” ვნახე ერთი ასეთი პუბლიკაციიდან ამონარიდი ვაზის, ჭიგოსა და საქართველოს შედარების შესახებ და გამახსენდა ძველი და ახალი საუკუნეების გასაყარზე გამოშვებულ სპეცნომერში დაბეჭდილი ერლომ ახვლედიანის „თუ და ვაითუ” და ახალი სადაგი საუკუნე”.

საერთოდ, ერლომ ახვლედიანის კითხვა ძალიან წაადგებათ ახალგაზრდებს, მის პუბლიკაციებში პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების ცოცხალი გაკვეთილებია გაბნეული. ეს რესურსი პედაგოგმაც შესანიშნავად შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ ამაზე – სხვა დროს.

ამ ახალ, სადაგ საუკუნეში უკვე ბევრი რამ მოხდა. აღარც ბატონი ერლომია ჩვენ შორის. ზემოთ ნახსენები მონოლოგის გამოუქვეყნებლობის მიზეზი მხოლოდ გაზეთის უცაბედი დახურვა არ ყოფილა. ამ თემაზე საუბარი თავად წამოიწყო, კიდევ ვაპირებდით გაგრძელებას, არ ეიოლებოდა საუბარი და ასე, გადადებული დაგვრჩა. გადავწყვიტე, ნაწყვეტი ამ მონოლოგიდან „მასწავლებლის” მკითხველამდე მომეტანა.

ბატონი ერლომის ქალიშვილის მენტალური შეფერხებების გამო მშობლებს გამკლავება უხდებოდათ უამრავ თანმხლებ საზრუნავთან, მაშინდელი გარემო საამისოდ სრულიად არაადეკვატური იყო. საუბარი დაახლოებით 2004 წლის დასაწყისშია ჩაწერილი.

„- ანუკა დამყავდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში. იქ სულ გვხვდებოდა ერთი ქალბატონი. როცა ანუკა ჩემთან ერთად არ იყო, მან მითხრა: „თქვენ არ იცით, რა ბედნიერი ადამიანი ხართო”. მე ეს უფრო გამხნევებად მივიღე, ვიდრე არსად, გამეღიმა და მადლობა ვუთხარი. მერე სულ თავში მიტრიალებდა ეს ფრაზა და დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ეს მხოლოდ გულწრფელი ნათქვამი კი არა, არამედ მისგან ღრმად გაგებული, გააზრებული ჭეშმარიტება იყო, ჭეშმარიტება, რომელსაც ატარებდა ანუკა.

რატომ არის ბედნიერი მშობელი, როდესაც ასეთი შვილი ჰყავს? ამ კითხვაზე პასუხს დიდხანს ვეძებდი და ამაში დავრწმუნდი ბევრჯერ, საკუთარ მაგალითზეც და უმეტესად – სხვა მშობელთან საუბრებით. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ თითოეული მათგანი გაცილებით უკეთესი იყო ამჟამად, ვიდრე იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, თუ ასეთი შვილი არ ეყოლებოდა. ეს ბავშვები თავიანთ თავში ატარებენ ისეთ რამეს, რაც ჩვენთვის გამოუცნობია. დაახლოებით ისეთი განცდაა, ოჯახში ჩვილი რომ არის, სულ უფრთხილდები, გეშინია ხმამაღლა ლაპარაკის, კონფლიქტს ერიდები და ასე შემდეგ. თავისი გარემოსადმი ამგვარი მოფრთხილების განცდა აქვს ასეთი ბავშვის მშობელს. ეს ბავშვი ამკვიდრებს ასეთ გარემოს.

როგორც გითხარით, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი, როცა ძალიან დაღლილი ვიყავი, თან მიწევდა ფიქრი იმაზე, როგორ მოვიქცე, როგორ ვუპასუხო ცხოვრებისეულ გამოწვევებს, თან – როცა მქონდა ამპარტავნობა იმისა, რომ შემიძლია, რაღაც სერიოზული გავიგო, გავშიფრო… ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფს ანუკასთან ურთიერთობა რაღაცნაირად განმმუხტავდა. ჩვენი ურთიერთობა, რასაკვირველია, რაიმე დიდ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ სრულიად უბრალო დადებით მარცვლებს აღმოვაჩენდი მასში და ეს ნერვულ-სტრესული მდგომარეობიდან მათავისუფლებდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ამ ურთულეს მდგომარეობაში მასთან ურთიერთობა იყო ერთგვარი ე კ ლ ე ს ი ა. იმ ქალმა თვალი ამიხილა მე, რომ იქ მეძებნა ბედნიერება, რაშიც უბედურად ვთვლიდი თავს. მერე უფრო რთული აღმოჩენები გვქონდა. შეიძლება, ეს უფრო ადრეც იყო, მაგრამ ამის შემდეგ სხვანაირად შეფასდა.

მამაჩემი, 90-ს მიტანებული კაცი, ვეღარ ხედავდა. მაგრამ საოცარი ძალა და სიჯიუტე ჰქონდა, ვერ იტანდა, ხელს რომ აშველებდი, ეტყობა, ვერ ურიგდებოდა თავის მდგომარეობას. აი, ასეთი მამაჩემი მომყავს ბნელ სადარბაზოში მეოთხე სართულიდან. წვიმიანი დღეა. ერთი ხელით მამაჩემი მიჭირავს და მეორე ხელში მყავს სამი წლის ანუკა. არ ლაპარაკობს და არც ვიცი, რა ესმის და რა – არა. ორივე ხელი დაკავებული და დამძიმებული მაქვს და, ბავშვს კი მივმართავ, მაგრამ ჩემთვის ვამბობ: – ანუკა, ხომ ხედავ, რა მდგომარეობაში ვარ, იქნებ, ჩამოხვიდე-მეთქი. ჯერ ჩაფიქრდა, ეს მთავარია, მერე ჩამოვიდა, ჩემგან გაითავისუფლა ხელი… ვუყურებ, რას იზამს… ბაბუას ჩასჭიდა ხელი და ჩამოიყვანა დაბლამდე. ტალახში ბილიკი იყო გაკვალული და იმ ბილიკით გაიყვანა ქუჩამდე, მერე მობრუნდა და მთხოვა, ამიყვანეო. აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა და დავასკვენი, რომ არ ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ.

1983 წელს ანუკა ფსკოვის პეჩორის ლავრაში წავიყვანე. ჩვენს იქ ყოფნას დიდი სირთულე ახლდა. ერთ პატარა ოთახში შეგვიფარეს ქალებმა. ასეთ გარემოში, სადაც არ იყო არანაირი პირობები, ციოდა, საჭმელი სამარხვო კეთდებოდა, ვფიქრობდი, რას იზამდა ანუკა… მაგრამ შევედით თუ არა, რაღაც ზეძალა ვიგრძენი. შიში მომეხსნა და ბავშვიც ისე იქცეოდა, მართლაც არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია.

მამა ანდრეანმა, ვისთანაც ჩვენ ჩავედით, ანუკას რუსულად უთხრა (ფაქტობრივად, მე მელაპარაკებოდა): – უთხარი მამაშენს, რომ ხატთან, როგორც ცოცხალ არსებასთან, ისე უნდა მიხვიდეო. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მიძინების ხატთან. გვერდით ქრისტეს დიდი ხატი იყო. იქაურობა მხოლოდ სანთლებით ნათდებოდა. ადამიანები ჩრდილებივით დადიოდნენ. შემობრუნდა ანუკა, ტირის და ჩუმად მეუბნება: – მამა, შეხედე, ქრისტე ტირისო… იმ ადგილიდან ისე ნათთდებოდა ხატი, რომ ქრისტე მტირალს ჰგავდა. ანუკა ქრისტესადმი თანაგრძნობით ატირდა. ეს იყო გეთსიმანიის ბაღის ცრემლები…

კიდევ ბევრმა მაგალითმა დამარწმუნა, რომ ღმერთმა მისცა მას გარკვეული დანიშნულება, როგორც იმ ქალმა მითხრა, ღმერთმა რაღაცით დაასაჩუქრა, მაგრამ ჩვენ ამის მისაწვდომად არ გვაქვს თვალი ახელილი.

რატომ ვყვები ამას, იცით? ევროპელებმა გაცილებით ადრე დაიწყეს ფიქრი ასეთ ადამიანებზე. ანუკა 30 წლის არის და მე მაწუხებს მისი მომავალი. საქართველოში ეს საქმე თვითდინებით მიდის. ოჯახი ცდილობს, გაუმკლავდეს თავის საზრუნავს. დედამისმა უდიდესი ენერგია დახარჯა ამისთვის. უმთავრესად – მან. დაგვყავდა მოსკოვში, იქ გარკვეული ადაპტაციისა და დაკვირვების გარემო არსებობდა, რუსებს მაინც შედარებით მოწესრიგებული აქვთ ეს საკითხები. პირველად ოთხწლინახევრის იყო, რომ წავიყვანეთ. პირველი შეხვედრა მეტად პესიმისტური იყო: თქვენ შეგიძლიათ კვებოთ და მეტი განვითარება არ იქნებაო. წავიყვანეთ სხვასთან. მან ხელი გაუსინჯა. ის ხელი რომ გაუთავისუფლა, ბავშვმა მეორე ხელი გაუწოდა. ექიმმა, ეს ბევრს ნიშნავსო. მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ამან სხვა უკუშედეგები გამოიწვია.

დაკვირვების შემდეგ სპეციალისტებმა გვითხრეს, ამ ბავშვს არ სჭირდება არავითარი წამალი, ეს არის ჯანმრთელი ბავშვი, ოღონდ თავისი შეფერხებებითო. ეს სოციალურად უნდა ადაპტირდეს, განვითარება უნდაო.

წამოვედით მოსკოვიდან იმედიანად და დავიწყე ძიება ასეთი ადგილის, თან ვფიქრობდი, ჩემი სახლი მომეწყო იმ პრინციპით, როგორც ევროპაში იყო მიღებული, რომ სხვა ბავშვებსაც გამოსდგომოდათ. მე ამ აზრზე ვიყავი სურვილების, ოცნების დონეზე. წავედი განათლების სამინისტროში. იქ კი მითხრეს: „ჩვენ ჯერ ნორმალური ბავშვებისთვის არ გვაქვს პირობებიო…” ეს პასუხი ჩემთვის განაჩენივით იყო.

დედამისმა მეტი შეძლო, შექმნა ასეთი გარემო. ეს იყო მისი პირადი ინიციატივა. მან უბრალოდ ვერ მოახერხა ევროპული პრინციპების საქართველოში გადმონერგვა. ჩვენთან ბავშვისადმი სპეციფიკური დამოკიდებულება არსებობს. რასაკვირველია, ყველას უყვარს თავისი შვილი და უნდა, ახლოს ჰყავდეს, მაგრამ საბოლოოდ რა არის მისთვის უკეთესი, ამის გააზრება ჭირს. ასეთ ბავშვებს სოციალური ადაპტაციისთვის რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ეს არის სწორი მიდგომა”.

ამგვარი მიდგომა უკვე სახელმწიფო პოლიტიკაშიც გაცხადდა, თუმცა გაცხადება ერთია და საქმედ ქცევა – მეორე. რამდენი შშმ ბავშვი ვიცით, რომ საკუთარი ოთახის კარს არ გასცილებია, არადა, მათი სოციალური ადაპტაცია შესაძლებელი იყო. საზოგადოების ცნობიერების შეცვლას მეტი დრო სჭირდება, რადგან კიდევ ხშირია ასეთი სიტუაცია: ინტეგრაციის მიზნით გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ძალიან „განათლებულმა” მშობლებმა შვილები აუზში არ ჩაუშვეს, რადგან მათ შორის იყვნენ შშმ ბავშვები, რომლებსაც თუმცა სხვებისთვის სრულიად უსაფრთხო პრობლემები ჰქონდათ, მშობლები მაინც (!) შეშინდნენ: ჩვენს შვილებს გადაედებათო. ესეც ჩვენი ტოლერანტობის კოეფიციენტი.

შშმ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობა და მათი განვითარებისთვის პირობები სჭირდებათ, რომ საზოგადოებასთან ადაპტირება და თვითრეალიზაცია მოახერხონ. მათ აქვთ ამის უფლება. როგორც ბევრ საქმეში, აქაც პედაგოგია პროცესის ავანგარდში, მას უწევს მუშაობა შშმ მოსწავლეებთანაც, მათ მშობლებთანაც და გარემომცველ საზოგადოებასთანაც, რომელიც ბევრად უკეთესი გახდება, თუ განსხვავებულთა მიმართ რეალური მიმღებლობა ექნება.

ლიტერატურული ჰოლოკოსტი, ხსნადი წიგნები და მიწაში ჩამარხული სინანული

0
,,ომი  მშვიდობაა,
თავისუფლება – მონობა,
არცოდნა კი – ძალა.”
(ჯ. ორუელი)
 
ბევრისგან გამიგონია, თურმე მშვენიერი საქმე ყოფილა მწერლობა – ზიხარ შენთვის მშვიდად, ლამფის შუქი, თეთრი ფურცლები, მელანი და შავი პურის ნაჭერი გყოფნის. მოგზაურობ საკუთარ ფანტაზიაში, სხვა ადამიანების ცხოვრებაში, შემდეგ კი ყველაფერი – წარმოდგენილი, ნანახი თუ გაგონილი, ფურცელზე გადაგაქვს. 

კარგი, ვთქვათ, დაწერე ერთი ლექსი, მოთხრობა, რომანი და გამოეცი. სწორედ აქ იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის. თუ ბოროტ გველეშაპს – პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადოებრივი დოგმების  სასწორზე წამოკოტრიალებულ ცენზურას – დააღწიე თავი, წინ მკითხველთა გულგრილობასთან ბრძოლა გელის. წიგნის მიმართ  გულგრილობა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ამიტომ მწერალთა უმეტესობა,  საკუთარ ნაწერში, როგორც საგაზაფხულოდ გაყვანილ ხნულში, უხვად აპნევს ტაბუდადებულ თემებთან დაკავშირებულ, მსუბუქი  ირონიით გაღვივებულ სათქმელს. უფრო გაბედულნი მწარე სიმართლის გაშიშვლებასა და გამომზეურებასაც არ ერიდებიან. ასეთ დროს, მკითხველის გულგრილობა შესაძლოა სანატრელი გახდეს. საზოგადოება ყველაზე მწვავედ რელიგიური თემატიკისადმი ,,თავისუფალ” მიდგომას და მორალური ნორმების რღვევას არ პატიობს მწერალს. თუმცა დიდად არც ტრადიციების ნაკლოვანებათა სახალხოდ განხილვა მოსწონს. 

ამ მხრივ ჩვენი ქვეყანაც დაუნდობელი ,,ცენზორია”. საზოგადოების ნაწილისთვის ფენტეზის ჟანრში დაწერილი წიგნები სატანისტური ლიტერატურაა. რაც შეეხება მორალს… ჯობს, არ  შეეხო. სიტყვა ,,სექსის”  ამოკითხვაც კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ თვითმარქვია ექსპერტებმა თავს წიგნის დაწვის უფლება მისცენ, ინტერნეტსივრცეში თამამად მოსეირნე აღვირახსნილობაზე კი თითქმის არავინ საუბრობს. 

წიგნების დაწვას თუ ოცდამეერთე საუკუნეში ვინმე მოიფიქრებდა, ვერ წარმოვიდგენდი. გასაგებია, რომ ადამიანის ბუნება ადვილად ,,იხრწნება”, მაგრამ ნუთუ კატა თაგვის გარეშე კატა აღარ იქნება?! (,,ლოლიტასთან”  ბრძოლა მოდაში აღარ არის. ალბათ, არც ქალბატონი ელფრიდეს ,,პიანისტი ქალი”  ჩავარდნიათ ხელში, თორემ მხოლოდ ბურჭულაძის ათიოდე კრებულის განადგურება ვერ გადაარჩენდა ქართველ მკითხველთა გზააბნეულ სულებს და უზარმაზარი კოცონი გაჩაღდებოდა ბათუმის ცენტრში). ,,გადარჩენილებს” ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ ამბები მხოლოდ ,,შემოსილ სიყვარულზე” და ,,ხსნადი ლიტერატურა” ცეცხლს დავაჭაშნიკებინოთ. 

ლიტერატურულ შედევრებად აღიარებული წიგნების უმეტესობასაც უწევდა გადარჩენისთვის ბრძოლა, სანამ კენწეროში მეტ-ნაკლებად გატკბილდებოდა;

,,ყველაზე ბინძური წიგნი” მსოფლიოში

ვლადიმირ ნაბოკოვმა თავისი საუკეთესო, მაგრამ სკანდალური რომანი 1955 წელს ინგლისურ ენაზე დაწერა. წიგნი პირველად საფრანგეთში, გამომცემლობა Olympia Press-ში, დაიბეჭდა და დიდი აურზაურიც გამოიწვია. „სანდი ექსპრესის” (The Sunday Express) რედაქტორმა, ჯონ გორდონმა, ნაბოკოვის რომანს უწოდა ყველაზე ბინძური წიგნი მათ შორის, რაც აქამდე  წაუკითხავს. თუმცა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც  ,,ლოლიტას” თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო სამეულში დასახელებასაც არ ერიდებოდნენ, მაგრამ მსგავსი ,,გამოხტომების” ავტორებს  მორალის საზღვრებთან დადარაჯებულ მკითხველთა მრავალრიცხოვანი არმია პედოფილებად ნათლავდა. ასე იყო თუ ისე,  ინგლისსა და საფრანგეთში ,,ლოლიტა” აკრძალული წიგნების სათავეში მოექცა. 
ხელახალი სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ნაბოკოვმა  შტატებში რომანის ფსევდონიმით გამოქვეყნება გადაწყვიტა, მაგრამ გამომცემელმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა.  მიუხედავად იმისა, რომ მკითხველის ,,შემზადების”  მიზნით,  ,,ლოლიტა” ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში ეპიზოდებად იბეჭდებოდა, რომანის წიგნად გამოცემას მაინც დიდი ხმაური მოჰყვა. თუმცა, როგორც წესი,  ქარიშხალს – მზიანი ამინდი, სკანდალს კი აღიარება და ფულადი ჯილდო მოჰყვება. ავტორს ,,ლოლიტამ” დიდი შემოსავალი მოუტანა. პროფესორმა ნაბოკოვმა სამსახური მიატოვა და შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მხოლოდ საყვარელი საქმით, წერით იყო დაკავებული.
რუსი მწერლის ინგლისურენოვანი შედევრი  მის სამშობლოში ,,დაწყევლილ წიგნთა”  სიაში შეიტანეს და წლების მანძილზე, მხოლოდ საზღვარგარეთ იბეჭდებოდა. რუსულ ენაზე ,,ლოლიტა” თავად ნაბოკოვმა თარგმნა, უფრო სწორად, თავიდან დაწერა. რომანის რუსულენოვანი ვერსია 1967 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ გამომცემლობაში (,,Phaedra”) დაიბეჭდა. 

გახმაურებული რომანის პირველი ეკრანიზაცია (1962 წ.) სტენლი კუბრიკს ეკუთვნის. 35 წლის შემდეგ, ,,ლოლიტა” ედრიან ლაინმა გადაიღო.  სკანდალური რომანის  გაცოცხლებამ, რა თქმა უნდა, აურზაური გამოიწვია, მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლს, წიგნისგან განსხვავებით, დიდი ფულადი ჯილდო არ მოჰყოლია. ჯერემი აირონსის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ჰონორარი გადაღებისთვის გამოყოფილ თანხასთან (58 მლნ. დოლარი) ახლოსაც ვერ მივიდოდა. მაყურებელთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, სტენლი კუბრიკის ,,ლოლიტამ” კინოკრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და  ვლადიმირ ნაბოკოვი, როგორც საუკეთესო სცენარისტი, 1963 წელს ოსკარზე წარადგინეს. 
,,უკანასკნელი ადამიანი ევროპაში”

ჯორჯ ორუელის შედევრის კითხვისას, მეოცე საუკუნის დამანგრეველი იდეოლოგიებისა და მეორე მსოფლიო ომში დაპირისპირებული ორი უძლიერესი მეტოქისკენ გაგირბის თვალი. დიდი ძმის ორი თუ არა, ერთი ორეული ნამდვილად არსებობდა. მის ,,მოწყალე თვალს” იდეის პოტენციური მტრების შორეულ ციმბირში ნასაზრდოები მორჩილებით ,,არწყულებდნენ”, უკეთეს შემთხვევაში კი – ბრმა სიყვარულით, რომელმაც იცის, რომ ,,დიდი ძმა” ყველას ნაცვლად ხედავს, მის ქვეშევრდომებს კი თვალის გახელა არაფერში სჭირდებათ. 

1948 წლის ოქტომბერში ჯორჯ ორუელმა ფრედერიკ ვარბურგს (Fredric Warburg) წერილი მისწერა,  რომელშიც ატყობინებდა რომ  დასაბეჭდად გამზადებული რომანისთვის ორი სათაური – ,,უკანასკნელი ადამიანი ევროპაში” და ,,1984″  მოიფიქრა, მაგრამ მათ შორის არჩევნის გაკეთება უჭირდა  (https://georgeorwellnovels.com/books/letter-to-fredric-warburg-22-october-1948/).                        გამომცემელმა ორუელი დაარწმუნა, რომ პოტენციურ მკითხველებში მაღალი ინტერესის გამოსაწვევად ორაზროვანი სათაური იყო საჭირო, ამიტომ არჩევანი  მეორე ვარიანტზე შეაჩერეს. დღემდე გაურკვეველია, თუ რას მოიაზრებდა მწერალი ამ, ერთი შეხედვით, უკონტექსტო წლის მიღმა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, რომანის სათაური მისი დასრულების რეალური თარიღის ბოლო ორი ციფრის გადაადგილებაა (1948 – 1984 ) და სხვა არაფერი.

წიგნის შავი ვარიანტი 1947 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო, მაგრამ მწერალს მუშაობაში ხელი ტუბერკულიოზის გამწვავებამ შეუშალა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ (1948 წლის ზაფხული) ორუელი შოტლანდიაში გაემგზავრა რომანის დასამთავრებლად. ოქტომბერში მწერალმა გამომცემელს კუნძულზე მბეჭდავის გამოგზავნა სთხოვა, მაგრამ შოტლანდიაში წასვლის მოსურნე სპეციალისტი არ გამოჩნდა და ჯანმრთელობაშერყეულ ორუელს თავად მოუხდა ხელნაწერის ,,გადათეთრება”. 

რომანი 1949 წლის 8 ივლისს გამოსცეს. მან კრიტიკოსებისა და მწერლების დიდი მოწონება დაიმსახურა. 1989 წლისთვის კი  წიგნი უკვე 65 ენაზე იყო თარგმნილი. ჯორჯ ორუელის ნაწარმოებების და, პირველ რიგში, რომანის – ,,1984″ გამოცემა საბჭოთა კავშირში 1988 წლამდე აკრძალული იყო. 

ესეიში  ,,რატომ ვწერ” ჯორჯ ორუელი აღიარებდა, რომ თავის რომანებში იგი ყოველთვის აკრიტიკებდა ტოტალიტარიზმს, რომელმაც მეოცე საუკუნის მსოფლიოში საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვები. მისი წიგნების უმეტესობისთვის დამახასიათებელი შტრიხებია:  კოლექტივიზმის კრიტიკა, ძალების მობილიზება და ერთი გლობალური მიზნის ,,საერთო შიშისკენ” გადატყორცნა, ერთპარტიული მმართველობა, კომუნიკაციის საშუალებების სრული მონოპოლია, სრული კონტროლი მასებზე, მათ გრძნობებსა და ფიქრებზეც კი. სიყვარული ორუელის წიგნებში თეთრი პურის მოპარული ნაჭერივითაა, რომელსაც კუთხეში მიყუჟული ნაჩქარევად ილუკმები, ვერც გემოს უგებ და ბოლოს გულზეც გადგება.  სულ სხვაა ნებადართული სიყვარული – ყოველდღიური, ზომიერი ულუფა, თვითმყოფადობის ავთვისებიანი უჯრედებისგან ,,განკურნებული”  ტვინი რომ შობს (,,მას დიდი ძმა უყვარდა”).

რომანის მიხედვით რამდენიმე კინოსურათი გადაიღეს. საუკეთესო ეკრანიზაციად აღიარებული ფილმი მაიკლ რედფორდის მიერ სწორედ 1984 წელსაა გადაღებული.

სამწუხაროდ, წიგნში ასახულ უტოპიურ რეალობას დღესაც მოეძებნება მსოფლიოში ანალოგი. არსებობენ ქვეყნები, სადაც ,,თავისუფლება  მხოლოდ იმის თქმის შესაძლებლობაა, რომ ორჯერ ორი ოთხია”. თუმცა ბუნდოვანი, მაგრამ ,,დიადი იდეის” სამსახურში ორჯერ ორზე ბევრად მეტი, ადამიანი იღუპება, ბრძოლის ველს მიღმა კი, წარმოსახვითი სიმშვიდის ველზე, ადამიანში კვდება პიროვნება.  

****

 
წიგნებს ყოველთვის ებრძოდნენ, უფრო სწორად, ღირსეულ წიგნებს და ავტორებს. მათი განადგურება საშუალებას იძლევა სიმართლე ცოტა ხნით, მაგრამ არა  სამუდამოდ, გააჩუმო. 1933 წელს, ფაშისტებმა კოცონზე დაწვეს ე.წ. მესამე რაიხის მტრების  წიგნები. აკრძალულ ნაწარმოებთა სიის სათავეში მოექცა ჰაინრიხ ჰაინეს, ფროიდის, ბრეხტის, თომას მანის და შტეფან ცვაიგის  ნაშრომებიც. ოსვენციმთან წიგნების დაწვა რა მოსატანიაო, გაიფიქრებთ (ალბათ). მაგრამ ერი, როგორც ჩანს, მაინც ნანობს მსოფლიოში სახელგანთქმულ თანამემამულეთა ნაშრომების განადგურებას.  მათი სინანული ქალაქის ცენტრში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან, უპატრონო ძაღლივით აგედევნებათ და მეხსიერებიდან ვერასდროს განდევნით.  წიგნთა სულების საცავს რომ მიაგნო,  ქვაფენილი ყურადღებით უნდა დაათვალიერო.  მოედნის ცენტრში, სქელი მინის ,,ფანჯარას” , მის ქვეშ კი განათებულ თეთრ ოთახს დაინახავ, რომლის ოთხივე კედელი ცარიელი თაროებითაა დაფარული. მოკლული წიგნების სიჩუმეს სიცარიელეზე უკეთ ვერაფერი გამოხატავდა. ეს მიწისქვეშა წიგნსაცავი გამაყრუებელი სიცარიელით თითოეულ გამვლელს შეახსენებს, რომ „სადაც წვავენ წიგნებს, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ” (ჰაინრიხ ჰაინე).

მსოფლიო რელიგიები – ზოროასტრიზმი

0
გამოცხადების რელიგიებს შორის (ასე უწოდებენ სამეცნიერო ლიტერატურაში რელიგიებს, რომლებიც მოციქულებმა ღმერთის ზეშთაგონებით მიიღეს) ზოროასტრიზმი უძველესია. მან, პირდაპირ თუ ირიბად, დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე. ზოროასტრიზმი იმ სამი დიდი ირანული იმპერიის სახელმწიფო რელიგია იყო, რომლებიც თითქმის უწყვეტად არსებობდა ძვ. წ. VI-დან ახ. წ VII საუკუნემდე. ირანული იმპერიების ძლიერება განაპირობებდა ამ რელიგიის დიდ პრესტიჟსა და გავლენას მთელი მახლობელი აღმოსავლეთის კულტურაზე, განსაკუთრებით კი ამ რეგიონში წარმოშობილ რელიგიებზე: იუდაიზმზე, ქრისტიანობასა და ისლამზე, ასევე – გნოსტიკურ სექტებსა და ბუდიზმზე.

ზოროასტრიზმი უნიკალური რელიგიაა. მისი მრავალი დებულება კეთილშობილური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელია. ამიტომაც, როგორც ზემოთ ვთქვით, არ არის გასაკვირი, რომ გვიანდელმა რელიგიებმა ბევრი რამ ისესხეს მისგან. მაგალითად, მონოთეისტური სისტემა, რწმენა მოციქულთა არსებობისა და მესიის (მხსნელის) მოვლინებისა. არ არის გამორიცხული, სწავლება საიქიო სამყაროს – სამოთხისა და ჯოჯოხეთის, სულის უკვდავების, მიცვალებულთა აღდგომისა და განკითხვის დღის შესახებ მსოფლიო რელიგიებში სწორედ ზოროასტიზმიდან იყოს ნასესხები.

სამწუხაროდ, დღემდე დაუზუსტებელია, სად და როდის წარმოიშვა ეს რელიგია. მეცნიერები სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობენ. ზოგიერთის აზრით, ხალხი, რომლის წიაღშიც ჩაისახა ზოროასტრიზმი, ირანის ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობდა, ზოგიერთის აზრით – ჩრდილო-აღმოსავლეთით. ინგლისელი მეცნიერი მერი ბოისი ვარაუდობს, რომ ამ რელიგიის დასაბამი მდ. ვოლგის აღმოსავლეთით, დღევანდელი სამხრეთ რუსეთის სტეპებში უნდა ვეძებოთ. ეს თეორიები უმთავრესად ზოროასტრიზმის წმინდა წიგნებში დაცული ენათმეცნიერული მონაცემების საფუძველზე წარმოიშვა, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი ჭეშმარიტება ეჭვს ბადებს.

ზოროასტრიზმის წმინდა წიგნების ლინგვისტური ანალიზი და მათი შინაარსი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ რელიგიის შემქმნელი ხალხი უძველეს ინდოევროპულ მომთაბარე ტომებს განეკუთვნებოდა, რომლებსაც დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს უნდა ეცხოვრათ. ეს დრო მეტად არასტაბილური იყო, რაზეც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იარაღი და საომარი ეტლები მიუთითებს. მწყემსებს ხშირად უწევდათ მეომრებად ქცევა. მათი ბელადები ხელმძღვანელობდნენ საომარ კამპანიებს და ძარცვავდნენ მეტოქე ტომებს. სწორედ ამ რთულ ვითარებაში გამოდის ასპარეზზე მოციქული ზარატუშტრა (ამ სახელის ბერძნული ვარიანტია ზოროასტრი), ძე პოურუშასპისა, სპიტამას გვარიდან, რომლის სახელისგანაც მომდინარეობს რელიგიის სახელწოდება – ზოროასტრიზმი. „ზარატუშტრა” ძველი ირანული წარმოშობის სახელია და „ოქროსფერი აქლემის მფლობელს” ნიშნავს. ავესტას მიხედვით, ზარატუშტრა ქურუმი იყო, ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.
 

ავესტა

ზოროასტრელთა წმინდა წიგნებს ავესტა ეწოდება. მასში გადმოცემულია სპიტამა ზარატუშტრას გამოცხადებები – სწავლება, რომელიც აჰურა მაზდამ (ზოროასტრიზმის უზენაესმა ღვთაებამ) ხალხს მოციქულის პირით გადასცა.
როგორც ლეგენდა გვამცნობს, ავესტა ზეციდან ღვთაებრივმა ფრინველმა კარშიპტმა ჩამოიტანა ციხე-ქალაქ იიმკარდში, რომელიც მეფე იიმამ ააგო სიცივისა და წყალდიდობებისგან ქვეშევრდომთა დასაცავად, მაგრამ მეფემ უარი თქვა აჰურა მაზდას წინადადებაზე, „კეთილი რწმენის” მქადაგებელი გამხდარიყო. პირველი და ერთადერთი მოციქული „კეთილი რწმენისა” გახდა ყველაზე მართალი ადამიანთა შორის – სპიტამა ზარატუშტრა. მოციქულის მიერ გამოცხადების მიღებიდან იწყება მიწიერი სამყაროსთვის ახალი ეპოქა ვიზარიშნი – ეპოქა სიკეთისა და ბოროტების გაყოფისა.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ავესტა ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ამ სიბრძნის მატარებელნი ზოროასტრელი ქურუმები – მოგვები იყვნენ. მოგვიანებით, არშაკელთა დინასტიის ზეობისას (ძვ. წ. 250 წ. – ახ. წ. 224 წ.), პართიის სამეფოში წმინდა წიგნების წერილობითი ვერსია შეიქმნა, ხოლო მათი საბოლოო რედაქცია უკვე სასანელი შაჰის შაბურ II-ის (ახ. წ. VI ს.) ეპოქაში დასტურდება.

გადმოცემით, დიდი ავესტა, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელამდე უარსებია, შეიცავდა 21 წიგნს – ნასკს. დღეისათვის შემოჩენილია ავესტას შემდეგი ნაწილები:

·იასნა – (ავესტ. ლოცვა, თაყვანისცემა) ძირითადი ლიტურგიკული ნაწილი. მასში განსაკუთრებული ადგილი უკავია გათებს – საგალობლებს, რომლებიც თვით ზარატუშტრას მიეწერება;

·ვისპრედი – (ავესტ. ყველა მსაჯული, ყველა უფალი) შეიცავს სხვადასხვა ღვთაებისადმი მიძღვნილ ლოცვებს;

·ვიდევდატი – (ავესტ. დევთა საწინააღმდეგო კანონი), რომელშიც გადმოცემულია აჰურა მაზდას მიერ ქვეყნიერების შექნისა და ოქროს ხანის მითები. მასში ასევე აღწერილია ზოროასტრელთათვის სავალდებულო ქცევის ნორმები;

·იაშტა – (ავესტ. ქება) შინაარსობრივად ავესტას უძველესი ნაწილია, შედგება ბუნების ძალებისა და ციური სხეულებისადმი მიძღვნილი ჰიმნებისგან. მასში შემონახულია ძველი ინდოევროპული მითოლოგიური პერსონაჟები და ღვთაებები (მითრა, ანაჰიტა და სხვა);

·ქორდა ავესტა – (საშ. სპარს. მცირე ავესტა) მოიცავს იმ ლოცვებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საერო ზოროასტრელებისთვის და რომელთაც იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საყურადღებოა, რომ ავესტა დაწერილია ერთ-ერთ უძველეს ირანულ დიალექტზე, რომელიც მხოლოდ ამ წმინდა წიგნებში შემორჩა ამიტომაც ზოროასტრელი ქურუმობის მსურველნი ხანგრძლივ და სპეციალურ განათლებას იღებდნენ მომავალი საქმიანობისთვის.

ზოროასტრული ღვთაებები
 
გადმოცემის თანახმად, ზარატუშტრამ „ჭეშმარიტი რწმენის” გამოცხადება 30 წლის ასაკში მიიღო. ერთხელ, გამთენიისას, ის მდინარისკენ გაემართა წმინდა სასმლის – ჰაომას მოსამზადებლად. დაბრუნებისას ზარატუშტრას გამოეცხადა ბრწყინვალე არსება – ვოჰუ მანა (ავესტ. კეთილი აზრი), რომელმაც ის ღმერთთან – აჰურა მაზდასთან (წესრიგის, სიმართლისა და სამართლიანობის ღმერთი) მიიყვანა. გამოცხადება შემთხვევითი როდი იყო. მისი სათავეები ზოროასტრიზმზე უფრო ადრეულ რელიგიაში უნდა ვეძებოთ. ახალი მოძღვრების ქადაგებამდე დიდი ხნით ადრე ძველი ირანული ტომები თაყვანს სცემდნენ ღვთაება მითრას – ხელშეკრულების (პირობის დადების) განსახიერებას, ანაჰიტას – წყლისა და ნაყოფიერების ქალღმერთს, ვარუნას – ომისა და გამარჯვების ღმერთს და სხვა. ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა რელიგიური წეს-ჩვეულებები, რომლებიც ცეცხლის თაყვანისცემასა და ქურუმების მიერ რელიგიური ცერემონიებისთვის ჰაომას მომზადებას გულისხმობდნენ. მრავალი წეს-ჩვეულება, რიტუალი თუ მითოლოგიური გმირი „ინდოარიელთა ერთობის” ეპოქას განეკუთვნებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღვთაება თუ გმირი ორგანულად შეერწყა ახალ რელიგიას – ზოროასტრიზმს.

ზარატუშტრა ქადაგებდა, რომ უზენაესი ღვთაებაა აჰურა მაზდა. ყველა სხვა ღვთაება იერაქიულ კიბეზე მის ქვემოთ დგას და მას ემორჩილება. მეცნიერთა აზრით, აჰურა მაზდას სახე მომდინარეობს ძველი ირანული ტომების ღვთაებებისგან, რომლებსაც „აჰურად” (ავესტ. ბატონი, ბრძანებელი) მოიხსენიებდნენ. ასევე იწოდებოდნენ მითრა და ვარუნაც, ხოლო უზენაესი აჰურას ეპითეტი „მაზდა” (ავესტ. ბრძენი) იყო.

გარდა აჰურა-ღვთაებებისა, რომლებიც დაჯილდოებულნი იყვნენ უზენაესი საკრალური თვისებებით, ძველი ირანელი ტომები ასევე თაყვანს სცემდნენ დევებს (დაივებს) – დაბალი რანგის ღვთაებებს, თუმცა უმრავლესობა ამ ტომებისა მათ ბოროტი და ბნელი ძალების წარმომადგენლებად მიიჩნევდა.

აჰურა მაზდა განასახიერებდა უმაღლეს და ყოვლისმცოდნე ღმერთს, ყოველივე არსებულის შემოქმედს, ღვთაებას ცის თაღისა. ის დაკავშირებული იყო ძირითად რელიგიურ ცნებებთან – ღვთაებრივ სამართლიანობასა და წესრიგთან (ავესტ. აშა), კეთილ სიტყვასა და კეთილ ქმედებებთან. 

მოგვიანებით ხმარებაში შემოვიდა ზოროასტრიზმის სხვა სახელწოდება – მაზდეიზმი.

ზარატუშტრა ქადაგებდა, რომ ყოველი ღვთაება აჰურა მაზდასგანაა ნაშობი. ეს ქადაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირას ბრწყინვალე ზმანება ჰქონდა. ზმანებამ მოციქულს აჰურა მაზდასა და სხვა ღვთებების ხილვის საშუალება მისცა.

მაზდეანობის მიხედვით, სამყაროში მეფობენ არა მარტო სიკეთე და სინათლე, არამედ ბოროტება და სიბნელეც. აჰურა მაზდას უპირისპირდება ბოროტი ღვთაება ანჰრა მაინიუ (აჰრიმანი ან არიმანი). აჰურა მაზდასა და აჰრიმანის მუდმივი დაპირისპირება განასახიერებს კეთილისა და ბოროტის ბრძოლას. ამრიგად, მაზდეანობისთვის დამახასიათებელია ორი საწყისის არსებობა: „ჭეშმარიტად არსებობს ორი პირველადი სული, განთქმული ურთიერთდაპირისპირებით… აზრით, სიტყვითა და ქმედებით თითოეული მათგანი კეთილი და ბოროტია… როდესაც ეს ორი სული პირველად შეება ერთურთს, მაშინ შეიქმნა ყოფიერება და არმყოფობა და ვინც მისდევს სიცრუის გზას, მას ელის ყველაზე უარესი, ხოლო ვისი გზაც სიკეთეა, მისი ხვედრი საუკეთესოა”.

აჰრიმანის მხედრობას წარმოადგენენ დევები. ზოროასტრელები სწამთ, რომ ეს ბოროტი სულები და მბრძანებლები ზიანს აყენებენ ბუნების ოთხ წმინდა სტიქიას: ცეცხლს, მიწას, წყალს და ცის თაღს. ამასთანავე, მათში გამოხატულია ყველაზე უარესი ადამიანური თვისებები: შური, სიზარმაცე, სიცრუე და სხვა.

უზენაესმა ღმერთმა აჰურა მაზდამ შექმნა სიცოცხლე, სითბო და სინათლე, რის საპასუხოდაც აჰრიმანმა შექმნა სიკვდილი, ზამთარი, სიცივე, ყინვა, მავნე ცხოველები და მწერები. მაგრამ საბოლოოდ, ზოროასტრული სწავლების მიხედვით, ორი საწყისის ამ ბრძოლაში აჰურა მაზდა გაიმარჯვებს და სამუდამოდ გაანადგურებს ბოროტებას.

ზოროასტრიზმის მიხედვით, აჰურა მაზდამ სპენტა მაინიუს (წმინდა სული) დახმარებით შექმნა ექვსი „უკვდავი წმინდანი”, რომლებიც უზენაეს ღმერთთან ერთად ქმნიან შვიდი ღვთაების პანთეონს. სწორედ ეს შვიდი ღმერთის იდეა იყო ზოროასტრიზმის ერთ-ერთი სიახლე. ეს ექვსი „უკვდავი წმინდანი” განასახიერებს აბსტრაქტულ ყოფიერებას. მაგალითად,

ვოჰუ მანა – იყო საქონლის მფარველს და, ამავე დროს, კეთილ აზრს;
აშა ვაჰიშტა – ცეცხლის მფარველს და და საუკეთესო სიმართლეს;
ჰშატრა ვარია – ლითონთა მფარველს და რჩეულ ხელისუფლებას;
სპენტა არმატი – მიწის მფარველს და ღვთისმოსაობას;
ჰაურვატატი – წყლის მფარველს და მთლიანობას;
ამერტატი – მცენარეთა მფარველს და უკვდავებას.

მათ გარდა აჰურა მაზდას ღვთაება-თანამგზავრებად ითვლებოდნენ მითრა, აპამ ნაპატი – წყალთა შვილიშვილი, სრაოში – მორჩილება, ყურადღება და დისციპლინა – და აში – ბედისწერის ქალღმერთი. ზოროასტრიზმის მიხედვით, ყველა აჰურა მაზდას ნაშობია და მისი მეთაურობით ცდილობს ბოროტი ძალების დამარცხებას.
კოსმოგონია

ზოროასტრული კონცეფციის მიხედვით, სამყარო 12 ათასი წელი იარსებებს. მთელი მისი ისტორია პირობითად დაყოფილია ოთხ პერიოდად. თითოეულის ხანგრძლივობა 3 ათასი წელიწადია.

პირველი პერიოდი წინ უძღვოდა მატერიალურ სამყაროში არსებულ ყველა იდეასა და საგანს. ეს იყო პერიოდი, როდესაც აჰურა მაზდა ქმნიდა აბსტრაქტული ცნებების იდეალურ სამყაროს. ამ დროს უკვე არსებობდა ყოველივე იმის პირველსახე, რამაც მოგვიანებით მატრიალური სახე მიიღო. კოსმოსის ასეთ მდგომარეობას მენოკი (ავესტ. უხილავი, სულიერი) ეწოდება.

მეორე პერიოდში ხორცს ისხამს მატერიალური, რეალური, ხილული სამყარო. აჰურა მაზდა ქმნის ცას, ვარსკვლავებს, მთვარეს და მზეს. მზის სფეროს მიღმა თვით უზენაესი ღმერთის სამყოფელია.

იმავდროულად მოქმედებას იწყებს აჰრიმანი. ის იჭრება ცის თაღის ფარგლებში, ქმნის პლანეტებსა და კომეტებს, რომლთა მოძრაობაც ეწინააღმდეგება აჰურა მაზდას მიერ დაწესებულ კოსმიურ წესრიგს. აჰრიმანი აბინძურებს წყალს და სიკვდილს მოუვლენს გაიომარტას – პირველ ადამიანს. თუმცა ადამიანთა მამამთავრისგან იშვნენ ქალი და კაცი, რომლებმაც დასაბამი მისცეს კაცთა მოდგმას. ორი ურთიერთდაპირისპირებული საწყისის დაჯახებისგან მთელი სამყარო ამოძრავდა: წყლებმა დაიწყო მდინარება, აღმოცენდა მთები, ამოძრავდა ციური სხეულები. ქაოსურად მოძრავი, „მავნე” პლანეტები რომ გაენეიტრალებინა, აჰურა მაზდამ თითოეულ მათგანს კეთილი სული მიუჩინა.
მესამე პერიოდი სამყაროს არსებობისა ზარატუშტრამდელი ეპოქიდან იწყება. ამ დროს ჩნდებიან ავესტას მითოლოგიური გმირები. ერთ-ერთი მათგანია ოქროს ხანის მეფე იიმა ბრწყინვალე. მის სამეფოში არ არის „არც სიცხე და არც სიცივე, არც სიბერე და არც შური”. ეს მეფე აუშენებს ადამიანებსა და საქონელს სპეციალურ ციხე-ქალაქს და ასე იხსნის მათ წარღვნისგან. ამ ეპოქის წმინდათა შორის მოიხსენიება ვიშტასპა, რომელიღაც ტერიტორიის მმართველი. სწორედ ის ხდება ზარატუშტრას მფარველი.

უკანასკნელი, მეოთხე პერიოდი (ზარატუშტრას შემდეგ) 4 ათასი წელი გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ხალხს უნდა გამოეცხადოს სამი მესია (თითო ყოველი ათასწლეულის დასრულებისას). უკანასკნელი იქნება მხსნელი საოშიანტი – აჰურა მაზდას ძე, ისევე როგორც ორი მისი წინამორბედი. სწორედ ეს მესია გადაწყვეტს კოსმოსისა და კაცობრიობის ბედს. ის მკვდრეთით აღადგენს ყველას, დაამარცხებს აჰრიმანს, რის შემდეგაც დაიწყება სამყაროს განწმენდა „გამდნარი ლითონის ნაკადით” და ყველაფერი, რაც ამის შემდეგ დარჩება, შეიძენს უკვდავებას. 

ზოროასტრელები „აპოკალიფსის ხალხია”. ისინი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ვინ უშიშრად ელის სამყაროს აღსასრულს.
ადამიანი და ზოროასტრიზმი

ზორასტრიზმში დიდი როლი ენიჭება ადამიანის სულიერ სრულყოფილებას. ამ რელიგიის ეთიკური დოქტრინის მთავარ პოსტულატს წარმოადგენს პიროვნების ქმედება, რომელიც შემდეგ ტრიადას ემყარება: კეთილი აზრი, კეთილი სიტყვა, კეთილი საქმე. ზოროასტრიზმი უნერგავდა ადამიანს სისუფთავისა და წესრიგის ჩვევას, ასწავლიდა მოყვასის თანაგრძნობას და მადლიერებას მშობლებისა და ოჯახის მიმართ. რელიგია ითხოვდა მორწმუნეებისგან, მოეხადათ მოვალეობა შვილების წინაშე, დახმარებოდნენ ერთმორწმუნეებს, მზრუნველობა არ მოეკლოთ მიწისა და საძოვრებისთვის. ამ მცნებების თაობიდან თაობისთვი გადაცემამ შეაძლებინა ზოროასტრელებს, გამოემუშავებინათ ცხოვრებისადმი სტოიკური დამოკიდებულება, რომელიც მათ მრავალი განსაცდელის გადალახვაში ეხმარებოდა.

ეს რელიგია ადამიანს არ ზღუდავდა, გაეკეთებინა არჩევანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მოუწოდებდა, განრიდებოდა ბოროტებას. ამასთანავე, ზოროასტრიზმის მიხედვით, ადამიანის ბედი ბედისწერითაა განსაზღვრული, თუმცა მხოლოდ პიროვნების საქციელით გადაწყდება, სად მოხვდება მისი სული სიკვდილის შემდეგ – სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. 

ზარატუშტრა გათებში უფრო მოციქულად არის წარმოდგენილი, ვიდრე კანონმდებლად. მიუხედავად ამისა, მეფე ვიშტასპას კარზე გატარებული ხნის განმავლობაში მას უნდა შეექმნა საკუთარი რელიგიური თემი და დაეწესებინა ცერემონიები და რიტუალები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძველ ინდო-არიულ წეს-ჩვეულებას წარმოადგენდა სრულწლოვანი მამაკაცისთვის დაწნული ზონრის შებმა, რაც რელიგიური თემის წევრად მიღების ნიშანი იყო. ეს ძველი ჩვეულება ზარატუშტრამ საკუთარი მიმდევრების საიდენტიფიკაციოდ გამოიყენა. ყველა ზოროასტრელი, ქალი თუ კაცი, წელზე შეკრულ ზონარს (სპარს. კუსტი) ატარებს. თემში ხელდასხმა 15 წლიდან შეიძლება. ამის შემდეგ მორწმუნე ვალდებულია, ყოველდღე, ყოველი ლოცვის წინ შეიხსნას, მერე კი ხელახლა შეიბას ეს ზონარი. მისი სიმბოლური დატვირთვა ასეთია: ზონარი, რომელიც სამი ხვეულასგან შედგება, განასახიერებს ზორასტრელთა ზემოთხსენებულ ეთიკურ ტრიადას – კეთილ აზრს, კეთილ სიტყვას, კეთილ საქმეს. კუსტის იკრავენ თეთრი ხალათის ზემოდან, რომელსაც სუდრა (შდრ. ქართული სუდარა) ეწოდება. სუდრაში პატარა ჯიბეა ჩაკერებული. ის უნდა ახსენებდეს მორწმუნეს, რომ ადამიანი ვალდებულია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებდეს კეთილ აზრებს, კეთილ სიტყვებს და კეთილ საქმეებს, რომლებიც მას სამოთხისკენ გაუკვალავს გზას.
ლოცვები 

ზარატუშტრამ თავის მიმდევრებს დღეში ხუთჯერ ლოცვა დაუწესა. თითოეული ლოცვა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, დილის ლოცვის მფარველი ღვთაება მითრა იყო, შუადღისა – აპამ ნაპატა, ხოლო ღამის ლოცვა გარდაცვლილებს ეძღვნებოდა. გარდა ასეთი გრადაციისა, ლოცვები სეზონების მიხედვითაც იყოფოდა. ზაფხულის ლოცვა, როდესაც მბრძანებლობდნენ კეთილი ძალები და მზე ზენიტში უძრავად იდგა, მლოცველს ეხმარებოდა, ეფიქრა ჭეშმარიტების და სიკეთის საბოლოო ტრიუმფის შესახებ, ხოლო ზამთრის ლოცვას, როდესაც ბოროტი ძალები ბატონობდნენ, უნდა შეეხსენებინა ადამიანისთვის, რომ აუცილებელი იყო მათთან თავდაუზოგავი ბრძოლა. ასე რომ, ზარატუშტრამ გამოიყენა დღის პერიოდები და წელიწადის დროები, რათა მტკიცედ შთაებეჭდა მიმდევართათვის ზოროასტრიზმის ძირითადი პოსტულატები.

ჩვენ მიერ ნახსენები დღის ხუთი ლოცვა სავალდებულო იყო მორწმუნეთათვის. მათთან ერთად ზარატუშტრამ დააწესა არასავალდებულო ღამის ლოცვები და რიტუალიც. ზოროასტრიზმის მიხედვით, ღამით განსაკუთრებით აქტიურდებიან ბნელი ძალები, ამიტომ ეს რიტუალი მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. მორწმუნეს უნდა აეგიზგიზებინა ცეცხლი, მასში კეთილსურნელოვანი მცენარეები დაეწვა და ელოცა მშვიდობისა და სიკეთისთვის.
დღევანდელი ზოროასტრელები ლოცვის რიტუალს შემდეგნაირად ასრულებენ: თავდაპირველად მლოცველი ემზადება ლოცვისთვის – განიბანს სახეს, ხელებსა და ფეხებს. შემდეგ, შეიხსნის რა წმინდა ზონარს (კუსტის), წარმოიდგენს, რომ რიტუალს აჰურა მაზდა ესწრება. მისი ყურადღება მიმართულია ცეცხლისკენ – სიმართლის სიმბოლოსკენ. მლოცველი ლოცულობს აჰურა მაზდასთვის და წყევლის აჰრიმანს. ლოცვა რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებს მორწმუნე ამ რიტუალს, მით უკეთესია მისთვის. 
შვიდი დღესასწაული

პირდაპირი ვალდებულება, რომელიც ზარატუშტრამ დააკისრა მორწმუნეებს, არის შვიდი ყოველწლიური დღესასწაულის აღნიშვნა, რომლებიც აჰურა მაზდას და მის მიერ შექმნილ ექვს „უკვდავ წმინდანს” (ღვთაებას) ეძღვნება. როგორც ჩანს, ეს დღესასწაულები ინდოარიელ მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა უძველესი წეს-ჩვეულებებისგან უნდა მომდინარეობდეს, რაზეც მათი სახელწოდებები მიუთითებს. ესენია: 1. „შუა გაზაფხულის დღესასწაული”; 2. „შუა ზაფხულის დღესასწაული”; 3. „მოსავლის აღების დღესასწაული”; 4. „საზაფხულო საძოვრებიდან საქონლის დაბრუნების დღესასწაული”; 5. „შუა ზამთრის დღესასწაული”; 6. მეცნიერებისთვის ძნელად ასახსნელი წეს-ჩვეულება, რომელიც ფრავაშის (სული, რომელიც ადამიანის დაბადებამდე და მისი სიკვდილის შემდეგაც არსებობს) გამასპინძლებას ასახავს.

ამ დღესასწაულებს ყველა რელიგიური თემი ზეიმობდა. დილით მლოცველები ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, რომელიც აჰურა მაზდას სადიდებლად იმართებოდა, ხოლო საღამოს ყველა ერთად იკრიბებოდა და ქურუმების მიერ ნაკურთხი საკვებით უმასპინძლდებოდა ერთმანეთს.

 

რაც შეეხება მეშვიდე დღესასწაულს, ის განსაკუთრებული იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა. ეს დღესასწაული ეძღვნებოდა ცეცხლს როგორც სიცოცხლის ძალას, რომლითაც გამსჭვალულია აჰურა მაზდას ყველა ქმნილება. სპარსულად მას ნოურუზ – ახალი წელი – ეწოდება. სამწუხაროდ, ამ დღესასწაულის ავესტური სახელი ჩვენთვის უცნობია. ზარატუშტრამ ეს ზეიმი გაზაფხულის ბუნიობას დაამთხვია. სიმბოლურად, დღესასწაული ახსენებს მორწმუნეებს განკითხვის დღეს, როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვებს აშა (ავესტ. წესრიგი, ჭეშმარიტება, სამართლიანობა; პრიციპი, რომელიც მართავს მთელ სამყაროს). ეს უკანასკნელი დღე, ამასთანავე, მარადიული ცხოვრების პირველი დღე გახდება.

ზარატუშტრას მიერ მორწმუნეთათვის შემოღებულმა ორმა აუცილებელმა მოვალეობამ – ყოველდღიურმა ხუთჯერადმა ლოცვამ და შვიდმა ყოველწლიურმა დღესასწაულმა – ზოროასტრიზმს უზარმაზარი ძალა შესძინა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასულდგმულებდა ამ რელიგიას. ეს რელიგიური წეს-ჩვეულებები მუდამ ახსენებდა ზოროასტრელებს რწმენის ძირითად პოსტულატებს. რელიგიური რიტუალები კიდევ უფრო აერთიანებდა მორწმუნეთა თემს.
კულტმსახურება და ტაძრები

განსაკუთრებული აღზევება ზოროასტრიზმმა სასანელთა ბატონობის ხანაში განიცადა. მთელ იმპერიაში აიგო ათეშგები – „ცეცხლის ტაძრები”. ეს ტაძრები ერთიანი გეგმით შენდებოდა. საშენ მასალად გამოყენებული იყო ქვა ან გამოუწვავი აგური. ტაძარს ჰქონდა გუმბათოვანი გადახურვა, რომლის ქვეშაც დიდი სამლოცველო დარბაზი იყო. ამ დარბაზში, ქვის პოსტამენტზე, უზარმაზარ თასში, წმინდა ცეცხლი ენთო. დარბაზი ისე იყო გამოყოფილი შენობის სხვა ოთახებისგან, რომ ცეცხლი ვერავის დაენახა.

ზოროასტრულ ტაძრებს თავისი იერარქია ჰქონდათ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ცეცხლი ვარაჰრამა (უბიწობის სიმბოლო). ამ ტაძრის ცეცხლი ირანის ყველა ტაძარში დანთებული ცეცხლის პირველწყარო გახლდათ. ტრადიციის თანახმად, ვარაჰრამას ცეცხლი 16 სახის ცეცხლისგან შედგებოდა, რომლებიც მორწმუნეთა სხვადასხვა ფენის (მოგვების, მეომრების, მწერლების, ვაჭრების, ხელოსნების, გლეხების და სხვათა) წარმომადგენელთა კერიიდან იყო წამოღებული. ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა მეთექვსმეტე ცეცხლი, რომელიც მეხის დაცემისას ჩნდებოდა. დროთა განმავლობაში წმინდა ცეცხლი ტაძრებში უნდა განახლებულიყო. ამისთვის არსებობდა განწმენდის განსაკუთრებული წესი და საკურთხეველზე ახალი ცეცხლის დანთების რიტუალი.

ცეცხლის მიკარება მხოლოდ მღვდელმსახურს შეეძლო, რომელსაც თავზე თეთრი ქუდი ეხურა, ეცვა თეთრი ხალათი, ხელები თეთრი ხელთათმანებით ჰქონდა შემოსილი და სახეზე ნიღაბი ეკეთა, რათა მის სუნთქვას არ წაებილწა წმინდა ცეცხლი. დიდ ტაძრებში წვავდნენ ხის მაგარ და ძვირფას ჯიშებს, ხოლო ნაცარს მიწაში მარხავდნენ.
 

 
ეპილოგი

ზოროასტრელთა რელიგიას განსაკუთრებით მძიმე დღეები არაბების მიერ ირანის დაპყრობის შემდეგ დაუდგა. პირველ ხანებში მათ არავინ ავიწროებდა, დაახლოებით IX საუკუნიდან კი ვითარება შეიცვალა. აბასელთა ხალიფებმა ზოროასტრელთა დევნა დაიწყეს და მათ ისლამის მიღება აიძულეს. დევნილ მაზდეანთა ნაწილი ინდოეთში გაიქცა, სადაც მათი შედარებით მცირერიცხოვანი თემი დღემდე ცხოვრობს. 

ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რელიგიის გაცნობა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ზოროასტრიზმი დიდ გავლენას ახდენდა ჩვენს პოლიტიკასა თუ კულტურაზე. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ძველ თბილისში შემონახული მაზდეანთა ტაძრის ნანგრევები. 
  

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...