კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

ფელამუშის ზღვა

0

ბათუმი ისვენებს. ისვენებს დამსვენებლისგან, მთელი წლის მანძილზე ნაკოწიწები ფულით ხელში რომ მიაწყდება ხოლმე ზღვისპირს; ისვენებს გამაყრუებელი ხმაურისგან, რომლითაც შპრიცივით, ნელ-ნელა ივსება მოკლე ქუჩებით გადასერილი ქალაქი; ისვენებს ენერგიისგან – სანაპიროდან რომ გადმოიღვრება ხოლმე და ბათუმის კუთხე-კუნჭულში ტალღებივით აღწევს; ისვენებს ბულვარში გამართული საუბრებისგან, ერთიანობაში მუსიკის თაიგულს რომ ქმნის. 

აპრილია. ბათუმს შორს ჩამოკიდული მზე ადგას თავზე – ჯერ კიდევ სუსტი, ნაავადმყოფარი, ამიტომ საღამოხანს, დაბრაწული ბარაბულის დაგემოვნების შემდეგ, ზღვის პირას, ჯებირზე თუ შემოდგები, სუსხი მაინც გაგჭვალავს ფერდებში. საოჯახო სასტუმრობის მფლობელები მახინჯაურის რკინიგზის სადგურის ბაქანზე ჯერაც არ გამოეფინილან დამსვენებლებზე სანადიროდ – სეზონს ელოდებიან. ტაქსის მძღოლებიც, ლოკოკინებივით, თითქოს თავიანთ ნიჟარას ვერ სცილდებიანო, მანქანებში გამოკეტილან. ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავალი გზა, საზაფხულო ტანსაცმლის ჩაცმას მცივანა ქალივით აჭიანურებს, მაგრამ დასავლური ჰაერით ნასუნთქ მაღალ ხეებს თავიანთი პეწი მაინც დაჰკარვთ.  ვიწრო ქუჩებში ჩადგმული სახლები, გრძელი აივნები რომ გასდევთ, თავისუფლად სუნთქავენ, მიწაზე დაგებული ფილაქანი თითქოს ბავშვის ყიფლიბანდივით რბილია. აპრილია, სეზონამდე ორი თვეა დარჩენილი. 

ჩემი ძირითადი საქმიანობა მოსწავლეებთან ლაპარაკია – ფულს ამაში მიხდიან. ყოველწლიურად ასობით აბიტურიენტს ვხვდები. მათ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებზე ვუყვები. ხან ზეპირად, ხან წერილობით. ბათუმშიც მოსწავლეებთან სალაპარაკოდ ჩავედი. როგორი ამბავია გაზაფხულის ბათუმში მივლინებით წასვლა – აქეთ საქმე და იქით თავისუფალი ქალაქი. დილით სკოლაში უნდა გაიქცე, არადა გრძნობ, რომ ზურგსუკან წყნარი ზღვა გელოდება. ძნელია, როცა არც მიწისა ხარ და არც ცის. 

კარგ მოჭადრაკეს ყოველთვის აქვს შემონახული ერთი დამატებითი სვლა. ჩემნაირები კი ყოველთვის დაიტოვებენ დროს ბათუმში ფეხით გასავლელად. ერთ საღამოს პორტში გავისეირნე. წყალი უჩვეულოდ მშვიდი და ლივლივა იყო – თითქოს ვინმე მოცლილს მასზე მეთლახი დაეგო. ნაპირთან მომდგარი გემები, რომლებსაც ჯებირისგან დასაცავად უზარმაზარი საბურავები ჰქონდათ ჩამოკიდებული, თითქმის არ ირხეოდნენ. ამ სურათმა 13 წლის უკან, ზუსტად ამ ადგილას გადამისროლა: დედა და მამა ჩვენ უკან მოდიოდნენ. მე და ვახო ხარბად ვათვალიერებდით თეთრად შეღებილ, კიდეებში ჟანგმოდებულ გემებს. იქამდე გემი ასე ახლოს არასოდეს მენახა. ამბავი რწყილისა – უცებ ვახომ ერთერთ გემზე ისკუპა. ამბავი ჭიანჭველასი – მე კინაღამ პოსეიდონს ჩავბარდი. ამასობაში მამაჩემმა ხელი წამავლო და გვარაიანად შემომითაქა.  იმ წამს, როცა თვალები წყლით მქონდა ამოვსებული და ყელში ბურთი მეჩხირებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ 13 წლის შემდეგ, ზუსტად იმავე ჯებირთან მდგომი, ამ ამბავმა გულიანად მაცინა. დედას დავურეკე: ზღვაში რომ ვვარდებოდი გახსოვს – მეთქი? მე ისიც მახსოვს მაგის გამო განაწყენებულმა აჭარულ ხაჭაპურზე უარი რომ თქვიო. მერეღა გამახსენდა, რომ დედაჩემს არაფერი ავიწყდება. 

პორტიდან წამოსულს Машина Времени-ს სიმღერა ამეკვიატა – Я пью до дна за тех кто в море. ამ სიმღერაში ბევრი თავისუფლებაა. დაძინებამდე ვღიღინებდი. 

მეორე დღე დაუჯერებელი შემთხვევებისა გახლდათ: ჯერ იყო და ერთერთი სკოლის დერეფანში, პრეზენტაციაზე მიმავალმა კედელზე გამოკრული საკუთარი ფოტო დავინახე. შემეშინდა. ისე მივიხედ-მოვიხედე, თითქოს რამე დამეშავებინოს. ეს იყო ფოტო, რომელიც 5 წლის წინ ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდაზე”, ხეზე მიყუდებულს, ფიქრის პროცესში გადამიღეს. სკოლის კედელზე კი კომპანია ჯეოსელს გამოეჭენებინა. ვითომ არაფერი, მაგრამ მაინც ავცუნდრუკდი. პრეზენტაციას რომ მოვრჩი, გადაღლილ-გასაცოდავებული ისევ სურათისკენ მივბაჯბაჯებდი. გამოვემშვიდობები-მეთქი. ამასობაში ზურგსუკან ხმა მომესმა: „უკაცრავად, შეიძლება რაღაც გკითხოთ?” – მივხვდი, ძალიან მორიდებულ ტიპთან მქონდა საქმე, სახეზე ღიმილი გადავიფინე და შამპანურის ჭიქის გარეშე დარჩენილი დიდი გეტსბივით გამოვიხედე:

– აბა მე აქ რისთვის ვარ? – კითხვა შევუბრუნე. 

ჩემ წინ იდგა გოგონა, რომელიც შეხვედრაზე, ოთახის განაპირას დავლანდე. გარინდული მისმენდა, თუმცა არცერთი კითხვა არ დაუსვამს. ვიფიქრე კედლისკენ ხელს გაიშვერს და მკითხავს ეს თქვენ ხომ არ ხართო. წინასწარ მოვამზადე ნახევრად ოხუნჯური პასუხიც: „დიახ, მე ვარ – მას შემდეგ 5 წელი და 25 კილო მომემატა, თმა კი – გამცვივდა”. ის-ის იყო საკუთარი სხარტი იუმორით წინასწარ ვტკბებოდი, რომ გოგონამ ლახვარი ჩამცა: 

– არ მოგიტყუებიათ? თანადაფინანსებას თქვენს ყველა სტუდენტს აძლევთ?

– არ მომიტყუებია, მაგრამ მხოლოდ ეს უნდა გეკითხათ? – ვკითხე იმედგაცრუებულმა.

– დიახ, გმადლობთ – მიპასუხა და გაბრუნდა. 

– დიახ, მე ვარ. იხტიბარი არ გავიტეხე და მაინც ვუპასუხე. ოღონდ გულში. 

ის დღე ძველი ნაცნობების დღეც იყო. ბათუმის არასანახაობრივ ნაწილში, რომელსაც, დამეფიცება, არანაკლები პეწი აქვს, ოჯახის ძველი მეგობარი შემხვდა – წარუმატებელი ბიზნესმენი, რომელმაც არაერთი საქმის წამოწყება სცადა. ახლაც მორიგი დაწესებულების წინ იდგა, ოღონდ აგრერიგად აღარ ბუინობდა, როგორც უწინ სჩვეოდა ხოლმე. „ბათუმი ჩემია” – ეს სიტყვები ისეთივე დევიზად ჰქონდა, როგორც სტარკები იტყვიან ზამთარი მოდისო. ბაკებთან შეჭარარავებულიყო. ისე ჩამეხუტა, მიწიდან ერთი მტკაველით ამწია. ლოყებზე ბლაგვი ტორები შემომილაგა, სმენა დამიხშო და ისე მელაპარაკა დიდხანს, თუმცა დევიზი არცერთხელ არ დასცდენია. დამიშვიდობებისას ვკითხე – რა მოხდა, ბათუმი შენი აღარ არის – მეთქი? გულიანად გაიღიმა და – შენთვის მიჩუქნიაო – მითხრა. მასზე ფიქრი ღამემდე მიმყვა და ბურანში შესვლისას საკუთარ თავს დავეთანხმე, რომ ის დამარცხდა. მერე კი, სანამ მორფეუსის მიწებზე გადავიდოდი, ასევე დამარცხებული რენდელ პატრიკ მაკმერფი გამახსენდა, რომელმაც თქვა: „მე ვცადე მაინც”. 

ბათუმი მცდელობების ქალაქიცაა. კაფეში Привет из Батума, ჩემ თვალწინ, ჯანღონით სავსე ბათუმელმა ბიჭებმა ამაოდ სცადეს 4 მშვენიერი ნორვეგიელი გოგოს გაცნობა: ჯერ, მხნეობისთვის, ორ-ორი კათხა ლუდი გაუშვეს ყბაში; მერე რუსული ლექსიკონი გადაიმეორეს, რადგანაც გოგონები სლავებს ჰგავდნენ და საპასუხოდ We don’t understand მიიღეს. ამაო მცდელობების ქალაქიცაა ბათუმი. 

– მიხვალ? – მკითხა ტაქსის მძღოლა, რომელიც სკოლიდან სკოლაში დამატარებდა ბათუმში ყოფნისას და დავმეგობრდით კიდეც. 

– მივდივარ – თვალმოჭუტულმა და ბარგმოკიდებულმა ვუპასუხე. 

– სეზონზე ჩამოი.

– მალე ჩამოვალ – ვუთხარი და მზე ხელის გულით მოვიჩრდილე. 

წამოსვლისას, როცა ბათუმი ზურგსუკან მოექცა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს აზვირთებული ტალღა მომდევდა, მაგრამ როცა მივიხედე, მშვიდი ქალაქი დავინახე, რომლის ნაპირებსაც წყალი ფელამუშივით მოსდგომოდა. „ბათუმი ჩემიცაა” – გულში, დაგვიანებით ვუპასუხე უფროს, ძველ მეგობარს. სხვა თუ არაფერი, დედამიწის ზურგზე ბევრ ქალაქვს ვერ ვიპოვი, სადაც, სკოლის კედელზე, ჩემი ფოტო კიდია. 

ძალადობა საკლასო ოთახებში

0
„ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები სკოლაში” – ასე ჰქვია პილოტურ კვლევას, რომელიც GCRT-ს (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის) ეგიდით მარტში ჩატარდა. ორგანიზაციამ ორი ფოკუსჯგუფი გამოიკვლია – მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ექვსი საჯარო და ერთი კერძო სკოლიდან. კვლევაში მონაწილეობა მე-8 დან მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ მიიღო.

ფსიქოლოგი და მკვლევარი ნატო ყვავილაშვილი გვიამბობს, რომ, დაკვირვების მიხედვით, ზემოხსენებულ სკოლებში მასწავლებლები ხშირად ვერ ამჩნევენ კონფლიქტებს მოსწავლეებს შორის, შესვენების დროს ბავშვები მოკლებულნი არიან დამრიგებლის მეთვალყურეობას. ფსიქოლოგი გვიხსნის, რომ იგნორირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სკოლაში ბულინგს წარმოშობს. პილოტურ კვლევაში მოსწავლეები სკოლაში ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ხშირია მასწავლებლის მიერ მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა:

„მეც მყავს მოხუცი მასწავლებელი და გაკვეთილზე თუ გაგეცინა, დებილს, იდიოტს და გაუნათლებელს გეძახის. დახეული ჯინსი თუ გაცვია, ასე გეტყვის: „სახლში პატრონი არ გყავსო?!”

„ჩემს კლასში მასწავლებელი ერთ ბავშვზეა გადაკიდებული და ორფეხა ცხოველს ეძახის”.

„ჩემთან ერთი ქალია, რომელიც გაშლილ თმაზე გვეუბნება, ცუდ ენერგიას გაძლევთო, მერე ეს ენერგია რვეულში მიდის და ვერაფერს წერთო”.

სიტყვიერი შეურაცხყოფა არა მარტო მოსწავლეს, არამედ მის მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც მიემართება:

,,შენმა მშობელმა ორი ქვა უნდა იხალოს თავში, როგორ სძინავს, შენ რომ ჰყავხარ?!”

„მასწავლებელი რომ გეჩხუბება, გაღიმებული ხომ არ შეხედავ და ამ დროს ასე გვეტყვის ხოლმე, ასეთი ავი თვალებით დედაშენს შეხედე, დედაშენს ეჩხუბე ასეო”.

„ერთი ცელქი კლასელი მყავს და ყველა მასწავლებელი გადაკიდებულია, სულ მშობლებს ულანძღავენ – სახლში ამას გასწავლიანო?!”

თვალში საცემია ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები, საჯაროდ შერცხვენა ჩაცმის განსხვავებული სტილის,  მასკულინური ან ფემინური გამოვლინების გამო:

„ჩემი მასწავლებელი მარტო ოჯახის წევრებს არ აყენებს შეურაცხყოფას. ერთი კლასელი მყავს, ებრაელია; წინა პარასკევს ასე გვითხრა: ყველას ქრისტიანულ შაბათ-კვირას გისურვებთო, – და მერე ებრაელ გოგოს მიმართა – რა თქმა უნდა, შენ არაო”.

„როგორც არ უნდა აღიზიანებდეს მასწავლებელს ბავშვის ჩაცმულობა, ან თუნდაც შავი და წითელი მანიკიური, ეშმაკი არ უნდა დაუძახოს და ტყავის ელასტიკის გამო, ეშმაკის მოციქული ხარო, არ უნდა უთხრას”.

„ჩვენც გვყავს ასეთი მასწავლებელი, გაკვეთილზე რომ შემოდის, გვეუბნება: გაიხედეთ მარცხენა მხარეს – მხარზე ეშმაკი გაზით, გაიხედეთ მარჯვენა მხარეს – ანგელოზი გაზითო, – და ასეთ რამეებს”.

„იმ დღეს მასწავლებელმა მითხრა, საღეჭ რეზინს ნუ ღეჭავ, გაბოროტდებიო”.

„ჩემს მეგობარს თმა ჰქონდა გაშლილი და – მშობელი არ გყავს, თმა რომ შეიკრა ან თავს მიხედოო?”

კვლევაში ასახულია მოსწავლეების ხელით შეხების ფაქტები – ტანსაცმელზე მოქაჩვა, ყურის აწევა, თავში წამორტყმა, მობილურის გამორთმევა, გადაგდების მუქარა, ყურსასმენების გამორთმევა, გადაგდება, გაწყვეტა:

„ჩვენთან ყოფილა შემთხვევა, დაგვმუქრებიან – ფანჯრიდან მოვისვრიო. მოუსვრიათ კიდეც, სანაგვე ყუთშიც ჩაუგდიათ”.

„ყურსასმენებს ნაგავში ყრიან. ჩემს ორ კლასელს გადაუგდეს ასე”.

„დასასჯელად ბავშვებს აშიმშილებენ. ასე ბევრჯერ დავუსჯივართ და ბევრს გვტკიოდა მუცელი გაკვეთილებზე. კინაღამ ვიტირეთ”.

კვლევის მიხედვით, მოსწავლეს დამრიგებელმა მერხების გახეხვა დაავალა. სარეცხი საშუალების სუნზე მოსწავლეს გული წაუვიდა:

„კიდევ ერთხელ თუ გავიგე ასეთი რამ, ტუალეტს გაგახეხინებთო”.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალს თავად მოსწავლეები გვთავაზობენ. კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, ისინი ასე პასუხობენ:

„მასწავლებელი, რომელიც სკოლაში მოდის, თავიდანვე შეაფასონ, რადგან მერე კონფლიქტები აქვთ ხოლმე მოსწავლეებთან”.

„მასწავლებელი რომ მოდის სკოლაში, ხომ აწერინებენ ხოლმე გამოცდას, რომ საგნის ცოდნა შეაფასონ. იმას საერთოდ არ უყურებენ, შეუძლია თუ არა ბავშვებთან ურთიერთობა, ნორმალურად ახსნა, აქვს თუ არა ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება”.

გამოკითხულ მოსწავლეთა აზრით, მასწავლებელი კარგი მაშინაა, როცა შემოქმედებითად უდგება სასწავლო პროცესს, მართავს დისკუსიებს, სხვადასხვა აქტივობას და თანატოლივით, მშვიდი ტონით ესაუბრება მოსწავლეებს.

სტადონზე შვილთან ერთად

0
უპირველეს ყოვლისა, მოდით შევთანხმდეთ, რომ თუ საქართველოში ცხოვრობ და ფეხბურთი გიყვარს, სანამ ჩვენს ფეხბურთს საშველი დაადგება, წინასწარ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ სტადიონზე შვილის წაყვანა დიდად სარისკო ამბავია. მაგრამ რაკი ფეხბურთი გიყვარს, ე.ი. ცოტა ფანატიკოსიც იქნები და ფანატიკოს კაცს, მოდით, ნუ მოვთხოვთ ყველაფრის ლოგიკურად და გამართულად ახსნა-ჩამოწიკწიკებას.

სანამ შვილს სტადიონზე მიიყვანდეთ და ჩვენი გუნდების უცხოურ კლუბებთან თუ ნაკრებებთან შეხვედრას აყურებინებდეთ, ჯერ საჭიროა, ბავშვის მორალურ-ფსიქოლოგიური დამუშავება. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ მარცხი, ფეხბურთისა და ზოგადად ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომ ქართულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა და სატკივარი აქვს, რომ ესენი ჩვენი გუნდები არიან და მაინც უნდა გვიყვარდეს და მისთანანი…
ამის შემდეგ, საჭიროა ცოლთან კონსულტაციები. კარგი დედა, რა თქმა უნდა, შვილზე ყოველთვის ზრუნავს და არც ერთ ნორმალურ დედას არ უნდა, მისმა შვილმა ნერვები ქართული ფეხბურთის ვაებით მოიწამლოს. ცოლის მოსათაფლად (ბავშვი სტადიონზე რომ გამოგაყოლოს) საჭიროა საქმეში რამდენიმე გულმისავალი კომპლიმენტი ჩავრთოთ. თუ ამანაც არ გაჭრა, მაშინ უკვე ცოლის მოქრთამვა და მისთვის რაიმე ძვირადღირებული საჩუქრის დაპირება მოგიწევთ.

გამოცდილ ქომაგებში გაიკითხეთ და სტადიონზე ისეთ ადგილზე იყიდეთ ბილეთი, სადაც, უფრო მეტად, ფეხბურთის ნამდვილი ქომაგები ისხდებიან და არა ხალხი, რომლებიც სტადიონზე ასეთ ფრაზებს ისვრიან: “სუდია, შე ჩ..ხო, მესამე კუთხურია, პენალტს რატომ არ დებ?!”, “ამათ ცქერას, სახლში თურქული სერიალის ცქერა მერჩია”, “ავაჰმე, იავარქმნილო და ბედკრულო ერო ჩემო”, “დღეს მანუჩარ მაჩაიძე რატომ არ გამოიყვანა მწვრთნელმა?” და სხვა…

მატჩის მიმდინაროებისას, ბუნებრივია, იქნება უამრავი უხამსი წამოძახილი, მაგრამ მორალისტობის დაწყებას და მაგინებელთა დამუნათებას – აქაოდა, სტადიონზე ბავშვია და “ცოტა პატრუქს დაუწიეთო”, – არ გირჩევთ. ქართველმა, უმჯობესია სტადიონზე იგინოს, ვიდრე რუსთაველის გამზირზე. სტადიონზე აშკარად უკეთ გამოსდის და იმიტომ. შვილს თვალებზე ხელი მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ააფაროთ, როდესაც გრძნობთ, რომ მეკარესთან პირისპირ გასული ქართველი ფეხბურთელი დარტყმას აპირებს. არ გაუფუჭოთ ბავშვს ნერვები. პატარაა ჯერ…

თუ შვილმა გკითხათ: “ისინი” სულ რომ დარბიან, ”ჩვენები” რატომ დგანანო, უნდა აუხსნათ, რომ ჩვენ დინჯი ერი ვართ და ფეხბურთსაც დინჯად ვთამაშობთ. აბა, ეგღა გვაკლია, ვიღაც გერმანელებივით გავიოფლოთ და გავცივდეთ. სად ჰყავს პატარა საქართველოს გასაცივებელი და დასაკარგი ქართველები? თუკი, ამაზე ვინმე გაგიჩმახებთ, ბავშვს სიცრუეში ნუ აცხოვრებო, უპასუხეთ, რომ თქვენ არ ხართ პირველი, ვინც მომავალ თაობას აცხოვრებს სიცრუეში და ისევ ფეხბურთის ამბებში ჯობია შვილი მოატყუო.

მატჩის დასრულების შემდეგ, თუკი საამისო ხალისი გექნებათ და ლუდხანაში ორიოდე კათხა ლუდის დალევას გადაწყვეტთ, შეეცადეთ ისეთი ადგილი ამოარჩიოთ, სადაც თქვენსავით ფეხბურთიდან წამოსული ხალხი არ იქნება. არაფერია იმაზე ნერვებისმომშლელი, როდესაც ბევრი მთვრალი ქართველი ერთად იგინება და იძახის: “ცხოვრება ადრე იყო, აბა, ახლა არც მეობა გვაქვს და არც ფეხბურთიო”. შვილს ლუდს ნუ დაალევინებთ, მაგრამ ნაყინი მაინც აჭამეთ, თორემ მერე დედამისთან “ჩაგიშვებთ”, ჯერ სტადიონზე გინებები მასმენინა და მერე ლუდით გამოტყვრაო.

დაბოლოს, როდესაც სახლში მიხვალთ, შვილი გვერდით მოისვით და გულში ჩამწვდომი ხმით უთხარით: ხომ ძნელია შვილო ქართველობა? მაგრამ რას ვიზამთ – ესაა ჩვენი სამშობლო!

ერთი აბრის ამბავი

0
ცოტაც გუტენბერგი, ცოტაც ბორხესი
ყველა გზა რომში რომ მიდის, გეცოდინებათ ეს ამბავი. ჰოდა ჩვენც, ცივი გერმანიის შემდეგ, მზიანი ტოსკანა და ფლორენცია რომ გამოვიარეთ, მარადიულ ქალაქსაც მივადექით.

რომი სასწაულია, ნამდვილად ხილული სასწაული.

ყველა შენობა თუ მოედანი, რომელიც ფილმებში მინახავს, ყველა კადრი, რომელიც წიგნებსა თუ რომში მცხოვრები მეგობრის წერილებში წამიკითხავს, უცებ რეალური გახდა. დავდიოდით და ვეძებდით ადგილებს, შენობებს, მუზეუმებს, შადრევნებს მე – აღორძინების ხანის მხატვრობის ტრფიალი და ზაზა – ძველი რომის ისტორიაზე გადარეული.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ვატიკანი და წმინდა პეტრეს მოედანი გადავიარეთ თუ კოლიზეუმი და ძველი ქალაქის ნანგრევები, ერთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან,  აბრას მივადექით. ჰო, ერთი შეხედვით უბრალო აბრას, მაგრამ ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესს. ჰოდა, ამ აბრაზე მინდა გიამბოთ:
 

თუმცა, თუ არ გამიბრაზდებით, დროის ფირს ცოტა უკან გადავახვევ და ერთი გაკვეთილის შესახებ მოგიყვებით.
23 აპრილი იყო, წიგნის საერთაშორისო დღე.

ვერ გეტყვით, რომ დადგენილი დღეები და დღესასწაულები ძალიან მიყვარს, თუმცა ბევრ შემთხვევაში, ცხოვრებას აადვილებს. ჰო, ცხოვრებას და სასწავლო გეგმასაც.

წინასწარ შევუთანხმდი სკოლის ადმინისტრაციას, რომ გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში გვექნებოდა.
ბიბლიოთეკაში ძირითადი განათება გამოვრთე, რამდენიმე  აბაჟური ავანთე.

ბავშვებს ამ იმპროვიზებულ გაკვეთილზე თბილი პლედები და, არც მეტი, არც ნაკლები, ჯიბის ფარნები დახვდათ. დიახ, დიახ, სწორედ ასე. 

ამ გაკვეთილისთვის მომზადება თითქმის 2 კვირით ადრე დავიწყე. მოვამზადე პატარა ფილმი უძველესი წიგნების, წიგნის ბეჭდვის პროცესის, მსოფლიოს ბიბლიოთეკების შესახებ. ჩვენი წარმოსახვითი გიდი წიგნების სამყაროში, არც მეტი და არც ნაკლები, გენიალური ბრმა არგენტინელი ბიბლიოთეკარი – ხორხე ლუის ბორხესი უნდა ყოფილიყო. 

ძირს, ბიბლიოთეკის იატაკზე ვისხედით, ნახევრადგანათებული წიგნების ლაბირინთში.

მე ქვაზე ამოკაწრულ წიგნებზე, ხის დაფებზე, პაპირუსებსა თუ ტყავის ეტრატებზე ვყვებოდი, თან ფილმს ვუყურებდით. მერე თანდათან გუტენბერგის გენიალურ გამოგონებამდე მივედი, ვინც პირველი ნაბეჭდი წიგნი – ბიბლია გამოსცა. ამ სრულიად განსაკუთრებულ მოვლენამდე, რომელმაც  1455 წელს,  ვფიქრობ, კაცობრიობის ისტორია შეცვალა.

შემდეგ ჩემს გენიალურ გიდს – ხორხე ლუის ბორხესს ვუხმობ.  ვკითხულობთ მის მოთხრობას „ქვიშის წიგნი”. გახსოვთ ეს მოთხრობა? თუ არადა, აუცილებლად გაიხსენეთ.

„მთხოვა პირველი გვერდი მეპოვა, სატიტულე ფურცელზე დავდე ხელი და ვცადე პირველი გვერდი მეპოვა. არაფერი გამოვიდა. ხელსა და სატიტულე ფურცელს შორის ყოველ ჯერზე აღმოჩნდებოდა რამდენიმე ფურცელი, თითქოსდა ისინი წიგნიდან იზრდებოდნენ.

–ახლა ბოლო იპოვნეთ!

ისევ წარუმატებლობა, ძლივს გასაგონად ჩავილუღლუღე:

ეს შეუძლებელია! ‘’ … ( ხორხე ლუის ბორხესი, „ქვიშის წიგნი”)

შემდეგ მოთხრობა განვიხილეთ, ძალიან საინტერესო აზრები მოვისმინეთ – რომ წიგნი ცხოვრებაა და, პირიქით, რომ ყველა წიგნი ერთი და იმავე წიგნის გაგრძელებაა, რომ ჩვენ ყველანი წიგნის პერსონაჟები ვართ – რას არ იტყვიან ხოლმე ეს ჭკვიანი ბავშვები!

შემდეგ მათ 10 წუთი მივეცი იმისთვის, რომ ბიბლიოთეკის ლაბირინთებში საკუთარი წიგნი მოეძებნათ. აი, მაშინ კი გენახათ მათი აშრაშუნება და ფუსფუსი, ზოგი ანბანის მიხედვით გაჰყვა კარტოთეკას, ზოგი – ჟანრების მიხედვით ეძებდა, ზოგი კიდევ ისე, შემთხვევით, როგორც იქნა ჩამოყალიბდა და თავიანთი თითო წიგნი გამოაძვრინა ბიბლიოთეკის მტვრიანი საცავებიდან.

ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდით, პლედები თავზე გადავიფარეთ, ჯიბის ფარნები ავანთეთ და რიგ–რიგობით ვკითხულობდით შემთხვევით გვერდებს ჩვენ მიერ ამორჩეული წიგნებიდან. 

ჯადოსნური რამ იყო, მართლაც განუმეორებელი.

თითქოს შუა უდაბნოში კოცონის ირგვლივ ვისხედით და  ერთი საერთო ზღაპრის ათასგვარ გაგრძელებას ვიგონებდით, ვიგონებდით დაუსრულებლად.

გაკვეთილის ბოლოს ვიკითხე, თუ იცით, პირველი ქართული წიგნი სად და როდის დაიბეჭდა–მეთქი. ჩემდა გასახარად, რაღაცები გაახსენდათ.  მათი ფრაგმენტული ცოდნა  ერთ ინფორმაციად  ავკინძე და პირველი ქართული წიგნის ისტორიაც ვუამბე – ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ირუბაქიძის)  შესახებ, რომლის თანაავტორობითაც იტალიელმა მისიონერმა სტეფანე პაოლინიმ ქართულ-იტალიური ლექსიკონი შეადგინა. წიგნი რომში, პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის სტამბაში დაიბეჭდა. იმავე წელს, იმავე სტამბაში გამოვიდა პირველი ნაბეჭდი ქართული ანბანიც…

ჰოდა, როცა რომში, მარადიულ ქალაქში ამ ჩემთვის ძალიან ახლობელ აბრას წავაწყდი, ეს გაკვეთილი გამახსენდა და გადავწყვიტე თქვენთვის მომეთხრო.

თქვენს სკოლაში არის ბიბლიოთეკა? ხომ არ გინდათ თქვენც გამოიყენოთ ის საგაკვეთილო სივრცედ? 

მასწავლებლის საიდუმლო და წერის სწავლების კონცეპტუალური თეზისები

0
არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ წერა შემოქმედებითი, ინტელექტუალური პროცესია. იგი რთულია იმდენად, რამდენადაც ავტორს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს და არ არსებობს მზა რეცეპტი, რომლის მიხედვითაც უნდა ვწეროთ. თუმცა, მიუხედავად მეთოდური მასალის მრავალფეროვნებისა, მაინც ხშირად დაისმის კითხვა, როგორ შეიძლება წერის დაუფლება ან არსებობს თუ არა წერის საიდუმლო, რომლის ამოხსნაც შესაძლებელია.

ძიების პროცესში რას არ გადააწყდება კაცი, ჰოდა, როგორღაც გავბედნიერდი, როდესაც ნატალი გოლდბერგის წიგნ „წერის ნამდვილ საიდუმლოს” გადავეყარე. გადაშლისთანავე საიდუმლოს ამოხსნისა რა მოგახსენოთ, ის კი ნამდვილად აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი უცხოურ წერის სახელმძღვანელოთა შორის ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და მისი მილიონობით ეგზემპლარიც იყიდება. წიგნი სტილებრივად თითქოს ლუდვიგ ვიტგენშტაინისეულ ენობრივ თამაშებზეა აგებული და ძალიან საინტერესოდაც იკითხება. ავტორი როგორღაც ემიჯნება ჯორჯ ორუელის შეგონებას, წერისას არ გამოვიყენოთ შედარებები და მეტაფორები და აცხადებს, რომ წერა მედიტაციას ჰგავს, რადგან, რაც მთავარია, ამ დროს ვურთიერთობთ გონებასთან. ჩვენ ვცხოვრობთ დისკურსულ ფიქრში და ხშირად გვინდება კიდეც პირველი ნაფიქრის გარეთ გამოტანა, რადგან ის ღრმა აზრი და ნამდვილი ენერგიაა. წერა ყველასთვისაა, იგი ვარჯიშია, რომლის მცდელობას მოაქვს სიმშვიდე და წარმატება. „ნამდვილი საიდუმლო” კი ყველასია, როგორც ჭამა და ძილი. ის გვაძლევს საკუთარ თავში რაღაც რეალურის აღმოჩენის შესაძლებლობას, ჩვენს გონებაში მდიდარი შეგნების მოპოვების საშუალებას, ძალას ზრდისა და გაძლიერებისთვის”. „მოკეტე და წერე!” – სწორედ ეს იუმორნარევი ფრაზაა, გოლდბერგის აზრით, საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის გასაღები.

 ვრცლად

ისტორიული-შედარებითი მეთოდის გამოყენება ლაბორატორიული პრაქტიკული მეცადინეობისას

0

თანამედროვე
ცხოვრება უკიდურესად სახიფათო პირობებში აყენებს ადამიანს, როცა მისგან უფრო და
უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტას მოითხოვს. შეუძლებელია ამ დავალებების ეფექტური
გადაწყვეტა  პრობლემების გადაჭრის
გარკვეული გამოცდილების,  სიტუაციის გონებაში
გააზრების, შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის, შედეგების ანალიზისა და ახალი
მიდგომების აღმოჩენის გარეშე. ზემოთ
ჩამოთვლილი
მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას მოსწავლეთა შორის კვლევითი საქმიანობის
სისტემატური ორგანიზაცია და ისტორიის სწავლებისას მათ შორის ისტორიულ-შედარებითი
მეთოდის აქტიური გამოყენება წარმოადგენს.

სამეცნიერო-პედაგოგიურ
წრეებში ხშირად საუბრობენ მოსწავლეთა შორის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების
ფორმირების მნიშვნელობაზე, რადგან  უმაღლესი
სასწავლებლების დამთავრების  შემდეგ  ასეთი 
უნარების მქონე ადამიანებს  წარმატების
მეტი შანსი აქვთ. მისი საფუძველი კი სკოლის წლებში მტკიცდება. ზოგადადაც, სუბიექტური
ახალი შედეგები არანაკლებმნიშვნელოვანია პიროვნებისთვის, ვიდრე ობიექტური შედეგები
– მეცნიერებისათვის.

 სასწავლო 
კვლევა, პიროვნების  სრულყოფის
მნიშვნელოვანი ასპექტი, პედაგოგიკაში განიხილება როგორც შემოქმედება, მიმართული
ხარისხობრივად ახალი ღირებულებებისკენ, რომლის 
მიზანი არა მარტო შედეგების (ცოდნის) მიღება, არამედ მოსწავლეთა  თვალსაწიერის გაფართოება და მოტივაციის  ამაღლებაა. სასწავლო-კვლევითი 
საქმიანობის  ძირითადი  ფუნქციაა მოსწავლეთა ინიციაცია  სამყაროს, საკუთარი  თავისა  და
 ამ  სამყაროში  საკუთარი  ადგილის შემეცნებისთვის, ხოლო
  სასწავლო-კვლევითი
საქმიანობის ამოცანაა:

 


v 

შემეცნებითი
ინტერესების ფორმირება;


v 

შემოქმედებითი
და ექსპერიმენტულ-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება;


v 

მოსწავლეთა
კვლევითი და  შემოქმედებითი 
უნარებისსრულყოფა;


v 

მოსწავლეთა პიროვნული თვისებების ხარისხობრივი ამაღლება;


v 

ორიენტირება
უმაღლეს განათლებაზე;


v 

მოსწავლეთა
სოციალური და პროფესიული თვითიდენტიფიკაცია.

ზოგადად სასწავლო-კვლევითი საქმიანობა ორი სუბიექტისგან შედგება -მასწავლებლისგან
 და  მოსწავლისგან.
  სასწავლო–კვლევითი საქმიანობისას  მათ  შორის
 ადგილი 
აქვს კულტურული ღირებულებების ტრანსლაციას. მისი შედეგია მოსწავლეთა მსოფლმხედველობის
ფორმირება. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კვლევითი საქმიანობა – ეს სწავლის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც
მოსწავლეებს
უყალიბდებათ სასწავლო საქმიანობისთვის აუცილებელი  თვითშემოქმედების, თვითორგანიზების,
თვითანალიზის, თვითშეფასების უნივერსალური საშუალებები და  მნიშვნელოვნად იზრდება საგნობრივი ცოდნა.

 

კვლევის მეთოდებია:

როგორ უნდა მოხდეს ასეთი სწავლების ორგანიზება?ცხადია, მხოლოდ სხვისი მაგალითის  მოხმობით
 მეთოდის  ათვისება  შეუძლებელია, მისი შეთვისება მხოლოდ ქმედებით
უნდა განხორციელდეს. ამიტომ სასურველია, სასწავლო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება
სწავლების ზედა საფეხურზე  სისტემატურად,
ფიქსირებულ დროს მოხდეს. მათ შორისაა ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობა
ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით.


ისტორია  ინსტრუმენტალურია, ის
აზროვნებას გვასწავლის (რომლითაც
პრობლემის გადაჭრა ხდება). შესაბამისად, შემეცნების  ინსტრუმენტს წარმოდგენს მეთოდი.



სპეციალურ ისტორიულ მეთოდებს მიეკუთვნება:


o  

სტორიულ-გენეტიკური მეთოდი;


o  

ისტორიულ-შედარებითი
მეთოდი;


o  

ისტორიულ-ტიპოლოგიური
მეთოდი;


o  

ისტორიულ-სისტემური
მეთოდი.


ისტორიული შემეცნების ყველაზე  ფართოდ გავრცელებულ  და შედეგობრივ მეთოდს   ისტორიულ-შედარებითი  მეთოდი წარმოადგენს,როდესაც განსხვავებულ დროსა და სივრცეში მომხდარი მოვლენები ერთმანეთს
უპირისპირდება და მათ  შორის  მსგავსებები და განსხვავებები დგინდება (მაგალითად,
ევროპული და აღმოსავლური ცივილიზაციების შედარება მრავალ საერთოს დაგვანახებს
სამყაროს მიმართ საკრალურ დამოკიდებულებაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებში,
ზნეობრივ-ეთიკური ნორმებში და სხვ.).   

ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, რომელიც
ისტორიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე იქმნება, ექპერიმენტული მეთოდის შემცვლელიცაა. ამ დროს შემთხვევების რაოდენობა
იმდენად ცოტაა, რომ არ ღირს სტატისტიკური მანიპულაციების მოხმობა. 

ლაბორატორიული მეცადინეობა კი  სასწავლო საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლითაც ხდება  მოსწავლეთა  დამოუკიდებელი  სწავლა/სწავლების  ორგანიზება და პრობლემის  გადაჭრის  გზების  მოძიება–დადგენა.

ლაბორატორიული
მეცადინეობის დროს ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენების მიზანია:


Ø 

ისტორიული ფაქტების,
დოკუმენტების  და მათი ინტერპრეტატორების
შესახებ მიზანმიმართული, მკაფიო  წარმოდგენების  შექმნა, ისტორიული ფაქტების საკუთარი
ემოციებით  რეკონსტრუირება, არგუმენტირება;


Ø 

ისტორიული
დოკუმენტების ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტების და მათი ავტორების
ინეტრპრეტაცია; ისტორიული დოკუმენტების სანდოობის შეფასება; ისტორიული ცნობების,
ფაქტების შედარება;  საკუთარი დასკვნების
ფორმულირება და  შეხედულებების
არგუმენტირება.
 

რაც შეეხება
ამოცანას, ლაბორატორიული მეცადინეობის დროს  ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენების  ამოცანაა:


Ø 

სასწავლო:  დაეხმაროს  მოსწავლეებს  მიღებული ცოდნის სისტემატიზირებასა და
გაფართოებაში,  მახსოვრობის განმტკიცებაში,
თემის ირგვლივ თავისუფალ ორიენტაციაში;


Ø 

განმავითარებელი:
უზრუნველყოს მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარება; ისტორიულ-შედარებითი
მეთოდის გამოყენება პირველწყაროების (ისტორიული დოკუმენტების) და  სახელმძღვანელოს საშუალებით (ეს უნარებიც  სწავლის გაგრძელების დროს ვითარდება);


Ø 

აღმზრდელობითი: ისტორიულ
ფაქტებზე მიზანმიმართული, მკაფიო წარმოდგენების ფორმირება, ისტორიის და ისტორიული
წარსულის  მიმართ ინტერესის  და პატივისცემის გაზრდა, მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობის ამაღლება;


Ø 

გაკვეთლის ფსიქოლოგიური ასპექტებია: კომფორტული
კომუნიკაციური გარემოს  შექმნა,  მეცადინეობების  სურვილი და მოთხოვნა;


Ø 

ნოვატორობა:მასწავლებლის მიერ შემუშავებული ლაბორატორიული მეცადინეობის სისტემა, რომელიც
აპრობაციას სწავლის ზედა საფეხურზე გაივლის, დაეფუძნება ისტორიულ-შედარებით მეთოდს,
ისტორიულ წყაროებსა და  სახელმძღვანელოს.

სწორად  წარმართული  ლაბორატორიული საქმიანობის მეთოდურ
უზრუნველყოფას განაპირობებს:


Ø 

დოკუმენტების სიღრმე
და  შინაარსი;


Ø 

კონკრეტული ასაკისთვის ხელმისაწვდომობა;


Ø 

შენიშვნების
საფუძვლიანობა და დოკუმენტურად დადასტურება, მიუხედავად დოკუმენტის შინაარსისა.

ისტორიული
თემები გაშლილია სასწავლო სახელმძღვანელოებსა და დამხმარე  ლიტერატურაში. შედარებითი მეთოდის გამოყენება
ეფექტური საშუალებაა მათი შესწავლისათვის. თუმცა მასწავლებლის  მიერ შემუშავებული
ლაბორატორიული  მეცადინეობის  სისტემა გულისხმობს წინასწარშემუშავებული
სავარჯიშოების  კომპლექტის, გზამკვლევის არსებობას,
რომელშიც  ასახული იქნება ერთი ან
რამდენიმე შეხედულება ისტორიულ ფაქტებზე, მოცემული იქნება ანალიზი და არგუმენტირება,
შეპირისპირებული იქნება  სხვადასხვა
მიდგომებთან და სხვ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამით ხდება მსგავსი საქმიანობის
ორგანიზების ხელშეწყობა.  

ლაბორატორიულ-პრაქტიკული
მეცადინეობის დასაგეგმად წინასწარშემუშავებული  სავარჯიშოების კომპლექტში გათვალისწინებული უნდა
იყოს კვლევითი სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პრაქტიკული წესები და
აუცილებელი
უნარ-ჩვევები  (ანალიზის, შედარების,
შეპირისპირების და  განზოგადების), ასევე    ჩასატარებელი პრაქტიკუმების რაოდენობა  და შესაბამისი თემატიკაც.

აღნიშნული  კომპლექტი/გზამკვლევი
შეიძლება შემდეგი შინაარსის იყოს:

1.  ისტორიული წყარო, როგორც ისტორიის შემეცნების
საშუალება. ჩვენი ქვეყნის  ადგილი
კაცობრიობის ისტორიაში;

2. ქართველური
ტომების განსახლების ისტორიის საკითხები;

3. ლეგენდარული
და რეალური  ქართლის სახელმწიფოს
წარმოშობის ისტორიაში;

4. ბრძოლა
დამპყრობელთა წინააღმდეგ;

5. დავით
აღმაშენებლის ეპოქა;

6. საზოგადოებრივი
მოძრაობა
XIX საუკუნის  60-70-იანი
წლების საქართველოში;

7. ბრძოლა
რუსული მმართველობის წინააღმდეგ და ა.შ.

განვიხილოთ ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობის სტრუქტურა
კონკრეტული მაგალითის საფუძველზე:

 

ლეგენდარული  და  რეალური ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის

ისტორიაში

 

მიზანი: მოსწავლეთა მიზანმიმართული მუშაობა
პირველწყაროებზე – ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის პრობლემაზე.

პერსპექტივა: ელმენტარული კვლევითი უნარების
ფორმირება, წყაროებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამტკიცება.
 

ამოცანა:


1.   

ასწავლო
ისტორიული წყაროს დამოუკიდებელი შესწავლა (პრობლემა
– ქართლის სამეფოს წარმოქმნის  შესწავლა);


2.   

განმავითრებელი: მოსწავლეთა სააზროვნო (ლოგიკური) პროცესების  და ელემენტარული უნარ-ჩვევების განვითარება (ანალიზი,
სინთეზი, განზოგადება) ახალი მასალის საფუძველზე;


3.   

ღმზრდელობითი:ისტორიის მიმართ ინტერესის ფორმირება, წარსულის
შესწავლის აუცილებლობა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემა, მოსწავლის
კვლევითი სამუშაოს დაახლოება პროფესიონალი ისტორიკოსის სამუშაოსთან (ისტორიული
მოვლენების რეკონსტრუქცია, ურთიერთდაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების
გამოვლენა, ისტორიულ  ვერსიებზე მუშაობა).

გაკვეთილის მიზანი: კონკრეტული წარმოდგენის შექმნა
ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის საფუძვლების შესახებ; იმ გარემოებების და
პრობლემების გამოკვეთა, რომელიც არსებობდა აღნიშნული მოვლენის გარშემო;
მოცემული  ფაქტის მნიშვნელობა ზოგადად
საქართველოს ისტორიისათვის.

I ეტაპი – მოსამზადებელი სამუშაო(პროპედევტიკური
ხასიათისაა
);


·        

ისტორიული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების  განმარტება, ტერმინების ამოწერა; ისტორიკოსების
გამოვლენა.


·        

შესასწავლ დოკუმენტზე ინფორმაციის შექმნის
მიზეზების  გამოვლენა: ა) იმ წყაროს
დაწერის თარიღი, საიდანაც მიიღეს ინფორმაცია; ბ) რამ განაპირობა აღნიშნულ დროს
მისი დაწერა.


·        

ძირითადი ფაქტებისა და მოვლენების გარჩევა;


·        

იმ ისტორიული პირების დახასიათებები, რომლებიც
ნახსენებია წყაროში.

 

IIეტაპიწყაროს შინაარსის ათვისება(ისტორიული წყაროს მთავარი ამოცანების გადაწყვეტა):


·        

წყაროდან ძირითადი საკითხების გამოყოფა (ქართლის
სამეფოს წარმოქმნის შესახებ წყაროს შესწავლისას რომელი ძირითადი პირობები აღმოაჩინეთ);


·        

 შესასწავლი
თემიდან ისტორიული ასპექტის გამორჩევა. კურსიდან: სახელმწიფოს წარმოშობის
თეორიებიდან რომელი დაემთხვა თქვენს თვალსაზრისს? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება;


·        

იმ იდეებისა და ვითარების დასახელება, რომლებმაც    მოცემული ისტორიული ფაქტი განაპირობა; რა გავლენა
მოხდინეს  შემდეგში ამ იდეებმა  ქართული სახელმწიფოს ისტორიაზე? არგუმენტირებული
მსჯელობა;


·        

წყაროს შინაარსზე კონსპექტის წარმოება (სამუშაოს ჩანაწერები):

ა) ჩანაწერი კეთდება ლაბორატორიულ-პრაქტიკული
სამუშაოს რვეულში;

ბ) მნიშვნელოვანი  შენიშვნების  წარმოება;

გ) აღნიშვნებისას პირობითი ნიშნების, სიმბოლოების გამოყენება, რითაც გაიოლდება  პასუხების მომზადება.    

 

III ეტაპი – განმაზოგადებელი და
პრაქტიკული დავალებების შესრულება:


·        

მასალის
განზოგადება:
მასალის გაანალიზება, ქართლის სამეფოს
წარმოშობის  ვერსიასთან ალექსანდრე
მაკედონელის ლაშქრობების დაკავშირება და ამის შესახებ საკუთარი მოსაზრების
არგუმენტირებულად ჩამოყალიბება;


·        

ყაროს იდეის  გააზრება,  შესასწავლი  ისტორიული  პერიოდის   ძირითადი
იდეის  თანამედროვეობასთან  დაკავშირება:

ა) საჭიროა თუ არა ვიცოდეთ, როგორ ხდება
სახელმწიფოს წარმოშობა?

 ბ) რას
გაძლევთ ის პირადად თქვენ? პასუხი დაასაბუთეთ;


·        

რაქტიკული დავალების  შესრულება რეალურად  მომხდარი   მოვლენებისა და პროცესების  ანალიზის  საფუძველზე: შეეცადეთ, არსებულ
მონაცემებზე დაყრდნობით ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ შეადგინოთ თქვენი
ვერსია. ახსენით თქვენი ვერსია. 
 

მოცემული  ტიპის  გზამკვლევის,  კომპლექტის  შექმნა   მასწავლებლებს  გაუიოლებს   პრაქტიკული  და  ლაბორატორიული  მეცადინეობების  წარმოებას  და  ისტორიის სწავლებაში შედარებითი მეთოდების გამოყენებას.იგი 
პროდუქტიულია ზოგადად   ნებისმიერ  მეცნიერებაში, რადგან   მისი  გამოყენებით 
 ფართოვდება  და  ღრმავდება
შემეცნებითი სფერო, ის ხელს უწყობს სხვადასხვა ობიექტების   ურთიერთდაპირისპირებას,
 ჰიპოთეზების   წამოყენებას,  მსგავსებისა და განსხვავების საფუძველზე
სხვადასხვა თვალსაზრისების ჩამოყალიბებას,  მოტივაციის  და კომუნიკაციის  გაზრდასა და  სწავლის ხარისხის ამაღლებას. 

ფოტოების გამოყენება სასწავლო პროცესში

0
ფოტო არის შეჩერებული წამი, რომელიც დიდი სიზუსტით ასახავს ჩვენ ირგვლივ მყოფ რეალობას. მისთვის შეუმჩნეველი არ რჩება სრულიად უმნიშვნელო ობიექტებიც კი. სწორედ ამიტომ, როცა ჩანახატსა და ფოტოს შორის განსხვავებებს აღწერენ, აშკარა ხდება, რომ ჩანახატი მისი ავტორის თვალთახედვას, მის მიერ დანახულსა და ინტერპრეტირებულს ასახავს, მაშინ როდესაც ფოტო საშუალებას გვაძლევს ობიექტივის ჩარჩოში მოხვედრილი ობიექტები ყოველგვარი შელამაზების გარეშე დავინახოთ. 

ჩვენს ბავშვობაში ფოტოები მეტად აქტუალური იყო. ისინი ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდნენ იმ ქვეყნებზე, ხალხებსა და კულტურებზე წარმოდგენის შესაქმნელად, რომელთა მონახულება საბჭოთა მოქალაქეს მხოლოდ ოცნებაში შეეძლო. 

ფოტოები ჩვენ მსოფლიოსთან გვაკავშირებდა, გვიქმნიდა წარმოდგენას, თუ როგორი იყო რკინის ფარდებს მიღმა სამყარო, რამდენად მსგავსები და ასევე განსხვავებულები ვიყავით ჩვენ, ამ ფარდის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებნი.

სახელმძღვანელოების უმეტესობა, განსაკუთრებით კი, გეოგრაფიის სახელმძღვანელოები ასეთ დამხმარე რესურსებს მრავლად მოიცავენ. სახელმძღვანელოების გრიფირებისას ერთ-ერთი კრიტერიუმი მის ავტორებს მოთხოვნას უყენებდა, რომ სურათებს მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია არ ჰქონოდა და ისინი ფუნქციურად ყოფილიყო ჩართულები სასწავლო პროცესში. შესაბამისად, სახელმძღვანელოების ნაწილი ამ მოთხოვნებს ასრულებდა, მათთან მიმართებაში მოცემულია გარკვეული დავალებებიც. 

თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ყველაზე მეტად მასწავლებელს შეუძლია ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად აქციოს. სწორედ ფოტოები აძლევს მასწავლებელს საშუალებას რეალურ ცხოვრებას დაუკავშიროს ნასწავლი მასალა. ფოტოები ხომ ჩვენ ირგვლივ არსებულ რეალობას, არსებულ ობიექტებს, მოვლენებს, ადგილებს თუ ადამიანებს აფიქსირებენ. მათი საშუალებით მოსწავლეებს მიმდინარე პროცესებზე, სხვადასხვა ადგილებზე, კულტურულ თავისებურებებზე ექმნებათ შთაბეჭდილება, ეცნობიან მათ, ვიზუალური წარმოდგენები ექმნებათ მათზე. 

უკანასკნელ წლებში, როდესაც ახალი ტექნოლოგიები სწრაფი ტემპებით ვითარდება, სულ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ხდება სასწავლო რესურსები. მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს სახელმძღვანელოში მოცემული ყოველი გაკვეთილი და ნახოს, მისი აზრით, რა სახის ინფორმაცია, მონაცემები გახდის გაკვეთილს უფრო საინტერესოს და ხელს შეუწყობს თემის ხვადასხვა პერსპექტივიდან შესწავლას. ამის შემდეგ კი დაიწყოს დამატებითი რესურსების მოძიება, თუკი ამის ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრად უფრო მეტი ვიზუალური საშუალება არსებობს და ეს საშუალებები ფართოდაა გავრცელებული, ფოტოგრაფიას მაინც უდიდესი ადგილი უჭირავს სასწავლო პროცესში. 

იმისთვის, რომ გაკვეთილი ახალი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდეს, მასწავლებელს დასჭირდება, საგნის სწავლებისადმი შემოქმედებითად მიდგომა. გეოგრაფიის მასწავლებელმა ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად შეიძლება აქციოს. ფოტოების საშუალებით, მან საკლასო ოთახში შეიძლება შეიტანოს ცოტაოდენი ”რეალობა”. ფოტოები ხომ ჩვენ ირგვლივ არსებულ ობიექტებს, მოვლენებს, ადგილს თუ ადამიანებს აფიქსირებენ. მათი საშუალებით იზრდება მოსწავლეთა შესაძლებლობა, დაამყარონ კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილთან, შეექმნათ მათზე ვიზუალური შთაბეჭდილება, განუვითრდეთ დაკვირვების უნარი. სახელმძღვანელოები, თუ სხვა გამოცემები ხშირად შეიცავენ ილუსტრაციებს, კონკრეტულად ფოტოებს. მასწავლებლს შეუძლია ეს თვალსაჩინოებები აქტივობების გასამრავალფეროვნებლად გამოიყენოს და ასე გაუადვილოს მოსწავლეებს მასალის შესწავლა. ეს უნარ-ჩვევა მოსწავლეებს სხვა საგნების სწავლასაც გაუადვილებს. 

გეოგრაფიის სხვადასხვა კლასის სტანდარტში შეტანილია შედეგები და ინდიკატორები, რაც მსგავსი თვალსაჩინოებების გაანალიზებასა და ინტერპრეტირებას ითხოვს. მიმართულება „დრო და სივრცე” ყველა კლასში ამგვარი ინდიკატორებითაა დატვირთული. გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში მოტანილ ფოტომასალას ხშირად გარკვეული შეკითხვებიც მოჰყვება. თუმცა იმისთვის, რომ მოსწავლე გაიწაფოს ფოტოების ინტერპრეტირებაში, მასწავლებელს მრავალი საინტერესო კითხვის მოფიქრება შეუძლია, რაც ანალიზის პროცესში მოსწავლეს გარკვეულ მიმართულებას მისცემს. ფოტოების გაანალიზება მოსწავლეებს მატებს ცოდნას კონკრეტულ ადგილსა თუ ადამიანებზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, გაუზიარონ ისინი თანაკლასელებს. მასწავლებლებმა გარკვეულ სტრატეგიებს უნდა მიმართონ. გაითვალისწინონ, რომ ფოტოზე ასახულთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ალტერნატიული შეხედულებები, რომ გამართლებული იყოს მათზე დისკუსიების გამართვა. კარგად შერჩეულ ფოტომასალას შეუძლია მოსწავლეებში განავითაროს თანაგანცდა, ხელი შეუწყოს სწორი დამოკიდებულებებისა და ფასეულობების გამომუშავებას. საშუალებას მისცემს მათ, გამოსახული იმ გარემოს შეადარონ, სადაც მათ უხდებათ ცხოვრება. 

ფოტოების ინტერპრეტირების უნარი თანდათანობით ვითარდება. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული აქტივობით მასწავლებელმა მიიჩნიოს, რომ მიზანი მიღწეულია. სანამ მოსწავლეებს სიღრმისეული ანალიზს მოვთხოვთ, სასურველია, რომ მათ საბაზისო უნარები უკვე ჰქონდეთ. მაგ. რამდენად ყურადღებიანები არიან და ამჩნევენ გამოსახულ დეტალებს და სხვა. 

არსებობს შეკითხვები, რომლებიც შეიძლება თითქმის ყველა ფოტოსთან მიმართებაში გამოვიყენოთ, ისინი უნივერსალურები არიან და მოსწავლეებს ყურადღებას საჭირო ნიუანსებზე ამახვილებინებენ. ასევე აძლევენ მათ საშუალებას, ჩაუღრმავდნენ ზედაპირზე მოცემულ ინფორმაციას: რას ხედავ? რას გრძნობ? როგორი ცვლილებები განიცადა გარემომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე? როგორი იქნება ეს გარემო 10 წლის შემდეგ? შეიძლება თუ არა, განსხვავებული აზრი არსებობდეს ამ ხედის ირგვლივ (მაგ. უცხო თვალით დანახული და ადგილობრივი მაცხოვრებლის თვალით დანახული?…) როგორია განსხვავებები ან მსგავსებები სხვა ქვეყანასთან? 

ფოტოების ანალიზისას რჩება ინფორმაცია, რომელიც მისთვის შესაძლოა ბოლომდე გასაგები არ იყოს. ასეთ დროს მან შეიძლება ჩამოწეროს ის შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც მის ანალიზს უფრო გააღრმავებდა.  

ფოტოებზე შეიძლება ასახული იყოს სხვადასხვა სიუჟეტი. ანალიზი რომ არ იყოს შეზღუდული, დაკვირვება უნდა მოხდეს ბუნების კომპონენტებზე, ენერგიის წყაროებზე, ცოცხალსა და არაცოცხალ ბუნებას შორის კავშირებზე; ეკონომიკურ საკითხებზე – როდესაც პასუხი უნდა გაეცეს კაპიტალის, ვაჭრობისა თუ საკუთრების შესახებ დასმულ შეკითხვებს; სოციალურ საკითხებზე – როდესაც პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვებს, რომლებიც ურთიერთობებს, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე ცხოვრების წესს, გენდერულ თანასწორობას, რასებს, შეზღუდულ შესაძლებლობებს, ასაკობრივ და სოციალურ განსხვავებებს ეხება.  

კარგად შერჩეული ფოტოები ზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას და ისინი უფრო შემოქმედებიტები ხდებიან. ასეთ დროს ხდება აღმოჩენით სწავლა.

 

 მეტი თვალსაჩინოებისთვის ვცადოთ ფოტოების შეფასება, მათი ვარგისიანობის დადგენა სასწავლო თემებთან და სტანდარტთან მიმართებაში. მასწავლებელმა შესაძლოა სახელმძღვანელოში მოცემული თვალსაჩინოება არასაკმარისად ჩათვალოს და დამატებითი რესურსების გამოყენება გადაწყვიტოს.  ამის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს შეკითხვების პაკეტი, რაც გაკვეთილზე საინტერესო აქტივობის ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ფოტოების მხოლოდ დათვალიერება არ იძლევა შედეგზე გასვლის საშუალებას.

ვიღებთ ფოტოებს და პასუხს ვცემთ ზემოთ დასმულ კითხვებს, რაც დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მაგალითად, ამ ბმულზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყანაში ოჯახის მიერ კვირის განმავლობაში მოხმარებული საკვების რაოდენობა და ტიპები: https://time.com/8515/hungry-planet-what-the-world-eats/

ამის შემდეგ მასწავლებელი სასწავლო გეგმაში ეძებს, თუ რომელი შედეგის მიღწევას შეუწყობს ხელს აღნიშნული ფოტომასალა. 
გეო.XI.2.მოსწავლეს შეუძლია  სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემების ანალიზი.                     
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  

·რუკების და სხვა წყაროების საფუძველზე აანალიზებს ქვეყნებს შორის სურსათის და ნედლეულის უთანაბრო განაწილებას; გამოთქვამს ვარაუდს პრობლემის ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ.
რაც შეეხება აღნიშნულ ფოტოებს, საინტერესოა ფოტოგრაფების (მენზელი და ალუიზიო) მიერ განხორციელებული პროექტის – „მშიერი პლანეტა” – მოკლე შინაარსი. აღნიშნული პროექტის გამოფენა ნობელის მშვიდობის ცენტრში მოეწყო. ექსპოზიცია გამოფენილი იყო 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე. ამ სურათების საშუალებით ჩვენ ვირტუალურად მიგვიწვიეს ნორვეგიის, ჩადის, ქუვეიტის, აშშ-ს, მექსიკის, ჩინეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნაში მცხოვრები ოჯახების სამზარეულოებში. 

საკვები არაა მხოლოდ ჩვენი სხეულის საწვავი, საკვები ბევრად მეტია. ის კულტურული იდენტობის მაჩვენებელია.
ამ ფოტოებთან დაკავშირებით პასუხი შეიძლება შემდეგ კითხვებს გაეცეს – ვინ რამდენ ჩაის, ან რა ტიპის სასმელს ანიჭებს უპირატესობას? გარკვეული კულტურის მაჩვენებელია – თუ ვინ რა სივრცეს იყენებს სასადილოდ. არის ქვეყნები, სადაც საკვები იქვე მზადდება, სადაც ოჯახის წევრებს სძინავთ. რა განსხვავებაა ოჯახებს შორის, რომლებიც სადილისთვის განსხვავებულ თანხებს ხარჯავენ – დღეში 1 დოლარიდან 100 დოლარამდე. რამდენად განსხვავებულია ბოსტნეულის, ბურღულეულის, ხილის, ცხოველური ცილების მოცულობა დღის რაციონში. ასევე შეიძლება ყურადღება გაამახვილონ ქვეყნებზე, რომლებიც ახლა უკვე იგივეს ჭამენ საუზმეზე, რასაც გლობალიზებული მსოფლიო, მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების წინ მათი მენიუ ბევრად განსხვავებული იყო. შეიძლება თუ არა შეიცვალოს ოჯახების მენიუ და გახდეს ერთფეროვანი.
დამატებით მასწავლებელმა შესაძლოა მოსწავლეებს სურათებზე მოცემული ქვეყნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოსთხოვოს, რის მიხედვითაც გაკვეთილზე გამოთქმულ ვარაუდებს გადაამოწმებენ. ხაზს გაუსვამენ კულტურულ მრავალფეროვნებას, განსხვავებულ ბუნებრივ გარემოს, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ასევე შესაძლებელია ფოტოების, როგორც დამხმარე რესურსების, მოძიებაში მოსწავლეების ჩართვაც. ამისთვის მათ წინასწარ ეძლევათ თემა. მომავალში ეს რესურსები ჩვენივე სასწავლო პროცესის ნაწილი შეიძლება გახდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ ენაზე გამოდის “National Geographic საქართველო”, რომელიც არაერთ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, მათი გამოყენებაც  სასწავლო პროცესში მიზანშეწონილია. აქ ტექსტი და ფოტოები ერთ თემას სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიის სწავლისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, მთლიანობაში გაეცნონ და აღიქვან სამყარო. მისი ცალკეული არეალების (კონტინენტები, რეგიონები, ქვეყნები, ლანდშაფტები, ბუნებრივი ზონები…) შესწავლით წარმოდგენა შეექმნათ მათ უშუალო გარემოზე თუ მოშორებით მდებარე ადგილებზე. მოსწავლეთა უმეტესობას არანაირი ინფორმაცია არ აქვს მათი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ არეალზე. მათთვის ასევე უცნობია მრავალი მოვლენა თუ პროცესი, რომელიც ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარეობს. იმისთვის, რომ მათგან მოშორებული, უცნობი გარემოს შესწავლა გეოგრაფიაში უფრო ხარისხიანად წარიმართოს, საჭიროა მასწავლებელმა მრავალფეროვანი თვალსაჩინოებების გამოყენებაზეც იზრუნოს. გეოგრაფიის გაკვეთილზე სხვადასხვა სასწავლო რესურსის გამოყენება უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების გეოგრაფიული განათლების მისაღებად. 

გრამატიკა VS მხატვრული ლიტერატურა

0
სკოლიდან სახლამდე ორ კილომეტრზე მეტი მანძილია, ამიტომ ფიქრისთვის დრო საკმაოდ მაქვს. ჯერ მასწავლებლობაა რისკი, სირთულე, მერე კი, ერთი შეხედვით, თითქოს პირიქითაც ხდება, მაგრამ მშობლიური ენის სწავლება ძალიან რთული აღმოჩნდა, მით უმეტეს – არაქართულენოვან სკოლაში. ეს სტატია იმ მასწავლებლებისთვისაა, რომლებიც სახელმწიფო ენას ასწავლიან როგორც მეორეს.
ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემა ის არის, რომ ეთნიკურად არაქართველმა მოსწავლემ რაც უნდა კარგად იცოდეს ქართული ენა, ძალზე მწირი ინფორმაცია აქვს ქართველი მწერლებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ალბათ ბევრი იტყვის, რომ მეტისმეტი მოვისურვე, მაგრამ ისიც ხომ არის, რომ სწავლაში არაფერია ზედმეტი.

წიგნი, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ქართულის როგორც მეორე ენის შემსწავლელთათვის, ძალიან კარგად არის შედგენილი და გათვლილი სამომავლო-საბოლოო შედეგებზე. მისი მთავარი მიზანია, მოზარდმა ისწავლოს ენა, მისი ძირითადი ქსოვილი და შეეძლოს თავისუფლად მეტყველება, წერა, კითხვა, აზრის მოსმენა და გადმოცემა. 
არავინ მოითხოვს მისგან იმის ცოდნას, რამდენი ვეფხვი დახოცა ტარიელმა, წლის რომელ დროს მიდიოდა ბარათაშვილი მტკვრის პირას და ჰგავდა თუ არა დღესასწაულს მერის ჯვრისწერა, მაგრამ მოსწავლეები, რომლებმაც განსაზღვრულ დონეზე უკვე იციან ქართული ენა, არ უნდა დარჩნენ გრამატიკული ცოდნის ამარა. ეს თითქოს იმას ნიშნავს, რომ ისინი ახდენენ სოციალიზაციას ეთნიკურ უმრავლესობასთან ენის ცოდნით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; სადავო არ უნდა იყოს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ენის ცოდნაზე პრეტენზია ჰქონდეს ადამიანს, თუ არ იცნობს ამ ენაზე შექმნილ მხატვრულ თუ სხვა ტიპის ლიტერატურას. ასე რომ არ იყოს, პირადად მე ვიტყოდი, რომ ათამდე ენა ვიცი (თუ ცოდნა დაერქმეოდა რამდენიმე ასეული სიტყვის ცოდნას და ზმნის უღლებას ამ ენებზე).
მოკლედ, როგორც იმ პოემაშია, შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენაო, რაღა დაგვრჩენია არაქართულენოვან სკოლაში მომუშავე მასწავლებლებს, გარდა იმისა, რომ ცას ავხედოთ და ზეცისა და ენის შორეული და ჩრდილნათელიანი მღვიმეების შემდეგ მხატვრული ლიტერატურაც ამოვიტანოთ ბავშვების თვალსაწიერზე.

რას შეუწყობს ხელს ყოველივე ეს? გარდა იმისა, რომ მოსწავლეების ცოდნა გამდიდრდება ქართველი მწერლების სახელ-გვარებითა და მათი ნაწარმოებების შინაარსით, ამაღლდება სხვა საგნებში მათი აკადემიური მოსწრებაც.

სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მუშაობისას ერთ რამეს მივხვდი: ბილინგვური სწავლება არის ადგილობრივი მასწავლებლების აქილევსის ქუსლიც და პარიზული გილიოტინაც. მიუხედავად ტრენინგებისა, რომლებიც პერიოდულად ტარდება მათთვის სახელმწიფო ენის შესასწავლად, მათ ძალიან უჭირთ გაკვეთილის იმ ნაწილის ახსნა, რომელიც სახელმძღვანელოში ქართულადაა დაწერილი, რადგან ბევრ მასწავლებელს თვითონაც არ ესმის ტექსტის შინაარსი. ფაქტია, გაკვეთილზე კარგად იხსნება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის ენაზე დაწერილი ნაწილი, ქართული ტექსტი კი – მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თვითონ მასწავლებელს გამოაქვს აზრი მისგან.

საბოლოდ კი ხელში გვრჩება მასწავლებელი (მეტ-ნაკლებად კრებითი სახე), რომელმაც შესაძლოა რამდენიმე წინადადება იცოდეს ქართულად, მაგრამ არა იმ საგნის ტერმინოლოგია, რომელსაც ასწავლის და ჩვენც იმის იმედად ვრჩებით, რომ ის ამ ტექსტის შინაარსს გაიგებს სამინისტროს რომელიმე პროექტის ფარგლებში იქ მომუშავე მასწავლებლისგან, ან სულიწმინდა ჩაუსახლდება და უცებ მისცემს საჭირო ცოდნას.

მე მყავდა და მყავს მოსწავლეები, რომლებიც მეტ-ნაკლებად კარგად ფლობენ ქართულ ენას, მაგრამ არაფერი იციან ქვეყნის გეოგრაფიის, ისტორიული ძეგლების, ტრადიციების, ეთნიკური თავისებურებების შესახებ. არადა, როგორც აღვნიშნე, ყოველივე ამის ცოდნა სოციალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. მხატვრული ტექსტები კი, სადაც მოქმედება ვითარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, აღწერილია წეს-ჩვეულებები, არის დოკუმენტური პროზის ელემენტები, საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ამ ტიპის ცოდნაც მიიღოს. მით უმეტეს, თანამედროვე ავტორებამდე ძნელად თუ მოიძებნება ქართველი მწერალი, რომელიც კუკლუს ტომის შესახებ წერდა.

სტალინური ეპოქა – ქალები

0
შესავლისათვის
ქალთა როლი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელმაც  დიდი გავლენა იქონია ქართულ მენტალიტეტზე. სლავი ქალის გაიდეალებამ გამოიწვია თუნდაც ის, რომ მამაკაცთა გარკვეული  კატეგორია საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას დღესაც „სლავ ქალთა” ნოსტალგიად აფასებს. 
ზოგადად ტოტალიტარიზმს დღეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მწირი და ფორმალური ადგილი უკავია. საშუალო საფეხურზე (10-11-12 კლასებში) „ბადეში” მას  მხოლოდ 5 საათი აქვს დათმობილი, თემატიკა კი მწირი და ზოგადია. არც მსგავსებებზე ხდება მსჯელობა, არც – განსხვავებებზე.  ახალი თაობა ისე ამთავრებს სკოლას, რომ ამ ფენომენის შეფასება არ ხდება და, შესაბამისად, მოსწავლეთა დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ იყო ხშირ შემთხვევაში ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის ასეთი მსგავსება? კონკრეტულად რაში მდგომარეობდა ეს მსგავსება? ტერორში, ცენტრალიზაციაში, რელიგიისადმი დამოკიდებულებაში?  მოსწავლეებმა არ იციან და, შესაბამისად, არც მიდის ანალიზი იმ ფაქტზე, თუ რატომ განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირის ქალებისადმი მიდგომა ფაშისტური გერმანიის, ნაცისტური იტალიის თუ ფაშისტური ესპანეთის მიდგომებისგან?

რა იდო ამ პოლიტიკის  უკან? რატომ იყო, რომ მაშინ, როცა ჰიტლერისთვის ქალი განიხილებოდა როგორც „ტაძარი, სამზარეულო, ბავშვი”–ს კონტექსტში, როცა მუსოლინის ცნობილი ციტატაა – „ქალები უნდა გვიჯერებდნენ და გვმორჩილებდნენ”; „ქალები არაფერს წარმოადგენენ, გარდა იმისა, რომ ბავშვებს „აწარმოებენ” (მუსოლინის საყვარელი ნაპოლეონისეული ფრაზა),  რატომ გახდა საბჭოთა ქალი მამაკაცის „თანასწორი?” და იყო კი ეს თანასწორობა რეალური? რა როლს თამაშობდა ქალი საბჭოთა კავშირში? რა იყო ეს „თანასწორობა” ფარსი  თუ  მხოლოდ პროპაგანდა? ხდებოდა კი ეს სლავი ქალის განდიდების მიზნით, (რუსიფიკაცია) თუ კიდევ სხვა მიზანი (თუ ნაღმი) იდო  ამ პოლიტიკაში?  როგორი იყო  ამ პოლიტიკის დინამიკა? 

იმისათვის, რომ მოსწავლეებს გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ, შეძლონ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ქალისადმი დამოკიდებულების მსგავსებებისა თუ განსხვავების დანახვა, იმსჯელონ ამგვარი პოლიტიკის არსსა თუ მიზანზე, მინიმუმ საჭიროა, რომ 11 და 12 კლასებში ისტორიის სწავლება მოიცავდეს მხოლოდ მეოცე საუკუნეს და არა ზეზვადან მოყოლებული ისტორიას ვიდრე დღემდე.   

ვრცლად

ტერმინალში დაწერილი ამბავი

0
როგორც იქნა, თვითმფრინავიდან ჩამოვაღწიე და აეროპორტის ტერმინალში წინ მიმავალ ხალხს შევერიე. ჩვევა მაქვს ასეთი – მომდევნო გაფრენამდე რაც უნდა ბევრი დრო იყოს, ჯერ იმ გასასვლელს უნდა დავხედო, საიდანაც მორიგ რეისზე გადავჯდები. მის მდებარეობას კარგად რომ შევისწავლი, მერეღა ვიწყებ აეროპორტში ხეტიალს დროის გასაყვანად. ახლაც ასე მოვიქეცი, გასასვლელი მოვინახულე და იქიდან პირდაპირ შეგულებული ყავისკენ წავედი. აქ რაღაცნაირად სხვანაირს ხარშავენ. შინიდან დილაუთენია გამოვედი, კონფერენციაზე მივფრინავ და, წესით, სულ სხვა რამ უნდა მაღელვებდეს, მე კი, თითქოს ჯიბრზე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეზე ფიქრი ამეკვიატა. თანამედროვენი ევროპის ყველაზე კათოლიკე მეფეს უწოდებდნენ, ჟამთააღმწერლები – გონიერსა და ფრთხილს, რადგან გადაწყვეტილებას „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის” პრინციპით იღებდა. მეჩვიდმეტე საუკუნის მემატიანე ბალთაზარ პორენო სიბრძნით სოლომონს ადარებდა.
ჩრდილოეთევროპელი პროტესტანტები კი ფილიპეს ოდნავ სხვა თვალით უყურებდნენ და მასში ეშმას ხედავდნენ. ცხოვრებაშიც ხომ ასეა – ზოგიერთისთვის ანგელოზი ხარ, მავანს კი ისე სძულხარ, ცხრათავიან დევად წარმოუდგენიხარ. ერთმა მეგობარმა მითხრა, ჩემ შესახებ ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, მე რა შუაში ვარო. ალბათ ფილიპეც ასე ფიქრობდა და მართალიც იყო.
ფილიპე გემთმშენებლობის ტექნოლოგიის განვითარებით განსაკუთრებულად ყოფილა დაინტერესებული. რაკი იტალიის ზოგიერთ ნაწილში სიტყვა ეთქმოდა, ბუნებრივია, ექსპერტებსაც სწორედ ამ ქვეყნიდან იწვევდა. 
ალქიმიითაც იყო გატაცებული, პრაქტიკულ მეცნიერებად მიაჩნდა და სწამდა, რომ უზრუნველ ცხოვრებაში დაეხმარებოდა. ევროპელმა ალქიმიკოსებმა იცოდნენ მეფის ეს სისუსტე და მასთან მისასვლელ გზებს ეძებდნენ, მისი მფარველობით რომ ესარგებლათ. ახლაც ასე არ არის? ქიმიკოსები იმ ქვეყნებისკენ მიილტვიან, სადაც ქიმიის ფასი იციან და მის განვითარებაზე ზრუნავენ. ბუნებრივია, ზრუნავენ ქიმიკოსებზეც.
1569 წლის დეკემბრის გვიანი საღამოა. სასახლის კარზე ვიღაც კაცი აკაკუნებს. დაღლილი სახე და მოშვებული სხეული აქვს. ეტყობა, დიდი გზა გამოიარა. ეს იტალიელი ალქიმიკოსი მარკო ანტონიო ბუფალეა. დაფინანსების სანაცვლოდ მეფეს თავის ცოდნას სთავაზობს და ჰპირდება, რომ რომელიმე ერთ მეტალს ოქროდ გადააქცევს. სამი თვე მოუწევს პასუხის ლოდინი. მეფე ბოლოდროინდელი ექსპერიმენტის შედეგებით იმედგაცრუებულია. მასში თავადაც მონაწილეობდა, ენერგია და თეთრად გათენებული ღამეები შეალია და… არაფერი გამოუვიდა. 
ცხოვრებაშიც ხომ ასეა – რაღაც ძალიან გინდა, მთელ სულსა და გულს დებ მასში, პასუხად კი სიჩუმეს იღებ.

ჰოდა, გიცრუვდება გული, დრო გჭირდება, რომ საწყის წერტილს დაუბრუნდე. მეფის გულაცრუებას პოდაგრაც დაერთო და მანაც გადაწყვიტა, ოქროს ტრანსმუტაციაზე მეტად ფილოსოფიურ ქვაზე ეფიქრა. ის იმ ექიმ-ალქიმიკოსების აზრს იზიარებდა, ვინც ფილოსოფიურ ქვას ნებისმიერი დაავადების მკურნალად მიიჩნევდა.

უნდა შეგახსენოთ: პარაცელსი ფიქრობდა, რომ ეს თუთია და სუფრის მარილი იყო, რუდოლფ გლაუბერი ამტკიცებდა, ფილოსოფიური ქვა ნატრიუმის სულფატიაო – იგივე ინგლისური მარილი, ფილიპე მეორეს კი, აბა, გამოიცანით, რა მიაჩნდა ფილოსოფიურ ქვად. არა, არა, არ გავაჭიანურებ, ახლავე გეტყვით – წყალი, ოღონდ დისტილირებული ანუ გამოხდილი. ეს ოდნავ ეწინააღმდეგებოდა ფილოსოფიურ ქვაზე ალქიმიკოსების წარმოდგენას, რადგან ისინი ასეთ ქვად რომელიმე ფხვნილს მიიჩნევდნენ. თუმცა ფილიპეს ეს დიდად არ ადარდებდა, რადგან, ხომ გახსოვთ, სავარაუდოდ, ფიქრობდა: „ჩემზე რას ფიქრობთ, თქვენი საქმეა, მე რა შუაში ვარო”. ისეთი ალქიმიკოსებიც იყვნენ, ფილიპეს აზრს რომ იზიარებდნენ. ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ მეფე მათ კარგად უხდიდა. 

ცხოვრებაშიც ხომ ასეა – მავანი იხდის, ხალხი კი ტაშს უკრავს. ასე იყო თუ ისე, ყოველწლიურად 300 ლიტრი გამოხდილი წყალი მეფის სასახლეში იგზავნებოდა. სად და როგორ ხდიდნენ ამ წყალს, არ ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ლაბორატორიაში ესპანური წარმოების წყლის გამოსახდელი აპარატი გვაქვს და არ ვემდურით. მე გამოხდილ წყალს ხსნარების დასამზადებლად ვიყენებ, ფილიპე კი მასში სხვადასხვა ჯიშის ვარდის ფურცლებს ყრიდა, ათი დღე აჩერებდა და სვამდა. გამოხდილი წყლის მიმართ ფილიპეს ინტერესს ისიც აღვივებდა, რომ ჩემი წერილებიდან თქვენთვის ნაცნობი რაიმონდ ლული, მეცამეტე საუკუნის ინგლისში მოღვაწე ესპანელი, გამოხდილ წყალს ასევე პანაცეად მიიჩნევდა. ფილიპემ ლულის ჩანაწერების მთელი კოლექცია შეიძინა, თუმცა მეეჭვება, რამე გაეგო, რადგან ჩანაწერები ქარაგმულად იყო შესრულებული. ცხოვრებაშიც ხომ ხდება ხოლმე, სათქმელს ქარაგმებით და სიმბოლოებით გადმოსცემენ. პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი გმტრობენ, მიდი და გაიგე, რას გერჩიან.
ზემოთ ვთქვი, მეფეს ალქიმიაზე ერთხანს გული აუცრუვდა-მეთქი, თუმცა ალქიმიკოსებს მაინც იკრებდა სასახლეში. ასე მიიწვია ბოლონიელი ქირურგი ლეონარდო ფიორავანტი, რომელმაც მეფის კარზე მთელი ალქიმიური აკადემია ჩამოაყალიბა. ყველა წევრს არ ჩამოვთვლი, მხოლოდ ერთზე დავწერ. აგოსტინო ბრავოს მეტსახელად „დიაბოლიკოს” („Diabolico”) ეძახდნენ. ამბობენ, წვის პროცესებს ისე იცნობდა, თვით ეშმაკებსაც შეშურდებოდათო. მათ სალერმოელი ლორენცო გრანიტაც შეუერთდა. ეს უკანასკნელი დისტილირებული წყლის თაობაზე მეფის წარმოდგენას იზიარებდა და გამოხდილი წყლისთვის პოემაც კი მიუძღვნია. მათი ჰონორარის შესახებ მონაცემები ბუნდოვანია. ერთ წყაროში კი მინიშნებულია, ლორენცო გრანიტა მეფის დას გაუმიჯნურდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდაო. ათასში ერთხელ თუ მოჰკრავდაო თვალს, რადგან მუდამ ლაბორატორიაში იყო ჩაკეტილი და მუშაობდა; ისე არაფერი ეტყობოდა, გულგრილი სახით იდგა და ცდას არ აკლებდა, ოქრო მიეღოო. 

ცხოვრებაშიც ხომ ასეა – შეიძლება, ვინმე გენატრებოდეს, მაგრამ ნირიც არ შეიცვალო, ჩვეული გამომეტყველებით განაგრძო ყოველდღიურ მოვალეობათა შესრულება.
1585 წელს ფილიპემ სამეფო ბაღში უზარმაზარი სადისტილაციო ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო. ლაბორატორიის ცენტრი 20 ფუტი სიმაღლის „ფილოსოფიური” კოშკი იყო, რომელსაც დღეში 200 გირვანქა სამკურნალო წყლის წარმოება შეეძლო. არ მოგჩვენებიათ, გამოხდილ წყალს სწორედ ასე უწოდებდნენ – „სამკურნალო წყალი”.
ევროპელი ალქიმიკოსები მეფეს ლეონარდო ფიორავანტის მეშვეობით უკავშირდებოდნენ. წყაროებში ნათქვამია, ყოველდღიურად უამრავი წერილი მოდიოდა და ზოგიერთს წაუკითხავად ყრიდნენო. დღესაც ხომ ასეა – წერილები ან ელექტრონული ფოსტით, ან სულაც სოციალური ქსელით მოდის და შეგიძლია, გაუხსნელადვე წაშალო.

ფიორავანტი წყლის გამოსახდელი ლაბორატორიის მშენებლობა-მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა გულში მაინც ფიქრობდა, რომ ფილოსოფიური ქვა სხვა რამ უნდა ყოფილიყო. მისი ფიქრები ადამიანის სისხლს დასტრიალებდა: ეს არის მთავარი სითხე (ამას პარაცელსიც აღიარებდა) და სწორედ მისგან უნდა შეიქმნასო პანაცეა – ყველა დაავადების წამალი – ფილოსოფიური ქვა. მის მიერვე დაარსებული ალქიმიური აკადემიის წევრები არ იზიარებდნენ ფიორავანტის იდეებს. ეს იდეები, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი იყო და მათზე საუბარს აქ აღარ გავაგრძელებ. მეფის კარზე მოხვედრიდან ხუთი წლის შემდეგ ის გააძევეს და ეს ფილიპე მეორის სასარგებლოდ მეტყველებს – მართლა ჭკვიანი კაცი ყოფილა. მართალია, ფიორავანტის ამოსაცნობად ხუთი წელი დასჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიუხვდა თაღლითობას და ესპანეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ფიორავანტი ნეაპოლელმა ჯოვანი ვინჩენცო ფორტემ შეცვალა. მეფემ მას ლაბორატორიის გასაღები გადასცა და სთხოვა, წყლის გამოხდის რაიმონ ლულისეული მეთოდიკა აღედგინა. ფილიპეს სწამდა, რომ სწორედ ლულისეული მეთოდით გამოხდილი წყალი იქნებოდა სამკურნალო. დამავიწყდა მეთქვა, ვინჩენცო ფორტეს ლულის ჩანაწერებიც უნდა გაეშიფრა. ჯოვანიმ, ეტყობა, საქმეს კარგად გაართვა თავი, რადგან როდესაც იტალიაში დაბრუნდა, მისი ადგილი უკვე გაფართოებულ ლაბორატორიაში მისმა ვაჟმა ვალერიომ ჩაიბარა. ფილიპემ მას „დისტილაციის ხელმძღვანელის” (destilador mayor) ტიტულიც კი უბოძა.
ვარდის ფურცლებჩაყრილმა გამოხდილმა წყალმა ფილიპე პოდაგრისგან ვერ მოარჩინა, თუმცა, სავარაუდოდ, არც არაფერს ავნებდა. ვერც მისი ალქიმიური აკადემიის წევრებმა მიიღეს ოქრო, თუმცა ალქიმია ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც ქიმიად გარდასაქმნელად ემზადებოდა.
ცხოვრებაშიც ხომ ასეა – რაღაც გამოდის, რაღაც – ვერა.
რომელი საათია? მალე ჩემი რეისი მიფრინავს. კარგად მოვიქეცი, გასასვლელი თავიდანვე რომ დავზვერე. ახლა ავდგები და პირდაპირ მივალ. ტერმინალში რა დროს ფილიპე მეორისა და მისი ალქიმიკოსების გახსენება იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაღიარებ, მომწონს ალქიმიკოსები და ერთ ცნობილ გამონათქვამს მოვიშველიებ: „ალქიმიის გამართლება მაინც შეიძლება – ბოლოს და ბოლოს, მისგან ხომ ქიმია იშვა”.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...