შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

პისტი და მომავალი პროფესიის საქმე

0

,,მთაზე მიდის ორი ხბო, იქით-აქეთ მექცევა’’

ფეხსამცელში წყალი ჩამივიდა. ჭყაპუნობს. ქრონიკული სურდო მაქვს. მე და გელა და ნათია და თათუნა მივდივართ. პისტი ცხოვრობს ლომინეიშვილების გორაზე, ძველ ოდა-სახლში. უფრო ზუსტად ნაოდასახლარში. რაღაც ნაწილი ეტყობა ფიცრებას გაყიდა. ეს ჩვეულებრივი საქმე იყო სხვებისთვის. ხოლო ჩამოთვლილი სახელები ჩემ მამიდაშვილებს ეკუთვნით. პისტი სახლი კი ბინძურია. პისტიც. გეგონება რომ პისტის არსდროს უტირია – მისი თვალები უცნაურად მშრალია და ცივი. ოღონდ მშივიდი არა. არავინ იცის მისი ეროვნება. სოფელში ამბობენ რომ კუდი აქვს და ცხადია მეშინია. მაგრამ პისტის მომავალის განჭვრეტა შეუძლია, მე კი მაინტერესებს – კიბერნეტიკოსი გამოვალ თუ არა. ეს სიტყვა შემთხვევით გავიგე და დავიჩემე, კიბერნეტიკოსი უნდა გავხდე მეთქი. პისტიმ უკეთ იცის. სახლში აქვს ვიღაცის ნაჩუქარი ხატები, ის დროა – ოთხმოცდაათიანებს დანა პირს რომ უხსნის და ხალხი რელიგიური ხდება. პისტის აჩუქეს და მანაც დაიტოვა ყოველიშემთხვევისთვის. აქვს რამდენიმე შეკვრა კარტი. ტაროსი არა. რაღაც ქილები აწყვია ყვითელი სითხით სავსე და ტაფაზე შემწვარი კვერცხის ნარჩენებია

რა გინდებლარიენ?
მომავლის დანახვა
რეიზა?
რა ვიცი აბა..მომავალი გვინდა დევინახოთ
რომელი ხართ შუათანე?
მე
ჭამე რამე ალიონზე?
კი
უნცროსი?
მე
ჭამე ალიონზე?
არა
რა გქვია?
გიორგი
ვისი ხარ
ზურიკოს?
ვინ ზურიკოის?
შაქროს ზურიკოს
მოკტა ბაბაუშენი?
არა
რაის გეშინია?
მორიელის
მტერს და ავს, მტერს და ავს!

ოღონდ გურიაში ეს ისე წარმოთქმის, თითქოს ფრანგულია – მტერს, დ’ავს, მტერს, დ’ავს
დახუჭე თვალები და არ გეინძრე. რას ხედავ?
ვეფერს
კარგად დახუჭე, დუუჭირე
დუვუჭირე
რას ხედავ
წითელ ბურთულებს
რამდენია
ვერ ვითლი, ირევიან ერთმანეთში
რა გინდა შენ დადგე?
კიბერნეტიკოსი
რაი?

პისტი მოკვდა სამი წლის მერე. მარტო. გვიან ნახეს. პისტი იყო ცნობილი და შემაშინებელი მკითხავი. უცნობი გზით მოსული და დამკვიდრებული იმ პატარა სოფელში. სურებში. ნორამ მითხრა, რომ პისტის უყვარდა კაცი ზემო იმერეთში, იმ კაცმა სხვა შეირთო და პისტიმ რაღაც ხერხებით მოწამლა, მოკლა და პისტი გამოიქცა გურიაში. იქ დაიმალა. რომ კუდი გამოება ამ ამბის მერე: როგორც ამ ამბავს – მასაც. რომ ბალიშს ქვეში იმ კაცის სურათი ედო. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მე ვცდებოდი მის თვალების ცქერისას. რომ პისტი ტიროდა.

ამ ისტორიიდან მახსოვს ყველაზე უკეთ, თუ რა მინდოდა გამოვსულიყავი. კიბერნეტიკოსობა არ გამოდგა ჩემი საქმე. ეგრე მახსოვს, მღვდლობაც მინდოდა და დიპლომატობაც. ყველა ამ საკითხს ბოლოს პისტის რიტორიკული ,,რაი?’’ დაესვა. მაგრამ ბავშვობა მრავალფეროვანი იმითაცაა, რომ შენს თავს ბევრ როლს არგებ მომავალში. ნუ შეგვაშინებენ უფროსები რაღაც უნარების აღმოჩენით პატარებში და იმაზე ,,მიწოლით’’. ვაცალოთ ფანტაზიას, ამით ვითარდება ადამიანი – თავის დროზე ცხოვრება თვითონ დაუსვამს პისტის კითხვას – მანამდე კოსმონავტობა გვინდა.

ქართული „გილგამეშიანი„ და მისი მთარგმნელი

0
უძველეს შუამდინარულ ტექსტში, რომელიც აშურბანიპალის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს  სასახლის გათხრისას, მთავარი პერსონაჟი, კაც–ღმერთი გილგამეში შემდეგნაირადაა დახასიათებული:

„ერთბამად განჭვრიტა ყოველი საიდუმლო,
სარქველი სიბრძნისა, რომელი ყოველსა დაჰფარავს”… 

– ეს დახასიათება შესანიშნავად შეიძლება მოერგოს გილგამეშის ეპოსის ქართულ ენაზე პირველ  მთარგმნელს, მიხაკო წერეთელს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მეოცე საუკუნის საქართველოს ბედკრული ისტორიის პერსონაჟია, თან სრულიად რეალური.

იმ ფაქტების რიგში, რომლითაც რეალურად შეგვიძლია ვიამაყოთ – რომ 14 ანბანს შორის ერთ–ერთი ქართულია, რომ „ვეფხისტყაოსნით” რენესანსი ჩვენთან გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპაში, რომ ღვინის აკვანი სწორედ ჩვენთან დაირწა- შეიძლება ის მოვლენაც შევიყვანოთ, რომ ქართული ენა მეოთხეა ინგლისურის, გერმანულის და ფრანგულის მერე, რომელზეც გენიალური ბაბილონური ეპოსი „გილგამეშიანი”ითარგმნა. მიხეილ წერეთლის ნათარგმნი ეპოსი  გამოიცა 1924 წელს, კონსტანტინეპოლში, „ქართველთა კათოლიკე სავანის” სტამბაში.

მეოცე საუკუნის მშფოთვარე და ტკივილიანმა 20–იანმა წლებმა გარდამტეხი (პირდაპირი მნიშვნელობით, ხერხემალში გარდამტეხი) ცვლილებები მოუტანა საქართველოს.  წითელმა ტერორმა, რეპრესიებმა, ტოტალიტარიზმმა სამშობლოს დაუკარგა თავისი ტვინი  – მისი საუკეთესო ნაწილი, მეცნიერები, ხელოვანები, მოაზროვნეები… ამათგან ზოგმა სხვა ქვეყანას შეაფარა თავი და ემიგრაციაში გარდაიცვალა, ზოგიერთი წამებით მოკლეს, ზოგიერთი გადაასახლეს, ზოგიერთმა კი თავი მოიკლა…

მათი ნაღვაწი დიდი ხნის განმავლობაში დალუქული, ტაბუდადებული, აკრძალული იყო, დადგა დრო,  ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა გაიცნონ ის ადამიანები, რომლებიც იდეებს შეეწირნენ და ემოგრაციაშიც ქართულ საქმეს ემსახურებოდნენ.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი –პუბლიცისტი, მწერალი, პოლიტიკოსი და მეცნიერი – ქართული ასირიოლოგიის სკოლის ფუძემდებელი,  ძალიან აქტიური პოლიტიკური და სამეცნიერო ცხოვრებით ცხოვრობდა. ჯერ კიდევ საფრანგეთში  სწავლისას, ანარქისტული იდეებისათვის პარიზიდან ლონდონში გაასახლეს. 1918 წელს იგი ივანე ჯავახიშვილს გვერდით უდგას უმნიშვნელოვანესი ქართულ საქმეში – ქართული უნივერსიტეტის დაარსება–განვითარებაში, ხელმძღვანელობს ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის კათედრას. სამეცნიერო მუშაობა მთელი დატვირთვითა და ენერგიით მიმდინარეობს ტრაგიკულ 1921 წლამდე…

 საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გასაგები მიზეზების გამო მიხაკო წერეთელს სამშობლოს დატოვება უწევს.  იგი საქართველოში აღარასოდეს დაბრუნებულა.

ამის შემდეგ ის წარმატებით მოღვაწეობდა ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში, ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიამ 1928 წელს გერმანულ ენაზევე გამოაქვეყნა მისი „ურარტული ეტიუდები”. 30-იან წლებში ბერლინში გამოიცა სულხან–საბა ორბელიანის “სიბრძნე–სიცრუისა”–ს მ. წერეთლისეული გერმანული თარგმანი. 
1963 წელს პარიზში გამოქვეყნდა “ვეფხისტყაოსნის” მ. წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს – პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

გარდა ამისა, მიხაკო წერეთელი იყო ქართული პატრიოტული ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ერთ–ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ხოლო II მსოფლიო ომის წლებში გერმანიაში მოქმედი “ქართული სამოკავშირეო შტაბის” ერთ–ერთი ხელმძღვანელი. სწორედ ამ შტაბის ძალისხმევით, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე.

აკაკი ბაქრაძე მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილ წერილში წერს:

„მარტო ის, რომ 1878 წელს, იმერეთში, ცხრუკვეთში, დაბადებული კაცი 1965 წელს გერმანიაში, მიუნხენში, გარდაიცვალა, ნათლად მეტყველებს რა ბედი ერგო მიხეილ წერეთელს. ნახევარი ცხოვრება სამშობლოში გაატარა, მეორე ნახევარი – უცხოეთში. აქაც და იქაც მეცნიერებას ემსახურებოდა. დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენ მიხეილ წერეთლის მეცნიერულ შემოქმედებაზე დღეისდღეობით ზერელე წარმოდგენა გვაქვს. აქომამდე ყველა კარი დაკეტილი იყო, არ ვიცით, რას აკეთებდნენ ქართველი სწავლულები ემიგრაციაში. ახლა ვითარება შეიცვალა. დაფანტულ სულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. ყველაფერი შესწავლილი იქნება. 

ყოველი მოღვაწე საქართველოს ისტორიაში იმ ადგილს დაიჭერს, რაც მათ სამართლიანად დაიმსახურეს.”

მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა 1965 წელს მიუნხენში, გადრაცვალებამდე ორი წლით ადრე მან ითხოვა მისი ფერფლის საქართველოში გადაგზავნა, თუმცა შესანიშნავი მოღვაწისა და მეცნიერის ეს თხოვნა ჯერ–ჯერობით ისევ შეუსრულებელია. 

ჯერ არ მომხდარა ამ ტრაგიკული ბედის ადამიანის ფიზიკური თუ სულიერი დაბრუნება  – ისევ გამოუქვეყნებელია მისი არქივი, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა და ახლახანს აღმოჩნდა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. აღმოჩენილ ხელნაწერთა 15 ტომი  მრავალ საინტერესო ნაშრომს შეიცავს – „ურარტული ტექსტები”, „ვახტანგ გორგასლის ცხოვრება”, „მეფეთა ცხოვრება”, „საქართველოს მოქცევა” და სხვა, გარდა ამისა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური შრომები. 

შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი პირველი)

0

ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას  შეფასებისა და მონიტორინგის ეფექტური და გამჭვირვალე სისტემა წარმოადგენს. ორგანიზაციულ მენეჯმენტში იგი წარმატებული შედეგის ერთ-ერთ გარანტად გვევლინება. შეფასება რთული პროცესია და ბევრი თავისებურებით ხასიათდება. წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობის კუთხით გააზრებული აქვს მისი მნიშვნელობა – შედეგით, შესაძლებელია, პროცესის გაუმჯობესება.

აფასებენ  გარე და შიდა შემფასებლები.  ორგანიზაციამ ობიექტური  სურათის მისაღებად სასურველია ორივე ფორმას მიმართოს. გარე შემფასებლად, შესაძლებელია, მოვიაზროთ მაკონტროლებელი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ა.შ. მრავალ ქვეყანაში გარე შეფასება საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. შიდა შეფასებას დაწესებულება საკუთარი რესურსებით საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს. ჩვენი სტატიის თემას სწორედ ორგანიზაციის შიდა შეფასება წარმოადგენს. შევეცდები, შემოგთავაზოთ მარტივი და პრაქტიკული  მეთოდები და მექანიზმები შეფასებისა და მონიტორინგისათვის.

შეფასება-მონიტორინგი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და მის მუდმივ გაუმჯობესებას ემსახურება. აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების წევრებმა პასუხი გასცენ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც შესაძლოა სულაც არ მოგვეჩვენოს რთულად, თუმცა თითოეულ მათგანზე ამომწურავი პასუხის მისაღებად დიდი ძალისხმევაა საჭირო. თავდაპირველად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ

1.რის შეფასება გვსურს?

2.ვინ უნდა შეაფასოს?

3.როგორ უნდა შეფასდეს (მეთოდები, ხერხები)?

4.რა სიხშირით უნდა შეფასდეს?

რის შეფასება გვსურს – პირველ ეტაპზე სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რა სფეროები უნდა შეფასდეს – სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების, სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სასკოლო გარემოს, მასწავლებელთა და მშობელთა თანამშრომლობის ხარისხის და ა.შ.  

ვინ უნდა შეაფასოს – ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. მაგ: გაკვეთილს კათედრის ხელმძღვანელები აფასებენ, კათედრის მუშაობას – დირექტორის მოადგილე და მასწავლებლები და ა.შ.

როგორ უნდა შეფასდეს – აღნიშნული ეტაპი გულისხმობს  მეთოდოლოგიის შერჩევას შეფასების მიზნის შესაბამისად. მაგ: სასკოლო გარემოს შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს გამოკითხვით, დაკვირვებით და ა.შ.

რა სიხშირით უნდა შეფასდეს  – დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაფასებთ. მაგ: მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და პროგრესის დიაგნოსტიკური შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, სემესტრების დასასრულს. ამით სკოლას საშუალება ექნება მუდმივად ადევნოს თვალი  პროგრესს.

სკოლის ადმინისტრაცია და შეფასების პროცესში ჩართული პირები თავად შეიმუშავებენ და აყალიბებენ როგორი შეფასების სისტემის დანერგვა სურთ, იზიარებენ თუ არა წარმატებულ სკოლებში არსებულ პრაქტიკას. არ არსებობს მეთოდოლოგიის კონკრეტულად განსაზღვრული ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად შეფასებას ან მონიტორინგის პროცესს ეკუთვნის.  

მას შემდეგ, რაც ზემოთხსენებულ პირველ და მეორე შეკითხვაზე სასკოლო საზოგადოება პასუხს გასცემს, იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი –  მეთოდოლოგიის შერჩევა და პროცესის დაგეგმვა. შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელოს მიხედვით შეფასება პასუხობს კითხვას – ვახორციელებთ თუ არა ღონისძიებებს შესაფერისად. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას ინფორმაციის სანდოობა წარმოადგენს. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, შეფასების ეტაპები შემდეგნაირადაა გამიჯნული (შესაძლებელია, იგი ჩვენს სასკოლო სისტემასაც მოვარგოთ):

1.წინარე შეფასება ხორციელდება სისტემის შემუშავების/ფორმულირების ადრეულ სტადიაზე, სასწავლო წლის დასაწყისში, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ კვლევას სასტარტო პოზიციის შესაფასებლად.

2.შუალედური შეფასება –  ტარდება პროცესის მიმდინარეობის დროს, სემესტრის დასასრულს, რათა შეფასდეს პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს მიზნის მისაღწევი გზები.  

3.რეტროსპექტიული შეფასება  –  ხორციელდება პროცესის  დასრულების შემდეგ. მას შეიძლება წლის დამამთავრებელი შეფასებაც ეწოდოს. ამით სკოლის ადმინისტრაცია იღებს ინფორმაციას როგორ განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები; რა პროგრესი განიცადა ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ.

4.კომპლექსური  შეფასება – ეს არის საბოლოო შეფასება სკოლისა და დამოუკიდებელი, გარე ექსპერტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ (სკოლის მაგალითზე 3 ან 6), რითაც ორგანიზაცია აჯამებს საერთო შედეგებს.

შეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილია მონიტორინგი. რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის? მონიტორინგი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს მუდმივად ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს  „თვალყურის სადევნებლად” და იმის გასაკონტროლებლად, თუ „რა ხდება”. მონიტორი მეთვალყურეობს და აკონტროლებს პროცესს. შეფასება აზუსტებს რამდენად სწორად განვახორციელეთ დაგეგმილი სამუშაო და პერიოდულად ამზადებს ნიადაგს „კი” ან „არა”-ს ტიპის კითხვებისათვის. უშუალოდ შეფასების პროცესი ხელს უწყობს მონიტორინგს.

შეფასება შეიძლება იყოს ეპიზოდური, მაგალითად, სემესტრში ერთხელ, წელიწადში ერთხელ და ა.შ. მონიტორინგი კი თავისი არსით რეგულარულია. შეფასებისა და მონიტორინგის პროცესში სრულიად დასაშვებია გამოვიყენოთ მსგავსი მეთოდები: დაკვირვება, გამოკითხვა, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი, ანკეტირება და ა.შ. ამ შემთხვევაში პროცესის ორგანიზატორი თავად ირჩევს მიზნის შესაბამის მეთოდებს. დღესდღეობით ფართომასშტაბიანი პროგრამებისა და პროექტების შესაფასებლად მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, რომელიც  გამოყენება შესაძლებელია  სკოლაშიც:

1)დაინტერესებული მხარეების გამოკითხვა;

2)ინტერვიუ;

3)ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება;

4)ექსპერტთა პანელი – ითვალისწინებს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას შესაფასებლად. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები; ისინი რამდენიმე შეხვედრისა და ფუნდამენტური განხილვის შემდეგ ერთობლივ პოზიციას აფიქსირებენ;

5)SWOT ანალიზის მეთოდი და ა.შ.

სკოლაში შეფასებისა და მონიტორინგის გამართული სისტემის აწყობა რთულ და ხანგრძლივ მუშაობასთან ერთად ფინანსურ და ადამიანურ რესურსებსაც მოითხოვს. პროცესის უკეთესად გასააზრებლად სტატიის მომდევნო ნაწილში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ მაგალითებს სხვდასხვა ტიპის სკოლისთვის.

ზღვა ფიქრობს… ფიქრობს…

0
ზღვა მიყვარს… ოღონდ ჩემებურად… არ ვცურავ და არ ვირუჯები… აბა, რა გიყვარსო, მკითხავთ სამართლიანად. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისიქითა სივრცეში ყურება. ტალღების ხმაურის მოსმენა და არაფერზე ფიქრი. ან შეიძლება ვიფიქრო კიდეც, ვინ დამიშლის.

თუმცა ასეთი მგონი მე ვარ მხოლოდ. ან შეიძლება ერთი ორი თანამოაზრეც გამომიჩნდეს. უმეტესობა კი თამამად ირუჯება და, მათი აზრით, რაც მეტად გაირუჯებიან, მით უკეთესია.  ეს მათი გადასაწყვეტია და დღეს რუჯის წარმოქმნის ქიმიურ მექანიზმზე აქ წერას არ ვაპირებ.  ერთხელ, შარშან,  დავწერე  და საკმარისია.

დღეს  სანაპიროზე, გარუჯვის პროცესში მირთმეულ ალკოჰოლზე მინდა დავწერო.  რა მოხდება, თუ მზეს მიფიცხებულები ერთ ჭიქა ლუდს, ღვინოს ან კოქტეილს მივირთმევთ?  არაფერიც არ მოხდებაო მიპასუხებთ და მეც დაგეთანხმებით. თუმცა, თუ ეს განმეორებადი  და ხშირი იქნება,  სულ 20%-ს დავიტოვებ იმის სათქმელად, რომ სწორედ ამ შემთხვევაში (იმ ადამიანებში, ვისაც მელანომისადმი აქვს მიდრეკილება) მელანომის წარმოქმნის ან პროგრესირების რისკი გაიზრდება. გაიზრდება სწორედ იმ 20%-ით, რაც მე წეღან მარაგად მოვიტოვე. ისიც უნდა ითქვას, რომ რისკის ზრდა სულაც არ ნიშნავს, რომ პათოლოგიური პროცესი აუცილებლად „ჩაირთვება”. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პროცესის „ჩართვისთვის”  კარგი წინაპირობა იქმნება.

მელანომა კანის სიმსივნური წარმონაქმნია და პიგმენტური უჯრედებისგან – მელანოციტებისგან ვითარდება. ისინი კანის სპეციალური უჯრედებია, რომლებიც პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებენ.
მაშ ასე, მივირთვით ალკოჰოლი…  რა არის ალკოჰოლი?

სპირტები ნაჯერ ნახშირწყალბადთა ნაერთებია, სადაც  წყალბადის ერთი ან რამდენიმე ატომი ჩანაცვლებულია ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფით.

 
სპირტები ჰიდროქსილის ჯგუფის რაოდენობის მიხედვით ერთატომიან და მრავალატომიან სპირტებად იყოფიან.
სუფთა სპირტის მიღება არაბებმა VI-VII საუკუნეებიდან დაიწყეს და მას „ალ-კოჰოლი” (გამაბრუებელი) უწოდეს. სპირტს ღებულობდნენ გამოსახდელ აპარატში, რომელიც სპილენძის დიდ ჩაიდანს მოგვაგონებდა. გამოხდა რამდენჯერმე მეორდებოდა, სანამ სუსტი ალკოჰოლური სასმელი სიმაგრეს არ შეიძენდა.

ალკოჰოლური სასმელებისთვის შემდეგი ნედლეული გამოიყენება: 

ბოსტნეული – რომი, შნაპსი, ტეკილა;
ხორბალი- ვისკი, არაყი, ჯინი;
ხილი-ბრენდი, კირშა, კალვადოსი;

კონიაკი კი პირველად საფრანგეთის ქალაქ კონიაკში გამოჩნდა.  საინტერესოა მექსიკის ნაციონალური სპირტიანი სასმელი მესკალი, რომელსაც ტრადიციის მიხედვით ჭიაყელებთან ერთად მიირთმევენ.

სპირტების ჰომოლოგიურ რიგში აირადი ნივთიერებები არ გვხვდება. C1-C11 სითხეებია, C12-დან კი მყარი ნივთიერებები იწყება. 

ნახშირწყალბადის რადიკალის  მოლეკულური მასის გაზრდით სპირტების ხსნადობა მცირდება. მეთანოლი, ეთანოლი, პროპანოლი წყალში ხსნადი სპირტებია, ბუტანოლი ნაწილობრივ იხსნება.
სპირტი იჟანგება.

სინჯარაში ჩაასხით  6 მლ ქრომის ნარევი და 2 მლ სპირტი. ქრომის ნარევის ნარინჯისფერი შეფერილობა მწვანე ფერში გადადის. მიიღება ძმრის ალდეჰიდი, რომელსაც დამახასიათებელი სუნი აქვს.
ქრომის ნარევს იოლად მიიღებთ. 100მლ 30%-იან გოგირდმჟავაში ჩაყარეთ კალიუმის ბიქრომატის ფხვნილი და მოამზადეთ ნაჯერი ხსნარი.

დაჟანგვის რეაქციებში ერთდროულად მონაწილეობს, როგორც ჰიდროქსილის, ასევე ჰიდროქსილიანი ნახშირბადატომის წყალბადი.

ალკოჰოლის მიღებისას იგივე დაჟანგვის რეაქცია მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმშიც. აქაც წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი, რომლის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის.

ეთანოლის კვალი   (EtOH)   ხილშიც  შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, თუმცა  ალკოჰოლურ სასმელებში ის, ბუნებრივია, მაღალი კონცენტრაციითაა. სასმელში ეთანოლის შემცველობა მოცულობით პროცენტებში გამოისახება. ეთანოლის გამოყენებას და სისხლში მის კონცენტრაციას კი გრამებში აღნიშნავენ (ეთანოლის სიმკვრივეა 0,79კგ/ლ). მაგ. ერთი  ბოთლი ლუდი (0,5ლ, 4% EtOH) შეიცავს 20მლ=16გ ეთანოლს.  ერთი ბოთლი ღვინო (0,7ლ, 12% EtOH) შეიცავს 84მლ=66გ ეთანოლს.

მაშ ასე, მივირთვით ალკოჰოლი. შემდეგ რა ხდება?

დიფუზიის გზით ეთანოლი ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება. სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას  დალევიდან 60-90 წუთის შემდეგ  მიაღწევს. შეწოვის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგ. ცარიელი კუჭი,  სასმელის მაღალი ტემპერატურა,  შაქრის და ნახშირორჟანგის შემცველობა (მაგ. შამპანიური, ან ცქრიალა  ღვინოები), ულტრაიისფერი გამოსხივება-ეთანოლის შეწოვას აუმჯობესებს. ორგანიზმში შეწოვის შემდეგ ეთანოლი სწრაფად ნაწილდება, მისი მაქსიმალური რაოდენობა ცენტრალური ნერვული სისტემისკენ   და კუნთებისკენ მიდის. ერთი ბოთლი ლუდის მირთმევის შემდეგ, თუ სპირტი მთლიანად და სწრაფად შეიწოვება, მასში არსებული 16 გრამი ეთანოლი 70 კგ-იანი  ორგანიზმის სისხლში   დაახლოებით 0,33 პრომილე კონცენტრაციით იქნება. ლეტალური კონცენტრაცია 3,5 პრომილეა.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეთანოლის  დაჟანგვა ღვიძლში მიმდინარეობს. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმაში არსებული ფერმენტის  ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით ეთანოლი აცეტალდეჰიდამდე იჟანგება. ეს უკანასკნელი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადადის, სადაც მიტოქონდრიული ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მოქმედებით იჟანგება.  წარმოიქმნება ძმარმჟავა.  ძმარმჟავაც იშლება  ნახშირორჟანგისა  და წყლის  გამოყოფით.

 
ღვიძლში ეთანოლის დაჟანგვის სიჩქარე  ფერმენტ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას (მიაქციეთ ყურადღება, რომ ფერმენტების სახელწოდება   ყოველთვის ბოლოსართ -აზა-თი მთავრდება) აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუმცა ერთ-ერთ მალიმიტირებელ ფაქტორად ალდეჰიდდეჰიდროგენაზაც განიხილება. მისი აქტიურობა კი შესაძლებელია სწორედ ულტრაიისფერი დასხივებით შენელდეს. ეს ნიშნავს, რომ დაგროვდება აცეტალდეჰიდის მაღალი კონცენტრაცია.

ულტრაიისფერი დასხივება კი ზღვის ნაპირზე გასარუჯად მყოფ ადამიანს უხვად ექნება.   ეთანოლის დაჟანგვით წარმოქმნილი აცეტალდეჰიდის გავლენით ადამიანის კანი ფაქტობრივად დაუცველი ხდება ულტრაიისფერი დასხივების მიმართ. ეს 20%-ით ზრდის  მელანომის პროგრესირებას.

ისიც უნდა დავწერო, რომ  ალკოჰოლი იმ  მავნე ნივთიერებების კარგი გამხსნელია, რომლებსაც   თამბაქოს კვამლი შეიცავს.  სხვათა შორის, თამბაქოს კვამლი აცეტალდეჰიდსაც შეიცავს.

აცეტალდეჰიდი უფერო, მკვეთრი სუნის მქონე სითხეა, რომელიც წყალში კარგად იხსნება.  ქიმიური თვისებების მიხედვით, ტიპიური ალიფატური ალდეჰიდია. მისი რეაქციის უნარიანობა ორი ფაქტორით განისაზღვრება: კარბონილის ჯგუფის აქტიურობით და მეთილის ჯგუფის წყალბად ატომების ძვრადობით. ძირითადად ძმარმჟავასა და ალდეჰიდური პოლიმერების მისაღებად იყენებენ. 

რაც ზემოთ მცხუნვარე სანაპიროზე, ალკოჰოლზე და მელანომის პროგრესირების რისკზე დავწერე, მსოფლიოს სხვა მეცნიერებთან ერთად მილანის ფარმაკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმაც გამოიკვლიეს. მიღებული შედეგების ანალიზით  დაადგინეს, რომ  თაკარა მზის ქვეშ ნახევარი ლიტრი ლუდის ან ორი ფუჟერი ღვინის მირთმევა მელანომის პროგრესირების რისკს 10%-ით ზრდის. თუ დოზას გავაორმაგებთ, რისკი 18% იქნება. აი, თუ ავდგებით და ხუთჯერ მეტად დავლევთ, რისკი  55%-მდე გაიზრდება.

არ იფიქროთ, რომ ამ წერილის მიზანი ვინმეს შეშინებაა.

მეცნიერების დასკვნას გადავაწყდი და შემდეგ ეს ყველაფერი თქვენთვის ქიმიური სიზუსტით, მარტივად  აღვწერე.  ალბათ წაიკითხავთ… აი, მერე რას გააკეთებთ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

გარუჯვა არ მიყვარს. ჩემნაირი კიდევ 2% თუ იქნება. დანარჩენებს კი გირჩევთ, შესაბამისი დამცავი მალამოები გამოიყენეთ. ოღონდ მალამოს უნდა ეწეროს PPD, რაც ნიშნავს, რომ ის კანს სიმსივნის წარმოქმნისგან დაიცავს და SPF +50-ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას შეარბილებს. 

ოღონდ… ასეთი მალამოს გამოყენების შემთხვევაშიც კი ალკოჰოლი მცხუნვარე სანაპიროზე მავნებელია.
ზღვა მიყვარს, ოღონდ ჩემებურად, თავისებურად.  ნაპირზე ვზივარ  და სივრცეს  გავცქერი ხოლმე.  იქ იმდენ რამეს დაინახავთ… უბრალოდ ოდნავ მეტად უნდა დააკვირდეთ.  ზოგჯერ ფიქრი არ მიყვარს, ზოგჯერ დაუსრულებლად ვფიქრობ.  

ამ დროს კი ზღვა…
”… არ ბობოქრობს, 
ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურად,
ის ფიქრობს, ფიქრობს…”
(გალაკტიონი)

მასწავლებლის ოქროს გასაღები

0

სკოლის მოგონებათაგან ბევრი დავივიწყე. ზოგი ისეთი იყო გასახსენებლადაც კი არ ღირდა. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ რა დამამახსოვრდა კარგად, ვინ იყო ჩემი გამორჩეული მასწავლებელი, რა ვისწავლე მათგან.

 



სკოლა, თითქმის ტყეში იყო, მდინარესთან ახლოს. სად იყო ეს სკოლა, ამას არ გავამხელ და საიდუმლოდ დავიტოვებ. იქ თითქმის სულ წვიმდა, სკოლის პირდაპირ ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა იდგა. ახლაც დგას. ცოტა სევდიან ამბავს ჰგავს. მაგრამ არაფერი მსგავსი. საკლასო ოთახში რუხი ფერებია, ფანჯრიდან დიდი ხეები ჩანს, ტოტები და ფოთლები მზის სხივების შემოღწევას ხელს უშლის. ხეებს იქით მდინარეა. გარეთ უამრავი ფიჩხი ყრია. ალბათ შემოდგომის პირია, ან დასასრული, თუ სწორად ვიხსენებ. იქ ასეთ დროს უკვე კარგად ცივა. ირგვლივ, ყველგან წებოვანი სინესტეა. მე მომწონს ასეთი ადგილები. გაკვეთილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქართულის გაკვეთილია და შესაბამის პროგრამას გავდივართ. ჯგუფში სამი მოსწავლე ვართ – მე, ერთი გოგო და ერთი ბიჭი, სამივე მასწავლებლის წინ ვხსედვართ და ყურადღებით ვუსმენთ. შემდეგ, კახა ამბობს, რომ ღუმელში ცეცხლი ქრება და ეზოში გადის, მდინარესთან ახლოს ფიჩხს აგროვებს და ოთახში შემოაქვს. ღუმელი გუგუნებს. ჩვენი მასწავლებელი კი გვიყვება ამბავს, რა ხშირად სტუმრობდნენ მის ოჯახს გიორგი ლეონიძე და სხვა მწერლები ფშავში, გვიყვება მამაზე, იქაურ ცხოვრებაზე, მეურნეობაზე, თექის დამუშავებაზე.


სხვა გაკვეთილებზე ხმაურია. ქართულის გაკვეთილზე მშვიდად ვზივართ, არ ვებრძვით არც ერთმანეთს და არც მასწავლებელს, არც ხელის გულები გვიოფლიანდება. ეს მაშინ ხდება, როცა მათემატიკური ფორმულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ. ამ გაკვეთილზე სხვანაირი ნდობა და ურთიერთპატივისცემაა, ეს ყველაფერი თავიდანვე, ძალდაუტანებლად გაჩნდა. ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს ისეთი, რომ შემდეგ გვენანა. არც საიდუმლო გაგვიმხელია, უბრალოდ ჩვენმა მასწავლებელმა გადაწყვიტა თავისი ამბები მოეყოლა ჩვენთვის და ჩვენც მოვინუსხეთ, მისი კეთილი გავლენის ქვეშ მოვექეცით, მის მიმართ უნებლიეთ მოვიდა შინაგანი პატივისცემა, ისე, რომ ჩვენი თავისუფლება ერთი წუთითაც არ შეზღუდულა, პირიქით, უფრო თავისუფლები გავხდით.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ნდობაზე და ორმხრივ პატივისცემაზე მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.

რა არის მასწავლებლის მოსწავლესთან ურთიერთობის გასაღები? როგორ შეუძლია მას შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება, ახალი გზები დაანახოს და მისი ქცევის ფორმირებას ხელი შეუწყოს. როგორ, შეიძლება იმეგობროს მასთან? როგორ, შეიძლება ურთიერთობის ნდობაზე დაფუძნება? რადგან მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ საქმედ მეჩვენება და არც ის მინდა, არაკომპეტენტური დასკვნები გავაკეთო და არც მზა პასუხები მაქვს კითხვებზე, ამის მიუხედავად ინტუიციით ვხვდები, რომ მასწავლებელი, რომელიც ახერხებს განაწყოს კლასი მის მიმართ პატივისცემითა და სიყვარულით, მას ყველაფერი გამოუვა. მასწავლებელი, რომელიც ცდილობს არ ჩაკლას ინდივიდუალიზმი და წაახალისოს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, არ მოაქციოს ისინი სტანდარტულ ყალიბში, არამედ პირიქით, გასაქანი მისცეს მათ თავისუფლებას და მათ განსაკუთრებულ ხასიათს, მოსწავლეებისგანაც იგრძნობს რეალურ უკუკავშირს.

ერთ ამბავს მოვყვები, მართალია მე არ გადამხდენია, მაგრამ ერთი მოსწავლე გოგონას ბლოგზე ამოვიკითხე. ის წერს, როგორ შესძულდა რაღაც პერიოდის განმავლობაში ვაჟა-ფშაველა, რადგან მასწავლებელი აიძულებდა, ვაჟას სტილში ეწერათ თემები. თხზულებაში გამოეყენებინათ სიტყვები “მრუმე”, “თვალებბარჩხალა მზე”, გოგონა არ ემორჩილებოდა ამ წესს და თემას ისევ თავისი სიტყვებით წერდა. გასწორებულ ნაშრომში კი თავის სიტყვებს წითლად ჰქონდა ხაზი გასმული და ისევ “თვალებბარჩხალა მზე” ეწერა და ა.შ ბლოგის ბოლოს, კი განაწყენებული მასწავლებლის კომენტარია მოსწავლის მიმართ : „ნუ არაამქვეყნიურობ”, „პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს მიხედე, რითაც დედასაც არცხვენ და საკუთარ თავსაც”.

მიუხედავად ასაკისა, ჩვენ ყველანი სრულფასოვანი ადამიანები ვართ ჩვენი ღირსებებით და შეცდომებით. ჩვენი შეცდომები ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა და მასზე ვალდებულების აღება არც ოჯახს და არც ნათესავებს არ ეკისრებათ. და როცა ისევ ოჯახის და დედის შერცხვენაზე ვკითხულობდი, ერთი საბჭოთა გადმონაშთი გამახსენდა – სტენდი, სადაც გამოკრული იყო თანამშრომელთა ფოტოები – “ვინ გვარცხვენს” და “ვინ გვასახელებს”. როგორ განისჯებოდნენ ადამიანები საჯაროდ სხვადასხვა მორალისტების მიერ თავიანთი პატარა შეცდომების გამო და როგორ ხდებოდა მათი ჩარჩოებში მომწყვდევა, მათი პიროვნულობის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა თავიდანვე გამორიცხავს ნდობას და პატივისცემას ორ ადამიანს შორის.

ჩემი ქართულის მასწავლებელი კი სექტემბრიდან ალბათ ისევ მოკრძალებული ღიმილით გაუღიმებს თავის მოსწავლეებს, გიორგი ლეონიძის და სხვა მწერლების სტუმრობაზე მოუყვება და ნდობის უხილავ ძაფებს გააბამს ფშავის ერთ უბრალო საჯარო სკოლაში. თავისუფალ დროს კი თექაზე იმუშავებს და დაქარგავს.

აწუხებთ თუ არა თქვენ შვილებს დეპრესია?

0
თუ დედებსა და მამებს, ბებიებსა და პაპებს, ძიძებსა და აღმზრდელებს და თვით მასწავლებლებსაც ვთხოვთ ჩამოთვალონ ბავშვთა გავრცელებული დაავადებები, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი დიდ  და მრავალფეროვან ჩამონათვალს შემოგვთავაზებენ, წითელა-ჩუტყვავილით დაწყებული, ნაირ-ნაირი ალერგიებით დამთავრებული, მაგრამ არავინ ახსენებს დეპრესიას. სიტყვა ,,დარწმუნებით”  იმიტომ გამოვიყენეთ, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვები ამას ადასტურებს… მეტიც, როცა გამოკითხულებს დეპრესიას უხსენებენ, ისინი კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ბავშვებში ასეთი დაავადება არ არსებობს. ფსიქოლოგები კი საწინააღმდეგოს აცხადებენ: ჩვილ ბავშვებშიც კი გვხვდება დეპრესიის შემთხვევები.   

ჩვეულებრივი ვირუსებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ადამიანისაგან ადამიანზე ვრცელდება, ნაღვლიანობის ,,ვირუსი”  ადამიანიდან ცხოველებსაც გადაეცემა. არსებობს საერთო ბიოლოგიური კანონზომიერებები და მათ მიხედვით, ადამიანთა და ცხოველთა 20%-ისათვის დამახასიათებელია დაქვეითებული ფსიქოლოგიური იმუნიტეტი. პატარებს, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, შეიძლება სიცოცხლის პირველ თვეებშივე  გამოეხატოთ დეპრესია.

როგორ უნდა გაარკვიოს მშობელმა, მიეკუთვნება თუ არა მისი შვილი დეპრესიულთა ჯგუფს? როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამისათვის ექიმთან მისვლა არ არის აუცილებელი. საკმარისია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ. ეს, პირველ რიგში, ეხებათ დედებს. მათი შინაგანი განწყობა პირმშოს როგორც გენეტიკურ, ასევე საყოფაცხოვრებო დონეზეც გადაეცემა.  თუ თქვენ ბუნებით პესიმისტი ხართ და ვერც ბავშვის მამას უწოდებთ ხალისიანსა და იმედიანს, მაშინ პატარა ვის დაემსგავსება?  ის ფსიქოლოგიური იმუნიტეტის მარაგით  ნამდვილად არ იქნება განებივრებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  დეპრესია უკვე სახეზეა.. სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინება ბავშვს ნაღვლიანობას აარიდებს.

ამერიკელი ფსიქოლოგები დედებს ორ კატეგორიად ყოფენ.  ერთნი შვილებს მხოლოდ ,,რძეს” აძლევენ, ანუ უზრუნველყოფენ იმ აუცილებელი მინიმუმით (კვება, ჩაცმა, ჰიგიენა, სეირნობა…), რომელიც მათი არსებობისათვის არის საჭირო, ხოლო მეორენი,  ,,რძესთან” ერთად შვილებს ცხოვრების ,,თაფლსაც”  აგემოვნებინებენ: ასწავლიან როგორ უნდა უხაროდეთ ყოველი ახალი დღის გათენება, როგორ აღიქვან თავიანთი არსებობა  განგების საჩუქრად. სიცოცხლით ტკბობის  განცდა დეპრესიისაგან დაცვის ყველაზე საიმედო ,,იმუნიზაციად” მიიჩნევა. მაგრამ როგორ განაცდევინებს ამ სიხარულს დედა, რომელსაც თავად ,,ნულოვანი” განწყობა აქვს? 

პასუხი ერთია: უნდა თავად შეიცვალოთ, ეს გჭირდებათ თქვენ და თქვენს პატარასაც, გარშემომყოფებსაც, სხვათა შორის. უცხო თვალით შეხედეთ თქვენს ცხოვრებას და ეძებეთ მასში დადებითი საყრდენები. ხშირად გაიღიმეთ, მოიწყეთ პატარ-პატარა დღესასწაულები, გაუკეთეთ თუნდაც მცირე საჩუქრები საკუთარ თავს და ახლობლებს. თუ ამანაც არ გიშველათ, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს ან ფსიქოანალიტიკოსს, რომ უმკურნალოთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ შვილი გადაარჩინოთ გადამდები შავნაღვლიანობისაგან.

 ფსიქოლოგებისავე  აზრით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს შეადგენენ ბავშვები, რომელთა მშობლებს ეგრეთ წოდებული შუა ასაკის (30-დან 40 წლამდე) კრიზისის პერიოდი აქვთ. ამ ასაკისათვის დამახასიათებელია ღირებულებათა გადაფასება და ოჯახური ურთიერთობების გამწვავება. მიუდექით ცხოვრებისეულ სიძნელეებს ფილოსოფიურად, ნუ შექმნით მათგან ტრაგედიას, იყავით მიმტევებლები ერთმანეთის მიმართ, არ დაატეხოთ შვილს თავს თქვენი სასოწარკვეთა, მშვიდად! ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, – ასეთია ფსიქოლოგთა რჩევები ამ ასაკის მშობლებისათვის.

რისკის კიდევ ერთ ჯგუფს შეადგენს ოჯახური სამკუთხედი: წარმატებული, მტკიცე  ხასიათის, ძალაუფლების მოყვარული ქალი,  ერთადერთი შვილი  – გოგონა და ხელმოცარული მამა. უწყვეტად ხდება ურთიერთობების გარჩევა სოციალურად წარმატებულ დედასა (რომლის მიმართ შვილს აქვს ქალური სოლიდარობის განცდა) და ფინანსურად და პროფესიულად არასტაბილური მდგომარეობის მამას შორის. ეს ბავშვის ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ფსიქოლოგების რჩევა არ არის ძნელად მისახვედრი _ შეცვალეთ ოჯახური ურთიერთობების სტილი და კეთილგანწყობა აღდგება, ბავშვსაც საფრთხე გვერდით ჩაუვლის.

არც დანგრეული ოჯახები უქმნიან ამ მხრივ პატარებს ხელშემწყობ გარემოს და, სხვათა შორის, აქ გოგონები უფრო მალე ახერხებენ ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენას. მათ თანატოლ ვაჟებს ორჯერ მეტი დრო სჭირდებათ ამისათვის. მათ სტანჯავთ მიტოვებულობის, დანაშაულის განცდა, კარგავენ ინტერესს სწავლისადმი. ხშირად დედები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როცა ყოფილი მეუღლის მიმართ აღძრული უარყოფითი ემოციები ვაჟზე გადააქვთ. მშობლებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ისედაც სუსტი ფსიქოლოგიური იმუნიტეტის მქონე შვილი ამგვარი ფსიქოლოგიური ხაფანგისათვის არ გაწირონ. 

სპეციალისტები დაავადების სეზონურ მახასიათებელზეც მიგვანიშნებენ: განსაკუთრებით ძლიერდება დეპრესია გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე. ემოციურ ვარდნას ამ პერიოდში ყველა ადამიანი განიცდის, მით უფრო, მელანქოლიისადმი მიდრეკილები.

დარდი და დეპრესია ყველა დაავადების წინაპირობად შეიძლება იქცეს. ფიზიოლოგები ადასტურებენ, რომ დადებითი ემოციები იწვევს სასიცოცხლო ძალების გააქტიურებას, ხოლო უარყოფითი _ პირიქით. ბავშვის განწყობის გამოსასწორებლად და ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გასაძლიერებლად, რეკომენდირებულია მხიარული თამაშები, მხიარული ლიტერატურული ან ფილმის პერსონაჟების მიბაძვა, მხიარული სანახაობები (ცირკი, კომედია…).  ნორვეგიელი ექიმები გვარწმუნებენ, რომ თავად ბავშვების ხელნაკეთი სასაცილო ნივთების მიმართ აღძრულ ემოციას ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი ახასიათებს.

რჩევაა, ბავშვებმა შეითვისონ იაპონური ჩვევა – მუდამ იღიმოდნენ, რადგან მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არამარტო სიხარული აღძრავს ღიმილს, არამედ ღიმილიც რეფლექსურად იწვევს ეგრეთ წოდებული სიხარულის ჰორმონების სტიმულირებას. ეს ჰორმონები კი ამტკიცებენ ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის სისტემას და გვევლინებიან ბუნებრივ ანტიდეპრესანტებად. დეპრესიისაგან დაცვისა და მკურნალობის  საშუალებადაა მიჩნეული მხიარული ვარჯიში, ანუ აერობიკა, კოლექტიურ სპორტულ თამაშებში ჩართვა, სადაც იბრძვიან გამარჯვებისთვის.

შევეხოთ დეპრესიას პედაგოგებს შორისაც. ცხადია, ზემოთ ნახსენებ 20%-ში პედაგოგებიც არიან. შეუძლებელია, დეპრესიული პედაგოგის განწყობა არ გადავიდეს მოსწავლეებზე და არ იმოქმედოს მათ მოტივაციაზე. ამიტომ პედაგოგმაც უნდა შეძლოს გარედან შეხედოს საკუთარ თავს და მართოს და აკონტროლოს საკუთარი ემოციები. სხვანაირად ის ვერ შეძლებს ეფექტური სასწავლო პროცესის გაძღოლას და გაკვეთილისადმი ინტერესის გაღვივებას. უფრო მეტიც, მოსწავლეებს ასეთ პედაგოგთან თანამშრომლობა გაუჭირდებათ.

კლასის დამრიგებლებმა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, როცა პატარებს უფრო უჭირთ გამკლავება საკუთარ ემოციებთან, დიდი გულისყური უნდა გამოიჩინოს, რომ ხელი შეუწყოს იმ მოსწავლეებს, რომელთაც დაბალი ფსიქოლოგიური იმუნიტეტი აქვთ.  მათ განსაკუთრებით სჭირდებათ  ჯგუფისადმი (კლასისადმი) მიკუთვნებულობის განცდა, რომ კეთილგანწყობილ გარემოში იგრძნონ თავი. ასეთ შემთხვევებში, მშობლისა და პედაგოგის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

წაკითხვისთანავე დაივიწყეთ

0
ტექსტები, რომლებსაც ერის ცნობიერება ქმნის,  ატარებენ ამ ერის მენტალიტეტის ნიშნებს. ასეთ შემთხვევაში, არცა აქვს მნიშვნელობა, როგორია ეს ტექსტი, მხატვრული, ნაკლებადმხატვრული, თუ, საერთოდაც, მხატვრულობას მოკლებულია. თუ ჩვენ ამ ტექსტებს (შესაბამისად, ავტორებს) ხშირად “ვიმეორებთ”, მაშასადამე, ავტორის ტექსტების განზოგადებაც შეიძლება, ანუ: ის მხოლოდ ავტორს აღარ ეკუთვნის, ის ეკუთვნის მკითხველსაც და კულტურასაც.

ტექსტები სემიოტიკურ ფენებად შეიძლება დავშალოთ და აღმოვაჩინოთ მასში, როგორც პალიმფსესტში, სხვადასხვა ფენა და შრე… ერთ-ერთ შრეს სოციალური ფენა ნამდვილად წარმოადგენს. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ  ამ შრის გარდა ტექსტი სხვას არც არაფერს შეიცავდეს…

ერთი სიტყვით, საბჭოთა პოეტების ტექსტები სავსეა კლიშეებით და არ გაგიკვირდებათ, თუ ერთი ასეთი კლიშე იყო პათეთიკური, უაზრო და „ხმამაღლა წასაკითხი” ლექსები. შეიძლება, რომ „ხმამაღლა” კარგი ლექსებიც ეწერათ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საკუთრივ უგემოვნო და არამხატვრულ ტექსტებზე ვისაუბრებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორის სახელი და გვარი ასეთ დროს არაფერს წყვეტს, ჩვენი ანალიზის მიზანი  მკითხველის ცნობიერებაში ამ ”ვითომ პოეზიის” გააქტიურება, გადაფასება  და წაშლაა… რადგან ამ „ნაგვისგან” გათავისუფლების გარეშე ჩვენი ცნობიერება დიდხანს დარჩება ჭაობში და არასდროს არ იქნება მზად ახლის მისაღებად.

არწივი ქართველებისთვის (და არა მხოლოდ ქართველებისთვის) განსაკუთრებული ფრინველია და დავიწყოთ ლექსით ”არწივი”. ამ არწივს რომ ვაჟას არწივთან ირიბი კავშირი შეიძლება და პირდაპირი კავშირი არა და არ აქვს.

არწივი  
                                                                                           
მზე როცა ჩადის, მზე როცა ჩადის…
და სწორედ მაშინ გადმომიქროლებს.
ამქვეყნად დამაქვს მე ჩემი დარდი,_
არწივზე რატომ უნდა ვფიქრობდე?!
მზე როცა ჩადის, მზე როცა ჩადის…
ფრთას ყურისძირთან გამტყლაშუნებს,
რადგანაც ვიცი არწივის ყადრი
პაპის ნაჩუქარ ადათს ვასრულებ.
მოვზიდე მშვილდი, ისარი ვტყორცნე,
მიწაზე გდია ზეცის პატრონი…
მე დაჭრილ არწივს თვალებში ვკოცნი,
მერე ფრთებს ვუშლი და მხრებს ვატოლებ.

ამ სტრიქონების ავტორს ”ამქვეყნად დააქვს თავისი დარდი” და თვითონვე უკვირს: ”არწივზე რატომ უნდა ვფიქრობდეო?!”… მაგრამ ეს ფიქრი ავტომატურია და მასაც ეფიქრება, რა ჰქნას? ვაჟკაცური ბუნება ითხოვს ამ ფიქრს…  რადგანაც პოეტმა იცის ”არწივის ყადრი” (და აქ ალბათ მკითხველს გაახსენდება არწივი _ თავისუფლების, სიძლიერის, სიმაღლის სიმბოლო), პაპის ”ნაჩუქარი ადათის” შესრულებას დააპირებს.. ნეტავ რა იქნება ეს ადათი…? შემდეგი სტრიქონის წაკითხვამდე გული უფანცქალებს მკითხველს… მერე ცოტა ეჭვით უყურებს, როცა მშვილდს მოზიდავს პოეტი…. ვითომ ხუმრობს…? იქნებ ხუმრობს…? ო, არაა… ისარი სტყორცნა (რა ვუთხარი შენს მარჯვენას…?) და არც მეტი და არც ნაკლები _ ”მიწაზე გდია ზეცის პატრონი…” ეს ნამდვილი მოულოდნელობის ეფექტია… მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება… ფინალი კიდევ უფრო მოულოდნელია… წარმოიდგინეთ სურათი: დაჭრილ არწივს ბედნიერი პოეტი მივარდება, თვალებში აკოცებს და… აი, ამის წარმოდგენა კი ნამდვილად გაგიჭირდებათ: ფრთებს გაუშლის და მხრებს დაატოლებს… და რა კითხვა გაგიჩნდებათ ამ სურათის შემყურეს? არწივის ფრთებმა თუ პოეტის მხრებს გადააჭარბა, უკვე ხომ იცით, რას ჩაიდენს ავტორი…? ვერ მიხვდით…? მკვდარ არწივს ფრთებს დაუმოკლებს… დიახ, დიახ, ნამდვილად ასე იზამს. ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ თქვენ აუცილებლად ჩაგაფიქრებთ ლექსის იდეა… მაინც რისი თქმა უნდოდა ამ სტრიქონებით ავტორს…?  არწივის მოკვლით თავისუფლება მოიპოვა თუ დაკარგა პოეტმა…?  ეეჰ, ”პაპის ნაჩუქარო ადათო”, არწივის მოკვლა როგორ აიძულე შვილიშვილს…?

აქ მართლა გაგახსენდებათ ვაჟას ”არწივის”  სიტყვები: ”ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა!”

შემდეგი ლექსი, რომლითაც უნდა ”გაგაოცოთ”,  არის ”ჯოკონდა”.

ჯოკონდა

ყველაფერი ძვირფასია,
ამავე დროს მძიმეა,
სილამაზე ვინ ასწია_
თუმც ყვავილზე მცირეა.
რას არ მივედ-მოვედებით,
რა საქმეს არ ვეწევით,
როცა არ ვართ პოეტები,
ვართ უბრალოდ ბერწები.
ჯერ სიცოცხლით ვინ დამთვრალა,
მშობელი დაიგინოს,
გაიხედე, შე ცალთვალა,
პაწაწინა პინგვინო…

ჭეშმარიტად მართალია ფროიდი, როცა ის ’წამოცდენებს” აანალიზებს…  მე ის მიკვირს, რომ  წამოცდენებს თავად პოეტიც  ვერ შენიშნავს ხოლმე… ამ აბდაუბდას რატომ ჰქვია ”ჯოკონდა”, მხოლოდ ფროიდმა უწყის… ჩვენ კი მთავარ წამოცდენას გავიმეორებთ: ”როცა არ ვართ პოეტები, ვართ უბრალოდ ბერწები…” ჩვენ კი ვიცით, პოეტო, ბერწი სიტყვებით და აზრებით რომაა სავსე თქვენი ლექსები და ნეტავ მხოლოდ თქვენი ლექსები… ამ ლექსებს დედები და მამები სკამზე და მაგიდაზე შემხტარ შვილებს ამაყად აამბობინებდნენ… და მერე ეს მკვდარი სიტყვები და ფრაზები ჩვენი ცნობიერების სარეველად იქცეოდა…

ამავე ლექსშია დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში  ”დაგინების ტრადიციის”  ფესვებიც… არა და, სულ გვიკვირდა, საიდან…საიდან მოდიოდა… აგერ, ამ ”ჯოკონდა” ლექსიდან: ”ჯერ სიცოცხლით ვინ დამთვრალა, მშობელი დაიგინოს…”  დაიგინეს პოეტებმა ხაშლამიან-ხინკლიან სუფრაზე, დაგინება გააგრძელეს ლექსებში… ლექსებიდან გადავიდა ხალხში და ასე… გადადიოდა, გადადიოდა და ასე მივიდა გრეჩეხამდე და ახლა გრეჩეხას დაგინება გაგიკვირდეს მიტინგზე…

ყველა, ყველა და…”ჯოკონდასთან” ცალთვალა პინგვინის კავშირს თუ ახსნით, დედას გაფიცებთ, გამაგებინეთ… ეჰ, მართლაც, ”რას არ მიედ-მოედებით, რა საქმეს არ ეწევით…”
ეს ლექსი კი არც მეტი, არც ნაკლები, ცუდ კაცს ეძღვნება:

ცუდ კაცს

კაცები, ვიცი, მშვიდობა მოგვმადლეს,
ახლა თამაშიდან გადიან.
თუ გამზრდელი ხარ, გამზრდელი იყავ,
თუ გადია ხარ, გადია…
იქით რომ ითხოვ თაყვანისცემას,
აქეთ რა წმინდა სულის ხარ?
ერთი ჩვენსკენაც ჩამოასხი,
შენს სტომაქში რომ სულ ისხამ.
შუა  სტრიქონში მომინდა
შორს გაპურჭყება და გაჭყირტვა,
არწივს მართვე არ გამოადგა,
ადგა და შიგ ბუდეში გაჭყლიტა.

ამ თავიდან ბოლომდე მარგალიტი ლექსის ფინალი სრულიად განუმეორებელია: პოეტები არა მხოლოდ სუფრაზე იპურჭყებიან და იჭყირტვებიან (ასეთი სიტყვა ლექსიკონში არ არის, პოეტის თვითშემოქმედებაა), ლექსებშიც იგივე ემართებათ, თანაც, შუა სტრიქონში… ან თავში ყოფილიყო, ან _ ბოლოში… არა, შუა სტრიქონში… აქედან მკითხველი ვერსად გაიქცევა… და მოუწევს პოეტის ნახშირორჟანგის სიტყვებით ჩასუნთქვა, სხვა რა გზაა…  ლექსის იდეა ბოლო ორ სტრიქონშია გამჟღავნებული შეგონების სახით, პირდაპირ და მკაფიოდ.  მოკლედ, როცა შეატყობთ, რომ შეიძლება მომავალში შვილი არ გამოგადგეთ  და თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შეატყობთ (კოჭებზე გადაიტანეთ გამჭოლი მზერა) …  არწივად თავი წარმოიდგინეთ, მართვედ _ თქვენი შვილი და ნუღარ გამამეორებინებთ, როგორ უნდა მოიქცეთ…  ეს იქნება სპარტანული აღზრდის კლასიკური მაგალითი… ცივ წყალში ჩაგდებას ისევ გაჭყლეტვა სჯობს… რატომ…? უფრო ჰუმანურია!

ცუდი კაცის დეფინიცია კი ამ სტრიქონების მიხედვით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:  ”ერთი ჩვენსკენაც ჩამოასხი, შენს სტომაქში რომ სულ ისხამ…”  ცუდი კაცია ის, ვინც არ უსხამს პოეტს და არ მერიქიფეობს და, შესაბამისად, ასეთი კაცი აკვანში უნდა გაგუდო… რომ მერე სუფრაზე ნერვები არ მოუშალოს პოეტს და ერის მამას.

გგონიათ, რომ ეს ლექსები განგებ ავარჩიე…? არა და არა..! ერთი პოეტის ერთი რჩეული კრებულია და აქ თითქმის ყველა ერთი მეორეზე უკეთესია… კი, ბატონო, სხვა თემას შემოვიტან, აგერ ლექსი ვნახე ”პოეტზე” და მთლიანად გაგაცნობთ, აქ არცერთი სიტყვა არ უნდა გამოტოვოთ, კონცეპტუალური დატვირთვა აქვს ყველას:
პოეტი

გესმის?! ყივილი სისხლისფერი_
დაჭრილ მამლისა,
ჩაჩეხილ ხევში გელოდება
ხროვა ძაღლების…
მაგრამ, მგოსანო,
მჯდომარე ხარ მარჯვნივ მამისა…
და ვიცი, ზეცით რომ ამაღლდები!

დაჭრილი მამლის სისხლისფერი ყივილი თუ მოგესმათ და ჩაჩეხილ ხევში ძაღლების ხროვაც წარმოიდგინეთ… გადადით შემდეგ კადრზე: მგოსანი ზის უფლის (მამა-ღმერთის) მარჯვნივ (მხარი არ გეცვალოთ და არ აგერიოთ, ეს მნიშვნელოვანია!) და ჰაეროვნად მაღლდება…  ლექსის დასასრული…

და თუ მიჯნურთა ცეცხლი იშვიათად რატომ სწვავდა მგოსანს,  ახლავე გაიგებთ ამ გულწრფელი ლექსიდან:

საყვედური
შენ მსაყვედურობ:
_ნაკლებ იწვი მიჯნურთა ცეცხლით,
ნაკლებად გშვენის სიყვარულის ლურჯი არშია!
ნაკლებად ისმის შენს ლექსებში
ჟღურტული მერცხლის…
_ ჩემო ძვირფასო, მოგახსენებ, საქმე რაშია:
ეს ჩემი „გორდა”, „ლეკურსა” და „სპარსულს” შეაცვდა,
კაცს არ უწვნია იმოდენა,
მე რომ ვიწვალე,
მამულის გამო არ ვყოფილვარ მონა დიაცთა.
მინდოდა, მაგამ ვერ მოვიცალე…

ვერაფერს ვერ იტყვი ამ სტრიქონების შემდეგ: ”მამულის გამო არ ვყოფილვარ მონა დიაცთა.

მინდოდა, მაგამ ვერ მოვიცალე…”  მოკლედ, ისეთივე რთული კითხვაა: როგორც შორენა თუ სვეტიცხოველი…?  ეს არა, ის შორენა… ”დიდოსტატის მარჯვენაში”. მოუცლელობის გამო (თუ ეს მოუცლელობა მამულს უკავშირდებოდა) პოეტს ვერ გავასამართლებთ და ეს ლექსი მშვიდობიანად გავიაროთ და გადავიდეთ შემდეგზე…

მამა-შვილის საუბარი სპექტაკლის შემდეგ:

თეატრში

_რა მოსაწონია, მამა,
რა მოგწონს ამ უბედურების?
კომედიაა თუ დრამა,
თუ ცირკი არის დუროვის?
_შენ, ჩემო სისხლო და ხორცო,
ვცდილობ, რომ გამოვსწორდე,
სუყველაფერი მომწონს,
რაც უნდა არ მომწონდეს!
ამ სტრიქონებს მთლად წამოცდენილსაც ვერ დავარქმევთ… ადამიანი (პოეტი) ამბობს, რომ რაც არ უნდა მოსწონდეს, ყველაფერი მოსწონს და თანაც, გამოსწორდა… ნამდვილად ზედმეტია კომენტარი.
არც ეს სტრიქონებია წაცდენილი:
ამ ქვეყანაზე სული ვერ ვიცხონე,
ცოტა ვიგიჟე და ბევრი ვიდინჯე.
ისე ფრთხილად და შიშით ვიცხოვრე,
ტყვია რა არის… ტყვია ვერ ვიგლიჯე!

აქ ცრუობს პოეტი, პირიქით: ბევრი იგიჟა და ცოტა იდინჯა… და  ტყვია არა, მაგრამ ვერც კალამი გამოსტაცა ვერავინ ხელიდან…

ესეც ფინალისთვის, მეტს ვერ გავუძლებთ:

მავრის მოტივი

აი, კახპების თვალისეირი,
ქვევით თხები და ზევით _ ვირთხები…
გთხოვთ, გამომხედოთ, ფარისეველნო,
მე ვიფურთხები,
მე ვიფურთხები…

ვიცით, ბატონო, ვიცით….  მაგრამ ამდენი…. რა საკადრისი იყო?
პ.ს.
ლექსები ამოკრებილია თანამედროვე (საბჭოთა) პოეტის „რჩეულიდან”

სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში

0
საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლასში მოსწავლეთა განაწილება ქალაქსა და სოფლად თანაბარი არ არის: ქალაქის სკოლებში კლასში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობაა, ხოლო სოფლად – უჩვეულოდ მცირე. განათლების მკვლევარები მიუთითებენ, რომ იმ კლასებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ათს არ აღემატება, ისევე იჩენს თავს საგანმანათლებლო პრობლემები, როგორც იმ სკოლებში, სადაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია და 35-40-ს აღწევს. 

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% სწავლობს ისეთ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. ერთი შეხედვით, ეს ციფრი დიდი არაა, მაგრამ ეს ბავშვები 880-მდე სკოლაში არიან განაწილებული, რაც საქართველოს სკოლების 38%-ს _ ერთ მესამედზე მეტს მოიცავს. 

აღნიშნულ სკოლებში სწორედ შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, ხშირად ქმნიან კლას-კომპლექტებს.

რა არის კლას-კომპლექტი?
კლას-კომპლექტში, სულ მცირე, ორი სხვადასხვა კლასის სხვადასხვა სასწავლო შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ერთ საკლასო ოთახში სწავლობენ და ინტელექტუალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებს  ავლენენ.  ასეთი სასწავლო გარემოს შექმნის ერთ-ერთ მთავარ პირობას, როგორც წესი, რესურსების სიმწირე და გეოგრაფიული აუცილებლობა ქმნის. კერძოდ, სკოლის სხვა სკოლასთან კონსოლიდაცია შეუძლებელია მათი მდებარეობის გამო. ამასთან, მოსწავლეების მცირე რაოდენობის გამო სკოლა მცირებიუჯეტიანია და იძულებულია, არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაციას მიმართოს. 

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში სკოლებში მოსწავლეების ჯგუფებად განაწილება, ბუნებრივია, ასაკის მიხედვით ხდება. თუმცა საინტერესოა, რომ კლასებად სეგრეგირებული სკოლები დასავლეთში მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს, ინდუსტრიულ რევოლუციასა და ურბანულ დასახლებებში მოსწავლეების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად გაჩნდა. აღნიშნული პრინციპი მოსახერხებელია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, რადგან გათვალისწინებულია ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და ჯგუფებში მათი კატეგორიზაცია სწორედ ამ პრინციპით ხორციელდება. მაგრამ დღესაც ზოგ ქვეყანაში კლას-კომპლექტი სწავლების დომინანტური ფორმაა (მაგ.: პერუში, სადაც სკოლების 78%-ში კლას-კომპლექტში ხორციელდება სწავლება; შრი ლანკაში, სადაც ეს სკოლების 63%-ში ხდება).   

რა სირთულეებს ქმნის კლას-კომპლექტში სწავლება? 

კლას-კომპლექტში სწავლება მასწავლებლისათვის შრომატევადი პროცესია. ის მასწავლებლის განსაკუთრებულ პროფესიულ ოსტატობას, გაკვეთილის ზედმიწევნით დაგეგმვას და დამატებით რესურსებს მოითხოვს. მასწავლებელმა უნდა მართოს სხვადასხვა ასაკის და აკადემიური საჭიროებების მქონე მოსწავლეები და იზრუნოს თითოეულის მოტივირებაზე. სირთულეს ის სასწავლო გარემოც ქმნის, რომელშიც მასწავლებელს უწევს მუშაობა. საქართველოში კლას-კომპლექტები იქმნება მაღალმთიან, სოფლის მცირებიუჯეტიან სკოლებში, სადაც სკოლა არ არის მდიდარი თვალსაჩინოებებით, დამატებითი სასწავლო რესურსებით, ბიბლიოთეკით. მასწავლებელს არ აქვს შესაძლებლობა, ხშირად დაესწროს პროფესიული განვითარების ტრენინგებს, სკოლის მწირი ადამიანური რესურსის გამო პედაგოგები ხშირად ითავსებენ ადმინისტრაციულ საქმიანობასაც, რაც მათ დიდ დროსა და ენერგიას ართმევს. ამასთან, სკოლა შეიძლება კულტურული და გეოგრაფიული იზოლაციის არეალშიც იყოს. 
თუმცა სკოლის დირექციის შესაბამისი დახმარების, რესურსების სწორად შერჩევის, კლასში აქტივობების სწორი განაწილების შემთხვევაში შესაძლებელია კლას-კომპლექტში მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შექმნა და დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა.  

რა უპირატესობა აქვს კლას-კომპლექტს? 
მიუხედავად რიგი სირთულეებისა, კლას-კომპლექტს დადებითი მხარეებიც აქვს. რიგ სკოლებში კლას-კომპლექტების არსებობა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის და კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის საშუალებას აძლევს.  

მაგალითად, მოსწავლეები უკეთ შეიმუშავებენ სწავლის გრაფიკსა და თავისებურებებს, ყალიბდებიან უფრო პასუხისმგებლობიან და დამოუკიდებელ მოსწავლეებად.  ამასთანავე, კლას-კომპლექტში ნაკლებად ფორმალური და კეთილგანწყობილი გარემოა, ვიდრე ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, შესაბამისად, მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობას, უვითარდებათ ურთიერთდახმარებისა და ურთიერთსწავლების უნარები, რაც ჩვეულებრივ კლასებში რთულად მისაღწევი მიზანია. კლას-კომპლექტში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების სწორი გადანაწილების შემთხვევაში, უფროსკლასელები ირგებენ მზრუნველი უფროსის, მასწავლებლის როლს, ხოლო უმცროსი საფეხურის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დააკვირდნენ უფროსკლასელების სამოდელო ქცევას. 

რა უნდა იცოდეს კლას-კომპლექტის მასწავლებელმა?

კლას-კომპლექტის მასწავლებლებს განსაკუთრებით მოეთხოვებათ ბავშვის განვითარების ეტაპების კარგად ცოდნა. შესაბამისად, სწავლების სტრატეგიები, რომლებსაც მასწავლებელი საკლასო სივრცეში გამოიყენებს, ასაკობრივ თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს. 

კლას-კომპლექტში სწავლებისას მასწავლებელს უნდა შეეძლოს, წარმართოს პოზიტიური ინტერაქცია ჯგუფში და გამოიყენოს მოსწავლეების სოციალური უნარები სწავლის პროცესის ხელშესაწყობად. მან უნდა შექმნას მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელიც ეფექტური და კომფორტული იქნება სხვადასხვა დონის მოსწავლეებისათვის.  რაც მთავარია, მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების შეფასების თვისებრივი ინსტრუმენტების (პორტფოლიოებისა და ანგარიშების) გამოყენება. და ბოლოს, მას უნდა შეეძლოს აუხსნას მშობლებს, თუ რა პრინციპითა და სტრატეგიით ახორციელებს სწავლებას. 

ამ რთულ პროცესში მთავარი მისია მასწავლებელს აკისრია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ დაეხმარება მას სკოლის დირექტორი და ადმინისტრაცია. დირექტორის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს ასეთ მასწავლებელს, აქტიურად იყოს ჩართული მის პროფესიულ საქმიანობაში, მიაწოდოს რეკომენდაციები და ინფორმირებული იყოს, თუ რა მიღწევები და პრობლემებია ასეთ საკლასო გარემოში. 

საკლასო ოთახის ორგანიზება 

კლას-კომპლექტში სწავლებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთაც მასწავლებელი სწავლებისას იყენებს, არამედ სასწავლო გარემოსაც. როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოში კლას-კომპლექტებში სწავლება ხორციელდება ისეთ სკოლებში, სადაც სასწავლო რესურსები უკიდურესად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, მწირი რესურსების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, პედაგოგმა თანაბრად მამოტივირებელი პირობები შეუქმნას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს. 

“აქტივობების ცენტრი” 

კლას-კომპლექტში სწავლების დაწყებამდე მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს, როგორი სასწავლო გარემო უნდა შექმნას მოსწავლეებისათვის. ამისათვის, მან თავიდანვე უნდა იცოდეს, რა ტიპის აქტივობებს გამოიყენებს სწავლებისას. ზოგადად, საკლასო გარემოში ყველაზე ხშირად შემდეგი აქტივობები ხორციელდება:
1.მოსწავლის ინდივიდუალური მუშაობა;
2.მთელ კლასთან მუშაობა;
3.ჯგუფური მუშაობა;
4.წყვილში მუშაობა;
5.საკლასო მუშაობა;
6.მასწავლებელთან/უფროსკლასელ მოსწავლესთან კონსულტაცია.

იმისათვის, რომ კლას-კომპლექტში შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ჯგუფთან სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელება, მასწავლებელმა შესაბამისად უნდა შეცვალოს საკლასო ოთახში მერხებისა და სხვა ავეჯის წყობა. 
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა დონის ხმაურს იწვევს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სივრცე, სადაც მოსწავლეებს ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ, საკლასო ოთახის ერთ კუთხეში იყოს _ მერხები ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებმა ინდივიდუალური მუშაობისას ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს. ჯგუფური სამუშაოსათვის განკუთვნილი სივრცე კი მეორე კუთხეში უნდა იყოს, სადაც მერხები, პირიქით, ერთმანეთთან ახლოს უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ერთი მაგიდის გარშემო იმსჯელონ და იმუშაონ. 

სასურველია, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იყოს მინიბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლეებისათვის სასარგებლო დამატებითი ლიტერატურა იქნება ხელმისაწვდომი. ასეთი “ბიბლიოთეკის” მოსაწყობად რამდენიმე წიგნიც საკმარისია. სკოლის დირექციასთან და სკოლის ბიბლიოთეკართან შეთანხმებით შესაძლებელია სასკოლო ბიბლიოთეკის გარკვეული მასალის გამოყენებაც, რამდენადაც საკლასო ოთახში, სასწავლო კონტექსტში, თანატოლების გარემოცვაში წიგნის კითხვა მოსწავლეებს საგნის უკეთ სწავლის მოტივაციასაც გაუზრდის და, ზოგადად, კითხვის სურვილსაც გაუღვივებს. 

მსგავსი პრინციპით, შესაძლებელია საკლასო ოთახში მოეწყოს “კომპიუტერული რესურს-ცენტრი”. საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში მოიპოვება რამდენიმე კომპიუტერი მაინც. ბევრ სკოლაში არსებული კომპიუტერული ლაბორატორიის გამოყენება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ ტექნიკაზე უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის დროს. მცირეკონტინგენტიან სკოლებში სასწავლო რესურსები შეზღუდულია, მაგრამ ამასთან უფრო მარტივია, არსებული რესურსების ისე განაწილება, რომ ყველა მოსწავლემ სასარგებლოდ გამოიყენოს. კომპიუტერული ტექნიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი შესაძლებელია ასეთი კლას-კომპლექტის საკლასო ოთახი ყველაზე დაცულ ოთახში იყოს მოწყობილი. 

უმნიშვნელოვანესია, რომ საკლასო ოთახში ასეთი სივრცეების განაწილების შემდეგ ნათლად აუხსნათ მოსწავლეებს და მშობლებს, თუ რა მიზანს ემსახურება კლასის ასეთი მოწყობა. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ მართალია, მათი საკლასო ოთახი ტრადიციული წესით მოწყობილი არ არის, მაგრამ მათ მაინც უნდა დაიცვან დისციპლინა და კლასის წესები. მასწავლებლის დახმარებით მათ უნდა მოახერხონ თითოეულ სივრცეში შესაბამისი ქცევის ნორმების შემუშავება და დაცვა. ასეთი განაწილება არა მხოლოდ მეტ ხალისს შესძენს მოსწავლეებს, არამედ ჩამოუყალიბებს კონტექსტისა და გარემოს მიხედვით შესაბამისი ქცევის გამომუშავების უნარსაც. 

სასურველია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს გამოყოფილი ადგილი, სადაც ის ბარათებს, დავალებებს, ჩანაწერებს, წიგნებსა და რვეულებს დაალაგებს. იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახში ვერ მოხერხდება წიგნების თაროს გამოყოფა, შესაძლებელია, ასეთ სათავსოდ ჩვეულებრივი მუყაოს ყუთები გამოვიყენოთ. მოსწავლე თავად გააფორმებს ამ ყუთს და თავის სახელსაც დააწერს. აღნიშნული ყუთი, შესაძლოა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების კომუნიკაციის წყაროდაც იქცეს, სადაც მასწავლებელი გზავნილებს, წერილებს, ინსტრუქციებს დაუტოვებს მოსწავლეს. 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, თუUროგორ შეიძლება კლას-კომპლექტში სასწავლო გარემოს მოწყობა. ცხადია, სკოლის, კლასის საჭიროებები და შესაძლებლობები ყველა სკოლაში სხვადასხვაა, შესაბამისად, მასწავლებელმა სკოლის დირექციასთან ერთად თავად უნდა განსაზღვროს, როგორია მისთვის და მისი მოსწავლეებისათვის ყველაზე მისაღები და ადეკვატური გარემო. მთავარია, თითოეული სივრცე ადვილად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი იყოს თითოეული მოსწავლისათვის. 

კლასის მართვა და დისციპლინა 

სხვადასხვა საფეხურისა და საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ერთ საკლასო სივრცეში გაერთიანება მასწვლებლისაგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს კლასში შესაბამისი დისციპლინისა და წესრიგის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. 

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლეები ყოველთვის ღელავენ, სანამ სასწავლო გარემოს შეეჩვევიან, კლასელებს გაიცნობენ და მეგობრებს გაიჩენენ. თითქმის ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, წარმატებული იყოს და ყველაფერი კარგად გამოუვიდეს.Gგარემოსა და აქტივობების სწორი მართვით მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ეს პროცესი გაუმარტივოს, პოზიტიური განწყობა ჩამოუყალიბოს და აგრძნობინოს, რომ მათი აკადემიური პროგრესის იმედი აქვს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ჰქონდეს ლიდერის ფუნქცია კლას-კომპლექტში, რაც არ გამორიცხავს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. პედაგოგმა უნდა მართოს კლასში ყველა სასწავლო აქტივობა, სწორი ინსტრუქცია მისცეს მოსწავლეებს და თვალი ადევნოს მათ შესრულებას. მაგალითად, თუ მასწავლებელმა მცირე ჯგუფებში გაანაწილა მოსწავლეები და დავალება მისცა, აუცილებელია, მისცეს მათ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, მაგრამ ამასთანავე, ის უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებმა ზუსტად გაიგეს დავალება და ასრულებენ მას. მცდარია სტერეოტიპი, რომ რაც უფრო მკაცრია მასწავლებელი და ხმამაღლა აძლევს მოსწავლეებს შენიშვნებს, კლასში მით უფრო კარგი დისციპლინაა. შესაძლოა, ასეთი მასწავლებლის კლასში იყოს სიჩუმე, რომელიც მეტწილად შიშითაა გამოწვეული, მაგრამ რთულია, ასეთ დაძაბულ და არაკეთილგანწყობილ გარემოში მოსწავლეს სწავლის სურვილი გაუღვივდეს. კვლევამ აჩვენა, რომ მშვიდ, გაწონასწორებულ მასწავლებლებს უფრო კარგად გამოსდით ნებისმიერი კლასის მართვა. 

კლას-კომპლეტში ხშირია შემთხვევა, როცა ერთი საფეხურის მოსწავლეები მორჩებიან დავალების შესრულებას, ხოლო მასწავლებელი ამ დროს სხვა მოსწავლეების დახმარებითაა დაკავებული. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ხელი არ შეუშალონ სხვებს, მნიშვნელოვანია, მასწავლებელს განსაზღვრული ჰქონდეს ნუსხა იმ აქტივობებისა, რომლებსაც მოსწავლეების ”დასასაქმებლად” გამოიყენებს, მაგალითად:

·დამატებითი ლიტერატურის კითხვა;
·ლექსიკონში სიტყვების მოძიება;
·მასწავლებლის დახმარება;
·დღიურის შევსება;
·უმცროსი კლასელის დახმარება. 

სასკოლო დავალებების განაწილებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველკლასელებს და მეორეკლასელებს მეტი ყურადღება და დახმარება სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩამოუყალიბდეთ წიგნიერებისათვის მყარი საფუძველი, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს, რომელთაც საბავშო ბაღში არ უვლიათ. მესამეკლასელებს და მეოთხეკლასელებს, სასურველია, უფროსი კლასის მოსწავლეები ეხმარებოდნენ წყვილში მუშაობისას, ხოლო მეხუთეკლასელ და მეექვსეკლასელ მოსწავლეებს მეტი დრო უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური სასკოლო დავალებების შესასრულებლად. 

კლას-კომპლექტში მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე ჩვეულებრივ კლასში. მასწავლებელი, საგაკვეთილო დროის მაქსიმალურად გამოყენების და სწორი პასუხების დროულად მიღების მიზნით, ხშირად იმ მოსწავლეებს ეკითხება, ვინც მას ყველაზე სხარტად უპასუხებენ. შესაბამისად, გაკვეთილის პროცესში ჩართული არიან სწორედ ძლიერი და ყოჩაღი მოსწავლეები. ის მოსწავლეები, რომლებსაც სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ოდნავ მეტი დრო სჭირდებათ, პასიური მსმენელები ხდებიან. უფრო მეტიც, მუდმივი მარცხის შედეგად მათ უყალიბდებათ განცდა, რომ სხვებზე ნაკლები უნარი აქვთ, ისწავლონ და წარმატებას მიაღწიონ. ძლიერებად და სუსტებად ასეთი კატეგორიზაცია კიდევ უფრო საგრძნობია მაშინ, როცა მასწავლებელი ისეთ საკლასო დავალებებს ავალებს მოსწავლეებს, სადაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხია. 


ჯგუფში მუშაობა

მოსწავლეები, რომლებიც შეჩვეულები არიან ჯგუფში, თანამშრომლობით მუშაობას, ზოგადად, უფრო მაღალ აკადემიურ შედეგებს აღწევენ. ამიტომ აუცილებელია, მასწავლებელმა წაახალისოს თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა დააკისროს თითოეულ მოსწავლეს ჯგუფში მუშაობისას და შექმნას წახალისების მდგრადი სისტემა. კლას-კომპლექტში მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება და საგანსა და სასწავლო მიზნებზეა დამოკიდებული.  

მულტფილმები და ვიდეოკლიპები/სიმღერები რუსული ენის გაკვეთილზე – მეორე ნაწილი

0
მულტფილმების, ვიდეოკლიპებისა და სიმღერების როლზე საგაკვეთილო პროცესში პირველ ნაწილში ვისაუბრეთ.  ახლა წარმოგიდგენთ  ცნობილი  რუსული მულტფილმის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილის მოდელს. 

გთავაზობთ  ლინკს

ლექსიკურ დავალებებს, სამუშაო ცხრილებს, პაუზებად დაყოფილ ტექსტს, სადაც წამების სიზუსტითაა დაფიქსირებული დრო (როდის უნდა შეაჩეროთ ჩვენება) და ბოლოს კარაოკეს. ჩემ მიერ შემოთავაზებული  დავალებები შესაძლებელია შეიცვალოს ან სტატიის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, შეიქმნას ახალი, სხვა ტიპის და შინაარსის, კლასის დონისა  და შესაძლებლობის დავალება. სამოდელო გაკვეთილის ბოლოს გთავაზობთ მთელი მულტფილმის სრულ ტექსტს, რომლის გამოყენება შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ. ამ ტექსტის გამოყენებით შესაძლებელია მასწავლებელმა სხვა საკომუნიკაციო უნარის გასავითარებელი დავალებები შეარჩიოს. მაგალითად, კითხვის სტრატეგიების გამოყენებით ან რაიმე სხვა. 

პირველი ნაწყვეტი (პაუზა)  0:57 – 3:08  

·Посмотрите отрывок (без звука)  и назовите животных, которых видите.
·Учитель пишет на доске …. 
·Затем раздает карточки с названиями животных. 
·Ученики  разсмотрят отрывок и поднимают карточку с названием животного, которое видят. 
·Как вы думаете, о чем говорят черепаха и львёнок?
Учитель  раздает карточки со словами. Ученики должны объяснить слова жестами, придумать предложения и фразы.
ЛЕЖУ, СИЖУ, ПЛЫВУ, ИДУ, ШЕВЕЛИТЬ  УШАМИ, ГЛЯЖУ,
ЛЬВЁНОК, КРОКОДИЛ, НОСОРОГ.

Учитель раздает текст и включает мультфильм,  который показывает по частям. 
Ученики слушают песненку черепахи. 
Они должны заполнить пропущенные слова. После каждой паузы нужно проверить правильно ли выполнили ученики задание. 
·Пауза 1.                1:27
Я на солнышке  _________________.
Я на ________________   гляжу.
Всё лежу и лежу, 
И на солнышко ___________. 
·Пауза 2.                  2:13
Носорог-рог-рог _____________, 
Крокодил-дил-дил ____________, 
Только _______  всё лежу 
И на солнышко ___________ . 
·Пауза 3.                2:40
Рядом львёночек лежит
И _____________  шевелит, 
Только я всё лежу
И на львёнка __ _____________. 
Выполните задание. Отметьте, чья это фраза? Кто это сказал?
 
N Фраза Автор Львёнок Черепаха   
1.А черепаха мурлыкала себе под нос, не замечая львёнка, потому что глаза у неё были закрыты от удовольствия. 
  
2.«Ну, как же я буду петь лежу, если я сижу?»
  
3.«Не сижу, а лежу!»
  
4.«Нет, сплю я лёжа. Но, когда я сплю, я же не пою!»
  
5.«Ну ты же лежал, когда подкрался ко мне».
  
6.«А ты ляг, и тогда все будет правильно”.   
7.«Конечно. Приходи завтра!»
  
8. Жил в Африке львёнок. Звали его РРРРРРРРР-мяу…   
9.«Ой, какая красивая  песня! Ну, просто замечательная песня!»
  
10.«А я не люблю лежать. Я люблю бегать. Ну, в крайнем случае, сидеть.»
 
Учитель  раздает текст диалога на карточках. Ученики  должны найти правильную последовательность. 
«И все-таки надо петь лежу! Это же я придумала.»
«Ну, как же  я буду петь лежу, если я сижу?»
«А ты ляг, и тогда все будет правильно. Ты будет лежать и петь. .. Только я всё лежу». 
«А я не люблю лежать. Я люблю бегать. Ну, в крайнем случае, сидеть.»
«Ну ты же лежал, когда подкрался ко мне.»
«Я лежал только для того, чтобы подслушать песню. Я лежу только в особенных случаях».
«Ну,  а как же ты спишь? Сидя что ли?»  
«Нет, сплю я лёжа. Но, когда я сплю, я же не пою!»
«А ты представь себе, что спишь и поёшь!»
«Попробую! Давай начнем сначала!»» 
Караоке 
https://www.karaoke.ru/catalog/song/23761/
Полный текст мультфильма.
Жил в Африке львёнок. Звали его РРРРРРРРР-мяу…
И вот вышел он однажды погулять по пустыне и встретил БОЛЬШУЮ ЧЕРЕПАХУ.
Черепаха лежала на солнышке и мурлыкала себе под нос веселую песенку. 
Я на солнышке лежу.
Я на солнышко гляжу.
Всё лежу и лежу, 
И на солнышко гляжу. 
« Какая хорошая песенка! Я подойду поближе….» И он подошел поближе. А черепаха мурлыкала себе под нос, не замечая львёнка, потому что глаза у неё были закрыты от удовольствия. 
Носорог-рог-рог идёт, 
Крокодил-дил-дил плывёт, 
Только я все лежу 
И на солнышко гляжу. 
Львенок подкрался совсем близко, лёг на песок  радом с черепахой и поднял одно ухо. 
«Ну, да! Чтобы лучше слышать!»
Рядом львёночек лежит 
И ушами шевелит, 
Только я всё лежу
 И на львёнка не гляжу. 
Только я всё лежу 
И на львёнка не гляжу.
Черепаха допела песню и открыла глаза. 
« Здравствуй! Я большая черепаха. А ты кто?»
«Я львёнок РРРРРР-мяу.  Мне очень нравится твоя песенка».
Я на солнышке сижу.
Я на солнышко гляжу.
Всё сижу и сижу, 
И на солнышко гляжу. 
«Не сижу, а лежу!»
«Это ты лежишь, а я сижу!» 
Носорог-рог-рог идёт.
Крокодил-дил-дил плывёт.
Только я все сижу 
И на солнышко гляжу. 
«И все-таки надо петь лежу! Это же я придумала».
«Ну, как же  я буду петь лежу, если я сижу?»
«А ты ляг, и тогда все будет правильно. Ты будешь лежать и петь. Только я всё лежу». 
«А я не люблю лежать. Я люблю бегать. Ну, в крайнем случае, сидеть».
«Ну ты же лежал, когда подкрался ко мне».
«Я лежал только для того, чтобы подслушать песню. Я лежу только в особенных случаях».
« Ну, а как же ты спишь? Сидя что ли?»  
« Нет, сплю я лёжа. Но, когда я сплю, я же не пою!»
«А ты представь себе, что спишь и поёшь!»
«Попробую! Давай начнем сначала!»» 
Я на солнышке лежу.
Я на солнышко гляжу.
Всё лежу и лежу.
И на солнышко гляжу. 
« И все-таки это не по-правде.  Я сплю с закрытыми глазамии, значит, солнышко видеть не могу!
«А ты открой глаза и представь себе , что спишь с открытыми глазами».
Носорог-рог-рог идёт.
Крокодил-дил-дил плывёт.
Только я все лежу 
И на солнышко гляжу. 
«А теперь ты пой одна. Ведь я не могу   петь сам про себя!»
Рядом львёночек лежит 
И ушами шевелит, 
Только я всё лежу
 И на львёнка не гляжу. 
Только я всё лежу 
И на львёнка не гляжу.
« Ой, какая красивая  песня! Ну, просто замечательная песня!»
« А теперь покатай меня, а?»
Когда солнышко закатилась, они расстались.  
«До свидания,БОЛЬШАЯ ЧЕРЕПАХА.  А ты придумаешь завтра новую песню?»
«Конечно. Приходи завтра!»
«Хорошо, до завтра!»
Носорог-рог-рог идёт. 
Крокодил-дил-дил плывёт.
Он шел и по дороге все  времядумал:  « Ну, как же это все-таки можно спать с открытыми глазами и в то же время ещё и петь песню! Не понимаю!»
Только я все лежу 
И на солнышко гляжу. 

ანა პოლიტკოვსკაია

0

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...