კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

ბიჭო გოგიაა…

0
-„ბიჭო გოგია”, „ბიჭო გოგია”-  ქვემოდან მეძახიან, მეც ფაცხა-ფუცხით ვდგები და  ეზოში გავრბივარ.   არც ბიჭი ვარ და არც გოგია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორედ მე მიხმობენ. 

დილის ექვსი საათია და ჩემი სოფლის  ეზოში „ბიჭო გოგიების” ოჯახი უფასო კონცერტს მიტარებს. სინამდვილეში ესენი პატარა მორუხო გრძელკუდა ჩიტუნები არიან. ორნითოლოგების ენაზე რა ქვიათ, არ ვიცი, კახეთში კი  „ბიჭო გოგიას” ეძახიან. თუ დაუკვირდები, მართლაც ამ ორი სიტყვის თქმა გამოსდით. კონცერტი კიდევ, მხოლოდ ჩემთვის ტარდება, რადგან მთელ სოფელში მარტო მე მცალია მათ მოსასმენად.

ბავშვობაში ბებია ამბობდა ხოლმე, ძმა დაკარგესო მაგათ – გოგია – და მერე ჩიტებად გადაიქცნენ, დაკარგულს მაღლიდან უკეთ დავინახავთო. ასეც დარჩნენო, ვერც გოგია იპოვეს  და მას შემდეგ დაეძებენო. მაშინ გოგიას მეც  ვეძებდი, მიხმარება მინდოდა. ახლა კი, ამ ლამაზ ზღაპარს სიამოვნებით ვიმეორებ, სევდიანი და ლამაზია, თან „გოგიებს” უხდებათ.

ჩემი ეზო ჩიტებითაა სავსე. მთელი წელი არავინაა, ხეებიც უხვადაა და, მგონი, ტყე ჰგონიათ. როცა ჩავდივარ, სულ ოდნავ მებუზღუნებიან და ეგაა, მერე შემეჩვევიან ხოლმე. გუმანით ალბათ ხვდებიან, რომ არ ვარ „ქვასროლია სესე”. დიდი-დიდი დავჯდე და მოვუსმინო. ჰოდა, მაინც ჭყიპინებენ და ბარემ მსმენელიც ჰყავდეთ. 

შორიახლოს „გაჩხიკული”  შავი ჩხიკვი დადის და დაახლოებით სამ-ოთხ წუთში ერთხელ წამოიძახებს – „იჰაა”. აქეთ-იქით ვიყურები, ვრწმუნდები, რომ არავინაა და მეც ვაჯავრებ „იჰაა”, ეტყობა ცუდად არ გამომდის, რადგან ჩხიკვი ტყუვდება და კარგად რომ დამათვალიეროს, ახლოს მოდის. ისედაც ელამი თვალები, მონდომებისგან კიდევ უფრო  უელმდება და უკვე საყვედურიანი „იჰა” ისმის – შენ საერთოდ ვინ ხარ, რომ შეცდომაში შეგყავარო? მე კიდევ კმაყოფილი ვარ, ახლოს მოვიტყუე და დავინახე, რომ ელამი თვალები ქონია, კი არ ვიცოდი.

მერცხლებიც მყავს. ამათთან ოდნავ რთულადაა საქმე. სახლის დერეფანში ხალხს სრულიად გადაჩვეულები მტრად აღმიქვამენ და დერეფანში ყოველი შესვლისას ლოყაში სილას მაწნიან. სილის გაწვნა იმას ნიშნავს, რომ სახესთან ჩამიფრენენ და  ჭყივილით ლოყაზე  ფრთას გამისვამენ. მე კიდევ ისე მომწონს, მაშინვე მეორე ლოყას მივუშვერ ხოლმე. თუმცა გუშინდლიდან მეგობრები ვართ. მეზობლის ჩასუქებულ კატას გადავაწყდი, მათი ბარტყების ბუდესთან ატუზულიყო და ჰიპნოზის გაკეთების მცდელობა ჰქონდა. მერცხლების ალიაქოთს ყური მოვკარი, ჩავედი და ეს სურათი დამხვდა. იქვე ცოცხს წამოვავლე ხელი და მივცხე ერთი-ორი. „მიაუო”- შემომჩხავლა (უფრო წყენისგან, ვიდრე ტკივილისგან) და გაძუნძულდა. ჰოდა, იცით რა მოხდა? მერცხლებმა ეს პატარა სიკეთე დაინახეს. 

ნეტა, ადამიანებიც ხედავდნენ ხოლმე სიკეთეს, თორემ ზოგჯერ ისეა, შენ  მავანისკენ ხარ, სულს და გულს დებ, ის კიდევ სხვისკენაა. მერე საყვედური წამოგცდება და ლამის მტრად გაგიხდეს. 

პირველი სართულის დერეფანში ნათურა კონწიალობს. ეს ჩემს მერცხლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ  და დიზაინი შეუცვლიათ, აქეთ-იქიდან ბუდეები მიუშენებიათ და ახლა მოკონწიალე სახლები აქვთ. სამაგიეროდ, შებინდებულზე დერეფანში შუქს ვეღარ ვანთებ, სინათლით არ ვაწუხებ.
კახეთში ყველას ზედმეტი სახელი აქვს, მათი ცოდნა სავალდებულოა. იქით „უა” ცხოვრობს, ბავშვობაში მეზობლებს მისტიური „უათი” აშინებდა და  უბოძეს კიდეც სახელად. აქეთ, შესახვევს თუ აუყვებით, „ჩაი დალალეს” სახლს მიადგებით. ამასაც ბავშვობიდან აქვს სახელი. ხელმოკლე ოჯახში  დაბადებულს ერთ დღესაც სახლში ჩაიც ჰქონია და შაქარიც და ეზოში მალაყებზე გადასულა, ჩაის დავლევ დალალეო. ჰოდა, ამ ერთ მალაყს დღემდე უხსენებენ. სტადიონის გადაღმა ვინმე „გარგარა” გაზს ტენის. შარშან მახსოვს ჩემი გაზის ბალონით მივადექი, მანამდე დაუღალავად ვარკვევდი „გარგარას” ნამდვილ სახელს და ხელმოცარულმა მისი სახლის კარებთან ყელი მოვიღერე: 

ბატონო გარგაარ!

 აბა მხოლოდ  „გარგარას” დაძახება მომერიდა. როცა პაპისტოლა კაცი გამოვიდა,  დავიმორცხვე და ვკითხე უკაცრავად, თქვენი ნამდვილი სახელი არ ვიცი-მეთქი.  ეგ არაფერიო, ბატონი გარგარა კარგიაო.
ჰოდა, ახლა „დაცხაანთ ავთოს” მზესუმზირებზე მოგიყვებით. უზარმაზარი პლანტაცია აქვს, ზეთს ხდის.  ავთო პაპას ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ, ისიც სულ იმას დამძახოდა, ეს ბალღი პროფესორი უნდა გამოვიდეს და ამერიკაში უნდა გათხოვდესო. პირველი სურვილი ავუსრულე, მეორესი რა მოგახსენოთ და ახლა სულ საყვედურებით მიკლებს.

ჰოდა, მზესუმზირების სანახავად თვითონვე წამიყვანა. ამას რას უზამთ-მეთქი? ზეთს დავწურავო. სელის ზეთი ჯობს-მეთქი, სელი უნდა დაგეთესათ-მეთქი.  ჰმ, რახან შენ იტყვი, პროფესოროო (ეს უკვე დაყვავებით ნათქვამი საყვედური იყო). მე კიდევ სიმართლე ვუთხარი.

მაშ ასე, რომელი ზეთი სჯობს? აქ ზეთების შესანიშნავ სამეულს გაგაცნობთ.

სელის ზეთი პირველ ადგილზეა. ის სელის თესლებისგან იწურება და მისი უპირატესობა თუნდაც იმაში ვლინდება, რომ ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 მჟავებს. ისინი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია ორმაგი C=C ბმებით ომეგა-3 პოზიციაში. ცხიმოვანმჟავებში ნახშირბად ატომების დანომრვა კარბოქსილის ჯგუფის ნახშირბადატომიდან (C1) იწყება. ზოგჯერ C2, C3 და C4  ნახშირბადატომებს შესაბამისად აღნიშნავენ α,β, γ, ხოლო ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის ბოლო, ანუ მეთილის ჯგუფის ნახშირბადატომს ω ასოთი აღნიშნავენ.  ω -3 მჟავების  ერთ-ერთი ფუნქცია სისხლძარღვების დაცვაა. თუმცა რატომ მხოლოდ სისხლძარღვების? თვალის ბადურასაც მშვენივრად მზრუნველობენ. რანაირად? ისინი ბიოლოგიური მემბრანის მატრიქსის ფორმირებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, სისხლძარღვების (და არა მხოლოდ მათი) კედლები კარგად არის დაცული. მათ არ ემუქრებათ ათეროსკლეროზი, კარგად ფართოვდებიან და იკუმშებიან. მათი პატრონი კი ჯანმრთელი და ბედნიერია.

მაშ ასე, დაიმახსოვრეთ, სელის ზეთი ომეგა-3 მჟავების შემცველობის მიხედვით ჩემპიონია.

მეორე ადგილის მფლობელი მზესუმზირის ზეთია. გამოდის, რომ ავთო პაპას მიერ გამოხდილი ზეთიც  მეორე ადგილზე იქნება, რაც ცუდი შედეგი სულაც არ გახლავთ. 

მზესუმზირის ზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ალფა-ტოკოფეროლი, ანუ, შემახსენეთ ეს რომელი ვიტამინია? დიახ, ვიტამინი E.  მას  ზრდის და  ახალგაზრდობის ვიტამინად მოიხსენიებენ. ქიმიურ ენაზე ის ალფა-ტოკოლის ნაწარმი 5,7,8-ტრიმეთილტოკოლია. ეს უკანასკნელი კიდევ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთატომიან სპირტ ფიტოლთან (C20) დაკავშირებული ტრიმეთილჰიდროქინონი.  ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებისა და სუბუჯრედული ორგანელების მემბრანის ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში შემავალ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ზეჟანგური დაჟანგვისგან. მოკლედ, ნადირობა აქვს თავისუფალ რადიკალებზე გამოცხადებული და ამის ერთ-ერთი შედეგი  ელასტიური კანია.

  ეს ვიტამინი მხოლოდ პირველადი გამოხდის ზეთშია, ანუ იმ ზეთში, რომელიც ე.წ. ცივი გამოწურვით არის მიღებული და არა ექსტრაქციით. არა, ამ მეორე მეთოდით მიღებულ ზეთშიც არის, ოღონდ მცირე რაოდენობით.  აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ზეთი ორი მეთოდით მიიღება – გამოწურვით, დაპრესვით და და ამ ორი პროცესის ნარჩენით – ექსტრაქციით, რასაც თან ახლავს ცხელი ორთქლი, რომელიც ყველა სასურველ ნივთიერებას და მათ შორის ვიტამინის გარკვეულ რაოდენობას შლის. ამიტომ, რომელი მეთოდით მიღებული ზეთი სჯობს, თქვენი განსასჯელია. 

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ადამიანი საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ღებულობს უჯერ ცხიმოვანმჟავებს (იმავე მცენარეული ზეთის სახით), მაშინ ორგანიზმის მოთხოვნილება E ვიტამინზე მატულობს. 
მესამე ადგილზე გაოცდებით და ზეითუნის ზეთია. აქ ომეგა-3 მჟავებიცაა და ვიტამინი E-ც, ოღონდ გაცილებით მცირე რაოდენობით. სამაგიეროდ, მონო უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც  მარტივ სასარგებლო ცხიმებად ითვლებიან და სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ინსულინის მიმართ ჩვენი ქსოვილების მგრძნობელობაზე ზემოქმედებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლიდან უჯრედში გლუკოზის შეტანას უწყობენ ხელს.

 

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ცხიმებზე ვისაუბრე, არადა მხოლოდ მცენარეული ზეთების შესანიშნავი სამეული მიმოვიხილე. ზეთებიც მხოლოდ ავთო პაპას მზესუმზირების შემყურეს გამახსენდა.

ეზოში დავბრუნდი, ბინდდება… ჩიტები დასაძინებლად ემზადებიან, ოღონდ ამასაც ალიაქოთით აკეთებენ და მეც მანამდე ვუსმენ, სანამ ბოლო ჭყიპინი არ მიყუჩდება. მერე რაღაც უცნაური ღამის ფრინველი მოდის ხოლმე და ზედ თავზე დამძახის – „უუუუ”. მაგისი ოდნავ მეშინია, ამიტომ სადღაც მესამე „უუუ”-ზე ჩემი დასაკეცი სავარძლიანად სახლისკენ  ვიბარგები. 

მეც დავწვები აწი… თბილისშიც  მეყოფა გვიანამდე სიფხიზლე. დავიძინებ, დილის ექვს საათზე „გოგიები”  გამაღვიძებენ… მეც ჩავალ  და ყველაფერს  თავიდან დავიწყებ…

„ქართველო, რა რწმენისა და მისწრაფებისა გინდა იყო…“

0
სტამბოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში, საითაც იშვიათად გადაუხვევენ ხოლმე ტურისტები, მდებარეობს ქართველ კათოლიკეთა სამოთხის სადარი სავანე – პატარა საქართველო დიდ, თვალუწვდენელ მეგაპოლისში.
გურჯების ძველ მონასტერს ბევრი სტამბოლელიც ვერ მიგასწავლით. ის თითქოს დიდ ხმაურსა და მღელვარებაში ჩაკარგული კუნძულია. წინათ თუ აქ ორი მოქმედი მონასტერი იყო – მამათა და დედათა, ახლა სიმშვიდესა და სიჩუმეს დაუსადგურებია; ყველაფერი წარსულით ცოცხლობს.
1859 წელს პეტრე ხარისჭირაშვილმა მიიღო ნებართვა სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის დაარსებისა ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს მანვე დააფუძნა სტამბოლის ღვთისმშობლის ეკლესია, 1870 წელს – ქართული სტამბა, მამათა და დედათა მონასტრები, ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები.
მამა პეტრეს დაწყებითი განათლება საოჯახო სკოლაში მიუღია, შემდეგ სწავლა ახალციხის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სკოლასა და ალექსანდრეპოლის სასულიერო სკოლაში გაუგრძელებია, ბოლოს კი რომის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, სადაც სრულყოფილად შეუსწავლია ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და თურქული ენები.
სამშობლოში დაბრუნებულ პეტრეს უამრავი დაბრკოლება შეხვდა, რადგან აშკარად დაუპირისპირდა ქართველ კათოლიკეთა გასომხებას და მთელი თავისი მოღვაწეობა ქართული ენის გავრცელებასა და გაძლიერებას მიუძღვნა.
1856 წელს პეტრე ხარისჭირაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და ვენეციაში, წმ. ლაზარეს კუნძულზე დასახლდა. იქ მან ქართული სტამბა დააარსა და თავისივე თარგმნილი წიგნიც გამოაქვეყნა. დაუღალავი შრომით პეტრე ხარისჭირაშვილმა ვატიკანის კეთილგანწყობა დაიმსახურა და მას კონსტანტინოპოლში ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის დაარსების ნება დართეს.

სტამბოლში მამა პეტრეს მიერ დაფუძნებულ სტამბაში წიგნები თავდაპირველად – ქართულ, მოგვიანებით კი ფრანგულ ენაზეც იბეჭდებოდა. ფერიქოის მონასტერთან გაიხსნა ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებელები, დაარსდა ბიბლიოთეკა.

ცნობილია, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად ჩაყვანილი გურული ყმაწვილები გამოისყიდა და მათ თავის დაარსებულ სასწავლებელში განათლების მიღების საშუალება მისცა.
მამა პეტრეს მიერ დაფუძნებულმა საზოგადოებამ მონასტერი გახსნა სტამბოლის მეორე უბანში – უსქუდარშიც. საზოგადოებას ჰყავდა ხუთი სოფლის მრევლი, ჰქონდა შემოსავლიანი სახლები, 1881 წელს კი ქართულ-ბერძნული სკოლა გაუხსნიათ. ქართველ მღვდლებს სკოლა და ეკლესია ჰქონიათ აგრეთვე ჰერას უბანში, პაპასკვერებში.

პეტრე ხარისჭირაშვილი ბევრს ზრუნავდა ქართველ მაჰმადიანებზეც. მის სკოლას ბევრმა მაჰმადიანმა ქართველმაც მიაშურა.
მამა პეტრე ცდილობდა, წიგნები კარგი ქართულით დაებეჭდათ და ნაწილს მოსახლეობას უფასოდ ურიგებდა.

ქართველ კათოლიკეთა მატერიალური უზრუნველყოფისთვის პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა სავაჭრო ამხანაგობა „ქარვასლა”, რომლის შემოსავალიც ძმობის საერთო ფონდში შედიოდა. 1900 წლისთვის ძმობის მფლობელობაში იყო 5 დუქანი, რამდენიმე სავაჭრო ობიექტი, სათესი მიწა და ძროხების ფერმა. კომერციული საქმიანობიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების განათლებას, საგამომცემლო საქმიანობასა და ქველმოქმედებას ხმარდებოდა.



სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ძმობა ისე გაძლიერებულა, რომ 1874 წელს საფრანგეთშიც დაუფუძნებია ასეთივე ძმობა. ქართველ კათოლიკეთა ძირითადი საქმიანობა მონტობანში წიგნების ბეჭდვა ყოფილა.

სიცოცხლის მიწურულს, 1892 წელს, მამა პეტრე სტამბოლში თავის მიერ დაარსებულ მონასტერში განმარტოებულა და იქვე გარდაცვლილა.

ქართველთა სავანის მნიშვნელობა კი იმდენად გაიზარდა, რომ მას თვით სულთანი აბდულ ჰამიდი პატრონობდა. მაშინდელი სტამბოლის პრესა აღნიშნავდა, რომ 1893 წელს სულთანმა ქართული სკოლა უხვად დაასაჩუქრა, ხოლო სკოლის დირექტორს, ანდრია წინამძღვრიშვილს, 150 ოქრო და ორდენის მეოთხე ჯვარი უბოძა. ცერემონიაზე თურქეთის სახალხო სკოლების ზედამხედველმა ისმაილ-ფაშამ ქართულ ენაზე მიმართა სტუმრებს.

1956-1959 წლებში ქართველთა სავანეს მძიმე დრო დაუდგა, თურქეთში ატეხილმა ქარიშხალმა მასაც გადაუარა. მონასტრის არსებობას საფრთხე დაემუქრა, ამიტომ მრევლმა გადაწყვიტა კათოლიკეთა საზოგადოების ფონდის შექმნა, რომლის თავმჯდომარედ 1966 წელს პავლე ზაზაძე აირჩიეს.
მონასტრის ვრცელ მიწებზე ბევრს ეჭირა თვალი, კანონიც ხშირად იცვლებოდა და საკუთრების დაცვაც ძნელდებოდა, მაგრამ ზაზაძეთა ოჯახის ძალისხმევით ყველაფერი ხელუხლებლად შენარჩუნდა.

ახლა წირვაზე იშვიათად ნახავთ ქართველ მორწმუნეებს, წირვაც უმეტესად თურქულად აღევლინება, თუმცა ახლაც, როგორც 1921 წელს წერდა ეჟენ დალეჯო დ’ალესიო –

„ამ სავანეში ყოველიფერი საქართველოს მოგაგონებს… უცხოეთში გადმოტყორცნილო ქართველო, რა რწმენისა და მისწრაფებისა გინდა იყო, მოდი ამ სავანეში… სულით განახლებული წადი, ქართველო, და ჩაები ცხოვრების ტალღებში… შენ თუ არა, შენი შვილი ან შვილის-შვილი მაინც ნახავს ბრწყინვალე ხანას საქართველოსას და ქართველი ხალხისას”.

მომდევნო ფოტობლოგში თურქეთის ქართულ საგანმანათლებლო კერებზე მოგიყვებით.

პირველად პირველ კლასში

0
საზოგადოების ნაწილად ქცევა – არის კი რაიმე ამაზე რთული ექვსი წლის ასაკში?! ყველა ადამიანს აქვს სურვილი – მცირე თუ ხალხმრავალ ადამიანთა ჯგუფში სასურველი ადგილი დაიკავოს. პატარების შიში, რომ თანატოლები არ მიიღებენ (დასცინებენ, გარიყავენ), ხანდახან ყოველდღიურ კოშმარს ემსგავსება. 

არასდროს დამავიწყდება სკოლაში წასვლის პირველი დღე. თავდაცვის იარაღად თავიდანვე არასასურველი ურთიერთობებისთვის თავის არიდება ავირჩიე. შემეშინდა, რომ საზოგადოება არ მიმიღებდა და თავად გავრიყე საკუთარი თავი თანაკლასელებისგან. მხოლოდ რამდენიმე ბავშვთან ვმეგობრობდი, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებ საზოგადოებასთან ადაპტირების წარმატებულ მცდელობას. მე და ჩემი თანაკლასელები ერთმანეთისთვის ბოლომდე ამოუხსნელ ამოცანად დავრჩით. როგორც ხედავთ, კლასთან ადაპტაციას თვეები კი არა, წლებიც შეიძლება დასჭირდეს და, გარკვეულ შემთხვევებში, უშედეგოდაც დამთავრდეს.  ამიტომ ვთვლი, რომ მასწავლებლები მოსწავლის სკოლასთან, კლასთან  ადაპტირებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ.

***
სკოლის პირველი წელი სწავლის დაწყებასთან ერთად ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმს, ახალ ნაცნობებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებებს უკავშირდება. პატარებმა უნდა შეძლონ სკოლაში არსებული საერთო წესების მიღება და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართვა. გონებრივი და ემოციური დაძაბულობა პირველკლასელებში ხშირად პიკს აღწევს. კვლევების მიხედვით, პირველადი ადაპტაციის პერიოდი ორიდან ექვს თვემდე გრძელდება. 
პირველკლასელების გარდა, ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული ყველა მოსწავლე მეტ-ნაკლებად საჭიროებს სასკოლო რეჟიმთან ადაპტირებას. არდადეგებისას მეტი დრო ეთმობა თანატოლებთან ერთად თამაშს, ბავშვები გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ. მათი ფსიქიკა და სხეული მოდუნებულია. არდადეგების პერიოდში ბავშვები კარგავენ დროის შეგრძნებას, რადგან მათი დღის რეჟიმი ქაოსურია, სკოლაში კი, პირიქით – ყოველი წუთი დაგეგმილია. 
                                                                                                                                     
ადაპტაცია ინდივიდუალური პროცესია და დამოკიდებულია ბავშვზე – რამდენად მზადაა ის (ინტელექტუალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად) სასკოლო ცხოვრებაში ჩასართველად, რამდენად განვითარებულია სოციალურად, ფლობს თუ არა ჯანსაღი კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს და ა.შ.

ფსიქოლოგების აზრით, ბავშვების უმეტესობა შვიდი წლის ასაკში აღწევს განვითარების იმ დონეს, რომელიც სკოლისათვის მის მზაობას განსაზღვრავს. ფიზიკური განვითარება, წარმოსახვისა და აღქმის მარაგი, აზროვნების განვითარების დონე და მეტყველება, სკოლაში სიარულის სურვილი – ეს ყველაფერი სისტემატური სწავლის  წინაპირობაა. 
ბავშვებს, რომლებსაც არ უვლიათ საბავშვო ბაღში, ყველაზე მეტად უჭირთ სასკოლო დღის რეჟიმთან შეგუება. მუდამ ჩივიან მასწავლებელთან გვერდით მჯდომ ბავშვზე, მოუხერხებელ სკამებზე, ატკიებულ მუცელზე და ა.შ. მათ ადაპტირებაში მასწავლებლის სისტემატური მუშაობა მოსწავლის სუსტი კონცენტრირების უნარისა და ნებისყოფის დახვეწაზე და, რაც მთავარია, თანატოლების კეთილგანწყობა ეხმარება.
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უმეტესობას სურს, რომ მათი კლასი საუკეთესო იყოს, ამიტომ დაუზარელად ეხმარებიან ერთმანეთს. დაწყებით კლასებში იშვიათად ნახავთ მეტოქე თანაკლასელებს. ამ ასაკში ყველაზე დიდი მნიშვნელობა თანატოლის აზრს ენიჭება. ამიტომ ცდილობს თითოეული მოსწავლე თანაკლასელების პატივისცემისა და ნდობის მოპოვებას. მათი სამეგობრო წრე ამ ასაკში საკმაოდ ფართოა და მასში ყველა ის ადამიანი შედის, რომლის გულის მოგებაც მოახერხეს.

წარმატებული ადაპტაციის ნიშნები: ბავშვი მხიარული და მშვიდია, სწრაფად  პოულობს მეგობრებს, დადებითადაა განწყობილი მასწავლებლებისა და თანატოლების მიმართ, გაღიზიანების გარეშე ასრულებს საშინაო დავალებებს და ადვილად ეგუება დატვირთული დღის რეჟიმს (არ ტირის ადრე ადგომის გამო, მშვიდად სძინავს ღამით, კარგი განწყობით გადის სახლიდან), არ ავლენს შიშს ან რაიმე სხვა ტიპის დისკომფორტს თანატოლებისა თუ პედაგოგების მიმართ, ადეკვატურად რეაგირებს მათ შენიშვნებზე…

დეზადაპტაციის ნიშნები: ბავშვი მუდამ დაღლილია და შფოთავს, ვერ იძინებს ღამით და, შესაბამისად, ადრე ადგომაც უჭირს, უჩივის გვერდით მჯდომს, თითქოს ის ხელს უშლიდეს მუშაობაში, აღიზიანებს მასწავლებლის მოთხოვნები და შენიშვნები. მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებს უჭირთ სასწავლო პროცესში ჩართვა და მასალის სრულყოფილად ათვისება. 

დეზადაპტაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
არასაკმარისი ფიზიკური და ფსიქიკური მზაობა: ბავშვის ორგანიზმი მზად უნდა იყოს სკოლის რეჟიმისთვის (ხანგრძლივი ჯდომა, მხედველობის დაძაბვა, გონებრივი დატვირთვა, მოტორიკა). სუსტი ჯანმრთელობის ბავშვები პირველ წელს ხშირად აცდენენ სკოლას, დაძაბული რეჟიმი ასუსტებს მათ ორგანიზმს და ხშირად ავადმყოფობენ.     

ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეები ძნელად გადალახავენ ადაპტაციის პერიოდს. დაბალი თვითშეფასება და ყველაფერ უცხოსადმი პანიკური შიში ავტომატურად იჩენს თავს სასკოლო ცხოვრებაშიც. ისინი ნებისმიერ უწყინარ ხუმრობას თუ შეფასებას მასწავლებლებისა თუ თანატოლების მხრიდან შეურაცხყოფად აღიქვამენ და არაადეკვატურად რეაგირებენ.
                 
წესები: პირველკლასელების უმეტესობას უჭირს სკოლის წესების, საკუთარი ვალდებულებების აღქმა და მიღება. მოსწავლე მასწავლებლის ნებართვის გარეშე ვერ ახორციელებს ისეთ მარტივ აქტივობებსაც კი, როგორიცაა საჭირო ოთახში გასვლა გაკვეთილის მსვლელობის დროს, კითხვაზე პასუხის გაცემის უფლების მოპოვება და ა.შ. მათ ხშირად უნდა ესაუბროთ სკოლის წესების შექმნისა და მნიშვნელობის შესახებ, დაანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა თითოეული მოსწავლის მხრიდან.
სუსტად განვითარებული ნებისყოფა: პირველკლასელთა უმეტესობას უჭირს გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა, ყურადღებით მოსმენა და დავალების სწორედ იმ ფორმით შესრულება, როგორითაც მას მასწავლებელი მოითხოვს. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და საჭიროებენ მასწავლებელთა მხრიდან მუდმივ ყურადღებას. 
სასწავლო მოტივაციის არასაკმარისი განვითარება ხელს უშლის დავალების სრულყოფილად შესრულებას. სასწავლო მოტივაციის განვითარება შესაძლებელი გახდება, თუ მასწავლებლებს, მშობლებსა და თანატოლებს სწავლის გასაუმჯობესებლად მუდმივი რეაგირება ექნებათ და მოხდება მათი სოციალური აღიარება.
ზოგიერთ მოსწავლეს მასწავლებელთან კონტაქტის დამყარება უჭირს. როცა ბავშვს დავალების აღქმა უძნელდება ინტელექტუალური ან სხვა განვითარების პრობლემის გამო, მასწავლებლის ავტორიტეტიც უფერულდება. შესაძლოა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის ბარიერი უფროსებთან კონტაქტის ჩამოუყალიბებელმა უნარმაც გააჩინოს.    

                                                          

სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს თანატოლებთან ურთიერთობის გაბმის წარუმატებელი მცდელობებიც იწვევს. მგავს პრობლემას ვაწყდებით ბავშვებთან, რომლებსაც  საბავშვო ბაღში არ უვლიათ.
დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს გამუდმებით ეპარებათ ეჭვი საკუთარ ძალებში, შფოთავენ, ძნელად ეწყობიან თანატოლებს და უჭირთ სასკოლო ჟრიამულის გაძლება. ისინი მონდომებული მოსწავლეები არიან, მაგრამ მათ მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად დაბალ შეფასებას იმსახურებს.
მშობლების დამოკიდებულება: ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების მიერ მისი სასკოლო მიღწევების აღიარებაა. ზოგჯერ მოსწავლის საშუალო მაჩვენებელი  მშობლების მხრიდან შვილის წარუმატებლობად აღიქმება. ისინი არ აქცევენ ყურადღებას ბავშვის მონდომებას, მის რეალურ მიღწევებს და  მეცადინეობაზე კონტროლის დაწესების, ორმაგი დატვირთვის გზით ცდილობენ შვილის ,,წინ წაწევას”. ბავშვი ღიზიანდება, კარგავს საკუთარი თავის რწმენას და სკოლასთან ადაპტაციის პერიოდიც ხანგრძლივდება. 
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პირველ საფეხურზე:

ადაპტაციის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლის თანადგომა. შეაქეთ შვილი არამარტო სასწავლო მიღწევების, არამედ ნებისმიერი ემოციური თუ საზოგადოებრივი ბარიერის გადალახვის გამო (ურთიერთობის გაბმის მცდელობა, სასკოლო ხმაურთან შეგუება და სხვა).

პირველი თვეების მანძილზე მოერიდეთ კრიტიკას. სასურველი არაა, რომ მასწავლებელმა მშობელთან ბავშვის თანდასწრებით ისაუბროს მის პრობლემებზე ან, პირიქით. შენიშვნების მიცემა  სხვა ადამიანების გარემოცვაში, მით უმეტეს, იმ საზოგადოებრივ სივრცეში, რომელში დამკვიდრებასაც თქვენი შვილი თავგამოდებით ცდილობს, არაფერს მოიტანს პრობლემის გაღრმავების გარდა.

არასდროს შეადაროთ თანატოლს! უმეტეს შემთხვევაში, ბავშვის თვითშეფასება დაეცემა ან, პირიქით, თავდაცვის ინსტიქტი მის სიამაყეს არაადეკვატურობამდე აამაღლებს. შეადარეთ მისი ახალი მიღწევები ძველ ნამუშევრებს – აჩვენეთ წინსვლის პროცესი. მსგავსი მიდგომით თქვენ მას ადეკვატური თვითშეფასების მოსწავლედ აქცევთ.

სკოლა თქვენი ცხოვრების ნაწილიც უნდა გახდეს: მიიღეთ მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებში; ყოველდღიურად დაინტერესდით, როგორ გაატარა თქვენმა შვილმა სასწავლო დღე; დაეხმარეთ მას რთული დავალებების შესრულებაში; არასდროს მოიხსენიოთ აუგად მისი მასწავლებლები… მოკლედ, შემოუშვით სკოლა თქვენს ცხოვრებაში და თქვენი შვილიც ადვილად მიიღებს მას. 

როგორ შევქმნათ სწავლისათვის ხელსაყრელი გარემო

0
ბენ ჯონსონი, ავტორი, ადმინისტრატორი და განმანათლებელი
წყარო: https://www.edutopia.org/blog/creating-learning-environments-ben-johnson
ცოტა ხნის წინ მოსწავლეთათვის კომპიუტერული ტესტირების მიმდინარეობის მოწმე გავხდი და იმან გამაკვირვა, თუ რა მარტივად აბარებდნენ ახალგაზრდები ტესტებს – მათ ორი ეკრანი ჰქონდათ გახსნილი: ერთი მათ სასწავლო კურსს ასახავდა, ხოლო მეორე – “გუგლის” საძიებო ფანჯარას, “ვიკიპედიას” და “შეეკითხე ჯივისის” საცნობარო საძიებლებს. როდესაც მათ უცნობი საკითხი ხვდებოდათ, მოსწავლეები აღნიშნულიდან რომელიმე საძიებო სისტემას  (ან სხვა საიტებს) მიმართავდნენ და პასუხსაც უმალ იგებდნენ. 

ნანახმა დამაფიქრა. რა უნდა შესთავაზონ მასწავლებლებმა მოსწავლეებს, როდესაც მათ ნებისმიერი რამის გაგება შეუძლიათ ინტერნეტის დახმარებით? რატომ უნდა ისხდნენ მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში კლასში (თუ კლასებში), მაშინ, როცა მათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მოძიება წამებში შეუძლიათ? ამდენი ინფორმაციის ყველგან არსებობის პირობებში, ხომ არ ვცდილობთ მათთვის იმ პროდუქტის მისაღებას, რომელიც უკვე აქვთ? 

ასეთი დამოკიდებულებით მე დიდად არ განვსხვავდები კომპიუტერული სწავლების კლასის სტუდენტებისგან – როდესაც მოვინდომე, რომ სახლში თერმული იზოლაცია  დამემონტაჟებინა, პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ინტერნეტში შევედი და ეს ტერმინი მოვძებნე. ინტერნეტმა საპასუხოდ, ასობით ვიდეო, ვებსაიტი და სხვა რესურსი შემომთავაზა. მე გავეცანი მათ, უარვყავი ისეთები, რომლებიც უფრო  რეკლამირება-გაყიდვებზე იყვნენ ორიენტირებულნი და არასაკმარისად ხსნიდნენ თვითონ სისტემის მონტაჟის წვრილმანებს და შევარჩიე რამდენიმე ”როგორ-უნდა-გავაკეთოთ” ტიპის ვიდეო და მოდელად ისინი გამოვიყენე ჩემი სახლის იზოლაციის მონტაჟისათვის (შენიშვნა: თერმული იზოლაციის მონტაჟი ისეთი ადვილი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ვიდეოების ნახვისას შეიძლება მოგეჩვენოთ). ესეც ასე! ინტერნეტში კვლევით და მისი დახმარებით,  მოკლე ხანში, რაღაცის (რაზეც მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა) ექსპერტი გავხდი და გავაკეთე კიდეც!

კიდევ ერთი მაგალითი. ერთ დღეს კლასში გაკვეთილზე ერთ-ერთი სიტყვის ”სპელინგი” (ორთოგრაფია) დამავიწყდა. სანამ მოვბრუნდი და ლექსიკონს ჩავხედე, ერთ-ერთმა სტუდენტმა სიტყვა დამარცვლილი მომაწოდა – მან ეს მობილური ტელეფონის მეშვეობით შეძლო. ამან კვლავ დამაფიქრა: როგორ ცვლის ეს, უკვე თითქმის ყველგან ხელმისაწვდომი ”დაუყოვნებელი” ან ”მომენტალური ცოდნა”,  სტუდენტების სწავლისა და ცოდნისადმი დამოკიდებულებას. ვფიქრობ, რთული საკითხია. მართალია, ჯერ “მომენტალური ცოდნის” სამეცნიერო ფანტასტიკის კონცეფციებთან არ მივსულვართ, მაგრამ წინა საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკა უკვე ძალიან დიდი დოზებით სამეცნიერო ფაქტებად  გადაიქცა. მგონია, რომ ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ, პირველ რიგში იმის გამო, რომ ჯერ კიდევ დიდია ე.წ. ”ციფრული გამყოფი ზღვარი” (ინგლ. digital divide) – ზოგ სკოლებსა და სტუდენტებს უკვე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი უახლეს ტექნოლოგიებსა და სხვა რესურსებზე, ზოგს კი – ჯერ არა. 

თუ წარმოვიდგენთ, რომ ტექნოლოგია თითქმის ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, სკოლებში თუ მათ გარეთ, პასუხი კითხვაზე ალბათ ასეთი იქნება: ”მომენტალურმა ცოდნამ” შეცვალა სწავლის პროცესი, რადგან შეკითხვები, რომლის პასუხებიც არ ვიცით და გვაინტერესებს, ჩვენგან რამდენიმე ”დაწკაპუნებაშია”, ხოლო ეს დამატებით შეკითხვებს აჩენს – შეიძლება ვენდოთ ამ პასუხებს? როგორ გადავამოწმო პასუხების სისწორე? არის თუ არა გამოტოვებული რაიმე ინფორმაცია?

კლასში

სტუდენტებისთვის ამ რაოდენობის ინფორმაციის მოპოვებისას, მიუხედავად მისი ხარისხისა, საკითხი ასე დგება – რა უნდა იცოდნენ მათ? როგორია მასწავლებლის როლი ასეთი სცენარისას? რა თქმა უნდა, ალბათ გვერდზე უნდა გადავდოთ ცოდნის გადაცემის ტრადიციული მეთოდი – ”თქვენ ეს ყოველი შემთხვევისათვის უნდა იცოდეთ” და ჩავანაცვლოთ იგი ახლით – ”თქვენ ეს უნდა იცოდეთ, რათა შეძლოთ აშენება, შექმნა, გადაწყვეტა, აღმოჩენა…” სწავლების მთავარი ძალისხმევა იცვლება და გადადის სასწავლო გარემოს შექმნისკენ, იმ გარემოს დიზაინისკენ, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ თავიანთი ”უნდა ვიცოდე”, რომლებიც აუცილებელია სხვა საქმეების შესასრულებლად.  როგორ უნდა შევძლოთ ეს? შევეცდები ამის ილუსტრირებას:

ესპანური ენის მე-2 საფეხურის კლასისთვის შევქმენი რამდენიმე სცენარი, რომლებიც სტუდენტებს ესპანურის სწავლის მოტივაციას გაუღვივებდა. მაგალითად, ესპანურის შესწავლისთვის აზრის მისაცემად და სტუდენტების ლექსიკონის გასამდიდრებლად შევქმენით სასტუმროს გარემო, სადაც სტუდენტებს სასტუმროს მომსახურე პერსონალისა და სტუმრების როლები ექნებოდათ დანაწილებული. მათ შექმნეს სარეგისტრაციო ფორმები, ბროშურები, სასტუმროს ბლანკები, მენიუ, სატელევიზიო პროგრამის გზამკვლევი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გამოიკვლიეს, შექმნეს და ვარჯიშობდნენ ისეთ ინტერაქტიურ დიალოგში, რომელიც ტიპურია ესპანურენოვანი ქვეყნების სასტუმროებისთვის. ასეთმა სასწავლო გარემომ მოსწავლეებს მისცა ჭეშმარიტი მიზეზი, ესწავლათ ზმნები და ესპანური ფრაზები, რომლებსაც მხოლოდ წიგნთან მუშაობისას ვერ ან არ ისწავლი. 

მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ინგლისური ენის კლასში, როდესაც ბავშვები სასკოლო გაზეთს აკეთებენ, წიგნს გამოსცემენ, ან სოციალური მეცნიერებების და ისტორიის შესწავლისას, როდესაც ისინი როლებს თამაშობენ, ვთქვათ, პირველი მსოფლიო ომის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შესახებ, ან ატარებენ ცნობილ დებატებს ლინკოლნსა და დუგლასს შორის.  იმავეს აკეთებენ მეცნიერების კლასის მასწავლებლები, სტუდენტებისათვის ქიმიის, ბიოლოგიის ან ფიზიკის გაკვეთილების ექსპერიმენტული ნაწილების დაგეგმვისას. მათემატიკის მასწავლებელი ქმნის მდიდარ სასწავლო გარემოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი მათემატიკური უნარების პრაქტიკაში გამოყენება, ვთქვათ, პურის საცხობის მცირე ბიზნესის დაგეგმვისთვის. ამ დავალების შესრულებისას, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ისეთი ფინანსური გეგმების დიზაინი, რომლებიც პურის საწარმოს წარმატებულს გახდის. მათ უნდა იცოდნენ, რომელი ფინანსური მაჩვენებლების დროს გახდება საქმე წამგებიანი.

როდესაც სკოლებში მოდური გახდა მიკრო-კომპიუტერები, “მომავლის მჭვრეტელებმა” არ დააყოვნეს თავიანთი პროგნოზებით და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მასწავლებელი გაქრებოდა სასკოლო ინტერიერიდან. დღეს, როდესაც ბევრად მეტი ტექნოლოგიაა საკლასო ოთახებსა თუ მოსწავლეთა ჯიბეებში, აღმოჩნდა, რომ მასწავლებელი არსად არ გამქრალა. ნეტავ, რა როლი უნდა ჰქონდეს დღევანდელ მასწავლებელს, როდესაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია წამებში მოძებნოს პასუხი თითქმის ყველა შეკითხვაზე მაჯაზე მიმაგრებული ტელეფონით ან ციფრული სათვალით? ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენ მუდამ დაგვჭირდება დიდი მასწავლებლები. მასწავლებლის მთავარი დანიშნულება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება იქნება. მათ უნდა მიმართონ სტუდენტების ინტერესი მათივე მისწრაფებების მიმართულებით, გზა უნდა გაუკვალონ იმ ცოდნისკენ, რომლის მიღებაც სურს სტუდენტს. მაგრამ ამისათვის, ყველა მასწავლებელმა უნდა იპოვოს დამაჯერებელი პასუხი ხშირად დასმულ შეკითხვაზე: “რისთვის მჭირდება ამის ცოდნა?”

ოჯახური ურთიერთობების რღვევა და ბავშვის ფსიქიკური განვითარება

0
ოჯახური ურთიერთობების რღვევა, განურჩევლად მიზეზისა, მწვავე ემოციური განცდების საფუძველია. განსაკუთრებით რთულდება ვითარება, როცა ოჯახში ბავშვი იზრდება, მეუღლეები კი დაცილებას გადაწყვეტენ. არცთუ იშვიათად ცოლ-ქმარი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობს, რათა ტრავმა არ მიაყენოს ბავშვს, მაგრამ მათი ყოველდღიური ფარული თუ აშკარა დაძაბული ურთიერთობა პატარასთვის ორმაგად მატრავმირებელი ხდება.

ამრიგად, როცა გაყრა ნამდვილად სასურველია მშობლებისთვის, ბავშვისთვის იგი აუცილებელიც კია. ოჯახში, სადაც გამუდმებით მეფობს დაძაბულობა, უსასრულოდ მეორდება კონფლიქტები, ბავშვი ორმაგად უბედურად გრძნობს თავს. ამ დროს გაყრა გარდაუვალი ნაბიჯია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მშობლების დაცილება, განურჩევლად იმისა, რა მიზეზით ხდება ეს და როგორ წარიმართება მათი შემდგომი ურთიერთობა, ბავშვისთვის მაინც თავზარდამცემი და გამანადგურებელია. მისმა შედეგებმა შესაძლოა თავი იჩინოს დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით, გარდამავალ პერიოდში.

რამდენად მატრავმირებელი იქნება ბავშვისთვის მშობლების დაცილება, მათ შემდგომ ქცევაზეა დამოკიდებული. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, მეუღლეები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ რაც შეიძლება მშვიდად და სწრაფად. ამასთან ერთად, მათი უპირველესი საზრუნავი გაყრის შემდეგ შვილის ემოციური სიმშვიდე უნდა გახდეს. მათი ნებისმიერი ქმედება ბავშვის სულიერი წონასწორობის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა მშობლების დაცილებამ უარყოფითი კვალი არ დააჩნიოს მის ფსიქიკურ განვითარებას.

განქორწინების შემთხვევაში მშობლების მხრივ ყველაზე გონივრული საქციელი იქნება, თუ ისინი ბავშვს, თუნდაც სრულიად პატარას, მისთვის გასაგებ ენაზე ეტყვიან სიმართლეს. ოჯახიდან წასულ მშობელზე საუბრისთვის ტაბუს დადება ბავშვისთვის ხშირად მძიმე ემოციური განცდების წყაროდ იქცევა. გასათვალისწინებელია, რომ რა არასასურველი მეუღლე და სიძეც არ უნდა იყოს, ბავშვისთვის მამა, თუ ოდნავ მაინც ინტერესდება მისი ცხოვრებით და მცირე ხანს მაინც უთმობს მას, საყვარელი ადამიანია. ამასთან, ბავშვი, თუნდაც სრულიად პატარა, შესაძლოა ხედავდეს ოჯახიდან წასული მამის იმ თვისებებსაც, რომლებსაც დედა ან ბებია ვერ ამჩნევენ. ბავშვს უყვარს მამა, მაშინაც კი როცა ის მის გვერდით არ არის. ამდენად, მამაზე საუბრის აკრძალვა და დედისა და ბებიის მცდელობა, დაავიწყონ ბავშვს ცოცხალი მამის არსებობა, ბავშვისთვის შესაძლოა მძიმე სულიერი განცდების მიზეზად იქცეს და მძიმე კვალი დააჩნიოს მის შემდგომ ემოციურ ცხოვრებას.

თუ განქორწინება მკაცრ აუცილებლობად იქცა, სასურველია, ის იყოს მხოლოდ ცოლ-ქმრის საქმე და არა მრავალრიცხოვანი სანათესავო-სანაცნობოსი. მით უმეტეს არასასურველია მეუღლეთა მშობლების ჩარევა. მხოლოდ ძალზე დისციპლინირებულ და გონიერ ადამიანებს შეუძლიათ შეიკავონ თავი ბავშვზე ზემოქმედების ცდუნებისაგან და ოჯახიდან წასული მშობელი უარყოფით პიროვნებად არ წარმოუდგინონ მას. იშვიათი არ არის, როდესაც გაყრილი ცოლ-ქმრის მშობლები უცხოსთანაც კი ვერ მალავენ ანტიპათიას, სიძულვილს ყოფილი სიძის ან რძლის მიმართ. საეჭვოა, ისინი ოჯახის წევრებთან ახერხებდნენ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას და აუგად არ იხსენიებდნენ ბავშვის მშობელს.

განქორწინებული მეუღლეები, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიისწრაფოდნენ იმისკენ, რომ მას ჰქონდეს იმ ბებიასთან ურთიერთობის საშუალება, რომელთანაც არ ცხოვრობს. ის ისეთივე საყვარელ ადამიანად უნდა რჩებოდეს ბავშვისთვის, როგორიც იყო მშობლების განქორწინებამდე. საოცრად დიდი შეცდომა მოსდით დედებს, როცა ბებიასთან, ყოფილ დედამთილთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ ბავშვს. ადვილი არ არის განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლის მშობლებისადმი ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნება. ეს დიდ ტაქტსა და მოთმინებას მოითხოვს ორივე მხრიდან. ამ ვითარებაში ორივე მხარე უნდა არიდებდეს თავს უარყოფითი გამონათქვამებსა და მოქმედებებს ბავშვის დედის ან მამის მისამართით. ოჯახური ურთიერთობების რღვევის შემდეგ ერთ-ერთ მშობელსა და მის ახლობლებთან ხანგრძლივმა განშორებამ, მათი შეხვედრებისთვის ხელის აქტიურად შეშლამ არ შეიძლება სერიოზული კვალი არ დააჩნიოს ბავშვის ემოციურ ცხოვრებას. ასეთ პირობებში არსებობს საშიშროება, ბავშვი გახდეს გულჩათხრობილი, ჩაკეტილი, ადვილად აღგზნებადი, ნევროზული, ემოციურად გაუწონასწორებელი და არაკომუნიკაბელური, რაც საკმაოდ გაურთულებს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან – თანატოლებსა და უფროსებთან.

განქორწინების შემდეგ ოჯახიდან წასული მშობლის ბავშვთან შეხვედრა ხშირად გადაუჭრელი პრობლემაა. ზოგიერთი მშობელი, აქაოდა, ბავშვზე ვზრუნავო, უკრძალავს ყოფილ მეუღლეს მასთან შეხვედრას; არც მისდამი სიძულვილის გამოხატვას არ ერიდება ბავშვის თანდასწრებით და მიისწრაფის, ნებისმიერ ფასად იძიოს შური მასზე. თუ არა შურისძიება, სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ მშობლის საქციელს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, მოარიდოს ბავშვი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას და ამისთვის ხშირად არათუ სკოლას, ბინასაც კი უცვლის ბავშვს? ბინაზე რომ არაფერი ვთქვათ, სკოლის ხშირი ცვლა, განსაკუთრებით – სასკოლო ცხოვრების დასაწყისში, სრულიად გაუმართლებელია როგორც პედაგოგიური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ პერიოდში წარმოიშობა პრობლემათა წყება (სკოლასთან ადაპტაციის, სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბების და სხვა), რომელთა წარმატებით მოგვარებას ძლიერ უშლის ხელს სასწავლო გარემოს, ბავშვთა კოლექტივისა და პედაგოგების ხშირი მონაცვლეობა. დაბოლოს, ორივე მშობელთან სისტემატური კონტაქტი, მათი განქორწინების შემთხვევაშიც კი, უპირველესად ბავშვის ემოციური წონასწორობისთვის, მისი შედგომი განვითარებისთვის არის საჭირო. 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიუხედავად უარყოფითი ემოციებისა, რომლებიც ოჯახური ურთიერთობების რღვევას ახლავს თან, მშობლების განშორებას ბავშვი ჯერ კიდევ არ აღიქვამს დიდ ტრაგედიად; ამად ის მაშინ იქცევა, თუ განქორწინებული მეუღლეები ერთმანეთს მტრებად მოეკიდნენ და ბავშვი ერთმანეთზე შურისძიების იარაღად გამოიყენეს. 

ამრიგად, თუ განქორწინებულ მეუღლეებს სურთ, მათი შვილის განვითარება ნორმალურად წარიმართოს, ოჯახის დანგრევა უარყოფითად არ აისახოს მის ემოციურ ცხოვრებასა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სასწავლო საქმიანობაზე, მათ უნდა დაივიწყონ წყენა და შეუქმნან ბავშვს ემოციური კომფორტის განცდა.

წარმატებული სასწავლო პროცესის ლაბირინთები

0
მცირე ხნის წინ ერთ-ერთ საგანმანათლებლო საიტზე წავაწყდი საინტერესო სტატიას ამერიკული სასკოლო განათლების სისტემის სწავლა-სწავლების ასპექტების შესახებ. წარმოებული კვლევების საფუძველზე სტატიის შემაჯამებელი დასკვნის მიხედვით, ამერიკულ სასკოლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მრავალი პრინციპი საკამათოა და გადაფასებას მოითხოვს. საკითხის პრობლემურობა კი ის არის, რომ მასწავლებლების უმეტესობა ექსპერტთა შეხედულებებს ეთანხმება, მაგრამ სასკოლო ცხოვრებაში მათი სათანადოდ გათვალისწინება მაინც არ ხდება და პედაგოგები ძველებურად განაგრძობენ საქმიანობას. სტატიაში მოყვანილი ზოგიერთი მოსაზრება სპეციფიკურია და საქართველოს სასკოლო ცხოვრებასთან ცოტა რამ აქვს საერთო, მაგრამ რამდენიმე დებულება ჩვენთვისაც საგულისხმო მეჩვენა (სწავლა-სწავლების პროცესის პრობლემატიკა ხომ მთელ მსოფლიოში ძირითადად საერთოა). წარმოგიდგენთ მათ როგორც ჩვენეული, ასევე უცხოელი ექსპერტების არგუმენტაციით.
უდიდესი ნაწილი ათვისებული მასალისა მოსწავლეს მალე ავიწყდება
ამ მოსაზრების მართებულობაში მასწავლებლების უმეტესობა, თავიანთი სასკოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, ეჭვს არ შეიტანს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყველას გვქონია შემთხვევა, როცა მეხსიერებიდან ისეთი ფაქტიც კი ამოგვვარდნია, რომლის გახსენება ძალიანაც გვნდომებია. არადა, თუ დავფიქრდებით, სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ძველი ტენდენციის გაგრძელებაა – მოსწავლეთა ხანმოკლე მეხსიერებაში ფაქტების მოთავსების მცდელობა. რაც უფრო დაკვირვებით განვიხილავთ სწავლების ამ მოდელს, მით უფრო ცხადად დავინახავთ პრობლემურ მომენტებს. პირველი – სწავლებისადმი ასეთი მიდგომა ფაქტების მექანიკურ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არა მოვლენათა არსის წვდომაზე. მეორე – მოსწავლეები ინფორმაციის პასიურ მშთანთქმელებად არიან ქცეულნი. ისინი უსმენენ მასწავლებელს, კითხულობენ სახელმძღვანელოებს, უბრალოდ იმეორებენ შესასწავლ მასალას მაშინ, როცა საჭიროა ამ ინფორმაციის ანალიზი და შეფასება. მესამე – თუ ცოდნა ავითვისეთ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების ან მაღალი ქულების მიღების სურვილით, მას ძნელად შევინარჩუნებთ. სამაგიეროდ გაცილებით უკეთ რჩება მეხსიერებაში ის, რასაც რაიმე პროექტზე მუშაობისას ან პერსონალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისას ვსწავლობთ. სადავო არ არის, რომ თავისთავად ინფორმაცია აუცილებელია და სასარგებლო, მაგრამ ზოგჯერ მოსწავლეებს საჭიროზე მეტ ინფორმაციას ვაწვდით. ჩვენი მასწავლებლებიც უჩივიან სასკოლო სახელმძღვანელოების ინფორმაციულ გადატვირთულობას. ექსპერტები კითხულობენ: „მაშ, რატომ ვაიძულებთ ბავშვებს უამრავი რამის წაკითხვას, თუ წინასწარ გვეცოდინება, რომ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს მაინც ვერ დაიმახსოვრებენ?” თუ ზემოთ განხილულ მოსაზრებას ვეთანხმებით, ალბათ საინტერესოა, ჩვენ როგორ ვუპასუხებდით ამ შეკითხვას.
ბევრის ცოდნა გამჭრიახობას არ ნიშნავს

მოსწავლეებისთვის დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიწოდება ექსპერტთა ამ ჯგუფს უპერსპექტივო საქმედ იმის გამოც მიაჩნია, რომ იმ მოსწავლეებსაც კი, რომლებიც იხსენებენ წაკითხულს, უმეტესად არ ესმით ამ ცოდნის რეალური მნიშვნელობა, არ ძალუძთ მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება, შემოქმედებითად და დამაჯერებლად გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. კოგნიტური განვითარების თეორიის ერთ-ერთი მიმდევარი ლაურენ რესნიკი (Lauren Resnick) გამოთქვამს მოსაზრებას: „ფაქტების ცოდნა თავისთავად არ მატებს მოსწავლეს გამჭრიახობას. უფრო მეტიც – თუ ორიენტირება ფაქტების დამახსოვრებაზე მოხდა, ეს ხელს შეუშლის მოსწავლის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას”. იგი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ტენდენციის გამო, რომ კურიკულუმებში სააზროვნო უნარების წილი მცირდება და, ნაცვლად ამისა, იზრდება „ინფორმაციულობა”. სკოლა მოსწავლეს ჯერ კიდევ ცარიელ ჭურჭლად მიიჩნევს, რომელიც ინფორმაციით უნდა აივსოს და „ზემდგომი ორგანოებიც” იმის მიხედვით აფასებენ სკოლებს, რამდენად ბევრს ჩაასხამენ ისინი ამ ,,ჭურჭელში”.

მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ ის, რასაც იძულებით აკეთებინებენ და დიდ ენთუზიაზმს იჩენენ, როცა ინიციატივას ანდობენ ან აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევენ მათ.

მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ამ მოსაზრებასაც ეთანხმება. ადვილი შესამჩნევია, როგორ იზრდება მოსწავლის ბუნებრივი დაინტერესების შემთხვევაში საბოლოო შედეგი. ადამიანს, საზოგადოდ, იტაცებს საკითხები, რომლებიც ცნობისმოყვარეობას უღვიძებს მას და ინტერესის საგანთან აკავშირებს. შედეგად ადამიანს უჩნდება მიზანი და ცდილობს, რაც შეიძლება უკეთ შეასრულოს დავალება. ამრიგად, მოსწავლეები ნაკლებ სარგებლობას იღებენ იმ საქმიანობისგან, რომელიც არ მოსწონთ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ადამიანი არ არის მექანიკური დანადგარი, რომელიც input (ლექციების მოსმენა, ტექსტების კითხვა, სავარჯიშოების გაკეთება)-output-ის (გამოცდების ჩაბარება, გაკვეთილების მოყოლა) რეჟიმში იმუშავებს.

ამრიგად, თუ მოსწავლეს აკადემიური ამოცანა სატანჯველად ექცა ან ძალზე მოსაწყენად მიიჩნია, უფრო ნაკლებად მოინდომებს მისი არსის წვდომას ან ამ დავალებიდან რაიმეს დამახსოვრებას. თუ მას ასეთი ნეგატიური განწყობა ჩამოუყალიბდა საზოგადოდ აკადემიური სავარჯიშოების მიმართ, ადვილი წარმოსადგენია მისი მდგომარეობა სკოლიდან დაბრუნებისას. ალბათ ლოგიკურიც იქნება, თუ ის ხალისით არ შეუდგება მეცადინეობას. გასაკვირი არ არის ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები, რომლებიც მოწმობს, რომ დიდი მოცულობის საშინაო დავალებას ძალზე მცირე სარგებლობა მოაქვს, განსაკუთრებით – სწავლების დაწყებით და საშუალო საფეხურებზე (ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი საშინაო დავალების შესრულება სრულიად უსარგებლო საქმიანობად არის მიჩნეული). ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოდი, ექსპერტების მიერ დასმულ კიდევ რამდენიმე შეკითხვაზე დავფიქრდეთ: ყოველთვის ვახერხებთ მოსწავლეთა დაინტერესებას? ყოველთვის ვამჩნევთ და ვახალისებთ მათ ენთუზიაზმს? რამდენად ხშირად მივმართავთ იძულებას?
მნიშვნელოვანია, ბავშვები განვითარდნენ არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მრავალი მიმართულებით

მოსაზრება, რომ სწავლებამ ბავშვი მთლიანად უნდა მოიცვას, არ არის ახალი – განათლების სფეროს ყველა მუშაკი, ყველა მშობელი გეტყვით, რომ ინტელექტუალურ ზრდასთან ერთად ბავშვი უნდა განვითარდეს ფიზიკურად, ემოციურად, სოციალურად, მორალურად. მიუხედავად ამისა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ სკოლას ახალ პირობებში მოსწავლის განვითარების სხვა, განსხვავებულ მიმართულებებშიც შეუძლია მთავარი როლის შესრულება.

თუ ვაცნობიერებთ, რომ აკადემიური ცოდნა მხოლოდ ერთი მიმართულებაა განათლების მიღების გზაზე, მაშინ რატომ ვსაუბრობთ ასე ცოტას ჩვენს სკოლებში არააკადემიური სფეროების განვითარებაზე? რატომ არის მათკენ ასე ცოტა რესურსი მიმართული? ან რატომ ვანიჭებთ უპირატესობას მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს უფრო მეტად აკადემიური ტიპის დავალებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დრო მოსწავლეთა სხვა, არააკადემიური უნარების განვითარებას მოაკლდება?

„მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, როცა თავს ბედნიერად გრძნობენ”, – ამბობს განათლების ექსპერტი ნელ ნოდინგზი (Nel Noddings). მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ბედნიერებას მათ მხოლოდ აკადემიური წარმატება უნდა ანიჭებდეთ.

განათლების ექსპერტები კიდევ რამდენიმე საკითხის შესახებ გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს. ჩვენ მოკლედ შევეხებით ორ მათგანს. პირველი ეხება აკადემიური უნარების განვითარებაზე ორიენტირებას, ნაცვლად აღმოჩენებისა, შემოქმედებითობისა და სოციალური ინტერაქციის უნარებისა, საბავშვო ბაღის დამამთავრებელ საფეხურზე და პირველ კლასში. ამ საკითხის კვლევისას განათლების ექსპერტი დემორა მეიერი (Deborah Meier), რომელსაც აქვს საბავშვო ბაღიდან მაღალ კლასებამდე მუშაობის გამოცდილება, ამბობს: „რაღაცის ნაადრევი სწავლას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს. პირიქით, რაც უფრო ადრე დავიწყებთ ე.წ. „აკადემიური” უნარების დანერგვას, მით უფრო დიდი იქნება ზიანი”. როგორ არ გაგვახსენდეს აქ ჩვენი ხუთი წლის პირველკლასელები თავიანთი საკმაოდ რთული სასწავლო პროგრამებით, რომელთა ავკარგიანობაზე ჩვენი სპეციალისტებიც ბევრს კამათობენ.

დაბოლოს, სასკოლო რეფორმის კვალდაკვალ თავჩენილი პრობლემების განხილვისას ექსპერტები გამოთქვამენ ძალზე საყურადღებო მოსაზრებას: სასწავლო პროცესი მანამდე ვერ ჩაითვლება წარმატებულად, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ იგი ხელს უწყობს აზროვნების უნარის განვითარებას და მხოლოდ ტესტებში მაღალი ქულების მიღებაზე არ არის ორიენტირებული.

 

ცვალებადი პარადიგმები – როგორ განვახორციელოთ მდგრადი ცვლილება განათლების სისტემაში

0

მე ვეცადე, “დამეჭირა” არსი, გამეგო, რა არის ეს, რას ნიშნავს, იყო შენს სტიქიაში. ვესაუბრე მეცნიერებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, ხალხს ბიზნესის სამყაროდან, პოეტებს, მშობლებსა და ბავშვებს და მეჩვენება, რომ არგუმენტები სავსებით დამაჯერებელია. როდესაც ადამიანები ამყარებენ კავშირს თავიანთ ნიჭთან, რომელიც მათში ცხოვრობს, შეეხებიან მას და აღმოაჩენენ, რა შეუძლიათ, ისინი იცვლებიან, სხვანაირები ხდებიან და ჩემთვის ეს არის ის საფუძველი, რაზეც უნდა აშენდეს განათლების ახალი სისტემა. ეს ნიშნავს არა ძველი მოდელის გამყარებას თუ გაუმჯობესებას, არამედ ჩვენი პიროვნული შეგრძნებების რეკონსტრუირებას და მათ სინერგიას, – არ ვიცი, მართებულია თუ არა ეს გამოთქმა ამ შემთხვევაში, ახალ ეკონომიკურ მიზნებთან მიმართებით – კენ რობინსონი:

დღეს საქმე გვაქვს ცვლილებების ორ მძლავრ შემადგენელთან. ერთია ტექნოლოგია და თქვენ ეს იცით. რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ ტექნოლოგია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეს ადამიანთა უმეტესობას გულწრფელად ესმის.

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: ვინ მიიჩნევს თავს “ბეიბი ბუმერების” თაობის წარმომადგენლად ან მათზე უფროსად? ასეც ვიფიქრე. ვინ არ არის ამ თაობების წარმომადგენელი? ვინ ეკუთვნის “იქს” და “მილენიუმის” თაობებს? კარგი. თუ 30-ზე მეტისა ხართ… ხელი ასწიეთ, თუ მაჯის საათს ატარებთ… აი, ეს მინდოდა. უბრალოდ, მაინტერესებდა (სიცილი). ეს საინტერესოა – თუ თინეიჯერებით სავსე ოთახში მაჯის საათს მოიკითხავთ, აღმოჩნდება, რომ უმეტესობა მას არ ატარებს. ამას მიზეზი აქვს. მინდა, ორი ასპექტი განვიხილოთ. ისინი არ ატარებენ მაჯის საათს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ – მათთვის დრო ყველგან არის. ის არის მათ აიფონებზე, მობილურ ტელეფონებზე, აიპოდებზე – ყველგან. მაშ, რაღად უნდათ (მაჯის საათი – ლ.ა.)? ჩემს ქალიშვილს არ ესმის, რა საჭიროა, მეკეთოს მაჯაზე სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ დროს მიჩვენებს. იგი ამბობს: “ეს მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს”, ანუ მოიკოჭლებს. ერთი ფუნქციის მქონე მოწყობილობაა. რად ვარგა? მაგრამ ჩვენ ეს ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია. ჩვენ გვაქვს სხვა მოწყობილობებიც, მაგრამ მაჯის საათის ტარება ჩვეულებრივი, ისედაც გასაგები ამბავია და ეს მნიშვნელოვანია. ალბათ, სწორედ ეს უნდა გავიაზროთ და ის საკითხები, რომლებიც ისედაც გასაგებია და ჩვეულებრივი, უნდა გამოვყოთ და გავაანალიზოთ. მე ვგულისხმობ – ჩვენ ხომ წინასწარ არ ვფიქრობთ საათის გაკეთებაზე დილაობით? ამას უბრალოდ ვაკეთებთ.

ჩვენი შვილები კი არ ატარებენ მას და ეს რაღაც მნიშვნელოვანზე მიგვითითებს. ერთი ბიჭი, სახელად მარკ პრენსკი, ამბობს ამას და მიუთითებს, რომ ჩვენი შვილები განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ. ეს ყმაწვილი ამბობს, რომ არსებობს განსხვავება “ციფრულ ადგილობრივებსა” (ინგლ., digital natives) და “ციფრულ იმიგრანტებს” (ინგლ. digital immigrants) შორის. თუ ამ დროში დაიბადე და 20 წელზე ნაკლები ასაკისა ხარ, მაშინ “ციფრული ადგილობრივი ხარ”. ისინი ციფრული ენით საუბრობენ. ისინი ამ მოწყობილობებსა და ნივთებთან ერთად დაიბადნენ და ეს ყველაფერი (ციფრული ტექნოლოგიები – ლ.ა.) თავში აქვთ, როგორც დედაენა. ჩვენს თაობას ეს შეგრძნება ნაკლებად აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ჩქარდება და ჩქარდება, უფრო და უფრო. ახალ ჰორიზონტზე ადამიანის გონება და საინფორმაციო სისტემა ალბათ კიდევ უფრო ინტეგრირდება და შეერწყმება ერთმანეთს. ქვემოთ, სურათზე, ხედავთ ტვინის უჯრედს (წითელი), ხოლო მის ქვემოთ ლურჯად სილიკონის ჩიპზე გაზრდილი ტვინის უჯრედია (იხ. სურათი 1). ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს.
სურათი 1. ადამიანის ტვინის უჯრედი (წითელი) და სილიკონის ჩიპზე გაზრდილი ტვინის უჯრედი
არის მოვლენები, რომლებიც წინ გვაქვს და რომლებსაც პრეცედენტი არ ჰქონია. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კულტურაზე. მომავალი გვპირდება, რომ იქნება გამორჩეული და არაჩვეულებრივი. რაც ახლა მინდა გაჩვენოთ, ამის საფუძველს გვაძლევს: ეს არის კაცობრიობის მოსახლეობის ზრდის მრუდი გრაფიკზე (იხ. სურათი 2). როგორც ხედავთ, 1750 წელს, როდესაც უილიამ შიფლიმ სამეფო საზოგადოება დააარსა და ზუსტად არ იცოდა, რა ეკეთებინა საღამოობით, დედამიწაზე დაახლოებით 1 მილიარდი კაცი ცხოვრობდა. ისინი მეტ-ნაკლებად თანაბრად იყვნენ განსახლებულნი, ძირითადად – შორეულ ადგილებში, რასაც მოგვიანებით იმპერია (ბრიტანეთის – ლ.ა.) დაერქვა. მათი უმეტესობა მოგვიანებით ინდუსტრიალიზებულ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. ლონდონი იმ დროს ერთი პატარა დასახლება იყო.

სურათი 2. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის ცვლა 1750-2150 წლებში.
დღეს, თუ მრუდს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ჩვენ 6 მილიარდი ვართ. დიდი ნახტომი 1970 წელს მოხდა, უკეთ, 1970-დან 2000-მდე, როდესაც დედამიწის მოსახლეობა 3 მილიარდით გაიზარდა. 1968 წელს, ალბათ გახსოვთ, სიყვარულის ღამე იყო (გულისხმობს 60-იანების პაციფისტურ მოძრაობას – ლ.ა.). ეგებ ეს დამთხვევაა, მაგრამ ამაში ცოტ-ცოტა ყველას მიგვიღია მონაწილეობა. საინტერესოა, რომ მუქი ხაზი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ზრდას აჩვენებს. ნამდვილი ზრდა მზარდ, განვითარებად ქვეყნებში მოხდა: აზიაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში – და დღეს ის 9 მილიარდისკენ მიდის.
მეორე მოვლენა, რომელიც ასევე დღეს მიმდინარეობს, არის დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ურბანიზაცია. მე-18 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნემდე, ადამიანების უმეტესობა სოფლად ცხოვრობდა. მოსახლეობის დაახლოებით 3% თუ ცხოვრობდა ქალაქებში.
სურათი 3. ქალაქ კარაკასის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი, ვენესუელა
რა თქმა უნდა, ინდუსტრიალიზაციამ და დიდმა სოციალურმა მოძრაობებმა გამოიწვია ადამიანების მიგრაცია სოფლიდან ქალაქისკენ, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ქალაქების მოსახლეობა კაცობრიობის მხოლოდ 20%-ს შეადგენდა.
ამჟამად კაცობრიობის 50% ქალაქელია. ექვსი მილიარდის 50%. მალე ეს პროცესი სამომავლო 9 მილირდის 60%-ს მიუახლოვდება. არა გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკასა თუ ევროპაში, არამედ განვითარებად ქვეყნებში. დღეს ამ მასობრივ მიგრაციას პრეცედენტი არ გააჩნია. ეს ბრწყინვალე, გაჩახჩახებული ქალაქები კი არ იქნება საინფორმაციო ჯიხურებით, მიწის გადასახადებით და “სტარბაქსის” ყავახანებით, არამედ მასიური, ფართოდ განფენილი, ადგილობრივი წესებით აშენებული დიდი ქალაქები. დაახლოებით ისეთი, როგორიც სურათზე ჩანს (სურათი 3).

ეს კარაკასია, ვენესუელის დედაქალაქი. მასიური, სწრაფად მზარდი მეტროპოლისი. დღეს, მაგალითად დიდ ტოკიოში დაახლოებით 35 მილიონი კაცი ცხოვრობს, რაც კანადის მთელ მოსახლეობაზე მეტია. მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდში დედამიწაზე 20-ზე მეტი მეგაქალაქი იქნება, ხოლო 500-ზე მეტ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს. ალბათ ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. ეს არის უპრეცედენტო გარემოებები. დედამიწის რესურსების, სიახლისა და ინოვაციების უპრეცედენტო მოხმარება. დგება ახლებური აზროვნების საჭიროება ახალი ტიპის სოციალური სისტემების შესაქმნელად, გზების მოსაძებნად, რათა ადამიანებმა შეძლონ თავიანთი თავის პოვნა. რათა მათ ცხოვრებას ჰქონდეს მიზანი და შინაარსი.

განათლება ამ პრობლემის მოგვარების მთავარი კომპონენტია. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასწორ არჩევანს ვაკეთებთ. მაკკინზის ანგარიშიც გვიდასტურებს ამ ფაქტს: აშშ-ში, 1980 წლიდან მოყოლებული, განათლებაზე დახარჯული სახსრები, თუ რეალურ ფულში გადავიტანთ, 73%-ით გაიზარდა; სასკოლო კლასების ზომა შემცირდა და მიუახლოვდა ისტორიულად დაბალ დონეს, მაგრამ წერა-კითხვის ცოდნის დონე არ შეცვლილა. მეტი ფული, უფრო ნაკლები ბავშვი კლასში, მაგრამ წერა-კითხვის ცოდნის დონე არ იცვლება; სკოლის მიტოვების დონემ იმატა, სკოლადამთავრებულთა რაოდენობა იკლებს და ეს დიდი პრობლემებია.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სისტემა ცდილობს, მომავალს შეხვდეს მოქმედების ძველი წესებით, იმ საქმიანობით, რომელსაც წარსულში მისდევდა. ამავე დროს, იქვეა მილიონობით გაუცხოებული ბავშვი, რომლებიც ვერ ხედავენ სკოლაში სიარულის აუცილებლობას. როდესაც ჩვენ სკოლაში მივედით, იქვე დავრჩით, რადგან ერთი ისტორიით გვკვებავდნენ: თუ ბევრს იმუშავებ (ისწავლი), კარგად დაამთავრებ სკოლას, მერე მიიღებ საუნივერსიტეტო ხარისხს და იშოვი კარგ სამუშაოს. ჩვენს შვილებს აღარ სჯერათ ამ ისტორიის და მათ ამის სრული უფლება აქვთ. რა თქმა უნდა, ჯობს, გქონდეს საუნივერსიტეტო ხარისხი, ვიდრე არ გქონდეს, მაგრამ ეს ხარისხი აღარ წარმოადგენს მომავლის გარანტიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარისხის მისაღებად გასავლელი გზა შენგან იმ თვისებების მარგინალიზაციას ითხოვს, რომლებიც შენთვის მნიშვნელოვნად მიგაჩნია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტერეოტიპი, რომელიც დევს არსებული სისტემის შინაარსში, არის “აკადემიური” და “არააკადემიური” ბავშვების იდეა: როდესაც ამბობენ, რომ “პროფესიული სწავლება/განათლება” არც ისეთი კარგია, როგორიც “აკადემიური”, როდესაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ თეორიული ხარისხების მქონე ხალხი ბუნებრივად უკეთესი ხალხია, ვიდრე ის, ვისაც რეალური საქმის კეთება შეუძლია და ვისი პროფესიაც წინათ აღიარებული იყო სავაჭრო გილდიების სისტემათა მიერ, ეს განათლების სისტემაში ჩაქსოვილი ინტელექტუალური აპარტეიდია. ამის გამო უამრავი ხალხი ცდილობს ამ სისტემის დაცვას ან შეკეთებას. ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის მითების სამყარო და აუცილებელია, ამას სხვა თვალით შევხედოთ.
ეს გახლავთ ამ მიდგომისა თუ დაშვების ერთ-ერთი შედეგი. მინდა გკითხოთ: რამდენ აქ მყოფთაგანს, ვინც 30 წელსაა გადაცილებული, გაქვთ ამოკვეთილი ნუშურები? ამას საგანგებოდ ვკითხულობ. ეს არის მოვლენა, რომელიც წინათ ჩვეულებრივად მიგვაჩნდა – ჩემი თაობის ხალხს, 50-იანებში დაბადებულებს. ახლა ვიცი, რომ ეს დაუჯერებელია, როგორ შეიძლება?! მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი თაობის ადამიანებს, 50-იან, 60-იან და 40-იან წლებში დაბადებულებს, როგორც კი ყელი გაგვიცივდებოდა, ნუშურებს გვჭრიდნენ. როგორც კი ხველას დაგვაწყებინებდა, მოგვადგებოდნენ და სასწრაფოდ ამოგვჭრიდნენ ნუშურებს. ეს რუტინული პროცედურა იყო. მილიონობით ნუშურა ჯირკვალი ამოიჭრა იმ წლებში.

დღესაც ტარდება ტონზილექტომია (ნუშურების ამოჭრა), მაგრამ ის რუტინული ოპერაცია აღარ არის. დღეს ის უჩვეულოც კია. ავადმყოფს უნდა ჰქონდეს ქრონიკული დაავადება, რომელსაც სხვაგვარად ვერ კურნავენ – მხოლოდ ამ შემთხვევაში ამოკვეთენ ნუშურებს. ჩემს ბავშვობაში კი უბრალოდ გვჭრიდნენ მათ და სადღაც ყრიდნენ (ნეტავ სად?). ზოგიერთი ნებითაც იჭრიდა, რომ უფასო ნაყინი მიეღო (სიცილი).

ჩვენი შვილების თაობა გადაურჩა ტონზილექტომიის ეპიდემიას. სამაგიეროდ, ამ თაობის დაავადებაა ე.წ. ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი – არარსებული და გამოგონილი დაავადება. ეს გახლავთ ამერიკაში ამ დაავადების გავრცელების რუკა. შეცდომით არ გამიგოთ – იმას არ ვგულისხმობ, რომ ყურადღების დეფიციტის მსგავსი დარღვევა არ არსებობს. მე არ მაქვს სათანადო კვალიფიკაცია, რომ ამის შესახებ ვილაპარაკო. ბევრ ფსიქოლოგსა და პედიატრს ვიცნობ, რომლებიც ადასტურებენ მის არსებობას, თუმცა ეს ჯერ კიდევ საკამათოა.

რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ ეს დარღვევა თუ დაავადება არ არის ეპიდემია. მე მგონი, ამ ბავშვებს წამლებს ისევე რუტინულად უწერენ, როგორც ჩვენ გვჭრიდნენ ნუშურებს. ისეთივე უცნაური საფუძვლით და მსგავსი მიზეზით – სამედიცინო “მოდის” გამო. ჩვენი შვილები ცხოვრობენ ისტორიაში ყველაზე ინტენსიური სტიმულირების ეპოქაში. ისინი პირდაპირ ალყაშემორტყმულნი არიან ინფორმაციით და ყურადღების წარმტაცი ნაკადებით ყოველგვარი შესაძლო პლატფორმიდან: კომპიუტერები, აიფონები, სარეკლამო საინფორმაციო ნაკადები, ასობით სატელევიზიო არხი და კიდევ ვსაყვედურობთ, რომ ყურადღება აქვთ დაფანტული? რას არ აქცევენ ყურადღებას? იმ ძირითადად მოსაწყენ ინფორმაციას სკოლაში?

არა მგონია, შემთხვევითი იყოს, რომ ADHD-ის შემთხვევათა რაოდენობამ სტანდარტიზებული ტესტების პარალელურად იმატა. ახლა ჩვენს შვილებს ასმევენ რიტალინს, ადერალს და მსგავს წამლებს, ხშირად – საკმაოდ სახიფათო პრეპარატებს, რათა კონცენტრირებულნი იყვნენ ან დამშვიდდნენ. ეს ნონსენსია. რუკაზე ხედავთ, რომ ღია ფერით აღნიშნულ ადგილებში ამ დაავადების შემთხვევა არც ისე ბევრია. კალიფორნიაში, სადაც მე ვცხოვრობ, ხალხი წუთ-ნახევარზე მეტს ვეღარ გითმობს ყურადღებას… თუმცა გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ რაც უფრო აღმოსავლეთით მიიწევ, ეს სინდრომი მით უფრო მძაფრდება: ოკლაჰომაში ხალხს ინტერესი უნელდდება, არკანზასში უკვე ვეღარაფერზე ფიქრობს, ხოლო ვაშინგტონში აღმოაჩენ, რომ მათ საერთოდ აღარაფერი აინტერესებთ…

ეს ფიქტიური ეპიდემიაა. ადრეც მითქვამს, რომ მე ხელოვნება მაინტერესებს, თუმცა მარტო ხელოვნების საკითხებზე არ ვმუშაობ – ასევეა მეცნიერებისა და მათემატიკის შემთხვევაშიც; უბრალოდ, ხელოვნებაზე ვსაუბრობ, რადგან იგი ამ გავრცელებული მენტალიტეტის მსხვერპლია.

ხელოვნება ხელს უწყობს ადამიანის ესთეტიკური გამოცდილების იდეას. ესთეტიკური გამოცდილება კი ერთ-ერთი სფეროა, სადაც ადამიანის გრძნობები უმაღლეს წერტილში ადის. ამ დროს ადამიანი განიცდის და გრძნობს, რომ ცოცხალია და ცხოვრობს. ანესთეზია კი ის არის, როდესაც გრძნობები დახშულია, რაც კლავს ადამიანურ ბუნებას და რასაც აღნიშნული წამლები შვრება. გამოდის, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს განათლებას ვაძლევთ და იმავდროულად ანესთეზიაში ვამყოფებთ.

ვფიქრობ, საწინააღმდეგოს უნდა ვაკეთებდეთ. კი არ უნდა დავაძინოთ ჩვენი შვილები, პირიქით, უნდა გავაღვიძოთ და რაც სულში აქვთ, იმისკენ მივმართოთ. მაგრამ დღეს რაც გვაქვს, როგორც განათლების სისტემა, ინდუსტრიალიზმის ინტერესებსა და მის იმიჯზეა მოდელირებული. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: სკოლები ჯერ კიდევ ორგანიზებულია როგორც საქარხნო ხაზები; ზარის რეკვა, განცალკევებული სათავსები, სპეციალიზებული და ცალკეული საგნები. ჩვენ ბავშვებს ისევ ჯგუფურად ვაძლევთ განათლებას. ჩვენ მათ ასაკობრივ ჯგუფებად ვაქცევთ სისტემაში. რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ გვგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვებს საერთო აქვთ, ასაკია? დაახლოებით იგივეა, ვიფიქროთ, რომ ნივთის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მისი წარმოების თარიღია. მე ვიცნობ უამრავ ბავშვს, რომლებიც თავისი ასაკის სხვა ბავშვებზე უკეთესად სწავლობენ სხვადასხვა დისციპლინას, ან უკეთესად სწავლობენ დღის რომელიღაც მონაკვეთში, ან მცირე თუ დიდ ჯგუფში. ზოგიერთს სულაც მარტოობა უყვარს. თუ საერთოდ გაინტერესებთ სწავლის მოდელები, არ უნდა დაიწყოთ საწარმოო ხაზის მსგავსი სქემის მენტალიტეტით. დააკვირდით, ინდუსტრიულ მოდელში ეს საბაზო ტერმინებია: გამოყენებადობა, სარგებელი (ინდუსტრიული მოდელიდან), რომლებიც აყალიბებენ კურიკულუმს ან სასწავლო გეგმას; ხაზობრიობა, რაც სუბიექტს არჩევანს უყალიბებს და დათქმები იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანია და რა – უმნიშვნელო. შესაბამისობა, მსგავსება, კონფორმიზმი, რაზეც მიუთითებს სტანდარტიზებული კურიკულუმებისა და სტანდარტიზებული ტესტების მომრავლება. ეს ინდუსტრიული სტანდარტიზაციაა.

როგორც ხედავთ, ჩვენ სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა წავიდეთ. ამას ვგულისხმობ, როდესაც პარადიგმის ცვლილებაზე ვლაპარაკობ. ჩვენ კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ის, რაც ჩვეულებრივი ამბავი გვგონია. მაგრამ როგორ უნდა შეაფასო კრიტიკულად ის, რაც არ იცი? აი, რა ართულებს საქმეს.

ეს ბერტრან რასელის გამონათქვამია, რომელიც დასავლური ფილოსოფიის კვინტესენციურ შეკითხვად მიმაჩნია. რა არის ეს? ჩვენ იმას წარმოვადგენთ, რაც ჰამლეტს ეგონა თუ უბრალოდ ერთი უმნიშვნელო კოსმოსური შემთხვევა ვართ? ერთი პატარა, უმნიშვნელო პლანეტა… მაგრამ რამდენად პატარაა, რამდენად უმნიშვნელოა იგი? ძნელია მისი გამოსახულების წარმოდგენა, რადგან სამყაროში მანძილები ისეთი უსაზღვროა… მაგალითად, ეს არის სურათი “ჰაბლის” ტელესკოპიდან (დედამიწის ორბიტაზე მომუშავე დიდი ამერიკული ტელესკოპი), რომელზეც მაგელანის ღრუბლებია გამოსახული. სამყაროში მანძილები სინათლის წელიწადებით იზომება და ეს ძალიან დიდი მანძილებია.

მაგელანის ეს ნისლოვანება ჩვენგან 170 000 სინათლის წლის მანძილზეა. წარმოგიდგენიათ? ეს დიდი მანძილია, ძალიან დიდი. და სად არის ამ სიდიდეში დედამიწა? პრობლემა ის არის, რომ ამ უზარმაზარი მანძილების წარმოდგენისას ძნელია დედამიწის ზომის აღქმა და იმის გაგება, რამდენად დიდი ან მცირეა ის. ამ ზომების წარმოდგენა შეფარდებითი მანძილების აღქმას ართულებს.

ინტერნეტში ამ სურათს წავაწყდი (იხ. სურათი 4). ვფიქრობ, იგი ფანტასტიკურია.

სურათი 4. მაგელანის დიდი ღრუბელი. გადაღებული “ჰაბლის” ტელესკოპით
ამ სურათების ყურებისას აზრად მომივიდა, დედამიწისა და მზის სიტემის პლანეტებისთვის ერთად მომეყარა თავი მათი ზომების შესადარებლად. ეს მზის სისტემის რამდენიმე პლანეტის და მის იქით სხვა ციური სხეულების ჯგუფური სურათივით გამოდის. ეს ჯგუფური სურათები ამ სურათით იწყება (იხ. სურათი 5).

 
სურათი 5. მზის სისტემის პლანეტები: დედამიწა, ვენერა, მარსი, მერკური და პლუტონი
ამ სურათზე (მე-5 სურათი), შეიძლება ითქვას, კარგად გამოვიყურებით… (გამოტოვებულია რამდენიმე წინადადება) ჩვენ ვიცით, რომ მზე დიადი სხეულია, მაგრამ, თუ დავაზუსტებთ, რამდენად დიდია, ვთქვათ, დედამიწასთან შედარებით?

სურათი 6. მზის სისტემის პლანეტები და მზე

 
აი, შეხედეთ, ეს ასტროფიზიკოსებთან გადავამოწმე – თქვეს, რომ ეს შედარება სწორია და სურათი დაახლოებით ასეთია (იხ. სურათი 6). ამ სურათზე ჩვენ მზესთან ერთად ვართ. დაიმახსოვრეთ მზის გამოსახულება, რადგან ის არ არის ყველაზე დიდი სხეული ამ სამყაროში.
სურათი 7. მზე სხვა ვარსკვლავებთან (არქტურუსი, პოლუქსი და სირიუსი) შედარებით

ეს არის ჩვენი მზე სხვა ციურ ობიექტებთან ერთად (იხ. სურათი 7), რომლებიც არ არიან მზის სისტემაში, მაგრამ ჩანან ღამის ცაზე. მე-7 სურათზე იუპიტერი ერთი პიქსელიღაა, დედამიწა კი არ ჩანს.

ამ სურათზე, ჯობს, არქტურუსთან ვიმეგობროთ, – წუთით შეხედეთ მას, – მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი საუკეთესო მეგობარი ანტარესი უნდა იყოს (იხ. სურათი 8). როგორც ხედავთ, ეს საოცარი სამყაროა და თუ ადრე ნათქვამს დავუბრუნდებით, ჩვენ უსასრულოდ პატარები ვართ ამ დიად კოსმოსურ სქემაში.
 
სურათი 8. სამყაროს დიდი ვარსკვლავები (ანტარესი, ბეთელჰოიზე, ალდებარანი, რიგელი, არქტურუსი, პოლუქსი და სირიუსი)
ახლა კი მინდა ვთქვა, რომ პირველი, რაზეც არ უნდა გედარდათ ამ დილას, დაივიწყეთ, გადააბიჯეთ. მეორე კი, რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ ჩვენ განსაკუთრებული ძალა გვაქვს და ამას ასე ავხსნი: დედამიწაზე მობინადრე არც ერთ სხვა სახეობას არ ემართება შეშფოთების შეტევა ზემოთ ნაჩვენები სურათების ნახვისას. მათ, არც ადრე და არც ახლა, არ შეუძლიათ ასეთი სურათების შექმნა. ჩვენ გვაქვს ეს საოცარი, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი ძალა, რაც საშუალებას გვაძლევს, წარმოვსახოთ საგნები და განვიცადოთ ის, რაც შეიძლება ჩვენი წარსული გამოცდილების მიღმა იდგეს. გამოვხატოთ ისინი ისეთი კონცეპტუალური ან სიმბოლური ფორმებით, რომლებიც სხვა ადამიანებისთვისაც ადვილი მისახვედრია და მათი ყურადღების მიპყრობა შეუძლია.
ამიტომ ჩვენ ის სახეობა ვართ, რომელსაც შეუძლია შექმნას ჰამლეტი და ინდუსტრიული რევოლუცია, ააგოს ეს შესანიშნავი შენობები საოცარი ხედებით, შექმნას ჰიპ-ჰოპი და ჯაზი, კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია, ჰაერში მოგზაურობა და ტურბო ძრავა და ყველა ის საგანი, რომლებიც ახასიათებს ადამიანთა არნახულ კულტურას. მაგრამ ჩვენვე ვანადგურებთ მას ჩვენი განათლების სისტემით.

მინდა, დავასრულო ამაზე საუბარი და წამოვიწყო ახალი თემა ერთი მაგალითით.

ცოტა ხნის წინ ჩატარდა ძალიან კარგი გამოკვლევა დივერგენტული აზროვნების საკითხებზე. დივერგენტული აზროვნება არ არის კრეატიულობა. მე კრეატიულობას ფასეულობის მქონე ორიგინალური იდეების ჩამოყალიბების პროცესს ვეძახი. დივერგენტული აზროვნება მისი სინონიმი არ არის, მაგრამ იგი შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანი უნარია. ეს არის შესაძლებლობა, მოიფიქრო კითხვაზე მრავალი შესაძლო პასუხი, იპოვო კითხვის ინტერპრეტირების სხვადასხვა გზა, იაზროვნო ისე, რასაც, სავარაუდოდ, უწოდებს ლატერალურს ედუარდ დე ბონო – როდესაც აზროვნებ არა ხაზობრივად ან კონვერგენტულად, როდესაც ხედავ მრავალ პასუხს ერთის ნაცვლად. ასეთი აზროვნების ტესტები არსებობს. მაგალითად შეიძლება გამოდგეს კითხვა ქაღალდების სამაგრის შესახებ: რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ ქაღალდის სამაგრი?

ეს ერთ-ერთი რუტინული კითხვაა. ადამიანთა უმეტესობა ათ-თხუთმეტ შესაძლო ფუნქციას ასახელებს, ხოლო ის, ვისაც ძლიერი დივერგენტული აზროვნება ახასიათებს, 200-მდე ფუნქციას უპოვის ხოლმე ამ ნივთს. ისინი ამას შემდეგნაირად აღწევენ: “შეიძლება, ეს სამაგრი 70 მ სიმაღლისა იყოს და ღრუბლოვანი რეზინისგან იყოს გაკეთებული?” ან: “ჯიმ, ეს სამაგრი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვიცით?” ასეთი აზროვნების შესასწავლად ტესტებიც არსებობს. წიგნიც კი დაწერილა სათაურით “Breakpoint and Beyond”. ამ ტესტების პროტოკოლში ნათქვამია, რომ თუ ვინმე განსაზღვრულზე მაღალ ქულებს დააგროვებს, განხილულ იქნება როგორც დივერგენტული აზროვნების გენიოსი. როგორ ფიქრობთ, 1500 გამოკითხული ადამიანიდან რამდენმა პროცენტმა დააგროვა დივერგენტული აზროვნების გენიოსის ქულები? კიდევ ერთ რამეს გეტყვით მათ შესახებ: გამოკითხულნი საბავშვო ბაღის ბავშვები იყვნენ. მაშ, როგორ გგონიათ, რამდენმა პროცენტმა მიაღწია გენიოსის დონეს? 80%-მა? არა, 98%-მა! ეს გახლდათ გრძელვადიანი, ლონგიტუდური კვლევა. ამ ბავშვებს ტესტი ჩაუტარეს 5 წლის შემდეგაც, 8-10 წლის ასაკში. როგორ გგონიათ, რამდენი იყო მაჩვენებელი? – 32%. ტესტი მათ მომდევნო 5 წლის შემდეგაც ჩაუტარეს, 13-15 წლის ასაკში – მაჩვენებელი 10%-ზე დავიდა. ხედავთ ტენდენციას? მათ გამოსცადეს 200 000 ზრდასრული, 25 წელს გადაცილებული ადამიანიც – ერთხელ, საკონტროლოდ. რა შედეგს ელით? – 2%!

მე გამუდმებით ვიხსენებ, რომ თუ ბიზნესში მუშაობ, ეს ის ხალხია, ვისაც დაიქირავებ. საინტერესო სურათია, რადგან ამის წარმოდგენა პირუკუც შეიძლება: იწყებ მუშაობას და არც ისე კარგი ხარ, შემდეგ, რაც ასაკი გემატება, უფრო და უფრო უკეთესი ხდები. მაგრამ ექსპერიმენტი სხვა რამეს გვიჩვენებს: ერთი, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ეს უნარი (დივერგენტული აზროვნება – ლ.ა.) და მეორე – ასაკთან ერთად იგი უმეტესად ქრება.

უამრავი რამ გადახდათ ამ ბავშვებს, სანამ იზრდებოდნენ. მაგრამ ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო, ის არის, რომ მათ განათლება მიიღეს. მათ 10 წელი დახარჯეს სკოლაში, სადაც ეუბნებოდნენ, რომ პასუხი ერთია. ეს პასუხი წიგნის ბოლოში წერია და არ უნდა შეხედო! არ გადაიწერო! ეს მოტყუებაა. სკოლების გარეთ ამას კოლაბორაცია ჰქვია, მაგრამ სკოლებში (სიცილი)… იმიტომ როდი ხდება ასე, რომ მასწავლებლებს ასე სურთ; უბრალოდ, ხდება. იმიტომ, რომ ეს განათლების სიტემას ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი და მისი ტრასფორმირებისთვის სხვაგვარად ფიქრია საჭირო. სხვანაირად უნდა შევხედოთ ადამიანის უნარს. ეს ჩემს წიგნშიც, სათაურით “The Element”, მიწერია. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ ამ ძველ კონცეფციას აკადემიურის, არააკადემიურის, აბსტრაქტულის, თეორიულისა და პროფესიულის შესახებ და დავინახოთ რომ ეს მითია. მეორე, რაც გასაკეთებელია: ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სწავლა ყველაზე უკეთ მიმდინარეობს ჯგუფურად და თანამშრომლობა წარმოადგენს ზრდის ფაქტორს. თუ ადამიანებს დავშლით ერთეულებად და შევაფასებთ განცალკევებით, მივიღებთ გათიშულობას მათსა და მათ ბუნებრივ სასწავლო გარემოს შორის.

მესამე საკითხი: ჩვენი ინსტიტუციების კულტურა, ინსტიტუტების თვისებები და გარემო.

ამას წინათ ერთ შესანიშნავ გამოთქმას გადავეყარე, რომელიც ჩვენსა და სხვა სახეობებს შორის განსხვავებაზე იყო: “და ყველა ადამიანი ორ ფეხზე დამდგარი მაიმუნისგან გაჩნდა და არა დაცემული ანგელოზისგან. მაშ, რა გვიკვირს? ჩვენი მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, ჩვენი რაკეტები თუ ჩვენი სიმფონიები? კაცობრიობის სასწაული ის კი არ არის, სადამდე დავეშვით, არამედ ის, რა შთამბეჭდავად გავიზარდეთ. ჩვენ ვარსკვლავებს შორის მოვხვდებით არა ჩვენი სხეულებით, არამედ ჩვენი პოემებით”.

მე მჯერა, რომ ამ სიტყვებში დიადი სიმართლეა. ჩვენ ეს თვისება გვაქვს და შეგვიძლია, ჩვენი წვდომით შევქმნათ განათლების სისტემა, დამყარებული განსხვავებულ პრინციპებზე. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავცილდეთ განათლების ინდუსტრიულ მეტაფორას და ვიმოძრაოთ, ჩემი აზრით, სასოფლო-სამეურნეო მეტაფორისკენ. თუ დააკვირდებით კომპანიებისა და ორგანიზაციების უმეტესობის საორგანიზაციო სქემებს, დაინახავთ, რომ ისინი მავთულხლართებიან დიაგრამას ან ერთმანეთთან შეერთებულ ყუთებსა და ნივთებს მოგაგონებთ, თუმცა ადამიანთა ორგანიზაციები მექანიზმებივით არ გამოიყურებიან. ადამიანების ორგანიზაცია უფრო ორგანიზმს ჰგავს.

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ეს ორგანიზაცია დამოკიდებულია გრძნობებსა და ურთიერთობებზე, მოტივაციებსა და ფასეულობებზე, თვითშეფასებაზე, იდენტობასა და თემზე. ჩვენ ვიცით, რომ როგორ ვმუშაობთ სამსახურში, ბევრად არის დამოკიდებული მისდამი ჩვენს გრძნობებზე. ამიტომაც, ვფიქრობ, ინდუსტრიულზე უკეთესია სასოფლო-სამეურნეო ან ორგანული მეტაფორა. ახლა ამ იდეაზე ვმუშაობ ოკლაჰომის შტატში, სადაც ვცდილობ, განვავითარო ეს იდეები მთელი შტატის მასშტაბით.

დასაწყისში ლას-ვეგასი ვახსენე. ლას-ვეგასიდან არც ისე შორს არის ადგილი, რომელსაც სიკვდილს ველი ჰქვია. სიკვდილის ველი ამერიკის ყველაზე ცხელი ადგილია. იქ თითქმის არაფერი ხარობს, რადგან არასოდეს წვიმს. 2004 წლის ზამთარში ამ ველზე რაღაც განსაკუთრებული მოხდა. იწვიმა. 7 დუიმამდე წვიმა მოვიდა და 2005 წლის გაზაფხულზე საოცარი მოვლენის მომსწრენი გავხდით – სიკვდილის ველის მთელი ფართობი გაზაფხულის ყვავილებით მოირთო.

ფოტოგრაფების, მეცნიერებისა და ბოტანიკოსების ჯგუფები მთელი ამერიკიდან ჩავიდნენ იქ, რათა ეს საოცრება საკუთარი თვალით ენახათ, რადგან ასეთი რამ შესაძლოა მეტად აღარ მოხდეს. ამ მოვლენამ ყველას ანახა, რომ სიკვდილის ველი არ იყო მკვდარი, მას ეძინა. მიწის ქვეშ უამრავი თესლი იყო, რომლებიც ზრდისთვის პირობებს ელოდნენ და მჯერა, რომ ასევეა ადამიანებთან მიმართებითაც: თუ შევქმნით სწორ პირობებს ჩვენს სკოლებში, სწორ სტიმულებს, თუ ყველა მოსწავლის შესაძლებლობებს დავაფასებთ – დაიწყება ზრდა (გამოტოვებულია ფრაზები ვიდეოს ჩვენებაზე).

მიმაჩნია, რომ ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ინდუსტრიულ პარადიგმას და ორგანულზე გადავერთოთ. მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციების გააზრება ინდივიდუალურად და არა სისტემის ფარგლებში. მათში მხოლოდ დაწესებულებას კი არ უნდა ვაფასებდეთ, არამედ პატივს ვცემდეთ და ხელს ვუწყობდეთ მათში არსებულ სასიცოცხლო ძალებს, ორგანიზაციის ენერგიას და ტრანსფორმაციულ პოტენციალს. სწორხაზოვნად კი არ მივუდგეთ, არამედ დავინახოთ მათი კრეატიულობა, მრავალფეროვანი არჩევანის უფლება და იქ მყოფი ყველა ადამიანის მრავალგვარი შესაძლებლობები. ეს არის იდეა არა კონფორმიზმისა და დამორჩილების, არამედ მრავალფეროვნებისა და ინდივიდის მოთხოვნების გათვალისწინების შესახებ. ეს არის სიკვდილის ველი 2005 წლის გაზაფხულზე. ვფიქრობ, შესაძლოა ყველა ჩვენი სკოლა ასეთი გახდეს.

ვიღაცას უთქვამს: “ადამიანის პრობლემა ის კი არ არის, რომ მეტისმეტად მაღლა ვუმიზნებთ და შემდეგ მაღლიდან ვემარცხებით ძირს; პრობლემა ის არის, რომ მეტისმეტად დაბლა ვუმიზნებთ და ამ მიზანს ვაღწევთ”. ვფიქრობ, უილიამ შიფლისა და ბენჯამენ ფრანკლინს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მაღლა ვუმიზნებთ. ფრანკლინმა თქვა: “ადამიანები სამი ტიპისანი არიან: ისინი, ვისაც ვერ დაძრავ, ისინი, ვისაც მოძრაობა შეუძლიათ და ისინი, ვინც მოძრაობენ”. სამეფო საზოგადოების ყველა წევრს მოგიწოდებთ: იმოძრავეთ. გმადლობთ.
(II ნაწილის დასასრული)

ლონდონი, RSA-ს შენობა, 2008 წლის 16 ივნისი

მომხსენებელი: სერ კენ რობინსონი

შენიშვნა: თარგმანის ტექსტი ეყრდნობა კენ რობინსონის ლექციის არარედაქტირებულ სტენოგრამას.

თარგმანი და კომენტარები ლევან ალფაიძისა

მნემონიკა – ანუ როგორ დავიმახსოვროთ და აღვადგინოთ

0

უდავოა, რომ სწავლის პროცესში დიდ როლს ასრულებს მეხსიერება. ის, როგორც სხვა შემეცნებითი პროცესები, განვითარების გარკვეულ გზას გაივლის. ოპერაციამდელ სტადიაზე მყოფი ბავშვი ახერხებს მანამდე ნანახის ცნობას, მაგრამ უჭირს რაიმეს განზრახ დამახსოვრება და შემდეგ მისი გახსენება. ამისთვის მას გარკვეული სტრატეგიების გამოყენება სჭირდება, რაც შედარებით უფროსი ასაკიდან ხდება შესაძლებელი. იმ მეთოდებს, რომლებიც ადამიანს მასალის დამახსოვრებასა და აღდგენაში ეხმარება, მნემონიკა ეწოდება.

ბერძნულ მითოლოგიაში მნემონიზა მეხსიერების ქალღმერთი იყო (სწორედ მისი სახელიდან წარმოდგება სიტყვა “მნემონიკა”). მას ხელოვნებისა და მეხსიერების ცხრა მუზის დედას უწოდებდნენ. მეხსიერება ითვლებოდა ყველაზე ძველ და პატივსაცემ გონებრივ უნარად, საიდანაც ყველა სხვა უნარი ვითარდება. მიიჩნეოდა, რომ მისი არარსებობის შემთხვევაში ვერც ხელოვნება იარსებებდა და ვერც მეცნიერება.
საინტერესოა, როგორ ვიქცევით ზრდასრული ადამიანები იმისთვის, რომ დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეები არ დაგვავიწყდეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დღის ბოლომდე აუცილებლად უნდა დაუბრუნოთ კოლეგას წიგნი, შეიძინოთ შვილისთვის სახატავი რვეული, ქაღალდის წებო, ფერადი ფურცლები, თქვენთვის – ბლოკნოტი და შავი კალამი, შინ კი დაწეროთ სადამრიგებლო საათის ხუთი გეგმა. რას იზამთ – ფურცელზე ჩამოწერთ ამ ყველაფერს თუ შინიდან გასვლის წინ გაიმეორებთ?
სტატიაში გაგაცნობთ დამახსოვრების იმ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენება არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
გამეორება: ეს ყველაზე მარტივი სტრატეგიაა, რომელიც დასამახსოვრებელი მასალის ჩუმად ან ხმამაღლა გამეორებას მოითხოვს. მოტორული აქტივობის (მაგ., ცეკვის) შესასრულებლად კი მოძრაობები უნდა გაიმეოროთ გარკვეული თანამიმდევრობით. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ეს უნარი 2 წლის ბავშვებთანაც კი შეინიშნება, ოღონდ მის გამოსამჟღავნებლად გარკვეული პირობებია საჭირო, რასაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით .
დაჯგუფება – იდეების, ობიექტებისა და სიტყვების ჯგუფებად გაერთიანება, რათა იოლი იყოს მათი გახსენება. მაგ., შინაური ცხოველები ან სასკოლო ნივთები. მაგრამ ამ სტრაგეგიის ეფექტიანი გამოყენება მჭიდრო კავშირშია გამოცდილებასთან. ბავშვმა ობიექტების გარკვეული ნიშნით დაჯგუფება რომ შეძლოს, მას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს აღნიშნულ ობიექტებზე და გარკვეული ნიშნით მაინც ახერხებდეს კლასიფიცირებას.
დამუშავება – ორ საგანს შორის ასოციაციით ან საერთოს (მსგავსების) პოვნით შესაძლებელი ხდება ახალი ცნების დახსომება. მაგ., არსებობს მარტივი მნემოტექნიკა, რომელიც გვეხმარება ცისარტყელის ფერების დახსომებაში: “წადი, ნახე, ყარამანი მინდვრად ცოცხალ ლომებს იჭერს”. ამ სიტყვების პირველი ასოები ცისარტყელაში ფერების განლაგების თანამიმდევრობაზე მიანიშნებს. მისი ანალოგია ახალი ტერმინის მიმსგავსება ნაცნობ სიტყვასთან. მიიჩნევა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება სპონტანურად არ ხდება და მას აღნიშნული უნარის განვითარება სჭირდება.
სისტემური ძიება – როდესაც რაიმეს გახსენება გჭირდებათ, აზრობრივად უნდა გადაურბონოთ მთელ შენახულ ინფორმაციას. მიიჩნევა, რომ ამ უნარის განვითარება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში შესაძლებელია მარტივი თამაშით – რეალურ გარემოში დასახელებული ობიექტის ძიებით.
წარმოდგენა – როდესაც დასამახსოვრებელი ინფორმაცია ვერბალურად მოგეწოდებათ, მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური სახით წარმოდგენა. ეფექტი უფრო ძლიერია, როდესაც ეს წარმოდგენები ვიზუალურად უკავშირდება ერთმანეთს. სიტყვათა წყვილების, მაგ., სტაფილო-მაიმუნის, დამახსოვრება გაიოლდება, თუ წარმოვიდგენთ, რომ მაიმუნს სტაფილო უჭირავს.
მიიჩნევა, რომ ვიზუალიზაცია დიდად ეხმარება მოსწავლეებს ლექსების/მოთხრობების დასწავლაში. ამისთვის საჭიროა თითოეული სტრიქონის /აბზაცის გააზრება და შემდეგ ვიზუალურად მისი წარმოდგენა.
რა ხერხს მიმართავენ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები, როდესაც რაიმეს დამახსოვრება სურთ? ერთ-ერთი კვლევის დროს (Keeney et al., 1967) ბავშვებს სთავაზობდნენ 7 ბარათს და სთხოვდნენ დაემახსოვრებინათ, რა იყო მათზე გამოსახული იმ თანამიმდევრობით, რა თანამიმდევრობითაც შესთავაზა ექსპერიმენტატორმა. ამის შემდეგ ბავშვებს უქმნიდნენ იმგვარ გარემოს, რომ მათ ვეღარ მოეხერხებინათ ბარათების ხილვა, ექსპერიმენტატორი კი აკვირდებოდა, ცდილობდა თუ არა ბავშვი ჩურჩულით გამეორებას. 5 წლამდე ასაკის ბავშვები არ იმეორებდნენ საგნების რიგს, მხოლოდ 8-10 წლისანი და უფრო დიდები მიმართავდნენ ამ სტრატეგიას. უნდა ითქვას, რომ როდესაც 5-6 წლის ბავშებს აჩვენეს დახსომების ეს უმარტივესი სტრატეგია, მათ ის დაისწავლეს და თანდათანობით მოიმატა მათ მიერ დამახსოვრებული საგნების რაოდენობამაც, მაგრამ როდესაც მათ ახალი პრობლემური ამოცანა შესთავაზეს და აღარ შეახსენეს, რომ რიგი თავისთვის უნდა გაემეორებინათ, მათ აღარ გამოიყენეს ეს სტრატეგია. მაშასადამე, აღნიშნული ასაკის ბავშვებს შეუძლიათ სტრატეგიების გამოყენება, მაგრამ მითითების გარეშე არ მიმართავენ მას. ამ თავისებურებას მეცნიერებმა უნარის დეფიციტი უწოდეს.
ზოგიერთი თანამედროვე კვლევით (Bjorklund&Coyle, 1995) დადგენილია, რომ ბავშვები 8 წლამდე ასაკშიც მიმართავენ დამახსოვრების სტრატეგიებს, მაგრამ განსხვავებულს. მაგ., 8 წლის ბავშვი სიტყვების დასწავლისას იმეორებს ცალკეულ სიტყვებს (კატა, კატა, კატა), 8 წელზე უფროსები კი სიტყვებს ჯგუფებად იმეორებენ (მაგიდა, ჩაიდანი, მაისური, კატა). თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დახსომებისას 8 წელს გადაცილებულები სიტყვებს კატეგორიებად ყოფენ. უფრო პატარებიც აკეთებენ ამას, ოღონდ სპონტანურად და ვერ ახერხებენ იმის გააზრებას, რა დაეხმარათ დახსომებაში. ამ თავისებურებას გამოყენების დეფიციტი უწოდეს. ის თანამედროვე მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. თურმე უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიების გამოყენება კარგია, მაგრამ არ ესმით, როგორ ხდება ეს. გამოყენების დეფიციტი დამახასიათებელია 6-7 წლის ბავშვებისთვის, თუმცა შესაძლოა უფრო დიდ ასაკშიც შევხვდეთ.
ინფორმაცია რომ შევაჯამოთ, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს შეუძლიათ დახსომებისთვის გარკვეული სტრატეგიების გამოყენება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ასწავლიან ამ სტრატეგიებს, შეახსენებენ მათი გამოყენების ხერხებსა და საჭიროებას. მხოლოდ სწავლებისა და მითითების შემთხვევაშია შესაძლებელი სტრატეგიების ეფექტიანი გამოყენება, განსხვავებულ სიტუაციაში მათი გადატანა და როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი გაუმჯობესება.

გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

0

რა ბრწყინვალედაც უნდა ასრულებდეს თავის როლს წამყვანი მსახიობი, თუ დანარჩენებმა ცუდად ითამაშეს, სპექტაკლი უფერული გამოვა. სკოლაშიც ასეა: როგორც არ უნდა ხსნიდეს გაკვეთილს მასწავლებელი, თუ მან ვერ შეძლო, მოსწავლეს თავისი როლი შეასრულებინოს, გაკვეთილი უინტერესო იქნება.

პედაგოგიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობა შესაძლებელია სხვადასხვა დოზით. ჩართულობის ხარისხი იქიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რის მიღწევაა დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში ან როგორია მოსწავლეთა მზაობა.
განვიხილოთ, რას ნიშნავს გაკვეთილის მართვაში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი შერი არსტეინის თანამონაწილეობის კიბის მაგალითზე:
თანამონაწილეობითი კიბე
შერი არსტეინმა მონაწილეობა აღწერა როგორც კიბის საფეხურები. არსტეინის კიბეს აქვს 8 საფეხური, რომელთაგან პირველია მანიპულაცია, ბოლო – კონტროლი. ექსპერტები ამ საფეხურებს 3 დონედ განიხილავენ:

ჩაურთველობის/

არმონაწილეობის დონე

სიმბოლური ჩართულობის/მონაწილეობის დონე

სრული ჩართულობის/

მონაწილეობის დონე

მანიპულირება და თერაპია

ინფორმირება, კონსულტაციები, მხარდაჭერა

პარტნიორობა, დელეგირება, კონტროლი

დემოკრატიული კონცეფციიდან გამომდინარე, ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ამ კიბის ჰორიზონტალურ ვარიანტს:
დავიწყოთ მცირედით. უმცირესი, რაც შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა გაკვეთილზე, არის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რის გაკეთებაც არის დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში.
კონსულტაცია – მასწავლებელი, მოსწავლეთა თანამონაწილეობით, გამოყოფს საკითხებს, პრობლემებს, ამ ყველაფერს უკავშირებს მოსწავლეთა გამოცდილებას, საჭიროებებს, მოსწავლეებთან ერთად განიხილავს საკონსულტაციო საკითხებს, ახორციელებს კონსულტაციებს და იღებს უკუკავშირს.
ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ მასწავლებელმა გამოიწვიოს, ჩართოს და წაახალისოს მოსწავლეები, რათა მათ ლეგიტიმურად გამოთქვან თავიანთი წინადადებები, განიხილონ მუშაობის წესები, რეგლამენტის საკითხები, შეფასების კრიტერიუმები, რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხები, ალტერნატივები და ა.შ.
ერთობლივი ქმედება არის მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი, დაგეგმილი მოქმედება, დაგეგმილი აქტივობა, რომლის მიზანი შეთანხმებულია მოსწავლეებთან. ეს მიდგომა კოლაბორაციულ პრინციპებს ეფუძნება, აქტივობის დრო, რესურსები, შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია, რაც თავისთავად უკვე პარტნიორობაა.
ამ სქემაზე მხარდაჭერა ნიშნავს მოსწავლეების მხრივ დამოუკიდებელი ინიციატივების გამოვლენას და მასწავლებლის მხრივ მათ მხარდაჭერასა და წახალისებას.
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი თანამონაწილეობას?
გაკვეთილის პროცსში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა აქტუალური საკითხია. მას აფერხებს სხვადასხვა ფაქტორი. მასწავლებლებიც სხვადასხვა ხერხს მიმართავენ მოსწავლეთა აქტიურობის წასახალისებლად.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ე.წ. CLEAR მეთოდი, რომელიც თანამონაწილეობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა.
ამ მეთოდის მიხედვით, მუშაობაში ეფექტურ და აქტიურ მონაწილეობას განსაზღვრავს 5 ფაქტორი (მეთოდის სახელწოდება სწორედ ამ ფაქტორთა აბრევიატურას წარმოადგენს: Can do, Like to, Enebled to, Asked to, Responded to ):
1. Can do – მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა, გამოცდილება,უნარები);
2. Like to – მონაწილეებს სურთ მონაწილეობა;
3. Enebled to – არსებობს მონაწილეობის მექანიზმები;
4. Asked to – ხდება მსმენელთა მობილიზება;
5. Responded to – არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს).
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თუნდაც ერთი ამ ფაქტორთაგანის არარსებობისას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა და ჩართულობა სრულყოფილი ვერ იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაკვეთილის მართვისას აკონტროლოს აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფა გაკვეთილზე მოსწავლეთა წასახალისებლად.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, რომ წარმატებით გამოიყენოს ხუთივე ფაქტორი და გაკვეთილის პროცესში მოსწავლის მაღალი ჩართულობა უზრუნველყოს?

CLEAR მეთოდის ფაქტორები

სწავლა – სწავლების კომპონენტები

Can do – მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა, გამოცდილება,უნარები)

წინარე ცოდნა და საჭირო რესურსები ეხმარება მოსწავლეს, ჩაერთოს გაკვეთილში

Like to – მონაწილეებს სურთ მონაწილეობა

მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია

Enebled to – არსებობს მონაწილეობის მექანიზმები

სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა

Asked to – ხდება მსმენელთა მობილიზება

მოსწავლეთა ორგანიზება მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა

Responded to – არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს)

მოსწავლეთა შეფასება ისუკუკავშირია, რომელიც შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულად იქცეს

მიმოვიხილოთCLEAR მეთოდის ფაქტორები და სწავლა-სწავლების კომპონენტები.

მოსწავლის მოტივაციისზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლისგარე ცხოვრებას შორის.

ჩართულობა.

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.

 

საგანმანათლებლო რესურსები.

სასწავლო პროცესში, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც, აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება. საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;

ბ) დამხმარე ლიტერატურა;

გ) საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);

ე) ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.

 

სკოლამ უნდა შეიმუშაოს, ხოლო მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნოს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის წესები.

მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები.

როგორც ცნობილია, მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, მის კონტროლს. მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოსმოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას,მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეებისთვის თანაბარი პირობების შექმნას. მასწავლებელი უნდა ეცადოს, მოსწავლე შეფასოს სხვადასხვა ფორმით (ესე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. გაკვეთილის მხოლოდ ერთი მეთოდით ჩატარება შეუძლებელია. სწავლების პროცესში მასწავლებელს სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უხდება, ხშირად – მათი შერწყმაც. მაგ., ლექციური ტიპის გაკვეთილის დროსაც კი მასწავლებელი სალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, მოსწავლეს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვ. ამრიგად, სწავლება-სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან.

 

1. დისკუსია/დებატები ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლოა კამათში გადაიზარდოს. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს მოსწავლეს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

2. ჯგუფური (collaborative) მუშაობა. ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველას მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

 

3. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) სასწავლო მეთოდია, რომელიც ახალი ცოდნის მიღებისა და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

4. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება სწავლების იმგვარი სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია, არა მხოლოდ თავად შეისწავლოს საგანი, არამედ თანაგუნდელსაც დაეხმაროს მის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყოველი მათგანი არ დაეუფლება საკითხს.

5. ევრისტიკული მეთოდი ეფუძნება მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივი გადაწყვეტის პრინციპს. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით სრულდება.
6. შემთხვევის ანალიზი (Case study). მასწავლებელი განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლის საკითხს. მაგალითად, საზოგადოებრივ მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და ა. შ.

7. გონებრივი იერიში (Brain storming). ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია, რადიკალურად განსხვავებული იდეის ჩამოყალიბებასა და მათი გამოთქმის ხელშეწყობას. მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.

 

8. როლური და სიტუაციური თამაშები. სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხით შეხედონ საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს მოსწავლეს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და მისი დაცვის უნარს.

9. დემონსტრირების მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს და საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა ერთსა ად იმავე დროს აუდიო- და ვიზუალური გზით მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შეიძლება განახორციელონ როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ. ამ მეთოდით თვალსაჩინოებას ვმატებთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხურს, ვაკონკრეტებთ, რის გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად. ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შეიძლება მოხდეს როგორც მარტივად, – მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნით, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენით, – ისე რთული ფორმითაც, მაგალითად, მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარებით.

 

10. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

. სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან საზოგადოსკენ, ფაქტებიდან განზოგადებისკენ არის მიმართული.

. სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი ზოგადიდან კონკრეტულისკენ არის მიმართული.

სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის როგორც ერთი მთლიანის შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ეს აადვილებს რთული პრობლების წიაღში არსებული ცალკეული საკითხების დეტალურ გაშუქებას.

 

სინთეზის მეთოდი შებრუნებული პროცედურაა, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენა. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.

11. ახსნაგანმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

12. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

13. ელექტრონული სწავლება (E – learning). ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:

. დასწრებულს, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით;

 

. ჰიბრიდულს (დასწრებული/დისტანციური) – სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.

 

. მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის ფიზიკური დასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად, ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს.

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობის გაზრდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. არაბული სიბრძნის თანახმად, “ერთად სიარული დასაწყისია, ერთად ყოფნა – პროგრესი, ერთად მუშაობა – წარმატება!”

პატარა ბიჭი კარალეთიდან

0
2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. ეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ძიუდოისტისგან ასეთ შედეგს ბევრი ნამდვილად არ ელოდა. ლაშა ხომ იუნიორებიდან ძიუდოისტთა ძირითად ნაკრებში სულ რამდენიმე თვის გადასული იყო და ოლიმპიადის მსგავს დიდ ტურნირზეც პირველად ასპარეზობდა. მაგრამ მონდომებამ, ტალანტმა და საკუთრი ქვეყნის დიდმა სიყვარულმა თავისი საქმე მაინც გააკეთა და ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოდან წარგზავნილთაგან რიგით 34-ე სპორტსმენი გახდა, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ალბათ ყველა სპორტსმენისათვის ესოდენ სანუკვარი ოქროს მედლის დაუფლება შეძლო. 

მსოფლიო სპორტის ისტორია დიდი გამარჯვებების ისტორიაა. სპორტის მოყვარულებს არაერთი დიდი სპორტსმენი ახსოვთ, რომლებმაც კარიერა ოლიმპიური ჩემპიონობის გარეშე დაასრულეს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასეთი სპორტსმენების უმეტესობის სახელი, დღეს დავიწყების ნისლშია გახვეული. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა კი უკვე შექმნა ისტორია და ეს მაშინ, როდესაც წარმოშობით ქართლელი სპორტსმენი სულ ახალგაზრდაა და, შესაბამისად, ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

 ოლიმპიადის დასრულებიდან ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ლაშას გამარჯვება სულ თვალწინ მიტრიალებს და ახლაღა შევძელი მასზე ორი სიტყვის დაწერა. ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა საჯაროდ დადო პირობა, რაც მისმა მშობლებმაც დაადასტურეს, რომ ძველებურად გააგრძელებდა ვარჯიშს და მინიმუმ მომდევნო ათი წლის მანძილზე არაფრის დიდებით არ იტყოდა უარს სპორტის იმ სახეობაზე, რამაც ეს პატარა ბიჭი დიდების კვარცხლბეკზე აიყვანა. მთავარი კი, სწორედ ესაა! 

ჩვენ გვახსოვს არაერთი გულსატკენი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ, ქართველი სპორტსმენები სპორტულ კარიერაზე უარს ამბობდნენ და ამას სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით ხსნიდნენ. დიდი ჩემპიონების გაზრდას წლები სჭირდება და როდესაც ქვეყანას უკვე მომზადებული ტალანტი ხელის გულზე ჰყავს, ნამდვილად გულდასაწყვეტია მისი სპორტიდან ნაადრევად წასვლა. ლაშა შავდათუაშვილის სახელი ახლა უკვე მთელმა ქვეყანამ იცის და ყველას სჯერა, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალი ლაშას კარიერაში მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისი იქნება!

 ლაშა შავდათუაშვილი წარმოშობით სოფელ კარალეთიდანაა. იმ სოფლიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე რუსული საჯარისო ნაწილების მიერ იყო ოკუპირებული. ოკუპაციის დროს, როდესაც რუსული ჯარი კარალეთში და შიდა ქართლის სხვა სოფლებში იდგა, დარწმუნებით არავინ იცოდა, საბოლოოდ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და როგორ წარიმართებოდა ამ სოფლებში მცხოვრებთა ბედი. კარალეთელებმა იმ უმძიმეს პერიოდში დაამტკიცეს, რომ უკიდურესად რთულ და საშიშ ვითარებაშიც კი შეიძლება ღირსებისა და მომავლის რწმენის შენარჩუნება. ლაშა შავდათუაშვილიც ხომ კარალეთელია… იმ სოფლისა და იმ კუთხის შვილი, რომელმაც ათასგვარ უბედურებას გაუძლო და მაინც მყარად დგას ფეხზე. აი, ასეთ სოფელში გაიზარდა მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი და იმედია, კიდევ მრავალნი გაიზრდებიან. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ ტალანტების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით.

სწორედ ასეთ გარემოში გაიზარდა ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი. ჭიდაობა მისი და მისი კუთხის ცხოვრების წესია და იმედია, ეს წესი არასოდეს დაიკარგება!  

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...