სასკოლო ლაბორატორიული ცდები ფიზიკაში
სხვა შედარების საქმე
ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები. ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.
ელიოტმა კი თქვა, ავტორი მოკვდა და აწი ტექსტებს მიეძალეთო, მაგრამ მხოლოდ თეორეტიკოსებმა თუ შეისმინეს ეს ამბავი. მწერალი ხომ ადამიანია (პოეტიც), ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი ექოთი – ხან წამებული, ხან მწამებელი, ათას ფათერაკთა და ჭირთა გადამხდელი და დამთმენი ან ვერდამთმენი. ჰოდა, ხალხს აინტერესებს მისი ისტორიები. მერე გზადაგზა რაღაც-რაღაცას თვითონ გამოიგონებს და მითებიც იბადება. მითი ხუმრობასავითაა, აბა, იმ მითს რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ ურევია.
ტიციან ტაბიძეც მითების საუფლოდან მოდის, მეტი რაღა გინდათ – „ცისფერი ყანწების” მანერული სერობები, „ქიმერიონის” ჩვენებური ბოჰემა, ფრანგული ნიავი და ქართული ლექსი, სმა და გარჩევები, გნებავთ ლიტერატურული, გნებავთ მუშტი-კრივი, უბრობა გალაკტიონ ტაბიძესთან – მურმან ლებანიძეს აქვს ლექსად, როგორ შეებნენ ერთმანეთზე გაბუტული გალაკტიონი და ტიციანი ერთად ახირებულ „რეგვენთა ჯგუფს”. მერე – ბოლშევიკები, „თანამგზავრობა” – როცა ტიციანის ცნობილ ფრაზაში: „სამშობლო მიწავ, გიკოცნი ფესვებს”, – „სამშობლოს” ნაცვლად „საბჭოთა” ჩაჯდა, როცა არც დიადი კომუნიზმის მშენებლობაზე პოემის წერამ და არც სხვა ნაძალადევმა „აღიარებითმა წერილებმა” არ უშველა (ამგვარი აღიარება-შენანების კლასიკური ნიმუშია მწერალთა კავშირის ერთი იმდროინდელი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას გამოსვლაა მოყვანილი – „ვინანიებ, ამხანაგებო, ვინანიებ (და ქვედა ყბა აუკანკალდა)”.
ცისფერყანწელთაგან ბევრი უფრო არტისტული იყო, მაგრამ ბუნებით მორცხვ ტიციანს, მგონი, ყველაზე მეტი „თეატრი გადახდა”, როგორც მაშინ იტყოდნენ საოცარ ამბებზე. მეგობრობა მას უწინაც რუს კოლეგებთან ჰქონდა (ბარემ ფრანგებთან ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ იაშვილმა მოახერხა ერთწლიანი პარიზობა და მერე კარიც მიიხურა). ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, მაგალითად, ბორის პასტერნაკის შემთხვევაში, რომელსაც ბალიშის ქვეშ, სასიკვდილო სარეცელზე, ორი წერილი ედო – რილკესი და ტიციანის. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტია: ტიტეს (გალაკტიონი ეძახდა) ის ცარიელი ფურცლები, საწერ მაგიდაზე რომ დარჩა 1937 წელს, პოეტის მეუღლემ, ნინო ტაბიძემ, პასტერნაკს აჩუქა და ბორისმა „ექიმი ჟივაგოს” წერა სწორედ მათზე დაიწყო. ნინო ტაბიძის მოგონებებში შეხვდებით არაერთ არნახულ ამბავს. ალბათ იცით, როგორ მიიყვანა და აჩვენა საკუთარ მეუღლეს მუზა – თამუნია და რა თავგამოდებით უქებდა მის სილამაზეს. ნინო ტაბიძე წერს მაიაკოვსკისთან შეხვედრაზეც, რომელიც თბილისს 1926 წელს ესტუმრა. იგონებს დუქან „სიმპათიას”, რომლის „კედლები ვიღაც თვითნასწავლი მხატვრისთვის მიებარებინათ. აქ შეხვდებოდით მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებს. შექსპირს მხარს მეფე სოლომონი უმშვენებდა. ორივენი პუშკინს, რუსთაველსა და ლერმონტოვს შესცქეროდნენ. შემდეგ გოგოლი, ჰომეროსი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი, სპინოზა, გოეთე, შილერი გამოეხატათ. ცნობით ვერც ერთს ვერ იცნობდით, წარწერით თუ მიხვდებოდით”.
ბუნებრივია, სრული სიმართლეც რომ ყოფილიყო, ნინო ამას საკუთარ წიგნში ვერ მოჰყვებოდა, მე კი ერთმა პატიოსანმა ლექტორმა მიამბო, ძველი დროის საქმეების კარგად მცოდნე კაცმა. მერე რამდენიმემ დამიდასტურა. მოკლედ, თბილისში ჩამოსული მაიაკოვსკი დაბინავდა ერთ-ერთ სასტუმროში. ტიციანი, პაოლო და რამდენიმე ქართველი პოეტი საგანგებოდ მომზადებულან მასთან შესახვედრად, ფრაკებში გამოწყობილები მისდგომიან ნომერს. მაიაკოვსკიმ გამოსძახა თურმე, სააბაზანოში ვარ, კარი ღიაა და დაბრძანდითო. შევიდნენ და დასხდნენ. ვლადიმერი საოცრად გაფანტული ადამიანი გახლდათ, ჩაცმა დავიწყებია და ღიღინ-ღიღინით სრულიად შიშველი გამოვიდა და მიესალმა ფრაკიანებს. ესენიც არაფერს იმჩნევდნენ, მაგრამ კიდევ უარეს დღეში ჩაცვივდნენ, როცა რუსმა ფუტურისტმა მათი გაცილება მოინდომა და ლამის ქუჩაში გამოჰყვა. ბოლოს ტიციანს ამოუღერღავს: „შეგცივდებათო”. მეორე დღეს მთელ თბილისს ეს ამბავი აბოდებდა.
ერთხელ თურმე სერგეი ესენინი ესტუმრა და გახარებული ტიციანი ქართულ მასპინძლობას შეუდგა, აქეთ ბიჭებს დაუძახა, იქით გეგმა შეადგინა პურობების, მაგრამ მეორე დღეს სერგეიმ მოულოდნელად დაიწყო ჩემოდნის ჩალაგება. მერეღა გაამხილა, თურმე აქ აისედორა დუნკანს ემალებოდა (რომელთანაც რომანი ჰქონდა) და სხვა მეგობრებს უთქვამთ, თბილისში შენი ყოფნის ამბავი გაიგო და ქუჩა-ქუჩა დაგეძებსო. ასე გაიპარა ესენინი და მერე ზრდილი ტიციანი აისედორას მასპინძლობდა, ოღონდ, ბუნებრივია, არაფერს იმჩნევდა.
ამბობენ, სულ ტიციანის ოინებია, ერთ-ერთი პურობისას ქართველმა მწერლებმა პაოლო იაშვილის კეპი რომ მიირთვესო. არავინ იცის, ეს ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ პოეტმა ერთ-ერთ ლექსში სულ სხვა რამის სათქმელად კი დაწერა: „გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო”.
მოკლედ, დანარჩენს სხვა დროს მოგიყვებით, სხვა დროს და სხვებზეც. ამით დავასრულოთ:
როცა დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს გადარჩენილ მწერალთა რიგებში.
ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.
რა ეხმარება ბავშვებს სწავლაში
ცისფერია თუ მწვანე?…
ვანის ლიტერატურული ტრადიცია- ერთი სკოლის და ერთი მასწავლებლის შესახებ
გაზაფხულზე იმერეთს არაფერი სჯობს. სულ სხვანაირი სიმწვანე, ხასხასა, გაკუწკუწებული ეზოები, მოყვავილე მაგნოლიები და აზალიები, ტიტები და ნარცისები, უნაბი და კომში.
სწორედ იმერეთში წავედი რამდენიმე ძალიან კარგ მწერალთან ერთად განსაკუთრებული მისიით – ლიტერატურული პრემია „საბას” ნომინანტებს იმერეთის რამდენიმე სკოლისთვის ელექტრონული წიგნების სახლ „საბას” ბიბლიოთეკა უნდა გადაგვეცა, 600-ზე მეტი ელექტრონული წიგნითა და შესაბამისი ტექნიკით.
ამ მოგზაურობაზე, მკითხველთან შეხვედრაზე, ჩვენი სკოლების მდგომარეობაზე, საოცარ გაზაფხულზე და უსაყვარლეს მასპინძელ-მოსწავლეებზე ბევრი მაქვს მოსაყოლი, თუმცა ახლა ერთ ამბავზე შევჩერდები, მინდა მოგითხროთ, როგორ გრძელდება ლიტერატურული ტრადიცია გალაკტიონის სოფელთან ახლოს, შუამთის სკოლაში და როგორ ვიპოვე სრულიად განსაკუთრებული ქართულის მასწავლებელი.
ერთი შეხედვით რამის გამოცნობა შეგიძლიათ? მაგალითად, ფერით მიხვდეთ, ახალია თუ არა ბოსტნეული, რომელიც ბაზარში იყიდეთ. ან გატყუებთ თუ არა ადამიანი, რომელიც გესაუბრებათ, ან როგორ ნიადაგზეა აშენებული სახლი და ემუქრება თუ არა კედლებს ეროზია? შეგიძლიათ? მე – არა. ერთადერთი, რასაც ერთი თვალის შევლებით ვცნობ, გნებავთ გუმანი დაარქვით, გნებავთ ინტუიცია, ან უბრალოდ, სიყვარული – ვცნობ სკოლებს, რომელთაც კარგი ქართულის მასწავლებელი ჰყავთ, ყველაფრით ვცნობ, ასეთი სკოლები განსაკუთრებით ცოცხლები არიან.
ვანის რაიონის სოფელ შუამთის სკოლაში ახლომდებარე სოფლების მოსწავლეებიც სწავლობენ, მათ შორისაა, გალაკტიონ ტაბიძის სოფელი, ჭყვიში, რომლის ერთმა გენიალურმა შვილმა სრულიად შეცვალა ქართული პოეზიის მდინარება.
სკოლაში მოსწავლეებთან ერთად მთელმა პედკოლექტივმა გვიმასპინძლა. შეხვედრის დროს კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამბავი გავიგე – სკოლის მკითხველთა კლუბის შესახებ.
არა, უფრო სწორად, მკითხველთა კლუბზე ცოტა ადრე შევიტყვე, როცა ელექტრონული წიგნების კატალოგით დაინტერესებული ხან ერთმა მოსწავლემ მოირბინა – ამ წიგნებში ჰოლდენ კოფილდის ამბავი არის? ხან კიდევ მეორემ – თანამედროვე მწერლების წიგნები ჩამოგვიტანეთ?
მოსწავლეთა ლიტერატურული ცნობისწადილის მთავარი მიზეზიც ცოტა ხანში გავიცანით – ქალბატონი აზა სართანია, სოფელ შუამთის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
-მკითხველთა კლუბი 2014 წელს დავაარსეთ მე და ბავშვებმა, უფრო სწორად, იმ ბავშვებმა, რომლებსაც კითხვა უყვართ. მიზანი ახალგაზრდების სულის გაფაქიზებაა, ეს ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ცოდნის მიღება კი -კითხვის გარეშე. ამ უხეშმა ეპოქამ, მხოლოდ კაპიტალის დაგროვებით რომაა დაკავებული, ლიტერატურა, მთლიანად ხელოვნება, უგულებელყო. ლიტერატურის უმთავრეს მოვალეობად კი ის მიმაჩნია, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ვართ. ახალგაზრდებმა ბევრი მხატვრული ლიტერატურა უნდა იკითხონ, შეიყვარონ წიგნი და გადაარჩინონ სამყარო. ვინც მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს, არასოდეს გახდება ბოროტი, შურისმაძიებელი, უსიყვარულო, უნდო. აი, ეს არის ჩვენი კლუბის არსებობის არსიც”, – მპასუხობს ქალბატონი აზა, როდესაც კლუბის დაარსების შესახებ ვეკითხები.
შემდეგ, რასაკვირველია, მისი პედაგოგიური ცხოვრება მაინტერესებს, გაკვეთილები, აქტივობები, სიახლეები:
-ჩემს სადამრიგებლო კლასში ყველაფერს ვაკეთებ: კლასისა თუ სასკოლო ღონისძიებებს, აქციებს და ა. შ. 2013-2014 სასწავლო წელს რაღაც ხალისს შევიტან სასკოლო ცხოვრებაში-მეთქი, შევკრიბე თვითმმართველობის წევრები და გადავწყვიტეთ იუმორისტული გაზეთის გამოშვება. მოსწავლეთა პრობლემებზე უნდა დაგვეწერა. მოპოვებული მასალები ჩემთვის უნდა მოეწოდებინათ. მე კი სამი ისეთი მოსწავლე მყავდა შერჩეული, მასწავლებლებმა და არც მოსწავლეებმა დღესაც არ იციან, ვინ იყვნენ. ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ეს კი იცოდნენ. ,,წკიპურტი” ერქვა ჩვენს გაზეთს. პირველი წკიპურტი გათბობას ეხებოდა. ატყდა აჟიოტაჟი. ბავშვებიც გამოცოცხლდნენ”.
ლიტერატურამ სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, წიგნები მოსწავლეების ყოველდღიური მეგობრები გახდნენ, დისკუსია, წიგნების განხილვა, წიგნების გაცვლა-გამოცვლა სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილი გახდა.
-ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეინტერესებინა ბავშვები. მოდით ახლა და წავიკითხოთ და გავაანალიზოთო, ამის თქმით არაფერი გამოვიდოდა. ჰოდა, პირველად პოეზიის საღამო მოვაწყვეთ, ბევრი გასართობი პროგრამით. მთავარი მხატვრული კითხვის კონკურსი იყო, ექსპრომტი – მეგობრული. ერთ-ერთი კონკურსი იყო ,,გამოიცანი, ვინ რა თქვა”. მე მქონდა მომზადებული ჩემი სავარაუდო პასუხები. ბავშვებისამ ჩემ მიერ მოფიქრებულს ბევრად აჯობა. მონაწილეებმა იმ დღეს მანამდე მიჩქმალული უნარები გამოავლინეს (მე ყოველთვის მათ უპირატესობას ვუსვამ ხაზს და ესეც კარგ შედეგს იძლევა).
არამხოლოდ ლიტერატურა, სიახლეები კინოში, საზოგადოებრივი მოვლენები, ახალგაზრდობის პრობლემები – საინტერესო განხილვები, კამათი და ყველაფერი ის, რასაც ცოცხალი სკოლა ჰქვია.
-ურუშაძის ,,მანდარინებს” ვუყურეთ ერთად და ჩვენი აზრიც გამოვხატეთ. თქვენი საჩუქრის შემდეგ უფრო სწრაფად შევძელით ,,თეთრი ბაირაღების” წაკითხვა. ამ ორ დღეში შევიკრიბებით და ერთმანეთს ჩვენს აზრს გავუზიარებთ. ამის შემდეგ დაბალ კლასებში გამოვაცხადებთ აკაკის საიუბილეო კონკურსს დაწყებითებში მხატვრულ კითხვაში, მაღალ კლასებში – ვიქტორინაში. თუ იშრომებ და იბრძოლებ, შედეგი აუცილებლად იქნება. მანამდე კლუბში გაწევრიანება რომ არ სურდა, ისეთი მოსწავლე რომ მთხოვს, თქვენთან მინდა და რამე კარგი პროექტი მოვიფიქროთო, ეს უკვე შედეგია. კლუბში მხოლოდ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებია გაერთიანებული. ნეტავ განახათ, მერვეკლასელები როგორ ერთვებიან ქართულის პროექტებში, რომ სექტემბრიდან კლუბის წევრობის ღირსი გახდნენ, თავი მომაწონონ.
ფანტასმაგორიული შეხვედრები
თუ ბორხესი ეჭვობდა, რომ ადამიანები პერსონაჟთა მსგავსად, შეიძლება გამოგონილნი ყოფილიყვნენ, გივი მარგველაშვილი ამ ეჭვს რეალობად აქცევს და წერს:
ჩემს წიგნში_მე მას ჩემს ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ,
მნიშვნელობა აღარ აქვს
ზრდასრულთა განათლება საქართველოში – რეალობა და პერსპექტივები
პროექტებით სწავლების ახალი მეთოდი
თანამედროვე განათლების მოთხოვნილება ყოველდღიური სიახლე და განვითარებაა, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და პედაგოგის პროფესიონალიზმის დახვეწის პირობაა. ახალი იდეების, ინოვაციების გამოცდა, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოჩენაა. სკოლის განვითარების პრიორიტეტები მასწავლებლის პრფესიული ზრდაა. ადამიანს გარკვეულ სიტუაციასთან მიმართებით ყოველთვის აქვს შეცვლის, გაუმჯობესების, განვითარების სურვილი. წამოყენებული მაღალი მოთხოვნილებები პიროვნებას აძლევს ნებისმიერი მოქმედების შესრულების უნარს. პედაგოგს ხშირად უწევს გონებრივად ახალ სიტუაიასთან შეგუება, ახალი ამოცანების გადაწყვეტა და სიახლის შეტანა სასწავლო პროცესში. ერთსა და იმავე საკითხს ადამიანი განსხვავებულად იღებს იმის მიხედვით, თუ როგორია მისი გამოცდილება ამ საკითხის მიმართ, ანუ რა იცის მან ამ საკითხის შესახებ, როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან დაკავშირებით. თუ პედაგოგისთვის პრიორიტეტი პროექტებით სწავლება არ არის, მაშინ მისთვის მიუღებელი და ყოველთვის უცხო დარჩება ინტელის ფორმატით სასწავლო პროექტებზე მუშაობა. გამოცდილების გავლენით უფრო ადვილი გასაგები და დასაუფლებელია ნებისმიერი აქტივობა. ამასთანავე, როდესაც ადამიანი წინასწარ კარგად არის განწყობილი სიახლის მიმართ, ეს სიახლე მისთვის დაუძლეველ პრობლემას აღარ წარმოადგენს, ხოლო თუ განწყობა უარყოფითია, მაშინ სიახლე მიუღებელი და იგნორირებულია. ინტელის კურსით პროექტებით სწავლებისას, პედაგოგები, რომელთაც პროექტებით სწავლების გამოცდილება ჰქონდათ, ფიქრობდნენ, რომ განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, იმიტომ, რომ მათ უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ, უფრო მეტიც, მათი პროექტები არის წარმატებული და ა.შ. მაგრამ თავდაჯერებულობის მუხედავად, აღმოჩნდა, რომ ინტელის კურსი ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული სიახლე, რომელიც გათვლილია როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის მაღალ უნარებზე. ინტელის სასწავლო პროგრამის ძირითადი კურსი ორიენტირებულია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, მაგალითად: შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საინფორმაციო წიგნიერება, ე. ი. ინფორმაციასთან მუშაობის კულტურა (რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის მიღებას, აღქმას, გადაცემას, დამუშავებას, ანალიზს, გადარჩევას, ახალი ინფორმაციის შექმნას, შენახვას, შევსებას). ინტელის კურსის მიხედვით პროექტი აერთიანებს მუშაობის პროცესში შექმნილ ფაილებს, მაგალითად: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები, აუდიო, ვიდეო; შეფასებები, თემატური პორტფოლიო.
კურსის რესურსები შედგება შემდეგ დოკუმენტებისგან: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პუბლიკაციის დაგეგმვის ჩეკლისტი. მოსწავლის ნიმუში ეს არის მიღებული პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს: პრეზენტაცია, ბროშურა, პუბლიკაცია, კონფერენცია. სასწავლო პროექტის დამხმარე აერთიანებს მასწავლებლის ბროშურას, შაბლონს მოსწავლის ნიმუშისათვის, ფასილიტატორს მოსწავლისათვის. შეფასებებში წინარე ცოდნის დასადგენ იყენებ სქემებსა და დიაგრამებს, მაგალითად: ვიცი – მინდა ვიცოდე – ვისწავლე დიაგრამა (K W L დიაგრამა), ასოციაციური რუკა, T დიაგრამა. მოსწავლეები პასუხს სცემენ კითხვებზე (ინტერვიუ) პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. იყენებ პროექტის მართვის უნარების თვითშეფასებას, პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირს და ა.შ.
ამრიგად, ადგენ და აფასებ მოსწავლის ცოდნას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია გამოყენებული მეთოდები, მაგალითად აქტივობები აზროვნებისათვის, ამ დროს მოსწავლეები აზროვნებენ, რომ გააკეთონ პროგნოზირება, აღნუსხონ და დონეების მიხედვით გაანაწილონ იდეები და გააკეთონ ანალოგიები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით.
იყენებ დისკუსიას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის წინარე ცოდნის აქტივაციას, რამდენადაც ამ დროს ისინი ერთმანეთს უზიარებენ იდეებსა და განიხილავენ მოსაზრებებს. ტექსტების დასამუშავებლად იყენებ სწავლების ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა: თანამშრომლობითი სწავლება, დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე, ჯიგსოუს მეთოდი, გონებრივი იერიში და ა. შ. აქედან გამომდინარე, ინტელის კურსი, რომელიც სასწავლო პროცეში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებაზეა ორიენტირებული, ეყრდნობა ყველა იმ მეთოდს, რომლებიც გამოიყენება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დასახული მიზნების მისაღწევად.
სურათები, აუდიო, ვიდეო, – ამ ფაილში შედის ციტირებლი დოკუმენტი, რომელზეც ფიქსირდება გამოყენებული რესურსები. ციტირებული დოკუმენტის დანიშნულებაა მარტივ ფორმატზე ლინკებით მიუთითო გამოყენებული მასალა. ამ აქტივობით, ერთი მხრივ, დაცულია საავტორო უფლებები და მერე მხრივ, აღარ ეწევი პლაგიატიზმს. აღსანიშნავია სასწავლო პროექტის დამხმარე, მასწავლებლის ბუკლეტი, რომელიც პროექტზე მუშაობის დაწყებისას იქმნება. ბროშურა განკუთვნილია მშობლებისათვის, მისი დანიშნულება პროექტებით სწავლების უპირატესობის ჩვენებაა. ბროშურა მასწავლებელს ეხმარება მშობელი დაარწმუნოს, რომ მისი შვილი 21-ე საუკუნის პროგრესული ადამიანია, რომელიც ადვილად გადაჭრის პრობლემებს, დააკმაყოფილებს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს, რაც განათლების პრიოტიტეტია. საოფისე პროგრამებიდან ბუკლეტი იქმნება publisher-ის გამოყენებით. პედაგოგთა უმრავლესობასთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ საიფორმაციო ტექნოლოგიებს, publisher- ი სიახლე იყო. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის ჩეკლისტი, იგი საშუალებას გაძლევს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად წარმართო მუშაობა.
პროექტის სახელწოდება: მშვენიერ სულთა ჰარმონია
სასწავლო თემის ავტორი:
თემის შინაარსი:
,,ვეფხისტყაოსანში” დასმული მთავარი საკითხის გასააზრებლად მოსწავლეები იკვლევენ ,,პლატონურ სიყვარულს”, განიხილავენ ანტიკური ეპოქის ყველაზე დიდი ფილოსოფოსის შეხედულებას სიყვარულთან დაკავშირებით, მსჯელობენ, ეპოქა რამდენად განსაზღვრავს საკითხისადმი დამოკიდებულებას და როგორ უნდა აიხსნას ბუნების ეს გასაოცარი ნიჭი, რომელიც როგორც პლატონთან, ასევე რუსთაველთან განიხილება, როგორც არამიწიერი ძალა. პლატონისა და რუსთველისეულ შეხედულებას უკავშირებენ მე-19 საუკუნის პოეზიას, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. აანალიზებენ სიყვარულის პოეტურ ახსნას და მსჯელობენ, დღეს როგორ აფასებს ამ საკითხს თანამედროვეობა, მინილექციისა და უფლება-მოვალეობების დელეგირების შემდეგ, მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად, განსაზღვრავენ მიზანს, გეგმავენ აქტივობებსა და შესასრულებელ ვადებს, ქმნიან პროდუქტს და აკეთებენ პრეზენტაციას.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა.
დონე/კლასი: საშუალო საფეხური, XI კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო: ერთი თვე და სამი კვირა.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
·ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე;
ქართ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
·იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);
·ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
·გააანალიზონ რამდენად აისახება ეპოქის ღირებულებები მხატვრულ ნაწარმოებში, გაიაზრონ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სიყვარულის მიმართ ანტიკურ ხანაში, მე-12 და მე-19 საუკუნეებში;
·სიღრმისეულად გაიაზრონ პლატონური სიყვარულის მნიშვნელობა;
·იმსჯელონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ნაწარმოებები იდეალების, მოსაზრებებისა და ერთი და იმავე საკითხისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.
·შეაფასებენ სულიერებაზე დამყარებული გრძნობის დანიშნულებას;
·ჩაატარებენ კვლევას, თუ როგორ ესმის დღეს თანამედროვეობას სიყვარული, ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს;
·ახსნიან და დააზუსტებენ ტექსტებში მათთვის გაუგებარ სიტყვებსა და გამოთქმებს ლექსიკონებისა და კონტექსტის საშუალებით.
·საკუთარი დაკვირვებით, მოსაზრებით, აღმოჩენით, ვარაუდის გამოთქმითა და სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციით დასრულებული პროდუქტი გააცნონ აუდიტორიას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:
რა შობს სულიერ ჰარმონიას?
ზოგადი კითხვები:
·არის თუ არა რუსთაველთან ისეთი ფრაზები და მონაკვეთები, რომლებშიც მიწიერი სიყვარულის აღიარება ჩანს?
- რუსთაველის რომელი პერსონაჟი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ მიჯნურად?
- პლატონის დებულებას სიყვართან დაკავშირებით რა ნიშნით დაუკავშირებთ რუსთაველსა და ბარათაშვილის პოეზიას?
რა შობს სულიერ ჰარმონიას?
·როგორ გაიაზრა ეროსი ქართულმა სარაინდო ეპოქამ და ქართულმა რომანტიზმმა?
·როგორ ესმის 21-ე საუკუნის ადამიანს სიყვარული?
თემატური კითხვები:
·არის თუ არა რუსთაველთან ისეთი ფრაზები და მონაკვეთები, რომლებშიც მიწიერი სიყვარულის აღიარება ჩანს?
- რუსთაველის რომელი პერსონაჟი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ მიჯნურად?
- პლატონის დებულებას სიყვართან დაკავშირებით რა ნიშნით დაუკავშირებთ რუსთაველსა და ბარათაშვილის პოეზიას?
- შეფასების დროის ჩარჩოები: KWL დიაგრამა, ტესტირება, ინტერვიუ და გონებრივი იერიში.
- მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს: მოდელირება, მოსწავლის პროექტის გეგმა, პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმა, ჯიგსოუს მეთოდი.
- პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ: პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება. მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა (კვლევითი პროექტებისთვის)
K-W-L დიაგრამა ეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი. ისინი მოსწავლეებს საშუალებას აძლევენ, რომ დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მას. აღნიშნული მეთოდი ამზადებს მოსწავლეს მასალის მთლიანობაში გააზრებისთვის. გვიჩვენებს რა არის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი, ავითარებს ინფორმაციის დახარისხების უნარს. ხოლო ინტერვიუს გამოვიყენებ მოსწავლეებთან ინდივიდუალი შეხვედრებისას. კითხვებზე გაცემული პასუხებით შეფასდება მოსწავლეთა შესაძლებლობები, მათი მზაობა. ამ შემთხვევაში ისინი გაიაზრებენ თავიანთი სწავლების პროცესსა და საჭიროებებს. პრეზენტაციის თანატოლებისგან შეფასება ეხმარება მოზარდს დახვეწოს ამ აქტივობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მეტი იმუშაოს საკუთარ თავზე და გაითვალისწინოს მითითებები და შენიშვნები. ხოლო პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ პრეზენტაციის რუბრიკა დამეხმარა ყველა იმ კრიტერიუმის შეფასებაში, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპრეზენტაციო ნაშრომი, მაგალითად: მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი, კვლევის დაგეგმვა და მისი მიმდინარეობა, კვლევით მიღებული შედეგები და დასკვნები, პრეზენტაციის სტრუქტურა და ა.შ.
სხვა საკითხები:
საბაზისო უნარ-ჩვევები
სასწავლო პროცედურები
დიფერენცირებლი სწავლება; სპეციალური საჭიროების მოსწავლეები:
·საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად თვითონ ვარჩევინებ მუშაობის მეთოდს;
ვუმცირებ დავალებას.
·წაახალისებით ვუმაღლებ მოტივაციას, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
ბეჭდვითი მასალები: შოთა რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანი”, ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო”, ,,არ უკიჟინო სატრფოო”.
ინვენტარი/მასალები: არ არის გამოყენებული
ინტერნეტრესურსები: მითითებულია ციტირებულ დოკუმენტში
სხვა რესურსები: მოსწავლეები სხვა კლასებიდან, მასწალებლები, მშობლები.

ვრცლად


