ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ფიზიკა ამოცანებში – თერმოდინამიკა

0
თერმოდინამიკა შეისწავლის სითბური პროცესების დინამიკას ნივთიერებებში, იკვლევს პირობებს, რომლის დროსაც სითბური ენერგია მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება. თერმოდინამიკაში ხშირად გამოიყენება ცნება – სისტემა. იგი გულისხმობს ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთქმედებაში მყოფი სხვადასხვა ობიექტის ერთობლიობას. ამ აზრით სამყარო შეიძლება განვიხილოთ როგორც თერმოდინამიკური სისტემა. სისტემის წნევა, მოცულობა და ტემპერატურა სისტემის ის ძირითადი პარამეტრებია, რომლითაც გამოისახება სისტემის მახასიათებელი სხვა ფიზიკური სიდიდეები – ენერგია, მუშაობა, ენტროპია და სხვა. ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური სიდიდე თერმოდინამიკაში სისტემის შინაგანი ენერგიაა, რომელიც სისტემის შემადგენელი მოლეკულების ქაოსური მოძრაობის კინეტიკური და მათი ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამს წარმოადგენს. კინეტიკური ენერგია განსაზღვრავს სისტემის ტემპერატურას და არსებობს მისი რაოდენობრივი გამოსახულება, რასაც ვერ ვიტყვით პოტენციურ ენერგიაზე – მისი ფორმულით განსაზღვრა სისტემის შემადგენელი მოლეკულების დიდი რაოდენობის  გამო სირთულეებს აწყდება. 

გაგრძელება იხილეთ:

გვარებისა და გოგოების შესახებ

0

ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, თორმეტი წლის ვიყავი. ის ბოლო იყო ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ვაჟებიდან. ძმებიდან არცერთს „გვარის გამგრძელებელი” არ დარჩენია.  იმ დღეებიდან მახსოვს მხოლოდ ბაბუაჩემი, რომელიც თავდახრილი იდგა შვილის ცხედართან და ჩუმად მოთქვამდა. მისი მწუხარე სიტყვებიდან ერთადერთი წინადადება ჩამრჩა გონებაში: „ეს რა გამიკეთეთ ჩემმა შვილებმა, ერთი ბიჭი მაინც დაგეტოვებინათ რომელიმეს!”

ჩვენ კი იქვე ვისხედით, შვილიშვილები, სამნი, მამების გარეშე დარჩენილი პატარა გოგოები, რომლებსაც ბაბუას გვარი გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანდა, ბაბუასთვის ეს საკმარისი არ იყო. მას „გვარის გამგრძელებელი” სჭირდებოდა, ის, ვისზეც შვილების სიყვარულს გადაიტანდა, ვისაც ოჯახის სიამაყედ გაზრდიდა, ასწავლიდა ცხენზე ჯდომას, იარაღის გამოყენებას და სადღეგრძელოებს. ჩვენ არ გამოვდგებოდით. ჩვენ სხვა გვარების გასამრავლებლად გაგვაჩინეს, ოჯახიდან წასასვლელად, სხვისი კერის გასათბობად. ასე სჯეროდა ბაბუაჩემის თაობის ბევრ მამაკაცს საქართველოში, მამაჩემის თაობიდანაც ბევრი ასე ფიქრობდა (თუმცა, საბედნიეროდ, მამაჩემი არა) და ვიცი, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი თაობიდანაც ბევრს მიაჩნია ქალი მეორეხარისხოვან არსებად, რომელიც ჯერ თავის ოჯახს ეკუთვნის, მერე კი სხვისას.

როგორ მოვახერხე, არ ვიცი, მაგრამ დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, როგორღაც ვისწავლე, გონებაში ღრმად მივაძინო წარსულის უსიამოვნო ეპიზოდები. არც ბავშვობისდროინდელ დაკრძალვებსა და პანაშვიდებს ვიხსენებ ხშირად, თუმცა უკვე ბევრი წელია, ვერაფერს ვუხერხებ ბაბუაჩემის სიტყვებს, რომლებიც პერიოდულად ცოცხლდებიან და მახსენებენ, რომ ვცხოვრობ საზოგადოებაში, სადაც ჩემი სქესის გამო შეცდომას არავინ მაპატიებს.

მალე ოცდარვა წლის ვხდები. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი გაბმული, უძილო და შეუსვენებელი ბრძოლაა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, იმის დასამტკიცებლად, რომ გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია, ყველაფერი კარგად გამოგვდის, რომ არ გვჭირდება, ვინმემ ხელი ჩაგვკიდოს და გზაზე დაგვაყენოს, რომ თავადაც ვიცით, რა გვინდა, რომ არავისზე ნაკლებად არ შეგვიძლია არც წერა, არც ფიქრი, არც საქმის გაძღოლა, არც მანქანის მართვა, რომ ჩვენც გვაქვს უფლება, გვიყვარდეს და ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, რომ ოჯახი მაშინ შევქმნათ, როცა მოგვინდება, ან საერთოდ არ შევქმნათ და მაინც ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომ იმდენი შვილი გვყავდეს, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლით, ან სულაც არ გვყავდეს, ვიყოთ მარტო და არ გვეშინოდეს, ვიყოთ მარტო და არავისგან ვითხოვდეთ შველას.

იშვიათად, მაგრამ მაინც მეფიქრება: ვეყვარებოდი თუ არა უფრო მეტად ბაბუაჩემს, ბიჭი რომ ვყოფილიყავი? ალბათ, კი. ალბათ ჩამეჭიდებოდა, თავის ჭკუაზე აღმზრდიდა და მეც ვიცხოვრებდი ბიჭების ახალი თაობის დაბადების მოლოდინში, რომ მერე მათთვის გადამეცა ჩემი წესები და ჩვეულებები, რომლებითაც, ალბათ, ვიამაყებდი.

მე გამიმართლა, გამიმართლა, რადგან დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, ქალისთვის დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამიმართლა, რომ ის და მისი დები სწავლობდნენ, მუშაობდნენ, მოგზაურობდნენ და ზუსტად იცოდნენ, რომ არც ჩემი ცხოვრება უნდა ყოფილიყო თუნდაც ყველაზე ახლობელი მამაკაცების მიერ დადგენილ ყალიბს მორგებული. სამწუხაროდ, მე ვიცნობ გოგოებს, რომლებიც სხვანაირად გაზარდეს, სხვა წესებს შეაჩვიეს. მათ, რა თქმა უნდა, თქვენც იცნობთ.

დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ქალთა მკველობებზე, ვწერთ, ვშფოთავთ, ვტირით კიდეც. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ დამნაშავე ქმრების დასჯა სირცხვილად ითვლება და, უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი მათ გამართლებას ცდილობს. შიში, რომ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული ეპიდემიასავით მოედება მთელ ქვეყანას, საფუძველს მოკლებული არ არის. ფაქტია, რომ ყველა ქალი, ყველა გოგო, ვისაც განათლება არ აქვს მიღებული, ვისაც არჩევნის საშუალებას არ აძლევენ, ვისაც დამოუკიდებლობას დანაშაულად უთვლიან, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ვინც ერთხელ მაინც მიგვიტოვებია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო, ვისაც უშედეგოდ უთხოვია შველა სამართალდამცავებისთვის, ყველა, ვისაც უთხრეს, რომ მისი მთავარი ფუნქცია ბიჭის გაჩენაა, ან უბრალოდ, არ მისცეს მუშაობის უფლება – ყველა ეს ქალი და გოგო ხვალ შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქალები, რომლებსაც კლავენ, არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. სინამდვილეში, ყველანი ერთ ქვაბში ვთუხთუხებთ და თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, უნდა ვიფეთქოთ, ქვაბს თავსახური გადავხადოთ და გზას ვეწიოთ.

ოდესღაც, ბავშვობაში, მითხრეს, რომ ოჯახის ამბების საჯაროდ მოყოლა ულამაზო საქციელია. თუმცა მე მაინც მგონია, რომ განსაკუთრებული არაფერი მიამბნია თქვენთვის, არაფერი მითქვამს ისეთი, რაც აქამდე არ იცოდით. აბა, რა დასამალია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალობა ტვირთია, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთი ხარ და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ნათესავებმა და ახლობლებმა თავი სინანულით არ გადააქნიონ და არ თქვან, რომ ბიჭი შენს ადგილას სულ სხვანაირად მოიქცეოდა, სხვანაირად ასახელებდა გვარს.

როგორც გითხარით, მალე ოცდარვის ვხდები. მართალია, „გვარის გამგრძელებლად” ვერ გამოვდექი, მაგრამ დამოუკიდებელი და ბედნიერი ქალი ვარ, რომელმაც უკვე რამდენიმე ბრძოლა მოუგო საკუთარ თავს, ოჯახს, საზოგადოებას.

რატომღაც, ეჭვი არ მეპარება, რომ მამა აუცილებლად იამაყებდა ჩემით. ბაბუა? არ ვიცი, ალბათ ისიც, თუნდაც მხოლოდ გულის სიღრმეში.

წერილები ბიძას

0
მამა ადრე გარდამეცვალა. ეს აქამდეც მითქვამს და ახლა, მკითხველი რომ არ გავაღიზიანო, მამა ვის არ მოჰკვდომია, რა გული გაგვიწყალა ამაზე წერითო, მხოლოდ მშრალ ფაქტებს მოვყვები.
იმხანად ერთი პატარა, უსუსური გოგო ვიყავი, აი, ისეთი, ჭექა-ქუხილის რომ ეშინიათ და სიბნელეში ჭინკები ელანდებათ. მამას მეგობარი ჰყავდა, დათო ბიძია. ამბობდა, მე და მამაშენი სისხლით არ ვყოფილვართ ძმები, თორემ ისე ძმებივით ვიყავითო. ქეთუნიეს მეძახდა და სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რომ ძლიერი და სასახელო ქალი უნდა გამოვსულიყავი – ჩვენ ხომ გვინდა, მამას „იქ” გული არ ეტკინოსო. მამას გულისტკენა, მით უმეტეს – „იქ”, არ მინდოდა, ამიტომ თავს ვუქნევდი, ზუსტად ასეთი გამოვალ-მეთქი.
დათო ბიძიას ისეთი სამსახური ჰქონდა, ხშირად ვერ იცლიდა, ამიტომ დამავალა – ამ საფოსტო მისამართზე ყოველკვირა მომწერე წერილი და მთელი კვირის სასკოლო წარმატებებისა თუ მარცხის შესახებ მიამბეო. მეც კვირის ბოლოს დავჯდებოდი და სულ ენაშემოკეცილი ვწერდი წერილებს:
„დათო ბიძია, როგორ ბრძანდებით. დღეს ქართული ენის გაკვეთილზე ყველას ჩვენი საყვარელი ლექსი უნდა გვეთქვა. მე „მესაფლავე” ვთქვი. მასწავლებელი უცნაურად მიყურებდა და მერე შენიშვნა მომცა, ეს ლექსი შენისთანა პატარა გოგოსთვის ჯერ ადრეაო. საღამოს, დედას რომ ვუამბე, ასე მითხრა, შენს გულს რაც ესიამოვნება, ის ლექსები უნდა თქვა, მაგრამ „მთაწმინდის მთვარეც” ხომ იცი და ის გეთქვაო. მე გავჯიუტდი, ეგ – ხო, მაგრამ, აი, ფისოებზე და კურდღლებზე ლექსებს არ ვიტყვი-მეთქი. დედამ მითხრა, კარგი, არ თქვაო”.
ხშირად წერილები უკანვე მიბრუნდებოდა და თან დათო ბიძიას შენიშვნები ახლდა: ამ აბზაცში სიტყვათა წყობა არ მომეწონა, აქ სასვენი ნიშანი აკლია, აქ კიდევ აზრი გაქვს აბურდულ-დაბურდული, დაწერე იგივე წერილი ხელახლა და გამომიგზავნეო. ზოგჯერ გულიც მომდიოდა, მაგრამ უხმოდ ვჯდებოდი და ვწერდი. თან ახალიც ხომ დასაწერი მქონდა…
ერთხელ, სკოლიდან გამოსულს, დათო ბიძია დამხვდა მანქანით. ქეთუნიეო, ხელი დამიქნია და მეც ერთი ნახტომით მასთან გავჩნდი. აქეთ ვიყავი და ვიფიქრე, ახლა ხომ გაკვეთილები უმთავრდება, დაველოდები და სახლამდე მივიყვანო. მანქანაში ჩამჯდარი, ღვედით „დამაბა” და იქვე, მანქანის წინა სათავსიდან, წითელყდიანი წიგნი ამოაცოცა – ეს შენთვისააო. დავხედე და წავიკითხე: „ალფრედ ნობელი – მითი და სინამდვილე”.
ავტორს დაწვრილებით აღეწერა ნობელის გამდიდრების, დინამიტის, ქარხნების ამბები (მათ შორის – აფეთქებული ქარხნისაც). ნახსენები იყო ნიტროგლიცერინიც. ეს წამალი ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ხუმრობით ორი სახელი ჰქონდა: „მკვლელი და მკურნალი”. ერთ ფიზიოლოგს ვიცნობდი, ასაკოვანი კაცი იყო. სულ სხვა სახელი ერქვა, მაგრამ თავის თავს „გოლას” ეძახდა და სხვებისგანაც ითხოვდა, ასე დამიძახეთო. ამბობდა, ჩემს მშობლებს რა ვუთხარი, თორემ ვაჟკაცი რომ შეგეძინება, შეიძლება, გოლა არ დაარქვაო?! ძალიან რთული ვარცხნილობა ჰქონდა. თმა კეფაზეღა შემორჩენოდა. არ იჭრიდა და მთელ თავზე მრგვლად შემოიხვევდა ხოლმე. ძალიან საინტერესო შესახედავი იყო. მეც თვალი მისი თავისკენ გამირბოდა, მაგრამ დედასგან ვიცოდი, რომ უფროსებს არ უნდა მივშტერებოდი და ისე, ოდნავ თუ გავაპარებდი ხოლმე თვალს. მოსიარულე ენციკლოპედიას ეძახდნენ, მაგრამ რაღაცნაირი დაბნეული იყო. ზოგჯერ ჩანთით დიდ ქვებს დაატარებდა, ამბობდა, ქოთნის ყვავილებისთვის მჭირდებაო.
ჰოდა, ამ ფიზიოლოგს ჯიბით მუდამ ნიტროგლიცერინი დაჰქონდა – გული აწუხებდა და ამბობდა, ამით მიდგას სულიო, მაგრამ მკურნალი ხომ არის და იმავდროულად მკვლელიც შეიძლება იყოსო.
თუმცა, მოდი, ყველაფერს თავიდან მოვყვები.
დენთი ვიცით, ხომ, რაც არის? მისი სამშობლო ჩინეთია.
როჯერ ბეკონმა დენთის შესწავლა გადაწყვიტა. არა, როჯერი საეკლესიო პირი გახლდათ და არაფრის აფეთქებას არ აპირებდა. უბრალოდ, ალქიმიკოსობდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს აღწერდა, იქნებ ოქროს ტრანსმუტაციის საიდუმლო ამოვხსნაო. მოგვიანებით ბრალი დასდეს, ოქროს კეთება იცი და არ გვიმხელო. სასჯელად თხუთმეტი წელი საეკლესიო ციხეში გაატარებინეს. მეზობელ კამერაში ბეკონის წიგნები იხდიდნენ სასჯელს, ასევე თხუთმეტი წლით.
1845 წელს შვეიცარიელი ქიმიკოსი ქრისტიან შენბაინი სახლში მოწყობილ ლაბორატორიაში ქიმიურ ცდებს ატარებდა. იმ დროისთვის სახელი უკვე გაეთქვა ოზონის აღმოჩენით. შემთხვევით აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევი დაეღვარა. მაშინვე ბამბის წინსაფრით შეამშრალა და გასაშრობად დაკიდა. წინსაფარი როგორც კი გაშრა, მაშინვე აფეთქდა. შენბაინმა წინსაფარში შემავალი ცელულოზა უნებურად ნიტროცელულოზად გარდაქმნა. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ნიტროცელულოზის საფუძველზე უკვამლო დენთის შექმნა იყო შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ 1891 წელს მიიღეს უსაფრთხო ნარევი და მას კორდიტი უწოდეს.
ნიტროცელულოზა გაკვეთილზეც შეიძლება მივიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად და მასწავლებლის ყველა მითითების დაცვით. იღებენ აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევს. ჩვეულებრივ ბამბას, რომელიც ცელულოზაა, კარგად ასველებენ ნარევში, შემდეგ გაჟღენთილს რამდენჯერმე ჩარეცხავენ წყლით და ფილტრის ქაღალდით გაამშრალებენ. შედეგად ვიღებთ მზა ნიტროცელულოზას და შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იწვის ის ჩვეულებრივ ცელულოზასთან შედარებით, ამიტომ კვლავ ავიღებთ ჩვეულებრივ ბამბას (ანუ ცელულოზას) და ჩვენ მიერ დამზადებულ ნიტროცელულოზას. ორივეს ცეცხლს მოვუკიდებთ. ბამბა დიდხანს განაგრძობს წვას, ნიტროცელულოზა კი სწრაფად, მცირე აფეთქებით დაიწვება.
ზემოთ კორდიტი ვახსენე, რომლის შემადგენლობაშიც ნიტროცელულოზასთან ერთად ნიტროგლიცერინიც შედიოდა. ნიტროგლიცერინი სამატომიან სპირტ გლიცეროლისა და მასში ჩანაცვლებული ნიტროჯგუფებისგან შედგება.
გლიცეროლი 1779 წელს კარლ შეელემ ზეითუნის ზეთისა და ტყვიის ოქსიდის გაცხელებით მიიღო. ნივთიერება მოტკბო გემოსი აღმოჩნდა და გლიცერინი (გლიცეროლი) უწოდეს.
 
1846 წელს იტალიაში ალბერ სობრერომ ამ რეაქციით მოტკბო გემოს ზეთოვანი სითხე ნიტროგლიცერინი მიიღო. მიღების პროცესში შენობა ორჯერ აუფეთქდა, ამიტომ ექსპერიმენტები შეწყვიტა, თუმცა თავისი აღმოჩენა მაინც გამოაქვეყნა.
1865 წელს კი ნობელმა სობრეროს აღმოჩენა დააპატენტა და ნიტროგლიცერინის მისაღებად შვედეთში ქარხანა ააშენა. მანამდე   დენთის შესახებ როჯერ ბეკონის ნაშრომიც შეესწავლა. ნობელს ჯერ ერთი ქარხანა აუფეთქდა, მერე – მეორე. მეორე აფეთქებისას მისი ძმაც დაიღუპა. ამის შემდეგ მიხვდა, რომ ტექნოლოგია უნდა შეეცვალა.
ნიტროგლიცერინისა და სპეციალური შემავსებლის გამოყენებით ნობელმა დინამიტი შექმნა და ზღაპრულად გამდიდრდა. მას „დინამიტის მეფესაც” უწოდებენ.
მეცხრამეტე საუკუნეში ექიმმა, რომელიც ნიტროგლიცერინის საწარმოში მუშაობდა, შეამჩნია, რომ მუშებზე მისი ორთქლი რამდენიმე ხნის განმავლობაში კარგად მოქმედებდა. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად შეიქმნა წამალი, რომელიც მკვლელიც არის და მკურნალიც.
წეღან სამუშაო მაგიდას ვალაგებდი და დათო ბიძიასთვის მიწერილი წერილის ფურცელი მომხვდა ხელში. ეტყობა, ეს წერილი უკან დამიბრუნდა მითითებით, შეცდომები გამესწორებინა. ჰოდა, მოგონებები ამეშალა და ნობელის, დენთისა და დინამიტის ამბებიც გამახსენდა.
ჩემი სტუდენტების უმეტესობას წერა უჭირს. ერთ-ერთ შუალედურად თხზულებას ვაწერინებ ხოლმე ქიმიის რომელიმე საკითხზე. წინასწარ მებოდიშებიან ნაწერის, პუნქტუაციის, აზრის შესაძლო გაუმართაობის გამო და მეც ვპირდები, რომ მხოლოდ შინაარსის ქიმიურ მხარეს მივაქცევ ყურადღებას, დანარჩენ შეცდომებს კი გულისტკივილით ვუყურებ.
იქნებ ბავშვობიდან „იძულებითმა” წერამ მოზარდებს წერა ასწავლოს, წერის კულტურა ჩამოუყალიბოს? აი, თუნდაც საყვარელ ზღაპრის გმირებს რომ სწერონ წერილები, მერე, ოდნავ წარმოზრდილებმა – უკვე სათავგადასავლო რომანების გმირებს… ოღონდ ეს ნაწერები უნდა შემოწმდეს და თუ აუცილებელი იქნება, თავიდან დაიწეროს.
დღეს ჩემს წერილებზე მეღიმება და ხუმრობით ასე ვიხსენიებ: „წერილები ბიძას”. დიახ, სწორედ ბიძას და არა ბიძიას, რადგან თვითონვე ამბობდა, ფაქტობრივად ბიძაშენი ვარო. ბიძას კი წერილები უნდა სწეროო. მეც ვწერდი, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათად და ერთ დღესაც აღარ მიმიწერია… გავიზარდე…
მანამდე კი სკოლაში მომხდარ ყველა ამბავს ფოტოგრაფიული სიზუსტით აღვწერდი:
„დათო ბიძია, როგორ ბრძანდებით? იცით, დღეს სკოლაში რა მოხდა?..”

„დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ – მეთოდის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0
ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს თავისი აზრი და გაუზიაროს სხვებს.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შეჯამებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს ანალიტიკური აზროვნება, მიეჩვიოს სხვისი აზრის პატივისცემას, იყოს კარგი მსმენელი, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
მეთოდი სამსაფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეთა საქმიანობა:
I. დაფიქრდი – მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ კითხვაზე;
II. დაწყვილდი – მოსწავლეები წყვილდებიან და განიხილავენ მოფიქრებულ საკითხს;
III. გაუზიარე – მოსწავლეები წყვილებში განხილულ საკითხს კლასს უზიარებენ.
ამ მეთოდის გამოყენება სწავლების ყველა საფეხურზე შეიძლება. ის შეგვიძლია მოვარგოთ სხვადასხვა ხასიათის ნაწარმოებს. გამოიყენება წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და კითხვის შემდეგ.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად შეძლონ ამ მეთოდის დახმარებით ტექსტის დამუშავება, ვესაუბროთ მათ მეთოდის შესახებ, ავუხსნათ, რომ იგი სამი საფეხურისგან შედგება და განვუმარტოთ, რას მოიცავს თითოეული საფეხური.
თავდაპირველად ვარჩევთ ტექსტს, დავსვამთ კითხვას გამოწვევისთვის, რომელიც უშუალოდ უკავშირდება შესასწავლ საკითხს.
კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძიება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზანი, ხოლო მასწავლებელს – განსაზღვროს მოსწავლის გაგების დონე.
თუმცა კითხვის დასმას თან ახლავს ორი სირთულე:
1. კითხვაზე პასუხს სცემენ აქტიური მოსწავლეები, მორცხვები და პასიურები კი, როგორც წესი, თვალს არიდებენ მასწავლებელს.
2. პასუხის მოსაფიქრებლად არასწორად განსაზღვრული დრო: კითხვის დასმის შემდეგ მასწავლებელი დაახლოებით ერთი წამის შემდეგ ითხოვს პასუხს; როგორც კი ერთ-ერთ მოსწავლეს გამოიძახებს, დანარჩენები წყვეტენ ფიქრს.
მასწავლებელს ამ ორი პრობლემის მოგვარებას გაუადვილებს მეთოდი „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე”.
მეთოდის სპეციფიკიდან გამომდინარე (იმის გათვალისწინებით, რომ პასუხს თავდაპირველად მეწყვილეს უზიარებს, მერე კი – მთელ კლასს), მოსწავლეს ეკისრება პასუხისმგებლობა მეწყვილისა და კლასის წინაშე. 
გამოყოფილი დროის შემდეგ მოსწავლე ან მისი მეწყვილე ვალდებული არიან, წარადგინონ როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის ნააზრევი. აქედან გამომდინარე, ეს მეთოდი ყველა მოსწავლეს აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესში.
დაფიქრდი
პირველ ეტაპზე მოსწავლეები ფიქრობენ თავიანთ პასუხზე. ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია ე. წ. „ჩუმი ფიქრისათვის”, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, კარგად მოიფიქროს და ჩამოაყალიბოს პასუხი. კითხვის სირთულიდან გამომდინარე, მოსწავლეს მოსაფიქრებლად შეიძლება მიეცეს 10 წამიდან 2 წუთამდე.
მოსწავლე პასუხის ჩამოყალიბებას ცდილობს არსებული (წინარე) ცოდნის გააქტიურებით.
ამ საფეხურზე მოსწავლეებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი ცდილობენ, კარგად ჩამოაყალიბონ სათქმელი, ვიდრე დაიწყებენ პარტნიორთან დისკუსიას.
ამ დროს მასწავლებელს შეუძლია, იაროს კლასში და დააკვირდეს, რას წერენ (იმ შემთხვევაში, თუ მუშაობენ სამუშაო ფურცელზე) ან მოუსმინოს მათ საუბარს, რათა გაარკვიოს, რომელ მათგანს ესმის კითხვის არსი. ეს მოსწავლეებს გაუქარწყლებს სურვილს, ისხდნენ პასიურად, მეწყვილის ნამუშევრის იმედად.
მოსწავლეებს აზრის გამოხატვა წერილობითაც შეუძლიათ. ამისთვის მასწავლებელი იყენებს სამუშაო ფურცელს, რომელიც მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაურიგდებათ. გაზიარების ეტაპზე მათ სწორედ ამ ფურცელზე დაყრდნობით შეუძლიათ პრეზენტაცია. ფურცელს შეიძლება ანგარიშის სახე მიეცეს, რაც მასწავლებელს გამოადგება მოსწავლეთა საბოლოო შეფასებისას.
სამუშაო ფურცელი

კითხვა

 

მე რა ვიფიქრე

 

მეწყვილემ რა იფიქრა

 

რა გავუზიარეთ ერთმანეთს

 

 

 

დაწყვილდი

შემდეგ მოსწავლე უწყვილდება გვერდით მჯდომს ან ერთიანდება ჯგუფში.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს წყვილებში მომუშავე მოსწავლეთა ვინაობა.

დაახლოებით 1-3 წუთის განმავლობაში მოსწავლეები განიხილავენ თავიანთ იდეებს. საუბრის დროს ისინი ხელახლა ფიქრობენ და ებადებათ ახალი იდეები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლე, რომელიც სიმორცხვის გამო თავს იკავებდა პასუხის გაცემისაგან, მეწყვილესთან მაინც განიხილავს თავის იდეას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, მოსწავლე გახდეს უფრო თავდაჯერებული და თავის შეხედულებაზე თამამად ისაუბროს.

თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ წყვილებში მუშაობის დროს რომელიმე მოსწავლე დიალოგში ერთპიროვნულად დომინირებს, უნდა ჩაერიოს, რეგლამენტის რეჟიმზე გადაიყვანოს. ამ შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეს განსაზღვრული სალაპარაკო დრო ეძლევა.
გაუზიარე

მას შემდეგ, რაც წყვილები ერთმანეთის პასუხს მოისმენენ (რასაც3 წუთზე მეტი დრო არ უნდა დაეთმოს), მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთი აზრი კლასს გაუზიარონ.

დაწყვილების შემდეგ მოსწავლეებს უფრო მეტი სურვილი აქვთ, გამოთქვან აზრი, რადგან პასუხზე პასუხისმგებლობას წყვილი იყოფს. დაწყვილების შემდეგ მოსწავლეები სათქმელს უფრო ლაკონურად აყალიბებენ, რადგან ჰქონდათ საშუალება, ემსჯელათ და განეხილათ.

გაზიარებაში მათ სამუშაო ფურცელიც ეხმარება, რომელიც შეჯამებისთვის გამოადგებათ. ამ სქემას პირობითად შეიძლება ანგარიშის ფორმაც ვუწოდოთ.

მანანა ბაქრაძე – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი, 2012
2. სწავლება და შეფასება – დამხმარე სახელმძღვანელო (II). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008

შაქრო

0

„- ფუთქავს ცოტას, იცრიალებს და წაი, გადააბი, თვარა აღარაა იქინე აფერი და მიადგება თხილებს!”

გადააბამ და ზიხარ. ძროხა ძოვს, მერე ეზარება და დაწვება. იცოხნება, ბუზებსა და ქინქლებს იგერიებს. ფიქრობ სკოლაზე, გოგოზე, რომელიც ყველას უყვარს, შენი ჩათვლით, „დენდიზე” და „სუბორზე”, რომელიც ალბათ არასდროს გექნება და, შესაბამისად, მეზობლის „დენდიზე” და „ტანკების” მეხუთე ტურზე, „ტურბოს” „ნაკლეიკებზე” გამოსახულ ლამბორგინიზე და ბიმოტაზე, რომელიც გაიზრდები და გამდიდრები და გეყოლება. და კიდევ – ბოტასებზე, ფეხს რომ დაადგამ და ძირზე რაღაც ანათებს, ეგეთზე. უცებ ძროხა დრუნჩს მოაბრუნებს და თვალებში ჩაგხედავს. უყურებთ ერთმანეთს, ასე, ორი-სამი წუთი. მერე ისევ მიაბრუნებს თავს და აგრძელებს ცოხნას და შენ ისევ ფიქრობ ბოტასებზე, „ტურბოზე” და „ფინალ-94″-ზე, რომლის მეხუთე ნომერი, ბაჯო, ძნელად ამოდის.

არაფერია ბუკოლიკურ საათებზე უფრო გრძელი.

უკვე წვიმს. როცა წვიმდა, დედაჩემი ქოლგით მიშვებდა სკოლაში და ეგ ითვლებოდა ყველაზე სამარცხვინო ამბად. იმის იქით მხოლოდ რეიტუზები და კედელი იდგა. ჰოდა, როგორც კი მოსახვევს გავცდებოდი, ვკეცავდი ამ ქოლგას და ერთ მიტოვებულ სახლთან, ძველი ფოსტა-გაზეთების ყუთის უკან ვჩურთავდი. მივდიოდი სველი სკოლაში, ვითარცა გმირი. უკანა გზაზე იშვიათად წვიმდა. და იდგა მსოფლიოში ყველაზე რუხი ამინდები. მოვდიოდით და გუბეებს ვახტებოდით, როგორც ტრადიცია მოითხოვდა. გუბეებს ჰქონდათ გრძელი, ანუ „იშვიათიმანქანარომგამოივლისბენზინიჩამოწვეთავსდაააჭრელებს” ფერი. ჩვენ მოვდიოდით მხიარულად, ასეთი სევდიანი ამინდისთვის დიდად შეუსაბამოდ. ეს – ნახევარღამე დღეების გამო. და კიდევ – შეშის შემოსატანად რომ გავიდოდი, ბაბუაჩემის „ბუშლატას” მომახურავდნენ. წვიმას აქვს ამ „ბუშლატის” სუნი. სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი. არც იბზარება და არც ცვდება – იქით გცვეთს და გბზარავს. „სურნელი” ძნელად უხდება ამ სიტყვას – მეტისმეტად ანაზებს. არადა, სუნი მკვლელი რამაა. ადამიანის ცალკე ნაშრომია, ოდესმე შევეჭიდები საშრომად. არის გვიმრის სუნი, ახალმოჟლემილი ჩაის სუნი. კიდევ – თხის ნაკელის სუნი, სოფლის გზაზე რომ მიდიხარ და შორიდან გცემს. სველი ძაღლის სუნი, სახლის სუნი, ოთახით სავსე ჰაერის სუნი და სახლის სუნი, ოღონდ დიდი ხნის უნახავის. და სხვა. და სხვა.

და კიდევ: შემოდგომის წვიმიანი დილის ოთხმოცდაათიანების გურული მეტაფორა გალანცული ლამპის შუშაა. გალანცული გულისხმობს გაჭვარტლულს. გაჭვარტლული ნიშნავს, რომ წუხელ გვიანობამდე არჩიეს თხილი და ხან ქარი წამოუბერავდა, ხან მოხუცი ქალი აუწევდა უნებლიეთ ფითილს. უფრო სწორად, მეტაფორა ამ შუშის გაწმენდაა, დილით, ძველი წიგნიდან ამოხეული ფურცლით. ძველ წიგნებს ხომ ის ბედი ჰქონდათ გურიაში, რომ ან ცეცხლს ანთებდნენ, ან ჩეჩმაში მიჰქონდათ, ან ეგრე, ლამპის შუშას წმენდნენ. დასაკლავი ქათმებივით გამოჰქონდათ კარადიდან, ოღონდ ეგ იყო, რომ ამ წიგნებს კრიახი არ შეეძლოთ, მხოლოდ უცნაური სევდით თუ გათქვამდა მოსალოდნელი ინკვიზიციის შიშს „მსოფლიოს ისტორია მეოთხეკლასელთათავის. 1974 წელი” ან „მანდარინო, შენ გურიის ოქრო ხარ, კოლმეურნის ვერცხლ ხელებში მბზინავი” (ლექსების კრებული).

გინახავთ, როგორ ანთებს ცეცხლს ფრაზა: „ვეტექიმმა სხიერელმა გულმოდგინედ აიკაპიწა მკლავები და თქვა”? აღარ ვიცი, რა თქვა სხიერელმა. ფურცელი გაშავდა.

ბაბუაჩემმა თავი წვიმიან დღეს ჩამოიხრჩო. მე ვნახე და მზერა ამარიდებინეს, მაგრამ დაკრძალვის დღეს დავაკვირდი და ცალი თვალი ჩავარდნილი ჰქონდა – ის, რომელიც სტკიოდა და ვერ ხედავდა. და პირი – მკაცრად მოკუმული, ნერვიულად, თითქოს გვიბრაზდებოდა. ლექსებს წერდა და რომანტიკული კაცი ეთქმოდა, მაგრამ პრაგმატული საქმეებიც შეეძლო. უბრალოდ, ნერვიული იყო სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც გადაჰყვა. ჰქონდა კი საბაბი: სულ ბოლოს შვილი მოუკვდა. მანამდე, სულ ადრე, დები ზრდიდნენ. მამამისმა, ჩემი სახელისა და გვარის კაცმა, გიორგი კეკელიძემ, ბოლო ცოლი 54 წლისამ შეირთო, 16 თუ 17 წლის, და მალევე დაშორდა. ბაბუაჩემი დარჩა მისგან. შაქრო მეუბნებოდა, როგორ აშინებდნენ ბავშობისას დედამისით, რომ რამე შვილისმიერი გრძნობები არ დაელანდათ ამ უცნობი ქალისადმი. 18 წლისამ ნახა დედა პირველად. მატარებელში მუშაობდა გამცილებლის თანაშემწედ, მაგრამ დიდი ფიქრები ჰქონდა. სოფელში რომ დაბრუნდა, სურებში, თეატრალური კლუბი შექმნა, თვითონ თამაშობდა და რეჟისორობდა. პარტიაშიც შევიდა. რადგან სოფლის მართვა მოესურვა და „უმაღლესი” ვალდებულებად უთხრეს – 30 წლისამ ჩააბარა ინსტიტუტში. ხულოში რომ გაუშვეს მასწავლებლად, იქვე განაწილებული ბებიაჩემი შეირთო და დაბრუნდა სურებში. იყო სკოლის დირექტორი და კულტურის სახლის გამგე და კოლექტივის თავმჯდომარე. მოკლედ, მინიამერიკული ოცნება.

სოფლის ღამეულ ხმათაგან ბევრია მაგიური. წვიმა თუნუქის სახურავზე ან მდინარის ჩხრიალი, თავი რომ თითქოს ქვებზე გიდევს. ან ბაყაყების ჯიუტი ყიყინი. ტურის ყრუ კივილი. ბუს ხმა – მარტოობის მანიფესტი. მაგრამ მთავარი მაინც ჭრიჭინაა, თუ რაღაც მწერი, ზაფხულის ღამის საუნდტრეკს რომ მღერის გაუჩერებლად. ამას ოთახში უცებ შემოფრენილი და ფარდაზე მიმჯდარი ციცინათელა თუ შეედრება, მაგრამ ეს სხვა ჟანრია. ამ ხმებზე მიყურადება ბაბუაჩემმა მასწავლა. დაყრუებული ჭა გეცოდინებათ. გაუქმებული, ანუ. უვარგისი, მომწვანო წყლით, შიგნით ჩამხრჩვალი ქათმის ფრთებით. დღემდე არ ვიცი, რატომ დაარქვეს დაყრუებული. შეიძლება, იმიტომაც, რომ რასაც ჩასძახებ, იმას აღარ ამოგძახებს, რა ვიცი… იმ ჭასთან ახლოს იყო ჩვენი ჭიშკარი. გურიაში ჭიშკარი ნიშნავს ჭრიალსაც და ყველა სახლის ჭიშკარი სხვადასხვანაირად გამოსცემს ხმას. „ციალეს კარი გეიღო”, „მაყვალიეს ჭიშკარი გეიღო”, „ალისტრახოს ჭიშკრის ხმაია მაი, ჩვენი არა”. ეს ხმა გულისხმობს, რომ „სტუმარი მევიდა”, მაგრამ ისეთი სტუმარი, დაძახება რომ არ უნდა. ან მეზობელი გადადის მეზობელთან შენი ეზოს გავლით. ამგვარი ჭრიალა ჭიშკარი არის მნიშვნელოვანი გასაღები გურული ცხოვრების ჭიშკრის შესაღებად. ჯერჯერობით – ისევ ცოცხალი.

და ნათებები. ნათებები. ღამის. ლობიოს ელვა – ასე ეძახდა ბაბუა ზაფხულის უმიზეზო და მოულოდნელ ელვებს, წვიმა და ქუხილი რომ არ მოჰყვებოდა. ლობიოს ზრდისო. ციცინათელა უკვე გითხარით. მთვარე არ უყვარდა, თუმცა, როგორც მითხრა, ადრე სიმთვრალისას ეხმარებოდა შინ მისაგნებად სოფლის რთულ ბილიკებზე. მერე უსარგებლო გახდა. შუაცეცხლის ნაკვერჩხალი: მიაშტერე თვალი, მიაშტერე. ეიხედე ახლა მაღლა. რას ხედავ? და კიდევ – ზღვისკენ, დასავლეთშით, სადღაც პორტისკენ, რომელსაც მე და ბაბუა ერთად ვუყურებდით, ცა ჩანდა ძალიან წითელი. და ხან მძაფრდებოდა ეს სიწითლე და ხან ბაცდებოდა. როგორც ცივილიზაციის გაუგებარი, შორეული დღესასწაული. ჩვენ ვუყურებდით და ვოცნებობდით. მე – მომავალზე. ის – წარსულზე. არსებობს წარსულზე ოცნებებიც. ეს სრულიად განსაკუთრებული რამეა, იშვიათი ხალხის ხელობა.

თავგადასავლების მოყვარული იყო. დაუდგრომელი. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ვგავარ ამ ამბავში. რომ ბრმავდებოდა, ეგ იყო ალბათ ყველაზე დიდი წერტილი მისთვის.  ერთ შემთხვევას ყვებოდა ხშირად,  არაფრით გამორჩეულს, მაგრამ რადგან ხშირად – ჩამრჩა. თურმე სოხუმში ერთ რუს ქალს ყვარობდა. იცნობდა ამ ქალის ქმარსაც. და ძმასაც. ერთხელ უსვამთ ძმას, ბაბუაჩემს და მის სატრფოს. მოსულა ქმარი. უკაკაკუნებს, უკაკუნებს ამათ და უკვე ჩაძინებულებს ვერ აღვიძებს. ბოლოს შეუღია ფანჯარა და ასე დაუძახია:
შაქრო, რიმა, შურა,
ეტა კულტურა??
ვერაფერი ისტორია თავისთავად. მაგრამ გითხარით უკვე, ხან მოყოლით არ გამოდის, რადგან ჩვეულებრივი ამბებია, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი…

ზღაპრების მოყოლა იცოდა. მაგრამ თავისებურის – ორი საგა ჰქონდა, დაუსრულებული. გზადაგზა თხზავდა. ერთს ერქვა – ანჩური და ბანჩური, მეორეს –  ოჩილარე და ოხლიჩარე.  ამათგან მხოლოდ ოხლიჩარე იყო ცუდი კაცი.

დანარჩენი – თქვენი მოსაწონი. ეს დაუსრულებული ზღაპრები ცალკე ამბავია – უკიდურესად პრივატული და ინტიმური, მხოლოდ მთხრობელის და მსმენელის. ალბათ ასეთი იყო ადრე ოდისეა, სანამ ფურცელმა არ გაყინა. ბაბუაჩემი ზღაპრები გაიფანტნენ. ძვლივს ვიხსენებ ხოლმე სიუჟეტებს, სადაც მე სულ მქონდა პატარა როლი. მაგრამ მთავარი. ამიტომაც, მხოლოდ ზღაპარში ჩემი ,,გამოჩენის’’ მერე ვიძინებდი.

როდესაც დანაშაული დაუსჯელია

0

17 ოქტომბერს ყოფილმა
ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა და თავი მოიკლა. მოკლული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ლექტორი იყო. მკვლელობა უნივერსიტეტის დერეფანში მოხდა.

17 ოქტომბერს მინისტრები
და სახელმწიფოს მესვეურები გამოვიდნენ და თქვეს, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და რომ
კრიმინალმა მხოლოდ ქმრების მიერ ცოლების მკვლელობის კუთხით იმატა.

17 ოქტომბერს ძალიან
ბევრმა ადამიანმა თავი დამნაშავედ იგრძნო და გულუბრყვილოდ იკითხა: „კი მაგრამ, რა ხდება?
რამ გადარია ხალხი, რომ ბოლო ხანებში ამდენმა ქმარმა მოკლა ცოლი?”

პასუხი შეიძლება
ასეთი იყოს: ქართველი ქალი უფრო თავისუფალი გახდა და დაიწყო საზოგადოებაში არსებული
სტერეოტიპების ნგრევა, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ასრულებდეს მის მითითებებს,
იყოს კაცზე დამოკიდებული ანუ იცხოვროს როგორც ადამის ნეკნმა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ
თუ ნეკნი გადაწყვეტს, ჰქონდეს სურვილები, მისწრაფებები და ნება, – იყოს დამოუკიდებელი,
ადამი მის მოშორებას შეეცდება. ოღონდ მოშორებაში გაშორებას კი არ ვგულისხმობ, არამედ
დაჩეჩქვას, რტყმას, დაშლას და განადგურებას. მოკლედ, თუ ნეკნი ამხედრდა, ადამმა ის
უნდა გააქროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობს კმაყოფილებას.

ჩაკეტილი საზოგადოების
ღია საზოგადოებად გარდაქმნა ურთულესი პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება, ვინაიდან არ
არსებობს დახურული სისტემა, რომელიც იმთავითვე, წამიერად შეძლებს ღია სისტემად გადაქცევას
(ასეთი ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს). მითუმეტეს, ქართული საზოგადოება, რომელსაც ტრადიციების
შენარჩუნების ტენდენცია, რელიგიური ფანატიზმი და ტვინის გაუნძრევლობა (როგორც საბჭოთა
კავშირის ჭეშმარიტ მემკვიდრეს) ახასიათებს. საზოგადოება ინარჩუნებს ნორმებს, რომლებიც
მოძველებული და გაცვეთილია და ცდილობს, არ დაუშვას სიახლეები, მაგრამ გარკვეული დროის
შემდეგ ამ ნორმების შენარჩუნება უკვე შეუძლებელი ხდება და იწყება განხეთქილება. დღეს
ამ განხეთქილების მსხვერპლი მარიკა წივწივაძე და ის ქალები არიან, რომლებმაც სცადეს
გაქცეოდნენ ძალადობას, მაგრამ სახელმწიფომ და საზოგადოებამ ვერ შეძლო მათი დაცვა.

ჩვენ ვიცით, რომ
ფორმალური ნორმების გარდა საზოგადოებაში არაფორმალური ნორმებიც არსებობს, რომლებიც
ადამიანის არა მარტო ქცევას, არამედ აზრებსაც განაპირობებს. როდესაც კაცისთვის ცოლის
ჩაგვრა ზნეობრივად გამართლებულია, იგი არ უშვებს, რომ დანაშაულს სჩადის, როდესაც ცოლს
ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ქალის პროტესტი შესაძლოა
მისი მოკვლის მიზეზი გახდეს. ამიტომ პრობლემა თავად ამ ადამიანების რწმენაში, დამოკიდებულებებში
და ზნეობრივ ნორმებშია.

როგორ შეგვიძლია
ვებრძოლოთ დანაშაულს?

საუკეთესო გამოსავალი
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ნორმების ცვლილება იქნებოდა, მაგრამ ეს
დროის, განათლების და სოციალური განწყობების საკითხია. ამ დროის მანძილზე კი შესაძლოა
ხუთჯერ და ათჯერ მეტი ქალი მსხვერპლად იქცეს. ამიტომ გამოსავლად სახელმწიფოს მიერ კანონის
გამკაცრება და იმ ადამიანების დასჯა რჩება, რომელთათვისაც დანაშაული მორალურად გამართლებულია.

ბუნებრივია, როდესაც
ქალის ჩაგვრისთვის ციხეში აღმოჩნდება შენი მეზობელი, მეგობარი, თანამშრომელი, ბოლოს
და ბოლოს, მიხვდები, რომ შენს ცოლს სახელმწიფო იცავს და შენ შენი ნეგატიური ქმედებისთვის
დაისჯები.

ადამიანისთვის მოსალოდნელი
სანქცია მაშინ ხდება დანაშაულის შემაკავებელი, როდესაც მას სჯერა, რომ: 1.დანაშაულს
მაშინვე მოჰყვება სასჯელი. 2.სასჯელი იქნება დანაშაულის შესაბამისი სიმკაცრის. 3.დამნაშავე
აუცილებლად დაისჯება.

დღეს საქართველოში
ამის არ სჯერათ და არ სჯერათ, იმიტომ, რომ კანონი არ არის შესაბამისი სიმკაცრის და
მას რეალური ძალა არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო
„12 ნაბიჯის” პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს წამალდამოკიდებულებისა
და ალკოჰოლზე დამოკიდებულების რეაბილიტაციას (და თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ამ დანაშაულების
უმეტესობა არაფხიზელ მდგომარეობაშია ჩადენილი), დღესდღეობით ყველაზე სწრაფი და ეფექტური
საშუალება დანაშაულის შესაჩერებლად მოძალადის მიმართ გატარებული მკაცრი ზომებია. ამიტომ,
დროა, სახელმწიფომ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ძალადობის მსხვერპლთა წინაშე,
აღიაროს საკუთარი წვლილი ამგვარ დანაშაულში და იმოქმედოს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

დროა საკუთარი წილი
პასუხისმგებლობა აიღოს საპატრიარქომაც, ვინაიდან
დღეს საქართველოში პატრიარქისა
თუ ცალკეული მღვდლების სიტყვა უფრო ღირებულია, ვიდრე კანონის. შორს რომ არ წავიდეთ,
გავიხსენოთ 2013 წლის 17  მაისს ქუჩაში ლგბტ
ადამიანების წინააღმდეგ გამოსული ათასობით ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ დისკრიმინაციის
უმაღლესი ფორმისთვის მიემართათ და არავის გახსენებია ქრისტეს შეგონება ადამიანის სიყვარულზე.
არადა რელიგიის და ეკლესიის ერთ-ერთი უპირველესი
ფუნქციაა, მართოს იმ ადამიანთა დევიანტური ქმედებები, რომლებიც უარყოფით ღირებულებებს
ატარებენ. რელიგიურ პრინციპებს დაუმორჩილოს დევიანტ ადამიანთა ქმედებები, რომლებსაც
ინტერნალიზებული და გათავისებული არ აქვთ სხვა ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლის
ღირებულება; ღირებულებად უქციოს მათ სხვისი სიცოცხლე, ხელშეუხებლობა და პატივისცემა.
ამის მაგივრად კი, ჩვენ გვესმის მოწოდებები, რომ
ქალი უნდა იყოს ქმრის მორჩილი (და არა თანასწორი) და
ცოლმა ფეხები უნდა დაბანოს კაცს (და არა კაცმაც დაბანოს ფეხები ცოლს), რაც ქმნის და
ამართლებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ არაფორმალურ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც ცოლი
ქმრის უსიტყვოდ მორჩილი და მხოლოდ და მხოლოდ ნეკნი უნდა იყოს. შესაბამისად, ქალები,
რომლებმაც მოითხოვეს უფლება, ყოფილიყვნენ სრულფასოვანი ადამიანები და რომლებიც წესით
მაგალითები უნდა გამხდარიყვნენ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, გახდნენ მაგალითები
იმისა, რომ ხმის ამოღება სიკვდილს ნიშნავს. ეს სიკვდილი კი ნიშნავს ქალების შიშს და
არსებული სამარცხვინო ნორმების მტკიცედ შენარჩუნებას…

სამი წლის წინ მე
და ჩემი ქმარი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. თითქმის ყოველ ღამე გვესმოდა როგორ უყვიროდა
და სცემდა მთვრალი მეზობელი ცოლს. ბევრჯერ გვილაპარაკია, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა
ქალის და ბავშვების დასახმარებლად. რამდენჯერმე გადავწყვიტეთ, პატრულში დაგვერეკა,
მაგრამ მე ყოველთვის მაკავებდა აზრი, რომ კაცს რამდენიმე საათში გამოუშვებდნენ და იგი
ცოლ-შვილს უარესს დამართებდა. თუმცა, დღემდე ვერ ვიცილებ დანაშაულის გრძნობას, რომელიც
ჩემი უმოქმედობის გამო დამრჩა. მაგრამ:

როდესაც სახელმწიფოში
იარსებებს კანონი, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ მოძალადე ქმარი დაისჯება და საკადრის
პასუხს აგებს საკუთარი ქმედებისთვის, მე აუცილებლად დავრეკავ პატრულში და სავარაუდოდ
აღარ მომიწევს დავწერო სტატია, რომელსაც ასეთი საშინელი სიტყვებით დავიწყებ:

„ყოფილმა ქმარმა
ყოფილი ცოლი მოკლა.” 

ნარატიული პარადიგმა – ჰაგიოგრაფია

0
  მიუხედავად ჩემი ღრმა რწმენისა, რომ ქართულის მასწავლებლების უმეტესობას სწორი მიდგომა აქვს და მართებულად ასწავლის ჰაგიოგრაფიას, ზოგჯერ მაინც მესმის ხოლმე – ხან ტელევიზიიდან, ხანაც კერძო საუბრებში – ჰაგიოგრაფიის სრულიად გაუმართლებელი წაკითხვის შედეგად მიღებული ზერელე დასკვნები, რომლებიც უსარგებლო მსჯელობას მოჰყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნიდან მოყოლებული პოპულარული პოზიცია, რომ ყველა მოსაზრებას არსებობის თანაბარი უფლება აქვს, ჩემთვის მისაღებია, ეს მე მაინც არ მაძლევს ყველანაირი პოზიციის გამართლების საფუძველს. მაგალითად, როცა მეტყვიან, რომ შუშანიკის ტრაგედია ვარსქენის მიერ მეორე ცოლის მოყვანამ განაპირობა, ვერ მივიღებ დაინტერესებულ სახეს და ყალბად ვერ შევუქებ საინტერესო ხედვას თანამოსაუბრეს. თუკი ჩემი თანამოსაუბრე შუშანიკის უარს, არ მიიღოს ჯოჯიკის ცოლისგან პური, ან შუშანიკის მიერ ღვინით სავსე სასმისზე ხელის აკვრას ფსიქოლოგიური მდგომარეობით ახსნის, ასეთ წაკითხვას ვერაფრით ვერ გავიზიარებ და აუცილებლად მივუთითებ ღვინისა და პურის სიმბოლურ დატვირთვაზე. ტექსტი ხომ ჰაგიოგრაფიული პარადიგმის ნორმების დაცვითაა დაწერილი და რა საჭიროა ნაწარმოებში იმის ძიება, რაც გზას აგვაცდენს და დაგვაშორებს ამგვარი ნარატივის ადეკვატურად გააზრების პროცესს.  
     სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში მასწავლებლებს ავიწყდებათ და არც ასწავლიან ერთ საინტერესო კონცეპტს – პარადიგმას. ეს სიტყვა ბერძნულად ნიმუშს ნიშნავს და ჩვენ იგი შეგვიძლია ავხსნათ, როგორც მოდელი, ჩარჩო. თავდაპირველად ამ სიტყვით აღწერდნენ სამეცნიერო თეორიებს, მაგ. ნიუტონის პარადიგმას ფიზიკაში, ევოლუციონისტურ პარადიგმას ბიოლოგიაში, ატომისტურ პარადიგმას ქიმიაში და ა.შ. დღეს უკვე ვსაუბრობთ ევკლიდურ პარადიგმაზე მათემატიკაში, მარქსისტულ პარადიგმაზე ისტორიაში, უტილიტარიანულ პარადიგმაზე ეთიკაში, რეალიზმის პარადიგმაზე ხელოვნებაში… შესაბამისად, ეს ყველაფერი გაერთიანდა ოთხ ძირეულ პარადიგმად და ამ ეტაპზე ვსაუბრობთ დედუქტიურ სისტემაზე, როგორც პარადიგმის პირველ ტიპზე ლოგიკისა და მათემატიკისათვის (მაგ. ევკლიდური ან რიმანის გეომეტრია), სამეცნიერო თეორიაზე, როგორც პარადიგმის მეორე ტიპზე საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებებისათვის (მაგ. ნიუტონის ფიზიკა), ნარატივზე, როგორც პარადიგმის მესამე ტიპზე ისტორიასა და ლიტერატურაში (მაგ. ტრადიციული ნოველა) და ბოლოს სტილზე, როგორც პარადიგმის მეოთხე ტიპზე ხელოვნებაში (მაგ. იმპრესიონიზმი). ამ მიდგომით ნებისმიერი კულტურაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი პარადიგმა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცდომად მიიჩნევა, როდესაც რომელიღაც ტექსტი ერთი გარკვეული პარადიგმის საკუთრებაა და მასში მეორე პარადიგმისთვის დამახასიათებელი ნიშნების ძებნას დავიწყებთ. თუკი თავიდანვე მივიჩნევთ, რომ შუა საუკუნეების ქართული ისტორია მონარქისტული ნარატივის, როგორც პარადიგმის ერთ-ერთი ტიპის, საკუთრებაა, მაშინ გასაგები ხდება ის სუბიექტურობაც, რაც ამ  ტექსტებს ახასიათებს. ან კიდევ, თუკი ვიტყვით, რომ ჰაგიოგრაფია ცალკე ჯგუფია ნარატიულ პარადიგმაში, მაშინ ამ ტექსტების წაკითხვა და მათში ადამიანის უფლებადამცველთა საწინააღმდეგო მოსაზრებების ძიება სრული აბსურდი იქნება. 
     როდესაც ჩემს მოსწავლეებთან ჰაგიოგრაფიაზე საუბარს ვიწყებ, მე პირველ რიგში პარადიგმის კონცეპტის ახსნა მჭირდება. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ჰაგიოგრაფიული პარადიგმის მნიშვნელობას გაიგებენ, ისინი უკვე თავად არკვევენ ტექსტში ნებისმიერი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების თითოეული დეტალის (ცალკეული ეპიზოდი იქნება ეს თუ მხატვრული სახე) მნიშვნელობასაც და მიზნობრიობასაც. ამ საკითხების უკეთ გარკვევაში კი „კოლაელ ყრმათა წამება” მეხმარება. მოგეხსენებათ, რომ ტექსტი მცირე ზომისაა და მისი წაკითხვა არც დიდ დროს მოითხოვს და არც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პირადად მე მოსწავლეებს გაკვეთილზე ნაწყვეტებს ვუკითხავ, შემდეგ განვიხილავთ ისტორიულ კონტექსტს, ვახდენთ რამდენიმე ძირეული პრობლემის იდენტიფიცირებას და ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვ, თუ არ დაეზარებათ, ტექსტი სახლშიც წაიკითხონ (ეს სავალდებულო არაა). დამერწმუნეთ, რომ ტექსტის მოძიება და მისი წაკითხვა არავის ეზარება. ის კი არა, ჩემი რამდენიმე მოსწავლე იმდენად დაინტერესდა ნაწარმოებით, რომ შემდეგ არაჩვეულებრივი პრეზენტაციებიც კი შემოგვთავაზა. 
     ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ტექსტი ყველას ძალიან კარგად გახსოვთ, თუმცა მაინც მივცემ თავს უფლებას, მოკლედ გადმოვცე ნაწარმოების შინაარსი იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ სტატიის აზრი უფრო ნათელი გახდეს: სოფელ კოლაში, რომელიც მტკვრის ნაპირზე იყო გაშენებული, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდა წარმართი და ქრისტიანი მოსახლეობა. შესაბამისად, მათი შვილები ერთად თამაშობდნენ. საღამოს, როდესაც, ლოცვის ჟამი მოახლოვდებოდა, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ეკლესიისკენ მიეშურებოდნენ, ცხრა წარმართი მეგობარი კი მათ ეკლესიის კარამდე მიაცილებდა. ეკლესიაში შესვლა წარმართ ბავშვებს ეკრძალებოდათ, რადგან მონათლულები არ იყვნენ (მინდა გითხრათ, რომ წაკითხვის შემდეგ მთელ ჩემს არტისტიზმს მივმართავ, რადგან ჩემმა მსმენელებმა შეძლებისდაგვარად წარმოიდგინონ და გაიაზრონ, რა ხდებოდა ეკლესიის კარს გარეთ დარჩენილი ცხრა მცირეწლოვანი ბავშვის გულებსა და გონებაში). ერთ დღეს ამ პატარა ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ რწმენა შეეცვალათ. ქრისტიანი ბავშვების მშობლებმა ხელი შეუწყვეს პატარებს და წარმართი მშობლებისგან მალულად ბავშვები ღამით მდინარე მტკვარში მონათლეს. როდესაც ეს მონათლული ბავშვების მშობლებმა შეიტყვეს, მათ ჯერ ცემით ააჭრელეს შვილები, შემდეგ ჭრელ სამოსს დაჰპირდნენ (განხილვისას აქაც ვცდილობ, ემოციები გავაღვიძო ჩემს მსმენელებში), ბოლოს კი, წარმართ მთავართან შეთანხმების შემდეგ, საკუთარი შვილები ქვებით ჩაქოლეს. ორი სიტყვით აღვნიშნავ, რომ ამ ნაწარმოებში აღწერილი ამბავი უდავოდ იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ უნდა ყოფილიყო ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებული, რადგან გამორიცხულია, მეოთხე საუკუნეში მტკვრის ნაპირზე მდებარე სოფელში ისეთი მრავალრიცხოვანი წარმართი მრევლის არსებობა, რომელიც წარმართი მთავრის ხელდასხმით ასეთ ძალადობას განახორციელებდა. მკვლევარი ბიძინა ჩოლოყაშვილი უფრო შორს მიდის და, რომაულ სამართალზე დაყრდნობით, ამ ტექსტს 260-303 წლებით ათარიღებს. მისი აზრით, საქართველო რომის კანონმდებლობას იზიარებდა და ტექსტი იქამდეა შექმნილი, ვიდრე ამ კანონებს დაქვემდებარებულ ქვეყნებში ტოლერანტობის კანონი მოქმედებდა, ე.ი. დიოკლიტიანეს მიერ ქრისტიანების დევნის დაწყებამდე; ასევე ქართლისთვის რომაული Pater Familiae-ის კანონიც უცხო არ უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ მშობლებს უფლება ეძლეოდათ, შვილები ნებისმიერი სახით დაესაჯათ, მოეკლათ კიდეც. ტექსტში ჩანს, რომ მთავარი მასთან რჩევისთვის მისულ წარმართ მშობლებს უკან ისტუმრებს ფრაზით, რომელიც აშკარად ამ კანონს ეფუძნება. ამ თემაზე ბიძინა ჩოლოყაშვილის ძალიან საინტერესო კვლევა არსებობს, თეზისების ნახვა კი ინტერნეტშიცაა შესაძლებელი. www.georoyal.ge/?MTID=5&TID=53&id=844 
     ძალიან ხშირ შემთხვევაში ტექსტის ანალიზმა შეიძლება არასწორი მიმართულებით წაგვიყვანოს, რადგან ასეთი კითხვა შეიძლება წამოიჭრას: რამდენად ჰქონდათ უფლება ქრისტიანებს, „გაეტაცათ” ბავშვები და მოენათლათ ისინი მშობლების ნებართვის გარეშე. ეს ქმედება ხომ ყველანაირად არღვევს ბავშვთა უფლებებს. მერე რა, რომ ბავშვების სურვილი იყო გაქრისტიანება. როგორ შეუძლია არასრულწლოვან ბავშვს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება? რა თქმა უნდა, ამ შეკითხვებს არსებობის უფლება ექნებოდა, ეს რომ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები არ ყოფილიყო, ეს ამბავი რომ დაწერილიყო სხვა ჟანრში. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს ჰაგიოგრაფიასთან, როგორც ნარატივის პარადიგმასთან, ამიტომაც, ჩვენ სხვა ჩარჩოში ვართ მოქცეულნი და მსგავსი შეკითხვების დასმა არასწორი და იმთავითვე მიუღებელია. თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი სხვა რელიგიის მსგავსად, ქრისტიანობაც ადამიანის სულის გადარჩენას ეხება. ეს რელიგია გვასწავლის იმას, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან სულის წარწყმედა და როგორ უნდა მოვიპოვოთ საუკუნო ცხოვრება. ამიტომ, თუკი ჩვეულებრივი ადამიანი ცხადად ხედავს ფიზიკურ საფრთხეს, რელიგიური ადამიანი ასეთივე სიცხადით ამჩნევს სულიერ საფრთხეს. თუკი რიგითი ადამიანი დაინახავს, რომ ბავშვს მანქანა ეჯახება ან ხრამში იჩეხება, შეძლებისდაგვარად შეეცდება ამ ბავშვის გადარჩენას. აი, თუკი მორწმუნე ადამიანი ხედავს, რომ ბავშვი მოუნათლავია და მისი სული საუკუნო ცხოვრების ნაცვლად განწირულია დასაღუპავად, ისიც შეეცდება, რომ შეძლებისდაგვარად გადაარჩინოს ეს ბავშვი, ე.ი. იმოქმედოს და გააქრისტიანოს. მისი თვალთახედვიდან, ის კი არ არღვევს, არამედ იცავს ბავშვის უფლებას. როგორც კი დავივიწყებთ, რომ ჰაგიოგრაფიის შესწავლისა თუ წაკითხვის დროს ამოსავალი ეს აქსიომაა და შესაბამის პარადიგმაში „ვიმყოფებით”, მაშინვე შეცდომას დავუშვებთ და კი არ ავხსნით ამა თუ იმ მოქმედი პირის ქმედებას, მეტყველების წესს, არამედ არასწორ ინტერპრეტაციას მივიღებთ. 
     მას შემდეგ, რაც ჩემი მოსწავლეები გაიგებენ პარადიგმის არსს, მიხვდებიან, რომ ნებისმიერ საგანში მოცემულ ჩარჩოში უნდა იმოქმედონ და კავშირების დაძებნისას ერთის მეთოდოლოგია არ უნდა გადმოიტანონ მეორეში, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. აი, ამის შემდეგ უკვე შუშანიკის საქციელის ახსნაც შეიძლება და გამორიცხულია, ვინმემ მას რაიმე ფარული ზრახვები დააბრალოს; ამის შემდეგ უკვე ჩვენი მოსწავლეები არ დაუშვებენ კატეგორიულ შეცდომას და არ იტყვიან, რომ ეს ნაწარმოები მხოლოდ იმიტომ უნდა ვთარგმნოთ უცხო ენებზე, რომ N ქალაქში გამართულ წიგნის ბაზრობაზე წარმოვადგინოთ, როგორც ფემინიზმის გამოვლინების ნიმუში მეხუთე საუკუნის საქართველოში. სამწუხაროდ, ტელევიზიით მსგავსი ტექსტიც მომისმენია…   

საოცნებო თამაში

0
მატჩი, რომელიც არასოდეს გამართულა, თბილისის დროით 21 საათზე, პირთამდე გადატენილ ოჩამჩირის სტადიონზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე წვიმდა, საღამოს მინდორზე სისველის ნასახიც არსად იყო და სტადიონის დირექტორი დავით გამბა სიამაყით ამბობდა, ბალახის ასე მალე აშრობა ჩვენ მიერ ამერიკაში შეძენილი ახალი საშრობი დანადგარის დამსახურებააო.
ტრიბუნაზე მსხდომი 52 ათასი კაციდან, უმეტესობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ქომაგობდა და ამას მათი თეთრ-წითელი მაისურების ფერებიც მოწმობდა, თუმცა სტუმრად ჩამოსულ ნიდერლანდელებსაც ათასამდე ქომაგი ჩამოჰყოლოდათ და ეს უკანასკნელნი ხმის ჩახლეჩვამდე ცდილობდნენ მასპინძელთა ყვირილისა და სიმღერის გადაფარვას, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფის ეტაპის პირველი მატჩი ამსტერდამში 1:1 დასრულებულიყო და საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ყველა ცხადლივ ხედავდა. თუმცა იმ მიზეზით, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მთავარი ბომბარდირი, “ცხინვალის” 25 წლის თავდამსხმელი, ანზორ კოკოითი აკლდა, ქომაგების გულში მაინც შიშს დაესადგურებინა. ”შეცვლის კი ახალგაზრდა გიორგი თოდუა კოკოითს?” “როგორ გადაეწყობა ჩვენი გუნდი მთავარი ბომბარდირის არყოფნაში?! – დარდობდნენ და ეჭვობდნენ გულშემატკივრები, თუმცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი მარკუშ ფერეირა ირწმუნებოდა, აუცილებლად გავალთ და ეს თუ ასე არ მოხდება, აგი ულვაში მომპარსეთო. ეს ულვაშის მოპარსვის ამბები პორტუგალიურად თარგმნილი ქართველი მწერლის, ჯონი კაპანაძის წიგნში ამოეკითხა და ძალიანაც მოსწონებოდა – ამ ტერმინს ვახსენებ და ქართველებს გულზე მოეფონებათო – ფიქრობდა.
მატჩი ჰოლანდიელების შეტევებით დაიწყო. საქართველოს ნაკრების დაცვა რის ვაი-ვაგლახით უმკლავდებოდა ნიდერლანდელთა შემტევებს და რამდენჯერმე მეკარეს, სერაპიონ ხვაშიადაშვილს რომ არ ემარჯვა, გოლი გარდაუვალი მოსჩანდა. პირველი ტაიმის დასასრულს, ქართველებსაც შეექმნათ კარგი მომენტი, მაგრამ გორის ”დილადან” მადრიდის ”ატლეტიკოში” ახლადგადასულმა ცენტრალურმა მცველმა, ეუჯენიო რიჟამაძემ ბურთს ჭვინტი ისეთი ძალით ამოჰკრა, ოჩამჩირის სტადიონის სამხრეთ ტრიბუნაზე მჯდომი ონორე ცვეიბას კინაღამ ხელში დაჭერილი მტრედი მოუკლა. ცნობილ გაგრელ მემტრედეს, ბატონ ონორე ცვეიბას წესად ჰქონდა, საქართველოს ნაკრების მატჩებზე მტრედების წაყვანა და თუკი ჩვენები გოლს გაიტანდნენ, გახარებული მემტრედე თავის მტრედს ჰაერში ააფრენდა. რა ენაღვლებოდა, მტრედმა გზა კარგად იცოდა და რამდენიმე დღეში ისევ სახლში მიაკითხავდა პატრონს.
შეხვედრის 76 წუთზე ეშმაკმა უწყის როგორ გაძვრა 167 სანტიმეტრის სიმაღლის კოჭოია სიგუა სამ ახმახ ჰოლანდიელ მცველს შორის, როგორ გააპამპულა ნიდერლანდელთა კარის ვეტერანი კიპერი (რომელსაც ორი წელი საჩხერის “ჩიხურაშიც” კი ჰქონდა ნათამაშები), როგორ გადაუგდო ბურთი გოლკიპერს თავზე და სიხარულისგან სუნთქვაშეკრული, პირქვე გაიშოტა დავით გამბას მიერ შეძენილი ახალი ამერიკული დანადგარით გამომშრალ მწვანე მინდორზე.
გადაირია ხალხი, დაიქცა სტადიონი. სიხარულისგან გულწასული ქომაგების გონზე მოსაყვანად კი სტადიონის ტრიბუნებზე წინასწარ მობილიზებულმა ექიმებმა დაიწყეს სირბილი. გოლის შემდეგ ჰოლანდიელები ისევ ბევრს უტევდნენ და ისევ სასწაულებს სჩადიოდა სერაპიონ ხვაშიადაშვილი, რომელიც ამ მატჩის შემდეგ “ნაპოლიდან” საკმაოდ სარფიანად გაიყიდა ტურინის “იუვენტუსში”.
ღამით ზღვა ნამეტანი ადიდდა და ისეთი წვიმა დასცხო, სხვა დროს თავს გარეთ კაცი ვერ გამოყოფდა. მაგრამ ხალხი მთელი ღამე ზეიმობდა ოჩამჩირეშიც და მთელს საქართველოშიც. დაღვრემილი ჰოლანდიელი ფეხბურთელები კი ისხდნენ სოხუმში, სასტუმრო ”შერატონის” ნომრებში და ფანჯრიდან დაბოღმილები გაჰყურებდნენ ზღვის ტალღებს, რომლებიც ზათქით ეხეთქებოდნენ სოხუმის განათებულ სანაპიროს.

სასარგებლო აპლიკაციები

0
ჩემი 2 წლის შვილი დღეში დაახლოებით  2 საათს ატარებს ტელეფონის, კომპიუტერის ან პლანშეტის ეკრანთან. თავიდან, როცა მოციმციმე ეკრანით დაინტერესდა, ვფიქრობდი, რომ ეს ცუდი იყო და ვცდილობდი, რაც შეიძლება იშვიათად აღმოჩენილიყო მასთან და სახლში ყოფნისას მეც ნაკლებად ვმჯდარიყავი ნეტთან. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არსებულ სურათს რადიკალურად ვერ შევცვლიდი: ჩემი შემოსავალი პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ჩემს კომპიუტერთან გატარებულ დროზე, ჩემი შვილი კი ახალ სიტყვებს, სიმღერებს, მარტივ არითმეტიკას და სხვა საჭირო რამეებს ყველაზე სწრაფად და ბუნებრივად  სწორედ ეკრანიდან ითვისებს.
ეგეც არ იყოს, მას ისევე სჭირდება მრავალფეროვანი გართობა, როგორც ყველა დანარჩენ ადამიანს და რატომ უნდა შემეზღუდა გართობის ერთ-ერთი საშუალება. რატომ არ შეიძლებოდა ნოყიერი საუზმის, რამდენიმესაათიანი სეირნობისა და ცოტაოდენი თამაშის მერე ის მულტფილმი  ენახა, რომელიც მოსწონდა. თან ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, როგორ არჩევს სასურველ მულტფილმებს და აპლიკაციებს, როგორ ისრუტავს ინფორმაციას და გადმოაქვს იქ გაგონილი ფრაზები და სიტუაციები ყოველდღიურ ურთიერთობებში. მგონია, მთავარი განსხვავება ჩვენსა და ამ თაობას შორის, სწორედ ეს მრავალფეროვნება, არჩევნის ხელმისაწვდომობა და გასართობების ფართო სპექტრია. სწორედ იმიტომაა ინტერნეტი კეთილშობილი გამოგონება, რომ ის საშუალებას გაძლევს, თვითონ გადაწყვიტო, როდის რა აკეთო, როდის რას უყურო. ალბათ ამიტომ იზრდებიან თანამედროვე ბავშვები უფრო სწრაფად და ამიტომაცაა მათი სურვილები უფრო მკაფიო, გამოხატვის გზები კი უფრო თავისუფალი.
სპეციალური კვლევებისა და ლიტერატურის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ პედიატრები და ფსიქოლოგებიც არ არიან პატარებისთვის კომპიუტერის აკრძალვის მომხრენი. მეტიც,  დაბალანსებულად მიწოდებული ციფრული მედია ბავშვთა ცხოვრების შემადგენელ ნაწილადაც კი მოიაზრება.
ერთი თვის წინ, ჟენევაში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის კომიტეტმა ერთ-ერთ მთავარ თემად  სწორედ „ციფრული მედია და ბავშვთა უფლებები” განიხილა. 12 სექტემბერს, რამდენიმესაათიანი დისკუსიის შემდეგ, გამოიცა რეკომენდაციები, რომლებიც ოთხი ნაწილისგან შედგება: უფლებებით აღჭურვა, ხელმისაწვდომობა, ციფრული განათლება და უსაფრთხოება. გაეროს რეკომენდაციები განკუთვნილია სახელმწიფოების, მშობლების, მასწავლებლებისა და თავად ბავშვებისათვის და ითვალისწინებს, ერთი მხრივ,  ბავშვებისთვის ციფრული განათლების და ხელმისაწვდომობის აუცილებლობას, მეორე მხრივ, აქცენტს აკეთებს იმ საფრთხეებზე, რაც უკონტროლო მოხმარებასა და რთულად აღსაქმელი ინფორმაციის ბავშვისთვის მიწოდებას შეიძლება მოჰყვეს. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ბავშვისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ვაკონტროლოთ კონტენტი, რომელსაც ის მოიხმარს, პირველ რიგში ჩვენ, უფროსები მის შინაარსში უნდა გავერკვეთ.

გთავაზობთ 5 აპლიკაციას, რომელიც, ვფიქრობ, რომ თქვენს შვილებსა და მოსწავლეებს უფრო ადვილად შეაყვარებს სხვადასხვა საგანს და  გაუჩენს ინტერესს. ისინი დაგეხმარებათ მიაწოდოთ  მათ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მათთვის მისაღები ფორმით და ეკრანებთან გატარებული დრო ნაყოფიერი გახადოთ:

1.artCircles – ხელოვნების კატალოგი, რომელიც თემატურად, ჟანრობრივად, ფერთა პალიტრის მიხედვით დალაგებული ნამუშევრების დათვალიერების, შესწავლის და, სურვილის შემთხვევაში, სოციალურ ქსელებში გაზიარების საშუალებას გაძლევთ. მცირე ზომის აპლიკაცია ერთგვარი მინიმუზეუმია, რომლის საშუალებითაც რამდენიმე საათში შეიძენთ საბაზისო ცოდნას თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების შესახებ.

2.National Geographic World Atlas  – ატლასი National Geographic-ისგან გაცილებით ინფორმაციული და საინტერესოა, ვიდრე ჩემი სკოლის დროინდელი გეოგრაფიის გაკვეთილები, რომელსაც ხანში შესული მასწავლებელი ძირითადად წინა დღის სატელევიზიო პროგრამების განხილვისთვის იყენებდა. ატლასი National Geographic-ის ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომელიც თქვენს შვილებსა და მოსწავლეებს დააინტერესებს: შეგიძლიათ გადმოწეროთ მსოფლიოს დიდი ქალაქების, ეროვნული პარკების, ჩიტებისა და ცხოველების შესახებ აპლიკაციები, იმის მიხედვით, რა ინტერესი აქვს ბავშვს.

3.Duolingo – უცხო ენის შემსწავლელი მხიარული და მარტივი აპლიკაცია სასიამოვნოს ხდის ისეთ სირთულეებსაც კი, როგორიც არის უცხო სიტყვების დამახსოვრება და გრამატიკული კონსტრუქციების სწორად აგება. სრულიად უფასო სერვისის საშუალებით შეგიძლიათ ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, დანიური, თურქული, რუსული, შვედური, პოლონური, რუმინული და უნგრული ენების სწავლა. აპლიკაციითა და ვებგვერდით (https://www.duolingo.com/) მსოფლიოში უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

4.NASA Visualization Explorer – იმისათვის, რომ უკეთ შეისწავლო დედამიწა, მის გარშემო არსებული პლანეტები და გაეცნო ნასას კვლევების ახალ შედეგებს.

5.How to Drow – მარტივი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაიჯერებს, რომ მას ხატვის ნიჭი აქვს.
რეალობაში, სადაც ყოველდღე ათი ახალი აპლიკაცია მაინც იქმნება, ძნელია კონკრეტული პროდუქტის არჩევა და რეკომენდაციის გაწევა. ეს 5 აპლიაკაციაც იმის საილუსტრაციოდ თუ გამოდგება, რამდენად პროდუქტიულად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ციფრული ტექნოლოგიები. დანარჩენი კონკრეტული ბავშვის, მშობლისა და მასწავლებლის არჩევანზეა.

გაკვეთილის მარტოხელა რეჟისორები

0
მეცნიერები, პრაქტიკოსი მკვლევრები უამრავ ნაშრომს გვთავაზობენ გაკვეთილზე მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის  შესახებ. რა  თქმა უნდა,  მათი გაცნობა და  მიღებული  ცოდნა პედაგოგს უქმნის მზაობას ამ პროცესში შესასვლელად, მაგრამ სირთულე ის გახლავთ, რომ ამ ურთიერთობას ახასიათებს  მოულოდნელობები. ყველა კონკრეტულ სიტუაციაში ერთმანეთის პირისპირ მოსწავლე და მასწავლებელი რჩება.  

მასწავლებელი, პირველი ყველაზე შთამბეჭდავი ფიგურაა ბავშვის რესოციალიზაციის პროცესში. ბავშვი გაფართოებული თვალებით შესცქერის მას და მისი ქმედებები სიცოცხლის ბოლომდე გაუხუნარ ემოციად აღებეჭდება.

პირველი პედაგოგი, რომელთანაც 3-4 წლის ასაკში  ურთიერთობა მქონდა, ნინო მასწავლებელი იყო, პატარა სოფლის დაწყებითი სკოლის კლასკომპლექტის მასწავლებელი. მუდამ თეთრსაყელოიანი ასაკოვანი ქალბატონი, წელგამართული მოუყვებოდა ხოლმე გზას სკოლისაკენ. ეს სკოლა ჩემი პაპა-ბებიის სახლის ერთ ოთახში იყო დაბინავებული.  ძალიან, ძალიან მინდოდა მოხვედრა ამ ჯადოსნურ ოთახში, მაგრამ ბებიასთან დარჩენა ძირითადად დასვენების დღეებში მიწევდა და მხოლოდ ფანჯრიდან ვუჭვრიტინებდი მერხებსა და დაფას. როგორც  შემდეგ გავიგე, ქალბატონი ნინო კახეთში, მოძღვრის ოჯახში იყო აღზრდილი და გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ერთხელაც ჩემი ოცნება ასრულდა. მან კლასში შემიყვანა და მერხზე დამსვა.  მოსწავლეებს თქვენობით მიმართავდა, ასევე მომმართავდა მეც და უბედნიერესად ვგრძნობდი თავს, რადგან დიდივით მექცეოდნენ, თანაც სკოლაში ვიყავი. ორმოცდაათზე მეტი წელი გავიდა და ეს მოგონება არ გახუნებულა. ნინო მასწავლებელმა მასწავლა წერა-კითხვაც. შემდეგ ჩემს  სკოლაშიც ნინო მასწავლებელი მყავდა, კლასში ოცდაათზე მეტნი ვიყავით და თქვენობით ნამდვილად არ გველაპარაკებოდნენ. ჩემი  მასწავლებელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც დაბორიალობდნენ ჩემს თავში.  ეტყობა, ეს ,,თქვენობა” მომწონდა.

კიდევ ერთი სახე: ის პედაგოგიც ჩემი რჩეული იყო. მისგანაც ვგრძნობდი  სითბოსა და გულისხმიერებას. ერთხელაც, მას  ჩემმა თანაკლასელმა, უწყინარმა ბიჭმა, სწავლით რომ არ გამოირჩეოდა, მინდვრის ყვავილების თაიგული მიართვა. ვიყავით ასე მეხუთე კლასში. პირველი, რაც მეუცხოვა, ის იყო, რომ მასწავლებელმა მადლობა არ უთხრა და რაღაც უდიერად შეხედა.  კლასიდან გასულმა კი იქვე, ურნაში მოისროლა ყვავილები. მე  შემრცხვა,   გავიქეცი და ვიტირე… არ ვიცი, სხვამ ვინ დაინახა, იმ ბიჭმაც დაინახა თუ არა, მაგრამ იმ წუთიდან ჩემთვის  მასწავლებელი სხვა ადამიანად იქცა და გული აღარ მომბრუნებია… მის მაგივრად მრცხვენოდა ჩემი კლასელის. სულ ვფიქრობდი, რატომ მოიქცა ასე… ბიჭს ვარდების დიდი ბაღი ჰქონდა და ყოველთვის გამორჩეული თაიგულები მოჰქონდა მისთვისაც და სხვებისთვისაც. ამიტომ იუკადრისა უბრალო, ყვითელი ყვავილები? ან იქნებ, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და საერთოდ არ ეყვავილებოდა? ან იქნებ, ეს ყვავილები აშინებდა რაიმე ცუდი მოგონების გამო?.. ვუძებნიდი გამართლებებს მერე, დიდობაში, როცა მივხვდი, რა ძნელი იყო მასწავლებლობა… რამდენ გამოცდას აბარებდა მასწავლებელი ყოველ წამს ამდენ მოსწავლეს… მაგრამ ცხადია, გამამართლებელი ვერაფერი ვიპოვე და ვერც ეს ამბავი მოვიშორე მახსოვრობიდან. ყოველ გაზაფხულზე, როცა ეს ყვითელი თაიგულები (სახელი დღესაც არ ვიცი, მათ ჭერმის მძაფრი სუნი აქვთ) გამოჩნდება დახლებზე ან ქუჩებში,  გამახსენდება  კუთხეში, სახანძრო დაფის წინ მდგარ ურნაში ყვავილებს ჩაყოლილი ჩემი სიყვარული და თითქოს, ჭერმის სუნიც ამწვავს ხოლმე ცხვირს.

შემდეგი მოგონება ჩემი ფიზიკასთან მწყრალი დამოკიდებულების მიზეზად იქცა: ფიზიკის პირველ გაკვეთილზე შემოსულმა მასწავლებელმა ჩემი გვარის ამოკითხვისთანავე განაცხადა – ,,უჰ, წინა სკოლაში ამ გვარის ხალხმა თავისი დებილობით გამითეთრა თმა (ისე, მართლა თავისი ასაკისათვის უჩვეულოდ გაჭაღარავებული თმა კი ჰქონდა), აქაც ეს არ დამხვდაო”. არ გაგიჭირდებათ, წარმოიდგინოთ ჩემი განცდა ასეთი ,,კომპლიმენტის” შემდეგ,  ბავშვურმა გონებამ ანგარიში ფიზიკასთან გაასწორა და მასზე გული აიყარა. საბედნიეროდ, ამ პედაგოგმა ორ თვეში სხვა სკოლაში გადაინაცვლა  საწყალი ჩემი მოგვარეების ,,გასაბედნიერებლად”. მე და ფიზიკამ კი მეგობრობა ვეღარ აღვადგინეთ.

შეუცდომლობასა  და უცოდველობას ვინ დაიჩემებს, მაგრამ მასწავლებლობა იმიტომ არის ძნელი, რომ სხვისთვის ჩვეულებრივი გადაცდომა მოსწავლეების მგრძნობიარე აღქმას დიდ კვალს ამჩნევს, გუბეში ჩაგდებული  კენჭივით უამრავი განცდის წრეს ტვიფრავს მათ სულებზე.

ამდენი უარყოფითი მაგალითი რომ გავიხსენე, აქვე შემრცხვა, ჩემი საუკეთესო მასწავლებლების. ისევ ჩემი პედაგოგი  დამიდგა თვალწინ: უკვე უნივერსიტეტში, შემოქმედებით ტურზე დასაწერად მომცეს ესე  ,,ჩემი მეზობელი”.  მაშინ დაკეტილი აგარაკების თემა აქტუალური იყო, აგარაკი ბურჟუაზიულ ფუფუნებად, ესე იგი, საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებლად ითვლებოდა. მეც მოვმართე ამ ტალღაზე და აღვწერე ჩემს მეზობლად დაკეტილი აგარაკი, უქმად დარჩენილი დიდი ბიბლიოთეკა, ჭიშკარზე  დაჟანგული ბოქლომი და დაძახილზე – მეზობელო, მიშველე,  – სრული მდუმარება.

შეფასების მოლოდინში გულაფანცქალებულს კომისიის წევრმა, სათვალიანმა შუახნის კაცმა მითხრა: – დაწერილს ვერ დაგიწუნებ,  შვილო, მაგრამ კარგი მეზობელი არ გყავსო? შემრცხვა, როგორ არ მყავდა, ცუდის გამოგონებას ნამდვილზე და კარგზე დამეწერა…  ეს ადამიანი ბატონი რეზო დვალიშვილი აღმოჩნდა და კიდევ ბევრი სასარგებლო გვასწავლა პროფესიული და ადამიანური თვალსაზრისითაც. გვასწავლა, რომ ცუდი თვითმიზნურად არ უნდა ეძებო ადამიანში, კარგის მოძიება და მაგალითად ქცევა უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა თანამედროვე მედიასივრცეში ეს უკვე ანაქრონიზმად ითვლება.

კიდევ ერთი გახსენებაც: არაჩვეულებრივი ადამიანი,  ახალგაზრდობაში თეატრის მსახიობი ბატონი სოლომონ ხუციშვილი თავისი ოსტატობით ერთბაშად აჯადოებდა  აუდიტორიას, მისი მსმენელი დაეჭვდებოდი ,,კაცია-ადამიანი”, ალბათ, აქამდე არასდროს წამიკითხავსო. ერთ ასეთ საინტერესო ლექციას ვუსმენდით სულგანაბულები. ბატონი სოლომონი როლში იყო შესული, მიზანი მიღწეული ჰქონდა (ახლა ჩვენ ამას გამოწვევას, მოტივაციის შექმნას, ინტერესის აღძვრას რომ ვუწოდებთ). ჩვენი ყურადღება ზღვრამდე იყო გაფაციცებული, ყველა მზად ვიყავით ცოდნის ყველაზე ძნელად გასაღწევ ლაბირინთებში თვალდახუჭულნი წავყოლოდით … ის გრძნობდა ამას, გვაჯადოებდა და გვაჯადოებდა…  უცებ გაჩერდა, ტუჩებზე თითის მიდებით სიჩუმეზე მიგვანიშნა და ჩურჩულით განგვიმარტა: მაკას (ჩვენი ჯგუფელი, რომელსაც 2-3 თვის შვილი ჰყავდა) ჩაეძინა, ეტყობა უძილოა, ის ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს – შვილს ზრდის და  ცოტა ხანს ვაცალოთო. ცხადია, აქაც გაგვიყოლა ბატონმა სოლომონმა, ვიყავით ასე სულგანაბულები ჰუმანურობის დიდ გაკვეთილზე. 4-5 წუთი გავიდა და მაკას სიჩუმეზე გაეღვიძა… ვერ მიხვდა, რა მოხდა, რადგან უხერხულობა რომ არ ეგრძნო, ბატონმა სოლომონმა უცებ გააგრძელა საუბარი, თითქოს არც გაჩერებულა. ასეთ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებას ვერც ერთი პედაგოგიური მეცნიერება, ვერც ერთი ფსიქოლოგი წინასწარ ვერ დაუგეგმავს მასწავლებელს. ის თავისი სივრცისა და პროცესის მარტოხელა რეჟისორია და როგორც შესავალში აღვნიშნეთ, მიღებული განათლება, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგების გამოცდილება და ასე შემდეგ, მხოლოდ ეხმარება მას, თორემ ყოველი გაკვეთილი და მოსწავლესთან ურთიერთობა სრულიად განსხვავებულ და ექსკლუზიურ სცენარს ითხოვს. 

ძნელია? გეთანხმებით, მაგრამ თქვენ ხომ მასწავლებლები ხართ? 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...