ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ცოდნის სისტემატიზაციის, გამეორებისა და განზოგადების ფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში

0

გაკვეთილი – ეს რთული საგანმანათლებლო სისტემაა, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა ცოდნის, უნარისა და ღირებულებების ფორმირებისკენ, გონებრივი განვითარებისკენ, პიროვნული ჩამოყალიბებისკენ. ამავე დროს იგი სწავლების დინამიკური და ვარიანტული ფორმაა, რომელშიც აისახება ორი ურთიერთსაპირისპირო ელემენტი – ნორმატიული და შემოქმედებითი. სადღეისოდ გაკვეთილს აღარ განიხილავენ მხოლოდ განათლების გადაცემის ფორმად; იგი განიხილება როგორც მოსწავლეთა განვითარების წყარო, მათი შემეცნებითი ძალებისა და საშუალებების გამომზეურების საშუალება.

 ვრცლად

მუსიკალურ თეატრში მოგზაურობა (II ნაწილი)

0
ჟანრმა, რომლის შესახებაც წერილის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში ლიდერის პოზიცია დაიკავა. ის უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც მიუზიკლის მიმართ ფართო ინტერესს ბადებს.

მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლის ისტორია და ჟანრულ-სტილებრივი განსაკუთრებულობა სხვადასხვა მიდგომით ამ ჟანრის კლასიფიკაციას ართულებს, ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ. მიუზიკლის კლასიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი კრიტერიუმებით: სტრუქტურა, შინაარსი, სიუჟეტი, მუსიკალური ენა, შექმნის ადგილი და ა.შ.

სტრუქტურული თვალსაზრისით მიუზიკლი შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს:

● მიუზიკლი დიალოგებით – „მუსიკის ჰანგები”, „ჩიკაგო”;
● სასიმღერო მიუზიკლი – „განკიცხულნი”, „ოპერის მოჩვენება”;
შინაარსობრივად:
● მიუზიკლი-ზღაპარი – „ჯეკი და ჰეიდი”;
● მიუზიკლი-საგა – „განკიცხულნი”, „რეგტაიმი”;
● მიუზიკლი-დრამა – „მევიოლინე სახურავზე”;
● მიუზიკლი-კომედია – „პროდიუსერები”;
სიუჟეტურად: 
● ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით – „რომეო და ჯულიეტა”;
● ფილმების მიხედვით – „ტიტანიკი”;
● ანიმაციური ფილმების მიხედვით – „მზეთუნახავი და ურჩხული”;
● ოპერის მიხედვით – „აიდა”;
მუსიკალური ენის მხრივ:
● პოპ-მიუზიკლი – „ვარსკვლავური ექსპრესი”, „რომეო და ჯულიეტა”;
● როკ-მიუზიკლი – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”, „მოცარტი. როკ-ოპერა”)
● ბროდვეის თეატრის სტილის მიუზიკლები, სადაც ძირითადი მუსიკალური ენაა ჯაზი – „პროდიუსერები”;
შექმნის ადგილის მიხედვით: 
● აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი.

მიუზიკლის როგორც დამოუკიდებელი ჟანრის ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა ხელოვნების ისეთმა მიმართულებებმა, როგორებიცაა კომიკური ოპერა, ოპერეტა, მენესტრელების თეატრი, ბურლესკი და ვოდევილი. მოდი, თვალი გადავავლოთ თითოეულ მათგანს.

ოპერა მუსიკის ყველაზე მდიდარი და რთული ჟანრია. ის აერთიანებს ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას, დრამატურგიას, სახვით ხელოვნებას, ქორეოგრაფიას. ოპერაში ვხვდებით მუსიკის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა სოლო სიმღერა, რეჩიტატივი, ანსამბლი, გუნდური სცენები, ცეკვა, საორკესტრო ნომრები.

ვინაიდან ოპერის დრამატული სიუჟეტები მაყურებელს მოდუნებისა და დასვენების საშუალებას არ აძლევდა, კომპოზიტორები უფრო და უფრო ხშირად ქმნიდნენ კომედიური შინაარსის ოპერებს. სწორედ საზოგადოების „დაკვეთამ” განაპირობა სერიოზული ჟანრის, ოპერის სახესხვაობის – კომიკური ოპერის დამკვიდრება.

ბურლესკი /პატარა სახუმარო-პაროდიული ოპერა/, ევროპაში სერიოზულ თეატრალურ წარმოდგენებზე აღმოცენებული პაროდია, ამერიკაში მრავალფეროვან, ორაზროვნებითა და უხამსობით გაჯერებულ საესტრადო ნომრებად გადაიქცა, მე-19 საუკუნის ბოლოს კი ბურლესკში თანდათან სტრიპტიზული ნომრებიც გაჩნდა.

ვოდევილი კომედიური პიესაა. ის უბრალო სიუჟეტებით, ქალაქური პატარ-პატარა სიმღერა-კუპლეტებით და ცეკვებით არის გამორჩეული. ვოდევილის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს რევიუ.

ერთადერთი მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი, რომელმაც ამერიკაში თავისი ევროპული ფესვები შემოინახა, იყო ოპერეტა. ოპერეტა ანუ პატარა ოპერა მუსიკალურ-სცენური წარმოდგენაა, სადაც ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს ენაცვლება სალაპარაკო სცენები (არა რეჩიტატივი, არამედ უბრალო მეტყველება). მე-19 საუკუნის ბოლოს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინგლისელი, ფრანგი და ავსტრიელი ავტორების ოპერეტები. 
***
აშშ-ის თეატრალური ხელოვნება მე-19 საუკუნის ბოლომდე რთულად, განსაკუთრებული გზით, ევროპულთან კავშირის გარეშე ვითარდებოდა. ახალაღმოჩენილ ქვეყანაში გადმოსახლებულთა უმრავლესობა ინგლისელი პურიტანელები იყვნენ, რომლებმაც ამერიკელებს საშუალება არ მისცეს ისე განვითარებულიყვნენ, როგორც ევროპა ვითარდებოდა. მათ ხელოვნების, განსაკუთრებით კი თეატრალური ხელოვნების მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი რწმენისა და ცხოვრების სისუფთავისთვის იბრძოდნენ და პრაქტიკულად 200 წლის განმავლობაში ხალხს თავს ახვევდნენ ასკეტიზმის იდეოლოგიას, რომ ადამიანის სულიერი განვითარება მხოლოდ ასკეტიზმითა და ინტელექტით არის შესაძლებელი, ხოლო თეატრი „დაბალი, ფარისევლური ჟანრია”. მიუხედავად ამისა, ამერიკული თეატრი არ გამქრალა (თუმცა ზოგიერთმა ჟანრმა დღის სინათლე ვერ იხილა), მაგრამ მისი განვითარება რამდენადმე თავისებურად წარიმართა.

მე-19 საუკუნეში ამერიკული თეატრის არაოფიციალური იდეოლოგიის არსებობამ ყველაზე უბრალო და უხეში ფორმების განვითარებას შეუწყო ხელი, რომლებიც გამოუცდელ, უბრალო, უპრეტენზიო მაყურებელზე იყო გათვლილი. ევროპიდან გადმოსახლებული თეატრალური დასები და ცალკეული მსახიობები, არცთუ ნიჭიერნი, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბევრს ვერაფერს მატებდნენ ამერიკულ ხელოვნებას. ამ ეპოქაში ძალზე გავრცელდა მოხეტიალე დასები. მათი რეპერტუარი მათივე მცირერიცხოვნებამ განაპირობა – ესენი გახლდათ უმთავრესად კომიკური ნომრები, სკეტჩები, მუსიკალური ან პატარა საცეკვაო სცენები. მე-19 საუკუნის შუა წლებში აშშ-ში თეატრის ძირითადი მიმართულება გასართობი და თავშესაქცევი ჟანრები იყო. ერთ-ერთ ასეთ გასართობ წარმოდგენაში, „მინსტრელ შოუ”, „თეთრი” მსახიობები ზანგების ყოფა-ცხოვრებაზე სასაცილო პაროდიებს ქმნიდნენ (მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი „მინსტრელ-შოუ” („მენესტრელების შოუ”) XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა). შავების კულტურით ამგვარმა გატაცებამ „მინსტრელ შოუში” ჯაზი ჩასახა, რამაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ამერიკის მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების ფორმირებაში.

საინტერესოა, რომ თეთრი პლანტატორებისა და შავი მონების ცხოვრება გვერდიგვერდ მიედინებოდა. პლანტატორები ერთობოდნენ ზანგების მანერებით – როგორ დადიოდნენ, როგორ ეცვათ, როგორ მღეროდნენ, როგორ ცეკვავდნენ, როგორი აქცენტით ლაპარაკობდნენ. ყველაფერი ეს მათ ძალზე კომიკური ეჩვენებოდათ. „მინსტრელ-შოუში” თეთრი არტისტები სცენაზე შავი გრიმით გამოდიოდნენ და ფსევდოზანგური ტიპაჟებით პაროდიებს განასახიერებდნენ.
    
ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ გაჩნდნენ ზანგების დასები, რომლებმაც თეთრი მენესტრელების ტრადიციები გააგრძელეს – შექმნეს საკუთარი „მინსტრელ-შოუ”, სადაც თეთრების მიერ ზანგების პაროდირების პაროდირებას ეწეოდნენ. ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე ეს პროცესი, როდესაც თეთრები და შავები კარიკატურულად განასახიერებდნენ ერთმანეთს, კეთილ ურთიერთდამოკიდებულებას ბადებდა მათ შორის. „მინსტრელ-შოუს” პოპულარობის პიკი 1870 წელს დასრულდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, ამერიკის, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს კულტურის განვითარებაში რევოლუციური შემობრუნება მოხდა – გაჩნდა ჯაზი როგორც მუსიკალური ხელოვნების ახლებური გაგება. პრიმიტიული ზანგური მუსიკიდან ის თანდათან მუსიკალური აზროვნების სახეობად იქცა. ჯაზი მხატვრული კულტურის ყველა სფეროში შეიჭრა, ჯაზური კომპოზიციები უფრო და უფრო პოპულარული გახდა და 1940-იანი წლების დასაწყისში ძნელად თუ მოიძებნებოდა მუსიკალურ-კომედიური ჟანრის სპექტაკლი ჯაზური ნომრების გარეშე.

1920-იან წლებში, ხმოვანი კინოს ჩასახვასთან ერთად, მიუზიკლებმა თეატრიდან კინემატოგრაფში გადაინაცვლა. პირველი ხმოვანი ფილმი – ალან კროსლენდის სენტიმენტალური კომედია „ჯაზის მომღერალი” – 1927 წელს გადაიღეს. სინამდვილეში ფილმი მაინც უხმო იყო, მასში მხოლოდ რამდენიმე სასიმღერო ნომერი და ერთი ფრაზა ჟღერდა. „დიდი მუნჯი” „დიდმა ხმოვანმა” შეცვალა, რამაც კინოინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.

რაც შეეხება ჰოლივუდურ ფილმებს, შეუძლებელია დაგვავიწყდეს 1941 წლის ბრწყინვალე მუსიკალური კომედია „მზიანი ველის სერენადა”, რომელიც უკვდავყვეს ჯაზის გამოჩენილმა მუსიკოსმა გლენ მილერმა და მისმა ორკესტრმა. საინტერესოა, რომ ჩანაწერისთვის „Chattanooga Choo Choo” გლენ მილერი მუსიკის ისტორიაში „ოქროს დისკის” პირველი მფლობელი გახდა.

სწორედ ჯაზურმა აზროვნებამ გააერთიანა ახალ პრინციპებზე აგებული ერთმანეთისგან არცთუ განსხვავებული მუსიკალურ-სანახაობრივი ჟანრები და მათ მსუბუქ და ზერელე ხასიათს მოულოდნელი სიღრმე მიანიჭა. ამან დრამატურგიული საფუძვლების პრინციპული ცვლილება გამოიწვია და მოჩვენებითად შეუთავსებელი მხატვრული მიმართულებების გადაკვეთაზე აღმოცენდა მიუზიკლი.

როგორც ვიცით, მიუზიკლის სამშობლოდ აშშ მიიჩნევა. განვითარების ამერიკული გზა პოლიტიკურ თუ კულტურულ სფეროში განსაკუთრებულად უნდა ჩაითვალოს. ყველა ქვეყნის ისტორიკოსებმა დაუფიქრებლად აღიარეს „ამერიკული გზა”.

როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს საკლასო ოთახში

0

ტბის იხვების მსგავსად: როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს საკლასო ოთახში

ავტორი: ბენ ჯონსონი, ავტორი, ადმინისტრატორი და განმანათლებელი

13 აპრილი, 2014 წელი
წყარო:https://www.edutopia.org/blog/wood-ducks-finding-peace-in-the-classroom
 
 
სკოლაში გატარებული დამღლელი დღის შემდეგ ხშირად ჩამოვჯდები ხოლმე შინ ჩემს სამუშაო მაგიდასთან და ვუცქერ მაგიდის თავზე ჩამოკიდებულ ნახატს, რომელზეც ტბის მშვიდ ზედაპირზე მოცურავე დედალ-მამალი ტბის იხვებია გამოსახული. მამალი ჭრელი, ლამაზნახატიანი ბუმბულით არის შემოსილი, დედალი კი მთლიანად ნაცრისფერია და თითქმის ერწყმის თავისი შეფერილობით ტბის წყლის მოლურჯო-მონაცრისფრო ზედაპირს. მიუხედავად ასეთი გარეგნული სხვაობისა, ისინი სრულ ჰარმონიაში და მშვიდობაში არიან ერთმანეთთან.

მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემისას, სწავლების პროცესმა შესაძლოა დაანგრიოს ჩვენი შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები ეწინააღმდეგებიან ჩვენს საუკეთესო ზრახვებსა და ძალისხმევას. მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც დამეხმარა დავრჩენილიყავი ზემოთ ნახსენები ტბის ზედაპირზე მოცურავე იხვებივით მშვიდი.

არ მიიღოთ პირადულად

ზოგი მოსწავლე კლასში თავისი ემოციური ტვირთით მოდის და, ერთი შეხედვით, მას მასწავლებლის ამბები არ ადარდებს. მათთვის მასწავლებელი ძალაუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან კლასში მოქცევის წესები, მათი ცუდი საქციელი იმის მანიშნებელია, რომ მოსწავლე ამას სპეციალურად სჩადის. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეები, ხშირად უპირისპირდებიან მათზე ძლიერებს და გარკვეული ძალაუფლების მქონეებს.

მიუხედავად ამ ცოდნისა, დამეთანხმეთ, ძნელია განასხვავო „მასწავლებელი” და „მე”, როდესაც მოსწავლე ზრდილობიანად დასმულ შეკითხვაზე ან დავალებაზე, უხეშად გპასუხობს. აღმოვაჩინე, რომ, თუ მე კლასში წარმატებით გავართვი თავი ჩემს ამოცანას, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაც მიადვილდება. საუკეთესო გზა, ზემოთ აღწერილის თავიდან ასაცილებლად, არის ის, რომ მოსწავლეებს, შესასრულებელი დავალება თუ ამოცანა მოსალოდნელი რეაქციების გათვალისწინებით დავალების მიცემამდე უნდა გადავცეთ სწორად.

თუ თქვენ სწორად აღუწერთ მოსწავლეებს იმას, თუ რას მოელით მათგან და აღმოაჩენთ, რომ ისინი დავალებას არასწორად ასრულებენ, უმჯობესია შესთავაზოთ დახმარება მიცემული დავალების სრულყოფილად შესრულებისათვის. თუ ეს მიდგომა არ იმუშავებს, საბოლოოდ შესაძლოა იკითხოთ, რატომ არ ასრულებენ დავალებას და შეეცადოთ, დაანახოთ ის შედეგები, რაც დავალების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს.

იყავით მომზადებული

ჩემი კარიერის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ, რაც უფრო უკეთ ვარ მზად გაკვეთილისთვის, მით უფრო ადვილია კლასში სიმშვიდის შენარჩუნება. რადგან მომზადებული ვარ, შემიძლია მშვიდად შევხვდე მოსწავლეებს კართან გაკვეთილის დასაწყისში და მივესალმო ყველა მათგანს.

ამ დროს შემიძლია დავაკვირდე მათ რეაქციებს მისალმებაზე და წინასწარ დავგეგმო, როგორ დავეხმარო მათ იმ დღის წარმატებულად გატარებაში. მოსწავლეები საკლასო ოთახში ჩემი ხალისიანი მისალმებისა და პოზიტიური კომენტარების ფონზე შემოდიან და იმ დღეს უკეთ იქცევიან.

სულ მაინტერესებდა, რატომ უხდიან ბიზნეს-კომპანიები კარებში მდგომ და კლიენტისათვის სალმის მთქმელ შვეიცარს ფულს? ბანკებმა იციან, რომ კარის გამღები უსაფრთხოების კიდევ ერთი საშუალებაა, რადგან ამით ირღვევა მომსვლელის ანონიმურობა. მაღაზიებში ამ საშუალებით მცირდება ქურდობების და იზრდება გაყიდვების რაოდენობა, რადგან „მიმსალმებელი” კლიენტს რაღაც დროით აყოვნებს კარებში და არ იშურებს მისთვის სალამსა და პოზიტიურ სიტყვებს.

შეეხმიანეთ მშობლებს

უმეტეს შემთხვევაში, თუ მოსწავლე კლასში მოუსვენარია ან არ მონაწილეობს კლასის მუშაობაში, მშობლებთან ჩვეულებრივმა სატელეფონო ზარმა, შესაძლოა მისი ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალოს. მშობლებთან საუბრისას ვცდილობ მშობელს მოსწავლეზე ვესაუბრო, ვიდრე მის ცუდ საქციელზე. ეს, როგორც წესი, მშობლებისთვის თავდაცვითი პოზის თავის დაღწევის საშუალებაა, რომელიც მათ შვილებთან საუბარში მათი პრობლემის მოგვარებისთვის განაწყობთ.

ყოველდღიურად გააანალიზეთ თქვენი სამუშაო დღე

შესაძლოა, ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელიც მეხმარება, ვიყო ეფექტური განმანათლებელი და მმატებს რწმენას, ჩემი ყოველდღიური მოქმედებების ანალიზია. როდესაც სკოლიდან სახლისკენ მიმავალ ავტობუსში ვზივარ, განვლილ დღეს და იმ დღეს მომხდარ მოვლენებს ვუფიქრდები ხოლმე. ამ ყოველდღიური ერთსაათიანი მოგზაურობისას ვიხსენებ განვლილი დღის წარმატებებს და ვცდილობ გავარკვიო, მოსწავლეებთან ურთიერთობაში ჩემს რომელ ქმედებებს სჭირდება დახვეწა.

ვიხსენებ იმ შეცდომებსაც, რომლებიც დღის განმავლობაში უნებურად ჩავიდინე და ვცდილობ გამოვასწორო ყველა ქმედება, რომელიც შორს იყო სიმშვიდისგან. საინტერესოა, რომ მოსწავლეებს ურჩევნიათ ყოველი ახალი დღის ახლიდან, „სუფთა ფურცლიდან” დაწყება. შესაბამისად, მეც იმავეს გაკეთება მიწევს (რომელიმე სტუდენტისადმი ბრაზისა თუ უსიამოვნების გახსენება, ჩემი დაკვირვებით, ანგრევს ჩემს შინაგან წონასწორობასა და სიმშვიდეს). ამ საკითხებზე დაფიქრების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მომავალი დღისთვის ეფექტური გეგმის მოფიქრება და წარსულის შეცდომების გამოსწორებაც.

ტყის იხვებს ველურ ბუნებაში საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვთ: ჭიაყელებზე ნადირობა, ცივ წყალში ცურვა, ცუდ ამინდთან გამკლავება, მტაცებლებისგან თავის დაცვა (ადამიანი იქნება ეს თუ მათი ბუნებრივი მტერი). მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც ახერხებენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წონასწორობა. საკუთრი საქციელის გაანალიზება და საქმისთვის ეფექტური გეგმის მოფიქრება საშუალებას მაძლევს დავიჯერო, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება.

ფეხბურთი მაგიდაზე

0

დავუშვათ, საქმით გადაიღალე და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენება, გართობა გსურს. „ვითამაშებ რამეს”, – იტყვი. კომპიუტერზე არ გირჩევ – მონიტორის ცქერა სამსახურში არ გეყოფა?! თანაც რას აღარ ამბობენ ეკრანის არამარტო თვალებისთვის მავნე გამოსხივებაზე… ბანქო, დომინო თუ ნარდი თავშესაქცევი და სასარგებლო, გონების გამავარჯიშებელი თამაშებია, მაგრამ მაინც მოსაწყენი.
აბა, რას იტყვი, იცი ასეთი თამაში?
საქართველოში სპორტის სახეობას, სახელად სუბუტეოს, თითქმის არავინ იცნობს. არადა, ეს ჩვეულებრივი სამაგიდო ფეხბურთია, რომლის მსგავსსაც სკოლის მერხზე დახაზულ მოედანზე დაგორგოლავებული ქაღალდის ბურთით ვთამაშობდით და წკიპურტით გაგვქონდა გოლები. იყო სამაგიდო ფეხბურთის სხვა, საკმაოდ პოპულარული ნაირსახეობაც – ერთგვარი სათამაშო (ასეთი ჰოკეიც არსებობდა), რომელზეც მოთამაშეს ლითონის ფეხბურთელი სპეციალური ზამბარებითა და ღერძებით მოჰყავდა მოძრაობაში და პლასტმასის ბურთს მანამდე აგორავებდა აქეთ-იქით, სანამ მეტოქის კარში არ შეაგდებდა.
ასეა თუ ისე, სამაგიდო ფეხბურთს ჩვენთვის მხოლოდ მოწაფეობისას ჰქონდა ხიბლი, თუმცა იყვნენ და არიან ზრდასრული ადამიანებიც, ვისთვისაც ეს გასართობი არაფრით ჩამოუვარდება სპორტის სხვა, „სერიოზულ” სახეობებს და არანაკლები ეშხით გამოხატავენ წარმატებით მოგვრილ სიხარულს, ვიდრე ოლიმპიელები – ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მოპოვებისას.
ყველაფერი შორეულ 1929 წელს ლივერპულში დაიწყო. საერთოდ, ინგლისის ამ ქალაქის მცხოვრებლებს მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი იდეა თუ აღმოჩენა მიეწერებათ. ჰოდა, ერთ დღესაც ერთმა ფანტაზიამოჭარბებულმა ლივერპულელმა, ვინმე უილიამ კილინგმა, საბავშვო თამაში გამოიგონა, რომელსაც New Footy უწოდა.
კილინგის სამაგიდო ფეხბურთის კომპლექტი თერთმეტი მოთამაშისგან შემდგარ ორ გუნდს შეიცავდა. ფანერის ფეხბურთელთა ფიგურები ხის ნახევარსფეროებზე იყო დამაგრებული და მოძრაობისას ცელულოიდის ბურთს აგორებდა. თამაშის პრინციპი კი მარტივი იყო – ფიგურაზე თითის შეხებით მეტოქის კარში ბურთი უნდა შეგეგდო.
1947 წლამდე ამ გამოგონებას განსაკუთრებული წარმატება არ რგებია წილად, სანამ მეორე ბრიტანელმა, პიტერ ადოლფმა, არ წარმოადგინა ანალოგიური თამაში, სახელად Subbuteo.
ალბათ დაგაინტერესათ – საიდან ასეთი უცნაური სახელწოდება?
მისტერ ადოლფს თამაშისთვის თავდაპირველად „ჰობი” დაურქმევია, მაგრამ ამ სახელით მისი რეგისტრირება თურმე ვერ შეძლო.
Subbuteo კი ლათინური სახელწოდებაა მტაცებელი ფრინველის ერთ-ერთი სახეობისა, რომელსაც ინგლისელები „ჰობის” უწოდებენ. რა კავშირი აქვს მას მაგიდის ფეხბურთთან, თავად განსაჯეთ. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ უცნაური სახელწოდების დამსახურება იყოს, რომ თამაშმა ომის შემდგომ ბრიტანეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და უმალვე იქცა პოპულარულ გასართობად.
საგულისხმოა, რომ ადოლფს არც არაფერი შეუმატებია კილინგის გამოგონებისთვის, გარდა სახელისა და ბადეებისა. თავდაპირველად სათამაშოდ სპეციალური მოედანი არც იყო საჭირო – სუბუტეოს ერთნაირი აზარტით თამაშობდნენ ხის იატაკზეც და ნოხზეც.
თამაში სწრაფად ვითარდებოდა. 1960 წელს მოთამაშეთა ფიგურები პლასტმასისგან ჩამოასხეს. თამაშისთვის მეტი ხიბლის მისაცემად დაიწყეს დამატებითი აქსესუარების დამზადება – პატარა ტრიბუნებისა, განათებისა და სატელევიზიო კოშკურებისაც კი. 1970 წლიდან ადოლფის ფირმამ სათამაშო კომპლექტს ახალი ფიგურები – კუთხურის მიმწოდებელი და დამრტყმელი ფეხბურთელები შემატა. დაამზადა პატარა მოედანიც მთელი თავისი აღჭურვილობით. ყოველივე ამან სუბუტეო მილიონობით ადამიანის საყვარელ გასართობად აქცია. 80-იანი წლების დამლევს კი თამაშში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ სამაგიდო ფებურთი კიდევ უფრო დაამსგავსა ნამდვილს.
დღეს ეს თამაში, ისევე როგორც „დიდი ფეხბურთი”, წარმოუდგენელია თავისი ფედერაციის, კვალიფიციურ მსაჯთა კომიტეტის, თამაშის დახვეწილი წესებისა და სხვა ნიუანსების გარეშე. იმართება ოფიციალური ტურნირები, მსოფლიო ჩემპიონატები. ის კი არა, რამდენიმე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეხვედრების რეგულარული ტელეტრანსლაციაც კი ხდება.
რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, თითო „გუნდს” თითო მოთამაშე მართავს. ბურთის დარტყმა, ფეხბურთელების გადაადგილება განსაზღვრული წესების დაცვით, წკიპურტებითა და თითის კვრით შეიძლება. თამაში ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგება და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ისეთივე „მოკრძალებული” ანგარიშით მთავრდება, როგორითაც ნამდვილ ფეხბურთში – გოლის გატანა ძნელი და მნიშვნელოვანი საქმეა.

ისევ სასწავლო მიზნების შესახებ

0

მოსწავლეზე ორიენტირებულ კლასში მასწავლებელმა სწავლა-სწავლების
პროცესი იმგვარად უნდა წარმართოს, რომ მოსწავლე სწავლის სუბიექტად იქცეს და სასწავლო
ამოცანის გაანალიზება, მიზნების დასახვა, სამუშაოს გაგეგმვა და შეფასება თანდათანობით
მის ხელში გადავიდეს.

რა არის ამისთვის საჭირო?

უპირველესად, მიზნების ფორმულირება.

მიზანი, მოგეხსენებათ, წინასწარ დაგეგმილი შედეგია,
რომელსაც ერთობლივად უნდა მიაღწიონ მასწავლებელმა და მოსწავლემ კონკრეტული
საკითხისა თუ თემის დასასრულს.

მკაფიო და კონკრეტული მიზნების არსებობა საჭიროა
შემდეგი მიზეზების გამო:

● ამით განისაზღვრება, რა მიმართულებით უნდა დაამუშაოს
მასალა მოსწავლემ და რით შეუწყოს ამას ხელი მასწავლებელმა;

● მხოლოდ მკაფიოდ ფორმულირებული მიზნები გვაძლევს იმის
განსაზღვრის შესაძლებლობას, ისწავლეს, განივითარეს თუ არა ჩვენმა მოსწავლეებმა ის
უნარები, რასაც მათგან მოველოდით;

● მკაფიო მიზანი მოსწავლეს ეხმარება, გაკვეთილის
განმავლობაში ყურადღება ცნობიერად მიმართოს მნიშვნელოვანი საკითხისკენ;

● ბუნდოვანი მიზანი ხელს უშლის გაცნობიერებულ და
ეფექტიან სწავლას, შესაბამისად, კლავს სწავლისადმი ინტერესს.

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის დროს მიზანი ფორმულირებული
უნდა იყოს მოსწავლის პოზიციიდან.

მაგალითად, ავიღოთ საგანი ბუნებისმეტყველება

თემა: მცენარეები

მიზანი: მოსწავლე ჩამოთვლის მცენარეებს, მოახდენს მათ კლასიფიკაციას,
დაასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, ჩამოთვლის კონკრეტული მცენარის მოვლისთვის საჭირო
ღონისძიებებს.

მიზნების ფორმულირებისას გაკვეთილზე დიდ დახმარებას
გაგვიწევს ბლუმის კოგნიტური მიზნების ტაქსონომია.

1. ცოდნაბლუმის ტაქსონომიაში ყველაზე დაბალი დონეა. ამ დონეზე მოსწავლეს მოეთხოვება
მასალის მხოლოდ ცნობა ან გახსენება. მაგ., ჩამოთვლის გაზაფხულისთვის
დამახასიათებელ ნიშნებს; დაითვლის 1-დან 20-მდე;

2. გაგება– ამ დროს მოსწავლემ უნდა გადმოსცეს მასალა საკუთარი სიტყვებით, მაგ., აღწეროს
შინაური ცხოველის ნირი ან განმარტოს, რას ნიშნავს ლუწი რიცხვი;

3. გამოყენების
დონეზე
მოსწავლე იყენებს მანამდე მიღებულ ინფორმაციას
სტანდარტული/არასტანდარტული დავალების შესასრულებლად, მაგ., შეასრულებს მარტივ
არითმეტიკულ გამოთვლებს.

4. ანალიზის
დონეზე
მოსწავლეები მასალას დაშლიან ცალკეულ ნაწილებად, დაინახავენ მათ შორის
კავშირს. მაგ., აღნიშნავენ, რომელია საკლები და რომელი – მაკლები, აღწერენ რომელიმე
ბიოლოგიური სახეობისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშანს.

5. შეფასების
დონეზე
მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მიღებული ინფორმაციის
მიმართ, ოღონდ მათი მსჯელობა ეფუძნება ანალიზს, ადეკვატურ დასკვნებსა და მკაფიო
კრიტერიუმებს. მაგ., მოსწავლე არგუმენტირებულად ხსნის ამოცანის/პრობლემის გადაჭრის
გზის ეფექტურობას.

6. სინთეზის
დონეზე
მოსწავლე იყენებს საკუთარ შემოქმედებით პოტენციალს და მიღებულ ცოდნას
ახალი ფორმით წარმოაჩენს, მაგ., დამოუკიდებლად ადგენს ამოცანის პირობას, რომელიც
მოითხოვს მიმატებისა და გამოკლების გამოყენებას.

გთავაზობთ ბ. ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით
ფორმულირებული სასწავლო მიზნების ცხრილს:

დონე

რას
აკეთებს მოსწავლე

მოსწავლის მოქმედებათა
განმსაზღვრელი ზმნები

ნიმუშები

ცოდნა

 

აღიქვამს, იმახსოვრებს, ცნობს

ჩამოთვლის, ასახელებს

საგანი: ბუნებისმეტყველება

თემა: წყალი

მიზანი: მოსწავლე ჩამოთვლის წყლის თვისებებს

გაგება

ხსნის, ახდენს დემონსტრირებას

ჰყვება საკუთარი სიტყვებით, განიხილავს,
განმარტავს

საგანი: ბუნებისმეტყველება

თემა: წყალი

მიზანი: მოსწავლე აღწერს წყლის ერთი
მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესს

გამოყენება

ხსნის ამოცანას, ცოდნის პრაქტიკულ დემონსტრირებას
ახდენს

იყენებს, გამოთვლის, ასრულებს, იკვლევს, ატარებს
ცდას, აღწერს, მოდიფიცირებას ახდენს, შეუსაბამებს, აკეთებს მონახაზს

საგანი: ბუნებისმეტყველება

თემა: წყალი

მიზანი: მოსწავლე ჩაატარებს ცდას წყლის ერთი
მდგომარეობიდან მეორეში გადასასვლელად, აღწერს ცდის შედეგებს

ანალიზი

აცალკევებს, აკავშირებს

აანალიზებს, აჯგუფებს, ადარებს, აკავშირებს,
უპირისპირებს, ასხვავებს, იკვლევს, ატარებს ექსპერიმენტს, სისტემაში მოჰყავს,
ირჩევს, ყოფს, ამოწმებს

საგანი: ბუნებისმეტყველება

თემა: წყალი

მიზანი: მოსწავლე იკვლევს და ერთმანეთს ადარებს
წყლის აგრეგატულ მდგომარეობებს

შეფასება

აფასებს, ირჩევს

ამტკიცებს, ირჩევს, გამოაქვს დასკვნა, მოჰყავს
არგუმენტი, ასაბუთებს, ზომავს, წინასწარმეტყველებს (ახდენს ჰიპოთეზის
ფორმულირებას), აჯამებს, ამყარებს (მოსაზრებას)

საგანი: ბუნებისმეტყველება

თემა: წყალი

მიზანი: მოსწავლეს გამოაქვს დასკვნა წყლის
აგრეგატული მდგომარეობების შესახებ

სინთეზი

ქმნის, აზოგადებს, გეგმავს, ფორმულირებას ახდენს

კრებს, კომბინირებას აკეთებს, ქმნის,
შეიმუშავებს, აერთიანებს, გეგმავს, ამზადებს, აგრძელებს, ხელახლა აჯგუფებს,
ამყარებს

საგანი: ბუნებისმეტყველება

თემა: წყალი

მიზანი: მოსწავლე წერს თხზულებას წყლის წვეთის
მოგზაურობის შესახებ

ბლუმის ტაქსონომია პედაგოგს პროცესის დაგეგმვაში
ეხმარება. თუ გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ მასალა და შემდეგ
მისი რეპროდუქცია მოახდინონ, მაშ, ყველა სტრატეგია ამ ამოცანის შესრულებისკენ უნდა
იყოს მიმართული.

იმისთვის, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში
ჩავრთოთ, საჭიროა მათი საქმის კურსში ჩაყენება იმის თაობაზე, რა ეცოდინებათ და რის
გაკეთებას შეძლებენ ისინი გაკვეთილის ბოლოს, ამიტომ გაკვეთილის პირველი ნაბიჯი
სწორედ მოსწავლეებისთვის მიზნის გაცნობაა მათთვის გასაგებ ენაზე.

მიზნის გაცნობა პირველი ნაბიჯია სწავლის პროცესში
მოსწავლის ჩასართავად.

მიზნის გაცნობა
შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით.

მაგალითად, მასწავლებელი წერს
დაფაზე გაკვეთილის მიზანს: „მოსწავლეები გაიაზრებენ პერიმეტრის ცნებას, გამოთვლიან
გეომეტრიული ფიგურების პერიმეტრს ფორმულაზე დაყრდნობით”. ამის შემდეგ მასწავლებელი
მიმართავს კლასს: „ბავშვებო, დღეს ჩვენ ვისწავლით გეომეტრიული ფიგურების (მაგ.,
მართკუთხედის, კვადრატის) პერიმეტრის გამოთვლას”, – და უსვამს კლასს კითხვას: „რა
გვეცოდინება/რის გაკეთებას შევძლებთ დღეს გაკვეთილის ბოლოს?” მას შემდეგ, რაც
მასწავლებელი მოისმენს რამდენიმე მოსწავლის პასუხს, გადადის გაკვეთილის მომდევნო ეტაპზე.

ფრაგმენტის
ანალიზი

ზემოთ განხილული ტექსტის გაცნობის შემდეგ კიდევ
ერთხელ შევაჯამოთ: რატომ არის მნიშვნელოვანი, გავაცნოთ გაკვეთილის მიზანი ჩვენს
მოსწავლეებს?

მიზნის გაცნობა ემსახურება შემდეგს:

● მოსწავლემ იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლის
პროცესზე;

● შეექმნას მოლოდინი იმის შესახებ, რა ეცოდინება
გაკვეთილის/თემის დასრულების შემდეგ;

● ამაღლდეს მისი მოტივაცია ახალი ცოდნის მისაღებად/ახალი
მასალის ასათვისებლად;

● მოსწავლის ცნობიერება მიმართულ იქნეს კონკრეტული
ინფორმაციის მიღების, ახალი უნარ-ჩვევების დაუფლებისკენ;

● ხელი შეეწყოს თვითრეგულირებად სწავლას, მოსწავლეს
განუვითარდეს საკუთარი ცოდნის დონის შემოწმების უნარი (გაკვეთილის ბოლოს შევძლებ მართკუთხედის
პერიმეტრის გამოთვლას; შევძელი თუ არა ამის გაკეთება?)

 

მაგალითი 2.

მასწავლებელი ხაზავს დაფაზე სამკუთხედს და ეკითხება
კლასს: „ბავშვებო, თქვენი აზრით, რას გავაკეთებთ დღეს?”

მოსწავლეთა პასუხები:

– დღეს დავხატავთ, აი, ამას (მოსწავლე ხელს იშვერს
დაფისკენ).

– დავხატავთ სამკუთხედს.

– ვისწავლით, როგორ დავხაზოთ სამკუთხედი.

მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს და
აჯამებს მათ მოსაზრებებს: „მართალია, დღეს ჩვენ მართლაც დავხაზავთ სამკუთხედს და
შევადარებთ მას სხვა გეომეტრიულ ფიგურებს”. შემდეგ მოსწავლეებს მორიგ შეკითხვას
უსვამს: „როგორ ფიქრობთ, რაში გვჭირდება სამკუთხედის დახაზვის სწავლა?” მოსწავლეები
გამოთქვამენ მოსაზრებებს. მასწავლებელი აჯამებს მათ და აზუსტებს, რომ სამკუთხედის
დახაზვას ვსწავლობთ იმისთვის, რათა სწორად 
განვსაზღვროთ სამკუთხედის გვერდები, წვეროები. ამის
შემდეგ მასწავლებელი აგრძელებს გაკვეთილს.

ფრაგმენტის
ანალიზი

აღნიშნული მაგალითი ცხადყოფს, როგორ ახდენს
მასწავლებელი მოსწავლეთა მოტივირებას იმისთვის, რომ მათ თავად ჩამოაყალიბონ
გაკვეთილის თემა და მიზანი. ამ გზით მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს საკითხის ეტაპობრივი
შესწავლისკენ, იმავდროულად, გაკვეთილის ბოლოს მათთან ერთად აჯამებს მიღწეულ შედეგს,
აცნობიერებინებს მოსწავლეებს ამ სამუშაოს მნიშვნელობას მათი განვითარების/ცოდნის
შევსებისთვის.

 

მაგალითი 3.

მასწავლებელი ბუნებისმეტყველებაში ხსნის თემას „ჩემი
გარემო”. ის კითხვით მიმართავს მოსწავლეებს: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?” „შეუძლიათ
ბავშვებს ბუნებაზე ზრუნვა?” მასწავლებელი მოისმენს 3-5 მოსწავლის მოსაზრებებს და აგრძელებს:
„თუ გვეცოდინება, როგორ/რა ხერხებით შეგვიძლია მოვუაროთ ფლორასა და ფაუნას, უკეთ
ვიზრუნებთ ბუნებაზე და ჩვენს გარემოს კიდევ უფრო გავაჯანსაღებთ/გავალამაზებთ”.

ფრაგმენტის ანალიზი: მასწავლებელი მიზნის გასაცნობად
სვამს პრობლემურ კითხვას, რათა მოსწავლეებმა გააცნობიერონ როგორც გაკვეთილის
მიზანი, ისე საკითხის ცოდნის მნიშვნელობა.

1. საკითხის შესაჯამებლად საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მიზანი
მკაფიოდ და ბავშვებისთვის გასაგები ენით უნდა იყოს ფორმულირებული. მაგ., მოსწავლეები
შეასრულებენ მაგალითებს 20-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლებაზე.

2. სასურველია, გავაცნოთ ერთი, კონკრეტული და
არსებითი მიზანი, ვინაიდან რამდენიმე მიზანმა შესაძლოა ისინი საბოლოო შედეგს
დააშოროს. მაგ., მოსწავლეები მზის მაკეტის გამოყენებით ახსნიან დღისა და ღამის
მონაცვლეობის მიზეზს.

3. მიზანი იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ
მოსწავლე მიხვდეს, რის შეფასება მოხდება გაკვეთილის ბოლოს. მაგ., მოსწავლეები შეთხზავენ
პატარა ამბავს საკუთარი უბნის/სოფლის შესახებ, აღწერენ საყვარელ ადგილს, მის
დანიშნულებას, გაიხსენებენ საკუთარ ისტორიას, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება.

4.
მიზანში ხაზგასმული უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რა ეცოდინებათ მოსწავლეებს, არამედ ისიც,
როგორ არის შესაძლებელი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მაგ., მოსწავლეები
სწორად შეასრულებენ მიმატებისა და გამოკლების ოპერაციებს 20-ის ფარგლებში ფულის
კუპიურების გამოყენებით.

ჩემიტოლა ბაბუაჩემი

0
ბაბუაჩემი რომ ახლა ოთხმოცდახუთი წლის იყოს და მიწაში არ იწვეს, ვეტყოდი, რომ დღე არ ყოფილა, მასზე არ მეფიქროს, მისი საზომით არ გამეზომოს ყველაფერი და მისი სიტყვები (მკვეთრიც, მკაცრიც, გამოზომილიც) არ მომგონებოდეს სიხარულისა და გაჭირვების დროს. მაგრამ ბაბუაჩემი ახლა ოთხმოცდახუთი წლისაა და სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის მიწაში წევს, როგორც ცხოვრებასთან და ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული კაცი. 

 
რაც თავი მახსოვს, სულ სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ არასდროს გვისაუბრია სკოლის შესახებ. ჯერ ერთი, თვითონაც ერიდებოდა სამსახურის ამბების ოჯახში შემოტანას, შვილიშვილებისთვის მოყოლას და მეორეც: მე, რაც სხვისგან მესმოდა, ისიც მყოფნიდა სოფლის სკოლის დირექტორზე, რომელიც დილაუთენია გადის (ბებიაჩემი ჭიშკრამდე მისდევდა წამლებით ხელში, დალევა არ დაგავიწყდესო) და შინ გვიან ბრუნდება. ხისტი, პრინციპულია და, ხმებს თუ დავუჯერებთ, მექალთანეც.  

ეს უკანასკნელი რამ არასდროს უღიარებია, უფრო პირიქით – თავს არიდებდა და რასაც შევსწრებივარ, ხუმრობითაც არ უნდოდა თავისი თავგადასავლების გახსენება. სამაგიეროდ, ერთხელ, შუქი რომ არ მოვიდა (არც გაგვკვირვებია) და ყველანი ლამფას შემოვუსხედით…

სახლს ვაშენებდი, მეგონა ყველაფერი მოვიმარაგეო. მასალები მოვზიდე, სხვებიც მეხმარებოდნენ, მარტო რას გავხდებოდი, გზადაგზა მემატებოდა საზრუნავი და მოსატან-წასაღები, მაგრამ როგორღაც ავუდიოდი, საშველიც გამოჩნდებოდა ხოლმე, ხელსაც ვიღაც წამაშველებდაო. საქმესაც შეეტყო – წინ მიიწევდაო. ერთხელ, ვდგავარ ამოყვანილ კედლებთან, გავცქერი ოთხივე კუთხეს და ფიქრში მაქვს, დღე-დღეზე იატაკი უნდა დავაგო, ოთახებსაც მოვხაზავ და ცოლ-შვილს შემოვიყვან-თქო. ის დროა, ერთიანად რომ გაუჭირდა ყველას. მასწავლებლებს რა უნდა გვქონოდა – რაც გვქონდა, აღარ გვიჩერდებოდა ხელში. ამ დროს კი ისე იმედიანად, გულიანად ვარ, ფონს გავედი, აჩხერილი კარკასი სახლს დაემსგავსა და… თურმე რაც ფიცარი მაქვს, ოდნავადაც ვერ გაწვდება იატაკს! სულ ოდნავ! საიდან გინდა მოიტანო, ვის გინდა თხოვო. ვისთანაც მიმესვლებოდა, შეწუხებული მყავს ყველა: ზოგმა ისე გამიმართა ხელი, ზოგმა მადროვა და მერე გავუსტუმრე, რაც ჯამაგირი მქონდა, ისედაც ამ სახლს ვახმარდი. თავს ზემოთ ძალა არ არისო, რომ იტყვიან, იმ დღეში ჩავვარდი. მოკვდი თუ გინდა! ან სად გინდა იშოვო, ან რა უნდა ქნა, მეტი რომ იშოვო და ამ ხელმოჭერილი ყოფიდან გააღწიო. რას იზამ, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ. რაზეც ოცნებობდი და დღე-დღეზე ასრულებული გეგონა, ისე დაგშორებია, ისე ერთიანად წამოუკრეფია საგნები, უკვე იმ ფიცრებსაც ვერ ამჩნევ, მოხდენილად რომ ეწყო და მხოლოდ იმისთვის გყოფნიდა, იატაკის დაგება რომ დაგეწყო. დაგეწყო და მეტი არაფერი. უკვე ვერაფერს ვამჩნევდიო, ყველაფერი ჩამმწარდა და ყველაფრის ხალისი დამეკარგაო, – ჰყვებოდა ბაბუაჩემი, – ხელები ავიფარე სახეზე და უღონობისგან ავტირდიო. ამას შევაფარე თავი, სასოწარკვეთისგან ამან მიხსნაო.
მისი ცხენიდან ჩამოვარდნისა და ფეხის მოტეხვის ამბავი ერთ ნოველაში (`თქვა ბნელმან არაკი~) უკვე მოვყევი და ახლა მისი გამეორება მხოლოდ იმისთვის მინდა, ჩემიტოლა ბაბუაჩემი რომ არ წამეშალოს გონებიდან.
– შენოდენა ვიქნებოდიო, – ასე მიყვებოდა და წიგნშიც ასე გადავიტანე, – როცა ყველაზე სუსხიანი ტკივილი ვიგრძენი პირველად. ტკივილი კვდომის განცდაზე არანაკლებია, ზოგჯერ ერთი მშვიდი სიკვდილიც განატრებინოს იქნება. გამჩენს ეხვეწები, გამათავე, რას მაწვალებ, მომასვენე ამ საცოდაობისგანო.
სოფელში, არ ვიცი რაღაზე და რანაირად, სამხედრო მანქანით რუსი სალდათები იყვნენ მოსული. ვერ გეტყვი, იყვნენ თუ უბრალოდ ჩვენს სოფელზე გადიოდა მოჭრილი გზა და აქედან არჩიეს წასვლა. მე მხოლოდ ის მახსოვს, შინდისფერი ბედაური რომ მება საბალახოზე, ამ ჯარისკაცების დანახვაზე თოკი ავხსენი და მანქანას გამოვენთე.
გაჭენება უნდა, თორე ყველა ცხენი ისედაც თოხარიკია. ჰაერს ტალღებად მივშხეფავდი, ლაგამიდან ხელი მისხლტებოდა, გაოფლილ ცხენზე სრიალებდა უნაგირი, რუსები მანქანის უკანა კოფოდან მისტვენდნენ და მახელებდნენ. შესახვევთან ცხენი მოსრიალდა უცები შემობრუნებისგან, სადავე ვერ შევიმაგრე და უნაგირს მოვწყდი. 
გაფრენაზე მეტად დახეთქება მახსოვს. მუხლით დავემხე გაღორღილ მიწაზე. სისხლმა ტანსაცმლიდან გამოატანა, ტკივილმა წამართვა გონება. გამოფხიზლებულს თავი მკვდარი მეგონა. თვალში კარგახანს ვერ გამოვიხედე. ყურში ჯერაც ჩამესმოდა აუტანელი წუილი. დაგლეჯილი სახე მეფხანებოდა, უმორჩილოდ მითამაშებდა ნატკენი მუხლის კუნთიო.
ასე მიყვებოდა და მეც სიტყვა არ ჩამიმატებია ზედმეტი. ის კი არა, მხატვრის ნიჭი რომ მქონოდა, ჯერ იმ ჟურნალში, სადაც ეს ნოველა პირველად დაიბეჭდა და მერე წიგნში, სადაც ერთ-ერთ რიგით ნაწარმოებად შევიდა, სიამოვნებით ჩავხატავდი დიდ ნაიარევს ბაბუაჩემის მუხლსზემოდან, რომლის ჩვენებასაც ისე ხშირად ვთხოვდი, რომ ახლაც ზედმიწევნით მახსოვს. ეს იქნებოდა ჩემიტოლა ბაბუაჩემი – ნატკენი და ტკივილისგან დამტვრეული სხეული, ისეთი, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს.

უკეთ გავაცნობიეროთ, რა მოტივით სწავლობენ მოსწავლეები ჩვენს საგანს

0
მოტივაციის პრობლემა თვალნათლივ გვიჩვენებს, რა ღრმად შეიძლება შეიჭრას ფსიქოლოგია საკლასო ოთახში, რამდენი რამ განსაზღვროს. თვით რავენიც კი, ინტელექტის ყველაზე პოპულარული ტესტის ავტორი, თავის წიგნში „კომპეტენტურობა თანამედროვე სამყაროში” წერდა: „ქცევა გაცილებით მეტად განისაზღვრება მოტივაციით, ვიდრე უნარით”. მაინც რა არის მოტივი? ამ ცნების მრავალგვარი განმარტება არსებობს. დ. უზნაძე მოტივს ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძველს უწოდებდა. მისი განმარტების თანახმად, ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას.

მასწავლებლისთვის მთავარია იცოდეს, რატომ არის, რომ ზოგიერთი მოსწავლე ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა სწავლაში მაღალ შედეგებს მიაღწიოს, ზოგიერთი კი არა.

ფსიქოლოგებმა სცადეს იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც სწავლაში მიღწევებს განაპირობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შემდეგი ფაქტორები: უნარი, მოტივაცია და სწავლების ხარისხი.

მოტივის შესახებ მრავალი მითი არსებობს:

მითი 1 – თუ მოსწავლეები აქტიურად არ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან მოტივირებულნი.
მითი 2 – მარცხი კარგი მოტივაციაა.
მითი 3 – სწავლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოტივაცია.
მითი 4 – მოსწავლეებს მოტივაციას მასწავლებლები უქმნიან.
მითი 5 – მუქარა ამაღლებს მოტივაციას.
მითი 6 – მოტივაციის ამაღლება ავტომატურად ზრდის სწავლების ეფექტს.

ვნახოთ, რას ფიქრობენ ფსიქოლოგები ამ მითების შესახებ.

1. მოსწავლეს შესაძლოა არ ჰქონდეს სწავლის მოტივაცია, მაგრამ მოტივირებული იყოს სხვა რამისთვის. ამ შემთხვევაში შესაძლოა კლასში დისციპლინის პრობლემამ იჩინოს თავი.

2. მარცხი სასარგებლო გამოცდილებაა, მაგრამ ქრონიკულ მარცხს შესაძლოა უამრავი პრობლემა მოჰყვეს.

3. ზოგი იტყვის, რომ სკოლაში მთავარია შინაარსი, მაგრამ იგი სწავლის მისიას ვერ შეასრულებს, ვიდრე სწავლა მნიშვნელობას იქნება მოკლებული მოსწავლისთვის.

4. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება მოსწავლეებს შინაგანი მოტივაციის შექმნაში.

5. კლასის უარყოფითი ატმოსფერო სწავლის მოტივაციას ასუსტებს.

6. მოტივაცია თანდათან სუსტდება და შესაძლოა გაქრეს, თუ არ იქნა გათვალისწინებული სხვა მომენტები. მაგალითად, ცუდი დაგეგმვა, სუსტი კონტროლი და სხვა სწავლის მოტივაციას ასუსტებს.

ცნობილია, რომ გამოყოფენ მოტივაციის აღმძვრელ შინაგან და გარეგან ფაქტორებს. შინაგანი ფაქტორია, როდესაც მოქმედებას აღძრავს ამ საქმიანობისგან (ჩვენს შემთხვევაში – სწავლისგან) მიღებული სიამოვნებისკენ სწრაფვა, ანუ ინტერესი, გარეგანი – როდესაც ადამიანს სურვილს (ჩვენს შემთხვევაში – სწავლისას) გარედან მოსული სტიმულები აღუძრავს.

გაინტერესებთ, როგორ არის საქმე ამ თვალსაზრისით თქვენი საგნის სწავლა/სწავლებისას? შეგიძლიათ ჩაატაროთ მცირე გამოკვლევა (თუ გაინტერესებთ ზოგადი სურათი და მეტი სანდოობა, გამოკითხვა ანონიმურად ჩაატარეთ). 
მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია: წაიკითხეთ ყოველი დებულება და გამოხატეთ დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე გასწავლით. დებულებას გვერდით მიუწერეთ თქვენი პასუხი – „კი” ან „არა”. 

1. საგნის შესწავლა შესაძლებლობას მომცემს, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ შევიტყო, გამოვავლინო ჩემი უნარები
2. საგანი მაინტერესებს და მსურს, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე ამ სფეროში.
3. ამ საგანში ჩემთვის სავსებით საკმარისია ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიძენ.
4. დავალებები არ მომწონს, ვასრულებ მხოლოდ იმიტომ, რომ გვავალებთ.
5. სწავლის პროცესში თავჩენილი სირთულეები საგანს ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
6. მოცემულ საგანში, გარდა სახელმძღვანელოსი, დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობ.
7. მიმაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, საგანში შემავალი რთული თეორიული საკითხები საერთოდ არ ისწავლო.
8. თუ რამე ვერ გავიგე, ვცდილობ მის გარკვევას, მოვლენის არსის წვდომას.
9. ხშირად საერთოდ არ მაქვს ამ საგნის სწავლის განწყობა.
10. აქტიურად ვმუშაობ და დავალებებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი მკაცრად მაკონტროლებს.
11. საგანში შემავალ საკითხებს ხშირად აქტიურად განვიხილავ თავისუფალ დროსაც (შესვენებაზე, შინ) თანაკლასელებთან, მეგობრებთან.
12. ვცდილობ, დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები, არ მიყვარს, როდესაც მკარნახობენ და მეხმარებიან.
13. თუ შესაძლებლობა მომეცა, ვცდილობ გადავიწერო ან სხვას ვთხოვ დავალების დაწერას.
14. მიმაჩნია, რომ ამ საგნის ცოდნა ღირებულია და უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი იცოდე.
15. ამ საგანში ჩემთვის ნიშანია მთავარი და არა ცოდნა.
16. ამ საგანში გაკვეთილის უცოდინრობას არ განვიცდი.
17. თავისუფალ დროს ჩემი ინტერესები და გატაცებები ამ საგანს უკავშირდება.
18. ძლივს ვსწავლობ ამ საგანს, დავალების შესრულებისას ვწვალობ.
19. თუ გაკვეთილი ავადმყოფობის გამო (ან სხვა მიზეზით) გამიცდა, ძალიან მწყინს.
20. შესაძლებელი რომ იყოს, ამ საგანს საერთოდ ამოვიღებდი ცხრილიდან (სასწავლო გეგმიდან).
შედეგების დამუშავება: 

„კი” – 1 ქულა კითხვებისთვის: 1, 2, 5, 6, 8, 11, 12, 14, 17, 19;
არა” – 1 ქულა კითხვებისთვის: 3, 4, 7, 9, 10, 13, 15, 16, 18, 20
0-10 ქულა – გარეგანი მოტივაცია
11-20 – ქულა შინაგანი მოტივაცია
იმედი გვაქვს, მიღებული შედეგების გაცნობიერება სასწავლო პროცესის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მშობელი-მასწავლებელი – საფრთხილო კავშირი

0
ინტერნეტგაზეთში რამდენიმე სტატიის წაკითხვამ მაფიქრებინა, რომ ყოველი მასწავლებლის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენენ მშობლები. ხშირად მათთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე ზრუნვას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. რა დასამალია – მასწავლებლების დიდ ნაწილს სურს, მშობლებზე გავლენა ჰქონდეს. უმთავრესად იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი არასათანადოდ არიან ჩართულნი შვილების სწავლა-აღზრდის პროცესში. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტად შორდება მშობელი სკოლას. ეს მასწავლებლების უკმაყოფილებას იწვევს. ისინი ითხოვენ, მეტი ბერკეტი ჰქონდეთ სასკოლო ცხოვრებაში მშობლების დასაბრუნებლად.

მშობელთა მოზიდვის სურვილი იმით აიხსნება, რომ მათ მართლაც შეუძლიათ დადებითი როლის შესრულება მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაში და ამაზე არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევა მიუთითებს. ამ კვლევების მთავარი იდეა ასეთია: რაც უფრო ხშირად ესაუბრება მშობელი შვილს განათლების მნიშვნელობაზე, მით უკეთესად აღწევს მოზარდი აზროვნების მაღალ დონეს და აკადემიურ წარმატებას.

მშობელს სწავლის ურთულეს ლაბირინთში ხელის შეწყობასთან ერთად ხელის შეშლაც შეუძლია. აქვე უნდა ითქვას, რომ ესეც კეთილი განზრახვით მოსდის. მას სურს, იამაყოს შვილის წარმატებით. აქ გასათვალისწინებელია, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მეგობრების აზრი. შესაძლოა, მან არ მოისურვოს უფროსების მიერ დადგენილი წესების დაცვა და წარმოიშვას კონფლიქტი. მშობელს კი სურს, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება შვილსაც გაუზიაროს, რათა ამ უკანასკნელმა ისწავლოს მის შეცდომებზე, ოღონდ გაუზიაროს საკუთარი შეცდომის უღიარებლად.

მშობლის ეს დიდაქტიკური სურვილი მოსწავლისთვის არცთუ ადვილი ასატანია. ის ცდილობს, გაიფართოოს დამოუკიდებლობის საზღვრები, რაც მშობელს არცთუ უსაფრთხოდ მიაჩნია და ამიტომ შვილისადმი უფრო და უფრო მეტ მზრუნველობას იჩენს.

გარდა ამისა, ხშირად მშობელი რეალურად ვერ აფასებს შვილის შესაძლებლობებს, რაც ხელს უშლის მოზარდს, განვლოს საკუთარი გზა. 

მოზარდები სრულყოფილებისკენ არიან მიდრეკილნი, ცდილობენ, შეესაბამებოდნენ განსაზღვრულ სტანდარტებს, შეუსაბამობამ კი შესაძლოა იმედგაცრუება წარმოშვას. ამის კვალობაზე, მაღალი მოლოდინი დამთრგუნველია მოზარდისთვის, რადგან ის საკუთარი შედეგებისადმი შიშით განეწყობა, ხვდება, რომ შეცდომის უფლება არ აქვს, სურს, მშობლის მოლოდინი გაამართლოს, თუმცა შიში ხელ-ფეხს უბოჭავს, არ აძლევს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივი მოსინჯვის საშუალებას, ვიდრე იპოვიდეს იმ ოპტიმალურ ტემპსა თუ სტილს, რომელიც მისთვის იქნება ეფექტიანი.

საკვანძოა მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა საერთო მიზნის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ორივე მხრიდან დანახული როლები – მასწავლებლის მიერ დანახული მშობლის როლი და, პირიქით, მშობლის მიერ დანახული მასწავლებლის როლი.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთ სამუშაო ვერსიაში წავაწყდი ჩანაწერს, რომ „მასწავლებელი ზრუნავს მშობლებისთვის საჭირო პედაგოგიური ცოდნის მიწოდებაზე”, ასევე „მასწავლებელი ეხმარება მშობლებს მათი უფლებებისა და მოვალეობების გააზრებასა და რეალიზებაში”, და წარმოვიდგინე, რა აბსურდული შეიძლება გახდეს მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, ნაცვლად იმისა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად ითანამშრომლონ. აქტიური და უტაქტო მასწავლებლის ხელში ეს შესაძლოა განუსაზღვრელი ძალაუფლების ასპარეზად იქცეს; თუ უტაქტობას უვიცობაც დაემატა, ურთიერთობა შესაძლოა კრახითაც დასრულდეს.

მშობლის გადაჭარბებული ჩართულობა ხშირად მისი ზედმეტი ინიციატივებითაც გამოიხატება. არა მგონია, მასწავლებელს სურდეს,  საკუთარი გეგმის მიყოლის ნაცვლად ყოველი მშობლის ინიციატივებს დაუთმოს დრო. ამდენად, ვიდრე მშობლის პედაგოგიზაციას და მისი ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტდეთ, დაფიქრდით, ვაითუ ამან სხვა პრობლემა წარმოშვას და მიზნის მიღწევის შემდეგ უკვე სასწავლო პროცესიდან მისი დისტანცირება გახდეს თქვენი მთავარი საზრუნავი.

ხშირად მასწავლებელს აღიზიანებს მშობლის უყურადღებობა და ავიწყდება, რომ შესაძლოა მას სკოლის მიღმაც უამრავი საზრუნავი ჰქონდეს. სოციალურად დაუცველ, მოწყვლად ჯგუფებში მასწავლებლები ხშირად აძლევენ შენიშვნას გამოუძინებელ ბავშვებს და მშობლებს შეახსენებენ, რომ მოზარდს ძილი სჭირდება, რომ დღის რეჟიმის დარღვევა ასუსტებს კონცენტრაციის უნარს, ნერვულ სისტემას, მაგრამ მშობლისთვის ეს პრობლემა შესაძლოა ძნელი მოსაგვარებელი აღმოჩნდეს – არის შემთხვევები, როცა ბავშვს და-ძმასთან ერთად, საერთო საწოლში სძინავს, ანდა საერთო ოთახში მშობლებთან ერთად. ასეთ პირობებში მას სამეცადინოდ განმარტოების საშუალება არ აქვს. ასეთ დროს, ნაცვლად მშობლის ჩართულობაზე ზრუნვისა, სკოლამ უმჯობესია გამონახოს გზები, რათა მოსწავლეს სამეცადინო პირობები შეუქმნას.

კატცის მოდელის მიხედვით, მასწავლებლის როლი სპეციფიკურია და სწავლებით შემოიფარგლება, ხოლო მშობლისა – უნივერსალური; მას ეხება ბავშვის განვითარების ყველა ასპექტი.

მასწავლებელი მოსწავლეთა ცხოვრებაზე განსაზღვრული ხნის განმავლობაში აგებს პასუხს, ისიც – მხოლოდ სასკოლო მოცემულობაში. მისი როლი გაცილებით ობიექტურია. ის იმდენად არ არის „მიბმული” თითოეულ ბავშვს, უფრო რაციონალურია და ინარჩუნებს თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვის უნარს. მასწავლებლის როლი ყველა ბავშვზე პროფესიული ცოდნით შემოიფარგლება, მაშინ როდესაც მშობელი გამუდმებით პასუხისმგებელია საკუთარ შვილზე, მიჯაჭვულია მას და ხშირად ირაციონალურადაც ეკიდება შვილთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი ცოდნა შემოფარგლულია საკუთარი შვილით.

ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ მათ არცთუ დიდი არჩევანი აქვთ სკოლასთან მიმართებით. ზოგს ჰგონია, რომ მათი ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს; ზოგი სკოლას ბიუროკრატიულ დაწესებულებად მიიჩნევს; ზოგს არ სურს, სკოლა პირად ცხოვრებაში შემოუშვას; ზოგის თვალთახედვით კი სკოლა პროფესიონალთა ერთობაა, რომელმაც თავად უნდა იზრუნოს ყველაფერზე, რაც მოსწავლეს, მის სწავლა-აღზრდას შეეხება. განსხვავებული წარმოდგენების კვალობაზე, მშობლების მოლოდინიც მრავალფეროვანია.

ის, თუ როგორ წარმოუდგენია მშობელს მასწავლებელთან ურთიერთობა, განსაზღვრავს მომავალში მის როლს. მისი როლური კონსტრუქცია შესაძლოა ფოკუსირებული იყოს საკუთარ თავზე, სკოლაზე ან თანამშრომლობაზე. პირველ შემთხვევაში მშობელი იდეალური მზრუნველია, მისი ქმედება მიზნად ისახავს შვილის წარმატებას. შვილის სწავლის პროცესში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს – მისი წაქეზება-გამხნევებით, მხარდაჭერით, საჭირო ინფორმაციის დროული შეხსენებით თუ სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნით; სკოლაზე ფოკუსირებისას მშობელი მთელ პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს; მესამე შემთხვევაში კი ორივე მხარეს ეკისრება თავ-თავისი წილი პასუხისმგებლობა მოსწავლის მიღწევების კუთხით.

მასწავლებელსაც აქვს თავისი კონსტრუირებული როლი, რომელიც ასევე შეიძლება მშობელზე, სკოლაზე ან თანამშრომლობაზე იყოს ფოკუსირებული. პირველ შემთხვევაში მასწავლებელი რთავს მშობელს სასწავლო პროცესში, ცდილობს მის მაქსიმალურად მოზიდვას და მასთან ინტენსიურად თანამშრომლობს. ფაქტობრივად, მასწავლებელს სურს, მშობელი სწავლა-სწავლების პროცესის აქტიურ მონაწილედ აქციოს. ასე ხშირად ხდება ადრეული ასაკის ბავშვთა პროგრამებში. სკოლაზე ორიენტირებულ მასწავლებელს სჯერა, რომ სკოლა და ოჯახი ფუნქციურად ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამიჯნული. ასეთი მიდგომა ჭარბობს უფრო მაღალ საფეხურებზე და ასეთი მასწავლებლები მშობლების მაღალ ინტერესს ხშირად ხელის შემშლელადაც მიიჩნევენ. ისინი მოსწავლეზე არიან ორიენტირებულები და მისგან გაცილებით მეტს მოითხოვენ, ვიდრე მშობლისგან, რომელიც პროცესის მხოლოდ ირიბი მონაწილეა. კოოპერაციაზე/თანამშრომლობაზე ფოკუსირებული ურთიერთობა უკანასკნელი საგანმანათლებლო მიდგომების გამოძახილია. იქ, სადაც ერთმანეთის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები არ არის, ხდება მშობლის მუდმივი ინფორმირება, საჭიროების შემთხვევაში კი მასწავლებელი ოჯახთან თანამშრომლობს.

სად გადის ოქროს შუალედი და რა მანძილი უნდა იყოს მასწავლებელსა და მშობელს შორის?

მასწავლებლის სანიშნი

Øმოუსმინეთ მშობელს, გაარკვიეთ, რა აწუხებს მას

.

Øხშირად გაუზიარეთ ინფორმაცია, მიაწოდეთ ანგარიში, შეფასებები შვილის პროგრესის შესახებ, გაუზიარეთ მომავლის გეგმები, სიახლეები, რომლებიც სასწავლო პროცესს, სკოლას და განათლების პოლიტიკას ეხება.

Øეცადეთ, მიწოდებული ინფორმაცია – სულერთია, წერილობითი თუ ზეპირი – იყოს გასაგები, მკაფიო. კარგი იქნება, თუ კრებაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ დაუგზავნით ელფოსტის მეშვეობით ან მოსწავლეების ხელით. ამ შემთხვევაში კრებაზე გარემო გაცილებით კონსტრუქციული იქნება.

Øმშობელმა შვილის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს. თუ საქმე არც ისე კარგად არის, დროულად დაურეკეთ, მისწერეთ, შეატყობინეთ. თუ პრობლემა ადვილად მოგვარდა, მით უკეთესი; თუ გაჭიანურდა და გამძაფრდა, მშობლების ჩართულობა მრავალ სირთულეს აგაცილებთ თავიდან.

Øთუ მშობელს თქვენი ნახვა სურს, ნუ გადადებთ შეხვედრას – შესაძლოა, მან ისეთი რამ გაცნობოთ, რაც ვითარების გაუარესებას გადაგარჩენთ.

Øხშირად მშობლები ითხოვენ მათ შვილებთან ინდივიდუალურ მუშაობას, რადგან ეს ჰგონიათ სწავლასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარების გზა. თქვენი მოვალეობაა, გააცნოთ სხვა გზები, რომლებიც უეკთეს შედეგს გამოიღებს.
Øეცედეთ, მეტი შეიტყოთ თითოეული ოჯახის კულტურულ თავისებურებებზე. ეს დაგეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისადმი სპეციფიკური მიდგომების შემუშავებაში.

Øროდესაც მშობელს შვილზე ესაუბრებით, ეცადეთ, საუბარი სხვების თანდასწრებით არ გაიმართოს. ჯერ მოსწავლის ძლიერი მხარეები აღნიშნეთ და მერეღა გადადით პრობლემებზე. იყავით ტაქტიანი და გულღია. მშობლისთვის მნიშვნელოვანია, მის შვილს განიხილავდეთ როგორც ინდივიდს და სხვებს არ ადარებდეთ.
მშობლის სანიშნი

Øმასწავლებელის პატივისცემა, მისი პროფესიის დაფასება, გაცნობიერება, რამდენ მოსწავლესთან აქვს მას კავშირი – უმთავრესია.

Øთუ მშობელს ნამდვილად სურს, მისმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს სკოლაში, მასწავლებლისადმი პატივისცემა მხოლოდ პირადად მასთან საუბრისას კი არ უნდა გამოიხატოს, არამედ შვილთან საუბრის დროსაც. მასწავლებლის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა შვილის თანდასწრებით მოსწავლის მოტივაციას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

Øმასწავლებელი მშობლის მხარესაა, რადგან მასაც ძალიან უნდა, მის მოსწავლეებს ჰქონდეთ პროგრესი. მასწავლებელი ცდილობს, დროულად მოაგვაროს პრობლემები, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის უპირველეს მოვალეობას – სწავლებას.

Øმშობელი უნდა ენდოს მასწავლებლის უკუკავშირს. თუ მის კომენტარებში აღწერილი ბავშვის ამოცნობა გიჭირთ, გახსოვდეთ, რომ მოსწავლეები არცთუ იშვიათად სხვადასხვანაირად იქცევიან სკოლასა და სახლში, რადგან სასკოლო და ოჯახური გარემო ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდება. სხვადასხვა გარემოში ისინი ხშირად სხვადასხვა წესებს მისდევენ.

Øთუ მშობელი შვილის წარმატებით უკმაყოფილოა, ამის გამო ყოველთვის მასწავლებელს არ უნდა მოსთხოვოს პასუხი. ყურადღებით წაიკითხეთ მასწავლებლის ანგარიშები, მისი განმავითარებელი შეფასებები, გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე და გაარკვიეთ, რა უჭირს მას ყველაზე მეტად, იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს დღეს.

Øგააცნობიერეთ, რომ სკოლაში ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ ვერ წარიმართება. განათლება გუნდური მუშაობაა. მზად იყავით უკან დასახევად. გახსოვდეთ: ის, რაც თქვენ გინდათ, ყოველთვის საუკეთესო არ არის თქვენი შვილისთვის (ამის მაგალითია ინდივიდუალური გაკვეთილები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მოსწავლის სოციალური უნარების განვითარებას).

Øსკოლის პერსონალთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რადგან იქ მოსწავლე წლებს ატარებს.

Øთუ მასწავლებლის ნახვა გსურთ, უმჯობესია, ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოთ, უთხრათ, რაზე აპირებთ მასთან საუბარს. ამით ხაზს გაუსვამთ მისდამი პატივისცემას და მისცემთ დროს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.

Øთუ რამე გაწუხებთ, მასწავლებლის გვერდის ავლით ადმინისტრაციას ნუ მიმართავთ – ჯერ მასწავლებელთან ერთად სცადეთ პრობლემის მოგვარება.

Øშვილთან ურთიერთობით ჩაერთეთ სასკოლო ცხოვრებაში. ეს საუკეთესო გზაა, ესაუბროთ შვილს, გქონდეთ მასთან ნდობით აღსავსე დამოკიდებულება. ადრეულ ასაკში შეუმოწმეთ დავალებები, ესაუბრეთ ქცევით პრობლემებზე, იარეთ მშობელთა კრებებზე, დაეხმარეთ დროის ორგანიზებაში.

Øთუ მზად ხართ, შვილს დავალებების შესრულებაში დაეხმაროთ, მოეთათბირეთ მასწავლებელს – ზოგჯერ ეს არ ეთანხმება სწავლების მისეულ მეთოდს, ასევე ხელს უშლის მოსწავლეს, მეტად დამოუკიდებელი გახდეს.

Øრაიმე ინტერესის გასატარებლად იპოვეთ თანამოაზრე მშობლები – ამის წყალობით თქვენს წინადადებას უფრო ადვილად გაითვალისწინებენ.
მშობლის ინტერესი მხოლოდ ნიშნების მიმართ არ არის მართებული. მან უნდა გაარკვიოს: 

Øრა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მის შვილს;
Øსვამს თუ არა კითხვებს და პასუხობს თუ არა კითხვებს გაკვეთილზე, ერთვება თუ არა სხვადასხვა აქტივობაში;
Øკმაყოფილია თუ არა, ანდა კარგად ეგუება თუ არა სკოლას, ხომ არ სჭირდება დახმარება;
Øროგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან, ხომ არ ჩაგრავენ ან თავად ხომ არ ჩაგრავს ვინმეს;
Øრამე ცვლილება ხომ არ შეინიშნება მის ქცევაში, რის გამოც თადარიგის დაჭერა ჯობს;
Øსწავლობს თუ არა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში;
Øადვილად ასრულებს თუ არა ტესტებს;
Øრა საკითხებს ან საგნებს იწყებს, რით ჯობს ხელშეწყობა შინიდან;
Øესმის თუ არა მასწავლებლის მოლოდინები და დროულად მოაქვს თუ არა დავალებები, მზად არის თუ არა გაკვეთილებისთვის;
Øრით შეიძლება შეუწყოთ ხელი მის პროგრესს.
მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც შეუძლია, მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს. დაბოლოს, მათ შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხიც. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი თვითონ ირჩევს შედეგამდე მისასვლელ გზას და რომ ამ გზაზე მისი დამხმარე და თანამოაზრე მასწავლებელია. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ პედაგოგი ყოველგვარი სირთულის გამო მშობელს არ მიმართავს, მისდაიმ უფრო მეტ ნდობას გრძნობს. მოსწავლე რწმუნდება, რომ მისი მონაწილეობის გარეშე მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას არავინ ეცდება, რომ საკუთარ საქციელზე, საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე თვითონვეა პასუხისმგებელი. ეს ხელს უწყობს მისი პასუხისმგებლობის ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაზო სკოლის ბოლო წლებში და საშუალო სკოლაში, ანუ იმ ასაკში, როდესაც მოსწავლეს თანდათან უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივანიჭოთ.

ბიჭო გოგიაა…

0
-„ბიჭო გოგია”, „ბიჭო გოგია”-  ქვემოდან მეძახიან, მეც ფაცხა-ფუცხით ვდგები და  ეზოში გავრბივარ.   არც ბიჭი ვარ და არც გოგია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორედ მე მიხმობენ. 

დილის ექვსი საათია და ჩემი სოფლის  ეზოში „ბიჭო გოგიების” ოჯახი უფასო კონცერტს მიტარებს. სინამდვილეში ესენი პატარა მორუხო გრძელკუდა ჩიტუნები არიან. ორნითოლოგების ენაზე რა ქვიათ, არ ვიცი, კახეთში კი  „ბიჭო გოგიას” ეძახიან. თუ დაუკვირდები, მართლაც ამ ორი სიტყვის თქმა გამოსდით. კონცერტი კიდევ, მხოლოდ ჩემთვის ტარდება, რადგან მთელ სოფელში მარტო მე მცალია მათ მოსასმენად.

ბავშვობაში ბებია ამბობდა ხოლმე, ძმა დაკარგესო მაგათ – გოგია – და მერე ჩიტებად გადაიქცნენ, დაკარგულს მაღლიდან უკეთ დავინახავთო. ასეც დარჩნენო, ვერც გოგია იპოვეს  და მას შემდეგ დაეძებენო. მაშინ გოგიას მეც  ვეძებდი, მიხმარება მინდოდა. ახლა კი, ამ ლამაზ ზღაპარს სიამოვნებით ვიმეორებ, სევდიანი და ლამაზია, თან „გოგიებს” უხდებათ.

ჩემი ეზო ჩიტებითაა სავსე. მთელი წელი არავინაა, ხეებიც უხვადაა და, მგონი, ტყე ჰგონიათ. როცა ჩავდივარ, სულ ოდნავ მებუზღუნებიან და ეგაა, მერე შემეჩვევიან ხოლმე. გუმანით ალბათ ხვდებიან, რომ არ ვარ „ქვასროლია სესე”. დიდი-დიდი დავჯდე და მოვუსმინო. ჰოდა, მაინც ჭყიპინებენ და ბარემ მსმენელიც ჰყავდეთ. 

შორიახლოს „გაჩხიკული”  შავი ჩხიკვი დადის და დაახლოებით სამ-ოთხ წუთში ერთხელ წამოიძახებს – „იჰაა”. აქეთ-იქით ვიყურები, ვრწმუნდები, რომ არავინაა და მეც ვაჯავრებ „იჰაა”, ეტყობა ცუდად არ გამომდის, რადგან ჩხიკვი ტყუვდება და კარგად რომ დამათვალიეროს, ახლოს მოდის. ისედაც ელამი თვალები, მონდომებისგან კიდევ უფრო  უელმდება და უკვე საყვედურიანი „იჰა” ისმის – შენ საერთოდ ვინ ხარ, რომ შეცდომაში შეგყავარო? მე კიდევ კმაყოფილი ვარ, ახლოს მოვიტყუე და დავინახე, რომ ელამი თვალები ქონია, კი არ ვიცოდი.

მერცხლებიც მყავს. ამათთან ოდნავ რთულადაა საქმე. სახლის დერეფანში ხალხს სრულიად გადაჩვეულები მტრად აღმიქვამენ და დერეფანში ყოველი შესვლისას ლოყაში სილას მაწნიან. სილის გაწვნა იმას ნიშნავს, რომ სახესთან ჩამიფრენენ და  ჭყივილით ლოყაზე  ფრთას გამისვამენ. მე კიდევ ისე მომწონს, მაშინვე მეორე ლოყას მივუშვერ ხოლმე. თუმცა გუშინდლიდან მეგობრები ვართ. მეზობლის ჩასუქებულ კატას გადავაწყდი, მათი ბარტყების ბუდესთან ატუზულიყო და ჰიპნოზის გაკეთების მცდელობა ჰქონდა. მერცხლების ალიაქოთს ყური მოვკარი, ჩავედი და ეს სურათი დამხვდა. იქვე ცოცხს წამოვავლე ხელი და მივცხე ერთი-ორი. „მიაუო”- შემომჩხავლა (უფრო წყენისგან, ვიდრე ტკივილისგან) და გაძუნძულდა. ჰოდა, იცით რა მოხდა? მერცხლებმა ეს პატარა სიკეთე დაინახეს. 

ნეტა, ადამიანებიც ხედავდნენ ხოლმე სიკეთეს, თორემ ზოგჯერ ისეა, შენ  მავანისკენ ხარ, სულს და გულს დებ, ის კიდევ სხვისკენაა. მერე საყვედური წამოგცდება და ლამის მტრად გაგიხდეს. 

პირველი სართულის დერეფანში ნათურა კონწიალობს. ეს ჩემს მერცხლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ  და დიზაინი შეუცვლიათ, აქეთ-იქიდან ბუდეები მიუშენებიათ და ახლა მოკონწიალე სახლები აქვთ. სამაგიეროდ, შებინდებულზე დერეფანში შუქს ვეღარ ვანთებ, სინათლით არ ვაწუხებ.
კახეთში ყველას ზედმეტი სახელი აქვს, მათი ცოდნა სავალდებულოა. იქით „უა” ცხოვრობს, ბავშვობაში მეზობლებს მისტიური „უათი” აშინებდა და  უბოძეს კიდეც სახელად. აქეთ, შესახვევს თუ აუყვებით, „ჩაი დალალეს” სახლს მიადგებით. ამასაც ბავშვობიდან აქვს სახელი. ხელმოკლე ოჯახში  დაბადებულს ერთ დღესაც სახლში ჩაიც ჰქონია და შაქარიც და ეზოში მალაყებზე გადასულა, ჩაის დავლევ დალალეო. ჰოდა, ამ ერთ მალაყს დღემდე უხსენებენ. სტადიონის გადაღმა ვინმე „გარგარა” გაზს ტენის. შარშან მახსოვს ჩემი გაზის ბალონით მივადექი, მანამდე დაუღალავად ვარკვევდი „გარგარას” ნამდვილ სახელს და ხელმოცარულმა მისი სახლის კარებთან ყელი მოვიღერე: 

ბატონო გარგაარ!

 აბა მხოლოდ  „გარგარას” დაძახება მომერიდა. როცა პაპისტოლა კაცი გამოვიდა,  დავიმორცხვე და ვკითხე უკაცრავად, თქვენი ნამდვილი სახელი არ ვიცი-მეთქი.  ეგ არაფერიო, ბატონი გარგარა კარგიაო.
ჰოდა, ახლა „დაცხაანთ ავთოს” მზესუმზირებზე მოგიყვებით. უზარმაზარი პლანტაცია აქვს, ზეთს ხდის.  ავთო პაპას ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ, ისიც სულ იმას დამძახოდა, ეს ბალღი პროფესორი უნდა გამოვიდეს და ამერიკაში უნდა გათხოვდესო. პირველი სურვილი ავუსრულე, მეორესი რა მოგახსენოთ და ახლა სულ საყვედურებით მიკლებს.

ჰოდა, მზესუმზირების სანახავად თვითონვე წამიყვანა. ამას რას უზამთ-მეთქი? ზეთს დავწურავო. სელის ზეთი ჯობს-მეთქი, სელი უნდა დაგეთესათ-მეთქი.  ჰმ, რახან შენ იტყვი, პროფესოროო (ეს უკვე დაყვავებით ნათქვამი საყვედური იყო). მე კიდევ სიმართლე ვუთხარი.

მაშ ასე, რომელი ზეთი სჯობს? აქ ზეთების შესანიშნავ სამეულს გაგაცნობთ.

სელის ზეთი პირველ ადგილზეა. ის სელის თესლებისგან იწურება და მისი უპირატესობა თუნდაც იმაში ვლინდება, რომ ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 მჟავებს. ისინი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია ორმაგი C=C ბმებით ომეგა-3 პოზიციაში. ცხიმოვანმჟავებში ნახშირბად ატომების დანომრვა კარბოქსილის ჯგუფის ნახშირბადატომიდან (C1) იწყება. ზოგჯერ C2, C3 და C4  ნახშირბადატომებს შესაბამისად აღნიშნავენ α,β, γ, ხოლო ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის ბოლო, ანუ მეთილის ჯგუფის ნახშირბადატომს ω ასოთი აღნიშნავენ.  ω -3 მჟავების  ერთ-ერთი ფუნქცია სისხლძარღვების დაცვაა. თუმცა რატომ მხოლოდ სისხლძარღვების? თვალის ბადურასაც მშვენივრად მზრუნველობენ. რანაირად? ისინი ბიოლოგიური მემბრანის მატრიქსის ფორმირებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, სისხლძარღვების (და არა მხოლოდ მათი) კედლები კარგად არის დაცული. მათ არ ემუქრებათ ათეროსკლეროზი, კარგად ფართოვდებიან და იკუმშებიან. მათი პატრონი კი ჯანმრთელი და ბედნიერია.

მაშ ასე, დაიმახსოვრეთ, სელის ზეთი ომეგა-3 მჟავების შემცველობის მიხედვით ჩემპიონია.

მეორე ადგილის მფლობელი მზესუმზირის ზეთია. გამოდის, რომ ავთო პაპას მიერ გამოხდილი ზეთიც  მეორე ადგილზე იქნება, რაც ცუდი შედეგი სულაც არ გახლავთ. 

მზესუმზირის ზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ალფა-ტოკოფეროლი, ანუ, შემახსენეთ ეს რომელი ვიტამინია? დიახ, ვიტამინი E.  მას  ზრდის და  ახალგაზრდობის ვიტამინად მოიხსენიებენ. ქიმიურ ენაზე ის ალფა-ტოკოლის ნაწარმი 5,7,8-ტრიმეთილტოკოლია. ეს უკანასკნელი კიდევ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთატომიან სპირტ ფიტოლთან (C20) დაკავშირებული ტრიმეთილჰიდროქინონი.  ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებისა და სუბუჯრედული ორგანელების მემბრანის ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში შემავალ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ზეჟანგური დაჟანგვისგან. მოკლედ, ნადირობა აქვს თავისუფალ რადიკალებზე გამოცხადებული და ამის ერთ-ერთი შედეგი  ელასტიური კანია.

  ეს ვიტამინი მხოლოდ პირველადი გამოხდის ზეთშია, ანუ იმ ზეთში, რომელიც ე.წ. ცივი გამოწურვით არის მიღებული და არა ექსტრაქციით. არა, ამ მეორე მეთოდით მიღებულ ზეთშიც არის, ოღონდ მცირე რაოდენობით.  აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ზეთი ორი მეთოდით მიიღება – გამოწურვით, დაპრესვით და და ამ ორი პროცესის ნარჩენით – ექსტრაქციით, რასაც თან ახლავს ცხელი ორთქლი, რომელიც ყველა სასურველ ნივთიერებას და მათ შორის ვიტამინის გარკვეულ რაოდენობას შლის. ამიტომ, რომელი მეთოდით მიღებული ზეთი სჯობს, თქვენი განსასჯელია. 

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ადამიანი საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ღებულობს უჯერ ცხიმოვანმჟავებს (იმავე მცენარეული ზეთის სახით), მაშინ ორგანიზმის მოთხოვნილება E ვიტამინზე მატულობს. 
მესამე ადგილზე გაოცდებით და ზეითუნის ზეთია. აქ ომეგა-3 მჟავებიცაა და ვიტამინი E-ც, ოღონდ გაცილებით მცირე რაოდენობით. სამაგიეროდ, მონო უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც  მარტივ სასარგებლო ცხიმებად ითვლებიან და სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ინსულინის მიმართ ჩვენი ქსოვილების მგრძნობელობაზე ზემოქმედებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლიდან უჯრედში გლუკოზის შეტანას უწყობენ ხელს.

 

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ცხიმებზე ვისაუბრე, არადა მხოლოდ მცენარეული ზეთების შესანიშნავი სამეული მიმოვიხილე. ზეთებიც მხოლოდ ავთო პაპას მზესუმზირების შემყურეს გამახსენდა.

ეზოში დავბრუნდი, ბინდდება… ჩიტები დასაძინებლად ემზადებიან, ოღონდ ამასაც ალიაქოთით აკეთებენ და მეც მანამდე ვუსმენ, სანამ ბოლო ჭყიპინი არ მიყუჩდება. მერე რაღაც უცნაური ღამის ფრინველი მოდის ხოლმე და ზედ თავზე დამძახის – „უუუუ”. მაგისი ოდნავ მეშინია, ამიტომ სადღაც მესამე „უუუ”-ზე ჩემი დასაკეცი სავარძლიანად სახლისკენ  ვიბარგები. 

მეც დავწვები აწი… თბილისშიც  მეყოფა გვიანამდე სიფხიზლე. დავიძინებ, დილის ექვს საათზე „გოგიები”  გამაღვიძებენ… მეც ჩავალ  და ყველაფერს  თავიდან დავიწყებ…

„ქართველო, რა რწმენისა და მისწრაფებისა გინდა იყო…“

0
სტამბოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში, საითაც იშვიათად გადაუხვევენ ხოლმე ტურისტები, მდებარეობს ქართველ კათოლიკეთა სამოთხის სადარი სავანე – პატარა საქართველო დიდ, თვალუწვდენელ მეგაპოლისში.
გურჯების ძველ მონასტერს ბევრი სტამბოლელიც ვერ მიგასწავლით. ის თითქოს დიდ ხმაურსა და მღელვარებაში ჩაკარგული კუნძულია. წინათ თუ აქ ორი მოქმედი მონასტერი იყო – მამათა და დედათა, ახლა სიმშვიდესა და სიჩუმეს დაუსადგურებია; ყველაფერი წარსულით ცოცხლობს.
1859 წელს პეტრე ხარისჭირაშვილმა მიიღო ნებართვა სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის დაარსებისა ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს მანვე დააფუძნა სტამბოლის ღვთისმშობლის ეკლესია, 1870 წელს – ქართული სტამბა, მამათა და დედათა მონასტრები, ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები.
მამა პეტრეს დაწყებითი განათლება საოჯახო სკოლაში მიუღია, შემდეგ სწავლა ახალციხის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სკოლასა და ალექსანდრეპოლის სასულიერო სკოლაში გაუგრძელებია, ბოლოს კი რომის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, სადაც სრულყოფილად შეუსწავლია ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და თურქული ენები.
სამშობლოში დაბრუნებულ პეტრეს უამრავი დაბრკოლება შეხვდა, რადგან აშკარად დაუპირისპირდა ქართველ კათოლიკეთა გასომხებას და მთელი თავისი მოღვაწეობა ქართული ენის გავრცელებასა და გაძლიერებას მიუძღვნა.
1856 წელს პეტრე ხარისჭირაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და ვენეციაში, წმ. ლაზარეს კუნძულზე დასახლდა. იქ მან ქართული სტამბა დააარსა და თავისივე თარგმნილი წიგნიც გამოაქვეყნა. დაუღალავი შრომით პეტრე ხარისჭირაშვილმა ვატიკანის კეთილგანწყობა დაიმსახურა და მას კონსტანტინოპოლში ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის დაარსების ნება დართეს.

სტამბოლში მამა პეტრეს მიერ დაფუძნებულ სტამბაში წიგნები თავდაპირველად – ქართულ, მოგვიანებით კი ფრანგულ ენაზეც იბეჭდებოდა. ფერიქოის მონასტერთან გაიხსნა ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებელები, დაარსდა ბიბლიოთეკა.

ცნობილია, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად ჩაყვანილი გურული ყმაწვილები გამოისყიდა და მათ თავის დაარსებულ სასწავლებელში განათლების მიღების საშუალება მისცა.
მამა პეტრეს მიერ დაფუძნებულმა საზოგადოებამ მონასტერი გახსნა სტამბოლის მეორე უბანში – უსქუდარშიც. საზოგადოებას ჰყავდა ხუთი სოფლის მრევლი, ჰქონდა შემოსავლიანი სახლები, 1881 წელს კი ქართულ-ბერძნული სკოლა გაუხსნიათ. ქართველ მღვდლებს სკოლა და ეკლესია ჰქონიათ აგრეთვე ჰერას უბანში, პაპასკვერებში.

პეტრე ხარისჭირაშვილი ბევრს ზრუნავდა ქართველ მაჰმადიანებზეც. მის სკოლას ბევრმა მაჰმადიანმა ქართველმაც მიაშურა.
მამა პეტრე ცდილობდა, წიგნები კარგი ქართულით დაებეჭდათ და ნაწილს მოსახლეობას უფასოდ ურიგებდა.

ქართველ კათოლიკეთა მატერიალური უზრუნველყოფისთვის პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა სავაჭრო ამხანაგობა „ქარვასლა”, რომლის შემოსავალიც ძმობის საერთო ფონდში შედიოდა. 1900 წლისთვის ძმობის მფლობელობაში იყო 5 დუქანი, რამდენიმე სავაჭრო ობიექტი, სათესი მიწა და ძროხების ფერმა. კომერციული საქმიანობიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების განათლებას, საგამომცემლო საქმიანობასა და ქველმოქმედებას ხმარდებოდა.



სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ძმობა ისე გაძლიერებულა, რომ 1874 წელს საფრანგეთშიც დაუფუძნებია ასეთივე ძმობა. ქართველ კათოლიკეთა ძირითადი საქმიანობა მონტობანში წიგნების ბეჭდვა ყოფილა.

სიცოცხლის მიწურულს, 1892 წელს, მამა პეტრე სტამბოლში თავის მიერ დაარსებულ მონასტერში განმარტოებულა და იქვე გარდაცვლილა.

ქართველთა სავანის მნიშვნელობა კი იმდენად გაიზარდა, რომ მას თვით სულთანი აბდულ ჰამიდი პატრონობდა. მაშინდელი სტამბოლის პრესა აღნიშნავდა, რომ 1893 წელს სულთანმა ქართული სკოლა უხვად დაასაჩუქრა, ხოლო სკოლის დირექტორს, ანდრია წინამძღვრიშვილს, 150 ოქრო და ორდენის მეოთხე ჯვარი უბოძა. ცერემონიაზე თურქეთის სახალხო სკოლების ზედამხედველმა ისმაილ-ფაშამ ქართულ ენაზე მიმართა სტუმრებს.

1956-1959 წლებში ქართველთა სავანეს მძიმე დრო დაუდგა, თურქეთში ატეხილმა ქარიშხალმა მასაც გადაუარა. მონასტრის არსებობას საფრთხე დაემუქრა, ამიტომ მრევლმა გადაწყვიტა კათოლიკეთა საზოგადოების ფონდის შექმნა, რომლის თავმჯდომარედ 1966 წელს პავლე ზაზაძე აირჩიეს.
მონასტრის ვრცელ მიწებზე ბევრს ეჭირა თვალი, კანონიც ხშირად იცვლებოდა და საკუთრების დაცვაც ძნელდებოდა, მაგრამ ზაზაძეთა ოჯახის ძალისხმევით ყველაფერი ხელუხლებლად შენარჩუნდა.

ახლა წირვაზე იშვიათად ნახავთ ქართველ მორწმუნეებს, წირვაც უმეტესად თურქულად აღევლინება, თუმცა ახლაც, როგორც 1921 წელს წერდა ეჟენ დალეჯო დ’ალესიო –

„ამ სავანეში ყოველიფერი საქართველოს მოგაგონებს… უცხოეთში გადმოტყორცნილო ქართველო, რა რწმენისა და მისწრაფებისა გინდა იყო, მოდი ამ სავანეში… სულით განახლებული წადი, ქართველო, და ჩაები ცხოვრების ტალღებში… შენ თუ არა, შენი შვილი ან შვილის-შვილი მაინც ნახავს ბრწყინვალე ხანას საქართველოსას და ქართველი ხალხისას”.

მომდევნო ფოტობლოგში თურქეთის ქართულ საგანმანათლებლო კერებზე მოგიყვებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...