ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

უბნის შვიდი გიჟი

0

 ფიქრი ოხერია. აი სოფლის რა გითხრათ, ჯერაც მოსავლელი მაქვს, მაგრამ ფიქრს კი ნამდვილად უხდება სიტყვები: „სად წაიყვან სადაურსა”. უხდება და მერე როგორ, აქამდეც ფიქრმა მომიყვანა. მე და ჩემი მეგობარი, ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი რეჟისორი, ამირან დოლიძე ვისხედით და უანგარო სიყვარულზე ვბჭობდით, უფრო სწორად კი ადამიანებზე, რომლებიც სხვა ადამიანებმა სოციალური სტატუსის გამო გადაიყვარეს და მოიბეზრეს. სიყვარულზე, როგორც უანგარო გამოხატულებაზე, ანდა პირიქით, მხოლოდ რაღაც-რუღაცების გამოისობით რომ არსებობს ხოლმე, ეგეთზე. ბოლოს სიხარულთან მივედით, იმ გულწრფელ სიხარულთან, რომლის უნარიც ყველანაირ ადამიანს აქვს, კამპანიის სულად და გულად წოდებულ ლაღ ახალგაზრდებსაც და საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფ მოხუცებსაც. და სანამ სიხარულის უნარი აქვს ადამიანსო, ბოლოს ვთქვით, სანამ შეუძლია, რომ გარშემომყოფთა ერთი გამარჯობაც კი გაუხარდესო, განა მანამ არ უნდა გვიყვარდეს ისინი უანგაროდო? ეს ვრცელი თემაა, შეიძლება თვით ფიქრზე ვრცელიც კი, მე კი ამ ფიქრებს გავყევი, ერთმა ქარბორბალამ ამიტაცა და ჩემი მოგონებების ზურმუხტქალაქში ჩამაგდო, იქ სადაც სხვადასხვა დროს ნანახ და გაცნობილ ადამიანებს ერთად მოეყარათ თავი, ჰოდა ახლა სწორედ მათ შესახებ მინდა მოგიყვეთ, კერძოდ კი მათ გამორჩეულ ნაწილზე, რომელთაც რომ პოლიტკორექტურად თუ ვიტყვით, ალბათ, ფსიქიკური პრობლემების მქონენი უნდა ვუწოდოთ, უფრო სახალხოდ კი სხვადასხვა მეტსახელებითა და ერთი კრებითი სახელითა და სტატუსით, უბნის გიჟებად ვიცნობთ. კორექტულობისთვის მათ სახელებს შევცვლი, მაგრამ მეტი სიცხადისთვის მეტსახელებს იმავეს დავუტოვებ და რადგან სასტიკად ვერ ვიტან ორაზროვანი სიტყვებისა და ფრაზების ბრჭყალებში ჩასმას, ამ ტექსტში, თქვენის ნებართვით, აღნიშნულ შემთხვევებში, არც ბრჭყალებს გამოვიყენებ, დაე, თავად გადაწყვიტოთ, სად ვხუმრობ, სად სარკაზმს მივეცემი, სად ვმართლმეტყველებ და სად ვბრაზობ. აგერ თქვენ ჩემი მოგონებების შვიდი ამბავი, ოღონდ არა მაკდონაჰისეული ფსიქოპათების, არამედ უბრალო, უწყინარი, ხალხში კეთილმოხსენიებული უბნის გიჟების შესახებ.

1.გაუბერა ზაზა, ანდა ზაუბერა გაზა

 

ზაზა იმერეთის ერთ ლამაზ, სახელს რომ არ დავასახელებ, ისეთ სოფელში გავიცანი. გავიცანი რა, თვითონ გამიცნო. მე მაშინ 14-15 წლის ლაწირაკი ვიყავი, ის კიდე უკვე სახელმოხვეჭილი უბნის გიჟი იყო, ორი ჩემოდენა ჰქონდა ნაცხოვრები. დღემდე ვერ ვხვდები რაში იყო ზაზას სიგიჟის ამბავი, ასეთ უბნის გიჟებს ხომ, როგორც წესი, თავისივე გარემოცვა ანიჭებს ხოლმე აღნიშნულ სტატუსს და, ხშირ შემთხვევაში, არც მათი სამედიცინო გამოკვლევითა თუ მკურნალობის შესაძლებლობაზე ფიქრით იწუხებს ვინმე თავს. ზაზაც ასე იყო, ერთი შეხედვით ვერაფერს შეატყობდით ფსიქიკური პრობლემებისას, მაგრამ რაღაც მომენტებში გადაეკეტებოდა და ეცვლებოდა ხოლმე გუნება-განწყობილება. მართლაც რომ ამინდივით. ჰოდა, როგორც უკვე აღვნიშნე თვითონ გამიცნო, ფეხბურთის თამაშისას, მოვიდა და მეო გაზა ვარო, მითხრა. ხელის ჩამორთმევას ვაპირებდი და ის კიდე გადამეხვია. ასეთი იყო ზაზა-გაზა, იმდენ სიყვარულს გასცემდა, მაგდენის დატევა თუ შეეძლო ადამიანს, საერთოდ არ მეგონა. სოფლის ხალხიც სიყვარულითვე ექცეოდა, სიყვარულითვე ეღადავებოდა და სიყვარულითვე ემეგობრებოდა. ვიღაცებს უთქვამთ, ცოტა რომ წამოზრდილა, აგე გაუბერა ზაზა მოდისო, ჰოდა ამას კიდე დაუყოლებია პასუხად, გაუბერა ზაზა – ზაუბერა გაზაო. ასე შეერქვა მეტსახელიც, ხან ზაუბერა გაზა იყო, ხან გაუბერა ზაზა. ზაუბერა გაზა ფეხბურთს თამაშობდა, არცთუ ურიგოდ, ბირჟის ბიჭებთან იდგა, მათ ხუმრობაზე იცინოდა და მოულოდნელად ეხუტებოდა რომელიმე მათგანს, გაუბერა ზაზა კი მოულოდნელად მოწყდებოდა ადგილს, გაიქცეოდა, სადმე კუთხე-კუნჭულში შეიყუჟებოდა და დაბღვერილი იწყებდა ყურებას. და სანამ თვითონ არ გადაუვლიდა, მანამ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. ასე ამბობდნენ იმ სოფლელები, ვინ იცის, იქნებ კიდეც ჰქონდა აზრი საუბარსაც და დამოკიდებულებასაც, მაგრამ აბა ვინ აიტკივებდა გაუბერა ზაზაზე თავს.
2.გიჟი კოლია
გიჟი კოლია ჩემს ძველ უბანში ცხოვრობდა. ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად გოგოებთან ერთად სეირნობა უყვარდა, მათთან ფლირტი, გოგოებიც არ ეუბნებოდნენ უარს, მშვენიერი გასართობი იყო კოლია. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სახლში ყოფნას ვერ იტანდა საშინლად, გამუდმებით მამამისს აგინებდა და სახლიდან ყოველთვის გაღიზიანებული გამოდიოდა. ჩემთან ლაპარაკი უყვარდა კიდევ. დამიჯდებოდა ხოლმე და ჩემს პასუხს არც ელოდა, ისე მელაპარაკებოდა და მელაპარაკებოდა ყველაფერზე. აი წარმოიდგინეთ, მსოფლიო პოლიტიკიდან დაწყებული, უბნის კეთილმოწყობით დამთავრებული, ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა გიჟ კოლიას, ოღონდ რაღაც აბდა-უბდად, არეულად. ერთიდან მეორეზე გადახტებოდა, ამასობაში ის ერთი ავიწყდებოდა და ა.შ. ერთხელ დამიჯდა ასე და მითხრა, ცოლი უნდა მოვიყვანოო. ვაჰ, ყოჩაღ შენ, ვინმე გყავს უკვე შეთვალიერებული-მეთქი, ვკითხე. კიო, მაიაო, ეთერას გოგოო. რაღაც მეუცნაურა ეს პასუხი, დამძაბა, საქმე კი ის გახლავთ, რომ ეს ზემოხსენებული ეთერას მაიაც ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე იყო.. გამიკვირდა, ერთი გაფიქრება ვიფიქრე, ალბათ გიჟს გიჟი მოსწონს-მეთქი. მაგრამ მაინც ჩავეკითხე კოლიას, რატომ მაია-მეთქი და იმანაც საკონტროლო ტყვია ესროლა ჩემს დაძაბულობას. აბა შენ რა გგონია, ამ გოგოებს კი ვეჭუკჭუკები, მარა მაგათგან ვინ გამომყვება ცოლადო, განა მე არ ვიცი, რომ სერიოზულად არ მიყურებენო, მაქსიმუმ მაიამ შემიყვაროსო. ვერაფერი ვუთხარი, ავდექი და გავეცალე, როგორც ხშირად გვჩვევია ჩვენ, დალაგებულებს.
3.კობა ვერტალიოტა
კობა ძიას კარგად არც ვიცნობდი, ისიც ჩემს ძველ უბანში ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი სახლისგან მოშორებით, დადიოდა ხოლმე ქუჩა-ქუჩა და ვერტმფრენის ხმას გამოსცემდა, ბრრრ ფრრრ ბრრრ ფრრრ, თან კმაყოფილი სახით იყურებოდა, აქაოდა ამხელა ავიატორი კაცი ვარო. უსიტყვო კაცი იყო, უმეგობრო, სხვა გიჟებისგან განსხვავებით. ჩემს მოგონებებში კი ადგილი ერთი უცნაური შემთხვევის წყალობით დაიმკვიდრა. ერთხელ, სკოლიდან სახლში მიმავალს შემეჩეხა შუა გზაში, მოდიოდა ტრადიციულად, ბრრრ ფრრრ ბრრრ ფრრრ, მე რომ დამინახა, გაჩერდა, მომიახლოვდა და მეუბნება – „შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ”, მეუბნება და მიყურებს, თითქოს ჩემგანაც მოელის პასუხს, მეც არ დავაყოვნე და ჩემი პოეზიისადმი სიყვარული დავუმტკიცე: „ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს, გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს”-მეთქი, მივუგე. გაგიჟდა კობა, თვალები გაუფართოვდა. შენაო, მითხრა, ეგ ლექსი საიდან იციო, იცი ვისი დაწერილიაო? ნონეშვილის-მეთქი, მეც ვუპასუხე ამაყად. აუუ! აუუ! აუუ! თვალებგაფართოებული იდგა კობა, მერე ძლიერად ჩამავლო ხელები ყბებში, კარგი შიში კი ვჭამე, კიდევ ერთხელ ამოიგმინა აუო და რაღაც არნახული აჟიტირებით გააგრძელა ფრენა, ბრრრ, ფრრრ, ბრრრ, ფრრრ..
4.სამშაურა გიზო
ოო, გიზო დიდი კაცია, დიდზე დიდი. პრივილეგირებული გიჟია, გულისხმიერი და გულუხვი ადამიანები მას საკუთარ დაბადების დღეზეც კი პატიჟებდნენ, მეც ერთ-ერთ ასეთ დაბადების დღეზე გავიცანი, ჩემი მეგობრის სახლში. დრო იყო გიზოს ჭკუაც მოეკითხებოდა, შემდეგ რაღაც შეემთხვა, რაზეც არც თვითონ და არც მისი სამეზობლო არ ლაპარაკობს, შესაბამისად ვერც მე გავიგე, თუმცა იმას კი მივხვდი, რომ ამ შემთხვევის მერე გიზო პერსპექტიული ჭკვიანი ბიჭიდან, უბნის გიჟად იქცა. ცხოვრების უკუღმართობათა წყალობით სოციალური მდგომარეობაც გაუუარესდა და ფინანსურიც. მაგრამ წარსულის აჩრდილი კი დაჰყვებოდა გიზოს, სხვანაირი თავდაჭერა ჰქონდა, ბრძნული. ერთი ეგაა, რომ ამ ჩვევებსა და მიხვრა-მოხვრას მის მიერ ნათქვამი ფრაზები არ უბამდნენ მხარს. იმ ნახსენებ დაბადების დღეზეც ერთი კაი მოზრდილი ყანწი მიაწოდეს, აბა გიზო, სადღეგრძელო თქვიო. ისიც ადგა, წარბები შეჭმუხნა, მეტად ჩაფიქრებული კაცის სახე მიიღო და ლექსი დააგუგუნა: „გაუმარჯოს ქალებსაო, დაისხამს და დალევსაო, გაუმარჯოს გიზოსაო, დალია და გალექსაო”. ეს იყო, მოიყუდა ყანწი და სუფრაც ასხმარტალდა, ამხიარულდა. იმავ წამს გამოჩნდა, გიზოსადმი პატივისცემა რამდენად ეკიდა მის წარსულზე და რამდენად მის ამ სამხიარულო მარცვალზე. მერე გავიგე, დილაობით სამ შაურს სთხოვდა მეზობლებს, მერე შეაგროვებდა ორ-სამ ლარს და მთლიანად ზეთისხილში იხდიდა, ზეთისხილი ყვარებოდა სამშაურა გიზოს თურმე, თუმცა ის კი ვერ გავიგე, ეს სიყვარული იმ უბედურ შემთხვევამდე გაჩნდა, თუ მას მერე.
5.ცერბერა გივი და მამამისი, ლოთი ლერი
ეს ორნი ყველაზე ახალი პერსონაჟები არიან ჩემს მოგონებებში. ლოთი ლერი ერთი ძუნძგლიანი კაცია, სახლიდან იშვიათად გამოდის და როცა ეს ხდება, დადის მთელს უბანში და რაც კი რამე უცენზურო სიტყვა სმენია თქვენს პატიოსან ყურებს, ყველაფერს იძახის, თან ხმამაღლა. დადის და იგინება. დადის და მოულოდნელად გაჩერდება, გამვლელ-გამომვლელს ყურში ჩასძხებს მთელი ხმით შე ესეთო და შე ისეთოო და გაიქცევა. ბევრჯერაც უცემიათ ლოთი ლერი, მარა ის თავისას არ მოიშლის. მასზე მეტად ჩემი ამბის პერსონაჟად მინდა მისი შვილი ვაქციო, გივი, ცერბერა გივი. ნამდვილად არ ვიცი ვინ შეარქვა ეს სახელი, როგორც ჩანს, უბნის ბიჭებშიც გამოჩნდა ვიღაც მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ბერძნულ მითოლოგიაში და გივის ყველაზე ზუსტი მეტსახელი შეურჩია, ამ ამბის სიზუსტე კი გივის უბედურებაში მდგომარეობს. დღე-ღამის უმეტეს ნაწილს გივი სადარბაზოს შესასვლელში ატარებს, დგას ჩუმად, ხმას არ იღებს, არც ბირჟაზე უერთდება ბიჭებს და არც სახლში შედის, სიტყვას არ ამბობს, დგას ასე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და თავდახრილი. წარმომიდგენია, რამდენი უცხო სტუმარი შეუშინებია ამ თავისი პირქუშობით, თუმცა მასზე საცოდავი ამ ამბავში არავინაა. სახლში შესვლა არ უნდა, ურჩევნია ასე იდგეს, ყინვასა და სიცივეში, ასე უფრო მშვიდად იქნება. უბანი რამდენიმე წუთსაც ვერ იტანს ლოთი ლერის გაავებას, რომ გამოეფინება ხოლმე და იგინება. აბა ცერბერამ რა ქნას, როგორ აიტანოს, დღედაღამ, დილაუთენია თუ შუაღამისას. ცერბერა გივისთან ერთადერთი ამბავი მაკავშირებს, სულ ახლახან გადახდენილი, ახალი წლის ღამეს, თორმეტს უკვე ორი საათი იყო გადაცდენილი სახლიდან რომ გამოვედი, შოკოლადებით დატვირთული. სადარბაზოში ცერბერა იდგა, პირველად გავიგე მისი ხმა. ახალი წელი მომილოცა და რაღაც უცნაურად, ცოტა არ იყოს და შიშისმომგვრელად გამიღიმა. შევჩერდი და შენც გილოცავ, მრავალს დაესწარი-მეთქი და მსგავსი შაბლონური სიტყვები მივაყარე. ეგო შოკოლადიაო? – მკითხა. კი-მეთქი და მივეცი. გამომართვა, დახედა და დამიბრუნა. ნუ მიბრუნებ-მეთქი, გავუღიმე და გავუწოდე შოკოლადები. ცერბერა ერთ ხანს შეყოვნდა, თითქოს რაღაც დიდი ბრძოლა გამართულიყო მის შინაგან სამყაროში, მერე თავი გააქნია, არა, ლერიმ რომ გაიგოს, გაბრაზდებაო. კიდევ ერთხელ ვცადე შოკოლადები მიმეცა, მაგრამ ზურგი შემაქცია და იქვე სადარბაზოს კუთხეში დაიკავა, ალბათ, მისთვის უფრო მშვიდი და უსაფრთხო ადგილი.
6.შეჩემისტრულაილა
კაი კაცი იყო შეჩემისტრულაილა. ზუსტად ასე ეძახდნენ, „შეჩემისტრულაილა”. უბანში რომ გამოჩენილა, არავინ იცნობდა თურმე. მისულა და პირდაპირ ბირჟაზე დამდგარა, ბიჭებთან. იმათ უკითხავთ ვინ ხარო, ამას არ უპასუხია. რამდენიმე კითხვის შემდეგ ბირჟის ლომებიც დანებდნენ და იფიქრეს გიჟიაო, თუმცა გვარიანად შეეპარათ ამ დასკვნაში ეჭვი, ვინაიდან შეჩემისტრულაილა კარგად დაბანილ-დავარცხნილი, ოცდათორმეტივე საღი კბილით და წვერგაპარსული წარმდგარა საუბნო სამსჯავროს წინაშე. ბოლოს ერთ-ერთს, გოგიას, ყელში ამოუვიდა და ვინ ხარ ბოლო-ბოლო, გვითხარი, შეჩემისტრულაილა, შენაო, უთქვამს. ჰოდა აი აქ გაუღია ხმა შეჩემისტრულაილას, აბა, აბაო, უთხრა გოგიას და გააგრძელა დუმილი. გვიანღა გაარკვიეს ამ კაცის ამბავი, დასავლეთიდან ჩამოსულა, სატვირთო მატარებელს ჩამოყოლია და ესე მოგლახავებულა უბანში, არავინ იცოდა საიდან იყო, რა ერქვა, სად დაიბადა, ეს ინფორმაციაც ძლივს გამოსტყუეს შეჩემისტრულაილას, ათასგვარი კითხვებისა და ალკოჰოლის დახმარებით. უბნის განაპირას ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში აშენებული, ერთი ოთახისმაგვარი სათავსო ჰქონდა ნაქირავები, როგორც გამქირავებლები ამბობდნენ, ის სათავსო მაინც უფუნქციოდ მდგარა იმ ეზოში, ახლა კი შეჩემისტრულაილა ცხოვრობდა და ეზოსაც უვლიდა, ამაში უქვითავდნენ ქირას. ყოველ დილით ყველაზე ადრე იღვიძებდა შეჩემისტრულაილა და ბირჟაზე მიდიოდა. იდგა იქ და ელოდა ბიჭებს, თან სულ ასე, სუფთად, გამოწკეპილი, წვერგაპარსული. ამ ამბებს შორის შეჩემისტრულაილას ამბავი ყველაზე უცნაურია – 8 თვე დაჰყო უბანში და შემდეგ, როგორ არსაიდანაც მოვიდა, ისე მოულოდნელადვე გაქრა. დილით ადრე აუკრავს გუდა-ნაბადი და წასულა, ვინ იცის სად, ვინ იცის, რატომ. იქნებ არც იყო გიჟი და მისი რაღაც უცნაური თამაშის ნაწილი იყო ეს ვოიაჟიც, ან იქნებ ახლა ახალი სავანე იპოვა, სადღაც სხვა ქალაქში, სხვა უბანში, დგას იქ ბირჟის ბიჭებთან და მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დაეთანხმება მათ ნათქვამს, აბა, აბაო.
7.ბუტრაგენიო
ცოტა კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მეშვიდე და სამართალიო, ბუტრაგენიოს უთქვამს. თან ტყუილად არ მომიტოვებია ბოლოსთვის ეს საოცარი კაცი, ჯერ ერთი ის საყოველთაოდ ცნობილი და პირველი ბუტრაგენიოც შვიდი ნომერი იყო როცა სამეფო კლუბის ღირსებას იცავდა და გოლს გოლზე აჭედებდა მეტოქეების კარში. ჰოდა ამ ჩემს ბუტრაგენიოსაც 7 ნომერი ერგო შვიდ უბნის გიჟს შორის. ნამდვილ სახელს არ გეტყვით, ან რა აზრი აქვს, მგონი თავადაც აღარ ახსოვდა, მთელი უბანი ბუტრაგენიოს ეძახდა, რა გასაკვირია, მთელი თვის განმავლობაში ერთი მაისური ეცვა ხოლმე, რაღა თქმა უნდა, მადრიდის რეალისა და რასაკვირველია, ზურგზე გამოსახული ამაყი შვიდიანით, რომლის თავსაც გვირგვინივით ამშვენებდა წარწერა: ბუტრაგენიო. უბანსაც მეტი რა უნდა, უცებ აიტაცებს ხოლმე ამგვარ თავისებურებებს, ჰოდა ამ ჩვენს გმირსაც შეერქვა და შეერქვა, ყველა, ქალი, კაცი, პატარა ბავშვებიც კი, ყველა ბუტრაგენიოს ეძახდა. ისიც დადიოდა ამაყად, გაჯგიმული, თითქოს მართლაც ემილიო ბუტრაგენიო ჩამოსულიყო მთელი თავისი საფეხბურთო სამეფო დიდებულებით. ამ ჩემი შვიდი პერსონაჟიდან ბუტრაგენიო ყველაზე ჭკუამხიარული იყო, ყველაზე კარგი სათამაშო უბნელების ხელში. ამღერებდნენ, აცეკვებდნენ ქუჩურ ქეიფებზე, ლექსებს ათქმევინებდნენ, პურზე გზავნიდნენ, ეხუმრებოდნენ, დასცინოდნენ, აჩხუბებდნენ. ყველაფერზე თანახმა იყო ბუტრაგენიო, შეხედავდა თავისი უწყინარი თვალებით გამომწვევს და იმწამსვე ასრულებდა მის თხოვნასა თუ მოწოდებას. მე კი ყველაზე მძაფრად ის ამბავი ჩამრჩა გონებაში, ამბავი იმ დღისა, როცა ბუტრაგენიოს დედა გარდაეცვალა. საწყალი ქალი იყო. მთელ დღეს მუშაობაში ატარებდა, რომ ოჯახი ერჩინა. ოჯახიც რა, თვითონ და ბუტრაგენიო. ერთ დღესაც ვერ გაუძლო იმისმა გულმა, ადგა და გარდაიცვალა. ბუტრაგენიო გამოვიდა უბანში, მოვიდა ბიჭებთან და სიტყვა არ უთქვამს ისე დაიწყო ტირილი, ეკითხებოდნენ რა გჭირს, რა დაგემართაო, მაგრამ არაფერს პასუხობდა. ბოლოს მეზობლებმა სახლი შეამოწმეს და გარდაცვლილი დედამისიც იპოვეს. იმ დღის შემდეგ ბუტრაგენიოს ხმა აღარ ამოუღია, ყოველდღიურად მაინც გამოდიოდა ბირჟაზე, მაგრამ დანა პირს არ უხსნიდა, სიმღერასა და მოლხენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იჯდა ასე მთელი დღე და მერე ბრუნდებოდა სახლში. დამუნჯდა. მე კი კიდევ დიდხანს მესმოდა ღამღამობით ბუტრაგენიოს სახლიდან ტირილის ხმა, იმის ფანჯრები ხომ ჩემი საძინებლის ფანჯრებს უყურებდნენ, ზუსტად ისევე უთქმელად და შიშის თვალით, როგორც ბუტრაგენიო გვიყურებდა იმ საშინელ დღეს.
გასრულდა ესე ამბავი. მართლაც, სად წამიყვანა სადაური ჩემმა დაუნდობელმა ფიქრმა, მაგრამ ერთი კია, ეს ადამიანები აჩრდილებივით არიან, ჩვენ შორის ცხოვრობენ, ჩვენს მოგონებებში მნიშვნელოვან ადგილსაც იკავებენ და მაინც ისინი არაფერს წარმოადგენენ, არაფრით ცვლიან ჩვენს ცხოვრებას. ჩვენი გულისხმიერება, მათდამი გაწვდილი მეგობრობის ხელი, თუ უბრალოდ კეთილმეზობლური დამოკიდებულებაც ხშირ შემთხვევაში რაღაც საერთო თამაშის ნაწილია და გულწრფელ თანაგრძნობასთან კავშირი არ აქვს. ახლა კი თუ თქვენ ისევ თვლით, რომ ეს ამბავი, მისი პერსონაჟებითურთ არც თუ ისე აქტუალურია, მოდით, თქვენ თქვენს უბნებში ჩაიხედეთ.

მურაბასავით ტკბილი…

0
არაფერი აღარ მინდა. არ არის საჭირო… კარგი, რაკი არ იშლით, დიდი ტორტი, რამდენიმე კოლოფი ორცხობილა, შოკოლადის მთა და კანფეტების დიდი პარკი ჩემს გუნებაზე მოსაყვანად საკმარისი იქნება…

მავანი იფიქრებს, ეს, მგონი, მკითხველს ებუტებაო. მე კი მსოფლიოში ყველაზე სიმპათი

ური, ზომიერად ფერხორციანი, ჯან-ღონით სავსე, ტანადი და მოწიფული მამაკაცის სიტყვების პერიფრაზირებას ვახდენ. არ იცნობთ ამ კაცს? კარლსონი ჰქვია, ზურგზე პროპელერი აქვს დამაგრებული, დაფრინავს და სახურავზე ცხოვრობს.

ოო, ბავშვობაში როგორ მინდოდა, ეს მფრინავი კაცუნა სახლში მყოლოდა. თუ სულ ჩემთან არ იქნებოდა, დროდადრო შემოეფრინა მაინც…

რა საოცარიც უნდა იყოს, ამ ჩვენს ტკბილიჭამია კარლსონს შაქრიანი დიაბეტი არამცთუ არ აწუხებდა, მისი ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. თუ ჰკითხავდით, ბედნიერება რა არისო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ: „შენ რა, გაგიჟდი? რას მეკითხები – რა თქმა უნდა, მურაბაო” და იქვე დაგარიგებდათ: „დაიმახსოვრე, არც ერთი საქმე გამოვა ტკბილეულის გარეშეო!”

ტკბილეული მეც მიყვარს, ოღონდ ამ სიყვარულს ვაკონტროლებ. კარლსონს მთლად არ დავეთანხმები – ბედნიერება მურაბაში არ არის, თუმცა ცოტათი ნამდვილად გვეხმარება, თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. ოღონდ არ დაივიწყოთ, რომ როდესაც სავარძელში, კომპიუტერთან, ფანჯარასთან, აივანზე ან სულაც ბაღში ზიხართ და ნება-ნება შეექცევით ტკბილეულს, წამმზომი ჩართულია და თქვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმის ეკონომიკა იწყება.
მეტაბოლიზმის ეკონომიკის ძირითადი პრინციპი კი ის არის, რომ საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში შეიქმნება ენერგეტიკული მასალის მარაგი, ხოლო საკვების მიღებიდან მიღებამდე და შიმშილობის დროს ამ მარაგის ხარჯზე დაკმაყოფილდება უჯრედების ენერგეტიკული მოთხოვნილება.

პრინციპის განხორციელებაში მონაწილეობენ: საკვები ნივთიერებებიდან – ნახშირწყლები (კერძოდ, გლუკოზა) და ცხიმები (ტრიაცილგლიცეროლების შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები), ორგანოებიდან – ღვიძლი და ცხიმოვანი ქსოვილი.

საკვების მიღების შემდეგ ნაწლავებში შეწოვილი გლუკოზა კარის ვენის საშუალებით ღვიძლში მოხვდება. ეს პირველი ორგანოა, სადაც საკვებით მიღებული გლუკოზა გარდაქმნას იწყებს. გლუკოზა იჟანგება პირუვატამდე (პიროყურძნის მჟავა პროტონირებულ მდგომარეობაში), მისი ნაწილი ან კრებსის ციკლში ჩაერთვება (აცეტილ-CoA-სახით), ან ცხიმოვანმჟავების სინთეზისთვის გამოიყენება, დანარჩენი კი (პირუვატის) გლიცეროლის სინთეზისთვისაა განკუთვნილი. ცხიმოვანმჟავებისა და გლიცეროლისგან ტრიაცილგლიცეროლების (ნეიტრალური ცხიმების) ბიოსინთეზი ხორციელდება. 

ცხიმოვან ქსოვილში გლუკოზის გლიკოლიზური გზით გარდაქმნის შედეგად მიიღება დიჰიდროქსიაცეტონფოსფატი, მისი აღდგენით კი გლიცეროლ-3-ფოსფატი, რომელიც ტრიაცილგლიცეროლების სინთეზისა და ცხიმების დეპონირებისთვის გამოიყენება. 

მოკლედ, მიღებული გლუკოზა ცხიმად გარდაიქმნება (თუ ენერგიას არ დავხარჯავთ). თუმცა ტკბილეული მაინც გვიყვარს. ამიტომ, მოდი, რამდენიმე მათგანს, ორგანიზმისთვის შედარებით უსაფრთხოს, ჩამოვთვლი. 

პირველი შავი მწარე შოკოლადია. მასში ნაკლები კალორია და შაქარია. სამაგიეროდ, სავსეა ანტიოქსიდანტებით. ფლავონიდები (ეს უკანასკნელნი კაპილარებზე ზრუნავენ და დამამშვიდებელი ეფექტიც აქვთ), კალციუმი, ცილა, რკინა, მაგნიუმი და რამდენიმე ჰიდროვიტამინიც აქ არის.

მეორე ზეფირი გახლავთ. კალორიები აქვს, ოღონდ ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და ისიც სხვებზე ნაკლებს შეიცავს. მდიდარია რკინით, ფოსფორითა და ცილით. 

მესამე ადგილზე მარმელადია. სიაში იმიტომ მოხვდა, რომ კალორია ცოტა აქვს და პექტინსაც შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება ანიჭებს ჟელესმაგვარ კონსისტენციას. პექტინი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს. პექტინი მჟავე ჯიშის ვაშლშიც შედის.

სანამ ჩამონათვალს გავაგრძელებ, იმასაც დავწერ, რომ მარმელადის არა მხოლოდ ჭამა, სასწავლო-სამეცნიერო მიზნით გამოყენებაც შეგვიძლია. კოლბაში მოვათავსოთ 30-40 გრამი კალიუმის ქლორატი, იგივე ბერთოლეს მარილი KClO3. ეს მარილი ძლიერი დამჟანგავია. კოლბა გავაცხელოთ და მარილი გავალღოთ, შემდეგ დავამატოთ მარმელადის ნაჭრები და დავაკვირდეთ ცდის მსვლელობას. კოლბაში ნამდვილი ვულკანი აბობოქრდება. კალიუმის ქლორატი ჟანგავს მარმელადში არსებულ შაქარს და ჟელატინს. წარმოიქმნება კალიუმის ქლორიდი, ნახშირორჟანგი და წყალი. 

მოსწავლეებს მივმართავ: ქიმიის მასწავლებლის გარეშე ეს ცდა არ ჩაატაროთ!
 

გავაგრძელოთ… შემდეგი, მეოთხე ადგილი თაფლს ეკუთვნის. ფრუქტოზას შეიცავს, თუმცა ტკბილია. თაფლზე დაწვრილებით ჩემს სტატიაში „წყლის რიგში გაცნობილი ფუტკრები” წაიკითხეთ. აქ მხოლოდ იმას დავწერ, რომ 100 გრამი თაფლი მაგნიუმის, მანგანუმის, რკინის ერთი დღის ნორმას შეიცავს. 

„იძახე „ჰალვა, ჰალვა”, – პირი მაინც არ დაგიტკბება, სანამ არ შეჭამო”, – ასე ერთი აღმოსავლური ანდაზა გვმოძღვრავს და მე მას სავსებით ვეთანხმები. გემრიელიც არის და A და E ვიტამინებსაც შეიცავს. აქვე ერთი-ორი ისეთი ჰიდროვიტამინიც არის, რომლებიც კანის მდგომარეობაზე კარგად მოქმედებს და სისხლძარღვებსაც ამაგრებს, ამიტომ, ნატურალურ ჰალვას კოსმეტიკური მიზნებისთვისაც იყენებენ. 

მოკლედ, ჰალვა მეხუთე ადგილზეა, ოღონდ დიდი რაოდენობით მაინც ნუ მიირთმევთ, რადგან უმოძრაო ცხოვრების პირობებში… აღარ დავწერ, რასაც იზამს.

მეექვსე ადგილზე ცუკატი (ჩირი) იწონებს თავს. უამრავ ვიტამინს შეიცავს, მაგალითად, ბეტა-კაროტინს (ეს რეტინოლის პროვიტამინია), ტოკოფეროლსა და ასკორბინის მჟავას. მეხსიერებას აუმჯობესებს, დაღლილობასა და სტრესს ხსნის, თანაც ნამდვილად დაბალკალორიული პროდუქტია.

მომდევნო, მეშვიდე ადგილზე კარლსონის უსაყვარლესი მურაბაა. ოღონდ აქ საუბარია ე.წ. ხუთწუთიან მურაბებსა და ცივად გახეხილ ჯემზე. ყველაზე სასარგებლო ჟოლოს, კომშის, შვინდის, ლეღვის და კაკლის მურაბებია.

მერვე ადგილზე ე.წ. „ყავისფერი” შაქარი გახლავთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ შაქარზე უარს ვერ ამბობთ, თორემ, მე რომ მკითხოთ, შაქარი საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. „ყავისფერს” რაც შეეხება, ნაკლებად არის დამუშავებული და თუ მაინც არ დაგიშლიათ, ისევ ეს მიირთვით. მით უმეტეს, რომ შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს და კალიუმს.

დაბოლოს, მეცხრე ადგილზე ხილია. სინამდვილეში პირველ ადგილზე უნდა იყოს, რადგან ნაკლებკალორიულია და ვიტამინებისა და მინერალების მთელი თაიგულით არის შემკული, მაგრამ კარლსონისეული ეტიკეტი დავიცავი და ჩამონათვალი ნამდვილი ტკბილეულით დავიწყე.

კარლსონი არც ზედმეტ კილოგრამებზე წუხდა და, თუ გახსოვთ, მიწას ფეხსაც არ აკარებდა, ფრენა-ფრენით დაკუნტრუშობდა ჰაერში. ფრენა ჩვენც გვიწევს, ოღონდ პროპელერით კი არა, თვითმფრინავით. იცით, რა ადგილებია თვითმფრინავის სალონში ყველაზე საშიში?

სავარძელი, რომელზეც ნაჭერია გადაჭიმული, სავსებით შესაძლებელია, სტაფილოკოკს შეიცავდეს. საერთოდ, ეს ბაქტერია ჩვენს კანზე კარგად გრძნობს თავს, სავარძლის ნაჭერზე კი შეიძლება 48 საათიც მშვენიერ ფორმაში იყოს. ამიტომ თუ ამ სავარძელზე შევლებულ ხელს პირში ჩავიდებთ, არ გამოვრიცხოთ, რომ პირის ღრუში სტაფილოკოკსაც შევიტანთ. მეორე, რაც შეიძლება შეგვხვდეს, ნაწლავის ჩხირია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს სავარძლის სახელურზე, ილუმინატორის ზემოთ დამაგრებულ ჩამოსაწევ დაფაზე, გადმოსაშლელ მაგიდაზე…

შემდეგი საშიში ადგილი სავენტილაციო მოწყობილობაა, სადაც გრიპის ვირუსი შეიძლება 72 საათს საღ-სალამათი დარჩეს და სწორედ ჩვენ გველოდებოდეს, ამიტომ ჯობს, განიავებისგან თავი შევიკავოთ.

მოკლედ, ახლა თქვენ იტყვით, ნუ იფრენ, ბატონო, სახლში იჯექიო. მე კი გიპასუხებთ, რომ ფრენას ვაპირებ და თქვენც იმავეს გისურვებთ. უბრალოდ, ანტიბაქტერიული გელი ან საფენები გვქონდეს მუდამ და ხელებისა და ჩამოთვლილი ადგილების გაწმენდა არ დავიზაროთ. ავიაკომპანიების შესაბამისი სამსახურები მათ დეზინფექციაზე ზრუნავენ, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.

რა ბრძანეთ? აჰ, სტატიის სათაურზე მკითხეთ – რა არის მურაბასავით ტკბილიო? რა ვიცი, კარლსონისთვის მთელი ცხოვრება ასეთი იყო. ჩვენთვის რა არის, თითოეულმა თავად გადაწყვიტოს…

აზრისა და მნიშვნელობის ურთიერთმიმართება რიტორიკულ ტექსტებში

0
“… უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სტვირი ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორც შეიცნობა, რას უკრავენ სტვირზე ან ებანზე. საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?  ასევე თქვენც, თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ.  მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა წუთისოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო.  ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო ჩემთვის…”
კორინთელთა, 14. 7-11
ყოველგვარი მეტყველებისთვის და, განსაკუთრებით, მჭევრმეტყველების ტექსტებისთვის, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, სწორად თუ არასწორად არის წაკითხული თუ გაგებული სიტყვა, წინადადება, ფრაზა, გამონათქვამი… ამისთვის კი საჭიროა მთელი ტექსტის კარგად შესწავლა. პოლანი წერს: სიტყვა აზრს იძენს მხოლოდ ფრაზაში, ფრაზის აზრი გასაგები ხდება აბზაცის კონტექსტის მიხედვით, აბზაცისა – წიგნის კონტექსტში, ხოლო წიგნის აზრისა – ავტორის შემოქმედების კონტექსტში. დედამიწის აზრი, – დასძენს პოლანი, – მზის სისტემაა, მზის სისტემისა – ირმის ნახტომი, ირმის ნახტომის აზრი კი… ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს არ ვიცით რაიმეს სრული აზრი და, შესაბამისად, არც სიტყვისა. სიტყვა არის ახალ-ახალი პრობლემების ამოუწურავი წყარო. სიტყვის აზრი არასდროს არ არის სრული.

მეტყველებას აქვს მიზანი, სხვაგვარად ტექსტი გაუგებარი იქნებოდა. რიტორიკული ტექსტების მიზანი მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. ენა, რომელსაც სუბიექტი უსახავს მიზანს და აძლევს ამოცანას, აკეთებს ყველაფერს, რათა შესაბამისი ფორმით და მეტყველების კონტექსტის გათვალისწინებით, სათქმელი მიიტანოს ადრესატამდე.

თუ სიტყვის შინაარსის საკუთრივ ლინგვისტიკური ინტერპრეტაციის საფუძველია მნიშვნელობა, პრაგმატიკული მნიშვნელობის საფუძველი – აზრია. აქედან გამომდინარეობს ცნობილი მეტამორფოზა, რომ „სიტყვა წინადადებაში წყვეტს სიტყვად ყოფნას”.

რიტორიკულ ტექსტთა გაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ ზედაპირული შინაარსის      გაგებით, აუცილებელია იმ სიღრმეების წვდომა, იმ მიზნისა და მოტივების ამოცნობა, რისთვისაც დანიშნულია ესა თუ ის მეტყველება. საკითხი შეიძლება ამგვარად დავსვათ: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა და როგორ ითქვა, არამედ ის, რისთვის და რატომ ითქვა. ვიგოდსკი აზრისა და სიტყვებით გამოთქმული მნიშვნელობის ურთიერთმიმართებას ასე გამოთქვამს მეტაფორულად: „აზრი შეიძლება შევადაროთ მაღალ ღრუბელს, რომელიც იღვრება სიტყვების წვიმით”.

რიტორიკული (და არა მხოლოდ რიტორიკული) მეტყველება შეიძლება განვიხილოთ როგორც ტექსტისა და ქვეტექსტის, მნიშვნელობისა და აზრის, გარეგანი და შინაგანი მეტყველების ურთიერთკავშირი და მთლიანობა. გარეგანი მეტყველება იგივე ღია ტექსტია, რომელსაც წარმოთქვამს ორატორი, აზრი – შინაგანია, დაფარული, რომელიც მეტყველებაში უნდა „გამჟღავნდეს” არაპირდაპირ. „ორატორი ხშირად რამდენიმე წუთის განმავლობაში ავითარებს ერთსა და იმავე აზრს… სწორედ იმიტომ, რომ აზრი არ ემთხვევა არათუ სიტყვებს, არამედ არც მათ მნიშვნელობებს, რომლებითაც ის გამოითქმის. გზა აზრიდან სიტყვისკენ მნიშვნელობაზე გადის. ჩვენს მეტყველებაში ყოველთვის არის დაფარული ქვეტექსტი.

ამ წინააღმდეგობის დასაძლევად იქმნება ახალი გზა აზრიდან სიტყვისკენ სიტყვათა ახალი მნიშვნელობის გავლით” (ვიგოდსკი).

ორატორი მეტყველებისას მიმართავს სხვადასხვა ენობრივ და არაენობრივ საშუალებას, რითაც მსმენელს მიანიშნებს მთავარ სათქმელზე, შინაგან აზრზე. ზეპირი მეტყველებისას ამას იგი ახერხებს ინტონაციით, პაუზით, ჟესტ-მიმიკით, რომელთა მეშვეობით ორატორი მსმენელის ყურადღების კონცენტრაციას ახდენს მთავარზე. ამასვე აკეთებს მსახიობიც, რომლის მთავარი ამოცანაა მაყურებლამდე იდეის, აზრის მიტანა ტექსტის (გარეგანი მეტყველების) საშუალებით.  

ყოველგვარი ტექსტი არ ხასიათდება, რა თქმა უნდა, ორპლანიანობით, მაგრამ რიტორიკული დისკურსისათვის ტექსტის ორპლანიანობა მარკირებული ენობრივი მოვლენაა. მაგალითად, ქადაგებათა მიზანი ღმერთის სიტყვის აზრის მიტანაა ადამიანთა ცნობიერებამდე….

როგორც ენისა და ცნობიერების პრობლემის მკვლევარი, ფსიქოლოგი ლურია მიუთითებს: „არსებობს გამონათქვამის ისეთი სპეციალური ფორმები, სადაც ქვეტექსტი, ანუ შინაგანი აზრი, აუცილებლად არსებობს. ასეთებს მიეკუთვნება გამონათქვამები, რომლებსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვთ”. ანუ, დავძენთ, რომ ეს იგივეა, რაც მეტაფორული (ფართო გაგებით) აზროვნება შესაბამისი ფორმებით გამოხატული მეტყველებაში.
ამ მხრივ საინტერესოდ გვეჩვენება უნივერსალური სიმბოლიზმის შუასაუკუნეების თეორია. შუასაუკუნეების ეგზეგეტიკა შეეცადა არაპირდაპირი აზრის გამოხატვის ყველა ფორმა წარმოედგინა სიმბოლოს თეორიის ჩარჩოებში. განარჩევდნენ სიმბოლიზაციის ორ დონეს:  

1)სიტყვათა დონე  (ლექსიკური სიმბოლიზმი)
2)რეფერენტთა დონე (ისტორიის, მოვლენების და პერსონაჟების სიმბოლიზაცია).
ჩვეულებრივ, ეგზეგეტიკაში გამოყოფდნენ სამ ძირითად მიმართულებას: სემიოტიკური, რიტორიკული და ჰერმენევტიკული. ნეტარი ავგუსტინეს ნიშნის თეორია შემდეგში მდგომარეობდა: სამყარო იყოფა საგნებად (res) და ნიშნებად  (signum). ნიშანი განისაზღვრება, როგორც საგანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ თავისთავად აქვს აზრი, ავლენს კიდევ რაღაცას, რადაც ის არ გვევლინება. ცვეტან ტოდოროვი შენიშნავს, რომ ავგუსტინე საუბრობს საგნებზე და ნიშნებზე, მაგრამ არ განიხილავს საგნებს, როგორც მეორის რეფერენტებს.

შუასაუკუნეების სიმბოლიზმის კოსმოლოგიური უნივერსალიზმი დაკავშირებულია უკანასკნელი აღსანიშნის გაგებასთან. ნეტარ ავგუსტინესთან რეალურად ყოველ საგანს შეუძლია აღნიშნოს მეორე საგანი, ანუ გამოვიდეს აღმნიშვნელის როლში… ამ პერსპექტივაში ერთადერთი საგანი, რომელიც არ შეიძლება აღსანიშნის როლში გამოვიდეს, არის ღმერთი. გარკვეული აზრით, აქ გათანაბრებულია რეფერენტის სემიოტიკური გაგება და პირველმიზეზის მეტაფიზიკური გაგება.

სიგნიფიკაციური დამოკიდებულების საბოლოო პოლუსებია: ღმერთი – სიტყვა – წმინდა აღსანიშნი და წმინდა აღმნიშვნელი, სადაც მატერიალურობა ფიქსირებულია სიტყვის პოლუსზე, ხოლო სპირიტუალობა – რეფერენტის პოლუსზე.
ავგუსტიანესეული ნიშნის კონცეფცია საფუძვლად დაედო შუასაუკუნეების რიტორიკას. რიტორიკაში წინა პლანზე გამოვიდა ალეგორია, რომლის გაგება განსხვავდებოდა ანტიკური გაგებისაგან.

ტროპების განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს სხვადასხვა სკოლა და მიმართულება. საინტერესოა ცვეტან ტოდოროვის სქემა.

ჩვენს შემთხვევაში ტროპებს და ფიგურებს რიტორიკულ ტექსტებში განვიხილავთ, როგორც გარეგან მეტყველებაში ტექსტის შინაგანი აზრის, იდეის გამოვლენის აშკარა ფაქტებს. 

მთავარი აზრი, იდეა ყოველთვის შენიღბულია ღია ტექსტით, ტროპებისა და ფიგურების მეშვეობით კი დაფარული აზრი ტექსტში შენიღბულად „იჭრება”, რადგან მეტაფორა უკვე თავისთავად შენიღბული აზრია. მეტაფორის (ან სხვა რომელიმე ტროპის ან ფიგურის) ახსნით კი საშუალება გვეძლევა მივაკვლიოთ მთავარ აზრს – ქვეტექსტს.

მეტაფორულად ეს აზრი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ: ზღვა (ოკეანე), რომელიც თავის თავში აერთიანებს ზედაპირს და სიღრმეს. ზედაპირი ღია ტექსტია, ხოლო სიღრმე -აზრი (იდეა). როგორ შეიძლება სიღრმის გამოკვლევა? სიღრმეში ჩასვლით ან ზედაპირზე ამოტივტივებული რაიმე ნიშნის ახსნით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ზღვის ზედაპირზე ამოტივტივებული საგანი (ნიშანი) ეს ღია ტექსტში ქვეტექსტიდან (სიღრმიდან) შემოჭრილი ტროპებია, რომელთა ახსნით და ანალიზით ვშიფრავთ სიღრმეს – აზრს, იდეას. სიღრმის გამოკვლევა სიღრმეში ჩასვლითაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ენა „წყვეტს” არსებობას იდუმალში გადასვლის გამო.

ამავე პრინციპზეა აგებული სიმბოლოს ფსიქოანალიტიკური კონცეფცია. ფსიქოანალიზი მიზნად ისახავს ინდივიდუალური ფსიქიკური პროცესების ინტერპრეტაციას, რომლებიც არაცნობიერადაა დაკავშირებული სიმბოლიზაციის პროცესებთან. ფაქტობრივად, ფსიქოანალიტიკოსების ყურადღების ცენტრშია აღმნიშვნელისა და აღსანიშნის დამოკიდებულების პრობლემა. სიმბოლოს გაგება (აქ ნიშანი რეფერენტის გარეშე) უკავშირდება ფსქოანალიზისათვის ფუნდამენტურ „გამოდევნის” კონცეპტს.  

ჩვენთვის ფსქიოანალიზში საინტერესოა ის მოვლენა, რომელსაც ჰქვია გამოვლენილი და ლატენტური (ფარული) შინაარსი. ე.ი. ის, რაზედაც დუმს სუბიექტი და ის, რაზედაც საუბრობს ტრანსფორმირებულ ცენზურულ ფორმაში (შდრ. ღია ტექსტი – გამოვლენილი ტექსტი, ქვეტექსტი – ლატენტური ტექსტი). ანალიზის შედეგად ჩვენ ვიღებთ ორ ტექსტს სხვადასხვა ენაზე. გამოვლენილ შინაარსში თავს იჩენს დაფარული აზრის სიმბოლოები, რომელთა გაშიფვრის შედეგად ანალიტიკოსი ახდენს ღია ტექსტის (გამოვლენილი შინაარსი) ინტერპრეტაციასა და ავლენს ქვეტექსტს – დაფარულ აზრს.

როგორც ვხედავთ, პრინციპი მეტყველებაში შინაგანი აზრისა და გარეგანი შინაარსისა ანალოგიურია ფსიქოანალიზში გამოვლენილი და ლატენტური შინაარსებისა. ფსიქოანალიზში გამოვლენილ შინაარსში „შემოჭრილი” სიმბოლოების ახსნით ინტერპრეტირდება ტექსტი და ვლინდება დაფარული, ხოლო ჩვენი კვლევის შემთხვევაში, ღია ტექსტში შემოჭრილი ტროპები და ფიგურები გვევლინებიან მეტყველების შინაგანი, დაფარული აზრის ახსნის საშუალებებად.

ჩვენი დაკვირვებით, რაც უფრო ღრმა შინაგანი აზრი აქვს ტექსტს, მით უფრო მეტად მხატვრულია.
მხატვრული და რიტორიკული ტექსტები ორპლანიანია. გზა ტექსტის მთავარი აზრისკენ მნიშვნელობაზე გადის… მაგრამ მნიშვნელობას არ უდრის… მნიშვნელობები – მინიშნებებია იდეისკენ…

თქვენთვის წერილია (ნაწილი II)

0
საახალწლო არდადეგებზე შობის დღესასწაული თბილ, მყუდრო ოჯახურ გარემოში ყოველთვის სასიკეთო მოლოდინის ახდენის იმედს გვისახავს. ვერ გეტყვით, შესწევს თუ არა მუსიკას ოცნებების ახდენის  სასწაულებრივი ძალა, მაგრამ მას რომ ყველაზე დიდი ბედნიერების განცდის მოგვრა შეუძლია, ეს დანამდვილებით ვიცით მეც და სტენდალმაც.

ჩემ მიერ შემოთავაზებული მუსიკალური სანახაობა „მასწავლებელი ჯი”-ს სამკითხველო ორბიტიდან ამჯერადაც შენთვის გადის, მკითხველო.

უფროსებისთვის ამ „საახალწლო ზღაპარში” წარმოდგენილია მხიარული და ნაკლებად მხიარული თავშესაქცევი ამბები, ისევე როგორც ჩვენს ყოველდღიურობაში. და ეს სულაც არ არის ურიგო. სხვაგვარად კარგის ცუდისგან, სიხარულის მწუხარებისგან, სინამდვილის ოცნებისგან გარჩევა გაგვიჭირდებოდა და შეიქმნებოდა ერთი დიდი დაბნეულობა. მაგრამ რა დროს ამაზე ლაპარაკია, როცა წინ ოთხი მომხიბლავი ქალბატონის მშვენიერი შოუ გელოდებათ:
ამ გერმანულმა ქალთა კვარტეტმა ექსცენტრიკული „თამაშით” – შეშლილი ვნებით, გიჟური გამოხდომებითა და, იმავდროულად, გასაოცარი მოქნილობით მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. 

ახალგაზრდობა, ტემპერამენტი, ვირტუოზულობა გოგონებისთვის ის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა, საიდანაც შესაძლებელი გახდა ჩანაფიქრის განხორციელება: შექმნილიყო ქალთა კვარტეტი, რომლის რეპერტუარში აჟღერდებოდა კლასიკური ნაწარმოებები, შანსონი, ხალხური მელოდიები… ამასთან ერთად, გამოსვლები უნდა ყოფილიყო არტისტული და გრაციოზული. ამ პროექტის განხორციელებით გოგონებმა მართლაც შექმნეს ნამდვილი მუსიკალური თეატრი. 

ენერგიული ახალგაზრდა ქალების ოთხეული (2 ვიოლინო, ფორტეპიანო, ჩელო) მსმენელს ამოგზაურებს გერმანული კლასიკიდან არგენტინულ ტანგომდე, ხალხური სიმღერებიდან კინომუსიკამდე. ისინი ასრულებენ ა. ვივალდის, ი. ბრამსს, რ. შუმანს, ა. პიაცოლას, შანსონის კლასიკოსებს, ფოლკისა და როკის სტანდარტების ორიგინალურ ვარიაციებს. მღერიან გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. როგორც თვითონ აღნიშნავენ, მათთვის კარგი შოუ უწინარესად იმპროვიზაციაა.

გოგონები ფორტეპიანოზე 8 ხელში უკრავენ, ვიოლინოზე – 4 ხელში. საინტერესო ის არის, რომ ნაწარმოებებს არაბუნებრივ პოზებში ასრულებენ, ხშირად – კომიკურშიც კი. ამ დროს ისინი თითქოს ვირტუოზულობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. თანაც დაკვრა ერთმანეთის საკრავებზე მათთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. სცენაზე ისინი თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.

 
მათი ჩაცმულობის სახასიათო შტრიხებია შავი კაბები და მაღალი ქუსლები. მათ ხელებში ხემიანი საკრავები და ფორტეპიანო თითქოს ერთმანეთთან გადალაპარაკებით ირთობენ თავს. კვარტეტი ქარაგმულად მიგვანიშნებს, რომ მუსიკოსები ყოველთვის არ არიან სერიოზულები და რომ კლასიკურ მუსიკაშიც მოიძებნება ადგილი ხუმრობისთვის.
* * *
ბოლო დროს მაყურებლის მისაზიდად კლასიკურმა მუსიკამ იუმორი და ღიმილი შეიძინა. საუკეთესო მუსიკოსებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აკრობატული ნომრების ათვისებაც კი მოუწიათ ნამდვილი შოუს შესაქმნელად.

მსოფლიოს ქვეყნების მუსიკოსები კარგა ხანია მსჯელობენ იმის შესახებ, რომ დღეს სერიოზული მუსიკით დასაინტერესებლად აუცილებელია საკონცერტო დარბაზებში მსმენელის სხვადასხვა მეთოდით შემოტყუება. 
კლასიკური მუსიკისა და სხვა თანამედროვე მუსიკალური მიმართულებების შერწყმა ერთ-ერთი ის სატყუარაა, რომლითაც მაყურებლის ინტერესის გაღვიძება და მისი მოზიდვა ხერხდება, ამიტომ ყველანაირი ჟანრული ექსპერიმენტი გამართლებულია. გასართობი ელემენტებით გაჯერებული კონცერტები, უპირველესად, ახალგაზრდა თაობას სჭირდება, ვინაიდან ძალდაუტანებლად უღვიძებს მას სერიოზული მუსიკის მოსმენის სურვილს.

მე ახლა შემოგთავაზებთ რიჰარდ ვაგნერის მონუმენტური ოპერის „ნიბელუნგების ბეჭდის” თრეილერს, სადაც სპექტაკლისთვის ულტრათანამედროვე სპეცეფექტებია გამოყენებული. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მსმენელთა გარკვეული ნაწილი დადგმას შეაფასებს როგორც სანახაობრივ შოუს და არა ჭეშმარიტ ხელოვნებას, ზოგიერთი კი წარმოდგენას კონგენიალურად ჩათვლის.

იმისთვის, რომ სერიოზული მუსიკა, განსაკუთრებით – ოპერა, გადარჩეს, საჭირო ხდება მაყურებლისთვის წარმოდგენის ახლებური ფორმით მიწოდება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, თვალის ჩაკვრით გაგიმხელთ, რომ ეს სპექტაკლი ძალიან მომწონს.

მომავალში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ამგვარი დიდბიუჯეტიანი სპექტაკლების დადგმა უფრო და უფრო გაძნელდება. ფინანსური კრიზისი ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად საოპერო თეატრებსაც მძიმედ დააწვა, რაც კარგად ჩანს ოპერის სამშობლოს მაგალითზე: დღეს რომის საოპერო თეატრი იძულებულია, შეცვალოს მუშაობის არსებული პრინციპი. მაყურებლის თანდათანობითი შემცირების გამო მას მილიონობით ევრო დაედო ვალად. ამიტომ ფინანსების ნაკლებობის პირობებში საოპერო თეატრები მოწვეულ არტისტებთან უფრო ხშირად იმუშავებენ, ვიდრე შტატში მყოფებთან. მხოლოდ არტისტების მოწვევის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი მილიონების დაზოგვა და თეატრის გადარჩენაც.

არანაკლებ ფინანსურ პრობლემას შეეჯახა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაც”. მას საშტატო ერთეულიც შეუმცირდა და მომღერლების, ორკესტრანტების, გუნდის, სცენის მომსახურე პერსონალისა და სხვათა ჰონორარებიც.

ამ მიმართულებით გამონაკლისს, სამწუხაროდ, არც საქართველოს საოპერო თეატრები წარმოადგენენ. თუმცა ახლა ამ საკითხში ჩაღრმავებით საახალწლო განწყობას აღარ დავამძიმებ და, თქვენი ნებართვით, ისევ მხიარულ ტალღაზე გადაგრთავთ. 

 
უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან მიყვარს კომპოზიტორ რიმსკი-კორსაკოვის „ფრენა”, ამიტომ ამ საახალწლოდ მისი ოპერიდან „ზღაპარი მეფე სალთანზე” შექმნილი საორკესტრო ინტერმედია „კელას გაფრენა” შევარჩიე, თანაც – შესრულების რამდენიმე ვერსია. 

ამ ინტერმედიით მთავრდება III აქტი, სადაც თავად გვიდონს გედი კელად აქცევს, რომ მამასთან გაფრენა შეძლოს. დროთა განმავლობაში ამ მუსიკალურმა ნაწყვეტმა საკონცერტო შესრულებისთვის სრულიად დამოუკიდებელი ფუნქცია შეიძინა.

„კელას გაფრენა” ცნობილია შესრულების წარმოუდგენელი სისწრაფით. მუსიკოსისთვის ძირითად სირთულეს ხემის უდიდესი სიჩქარით მოძრაობა წარმოადგენს. ნაწარმოების შექმნიდან საუკუნის შემდეგ „გაფრენა” გადაიქცა ვირტუოზი შემსრულებლების საპრეზენტაციო ნაწარმოებად (განურჩევლად იმისა, რომელი საკრავია გამოყენებული). ამის გამო ეს ქმნილება რიმსკი-კორსაკოვის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად იქნა აღიარებული მსოფლიოში.

ამ ნაწარმოების გამაოგნებელი სისწრაფით შესრულებისთვის გინესის რეკორდების წიგნში შესულია ორი ვირტუოზი გიტარისტი: ვ. ზინჩუკი (270 დარტყმა წუთში) და ტ. დ. ვეგა (750 დარტყმა წუთში), თუმცა მე ამჯერად ჩინელ პიანისტ იუჯა ვანგაზე შევაჩერე არჩევანი:
თუ დაგაინტერესებთ თანამედროვეობის უნიჭიერესი ავსტრალიელი პიანისტის დევიდ ჰელფგოტის შემოქმედებითი კარიერა ან ის, რა ნამუშევრისთვის დააჯილდოეს მსახიობი ჯეფრი რაში „ოსკარით”, „ოქროს გლობუსით” და „BAFTA”-თი, გირჩევთ, ნახოთ შესანიშნავი ბიოგრაფიული ფილმი „ბრწყინვალება” (წარდგენილი იყო „ოსკარის” 7 ნომინაციაზე). ორი სიტყვით გეტყვით, რომ დევიდმა უმკაცრესი მამის წყალობით უსიხარულო ბავშვობა განვლო. ის ნამდვილი ოჯახური ძალადობის ეპიცენტრში მოხვდა, რის გამოც შემდგომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში 10 მძიმე წელიწადი გაატარა.
 

მუსიკით შეპყრობილი დევიდისთვის მუსიკა ერთგვარი შვებაა. ძალადობის მიუხედავად, ფილმი გაჯერებულია ადამიანური სიკეთითა და სიყვარულით. ზღაპრების მსგავსად, ისინი ხომ ცხოვრებაშიც ნამდვილ სასწაულებს ახდენენ ხოლმე.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ფილმში თავბრუდამხვევ „კელას გაფრენას” მსახიობი ჯეფრი რაში ასრულებს.
ეს კი თვით დევიდ ჰელფგოტის მიერ შესრულებული „გაფრენაა”: 

 

* * *
ამდენი ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაშვება და ისევ ახალი წლის განწყობასთან მიბრუნება, მგონი, არ უნდა იყოს ურიგო აზრი. 

დღეს სიმღერა „Jingle Bells” შობის დღესასწაულთან რომ ასოცირდება, ტექსტში ამაზე მინიშნებაც კი არ არის. ავტორს ასეთი ჩანაფიქრი არ ჰქონია. დაიწერა მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით (აშშ-ში ეს დღე ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება). მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ მხიარული სიმღერაა იმის შესახებ, რა კარგია ზამთარში ციგით სრიალი, მრევლს ის იმდენად მოეწონა, რომ სიმღერის შობა ღამეს შესრულება მოითხოვა.

 
ახლა მოგითხრობთ, როგორ შეიცვალა სიმღერის „One horse open sleigh” თავდაპირველი სახელწოდება „Jingle Bells”-ით. 

იყო ვინმე ჯეიმს ლორდ პერპონტი – ფოტოგრაფი და ეკლესიის მუსიკალური ხელმძღვანელი. უკრავდა ორგანზე და წერდა მუსიკას. მასაჩუსეტსის შტატის პატარა ქალაქ მედფორდში, სადაც პერპონტი დაიბადა, მხოლოდ ერთ სახლში – ქ-ნ უოტერმანის „ქალიშვილების პანსიონატში” იდგა ფორტეპიანო. როდესაც პანსიონატის მფლობელმა სიმღერა მოისმინა, ჩაიბურტყუნა: „ეს სიმღერა ცხენშებმული ოთხთვალას ზანზალაკების ჟღერას მაგონებს. მისტერ პერპონტ, სიმღერის სახელწოდებას ციგებს რატომ უკავშირებთ? უკეთესად გაიჟღერებდა, მაგალითად „Jingle Bells” („ზანზალაკებო, იწკრიალეთ”)”. და სწორედ ამ სახელით დაიწყო ჯერ ამერიკაში, მერე კი ოკეანის გადაღმაც საზეიმო სვლა სიმღერისა, რომელიც დღემდე აფორიაქებს ადამიანთა გულებს. 

დროთა განმავლობაში ტექსტი რამდენიმეჯერ გადაამუშავეს. აი, მაგალითად, ავსტრალიელების მიერ გადაკეთებული ტექსტის წაკითხვა ძალიან სახალისოა. რაკი იქ არასდროს თოვს და შობა ზაფხულში უწევს, მათი ვერსია ასეთია: „რა კარგია ზაფხულის ცხელ დღეს ავტომობილით გასეირნება”.

ეს კი – 1957 წელს შექმნილი მორიგი პოპულარული საახალწლო სიმღერა „Jingle bell rock” მარკო კარტას შესრულებით:

* * *
ალბათ გაგიგონიათ, რომ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კულტურულ მოვლენას წარმოადგენს შობის წინა დღის „ვენის საშობაო კონცერტი”. მას 30-ზე მეტი ტელეკომპანია გადასცემს მთელ მსოფლიოში. საშობაო-საახალწლო კონცერტებში მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები მონაწილეობენ.

1992-2012 წლებში საშობაო კონცერტებზე შემსრულებლებად მიწვეულები იყვნენ პლასიდო დომინგო, სარა ბრაიტმანი, ჰელმუტ ლოტი, რიკარდო კოჩიანტო, ხოსე კარერასი, ლუჩანო პავაროტი, დაიანა როსი, პატრისია კაასი, შარლ აზნავური, ტონი ბენეტი, ალეხანდრო ფერნანდესი… ვარსკვლავები ტრადიციულ საშობაო ქორალებს და მსოფლიოში სახელგანთქმული კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებდნენ.

1998 წლის ვენის საშობაო კონცერტის ფრაგმენტში, რომელსაც ახლა სიამოვნებით შემოგთავაზებთ, მონაწილეობენ პლასიდო დომინგო, სარა ბრაიტმანი, ჰელმუტ ლოტი და რიკარდო კოჩიანტო. სადირიჟორო პულტთან სტივენ მერკურიოს იხილავთ. 

ფრანგული შანსონის დედოფალი პატრისია კაასი ამბობს: „არასოდეს მქონია სცენის შიში. ალბათ იმიტომ, რომ სიმღერა ძალიან ადრე დავიწყე. მგონია, რომ, მიუხედავად ვარსკვლავობისა, ძალიან მნიშვნელოვანია პუბლიკასთან ახლოს ყოფნა”. აქ ცოცხალი კონცერტების სიმრავლე იგულისხმება, მაყურებელთან უწყვეტი კონტაქტი. პატრისია ამბობს, რომ სცენაზე ხან წვება, ხან ხტუნავს და ეს წინასწარ არასდროს არის დადგმული. თუ ცხოვრებაში პატრისიას უჭირს ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა, მაგალითად, „მე შენ მიყვარხარ”, ის თვითგამოხატვას შესანიშნავად ახერხებს სიმღერით.

მე კი, ამ სამ სიტყვას ბექა ლონდარიძის სტრიქონებით ვიტყოდი:

გახსენი ბაგე, როგორც წერილი
ჩემი – შენდამი მოწერილი – მეგობარო
და უმალ ბაგეს აგაფარებ –
რომ ტკივილი არ გაგიმხილო;
სიყვარული, რომელმაც მომკლა.”

ამ საშობაო-საახალწლო განწყობის ფონზე ვასრულებ წერილს და გემშვიდობებით პატრისიას გამონათქვამით: „ჩემი ერთადერთი სიამოვნებაა, საზოგადოებას მუსიკით ვუზიარებდე განცდებს”.

ბაღვაშები, ჩემი ამბიციები და მანანა კაკულია

0
„კლდეკარის საერისთავო და საქართველოს მეფენი” – ასე ერქვა ჩემს პირველ საკონფერენციო თემას, რომელიც მერვე კლასში დავწერე. დიდი გამოწვევა იყო: ის დროა, როცა სასკოლო გაკვეთილებიდან დაწინაურებული, უნარიან მოსწავლედ შეფასებული, კლასგარეშე გარემოში ხვდები. ძალაც, გამბედაობაც და თავხედობაც მოგდევს იმისათვის, რომ სხვებს, დანარჩენებს, შეიძლება შენზე გაცილებით ნიჭიერებსაც, რაღაც დაუმტკიცო. 

მასწავლებელმაც გამათამამა: მანანა კაკულია რატომღაც ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს გამოხდომებს, შემწყნარებლურად იღებდა ჩემს ამბიციურ ჩანაფიქრებს. ხან სახლში, ხანაც მეუღლის – მხატვარ რობერტ აბსანძის სახელოსნოში მივადგებოდი, საათობით ვრჩებოდი და დარწმუნებული ვარ, იქ მყოფ ბევრ ადამიანს (სახელოსნოს სტუმრები არასოდეს აკლდა) ტვინის მბურღავ და ამოჩემებული აზრების მფრქვეველ ბავშვად დავამახსოვრდი.

– ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია”, საქართველოს ისტორიის ნარკვევები… კიდე? – საღამო ხანია, მთელი დღის მუშაობისგან დაღლილი ცოლ-ქმარი მაგიდას შემოსხდომია, მე კი გამოსაწვავად გამზადებულ თიხის ფიგურებს შორის ბოლთას ვცემ და საკონფერენციო თემისთვის საჭირო ლიტერატურას ვიმახსოვრებ. 

– ქართლის ცხოვრების მეორე ტომი, ახლობელს ვათხოვე და შევეხმიანები, – შემაწევს მანანა მასწავლებელი, – იქიდან მატიანე ქართლისა, სუმბატ დავითის ძისა და დავითის ისტორიკოსის თხზულებები გამოგვადგება…

– კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი”? იქაც ხომ არიან ბაღვაშები?!– არ ვაცლი, იმ ზაფხულს მოვრჩი ტეტრალოგიის კითხვას და ისეთი გაბრუებული ვარ, ისეთი შთაგონებული მეტი არ შეიძლება.
– არა, ეს მხატვრული ნაწარმოებია, მწერლის გამონაგონი.

– აჰა, გასაგებია, მასწ. – წინასწარ ვიცი, დილით რასაც ვიზამ: გაკვეთილებს გავაცდენ (პირველი ალგებრა გვაქვს, ჩვენი მეზობელი ცისანა გეგელია (ღმერთმა აცხონოს) მაპატიებს, მეორე ახალი ისტორია – მანანა მასწი ხომ ისედაც მიხვდება, სად შეიძლება ვიყო), გადაკეცილ „პაპკაში” რვეულებს ჩავილაგებ და ბიბლიოთეკისკენ დავაწვები.

– ინგა დეიდა…– ხმაურით ვაღებ კარს (ალბათ ფიქრობენ: „ისევ მოვიდა, ღმერთო, რა მომაბეზრებელი ბავშვია!”), – ინგა დეიდა, “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” მესამე ტომი მინდა. 

– და „თამაში ჭვავის ყანაში” როდის უნდა მოიტანო? – კითხვას მიბრუნებს ქალბატონი ინგა, – უკვე იმდენმა მოითხოვა, ჩვენ კი მხოლოდ ორი წიგნი გვაქვს.

– მალე, ძალიან მალე. 

სელინჯერის რომანის მალე მიტანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რეკორდულ დროში დაწერილი პირველი ორი თავი რომ მივართვი მანანა მასწავლებელს, მახსოვს, გაუკვირდა. ხელით მანიშნა, ჩამოჯექიო, თვითონ კი ჩემი არც თუ ისე რიგიანი კალიგრაფიით გავსებული თაბახის ფურცლების კითხვას შეუდგა.

– ორ კვირაშია საქალაქო კონფერენცია. თემა დამიტოვე, უფრო ყურადღებით წავიკითხავ, არის ბუნდოვანი ადგილები, შესავალიც ცოტა მხატვრულად დაწერილი მეჩვენება. კარგი იქნება, ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენლების სამეფო კართან ურთიერთობასა და ამ პროცესების ანალიზს მეტ ადგილს თუ დავუთმობთ.

 

ყველაფერი გასაგები იყო – მანანა კაკულია, ადამიანი, რომელმაც ჩემში ფეხბურთის ვნებისგან ჩაკლული წიგნისადმი ინტერესი მკვდრეთით აღადგინა, თავაზიანად მირჩევდა, რომ მხატვრულ ლიტერატურაზე ფიქრი საკონფერენციო თემის წერისას თავიდან ამომეგდო. უფრო მარტივად რომ ვთქვა, კონსტანტინე გამსახურდიასეულ ლიპარიტ ბაღვაშზე კი არ დამეწერა, არამედ საისტორიო წყაროებში და მეცნიერულ მონოგრაფიებში გამოკვლეულ კლდეკარის საერისთავოზე. „დავით აღმაშენებლის” პირველ წიგნში, ორხმლიანი სპარაზენის – მახარას სიტყვები კი არ დამემოწმებინა, არამედ ადგილები ქართლის ცხოვრებიდან, და ქართველი ისტორიკოსებისგან არაერთხელ ციტირებული მათეოს ურჰაეცის, გიორგი კედრენესა და სხვათა ქრონიკები.

მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, საკონფერენციო თემა მაინც ბელეტრისტული პასაჟებით გავავსე, რამაც საბოლოოდ რესპუბლიკურ კონფერენციაზე მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. დამსახურებას ვამბობ, რადგან მაშინ ისეთი სახელი ჰქონდა სასწავლო კონფერენციებს, რომ იქ მონაწილე მაშინვე მიღებული და პატივსაცემი პერსონა ხდებოდა სკოლაში. შენი წარმატების შესახებ არა მხოლოდ დამრიგებელმა და სასწავლო ნაწილმა, არამედ ფიზიკის მასწავლებელმაც იცოდა, რომელიც მხოლოდ იმით გიმახსოვრებდა, რომ დროდადრო საკლასო ჟურნალში შენი გვარის გასწვრივ სამიანი (დამაკმაყოფილებელი) ჩაეწერა .

ბელეტრისტულ პასაჟებს რომ თავი გავანებოთ, სასწავლო კონფერენციის პირველ საფეხურზე – საქალაქოზე –კინაღამ ჩავიჭერი. როცა გამომიძახეს, ჯერ წინა რიგში მჯდომმა ერთმა გოგომ დამაბნია (მაგის გამო, როგორც მახსოვს, ქალაქის ნარჩევ ბიჭებს დიდხანს უჭირდათ ზავი ერთმანეთში). ცოტა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. მერე, აზრზე რომ მოვედი, ზურაბ კუპრეიშვილის შეკითხვამ შეარყია ჩემი ამბიციები.

– ზვიად მარუშიანი გეცოდინება… – შეკითხვაც არ იყო, თითქოს ჩემს ცოდნასა და ნაკითხობას ამოწმებდა სიმკაცრითა და პროფესიონალიზმით ცნობილი ისტორიკოსი, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სკოლის დირექტორი. შეიძლება ის აინტერესებდა, ვიცოდი თუ არა ჩემი ათასი წლის წინანდელი სეხნია.

დავიბენი და გავშრი. უხერხული სიჩუმისგან მეც და მთელი კონფერენციაც ისევ ზურაბ კუპრეიშვილმა იხსნა:

– გმადლობთ. ზონურ ტურში, სენაკში შევხვდებით!

დერეფანში რომ გამოვედი, გახარებული და ჩემს თავზე გაბრაზებული, ვერავის ვამჩნევდი. მხოლოდ მერე გავიხსენე ის ქალი, კიბეებთან რომ დამეწია და გადამეხვია – ჰო, მანანა კაკულია იყო.

ბედნიერი და თან უცნაურად დათრგუნული, გულში მხოლოდ ერთ წინადადებას ვიმეორებდი, რომლის მთავარი პერსონაჟიც ცოტა ხნის წინ ვერაფრით მოვიგონე. ზვიად მარუშიანი… როგორ არ ვიცოდი! საოცარია, რამ დამამუნჯა – აღელვებამ თუ მოზარდის თავმოყვარეობამ, შეცდომა არ მომივიდესო. არადა, ენის წვერზე მადგა ის ტყვიასავით მკაცრი სიტყვები:

„ზვიად სპასალარი დიახაც მორწმუნე იყო, მაგრამ ჯვარის ძალით დამარცხებული მტერი არსად ენახა ჯერ…”

მოსწავლე, როგორც მასწავლებლის ადამიანური რესურსი

0
 ანოტაცია 
   ადამიანური რესურსები მასწავლებელს მუდმივად სჭირდება. ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი და საინტერესოა მოსწავლის როლი. მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობა სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი და ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა წარმოუდგენელია ამ ასპექტების გარეშე.
   სწავლების ნებისმიერი მეთოდი შეიძლება მივუსადაგოთ მოსწავლესთან თანამშრომლობას. ურთიერთობის დემოკრატიული ფორმები საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის წარმართვაში. 
         სტატიაში აღწერილი სიტუაციები  ავტორის  პედაგოგიური პრაქტიკიდან არის წარმოდგენილი და დაეხმარება კოლეგებს აღნიშნული რეკომენდაციების პრაქტიკაში გათვალისწინებაში. 
მოსწავლის როლი წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით: 1. მოსწავლეთა ურთიერთსწავლება ჯგუფური მუშაობისას. 2. მოსწავლე – მასწავლებელი .
3.  დავალებას მოსწავლე ამოწმებს.   4. მოსწავლე ქმნის  ისტრესურსებს.  5. ინტეგრირებულია გაკვეთილზე, როგორც დამხმარე მასწავლებელი. 6.  მოსწავლის როლი ინკლუზიური სწავლებისა და კლასგარეშე ღონისძიებების წარმართვაში. 
   სტატიას თან ერთვის მასწავლებლის რეკომენდაციები, რომელიც პედაგოგის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად არის შემუშავებული. 
      საკვანძო სიტყვები  
    თანამშრომლობა,  ურთიერთსწავლება, ინკლუზია, ეფექტური მეთოდები,  ფასილიტატორი ( დამხმარე ), სკაფოლდინგი.  პედაგოგიური პრაქტიკა, უნარ-ჩვევები. 
             საგანმანათლებლო საკითხებზე საუბარი იოლი არ არის, კაცობრიობის ისტორია  ამ პრობლემებით დატვირთული  თემის შესახებ  უამრავ  ხერხსა და მეთოდს გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, ახალი დამოკიდებულებისა და მიდგომების გარეშე შეუძლებელია სტატიკურ მდგომარეობაში წარმოვიდგინოთ სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდების სისტემა. სწავლების მეთოდი მასწავლებლის მიზანმიმართული ქმედებაა მოსწავლეთა შესაბამისი კომპეტენციების განსავითარებლად. მეთოდის შერჩევისას უნდა განისაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი, შეესაბამება თუ არა აქტივობას, მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება. მასწავლებლისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო  სამუშაო მეთოდის შერჩევა და რესურსების შესაბამისობაა. 
      ადამიანური ფაქტორი ხშირად განაპირობებს ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას.  ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რესურსი კი  თვითონ მოსწავლეა . როგორც წესი, მასწავლებლებს არ გვყავს ოფიციალური  ფასილიტატორები, მოსწავლეს კი არაჩვეულებრივად შეუძლია ჩვენი დახმარება, სათანადო  მომზადებისა და მეთვალყურეობის შემთხვევაში ჩვენი ჩანაცვლებაც კი. ურთიერთსწავლება ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ საშუალებას მასწავლებლები იშვიათად მიმართავენ. მისი წარმატებული გამოყენების მცდელობებმა განაპირობა, რომ ეს მეთოდი დამენერგა და აქტიურად გამომეყენებინა ჩემს პრაქტიკაში.
            ჯგუფური მუშაობა ურთიერთსწავლებით
    მეთოდი ითვალისწინებს ტექსტის წაკითხვას ჯგუფურად. ეს პროცესი ძირითადად ოთხი აქტივობით ხორციელდება:
1.კითხვისას  ბუნდოვანი ადგილების ახსნა-განმარტება;
2.ვარაუდების გამოთქმა;
3.კითხვების დასმა;
4.წაკითხულის შეჯამება.
ეს აქტივობები მნიშვნელოვანია შეგნებული და გააზრებული  კითხვის ჩვევის განსამტკიცებლად. თითოეული მათგანი  ავითარებს კომპლექსურ უნარებს.
მოსწავლები  ინიშნავენ  ბუნდოვან ადგილებს. იყენებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას – ხელახლა კითხულობენ წაკითხულს, აკვირდებიან კონტექსტს, ლექსიკურ ერთეულებს, საჭიროების შემთხვევაში კონსულტირებისათვის მიმართავენ მასწავლებელს. ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. ყოველ წევრს მოუწევს ოთხივე აქტივობის შესრულება, რადგან იცვლება როლები.
ტექსტის ტიპიდან გამომდინარე, სხვადასხვა ვარაუდები შეიძლება გამოითქვას (ტექსტის წაკითხვამდე, ან წაკითხვის შემდეგ) თუნდაც იმის შესახებ, როგორ გაგრძელდება მოქმედება, რა შეიძლება მოხდეს, რა ვერ წარმოუდგენიათ …
რაც შეეხება კითხვების დასმას, კარგია, როცა მოსწავლეები მოინიშნავენ სამიზნე სიტყვებს და მათი გამოყენებით სვამენ კითხვებს .
წაკითხულის შეჯამების შემდეგ  (თუნდაც რეზიუმეს სახით)  გადადიან ახალ მონაკვეთზე და ცვლიან  დავალებებს.
ამ მეთოდის გამოყენება სწავლების სამივე საფეხურზეა შესაძლებელი, მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული მისი მოდიფიცირება კლასისა და კონკრეტული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე.
           მოსწავლე – მასწავლებელი
         ნებისმიერ კლასში არსებობენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ  თანაკლასელის დახმარება.  ისინი ამ საქმეს სიამოვნებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ეს  საშუალება უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ამ შემთხვევაში სარგებელს ორივე მხარე იღებს – ვისაც ეხმარებიან და ვინც ეხმარება.
მასწავლებელი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს პროცესს და საბოლოოდ გაარკვიოს, რა შედეგზე გავიდა მოსწავლეთა თანამშრომლობა.
სხვადასხვა   დროსა და სივრცეში შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული აქტივობა .
1.საკლასო ოთახში გაკვეთილის მსვლელობისას;.
2.გაკვეთილების შემდეგ’
3.სახლში ორივე მხარისა და მათი მშობლების  შეთანხმების საფუძველზე.
ნებისმიერ შემთხვევაში მიზნის მიღწევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული  მასწავლებლის მეთვალყურეობაზე. როცა მოსწავლემ იცის, რომ ანგარიშვალდებულია ჩვენ წინაშე, მისი პასუხისმგებლობა მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ ვთხოვთ დახმარებას და შედეგს არ შევამოწმებთ, ორივე მხარე მოდუნდება და  მათი თანამშრომლობაც ვერ შედგება. პირველ ორ შემთხვევაში (საკლასო ოთახში გაკვეთილის მსვლელობისას და გაკვეთილების შემდეგ) მასწავლებელი აუცილებლად უნდა ადევნებდეს მას თვალს. ამ დროს მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ  მოსწავლეთა შესახებ.  
მოსწავლე ამოწმებს დავალებას
       ძირითადად საშინაო დავალების შემოწმების ორგვარი სტანდარტი არსებობს – ე.წ. ჩამოვლითი და ნაშრომის წაკითხვა, შეცდომების გასწორება.   მასწავლებელს ყოველდღიურად უხდება დავალების შემოწმება, ეს პროცესი  შესაძლებელია მოსწავლემაც წარმართოს. წინასწარ შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები, რომელსაც უნდა 
აკმაყოფილებდეს ნაწერი (კალიგრაფია,  აბზაცი, მოცულობა, სათაურის გაფორმება, წერის კულტურა…). ჩამოვლით წაკითხვა შეუძლებელია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, ვისი ნაშრომიც საუკეთესო იქნება ან წაკითხვისა და სათანადო კომენტირების შედეგად საუკეთესოდ გამოვლინდება, მეორე დღეს ისინი ამოწმებენ დავალებას. მოსწავლეებს ძალიან ეხალისებათ ეს პროცესი და პასუხისმგებლობითაც უდგებიან მას. რაც მთავარია, არ იჩენენ მიკერძოებულობას.  შემოწმების შემდეგ აკეთებენ განმავითარებელ შეფასებებს.
     რაც შეეხება დავალების წაკითხვას და შეცდომების გასწორებას, მოსწავლის როლი ამ შემთხვევაშიც  მნიშვნელოვანია. გააჩნია დროს, სიტუაციასა და გაკვეთილის  ფორმატს. მოსწავლეები ცვლიან რვეულებს და  ფანქრით ამოწმებენ ერთმანეთის დავალებებს.  შემდეგ წინასწარშედგენილი ცხრილის მიხედვით ახდენენ შეცდომების კლასიფიკაციას. იმის შემდეგ, როდესაც მასწავლებელი გადახედავს მათ მიერ მონიშნულ შეცდომებს, შეიძლება ფერადი პასტითაც გასწორდეს. ტიპური შეცდომები დაფაზე იწერება, შეიძლება რამდენიმე დღით კლასში ან დერეფანში ფორმატზეც გამოიკრას.
   გარდა ამისა, ყოველ გაკვეთილზე  შეიძლება მართლწერის წუთების გამოყოფა,  რამდენიმე შეცდომა კონტექსტში (თუნდაც ერთი) დაიწეროს დაფაზე და გაანალიზდეს.
მოსწავლე ქმნის ისტრესურსებს
       ელექრტონულ ფორმატში რესურსების შექმნა სისტემატურად უხდება მასწავლებელს . ინტერნეტსივრცე უამრავ მასალას გვთავაზობს, თუმცა მათი  ეფექტური გამოყენება იოლი არ არის. ჩვენი დაკვირვება და სისტემური კვლევები მოწმობს, რომ მოსწავლეები ისტტექნოლოგიებს ყველაზე ნაკლებად საგანმანათლებლო მიზნებისათვის იყენებენ. მასწავლებლის მცდელობა, შეცვალოს ეს რეალობა სასწავლო მიზნების სასიკეთოდ, უპირობოდ  იქნება შედეგის მომცემი.
     მოსწავლეები დაწყებით საფეხურზევე სწავლობენ საპრეზენტაციო პროგრამებს,  ფლობენ საძიებო სისტემების მოხმარების უნარებს. ამიტომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის  სათანადო და საჭირო რესურსების შექმნა. ნებისმიერი აქტივობისას შესაძლებელია სწავლა-სწავლების პროცესის ისტტექნოლოგიით გამდიდრება.
დღეისათვის ხელმისაწვდომია  Microsoft Partners in Learning-ის უფასო ინსტრუმენტების საშუალებით უნიკალური რესურსების შექმნა. კარგია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს ამ ინსტრუმენტებს.  შემდეგ კი საუბრობენ იმის შესახებ როდის და როგორ, რატომ და რისთვის აპირებენ მათ გამოყენებას.
https://learntechnolog.blogspot.com/  – ამ ბლოგზე  რესურსების შექმნის თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტებია განთავსებული, მათი გამოყენება სულაც არ არის რთული. მთავარია, ვიცოდეთ, რა  გვსურს შევქმნათ და რა მიზანს ემსახურება ეს რესურსი.
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, ე.წ.  რესურსბანკი  ( თუნდაც ბლოგის სახით),  რომელზეც მოსწავლის შექმნილი რესურსები  აიტვირთება. ყველამ იცის, რომ რესურსის შექმნა დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ ამ მასალას სხვა შემთხვევაშიც გამოვიყენებთ და ჩვენს კოლეგებსაც ექნებათ მისი სარგებლობის შესაძლებლობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოსწავლეებმა სასწავლო მიზნით გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, სასიცოცხლო და აუცილებელი უნარები გამოუმუშავდეთ აღნიშნულ პროცესში.  ამ მიმართულებით მოსწავლეთა ჩართულობა ყოველთვის მაღალია. ყველაზე ზარმაც მოსწავლესაც კი ეხალისება კომპიუტერთან მუშაობა,  იგი ქმნის, იძიებს, ამონტაჟებს და  თვითონაც სასწავლო მიზნისაკენ ხდება მიმართული.
     ინტეგრირებულია გაკვეთილზე , როგორც დამხმარე მასწავლებელი 
       თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულით შეცვლას. ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს გაკვეთილის პროცესში სწავლების ალტერნატული სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არა მარტო ცოდნაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც.
          იმაზე სახალისო და იმავდროულად საპასუხისმგებლო რა უნდა იყოს მოსწავლისათვის, ვიდრე მასწავლებლის როლის შეთავსება გაკვეთილზე. მასწავლებლისა და მოსწავლის წინასწარდაგეგმილი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გარკვეული როლი მოსწავლემაც შეასრულოს. მაგალითად: მოიძიოს ახალი მასალისათვის საჭირო ინფორმაცია, გააკეთოს პრეზენტაცია,  სქემა, პლაკატი, დიაგრამა და ა.შ. განსაზღვრულ დროს იგი კლასის წინაშე წარდგება და მასწავლებელს გაკვეთილის რომელიმე ეტაპის წარმართვაში დაეხმარება. ამ პროცესს წინ უნდა უძღოდეს მასწავლებლის მიერ ახალი მასალის ახსნა -განმარტება  მისი პარტნიორი მოსწავლისათვის.   
    მოსწავლეებისათვის მიმზიდველია ასეთი როლი,  ამიტომ  გაკვეთილზე ჩართულობა და უკუკავშირი მაღალია. ნებისმიერ მოსწავლეს ამ ასპექტით გარკვეული ფუნქციის შეთავსება შეუძლია.  ამ მეთოდის დადებითი მხარე ის არის, რომ მოსწავლის მოტივაცია, ინტერესი და მოლოდინები მაღალია.  ეს კი აუცილებლად აისახება კონკრეტულ და საბოლოო შედეგებზე. 
       ეს მიდგომა კოლაბორაციულ პრინციპებს ეფუძნება. განსაზღვრულია აქტივობის დრო, რესურსები, შეფასების კრიტერიუმები, რაც თავისთავად უკვე პარტნიორობაა.
ამ სქემის მხარდაჭერა ნიშნავს მოსწავლეებისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების გამოვლენას და მასწავლებლის მხრიდან მათთან თანამშრომლობასა  და წახალისებას.  ის უმნიშვნელოვანესია პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით. 
    მოსწავლის როლი ინკლუზიური სწავლებისას 

    ყოველი მასწავლებლის საზრუნავია სხვადასხვა საჭიროებისა და შესაძლებლობების მოსწავლეთა ჩართვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული, შრომატევადი და გარკვეულ შემთხვევაში წინააღმდეგობებით სავსე. ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც საზოგადოების დამოკიდებულება სსსმ მოსწავლის მიმართ გულგრილი და უპასუხისმგებლოა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მშობლები  გაურბიან თავიანთი შვილების ასეთი მოსწავლეების გვერდით ყოფნას, რადგან ისიც ,,იჩაგრება” …   ასეთი სიტუაციების მართვა და პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია მასწავლებლის პროფესიონალიზმზე. ყველაზე რეალური და საიმედო კი ამ დროს თვით მოსწავლეები არიან,  სათანადო საუბრები, რეკომენდაციები, სიტუაციური ამოცანები თუ ადამიანური ურთიერთობები გვეხმარება, რომ მოსწავლეებმა ითანამშრომლონ ჩვენთან. ისინი არაჩვეულებრივად ართმევენ თავს იმ კონკრეტულ დავალებებსა და ვალდებულებებს, რომელიც თანაკლასელზე ზრუნვით არის გაპირობებული.  საბოლოოდ კი მათ შეუძლიათ  მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიონ ჩვენ, თნაკლასელს და საკუთარ თავს. სწავლობენ ადამიანურ ურთიერთობებს, სხვაზე ზრუნვას, უვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები და ყალიბდებიან საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. იმ ადამიანებად, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და შეზღუდული უნარი არ ნიშნავს საზოგადოებისაგან გარიყულობას. 
         არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღწერილი დამოკიდებულება გვეხმარება ნიჭიერი მოსწავლის ინკლუზიაშიც. გარდა იმისა, რომ მასწავლებელი მათთან ისგ-ით მუშაობს, ურთიერთდახმარების პროცესში მათი როლი საგულისხმოა. 
 მოსწავლე – კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობების განხორციელებისას 
     
   ერთფეროვნება ნებისმიერი ადამიანისათვის მოსაწყენია, მით უმეტეს, მოსწავლისათვის. სწავლის პროცესი დამღლელი და მოსაბეზრებელი  არ იქნება, თუ მასწავლებელი ხშირად  გამოიყენებს მრავალსახოვან აქტივობებს. ნებისმიერი განსხვავებული ფორმატი, მიზნობრივად დაგეგმილი და განხორციელებული, ეფექტურ სასწავლო გარემოს ქმნის.  ვიცი, რთულია ერთი ადამიანისათვის მისი დაგეგმვა და მართვა. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება ყველაზე სერიოზული პრობლემების გადაჭრაში. პროცესი უნდა  მიმდინარეობდეს  ორგანიზებულად. იგეგმება აქტივობა, მოსწავლეებთან ერთად (გონებრივი იერიშით) კეთდება რესურსებისა და 
განსახორციელებელი ამოცანების ნუსხა. შემდეგ კი ყველა ინაწილებს იმ საქმეს, რომლის განხორციელებაც შეუძლია. მოსწავლეები ამ დროს თანამშრომლობენ მშობლებთან და ამხანაგებთან). დამერწმუნებით, რომ ამგვარი ჩართულობით განხორციელებული აქტივობა ყველასათვის სახალისოა, ყოველი ასეთი მუშაობა ხდება ახალი აქტივობის საფუძველი. ამ დროს იდეების გენერაცია მოსწავლეთაგან მოდის .  
 
        მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შეძლებენ მოსწავლეები აღწერილი პროცესის მიზანდასახულ განხორციელებას.  
უნარები, რომელიც ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელებისას ვითარდება 
სოციალური, კომუნიკაბელური, კოლაბორაციული, დამოუკიდებელი  ქმედების, პრობლემის გადაჭრის, აზროვნების, პასუხისმგებლობის, ისტტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენების … 
                                                     
  გთავზობთ რეკომენდაციებს, რომელიც მრვალწლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მასწავლა …  
1.ხშირად წარმოიდგინე შენი თავი მოსწავლის როლში; 
2. ეცადე, მოსწავლის შესაძლებლობები გამოიყენო მისი და სხვების სასარგებლოდ;
3.არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც არ შეუძლია შენთვის გარკვეული დახმარების გაწევა სწავლა -სწავლების პროცესში ;
4.ენდეთ მათ, დაავალეთ ის, რისი გაკეთებაც შეუძლია;
5. დააფასე მოსწავლის მიერ გაწეული ნებისმიერი დახმარება, შრომა და პოზიტიური მოქმედება; 
6.დაიხმარე მოსწავლე, თუნდაც მისი დახმარება არ გჭირდებოდეს; 
7. ეცადე, ისეთი აქტივობები განახორციელონ, როდესაც თავს მასწავლებლის პოზიციაში წარმოიდგენენ;
8.არასოდეს დაამცირო; რეკომენდაციები მიეცი ფრთხილად. კარგია, როცა თვითონ აღმოაჩენს საკუთარ შეცდომებს;
9. არ გაარჩიო მოსწავლეები აკადემიური მოსწრების მიხედვით. არ არსებობს ცუდი მოსწავლე!!!
10.მუდამ გახსოვდეს, რომ  მოსწავლის სულზე ილექება ყველაფერი… კარგიც და ცუდიც. 
    
                გამოყენებული ლიტერატურა :
             
               მასწ. პროფ. განვ. ეროვნული ცენტრი  — სწავლების სტრატეგიები ( თბილისი – 2011 წელი ) 

კითხვის საათი წიგნიერების განვითარებისთვის

0
დაწყებით კლასებში დამრიგებლის საქმიანობით მისაღწევ ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს წიგნიერების კომპეტენციის განვითარება. ამ მიზნით, I – IV კლასის დამრიგებლებმა კითხვის საათის ფორმატში უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები: კითხვის ტექნიკის გაძლიერება, წაკითხულის განხილვა-გააზრება, ანალიზის უნარის განვითარება, მსჯელობის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პირველ რიგში, საჭიროა სამუშაო ტექსტის შერჩევა, რომელიც უნდა პასუხობდეს სადამრიგებლო პროგრამის მიმართულებების თემატიკას. მეოთხეკლასელებისათვის გთავაზობთ სამუშაო ტექსტს ,,პატარა წალკოტის ამბავი, ანუ ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი” (დანართი1). თემატურად ის ეხმიანება პიროვნული განვითარების, გარემოს დაცვის, თვალსაწიერის გაფართოების მიმართულებებს.

1. კლასს ვაცნობთ ნაწარმოების სათაურს და ვეკითხებით: რას ნიშნავს სიტყვა წალკოტი? რას გულისხმობს ანდაზა „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”? თქვენი აზრით, რას შეიძლება ეხებოდეს ეს ნაწარმოები?

2. ტექსტი ურიგდება ყველა მოსწავლეს. სამ-ოთხ ნაწილად გაყოფილ ტექსტს სხვადასხვა მოსწავლე კითხულობს. მკითხველებს წინასწარ ვაძლევთ ინსტრუქციას – მკვეთრად, გასაგებად და შესაბამისი ინტონაციებით წაიკითხონ ტექსტი; დანარჩენებს ვთხოვთ, ყურადღებით მიადევნონ თვალი და მონიშნონ გაუგებარი ფრაზები ან სიტყვები.

3. გონებრივი იერიშის მეთოდით, მოვიძიებთ უცხო სიტყვებსა და ფრაზებს, ვწერთ დაფაზე ან ფლივჩარტზე და ვცდილობთ დამხმარე კითხვებით მივიყვანოთ მოსწავლეები ამ სიტყვებისა თუ ფრაზების ახსნამდე; საჭიროების შემთხვევაში, განვუმარტავთ.

4. ვქმნით სამ ან ოთხ ჯგუფს და ვაძლევთ დავალებას: შეადგინონ ნაწარმოების გეგმა და გააცნონ კლასს.

5. იგივე ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას პრეზენტაციაზე ,,ნამდვილი და გამოგონილი ,,ერთი წალკოტის ამბავში”. ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.

6. კლასს დისკუსიისათვის ვთავაზობთ კითხვებს:

ა) რას ეხება ეს ნაწარმოები? რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მასში?
ბ) რა არის საჭირო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად?
გ) თქვენი აზრით, რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ ხელოვანსა და ხელოსანს?
7. ვაჯამებთ დისკუსიას, უკუკავშირის მეთოდით ვაკეთებთ მინიშნებებსა და შეფასებებს. შეჯამებისას არ ვაკეთებთ ცალსახა ფორმულირებებს ( მაგალითად, ,,მოხუცი შეცდა”, ან ,,არ შეცდა”), რათა ბავშვებს დავუტოვოთ ფიქრისა და განსჯის შესაძლებლობა. საბოლოოდ, შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, დავალებად ვაძლევთ ესეს ,,როგორ გადაარჩენდით ან აღადგენდით წალკოტს?”
დანართი 1

პატარა წალკოტის ამბავი,

ანუ ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”

ზაფხულის ერთ საღამოს ბებიამ შვილიშვილებს უამბო:

– ჩემი ბავშვობის ქალაქში, დიდი ხნის წინ ტაძრის გვერდით ერთი ოჯახი დასახლებულა. ოჯახს ხუთი შვილი ჰყოლია. მათგან ერთს თურმე გამორჩეულად უყვარდა ბუნება, განსაკუთრებით ყვავილები. ბიჭი ბევრს დახეტიალობდა ტყეში თუ მინდორში და სადაც ლამაზ ან უცნაურ ყვავილს, ტოტსა თუ ქვას წააწყდებოდა, უბით, ხელისგულებით მოჰქონდა და ეზოში აბინავებდა. ადგილს ისე შეურჩევდა და მოუწყობდა, იფიქრებდით, დედა-ბუნებას მოურგია ეს ყვავილი და ქოთნის ნატეხი ერთმანეთისთვისო.

ბიჭი გაიზარდა და მებაღეობის სწავლა დაიწყო. ჯერ თავის ქვეყანაში სწავლობდა, მერე ყვავილების სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანაშიც წავიდა, ბევრი რამ გაიგო და ისწავლა, ყველა გზიდან თან უცხო მცენარეები, უცხო ყვავილები წამოიღო და თავის ბაღში გაახარა.

ბაღი დიდი არ იყო, მზის ჩასვლისას ტაძრის ჩრდილი რომ გადმოწვებოდა, გადაფარავდა ხოლმე იქაურობას. ეს პატარა ადგილი მალე წალკოტად იქცა.

— რას ნიშნავს, ბებო, წალკოტი? – იკითხა ბიჭმა.

– წალკოტი ისეთი ბაღია, სადაც უამრავი ყვავილი და დეკორატიული მცენარეა და ყველა ერთად განსაკუთრებულ სილამაზეს ქმნის. იმ ბაღშიც ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა ჯიშის ვარდების ფერები და სურნელი. ციცქნა ცისთვალებს მორცხვად გამოეყოთ თავი თიხის ჭურჭლის ნამტვრევიდან. კუნძის თავზე შემოწნული კვალი ვერცხლისფერ ხავსს ამოევსო, იქიდან გადმოკიდული კავიანი ყვავილი კი მიწისკენ ისწრაფოდა. მდინარიდან გამორიყული ხის ტოტი გველეშაპივით გაწოლილიყო, ვეებერთელა ქვევრი ჩრდილში წამოკოტრიალებული დევი გეგონებოდათ. მებაღე გათენებიდან დაღამებამდე იქაურობას დასტრიალებდა, მიწას და ყვავილებს ჩასჩურჩულებდა, ელაპარაკებოდა.

– ბებო, შენ ყოფილხარ იმ ბაღში, გინახავს ის მებაღე? – დაეჭვდა გოგო და დააყოლა: – რაღაც ზღაპარივით გვიყვები..
– არა, ბებო, ნამდვილი ამბავია და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ბაღში. მე კი არა, ბაღის ამბავი გასცდა პატარა ქალაქს, ქვეყანას და მნახველი მნახველზე მოდიოდა. ბაღის ვიწრო ბილიკებზე დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდებოდა. მებაღეს ყვავილების ჯადოქარი, ყვავილებით მხატვარი შეარქვეს. მე უკვე მოხუცი მახსოვს, ძალიან მოხუცი. მუდამ მიწისკენ და ყვავილებისკენ დახრილი, ბეჭებშიც მოიხარა, მაგრამ საქმეს თავს არ ანებებდა. ბავშვებთან საუბარი ძალიან უყვარდა, უამბობდა ყვავილების ზნესა და ხასიათზე.

როგორც ამბობდნენ, ღამით, როცა ადამიანები იძინებდნენ, ყვავილები იდგამდნენ ენას და ერთმანეთს თავ-თავიანთ ამბავს უამბობდნენ. ყველაზე ამპარტავნები ჩინური ვარდები და ჰოლანდიური ტიტები იყვნენ, ყველაზე უკარებები – აფრიკული კაქტუსები, თავმდაბლობით ჩვენებური იები და ენძელები გამოირჩეოდნენ. ილაპარაკებდნენ ყვავილები და ბოლოს თავიანთი მებაღის დღეგრძელობას შესთხოვდნენ დედა-ბუნებას. მხოლოდ ვეებერთელა ლოდი იყო ჩუმად, მთასავით მედიდურად უსმენდა ყველას და არც ეთანხმებოდა, არც ეწინააღმდეგებოდა. ამ ლოდზე დაყრდნობა უყვარდა მოხუცს და ისიც იმ წუთების მოლოდინით ათენ-აღამებდა, რომ ბუნების მოამაგისთვის ბუნებისავე ძალა და ენერგია გაეზიარებინა.

– ბებო, ბებო, ეს როგორღა გაიგე? – ჩაეკითხა ბიჭი.

– ეს ჩემმა ბებიამ მიამბო და მეც თქვენ გიამბეთ. მებაღემ თითქმის საუკუნეს მიაღწია, შვილებიდან ერთი ქალიშვილი ცხოვრობდა მასთან და საქმეშიც ეხმარებოდა. სხვები აქეთ-იქით დაფანტულიყვნენ. ლოდთან შესვენებისას მოხუცი ხშირად ფიქრობდა თავისი წალკოტის მომავალზე და თავს ხმამაღლა შეუძახებდა ხოლმე, ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო”. იქვე დევივით წამოწოლილი ქვევრი ჯერ მუცელში ჩაიტრიალებდა მის ხმას და მერე ექოდ აბრუნებდა. მებაღეს ძალიან ართობდა ეს გამოპასუხება. თითქოს წალკოტი არიგებდა ჭკუას. შვილიშვილებიდან ორს ამჩნევდა ბუნების სიყვარულსა და ხელოვანის ნიჭს. აკვირდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებდა.

…და ზამთრის ერთ სამწუხარო დღეს მებაღე ისე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო ეთქვა, ვის აბარებდა ნაამაგარს. ანდერძის მიხედვით, ბაღშივე დაკრძალეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც დასვენება უყვარდა.

მამისა და ბაღის მოყვარული ქალი იქაურობას ზრუნვას არ აკლებდა. მაგრამ აღარც ის იყო ახალგაზრდა. მამის მაგივრად ახლა მას უნდა გადაეწყვიტა წალკოტის მომავალი. ბოლოს, მებაღის მრავალრიცხოვანი შთამომავლებიდან იქაურობა ისეთებს დარჩათ, რომლებსაც არც ბუნების ენა ესმოდათ და არც მხატვრის ნიჭი ჰქონდათ. ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ვერ შესძლეს იმ განძის პატრონობა, რაც მათ ხელში აღმოჩნდა.

მოიწყინეს ნაფერებმა ყვავილებმა, ზოგი გახმა, ზოგი დაჩიავდა. მათი ადგილი პომიდორმა და კომბოსტომ დაიკავა. წალკოტი ჯერ ბაღს დაემსგავსა, მერე – ბოსტანს. იქაურობა შეიცვალა. მხოლოდ მებაღის საყვარელი ლოდი არ იცვლება, დარაჯობს საფლავს და მედიდურად დუმს. თავქარიანი ჩიტავაშლებიც უძლებენ დროს და ზამთარში წითლად ღუიან. დაჰქროლებს ქარი, გადაურბენს ნაწალკოტარს, ქვევრის მუცლიდან გამოიტაცებს მოხუცის ხმას და წითელ ტოტებში გაბლანდავს. თუ კარგად დაუგდებ ყურს, გაიგებ როგორ ჩურჩულებს ქარი ,,ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო”.

– ბებო, ,,გაზომვა” დაფიქრებას ნიშნავს, არა? – იკითხა ბიჭმა.

– დიახ, ბებო გენაცვალოს, გაზომვა დაფიქრებასა და აწონ-დაწონვას ნიშნავს, ადამიანმა წინ გახედვა უნდა მოახერხოს, რომ სწორად ივარაუდოს, რას რა შედეგი მოჰყვება და ისე უნდა გაჭრას, ანუ გადაწყვეტილება მიიღოს.
– წაგვიყვანე რა, ბებო, გვაჩვენე იქაურობა, მართლა ასე ჩურჩულებს ქარი? – ისევ ბიჭი დაინტერესდა.

– წაგიყვანთ, ოღონდ ზამთრის ქარიანი დღე უნდა შევარჩიოთ და ძალიან, ძალიან ყურადღებით მოვუსმინოთ.
– ბებო, იმ ბაღს აღარაფერი ეშველება? – ჩაეძია გოგო.

– ეშველება, თუ ისევ მოხუცი მებაღისნაირი ნიჭიერი და მოყვარული ადამიანი გამოუჩნდება პატრონად.

„არჩევანი – მე, არადანი – შენ“, ანუ საგანი, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლით

0

„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით. თუ არა და იპოვით მიზეზს!”

 

ჯიმ რონი

როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არჩევანის უფლებასაც. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთა უმეტესობა დემოკრატიული ხედვის აუცილებლობას აღიარებს და პრესტიჟულადაც მიაჩნია მისი მმართველობის სტილის ამ სიტყვით მოხსენიება, პიროვნების არჩევანის უფლება მაინც ხშირად იზღუდება ოჯახსა თუ სოციუმში. პირველი დიდი არჩევანი, რომელსაც მოზარდი აკეთებს თავის ცხოვრებაში, საკუთარი მე-ს პოვნა და სასურველი მომავლის არჩევაა. ოჯახი ამაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ჩემი აზრით, არჩევანის უფლების შეზღუდვას, თუნდაც კეთილი მიზნით, იშვიათად აქვს სასურველი დასასრული. თავად განსაჯეთ, რა დამოკიდებულება გაუჩნდება ადამიანს, სხვის მიერ არჩეული, ჯერ უცხო მომავლის პირისპირ მარტო რომ დარჩება. ადამიანს, რომელიც პატარაობიდანვე არჩევანის გაკეთებას მიაჩვიეთ: ის ირჩევს ჭიქას, რომლიდანაც რჩეული ყავის პირველი ყლუპის მოსმის შემდეგ თენდება, ირჩევს ოთახს, პირად ნივთებს, ადამიანებს… რომ დავუფიქრდეთ, ჩვენს ცხოვრებას ძალიან ჰგავს ცნობილი თამაში ,,არჩევანი – არადანი” – ვინც დაასწრებს, ის ირჩევს საუკეთესოს, თან, სასურველი კანდიდატი რომ იყო, ჯერ საზოგადოების პატივისცემა და ნდობა უნდა მოიპოვო. კონკურენცია – ეს ის მნიშვნელოვანი ,,საგანია”, რომელსაც პირველი ნაბიჯის გადადგმასთან ერთად ვსწავლობთ – თამაშ-თამაშით. ნელ-ნელა „სასწავლო მასალა” რთულდება – თავის გატანა, თვითდამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა ამ უზარმაზარ, ძლიერი კონკურენტებით სავსე გარემოში ბევრ ჩვენგანს უჭირს. სკოლაში ერთმანეთს პოპულარული მეგობრების/შეყვარებულების რაოდენობას, ნიშნებს ვატოლებთ, მოგვიანებით – ჯიბის სისქეს, კარიერული კიბის სიგრძეს, სახელს… ზოგი სხვის ომში ბრძენდება, უფრო დაკვირვებული – თავისაში.

 

ასეთივე რთული გზის გავლა მოუხდა ადამიანს, რომელზეც ახლა ვაპირებ საუბარს. მან ძალიან კარგად იცის არჩევანის უფლებისა და კონკურენციის ფასი. მისი ცხოვრება ბევრისთვის იქცა იმ საგნის საუკეთესო სახელმძღვანელოდ, რომელსაც არც ერთ სასწავლო დაწესებულებაში არ ასწავლიან.

„კომპიუტერი – ყველა მაგიდაზე, ყველა სახლში!”

ოცდამეერთე საუკუნეში პრობლემას აღარ წარმოადგენს კომპიუტერის შეძენა და მართვა. მცირეოდენი ინსტრუქციისა და პრაქტიკის შემდეგ ყველა მონდომებულ ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს ინტერნეტსაიტების ვრცელ სამყაროში და Microsoft-ის საოფისე პროგრამებით სამუშაო გაიადვილოს. მიუხედავად საზოგადოების სრული „კომპიუტერიზაციით” გამოწვეული უკმაყოფილებისა, არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ ცივილიზაციის ამ უდიდესი მიღწევის დადებით თვისებებზე, რომელიც, ჩემი აზრით, სწორედ შრომის გაადვილებას ემსახურება და არა რეალობის შეგრძნების დაკარგვას და კიბერნეტიკულ სამყაროში გადაბარგებას.

ერთი მათგანი, ვისი თავდაუზოგავი შრომისა და განსაკუთრებული ნიჭის წყალობითაც მე ახლა ჩემს ნოუთბუქში ამ წერილს ვკრეფ და არ ვხარჯავ ათეულობით ფურცელს და მელანს, კიბერნეტიკული სამყაროს „მეფე” ბილ გეითსია.

 „წარმატება ცუდი მასწავლებელია, ჭკვიან ხალხს აიძულებს დაიჯერონ, რომ ისინი არასდროს წააგებენ”

უილიამ ჰენრი გეითს III, კომპიუტერული მაგნატი, კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი და მფლობელი, დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს სიეტლში, ვაშინგტონის შტატში. მისი მამა ცნობილი ადვოკატი იყო, დედა კი – სკოლის მასწავლებელი.

12 წლის ბილი ადგილობრივი დაწყებითი სკოლიდან სიეტლის ყველაზე პრესტიჟულ საშუალო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც მას საშუალება მიეცა, სკოლის მინიკომპიუტერზე განევითარებინა თავისი შესაძლებლობები პროგრამირების დარგში. გეითსს უჭირდა კოლეჯის სხვა სასწავლო საგნების (განსაკუთრებით – ჰუმანიტარულის) შესწავლა და მათ ტრივიალურს უწოდებდა. სამაგიეროდ, უმაღლესი ქულებით აფასებდნენ ტექნიკური მეცნიერებების კათედრაზე. გულჩათხრობილი მოზარდის მთავარი ოცნება მათემატიკის პროფესორობა გახლდათ. მიუხედავად უნიკალური მათემატიკური და ლოგიკური აზროვნებისა (ის ყოველთვის პოულობდა პასუხისკენ მიმავალ უმოკლეს გზას), ბილს სკოლაში არასდროს გამოუმჟღავნებია ლიდერის თვისებები.

კოლეჯმა ვერ გაითვალისწინა მორცხვი და თითქმის ყველაფერში წარუმატებელი სტუდენტების რეალური შესაძლებლობები და ბილ გეითსისა და მისი მეგობრის, პოლ ალენის, კომპიუტერული ექსპერიმენტების წყალობით სკოლის მიერ შეძენილი ერთწლიანი კომპიუტერული მომსახურების პაკეტი ორ კვირაში ამოიწურა. საბედნიეროდ, ერთ-ერთი სტუდენტის მამამ, კომპიუტერული კომპანიის თანამშრომელმა, სკოლას ეს პრობლემა მალევე მოუგვარა და მომავალი მაგნატის ექსპერიმენტებიც გაგრძელდა (შეგახსენებთ, სამოციან წლებში სტუდენტებისთვის კომპიუტერებისა და მათით სარგებლობის დროის შეძენა ძალიან ძვირი უჯდებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას).

ბილის მშობლები ანაზღაურებდნენ სკოლის ყველა ხარჯს, კომპიუტერთან დაკავშირებული ხარჯების გარდა – ამაზე მომავალ მაგნატს თავად უნდა ეზრუნა. ბილ გეითსი იგონებს, რომ მშობლები თავიდანვე აჩვევდნენ შვილებს მიზნისკენ დამოუკიდებლად სწრაფვას. და-ძმა, მშობლების თხოვნით, ხშირად მართავდა დებატებს ნებისმიერ თემაზე, წიგნებით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული, რაც თავისთავად თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება-განმტკიცებას ემსახურებოდა (აღზრდის იმავე მეთოდებს იყენებს ბილიც. მისი ანდერძის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად მრავალჯერ აღიარებული კომპიუტერული მაგნატის შვილებს მხოლოდ 10-10 მილიონი ერგებათ, დანარჩენი თანხა კი საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაში გადავა. მაგნატს სურს, მისმა შვილებმა საკუთარი შრომით მოიპოვონ სახელი და კეთილდღეობა).

ბილმა და მისმა მეგობრებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს პროგრამისტებს, გატეხეს მათი სერვერები, სურვილისამებრ ცვლიდნენ ამა თუ იმ ინფორმაციას, კომპიუტერის გამოყენების დროს და ა.შ. თავიდან ახალგაზრდები მკაცრად დასაჯეს – კომპიუტერით სარგებლობა აუკრძალეს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ Computer center corporation-მა სწორედ ახალბედა სიეტლელ „ჰაკერებს” შესთავაზა დაცვითი პროგრამის შექმნა. მას შემდეგ მოზარდებს შეკვეთები არ მოჰკლებიათ. ბილი სულ რაღაც ცამეტი წლის იყო, როცა ცნობილი თამაშის (X-0) პირველი კომპიუტერული ვერსია შექმნა. მეათე კლასში იგი კომპიუტერს კი არ სწავლობდა, არამედ ასწავლიდა.

შეგახსენებთ, რომ ბილის მოსწავლეობის დროს, სამოციან წლებში, კომპიუტერი-გიგანტები მთელ ოთახს იკავებდნენ და მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მათზე მუშაობა. კოლეჯში ბილ გეითსმა ჩამოაყალიბა კომპანია traf-O-Data, რომელშიც თანამოაზრე ახალგაზრდები დაასაქმა. ისინი ქმნიდნენ კომპიუტერულ პროგრამებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ადგენდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს. 15 წლის ბილმა შექმნა ქუჩის მოძრაობის მარეგულირებელი პროგრამა. ამ პროექტში მომავალ მაგნატს 20 000 დოლარი გადაუხადეს.

1973 წელს, ოჯახური ტრადიციის თანახმად, ბილი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი კარჩაკეტილი ცხოვრების სტილი და ასოციალური ბუნება კონკურენციას ვერაფრით გაუწევდა, ასე ვთქვათ, „ყველა საჭირო კარის კანონის წიხლით შემღებ” თამამ საზოგადოებას.

ჰარვარდში გეითსმა სტივ ბალმერი გაიცნო და სწორედ მასთან ერთად შექმნა დღეს მსოფლიოში სახელგანთქმული Microsoft-ი.

 „ისიამოვნეთ იმ საქმით, რომელსაც მოეკიდეთ და მუშაობა არასოდეს მოგიწევთ”

ბილ გეითსს და სტივ ბალმერს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მალე კომპიუტერი შეუცვლელი გახდებოდა და ყველა სამუშაო დაწესებულებაში, ყველა სახლში დაიდებდა ბინას. მეგობრებმა დაიწყეს პერსონალური კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა. მართალია, თავიდან ლამის გაკოტრდნენ, მაგრამ უკან მაინც არ დაიხიეს. 1979 წელს დაბრუნდნენ. ამავე წელს გარიცხეს ბილი ჰარვარდიდან გაცდენებისა და არადამაკმაყოფილებელი მოსწრების გამო, მაგრამ მომავალ მილიარდერს ამაზე დიდად არ უნაღვლია, რადგან გარიცხვის ცნობას მალე უკან მოჰყვა შთამბეჭდავი წინადადება IBM-ისგან, რომლისთვისაც Microsoft-ს უნდა შეექმნა ოპერატიული სისტემა მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერებისთვის.

ბილ გეითსმა შექმნა 50 000 დოლარად შეფასებული სისტემა MS-DOS. IBM-ის ახალმა კომპიუტერმა, რომელიც Microsoft-ის თანამედროვე პროგრამით იყო აღჭურვილი, მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მალე ბილ გეითსის კომპანია იმდენად წარმატებული და ძლევამოსილი გახდა, რომ ამერიკული ანტიმონოპოლიური კომიტეტის ყურადღება მიიპყრო. მას შემდეგ კომიტეტი სხვადასხვა ხერხით ცდილობდა ბილ გეითსის იმპერიისთვის ძირის გამოთხრას. 1990 წელს სასამართლომ Microsoft Corporation-ი მონოპოლიად ცნო და ანტიმონოპოლიურ კომიტეტთან მისი ურთიერთობაც გამწვავდა. 2000 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მაგნატს შესთავაზა, კომპანია ორ ნაწილად გაეყო: ერთი მათგანი microsoft office-სა და internet explorer-ს აწარმოებდა, მეორე კი – windows-ს. მაგრამ კორპორაციის დამფუძნებელმა უარი განაცხადა საქმიანობის დანაწევრებაზე, რადგან, მისი აზრით, Microsoft-ის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროდუქტები ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

ბილ გეითსი 1994 წელს დაქორწინდა მელინდა ფრენჩზე, რომელმაც მაგნატს სამი შვილი – ორი გოგო და ერთი ბიჭი – გაუჩინა. დაოჯახების შემდეგ ბილი მეტ დროს და ყურადღებას ქველმოქმედებას უთმობს: მაგნატმა დააწესა ერთი მილიონი დოლარის ოდენობის სტიპენდია (Gates Millennium Scholarship Program) გამორჩეულად ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტებისთვის; 750 000 დოლარი გამოყო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის განვითარებისთვის; მეუღლესთან ერთად დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც უკვე 17 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ჯანდაცვისა და განათლების განვითარებისთვის. გეითსების ფონდი აფინანსებს ბიბლიოთეკების კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ პროექტებსაც, რომლის წყალობითაც აშშ-ისა და კანადის ადგილობრივი სამკითხველო დაწესებულებების მკითხველებს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ეძლევათ.

კორპორაციიდან წამოსვლის შემდეგ (2008 წ.), ბილ გეითსი მონაწილეობს ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა თანამგზავრების გამოშვება, მსოფლიო ტელეკომუნიკაციის უზრუნველყოფა, მსოფლიოს უმსხვილესი ვიზუალური ინფორმაციის დამუშავება…

„ბიზნესი შესანიშნავი თამაშია – უწყვეტი შეჯიბრება მინიმალური წესებით, რომლის ანგარიშიც ფულით განისაზღვრება”

დღეს Microsoft-ი უზარმაზარი კორპორაციაა თითქმის 90 000 თანამშრომლით. ბილ გეითსი იშვიათად თმობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს. მიუხედავად ამისა, იცვამს უბრალოდ, ხშირად სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტების მომსახურებით და მიაჩნია, რომ ფულის გონივრულად დახარჯვა ისევე ძნელია, როგორც მისი გამომუშავება. მისი აზრით, არ შეიძლება, ადამიანმა ცხოვრების აზრად ფული აირჩიოს; მას უნდა ჰქონდეს გაცილებით გლობალური, საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი მიზანი ცხოვრებაში.

მსოფლიო მაგნატი ამაყობს უნარით, რომლის წყალობითაც ,,საჭირო” ადამიანების ამოცნობა შეუძლია. „მე სულელებს არ ვქირაობ”, – ამბობს ბილი. იგი თავად ესაუბრება ვაკანტური ადგილის დაკავების მოსურნე პრეტენდენტებს და თუ საჭირო გახდა, პირადად რეკავს სასურველ კანდიდატთან მოსალაპარაკებლად. მისი გუნდი უმაღლესი კლასის პროფესიონალებისგან შედგება. ბიზნესში ხომ მთავარია, იყო საუკეთესო, გაუძლო მაღალ კონკურენციას და მეტიც – გამუდმებით პირველი ადგილისთვის იბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული კომპიუტერების 80 პროცენტზე მეტი უზრუნველყოფილია Microsoft-ის პროგრამებით, ბილ გეითსს მაინც მიაჩნია, რომ წარმატება ცუდი მასწავლებელია. იგი არასდროს ჩერდება დალაშქრულ მწვერვალზე და ყოველთვის განაგრძობს გზას ახალი „ევერესტის” დასაპყრობად.

ის, რასაც სკოლაში ვერ ისწავლით

ბილ გეითსი ხშირად სტუმრობს სკოლებს, გამოდის სიტყვით და მოსწავლეებს დაუნანებლად უზიარებს თავის გამოცდილებას. აუდიტორიის წინაშე ყოველი გამოსვლისას მაგნატი ჩამოთვლის 11 საკითხს, რომლებსაც, მისი აზრით, სკოლებში არ ასწავლიან:

1. ცხოვრება უსამართლოა – მიეჩვიეთ ამას.

2. საზოგადოებას საერთოდ არ აწუხებს შენი თვითშეფასება, ის შენგან მიღწევებს ელის.

3. თქვენ ვერ მიიღებთ წელიწადში 60 000 დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე და ვერ გახდებით ვიცე-პრეზიდენტი პირადი მძღოლით, სანამ არ გამოიმუშავებთ ამისთვის საჭირო თანხას.

4. თუ მიგაჩნიათ, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მკაცრად გექცევათ, ეს მხოლოდ დასაწყისია; დაიცადეთ, სანამ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება „ბოსი”.

5. ჰამბურგერების მომზადება გეთაკილებათ? ძალიან ცდებით. თქვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის ჰამბურგერის მომზადება იყო შანსი ამ ცხოვრებაში ფეხის მოსაკიდებლად.

6. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, ნუ გადააბრალებთ მშობლებს. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე! შეცვალეთ წარუმატებლობის მიმართ თქვენი დამოკიდებულება.

7. მშობლები ყოველთვის არ ყოფილან ისეთი მოსაწყენები, როგორებადაც ახლა გეჩვენებიან. იქნებ თქვენზე გამუდმებულმა ზრუნვამ აქცია ისინი ასეთებად? ასე რომ, სანამ მშობლების თაობას გააკრიტიკებდეთ, დაიწყეთ საკუთარი თავით.

8. სკოლაში უამრავი შანსი გეძლევათ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები – გადააბაროთ გამოცდები, შეიცვალოთ სკოლა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა!

9. ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად, თქვენ არ გექნებათ ზაფხულის არდადეგები და არც თქვენი ხელმძღვანელი დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში – ამის გაკეთება თავად მოგიწევთ.

10. ტელევიზორში არ აჩვენებენ „ნამდვილ ცხოვრებას”. რეალურ ცხოვრებაში ვერ მოახერხებთ მთელი დღე მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომას.

11. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას „მზუთხველებთან” – რომელიმე მათგანი სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლოა თქვენი ბოსი გახდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეითსი არასდროს ერიდება უმაღლესი განათლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გამოხატვას („ნებისმიერ დროს წადით და შექმენით საკუთარი საქმე, ჰარვარდში დაბრუნებას ყოველთვის მოახერხებთ”), ის მაინც აღიარებს კარგი განათლების მიღების საჭიროებას. მსოფლიო მაგნატის აზრით, დღევანდელ ახალგაზრდობას მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს ცხოვრება, ამიტომაც უმაღლესი განათლება მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სამოციან წლებში საშუალო განათლება იყო. ბილ გეითსს 2007 წელს მაინც მოუწია ჰარვარდის კურსდამთავრებულის ქუდის მორგება, როცა სახელგანთქმული უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მაგნატს დიდი პატივით გადასცა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის ყველაზე წარმატებული სტუდენტის დიპლომი.

რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანის ცხოვრებას ვეცნობი, ყველა მათგანთან ვპოულობ საჭირო რჩევას, რომელიც ძალიან მეხმარება სხვადასხვა სახის სირთულის დაძლევაში. ვაღიარებ, ჯიუტი მოსწავლე ვარ და ხშირად მეზარება ცხვირწინ მოჯახუნებულ კართან ჭიდილი, მაგრამ მერე სინდისი მქენჯნის, რადგან ვიცი, მეტი შემიძლია და მაინც არაფერს ვაკეთებ იმ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. იქნებ თქვენ მაინც მოახერხოთ და დაეუფლოთ იმ საგანს, რომელიც არსად ისწავლება, მაგრამ რომელთან დაკავშირებულ ცოდნასაც წარმატებული ადამიანები ყოველთვის გულუხვად გვიზიარებენ. გულითა და სულით წარმატებას გისურვებთ.

გაკვეთილზე დაკვირვება

0

დღეს, როდესაც საუბარია მასწავლებლის საქმიანობის
შეფასების ახალ სისტემაზე,  განსაკუთრებულ
აქტუალობას იძენს ამ შეფასების  მთავარი
ობიექტი – გაკვეთილი. ყველაზე კარგად ადასტურებს მასწავლებლის კომპეტენციას ის, თუ
რას აკეთებს იგი ყოველდღიურად მოსწავლეებთან შეხვედრისას. შედეგსა და მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლება გაკვეთილის მსვლელობაზე დაკვირვებისას ითხოვს ყურადღების
გამახვილებას ახალ ასპექტებზე. მასწავლებლის ნებისმიერი საქმიანობა გაკვეთილზე
განიხილება იმ ჭრილში, თუ მოსწავლეთა რა საპასუხო საქმიანობებს უკეთებს ის
პროვოცირებას (ინიცირებას), რა არის და როგორია თითოეული ამ საქმიანობის შედეგი,
როგორ უკავშირდება ის გაკვეთილის მომზადების პროცესში დასახულ მიზნებს.

გაკვეთილის სქემა, ერთი შეხედვით, ძალიან
მარტივია. ის შეიძლება სამკუთხედის სახით გამოვხატოთ: 

 

ეს სამი ძირითადი კომპონენტი მაშინ შექმნის ჰარმონიას,
როცა საშუალებები (ორგანიზების ფორმა, დრო, სასწავლო საქმიანობები, მეთოდები,
რესურსები) ისეთ შედეგს მიგვაღწევინებს, რომელიც ემთხვევა ან ძალიან ახლოსაა დასახულ
მიზანთან, შედეგი კი მოწმდება შეფასების საშუალებებით. ეს
ყველა მასწავლებლისათვის ცნობილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ როგორი უნდა იყოს გაკვეთილზე
დაკვირვების ფორმა? რა შემთხვევაში იქნება ის დამკვირვებლის ხელში ზუსტი და
გაზომვადი ინსტრუმენტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იმის საშუალებას მისცემს
მასწავლებელს, თავად დაინახოს გაკვეთილზე საკუთარი საქმიანობის ძლიერი და სუსტი
მხარეები?

დაკვირვების მიზნიდან გამომდინარე, მისი რამდენიმე
სახე არსებობს (ამის შესახებ იხ.
სოფიკო ლობჟანიძე, კოლეგებთან თანამშრომლობა – წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა, Maswavlebeli.ge, 08 აგვისტო).  ამავე დროს, განასხვავებენ ფორმალურ და
არაფორმალურ დაკვირვებას. ფორმალური დაკვირვების დროს დამკვირვებელი წინასწარ
აფრთხილებს მასწავლებელს როგორც დაკვირვების თარიღის, ისე დაკვირვების ფოკუსის
შესახებ. რაც შეეხება არაფორმალურ დაკვირვებას, ეს ხდება მოულოდნელად,
მასწავლებელთან შეთანხმების გარეშე. პირველ შემთხვევაში კარგად ვლინდება, რა ცოდნასა
და უნარებს ფლობს მასწავლებელი, მეორე შემთხვევაში კი ის, თუ რამდენად იყენებს
ყოველდღიურად ამ ცოდნასა და უნარებს. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ სხვების
დასანახავად ავლენს საკუთარ კომპეტენციებს, თუ მუდმივად „ფორმაშია”.

გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის მრავალი ვარიანტი
არსებობს. ამჯერად შემოგთავაზებთ ერთ-ერთს, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო
იმით, რომ ის კლასში მასწავლებლის საქმიანობის მრავალ ასპექტს მოიცავს და თან გაზომვადია.
ამავდროულად დამკვირვებელს არ სჭირდება დაკვირვების პროცესში ჩანაწერების
გაკეთება, რაც მას ყურადღების კონცენტრაციას უადვილებს. ამ ფორმის შევსების შემდეგ
დამკვირვებელს შესაძლებლობა ეძლევა მასწავლებელს ზუსტი და კონკრეტული უკუკავშირი
მისცეს.        

 

                                                                                  გაკვეთილზე დაკვირვების სქემა

 

კრიტერიუმები და მახასიათებლები

ქულები


1.   


გაკვეთილის ჩატარების გარე პირობები:


·        


საკლასო ოთახი
წესრიგშია.


·        


აღჭურვილობა,
რესურსები (მერხები, ტექნიკა და ა.შ.) შეესაბამება გაკვეთილის მიზანს.


·        


გაკვეთილი დაიწყო
ზარის დარეკვისთანავე.

 


2.   


მიზნების ჩამოყალიბება:


·        


გაკვეთილის
დასაწყისში მითითებულია მიზნები.


·        


გაკვეთილის
დასაწყისი აღძრავს მოსწავლეთა ინტერესს.


·        


მასწავლებელი
ხსნის შესასწავლი თემის მნიშვნელობას / ღირებულებას.

 


3.   


მოსწავლეთა ინტერესის სტიმულირება:


·        


იყენებს
საინტერესო ფაქტებს, მაგალითებს.


·        


სვამს პრობლემურ
კითხვებს / საკითხებს.


·        


იყენებს
მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

 


4.   


მასალის მეთოდური დამუშავება:


·        


იცავს ლოგიკურ
თანმიმდევრობას.


·        


გამოყენებული
ცნებები და ტერმინები ზუსტი და მისაწვდომია.


·        


გამოყოფს საკვანძო
საკითხებს და აჯამებს (აჯამებს თავად, მოსწავლეებთან ერთად ან აჯამებინებს
მოსწავლეებს).

 


5.   


მასალის შესაბამისობა მოსწავლეთა თავისებურებებსა და საჭიროებებთან:


·        


გათვალისწინებულია
ასაკობრივი თავისებურებები.


·        


გათვალისწინებულია
არსებული ცოდნა და გამოცდილება
.


·        


გათვალისწინებულია
ინდივიდუალური თავისებურებები.

 


6.   


ადეკვატური უკუკავშირი:


·        


მოსწავლეთა
შეკითხვები არ რჩება უპასუხოდ (ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად მასწავლებელი
უპასუხებს ყველა შეკითხვას).


·        


ახალისებს
მოსწავლეთა იდეების გენერირების პროცესს.


·        


უყურადღებოდ არ
რჩება და მუშავდება მოსწავლეთა იდეები და მოსაზრებები.

 


7.   


მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის
უზრუნველყოფა:


·        


იყენებს
მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის ეფექტურ ხერხებს.


·        


ითვალისწინებს
ყურადღების კონცენტრაციის ასაკობრივ თავისებურებებს.


·        


ითვალისწინებს
ყურადღების კონცენტრაციის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

 


8.   


მოსწავლეთა წარმოსახვის ხელშეწყობა:


·        


ქმნის
შემოქმედებით ატმოსფეროს.


·        


ითვალისწინებს
წარმოსახვის ასაკობრივ თავისებურებებს.


·        


ითვალისწინებს
წარმოსახვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

 


9.   


ურთირთობები გაკვეთილზე:


·        


ურთიერთობა
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პარტნიორულია. იგრძნობა მოსწავლეთა
მხარდაჭერა და წახალისებულია ურთიერთდახმარება.


·        


გამოყენებულია
ჯგუფური / წყვილებში  მუშაობა.


·        


შექმნილია
დისკუსირების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ატმოსფერო.

 


10. 

მოსწავლეთა
აქტიურობა გაკვეთილზე:


·        


მოსწავლეები
ასრულებენ მასწავლებლის ყველა ინსტრუქციას.


·        


მოსწავლეებს
აინტერესებთ საკითხი და სვამენ შეკითხვებს.


·        


მოსწავლეები
აქტიურად მონაწილეობენ საკითხის განხილვაში. უპასუხებენ შეკითხვებს /
ეძებენ  პასუხს შეკითხვებზე.

 


11. 

არჩევანის
შესაძლებლობა:


·        


აძლევს არჩევანის
შესაძლებლობას სხვადასხვა დონის / სახის დავალებების შესასრულებლად.


·        


აძლევს
სტრატეგიების არჩევანის თავისუფლებას.

 


12. 

სააზროვნო
უნარების განვითარება:


·        


იყენებს მაღალი
დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს / დავალებებს.


·        


აქვს  მომზადებული დიფერენცირებული დავალებები
(მაგალითად, ძალიან სუსტი და ძალიან ძლიერი მოსწავლეებისათვის).

 


13. 

მოსწავლეთა
შეფასება:


·        


მოსწავლეთა ყველა
პასუხი ფასდება (თუნდაც სიტყვიერად).


·        


შეცდომებზე
რეაგირება კორექტულია.


·        


წახალისებულია
თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

 


14. 

ეფექტური
კომუნიკაცია:


·        


საუბრობს
გარკვევით, შესაბამისი ტემპითა და ტემბრით.


·        


აქვს
აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტი.


·        


ადეკვატურად
იყენებს ჟესტებსა და მიმიკას.

 


15. 

კლასის
მართვა:


·        


ადეკვატურად
რეაგირებს წესრიგის დარღვევის ფაქტებზე.


·        


მოსწავლეები
იშვიათად ან სულ არ არღვევენ დისციპლინას / დისციპლინა თვითრეგულირებადია.

 

შეფასების სკალა:

5
– მაქსიმალური ქულა

4
– რომელიმე მახასიათებელი სუსტადაა გამოხატული

3
– გამოხატულია რომელიმე ერთი მახასიათებელი

2
– ყველა მახასიათებელი ძალიან სუსტად არის გამოხატული

1
– არ არის გამოხატული არც ერთი მახასიათებელი.

 

თითოეული მახასიათებლის გასწვრივ დამკვირვებელი
აკეთებს აღნიშვნას (მაგ., +) და შემდეგ შეფასების სკალის მიხედვით წერს ქულას.
საბოლოოდ ყველა უჯრაში დაწერილი ქულები ჯამდება.

ცხადია, დაკვირვების ამ ვარიანტს არ აქვს
უნივერსალურობის პრეტენზია. ჩვენთვის საინტერესო იყო ფორმა. რაც შეეხება შინაარსს,
მისი მოდიფიცირება შეიძლება იმის მიხედვით, რა არის ჩვენი დაკვირვების ფოკუსი,
დამატებით რის „დამზერა” გვინდა გაკვეთილზე.  

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...