შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

სკოლა

0

უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა

0

თავი ყველაზე უარესისათვის შევამზადე, ვაჩესკენ შევტრიალდი და ვუთხარი: ,,ცოტა დავიღალე, მოდი, შემდეგი ლექსი შენ წაიკითხე”, თვალები ისე დავხუჭე, როგორც ოდესღც საბავშვო აუზში გადახტომის წინ და ღრმად ჩავისუნთქე. ყოველთვის, როცა მოსწავლეს ლექსს ვაკითხებ, დიდ შინაგან ბარიერს ვლახავ _ როგორ წაიკითხავს: ძველი სკოლის მსახიობივით ომახიანად და პათეტიკურად; თუ მონოტონურად იზუზუნებს, გააწყალწყალებს, გააშავთეთრებს ლექსს; თუ თავმობეზრებულ გამომეტყველებას მიიღებს, ყველა სიტყვაზე იბორძიკებს, მაჩვენებს, რომ ამაზე მოსაწყენი რამ ცხოვრებაში არ გაუკეთებია… ყველაფერი ეს გამომიცდია, სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, ამ დროს ძალიან მიჭირს პედაგოგიურ მიდგომებზე ვიფიქრო და გულნატკენი გოგოსავით სახე არ ამელეწოს.

ამჯერად გადავრჩი, სასიამოვნო, ხავერდოვანი ხმა (მხოლოდ მაშინ, როცა ლექსს კითხულობს, ვამჩნევ ადამიანის ხმის ტემბრს) სადად, თანაბარზომიერად გაუყვა ტიციან ტაბიძის ლექსის ,,ანანურთან” სტრიქონებს, მხოლოდ სათანადო სიტყვებზე ზუსტად დასმულმა აქცენტებმა მიმახვედრა, რომ სწორად გრძნობდა, იაზრებდა, განიცდიდა ლექსს. საკვანძო მეტაფორასთან ხმა ოდნავ ჩაუწყდა. მორჩა, უკვე ვიცოდი, რომ ვაჩე მზადაა პოეზიაზე ვისაუბროთ. ანუ ამ კლასში ერთი მოკავშირე მყავს.

მთელი ცხოვრება ყველაზე მეტად სწორედ ასეთი მოკავშირეების პოვნა მიჭირდა, ადამიანებისა, რომლებსაც პოეზია უყვართ. რუსთაველი ამბობს: ,,კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი”. თუმცა, რუსთაველი სუბიექტური იყო, სავარაუდოდ, პოეზია ეყვარებოდა…

ნეტავ ერთხელ მაინც თუ შემხვედრია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანი, რომელიც გონებაში მარცვლავდა:
,,…რისთვის მოდიან მხედრები
ანანურით და არშით?
_ შენი ღიმილი მიყვარდა,
წყვილი პეპელა ქარში.
_ შენი გულმკერდი მიყვარდა,
მწიფე თავთუხის ხვავი.
_ შენი ფერდები მიყვარდა,
მჟავე სურნელი ჭვავის.”
ალბათ, არასოდეს. თორემ გავიგონებდი.

წელს თბილისის წიგნის ფესტივალი მეჩვიდმეტედ ჩატარდა ,,ექსპო ჯორჯიას” პავილიონში. ზოგი ამბობს, იმდენად ბევრი ხალხი სტუმრობს ამ ღონისძიებას, უფრო დიდი სივრცეა საჭირო, ეს დარბაზი ვერ იტევსო. ზოგი ჩივის, ჯოჯოხეთურად ცხელაო, ზოგიც კაფეს იწუნებს. მე რომ მივედი, უკვე შვიდს ათი წუთი აკლდა, გრილოდა, ხალხიც შემეჩხერებულიყო, კაფეს ასორტიმენტზე უკეთესი სასუსნავი კი სტენდებზე მეგულებოდა. ასე რომ, იქაურობა სამოთხეს მივამგვანე, ოღონდ გვარიანად დაღლილი ანგელოზებით. ქართული გამომცემლობები არ შემიძლია არ შევაქო: ერთმანეთთან დაძაბული კონკურენციის პირობებში სულ უფრო უკეთეს ლიტერატურას გვთავაზობენ, სულ უფრო უკეთეს თარგმანებსა და თუ ორიგინალურ გამოცემებს ნებისმიერი გემოვნების მკითხველისათვის. მათ შეძლეს, რომ წიგნის კითხვა დღესდღეობით ახალგაზრდებს შორის საკმაოდ პრესტიჟულ საქმიანობად ექციათ. ძველ თაობაზე აღარაფერს ვამბობ, მათ ისედაც იციან, რომ წიგნი კარგია. ამ შემთხვევაში ჩემი ძველი მოსწავლის თხზულებიდან ნაწყვეტი მახსენდება რატომღაც: ,,დედაჩემი ამბობს, რომ კითხვა ძალიან უყვარს, თუმცა არ მინახავს ხელში წიგნი სჭეროდეს”. ეს ისე, ლირიული გადახვევასავით.

მოკლედ, ჩემმა ფესტივალმა სრულ იდილიაში ჩაიარა, სანამ სახლში მისულმა წიგნებს არ გადავხედე და არ აღმოვაჩინე, რომ მათ შორის ერთიც არ იყო პოეზიის კრებული. ეს აშკარა პარადოქსად მომეჩვენა, ოდესღაც ხომ პროზის კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ მასში ცოტაოდენი პოეზია მეპოვნა.

არ დამისვამს კითხვა, რატომ? რადგან პასუხი უკვე მზაა და ჰაერში კიდია. ეს ფრაზა უცხოელმა გამომცემლებმა შემოიტანეს ქართულ სინამდვილეში, როცა მათ ქართული პოეზიის თარგმნა და გავრცელება შესთავაზეს: ,,უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა”. უფრო სწორად, უცხოელმა გამომცემლებმა უცერემონიოდ დაარქვეს სახელი იმ რეალობას, რომლის არსებობაც ისედაც შეიმჩნეოდა ქართულ სივრცეში, მაგრამ აღიარება გვიჭირდა.

,,უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა”, _ ეუბნებიან ქვეყანას, რომლის კულტურის ყველაზე განვითარებული დარგიც წარსულშიცა და აწმყოშიც სწორედ პოეზიაა. მაშასადამე, რა გამოდის, რომ ჩემი ქვეყნის აზროვნების დომინანტური ფორმა თანამედროვე სამყაროსთვის ნაკლებად საინტერესოა?!

და რა გამოდის, რომ ჩემი აზროვნების დომინანტური ფორმა თანამედროვე სამყაროს ფეხს ვერ უწყობს, მაშასადამე, ფეხს ვერ უწყობს ჩემი მოსწავლეების მოთხოვნებს, ვერ თანხვდება მათ მოლოდინს?!

ჰო, მაგრამ ჯერ ერთ წელსაც რომ არ ჩაუვლია ისე, გალაკტიონის ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას” ახსნისას, როცა ჯერ მითქვამს, რომ, როდესაც პოეტმა ლექსი დაწერა, ტაძარი ნანახი არ ჰქონდა და მერე ნაწარმოებს გავცნობივართ, რომელიმე სუნთქვაშეკრულ მოსწავლეს არ ეთქვა: ,,რო ენახა, რაღას დაწერდა, მასწ…”

არსებობს ერთი უკბილო ,,ფრთიანი ფრაზა”: რუსთაველმა თქვა, ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” და მერე ამხელა პოემა დაწერაო, სინამდვილეში ეს ფრაზა იდეალურად გამოხატავს პოეზიის არსს.

პოეზია ერთ უცნაურ ნივთს მაგონებს, რომელიც ჩემი ბავშვობის რომელიღაც პერიოდში ყველა გოგონას დაჰქონდა სკოლაში: პლასტმასის რგოლი იყო, ხელს გაიქნევდი და უცებ მისგან ფერადი ხვეულები ჩამოიშლებოდა. ასეა კარგი პოეტური სახეც, ცოტას თუ დაუფიქრდები, მის მიღმა და მის სიღრმეში ფერად-ფერადი ინტერპრეტაციების დაუსრულებელ შესაძლებლობას აღმოაჩენ.

პოეზია არის ადამიანებისათვის, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ფიქრობენ, მაღალ ემოციურ ინტელექტს ფლობენ და ესთეტიკური ტკბობის უნარიც გამძაფრებული აქვთ. ალბათ, ასეთ ადამიანად მაინც უნდა დაიბადო, მხოლოდ ძალიან კარგ მასწავლებელს და დიდი ძალისხმევის შედეგად თუ შეუძლია ნებისმიერი საწყისი მონაცემების მქონე მოსწავლეს პოეზიის არსის ჩაწვდომა შეაძლებინოს, პოეზია შეაყვაროს. თუმცა, ეს მაინც შესაძლებელია, ვერ ვიტყვით, რომ წინასწარ დამარცხებისათვის განწირული ბრძოლაა.

თუმცა პოეზია ალბათ მაინც ისაა, რითიც თაობებს ყველაზე უკეთ შეიძლება ამა თუ იმ ეპოქის სულისკვეთება, მისი ყველაზე გამორჩეული შვილების განცდები, გადააწვდინო:

,,ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს მეყოფა გამოსარჩლებად.”

შეიძლება პოეზია შემდგომი ეპოქებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ პოეტის თანამედროვეობისათვის. შეიძლება ესაა ჯაჭვი თაობებს შორის, კავშირი, რომ ადამიანებს ყველა დროში ერთი და იგივე პრობლემები და განცდები აქვთ.

ბევრი კი შევეცადე, ამეხსნა, მაგრამ პოეზია მაინც იდუმალი რამაა: ამის წინ ერთი მშვენიერი საღამო გაიმართა თბილისში, ერთ-ერთი გამომსვლელი უკრაინელი პოეტი სერგეი ჟადანი გახლდათ, შემდეგ კი მისი ლექსების თარგმანებს ქართველი პოეტი ზვიად რატიანი კითხულობდა. ყოველ ჯერზე ვხედავდი როგორ გამოდიოდა პატარა სცენაზე საშუალო ტანის კაცი და ჩემთვის გაუგებარი სიტყვების ძალაუფლება როგორ მახრევინებდა თავს, მერე კი ქართველი საკონტროლო გასროლისას სიტყვას სიტყვაში, როგორც ტყვიას ტყვიაში, სვამდა.

მომინდა, რომ გამომეგონა აბი, რომელსაც ყველა ჩემს მოსწავლესა თუ სტუდენტს გადავაყლაპებდი და იგივეს განიცდიდა, რასაც მაშინ მე _ უბრალოდ, ყოველგვარი სიტყვების გარეშე.

***
ამის წინ ერთ შესანიშნავ გზაზე მივდიოდი. გამოცდილი მძღოლი არ მეთქმის, სულაც პირიქით, ჰოდა, ძალიან ფრთხილად მიმყავდა მანქანა. ღია ფანჯრებიდან რომელიღაც მცენარის თავბრუდამხვევი სურნელი შემოდიოდა, ბუჩქი იყო, მისი სახელი, რასაკვირველია, არ ვიცი და რომც მითხრათ, ვერ დავიმახსოვრებ. ალბათ, ძახველი არ იქნებოდა, მაგრამ ამეკვიატა და ამეკვიატა:

,,…მაგრამ ძახველის გამო მოვედი,
მე აქ ძახველის გამო მოვდივარ..
შაშვებიანი თოვლის ნაღველი,
ტანზე შემხმარი ცით და ქარითა,
ზამთრისთვის სისხლის შემომნახველი
იქნებ დავლანდო ჩარგლისკარიდან…”

ორიოდე წუთში საჭეც გამექცა და კარგადაც დამტუქსეს.

მაშინ ცხოვრებამ პირდაპირ გადმომითარგმნა მეტაფორა:

რომ პოეზია კონცენტრაციას აკარგვინებს.

საკუთარი მიზანდასახულობის სწორი გზიდან გვახვევინებს.

ეს კი თანამედროვე ადამიანს ძალიან ძვირი უჯდება.

ამიტომაც, უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა.

მასწავლებელთათვის სასარგებლო კვლევითი პროექტი

0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველდღე რამდენიმე ღონისძიება იმართება. ღონისძიებათა შინაარსი განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ერთ სართულზე, მეზობელ აუდიტორიებში შეგიძლიათ მოუსმინოთ საჯარო ლექციას ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ ან დაესწროთ სემინარს, რომელსაც რომელიმე მაღალი რანგის სასულიერო იერარქი უძღვება. მოკლედ, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს დიდი არჩევანი გვაქვს. თუმცა რაოდენობრივი სიმრავლის მიუხედავად, ბევრი ჩვენგანი უნივერსიტეტში გამართული თავისუფალი შეხვედრების ხარისხზე მაინც წუწუნებს. ათასში ერთხელ გამონაკლის შემთხვევასაც გადავაწყდებით ხოლმე, რაც ჩვენი სიხარულის საბაბი ხდება.

რამდენიმე კვირის წინ თსუ-ს საგამოფენო დარბაზში „ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ დაფინანსებული არაკომერციული კვლევითი პროექტის პრეზენტაციას დავესწარი. დარბაზი უამრავი ცნობილი და უცნობი ადამიანის პორტრეტით იყო მორთული. ფოტოებზე ბევრი ის მოღვაწე აღმოვაჩინე, რომლის შესახებ მეც კი მომიყოლია თქვენთვის, ჩვენი ინტერნეტ-გაზეთის მკითხველისათვის. აუდიტორიაში მირზა ფათალი ახუნდოვის, გიორგი ლასხიშვილის, ოვანეს თუმანიანის, მარიამ დემურიას და სხვათა სურათებს გადავეყარე. გამიკვირდა და გამიხარდა, რადგან ხშირად ქართველი მეცნიერები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე სამოქალაქო აქტივისტებს დიდ ყურადღებას არ უთმობენ. საქართველოში აგორებული პირველი დემოკრატიული მოძრაობის მონაწილეები ჩვენს სახელმძღვანელოებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დავიწყებულნი არიან. ბევრს აღარ გავაგრძელებ და მასწავლებლებისათვის უაღრესად სასარგებლო ახალი პროექტის შესახებ მოგითხრობთ.

წლებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი სათავეში უდგას არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”. აღნიშნულ ორგანიზაციას თავი მოუყრია მკვლევართა შესანიშნავი გუნდისათვის. ქართველი და უცხოელი მეცნიერები რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა საარქივო დაწესებულებაში, ეროვნული ბიბლიოთეკის ბოლომდე შეუსწავლელ ფონდებსა და მუზეუმთა საცავებში. პროექტის მონაწილეები ხელუხლებელ ან დავიწყებულ დოკუმენტებს შორის ეძებდნენ ცნობებს, მასალებს, რომლებიც ქართველ განმანათლებლებსა და მათ საქმიანობას უკავშირდებოდა. შედეგად შეიქმნა ვებგვერდი https://enlightenment.w-i-e.org/ განმანათლებლობის ქართული გამოცდილების შესახებ.

ინტერნეტ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ სამასამდე (!) განმანათლებლის ბიოგრაფია. გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობ ადამიანებს, საბჭოთა კავშირის მიერ უმოწყალოდ რეპრესირებულ ან მათი ბიუროკრატების მიერ საგულდაგულოდ „გადამალულ” მოქალაქეებს უკავშირდება. კვლევაში წარმოჩენილ თითქმის ყველა მოღვაწეს კი ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს – ისინი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის, განათლების მაღალი ხარისხისა და მისი ხელმისაწვდომობისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის, ხალხთა შორის თანამშრომლობისა და რუსული იმპერიალიზმის დამარცხებისთვის იბრძოდნენ.

ამავე გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე ახლადგასაჯაროებული მიმართვა სკოლის პედაგოგებისადმი, დიმიტრი ყიფიანის გამოსვლები სხვადასხვა სასწავლებლის გახსნის ცერემონიაზე, ილია ჭავჭავაძის წინასაარჩევნო განცხადება 1897 წლის კენჭისყრისათვის და ა.შ.

კვლევის კიდევ ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ პროექტზე მომუშავე მეცნიერები მხოლოდ წერილობითი მასალების მოძიებით არ დაკმაყოფილდნენ. მათ ასობით უნიკალური ფოტოც შეაგროვეს და ჩვენთვის სრულიად უსასყიდლოდ გახადეს ხელმისაწვდომი.

სანამ კარგი მასწავლებელი არ შემოვიდა ჩემს საკლასო ოთახში, დემოკრატიისათვის თავდადების მაგალითებს მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში დავეძებდი. შესანიშნავმა პედაგოგმა კი სწორედ ჩვენს საამაყო გამოცდილებაზე მიმანიშნა. გამოუცდელ მოსწავლესა და დაკავებულ მასწავლებელს ერთად გვიწევდა შრომა ახალი განმანათლებლების აღმოჩენისათვის. ჩემი გამოუცდელობისა და მისი მოუცლელობის გამო ხშირად ჩვენი მცდელობები უშედეგოდ მთავრდებოდა. დღევანდელი სასკოლო საზოგადოებისათვის უკვე ყველაფერი ხელის გულზეა გადაშლილი. მეცნიერთა ჯგუფის კეთილშობილური საქმიანობის გამო, თქვენ პანტის საძებნელად ტყეში წასვლა აღარ გჭირდებათ.

ნიკო ნერგაძე – ნიკო ნერგაძის ერთი წელი და დანარჩენი

0
90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც სკოლა მოზარდების ერთადერთი გასართობი იყო, ხოლო სკოლამდე მისასვლელი გზა მთელი თავგადასავალი, მე-11 კლასელი ნიკო სულ სხვა კონტინენტზე, სხვა კულტურულ და ყოფით გარემოში აღმოჩნდა. თბილისის 55-დან აშშ-ს ვირჯინიის შტატის კემპსვილის სკოლაში გაცვლითი პროგრამის წყალობით მოხვდა და მალე მიხვდა, რომ აქ მხოლოდ სასწავლო პროგრამას არ ისწავლიდა. რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე იმ წელიწადს ერთ დიდ გაკვეთილად მიიჩნევს: „სრულიად უდისციპლინო 90-იანი წლების თბილისური სკოლიდან ყველა მხრივ გამართულ, ჩამოყალიბებული სისტემის მქონე გარემოში აღმოვჩნდი. ერთი წლის განმავლობაში ერთი გაკვეთილიც არ გამიცდენია, მაშინ, როდესაც ჩემი თბილისელი თანატოლებისთვის სკოლაში სიარული ფაქტობრივად მთლიანად იყო მოკლებული პირველად დანიშნულებას”.
– ამერიკის სკოლაში დამამთავრებელ კლასში სწავლისას მოხვდით ანუ საბაზისო განათლება აქ გაქვთ მიღებული.

– დიახ, განათლება აქ მაქვს მიღებული, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ პერიოდის სკოლებში განათლების მიღების ხარისხი მხოლოდ მასწავლებელზე იყო დამოკიდებული – მთავარი იყო, ამ მხრივ გაგმართლებოდა. მე იღბლიანთა შორის აღმოვჩნდი. მყავდა რამდენიმე ძალიან კარგი მასწავლებელი, რომლებსაც თავადვე ჰქონდათ სურვილი ესწავლებინათ. ჩემი დამრიგებელი იყო ლამარა სანიკიძე, საოცარი ადამიანი, ბავშვებზე გადაყოლილი და მათ ცხოვრებაში ბოლომდე ჩართული. ასევე გავიხსენებდი კიდევ ერთ დამრიგებელს, ნელი ჯინჭველიშვილს, ვისთვისაც მასწავლებლობა არასდროს ყოფილა მხოლოდ მოვალეობა. თუმცა მხოლოდ მასწავლებლის კეთილსინდისიერებასა და ინიციატივებზე განათლების სისტემას ვერ ააწყობ, სახელმწიფო თავად უნდა იყოს მოტივირებული, რომ სკოლა ძლიერ ინსტიტუტად იქცეს და მოსწავლეებს ადეკვატური განათლება მისცეს.

– გაიხსენეთ ამერიკის სკოლაში გატარებული ერთი წელი.

– მთელი ერთი წლის განამვლობაში ფაქტობრივად მარტო, დამოუკიდებლად ვცხოვრობდი იქაურ ოჯახში, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი ქართული ოჯახისგან. 16 წლისას თავად მიწევდა გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობოდი და არ გამაჩნდა ოჯახის მხარდაჭერის მთელი ის სისტემა, რასაც აქ ვიყავი შეჩვეული. თავიდან გამიჭირდა, რადგან სოციალურად გახსნილი არ ვიყავი და დიდად არც ვინმესთან დამეგობრება შემეძლო. რამდენიმე თვეში კი შევიცვალე, უფრო თავდაჯერებული და თამამი გავხდი და ეს ნამდვილად ამერიკული ცხოვრების წესის დამსახურებაა. არ ვიცი, გარდასახვა რამდენად კარგად გამომივიდა, მაგრამ ეს პროცესი გავლილი მაინც რომ მაქვს, უკვე კარგია.

– სკოლის მხრივ რამდენად განსხვავებულ გარემოში მოხვდით?

– საჯარო სკოლა იყო, მაგრამ განათლების კუთხით საკმაოდ კარგი გარემო იყო, რაც მასწავლებლებისა და სასკოლო პროგრამის დამსახურება გახლდათ. მახსოვს, საკმაოდ რთულ ტექტსებს გვაძლევდნენ, რომელთა აღწერაც, სულ მცირე, სამი წყაროს გამოყენებით უნდა დაგვეწერა. ანუ თემაზე მთელი სერიოზულობით უნდა გვემუშავა, მოგვეძებნა ლიტერატურა ბიბლიოთეკაში, გავცნობოდით ნაშრომებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო მეთოდია, რათა ტექსტთან მუშაობის პრინციპები, საკითხის უფრო ფართოდ გაცნობის მეთოდები შეისწავლო. ჩემი აზრით, რთული ტექსტები სწორედ ასე უნდა ისწავლებოდეს. პროგრამაში შექსპირიც უნდა იყოს და რუსთაველიც, მაგრამ არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ საზეპიროების დამახსოვრების ხარჯზე, ეს არაფრის მომცემია და ნაწარმოების მიმართაც აგრესიას იწვევს. ვისაც „ვეფხისტყაოსანი” ასეთი მეთოდით აქვს ნასწავლი, ამ ნაწარმოებს წესიერად არ იცნობს და ამის სურვილიც არ გააჩნია. არადა გონივრული ახსნისა და გარჩევის პირობებში ნახავდნენ, რომ რუსთაველის ტექსტი უამრავ ისეთ ასპექტს შეიცავს, რის გამოც ეს ნაწარმოები შეიძლება საინტერესო იყოს.

– ფიქრობთ, რომ სკოლა განათლების მისაღებად უალტერნატივო ინსტიტუტია?

– ამის ალტერნატივაა შინ სწავლების მეთოდი, თუმცა არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ასეთი ტიპის განათლების მიღების შემდეგ ბავშვებს ურთიერთობის პრობლემები აქვთ. შესაძლოა ეს არც არის სპერეოტიპი, რადგან ფაქტია, რომ სკოლას განათლების მიცემაზე დიდი ფუნქცია აკისრია – სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების გადაცემა. შეიძლება სკოლაში ისწავლო ქიმია და ცხოვრებაში ეს საგანი არასდროს გამოგადგეს, მაგრამ მისი შესწავლისას მიღებული უნარები, ჯგუფური მუშაობის გამოცდილება და ამოცანის ამოხსნისკენ მიმავალი გზების გავლა, ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცევა. არც ის გახლავთ აუცილებელი, რომ სკოლის მეგობრები ცხოვრების ბოლომდე გაგყვნენ, მაგრამ მათ წრეში ყოფნით თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს იძენ. ამრიგად სკოლას, გარკვეულწილად, ნამდვილად არ გააჩნია ალტერნატივა.

– ზოგი მშობელი შვილის განათლებაზე ზრუნვად იმას მიიჩნევს, თუ რამდენად ბევრ დამატებით წრეზე დაჰყავს.

– თავად ამ მხრივ ნაკლებად აქტიური ვიყავი და არც ის მახსოვს, მინდოდა თუ არა რამე წრეზე სიარული. სამაგიეროდ ჩემი გოგონაა აქტიური. ამ მხრივ სრული თავისუფლება მივეცით და ბალეტზე სიარული აირჩია, მაგრამ ვცდილობთ, ძალიან არ გადაიტვირთოს და სხვა რამის კეთების სურვილიც ჰქონდეს. ერთგან სტივენ კინგი იგონებს: შვილი საქსოფონზე დამყავდა. კარგად ვარჯიშობდა, მეცადინეობას არ აცდენდა, მაგრამ მაინც გამოვიყვანე, რადგან ინსტრუმენტს მხოლოდ მაშინ იღებდა ხელში, როცა ვარჯიში ევალებოდა, თავისუფალ დროს კი მისკენც არც იხედებოდა. ეს ნიშნავს, რომ მუსიკა მთელი გულით არ აინტერესებდაო. ჩემს შვილს კი ცეკვა ძალიან მოსწონს, რეპეციის შემდეგაც გამუდმებით ბალეტზე ლაპარაკობს, სულ ცეკვავს – ესე იგი, მოსწონს, რასაც აკეთებს, რაც ძალიან მახარებს.

– ახალი თაობის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო კომპიუტერია.

– რაც სულაც არ გახლავთ ცუდი, მთავარია იქ მოძიებული ინფორმაცია სწორად გამოიყენონ. დადასტურებულია, რომ ინტერნეტში დამოუკიდებელი მუშაობით ბავშვები საკმოდ ბევრს სწავლობენ. ეს პროცესი მათ ანალიზისა და საკითხის კვლევის უნარებს უვითარებს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კარგი ხარისხის ონლაინ სასწავლო პროგრამები, თუმცა ამ მხრივ ჩვენთან საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

– როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ხელოვნება (კინო, მუსიკა) უნდა ისწავლებოდეს საგნის დონეზე?

– ამ საკითხის მიმართ ორმხრივი დამოკიდებულება მაქვს: ერთი მხრივ, მსგავსი საგანი, რომლის სწავლაც ვალდებულებას წარმოადგენს, შეიძლება სულაც არ შეგიყვარდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გასწავლის, ვინაა მედიუმი შენსა და ამ ხელოვნებებს შორის ანუ რეალურად ვინ გეხმარება გემოვნების ჩამოყალიბებაში. მეორე მხრივ კი რატომაც არ უნდა ისწავლებოდეს, თუნდაც ინფორმაციის მიღების დონეზე. მხოლოდ თანამედროვე კი არა, კარგი იქნება თუ კლასიკურ მუსიკის მოსმენის ან ნანახი ფილმის გარჩევის კულტურასაც ვასწავლით. ბავშვებს უყვართ საკუთარი აზრის გამოხატვა და ზოგჯერ ამას უფროსებზე უფრო თამამად აკეთებენ.

– საკუთარი ოჯახის მაგალითზე ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მშობლების წიგნიერებას შვილების განათლებაზე დიდი გავლენა აქვს.

– ლაშა ბაქარაძე იხსენებდა: მეგობრის შვილი ხშირად მოდიოდა ჩვენთან და წიგნებს კითხულობდა. ერთხელ მამამისიც მოჰყვა და მამაჩემს, აკაკი ბაქრაძეს ეკითხება – ასეთს რას ეუბნებით, რაზე ელაპარაკებით, რომ თქვენთან მოსულს სულ წიგნების კითხვა უნდება, სახლში კი არაო. აკაკი ბაქრაძეს უპასუხია: თქვენთან წიგნები არაა და რას წაიკითხავს, სადაც წიგნს პოულობს, იქვე კითხულობსო. ზუსტად ასეა – ბავშვი მშობლებისგან იღებს მაგალითს. როდესაც ხედავს, რომ ოჯახში კითხულობენ, ნელ-ნელა, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც, ამავეს გაკეთების სურვილი უყალიბდება და ისიც მშობლების მსგავსად კითხულობს, უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას და სხვა. თუ მშობლებს ასეთი ჩვევა არ აქვთ, მაშინ საუკეთესო შემთხვევაა, თუ ბავშვი წიგნიერ წრეში მოხვდება, თუმცა ეს ნამდვილი გამართლებაა. ჩვენს ოჯახში კითხვის კულტურა ყოველთვის იყო, რაც ჩემსა და ჩემ ძმაზეც საუკეთესოდ აისახა.

– ალბათ წარმოგიდგენიათ იდეალური სკოლის მოდელი. თქვენი შვილისთვის როგორ სასწავლო გარემოს ისურვებდით?
– ჩემი შვილის სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის ფაქტორი. ვფიქრობ, რომ მასწავლებელი ყველა ბავშვს თანაბრად უნდა უნაწილებდეს დროს და, ამავდროულად ინდივიდუალური მიდგომაც ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, რომელ მოსწავლეს რისი ნიჭი აქვს ან რომელ ასპექტში მოიკოჭლებს, როგორ შეიძლება მისი პროგრესირება, სწორად განვითარება და ზუსტი პრიორიტეტების განსაზღვრა. ეს მით უფრო აუცილებელია დაწყებით კლასებში, რადგან ამ ასაკში ცოდნის შეძენაზე მნიშნელოვანი შემდგომში გამოსადეგი უნარების შეძენაა. ბავშვი ადრეულ ასაკში უნდა შეეჩვიოს სწავლას, გაუჩნდეს ამ პროცესის მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება მეტი ისწავლოს. უფროს კლასებში სულ სხვა ეტაპი იწყება. აქ განათლების მიღების ხარისხი ისეთი უნდა იყოს, რომ მოსწავლეს დამატებითი მომზადება არ დასჭირდეს. საჯარო სკოლების ნაკლი ამ მხრივ უფრო ნათლად იკვეთება – კლასში ბევრი მოსწავლეა და მასწავლებელს ინდივიდუალური მიდგომა უჭირს. ჩემი შვილი კერძო სკოლაში დადის, კლასში მხოლოდ 12 მოსწავლეა და, ცხადია, მათთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება უფრო ადვილია. ამრიგად მიმაჩნია, რომ კერძო სკოლის მოდელი უფრო მოსახერხებელია არა მხოლოდ ამ, არამედ ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და სხვა სეგმენტების მხრივაც. ასეთ სერვისს საჯარო სკოლა რომ მთავაზობდეს, ცხადია, შვილს კერძოში აღარ შევიყვანდი.
ესაუბრა ია ვეკუა

როგორ იქმნება ცოდნა?

0
სამყაროში, სადაც ბაზრები, პროდუქტები, ტექნოლოგიები, კონკურენტები, რეგულაციები და თვით საზოგადოებებიც კი სწრაფად იცვლება, ინოვაცია და ცოდნა, რომელიც შესაძლებელს ხდის ამგვარ ინოვაციას, მდგრადი კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვანი წყარო ხდება. მართვის სპეციალისტები ცოდნას და ცოდნის შექმნისა და გამოყენების უნარს კომპანიის მდგრადი კონკურენტული უპირატესობის უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევენ. ფირმის არსებობის მიზანი თანდათან ცოდნის მუდმივი შექმნა ხდება. 

ორგანიზაცია უბრალოდ ინფორმაციის გადამამუშავებელი მანქანა არ არის, ის ქმედებისა და ინტერაქციის საშუალებით ცოდნის შემქმნელია. ის ურთიერთქმედებს საკუთარ გარემოსთან და ცოდნის შექმნით ფორმას უცვლის გარემოსაც და საკუთარ თავსაც. შესაბამისად, ცოდნასთან დაკავშირებით ფირმის შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ასპექტი ახალი ცოდნის მუდმივად შექმნის დინამიკური უნარია და არა ცოდნის ფონდის არსებობა.
 
სქემა 1. ცოდნის შექმნის სპირალისებური პროცესი
ცოდნა იქმნება სპირალისებურად და, ერთი შეხედვით, ისეთი წინააღმდეგობრივი კონცეფციებისაგან, როგორიც არის წესრიგი და ქაოსი, მიკრო და მაკრო, ნაწილი და მთელი, გონება და სხეული, იმპლიციტური და ექსპლიციტური, “მე” და “სხვები”, დედუქცია და ინდუქცია, შემოქმედებითობა და კონტროლი და სხვ. ცოდნის შექმნის პროცესის მასტიმულირებელი დიალექტიკური აზროვნებაა, რომელიც ამგვარ წინააღმდეგობებს გადალახავს და მათ სინთეზს ახდენს (სქემა 1).
როგორია ცოდნა?

ცოდნა დინამიკურია, რადგან ის ინდივიდებსა და ორგანიზაციებს შორის სოციალური ინტერაქციის შედეგად იქმნება. ცოდნა კონტექსტურია, რადგან ის დამოკიდებულია კონკრეტულ დროსა და სივრცეზე. კონტექსტის გარეშე ის უბრალოდ ინფორმაციაა და არა ცოდნა. მაგალითად, “ყაზბეგის გამზირი 29” უბრალოდ ინფორმაციაა, კონტექსტის გარეშე ის არაფერს ნიშნავს. გარკვეულ კონტექსტში ის ცოდნად იქცევა, მაგალითად, “ჩემი მეგობარი ყაზბეგის გამზირზე #29–ში ცხოვრობს, რომელიც „დელისის” მეტროსთან ახლოს მდებარეობს”. ცოდნა ადამიანურიც არის, რადგან ის ადამიანის ქმედებას უკავშირდება. ცოდნას აქტიური და სუბიექტური ბუნება აქვს და ღრმად არის ფესვგადგმული ინდივიდის ფასეულობათა სისტემაში. ინფორმაცია ცოდნად იქცევა, როცა ხდება მისი ინტერპრეტაცია გარკვეულ კონტექსტში ინდივიდების მიერ და განმტკიცდება მათივე შეხედულებებითა და რწმენებით. რაკი ცოდნა შეფარდებითია, ისეთი ცნებები, როგორიცაა “ჭეშმარიტება”, “სიკეთე” ან “მშვენიერება” მხოლოდ ინდივიდისეული შეფასებაა. 
ვიცით, რომ არსებობს ცოდნის ორი ტიპი: ექსპლიციტური და იმპლიციტური. ექსპლიციტური ცოდნა შეიძლება გამოიხატოს ფორმალური და სისტემატიზებული ენით და გაზიარდეს მონაცემების, მეცნიერული ფორმულის, სპეციფიკაციის, გზამკვლევის და სხვათა ფორმით. შედარებით ადვილია მისი დამუშავება, გადაცემა და შენახვა. ამის საპირისპიროდ იმპლიციტური ცოდნა ძალზე პერსონალურია და ძნელია მისი ფორმალიზება. სუბიექტური ხედვა, ინტუიცია, წინათგრძნობა ამგვარი ცოდნის კატეგორიაში შედის. იმპლიციტური ცოდნა ღრმად არის ფესვმოკიდებული ქმედებაში, პროცედურებში, რუტინებში, შეხედულებებში, იდეებში, ღირებულებებსა და ემოციებში. ის მყოფობს ადამიანის გონებისა და სხეულის სიღრმისეულ კომპეტენციებში. ძნელია ასეთი ცოდნის კომუნიკაცია სხვებისათვის, რადგან ის ანალოგური პროცესია, რომელიც ერთგვარ “ერთდროულ გადამუშავებას” მოითხოვს. 
ცოდნის შექმნის პროცესი
ცოდნის შექმნა უწყვეტი, საზღვრების გადალახვის პროცესია – ადამიანი გადალახავს თავისი ძველი “მეს” საზღვრებს და ახალ “მეში” იდებს ბინას ახალი კონტექსტის შეცნობის, სამყაროს ახალი ხედვის და ახალი ცოდნის საშუალებით. ადამიანი ასევე გადალახავს საზღვრებს “მესა” და “სხვებს” შორის, რადგან ცოდნა იქმნება ინდივიდებს შორის და ინდივიდებსა და გარემოს შორის ინტერაქციით. ცოდნის შექმნისას მიკრო და მაკრო ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და ცვლილებები ხდება როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე: ინდივიდი (მიკრო) გავლენასაც ახდენს და იმ გარემოს (მაკრო) ზეგავლენის ქვეშაცაა, რომელშიც ინტერაქცია უხდება. 
იმის გასაგებად, თუ როგორ ქმნის ორგანიზაცია დინამიკურად ცოდნას სასარგებლო იქნება ცოდნის შექმნის მოდელი, რომელიც სამი ელემენტისაგან შედგება: 1) SECI  პროცესი, ცოდნის შექმნის პროცესი ექსპლიციტური და იმპლიციტური ცოდნის ერთმანეთში ურთიერთგადასვლით; 2) ba ცოდნის შექმნის ერთიანი კონტექსტი; 3) ცოდნის აქტივები – ხარჯები, შედეგები და ცოდნის შექმნის პროცესის მარეგულირებელი. 
SECI პროცესი: ცოდნის გარდაქმნის ოთხი მოდელი
ორგანიზაცია ცოდნას იმპლიციტური და ექსპლიციტური ცოდნის ურთიერთქმედებით ქმნის. ამ ორი ტიპის ცოდნას შორის ინტერაქციას „ცოდნის გარდაქმნა” ეწოდება. გარდაქმნის პროცესში იმპლიციტური და ექსპლიციტური ცოდნა ფართოვდება როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად. 

იკუჯირო ნონაკასა და ჰიროტაკა ტაკეუკის დინამიკური ცოდნის შექმნის სპირალისებური პროცესი ემყარება იმპლიციტურ და ექსპლიციტურ ცოდნას შორის სპირალისებურ მოძრაობას. მათი აზრით, ცოდნის შექმნა ოთხი ინტეგრირებული პროცესის უწყვეტი ციკლის შედეგია, ესენია: (1) სოციალიზაცია (იმპლიციტური ცოდნის იმპლიციტურ ცოდნად გარდაქმნა);  (2) დაკონკრეტება/ხელშესახები ფორმის მიცემა (იმპლიციტური ცოდნის ექსპლიციტურ ცოდნად გარდაქმნა); (3) კომბინაცია (ექსპლიციტური ცოდნის ექსპლიციტურ ცოდნად გარდაქმნა); (4) გათავისება (ექსპლიციტური ცოდნის იმპლიციტურ ცოდნად გარდაქმნა) (სქემა 2).

ცოდნის გარდაქმნის ეს ოთხი მექანიზმი ურთიერთშემავსებელი და ურთიერთდამოკიდებულია და იცვლება კონტექსტის მოთხოვნების შესაბამისად. 

სოციალიზაცია ახალი იმპლიციტური ცოდნის გარდაქმნის პროცესია საერთო გამოცდილების საშუალებით. რაკი რთულია იმპლიციტური ცოდნის ფორმალიზება და ის დროსა და კონტექსტზეა მიბმული, მისი დაუფლება მხოლოდ ერთობლივად შეიძლება, მაგალითად, დროის ერთად გატარებით, ან ერთსა და იმავე გარემოში ცხოვრებით. ის უფრო მეტად “ხელიდან ხელში” გადაეცემა, ვიდრე ინსტრუქციებით ან სახელმძღვანელოებით ისწავლება. ცოდნის სოციალიზაცია შესაძლებელია მოხდეს არაფორმალური შეხვედრების დროს, ორგანიზაციული საზღვრების მიღმა. ფირმა ხშირად სარგებლობს იმ იმპლიციტური ცოდნით, რომელიც აქვთ მის მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს ამ უკანასკნელებთან ურთიერთობის საშუალებით.

დაკონკრეტება – იმპლიციტური ცოდნისათვის კონკრეტული ხელშესახები ფორმის მიცემაა. ამ დროს ცოდნა თითქოს კრისტალიზდება და სხვებისათვის გაზიარების ფორმას იძენს. ის ახალი ცოდნის საფუძველი ხდება. იმპლიციტური ცოდნის ექსპლიციტურად გარდაქმნა დამოკიდებულია მეტაფორის, ანალოგიისა და მოდელის თანმიმდევრულ გამოყენებაზე. 

კომბინაცია ექსპლიციტური ცოდნის გარდაქმნაა ექსპლიციტური ცოდნის უფრო რთულ და სისტემურ ნაკრებებად. ექსპლიციტური ცოდნა თავმოყრილია ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ, მხოლოდ შემდეგ გაერთიანებული, რედაქტირებული და დამუშავებულია ახალი ცოდნის შესაქმნელად. ახალი ექსპლიციტური ცოდნა ვრცელდება ორგანიზაციის წევრებს შორის. კომპიუტერიზებული საკომუნიკაციო ქსელებისა და მონაცემთა ფართომასშტაბიანი ბაზის შემოქმედებითი გამოყენება ხელს უწყობს ცოდნის ამ ფორმის ტრანსფორმირებას.   

სქემა 2. ცოდნის სპირალი

გათავისების საშუალებით შექმნილი და მთელ ორგანიზაციაში გაზიარებული ექსპლიციტური ცოდნა ინდივიდების მიერ იმპლიციტურ ცოდნად გადაიქცევა. გათავისება მჭიდროდ უკავშირდება “კეთებით სწავლას”. როცა გათავისებული ცოდნა ინდივიდების იმპლიციტური ცოდნის ბაზის ნაწილი ხდება ერთობლივი მენტალური მოდელების ან ტექნიკური “ნოუ ჰაუს” ფორმით, ის ორგანიზაციის ფასეულ აქტივად იქცევა. ინდივიდის დონეზე აკუმულირებული ასეთი იმპლიციტური ცოდნა ცოდნის ახალი სპირალის შექმნის სათავეა, თუკი სოციალიზაციის გზით ხდება მისი გაზიარება.   

ინტერაქტიული სპირალისებური პროცესი მიმდინარეობს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ. ხდება ცოდნის ტრანსფერი ორგანიზაციის  საზღვრებს მიღმა. სხვადასხვა ორგანიზაციების ცოდნის ინტერაქციის შედეგად იქმნება ახალი ცოდნა. ასეთი დინამიკური ინტერაქციის საშუალებით ერთი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ცოდნა, შესაძლებელია ორგანიზაციის ფარგლებს მიღმა ისეთი აგენტების ცოდნის მობილიზაციის სტიმული გახდეს, როგორებიც არიან: მომხმარებლები, სხვა კომპანიები, უნივერსიტეტები ან დისტრიბუტორები. მაგალითად, წარმოების ინოვაციურმა პროცესმა შესაძლებელია შეცვალოს მიმწოდებელთა წარმოების პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზაციაში საქონლისა და პროცესების ინოვაციის სტიმული გახდეს. სქემა 3 გვიჩვენებს როგორ ურთიერთქმედებს ორგანიზაცია ცოდნის შესაქმნელად გარე აგენტებთან. 
 
სქემა 3. ცოდნის შექმნა გარე აგენტებთან ერთად
Ba: ცოდნის შესაქმნელად საჭირო ერთობლივი კონტექსტი
ცოდნის შესაქმნელად საჭიროა კონტექსტი. კონცეფციაზე დაყრდნობით, რომელიც თავდაპირველად იაპონელმა ფილოსოფოსმა კიტარო ნიშიდამ შემოგვთავაზა, Ba შეიძლება განისაზღვროს, როგორც ერთობლივი კონტექსტი, რომელშიც ხდება ცოდნის გაზიარება, შექმნა და გამოყენება. სოციალური, კულტურული და ისტორიული კონტექსტები მნიშვნელოვანია ინდივიდებისათვის, რადგან ასეთი კონტექსტი ქმნის ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და მისთვის მნიშვნელობის მინიჭების საფუძველს. ფრიდრიხ ნიცშე აღნიშნავდა, რომ “არ არსებობს ფაქტები, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები”. Ba ის ადგილია, სადაც ხდება ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ცოდნად გადაქცევა (იხ. სქემა 4).

იაპონური სიტყვა Ba მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს არ მიანიშნებს, ის სპეციფიკური დრო და ადგილია. ეს კონცეფცია აერთიანებს ფიზიკურ სივრცეს (ოფისის სივრცე), ვირტუალური სივრცე (ელ.ფოსტა) და მენტალური სივრცე (საერთო იდეები). 

როგორც აღვნიშნეთ, ცოდნის შექმნა დინამიკური ადამიანური პროცესია, რომელიც არსებულ საზღვრებს სცილდება. ცოდნა ინდივიდთა ან ინდივიდთა და გარემოს ინტერაქციის შედეგია. Ba კონტექსტია, რომელიც საერთოა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ინტერაქცია აქვთ და საკუთარი “მეს” ფარგლების მიღმა მოგზაურობით ცოდნას ქმნიან. 
 
სქემა 4. Ba როგორც საერთო კონტექსტი
Ba ბუნებით რთული და ცვალებადია. ის საზღვრებს უწესებს ინდივიდებს ინტერაქციისათვის და იმავდროულად მისი საზღვრები ღიაა. ის ინდივიდებს დროსა და სივრცეს აძლევს და, იმავდროულად, დროისა და სივრცის საზღვრებს არღვევს. მონაწილეთა კონტექსტის ან მისი წევრების ცვლილებასთან ერთად Ba მუდამ იცვლება. 
არსებობს Ba–ს ოთხი ტიპი: საწყისი Ba, დიალოგური Ba, სისტემატიზების Ba, და ვარჯიშის Ba.  

საწყისი Ba ის ადგილია, სადაც ინდივიდები უზიარებენ გამოცდილებას, გრძნობებს, ემოციებსა და მენტალურ მოდელებს. ის გვთავაზობს კონტექსტს სოციალიზაციისათვის, მის ბაზაზე ჩნდება ზრუნვა, სიყვარული, ნდობა და ერთგულება, რომელიც ინდივიდებს შორის ცოდნის გარდაქმნის საფუძველია. დიალოგური Ba განისაზღვრება კოლექტიური და ინდივიდუალური ინტერაქციებით. ეს ის ადგილია, სადაც ინდივიდები ერთმანეთს უზიარებენ მენტალურ მოდელებსა და უნარ-ჩვევებს, ხდება მათი საერთო ტერმინებით  სახელდება და კონცეფციებად ჩამოყალიბება. შესაბამისად, დიალოგური Ba, გვთავაზობს კონტექსტს დაკონკრეტებისთვის.

სისტემატიზების Ba განისაზღვრება, როგორც კოლექტიური და ვირტუალური ინტერაქცია. ის ძირითადად არსებული ექსპლიციტური ცოდნის კომბინაციისათვის გვთავაზობს კონტექსტს, რადგან ექსპლიციტური ცოდნა შედარებით იოლად შეიძლება გადაეცეს მრავალ ადამიანს წერილობითი ფორმით.

ვარჯიშის Ba განისაზღვრება, როგორც ინდივიდუალური და ვირტუალური ინტერაქცია. ის გვთავაზობს კონტექსტს გათავისებისათვის. ინდივიდები ითავისებენ ცოდნას, რომლის კომუნიკაცია ხდება ვირტუალური მედიის (წერილობითი ინსტრუქციები ან მოდელირების პროგრამები) საშუალებით. 
 

სქემა 5.  Ba–ს ოთხი ტიპი

ცოდნის აქტივები

ცოდნის შექმნის პროცესის საფუძველია ცოდნის აქტივები. აქტივები შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფირმისთვის დამახასიათებელი რესურსები, რომელთა გარეშე შეუძლებელია ფირმის მიერ რაიმე ღირებულების შექმნა. ცოდნის აქტივები არის ხარჯები, შედეგები და ცოდნის შექმნის პროცესის მარეგულირებელი ფაქტორები. მიუხედავად იმისა, რომ საზომთა მრავალი სისტემა შეიქმნა, არსებული სისტემები ცოდნის აქტივების ზუსტ გაზომვას ვერ უზრუნველყოფს ცოდნის იმპლიციტური ბუნებიდან გამომდინარე. 

იმის გასაგებად, როგორ ვქმნით, ვითვისებთ და ვიყენებთ ცოდნის აქტივებს, სასარგებლო იქნება ცოდნის დაჯგუგფება ხუთ ტიპად: ექსპერიმენტული ცოდნის აქტივები, კონცეპტუალური ცოდნის აქტივები, სისტემური ცოდნის აქტივები და რუტინული ცოდნის აქტივები (იხ. სქემა 6).
 

ექსპერიმენტული ცოდნის აქტივები

საერთ. გამოცდილებით გაზიარებული იმპლიციტური ცოდნა

  • ინდივიდების უნარ–ჩვევები და ნოუ ჰაუ
  • ზრუნვა, სიყვარული, ნდობა და უსაფრთხოება
  • ენერგია, გატაცება და ზეწოლა

კონცეპტუალური ცოდნის აქტივები

იმიჯის, სიმბოლოებისა და ენის საშუალებით
გამოხატული ექსპლიციტური ცოდნა

  • პროდუქტის კონცეფცია
  • დიზაინი
  • ბრენდი

რუტინული ცოდნის აქტივები

ქმედებებსა და პრაქტიკაში გამოვლენილი რუტინად
ქცეული იმპლიციტური ცოდნა

  • ნოუ ჰაუ ყოველდღიურ ოპერაციებში
  • ორგანიზაციული რუტინა
  • ორგანიზაციული კულტურა

 

სისტემური ცოდნის აქტივები

სისტემატიზებული და დანაწევრებული
ექსპლიციტური ცოდნა

  • დოკუმენტები, სპეციფიკაციები, ინსტრუქციები
  • მონაცემთა ბაზა
  • პატენტები და ლიცენზიები

ექსპერიმენტული ცოდნის აქტივები


სქემა 6. ცოდნის აქტივების ოთხი კატეგორია
ექსპერიმენტული ცოდნის აქტივები შედგება გაზიარებული იმპლიციტური ცოდნისაგან, რომელიც იქმნება „ხელიდან ხელში” გამოცდილების საფუძველზე ორგანიზაციის წევრებს, ორგანიზაციის წევრებსა და მომხმარებლებს, მიმწოდებლებს და ფილიალებს შორის. უნარ–ჩვევები და ნოუ ჰაუ, რომელსაც ინდივიდები სამუშაო გამოცდილებით ითვისებენ და აგროვებენ ასეთი აქტივების მაგალითია. 

კონცეპტუალური ცოდნის აქტივები შედგება ექსპლიციტური ცოდნისაგან, რომელიც გამოხატულია იმიჯების, სიმბოლოებისა და ენის საშუალებით. ბრენდი, რომელსაც ენდობა მომხმარებელი, კონცეფციები ან დიზაინი, რომელიც აღიქმება ორგანიზაციის წევრების მიერ ამგვარი აქტივების მაგალითებია. 

სისტემური ცოდნის აქტივები შედგება სისტემატიზებული და დანაწევრებული ექსპლიციტური ცოდნისაგან. მაგალითად, ზუსტი ტექნოლოგიები, პროდუქტის სპეციფიკაციები, ინსტრუქციები, დოკუმენტაცია, ინფორმაცია მომხმარებლებზე და მიმწოდებლებზე. კანონით დაცული ინტელექტუალური საკუთრება – ლიცენზიები და პატენტებიც ამ კატეგორიაში შედის. ეს ცოდნის აქტივების ყველაზე „ხილული” ფორმაა. თანამედროვე ცოდნის მენეჯმენტი სწორედ სისტემური ცოდნის აქტივებზეა ორიენტირებული. 

რუტინული ცოდნის აქტივები შედგება იმპლიციტური ცოდნისაგან, რომელიც რუტინული ხასიათის არის და ვლინდება ორგანიზაციის ქმედებებსა და პრაქტიკაში. ნოუ ჰაუ, ორგანიზაციული კულტურა და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზაციული რუტინა ამგვარი პრაქტიკული ბუნების აქტივების მაგალითებია. 
 
 

მე მიყვარს კითხვა!

0
2014 წლიდან დაწყებითი კლასების სადამრიგებლო პროგრამაში სავალდებულო გახდა ,,კითხვის საათის” ჩასმა,  რაც მიზნად ისახავს მოსწავლეებში გააზრებული კითხვის უნარების განვითარებას.

თავისთავად, კითხვის ხელშეწყობაზე ზრუნვა მოსაწონი ინიციატივაა. კითხვის უნარის განვითარებაში იგულისხმება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიცაა: არგუმენტირებული მსჯელობა, მასალის შეფასება, ნაწარმოების ჟანრის ამოცნობა, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა.

რა ტიპის ტექსტთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ნებისმიერი შინაარსის მასალას აქვს შესავალი, განვითარება, კულმინაცია და დასკვნა. ხშირად მოსწავლე ვერ განარჩევს მათ ერთმანეთისგან, შესაბამისად, უშვებს ფაქტობრივ შეცდომებს, არ ჰყოფნის პირადი გამოცდილება და ვერ აანალიზებს პერსონაჟის ქმედებებს. ზედაპირული კითხვის დროს მოსწავლე იღებს ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მისთვის მისაწვდომია, თავს იკავებს დისკუსიაში ჩართვისა და პირადი დამოკიდებულების დაფიქსირებისგან. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა შეძლებისდაგვარად უნდა  გაამარტივოს კითხვის საათისთვის შერჩეული მასალა და თანდათან მიაჩვიოს მოსწავლეები ტექსტის სტრუქტურულ-შინაარსობრივი თავისებურებების მოძიებასა და განმარტებას, ჯერ ჯგუფური, გარკვეული დროის შემდეგ კი ინდივიდუალური სავარჯიშოების დახმარებით. 
კითხვის საათის ერთ-ერთ მიზნად კითხვის ტექნიკური მხარე, ანუ ტექსტის სრულფასოვნად და სწრაფად ამოკითხვა სახელდება. კითხვის საათის მსვლელობისას მასწავლებელს ამ პრობლემის დაძლევაზე მუშაობაც შეუძლია. ზოგჯერ მოსწავლე  ძალიან სწრაფად კითხულობს, ანუ მას აქვს გავარჯიშებული მხედველობა, რომელიც ადვილად იმახსოვრებს დიდი რაოდენობის სიტყვების ხატს და ტრადიციული კითხვის წესების გვერდის ავლით, პირდაპირ  ასახელებს მათ. მაგრამ მსგავსი უნარის მქონე მოსწავლეებს უმეტესად უჭირთ წაკითხულის აზრობრივი ხატის აღქმა, რადგან მთლიანად სიტყვის ვიზუალური მხარეზე არიან კონცენტრირებულნი. ამის გამო, სწრაფად კითხვასთან დაკავშირებული აქტივობების ცალსახად გამოყენება არამართებულად მიიჩნევა.
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან კითხვის ნელი ტემპით და უჭირთ ასოების – მარცვლებად, მარცვლების – სიტყვებად და სიტყვების წინადადებებად გამთლიანება, უებარი წამალია ფონეტიკური სავარჯიშოები, მოძრავ ანბანზე მუშაობა, გამოტოვებული ასოების ჩასმა ტექსტში… ეს პრობლემა ძირითადად დაწყებით კლასებში იჩენს თავს, მაგრამ ხანდახან უფროს კლასებშიც გვხვდება. ყველაზე რთულ დაბრკოლებად მაინც წიგნისადმი გულგრილი დამოკიდებულება გვესახება. თუ მოსწავლეს დიდად არ ხიბლავს  კითხვის პროცესი, ის იწყებს ინფორმაციის მიღებას აუდიო-ვიდეო მასალიდან, რომელიც უხვად მოიპოვება ჩვენს საინფორმაციო-ვირტუალურ რეალობაში. ე.წ. არაწიგნიერი მოსწავლეების კითხვის უნარების დახვეწა სავალდებულო სასწავლო მასალის იმედად არის დარჩენილი. კითხვის საათის მთავარი მიზანი კი სხვა რა უნდა იყოს, თუ არა  წიგნთან დაბრუნება?!

ორიოდე სიტყვას საორგანიზაციო საკითხებსაც დავუთმობ: მკითხველებთან შეხვედრის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკი, შესაძლებლობები, დასახვეწი უნარ-ჩვევები და, რაც მთავარია, მათი ინტერესები. საგაკვეთილო პროცესს უფრო გაამრავალფეროვნებს და აქტუალურს გახდის სასკოლო ურთიერთობების ფონზე  ეტაპობრივად წამოჭრილი პრობლემური საკითხების განხილვა, რომლებიც მოსწავლეთა პიროვნულ აღზრდას და სოციალიზაციას უკავშირდება.
ვთქვათ, პირველკლასელებს ტყუილის ბაცილამ დარია ხელი. შეგიძლიათ იაკობ გოგებაშვილის  ,,მკვეხარა ქოთანი” წაუკითხოთ. შემდეგ, ვითომც აქ არაფერიაო, იმსჯელოთ მთავარი პერსონაჟის ხასიათზე, მოთხრობის მთავარ სათქმელზე… მთავარია, რომ მოსწავლეებმა თავად გაახმოვანონ ტყუილის უარყოფითი მხარეები. ზოგიერთი ცრუპენტელა ადვილად ვერ დათმობს პოზიციებს და შეიძლება თანაუგრძნოს კიდეც მკვეხარა პერსონაჟს. ასეთ დროს სასურველია, მისივე თანატოლმა უკუაგდოს ამხანაგის არგუმენტი. შეგახსენებთ, რომ მოსწავლეებისთვის თანატოლთა თვალში პატივისცემისა თუ ავტორიტეტის მოპოვებას, გუნდში ღირსეული წევრის ადგილის დამკვიდრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  მაღალ კლასებში ეს საკითხი უფრო მწვავდება, მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან და თავგამეტებით იცავენ მათ შეხედულებებსა და პრინციპებს. ამ შემთხვევაში მეტი სიფრთხილე გვმართებს, რათა დისკუსია დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მასწავლებელმა უნდა შეძლოს ისეთი ტექსტების მოძიება ან სიტუაციური ამოცანების შედგენა, რომ სასურველი პრობლემატური თემა ერთ-ერთ საკითხად ჩაურთოს ტექსტში, ანუ არ წარმოადგენდეს პირდაპირ გამღიზიანებელს.
სასურველია, კითხვის საათი არ ჰგავდეს ჩვეულებრივ გაკვეთილს. მოსწავლე თავისუფლად რომ გრძნობდეს თავს, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საკლასო სივრცე, მაგალითად, მოსწავლეები დასხდნენ იატაკზე და შეკრან წრე. კარგი იქნება, თუ მასწავლებელს კითხვის საათის სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარების საშუალება მიეცემა, მაშინ ბავშვები პატარაობიდანვე აითვისებენ წიგნზე მუშაობის ელემენტარულ წესებს: კატალოგის დახმარებით საჭირო წიგნის მოძიებას, ლექსიკონზე მუშაობას, სარჩევის გამოყენებას, დამოუკიდებლად და ჩუმად კითხვას, ბიბლიოთეკაში  მოქცევის წესების ათვისებას. 

ჩემი აზრით, მკითხველთა კლუბის შეხვედრები განსაკუთრებით მრავალფეროვანი და დინამიკური უნდა იყოს.  ყველამ ვიცით, რომ სკოლაში მუშაობის დროს შეუძლებელია ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა. კითხვის საათს კი განსაკუთრებით უხდება სპონტანური გადაწყვეტილებები. თავისუფალი შეხვედრების ფარგლებში შეგიძლიათ მოსწავლეებს  აჩვენოთ მათთვის სასურველი ფილმი ან წაიყვანოთ თეატრალურ წარმოდგენაზე. შეეცადეთ, ხანდახან მაინც მოაწყოთ ,,სამკითხველო დარბაზის” დღე, რომელიც ქალაქის რომელიმე ბიბლიოთეკის სამკითხველოში ჩაივლის. მოსწავლეები თავად შეარჩევენ და დამოუკიდებლად, მასწავლებლის ჩართულობისა და ჯგუფური მსჯელობის გარეშე, წაიკითხავენ რომელიმე ნაწარმოებს. შემდეგ შეხვედრაზე პატარა მკითხველები წაკითხულის ,,გაპიარებას” შეეცდებიან. ის მოსწავლე, რომლის რჩეულიც ყველაზე მეტ თანატოლს დააინტერესებს, კლუბის საუკეთესო პრეზენტატორად შეგიძლიათ დაასახელოთ.

ახალბედა მკითხველებს ყველაზე მეტად მართული მოსმენის უნარის დახვეწა სჭირდებათ. ასაკის მატებასთან ერთად პრობლემატური საკითხების ჩამონათვალი ნელ-ნელა იზრდება:  თანამშრომლობის, არგუმენტირებული კამათის თუ ლოდინის შეუძლებლობა, ემოციური დისბალანსი, ძალადობა,  ლიდერობა, გადაჭარბებული ან, პირიქით – დაბალი თვითშეფასება, სასკოლო ფორმისა და მოდის თანამედროვე ტენდენციების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი პროტესტი, პოპულარობისკენ სწრაფვა უარყოფითი ქცევის ხარჯზე, თანატოლთა გარეგნული ნიშნით გამორჩევა, ბატონ-ყმობანა, კონფორმიზმი, პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა,  პრიორიტეტების ცვლა  – ბეჯითი მოსწავლიდან რევოლუციონერამდე… ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომლებთან ბრძოლაც სწავლების სხვადასხვა ეტაპზე ყველა მასწავლებელს უწევს. 

ჩვეულებრივი გაკვეთილისგან განსხვავებით, კითხვის საათზე მოსწავლეთა პიროვნული ზრდისა და სოციალიზაციის პროცესისთვის თვალის უკეთ მიდევნება და მეტიც, კორექტირებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთთან საგრძნობლად აახლოებს, თან საკმაოდ დატვირთული სასწავლო დღის გიჟურ ტემპს ამსუბუქებს და ერთგვარ პაუზად, ამოსუნთქვის საშუალებად გვევლინება. ამიტომაც, სასურველია, მკითხველთა კლუბი პირველი კლასიდანვე ფუნქციონირებდეს სწავლების ყველა საფეხურზე.  

მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის აქტივაცია სწავლების მეორე საფეხურზე

0
მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის აქტივაცია „უძველესი პრობლემაა”, მაგრამ უწინდებურად აქტუალური. რა დიადი ჩანაფიქრიც არ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, თუ მოსწავლეებს არ სურთ სწავლა, ყველაფერი ამაო იქნება. ამიტომ უწოდებენ აღზრდას ან საგნის მიმართ ინტერესის გაღვივებას „შემეცნების გასაღებს”.

საკუთარი სურვილით მოსწავლეები კარგად სწავლობენ უმეტესად დაწყებით კლასებში, ზედა საფეხურზე გადასვლისას კი სურვილი ნელ-ნელა უქრებათ. მიჩნეულია, რომ ამ მხრივ ყველაზე რთულია მოზარდი ასაკი და მასწავლებლებიც ერთგვარად „ელიან”, როდის გავა ეს დრო.
ნუთუ მართლა ასეთი უიმედოა აღნიშნული პერიოდი?

ცხადია, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ რაც არ უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს, მისი შემეცნებითი ინტერესი მუდამ მაღალი იქნება; აქაც, როგორც ყველგან, წარმატებისთვის კომპლექსური მიდგომა და შესაბამისი მეთოდების შერჩევაა აუცილებელი.
საზოგადოდ, ნებისმიერი საგნობრივი მიმართულებით მოტივაციის ამაღლებას განსაკუთრებით უწყობს ხელს სასწავლო პროცესში შემდეგი კომპონენტების ჩართვა:
სწავლების აქტიური მეთოდები. რაც უფრო აქტიურია სწავლების მეთოდები, მით უფრო ადვილია მოსწავლეთა დაინტერესება, განსაკუთრებით – ისეთი დავალებებისა და ამოცანების შესრულებისას, რომლებიც მათი მხრივ კვლევა-ძიებაზე დაფუძნებულ საქმიანობას მოითხოვს. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და ინიციატიურობის განვითარებაში;
განმავითარებელი სწავლება, განსაკუთრებით – პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება. ის გულისხმობს ისეთი პრობლემური სიტუაციის შექმნას, რომელშიც გათვალისწინებულია სასწავლო მასალის სირთულე და მოსწავლის შესაძლებლობები. პრობლემური სიტუაცია მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს: როცა ხედავენ, რომ არსებული ცოდნა პრობლემის გადასაჭრელად არ კმარა, მათ მეტის გაგებისა და შესწავლის სურვილი უჩნდებათ. თუმცა აუცილებელია, პრობლემის სირთულე მათ შესაძლებლობებს ეთანადებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის მიმართ ინტერესი ქრება;
მასწავლებლის ცოცხალი მეტყველება და მოსწავლის ემოციური დამოკიდებულება საკითხის მიმართ;
● სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზება;
● მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივება.

მოსწავლეთა გასააქტიურებლად და შემეცნებითი ინტერესის გასაღვივებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზება. ამ დროს გამოიყენება აქტიური შემეცნებითი საქმიანობის მრავალფეროვანი საშუალებები და მეთოდები, მაგალითად, როლური თამაშები, ინსცენირება, ჯგუფური სამუშაოები, შემოქმედებითი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება (ისტორიული პორტრეტის, ესეს ან ისტორიული თხზულების დაწერა); პროექტული საქმიანობა, ხელნაკეთი „მინაბაძებისა” და სავიზიტო ბარათების დამზადება, პრობლემური საკითხების განხილვა, კროსვორდების ამოხსნა, შესაბამისობათა დადგენა, დამატებით ლიტერატურასთან მუშაობა, არუმენტირებასა და მსჯელობაზე გათვლილი (რაიმე საკითხის თაობაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაცვა) და ა.შ. დავალებები.

მაგრამ ნებისმიერი ისეთი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მოზარდის სწავლას, განვითარებასა და აღზრდას, შეუძლებელია წარმატებით გადაიჭრას სერიოზული ანალიზისა და კონკრეტული ასაკობრივი ეტაპის თავისებურებათა გათვალისწინების გარეშე.
ფსიქიკური განვითარების კულტურულ-ისტორიული თეორიის (ლ. ვიგოტსკი) მიხედვით, ადამიანის მრავალი საქმიანობიდან, რომლებიც თან ახლავს ცხოვრების ყოველ ეტაპს, გამოიკვეთება ძირითადი, წამყვანი საქმიანობა, რომელიც ქმნის ამა თუ იმ ეტაპის ძირითად ფსიქოლოგიურ სურათს. 10-15 წლის მოზარდების ქცევა კი ორიენტირებულია არა მოზრდილებზე (მშობელი, მასწავლებელი), არამედ თანატოლებსა და მეგობრებზე. ძირითადად ამ პერიოდში ფორმირდება „მე-პიროვნება”, ამიტომ მოზარდისთვის წამყვანი ხდება თვითიდენტიფიცირება, თვითგამოხატვა, თვითრეალიზაცია, წარმატებული სოციალიზაცია. რა გამოსავალი უნდა მოიძებნოს, სწავლის ორგანიზების როგორი ფორმა უნდა შეირჩეს, რომ მოსწავლემ საკუთარი თავის რეალიზებაც შეძლოს და არც სწავლის მიმართ ინტერესი დაკარგოს? 

10-15 წელი სასკოლო პერიოდში სწავლის მეორე საფეხურს შეესაბამება. ამ ეტაპზე მასალის სისტემატიზაცია-განზოგადებისა და პრობლემების გადაჭრისთვის წარმატებით გამოიყენება „საკონკურსო” მეთოდიკა და თამაშით სწავლა (ვიქტორინები,შემეცნებითი თამაშები, კონკურსები). ამ ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი თავისუფლებისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენას, იწვევს დადებით ემოციებს და ამაღლებს შემეცნებით ინტერესს. ამ ტიპის საქმიანობისას ხშირად გაცილებით მნიშვნელოვანია არა შედეგი – დასკვნითი ღონისძიება და შეფასება, არამედ პროცესი. ფართოა მოსწავლეთა კომუნიკაცია, მაღალია თანამშრომლობის ხარისხი, ისინი ინაწილებენ როლებს, მოვალეობებს, ამჟღავნებენ ინიციატივას, დამოუკიდებლობას და შემოქმედებით თვისებებს. 

შემეცნებითი ინტერესის გაღვივებისა და ფორმირებისთვის ეფექტურად გამოიყენება დისკუსიები და დისპუტები. ცნობილია, რომ ისტორიაში უხვად მოიძებნება ისეთი საკითხები, რომლებზეც „სწორი პასუხი” არ არსებობს. ასეთი საკითხები წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ დისპუტის ჩასატარებლად (მაგალითად, მე-8 კლასში ახალი ისტორიის პერიოდის შესწავლისას შეიძლება გავმართოთ დისპუტი თემებზე: „ნაპოლეონი – გენიოსი თუ დამნაშავე?” „ვინც გენიოსია პოლიტიკაში, ის დამნაშავეცაა” (პეტრე I-ზე ან სტალინზე და სხვ.).

დისპუტისთვის მომზადებისას მოსწავლეები გაეცნობიან რეკომენდებულ ლიტერატურას, დაწერენ შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს, განიხილავენ სხვადასხვა შეხედულებას ისტორიულ პირებსა და მათ მოღვაწეობაზე. საუბრისა და მსჯელობის დროს ისინი გამოამჟღავნებენ ისტორიული მასალის ცოდნას, არგუმენტირებისა და განზოგადების, ერთმანეთის მოსმენისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარს. ამავე დროს მათ შეექმნებათ ობიექტური წარმოდგენა ისტორიულ პროცესებზე და საკუთარი დამოკიდებულებაც გაუჩნდებათ მეცნიერული დავის ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

დისპუტისთვის მომზადების პროცესში მოსწავლეებმა შეიძლება დაამზადონ ბუკლეტები, რომლებშიც ჩაიწერება ფრაგმენტები განსახილველი ისტორიული პირების შესახებ ცნობილი ისტორიკოსების თხზულებებიდან ან მხატვრული ნაწარმოებებიდან; ისტორიკოსთა შეხედულებების საფუძველზე ასევე შეიძლება შეიქმნას შედარებითი ცხრილები, ისტორიულ პირთა მოღვაწეობის მიხედვით – სქემები და დიაგრამები, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა და ა.შ. 

მოსწავლეთა შემეცნებითი გააქტიურების, კრეატიულობის განვითარებისა და პიროვნული თვისებების ფორმირების ერთ-ერთი საშუალებაა პროექტული მეთოდიც. ამ დროს კვლევითი ელემენტების გამოყენებით მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს სწავლის პროცესში, წარმართავს მის ინტერესს შემეცნებითი საქმიანობისკენ. შედეგად მოსწავლე სწავლობს საკუთარი აღმოჩენებისა და დასკვნების საფუძველზე, თანაც სიამოვნებითა და ინტერესით.

პროექტული მეთოდი სამ ძირითად ასპექტს ეყრდნობა: 
● დამოუკიდებლობას;
● მოღვაწეობას/მოქმედებას;
●  შედეგიანობას.

პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლე თითქოს დაბნეულია, მაგრამ ეს ერთგვარად ააქტიურებს კიდეც მის შემეცნებით საქმიანობას. მასწავლებელს ევალება, პროექტზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოს მოსწავლის საქმიანობის ლოგიკური კავშირები:

▪ ინტერესი არჩევანის მიმართ;
▪ წარმატება (წარუმატებლობა);
▪ ადეკვატური შეფასება (თვითშეფასება); 
▪ რეფლექსია.

ასეთი მიდგომით წარმართული სასწავლო პროცესი ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის განვითარებას. შემეცნებითი ინტერესის გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური მეთოდების, განსაკუთრებით – ჯგუფური მოღვაწეობისა და პროექტული მეთოდის, გამოყენება.

მაგალითად, VII კლასისთვის განვიხილოთ ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „შუა საუკუნეები” . მოსწავლეები იმეორებენ თარიღებს, ცნებებს, მოვლენებს, ფაქტებს, ისტორიული პირების დახასიათებას. შემდეგ ინტერესების მიხედვით დაიყოფიან ჯგუფებად:
1) ერთი ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას, წარმოდგენას, ან ვიზუალურ მასალას (გერბი, დროშა…); 
2) მეორე – რაიმე ნაკეთობას „შუა საუკუნეების ოსტატების მსგავსად”;
3) სხვები გაითამაშებენ თეატრალიზებულ წარმოდგენას სასახლის კარის ან რაიმე სხვა თემაზე და ა.შ. 

მასწავლებელმა აუცილებლად ზუსტი მითითება უნდა მისცეს მოსწავლეებს თამაშის წესების შესახებ და მისი მომზადების პროცესშიც დაეხმაროს. ცხადია, თამაშის მომზადება და გამართვა გულისხმობს გარკვეულ დროს და იმის მოლოდინს, როგორ წარიმართება თამაშის თითოეული ნაწილი, როგორ შეაფასებენ ჯგუფის წევრები ერთმანეთს ან როგორ მოიწონებს აუდიტორია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, შედეგებით დაინტერესებას და, საუკეთესო შემთხვევაში, მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: „როდის გაიმართება მომდევნო თამაში?”

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოთ აღწერილი მეთოდებითაა შესაძლებელი მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივება და მაღალი შედეგების მიღწევა; მთავარია, რომ წარმოდგენილი მეთოდები ხელს უწყობს სწავლის მეორე საფეხურზე შემეცნებითი საქმიანობის გაფართოებას და წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

„ბარბარეს ბარბარიზმები“

0

ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. გარდა მრავალმხრივი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, საინტერესოა მისი დამოკიდებულება ქართულ ენასთან, როგორც კულტურულ მოვლენასთან,  მისი მნიშვნელობის გააზრება და  საკამათო, თუმცა უაღრესად საინტერესო მოსაზრებები ენასა და მეტყველებასთან დაკავშირებით.

კნეინა ბარბარე გამოირჩევა თავისი თანამედროვე ქალების და არა მხოლოდ ქალებისაგან – ცხოვრების განსაკუთრებული სიყვარულით, რაღაცნაირი დედაკაცური ძალით, იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული ფემინისტური იდეებით და აქტიურობით – იგი პუბლიცისტურ წერილებს წერდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან  პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ქალთა განათლებასა და ქალთა უფლებებზე,  აქტუალურ ლიტერატურულ თემებზე, საკუთარი პოზიციის დასაცავად ყოველთვის ერთვებოდა პოლემიკაში, რაც მთავარია, ყოველთვის ჰქონდა საკუთარი პოზიცია –   13 წლის ასაკში გათხოვილი ქალისათვის ეს ყველაფერი ცოტა რთული უნდა იყოს.

ბარბარე ჯორჯაძის ერთ მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, ენციკლოპედიურ შრომაზე,  „სრულ სამზარეულოზე” შევჩერდები, რომელიც ქართულ ენაზე გამოცემულ პირველი, სრული სახის კულინარიული სახელმძღვანელოა თავისი ყველა მახასიათებლით.
ამ შესანიშნავი წიგნის ერთ-ერთი გამოცემის შესავალში ბარბარეს შვილი წერს:
„განსვენებული დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა…
განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ.

განსვენებული სიტყვით არ კმაყოფილდებოდა და მწერლობითაც სურდა, გაეწია „პროპაგანდა” დიასახლისთა შორის. სხვათა შორის მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”

გარდა ვიწრო, პროფესიული მნიშვნელობისა,  ეს წიგნი საინტერესოა, როგორც ეპოქის ენობრივი, კულტურული, ეთნოგრაფიული სურათი, რადგანაც კულინარია ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიქტთან დაკავშირებული  დარგი, კარგად წარმოაჩენს ენის, როგორც კულტურის სპეციფიკასა და სახეს.

ბარბარე ჯორჯაძის „სრულის სამზარეულოს”, ავტორის  სხვა ნაწარმოებების თუ პირადი მიმოწერის,  მისი თანამედროვე ავტორების ტექსტების პარალელური ანალიზის, მეცხრამეტე საუკუნის პრესის ენის  სპეციფიკის გათვალისწინებით, ვცადე, გამომეცალკევებინა ბარბარე ჯორჯაძის ამ კონკრეტული ტექსტის ინდივიდუალური მახასიათებლები, ენობრივი ნიშნები, როგორც  მორფოლოგიისა თუ სინტაქსის, აგრეთვე, განსაკუთრებით სემანტიკისა თუ პრაგმატიკის კუთხით.

ბარბარე ჯორჯაძე, ამ შესანიშნავი ტექსტის დანიშნულების შესაბამისად, პოულობს ერთგვარ სოციოლექტს, რომელიც შეიცავს მეცხრამეტე საუკუნის ქართული სალიტერატურო ენისა და  დიალექტების მახასიათებლებს, უცხო ენიდან შემოსულ ლექსიკას თუ კონსტრუქციებს, მისი ენა ერთგვარი მედიუმია მეცხრამეტე საუკუნის სხვადასხვა ფენას შორის კომუნიკაციისათვის, ერთნაირად გასაგები ქალაქელი ხელოსნისა   თუ პროვინციელი არისტოკრატისათვის.

 ბარბარე ჯორჯაძის ენა, ერთგვარი სოციალური და კულტურული მოვლენაა, ეპოქის სულის ანარეკლი.

როგორ და რაში გამოვიყენოთ ეს განსაკუთრებული წიგნი სასწავლო პროცესის დროს? ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში? წამომყევით, რამდენიმე თემას ჩამოვწერ, რომლის სწავლებისას განსაკუთრებით გამოგადგებათ ბარბარე ჯორჯაძის ეს კულინარიული ნაშრომი:

1.მეცხრამეტე საუკუნის საქართველო;
2. ქართული ენის საკითხი;
3. რუსული ენის გავლენები ქართულ ენაზე;
4.„მამათა და შვილთა ბრძოლა”:
5.მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურა;
6. ეთნოგრაფია, ქალაქი;
7. სოციალური მდგომარეობა, სოციალური ურთიერთობები;
8.ქალთა უფლებები საქართველოში;
9.მორფოლოგიის საკითხები;
10. რიცხვითი სახელი – განსაკუთრებით წილობითი;
11. არსებითი სახელის ჯგუფები, განსაკუთრებით, საკუთარი,  კრებითი და ნივთიერებათა სახელები;
12. ლექსიკის საკითხები ზოგადად,
13. ბარბარიზმები, არქაიზმები;
14. ამ პერიოდის ენის სინტაქსური თავისებურებები;
15. სახელწიფო ენის თემა და ენის სიწმინდის დაცვის საკითხები;
16. საქართველო და ევროპა – კულინარია, როგორიც კულტურული ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო;
მოკლედ, აუცილებლად ჩახედეთ ბარბარე ჯორჯაძის „სრულ სამზარეულოს” და  კიდევ უფრო მეტი გამოყენება მოუძებნეთ მას თქვენს სასწავლო პროცესში, ვიდრე სამზარეულოში, ქურასთან.

პროექტებით სწავლება ლიტერატურის გაკვეთილზე

0
სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, სულ უფრო ხშირად ეძახიან ცვალებად მსოფლიოს და ეს ჭეშმარიტებაა. პროცესები, რომლებიც საზოგადოებაში მიმდინარეობს, მოიცავს სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებს. თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს ტექნიკის სამყაროში, სულიერად შეზღუდულ სამყაროში, სადაც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე  პრიორიტეტული პრაქტიკული,  „მიწიერი” ღირებულებებია.
 
ბოლო დროს შესამჩნევია ჰუმანიტარულ საგანთა, განსაკუთრებით ლიტერატურის, გაუფასურების ტენდენცია: წიგნი შეცვალა კომპიუტერმა. კითხვა, განსაკუთრებით სკოლაში,  აღიქმება როგორც იძულებითი და უსარგებლო პროცესი, რომელსაც დიდი დრო მიაქვს. რატომ ხდება ასე? პასუხი ნათელია: ჰუმანიტარულ საგანთა სწავლების მეთოდიკა მოძველდა და დროს ჩამორჩა. მეთოდური ფორმულა „მწერლის შესახებ საუბარი – ნაწარმოების კითხვა – განხილვა – შინაარსის წერა”   მოძველდა, რაც განპირობებულია არსებული რეალობით. მოსწავლეს უნდა შევუქმნათ არა ცალსახა, არამედ მრავალმხრივი წარმოდგენა ცხოვრებაზე, ამიტომაც ლიტერატურის მასწავლებლის ამოცანას წარმოადგენს მხატვრულ ტექსტზე მუშაობის ახალი მეთოდების შექმნა, რათა სწავლება გახდეს მრავალმხრივი, მრავალფეროვანი, მოცულობითი, მიმზიდველი. 
დღეს ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდად მიჩნეულია მულტიმედიური ლიტერატურული პროექტების შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც სიღრმისეულ ლიტთეორიულ ანალიზს, ასევე  ინტერნეტისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. პროექტით სწავლების მეთოდიკა გულისხმობს  მოსწავლეთა გუნდურ მუშაობას მასწავლებლის ხელმძღვანელობით, რომლის ფუნქციაც დახმარებაა, რის შედეგადაც  იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა და საგანმანათლებლო პროცესი უფრო დემოკრატიული ხდება. ამ სახით  მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ და სწავლობენ  საქმიან შემოქმედებით ურთიერთობებს.  ლიტერატურული მულტიმედიური პროექტის შექმნისას კონსულტანტის როლში შეიძლება იყოს ორი მასწავლებელი: მეტყველებისა და ისტ-ის პედაგოგი, ვინაიდან თავად საპროექტო მუშაობა ამ დისციპლინების ინტეგრაციას მოითხოვს.  
ამ სახის საქმიანობა მოსწავლეებს უყალიბებს პრობლემის ერთიანობაში განხილვის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვისა და ანალიზის, ახალი გადაწყვეტილებების მიღების, სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევებს.
საპროექტო მუშაობის მთავარი მიზანი იმ პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტაა, რომელსაც მოსწავლე  აწყდება. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს აქვთ თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა. პრობლემური სიტუაცია იქმნება იმ გათვლებით, რომ მისი გადაჭრისას აუცილებელი იყოს მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენება: ანალიტიკური, მხატვრული, მუსიკალური, თეატრალური, კომუნიკაციური, რომლებიც  ტრადიციული მეთოდით სწავლებისას გამოუყენებელი რჩება და ნიჭიერი ბავშვი  უბრალოდ „შეუმჩნეველი” რჩება. პროექტზე მუშაობისას პედაგოგის სავალდებულო ამოცანაა თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა მისცეს შეიგრძნოს  საკუთარი თავის საჭიროება და აუცილებლობა საერთო საქმის შესრულებისას. 
მულტიმედიურ პროექტზე მუშაობის მეთოდიკა შედგება ოთხი ეტაპისგან:
1.პრობლემური სიტუაციის განსაზღვრა და ჯგუფების ჩამოყალიბება; 
2.მასალის შეგროვება და დამუშავება;
3.პროექტის პრეზენტირება; 
4.შედეგების განხილვა.
უმნიშვნელოვანესია გაკვეთილებზე ან დამატებით მეცადინეობებზე ჯგუფების მიერ გაწეული მუშაობის შუალედური განხილვების მოწყობა. 
მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს – გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესწავლა. მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა  ყურადღების მაქსიმალური მობილიზება პოეტის შემოქმედებაზე, მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა,  შეიგრძნონ პოეტის ენის სილამაზე და მნიშვნელობა. შევთავაზოთ მოსწავლეებს, მონაწილეობა  მიიღონ მულტიმედიური პროექტის შექმნაში.
 „გალაკტიონის სამყარო. როგორია ის?” 
პირველ ეტაპზე საკუთარი თავის წინაშე წამოვჭრათ შემდეგი დიდაქტიკური ამოცანები: 
1.დიდი მოცულობის ინფორმაციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარების ფორმირება; 
2.კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება; 
3.შემეცნებითი ინტერესების განვითარება, შემოქმედებითი უნარები; 
4.ჯგუფური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება; 
5.პრობლემის დანახვისა და პრობლემის გადასაჭრელი გზების დასახვის უნარი.
 
პროექტის მეთოდური ამოცნები:
დავეხმაროთ მოსწავლეს მწერლის შინაგანი ლოგიკის გარკვევაში; 
ვასწავლოთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; 
ვასწავლოთ  Microsoft PowerPoint საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენება სასწავლო მიზნით.
მოსწავლეებს საპროექტო მუშაობისათვის შევთავაზოთ შემდეგი პრობლემური სიტუაციები:
1.გალაკტიონი – ვინ არის ის?
2.სამშობლო და გალაკტიონი – ეს ერთი მთლიანობაა?
3.მწერლის შემოქმედების ფილოსოფია;
4.მწერლის მხატვრული სამყაროს მრავალფეროვნება.
პრობლემური სიტუაციების შესაბამისად მოსწავლეებს დამოუკიდებლად შესასრულებლად ეძლევათ დავალებები:
1.გალაკტიონის ცხოვრება დროის სხვადასხვა პერიოდში; 
2.გალაკტიონის ადრეული შემოქმედების მრავალფეროვანი პალიტრა;
3.კონფლიქტი ოცნებასა და რეალობას შორის;
4.გალაკტიონის ლირიკული გმირის გზა  ფერებში.    
    ამ გზით  პროექტის მონაწილე მხატვრულ ტექსტს აღიქვამს  არა როგორც ქაღალდზე გადატანილ ტიპოგრაფიულ ნიშნებს, არამედ როგორც მრავალმხრივ და მრავალფეროვან სამყაროს, რომლიც გასაგებადაც საჭიროა როგორც ანალიზი, ასევე შეგრძნება. მოსწავლე იწყებს ლიტერატურის არა როგორც სასწავლო დისციპლინის აღქმას, არამედ როგორც ხელოვნების დარგის, თანაც მოსწავლე პროექტზე მუშაობისას იწყებს ურთიერთობას ამ ხელოვნების შემქმნელთან.
    პროექტის მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად: მკითხველები და რედაქტორები, პროექტის მუსიკალურ გაფორმებაზე პასუხისმგებლები, კრიტიკოსები, კონსულტანტ – ლიტერატურათმცოდნეები. შემდგომი მუშაობა მიმდინარეობს ჯგუფებში.
       რამდენადაც პროექტის დასკვნითი ეტაპი დაფუძნებულია თემაზე „ გალაკტიონის ლირიკული გმირის მოგზაურობა ფერებში”, ამიტომ სამუშაოების ყველაზე რთული ნაწილი უნდა შეასრულონ კონსულტანტ-ლიტერატურათმცოდნეებმა. მათი ამოცანაა: დააკვირდნენ ფერთა გამის ცვლილებას გალაკტიონის შემოქმედებაში, მისი მოღვაწეობის სხვადასხვა დროის გათვალისწინებით.  ამ სახის დავალების შესასრულებლად ჯგუფმა უნდა გაიაროს წინასწარი თეორიული მომზადება: გაეცნოს ლიტერატურის თეორიიდან ფერთა სიმბოლოებს. ამის გარდა, ჯგუფის წევრებისთვის განმსაზღვრელი უნდა იყოს როგორც ფონი და ფერი, ასევე ლექსის თემა, იდეა და აზრი. ამისათვის თითოეულ კონსულტანტთან უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური სამუშაო ლექსის სემანტიკურ ანალიზზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მხატვრულ ტროპებს: დადგინდეს , რატომ იყენებს ავტორი ამა თუ იმ ეპითეტს, რა მნიშვნელობა აქვს ავტორისეულ მეტაფორას, რისთვის გამოიყენება შედარება. სამუშაო უნდა წარიმართოს პრობლემური კითხვების საშუალებით, დადგინდეს გაუგებარი სიტყვების  ლექსიკური მნიშვნელობა. 
        პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა მკითხველებთან და მუსიკალურ რედაქტორებთან. ასეთი მუშაობის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მოსწავლეები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაისწავლიან ლექსებს ზეპირად, რადგან არაერთხელ მოუწევთ მათი გადაკითხვა. მკითხველთა მუშაობის ანალიზი კი ყველა მონაწილეს მისცემს საშუალებას, აიმაღლოს დეკლამირების უნარი. 
       მონახავენ რა ლექსებში თავიანთ კითხვებზე პასუხებს, მოსწავლეები მეტი ინტერესითა და ემოციურობით წაიკითხავენ ტექსტს, რის შედეგადაც გაერთიანდება ლექსის ანალიტიკურ კითხვა, ემპათია და რეფლექსია. 
      პროექტზე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ტრადიციული ლიტერატურის გაკვეთილის პარალელურ რეჟიმში, სადაც დაწვრილებით ესაუბრებით ბავშვებს  პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ასეთ  პარალელურ რეჟიმში ჩატარებულ გაკვეთილებს მოსწავლეები დიდი ინტერესით მოისმენენ. პროექტის პრეზენტაცია შესაძლებელია იყოს როგორც სასკოლო, ასევე საკლასო. მეორე შემთხვევაში ნაკლებ შრომატევადი სამუშაო გექნებათ შესასრულებელი. მაგალითად, მოამზადეთ პრეზენტაციები მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიის, კონკრეტული თემის ან კონკრეტული ნაწარმოების შესახებ. მსგავსი საპროექტო მუშაობით შესაძლებელია შეიცვალოს ტრადიციული რეფერატების წერა. პრეზენტაციის შემდეგ აუცილებელია განხილვა, რათა გამოავლინოთ სავარაუდო პრობლემები და დასახოთ მისი გადაჭრის გზები, ასევე აუცილებელია მონაწილეთა შექება-წახალისება.  
      თუ მოსწავლე ინდივიდუალურ პროექტს ახორციელებს, მაშინ მისი შეფასება არაა რთული და მას ტრადიციული შეფასების სისტემით შეაფასებთ. მაგრამ პრობლემას ვაწყდებით გუნდური პროექტის განხორციელების დროს. რა კრიტერიუმებით შევაფასოთ თითოეული მონაწილე გუნდური პროექტის განხორციელებისას? 
გთავაზობთ სავარაუდო კრიტერიუმებს:
– პროექტის მნიშვნელობისა და წამოყენებული პრობლემების აქტუალურობის გააზრება  თითოეული მონაწილის მიერ; 
– გამოყენებული საკვლევი მეთოდების  კორექტულობა; 
– მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით საპროექტო მუშაობისას გამოჩენილი აქტიურობა; 
– მიღებული გადაწყვეტილებების გუნდურობა; 
– გუნდში  ურთიერთობა და დახმარება;
– პრობლემის სათანადოდ გააზრება, სხვა საგნებში მიღებული ცოდნის გამოყენება; 
– მიღებული გადაწყვეტილებების დამაჯერებლობა, შედეგების არგუმენტირება, დასკვნები; 
– დასრულებული პროექტის შედეგების გაფორმების ესთეტიკა;
– ოპონენტების კითხვებზე  პასუხების გაცემის უნარი… 
სასწავლო პროექტი წარმატებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა თემაში განსაზღვრული იქნება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა, გამოიკვეთება საკვლევი მეთოდები და გამოჩნდება პროექტის მონაწილეთა შეთანხმებული საქმიანობა.  
ვფიქრობ, ამ სახით წაკითხული, გააზრებული და შესრულებული დავალება მეტ შედეგსა და სარგებლობას მოუტანს მოსწავლეებს. პირადად მე გაცილებით უკეთეს შედეგს ვაღწევ მსგავსი მუშაობით.

თეთრისა და შავის საიდუმლო (III ნაწილი)

0

ურიგო არ იქნება, შესვენების შემდეგ მუსიკალური კიბის თეთრ და შავ საფეხურებს ავუყვეთ და უკეთ გავარკვიოთ მათი დანიშნულება.

ბგერათა დიაპაზონში სხვადასხვა სიმაღლის უსასრულო რაოდენობის ბგერაა, მაგრამ მუსიკაში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობისა გამოიყენება. ისინი სიმაღლის მიხედვით ლაგდებიან, რითაც ბგერათა რიგს ქმნიან. რიგის ყოველი ბგერა საფეხურია. რაც უფრო მაღალია ბგერა, მით უფრო მაღლაა მისი ადგილი ბგერათა რიგში.

კლავიატურის ძირითადი საფეხურები ბგერათა ორგანიზების მარტივ სისტემას ქმნის. ეს საფეხურები ერთმანეთს მისდევს და მათი სიმაღლე მარცხნიდან მარჯვნივ იმატებს. მათ დამახსოვრებას შავი კლავიშების განლაგება აადვილებს. მაგალითად, საფეხური დო ამ კლავიშების წყვილთან მდებარეობს, ხოლო ფა – სამი შავი კლავიშის ჯგუფთან.

სიტყვები „ბგერა”, „საფეხური” და „კლავიში” ხშირად დაბნეულობას იწვევს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მათ შორის განსხვავება ზუსტად უნდა გვქონდეს განსაზღვრული. მაგალითად, ბგერა ფიზიკური მოვლენაა სიხშირის მახასიათებლით; საფეხური ბგერათა რიგის ელემენტია, კლავიში კი – ფორტეპიანოს კლავიატურის ელემენტი.

დიატონური (თეთრი) ბგერათა რიგის სისტემაში ბგერას თავისი სახელი და რიგითი ნომერი აქვს: დო – პირველი საფეხური, რე – მეორე, მი – მესამე, ფა – მეოთხე, სოლ – მეხუთე, ლა – მეექვსე, სი – მეშვიდე და დო – მერვე ანუ პირველი. როგორც წესი, კილოს საფეხურები რომაული ციფრებით არის დანომრილი და შესაბამისი ნოტის ქვეშ იწერება.

ამრიგად, დიატონურ ბგერათა რიგში 7 თეთრი კლავიშია. ქრომატული („შავ-თეთრი”) ბგერათა რიგის სისტემაში კი სურათი იცვლება. სისტემაში შავი კლავიშები (5 კლავიში) ერთვება და ქმნის 12 ბგერისგან შემდგარ ქრომატულ გამას. მაგალითად, I საფეხურია დო, III საფეხური – რე. II საფეხური ნახევარი ტონით მაღალია, ვიდრე დო ანუ ის დო დიეზია (და ნახევარი ტონით დაბალია, ვიდრე რე ანუ რე ბემოლია; დო დიეზი და რე ბემოლი, როგორც აღვნიშნეთ, ერთი და იგივე ნოტია). კიბის (კლავიატურის) ყოველი საფეხური ბგერაა.

 

 

მოსწავლეებთან სიტყვა „სოლფეჯიოს” ხსენება, მგონი, არც დამჭირვებია, ისე ავითვისეთ ეს „საგანი” – სხვათა შორის, დიდი სიამოვნებით. პატარებთან ერთად კი სოლფეჯიოთი ისე ვერთობი, მთხოვენ, გაკვეთილი სწორედ ამ „თამაშით” დავიწყო. მართლაც, საოცრად ხალისიან ატმოსფეროს ქმნის ფეხებით ალტერაციის ნიშნების „წერა”. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბეკარებით მოძრაობა-მანიპულირებისას პატარა მუსიკოსებს ერთმანეთს ფრთხილად ვაჯახებ ხოლმე. ამ დროს ყველა ბედნიერი ვართ.

როდესაც მოსწავლე ტრადიციული მეთოდით ვერ ახერხებს ამა თუ იმ საკითხის სწრაფად ათვისებას, მასწავლებელს თუნდაც ერთი ალტერნატიული გზის მყისიერად გამოძებნა უნდა შეეძლოს. ეს გზა უნდა იყოს მარტივი, გასაგები და გასართობი.

***

საინტერესოა, არსებობს თუ არა ფერებსა და ბგერებს შორის ფარული კავშირი და შესაძლებელია თუ არა მათი ენის შესწავლა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მათი საერთო ენა – სულია.

განსაზღვრული წარმოდგენა მუსიკისა და ფერის მჭიდრო კავშირზე ჯერ კიდევ უძველეს ინდოეთში წარმოიშვა. არისტოტელე თავის ტრაქტატში „სულის შესახებ” ამტკიცებდა, რომ ფერების თანაფარდობა მუსიკალური თანახმიანობის მსგავსია. პითაგორელები უპირატესობას ანიჭებდნენ თეთრს როგორც სამყაროს მებატონეს, ხოლო ფერთა სპექტრი, მათი წარმოდგენით, 7 მუსიკალურ ტონს შეესაბამებოდა.

შესაძლებელია თუ არა ბგერების გაფერადება, ან რომელი ფერი შეესაბამება ამა თუ იმ ბგერას?

„მუსიკალური საღებავი” არა ცალკე აღებული ბგერაა, არამედ ბგერათა თანმიმდევრობა – მარტივად რომ ითქვას, გამა. აი, ასეთია ნიუტონის მიერ შექმნილი ემოციურ-ფერადი სიმბოლური ასოციაციები მუსიკალურ ნოტებსა და სპექტრის ძირითად ფერებს შორის: დო – წითელი, რე – ნარინჯისფერი, მი – ყვითელი, ფა – მწვანე, სოლ – ცისფერი, ლა – ლურჯი, სი – იისფერი.

დიდი რუსი კომპოზიტორი სკრიაბინი გატაცებით ეძებდა კავშირს ბგერასა და ფერს შორის, და ვინაიდან ტონალობას განსაზღვრულ ფერში აღიქვამდა, ფერადი ბგერითი სისტემა შექმნა: დო მაჟორი – წითელი, სოლ მაჟორი – ნარინჯისფერი, რე მაჟორი – ყვითელი, – და ასე მიჰყვება კვინტურ წრეს ფერთა სპექტრი. აი, რიმსკი-კორსაკოვს კი ტონალობათა ფერები სულ სხვაგვარად „ესმოდა”: დო მაჟორი მისთვის თეთრი იყო, სოლ მაჟორი – ყავისფერი, მი მაჟორი – ცისფერი…

მართალია, მუსიკაში იმპრესიონიზმის ფუძემდებელ კლოდ დებიუსის არავისთვის გაუზიარებია ფერისა და ბგერის ურთიერთკავშირის თაობაზე საკუთარი ხედვა, მაგრამ მის ნაწარმოებებში აშკარად ისახება ფერისკენ, სინათლისკენ თამამი ლტოლვა. მაგალითად, საფორტეპიანო პრელუდიაში „ტერასა მთვარის შუქზე” მკაფიოდ აღიქმება ბგერითი ათინათების ლივლივი, ხოლო პრელუდიაში „ქაცვისფერთმიანი გოგონა” გადმოცემულია ბგერის, სინათლისა და ფერის ერთმანეთთან შეხამებული უნაზესი აკვარელური ტონები.

ht

***

სამყარო ფერადია. და, ამავე დროს, შავიც და თეთრიც. შავისა და თეთრის შეხამება რეტროსთან, კლასიკასთან, სიმშვიდესთან, ჰარმონიასთან, კონტრასტულობასთან ასოცირდება.

შესანიშნავია წინაპართა შავ-თეთრი პორტრეტები. ასევე – პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ჩვენი ბავშვობის შავ-თეთრი ფოტოებიც. შავ-თეთრზე იდუმალი ჩრდილები იკვეთება. ტყუილად როდი იყენებს ბევრი ფოტოგრაფი გამოსახვის ამ „შავ-თეთრ” ფორმას: ის თავისებურად გარდაქმნის სამყაროს, ზედმეტი ინფორმაციისგან წურავს და უმთავრესს ავლენს, მდუმარებისა და იდუმალების ატმოსფეროს ქმნის.

შავ-თეთრი არ ტყუის.

***

ვინ შეიძლება გაგვახსენდეს შავ-თეთრი კინოს ხსენებისას, თუ არა სულელურ ყელიან წაღებსა და დაჭმუჭნილ სერთუკში გამოწყობილი, საზოგადოების ნაკლოვანებათა აბუჩად ამგდები მაწანწალა – ჩარლი ჩაპლინის უკვდავი პერსონაჟი – და უსიტყვო, ლაკონიური და პოეტური მინიატურების ავტორი მიხეილ კობახიძე. სიამოვნებით გთავაზობთ მ. კობახიძის შესანიშნავ მოკლემეტრაჟიან უსიტყვო მუსიკალურ ფილმ „ქოლგას”:

***

არსებობს მოსაზრება, რომ სამყარო ჩვენ გარშემო შავ-თეთრია, რომ მას ფერები არ გააჩნია – ფერი მხოლოდ ილუზიაა, ფიზიკურ რეალობაში ის არ არსებობს; ჩვენ დაბადებისთანავე ამ ილუზიით ვართ გარემოცული, ის ჰაერივით გვაქვს შესისხლხორცებული და ვერ ვამჩნევთ; რომ მთელი ცხოვრება უწყვეტი ილუზიაა.

ჩვენი გონება სარკეს ჰგავს. მასში არეკლილი ენერგიით მატერიალურ სამყაროს ისეთად აღვიქვამთ, როგორადაც მხედველობა, სმენა და შეგრძნება გვისახავს. თვალი, ყური და გრძნობის სხვა ორგანოები, როგორც ხელსაწყოები, ტვინში შემავალ ელექტროსიგნალებს გამოიმუშავებენ. თვალები ვერ ხედავენ, ყურებს არ ესმით, კანი ვერ გრძნობს, სანამ მათგან წამოსული სიგნალი ადამიანის გონებაში არ აირეკლება. გონებას, როგორც ნებისმიერ სარკეს, აქვს თვისება, დაამახინჯოს და გადაატრიალოს სამყარო. გონება სამყაროს სარკისებურად ირეკლავს, ხოლო აზრთა მოძრაობის მიმართულება სარკისებურ სამყაროში იმის საპირსპიროა, რაც გვეჩვენება. ყველა კითხვა მხოლოდ გონებაში წარმოიშობა, პასუხებიც იქვე უნდა ვეძებოთ და არა გარეთ, მოჩვენებით სამყაროში. პასუხი ყოველთვის თვით კითხვაშია.

***

რაც უფრო შორს მიდის ადამიანი ცხოვრების საიდუმლოებათა შეცნობის გზაზე, მით მეტად იხსნება მისთვის ცხოვრება. ის თანდათან იწყებს თავისი ბუნების, საიდუმლოების გამჟღავნებას. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის ბუნების ცოდნა. ადამიანური ცხოვრების შესწავლა საკუთარი თავის შეცნობას გულისხმობს, საკუთარი თავის შეცნობა კი, უპირველესად, ღმერთის შეცნობაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...