ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
13 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

დიახ, სირცხვილია

0

სირცხვილის გრძნობა ყველას აქვს. ვის რისი რცხვენია და ვის რისი… შედარებითია მისი შეგრძნება.

თუ მე ლექციაზე მოუმზადებელი მივალ, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტებთან არასამართლიანი ვიქნები, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტი არ ისწავლის, დიახ, სირცხვილია…
თუ სტუდენტი არც ისწავლის, მაგრამ სტიპენდიის ამბიცია ექნება, დიახ, სირცხვილია…
თუ სახლიდან მოუწესრიგებელი გამოვალ, დიახ, სირცხვილია…
ათასი რამეა სირცხვილი, მე ასე ვფიქრობ, სხვა სხვანაირად…
გულგრილობა სირცხვილია…
ექიმის პაციენტისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
მასწავლებლის მოსწავლეებისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
ზოგადად საქმისადმი გულგრილობა, დიახ, სირცხვილია…
და ხალხისადმი გულგრილობა? ოჰ, რა სირცხვილია…
ვალუტის კურსით თამაში? დიახ, სირცხვილია…
და თუ ეს მიზანმიმართულად ხდება? ოჰ, რა სირცხვილია…
როცა საქმის არა გაგეგება რა, მაგრამ, მაინც თანამდებობას რომ თანხმდები…უფრო სირცხვილია…
ხალხს რომ გზა არ აქვს, დიახ, სირცხვილია…
და ხალხს რომ თაკარა სიცხეში უწყლოდ ამყოფებ? ოჰ, რა სირცხვილია…

გაყალბება სირცხვილია…

და შენს გაყალბებულ პროდუქტს თუ ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირება? ძალიან სირცხვილია!!!

ერევანში კოლეგა მყავს, მართალია ინჟინერია, მაგრამ კოლეგები ერთი საერთო პროექტის მიხედვით გამოვდივართ. ამას წინათ სურათი გამომიგზავნა, ქეთიჯან, ცავატანე, აბა აქ რას ხედავო? დავაკვირდი და მინდორში რაღაც ორჩოფეხებზე შემდგარი აპარატი იდგა და ზედ უამრავი ფუტკარი ჰყავდა დასეული. მივწერე, აპარატს ვხედავ, რასაც სავარაუდოდ თაფლი წაუსვით, რომ ფუტკრები დაგეხვიათ ზედ-მეთქი. ბევრი იცინა, არაო, ამ მოწყობილობის ფასი ოთხასი ათასი ევროა, მაგას თაფლს როგორ წავუსვამდითო. ესენი კიდევ ველური ფუტკრები არიან. როგორც ჩანს, სკას ახალი ოჯახი გამოეყო და გზად ახალი სახლისკენ, ამაზე გადაწყვიტეს დასვენება. პროფესიონალი მეფუტკრეების მოშველიება დაგვჭირდაო.

თაფლი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტკბილეული გახლავთ. ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, საიდან ამზადებდნენ ეს ბზუილა მწერები თაფლს. მერეღა აღმოაჩინეს, რომ თურმე ყვავილის ნექტრისგან. ნექტარი რამდენიმე ტიპის შაქარს შეიცავს, ასევე მჟავებს, სპირტებს, ფერმენტებს. ფუტკრები თაფლად გადაამუშავებენ და მისი შემადგენლობაც იცვლება. ძირითადად ემატება ვიტამინები და მიკროელემენტები. თუმცა მთავარი შემადგენელი ნაწილი მაინც მასში შემავალი ნახშირწყლებია (აბა რა იქნება, რაკი შაქრებს შეიცავს). ეს შაქრები გლუკოზა და ფრუქტოზაა. ძველად ზოგ ქვეყანაში ძმობას ერთმანეთს თაფლით ეფიცებოდნენ. აი, შეჭამდით ერთად თაფლს და მორჩა, უკვე ძმები იყავით. დაახლოებით ჩვენთან, რომ ფიც-ვერცხლს ჭამდნენ.

მაგრამ… იმ დროსაც იყვნენ უსირცხვილოები. თქვენ გგონიათ არ იყვნენ?

თაფლის ფალსიფიკატორებზე მოგახსენებთ. ძირითადად სახამებელს, ცარცს და სახამებლის შემცვლელს უმატებდნენ. ასეთი უსირცხვილოები დღესაც არიან, აბა რა. სამაგიეროდ, ქიმიკოსებმა შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ გამოავლინოთ ისინი. მაშ ასე:

ავიღოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და გავხსნათ მცირეოდენ გამოხდილ წყალში. შემდეგ მიღებული ხსნარი სამ სინჯარაში გავანაწილოთ. პირველ სინჯარაში იოდის ხსნარი ჩავასხათ, თუ ხსნარი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ თაფლში სახამებელია ჩამატებული და არ ვარგა. თუ ფერი არ შეიცვალა, მაშინ ნატურალური ყოფილა.

ახლა ვნახოთ, უსირცხვილომ თაფლს ცარცი ხომ არ ჩაამატა. ამიტომ მეორე სინჯარაში ჩავამატოთ რამდენიმე წვეთი ჩვეულებრივი სამზარეულოს ძმარი. შეგახსენებთ, რომ ეს 5%-იანი ძმარმჟავაა, ცარცი კიდევ კალციუმის კარბონატია. ამიტომ, თუ ის თაფლშია ჩამატებული, მაშინ რეაქცია სწორედ ძმარმჟავასა და კარბონატს შორის მოხდება და შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ანუ, ბუშტუკები უნდა წარმოიქმნას. თუ გაზი არ გამოიყო, თაფლი ნატურალურია.

მესამე სინჯარას სახამებლის შემცვლელზე ვამოწმებთ და ვუმატებთ ჩვეულებრივ სამედიცინო სპირტს. ფალსიფიცირების შემთხვევაში სითხე რძესავით უნდა გათეთრდეს.

ზოგიერთი კი თაფლს შაქრის სიროფს უმატებს. სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში შაქრის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მასზე პირველად ალექსანდრე მაკედონელმა შეიტყო. ინდოეთის დალაშქვრისას მთავარსარდალსა და მის ჯარისკაცებზე შთაბეჭდილება მყარმა ტკბილმა ნივთიერებამ მოახდინა. შემდეგ უკვე შინ დაბრუნებულები ათას ტყუილ-მართალს ერთად ყვებოდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე შაქარს შაქრის ლერწმისგან აწარმოებდნენ. ზოგი მას წამლად მიიჩნევდა, ზოგიც პირის ჩასატკბარუნებელ პროდუქტად. მცირე დოზებით აფთიაქშიც კი ყიდდნენ. თუმცა 1749 წელს მოხდა შაქრის რევოლუცია. იმ წელს გერმანელმა ანდრეა მარგრაფმა ქიმიკოსებიდან პირველმა კვლევისთვის მიკროსკოპი გამოიყენა. ჰოდა იჯდა საათობით და ათას რამეს აკვირდებოდა. ერთ დღესაც მიკროსკოპის ქვეშ თეთრი ჭარხლის თხელი ნაჭერი ამოდო და იქ შაქრის პაწაწინა კრისტალები დაინახა. შეგახსენებთ, რომ ყველა ნივთიერებას მისთვის დამახასიათებელი კრისტალური მესრის ტიპი და ფორმა აქვს. ამის შემდეგ შაქრის წარმოება შაქრის ჭარხლისგან დაიწყეს. ჭარხალს აქუცმაცებენ, ადუღებენ წყალში, რათა საქაროზა გამოყონ. ამას სპეციალურ აპარატებში აწარმოებენ და მიღებულ ხსნარს კალციუმის ჰიდროქსიდით ამუშავებენ. შემდეგ მის ზედმეტ რაოდენობას მოაშორებენ და აორთქლებით ფხვნილს მიიღებენ. მრავალჯერადი წმენდის შემდეგ კი ვიღებთ რაფინირებულ შაქარს.

ამას წინათ მიწისქვეშა გასასვლელთან ერთი ბოთლი რძე ვიყიდე. ჭარმაგი ქალბატონი იჯდა, მწვანილს და რძეს ყიდდა. იფიცებოდა ნაღდიაო. ასეთი გულიბრყვილოც არ ვარ, რომ მჯეროდეს ქუჩაში ნამდვილ რძეს ყიდიან, თუმცა ასეთ ფალსიფიცირებას არ ველოდი. რძიანი ბოთლით პირდაპირ ლაბორატორიაში წავედი, სადაც სტუდენტები მეცადინეობაზე მელოდებოდნენ. ვითომ სახლის რძეც სწორედ ამისთვის მჭირდებოდა, მისგან ცილები უნდა გამოგვეყო, მაგრამ რა ცილა… ის, რაც ბოთლში ესხა, წყალგარეული იყო.

ყველაზე იოლად სპირტით შეგვიძლია დადგენა რძე წყლითაა განზავებული, თუ არა. სპირტი და რძე ერთმანეთს შეურიეთ პროპორციით 1:2. კარგად შეანჯღრიეთ და გაშლილ ჭურჭელში გადმოასხით. თუ რძე ნამდვილია, მაშინ ფიფქისმაგვარი მასა გამოილექება, ეს ცილა კაზეინია, რომლის დენატურაციაც სპირტით მოხდა. თუ არაფერი გამოილექა, რძე წყალგარეულია და …ფიფქები შესაძლოა გამოილექოს კიდეც, ოღონდ მცირე რაოდენობით და დიდი ხნის შემდეგ.

წყლით განზავების გარდა, რძეს შესაძლოა სახამებელი, ცარცი, სოდა ჰქონდეს დამატებული. თუ რძეს ლიმონმჟავას (ლიმონს) ან ძმარმჟავას (ძმარს) დავამატებთ და გაზის ბუშტუკები წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რაღაც აქვს დამატებული და ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

რძის 3-5მლ-ს დავამატოთ 7-8 წვეთი ბრომთიმოლის ლურჯის ხსნარი, არ შევანჯღრიოთ და 10 წუთი დაველოდოთ. თუ ზედაპირზე წარმოქმნილი რგოლი ყვითელი დარჩა, მაშინ რძეს სოდა არ აქვს დამატებული, მწვანე ან მომწვანე მოლურჯო ფერი რძეში სოდის არსებობაზე მიუთითებს.

თუ რძეში ჩაშვებული ლაკმუსის ქაღალდი გაწითლდება, მაშინ მასში რაიმე მჟავა ჩაუმატებიათ, მაგ. ბორის ან სალიცილის.

ამ წერილს გვიან ღამით ვწერ. მაინც ვერ ვიძინებ და ბარემ დავწერო… კუს ტბაზე თურმე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება და იმხელაზე აქვთ ხმა აწეული, მგონი ნახევარ თბილისს ესმის. ამას „მუსიკა” ისე ქვია, თორემ ეს არის გაურკვეველი ბრახუნის, შიშინის, სტვენის და ა.შ. ნარევი. ამას უბნის მაწანწალა ძაღლების ყმუილსაც თუ დავამატებთ… ძაღლებს არ გაემტყუნებათ, შეუძლებელია ამ ხმებზე არ იყმუვლო.. ეს ჩემი აზრია, თორემ რადგან ფესტივალს ატარებენ, მას მიმდევრებიც ეყოლება. აქ მთავარი სხვა რამეა. თურმე იმაზე, რომ ნახევარმა ქალაქმა ღამე ათიოს, ვერ დაიძინოს და ამ გაურკვეველ ხმაურს უსმინოს, ფესტივალის ორგანიზატორებს მერიის ნებართვა ჰქონიათ. სწორედ ასეთ პასუხს იძლევა პასუხობს სამაშველო სამსახური, რომელიც იქვე აღიარებს, რომ ორი ღამის უძილობით შეწუხებული მოქალაქეების ზარი არ წყდება. კი ბატონო, ყველანაირ ფესტივალს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ხომ შეიძლება, ვინც ნებართვის გაცემაზე ხელს აწერს, ხმაურის (დიახ, ხმაურის და არა მუსიკის) სიმაღლის ზღვრები დააწესოს. თუ თავად არ იცის, ექიმებს ჰკითხოს და ეტყვიან, რომ ხმაური ჯანმრთელობის მტერია, ხმაურით გამოწვეული უძილობა კი ნერვულ სისტემას ანადგურებს. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რამდენი ავადმყოფი, მოხუცი ადამიანი იტანჯება ეს ორი ღამეა ამ ხმაურით, რამდენი ჩვილი გააღვიძეს. თუმცა ვის ანაღვლებს, ფესტივალი გრძელდება…

სირცხვილი შედარებითი გრძნობაა… მე ერთის მრცხვენია, სხვას სხვა რამის. ის კი ვიცი, რომ ზოგიერთი უსირცხვილო ადამიანი გულგრილია საქმისადმი, ხალხისადმი, ქვეყნისადმი. თუმცა ეს ეტყობა გენეტიკურად მოგვდგამს. გახსოვთ, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა:
აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები…
(და შემდეგ დასძენს, ამდენი უსირცხვილოს ხელში )
მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?

ვის რა მოგვცა სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლამ, ანუ განათლება პროცესია თუ პროდუქტი?!

0

უკვე რამდენიმე ათეული წელია კამათობენ, ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამით უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფია; როდის უნდა ისწავლებოდეს; რა დოზით უნდა ისწავლებოდეს და, საერთოდ, იქნებ ამოვიღოთ პროგრამიდან, რადგან კომუნისტური ხანის განათლების გადმონაშთი უფროა, თავისი საზეპიროებითო.

ამ საკითხზე კამათი, უდავოდ, წინსვლაა, რადგან წინა ხანაში, სოციალისტურ-კომუნისტურში არავინ ფიქრობდა ამ საკითხზე. ტაქტიკას ვინ დაგიდევდათ, თუ ეს ფაქტი სტრატეგიულ გამარჯვებად მიაჩნდათ. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ეროვნულ მონაპოვრად ითვლებოდა ქართულ ენაზე სწავლა – ქართული ლიტერატურის სწავლის შესაძლებლობა ხომ „დიდგორის” ბადალი იყო. გეზის დამკვეთი ცენტრალური პარტიული მმართველობა ლოიალურად უყურებდა „ქართველთა თვითდამკვიდრებას”: ვის რას დაუშავებს რაღაც სამმილიონიანი ქართული ენობრივი კაკაფონია, სამაგიეროდ იფიქრებენ, რომ ჩვენ ვართ, ვინც ვართო… ქართული ბუნების შესწავლა არ გაუჭირდებოდა მათ, ვინც ის იცის, შავ ზღვაში რამდენი ბარაბულკა ცხოვრობსო, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ხუმრობდა.

დღეს ვკამათობთ! ეჭვი შეგვაქვს! ვარაუდს გამოვთქვამთ! რჩევას ვიძლევით!

ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, თუ დავფიქრდებით, როგორ უნდა ისწავლებოდეს ის,რატომ და რისთვის.
ამას წინათ სოციალურ ქსელში კამათს შევესწარი. ერთი ამბობდა, ვის რა მოგვცა სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლამო.

აქვე ერთ სუბიექტურ დაკვირვებასაც გაგიმხელთ – როგორიც სწავლებაა, სწავლაც ისეთივეა და შედეგიც

პროგრამაში ტრადიციულად არსებული ნაწარმოებებიდან ყველაზე პოპულარული „შუშანიკის წამებაა”. ასე იყო ათწლეულების წინაც და ახლაც, რადგან ყოფილი მოსწავლეები, ახლა ასაკოვნებიც და ახალგაზრდებიც, ზოგადად ჰაგიოგრაფიაზე საუბრისას იაკობ ცურტაველის თხზულებით იფარგლებიან. მიზეზი მარტივია – ეს პირველი ნაწარმოებია, რომელიც ახალ სასწავლო წელს ისწავლება; შინაარსი მხატვრულად ერთ ყოფით იოლ ამბადაა გადმოცემული; „სასაცილო” პასაჟები და ფრაზები დასამახსოვრებელია.

საპროგრამო ორი მომდევნო ჰაგიოგრაფიული თხზულება ამგვარი პოპულარულობით ვერ დაიკვეხნის. უმეტესად, ძველებმაც და ახლებმაც აბო თბილელის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ალბათ არავის გაუჭირდება პასუხი შეკითხვაზე – რატომ არიან მაშინდელი ქართველი ქრისტიანები შედარებული ქარისგან რხეულ ლერწამთან? გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან კი რამდენიმე „რომანულ ” ეპიზოდ-ამბავს გაიხსენებენ, რომლებზეც სწავლებისას აქცენტი კეთდება.

ხსენებული საფეისბუქო კამათისას ერთმა ფრენდმა დაასაბუთა, რომ შუშანიკის ამბავი უნდა ისწავლებოდეს, როგორც მხატვრული ნაწარმოები, აბოს ამბავი საერთოდ უნდა ამოიღონ, რადგან სოციალიზაციისთვის უსარგებლოა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან მხოლოდ ფრაგმენტები უნდა ვასწავლოთო. ვეთანხმები.

სხვა კომენტატორი პროგრამის შემდგენლებს ასაკის გათვალისწინებასა და დოზირებას ურჩევს. ეს საკითხი, შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ მაინც ტორტმანებს. ზოგიერთი მასწავლებელი მაინც მიიჩნევს, რომ მოსწავლის ასაკის გაუთვალისწინებლად, ლიტერატურის სწავლებისას ქრონოლოგიას უნდა მიჰყვეს.

მესამე მოკამათე 2004-2009 წლების პრაქტიკას ამართლებს, როცა მასწავლებელი თავად არჩევდა ნაწარმოებსა და სწავლების დროს. ვეთანხმები, რადგან ნებისმიერი მასწავლებელი ნებისმიერ ნაწარმოებს ისე ასწავლის, როგორც თვითონ იცის, როგორც საჭიროდ მიაჩნია და როგორც შეუძლია: ვინ „საზეპიროებს” აძლევს და მერე ჯიქურ მხოლოდ საზეპიროებს გამოიკითხავს და ამ ნიშნით ცოდნა-არცოდნას შეაფასებს; ვინ ისტორიულ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას; ვინ – ლექსიკაზე; ვინ – მას რელიგიის სახელმძღვანელოდ გადააქცევს და უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვებს დაახვავებს მოსწავლის თავში, რომელიც ბოლოს ერთ ზოგად შეკითხვად გადაიქცევა: რა მომცა სკოლაში ჰაგიოჰრაფიის სწავლამ ?! …

ვფიქრობ, რომ პროგრამას ის უნდა არჩევდეს, ვინც უშუალოდ ასწავლის, უყურებს და ხედავს მოსწავლეს. რადგან სწავლება პროდუქტი ვერ იქნება, ის პროცესია, რომელმაც ერთსახოვანი შედეგი არ უნდა მოგვცეს და შეუძლებელიცაა მოგვცეს. ამდენად საკონტროლო გამოსაკითხი შეკითხვებიც, ტესტიც უნდა იძლეოდეს მრავალსახეობის შესაძლებლობებს, თუ ის მხოლოდ ფაქტობრივ ასპექტს არ შეეხება.

მხოლოდ „მცოდნეების” მიერ შედგენილ-გაწერილი პროგრამა და მისი ასევე პროგრამული შესრულება ერთიან უსახო შედეგს რომ იძლევა, ვხედავთ. ჩემი აზრი, პროგრამის უნიფიცირების საწინააღმდეგო არ არის, არც პროგრამაში სხვა ნაწარმოებების შეტანის სურვილია. პირიქით, ჰაგიოგრაფიის პროგრამიდან ამოღების წინააღმდეგი ვარ, რადგან თითქმის სწავლების საუკუნოვანი ისტორიით ჰაგიოგრაფია სკოლაში ერთ-ერთ სოციალურ ხიდად „აშენდა”, რომელიც თაობებს აკავშირებს – ეს უკვე ტრადიციაა, პაპას-შვილს-შვილიშვილს რომ აკავშირებს. ვფიქრობ, რომ უნიფიცირება მხოლოდ სტრატეგიაში, მიზნის განსაზღვრაშია დასაშვები. და როცა განათლების პოლიტიკა ლიტერატურის სწავლებისას მკვეთრად გამიჯნავს, რისთვის უნდა ასწავლოს პედაგოგმა ჰაგიოგრაფია და მიუთითებს ალტერნატიულ გზებს, მასწავლებელი თავად შეადგენს მარშრუტს: რომელი გზით, როგორ მიაღწიოს მიზანს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ასპექტი: ერთი – მასწავლებელი პროფესიულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს და, მეორე – გავთვალოთ მოსწავლეთა მიერ ათვისების სხვადასხვა უნარი – ყველა მოსწავლე ერთნაირად ვერ ისწავლის. განათლებაში არაერთხელ ყოფილა, რომ საქმე იქ ფუჭდება, სადაც არასწორი თანასწორობა მყარდება, როგორც – მასწავლებლებში, ასევე – მოსწავლეებშიც. სწორედ პროცესია მრავალფეროვანი და საინტერესო. სწავლება პროცესი უნდა იყოს და არ არსებობს ერთადერთი, შეუცვლელი გზა. ეს არჩევანი მასწავლებლებს სწორედ განათლების სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა მისცეს.

გამოცდილებით ვისწავლე, რომ მოსწავლე, რომელიც „შუშანიკში” რამდენიმე ხედვას გაუსვამს ხაზს – სახელმწიფოებრივს, მორალურს, მხატვრულს თუ კულტურულს, მაგრამ არ ეცოდინება ზეპირად „ქარნი ხორშაკნი” ან დაბეჯითებით არ იტყვის, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ერთადერთი სარწმუნოებაო, მასწავლებელთან ერთად ათქულიან შეფასებას იმსახურებს.

სათაურის შეკითხვა პასუხად რომ გადავაქციოთ, მაშინ პრობლემა მარტივად გადაწყდება: მოვიფიქროთ რატომ და რისთვის ვასწავლოთ სკოლაში ჰაგიოგრაფია და გვეცოდინება, რა მოგვცა სწავლამ ან რატომ ვერ ავითვისეთ ის, რის მოცემაც შეეძლო.

არასწორი ვალდებულებები გოგონებისთვის

0

არ არის ლამაზი ასეთი მოკლე კაბებით და ვიწრო შარვლებით სიარული, კი გიხდება, მაგრამ მაინც; გვიანობამდე გარეთ რომ ხარ, რას იფიქრებს ხალხი? ამდენს რომ დადიხარ, ვის აქვს შენი თავი? ძალიან თავდაჯერებული ქალების ეშინიათ კაცებს, სუსტი გოგონები უფრო მოსწონთ; ნუ ტირი ყველაფერზე, არ არის ლამაზი; ნამეტანი არაფერი არ ვარგა, არც სწავლა, მით უმეტეს, გოგო ხარ, ოჯახზეც ხომ უნდა იფიქრო; მაგისტრატურაში ჩააბარე, ხარისხი მაინც მნიშვნელოვანია, რა იცი რაში გამოგადგეს; ორსულად ხომ არ ხარ? კიდევ ორსულად ხარ? ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ უნდა გქონდეს, შეიძლება არ გიყვარს, მაგრამ რა იცი, როდის გამოგადგეს; ნუ იტყვი, რომ წინა სამსახურიდან შენ თვითონ წამოხვედი, არასერიოზულის შთაბეჭდილება არ დაუტოვო პოტენციურ დამსაქმებელს; როდემდე შეიძლება იარო ჯინსით და კედებით, ქალს ხომ უნდა ჰგავდე; როგორ დადიხარ მაღალი ქუსლებით; ამ ბოლოს მოიმატე ხომ? გინდა კარგი დიეტა გასწავლო; ძალიან გახდი, კაცი ძაღლი კი არ არის, ძვლები რომ ღრღნას; დაცხა უკვე, თეთრი ფეხებით სიარული უხერხულია, რუჯი საჭიროა; როგორი შავი ხარ, ამდენიც არ შეიძლება, ოჯახის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება ძნელია. აბა ვის მოწონს ცოლი, რომელიც არასოდეს არ არის სახლში ან თანამშრომელი, რომელიც სულ ბავშვებზე ფიქრობს და ასე დაუსრულებლად…

ალბათ მსოფლიოს ყველა წერტილში ისმენენ გოგონები მსგავს შეგონებებს სხვა გოგონებისგან, დედებისგან, მასწავლებლებისგან, მეზობლებისგან, უბრალო ნაცნობებისგან, ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც სხვის საქმეში ჩარევა არ ეზარება, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ქცევის მართვა მისი საქმეა. როგორც წესი, ამ შეგონებებს მეტი დამარჯერებლობისთვის ერთი საერთო ლაიტმოტივი გასდევს – ასეთი ნუ იქნები, ასეთები კაცებს არ მოწონთ და მსოფლიოს ყველა წერტილში გოგონები იწყებენ ფიქრს იმაზე, როგორები იყვნენ, რომ კაცებს მოეწონოთ. გოგონების უმეტესობა ადვილად ივიწყებს, რომ პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს კომფორტულად საკუთარ თავთან და შემდეგ წამოიწყოს ფლირტი სხვებთან. გოგონების უმეტესობას საკუთარი თავის პატივისცემას ბევრი არავინ ასწავლის. პრინციპში, არც ბიჭებს.

უარყოფას აზრი არ აქვს, მეც მომისმენია რჩევები იმის შესახებ, როგორი უნდა ვიყო, რას ვაკეთებ არასწორად, რა შეიძლება არ მოეწონოს პოტენციურ პარტნიორს და ა.შ. მომისმენია ძალიან ახლობლებისგანაც და უბრალო ნაცნობებისგანაც. მეტიც, სანამ ის ბიჭი შემიყვარდებოდა, რომელიც ახლა ჩემი შვილების მამაა, შეწუხებულს რამდენჯერმე იმაზეც კი მიფიქრია, მართლაც პრობლემური ხომ არ არის ჩემი ესა თუ ის ქცევა, ხომ არ სჯობს, რამე შევცვალო-მეთქი. ახლა ვხვდები როგორი სისულელეა, როგორი შეურაცხყოფაა საკუთარი თავის კორექტირება იმაზე ფიქრით, რომ ვიღაცისთვის სასურველი გახდები და კიდევ უფრო მეტად თანაუგრძნობ გოგონებს, რომლებსაც ასეთი ქცევისკენ მოუწოდებენ. მათი უმეტესობა ხომ ასეთ რჩევებს სულაც არ თვლის მათ საქმეში ჩარევად, შეურაცხყოფად.
ცოტა ხნის წინ ერთი გადასარევი წიგნი წავიკითხე, ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდა”, რომლის მთავარ გმირსაც ცხოვრების განმავლობაში ორი გოგონა უყვარდება, ერთი სტუდენტობისას, ერთი უფრო მოგვიანებით. ეს ორი გოგონა არაფრით არ ჰგავს ერთმანეთს. ერთი სრულიად არაპროგნოზირებადია, ცოტა თავქარიანი, ტვინს ურევს ამ ტიპს, ვერაფერს ვერ იგებო, ეჩიჩინება, ისიც იჯერებს და მაინც, მიუხედავად სირთულეებისა, უყვარს, მთელი არსებით. მეორე მოწესრიგებულია, ყველა დეტალი გათვლილი აქვს, ზუსტად არჩევს სათქმელ სიტყვებს, კარგად იცის, რა უნდა და როგორ და ასე შემდეგ. ესეც მთელი არსებით უყვარს, დაშორების მერეც საუკეთესო მეგობრებად რჩებიან, ყველაზე კარგად ესმით ერთმანეთის, მოკლედ, ამ კარგ წიგნსა და გადასარევ ავტორზე ბევრი სხვა რამის თქმაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ამბავი აუცილებელი საკითხავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც გონია, რომ კაცებისთვის თავის მოსაწონებლად, რაიმენაირი უნდა იყო.

ტონი უებსტერის ნარატივი მხოლოდ გოგონებისთვის არა, ბიჭებისთვისაც საყურადღებოა. მათაც ხომ აიძულებს საზოგადოებრივი წნეხი თავი მაჩოებად წარმოადგინონ, თავდაჯერებული იყვნენ, არაფრის შეეშინდეთ, ცხოვრების განმავლობაში ბევრ გოგონასთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. ეს კიდევ დგას და ყვება, როგორი უძლურები ვართ ადამიანების დროის, სიყვარულის, სიკვდილის, ავადმყოფობის, სასოწარკვეთის განცდის, საკუთარი მეხსიერების წინაშე, როგორი მყიფეა გარემო ჩვენ გარშემო და რა ცოტაა ისეთი რამეები, რასაც შეიძლება დაეყრდნო. იმდენად კარგად არის დაწერილი ამბავი, ისეთი გულწრფელია მთავარი გმირი, ისე კარგად ყვება თავისი სისუსტეების და უერთიერთობების სირთულეების შესახებ. კითხვის პარალელურად იწყებ ფიქრს, როგორ გადარჩე, როგორ გიყვარდეს, როგორი მეგობარი იყო, როგორი ხალხი გჭირდება გარშემო და ხვდები, რომ საკუთარი თავის კორექტირებაზე ფიქრი სისულელეა, იმდენ რამეზე ხარჯავ ადამიანი დროს და რესურსებს, რომ სწორედ შენ უნდა იყო ის, ვისაც ენდობი, ვისაც ესაუბრები, ვისიც გჯერა, რომ გადარჩე.
ამიტომ ალბათ მათ, ვინც საკუთარ თავთან ჰარნომიულად ცხოვრების ფასი დავინახეთ, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ არასწორ ვალდებულებებზე, რასაც გოგონებს (და პრინციპში ბიჭებსაც) ვაკისრებთ ხოლმე, რომ მეტმა ადამიანმა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება, ლაღი ურთიერთობები, მყარად დგომა, დროსთან და საზოგადოებრივ წნეხთან გამკლავება.

თავისუფალი სივრცე – სკოლა ბორბლებზე

0
თქვენთან როგორ იყო არ ვიცი, ჩემთან კი სკოლის მერხს მასწავლებელი გვირჩევდა და მასთან ჯდომა, კონკრეტულ თანაკლასელთან ერთად, ერთი, ორი, ხშირად სამი წელიც გვიწევდა. ასე გავატარე დაწყებითი კლასის ორ-ორი წელი ორ სხვადასხვა თანაკლასელთან ერთად ერთ მერხთან. არადა, მრავალფეროვნება და მეტი კომუნიკაცია სხვადასხვა თანაკლასელთან ცუდი არ არის. პირიქით, სასარგებლოა განსაკუთრებით დაწყებილი კლასის მოსწავლეებისთვის. დღემდე ვერ ვუძებნი ახსნას მასწავლებელთა ჩვევას, მკაცრად განსაზღვროს კონკრეტული მერხი კონკრეტული მოსწავლისთვის და აიძულოს მასთან ჯდომა, როცა მოსწავლეს გემოვნება შესაძლოა ხშირად შეეცვალოს. მოუნდეს უფრო ახლოს იჯდეს კართან, ან სხვა თანაკლასელთან, რომელსაც ყველაზე მეტად ემეგობრება და სურს მეტი დრო გაატაროს, ან სულაც, ურჩევნია წითელ მერხთან იჯდეს, ვიდრე თეთრთან. 
მერხის სურვილისამებრ არჩევის გარდა, ჩემს სკოლაში აკრძალული იყო გაკვეთილიდან უნებართვოდ გასვლა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მიზნისთვის გჭირდებოდა კლასის დატოვება – თავს შეუძლოდ გრძნობდი, ორწუთიანი შესვენება გინდოდა – ყოველთვის მასწავლებელი წყვეტდა როდის ადგებოდი და შეგეძლო თუ არა კლასის დატოვება. მოგვიანებით, როცა სწავლა ლონდონში განვაგრძე, თვალებს არ ვუჯერებდი, როცა მასწავლებელი მერხზე შემომჯდარი გვესაუბრებოდა, თანაკლასელები სურვილისამებრ გადიოდნენ კლასიდან. შოკი მივიღე, როცა ჩემ გვერდით მჯდომმა ლილიმ ჩანთიდან სენდვიჩი ამოაცურა და ჭამა დაიწყო. მეგონა, მასწავლებელი მივარდებოდა და გარეთ გასვლას უბრძანებდა. ასე არ მომხდარა. მას ზედმეტი ყურადღებაც არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის.

მოსწავლეთა ამგვარი ქცევა ჩემს კლასში არ გამხდარა მიზეზი დაბალი აკადემიური მოსწრების, გაკვეთილების ჩაშლისა და გაცდენის. პირიქით, ყველა ბედნიერი ვიყავით. ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვიყავით გაკვეთილების პროცესში და სიხარულით ვსწავლობდით ტექსტებსა და ვწერდით ტესტებს, როცა მასწავლებელი არაორდინალური ხერხებით, თამაშით ცდილობდა ჩვენს დაინტერესებას.

მოსწავლეებს საკლასო ოთახში თავისუფალი გადაადგილებისა და თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამ დროს თავს ისინი მერხზე გამობმულ არსებებად თავს არ მიიჩნევენ და გრძნობენ, რომ მათ სურვილებს უფროსები ითვალისწინებენ. ეს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.

ფინეთის განათლების სისტემაზე, მათ წარმატებაზე არაერთხელ დამიწერია. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ უნდა გიამბოთ მათი ახალი სკოლის შესახებ. ფინელი მოსწავლეები მსგავსი მარტივი საკითხებით არ დაიტანჯებიან და გაკვეთილებზე მათ სურვილებს, აზრს და გემოვნებას აუცილებლად გაითვალისწინებენ. ფინეთი ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლით შეხვდა. სკოლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოში. სკოლა ბორბლებზე – ეს ახალი სკოლის საუკეთესო ეპითეტია.

ახალი სკოლა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს წააგავს. არქიტექტორებმა უარი თქვეს მოსაწყენ, ტრადიციულ დაგეგმარებაზე, სკოლის კლასებად დაყოფაზე.

10500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია დაწყებითი და საშუალო სკოლა, ახალგაზრდული სახლი, თეატრალური დარბაზი, სასადილო, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი. სასწავლო პროცესი თავისუფალ ატმოსფეროში მიმდინარეობს. მოსწავლეებს არ ეკრძალებათ მათთვის სასურველ პოზაში ჯდომა, რაც საგაკვეთილო პროცესში მეტ ჩართულობას განაპირობებს. მოსწავლეები იქ სხედან, სადაც თავად სურთ და ამგვარად, უფრო ჩართულები არიან დისკუსიებში. მათთვის მსგავსი ურთიერთობები წახალისებულია.

სასკოლო მერხები მოსწავლის სიმაღლის მიხედვით, ბორბლებზე რეგულირდება და მოსწავლეებს კლასის ნებისმიერ კუთხეში გადაადგილება შეუძლიათ.

მსურველებს უფლება აქვთ წამოწვნენ დივანზე, შემოსხდნენ მერხზე. სასკოლო დაფის როლს აქ ნოუთბუქი ასრულებს, რომელიც საერთო ქსელშია მიერთებული და მასწავლებელთან უწყვეტი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

სასადილო სივრცე ის ადგილია, სადაც მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც ერთად მიირთმევენ. აქვეა სცენა, რომელზეც კონცერტებს მართავენ, სპექტაკლებს დგამენ. სკოლის ეზოში, ხანგრძლივი დასვენების დროს, მოსწავლეებს სეირნობა და თამაში შეუძლიათ. სკოლის ინტერიერის შესაქმნელად არქიტექტორებმა

ეკოლოგიურად სუფთა მასალა გამოიყენეს. რომელიც თბილ და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. სკოლის ეზო ღიაა, არ დგანან დაცვის თანამშრომლები. ვიდეოკამერები კი შეუმჩნევლად არის დამონტაჟებული.

ფინური განათლების მენეჯმენტის მამამთავრებს კარგად აქვთ გაანალიზებული ის ფაქტი, რომ მსგავსი სასკოლო სისტემა მოსწავლეებს ნერვულ დაძაბულობას უმცირებს. სტანდარტული სკოლის ფორმისაგან გამიჯვნა ცვლის სოციალურ ფონს და მოსწავლეებს სწავლისკენ მეტად უბიძგებს.

თქვენ თუ გიცდიათ საკუთარი მოსწავლეებისათვის ცოტა მეტი თავისუფლება მიგეცათ და გეჩვენებინათ, რომ მათ სურვილებს პატივს სცემთ?

მუსიკა ომის არომატით: ხელთათმანებიანი ვაგნერი

0
უახლეს ისტორიაში ებრაელთა დევნის დასაწყისად 1930-იან წლებს განიხილავენ, როდესაც გერმანიისა და ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში ანტისემიტური პოლიტიკის გამტარებელი მემარჯვენე რადიკალები მოვიდნენ (სინამდვილეში, ისტორიული ქრონოლოგიით, ებრაელები ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 1200 წლიდან იდევნებოდნენ). მიმდინარე მოვლენებმა ასეულობით ათასი ებრაელის დევნა განაპირობა. მეორე მსოფლიო ომამდე 400 ათასამდე ებრაელმა დატოვა გერმანიის, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია.

როდესაც გერმანიაში ებრაელ და ანტინაცისტ ავტორთა წიგნების საჯარო დაწვა დაიწყო, ათასობით ებრაელმა თავშესაფარი საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში პოვა. ქვეყნები, რომლებიც 1939 წლამდე მესამე რაიხის მიერ დევნილ ებრაელობას იფარებდნენ, მალე თავად აღმოჩნდნენ ოკუპირებულნი და დევნილებს, ფაქტობრივად, გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. აქვე უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არცთუ ცოტა დევნილი მიიღო და გადაარჩინა.

ცნობილია, რომ ანტისემიტიზმი კომპოზიტორ რიჰარდ ვაგნერის მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი ანტისემიტური გამოსვლები და პუბლიკაციები („ებრაელობა მუსიკაში”) იმ დროის ლაიფციგის კონსერვატორიის პროფესორების აღშფოთებას იწვევდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გენიალური მუსიკოსი ებრაელ დირიჟორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდა თავისი ოპერის, „პარსიფალის”, დირიჟორობის უფლებას, თუ ის მოინათლებოდა. დირიჟორი ჰერმან ლევი ბავარიის სამეფო კაპელის კაპელმაისტერი იყო, ორკესტრს სხვა დირიჟორთან ერთად გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, კონტრაქტის დარღვევა ბავარიის მეფესაც კი არ შეეძლო, მაგრამ, კომპოზიტორის კატეგორიული მოთხოვნით, მეფემ ვაგნერთან ერთად ახალი სამპუნქტიანი ხელშეკრულება გააფორმა (კონტრაქტი დაცულია მიუნხენის გერმანული ხელოვნების მუზეუმში). დანარჩენი ორი მოთხოვნის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ…

უნდა ითქვას, რომ ოპერა „პარსიფალი” მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ვაგნერის შემოქმედებაში. კომპოზიტორი ნაწარმოებს არა ოპერას, არამედ სადღესასწაულო სცენურ მისტერიას უწოდებდა, რელიგიურ ცერემონიად მიაჩნდა და არა ტრადიციულ გასართობ სანახაობად. ოპერის პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში კომპოზიტორი წერდა: „ჩემს ოპერაში წარმოვადგენ ებრაული სისხლისგან განწმენდილი ქრისტეს იდეას”. მისივე სიტყვებით, „პარსიფალი” „ხსნაა მხსნელისგან”, „ვინაიდან ქრისტეს ძარღვებში ებრაული სისხლი მიედინებოდა”. მეუღლისადმი მიწერილ წერილში კი, აი, რას ვაწყდებით: „გამანადგურებელი ბგერები, რომლებიც ლიტავრებისთვის სოლ მინორში შევთხზე, ებრაელთა სრულ დაღუპვას განასახიერებს. ამაზე დიდებული არაფერი დამიწერია”. ნიცშე კი „პარსიფალს” შავ მესას უწოდებდა. მოგვიანებით ერთმა ავსტრიელმა ოფიცერმა, ვაგნერის ოპერების შესანიშნავმა მცოდნემ, „პარსიფალში” XX საუკუნის ანტიქრისტე – ადოლფ ჰიტლერი ამოიცნო.

ისტორია ცხადყოფს, რამდენად სახიფათოა რასისტული და ქსენოფობიური იდეების თამამად ფრქვევა, განსაკუთრებით – სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლებისგან, რადგან არ ვიცით, როგორ მოგვიბრუნდება ჩვენივე სიტყვები. და აი, XIX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის სიტყვებს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრაგედიით მილიონობით ცხედარი „გამოეხმაურა”. 

შემაშფოთებელია ვაგნერის წიგნის ერთ-ერთი თავი – „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა” (იდეისა და ტერმინის ავტორი თავად ვაგნერია). კომპოზიტორი ბავარიის პარლამენტს ებრაელების განადგურების საკუთარ გეგმას სთავაზობდა. მთელი ისტორიის განმავლობაში, არათუ მუსიკოსი, არავინ, ფილოსოფოსების ჩათვლით, ასეთი გეგმით არ გამოსულა. ვაგნერის მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ნიცშეც კი, რომელსაც ებრაელთა მიმართ სიმპათიას ვერაფრით დააბრალებდი, კომპოზიტორს სწერდა: „თქვენ ხართ ავადმყოფობა და არა ადამიანი”. ფილოსოფოსის აზრით, ვაგნერი ციხეში უნდა მომკვდარიყო და არა საწოლში.

 
ვაგნერი ზრუნავდა, რომ მისი იდეები ნათლად გაეგოთ თაობებს. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, საკუთარ იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში, კომპოზიტორმა ხაზგასმით აღნიშნა: „ჩემი სადირიჟორო ჯოხი კიდევ ბევრჯერ დაანახებს მომავალ თაობებს, რა გზით უნდა იარონ”. ვაგნერს არა მხოლოდ საკუთარი იდეების ხორცშესხმა სურდა, არამედ: „სიკვდილის შემდეგ ზევიდან მივადევნებ თვალს, რომ მითითებული გზიდან არავინ გადაუხვიოსო”. გამაოგნებელი აღმოჩნდა გზა, რომლისკენაც ვაგნერმა თაობებს მიუთითა. მოგვიანებით სწორედ ეს იდეები აიტაცეს ნაცისტებმა. ვაგნერის მისტიციზმმა და იდეოლოგიურმა ანტისემიტიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის დასაწყისის გერმანულ ნაციონალიზმზე. ჰიტლერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ვაგნერი მისი სულიერი მოძღვარი იყო. უფრო მეტიც – გერმანულმა ნაციზმმა, ფაქტობრივად, ვაგნერის შემოქმედების საფუძველზე „ააგო” ფაშიზმი.

ჰიტლერის წარმოუდგენელი თავდაჯერება მაგიურად რომ ზემოქმედებდა და თრგუნავდა საზოგადოებას, სწორედ ვაგნერის „რეალობის გადაჭარბების”, „შეუძლებლის შეძლების” მოთხოვნიდან მომდინარეობდა. სწორედ ვაგნერით დაიწყო ხელოვნებაში მასების მოჯადოების ეპოქა, ხელოვნების რეალობაზე მეფობა. ვაგნერის გარეშე  მესამე რაიხის ესთეტიკა წარმოუდგენელია. კომპოზიტორის ექსპანსიურობით მოწამლულმა ადოლფ ჰიტლერმა ხელისუფლების სათავისკენ ტრიუმფალური სვლა ვაგნერის გმირივით დაიწყო; თავისი არტისტულობითა და შეუპოვრობით საკუთარი მსმენელი მან უზარმაზარ მასად აქცია.

ვაგნერი გერმანულ მუსიკალურ ტრადიციებს აღმერთებდა და თუ არსებობს გამოთქმა: „იტალიელისთვის მუსიკა სიყვარულია, ფრანგისთვის – საზოგადოების სამსახური, ხოლო გერმანელისთვის – მეცნიერება”, – ვაგნერის პერიფრაზით ის ასე ჟღერდა: „იტალიელი მომღერალია, ფრანგი – ვირტუოზი, გერმანელი კი მუსიკოსი. მხოლოდ გერმანელს აქვს სრული უფლება, იწოდებოდეს მუსიკოსად, რამეთუ მხოლოდ მასზე ითქმის: „მუსიკა მას უყვარს არა იმისთვის, რომ მისით მოიხიბლონ, მოიპოვოს ავტორიტეტი ან ფული, არამედ იმიტომ, რომ მუსიკა ღვთაებრივია”.

გერმანელების ისტორიული როლის შეცნობასა და გერმანული ნაციის ფორმირებაში დარწმუნებულმა რიჰარდ ვაგნერმა ძალზე რთული და მონუმენტური დრამატურგიის მქონე ეპიკური ტილო „ნიბელუნგების ბეჭედი” შექმნა. ტეტრალოგია იღბლიანი აღმოჩნდა – პრემიერიდან მოყოლებული დღემდე, თეატრების აფიშებიდან არ ჩამოსულა.

გერმანიის მსოფლიო ბატონობის იდეით შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერი სახელმწიფოს 1933 წელს ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ წელს აღინიშნა რიჰარდ ვაგნერის გარდაცვალებიდან 50–ე წლისთავი ფესტივალით „ვაგნერი და ახალი გერმანია”. ამ იუბილესთან დაკავშირებით ჰიტლერს ვაგნერის რამდენიმე ოპერის პარტიტურა მიართვეს. ამბობენ, რომ ფიურერმა ისინი ბუნკერში თან წაიღო. სახელმწიფოს სათავეში ნაცისტების მოსვლით განსაკუთრებული კავშირი დამყარდა XIX საუკუნის კომპოზიტორსა და XX საუკუნის დიქტატორს შორის. ჰიტლერი ვაგნერის მსოფლმხედველობასთან მისტიკურ კავშირს გრძნობდა. ის ჯერ კიდევ 1924 წელს ამტკიცებდა, რომ გერმანიის მომავლის მისეული ხედვა ვაგნერის შემოქმედებაში იყო ასახული. გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ კი ვაგნერით გატაცება თავისებურ ნაციონალურ კულტად აქცია.

ჰიტლერის წყალობით ვაგნერი სამყაროს ნამდვილ ცენტრად გადაიქცა, თუმცა აღიარება არც მანამდე აკლდა. მისი მუსიკა ჟღერდა ყველგან, საკონცენტრაციო ბანაკების ჩათვლით, სადაც სასიკვდილოდ განწირულები გაზის კამერაში „ზიგფრიდის” უვერტიურის თანხლებით შედიოდნენ. არც ერთ სხვა მუსიკოსს არ ჰქონია ნაცისტებთან ესოდენ მჭიდრო კავშირი, როგორიც ვაგნერს და მესამე რაიხთან ასოცირება ლაქად ისე არავის დამჩნევია, როგორც ვაგნერის შემოქმედებას. დიახ, ჰიტლერის მიერ მისი მუსიკის სიყვარული ჩრდილად ადგას კომპოზიტორის შემოქმედებას. მის ნაწარმოებებს ისრაელში იშვიათად თუ შეასრულებენ.

საინტერესოა, რომ რიჰარდ ვაგნერის შვილთაშვილი, მუსიკათმცოდნე გოტფრიდ ვაგნერი, იერუსალიმის არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს, ისტორიკოსსა და ნაცისტურ დამნაშავეთა მკვლევარს თხოვნით მიმართავს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ისრაელში ვაგნერის მუსიკა არ ჟღერდეს. შვილთაშვილი კარგად აცნობიერებს დიდი ბაბუის ზღვარგადასულ ანტისემიტობას. გოტფრიდი მიიჩნევს, რომ კომპოზიტორის აქტიურმა ანტისემიტურმა პოზიციამ და სხვა ფაქტორებმა ჰიტლერი „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის” აუცილებლობაში დაარწმუნა. 

კომპოზიტორის დასაცავად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ხელოვნების სამყაროში ვაგნერი ერთადერთი ანტისემიტი არ ყოფილა, რომ სხვადასხვა გამონათქვამის საფუძველზე ქსენოფობიური მიდრეკილებები არაერთი გამოჩენილი მოღვაწისთვის „დაუბრალებიათ”. და ერთიც – რიჰარდ ვაგნერის მუსიკა მსოფლიო კულტურის მწვერვალია, მაგრამ…

გოგოების თამაში

0

სტამბოლში მოხვედრის იმედი, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ გამიცრუვდა. ყოველთვის, როცა ვაპირებ, ვგეგმავ, ცალი ფეხი აეროპორტში მიდგას, გამოჩნდება რაღაც, რაც ჯადოსნური კონსტანტინოპოლის ნახვაში ხელს მიშლის. ამჯერადაც დავუშვი, რომ შეიძლებოდა, ერთ საინტერესო სამუშაო შეხვედრაზე მე წავსულიყავი და სტამბოლი ცალი თვალით მაინც მენახა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მონაწილეთა ჯგუფში ვერ მოვხვდი და თბილისში დავრჩი, ჩემს რუტინასთან და საშემოდგომო გამოცდასავით გამოყოლილ ზაფხულის სიცხესთან ერთად.

კვირა მძიმედ დაიწყო. ორშაბათმა საკუთარ თავს არ უღალატა. საღამოს კი, სახლისკენ მიმავალი, კიდევ ერთხელ გავბრაზდი ჩვენს სინამდვილეზე და საზოგადოებაზე, რომლის ნაწილი მე თვითონაც ვარ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ერთერთი ეზოდან, ბავშვების ბედნიერი ყიჟინა მომესმა. ჩანდა, მშვენივრად ერთობოდნენ. რამდენიმე წამში მათი ხმა ქალის შეშფოთებულმა შეძახილმა გადაფარა: „გოგოებმა ცალკე ითამაშეთ! აქეთ გამოდით!” მალე ბავშვები მიჩუმდნენ. როგორც ჩანს, მშობლებმა იმარჯვეს და გოგონებს განცალკევებით მიუჩინეს ადგილი.
„გოგოებმა ცალკე ითამაშეთ!” _ ეს ფრაზა შესანიშნავად აღწერს ჩვენი რეალობის მთელ სიმძიმეს. გოგონებს თამაშს არ უშლიან, მაგრამ ისინი მოვალენი არიან, საკუთარი სივრცე ჰქონდეთ, სხვების მიერ დადგენილ ქცევის წესებს დაემორჩილონ და საზღვარს, რომელიც მათ ტერიტორიას ბიჭებისგან ჰყოფს, არ გადააბიჯონ. გოგოების თამაში სხვაგვარი უნდა იყოს, უფრო მშვიდი, უფრო ჩუმი, რომელიც მეზობლებს საღამოს საათების იდილიას არ შეუშფოთებს, რომელიც დაზიანებებს არ გამოიწვევს, რომელიც მშობლებს თავსატეხს არ გაუჩენს.
გოგოები, რომლებსაც ცალკე თამაშისკენ მოუწოდებენ, დედებს და მამებს იშვიათად შეჰყავთ სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც ბიჭების პრივილეგიად ითვლება. ფეხბურთი მამაკაცების სამყაროა, საფეხბურთო მოედანზე ქალის ადგილი არ არის _ ასე ფიქრობენ საქაართველოში. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ წინა კვირაში ჩვენმა ფეხბურთელმა გოგონებმა ჩეხეთის ნაკრებთან წააგეს, წააგეს თითქმის ცარიელი ტრიბუნებით გარშემორტყმულ მოედანზე, წააგეს აქა-იქ წამოსროლილი გამამხნევებელი შეძახილების და გაცილებით მეტი ქილიკისა და კრიტიკის ფონზე, წააგეს თავდადებული გულშემატკივრობის გარეშე. როგორც სპორტის მოყვარულმა, კარგად ვიცი, რომ გულშემატკივრობას დამსახურება სჭირდება, მაგრამ ასევე მჯერა, რომ გუნდს, რომელიც გვიყვარს, რომლის მომავლისაც გვჯერა, წაგების დროსაც გვერდით უნდა დავუდგეთ. უფრო მეტიც, მე თუ მკითხავთ, გაცილებით საინტერესო მათი მხარდაჭერაა, ვინც დიდ გზაზე ახლა გადის, ვისთვისაც თითოეული ტაში, თითოეული შეძახილი მნიშვნელოვანია.
ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ: გოგოები და ბიჭები, მშობლები და შვილები, მოთამაშეები და გულშემატკივრები. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ერთად, ერთ სივრცეში, ერთ მოედანზე, ერთიანი სულისკვეთებით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის გამხნევება და უნდა გვესმოდეს, რომ მთელ ცხოვრებას ტრავმებისა და შეცდომების გარეშე ვერ გავატარებთ და ჯობია, არ გვეშინოდეს.
სწორედ იმ პერიოდში, როცა ვიმედოვნებდი, რომ სტამბოლში ვიქნებოდი და თბილისში აღმოვჩნდი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა მხარი დაუჭირა გენდერული კვოტების შესახებ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წინადადების კანონპროექტად ქცევას. სხდომას, პროცესში ჩართულ სხვა ადამიანებთან ერთად, მეც დავესწარი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, რა შედეგს მივიღებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასოდეს დამავიწყდება, როგორ შევედით კომიტეტის სხდომაზე წინადადების ავტორი და მხარდამჭერი ორმოცზე მეტი ქალი. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე და წამები, როცა „ცალკე მოთამაშე” გოგოებმა „ძირითად მოედანზე” შეაბიჯეს. ამ ისტორიული დღის მონაწილედ ყოფნისთვის ნამდვილად ღირდა თბილისში დარჩენა. სტამბოლის ნახვას ალბათ ოდესმე შევძლებ. იმედი ჯერაც არ დამიკარგავს.
იქამდე კი, სანამ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ. ზოგჯერ აუციელებელია, ერთმანეთს შემოვუძახოთ და შევახსენოთ, რომ ცალკე არ უნდა ვითამაშოთ, რადგან ფეხბურთი, პოლიტიკა და ყველაფერი სხვა, ჩვენი, გოგოების და ქალების თამაშიცაა.

ჩვენ ვასწავლით მოსწავლეს, თუ ის თავად სწავლობს?

0
ზოგადად, მასწავლებლებისთვის არაა უცხო მოსწავლეთა მოტივაციის პრობლემა – უნარი ვასწავლოთ ისე, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იყოს საინტერესო მოსწავლისთვისაც და თავად მასწავლებლისთვისაც. ვფიქრობ, მასწავლებელი, რომელიც ისტ-ს სისტემატურად იყენებს გაკვეთილებზე, განსხვავდება სხვა მასწავლებლებისგან: ჩვენ საკითხის შესასწავლად გვაქვს ,,მთელი სამყარო – რესურსი”. გვინდა თუ არა ისტ-ის გამოყენება, თავისთავად ცვლის ტრადიციული მუშაობის მეთოდებს, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას.

ჩემი, როგორც მათემატიკის მასწავლებლის მუშაობა, ძირეულად არ იცვლება – ვარ ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) სტანდარტებზე და წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებზე, რის შედეგადაც ჩემი მუშაობა მუდმივად განიცდის განახლებას. ყველა ცვლილება ორიენტირებულია მოსწავლეთა მათემატიკური ცოდნის გაღრმავებაზე;

დავალებები უნდა იყოს შინაარსობრივი, პრაქტიკულად ღირებული, მოსწავლეთათვის საინტერესო, ისინი ხელს უნდა უწყობდეს აზროვნების უნარების განვითარებას, შემოქმედებითი ნიჭის გააქტიურებას, დავალებებს უნდა მოეძებნოს პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები დავალებაზე მუშაობის დროს, თავად შეაფასონ დავალების ტიპი და შეარჩიონ სასურველი ისტ-პროდუქტი შედეგის თვალსაჩინო ასახვისათვის.
გაკვეთილის დაგეგმვაზე მუშაობის დროს, აქტივობების დაგეგმვისას, ისტ-ის გამოყენების საშუალებით უნდა გაოცდე თავად და გააოცო მოსწავლეებიც, რადგან XXI საუკუნეში მათემატიკის სწავლება მხოლოდ რიცხვებით და ფორმულებით აღარ შემოიფარგლება. მათემატიკამ ადამიანის საქმიანობის ბევრად მეტი არეალი მოიცვა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცე ყველგან რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, თუ ერთ სფეროში კონკრეტული გამომთვლელია საჭირო, მეორე სფეროში მხოლოდ მათემატიკური ლოგიკით შემოვიფარგლებით. ზუსტად ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათემატიკის და არა მხოლოდ მათემატიკის სწავლებისას, ისტტექნოლოგიებს ასე ფართოდ ვიყენებ. ის მეხმარება იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რასაც 21-ე საუკუნის უნარებს უწოდებენ .ჩემი აზრით, აღნიშნული უნარები ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს, ის უნდა გააჩნდეს მოსწავლესაც, რომელმაც უნდა დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, გახდეს კონკურენტული მისთვის სასურველი საქმიანობის სფეროში. ზემოაღნიშნული უნარების განვითარებაზე საუბარია ესგ-ს ერთ-ერთ თავშიც – “გამჭოლი კომპეტენციები”, რომლებიც ცხრა მიმართულების სახითაა ჩამოყალიბებული. ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია, თუმცა მათემატიკაში პრიორიტეტი ენიჭება ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებიც გამოყოფილია დიაგრამაში:


 

მონაცემების გამოყენება და ინფრომაციის წყაროები;
მონაცემების დახარისხება და კვლევა;
ანალიზი და პროცესის ავტომატიზაცია;
მოდელი და მოდელირება.
სხვა მიმართულებები, ბუნებრივია, ასევე, შესაძლოა გამოვიყენოთ და განვავითაროთ მათემატიკაში.
თითოეული ეს მიმართულება შესაძლებელია შემდეგნაირად გაიშალოს:
დამოუკიდებელი მუშაობა ინფორმაციასთან: მოძიება, შერჩევა, ანალიზი და შეფასება, დახარისხება, წარდგენა, მისი გადაცემა;
მოდელირება, ობიექტის დაგეგმარება პროცესში, მათ შორის სხვა ფაქტორების ურთიერთქმედების გათვალისწინებით, საკუთარი გეგმების პასუხისმგებლობით რეალიზება;
გადაწყვეტილების მიღება და გაუთვალისწინებელი მოვლენების/ფაქტების გათვალისწინება, სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში (LLL).
აღნიშნულის შესაბამისად, ჩემი გაკვეთილების დაგეგმვისას ორიენტირებული ვიყავი როგორც ესგ-ს შედეგზე, ასევე დასახელებული უნარების განვითარებაზე.
ამასთანავე, მსურს, აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებისთვის ხელი შემიწყო კომპანია Microsoft–ის და კომპანია Intel–ის ერთობლივმა პროექტმა “Windows 8 1:1 ელექტრონული სწავლება”. პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლეს გადაეცა ტრანსფორმერი პლანშეტები. შესაბამისად, გაკვეთილისთვის ისტრესურსის შექმნისას ან ინტერნეტში სხვადასხვა ონლაინრესურსის ძიებისას, ვიცოდი, რომ, როგორც გაკვეთილზე, ასევე საკლასო სივრცის მიღმა, ყველა მოსწავლეს შეუფერხებლად ექნებოდა წვდომა ჩემ მიერ გადაგზავნილ მასალებზე.
ამჟამად გაგიზიარებთ მათემატიკის სწავლებისას ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითებს,- თუ როგორ ვუსადაგებდი გაკვეთილის მიზანს სხვადასხვა ელექტრონულ ინსტრუმენტს. ვცდილობდი მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას, საშუალებას ვაძლევდი მოსწავლეებს, თავად აეგოთ ახალი ცოდნა ინფორმაციული სივრცეში ორიენტაციის გზით.
ალბათ, თითოეულ ამ გეგმაზე უფრო რეფლექსიის სახით ვისაუბრებ, რა შედეგი გამოიღო მიდგომამ, აქტივობამ, რომელიც მე დავგეგმე და გაკვეთილზე განვახორციელე. თუ როგორ იმუშავეს მოსწავლეებმა გაკვეთილებზე და გაკვეთილების მიღმა.
უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილების ძლიერ მხარედ მინდა აღვნიშნო მოსწავლეთა მოტივაცია. ამასთანავე, ხაზს ვუსვამ, რომ მოტივაციის მიზეზს არ განაპირობებდა მხოლოდ პროექტში მონაწილეობა, ან ის, რომ მათ ინტერაქტიულ პრეზენტაციას ვუჩვენებდი, ან ვთხოვდი, შესულიყვნენ საიტზე, სადაც თამაშით სწავლობდნენ და ითვისებდნენ ახალ საკითხს, არამედ გაკვეთილები იყო იმგვარად დაგეგმილი, რომ მოსწავლეები მუდმივად აღმოჩენის პროცესში იყვნენ. მე მათ მხოლოდ საწყის ცოდნას ან მითითებებს ვაწვდიდი. მოსწავლეები თავად აგრძელებდნენ ახალი მასალის სასურველი ტემპით ათვისებას. აქვე, ალბათ, არ შეიძლება, არ ვახსენო “შებრუნებული საკლასო ოთახის” მოდელი ((Flipped Classroom),), რომელსაც მე აქტიურად ვიყენებდი გაკვეთილზე. თუმცა შემდგომ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეისწავლიდნენ საკითხს, ისინი თავად ქმნიდნენ ვიდეოებს ამ მოდელის შესაბამისად. შემოგთავაზებთ ერთ-ერთი აქტივობის აღწერას:
აქტივობის დასახელება: გეომეტრია, კუთხის გრადუსული ზომა, კუთხის აგება.
მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს გეომეტრიული ფიგურების აგება მათი კუთხეების გრადუსული ზომების გათვალისწინებით. დაასახელოს კუთხეები მათი გრადუსული ზომის მიხედვით: ბლაგვი, მართი, მახვილი და გაშლილი.
მიმდინარეობა: გაკვეთილამდე, წინა დღეს, მოსწავლეები სახლში ეცნობიან ვიდეოს „კუთხის აგება ტრანსპორტიის გამოყენებით”.
მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს მოსწავლეთათვის პერსონალურ კომპიუტერებში „სავარჯიშო 1″-ის გადაგზავნით. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და უკან უგზავნიან მასწავლებელს ტექსტურ რედაქტორში შესრულებულ დავალებას ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.

მასწავლებელი შეაჯამებს დავალებას, (მოგვიანებით, გაკვეთილის შემდეგ, იგი ნახულობს თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას და მოსწავლეებს უგზავნის განმავითარებელი შეფასების კომენტარს).

შემდეგ ის მოსწავლეებს „სავარჯიშო 2″ უგზავნის. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და პასუხებს საზიარო დაფაზე აფიქსირებენ www.padlet.com. გაზიარებული დაფის ბმული მასწავლებელს მოსწავლეებთან წინასწარ აქვს გადაგზავნილი. ბოლოს იმართება დისკუსია, თუ ვინ რა ნიშნით მოახდინა სამკუთხედების განაწილება.
დავალებად მასწავლებელი მოსწავლეებს „სავარჯიშო 3″ -ს უგზავნის.
შედეგი: მოსწავლეები დამოუკიდებლად, ვიდეო-გაკვეთილის ყურებით სწავლობენ. გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ახალ ცოდნას დავალებაზე მუშაობით. მასწავლებელს აქვს უფრო მეტი დრო, რათა დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს და დაამყაროს უკუკავშირი. მოსწავლე თავად სწავლობს მისთვის ბუნებრივი ტემპით.
გარდა აღნიშნულისა, სწავლების ერთ-ერთ ძლიერ მხარედ გამოვყოფ სხვა პედაგოგებთან თანამშრომლობას და ერთობლივად ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, მაგალითად: ვინ ვარ მე? Who I Am?

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გაკვეთილის ჩატარების დროს მე თავად მივლინებით ვიყავი წასული და გაკვეთილზე Skype-ის საშუალებით ჩავერთე და ასე ერთობლივად შევძელით გაკვეთილის ჩატარება მე და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანა გოგიაშვილმა.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საილუსტრაციოდ კიდევ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: ,,ნატურალური რიცხვის ჯერადები და გამყოფები”. ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მინდა ავღნიშნო, როგორც დავალებების სიმრავლე და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება (დიფერენცირებული დავალებები), ასევე, გამოყენებული აპლიკაცია Mind Map, რომლის გადმოწერა Windows 8 Store-ის მაღაზიიდან შევძელით, სადაც უამრავი სხვადასხვა აპლიკაციაა, რომელთაც აქტიურად ვიყენებდით საგაკვეთილო პროცესში .
„მართკუთხედის ფართობი”, ამ საკითხის განმარტებისას გამოყენებული იყო თამაში Kodu. თავად მოსწავლეებმა აღმოაჩინეს და ჩაწერეს მართკუთხედის ფართობი, და რაც ყველზე საინტერესო იყო. გაკვეთილის ბოლოს შექმნეს ვიდეო-რგოლი, თუ როგორ გამოსახონ ერთეულოვანი ფართობის გამოყენებით ნებისმიერი ფიგურის ფართობი.
დამეთანხმებით, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ კოსმოსი, პლანეტები, ოცნებობენ იქ მოგზაურობაზე. სწორედ ამ თემას დაუკავშირე გაკვეთილი სახელწოდებით “სიგრძის ერთეული, დრო”. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ვირტუალურ ტურში – ჩვენს გალაქტიკაში. გაიგეს, თუ რა სიჩქარით მოძრაობს სინათლის სხივი კოსმოსში და რა დრო სჭირდება მას მზიდან სხვადასხვა პლანეტებამდე; შემდეგ, ამ მონაცემების საფუძველზე, გაიგეს მანძილი მზიდან ჩვენი გალაქტიკის თითოეულ პლანეტამდე. ამ საკითხმა მოსწავლეები ისე გაიტაცა, რომ გადავწყვიტე, გამეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით “მოგზაურობა მარსზე”. პროექტის განხორციელებისას, მოსწავლეებმა, როგორც კი გაიგეს მარსზე არსებული სასიცოცხლო პირობები, ააგეს ხომალდის მოდელი, მოახდინეს ფრენის ტრაექტორიის მოდელირება და გამოთვალეს ფრენისთვის საჭირო საწვავისა და სურსათის რაოდენობა. გამოთქვეს ვარაუდები. მოსწავლეთა ნაწილმა შექმნა მარსის ლანდშაფტის მოდელი, ააგო სახლები და სათბურები, დათესა სხვადასხვა მცენარე, და, დააკვირდა ზრდის პროცესს, შეისწავლა ზრდისთვისს საჭირო ხელშემწყობი ფაქტორები, და, რაც ყველაზე მთავარია, თავად მოსწავლეებმა შეძლეს მოეძიებინათ ზრდისთვის საჭირო ალტერნატიული ელემენტები (მზის ნაცვლად მუდმივი ხელოვნური განათება, ნიადაგის ნაცვლად სხვადასხვა ფხვიერი მასა, და ა.შ.).
ზემოაღნიშნულ პროექტზე მუშაობამ შექმნა წინაპირობა, რომ მოსწავლეთათვის ამეხსნა ზოგიერთი სივრცული ფიგურა, თუმცა ეს საკითხი წინარე გამოცდილებით მათთვის იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ თემის სწავლებისთვის დათმობილი გაკვეთილები თითქმის მთლიანად დატვირთული იყო ონლაინრესურსებით და სიმულაციებით, რამაც საშუალება მოგვცა, გავსულიყავი როგორც მათემატიკის სტანდარტის შედეგზე, ასევე, უფრო მეტი ცოდნა გადამეცა მოსწავლეთათვის და ხელი შემეწყო მათი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა ხერხით მოცემული საკითხის სწავლებამაც არ ჩაირა ისტ და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის გარეშე. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თავად მოეფიქრებინათ ამოცანები. ამასთან ერთად, ამოცანის პირობები ბუნებისმეტყველების საკითხებიდან უნდა მოეფიქრებინათ, რითაც კიდევ ერთი საგნის ინტეგრირება შევძელით მათემატიკასთან, და გრამატიკაც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ. ყველა ამოცანის პირობა გამართული უნდა ყოფილიყო. აქტივობის დასასრულს, მოსწავლეთა ნაწილმა ვიდეო-რგოლი მოამზადა, ზოგიერთმა მათგანმა კი ამოცანის ანიმაციური პირობა შექმნა.
კიდევ ერთ თემას გამოვყოფდი. ესაა – “წილადი”, აქვე აღვნიშნავ, რომ საკითხზე მუშაობის დროს გამოვიყენე მანიპულატივები, რეალური ხელშესახები რესურსი, რათა ჩემი კლასი მთლიანად ვირტუალურ კლასად არ გადაქცეულიყო. ასევე მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჩემ მიერ მომზადებულ ელექტრონულ დავალებებზე, ასევე ონლაინრესურსებზე.
 
აქტივობის დასახელება: წილადი – მთელის ნაწილი.
მიზანი: მოსწავლეებმა განივითარონ წილადების წაკითხვის, გამოსახვისა და შედარების უნარ-ჩვევები; მოახდინონ წილადების ცნების ინტერპრეტაცია.
მიმდინარეობა: მოსწავლეები მუშაობენ დავალებებზე, რომლებსაც მათ მასწავლებელი ელ-ფოსტის საშუალებით გადაუგზავნის. ისინი დავალებას მასწავლებელს უკან გადაუგზავნიან.
ასევე მოსწავლეებს საშუალება აქვთ დავალებების შესრულებისას იქონიონ ერთმანეთთან მიმოწერა ჩეთის მეშვეობით, გაუწიონ კონსულტაციები ერთმანეთს.
მოსწავლები კომპიუტერში წილადების მოდელებს ქმნიან, მოიძიებენ და შემდეგ თავად შექმნიან ვიდეოგაკვეთილებს: „წილადების ისტორია”.

თვალსაჩინო მასალის „წილადების” გამოყენებისას მოსწავლეები წყვილებში თავად აღმოაჩენენ წილადების შედარების წესს.
შედეგი: ტექნოლოგიების დახმარებით საშუალება მომეცა მეჩვენებინა მოსწავლეთათვის ანიმაციური რესურსები, რომლებიც უკეთ დაეხმარა მათ ცნების გააზრებაში.

ამასთან მანიპულატივებზე მუშაობისას, მოსწავლეები აფიქსირებენ საკუთარ აზრს, აკეთებენ ვიდეოჩანაწერებს, ამზადებენ პრეზენტაციებს.

პრობლემებზე მუშაობისას მოსწავლეები მუდმივად თანამშრომლობენ ისტ-ტექნოლოგიების დახმარებით, ეხმარებიან ერთმანეთს ახალი ცოდნის კონსტრუირებაში.

თემის შესწავლის პარალელურად მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტის განხორცილება „წილადები”.
მოსწავლეები იკვლევენ საკითხებს:
რამდენად მნიშვნელოვანია წილადები?
რამდენად ხშირად და სად აქვთ ოჯახის წევრებს წილადებთან შეხება?
პარალელს ავლებენ საყოფაცხოვრებო პირობებში მსგავს საკითხებთან შეხების საშუალებებს. რაც შეეხება სასწავლო პროექტის ეფექტურობას, ეს ცალკე განსახილველი თემაა …
დასკვნის ნაცვლად…
მე შევნიშნე, რომ უფრო საინტერესოდ წარიმართება გაკვეთილები, სადაც თემაზე მუშაობა პირდაპირ არ უკავშირდება ისტ-ს შესწავლას – გამოყენებას: პოსტერის შექმნა, სქემების აგება, ამოცანის კრებულების შექმნა, ანიმაციური მოთხრობების შექმნა თემის ირგვლივ.

მოსწავლეებს უხარიათ საკუთარი მიღწევები, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი პირველად განიცდის თვითრეალიზაციის შეგრძნებას. განსაკუთრებულ დაინტერესებას ჩემში ასევე სხვადასხვა საგნის ინტეგრირება იწვევს. ახალი გამოწვევები, რადგანაც მაშინ მეც მოსწავლის როლში გამოვდიოდი, როდესაც სხვა საგნის სწავლების თავისებურებებს – ახალ მეთოდიკას, ინოვაციურ ტაქტიკებს ვეცნობოდი.
მასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესში სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას იყენებს, სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და ეფექტურს ხდის, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და აქვს ეფექტური უკუკავშირი თითოეულ მოსწავლესთან.

სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ასევე აღსანიშნავია 1:1 ელექტრონული სწავლების შესაძლებლობა, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს გასცდეს ფორმალური განათლების ჩარჩოებს და უფრო აქტიურად ჩართოს მოსწავლეები პროექტსა თუ სხვა აქტივობებში, საშუალება მისცეს მოსწავლეებს თავად ააგონ საკუთარი ცოდნა თანამშრომლობით და კვლევა ძიებით.
რესურსები:

1.1.შებრუნებული საკლასო ოთახის შესახებ: https://shsotreiningi.blogspot.com/p/20-4-3-2.html
1.2.ვიდეო შსო-ს მოდელის მიხედვით: https://www.youtube.com/watch?v=KryfP7aecWo
3.დავალების ნიმუშები: https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=q56tkm%2bilDPVt58TSJMJ1fUuvEGgkQDDlPdNWkeoZbw%3d&docid=0469e35c2d8bf44acaa819892203750e22
https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=l%2fnSbfSoMhtIF8MoOukW7LmnT7DDAoAGXnjneo7af6A%3d&docid=0c066dd45ece24218b5235530cc73c0fb
https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=a8uVDPi42QAxuA1bynOTonbgNJuCtM14yg%2f5huy9%2fwU%3d&docid=02d4dac2a16884da9b849ede7db1e7462
2.4.გაკვეთილის გეგმა და რესურსები: https://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/6c7594b7-90aa-4731-89b9-0a66f441c595
https://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/d2ab704c-e48f-4bcd-81b9-e42c9dc52e84
დიმიტრი პოპოვი

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა,
მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელი

მამობის უფლებებს მიღმა

0
ამ წერილის დაწერას უფრო ადრე ვაპირებდი, მაგრამ თითქმის მთელი სექტემბერი საშემოდგომო ვირუსულ ინფექციებს ვებრძოდით და ხან ერთი და ხან მეორე ბავშვის წამლებს წიწილებივით ვითვლიდი, რამე რომ არ შემშლოდა და ამრეოდა გადაღლილ და დასტრესილ გონებაზე. გავიფიქრებდი – “აი, ეს ერთი გამოჯანმრთელდა უკვე და სახლში ვბრუნდებით, რა კარგია ყველა ერთად ჯანმრთელად და მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას”- რომ უკვე მეორეს ეწყებოდა სიცხეები, სურდო, უხასიათობა და მაღალ ხმაზე გაჰკიოდა შემართებით. მერე, ისევ თავიდან იწყებოდა მაღალი სიცხეები, პატარა ხელებში გარჭობილი კათეტერი, “დაბინტული” მაჯები, გადასხმის მილები, დაღონებულთვალებიანი მშობლების სახეები საავადმყოფოს გრძელ დერეფნებში, რომლებიც ყველაზე მეტად ითხოვენ მალე გამოჯანმრთელების იმედს, სვამენ უამრავ შეკითხვას, ექიმები კი მხოლოდ მათთვის გასაგები ტერმინებით უხსნიან მდგომარეობის სიმძიმეს. ყველაზე მთავარი კი ეს შეკითხვაა – როდის გაგვწერთ? როდის გვიშვებთ?

 

რომ არა ერთი თითქოს “უმნიშვნელო” დეტალი მთელი რიგი ამ ამბებისა, ასეთ პირადულ და უსიამო ამბებს ნამდვილად არ გავიხსენებდი. ვითარების სიმძიმის მიუხედავად, ავადმყოფობები ტრივიალური მოვლენაა ბავშვის გაზრდის პროცესისა და ამ ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდეთ. სათქმელად ადვილია… მიუხედავად გამოცდილი მშობლების დარიგებისა და დამშვიდებისა, რთული საყურებელია სიცხისგან გაკაშკაშებული ბავშვის ლოყები, გაღიზიანებული და აღგზნებული მზერები ერთმანეთს რომ ენაცვლებიან, ხან ქრებიან და ხან ისევ ინთებიან.

მამა უფროს სიცხიან ბიჭს გაჰყვა საავადმყოფოში, დედა უმცროს გოგოსთან დავრჩი სახლში და მთელი აფორიაქებულობა და იმდღევანდელი დაძაბულობა შიშები და შეკითხვები – რა იქნება? ექიმი რას იტყვის? გარდა სიცხისა და მუცლის ტკივილისა რამე სერიოზული ხომ არ იქნება? – ჩავიბარე. დედის ტვინი კი გამოულეველი და უძირო შიშების საბადო ყოფილა. ყველაფრისთვის ემზადები თითქოს. ემზადები გადამწყვეტი და რთული მომენტებისთვის. სანამ, იმედის მომცემ სიტყვებს არ გეტყვიან, სანამ არ დაგირეკავენ და არ გახარებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ თითქმის ყველაფერი ნორმალურადაა, სანამ “მის” ხმას არ გაიგონებ – მანამდე ღელავ, შფოთავ და ვერ ისვენებ. მაგრამ გეუბნებიან, რომ მამებს ღამით პალატაში დარჩენის უფლება არ აქვთ, აუცილებლად დედა ან ბებია უნდა დარჩეს. ასეთია წესი. ახალი საფიქრალი გაჩნდა, ვინ დარჩება ბავშვთან ღამით? არადა, ჩვენ შეგვიძლია სხვების დაუხმარებლად ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე, ორივემ გადავინაწილოთ საქმეები. ამას ხომ თავიდანვე ორივე ძალიან კარგად მივეჩვიეთ, გამოცდილებაც დაგვიგროვდა ამ ამბებში და ცოტა არ იყოს უცნაურია, როცა მამას მხოლოდ იმიტომ არ რთავენ შვილთან თავდგომის უფლებას, რომ მამაკაცია.

და ზუსტად იმ დროს გადავწყვიტე, რომ თუ მე ხმამაღლა ვლაპარაკობ ქალების უფლებებზე თუ უუფლებობაზე, მათ დისკრიმინაციასა თუ ძალადობის ფაქტებზე, თუ არაკომფორტულ სიტუაციებშიც არ მერიდება ვისაუბრო, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც იჩაგრებიან ქალები და ამ “ახალი ამბით” იმ ადამიანების გაღიზიანებას არ ვერიდები, რომლებსაც ვერც კი დაუჯერებიათ, რომ ეს ჩვენ გარშემო მართლა ასე ხდება, ასევე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო ამაზეც. როდესაც საქმე მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, მეორეხარისხოვანი ამბავი უნდა იყოს, დედა დარჩება მასთან ღამით თუ მამა. მაგრამ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, მამები ნაკლებად არიან ჩართულნი შვილების აღზრდის პროცესში და თავიანთ მეუღლეებთან ერთად არ ინაწილებენ ოჯახური მოვალეობების ტვირთს, ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი ხელის შემშლელი ფაქტორები უფრო მეტად აღრმავებს სტერეოტიპებს და აკნინებს მამის როლს.

ჩვენს მეზობლად პალატაში ორნი არიან, მამა და პატარა ბიჭი. პატარა ბიჭსაც გადასხმების კვალი ატყვია მაჯაზე – სქლად შემოხვეული მარლა. მამა ფუსფუსებს, ხან გასარეცხ თეფშებს გამოიტანს და გარეცხავს, ხან ხილი მიაქვს პატარა ბიჭისთვის. საღამოს სააბაზანოში მიჰყავს და იქიდან სუფთა და მოწესრიგებული გამოჰყავს. სხვა დედებმა თქვეს, რომ მარტო არიან. დედა არ ჰყავთ. არ ჩავძიებივარ, სად ჰყავს დედა. საავადმყოფოს ჩვენზე ადრე ტოვებენ. ფანჯრიდან ვხედავ მამა ბარგით ხელდატვირთული ცდილობს ერთ თავისუფალ ხელში ბიჭი აიყვანოს. ცრემლი მერევა. განსაკუთრებული, ხომ არაფერი მომხდარა. მამამ გამოჯანმრთელებული შვილი სახლში წაიყვანა. ალბათ, გადაღლილობის ბრალი იყო…

პ.ს როცა მე სკოლაში ვსწავლობდი, მშობელთა კრებებზე მხოლოდ დედები და ბებიები დადიოდნენ, მამები იშვიათად მინახავს. ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ მასწავლებლებს ძალიან კარგი საბაბი აქვთ ჩართონ მამები თავიანთი შვილების აღზრდის პროცესში, ჩააყენონ ისინი საქმის კურსში, ესაუბრონ თავიანთი შვილების განათლებაზე, წარმატებებსა და პრობლემებზე. შეიძლება დღეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა და თანამედროვე მამები უფრო მეტად ინტერესდებიან საკუთარი შვილების განათლებით, უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მათთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა.

 

 

 

 

 

მეცადინეობის სირთულეები

0

„სანამ გაკვეთილებს არ ისწავლი, ეზოში ვერ ჩახვალ!” – ეს ისტორიული ფრაზა მშობლებისგან ალბათ ყველა ჩვენგანს გაუგონია. ზოგიერთი შინ დარჩენაზეც თანახმაა, ოღონდ მეცადინეობას თავი აარიდოს.

რატომ ჭირვეულობენ პატარები მეცადინეობის დროს? რატომ ვერ უდებენ გულს საშინაო დავალებებს? იქნებ ამის მიზეზი დაღლილობაა და მცირეოდენმა განტვირთვამ მათ ენერგია და ხალისი დაუბრუნოს? იქნებ არ ესმით ესა თუ ის საგანი და მისი შესწავლა მათთვის სტრესია?

იმისთვის, რომ პატარებს სწავლის სურვილი დაუბრუნდეთ, მშობლების აქტიური ძალისხმევაა საჭირო. ისინი ბავშვის ქცევაზე უდიდეს გავლენას ახდენენ. რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში, მით უკეთესად უვითარდება ბავშვს სწავლისა და სოციალიზაციის უნარები. გარდა ამისა, მოსწავლე მშობლის დახმარებით იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სწავლის სწორი გზის მისაგნებად. ასეა ნათქვამი კვლევაში, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციამ, PISA-მ ჩაატარა.

ცნობილი ფსიქოლოგი ასკელ უილიამსი ჟურნალ TIME-ის მეშვეობით უხსნის მშობლებს, როგორ იპოვონ კორექტული მეთოდები შვილების დასახმარებლად. უილიამსი წერს, რომ სკოლასა და ოჯახში ყურადღებას არ ამახვილებენ მოსწავლის წვრთნაზე, იმაზე, როგორ მიიყვანონ ისინი შინაარსის გაგებამდე და არ აზეპირებინონ ტექსტი, რომელიც, ცხადია, მოკლე ხნის შემდეგ აღარ ემახსოვრებათ.

·მეცადინეობისას დაუხატეთ პატარებს სურათები და დაუხაზეთ დიაგრამები – ეს მათ შინაარსის გაგებაში დაეხმარება. აქ განსაკუთრებით მხედველობითი მეხსიერება ჭრის.

·შეუდგინეთ კითხვები და დაეხმარეთ, რომ სწორ პასუხებს მიაგნონ.

·როცა რაიმე ახალს შეისწავლიან, ეცადეთ, ის იმ დადებით ემოციასთან დააკავშიროთ, რომელიც მათ უკვე აქვთ. მაგალითად, გამოიყენეთ მათი საყვარელი კომპიუტერი და მოუძებნეთ ინტერნეტში ინფორმაცია ახალი თემის შესახებ.
·ნუ იქნებით ზედაპირულები. მანამდე აუხსენით, სანამ კარგად არ გაიგებენ საკითხს.

·მათთან ერთად გააკეთეთ ჩანაწერები, რომლებიც მათ ერთი შეხედვით გაახსენებს მნიშვნელოვან საკითხებს და დადებით ემოციასაც მოჰგვრის იმის გამო, რომ დაეხმარეთ.

ასკელ უილიამსმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც ამ სტრატეგიებს არ მისდევენ, საშინაო დავალების შესრულება უჭირთ.
ივლისში TEDx-მა თბილისში ბავშვებს დაუთმო სცენა. პატარებმა მათთვის საინტერესო არაერთ საკითხზე ისაუბრეს. გიორგი ზიბზიბაძემ თავისი საუბრის თემას ასე დაარქვა: „როგორ ვაქციოთ მოსაწყენი საქმე გასართობ აქტივობად”. საუბარი იმით დაიწყო, რომ ყველა ადამიანს დედამიწაზე საკუთარი პრობლემა აქვს. ერთის გასაჭირი მეორისთვის შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს, მაშინ როდესაც პირველს დეპრესია იპყრობს. გიორგის სკოლაში თურმე ქართული ლიტერატურის სწავლა უჭირდა – ვერაფრით იზეპირებდა ლექსებს, რაც უფრო და უფრო აძულებდა ამ საგანს. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს ხატვა – დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ სიტუაციაში. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და პრობლემაზე სერიოზულად დაფიქრდა, გიორგიმ ორი აქტივობა – საყვარელი და საძულველი – ერთმანეთს შეუხამა და ყველაფერი დალაგდა. წაკითხულ ლექსებს გონებაში საგნებთან აკავშირებდა და ხატავდა. ასე დახატა ლექსი „მზეო თიბათვისა” და ნახატზე დაკვირვებით იოლად წაიკითხა დაფასთან. გიორგი ამბობს, რომ პრობლემა უკვე საბოლოოდ მოაგვარა და „ლექსების ხატვა” ძალიან კარგად გამოსდის.

ამ ბმულზე გიორგი ზიბზიბაძე თავად გიამბობთ მეცადინეობის სირთულეების გადალახვის შესახებ:

ბელგა უკვე ვეღარასოდეს ითამაშებს ჭადრაკს

0
ბაბუებს მაინც უცნაურად უყვართ შვილიშვილები. მინდოდა მეთქვა, უცნაურად უყვართ და ესმით კიდეც მათი-თქო. თითქოს რა ისეთი აუხსნელი რამეა, კაცს რომ გაუკვირდეს, მაგრამ მაშინ, როცა მშობლები უამრავ ყოფით საქმეს არიან შეჭიდებულები, ბაბუებმა შეიძლება სწორედ ის აღმოაჩინონ, რაც მერე მისი შვილიშვილის ცხოვრებაც იქნება და საქმეც.
პატარა გაბოს შემთხვევაშიც ასე იყო.
პოლკოვნიკი ნიკოლას რიკარდო მარკესი, რომელსაც შვილიშვილები პაპალელოს ეძახდნენ, გვიანობამდე შერჩებოდა ხოლმე ბელგას სახელოსნოში. ბელგა – ეს შიშისმომგვრელი მოხუცი – თურმე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა არაკატაკაში, ორივე ფეხის კიდური ნორმანდიაში, დანაღმულ მინდორში დაეტოვებინა.
ოთხი წლისამ გავიცანიო, – ჰყვება გაბრიელ გარსია მარკესი ავტობიოგრაფიულ წიგნში „იცხოვრო, რომ მოჰყვე” (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ), – ბაბუაჩემი მასთან ჭადრაკის მდუმარე და დაუსრულებელი მატჩების სათამაშოდ მიდიოდა ხოლმეო.
სანამ გაუთავებელი და მოსაწყენი სეანსები მიეწყობა, სახელოსნოში მოხვედრილ ბავშვს პირველივე საღამოდან უკვირს, რომ იქ არაფერია ისეთი, რაც შეიძლება რამეში გამოიყენო. აკვარელით დახატული ზღვის პეიზაჟები, ბავშვების დაბადების დღისა და ზიარების ფოტოები, აზიური სამკაულების ასლები, ძროხის რქებისგან დამზადებული ფიგურები, სხვადასხვა ეპოქის ავეჯი – ეს ყველაფერი ერთმანეთზე ახუხულავებული – და ბელგაც თითქოს საკუთარი ნამუშევრების ამ უწესრიგობაში ცხოვრობს.
– არასოდეს მყვარებია. მით უფრო, ჭადრაკის თამაშის დროს. საათობით აყოვნებდა ყოველი ფიგურის მოძრაობას, ძილისგან ჩამოღვენთილი ვიყავი. ერთ ღამეს უზომოდ დაუძლურებული მომეჩვენა და შინაგანად ვიგრძენი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. მის მიმართ სიბრალული გამიჩნდა, მაგრამ ხანდახან იმდენად დიდხანს ფიქრობდა ჭადრაკის თითოეულ სვლაზე, რომ გულწრფელად ვნატრობდი მის სიკვდილს.

სანამ ეს სიკვდილი ჩამოდგებოდეს, ბავშვის თვალს და ყურადღებას ბელგას ძვლებზე მიკრული ყვითელი კანი მიიქცევს, ასეთივე ფერის თმა და შუბლზე ჩამოყრილი ქოჩორი, სახეს რომ უფარავს და ლაპარაკს უშლის. მოხუცი ზღვის ლომის ძვლის ყალიონს ეწევა და მხოლოდ ჭადრაკის თამაშის დროს ანთებს ხოლმე – ამ ხრიკით მეტოქის დაბნევას ცდილობს. წელს ქვემოთ მოწყვეტილი, ზურგში მოკუზული და მარცხნივ გადახრილი, თავისი ყავარჯნებით თევზივით დაცურავს საკუთარი სახელოსნოს ნანგრევებში.
– არასოდეს მოუყოლია ნაოსნობის შესახებ. ვიცოდი, რომ არაერთი მღელვარე თავგადასავალი გადახდენოდა. ერთადერთი გატაცება, რომელიც გარეშე ხალხმა მის შესახებ იცოდა – კინო იყო.
არც ის კინოსეანსი ჩაივლის მოხუცის გარეშე – ლუის მაილსტოუნის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია”-ს ჩვენება. რემარკის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმის ნახვისას ბელგა ნორმანდიის ჭაობში ჩაყრილი მეომრების დაჩეხილ და დანაწევრებულ გვამებში საკუთარ თავს ამოიცნობს და იმდენად შეძრავს სანახაობა, რომ გადაწყვეტს, საბოლოო წერტილი დაუსვას თავის სიცოცხლეს.
– პატარა მისაღებ ოთახში ბინდი იდგა. ფანჯრები დახურული იყო. ეზოდან შემოსული მზის პირველი სხივი მხოლოდ საძინებელს ანათებდა. ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები ბაბუას ელოდნენ. ზეწარგადაფარებული ცხედარი იქ ესვენა. ყავარჯნები ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე დაეწყო მის პატრონს, მანამ, სანამ ლოგინში სიკვდილთან შესახვედრად დაწვებოდა.
სასთუმალთან ხის პატარა მაგიდაა, ზედ – ის ჭურჭელი, საიდანაც ბელგამ ოქროს ციანიდის ორთქლი თავის ძაღლთან ერთად შეისუნთქა. იქვეა წერილიც, საღებავით, დიდი ასოებით გამოყვანილი: „არავის დააბრალოთ, თავს ვიკლავ, რადგან ბრიყვი ვარ”. მიცვალებულს შიშველი, მტკიცე და დაგრეხილი სხეული ინდაურის უხეში კანითა და ყვითელი ბალნით აქვს დაფარული და გარშემომყოფებს მშვიდი, შემრიგებლური თვალებით ცოცხალივით უმზერს.
და უცებ, ცხედრის დანახვაზე, ბელგას სახლში გატარებული ღამეების სევდა ახსენდება პატარა გაბოს და ბაბუას ეუბნება:
– ბელგა უკვე ვეღარასოდეს ითამაშებს ჭადრაკს.
უბრალო ნათქვამი იყოო, – მოკრძალებულად იხსენებს ავტობიოგრაფიულ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესი, – მაგრამ ბაბუაჩემმა ისე უამბო ოჯახის წევრებს, როგორც გენიალური აზრის გამონათება. ქალები ისეთი ენთუზიაზმით ავრცელებდნენ გარშემო, რომ სტუმრის მოსვლის დროს შიშის ზარი მცემდა და ვიმალებოდიო. არ მინდოდა ჩემი თანდასწრებით ეთქვათ, ან უარესი: იძულებული გავეხადე, თავად მომეყოლაო.
იქვე არც იმის აღნიშვნას მოერიდება, – არავინ იცის, როგორი თანაგრძნობით ვივსები იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც მშობლები გენიოსებად მიიჩნევენ; აიძულებენ იმღერონ სტუმრების თანდასწრებით; მიბაძონ ჩიტებს ან უარესი, მოიტყუონ უფროსების გასართობადო, – მაგრამ დღეს ვხვდები, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის მარტივი ფრაზა ჩემი, როგორც მწერლის, პირველი წარმატება იყოო.
…ხომ მეთანხმებით: ბაბუებს მაინც უცნაურად უყვართ შვილიშვილები. უყვართ და ესმით კიდეც მათი. მაშინ, როცა მშობლები უამრავ ყოფით საქმეს არიან შეჭიდებულები, ბაბუებმა შეიძლება სწორედ ის აღმოაჩინონ, რაც მერე მისი შვილიშვილის ცხოვრებაც იქნება და საქმეც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...