ტერორიზმი – მუდმივი საფრთხე ცვალებადი მიზნებით
სხვა ძველი წიგნების საქმე
საქმე ასე იყო: თითქმის ყოველღამე მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით. მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციაში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ სწორედ მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და ამაყად გადავხედავდი ჩემს თანამზრახველს. ან იქნებ ამ ამბის მთავარი სიკეთე სწორედ ეს გამოღვიძება უნდა ყოფილიყო – მერე რაღა მენახა სიზმრად?
მე და ჩემი მშობლები ერთსა და იმავე წიგნებს ვკითხულობდით ჩვენ-ჩვენს ბავშვობაში. გარდა, ვთქვათ, ვინმე საშუალო რანგის ინგლისელი მწერლის საყმაწვილო დეტექტივებისა, რომელთა მსგავსი წიგნები 90-იანების კოოპერატივ-გამომცემლობებმა მრავლად ბეჭდეს და სადაც, ვთქვათ, კოლეჯის მოსწავლის ამბავია, რომელიც ფოტოაპარატის საყიდლად ფულს აგროვებდა, მაგრამ იმ დანაზოგით დურბინდი იყიდა, რადგან რაღაც კერძო გამოძიებაში ჩაერთო. მეც დავიწყე ფულის გროვება და მერე მთელი ეს ოთხი ათასი კუპონი რობერტო ბაჯოს „ნაკლეიკაზე” გადავცვალე – 4 ნომერი იყო და ძნელად ამოდიოდა, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე.
არ ვიცი, რატომ მიიჩნეოდა „ბიძია თომას ქოხი” საბავშვოდ, მაგრამ ტვენის თავზარდამცემად გენიალური ამბების გვერდით ეს წიგნი მომაჩეჩეს და მთელი კითხვის პროცესი უცხადესად მახსოვს. აჰა, ჩემი სოფლის ოდის ოთახი. კოღოები. და კედელზე რატომღაც ლომონოსოვის სურათი, რომელიც სულაც სამყაროს შემქმნელი მეგონა. მონები. ბამბა. ამერიკა. საბძელში მცხოვრები გომბეშოს ყიყინი. და სხვა მსგავსი რომანტიკანი. ძალიან მაგარი და დაუბრუნებელი – ჩემი აზრით. ხოლო ამის მერე რატომღაც „სალამურას თავგადასავალ” წავიკითხე – დიდი ქართული ზღაპარი.
მაგრამ მარტო წიგნები როდი გახსენდება – ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. აი, ერთი გოგო, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მე ბეკი დავარქვი და მიყვარდა. ბებიაჩემი ასწავლიდა და დავყვებოდი გაკვეთილზე. და მინდოდა, რამე დაეშავებინა და მერე ამეღო ეგ ამბავი ჩემს თავზე და ბებიაჩემს მის მაგივრად გავეწკეპლე. ასე იცის…
მაგრამ იმ დიდი, აუცილებელი ავტორების გარდა (ვერნი, რიდი, სტივენსონი და სხვანი), რომლებსაც ახალი თაობა მგონი აღარასდროს წაიკითხავს, იყო სხვა წიგნებიც – ვანო ურჯუმელაშვილის „სამხრეთის ვარსკვლავი”, მოთხრობა სამაგალითო საბჭოთა პიონერზე, იური ოლეშას „სამი გოდორა”, რომელსაც ბოლო სამი გვერდი აკლდა და დღემდე მისი დარდი მაქვს, „ფილმი ზღაპრები” – ანიმაციები ტექსტად, ლამის მთელი ტელედანაკლისი რომ ამინაზღაურა და სხვანი. ვინ იცის, სად აწყვია ახლა ეს წიგნები, ან აწყვია კი?
„ბემბის” რომ ვკითხულობდი, გარდა ამბის განვითარებისა, საშინლად მაინტერესებდა, რა ერქვა ავტორს. საბჭოთა გამომცემლებს დაჟინებით მიეწერათ: „ფ. ზალტენი”. წიგნს ასეთი, გარე ფეტიშებიც აქვს. ბლომად. მერე მოძებნი. „უი, ფელიქსი”, – იტყვი და თითქოს დიდი საიდუმლო ამოხსენი.
იცით, ზოგი წიგნი საერთოდ გამოვტოვე. არ მქონდა. მერე დამეზარა. მაგალითად, „პინოქიო” (მისი წვრილცხვირა კლონის საქმე ვიცოდი) და „კარლსონიც” სულ ახლახან გადავშალე. პრინციპით – წაკითხული ხომ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ დიდი წიგნებია, მაგრამ იმასაც, რომ რაღაც ბავშვობაში უნდა წაიკითხო. ემილს ახლა ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავისი გამოთლილი კაცუნებიანად.
ასე ბევრი გამოვა, წერტილი უნდა დავსვა.
კლასის დამრიგებლის ელექტრონული სამუშაო რვეული

რას მინდა სწავლობდნენ ქართულ სკოლაში
„მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,
კარგი დასასრულის განცდა
ზაფხული იქით იყოს (არის კიდეც) და მე რომ მკითხოთ, ახლა სწორედ საუკეთესო დროა წავიკითხოთ ის ბოლო წიგნი, რომლისთვისაც არდადეგებზე ვერ მოვიცალეთ; განსაკუთრებით კარგი დ როა მეთორმეტეკლასელებისათვის, რომლებიც ოქტომბრიდან მოყოლებული, ალბათ, მთელი სასწავლო წელი ვეღარ მოიგდებენ დროს იმისთვის, რომ კლასგარეშე თუ არასაპროგრამო ლიტერატურით ისიამოვნონ.
თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მისაღებ გამოცდებზე არ დაგვეხმარება. აბიტურიენტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებას სელინჯერის, ბერჯესის, აკუტაგავას ნაწარმოებებთან გავლებული პარალელებით ასაბუთებენ, რასაკვირველია, სულ სხვა ფასი აქვთ გამსწორებელთა თვალში. წელს ერთ ნამუშევარში ფილიპ როთის ,,პორტნოის სინდრომიც” კი იყო მოხდენილად მოშველიებული. არც იმ წიგნის მოხსენიება დატოვებს გულგრილს თქვენი ნაშრომების შემფასებლებს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ…
თუმცა წიგნების კითხვა ანგარებით დაახლოებით იგივეა, რაც ანგარებით ქორწინება, ამიტომ მოდი, თავი დავანებოთ დამატებითი მოტივაციის ძებნას, მით უმეტეს, რომ კარგ წიგნს ეს არ სჭირდება.
მაშ ასე, ჯულიან ბარნსი – ,,დასასრულის განცდა”. გამოცემული 2011 წელს, იმავე წელს ბუკერის პრემიით აღნიშნული. ამ წიგნის კითხვისას გრჩება შეგრძნება, რომ თანამედროვე სამყაროს მაჯისცემაზე გვიდევს ხელი. თუმცა თავად ავტორს ნაკლებად ესმის თანამედროვე სამყაროსი… ისე, ვერც თავის სიყმაწვილის დროინდელ ამბებში გარკვეულა მთლად ბოლომდე.
მოქმედების ადგილი – ლონდონის ერთ-ერთი სკოლა, სამოციანი წლების ოქროს პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არსებობს მხოლოდ ბიჭებისგან შემდგარი კლასები, მაღალი წრიდან გამოსული, ინტელექტუალური და ქედმაღალი ბიჭებისაგან. აი, ისეთებისგან, ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს პრინციპულად რომ არ ეთანხმებიან და ორაზროვანი ნართაულებით კენწლავენ. ჩაკეტილი წრეები, რომლებშიც შეღწევა მხოლოდ განსაკუთრებულებს, დავაზუსტებ, განსაკუთრებული ჭკუა-გონების პატრონებს შეუძლიათ. მათ წინაშე მალე ინგლისისა, და მაშასადამე, მსოფლიოს, საუკეთესო უნივერსიტეტების: კემბრიჯის, ოქსფორდის, ბრისტოლის და ა.შ. კარი გაიღება. მერე საუკეთესო კარიერა ელით – გახამებული პერანგების, გოლფის მოედნების, საშობაო ინდაურთან შემოკრებილი ლამაზი ცოლ-შვილის ტრივიალური რომანტიკა.
მაგრამ მომავალი არასოდესაა ისეთი, როგორიც სკოლაში წარმოგიდგენია. ისევე, როგორც შობა-ახალი წელი არასოდეს ჰგავს მისალოც ბარათებზე დახატულ ფუმფულათოვლიან იდილიას. მთხრობელი, ტონი უებსტერი, გაიზარდა, პენსიაში გავიდა, ოჯახი დაენგრა, შვილი გაუუცხოვდა – მოკლედ, ყველაფერი საუკეთესო უკან მოიტოვა და ახლა დროა ახალგაზრდობის დროინდელი სიბრიყვეების გამოც მოიცვას სინანულმა.
მე რომ მკითხოთ, სიყმაწვილის ყველაზე რთულად გადასალახი პერიოდი ისაა, როცა შენს ცხოვრებაში პირველად ჩნდება უცხო ადამიანი, რომელსაც შენზე უზარმაზარი ზეგავლენა აქვს. თუ ის შენსავით ბიჭია, უმეგობრდები და ისე ეჯიბრები; თუ თავნება და რკინისებური ხასიათის გოგოა, რაღა დაგრჩენია, მასთან სასიყვარულო თამაშებს იწყებ, მერე ნიშნისმოგებით მიატოვებ, მაგრამ ეს ამბავი ორმოცი წელი გიღრღნის გულს და ვერაფრით ივიწყებ წაგებულ ომს.
ისევ მე რომ მკითხოთ (სხვა რაღა დაგრჩენიათ), უფროსკლასელისათვის, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გადაეშვება თავგადასავლებით სავსე მომავალში, ყველაზე გულდასაწყვეტი ის იქნებოდა, თუ მავანი მკითხავი უწინასწარმეტყველებდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებაო: ვეღარასოდეს იქნები ასე ახლო მეგობრებთან, ვეღარასოდეს შეიყვარებ ასე ძლიერად ქალს, ვეღარასოდეს შეხედავ ასე თამამად ცხოვრებასო.
ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ უფროსკლასელებმა უნდა იცოდნენ, შეიძლება მათ ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებოდეს ყველაზე მთავარი და საინტერესო მოვლენები – ეს წიგნი ამაზეცაა.
დამაინტრიგებელი სიუჟეტი (ამის გარეშე დღეს რომანის დაწერას ხომ აზრი აღარ აქვს), კარგად შეკრული კომპოზიცია, დინამიკური და ამავე დროს, დამაფიქრებელი თხრობა, მთარგმნელ ზაზა ჭილაძის დიდოსტატობა სრული ხუთვარსკვლავიანი მომსახურება ახალგაზრდა მკითხველის ხელთაა.
ერთ დღეს ერთმა შემთხვევითმა ერთდღიანმა მეგობარმა, რომელთა მსგავსთაც ხშირად გადავეყრებით ხოლმე დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წამიყვანა ლიტერატურული წრის მეცადინეობაზე დასასწრებად. მასწავლებელმა თხზულების დაწერა გვთხოვა და მიგვითითა, რომ დასკვნით ნაწილს განსაკუთრებული ყურადღებით მოვკიდებოდით, რადგან, როგორც მაიაკოვსკიმ თქვა, ნაწარმოებში მთავარი ზუსტად შერჩეული დასასრულია. ამიტომ ჯერ დასასრული უნდა მოიფიქრო და მერე _ ყველაფერი დანარჩენი.
მეც ჩემი სტატიის დასაბოლოებლად ბევრი ვიფიქრე და ასეთი სიტყვათა თამაში მოვიფიქრე, „დასასრულის განცდა” ღირებული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ უმთავრეს შეგრძნებას აჩუქებს მკითხველს – კარგი დასასრულის განცდას.
მხატვრული ლიტერატურის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი ისტორიის გაკვეთილზე
- ისტორია ლიტერატურას აძლევს ფაქტს, მასალას განსჯისა და განხილვისთვის;
- ლიტერატურული ნაწარმოები ხშირად მოგვითხრობს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიული განვითარების შესახებ;
- ლიტერატურას განვითარების კანონზომიერება ახასიათებს;
- ისტორიას თავისი კანონები აქვს, ის გარკვეული კანონზომიერებით ხასიათდება;
- დროთა განმავლობაში ლიტერატურული მიმართულებები, ესთეტიკური სისტემები, განვითარების კანონები იცვლება;
- საზოგადოებასაც, როგორც ლიტერატურას, ახასიათებს ბრძოლა წარმავლობასთან, ორივე ცდილობს დროის უკვდავყოფას და ამ დროის სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანის მოქცევას;
- შედეგად კი მოგებული რჩება (და ყოველთვის რჩებოდა) მწერალი, ლიტერატურა, ასავე – მკითხველიც!..
- შესაბამისად, იზრდება და ვითარდება (იზრდებოდა და ვითარდებოდა) ადამიანი – საზოგადოების და სახელმწიფოს ისტორიული პროცესის წარმმართველი.
- I – შესასწავლი ეპოქის მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა;
- II – ისტორიული ბელესტრისტიკა.
- ნაწარმოების სამეცნიერო ღირებულება;
- მაღალი მხატვრული ღირებულება;
- მიღწევადობა, ასაკობრივი თავისებურებები;
- წიგნის აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
- მოიძიეთ და გაეცანით ინფორმაციას ისტორიული ხასიათის ლექსებისა და სიმღერების შესახებ;
- გაეცანით გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას; წარსულის რა სურათები გააცოცხლა პოეტმა თავის ნაწარმოებებში?
- მსოფლიო ლიტერატურის რომელ შედევრებს იცნობთ, რომელთა საფუძველსაც ისტორიული მოვლენები წარმოადგენენ? რა ისწავლეთ ახალი ამ ნაწარმოებების წაკითხვით?
- დაასახელეთ თქვენი საყვარელი მწერლები. ყველაზე მეტად რა ტიპის საზოგადოებრივ მოვლენებზე წერენ ისინი? აღწერეთ ეს მოვლენები და ა.შ.
სექტემბერი. წასვლა
ემპათიის სწავლება, დანიელი მშობლების რჩევები