შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

მსოფლიოს ქვეყნების დროშები

0
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მცხოვრები ამაყობს თავისი ეროვნული დროშით. ეს გასაკვირი არცაა, რადგან დროშის ფერები ეხმარება ადამიანებს ერთნაირი განცდების ჩამოყალიბებაში: საფეხბურთო მატჩი ეროვნული გუნდის მონაწილეობით ან მხიარული სახალხო დღესასწაული მთავარი ეროვნული სიმბოლოს – დროშის გარეშე ხომ საერთოდაც წარმოუდგენელია.

დროშები პირველად ჩინეთსა და ინდოეთში გაჩნდა, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჩინეთში დროშებს უკვე ჩვენს ერამდე 1100 წელს იყენებდნენ და მათ ძირითადად აბრეშუმის ქსოვილისგან ამზადებდნენ, რაც ამ ქსოვილის სიიაფით აიხსნებოდა. ევროპაში დროშები ფართოდ შუა საუკუნეებში – ჯვაროსნული ლაშქრობების დროს გავრცელდა.

ვრცლად

გლობალური ქალაქების ძირითადი ფუნქციები

0

გლობალური ქალაქი (Global City) გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა. ასეთი ქალაქები გლობალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, როგორც სტრატეგიული კვანძები, და როგორც ფინანსებისა და ვაჭრობის სფეროს მნიშვნელოვანი ობიექტები. ტერმინი „გლობალური ქალაქი” პირველად 1991 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციოლოგმა სასკია სასენმა გამოიყენა თავის ნაშრომში – „გლობალური ქალაქი: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო”.

გლობალური ქალაქის სტატუსი სასურველად და მომგებიანად მიიჩნევა. მიღწეულია კონსესუსი იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი, რომ ეს სტატუსი მიენიჭოს. მათ შორისაა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინფრასტრუქტურული მახასიათებლები.

გლობალური ქალაქების მნიშვნელოვანი ფუნქცია ისაა, რომ ისინი ოფიციალური, საქმიანი, სამეცნიერო, წარმომადგენლობით და სხვა სახის სწრაფი კონტაქტების ბაზას წარმოადგენენ. აქ ჩამოდიან სასწავლებლად, სამუშაოდ, დასასვენებლად და ა.შ. მაგ; რეიტინგის პირველი ათეულის ქალაქებში აკუმულირებულია საერთაშორისო ტურისტების 10%. გლობალური ქალაქების კავშირების გეოგრაფია საკმაოდ ფართოა და მათი დაფარვის ზონა თითქმის მთელი მსოფლიოა.

გლობალური ქალაქების რუკა, რომელიც ეფუძნება „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის” (GaWC) 2010 წლის მონაცემებს.

geoootegtbliasae

გლობალური ქალაქების ინდექსი წელიწადში 2–ჯერ დგინდება და ქვეყნდება. პირველად მსგავსი კვლევა 2008 წელს ჩატარდა და სიაში 60 ქალაქი მოხვდა. წელს რეიტინგში 66 ქალაქია, რომელთა მოსახლეობა 1 მლნ–ს აღემატება. ეს ქალაქები ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობენ და ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონე აქვთ. კვლევის პროცესში ქალაქები 25 კულტურული, სოციალური და პოლიტიკური კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, რომლებიც 5 მთავარ კატეგორიაშია დაჯგუფებული.

  1. საქმიანი აქტიურობის დონე – საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ–ბინების რაოდენობა, საფონდო და სასაქონლო ბაზრების ზომა, ქალაქის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების მოცულობა, ქალაქში ჩატარებული დარგობრივი და ეკონომიკური კონფერენციების რაოდენობა.
  2. ადამიანური კაპიტალი – ქალაქში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რიცხვი, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, საბაზო და საშუალო დონის საერთაშორისო სკოლების რიცხვი, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ხვედრითი წილი, უცხოელი მოსახლეობის ხვედრითი წილი.
  3. საინფორმაციო გაცვლა – ქალაქში განთავსებული გლობალური მნიშვნელობის მასმედიის კორესპონდენტთა პუნქტების რაოდენობა, საერთაშორისო ახალი ამბების მოცულობა წამყვან ადგილობრივ მასმედიის საშუალებებში, ინფორმაციული და კომუნიკაციური ინფრასტრუქტურა და სხვ.
  4. კულტურული დონე – ქალაქში უცხოელი ტურისტების რაოდენობა, მუზეუმების, თეატრების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების, ასევე მსოფლიო დონის სხვა კულტურული დაწესებულებების რიცხვი, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების რიცხვი, კულინარიული მრავალფეროვნება საზოგადოებრივ კვებაში.
  5. პოლიტიკური წონა – სხვა ქვეყნების საელჩოების, საკონსულოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების რიცხვი, ქალაქში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების რიცხვი, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტოლოგიური ინსტიტუტების რაოდენობა, ქალაქის მონაწილეობის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკურ სფეროში სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით (დაძმობილებული ქალაქების ინსტიტუტი, პროექტები საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში და სხვა).

გლობალური ქალაქების კლასიფიკაციისა და რანჟირების მრავალი მცდელობა არსებობდა.

ემპირიულად დამტკიცებული, საინტერესო და თანამედროვე კლასიფიკაცია მოგვცა ბრიტანეთის ლაფბოროს უნივერსიტეტის სამეცნიერო კოლექტივმა. მსოფლიო ქალაქების კლასიფიკაცია შედგენილია მათი როლისა და ურთიერთკავშირების გათვალიწინებით მსოფლიო ბაზრის მაღალპროფესიული მომსახურების უდიდესი სეგმენტის ფარგლებში. მისი საფუძველი უმაღლესი მომსახურების 4 ტიპის სფეროში – საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, რეკლამა, ფინანსები და ბანკები, დაზღვევა – ქალაქების ფუნქციების ბალური (ქულების) შეფასებაა.

მიღებული ქულების ჯამის მიხედვით, ყველა ქალაქი დაყოფილია 4 რანგად – α, β, γ, d და პარალელურად 12 კატეგორიად, სადაც მე–12 უმაღლესი, ხოლო 1–ლი – უმდაბლესი კატეგორიაა. ანალიზის შედეგად გამოიყო 66 გლობალური ქალაქი, მათ შორის 4 – ლონდონი, ნიუ–იორკი, პარიზი და ტოკიო – უმაღლეს კატეგორიაშია, ხოლო კიდევ 67 ქალაქს საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ მომავალში გლობალური ქალაქის სტატუსი მიიღონ (იხ. ცხრილი N1).

ცხრილი N1 მსოფლიო ქალაქების რეიტინგები (პ. ტეილორის მიხედვით)

მსოფლიო ქალაქების კატეგორიები რანგი ქალაქები
წამყვანი – α (ალფა) 12 ლონდონი, ნიუ–იორკი, პარიზი, ტოკიო
10 ლოს–ანჯელესი, მილანი, სინგაპურის, სიანგანი, ჩიკაგო, ფრანკფურტი მაინზე
მთავარი – β (ბეტა) 9 სან–ფრანცისკო, სიდნეი, ტორონტო, ციურიხი
8 ბრიუსელი, მადრიდი, მეხიკო, სან–პაულუ
7 მოსკოვი, სეული
მეორეხარისხოვანი – γ(გამა) 6 ამსტერდამი, ბოსტონი, ვაშინგტონი, დალასი, ჯაკარტა, დიუსელდორფი, ჟენევა, იოჰანესბურგი, კარაკასი, მელბურნი, ოსაკა, პრაღა, სანტიაგო, ტაიბეი, ჰიუსტონი.
5 ბანკოკი, ვარშავა, მონრეალი,, ბეიჯინგი, რომი, სტოკჰოლმი
4 ატლანტა, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბუენოს–აირესი, ჰამბურგი, კოპენჰაგენი, კუალა–ლუმპური, მანილა, მაიამი, მინეაპოლისი, მიუნჰენი, სტამბული, შანხაი.
ფორმირებადი – δ (დელტა) 3 ათენი, ვენა, დუბლინი, ლუქსემბურგი, ლიონი, მუმბაი, ნიუ–დელი, რიო–დე–ჟანერო, თელავივი, ფილადელფია, ჰელსინკი
2 აბუ–დაბი, ბირმინგემი, სანტა–ფე–დე–ბოგოტა, ბრატისლავა, ბრისბენი, ბუქარესტი, ვანკუვერი, ჰააგა, დატროიტი, დუბაი, ქაირო, კელნი, კიევი, კლივლენდი, ლიმა, ლისაბონი, მანჩესტერი, მონტევეიდეო, ოსლო, როტერდამი, სიეტლი, ხოშიმინი, შტუტგარდი, ალმა–ატა
1 ადელაიდა, ანტვერპენი, ბალტიმორი, ბანგალორი, ბრაზილია, გენუა, გლაზგო, გუანჩჟოუ, დრეზდენი, კალგარი, კანზას–სიტი, კეიპტაუნი, კოლომბუსი, ლიდსი, ლილი, მარსელი, რიჩმონდი, სანქტ–პეტერბურგი, ტაშკენტი, თეირანი, ტურინი, უტრეხტი, ჰანოი, ედინბურგი.

 

 

წყარო: Taylor P. World cities and territorial states under conditions of contemporary globalization // Political Geography, 2012.

ტერიტორიულ ჭრილში მსოფლიო ქალაქები არათანაბრადაა განაწილებული. ისინი ეკონომიკის გეოგრაფიას შეესაბამება და კონცენტრაციის 3 მთავარ ზოლს ქმნიან: დასავლეთ ევროპულს, ჩრდილოამერიკულსა და აზია–წყნარ ოკეანურს. მსოფლიოს სხვა რეგიონებში კატეგორია გლობალური ქალაქები მხოლოდ ცალკეული ცენტრების სახითაა წარმოდგენილი. მაგ: სან–პაულო, რიო–დე–ჟანერო და ბუენოს–აირესი – სამხრეთ ამერიკაში, იოჰანესბურგი – აფრიკაში, სიდნეი – ავსტრალიაში და სხვ.

გლობალურ ქალაქებს მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პოტენციალი აქვთ და მსხვილ აგლომერაციებს ქმნიან. მსოფლიოს წამყვანი ქალაქები მსოფლიოს 10 უდიდესი აგლომერაციის სიის ნახევარს შეადგენენ. მსოფლიოს 55 ქალაქს შორის მხოლოდ ერთის – ჟენევის მოსახლეობა არ აღწევს 1 მლნ–ს. გლობალური ქალაქების 3/5–ში მოსახლეობის რაოდენობა 1–5 მლნ კაცია. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში სწორედ ადამიანური რესურსების კონცენტრაცია ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ცალკეული ცენტრების წამოწევის საქმეში, თანამდეროვე ეტაპზე გადამწყვეტ როლს, ლიდერებს შორის პოზიციების შენარჩუნების საქმეში, არა რაოდენობა, არამედ ადამიანური რესურსები ხარისხი ასრულებს.

მსოფლიო პოლიტიკა მსოფლიო ქალაქებში იქმნება. მსოფლიოს გეოპოლიტიკური სისტემის ამა თუ იმ როლისა და გავლენის შეფასების საშუალებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ–ბინების განლაგება გვაძლევს. საერთაშორისო ორგანიზაციები 2 ჯგუფად იყოფა: სამთავრობოთაშორისო (სსო) და არასამთავრობო (საო). მათი რიცხვი მუდმივად იზრდება და უკვე 13 ათასს გადააჭარბა. მათ შორის უმეტესობა არასამთავრობო სახისაა.

მართალია, სამთავრობოთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციები გაცილებით ნაკლებია, მაგრამ უფრო მეტი წონისა და გავლენისაა. მათი საქმიანობა მთლიანად საერთაშორისო სამართლის ნორმატივებით რეგულირდება, ამჟამად მათი რიცხვი 300–ს აღწევს, ხოლო მათ შორის მსხვილი და გავლენიანი 150 ორგანიზაციაა.

5873 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისები 20 ქალაქშია განლაგებული, ამასთან 13 ქალაქი – ევროპაშია. პირველ ათეულში შედის ყველა წამყვანი მსოფლიო ქალაქი, მაგრამ ლიდერი ბრიუსელია. აქ 1392 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ–ბინაა. მეორე და მესამე ადგილებს, შესაბამისად, ლონდონი და პარიზი იკავებენ. ცენტრების ასეთი ტრიუმვირატი მარტივად აიხსნება. თითოეული ეს ქალაქი ტრადიციულად თავისუფალი აზროვნების, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობისა და სხვადასხვა ხასიათისა და მიმართულების გაერთიანების, ასევე საერთაშორისო ყრილობების, კონფერენციების და კონგრესების ჩატარების ცენტრებად ითვლებიან. მათ ფონზე მეტად მოკრძალებულად ჩანს ნიუ–იორკისა და განსაკუთრებით ტოკიოს პოზიციები. გეოპოლიტიკური ცენტრების მეორე ათეულში განვითარებადი ქვეყნების ქალაქები გამოირჩევიან – ბუენოს–აირესი (110 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ–ბინა), ნაირობი (100) და მეხიკო (87).

ცხრილი N3 სამთავრობოთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციების (სსო*) შტაბ–ბინების განლაგება მსოფლიოს ქალაქებში, 2012 წელი

მსოფლიო ქალაქები ქალაქების რიცხვი სსო–ს შტაბ–ბინების რაოდენობა
სულ მათ შორის

შტაბ–ბინებით

გლობალური გლობალურ–რეგიონალური რეგიონალური ლოკალური
წამყვანი,

მათშორისაალონდონი,

ნიუ–იორკი,

პარიზი,

ტოკიო;

10 5 9

2
4
3

14

2
7
4
1

5

1
2
1

15


15

მთავარი, მათშორისაა

ბრიუსელი;

10 3 5

4

1

1

7

6

1

1

მეორეხარისხოვანი, მათ შორისაა
ჟენევა,
ვაშინგტონი;
35 14 23

11
5

6

3
2

8

2

6

3

ფორმირებადი, მათ შორისაა

ვენა;

59 9 7

3

3

3

6

1

4

1

მსოფლიო ქალაქები
სხვა ქალაქები
სულ:
114

31}
42
73
44
4
48
24
4
28
26
11
37
26
28
54

 

* სამთავრობოთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციები (სსო) პირობითად დაყოფილია 4 კატეგორიად მათი მნიშვნელობისა და წევრების რაოდენობის მიხედვით. გლობალურ რანგს მიეკუთვნებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებშიც მსოფლიოს ყველა რეგიონიდან 100–ზე მეტი წევრი–ქვეყანაა, მაგ; გაერო და მისი სპეციალიზირებული დაწესებულებები, როგორიცაა იუნესკო ან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. გლობალურ–რეგიონალურსა და რეგიონალურს მიეკუთვნება ნაკლებად წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა ერთი რეგიონის ფარგლებით შემოისაზღვრება, მაგ დსთ ან ანდების ქვეყნების თანამეგობრობა, ხოლო ლოკალური 2–3– წევრითაა წარმოდგენილი, მაგ: გაეროს სადამკვირვებლო მისია ცალკეულ ქვეყნებში.

„მას, თქვენი გაკვეთილები აღარ მომწონს!“

0
უცნაური ხალხი ვართ ქართველები. სხვა ქვეყნებში როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან მოგვწონს ან არ მოგვწონს, ვემხრობით ან არ ვემხრობით იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვეხება.

მინდა, თავიდანვე აღვნიშნო, რომ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება სკოლის გამოსაშვები გამოცდების მიმართ ჩემი მოსწავლეების შედეგებით არ არის განპირობებული – ნამდვილად არ ვემდური შედეგებს.

როგორც მასწავლებელი, თითქოს არ უნდა ვიყო უკმაყოფილო: სკოლაში საგნის სწავლის მოტივაციამ მოიმატა, არც შედეგებია ურიგო, გაიზარდა გეოგრაფიის როგორც არჩევითი საგნის ჩაბარების მსურველთა რაოდენობაც, მაგრამ… მაგრამ ეს CAT-ის გამოცდა მაინც არ მომწონს. თავიდანვე ვგრძნობდი წინააღმდეგობას, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მკაფიოდ მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მეთერთმეტეკლასელმა ლუკამ უკმაყოფილოდ მითხრა: „მას, წელს თქვენი გაკვეთილები აღარ მომწონს, საინტერესო აღარ არისო”.

გამიხარდა, ძალიან გამიხარდა… წელს ერთიანად CAT-ის გამოცდებზე ვიყავი გადართული, მთელი რესურსი იქით მქონდა მიმართული, რომ მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებაში დავხმარებოდი, რათა მათ არ დასჭირვებოდათ კერძოდ მომზადება.

შარშან მე-10 კლასში გეოგრაფიაზე ვსაუბრობდით, ვკამათობდით, კვლევებსა და პროექტებს ვატარებდით, წელს კი… „კარგი, რააა!” – არ ცხრებოდა ჩემი საყვარელი მოსწავლე (ასე შეარქვეს თანაკლასელებმა). მართლა ძალიან მიყვარს ეს „ინტრიგანი”… ეს ის კლასია, რომელთან ერთადაც არაერთი საინტერესო კვლევა ჩამიტარებია (ნაწილი გაგაცანით კიდეც ადრინდელ სტატიებში); თითოეული მათგანი ინდივიდია საკუთარი პოზიციით, საკუთარი არგუმენტებით… გავუღიმე და დიდი მადლობა გადავუხადე. ვერ მიხვდნენ, რატომ. ახლა ალბათ მიხვდებიან. CAT-ის გამოცდამ შემოქმედებითობა დამაკარგვინა. ალბათ, პირველი არ ვიქნები, ვინც ამბობს, რომ ორიენტაცია გამოცდებზეა აღებული, რომ სკოლა და მასწავლებელი ტესტების შემსრულებელი თაობის აღზრდით არიან დაკავებული…

ლუკა მიმიხვდა: „ყველა ჩავაბარებთ, ხომ იცით, არა?”
ჩააბარეს, მაგრამ როგორ და რა?

ეს ისე, შესავლის ნაცვლად. ახლა ვეცდები, უფრო დაწვრილებით და არგუმენტირებულად ავხსნა, რატომ არ მიყვარს CAT-ის გამოცდა, რატომ მიმაჩნია, რომ მან, როგორც მასწავლებელს, შემოქმედებითობა და თავისუფლება შემიზღუდა.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცოდნის სამი კატეგორიაა გამოყოფილი:

„საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულ, ანუ სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულ გამოყენებას; დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, მაგრამ ვერ იყენებს მას; ბ) პროცედურულ ანუ დინამიკურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას; პროცედურული ცოდნის ათვისება მრავალჯერადი გავარჯიშების გზით ხდება და გ) პირობისეულ, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურ გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია” (11.10.2011 N224/ნ).
პროფესიონალებმა მომიტევონ ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამ ამონარიდის მოხმობა – ეს ურწმუნო თომებისთვის მჭირდება და კიდევ – საზოგადოების იმ ნაწილისთვის, თავგამოდებით რომ იცავს გამოსაშვები გამოცდების ამ ფორმით ჩატარებას.

ჩვენი, მასწავლებლების, ამოსავალი პრინციპია, აღვზარდოთ მოსწავლე, რომელსაც მარტო ცოდნა კი არ ექნება, არამედ უნარ-ჩვევას, ეს ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს, ანუ ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება… ყოველივე ეს კი ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატარებას, მასწავლებლისგან შემოქმედებით მიდგომასა და სიახლეების ძიებას, კვლევებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას მოითხოვს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი სკოლის მიზანიც არის: „საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის”.

ახლა თვალი გადავავლოთ CAT-ის გამოცდის საკითხებს (ისინი მოყვანილია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული პრეტესტზე გამოყენებული ტესტური დავალებებიდან; სხვა ტესტებზე ჩვენ, პედაგოგებს, ხელი არ მიგვიწვდება – https://www.naec.ge/gamosashvebi-gamocdebi):
გეოგრაფია:

1. ჩრდილოეთ კავკასიის რომელი პოლიტიკური სუბიექტი ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ერთეულს?

ა) ინგუშეთი
ბ) ჩრდილოეთ ოსეთი
გ) ჩეჩნეთი
დ) ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სწორი პასუხია: ბ)
2. საქართველოს რომელ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს ესაზღვრება ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკა?

ა) ფშავს და ხევსურეთს
ბ) ხევსურეთს და თუშეთს
გ) ხევს და ფშავს
დ) მთიულეთს და თუშეთს
სწორი პასუხია: ბ)
3. რომელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი?

ა) ონი
ბ) ამბროლაური
გ) ცაგერი
დ) მესტია
სწორი პასუხია: ბ
დამეთანხმებით, ეს ტესტები მხოლოდ მასალის დამახსოვრებას მოითხოვს. სად არის აქ თუნდაც ცოდნის მეორე, დინამიკური კატეგორია, რომელიც ცოდნის გამოყენებას გულისხმობს? მით უმეტეს, ის არ არის მაღალი სააზროვნო დონე, სადაც უკვე ანალიზი, სინთეზი და შეფასებაც იგულისხმება. ახლა ხომ გესმით, რატომ გამიხარდა ჩემი საყვარელი მოსწავლის პროტესტი? ლუკაც მიხვდა.

გავაგრძელებ ტესტების განხილვას. არის ტესტური დავალებები, რომელიც დინამიკურ ცოდნას ამოწმებს. აი ისინიც:
1. რომელი უღელტეხილია აღნიშნული საქართველოს კონტურულ რუკაზე კითხვის ნიშნით?

2. რომელი ლათინური ასოთია აღნიშნული საქართველოს კონტურულ რუკაზე სუფსის ნავთობის საბადო?

ეს არის ის უნარ-ჩვევა, რომლის განვითარება ხდება მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში, ანუ საბაზო საფეხურზე – რუკის კითხვა, რუკიდან ინფორმაციის ამოღება.
მეორე ტიპის დავალებები, რომლებსაც, სავარაუდოდ, მაღალ სააზროვნო დონედ მიიჩნევენ, არის დიაგრამების კითხვა და ანალიზი. თუმცა დიაგრამის კითხვის დონეს ვერც აქ ვცდებით:
1. რომელი დიაგრამა ასახავს კლიმატს, სადაც ტემპერატურა მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაშია დადებითი?
2. სქესობრივ-ასაკობრივი (დემოგრაფიული) პირამიდის მიხედვით, ჩამოთვლილი ასაკობრივი ჯგუფებიდან რომელია უფრო მრავალრიცხოვანი?
აქვე უნდა ითქვას, რომ, წესისამებრ, დიაგრამების წაკითხვა მოსწავლეებს უჭირთ, რადგან ხშირად ფერების გარჩევა და რიცხვების ამოკითხვა შეუძლებელია.

მითხარით ახლა, მე, მასწავლებელმა, რა და როგორ ვასწავლო მოსწავლეს? მაშინ, როდესაც მსოფლიოში ამდენი საინტერესო რამ ხდება, გლობალური პრობლემები განვიხილო მათთან ერთად თუ CAT-ის გამოცდებისთვის მოვამზადო? ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნისა და ზოგადი განათლების მიზნების მიხედვით აღვზარდო სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოაზროვნე მოქალაქე თუ CAT-ის გამოცდაზე გასასვლელად გავწვრთნა?

იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ არც მასწავლებელმა და მოსწავლემ არ იციან, რაში მიიღო ქულა ამ უკანასკნელმა (დარღვეულია ტესტების სანდოობა), რომ 2014 წლის CAT-ის გამოცდებზე დაბალი მოსწრების და კარგად მომზადებულ-გაწვრთნილმა მოსწავლეებმა ერთნაირი ქულები მიიღეს (დარღვეულია ტესტების გამჭვირვალობა). სოციალურ ქსელში მოსწავლეები წერენ, რომ სწავლას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ შედეგი არ არის ადეკვატური, რომ ის, ვინც ყოველთვის სწავლობდა და ის, ვისაც წლების განმავლობაში არაფერი უკეთებია, ერთნაირი ქულებით შეაფასეს…

აღარ გავაგრძელებ.

საჭიროა კი ამ ფორმით გამოსაშვები გამოცდების ჩატარება?

და კიდევ – რა და როგორ ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს? დავუჯერო ლუკას?

სასმელი წყალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (გაგრძელება)

0
C

წყალთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წარსულში მასზე არსებული მცირე სამომხმარებლო ფასით – ამის გამო მომხმარებელი ვერ აცნობიერებდა წყლის დაზოგვის აუცილებლობას. წყლის სიძვირე აიძულებს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, მეტად იზრუნონ მის დაზოგვაზე, ინვესტირება მოახდინონ წყლის მენეჯმენტის სისტემის გამართვაში. ამით წახალისდება წყლის მეორეული გამოყენება, შემცირდება მისი დანაკარგი.

პრობლემას წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისა და ღარიბი მოსახლეობის უუნარობაც, გადაიხადონ შესაბამისი ღირებულება, მაშინ როდესაც წყლის დეფიციტი მრავალი დაავადების და ხშირად სიკვდილიანობის მიზეზიც არის.

საყოფაცხოვრებო, საირიგაციო თუ ინდუსტრიული დანიშნულებით გამოსაყენებელი წყლის ღირებულება მრავალი ქვეყნისთვის არის არაერთაზროვანი.

მაგალითად, საირიგაციო სისტემების უმეტესობა არაეფექტურია. წყლის მხოლოდ 10-50% გამოიყენება დანიშნულებისამებრ, დანარჩენი ღია წყალსადენებიდან ორთქლდება ან იჟონება. თანამედროვე დახურული და წვეთოვანი სარწყავი სისტემები კი ეფექტურობას 95%-ით ამაღლებს, თუმცა ეს არცთუ იოლი განსახორციელებელია მსხვილი ინვესტიციების გარეშე.

საირიგაციო მეთოდების ეფექტურობა მოცემულია ცხრილში:

მორწყვის ტიპი ეფექტურობა
ზედაპირული – ამ მეთოდს მსოფლიო სარწყავი სისტემების 80%-ზე მეტი უკავია. მისი დამონტაჟება იაფია, არ მოითხოვს რთულ გათვლებს. საჭირო მუშახელი, რაც განვითარებად ქვეყნებში პრობლემას არ წარმოადგენს მისი სიიაფის გამო. წყლის დანაკარგი დიდია, იწვევს ეროზიასა და ნიადაგის დამლაშებას. 20-60%
აირწვეთოვანი – გამოიყენება სარწყავი სისტემების მხოლოდ 10-15%-ში. მისი დამონტაჟება ძვირია, ასევე მოითხოვს მნიშვნელოვან ენერგოდანახარჯს. 60-80%
წვეთოვანი – სარწყავი სისტემების მხოლოდ 1%-ია ასე მოწყობილი. მაღალია მათი დამონტაჟების ღირებულება, მონიტორინგის სისტემა გართულებულია, მოითხოვს სპეციალურად მომზადებულ კადრებს. 75-95%

უკანასკნელ წლებში საწარმოო სისტემები მეტად არიან ორიენტირებულნი წყლის დაზოგვაზე, თუმცა აქაც გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. 1 კგ ალუმინის საწარმოებლად 1500 ლიტრი წყალია საჭირო. ბევრ წყალს მოითხოვს ქაღალდის წარმოებაც. მრავალი ქვეყანა ცდილობს, დაზოგოს წყალი და წაახალისებს ამ მიმართულებით ახალ სამეცნიერო კვლევებს. მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ გერმანიასა და იაპონიას. იაპონიაში წყლის 75% ინდუსტრიაში რამდენიმეჯერ გამოიყენება.

როგორც უკვე ითქვა, წყლის დეფიციტი უკვე მრავალი ქვეყნისთვის წარმოადგენს პრობლემას. 2025 წლისთვის წყალზე მოთხოვნა გაორმაგდება, რაც გულისხმობს, რომ თუ თადარიგი დროულად არ იქნა დაჭერილი, „მწყურვალ” ქვეყნებს კიდევ ბევრი შეემატება.

დიდი დანახარჯი აქვს ქალაქის საკანალიზაციო ინფრასტრუქტურას, თუმცა უკვე აქაც მიმდინარეობს ახალი საპილოტო პროექტები (სტოკჰოლმი), რაც ახდენს სეპარაციას სისტემაში და წყლის გამოყენების მინიმიზაციას.

განვითარებული ქვეყნები იძულებული არიან, წყალმოხმარების ახალ, ეფექტურ სისტემებზე გადავიდნენ. ეს ეხება ახალ ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებსაც, ვინაიდან მზარდ მოსახლეობას და, აქედან გამომდინარე – სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას მეტი და მეტი წყალი დასჭირდება.

წყლის დანახარჯი მხოლოდ პირდაპირი მოხმარებით არ იზომება. არსებობს ცნება „ვირტუალური წყალი”, რომლის შესახებაც უკვე უამრავი იწერება. ეს იმ წყლის ჯამური მოცულობაა, რომელიც გამოიყენება საკვების ან ნებისმიერი სხვა პროდუქციის საწარმოებლად. მაგალითად, 1 კგ ხორბლის მოსაყვანად 100 ლიტრი წყალია საჭირო. ხორბლის იმპორტი არიდულ ქვეყნებში ზოგავს ადგილობრივ დეფიციტურ წყალს.

ქვეყნები, რომლებმაც იციან ეს, ზოგავენ წყლის საკუთარ რესურსებს იმ პროდუქციის იმპორტის ხარჯზე, რომელიც ბევრ ვირტუალურ წყალს მოიცავს.

თუ სავაჭრო ბრუნვას ვირტუალურ წყალში გამოვსახავთ, ის 800 მლრდ მ3-ს გაუტოლდება, რაც 10 ნილოსის ეკვივალენტურია.

ვირტუალური წყლის ცხრილი წარმოდგენას შეგიქმნით ყველაზე „წყალტევად” პროდუქციაზე:

ghghgyyyttwwater

ვირტუალური წყლის გამო შექმნილი პრობლემა კენიაში

თუ კენიის ექსპორტის 65%-ს ყავა და ჩაი შეადგენს, ვირტუალური წყლის საერთო მოცულობის 45% ექსპორტირებული ყვავილების წილად მოდის. კენიაში წყლის დეფიციტი უფრო და უფრო მძაფრდება, მოსახლეობა, რომლის რაოდენობაც 50 მლნ-ია, 2050 წლისთვის გაორმაგდება, ეს კი ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის წყლის ხელმისაწვდომი რესურსი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით 316 მ3-მდე შემცირდება, მაშინ როდესაც საშუალოდ კიდევ 1000 მ3-ია საჭირო მინიმალური საარსებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სარწყავი სისტემები გაუმართავია და, ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა წვიმის წყალზე მეტად არის დამოკიდებულნი, თუმცა ნალექის ოდენობა აქ არ აღემატება 630 მმ-ს, ზოგიერთ რეგიონში კი 200 მმ-ს.

ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს პრობლემის სიმძაფრეს ყვავილების ექსპორტთან დაკავშირებით. ნიავაშა ტბაა კენიაში, რომლის სანაპიროზეც პრობლემები წარმოიშვა. ერთი მხრივ, ეს არის პესტიციდებით დაბინძურების პრობლემა. წყალს ინტენსიურად იყენებენ ფერმერები. მეორე მხრივ, აქ გაშენებულია ყვავილების პლანტაციები, რომელთა პროდუქციაც საექსპორტოდ გააქვთ. კენიის გარემოს დამცველები, არასამთავრობოები და წყლის სპეციალისტები აქ მოქმედ კერძო კომპანიებს ადანაშაულებენ წყლის უყაირათოდ ხარჯვაში და მის „მოპარვაში” მდინარე ნგიროს ჩამონადენიდან, რომელიც ტბას უერთება და ასაზრდოებს მას. მდინარე ნგირო სიდიდითა და ჩამონადენით მეორეა კენიაში, ის მომთაბარე ტომების მთავარი მასაზრდოებელია, თუმცა დიდია მისი საჭიროება ყვავილების მწარმოებელი ბიზნესისთვისაც. ყვავილები განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოს მაღაზიებისთვის.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მოხმარებული წყლის 25% ყვავილების 12 კომპანიის მიერ არის ამოღებული და აუარესებს 100 000 მცირე ფერმერის ყოფას, შეუძლებელს ხდის მათ არსებობას.

ყვავილების კომპანიებს ყვავილების ექსპორტით ქვეყნიდან გააქვთ კენიისთვის დეფიციტური წყალი. ყვავილები 90%-ით წყლისგან შედგება. ამით ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ქვეყნიდან, კენიიდან, ვირტუალური წყალი ერთ-ერთ ყველაზე ტენიან ქვეყანაში გადის. ყვავილების მწარმოებლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის უმწვავესი კონფლიქტი წარმოიშვა. წყლის გადასახადს კი წვრილი ფერმერები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ერთნაირად იხდიან.

წყალთან ერთად მომთაბარეებისთვის მისაწვდომ რესურსებს გამოაკლდა შედარებით ნაყოფიერი მიწაც.

ნეგევის უდაბნოს ტრანსფორმაცია

ისრაელის ნახევარი ნეგევის უდაბნოს უკავია, რომელიც მეჩხერად არის დასახლებული. ის უდაბნოდაა მიჩნეული, რადგან წლის განმავლობაში აქ 200 მმ-ზე ნაკლები ნალექი მოდის. მისი მდინარეების კალაპოტი უმეტესად მშრალია. მიუხედავად ამისა, ეს უდაბნო უამრავ ტურისტს იზიდავს ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და საინტერესო ლანდშაფტებით. ბოლო ხანს ლანდშაფტები კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა, რადგან დაიწყო მათი ოაზისებად გარდაქმნა. აქ დღეს ახარებენ ვაზს და ისეთ მცენარეებს, რომლებიც ბუნებრივად არც უდაბნოსთვის და არც ნახევარუდაბნოსთვის არ არის ტიპური.

ლანდშაფტების ტრანსფორმაცია მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა, მათ შორის – ნაყოფიერი ნიადაგების გადმოტანამ, წვიმების ხელოვნურად გამოწვევამ, ერთწლიანი მცენარეების მონაცვლეობამ, რათა არ მოხდეს ნიადაგიდან ერთი და იმავე მინერალების გამოლექვა, ასევე – წყლის დაზოგვამ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. მზის ელექტროსადგურებზე – ისინი კი ისრაელში 300 მზიანი დღის გამო ძალზე გავრცელებულია – ჰელიობატარეების წმენდა ხდება არა წყლით, არამედ მშრალად, რობოტების მეშვეობით (Ketura Sun).

c
c

რობოტი ეკოპია მუშაობისას

წვეთოვანი ირიგაცია საშუალებას იძლევა, მცენარეებს ზედმეტი დანაკარგის გარეშე მიეწოდოს წყალი. ასევე პოპულარული ხდება ახალი მიღწევები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, „ჭკვიანი” ირიგაცია, რაც მცენარეებს საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტონ, როდის დალევენ წყალს. უსადენო სენსორები ეწევიან მცენარეთა მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად იწყებენ მათ მორწყვას. წყლის ოდენობა მცენარის სახეობას შეესაბამება. ეს ხელს უშლის წყლის ჭარბ ხარჯვას. წყალზე დაზოგილ თანხებს კი ფერმების გაფართოებაში აბანდებენ, რაც უდაბნოს ეტაპობრივად გარდაქმნის ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო ადგილად.

C
C

თითოეული ასეთი პატარა მოწყობილობა 1000 აშშ დოლარი ღირს.

უკვე თვალუწვდენელ ტერიტორიაზე მოჰყავთ ვაზი, ატამი, ორქიდეები. ეს ერთგვარი ცოცხალი ლაბორატორიაა, რომელიც მოწმობს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და რომ სწორი დაგეგმვისა და მენეჯმენტის პირობებში შეუძლებელი არაფერია.

სწორედ თემის საფუძვლიანი შესწავლა იძლევა საშუალებას, დავაფიქროთ მოსწავლეები კაცობრიობის ამ მძაფრ პრობლემებზე. მათ შეუძლიათ, თავადაც არაერთი მაგალითი მოიძიონ სხვადასხვა ქვეყნიდან წყლის მენეჯმენტის შესახებ. უარყოფითი მაგალითები ააშკარავებს წყლისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას და ნათელყოფს მომავალში პრობლემების გამძაფრებას; იმავდროულად, დადებითი მაგალითები მოწმობს, რომ შესაძლებელია წყალზე ზრუნვა და მომავლის უსაფრთხოების გაზრდა. წყლის მდგრადი მოხმარება, მისდამი გონივრული დამოკიდებულება მომავალ თაობებს საშუალებას მისცემს, წყლის საკმაო რესურსი ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება წყლით გამოწვეული კონფლიქტების რიცხვი, მრავალი ადამიანი დაიტანჯება წყლით ან მისი დეფიციტით გამოწვეული დაავადებებით.

ცივილიზაციის იდუმალება

0
ცენტრალურ ჩინეთში, სიანის მთიდან 100 კილომეტრის მოშორებით, სენსის პროვინციაში გიგანტური პირამიდების კომპლექსი მდებარეობს. აქედან ყველაზე დიდის სიმაღლე თითქმის 300 მეტრია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე გიზას ცნობილი პირამიდა. მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის ოფიციალური, რადგან ჩინეთის ეს ტერიტორია უცხოელებისათვის დაკეტილია, ჩინელი არქეოლოგები კი გაურკვეველი მიზეზების გამო ჯერჯერობით მის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენენ.
პირველად ჩინური პირამიდის შესახებ დასავლეთში 1947 წელს შეიტყვეს, როდესაც იგი შემთხვევით ამერიკელმა მფრინავებმა შენიშნეს. მათ რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხეს, რომლებიც შემდგომ გაზეთებშიც მოხვდა. პირამიდების მომდევნო სურათები ჟურნალ “დშაუ”-ში 1957 წელს გამოქვეყნდა. შემდეგ კი მეცნიერებმა იგი დროთა განმავლობაში მიივიწყეს.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ივიწყებენ იმას, რის დავიწყებაც სხვებისათვის ადვილია. სწორედ ასეთი ადამიანების სიაში აღმოჩნდა გერმანელი მკვლევარი ჰართვიგ ჰაუსდორფი, რომელიც ისეთი ცივილიზაციების ძიებით იყო დაკავებული, როგორიცაა ატლანტიდა და მუ. იგი დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი ფაქტების ძიებითაც იყო გატაცებული.
1994 წელს მან შეძლო შენსის პროვინციის დახურულ რაიონში შეღწევა და იქ ფოტორეპორტაჟის გაკეთება იმ პირამიდებზე, რომლებიც მეცნიერების მიერ დღემდე შეუსწავლელია. ცნობილია, რომ ეს ნაგებობა ჩინეთის ათასწლოვანი ისტორიის არც ერთ პერიოდს არ განეკუთვნება. ასევე უცნობია პირამიდების ასაკი. ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს მის შესახებ რაიმე ინფორმაციას. ჰაუსდორფმა შეძლო ორი ავსტრალიელი ვაჭრის დღიურის პოვნა, რომლებიც შენსინში 1912 წელს იმყოფებოდნენ.
დღიურში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, ისინი ბუდისტ ბერს შეხვდნენ, რომლის დახმარებითაც შეიტყვეს, რომ პირამიდები 5 ათასი წლის წინანდელ იმ უძველეს ჩანაწერებშია მოხსენებული, რომლებიც მონასტერში ინახებოდა. ჩანაწერებში ისინი მოიხსენება როგორც “ძალიან ძველი” პირამიდები, რომლებიც ძველი იმპერატორების დროს აშენდა. ჩანაწერების მიხედვით, იმპერატორები ამბობდნენ, რომ ისინი ცის შვილის შთამომავლები არიან და მიწაზე თავიანთი ცეცხლოვანი ფოლადის დრაკონებით ჩამოვიდნენ. ჰაუსდორფის შეფასებით, პირამიდების საერთო რაოდენობა რეგიონში ასს აჭარბებს. ყველა მათგანი თიხისგან არის გაკეთებული, მაგრამ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში თიხა თითქმის ქვასავით გამაგრდა.
სხვადასხვა ზომისა და ოთხკუთხედი ფორმის პირამიდები ბირმასა და კორეაშიც არის, მაგრამ უკანასკნელი წლების ყველაზე საინტერესო აღმოჩენად იაპონიის ყველაზე დასავლეთ არქიპელაგთან, კუნძულ იონაგუნის მახლობლად, ზღვის ფსკერზე ნაპოვნი პირამიდა და სამონასტრო კომპლექსი მიიჩნევა, რომელიც მყვინთავებმა 1980-1990 წლებში აღმოაჩინეს. იგი იმთავითვე გააფთრებული დავის საგნად იქცა როგორც ისტორიკოსების, ასევე გეოლოგებისთვის.
მიუხედავად მკაცრი სიბრტყის, სწორი რკალისა და კომპლექსის იდეალურად პირდაპირი ნეკნისებური პარალელებისა, რომლებიც მთლიანად კლდეშია ნაკვეთი, მეცნიერთა უმეტესობა ჯიუტად აცხადებდა, რომ ეს ნაგებობა “ბუნების ბუნებრივი პროცესის საოცარი თამაშია”. ამ ახსნას საკმაოდ უბრალო მიზეზი გააჩნია. ყველაზე უხეში გამოთვლებით, ეს ნაგებობა ხმელეთზე დაახლოებით 10 ათასი წლის წინ უნდა აღმართულიყო, როდესაც წყლის დონე დღევანდელთან შედარებით 40 მეტრით დაბალი იყო. იმ პერიოდში კი ამგვარი ნაგებობების მშენებლობა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ამიტომ ჯიუტი ოპონენტები მის ბუნებრივ წარმომავლობაზე მიუთითებდნენ და ამის დასამტკიცებლად (რატომღაც) იონაგუნის წყალქვეშა ტერასებსა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალმთიან სამონასტრო კომპლექსს შორის არსებული მსგავსება მოჰქონდათ. კერძოდ, ეს არის პერუს მთებში, მთლიანად კლდეში ნაკვეთი საკსაიხუამანასა და კენკოს უძველესი ნაგებობა.
კამათი მის “ბუნებრივ წარმომავლობაზე” ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ცოტა ხნის წინ მყვინთავების მიერ ნაპოვნი ასპროცენტიანი მტკიცებულება, რომელიც მისი ხელოვნური წარმომავლობის დასტურია. ტელეკომპანია “დისქოვერ ჩენნელ”-ის მიერ გაგზავნილმა მკვლევართა ჯგუფმა წყლის ფსკერზე ფრინველის ფრთებისაგან დამზადებული თავსაბურავიანი ადამიანის თავის სკულპტურული გამოსახულება აღმოაჩინა. ანალოგიური სკულპტურები ხშირია ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე…
თუ ანდების ტაძრებს უფრო ახლოს გავეცნობით, ამ რეგიონის ახალი არქეოლოგიური მონაცემები მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს ადგილობრივი უძველესი ცივილიზაციის წარმოდგენებში. ანდების მთებთან მდებარე უძველეს ქალაქ კარალის გათხრებმა აჩვენა, რომ 7–სართულიანი სახლის სიმაღლის პირამიდებსა და საცხოვრებელ სახლებს, ქვისაგან ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წლის წინ, ანუ დაახლოებით ეგვიპტის პირამიდების ეპოქაში აშენებდნენ.
მიუხედავად ამისა, კულტურების პარალელები ამით ჯერ კიდევ არ მთავრდება. მდინარე ნილოსის სანაპიროსთან, გიზასა და მაჩუ-პინგჩუს მაღალმთიან რეგიონში რამდენიმეტონიანი ბლოკებისაგან აშენებულ ნაგებობებს შორის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებში აბსოლუტური მსგავსებაა აღმოჩენილი. ორივეგან, კედლების შეერთების ადგილას, მშენებლები გ-ფორმის ბლოკებს იყენებდნენ, რაც კედლების იდეალურ მიერთებას უზრუნველყოფდა.
ჯერ კიდევ 1898 წელს გიზას მახლობლად საჰარას უდაბნოში ნაპოვნ ერთ-ერთ განსასვენებელში არქეოლოგებმა საინტერესო ნივთი აღმოაჩინეს, რომელსაც “ფრინველის ხის მოდელი” უწოდეს. ამ მოდელის წინა ნაწილი ნამდვილად წააგავდა ფრინველს, თუმცა მას უკანა მხარეს, კუდის ადგილას, ფრინველისათვის აბსოლუტურად განსხვავებული ხერხემლის მსგავსი რამ ჰქონდა. მაგრამ მისი რამდენიმე რაკურსში დათვალიერების შემდეგ აშკარად შეიმჩნეოდა, რომ იგი თვითმფრინავს უფრო წააგავდა, ვიდრე ფრინველს. “ფრინველის მოდელი” ქაიროს მუზეუმის საცავში წლების განმავლობაში ინახებოდა, სანამ იგი 1969 წელს ექიმმა და მოყვარულმა ეგვიპტოლოგმა ჰალილ მესიჰამ არ აღმოაჩინა. კონსტრუქციით დაინტერესებულმა მესიჰამ ექსპერიმენტისათვის “ფრინველის” ზუსტი ასლი შექმნა და როგორც აღმოჩნდა, იგი არაჩვეულებრივად დაფრინავს.
ახალმა აღმოჩენამ სამეცნიერო წრეებში ფურორი მოახდინა. ექსპერტებისაგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ “თანამედროვე თვითმფრინავის ანალოგიური მოდელის რთული აეროდინამიკური ნიუანსები” შეისწავლა. ანტიფაქტმა ახალი სახელწოდება მიიღო – “აეროპლანის ხის მოდელი”, იგი შუშის ყუთში მოათავსეს და ქაიროს მუზეუმის ცენტრალურ დარბაზში გამოფინეს…
რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს საოცარი ექსპონატი არამარტო ცენტრალური დარბაზიდან აეღოთ, არამედ საერთოდ ამოეღოთ მუზეუმის ექსპონატებიდან. სად მდებარეობს ამჟამად იგი, არავინ იცის. თუმცა იმისათვის, რომ ისტორიულ მეცნიერებაში განსწავლულმა ადამიანებმა უფრო წყნარად იცხოვრონ, უმჯობესია ამგვარი ნივთები საერთოდ არ არსებობდეს. როგორც იტყვიან, თუ ფაქტები თეორიაში არ ჯდება, მით უარესი ფაქტებისათვის.

მისი უდიდებულესობა ფეხბურთის გეოგრაფია

0
მგონი საკამათო არაა, რომ სპორტის სახეობებსა და სპორტულ ღონისძიებებს შორის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრი – ფიფას მსოფლიო ჩემპიონატია. ახლა, როცა ლამის მთელი პლანეტის მოსახლეობა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ადევნებს თვალს, ალბათ უპრიანია გავიხსენოთ ამ თამაშის ისტორია და გეოგრაფია. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურთები ეგვიპტელი ფარაონების მეორე-მესამე ათასწლეულებით დათარიღებულ სამარხებშია ნაპოვნი. ფეხბურთის მსგავს თამაშს საბერძნეთში ეპისკიროსი ერქვა, რომში – გარპას ტუპი, ხოლო იაპონიაში – კემარი. და ეს სულაც არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა და თუ ქალაქებისა, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ. ოფიციალური ვერსიით ფეხბურთი დღევანდელი სახით ინგლისში მე–19 საუკუნეში დაიბადა. თუმცა, მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. ყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, არ არსებობდა თამაშის წესები. მალე საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ გასართობი საშუალების რაღაც ჩარჩოებში მოთავსება და 1863 წელს ფეხბურთის თამაშის წესებიც შეიქმნა.

ინგლისში ფეხბურთის „დაბადებას” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის შექმნა მოჰყვა. ინგლისის ნაკრები კი მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც შოტლანდიის ნაკრების პარალელურად ჩამოყალიბდა. ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა ინგლისსა და შოტლანდიას შორის 1870 წლის 5 მარტს ქ. გლაზგოში გაიმართა. ეს მატჩი, რომელიც ანგარიშით 0–0 დასრულდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. მომდევნო 40 წლის განმავლობაში ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან: შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. პირველი საერთაშორისო ტურნირი 1884 წელს ჩატარდა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი ეწოდა.

ფეხბურთი პოპულარული განსაკუთრებით XIX საუკუნის მიწურულს გახდა. 1904 წლის 21 მაისს ფრანგების ინიციატივით, პარიზში საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია, დღეს უკვე ფიფა (ფრანგ. F�d�ration Internationale de Football Association; აკრონიმი – FIFA) დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.. იმავე დღეს, ტელეგრაფის საშუალებით, წევრობის სურვილი გერმანიამაც გამოთქვა. დღეს ფიფა ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა, რომლის შტაბბინა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარეობს. ფიფას პირველი პრეზიდენტი ფრანგი რობერ გერენი გახდა, რომელიც 1906 წელს ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ზეპ ბლატერი.

პირველი შეჯიბრი, რომელიც ფიფა-ს ორგანიზებით ჩატარდა, იყო ფეხბურთის ჩემპიონატი 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიური ფეხბურთი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომ ორგანიზაციამ საკუთარი საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა. 1928 წლის 28 მაისს ამსტერდამში ფიფა-ს კონგრესმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო.

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი – ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრია. პირველი ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა და ამ დროიდან მოყოლებული ეს ღონისძიება 4-წლიანი შუალედით ტარდება. გამონაკლისი მხოლოდ 1942 და 1946 წლები იყო, როცა ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა.
მსოფლიოს პირველი ჩემპიონები – ურუგვაის 1930 წლის ნაკრები

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 1982 წელს 24-მდე, 1998 წელს კი — 32 გუნდამდე გაიზარდა, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან – აფრიკიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან – მეტი გუნდის გამოყვანა გახდა შესაძლებელი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 200, 2006 წელს — 198, ხოლო 2010 წელს — 204 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი 1992 წელს გახდა და საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

ჩემპიონატში საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. დღემდე ჩატარებულ 19 ჩემპიონატში მხოლოდ 7–მა ქვეყანამ შეძლო გამარჯვება. მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ურუგვაია. ამჟამინდელი ლიდერი ბრაზილიაა, რომელმაც ხუთ ჩემპიონატში გაიმარჯვა. მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.
მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყნები
1930–1970 წლებში ჩემპიონატის გამარჯვებულები ჟიულ რიმეს (ფიფა-ს პრეზიდენტი) სახელობის თასით ჯილდოვდებოდნენ. 1970 წელს ბრაზილია მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და თასი სამუდამოდ დაისაკუთრა, თუმცა 1983 წელს თასი მოიპარეს.

1970 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი თასი. ფიფა-ს ექსპერტებმა შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან 53 წარმოდგენილი მოდელი განიხილეს. საბოლოოდ არჩევანი იტალიელი სილვიო გაზანიგას მიერ წარმოდგენილ ვერსიაზე შეჩერდა. 1974 წლიდან მსოფლიო თასი გამარჯვებულებს დროებით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე ენიჭებათ, თუმცა სამუდამოდ რჩებათ თასის ოქროთი მოჭედილი რეპროდუქცია.

თასი 18–კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, მისი სიმაღლეა 36 სმ–და 6სმ-მდე, იწონის 175 კგ–ს. თასზე გამოსახულია ადამიანის ორი ფიგურა, რომელთაც ხელებში გლობუსი უჭირავთ. თასის ქვედა ნაწილზე ამოტვიფრულია გამართული ჩემპიონატების წლები და გამარჯვებულები.

დღეს ფიფაში 208 ეროვნული ასოციაციაა გაწევრიანებული, რაც უფრო მეტია, ვიდრე გაეროში გაწევრიანებული ქვეყნების რიცხვი. ასევე მთელ მსოფლიოში ფიფას 6 რეგიონალური ორგანიზაცია – კონფედერაცია აქვს შექმნილი, რომელთა მოვალეობაა თვალყური ადევნონ საფეხბურთო ტურნირებსა და მატჩებს სხვადასხვა კონტინეტსა და რეგიონში.
ფეხბურთით ქალბატონებიც დაინტერესდნენ და ქალთა გუნდების შექმნა დაიწყეს. თუმცა იყო გართულებული სიტუაციებიც. მაგ; 1921 წელს ინგლისში ქალთა ფეხბურთი აიკრძალა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ქალბატონები და დედოფლის მხარდაჭერით ეს აკრძალვა მალევე მოხსნეს. 1991 წელს ჩინეთში ქალთა პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის საგზურისათვის 49 გუნდი იბრძოდა. 2007 წლისათვის მათი რიცხვი 120-მდე გაიზარდა. დღეს ქალთა ფეხბურთი უკვე ოლიმპიურ თამაშებშიც არის შეტანილი და მათი დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წელს შედგა.

დღეს ფეხბურთი ყველზე პოპულარული თამაშია და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში.
ფეხბურთის პოპულარობის სქემატური რუკა ქვეყნების მიხედვით: მწვანე ფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა; წითლად – ქვეყნები, სადაც ფეხბურთი არაა პოპულარული. ფერების სხვადასხვა ტონალობა ყოველ 1000 კაცზე იმ ადამიანების რიცხვს ასახავს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ.

წყალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

0
ხმელეთის 70% წყლით არის დაფარული. ამ წყლის 97% ოკეანეებსა და ზღვებშია თავმოყრილი და, შესაბამისად, მარილიანია, ამიტომ სასმელად უვარგისი. 3% მტკნარია, თუმცა აქედანაც მხოლოდ 0,3% მოდის მდინარეებსა და ტბებზე, დანარჩენი კი მყინვარებზეა ლოკალიზებული.

თუ დღეისთვის მოსახლეობის 40% განიცდის წყლის დეფიციტს, 2025 წლისთვის უკვე მისი 2/3 შეეჯახება ამ პრობლემას. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია.
ტერმინების განმარტება:

სასმელი წყალი არის წყალი, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო მიზნით, მათ შორის – სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად და პირადი ჰიგიენისთვის.

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სასმელი წყალი, არანაკლებ 20 ლიტრისა ერთ სულ მოსახლეზე, ხელმისაწვდომია საცხოვრებლიდან არა უშორეს 1 კილომეტრისა.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყალი კი არის წყალი, რომელიც ფიზიკური, ქიმიური და ბაქტერიული მახასიათებლებით აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან ეროვნულ სტანდარტებს.

წყლის შეზღუდული ხელმისაწვდომობა მეტწილად აფერხებს ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას.
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები წარმოდგენას შეგვიქმნის იმის შესახებ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ გლობალურად თუ რეგიონულად.
ფაქტები წყლის დეფიციტზე

● 80 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 40% ცხოვრობს, წყლის დეფიციტს განიცდის.
● წყალზე მოთხოვნა ყოველ 20 წელიწადში ორმაგდება. სადაც წყლის დეფიციტი არ არის, წყლის დაბინძურება წარმოადგენს პრობლემას. მე-20 საუკუნეში წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა, მოსახლეობის რაოდენობა კი – 2-ჯერ.
● ყოველწლიურად 3,4 მლნ კაცი კვდება წყლისა თუ სანიტარიულ-ჰიგიენურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზების გამო. მათი 99%-ზე მეტი – განვითარებად ქვეყნებში.
● სანიტარიულ-ჰიგიენური პრობლემების მოგვარება გვერდს უვლის ღარიბებსა და განვითარებადი ქვეყნების სოფლის მოსახლეობას.
● ქალაქების მოსახლეობა დიდი სისწრაფით იზრდება. ყოველწლიურად 6 მლნ კაცი ემატება ფაველებს (ჯურღმულებს) – ქალაქის ისეთ უბნებს, სადაც ელემენტარული სანიტარიული პირობები არ არის.
● ცხრიდან ერთ ადამიანს ხელი არ მიუწვდება სასმელ წყალზე. ჯამში ეს 780 მლნ კაცს შეადგენს.
● სუფთა სასმელი წყლის დეფიციტის გამო ყოველდღიურად კვდება 4500 ბავშვი. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა.
● ნებისმიერ დროს საავადმყოფოთა საწოლების ნახევარი უკავიათ ადამიანებს, რომლებსაც წყალთან დაკავშირებული დაავადებები აქვთ. განვითარებად ქვეყნებში დაავადებების 80% სწორედ წყლის, უფრო სწორად, მისი უქონლობის, ასევე – სანიტარიული პირობების უქონლობის ბრალია.
● განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები დადიან. მათ შორის – გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. განათლების გარეშე დარჩენილ გოგონებს კი, დიდი ალბათობით, თავადაც არ ექნებათ შემოსავალი.
● მობილური ტელეფონი უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე საპირფარეშო.
როგორც ვიცით, მსოფლიოს უმწვავესი პრობლემების მოსაგვარებლად მესამე ათასწლეულს გაერო ათასწლეულის განვითარების მიზნებით შეეგება. ისინი უმთავრესად სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად ან შესამსუბუქებლად დაისახა. ესენი უმთავრესად ჯანდაცვის, განათლების, გენდერის პრობლემებია, თუმცა გაეროს აქვს ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და პოლიტიკური მიზნებიც. ერთ-ერთი მათგანია 2015 წლისთვის იმ მოსახლეობის რიცხვის განახევრება, რომელსაც ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალსა და საბაზისო სანიტარიულ პირობებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ინიციატივის ფარგლებში იკისრა ვალდებულება, ყოველდღიურად 260 000 ადამიანს შეუქმნას პირობები წყლის ხელმისაწვდომობის მხრივ. ამის წყალობით დღეისთვის 1,7 მილიარდ კაცს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა.
ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების გავლენა წყლის დეფიციტზე

მსოფლიოს მოსახლეობა ყოველწლიურად 80 მლნ კაცით იზრდება. ბუნებრივია, ეს წყალზე მოთხოვნასაც ზრდის. მატება წლიურ 64 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

წყლის ფიზიკური დეფიციტი (Physical water scarcity) ხელმისაწვდომი წყლის ფიზიკურ ნაკლებობას გულისხმობს. ეს ის მდგომარეობაა, როცა რეგიონის/ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნა აღემატება რეგიონის/ქვეყნის შესაძლებლობას, მიაწოდოს მას საჭირო მოცულობის წყალი. არიდული რეგიონები სწორედ წყლის ფიზიკურ დეფიციტს განიცდიან. აქ ტემპერატურა და აორთქლება ნალექების რაოდენობას აღემატება. თუმცა ნალექების გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ არის საკმარისი სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად. ნალექი უმთავრესად სეზონურია, ამ სეზონებზე კი შესაძლოა წლიური ნალექის 90%-იც კი მოვიდეს, როგორც, მაგალითად, ინდოეთში. მუსონური წვიმები აქ უმთავრესად ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ამიტომ ამ სეზონზე ხშირია ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენების საფრთხე, ხოლო წლის დანარჩენ დროს ნალექების ნაკლებობაა, რაც წყლის ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
მდინარე კოლორადოს დელტა

ფიზიკური დეფიციტი ადამიანის ზემოქმედების შედეგად უფრო მწვავდება. მაგალითად, თუ როდესაც მდინარეებს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისთვის იყენებენ, მდინარის ქვედა წელში წყლის ბალანსი იცვლება. იმავდროულად, იმატებს დაბინძურება სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქებით, რაც საგრძნობლად ამწვავებს წყლის დეფიციტს. ამის ცნობილი მაგალითებია მდინარე კოლორადოს, სირდარიასა და ამურდარიას გამოყენება.

წყლის ფიზიკური და ეკონომიკური დეფიციტი მსოფლიოში

წყლის ეკონომიკური დეფიციტი (Economic water scarcity) გულისხმობს მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობის ნაკლებობას, შეისყიდოს მოთხოვნილების შესაბამისი მოცულობის წყალი. სწორედ ამგვარი დეფიციტი წარმოაჩენს ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობას. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. სიღარიბეს ემატება პოლიტიკური და ეთნიკური მიზეზებიც.

წყლის ეკონომიკური დეფიციტი, მოსახლეობის სიღარიბესთან ერთად, ბუნებრივი მატებითაც არის განპირობებული, რაც წყალზე მოთხოვნას თავისთავად ზრდის. გარდა ამისა, იზრდება მოთხოვნა საკვებსა და ბიოსაწვავზე, ამის შედეგად კი ირიგაციისთვის სულ უფრო მეტი წყალი მოიხმარება.

გლობალური კლიმატცვლილება ზრდის სიმშრალეს არიდულ რეგიონებში, რაც კიდევ უფრო ამწვავებს წყლის დეფიციტს.

სტოკჰოლმის წყლის ინსტიტუტის მონაცემებით, ადამიანს საარსებოდ წელიწადში 1000 კუბურ მეტრზე ნაკლები სასმელი წყალი სჭირდება, თუმცა ეს რაოდენობაც კი უთანაბროდაა განაწილებული. იცვლება ბუნებრივი მოცემულობებიც. მაგალითად, ყველაზე წყალუხვი მდინარეები იანძი, განგი და ნილოსი იმდენად დიდი მასშტაბით გამოიყენება ყოფა-ცხოვრებაში, რომ მიწისქვეშა აუზებში წყლის დონემაც კი იკლო, რაც საფრთხეს უქმნის მათ ნაპირებზე გაშენებული ქალაქების წყალმომარაგებას. თანაც ეს რეგიონები მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვითა და ბუნებრივი და მექანიკური მატებით გამოირჩევა.
გრაფიკზე მოცემულია წყლის დღიური მოხმარება შერჩეული ქვეყნების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე. სხვაობა ქვეყნების წყალმოხმარებას შორის ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ იკვეთება ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები მეტისმეტად შორიშორს არიან ერთმანეთისგან. განვითარებულ ქვეყნებს შორისაც კი დიდი სხვაობაა, რომლის ფარგლებშიც წყალმოხმარებით გამოირჩევიან ავსტრალია და აშშ. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც სხვა განვითარებულ ქვეყნებს აქვთ პრობლემები წყალმომარაგების მხრივ, თუმცა ის თითქმის ორჯერ ჩამოუვარდება აშშ-ისას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნები წყალს უყაირათოდ მოიხმარენ.

რაც შეეხება უკიდურესად ღარიბ ქვეყნებს, მათი წყალმოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ჩამოუვარდება აუცილებელ მინიმუმს, რაც დღიურ 20 ლიტრს შეადგენს.

წყლის სისუფთავე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ელემენტია. იქ, სადაც წყალი დაბინძურებულია, მაღალია დაავადების რისკი. წყალთან დაკავშირებულ დაავადებებად არის მიჩნეული დიარეა, ქოლერა, ჰეპატიტი და სხვა. მილიონობით ადამიანი სწორედ ამ მიზეზების გამო იღუპება. ამ დაავადებებთან გამკლავება სწორი მკურნალობით შესაძლებელია, თუმცა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო ამ ქვეყნებში მისი სათანადო შესაძლებლობა არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში წყალი თითქოსდა საკმარისია, მასზე მოთხოვნა 2025 წლისთვის გაორმაგდება. და მაინც, თუ წყლის მიწოდება თანაბარი იქნება, ის ეყოფა მოსახლეობას ყოველგვარი საქმიანობისთვის.

წყალი ამოუწურავი და განახლებადი ბუნებრივი რესურსია, თუმცა არასწორი მოხმარება მას ხშირად გამოუსადეგარს ხდის. მოსახლეობის სხვადასხვა აქტივობა რეზერვუარების დაბინძურებას იწვევს და წყალი სასმელად უვარგისი ხდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წყალს დაზოგვა და ეფექტური მენეჯმენტი სჭირდება. წყლის მენეჯმენტი მოიცავს მის მიწოდებას როგორც ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებისთვის, ისე შინამეურნეობებისთვის. იმავდროულად წყალი არის სატრანსპორტო არტერია, რომელიც ადამიანებისა და ტვირთის მოძრაობა-გადაადგილებას უწყობს ხელს.

წყლის მართვის დადებით და უარყოფით მაგალითებზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

სტატიაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე კითხვები შეიძლება სირთულის მიხედვით დავალაგოთ, სადაც პირველი ორი კითხვა ბლუმის ტაქსონომიის ქვედა სააზროვნო უნარზე – „ცოდნაზე” გადის, მე-3 – „გამოყენებაზე”, ხოლო მე-4 და მე-5 კითხვები მიმართულია მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად:
1. რას ნიშნავს წყლის ფიზიკური დეფიციტი?
2. რას ნიშნავს წყლის ეკონომიკური დეფიციტი?
3. რუკის მეშვეოობით განსაზღვრეთ წყლის დეფიციტთან დაკავშირებული ტენდენციები.
4. ახსენით ფაქტორები, რომლებიც ზღუდავს სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას.
5. შეაფასეთ წყლის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები (მათი სუსტი და ძლიერი მხარეები), ჩამოაყალიბეთ ეფექტური წყლის პოლიტიკის თქვენეული გეგმა.
სტატიაში გამოყენებულია გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების წლიური ანგარიშები, რომლებიც https://www.un.org/millenniumgoals/ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

ესეც საქართველოა…

0
*
მინდა, საქართველოში ჩემი ერთთვიანი მოგზაურობის შესახებ მოგიყვეთ. მე 80-იანელი ვარ. გეოგრაფიულზე სწავლის პერიოდში პრაქტიკებზე თუ პირადი ინიციატივით მთელი საქართველო მოვიარე. მეგონა, ვიცნობდი ჩემს ქვეყანას, მაგრამ ამ მოგზაურობამ ჩემი წარმოდგენა თავდაყირა დააყენა.

სამინისტროს ეგიდით 28 სკოლაში მომიხდა სტუმრობა. ისინი შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. მათ შორის იყო როგორც ქალაქების, ისე მიუვალი სოფლების სკოლებიც, რამაც თავდაპირველად შემაშინა, მაგრამ დღეს, როცა პროექტი დასრულდა, ჩემს მოგზაურობას, ამ ხნის განმავლობაში ნანახს და განცდილს სხვა თვალით ვუყურებ.

მინდა მოგითხროთ პატარა ადამიანებზე, რომლებმაც ბევრი რამ დამანახვეს და მასწავლეს: გიორგიზე, არკადიზე, ქეთოზე, თამარზე, ზურაბზე, გიგაზე… ისინი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სოფლის მეექვსეკლასელები არიან, რომლებიც არცთუ კომფორტულად ცხოვრობენ, არც ისეთი საკლასო ოთახები აქვთ, როგორიც ქალაქელ მოსწავლეებს, მაგრამ იტალიასა თუ ესპანეთში, ბრაზილიასა თუ არგენტინაში მოგზაურობაზე ოცნებობენ. თვალანთებულები უსმენენ მასწავლებლებს და სწავლობენ ამ ქვეყნებს და მათკენ მიმავალ გზებს. მათმა მონდომებამ და ცოდნისადმი დამოკიდებულებამ გამაოგნა. ისინი აუცილებლად მიაღწევენ მიზანს, ისწავლიან და წავლენ. ღმერთმა ინებოს… მაგრამ დაბრუნდებიან კი? რა დარჩებათ ბავშვობიდან ისეთი, რაც მათ უკან, სამშობლოში დააბრუნებს? წადით, ისწავლეთ და იმოგზაურეთ, ოღონდ დაგვიბრუნდით, აუცილებლად დაგვიბრუნდით… გახსოვდეთ, თქვენი მამები აქ უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე იქ, უცხო მიწაზე იქნებოდნენ… მერე რა, რომ იქ ცხოვრობენ, სადაც ტრანსპორტი კვირაში ერთხელ ადის, ისიც – გაჭირვებით… მერე რა, რომ უამინდობის გამო ხვნა-თესვა გვიანდება და ყოველი წვიმიანი დღე საზრუნავისა და სადარდელის მომასწავებელია… მერე რა, რომ მუხლებამდე ტალახში უწევთ სიარული… ისინი ხომ არ მოსწყვეტიან ფესვებს, მათ ხომ ერთმანეთი ჰყავთ, დარდისა და სიხარულის გამზიარებელი. ისინი ბედნიერები არიან… წადით, ისწავლეთ, იმოგზაურეთ და დაუბრუნდით თქვენს კერას, მშობლებს!

პროექტი ესგ საკლასო ოთახში კვლევას ითვალისწინებდა. კვლევის ანგარიშსა და შედეგებზე საუბარს არ ვაპირებ; მე იმ ემოციებზე გიამბობთ, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში განვიცადეთ მე და ჩემმა თანამგზავრებმა. იყო სკოლები, რომლებიც ნაცნობი განცდებით გვხვდებოდნენ: როგორ ჩაატარებდა გაკვეთილს მასწავლებელი, როგორ წარმოაჩენდნენ თავს მოსწავლეები, რას იტყოდა დამსწრე… მაგრამ ზოგიერთი ბედნიერი და ამაყიც კი იყო იმით, რომ ვიღაცას (სამინისტროს, სახელმწიფოს) თურმე ახსოვდა ისინი და აფასებდა. „ესეც ხომ საქართველოა”, „გვიხარია, რომ გაგვიხსენეს”, „დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, „ჩვენც ქართველები ვართ!” ყველაზე მეტად უკანასკნელმა ფრაზამ შემაშფოთა. ეს თქვა მაღალმთიანი აჭარის სოფლის სკოლის დირექტორმა. აქ უმთავრესად მაჰმადიანი აჭარლები ცხოვრობენ. დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ტოლერანტობაზე, ათასგვარ პროექტს ვახორციელებთ, უცხოტომელებს ვიფარებთ, მაგრამ საკუთარი სისხლი და ხორცი გვავიწყდება. გასაგებია, რომ ისტორიულად ეროვნება რელიგიასთან იყო გაიგივებული, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ალბათ, დროა, აღქმა შეიცვალოს. თუ არ ან ვერ ვახერხებთ საკუთარი ცნობიერების ამაღლებას, სხვას მაინც ნუ ვატკენთ გულს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმეტესობა ისტორიულ სარწმუნოებას უბრუნდება. ეს პროცესი მიმდინარეობს და დიდი წარმატებითაც (შუახევის მაგალითი), მაგრამ დროა საჭირო, დრო და მოთმინება, სიყვარული და ყურადღება. ამას გვასწავლის ჩვენი რელიგიაც. მაგრამ ჩვენ ხომ ორმაგი სტანდარტებით ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი უპირატესობის წარმოჩენა. არადა, იქნებ მომეჩვენა, მაგრამ მასწავლებელმა ჩვენს გასაგონად და, ალბათ, დასაფიქრებლად გაკვეთილზე ბავშვებს ხაზგასმით ათქმევინა, ჩვენ მაჰმადიანი ქართველები ვართო… გულდამძიმებული წამოვედი.

დილით ადრე გვიხდებოდა სკოლაში მისვლა, ხანდახან პირველებიც ვიყავით. მიყვარდა ჩქარი ნაბიჯით მომავალი პატარების ცქერა, ღიმილი და გულიდან წამოსული „გამარჯობა”, ის მოწიწება და სიყვარული, რასაც ჩვენდამი და საკუთარი მასწავლებლისადმი გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავში ყველგან ბავშვია, ქალაქში ეს ყველაფერი ასე მკაფიოდ არ ჩანს. შესაძლოა, იმ ემოციის დამსახურებაც იყო, საქართველოს განუმეორებელი სილამაზის ბუნებამ რომ მომგვარა – მე ხომ, ურბანიზაციის მსხვერპლი, ჩემი თვალით ნანახს და აღქმულს გადმოგცემთ. სკოლის ეზოების შემხედვარე, იფიქრებთ, არც შეიძლება, სხვანაირები იყვნენო. იქ ჯერ კიდევ არავის მოსვლია აზრად სკოლის ეზოში მრავალსართულიანი შენობების წამოჭიმვა, ჰორიზონტის შეზღუდვა. ჩემს მოსწავლეებს დავათვალიერებინე ფოტოები; ემოციებს ვერ მალავდნენ – ასეთ გარემოში ყველა ისწავლისო.

მეორე, რამაც აღმაშფოთა, მოსწავლეთა რაოდენობაა. კლასში 2-3, საუკეთესო შემთხვევაში 6 (ხულო-თხილვანა) მოსწავლეა. გაკვეთილები მშვიდად მიმდინარეობს, არავინ ხმაურობს. თბილისური 40-45-მოსწავლიანი კლასების მასწავლებლებისთვის ალბათ შესაშური სიტუაციააა, მაგრამ, მერწმუნეთ, ძალზე მოსაწყენია. აქ შენც, როგორც მასწავლებელს, გიქრება მოტივაცია და ასპარეზი ახალი მეთოდების ძიებისა და დანერგვისათვის. და მიედინება ასე მონოტონურად სწავლაც და ცხოვრებაც… შობადობამ იმატაო, ვხარობთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოსწავლეთა რაოდენობამ თითქმის ყველგან იკლო, გარდა დიდი ქალაქებისა. რამდენიმე ახალგაზრდა დაოჯახდაო, – აღფრთოვანებულმა გვითხრა ნიჯგორის პედაგოგმა, – მიყვარს თბილისი, მაგრამ აქ მინდა ცხოვრება, ჩემს მხარეშიო.

მოგზაურობა დასრულდა. თბილისში დავბრუნდი. ქალაქური ცხოვრების ტემპს უცებ შევეგუე, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი, მაგრამ ყოველდღე ახალგაცნობილ პატარებზე ვფიქრობ. მინდოდა, წიგნები გამეგზავნა, გამეხარებინა. სხვებსაც შევთვაზებ, ვიცი, უარს არ მეტყვიან-მეთქი, ვიფიქრე და… სამსახურში მისულს ამბავი დამახვედრეს, მაღალმთიანი აჭარის სკოლებისთვის წიგნებს ვაგროვებთო. გამიხარდა. სხვა დროსაც მიხაროდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო… მეორეკლასელ გიგოსავით მიხაროდა, მასავით ვამაყობდი: თორმეტი წიგნი მოიტანა შინიდან და სათითაოდ წარუდგინა მასწავლებელს. არ ვიცი, ვის შეხვდება ჩვენი წიგნები. იქნებ ჩემს ნაცნობ გოგო-ბიჭებსაც ერგოს… არ ვიცი… არ ვიცი…

გლობალური ინდექსები – გლობალური სამყაროს საზომები

0
ინდექსი სპეციალურად შექმნილი რაოდენობრივი მაჩვენებელია, რომელიც კავშირს, ინდიკატორების კომბინაციას აღნიშნავს და ამავე დროს განსაზღვრული ჰიპოთეზის შემოწმებისა და დასაბუთების საშუალებაა. ინდექსის მეშვეობით დგინდება დასაკვირვებელი ერთეულის მდგომარეობა სკალაზე. იგი რაღაც რიცხვია და არ შეიცავს საკვლევი ობიექტის თვისებრივ განსაზღვრებებს, ანუ თვისებრივად ვერ ახასიათებს შესასწავლ ობიქეტს. ინდექსი მხოლოდ გარკვეულწილად იძლევა თვისებრივი მახასიათებლის რაოდენობრივ განსაზღვრულობაზე დაყვანის საშუალებას და ხასიათდება ტერმინებით: მეტი, ნაკლები, უფრო ძლიერი, უფრო სუსტი.

გლობალურ ინდექსებს ქმნიან მკვლევარები და საკვლევი ცენტრები, რათა ერთმანეთს შეადარონ მსოფლიოს ქვეყები განსაზღვრული ნიშნების: ეკონომიკის განვითარების ხარისხის, კონკურენტუნარიანობის დონის, კეთილდღეობის მიხედვით და სხვ.

გლობალური სამყაროს გასაზომი გლობალური ინდექსები სხვადასხვაგვარია. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

ვრცლად

ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა

0
მსოფლიოს ყურადღება გარემოს დაცვისკენაა მიპყრობილი, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს დღეს ბუნების გადასარჩენად, მაგრამ რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი?
ახალს არაფერს ვიტყვი, თუმცა ამაზე საუბარი არ მომბეზრდება, რადგან გეოგრაფიის ცოდნა არ არის ქვეყნებისა და დედაქალაქების დასწავლა, არც ტექსტებისა და ნომენკლატურის გაუაზრებელი დაზეპირება. რატომ უნდა დავკარგოთ ამისთვის დრო, როცა ამდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენ გარშემო, როცა გეოგრაფიის შესწავლა პირდაპირ კავშირშია მდგრად განვითარებასთან და ჩვენი ყოველი აქტივობა მიმართული უნდა იყოს გარემოზე პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდისკენ? ვინ უნდა შეაყვაროს მოზარდს საკუთარი ქვეყნის ბუნება, ვინ უნდა ასწავლოს მისი გაფრთხილება და რაციონალური გამოყენება, თუ არა გეოგრაფიის მასწავლებელმა?

ეს სიტყვები ლოზუნგად რომ არ გადაიქცეს, საჭიროა, მასწავლებლებმა მოსწავლეებს რეალურად დაანახვონ თითოეულის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა. ამისთვის კარგი საშუალებაა დოკუმენტური ფილმებით სწავლება.

მინდა, გაგაცნოთ ფილმი, რომელმაც არაერთ მაყურებელს მოჰგვარა ცრემლი: „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა”. ეს ანიმაციური სურათი ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონოს ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული.

ფილმი, რომელიც მარტოხელა მწყემსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, გარემოზე ზრუნვის საოცარი მაგალითია. საზოგადოება ელის ადამიანს, მთავრობას, მესიას, რომელიც მოვა და პრობლემას მოუგვარებს. ელის და ამ ლოდინში ბრაზობს ყველასა და ყველაფერზე. ფილმის პერსონაჟების გაუსაძლის ყოფას შური და ბოღმაც ამძიმებს. ერთადერთი, ფილმის მარტოხელა, თუმცა არა მარტოსული გმირი ელზეარ ბუფიე შრომობს თავდაუზოგავად, უხმოდ და უპრეტენზიოდ, უდაბურ ადგილას ხეებს რგავს და ცდილობს შეცვალოს როგორც გარემო, ისე ადამიანთა ყოფა. ერთხელ მასთან შემთხვევით ახალგაზრდა მოგზაური ხვდება. მოგზაური მოიხიბლება ბუფიეს საქციელით და წლების შემდეგ კვლავ ბრუნდება იმ ადგილებში. გარემო უკვე სახეცვლილი ხვდება. იქ მცხოვრებთა ყოფაც რადიკალურად არის შეცვლილი. ადამიანებს ბედნიერი ცხოვრება დაუბრუნდათ. თუმცა ელზეარ ბუფიე თავის საქმიანობას კვლავ ჯიუტად აგრძელებს.

ფილმი გვიჩვენებს, რამდენად დიდია ადამიანის გავლენა გარემოზე, ადამიანთა ყოფაზე. განსაკუთრებით ამაღელვებელია ელზეარის პირადი ტრაგედია. ეს არის კაცი, რომელსაც ყველა საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა და მარტოობაში ატარებს დარჩენილ დღეებს. თუმცა მან თავისი მარტოობისთვის განწირული ცხოვრება მისაბაძ მაგალითად აქცია.

ამ ფილმის ნახვით გამოწვეული ემოცია, მერწმუნეთ, ძალზე ძლიერია, ხოლო ფილმში რამდენიმე ძირითადი და დამატებითი თემის გამოყოფაა შესაძლებელი: გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, ადამიანი და გარემო, ტყის მნიშვნელობა და ტყის გადარჩენა, პიროვნების ტრაგედია და როლი საზოგადოებაში…

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებთან ერთად შეარჩიოს აქტუალური თემები. ჯგუფები ჩამოწერენ ძირითად და დამატებით თემებს. პრეზენტაციის შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას მოცემულ თემაზე (ლანდშაფტის ცნება, განსხვავებაა ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს შორის და სხვ.).

მასწავლებელი უბრუნდება მოსწავლეთა მიერ გამართულ პრეზენტაციებს და სვამს კითხვას, რა მნიშვნელოვანი ელემენტები გამორჩათ მათ. სასურველია, ხაზი გაესვას ელზეარ ბუფიეს პიროვნულ თვისებებს, ადამიანის როლს საზოგადოების განვითარებაში და ა. შ.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სავარაუდო კითხვებს: რის დანახვას ისურვებდით იმ ადგილას, სადაც ახლა ქალაქის მერია, საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, საავადმყოფო ან სხვა დაწესებულება დგას? სოფლად რომ ცხოვრობდეთ, როგორ გამოიყენებდით უპატრონო ცარიელ კარიერებს ან მიტოვებულ მაღაროებს?

ჯგუფები მართავენ ნამუშევრის პრეზენტაციას.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებად ყოფს.

სამუშაო რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თითოეული ნაწილის განსახორციელებლად საჭიროა რამდენიმე აქტივობა. მუშაობა ჯგუფებში მიმიდინარეობს.

მშენებლობის გეგმის შედგენა:
▪ შეკრიბეთ ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, რომელიც ჯგუფმა აირჩია სამუშაოდ (ძველი და ახალი თბილისი, ბათუმი, ფოთი და ა. შ.). მოიძიეთ საგაზეთო სტატიები, ინტერნეტსაიტები.

ეს სავარჯიშო გაყოფილია 2 ნაწილად:

I ნაწილი – „მშენებლობა: რატომ და როგორ” – ტარდება დისკუსიის ფორმით.

II ნაწილში – „მშენებლობის გეგმის შედგენა” – მოსწავლეები ადგენენ განვითარების პროექტს თავიანთ ლოკალურ გარემოში.
I ნაწილი. მშენებლობა: რატომ და როგორ?

1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ადგილობრივი მშენებლობის განვითარების ისტორიას. აჩვენებს რუკებს და ფოტოებს იმის შესახებ დისკუსიის სტიმულირებისთვის, როგორ განვითარდა ადგილობრივი გარემო ბოლო 50-100 წლის განმავლობაში. საუბრობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ძალებზე, რომლებმაც ეს ცვლილებები განაპირობეს. იყო ცვლილებები პოზიტიური? ვისთვის და რატომ?

2. ჯგუფები ასახელებენ ცვლილებებს, რომლებიც მათ თვალწინ მოხდა. მაგალითად, შენობების გაფართოებას, სუპერმარკეტებისა და საცხოვრებელი სახლების აგებას. ვინ ისარგებლა ამ პროექტების განხორციელებით და როგორ? მაგალითად, აშენდა იაფი საცხოვრებელი სახლები ადგილობრივი მოსახლეობისთვის თუ ფინანსური კომპანიების ინვესტიციები დაიხარჯა მდიდრული აპარტამენტებისა და სადღესასწაულო შენობების ასაგებად?

3. ჯგუფები განიხილავენ რეგიონის მსხვილმასშტაბიან რუკას და შეარჩევენ ადგილს, სადაც ყველა მონაწილე მოისურვებს მუშაობას.
ნაწილი II. მშენებლობის გეგმის შედგენა

1. ჯგუფები განიხილავენ მოცემული ადგილის განვითარების ყველა შესაძლო გზას და სხვადასხვა ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებს.

2. მომდევნო ამოცანა თითოეული ჯგუფისთვის არის კონსენსუსამდე მისვლა იმის თაობაზე, როგორ განვითარდეს შერჩეული ადგილი; ქმნიან დიზაინს, შემდეგ – მაკეტს.

3. როდესაც ყველა მაკეტი მზად იქნება, თითოეული ჯგუფი თავის გეგმას წარმოადგენს.
ანალიზი და შეფასება

გეგმების განხილვისას მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს:

▪ რა ძირითადი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით, როდესაც იღებდით გადაწყვეტილებას არჩეული ადგილის კეთილმოწყობის შესახებ? მაგალითად, ხარჯი, დრო, ძალისხმევა, მოგება, ადგილობრივი მოთხოვნილებები, – რომელ მათგანს ენიჭებოდა უპირატესობა?

▪ ითვალისწინებდა დასახული გეგმა ხალხის ინტერესებსა და ეკოლოგიურ პირობებს? რამდენად მტკიცე იყო ეს პროცესი?

▪ პასუხობდა გეგმა თითოეული ადგილობრივი მოსახლის ინტერესებს? ბავშვების, სხვადასხვა უმცირესობის ინტერესებს?

▪ რა რესურსები იქნება საჭირო გეგმის განსახორციელებლად?

▪ გამოიყენებოდა თუ არა განახლებადი რესურსები შეძლებისდაგვარად მათი რეალიზაციისთვის?

▪ რამდენად მომჭირნედ ხდებოდა არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება?

▪ როგორ გავლენას მოახდენს პროექტის განხორციელება ეკოსისტემაზე? მაგალითად, ითვალისწინებს თუ არა ის ველური ბუნების შენარჩუნებას?

ამ გაკვეთილის შემდეგ სასურველია დაიგეგმოს პროექტი, რომლის მიზანი ადგილობრივი გარემოს შეცვლაზე იქნება ორიენტირებული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...