სტუმარი: გიორგი კაკაბაძე
მწერლობა იდეის მასწავლებლობაა
ბავშვებს, მშობლების სიყვარულის გარდა, საზოგადოებაც სჭირდებათ
ავტორი: ლევან ალფაიძე
ჯანმრთელი ბიოლოგიური მიზეზების გამო, ბავშვებს სურთ და სჭირდებათ მშობლების გარდა სხვებთან ურთიერთობაც.
მე მშობლების ბუნებრივი ინსტიტუტის მომხრე ვარ. ასეთი ”მშობლობის” მთავარი თვისება, ჩემი აზრით, არის მშობლების რწმენა ბავშვების შესაფასებებისა და ინსტინქტებისადმი. მაგალითად, როდესაც აცნობიერებთ, რომ ბავშვი, რომელიც ტირის, არის ბავშვი, რომელსაც რაღაც უნდა და თქვენ ცდილობთ მიხვდეთ რა სჭირდება მას, რათა დაკმაყოფილდეს. ანუ, თქვენ არ ”აცლით” ბავშვს ”ბოლომდე” იტიროს. თქვენ ალბათ აცნობიერებთ, რომ ჩვენი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში, ჩვილებსა და პატარა ბავშვებს ყოველთვის თავიანთ დედებთან, სხვა უფროსებთან ან და-ძმასთან ერთად ეძინათ და არასდროს მარტოებს – ბევრი ბავშვისათვის, მარტო დაძინება შიშის მომგვრელია. თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვილებს და ბავშვებს, ჩვენს მსგავსად, ფიზიკური კონტაქტის დიდი სურვილი აქვთ და თქვენ მათ ამის საშუალებას აძლევთ. თქვენ არ კრავთ მათ ხელს, როდესაც არ გსურთ ასეთი კონტაქტი, პირიქით, თქვენ მათ ეხვევით და თქვენს გვერდით ამყოფებთ, როდესაც პატარებს ეს სურთ. აქ მთავარი კონცეფცია გულისხმიერებაა. როდესაც გესმით თუ რა სურს ბავშვს და რა სჭირდება მას იმ მომენტში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არამოლაპარაკე (არავერბალური) ბავშვის სურვილებსა და საჭიროებებს ეხება – თქვენ ამ პატარა პიროვნების ტალღაზე უნდა იყოთ მომართული. თქვენ უნდა შეგეძლოთ სამყაროს დანახვა ბავშვის თვალსაწიერიდან. ეს კი თანაგრძნობას მოითხოვს. ეს, რეალობაში, არაფრით განსხვავდება რომელიმე სხვა მჭიდრო ადამიანური ურთიერთობების მოთხოვნებისგან: კარგი ქორწინებისათვის აუცილებელია თანაუგრძნობდეთ თქვენს მეუღლეს. იმისთვის, რომ კარგი მეგობარი იყოთ, უნდა თანაუგრძნობდეთ თქვენს მეგობარს.
თქვენი მეუღლე, მეგობარი და თქვენი ბავშვი, განსხვავდება თქვენგან; მათ სხვა, თქვენგან განსხვავებული საჭიროებები და სურვილები აქვთ, და იმისთვის რომ მათთან კარგი ურთიერთობები გქონდეთ, საჭიროა მათი სურვილებისა და საჭიროებებისადმი მგრძნობიარენი იყოთ. ბუნებრივი მშობლების ინსტიტუტი ხშირად გათანაბრებულია ე.წ. ”აღზრდასთან, მშობლებთან მჭიდრო ემოციური ურთიერთობებით” (ინგლ. Attachment Parenting[1]) და ეს სრულიად მისაღებია თუ ტერმინი ”მჭიდრო ემოციურ ურთიერთობები – attachment” სწორად გვესმის. ბავშვები, ბუნების მიერ, შექმნილნი არიან მჭიდრო ურთიერთობებისთვის არა მხოლოდ მათ დედასთან და მამასთან. აუცილებელი ბიოლოგიური მიზეზების გამო, ბავშვებს შეუძლიათ მჭიდრო ემოციური ურთიერთობები ჰქონდეთ სხვებთანაც, საზოგადოებაში თუ თემში. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რაგდან, ოჯახი, კერძო სოციალური ბირთვი-ერთეული, რომელიც ცხოვრობს თავის სახლში, სხვებისგან განცალკევებით თუ მოცილებით, ევოლუციური კუთხით, არაბუნებრივი წარმონაქმნია.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებამდე, ადამიანები არ ცხოვრობდნენ სახლებში – ისინი ცხოვრობდნენ ბანაკებში (ალბათ ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს იმ საცხოვრებელ გარემოს). პირველადი, საბაზო სოციალური ერთეული გახლდათ ჯგუფი-ტომი, რომელიც ჩვეულებრივ, 20-დან 50-მდე ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, თანაარსებობდნენ და რომლებიც ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ, როგორც ამას სანადიროდ ხელმისაწვდომი ცხოველების მიგრაცია თუ საკვებად ვარგისი მცენარეული საფარი მოითხოვდა. ყოველ ასეთ ბანაკში, ადამიანები აგებდნენ დროებით ქოხებს, სადაც მათ ერთად ეძინათ. ძილის შემდგომ დროს კი ადამიანები გარეთ ატარებდნენ, ჯგუფის ყველა წევრთან ერთად. ამ დროს არსებობდა ქორწინება და ბავშვებს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ, მაგრამ ბავშვები მშობლებს არ ”ეკუთვნოდნენ”, როგორც ისინი ”გვეკუთვნიან” დღეს, ჩვენს კულტურაში. ბევრი გაგებით, ბავშვები, მთელი ჯგუფის ბავშვებს წარმოადგენდნენ. ყოველ ბავშვზე ზრუნვა ყველას მოვალეობა იყო. ყველა მოზრდილს, ყოველ ბავშვთან თავისი ურთიერთობა უყალიბდებოდა; და ბავშვებიც, ჩვილების ჩათვლით, ამ ურთიერთობების ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე-პარტნიორები იყვნენ.
ევოლუციური გაგებით, აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა როდესაც ბავშვს სურს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ბევრ, სხვადასხვანაირ ადამიანთან, არა მხოლოდ მის მშობლებთან. კაცობრიობის განვითარების დასაწყის პერიოდში, ადამიანების ისტორიის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ბავშვების გაზრდამდე თუ ზრდასრულობამდე, მათი მშობლების სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მშობლის დაკარგვა ყოველთვის სამწუხარო ამბავია; მაგრამ ეს არ არის ფატალური მოვლენა ბავშვისათვის, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს სხვებთან, იმათთან, ვინც ასევე ჩართულია ბავშვზე ზრუნვაში. შესაძლოა, ბავშვობის მიზანი, როგორც ჩვენს, ისე მონადირე-შემგროვებელთა კულტურებში, არის ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი არსების აღზრდა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს ბევრ, სხვადასხვაგვარ ადამიანთან – ურთიერთობები, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი გადარჩენისა და გამრავლებისათვის. ამას ადამიანი მხოლოდ დედ-მამასთან ურთიერთობებით ვერ სწავლობს. ადამიანი ამას სწავლობს ბევრ ადამიანებზე დაკვირვებით. ადამიანებზე, რომლებიც განსხვავებულნი არიან, აქვთ განსხვავებული საჭიროებები და რომლებსაც სხვადასხვა რამის მიცემა-გაზიარება-შეთავაზება შეუძლიათ.
ბავშვობის მეორე მიზანია – სწავლა. რაც ნიშნავს იმ იდეების, ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და კულტურის შეთვისება, რომელშიც ბავშვი იზრდება. თუ ვინმე ეცდება ამის შესრულებას მხოლოდ მშობლების მეშვეობით, იგი ამ ყველაფრის მხოლოდ მცირე და შეზღუდულ ნაწილს შეითვისებს და უბრალოდ, არასაკმარისად მზად იქნება სამყაროში ცხოვრებისათვის. ბავშვების ძალიან მჭიდრო კავშირი და ”მიბმულობა” მშობლებზე არამხოლოდ არასასარგებლოა ბავშვისთვის, არამედ ეს შესაძლოა ტვირთადაც იქცეს დედისათვის (როგორც წესი ეს დედაა და არა მამა). აბსოლუტურად არაბუნებრივია, როდესაც ამბობენ რომ ქალმა უნდა შეწყვიტოს თავისი საქმეები და თავი მხოლოდ შვილებს და შინაურ საქმეებს მიძღვნას, როგორც კი დედა გახდება. მონადრე შემგროვებელთა დედები, ბავშვების არზრდასთან და მათზე ზრუნვის პარალელურად, აგრძელებდნენ შემგროვებლობას და სხვა სოციალურ აქტივობებს თავისი ჯგუფის თუ მეზობელი ჯგუფების ზრდასრულ წევრებთან.
დედობა მათთვის არ იყო იზოლირების სინონიმი – პირიქით, იგი კიდევ უფრო მეტად აკავშირებდა ქალს ჯგუფის სხვა წევრებთან, რადგან სხვებიც ინტენსიურად ურთიერთობდნენ მის შვილებთან.
ცოტა ხნის წინ, ბედნიერება მქონდა გავცნობოდი ბოსტონის კოლეჯიდან ჩემი კოლეგების, ჯილდა მორელის, პაულა აივი ჰენრისა და შტეფეტ ფიორსტერის გამოკვლევას[2]. გამოკვლევის თავი, რომელზეც მოგითხრობთ, ეხება მონაცემებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მოიპოვა ამ ჯგუფმა ეფეს ხალხში, მონადირე-შემგროვებელთა ტომში, რომელიც აფრიკულ კონგოში, იტურის ტყეებში ცხოვრობს. მათი გამოკვლევა ჩვილებსა და ბავშვებს და ტომის წევრებთან მათ სოციალურ ურთიერთობებს ეხება. მოგახსენებთ კვლევის რამდენიმე ძირითად შედეგს:
როდესაც ეფეს ტომში ბავშვი იბადება, პირველნი, ვინც მას უვლის არიან დედა და სხვა ბავშვები, რომლებიც დედასთან ქოხში ცხოვრობენ და რომლებიც ეხმარებიან დედას როგორც მშობიარობის დროს, ისე – შემდგომ, მისი ემოციური მხარდაჭერით. შემდეგ, ბავშვი გარეთ გაჰყავთ და მას ტომის ყველა წევრი მიესალმება, ყველა იჭერს ხელში და ულოცავენ ახალი ადამიანის დაბადებას. დედა, სულ ბოლოში იჭერს ხელში თავის ბავშვს.
- ეფეს ბავშვებს უვლის არ მხოლოდ მისი უშაულო დედა, არამედ ტომის ნებისმიერი მეძუძური ქალი, რომლებიც, როგორ წესი, დედის გენეტიკური ნათესავები არ არიან.
- პერიოდული, სისტემატიური დაკვირვებებით გამოირკვა, რომ 4-დან 6-თვემდე ასაკის ბავშვებს, ეფეს ტომში, მჭიდრო ფიზიკური და სოციალური კონტაქტი აქვთ საშუალოდ 9 პარტნიორთან, ყოველ 2 საათში. ხოლო 18-21 თვემდე ბავშვებს – ასეთივე ურთიერთობა-კონტაქტი აქვთ 14 სხვადასხვა პარტნიორთან, ყოველ 2 საათში! პარტნიორებში იგულისხმება კაცები, ქალები და ბავშვებიც. საშუალოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვილებს, დღის განმავლობაში, ერთ პირთან კონტაქტი, სანამ მას სხვა პირს გადასცემენ, მხოლოდ 3 წუთით აქვთ.
ჩვილის ზრდასთან ერთად ძალიან აქტიური ხდება მისივე ინიცირებული კონტაქტები სხვებთან, მათზე შეხებით, ღიმილით, სიცილით ან სხვაგვარად, როდესაც ჩვილი იწვევს სხვებს, მასთან ურთიერთობისთვის. როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, ისინი თავისით იწყებენ სიარულს ერთიდან მეორე ადამიანისკენ და მოძრაობას სხვა ბავშვებთან ერთად, განსხვავებული ასაკის ბავშვების ჯგუფში, მათთან თამაშის მიზნით.
- ეფეს ჩვილი ბავშვები და პატარები (რომლებმაც უკვე დაიწყეს სიარული), გამორჩეულად ხალისიანები და არამომთხოვნები არიან. შესაძლოა, ამის მიზეზი ის ყურადღებაა, რომელსაც ისინი ამდენი განსხვავებული ადამიანისგან იღებენ დღის განმავლობაში. მკვლევარების ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატარები ძირიდათად კარგ ხასიათზე არიან – იღიმიან, იცინიან, სიხარულს გამოხატავენ მზერით და ყურადღებით აკვირდებიან სხვებს – გამოკვლევის პერიოდის დროის (როდესაც მათ არ ძინავთ) 90%-ის განმავლობაში.
მონადირე-შემგროვებელთა სხვა ტომებში, ჩვილების თემურ აღზრდა ეფეს ხალხის მსგავსი შეიძლება არ იყოს, შესაძლოა ტომის წევრების ჩართულობის ხარისხის სხვანაირი იყოს, მაგრამ ყველა ასეთი კულტურის ხალხი, ბევრად უფრო თემური წესით ზრდის თავიანთ ბავშვებს, ვიდრე ჩვენ.
მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებში ბავშვებზე ძალადობა ან მათი ჩაგვრა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ დედა ან მამა გაღიზიანდება ბავშვთან ურიერთობისას, ან ბავშვს მკაცრად მოექცევა, ტომის სხვა წევრები სასწრაფოდ ერევიან კონფლიქტში, აწყნარებენ მშობლებს და ეფერებიან ბავშვს.
რადგანაც ბავშვებზე ზრუნვა საერთო, საჯარო საქმეა, თემის ყოველი წევრი, ჩვილების ჩათვლით, უყურებს და აკვირდება ბავშვის მოვლის წესებს. არავინ ხდება მშობელი, სხვებზე დაკვირვებისა და სხვისი ბავშვების მოვლის გამოცდილების გარეშე. არცერთ ზრდასრულ ადამიანს არ უწევს ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა მარტოს, სხვების დახმარების გარეშე.
რამდენად განსხვავებულია ეს წესები ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული წესებისგან! რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, დღევანდელი სოციალური ურთიერთობების ფონზე, რათა შევქმნათ ბავშვებზე მზრუნველი თემი, მათი ჯანმრთელი განვითარებისთვის და მშობლების დასახმარებლად? ეს გულწრფელი შეკითხვაა, თუმცა მასზე პასუხი არ მაქვს.
წყარო : https://www.psychologytoday.com/experts/peter-gray-phd
ავტორი: დოქტორი პიტერ გრეი
სტატია თარგმნა და მას კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ
[1] ქართული შესატყვისის მოძიების სირთულის გამო, გთავაზობთ ასეთ თარგმანს: შვილების აღზრდა მშობლებთან (მზრუნველებთან) მჭიდრო, ემოციური ურთიერთობებით – ე.წ. Attachment parenting (AP), ფრაზა, რომელიც განვითარების ფსიქოლოგიაში ამერიკელი პედიატრის, უილიამ სირზის შემდეგ დამკვიდრდა. ეს მეთოდი ემყარება აღზრდის მჭიდრო ურთიერთობების თეორიას. ამ თეორიის თანახმად, ჩვილს, ბავშვობის პერიოდში უყალიბდება ძლიერი ემოციური კავშირები მზრუნველთან, ხანგრძლივი შედეგებით მთელი ცხოვრების მანძილზე. შვილების აღზრდა, მშობლებთან მჭიდრო-ემოციური ურთიერთობებით, ბავშვს ეხმარება ჩამოიყალიბოს ახლო ემოციური უერთიერთობების უსაფრთხო სტილი, რაც ხელს უწყობს მის სოციო-ემოციურ განვითარებას და კეთილდღეობას (ლ.ა.)
[2] წყარო: Morelli, G., Ivey Henry, P., & Foerster, S. Relationships and Resource Uncertainty: Cooperative Development of Efe Hunter-Gatherer Infants and Toddlers.” In D. Narvaez, K. Valentino, A. Fuentes, J. McKenna, & P. Gray (Eds.), Ancestral Landscapes in Human Evolution. New York: Oxford University Press.
კონფლიქტების კონსტრუქციული გადაჭრა კლასში
ავტორი: ცვატა ბერძენიშვილი
კონფლიქტის კონსტრუქციული გადაჭრა არსებითი საკითხია კლასში, რადგან კონფლიქტი სწავლებისას გარდაუვალი და საჭიროც კია. პიაჟეს განვითარების თეორია და კონცეპტუალური ცვლილებების სწავლების გამოკვლევა გვეუბნება, რომ ნამდვილი სწავლება კოგნიტურ კონფლიქტს მოითხოვს. მოსწავლეებს, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ ჯგუფის შემადგენლობაში, ერთმანეთში ინტერპერსპონალური კონფლიქტები ექნებათ, რამაც ასევე შეიძლება მიგვიყვანოს სწავლამდე. მე-10-კლასელ მოსწავლეებს შორის ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შეცდომას უშვებდნენ, ამ შეცდომებს ერთად მსჯელობისას ასწორებდნენ, როცა საკუთარ მცდარ, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს განიხილავდნენ.
თანაკლასელთაკონფლიქტი. სკოლაში გავრცელებული კონფლიქტის ერთი ფორმა გაღიზიანება და გამოჯავრებაა. მასწავლებლები ცდილობენ, აღმოფხვრან ეს მოვლენა. მაგალითად, გამოკითხული მე-8 კლასელებიდან 60%-მა თქვა, რომ მათ ცხოვრებაში ყოფილა ასეთი ფაქტები. თუმცა მასწავლებლებმა თქვეს, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება მხოლოდ 16% იყოს. კვლევებით დადგინდა, რომ მე-6-10-კლასელთა დაახლოებით 33% ჩართულია ასეთ კონფლიქტებში. საზღვარი კარგ ურთიერთობასა და ასეთ მტრულ დამოკიდებულებას შორის ძალიან მერყევია, მაგრამ ვიღაცისკენ თითის მიშვერა ნიშნავს იმას, რომ არავინ გამოიჩენს ტოლერანტობას იმის მიმართ, ვისაც ნაკლები ძალა აქვს, ნაკლებად პოპულარულია ან რაიმე ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით აბუჩადაააგდებული.
რაუნდა გააკეთონმასწავლებლებმა? თითქმის ყველა კლასში ხდება კონფლიქტები. მათი მოგვარების სწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა. ერთ-ერთი ლონგიტუდური კვლევის საშუალებით, რომელიც ორი წლის განმავლობაში წარმოებდა, აღმოჩნდა, რომ იმ აგრესიულ ბავშვებში, რომელთაც მასწავლებლები კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს ასწავლიდნენ, აგრესიამ და ძალადობამ იკლო. მაგრამ, როდესაც მასწავლებლები დუმილით ხვდებიან აგრესიას, მოსწავლეებმა ეს შესაძლოა შეურაცხყოფად აღიქვან.
კონფლიქტის მოგვარება ძალიან რთულია, განსაკუთრებითახალგაზრდებისთვის. სკოლებში ძალადობასთან დაკავშირებით თუ საზოგადოების მოსაზრებას განვიხილავთ, გავოცდებით, რა მწირი ინფორმაცია აქვს ხალხს მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტების შესახებ. დაწყებით სკოლებში კონფლიქტი ხშირად ხდება რესურსების გამო (სასკოლო ინვენტარი, კომპიუტერი, სპორტული აღჭურვილობა, სათამაშოები), უპირატესობების მინიჭების გამო (რომელი აქტივობა უნდა განხორციელდეს თავდაპირველად და ჯერ რომელი თამაში უნდა ითამაშონ). 30 წლის წინ სამ დიდ ქალაქში 8000 მოსწავლეზე ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტების 90% ან დესტრუქციულად გვარდება, ან საერთოდ არ გვარდება. მას შემდეგ ჩატარებულმა შედარებით მცირე კვლევებმაც იგივე შედეგები აჩვენა. როგორც ჩანს, კონფლიქტების არსებობის პირობებში მთავარი სტრატეგიაა უგულებელყოფა, ძალა და მუქარა. თუმცა არსებობს უკეთესი გზებიც – თანატოლთა მედიაცია და მოლაპარაკების სტრატეგიები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ისწავლება.
თანატოლთა მედიაცია და მოლაპარაკება. დევიდ ჯონსონმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კონფლიქტის მოგვარების ტრეინინგი მე-2-5-კლასელ 227 მოსწავლესთან. მოსწავლეებმა შეისწავლეს მოლაპარაკების5-საფეხურიანი სტრატეგია.
კერძოდ:
1. ერთობლივად განსაზღვრეთ კონფლიქტი. განაცალკევეთ პიროვნება პრობლემისა და აქტივობისგან, თავი აარიდეთ გამარჯვება-წაგებაზე ფიქრს და ნათლად წარმოაჩინეთ თითოეული მხარის მიზნები;
2. გაცვალეთ პოზიცია და ინტერესები. წარმოადგინეთ საცდელი მიზანი. მოუსმინეთ მეორე მხარის მიზნებს და გაიგეთ მისი ემოციების შესახებ. იყავით თანამშრომლური და მოქნილი. შეატრიალეთ პერსპექტივა. შეაფასეთ სიტუაცია სხვა ადამიანის თვალით, შეცვალეთ როლები და იმსჯელეთ ამ კუთხიდან;
4. გამოყავით სულ მცირე სამი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ სარგებელს მოიტანს. დასახეთ მიზნები, იაზროვნეთ შემოქმედებითად და დარწმუნდით, რომ ყველას აქვს ძალა, მოიფიქროს პრობლემის გადაჭრის გზა;
5. მიაღწიეთ ინტეგრაციულ შეთანხმებას. დარწმუნდით, რომ გათვალისწინებულია ორივე მხარის მიზნები. თუ არაფერი გამოვა, სცადეთ ცვლილებები ან ჩართეთ საქმეში მესამე მხარე – მედიატორი.
კონფლიქტის მოგვარების სწავლების გარდა, ჯონსონის კვლევისას ყველა მოსწავლეს ავარჯიშებდნენ მედიაციის სტრატეგიებში. მედიატორები იცვლებოდნენ. ყოველდღიურად მასწავლებელი ირჩევდა ორ მოსწავლეს, რომელიც კლასის მედიატორი უნდა ყოფილიყო და მედიატორის მაისური უნდა ეტარებინა. ჯონსონმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსწავლეები კონფლიქტის მოგვარებისა და მედიაციის სტრატეგიებს ეუფლებოდნენ. წარმატებით იყენებდნენ მათ როგორც სკოლაში, ისე სახლში.
თანატოლთა მედიაცია წარმატებული აღმოჩნდა უფროს მოსწავლეებშიც, იმათშიც, ვისაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ერთ პროგრამაში ბანდების შერჩეულ წევრებს უტარდებოდათ ტრეინინგი მედიაციაში. შემდეგ მათ მედიაციის პროცესში მონაწილეობას სთავაზობდნენ, რომელსაც სკოლის მრჩეველი გაუწევდა მეთვალყურეობას. პროცესი იმართებოდა მკაცრი წესებით, რასაც მხარეები წერილობით შეთანხმებამდე უნდა მიეყვანა, რომელსაც ორივე მხარე მოაწერდა ხელს. სანჩესმა და ანდერსონმა აღმოაჩინეს, რომ სკოლაში ძალადობა მინიმუმამდე შემცირდა: „მედიაციის პროცესის მთელი მაგია კომუნიკაცია იყო”.
თუ თქვენ სკოლაში ასეთი ტრეინინგების ჩატარების საშუალება არ გაქვთ, სხვაგვარად მაინც შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს მოსწავლეებს, უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კონფლიქტს. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა თავის მე-5- კლასელ მოსწავლეებს კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ოთხსაფეხურიანი გზა შეასწავლა. მან ეს საფეხურები თვალსაჩინო ადგილას გამოაკრა:
1. უთხარით სხვებს, რა არ მოგეწონათ;
2. უთხარით მათ, რა გრძნობა გამოიწვია მათმა ნათქვამმა (ან ნამოქმედარმა) თქვენში;
3. უთხარით მათ, რა გინდათ იყოს მომავალში;
4. ისინი გიპასუხებენ, რის გაკეთება შეუძლიათ. გილოცავთ! თქვენ კონფლიქტების საუკეთესო მომგვარებლები ხართ!
სიცილი
ავტორი: დალი კუპრავა
ხშირად ვიცინით სკოლაში ? ვიცინით კლასში მოსწავლეებთან ერთად ?
არადა, ურთიერთობას ისე არაფერი ამყარებს და აგვარებს, როგორც- ერთად სიცილი.
საკუთარი დაკვირვებითა და ბლიცგამოკითხვით დავასკვენი,რომ მოსწავლეები კი იცინიან, მაგრამ სიტუაციებს თავად „ქმნიან”, თავს თვითონ იმხიარულებენ და უმეტესად, მასწავლებლებისგან მხოლოდ- რა გაცინებთ, ან ნუ იცინით, ან სასაცილოდ გაქვთ საქმეო ესმით.
სხვა ცოცხალ არსებას ღიმილი არ შეუძლია, ამიტომ არა ერთი და ორი ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ ადამიანებსა და გორილებზე- კონფლიქტისთვის გამზადებული კაციც და მაიმუნიც ღიმილს შეუჩერებია. რაც უფრო იძაბება სიტუაცია, გორილებს ღიმილის უფრო დიდი მოთხოვნილება უჩნდებათ, თვიანთ სტატუსსა და სუბორდინაციას ასე ავლენენ. ჰიპოთალამუსის წინა ზონის გააქტიურებას ბევრი სარგებელი აქვს, თურმე, გენეტიკის მიუხედავად, ადამიანებში სიმაღლეში ზრდასაც ხელს უწყობს.
არქაული ღიმილიდან დაწყებული , რომელიც მხოლოდ ბერძნულ არქაულ ქანდაკებებს როდი აქვთ, ჰომერული ხარხარით დამთავრებული , სიცილი ევოლუციის მშვიდობიანი ნიშანია, ინდივიდებს შორის არავერბალური ურთიერთობის ენაა; სხეულის ენაა, რომელიც ხშირად უფრო მეტად შედეგიანია, ვიდრე -სიტყვა. სარდონიკულ, გესლიან სიცილსაც კი შეუძლია მოწინააღმდეგის დამარცხება -სიმბოლურად სარდონიკული თუ სარდინიული სიცილი სიკვდილს ახალ სიცოცხლედ აქცევს და კლვას ამარცხებსო,ჯეროდათ .
ერთად სიცილის კომუნიკაციურობასა და სოციალურობაზე რაღა უნდა ვთქვა. გადამდები სიცილის მაგიურ ძალაზეც ბევრი გვსმენია და გამოგვიცდია, როგორ განაწყობს. სიცილის და კეთილგანწყობის კორელაციაც ეჭვს არ იწვევს. თუნდაც, რომ არ გეცინება და ნაძალადევად გაიცინებ,შვების მექანიზმი მაინც ამუშავდება.
მკითხავთ,და მართალცი იქნებით, კი,ვიცინებთ , მაგრამ სასაცილოც ხომ უნდა იყოს რამეო ?!
რატომ არ უნდა გავიღიმოთ, გავიცინოთ „ვეფხისტყაოსნის” კითხვისას, როცავკითხულობთ, რომ ლომ-ვეფხს კატასავით ხოცავს ტარიელი,ან როცა თავისი ძალებით ამაყობს, გვიყვება ათი წლისას რა შეეძლო?! ან, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ღიმილის გარეშე ავთანდილის მიერ მეკობრეთა ხომალდის აბორდაჟის ეპიზოდი. არ შეიძლება გაყინული ავტორიტეტების ფლობა – სასაცილო ისაა, რომ ქართველები „ვეფხისტყაოსანზე” არ ვხუმრობთ და მხოლოდ მის ხელშეუხებლობას ვაღიარებთ.
სასკოლო პროგრამაში ადრე იყო ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”.
ვინ იცის ,ოდესღაც ეს ნაწარმოები მზრუნველმა მოაზროვნე ლიტერატურისმცოდნემ ჩასვა პროგრამაში, როგორც თემატურად, იდეურად და მხატვრული თვალსაზრისით საინტერესო რომანი. დროთა განმავლობაში კონიუქტურული სწავლებისგან ამ ტექსტის რეზონანსმა ისე იკლო, რომ მისი პროგრამიდან ამოღება არავის შეუმჩნევია.
არადა, რა აქტუალური იქნებოდა დღეს. რამდენი შეკითხვის დასმა, რამდენი საზოგადოებრივი და ეკონომიკური პროცესის ჩვენება-ახსნა იქნებოდა შესაძლებელი.
საინტერესო ტიპი იყო იმ დროისთვის სოლომონ ისაკიჩი და არის დღესაც.
პირველ პირში მოთხრობილი ამბავი თვითირონიულია, რაც ქართულ ლიტერატურაში ხშირად არ გვხვდება. ამბავი თვალსაჩინოდ აპირისპირებს განათლებასა და გაუნათლებლობას, კულტურასა და ვითომკულტურას, მდაბიოსა და დარბაისელს. მოთხრობაში მკაფიოდ ჩანს ღირებულებები-ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ამქვეყნად არსებობისთვის, ვინ რითი ცხოვრობ. რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული, რა არის ღირსება. სიტყვა „უხერხული” ან იდიომური ფრაზა „აბუჩად აგდება” ან „უკულტურობა” ან „უცოდინრობისგან დაბეჩავებული”, „თავხედი „ ასე თვალსაჩინოდ სწრაფად გასიფრული ლიტერატურაში ხშირად არ გვხვდება. არადა, როგორი ოსტატური და თან რეალურია ყველაფერი : სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა, საინტერესო ხასიათები, ახალი სოციალური ფენის ჩამოყალიბება, დღევანდელობასთან კავშირი…
კითხვისას ბევრგან შეიძლება გავიცინოთ, გავიღიმოთ, ჩავიცინოთ, ავხარხარდეთ, საკუთარ თავს ირონიით შევხედოთ .
კარგი მწერალია ლავრენტი არდაზიანი .
მეჯღანუაშვილს თუ არ წავაკითხებთ, თბილისის ტროტუარზე მაინც ვამოგზაუროთ მოსწავლეები და პროგრამაში მისი პუბლიცისტური წერილი მაინც ჩავდოთ.
დღევანდელი ტროტუარს არაფრით ჩამოუვარდება .
საპროგრამოშიც ბევრია „მიზეზი”. თუნდაც, „კაცია ადამიანის” კითხვისას თუ არ ვიცინეთ, აბა, გროტესკიაო როგორ დავაჯეროთ. და , საერთოდ ბევრ ნაწარმოებში შეიძლება სიცილის მიზეზის ნახვა- ერთად სიცილი.
მასწავლებლებო, იცინეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად. არ დაუშალოთ სიცილი,თავად მოძებნონ სიცილის მიზეზი ტექსტებში. სიცილი აერთიანებს და ჩემზე ნაკლებად არ მოგეხსენებათ, როგორი აუცილებელია გაკვეთილზე მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთიანობა.
ეკვილიბრიუმი
ავტორი: გიორგი კეკელიძე
ჰოდა, რეგიონულ ბიბლიოთეკებს ამ მხრივ მეტი დახმარება სჭირდებათ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ გეზით სვლა გადაწყვიტა და პროექტი „ეკვილიბრიუმი” დააფუძნა.
გამოიკვეთა ორი პრობლემური მიმართულება: რაიონულ და რეგიონულ ბიბლიოთეკებში არსებული მასალა, უმრავლეს შემთხვევაში, მისი შენახვის ფორმის გამო მიუწვდომელია მკითხველთა ფართო წრისთვის და ეგზემპლარების ნაკლებობის გამო მიუწვდომელია დაინტერესებული მკითხველისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში; სათანადოდ არ არის აღნუსხული და შედარებული, რა სახისა და რაოდენობისაა მასალა, რომლის ბეჭდური ფორმით მოხმარება სიძველის გამო საფრთხეს უქმნის მის არსებობას ან ეგზემპლარების არარსებობის გამო ნაკლებად ხელმისაწვდომია. ეს საკითხები მხოლოდ ზედაპირულად არის შესწავლილი და ვიცით, რომ ამ ტიპის მასალები არსებობს, მაგრამ საბოლოო დასკვნების გამოტანა ძნელია მათი აღწერისა და სხვადასხვა ბიბლიოთეკის მასალებთან შედარების გარეშე.
„ეკვილიბრიუმი” წარმოადგენს მონაცემთა შენახვის, დაცვისა და გაზიარების ერთობლივ სისტემას, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს რაიონული ბიბლიოთეკების მომხმარებლებს, ელექტრონულ ფორმატში გაეცნონ სხვადასხვა სახის ლიტერატურას ან საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ ამა თუ იმ რაიონის მკითხველებსა თუ უფრო ფართო საზოგადოებას.
რას ველი მასწავლებლისგან
ავტორი: ნასტასია არაბული
მერე ეს ამბავი ერთ ჩემ მეგობარს მოვუყევი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მომღერალია და აღმოჩნდა, რომ მასაც ზუსტად იგივე ვნებები ქონდა სწავლის პერიოდში, როცა ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ სცენიდან, ეკრანიდან, გაზეთიდან ან ჟურნალიდან დავიწყებდით საუბარს, ხმამაღლა საუბარს და მით უმეტეს ისეთ თემებზე, რასაც მართლაც მოყვება ხოლმე თანატოლების სიცილი ან უფროსების გაოგნებული გამომეტყველება, რაზეც იშვიათად ლაპარაკობენ, რასაც ტაბუ ადევს, რაზეც თვალის დახუჭვა უფრო კომფორტულია.