სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

ბავშვის ბუნების ფენომენი და აღზრდის პრობლემები

0

ამ სტატიის დაწერა თბილისის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან და აღმზრდელებთან შეხვედრამ გადამაწყვეტინა. შეხვედრაზე საუბარი იყო 6-9 წლის ბავშვების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებზე. მასწავლებლები და აღმზრდელები ამ ასაკიდანვე აწყდებიან სერიოზულ სირთულეებს, როგორც ბავშვებთან ურთიერთობისას, ასევე მათ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში. შეხვედრის დროს პედაგოგებმა რამდენიმე „რთული“ შემთხვევა აღწერეს. ისინი ცდილობდნენ  მიეღოთ პასუხები საკუთარ შეკითხვებზე:

  • რომელი ასაკიდან ხდებიან ბავშვები „რთულები“?
  • რატომ ხდება, რომ მათ მიერ დახარჯული ძალისხმევა ზოგ შემთხვევაში სრულიად უშედეგოა?

შევეცდები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

„რთული“ მოზარდების კატეგორია საკმაოდ ფართო და მრავალგვარია. ამ კატეგორიას ზოგადად მიაკუთვნებენ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებთანაც მშობლებს, აღმზრდელებსა და მასწავლებლებს უჭირთ მუშაობა. უფროსები ფიქრობენ, რომ ასეთ ბავშვებთან ოჯახში თუ საკლასო ოთახში მისაღები ქცევის ნორმების შესახებ ბრძნულ საუბრებს აზრი არ აქვს. გარშემო სოციუმი დარწმუნებულია, რომ ასეთი ბავშვები ჯიუტი, თავნება, უყურადღებო, გონებაგაფანტული, ზარმაცი, ზოგ შემთხვევაში აგრესიული და უმართავიც კი არიან.

და მაინც ცხოვრების რომელი პერიოდიდან უყალიბდება ბავშვს ისეთი თვისებები, რომლებიც აფიქრებინებს ზრდასრულ ადამიანებს, რომ ისინი „რთული“ ქცევის არიან? ფსიქოლოგების უმრავლესობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ბავშვის პიროვნება ხუთი წლის ასაკისათვის უკვე ფორმირებულია. ფართოდ გავრცელებულია ის მოსაზრებაც, რომ ხუთი წლის შემდეგ ბავშვის აღზრდაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამოსწორება ძალზე რთულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ არასწორი და არაადეკვატური აღზრდის სტილის მიუხედავად, ბევრი ბავშვი ზრდასრულ ასაკში  ყალიბდება დამოუკიდებეალ, ძლიერ პიროვნებად და აღწევს გარკვეულ წარმატებას პროფესიულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

„რთულ“ ბავშვებთან, მოზარდებთან, ახალგაზრდებთან, მათი ოჯახის წევრებთან მუშაობის ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ვემხრობი მოსაზრებას, რომ მიზეზები, რომელთა გავლენითაც ბავშვების ქცევა „რთულის“ კატეგორიას მიეკუთვნება, განპირობებულია  აღზრდაში სულ მცირე ასაკიდანვე დაშვებული შეცდომებით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მშობლობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. ახალგაზრდა მშობლებს არავინ ასწავლის და არც ტრენინგებს უტარებს. როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება მაშინვე მის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე გადადის მთელი ძალისხმევა. რამდენი გრამი შეჭამა; კბილები ხომ დროზე ამოუვიდა;  სიარულის როდის დაიწყო; ავად ხომ არ გახდა…. და უამრავი მსგავსი საზრუნავი.

შვილი წამოიზარდა, საჭიროა საბავშვო ბაღში შეყვანა. აქ ოჯახში ახალი საზრუნავი ჩნდება: როგორი ბაღი ავირჩიოთ? სადაც კვებაა დაბალანსებული თუ „ინგლისურს“რომ ასწავლიან განსაკუთრებული ხერხებით? ზეიმებზე აუდიოჩანაწერებს ხომ აკეთებენ? აბა როგორ, სოციალურ ქსელში მისი ვიდეო არ უნდა დაიდოს?

შემდეგი ეტაპი – „კარგი“ სკოლის შერჩევა. როგორ ირჩევენ დღეს მშობლები სკოლას? ჩემი დაკვირვებით ოჯახების უმრავლესობა საკუთარი ნაცნობებისა და მეგობრების რჩევა-დარიგებას მისდევს. და არჩევანიც გაკეთებულია, სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები, ფუნქციონირებს სხვადასხვა დამატებითი სპორტული და შემეცნებითი, ე.წ. „წრეები“. მშობელი კმაყოფილია. სად არის აქ ბავშვის საუკეთესო ინტერესები? რომელმა მშობელმა სცადა საკუთარ პატარას დალაპარაკებოდა და ისე მიეღო გადაწყვეტილება? ჩვენს კულტურაში ბავშვები, მშობლების არარეალიზებული სურვილების რეალიზების „ინსტრუმენტია“. ბავშვს გამუდმებით ესმის უფროსებისგან: „მშობლების იმედები გაგემართლებინოს. მასზე კარგად არავინ იცის შენთვის რა არის საუკეთესო“. განა ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც საკუთარი შვილის შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებს?

მაგრამ მივუბრუნდეთ დასაწყისში ჩემს მიერ ნახსენებ სკოლას, რომელიც კერძო სკოლებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება და რომლის მეორე კლასში  სწავლობენ ის „რთული“ ბავშვები.

შეფიქრიანებულ მასწავლებლებთან პრობლემაში უფრო სიღრმისეულად  გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ:

  • ერთ ბავშვს მშობლები არ ჰყავს (უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები), მას ბებია ზრდის;
  • მეორის ოჯახში დიდი არეულობაა, მშობლები გაყრის პროცედურას აწარმოებენ;
  • მესამის მშობლები დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ სახლში ძალიან დაღლილები მიდიან და ბავშვთან კონტაქტს თითქმის ვერ ახერხებენ;
  • მეოთხეს სულ ახლახან პატარა ძამიკო შეეძინა და ამიტომ დარწმუნებულია, რომ ის მშობლებს ისე ძალიან აღარ უყვართ;
  • მეხუთეს ძალიან „მზრუნველი“ მშობლები ჰყავს და ახლახან ბოლო თაობის მობილური და პლანშეტი უყიდეს. ის დარწმუნებულია, რომ ყველა მისი სურვილი ყოველთვის უნდა ასრულდეს;
  • მეექვსეს უფროსი დაიკო ჰყავს, რომელიც სწავლაში წარჩინებულია და ყველა „წრეზე“ დადის. დედიკოს უნდა, რომ მანაც იაროს იმავე წრეებზე და თანაც უფრო მეტად წარმატებული იყოს. მას კი სულ სხვა სურვილები აქვს;
  • მეშვიდე ბავშვის მშობლები გარკვეულწილად აცნობიერებენ საკუთარი შვილის ქცევით პრობლემებს. მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ „გაიზრდება და თავისათავად გადაუვლის“, რადგან მის ასაკში თავადაც ცელქები და ჯიუტები იყვნენ, მაგრამ ახლა წარმატებული ადამიანები არიან;
  • მერვეს მშობლები თვლიან, რომ ბავშვი ზედმეტად არ უნდა აკონტროლო და შეზღუდო, ამიტომ ის მთელ თავისუფალ დროს ხან ტელევიზორთან და ხანაც კომპიუტერთან ატარებს.

ალბათ მიხვდით, რომ ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ სათქმელი ვფიქრობ ისედაც ნათელია: მასწავლებლებს ძალიან უჭირთ ასეთ კლასში საგანმანათლებლო პროცესის  წარმატებით წარმართვა და მაქსიმალური შედეგის მიღება.

ბავშვები სკოლაში ოჯახებიდან მიდიან და შესაბამისად მათ უკვე გავლილი აქვთ აღზრდის ოჯახური სტილის სპეციფიკური „კურსი“. ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ადამიანის ძირითადი პიროვნული თვისებები სწორედ ოჯახში ყალიბდება. რაც არ უნდა კვალიფიციური  პროფესიონალი პედაგოგი შეხვდეს სკოლაში ბავშვს, რომელსაც უკვე გარკვეული წარმოდგენა აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე, გამომუშავებული აქვს საკუთარი პოზიტიური და მავნე ჩვევები, ძალიან გაუჭირდება ცვლილებების შეტანა მის ღირებულებათა სისტემაში.

საინტერესოა სინამდვილეში რატომ „იწებებენ“ ბავშვები მცირე ასაკიდანვე „რთული“ ბავშვის იარლიყს? ჩემი ფიქრით იმის მიზეზი, რომ მათ თავად ძალიან უჭირთ, ოჯახში არსებული ფსიქოლოგიური კლიმატია. ეს გასაჭირი კი სწორედ სწავლის დასაწყის ეტაპებზევე იჩენს თავს. მიზეზთა გამო მათ ეწყებათ სწავლისა და ქცევის პრობლემები, უძნელდებათ კლასში არსებული სასწავლო ტემპისთვის ფეხის აწყობა, ზოგადად ნებისმიერი დავალების წარმატებულად შესრულება.  მაგრამ არსებობენ წარმატებული  „რთული“ მოსწავლეებიც, მათთვის ადვილია სასწავლო პროგრამის დაძლევა. სამაგიეროდ მათ უჭირთ თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა.

ბავშვებთან მომუშავე დაკვირვებული პერსონალი ხედავს, რომ ზოგიერთი ბავშვი თანატოლებს ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩება, ზოგი პირიქით, სწრაფი ტემპით ვითარდება. ზოგიერთი გონებრივი განვითარების შენელებული ტემპით ხასიათდება, ზოგიერთი პირდაპირ ვუნდერკინდია. ზოგი მათგანი უფროსების უგულვებელყოფის, ზოგიც ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლია. ზოგი საერთოდ ცდილობს ყველაფრით გამორჩეული და სრულიად ორიგინალური იყოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ უფროსი „სირთულის“ უამრავ ნაირსახეობას ხვდება და ნებისმიერი მათგანი ყურადსაღებია.

რა ტიპურ შეცდომებს უშვებენ მშობლები აღზრდის პროცესში:

  • ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გაუთვალისწინებლობა;
  • ჰიპერმზრუნველობა/ჰიპერმეურვეობა, რაც აფერხებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას;
  • აქცენტის გადატანა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, პიროვნული განვითარების სერიოზულობის გაუცნობიერებლობა;
  • ბავშვის მიღწევების გადამეტებულად შეფასება;
  • არარეალისტური მიზნების დასახვა, რამაც მომავალში შესაძლებელია მას თვითშეფასება დაუქვეითოს;
  • სხვა ბავშვებთან გამუდმებული შედარება: „ნახე, შენი თანატოლი ნინიკო უკვე ინგლისურად ლაპარაკობს, შენ კი ერთი ლექსიც ვერ დაიმახსოვრე“, „შენზე პატარა გიორგიმ გამრავლების ტაბულა ზეპირად იცის, შენ კი ჯერ სწავლაც არ დაგიწყია“….

დიმიტრი უზნაძეს მიაჩნია, რომ „აღმზრდელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არ ჩასწვდება ბავშვის ბუნებას“. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ბავშვებთან ურთიერთობისას საკუთრი მიზნებით ხელმძღვანელობენ და ცდილობენ, მიზანს მბრძანებლური, ჭკუის დამრიგებლური დამოკიდებულებით მიაღწიონ.

 

როგორ მოიქცეს მშობელი და მასწვლებელი?

  • „დაივიწყეთ“ საკუთარი საქმეები და პრობლემები, რათა შეძლოთ ბავშვის პრობლემის დანახვა/გაცნობიერება;
  • შეეცადეთ შეხედოთ ბავშვების პრობლემებს ბავშვის თვალით. მას ხომ ჩვენზე მეტად უჭირს პრობლემასთან გამკლავება;
  • თუ არ გავარკვევთ მიზეზებს, რატომ უჭირს ბავშვს, ვერ მოვახერხებთ მათ აღმოფხვრას და ბავშვის დახმარებას;
  • არ იფიქროთ სხვა „მსუბუქ“ ბავშებზე. ბავშვების აღზრდის პროცესი – ყოველთვის რთულია, მიუხედავად საუკეთესო პირობებისა, რომელშიც შეიძლება იმყოფებოდეს ბავშვი;
  • არ ჩავარდეთ პანიკაში და არ იფიქროთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. არ შეაფასოთ ბავშვი, როგორც „ცუდი/გამოუსწორებელი“, მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ შეცდომებს უშვებს;
  • მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც ყველა ფსიქოლოგი და ბავშვების აღზრდის პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტი აუცილებელ პირობად მიიჩნევს: მშობლებმა, აღმზრდელებმა, უახლოესმა სოციუმმა და მასწავლებლებმა უნდა ითანამშრომლონ და თანამიმდევრულად უნდა იმოქმედონ ბავშვთან ურთიერთობისას.

დაბოლოს, „რთული“ ქცევის მქონე შვილისა და  მოსწავლის მშობლობა და მასწავლებლობა არ არის გადაულახავი პრობლემა, მით უმეტეს მათთვის, ვინც ამას აცნობიერებს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების სწორი გზის დასახვისათვის აუცილებელი წინაპირობა ამ პრობლემის გაცნობიერებაა.

  ეპითეტიდან ჰიპერბოლამდე – ფოლკლორი და ქართულის გაკვეთილები

0

მხატვრული საშუალებების შესწავლა წარმოუდგენლად მიმაჩნია მათი ჟანრიდან ჟანრში ტრანსფორმაციის გზის შესწავლის გარეშე. აუცილებელია ამ გრძელი გზის სწორად წარმოჩენა, რომელიც ზოგიერთმა მხატვრულმა საშუალებებმა განვლეს დასახული მიზნის – სათქმელის ადეკვატურად მისაღწევად. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად, როდესაც ერთი მხატვრული საშუალება არ კმარა დასახული მიზნის მისაღწევად, მას ემატება ან ენაცვლება მეორე, რომელიც სრულყოფს სათქმელს. ასევე მეტად საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ კუთხით ფოლკლორის, კერძოდ, საგმირო და საისტორიო პოეზიის შესწავლაც.

       საგმირო და საისტორიო პოეზიას ხშირ შემთხვევაში საზიარო პერსონაჟები ჰყავს. ორივე ხოტბას ასხამს ისტორიულ პერსონაჟს, თუკი იგი ქვეყნის სამსახურში იდგა. ამჯერად არ მაინტერესებს იმ თემატური ჯგუფის პოეზია, რომელიც შინაურ შუღლსა და უცხო ტომთა თარეშს ასახავს, რადგან ჩემი მიზანია, დავადგინო, რომელი მხატვრული საშუალებებით ხდებოდა ისტორიულ პირთა შესხმა-შემკობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძირითადად ეპითეტი გამოიყენება და ჩვენ სახოტბო პოეზიისთვის ტიპური ეპითეტების გამოყოფაც შეგვიძლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ეპითეტების გამოყენება ბანალური ხდება, რადგან მათი გამოყენება სხვა შემთხვევებშიც ჩვეულებრივი ამბავია. ნიჭიერ მთქმელს ეს ესმოდა და ამიტომაც, მიზნის მისაღწევად, შეექმნა გამორჩეული სახე, სხვა ხერხს მიმართავდა. ამ გზაზე საუკეთესო დამხმარე შედარებაა. შესადარებელი ობიექტი ძირითადად რომელიმე განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულ ცხოველს ან ფრინველს დარდებოდა. ასევე საკმაოდ პოპულარულია რომელიმე მტკიცე ლითონის ხსენება. იშვიათად ახსენებენ ძვირფას ქვებსაც. მიზეზი კი ის არის, რომ ძვირფასი ქვები ტრადიციულად სილამაზის აღსაწერად გამოიყენებოდა. გმირის სილამაზეს კი ფასი არა აქვს, თუკი ის ბრძოლაში საჭირო თვისებებით არ გამოირჩევა. ამიტომაც, ძვირფასი ქვების შედარებად ან მეტაფორად გამოყენება უფრო მეტად საისტორიო პოეზიის მახასიათებელია, ისიც ქალ პერსონაჟებთან მიმართებაში (თამარი და რუსუდანი, შალვა ახალციხელი დედა, სხვა გმირების დედები და სატრფოები): „ო, სიხარულო, თამარ დედოფალო, ყველაზე უკეთესო თამარ დედოფალო! თმები გქონდა ხუჭუჭი, თვალები გეჯდა გიშრისა, კბილები გქონდა მარგალიტისა“; „შალვას დედა მოტიროდა! მოიშლიდა გიშრის თმასა“.

       ძვირფასი ქვების გარდა ქალ ისტორიულ პირებზე შექმნილ ლექსებში მცენარეთა გამოყენებაც ხდება. ჩემი ვარაუდით, ყველა ეს მხატვრული სახე ნასესხები უნდა იყოს მხატვრული ლიტერატურიდან და მათ გამოყენებას არანაირი ორიგინალობა არ ახასიათებს.

       ფაუნის წარმომადგენლის შერჩევა უპირატესად მთქმელის საცხოვრებელ არეალს უკავშირდებოდა, ქართულ ფოლკლორულ პოეზიაში არ გვხვდება მითოლოგიურ და ჯადოსნურ ცხოველურ არსებებთან გმირის შედარება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დიდი მოწონებით სარგებლობდა შესადარებელ ობიექტად ქორის, არწივისა და შევარდენის გამოყენება. ქართულ ფოლკლორულ პოეზიაში ხშირად გვხვდება შედარებები, თუმცა მთქმელები ხანდახან მეტაფორებითაც გვანებივრებენ: „მე ვიცი შევარდენი ხარ, მაგრამ რომელი ბუდისა?“; „ვაჟკაცსა -გული რკინისა, აბჯარი – თუნდა ხისაო, თვალნი ქორებულ მხედავნი, მუხლები შევარდნისაო.“

       ვაჟკაცის თვალების შედარება ქორის თვალებთან მოსალოდნელი პოეტური ხერხია, მაგრამ სრულიად მოულოდნელია გმირის მუხლების შედარება შევარდნის მუხლებთან. ბევრად უფრო მართებული იქნებოდა შესადარებლად აქცენტი შევარდნის ფრენის სისწრაფის უნარსა და მის მიერ მიმართულების სხარტად შეცვლის უნარზე გაკეთებულიყო ან მთქმელს გაეხსენებინა შევარდენი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მონადირე, რომელიც დაჯილდოებულია საუკეთესო მხედველობით. მაგრამ არა, უცნობ ავტორს შევარდნის მუხლების სიმტკიცე ახსენდება, მაშინ, როდესაც, ალბათ არცერთ სახელმძღვანელო თუ სპეციალურ ლიტერატურაში შევარდენის მუხლებს ავტორები სპეციალურად არ გამოყოფენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფრინველის მუხლების გახსენება არცთუ ისეთი ფუჭი საქმეა. მუხლები თითქმის ყველა ფრინველს აქვს. რომ არა მათი მუხლების სიმტკიცე, მაშინ, დიდი სისწრაფით მონავარდე ფრინველს გაუჭირდებოდა ზედაპირზე უცაბედი დაშვება, მას ყველა ძვალი დაემტვრეოდა, რომ არა მუხლების განსაკუთრებული ძალა. ერთი შეხედვით, ეს უცნაური შედარება, რომელიც ტყუილსაც კი წააგავს, ძალზედ ადეკვატურია და მორგებულია სინამდვილეზე.

       როგორც ვთქვით, ქართულ ფოლკლორულ პოეზიაში დიდი სიმპატიით სარგებლობს ქორი. არა ერთი და ორი ლექსი მიეძღვნა გმირის შედარებას ამ ლაღ, საუკეთესო უნარებით შემკულ ფრინველთან: „ვინც იცნობს ჩვენთა სოფლელთა, მთას ქორებულად ქრიანო, მტერსა და მოქალათესა ტანზეით ჯაჭვსა ჰყრიანო.“

       აღსანიშნავია, რომ გმირის სახის შექმნისას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება იგი, ორივე შემთხვევაში – დაბალი თუ მაღალი ფენის წარმომადგენელია – მათი თვისებებისა და უნარების წარმოსაჩენად მთქმელი ერთნაირ მხატვრულ ხერხებს იყნებს, ერთნაირი შესადარებელი ობიექტებით. ანუ უსახელო გმირია თუ ისტორიული სახელიანი პერსონაჟი, მათ დასახასიათებლად ქორთან თუ მგელთან შედარება ერთნაირი სიხშირითა და წარმატებით ხდება: „შალვა (აქ: შალვა ახალციხელი) შურისა მძებნელი მთას ქორებულად ჰკიოდა“; „ხმა მამწონს თქვენის თოფისა, იცის გველივით წივილი, თქვენით მთათ შამავლილობა, ქორებულ შამაკივილი.“ „ხმალმა თქო: ლეკმა გამჭედა, ქართველმა მლესა ფხაზედა, შამკიდეს სააკაძესა, მაკურთხეს გმირის ტანზედა; მაგარმა მაჯამ ჩამიდგა, მალალა ხოყანაზედა, მიმაგდის ჯაჭვ-მუზარადზე, ვწიოდი გველის ხმალზედა.“

       ამ ბოლო ორ ლექსში საინტერესოა თოფის და ხმლის ხმის გველთან შედარება. გველი, როგორც შესადარებელი ობიექტი, თითქმის არასოდეს არ გვხვდება საგმირო პოეზიაში, მაგრამ აქ გველის წივილი, როგორც შიშის მომგვრელი და სახიფათო მოსალოდნელი უბედურება, ხმლის ან თოფის ხმას დარდება. ორივე იარაღი სახიფათოა და ისინი გველივით მოსალოდნელი უბედურების მომასწავებელია.

„ცხენზე შაჯდება – ქორსა ჰგავ, დაუქვეითებს – მგელია.“ მგელთან გმირის შედარებაც (ხოლო მტრის – ძაღლთან)  ჩვეულებრივი მოვლენაა ქართული ფოლკლორისთვის. თუმცა მგლის მეტაფორად გამოყენებაც არაა მისთვის უცხო: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი შეჭამონ მტრისანი“; „გაგვიძეღ, ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო“.

       როგორც აღვნიშნე, რაღაც ეტაპზე ეპითეტი ამოწურავს თავს და ადგილს უთმობს შედარებასა და მეტაფორას. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც აღარც ეს ორია საკმარისი და თამაშში შემოდის ჰიპერბოლა. ჩემი აზრით, გაზვიადების გამოყენება პოეზიაში უკმარისობის გრძნობას მოაქვს, მაშინ, როდესაც ავტორი (უცნობი იქნება ის თუ ნაცნობი), აღარ კმაყოფილდება მის ხელთ არსებული მხატვრული საშუალებებით და ფიქრობს, რომ სათქმელის უკეთ გამოხატვას კიდევ უფრო მეტი სჭირდება. აი ასეთ დროს მხსნელად გვევლინება ჰიპერბოლა. ინტერნეტგამოცემის ერთ-ერთ წერილში ერთი ავტორი საუბრობდა იმაზე, თუ რა კარგია მოსწავლეებთან ერთად სიცილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ამ მოსაზრებას და მიგვაჩნია, რომ არაჩვეულებრივია, როდესაც მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ხალისობენ ტექსტებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ავტორი ხალისისმომგვრელ მაგალითად „ვეფხისტყაოსანს“ ასახელებს. მას ჰგონია, რომ მასწავლებელი და მოსწავლეები ერთ ხმაში უნდა იცინოდნენ, როდესაც წაიკითხავენ, როგორ ხოცავდა პატარა ტარიელი ლომებსა და ვეფხვებს, რადგან, მისი აზრით, წარმოუდგენელია დასახელებულ ასაკში ასეთი რამის გაკეთება. ბოლოს კი ავტორი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართველებისთვის რუსთველი ხელშეუხებელი ავტორიტეტია და მასზე სიცილს ვერ ვბედავთ. არადა, რატომ უნდა იწვევდეს ტექსტში მსგავსი მონაკვეთები სიცილს, თუკი მკითხველს ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს ჰიპერბოლაზე. თუმცა, ამ არაკომპეტენტური სიცილის ახსნაც შესაძლებელი იქნება, თუკი გავიხსენებთ, რომ ხშირად სხვადასხვა ჟანრის ან პარადიგმის ფარგლებში ხდება ერთი და იგივე მხატვრული საშუალებების გამოყენება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თუკი მკითხველი სწორად დაადგენს ჟანრს ან პარადიგმას, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და არც იმის გამოცნობა გაჭირდება, რა მიზნითაა ჰიპერბოლა გამოყენებული – სიცილის გამოსაწვევად თუ აღსაფრთოვანებლად. ერთი პატარა ნაბიჯი, ოდნავი გადამეტება და, შეიძლება, მარტო მკითხველმა კი არა, ავტორმაც დაუშვას შეცდომა და ნანატრი ამაღლებული მხატვრული სახის შექმნის ნაცვლად კომიკური ან პაროდიული პერსონაჟი შექმნას. ასეთ დროს ავტორს (უცნობსაც და ნაცნობსაც) ოსტატობა სჭირდება, მკითხველს კი კომპეტენციასთან ერთად – ინტუიციაც. გავიხსენოთ კომედიები, პაროდიული და სატირული თხზულებები და აღმოვაჩენთ, რომ მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შესაქმნელად ავტორები იმავე მხატვრულ სახეებს იყენებენ, რომლებიც ჟანრის ან პარადიგმის შეცვლის შემთხვევაში ადვილად ტრანსფორმირდებიან დრამატული პერსონაჟების სახეთა შექმნის ატრიბუტებად. ამაზე საუბრობს პლატონი „ნადიმში“: აგათონის სახლში გამართული წვეულების შემდეგ სუფრას მხოლოდ მასპინძელი, პოეტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული აგათონი, ფილოსოფოსი სოკრატე და კომედიოგრაფი არისტოფანე შემორჩნენ. არისტოდემოსი, სოკრატეს თანმხლები პირი, რომელიც წვეულებაზე მომხდარს პირველ პირში ყვება, ძილბურანშია, თვალს რომ გაახელს, ამ სამის საუბარს უსმენს და თვალს რომ დახუჭავს, მათ ლაპარაკს აზრს ვეღარ ატანს, ამიტომაც, ბუნდოვნად და ისიც მხოლოდ ალაგ-ალაგ ახსენდება, რაზე კამათობდა სამეული. თურმე სოკრატე არისტოფანესა და აგათონს არწმუნებდა, რომ ერთი და იგივე ადამიანი ერთნაირი წარმატებით გახდება როგორც კომედიის, ასევე ტრაგედიის ავტორიც და რომ ის, ვინც ტრაგიკოსია, ის კომედიოგრაფიცაა. მთხრობელს ზუსტად არ ახსოვს, როგორ დაიწყო ამ საკითხზე დისკუსია, ამიტომ მკითხველს სხვა გზა არ დარჩენია, უნდა ივარაუდოს, რას შეიძლებოდა ეს მსჯელობა მოჰყოლოდა ან რა არგუმენტი მოსდევდა ამ ვარაუდს. ჩემი აზრით, სოკრატე, შესაძლოა, სხვა მოსაზრებების გარდა, სწორედ იმასაც გულისხმობდა, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და ნებისმიერი ტრაგედია კომედიად იქცევა. ტრაგიკოსი ბეწვის ხიდზე გადის, რომ მის მიერ შექმნილი მხატვრული სახე დრამატულიდან კომიკურ და პაროდიულ პერსონაჟად არ იქცეს, რადგან ორივე პერსონაჟის დახატვა სწორედ რომ ერთი და იმავე მხატვრული საშუალებებით ხდება, გადამწყვეტი როლი კი, როგორც დაკვირვება ცხადყოფს, ჰიპერბოლას ეკისრება. თუკი ავტორს უნდა, რომ აღწეროს გმირი როგორც ზეკაცი, იგი სხვათაგან განსხვავებული, ე.ი. გარდამეტებული უნარებით უნდა აღჭურვოს; თუკი ავტორს უნდა, რომ მისი პერსონაჟი სასაცილოდ გამოიყურებოდეს, მასაც სხვათაგან განსხვავებული, ე.ი. გარდამეტებული უნარები უნდა მიანიჭოს. კონტექსტიდან ამოგლეჯის შემთხვევაში ეს მხატვრული სახეები ერთნაირი იქნება. წაკითხვის დროს უნდა გავითვალისწინოთ ჟანრი, პარადიგმა და, შესაბამისად, ჩვენი ინტონაციაც სხვადასხვანაირი იქნება ამ ცვლილების მიხედვით, რაც მსმენელს ადეკვატურ ატმოსფეროს შეუქმნის.

       ჰიპერბოლა ერთნაირად გამოიყენება ისტორიისთვის ცნობილი თუ უცნობი გმირებისთვის, სახელიანი და უსახელო პერსონაჟებისთვის, მისთვის სულ ერთია, რომელ სოციალურ კლასს განეკუთვნება ხოტბის შესასხმელი ობიექტი. აქ მთავარი მაინც მთქმელის ნიჭია, რაც გამოიხატება იმით, რომ მხატვრული სახის გამოყენებისას, რაც შეიძლება, სწორი სიტყვები, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებს აღწერს, შეირჩეს. ზოგ შემთხვევაში მთქმელი მართლაც ვირტუოზულად ახერხებს ჰიპერბოლიზაციას: „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა; იალბუზზედ ფეხი შედგა, დიდმა მთებმა შექმნა დრეკა“; „ლეშის ნაკუწი ხორათ დგებოდა, სისხლის ნაღვარი ზღვას ერეოდა, შუბის ნამტვრევი ცასა ხვდებოდა!“ „დუჟეთ იყრების ლაშქარი, არ ერგებიან გზანიო, სასმელად არ ეყოფიან ბაზალეთურნი ტბანიო, სადგომლად არ ეყოფიან თრიალეთურნი მთანიო“; „ერეკლე ჩვენი ბატონი ერთი პატარა კახია, ჩაიცვა ჯაჭვის პერანგი, გაჰკრა ხელი და გახია“; „ერეკლე ბატონიშვილი განა უბრალო კახია?! საგურამოში ლეკისა ჯარ მარტომ შუა გახია!“ „ეს გივი ამილახვარი მტრისაგან შეგვეშალაო,.. სურამის ციხე ააგო, ცათამდის აიყვანაო…“

       ამდენად, მხატვრული სახეების კვლევა საგმირო და საისტორიო პოეზიაში გარკვეულ კანონზომიერებებს ავლენს და მისი შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია ამ ჟანრის სწორად გაგება. როდესაც ჩვენს მოსწავლეებს საისტორიო და საგმირო ჟანრის ლიტერატურას ვასწავლით, აუცილებელია მხატვრულ საშუალებებზე ვესაუბროთ, ამ ეტაპზე კი ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მაგალითებად მოტანა ბევრად უფრო გაამდიდრებს საგაკვეთილო პროცესსაც და მოსწავლესაც დაანახებს, როგორ უნდა გაიაზროს სწორად მათი ტრანსფორმაცია ფოლკლორიდან მხატვრულ ლიტერატურამდე და ზოგჯერ – პირიქით.

როგორ განვახორციელოთ საინტერესო პროექტი სკოლისათვის

0

შესავლისათვის

განადგურდა კი საბჭოთა კავშირი? რუკაზე – დიახ, მაგრამ აზროვნებაში? ჩვენს აზროვნებაში? ყოველთვის ვიტყვი: არა, რადგან ადეკვატურად არ შეფასებულა. ვიდრე ეს არ მოხდება (სამწუხაროდ, დასასრულის კი არა, აღორძინების ნიშნებს უფრო ვხედავთ), საბჭოთა კავშირიც იარსებებს, იარსებებს და წინ არ გაგვიშვებს, დაგვაბრკოლებს, ჩამოგვარჩენს. ისტორიის გამოცდებზე ჩასაბარებელ პროგრამულ ნუსხაში რუსეთის ისტორიას დიდი ადგილი უკავია. ეს ეხება როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის გამოცდებსაც. ვერა და ვერ გავცდით რუსეთს. ვერც მისდამი ლტოლვას. ამიტომ ვკითხულობ: დაემხო კი საბჭოთა კავშირი? ეს მოწამვლა ხომ დღესაც გრძელდება. ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს რუსეთის ისტორია ასე დაწვრილებით სასკოლო პროგრამაში (საგამოცდოს ვგულისხმობ, რადგან ეროვნულმა გეგმამ უკვე რამდენიმე წელია დაკარგა ფასი და არსიც, საგამოცდო საკითხები გადაიქცა რეალურ ეროვნულ გეგმად). მავანი (და რამდენია!) შემეკამათება: „რას ამბობთ, ეროვნულ სასწავლო გეგმას ხომ ვწერთ ახალ გაკვეთილის გეგმაში?!“ დიახ, ვწერთ, მაგრამ რეალურია? რეალობა ისაა, რომ საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი იქცა ეროვნულ გეგმად. ასეა და ვინც საპირისპიროს იტყვის ან იფიქრებს, ის, ცხადია, პრაქტიკას „გაცდენილია“. როგორ, არ უნდა იცოდეს მოსწავლემ დეტალურად პეტრე პირველის ცხოვრება და მოღვაწეობა?! იცოდეს, მაგრამ იცოდეს საქართველოსთან მიმართებით. თუ მეტის გაგება უნდა, ისწავლოს თავად, პროგრამული ჩარჩოების მიღმა. ან რუსეთის 1905 წლის რევოლუცია რატომ უნდა ისწავლებოდეს დეტალურად? რა არის ამის მიზანი? თანაც, ხომ იცით, პრინციპი ასეთია: სახელმძღვანელოში წერია? – მაშასადამე, უნდა ვასწავლოთ! პროგრამაში წერია? – მაშასადამე, უნდა დავიზეპიროთ!

თემას ცოტა გადავუხვიე… მოსწავლეები დღეს გაორებულები არიან. ერთნი ბრალს სდებენ რადიკალიზმში (სტალინისადმი ნეგატიური ანუ ობიექტური დამოკიდებულების გამო და, სამწუხაროდ, მათი რიცხვი არც ისე მცირეა). მეორენი ხოტბას ასხამენ სტალინს, მესამენი კი შაბლონურ ფრაზას ამოფარებიან: ჭკვიანი იყო – ომი მოიგო (აი, ისინი, ნეიტრალურები რომ არიან ყველაფრის მიმართ, უფრო კი ინფანტილურები, და ამ ომს დღესაც სამამულო ომად იხსენიებენ (ვაი, მამულო!). ასეთია სინამდვილე და, ვფიქრობ, ისტორიკოსებს – თუმცა, ცხადია, არამხოლოდ მათ – დიდი ბრალი მიუძღვით ამაში.

პროექტის – „უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლოები საქართველოში“ – განსახორციელებლად საჭიროა წინარეცოდნა. მოსწავლეებს რეალურად სჭირდებათ  წინარეცოდნა (სამწუხაროდ, მას არ იძლევა სახელმძღვანელოები, სადაც სულ ოთხი საათი აქვს დათმობილი საბჭოთა ისტორიას, სტალინურ ეპოქას კი – მხოლოდ ერთი  (კონტექსტი ცალკე თემაა). მოსწავლეებს უკვე უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა სტალინური რეპრესიების, ჰოლოდომორის, ეკონომიკური პოლიტიკის, პროპაგანდის, სტალინის კულტის (კულტურაში და არამხოლოდ) შესახებ, განხილული უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ სტალინური ეპოქა, არამედ საბჭოთა კავშირი თავისი „ეროვნული“თუ სახელმწიფო პოლიტიკით.

 

პროექტი მე–11 კლასისთვის

პროექტი გრძელვადიანია და სკოლის აქტიურ დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვს.

პროექტი ხარჯიანია და სკოლისგან დაფინანსებას მოითხოვს.

 

პირველი კვირა

  1. მოსწავლეები სხდებიან სკოლის მიერ დაქირავებულ მიკროავტობუსებში ისე, რომ არ იციან საკვლევი თემა. ეს მნიშვნელოვანია.

აუცილებელია, თან იქონიონ ბლოკნოტი, კალამი, ფოტოაპარატი.

  1. მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე 10 წუთით ადრე აუხსნის მასწავლებელი პროექტის მიზანს:

ა. მათ კონკრეტულ ადგილას უნდა მოძებნონ საბჭოთა სიმბოლიკა. დრო – 5-10 წუთი. უნდა გააჩერონ გამვლელები (არანაკლებ ორი რესპონდენტისა) და ჩაიწერონ მათი დამოკიდებულება – უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საქართველოში.

ლოკაციის ადგილები: გალაკტიონის ხიდი; პარლამენტის შენობა; იმელის შენობა; ორთაჭალის ჰესი-ხიდი (რეგიონებში მასწავლებლებმა თავად მოძებნონ და შეიტანონ გეგმაში ასეთი ადგილები).

სკოლისთვის მნიშვნელოვანი და ფასეული იქნება კვლევისა და ინტერვიუს პროცესის ფირზე აღბეჭდვა.

პროექტი გრძელვადიანი და მასში მოსწავლეები არიან აქტიურები, მასწავლებელი კი ძირითადად მოდერატორია.

 

მეორე კვირა

ექსკურსია გორში – სტალინის სახლ-მუზეუმში

მოსწავლეები მიჰყვებიან ექსკურსიამძღოლს და ეცნობიან ექსპოზიციას. იწერენ ინფორმაციას ბლოკნოტებში. ყურადღებას აქცევენ გიდის დამოკიდებულებას და ინიშნავენ.

რეფლექსია ამ აქტივობის შემდეგ აუცილებელია. მასწავლებელი მოდერატორია, რაც ნიშნავს, რომ მან უნდა მოახდინოს მონაცემთა კლასიფიკაცია და ანალიზი (მოსწავლეთა პასუხების განხილვა უნდა მოხდეს მომდევნო გაკვეთილზე ან სხვა გამოყოფილ დროს, როცა მასწავლებელს მზად ექნება მონაცემთა ანალიზი).

 

 

მესამე კვირა

ოკუპაციის მუზეუმი

ექსკურსიამძღოლი არ არის საჭირო. მოსწავლეები თავად იკვლევენ და იწერენ ინფორმაციას, აღწერენ საკუთარ ემოციებს, სპონტანურად. იღებენ ფოტოებს. მასწავლებელი აქაც დამკვირვებელია. ის აღნუსხავს მოსწავლეთა ემოციებს, ჩართულობას, კვლევას, კითხვების არსს და ყოველივე ამას იწერს, რათა შემდეგ გააანალიზოს.

უკუკავშირი-რეფლექსია აქაც აუცილებელია. მასწავლებელმა უნდა გამოყოს დრო მოსწავლეებთან სასაუბროდ – ინფორმაციის დასაზუსტებლად, კვლევის შესაფასებლად და ემოციების დასაფიქსირებლად.

ყველა აქტივობას მასწავლებელმა თან უნდა დაურთოს რეფლექსიის ფურცელი (რომელსაც თავად ქმნის). მაგალითად,  ასეთი:

პროექტი. რიცხვი/თვე/წელი/ მე–2 ეტაპი

 

მოსწავლე აქტივობა 2 –

ოკუპაციის მუზეუმის მონახულება

რეფლექსია

 

სახელი, გვარი მასწავლებელი აღწერს მოსწავლის ჩართულობას, კვლევის მეთოდს (კითხულობს თუ მხოლოდ ათვალიერებს? სერიოზულად უდგება თუ ფორმალურად? კითხვები აქვს თუ არა? როგორი? როგორ ემოციას განიცდის? რით გამოიხატება?

 

 

კვლევის შეფასება: რა ინფორმაცია მოიპოვა? რამდენად ვალიდურია? არის თუ არა რამე საკითხი, რომელსაც, მისი აზრით, სჭირდება დამატებითი კვლევა? რა კუთხით? რატომ?
ემოციის შეფასება:

როგორი ემოცია-დამოკიდებულება ჰქონდა აქამდე? კვლევის პროცესში? შემდეგ? რით გამოიხატება?

მეოთხე კვირა

მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება: კვლევის შედეგების გამოყენებით დაწერონ ვრცელი ესე „უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საქართველოში“. ვთხოვოთ მოსწავლეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია, მაგრამ ბოლოს.

ესეს კომპოზიცია ასეთია:

  1. შესავალი
  2. არგუმენტი (მტკიცებითი)
  3. არგუმენტი (მტკიცებითი)
  4. არგუმენტი – უარმყოფელი
  5. არგუმენტი – უარმყოფელი
  6. დასკვნა

სასურველია, ესეს ჰსქონდეს დეტალურად გაწერილი შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც დაურიგდებათ მოსწავლეებს (კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად შექმნას ასეთი კრიტერიუმი).

არგუმენტი აქ გულისხმობს არა ერთი-ორ წინადადებას, როგორც ჩვენს საგამოცდო სივრცეშია მიღებული, არამედ მსჯელობის მთელ სისტემას, რომელიც მოსწავლემ უნდა გაამყაროს ფაქტებით, მაგალითებითა და მსჯელობით.

 

მეხუთე კვირა

საუბარი „ექსპერტთან“. დისკუსია (რამდენადაც შესაძლებელია, შესაძლებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ვიწვევთ ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს). ექსპერტებად, ვფიქრობ, სასურველი იქნება ისეთი ადამიანების მოწვევა, რომელთაც:

ა. აქვთ მოსწავლეებთან კომუნიკაციის არაჩვეულებრივი უნარი.

ბ. არიან თავისუფალნი და გახსნილნი.

გ. არ არიან საბჭოთა ისტორიკოსები თუ ლიტერატორები, ანუ არიან თანამედროვები (საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ბლოგი, სადაც საინტერესო და არაშაბლონური სტატიები ქვეყნდება. შეიძლება, სწორედ მათ მიხედვით იქნეს შერჩეული ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი).

მეექვსე კვირა

 

მოცემულ რეზოლუციაზე დებატებისთვის მზადება

მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს მასალის მოძიებაში, ფოტო– და ვიდეოკოლაჟების მომზადებაში. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ ნაწილი რესურებისა (განხილულია სხვადასხვა მოსაზრება და საკანონმდებლო ბაზა), რომელიც ეფექტურია მოცემული თეზისის განხილვისთვის.

 

მეშვიდე კვირა

დებატების ტექნიკა: სწავლება

 

მერვე კვირა

დემოდებატი. მონაწილეთა რაოდენობა:

  1. გუნდი – მტკიცებითი
  2. გუნდი – უარმყოფელი
  3. გუნდი – მსაჯები. რაოდენობა – კენტი (მსაჯობას გაუწევენ მხოლოდ უფროსკლასელები (მე–11-12 კლასები)
  4. მსმენელები

სკოლის გასაწევი ხარჯები:

  • ტელევიზია და უზრუნველყოფა, რომ გადაღებულ იქნეს ყოველი ეტაპი
  • მიკროავტობუსის (ან ავტობუსის) დაქირავება სამჯერ
  • ფოტოების დაბეჭდვა
  • გამარჯვებულებებისთვის პრიზების გადაცემა – პროექტის ყველა აქტიურ მონაწილეს (მასწავლებლის მითითებისამებრ) შეიძლება დაურიგდეს სიმბოლური საჩუქრები. გამარჯვებულ გუნდს სასურველია გადაეცეს დამატებითი პრიზი და სკოლის სერტიფიკატი.
  • დარბაზის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ დარბაზში იყოს ორი მიკროფონი. მოდებატეები დებატებს სცენაზე გამართავენ, ტრიბუნაზე გამოვლენ და მიკროფონით ისაუბრებენ.
  • აუდიტორიის უზრუნველყოფა

არ არის სასურველი, პროექტში მონაწილეობდეს ან მსაჯობდეს უმცროსკლასელი – მე–10 კლასი და ქვემოთ.

სასურველია, დარბაზში მიწვეულნი იყვნენ მხოლოდ უფროსი კლასების მოსწავლეები –  მე–10 კლასი და ზემოთ.

სასურველია, დებატებს დაესწრონ მასწავლებლებიც, მაგრამ გაითვალისწინონ, რომ პასიური მაყურებლები და მსმენელები იქნებიან და არ ჩაერიონ პროცესში (ეს მნიშვნელოვანია). უზრუნველყოფა უნდა მოხდეს წინასწარ, სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით.

მსაჯების კომენტარების შემდეგ დებატებს აფასებს პროქტის მასწავლებელი.

პროექტის ბოლოს სლაიდშოუს გამოყენებით მოსწავლეები აუდიტორიას გააცნობენ პროექტის ეტაპებს და სთხოვენ, ბარათებზე წერილობით გადმოსცენ საკითხისადმი თავიანთი დამოკიდებულება (ამისთვის დასჭირდებათ ბარათები.)

ბოლო ეტაპი

მოსწავლეებს დარბაზშივე აქვთ სამი კედლის საჭიკარტე დაფა.

მათ ურიგდებათ სამი ფერის ფურცლები: ვარდისფერი, მწვანე, ცისფერი.

რომელიმე ერთი ფერის ფურცლებზე წერენ: ამ პროექტმა მომცა…

სხვა ფერის ფურცლებზე წერენ: ვისურვებდი/არ ვისურვებდი, რომ…

მესამე ფერის ფურცლებზე დაიწერება: რას დავტოვებ სამუდამოდ აქ, დარბაზში (ანუ რას დავივიწყებ). თუნდაც მოსწავლეებს არ ესმოდეთ ამ კითხვის შინაარსი, მაინც არავინ აკონკრეტებს მას (სწორედ ამაშია ინტრიგა – როგორც ესმით, ისე დაწერონ).

მეტი თვალსაჩინოებისთვის პროექტის მიზანი წერილს ბოლოს დავურთე. მას შემდეგ, რაც მსურველი თითოეულ საფეხურს გაიაზრებს, უფრო ადვილად მიხვდება პროექტის მიზანს.

 

რა არის პროქტის მიზანი?

პროექტი სააზროვნო უნარ-ჩვევების მაღალ საფეხურზე გადის.

 

პროექტის მიზანია:

მოსწავლეებმა:

გამოიკვლიონ – მოახდინონ ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია და ანალიზი

  • მოსწავლეები გამოიკვლევენ თბილისში (ან რეგიონში) არსებულ საბჭოთა სიმბოლოებს, მათ ადგილმდებარეობას – ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა-დატვირთვა ამ კონკრეტულ ლოკაციას.
  • მოსწავლეები ჩაატარებენ რესპონდენტთა გამოკითხვას და მონაცემთა ანალიზის კვლევას.
  • მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას მუზეუმებში ინფორმაციის მოპოვების, კლასიფიკაციისა და ანალიზის მიზნით
  • ესეს წერისას მოსწავლეები გამოიყენებენ კვლევას და ჩამოაყალიბებენ და გააანალიზებენ თავიანთ პოზიციებს.

 

შეაფასონ

  • დებატები შეფასება-სინთეზია. მოსწავლეები არგუმენტების აგებით (წინასწარ) და პოზიციის შექმნით (წინასწარ) შეაფასებენ და უპასუხებენ რეზოლუციას.

 

შექმნან (სინთეზი)

  • დებატები, გარდა წინასწარ მომზადებული პოზიციებისა თუ არგუმენტებისა, თამაშის პროცესში – კონტრარგუმენტაციაა, ჯვარედინი დაკითხვაა, სხარტი ლოგიკური აზროვნებაა და ითვალისწინებს გამოსავლის შეთავაზებას.

განათლება თუ მარათონი?

0

მე მჯერა, რომ განათლება სოციალური პროგრესისა და გარდაქმნის ფუნდამენტური მეთოდია.

მე მჯერა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც მხოლოდ კანონთა ამოქმედებას, სასჯელის მუქარას ან მექანიკურ თუ გარეგან ღონისძიებებს ეფუძნება, წარმავალი და ამაოა.

მე მჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩართვის პროცესს ემსახურება. და ამ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დაყრდნობით ინდივიდუალური აქტივობის მოწესრიგება სოციალური რეკონსტრუქციის ერთადერთი სანდო გზაა.

ჯონ დიუი  “ჩემი პედაგოგიური მრწამსი”

(გიორგი მელიქაძის თარგმანი)

ახლოვდება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ვითარება საჯარო სკოლების დამამთავრებელ კლასებში არც თუ სახარბიელოა. სხვადასხვა დისციპლინის სასკოლო კურსი საშუალო საფეხურზე ისედაც გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ჩაბარების მარათონს ჰგავს, მეთორმეტე კლასში კი მოსწავლეები ცალსახად სწავლობენ მხოლოდ იმას და მხოლოდ ისე, რომ დააკმაყოფილონ, „დაფარონ“ არსებული საგამოცდო მოთხოვნები. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის შემთხვევაში ესაა დიდძალი შინაარსობრივი და ფაქტობრივი მასალა, გარკვეული სტრუქტურის და მკაცრად განსაზღვრული სქემის მიხედვით გარკვეული წერითი სამუშაოების შესრულება, გრამატიკული ასპექტი.

სკოლაში სხვადასხვა ფაქტორების გამო ( წერილის მიზანი ამ ფაქტორების ანალიზი არ გახლავთ, ამ შემთხვევაში, თავად ფაქტს აღვნიშნავთ მხოლოდ) არ ან ვერ ხერხდება ამ ყველაფრის „მოსწრება“, თითოეულ შემადგენელზე ყურადღების სათანადოდ გამახვილება, აბიტურიენტები გამოცდაზე წარუმატებლობის შიშით არჩევენ კერძო რეპეტიტორებთან მომზადებას და შედეგად იკვრება მანკიერი ჯაჭვი: სასკოლო განათლება, მეტწილად, ვერ უზრუნველყოფს უმაღლესში ჩაბარებისთვის საჭირო კომპეტენციებს, სკოლის მოსწავლე ( იგულისხმეთ მშობელი) ქირაობს რეპეტიტორს, რეპეტიტორი „კონვეიერის“პრინციპით „ამზადებს“ აბიტურიენტს, შედეგად, ამ საგამოცდო მარათონში იმარჯვებს ის, ვინც მეტად გამოცდილ, ძვირადღირებულ, ეფექტიან რეპეტიტორთან „მოემზადება“, ანუ დაისწავლის კონკრეტულ, გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო უნარ-ჩვევებს და ერთმნიშვნელოვნად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც კერძო რეპეტიტორტან დამატებით მეცადინეობის საშუალება არ აქვს. ( ეს არ გამორიცხავს ერთეულ შემთხვევებს, როდესაც მოსწავლეები თავიანთი მაღალი შესაძლებლობების დამსახურებით თავადვე ახერხებენ კარგი შედეგების მიღებას. საერთო სურათს ამგვარი გამონკლისები არ ცვლის).

აქ ჩამოთვლილი მოსაზრებები მკითხველს ოდენ სუბიექტურ თვალსაზრისად რომ არ მოეჩვენოს, მოვიყვან 2011 წელს ივლისი-დეკემბრის პერიოდში განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს. (კერძო რეპეტიტორობის თემაზე ეს კვლევის მესამე ეტაპი გახლდათ, პირველი ეტაპი 2003 -2006  წლებში, მეორე ეტაპი კი 2009-2010 განხორციელდა).

რა აჩვენა კვლევამ?

კვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, დღეისათვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. რეპეტიტორებთან მომზადების მაჩვენებლები იზრდება საფეხურების ზრდასთან ერთად და კრიტიკულ მაჩვენებელს დამამთავრებელ კლასში აღწევს.

მომზადების მასშტაბები პირდაპირაა დაკავშირებული ოჯახის შემოსავალთან. მაღალშემოსავლიან ოჯახებს შორის კერძოდ მომზადების წილი (64%)  მნიშვნელოვნად აღემატება დაბალშემოსავლიან ოჯახებში მომზადების წილს (24%).

კვლევამ აჩვენა ასევე, რომ დედაქალაქში მცხოვრები  მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება რეპეტიტორთან.

გამოკითხულთა 60%, რომელიც არ ემზადება, მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახლებს.  სოფლებში ეს მიზეზი 60%-მა დაასახელა.

რესპონდენტების უმეტესობა კერძო რეპეტიტორობის გავრცელებულობის მთავარ მიზეზად სასკოლო განათლების დაბალ ხარისხს ასახელებს (53%).

გამოდის, იმ მოსწავლეთა უმეტესობა, ვინც უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება, ემზადება რეპეტიტორტან ან ამის სურვილს გამოთქვამს და ვერ ახორციელებს მატერიალური მდგომარეობის გამო.

აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ ეროვნული გამოცდების შემოღების შედეგად კორუფცია მისაღებ გამოცდებზე ნამდვილად აღმოიფხვრა რეფორმის პირველ წლებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორობის მასშტაბები არ შემცირებულა 2004  წელთან შედარებით. დროის ამ მონაკვეთში გაიზარდა იმ საგნების რაოდენობა,  რომლებშიც მოსწავლეები კერძო რეპეტიტორთან მომზადების საჭიროებას ხედავენ და თუ ადრე დამამთავრებელი კლასში სამ საგანზე მეტში მხოლოდ მეოთხედი ემზადებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა, რაც სერვისის მომხმარებლებისათვის რეპეტიტორობის საერთო ღირებულების გაძვირებას იწვევს და სერვისის მომწოდებლებზე მოთხოვნას ზრდის.

აქვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საუკეთესო  და ყველაზე ძვირადღირებულ რეპეტიტორებად ე.წ.“გამსწორებლები“ ითვლებიან.

ვფიქრობ, ეს დამატებით ზრდის არათანაბარი პირობების შექმნის რისკს და კვლავ კორუფციის ძველ, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდელ ეპოქასთან გვაახლოებს, როდესაც „კომისიის წევრთან მომზადება“ უკვე იყო ჩაბარების უპირობო გარანტი.

ზევით „კონვეირის პრინციპი“ ვახსენე. ვფიქრობ, ეპითეტი განმარტებას საჭიროებს. აქ ვგულისხმობ გამოცდებისთვის მომზადების მექანიზებულ, რუტინულ პროცესს, რომელსაც განათლების მიღებასთან კავშირი ნაკლებად აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც სკოლები უნდა უზრუნვეყოფდნენ, გახლავთ:

ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ

პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით

უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ

ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ

კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა…

რა ხდება რეპეტიტორთან მომზადების შემთხვევაში?

მოსწავლეები წინასწარ შექმნილი სქემების, სტრუქტურების, კრიტერიუმების ( „ყალიბი“ სხვადასხვაგვარია და ისევ და ისევ დამოკიდებული რეპეტიტორის გამოცდილებასა და კომპეტენციაზე) მეშვეობით ემზადებიან გამოცდისთვის და ისეთი საბაზისო უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა, თუნდაც, სტანდარტში გაწერილი მიმართულებები (კითხვა, ზეპირმეტყველება, წერა -იგულისხმება არა კონკრეტულად არგუმენტირებული ესე ან მოცემული მითითებების მიხედვით წერილობითი ანალიზი, რაც ამ მექანიკური „დასწავლის“ ხარჯზე მარტივად გამოსამუშავებელი უნარია, არამედ სხვა და სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა), სოციალიზაცია, სამოქალაქო ცნობიერება, თვალსაწიერის გაფართოება და ა.შ. არ და ვერ იცლიან.

უცნაური ვითარება იქმნება – გამოდის, სკოლა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს იმას, რაც მისი უპირველესი და მნიშვნელოვანი დანიშნულებაა ( გაწერილი განათლების ეროვნულ მიზნებში), ის ასევე ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების სათანადოდ მომზადებას უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ( რაც მისი არაპირდაპირი დანიშნულებაც უნდა იყოს…), მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში სასკოლო განათლებას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ანაცვლებენ კერძოდ მომზადებით, ამაში იხარჯება არც თუ მცირე თანხები, მოსწავლე – წაგებული რჩება ნებისმიერ შემთხვევაში.

წერილს კი ერთი, სასურველია, არარიტორიკული, არამედ მსჯელობის და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლის მაპროვოცირებელი კითხვით დავამთავრებ:

სად არის გამოსავალი?

საინტერესო შეთავაზება მოსწავლეებს!

0

მიმდინარე წლის 20-27 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსი,  უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ, რათა მათ მომავალი განათლება დაუკავშირონ საჯარო მმართველობის სფეროს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდებიან  მათემატიკის ტურნირით, რომლის  მეშვეობით შედგება რეიტინგული სია და საქართველოს მასშტაბით შეირჩევა ათ-ათი მოსწავლე (7 მოსწავლე – კერძო და საჯარო სკოლებიდან, ხოლო  3-3 მოსწავლე ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან,)   მე-9, მე-10, მე-11 კლასებიდან (ჯამში 30 მოსწავლე), რომლებიც გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-პროგრამას საქართველოს  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში.

დეტალურ ინფორმაციას  იხილავთ ბმულზე:

ვრცლად

 

 

არ დააყენოთ მოსწავლე კუთხეში

0

ნუ იტყვით, რომ ძველი დრო კარგი დრო იყო: მასწავლებელს შეეძლო 6 წლის ბავშვის ხელის გულზე ხის სახაზავი გამეტებით გადაერტყა. „მასწავლებელმა თმა ამიწია“, ,,დღეს რაღაც დავაშავე და მასწავლებელმა კუთხეში დამაყენა“, ,,მასწავლებელმა საჩვენებელი ჯოხი მესროლა“, ,,მასწავლებელმა მუხლებზე დამაყენა…“ ადრე დროში ეს დისციპლინის დამყარებისთვის მიღებული ღონისძიებები იყო, დღეს კი ძალადობაა, ღირსების შელახვაა. ალბათ, ყველაზე მძიმე დანაშაულია, რაც შეიძლება მასწავლებელმა სკოლაში ჩაიდინოს.

 

ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობა, როგორც უზენაესი ღირებულება, გარანტირებულია კონსტიტუციით. მასწავლებელს ეკრძალება მოსწავლეზე ნებისმიერი სახის ძალადობა. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე სასკოლო დისციპლინა უნდა დაიცვათ ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. აკრძალულია ნებისმიერი ღონისძიება, რაც გამოიწვევს მოსწავლის ღირსების შელახვას.

 

მოსწავლე, რომელიც თვლის, რომ მასწავლებელი მასზე ძალადობს, უფლებამოსილია მიმართოს სკოლას საჩივრით და მოსთხოვოს მას მისი უფლებების დაცვა. უკიდურეს შემთხვევებში, შეიძლება მასწავლებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

 

აქ მოვიტან სხვადასხვა ქვეყანებში ბოლო პერიოდში აღრიცხული ძალადობის შემთხვევებს:

 

  • 23 წლის მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლე სიკვდილამდე სცემა. როგორც მასწავლებლის ადვოკატმა განაცხადა, მასწავლებელს არ ჰქონდა მოსწავლის მოკვლის განზრახვა, მისი მიზანი იყო გაკვეთილზე დისციპლინის დამყარება. ცემის შედეგად მოსწავლემ გონება დაკარგა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასწავლებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს;

 

  • მასწავლებელმა 12 წლის მოსწავლეს მდუღარე წყალი შეასხა სახეში. მოსწავლემ მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მასწავლებლის განმარტებით, მოსწავლემ ის შესვენების დროს შეაწუხა. თურმე მოსწავლემ რამდენჯერმე შეიხედა მასწავლებელთა ოთახში შესვენების დროს და მასწავლებლებს კითხვებით მიმართავდა. მასწავლებელი პოლიციამ დააკავა;

 

  • 48 წლის მასწავლებელმა 12 და 13 წლის მოსწავლეები სახლში მიიწვია და შესთავაზა საცურაო აუზის გამოყენება. როდესაც მოსწავლეები ტანსაცმელს იცვლიდნენ, მასწავლებელმა წინასწარ დამონტაჟებული კამერით გადაუღო. ერთ-ერთმა მოსწავლემ შენიშნა ვიდეოკამერა და მასწავლებელს უჩივლა. მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს. პოლიციამ მასწავლებლის კომპიუტერი და ვიდეოკამერა ამოიღო და საქმის გამოძიება დაიწყო;

 

 

  • 22 წლის მასწავლებელმა 32 მოსწავლე გააუპატიურა. მასწავლებელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს;

 

  • მასწავლებელმა 11 წლის მოსწავლეს სცემა და მცხუნვარე მზის ქვეშ დააყენა. მოსწავლე კომაში ჩავარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. მასწავლებლის განმარტებით, მოსწავლემ საშინაო დავალება არ შეასრულა. მასწავლებელი დააკავეს;

 

  • მასწავლებელმა მოსწავლე სკამზე მიაბა. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სკოლამ მასწავლებელს სანქციები დააკისრა;

 

  • მასწავლებელმა პირველკლასელ მოსწავლეს პირი აუკრა. მიზანი: დისციპლინის დაცვა. მასწავლებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო;

 

  • 30 წლის მასწავლებელმა საკლასო ოთახის კარი ჩაკეტა. ერთ-ერთი მოსწავლე პანიკაში ჩავარდა და მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. მოსწავლემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. პროკურატურამ მასწავლებლის წინააღმდეგ საქმე აღძრა მოსწავლის ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ბრალდებით.

 

ასეთი მაგალითების მოტანა მრავლად შეიძლება, თუმცა საილუსტრაციოდ ესეც საკმარისია. მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევები ხშირია განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ნაკლებად ვლინდება. განვითარებულ ქვეყნებში კი საქმე პირიქითაა – შემთხვევებია ნაკლები, თუმცა ამ შემთხვევების უმრავლესობაზე სახელმწიფოს მწვავედ რეაგირებს.

 

არ დააყენოთ მოსწავლე კუთხეში. დისციპლინური სანქციის გამოყენების დროს კი დაფიქრდით, რამდენად გონივრული და თანაზომიერია მისი გამოყენება გადაცდომასთან მიმართებაში, ხომ არ ლახავს სანქცია მოსწავლის ღირსებას. ბავშვი არაფერს ისე მტკივნეულად და მწარედ არ აღიქვამს, როგორც უსამართლო მოპყრობას.

 

 

 

 

სიყვარულის მეტაფორები: მცენარე

0

„მსურს, ძვირფასო, საიდუმლო გაგიმხილო ჩემი,

გითხრა მოკლედ, ორი სიტყვით და გასაგებ ენით:

მე მიწაში ჩავალ მხოლოდ შენი სიყვარულით,

მე მიწიდან ამომიყვანს სიყვარული შენი.“

 

ომარ ხაიამი

 

„იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!“

გურამ დოჩანაშვილი

 

 mc

 

„ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად…“ – წერს ნესტანი ტარიელს. და აი, სიყვარულის კიდევ ერთი მეტაფორა „ვეფხისტყაოსნიდან“: სიყვარული – მცენარეა, შეყვარებულის მთავარი დანიშნულება – ამ მცენარის მოვლა-პატრონობა და გაზრდაა. სიყვარულს განსაკუთრებული კლიმატური პირობები ესაჭიროება ჰარმონიული ზრდისთვის და ამ პირობებს შორის „მზე“ – აუცილებელია. სითბო და სინათლე კვებავს სიყვარულის მცენარეს, ამიტომ არის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურები მზეს ედრებიან.

„მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი,

განაღამცა მას ეახელ, მისი ეტლი არს თუ წბილი.“ (ნესტანი – ტარიელს)

სიყვარულის მცენარეს ნესტანი ზრდის სულში, ეს მცენარე – ვარდია, მაგრამ მზე-ტარიელის შუქის გარეშე ვარდი ჭკნება. „მზემან შუქნი შემომაგდნა, ვარდი მით ვარ არ-დამზრალი“ – ამბობს ნესტანი. თუ მზის შუქს ელოდება ვარდი, მაშინ: „მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების“, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა უმზეობა: „მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს“.

სიყვარულის ვარდი მიჯნურებს შორის ხარობს, რადგან თუ ერთი მიჯნური ნიადაგია მცენარისთვის, მეორე- მზეა… და ორივეს ზრუნვა მცენარეზე – აუცილებელი პირობაა სიყვარულისთვის.

ავთანდილიც ასე განიცდის სიყვარულს: „გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად, რა მოშორდის, ვერმჭვრეტელმან ვარდი შეიქმს ფერნაკლულად.“

ხოლო თინათინი უცხო მოყმის საძებნელად მიმავალ მიჯნურს ასე აცილებს:

„კვლაცა ჰკადრა: „აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,

მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა,

მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა,

ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად  ა“.

„ველად გაჭრილ“, უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდნილ  ტარიელს ავთანდილი ეუბნება: „თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭკნეს, და-ცა-მჭკნარა!“ – ამით იმას მიანიშნებს, რომ თუ არ იბრძოლებს, სიყვარულის ვარდი დაჭკნება… სიყვარულის ვარდების დაკრეფა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მზად არის, რომ მისი ეკლებიც მიიღოს: „არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?“

ფატმან-ხათუნიც კი ასე აფასებს ავთანდილს:

„შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,

ვარდი ხარ, მიკვირს ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!

შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემიცა ჭნებიან,

სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.“

სიყვარულის მცენარე ნებისმიერი შეიძლება იყოს, ეს, უბრალოდ, შემოქმედის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.  ვარდი – უნივერსალური კონცეპტია სიყვარულის გამოსახატავად, ზოგისთვის ის უკვე შაბლონურია, თუმცა, რაც არ უნდა ჩაენაცვლოს, აქ მთავარი ერთია: სიყვარული-მცენარეა და თუ ის მცენარეა, შევეცადოთ ამ რაკურსით დავინახოთ: მას სჭირდება შესაბამისი ნიადაგი, მას სჭირდება სინათლე და სხვა პირობები, რათა სრულად გამოავლინოს თავისი მშვენიერება… უმეტესად, მას სჭირდება ეკლებიც, იმის აღასანიშნავად, რომ არც ისე იოლია მისი დაპყრობა, რომ დიდი მცდლობა სჭირდება ადამიანს, ეკლებს არ შეუშინდეს. ერთი ასეთი მშვენიერი ეკლიანი მცენარის – კაკტუსის – მეტაფორა შექმნა გურამ დოჩანაშვილმა „სამოსელ პირველში“, ყველას გახსოვთ ალბათ ეს ფრაგმენტი:

” მეც თქვენსავით ვიყავი ერთხანს,
მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა.
და მერე, ჩემთვის მოულოდნელად,
სულში გამეფურჩქნა უცნაური,
სიყვარულის მცენარე

– აბა თუ მიხვდებით, რომელი?
-ყაყაჩო!
-არა, ჩქარა ჭკნება…
-ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი!
– შაბლონურია…
– აბა რა?!
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე,
– სიყვარულის კაკტუსი,
– ეკლიანი და ეკლებიანი,
ოღონდაც საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა,
და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლაც, მჩხვლეტს…”

 

ვარდი და კაკტუსი – განსხვევებული, მაგრამ კონცეპტუალურად მსგავსი მცენარეებია… ორივე ეკლიანია და სიტკბო-სიმწარის ეს ნაზავი ქმნის კიდევაც სიყვარულის განსაკუთრებულ არომატს.

 

როდესაც სიყვარულის მცენარედ მწერალი ველურ ყვავილს ირჩევს, ამით თავისუფლებას ანიჭებს უპირატესობას:

”სიყვარული ოთახის ყვავილი კი არ არის, არამედ ველური მცენარე, რომელიც ნესტიანი ღამისგან, ერთსაათიანი მზის სხივებისგან და ველური თესლისგან იშვა და ველური ქარისგან ირხევა. ველური მცენარე, რომელიც როდესაც ბედის მანქანებით ჩვენს ბაღში ყვავის, ჩვენ მას ყვავილს ვუწოდებთ. ჩვენი ბაღის გარეთ აყვავებულს კი სარეველას ვეძახით. მაგრამ რაც არ უნდა ვუწოდოთ, მისი სურნელი და ფერი ყოველთვის ველურია” (”ფორსაიტების საგა”, ჯონ გოლზუორთი).

 

არსებობს ასეთი თამაში: „ყვავილნარი“ ჰქვია, ამ თამაშში ყვავილებს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობები აქვთ და მათი გაცვლით შეყვარებულები ერთმანეთს საიდუმლოს უმხელდნენ…

ამ თამაშში განსაკუთრებული ის არის, რომ სიყვარულის მეტაფორებად ყვავილები გამოიყენება და მათი ფერის, არომატის გათვალისწინებით კი – სასიყვარულო ურთიერთობების ნიუანსები. ეს თამაში იმ სამყაროს კუთვნილებაა, რომელშიც ადამიანებს პირდაპირი გამოხატვა ეკრძალებოდათ…. თანამედროვე ადამიანს აღარაფერი ეკრძალება, მაგრამ არც არაფერი დარჩა ყვავილების ენაზე გამოსახატავი…

მართალია მისტიკოსი, როცა ამბობს: „სიყვარული – იშვიათი ყვავილია, ის იშვიათად ყვავილობს. მილიონობთ ადამიანი თავს იტყუებს, რომ უყვართ ერთმანეთი. მათ სწამთ, რომ უყვართ, მაგრამ ეს რწმენაა და არა სიყვარული…. სიყვარული – იშვიათი ყვავილია… იშვიათად, მაგრამ ის ყვავილობს… და ეს მაშინ ხდება, როცა შიში ქრება. ეს ნიშნავს, რომ შეყვარება მხოლოდ ღრმად სულიერ ადამიანს შეუძლია… გაცნობა და სექსი შეუძლია ყველას… მაგრამ არა სიყვარული…“ (ოშო)

 

 

 

აქტიური მოსმენა – სიჩუმის ხმა

0

აქტიურ მოსმენასთან და „ხმაურიან“ სიჩუმესთან დაკავშირებით ჩემი ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი მამაკაცი და სამი ამბავი მახსენდება:

  • გარდატეხის ასაკის გამო თავდაკარგული ჩემს ოთახში ვიჯექი და თავს დავტიროდი. მამაჩემი შემოვიდა. რა იყო, მამიო. აღარ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო-მეთქი. გვერდზე დამიჯდა და უსიტყვოდ ჩამეხუტა;
  • მომავალი ქმრის საპასუხო წერილ-SMS-ს ნერვიულობისგან ლამის გონდაკარგული ველოდებოდი. „შენი ლევანიო“ გამომიგზავნა. სხვა არაფერი…
  • დედიკო, ელემენტები მიჯდება (ანუ ძალა ეცლება), მოდი რა, ჩამეხუტე! ამას ჩემი დაღლილი, მშიერი, განერვიულებული რვა წლის ბიჭი მეუბნება ხოლმე. ჰოდა, ვეხუტებით უსიტყვოდ!

ცხადია, ისედაც იცით, მხოლოდ გაგახსენებთ განმარტებას: მოსმენა  არის ვერბალური და არავერბალური შეტყობინებების გულისყურით მიღების, მნიშვნელობის გაგებისა და პასუხის პროცესი. აქედან გამომდინარე, მოსმენა ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა და დამოკიდებულია საუბარსა და მოსმენაზე, ანუ მოსაუბრესა და მსმენელზე.

თვით სიტყვა „გულისყური“ კარგად გამოხატავს მოსმენის აქტის მნიშვნელობას – ეს არის აქტიური (და არა პასიური) დასწავლილი ფიზიკური და გონებრივი პროცესი, რთული უნარი. ადამიანი ირჩევს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა მოსმენის პროცესში.

გთავაზობთ ფაქტებს:

საშუალოდ

  • ადამიანს წუთში 125-250 სიტყვის მოსმენა და 1000-3000 სიტყვის გაფიქრება შეუძლია;
  • მოსმენის დროის 75%-ის განმავლობაში ყურადღება გვეფანტება და გვავიწყდება;
  • დროის მონაკვეთის 20%-ის განმავლობაში გვახსოვს მოსმენილი;
  • საქმიანი ადამიანების 35% მიიჩნევს, რომ მოსმენა წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია;
  • ადამიანთა 2%-ზე ნაკლებს ფორმალური განათლება აქვს მიღებული მოსმენის უნარებში.

ეს კიდევ კომუნიკაციის ფორმის, ფორმალური სწავლების დროისა და კომუნიკაციის კონკრეტული ფორმისთვის გამოყენებული დროის ცხრილია.

კომუნიკაციის ფორმა ფორმალური სწავლების წლები გამოყენებული დროის წილი
წერა 12 9%
კითხვა 6-8 16%
საუბარი 1-2 30%
მოსმენა 0-რამდენიმე საათი 45%

ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ კომუნიკაციის იმ უნარის განვითარება, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მეტი დრო ეთმობა, ფორმალური გზით თითქმის არ ხდება. სავარაუდოდ, ეს თვითდინებაზე მიშვებული პროცესია და კონკრეტული ადამიანის თავისებურებები განაპირობებს მოსმენის უნარის განვითარებას ან განუვითარებლობას.

მივუბრუნდეთ „გულისყურს“! ის თანაზიარობის (ე.წ. ემპათიის) უნარსაც გულისხმობს. ადამიანმა უნდა შეძლოს ცოტა ხნით სხვის ტყავში ცხოვრება, სხვისი თვალებით ყურება და სხვისი გაგება. გული უნდა მოიხმოს მოსასმენად. სხვაგვარად გულის ყურით ვერ მოისმენს და ვერც მოსაუბრეს შეუმსუბუქებს სატარებელ ტვირთს თუ სიხარულს.

კომუნიკაციის ექსპერტების თანახმად, სიტყვები ინფორმაციის მხოლოდ 10%-ს გადმოსცემენ; 30% გადაიცემა ინტონაციის მეშვეობით და 60% – მიმიკებისა და ჟესტების ენით. ამიტომ უნდა უსმინო ყურებით, თვალებით და გულით. სწორედ ეს არის ემპათიური მოსმენა. ხოლო როდესაც ნამდვილად უსმენ, ხდები ზეგავლენის უნარის მატარებელი, რაც, თავის მხრივ, გაძლევს საშუალებას, ადამიანებზე მოახდინო ზემოქმედება.  (https://sites.google.com/site/izagigauri/articles/habits)

რატომ უნდა ვიყოთ გულისყურიანი მსმენელი?

  • რომ გვცნობდნენ და ვახსოვდეთ;
  • თავს დაფასებულად ვგრძნობდეთ;
  • პატივისცემას ვგრძნობდეთ;
  • ვგრძნობდეთ, რომ ჩვენი ესმით;
  • თავს ვგრძნობდეთ კომფორტულად.

მოსმენა აღიარების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატვაა, მოსაუბრეს თითქოს ვუდასტურებთ, რომ ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოსმენას შეუძლია ურთიერთობების გამყარება, ქმნის თანამშრომლობის სურვილს, რადგან ადამიანები გრძნობენ აღიარებას და დაფასებას. მოსმენა იმის პირობაა, რომ თქვენც მოგისმენენ. ”თავიდან ეცადეთ, რომ გაიგოთ, ხოლო შემდეგ ეცადეთ გაგიგონ”, წერს სტივენ კოვი თავის წიგნში „ძალიან ეფექტური ადამიანების 7 თვისება“.

მოსმენა ხელს უწყობს აღიარებისა და დადებითი გარემოს შექმნას – მოსაუბრეს თითქოს ვეუბნებით – “არ ვაპირებ შენს განსჯას”. დადებითი გარემო კი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და სწავლას, თავიდან გვაცილებს დაბნეულობას და გაუგებრობას, რითაც სპობს სტრესისა და დაძაბულობის მიზეზებს.

ძირითადად, კონფლიქტი მაშინ ჩნდება, როცა ერთმანეთს არ ვუსმენთ. კონფლიქტის წარმატებული გადაჭრა ხშირად დამოკიდებულია მშვიდ გულისყურიან მოსმენაზე.

საინტერესოა, რომ აქტიური (გულისყურიანი) მოსმენა, როგორც მეთოდი, გამოიყენება ფსიქოთერაპიაში და უკავშირდება ამერიკელი ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კარლ როჯერსის (1902-1987) სახელს. კონსტრუქციული დიალოგისთვის აქტიურად მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზუსტი და გასაგები საუბარი. ასეთი მოსმენა საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ გვესმის სიტყვები და გვესმის სიტყვების მიღმა ტექსტიც – ემოციები, დამოკიდებულება.

აქტიური მოსმენისთვის საჭიროა მოსმენის განწყობა, მოსაუბრეზე კონცენტრაცია, ვერბალური და არავერბალური სტიმულები და უკუკავშირი სიზუსტის შესამოწმებლად.

ესეც გულისყურიანი და უგულისყურო მოსმენის შედარებისთვის:

არაეფექტური   ეფექტური
  არავერბალური ქცევა  
მსმენელი მოწყენილია, არ გამოხატავს დაინტერესებას ან კრიტიკულია; თავს არიდებს თვალებით კონტაქტს; ავლენს ყურადღების გამფანტავ მანერებს (თამაშობს ფანქრით, ქაღალდის სამაგრით და სხვა).   მსმენელი ინარჩუნებს დადებით პოზას; თავს არიდებს ყურადღების გამფანტავ მანერებს; უსმენს მოსაუბრეს; ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს; შესატყვის დროს თანხმობის ნიშნად ხრის თავს და იღიმის.
  ყურადღების ცენტრი  
მსმენელს ყურადღება გადააქვს საკუთარ თავზე: „როცა რაღაც ამის მსგავსი ჩემს თავს ხდება, მე…“   მსმენელს ყურადღება გადააქვს მოსაუბრისადმი მიმართულ საკუთარ კომენტარებზე: „როცა ეს მოხდა, როგორ მოიქეცით?“
  მიღება/აღიარება  
მსმენელს უჭირს მოსაუბრის იდეებისა და გრძნობების მიღება/აღიარება: „ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, თუ…“   მსმენელისთვის მისაღებია მოსაუბრის იდეები და გრძნობები: „საინტერესო მოსაზრებაა; შეგიძლიათ უფრო ვრცლად ისაუბროთ ამაზე?“
  თანაზიარობა  
მსმენელი ვერ გამოხატავს ემპათიას: „ვერ ვხვდები, რატომ იგრძენით თავი ასე…“   მსმენელი თანაზიარია: „ცხადია, როცა ეს მოხდა, გაბრაზდით“.
  ზონდირება  
მსმენელს უჭირს იდეის ან გრძნობის ზონდირება.   მსმენელს შეუძლია სასარგებლო ზონდირება (თუმცა, არ ცდილობს გადამოწმებას): „შეგიძლიათ უფრო ვრცლად ისაუბროთ ამაზე? რატომ გაგიჩნდათ ასეთი გრძნობა?“ და აზრის მიყოლა: „რამდენიმე წუთის წინ ბრძანეთ, რომ…“
  პერიფრაზი  
მსმენელს არ შეუძლია კომუნიკაციის სიზუსტის შემოწმება მოსაუბრის მიერ ნათქვამი მნიშვნელოვანი დებულებების საკუთარი სიტყვებით გამოხატვით.   მსმენელს შეუძლია პერიფრაზირება, რითაც მოსაუბრეს არწმუნებს, რომ სწორად გაიგო ნათქვამი.
  შეჯამება  
მსმენელს არ შეუძლია შეჯამება.   მსმენელი დროდადრო აჯამებს საუბრის განვითარებას.
  რჩევა  
მსმენელი მოქმედების/იდეის ერთი „სწორი“ მიმართულების შეთავაზებით ავიწროებს ალტერნატივების დიაპაზონს.   მსმენელი რამდენიმე ალტერნატივის შეთავაზებით (ან მოსაუბრისთვის კითხვების დასმით) აფართოებს მოქმედებათა/იდეათა დიაპაზონს.

რაც შეეხება სიჩუმის ხმას! ჰო, სიჩუმესაც აქვს ხმა და ზოგჯერ სიჩუმე უფრო გულისყურიანი მოსმენის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. შეიძლება სიჩუმით დასაჯო ადამიანი. სიჩუმით გიყვარდეს. სიჩუმისთვის გიყვარდეს…

ადამიანები მაშინ ყვირიან, როცა მათი გულები შორდებიან და ერთმანეთის აღარ ესმითო. იქნება ამიტომ გვიდგას ქვეყანაში კაკაფონიის ათწლეულები…

sic1

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ, ჩემი აზრით, სიჩუმე სასარგებლო ინსტრუმენტია აღზრდისთვის და მას შესაბამისად არ ვიყენებთ.

ბოლოს ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას გიზიარებთ სიჩუმის ხმის შესახებ:

მეტყველება და მისი როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

0

ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ინტელექტუალური განვითარებით გამოირჩეოდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება პირდაპირ უკავშირდება მეტყველების განვითარებას და ამ უკანასკნელის შეფერხება ინტელექტუალურ განვითარებასაც ასვამს დაღს, ადვილი მისახვედრი იქნება, რაოდენ მნიშვნელოვანია, აღმზრდელი კარგად იცნობდეს მეტყველების განვითარების თავისებურებებს, მის ხელშემწყობ და ხელის შემშლელ ფაქტორებს.

როდესაც მეტყველების განვითარების დარღვევა უკავშირდება სმენის დარღვევას ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, სამედიცინო ჩარევის გარეშე მას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ასეთი დარღვევა ხშირად გვხვდება სავსებით ჯანმრთელ ბავშვებთანაც, რომლებსაც არავითარი ორგანული დაზიანება არ უდასტურდებათ.

ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი ცნება: მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია აღზრდასა და ბავშვის ცხოვრების პირობებთან, მაშინ როდესაც მეტყველების დარღვევა წარმოადგენს სერიოზულ, თუმცაღა გამოსწორებად დეფექტს, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაა გამოწვეული. ამჯერად შევეხებით მეტყველების განუვითარებლობის, ჩამორჩენის საკითხს, მის მიზეზებსა და დაძლევის გზებს.

მაინც როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა მეტყველება და რა გზას გაივლის ეს პროცესი?

ადრეული ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარებაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ.

* ღუღუნი – ის იწყება დაახლოებით მეორე თვიდან და 6-7 თვემდე გრძელდება.

* ტიტინი – მე-7 თვიდან ბავშვი იწყებს ბგერების წარმოთქმას და ამ ბგერებისგან არარსებული სიტყვების „შედგენას“. ამ ასაკიდან ბავშვი ცდილობს უფროსების მიბაძვას და სურს, მათსავით ლაპარაკობდეს. მეტყველების განვითარება ყველაზე აქტიურად სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს.

* პირველი სიტყვები – ბავშვების უმრავლესობა ერთი წლისთვის, წესისამებრ, უკვე წარმოთქვამს რამდენიმე მარტივ სიტყვას, რომელთა მნიშვნელობაც ესმის. გვხვდება გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ბავშვი პირველ სიტყვებს წლინახევრის ან ორი წლის ასაკში წარმოთქვამს, მაგრამ ეს არ შეიძლება სერიოზულ ჩამორჩენად ჩაითვალოს.

* პირველი წინადადებები – ორი წლისთვის ბავშვს ლექსიკონში უკვე აქვს 100–200 სიტყვა და 2-3–სიტყვიან წინადადებებსაც ადგენს. სამი წლის ბავშვს შეუძლია, გრამატიკულად სწორად ააგოს მარტივი წინადადება, ჩაერთოს დიალოგში და მოჰყვეს იმას, რაც ნახა ან მოისმინა.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ეტაპებს შორის საზღვრები მკაცრი არ არის. შეიძლება შევხვდეთ შემთხვევას, როცა ორწლინახევრის ბავშვი, რომელიც ფსიქიკურად ნორმალურადაა განვითარებული, დუმს, მაგრამ მალე ერთბაშად ისე გამართულად იწყებს ლაპარაკს, რომ არაფრით ჩამოუვარდება თანატოლს, რომელმაც პირველი სიტყვები ერთი წლის ასაკში წარმოთქვა. მეტყველების დაუფლების ვადა და ტემპი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და იმაზე, რა გზით მიდის მისი მეტყველების განვითარება. ცნობილია, რომ მეტყველების განვითარებას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: სიტყვის პასიური დაუფლება (მეტყველების გაგება) და სიტყვის აქტიური დაუფლება (ლაპარაკი). პასიური მეტყველება, ჩვეულებრივ, უსწრებს აქტიურს. 10-12 თვის ბავშვებს უკვე კარგად ესმით ცალკეული საგნებისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსი. ხშირად მშობლებს აოცებთ, აღიზიანებთ და აშფოთებთ კიდეც ბავშვის საქციელი: „ყველაფერი ესმის, თქმით კი არაფერს ამბობს!“ გარკვეულ დრომდე იმ სიტყვების რაოდენობა, რომლებიც ბავშვმა იცის, საგრძნობლად ჭარბობს წარმოთქმული სიტყვების რაოდენობას. ზოგ ბავშვს „დუმილის“ პერიოდი საკმაოდ დიდხანს უგრძელდება. ზოგი, როგორც აღვნიშნეთ, ორ წლამდეც არ იღებს ხმას, თუმცა ყველა ის სიტყვა, რომელსაც კი უფროსები მასთან ურთიერთობისას იყენებენ, კარგად ესმის. ასეთ დროს ის ან დუმს, ან უმარტივესი ბგერებით რეაგირებს უფროსების ნათქვამზე. მიუხედავად ამისა, თუ ასეთი ბავშვი ნორმალურ პირობებში ცხოვრობს, მეტყველება მაინც უვითარდება და აქტიურ მეტყველებაზე, წესისამებრ, მკვეთრად და მოულოდნელად გადადის. ასეთი ბავშვები ხშირად სამი წლის ასაკში ეწევიან და უსწრებენ კიდეც განვითარებით მათ, ვინც 10 თვის ასაკში ამოიდგა ენა. თუ ბავშვს ესმის მისკენ მიმართული მეტყველება, თუ უფროსები ყველა პირობას უქმნიან ნორმალური განვითარებისთვის, ადრე თუ გვიან ის დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ როდის დადგება ეს მომენტი, ბევრადაა დამოკიდებული მშობლებზე.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამეტყველებაში?

ადრეული ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარება რთული ფსიქოლოგიური პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებთან, მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასა და მრავალ სხვა ფაქტორთან, ამიტომ მშობლების მთავარი შეცდომაა საკუთარი შვილის წარმატებების შედარება სხვა ბავშვების წარმატებებთან. ყველაზე მკაცრი მშობლებიც კი ვერ შეძლებენ, ბავშვი ძალდატანებით აალაპარაკონ, დახმარება კი ნამდვილად შეუძლიათ.

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის ბავშვის ამეტყველების ხელშესაწყობად

 

  • ბავშვის მეტყველების განვითარების უპირველეს პირობას მეტყველებითი ურთიერთობა წარმოადგენს. ამასთან, სასურველია, ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდშივე დაიწყოს. დადგენილია, რომ, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მოყოლებული, ბავშვს ესმის ყველაფერი, რასაც დედა ეუბნება. თუ ამ დროს დედა სწორად იმოქმედებს და პატარასთან კონტაქტის დამყარებას შეძლებს, ეს სასიკეთო გავლენას მოახდენს ადრეულ ასაკში ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, რაც, თავის მხრივ, მის ფსიქიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

აუცილებელია, განვითარების ადრეულ ეტაპზე რაც შეიძლება ხშირად ვესაუბროთ ბავშვს, ვუკითხოთ წიგნები, შევაქოთ, თუ შევამჩნიეთ, რომ სიტყვების გამეორებას ცდილობს.

  • აუცილებელია, ბავშვთან მეტყველებითი ურთიერთობისას საგნები თავისი სახელებით მოვიხსენოთ. მაგალითად, მანქანა და არა „პიპია“, პური და არა „ბაბა“, კანფეტი და არა „კაკა“, ძაღლი და არა „აუა“ და ა.შ.
  • ვესაუბროთ ბავშვს მოკლე წინადადებებით და წინადადებებს შორის შევისვენოთ. ნუ ვილაპარაკებთ სხაპასხუპით.
  • საგნების დასახელებისას აუცილებელია ვუჩვენოთ ისინი, სურათზე მაინც.
  • ნუ ვასწავლით ბავშვს იმ სიტყვის წარმოთქმას, რომლის მნიშვნელობაც არ ესმის და ვერც გაიგებს, სანამ ამ სიტყვით აღნიშნულ საგანს არ დაინახავს.
  • მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე სიტყვა მრავალჯერ გავიმეოროთ, სანამ პატარა არ დაიმახსოვრებს და არ წარმოთქვამს მას.
  • არ ველაპარაკოთ ბავშვს, თუ თავად არ სურს ან დაიღალა.
  • ვერიდოთ ბავშვის კითხვების იგნორირებას, ვუპასუხოთ სრულად, მშვიდად და გასაგებად, ისე, რომ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას ჩასწვდეს.
  • თუ ბავშვი შეცდომით წარმოთქვამს სიტყვებს, შევუსწოროთ ფრთხილად, უკმაყოფილების გამოხატვის გარეშე, რათა არ დაკარგოს ლაპარაკის სურვილი, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, არ შეწყვიტოს ახალი სიტყვების სწავლა. შეცდომების გამო კრიტიკამ და უფროსების უკმაყოფილებამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნევროზულ რეაქციებს. გავითვალისწინოთ, რომ პატარები ვერ იტანენ მარცხს. მშობლების რეაქცია ბავშვის მეტყველებაზე უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული, გარემო – თბილი, კეთილგანწყობილი.
  • ნუ ვეცდებით, უსიტყვოდ ამოვიცნოთ ბავშვის სურვილები და მივცეთ ყველაფერი, რაზეც კი ხმის ამოუღებლად მიუთითებს. მეტყველების განვითარება შესაძლოა შეფერხდეს, თუ ბავშვი არ დგას ამეტყველების აუცილებლობის წინაშე, თუ მისი უსიტყვოდაც ესმით და მის ყველა სურვილს ხვდებიან.
  • ვერიდოთ ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარს – მას უფროსებისგან სწორად წარმოთქმული სიტყვები უნდა ესმოდეს. ნუ მივბაძავთ ბავშვს სიტყვების არასწორად წარმოთქმაში.
  • ბავშვთან ურთიერთობისას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები უშუალოდ ბავშვისკენ უნდა იყოს მიმართული და შესაბამისი ემოციებიც ახლდეს თან.
  • მეტყველების განვითარების პროცესში ტელევიზორისა და კომპიუტერის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად სასურველია, ბავშვი მაქსიმალურად მოვარიდოთ მათ. ტელეეეკრანიდან გაგონილი სიტყვები ბავშვზე სათანადო გავლენას ვერ ახდენს და მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს მეტყველების განვითარებაში. ადრეული ასაკის პატარები ტელეეკრანიდან გაგონილს არ აღიქვამენ როგორც პირადად მათკენ მიმართულს და ეს სიტყვები ვერ ერთვება მათ პრაქტიკულ აქტივობაში, რჩება მხოლოდ ეკრანზე მოციმციმე მხედველობითი სტიმულების ფონად, ამიტომ განსაკუთრებით გულსატკენია, რომ დღეს ბავშვების უმრავლესობა ტელევიზორისა და კომპიუტერთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მშობლებთან საუბარში. პატარები ვერ აღიქვამენ საეკრანო მეტყველებას, ვერ გამოყოფენ ცალკეულ სიტყვებს, არ ესმით დიალოგი. საუკეთესო ტელეგადაცემებიც კი ვერ შეცვლის მშობლებთან ურთიერთობას. ბავშვის მეტყველების განვითარებას მხოლოდ ცოცხალი, უშუალო, ხარისხიანი მეტყველებთი ურთიერთობა უზრუნველყოფს.

* ცნობილია, რომ მეტყველების განვითარება უშუალო კავშირშია ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებასთან. ხშირად უფროსები სიჩქარის ან მოუცლელობის მომიზეზებით თვითონვე ალაგებენ მიმოფანტულ სათამაშოებს, აჭმევენ, აცმევენ ბავშვს, უკრავენ ღილებს, თასმებს. არ ჰყოფნით მოთმინება, პატარას მიანდონ ეს ყველაფერი. კარგი იქნება, თუ ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნებთ წვრილი მოტორიკის განვითარებაზეც, გამოვუმუშავებთ ბავშვს თვითმომსახურების ჩვევებს, რათა დამოუკიდებლად ჩაიცვას, შეიკრას ღილები, თასმები. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარება დადებითად აისახება მეტყველების განვითარების პროცესზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნუ დავივიწყებთ, რომ მეტყველება ბავშვის ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია – მასზე აისახება ბავშვის ყველა მიღწევა და სირთულე. მეტყველების განვითარებაზე ზრუნვა მომავალში მრავალი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და წარმატების საწინდარია.

სწავლებისა და შემოქმედების შერწყმა თეატრალიზებულ პრესკონფერენციაში

0

თეატრალიზებული გაკვეთილი მეტად აახლოებს მოსწავლესა და მასწავლებელს და არა მხოლოდ სწავლის მოტივაციის ამაღლებას, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას, მოზარდთა სოციალიზაციას, არამედ სწავლების პროცესის მოდერნიზებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც უწყობს ხელს.

 

 

თეატრალიზებული პრესკონფერენცია „ადამიანი და გარემო“

(მეორე ნაწილი)

 

ქიმიკოსი: CO ნახშირბად(II)-ის ოქსიდია.

ეკოლოგი: დიდი ქალაქების მცხოვრებლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ქუჩაში, სადაც აქტიური საავტომობილო მოძრაობაა, მათ ელით „ეკოლოგიური მახე“ – ჰაერში CO-ს 0,05გ/ლ–ზე მაღალი კონცენტრაცია.

ქიმიკოსი: ეს განპირობებულია ნახშირბად(II)-ის ოქსიდის ფიზიკური თვისებებით – ეს არის უფერო, უსუნო აირი; ჰაერის მიმართ მისი სიმკვრივე დაახლოებით ერთის ტოლია.

ბიოლოგი: ნახშირბად(II)-ის ოქსიდი სპეციფიკურად უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და წარმოქმნის კარბოქსილჰემოგლობინის მყარ კომპლექსს, რის შედეგადაც ჰემოგლობინი კარგავს თავის ძვირფას თვისებას, შეკრიბოს და გადაიტანოს ჟანგბადი. ჰემოგლობინის შემადგენლობაში არსებული ორვალენტიანი რკინის მსგავსება ნახშირბად(II)-ის ოქსიდთან რამდენიმე ასეულით აღემატება ჟანგბადთან მის მსგავსებას.

ქიმიკოსი: ქიმიური თვალსაზრისით, ჰემოგლობინი პროტეიდია, რომელიც შედგება ცილოვანი და არაცილოვანი ნაწილებისგან – გლობინისა და ჰემისგან. ჰემში რკინა ორი კოვალენტური და ორი კოორდინაციული ბმით უკავშირდება აზოტის ატომების პიროლურ რგოლებს. ორი გამოუყენებელი ბმიდან ერთი ცილისთვის იხარჯება, მეორე – O2 მოლეკულისთვის ან CO-ისთვის (სქემა 4).

რეაქციაში Hb*O2+CO=Hb*CO+O2 წონასწორობის კონსტანტა უდრის 210–ს.

sq1

სქემა 4

 

ეკოლოგი: ჩასუნთქულ ჰაერში CO–ს მცირე, 0,1%-მდე, შემცველობაც კი ორგანიზმში 60%-ით ბლოკავს ჰემოგლობინს, რაც იწვევს თავის ტკივილს, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების დარღვევას, გულის უკმარისობას, ზოგჯერ – გონების დაკარგვასაც. თუ დაზარალებული დროულად არ გამოვიყვანეთ „ეკოლოგიური მახიდან“, შესაძლოა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა შეუქცევადად დაერღვეს.

ტოქსიკოლოგი: ასეთ დროს დაზარალებულს ჟანგბადს ასუნთქებენ (შეიძლება ამიაკიანი ნარევიც) სისხლძარღვების გასაფართოებლად.

ეკოლოგი: ასევე სახიფათოა ეკოლოგიური საწამლავები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში წყალთან, ჰაერთან, საკვებთან ერთად ხვდება. ესენი მძიმე მეტალების იონებია: Hg2+, Cu2+, Zn2+, Mn2+, რომლებსაც გოგირდთან დიდი მსგავსება აქვთ (იხ. სქემა 1).

ბიოლოგი: SH ჯგუფები ცოცხალი ორგანიზმისთვის ჰიდროქსილჯგუფებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მძიმე მეტალები ბლოკავენ მათ და ფერმენტები ძალას კარგავენ, თუმცა მათი აქტიური ცენტრი თავისუფალია.

წამყვანი: მესმის, რომ ეს საწამლავის ორგანიზმზე ზემოქმედების ერთ-ერთი მექანიზმია: პირველი – ბიოქიმიური სტრუქტურის აქტიური ცენტრის ბლოკირება, მეორე – SH ჯგუფის შებოჭვა.

ოფიცერი: არსებობს საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს სწორედ SH ჯგუფების ბლოკირების გზით აზიანებს. ასეთია, მაგალითად, ლუიზიტი.

ტოქსიკოლოგი: ბლოკატორების მოქმედების შესაჩერებლად გამოიყენება ნივთიერებები SH ჯგუფების დიდი შემცველობით, მაგალითად, უნიტოლი.

ისტორიკოსი: 1933 წელს სტრიჟევსკიმ სახალხოდ, ლექციაზე მიიღო 0,2 გრამი სულემა. საწამლავს თავისივე სახელობის ანტიდოტი დააყოლა და გადარჩა!

ქიმიკოსი: ეს კალიუმისა და ნატრიუმის სტაბილიზირებული ხსნარია.

ოფიცერი: მოგეხსენებათ, სულემა ძლიერ მომწამლავია. ის ვერცხლისწყალ(II)-ის ქლორიდია. მეცნიერმა ყველა სკეპტიკოსს დაუმტკიცა ანტიქიმიური თავდაცვის აუცილებლობა და შესაძლებლობა!

ბიოლოგი: მომწამვლელი ნივთიერებების მომდევნო ჯგუფიც ამავე მექანიზმით მოქმედებს, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით: გოგირდწყალბადი და გოგირდნახშირბადი ბლოკავენ ადრენორეცეპტორების მეტალოპროტეიდულ ცენტრებს, რომლებიც ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსზე აგებენ პასუხს.

ფარმაცევტი: რა პარადოქსულიც უნდა იყოს, მომწამვლელ ნივთიერებათა მოქმედების მექანიზმის ცოდნა ფართოდ გამოიყენება მედიკამენტების შექმნისას. ბიოქიმიური სტრუქტურების აქტიური ცენტრის ბლოკირების პრინციპით მოქმედებს ატროპინი – მუსკარინის ანტიდოტი. ამ უკანასკნელს შხამასოკოს შხამი შეიცავს. გულის გლიკოზიდები, რომლებსაც შეიცავს შავბალახას, კუნელისა და შროშანის ექსტრაქტები, ამცირებს ფერმენტ ადენოზინტრიფოსფატაზის აქტივობას SH-ჯგუფების შებოჭვის გზით, რაც გულის მუშაობის სტიმულაციას იწვევს. ანტიდეპრესანტები ბლოკავენ ფერმენტ მონოამინოოქსიდაზის სულფიდრილურ ჯგუფებს, რაც ნერვულ დაბოლოებებში სეროტონინის შემცველობას ზრდის და ამით ანტიდეპრესიულ ეფექტს ახდენს.

ქიმიკოსი: უნდა ითქვას, რომ სეროტონინს აგებულებით წააგავს შოკოლადის კომპონენტები. ამიტომაა, რომ შოკოლადი განწყობილების ამაღლებაში გვეხმარება.

ეკოლოგი: ესაა ადამიანის ორგანიზმზე ნივთიერებათა ზემოქმედების მესამე მექანიზმის ნიმუში (სქემა 1.3). მსგავსი აგებულების მქონე ქიმიური სტრუქტურები ჩაანაცვლებენ, გამოდევნიან, ცვლიან ორგანიზმის მონათესავე ბიოგენურ სტრუქტურებს. ეს მექანიზმი ხშირად არც ისე უვნებელია, როგორც შოკოლადის შემთხვევაში. მაგალითად, თუ სასმელ წყალში Mn2+ იონების შემცველობა აღემატება დასაშვებ ზღვრულ კონცენტრაციას, ისინი ძვლოვანი ქსოვილიდან გამოდევნიან Ca2+ იონებს, ანუ ამ იონების აქტივობა ხსნარში დაახლოებით ერთნაირია. ძვლები მყიფე ხდება. ამის შედეგია მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმების მაღალი ალბათობა ახალშობილებთან.

ფარმაცევტი: სხვათა შორის, კარიესის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება ფლუორისტატი სწორედ ჩანაცვლების მექანიზმით მოქმედებს.

ქიმიკოსი: ამავე მექანიზმით ხდება ადამიანის ორგანიზმზე ნარკოტიკების ზემოქმედებაც. ნარკოტიკები ქიმიური აღნაგობით პირიმიდინის წარმოებულებია, ანუ ჰგავს აზოტოვანსაფუძვლიანებს, კერძოდ, თიმინს, ციტოზინს, ურაცილს, რომლებიც აუცილებელია ნუკლეინმჟავების ბიოსინთეზისთვის.

ტოქსიკოლოგი: დიახ, ნარკოტიკები ჰგვანან ბიოგენურ ამინებს. ისინი იოლად ერთვებიან მიმოცვლით პროცესებში და თავის შესაბამისად გადააწყობენ. ამის შედეგად ორგანიზმის ენერგია ნარკოტიკული ნივთიერებების გადასამუშავებლად იხარჯება, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები კი ზარალდება. ამასთან, ნარკოტიკული ნივთიერების აღმქმელი ეგრეთ წოდებული ოპიატური რეცეპტორები განთავსებულია ნერვულ წნულებში, რომლებიც ტკივილის იმპულსს ატარებენ. ამიტომაც წარმოიშობა ნარკოტიკული უკმარისობით გამოწვეული ტკივილები, სახსრების ტეხა, აღგზნებადობა და სხვა.

წამყვანი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანის ყველა ავადმყოფობა ქიმიიდან მომდინარეობს.

ექიმი: არა მარტო ქიმიიდან – ავადმყოფობის გამომწვევია მიკრობებიც, მათთან ბრძოლაში კი სწორედ ქიმია გვეხმარება.

ბიოლოგი: მიკრობები ცოცხალი ორგანიზმებია, შესაბამისად, ცილოვანი აგებულება აქვთ.

ქიმიკოსი: ცილები ფერად რეაქციას იძლევიან. მაგალითად, მოწითალო-მოიისფრო შეფერილობა გამოწვეულია Cu(OH)2–ით. ისინი ჰიდროლიზდებიან (ასე შეისწავლიან მათი მაკრომოლეკულის შემადგენლობას), განიცდინ დენატურაციას, ანუ მაკროსტრუქტურები ირღვევა მაღალი ტემპერატურის, რადიაციის, მექანიკური ზემოქმედებით, ქიმიური რეაგენტების ზემოქმედებით.

ექიმი: ამ მიზეზით ანტიბიოტიკების პირველი ჯგუფი, შეიძლება თქვას, დენატურაციული მოქმედებისაა, მაგალითად, ფენოლი, ფორმალდეჰიდი ორგანიზმში კომპლექსებად არიან  შეკავშირებულნი და იხსნებიან იქ, სადაც თავიანთი ანტიმიკრობული მოქმედება უნდა გამოამჟღავნონ. მაგალითად, ფენოლი ნაწლავებში წარმოიქმნება სალოლის ჰიდროლიზის შედეგად.

 

sq5

ქიმიკოსი: სალოლი სალიცილმჟავას ფენილის ეთერია.

ფარმაცევტი: ხოლო უროტროპინი ფორმალდეჰიდის წარმოქმნით ჰიდროლიზდება.

ქიმიკოსი: უროტროპინის ქიმიური დასახელებაა ჰექსილმეთილენტეტრამინი. აი მისი ჰიდროლიზის რეაქცია:

(CH2)6N4 + 6H2O = 6HCOH + 4NH3

ფარმაცევტი: ბუნებრივია, ნივთიერებებს, რომლებიც ცილების დენატურაციას იწვევს, გარსით ფარავენ, რათა მაშინვე კი არ იმოქმედონ, არამედ სადაც საჭიროა, იქ გაიხსნან.

ისტორიკოსი: ფარმაკოლოგიის ფუძემდებელი პარაცელსი სამკურნალო საშუალებების შერჩევისას ასე მსჯელობდა: სიფილისი ავადმყოფობა, რომელიც სიყვარულის შედეგად წარმოიშობა; სიყვარულის ასტროლოგიური სიმბოლოა ვენერა; ვენერას ანტაგონისტია მერკური, მისი ალქიმიური მნიშვნელობა კი – ვერცხლისწყალი, – ამიტომ სიფილისით დაავადებულებს ვერცხლისწყლის ორთქლით მკურნალობდნენ, რაც რატომღაც ეფექტური აღმოჩნდა.

ექიმი: სიფილისს თეთრი სპიროქეტა იწვევს, რომლის ცილოვან სტრუქტურაშიც მრავლადაა SH-ჯგუფები. ვერცხლისწყალი, მძიმე მეტალი, ამ ჯგუფების ბლოკირებას ახდენს და მიკრობები იხოცებიან.

 

sq3

ფარმაცევტი: ანტიბიოტიკების მეორე ჯგუფი ქიმიოთერაპიულია, ანუ ბაქტერიული უჯრედის მიმოცვლაში ერევა.

ბიოლოგი: მიკრობები ცოცხალი ორგანიზმები არიან და კვება სჭირდებათ.

ფარმაცევტი: ქიმიოთერაპიული პრეპარატები კი მეტაბოლიზმისთვის საჭირო ნივთიერებების ნაცვლად სხვა, მაგრამ იდენტური აღნაგობის ნივთიერებებს აწვდიან მათ და მიკრობებიც „შიმშილით“ იხოცებიან. ასეთებია, მაგალითად, სულფანილამიდური პრეპარატები სულფაზოლი, სულფადინი, სულფაზინი – თეთრი სტრეპტოციდის წარმოებულები. სტრეპტოციდის ფორმულის წარმოებულებს წყალბადის ერთი ამინოჯგუფის ატომი ჩანაცვლებული აქვთ და იწვევენ ჰემოლიზს, ანუ ჰემოგლობინი ერითროციტებიდან სისხლის პლაზმაში გამოდის და კარგავს ჟანგბადის გადატანის უნარს. თეთრი სტრეპტოციდის წარმოებულები ნაკლებტოქსიკურია, მათი ანტიმიკრობული მოქმედება კი – გაცილებით ეფექტური.

ექიმი: სულფანილამიდური პრეპარატები არღვევენ მიკრობებისთვის საჭირო ფაქტორებს: ფოლიუმისა და დეჰიდროფოლიუმის მჟავებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის პარაამინობენზოინმჟავა. სულფანილამიდები აღნაგობით ახლოს დგანან მასთან, ამიტომ მიკრობული უჯრედი მას შთანთქავს, რაც ცვლის პროცესების რღვევას იწვევს.

 

sq2

სქემა 5

 

ფარმაცევტი: ალბათ გინახავთ მალამო ზოვირაქსის რეკლამა: „გაციების პირველივე სიმპტომებისას გამოიყენეთ მალამო ზოვირაქსი, ის თავიდან აგაცილებთ ჰერპესს!“

წამყვანი: რეკლამაში კი ყველაფერი კარგადაა წარმოჩენილი, მაგრამ ეს მალამო საკმაოდ ძვირია.

ფარმაცევტი: ზოვირაქსი მართლაც ძვირად ღირებული პრეპარატია, რომელიც გენური ინჟინერიის საფუძველზე შეიქმნა. პროპილენგლიკოლში გახსნილია ნივთიერება აციკლოვირი, რომელიც ჰერპესვირუსის დნმ-ს „არასწორი“ ელემენტია. ვირუსი აციკლოვირს უჯრედების საშენ მასალად იყენებს, ეს უჯრედები კი დეფექტური გამოდიან და გამრავლების უნარი არ გააჩნიათ. აცილკოვირი დავირუსებულ უჯრედებში იჭრება, ჯანმრთელს არ ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აციკლოვირის შემქმნელი მეცნიერები ნობელის პრემიის ლაურეატები არიან.

ექიმი: ანტიმიკრობული პრეპარატების მესამე ჯგუფი გახლავთ ანტიბიოტიკები. ისინი წარმოადგენენ მიკროორგანიზმებისა და სოკოების ცოცხალ პროდუქტებს, რომლებიც განსაზღვრული მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო მაღალეფექტური საშუალებებია. მაგალითად, პენიცილინი, რომელიც აქტიურია მრგვლოვანი ბაქტერიების, იმავე კოკების წინააღმდეგ.

ფარმაცევტი: ანტიბიოტიკები საგრძნობლად ანელებენ ბაქტერიული უჯრედის კედლის ბიოსინთეზს ანუ აინჰიბირებენ მას. შედეგად მიკრობები ვეღარ მრავლდებიან და ორგანიზმი მათ იოლად ერევა.

ისტორიკოსი: ანტიბიოტიკების გამოყენება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს. წერილობითი წყაროები მოწმობს, რომ მკურნალები იყენებდნენ მარცვლეულის ობს. არქეოლოგებმა 1400 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ნაშთებში ბუნებრივი ანტიბიოტიკის კვალი აღმოაჩინეს. ობის სოკოების უნარზე, შეაფერხონ ბაქტერიების გამრავლება, ა. ფლემინგამდე პეტერბურგის სამხედრო- სამედიცინო აკადემიის პროფესორები პოლიტებნიოვი და მონასეინი წერდნენ. თავად ფლემინგმა კი პენიცილინი შემთხვევით აღმოაჩინა: პეტრის ერთ-ერთ ჭიქაში, სადაც სტაფილოკოკების კოლონია იყო, გაჩნდა მწვანე ობი; ყურადღებიანმა მეცნიერმა შეამჩნია, რომ იქ, სადაც ობი იყო მოკიდებული, მიკრობები არ გამრავლდნენ, დაიწყო ამ მოვლენის კვლევა და 1940 წელს კრისტალური პენიცილინი გამოყო. 1942 წელს პროფესორმა ზ. ვ. ერმოლოვამ რუსეთში მიიღო პენიცილინი, რამაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით სიცოცხლე იხსნა.

ქიმიკოსი: არსებობს ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკებიც, რომლებიც ეფექტურია განსხვავებული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ – ამპიცილინი, ოქსაცილინი და სხვა.

ფარმაცევტი: ანტიბიოტიკების ნაკლი ის არის, რომ ნაწლავურ მიკროფლორას თრგუნავს.

ექიმი: ამიტომ მათი მიღება, მხოლოდ ექიმის მითითებით და მკაცრად განსაზღვრული დოზით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიკრობები „მიეჩვევიან“ ანტიბიოტიკს და მკურნალობა უეფექტო იქნება.

წამყვანი: ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით გარემოს რადიაქტიურ დაბინძურებას .

ბიოლოგი: რადიაქტიური იზოტოპები, მათ შორის – ყველაზე გავრცელებული ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90, ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ცილოვანი სტრუქტურებისა და დნმ-ს რღვევას.

ქიმიკოსი: ეს ეგრეთ წოდებული პირდაპირი დასნებოვნებაა. გამოყოფენ ქიმიურ და შემხებ ავადმყოფობას: რადიაცია იწვევს დიდი რაოდენობით (02-*) ტიპის იონ-რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც სისხლის მიმწოდებელ სისტემაში „დახეტიალობენ“ და წარმოქმნიან ახალ იონ-რადიკალებს. ყოველ მათგანს შეუძლია გამოიწვიოს დენატურაცია და ცილების ჟანგვა, უჯრედის კიბოთი დასნებოვნება, მუტაცია და სხვა.

წამყვანი: ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 20% ავადაა, 15% პრაქტიკულად ჯანმრთელია, 65% კი, ასე ვთქვათ, მესამე მდგომარეობაშია – ფუნქციური დარღვევები არ უდასტურდება, თუმცა თავს ჯანმრთელად ვერ გრძნობს. ამის მიზეზი კი ორგანიზმში ზოგიერთი ნივთიერებების ჭარბი კონცენტრაციაა. ასე რომ, ქიმიურ ნივთიერებათა რეგულაციისთვის აუცილებელია ქიმიური ნივთიერებების წარმოებისა და გამოყენების საკითხების ბალანსირება, რათა მათ მხოლოდ სარგებლობა მოუტანონ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესს და არ დაგვაზიანონ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პ. მაიერი, პარაცელსი – ექიმი და წინასწარმეტყველი, თარგმ. ე. ბ. მურზინის, 2003
  2. ა. გ. იასკევიჩი, ვ. პ. დინმუხამედოვი, სამხედრო ტოქსიკოლოგია, 2000
  3. გ. ი. ოქსენჰენდლერი, შხამები და შხამსაწინააღმდეგო საშუალებები, 1982
  4. https://www.booksmed.com/toksikologiya/336-yady-i-protivoyadiya-oksengendler-g-i.html
  5. სამხედრო ტოქსიკოლოგია, რადიობიოლოგია და სამედიცინო თავდაცვა, ს. ა. კუცენკოვის რედაქციით, 2004
  6. ი. ფ. კრილოვი, ფარმაკოლოგია, 2012
  7. ორგანული სინთეზი, ნ. ღონღაძე, ე. ელიზბარაშვილი, ზ. გელიაშვილი, ნ. დარეჯანაშვილი, მ. ხითარიშვილი, გ. ჭირაქაძე, წელი III, 2005
  8. ზ. ბაკი, ნერვული იმპულსის გადაცემის ქიმიზმი. სამედიცინო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია და იმუნოლოგია, 1977
  9. სამედიცინო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია და იმუნოლოგია, ვ. ვ. ზვერევის, მ. ნ. ბოიჩენკოს რედაქციით, ტ. I, 2010
  10. ანტიბიოტიკები. უნივერსალური, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ონლაინენციკლოპედია – https://www.krugosvet.ru/enc/nauka_i_tehnika/biologiya/ANTIBIOTIKI.html
  11. Health systems financing: the path to universal coverage – https://www.who.int/whr/2010/en/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...