ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ინოვაციური ისტორიული განათლება ყველასათვის

0

ინოვაციური ისტორიული განათლება ყველასათვის (Innovating History Education for All – IHEA) ევროკლიოს – ისტორიული განათლების ევროპული ასოციაციის – პროექტია, რომლის განხორციელებაც 2015 წელს დაიწყო და რომელშიც ჩართულნი არიან ისტორიული განათლების სპეციალისტები. პროექტის მიზანია ციფრული სწავლების მეთოდების დანერგვა სკოლებსა და ლოკალურ გარემოში, მოსწავლეთა დახმარება იმ უნარ-ჩვევების შეძენაში, რომლებიც ისტორიის სწავლა-სწავლებისთვის არის მნიშვნელოვანი. პროექტი ითვალისწინებს ისტორიის გაკვეთილებსა თუ ტრეინინგებზე ციფრული ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას. მის ავტორებს განზრახული აქვთ ისეთი სასწავლო რესურსების შექმნა, რომლებიც პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტის სამიზნე ჯგუფი შერჩეულია არა იმის მიხედვით, რამდენად კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს, არამედ იმისა, რამდენად მაღალია მათი მოტივაცია, ისწავლონ და ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ავტორთა ჩანაფიქრის თანახმად, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ევროპაში ისტორიის სწავლა-სწავლების დონის ამაღლებას, სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებას, ციფრული რესურსებისა და კვლევის საჭროებებიდან გამომდინარე პრაქტიკის დანერგვას.

პროექტი მიმდინარეობს ევროკლიოს ეგიდით, მისი თანაპარტნიორები არიან გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ხოლო კოორდინატორები – ევროკლიოს წარმომადგენლები ჯუდით გირლინგი და სტივენ სტიგერსი. ძირითადი სამიზნე ჯგუფის წევრები არიან მილენკო რადანოვიჩი (ხორვატია), ნათია ფირცხალავა (საქართველო), პასკალ ტასკი (ნიდერლანდები), რიჩარდ კენეტი (დიდი ბრიტანეთი), სუსანა მარგარეტ გესტსდოტირი (ისლანდია) და ჯგუფის კოორდინატორი ჰელენ სნელსონი.

ინ1

ინ2

მინდა, გაგიზიაროთ ისტორიის გაკვეთილებისთვის გამოსადეგი ერთ-ერთი ელექტრონულ–ციფრული საშუალება – Google Apps Forms. მე მისი გამოყენება მხოლოდ მეორე სემესტრიდან დავიწყე და წარმატებითაც ვიყენებ. რაც მთავარია, აშკარაა, რომ მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან და მეტი მონდომებითაც მუშაობენ.

Google Apps Forms-ის შესაქმნელად უნდა გავხსნათ ელექტრონული ფოსტა Google Apps-ში. Google Apps-ში საკმაოდ ბევრი ნიმუშია მოცემული. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ იმ აქტივობაზე, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ ტრეინინგებსა თუ გაკვეთილებზე.

Google Apps forms ეფექტურია რამდენიმე თვალსაზრისით:

  • მოხერხებულია მოსწავლეთა ნამუშევრებისა თუ პასუხების კოლექციონირებისთვის;
  • შესაძლებელია მისი ყოველდღიური გამოყენება;
  • მოხერხებულია შეფასებისა თუ თვითშეფასებისთვის;
  • შესაძლებელია მისი გამოყენება პროექტებზე მუშაობისას პროცესის ყოველდღიური კოორდინაციისა და მონიტორინგისთვის;
  • საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სხვადასხვა ტიპის – ვიზუალური თუ წერილობითი –წყაროების კოლექცია.

პროცედურა მარტივია: მოსწავლეებმა უნდა შექმნან თავიანთი Google Apps forms; მასწავლებელს შეუძლია, დაამატოს მოსწავლეები, კოლეგები, გაუზიაროს მათ ინფორმაცია და ითანამშრომლოს მათთან, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც პროგრამაში დაამატებს.

პროცესი საინტერესოა და ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას (სამწუხაროდ, მასწავლებლებთან პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს). პროგრამაში გაწევრება შეუძლია ყველა მსურველს – წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული არ არის. რაც ყველაზე საინტერესოა, ხდება ფორმებში შეტანილი ცვლილებების ავტომატური დამახსოვრება.

https://apps.google.com/learning–center/products/forms/get-started/

ამჯერად უპირატესობას მივანიჭებ Google Apps Form-ში პარაგრაფის სტრუქტურის შექმნას მხოლოდ ერთი მიზეზით – ამ ფორმის საშუალებით შეგვიძლია ვთხოვოთ მოსწავლეებს, გასცენ კითხვებსა თუ დავალებებს არა მოკლე, არამედ ვრცელი, არგუმენტირებული პასუხი (თუმცა არსებობს სხვადასხვა ვარიაცია, ქვიზი, ვორქშითი, არჩევითბოლოიანი პასუხები (რომლებსაც, სასურველია, თავი ავარიდოთ – კატები და მატები ისტორიაში ისედაც მრავლად ითხოვს დახურულ პასუხებს).

მაშ ასე – როგორ ავირჩიოთ პარაგრაფის სტრუქტურული ფორმა Google Apps Forms-ში.

ინ3

 

სტრატეგია 1: წყაროების მოძიება

ისტორიული კვლევისთვის Google Apps Forms ძალიან ეფექტური მეთოდია. მოსწავლეებს ვთხოვე, დაედასტურებინათ ჩემ მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება Google Apps Forms-ში გაწევრიანებაზე. მასში მოცემული მქონდა კითხვარი თითოეული წყაროს შესახებ – რომელი და რა ტიპის წყარო უნდა მოეძიებინათ და რა თემაზე (თემა ყველას ერთი ჰქონდა მიცემული წინასწარ – ის, რომელზეც ვმუშაობდით). როგორც აღვნიშნე, Google Apps Forms იძლევა სხვადასხვა ტიპის – წერილობითი, ვიზუალური და აუდიო – წყაროების გამოყენების საშუალებას. ყველა წყაროს უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ წყაროების ინდივიდუალურად მოძიების პროცესზე. მომდევნო ეტაპი იქნება კვლევა, სადაც ყოველ მოწავლეს სხვადასხვა საკვლევი თემა ექნება არჩეული. მოხდება კვლევის პროცესის მონიტორინგი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, თუმცა უკეთესი იქნება, ამ პროცესს მთელი კლასი (ან სკოლა) ადევნებდეს თვალს (თვალის დევნება შეეძლება ყველას, ვინც გაწევრდება პროგრამაში ან ვისაც შემქნელისგან მიუვა გაწევრების მოთხოვნა). ინდივიდუალური კვლევის პროცესს მონიტორინგს უწევს მასწავლებელი. მონიტორინგის დროს მასწავლებელი არკვევს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს წყაროების მოძიების პროცესი, რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევა, რამდენად ვალიდური და რელევანტურია წყაროები და ა. შ.

სტრატეგია 2: წყაროებზე დაფუძნებული დოკუმენტის შექმნა

სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან დოკუმენტი, რომელშიც შეიტანენ წყაროების ადაპტირებულ ვერსიებს ბიბლიოგრაფიითურთ, მიუთითებენ წყაროს ტიპს – წერილობითს (პირველადს, მეორეულს), ვიზუალურს (კარიკატურა), ვიდეოს (თუ ვიდეოჩანაწერი ხანგრძლივია, მოსწავლემ უნდა მიუთითოს, რომელ წუთებს მოიცავს მისთვს საინტერესო მონაკვეთი). მნიშვნელოვანია, წყაროები ეხებოდეს მხოლოდ ერთ, კონკრეტულ თემას (მხოლოდ ასეა შესაძლებელი ღრმა ანალიზი).

მიზანი:

  • მოსწავლეებმა მოძიონ ვალიდური წყაროები;
  • მოიძიონ თემატურად;
  • მოახდინონ სხვადასხვა ტიპის წყაროების კლასიფიცირება;
  • გააანალიზონ, რამდენად ვალიდურია წყაროები.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა დასვან კითხვები თავიანთ შექმნილ წყაროებზე დაყრდნობით (Google Apps Forms-ში ამისთვის საკმარისი სივრცეა (ველია)). კითხვები უნდა მოიცავდეს: გაგებას, გამოყენებას, ანალიზს (შედარებას), სინთეზს (მაგალითად, მინი ესე მოცემული წყაროების გამოყენებით).

კითხვები/დავალებების სტრუქტურა მოსწავლეებმა იციან (ჩვენ როგორც ვმუშაობთ კლასში). შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია, კითხვებისა და დავალებების შექმნის სტრატეგია წინასწარ გაუზიაროს მოსწავლეებს. მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს კითხვების დასმის ერთი სტრატეგია, წყაროების რაოდენობა კი – წინასწარ დაგეგმილი (მაგ., 5 წყარო და გაგება-გამოყენება-ანალიზი-სინთეზის შესაბამისად დასმული კითხვები თუ დავალება). 1. რა არის დოკუმენტის მთავარი სათქმელი? 2. რა არის კარიკატურის მთავარი გზავნილი/გზავნილები? 3. შეადარეთ ა და ბ წყაროები ერთმანეთს, გამოყავით მსგავსებები და განსხვავებები. 4. შეაფასეთ წყარო (წარმომავლობა, ავტორის სტატუსი და ვინაობა, მიზანი, ძლიერი მხარეები, ხარვეზები). 5. მოცემული წყაროებისა და ცოდნის გამოყენებით დაწერეთ მინი ესე.

ეს სტრატეგია ახალი არ არის, მაგრამ სიახლე მისი Google Apps Forms-ში გამოყენებაა. ყველა მოსწავლე თავის ფორმას აკეთებს, პარალელურად, ყველა, ვინც გაწევრებულია, ხედავს და სურვილისამებრ წერს კომენტარს. მასწავლებელი კი არა მხოლოდ მონიტორინგს უწევს ამ პროცესს, არამედ ამოწმებს კიდეც, დააკმაყოფილა თუ არა მოსწავლემ ყველა კრიტერიუმი. მასწავლებლის კომენტარებს ყველა ხედავს.

Google forms-ის გამოყენებას არაერთი დადებითი მხარე აქვს:

  • ის უფასოა და მასში გაწევრება მარტივია;
  • შესაძლებელია მუშაობა ქართული ანბანით;
  • ამ ტექნიკის გამოყენება ხელს უწყობს საკლასო ოთახში პროფესიონალური გარემოს შექმნას;
  • მასწავლებელს აძლევს გაკვეთილის უკეთ და უფრო ეფექტურად დაგეგმვის საშუალებას;
  • ეხმარება მასწავლებელს მიიღოს კრიტიკული გამოხმაურებები მოსწავლეებისა და კოლეგებისგან;
  • პასუხობს თანამედროვე გამოწვევას, ეფექტურად დაინერგოს ციფრული ტექნოლოგია ისტორიის გაკვეთილებზე.

https://euroclio.eu/projects/innovating-history-education-for-all/

https://labs.historiana.eu/author/natia/

 

პროექტის შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://euroclio.eu/projects/innovating-history-education-for-all/

პანამისა და ნიკარაგუას არხები – ალტერნატივა 100 წლის შემდეგ

0

2014 წლის 15 აგვისტოს ასი წელი შესრულდა, რაც პანამის არხში პირველმა გემმა გაიარა. ეს გრანდიოზული საინჟინრო სტრუქტურა ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეს აკავშირებს. არხის სიგრძე 81 კილომეტრი და 600 მეტრია, სიგანე – 150 მეტრი, სიღრმე – 12 მეტრი. პანამის არხი საგრძნობლად ამოკლებს საზღვაო გზებს და დროის ეკონომიას იწვევს. მისი წყალობით საზღვაო მანძილი ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს შორის შემცირდა 22,5 ათასი კილომეტრიდან 9,5 ათას კილომეტრამდე, თუმცა 100 წლის შემდეგ პანამის არხის კონკურენტის მშენებლობა დაიწყო.

პანამის არხი

პანამა

პანამის არხის მშენებლობის იდეა XVI საუკუნეში დაიბადა, როდესაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა და ესპანეთის მეფე კარლ V ჰაბსბურგმა 1534 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევის ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკის კონტინენტზე გამავალი გზის შექმნას, რომელიც ესპანეთსა და პერუს შორის გემების მიმოსვლას გააადვილებდა. ასეთი გზა ესპანეთს პორტუგალიასთან მიმართებაში სამხედრო უპირატესობას მისცემდა.

თუმცა პროექტის განხორციელება XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ფრანგული კომპანია, რომელიც მშენებლობაში იყო ჩართული, გაკოტრდა. აღსანიშნავია, რომ სამუშაოს ხელმძღვანელობდა ფრანგი დიპლომატი, მეწარმე, განათლებით იურისტი ფერდინანდ მარი ლესეფსი. იგი 1854-1869 წლებში ხელმძღვანელობდა სუეცის არხის მშენებლობას.

ამის შემდეგ, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში გადავიდა. აშშ-ში რამდენიმე პარტია ხმელეთის ამ ყელის გასწვრივ არხის აშენების დიდ ინტერესს გამოხატავდა. ზოგიერთი მათგანი არხის გაყვანას ნიკარაგუაზე არჩევდა, ზოგიერთი კი მხარს უჭერდა პანამაში საფრანგეთის აქტივების შეძენას. საბოლოოდ, 1902 წელს აშშ-ის სენატმა ხმა პანამური ვარიანტის განხორციელების სასარგებლოდ მისცა აუცილებელი უფლებების მიღების პირობით. მშენებლობა ათ წელიწადში, 1914 წელს დასრულდა. არხის გახსნით გემებმა თავიდან აიცილეს გრძელი, სახიფათო ჰორნის კონცხის გზა, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილის შემოვლით (დრეიკის სრუტეში) ან მაგელანის სრუტის გავლით. ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა, იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. 1914 წლის 15 აგვისტოს პანამის არხში პირველი ლაინერი SS Ancon გავიდა, თუმცა ოქტომბერში ჩამოწოლილმა მეწყერმა საზეიმო გახსნას ხელი შეუშალა.  პანამის არხი ოფიციალურად 1920 წლის 12 ივნისს გაიხსნა.

პანამა

პანამა1

პანამის არხის ტერიტორია ჯერ კოლუმბიას ეკუთვნოდა, შემდეგ საფრანგეთს, ბოლოს კი აშშ-ს, რომელმაც მისი მშენებლობა დაასრულა. 1999 წელს არხი პანამის მთავრობას გადაეცა. უმსხვილეს გემებს, რომლებსაც დღეს არხში გავლა შეუძლიათ პანამაქსს უწოდებენ. ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.

არხიდან მიღებული შემოსავალი დღეისთვის პანამის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პანამას მესამე ან მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვს ცენტრალურ ამერიკაში; ამავე დროს ის ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ პირველია ამ რეგიონში. 2010 წელს პანამა მეოთხე ადგილზე იყო ადამიანური განვითარების ინდექსის მხრივ ლათინურ ამერიკაში, მსოფლიოში კი 54–ე ადგილზე.

2007 წელს პანამის არხის გაფართოება დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი მიზანი წლიური ტვირთგამტარობის გაზრდაა. გაფართოებული არხის გამტარუნარიანობის მაქსიმალური მაჩვენებელი წელიწადში 600 მლნ ტონას მიაღწევს. სამუშაოების ფარგლებში უფრო დიდი ჩამკეტები აშენდება, რაც ფართო და ღრმა არხების საშუალებით დიდი გემებს გავლის შესაძლებლობას მისცემს. გემების ზომა 25%-ით სიგრძეში და 26%-ით სიღრმეში გაიზრდება; შესაბამისად, განისაზღვრება პანამაქსის ახალი სტანდარტიც.

2013 წელს ნიკარაგუის პარლამენტმა დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც კომპანია HKND Group-ს (ჰონგ-კონგი) უფლება მიეცა პანამის კონკურენტი არხი დააპროექტოს და ააშენოს. შეთანხმების პირობებით, კომპანიას არხის მართვა-გამგებლობა მომდევნო 50 წლით გადაეცემა. ნიკარაგუის მთავრობა არხზე დიდ იმედებს ამყარებს და მიაჩნია, რომ იგი მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკას. გახსნის ცერემონიას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, რადგან ჯერ მხოლოდ იმ გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროზე ასაშენებელი პორტისთვისაა აუცილებელი. ამ პორტიდან იქნება არხის დასაწყისი.

ნიკარაგუისა და პანამის არხების მდებარეობა

ნიკარაგუა2

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ესპანეთის მეფე კარლ V-ის ბრძანებით ნიკარაგუის ტერიტორია შეისწავლეს, რათა ორი ოკეანე დაეკავშირებინათ. 1795 წელს ტბა ნიკარაგუასა და მდინარე სან-ხუანზე იგეგმებოდა არხის გაყვანა.

1830 წელს ჰოლანდიის მეფე უილიამ II-ის მითითებით პირველი ტოპოგრაფიული კვლევები ჩატარდა.

აშშ-ს მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიკარაგუის არხის აშენების გეგმა ჰქონდა: მდინარე რიო-სან-ხუანის, ნიკარაგუის ტბისა და რივასის გეოგრაფიული ყელის გავლით ატლანტისა და წყნარი ოკეანეები ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ. მაშინ ამ არხის მშენებლობის გეგმა ჩაიშალა, რადგანაც საფრანგეთი პანამის არხის გაყვანას მისაღებ ფასად უკვე ახორციელებდა.

პროექტი ნიკარაგუაში და მთლიანად ცენტრალური ამერიკაში ეკონომიკურ სიტუაციას სრულიად შეცვლის. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მშენებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება, ამავე დროს ქვეყნის მილიონამდე მაცხოვრებელი დასაქმდება. არსებული გეგმის თანახმად არხი წყნარ ოკეანეში მდინარე ბრიტოს შესართავიდან დაიწყება და ატლანტის ოკეანეში მდინარე პუნტა-გორდას შესართავთან დასრულდება. არხის სრული სიგრძე დაახლოებით 278 კილომეტრი იქნება, მათგან 105 კილომეტრი ტბა ნიკარაგუაზე მოდის, სიღრმე 26–30 მეტრი, ხოლო სიგანე 230–530 მეტრი იქნება. არხის გასავლელად გემებს დაახლოებით 30 საათი დასჭირდებათ. წლის განმავლობაში არხი 5 ათასზე მეტ გემს გაატარებს. ნიკარაგუის არხის ექსპლუატაციის დაწყების თარიღად 2019 წელია დაგეგმილი, ხოლო მშენებლობა ბოლომდე 2029 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის სრული ღირებულება 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი 278 კილომეტრიანი არხი გაცილებით უფრო გრძელი, ღრმა და განიერი იქნება, ვიდრე მისი ამჟამინდელი კონკურენტი პანამის არხი, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში ორ ოკეანეს უკვე აკავშირებს.

ნიკარაგუის არხის პროექტის კრიტიკოსთა აზრით, მას ნეგატიური გავლენა ექნება გარემოზე და ეჭვი ეპარებათ, რომ მისი მშენებლობა ეკონომიკურად გამართლებული იყოს.

მოწინააღმდეგეთა აზრით, არხის მშენებლობა  ნიკარაგუის ტბის ეკოსისტემის განადგურებასა და 4 000 ჰექტარი ტროპიკული ტყისა და ჭარბტენიანი ტერიტორიის განადგურებას გამოიწვევს, რაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეუქმნის.

მეცნიერთა აზრით, არხის მშენებლობა უნიკალური ბუნებრივი ნაკრძალის განადგურებას გამოიწვევს, რადგან ნიკარაგუის ტბა, გარდა იმისა, რომ მტკნარი წყლის ტბაა, მასში ხერხთევზა, ტარპონი და ზვიგენი ბინადრობენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნიკარაგუის ტბის ზვიგენი ენდემურ სახეობას მიეკუთვნება. 1960-იან წლებში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ზვიგენები ტბაში ხელოვნურად შეიყვანეს. თუმცა მოგვიანებით, ეს მოსაზრება უკუაგდეს, დადასტურდა რა, რომ ზვიგენებს კალმახების მსგავსად რიო-სან-ხუანის (მდინარე, რომელიც ტბას მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებს) დინებაში ცურვა შეეძლოთ. გარდა ამისა, ნიკარაგუის ტბაში კიდევ არაერთი სახეობის თევზი ბინადრობს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნიკარაგუაში ხელისუფლებისგან გარემოს მონიტორინგი მოითხოვა, რომელიც საფრთხეებს გამოავლენს.

2015 წლის 14 ივლისს ათასობით ნიკარაგუელმა გლეხმა არხის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი აზრით, ისინი მიწას კარგავენ, და, გარდა ამისა, ქვეყნის მტკნარი წყლის ძირითადი მარაგი ნადგურდება. თუმცა ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა ომარ ალიესლევენსმა განაცხადა, რომ ამ არხმა შეიძლება ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ისტორია და ეკონომიკა შეცვალოს.

„ამ დიდებული არხით ნიკარაგუა კომერციული დანიშნულების მთელი საზღვაო ტვირთების 5%-ის გადაზიდვას გეგმავს, რაც დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და მშპ-ს გააორმაგებს“, – აღნიშნა ალიესლევენსმა.

პანამა3

სულების ქვეყანა

0

ინგლისი მოჩვენებათა ქვეყანაა. ეს რომ ასეა, ეჭვი არავის ეპარება. სხვაგან ვერსად მოისმენთ იმდენ ლეგენდას თავშეუკავებელი ეჭვიანობის მსხვერპლთა – ახალგაზრდა ქალების – ფერმკრთალ ლანდებზე და მუხანათურად განგმირული მეფეების აჩრდილებზე, რამდენსაც ამ ქვეყანაში. ინგლისის თითქმის ყველა სასახლის ბნელ დერეფნებში მოჩვენებები დაეხეტებიან.

შესაძლოა, ყველა ინგლისელი არაცნობიერად მზად იყოს მოჩვენებასთან შესახვედრად, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს აღიარებს ამას. ვიკ ტენდიც, ქოვენთრის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი, ყველა ლეგენდას მონაჩმახს უწოდებდა და მიაჩნდა, რომ მათთვის ყურადღების მიქცევა არ ღირდა.

იმ საღამოს, როგორც ყოველთვის, ის თავის ლაბორატორიაში მუშაობდა. მოულოდნელად ცივმა ოფლმა დაასხა. აშკარად იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და ეს მზერა შემაძრწუნებელი იყო. მერე ეს „საშინელება“ უფორმო, ნაცრისფერი გახდა, ოთახი გადაიარა და მეცნიერის პირისპირ აღმოჩნდა. მის მოხაზულობაში განირჩეოდა ხელები და ფეხები, თავის ადგილას ბურუსი ჰქონდა, მის შუაგულში კი – შავი ლაქა, თითქოს პირი. რამდენიმე წამის შემდეგ მოჩვენება ჰაერში გაიფანტა და გაქრა.

ვიკ ტენდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, როდესაც პირველმა შიშმა გაუარა, მან მეცნიერივით დაიწყო  – სცადა, ამ უცნაური ხილვის მიზეზი ეპოვა. ყველაზე იოლი გამოსავალი იყო, ის ჰალუცინაციად მოენათლა, მაგრამ საიდან უნდა გაჩენილიყო ჰალუცინაცია, როდესაც ტენდი არათუ ნარკოტიკს ან სპირტიან სასმელს, ყავასაც იშვიათად სვამდა? არაამქვეყნიური ძალების არსებობას კი მეცნიერი კატეგორიულად უარყოფდა, ამიტომ ჩვეულებრივი ფიზიკური ფაქტორების ძებნა გადაწყვიტა.

ძებნა დიდხანს არ გაგრძელებულა – ტენდიმ მიაგნო მიზეზს, თანაც სრულიად შემთხვევით. ამაში კი თავისი ჰობი – ფარიკაობა დაეხმარა. „მოჩვენებასთან“ შეხვედრიდან გარკვეული ხნის შემდეგ მეცნიერმა ლაბორატორიაში მიიტანა თავისი დაშნა, რათა მომავალი ტურნირისთვის წესრიგში მოეყვანა. მოულოდნელად გირაგში მოქცეულმა ხმლის პირმა ვიბრირება დაიწყო, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი ეხებოდა. სხვას ტენდის ადგილას ეს მართლა უხილავი ხელი ეგონებოდა, მაგრამ მეცნიერი ამ შემთხვევამ რეზონანსული რხევის იდეამდე მიიყვანა, რომელსაც ხმოვანი ტალღები იწვევს. მაგალითად, როდესაც მუსიკა მთელ ხმაზეა ჩართული, კარადაში ჭურჭელი ზანზარს იწყებს. უცნაური ის იყო, რომ ოთახში აბსოლუტური სიჩუმე სუფევდა.

სუფევდა კი? ამ კითხვას მეცნიერმა საქმით გასცა პასუხი: მან ბგერითი ტალღები სპეციალური აპარატურით გაზომა და აღმოჩნდა, რომ ოთახში აუტანელი ხმაური იდგა, ოღონდ ბგერითი ტალღები ძალიან დაბალი სიხშირისა იყო, რომლის აღქმა ადამიანის ყურს არ შეუძლია. ეს გახლდათ ინფრაბგერა.

ხანმოკლე ძიების შემდეგ მეცნიერმა მის წყაროსაც მიაგნო – ცოტა ხნის წინ კონდიციონერში დამონტაჟებულ ახალ ვენტილატორს. მისი გამორთვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ „მოჩვენებებიც“ გამქრალიყვნენ და დაშნის პირსაც შეეწყვიტა ვიბრირება.

მეზღვაურებს წლების განმავლობაში აფორიაქებდა „მფრინავი ჰოლანდიელის“ საიდუმლო – ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის გარეშე დაცურავდა. ოკეანეში რამდენიმეჯერ წააწყდნენ ასეთ გემს. გემები მწყობრში იყო; სად გაქრნენ ადამიანები, ვერავინ  გაიგო.

ამ სერიის უკანასკნელი შემთხვევა გახლდათ „მარია სელესტა“ – არაჩვეულებრივი შხუნა, რომელიც ოკეანეში სხვა ხომალდმა აღმოაჩინა. შხუნაზე გადასულმა მეზღვაურებმა კამბუზში ჯერ კიდევ ცხელი სადილი აღმოაჩინეს, გემის ჟურნალში – მელანშეუშრობელი ჩანაწერი, ხალხი კი არსად ჩანდა. ისინი სულ ახლახან წასულიყვნენ, მაგრამ სად?

ამ კითხვას პასუხი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაეცა.

დამნაშავე აღმოჩნდა 7 ჰერცი სიხშირის ინფრაბგერა, რომელსაც ოკეანის ტალღები განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსცემს. ამ სიხშირის ბგერები ადამიანებს ძრწოლას ჰგვრის, ისინი ჭკუიდან იშლებიან და „საშინელებისგან“ თავის გადასარჩენად გემიდან ხტებიან.

„ჩემი მოჩვენებაც ინფრაბგერის ბრალი ხომ არ იყო?“ – ასეთი აზრი დაებადა მეცნიერს. საგულდაგულოდ შეამოწმა ლაბორატორია და აღმოაჩინა, რომ ტალღების სიხშირე იქ 18.98 ჰერცს შეადგენდა, ეს კი სწორედ ის სიხშირეა, რომლის დროსაც ადამიანის თვალი რეზონირებას იწყებს. გამოდის, რომ სწორედ დაბალი სიხშირის ბგერითმა ტალღებმა გამოიწვია ვიკ ტენდის მხედველობის ცდომილება და მან დაინახა ის, რაც სინამდვილეში არ არსებობდა.

შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებრივ პირობებში ასეთი დაბალი სიხშირის ტალღები საკმაოდ ხშირად წარმოიქმნება. მაგალითად, მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი საკვამლე მილებს ან კოშკურებს ეჯახება. ეს ბგერები საკმაოდ სქელ კედლებშიც აღწევს და შემაძრწუნებელ შეგრძნებებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირად ისმის ამგვარი ხმები გვირაბისებრ დერეფნებში, რომლებითაც სავსეა ინგლისის უძველესი ციხესიმაგრეები. არც ძლიერი ქარებია ბრიტანეთისთვის უცხო ხილი, ამიტომაც სწორედ აქ „ხვდებიან“ ყველაზე ხშირად ადამიანებს მოჩვენებები.

თავისი გამოკვლევის შედეგები ვიკ ტენდიმ ფიზიკურ კვლევათა საზოგადოების ჟურნალში გამოაქვეყნა, რომელიც 1822 წლიდან გამოიცემა და რომელთანაც ბრიტანელი პარაფსიქოლოგები და ბუნებისმეტყველები თანამშრომლობენ. ეს საზოგადოება პარანორმალური მოვლენების გონივრულ ახსნას ცდილობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პროფესიონალმა „მოჩვენებებზე მონადირეებმა“ ერთხმად აიტაცეს ტენდის იდეა. ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანელი პარაფსიქოლოგი ტონი კორნელი მიიჩნევს, რომ ეს აღმოჩენა კაცობრიობას მრავალი საიდუმლოს ამოცნობის საშუალებას მისცემს. თუმცა არსებობენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც ტენდის თეორიას ეჭვით უყურებენ.

ფიზიკოსები, რომლებმაც გამოიკვლიეს ადამიანის ორგანიზმზე ინფრაბგერის ზემოქმედება, აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეები დაღლილობას და თვალებსა და ყურებში ძლიერ წნევას უჩიოდნენ, მაგრამ ჰალუცინაციებს და, მით უმეტეს, მოჩვევენებს არავინ შეუწუხებია. მხედველობის ცდომილება არც ავტომობილების მძღოლებს ჰქონიათ, თუმცა ცნობილია, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სალონში მაღალი ინფრასიხშირის ბგერითი ტალღები წარმოიქმნება.

ერთი მხრივ, მოჩვენების გაჩენის მიზეზი თითქოს დადგენილია, მეორე მხრივ, რჩება კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მოჩვენებები კი დღემდე დაძრწიან ბრიტანეთის კუნძულებზე. ამაში არაამქვეყნიურ ძალებს მიუძღვით ბრალი თუ, უბრალოდ, მხედველობის ცდომილებას, დანამდვილებით ჯერ არავინ იცის.

ალბათ სწორედ ესაა მკვლევართა საქმიანობის ხიბლი. ბუნებამ, რომელმაც ადამიანი თავისი კიდევ ერთი საიდუმლოს ზღურბლთან მიიყვანა, მოულოდნელად მას ცხვირწინ მიუხურა კარი, ამიტომ მეცნიერებს საიდუმლოს ამოსაცნობად ახალი გზების ძიება მოუწევთ.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ნატა

0

ნატვრის ხის პერსონაჟი, ელიოზი, გახსოვთ ალბათ ყველას. ზამთარსა და ზაფხულში,  ხვატსა  და სიცივეში ნატვრისთვალს რომ დაეძებდა ხან მდინარის ფსკერზე და ხანაც მაღლა ხის კენწეროზე. რატომღაც მგონია, რომ  მისთვის ცხოვრების არსი ძიება უფრო იყო, ვიდრე თვით ამ ძიების პროცესის პროდუქტი. ამიტომაც ისე დაასრულა სიცოცხლე, რომ ვერც იპოვა. კაპანელიც ამბობდა  ერთგან, კაცობრიობა მთელი მისი არსებობის მანძილზე მუდმივად ეძებსო, მიუხედავად იმისა მრავალჯერ ჰქონდა ხელის ჩაქნევისა  და გულის გატეხვის მიზეზი. და დაე ვერც იპოვოსო… მიჭირს არ დავეთანხმო. რადგან თვით ძიების პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და შემოქმედებითია,  ვიდრე გამიზნულის მიგნება, უკვე ხელის შეხება. ჰოდა ეძეებს დიდი თუ პატარა, გუშინ თუ დღეს, ხორცისა თუ სულის სარჩო-საბადებელს. ამ ძიების პროცესში შეიქნა პირველი შრომის ქვის იარაღები, ორთქლის მანქანა, დაზგა-დანადგარები, ელექტრონული მოწყობილობები, თვით ქალაქები, სახელმწიფოები და იმპერიებიც კი. ვეძებთ ყველგან, დედამიწის წიაღში, მის ზედაპირზე თუ ცასა და შორეულ კოსმოსში. ვეძებთ ყველაფერს, მატერიალურსა და არამატერიალურს. ერთნი  ნედლეულს, წყალს, საკვებსა და  ფუფუნებას. მეორენი კი ახალ იდეებს, სიტყვებს, ნოტებს, რითმებს…

ამ საყოველთაო ფუსფუსში ცხადია, ქიმიკოსებიც არიან ჩართულნი. მათი მიგნებული ახალი მოლეკულების, მასალების, მეთოდებისა თუ იდეების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. დღეს ერთ-ერთ მათგანზე მინდა მოგიყვეთ.

ქიმიკოსთა და ზოგადად კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაგარად მოლეკულების ერთმანეთზე გადაბმის მეთოდის აღმოჩენაა. მათ შორის კი მნიშვნელოვანი ადგილი პოლიმერიზაციის, მოლეკულების მძივად ასხმის რეაქციას ეკუთვნის.

პოლიეთილენის მიღებამ უმალ გააჩინა ახალი, უფრო დახვეწილი თვისებების პოლიმერების მიღების საჭიროება. არაერთი კირკიტა ქიმიკოსი შეუდგა ამ საქმეს. ამ გზაზე პირველი რაც გამოიცადა, ეთილენის უახლოესი ანალოგის პროპილენის გამოყენება იყო. ზოგადად ერთი კლასის ნაერთები, მით უფრო, უახლოესი ჰომოლოგები (ჰომოლოგიური რიგის ქუჩის კარის მეზობლები) ერთნაირად შედიან რეაქციები, მაგრამ პროპილენიდან პოლიპროპილენის მიღება არც თუ მთლად მარტივი აღმოჩნდა. ფურცელზე ეს ყველაფერი მარტივად იწერებოდა:

ნატა1

არც მაინც და მაინც კოლბაში ჭირდა მათ შორის რეაქციის ჩატარება. ურთიერთქმედების პირობების (წნევა, ტემპერატურა, ინიციატორი, კატალიზატორი) შერჩევის და  კოლბის რამდენიმე საათიანი თუხთუხის შემდეგ ვიღებდით პროდუქტს. თუმცა, მეორე შემთხვევაში მიღებულ პოლიმერს არ ჰქონდა ისეთი ტექნიკური თვისებები (დნობის ტეპერატურა, მექანიკური სიმტკიცე და ა.შ.), რომელიც მისი გამოყენების საშუალებას მოგვცემდა.

კოლბაში მიმდინარე პროცესი ძალიან ჩამოჰგავს თოკზე  მძივის ქვების ასხმას. ერთი მოლეკულა მეორეს ეკვრის და თუ ამ პროცესს „უსასრულოდ“ გავაგრძელებთ, მივიღებთ მაღალმოლეკულურ ნაერთს. მაგრამ რაში მდგომარეობდა სხვაობა პოლიეთილენსა და პოლიპროპილენს შორის? პროპილენში არსებული ერთი CH3 ჯგუფი რატომ იწვევდა ასეთ მნიშვნელოვან განსხვავებას მიღებულ პროდუქტებში?

დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი პოლიპროპილენის სტრუქტურული ფორმულა ძალიან სქემატურია და არ აღწერს მოლეკულის რეალურ აღნაგობას. პოლიპროპილენის მოლეკულისათვის შეიძლება დაიწეროს შემდეგი სამი სახის ფორმულა:

ნატა2

პირველ ფორმაში მეთილის ჯგუფების მდებარეობა ქაოსურია – პოლიმერის გრძელ ჯაჭვში მათი სივრცეში ორიენტაცია მხოლოდ შემთხვევითობაზე არის დამოკიდებული და არ ექვემდებარება რაიმე სიმეტრიას. მეორე ფორმაში კი, მეთილის ჯგუფები  მორიგეობენ სივრცეში – ერთი თუ „ქვევით“ არის ორიენტირებული, მისი მომდევნო საპირისპირო მდებარეობას იკავებს. და ასე გრძელდება მთელს მოლეკულაში. იზოტაქტიკურ ფორმაში კი ყველა მეთილის ჯგუფი ერთი მიმართულებით „იყურება“.  ეს მხოლოდ გამოსახვის ფორმა არ არის. ამით  პოლიპროპილენის თვისებები მნიშვნელოვნად იცვლება. იზოტაქტიკური ფორმა ყველაზე მძიმეა (სიმკვრივე 0.92 გ/სმ3) და ლღვება 165 °C-ზე, როცა ატაქტიკური ფორმას მხოლოდ თხევადი ფორმით არსებობს ოთახის ტემპერატურაზე (დნობის ტემპერატურა -35°C). შესაბამისად, თუ პოლიმერის პარკის ან სხვა რაიმე ნაკეთობის დამზადება მინდა, მხოლოდ იზოტაქტიკური ფორმის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

პოლიპროპილენის აღმოჩენის შემდეგ წლები დაგვჭირდა, რომ გვეპოვა ეს კანონზომიერება და მისი განხორციელების გზები, რასაც დღეს უკვე სტერეორეგულარულ სინთეზს ვუწოდებთ. მას კი დასაბამი ნატამ (ციგლერთან ერთად) დაუდო. მან იპოვა ტიტანის ქლორიდის ის „ჯადოსნური ჯოხი“, რომელიც მეთილის ჯგუფებს სივრცეში სწორ ორიენტაციას აპოვნინებდა და პოლიპროპილენს კაცობრიობის სამსახურში ჩააყენებდა.

აქტიური სწავლების სტრატეგიები  

0

პედაგოგიკის მეთოდიკის სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ აქტიური სწავლების სტრატეგიებს, რომლებსაც განსაკუთრებული შედეგის მოტანა შეუძლიათ სწავლების ყველა საფეხურზე და ყველა საგანში. ევროპის ბევრ ქვეყანაში იყენებენ ამ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში ჯგუფურ ჩართვას და გადაწყვეტილებების  ერთობლივად მიღებას. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, განავითაროს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები, ხელი შეუწყოს მათი განსაკუთრებული ინტერესების გამოვლენას, თვითშეფასების ამაღლებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.

ამერიკელმა სოციოლოგებმა საგულისხმო და საინტერესო  კვლევა ჩაატარეს იმის გამოსავლენად, თუ რა ტიპის წყაროებიდან რა მოცულობით იმახსოვრებს ადამიანი ინფორმაციას. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მათ სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიეს  ახალგაზრდები, რომელთაც სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ.  მათ შესთავაზეს ათი კითხვა მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა უპასუხა ყველა კითხვას.

ამ ექსპერიმენტმა მკვლევრები მიიყვანა შემდეგ დასკვნამდე: მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია სკოლა, ის წარმატებით ასწავლის მხოლოდ ერთს ათიდან. როგორც უნდა ვეცადოთ, სკოლაში კარგად სწავლობს მხოლოდ 10%. რატომ? კვლევებმა აჩვენა, რომ  ადამიანი მხოლოდ 10%-ს იმახსოვრებს წაკითხულიდან, 20%-ს – მოსმენილიდან, ხოლო 30%-ს – ნანახიდან.

გამოკვლევამ წარმოაჩინა, რომ 50%  გვამახსოვრდება იქიდან, რასაც ვხედავთ და ვისმენთ, მაგალითად, როდესაც ვნახულობთ ფილმებს, ვათვალიერებთ გამოფენას, მივდივართ ექსკურსიაზე.

საგულისხმოა, რომ 70% გვამახსოვრდება იქიდან, რასაც ვლაპარაკობთ, მაგალითად, როცა გამოვთქვამთ ვარაუდებს, თვალსაზრისებს დისკუსიის დროს. მხოლოდ მაშინ გვამახსოვრდება 90%, როდესაც  ვსაუბრობთ და ვმონაწილეობთ რეალურ პროცესში, თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ დასკვნებს, ვგეგმავთ სამომავლო მოქმედებებს.

მოსწავლე იმახსოვრებს:

10%

 

წაკითხულიდან

 

წიგნი, სახელმძღვანელო, ბეჭდური მედია
20% მოსმენილიდან ლექცია, ზეპირი ახსნა
30% ნანახიდან ილუსტრაცია, სლაიდები
50% ნანახიდან და მოსმენილიდან ფილმი, გამოფენა, ექსკურსია
70% საუბრიდან დისკუსია
90% საუბრიდან, მოქმედებიდან რეალური მოქმედებების იმიტაცია

მკვლევართა აზრით, ამის ახსნა ძალიან მარტივია: ადამიანთა მხოლოდ  10%-ს აქვს უნარი, ისწავლოს წიგნის კითხვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა მხოლოდ 10%-ს მიესადაგება ტრადიციული სწავლების მეთოდები. დანარჩენ 90%-საც შეუძლია სწავლა, მაგრამ არა წიგნის კითხვით, არამედ სხვა გზით, თავისი მცდელობებით, რეალური გამოცდილებით, გრძნობის ყველა ორგანოს მონაწილეობით. ასე რომ, ყველა ადამიანს შემეცნებისა და განვითარების  სხვადასხვა საშუალება აქვს.

ამ ყოველივეს გათვალისწინება აუცილებელია, რათა პედაგოგის ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს.  მან უნდა იზრუნოს და გაამრავალფეროვნოს სწავლების პრაქტიკა, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა გზა შესთავაზოს ახალი ინფორმაციის აღსაქმელად, გასაგებად, გასაანალიზებლად, ძველისა და ახალი მასალის დასაკავშირებლად, შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.

სწავლების აქტიური მეთოდები მოსწავლეს ახალ პოზიციაში აყენებს, როდესაც ის აღარ არის, მეტაფორულად თუ ვიტყვით, „პასიური ჭურჭელი“, რომელსაც ცოდნით ვავსებთ. ის აქტიურდება და საგანმანათლებლო პროცესში იღებს მონაწილეობას. ადრინდელი სასწავლო გამოცდილების მიხედვით, მოსწავლე მთლიანად ექვემდებარებოდა მასწავლებელს, დღეს კი პედაგოგი მისგან მოელის აქტიურ მოქმედებას, დამოუკიდებელ აზროვნებას, აღიარებულ მოსაზრებებში დაეჭვებას, ვარაუდების გამოთქმას, იდეების მოწოდებას, შემოქმედებითობას.

სწავლების აქტიური მეთოდების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ჯგუფური მუშაობის ფორმას. აქტიური მეთოდების ტექნოლოგია ეფუძნება ერთობლივ მოქმედებას და მიმართულია იმისკენ, რომ:

  • ჯგუფის მონაწილეებმა ერთმანეთი შეავსონ და გაამდიდრონ თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით;
  • მოახერხონ ერთობლივი მოქმედებების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო-შემეცნებითი პროცესების გააქტიურებას;
  • შეძლონ კომუნიკაცია, ურთიერთობა, რის გარეშეც წარმოუდგენელია შესასრულებელ დავალებათა განაწილება, თვალსაზრისთა გაზიარება და ურთიერთგაგება;
  • შეძლონ პრობლემის გადასაწყვეტად მოქმედების ხერხების გაზიარება;
  • შეძლონ ურთიერთგაგება, რაც განსაზღვრავს მოსწავლეთა ჩართულობას ჯგუფში და ინდივიდუალური უნარების მაქსიმალურ გამოვლენას;
  • შეძლონ რეფლექსია, რომლის საშუალებითაც წარმოჩნდება მონაწილის პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებაზე, შეცდომის შემთხვევაში კი – მოქმედების შესწორების უნარი.

აქტიური მეთოდები გულისხმობს სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების გამოყენებას. თამაშის პედაგოგიკა კრებს იდეებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფში ურთიერთობის ჩამოყალიბებას, თვალსაზრისთა ურთიერთგაცვლას, კონკრეტული პრობლემების გაგებას და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას. როგორც აღიარებულია, თამაშს დამხმარე ფუნქცია აქვს სწავლების პროცესში.

თამაშის პედაგოგიკის ამოცანაა, წარმოადგინოს მეთოდიკა, რომელიც ჯგუფურ მუშაობას ეხმარება და ქმნის ატმოსფეროს, რომლის წყალობითაც მონაწილეები თავს გრძნობენ კომფორტულად და დაცულად. ყოველ მათგანს აქვს შეგრძნება, რომ მის თვალსაზრისს, იდეას პატივს სცემენ; შეიძლება შენიშვნა მისცენ, გააკრიტიკონ, არ მიიღონ, მაგრამ ამას ისე გააკეთებენ, რომ აზრის გამომთქმელს არ დაამცირებენ, არ დასცინებენ, ღირსებას არ შეულახავენ.

თამაშის პედაგოგიკა მასწავლებელს და მოსწავლეებს ეხმარება  სხვადასხვა უნარის გამოვლენაში, შესაძლებლობების რეალიზაციაში. მონაწილეეებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ განცდები, ემოციები, დაიხმარონ ჟესტ-მიმიკა და ყველა გზითა და ხერხით გამოავლინონ საკუთარი თავი ისე, რომ არ ჰქონდეთ სიმორცხვისა და გაუბედაობის განცდა. მათ უნდა დაძლიონ სხვებთან ურთიერთობის შიში, იყვნენ ლაღნი და კეთილგანწყობილნი ჯგუფის ყველა წევრის მიმართ. ნდობით მოეკიდონ ყოველ ახალ მონაწილეს და საშუალება მისცენ, თავი იგრძნოს ჯგუფის სრულყოფილ წევრად.

ამგვარი მუშაობა დაარღვევს ბევრ უსარგებლო და სწავლების შემაფერხებელ  სტერეოტიპს, რომლებიც მოსწავლეთა ცნობიერებაშია ჩამოყალიბებული. მოსწავლეს აუმაღლდება თვითშეფასება, გახდება უფრო თავდაჯერებული, თამამი, გამბედავი და გაუჩნდება სიხარულის განცდა, რომელიც მოაქვს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, საზოგადოებაში თვითდამკვიდრების განცდას.

თამაშის პედაგოგიკის პრინციპებია:

  1. საკუთარი ნებით მონაწილეობა;
  2. შეჯიბრებისთვის თავის არიდება და დადებითი ემოციების გამოვლენის შესაძლებლობა;
  3. გამოყენებული ფორმის მრავალფეროვნება;
  4. ყურადღების გამახვილება კომუნიკაციის ყველა დონეზე.

აქტიური მეთოდიკის სტრატეგიებზე დღეს ბევრი თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ფიქრობს. მათ შორისაა სპეციალისტების ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი პროფესორი დევიდ კოლბი ხელმძღვანელობს. მკვლევართა აზრით, ადამიანი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ 1/8 ჩანს წყლის ზედაპირზე, 7/8 კი წყლითაა დაფარული. ხომალდების უმეტესობა ოკეანეებში აისბერგის სწორედ ამ უხილავი ნაწილის მსხვერპლი ხდება. პედაგოგთა წარუმატებლობის დიდი წილი მოდის იმაზე, რომ  სასწავლო პროცესში ისინი ხშირად ივიწყებენ მოსწავლის გრძნობებსა და ემოციებს.

სწავლების აქტიურ მეთოდებს შორის ცნობილია თამაშის ორგანიზების შემდეგი ფორმები: „ყინულმჭრელი“, „გადაწყვეტილებათა ხე“, „ცარიელი სავარძელი“, „6 х 6 х 6“, „იდეების ხალიჩა“ და სხვ.

მეთოდი „ყინულმჭრელი“ ხშირად გამოიყენება თითქმის უცნობ ადამიანთა დასაახლოებლად (წარდგენა, ინტერვიუ). კლასში, სადაც მოსწავლეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, ეს მეთოდი გამოიყენება ემოციური განწყობის ასამაღლებლად.

აქტიური მეთოდიკა გულისხმობს სწავლებას ჯგუფებში, რომელთა შემადგენლობა ყოველ ჯერზე იცვლება. ჯგუფებად დაყოფის მეთოდიკა კი გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი თავიდანვე აყალიბებს  ჯგუფის შედგენის პრინციპებს. მასში არ უნდა იყოს 9 მოსწავლეზე მეტი. პედაგოგმა ეს მეთოდიკაც უნდა გაამრავალფეროვნოს და საინტერესო გახადოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაწილდნენ მოსწავლეები „საუკეთესოებად“ და „უარესებად“. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ჯგუფს ყოველთვის ერთი და იგივე ლიდერი არ ჰყავდეს.

ყოველ გაკვეთილზე ახალი შემადგენლობის ჯგუფები უნდა შეიქმნას. მიზანი ისაა, რომ მოსწავლეები შეეჩვიონ საკუთარი იდეების გაზიარებას, შეიძინონ საერთო თვალსაზრისის შექმნის უნარი, შეძლონ ურთიერთობა იმ ადამიანთანაც, რომლის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი, ან რაიმე უთანხმოება აქვთ;  მოახერონ ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა ახალი იდეების მოსაფიქრებლად.

მეთოდიკა „გადაწყვეტილებების ხე“ – ამ მეთოდიკას იყენებენ არაერთმნიშვნელოვანი და რთული სიტუაციების დროს. მასწავლებელი მუშაობის  დაწყებამდე წარმოაჩენს პრობლემას, რომელსაც  შემდეგ ჯგუფებში განიხილავენ. იგი წინასწარ ამზადებს ცხრილებს ყოველი ჯგუფისთვის. მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე ავალებენ, რომ გაეცნონ იმ საკითხებს, კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც მოცემული პრობლემის გადასაჭრელად დასჭირდებათ. გაკვეთილზე კი ისინი ყოველმხრივ განიხილავენ პრობლემას, დაწვრილებით აანალიზებენ მისი გადაჭრის გზებს, ყოველი გადაწყვეტილების პლუსებს და მინუსებს გამოავლენენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საერთო გადაწყვეტილებას. ყოველი ჯგუფი დავალების შესრულებისას  ავსებს ცხრილს, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჯგუფის მუშაობის პროცესს:

პრობლემა

+უპირატესობა

1.

2.

3.

-ნაკლი

1.

2.

3.

საერთო გადაწყვეტილება

             მეთოდიკა 6X6X6 („ექვსჯერ ექვსი“) – ამ დროს მუშაობა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ყოველი ჯგუფი დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას. მუშაობის პროცესში მონაწილეები იღებენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას, ამასთანავე, ყოველი მათგანი ემზადება იმისთვის, რომ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ახალ ჯგუფში სხვებს გაუზიაროს.

მეორე ეტაპზე ახალი ჯგუფები  იქმნება და პირველი ეტაპის მონაწილე ყველა ჯგუფშია. თავიდან ყოველი მონაწილე წარმოადგენს წინა ჯგუფში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, შემდეგ კი ჯგუფი ახალ დავალებას ასრულებს. ეს საშუალებას აძლევს პედაგოგს, რომ ერთი საკითხი სხვადასხვა რაკურსით გააანალიზებინოს მოსწავლეებს და მიღებული დასკვნები გააზიარებინოს.

სადისკუსიო მეთოდიკას განეკუთვნება „ცარიელი სავარძელი“. მისი მიზანია, მოსწავლეებმა გადაწყვეტილება მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე მიიღონ.  ეს მეთოდი მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარს უვითარებს, ასწავლის დასაბუთებას, ზუსტი და შესაბამისი არგუმენტების მოხმობას, დამაჯერებელ დასაბუთებას, კითხვების დასმის ხელოვნებას, დისკუსიის კულტურას, ააქტიურებს მონაწილეთა დიდ რაოდენობას.

წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებული, ფურცელზე დაწერილი რამდენიმე თვალსაზრისი გაანაწილეთ 3-4 სკამზე.  ერთ ფურცელზე კი დაწერეთ მხოლოდ კითხვის ნიშანი. მონაწილენი გაეცნობიან ამ ყველაფერს. ვისაც მოცემულისგან განსხვავებული შეხედულება ექნება, დადგება კითხვისნიშნიან სკამთან. ასევე განაწილდებიან სხვა სკამებთან და შეიქმნება ჯგუფები. შემდეგ ჯგუფში განიხილავენ საკითხს და აირჩევენ ლიდერს, რომელიც მათ თვალსაზრისს წარმოადგენს და დაიცავს დისკუსიის დროს. მონაწილენი დასხდებიან წრეზე. დისკუსიას იწყებენ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც პირისპირ სხედან. მასწავლებელი დგამს კიდევ ერთ სკამს მისთვის, ვისაც გაუჩნდება აზრის გამოთქმის სურვილი. ამას ჰქვია ცარიელი სავარძელი, რომელზეც ჯდომა მხოლოდ ერთ წუთს შეიძლება. მასწავლებელი, რომელიც დისკუსიას უძღვება, დისკუსიას ამთავრებს მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვან დასაბუთებას მოისმენს.

„იდეების ხალიჩა“ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად მონაწილენი 3-4 ჯგუფად იყოფიან. პირველ ეტაპზე ხდება პრობლემის გააზრება. მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: რატომ არსებობს ეს პრობლემა? ყოველ ჯგუფს ურიგდება ფერადი მისაწებებელი ფურცლები. მოსწავლეები უპასუხებენ შემოთავაზებულ კითხვას, მაგალითად: რატომ არის სკოლაში სწავლა ძნელი? ჯგუფი პასუხს წერს ფერად ქაღალდზე და აკრავს „იდეების ხალიჩაზე“.

მეორე ეტაპი გულისხმობს გზების ძიებას გადაწყვეტილების მისაღებად. რა შეიძლება შეიცვალოს? ყოველი ჯგუფი დაწერს  საკუთარ პასუხს ფერად ფურცელზე და გააკრავს დაფაზე. მესამე ეტაპზე მონაწილეები ინდივიდუალურად მოქმედებენ. მათ უნდა უპასუხონ კითხვას: რას გავაკეთებ მე არსებული სიტუაციის შესაცვლელად? მეოთხე ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი იდეების შეფასებას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.  მონაწილემ უნდა აარჩიოს  პრობლემის გასაწყვეტის ის გზა, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად მიაჩნია.

აქტიური მეთოდების გამოყენება აძლიერებს სწავლის მოტივაციას და მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა  ყოველი მეთოდის გამოყენების წინ მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს და კარგად გაიაზროს, შეესაბამება თუ არა არჩეული მეთოდი კონკრეტულ გაკვეთილს და წინასწარვე წარმოიდგინოს სავარაუდო შედეგი.

 

თამაშის გამოყენება ახალი მასალის ახსნის გაკვეთილზე

0
Standing out from the crowd at school

ცოდნის მიღების, განმტკიცებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ხშირად იყენებენ დიდაქტიკურ თამაშებს, რომლებიც სწავლების აქტიურ მეთოდებს მიეკუთვნება. დიდაქტიკური თამაშების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია, ლამაზად შენიღბოს სასწავლო ამოცანა, რათა მოსწავლე ბუნებრივად, სტრესის გარეშე დაეუფლოს ცოდნას. თამაში შეიძლება იყოს სახალისო, სააზროვნო, ლოგიკური, განმავითარებელი, შემეცნებითი, სიმულაციური და ინტელექტუალური. თითოეული მათგანის ეფექტიანობა, უპირველეს ყოვლისა, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს, რომელიც განსაზღვრავს დიდაქტიკურ თამაშში მოსწავლის ჩართვას. თუ დიდაქტიკური თამაშის მიმართ მოსწავლეებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება, ასეთი გაკვეთილები კი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს ნამდვილად სჭირდება, რადგან ისინი ეხმარება მოსწავლეს, ზღვა ინფორმაციიდან ამოარჩიოს საჭირო მასალა, თანაც ისე, რომ ეს პროცესი სასიამოვნო იყოს მისთვის და მიღებული ცოდნა კლასგარეშე სიტუაციაშიც გამოიყენოს.

დიდაქტიკური თამაშის ამ თვისებებზე ჯერ კიდევ ფ. ფრებელი (XIX ს–ის გერმანელი პედაგოგი, „საბავშო ბაღის“ ცნების ავტორი) და მ. მონტესორი მიუთითებდნენ, როდესაც სწავლებისას თამაშის გამოყენებაზე მსჯელობდნენ. XXI საუკუნეში თამაშით სწავლისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

თამაშს ძირითადად იყენებენ შესწავლილი მასალის გამეორებისთვის, განზოგადებისა და დიდი მოცულობის სამუშაოს შეფასებისთვის, რაც არ არის შემთხვევითი, რადგან თამაშს საფუძველად გარკვეული ცოდნა უდევს, რომლის სისტემატიზაციაც (თუნდაც რომელიმე ნიშნის მიხედვით) ხდება თამაშის პროცესში. ასეთი თამაშის უამრავი ტიპი არსებობს და ფართოდაც გამოიყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ შედარებით ცოტაა ისეთი თამაში, რომელიც შეიძლება ახალი მასალის სწავლებისთვის გამოვიყენოთ. უფრო მეტიც –გაკვეთილზე ზოგჯერ თავად თამაშსაც ნაკლებად იყენებენ. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ლ. ბორზოვას ნაშრომი „თამაში ისტორიის გაკვეთილზე“, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული თამაშის მნიშვნელობა შემეცნებითი საქმიანობის აქტივიზაციისთვის, მხედველობითი და სმენითი მეხსიერებისა და სხვა აუცილებელი უნარების ფორმირებისთვის.

იმ დიდაქტიკური თამაშებიდან, რომლებიც ახალი მასალის ახსნისთვის გამოიყენება, მოსწავლეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თამაში „სიტყვასიტყვით“. ის აგებულია დასასწავლი ტექსტის მრავალგზის ხმამაღლა გამეორებაზე. შესაძლოა, ტექსტი შეიცავდეს თარიღების, ტერმინების, საკუთარი სახელების მაქსიმუმს. თამაში მიმდინარეობს მთელ კლასთან, მაგრამ ძირითადი დატვირთვა სამ მოსწავლეზე მოდის.

საკლასო ოთახის ცენტრში გამოდის სამი მოსწავლე. ორი მათგანი, თამაშის წესების მიხედვით, დროებით გადის ოთახიდან. დარჩენილი მოსწავლე კლასთან ერთად ყურადღებით მოისმენს ტექსტს, რომელსაც ან მასწავლებელი კითხულობს, ან რომელიმე მოსწავლე, ოღონდ შეუსვენებლად. როგორც კი კითხვა დამთავრდება, ოთახში შემოდის მეორე მოსწავლე, რომელსაც კლასში დარჩენილი წაკითხულის შინაარსს მოუყვება. დავალება ასეთია: მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა მოისმინონ ტექტი, რათა შემდეგ დაწვრილებით მოუყვნენ თანაკლასელს. მას შემდეგ, რაც მეორე მოსწავლეც მოუყვება მესამეს, მასწავლებელი ხელახლა გააცნობს მათ თავდაპირველ ვარიანტს, მერე კი იმის გარკვევაში დაეხმარება მოსწავლეებს, რას ვერ გაართვეს თავი.

ინფორმაციის გადაცემისას, ბუნებრივია, მისი ნაწილი იკარგება. მოსწავლეები, სანამ პასიურად ისმენდნენ სამი თანაკლასელის თხრობას, სინამდვილეში აზრობრივად იმახსოვრებდნენ საწყის ვარიანტს და სანამ მასწავლებელი ხელახლა წაიკითხავს ტექსტს, შეუძლიათ, თვითონვე აღმოაჩინონ შეცდომები და გამოტოვებული ინფორმაცია მათ მონათხრობში.

თამაში „მნემოტექნიკა“ძალიან ახალისებს და ააქტიურებს გონებას, მეხსიერებას და არანაკლებ მოსწონთ მოსწავლეებსაც. თამაშის პირობის მიხედვით, აუცილებელია, შესასწავლი თემის შესახებ წინასწარ მოვამზადოთ 10-20 სიტყვა (ცნება, სახელწოდება, ტერმინი…). გაკვეთილზე მასწავლებელი ხმამაღლა წაიკითხავს ამ სიტყვებს. მოსწავლეები მოისმენენ და კითხვის დამთავრების შემდეგ რვეულებში გადაიტანენ, რაც დაამახსოვრდათ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ სიტყვას დაიმახსოვრებს და ჩაიწერს. გაკვეთილზე ამ თამაშის ხშირი გამოყენება აუმჯობესებს მოსწავლეთა მეხსიერებას, ხოლო თამაშისთვის საჭირო სიტყვების მომზადება შეიძლება დავავალოთ ყველაზე პასუხისმგებლობიან მოწავლეებს.

ახალი მასალის გადაცემისას ეფექტიანად გამოიყენება თამაში „იპოვე შეცდომა“ (ასეთივე წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება განზოგადების ან შესასწავლი მასალის განმტკიცების გაკვეთილზე). თამაშის წესების მიხედვით, მოსწავლეები რამდენიმე ხნის განმავლობაში „ნამდვილ“, „სწორ“ ტექსტთან მუშაობენ (დროის ხანგრძლივობა ტექსტის მოცულობასა და გაკვეთილის დროზეა დამოკიდებული). შემდეგ მასწავლებელი მიაწვდის მათ სხვა, მსგავს ტექსტს, რომელშიც მათ შეცდომები უნდა იპოვონ. ამ ტიპის დავალებების რეგულარული შესრულება მხედველობით მეხსიერებას აუმჯობესებს.

თამაში „ტექსტის გაშიფვრა“ გულისხმობს შესასწავლი ტექსტის შეკვეცას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა შემდეგ, კონტექსტის საფუძველზე, მოსწავლეებმა ხელახლა აღადგინონ ის. ამ თამაშით მოცემული უნარის განვითარება ძალზე შედეგიანია.

თამაში „რესტავრაცია“ ეხმარება მოსწავლეს არა მარტო ტექსტთან მუშაობაში, არამედ კონსპექტის შექმნისა და მასთან მუშაობის უნარის გამომუშავებაშიც. თამაშის პირობის თანახმად, მოსწავლეებს აძლევენ შემოკლებულ ტექსტს სასვენი და დამაკავშირებელი ნიშნების გარეშე, მან კი უნდა აღადგინოს და შეავსოს ნაკლული ტექსტი. თამაშის პირველი ჩატარებისას უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეს, როგორ გააკეთოს ეს.

თამაში „აღადგინე წარმოსახვით“ წარმატებით გამოიყენება უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან. ის მოზაიკის კენჭებისგან სურათის აღდგენას ჰგავს (ასეთი თამაში გამოიყენება გამეორებისა და განზოგადების გაკვეთილებზეც).

თამაში „პასუხის მიღებამდე“ გულისხმობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას სხვადასხვა წყაროს ან დავალების გამოყენებით. მოწავლემ ეს ინფორმაცია უნდა მოიძიოს ინტერნეტში ან მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ წიგნში. ინფორმაციის მოძიებისას უნდა ახსოვდეს, რომ ის რაც შეიძლება სრული უნდა იყოს. თამაშის მიზანია მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ინტერესის გაღვივება. გაიმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც უფრო სწრაფად და სწორად უპასუხებს კითხვებს.

თამაში „ახალი მასწავლებელი“ მოითხოვს წინასწარ შერჩეული მოსწავლის დამატებით მომზადებას, რომელიც მასწავლებლის მაგივრად ახსნის მომდევნო გაკვეთილს. მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეამოწმოს მოსწავლის მომზადების დონე, დაეხმაროს მასალის, მეთოდებისა და საშუალებების შერჩევაში. მოსწავლის ბლოკი არ უნდა იყოს ხანგრძლივი, რათა თანაკლასელების ყურადღება არ მოდუნდეს. სასურველია, სემესტრის ან წლის განმავლობაში კლასის ყველა მოსწავლემ მოირგოს „მასწავლებლის როლი“, შეაჯამოს თავისი მოღვაწეობა და დაასახელოს ყველაზე წარმატებული მოსწავლე.

თამაში „გაცოცხლებული სურათი“ გულისხმობს ისტორიული ან სხვა სახის სურათების „გაცოცხლებას“ ისტორიული ხასიათის რეპლიკების, დიალოგების, მონოლოგების საშუალებით. ამ დროს მოსწავლე უკეთესად შეიგრძნობს ეპოქას და იმახსოვრებას ისტორიულ მოვლენას.

„შემეცნების ხე“ ეხმარება მოსწავლეს, დასვას კითხვები შესასწავლი ისტორიული მასალის შესახებ. ახსნილი მასალის შესაბამისად ტექსტთან მუშაობისას მოსწავლეები ჩაიწერენ 5 კითხვას და მიამაგრებენ ხეზე, რომელიც წინასწარ მოამზადა მასწავლებელმა. გაკვეთილის ბოლოს ან მომდევნო გაკვეთილზე ყველა კითხვას პასუხობენ მოსწავლეები, რომლებიც კითხვებს ხიდან „ნაყოფივით“„მოწყვეტენ“.

თამაში „სამი წინადადება“ მოსწავლეს ტექსტიდან დედააზრის გამოყოფაში ეხმარება. მოსწავლემ უნდა მოისმინოს და გადმოსცეს მასწავლებლის მონათხრობის შინაარსი სამი მარტივი წინადადებით. გაიმარჯვებს ის, ვინც მოკლედ, მაგრამ აზრობრივად სწორად გადმოსცემს შინაარსს.

ახალი მასალის ახსნის გაკვეთილზე, მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ან მის შემდეგ, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ თავსატეხები, რებუსები, კროსვორდები და სხვა სახის დიდაქტიკური თამაშებიც.

ახალი მასალის ახსნის გაკვეთილზე დიდაქტიკური თამაშების სისტემატური გამოყენება მოსწავლეებს ხალისს მატებს და ხელს უწყობს იმ ცოდნისა და უნარების ფორმირებას, რომელთა განვითარება ჰქონდა განზრახული მასწავლებელს სასწავლო გეგმის მიხედვით და რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო სივრცის გარეთაც, პრაქტიკულ ცხოვრებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მ. ბოჭორიშვილი, დიდაქტიკური თამაშის ფსიქოლოგიური და კოგნიტური საფუძვლები, Mastsavlebeli.Ge – ინტერნეტგაზეთი “მასწავლებელი” , 2014, 30 მარტი;

Борзова Л.П. Игры на уроке истории.-М., 2001.-160

Борзова Л.П. Дидактические игры при изучении нового материала.//Преподавание истории в школе. 2000.№3.С.46-50

Развивающие игры с детьми по методике Марии Монтессори, https://www.svetan.ru/montessori_igry.html

М. Монтессори, ДОМ РЕБЁНКА, https://www.kraskizhizni.com/edu/develop/293-montessori-knigi-video

ბელა

0

ჩემი კლასის დამრიგებლის – ლია ქაზუმაშვილის ხსოვნას

 შვილისათვის კარგი განათლების უზრუნველყოფასთან ერთად მშობელი ყოველთვის ცდილობს მის სპორტით დატვირთვას, სახელოვნებო დარგებთან დაახლოებას, ატარებს მოზარდს სხვადასხვა წრესა თუ ენების შემსწავლელ კურსზე. შედეგად ბავშვს უყალიბდება გემოვნება, გამოეკვეთება ინტერესთა სფეროები და შესაძლოა რაიმე განსაკუთრებული ნიჭიც აღმოაჩნდეს. ყველასთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს ისე სძულდება საგანი ან პირიქით, ისეთ სიყვარულს გრძნობს ამა თუ იმ დარგის მიმართ, რომ ეს პირველადი გამოცდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება ხოლმე. ეს უპირობოდაა დაკავშირებული პედაგოგთან, მის არა მხოლოდ კვალიფიკაციასთან, არამედ ბავშვებთან ურთიერთობის უნიკალურ უნართან.

ბევრ მასწავლებელსა თუ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციულ პირს აქვს ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარული, და ამასთან, იმის უნარიც შესწევს, რომ ყველა შესაძლო რესურსი აღსაზრდელებისკენ მიმართოს. ასეთი პედაგოგები იზიარებენ მოსწავლეთა აზრსა და ინიციატივებს, ფინანსებს გამოყოფენ გასავითარებელი სათამაშოებისთვის თუ ლაბორატორიის კარგად აღსაჭურვად, ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად, ბიბლიოთეკის გასაახლებლად ან ისეთი აქტივობების ორგანიზებისათვის, როგორიცაა საინტერესო შეხვედრები, საჯარო ლექციები, ექსკურსიები და სხვა.

მე მსმენია დაწყებითი კლასების მასწავლებელზე, რომელმაც ე. წ. საახალწლო ზეიმის ნაწილი ერთ, აუტიზმის მქონე მოსწავლეს მოარგო და მთელი კლასი მის საყვარელ მუსიკაზე ააცეკვა.

მსმენია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებზეც, რომლებიც გაკვეთილებს შორის თავისუფალ დროს უშურველად უთმობდნენ დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეს და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამატებით ამეცადინებდნენ.

მახსენდება არაჩვეულებრივი ფილმი „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ („Dead Poets Society“), სადაც ლიტერატურის მასწავლებელი სულ სხვა კუთხიდან ცდილობს დაანახოს სტუდენტებს როგორც პოეზია, ისე მთელი გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ. გაკვეთილზე, ვფიქრობ, საინტერესო დისკუსიის გამართვაა შესაძლებელი თემაზე: „როგორი უნდა იყოს მასწავლებელი?“ მასწავლებლისა და მოსწავლის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის საილუსტრაციოდ შესაძლოა უჩვენოთ ფრაგმენტები შესაბამისი ფილმებიდან, გაიხსენოთ წიგნები მსგავსი ეპიზოდებით და ა. შ.

წერილში შეგნებულად არ დავასახელე სამაგალითო ქართველი პედაგოგების სახელები და გვარები. მეც არაერთი მყოლია, თუმცა ვისურვებდი ხუთჯერ მეტნი ყოფილიყვნენ საერთო ფონის შესაცვლელად. ისინი – პროფესიონალიზმის ეტალონები, საბედნიეროდ, მრავლად არიან ჩვენ ირგვლივ. აქტიურები, შემოქმედებითები სხვასაც შთაგონებით ავსებენ და უბიძგებენ მაქსიმუმი გააკეთონ (დაბალი ანაზღაურების მიუხედავად) მომავალ თაობაში „სხივის ასანთებად“.

ამ სტატიას ბელას სახელი ჰქვია. ის ცურვის ერთადერთი, დიახ – ერთადერთი, მასწავლებელია თბილისში, რომელსაც შშმ ბავშვებთან მუშაობა არ ეთაკილება. ხშირად მინახავს გაციებული, უარს რომ ვერ ეუბნება სწორედ იმ ანთებულ სახეებს, ჩადის წყალში და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ასრულებს თავის მოვალეობას. მას შემცვლელი არ ჰყავს. ის ყველა ბავშვს ძალიან უყვარს, რადგან არა მარტო ცურვას ასწავლის, ჯანსაღ ურთიერთობასა და სხვა მრავალ უნარ-ჩვევასაც უყალიბებს. ჩემი შვილის მცირე ლექსიკურ მარაგში „ცურვა“ და „ბელა კარგი გოგოა“ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ვფიქრობ ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

ბელა ჩემთვის კრებითი სახელია და საყვარელ მასწავლებელს ნიშნავს. კიდევ – პროფესიონალიზმს, თავდადებასა და მოსწავლეთა მიმართ დიდ სიყვარულს. ბოლო დროს გავრცელებული სლოგანით დავასრულებ:

მეტი ბელა საქართველოს!

ლიტერატურის ალქიმია

0

კარგი ლიტერატურა ის არის, რომელიც რაღაცით ჰგავს ცხოვრებას, რა ჟანრიც არ უნდა იყოს, რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ტექსტს იმ ეპოქასთან, როცა იწერება და საზოგადოებასთან, პრობლემებთან. მეორე უკეთესი ვარიანტი ის არის, რომ ცხოვრება დაემსგავსოს ლიტერატურას, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო რთულია.

მე, ერთ ადამიანსაც კი, ბავშვობაში რომ ვცდილობდი ტომ სოიერს დავმსგავსებოდი, თითქმის არაფერი გამომდიოდა. არადა, მეგობრებიც მყავდა, სახეტიალოც იყო, ჯიბეებიც გამოტენილი მქონდა ათასგვარი გადასაცვლელი ნივთით, მაგრამ მაინც.

ლიტერატურული ტექსტებისა და არსებული რეალობის აცდენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხდება მოსწავლეებისთვის, რომ ტექსტებამდე მივიდნენ, იცოდნენ, გაიგონ, გაიაზრონ და შემდეგ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია. რათქმაუნდა ყველა ტექსტს აქვს მისი განხილვის რაღაც წინაპირობები, თუ რა უნდა გაითვალისწინო, მაგალითად; ისტორიული კონტექსტი, ლიტერატურული მიმდინარეობა, ავტორის მსოფლმხედველობა და სხვა, მაგრამ მათი დანახვა არასწორად ან ნაკლებად ხდება.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მასწავლებლებმა, კარგი იქნებოდა დავუთმოთ დრო სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ასახვას, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებას მხატვრული ლიტერატურის ახსნის დროს. ჩემს ერთ მოსწავლეს, რომელიც აბსოლიტურად გულგრილად და ნაკლები ინტერესით სწავლობდა ქართულს, ასრულებდა მიცემულ დავალებებს, ერთხელ, ისე რომ არ დამიგეგმავს, ის ისტორიული ვითარება გავაცანი, რაც ტექსტის დაწერის დროს იყო. როგორც მახსოვს, ჰიმნოგრაფიულ ტექსტს ვუხსნიდი. რათქმაუნდა, იქამდეც გვქონდა მსგავსი საუბრები, ავტორის, მისი ბიოგრაფიის, ამათუიმ დროს არსებული რეალობის შესახებ, თუმცა იმჯერად უფრო ვრცლად ვისაუბრეთ. გაკვეთილის ბოლოს მითხრა, რომ დაინტერესდა და მთხოვა, შემდეგ გაკვეთილზეც გაგვეგრძელებინა ასეთი საუბრები. თავდაპირველად შეეტყო მოტივაციის ზრდა, შემდეგ კი უკვე თანდათან ვატყობდი როგორ უკეთ სწავლობდა, წერდა, მსჯელობდა, სხნიდა მოვლენების განვითარების ლოგიკურობას.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში უკვე ფიქრობენ საგნების გაერთიანებაზე. ზუსტად რა ტიპის სწავლება იქნება ეს მე არ ვიცი და არ მგონია თვითონაც გადაწყვეტილი ჰქონდეთ, თუმცა დადებითი კვეთა აუცილებელია ახსნის დროს. ლიტერატურის მასწავლებელმა აუცილებელია, რომ სწავლების პროცესში ისტორია, გეოგრაფია, გეომეტრია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა ჩართოს, რადგან თვითონ ლიტერატურა ამ ყველაფრისგან შედგება და მოწყვეტა სხვადასხვა ძაფებისგან მხატვრულ ტექსტს ტოვებს სივრცისა და დროის გარეშე, სადაც ვერც გაზომავ რაიმეს, ვერც შეაფასებ და ვერც მიხვალ, მიუახლოვდები. ამიტომ არის დისტანცია მოსწავლეების მხრიდან ჰაგიოგრაფიული, შუა საუკუნეების და თუნდაც ზოგიერთი თანამედროვე ტექსტის მიმართაც კი.

ლიტერატურა ძალიან ჰგავს ალქიმიას, თუმცა თუ ალქიმიკოსებმა ვერ იპოვნეს ნივთიერება, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა, მწერლებმა ნახეს ადამიანის პიროვნებად ქცევის საშუალება, – კარგი ლიტერატურული ნაწარმოები. ჩვენ, მასწავლებლებს ისღა დაგვრჩენია, ცდის ჩატარება დავიწყოთ. ფორმულა სწორია.

მოზარდის სოციალიზაციის სტრატეგიები

0

თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს სუპერმარკეტში რამდენიმე ნივთის პოვნას დაავალებთ, ის რამდენიმეჯერ გაიმეორებს ჩამონათვალს, რათა უკეთ დაიმახსოვროს. ასეთია ამ ასაკის ბავშვების სტრატეგია. დიახ, ბავშვები პრობლემების მოსაგვარებლად სტრატეგიების დასახვას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ, რათა დავალებას სხვის დაუხმარებლად გაართვან თავი.

სტრატეგიების მეთოდი ბავშვებს ეხმარება მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად მოგვარებაში, სხვადასხვა სიტუაციური სირთულის დაძლევაში და სასწავლო პროგრამის სწრაფად და ხარისხიანად ათვისებაში. მათ სკოლის ასაკიდანვე სჭირდებათ უფროსების გამოცდილებითი მხარდაჭერა სტრატეგიების შემუშავებაში. ვინაიდან ბავშვები დღის უდიდეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში მასწავლებლების ჩართულობაც.

სოციალურ ჩართულობას ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს მშობლებსა და ახლობლებთან ურთიერთობით. მოგვიანებით ამ პროცესში სასკოლო გარემოც ერთვება. ბავშვი იძენს იმ თვისებებსა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ სხვა ადმიანებთან ურთიერთობაში უნდა დაეხმაროს, უზრუნველყოს მისი პიროვნების ფორმირება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება.

ვიგოტსკის მიხედვით, დასწავლა გაშინაგნების გზით ხდება. ბავშვები დაისწავლიან იმ უნარებსა და ჩვევებს, რომლებსაც გარშემო ხედავენ.

სოციალიზაციის პროცესში მონაწილეობს ოთხი მექანიზმი:

  • იმიტაცია. ეს წამყვანი ფაქტორია ბავშვის სოციალიზაციის პროცესში და მის მიერ სხვისი ქცევის მოდელის გაცნობიერებულ კოპირებას წარმოადგენს. ბავშვები უმთავრესად ბაძავენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებთანაც ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ ან რომლებსაც მათზე ძალაუფლება აქვთ. ამ პროცესზე უსიამოვნო განცდებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ბავშვს ფიზიკურად სჯიან, მან შესაძლოა გადაიღოს ეს ქცევა და „დასაჯოს“ თანატოლი ან ზრდასრულ ასაკშიც ვერ მოახერხოს ამ ფაქტის დავიწყება და საკუთარ შვილებზე იძალადოს.
  • იდენტიფიკაცია – სხვათა ღირებულებების, განწყობებისა და ქცევების საკუთრად მიჩნევა. ეს არის გზა, ბავშვმა კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა გააცნობიეროს.
  • სირცხვილის განცდა – საკუთარი საქციელით უკმაყოფილების თანმხლები ემოციური მდგომარეობა, რომელიც, წესისამებრ, გარშემო მყოფთა უარყოფით რეაქციასთანაა დაკავშირებული.
  • დანაშაულის განცდა. ის მჭიდროდ უკავშირდება სირცხვილის განცდას, თუმცა ამ დროს თავს იჩენს საკუთარი თავის დასჯის მოთხოვნილებაც. არ აქვს მნიშვნელობა, იციან თუ არა სხვებმა ამ დანაშაულის შესახებ – განცდა ორივე შემთხვევაში თანაბარია.

იმიტაცია და იდენტიფიკაცია პოზიტიური მექანიზმებია, რომლებიც განსაზღვრული ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ხოლო სირცხვილი და დანაშაულის განცდა – ნეგატიური, რამდენადაც კრძალავს ან თრგუნავს განსაზღვრულ ქცევას.

როგორც აღვნიშნეთ, დასწავლა ხდება გაშინაგნების გზით. სტრატეგიების დასახვის პროცესში კი დასწავლის ხარისხი მაღალია. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალიზაციას, სოციალურ ჩართულობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის მიღწევები ან წაახალისოს უნარები, რომლებიც შემდგომ ხელს შეუწყობს მის მიღწევებს. იმის ცოდნა, რომ მისი შრომის შედეგს გარშემო მყოფები გაიზიარებენ, წაახალისებს მოსწავლეს და გულმოდგინე მუშაობისკენ უბიძგებს. სკოლა, ოჯახის მსგავსად, სოციალური ინსტიტუტია. ის უნდა დაეხმაროს ბავშვებს იმ სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც მათ სოციალიზაციას უზრუნველყოფს და ამ პროცესში ჩართული პოზიტიური მექანიზმების მიღებასა და ნეგატიურის გადალახვაში შეუწყობს ხელს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...