ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

„სწავლება ხელოვნებაა, საკლასო ოთახი – გაშლილი ტილო, ხოლო შედეგი – მასზე ასახული შემოქმედება“- ტომ როჯერსის სტატიის შესახებ

0

„სწავლებაში დაოსტატება დაუჯერებლად რთული რამაა. სწავლება ხელოვნებაა, საკლასო ოთახი – გაშლილი ტილო, ხოლო შედეგი – მასზე ასახული შემოქმედება“. ასეთ სათაურს არქმევს ტომ როჯერსი 2016 წლის 8 აპრილს გამოქვეყნებულ თავის სტატიას.

სტატიაში განხილულია დიდი ბრიტანეთის რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც დამწყები მასწავლებლების გადამზადებას უწყობენ ხელს. ერთ-ერთი მათგანის ძირითადი მოწოდება გამოცდილების შეძენაა: უნდა ასწავლო, რომ ისწავლო მასწავლებლობა. თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარი პრაქტიკით სწავლების უნარ-ჩვევების შეძენა ძალიან რთული საქმეა, რის გამოც დამწყები მასწავლებლების 60% პირველივე წლის შემდეგ ან პირველი ხუთი წლის განმავლობაში თავს ანებებს მასწავლებლობას.

არც ბევრი საგნის ცოდნა, მაგისტრის ხარისხი, პედაგოგის კვალიფიკაცია ან მაღალი აკადემიური ხარისხის აღმნიშვნელი ტიტულებით სახელის და გვარის შემკობა  არ უზრუნველყოფს საკლასო ოთახში გაკვეთილის წარმატებით ჩატარებას.

ამის კარგი მაგალითი ბრიტანული სატელევიზიო გადაცემა „ჯიმის საოცნებო სკოლაა“, სადაც პროფესორები ატარებენ გაკვეთილებს მაღალი კლასის მოსწავლეებთან. გადაცემის დროს ექსპერტები დიდ ცოდნას ავლენენ, მაგრამ ბავშვებს უჭირთ იმ რთული სამეცნიერო ენის გაგება, რა ენითაც მათ პროფესორ-მასწავლებლები ესაუბრებიან.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მასწავლებლებს საგნის საფუძვლიანად ცოდნა არ მოეთხოვებოდეთ. პირიქით, მათ უნდა უყვარდეთ საკუთარი საგანი და მუდმივად იმაღლებდნენ ცოდნას. სტატიის ავტორი ცდილობს, განმარტოს, რა არის კარგი მასწავლებელი.

დილან უილიამის, დიდი ბრიტანეთის განათლების სპეციალისტის აზრით, მასწავლებლის საქმიანობა არ არის ცოდნის გადაცემა და სწავლის გაადვილება. მასწავლებელმა უნდა ააწყოს მოსწავლეებისთვის ეფექტური სასწავლო გარემო. ეფექტური სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებელია ყველა მოსწავლის ჩართულობა და მასწავლებლების და მოსწავლეების ხელშეწყობა, რომ სწავლება წინასწარ განზრახული მიმართულებით წარიმართოს.

სწავლების მაღალი ხარისხი  და კარგი მასწავლებლის მახასიათებლები ერთად ქმნის ეფექტურ სასწავლო გარემოს.

ავტორის აზრით, ჩვენს ცნობიერებაში უნდა ჩამოყალიბდეს სწორი წარმოდგენა სწავლების შესახებ. „სწავლება ხელოვნებაა. საკლასო ოთახი – გაშლილი ტილო, ხოლო შედეგი – მასზე ასახული შემოქმედება“. სწავლება შეიძლება მოხდეს ისეთ გარემოში, სადაც გადაწყვეტილების მიღება და კრიტიკული აზროვნება კარგადაა განვითარებული. ზოგი მასწავლებელი ხშირად ინსტინქტების დონეზე აგვარებს კლასში დაუმორჩილებელ ახალგაზრდებს შორის არსებულ დაუძლეველ პრობლემებს. მაგრამ, სხვებმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელა და მეთოდოლოგიურად უნდა ისწავლონ ამ ამოცანების გადაჭრა.

სწავლება მოითხოვს დიდ დროს, ენერგიას და ემოციებს. ეს უნდა გაიაზრონ დამწყებმა მასწავლებლებმა, რომ შეძლონ პროფესიით მუშაობა.

დიდ ბრიტანეთში ცნობილია, რომ დამწყები მასწავლებლები გაურბიან მასწავლებლობას. განათლების სპეციალისტები კი ქმნიან მასწავლებლების ხელშემწყობ პროგრამებს, რომ მათ სწავლება გაუადვილონ. ტომ როჯერსიც დამწყები მასწავლებლებისთვის წერს ამ სტატიას, რომ მათ გაუძლონ სწავლების პირველი წლის რთულ გამოცდას და განაგრძონ სწავლება.

მეც ვეძებე სტატისტიკური მონაცემები, რომ დამედგინა, რამდენმა ახალგაზრდამ მიატოვა სკოლა პირველი ხუთი წლის განმავლობაში, რათა წერილს ასეთი სათაური ჰქონოდა: „როგორ მოვანდომოთ ახალკურსდამთავრებულებს მასწავლებლობა?“

მონაცემები ვერ ვნახე. დავიჯეროთ, ჩვენთან მასწავლებლობას თავს არ ანებებენ?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის სასკოლო სიტემაში

0

ცხრასაათიანი გამოცდები და სტრესი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის სასკოლო სიტემაში

ამ წერილში გაგაცნობთ დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრის მოადგილის ელისაბედ თრასის შთაბეჭდილებებს, რომლებიც მან ჩინეთში მოგზაურობისას მიიღო. დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთში ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ჩასვლის მიზანი, როგორ სტატიის ავტორი ჯონათან ქაიმანი წერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სისტემის მიღწევებისა და გამოცდილების შესწავლა იყო.

პეკინში ში-ჯიას საჯარო სკოლის მიმდებარე ქუჩები სავსეა მოსწავლეთა მშობლებით. ქუჩაში იმდენი ხალხია, რომ მანქანები იძულებულნი ხდებიან, გაჩერდნენ და უკან გაბრუნდნენ.

პარასკევს, 3 საათსა და 45 წუთზე, 11 წლის ძოუ ტინგტინგი სკოლის ფართო ჭიშკრიდან გამორბის და დედისკენ გარბის, რომელიც ხელებგაშლილი ელოდება თავის გოგონას. გაკვეთილები დამთავრდა, მაგრამ ტინგტინგის დღე ახლა იწყება: ერთი საათი – საშინაო დავალებისთვის, ვარჯიში პინგ-პონგის წრეზე, მერე – ცურვა, ხელოვნების, კალიგრაფიისა და ფორტეპიანოს წრეები.

ტინგტინგის დედა, ქალბატონი ჰუანგ ჩუნ-ჰუა, გვეუბნება, რომ, სხვა ჩინელი დედებივით, მთავარ პრიორიტეტად ტინგტინგის აკადემიური მოსწრება დაისახა. ახლა ის ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად გააზრებული საგანმანათლებლო პროგრამა. „გავეცანი ბრიტანული სკოლების სასწავლო პროგრამებს და შემშურდა, – ამბობს ის, – ბრიტანელი მასწავლებლები მოსწავლეებს ეხმარებიან, თვითონვე აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო საგნები თუ საკითხები. იქ ბავშვებს უბრალოდ სწორ პასუხს არ სთხოვენ, როგორც ჩინეთში“.

ცოტა ხნის წინ ბრიტანელი მშობლებისა და განათლების სპეციალისტების აღშფოთება გამოიწვია ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემებს შორის არსებულმა განსხვავებებმა.

2012 წლის დეკემბერში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა PISA–ს შედეგები, რომლებიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში 15 წლის მოსწავლეთა მოსწრებას ასახავს. შანხაიელი მოსწავლეები სიის სათავეში იყვნენ, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მოსწავლეებს მხოლოდ 26-ე ადგილი ეკავათ.

ამან უბიძგა დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრის მოადგილეს, ქ-ნ ელისაბედ თრასს, შანხაიში გამგზავრებულიყო ჩინური „სასწაულის“ „საიდუმლოს“ გასაგებად.

თუმცაღა ჩინელი მშობლები და განათლების სპეციალისტები თავიანთ საგანმანათლებლო სისტემას კორუმპირებულს, დეჰუმანიზებულს, ზეწოლის ქვეშ მყოფსა და უსამართლოს უწოდებენ, დასავლური სამყაროდან ჩინეთში ბევრი ეძებს პასუხს. ქ–ნი ჰუანგის თქმით, ბევრი მშობელი ში-ჯიას სკოლის ადმინისტრაციას ქრთამავს კიდეც, რათა მათი შვილები სკოლაში ჩარიცხონ (თუმცა ქ-ნ ჰუანგს არ უთქვამს, თავად თუ მიმართა ამ გზას).

ქ-ნი ჰუანგის მონათხრობის მიხედვით, მისი გოგონა შაბათ-კვირას ძვირიან სარეპეტიტორო სკოლაში დადის, რაც ძალიან ღლის. როგორც ჩანს, მალე ტინგტინგს მოუწევს, თავი დაანებოს არასასკოლო აქტივობებს და მთელი გამოთავისუფლებული დრო მისაღები გამოცდებისთვის (ჩინეთში ამ გამოცდებს გაოკაო ჰქვია) მზადებას დაუთმოს. ბევრი მშობელი ცხრასაათიან გამოცდებს საშინელს უწოდებს. გაოკაო, ფაქტობრივად ბავშვების დახარისხების მექანიზმია, რომელიც მათი მომავალი ცხოვრების ძირითად ტრაექტორიას განაპირობებს.

განათლების ჩინელ ექსპერტებს ევროპელებივით არ აღაფრთოვანებთ ჩინელი ბავშვების მაღალი შეაფსება პიზას სისტემით. „მართალია, შანხაიელმა მოსწავლეებმა ტესტებში უმაღლესი შედეგები აჩვენეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შანხაის განათლების სისტემას პრობლემები არ აქვს, – ამბობს ლაო კაიშენგი, პეკინის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორი, – სინამდვილეში საქმე პირიქითაა“.

„ვინაიდან ჩინეთის განათლების სისტემა უზარმაზარია, მისი რესურსები კი შეზღუდული, ჩინური სკოლები არ განსაზღვრავს სისტემის კომპეტენციას და არც ტესტების შედეგებია განათლების სისტემის ეფექტიანობის ინდიკატორი“, – დასძენს პროფესორი ლაო.

„ჩვენი განათლების სისტემა აქცენტს დამახსოვრება-დაზეპირებაზე სვამს, რაც კარგია გამოცდების ჩაბარების უნარების განსავითარებლად, მაგრამ ვერაფრით ეხმარება ბავშვებს, როდესაც საქმე პრობლემების ანალიზსა და გადაჭრას ან ლიდერობის უნარებსა და პერსონალურ ურთიერთობებს ეხება. ჩინური სკოლები ამ უნარებს უბრალოდ უგულებელყოფენ“.

მოსწავლეთა შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ შანხაიელი დამლაგებლებისა და საჭმლის დამტარებლების შვილები მათემატიკის ცოდნაში სამი წლით უსწრებენ თავიანთ ბრიტანელ თანატოლებს, რომლებიც ადვოკატებისა და ექიმების ოჯახებიდან არიან, თუმცა ეს რიცხვები ნაკლებად სანდოა.

მიუხედავად იმისა, რომ შანხაის 23-მილიონიანი მოსახლეობა ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, შანხაიელების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი ერთ სულზე ჩინეთის საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, შანხაის უნივერსიტეტებში სტუდენტთა დასწრების მაჩვენებელი კი ჩინეთის საშუალო მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია.

გარდა ამისა, შანხაის სასკოლო ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტი მიგრანტების ოჯახებიდანაა, ამიტომ გამოცდების ჩაბარების უფლება არ აქვთ – ჩინეთის მოქალაქეთა რეგისტრაციის სიტემა მოსწავლეებს ავალდებულებს, სასკოლო განათლება მშობლიურ პროვინციაში მიიღონ, სადაც სკოლების უმეტესობა პერსონალის ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს გამოცდები ჩინეთის 12 პროვინციაში ჩატარდა, პიზას რეიტინგში მხოლოდ შანხაის შედეგები მოხვდა.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) არ უთქვამს, რომ ტესტების შედეგები ჩინეთის სხვა პროვინციებშიც შეაფასეს. არც პიზას ოფიციალურ პირებს განუმარტავთ, როგორ შეირჩა პროვინციები ტესტირებისთვის, – წერს ტომ ლავლესი, ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების ექსპერტი. – პიზასა და ჩინეთის ურთიერთობებში ბევრი რამაა ბუნდოვანი“.

ბატონი ვანგ პენგი, ვუჰუელი (ანჰუის პროვინცია) მასწავლებელი, ამბობს, რომ მის სკოლაში თითოეულ კლასში გაცილებით მეტი ბავშვია, ვიდრე შანხაიში და მისი შედარება შანხაის სკოლებთან ფინანსური შესაძლებლობების კუთხით უბრალოდ არ შეიძლება.

ბ-ნი ვანგის თვიური ხელფასი დაახლოებით 300 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტურია, დიდ ქალაქებში კი მასწავლებლებს ორჯერ მეტი ხელფასი აქვთ. „საგანმანათლებლო მეთოდიკაში ვუჰუსა და შანხაის შორის დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ განათლებისთვის საჭირო გარემო და შესაძლებლობები მართლაც განსხვავებულია“, – დასძენს ბატონი პენგი.

ჩინეთის საგამოცდო სისტემის სისატიკემ უკვე ბავშვების კრიტიკული დამოკიდებულებაც გამოიწვია: 2012 წელს ინტერნეტს მოედო ჩინელი ბავშვების მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც გაოკაოსთვის მომზადების მომენტია აღბეჭდილი და რომელზეც ბავშვებს სწავლის დროს ინტრავენურ გადასხმას უკეთებენ.

2011 წლის მაისში ჯიანგსუში ორმა მოზარდმა თავი მოიკლა, რადგან „საშინაო დავალება არ ჰქონდათ მომზადებული“.

2012 წელს გახმაურდა ასეთი ამბავი: ერთ მოზარდს მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაუმხილეს, რომ დედამისი გამოცდამდე 12 დღით ადრე ავტოავარიაში დაიღუპა, მაგრამ სკოლამ და ნათესავებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს გამოცდების წინ ბავშვისთვის ამის თქმა.

ჩინეთის ხელისუფლება აცნობიერებს სასკოლო განათლების პრობლემებს. 2011 წლის ივნისში მთავრობამ სკოლებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ მოსწავლეთა „ზნეობრივ განვითარებაზე“, „მოქალქეობის შესწავლასა“ და „ამბიციის გაღვივებაზე“ და არა გამოცდების შედეგებზე. თუმცა ასეთი განკარგულებების შესრულება ძნელია. პენსიაზე გასული პეკინელი მასწავლებლის ნაამბობით, დამატებით შემოსავალს ის სარეპეტიტორო სკოლაში ბავშვების მომზადებით იღებს. კურსს, რომელსაც მოსწავლეები მასთან გაკვეთილების დამთავრების შემდეგ გადიან, მათემატიკის ოლიმპიადა ჰქვია. ეს კურსი იმ ბავშვებისთვის შეიქმნა, რომლებსაც გამორჩეული მათემატიკური ნიჭი აქვთ.

90-იანი წლების ბოლოს პეკინის მთავრობამ აუკრძალა უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტთა მიღება მისაღები გამოცდების საშუალებით. შედეგად უნივერსიტეტებმა მომავალი სტუდენტების შერჩევა მათემატიკური ოლიმპიადის შედეგების მიხედვით დაიწყეს. შესაბამისად, ბავშვების მშობლებმა „მათემატიკური ოლიმპიადის“ კურსი აუცილებელ დისციპლინად მიიჩნიეს და შვილები, განურჩევლად მათი ნიჭისა თუ სურვილისა, „ოლიმპიადის“ დამატებით კურსებზე შეიყვანეს. სამინისტრომ სცადა ამ კურსზე მოთხოვნის შეჩერება, მაგრამ სკოლებმა ის სხვა სახელით შეინარჩუნეს და ამით მოსწავლეთა მოზიდვა გაზარდეს.

„მათემატიკური ოლიმპიადა“ თავდაპირველად სწორი იდეა იყო – ეს გახლდათ პროგრამა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მათემატიკა აინტერესებდათ და ნიჭიც ჰქონდათ, – ამბობს მასწავლებელი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, – დღეს ამ პროგრამით უამრავი ისეთი ბავშვი სწავლობს, ვისაც უჭირს კურსის დაძლევა და ჩამორჩენილობის გადასალახად უქმე დღეებში, ზამთრისა თუ ზაფხულის არდადეგებზე, მეცადინეობა სჭირდება. ამ მოსწავლეთა ცხოვრება და განვითარება მცდარი გზით მიდის. ასე არ უნდა ხდებოდეს“.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://www.theguardian.com/world/2014/feb/22/china-education-exams-parents-rebel

თავისუფლებისათვის მომღერალი ჩიტი

0

როგორი ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც გესმით ფრაზა ,,გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე”?

ალბათ, თქვენც ის წარმოგიდგებათ თვალწინ: უზომოდ კეთილთვალებიანი, წვერულვაშიანი, მომღიმარი, ,,ბურთივით მრგვალი” კაცი, ერთდროულად ბანკსა და თეატრს რომ ზრუნავდა და უხერხულობამდე სიცოცხლით სავსე რომ ჩანს ფრესკებზე.

ანდა ამ პირველის სულიერი წინაპარი _ ენამახვილი და ცხვირწამახვილებული ფრანგი, პარიკის კულულები რომ სცემდა ზურგზე და საკუთარი ძეგლის გახსნას დაესწრო პარიზში.

ოღონდ არავითარ შემთხვევაში არც ერთი ჩვენგანი ამ სიტყვებზე არ წარმოიდგენს შავკანიან ქალს, სრულიად ახალგაზრდა რომ იქცა მარტოხელა დედად და არც ერთ საეჭვო სამუშაოზე არ ამბობდა უარს, ოღონდაც შვილი გამოეკვება. თუმცა მისი არაჩვეულებრივი არტისტიზმი და მრავალმხრივი ნიჭი _ პოეტის, მწერლის, სცენარისტის, მოცეკვავის, ორატორის, მსახიობის, რეჟისორისა და კომპოზიტორისა _ წინასწარმეტყველებდა იმას, რომ დიდ სცენაზე  უამრავჯერ გამოაცხადებდნენ:

– ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა მაია ენჯელოუ.

და ის, ვინც ამბობდა: ,,ახალგაზრდობაში საზოგადოებისაგან უპატივცემულობას ვგრძნობდი, რადგან შავკანიანი ვიყავი, ღატაკი და ქალი. მამაკაცებისაგან კი იმიტომ, რომ ულამაზო ვიყავი”, უზარმაზარ აუდიტორიას დაიპყრობდა.

მე არ გიამბობთ იმ კონკიას ისტორიას, რომელიც პრინცს კი არ გაჰყვა ცოლად, არამედ თავისი მოღვაწეობით იქცა დედოფლად. მაია ენჯელოუს ბიოგრაფია ისედაც ბევრგან შეგიძლიათ ნახოთ, მათ შორის, ქართულ ენაზეც. მე ჯერ საერთოდაც სულ სხვა ქალის ამბის მოყოლას ვაპირებ:

მას ენი ჯონსონი ერქვა. მაიასავით სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც მარტოხელა დედად იქცა. ქმარმა ორ ბავშვთან ერთად მიატოვა და ოკლაჰომაში წავიდა, რათა ,,ღვთის სამსახურს” შესდგომოდა. ენის ისღა დარჩენოდა, მუშაობა დაეწყო. მთელი მისი განათლება ის იყო, რომ დამარცვლით კითხულობდა და მარტივი რიცხვების შეკრება-გამოკლება შეეძლო, სამაგიეროდ, ას ოთხმოცდახუთი სანტიმეტრის სიმაღლისა იყო და ჯან-ღონეს არ უჩიოდა. რადგან პატარა შვილებს მარტო ვერ დატოვებდა, არც ახლომდებარე ბამბის საამქროში შეეძლო მუშაობის დაწყება და არც _ ხე-ტყის სახერხ ქარხანაში, ამიტომაც გადაწყვიტა ორივე ეს საწარმო თავის სასარგებლოდ ემუშავებინა.

ჰოდა, ის ღამე გაათია: ქათმებს ხარშავდა და ლორს წვავდა, ცომს ზელდა და შიგ ხორცის ნაჭრებს ახვევდა. მეორე დილით აიღო თავისი ხორცის ღვეზელები, ღორის ქონი და ნახშირის ქურა და ბამბის საამქროსკენ გასწია. მუშებს სადილი სახლიდან კი წამოეღოთ, მაგრამ სად მათი კრეკერები და სად ცეცხლზე მოთუხთუხე ღვეზელების თავბრუდამხვევი სურნელი… ყველა დანებდა.  დანებდნენ ხე-ტყის ქარხნის მუშებიც.

მეორე დღეს ენი პირველად სახერხს მიადგა. რამდენიმე წლის მერე კი ამ ორ საწარმოს შორის ფარდული გამართა და ამჯერად შესვენებაზე მუშები გარბოდნენ მასთან ღვეზელის საყიდლად. რამდენიმე წელში კი ეს ფარდული მოზრდილ მაღაზიად იქცა.

კიდევ რამდენიმე წლის  შემდეგ ამ ქალის შვილებიც  ზრდასრულ ადამიანებად იქცნენ და ერთ-ერთ მათგანს ქალიშვილი, მარგარეტი, შეეძინა, რომელმაც შემდეგ სასცენო ფსევდონიმად ძმის მიერ სიყვარულით შერჩეული მეტსახელი, მაია, აიღო. მაია სწორედ ამ ბებიის გაზრდილი იყო და ამ შავკანიანი ,,რკინის ლედისაგან” შეიძინა ღმერთის, პატიოსანი შრომისა და ოჯახის რწმენა. მისგანვე ისწავლა, რომ მთელი კვირის შრომისაგან წელგაწყვეტილი ადამიანისათვის საუკეთესო დასვენება სიმღერაა.

ყველაზე დიდი და უცნაური თავისებურება, რომელიც მაია ენჯელოუს პოეზიას ახასიათებს, არის ის, რომ მის ლექსებში ერთმანეთთან განუყოფელია საკუთარი ქალურობის შეგრძნება და მოქალაქეობრივი თვითშეგნება: როდესაც იგი თავის სასიყვარულო განცდებზე წერს, ამას აკეთებს, როგორც ადამიანი, რომელიც დიდი ხანია შეეჩვია, რომ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და უფლებებისათვის ბრძოლა უწევს; მეორე მხრივ, ლექსებში, რომლებმაც მას საზოგადო მოღვაწისა და შავკანიანთა უფლებების დამცველის სტატუსი და ჯილდოები მოუპოვა, მისი ქალური საწყისი და მომხიბვლელობის შეგრძნება მკაფიოდ არის წინ წამოწეული:

***

ნუთუ ეს ჩემი ქედმაღლობა ასე გაოგნებს?

მე მომიტევე, თუკი გულში ეკლად გესობა;

როცა ვიცინი ისე, თითქოს ოქროს მაღაროს

გვირაბით ჰქონდეს შესასვლელი ჩემი ეზოდან.

***

ნუთუ ეს ჩემი მაცდურობა ასე გაცბუნებს?

ნუთუ შენს თვალებს ვეოცები და ვენავსები,

როდესაც ვცეკვავ ისე, თითქოს თეძოებს შორის,

მათ შესართავთან საგანძური მაქვს ალმასების?

მაია ენჯელოუსთვის ქალად ყოფნა, პირველ რიგში, ნიშნავდა მებრძოლობას, საკუთარი ღირსების შეგრძნებასა და სიამაყეს. და როდესაც ორი წლის წინ იგი ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, ღატაკი ნამდვილად აღარ ეთქმოდა, ხოლო ყველა დანარჩენი თვისება: შავკანიანობაც, ქალობაცა და ულამაზოობაც საკუთარ ღირსებად გადაექცია.

1963 წელს მაინც მარტინ ლუთერ კინგის საეტაპო სიტყვა ,,მე მაქვს ოცნება” მოისმინა და იმდენად აღფრთოვანდა, რომ 1993 წელს, ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე თავად მოევლინა ამერიკულ საზოგადოებას ამ ოცნების ხორცშესხმად.

ეს ყველაფერი კი ბებია ენისაგან დაიწყო. მან შთააგონა შვილიშვილის ყველაფერი ის, რამაც მარგარეტი მაია ენჯელოუდ აქცია, მათ შორის ეს სიტყვები მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან ,,მე ვიცი, რატომ გალობს გალიის ჩიტი”:

,,ყველა ჩვენგანს აქვს უფლება და მოვალეობა, შეაფასოს ის გზები, რომლებზე გავლაც არ აგვცდება და რომლებიც უკვე გამოვიარეთ და თუკი მომავლის ბილიკები საფრთხით სავსე ანდა არსაით მიმავალი ჩანს, ხოლო უკან მოტოვებულნი კი მიბრუნების სურვილს არ აღგვიძრავს, მთელი ძალა უნდა მოვიკრიბოთ, მხოლოდ აუცილებელი საგზალი წავიყოლოთ და ახალი მიმართულებით გავწიოთ. და თუ ეს გზაც, რომლით სიარულიც გადავწყვიტეთ, წინასავით მიუღებელი აღმოჩნდება ჩვენთვის, იგიც დაუყოვლებლივ და უყოყმანოდ უნდა შევცვალოთ.”

ესე და თავისუფალი წერა

0

რატომ უჭირთ მოსწავლეებს წერითი დავალებების შესრულება? ამ  კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პედაგოგმა ამაზე ზრუნვა  სწავლების პირველ საფეხურზევე დაიწყოს.

ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ მოტივაციურ წერით დავალებებს და მინდა ამ კუთხით გაგიზიაროთ გამოცდილება.

„ქრისტინე… აბა თვალები დახუჭე და… წარმოიდგინე ამ ლამაზი მთების იქით მზე როგორ ამოდის? – მთას მელნისფერი გადაჰკრავს მასწავლებელო… ტყე კი მუქია… ახლა კი წარმოიდგინე, რომ მზე უკვე ამოდის…

დიდი წითელი ბურთი ამოგორდა ნელ-ნელა, მისი სხივები გადაეფინა მთის კალთებს, მელნისფერი განაცრისფრდა, თოვლმა მზის სხივებზე ციმციმი დაიწყო, ნისლიც სადღაც ქურდივით მიიპარება..

ჩვენ ვწერთ თხზულებას ,,ამ მთებს იქით…” V-კლასელ ქრისტინეს ბავშვურ ფანტაზიას ,,ვაღვიძებ”, რომ  გააქტიურდეს…

 ვხედავ, რომ  მოსწავლეებს უჭირთ წერა. თითქოს შინაგანი სამყარო ჩაკეტილი აქვთ და ამ  ,,ყრუ კედელთან შეჯახება გვიწევს… ეს ხომ ქართულის მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაცაა, გავხსნათ და ზედაპირზე ამოვატანინოთ ბავშვებს თავიანთი ლამაზი ფიქრები. არადა, თითოეულ ბავშვში ამოუცნობი სამყაროა. ისინი გულწრფელები და სუფთები არიან. საინტერესოა მათთან ამ კუთხით მუშაობა – ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტიცაა. მიხარია მათი ყველა წინსვლა. ასე მგონია მეც მათთან ერთად ხელახლა ვიბადები სულიერად და ერთად ვიზრდებით… მათ სულებამდე მისასვლელად დიდი შინაგანი ალღო გვჭირდება, ძალიან ფრთხილად უნდა მიხვიდე და, რაც მთავარია, მართალი უნდა იყო. ისინი ყველაზე მეტად გრძნობენ ამ სიმართლეს.

    მახსენდება ჩვენი ბავშვობა, როგორი შებოჭილები ვიყავით… უნდა გვეწერა სოციალიზმზე, ლენინზე და მერე რაღაც ზერელედ, ისე სასხვათაშორისოდ შუშანიკსა და ხანძთელზე..

      ჩვენ 90-იანელებს გვაიძულებდნენ, გვეფიქრა ისე, როგორც ისინი თვლიდნენ საჭიროდ, თითქოს რაღაც მარწუხებში ვიყავით მოქცეულნი და ამ მაგიური ჯაჭვის გარღვევა არავის შეეძლო.

ჩემი პირველი თხზულების დაწერაც მახსოვს. ჩემი ქართულის მასწავლებელი ქალბატონი ანა… მისი შემოსვლისას თითქოს ყველაფერს თავისი სახელი ერქმეოდა. მახსოვს პირველად ამოტანილი ჩემი გულწრფელი ნაფიქრისგან გამოწვეული ემოციაც… ძლივს რომ გავბედე… და მერე ის – აზრის თავისუფლებაც – თვითშეფასებას რომ გიმაღლებს და შინაგანი სიხარულებიც. მახსოვს და მინდა ეს ყველა ბავშვმა განიცადოს. ვიცი, უჭირთ მსხვრევა, მერე თანდათან ალაგებენ სათქმელს, შინაგანად იხსნებიან, ლაღდებიან და ხვდები, როგორი მაგიური ძაფი იბმება თქვენ შორის. ძაფი, რომელიც აღარასოდეს წყდება, რადგან გახელილ თვალებს აღარ ხუჭავენ და შენც გახარებს იმის ცოდნა, რომ ასეთი მოსწავლე აუცილებლად წინ წავა… აღარასოდეს შეჩერდება მისი ზრდა, რადგან საკუთარ თავში ხედვა როდესაც ეხსნებათ, ეწყებათ მუდმივი ძიების პროცესი, მერე სულ ახალი და ახალი და საინტერესო ხდება სამყარო..

     მოსწავლის საზოგადოებასთან  კომუნიკაციისათვის მნიშვნელოვანია წერის უნარი. მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია. მოსწავლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვისა და  მსჯელობის უნარები. აღსანიშნავია, რომ წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, თავისუფლდება და ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია. წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ.

     დღეს კი კომპიუტერული თაობაა.. მოკლე და ლოგიკურ, მზა ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან. ჩნდება საშიშროება, დაიკარგოს შემოქმედებითი ხედვა, სიღრმე, ფანტაზიის უნარი, რასაც მხოლოდ წიგნი გვაძლევს. მოსწავლეებმა არ იციან, როგორ იკითხონ წიგნი, ჩასწვდნენ ქვეტექსტებს, უჭირთ მთავრის მიგნება. ესეს წერამდე მათ ტექსტის აღქმა უნდა ვასწავლოთ. ამისათვის მათ ძალიან ეხმარებათ სიტუაციის მოდელირება, პერსონაჟის როლის გათავისება. უნდა დავუსვათ შეკითხვები: რას შეცვლიდა თვითონ ამ ტექსტში და რატომ? რაში არ ეთანხმება  ავტორს ან პერსონაჟს? კარგი ეფექტი აქვს ტექსტის ორიენტირებულ  კითხვას, მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას, წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. კითხულობენ და თან იაზრებენ ტექსტს, სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს და გამოაქვთ დასკვნები.

  „ვარაუდების სქემა” – საინტერესოა საკუთარი  აზრის  ფორმულირებისთვის, აგრეთვე „ილუსტრირებული ისტორია”, როდესაც ტექსტს ვწყვეტთ მნიშვნელოვან ადგილას, სადაც პერსონაჟი ამოცანის წინაშე დგას და მოსწავლეს ვეკითხებით, თუ როგორ გაგრძელდება ამბავი? მათ ვანდობთ ნაწარმოების  ფინალის შექმნას, შემდეგ სასიამოვნოა მათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ნააზრევი და იმსჯელონ მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ფინალის შესახებ. „გონებრივი იერიშისას” უნდა დავიცვათ პრინციპი: „ყველა აზრი მისაღებია კრიტიკის გარეშე”. აქ ხდება გამოთქმული აზრების დახარისხება პრიორიტეტებად.

სანამ მოსწავლეებს ესეის წერას დავავალებ, ვაცნობ –  ,,ესსაი” ფრანგული სიტყვაა და ქართულად  “ცდას” ნიშნავს. ესაა ცდა საკუთარი თავის შესაცნობად; გზა, ადამიანური ბუნების  საიდუმლოს წვდომისა და ამოცნობისკენ. “ლეს ესსაის” ასეთი სახელწოდება ერქვა ქალაქ ბორდოს მერის, მიშელ მონტენის წიგნს. იგი XVI  საუკუნეში მოღვაწეობდა. მან თავის ნაშრომს  “გულწრფელი წიგნი” უწოდა.

ასევე ვუხსნი ესეის სტრუქტურას – ესეი შედგება: შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. დეტალური გეგმის შედგენა აადვილებს წერას. მნიშვნელოვანია სათაურის გააზრება, რასაც მთავარი სათქმელისკენ მივყავართ. ამის შემდეგ კი უნდა ვასწავლოთ, როგორ დავიწყოთ წერა, რადგან “კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია”. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რას ითხოვენ მისგან. იგი უნდა ჩასწვდეს ესეის სათაურის არსს. ძირითადი აზრი დასაწყისშივე უნდა გამოიკვეთოს. უნდა განვსაზღვროთ მიზანი, შემდეგ კი დამატებითი მოსაზრებები, რაც საფუძვლიანს გახდის ნაწერს. უნდა იყვნენ კონკრეტულნი.. ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა, წინადადება, რომელსაც მთავარი სათქმელისკენ მივყავართ. მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ მისი მიგნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოშია, აქ იხსნება ხოლმე ტექსტი. მათ უნდა გაიაზრონ, სად იკვეთება პრობლემა, აქამდე მისასვლელი გზა კი პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტია, მათ უნდა ვასწავლოთ ხასიათში წვდომა  და თვისებების ამოღება, რომელიც აუცილებლად არგუმენტებით უნდა დაადასტურონ. ამისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავი წარმოიდგინონ პერსონაჟის ადგილას და საკუთარი გადასახედიდან ჩამოწერონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მის წინაშე დგას. ყურადღება უნდა მიაქციონ, როგორ გამოიყურება პერსონაჟი, რას ამბობს, როგორ იქცევა სხვადასხვა სიტუაციაში, რას გრძნობს, რას განიცდის, და, რაც მთავარია, თვითონ  მოსწავლეები რას ფიქრობენ მასზე, რა მოსწონთ. პერსონაჟის რა თვისებას თუ ქცევას შეცვლიდნენ, რა ასწავლა ამ ნაწარმოებმა, როგორ შეცვლიდნენ მოვლენებს. კარგ ეფექტს იძლევა ნაწარმოების ალტერნატიული ფინალი, მნიშვნელოვანია მათეული დასასრულიც. საჭიროა, მოსწავლე მივიყვანოთ სულიერი თავისუფლების განცდამდე. არ შეიძლება მისი ჩარჩოში მოქცევა. ეს მათ სილაღესა და თვითშეფასებას მატებს.

ლიტერატურა ხელოვნებაა..

ცალკე თემაა თავისუფალი ესეის წერა, რომელიც ერთგვარი ნიჭია, რასაც აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. ესაა მდიდარი, შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავი. ასეთ ნაწერში იგრძნობა ინდივიდი. ნაწერი ღირებულია მაშინ, როდესაც ის ექსპრესიული მხატვრულ-გამომსახველობითია. განსაკუთრებით ალამაზებს და ამდიდრებს ნაწერს ტროპული მეტყველება.

მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა იგი მისი ასაკისათვის განკუთვნილ ლიტერატურას, რაც ეხმარება მას ლექსიკური მარაგის დაგროვებაში და უმდიდრებს ფანტაზიას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს.  მათ უნდა შევაყვაროთ  წიგნების კითხვა. უნდა გამოთქვან და წერონ შთაბეჭდილებები ესეების, ჩანახატების სახით. თუ მოსწავლეს სიტყვათა მარაგი მწირი აქვს, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება უჭირს. წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ესაა გზა შინაგანი თავისუფლებისაკენ..

მესტიის მუნიციპალიტეტი. იელის საჯარო სკოლა

ცისანა ლონდარიძე – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

პროგრამით  „ასწავლე საქართველოსთვის“

 

 

 

 

სოციალიზაციის მექანიზმები

0

თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს სუპერმარკეტში რამდენიმე ნივთის პოვნას დაავალებთ, ის რამდენიმეჯერ გაიმეორებს ჩამონათვალს, რათა უკეთ დაიმახსოვროს. ასეთია ამ ასაკის ბავშვების სტრატეგია. დიახ, ბავშვები პრობლემების მოსაგვარებლად სტრატეგიების დასახვას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ, რათა დავალებას სხვის დაუხმარებლად გაართვან თავი.

სტრატეგიების მეთოდი ბავშვებს ეხმარება მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად მოგვარებაში, სხვადასხვა სიტუაციური სირთულის დაძლევაში და სასწავლო პროგრამის სწრაფად და ხარისხიანად ათვისებაში. მათ სკოლის ასაკიდანვე სჭირდებათ უფროსების გამოცდილებითი მხარდაჭერა სტრატეგიების შემუშავებაში. ვინაიდან ბავშვები დღის უდიდეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში მასწავლებლების ჩართულობაც.

სოციალურ ჩართულობას ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს მშობლებსა და ახლობლებთან ურთიერთობით. მოგვიანებით ამ პროცესში სასკოლო გარემოც ერთვება. ბავშვი იძენს იმ თვისებებსა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ სხვა ადმიანებთან ურთიერთობაში უნდა დაეხმაროს, უზრუნველყოს მისი პიროვნების ფორმირება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება.

ვიგოტსკის მიხედვით, დასწავლა გაშინაგნების გზით ხდება. ბავშვები დაისწავლიან იმ უნარებსა და ჩვევებს, რომლებსაც გარშემო ხედავენ.

სოციალიზაციის პროცესში მონაწილეობს ოთხი მექანიზმი:

  • იმიტაცია. ეს წამყვანი ფაქტორია ბავშვის სოციალიზაციის პროცესში და მის მიერ სხვისი ქცევის მოდელის გაცნობიერებულ კოპირებას წარმოადგენს. ბავშვები უმთავრესად ბაძავენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებთანაც ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ ან რომლებსაც მათზე ძალაუფლება აქვთ. ამ პროცესზე უსიამოვნო განცდებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ბავშვს ფიზიკურად სჯიან, მან შესაძლოა გადაიღოს ეს ქცევა და „დასაჯოს“ თანატოლი ან ზრდასრულ ასაკშიც ვერ მოახერხოს ამ ფაქტის დავიწყება და საკუთარ შვილებზე იძალადოს.
  • იდენტიფიკაცია – სხვათა ღირებულებების, განწყობებისა და ქცევების საკუთრად მიჩნევა. ეს არის გზა, ბავშვმა კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა გააცნობიეროს.
  • სირცხვილის განცდა – საკუთარი საქციელით უკმაყოფილების თანმხლები ემოციური მდგომარეობა, რომელიც, წესისამებრ, გარშემო მყოფთა უარყოფით რეაქციასთანაა დაკავშირებული.
  • დანაშაულის განცდა. ის მჭიდროდ უკავშირდება სირცხვილის განცდას, თუმცა ამ დროს თავს იჩენს საკუთარი თავის დასჯის მოთხოვნილებაც. არ აქვს მნიშვნელობა, იციან თუ არა სხვებმა ამ დანაშაულის შესახებ – განცდა ორივე შემთხვევაში თანაბარია.

იმიტაცია და იდენტიფიკაცია პოზიტიური მექანიზმებია, რომლებიც განსაზღვრული ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ხოლო სირცხვილი და დანაშაულის განცდა – ნეგატიური, რამდენადაც კრძალავს ან თრგუნავს განსაზღვრულ ქცევას.

როგორც აღვნიშნეთ, დასწავლა ხდება გაშინაგნების გზით. სტრატეგიების დასახვის პროცესში კი დასწავლის ხარისხი მაღალია. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალიზაციას, სოციალურ ჩართულობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის მიღწევები ან წაახალისოს უნარები, რომლებიც შემდგომ ხელს შეუწყობს მის მიღწევებს. იმის ცოდნა, რომ მისი შრომის შედეგს გარშემო მყოფები გაიზიარებენ, წაახალისებს მოსწავლეს და გულმოდგინე მუშაობისკენ უბიძგებს. სკოლა, ოჯახის მსგავსად, სოციალური ინსტიტუტია. ის უნდა დაეხმაროს ბავშვებს იმ სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც მათ სოციალიზაციას უზრუნველყოფს და ამ პროცესში ჩართული პოზიტიური მექანიზმების მიღებასა და ნეგატიურის გადალახვაში შეუწყობს ხელს.

     სწორი გზა არის აღმართი

0

„ბრწყინვალე სამშაბათია, წირვა ეს-ეს არის დასრულდა, ტკბილი, მშვიდი დღეა, მზე ანათებს, ჟინჟღლავს, ლიმონის ყვავილი სურნელს აფრქვევს, ხეები იკვირტება, ბალახი იწვერება, ქრისტე ამოდის მიწის ყოველი ბელტიდან“,_ ვკითხულობთ ნიკოს კაზანძაკისის სტრიქონებს რომანში „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ და სულში საოცარ სიმშვიდესა და უტკივილო სევდას ვგრძნობთ. მეოცე საუკუნის ამ ბერძენი მწერლის ნაწერებში კარგად წარმოჩნდება თანამედროვე სამყაროში კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირება და ამ ნიადაგზე წარმოშობილი გაუცხოების პრობლემები. ამ რომანშიც, რომელიც ახალი ბერძნულიდან შესანიშნავად თარგმნა მაია კაკაშვილმა, მკითხველი შეიგრძნობს სიკეთის არსს და ყოფის ამაოების დაძლევის გზებსაც შეიმეცნებს.

უილიამ ბლეიკი ერთ ლექსში წერს: „ქვიშის მარცვალში სამყარო დაინახე, მინდვრის ყვავილში სამოთხე იხილე, შენს ხელისგულზე _ უსასრულობა, ერთ წამში კი _ მარადისობა!“. ყოველივე ამის შესაგრძნობ-დასანახავად კი ადამიანს მომადლებია სიტყვა, ამიტომაც ვაჟა-ფშაველა მწერლობას „წმინდა ხელობად“ მიიჩნევდა, რადგან კარგად აცნობიერებდა სიტყვასთან, ლოგოსთან ურთიერთობის პასუხისმგებლობას. სიტყვის ძალა და ენერგია უნდა მიმართულიყო ადამიანში სულიერი საწყისების გასაღვიძებლად, რათა კაცობრიობას დეჰუმანიზაციის საშიშროება გადაელახა. ყოველ მწერალს ამისთვის საკუთარი გზა აქვს არჩეული, ზოგი ანგელოზებს ხატავს და ზოგი _ დემონებს, მაგრამ, ორივე შემთხვევაში,  მიზანი  ერთი უნდა იყოს: მკითხველის კათარზისი და ხსნა.

ჯვარცმის მისტერია ყოველი აღდგომის დღესასაწაულზე მეორდება. ეს საიდუმლო ადამიანის გულის ჭიდილს ასახავს უირველესად. ეს ჩვენს გულებში  იტანჯება, იმარხება და კვლავ აღორძინდება რწმენა. ნიკოს კაზანძაკისი თავისი რომანით მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს მარადიულ კითხვებზე: ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. რომანის მოქმედება ერთ ბერძნულ სოფელში, ლიკოვრისში,  ხდება, რომელიც წუთისოფლის ერთგვარი მოდელია თავისი ადამიანური სიჭრელით. ეროვნული და პიროვნული თავისუფლება ერთმანეთს გადაეწვნება: „ქრისტე აღსდგა! სამშობლოც აღსდგება მკვდრეთით!“.

რომანის სიუჟეტური ქარგა უცნაური ამბის გარშემო ვითარდება. სოფლის მღვდელი გადაწყვეტს  უძველესი ტრადიციის აღდგენას, რომლის მიხედვითაც, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ თანასოფლელებიდან ხუთი-ექვსი კაცი უნდა აირჩიონ, რომლებიც ვნების კვირაში ქრისტეს ვნებას გააცოცხლებენ. ასეც ხდება. სოფლელებიდან აირჩევენ მოციქულებს: პეტრეს, იაკობს, იოანეს, იუდა ისკარიოტელს და მარიამ მაგდალინელს. „ვინ შეძლებს, მთელი წელიწადი გული წმინდად შეინახოს და ჯვარცმული ქრისტე განასახიეროს“? ქრისტედ შეარჩევენ ცისფერთვალა ქერა მწყემს მანოლიოსს, რომელიც ადრე ტაძარში ეხმარებოდა მღვდელს. რომანში წარმოჩენილია, როგორ შეცვლის ეს „როლები“ განმასახიერებლებს, განსაკუთრებით, მანოლიოსს, რომელიც „ხორბლის ნაზი ღეროსავით ნათელს ეწაფებოდა და ნათლით იკვებებოდა“.

რომანი სავსეა დრამატული ეპიზოდებით, რომლებიც წარმოაჩენენ სამყაროში არსებული ბნელი და ნათელი ძალების ბრძოლას ადამიანთა გულებში.  ნიკოს კაძანძაკისი ამ რომანშიც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი  სტილის სტიქიაშია. ფრაზების მეტაფორულობა, თხრობის რიტმი და ენერგეტიკა, პოეტური გზნება ყოველივე იმისა, რასაც აღწერს, მკითხველზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. თხრობაში შემოჭრილი ბიბლიური, ძველი და ახალი აღთქმისეული ალუზიები და რემინისცენციები მკითხველს ეხმარება მხატვრული ტექსტის დროისა და სივრცის სიღრმისეულ აღქმასა და გააზრებაში. პესონაჟები კონკრეტული ადამიანები არიან, იმავდროულად, ერთგვარი სიმბოლოები, რომლებიც სამყაროს კანონზომიერებებს გამოავლენენ. რომანი სავსეა ადამიანთა სულში ატეხილი ქარიშხლებით, რომლებიც ხან ღუპავენ მათ, ხან კი ააღორძინებენ, ახლიდან შობენ, გულის, სულისა და გონების თვალს უხელენ. მკითხველი ისმენს სამყაროს ათასგვარ ხმას, ყნოსავს ზღვიდან მოტანილი ქარისა თუ გადამწვარი ბალახების ათასნაირ სურნელს, მათ შორის, ასეთსაც: იანოკოსი  „ბნელ ბოსელში შევიდა, სადაც მის საყვარელ ვირს ეძინა და სიზმრებს ნახულობდა. გომურს ნეხვისა და ნოტიო კოსმოგონიური სითბოს სურნელი ასდიოდა. ამგვარი სუნი ექნებოდაო,  იფიქრებდი,  შესაქმის პირველ წლებში სამყაროს“.

სოფელს მოულოდნელად თურქებისაგან აოხრებული სხვა სოფლის შიმშილისაგან დაუძლურებული ლტოლვილები მოადგებიან, რომელთაც გაძვალტყავებული მღვდელი ფოტისი მოუძღვებათ. მათთან ურთიერთობაში წარმოჩნდება ადამიანური სიხარბის, გაუტანლობის, სისასტიკის უსაზღვროება. ერთ-ერთი პერსონაჟი, იანაკოსი, ფიქრობს: „მართლაც, მხეცია ადამიანი, რასაც უნდა, იმას აკეთებს, რომელ გზასაც უნდა, იმას ადგება. ჯოჯოხეთისა და სამოთხის კარიბჭეები ერთმანეთს ეკვრის. ეშმაკს შეუძლია და შედის მხოლოდ ჯოჯოხეთში, ანგელოზს შეუძლია და შედის მხოლოდ სამოთხეში, ადამიანს _ სადაც სურს!“

ეს სოფელიც ისეთივე ჭრელია, როგორც სამყარო, ამიტომაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უბედურ ლტოლვილებს დახმარების ხელს გაუწვდიან, მათ შორის არ აღმოჩნდება ლევკორისის მღვდელი, ამიტომაც გაიფიქრებს იანაკოსი: „გამოცანაა სამყარო. დიდი გამოცანა. ღმერთი დემონისგან ვერ გაგირჩევია კაცს.  ხშირად, უფალო მომიტევე, ერთი და იგივე სახე აქვთ“.

რომანის ყველა ამბავი საბოლოოდ მანოლიოსის ირგვლივ ერთიანდება. იგი დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილების გადატანის ფასად უარს ამბობს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და ელიას ტაძარში განმარტოვდება, მაგრამ არა საბოლოო სიმშვიდის, არამედ სულში მიმდინარე ბრძოლის გასაგრძელებლად, რადგან ფიზიკური ლტოლვებისა და ხორციელი ვნებების დათრგუნვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას: „როცა წყალი მშვიდდება, იხრწნება, როცა მეტისმეტად მშვიდდება სული, ისიც იხრწნება“.

რომანში სულიერი ცხოვრების არაერთი ამბავია ჩართული. მანოლიოსს თავისი მოძღვრის, მანასეს ნაამბობი ახსენდება:  ერთხელ განდეგილი ესტუმრა, წამით აღებდა თვალებს და მერე ისევ ხუჭავდა. მანასემ უთხრა: გაახილე თვალები, მამაო, რომ ღვთის საკვირველი საქმენი იხილო. მე თვალებს ვხუჭავ, _ უპასუხა მას ასკეტმა _ და მათ შემოქმედს ვხედავ“.

რომანი მკითხველს აჯერებს, რომ  თითოეულ ადამიანს მთელი სამყაროს ხსნა შეუძლია. საგულისხმოა ეპიზოდი, როცა მანოლიოსი ფოტისს ეკითხება:

„როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, მამაო?

_ადამიანების სიყვარულით, შვილო ჩემო.

_ და როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები?

_გარჯით, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ.

და რომელია  სწორი გზა?

_ აღმართი!“

მწერლის აზრით, რწმენა ადამიანთა სიყვარულში მჟღავნდება. მანოლიოსს მოძღვარმა ესეც უამბო:  ერთ ბერს ნატვრად ჰქონდა ღვთის წმინდა საფლავის მოლოცვა, მოწყალებას ითხოვდა და რამდენიმე წელიწადში 30 ლირა მოაგროვა, კურთხევა მიიღო წინამძღვრისგან და გზას გაუდგა. ჯერ კიდევ მონასტერს არ დაშორებოდა, რომ  ჩამოძონძილი, ფერმკრთალი, დადარდიანებული ადამიანი დაინახა, ბალახს აგროვებდა, ჰკითხა, მამაო, სად მიდიხარო. წმინდა საფლავზე, ძმაო, მოსალოცად, ქრისტეს საფლავს რომ სამჯერ შემოვუარო და თაყვანი ვცეო. ფული რამდენი გაქვსო? 30 ლირაო. ეგ ფული მე მომეცი, რადგან ჩემი ცოლ-შვილი შიმშილობს.  მე შემომიარე სამჯერ და მერე მუხლებზე დაეცი, მეთაყვანეო. ბერი ასე მოიქცა და მონასტერში დაბრუნდა.

ფოტისი იგონებს: „ერთ ბერს ვკითხე, რომელიც უფსკრულის პირას მარტო ცხოვრობდა, როგორ იპოვე გზა ხსნისა?_ აბა, რა ვიცი, მიპასუხა, _ ისე, რომ ვერც გავიგე.  ერთ დილას ავდექი, ღამით ეწვიმა, ფანჯრიდან გადავიხედე. სულ ეს იყო. _ სხვა არაფერი, მამა სოფრონიოს? _ სხვა რა გინდა, შვილო ჩემო, ღმერთი დავინახე ჩემი ფანჯრიდან!“

ფანჯრიდან გაიხედო და ღმერთი დაინახო! _ ეს არის რომანის პათოსი! ამისთვისაა მოთხრობილი ყოველივე. ყოველ ადამიანში მოიპოვება ნიადაგი და საზრდო იმისთვის, რომ იქიდან იუდა, კაიაფა, პილატე, პეტრე, იოანე თუ ქრისტე დაიბადოს. მთავარია, რომლის დაბადებას შეუწყობ ხელს, რომელს მიაწვდი მაცოცხლებელ წყაროს გასახარებლად. დიდი წვალებით, მაგრამ მაინც, მანოლიოსის გულში ქრისტე იბადება, იგი სოფლელებს კაცთმოყვარეობისკენ მოუწოდებს, ეხმარება მღვიმეებში გახიზნულ ლტოლვილებს, თუმცა თანასოფლელელი ბობოლები უპირისპირდებიან. ბოლოს მანოლიოსს აჯანყების მეთაურობას აბრალებენ, ყოველგვარი ბოროტების მიზეზად მიიჩნევენ. მას ჯერ ეკლესიაში მღვდელი გრიგორისი შეაჩვენებს, თურქი აღა კი მოკვლას ბრძანებას გასცემს. პანაიოტაროსი, იუდას როლისთვს რომ შეარჩიეს, დანას გაუყრის, ბრბო დაგლეჯს. წამებულის სხეულს მღვდელ ფოტისს მისცემენ, რომელიც მანოლიოსს  მთაზე, ელიას სამლოცველოსთან დაკრძალავს.

მკითხველს კი მწერალი საფიქრელად უტოვებს მღვდელ ფოტისის კითხვას:  „უკვე ორი ათასი წელი ახლოვდება და კვლავაც… კვლავაც ჯვარს გაცვამენ. როდის დაიბადები, ჩემო ქრისტე, რომ აღარ ეცვა ჯვარს, რომ ჩვენთან ერთად იცოცხლო სამარადისოდ?“

ბიოგრაფია  უფრო მეტია, ვიდრე საინფორმაციო ტექსტი

0

ქართული ლიტერატურის თანამედროვე სახელმძღვანელოებში ძირითად თუ დამხმარე სასწავლო მასალად წარმოდგენილი ბიოგრაფიული ლიტერატურა ძალიან მწირია, მაშინ როდესაც საბჭოთა პერიოდის ქრესტომათიებში თითოეულ საპროგრამო ტექსტს დართული ჰქონდა ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის საჭიროა საინტერესოდ გადმოცემული ბიოგრაფიული ტექსტების სწავლა წარსულისა თუ თანამედროვეობის გამოჩენილი ადამიანების შესახებ. არ არის აუცილებელი, ეს ადამიანი მწერალი იყოს; მთავარია, ბიოგრაფია წარმოაჩენდეს რეალურ პიროვნებას მისი ღირსებებით, დამსახურებებითა და შეცდომებით.

ბიოგრაფია უფრო მეტია, ვიდრე საინფორმაციო ტექსტი, რომლის სწავლებას სკოლაში შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს, მაგალითად, ინფორმაციის მიღება, ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებების (კომპოზიცია, სიუჟეტური ქარგა, ბიოგრაფიული ჟანრი და სხვ.) გაცნობა, ისტორიული მოვლენების კვლევა ცალკეული ადამიანების ცხოვრების მიღმა, პერსონალური მაგალითების გამოყენებით ზნეობრივი თუ სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენა. გარდა ამისა, ბიოგრაფიული ნარატივის სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა შეიძლება იყოს მოსწავლეთა მიერ გმირის ცხოვრებასთან საკუთარი გამოცდილების იდენტიფიკაცია, რაც მათ აქტუალური პრობლემების გაანალიზებაში დაეხმარება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ბიოგრაფიული ტექსტი ეხმიანებოდეს მოსწავლეთა ფსიქიკურ მზაობას და მათი ასაკისთვის დამახასიათებელ შინაგან კონფლიქტებს.

სკოლაში ბიოგრაფიის სწავლება ძალიან საინტერესო საკითხია. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რატომ ვასწავლით ასეთ ტექსტს, რას გულისხმობს ბიოგრაფიის სწავლება და რა საკითხებს ეხება იგი. ყურადღება მივაქციოთ ბიოგრაფიული ნაწარმოების სტრუქტურას, ავტორის პერსპექტივას, რას ნიშნავს ადამიანი, პიროვნება და ვინ ვარ მე.

მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ვარჩევთ წასაკითხ ბიოგრაფიას. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა მოსწავლეთა ასაკი და მზაობა, მერე კი ის, ვისი ბიოგრაფიის შესწავლაა მათთვის მიზანშეწონილი.

ბიოგრაფიული ტექსტი, რომელსაც სასწავლო მასალად ვირჩევთ, არ უნდა იყოს გადატვირთული თარიღებითა და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენებით. მეტიც – ისეთი ბიოგრაფიის სწავლებას, სადაც ფაქტები მექანიკურადაა დაჯგუფებული, სჯობს გამოჩენილი ადამიანის შესახებ ერთი მოგონების ან სახალისო ამბის გაცნობა, რომელიც ტიპობრივად წარმოაჩენს გმირის ხასიათს. ამით თავიდან ავიცილებთ ერთ ყალიბში მოქცეული ბიოგრაფიების მოსაწყენ ზუთხვას. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბიოგრაფია მეტ-ნაკლებად ერთგვარი ელემენტებისგან შედგება: დაბადება, ოჯახი, ბავშვობის წლები, განათლება, დაოჯახება და სხვ. უნდა გავითვალისწინოთ ბიოგრაფიული შაბლონის არსებობაც – ბავშვობაში გამოვლენილი განსაკუთრებული ნიჭი, ლტოლვა თავისუფლებისკენ, თანატოლებისგან განსხვავებული მისწრაფებები, მარტოსულობა და მისთანანი. ბიოგრაფიაში მთავარი გმირი სრულყოფილად უნდა წარმოჩნდეს. ამისთვის ტექსტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს: გმირის ცხოვრების გზას, მის მსოფლმხედველობას, გამონათქვამებს, საქმიანობას (რამდენად შეესაბამება მის მიერ დეკლარირებული შეხედულებები რეალურ ცხოვრებისეულ ფაქტებს), რას წერენ მასზე/რას წერს საკუთარ თავზე. ეს ყველაფერი ქმნის ბიოგრაფიულ გმირს, რომელსაც პედაგოგიკაში სრულყოფილ ხასიათს უწოდებენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი რომელიმე თვისებასთან/ხატთან/სტერეოტიპთან კი არ გაიგივდეს, არამედ დინამიკური იყოს. უნდა წარმოჩნდეს მისი შინაგანი წინააღმდეგობებიც. ეს მოსწავლეებს დაეხმარება, საკუთარ ეგოში გაამთლიანონ რამდენიმე, ხშირად წინააღმდეგობრივი ქვესუბიექტი. სხვისი ბიოგრაფიული მაგალითების ანალიზით ისინი გააცნობიერებენ, რომ შინაგანი კონფლიქტი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.

კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ პოსტერს, რომელზეც გამოსახული იქნება ბიოგრაფიის გეგმა/ჩარჩო. სასურველია, ეს ჩარჩო მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

  • ძირითადი მონაცემები პიროვნების შესახებ: ვინ? სად? როდის? როგორ?
  • ცხოვრებისეული გამოცდილება, მოვლენები, რომლებმაც ეს ადამიანი ცნობილი გახადა;
  • მისი პიროვნული თვისებები;
  • მისი მნიშვნელოვანი წვლილი;
  • რითია ეს პიროვნება საინტერესო და მოსაწონი?

სასურველია, მასწავლებელმა გააკეთოს ჩარჩოს სამოდელო მიმოხილვა (მაგ. ხმამაღლა ფიქრის მეთოდის გამოყენებით).

გთავაზობთ პოსტერის ნიმუშს:

ბიო

ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ მასწავლებელმა უნდა დასვას ისეთი კითხვები, რომ მოსწავლეებმა ტექსტი მხოლოდ ინფორმაციულ დონეზე არ დაიმახსოვრონ. მაგალითად:

  • რითია ამ ადამიანის ცხოვრება საინტერესო და გამორჩეული?
  • რა არის მის ცხოვრებაში უარყოფითი?
  • რით იყო მისი ცხოვრება მოსაწონი?
  • რომელმა თვისებამ განაპირობა მისი ცხოვრების ამგვარად წარმართვა?
  • რა იყო მისი ყველაზე პრობლემური თვისება?
  • მისი რომელი თვისება იყო სასარგებლო?
  • რა შეცდომები დაუშვა?
  • შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?
  • დაასახელე 2-3 ნაბიჯი მისი ცხოვრებიდან, რომლებსაც მიბაძავდი.
  • ზოგი ამბობს, რომ ადამიანზე მტრების მიხედვითაც შეგიძლია იმსჯელო. რას იტყვით ამ კუთხით მასზე?
  • აღმზრდელები დიდ როლს ასრულებენ პიროვნების ჩამოყალიბებაში. რამდენად ეხება ეს ამ პიროვნებას?
  • ბევრის ქცევა, ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება. ეს ადამიანი დამოუკიდებელი იდეებით უფრო მოქმედებდა თუ ამ წესებით?
  • რას ნიშნავს გმირობა და იყო თუ არა ის გმირი?
  • რატომ მიგაჩნია ასე?
  • რით განსხვავდება ცნობილი ადამიანი გმირისგან?

მოსწავლეებს მოსწონთ ბიოგრაფიის წერისას გრაფიკული სქემების გამოყენება, რომლებსაც ხშირად გაკვეთილის მესამე ფაზაზე ვიყენებ.

მაგალითად, დროის ღერძი:

ბიო1

ან კონცეპტუალური სქემები:

ბიო2

საშინაო დავალებისთვის ხშირად ვიყენებ ეფექტურ აქტივობებს ბიოგრაფიის ცოდნის განსამტკიცებლად. მაგალითად:

  • ბიოგრაფიის ან ავტობიოგრაფიის დაწერა;
  • ხუთსტრიქონიანი ლექსი პიროვნების შესახებ;
  • გმირის წარმოსახვითი ვიზიტი სკოლაში;
  • მე–20 საუკუნის უდიდესი ადამიანების საკლასო სია;
  • წიგნის სანიშნები დიდი ადამიანით.

კლასში სამუშაოდ კი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა, შეიძლება გამოვიყენოთ:

  • დისკუსია: ვინ არის ყველაზე დიდი ქართველი?
  • ბიოგრაფიების ყუთი;
  • წარმოსახვითი თოქშოუ ცნობილი ადამიანის მონაწილეობით;
  • ბიოგრაფიული ეპიზოდის გათამაშება;
  • ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება და განხილვა.

ბიოგრაფიული ტექსტების სწავლება ჟანრობრივ მრავალფეროვნებას შესძენს ქართული ლიტერატურის საგანს. მათში ცხადად წარმოჩნდება ინფორმაციის სხვადასხვა სახეობა და ადვილად განირჩევა ისტორიული და ლიტერატურული დისკურსები. გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა წააქეზებს მოზარდებს საკუთარ გამოცდილებაში ჩაღრმავებისკენ, სააზროვნო ჰორიზონტს გაუფართოებს მათ და, რაც მთავარია, მარადიულ ღირებულებებს აზიარებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

წყარო: ვიკიპედია

პაატა პაპავა. მოხსენება „ბიოგრაფიის სწავლება“. მასალები ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციისთვის „წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა“. თბილისი, 2014

     ერატოსთენე – გეოგრაფიის ფუძემდებელი

0

19  ივნისს თამამად შეიძლება ვუწოდოთ გეოგრაფიის დღე, რადგან  ჩვენს წელთაღრიცხვამდე  240 წელს  სწორედ ამ დღეს ქალაქ კირენეში ძველი ბერძენი  მეცნიერი, გეოგრაფიის ფუძემდებელი ერატოსთენე  დაიბადა.  მომავალმა   მეცნიერმა განათლება  ალექსანდრიასა და ათენში მიიღო.  კალიმაჰეს სიკვდილის შემდეგ კი  იგი  მსოფლიოში  უძველეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკას განაგებდა. ერატასოთენე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი იყო. ის დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, ფილოსოფიით,  მუსიკით და, რა თქმა უნდა, გეოგრაფიით.

ერატოსთენე მართლაცდა გეოგრაფიის ფუძემდებელია. სწორედ მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ”გეოგრაფია~, პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე, ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები; ასევე შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. ”ერატოსთენეს საცერი“; დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. მას ეკუთვნის ნაშრომები ”ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), ”ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), ”გეოგრაფია“ (3 წიგნად). თუცა ამჟამად მისი ნაწერებიდან მხოლოდ ნაწყვეტებია შემორჩენილი.

ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და  ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა  სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.” ერატოსთენეც იზიარებდა პითაგორას აზრს დედამიწის სფერულობის შესახებ. მან გამოთვალა მისი გარშემოწერილობა და რადიუსი.  თავის ტრაქტატში  ”დედამიწის გაზომვის შესახებ” ( Peri tes anametreseos tes ges)  ალექსანდრიასა და სიენას  შორის არსებული მანძილისა და ორივე ადგილას მზის სხივების დაცემის კუთხის სხვაობის საფუძველზე, ერატოსთენემ ეკვატორის სიგრძე გამოთვალა.

ერას2

ერატოსთენეს ექპერიმენტი

ერატოსთენეს ექსპერიმენტი დედამიწის ზომის  დადგენის შესახებ ასე წარიმართა:

  1. ეგვიპტეში მოგზაურობისას, მეცნიერმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქ. სიენაში (ამჟამინდელი ქალაქი ასუანი),  21 ან 22 ივლისს – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს,  შუადღისას  მზის სხივები  ყველაზე ღრმა ჭის ფსკერსაც კი ანათებენ.  მაშასადამე ამ დროს  მზე  სიენას თავზე ზუსტად ვერტიკალურად მდებარეობდა და არ იყო დახრილი,  მაშინ როცა, ამავე დროს, ქ. ალექსანდრიაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა, მზე შედარებით დაბალ სიმაღლეზე იყო და ყოველი საგანი ჩრდილს ქმნიდა.
  2. ერატოსთენემ იცოდა, რომ ალექსანდრია სიენას ჩრდილოეთით  თითქმის იმავე გრძედზე  მდებარეობდა.
  3. ერასტოთენემ დაამზადა ნახევრადმრგვალი თასისმაგვარი ხელსაწყო, რომლის ფსკერზე, პირდაპირ ცენტრში, ვერტიკალური ჩხირი – გნომონი  დაამაგრა. თასის შიგნით მან წრე დახაზა, რომელიც 180 ტოლ ნაწილად – გრადუსებად დაყო.
  4. ზაფხულის ნაბუნიობის დღეს  მან  ალექსანდრიაში  დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ გნომონის ჩრდილის სიგრძე მის ხელსაწყოზე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ბოლოს 7,2-გრადუსზე შეჩერდა. შემდეგ კი კვლავ მატება დაიწყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მზის სხივების დაცემის კუთხე 7,2° -ია ანუ მზე ზენიტიდან სწორედ ამდენით იყო გადახრილი.  ერატოსთენემ  360° გაყო 7,2°-ზე  და  50 მიიღო. ამგვარად, მან დაადგინა, რომ სიენასა და ალექსანდრიას შორის  დაშორება დედამიწის გარშემოწერილობის  1/50-ის ტოლია.
  5. შემდეგ ბერძენმა მეცნიერმა სინესა და ალექსანდრიას შორის ფაქტიური დაშორება განსაზღვრა. იმ პერიოდში ეს არც თუ ადვილი საქმე იყო. მაშინ ადამიანები  აქლემებით გადაადგილდებოდნენ,  გავლილ მანძილს კი სტადიებში ზომავდნენ. აქლემების ქარავანი  ჩვეულებრივ  დაახლოებით 100 სტადიას გადიოდა დღეში. სიენადან ალექსანდრიაში მოგზაურობას 50 დღე სჭირდებოდა.  მაშასადამე  ორ ქალაქს შორის მანძილის ასე  განისაზღვრა:

               100 სტადია  x 50 დღე  = 5 000 სტადია.

  1. რადგანაც ერატოსთენეს მიხედვით 5000 სტადია დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია, შესაბამისად მთელი გარშემოწერილობა იქნება:

            5 000  სტადია x 50 = 250 000  სტადია.

  1. სტადიის სიგრძეს ამჟამად სხვადასხვანაირად ანგარიშობენ: ერთი ვარიანტის მიხედვით სტადია 1657 მ-ია.  მაშასადამე  დედამიწის გარშემოწერილობა ტოლია:

                  250 000  სტადია  x 1657 მ = 39 250 000 მ.

      მეტრების კილომეტრებში გადასაყვანად მიღებულ რიცხვი 1000-ზე იყოფა და    საბოლოო პასუხია 39 250 კმ.

იმ დროისათვის ეს შედეგი საოცრად ზუსტი იყო, რადგან დღევანდელი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა – 40076 კმ-ია.

თავის  3-ტომიან ნაშრომში  ”გეოგრაფია” (Geographika) ერატოსთენემ  პირველად გადმოსცა  გეოგრაფიის სისტემური მეცნიერული შინაარსი.  მან დასაწყისში მიმოიხილა ის საკითხები, რაც იმ დროსათვის  ბერძნულ მეცნიერებაში უკვე იყო ცნობილი. ერატოსთენემ  პითაგორაზე დაყრდნობით  დასაბამი დაუდო  მათემატიკურ  და ფიზიკურ  გეოგრაფიას. ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ გიბრალტარის სრუტიდან გემი სულ დასავლეთით  ივლიდა, შესაძლებელი იყო ინდოეთამდე მისვლა.  მოგვიანებით, სწორედ ამ ვარაუდზე დაყრდნობით  გადაწყვეტა  ქრისტეფორე კოლუმბმა  1492 წელს მოგზაურობის დაწყება. ერატოსთენემ თავის ნაშრომს მსოფლიოს გეოგრაფიული რუკაც დაურთო, რომელსაც სტრაბონის ცნობით ჰიპარქე ნიკეიელი აკრიტიკებდა.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ   პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა,  სწორედ  ერატოსთენეს ეკუთვნის.  ითვლება, რომ სწორედ მან პირველმა  შეადგინა  მსოფლიოს რუკა  მერიდიანებისა და პარალელების  გამოყენებით,  რომლებსაც თავად ”ერთმანეთის  გვერდით  გამავალ  ხაზებსა” და ”შუადღემდე  ხაზებს” უწოდებდა.

ერასტ3

ერატოსთენეს მსოფლიოს რუკა

ერატოსთენეს მიხედვით მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც  ზემოდან  ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან  – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა.  ინდოეთის სამხრეთით   კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე  შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობდა.

ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი  იყო, რადგან, როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ, ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა   კი დუღდა;  და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა.

გეოგრაფიაში  გაწეული  ღვაწლის გარდა, ერატოსთენეს ასევე ეკუთვნის მათემატიკური შრომა პლატონიკი (Platonikos),  სადაც განხილული აქვს მათემატიკისა და მუსიკის საკითხები, ხოლო ცხრაწიგნიან  ნაშრომში ”ქრონოლოგია” (Chronographiai)  მან საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქრონოლოგიას. წიგნი მოიცავდა  პერიოდს ტროას დაცემიდან ალექსანდრეს სიკვდილამდე.  ერატოსთენემ ოლიმპიური  თამაშების გამარჯვებულთა  სიებზე  დაყრდნობით  ზუსტი ქრონოლოგიური ცხრილი შეიმუშავა, სადაც  მისთვის ცნობილი ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული მოვლენა ოლიმპიადების მიხედვით,  ანუ 4-წლიანი ინტერვალით იყო დათარიღებული.

ერატოსთენეს 12-ტომიანი ნაშრომი ”ძველი კომედიის”  (Peri tes archaias komodias) შესახებ  ლიტერატურული, ლინგვისტური და ისტორიული  კვლევაა. მასვე ეკუთვნის ლექსები. ერატოსთენე პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც საკუთარ თავს ”ფილოლოგი”  (philologos – მეცნიერების მოსიყვარულე, მსგავსად  philosophos – სიბრძნის მოსიყვარულე) უწოდა.

რა შეცდომები მოგვდის ბავშვებთან ურთიერთობისას

0

ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრს მოსდის შეცდომა. მშობლები და მასწავლებლები ხშირად საუბრობენ სირთულეებზე, რომლებსაც ამ დროს აწყდებიან. გთავაზობთ მასალას, რომელშიც ბავშვებთან ურთიერთობის თანმხლები ტიპური შეცდომებია განხილული.

 

  1. ბრძანება: „ახლავე შეწყვიტე!“; „ახლავე აალაგე!“; „ახლავე წადი დასაძინებლად!“; „გაჩუმდი!“ „ასეთი სისულელე მეორედ აღარ გამაგონო!“

ასეთი კატეგორიული მოთხოვნის გაგონებისას ბავშვს ჰგონია, რომ მშობლებს არ სურთ, მის პრობლემებს ჩასწვდნენ. ის განიცდის მისი დამოუკიდებლობის მიმართ უპატივცემულობას.

  1. გაფრთხილება, მუქარა: „თუ ახლავე არ შეწყვეტ ტირილს, წავალ და მიგატოვებ!“; „ფრთხილად იყავი, უარესი არ დაგემართოს!“; „თუ ასეთი რამ განმეორდა, საკუთარ საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ!“; „თუ შინ დროზე არ დაბრუნდები, მეორედ არსად გაგიშვებ!“

მშობლებო, იქნებ თქვენს შვილს მძიმე პერიოდი უდგას? ამ დროს თქვენს მუქარას აზრი ეკარგება. ასეთი გამოთქმები უარესად ძაბავს ბავშვის სულიერ მდგომარეობას და შესაძლოა, ჩიხშიც კი შეიყვანოს სიტუაცია.

  1. ჭკუის სწავლება, მორალის კითხვა: „ვალდებული ხარ, წესიერად მოიქცე“; „უფროსებს პატივი უნდა სცე“; „კარგად უნდა ისწავლო“; „ჩვენი იმედი უნდა გაამართლო“

ასეთი ფრაზებისგან ბავშვი ახალს ვერაფერს ისწავლის – ისინი ხომ უკვე ასჯერ მაინც მოუსმენია. სამაგიეროდ, გრძნობს უფროსების ავტორიტეტის ზეწოლას, ზოგჯერ დანაშაულის განცდა იპყრობს, ხანდახან მოყირჭების განცდა უჩნდება, უფრო ხშირად კი ყველაფერ ამას ერთდროულად განიცდის.

საქმე ის არის, რომ მორალური ღირებულებები და ქცევა ბავშვს უყალიბდება არა სიტყვებით, არამედ ოჯახში სათანადო ატმოსფეროს ხელშეწყობით და უფროსების შესაბამისი ქცევის მოდელირებით (მიბაძვით).

  1. რჩევები, მზამზარეული გადაწყვეტილებები: „შენც აიღე და თქვი…“; „რატომ არ გინდა, სცადო?“; „მიმაჩნია, რომ ბოდიში უნდა მოუხადო“; „მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდიდი“

მშობლების და, საზოგადოდ, უფროსების ასეთი პოზიცია ბავშვს აღიზიანებს და, რაც ყველაზე უარესია, უქრობს სურვილს, მომავალში უფროსებს საკუთარ პრობლემებზე ესაუბროს.

მიუხედავად იმისა, რომ რჩევა-დარიგების მიცემა უფრო ადვილია, უნდა დავაცადოთ ბავშვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება – ეს დამოუკიდებლობისკენ მისი გასავლელი გზაა.

  1. ლოგიკური არგუმენტები, ნოტაციები, ლექციები: „უკვე უნდა იცოდე, რომ ჭამის წინ ხელების დაბანაა საჭირო“; „მუდამ უყურადღებო ხარ და ამიტომ სულ შეცდომას უშვებ“; „რამდენჯერ გაგაფრთხილე, თუ არ დამიჯერებ, მერე საკუთარ თავს დააბრალე–მეთქი“

აქ ბავშვები უფროსებს პასუხობენ: „თავი დამანებე!“; „რამდენჯერ უნდა მითხრა ერთი და იგივე?“ ამ დროს, საუკეთესო შემთხვევაში, წარმოიქმნება „შინაარსობლივი ბარიერი“ ან, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ფსიქოლოგიური სიყრუე.

  1. კრიტიკა, საყვედურები, ბრალის დადება: „რას ჰგავს ეს, რა უმსგავსობაა?!“; „სულ ტყუილად მქონია შენი იმედი“; „ყველაფერი შენი ბრალია!“; „ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ!“

ალბათ, უკვე მზად ხართ დაგვეთანხმოთ, რომ ასეთ ფრაზებს არავითარი აღმზრდელობითი ფუნქცია არ გააჩნია. ისინი ბავშვებში ან თავდაცვით რეაქციას, საპასუხო თავდასხმას, უარყოფას, გაბოროტებას იწვევს, ან დათრგუნულობის, იმედგაცრუების გრძნობას. ბავშვის თვითშეფასება ეცემა, ის იწყებს ფიქრს, რომ ცუდია, უნებისყოფო, უიმედო, უიღბლო.

  1. ქება. ყოველივე იმის შემდეგ, რაც უკვე ვთქვით, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგაკვირვებთ რეკომენდაცია, არ შეაქოთ ბავშვი. მინდა, კარგად ავხსნა განსხვავება ქებასა და წახალისებას ან ქებასა და გამამხნევებელ გამოხმაურებას შორის. ქებაში ყოველთვის არის შეფასების მომენტი: „ყოჩაღ, შენ პირდაპირ გენიოსი ხარ!“; „შენ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ!“; „შენ ისეთი მამაცი ხარ, არაფერს უშინდები!“ ნაცვლად ამისა, უმჯობესია თქვათ: „გამიხარდა, ასე რომ მოიქეცი“.

შვილი: „მე ხომ მართლა ძალიან ცუდად გამოვედი შეჯიბრებაზე!“

მამა: „მე ასე არ მომჩვენებია. პირიქით, მომეწონა კიდეც (და უნდა ჩამოვთვალოთ, რა მოგვეწონა)“. ნაცვლად ამისა, მშობლები ამობობენ: „რას ამბობ, შენ, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე იყავი“.

 

  1. ირონია: „მტირალა“, „უქნარა“, „ზარმაცი“, „მშიშარა“. ასეთი შეფასებები ბავშვის ჩვენგან გარიყვის და საკუთარი თავის რწმენის შესუსტების საუკეთესო გზაა. ასეთ დროს ბავშვები, როგორც წესი, იბუტებიან და თავდაცვით პოზიციაში გადადიან.

  1. ინტერპრეტაციები, ვარაუდები: „დარწმუნებული ვარ, ისევ მატყუებ“; „ეჭვი არ მეპარება, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ…“; „როგორც ყოველთვის, ისევ იჩხუბებდი“

უფროსები ხშირად უმეორებენ ბავშვებს: „კარგად გიცნობ და წინასწარ ვიცი, რას იფიქრებ და რას გააკეთებ“. ასეთი ვარაუდები ბავშვებს ძალიან აბრაზებს. მართლაც, რომელ ჩვენგანს მოსწონს, როდესაც მისი ქცევა ნაწინასწარმეტყველები და გათვლილია? ასეთ დროს ან თავდაცვითი რეაქცია ჩნდება, ან სურვილი, საერთოდ გავექცეთ ურთიერთობას.

  1. ჩაძიება, გამოძიება: „ძალიან მაინტერესებს…“; „მაინც რა მოხდა? ხომ იცი, გავარკვევ“; „ისევ გააბრაზე უმცროსი ძმა?“; „რატომ ხარ ჩუმად?“

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია „გამოძიებისგან“ თავის შეკავება, მაინც გირჩევთ, კითხვითი წინადადებები თხრობითით შეცვალოთ.

 

  1. სიტყვიერი თანაგრძნობა, დარწმუნება, დანამუსება: ბავშვებს თანაგრძნობა სჭირდებათ, ეს უდავოა, მაგრამ მაინც არსებობს რისკი, ისეთმა ფრაზებმა, როგორებიცაა „თანაგიგრძნობ“, „მესმის შენი“, ზედმეტად ფორმალურად გაიჟღეროს, ამიტომ იქნებ ჯობს, ხანდახან არაფერი ვთქვათ, უბრალოდ, გულში ჩავიკრათ ბავშვი.

„არ მიქციო ყურადღება“, „გაიზრდები და გაგივლის“, „დრო გავა და დაგავიწყდება“ – ასეთი გამხნევება კი, სავსებით შესაძლებელია, ბავშვმა მისი პრობლემისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებად აღიქვას. მას არ უნდა ეგონოს, რომ ცდილობთ დააკნინოთ ან საერთოდ უგულებელყოთ მისი დარდი.

  1. ხუმრობა, საუბრისთვის თავის არიდება.

შვილი: მამა, იცი, ვერ ვიტან ქიმიას, ამ საგნისა არაფერი მესმის.

მამა: ქიმიის სიყვარულშიც კი მე მგავხარ“.

შვილის პრობლემა მამისთვის ხუმრობის საგანია…

„თავი დამანებე!“, „ახლა შენი თავი არ მაქვს“, „შენმა წუწუნმა გული გამიწყალა!“ – ამ ფრაზებზე რაღა უნდა ითქვას?

როდესაც მშობლები ეცნობიან მათ მიერვე წარმოთქმული ფრაზების ამ გრძელ სიას, შეწუხებულები წამოიძახებენ ხოლმე: „ეს არ შეიძლება, ის შეცდომაა, ასე არ უნდა უთხრა“… აბა, რა შეიძლება?!“

და დგება დრო, თავად მშობლებს მოვუსმინოთ, რომლებიც განერვიულებულები და შეფიქრიანებულები არიან.

თურმე აქამდე ყველაფერი არასწორად უკეთებიათ, მაგრამ ძნელია, გადაეჩვიო სისხლსა და ხორცში გამჯდარ დამრიგებლურ ფრაზებს, შენიშვნებს, გაფრთხილებებს.

ფსიქოლოგი: ესე იგი გიჭირთ საჭირო ფრაზების შერჩევა?

მშობლები: აბა რა, ისინი ხომ ჩვენთვის სრულიად უჩვეულოა. ნეტავ არ შეიძლება, ისევ ძველებურად გავაგრძელოთ?

ფსიქოლოგი: ისევ ძველებურად საუბარი გირჩევნიათ?

მშობლები: დიახ!.. თუმცა არა. ვხვდებით, რომ ეს სიკეთის მომტანი არ არის!

 

აქ სასარგებლო იქნება ერთი შედარება:

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს არასდროს უნახავს ველოსიპედი და უცებ შესაფასებლად მიუტანეს ორი სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია. რომელს მიანიჭებს უპირატესობას? რა თქმა უნდა, სამბორბლიანს. რატომ? იმიტომ, რომ ადვილად და სწრაფად ისწავლის მის ტარებას და თავს კომფორტულად იგრძნობს. ორთვლიანი ველოსიპედის უპირატესობა მისთვის მანამდე გაუგებარი დარჩება, სანამ მის შესასწავლად დროსა და ენერგიას არ დახარჯავს.

ბავშვებისადმი მბრძანებლური, დამრიგებლური, საყვედურის კილოთი მიმართვაც ხომ დასწავლილი და დროთა განმავლობაში შესისხლხორცებული მდგომარეობაა, ისევე როგორც დიდი ხნის შეჩვეული ძველებური მოდელის მანქანის ტარების ჩვევა.

მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა „კონსტრუქცია“ გაეუმჯობესებინათ და დახმარებოდნენ მშობლებს, ესწავლათ „უკეთესი“ მანქანის „მართვა“.

ბავშვთან ურთიერთობების ახალი უნარ-ჩვევების შეძენის მცდელობას საფუძვლად უდევს ჰუმანური პრინციპები:

  • ბავშვის პიროვნების პატივისცემა;
  • მისი სურვილებისა და გრძნობების პატივისცემა;
  • შეცდომის უფლების დადასტურება;
  • ბავშვის საჭიროებათა გათვალისწინება;
  • მუდმივ ჭკუის სწავლებასა და კონტროლზე უარის თქმა.

სტატია მომზადებულია რუსი ფსიქოლოგის იულია გიპენრეიტერის წიგნის „როგორ უნდა ბავშვთან ურთიერთობა“ მიხედვით

ბავშვების მოწყენილობის მიზეზები

0

„ცუდად იქცევა, არავინ ადარდებს, ყველას უხეშად გველაპარაკება – შინაც, სკოლაშიც, მეგობრებსაც“, – შეწუხებული ჰყვებოდა ერთი ნაცნობი შვილზე. გოგონა კარგად სწავლობს, მშვიდ და ბედნიერ ოჯახში იზრდება და, წესით, არავითარი მიზეზი არ აქვს, ცუდად ექცეოდეს გარშემო მყოფებს, ეუხეშებოდეს მშობლებს, მეგობრებს, მაგრამ, აბა, ეგრე სად არის, ყველაფერი მარტივ წესებს ემორჩილებოდეს…

მეც მშვიდ და ბედნიერ ოჯახში ვიზრდებოდი, კარგი მეგობრები მყავდა, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ხშირად ვიყავი მოწყენილი ან შეწუხებული, ზოგჯერ – უხეში, ზოგჯერ – დაუნდობელიც. ხან ვფიქრობდი, რომ არაფერს ჰქონდა აზრი – არც ხმამაღალ პროტესტს და არც საკუთარ მოწყენილობაზე ლაპარაკს – და ვჩუმდებოდი, ვკეტავდი კარს და ისე ვუყურებდი მოვლენებს, ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ უკვე თანასწორის პოზიციიდან მელაპარაკა ჩემს ვნებებზე. ამისთვის უნდა გავძლიერებულიყავი.

განსაკუთრებული არაფერი – ჩვეულებრივი ამბავია ამ ასაკის გოგო-ბიჭებისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ, ზრდასრულებს, გვავიწყდება ხოლმე, როგორია პატარა გოგო-ბიჭების ჩვეულებრივი ამბები, მაინც მოგიყვებით იმას, რაც ჩემს ნაცნობს ვუთხარი.

ბავშვებს, მით უმეტეს – შედარებით უფროსებს, სჭირდებათ ადგილი, სადაც მარტონი იქნებიან და თვითონვე მოჰყვებიან თავიანთ ამბებს, მშობლების, მშობლების მეგობრების, მათი შვილების, მასწავლებლების, თავიანთი მეგობრების გარეშე. იმ ხალხის გარეშე, ვინც მათზე ბევრი რამ იცის, ვისაც მათზე ჩამოყალიბებული აზრი აქვს, ვისაც მიაჩნია, რომ კარგად იცნობს.

ბავშვებს სჭირდებათ ადგილი, სადაც სხვადასხვა უნარს მოსინჯავენ – თამამად, გაბედულად; ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, მოიგონებენ ისტორიებს, ითამაშებენ როლებს, სხვადასხვა წერტილიდან დაინახავენ საკუთარ თავს. მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც ზოგჯერ უბრალოდ მარტო დარჩებიან და აღარ მოუწევთ თამაში და ექსპერიმენტები, საკუთარი თავის მოსმენას ისწავლიან, საკუთარი შინასამყაროს ყველაზე ღრმა და დამალულ შრეებს დაინახავენ და, რაც მთავარია, სჭირდებათ უფროსი, ვინც ამ საჭიროებებს დაინახავს, ვინც პატივს სცემს მათ პირად სივრცეს, მათ დამოუკიდებლობას და არ შეეშინდება პატარების უხეშობის, მიუღებელი სურვილების ან თამამი განცხადებების. დიახ, ჩვენ, უფროსებს, ხშირად გვეშინია და არ გვინდა დავინახოთ ამბავი ისე, როგორც სხვა გვიყვება. გვირჩევნია, ჩვენ თვითონ მოვიგონოთ ჩვენთვის მისაღები ინტერპრეტაცია და მოქმედ გმირებს ჩვენს ველზე გავუნაწილოთ სასურველი როლები.

მახსოვს, როგორ მაწუხებდა, როცა აღნიშნავდნენ, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი – ეს ჩემთვის არა პრივილეგია ან სიკეთე, არამედ ზედმეტი ტვირთი იყო, რომელიც ათას ვალდებულებას მიჩენდა. ჰო, ბევრს ვკითხულობდი და კარგად ვწერდი, სამაგიეროდ, ვერ ვთამაშობდი რეზინობანას და წრეში ბურთის თამაშის დროსაც პირველი ვიჭრებოდი, იმ დროს კი ჩემი თანატოლებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი წაკითხული წიგნები. ამიტომ მერჩივნა, არავის ემტკიცებინა ჩემი ნიჭიერება, მერჩივნა მეფიქრა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ზოგი რამ გამოსდის, ზოგი – არა. განა ყველა ასეთი არ არის, ბოლოს და ბოლოს?

მახსოვს, როგორ მინდოდა, ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც არ იქნებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელმაც ჩემი თითქმის ყველა ამბავი იცოდა და მის გარეშე შემძლებოდა საკუთარ თავზე ამბების მოყოლა. განა არ მიყვარდა, – უბრალოდ, ის ინფორმაცია, რაც მას ჩემ შესახებ ჰქონდა, ჩარჩოებს მიწესებდა, თამაშის წესებს მიდგენდა.

მახსოვს, როგორ მიყვარდა დღეები, როცა შინ მარტო ვიყავი და შემეძლო მეჭამა, რაც მინდოდა, წამეკითხა, რაც ხელში მომხვდებოდა და ისე გამენაწილებინა დრო, როგორც გამიხარდებოდა.

ისიც მახსოვს, რა ბედნიერება იყო, ქალაქგარეთ უცხო ადამიანებთან ერთად რომ დავიწყე სიარული. ვიჯექი ხოლმე კანტივით კოცონის პირას და ვფიქრობდი ზნეობრივ კანონებსა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.

პირველად რომ წავედი მარტო სხვა ქვეყანაში და უზარმაზარ სივრცეში მარტოდმარტო აღმოვჩნდი, ის დაბნეულობა და გარემოში გარკვევის რთული და ხანგრძლივი პერიოდიც მახსოვს და მგონია, რომ ადამიანი სწორედ ასეთ თავგადასავლებში იზრდება. უცნობი სივრცეების ათვისებით, უცხო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვით, წინასწარ შექმნილი განწყობის მოშორებით და რეალობასთან პირისპირ დგომით. ამიტომაც მგონია, რომ ბავშვების მოწყენის მიზეზი ხშირად ჩვენ ვართ, ჩვენ, ვისაც გვაღელვებს, როგორები იქნებიან უჩვენოდ, რას შეჭამენ, რას ისწავლიან და გვირჩევნია, მუდამ გვერდით გვყვავდეს და თვალი ვადევნოთ, მათი ქცევის პროგნოზირება შეგვეძლოს, ვიდრე მოულოდნელ ამბებში გავყოთ თავი.

არადა, შეუძლებელია, ყველაფერი აკონტროლო და ყველაფერი თავიდან აიცილო. შეუძლებელია, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მარტივი წესები გვკარნახობს. სამაგიეროდ, საკუთარი შიშების დანახვა და სხვების მოსმენა შესაძლებელია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...