სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

ისევ მამაჩემი. ზურიკო.

0

სადღაც საათის ჩაძინებული, დილის ექვსისკენ, დედაჩემმა გამაღვიძა და საოცრად მტკიცე ხმით მითხრა: მამაშენი აღარ არის, გიორგი, იცოდე, შენ კარგად უნდა იყო, ასე უნდოდა მამაშენს. ყოფილა წუთი, როცა ერთდროულად ხვდები ყველაფერს და ვერაფერსაც. მერე ეს წუთი სამუდამოდ გრძელდება, სხვა წუთებს გვერდით მიჰყვება გაყინული. სხვა წუთებში ყველაფერი ხდება, რაც სიცოცხლის წესია – სამუშაო, სიყვარული, შური, სიხარული, დაღლა, გაოცება, ტკვილი. ეს წუთი კი ისევ ისეთია. ეს დამატებითი წუთი. ზუსტად იმ ჭერის ფერი, რომელსაც უმიზნოდ ავხედე, როცა საგანგებოდ ჩემთვის გამაგრებულმა დედაჩემმა ის სიტყვები მითხრა. დედაჩემმა, თვითონაც ავადმყოფი, საღამოობით ძლივს რომ იდგა ფეხზე და ახლა ბზარდამალული ხმით მელაპარაკებოდა.

ის წუთი ალბათ არ გალღვება. არც დანარჩენ წუთებს შეერევა. თუ შეერია, ხელოვნური გახდება ყველაფერი, ცხოვრება კი სხვა ამბებს გულისხმობს – მოუსვენრობას და სიცხეს. ასეთი წუთები სიკვდილის მერე დაიძვრებიან. თუ სული არსებობს და თუ სული უკვდავია, ასეთ წუთებში იცხოვრებს სული. ეს იქნება მისი სამოთხე ან ჯოჯოხეთი.

***

თეატრში პირველად მამაჩემმა წამიყვანა. ოზურგეთში. 1990 წელს. არაფორმალების შეხვედრააო. არაფორმალები კი მრავლად მენახა, თუნდაც ჩემივე მეზობლები, მაგრამ მაშინ ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა. საღამო იყო. თბილი, მზეშერჩენილი. ქუჩაში – უჩვეულოდ ბევრი ხალხი. შესასვლელში – მით უფრო. ძლივს შევძვერით. ხელში ამიყვანა. სცენა დავინახე თუ არა, შუქი ჩაქრა. ზვიადმა დაიძახა, ეს სუკმა მოგვიწყოო. სანთლები ავანთოთო. იდგნენ სანთლებით და კითხულობდნენ ლოცვას. „მრწამს ერთი ღმერთი“. მართლა ჯადოსნური ამბავი გამოვიდა. უკანა გზაზე, ტრადიციულად, კისერზე ვეჯექი და მეუბნებოდა, მთვარეს გახედეო. სულ ასე იქცეოდა. არ უნდოდა, რამე ისეთი გამომრჩენოდა, რასაც თვითონ ამჩნევდა. ყვითელი და სავსე მთვარე ეკიდა. ოდნავ დამცინავი. მეგონა, სადაცაა თვალს ჩამიკრავდა. და რომც ჩაეკრა, ეს უფრო ნაკლებ გამიკვირდებოდა, ვიდრე უკვე მომხდარი – შინ დაბრუნებული, ეზოში დავრბოდი და ვყვიროდი: თეატრში ცოცხალი ზვიად გამსახურდია ვნახე-მეთქი. ასე, „პირიქით“ იწყებოდა ყველაფერი.

მეორე პროლოგიც უცნაური გამოდგა: მერე, ადგილობრივ კინოთეატრში რომ წამიყვანეს სკოლიდან, დიდი ეკრანი გაფუჭებული დაგვიხვდა. ამ ეკრანის წინ პატარა ტელევიზორი დაედგათ და ლეონარდო დი კაპრიოს დახრჩობის ამბავს იქ ვუყურეთ. ვინმეს რომ გადაეღო, ეპოქალური სცენა იქნებოდა. ფილმი ეგ იყო, თუ იყო. „ტიტანიკს“ მაინც სჯობდა.

***

ბაღში რომ მაკითხავდა, საღამოს შვიდამდე მის სამსახურში ვრჩებოდი. ვიჯექი კვერცხის კონტეინერსა და „პრიმას“ ყუთებს შორის საგანგებო სკამზე და „ტომ სოიერის თავგადასავალს“ ვუსმენდი. მამაჩემი საკუთარი ოცნებების ციხეში მუშაობდა – სურსათის მაღაზიაში, გამყიდველად. ოზურგეთის ბაზარზე ცალკე დავწერ – მგონი ერთ-ერთი საზვერე იყო საბჭოეთიდან თავისუფალ და დამოუკიდებელ და სუვერენულ, საბაზრო ეკომონიკაზე დაფუძნებულ საქართველოში სხეულების გადმოსაყვანად. შესაძლოა, ახლაც ამ საზვერეში ვართ. არ ვიცი.

ხოლო მამაჩემი მიკითხავდა ტომის ამბებს და ცალი თვალით და ცალი ხელით მარგარინს ყიდიდა. ძნელი საქმეა, დამიჯერეთ. იქვე ჭადრაკის ისტორიის წიგნები და ამოცანების კრებულები ეწყო. კაპაბლანკა, ალიოხინი, ტალი. მამაჩემი ფიშერისტი იყო, თუმცა პოლ მორფი ყოფილა ადრე ყველაზე მაგარიო, იტყოდა ხოლმე. ყველას გახსნილი თამაშით უგებდაო. მაგრამ ოფიციალური ჩემპიონი ვერ გახდა, ადრე მოკვდაო. უიღბლო რომ იქნები კაციო. და კვერცხი 20 კაპიკი ღირსო. რამდენი გინდათო.

ძნელია ვერახდენილი ოცნებებით ცხოვრება. სადღაც დამალული ოცნებებით ცხოვრება. ალბათ შენში შენზე დიდი მკვდრის ყოფნას ნიშნავს.

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – იდენტობის კრიზისი ოთარ ჭილაძის რომანში „აველუმი“

0

ძალიან გამაკვირვა, მგონი, შემაშინა კიდეც იმ ფაქტმა, როცა ჩემმა ორმა მოსწავლემ საკვლევად ოთარ ჭილაძის შემოქმედება აირჩია. შემაშინა იმან, რომ სოციალურ ქსელებში მარტივ ენას მიჩვეული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს ოთარ ჭილაძის საკმაოდ რთული ენის დაძლევაც კი გაუჭირდებოდათ, ტექსტის იდეურ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბევრი ფიქრის შემდეგ მოვილაპარაკეთ, რომ ერთი მათგანი კვლევას „აველუმზე“, მეორე კი – რომან „გოდორზე“ ჩაატარებდა. ამ წერილში პირველი მოსწავლის, ჩუკი ვარძელაშვილის დაკვირვებებს შემოგთავაზებთ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მხატვრული ნაწარმოებების ალეგორიული ენა ნამდვილად იწვევს მკითხველის გაოცებას. ალეგორია ტოტალიტარულ, ავტორიტარულ, ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე ხელისუფლებების ბატონობის ჟამს არის აქტუალური. მთავრობის პოლიტიკის კრიტიკა ასეთი რეჟიმების პირობებში აკრძალულია. საფრთხე მხოლოდ ხელოვანი ადამიანების შემოქმედებას კი არა, მათ სიცოცხლესაც ემუქრება. ალეგორია თავის და აზრის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად რჩება. ისინი, ვინც ამ კომპრომისზე არ მიდიან, ეწირებიან ბოროტების იმპერიას; ვინც კომპრომისზე მიდის, ალეგორია განვითარების ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. ამ მხრივ ოთარ ჭილაძის ნაწარმოებებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ხელოვნება გათავისუფლდა მარწუხებისგან და ხელოვანებმაც ამოისუნთქეს. მათ საშუალება მიეცათ, სათქმელი უკვე პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ეთქვათ. ოთარ ჭილაძის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. რატომ? რისი გამოთქმა აუკრძალეს მწერალს? თუ აუკრძალეს, მაშინ ვინ? მაგრამ საქმე აქ პირდაპირ აკრძალვასთან არა გვაქვს. მწერალს მიაჩნდა, მისი სათქმელი იმდენად მტკივნეული იყო, რომ ავტორისთვის, შეიძლება, არც ეპატიებინათ პირდაპირობა, ის კი არა, შეიძლება, მისთვის პასუხიც მოეთხოვათ ამ პირდაპირობისთვის ზუსტად ისევე თუ არა, როგორც ამას რეჟიმის პირობებში აკეთებდნენ, ანუ გადასახლებით ან დახვრეტით, არამედ მუდმივი წამოძახებით. არადა, მტკივნეული სათქმელი ოთარ ჭილაძეს ქართველებისთვის ბევრი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ქართული საზოგადოება, დიდიან-პატარიანად, იდენტობის კრიზისში შესული, კარგად ვერ იაზრებდა პრობლემის საგანგაშო მდგომარეობას. როდის დაუდგა ერს კრიზისის ხანა? ქართველ ინტელექტუალთა ერთი ჯგუფისთვის კრიზისში დამნაშავე რუსეთია, შესაბამისად, პრობლემის ფესვები ორ საუკუნეზე ცოტა მეტს ითვლის; სხვა ჯგუფისთვის კრიზისის მიზეზი მხოლოდ პოლიტიკურია  და, როგორც კი ებრაელი ხალხივით უდაბნოში ხეტიალის ორმოცი წელი გავა, თაობა შეიცვლება, ჩვენს ბედსაც ძაღლი არ დაჰყეფს; დანარჩენი ნაწილი კი უფრო შორეული წარსულის რევიზიას მოითხოვს. ოთარ ჭილაძე ამ მიზეზებს ეთანხმება, დარწმუნებულია, რომ „დაყვერილთა“ შთამომავლებიც სამუდამოდ დაღდასმულნი არიან. სიტყვა „სამუდამო“ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი ყველანი საკუთარი ოჯახის ბიოგრაფიის გამოძიებას დავიწყებთ, ჩავუღრმავდებით დეტალებს, არ შევშინდებით და თვალს გავუსწორებთ სიმართლეს, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის. ეს „რეცეპტი“ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა ურთულესია. „რეცეპტის“ უგულვებელყოფა იწვევს იდენტობის კრიზისს. სწორედ ამ იდენტობის კრიზისის სხვადასხვაგვარი გამოვლინების აღწერა არის ოთარ ჭილაძის თითქმის ყველა რომანის, თითქმის მთელი  მისი შემოქმედების ლაიტმოტივი; სწორედ ამ იდენტობის კრიზისზე გველაპარაკება მწერალი, ოღონდ ძირითადად ალეგორიულად.

პიროვნული იდენტობის კრიზისი

ნებისმიერი რეჟიმი, იქნება ეს სსრკ-ში დამკვიდრებული რეჟიმი, ფაშიზმი თუ სხვა, იმითაც გამოირჩეოდა, რომ წაახალისებდა ერთგვაროვნებას. რადგანაც რეჟიმის პირობებში ერთნაირი ადამიანების მართვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე განსხვავებული მოსაზრებების მქონე პიროვნებების შეხედულებების გათვალისწინება. სწორედ ამ მოსაზრებების ჩახშობა ხდებოდა არა მარტო დაშინებით, არამედ ადამიანების სხვადასხვაგვარი თავისუფლების შეზღუდვით – დაწყებული ჩაცმულობითა თუ თმის ვარცხნილობით და დამთავრებული გამოხატვის საშუალებების ჩარჩოებში მოქცევით. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულებაც ამგვარ მეთოდს მიმართავს და დრესკოდებს აწესებს თანამშრომლებისთვის. ეს მიდგომა შედარებით გასაგებია პოლიციურ და სამხედრო სტრუქტურებში, სადაც ფორმა პროფესიის ამოსაცნობი ნიშანია ანდა ისეთი სტრუქტურებისთვის, რომლებშიც ფორმა ჰიგიენასთან ასოცირდება, მაგრამ სრულიად გაუგებარია მისი შემოღება სასწავლო დაწესებულებებში. შესაძლოა, ფორმა მშობელს ათავისუფლებს ყოველდღიური საზრუნავისგან, მაგრამ ახშობს ბავშვის გემოვნების გამოვლინებას, გასაქანს არ აძლევს მის ფანტაზიას. სხვადასხვა ეპოქაში ზოგიერთი მეამბოხე პოლიტიკურ და სოციალურ პროტესტს სწორედ ჩაცმის თავისებური სტილითა და ვარცხნილობით გამოხატავდა. ამ გადმოსახედიდან, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, საქართველოში პროტესტის ამ ფორმას მიმდევრები არ გასჩენია. შესაბამისად, იმის ნაცვლად რომ პირველი მანიფესტაციები ჭრელი ყოფილიყო არა მარტო შემადგენლობით, არამედ წმინდა ვიზუალური თვალსაზრისითაც, მომიტინგეთა და დემონსტრანტთა ჩაცმულობა ძალიან შეზღუდული ყოფილა. „ბიჭებს შავი შარვლები და შავი კურტაკები აცვიათ… მოსახერხებელიცაა შესანიღბად, ვერ გაარჩევ, ვინ ვინ არის, მშრომელი თუ უსაქმური, სწავლული თუ ლაზღანდარა, სოფლელი თუ ქალაქელი – იმას იცვამდნენ, რასაც შოულობდნენ“. მწერალი თითქოს ამართლებს ეროვნულ მოძრაობაში ჩართულებს იმით, რომ მათ ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნიათ, გამორჩეული ტანისამოსი შეიძინონ, თითქოს გასაგებია, რომ შავს ჭუჭყი არ ეტყობა და, თუკი ლიდერის მოწოდების შემდეგ კიბეზე დაჯდომა მოგიხდება ან შუა ქუჩაში დაჩოქვა, არ გეშინია, რომ მიტინგიდან წამოსულს ქალაქის მტვერი დაგეტყობა და ვინმე ამის გამო ზიზღით შეგხედავს. ამ მოტივით მოწონებულმა შავმა ფერმა თანდათან ტენდენციის სახე მიიღო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ერთფეროვან მასას შეერწყნენ, დაკარგეს ინდივიდუალობა და მათ უკვე აღარც იდეა გამოარჩევდათ და აღარც მიზანი. ამიტომაც ერიდებოდა აველუმი – რომანის მთავარი გმირი – პროტესტს დაშლის პირას მდგომ სახელმწიფოში, მისთვის პროტესტი მაშინ იყო მისაღები, თუკი სახეს არ დააკარგვინებდა, ბრბოს ნაწილად არ აქცევდა: „ქუჩაში დიდი დემონსტრაცია მიდის… საშინლად მაფრთხობს, მაგანგაშებს საერთო კალაპოტში მოქცეული ხალხის ნიაღვრის ყრუ გუგუნი და გაურკვეველი შეძახილები“…

პიროვნების იდენტობის კრიზისის თვალსაზრისით რომანში „აველუმი“ ყველაზე საინტერესო მაინც  კუნძულ კრეტასთან დაკავშირებული მითის ალეგორიული რეცეფციაა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრეტაზე მეფე მინოსმა ხუროთმოძღვარ დედალოსს ყველანაირი პირობა შეუქმნა ხელოვანის ფანტაზიების ხორცშესასხმელად. რას აღარ ნახავდით კუნძულზე – პოსეიდონისა თუ სხვა ღმერთების სახელზე აგებულ ტაძრებს, მინოსის სახელგანთქმულ სასახლეს, მეფის ასულ არიადნეს საცეკვაო მოედანს, პასიფაეს ვნების ნაყოფის მინოტავროსის ლაბირინთს. მიუხედავად არაჩვეულებრივი სამუშაო გარემოსი და პირობებისა, დედალოსს მაინც მატერიკზე ცხოვრება მოენატრა, თავისთვის და ვაჟიშვილისთვის ცვილით შეწებებული ბუმბულის ფრთები გააკეთა და იკაროსთან ერთად გასაფრენად მოემზადა. დედალოსმა კი ჩააღწია სამშობლოში, მაგრამ მისი ვაჟი ამპარტავნებას შეეწირა, მზესთან მიახლოების სურვილმა ზღვის მარილიანი შხეფებით დამძიმებული ფრთები დაუშალა და ჭაბუკი ზღვაში ჩავარდა. ოთარ ჭილაძის გმირს, აველუმს, რომანის დაწერა უნდა ამ თემაზე. აველუმს სსრკ მინოსის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ მყოფი კრეტის ანალოგად მიაჩნია, დედალოსის გაფრენის ჟინი კი მრავალი საბჭოთა ხელოვანის ქვეყნის დატოვების დაუცხრომელ სურვილს აგონებდა. აველუმის ფრანგი საყვარელი ქალი აღფრთოვანებულია ჩანაფიქრით, ერთი სული აქვს, როდის გადაიტანს მწერალი ჩანაფიქრს ფურცელზე, თუმცა სწორედ ეს თემა იქცევა მისი ცხოვრების გაუცნობიერებულ შემზარავ კადრად და სიზმრის სახით ახსენებს თავს ორსულობის პერიოდში. სიზმარი კი მართლაც რომ შემზარავია: კრეტაზე დაბადებულ ფრთიან ბავშვებს მინოტავრის თეატრში დიდი მაკრატლით აჭრიან ფრთებს. დასისხლიანებულ ბავშვებს სამუდამო პატიმრობისთვის წირავენ თავად მშობლები, აწი გაფრენის სურვილიც რომ გაუჩნდეთ, ჩანაფიქრს სისრულეში თავად ვეღარასოდეს მოიყვანენ. რეალურ სსრკ-შიც და სიზმარში ნანახ კრეტაზეც ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უკლავენ გაფრენის სურვილს, ფრთებს კვეცენ მათ ფანტაზიებს და ასე ტოვებენ შესამჩნევი ჭრილობით სხეულზეც და ალბათ – სულშიც. მითის მიხედვით, იკაროსი ეწირება მამის გაფრენის სურვილს, ანუ მამა გამოდის შვილის სიკვდილის მიზეზი; ფრანსუაზას სიზმარში მამები ასახიჩრებენ შვილებს ანუ უკლავენ მათ ბედნიერი მომავლის პერსპექტივას; თვითონ აველუმი კი კანონიერ შვილ ეკაკატოეკატერინეს ბავშვობიდან ფრენის სურვილს უღვივებს. ამას საყვედრობს მწერალს ცოლიც, შენ ჩაუნერგე ფრენის ჟინი, ახლა კი მიატოვე და მასთან ერთად გაფრენა აღარ გინდაო. მწერლის ქალიშვილისთვის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში გადაშვება ამ ჟინის დაკმაყოფილების ერთადერთი გზაცაა და იდენტობის დაბრუნების საშუალებაც, მამამისისთვის კი ეს მოძრაობა იდენტობის დაკარგვის ტოლფასია. მამასა და შვილს შორის გაუგებრობა კულმინაციას მაშინ აღწევს, როდესაც აველუმი შეიტყობს, რომ 9 აპრილს მოწამლულმა მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა საავადმყოფოში ნამდვილი გვარი დამალა. აველუმი ვერ ეკითხება შვილს, მაგრამ ფიქრად ქცეული კითხვა არ ასვენებს – ნამდვილი გვარის არგამხელის მიზეზი ოჯახისთვის საფრთხის აცილების სურვილია თუ მამაზე და საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა.

ეროვნული იდენტობის კრიზისი

აველუმს ერთი კანონიერი ცოლი ჰყავდა და ერთი – კანონიერი შვილი. ეს ცოლი ქართველი იყო და, ცხადია, მათი შვილიც ყველანაირი საზომით ქართველი გამოდიოდა. მაგრამ აველუმს საყვარლებიც ჰყავდა, ჯერ – ფრანგი ქალი, ფრანსუაზა, მერე კი – რუსი სონია. ფრანგმა ქალმა აველუმისაგან შვილი გააჩინა, თავისთვის გააჩინა, თავისთვის უნდოდა შვილი, აბა, აველუმს კი არ გაუჩინა… რა ეროვნების გამოვა ეს ბავშვი? ვინ უნდა გადაწყვიტოს, ფრანგია ბავშვი თუ ქართველი? ქრისტიანული რელიგიაც (რომელიც კანონების კუთხით არა მარტო იუდაიზმს, არამედ რომაულ კანონმდებლობასაც იზიარებდა) და ამ კულტურების შთამომავალი ევროპული სახელმწიფოებიც ერთნაირად აღიარებენ, რომ ბავშვი მამის გვარის გამგრძელებელია. მაგრამ ჭილაძე აქცენტს ეროვნული იდენტობის კრიზისზე განსხვავებული მიზნით სვამს, მისთვის მარტო ბავშვბის ეროვნების დადგენა არ კმარა. სონიამ არ გააჩინა აველუმისგან შვილი, მან აბორტი გაიკეთა, თანაც ისე, რომ აველუმს არ დაეკითხა: „გეკითხათ, ვიდრე წერას აუგებდით ჩემს ნაშიერს“. სონია რუსია, რუსმა აუგო წერა ქართველის ნაშიერს… თუმცა არგაჩენილი და აბორტის შედეგად მოკლული ნაყოფის, რომელიც გაჩენისა და არმოკვლის შემთხვევაში გაურკვეველი ეროვნული იდენტობის მატარებელ ადამიანად ჩამოყალიბდება, შესახებ პასაჟი სხვაგვარადაც შეგვიძლია გავიგოთ. ეგებ არც არაფერი სასიკეთო გამოვა რუსეთისა და საქართველოს მეგობრობისგან? ეგებ ამ მეგობრობის ნაყოფი ჯობს, ჩანასახშივე ჩაიკლას? პასუხი რამდენიმენაირია: ქართული იდენტობის ბავშვს რუსი კლავს; ქართულ-რუსული იდენტობა მინოტავროსივით დასაღუპადაა განწირული და აჯობებს არ გაჩნდეს, თუ გაჩნდება, მაშინ დაიმალოს: „სასარგებლო არაფერი აღმოცენდებოდა იქიდან“. აი, ფრანსუაზამ კი გააჩინა შვილი ქართველისგან. ამ ბავშვს მომავალში შერცხვება მამის, ე.ი. შერცხვება ქართველობის. ნუთუ ევროპასთან ქართველების კავშირი ქართულ იდენტობას ისევე მოსპობს, როგორც ქართველების კავშირი რუსეთთან? ევროპა ფიზიკურად არ მოკლავს ჩანასახს, მაგრამ ევროპა სასირცხვილოდ გაუხდის ქართველს ქართველობას.

თუკი სსრკ-ის არსებობის პერიოდში აეროპორტი ვიღაცებისთვის ხსნა იყო, სადაც ლითონის ფრთებიანი თვითმფრინავი გაიყვანდა პატიმრებს ციხიდან, ოთარ ჭილაძისთვის ამ თვითმფრინავს ტუსაღები მხოლოდ ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდა. მწერლისთვის მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს თავისუფალი, ხოლო სახელმწიფო, როგორი წყობისაც არ უნდა იყოს ის, რაღაც გაგებით, ყოველთვის სატუსაღო იქნება. ამიტომაც უკვირს აველუმს (და ალბათ თავად ჭილაძესაც), რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სამშობლოს მაშინ, როცა ახლოსაა ნანატრი თავისუფლება: „ახლაც ტყაპატყუპით ცვივიან ციდან თანამედროვე იკაროსები, ინკუბატორის წიწილებივით ძნელად გასარჩევნი ერთმანეთისაგან, რომელთა ასამჩატებლად სიტყვიერი, ზეპირი თავისუფლებაც საკმარისი აღმოჩნდა და, რაკი მშობლიური ლაბირინთიდან გაღწევის შანსი გაუჩნდათ, მიფრინავენ, მიფრინავენ, მიფრინავენ, მიაფართხუნებენ ხელოვნურ ფრთებს, ვიდრე ჩამოცვივდებოდნენ. თბილისის ცაც ჩიტ-ბიჭუნებითა და ჩიტ-გოგონებითაა სავსე. იხვის გუნდებივით მიყაყანებენ, მიყვიტყვიტებენ „თბილი“ ქვეყნებისკენ. დიდი გადაფრენის ჟამი დასდგომიათ მოულოდნელად, სამოცდაათწლიანი უიმედო მოლოდინის შემდეგ“.

სოციალური იდენტობის კრიზისი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მაღალი და შედარებით ქვედა რგოლის თანამდებობის პირებს, ე.წ. ფუნქციონერებს, ცუდი დრო დაუდგათ. ეგონათ, თუკი აქამდე გულწრფელად ემსახურებოდნენ სამშობლოს, პატივისცემა  ერგებოდათ. მაგრამ საქმე ისაა, რომ მათთვის ტერმინები აღრეული იყო, ვერ აცნობიერებდნენ, რომ სამშობლო-საქართველოს კი არა, სამშობლო-სსრკ-ს ერთგულებაში გაატარეს ცხოვრება. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ადრევე აუღეს ალღო შექმნილ ვითარებას, ქამელეონივით შეიცვალეს ფერი და ისე მოერგნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, თითქოს ამის მეტზე სხვა არაფერზე ოცნებობდნენ თავის დროზე. „ფუნქციონერი კომუნისტებიც ჩვენს მხარეზე იდგნენ უკვე, დგანან კი არა, კიბეებზე სხედან, კარვებში წვანან, შიმშილობენ, მამაჩემი კი ჩვენსკენ გამოხედვასაც არ კადრულობს“. ასე საყვედურობს რომანში „აველუმი“ მთავარ პერსონაჟს ქალიშვილი, რადგან მამა, რომელიც თავისი ცხოვრებით სულ სხვა მაგალითს იძლეოდა საბჭოთა პერიოდში, ახლა არ დგას ეროვნული მოძრაობის წინა რიგებში. ამის მიზეზი წარსულია, 1956 წელი. რას არ გაიგონებდით მაშინ შეკრების ადგილებში, თურმე ზოგიერთ გზააბნეულ მომიტინგეს მოლოტოვის მეფედ კურთხევაც კი უნდოდა. რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ რომანის მთავარ გმირს, მწერალ აველუმს აღარ სწამდა მიტინგებისა და დემონსტრაციების. ერჩივნა, ხალხი ჯერ კარგად დაფიქრებულიყო, გაერკვია, რა უნდოდა მომავალში, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოთ ქუჩაში გამოსვლები, რათა ერთსა და იმავე ორმოში კიდევ და კიდევ არ ჩავარდნილიყვნენ.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, საბჭოთა პერიოდში მწერალთა/პოეტთა რაოდენობა არნახული სიხშირით იზრდებოდა. ერთი მხრივ, შეგვიძლია, ეს ქვეყანაში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის გაზრდას დავუკავშიროთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ რაოდენობის გაზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირში სულაც არ იყო ხარისხის გაზრდასთან. უბრალოდ, ე.წ. პროფესიული კავშირების შექმნა უამრავ პრივილეგიას აძლევდა ამ კავშირში გაერთიანებულებს, ხელფასებიდან და დასასვენებელი სახლების საგზურებიდან დაწყებული ბინებითა და აგარაკებით უზრუნველყოფით დამთავრებული. პროფესიულ კავშირებში მოსახვედრად კი გადამწყვეტი ფაქტორი სულაც არ იყო ნიჭიერება და ოსტატობა, გაბატონებული რეჟიმის ერთგული სამსახური და არსებული იდეოგოლიისთვის ხოტბის შესხმაც სათანადოდ ფასდებოდა. პროფესიულ იდენტობას დარგის განვითარებაში შეტანილი ღვაწლი კი არა, მოწმობები ადასტურებდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამგვარ ორგანიზაციებს და მათ დამქვემდებარებაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურებს საკავშირო დაფინანსება შეუწყდათ და პროფესიული კავშირები კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მწერალთა პერიოდულ გამოცემებსაც კი დახურვის საფრთხე დაემუქრათ, აღარაფერი რომ აღარ ვთქვათ გამომცემლობებსა და სტამბებზე. თავის გადარჩენის მიზნით, მარიფათიანი ხელმძღვანელები თვითდაფინანსებაზე გადავიდნენ, შესაბამისად, გულუხვი ჰონორარები დავიწყებას მიეცა. რადგან წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა არ იყო გამოსაცემად გადახდილი თანხის ადეკვატური, ბევრმა, აქამდე მწერლებად/პოეტებად წოდებულმა ადამიანებმა, პროფესია შეიცვალა. ისინი კი, ვინც პროფესიაში დარჩნენ და ფიზიკურად გადარჩნენ, ვისთვისაც მწერლობა მხოლოდ გამორჩენის საშუალება არ იყო, ჩაუფიქრდნენ და პასუხების ძიება დაიწყეს. „ჩვეულებრივი ლოთებისგან განსხვავებით, ოფიციალურად აღიარებულიმწერლებიც ვიყავით, მწერალთა კავშირის სრულუფლებიანი, წიგნაკიანი წევრები და ჩვენს ნალაპარაკევს, მით უფრო სახელმწიფოს უშიშროების დაცვის კომიტეტისთვის, რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგრამ, როგორც დრომ დაგვანახა, ამაოდ, ტყუილად, ფუჭად – დღეს აღარც ჩვენ ვითვლებით მწერლებად“… მაშინ, როდესაც პროფესიულ ხელოვანთა კავშირი გასცემდა ხელოვანის საიდენტიფიკაციო ბარათს, ეს ერთგვარად ადასტურებდა, რომ საბუთი აქცევდა ხელოვანს ხელოვნად, შესაბამისად, მწერალს მწერლად. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაცაა და ათასგვარი ირონიის საბაბს იძლევა. თავის დროზე ეს ფაქტი გამოიყენა მიხეილ ბულგაკოვმაც და გენიალურად დასცინა საბჭოთა მასსოლიტელ მწერლებს (აბრევიატურა მასსოლიტი ბულგაკოვთან რამდენიმენაირად იშიფრება, ის დაოსტატებულ საბჭოთა მწერალთა გაერთიანებასაც გულისხმობს, მოსკოვის ლიტერატორთა ასოციაციასაც და მასობრივ ლიტერატორებსაც).

თუკი საბჭოთა პერიოდში მწერლად ჩათვლა-არჩათვლას ზემდგომი ორგანოები წყვეტდნენ, ახლა ამის გადაწყვეტა ხალხის პრეროგატივაა. ოღონდ ხალხამდე ნაწერი რამენაირად უნდა მიიტანო, სამწუხაროდ, ისიც კი უნდა გათვალო, რამდენად გემოვნებიანი მკითხველი გეყოლება, ვინ იქნება შენი მკითხველი. ამიტომაც, ზოგი მწერალი/პოეტი აღარ დაგიდევს შინაარსს, იცის, რომ ხანდახან ფორმით უფრო მიიქცევ მკითხველის ყურადღებას: „დიდი გასავალი აქვს დღევანდელ მწერლობაში ამგვარ ლინგვისტურ ოინბაზობებს“. როგორც ამ ერთი ფრაზიდან ჩანს, ოთარ ჭილაძისთვის თანამედროვე მწერლები ოინბაზები უფრო არიან, ვიდრე ნამდვილი მწერლები. პოსტმოდერისტული ძიებები, რომლებიც უბოდიშოდ გადმოიღეს ქართველმა შემოქმედებმა და დიდი გასავალი აქვთ დღევანდელ ბაზარზე, პოპულარულ საკითხავად კი აქცევს ავტორებს, მაგრამ ვერაფრით ვერ აქცევს მათ დიდ მწერლებად. მკითხველი, რომელთაც ისინი მიმართავენ, მათსავით ზედაპირულია.

ვინაა მოცლილი მკითხველი – მკითხველის იდენტიფიკაცია

 ერთგან ოთარ ჭილაძე ასეთ დაკვირვებას გვთავაზობს: „იქნება მართლა ისე დამაშინა ცხოვრებამ, ტყუილს სიმართლედ ვიყენებდი, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ვტყუოდი, სიმართლე რომ არ მეთქვა, მაგრამ, პირადად მე, პირიქით მგონია, რადგან მხოლოდ სიმართლის თქმა იყო ჩემი მიზანი და არა რაიმეს თქმა ზოგადად. მით უფრო რომ, ჰონორარს ერთნაირად იხდიდა სახელმწიფო აშკარა ტყუილშიც და შენიღბულ სიმართლეშიც. ოღონდ, ტყუილის თქმა თუ უსუნდისობაა, მართლის მთქმელობა უბედურებაა – შენიღბულად, ქარაგმულად, ნამცეც-ნამცეც აპარებ შენს სიმართლეს ვიღაცას, ვისიც არ იცი სახელი და ვისი გადარჩენაც მიზნად დაგისახავს“… დიახ, ოთარ ჭილაძე თვითკრიტიკითა და ირონიით ეკიდება საკუთარ შემოქმედებას, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ალეგორიის გამოყენებას მწერლობაში, არც ის მოსწონს, პირდაპირ რომ ვერ ამბობს სათქმელს და წვეთობით აწოდებს მას მკითხველს. ეს მკითხველი კი მისთვის მოცლილია. სიტყვა „მოცლილი“ უარყოფით ემოციას იწვევს და უსაქმურს ნიშნავს. მაგრამ ოთარ ჭილაძის მოცლილი მკითხველი ისაა, ვინც დროს გამოძებნის იდენტობის გასარკვევად. ეს იდენტობა კი პიროვნულიცაა, ეროვნულიც და პოლიტიკურიც, რელიგიურიც და პროფესიულიც. მოცლილი მკითხველი ჯერ არ დაბადებულა, ის ჯერ ჩანასახია, თუმცა მისი მუცლად ყოფნის პერიოდი ცხრა თვე კი არა, იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ დაბადების დრო არ დაუდგება. რამ უნდა დააინტერესოს „სადღაც უსაშველოდ შორს, გაურკვევლობის საშოში ბეღურასავით მობუზული“ მოცლილი მკითხველი? ჯერ, სანამ თავის იდენტობას გაარკვევდეს, მას ალბათ უამრავი შეკითხვა ექნება წინაპრებთან, მათთან, ვინც მის წინაშეა დამნაშავე, გუშინდელნიც და დღევანდელნიც, რადგანაც ასე უთავბოლოდ იცხოვრეს. ეს შეკითხვები კი ასე გაიჟღერებს: როგორ ახერხებდნენ მისი წინაპრები და მწერლის თანამედროვენი ერთსა და იმავე ორმოში უსასრულოდ ჩაცვენას? ამისთვის კი მწერალი, და მასთან ერთად მოცლილი მკითხველიც, უნდა შებრუნებულიყო წარსულში, იქ ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გასარკვევი, თავის დროზე უყურადღებოდ დატოვებული, ანდა, თავის დროზე შემჩნეული, მაგრამ არასწორად აღქმული, არასწორად შეფასებული. მხოლოდ ასე თუ გაარკვევს მოცლილი მკითხველი „დავიღუპეთ თუ გადავრჩით, ანუ ღირსნი ვიყავით თუ არა, თუკი დავიღუპეთ და საჭირო იყო თუ არა ჩვენი გადარჩენა, თუკი გადავრჩით“.

მამები შვილებისათვის 

0

ბევრს დღესაც მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდაში მამის როლი მეორეხარისხოვანია. „მამა ფულის შემომტანია, დედა ბავშვების აღმზრდელი“, „დაღლილ მამას ნუ შეაწუხებთ, დედას ჰკითხეთ“, „მამას ნუ ეტყვით, დედას უთხარით“, „მამას არ სცალია, გაკვეთილები დედას ჩააბარეთ“, „გააგებინეთ დედას, რომ მშობელთა კრებაზე მოვიდეს“, – ასეთ ფრაზებს ოჯახებშიც ხშირად მოისმენთ და სკოლაშიც. „შემომტანი“ – ბავშვის აღზრდაში პასიური პოზიციის მქონე მამის სტერეოტიპი გასული საუკუნის 70-იან წლებიდან დამკვიდრდა, როდესაც მას მხარი მსოფლიოს წამყვანმა ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა დაუჭირეს. თუმცა თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ მსგავსი მიდგომა მცდარი იყო. პოლ რებერნი თავის წიგნში „არიან თუ არა მნიშვნელოვანი მამები“ ყურადღებას რამდენიმე ახალ აღმოჩენაზე ამახვილებს:

1.ჰარვარდელმა ბიოლოგმა დევიდ ჰეიგმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ამტკიცებდა, რომ დედისა და მამის გენები ემბრიონშივე სხვადასხვაგვარად „იქცევიან“. მამის გენები ცდილობენ, რაც შეიძლება დედის მეტი ენერგია გადაეცეს მათ მომავალ მემკვიდრეს, თუნდაც ეს დედის ორგანიზმს ვნებდეს ან მის ხარჯზე ხდებოდეს.

  1. ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სასურველია მამები შვილების დაბადების პროცესს ესწრებოდნენ. მამის თანდასწრებით დაბადებული ბავშვი მეტი სიყოჩაღით გამოირჩევა, უმამოდ დაბადებულ ჩვილებს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წვრილ-წვრილი პრობლემები აღენიშნებათ. თუ ქმარი ცოლის მშობიარობას ესწრება, ეს ქალის ჯანმრთელობასა და განწყობაზეც კარგად აისახება.
  2. ქალი სამშობიაროში ტკივილებს უფრო იოლად იტანს, როდესაც ამ პროცესს მისი შვილის მამა ესწრება. შვილების დაბადების მოწმე მამები ბავშვებთან მეტ დროს ატარებენ, უკეთ უვლიან და მის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობენ.
  3. მამას ახალდაბადებულ შვილთან მჭიდრო კავშირი უყალიბდება. უმამობა ხშირ შემთხვევაში დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ქცევასა და მის ურთიერთობაზე თანატოლებთან.

5.ოქსფორდელი მკვლევრები დიდხანს აკვირდებოდნენ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს. თუ მამა მათ ცხოვრებაში რეგულარულად არ მონაწილეობდა, ბავშვების ქცევაში მეტი აგრესია ვლინდებოდა. ამ ფაქტორზე დამოკიდებული არ იყოს ის, თუ რამდენ დროს ატარებდა დედა ბავშვთან ერთად.

6.მამები უფრო დიდ გავლენას ახდენენ ბავშვზე მაშინ, როდესაც ის ლაპარაკს იწყებს. საქმე ისაა, რომ დედა, რომელიც პატარას უფრო ხშირად ეკონტაქტება, ენობრივ შესაძლებლობებსა და სიტყვიერ მარაგს მასთან ურთიერთობაში შეზღუდულად იყენებს, რადგან უსიტყვოდაც ხვდება, რა უნდა ბავშვს და როდის. მამა კი მეტს ესაუბრება და მისი სიტყვიერი მარაგიც უფრო მდიდარია ბავშვთან მიმართებაში, რაც საბოლოოდ მისი მეტყველების განვითარებას უწყობს ხელს.

7.უმამოდ გაზრდილი გოგონები სქესობრივ სიმწიფეს უფრო ადრე აღწევენ, ვიდრე მათი თანატოლები. ამ ფენომენს კარგა ხანი ვერავინ ხსნიდა. აღმოჩნდა, რომ გოგონები ქვეცნობიერად არწმუნებენ თავს იმაში, რომ მათ გვერდით მამაკაცი კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება, ამიტომ „აუცილებელია მალე გაიზარდონ“.

უმამოდ გაზრდილ ბავშვებს ცხოვრების განმავლობაში მეტი პრობლემის დაძლევა უწევთ. ასეთია იმ კვლევების ნაკრები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია National Center for Fathering-იც (მამობის ეროვნული ცენტრი) აქვეყნებს. კვლევა ექვსი სახის პრობლემას გამოკვეთს: სიღარიბეს, ალკოჰოლს/ნარკოტიკებს, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ხარვეზებს განათლებაში, დანაშაულს, ადრეულ სქესობრივი კავშირებსა და ორსულობას.   

სიღარიბე – მარტოხელა დედებთან ერთად გაზრდილი ბავშვების სიღარიბეში  ცხოვრების შანსი 4-ჯერ იზრდება. აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევებით 5 წლის წინ სრულ ოჯახებში გაზრდილი ბავშვების 12% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, მარტოხელა დედასთან გაზრდილების კი – 44%. წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი თითქმის არ იცვლება.

ალკოჰოლი და ნარკოტიკები – უმამოდ გაზრდილი ბავშვები ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების მაღალ რიკსზონაში იმყოფებიან. ასეთია აშშ-ის დეპარტამენტის მიერ 1993 წელს გამოცემა Survey on Child Health-ში გამოქვეყნებული კვლევის დასკვნა.

ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა – ამერიკელი და ევროპელი ფსიქიატრების ერთობლივი დაკვირვებით, უმამოდ გაზრდილი ბავშვებში სუიციდის რისკი უფრო მაღალია. ეს სამწუხარო დასკვნა ემყარება დაკვირვებას ბავშვთა ორ ჯგუფზე, რომელთა მშობლები სხვადასხვა პერიოდში „სასწრაფო დახმარებას“ მიმართავდნენ: პირველი ჯგუფი – 65 ათასი ბავშვი, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა და მარტოხელა დედებთან ერთად გაიზარდა; მეორე ჯგუფი – სრულ ოჯახებში გაზრდილი 920 ათასი ბავშვი იყო. კვლევის შედეგი 2003 წლის ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.

მეორე კვლევა – Fragile Families Study 2007 წლის ჟურნალში „ქორწინება და ოჯახი“ დაიბეჭდა. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა აგრესიის დონის სხვაობა სრულ და არასრულ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს შორის.

ხარვეზები განათლებაში – მხოლოდ ერთ ბიოლოგიურ მშობელთან მცხოვრებ ბავშვებს შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ასევე, საშუალოდ სწავლობენ ბავშვები, ვისაც მამინაცვალი ჰყავს. ჟურნალ Psychology Today-მ დაიბეჭდა ევარდ კრუკის სტატია, სადაც გამოკვლეული იყო, რომ სტუდენტების 71%, ვინც თავის დროზე სწავლა მიატოვა, უმამოდ იყო გაზრდილი.

დანაშაული – National Longitudinal Study of Adolescent Health კვლევამ დაადასტურა პირდაპირი კავშირი ოჯახის სტრუქტურასა და მოზარდთა დანაშაულებრივ რისკს შორის. აღმოჩნდა, რომ მოზარდებში, რომლებიც უმამოდ იზრდებოდნენ, დანაშაულის დონე უფრო მაღალი იყო. აგრეთვე, რამდენიმე წლის წინ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ საპატიმროებში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პატიმართა 39%-ს მხოლოდ დედა ზრდიდა. კიდევ ერთი ანალოგიური გამოკითხვის მიხედვით, სადაც 14 ათასი პატიმარი იღებდა მონაწილეობას, გამოიკვეთა, რომ ნახევარზე მეტი არასრულ, კერძოდ კი, უმამო ოჯახებში იზრდებოდა.

სამხრეთ ამერიკაში სოფლად მცხოვრები მოზარდების (851 გოგო და 558 ვაჟი, 11-დან 18 წლამდე) გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ უმამოდ გაზრდილი არასრულწლოვნები უფრო ხშირად ორსულდებიან ან ნაადრევად თხოვდებიან.

სულ ახლახან ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ უმამობა არა მხოლოდ ბავშვის ქცევაზე აისახება, არამედ ცვლის მისი ტვინის სტრუქტურას. კვლევის შედეგი კანადის ერთ-ერთმა უძველესმა, მაკგილის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ცენტრმა ჟურნალ Cerebral Cortex-ში გამოაქვეყნა.

მკვლევრებმა შეისწავლეს თაგვების ტვინი. ცნობილია, რომ თაგვები თავიანთი  ქცევითა და შვილებთან „მიდგომებით“ ადამიანებს ჰგვანან. ამიტომ არჩევანი სწორედ მათ კვლევაზე გაკეთდა. შედეგი ასეთი იყო: მამისგან განცალკევებით  გაზრდილი თაგვები უფრო აგრესიულები იყვნენ და „ასოციალური“ ქმედებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მდედრი და მამრი თაგვები ზრდიდნენ. დოქტორ გაბრიელა გობის განმარტებით, კვლევის შედეგი ზუსტად დაემთხვა ჩვეულებრივი ბავშვების კვლევის შედეგს, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა.

საინტერესოა, რომ უმამობა არა მხოლოდ ადამიანისა და ცხოველის, ამ შემთხვევაში თაგვის, ქცევაზე ტოვებს კვალს. უმამოდ გაზრდილ თაგვებს აღმოაჩნდათ დეფორმირებული ტვინის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია ქცევაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე. „ამ გამოკვლევამ პირველად აჩვენა, რომ მშობლების დანაკლისი განვითარების პერიოდში მყოფი არსების ნეირობიოლოგიაზე ზემოქმედებს, – აცხადებს გაბრიელა გობი. – ჩვენ მიერ გამოვლენილი შედეგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს მამის როლის მნიშვნელოვნებას ნეირობიოლოგიური განვითარების კრიტიკულ პერიოდში და იმას, რომ მამის დანაკლისი პათოლოგიური ზარალის ტოლფასია“.

ცხოვრება აუტიზმის გარეშე

0

ოცნებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. ახლა, სრულიად შემთხვევით, დავუსვი თავს შეკითხვა: როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, უფროს შვილს აუტიზმი რომ არ ჰქონდეს?

მეტი თავისუფალი დრო მექნებოდა? სამი შვილის დედა ვამბობ ამას? ნაკლები საფიქრალი? – შესაძლოა, თუმცა სულ სხვა ტიპის პრობლემები და მიზნები მექნებოდა. ახლა კი განხვავებული კუთხიდან ვუყურებ მოვლენებს.

აუტიზმის მქონე შვილი რომ არ მყოლოდა:

არ მეცოდინებოდა რა არის ABA, ოკუპაციური და სენსორული თერაპიები;

აუცილებლად გამკიცხავ მზერას ვესროდი მშობელს, რომლის შვილიც სუპერმარკეტში ხმამაღლა იტირებდა და იატაკზე გაწვებოდა;

ალბათ ვერ დავაფასებდი ბავშვის თითოეულ ნასწავლ ფრაზასა და ქცევას, სულაც არ შევაქებდი, რთულ ფაზლს რომ ააწყობდა ან კუბების ფერებს დამისახელებდა. ვიფიქრებდი, რომ ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო – ყველა ბავშვი ხომ თავად შეიმეცნებს და უფროსების მიბაძვით ისე სწავლობს ყველაფერს, თვითონაც რომ ვერ ხვდება.

ასე არ ყოფილა! ზოგჯერ თურმე თვეებია საჭირო, რომ ბავშვმა რაიმე სიტყვა ისწავლოს; კონცენტრირება შეძლოს, თუნდაც ხუთი წუთით არ გაეფანტოს ყურადღება და მოგისმინოს.

აუტიზმის მქონე ბავშვთან მუშაობას უცხო ენის სწავლებას შევადარებდი – ერთ მხარეს დგას მასწავლებელი, რომელიც უცხო სამყაროში შესვლას ცდილობს, მეორე მხარეს კი მოსწავლე, რომელიც მისთვის რთულ გზას გადის: სწავლობს ახალ სიტყვებსა და ზმნებს, განსხვავებულ კულტურას და ამ კულტურისთვის მისაღებ ქცევის ნორმებს. გასათვალისწინებელია, რომ  ბავშვი ამ „გაკვეთილსა“ და ურთიერთობას სულაც არ მიიჩნევს საჭიროდ. რა საჭიროა სიტყვები, როდესაც მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობ თავს?! რატომ უნდა გიყურო თვალებში და გესაუბრო, როცა თავადაც ვაგნებ ყველაფერს?! თუმცა „მოსწავლეს“ აუცილებლად გამოენახება თუნდაც ერთი რამ, რის გამოც „უღირს“ კომუნიკაციის დამყარება „მასწავლებელთან“. სწორედ იმ ერთადერთის აღმოჩენითა და ხელის ჩავლებით იგება ურთიერთობა და მყარდება მეგობრობა.

აუტიზმის მქონე შვილი როცა გყავს, თანდათან უახლოვდები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს. იგებ, რომ თურმე ერთი ისეთი მოქნილია, წამში აძვრება სათამაშო ლაბირინთის ბოლო სართულზე, მეორეს კი შესაძლოა ფანქრის ხელში ჭერაც კი უჭირდეს; ერთს კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს, მეორეს კი ორგანიზმი არ უწყობდეს ხელს დავალების შესრულებაში. ანუ ზოგს თანატოლებთან თამაშისა და სირბილის დიდი სურვილი აქვს, თუმცა ფიზიკურად არ შეუძლია; ზოგი კი მარდად დარბის, მაგრამ თანატოლებთან თამაშისა და სწავლის არანაირი სურვილი არ აქვს. ასეთ დროს თითოეულ მოსწავლეს სასწავლო პროგრამა ინდივიდუალურად უნდა მოერგოს. შშმ პირებთან ურთიერთობით თვალსაწიერი ფართოვდება, მათი გადმოსახედიდან და საჭიროებიდან ხედავ გარემოს.

რომ დავფიქრდი, მივხვდი: ნიკოს დიაგნოზი რომ არა, ის თავის ძმებთან ერთად სრული დატვირთვით ივლიდა ბაღში და არ მოუწევდა დღეში 2-3 საათი სპეციალურ მასწავლებლებთან მეცადინეობა ქალაქის სხვადასხვა წერტილში; არ დაიღლებოდა საცობებში დგომით, არ ჩაეძინებოდა მანქანაში; ნაკლებად ექნებოდა ღამით ძილის პრობლემა და დედაც შუადღეზე გამოძინების უფლებას მისცემდა.

აუცილებლად ვატარებდი ცურვაზე (თუმცა ახლაც დამყავს), ფეხბურთზე, ხატვაზე, ცეკვაზე, მუსიკაზე… თუმცა არა! მე კი არ მომიწევდა მისი ინტერესების ძიება და ჰობის საშუალებით კი არ დავამყარებდი მასთან ურთიერთობას, ის თავად მეტყოდა საკუთარი სურვილების შესახებ. ჰოდა, მეც ავუსრულებდი. შესაძლოა პირიქითაც მომხდარიყო, მოვდუნებულიყავი, მიმეხედა კარიერისთვის, დამეთმო მეტი დრო მოგზაურობისთვის, დამზარებოდა ბავშვის სხვადასხვა წრეზე ტარება და კერძო ბაღისთვის მიმენდო ეს ყველაფერი.

ახლა კი ფიქრისა და ოცნებისთვის დრო არ მრჩება და პირდაპირ ვმოქმედებ: ვეწერები თბილისის ერთადერთ ცურვის მასწავლებელთან, რომელსაც შშმ ბავშვებთან ურთიერთობის კი არ ეშინია, პირიქით, მშვენივრად გამოსდის; ვეძებ კარგ სენსორულ ოთახს და ოკუპაციურ თერაპევტს, დამყავს ბავშვი არაერთ ცენტრში სხვადასხვა გაკვეთილზე. თან მახლავს ყველგან – მაღაზიაში, აფთიაქში, ოფიციალურ დაწესებულებებსა თუ ხმაურიან ღონისძიებებზე, თუმცა, წინასწარ ვაფრთხილებ მისი დღის რეჟიმის ამ მოულოდნდელი ცვლილების შესახებ. ის მიეჩვია უცხო ხალხს, განსხვავებულ სიტუაციებში მოხვედრას და ე. წ. „ტანტრუმს“ აღარ აწყობს. ჯერ ბაღში დადის და მომავალში არ ვაპირებ მის „სპეცსკოლაში“ მიყვანას, როგორც ბევრი ითხოვს, რომ „ამ ბავშვებმა ცალკე უნდა ისწავლონ“. სსსმ მოსწავლე თანაკლასელებისაგან სწავლობს მოქცევის წესებსა და ურთიერთობას. დიახ, ურთიერთობას – ამ სასიცოცხოდ მნიშვნელოვან რამეს – მაგალითად ერთ, თუნდაც ე. წ. „რესურს ოთახში“ მოხვედრილი აუტიზმის მქონე სამი ბავშვი ერთმანეთში ვერაფრით დაამყარებს. თავის მხრივ, რიგითი მოსწავლეც სწავლობს მისგან ოდნავ განსხვავებულთან ურთიერთობას, ხდება მეტად მზრუნველი და ტოლერანტული.

მსოფლიოში ყოველ 68 ბავშვში ერთს აუტიზმი აქვს, და სანამ მის წარმომავლობასა თუ მზარდ, საგანგაშო სტატისტიკის მიზეზებს მეცნიერები იკვლევენ, ეს პრობლემა  ყველამ უნდა გავიაზროთ და როგორმე აუტიზმთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ.

სასიამოვნოცა და სასარგებლოც _ რევიუ, როგორც საშინაო დავალება

0

რას ამბობს თქვენი მოსწავლეების სხეულის ენა, როდესაც საშინაო დავალებას აძლევთ? მოდი, განვიხილოთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი ყველაზე არასასურველიდან _ საუკეთესომდე:

1) არაფერს ამბობს, მაგრამ სახე მოეღუშება და თვალებს სარკასტულად ატრიალებს;

2) თვალებს ამრგვალებს და ხმამაღლა აპროტესტებს მოცემული დავალების სირთულეს;

3) ინდიფერენტულია _ საშინაო დავალება მისი ყოველდღიურობაა;

4) მობილიზებულის გამომეტყველებით გულდასმით ინიშნავს (როგორც წესი, ასევე ასრულებს);

5) თავს მოწონების ნიშნად იქნევს და ინიშნავს;

ყველაზე საუკეთესო და ყველაზე იშვიათი კი ასეთი რეაქციაა: მხრებში გაიმართება და მის თვალებში აშკარად დაინახავ გაკვესებულ იდეას. ამ დროს   მახსენდება პერსონაჟი ,,არაჩვეულებრივი გამოფენის” ფინალური კადრიდან: ,,მე ამისგან გავაკეთებ…”

და ის აკეთებს რაღაც ისეთს, რაც პირადად მისთვის ფასეულია. ამ შემთხვევაში შესრულებული დავალების ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი მონდომება და შემართება.

როგორი საშინაო დავალება უნდა მივცეთ მოსწავლეს, რომ მისგან ზემოთ აღწერილი უკუკავშირი მივიღოთ?! მოდი, ვცადოთ  და რევიუს _ კლასგარეშე წასაკითხი წიგნის ანდა ფილმის მიმოხილვის _ მომზადება ვთხოვოთ.

ამ ტიპის საშინაო დავალება მრავალმხრივ სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისათვის:

  • აკადემიური წერის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, წიგნის ანდა ფილმის რევიუს შექმნა კრიტიკულ-ანალიტიკური თხზულებების წერისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად ითვლება. იგი რეკომენდებულია დამამთავრებელი საფეხურის სკოლის მოსწავლეებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის;
  • ამგვარი ნაშრომის შესრულება მოსწავლისაგან მოითხოვს, მაქსიმალურად წარმოაჩინოს როგორც ანალიტიკური წერის, ასევე შემოქმედებითი  უნარები, ვინაიდან მისი მიზანი ერთდროულად არის ნაწარმოების კრიტიკულ-ანალიტიკური განხილვა და ამავდროულად, ამის გაკეთება მხატვრულად მიმზიდველი ფორმით, რათა დამსწრე აუდიტორიაზე შესაბამისი ზეგავლენა მოახდინოს;
  • ეს დავალება ინდივიდუალურია (ერთი ნაწარმოების შესახებ რევიუს მოსამზადებას ვთხოვთ მხოლოდ ერთ მოსწავლეს ანდა ერთ ორ-სამ კაციან ჯგუფს), აქედან გამომდინარე, მოსწავლეს უწევს დამოუკიდებლად გაართვას თავი ყველა იმ კომპონენტს, რომლებსაც ლიტერატურის გაკვეთილებზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის დახმარებით აანალიზებდა: გამოიცნოს ავტორის მთავარი ჩანაფიქრი, ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე, შექმნას პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები, გაშიფროს ტექსტის ენობრივი ქსოვილი, მაქსიმალურად გამოიყენოს პრეზენტაციის უნარი და ა.შ. როგორც წესი, ამგვარი დავალების შესრულების დროს მოსწავლეები მობილიზებული და კონცენტრირებული არიან და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან შესასრულებელ ამოცანას;
  • ამგვარი საშინაო დავალება თავისთავად უწყობს ხელს კლასში მყოფი სხვა მოსწავლეების ზოგადი განათლების გაუმჯობესებას. კონკრეტული მოსწავლე კითხულობს ახალ საინტერესო ნაწარმოებს ან ნახულობს ახალ ფილმს და ამას აკეთებს არა ჩვეულებრივად, არამედ ახლებურად _ განსაკუთრებული დაკვირვებითა და გულისყურით. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ პრეზენტაციისათვის შერჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, გარდა წარმდგენისა, მისი კიდევ ორი თანაკლასელი მაინც ეცნობა: წინასწარ _ უბრალოდ, კარგი წიგნის წაკითხვის ან პოლემიკაში ჩართვის მიზნით ან შემდეგ _ რადგან ინტერესი გაუღვივდა. რასაკვირველია, ფილმის შემთხვევაში, დაინტერესებულთა რაოდენობა ორმაგ-სამმაგდება. თავად პრეზენტაცია კი, უმეტესწილად, მხურვალე დისკუსიით სრულდება.

აქვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენიმე დეტალზე, რომლების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლეებს საშინაო დავალებად რევიუს მომზადებას ვავალებთ:

  1. თქვენ კარგად იცნობთ თქვენს მოსწავლეებს, ბევრი რამ იცით მათი პიროვნული მახასიათებლებისა და ინტელექტუალური პოტენციალის შესახებ. შეურჩიეთ მასალა მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. თუკი ამის საჭიროებას დაინახავთ, გამოიყენეთ უფრო დინამიკური ჟანრები: სასიყვარულო რომანი, საი-ფაი, ვესტერნი, დეტექტივი. გაიხსენეთ, რომ ყველა მიმდინარეობაში არსებობს შედევრი. მოამზადოს ძლიერმა და მიზანდასახულმა ,,მარტინ იდენი”; რომანტიკულმა _ ,,სამი მეგობარი”; ვიდეოთამაშებში ჩამძვრალმა _ ,,შიმშილის თამაშები”; ფანტაზიორმა _ ,,ჰარი პოტერი”… და ა.შ. არჩევანი მართლაც უსაზღვროა. და თუ გგონიათ, რომ ესა თუ ის მოსწავლე ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ წაიკითხავს, მას ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” მომზადება დაავალეთ. როცა საქმე ფილმს ეხება, ამოცანა კიდევ უფრო მარტივდება. არსებობს ერთადერთი კრიტერიუმი _ შერჩეული წიგნი ან ფილმი შეესაბამებოდეს მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს და ერთი საფეხურით ავითარებდეს მას.
  2. სანამ მოსწავლეს ამგვარ დავალებას მისცემთ, ჰკითხეთ, თვითონ ხომ არ სურს რომელიმე ნაწარმოების ან ფილმის წარდგინება, ხომ არ არის რაიმე ისეთი, რაზედაც სიამოვნებით იმუშავებდა. თუნდაც, ის სათაური, რომელიც დაგისახელეს, არასოდეს გაგეგონოთ, დათანხმდით და დაელოდეთ შედეგს. შემდეგ კი ისწავლეთ მისგან.
  3. მიეცით მოსწავლეს მოსამზადებლად ორი კვირა _ ეს საკმარისი დროა მაქსიმალური შედეგის მისაღებად და არც იმდენად ხანგრძლივი, რომ შემართება გაუქრეს.
  4. ასწავლეთ მოსწავლეს, რომ იუმორი, თუკი ის მართლა გაქვს, წერის საუკეთესო სტრატეგიაა. იუმორი არა მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ მოვლენათა ტრაგიზმი შევუმსუბუქოთ მკითხველს ანდა მოხდენილად დავცინოთ ყველა მანკიერებას, არამედ მეტისმეტი აღტაცების დროს პათეტიკისაგანაც გვიცავს. თანაც მას, ვინც კარგად ხუმრობს, ყოველთვის ყველა უსმენს.
  5. და ბოლოს, თქვენ, რასაკვირველია, მთელ კლასთან ერთად ჟიურის ფუნქციის შეთავსებაც გიწევთ. როდესაც ვინმეს შეფასება გვიწევს, არსებობს ერთი ოქროს წესი _ დავიწყოთ ქებით და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, ტაქტიანად და დასაბუთებულად, გამოვთქვათ ჩვენი შენიშვნები. ერთსაც დავამატებდი _ დავასრულოთ ქებით.

რასაკვირველია, ამ ჩამონათვალის გაზრდა უსასრულოდ შეიძლება. ვიტოვებ იმედს, რომ ის გამოცდილი და მუდამ სიახლის მაძიებელი მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს გაზეთს კითხულობენ, დამეხმარებიან და კომენტარის განყოფილებაში სხვა სტრატეგიებსაც დაამატებენ, რაც უფრო სრულყოფილი საბოლოო სურათის მიღებაში დაგვეხმარება. მე კი უბრალოდ დავამატებ, რომ არ ვიცი სხვა ტიპის წერითი საშინაო დავალება, რომელსაც ისეთი კარგი შედეგი აქვს, როგორიც რევიუს.

მასწავლებლის პროფესიული ეთიკა და სამართლებრივი ვალდებულებები

0

მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას პროფესიული ქცევის წესები. ქცევის წესები დადგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის N57/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით.

ეთიკის კოდექსი ადგენს პროფესიულ კომპეტენტურობასთან დაკავშირებულ, ასევე მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობის ქცევის წესებს.

მასწავლებელი ვალდებულია:

– იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი;

– იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით;

– ხელი შეუწყოს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას;

– პროფესიული საქმიანობისას მოსწავლეებს მისცეს სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითი;

– დაიცვას მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

– იყოს პუნქტუალური და ჩაიცვას მოწესრიგებულად;

– ისაუბროს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით;

– ეფექტურად გამოიყენოს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილი დრო, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად;

–  გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად გამოიყენოს სკოლის რესურსები;

–  პროფესიული ან ინსტიტუციური პრივილეგიები არ გამოიყენოს პირადი მიზნებისათვის;

– იზრუნოს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, მასწავლებელი ვალდებულია:

– შეითავსოს მოსწავლის მრჩევლის ფუნქცია სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;

–  მოსწავლეს არ მიაყენოს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მოახდინოს მასზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლა;

– საკუთარ მოსწავლეს არ გაუწიოს დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

– კონფლიქტურ სიტუაციებში შეინარჩუნოს სიმშვიდე, მოისმინოს მოსწავლეთა აზრი და მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებები;

– სასწავლო პროცესის განმავლობაში, იზრუნოს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;

– დაეხმაროს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და მაგალითი მისცეს მათ;

– მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, დაიცვას მორალური და ზნეობრივი ნორმები;

– პატივი სცეს მოსწავლეთა აზრებს, შეუქმნას მათ ყველა პირობა იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად;

–  მოსწავლეებთან ურთიერთობაში არ დაუშვას რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა. ეთიკის კოდექსის მიხედვით, ,,რელიგიური პროპაგანდა“ დაშვებულია იმ სკოლებში, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას;

– არ გამოიყენოს მოსწავლის ფიზიკური და ინტელექტუალური შრომა ან პოტენციალი პირადი მიზნებისათვის;

– თანაბრად ყურადღებიანი იყოს მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და იზრუნოს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მიუხედავად.

მშობლებთან ურთიერთობის დროს, მასწავლებელი ვალდებულია:

– ითანამშრომლოს მოსწავლის მშობელთან, იყოს თავაზიანი და საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს მოსწავლის მშობელს;

– განუმარტოს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები;

– მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;

– ჰქონდეს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება, თუ მასწავლებელი კლასის დამრიგებელია;

– შეატყობინოს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელი შეუწყოს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში;

– დაუყოვნებლივ შეატყობინოს მშობელს, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;

 სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობისას, მასწავლებელი ვალდებულია:

– თანაბარი პატივისცემით მოეპყრას სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა;

–  შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს და ითანამშრომლოს მათთან;

– ითანამშრომლოს სკოლის მანდატურთან და გაითვალისწინოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია;

– ითანამშრომლოს სკოლის დირექციასთან და წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

ზემოაღნიშნული წესების უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

ამერიკული, იაპონური და რომაული არდადეგები

0

მძიმე და ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვასა და დასვენებას ყურადღებით რომ უნდა მოვეკიდოთ, მით უფრო – როდესაც საქმე მოზარდს ეხება, ამაზე საუბრით აღარ გადაგღლით. ნურავის ეგონება, რომ გაკვეთილების მომზადება, სკოლასა თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიარული ნაკლები შრომაა, ვიდრე, მაგალითად, მეშახტისა, მეტროპოლიტენის მემანქანისა თუ მასწავლებლისა. თუ არსებობს ცნება „შრომის კულტურა“, ლოგიკურად, „დასვენების კულტურაც“ უნდა არსებობდეს. ჰოდა, ვნახოთ, რა სახისა და ხანგრძლივობის დასვენებას სთავაზობენ მოზარდებს ამერიკული, იაპონური და იტალიური განათლების სისტემები.

ამერიკელი მოზარდები, ერთი შეხედვით, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებზე ნაკლებს ისვენებებენ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სახელმწიფო სკოლების მოსწავლეებისთვის წელიწადში დაახლოებით 180 სასწავლო დღეა, კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის კი – 170. ეს რიცხვი შესაძლოა იცვლებოდეს შტატის, მხარის ან ამა თუ იმ სკოლის სპეციფიკის მიხედვით. გარდა ყოველკვირეული უქმეებისა, ნოემბერში (მადლიერების დღესთან დაკავშირებით) 4-5 დღე ისვენებენ, საშობაოდ – ორი კვირა (20-23 დეკემბრიდან 2-3 იანვრამდე), დახლოებით თითო კვირა – მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში (აღდგომის დღესასწაული).

ყველაზე ხანგრძლივი, ზაფხულის არდადეგები მაის-ივნისში იწყება და 10 კვირას გრძელდება. აშშ–ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში სწავლა სექტემბრის პირველ ორშაბათს განახლდება, სამხრეთის შტატებში კი – აგვისტოს ბოლოს.

სხვა უქმეები შტატებზეა დამოკიდებული. ბევრი სკოლა „მასწავლებლის დღეებს“ აღნიშნავს 2-3–დღიანი დასვენებით. სახელმწიფო სკოლები არ მუშაობენ დღესასწაულებზე, რომლებიც ფედერალური და შტატების მასშტაბით აღინიშნება.

ზოგჯერ უქმეები განსაზღვრული გარემოებებიდან გამომდინარეც ცხადდება. მაგალითად, ვაშინგტონში თოვლი იშვიათია და ვინაიდან ამ დროს გადაადგილება სარისკოა, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებს ერთი-ორი დღით ან მთელი კვირით ხურავენ.

დღესასწაულებთან დაკავშირებულ არდადეგებს მოზარდები ახლობლებთან ერთად ატარებენ, ამიტომ მშობლები ამ დროს უქმეებს იღებენ. ამერიკელებს უყვართ ოჯახური მოგზაურობა სათხილამურო კურორტებზე თუ ზღვის სანაპიროზე. წლის ნებისმიერ დროს პოპულარულია ნაციონალური პარკები და გასართობი კომპლექსები.

საზაფხულო არდადეგებზე კი საქმე სხვაგვარადაა. მშობლებს შვებულება ერთდროულად არ ეძლევათ, თანაც საშვებულებო დღეების რაოდენობა შეზღუდულია. პატარა ბავშვების შინ მარტო დატოვება არ შეიძლება, არც ბებიებსა და პაპებთან მათი დიდი ხნით გაშვებაა მიღებული. საუკეთესო გამოსავლად ბავშვის საზაფხულო ბანაკში გაგზავნა მიიჩნევა. არჩევანი დამოკიდებულია მშობლების შემოსავალსა და გემოვნებაზე. ხშირად ბავშვები თავად ირჩევენ, არდადეგებზე როგორ დაისვენონ. ზოგიერთ სკოლას „საზაფხულო სემესტრიც“ აქვს. მოსწავლეს შეუძლია, შეარჩიოს თავისთვის საინტერესო საგანი და ადგილი, სადაც მას ზაფხულის განმავლობაში გაივლის.

იაპონური არდადეგები, შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესოა. იაპონიის სკოლები სხვა ქვეყნების სკოლებისგან დიდად არ განსხვავდება: ერთნაირი სასკოლო ფორმები, 45-წუთიანი გაკვეთილები, კვირაში 5 სასწავლო დღე და 12-წლიანი სწავლება. თუმცა იაპონურ განათლების სისტემას სხვა ქვეყნებისგან არდადეგები განასხვავებს. სასწავლო წელი იაპონიაში არა 1-ელ სექტემბერს, არამედ აპრილში, საკურის ყვავილობისას იწყება. საზაფხულო არდადეგები მათაც აქვთ, მაგრამ მხოლოდ ერთთვიანი. იაპონიაში არის ზამთრის და საგაზაფხულო არდადეგები, საშემოდგომო კი არა.

იაპონური საზაფხულო არდადეგები – ესაა პირველ და მეორე სემესტრებს შორის შესვენება და „კუდების“ ჩაბარების დრო. ამით მთავრდება სასწავლო წლის პირველი ნახევარი, სექტემბერში კი მეორე ნახევარი იწყება.

ზამთრის არდადეგები იაპონელი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. ეს არდადეგები ნიშნავს სასწავლო წლის დასრულებას და გაზაფხულამდე თავისუფალ დროს.

აპენინებზე სასწავლო წელი 9 თვეს გრძელდება. ის სექტემბრის პირველ ნახევარში იწყება და ივნისის მეორე ნახევარში მთავრდება. არდადეგების განრიგი ყოველ წელს სხვადასხვაა და შესაბამისად მტკიცდება. მათი უმეტესობა დღესასწაულებს უკავშირდება: საშობაო არდადეგები 26 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, სააღდგომო კვირა მარტში ან აპრილში. დანარჩენი უქმეები სხვა დღესასწაულებს ეთმობა, მათ შორის – 1-ელ ნოემბერს, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერ ყველა წმინდანის დღედაა მიჩნეული, 1-ელ მაისს – მშრომელთა საერთაშორისო დღეს და ასე შემდეგ. სხვა დღესასწაულებთან ერთად კალენდარზე მონიშნულია ამა თუ იმ ქალაქის მფარველთა დღეებიც, მაგალითად, რომის მფარველის დღე, რომელსაც 29 ივნისს ზეიმობენ.

ვინაიდან მოსწავლეთა არდადეგები მშობლების შვებულებას ემთხვევა, ოჯახური არდადეგების მოწყობა არ უჭირთ.

ცვლადი დენი

0

მიმდევრობით ერთმანეთთან  მიერთებული ინდუქციური კოჭა  და დამუხტული კონდენსატორი წარმოადგენს რხევით კონტურს – წრედს, რომელშიც აღიძვრება ელექტრომაგნიტური რხევები. რხევის დინამიურ განტოლებას აქვს შემდეგი სახე:

ცვლადი დენი

გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები/სარისკო ქცევა

0

მოზარდობა არის პერიოდი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. მისი ხანგრძლივობა თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან მოწიფულობის მიღწევამდე ძალიან ბევრი ცოდნა და უნარ-ჩვევებია დასაუფლებელი. აღნიშნულ პერიოდში მოზარდის ორგანიზმში კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობს. იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი, დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, მოზარდის აზროვნება გადადის ახალი ფორმალური ოპერაციების სტადიაზე. მისი ძირითადი ნიშანი აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებაა. მოზარდებს უკვე შეუძლიათ ჰიპოთეზების ფორმულირება, გადამოწმება და შეფასება. აზროვნების პროცესში ისინი უკვე ეყრდნობიან არა მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებს ან ნაცნობ ფაქტებს, არამედ განყენებული იდეებითაც მანიპულირებენ.

ამ პერიოდში იწყება თვითშემეცნების რთული პროცესი, პასუხის ძიება კითხვებზე: „ვინ ვარ?” ,,როგორი ვარ?”; გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავზე და იდეალთან შედარება. პარალელურად მოზარდები სხვათა შეცნობას, სხვების აზრის წვდომას ცდილობენ. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, და ან ძმა, მოსწავლე თუ სპორტსმენია) და მოახდინოს ამ მრავალრიცხოვანი ,,მეს” ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტობაში. თუ მოზარდი წარმატებით გადაწყვეტს თავის ფსიქო-სოციალურ იდენტიფიკაციას, ის გააცნობიერებს იმას, თუ ,,ვინ” არის და რა უნდა.

ამ პერიოდში იცვლება მოზარდის ურთიერთობების სტილი მშობლებთან და თანატოლებთან. მოზარდები უფროსებისგან ითხოვენ თანასწორუფლებიან ურთიერთობებზე გადასვლას. მართლაც, თუ უფროსები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას, აძლევენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში, მოზარდი მეტად თავდაჯერებული და უკეთ მომზადებული ხდება მომავალი ცხოვრებისათვის.

მაშასადამე გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს ახალი ღირებულებების, ქცევების ჩამოყალიბებისკენ მიმართული ექსპერიმენტები, აგრეთვე, მშობლების კონტროლიდან თავის დაღწევის მცდელობა. ამ ყოველივეს რასაკვირველია დადებითი შედეგი აქვს და მოზარდის ზრდასრულად ფორმირებას ემსახურება. მაგრამ არსებობს მოზარდა მხრიდან რისკის შემცველი ქცევების განხორციელების საშიშროება: ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლის  მიღება, სახლიდან გაქცევა, დაუცველი სექსუალური კონტაქტები,  სუიციდი, აზარტული თამაშებით გატაცება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ ქცევებს მოზარდა მცირე ნაწილი მიმართავს. ის სულაც არ არის ყველა მოზარდისთვის  დამახასიათებელი.

რისკიან ქცევას მოზარდები სხვადასხვა მიზეზის გამო  მიმართავენ:

ზოგი ვერ აცნობიერებს რისკიანი ქცევის შედეგებს, ზოგი ამგვარ ქცევას საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიმართავს, ზოგიც უფროსების რჩევებს უგულვებელყოფს.  ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება ,,პერსონალური მითიც[1]“ გახლდეთ.

რისკიანი ქცევის განხორციელების მიზეზი შეიძლება 5 ფაქტორად წარმოვადგინოთ. ესენია: ბიოლოგია/გენეტიკა, სოციალური გარემო/თემი, უშუალო გარემოცვა, პიროვნული თავისებურებები და თავად მოზარდის ქცევა. აღნიშნული ფაქტორები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და განაპირობებენ კიდეც ცხოვრების რისკიან წესს. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ ქცევის ალბათობას ზრდის როგორც მემკვიდრეობა, ისე მოზარდის  უშუალო გარემოცვა.

მაგ. თუ მოზარდის გარშემო უფროსები ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს, ამგვარი ქცევის განხორციელების ალბათობა მოზარდთანაც არსებობს. მას აქვს დევიანტური ქცევის მოდელი – რის გამოც ამგვარი ქცევის მიბაძვის ალბათობა მისგან უფრო მეტია, ვიდრე იმ მოზარდებისგან, რომელიც მსგავსი გარემო ნაკლებად აქვთ.

ბიოლოგია /გენეტიკა სოციალური გარემოცვა უშუალო გარემოცვა პიროვნება ქცევა
რისკის ფაქტორები
ალკოჰოლიზმისა და წამალდამოკიდებულების ისტორია ოჯახში მორალური ნორმების არქონა;

ცუდი ადაპტაცია გარემოში;

დაბალი სოციო-ეკონომიკური ფაქტორები.

დევიანტური ქცევის მოდელები;

მშობლებსა და მეგობრებს, მათი მშობლების ღირებულებებს შორის კონფლიქტი.

დაბალი თვითშეფასება;

საკუთარი შესაძლებლობების დაკნინება;

სწრაფვა რისკიანი ქცევისკენ.

რისკის ფაქტორები; ალკოჰოლის მიღება.
პროფილაქტიკის ფაქტორები
მაღალი ინტელექტუალური მონაცემები სწავლების მაღალი სტანდარტები;

შეკრული, მეგობრული ოჯახი;

დაინტერესებული უფროსები.

სოციუმისთვის მისაღები ქცევის მოდელების არსებობა;

დევიანტური ქცევის მაღალი კონტროლი.

აკადემიური, თუ მოზარდისთვის საინტერესო საქმიანობაში მიღწევების მნიშვნელობა

თავად მოზარდისთვის;

ჯანმრთელობის ღირებულება;

ნორმების დარღვევისადმი მიუღებლობა.

ოჯახის წევრების მხრიდან ყურადღება;

რელიგია;

ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში.

შედეგი 1.  რისკიანი ქცევა/მოზარდთა ცხოვრების სტილი
პრობლემური ქცევა ჯანმრთელობის შელახვის გამომწვევი ქცევა სასკოლო ქცევა
დელიქვენტური ქცევა;

ავტომანქანის ტარება არაფხიზელ მდგომარეობაში.

ჩაფხუტის გარეშე მოტოციკლეტის მართვა.

არაჯასაღი კვება;

სიგარეტის მოწევა;

ცხოვრების ჰიპოდინამიკური სტილი;

მანქანის მართვისას, წინა სავარძელზე ჯდომისას უსაფრთხოების ღვედის უგულვებელყოფა.

 

სკოლის ხშირი გაცდენა;

სწავლისთვის თავის დანებება.

შედეგი 2.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება
სოციალური როლები პიროვნული განვითარება მოწიფულობისთვის  მომზადება
წარუმატებლობა სკოლაში;

სოციალური იზოლაცია;

პრობლემები კანონთან;

ნაადრევი ორსულობა.

არაადეკვატური მე – კონცეფცია;

დეპრესია.

შეზღუდული სამუშაო გამოცდილება;

შრომის უუნარობა;

სწავლის მოტივაციის არქონა.

წყარო:

Risk behavior in adolescence: A psychological framework for understanding and action (p. 27) by Richard Jessor, 1992, in Adolescents at risk: medical and social perspectives, edited by D. F. Rogers and E. Ginzberg.

 

 

როგორ შეუძლიათ მშობლებს ამგვარი ქცევის შეჩერება? ბევრი მშობელი თანამშრომლობს პედაგოგებთან, იღებენ ზომებს, რომ შეაჩერონ ბავშვების ინტერესი სარისკო ქცევებისადმი. ქმნიან ოჯახში უსაფრთხო კეთილგანწყობილ გარემოს, რთავენ ბავშვებს ინტერესების მიხედვით წრეებსა და კლუბებში. ასეთ შემთხვევაში მოზარდს უჩნდება საკუთარი კომპეტენტურობისა და  თვითპატივისცემის გრძნობა, თავს მიიჩნევს ოჯახისა თუ გარკვეული ჯგუფის  წევრად, ამიტომაც  იშვიათად მიმართავს რისკიან ქცევებს.

მოზარდები ალკოჰოლის მიღებასა და სიგარეტის მოწევას ,,მოზრილობის/მოწიფულობის“ გამოვლინებად მიიჩნევენ. მოზარდების მიერ ალკოჰოლისა თუ სიგარეტის მოხმარებას ეწინააღმდეგება კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთათვის – სიგარეტის, ალკოჰოლის მიყიდვას. აგრეთვე – სკოლებში ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლების, სპორტის სტანდარტში გათვალისწინებულია მიმართულება – ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც ეხება ასაკის შესაბამისად ჯანსაღი კვების, დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვის, ფიზიკური აქტიურობის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენას. X-XII კლასში კი შეტანილია იმგვარი საკითხები, როგორიც არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და შიდსის პრევენცია.

 

დელიქვენტობა

 

რისკის შემცველი ქცევა ზოგჯერ კანონდამრღვევი ქმედებაც არის. ზოგი მეცნიერის მოსაზრებით, კანონის დამრღვევ ქცევებს უფრო ხშირად მიმართავენ  მოზარდები დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსით, ემიგრანტები, რომლებიც სათანადოდ არ არიან ინტეგრირებული ახალ სოციალურ სივრცეში. ხშირად სამართალდამრღვევ ქცევას სჩადიან მოზარდები არასრული ოჯახებიდან, როდესაც მოზარდი მხოლოდ მარტოხელა დედასთან ცხოვრობს, და საერთოდ არა აქვს ურთიერთობა მამასთან, ბაბუასთან (მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა). მეცნიერები ამ ფაქტორს მამაკაცური ქცევის მოდელის არარსებობით ხსნიან. მსგავს გარემოებას ვხვდებით მაშინაც, თუ ბიჭუნა მამინაცვალთან ერთად იზრდება და მასთან დაძაბული ურთიერთობები აქვს. ამგვარი მოსაზრებები მიეკუთვნება დელიქვენტური ქცევის სოციოლოგიური ფაქტორებით ახსნას. მაგრამ მკვლევარები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე აკეთებენ აქცენტს, მიიჩნევენ, რომ ამგვარი ქცევისკენ მიდრეკილნი არიან მოზარდები, რომელთაც აქვთ სოციალიზაციის პრობლემა, უჭირთ ემოციების მართვა, თვითრეგულაცია. (Vitaro, Tremblay, Kerr, Pagani & Bukowski, 1997). თუმცა ამგვარი დაყოფა მაინც ხელოვნურია. შესაძლებელია, რომ სოციალურმა ფაქტორებმა გაამწვავოს ფსიქოლოგიური ფაქტორები და პირიქით. დელიქვენტური ქცევა შეიძლება აკმაყოფილებდეს მოზარდის თვითპატივისცემის ან უფროსებისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. მოზარდებზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ფილმებმა, საიდანაც მოზარდი დაისწავლის ამგვარ ქცევას.

სტრესი, დეპრესია, და მათთან გამკლავება გარდატეხის ასაკში.

მიიჩნევა, რომ დეპრესია, სახლიდან გაქცევა დამახასიათებელია ზოგიერთი მოზარდისათვის. მოზარდს საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ზომიერიდან მძიმე დეპრესია. ცხრილში გთავაზობთ 13-დან 19-წლამდე მოზარდების პროცენტულ განაწილებას, რომელთაც აღნიშნული პრობლემები აქვს. წყარო (Brown, Mackay, ickstock, Connely, Johnston, &Bl1993).

ცხრილი 2. მოზარდთა რაოდენობა, რომელნიც განიცდიან დეპრესიას ასაკისა და სქესის მიხედვით:

სიმძიმე ასაკი
13 14 15 16 17 18 19 ჯამი
ვაჟები
დეპრესიის არქონიდან მსუბუქ გამოვლენამდე 96 97 93 88 93 94 89 93
მსუბუქიდან მძიმე გამოვლინებამდე 4 3 7 12 7 6 11 7
გოგონები
დეპრესიის არქონიდან მსუბუქ გამოვლენამდე 93 90 89 84 87 87 82 88
მსუბუქიდან მძიმე გამოვლინებამდე 7 10 11 16 13 13 18 12
წყარო: Connely, Johnston, Brown, Mackay &Bl ickstock, 1993

მიიჩნევა, რომ დეპრესია მეტად გვხვდება გოგონებში, ვიდრე ვაჟებში. დეპრესიის გამოვლენის სიმპტომები შეიძლება სქესის შესაბამისად განსხვავებული იყოს. ვაჟები მეტად ავლენენ ასოციალურ ქცევას, როგორებიც არის დელიქვენტობა ან ავლენენ ინტერესს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ, შესაძლოა თვითდამაზიანებელ ქცევასაც მიმართონ. გოგონები კი საკუთარ განცდებს შიგნით მიმართავენ და მეტად გულჩათხრობილნი ხდებიან. შესაძლოა გამოვლენა მოხდეს კვებითი დარღვევების სახითაც (Ostrov, Offer & Howard, 1989).

მოზარდებში დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების გავლენით. ის ვლინდება მაშინ, როდესაც სამივე ფაქტორით გამოწვეული პრობლემები  ერთმანეთს დროში ემთხვევა.

მიზეზი შეიძლება იყოს არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება. აგრეთვე, მას ადგილი აქვს ხოლმე საშუალო საფეხურზე გადასვლის ამ მისი დასრულებისას, როდესაც მოზარდების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. (Bower, 1991b; Orenstein, 1994). აგრეთვე, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გოგონები მეტად მოწყვლადნი არიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ, რომლებიც იდეალური სხეულის აგებულებისა თუ სიგამხდრის  პროპაგანდას ახდენენ. მაშასადამე, გოგონებთან დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს სხეულის ნეგატიური ხატი, აგრეთვე მდგომარეობა შეიძლება გაართულოს თანატოლებთან ცუდმა ურთიერთობებმა, რისი მიზეზიც შეიძლება სოციალური უმწიფრობა იყოს, რაც იწვევს პრობლემებს უფროსებთან, თანატოლებთან, თუ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებში.  ვაჟებში კი გამომწვევ მიზეზად ცუდი აკადემიური მოსწრება სახელდება (თუმცა, ვაჟები შესაძლოა სწავლისადმი და სასკოლო ცხოვრებისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ავლენდნენ). საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწავლაში არსებულ პრობლემებს გოგონები უფრო მეტად საკუთარ თავს მიაწერენ, ვაჟები კი მასწავლებელს.

მაშ ასე, დეპრესიის გამომწვევი რისკ ფაქტორებია:

  1. სხეულის ნეგატიური ხატი, რომელიც შეიძლება იწვევდეს კვების დარღვევებს ან დეპრესიას;
  2. გადამეტებული რეფლექსია საკუთარი თავის/მომავლის შესახებ, ოღონდ უფრო ნეგატიური ელფერით;
  3. ოჯახური დისფუნქცია ან მშობელთა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მოზარდებში ძლიერ სტრესს იწვევს;
  4. კონფლიქტები ოჯახში, მშობელთა განქორწინება (დაპირისპირების გაგრძელება ოჯახის წევრებს შორის) ან მატერიალური პრობლემები, მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება;
  5. თანატოლთა წრიდან გარიყვა, დაბალი პოპულარობა – აღნიშნული ფაქტორით გამოწვეული დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს ზრდასრულ ასაკშიც;
  6. ცუდი აკადემიური მოსწრება.

დეპრესიისგან  დამცავ ფაქტორებად მოიაზრებენ:

 

 

  1. კარგ ურთიერთობებს ოჯახსა და თანატოლების წრეში. ამგვარი ურთიერთობები ბავშვს უქმნის სტრესისგან დამცავ იმუნიტეტს;
  2. წრეებსა და კლუბებში ჩართულობა – მოსწავლეს უჩენს თვითპატივისცემის გრძნობას;
  3. სხვაზე პასუხიმგებლობის აღება – ზრუნვა და-ძმაზე, ცხოველებზე, სოციალურ პროექტებში ჩართულობა – ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის როგორც ღირებულის აღქმაში და პრობლემების გამკლავებაში.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბავშვის მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება, მისი უპირობო მიღება, მოსწავლის შესაძლებლობების რეალური შეფასება და შესაბამისი უკუკავშირი, ინტერესების კვლევა და მის შესაბამისად ჩართვა წრეებსა და კლუბებში, სხვებზე/გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარება, პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი მექანიზმებია მოზარდთა სრულფასოვანი განვითარებისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. გოგიჩაიშვილი, თ. (2001). მოსწავლის ასაკობრივი ფსიქოლოგია. თბილისი.
  2. Goldstein, A.P. (1991). Deliquent Gangs: A Psychological Perspective. Champaign, IL: Research Press.
  3. Краиг, Г. Бокум, Д.(2004).  ПсихологияРазвития 9-оеиздание.
  4. Раис, Ф. (2000).Психология подросткового и юношеского возраста.Питер.

[1]მოზარდის რწმენა იმისა, რომ განსაკუთრებული და ხელშეუხებელია, არ ექვემდებარება ცოცხალი სამყაროს კანონზომიერებებს.

ფიქრნი მკვდრის პირას

0

გამთენიისას, ჯერ კიდევ ძილის ღმერთის სამფლობელოში მყოფს, ქვეცნობიერად ამეკვიატა, რომ ფილტვის სიმსივნე მქონდა. როგორც ჩანს, ამით მორფეოსიც გაერთო და გამოღვიძების საშუალება არ მომცა, დიდხანს მაწრიალა. ბოლო ხანს რამდენჯერმე შემომიტია იპოქონდრიამ. ბედნიერმა ადამიანებმა არ იციან, იპოქონდრია რა არის. ეს ის მდგომარეობაა, როცა არაფერი გჭირს და თან ყველაფრით ხარ ავად, უფრო სწორად, გონებას გიღრღნის ეჭვი, რომ შენს სხეულში რომელიღაც ვერაგი დაავადება დაბუდებულა.

დიდი ხანია, სიზმრებს გამდინარე წყალს აღარ ვუამბობ. ესეც რომ არა, კიბოს ამბავი სულაც არ ყოფილა სიზმარი. ეს ძილში შემოჭრილი აზრი გახლდათ, რომელიც ზაფხულის ცხელ ღამეს ოთახში შემოფრენილი კოღოსავით გულის გამაწვრილებლად ჩამწუოდა ყურებში. გუნების გამოკეთება ჯერ Guns and Roses-ის November rain-ით ვცადე, რომელიც აქამდე უებარი წამალი იყო ასეთ დრო-ჟამს, მერე კი, როცა „ნოემბრის წვიმამ“ არ გაჭრა, ვიფიქრე, რამე უროსმაგვარი მომიხდება-მეთქი და უშაქრო, მაგარი ყავა დავლიე. ოციოდე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ სიკვდილის შიში კვლავაც სვავივით დამტრიალებდა თავს და თუ წამით თვალს მიეფარებოდა, ვიცოდი, რომ იქვე, შორიახლოს, იჯდა ხეზე და მალე ისევ გამოჩნდებოდა.

მამაჩემს დავურეკე, რომელმაც ჩემი დაჟინებული ზარის გამო პაციენტის კონსულტირება შეწყვიტა და, ბოლოს და ბოლოს, მიპასუხა.

– მგონი, კიბო მაქვს, – ვუთხარი სალმის მაგივრად.

– შენც დილა მშვიდობის.

– ძალიან უშნოდ მახველებს, – არც ამჯერად შევიწუხე თავი სალმისთვის.

– დათო, ნუ გაქვს თავზე ამხელა წარმოდგენა. ამსისქე კიბოიანები არ არსებობენ. ეწევი ისევ? – ზურაბმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა: ჩემს ღიპსაც გაჰკრა კბილი და მისთვის ტაბუდადებული თემაც ხელახლა დააყენა დღის წესრიგში. მამაჩემისთვის კაცობრიობის პირველი მტერი სიგარეტია, მეორე კი ადოლფ ჰიტლერი, ოსამა ბინ ლადენი და ისლამური სახელმწიფო ერთად.

– არა, – ისე ვიცრუე, სინდისს ოდნავაც არ შევუწუხებივარ.

– არადა, მარლბორო დაბრუნებულა, – იხუმრა ზურაბმა. ცხადი იყო, ჩემი ნათქვამი სერიოზულად არ მიუღია, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ასეთი დიალოგი გვქონდა, მაგრამ, რომ დავემშვიდებინე, ანალიზების ასაღებად დამიბარა.

სახლიდან გამოსვლისთანავე მივხვდი, რომ თუ ქვეყნად სამართალი არსებობდა, ასეთ მზიან ამინდში კიბოს დიაგნოზი არ უნდა დაესვათ. ამან ოდნავ დამამაშვიდა. ჯიბიდან მექანიკურად ამოღებული თითქმის სავსე სიგარეტის კოლოფი აფორიაქებულმა მოვისროლე სანაგვე ურნაში და საკუთარ თავს პიროვა დავუდე, ოღონდ ჯანმრთელი ვიყო და აღარ მოვწევ-მეთქი.

ავად მენიშნა, რომ ტაქსის მძღოლი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აწვდილი ალვის ხეების ჩრდილებზე მიმაქანებდა, უბრად იჯდა და მაშინღა ამოიღო ხმა, როდესაც რადიოში წინასარჩევნო კამპანიის გამო ატეხილი ამბავი ახსენეს. არც ის მესიამოვნა, გზად ჩვეული საცობები რომ არ დამხვდა და სანაპირო ისე გავიარე, თითქოს საპრეზიდენტო კორტეჟში ვმჯდარიყავი. სამყარო ცდილობდა, რაღაც ენიშნებინა ჩემთვის.

რაზე ვფიქრობდი იმ დროს? რაზე მწყდებოდა გული? ალბათ იმაზე, რომ „შურისმაძიებლების“ მომდევნო სერიას ვერ ვნახავდი; ვერ გავიგებდი, ტარგარიენია ჯონ სნოუ თუ მართლა იმ ცხონებულის ცოლისგან მარცხნივ გახედვის ნაყოფი; ვერ დავინახავდი დონალდ ტრამპის სახეს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა და კუდამოძუებული დაბრუნდებოდა თავის უგემოვნოდ მოოქრულ ბუნაგში. როგორც ეგოიზმით მოწამლულმა ადამიანმა, ოჯახის წევრებზე ფიქრი ბოლოსთვის მოვიტოვე, დაახლოებით ისე, ვასო ჩორგოლაშვილი რომ ამოდებს სოსოს ნაშრომს სხვა საქაღალდეების ქვეშ.

სანამ ლაბორატორიის თანამშრომელი ჩემი თითიდან მაქსიმალური ინფორმაციის გამოძალვას ცდილობდა, თითი კი შეძლებისდაგვარად უძალიანდებოდა, ვიხსენებდი ამავე კლინიკაში ბავშვობის დროინდელ ვიზიტებს. მაშინ კედლებზე „აბა, დამაცადეს“ გმირები ეხატა და აცრისთვის მოსული, იძულებით ვათვალიერებდი. ალბათ ამიტომ იყო, ეს მულტფილმი ჭირის დღესავით რომ მძულდა. იმხანად სიკვდილზე ცოტა რამ ვიცოდი. ხანდახან სახლის ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ ჩაატარებდნენ ქუჩაზე მწოლიარე ადამიანს, რომელსაც სახეზე მოშავო-მომწვანო ფერი დასდებოდა. მახსოვს, რომ პროცესიას ყოველთვის ბოლომდე ვადევნებდი თვალს, სანამ მიცვალებულს რობერტის, მეტსახელად კუბოს, ავტობუსში არ შეასრიალებდნენ და ისიც სტიქსის მეორე ნაპირისკენ არ დაიძვრებოდა.

ცოტა ხანში მამაჩემმა თერაპევტის კაბინეტში ამომაყოფინა თავი. სერიალი Breaking Bad გამახსენდა. „რა რეაქცია მექნება, ექიმმა, უოლტერ უაიტივით, კიბოს დიაგნოზი რომ დამისვას?“ – ვეკითხებოდი საკუთარ თავს.

– ეწევით? – მკითხა თერაპევტმა და ვიგრძენი, როგორ ამიწვა მამაჩემის მზერამ მარცხენა ლოყა.

– არა. აღარ.

– დიდი ხანია, თავი დაანებეთ?

რა თქმა უნდა, ვერ ვეტყოდი, ამ დილას–მეთქი.

– არა, დიდი ხანი არ არის.

– მაინც რამდენი ხანია?

– დიდი ხანი არ არის, – გავუმეორე შემაღლებული ტონით და მივახვედრე, რომ ამაზე საუბარი უნდა დაესრულებინა.

ვერდიქტის გამოსატანად ექიმს სულ 15 წუთი დასჭირდა, სამაგიეროდ, მოსამართლის ომახიანი ხმით დამძახა: „ჯანმრთელი ხართ. ხველა გაციების ბრალია“.

ვიდეოთამაშში, როდესაც რინგზე მოწინააღმდეგეს უბათქუნებ, რაც უფრო მეტადაა სავსე შენი სიცოცხლის ხაზი, მით უფრო თამამად მოქმედებ. ცდილობ, ილეთები გაიხსენო: „წინ, წინ, სამკუთხედი“ ან „უკან, წინ, უკან, იქსი“. მაგრამ როდესაც სიცოცხლის ხაზი ილევა, თითქოს ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევ – კლასიკურად იბრძვი: ფეხი, მუშტი. ცხოვრებაშიც ასეა: საკმარისია გითხრან, რომ ჯანმრთელი ხარ, გგონია, სამუდამოდ ასე იქნება, ამიტომ აგრძელებ ან იწყებ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე.

უკვე გამოდღევებულიყო. კლინიკიდან გამოსულმა, ხარბად ჰაერის ხვრეპა შევწყვიტე, რადგან ვიცოდი, კიდევ ბევრჯერ შევძლებდი იმავეს გაკეთებას. შუქნიშანთან საცობი იდგა. „მწყურია“, – გავიფიქრე. მაღაზიაში შევედი, მაცივარში ხელი ბოლომდე შევყავი და ყველაზე ცივ ბოთლს დავწვდი.

– სულ ესაა? – მკითხა მოლარემ.

რამდენიმე წამს უსიტყვოდ ვუყურე, რადგან ასეთი ფუფუნების საშუალება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უკან შესამჩნევი რიგი იდგა – ჩემი ცხოვრების ხაზი ხომ ჯერ სავსე იყო. მალე „კაპიტანი ამერიკას“ მესამე ეპიზოდი გამოვიდოდა. ბოლოს გავუღიმე და ვუპასუხე:

– და ერთი წითელი მარლბორო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...