კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

ფაზლომანია

0

პირველი ფაზლი ინგლისში კარტოგრაფმა ჯონ სპილსბერმა 1760 წელს გამოიგონა. ის არა გართობას, არამედ განათლებას ემსახურებოდა. პირველი ფაზლი, მსოფლიოს გეოგრაფიული რუქა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოებისგან უნდა აგეწყო. განათლების ამგვარი მეთოდი შესანიშნავ თვალსაჩინოებას წარმოადგენდა და ძალიან მოსწონდა მოსწავლეებს.

ჯონ სპილსბერი არა მარტო ფაზლის, არამედ თავსატეხების გამომგონებელიც იყო. ჯონი 1739 წელს დაიბადა და ტომას ჯეფრისთან, მეფე გეორგ მესამის პირად გეოგრაფთან სწავლობდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ფაზლი გეოგრაფიის თვალსაჩინოება გახლდათ. სპილსბერმა გეოგრაფიული რუქა ლივანური კედრის თხელ პანელს მიამაგრა და შემდეგ იმ ადგილებში გადახერხა, სადაც ქვეყნების საზღვრები გადიოდა. უჩვეულოდ დანაწევრებულ რუქას ბავშვები დიდი ხალისით აწყობდნენ.

„დანაწევრებული მსოფლიოს“ ტირაჟირებით ჯონმა ფული იშოვა და სხვა ფაზლები შექმნა – ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკის, ინგლისისა და უელსის, ირლანდიისა და შოტლანდიის. 1761 წელს გამომგონებელმა სარა მეიეზე იქორწინა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. მისი საქმე ჯერ ცოლმა გააგრძელა, შემდეგ კი სარას მეორე ქმარმა, რომელიც, სხვათა შორის, ჯონის მოწაფე იყო. იმ პერიოდში, მაღალი ღირებულების მიუხედავად, გეოგრაფიული ფაზლი კარგად იყიდებოდა.

ათწლეულების განმავლობაში ფაზლს მხოლოდ გეოგრაფიული რუქების შესასწავლად იყენებდნენ, შემდეგ კი სხვა საგნებშიც გამოიყენეს, მაგალითად, ინგლისელი მეფე-დედოფლების ქრონოლოგიური თარიღების ცხრილებისათვის.

ნელ-ნელა ფაზლებად პორტრეტები, ისტორიული ბრძოლებისა და ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი სურათებიც დაშალეს. მეცხრამეტე საუკუნეში ფაზლმა ამერიკაში გადაინაცვლა და უკვე მუყაოზე დაისტამბა, გახდა იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. შავ-თეთრ ფაზლს ფერადი გამოსახულება ჩაენაცვლა.

1909 წელს კომპანია Parker Brothers-მა პირველად მიჰყო ხელი ფაზლის წარმოებას. ყველაზე დიდი პოპულარობით ფაზლი მეოცე საუკუნეში სარგებლობდა, როდესაც ის ზრდასრულთა თავშესაქცევი გახდა. გავრცელებული იყო ევროპაში სალონური ტიპის ადგილებში.

ამერიკაში „მშრალი კანონის“ პერიოდში ფაზლი ზეპოპულარული იყო. მსხვილ ქალაქებში მის აწყობაში შეჯიბრებები ეწყობოდა. ტარდებოდა ჯგუფური შეხვედრები, სადაც სხვადასხვა გუნდები ათასობით დეტალისგან შემდგარ რეპროდუქციას ერთდროულად აწყობდნენ. ზოგჯერ რეპროდუქციის ნაცვლად, იწყობოდა საკმაოდ გულწრფელი ნახატები ილუსტრირებული ჟურნალებიდან, ავტომობილების ფოტოები, ქალთა ნახატები, კარიკატურები და სხვ. საბჭოთა კავშირში ფაზლს არ აწარმოებდნენ, რადგან ის „ბურჟუაზიულ გადმონაშთად“ მიიჩნეოდა.

დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ფაზლი იწარმოება – დიდი და მინიატურული, უბრალო და ძალიან რთული. ფაზლის იდეა უცვლელია: ცალკეული ნაწილებისგან ერთი საერთო სურათი უნდა აიწყოს. ფაზლომანთა შორის დაწესებულია სპეციალური პრიზი – სპილსბერის სახელობის პრემია, რომელიც ენიჭება ადამიანებს თავსატეხების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ფაზლის სამყაროში პატარა ნახატისთვის 54 დეტალი კლასიკურ რაოდენობად ითვლება, თუმცა არსებობს გიგანტური ფაზლიც, რომლის აწყობა საკმაოდ დიდ ძალისხმევას და მოხერხებას საჭიროებს. მსოფლიოში ყველაზე გიგანტური ნახატი ათასობით დეტალისგან შედგება და გინესის წიგნში საპატიო ადგილს იკავებს.

ასე, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაზლი 50 წლის ამანდა უორინგტონმა ააწყო. მას 17 თვე დაუთმო. თავსატეხი სათამაშოების მოყვარული ამანდა აღიარებდა, რომ ყველაზე მეტად დეტალების კედელზე მიმაგრება ეძნელებოდა. კედელი მისი სახლის მისაღებ ოთახში იყო, რადგან სხვა შესაფერისი ადგილი ამანდამ ვერ იპოვა.  ყუთში შენახული ფაზლის დეტალები მთლიანობაში 13 კილოგრამს იწონიდა.

ამანდა შრომისა და პენსიების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. გიგანტურ ფაზლს საღამოობით, სამსახურის მერე ეჭიდებოდა და სულაც არ დარდობდა იმას, რომ ამისათვის რამდენიმე თვე დაეხარჯებოდა. ამანდას მეგობრები აღფრთოვანებულები იყვნენ ქალის  მოთმინებით.  ამანდა ისე გაიტაცა ფაზლმა, რომ ხშირად იმ საპნის ყიდვაც ავიწყდებოდა, რომელიც აწყობის მერე სჭირდებოდა. მეგობრები დროდადრო ყუთებით ყიდულობდნენ სააბაზანო ნაკრებს, მათ შორის ხელის სამკურნალო ნატურალურ საპონსაც.

ამანდას გარჯას ტყუილად არ ჩაუვლია. ახლა მის მისაღებ ოთახს შესანიშნავი ნახატი ამშვენებს, რომელიც მიწაზე, კოსმოსსა და წყალში ცხოვრებას ასახავს. თამაში თავსატეხი სახელწოდებით „Life: The Great Challenge“ გინესის რეკორდების წიგნში 2007 წელს შევიდა. ამანდას კი ის დამ უსაჩუქრა. ინტერვიუში ამანდა ხუმრობით ამბობს, რომ საშინლად უყვარს ეს გიგანტური ნახატი და თუ სხვა სახლში მოუწევს გადასვლა, „ფაზლიან კედელს მოხსნის და თან გაიყოლებს“.

მსოფლიოში ყველაზე დიდი მუყაოს ფაზლი გაყიდვაში 2011 წელსაც მოხვდა (კომპანია Ravenburger). კომიქსების კოლაჟის ავტორი ამერიკელი მხატვარი კეით ჰარინგი იყო. ფაზლი  32 256 დეტალისაგან და 32 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფრაგმენტისაგან შედგებოდა,  26 კილოგრამს იწონიდა, მისი მოცულობა 5,94х1,92 მეტრი იყო. გიგანტის სახელწოდება „Double Retrospect“-ია. მისი თავდაპირველი ღირებულება 300 ევროს შეადგენდა. დაჭრილი ელემენტები რვა კოლოფში იყო დაფასოებული, რასაც, ერთი შეხედვით, უნდა გაემარტივებინა ამწყობის საქმე, მაგრამ ეს არცთუ იოლი აღმოჩნდა მრავალფეროვანი პალიტრის გამო. ასეთი ფაზლის ასაწყობად საკმაოდ დიდი ტერიტორიაა საჭირო. ოთახი უნდა გამოთავისუფლდეს ავეჯისა და ხალიჩებისგან, ასევე, უნდა იყოს დაცული ბავშვებისგან და შინაური ცხოველებისგან, რათა მათ აწყობილი ფაზლი შემთხვევით არ იმსხვერპლონ.

მონსტრი ფაზლი საკმაოდ პრეტენზიული ასაწყობია და სპეციფიკურ ამწყობს მოითხოვს, საქმე ისაა, რომ ფაზლს უმეტესად კონსერვატორი ინტელექტუალები აწყობენ. ისინი საშუალო ზომისა და სირთულის ნახატებზე ნადირობენ. „Double Retrospect“ კი ძალიან დიდია. ამიტომ მისი ამწყობიც ცოტაა.

2010 წელს ესპანეთის ქალაქ დაიმიელში ჩატარდა აქცია, რომლის ფარგლებში ენთუზიასტთა ჯგუფმა ეს ნახატი ააწყო. ჯგუფი ცამეტი წევრისგან შედგებოდა და ფაზლის ასაწყობად მას 82 საათი, 30 წუთი და 40 წამი დასჭირდა. ფაზლომანების აღტკინებას მთელი მსოფლიო რეალურ დროში, ინტერნეტით ადევნებდა თვალს.

რაც შეეხება გიგანტური ფაზლის ნახატის ავტორ კეით ჰეირინგს, ის პენსილვანიაში, 1958 წელს დაიბადა, სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს, 19 წლის ასაკში საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც გრაფიტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა. მისი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში 1982 წელს მოეწყო. კეიტი გეი იყო და მხოლოდ თავისი შემოქმედებით შოულობდა ლუკმა-პურს. 1990 წელს 31 წლის ასაკში შიდსისგან გარდაიცვალა, მაგრამ სამუდამოდ დარჩა 80-იანი წლების ქუჩის ვიზუალური კულტურის ჭეშმარიტ სიმბოლოდ.

„At the Waterhole“ – კიდევ ერთი ფაზლი გიგანტი, რომელიც 18 ათასი ფრაგმენტისგან შედგება და მისი შეძენა ევროპაში ან ვებსაიტებზეა შესაძლებელი. ნახატზე გამოსახულია სხვადასხვა ცხოველი: ჩანჩქერზე წყლის დასალევად მოსული ჟირაფები და სპილოები… ფაზლის ფერთა პალიტრა გასაოცრად მდიდარია და ფაზლომანებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.

რასაკვირველია, ფაზლი ბავშვთა გასართობიცაა. დამტკიცებულია, რომ ფაზლი აჩქარებს ყველა ასაკის ბავშვის განვითარების პროცესს. მთავარია, მისი სწორად, ასაკის მიხედვით შერჩევა. ფაზლის სირთულის დონე დამოკიდებულია: ელემენტების რაოდენობაზე, მათ ზომაზე, ნახატის კონტურებზე და ფერების დიფერენციაზე, ბავშვის გამოცდილებაზე ფაზლის წყობაში, ფაზლის ხარისხზე და სხვ.

ფაზლი დადებითად მოქმედებს მცირეწლოვანთა ხელის მოტორიკაზე, მოძრაობის კოორდინაციის უნარზე (ასეთი ბავშვები იოლად სწავლობენ წერას), სივრცობრივი, ლოგიკური აზროვნებისა და ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე, მეხსიერების ვარჯიშზე. ფაზლის აწყობის დროს პატარა სწავლობს დამოუკიდებლობას, რადგან სურს, რომ ეს თვითონ გააკეთოს. ასევე, ფაზლის აწყობა შეიძლება მშობლებთან და მეგობრებთან ერთად, რაც მეტად გაამყარებს მათ შორის არსებულ კავშირს.

მცირეწლოვანი ბავშვი უმარტივესი ფაზლის დახმარებით ეცნობა სხვადასხვა ნივთების და ცხოველების გამოსახულებას. მაგალითად, სამი წლის ასაკისთვის სასურველია მსხვილელემენტებიანი ფაზლი, რომლითაც უფრო იოლია მანიპულირება. აუცილებელია ფაზლის შერჩევის დროს ბავშვის ინტერესთა სფეროს გათვალისწინება. ამ ასაკის ბავშვებისათვის სასურველია 8,12, 16 და 20 ელემენტისგან შემდგარი ფაზლის შეთავაზება.

ხუთი წლის ასაკში ელემენტების რაოდენობა შეიძლება 60-მდე გავზარდოთ, ილუსტრაცია კი უფრო რთული გავხადოთ. ექვსი წლის ბავშვები ფაზლის აწყობის დროს კი უკვე საკუთარ სტრატეგიებს ამუშავებენ – ფერის ან სურათზე გამოსახული ობიექტის მიხედვით, მოსწონთ რთული ნახატების აწყობა. რვა წლის ასაკში ზოგიერთი ბავშვი 500-ელემენტიან ფაზლსაც აწყობს. ფაზლის დახმარებით ბავშვები იმ ახალი შემოქმედებითი ამოცანების ამოხსნას სწავლობენ, რომელთა ალგორითმი ხშირად წინასწარ უცნობია.

გეოგრაფიული აზროვნების განვითარება

0

კაცობრიობის ისტორია და გეოგრაფიის ისტორია განუყოფელია ერთმანეთისგან. დღიდან ადამიანის გაჩენისა, გეოგრაფიული აზროვნება და ცოდნა კაცობრიობის არსებობის აუცილებელი პირობაა. ადამიანს ათასწლეულები დასჭირდა ხილული გეოგრაფიული ობიექტის, დედამიწის ზედაპირის, გასაცნობად, ინვენტარიზაციისა და კარტოგრაფირებისთვის. ათასწლეულები დასჭირდა იმასაც, რომ გეოგრაფიული ცოდნა სამეცნიერო დისციპლინად ქცეულიყო. ამიტომაც ამბობენ, რომ გეოგრაფია უძველესი და, ამავე დროს, ახალგაზრდა მეცნიერებაა: უძველესი, რადგან მისი ისტორია კაცობრიობის გაჩენასთან ერთად დაიწყო და ახალგაზრდა, რადგან როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება XX საუკუნეში აყვავდა. იქ სადაც ჩამოყალიბდებოდა ადამიანთა ერთობა, ადრეული ეთნიკური წარმონაქმნები იქნებოდა ეს, უძველესი და ფეოდალური სახელმწიფოები, ქვეყნები თუ რეგიონები, მსოფლიოს გეოგრაფიული სურათი მათი კულტურის მნიშვნელოვანი რგოლი იყო.

გეოგრაფიის განვითარების გზა გრძელი, რთული და დატოტვილია. ამ მეცნიერების ისტორიის გასაგებად მრავალი ნაშრომის გაცნობაა საჭირო. მოგვყავს ცხრილი, რომელშიც გეოგრაფიის განვითარების გზის ძირითადი კონტურებია მოხაზული:

გ1

გ2

გ3

g

როგორც ვხედავთ, კაცობრიობის განვითარების თითოეული ეპოქა გეოგრაფიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ახალ შესაძლებლობებს იძლეოდა. დღესაც, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებში, კოსმოსურ ხანასა და გლობალიზაციის პერიოდში, გეოგრაფია პრობლემების გადაჭრის მრავალფეროვან და კონსტრუქციულ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

  შალვა კარმელის პოეტური ნიღაბი

0

ცისფერყანწელთა პოეზიის გაცნობისა და შესწავლისას კარგი იქნება, თუ შალვა კარმელსაც გავიხსენებთ, რომელიც წმინდა პოეზიის რაინდთა შორის იღვწოდა ქართული კულტურის „ევროპის რადიუსით“ გასამართავად. მან, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად (24 წლისა გარდაიცვალა), ბევრი რამის შექმნა შეძლო, ამიტომაც დარჩა მისი სახელი ქართული პოეზიის ისტორიაში და არაერთი გამოკვლევა დაიწერება მის მრავალფეროვან სახეთა სისტემასა და სამყაროს მისეული პოეტური აღქმის თავისებურებებზე. მისი შემოქმედება ასახავდა იმ ესთეტიკურ ღირებულებებს, რომელთაც XX საუკუნის ათიანი წლებიდან ამკვიდრებდნენ ცისფერყანწელები. მოდერნიზმი თავისი შენაკადებით (სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, ავანგარდიზმი) თანდათან გამოიკვეთებოდა ქართულ ლიტერატურაში. სამყაროს ახალი აღქმა, საგანთა და მოვლენათა მიღმა საიდუმლოს დანახვის წადილი, სამყარო, როგორც გამოცანა, სიმბოლურ-ალეგორიულ სახეთა სიჭარბე, უცნაური მეტაფორები, ფენომენთა ნაცვლად ნოუმენთა ჭვრეტა, რეალობის განსხვავებული მხატვრული მეტამორფოზები _ ეს იყო ახალი ხელოვნების პრინციპები, რომლებიც შალვა კარმელმა ღრუბელივით შეიწოვა და თავისი შეოქმედების ქვაკუთხედად აქცია.

ცისფერყანწელებმა იგი ძმად და მეგობრად მიიღეს და წმინდა პოეზიის რაინდად აღიარეს. მისი პირველი კრებული „ბაბილონიც“ (1921 წ.) სწორედ მათ შეაფასეს, როგორც ღირშესანიშნავი ლიტერატურული მოვლენა. პოეტის  ფსევდონიმი კარმელი იყო ნიღბის ესთეტიკის გამოვლენა  (ნამდვილი გვარი:  გოგიაშვილი). პოეტები სხვად ქცევის მისტერიით, ნიღბის აფარებით ცდილობდნენ უფერული რეალობის გარღვევას, დროის ჩარჩოებისგან თავდაღწევას და მარადისობასთან ზიარებას. საზოგადოდ, შალვა კარმელის შემოქმედება გამოირჩევა ნიღბების მრავალფეროვნებით, ეს ნიღაბი კი, რომელიც ფსევდონიმად მოირგო, ყველაზე ღრმად და ზუსტად გამოხატავდა მის შინაგან სამყაროს, ბედისწერად ქცეულ მარტოსულობას.

შუა საუკუნებში პალესტინაში დაარსებულ კარმელიტთა ორდენს ის თავისი ნიღბით მისტიკურად უერთდებოდა და მათთან ერთად მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში, ოღონდ ტაძარი მის სულში პოეზიად გარდაისახებოდა და სავედრებელი ლოცვები კი  _ ლექსებად. ის თვითონ იყო თავისი გენეალოგიის შემქმნელი, ცისფერყანწელთა დარად, რომელნიც ქმნიდნენ ახალ პოეტურ მითოლოგიას და მასში საკუთარი თავი შეჰყავდათ გამოგონებული საგვარეულო ჰერალდიკით.

შალვა კარმელი თავისი გარეგნობით, შინაგანი სინაზით, ბავშვური გულუბრყვილობით ნაცნობებსა თუ უცხოებში იწვევდა სიწმინდის განცდას, ამიტომაც უწოდა პაოლო იაშვილმა მას „კარმელი_მართალი“. რა თქმა უნდა, გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები დაღს ასვამენ ადამიანის ფსიქიკას და განაპირობებენ მის ბუნებას. ამგვარ ტრაგიკულ დაღად დააჩნდა კარმელის სულს საყვარელი დების დაღუპვა, რომელთა სახეები სიკვდილს პოეზიით გამოსტაცა და ლირიკის ელიზიუმში დაუმკვიდრა ადგილი. ასე გარდასახა მან ტკივილიანი მონატრება შთამბეჭდავ პოეტურ სახეებად. მისი ლექსები მოწმობენ პოეტის სულიერ აქტივობას იმ ვიწრო დროსივრცულ არეალში, რომელიც მას სასტიკმა ბედმა შემოუხაზა, მაგრამ პოეტი არ სჯერდებოდა და პოეზიით გამუდმებით მოგზაურობდა ყველგან, სადაც კი გონების თვალი მიუწვდებოდა. ეს თვალი კი ნასაზრდოები იყო მსოფლიო კულტურის, ლიტერატურისა და ისტორიის  დიდი საგანძურით.

„როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო”, _ წერდა ლადო ასათიანი, ტუბერკულიოზით ფილტვებდათხრილი. ამ დროს ჭლექს უკვე შემოსცლოდა ერთგვარი რომანტიკული საბურველი. ამ ავი სენის გაკეთილშობილებას ლამობდნენ ფრანგი თუ ქართველი სიმბოლისტები. ვალერიან გაფრინდაშვილი მას პოეტისთვის „ღირსეულ კარიერადაც“  კი მოიხსენიებდა თვითმკვლელობასა და სიგიჟესთან ერთად: „სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა, გარდა ჭლექისა!“ („ბოჰემის მონოლოგი“). ამგვარ დამოკიდებულებაში, რა თქმა უნდა, იყო ერთგვარი პოზა და ჯამბაზობა, რათა ტრაგიკული და უსაშველო როგორმე დაეძლიათ და გადაელახათ, თუმცა მცდელობა ამ სენის პოეტურ ფენომენად ქცევისა რეალობაში მარცხით სრულდებოდა და ამგვარი გარდასახვებით მისი მომაკვდინებელი ძალა არ მცირდებოდა. ეს იყო მხოლოდ ნუგეში, რომ ამგვარი თამაშით დაეძლიათ ფატალური შიში ამ უკურნებელი დაავადებისა. ამ „ინკვიზიტორმა“, როგორც კარმელმა უწოდა, შეიწირა მრავალი, მათ შორის, თვითონ კარმელი და კიდევ ერთი ცისფერყანწელი _ სანდრო ცირეკიძეც.

შალვა კარმელის სული იბზარებოდა, ერთი მხრივ, ეპოქის მოვლენებით, მეორე მხრივ, იმ შინაგანი ძვრებით, რომლებიც მუდამ თან ახლავს თვითშემეცნების რთულსა და მტკივნეულ პროცესს. ამას ემატებოდა მოსალოდნელი სიკვდილის საფრთხე, ამიტომაც ინტენსიურად ქმნიდა, რათა მოესწრო კვალის აღბეჭდვა, ნიჭის გამოვლენა. მის პოეზიაში თანდათან რეალობა დაიძლეოდა „მსუბუქი ჩრდილების მისტიკით“. ადრე წასული პოეტი დაიტირა ქართულმა საზოგადოებამ და მაშინვე შეფასდა მისი პოეზიაც. ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის წერილებში გამოიკვეთა, თუ რა დატოვა პოეტმა ღირებული  და რით გამოირჩა სხვათაგან: 1.„მან მიაგნო საკუთარ ხმას“, 2. „კარგად იცნობდა ლექსის ტექნიკას“, 3. „ის იყო კულტურული პოეტი“, 4. „მისი ლექსები იყო დაწმენდილი და თემა გამართლებული“, 5 „მის სიტყვაში იყო გადმოცემა სინაზის და ბავშვობის“, 6 „მის ხელში რითმა მიაგავდა „ოდალისკას“, 7. „ის იყო სიტყვის ჩუქურთმების ოსტატი“, 8. „ნამდვილი პარნასელი იყო“, 9. „მან იცოდა გაბედული თქმა ახალი სიტყვის“, 10. „ახალი რითმები შესძინა ქართულ პოეზიას“, 11. „სონეტის ფორმა ემარჯვებოდა“, 13. „წარსული საუკუნენი აღდგებიან მის ფანტაზიაში“ და სხვა. დრომ ვერ გააუქმა ეს შეფასებები. შალვა კარმელის პოეტური კრებული საბჭოთა პერიოდში გამოიცა, მაგრამ მასში შესული ლექსები საკმაოდ დამახინჯებული იყო. პოეტის სიცოცხლეში გამოსაცემად გამზადებული და მისი გარდაცვალების შემდეგ დაკარგული კრებულები სახელწოდებით: „აპოკალიფსის ცხენები“ და „თეთრი გიორგი“ პოეტის ძმისშვილმა, ლიტერატურათმცოდნე  ნუგზარ გოგიაშვილმა გამოსცა ავტორისეული ჩასწორებების გაითვალისწინებით.

შალვა კარმელი პოეზიაში თავისებურად ახორციელებდა დასავლეთ-აღმოსავლეთის სინთეზს და ამგვარად ქართული კულტურის უმთავრეს მახასიათებელს გამოკვეთდა. ერთი მხრივ, იზიდავდა, ეგზოტიკური აღმოსავლეთი, ბაბილონი, კართაგენი, ინდოეთი, ირანი, მეორე მხრივ კი, ამ  ქვეყანათა მოსახილველად სჭირდებოდა „მეფისტოფელის წამოსასხამი“. მისი თვითშემეცნების გზა პოეზიის საშუალებით ორმხრივ წარიმართებოდა. ერთი იყო ტრადიცუული ქართული კულტურის ტრადიცია, მეორე მხრივ _ კაცობრიობის ზოგადკულტურული გამოცდილება.

 მის ლექსებში არის დაუსრულებელი მოგზაურობა ირანის გარუჯულ მიწაზე, სადაც ორმუზდი და არიმანი ერთმანეთს შებმიან; მის წარმოსახვაში შემოიჭრება  ჰარამხანები _„ავხორცი რითმებით“ დახატული. მის პოეზიაში შემოგეყრებიან მისი სულის ტოლნი _ რუმი, ნიზამი, ხაიამი, მერე არის მოხილვა ეგვიპტისა: იზიდა და ოზირისი, ფარაონები და ცისფერი ნილოსი, მარადისობის მოციქული სფინქსი, იეროგლიფებით დასნეულება, როგორც საიდუმლოს წვდომის წყურვილი, მზის ქურუმები, მუმიები, პირამიდები, სარკოფაგები, რამზესი. ეს ის სიტყვიერი მასალაა, საიდანაც პოეტი შორეულ მირაჟებს ქმნის. მისი ლექსის სტრიქონები სავსეა „ლანდების შვავით“, „სხვა ქვეყნის ლანდთა სხვა ქარავნებით“. აქ არის  არაბეთი, საღვთო მეჩეთები, მექა და მედინა, ინდოეთი და ბრამანთა ლოცვები, საკია მუნი _„მეოცნებე ბუდად ქცეული“, ნირვანაში გადასვლა, გიტანჯალი, ვედები, მრავალხელება კერპები, ეგზოტიკური ყვავილები, ძვირფას თვალთა თვალისმომჭრელი ელვარება. მისთვის ჩვეულია ამგვარი „ნახატები“: „მოვირთავ ოთახს მაკიმონით იაპონურად და გადავისვრი მოგონებებს თეთრ ინფანტებად”. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელები, სიტყვები, ეს არის ცოცხალი განცდა შორეულისა. „ჩემში წარსული მოტრიალდა“, _წერს ის ერთ ლექსში. თანამედროვეობა იწვევდა ამ სახელებს: „ეს ქვეყანა დასანგრევი ბაბილონია“. ბაბილონი დანგრევამდე _ ეს ყველაზე უფრო შანთავდა მის წარმოსახვას, პირველ კრებულსაც ხომ ბაბილონი დაარქვა. ბაბილონის გოდოლი მისი სულის გამომხატველია უპირველესად. სულის სიღრმეთა მოხილვამ, იქ აღმოჩენილმა ქარიშხლიან ვნებათა სიჭრელემაც და ამაოების განცდამაც წამოატივტივა მის წარმოსახვაში ბაბილონის სიმბოლო. რატომ მიილტვოდა ასე მძაფრად ძველი ქვეყნებისკენ? ცივილიზაცია, ურბანისტული გარემო მისთვის თითქოს უცხო და მიუღებელი იყო.  უძველესი ქვეყნები კი მას „ღვთაებრვად ბანგავდა“ და სამშობლოსაც მარადისობის ამ პერსპექტივიდან უკეთესად შეამეცნებინებდა.

კარმელი ქვეყნიერებას აღიქვამდა, როგორც „ბაბილონის ბალაგანს“. ტიციანი ქალდეას ბალაგანზე წერდა. ორივესთვის კი ყოფიერება იყო კარნავალი, სადაც ერთად ცხადდებოდნენ ზღაპრული, მითოლგიური,  ბიბლიური, ლიტერატურული და რეალური პერსონაჟები. ცხოვრების ეს თეატრალურობა ცისფერყანწელთაგან ყველაზე მეტად სწორედ კარმელის პოეზიაში შეიგრძნობა. მის პოეზიაში არის უცხო, ეგზოტიკურ სახელთა სიჭარბე. პოეტი ცდილობს, მკითხველში სიტყვამ ერთდროულად დაბადოს ფერის, სურნელისა და მუსიკის შეგრძნება. ეს იყო გამოძახილი ფრანგული სიმბოლიზმის თავარი პრინციპისა, რომლის  მიხედვითაც, როგორც სტეფან მალარმე იტყოდა,  სიტყვას უნდა შემოეძარცვა ყოველდღიურობის საბურველი და გადაქცეულიყო სიტყვა_შელოცვად. ვალერიან გაფრინდაშვილი წერილში „სახელების მაგია“ წერდა: „პოეზიის მთავარი მიზანი არის გამოგონილი ან არსებული სახელის დამტკიცება და გაძლიერება. სახელი არის რკინის მავთული, ჰაერში გამბმული, რომელზედაც პოეტი ჯამბაზი სიარულს ბედავს”.

ფორმის დახვეწილობით გამოირჩევა  კარმელის  სონეტები: „ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა“, „თოთხმეტ სტრიქონში ვაპატიმრებ ხშირად შაირებს“, „ერთ-ერთ სონეტში დაუნდობლად მოვიკლა თავი“. ცნობილია ამ ჟანრის მიმართ ცისფერყანწელთა თაყვანისცემა. ისინი სონეტს პოეზიის უნივერსალურ ფორმად მიიჩნევდნენ და და ქმნიდნენ მის საინტერესო, ორიგინალურ ვარიაციებს. საქართველოში დაიწერა სონეტები: ყირამალა, კოჭლი, ყრუ, ჰერმაფროდიტი, ელამი და სხვა. საგულისხმოა, რომ XX საუკუნის 20-იან წლებში კარმელის ლექსებმაც შეუწყო ხელი ამ ფორმის დამკვიდრებას.

მის პოეზიაში  სამშობლოს სიყვარული მჟღავნდებოდა წინაპართა ძვირფასი სახეების გაცოცხლებით. ამავე დროს, აქ აისახა თანადროული ეპოქის აპოკალიფსური სურათები, თავისუფლების წყურვილი. კარმელის აღქმისა და წარმოსახვის  ფერწერულობა და მუსიკალურობა მისი პოეტური ხატების მრავალფეროვნებას განაპირობებს. პოეტი, მართლაც, ქმნის იმ პლასტიკურსა და მომინაქრებულ სახეებს, მკითხველის წარმოსახვაში ღრმა კვალს რომ ტოვებენ.

შალვა კარმელის მხატვრული წარმოსახვის დროსივრცული არეალი მეტად მრავალფეროვანია. მის ლექსებში ბევრია ეგზოტიკური სახელი,  მაგრამ  პოეტს თავი აქვს დაღწეული სიჭრელისა და დეკორატიულობისაგან. მის პოეზიაში სიტყვათა ლაბირინთებია: „სიტყვათა დადგმა ლაბირინთად სულს ეცნაურა“ („მარიონეტკები“). ხანდახან ლექსიკონი სჭირდება მკითხველს ზოგიერთი მჟღერი, ლამაზი, მაგრამ უცხო სიტყვის შინაარსი რომ გაიგოს. ეს სიტყვა  ხან არქაიზმია, ხან მითოლოგიური სახელია, ხან_ შორეული უცხო  ქვეყნისა და ა.შ. თუმცა, ეს მაშინ, თუ მაინცდამაინც ზედმიწევნით შინაარსის გაგებას მოიწადინებს, რაც მაინც არ მიიღწევა, რადგან შინაარსი განფენილია განწყობილებებში, რომელთაც გაგება კი არ ქმნის, არამედ გზნება, როგორც რობაქიძე იტყოდა. სიტყვებს მოაქვთ სურნელი, დამათრობელი და თავბრუდამხვევი. პოეტი ამ სიტყვებით გაჯადოებს, ამ თვალსაზრისით, ხანდახან სტრიქონები მაგიურ შელოცვებსააც ემსგავსებიან _რაღაც გესმის, მაგრამ მაინც   გაურკვევლობის ბურუსში ეხვევი, უსმენ მუსიკას, რომელიც იქმება სიტყვების „წმინდა ხმაურით“. შალვა კარმელი თვით ხმაურსაც, ერთი შეხედვით, ასეთ უჩვეულო და შეუსაბამო ეპითეტს მიუსადაგებს_ „წმინდა“. ეს სიწმინდე  ხმაურს აკეთილშობილებს და ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს. ყველაფერი განიწმინდება, რასაც სული შეეხება.

„ვდარაჯობ სიტყვებს: მეფე, მონა და მაძებარი” _ ამ სტრიქონით პოეტი ამხელს თავის სიყვარულს, თაყვანისცემას სიტყვების მიმართ. იგი ხან მბრძანებელია, ხან მონა, ხან მოიხელთებს სიტყვას და იმორჩილებს, მაგრამ ხანდახან თვითონ სიტყვა ეურჩება, თავის ნებაზე ატარებს, ხან კი დაეძებს მათ უძველეს წიგნებსა და ლექსიკონებში. მის პოეზიაში შეგხვდება ისეთი სადა სტრიქონებიც, როგორებიცაა: „გადმოკიდულა ციდან სემირამიდას ბაღი/ გულია ერთი ციდა და მთის ოდენა დაღი“ („სემირამიდას ბაღი“).

კარმელის პოეზიაში ეროსისა და თანატოსის ჭიდილი, მარადქალურის წყურვილი, ლეილას, კლეოპატრას, ბეატრიჩეს, იზიდას, თაისის, ლიგეას, მედეას, ვენერა მილოსელის, ოფელიას და სხვა ცნობილ ისტორიულ-მითოლოგიურ თუ ლიტერატურულ ქალ პერსონაჟთა სახეების ახალი პოეტური ვარიაციებია. იგი ხშირად ირგებდა სხვადასხვა ნიღაბს, ემირის სულთნისას თუ ველადგაჭრილი მიჯნურისას და ამით ყოფის ტრაგიკულ ერთფეროვნებას სძლევდა, ხან „ამოდიოდა ძველ სამარიდან“, „რადგან უშენოდ მე სიკვდილიც არ შემიძლია“. პოეზიაში უხვად  მოჰქონდა გარდასულის, დაკარგულის, დავიწყებულის ცოცხალი და ცინცხალი ხატები. მას მთელი დედამიწა, თავისი მრავალფეროვნებით, სურდა მოეცვა და ამ გზით ზიარებოდა უკვდავებას. ეს იყო ცისფერყანწელთა ესთეტიკის ერთი ძლიერი გამოხატულება: ახალი მითოლოგიის შექმნა და უკვდავების წყურვილი.

შალვა კარმელი როცა წარმოსახვით გენეალოგიას ჩაჰყვებოდა, იხსენებდა არაბეთს, მეჩეთებს, მინარეთებს, შადრევნებს, ჩადრიან ქალებს, მუეძინებს, მის სხეულში სახლდებოდა ყაისის სული („ლეილმეჯნუნიანის“ გმირი) და ხელდებოდა ლეილას სიყვარულით. სწორედ ლეილა გამოიხმო მან ძველი წიგნის დაბინდული ფურცლებიდან და თავისი მარადიული სატრფოს სიმბოლოდ აქცია. დასავლურ ლიტერატურაში მან ვერ მოძებნა ასეთი გახელება სიყვარულით, თუმცა იყვნენ  პეტრარკა და ლაურა, დანტე და ბეატრიჩე, მაგრამ სულ სხვა იყო სიყვარული ყაისისა და ლეილასი. მან სწორედ ლეილას დაუდგა წარმოსახული ძირფასი ტახტი და ლექსებით თაყვანს სცემდა, მისთვის ქმნიდა ოაზისებს, დახეტიალობდა უდაბნოში, რუხ აქლემთ ტახტრევანით მიირწეოდა ცხელ ქვიშაში.

შალვა კარმელის ორიგინალურ მხატვრულ სივრცეში მოზაიკურად ერთიანდება აღმოსავლურ_დასავლური მეტაფორული სახე-სიმბოლოები. მისი პოეტური სააზროვნო სივრცე პალიმფსესტურია, მკითხველი მისი ლექსების კითხვისას გადის რეალურ-მატერიალური განზომილებიდან და სხვა, უცხო ხმებითა და სურნელით სავსე ფერადოვან სამყაროში მოგზაურობს.

ზიგზაგის მეთოდი მოცულობითი ტექსტის დამუშავებისთვის

0

ზიგზაგის მეთოდი მოცულობითი ტექსტის დამუშავებისთვისმეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც მოსწავლეებმა მცირე დროში უნდა მოახერხონ დიდი რაოდენობით ტექსტის, პარაგრაფის, ინფორმაციის დამუშავება. ხშირ შემთხვევაში, საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები საკმარისი არ არის მოცულობითი ტექსტების ხარისხიანად დასამუშავებლად. მოსწავლეებს ყურადღების მიღმა რჩებათ მნიშვნელოვანი მონაკვეთები, საკვანძო დებულებები. ზიგზაგის მეთოდის გამოყენება სწორედ ასეთი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

მეთოდის უპირატესობები

  • მცირე დროში დიდი რაოდენობით ინფორმაციის/ტექსტის დამუშავება
  • ინტერაქტიური სწავლება- მოსწავლეებს არ მიეწოდებათ მზამზარეული მასალა
  • აქტიურდება მოცულობით ტექსტში საკვანძო დებულებების/მთავარი სათქმელის გამოყოფისა და სისტემატიზირების უნარი
  • იხვეწება ჯგუფური მუშაობის/თანამშრომლობითი სწავლების უნარები
  • სამუშაოში ჩართულია არა რამდენიმე აქტიური მოსწავლე, არამედ მთელი კლასი
  • მეთოდი საშუალებას აძლევს მასწავლებელს გამოიყენოს სხვა აპრობირებული სტრატეგიები ( კლასტერი, სქემები, ცხრილი, კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი სტრატეგიები…)

ზიგზაგის მეთოდის ალგორითმი სხვადასხვა მიმართულების საგნებისთვის

თავდაპირველად, მასწავლებელი ყოფს მთლიან მასალას ნაწილებად. მასალის დანაწილებისას აუცილებელია მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინება (იხ.ქვევით)

შემდეგ აჯგუფებს მოსწავლეებს. მოსწავლეები ჯგუფდებიან შემდეგი პრინციპით: ჯგუფების და ჯგუფებში მონაწილეების რაოდენობა უნდა იყოს თანაბარი (მაგალითად, 5 ჯგუფი თითოეულში 5 მონაწილით, თუ მასალა ძალიან დიდია, შესაძლებელია მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაც). თითოეული ჯგუფი იღებს ერთსა და იმავე ტექსტს (წინასწარ დანაწევრებულს და დანომრილს მასწავლებლის მიერ. შესაძლებელია ნაწილების სხვადასხვა ფერით მონიშვნა ან ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნით გამოყოფა). ჯგუფის მონაწილებს შეხვდება დანაწევრებული ტექსტის ერთი ნაწილი ( ერთ მოსწავლეს 1-ლი ან პირობითად, „მწვანე“ ტექსტი, მეორეს – მე-2 ნაწილი ან წითელი ტექსტი და ა.შ.)

1-ლი ეტაპი: ინდივიდუალური სამუშაო

მოსწავლეები გარკვეული დროის განმავლობაში ( დრო მიუთითეთ წინასწარ) ინდივიდუალურად ამუშავებენ მასალას. მათ ევალებათ თეზისების გაკეთება, ტექსტის მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნა, კონსპექტირება. შეუძლიათ გამოიყენონ ინფოგრაფიკა, სქემა, ცხრილი ან ინფორმაციის მოწესრიგების მათთვის ხელმისაწვდომი და სასურველი ნებისმიერი საშუალება. საბოლოო ამოცანაა ამ ტექსტისგან ერთგვარი „კონცენტრატის“ მიღება.

მე-2 ეტაპი: ჯგუფური სამუშაო

მოსწავლეები იწყებენ ერთობლივ მუშაობას და ქმნიან ე.წ. „ექსპერტების ჯგუფებს“. ამ ჯგუფებში ერთიანდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ერთი და იგივე ნაწილი შეხვდათ(შესაბამისად, იქმნება პირველების, მეორეების…ან მწვანეების, წითლების და ა.შ. ჯგუფები).

ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ნამუშევარს. ისინი ერთმანეთთან აჯერებენ შესრულებულ სამუშაოს, ქმნიან საპრეზენტაციო ვერსიას, ირჩევენ პრეზენტატორს ან ინაწილებენ სათქმელს წინასწარ. საბოლოოდ, თითოეული ჯგუფი უნდა მოემზადოს თავისი წილი ინფორმაციის გაზიარებისა და საკუთარ ჯგუფში პრეზენტირებისთვის და ასევე, დასკვნით ეტაპზე, კლასის წინაშე წარდგომისთვის.

დამატებითი დავალება

მოსწავლეთა მზაობის, დარჩენილი საგაკვეთილო დროის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით აქვე შესაძლებელია ერთი დამატებითი დავალების მიცემაც – ექსპერტების ჯგუფი ჩამოწერს რამდენიმე კითხვას მასალის იმ ნაწილიდან გამომდინარე, რომელიც მათ დაამუშავეს, რათა მოგვიანებით ამ კითხვებზე მიღებული პასუხების მეშვეობით გაარკვიონ, სწორად გაიგეს თუ არა სხვებმა მათი მონათხრობი. შესაძლებელია მინი-ტესტის, კითხვარის ან ვიქტორინის მომზადებაც.

მე-3 ეტაპი თავდაპირველ ჯგუფებში დაბრუნება

მესამე ეტაპზე მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ თავდაპირველ ჯგუფებს და თითოეული რიგრიგობით წარმოადგენს საკუთარ ნაწილს. ამრიგად, თავდაპირველი ჯგუფის თითოეულ წევრს ექმნება სრული წარმოდგენა მასალაში თავმოყრილი ცნობების შესახებ. წაახალისეთ  მოსწავლეები, რათა მათ  დაუსვან დამაზუსტებელი კითხვები პრეზენტატორს. ჯგუფებში მუშაობა ფასდება მასწავლებლის მიერ წინასწარ  შემუშავებული რამდენიმე კრიტერიუმით. კრიტერიუმები კლასს უნდა გააცნოთ სამუშაოს დაწყებამდე. ქვევით შემოგთავაზებთ სანიმუშო რუბრიკას, რომელსაც მასწავლებელი კონკრეტული კლასის, დავალების და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შეავსებს.

დასკვნითი ეტაპი

დასასრულ, თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ პრეზენტატორს და ახლა უკვე მთელი კლასი ერთობლივად ისმენს დამუშავებულ მასალას. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია მიღებული ცნობების განმტკიცებისა და პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მასწავლებელი ამ ეტაპზე მოდერატორის როლს ითავსებს. დასკვნით ეტაპზე არჩეული პრეზენტატორების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამატებით ცნობების მოწოდება, კითხვების დასმა.

რეფლექსია

მომდევნო გაკვეთილზე სასარგებლო იქნება განვლილი გაკვეთილის რეფლექსია. მონაწილეები გაიხსენებენ საკვანძო საკითხებს, შეაფასებენ სამუშაოს, მიმოიხილავენ, ვისი პრეზენტაცია იყო განსაკუთრებით ეფექტური ან ეფექტიანი. რეფლექსია საფუძვლიანად განამტკიცებს წინა გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას.

ჯგუფური მუშაობის შეფასების სანიმუშო რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია;

ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს;

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ/აზრს გამოხატავს ჯგუფის თითოეული წევრი;

ჯგუფი გამოყოფს მნიშვნელოვან და მეორეხარისხოვან ცნობებს და პრეზენტირებისას წარმოადგენს მთავარ იდეას;

ჯგუფის წევრები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს;

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს;

შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შევთავაზოთ თვითშეფასების რუბრიკაც;

სკოლების ავტორიზაციის სტანდარტები

0

ავტორიზაცია სავალდებულოა. მისი სტანდარტების დაკმაყოფილება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების წინაპირობაა. ავტორიზაციის გარეშე ასეთი საქმიანობის განხორციელება დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ისჯება.

საჯარო სკოლების ავტორიზაცია გადავადებულია. კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ან რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს – უფლება მიეცათ, 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა. 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია.

კერძო სკოლები კი ვალდებულნი არიან, შეასრულონ ავტორიზაციის მოთხოვნები.

ავტორიზაცია გულისხმობს სკოლის შესაბამისობის დადგენას შემდეგი სტანდარტების მიმართ:

  1. I. საგანმანათლებლო პროგრამები;
  2. II. მატერიალური რესურსი;

III. ადამიანური რესურსი.

განვიხილოთ თითოეული სტანდარტი.

  1. საგანმანათლებლო პროგრამები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

◦ სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;

◦ სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;

◦ სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

◦ სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;

◦ შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;

◦ შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი.

  1. მატერიალური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

◦ დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:

  1. ერთ მისამართზე 250 კვ. მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  2. 2. საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;
  3. სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;
  4. სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები.

◦ სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

◦ სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;

◦ სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

◦ სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის – ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;

◦ სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:

  1. 1. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
  2. 2. თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
  3. 3. სამედიცინო დახმარების გაწევის მექანიზმები;
  4. 4. წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  5. 5. კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები.

◦ სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;

◦ შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;

◦ დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.

მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრები დგინდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით.

III. ადამიანური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

◦ სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი;

◦ სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;

◦ სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე – წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა;

◦ მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;

◦ სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები;

◦ სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის განაწილებას.

გამოცდები, სტრესი, მოზარდები

0

როგორ უმკლავდებიან წინასაგამოცდო სტრესს? ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას ზაფხულის პირველ თვეს იძენს. ბევრი მოზარდისთვის გამოცდები ნამდვილ განსაცდელად იქცევა ხოლმე. ნერვული ფონი ყველგან მატულობს – სკოლაში, სახლში, რეპეტიტორებთან. გამოცდებს განიცდიან მშობლები და მასწავლებლები, ნათესავები და მეგობრები. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ წინასაგამოცდო სტრესი ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას და ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს. როგორ დავიცვათ მოზარდი სტრესისგან, როგორ ვუზრუნველყოთ იმ პირობებით, რომელიც დაეხმარება რთული პერიოდის გადალახვაში?

წინასაგამოცდო სტრესის მაპროვოცირებელი ფაქტორები ერთმანეთზეa მიბმული: ხანგრძლივი და ინტენსიური გონებრივი მუშაობა, მრავალსაათიანი ჯდომით განპირობებული დატვირთვა ერთსა და იმავე ორგანოებსა და კუნთებზე, ძილისა და დასვენების რეჟიმის დარღვევა.  გარდა ამისა, მოზარდთა უმეტესობა სასწავლო წლის ბოლოს დაღლილია.

წინასაგამოცდო პერიოდში სტრესის სიმპტომები ასეთია: მომატებული შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, დათრგუნულობის განცდა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მადის დაკარგვა ან ზეაქტიურობა, ხელის კანკალი, ოფლიანობა, გულის აჩქარება, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, პანიკის შეგრძნება. თუ მოზარდში სტრესის სიმპტომები გამოკვეთილია, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. ისინი შეაფასებენ მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობას,  საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავენ.

მოზარდი სტრესისგან რომ დავიცვათ, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გაზიარება: წინასაგამოცდო სამზადისამდე აუცილებელი როდია მოზარდისთვის ჩვეული დღის რეჟიმის რადიკალურად შეცვლა. ეს დაარღვევს მისი ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს და ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. სასურველია მოზარდი ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობდეს, მაგრამ ზუსტად ჰქონდეს გადანაწილებული დრო. ზუსტად იცოდეს, როდის ისვენებს და რამდენ საათს მეცადინეობს.

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის კვებას. ის დაბალანსებული უნდა იყოს. ინტენსიური გონებრივი დატვირთვების დროს აუცილებელია დღეში 4-5 მცირე ულუფის მიღება, სასურველია ერთსა და იმავე დროს. კვების რაციონი უნდა შეიცავდეს ასაკთან შესაფერისი ცხიმების, ცილების, ვიტამინების და მიკროელემენტების რაოდენობას. მენიუში სისტემურად უნდა იყოს ხილ-ბოსტნეული, კვერცხი, ღვიძლი, უცხიმო ხორცი, რძის პროდუქტი და ცხიმიანი თევზი. შავი ჩაის, ყავისა და გაზიანი სასმელის მიღება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და ამას ჩაენაცვლოს კომპოტი, წვენი, მწვანე ჩაი და მინერალური წყალი.

მოზარდმა თვითონ უნდა აირჩიოს სამუშაო სივრცე. თუ მეგობრებთან ერთად ურჩევნია მეცადინეობა, ხელს ნუ შეუშლით, თუ პარკში ან ბიბლიოთეკაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, არ შეზღუდოთ. აუცილებელი არ არის მოზარდი 24-საათიან რეჟიმში აკონტროლოთ. ეს მორალურად დაძაბავს და მეცადინეობის სურვილს დაუკარგავს მას. მოზარდმა ეფექტიანად რომ იმეცადინოს, პერმანენტულად „გამოცდის რეპეტიცია“ შესთავაზეთ და გავლილი თემები ამ გზით გაამეორებინეთ. თანაც, ეს მოგეხმარებათ საქმის კურსში იყოთ და იცოდეთ, როგორია მოზარდის ცოდნის დონე.

იმის მიუხედავად მოზარდი სახლში მეცადინეობს თუ მეგობრებთან ერთად, განუმარტეთ, რომ მის ოთახში, სადაც ის საგამოცდოდ ემზადება, წესრიგი უნდა იყოს. ხმამაღალი მუსიკა, ახმაურებული ტელევიზორი, საუბრები, თამაშები, მობილურზე ხანგრძლივი ლაპარაკი მეცადინეობის პროცესს შლის. მიაქციეთ ყურადღება, რა პოზაში ზის მოზარდი მეცადინეობის დროს. დაარწმუნეთ, რომ ამ ნიუანსების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრაციისა და სასურველი შედეგების მისაღწევად.

სტრესის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა გონებრივი და ფიზიკური აქტივობების მონაცვლეობა. დატვირთვის გადანაწილების ოპტიმალური ვარიანტია ორ-სამსაათიანი მეცადინეობის დროს 15-წუთიანი ვარჯიში. დღის განმავლობაში აუცილებელია სუფთა ჰაერზე გასეირნება (მწვანე სკვერში, პარკში). უკეთესია მოზარდმა ფეხით, ველოსიპედით, სკეიტით იმოძრაოს და არა პასიურად იჯდეს სკამზე.

არასასურველია გამოცდების წინ მშობელი მოზარდის „ოჯახის ექიმად“ გადაიქცეს და „პროფილაქტიკის მიზნით“ სხვადასხვა დამამშვიდებელი წამლები შესთავაზოს. დამამშვიდებელი წამალი ამუხრუჭებს ნერვულ სისტემას და მოზარდი არა მშვიდ, არამედ ნელ აზროვნებაზე გადადის. ამიტომ ასეთ დროს ვიტამინებიც კი სპეციალისტმა უნდა დაუნიშნოს. არასასურველია სტიმულატორების მიღებაც.

წინასაგამოცდო პერიოდში მოზარდს მეცადინეობა არ დააძალოთ. მშობლის ამოცანა არ არის დამატებითი სტრესული სიტუაციის შექმნა. პირიქით, მშობელმა მოზარდი დადებითად უნდა დამუხტოს. არ დაინანოთ ყურადღება, აგრძნობინეთ, რომ მხარს დაუჭერთ ნებისმიერ დროს.

გამოცდის წინა ღამეს მოზარდმა კარგად უნდა გამოიძინოს. ძილის ხანგრძლივობა 8-8,5 საათი უნდა იყოს. სრულფასოვანი ძილი იმის წინაპირობაა, რომ მას ყურადღების კონცენტრირება გაუადვილდეს. გამოცდის დღეს მოზარდმა „გამოსაცოცხლებლად“ სასურველია გრილი შხაპი მიღოს და მსუბუქად წაიხემსოს (ომლეტი, ხაჭო, ხილის სალათი, ჩაი თაფლით). გამოცდამდე ერთი საათით ადრე სასურველია შოკოლადის ჭამა. არსებობს „ანტისტრესული“ პროდუქტიც. ეს გახლავთ: ლეღვი, კურაგა, ბანანი, ნიგოზი. ჩამოთვლილი პროდუქტი აუმჯობესებს განწყობას, კვებავს ტვინს. სასურველია ყოველდღიურად 1,5-2 ლიტრი სითხის მიღება.

გამოცდაზე მოზარდს თან უნდა ჰქონდეს წყალი. ურჩიეთ, ჩაიცვას არაექსტრავაგანტული და მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც წინა დღეს უნდა მოიმზადოს.  გამოცდაზე დაგვიანება მოზარდისთვის სერიოზული სტრესია. უსიამოვნო სიტუაციისგან დაზღვეული რომ იყოს, ნახევარი საათი მაინც უნდა ჰქონდეს რეზერვში. გამოცდის დღე წინა საღამოს დეტალურად შეიძლება დაიგეგმოს.

გამოცდაზე გასვლის წინ თქვენ შეგიძლიათ შეახსენოთ მოზარდს, რომ არ იჩქაროს ტესტის წერისას. ყურადღება მიაქციოს დეტალებს და მხოლოდ მას მერე შეუდგეს საქმეს, რაც კარგად გაიაზრებს ტესტის მოთხოვნებსა და პირობებს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უმჯობესია იმოქმედოს პრინციპით: ჯერ მარტივ შეკითხვებს უპასუხოს, შემდეგ შედარებით რთულ ვარიანტებზე კონცენტრირდეს.

გამოცდა არა მხოლოდ ცოდნის შეფასება, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერია, რომელიც მოზარდმა უნდა დაძლიოს. მოზარდთა უმეტესობას ესმის, რომ გამოცდის ქულებსა და შედეგზე მისი მომავალია დამოკიდებული. კიდევ ერთხელ აუხსენით მოზარდს, რომ თუ ის მომზადებულია, შეუძლებელია გამოცდაზე ყველაფერი დაივიწყოს. აუხსენით, რომ არცერთი მასწავლებელი, გამომცდელი თუ გამოცდის მეთვალყურე არ არის დაინტერესებული მისი „ჩაჭრით“. ცნობილი მკვლევარი დოლფ ზილმანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აღგზნებადობასა და აგრესიას შორის არსებულ კავშირს სწავლობდა, ასეთ დასკვნამდე მივიდა: რაც უფრო აღგზნებულია ადამიანი, მით უფრო მცირდება მისი გონებრივი მუშაობის ხარისხი. განუმარტეთ მოზარდს, თუ რატომ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე.

რასაკვირველია, სტრესი ორგანიზმის ერთ-ერთი ბუნებრივი ფიზიოლოგიური რეაქციაა, მაგრამ მისი დონის შემცირება სავსებით რეალურია ორგანიზებულობის, თავდაჯერების გამყარებისა და უფროსი თაობის თანადგომის დახმარებით. მოზარდი შეძლებს შიშისა და განცდების გაკონტროლებას თუ ნამეცადინები იქნება და წინასწარ წარმოიდგენს, რა ვითარებაში ჩააბარებს გამოცდას. მან რაციონალურად უნდა გამოიყენოს საგამოცდო დრო. ურჩიეთ, რომ საგამოცდო მაგიდასთან დაჯდომისთანავე შეასრულოს დაძაბულობის მოხსნის უმარტივესი და სხვებისთვის ნაკლებად ხილვადი ვარჯიში: „ჩამოიფერთხოს“ მხრები, რათა ზურგის კუნთები მოეშვას, მოიფშვნიტოს ხელები, გაიკეთოს ხელის მტევნებისა და ყურის ბიბილოების მსუბუქი მასაჟი, დალიოს წყალი პატარა ყლუპებით.

გისურვებთ წარმატებას!

კრიტერიუმები გაკვეთილის გეგმის შეფასებისთვის

0

გაკვეთილის გეგმის შეფასებისთვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალი ასე გვესახება:

  • ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • სასწავლო შინაარსის სიზუსტე და თანამედროვეობა, მისი მოსწავლეებისათვის შესაბამისობა;
  • მიზნებისა და ამოცანების ადეკვატურობა;
  • აქტივობების შინაარსის შესაბამისობა დასახულ მიზნებთან და ამოცანებთან;
  • აქტივობების თანმიმდევრობის ადეკვატურობა (იოლი-ძნელი, მარტივი-რთული);
  • კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგიის გამოყენება;
  • შეფასების სახეობების (განმსაზღვრელი-განმავითარებელი) მრავალფეროვნება და ადეკვატურობა;
  • ორიენტაციაMმოსწავლეზე – მოსწავლეთა ჩაბმულობა და სწავლება-სწავლის დიფერენცირება;
  • ორიენტაციაMმოსწავლეზე – პასუხისმგებლობის აღება სწავლაზე და დამოუკიდებელი მუშაობა;
  • თვალსაჩინოების (მათ შორის, რეალიებისა და აუდიოვიზუალური საშ-უალებების) და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
  • საშინაო დავალების ადეკვატურობა.

ამგვარი ჩამონათვალი, ჩვენი ვარაუდით, ძალიან დაეხმარებოდა მასწავლებლებს დაგეგმილი გაკვეთილის თაობაზე რეფლექსიის შემთხვევაში. რეფლექსიის ხელშეწყობის მიზნით დავაზუსტოთ გაკვეთილის დახვეწილი გეგმის მახასიათებელები:

  1. საკითხის სწავლა/სწავლება დაფუძნებულია მოცემული კლასის საგნობრივ სტანდარტზე და გამოკვეთილად ფოკუსირებულია რომელიმე შედეგსა და სათანადო თემაზე.
  2. შინაარსი კორექტულია – არ შეიცავს დაუსაბუთებელ თეორიებსა და ფაქტობრივ შეცდომებს; სასწავლო მასალების მოცულობა, ენობრივი ავთენტურობა, შინაარსობლივი სირთულის დონე, მასალის პრეზენტაციის ხერხი მოსწავლეებისთვის ასკობრივად შესაბამისია.
  3. საკითხის სწავლა/სწავლების ყველა მიზანი და ამოცანა რეალისტურია და მორგებულია მოსწავლეთა კომპეტენციებზე. ისინი ცხადად ადგენენ, რისი შესწავლა და დაუფლება მოხდება გაკვეთილზე.
  4. აქტივობები ფოკუსირებულია საკითხის სწავლება/სწავლის მიზნებსა და ამოცანებზე, მათი რაოდენობა ოპტიმალურია (მოსწრებადია გაკვეთილის დროის განმავლობაში მოსწავლეთა გადატვირთვის გარეშე), თანმიმდევრობა ლოგიკურია, ისინი ერთმანეთს დაეშენება.
  5. შეფასება ხელს უწყობს მოსწავლის წინსვლას, აქტივობებისა და სტრატეგიების მისადაგებას მოსწავლეთა საჭიროებებისადმი და სათანადო ცვლილებების მოქნილად შეტანას გაკვეთილის მსვლელობაში.
  6. მოსწავლეთა გააქტიურების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება მოსწავლეთა უმრავლესობას აძლევს აქტივობებში რეგულარული და ნაყოფიერი მონაწილეობის შესაძლებლობას, უზრუნველყოფს მათ თანამშრომლობას.
  7. გამოკვეთილია იმის შესაძლებლობა, რომ პედაგოგმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა მზაობის განსხვავებული დონე სწავლება/სწავლის მსვლელობისას, მათი ინტერესები და სწავლის სტილი.
  8. საშინაო დავალება მთლიანად ეყრდნობა გაკვეთილზე გავლილ მასალას და იძლევა მასთან დაკავშირებული ცოდნის გაფართოების ან გაღრმავების საშუალებას გაკვეთილის მიზნების მისაღწევად.

ამის საპირისპიროდ, გაკვეთილის ხარვეზიან გეგმებში ხშირია ისეთი მახასიათებლები, რომლებიც როგორმე თავიდან უნდა ავიცილოთ:

  1. საკითხის სწავლება/სწავლა არაა დაკავშირებული მოცემული კლასის საგნობრივ სტანდარტთან.
  2. სწავლება/სწავლა არაა ფოკუსირებული სათანადო თემაზე. მასალა გადატვირთულია, მოძველებულია, ენობრივად მძიმეა, შეუფერებელი პორციებითაა მიწოდებული.
  3. გაკვეთილის განვითარებისას დაშვებულია ლოგიკური ან მეთოდოლოგიური ბუნების ხარვეზები (გადმოცემის არათანმიმდევრობულობა, დაუსაბუთებელი მტკიცება, უსაფუძვლო ნახტომისებრი წინსვლა და სხვა).
  4. საკითხის სწავლება/სწავლის მიზნები და ამოცანები არასწორად არის ფორმულირებული; ისინი ბუნდოვანი და არარეალისტურია ან, პირიქით, ძალიან ვიწროა.
  5. აქტივობები აცდენილია საკითხის სწავლება/სწავლის მიზნებსა და შესაბამის ამოცანებს, ნაკლებად ეფექტიანია, მათი რაოდენობა არ არის საკმარისი ან პირიქით, ჭარბია და ვერ ესწრება გაკვეთილის დროის განმავლობაში ან იწვევს მოსწავლეთა გადამეტებულ დაძაბვასა და სტრესს.
  6. შეფასებისთვის არ არის დათმობილი დრო, შეფასების ფორმა არ არის მითითებული, შეფასება მოწყვეტილია საკითხის სწავლების მიზნებისაგან ან შეფასება ფორმალური და ტრადიციულია, მას დროის ჭარბად დიდი ნაწილი ეთმობა.
  7. ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ბალანსი დარღვეულია – მონოპოლიზებულია მასწავლებლის მიერ, მოსწავლეებს არ აქვთ არჩევნის არანაირი თავისუფლება, არ არსებობს მათი აზრის გარკვევისა და გათვალისწინებისთვის საჭირო შესაძლებლობები.
  8. საშინაო დავალება არ შეესაბამება საკითხის სწავლება-სწავლის მიზნებსა და ამოცანებს ან მის შესასრულებლად არ კმარა ამ ეტაპზე მოსწავლეთა მიერ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

გაკვეთილის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით გაკვეთილის გეგმაში ყურადღება მიაქციეთ, თვალშისაცემია თუ არა აქცენტი:

  • ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტაზე;
  • ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობა-დასაბუთების უნარების განვითარებაზე;
  • საგნისთვის სპეციფიკური ენისა და კომუნიკაციის სწავლებაზე;
  • საგნის, როგორც კულტურის ნაწილის, წარმოჩენაზე;
  • მოდელირებასა და გამოყენებებზე;
  • ამოცანების ჩამოყალიბებასა და გადაჭრაზე;
  • საგნის ფარგლებში მიმართულებათა ინტეგრაციაზე;
  • საგანთაშორის კავშირებზე;
  • შედეგებისა და ინდიკატორებისკენ მიმართულ სავარჯიშოთა სისტემაზე;
  • მასალის ხელსაყრელ დასტრუქტურებაზე;
  • პროექტებსა და ჯგუფურ სამუშაოებზე;
  • ცნებების დამუშავებაზე;
  • მოსწავლეთა თვითშეფასების მექანიზმებზე;
  • დამხმარე დამატებითი მასალის გამოყენებაზე;
  • მოსწავლეებისთვის საინტერესო – სახალისო მასალებზე (მოტივაციიის მიზნით);
  • დავალებების შესრულების გზებზე, მოსწავლეთა მოქმედების ხერხებსა და სააზროვნო ოპერაციებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სასწავლო აქტივობებს და გადაამოწმეთ:

  • დაეხმარება თუ არა ის მოსწავლეებს აქტიურ სწავლაში, კვლევა-ძიებასა და პრობლემების გადაჭრაში.
  • მოიცავს თუ არა მანიპულატივების გამოყენებას დაკვირვების/ძიების, მოდელირებისა და ანალიზისათვის.
  • ნათელს ჰფენს თუ არა ტექნოლოგიების (კომპიუტერი, კალკულატორი) საჭიროებისამებრ გამოყენებას.
  • წარმოაჩენს თუ არა როგორ დაეხმარება ტექნოლოგიები მოსწავლეებს რთული ცნებების ვიზუალიზაციაში, ინფორმაციის ანალიზსა და სრულყოფაში, ამონახსნების წარმოჩენაში.
  • მოიცავს თუ არა მოსწავლეთა მიერ ცნებათა შესწავლის, იდეებისა და ამონახსნების გაზიარების სხვადასხვა გზებს.
  • შესაფერისია თუ არა მოსწავლეთა განვითარებისთვის და განსხვავებული მზაობის, ინტერსებისა და სწავლის სტილის მქონე მოსწავლეთათვის.
  • წაახალისებს თუ არა დისკუსიასა და რეფლექსიას.
  • ჰფენს თუ არა ნათელს მოსწავლეთათვის სტანდარტული პროცედურების/ალგორითმების (მაგალითად, აგების, გაზომვის, გამოთვლის და სხვა) გამოყენების მიზანშეწონილობას?

დარწმუნდით, რომ მოსწავლის შეფასებისთვის განკუთვნილი აქტივობები:

  • არ მოიცავს შეუფერებელ/შეუსაბამო და უგულებელსაყოფ მასალებს;
  • ბალანსირებულია – ფასდება ცნებათა გაგება, პროცედურული უნარ-ჩვევები და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • განხორციელდება გაკვეთილის ფარგლებში და არა მხოლოდ მის ბოლოს;
  • შეფასებისთვის ხელსაყრელია და მოიცავს მრავალფეროვან პროდუქტებს, როგორიცაა ზეპირსიტყვიერი პრეზენტაციები, წერილობითი მოხსენებები, მასწავლებლის; დაკვირვებები/ჩანაწერები, მოკლე ქვიზები, ვიქტორინები, პრე- და პოსტტესტები და ა.შ
  • ფოკუსირებულია უნარ-ჩვევებისა და ცნებების დაუფლებაზე, ანუ შერწყმულია სწავლის პროცესთან.

კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა სპეციალური განმარტება. კონსტრუქტივისტულ გაკვეთილზე მოსწავლემ უნდა ააგოს ახალი ცოდნა. ეს ახალი ცოდნა შეიძლება იყოს, მაგალითად, ცნება, ალგორითმი, თვისება, წესი, ამოხსნის ხერხი ან სხვა ობიექტი, რომელიც სასწავლო საგნის შინაარსობრივი სტრუქტურის შემადგენელი ელემენტია. ამიტომ კონსტრუქტივისტული გაკვეთილის შეფასების დროს კრიტერიუმთა უმრავლესობაში დაუშვებელია არადამაკმაყოფილებელი შეფასება, დიფერენცირებული გაკვეთილის შემთხვევაში კი – უკლებლივ ყველა კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს.

ასე დაგეგმილი გაკვეთილი ნათელი დასტური იქნება იმისა, რომ მასწავლებელი აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტების შესაბამის მუხლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

ივნისი, ბავშვობის ბაღი

0

ზაფხული მოდის,  ბავშვობის გახსენების დრო. როცა მოსწავლეებს ბოლო გაკვეთილებს უტარებ, მათ თვალებში კი მოუთმენლობას ხედავ – მოსალოდნელი არდადეგების, ცივ-ცივი მდინარეების, თავგადასავლების და ახალი შეხვედრების გამო, რომელთაც თითქოს შენ, მასწავლებელი აყოვნებ იმით, რომ სასწავლო წლის ბოლო დღეებში გაკვეთილებს ატარებ. რაღაც დროს ქართული ენა და ლიტერატურაა? რაღა დროს ტესტებია და გამოკითხვები? არადა, თავადაც გახსოვს, ეს ბოლო დღეების მოუთმენლობა.

ჩემი საზაფხულო თავშესაფარი არც რომელიმე სოფელი ან მთიანი აგარაკი, არც ზღვის კურორტი თუ საინტერესო ბანაკი, არამედ ერთი პატარა ბაღი იყო – თბილისის გარეუბანში.  ჰოდა,  მინდა გიამბოთ, ამბავი ბაღზე, რომელთან დამშვიდობებაც ბავშვობის დაკარგვას ჰგავდა…

მამა ადრე გარდაიცვალა და დედაჩემი, თითქმის პატარა გოგო –  სამი ბავშვის ამარა დარჩა. ბევრი არაფერი, ერთი ბაღი გვქონდა ქალაქის გარეუბანში, სასაფლაოსთან ახლოს, სადაც მამა იყო დაკრძალული. მაშინ იქ ტრამვაი დადიოდა, დღემდე მახსოვს,  ჩავსხდებოდით ტრამვაიში, რომელშიც განსაკუთრებით გაპიწკინებულსაყელოიანი პენსიონერი მოხუცები მგზავრობდნენ ( ასე მახსოვს, რატომღაც), მივჩაქჩაქებდით  და მოვჩაქჩაქებდით. ოღონდ უკანა გზაზე დატვირთულები მოვდიოდი – მოგვქონდა ხილი, ბოსტნეული, ყვავილები, მიწა ოთახის მცენარეებისათვის.

მერე, ცოტა მოგვიანებით, ავადსახსენებელ ოთხმოცდაათიანებში, როცა საშაქრეში შაქარი გათავდა და მაცივარში რძის პროდუქტები,  სამშვილიანი და ქვრივი პატარა გოგოსთვის ის ბაღი შვილების გადარჩენის ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა. ჰოდა,  ფიზიკის ფაკულტეტის ხუთოსანი სტუდენტი ისე თანდათან გახდა გამოცდილი მებაღე, რომ თვითონაც ვერ შეამჩნია…

დღემდე მახსოვს ჩვენი ბაღის დაბურული ტევრი და სიგრილე, ტყის მოშინაურებული კენკრით დაწყებული და თბილისის ჰავას ძლივსშეგუებული ციტრუსებით დამთავრებული…

გაზაფხულიდან რომ დაიწყებდა მწიფობას, ხილის კრეფას და მურაბა-კომპოტების დამზადებას ვერ ავუდიოდით… მაისის ბლის ფოიერვერკი – პირველი სიტკბო და ხეს ჩიტებივით შესეული ბავშვები, ათასგვარად დამყნობილი ალუბლების მოტკბო-მომჟავო იდუმალება, შავი და თეთრი ლეღვის ბიბლიური სიმწიფე და ყუათი, ალექსანდრეს თუ ხეჭეჭური მსხლების თაფლივით გემო – ზედმეტი სიტკბოსგან სიმწარეში გადასული, მერე, გვიან შემოდგომაზე ჩვენს ბაღს ხურმა და კარალიოკი აჩახჩახებდა, გამჭვირვალე თითა და დაბინდული ალადასტური…

ბოსტნეული? ვინ მოთვლის სხვადასხვა ჯიშის ყაბაყს და პომიდორს, ლობიოს და ცერცვს, ბარდას და ოსპს?  ის ბაღი ნამდვილი საბადო იყო – მიწაში თუ მიწის ზემოთ, ხეზე თუ ღობეზე – ყველაფერი ყვავილობდა და მწიფდა…

ბაღს ერთ მხარეს ოსი დიასახლისის ეზო ემეზობლებოდა, მეორე მხარეს უზარმაზარი, სამსართულიანი სახლი იდგა, მისი პატრონი თითქმის არასდროს მინახავს, აი, მათი შავი ბლის გემოს კი ამნეზიის ურთულესი ფორმაც ვერ დამავიწყებს. თუკი ღობის გადმოღმა, ანუ ჩვენს ბაღში მდგარ ლეღვის ხეზე აცოცდებოდი, მათი ბლის დახუნძლულ ტოტებსაც მშვენივრად მისწვდებოდი…

 ერთ გაზაფხულს სახლის უკან, პატარა, დაახლოებით 30  მეტრიანი ნაკვეთი გამომიყო დედამ და მითხრა, რაც გინდა დარგე, დათესე და მოიყვანეო… ძირითადად კენკროვანები მქონდა, მათდამი ჩემი გარდარეული სიყვარულის მიზეზით, სამი ჯიშის მარწყვი, წითელი და შავი მოცხარი, ჟოლო და მაყვალი ( ნერგებით ბაბუა მამარაგებდა, მშრომელი და ჩუმი კაცი). ჰოდა, იმ წელიწადს მურაბების თაროს ჩემი მოსავალიც მიემატა…)

დეკორატიული მცენარეები? ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა – ფერები და ფორმები აუწერელი, ვარდები – სრულიად წარმოუდგენელი შეფერილობის, იასამნები – თეთრი, იისფერი, ვარდისფერი, მუქი იასამნისფერი და კიდევ ერთი ფერი, რაღაც გარდამავალი რძისფერსა და ბაც ცისფერს შორის… ათასფერი გეორგინები, პიონები და ქრიზანთემები, გლადიოლუსები, ნარცისები თუ ტიტები…

ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ იმ ამბების მერე თითქმის 20 წელი გავიდა, ზუსტად მახსოვს, რომელ კუთხეში რა იყო, სად-უნაბი, სად-მოცხარი და ჟოლო, სად – ნიახურისა და პიტნის რიგები, სად – ბადრიჯანი, პომიდორი და გოგრა. სად იდგა რკინის დაჟანგებული მაგიდა, რომელთანაც დაღლილები ვსადილობდით ხოლმე, როგორი გემო ჰქონდა წყალს, როგორ წითლად ღადღადებდნენ ეზოს შესასვლელში მდგარი ბროწეულები….

მივიდოდით ჩვენს ბაღში, საქმეს გაგვინაწილებდა დედა, ვიმუშავებდით, დავბარავდით, დავთოხნიდით, ბაღს ხმელი ფოთლებისგან გავათავისუფლებდით, მოსავალს დავკრეფდით, ლობიოს ჭიგოებს გავუსწორებდით, ხეებს ჭიებისგან დასაცავ სითხეს შევასხურებდით, მოკლედ, ათასი საქმე იყო… მერე დედა ყვავილებისგან ულამაზეს თაიგულს შეკრავდა და გავლისას, მამის საფლავზე ტოვებდა… ყოველ მისვლაზე სხვადასხვაგვარი იყო ეს თაიგული, წელიწადის დროის, განწყობის, ხასიათის მიხედვით…-ხან სადა და ერთფერი, ხან ჭრელი, ხანაც შემოდგომის ფოთლებით შეკრული…

მოკლედ, ასე, მერე დრო გავიდა, გავიზარდეთ და სხვადასხვა მიზეზის გამო ბაღის გაყიდვამ მოგვიწია. მე ლექციებზე დავდიოდი და მყიდველთან მოლაპარაკების პროცესებს არც დავსწრებულვარ, დედა ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა, თავისთვის განიცდიდა, მერე ვკითხე, ვინ იყიდა-მეთქი. -არ ვიცი, პატიოსანი კაცი იყოო – მითხრა და მორჩა.

დიდი ხნის მერე, რაღაც ლიტერატურულ გადაცემას ვუყურებდით ერთად, უცებ, ეკრანს დააკვირდა, მიმახედა და მითხრა – ნახე, ეს ის კაცია, ვინც ჩვენი ბაღი იყიდა.

ის კაცი, ძალიან ნიჭიერი  მწერალია,   ვიღაცისთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მე კი ძალიან გამიხარდა…ყოველთვის ვიცოდი, რომ შემთხვევით არ ანათებდნენ ჩვენი ეზოს კარალიოკები ღამით. იმას კი , როგორ იქცა ჩემი ბავშვობის ბაღი სხვისი მოთხრობის ან რომანის პერსონაჟად, ოდესმე ალბათ ის მწერალი  გიამბობთ.

 ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – მოკალი მამა!!!

0

ამჯერად ჩემი მოსწავლის, ნანუკა გოგუაძის, დაკვირვებებს გთავაზობთ.

დღეს წიგნის შერჩევისას დიდ როლს ასრულებს დიზაინი და ხშირად პროვოკაციული სათაურიც. ამ მარკეტინგული ხრიკის წყალობით, ხშირად უინტერესო წიგნი ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე –  არაეფექტურად გაფორმებული. წინა საუკუნეებში მკითხველის ყურადღების მისაქცევად დიდი როლი ეკისრებოდა ისევ სათაურს და მასთან ერთად ეპიგრაფს ან შესავალს. ამ სამიდან, ეფექტის შესაქმნელად, ყველაზე იშვიათად ეპიგრაფი გამოიყენებოდა. როგორც წესი, ის არ ეკუთვნოდა თავად ავტორს. ეპიგრაფი წინა პლანზე წამოსწევს ნაწარმოების სათქმელს. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მკითხველი, თუკი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ეპიგრაფს, მის თვალწინ საბოლოოდ უნდა გაიხსნას მწერლის გამოცანა, ეს კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ავტორის ჩანაფიქრი გამართლდა, მან შეარჩია ისეთი ეპიგრაფი, რომელსაც რამდენჯერაც მიუბრუნდება მკითხველი, იმდენჯერ გაახსენდება ნაწარმოები და იმდენჯერ დაფიქრდება ნაწარმოების დედააზრზე. ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, რომელშიც ეპიგრაფი დიდ როლს ასრულებს, ოთარ ჭილაძის „გოდორია“. ნაწარმოებს წინ უძღვის ამონარიდი მათეს სახარებიდან (10:20): „და აღდგნენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდნენ მათ.“ ეს სიტყვები ზუსტად ასახავს რომანში წამოწეულ პრობლემას, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, აღნიშნული ეპიგრაფი სხვა დატვირთვასაც ატარებს, რომელიც ავტორმა მკითხველს ამოსაცნობად დაუტოვა. ამიტომაც საინტერესოა, პასუხი გაეცეს შეკითხვას, რა როლს ასრულებს ეპიგრაფი ოთარ ჭილაძის რომანის „გოდორის“ გაგებაში?

ვინ კლავს მამას?

ადამიანისთვის ძნელია მეხსიერებიდან, ძვალრბილში გამჯდარი, შესისხლხორცებული რწმენიდან ამოშალოს ის, რისიც მრავალი წლის განმავლობაში სჯეროდა. ხშირ შემთხვევაში ადამიანს სხვისი განსჯა უფრო უადვილდება, ვიდრე- საკუთარი თავის, რადგან იგი სხვათა შესწავლას და განქიქებას იმაზე უფრო მეტ დროს ანდომებს, ვიდრე საკუთარი შეცდომების გაანალიზებას. რომან “გოდორში” ოთარ ჭილაძე მკითხველს ანტონ მეორეს სახით წამოუჩენს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეძლო და მრავალწლიანი “პატიმობის” შემდეგ საკუთარ თავში მოკლა მამა-ავტორიტეტი. მამაზე დამოკიდებული ანტონი ნაწარმოებში მამის მკვლელობის სცენამდე ნაკლებად იპყრობს მკითხველის ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად მას ეხება რომანში განვითარებული მოვლენები: ლიზიკოს ცოლად მოყვანა და ლიზიკოს ღალატი მამამისთან. ესეც ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ მკვლელობამდე ანტონს მწერალი, როგორც ცალკე აღებულ ინდივიდს, ისე კი არ განიხილავს, არამედ როგორც კაშელების მოდგმის ერთ-ერთ ნაწილს. ანტონისთვის მამის სიტყვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საკუთარი აზრი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. სწორედ ამიტომ, როცა ლიზიკოს ქორწილის შემდეგ სურვილი უჩნდება, გაემგზავროს საზღვარგარეთ, ანტონის მაგივრად რაჟდენი წყვეტს, შეუსრულოს თუ არა რძალს ეს სურვილი.  რაჟდენი ოჯახის ლიდერია, მაშასადამე, ოჯახის ყველა წევრისთვის მისი სიტყვა კანონის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი ანტონის გარშემომყოფების რეაქცია ანტონის ნებისმიერ საქციელზე, უნიათო და უსუსურ პერსონაჟს თითქოს ყველაფერი ეპატიება კიდეც, რადგან გულის სიღრმეში ყველა უთანაგრძნობს მას და უნდათ კიდეც, მამის ავტორიტარიზმთან ერთად პერსონაჟმა დაამარცხოს ეს უსუსურება. მკითხველს უცნაურად კი ეჩვენება, მაგრამ მაინც არ უკვირს, როცა პოლიციის ოფიცერი ანტონს არ აპატიმრებს, პირიქით, ამბის გაგების შემდეგ, სუფრასთანაც მიიპატიჟებს.  ფეფე (ანტონის დედა და რაჟდენის ცოლი) და ლიზიკო რაჟდენის გვამის მოსაშორებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. ის ადამიანები, რომლებმაც, წესით და რიგით, ანტონი უნდა განსაჯონ მამის მკვლელობის გამო, ხელგაშლილი ეგებებიან პეპლადქცეულ მატლს. რაჟდენის დიქატატურას ამარცხებს შვილი. მკითხველისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება და, ერთი შეხედვით, გაუგებარიც, როდესაც ნაწარმოების მომდევნო სიუჟეტებში აღმოაჩენს, რომ რაჟდენი ცოცხალია. ძნელად აღსაქმელია ის ფაქტი, რომ ანტონი მამას არა ფიზიკურად, არამედ წარმოსახვაში კლავს: “მამის არსებიდან საკუთარი წარმომავლობა, ფესვი ამოძირკვა და ჩვენში რომ ვთქვათ, ეს არის მისი პირდაპირი დანიშნულებაც, ამისთვისაა საერთოდ მოვლენილი ქვეყანაზე.”  მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოცდასამი წლის “პატიმრობის” განმავლობაში ანტონი მამის წნეხის ქვეშაა, მამას მხოლოდ მაშინ კლავს, როდესაც საკუთარი თვალით ხედავს მის ღალატს. მანამდე ანტონი თავს იტყუებდა, არ უნდოდა მამის ნამდვილი სახის დანახვა. შესაძლოა, პატარაც იყო რადიკალური ნაბიჯისთვის. რაჟდენის შვილისადმი დამოკიდებულებით აიხსნება მისი უმოქმედობა, როცა ანტონს სამზარეულოში ცულით ხელში დაინახავს. იგი არ აჩერებს შვილს, რადგან ეჭვი ეპარება მის გამბედაობაში. ანტონი ყოველთვის მამაზე იყო დამოკიდებული, მამის მითითებებს ასრულებდა. რაჟდენისთვის ძნელი დასაჯერებელია ანტონის მკვეთრი გარდასახვა და მისი საბოლოო ნაბიჯი-განაჩენი. აქვე უნდა აღინიშნოს ანტონის გაოცებაც მამის დუმილზე: ” რადგან მამის ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი ტონით ნათქვამი, უმალ ცულს დააგდებინებდა, ვიდრე ნავთს დაუსხამდა ცეცხლზე…” ანტონის გარდასახვა ზუსტად ამ მონაკვეთში იკვეთება. ჯერ კიდევ ცულით ხელში მდგომს შეეძლო გადაეფიქრებნა, რომ არა მამამის დუმილი, რაც ანტონმა:” ცოლთან ღლაბუცზე მეტად, სწორედ ეს დუმილი ვერ აპატია მამას…” მამის დუმილმა გადაადგმევინა ანტონს ეს ნაბიჯი. მამამ “ცულშემართულიც არაფად ჩააგდო”. სწორედ ესაა ბოლო წვეთი – მატლი ხოხვას თავს ანებებს და პეპლადქცეული ფრენისთვის მზადებას იწყებს. ჩემი აზრით, ანტონი ჩვენი უახლესი დროის საქართველოა და დიახ, ეს უახლესი საქართველო უარს აცხადებს წარსულზე და ახალ გზაზე შედგომას ცდილობს. ძველს – საბჭოთა საქართველოს ვერ წარმოუდგენია, რომ მის გარეშე დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ნაშიერი რამეს გახდება, „მათი“ დამოკიდებულება ხომ მამა-შვილი კაშელების დამოკიდებულების მსგავსი იყო. ქართველ ხალხშიც ისევე იგრძნობოდა შიში – ჯერ რეჟიმის მიმართ, შემდეგ ცვლილების, ბოლოს კი – დამოუკიდებელი მომავლის წინაშე. ქართველმა ერმა ისეთივე არჩევანი უნდა გააკეთოს, როგორც ანტონმა: ” მამა და ცოლს შორის კი არა, არამედ მამის ჩრდილში მატლივით ღოღვასა და გაფრენის იმ წამიერ შეგრძნებას შორის, ცულის დაქნევისთანავე რომ დაეუფლა…” სწორედ იმ “წამიერი შეგრძნებით” იწყება ანტონის მეტამორფოზი. “ჩრდილში მატლივით ღოღვიდან” ანტონი გარდაიქმნება პეპლად. საქართველომაც უნდა ჩაკლას საბჭოთა წარსული, რადგან სხვა შემთხვევაში მას თავად გაანადგურებს ეს წარსული.

ნაწარმოების კითხვისას მკითხველს, შესაძლოა, დაებადოს შემდეგი კითხვა: ხომ არ იყო ანტონის საქციელი მხოლოდ იმპულსური ქმედება, პასუხი მამისა და ცოლის ღალატის დანახვის გამო  თუ ეს იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ანტონს დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა? მაგრამ ეს კითხვა არასწორია, რადგან პასუხი მასზე მთლიანობაში განხილული ტექსტია: ანტონისთვის ლიზიკო მხოლოდ საბაბი გახდა იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს მოეკლა მამა, გათავისუფლებულიყო დიქტატორისგან. თანაც, თუ მისი საქციელი იმპულსური იყო, მაშინ ნაწარმოებში ერთხელ მაინც უნდა გაისმას ანტონის სინანულშეპარული ხმა. ამის ნაცვლად კი ავტორი გვეუბნება: ” რადგან იქაც, სიკვდილის საუფლოშიც, ისევე მოექცევა მამას, როგორც აქ მოექცა, სამზარეულოში – თავს გაუპობს ცულით… თავს გაუპობს ცულით ერთადერთ ადამიანს, რომლისაც სწამდა, რომელიც ეიმედებოდა და რომელსაც სიმბოლოდ თვლიდა საერთოდ ადამიანობისა, ვიდრე იმან ბრანწი არ დაანახა…” გამოდის, რომ ანტონს კიდევ ერთხელ რომ მიეცეს შანსი, ისევ იმავეს ჩაიდენს. რომანის შინაარსი ცხადყოფს ჭილაძის ხედვას: საბჭოთა საქართველო უარს ამბობს მომავალზე, იგი ისეთი შეხედულებებით ზრდის თაობებს, რომ ისინი გამოსავალს მხოლოდ შემგუებლობაში ხედავდნენ. ეს ნამდვილი კატასტროფაა და ამიტომაც მომავლის უარმყოფელი მამა შვილის ხელით სიკვდილით დაისჯება.

სად არის დედა?

ოთარ ჭილაძის რომანის „გოდორის“ კვლევამ წარმოაჩინა, რომ არა ტექსტის წინ წამძღვარებული ეპიგრაფი – ამონარიდი მათეს სახარებიდან – მკითხველს ნაწარმოები შეიძლება არასწორადაც გაეგო. ამ შემთხვევაში ეპიგრაფი ის ერთადერთი გასაღებია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ისე გავიაზროთ ავტორის გზავნილი, როგორც ეს თავად მას უნდა. ეპიგრაფის სიტყვები შვილების მიერ ამბოხს და მის უკიდურეს შედეგს, მშობლების მკვლელობას გულისხმობს. ციტატაში ორივე მშობელი ერთნაირად იგულისხმება. ოთარ ჭილაძის რომანში კი ძირითადი აქცენტი მამის მკვლელობაზე კეთდება. მამა მორალურად ძალადობს შვილზე, მორალურად ანადგურებს შვილს, ფაქტობრივად ეს მომავლის მკვლელობაა. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ძალადობით გადაღლილი დათრგუნული შვილი ადეკვატურ პასუხს სცემს მოძალადეს. დამხობილი მამა ვეღარ უნდა გაიმართოს წელში, მისმა თესლმა, მოდგმამ და ჯილაგმა არსებობა უნდა შეწყვიტოს. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით, თორემ ის შთამომავალი, რომელიც არტახებიდან გათავისუფლებას მოახერხებს, წელშიც გაიმართება და მანამდე ხოხვას შეჩვეული მატლი პეპელასავით მომავლისკენ გასაფრენად მოემზადება. პეპლის მომავალი გაურკვეველია, ბინდითაა მოსილი, მაგრამ მაინც ასეთი ბურუსიანი მომავალი ჯობს ნათლად გამოკვეთილ მონურ მდგომარეობას, შემგუებლურ, უნუგეშო მომავალს. მაგრამ სად არის ამ დროს დედა? მამა, რომელიც რომანის მთავარი აქტორია, თავისი ქმედებებით იმდენად ჩრდილავს დედას, რომ მკითხველს აზრი ეკარგება, ავიწყდება, რომ დედის კისერზეც არანაკლები, თუ მეტი არა, დანაშაულია. რომანში „პირველი დედა“ რაჟდენის მშობელია, მაგრამ, ვაჟიშვილის ღირსებაზე ზრუნვის ნაცვლად, გოდრის ჭუჭრუტანიდან გარყვნილების საამურად მაცქერალ ბავშვს ტოვებს დედამიწაზე, „მეორე დედა“, რაჟდენ პირველის ცოლი და ანტონ პირველის დედა, კაზაკია და მან ეროვნებასთან ერთად თავმოყვარეობის განცდაც დაუკარგა ანტონ პირველს. ანტონ პირველი კაშელი აროსტოკრატ ქეთუსიაზე ქორწინდება, მაგრამ ამ ქალბატონს იმდენად გაუთელა მანამდე ყველანაირი გრძნობა მამისა და პირველი ქმრის მოკვლით, რომ ქეთუსიამ, იმის ნაცვლად, რომ შურისმაძიებელი შვილი აღზარდოს, სრულიად დეგრადირებულ რაჟდენ მეორეს შობს. ეს რაჟდენი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე მისი წინაპრები იყვნენ, რადგან, თუკი პატრიარქი რაჟდენი და ანტონი პირდაპირ კლავდნენ, პირდაპირ აწამებდნენ და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდნენ, ქეთუსიას ვაჟიშვილი ბალახში ჩაბუდებული გველი არის. და ბოლოს ფეფე, პეპლადქცეული ანტონის დედა, რიგით მესამე დედა რომანში. მას არავინ არაფერს ეკითხება, ეს მისი დამსახურება კი არ არის, რომ შვილმა-მატლმა მატლობას თავი დააღწია, არამედ მის გამოცაა, რომ ანტონი მამას აუმხედრდა. ანტონი მამის მკვლელობით უსახურ ფეფესაც კლავს, ოღონდ არა ფიზიკურად, არამედ გადატანითი მნიშვნელობით და მას სამარადისო სასჯელად მოკლული ქმრის აყროლებული სისხლის წმენდას მიუსჯის.

ამდენად, რომანის კვლევამ ცხადყო, რომ მიუხედავად რომანში განვითარებული მოქმედებისა, მიუხედავად მამის მკვლელობისა, მიუხედავად იმ აქცენტებისა, რომლებიც მთავარ დამნაშავედ კაშელების მამრ წარმომადგენლებს წარმოაჩენს, ოთარ ჭილაძის მიერ რომანის ეპიგრაფად შერჩეულმა სახარებისეულმა პასაჟმა უნდა დაგვაბრუნოს ტექსტთან და სხვაგვარად ავხსნათ მანამდე გაგებული გზავნილები, აქცენტები ახლებურად დავსვათ და რომანიც განსხვავებული პერსპექტივიდან წავიკითხოთ. ამგვარი წაკითხვით დედაც მამაზე არანაკლები დამნაშავეა. შესაბამისად:

1.მამის „მკვლელობა“ (ცხადია, სიმბოლური აქტი) აუცილებელია, რადგან მამა მოძალადეა და საფრთხეს უქმნის შვილის ღირსეულ მომავალს;

  1. დედის „მკვლელობა“ აუცილებელია, რადგან დედა, თავისი მოქმედებითაც და უმოქმედობითაც, განაპირობებს შვილის ზნეობრივ/უზნეო ადამიანად ჩამოყალიბებას.

როგორც ვნახეთ, რომანში თამაშდება მამის წარმოსახვითი მკვლელობა, საერთოდ არაფერია ნათქვამი დედის მკვლელობაზე და, რომ არა რომანის ეპიგრაფი, მკითხველს დედის ფაქტორი სრულებით გამორჩებოდა და მწერლის გზავნილს სათანადოდ ვერც გაიაზრებდა.

თანამედროვე მონარქიული ქვეყნები

0

მონარქია (ბერძნ. μονάρχης: μόνος – ერთი, ერთადერთი; ἀρχων – მმართველი, ლიდერი) სახელმწიფო მმართველობის უძველესი ფორმაა, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების თავმოყრას ერთი ადამიანის, მეფის, ხელში. წინათ სახელმწიფოთა უმეტესობას მეფე მართავდა. თავდაპირველად მეფეს ხალხი ირჩევდა. მოგვიანებით მონარქებმა ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა დაიწყეს. მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები. იმ დროს მონარქი აბსოლუტური მმართველი იყო. თუმცა მისი უფლებები ყველა ქვეყანაში განუსაზღვრელი არ ყოფილა. მაგალითად, შუმერთა მმართველის ძალაუფლებას ქალაქის თვითმმართველობა ზღუდავდა; რესპუბლიკის ნიშნები შეინიშნებოდა ათენსა და რომში („ათენის დემოკრატია“ – ძვ.წ. V-IV საუკუნეები და „რომის რესპუბლიკა“ – ძვ.წ. 510 წ.). ჯუჯა სახელწიფო სან-მარინო, რომელიც მე-4 საუკუნეში დაარსდა, უძველეს რესპუბლიკად ითვლება.

პარლამენტარიზმისა და ანტიმონარქიზმის აღორძინება ინგლისის პარლამენტში მომხდარი მოვლენებისა და საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ დაიწყო, თუმცა ქვეყნების უმრავლესობამ მმართველობის ფორმა მე-20 საუჯუნეში შეიცვალა. ცვლილება უკანასკნელად ნეპალის სამეფოში მოხდა 2011 წელს. რეფერენდუმის შედეგად ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა.

ამჟამად მსოფლიოში მონარქიის სამი ფორმაა გავრცელებული: კონსტიტუციური (საპარლამენტო), დუალისტური და აბსოლუტური.

se1

მსოფლიოს მონარქიული ქვეყნები. ██ კონსტიტუციური მონარქია ██ სამეფოთა თანამეგობრობა ██ ნახევრად კონსტიტუციური მონარქია ██ აბსოლუტური მონარქია ██ მონარქია ზოგიერთ სუბნაციონალურ ერთეულში

როგორც რუკიდან ჩანს, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნები უმთავრესად ევროპაშია: ანდორა, ბელგია, დანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი… ანდორა საპარლამენტო სამთავროა (საპარლამენტო დემოკრატია) და ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატს ექვემდებარება. ის უნიკალური მონარქიაა: სახელმწიფოს მეთაურები არიან ურხელის (ესპანეთი) ეპისკოპოსი და საფრანგეთის პრეზიდენტი.

ლიხტენშტაინის სამთავრო და მონაკოს სათავადო კონსტიტუციურ მონარქიებს წარმოადგენენ დუალისტური მონარქიის ნიშნებით. დუალისტური მონარქია მმართველობის არამდგრადი ფორმაა, რადგან მონარქიც და პარლამენტიც ყოველთვის ცდილობენ, უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვონ. მონარქს სურს, თავისი ხელისუფლება აბსოლუტური გახადოს, ხოლო პარლამენტს – კიდევ უფრო შეზღუდოს მეფის ხელისუფლება და მონარქია საპარლამენტო ფორმაში გადაიყვანოს. ამიტომაცაა, რომ დუალისტური მონარქიის ჩვენება კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე არცთუ ადვილია, ვინაიდან ის ხან ერთი (აბსოლუტური მონარქიის), ხან მეორე (საპარლამენტო მონარქიის) ფორმისკენ იხრება.

მონაკოს თავადის უფლებები ფაქტობრივად შეუზღუდავია. 2002 წელს სათავადოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და საკანონმდებლო ორგანოს (ნაციონალური საბჭოს) უფლებები ოფიციალურად გაიზარდა. ლიხტენშტაინის სახელმწიფო მეთაურია თავადი. საკანონმდებლო ორგანო, ერთპალატიანი ლანდგატი, 25 დეპუტატისგან შედგება. აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენენ მთავრობის მეთაური და 4 საბჭო. ქვეყნის მეთაურს, პრინცს, შეუძლია მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნა.

აზიის ქვეყნებიდან კონსტიტუციური მონარქია არის ბუტანში, კამბოჯაში, იაპონიასა და ტაილანდში.

ბრუნეი, ომანი, ყატარი და საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიის ქვეყნებია. არაბთა გაერთიანებული საემიროები ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოა, რომელიც 7 აბსოლუტური მმართველობის საამიროსგან შედგება.

ბრუნეი, საუდის არაბეთი და ვატიკანი აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიის ქვეყნებია, სადაც სახელმწიფოს მეთაური რელიგიური ლიდერია. საუდის არაბეთის კანონმდებლობა ყურანზეა დაფუძნებული. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია მეფე, რომელიც ქვეყნის რელიგიური ლიდერიცაა. მონარქის ხელისუფლება თეორიულად მხოლოდ შარიათის წესებითაა შეზღუდული. არაბეთის უმაღლესი საკონსულტაციო საბჭო, მეჯლის აშ-შურა, 1992 წელს დაარსდა. ეს არის სახელმწიფო სათათბირო, რომლის კანდიდატებსაც თავად საუდის არაბეთის მონარქი არჩევს. აქამდე მის წევრებად მხოლოდ მამაკაცები ინიშნებოდნენ ოთხი წლის ვადით. ამჟამად, საუდის არაბეთის მეფის, აბდულას (აბდულაჰ ბინ აბდულ აზიზი), განკარგულებით, სახელმწიფოს 150–წევრიან უმაღლეს საკონსულტაციო საბჭოში 30 ქალი დაიშვება. პრეტენდენტმა ქალებმა არაერთი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. მაგალითად, მეჯლის აშ-შურას წევრობის უფლება მხოლოდ 30 წელს მიღწეულ ქალებს ექნებათ, რომლებიც თავიანთ პროფესიულ სფეროში მაღალი კვალიფიციურობით გამოირჩევიან.

ომანის სასულთნოშიც კონსტიტუციის მაგივრობას ყურანი ასრულებს.

ბაჰრეინი და ქუვეითი დუალისტური მონარქიის ქვეყნებია, მაგრამ მონარქები გარკვეულ ძალაუფლებას ინარჩუნებენ.

იორდანიასა და მალაიზიაში კონსტიტუციური მონარქიაა, მაგრამ მათი მონარქები გარკვეულ ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებენ. მონარქი ნიშნავს მინისტრებს, აყალიბებს მთავრობას და ამაში პარლამენტს ანგარიშს არ უწევს, მთავრობა კი, თავის მხრივ, მხოლოდ მონარქის წინაშეა პასუხისმგებელი.

მაროკო, ლესოტო და სვაზილენდი (აფრიკა) კონსტიტუციური მონარქიებია. ლესოტოში მეფის ფუნქციები შეზღუდულია და საცერემონიო ფუნქცია აქვს. ის ნაციონალური ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. სვაზილენდში კი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მეფის ხელშია, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლებაც აქვს.

se2

ტონგას სამეფო ოკეანეთში ერთადერთი მონარქიული ქვეყანაა, თუ არ ჩავთვლით თანამეგობრობის ქვეყნებს, სადაც სახელმწიფოს მეთაურად გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ითვლება. ტონგაში ეტაპობრივი პოლიტიკური რეფორმა ტარდება. კონსტიტუციის თანახმად, მეფის პიროვნება უზენაესია, ის ყველა ბელადისა და ტონგის მთელი ხალხის მეთაურია, მართავს ქვეყანას, მაგრამ პასუხისმგებლობას იღებენ მინისტრები.

se3

ტონგას სამეფო

ინდონეზიის რესპუბლიკაში არის ყველაზე პატარა პროვინცია ჯოკიაკარტის სპეციალური რეგიონი, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს. ის ერთადერთი პროვინციაა ინდნონეზიაში, რომელიც ჯერ კიდევ კოლონიალიზმამდელი მონარქიის გზით იმართება. ჯოკიაკარტის სულთანი პროვინციის მემკვიდრეობითი გუბერნატორია.

se4

ჯოკიაკარტა (ინდონეზია)

ახალი ზელანდიის დაქვემდებარებაშია ტოკელაუ, რომელიც სამი ატოლისგან შედგება. დამოკიდებული ტერიტორიის სახელმწიფოს მეთაურია ახალი ზელანდიის მონარქი (დედოფალი ელისაბედ II). ატოლებს მართავს საბჭო, რომელშიც კუნძულების სამი ბელადი შედის. 2006-2007 წლებში ტოკელაუსთვის ახალი სტატუსის (თავისუფალი ასოციაცია) მისანიჭებლად რეფერენდუმი ორჯერ ჩატარდა, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 60%-მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებელი ასოციაციის შექმნას (საჭირო იყო მოსახლეობის 66%-ის მხარდაჭერა), ამიტომ ტოკელაუმ შეინარჩუნა ძველი სტატუსი: არათვითმართვადი ტერიტორია სხვისი მმართველობის ქვეშ.

ამჟამად ტოკელაუ ახალი ზელანდიის სამფლობელოა, იმართება 1948 წლის ტოკელაუს აქტისა და 1963–1999 წლებში მასში შესული შესწორებების საფუძველზე. ამ დოკუმენტის თანახმად, ახალი ზელანდია უზრუნველყოფს ტოკელაუს კუნძულების თავდაცვას.

უგანდის რესპუბლიკა (აფრიკა) დაყოფილია 80 ოლქად და 4 ადმინისტრაციულ რეგიონად – ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებად. ოლქები სოფლებად და ქალაქებადაა დაყოფილი. ხშირად ოლქების სახელები მათი მნიშვნელოვანი კომერციული ცენტრებისა და ქალაქებისგან მომდინარეობს. ქვეყნის მმართველი ადმინისტრაციის პარალელურად შემორჩენილია 6 ტრადიციული ბანტუს სამეფო კულტურული ავტონომიებით: ტორო, ანკოლე, ბუსოგა, ბუნიორო, ბუგანდა და რვენზურურუ. ანკოლე არაოფიციალური დობილია ვენდურეს სამეფოსი, რომელიც ვიქტორიაში, ავსტრალიაში მდებარეობს. უგანდის მნიშვნელოვანი ქალაქებია: გულუ;  ენტებე; კამპალა (დედაქალაქი);მასაკა; მბალე; მბარარა; სოროთი; ჯინჯა.

se5

ბოტსვანის რესპუბლიკის ორპალატიანი პარლამენტის ერთ–ერთი პალატა ბელადთა პალატაა. ის შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 დიდი ტომების ბელადები არისნ, 4 წევრია არჩეული, 3 – დანიშნული.

ზიმბაბვეშიც ორპალატიანი პარლამენტის ერთი სენატი ადგილობრივი ტომების ბელადებისგან (16 წევრი) შედგება.

ნიგერიის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ისლამური სახელმწიფო სოკოტო, რომელიც 1800 წელს შეიქმნა. სოკოტოს ხალიფა მართავს. აქ შარიათის კანონები მოქმედებს. მე-20 საუკუნეში ნიგერიის შემადგენლობაში შესული სოკოტო დღესაც ინარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც მუსულმანების სულიერი წინამძღოლი.

განის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ადრეფეოდალური სახელმწიფო აშანტი. მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს ოლქის სტატუსი მონარქიის ნიშნებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...