სამშაბათი, ივნისი 10, 2025
10 ივნისი, სამშაბათი, 2025

დახურული სივრცის მაგია  

0

ეპიგრაფივით:

მოდილიანი არაფერ შუაშია, მაგრამ ამ სტატიას რომ ვწერდი, თვალწინ მაინც მისი პორტრეტები მედგა: ჩახურული,სადღაც შიგნით, სულში მაყურებელთვალებიანი და მაღალყელიანი  ადამიანებით, ან  ჩაკეტილი კარის ფონზე ან კუთხეში რომ სხედან. ეს ყველაფერი ქმნის საოცარ მაგიას,რომელიც ძალიან გიზიდავს.

მ

ბავშვობიდან არ მიყვარდა ,,ღია გაკვეთილები“ და დამსწრეები. მაშინ მიზეზი სხვა მეგონა, მაგრამ ახლა ვხვდები, რატომ: ღია გაკვეთილებზე და დამსწრეებთან არც ჩვენი არაჩვეულებრივი მასწავლებელი იყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო და არც ჩვენ ვიყავით ჩვენ… ახლა, როცა მასწავლებელი ვარ, კიდევ უფრო  აღარ მიყვარს. ,,ღია გაკვეთილს“, თუნდაც არაჩვეულებრივს, კარმიხურული და ჩვეულებრივი გაკვეთილი მირჩევნია. ეს ის უცნაური მომენტია, როცა ღია სივრცეს ნამდვილად სჯობს დახურული სივრცე. იმიტომ, რომ იმ სივრცეში, რომელშიც მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლეები შედიან, უფრო მეტი თავისუფლებაა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც)!

ამ თავისუფლებაზე დიდი ხანია ვფიქრობ და ჩემთვის ,,დახურული სივრცის მაგია“ შევარქვი. ახალი სამყარო მაშინ იხსნება, როცა ზარის დარეკვის შემდეგ მასწავლებელი შედის კლასში, კარი იხურება და იწყებს უცნაურ მაგიას. ეს მაგია რაიმე განსაკუთრებულსა და არაჩვეულებრივს სულაც არ გულისხმობს (ოღონდ არც გამორიცხავს), ეს თითოეული ბავშვის გულთან, ან ყველასთან ერთად, უხილავი ნდობის ძაფების გაბმაა, ასე ძალიან რომ სჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ ჯერ თავი და მერე საგანი (პირიქით, მგონი, არ არსებობს, ან ძალიან იშვიათადაა) შეაყვაროს მოსწავლეს… თუ ეს დახურული სივრცე არ იქნება, არც ნდობა იქნება, თუ ნდობა არ იქნება, სიყვარული არ იქნება, თუ სიყვარული არ იქნება, ინტერესი არ იქნება, არც სიტყვა იქნება, არც ფიქრი, არც კამათი და ა. შ. მოკლედ ყველაფერი არაფერი გახდება მასწავლებელ – მოსწავლეებისთვის… ამას სულ ვგრძნობდი, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემი ერთ- ერთი მოფიქრალი მოსწავლის რჩევით ვნახე არაჩვეულებრივი ფილმი ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება“. ფილმი ერთ უცნაურ მასწავლებელზე, მისტერ კითინგზე, რომელიც თავის გაკვეთილებზე ბავშვებს ახევინებს პოეზიის თეორიის წიგნებს  და სპორტის დახმარებით აყვარებს პოეზიას. ნებისმიერი უცხო თვალისთვის ეს სიგიჟე და უფრო მეტიც, დანაშაულია, ბავშვებისთვის – მთელი სამყარო. არასოდეს დამავიწყდება ის სირცხვილის განცდა, ამ ფილმის ყურებისას რომ გამიჩნდა, რადგან არ ვიყავი და ვერასოდეს ვიქნებოდი ასეთი თავისუფლების მიმცემი მასწავლებელი ჩემი მოსწავლეებისთვის. მერე კლუბში რომ ვუყურეთ ერთად და ბავშვების აღფრთოვანებულ სახეებს რომ ვუყურებდი, კიდევ უფრო შემრცხვა და დავღონდი. მოკლედ, ამას არაფერი ეშველება, მაგრამ ის კია, რომ დავრწმუნდი, რა აუცილებელია ეს ,,დახურული სივრცის მაგია“.

ტოლათსოფელში მასწავლებლობდა ვაჟა-ფშაველა.უკლებლივ ყველა გენიოსივით ახირებული იყო ისიც. თბილისიდან მივლენილი ინსპექტორი დარსკი კლასში არ შეუშვა, გარეთ დაუდგა სკამი, აქედან მისმინეო. მამამისთან, პავლე მღვდელთან, დაუჩივლია დარსკის: შემიშვას, მისთვის უფრო ცუდია, არაფერს დავაშავებო. მხოლოდ მამის თხოვნის შემდეგ შეუშვია გაკვეთილზე ვაჟას ( აკა მორჩილაზე ,,ქართულის რვეულები“).

ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი ყველაზე წარმატებული, ფინური განათლების სისტემის  უმნიშვნელოვანეს პრინციპებს. ერთ-ერთია ნდობა:

,, სკოლაში მომუშავეთათვის არ არსებობს შემოწმებები, მეთოდისტები. განათლების სისტემა ქვეყანაში ერთიანია, მაგრამ მხოლოდ საერთო რეკომენდაციებს მოიცავს და ყოველი პედაგოგი სწავლების იმ მეთოდს იყენებს, რომელსაც შესაფერისად თვლის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისადმი ნდობა“–  და მაშინ ვთქვი, აჰა, ფინელებს ღრმად სწამთ ,,დახურული სივრცის მაგიის“!

მხოლოდ კლასის არა, პატარ – პატარა, შიდა ,,დახურული სივრცეების მაგიაც“ ამუშავდება ხოლმე მასწავლებელსა და მხოლოდ ერთ, ან მხოლოდ ორ, ან მხოლოდ სამ მოსწავლეს შორის.

ბევრი რამის გახსენება შეიძლება ამ ,,დახურული სივრცის მაგიაზე“ ლიტერატურიდან,  მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო ჩოხელის უუცნაურესი მოთხრობა ,,ნადირობა ოზანოს მთაში“ მგონია. ამ მოთხრობის მთავარი გმირი სამოცდაათი წლის ახირებული, მეზობლებისაგან ლამის გიჟად მიჩნეული ღრუბელა მექობაურია. ის სრულიად მარტო ცხოვრობს გალავანშემოვლებულ სახლში,ხანდახან თვეობით იკარგება ხოლმე და უკან უამრავი წიგნით დატვირთული ბრუნდება. მერე ან ამ წიგნებს კითხულობს, ან ღამღამობით გრძელი დურბინდით ცას შეჰყურებს. ერთი პატარა ბიჭი, გუჯია გაბედავს ღრუბელას სამანს გადააბიჯოს და პატარა ლეკვივით მიიჩვევს ღრუბელა. ასწავლის, როგორ იმოგზაუროს წარმოსახვით. დაანახვებს,რომ წარმოსახვის სამყარო გადაჯაჭვულია წიგნების სამყაროსთან. ასე უცნაურად, წარმოსახვით, მოხუცი ღრუბელა და გულადი ბიჭი გუჯია ყოველ დღე ხან მთებში მოგზაურობენ, ხან შხარას დაიპყრობენ, ხან ვარსკვლავებს ესტუმრებიან…იმისთვის, რომ მათი წარმოსახვა ,,რეალური“ იყოს,ზედმიწევნით სწავლობენ გეოგრაფიასა და ასტრონომიას, გულდასმით შეისწავლიან რაკეტის აგებულებას, თითო წელს თითო უცხო ენის შესწავლას უთმობენ…ხდება ღრუბელა მასწავლებელი და გუჯია მოსწავლე. ბოლოს ოზანოს მთებში მიდიან და წარმოსახვით ნადირობენ…ასე გრძელდება  მანამ,სანამ ერთ დღესაც გუჯია არ უღალატებს წარმოსახვას და მართლა არ მოკლავს ბელებიან დედა დათვს. აქ ყველაფერი მთავრდება.

ეს არის მართლა საოცარი მოთხრობა სამი რამის მაგიურ ძალაზე: წარმოსახვის მაგია, წიგნის მაგია და ეს ჩვენი ,,დახურული სივრცის მაგია“. და საუკეთესოდ ჩანს, რა ძალა აქვს მასწავლებელი- მოსწავლის  დასაკავშირებლად ჩარაზულ თავისუფლებას.

მეორე, რაც ამ თემაზე მახსენდება, ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთი  მოთხრობაა ,,სასწაული“. მათემატიკის მოხუც, ,,მტარვალ“  მასწავლებელსა და ოროსან 13  წლის ბიჭზე, გია ბარბაქაძეზე, იგივე გიორგი ნიკიფოროვიჩზე. ამ მოთხრობაში ისეთი სასწაული ხდება, რომელიც, როგორც წესი,  ოროსნებს არ შეემთხვევათ ხოლმე.გამოსაცდელად დაბარებული  გია მოხუცი მასწავლებლის ერთადერთი მხსნელი აღმოჩნდება და გარდა იმისა,რომ შემსწრე გახდება ფაქტის, როგორ ამბობს უარს მისი მწვალებელი მასწავლებელი თავის პროფესიაზე უკვე მოხუცებულობის გამო, ასევე მას  საჩუქრად სწორედ იმ საძულველ უბის წიგნაკს გადასცემს,რომლის ხელში ჩაგდებაზეც მუდამ ოცნებობდა, რათა გაენადგურებინა. ჰოდა,როცა მარტო დარჩენილი წიგნაკს გადაშლის, იქ აღმოაჩენს, რომ წერია მხოლოდ სახელები და გვარები და მათ გასწვრივ ჯერ ორიანები,მერე სამიანები,მერე ოთხიანები და სულ ბოლოს ერთი 5. აქედან ახალი სახელი და გვარი იწყება და ისევ ხუთიანით მთავრდება ნიშნების მწკრივი. მაშინ მიხვდება ბიჭი, რატომ უწოდა მასწავლებელმა უბის წიგნაკის გადაცემისას ,,გამოუსწორებელი მეასე“.

მაგრამ მთავარი ეს კი არა,ისაა,როგორ აღწერს მწერალი, უხილავი ნდობის ძაფების გაბმას ერთმანეთის პირისპირ მარტო დარჩენილ ,,მწამებელ“ მასწავლებელსა და წამებულ მოსწავლეს შორის. ქარჩხაძეს არ უყვარს მოკლე მოთხრობები  და არც ეს მოთხრობაა მოკლე,მაგრამ დრო და სივრცე უცვლელია,მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებლის ემოციები,ფიქრები იცვლება. მოთხრობას რომ დაასრულებ, ტკბილად გეღიმება ამ სასწაულებრივი მაგიით მოხიბლულ, გამოსწორების გზაზე დამდგარ ოროსან ბიჭს რომ ხედავ,როგორ მიაბიჯებს მეტიჩარა ნათიას სახლისკე: ,,გიამ ამ დღეს მრავალი რამ გამოსცადა: სიმწარეც და სიტკბოც.და ყოველივე ამას მხოლოდ ნათიას თუ ეტყოდა, რადგან სხვები ამ ამბის ვერც სიმწარეს დაინახავდნენ და ვერც სიტკბოს“…

ასეა, თითქოს ადვილია, მაგრამ ამ საოცარი და აუცილებელი მაგიის შექმნას დიდი სიყვარული, მოთმინება სჭირდება.და კიდევ, ასე მგონია,მასწავლებელი გენიოსი თუ არ იქნება, ახირებული მაინც უნდა იყოს, უყვარდეს თავისი დახურული სივრცე, ოღონდ შეძლოს ამ კარმიხურულ თავისუფლებაში ბავშვები ღია გულებით (გურიაში განსაკუთრებული სტუმრის მოლოდინში ფართოდ გაღებულ ჭიშკარს რომ ჰგავს ), ღია თვალებით ( რომელთა სწრაფი ხამხამი ძალიან მაგონებს ქარიან ამინდში ღიად დატოვებულ ფანჯრების ფართქუნს) და თუნდაც გაოცებისაგან ღიად დარჩენილი პირებით ისხდნენ.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: თემას გამოცდილება გვკარნახობს

0

სქემის მიხედვით, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლისთვის,  თუ მას  შემდგომ საფეხურზე გადასვლა სურს. ამ აქტივობამ ხელი უნდა შეუწყოს მკვლევრის პროფესიულ განვითარებას, სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას.

სარეკომენდაციო თემათა ჩამოთვლა მართებული არ იქნება, რადგან მკვლევარ პედაგოგს პირადმა გამოცდილებამ, სასკოლო სიტუაციამ უნდა მოახაზვინოს ის თემატური ჩარჩო, რომელიც ღირს კვლევად და თან საკუთარ თავშიც და გარემოშიც ეგულება რესურსი ამ საქმის წამოწყებისა და განხორციელებისთვის. ეს არ უნდა იყოს კვლევა კვლევისთვის, რადგან მისმა შედეგებმა სარგებელი უნდა მოუტანოს მკვლევარს, კოლეგებს, სკოლას და რაც მთავარია, მოსწავლეს.

ნებისმიერი პრაქტიკული კვლევისათვის, რომელსაც  პედაგოგიური კვლევებიც მიეკუთვნება, ყველაფერი  პრობლემის შერჩევით იწყება. როგორც სოციოლოგები ამბობენ, კვლევა არ უნდა იქცეს ,,ღია კარის მტვრევად“. ანუ საკვლევი საკითხი უნდა იყოს აქტუალური სასკოლო თემში.

ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მივმართოთ მაგალითს: ანა მეხუთე კლასის დამრიგებელია, უფრო ზუსტად, მისი 22 მოსწავლე უკვე მეექვსე კლასელია.

სასწავლო წელი დასრულდა და ანა კლასის პორტფოლიოს აწესრიგებს, მოსწავლეთა დახასიათებებს წერს. მთელი წელი,  ჩანაწერებს აკეთებდა, არაფორმალური დაკვირვებით ინიშნავდა ყველაფერს მოსწავლეებზე, საკუთარ სადამრიგებლო პრაქტიკაზე. ახლა ჩანაწერებმა ბევრი რამ გაახსენა, დადებითიც, პრობლემურიც.  კარგა ხანია ფიქრობს, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისათვის რომელი თემა შეარჩიოს.  სადამრიგებლო წელიწადის გახსენება-გააზრებისას მიხვდა, კვლევის ელემენტები ისედაც აქვს გამოყენებული, განზრახულობის გარეშე. მაგრამ ეს მხოლოდ ელემენტებია და არა კვლევა.

ჩანაწერებიდან ასეთი სურათი იკვეთება:

მეხუთე კლასის დამრიგებლობა განსაკუთრებულად რთულია. ეს სკოლაში ახალი საფეხურია, ოფიციალურად დაწყებითს ეკუთვნის, მაგრამ პირველკლასელის მსგავსად, მეხუთეკლასელს ახალ სასკოლო გარემოებებთან უწევს შეგუება. ოთხი წლის მანძილზე შეჩვეულ პედაგოგს უცნობი მასწავლებლები ენაცვლებიან. იცვლება გარემოც, სხვადასხვა გაკვეთილი სხვადასხვა ოთახში ტარდება, მასწავლებლებიც განსხვავებულ ქცევას ითხოვენ,  შეფასების სისტემებიც განსხვავებული აქვთ… თუ დაწყებითის მასწავლებელმა თითოეული ბავშვის ხასიათი და მიდრეკილებები იცის და შესატყვის მეთოდებს იყენებს, ასეთი ინფორმაცია უცნობია ახალი პედაგოგებისთვის. მეხუთე კლასელებს ხშირად აკადემიური შედეგები უუარესდებათ. ისინი იბნევიან ახალი, გაზრდილი და უცხო ამოცანების წინაშე.  ანას მეხუთე კლასთან მანამდე არ უმუშავია, ბავშვების დაბნეულობა თითქოს მასზეც გადმოვიდა, კოლეგებს მიმართა. დაამშვიდეს, ასე ხდება, მიეჩვევიანო. რით უნდა დახმარებოდა მოსწავლეებს, არავინ უთხრა. ანამ დაიწყო ამ თემაზე წიგნების, წერილების ძებნა. სადამრიგებლო გზამკვლევში  ბევრ საინტერესო რამეს გაეცნო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.  ფსიქოლოგების რჩევები წაიკითხა. ზოგი რამ ენიშნა, ზოგიც საეჭვოდ მოეჩვენა, ბოლოს, წაკითხულისა და გააზრებულის საფუძველზე, შეიმუშავა გეგმა, როგორ დახმარებოდა მოსწავლეებს. რაღაცამ კარგად იმუშავა, რაღაცამ – არა…

  • სასწავლო წლის დასაწყისში ყოველდღიურად ხვდებოდა კლასს. კედელზე პედაგოგის სახელისა და გვარის გვერდით დიდი ასოებით დაწერილი საგნების ჩამონათვალი გააკრა. გამორჩეული ფერით დაწერა საგნები, რომელზეც საგნობრივ კაბინეტებში მოუწევდათ გასვლა, იქვე მიანიშნა კაბინეტის მდებარეობა.
  • მოსწავლეებთან ერთად დაამზადა ხელნაკეთი ,,ბეიჯები“, რომელზეც მათი სახელები და გვარები დაწერეს. სთხოვა ეტარებინათ ისინი, სანამ პედაგოგები მათ საბოლოოდ გაიცნობდნენ. ბავშვები ამან გაახალისა, დაძაბულობა შეანელა.
  • გულდასმით გაეცნო მოსწავლეთა დახასიათებებს და ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად შეხვდა დაწყებითის პედაგოგს, რომელმაც ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა თითოეულ მოსწავლეზე, მათი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ.
  • შეხვდა კოლეგებს, ანუ საგნის მასწავლებლებს და მათაც სთხოვა გაეთვალისწინებინათ მეხუთეკლასელთა სიტუაცია. დამატებით გააცნო კლასის და ცალკეული მოსწავლეების მახასიათებლები, ინტერესები, ინტელექტის თავისებურებები. კოლეგების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, ნაწილმა გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისთვის, ზოგიერთმა ამ შეკრებას უმიზნო უწოდა.
  • მოიწვია მშობელთა კრება და მშობლებს მეხუთე კლასის პრობლემებზე ესაუბრა. სთხოვა (როგორც ერთ პუბლიკაციაში წაიკითხა), წარმოედგინათ, რომ სამსახურში უცებ ერთი უფროსის ნაცვლად შვიდი ახალი უფროსი ჰყავთ, შვიდივე განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, ჩაცმაზე, ქცევაზე, საქმის შესრულებაზე, ანგარიშგებაზე. ყოველ საათში შემდეგ სხვა უფროსთან უწევთ შეხვედრა. დაიბნევიან და გაუჭირდებათ, თუ არა? ანალოგიური განცდები აქვთ ახლა მათ შვილებს და დახმარება სჭირდებათ. მშობლები უნდა დაინტერესდნენ მათი ემოციებით, შთაბეჭდილებებით. ესაუბრონ შვილებს,  გამოკითხონ, ვინ არიან მათი მასწავლებლები, რა ჰქვიათ მათ, სად უტარდებათ ესა თუ ის გაკვეთილი, რას ითხოვს მათემატიკის მასწავლებელი და რით განსხვავდება ქართულის ან ისტორიის მასწავლებლის მოთხოვნები. ეს კითხვები დაეხმარება მათ, მოახდინონ ახალი სიტუაციის დალაგება-სტრუქტურირება, უკეთ გაიაზრონ და დაიმახსოვრონ სიახლეები. სასურველია, შვილებს მოუყვნენ საკუთარ გამოცდილებაზე სკოლაში, მეხუთე კლასში და დაამშვიდონ, რომ ყველაფერი მალე დალაგდება.

მიუხედავად ანას  დიდი იმედისა, ამ კრებამ მხოლოდ ორი-სამი  მშობლის ჩართულობა გააქტიურა.

საუკეთესო მოკავშირეები თავად მეხუთეკლასელები აღმოჩნდნენ. თანამშრომლობა მათთვის ურთიერთობის სასურველი ფორმა გამოდგა. თუ რაიმეს ვერ გაიგებდნენ, მაშინვე დამრიგებელს სთხოვდნენ დახმარებას. ამიტომ ანამ მათ კითხვა-პასუხის დრო დაუწესა. ამან კარგად იმუშავა: მოსწავლეები ეკითხებოდნენ გაუგებარი სიტყვების, ტერმინების, ასევე შეფასების შესახებ. შემდეგ ანა უსვამდა მათ შეკითხვებს და ისინიც გულწრფელად პასუხობდნენ. ანაც ინიშნავდა ამ ყველაფერს და უხსნიდა, უზუსტებდა.

აქვე დადებითმა მომენტმა იჩინა თავი: მეხუთეკლასელები ძალიან სოლიდარულები აღმოჩნდნენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ კაბინეტების მიგნებაში, ახალი პედაგოგის სახელის, ახალი წესების გახსენებაში.

პრობლემა, რომელიც სკოლის ამ საფეხურზე იჩენს თავს, მოსწავლის აკადემიური ,,სტატუსის“ ცვლილებაა. მოსწავლეს ობიექტურადაც უჭირს ახალი საგნების, მეთოდების, მუშაობის განსხვავებული სტილის მორგება, თანაბრად ვერ ძლევს მასალას, შესაბამისად, იღებს დაბალ განმსაზღვრელ შეფასებას, რაც მანამდე უცხო იყო მისთვის. ეს ქმნის თვითშეფასების დაწევისა და მოტივაციის შესუსტება-დაკარგვის რისკს.

ასეთია ანას ჩანაწერები. სრული კვლევა თუ არა, მისი ელემენტები ნამდვილად სახეზეა. ახლა მას სურს ზაფხულის პერიოდი სრული კვლევის დასაგეგმად და მოსამზადებლად გამოიყენოს,  სექტემბრიდან კი მის განხორციელებას შეუდგეს.

 ,,მეხუთე კლასი – ახალი ქვესაფეხურის გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“ – ასე ფიქრობს კვლევის დასათაურებას.

პირველი, რაზეც  დაფიქრება მოუწევს, ის გახლავთ, სწორად ირჩევს თუ არა თემას ? არის თუ არა ის აქტუალური?

დაგვეთანხმებით, თემა ნამდვილად აქტუალურია. იგივე პრობლემა ყველა სკოლის ყველა მეხუთე კლასის წინაშე ყოველ წელს დადგება, ყველა დამრიგებელი დაიწყებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. მაშასადამე, თემა აქტუალურია და საინტერესო იქნება. შედეგებიც და  რეკომენდაციებიც დააინტერესებთ კოლეგებს.

თემა მნიშვნელოვანია აღმზრდელობითი პროცესისა და სასწავლო პროცესის მიმართულებით. ახალ პირობებთან დროული და ეფექტური ადაპტაცია მეხუთეკლასელებს ხელს შეუწყობს უკეთესი აკადემიური შედეგების მიღწევაში.

ანას აქვს კვლევის ჰიპოთეზა, რომ  მეხუთე კლასის პრობლემების დაძლევა ეფექტურად მაშინ მოხერხდება, თუ მასწავლებლები და მშობლები ითანამშრომლებენ და ხელს შეუწყობენ მოსწავლეს ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში.

პედაგოგის პრაქტიკის კვლევის მიზანი მეხუთე კლასის კონკრეტული საჭიროებების გამოკვეთა და დამრიგებლებისთვის მათზე მორგებული აქტივობების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაა.

შეუძლია თუ არა ანას, დაძლიოს კვლევის პროცესი და ვინ ეგულება მხარდამჭერად?

ანას, პრაქტიკულად, მცირე კვლევა უკვე ჩატარებული აქვს, შეიძლება მას აკლია ორგანიზებულობა, რომელიმე კომპონენტი, მაგრამ ხელთ ნამდვილად აქვს ღირებული მასალა, რომლის გათვალისწინებითაც შეუძლია,  ჩაუღრმავდეს საკითხს და კვლევის არეალი გააფართოვოს.

ანა უთანხმდება კოლეგებს ითანამშრომლონ მასთან ამ კვლევაში. თანხმობას იღებს ორი პედაგოგისგან, რომელთაც მომავალ წელს მოუწევთ მეხუთე კლასების დამრიგებლობა. ისინი მზად არიან ჩაერთონ ექსპერიმენტში და გაიმეორონ ანას აქტივობები. მაგრამ არსებობს რისკფაქტორიც. საჭიროა მშობლების ჩართულობაც. წინასწარ ძნელია ამ პირობის მიღება.

კვლევის მომზადებას დრო სჭირდება და ზაფხული ამის საშუალებას აძლევს.

ანას მოუწევს დაფიქრება, საკუთარი შესაძლებლობების აწონ-დაწონვა, შეძლებს თუ არა ბოლომდე მიიყვანოს კვლევა. შეიძლება პირველ ეტაპზე უფრო გაამარტივოს კვლევის პროგრამა და ექსპერიმენტს თავი აარიდოს და მხოლოდ გამოკითხვებითა და საკუთარი პრაქტიკით დაკმაყოფილდეს. ეს საკითხი დაფიქრებას ითხოვს.

საჭიროა, წინასწარ განსაზღვროს კვლევის მეთოდი ან მეთოდები და ფორმები. ამ შემთხვევაში,  კვლევის ორივე მეთოდის (რაოდენობრივისა და თვისობრივის) გამოყენება გაამართლებს. კერძოდ, ანა შეადგენს კითხვარს მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის. გამოიკითხებიან მეექვსე- და მეხუთეკლასელები. კითხვარს შეავსებენ მშობლები და  მასწავლებელი. ჩაღრმავებული ინტერვიუ გაკეთდება  რამდენიმე მშობელთან და მასწავლებელთან. კვლევის დაწყებამდე უნდა მოხდეს კითხვარების შედგენა და პილოტირება. კითხვარებით გამოიკვეთება პრობლემები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მათი გადაწყვეტის გზები. შემდეგ მოხდება მონაცემთა შეკრება-დამუშავება. მთელი კვლევის მანძილზე საჭირო იქნება ჩანაწერების გაკეთება. ბოლოს, დგება მონაცემთა ანალიზის პერიოდი, რომელის დროსაც ჩამოყალიბდება ზოგადი დასკვნები და რეკომენდაციები.

საბოლოოდ ანა კვლევის ანგარიშს წარუდგენს კოლეგებს  პრეზენტაციის სახით, ან გააფართოებს აუდიტორიას და კვლევის შედეგების გამოყენებით მოამზადებს და გამოაქვეყნებს  სტატიას.

ასეთი კვლევა ნამდვილად მიაღწევს დასახულ მიზანს: მკვლევრის პროფესიულ განვითარებას, მეხუთეკლასელთა საჭიროებებზე ორიენტირებული რეალისტური რეკომენდაციების შემუშავებას და მათი  ინტერვენციის შემთხვევაში, სწავლა-სწავლების ხარისხის ხელშეწყობას.

ანუ ვასკვნით, რომ ანამ მართებული არჩევანი გააკეთა – თემა აქტუალურია. ვასკვნით იმასაც, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  არ წარმოადგენს სირთულეს, პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ამ აქტივობას აქამდეც ახორციელებდა. სქემის კრიტერიუმების გასათვალისწინებლად, საჭიროა, ერთხელ კიდევ გადავხედოთ გზამკვლევის მეორე ნაწილს, სწორად დაგეგმოთ და განვახორციელოთ კვლევა და მოვამზადოთ მისი ანგარიში.

როგორ სწავლობენ ბავშვები (მეორე ნაწილი)

0

 

სახიფათო თამაშები: რატომ უყვართ ისინი ბავშვებს და რა საჭიროა ასეთი თამაში

 

ბავშვების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, მათ სახიფათო თამაშის უფლება მივცეთ. შესაძლოა, ბევრს შიში უარყოფით გამოცდილებად მიაჩნდეს, რომელსაც შეძლებისდაგვარად უნდა ვერიდოთ, მაგრამ ყველამ, ვისაც ბავშვი ჰყავს ან ახსოვს თავისი ბავშვობა, იცის, რამდენად მიმზიდველია და როგორ უყვართ ბავშვებს ასეთი თამაშები – ეს ის მომენტებია, როდესაც ბავშვი თამაშის დროს ეძიებს განცდას, რომელიც ახლის შეცნობის, თავისუფლების სიხარულისა და სწორად აღქმული საშიშროების ნაზავია.

 

სახიფათო თამაშების ექვსი სახეობა

ტრონდჰეიმის უნივერსიტეტის პროფესორმა ელენ სანდსეტერმა გამოყო სახიფათო თამაშების ექვსი სახეობა, რომლებიც ყველა ბავშვს იზიდავს:

  • დიდი სიმაღლეები. ბავშვები დაძვრებიან ხეებსა და შენობებზე. ეს მათ საშუალებას აძლევს, ფრინველის ფრენის სიმაღლიდან დახედონ სამყაროს და შეიგრძნონ და აკონტროლონ ხიფათი, რომელიც დიდ სიმაღლეზე ასვლას ახლავს თან.
  • დიდი სიჩქარეები. ბავშვები ბზრიალებენ და ტრიალებენ ხვიარა მცენარეებზე, თოკსა თუ კარუსელზე; სრიალებენ თხილამურებით, ციგით, ციგურებით; ჯირითობენ ველოსიპედით, სკეიტბორდით. ყველა ეს მოწყობილობა დიდ, ხშირად საშიშ სიჩქარეს ავითარებს, თუმცა ბავშვებს შეუძლიათ მათი კონტროლი.
  • ბასრი იარაღები. ბავშვები, ჩვეულებრივ, თამაშობენ დანებით, შუბებით, ისრებით, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა, პოტენციურად სახიფათო იარაღებით. ასეთ თამაშებს დიდი კმაყოფილება მოაქვს, მაგრამ თან ახლავს შიშიც, რადგან ყველამ იცის, რომ არასწორი გამოყენების შემთხვევაში მათ შესაძლოა დაგვაზიანონ.
  • თამაში სტიქიასთან. ბავშვებს უყვართ ცეცხლთან თამაში, ნივთების სროლა ან ღრმა წყალში ჩაძირვა.
  • კოტრიალი, ჭიდაობა, დაცემა. ბავშვები დარბიან, დასდევენ ერთმანეთს და თამაშ-თამაშით ჩხუბობენ. მათ მოსწონთ სახიფათო მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც დიდია დაშავების ალბათობა და რომელიც საფრთხისგან თავის დაღწევის უნარს მოითხოვს.
  • დამალვა/ გაქრობა. პატარებს უყვართ დამალობანას თამაში, როდესაც დროებით ქრებიან, მარტო რჩებიან ან კარგავენ სხვა მოთამაშეებს. მოზრდილი ბავშვები ხშირად მიდიან ისეთ ადგილებში, სადაც უფროსები არ არიან და რომლებიც წარმოსახვით ხიფათს შეიცავს, დაკარგვის საფრთხის ჩათვლით.

 

სახიფათო თამაშების ევოლუციური ღირებულება

სახიფათო თამაშები ჩვეულებრივი რამაა ცხოველთა სამყაროშიც.

თიკნები ხშირად დაკუნტრუშობენ ციცაბო ფერდობებზე. ახალგაზრდა მაიმუნები თამაშ-თამაშით დახტიან ერთი ტოტიდან მეორეზე, ისეთ მანძილსა და სიმაღლეზე, რომელიც მათ ფიზიკურ შესაძლებლობებს სახიფათო გამოცდას უწყობს. ახალგაზრდა შიმპანზეებს უყვართ ზედა ტოტებიდან ჩამოვარდნა და ქვედაზე ჩამოკიდება ზედ მიწაზე დაცემის წინ.

ახალგაზრდა ძუძუმწოვრები ბევრ დროს უთმობენ თამაშებს, რომლებიც მოიცავს ერთმანეთის დევნას, წაქცევას, კინკლაობას და ამ დროს ყოველი მათგანი ცდილობს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უნარის განვითარებას.

თუ ცხოველთა ამ თავისებურებას ევოლუციური კუთხით შევხედავთ, დაგვებადება კითხვა: რატომ ჩნდება ასეთი თამაშის სურვილი? მას შესაძლოა ტრავმა (თუმცა მძიმე ტრავმები იშვიათია) და (ძალიან იშვიათად) სიკვდილიც კი მოჰყვეს. მაშ, რატომაა, რომ ბუნებრივმა გადარჩევამ ასეთი თამაშისადმი მიდრეკილება არ გააქრო?

ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ძუძუმწოვრებს შორის ასეთი თამაშები არ გადაშენდა, მოწმობს, რომ მათ სიკეთე უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე ზიანი.

მაინც რა არის სასარგებლო სახიფათო თამაშებში? ცხოველებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა საინტერესო შედეგები აჩვენა.

მეცნიერებმა ხელოვნურად შეუზღუდეს თამაშის შესაძლებლება მცირე ასაკის ვირთაგვებს, მაგრამ სხვა სოციალური ურთიერთქმედების საშუალება დაუტოვეს.

ასე გაზრდილი ვირთხები ემოციურად არაჯანსაღები აღმოჩნდნენ: ახალ, უცხო გარემოში მოხვედრისას მათი რეაქცია შიშის გამო მეტისმეტად მძაფრი იყო. მათ არ შეეძლოთ ამ გარემოს ისე კვლევა-შესწავლა, როგორც სხვა, ჩვეულებრივ ვირთხებს.

უცხო ვირთხასთან კონტაქტის დროს საკონტროლო ჯგუფის ცხოველები ან შიშისგან ქვავდებოდნენ, ან შეუსაბამო აგრესიას ამჟღავნებდნენ.

უფრო ადრე ჩატარებული ცდების დროს ასეთივე შედეგები იქნა მიღებული ახალგაზრდა მაიმუნებთან, რომლებსაც შეზღუდული ჰქონდათ თამაშის საშუალება.

ამ მონაცემებმა ხელი შეუწყო თამაშის ემოციური რეგულაციის თეორიის ჩამოყალიბებას. ეს თეორია ამბობს, რომ თამაშის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ასწავლოს ახლაგაზრდა ძუძუმწოვრებს შიშისა და ბრაზის რეგულირება.

სახიფათო თამაშების დროს პატარები თვითონვე არეგულირებენ შიშისა და ვარჯიშის დოზებს, სწავლობენ თავის გაფრთხილებას და ისე იქცევიან რომ შეძლონ მდგომარეობასთან ადაპტაცია შიშის განსაზღვრული დონის ფონზე.

ამ დროს ბავშვები სწავლობენ შიშის კონტროლს, მის გადალახვას, სიტუაციიდან ზიანის გარეშე გამოსვლას. ეცნობიან ბრაზსაც, რადგან მოთამაშეებმა შესაძლოა ერთმანეთს რამე ატკინონ.

ამავე დროს, თამაშისა და ხალისიანი შეგრძნებების გასახანგრძლივებლად ბავშვებმა უნდა ისწავლონ ბრაზის მოთოკვა. თუ ისინი არასათანადოდ მოიქცევიან – მეტისმეტად ატკენენ სხვას – თამაში შეწყდება.

ემოციის რეგულაციის თეორიის თანახმად, თამაში ერთ–ერთი ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა ძუძუმწოვრები სწავლობენ შიშისა და ბრაზის კონტროლს, რათა შემდგომ შეძლონ რეალურ ხიფათებთან გამკლავება, სხვებთან ურთიერთქმედება და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება.

 

თამაშის შეზღუდვის საზიანო შედეგები ჩვენს საზოგადოებაში

თავისი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პროფესორმა სანდსეტერმა 2011 წელს ჟურნალ Evolutionary Psychology–ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც თქვა: „ნევროზულობა და ფსიქოპათოლოგიები საზოგადოებაში იმატებს, როდესაც ბავშვებს შეზღუდული აქვთ ასაკის შესაბამისი, რისკის შემცველი თამაშის შესაძლებლობა“.

„ეს ნორვეგიელმა მეცნიერმა მომავლის პროგნოზივით განაცხადა, მაგრამ როდესაც კვლევას გავეცანი და მონაცემებიც გავაანალიზე, აღმოჩნდა რომ ეს „მომავალი“ უკვე დადგა და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მასში ვცხოვრობთ“, – წერს პროფესორი გრეი.

გთავაზობთ მტკიცებულებებს. ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ჩვენს კულტურაში უკვე ვხედავთ განგრძობად, თანდათანობით, მაგრამ საკმაოდ დრამატულ ტენდენციას, რომელიც ამცირებს ბავშვების თავისუფლად (უფროსების მეთვალყურეობის გარეშე) თამაშის შესაძლებლობას და ეს განსაკუთრებით რისკის შემცველ საბავშვო თამაშებს ეხება.

იმავე სამოცი წლის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ განგრძობადი, თანდათანობითი, თუმცა საკმაოდ დრამატული ტენდენციისა, რომელიც გვიჩვენებს ბავშვებთან ყველა სახის მენტალურ დაავადებათა მატებას, განსაკუთრებით კი იმ დაავადებებისა, რომლებიც ემოციურ დარღვევებთან არის დაკავშირებული.

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი პროფესორი სანდსეტერის მიერ მოყვანილ „სახიფათო თამაშების“ ექვს კატეგორიას. 1950 წელს მცირე ასაკის ბავშვებიც კი თამაშობდნენ ასე და უფროსები მათ ამის უფლებას არ ართმევდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს შესაძლოა არც მოსწონდა). დღეს მშობლებს, რომლებიც ბავშვებს რისკის შემცველი თამაშის უფლებას მისცემენ, შტატის ხელისუფლება გაუფრთხილებლობასა და უყურადღებობაში დაადანაშაულებს.

მოვიყვან ჩემი პირადი თამაშების ნოსტალგიურ მოგონებებს 50-იანი წლებიდან:

 

  • ხუთი წლისა ჩემს ექვსი წლის მეგობართან ერთად ველოსიპედით გავემგზავრე სოფლისა და მისი შემოგარენის სანახავად. მშობლებმა წინასწარ გაგვაფრთხილეს, რამდენ ხანში უნდა დავრბრუნებულიყავით უკან. მათ არ განუსაზღვრავთ ჩვენთვის მოძრაობისა და გადაადგილების გეოგრაფია (და, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ არავითარი მობილური ტელეფონი არ გვქონდა, დაკარგვის შემთხვევაში კავშირის გარეშე დავრჩებოდით).
  • ექვსი წლიდან მე და ჩემი ნაცნობი ბიჭები ყველგან ჯაყვებით დავდიოდით. დანებს არა მხოლოდ სათლელად ვიყენებდით, არამედ სროლისთვისაც (თუმცა არასდროს გვისვრია ერთმანეთისთვის).
  • რვა წლის ასაკში მე და ჩემი მეგობრები შესვენებებზე და სადილისთვის განკუთვნილ დროს ჭიდაობაში ვატარებდით სკოლის ახლოს მდებარე ციცაბო ფერდობზე. ჩვენს ჭიდაობას არც მასწავლებლები და არც სხვა უფროსები არ უყურებდნენ, ხოლო თუ მაინც გვაკვირდებოდნენ, არასდროს არავინ ჩარეულა.
  • ათი-თერთმეტი წლისა რომ ვიყავი, მე და ჩემი მეგობრები მთელი დღით წავედით მინესოტის შტატში, ჩვენი სოფლის მახლობლად მდებარე გაყინულ ტბაზე საციგურაოდ. ყველას თან გვქონდა ასანთი და კუნძულებზე შეჩერებისას გასათბობად კოცონსაც ვანთებდით, როგორც მამაც მკვლევარებს შეეფერებოდა.
  • იმავე ასაკში უფლება მომცეს, მემუშავა დიდ, სახიფათო, ხელით ჩასატვირთ საბეჭდ პრესზე საბეჭდ სახელოსნოში, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ. იმ დროს, ხშირად – ხუთშაბათობით, სკოლიდან დავეთხოვებოდი ხოლმე, რათა დამებეჭდა ჩვენი ქალაქის ადგილობრივი გაზეთი. როგორც მახსოვს, არც მასწავლებლებს და არც სკოლის დირექტორს ეს არ გაუპროტესტებიათ. ვფიქრობ, მათ კარგად იცოდნენ, რომ საბეჭდ სახელოსნოში მე უფრო სასარგებლო ცოდნას ვიღებდი, ვიდრე სკოლაში.

ასეთი ქცევა ორმოცდაათიან წლებში არაფრით იყო გამორჩეული. შესაძლოა, ჩემი მშობლები ცოტა მეტად ტოლერანტულები და მიმნდობნი იყვნენ, ვიდრე სხვა ბავშვებისა, მაგრამ მათი ასეთი დამოკიდებულება არ ითვლებოდა უცნაურად. ჩემი ბავშვობის თამაშების ზემოთ მაგალითებიდან რამდენი იქნება მისაღები მშობლებისა თუ მასწავლებლებისთვის დღეს?

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში ათასზე მეტ მშობელს შორის ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 43%-ს ჰგონია, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვების გარეთ გაშვება უფროსების ზედამხედველობის გარეშე დაუშვებელია, მათგან ნახევარს კი მიაჩნია, რომ ბავშვებს ასეთი თავისუფლება მხოლოდ 16 წლიდან შეიძლება მიანიჭო.

მგონია, რომ ასეთივე შედეგს მივიღებთ, თუ კვლევას აშშ-ში ჩავატარებთ. თავგადასავლები, რომლებიც ჩვეულებრივი ამბავი იყო ექვსი წლის ბავშვისთვის, დღეს მოზარდთა უმეტესობას ეკრძალება.

როგორც უკვე ვთქვი, იმავე პერიოდში, როდესაც ბავშვებს მკვეთრად შევუზღუდეთ თავისუფალი თამაშის საშუალება და განსაკუთრებით – იმ თამაშებისა, რომლებიც რაიმე რისკს შეიცავს, მკვეთრად იმატა ბავშვებთან ფსიქიკურმა დარღვევებმაც.

ეს ნათლად ჩანს ბავშვებისა და მოზარდების სტანდარტული კლინიკური გამოკვლევების მონაცემთა ანალიზიდან, რომლებიც რამდენიმე ათწლეულს მოიცავს.

ანალიზი გვიჩვენებს რომ დღეს, ახალგაზრდებთან ხუთ-რვაჯერაა მომატებული შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებლები, ვიდრე ეს ორმოცდაათიან წლებში. ფსიქოპათოლოგიებმა ისევე მოიმატა, როგორც იკლო რისკის შემცველი თავისუფალი თამაშების შესაძლებლობამ.

ეს ისტორია ირონიული და, ამავე დროს, ტრაგიკულია. ჩვენ ვუკრძალავთ ბავშვებს თავისუფლად თამაშს, რათა მოსალოდნელი ხიფათისგან დავიცვათ, მაგრამ, ამავე დროს, მათ ფსიქოლოგიური სტრესისთვის ვწირავთ.

ბავშვები ისე არიან შექმნილნი, რომ თვითონვე შეუძლიათ ემოციური მოქნილობის გამომუშავება რისკის შემცველი, ემოციების მასტიმულირებელი თამაშებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი თამაშების აკრძალვით ჩვენ მათ უფრო სახიფათო მდგომარეობაში ვაგდებთ, ვიდრე თავად ეს თამაშები. გარდა ამისა, ვართმევთ მათ ხალისს, რომელიც ასეთ თამაშებს ახლავს თან.

თუ უსაფრთხო თამაში გვსურს, მაშინ ის თავისუფალი უნდა  იყოს და არა უფროსების მიერ დავალებული, მართული თუ თავს მოხვეული.

ბავშვებს რისკის შემცველი თამაშების მაღალი მოტივაცია აქვთ. ამავე დროს, ისინი ემოციურად და ფიზიკურად მზად არიან საკუთარი შესაძლებლობებისა და თამაშის თანმხლები რისკის განსაზღვრისთვის.

როდესაც უფროსები ბავშვებს რაიმე ისეთი სარისკო საქმიანობისკენ უბიძგებენ, რომლისთვისაც ბავშვი მზად არ არის, ხალისისა და ემოციური კმაყოფილების ნაცვლად შესაძლოა ტრავმა მივიღოთ.

ერთი და იმავე ასაკის ბავშვებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რაც ერთისთვის ამაღელვებელი და მიმზიდველია, მეორისთვის შესაძლოა მატრავმირებელი აღმოჩნდეს.

მაგალითად, როდესაც ფიზკულტურის მასწავლებელი დარბაზში მყოფ ყველა ბავშვს აიძულებს, ჭერზე ჩამოკიდებულ თოკზე აძვრეს, ზოგი ბავშვისთვის ეს სავარჯიშო ძალიან ძნელი შესასრულებელია. ბავშვი ამას განიცდის და რცხვენია. ნაცვლად იმისა, რომ თოკზე ცოცვა და სიმაღლის დაპყრობა ისწავლონ, ბავშვები უარყოფით გამოცდილებას იღებენ, რამაც შესაძლოა მათ სამუდამოდ აუცრუოს გული ასეთ თავგადასავლებზე.

ბავშვებმა კარგად იციან, როგორ მიიღონ ახალი გამოცდილებისთვის საჭირო შიშის დოზა. ეს რომ მოხერხდეს, აუცილებელია, თამაშს ბავშვი თვითონვე აკონტროლებდეს (აქვე უნდა დავძინოთ, რომ ბავშვების მცირე ნწილი გაზვიადებით აფასებს თავის შესაძლებლობებს და ხშირად იღებს ტრავმას ან შავდება რისკის შემცველი თამაშების დროს. შესაძლოა, ასეთ ბავშებს სჭირდებოდეთ თავის შეკავების, ემოციის მოთოკვის სწავლა).

ირონიულია, რომ ბავშვები უფრო იშვიათად შავდებიან თამაშის დროს, ვიდრე მაშინ, როდესაც უფროსების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ.

ალბათ იმიტომ, რომ უფროსებისგან წახალისება და სპორტის კონკურენტული ბუნება ბავშვებს აიძულებს, გარისკონ – თავად დაშავდნენ ან სხვები დააშავონ, რასაც თავისუფალი თამაშის პირობებში არ გააკეთებდნენ.

და იმიტომაც, რომ სპორტი სპეციფიკური კუნთებისა და სახსრების ზედმეტად დატვირთვას გულისხმობს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ყოველ წელს თოთხმეტ წლამდე ასაკის 3.5 მილიონი ბავშვი მიმართავს სამკურნალოდ ექიმს სპორტული დაზიანების გამო.

ეს დაახლოებით მეშვიდედია იმ ბავშვებისა, რომლებიც სპორტს მისდევენ.

უფროსების მცდელობით, ბავშვების სპორტული მედიცინა დიდი მასშტაბის ბიზნესად გადაიქცა. უფროსები ახალგაზრდა პიტჩერებს (ბურთის მსროლელი ბეისბოლში) ისე ღონივრად სროლას ავალებენ, რომ ბავშვები იდაყვს იზიანებენ. ასევეა ამერიკულ ფეხბურთშიც, როდესაც ლაინსმენებს (მცველებს) სთხოვენ, ძლიერად შეეჯახონ მოწინააღმდეგეს, რაც ხშირად იწვევს ტვინის შერყევას. ახალგაზრდა მოცურავეებს ისე ხშირად და ხანგრძლივად ავარჯიშებენ, რომ მათ მხრების სახრები და კუნთები უზიანდებათ და ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ.

ბავშვები, რომლებიც თავისუფლად თამაშობენ, იშვიათად აქცევენ ყურადღებას ფიზიკური შესაძლებლობების სპეციალიზაციას (მათ თამაშის მრავალფეროვნება უფრო იზიდავთ) და როდესაც რამეს იტკენენ, უბრალოდ ჩერდებიან ან თამაშის მიმდინარეობას ცვლიან, რათა კიდევ აღარ იტკინონ რამე.

გარდა ამისა, ვინაიდან თამაში სიამოვნებაა, ისინი ცდილობენ, არ დააზიანონ თანამოთამაშენი.

უფროსები კი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოგებისთვის, იმ ბუნებრივი დამცავი მექანიზმების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რომელიც ბავშვებს თავისუფალი თამაშის დროს ტრავმებისგან იცავს.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვუკრძალავთ ბავშვებს მათ არჩეულ, მათთვის საინტერესო და სასიამოვნო თამაშებს მათი თითქოსდა სახიფათო შედეგების გამო. სინამდვილეში კი ეს თამაშები არც ისე სახიფათოა და მათგან მიღებული სარგებელი მრავალჯერ გადაწონის ყველა შესაძლო რისკს. სანაცვლოდ ბავშვებს ვთავაზობთ, დასპეციალდნენ სპორტის მაღალკონკურენტულ სახეობებში, სადაც ტრავმის ალბათობა შეუდარებლად მაღალია.

ასე რომ, ალბათ დროა, გადავაფასოთ ჩვენივე პრიორიტეტები და მივცეთ ბავშვებს თავისუფლად თამაშის საშუალება.

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

გამოყენებული წყაროები:

1) https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201404/risky-play-why-children-love-it-and-need-it; 2) https://alternativestoschool.com/articles/how-children-learn/#subcontent4

მომავლის თამაშები

0

დიდი ხანია, გვეზარება ბნელ 90-იანებზე წერა. 2000- იანებზეც. დუბლიონკების, ტეტრისების, ნავთის ლამპებისა თუ სანთლების, გაყინული სახლებისა და შუაცეცხლის რომანტიკაც მოძველდა. ბევრი დაიწერა და იმიტომ. დაიწერა რომანები, ესეები, მოთხრობები და ლექსები. მე მეშინია იმ შავი წლების. ხან თბილისში ვიყავით, ხანაც – სოფელში. სოფელს მაშინ მეტის მოცემა შეეძლო, თუნდაც სითბოსი, და ჩვენც წინ და უკან დავდიოდით.

ეცდებიან, დაგარწმუნონ, მაგრამ არ დაიჯერო: სიცივესა და უშუქობაში არაფერია რომანტიკული, არც ღუმელზე მოხალულ მზესუმზირაში ყრია რამე, არ გვაპურებდა.

ადგებოდა  ჩემი თხუთმეტი წლის ძმა, თბილად ჩაიცვამდა, ალბათ, მამაჩემის ნაქონ სვიტერსა და ქურთუკს, ალბათ, სამი ზომით დიდსა და გაცრეცილს. გაუყვებოდა უშორეს გზას სხვა სოფლისკენ. იმ სხვა სოფელში ბებია ცხოვრობდა, ბებიებს კი ყოველთვის ყველაფერი აქვთ, ეს არ იცვლება. გამოაცხობდა ბებო პურებს, ჩაალაგებდა ტილოს ტომარაში. წამოიკიდებდა ჩემი ძმა თავის თხელ, ნაზ, ბავშვურ ზურგზე და გამოუყვებოდა უშორეს გზას ფეხით სახლამდე.

ასე რომ, არ დაიჯერო, გატყუებენ. იმ წლებში არაფერი ყრია, არც იმ ზამთრებში, გარდა ჩვენი ძმების გამრუდებული ხერხემლისა.

იმასაც გეტყვიან, რომ ჩვენ, იმ ბნელი წლების შვილები, შენზე მეტს ვკითხულობდით, შენ კი ტაბით ერთობი. ამით იმის თქმა უნდათ, რომ ჩვენ შენზე ჭკვიანები გამოვედით, შენ კი ჯერ კიდევ არავინ გამოსულხარ. ამას დამუნათება ჰქვია და ერთი სული აქვთ, წიგნი შემოგატყუონ. კარგი იქნება, კონტრაგუმენტად „ჰარი პოტერის“ ელექტრონულ ვერსიას თუ მოიყვან. ჩაუყარე წყალში ეს ყოყლოჩინობა, აჩვენე, რომ შენც კითხულობ. კარგი სეირი კი გამოვა.

ინტერნეტის ეპოქის სრულყოფილი შვილი იქნები, კომპიუტერული თამაშებიც გეყვარება. მშვენიერია. მე ამ სფეროში უნიჭო გამოვდექი და ისევ წერას მივყავი ხელი. წერა-კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია და, სიმართლე რომ გითხრა, უინტერესო საქმე სულაც არ არის. შენხელა რომ ვიყავი, გარეთ ვთამაშობდი. საერთოდ, მაშინ ყველა გარეთ ვთამაშობდით, ესეც გეცოდინება. წარსულივით კი არა, მომავალივით მახსოვს. შემედავები, მომავალი როგორ უნდა გახსოვდესო, მართალიც იქნები. როგორ გითხრა, სამეცნიერო ფანტასტიკის ფერებში მახსოვს, სამეცნიერო ფანტასტიკა კი ცოტათი ხორბლისფერია. პოსტაპოკალიფსური სამყარო ლოგიკურად მომავალია, მაგრამ სულ მგონია, რომ ჩემს წარსულში მოხდა. იმიტო რო ეგრე მახსოვს. შენელებულ კადრებად და ხმაურად. სუნი არა აქვს. და თან ზაფხულია. მე არ ვიცი, რატომ არის ამ თამაშებში სულ ზაფხული. ალბათ ზამთარშიც ვითამაშებდით რამეს, თოვლი მაინც მოვიდოდა, თოვლი კი თავისთავად თამაშია. მოძრაობაა, სხეულიც კი აქვს და ათას იდეას მოგაწვდის, გაგართობს. ასე რომ, ვერაფრით აგიხსნი, რატომ უკავშირდება თამაში ზაფხულსა და მომავალს.

დარწმუნებული ვარ, „პოსტაპოკალიფსურ სამყაროს“ დაგუგლავ და დასევდიანდები, საერთოდ არ უხდება სიტყვა „თამაშს“.

უბრალოდ მინდოდა მეკითხა, არდადეგებზე მასწავლებლები დავალებებს ისევ გაძლევენ თუ არა?

ჩვენ ხომ ასე შევიცვალეთ. წარმოიდგინე, ჩემიდან შენამდე როგორ შევიცვალეთ. მასწავლებლები თუ შეიცვალნენ?

ისევ ცარცის დაფებზე წერთ?

ისტორიის წიგნები ისევ ისეთი გრძელი და მოუხერხებელია?

ისევ არც ერთ ჩანთაში არ ეტევა?

ფიზკულტურაზე ისევ არაფერს აკეთებთ?

ისევ არის კლასში ერთი ბიჭი, რომელიც ყველა გოგოს უყვარს და ერთი გოგო, რომელიც ყველა ბიჭს უყვარს?

იმათ კიდე მგონი ცოტათი მოსწონთ ერთმანეთი და არ ამხელენ.

რითი საუზმობ? არ მითხრა, რომ შენც კარაქიანი პურით და ჩაით, ზუსტად ისე, როგორც მე მრავალი წლის წინათ.

ვერ ვიტან. ვერც კარაქიან პურს და ჩაის – მით უმეტეს.

დიქტატურის ანატომია

0

მეოცე საუკუნის ლათინური ამერიკა იდუმალებით მოცული ადგილია. ძნელი სათქმელია, მისტიკურ ბურუსში ეპოქის ყველაზე ვერაგმა დიქტატორებმა უფრო გაახვიეს თუ ეპოქის საუკეთესო მწერლებმა. თუმცა, შესაძლოა, მეორეთა არსებობას სწორედ პირველთა არსებობა განაპირობებს. შესაძლოა, რეჟიმების ცენზურით დათრგუნვილ მოკალმეებს აღარა დარჩენოდათ რა, გარდა იმისა, რომ ნემსის ყუნწში გაძრომა ესწავლათ. ლათინური ამერიკის მწერლები ძალიან ჰგვანან ბოთლიდან ამოსვეტილ უზარმაზარ ჯინებს, რომლებიც, თუ საჭირო გახდა, ნემსის ყუნწშიც გაძვრებიან. მათ არც ის ცნობილი სამი აკრძალვა ეხებათ: შეუძლიათ, მოკლან, შეუძლიათ, მკვდრეთით აღადგინონ და, რასაკვირველია, შეუძლიათ, ნებისმიერს ნებისმიერი შეაყვარონ. მეტსაც გეტყვით – მათ შეუძლიათ, ნობელის პრემია მიიღონ. ეს სასწაული ლათინოამერიკელ მწერალთაგან ბოლოს მარიო ვარგას ლიოსამ ჩაიდინა, მე კი მას ჯერ კიდევ მაშინ ვეტრფოდი, როდესაც დეიდა ხულიაზე შეყვარებული თვრამეტი წლის ვარგიტასი იყო და საქართველოში, ალბათ, სულ ასიოდე კაცს თუ ახსოვდა მისი „დეიდა ხულია და მოკალმე“, რომელიც გაგრძელებებით იბეჭდებოდა ჟურნალ „საუნჯის“ 1985 წლის ნომრებში. შემდეგ ეს რომანი პოპულარული სერიის ფარგლებში გამოიცა. მერე გამოვიდა ამ ავტორის „ცუდი გოგოს ოინებიც“, რომელიც შარშან ქართული ბაზრის ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა და მარიო ვარგას ლიოსაც ყველასი გახდა. ჰოდა, დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ „ყველა“, ანუ ყველა, ვინც საქართველოში კითხულობს, გაეცნობა პერუელი მწერლის კიდევ ერთ რომანს, „ვაცის ნადიმს“, რომელიც ორიოდე თვის წინ ლანა კალანდიას თარგმნილი გამოიცა ქართულ ენაზე.

ვისაც ლიოსას პროზა უყვარს, აუცილებლად შეამჩნევდა მისი რომანების ერთ მარადიულ, თუმცა მუდამ მეორე პლანზე მყოფ პერსონაჟს – პერუს. ეს თვალარიდებული, გულისტკივილით სავსე სიყვარულია. სამშობლოს დიქტატორის შესახებაც დაუწერია, მაგრამ ამჯერად, „ვაცის ნადიმში“, მოქმედება დომინიკის რესპუბლიკაში მიმდინარეობს და დიქტატურის მასშტაბური, მონუმენტური სურათი რაფაელ ტრუხილიო დე მოლინას რეჟიმის ფონზე იშლება. თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა, ეს ნებისმიერი სხვა მმართველობაც ყოფილიყო, ვინაიდან ყველა რეჟიმი საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ყველა რეჟიმის სათავეში დგას ერთი, იდუმალებით მოცული კაცი (თუ ვაცი) – მართალია, მარიო ვარგას ლიოსამ მართლაც შესანიშნავად აღწერა დიქტატურის მიზეზები და შედეგები, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარი დარჩა, რა პიროვნული თვისებები ჰქონდა მოლინას ან, საზოგადოდ, რა პიროვნული თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მასების ამგვარად გაბრუება მოახერხოს. ტრუხილიოზე ვიგებთ იმას, რომ იგი სისუფთავისა და წესრიგის პედანტურობამდე მოყვარული იყო, თითქმის არ ეძინა და არასოდეს ოფლიანდებოდა, იყო დაუნდობელი, ცბიერი, ქარიზმული და ჰქონდა ადამიანებით მანიპულირების ნიჭი. თუმცა ვერაფრით ვუწოდებთ გაწონასწორებულს, რკინის ნერვების პატრონს ან ადამიანური სისუსტეებისაგან თავისუფალს (აქ ჩემდა უნებურად მახსენდება გრიგოლ რობაქიძის მცდელობა, დაეხატა სტალინის როგორც მომნუსხველი ძალისა და ნებისყოფის მქონე ასკეტის პორტრეტი). და მაინც გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთმა მოკვდავმა სხვებში ამგვარი გრძნობები გამოიწვიოს:

„ეს რაღაც უფრო ღრმა და მოუხელთებელი იყო, ვიდრე შიში: ეს უმოქმედობა იყო, ნებისყოფის, განსჯისა და თავისუფალი ქმედების ძილ-ბურანი, რომელსაც ეს სასაცილო კაცუნა წვრილი ხმითა და მომნუსხველი მზერით უნერგავდა დომინიკელებს: ღატაკებს, მდიდრებს, განათლებულებს, გაუნათლებლებს, მეგობრებსა და მტრებს“.

სამაგიეროდ, ავტორმა მოახერხა, გაებიაბრუებინა დიქტატორი და და მისთვის შარავანდედი შემოეძარცვა წმინდა ლათინოამერიკული – აკრძალული, წელსქვევითა დარტყმებით.

ყველა რეჟიმს ჰყავს თავისი პრივილეგირებული კასტა, რომლებიც, უმთავრესად, ორგვარი ადამიანებისგან შედგება: არამზადებისგან, რომლებიც ამღვრეულ წყალში იჭერენ თევზს და ფანატიკოსებისგან, რომლებსაც ბრმად სწამთ თავიანთი ბელადის ყოვლისშემძლეობისა. თუმცა ძნელი გასარკვევია, სად მთავრდება ფანატიზმი და იწყება არამზადობა. ჯონი აბეს გარსია, პრეზიდენტი ბალაგერი, ჩირინოსი, რამფის ტრუხილიო და მრავალი სხვა – დიდი მწერლის კალამმა დიდი სიძულვილისთვის გაიმეტა პატარა ქვეყნის მსოფლიოსთვის უცნობი ნაძირლები.

ყველა რეჟიმს ერთი და იგივე რამ ანადგურებს – დიქტატორსა და მის გარემოცვას აღარ სჯერათ, რომ მათ სამფლობელოში ისევ არიან ადამიანები, რომლებსაც ღირსება შერჩენიათ, რომლებსაც შეუძლიათ, გამუდმებული დამცირების ფონზე ისევ აღიქვან და იწყინონ შეურაცხყოფა, გული ატკინოთ ახლობლების სიკვდილმა, საყვარელ ადამიანებთან დაშორებამ ან, უბრალოდ, იმედგაცრუებამ იმის გამო, რომ რეჟიმი, რომელსაც ემსახურებიან, თურმე ღვთიური სამართლიანობის ზეიმი კი არა, ჭაობი ყოფილა:

„ხუან ტომას დიასმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა სამხედრო სამსახურის ყველა საფეხური, სამვარსკვლავიანი გენერლის წოდება მოიპოვა და ლა ვეგას სამხედრო ნაწილის მეთაური გახდა. სწორედ იქ მიუსწრო 1959 წლის 14 ივნისის ბრძოლამ და იქიდან დაიწყო მისი უბედურება… აღიარებდა, რომ სირცხვილი ტანჯავდა მკვლელობების, გაუჩინარებების, წამების, დუხჭირი ცხოვრების, კორუფციისა და მილიონობით დომენიკელის მიერ ერთი ადამიანისთვის სხეულის, სულისა და სინდისის მიყიდვის გამო“.

ყველა რეჟიმი ანგრევს უბრალო ადამიანების ცხოვრებას – და ამ პიროვნული ტრაგედიების აღწერა გაცილებით მრავლისმთქმელია მკითხველისთვის, ვიდრე პოლიტიკური ციებ-ცხელებისა. ურანია კაბრალი ავტორის ერთადერთი გამოგონილი მთავარი პერსონაჟია. ეს ქალი იმდენად გააუბედურა ტრუხილიოს დიქტატურამ, რომ აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, სამშობლოდან გადახვეწილიყო და დიდი წარმატებისთვის მიეღწია. ურანიას ხაზი ბიბლიური მოტივია – უძღები შვილი მამასა და სამშობლოს უბრუნდება, ოღონდ მამა ამ შემთხვევაში მასზე უფრო უძღებია და მის გულში ჩასაკრავადაც ვეღარ გაშლის ხელებს, რადგან სინდისის ქენჯნამ დიდი ხანია დამბლა დასცა. თუმცა სინდისის ქენჯნამ თუ დიქტატორისადმი ცალმხრივმა სიყვარულმა, ეს კიდევ საკითხავია.

ასეა თუ ისეა, ფაქტია, ტრუხილიო დე მოლინა ბომონია, რომელსაც დომინიკელები ყველაზე ძვირფასს – თავიანთ ვაჟებსა და ქალწულებს სწირავენ. შეიძლება ითქვას, რომ მე როგორც მკითხველს მირჩევნია, რომანი დისტოპიის ჟანრს მივაკუთვნო, თუმცა ეს უფრო თავის დამშვიდებას ჰგავს. ყველა ის სისასტიკე, რომლებიც თავში მოსდით სამხრეთამერიკელ მწერლებს, ოდესღაც ასევე მოსვლიათ თავში სამხრეთამერიკელ დიქტატორებსაც.

აქვე უნდა აღინიშნოს „ვაცის ნადიმის“ ქართული თარგმანიც, რომელიც ასე უხვად ამართლებს ყველაფერ იმას, რასაც სამხრეთამერიკული ლიტერატურის ენობრივი ქსოვილისგან ველოდებით. ეს ერთდროულად მისტიკური, ფამილარული, მოურიდებელი, დაუნდობელი, ვნებიანი, ნართაულებით სავსე და თანაც პირდაპირი, მოკლედ, სრულიად ენით აღუწერელი სტილია, რომელსაც საოცრად უხდება ფრაზა „ოსპიანი სახე“ ანდა ფრიად ევფემისტური მიზნებით გამოყენება სიტყვისა „კვერთხი“. ამ ენას ჯერ კიდევ ჯადოქარი ელზა ახვლედიანის (რომელიც, სხვათა შორის, „ვაცის ნადიმის“ ერთ-ერთი რედაქტორიცაა) თარგმანებით შეეჩვია ქართველი მკითხველის ყური და ძალიან გვიხარია, რომ არც ლანა კალანდიას თარგმანებში მოგვიწევს გადავეჩვიოთ მას.

ვიცი, რომ საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა ამ წიგნის შესახებ „მასწავლებლისთვის“ წერა; ვიცი, რომ ბევრი მასწავლებელი, თუკი ამ ნაწარმოებს ხელში აიღებს, მისაყვედურებს, რომ ძალიან დავუმძიმე გული, რომ სულიერი სიმშვიდე დაურღვია მეტისმეტად სასტიკმა ან მეტისმეტად უხამსმა სცენებმა, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვაპირებ უკან დახევას და მწამს, რომ ეს წიგნი მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, რადგან მხოლოდ ამ პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნამდვილად იბრძოლონ დიქტატურის წინააღმდეგ –შეიზიზღონ ის და შეაზიზღონ საკუთარ მოსწავლეებსაც, ვინაიდან ავტორიტარული რეჟიმების თავიდან აცილების ერთადერთი გზა სწორედ ჯანსაღი აზროვნებაა.

დაბოლოს, ლირიკული გადახვევა: ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთი სადარდებელი გამიჩნდა – გაგეცინებათ და, დომინიკის რესპუბლიკა. ინტერნეტში ვათვალიერებ ამ მშვენიერი ქვეყნის ფოტოებს, ვეცნობი მონაცემებს პოლიტიკური ვითარების, კორუფციის დონის, ეკონომიკური ზრდის შესახებ. თან მეღიმება საკუთარ თავზე, თანაც ვფიქრობ: აი, სწორედ ესაა ლიტერატურა – არასოდეს იცი, ვინ ან რა შეგიყვარდება მეორე დღეს…

საბჭოთა ადამიანი ცოცხალია

0

სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივ სივრცეში განსაზღვრული მიზნებისთვის ბრძოლა ადამიანს დამატებით გამოცდილებას სძენს. სოციალურ ჯგუფებთან მუდმივი კავშირი მნიშვნელოვან დაკვირვებათა წარმოების ხელსაყრელი წინაპირობაა. ბუნებრივია, სამოქალაქო აქტივიზმის დროს არასოდეს ვუშვებ ხელიდან მოქალაქეთა  კოლექტიური ქცევის მთავარი მახასიათებლების აღმოჩენის შანსს. სამწუხაროდ, ჩემი დასკვნები ხშირად არასახარბიელოა.

დღითი დღე ვრწმუნდები, რომ საბჭოთა ადამიანი, Homo soveticus-ი, ოცდამეერთე საუკუნეშიც ცოცხალია და საზოგადოებაში კიდევ უფრო მყარად დამკვიდრებისთვის იკრებს ძალებს. ალბათ, მრავალი თქვენგანი მეტყვის, რომ საბჭოთა მენტალიტეტი გასაკვირი არ უნდა იყოს იმპერიის ზეობის ეპოქაში აღზრდილ მოქალაქეთა შორის. ბევრი იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ სამოცდაათწლიანი მემკვიდრეობის ხელის ერთი მოსმით განადგურება შეუძლებელია. ცხადია, ამ საკითხებზე დავას არ ვაპირებ. ჩემს აღშფოთებას და გაკვირვებას სულ სხვა გარემოება იწვევს. ჩემი ფიქრისა და დარდის საგანი ის არის, რომ საბჭოთა ადამიანებს თანატოლებს შორისაც აღმოვაჩენ ხოლმე.

რა ახასიათებს Homo soveticus-ს თანამედროვე ეპოქაში?

1) ოცდამეერთე საუკუნის საბჭოთა ადამიანებს არ სჯერათ სიკეთის. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება გაემგზავროს რიგითი სტუდენტი ყოველგვარი მატერიალური მოტივის გარეშე რომელიმე ინდუსტრიულ ქალაქში ან მიყრუებულ რეგიონში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლას დაუჭიროს მხარი.

2) თანამედროვე Homo soveticus-ები ეჭვიანი ადამიანები არიან და დედამიწის ზურგზე არავის ენდობიან. საკუთარი თავის ნდობაც კი არ გააჩნიათ. ისინი ყველაფერში შეთქმულებას ეძებენ. ამგავარად მოაზროვნე ადამიანებისთვის გარდასულ საუკუნეებში შექმნილი ყველა კონსპირაციული თეორია დღესაც ცოცხალი და აქტუალურია.

3) დღემდე სსრკ-ის მოქალაქეებად დარჩენილთათვის არსებულისგან განსხვავებული სამყარო წარმოუდგენელია. მათთვის უზენაესი ღირებულება მოქმედი ინსტიტუციური წესრიგის პატივისცემა და შენარჩუნებაა. შესაბამისად, ისინი არ ლაპარაკობენ ცვლილებებზე, რეფორმებზე, არასოდეს ითხოვენ გარდაქმნებს. მათთვის კანონი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ჭეშმარიტებაა, რომლის გადასხვაფერება დაუშვებელია. რეტროგრადები ნებისმიერ შემთხვევაში ცდილობენ ქვეშევრდომებად ყოფნას და იერარქიის სათავიდან მიღებული ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებას. ყველა რეფორმისტი და რევოლუციონერი მათ თვალში ერეტიკოსი და მტერია.

4) ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოს ორი განზომილება აქვს: ის ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობას წარმოადგენს. საბჭოთა ადამიანებისთვის კი სახელმწიფო მხოლოდ სახელისუფლებო და ბიუროკრატიული აპარატია. საბჭოთა ადამიანები თავს სახელმწიფოს ნაწილად არ განიხილავენ. შესაბამისად, ოფიციალური დაწესებულებებიდან მოპარულ ფულს, დაუსაბუთებლად მიღებულ პრემიას თუ დამალულ გადასახადს ცალკე მდგომი სისტემისთვის წართმეულ რესურსად აღიქვამენ და არა საკუთარი თავისთვის, საკუთარი საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანად.

5) მეცხრამეტე საუკუნის გერმანელ მწერალს ვილჰელმ ჰაუფს აქვს ერთი შესანიშნავი პატარა მოთხრობა – „Der junge Engländer“ („ახალგაზრდა ინგლისელი“). გერმანელი მოგზაური ინგლისიდან სამშობლოში მაიმუნს ჩამოიყვანს, ფრაკს ჩააცმევს, ყელსახვევს გაუკეთებს და საზოგადოებას ბრიტანელ ჯენტლმენად წარუდგენს. პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ახალგაზრდა ინგლისელს აღფრთოვანებით შეჰყურებენ, წვეულებათა ყველაზე სასურველ სტუმრად მიიჩნევენ და ცდილობენ, ნებისმიერი საკითხის შესახებ მოისმინონ მისი „კომპეტენტური“ აზრი. თანამედროვე Homo soveticus-ებს ბევრი რამ აქვთ საერთო ჰაუფის პერსონაჟებთან. პროფესიონალებს, მშრომელებს, ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც გარს ახვევიათ, არ აფასებენ, მათ საქმიანობას არაფრად აგდებენ, შურთ მათი. ადგილობრივ გენიოსს მათ უცხო სივრციდან მოყვანილი მაიმუნიც კი ურჩევნიათ.

6) საბჭოთა მოქალაქეებს არ შეუძლიათ შუალედური, კონსენსუალური, დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, ამგვარი იდეების მხარდაჭერა. ისინი ან თვითგვემით არიან დაკავებულნი, ან საკუთარი ცხოვრების წესის ფეტიშიზაციით ცდილობენ ფონს გასვლას.

7) ჭორი, ცილისწამება, გაუგონარისა და წარმოუდგენლის სხვისთვის დაბრალება, ეგოიზმი, სხვებისადმი უპატივცემულობა, ადამიანის დაუფიქრებლად შეურაცხყოფა ახალი დროის ბოლშევიკების სატიტულო მახასიათებლებია.

რეგრესული ძალები ყველგან არიან. მათთან კონფლიქტის გარეშე განვითარება შეუძლებელია. რეტროგრადების არსებობა გადაულახავ საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მთავარია, მათი პრინციპები უმრავლესობამ არ გაიზიაროს. მთავარია, კეთილი მიზნებისთვის მათივე მეთოდებითა და საშუალებებით არ დავიწყოთ ბრძოლა.

მამები

0

 

მამის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ამ ტრადიციას საქართველო წელს პირველად შეუერთდა და ეს დღე 19 ივნისს საზეიმოდ აღინიშნა.

მაშინ, როდესაც საქართველოში მამების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში, მამის დღის დაწესება და დამკვიდრება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.

კვლევების მიხედვით, შვილის აღზრდაში ორივე მშობლის თანაბარი მონაწილეობა ადამიანის ბედნიერ და წარმატებულ მომავალთან პირდაპირ კავშირშია. როცა საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ეხება, მამის როლი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან დედასაც მხარდაჭერა სჭირდება და ბავშვის განვითარების სტრატეგიაც, სასურველია, მთელმა ოჯახმა ერთად დასახოს.

მთელ მსოფლიოში არსებობს მშობელთა კლუბები, სადაც მეტწილად დედები არიან გაერთიანებული და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ერთად იბრძვიან შვილების უფლებებისთვის და სხვ.

გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეული მამის პორტრეტს, რომლებიც სამაგალითო კვალს ტოვებენ როგორც შვილების განვითარებისა და განათლების, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში.

*

54 წლის რიკ ჰოიტის მამის ამბავი შვილისადმი უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია. დაბადებისას რიკს თავის ტვინი დაუზიანდა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ის ვერ განვითარდებოდა და მშობლებს მის „ჩაბარებას“ ურჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ საუბრობდა, ხელ-ფეხს ვერ იყენებდა, დიკი და ჯუდი მას ყველგან ატარებდნენ ძმებთან ერთად. სკოლაშიც შეიყვანეს. როდესაც დიკს 15 წლის შვილმა გაუმხილა ნატვრა, რომ სურდა ხუთკილომეტრიან საქველმოქმედო რბენაში მიეღო მონაწილეობა სკოლელი ბიჭის დასახმარებლად, მას დიდხანს არ უფიქრია. 37 წლის მამისთვის ეს დიდი დატვირთვა იყო, მაგრამ შეჯიბრის ბოლოს რიკის მიერ ეკრანზე აკრეფილმა სიტყვებმა – „მამა, როცა დავრბივარ, ჩემი უძლურება ქრება“ – გარდატეხა მოახდინა მის ცხოვრებაში. მას შემდეგ, 30 წლის განმავლობაში, ამერიკელმა მამა-შვილმა სპეციალური ეტლით, ველოსიპედითა თუ ნავით ათასზე მეტ რბენაში, ტრიატლონსა და მარათონში მიიღო მონაწილეობა. რიკ და დიკ ჰოიტები დაჯილდოებული არიან არაერთი პრიზითა და საპატიო ჯილდოთი.

*

მაიკ ლეიკი კანადელი პარლამენტარია და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, სადაც მუდმივად თან ახლავს აუტიზმის მქონე შვილი – 20 წლის ჯეიდენი. ის ყოველწლიურად,  2 აპრილს – აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, პარლამენტში საგანგებო სიტყვით  გამოდის; ხშირი სტუმარია შოუებში, სადაც ერთგვარ საჯარო ლექციებს ატარებს აუტიზმის თემაზე; სოციალურ ქსელში თამამად საუბრობს შვილის ქცევებსა და თავისებურებებზე –  მათი განზოგადება უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია, რადგან აუტიზმის მქონე სხვა პირებისთვისაცაა დამახასიათებელი. მამა იქვე გვთავაზობს „რეცეპტს“, რა შეიძლება მოიმოქმედოს რიგითმა მოქალაქემ ასეთ დროს. მაიკ ლეიკი მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობით ხელს უწყობს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

*

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მამიკოებს შორის ამერიკელი რიკ სმიტი უდავო ჩემპიონია. შვილის დაბადებიდანვე მან შემქნა ბლოგი www.noahsdad.com, სადაც უკვე ხუთი წელია აქტიურად აქვეყნებს სტატიებს, დღიურებს, შვილის ვიდეოებს, იძლევა სასარგებლო რჩევებს. მისი ინტერნეტგვერდი დაუნის სინდრომის შესახებ არსებულ საიტთა შორის საუკეთესოდ დასახელდა. სოციალურ ქსელში კი მის გვერდს ორასი ათასზე მეტი მოწონება აქვს.

*

საქართველოში რეაბილიტაციისა თუ აბილიტაციის ცენტრებში ბავშვები უმეტესად დედებსა და ბებიებს დაჰყავთ. თუმცა, მისასალმებელია, რომ დღითიდღე იქ სულ უფრო მეტ მამას შეხვდებით. ამდენი ქალის ფონზე რამდენიმე წლის წინ გამონაკლისი იყო ახალგაზრდა მამა, გიორგი ომაძე, რომელიც აუტიზმის მქონე შვილს მუდმივად ახლდა გაკვეთილებსა და სპეციალურ თერაპიაზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრში. ის აქტიურად იყო ჩაბმული ვაჟის აღზრდის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, კვირების განმავლობაში მარტოც მშვენივრად ართმევდა თავს მასზე ზრუნვას, უმზადებდა საჭმელს, ეთამაშებოდა და სხვ. ის მეუღლესთან ერთად ცდილობდა აუტიზმის არსს ჩასწვდომოდა, თარგმნიდა საინტერესო სტატიებს და ინფორმაციას ახალი კვლევების შესახებ სხვა მშობლებს სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებდა. სამწუხაროდ, გიორგი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა ვარსკვლავბიჭუნა დაჩი, კარგი მამობისა და შვილთან მეგობრობის მაგალითი, ასევე მეტად საჭირო საგანმანათლებლო რესურსები შშმ ბავშვებისათვის. ბოლო დროს ის აქტიურად მონაწილეობდა პირველი ქართულენოვანი აპლიკაციების – „ჩემი ხმა“ (Listen To My Voice Lemondo) და „ისწავლე თამაშით“ (Play To Learn Lemondo) – შექმნის საქმეში, რომლის საშუალებითაც არა მარტო აუტიზმის, არამედ ნებისმიერი ასაკის მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ადამიანს უადვილდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

ფოკუსირებული აქტივობების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

0

სასწავლო პროცესის  წარმატებისა და მოსწავლეთა ცოდნისა და  მოსწრების  დონის  ამაღლებისთვის აუცილებელია ყურადღების კონცენტრაცია, ამიტომაც   მოსწავლეთა  ყურადღების განვითარება პედაგოგიური  პროცესის  უშუალო  შემადგენელი  ნაწილი და  მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  ყურადღების განვითარება პრაქტიკულად ხდება მოსწავლეთა მიერ ცოდნისა  და  უნარების  ათვისებისა და საშინაო დავალების შესრულების პროცესში. მისი განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის მეტყველებ, რომელიც განიხილება როგორც მისი აზროვნების იარაღი  და ცოდნის გადაცემის უნარი  (ცნობილია, რომ მასწავლებლის  მეტისმეტად ხმამაღალი საუბარი, ისევე როგორც მონოტონური და დაბალი ხმა მოსწავლეს ყურადღების ორგანიზებაში უშლის ხელს.  ამიტომ  გაკვეთილზე მასწავლებლის  თხრობის  სტილი ყურადღების განვითარების მნიშვნელოვანი  დეტალია, მით უფრო დაწყებით საფეხურზე). მოსწავლეთა ნაწილის ყურადღების მიქცევისთვის ასევე აუცილებელი ხდება თხრობისას ვიზუალური მასალის გამოყენება (ფოტოგრაფია, რეპროდუქცია, სქემა, მულტიმედიური პრეზენტაცია თუ სხვ.) და ზოგადად მასწავლებლის მიერ ინოვაციური მეთოდების ეფექტურად გამოყენება, მათ შორისაა მოსწავლეთა  თამაშისა და კვლევითი საქმიანობის ორგანიზება.

 თამაშის ორგანიზებით მასწავლებელს სისტემაში მოჰყავს მოსწავლის ბუნებრივი მოთხოვნილება. საინტერესო თამაშისას  მუდმივად ხდება ყურადღების გამახვილება მიმდინარე სიტუაციაზე  (მაგალითად, თუ თამაშს აქვს  შეჯიბრების ფორმა), რითაც  მოსწავლეს საშუალება აქვს გადაიქცეს „სხვა“ ადამიანად. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე „სხვა ადამიანის“ აზროვნების, გრძნობების, ქმედებების  მიხედვით მოსწავლეები უკეთესად აღიქვამენ მასალას, სიღრმისეულად გრძნობენ  შესასწავლ  ეპოქას  და  ისტორიული რეალობის მოდელირებას ახდენენ. ასეთი გზით შეძენილი ცოდნა თითოეული მოსწავლისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და უკეთესად ამახსოვრდება. ამით თამაში განსხვავდება უბრალოდ „როლის მორგებისაგან“, რომელიც ბავშვებს მალე სწყინდებათ ხოლმე.

ყურადღების განმავითარებელი  თამაშის რამდენიმე მაგალითი:

  1. თამაში „ისტორიული პორტრეტი“:  მასში მონაწილეობს  2 ჯგუფი. პირველი – ქმნის ისტორიული პირის პორტრეტს, იყენებს საამისოდ ცნობილ  ფაქტებს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს „მოატყუოს“ მოწინააღმდეგე. მეორე ჯგუფმა  უნდა გამოიცნოს, ვისზეა საუბარი. მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ  თითოეულ დეტალზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამა თუ იმ ისტორიული პირის დახასიათებისთვის. თუ პერიოდულად ჩავატარებთ მსგავს თამაშს, მოსწავლეების ყურადღება მუდმივად კონცენტრირებული იქნება ყველა ისტორიულ ფაქტზე, დეტალზე, პიროვნებაზე და ა.შ. (-);
  2. თამაში „აღმოაჩინე შეცდომა“:  თამაშის არსი ის გახლავთ, რომ მასწავლებელი კითხულობს ტექსტს, რომელშიც წინასწარ შეცვალა კონკრეტული ფაქტები, ცნებები, თარიღები მცდარი მონაცემებით. გაკვეთილზე ასეთი ტექსტის წაკითხვისას მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა გამოიცნონ შეცდომები, ჩამოწერონ ისინი და მერე ერთმანეთს გააცნონ, ვინ და რამდენი შეცდომა იპოვა. ასეთი თამაშით მოსწავლის ყურადღებაც აქტიურია და ამავე დროს  ყურადღებასთან ერთად ინფორმაციის გაანალიზების უნარებიც ვითარდება;
  3. თამაში „კალათა“: მასწავლებლის დავალებით თამაშისას მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა მოცემულ თემაზე. მოსწავლეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ არ გამორჩეთ რომელიმე სიტყვა, ან არ განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი არ ჩაითვლება და „კალათა“  არ აივსება;
  4. თამაში „დაიმახსოვრე ტექსტი“: ისტორიული ტექსტის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა დააფიქსირონ რვეულებში,  შემდეგ კი ჩაწერილი ინფორმაციის საფუძველზე  დაწერონ თემა მასწავლებლის დავალებით, რაც მეტი ინფორმაცია ექნებათ დაწერილი/ჩაწერილი, დავალებასაც უკეთესად შეასრულებენ.

      რაც შეეხება მოსწავლეთა ყურადღების განვითარებისთვის კვლევითი საქმიანობის წარმართვას, ის შეიძლება არამარტო გაკვეთილზე, არამედ კლასგარეშე აქტივობადაც წარვმართოთ. სწავლის პირველ საფეხურზე (5-6) კლასებში ასეთი კვლევითი სამუშაოები შეიძლება გაკვეთილზევე ჩავატაროთ ისტორიული დოკუმენტებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, „ჩვენი საქართველოს“ კურსის შესწავლისას გაკვეთილზე განვიხილოთ ძველი  ქართული  საისტორიო დოკუმენტები და მოვიტანოთ მაგალითები, სადაც საუბარია საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ, მათი ტრადიციების, მეურნეობის დარგების, ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე, საცხოვრებელ გარემოზე, შრომის იარაღებზე, ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებზე და შევადაროთ თანამედროვე ვითარებასა და ასევე, მათი სახელმძღვანელოს მასალებს იგივე მიმართულებით. ასეთი დავალების შესრულებისთვის მოსწავლეები დიდი ყურადღებით უნდა გაეცნონ დოკუმენტებს და  მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია.

ისტორიის  კურსის შესწავლისას ზედა საფეხურის მოსწავლეებს ამავე დანიშნულებით შეგვიძლია ჩავუტაროთ  გაკვეთილი მუზეუმში, ან შეიძლება ეს იყოს გაკვეთილი ღია სივრცეში, ბუნებაში ან რომელიმე  სამეურნეო დანიშნულების საწარმოში და ა.შ. მოსწავლეს საშუალება ექნება, ადგილზე გადაამოწმოს ისტორიული  დოკუმენტების მონაცემები და გააკეთოს შესაფერისი დასკვნები, რისთვისაც ყურადღებით და დაწვრილებით დასჭირდება მასალის გაცნობა და შესწავლა და ეს მას ყურადღების განვითარებაში დაეხმარება.

პედაგოგიური საქმიანობის ეს ორი ასპექტი –  გაკვეთილზე თამაში და კვლევითი საქმიანობის წარმართვა – თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ცხადია, მას ვერ მივცემთ მუდმივ სახეს და ვერ  შევცვლით ძირითად სასწავლო ფორმატს – გაკვეთილს. ისინი უბრალოდ, სხვა მსგავს აქტივობებთან ერთად გვეხმარებიან იმ პრობლემების გადაჭრასა და შედეგების მიღწევაში, რასაც ემსახურება მთლიანი სასწავლო პროცესი, რომლის შეუცვლელი დეტალი არის მხოლოდ  გაკვეთილი.

მოსწავლეთა  ყურადღების ორგანიზების ეტაპები გაკვეთილზე: 

  • ყურადღების ორგანიზება გაკვეთილის საწყის ეტაპზე;
  • ყურადღების ორგანიზება გაკვეთილის გამოკითხვის დროს;
  • ყურადღების ორგანიზება ახალი მასალის ახსნისას;
  • ყურადღების ორგანიზება საშინაო დავალების შესრულებისას.

ყურადღების განვითარებისთვის გაკვეთილის თითოეული ეტაპი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ყურადღების ორგანიზებაში საშინაო დავალებას უკავია. იგი შეიძლება გაკვეთილის ცალკე ეტაპადაც განვიხილოთ. მოსწავლეთა ყურადღების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია რთული დავალება, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს  შესრულებისათვის. მასწავლებელი ასეთ დავალებას აუცილებლად დაწერს დაფაზე და ხმამაღლაც წაიკითხავს, რითაც მოსწავლეებს ვიზუალურადაც და ხმის ტემბრის მიხედვითაც შეეძლებათ საშინაო დავალების არსის გაგება და მისი წარმატებით შესრულება.

მაგალითი: მოსწავლეთა ყურადღების ორგანიზებისა და განვითარების  ეტაპები გაკვეთილზე.

საგანი -ისტორია;

კლასი – VIII;

თემა – ბერძენ-სპარსელთა ომები (ისტ. VIII, 1,2,4);

მიზანი – ნასწავლი თემის შემოწმება;

რესურსები: სახელმძღვანელო, ისტორიული და  მსოფლიოს ფიზიკური რუკები, დაფა;

გაკვეთილის მიმდინარეობა:

I  – მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური;

IIმასალის შემოწმება, გამოკითხვა: ა) იპოვეთ რუკაზე საბერძნეთი და დაახასიათეთ მისი ბუნებრივი მდებარეობა; ბ) სად მდებარეობს სპარსეთი და როგორია მისი ბუნებრივი მდებარეობა? გ) როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ამ  ქვეყნებს ერთმანეთთან ძვ.წ. V ს-ში? დ) დაასახელეთ ბერძენ-სპარსელთა ძირითადი ბრძოლები? ე) უპასუხეთ შეკითხვებს: როდის და რატომ მოხდა ეს ბრძოლები? ვ) განმარტეთ ცნებები: ტრიერი, თემისტოკლე, მილიტიადესი, ლეონიდასი, ქსერქსე, დარიოსი, თერმოპილე, მარათონი, პლატეა, მიკალი, სპარტა, ათენი, სალამინი.

IIIმასწავლებლის მიერ  მიცემული დავალების შესრულება: გამოთვალეთ, რამდენი წლის წინ მოხდა მარათონის ბრძოლა? რამდენი წელი გავიდა ამ ბრძოლიდან ქრისტეს დაბადებამდე? იმისათვის, რომ ეს  თარიღები გამოვთვალოთ, რა უნდა გამოვიყენოთ, გამრავლება, მიმატება თუ გამოკლება?!

IV  ეტაპიმულტიმედიური  მასალის გამოყენება:

 სადაც ჩანს, თუ როგორი აღჭურვილობა, საბრძოლო წყობა და  სტრატეგია ჰქონდათ მოწინააღმდეგეებს, როგორ  საბრძოლო „ხრიკებს“ იყენებდნენ  ბერძნები სპარსელების წინააღმდეგ. მოსწავლეები ნანახისა და ლოგიკური აზროვნების საფუძველზე აღადგენენ ძირითადი ბრძოლების  მიმდინარეობას;

V – რეფლექსიის ეტაპზე  მოსწავლეები  დაფაზე ჩამოწერენ: ა) რამ განაპირობა ბერძნების  გამარჯვება სპარსელებზე და რა  შედეგებით დამთავრდა ეს ომი  ათენისთვის, სპარტისა და  სპარსეთისთვის; ბ) რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად ამ ისტორიული მოვლენიდან; გ) რაში  შეიძლება გამოადგეთ ნასწავლი მასალა.

VI – საშინაო დავალება – მასწავლებლის დავალება:  „მოამზადეთ რეფერატი მოცემულ თემაზე ანდა დახატეთ ბერძენ-სპარსელთა ომები“.

განვიხილოთ, სად და რომელ ეტაპზე  განვითარდა  მოსწავლის ყურადღება მოცემულ გაკვეთილზე:

  1. ორგანიზაციული მომენტი – მოსწავლეები შესვენებიდან გადაერთვებიან გაკვეთილზე და მობილიზდებიან;
  2. გამოკითხვა – მოსწავლეებმა არ იციან, რომელ მოსწავლეს  შეეკითხება მასწავლებელი და ყურადღებით არიან;
  3. გამოთვლიან რა თარიღებს, მოსწავლეები კიდევ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას;
  4. ცნებების, თარიღების, მოვლენების ჩამოთვლა  და მსჯელობა ასევე ეხმარებათ ყურადღების გავარჯიშებასა და განვითარებაში;
  5. მულტიმედიური მასალა – ააქტიურებს მოსწავლის ყურადღებას, რის საფუძველზეც  ისინი ასრულებენ მასწავლებლის დავალებას;
  6. რეფლექსიის ეტაპზე მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს იმ  შეკითხვების წერილობით ფიქსირებაზე, რომელთაც ერთხელ უკვე უპასუხეს მოსწავლეებმა, რითაც ამოწმებს მათი ყურადღების ხარისხს;
  1. საშინაო დავალების შესრულება ითხოვს წერილობით და ვიზუალურ ფორმას, რითაც   –  კიდევ ერთხელ გამტკიცდება გაკვეთილის თითოეული ეტაპის შედეგი და არ დაიკარგება არცერთი დეტალი.

ჩვეულებრივი საგაკვეთილო საქმიანობის, თამაშის და კვლევითი საქმიანობის ორგანიზებით  მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის ყურადღების განვითარება და წარმატების მიღწევა. ასეთი გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები კიდევ უფრო ყურადღებიანი  იქნებიან,  შედეგად კი გაიზრდება მათი ცოდნის დონეც  და შეფასებებიც, ამიტომ მსგავსი მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და ეფექტურია.

დამიძახე ორი კვირის შემდეგ

0

 

ასე მინდოდა დამერქმია ჩემი მოთხრობისათვის, რომელიც 2010 წელს დავწერე და „ცისკარში“ დაიბეჭდა. მერე ისე მოხდა, რომ საბოლოო სათაურად „მელქიორის ჯვარცმა“ გადავწყვიტე და მოთხრობების წიგნშიც („ყიფლიბანდი“) ასე შევიდა.

სიუჟეტი ასეთია: 90-იანი წლების სამეგრელოში, ექიმის მოსაყვანად სოფლიდან ქალაქში შუაღამისას გასულ შალვას გზაზე მოროდიორები დახვდებიან (ასეთი ბევრი იყო მაშინ, გასასვლელ-გამოსასვლელებში ჩასაფრებული შეიარაღებული ხალხი), ჯერ ვითომ მანქანას შეუმოწმებენ და შემდეგ მანქანის გასაღების წართმევას დაუპირებენ. შალვა გაუძალიანდება, არ დაანებებს და ცემაში შემოაკვდებათ.

მოგვიანებით, დიდი ხნის შემდეგ, ამ ამბავს სუფრაზე აზარტით და ცოტათი სიამაყითაც კი ჰყვება ერთ-ერთი მკვლელი. დეტალურად, აღგზნებული. უცებ ვიღაც წამოიწევა სუფრიდან, „ფეხზე დამიდექი, ნაბიჭვაროო“, დაუყვირებს და ვიდრე დაბნეული, შოკირებული ხალხი აზრზე მოსვლას მოასწრებდეს, დანა-ჩანგლით აჩეხავს.

ეს ამბავი ჩემი ბავშვობიდან მახსოვდა. კაცმა, რომელიც წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ძმის მკვლელს, მას შემთხვევით, სუფრასთან მიაგნო, უფრო სწორად, ის ტიპი თავისივე ენამ გაყიდა. სიუჟეტი დიდხანს მიტრიალებდა გონებაში, ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა შურისგების აქტის დაუსრულებელი ჯაჭვისთვის კიდევ ერთი რგოლი შემემატებინა. დავწერე, დავბეჭდე, წლები გავიდა, ეს ყოყმანი და გაორება არ მეშვებოდა, და ახლა ვრწმუნდები, რომ ღირდა.

იქ, სადაც კანონი და სამართალი უმწეოა, იქ, სადაც დაჩაგრული ადამიანის ხმა ვერ აღწევს, ტყვიამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.

გვემწარა? ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია? მაშინ კეთილი ინებოს ცივილიზებულმა სამყარომ და თავისი „სამართლებრივი ბერკეტების“ გამოყენებით არ დაუშვას განუკითხაობა. არ დაუშვას, რომ თავის ქვეყანაში, თავის მიწაზე, ყველას დასანახად ცინიკურად კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს!

ხელისუფლების ცერემონიული და უცერემონიო შეფასებები, სასულიერო პირების მდუმარე მშვიდობიანი პროცესია, ემოციური და მგლოვიარე სტატუსები სოციალურ ქსელში – ეს ცხელ კვალზე იყო. რა ხდება ორი კვირის, ერთი თვის შემდეგ, როცა ტრაგედია ყოფითობაში გადაინაცვლებს?

წლების წინ, როცა კრიტიკოს ლევან ბრეგაძეს ვთხოვე მარტივად, ორი სიტყვით აეხსნა ბესიკ ხარანაულის ერთი ცნობილი ლექსი, მან მითხრა: „შუაღამისას, როცა მეღვიძება, პირველი, რასაც გავიფიქრებ, ყოველთვის ესაა – „სად არიან შვილები?“ მარტო ვარ, მაგრამ ვიცი, სადაც არიან ჩემი შვილები. ტელეფონს ავიღებ, დავურეკავ, დაველაპარაკები… მაგრამ იმათ რა ქნან, ვისაც შვილები ომში, საპატიმროებსა და სასაფლაოებზე დარჩა?!.“

„სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა“, – ამას თითქოს ღამენათევი, სასოწარკვეთილი კაცი ამბობს, ხელისუფალის კართან რომ ჩამომდგარა და თავისი შვილის (ძმის) ბედზე პასუხს ელოდება. ტკივილი აძლიერებს კიდეც და უმწეოსაც ხდის, ამიტომ „საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან“ უფრო დარდით აღტყინებული, დათრგუნული ადამიანის გულუბრყვილო მუქარაა, რომელსაც უნიათო და უპასუხისმგებლო ხელისუფალი ერთი ყურიდან მეორეში გაატარებს.

როგორც ადრე ყოფილა. ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ. არადა, თითქოს კარგად ვხვდებით, რომ იქ, სადაც ერთ მოქალაქეს ასე დაუნდობლად ხვრეტენ, დღეს იქნება თუ ხვალ ჩვენს თავზეც დაუშვებენ საკონტროლო გასროლას. არც არავინ დაგვიცავს, არც არავის მოეკითხება პასუხი, უფრო სწორად, ისე არ მოეკითხება, როგორც იმსახურებს, როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს შეურაცხმყოფელს გასცემდნენ პასუხს.

გავიხსენოთ: „მთელი ქისტეთის ამომგდე“ ზვიადაური სამაგალითოდ ისჯება – თემი (სახელმწიფო) გრძნობს და იღებს პასუხისმგებლობას იმ განაჩენზე, რასაც აღასრულებს კიდეც („თემს რაც სწადია, მას იზამს თავის თემობის წესითა“) და პირნათელია ღმერთისა და მიცვალებულის წინაშე („ნუ იტანჯები, დარლაო…“).

ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“ თემი არა მხოლოდ პიროვნებასთან დაპირისპირებული ინსტიტუტია (როგორც ბევრი წარმოაჩენს ცალმხრივად), არამედ მტრის კარგად შემცნობი („ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა, გადალესულსა ცოფითა“) და წარსული გამოცდილების მცოდნე ადამიანთა ერთობა, რომელიც ცივი გონებით, რაციონალურად განსჯის და საკადრისს მიუზღავს დამნაშავეს.

და რაც ყველაზე მთავარია: არც შერიგება შედგება იმ გარემოში, სადაც უკვე ოც წელზე მეტია ფეხმოუცვლელად დგას რუსეთის იმპერია და ყოველდღიურად აქეზებს უსამართლობასა და განუკითხაობას. არც მშვიდობა დამყარდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ არ გაასამართლა და ფეხი არ ამოუკვეთა იმ მიწიდან, რომელიც ძალადობითა და მედროვე პოლიტიკოსების მხარდაჭერით დაიპყრო.

პროცესი

0

უფროსკლასელებს რომ ვხედავ, ზოგჯერ – და იქნებ უმეტესადაც – კაფკას „პროცესი“ მახსენდება და მისი მთავარი გმირი. მაშინვე გამიელვებს ხოლმე გონებაში ფრაზა: „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა იოზეფ კ-ს, რადგან არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს“. ამის შემდეგ იწყება იოზეფის მცდელობა, გაერკვეს მის ცხოვრებაში მომხდარ უცნაურ ამბებში. აიყვანს ადვოკატს, დადის სასამართლოებში, სადაც ბევრს ვერაფერს არკვევს და ვერც მოსამართლეს ნახულობს, ვინც ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს.

ამ წიგნის აზრი სულ სხვაა, მე კი აქ იმიტომ გავიხსენე, რომ იოზეფი ძალიან მაგონებს იმ მოსწავლეებს, რომლებმაც არც კი იციან, ერთ მშვენიერ დილას რატომ დააპატიმრეს და სკოლაში მიიყვანეს.

აქედან იწყება მათთვის ის ცხოვრებისეული მაგია და ალოგიკა, მიუხედავად მოვლენათა თანმიმდევრულობისა, რომელიც საბოლოოდ ურევთ თავგზას. ადვოკატი, მოსამართლე, ბიუროს თანამშრომლები, დამლაგებელი ქალი – თითქოს ყველა მოსწავლეთა ცხოვრებაში სხეულდება მშობლებად, მასწავლებლებად, სკოლის დირექტორად, რეპეტიტორებად, თანაკლასელებად… ისინიც დადიან უთავბოლოდ ერთისგან მეორესთან და მთავარი ვერ გაუგიათ: რას ნიშნავს სწავლა, რისთვის სჭირდებათ ის კონკრეტულად მათ, ინდივიდებს, და საერთოდ, რა ხდება მათ თავს.

ბლოგი, ცოტა არ იყოს, უტრირებულად დავიწყე და აქვე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა მოსწავლის რეალობა, მაგრამ მათი არცთუ მცირე ნაწილია ამ დღეში.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლი ამბობს:

„1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

ასე თუ ისე, ყველაფერი რიგზეა (ოდესმე ამ „ასე თუ ისეზეც“ დავწერ), მაგრამ სხვა რეალობაა სკოლებში. სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია სკოლებში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე, ფესტივალებსა და კონკურსებზე, რომლებიც პარალელური სამყაროდან დაგეგმილს ჰგავს. ვიდეოები, სადაც ბავშვები მოძღვარს ეხვეწებიან, ბრძანოს მათთვის, რათა შეასრულონ, და ამ ბავშვებს ძარღვები ასკდებათ ყელზე. ვიდეოები, სადაც ცად აღპყრობილი თვალებით კითხულობენ ლექსებს, პოემებს, ნაწყვეტებს მოთხრობებიდან და უმეტესად არც კი ესმით მათი ქვეტექსტი თუ დედააზრი. ვიდეოები, სადაც გაკვეთილზე თუ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ხსნიან, სანთელი აქვთ ანთებული და ა.შ. ყოველივე ეს სცდება საზოგადოების ნორმალურ განვითარებას და იოზეფთან მივყავართ.

რომანის დასასრულს გაურკვევლობით დაღლილი იოზეფი მშვიდად მიჰყვება აგენტებს, თუმცა ბოლომდე მაინც არ სჯერა და ჯერ კიდევ ფიქრობს, იქნებ მსახიობები არიანო. იოზეფი არც სასოწარკვეთილია, არც გაბრაზებული, ის უბრალოდ იღებს სინამდვილეს როგორც გარდაუვალობას, ოღონდ არაჩვეულებრივს კი არა, ჩვეულებრივ გარდაუვალობას.

ორ მხლებელთან ერთად ის ქალაქგარეთ, დანგრეული სახლის კედელთან, ჩერდება და წვება. უცნობები ჯერ კარგად გაასწორებენ, მერე კი იმაზე კამათობენ, რომელმა ჩაასოს გულში დანა. ბოლოს ერთ-ერთი მათგანი გააკეთებს კიდეც ამას. წევს მომაკვდავი იოზეფი და ფიქრობს: „ძაღლივით მომკლეს“. აქ ჩანს, რა ფასი აქვს ადამიანს, ინდივიდს, რეჟიმისთვის, იმ დიდი მანქანისთვის, რასაც მართლმსაჯულება, ეკონომიკა, პოლიტიკა ჰქვია.

არ ვიცი, ვის როგორ უფიქრია, მაგრამ სკოლის დამამთავრებელ ღონისძიებებს რომ ვესწრები, ვუყურებ უფროსკლასელთა ნაწილს, ვხვდები, რომ თუ ოდნავ დაფიქრდებიან, მათაც იოზეფის მსგავსი განცდა გაუჩნდებათ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...