კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

ცნებების სწავლება და სწავლა

0

ყოველივე  ის,  რაც  სამყაროს  შესახებ ვიცით,  უკავშირდება  ცნებებს  და  მათ  შორის  არსებულ  კავშირებს.  მაგრამ  რა  არის  ცნება?  ცნება  არის  კატეგორია,  რომელიც  გამოიყენება მსგავსი  მოვლენების,  იდეების,  საგნებისა  თუ  ადამიანების  დასაჯგუფებლად. კონკრეტულ  ცნებას,  მაგალითად, “მოსწავლეს“ რომ  ვიყენებთ,  ვგულისხმობთ ადამიანთა  იმ  კატეგორიას,  რომელიც  სწავლობს  – ეს  მათი  საერთო დამახასიათებელი ნიშანია.  ასაკობრივი  განსხვავების  გამო,  ზოგი  შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლე, ზოგი კი – არა. ასევე  განსხვავებული  შეიძლება  იყოს სწავლის  ობიექტი  –  ეს  შეიძლება  იყოს  სპორტის  გარკვეული  სახეობა  ან რაიმე  საგანი.  თუმცა  ყველა  მაინც  ერთ კატეგორიაში – „მოსწავლე”  –  ერთიანდება. უნდა ითქვას, რომ ცნება აბსტრაქციაა, ანუ რეალურ სამყაროში არ არსებობს. ცნება გვეხმარება უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის სისტემატიზაციასა და მართვაში. მაგალითად, ფერთა გამა 7.5 მილიონ სხვადასხვა ფერს მოიცავს. ფერთა კატეგორიზაცია ჯგუფებად ამ  მრავალფეროვნებასთან “გამკლავების” საშუალებას გვაძლევს.

კვლევის საწყის  ეტაპზე  ფსიქოლოგები  ვარაუდობდნენ,  რომ  არსებობს  ცნებების განმასხვავებელი მახასიათებლები. მაგალითად,  წიგნი  არის  აკინძული გვერდებისაგან  შემდგარი საგანი, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით  ელექტრონულ წიგნზე.  ცნების  განმსაზღვრელი  მახასიათებლების  თეორიის  მიხედვით ჩვენ  კონკრეტულ  მაგალითებს  მთავარი  აუცილებელი  ატრიბუტების აღნიშვნის  საშუალებით ვცნობთ.

დაახლოებით 1970 წლიდან ცნების ბუნების შესახებ  არსებული  შეხედულება იცვლება.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ცნებას (მაგალითად, ტოლფერდა სამკუთხედი)  კონკრეტული  მახასიათებლები  აქვს,  ამას  ვერ  ვიტყვით  ცნებათა  უმრავლესობაზე,  მაგალითად,  ინგლისური  სიტყვა-ცნება  “party“.  რა  არის  მისი  აღმნიშვნელი  ატრიბუტები?  ცხადია, პირველ  რიგში გვახსენდება  ქართული  სიტყვა  “წვეულება”,  მაგრამ  მისი  შინაარსი შეიცვლება,  თუ  ამ  სიტყვას  გამოვიყენებთ  პოლიტიკური    მოვლენის ან  სასამართლო  საქმის  მხარეთა  მიმართ.  კიდევ  ერთი  მაგალითი:  ცნება “ფრინველი”.  ფრინველები  ცხოველთა  სამყაროს სახეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია  ფრენა.  მაგრამ  თუ  ამ  მახასიათებელს  დავეყრდნობით, გამოვა,  რომ  სირაქლემა  ან  პინგვინი  ფრინველია?  რა  შეიძლება  ვთქვათ თუნდაც  ღამურაზე?

პროტოტიპი და ნიმუში. მაშ,  როგორ  ვსწავლობთ  ცნებებს?  არსებობს  აზრი,  რომ  გონებაში  გვაქვს  ცნებების პროტოტიპი.  ანუ  გამოსახულება,  რომელიც  მოიცავს  თითოეული ცნების არსს. პროტოტიპი ამა თუ  იმ  კატეგორიის  საუკეთესო  წარმომადგენელია. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებისათვის “ფრინველის” ცნების  საუკეთესო  წარმომადგენელი  შეიძლება იყოს შაშვი. ამ კატეგორიის სხვა წარმომადგენელი შეიძლება იყოს  ამ  პროტოტიპის მსგავსი  (ვთქვათ,  ბეღურა)  ანდა, ერთი მხრივ – მსგავსი, მეორე მხრივ კი – სრულიად  განსხვავებული  (მაგალითად,  ქათამი,  სირაქლემა).  ამ  კატეგორიის ჩამონათვალში  შეიძლება  იყოს  ისეთი  წარმომადგენელიც,  რომლის  შესახებაც გაგვიჭირდება  იმის  თქმა,  ეკუთვნის  თუ  არა  ის  ამ  პროტოტიპს.  მაგალითად, ტელეფონი “ავეჯია”?  ლიფტი “სატრანსპორტო  საშუალებაა”?  ზეთისხილი “ხილია?”  თავსდება  ამა  თუ  იმ  კატეგორიაში  ესა  თუ  ის  საგანი  თუ  არა, დამოკიდებულია  თავსებადობის  ხარისხზე.  მარტივად  რომ  ვთქვათ,  რომელიმე საგანი თუ მოვლენა ან, თუნდაც, იდეა უფრო კარგად ასახავს ცნებას, ვიდრე მეორე.

არსებობს  კიდევ  ერთი  შეხედულება  იმის  შესახებ,  თუ  როგორ  ვსწავლობთ ცნებებს:  გამოვყოფთ კატეგორიის წევრს ნიმუშის მიხედვით. აქტუალურ მეხსიერებაში გვაქვს  ეგზემპლარი/ნიმუში  (ვთქვათ,  კონკრეტული ფრინველი, ავეჯი და ა.შ.), რომელსაც  ვადარებთ საგანს და ამ გზით ვადგენთ მის შესაბამისობას ამა თუ იმ კატეგორიასთან. მაგალითად, პარკში ვხედავ რკინისა და ქვისაგან დამზადებულ უცნაურ სკამს, რომელიც შეიძლება შევადარო საკუთარ მისაღებ ოთახში მდგარ სავარძელს და ამის საფუძველზე დავასკვნა, შეიძლება ამ  უცნაურ  სკამზე  კომფორტულად  დაჯდომა,  თუ  ის  უფრო  “ქანდაკებაა”, ვიდრე დასაჯდომად განკუთვნილი საგანი.

პროტოტიპი,  სავარაუდოდ,  აიგება  სხვადასხვა  სახეობის/მოდელისაგან მიღებული  გამოცდილების  საფუძველზე.  ეს  ბუნებრივად  ხდება,  ვინაიდან  სხვადასხვა შთაბეჭდილება თანდათან ილექება და დროთა განმავლობაში ქმნის ტიპობრივი სავარძლის  პროტოტიპს,  ანუ  ყველა  იმ  სავარძლისა,  რომელზეც ოდესმე  ვმჯდარვართ.

ცნებები და სქემები.  პროტოტიპისა  და  სახეობის  გარდა,  ცნების  დადგენისას მივმართავთ  აგრეთვე  საკუთარ  სქემატურ  ცოდნას,  პირდაპირ  დაკავშირებულს ცნებასთან.  საიდან  ვიცით,  რომ  ფალსიფიცირებული  ფული  არ  არის “ნამდვილი” ფული,  ის  ხომ  სავსებით  აკმაყოფილებს  ჩვენთვის  ნაცნობი “ფულის” პროტოტიპსა  თუ  მოდელს/ნიმუშს?  ამ დასკვნამდე მივდივართ ამ ფულის ისტორიის საფუძველზე: ეს ფული არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაბეჭდეს. აქედან  გამომდინარე,  ფულის  ცნება  უკავშირდება  დანაშაულს, სიყალბეს,  სახელმწიფო  ხაზინას  და  ა.შ.

იაკობ  ფელდმანის მიერ  შეთავაზებული  საბოლოო ასპექტი  ცნების  შესწავლისას  არის  სიმარტივის პრინციპი. ფელდმანის აზრით, ადამიანი ნიმუშის შესახებ უმარტივეს  კატეგორიას,  ანუ  წესს  აყალიბებს,  რომელსაც  ყველა  დანარჩენ  სახეობაზე ავრცელებს.  ზოგჯერ მარტივი წესის დადგენა ძალიან ადვილია (მაგალითად, სამკუთხედთან  დაკავშირებით), თუმცა  ზოგჯერ  დიდ  სირთულეს  იწვევს  (ვთქვათ,  ხილის  შემთხვევაში).  მაგრამ ადამიანი ყველა სახეობის ერთ ცნებაში გასაერთიანებლად მარტივ ჰიპოთეზებს ეძებს. ფელდმანის აზრით, სიმარტივის პრინციპი კოგნიტური  ფსიქოლოგიის  ერთ-ერთი  უძველესი  იდეაა: “ორგანიზმი ცდილობს  ჩასწვდეს  გარემოს  ინფორმაციის  ნაკადის  მარტივ,  უფრო  გასაგებ, ლოგიკური  თანმიმდევრობის  მქონე,  უფრო  გამოსადეგ  ფორმაზე  დაყვანის გზით”.

სწავლის  პროცესში  მნიშვნელოვანია  როგორც  პროტოტიპი,  ისე  განმსაზღვრელი მახასიათებლები/ატრიბუტები. რეალურ სამყაროში არსებული პროტოტიპებისა და  სახეობების  მაგალითზე  ბავშვები  სწავლობენ  მოზრდილთა მიერ  მიწოდებულ  უამრავ  ცნებას,  მაგრამ  თუ  სახეობა  ბუნდოვანია (ზეთისხილი  ნაყოფია?),  გადაწყვეტილების  მისაღებად  უნდა  მიმართო განმსაზღვრელ მახასიათებლებს. ზეთისხილი არის საკვები, რომელსაც ნაყოფის  შიგნით  აქვს  მარცვალი  საჭმელ  ნაწილში,  რაც  დამახასიათებელია  ნაყოფისათვის.  ამრიგად,  ზეთისხილი  უეჭველად  ნაყოფია,  მიუხედავად  იმისა, რომ  ის  არ  არის  ნაყოფის  პროტოტიპის  მსგავსი.

ცნების  სწავლის  მსგავსად,  ცნებების  სწავლებაც  მოიცავს  როგორც განმსაზღვრელ  მახასიათებლებს,  ისე  პროტოტიპებს.  ცნებების  სწავლების ერთ-ერთ  მიდგომას  ეწოდება  “ცნების  დაუფლება”.  ეს  გზა  ეხმარება  მოსწავლეს კონკრეტული  ცნების  შესახებ  აზრის  აგებაში  და  იმ  პრაქტიკული  აზროვნების უნარ-ჩვევების გავარჯიშებაში, როგორიცაა ჰიპოთეზის შემოწმება.

ცნებების  სწავლებისას  კარგი  იქნება,  თუ  ვიხელმძღვანელებთ  კარგად ცნობილი    ჭეშმარიტებით – “ასჯერ გაგონილს  ერთხელ  ნანახი  სჯობს”.  უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან ცნების გაცნობა ილუსტრაციების საშუალებით აადვილებს სწავლის  პროცესს.  ამასთანავე,  ისტორიიდან,  ბუნებისმეტყველებიდან, მათემატიკიდან რთული ცნებების თვალსაჩინოდ წარმოდგენა დიაგრამებისა თუ  გრაფიკების სახით სასურველია ყველა ასაკის  მოსწავლეებთან. მაგალითად,  ანდერსონისა  და  სმიტის  კვლევაში სინათლის  თვისებების  შესახებ  ტექსტის  წაკითხვისას  მოსწავლეთა  მხოლოდ 20%-მა  შესძლო  იმის  გაგება,  თუ  როგორ  ვხედავთ  საგნებს  არეკლილი  სინათლის მეშვეობით. მაგრამ ილუსტრაციის ანალიზის შედეგად, ცნების არსი მოსწავლეთა 80%-მა გაიგო.

გაკვეთილის სტრუქტურა. ცნების  სწავლებისას  გაკვეთილი  უნდა დავიწყოთ  პროტოტიპების, ანუ საუკეთესო მაგალითების, წარმოდგენით, რათა დავეხმაროთ  მოსწავლეებს  კატეგორიის  შესახებ  წარმოდგენის შექმნაში.  გაკვეთილზე  ცნება  „ნაყოფის“  წარმოდგენის  შემთხვევაში  მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა დაიწყოს ნაყოფის  კლასიკური  მაგალითის – „ვაშლის” –წარმოდგენით.  შემდეგ  უნდა გადავიდეს  ისეთ  ნაკლებად  ტიპობრივ  მაგალითებზე, როგორიცაა  პომიდორი  და  გოგრა.  ამ  მაგალითების  წყალობით  მოსწავლეებს შეექმნებათ  წარმოდგენა  კატეგორიის  მრავალფეროვნების  შესახებ. გარდა  ამისა,  კატეგორიის შიგნით მრავალფეროვანი  მაგალითების მეშვეობით  (იგულისხმება  ინფორმაციის  მიწოდება  იმის  შესახებ,  რომ  ნაყოფს შეიძლება  ჰქონდეს  ერთი  ან  ბევრი  თესლი,  ის  შეიძლება  იყოს  ან  არ  იყოს  ტკბილი, ჰქონდეს  სხვადასხვა  შეფერილობა  და  ა.შ.)  მათთვის  ნათელი ხდება, რომ არსებობს რელევანტური მახასიათებელი  ნიშნები.

როცა  დარწმუნდებით,  რომ  მოსწავლეებმა  გაიგეს  ცნების  არსი,  კარგი იქნება,  თუ  ჰკითხავთ, დააკვირდნენ თუ არა ისინი თავიანთი ჰიპოთეზის ჩამოყალიბებისა და  შემოწმების  პროცესს.  ანალიზი  ეხმარება  მოსწავლეებს განმაზოგადებელი  კოგნიტური  უნარ-ჩვევების  განვითარებაში:  ისინი  რწმუნდებიან, რომ  ადამიანი  პრობლემის  გადაჭრისას  სხვადასხვა  გზას  მიმართავს.

ცნებათა დაკავშირება და გავრცობა.  ცნების  არსის  წვდომის  შემდეგ  საჭიროა ამ  ცნების  გამოყენებაზე  გადასვლა,  რაც  მიიღწევა  ამ  ცნების  მაგალითების სხვადასხვა  კონტექსტში  გამოყენებით:  პრობლემების  გადაჭრის,  წერის, კითხვის,  დისკუსიის  თუ  სხვა  ნებისმიერი  აქტივობის  პროცესში.  ამ  გზით ხდება  ცნების  დაკავშირება  მოსწავლის  სქემატური  ცოდნის  სისტემასთან. ერთი  მიდგომა, რომელიც ზოგიერთ სახელმძღვანელოში  გვხვდება,  ცნობილია  “ცნების  რუკის” სახელწოდებით.

სასწავლო წლის დასაწყისი – მისალმების გაკვეთილები

0

 ყველაფერი მისალმებით იწყება, მეთანხმებით?

ახალი დღეც, ახალი შეხვედრაც, ახალი სასწავლო წელიც, ახალი გაკვეთილიც.

ამას წინათ ვიფიქრე, რაკიღა პირველი გაკვეთილი გაცნობის და მისალმებისა უნდა იყოს, მოდი, აუცილებელ პროცესს შემეცნებით ფუნქციასაც მივანიჭებ და სალამს უფრო ჩავუღრმავდები – მეთქი.

როგორ? პირველ, გაცნობით გაკვეთილზე, როცა ახალ მოსწავლეებს შევხვდები ახალ სივრცეში და  კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი, მისალმების რიტუალის უწყვეტ ჯაჭვს შევუერთდებით, ცოტა მეტს გავიგებთ, წავიკითხავთ და გამოვიკვლევთ ამ მაგიური პროცესის შესახებ.

რას ნიშნავს სალამი და რა როლი აქვს მას?

ვარიანტი #1:  მისალმება ერთგვარი სიგნალია, ამით მეორე ადამიანს შეტყობინებას უგზავნი, რომ თქვენი ურთიერთობა საწყისი წერტილიდან დაიძრა, რომ იცანი იგი, რომ შესაძლოა გადაკვეთის რაღაც წერტილი გქონდეთ, იქნებ თქვენი ურთიერთობა სხვა საფეხურზე გადავიდეს, რომ ერთი ენობრივი ფორმულის ერთნაირად აღქმის უნარი  გაერთიანებთ.

ვარიანტი #2: ესეც სიგნალია, ოღონდ ცოტა სხვაგვარი. აქ “გამარჯობა” – ნიშანია, რითაც მოცემულ დრო-სივრცეში ორი ადამიანის შეხვედრას აფიქსირებ და საკმარისია. სულაც არაა აუცილებელი,   ამ მოვლენას გაგრძელება ჰქონდეს. გაჩერებული კადრია – კიბეზე ხვდები ნაცნობს, რომელთანაც მხოლოდ მისალმება გაკავშირებს, ესალმები და მორჩა. მისალმება აქ ისეთივე საგზაო ნიშანია, როგორც მძღოლისთვის შუქნიშნის რომელიმე ფერი, ვთქვათ, მწვანე.

 მისალმების იმდენივეგვარი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ადამიანიც ხვდება ერთმანეთს  – წარმოიდგინეთ რამდენია? ჰოდა, არცერთი, ვიმეორებ, არცერთი იქნება ერთმანეთის მსგავსი.

დამატებითი ფაქტორების გარდა, როგორიცაა ადამიანების განწყობა, შეხვედრის ადგილი, სიტუაციის წინაპირობა თუ უბრალოდ, ამინდი, სიტყვებით გადმოცემული მისალმების ენობრივი ერთეულები სრულიად სხვადასხვა შინაარსს ატარებს, სხვადასხვა სურვილებსა და დამოკიდებულებებს აერთიანებს, სხვა ადამიანის თუ სამყაროს განსხვავებულ ხედვას:

სხვისთვის გამეტებული სურვილები სხვადასხვაგვარია – ხან მტერზე გამარჯვება, ხან მშვიდობა, ან უფრო კონკრეტული – ჯანმრთელობა, ანდა ზოგადი – კარგი, ლამაზი დღე.

მშვიდობა მისალმების რიტუალში ყველაზე გავრცელებული სურვილია, აღმოსავლური სამყაროს „სალამი“, რომელიც ქართულ ენაშიც შემოვიდა, სწორედ მშვიდობის შინაარსს ატარებს. დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მშვიდობა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისთვის. პასუხად, აღმოსავლურ ენებში ხან ვარდების, ხან, ჟასმინის დღეს უსურვებენ – ყვავილები, ესეც ხომ თავისთავად მშვიდობის ფორმულებია.

მისალმების ყველაზე ცნობილი ფორმულის ინგლისური და ლამის უკვე საერთაშორისო სიტყვის hello (შესაბამისად: გერმანული hallo, ესპანური hola და ა.შ)  ეტიმოლოგიის ერთ-ერთი განმარტებით, პირველად, ადამიანებმა  ეს ბგერათშეთანხმება  ნადირობის დროს, მიზანში ამოღებულ მსხვერპლზე ყურადღების გასამახვილებლად გამოიყენეს. თუ ამ სიტყვებს ფონეტიკური კუთხით განვიხილავთ,  საინტერესო დასკვნებამდე მივალთ. ნამდვილად კარგად ასახავს „ჰ“,  ხორხისმიერი ნაპრალოვანი თანხმოვანი, ნადირობის დროს პირველი ადამიანის მიერ გამოცემულ ემოციურ ბგერათნაკადს.

ბგერების სხვადასხვა თვისება და შინაარსი დამატებითი იარაღია სიტყვისა, როგორც ენობრივი რიტუალისა, თავისი მიზნის სრულყოფილად შესასრულებლად. მიზანი კი ერთია – ობიექტის სურვილით თუ სურვილის საწინააღმდეგოდ დაარღვიოს ობიექტის პირადი სივრცე. როგორც ამბობენ, ადამიანი, ისევე როგორც ყველა მტაცებელი,  პირად სივრცეში უცხოს, მეორე ობიექტს იშვიათად ან საერთოდ არ უშვებს. ამ სივრცის დაცვისას სხვა ყველა სისხლიანი მტაცებელივით არ ერიდება თავდასხმას, ფრჩხილებისა თუ კბილების გამოჩენას.

ზოგჯერ ზრდილობიანი ღიმილიც თავდაცვის მშვენიერი საშუალებაა, მითუმეტეს, თუ ცნობილია, რომ თავდაპირველად, ჩვენს უძველეს წინაპრებთან,  ღიმილი, როგორც აგრესიული ჟესტი ( შეადარეთ გაბრაზებული ძაღლის მიერ ღრენისას ეშვების გამოჩენა) ისე ჩაისახა და შემდეგ, თანდათანობით შეიძინა დადებითი ფუნქცია.

მისალმება – ამ პირადი სივრცის სხვისთვის გაღების ან ჩაკეტვის მცდელობაა,   ან პირიქით, გასაღები, რითაც სხვის პირად სივრცეში შეღწევას ცდილობ.

„გამარჯობის“ ვერბალურ გამოხატულებას სხვადასხვა კულტურა განსხვავებულ ჟესტების ენას უთანხმებს. მაგალითად, ქუდის მოხდა, ქუდზე ხელის შევლება ცხვირის ცხვირზე გახახუნება, ხელის გაწოდება, ჰაეროვანი კოცნის გაგზავნა, თავის დაკვრა, მიტყუპებული ხელისგულების ნიკაპთან მიახლოება,  ხელის ბაგესთან მიტანა, ხელის დაქნევა, თვალის დაფახულება, თითების მსუბუქი შერხევა, მხარზე ან ლოყაზე კოცნა და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხვირზე კოცნაც კი.

ჰოდა, სხვადასხვა ენაზე რომ მისალმების ფორმულებს მოვუსმენთ, დიალოგებს გავიხსენებთ ლიტერატურიდან თუ ფილმებიდან, იქნებ „სასაუბრო“ ლექსიკონებიც გამოვიყენოთ, ენის მთავარი, კომუნიკაციური ფუნქციაც გავააქტიუროთ და ბოლოს, ძალიან მხიარულ და სახალისო თამაშსაც ვითამაშებთ, მაგალითად, წარმოვიდგენთ, როგორ მიესალმებიან ერთმანეთს ადამიანები სხვადასხვა ეპოქიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან, წიგნიდან ან თუნდაც პლანეტიდან.

ესეც, ჩვენი მისალმების გაკვეთილები.

სცადეთ, მოგეწონებათ!

Leg Godt, ანუ ითამაშე კარგად

0

ერთხელ ერთმა ღარიბმა დურგალმა ოტო კრისტიანსენმა სამსახური დაკარგა. ცოტა კი იდარდა, მაგრამ გამოსავალი მალევე იპოვა, ალბათ ოთხი შვილის გამო – ხის სათამაშოების კეთება გადაწყვიტა. სათამაშოების გაყიდვით პურის ფულს შოულობდა და ცოტა ხანში პატარა კომპანიაც დააარსა სახელად Leg Godt – „ითამაშე კარგად“, ანუ ლეგო. ხის სათამაშოებს მალე პლასტიკის სათამაშოებიც დაემატა, შვილმა კი მამის საქმე გადაიბარა. პლასტიკის სათამაშოებს გამოჩარხვის ნაცვლად გამოდნობა სჭირდებოდა. ამიტომაც ლეგო ჯგუფმა გამოსადნობი აპარატი იყიდა, რომელსაც თან სპეციალური, ურთიერთდაკავშირებადი ბლოკების ყალიბი მოჰყვებოდა. ამ ბლოკებს ლეგო ჯგუფმა აგურები, ანუ Lego Bricks შეარქვა.

ამავე დროს, სხვა ევროპელი მწარმოებლებიც უშვებდნენ ურთიერთდაკავშირებად სათამაშო ბლოკებს, მაგრამ დურგლის შვილმა არსებული ყალიბი ისე გააუმჯობესა, რომ დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგაც, ლეგოს ბლოკების ურთიერთდაკავშირების მოდელი არ შეცვლილა. ამასთან, კრისტიანსენი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა ბლოკების ხარისხს, რომ 1958 წელს გამოშვებული ბლოკი მარტივად უკავშირდება დღეს გამოშვებულ ლეგოს ბლოკების ნაკრებს.

ლეგ1

1961 წელს ლეგოს მფლობელის, გოტფრიდ კრისტიანსენის მიერ მიღებული პატენტი

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, რიგითი კონსტრუქტორი, რომლითაც უამრავ ბავშვს უთამაშია, განსაკუთრებული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს, სადაც:

  1. 6 ცალი 8-კბილანიანი ბლოკის შეერთება თითქმის მილიარდი ხერხით, უფრო ზუსტად კი 915,103,765-ნაირად შეიძლება;
  2. უკვე 4 მილიარდი ლეგოს მინიკაცუნა და 56 მილიარდი ბლოკია გამოშვებული, ანუ ფაქტობრივად ერთი დიდი ცივილიზაცია;
  3. მხოლოდ 2012 წელს გამოშვებული ლეგოს ბლოკები სიგრძეზე რომ დავაწყოთ, დედამიწას 18-ჯერ შემოუვლიდა;
  4. თუ ერთმანეთზე 40 მილიარდ ბლოკს დავამაგრებთ, ისეთ კოშკს ავაშენებთ, რომელიც მთვარეს მიაღწევს.

ცხადია, ლეგოს ბლოკებით, ისევე როგორც ნებისმიერი ამ ტიპის კონსტრუქტორით თამაშისას, ბავშვი ბუნებრივად სწავლობს რაოდენობრივ აზროვნებას, დიზაინერული და საინჟინრო უნარები უვითარდება და კრეატიული უნარები უძლიერდება. მაგრამ ლეგოს ჯგუფი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და 90-იან წლებში აქტიურად დაიწყო საგანმანათლებლო მიმართულებების შემუშავება, რომელთა შორისაა საბავშვო-ახალგაზრდული რობოტიქსის განვითარება. Lego Mindstorm რობოტის პირველი ვერსია 1998 წელს ლეგოსგუფისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა. 2006 წელს შემდეგი ვერსია, NXT გამოვიდა, ხოლო 2013-ში – EV3. რობოტის, რომელიც ლეგოს ბლოკებისა და სპეციალური „ტექნიკ“ ნაწილებით იქმნება, დაპროგრამება სპეციალური, მარტივად გამოსაყენებელი ბლოკური ენითაა შესაძლებელი. lego ტექნიკ ნაწილები, ლეგოს ბლოკებისგან განსხვავებულია და წარმოადგენს პლასტიკის ღერძებს სხვადასხვა ფორმის და ზომის ხვრელებით, ხრახნებს, ჭანჭიკებს, სამაგრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეგო მაინდსტორმის აგება და გამოყენება საკმაოდ მარტივია, მოცემული ნაკრების გამოყენებით ურთულესი ფუნქციების განხორციელება შეიძლება. ამასთან, იმდენად გასაგებ პრინციპებს ეფუძნება, რომ ბავშვს შეუძლია თვითგანათლება პირდაპირ იუთუბის უფასო ვიდეოებით ან წიგნებით მიიღოს. ამ რობოტთან მუშაობა 8 წლის ბავშვსაც და ზრდასრულ ადამიანსაც თანაბრად დააინტერესებს.  იუთუბზე უამრავ საინტერესო ლეგოს რობოტს იპოვით – თოკზე ტაატით მიმავალ აკრობატს, კუბიკ-რუბიკის ამომხსნელს, მინი კალათბურთის მოთამაშეს, ბრაილის შრიფტის წამკითხველს და ა.შ.

 

 ლეგ2

ლეგოს კომპანია ამაზე არ გაჩერებულა და აქტიურად განაგრძო საგანმანათლებლო მიმართულებების შემუშავება შეჯიბრებების ტიპის ლიგების ჩამოყალიბებით. ლიგები წლიური პრინციპით მოქმედებს. ყოველ აგვისტოს იმ წლის დავალება ცხადდება, გუნდები ამზადებენ პროექტს, ქმნიან შესაბამის რობოტს თუ კონსტრუქციას. პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრებები ზამთრიდან იწყება. ამ ლიგებს ერთი სახელი აერთიანებთ FIRST – რაც, გარდა იმისა, რომ ინგლისურად პირველს ნიშნავს, აბრევიატურაა: For Inspiration and Recognition of Science and Technology – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აღიარებისა და შთაგონებისთვის. ყოველი წლის შეჯიბრება რაიმე თანამედროვე, აქტუალურ პრობლემას უკავშირდება  – მაგალითად, შარშანდელი თემა იყო ნაგვის გადამუშავების ხერხები, წლევანდელი კი – ცხოველებისა და ადამიანების ურთიერთდახმარება.

დღეს ლეგოს 4 FIRST ლიგა არსებობს: FLL Junior (First Lego League) დაწყებითი ლიგა 6-9 წლის ბავშვებისთვისაა. მისი მიზანია, ბავშვებმა მარტივი მექანიზმების მოქმედებები შეისწავლონ ლეგოს ბლოკების, ხრახნებისა და ძრავების საშუალებით. ამ ლიგის ნაკრებს ძალიან იოლი პროგრამირების ენაც – WeDo მოჰყვება, რომლის საშუალებით ბავშვები მოტორებს ამუშავებენ.

ლეგ3

შემდეგი ლიგიდან რობოტიქსი იწყება – FLL, ლეგო მაინდსტორმის გამოყენებით. ლეგო მაინდსტორმის მთავარი ნაწილი პროგრამირებადი ბლოკია, რომელსაც ოთხი ძრავი და ოთხი სენსორი შეიძლება დაუკავშირდეს. არსებობს ფერის/სინათლის სენსორი, შეხების სენსორი, გირო სენსორი, ინფრაწითელი სენსორი, ხმის სენსორი და ა.შ..  წინასწარ განსაზღვრულია, რა ტიპის დავალებები უნდა შეასრულოს რობოტმა და გუნდიც რამდენიმე თვე მუშაობს რობოტის შექმნაზე, რომელიც 2.5 წუთში შეასრულებს მოცემულ დავალებებს. ამჟამად ლეგოს პირველ ლიგაში მთელ მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით გუნდი მონაწილეობს.

მომდევნო ლიგა უფროსკლასელებისთვისაა განკუთვნილი – FTC – First Technical Competition. FIRST ტექნიკის შეჯიბრი. ამ შემთხვევაში ლეგოს მხოლოდ პროგრამირებადი ბლოკია, დანარჩენი – სხვადასხვა ლითონის ნაწილებისგან უნდა აიგოს. შესაძლებელია მიკროსქემებისა და სხვა ელექტრონული ნაწილების გამოყენება.

 ლეგ4

სულ ბოლო ლიგა – FRC – First Robotic Competition, რომელშიც სტუდენტებიც მონაწილეობენ, არის რობოტების შეჯიბრი – აქ უკვე კონკრეტული დავალებები კი არა, ზოგადი მისიები აქვთ რობოტებს და ამ მისიების შესრულებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგალითად, სპორტულ თამაშებში ან დარბაზის დასუფთავებაში.

ამ ლიგების შესაბამისი კლუბები აშშ-ის უამრავ სკოლაში მოქმედებს და ძალიან ბევრი საზაფხულო ბანაკი არსებობს ამ მიმართულებით.

მეორე წელია, ლეგოს დაწყებითი და პირველი ლიგის მოხალისე მწვრთნელი ვარ. შარშან საკვალიფიკაციო ტურნირში მიღებული პირველი ადგილით მოხვდა გუნდი შტატის ტურნირზე, ზაფხულში კი დამწყები რობოტიქსის ერთკვირიან ბანაკსაც ვუხელმძღვანელე. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ  როგორ სწრაფად ვითარდება ბავშვების საინჟინრო და პროგრამისტული უნარები ამ რობოტების გამოყენებისას. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც მალე ასეთივე პოპულარული გახდება ლეგოს ლიგები და ლეგო რობოტიქსი გასცდება საქართველოში არსებული ორიოდე კლუბის სივრცეს. დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ყველა სკოლაში იქნება ლეგოს მარტივი მექანიზმების და რობოტიქსის კლუბები, საზაფხულო რობოტიქსის ბანაკები აქტიურად იმუშავებს და საქართველოს ბევრი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას რობოტების ევროპულ და მსოფლიო შეჯიბრებებში.

არ ვიცი, წარმოედგინა თუ არა უმუშევარ ღარიბ დანიელ დურგალს, რამხელა სამყაროს აძლევდა ბიძგს თავისი პირველი ხის სათამაშოთი, მაგრამ სახელი კი ნამდვილად ზუსტად შეურჩია: მართლაც, ვათამაშოთ ბავშვები კარგად, რომ ამ თამაშით ისწავლონ სამყაროს მოქმედების პრინციპები. ვათამაშოთ კარგად და თავად შექმნიან ახალ, უჩვეულო სივრცეებს.

თამარი სამოდელო გაკვეთილიდან

0

თამარ თაბუაშვილმა მთელ საქართველოში ,,იმოგზაურა“. მისი სამოდელო გაკვეთილის ვიდეოჩანაწერი შეფასების ჯგუფების ტრენინგის  რესურსს წარმოადგენს, ტრენინგები კი ყველა რეგიონში ტარდება.

თამარი თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის ტრენერია.  სქემაში მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

_ პედაგოგების ოჯახში გავიზარდე, დედა ფილოლოგია, მამა _ ისტორიკოსი, ის ახლაც მუშაობს ჩემს მშობლიურ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საჯარო სკოლაში. ყოველდღე ვხედავდი მასწავლებლის ცხოვრებას, მუდმივ სამზადისს სკოლისათვის, სიხარულს, სირთულეებს. მშობლების მაგალითთან ერთად, ჩემს არჩევანზე დიდი გავლენა იქონია  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ევგენია ავეტიქოვამ. ეს იყო საქართველოზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაზე შეყვარებული ქალი, რომელსაც შეეძლო სიყვარული  ,,გადმოედო“… ასე გავხდი მასწავლებელი.

ბავშვობაში აღქმულის გარდა, რა აღმოაჩინეთ ამ პროფესიაში?

_ ძალიან ბევრი რამ, უპირველესად კი, საკუთარი თავი. ოცწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლობა ჩემი სულიერი მდგომარეობის გარეგნული გამოხატვაა. უსინათლობის, კუპონების, განუკითხაობის  პერიოდში ბევრი  წავიდა სკოლიდან, ახლაც მესმის ზოგიერთისგან,  რომ  მასწავლებლის შრომა მძიმე და დაუფასებელია; რომ სხვა სამსახური, თუ გამოჩნდა, აუცილებლად წავალ!  ამაზე ფიქრიც არ შემიძლია. მასწავლებლთა პროფესიული გადაზადების ცენტრის  გამოცხადებული კონკურსების შედეგად ჩავერთე მასწავლებლის სახლის საქმიანობაში, ჯერ მონიტორინგის სპეციალისტად, შემდეგ კი ტრენერ-კონსულტანტად. შემეძლო სკოლიდან წამოსვლა და მთლიანად ამ საქმიანობაზე გადართვა, მაგრამ ვფიქრობ,  ვერ შევძლებ სკოლის მიღმა ცხოვრებას.

მეთანხმებით, რომ სკოლიდან გამოყოლილ ნათელ და ჩრდილიან მოგონებებს ადამიანები  სულ თან დაატარებენ?

_ რა თქმა უნდა, რადგან ეს მოგონებები მათ პიროვნულ განვითარებაზე ტოვებს კვალს, თან ეს მათი ბავშვობაა. მაგალითად, ჩემი ნათელი მოგონება უკავშირდება მაშინდელი პიონერთა სასახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს, როდესაც მე, სოფლის სკოლის მოსწავლეს, მეძლეოდა შესაძლებლობა, დამემუშავებინა შემოთავაზებული თუ თავისუფალი თემა,   ჟენია მასწავლებელის ხელმძღვანელობით, წამოვსულიყავი თბილისში, სრულიად უცხო აუდიტორიის წინაშე წარმედგინა ჩემი ნამუშევარი და  აღიარება მიმეღო. ამ სიტუაციაში ჩამომიყალიბდა საკუთარი თავის, საკუთარი ნააზრევის წარდგენის უნარი, ვისწავლე თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, ამ სიტყვის ყველაზე არამილიტარისტული გაგებით. რაც შეეხება ჩრდილიან მოგოგნებებს, ეს არის მასწავლებლის შვილობის ,,ტრაგედია“. დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომ მასწავლებლის შვილობა პრივილეგიაა. სინამდვილეში, მშობელ-მასწავლებლებს გააჩნიათ, როგორ გზრდიან და რას გარიგებენ. მე ძალიან მთრგუნავდა შეგონებები ,, შენ ეს არ უნდა გააკეთო, შენ მეტი მოგეთხოვება, შენ ასე არ უნდა მოიქცე…“ არადა,  ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მეც მინდოდა ცელქობა, კლასთან ერთად ,,შატალოზე“ წასვლა… მაგრამ ეს სურვილები თავს ვერ აღწევდა მოვალეობის წნეხს, სულ მახსოვდა, რომ ამის გამო, დედას და მამას უსაყვედურებენ. ეს ჩამრჩა ტკივილნარევ მოგონებად.

თავად როგორ გაართვით თავი მშობელ-მასწავლებლობას?

_ორივე შვილი ჩემს სკოლაში სწავლობდა, მაგრამ შეგნებულად არ ვყოფილვარ მათი მასწავლებელი. მშობლებისგან გამოყოლილი ბევრი ღირებულება უცვლელად გადავეცი ჩემს შვილებს, მინდა იყვნენ: წესიერები, განათლებულები, სამართლიანები, ობიექტურები; ჩვენ  გვასწავლიდნენ, რომ მართალიც რომ ვყოფილიყავით, უფროსებს არ უნდა შევპასუხებოდით; მე შევცვალე ფორმულა, რადგან ჩვენ შვილებს სხვა რეალობაში უწევთ ცხოვრება, თავიანთი სიმართლე საჭირო შემთხვევაში უნდა დაიცვან, რა თქმა უნდა, კორექტულად. ახლაც ვეუბნები ხოლმე დედას, მეც ხომ მჭირდებოდა გარეგანი მოტივაცია, ერთხელ მაინც გეთქვა ,, რა კარგი შვილი ხარ…“ ,,ქებით ასეთი კარგები არ იქნებოდითო“ _მამაჩემი გვეპასუხება  მე და ჩემს დას, რომელიც ასევე პედაგოგია, ამჟამად თბილისის 182-ე სკოლის დირექტორი და იქვე, ახალ კრიტერიუმს შეგვახსენებს: მაშინ ვიტყვი, რომ  კარგები ხართ, თუ ძალიან კარგ შვილებს გაზრდითო. ასე რომ შეფასება წინ გვაქვს… მშობლებივით მეც მქონდა მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ რაც შეეხება მეგობრებთან ურთიერთობას, კლასთან ერთად ყოფნას, ვეუბნებოდი, როგორც სწორად მიიჩნევდნენ, ისე გადაეწყვიტათ. ამისთვის თუ ვინმე მისაყვედურებდა, ავიტანდი.

თამარ, დღევანდელი პედაგოგიური საზოგადოების პრობლემებიდან რომელს გამოყოფთ?

_ არ მიწყენენ კოლეგები, თუ ვიტყვი იმას, რაც შიგნიდანაც ჩანს და გარედანაც. მთავარი პრობლემა დროის მოთხოვნებიდან ჩამორჩენა, ან უარესი _ ამ საჭიროების არაღიარებაა. ბევრი ღირსეული პედაგოგი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ მათი საგნობრივი ცოდნა  ეჭვს იწვევდა, არამედ იმიტომ, რომ  ასეთი მიდგომა მოირგეს: მე წითელ დიპლომზე დავამთავრე, ამხელა გამოცდილება მაქვს და რატომ უნდა ჩავაბარო გამოცდა, რამდენი გამოცდა მაქვს უნივერსიტეტში ჩაბარებული? ტრენინგი რად მინდა?  მაგათ ორ საათში რა უნდა მასწავლონ? და ასე შემდეგ. ანუ უწყვეტი განათლების აუცილებლობის პრინციპს არ აღიარებენ… დიპლომი პროფესიული საქმიანობის გრძელვადიან ან უვადო გარანტიად მიაჩნიათ. პირად საუბრებში მითქვამს კოლეგებისთვის: _ დღეს რომ სიხარულით ლაპარაკობ ორი-სამი წლის შვილიშვილზე, ტელეფონში შეძვრა და გაოცდები, ისეთი რამ გააკეთაო… ამ ბავშვს, ორ სამ წელიწადში სკოლაში რომ მოვა, შეიძლება იმავე მეთოდებითა და ფორმით ვასწავლოთ, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, ან თუნდაც ჩვენი შვილების თაობას ვასწავლიდით? ამ თაობას სხვაგვარად მოაზროვნე მასწავლებელი სჭირდება, მაძიებელი, განსხვავებული მიდგომებითა და მეთოდებით. საბედნიეროდ, ასეთ  პედაგოგებსაც ვიცნობ, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, ესწრებიან ტრენინგებს, ეძებენ და პრაქტიკაში იყენებენ სიახლეებს.

მივუბრუნდეთ სამოდელო გაკვეთილს, არ გეშინოდათ ამ ,,როლის“, მასწავლებლები ხომ ყველაზე კირკიტა შემფასებლები არიან?

_პირველად, როცა დამირეკეს და შემომთავაზეს  გაკვეთილის ჩაწერა, დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან გაკვეთილის ჩატარება ხომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა და ისედაც  არაერთხელ დამსწრებიან  და განგვიხილავს ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები. თანაც ეს გვჭირდებოდა მე და ჩემს კოლეგებს,  იმ საქმეს, რომელშიც ვართ ჩართულნი. ამ გამოწვევამ იმითიც მომხიბლა, რომ ვიცოდი ბევრს ვისწავლიდი. მაგრამ საუბარის დასრულებისთანავე რომ დავფიქრდი რა სამსჯავროზე ვბედავდი გასვლას, შემეშინდა. უარის თქმა დავაპირე, მერე სხვაგვარად შევუტრიალე კითხვა საკუთარ თავს: თუ ვერ ჩავატარებ სამოდელო გაკვეთილს, მაშინ როგორ ჩავატარებ ამ მოდულს? მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის ეს პროცესი; მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მაია ინასარიძეს ვისი კონსულტირებითაც დაიგეგმა ეს გაკვეთილი; მე, ფაქტობრივად, ვიყავი  შემსრულებელი. გაკვეთილში იყო დაგეგმილი შეცდომებიც, რათა მონაწილეებს აღმოეჩინათ და ემსჯელათ.მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გაკვეთილისთვის მოვემზადე მე და არა_ მოსწავლეები. პედაგოგები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სამოდელო გაკვეთილები იქცევა  სპექტაკლად, რომლის სცენარი მოსწავლეებმაც წინასწარ იციან.  ვერ ვიტყვი, რომ ეს გაკვეთილი არის იდეალური, მაგრამ სასწავლო მიზანს ემსახურება და მოდულის დამხმარე რესურსს წარმოადგენს. თუმცა, ამჟამინდელი გადასახედიდან შეიძლებოდა გაკვეთილი დაგეგმილიყო ისე, რომ მოსწავლეებს მეტად ეაქტიურათ, ეს გაკვეთილს დინამიურს გახდიდა.

მივუბრუნდეთ თქვენს პრაქტიკას: როგორ თანაცხოვრობენ სწავლება და აღზრდა თქვენს სასწავლო სივრცეში?

ჩემთვის ეს სრულიად განუყოფელი პროცესია. მიმაჩნია რომ სკოლამ მოსწავლე მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნით კი არ უნდა აღჭურვოს, არამედ აღზარდოს თავისუფალ მოქალაქედ. გაკვეთილზე კი აღზრდას გვერდს ვერ ავუვლით, ღიად თუ ფარულად ორი მდინარება ერწყმის ერთმანეთს. გაკვეთილის გარეთ, არაფორმალურ ვითარებაშიც კი, ეს თვალსაჩინოა. მაგალითად, ვართ ექსკურსიაზე და რომელიმე მოსწავლეს ქცევაში რაღაც შეეშალა, მიანიშნებ ამაზე და ბავშვი შეწუხებული გპასუხობს, ბოდიში, არ ვიცოდი, თუ ეს ცუდი საქციელია. ამიტომ აღზრდა სწავლების გარეშე არ გამოვა. გაუგებარია, როცა პედაგოგი ამბობს, მოსწავლემ  საგანი ისწავლოს და არ მაინტერესებს როგორ იქცევაო. მშობლებს ძირითადად აღარ სცალიათ შვილებისთვის, ვერ არიგებენ მათ და ფაქტობრივად ჩვენ ვართ მათი აღმზრდელებიც.

თამარ, თქვენი პროფესიული წარმატების დასტურად რა გეგულებათ?

_ ეს არის ჩემი მოსწავლეების გამოხმაურებები, ლექსები, წერილები… მათი სტუმრობები, ზარები… ვგულისხმობ უკვე კურსდამთავრებულ მოსწავლეებს, როცა ისინი გასულები არიან მოსწავლე-მასწავლებლობის სივრციდან და მაინც აქვთ სათქმელი, ემოციები ჩემთვის. ძალიან მახარებს, როცა ვხედავ მათში გახარებულა ის პატარ-პატარა მარცვლები, რომლებსაც თავის დროზე ,,ვთესდი“. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი დასტურებია, ვიდრე სერტიფიკატები, წოდებები.და კიდევ, როდესაც ამბობენ, რომ დღეს მასწავლებლის პროფესიას აღარავინ ირჩევს, ჩემს ნამოწაფრებში მყავს  4-5 კოლეგა ჩემსავე საგანში, დღეს ისინი თანამშრომლობენ ჩემთან, როგორც უმცროსი კოლეგები. მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ თამარ მასწავლებელო, თქვენი დამსახურებაა, რომ მასწავლებელი ვარ… ესეც დასტურია ჩემთვის.

რას ურჩევთ მათ და სხვა  ახალგაზრდა კოლეგებს?

_არც თუ იშვიათად, ახალგაზრდა კოლეგებიც და სხვებიც, იმეორებენ ფრაზას ,,დღეს ვერაფერს  მიაღწევ, თუ  პატრონი არ გყავს!“ შეიძლება, დიდი არაფრისთვის მიმიღწევია, მაგრამ  რაც შევძელი, ეს არის მონდომების, შრომის და სიახლეების გაზიარების შედეგი. ხელჩაქნევა ცუდი მსახურია, თავდაჯერებულობა უნდა გქონდეს, მიღწეული არ უნდა გაკმაყოფილებდეს და თუ საჭიროა სამართლიანობისთვის ბრძოლასაც არ უნდა მოერიდო, დასაშვები წესების ფარგლებში. სკოლა არ არის ადგილი შემთხვევითი ადამიანებისთვის, იქ ან მაქსიმალურად უნდა გაიხარჯო, ან კარი გაიხურო…  სულხან-საბაში სწავლისას ბატონი ჭოლა თევზაძე ხშირად გვიმეორებდა: ,, ინჟინერი ღიმილით რომ მოდისქუჩაში, ხალხი იტყვის, ეტყობა კარგი შენობა ააშენა და უხარიაო, ექიმი რომ მოღიღინებს, იმასაც გაუგებენ, ალბათ, ავადმყოფი მოარჩინა და ეღიღინებაო, მაგრამ მასწავლებელს ასეთ საქციელს თუ შენიშნავენ, იტყვიან, სულელია, ამან ბავშვებს რა უნდა ასწავლოსო?!“საზოგადოებას მასწავლებელისთვის სხვა საზომები აქვს. ეს უნდა ახსოვდეს მასწავლებელს.

არჩევნის სიმწირე

0

არჩევნებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ჩვენს საინფორმაციო ველში უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს მასთან დაკავშირებული თემატიკა.

რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის წინასაარჩევნო მარათონი, უფრო მეტს ვფიქრობ სხვა, ყოველდღიურ არჩევნებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ჩემი სევდის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

სწავლის განახლება ჩემი შვილებისთვის დიდად მხიარული არ აღმოჩნდა. საბავშვო ბაღში, რომელიც მთელი ოჯახის მოწონებით სარგებლობდა, მასწავლებლების დიდი ნაწილი ისე გამოცვალეს, ამის შესახებ პირველ სასწავლო დღემდე არაფერი გაგვიგია. ეს პრაქტიკა ჩვენს რეალობაში ახალი არ არის, მოქალაქეები იშვიათად თუ არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართული და, როგორც წესი, პოსტფაქტუმ იგებენ, რა ხდება მათ თავს.  ზრდასრულებთან შედარებით ბავშვები უფრო ინტუიციური არსებები არიან, შესაბამისად, ჩემი შვილები  სიახლეს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდნენ. მათ უყვარდათ თავიანთი მასწავლებლები, მიჩვეული იყვნენ მათ. ახლების მიმართ ნაკლები ნდობა აქვთ. უფროსი ყოველ საღამოს ითხოვს,  სხვა ბაღში გადაყვანას, უმცროსმა ჯერ ასე კარგად არ იცის მოთხოვნების ვერბალურად ფორმირება და “უმიზეზო” გაღიზიანებით შემოიფარგლება. ახალ ბაღში გადაყვანა, სათქმელად მარტივი ამბავია, მაგრამ აბა დაიწყეთ ბაღის ძებნა, რომელიც სახლთან მეტ-ნაკლებად ახლოს იქნება, სადაც ბავშვებს შედარებით სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლებათ, გულისხმიერი მასწავლებლებით იქნება დაკომპლექტებული, ნორმალური სასწავლო პროგრამა და გამართული ინფრასტრუქტურა ექნება, სისუფთავის სტანდარტებს დაიცავს და ცალკეული ბავშვების ინტერესებს არ მოკლავს, და ნახავთ, რა რთული ამოცანა დამისახა ჩემმა 4 წლის შვილმა, რომელსაც სრულიად სამართლიანი მოთხოვნა აქვს, მოწონდეს ის სივრცე, სადაც  ნახევარ დღეზე მეტს ატარებს. თითქმის 2 წლის განმავლობაში ათობით ბაღის ამბავი გამოვიკითხე და ვიცი, რომ არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მიწევს, მეც და ათასობით სხვა მშობელსაც. კი, ჩვენ გადასახადებში  ჩვენი შემოსავლების საკმაოდ დიდ წილს ვიხდით, ვლაპარაკობთ ღიად ჩვენს პრობლემებზე, ვცდილობთ, დავიცვათ ბავშვები შესაძლო საფრთხისგან, მაგრამ მდგომარეობა მაინც გამოუვალია. სახელმწიფო ბაღებში მძიმე მდგომარეობაა, კერძო ბაღები უკონტროლო კუნძულებია. თუ სახელმწიფო სერვისებით არ ისარგებლებ, გადახდილ გადასახადებს კერძო დაწესებულებებში გადასახდელი ფულიც ემატება, მაგრამ დიდად არაფერი იცვლება, იმას, რასაც ელი, თითქმის ვერასოდეს იღებ.

თქვენ გგონიათ, მარტო ბაღებშია ასე? სულ ტყუილად.

ზაფხული ცოტა ხნის წინ დამთავრდა, თუმცა ალბათ კიდევ დიდხანს არ დამთავრდება ის დაძაბულობა, რაც ბავშვებისთვის დასასვენებლად შესაბამისი ადგილის მოძებნას ახლავს თან. ხომ კარგი ქვეყანა გვაქვს, მთაც არის, ბარიც, ზღვაც და მდელოც, ტურიზმის აყვავებაზეც ვხარჯავთ დროს და რესურსებს და ბავშვებიც გვიყვარს. მაგრამ თუ მცირეწლოვანი შვილები გყავთ და  ფიქრობთ, რომ მათი დასვენებისთვის სიმშვიდე, სისუფთავე, კარგი ჰაერი და ნატურალური კვებაა საჭირო და არ გაქვთ აგარაკი ან ძალიან, ძალიან ბევრი ფული, თქვენთვისაც არ იქნება უცხო,  რაზე ვდარდობდი ზაფხულის ცხელ დღეებში. თუ ამ რეალობაში არ ცხოვრობთ, არ მოგიყვებით ამბებს საოჯახო სასტუმროების შესახებ, სადაც საჭმელი შესაძლოა დაბინძურებული წყლით გააკეთონ და დამსვენებლები მოწამლონ; ჩვეულებრივი სასტუმროების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ამბობდნენ, რომ 6 წლამდე ბავშვების დასვენება წესით კი უფასოა, მაგრამ მათი დამატებითი საწოლისთვის ჩვეულებრივ უნდა გადაიხადო და საერთოდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი მეტს ჭამენ, ვიდრე ზრდასრულები და მეტი თავისტკივილია, და ამ სეზონზე უფასოდ ვეღარაფერს მიიღებენ. არც იმ ადგილების შესახებ მოვყვები, სადაც შესაძლოა სუფთა წყლით მოგიმზადონ საკვები, მწვანე ეზო ჰქონდეთ და მეტ-ნაკლებად თავაზიანად გექცეოდნენ, მაგრამ იმაზე ძვირს გთხოვდნენ, ვიდრე, მაგალითად, შვეიცარიის ან ავსტრიის მთიან კურორტებზე გადაიხდიდით. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რასაც ყველას ვეუბნებოდი, ვინც კურორტებზე მხვდებოდა ან მეკითხებოდა, როგორ დავისვენეთ:  ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნების ხმამაღლა თქმა ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა. უკეთესი და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ჩვენი ვალდებულებაა. კი, შესაძლოა, უფრო მარტივი იყოს მშვიდად ჯდომა მზის გულზე რუჯის მისაღებად, როცა შენი შვილები რომელიმე დასასვენებელი დაწესებულების ხრიოკ ეზოში ქვიშას ჩიჩქნიან და გარშემო სამშენებლო მტვერი და მანქანების გამონაბოლქვი ერთმანეთს ერევა, მაგრამ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა და მას ვერსად გავექცევით.

ზოგჯერ, როცა ძალიან ვიღლები ან ჩიხში შევდივარ, მგონია, რომ მე ვქმნი პრობლემებს.  ხომ იზრდებიან ბავშვები ამ გარემოში, ხომ ახერხებენ მშობლები დასვენებას, მაგალითად, ქობულეთის ან ბაკურიანის საოჯახო სასტუმროებში, ხომ არის სავსე ბაღები, სკოლები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები, კაფეები, კლასგარეშე აქტივობებისთვის განკუთვნილი სასწავლო დაწესებულებები. რა მინდა, ესე იგი, მუშაობს. მაგრამ ეგრე არ არის. გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, შეიძლება გადარჩე, შეიძლება – ვერ. აი, მაგალითად, ის ბავშვები, ცეკვის ანსამბლის წევრები რომ იყვნენ და  სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ, ვერ გადარჩნენ სასტუმროს გაუმართაობისა და, სავარაუდოდ, უფროსების წინდაუხედაობის გამო. ვერც ის ახალგაზრდები გადარჩნენ, რომელთა სუიციდის ამბებსაც პერიოდულად მედია გვამცნობს ხოლმე.  და რა საჭიროა მაინცდამაინც ფიზიკურად შეწყვიტო არსებობა. განა დაფიქრებად არ ღირს ის ტრავმები, რაც ბაღიდან, სკოლიდან ან სულაც უმაღლესი სასწავლებლებიდან გამოგვყვა? ეს ყველაფერი ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარეს შორის გვიწევს და კარგი რამეები ჩვენ გარშემო ან ძალიან იშვიათია, ან მასზე ხელი არ მიგვიწვდება.

მუსიკალური სმენა: სუნთქვა (I)

0

სიმღერის სკოლა სუნთქვის სკოლაა“.

           ფ. ლამპერტი

ყოველგვარი ბგერის საფუძველი სუნთქვაა. შეიძლება ითქვას, რომ ხმა არის გახმოვანებული სუნთქვა. სუნთქვის პროცესსა და ბგერის გამოცემაში ერთი და იგივე ორგანოები მონაწილეობს.

ჩვენ სასუნთქი სისტემის მესამედსაც არ ვიყენებთ, რის გამოც ხშირად სუნთქვა შემჭიდროებულია, ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ხმაზე, არამედ ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ეს განსაკუთრებით აშკარად მჟღავნდება სტრესულ სიტუაციებში, როდესაც ფიზიკურად შევიგრძნობთ, როგორ „არ გვყოფნის ჰაერი“, ხოლო ხმა ყრუდ ჟღერს და მალე იღლება.

სასიმღერო ხმის წარმოქმნის პროცესის შესწავლას საკუთარი ისტორია აქვს. ბერძენმა ექიმმა, დიდმა მოაზროვნე ჰიპოკრატემ, დაადგინა, რომ ყელის დაზიანების დროს ხმა აღარ ჟღერს. ამის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ სუნთქვა და ხმა ერთმანეთზეა დამოკიდებული. რომაელმა ექიმმა გალენმა ხორხის ანატომიის გამოკვლევის შედეგად ბეჭდისებრი და ფარისებრი ხრტილები გამოყო. ის წერდა, რომ ხმის სიძლიერე სუნთქვის სიძლიერეზეა დამოკიდებული. გალენის ნაშრომები მოიცავს მსჯელობას სიმღერასა და ორატორულ მეტყველებას შორის მჭიდრო კავშირზე და ეს დაკვირვებები დღემდე აქტუალურია.

შეგახსენებთ, რომ XVI საუკუნიდან იტალიაში სწრაფად განვითარდა მუსიკალური საკრავების შექმნის მეთოდები და, ამასთან ერთად, გაიზარდა ინტერესი ადამიანის სასიმღერო ხმის მიმართ. გაჩნდნენ სოლო მომღერლები, პედაგოგები, შეიქმნა ადამიანის ანატომიის შემსწავლელი მეცნიერული ნაშრომები. ამ ნაშრომებში იმთავითვე გამოიყენებოდა „თავისა“ და „მკერდის“ რეზონირების ცნება. XVIII საუკუნის იტალიაში აყვავდა ახალი მუსიკალური ჟანრი – ოპერა, რომელმაც სტიმული მისცა ახალი ვოკალური სკოლების შექმნას მასწავლებლებისა და მომღერლებისთვის.

***

როგორც უკვე ვთქვით, რაც უფრო ძლიერია ჰაერის ნაკადი ანუ სუნთქვა, მით უფრო მაღალია ხმა. სასურველია, ელემენტარული წარმოდგენა გვქონდეს სუნთქვის ორგანოებსა (ცხვირის ღრუ, ტრაქეა (სასულე), ხორხი, ბრონქები, ფილტვები, დიაფრაგმა) და მათ აღნაგობაზე.

ჩასუნთქვისას ჰაერი ცხვირიდან ყელში (ხორხში) გადადის, იქიდან კი – ტრაქეაში, რომელიც ორ – მარცხენა და მარჯვენა – ბრონქად არის გაყოფილი. მარჯვენა ბრონქი სამ ტოტად იყოფა, მარცხენა  – ორად, მერე კი უფრო წვრილ ელემენტებად – ბრონქიოლებად იტოტება. ბრონქიოლებს, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 0,3-0,4 მმ-ს, ტერმინალურ ბრონქიოლებს უწოდებენ. თითოეული ტერმინალური ბრონქიოლა კიდევ 4-5 რესპირატორულ ბრონქიოლად იყოფა. რესპირატორულ ბრონქიოლას 5-6 გასასვლელი აქვს. თითოეული მათგანი ბოლოვდება 3-6 ალვეოლური ტომსიკით, რომლებიც ფილტვისეული ბუშტუკებით – ალვეოლებითაა მოფენილი. თითოეული ალვეოლური ტომსიკა ჰაერით ივსება და ჟანგბადი მათი კედლის გავლით ფილტვის კაპილარებში აღწევს. ამგვარად, სისხლი იღებს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს, რომელიც ჟანგვის შედეგად წარმოიქმნება.

სუნთქვისას ბგერის „საყრდენი“ დიაფრაგმაა, ხმის სიმაღლე კი სახმო კუნთების განვითარებასა და სწორი სუნთქვის შესწავლაზეა დამოკიდებული. სახმო კუნთების ტრენირება „სახმო ფიტნესის“ გზით ხორციელდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რომელ კუნთებს სჭირდება განვითარება. ასეთია სუნთქვაში მონაწილე ყველა კუნთი – ხორხის გარე და შიდა კუნთებით დაწყებული, ენისა და ტუჩების კუნთებით დამთავრებული.

ერთ-ერთი მთავარი კუნთი, რომელზეც დამოკიდებულია ხმის სიძლიერე, დიაფრაგმაა – სხეულის ცენტრალური კუნთი, რომელიც სუნთქვის ორგანოებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს ერთმანეთისგან ყოფს. ძველი ბერძნები მას „სულს“, „შეგნებას“, „სულისკვეთებას“, „გონებას“ უწოდებდნენ, რაც დიაფრაგმის უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს. დიაფრაგმა სწორედ ის „საყრდენია“, საიდანაც ხმა სიძლიერეს მოიპოვებს. იმ ადამიანების დიაფრაგმა, რომელთა სამუშაო ინსტრუმენტი ხმაა, ყოველთვის ქვასავით მყარია. საინტერესოა, რომ ენერგიის ხარჯვით მომღერლის მუშაობა მტვირთავის მუშაობას უტოლდება. ისიც საინტერესოა, ვის უფრო უკეთ აქვს განვითარებული სახმო აპარატი – ვოკალისტს თუ ორატორს.

იმის მისახვედრად, რამდენად მნიშვნელოვანია დიაფრაგმა ბგერის გამოცემისთვის, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ: მუცელი მაქსიმალურად მოვადუნოთ (ხელით ვაკონტროლოთ, რამდენ ხანს შეინარჩუნებს სირბილეს), მერე კი ბგერის გამოცემა ვცადოთ. უმცირესი მცდელობითაც კი ვიგრძნობთ დიაფრაგმის დაჭიმვას.

როგორ გავარკვიოთ, როდის მუშაობს დიაფრაგმა კარგად? ამისთვის გულიანად გავიცინოთ და ხელი მუცელზე დავიდოთ. ამ დროს დიაფრაგმა მაქსიმალურად იჭიმება და ჰაერს (ბგერას) იმპულსებად უშვებს. ეს არის დიაფრაგმის უნებლიე მუშაობა.

როგორ გამოვიმუშაოთ დიაფრაგმის მუშაობის სწორი ალგორითმი? თუ გვსურს ბალანსის პოვნა სხეულს, სუნთქვასა და ხმას შორის, შეგვიძლია შევასრულოთ მარტივი სავარჯიშო მდგომარემ ან მწოლიარემ. ვისუნთქოთ ნელა და ღრმად. დავდგეთ სწორად და ხელები ფართოდ გავშალოთ. ცალი ხელისგული მკერდზე მივიდოთ (ყურადღება მივაქციოთ ხელის მოძრაობას – მან მაღლა არ უნდა აიწიოს), მეორე – მუცელზე. ფილტვები ჰაერით ავივსოთ. ჩასუნთქვისას მუცელი (დიაფრაგმასთან ერთად) წინ და ქვევით გაიწევს ანუ გამოიბერება. ამოსუნთქვისას კი – შიგნით და ზევით, ნეკნების ქვეშ შეიზნიქება. რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ ვიგრძნობთ, რომ დაიწყო ნორმალური ღრმა სუნთქვა, გულისცემა გათანაბრდა, სხეული ტონუსშია და ხმა თავისუფლად აჟღერდა. მუცლით ღრმა სუნთქვა შესანიშნავი ანტისტრესული საშუალებაა და სიმშვიდეს გვინარჩუნებს.

სუნთქვის ვარჯიშებში აქტიურადაა ჩართული სხეულის ყველა ნაწილი: ხელები, ფეხები, თავი, მენჯის სარტყელი, მუცლის პრესი, მხრის სარტყელი, რომლებიც მთელი ორგანიზმის საერთო ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევს. ამ დროს იზრდება ჟანგბადის მოთხოვნილება, ეგრეთ წოდებული „ჟანგბადის წყურვილი“. ყოველი ჩასუნთქვა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და სხვადასხვა ორგანოს სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს, გავლენას ახდენს მუცლის ღრუს ორგანოებზე.

სუნთქვის ვარჯიშები ხელს უწყობს ასევე თავის ტვინის ქერქში აღგზნებისა და შეკავების პროცესების გათანაბრებას. ვარჯიში აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვეულ ფუნქციას და განამტკიცებს სისხლის მიმოქცევის მთელ აპარატს, ასწორებს გულმკერდისა და ხერხემლის დეფორმაციებს, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს, აუმჯობესებს ფსიქონევროლოგიურ მდგომარეობას.

სიმღერაში განასხვავებენ სუნთქვის შემდეგ ტიპებს: 1. მუცლის (დიაფრაგმული) ტიპი. მუცლით სუნთქვის დროს გულმკერდის ბადე უმოქმედოა, მუცელი წინ წამოიწევს, ამოსუნთქვა კი დიაფრაგმის მოძრაობით ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭებს მუცლით სუნთქვა ახასიათებთ, გოგონებს კი – გულმკერდით. ლავიწით სუნთქვა ბავშვებისა და მოზარდებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ტიპის სუნთქვის დროს გულმკერდი ფართოვდება და მისი ზედა ნაწილი ზევით იწევს, მხრებიც კი.

  1. გულმკერდისა და მუცლის (ქვედა ნეკნის დიაფრაგმული) ტიპი მუცლით სუნთქვის უპირატესობით. სუნთქვაში დიაფრაგმასთან ერთად გულმკერდის ქვედა ნაწილიც ერთვება, დიაფრაგმა ამ დროს გაჭიმულია (დაგრძელებულია).
  2. გულმკერდისა და მუცლის (ნეკნის დიაფრაგმული) ტიპი. სუნთქვაში მკერდის კედლები და დიაფრაგმა ერთნაირად მონაწილეობს.
  3. გულმკერდით (ნეკნისებური) სუნთქვისას აქტიურად მუშაობს გულმკერდის კუნთები, ხოლო დიაფრაგმა ამ პროცესში თითქმის არ მონაწილეობს. ამ დროს მუცელი შიგნით შეიწევს.

მაკი

ამგვარი დაყოფა პირობითია. სუნთქვის ტიპის შერჩევისას ორიენტაციის საფუძველი უნდა იყოს მოხერხებული პოზიცია და ბგერის ხარისხი. თუმცა მომღერლებს შორის დიაფრაგმული სუნთქვა უფრო მეტადაა გავრცელებული.

საბედისწერო შეცდომა

0

მას შემდეგ, რაც კოსოვოში ომი დამთავრდა, თანაგრძნობის ცრემლებიც შეშრა და ევროპის წინ მყიფე რეალობა აისვეტა, ბევრმა დაინახა, რომ კოსოვო, როგორც სახელმწიფო, ევროპისათვის იმაზე უფრო მეტი თავისტკივილი გახდა, ვიდრე ადრე წარმოიდგენდნენ. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს ეს კვაზისახელმწიფო არ უღიარებია და არც აპირებენ ამის გაკეთებას. მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც თავისი სეპარატისტული რეგიონებიც დიდ პრობლემად აქვს ქცეული და სხვა სეპარატისტების წაქეზება ალბათ ყველაზე უჭკუო საქციელი იქნებოდა.

ეს პოლიტიკა, რასაკვირველია, კოსოვოს სპორტსაც შეეხო. განსაკუთრებით საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ფეხბურთის კუთხით მას შემდეგ, რაც უეფამ ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო და მისი წევრების დიდი ნაწილის მიერ არაღიარებული “სახელმწიფო” წევრად მიიღო. აქამდე მსგავსი გაურკვევლობა ჯერ არასოდეს ყოფილა და ევროპული ფეხბურთის მამები წინ კიდევ დიდ პრობლემებს უნდა ელოდონ.

დავიწყოთ იქიდან, რომ, როდესაც ქვეყანა არაღიარებულის სტატუსს ატარებს, მისი საფეხბურთო ნაკრები უბრალოდ ვერ ჩავა არამღიარებელ ქვეყანაში (ასეთები კი, როგორც ვთქვით, არაერთია) და ელემენტარულად ქვეყნის საზღვარსაც კი ვერ გადალახავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კოსოვოს პასპორტს მათი ნაკრების მეტოქე ქვეყანა არ ცნობს. მაშ, როგორ წარმოგიდგენიათ კოსოვოს ნაკრების ბედი, თუკი იგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ვთქვათ, ჯგუფში ესპანეთთან, საქართველოსთან, რუსეთთან და უკრაინასთან განითესა? არცერთ ჩამოთვლილ სახელმწიფოს არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა და როგორ უნდა მოხდეს ამ გუნდების მატჩების დაგეგმვა?

მავანი ევროპელი მიმომხილველები წერენ, რომ ამ შემთხვევაში კოსოვოელი ფეხბურთელებისათვის გამოსავალი შეიძლება, ე.წ. ევროპასპორტების მიცემა იყოს, რომელსაც უშუალოდ ევროკავშირი გასცემს და მათ იდენტიფიკაციაზეც ეს ორგანო იქნება პასუხისმგებელი. მაგრამ ვინაა დაზღვეული, რომ ამ პასპორტებით საკუთარ ტერიტორიაზე კოსოვოელებს თუნდაც რუსეთი შეუშვებს? ანდა რად გვინდა რუსეთის მაგალითი? თუკი ჩვენ აფხაზეთში ნამყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენთან შემოსვლისას ვაჯარიმებთ, რატომ უნდა გავუხსნათ ხელ-ფეხი “ბალკანეთის აფხაზეთს?”…

კარგით, ვთქვათ, სასწაული მოხდა და აღნიშნული მთავარი პრობლემა ევროპასპორტების გაცემით მოგვარდა – უეფას ხელმძღვანელები ნეტა რას ფიქრობენ კოსოვოს დამოუკიდებლობის არამღიარებელ ქვეყნებში მატჩების დროს კოსოვოს სახელმწიფო დროშის გაშლაზე და იმ კვაზისახელმწიფოს ნაციონალურ ატრიბუტებზე, რომელიც უეფას რეგლამენტის მიხედვით ფეხბურთელთა მაისურებზეც უნდა იყოს დატანილი? რომელი ჭკუათმყოფელი სახელმწიფო დაუშვებს იმას, რომ მის ტერიტორიაზე ოფიციალურ მატჩში არაღიარებული სახელმწიფოს დროშა აფრიალდეს? ახლა თუ ვიღაცას სადღაც, სევილიაში, სახლში კოსოვოს დროშა უდევს, ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ დაუშლის და ვერც ამ დროშის აივნიდან გამოფენას აუკრძალავს ვინმე. მაგრამ, სანამ ესპანეთი სახელმწიფოა, ნაკლებად სავარაუდოა, ოფიციალურ მატჩში ის დროშა აღამართვინოს, რომელსაც იგი უბრალოდ არ ცნობს.

ბავშვობის დასაცავად

0

 

ჩვენი შვილი 2 წლისა და 6 თვისა იყო, ბაღში რომ მივიყვანეთ (ალბათ, ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს). ორი კერძო ბაღი გამოიცვალა… ერთიდან იმიტომ წამოვიყვანეთ, რომ ოთხი წლისას სამი კბილი ჰქონდა გაფუჭებული კანფეტების უზომო ჭამის გამო. სკოლამდელი აღზრდის პროფესიონალი ამტკიცებდა, ბავშვებს გონებრივი განვითარებისთვის გლუკოზა სჭირდებათ, კანფეტი კი გლუკოზააო. მეორეში, როცა არ უნდა მივსულიყავი, ტელევიზორთან ისხდნენ. აღმზრდელებს ვუთხარი, ექიმმა გვირჩია, 5 წლამდე არ ვაყურებინოთ–მეთქი. დაახლოებით სამი დღე ეყოთ, მერე ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა… მალე სკოლაში უნდა მისულიყო და კიდევ ერთი ახალი ბაღისთვის ვეღარ გავიმეტეთ.

გამორჩეულად მიუღებელი მიზეზები გაგიზიარეთ, „წვრილმანებით“ (სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად ყოფნა, უმოძრაობა, უხალისობა, ბავშვებისა და მასწავლებლების ლამის სიცოცხლის ფასად დადგმული წელიწადში, სულ მცირე, ორი წარმოდგენა–ზეიმი) თავს აღარ შეგაწყენთ.

სკოლის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი კეთილგანწყობილი გარემო და დღის მეორე ნახევრის აზრიანად გატარება იყო – ვიფიქრეთ, რა გადასარევი ძიძაც არ უნდა გვყავდეს, მხოლოდ მასთან ურთიერთობას, ალბათ, თანატოლებთან ერთად ყოფნა სჯობიაო. არ ვიცი, ვცდებით თუ არა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ წერა–კითხვას და ანგარიშს სკოლის გარეშეც ისწავლის კაცი, მოწამლულ ფსიქიკას კი ძნელად ეშველება.

გაგვიმართლა – არც ბავშვები ერჩიან ერთმანეთს და არც მასწავლებლები – ბავშვებს, მაგრამ… პირველი კლასიდანვე დაიწყეს ინგლისურისა და გერმანულის სწავლა, მეორისა – უფრო ინტენსიურად; მეორე კლასში ორივე ენის ანბანი ისწავლეს; მესამეში უკვე დავალებების წერაც მოუხდათ, წლის ბოლოს კი კრებაზე გვითხრეს, მეოთხე კლასიდან რუსული ენის შესწავლას ვიწყებთო…

იმაზე, რომ ბავშვები დილის ცხრიდან საღამოს ხუთამდე (ცეკვისა და სპორტის გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით) ძირითადად სხედან, რადგან სკოლას დღის მეორე ნახევარში საშინაო დავალებების შესრულების ვალდებულება აქვს ნაკისრი, იმაზე, რომ დერეფანში სარბენი ადგილი არ არის, პაწაწინა ეზოში კი უბრალოდ არ ჩაჰყავთ, სხვა დროს დავწერ. ჩემი შვილის თანაკლასელები სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეზეც დადიან და გამოდის, რომ ზრდასრულებივით სრული სამუშაო დღე აქვთ.

თავადაც იცით, რომ ენების ადრეული შესწავლის შესახებ მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან – „ძალიან კარგიადან“ „სრულიად მიუღებელიამდე“. პირველი მოსაზრების გამზიარებელთა არგუმენტი ადრეული ასაკის უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობებია, მეორის მიმდევრებისა – მშობლიური ენის ჯერ კიდევ არასათანადო ცოდნა და ენობრივი ელემენტების შედარების შეუძლებლობა. ჩვენს სინამდვილეში ადრეულ ასაკში ენების სწავლების კონტრარგუმენტად ენის შესასწავლად სრულიად შეუფერებელი გარემო, მასწავლებელთა არაპროფესიონალიზმი და ბევრი სხვა რამ შეგვიძლია მოვიხმოთ.

საქმე მხოლოდ შესასწავლი ენების სიმრავლე როდია – საქმე არაბავშვური ბავშვობაა. ამიტომაც გადავწყვიტე ტრეისი ჯილეტის (Tracy Gillett) ბლოგის „ბავშვობის გამარტივებამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემებისგან დაგვიცვას“ თარგმნა და გაზიარება.

„მამაჩემს ბავშვობაში ყოველ ზამთარს თითო ჯემპრი ჰქონდა. მხოლოდ ერთი.

იხსენებს ხოლმე, როგორი თავდადებით ზრუნავდა და ძვირფასი ნივთივით უვლიდა. თუ ჯემპრს იდაყვები გაუცვდებოდა, ბებია უკემსავდა.

ჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, არც მეტი, არც ნაკლები. ერთადერთი წესი სადილობის დროს შინ ყოფნა იყო.

შტაბების შენება, მშვილდ–ისრებისა და შურდულების გამოთლა, დაჟეჟილი სხეული, გადატყავებული მუხლები, თავისუფალი დრო მისი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო.

სამყარო შეიცვალა. ადამიანები გავრთულდით. უნიკალური პერიოდი გვიდგას – მშობლები აღარ ვიბრძვით იმისთვის, რომ საკმარისი მივცეთ შვილებს; გვიჭირს, წინააღმდეგობა გავუწიოთ ჰიპერმზრუნველობის ხიბლს. ამის შედეგად გაუცნობიერებლად ვქმნით გარემოს, რომელშიც ფსიქიკური პრობლემები „ყვავის“.

კიმ ჯონ პეინე თავის წიგნში „გამარტივებული აღზრდა“ წერს: „მეტისმეტის“ სტრესთან ნორმალური ადამიანის თავისებურებათა შერწყმამ შესაძლოა ბიძგი მისცეს უწესრიგობას“. ამ დროს ბავშვი აკვიატებულად იქცევა და კონცენტრირება უჭირს.

პეინემ ჩაატარა გამოკვლევა, რომლის დროსაც ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე ბავშვებს ცხოვრება გაუმარტივა. ოთხი თვის განმავლობაში ბავშვების 68% კლინიკურად დისფუნქციურიდან კლინიკურად ფუნქციური გახდა. 37%–ით გაიზარდა მათი აკადემიური და შემეცნებითი შესაძლებლობები. ამგვარ შედეგს ვერ იძლეოდა რიტალინის მსგავსი პრეპარატები, რომლებსაც ასეთ დროს უნიშნავენ.

მშობლებისთვის ეს გამოკვლევა იმედის მომცემიც არის და შემაშფოთებელიც. ჩვენ ოფიციალურად გვაკისრია პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ შვილების ფიზიკური, ემოციური და გონებრივი განვითარების ხელშემწყობი გარემო. მაშ, რას ვაკეთებთ არასწორად და როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება?

 

„მეტისმეტის“ ტვირთი

კარიერის დასაწყისში პეინე ჯაკარტაში დევნილთა ბანაკში მოხალისეობდა, სადაც ბავშვებს ტრავმის შემდგომი სტრესისთვის დამახასიათებელი დარღვევები ჰქონდათ. ამ ბავშვების აღწერისას ის ისეთ ზედსართავებს იყენებს, როგორებიცაა: „მოუსვენარი“, „თავშეუკავებელი“, „ნერვული“, „ჰიპერფხიზელი“, „შეშინებული უცხოსა თუ ახლის წინაშე“.

წლების შემდეგ პეინეს კერძო პრაქტიკა ჰქონდა ინგლისში, რომლის დროსაც არაერთ შეძლებული ოჯახის შვილს ქცევის ისეთივე დარღვევები შეამჩნია, როგორიც შორეულ საომარ ზონაში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდათ. რატომ უნდა ჰქონოდათ მზრუნველ ატმოსფეროში, დაცულ გარემოში მცხოვრებ ბავშვებს ეს სიმპტომები?

პეინე ამბობს, რომ, მიუხედავად ფიზიკური უსაფრთხოებისა, ეს ბავშვები გონებრივად ერთგვარ საომარ ზონაში ცხოვრობდნენ – „მშობლების შიშების, ამბიციების, იმპულსებისა და ცხოვრების ძალზე სწრაფი ტემპის პირობებში ისინი ცდილობდნენ, შეექმნათ საკუთარი საზღვრები, უსაფრთხოების საკუთარი დონე, რაც, საბოლოო ჯამში, ფუჭი მცდელობა იყო“.

„მეტისმეტის“ შედეგად თოვლის გუნდასავით აგორებულ „სტრესზე კუმულაციურ რეაქციასთან“ საბრძოლველად ბავშვები გადარჩენის საკუთარ სტრატეგიებს შეიმუშავებენ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მშობლები და საზოგადოება ვაცნობიერებთ ბავშვების ფიზიკური დაცვის აუცილებლობას – სავალდებულოდ მივიჩნევთ მანქანაში დასამაგრებელ სკამებს, ჩაფხუტს ველოსიპედის მართვის დროს, უსაფრთხოებას სათამაშო მოედანზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე კი გაცილებით ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

სამწუხაროდ, სადღაც ვცდებით. თანამედროვე ბავშვები ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს აწყდებიან, რომლის გადამუშავება და რაციონალიზაცია არ შეუძლიათ. ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან, როცა ზრდასრულის როლს ვაკისრებთ და მეტს ველით მათგან. ამრიგად, ისინი საკუთარი ცხოვრების იმ ასპექტების ძიებას იწყებენ, რომელთა კონტროლიც შეუძლიათ.

 

სიჭარბის ოთხი საყრდენი

ბუნებრივია, მშობლებს გვსურს, შვილებს საუკეთესო საფუძველი შევუქმნათ. ვფიქრობთ, რომ თუ ცოტა კარგია, ბევრი უკეთესი იქნება.

ვთავაზობთ აქტივობათა უსასრულო სიას: ფეხბურთს, მუსიკას, საბრძოლო ხელოვნებას, ბალეტს; ზედმიწევნით განვუსაზღვრავთ თამაშის გრაფიკს; მათი ოთახის ყოველ კუთხე–კუნჭულს ვავსებთ საგანმანათლებლო წიგნებით, მოწყობილობებითა და სათამაშოებით… დასავლეთში ყოველ ბავშვს საშუალოდ 150–ზე მეტი სათამაშო აქვს და ყოველწლიურად კიდევ 70–ს იღებს. ამდენი საგანი ბავშვს თვალს სჭრის და არჩევანის უნარს ართმევს. ნაცვლად იმისა, რომ თამაშში მთელი არსებით ჩაერთოს და თავის უსასრულო ფანტაზიას გაჰყვეს, ბავშვი ზერელედ იწყებს თავის შექცევას.

„გამარტივებული აღზრდა“ მშობლებს ურჩევს, შვილებს რამდენიმე სათამაშო დაუტოვონ, რათა მათ თამაში ისწავლონ. პეინე სიჭარბის ოთხ საყრდენს ასე აღწერს: მეტისმეტად ბევრი ნივთი, მეტისმეტად ფართო არჩევანი, მეტისმეტი ინფორმაცია და მეტისმეტი სიჩქარე.

ამ მეტისმეტობით ბავშვს ვართმევთ კვლევის, ფიქრისა და დაძაბულობის მოხსნისთვის საჭირო ძვირფას დროს. არჩევანის სიჭარბე კლავს ბედნიერებას, იპარავს მოწყენილობის საჩუქარს – შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი სწავლის შესაძლებლობას. რაც მთავარია, იპარავს ძვირფას დროს.

 

ბავშვობის დაცვა

ცხელ წყალში ჩაგდებული და ნელ–ნელა მოხარშული ბაყაყის შესახებ ანეკდოტისა არ იყოს, საზოგადოებამ ნაბიჯ–ნაბიჯ მოსპო ბავშვობის უნიკალური სასწაული, ახლებურად განსაზღვრა და ბავშვის უმწიფარ გონებას დააკისრა გადარჩენის პასუხისმგებლობა. ამას „ბავშვობის წინააღმდეგ ომს“ უწოდებენ.

ფსიქოლოგი დევიდ ელკინდი (David Elkind) აცხადებს, რომ უკანასკნელი ორ ათწლეულის განმავლობაში ბავშვებმა დაკარგეს კვირაში 12 საათზე მეტი თავისუფალი დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეზღუდათ თავისუფალი თამაშის შესაძლებლობა. საბავშვო ბაღებიც კი ინტელექტზე ორიენტირებული გახდა. ბევრ სკოლაში უარი თქვეს შესვენებებზე, რომ ბავშვებს სწავლისთვის მეტი დრო ჰქონოდათ.

კვლევა ადასტურებს, რომ ორგანიზებულ სპორტში მონაწილეობა ამცირებს შემოქმედებითობას, მაშინ როდესაც არაფორმალური სპორტული აქტივობები, პირიქით, ზრდის. საქმე ის არის, რომ თვითორგანიზებული სპორტი კი არ სპობს შემოქმედებითობას, არამედ თავისუფალი დროის უქონლობა. კვირაში ორსაათიან არასტრუქტურირებულ თამაშსაც კი შეუძლია, ბავშვის შემოქმედებითობა საშუალოზე მაღალ დონემდე გაზარდოს.

 

მშობლები პასუხისმგებლობას იღებენ

როგორ დავიცვათ შვილები იმისგან, რაც ამ ახალმა „ნორმალურმა“ საზოგადოებამ შექმნა?

ძალიან ადვილად: უნდა ვთქვათ „არა“. თუ უარს ვიტყვით მეტისმეტზე, შვილებს ბავშვობის სივრცეს შევუქმნით და შევუნარჩუნებთ. ქაოსურ სამყაროში გავუთავისუფლებთ დროს, უზრუნველვყოფთ მათ სიმშვიდეს, მოვუხსნით დაძაბულობას. ბავშვებს ნდობა დაუბრუნდებათ და მყარად დადგებიან ფეხზე.

ვფილტრავთ ზედმეტს და ბავშვებს ცხოვრებას ვუმარტივებთ. შვიდი წლის ბავშვის თანდასწრებით არ ვსაუბრობთ გლობალური დათბობის შესახებ, საინფორმაციოს მისი დაძინების შემდეგ ვუყურებთ. მისი ოთახიდან გაგვაქვს ზედმეტი სათამაშოები. ამრიგად, ხელახლა ვქმნით და პატივს მივაგებთ ბავშვობას.

ჩვენს შვილებს მთელი ცხოვრება აქვთ წინ, რათა დიდები იყვნენ და ცხოვრებისეულ სირთულეებს შეეჭიდონ, ხოლო სულელ, გართობის მოყვარულ ბავშვებად ყოფნისთვის – მეტისმეტად მცირე დრო.

ბავშვობას რეალური მიზანი აქვს. ის არ არის რაღაც, რაც ადამიანმა უნდა „გაიაროს“. ის იმისთვისაა, რომ დაიცვას და განავითაროს პატარები და ჯანსაღ და ბედნიერ ზრდასრულებად ქცევაში დაეხმაროს. როცა საზოგადოება მეტისმეტს ითხოვს ბავშვისგან, ბავშვის გონება მძაფრად რეაგირებს. წონასწორობის შენარჩუნებითა და ბავშვობის დაცვით ჩვენს შვილებს ფასდაუდებელ საჩუქარს ვუძღვნით“.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ინტეგრირება სკოლის მართვაში

0

ადამიანის უფლებებიდან და თავისუფლებებიდან გამომდინარე პრინციპების დანერგვა სკოლის მართვაში შესაძლებელია გამოვსახოთ შემდეგი ფორმით:

რეზ

 

  1. I. სათანადო ღირებულებების დანერგვა.

სკოლის მართვა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანობა, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და ღირსების დაცვა. სკოლას შესაძლოა შექმნილი ჰქონდეს ხედვა, მისია ან მართვის პრინციპები, რაც უნდა მოიცავდეს აქცენტს ადამიანის უფლებების დანერგვის ხელშეწყობაზე. არ არის აუცილებელი, სკოლამ შეცვალოს უკვე არსებული მისია ან მართვის პრინციპები. მთავარია, დაკვირვება და გააზრება, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული მისიისა და პრინციპების ფარგლებში, სკოლამ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დანერგვას.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე:

  • აქვს თუ არა სკოლას ხედვა ან მისიის განაცხადი, რომელშიც სკოლის ღირებულებები ვლინდება?
  • რამდენად არის შესაძლებელი სკოლის უკვე არსებული ხედვა ან მისია მოიცავდეს აქცენტს ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე ღირებულებებზე, მაგალითად, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე, ინკლუზიაზე, ერთმანეთის უფლებების პატივისცემასა და ღირსების დაცვაზე?
  • აქვს თუ არა სკოლას ღირებულებების სისტემა, რომელზეც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი თანხმდება?
  1. II. სათანადო სასკოლო პოლიტიკა

სასკოლო პოლიტიკა, რომელსაც ეფუძნება მმართვლობითი ოპერაციები და პრაქტიკა, როგორიცაა ბავშვის უფლებების დაცვა, ბულინგის საწინააღმდეგო ღონისძიებები, თანასწორი პოლიტიკა, წარმოაჩენს ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე პრინციპებს. სკოლამ შეიძლება გადახედოს თავის პოლიტიკას იმ მიზნით, რომ განსაზღვროს, რა ნაწილში შეიძლება ჰქონდეს სკოლას პოზიტიური გავლენა ადამიანის უფლებების დანერგვის პროცესში.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე:

  • რამდენად არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები სასკოლო პოლიტიკაში, მაგალითად, დისციპლინარულ წესებში?
  • აქვს თუ არა სკოლას პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიას და თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებას?
  • აქვს თუ არა სკოლას პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციას?
  • არსებობს თუ არა გარემო, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ კონსტრუქციულად განიხილონ სასკოლო პოლიტიკა?

III. ლიდერობის ხელშეწყობა

სკოლა მხარს უნდა უჭერდეს მართვაში დემოკრატიულ თანამონაწილეობას და სასკოლო საზოგადოებაში ლიდერობის შესაძლებლობებს. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ლიდერებად არჩევას, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების ინტერესებს წარმოადგენენ. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ლიდერობას სასკოლო საზოგადოებაში.

საინტერესოა პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე:

  • არსებობს თუ არა სკოლაში სივრცე სასკოლო საზოგადოებისთვის, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა პირები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ?
  • რამდენად შესაძლებელია, ლიდერის როლი მოირგოს მასწავლებელმა, მოსწავლემ, მშობელმა ან ადმინისტრაციის წევრმა?
  • როგორ შეგიძლიათ შექმნათ ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, განავითარონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა ეფექტიანი ლიდერობისთვის?

 

  1. IV. თანამონაწილეობის უზრუნველყოფა

სკოლის მმართველობითი პროცესები უნდა იძლეოდეს საშუალებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს მოსაზრების გამოთქმის საშუალება ჰქონდეს. მათ უნდა უსმენდნენ. დემოკრატიულ პრინციპებზე და თანამონაწილეობაზე დამყარებული მართვა, შესაძლოა მნიშვნელოვანი გარემოება იყოს ადამიანის უფლებების დანერგვის საქმეში.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე:

  • როგორაა შესაძლებელი, სკოლის საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მიუხედავად მათი სქესის, სტატუსისა ან ასაკისა?
  • რა გამოწვევები აქვს სკოლას, სასკოლო საზოგადოების წევრების მართვაში მონაწილეობის თვალსაზრისით? როგორ შეიძლება ამ გამოწვევების დაძლევა?
  • რა ცოდნა და უნარ-ჩვევები სჭირდებათ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებს იმისთვის, რომ ეფექტიანი მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში?
  • როგორ და რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება სკოლამ უზრუნველყოს უფრო ფართო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში?

 

  1. V. პასუხსმგებლობა და გამჭვირვალობა

ყველა სკოლის მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია პასუხისმგებლობის მექანიზმებიას და პროცედურების შექმნა, განვითარება და დანერგვა, რომ შესაძლებელი იყოს სკოლის მიზნების მიღწევის გადამოწმება. ყველა პროცესი, რასაც სკოლა წარმართავს ადამიანის უფლებების დანერგვისთვის, უნდა ეფუძნებოდეს პასუხისმგებლობის პრინციპს, უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე:

  • რამდენად არის დანერგილი სკოლაში პასუხისმგებლობის პრინციპი?
  • გამჭვირვალეა თუ არა სკოლის საქმიანობა? გადაწყვეტილების მიღების პროცედურები?
  • რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას სკოლამ იმისთვის, რომ უფრო მეტად დაინერგოს პასუხისმგებლობის პრინციპი და უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესები?
  • რა პროცედურები არსებობს, რომლის ფარგლებშიც განიხილება სასკოლო საზოგადოების წევრების პრეტენზიები და საჩივრები?

 

სტატია შექმნილია Amnesty International-ის მიერ შექმნილი მასალების საფუძველზე.

 

სოფლის ცხოვრება

0

ჩემს ბავშვობაში გაზეთი გამოდიოდა ასეთი სახელით, საბჭოთა გაზეთებს შორის ალბათ ყველაზე უღიმღამო და უინტერესო, ყოველ შემთხვევაში, ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობასა და ახალი მიწების აღმოჩენაზე მეოცნებე მოზარდისთვის. ბოლო გვერდის თავიდან ბოლომდე წაკითხვაც კი დაუძლეველ ამოცანას წარმოადგენდა – საუკეთესო შემთხვევაში, კარიკატურას თუ წააწყდებოდი ალკოჰოლიანი სასმელების მავნებლობის თაობაზე ან „სიცოცხლის ელექსირის“ – ჩაის დაყენების წესს თუ გაეცნობოდი. სოფლის ცხოვრებაზე – ნამდვილ ცხოვრებაზე – ამ გაზეთში არაფერი ეწერა.

ამ ზაფხულს ორი თვე სოფელში გავატარე – იქ, სადაც დრო არ გადის. ბავშვები იზრდებიან, მოხუცები სიცოცხლეს ეთხოვებიან, სასაფლაო უფრო და უფრო ფართოვდება, ჩემი ბავშვობის მეგობრები შვილიშვილებს ასეირნებენ, ძველი შენობები ნანგრევებად იქცევა, ახალი სახლები შენდება, დიდი თუ პატარა სმარტფონით იწონებს თავს, ქანცგამწყვეტი შრომა კი ისევ ყველა ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილია. ადამიანების ყოფა უცვლელად რჩება. ისინიც არ იცვლებიან.

ორი თვე საკმარისია იმისთვის, რომ მთავარი დაინახო – ის, რაც თავზარდამცემი სიცხადით წარმოგიდგება და ცხოვრების მშვიდად გაგრძელებაში ხელს გიშლის. ყოველი დღე, ყოველი საათი ძნელად ასატანი ხდება. იქაურები საკუთარ ცხოვრებაზე ხშირად ჰყვებიან და ეს სასხვათაშორისოდ მოყოლილი ამბები სწორედ ისეთი არადამაჯერებლობით გამოირჩევა, როგორიც მხოლოდ ნამდვილ ამბებს ახასიათებს. არავის უკვირს, რომ ძალადობის მონაწილე, მოწმე თუ ხელშემწყობია. არავის წარმოუდგენია არსებობა ამ შეჩვეული ჭირის გარეშე. სასმელის საყიდელი ფულის ხელში ჩასაგდებად ქმარი ცოლს სცემს და იმ გროშებს ართმევს, ქალს მეზობლის ქალებისთვის კაბების კერვით რომ უშოვია (დავწერე ეს წინადადება და კატო მიქელაძის წერილები გამახსენდა, თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოქვეყნებული გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მისი წინადადება უცვლელად გადმოვწერე). არც ბავშვების ცემა მიაჩნიათ ისეთ რამედ, რომლის გამოც მცირე საყვედურს მაინც იმსახურებს მშობელი – მისია ბავშვი და უნდა, სცემს, უნდა, ფეხებით დაკიდებს („შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო“). მოვისმინე ამბავი არცთუ ხანდაზმულ კაცზე, რომელიც შვილებმა დაუნდობლად სცემეს – არ ვიცი, მიზეზად რა ჰქონდათ, თუმცა კი მეზობლები ამბობდნენ, როცა შეეძლო, თვითონ სცემდა და აწიოკებდა ცოლ-შვილსო. ორმოცდაათს მიტანებულმა ერთმა კაცმა მოხუც დედას აგინა და თვალი ჩაულურჯა. დედა ხელს აფარებდა, კიბიდან დავგორდი და სილურჯეც ამის ბრალიაო, მაგრამ არავინ უჯერებდა…

ასეთ ამბებს დასასრული არ უჩანს. შემდეგ ზაფხულსაც იგივე სოფელი დამხვდება. იგივე ცხოვრება.

სკოლაზე ცალკე უნდა ითქვას. მოსწავლეობის წლებს ხალისით იშვიათად იხსენებენ. ჰყვებიან ძირითადად დამცირების, შეურაცხყოფის, ტკივილის, შიშის ამბებს; ჰყვებიან ზოგჯერ სიცილითაც – თითქოს იმის საჩვენებლად, რომ მაშინდელი სისასტიკე და უსამართლობა ერთგვარად გასაგები და მისაღებიც კი გახდა რაღაც დროის შემდეგ, ცხოვრებისეული სირთულეებისა თუ ბევრად უფრო შემზარავი ისტორიების გათვალისწინებით. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული მეტყველების დეფექტი აქვს, მიყვებოდა კლასელებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებაზე, აგრესიულ გარემოზე სკოლაში თუ სკოლის გარეთ. ყოველდღიური ბრძოლა უწევდა იმისთვის, რომ მისთვის ყურადღება მიექციათ, მასთან ემეგობრათ.

ვიღაც ეგუება ძალადობას; ვიღაც თავისზე უმწეოსა და დაუცველს პოულობს და მისი ჩაგვრით იოხებს გულს; ვიღაც წინააღმდეგობის გაწევას იწყებს და ამ ბრძოლაში თავადვე იქცევა იმად, ვისი დამარცხებაც სურდა.

არაფერს ვამუქებ. და შიდა ქართლის სოფელი, რომელზეც ვწერ, დარწმუნებული ვარ, არაფრით განსხვავდება სხვა ქართული სოფლებისგან. იქ არც თავზეხელაღებული ბოროტმოქმედები ცხოვრობენ და არც უსულგულო ადამიანები, რომლებმაც სიკეთის კეთება არ იციან. იმის მტკიცებაც კი შემიძლია, რომ ჩემი ნაცნობების ქმედებები ხშირად მათივე წესიერებაზე, გულწრფელობასა და სხვის თვალში უკეთეს ადამიანად გამოჩენის სურვილზე მეტყველებს – შეუძლიათ გაჭირვებულის დახმარება, მეზობლისთვის ხელის წაშველება, ბოლო ლუკმის განაწილებაც კი. მაგრამ სოფელში დრო მაინც გაჩერებულია. თითქოს ვერავინ ხვდება, რომ ასეთი ცხოვრება ორმაგად მძიმე და გამომფიტველია. არავინ დარდობს იმაზე, რომ თაობიდან თაობაში ერთი და იგივე ამბები მეორდება – ცუდი ამბები – წყენის, ტკივილის, შეურაცხყოფის.

კარგზე – იმაზე, რის გამოც იქაურობა ძალიან მიყვარს – სხვა დროს დავწერ. ჯერ ისევ ზაფხულის ამინდია. ჯერ ისევ კარგად მახსოვს ზაფხულში მოსმენილი სიტყვები.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...