შაბათი, აგვისტო 16, 2025
16 აგვისტო, შაბათი, 2025

კოგნიტიური მოსწავლეობა

0

საუკუნეთა განმავლობაში დადასტურდა, რომ კოგნიტიური მოსწავლეობა სწავლების ეფექტიანი ფორმაა. ოსტატის ან სხვათა გვერდით მუშაობით ახალგაზრდებმა ბევრი უნარ-ჩვევა და ხელობა შეიძინეს. ცოდნით შეიარაღებული მეგზურები აწვდიან მათ მოდელებს. დემონსტრირება და შესწორებები, ისევე როგორც პირადი მაგალითი, ზრდის მოტივაციას. მოსწავლის კომპეტენციის ზრდასთან ერთად საჭირო მოქმედებები რეალური, მნიშვნელოვანი და უფრო რთული ხდება. რეალურ დავალებებში მონაწილეობის გზით, გამოცდილი მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეები ითვისებენ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ღირებულებებს. ამასთან, ორივეს, „შეგირდებსაც“ და „ოსტატებსაც“, თავიანთი წვლილი შეაქვთ ურთიერთობის ამ პროცესში უნარ-ჩვევების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ალან კოლინსი და მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ სკოლაში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ბევრი არაფერი აქვს საერთო სკოლის გარეთ მათ მოხმარებასთან. ამ დისბალანსის გამოსასწორებლად განათლების ზოგიერთი სპეციალისტი სკოლებს ურჩევს, გაითვალისწინონ კოგნიტიური მოსწავლეობის ბევრი მახასიათებელი. იმის მაგივრად, რომ ისწავლო ძერწვა, ცეკვა ან შენება კაბინეტებში, მოსწავლეობა ფოკუსირებული უნდა იყოს ისეთ კოგნიტიურ მიზნებზე, როგორებიცაა წაკითხულის გაგება, წერა და მათემატიკური პრობლემების გადაჭრა. არსებობს კოგნიტიური მოსწავლეობის მრავალი მოდელი, რომელთა უმრავლესობა იზიარებს შემდეგ 6 მახასიათებელს:

  • მოსწავლეები აკვირდებიან ექსპერტს (როგორც წესი, მასწავლებელს), რომელიც იძლევა საქმის შესრულების ნიმუშს;
  • მოსწავლეები იღებენ გარე მხარდაჭერას წვრთნისა და ზედამხედველობის მეშვეობით (მათ შორის – მინიშნებებით, უკუკავშირით, ნიმუშებითა და შეხსენებებით);
  • მოსწავლეები იღებენ კონცეპტუალურ დახმარებას, რომელიც შემდეგ თანდათან უჩინარდება, როცა მოსწავლე უფრო კომპეტენტური და დაოსტატებული ხდება;
  • მოსწავლეები აგრძელებენ თავიანთი ცოდნის ვერბალიზაციას – პროცესებისა და ნასწავლი მასალის სიტყვებით გამოხატვას;
  • მოსწავლეები ახდენენ თავიანთი პროგრესის რეფლექსიას, ადარებენ რა საკუთარ მოქმედებას პრობლემის გადასაჭრელად ექსპერტის მოქმედებას;
  • მოსწავლეებს მოეთხოვებათ, მოსინჯონ ნასწავლის გამოყენების ახალი გზები, გზები, რომლებიც ოსტატის გვერდით არ უსწავლიათ. სწავლის დროს მოსწავლეებს უწევთ, დაეუფლონ რთულ ცნებებსა და უნარ-ჩვევებს, მოახდინონ მათი რეალიზაცია სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში.

როგორ შეუძლია სწავლებას, უზრუნველველყოს კოგნიტიური მოსწავლეობა? ამის ერთ-ერთი მაგალითია მენტორობა სწავლებაში. მეორეა შერეული ასაკის ჯგუფები. ინდიანაში, ინდიანაპოლისის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ყოველდღიურად გარკვეული ხნის განმავლობაში გვერდიგვერდ მუშაობდნენ წრეში, რომელშიც კოგნიტიური მოსწავლეობის მრავალი მახასიათებელი იყო ჩართული. წრეებში ყურადღებას ამახვილებდნენ რაიმე ხელობაზე ან მიმართულებაზე, მაგალითად, მებაღეობაზე, არქტიტექტურაზე ან “ფულის კეთებაზე”. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებში ექსპერტობის სხვადასხვა დონე იქნა გამოვლენილი. ამრიგად, მოსწავლეებს შეუძლიათ, კომფორტულად ისწავლონ და, იმავდროულად, ჰყავდეთ ზედამხედველი ოსტატი.

კოგნიტიური მოსწავლეობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია მიდგომა, რომელიც ეფუძნება ურთიერთსწავლების (რეციპროკულ) მეთოდს.

კოგნიტიური მოსწავლეობა მათემატიკის სწავლის დროს. კოგნიტიური მოსწავლეობის მოდელის კიდევ ერთი მაგალითია მათემატიკური პრობლემების გადაჭრის სწავლების შოენფელდის მეთოდი. შოენფელდმა აღმოაჩინა, რომ პრობლემის გამოუცდელი გადამჭრელები გამოსავლის ძიების არაეფექტიან გზას მიჰყვებიან (მიუხედავად იმისა, რომ ამ გზას ისინი სწორ გამოსავლამდე არ მიჰყავს). მათგან განსხვავებით, ექსპერტი პრობლემის გადამჭრელები გადაწყვეტილების ძიებისას კოგნიტიურ პროცესებს იყენებენ, მათ შორის – ქცევის დაგეგმვას, განხორციელებას, ვერიფიკაციას – ისინი ამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში ცვლიან ქცევას შედეგების გათვალისწინებით.

იმისთვის, რომ მოსწავლეებს პრობლემათა გადაჭრის ექსპერტებად ქცევაში დაეხმაროს, შოენფელდი მათ სამ მნიშვნელოვან კითხვას უსვამს: რას აკეთებ? რატომ აკეთებ? როგორ დაგეხმარება მიღწეული წარმატება გამოსავლის პოვნაში? ეს კითხვები ეხმარება მოსწავლეებს, აკონტროლონ თავიანთ მიერ გამოყენებული პროცესები და ააგონ თავიანთი მეტაკოგნიტიური ცნობიერება.

აი, ერთი მაგალითი:

სესიები იწყება, როცა ვარიგებ კითხვების სიასხშირად რომელიმე მოსწავლესშთაგონებაეწვევა ხოლმეჩემი დანიშნულება არკი”- ანარა”- თქმა, არც მოსაზრებების შეფასება. მე უფრო დიკუსიისთვის საკითხების წამოჭრა მევალება. როგორც წესი, რამდენიმე მოსწავლე პასუხობს, რომ მათ ვერ გაიგეს პრობლემის არსი. როცა ამოცანიდან აზრს გამოვიტანთ, ზოგს უჩნდება ეჭვი, რომ მოსაზრება [X] უბრალოდ უაზროაამ შემთხვევაში მე გამოვდივარ შუამავლის როლიდან, რათა მთელ კლასს გავაგებინო: ჯერ ვიდრე გამოსავლის ძიებაში გადაეშვებოდეთ, დარწმუნდით, რომ გესმით დასმული პრობლემა. სხვაგვარად გამოვა, რომ ნადირობისას დაუმიზნებლად ესვრით გარეულ იხვს“.

პრობლემის გაგებისა და გადაჭრის პროცესების ამგვარი მონიტორინგი ეხმარება მოსწავლეებს, მათემატიკოსებივით დაიწყონ ფიქრი და მოქმედება. ამ პროცესის განმავლობაში შოეფელდი იმეორებს ზემოთ მოყვანილ სამ კითხვას (რას აკეთებთ? რატომ? როგორ დაგეხმარებათ ეს?). თითოეული ეს კომპონენტი ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ და დაარეგულირონ თავიანთი ქცევა.

ახალი გზების ძიებაში

0

ცხოვრება გზებისგან შედგება. ყოველ ეტაპს, ყოველ ახალ გზაზე გასვლას მოაქვს როგორც სირთულეები, ისე გამოცდილებაც. გზაზე შემდგარს გიწევს სხვა მაგისტრალზე გადახვევაც, თუმცა მიზანი ყოველთვის ერთია – როგორმე დანიშნულების ადგილამდე მიაღწიო. ეს კი მრავალი ხერხით, მრავალი გზითაა შესაძლებელი, რომლებიც, ვფიქრობ, გამუდმებით უნდა ეძებო. მე ჩემს შედარებით ახალ გზაზე მოგითხრობთ – აუტიზმის მქონე ბავშვის დედობის გზაზე, პრობლემებზე, რომლებიც შემხვედრია და რეალურ გზაზე, რომელსაც ჩემს შვილთან ერთად ყოველდღე გავდივარ.

შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ აუტიზმის მქონე პირებს რუტინა უყვართ; ეჯაჭვებიან ნაცნობ გარემოს, ნივთებსა და ადამიანებს. თუმცა ამის თავიდან აცილება მრავალფეროვანი გარემოს შეთავაზებითაა შესაძლებელი. ასეთი ბავშვები ხშირად აწყობენ ტანტრუმს უცხო ადგილას. მართალია, ეს მშობლის დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ განსხვავებულ სივრცესა და სიტუაციაში ხშირად მოხვედრა ნელ-ნელა აჩვევს მათ შფოთვის დაძლევას.

ამბობენ, რომ აუტიზმის მქონე მოსწავლეები ეჯაჭვებიან ერთ კონკრეტულ, მათთვის ყველაზე საყვარელ, მისაღებ მასწავლებელს და მხოლოდ მასთან „იხსნებიან“. არის ამაში სიმართლის წილი. მაგრამ თუ გვსურს, მათ მეტი ხალხი გაიცნონ, სხვადასხვა მეთოდით ისწავლონ და, შესაბამისად, თვალსაწიერიც გაუფართოვდეთ, სასურველია, პარალელურად რამდენიმე მასწავლებელთან ჰქონდეთ ურთიერთობა.

ჩემმა აუტიზმის მქონე ბიჭმა დაძლია მიჯაჭვულობა, უცხო გარემოს შიში და უფრო ინტერესიანი გახდა, ვიდრე წინათ იყო, მაგრამ ზოგიერთი რამ მაინც რჩება მოსაგვარებელი. ერთ-ერთია გზა.

ჩემი აზრით, ბავშვის სასწავლო სივრცედ გზის გამოყენება ძალიან მოხერხებულია. მაგალითად, თუ მანქანით მგზავრობთ, გზაში შეიძლება ჩაურთოთ ქართული სიმღერები, ლექსები, ზღაპრები, რათა ყოველგვარ გარემოში ესმოდეს ის, რაც ხელს შეუწყობს მისი მეტყველების განვითარებას. შუქნიშანი შესანიშნავი საშუალებაა ფერების შესასწავლად. შუქნიშანზე მინიშნება ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვთან კომუნიკაციის დამყარებაში დაგეხმარებათ, მას კი მცირე „საგარეო დავალება“ უკეთ კონცენტრირებაში შეუწყობს ხელს.

გზაზე ჩვენი მთავარი პრობლემა ჩემი სამსახურის ოფისია, რომელიც ჩემს შვილს ძალიან უყვარს. არადა, დრო ხშირად სხვაგვარადაა გათვლილი. თუ გავბედე და ოფისთან ჩასახვევს გვერდი ავუარე, ჩემს შვილს ისტერიკა ეწყება. არ ჭრის არც წინასწარი შეგონებები, რომ სხვაგან მივდივართ, არც შუქნიშანი, არც დაპირებები, არც მუსიკა… ძალიან ძნელია მანქანის მართვა, როდესაც უკანა სავარძელზე შენი შვილი ტანტრუმს აწყობს – მთელი ხმით ტირის და ფეხებს აბაკუნებს, ამიტომ მიწევს შემოვლითი, ზოგჯერ საკმაოდ შორი გზების ძიება, რომ მისი და საკუთარი ნერვები დავზოგო. ალბათ წარმოიდგენთ, ასეთ შემთხვევებში რა უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან მშობლები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. გამოსავალი ერთადერთია – ტანტრუმის იგნორირება, და ბავშვი ადრე თუ გვიან შეეგუება მოცემულობას. ჩემი შვილი უცხო ქუჩებს ყოველთვის ინტერესით ათვალიერებს ფანჯრიდან, შედარებით მშვიდადაა, თუმცა ხანდახან ვრისკავ და განგებ გავდივარ ხოლმე იმ მონაკვეთს, სადაც, სურს, შევყოვნდე, ოღონდ წინასწარ ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ აქ ვერ გავჩერდებით, სხვაგან მივდივართ – მინდა, პატარაობიდანვე მიეჩვიოს, რომ, სამწუხაროდ, ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, როგორც გვინდა. ბებია-ბაბუები მის დასაშოშმინებლად მის საყვარელ მარილიან ჩხირებს იყენებენ ხოლმე. სპეციალისტები ამას „განმამტკიცებელს“ უწოდებენ და ბავშვს საყვარელ ნივთს თუ ნუგბარს მხოლოდ მას შემდეგ აწვდიან, რაც დამშვიდდება, რათა არ დაასკვნას, რომ ტირილითა თუ სხვა არასასურველი ქცევით სურვილების ასრულება შეიძლება.

სასურველია, ბავშვმა იცოდეს საკუთარი დღის განრიგი, რათა წინასწარ განეწყოს იმისთვის, რის შემდეგ რას უნდა ელოდეს. მე ყოველთვის ვცდილობ ახსნას, რის შემდეგ რა აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერა და ვერ მოვახერხე ვიზუალური მასალის შედგენა. არადა ფოტოებს და ნახატებს ბავშვი გაცილებით ადვილად აღიქვამს და მათ ხშირადაც იყენებენ ბაღებსა თუ სკოლებში. ჯერჯერობით ბიჭუნა კვლავ ისტერიკას მართავს იმ ქუჩაზე, სადაც ოფისია, მაგრამ, მჯერა, ამასაც მოვერევით.

გზის ძიება საჭიროა სწავლის პროცესშიც. მაგალითად, ბავშვს ხატვა უყვარს, მაგრამ ციფრებს ვერ სწავლობს? შეიძლება ვთხოვოთ რამდენიმე ღრუბლის დახატვა, შემდეგ მიმდევრობით ჩავაწერინოთ მათში ციფრები, ბოლოს კი მივეხმაროთ, რომ თითოეუკ ღრუბელს იმდენივე წვიმის წვეთი მიუხატოს, რა ციფრიცაა მასზე გამოსახული. ეს თამაში სახალისოცაა და სწავლაშიც დაეხმარება – ასწავლის წერას, ციფრებს, თვლას, საგნების რაოდენობის გამოცნობას.

კუ

ერთ-ერთმა მშობელმა აუტიზმის მქონე შვილს ანბანი ძერწვით ასწავლა. ახლა გოგონა პლასტილინისგან გასაოცარ ფიგურებს ქმნის. მუსიკის მოყვარული ბავშვისთვის შეიძლება სიმღერისა და ტექსტის მოფიქრებაც მისი საჭიროებებისა და შესასწავლი მასალის მიხედვით. შემეცნებითი სიმღერის შესანიშნავი მაგალითია ეს ვიდეოც. კარგი იქნებოდა, ასეთი მასალა ქართულ ენაზეც ბევრი იყოს.

ბავშვს თქვენთან ურთიერთობა არ უნდა? უპოვეთ „სუსტი წერტილი“. ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა მირჩია, შვილთან ურთიერთობა მისთვის სასიამოვნო აქტივობის მეშვეობით დამემყარებინა. მართლაც, მეც დავიწყე მის საყვარელ ბატუტზე ხტუნვა და ბავშვი გაოცდა, გაიღიმა. მერე ხელებიც ჩავკიდე და ბედნიერმა თვალებში შემომხედა. არადა მანამდე თვალით კონტაქტს გაურბოდა. ერთად როცა ვხტუნავთ, თავის სამყაროს სწყდება და ნამდვილად ჩემთანაა. ასევეა ცურვის დროსაც, რადგან ძალიან უყვარს წყალი. ცურვა ისე აბედნიერებს, რომ მზადაა, ყველა სიტყვა გითხრას, რაც კი იცის, ბოლომდე გამოხატოს საკუთარი განცდები. ასეთ დროს შესაძლებელია ემოციების სახელდებისა და მათთან დაკავშირებული ფრაზების დასწავლაც. მაგალითად: „მიხარია!“, „რა კარგია!“, „ცურვა ბედნიერებაა!“, „ზღვაში ტალღებია!“, „მომწონს!“ – და ა. შ.

სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მინდა, წარმატებები და გამძლეობა გისურვოთ ახალი გზების ძიებაში. დაე, გეპოვოთ გზა, რომელიც საუკეთესო შედეგამდე მიგიყვანთ.

გილოცავთ ახალ შობა- ახალ წელს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო,  ჟუნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”, გილოცავთ ახალ შობა- ახალ წელს!

წარმატებას გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!
თქვენს პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
გმადლობთ, იმ ღვაწლისათვის, რომელსაც ღირსეულად ეწევით.
გისურვებთ კეთილდღეობასა და წინსვლას.
ახალი წელი ყოფილიყოს სიხარულის, მშვიდობის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი.
image

ზამთრის საკითხავი: დიკენსი და სხვები

0

წელიწადის დროებიდან ზამთარი ყველაზე ძალიან იმიტომ მიყვარს, რომ გარე სამყაროს მომაბეზრებელი ერთფეროვნება ძველ ვარაუდს მიდასტურებს: ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღელვებელი ამბები სადღაც სხვაგან კი არ ხდება, არამედ აქ, სადაც ჩემი ძვირფასი ნივთებია: წიგნები, კომპიუტერი, ჩაის ფინჯანი, წითლად შეღებილი ხის მელია. ამინდის გამოსვლა და ამ რწმენის შერყევა ერთია ხოლმე – იქნებ ვცდები და ზამთრის თვეებით აღფრთოვანებით რაღაც ისეთის გადაფარვას ვცდილობ, რაც ყველა ინტროვერტისთვის კარგად ნაცნობია?

ასეა თუ ისე, წიგნების თაობაზე არ ვცდები: სადაც წიგნებია, იქ სიცოცხლეა. ბევრად უფრო სავსე ცხოვრება. გარდაუვალი დრამატიზმი. ვნებები.

ზამთარი დადგა და მეც დავიწყე ფიქრი იმ მწერლებზე, გრძელ საღამოებს სახეს რომ უცვლიან და რაღაც ისეთად აქცევენ, დაუვიწყარი გამოცდილებების გამო, სიცოცხლის ბოლომდე რომ გვამახსოვრდება. რამდენიმეს დავასახელებ, რომლებმაც თავის დროზე სხვა შუქით გაანათეს ჩემი ოთახი, ძვირფასი ნივთების ჩრდილები კი უცნაურად აამოძრავეს.

მაშ, ასე – ჩარლზ დიკენსი. ბოლოს როდის წაიკითხეთ? მე – 1991 წლის იანვარში, სანთლისა და სამზარეულოს ნათურის შუქზე, მონაცვლეობით. ენერგოკრიზისი, მთელი თავისი მშვენიერებით, ჯერ კიდევ წინ იყო. მახსოვს, როგორ უხალისოდ ვაქრობდი სანთელს, როცა შუქი მოდიოდა და მაცივრისა და ტელევიზორის უცაბედი ახმაურება გულს მიხეთქავდა. მახსოვს ახლად გამოღვიძებული ბებიაჩემის ბუტბუტიც – სულ გაიუბედურებს თვალებს ეს ბავშვიო. და რა უნდა მომხდარიყო ჩემს მაშინდელ ცხოვრებაში იმაზე უკეთესი, ვიდრე ზამთრის საღამოებში „დევიდ კოპერფილდის“ ეპოქაში მოგზაურობა იყო?

დიკენსი სწორედ ასეთ დროს წასაკითხი მწერალია. გარე სამყარო არ არსებობს. ოთახში შენ და ჩრდილები ხართ, რომლებიც სულის ჩადგმას ელიან – შენგან, ყოვლისშემძლე მკითხველისგან. ნაახალწლევს, როცა ძველი და ახალი ფილმებით თავის შექცევაც მოგწყინდებათ და თვალიც აღარ გაგეპარებათ წინა დღის კერძებისკენ, გადაშალეთ დიკენსის რომელიმე წიგნი – დიდი და მძიმე. თაროზე წლების წინ შემოდებული და დავიწყებული. ან სულაც იაფფასიანი, თხელყდიანი გამოცემა – შედარებით მსუბუქი. „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები“, „ოლივერ ტვისტი“, „ნიკოლას ნიკლბი“, „ორი ქალაქის ამბავი“, „საშობაო მოთხრობები“. რომელიც ხელში მოგხვდებათ. შეამოწმეთ, მართლა ზამთრისაა თუ არა.

ჰენრი ჯეიმსი – ვიცი, რომ ფრთხილად უნდა ვახსენო, სწორად შერჩეულ დროს. სიამოვნება, რომელიც მისი მოთხრობებისა თუ რომანების კითხვას ახლავს, შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ახირებას უკავშირდებოდეს – მწერლის ამოჩემებისა და მისი ნაწერისთვის თავის შეფარების ძველ ჩვევას. საქმეს ისიც ართულებს, რომ ქართულად ბევრი არაფერია ნათარგმნი – ორი მოთხრობა და ერთიც მცირე რომანი. როცა ჰენრი ჯეიმსს ვახსენებ, იქვე აღვნიშნავ, რომ შესაძლოა თავი და ბოლო ვერ გაუგონ, მოსაწყენად მოეჩვენოთ, მის გმირებთან თვითიდენტიფიკაცია ვერ მოახდინონ, ან სულაც ძველმოდურ, ლიტერატურის ისტორიისთვის მისაბარებელ მწერლად მიიჩნიონ. მაინც ვურჩევ ყველას, ვინც ორიენტირებს ეძებს თვალუწვდენელ სივრცეში; ვისაც რაღაც ნამდვილის, ღირებულის გაცნობა უნდა. მოთხრობები, „The Turn of the Screw“ (სათაურის სახელდახელოდ თარგმნისგან თავს შევიკავებ) – ჟანრის შედევრი, „ქალის პორტრეტი“, „ელჩები“, „ვაშინგტონ-სკვერი“… მოგზაურობა დროში. მოგზაურობა ევროპასა და ამერიკაში. აწონილი სიტყვები. ჩუმი სიგიჟე.

პოლ ოსტერი – იოლად წასაკითხი და ძნელად დასავიწყებელი წიგნების კაცი. შესაძლოა მისი სახელი ენაზე იმიტომ მომადგა, დეკემბრის ბოლოს ჩემი მეგობრები სწორედ „ოგი რენის საშობაო ამბავს“ რომ იხსენებენ ხოლმე, და კიდევ იმ სულისშემძვრელ ფილმს – უეინ ვანთან ერთად გადაღებულ „ბოლს“. ისეთი განცდა მაქვს, იანვრის პირველი დღე არ გათენდებოდა ამ ტექსტისა და ამ ფილმის გახსენების გარეშე. თითქოს სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი პოლ ოსტერი ჯიბიდან ვეება გასაღებს იღებს და იმ ჭრიალა ჭიშკარს უახლოვდება, რომლის გაღების მოლოდინშიც მთელი წელი გავატარეთ. „ნიუიორკული ტრილოგია“, „მისნის ღამე“, „ილუზიების წიგნი“ – ესეც ქართულად ნათარგმნი წიგნები. თუ მაინცდამაინც სანტა კლაუსის ხილვა გსურთ, მაშინ „ტიმბუქტუ“ – გულისამაჩუყებელი რომანი ძაღლურ ცხოვრებაზე, ძაღლურ ერთგულებაზე. მოკლედ, ყველაფრის წაკითხვა ღირს, რაც ხელში ჩაგივარდებათ. 1995 წელს გადაღებული „ბოლი“ (Smoke) კი აუცილებლად უნდა ნახოთ – თუნდაც მეორედ, თუნდაც მეთორმეტედ.

ზამთარი აქაა. საბედნიეროდ, ჩვენც აქ ვართ.

რას ვუსმინოთ საახალწლოდ

0

მესმის, რომ უხერხულია ჩემი მხრიდან მუსიკალური რჩევების გაცემა. ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი მუსიკალური უვიცობის შესახებ. აღარც კი მახსოვს ჩემი აუდიოთეკა ბოლოს ძირეულად როდის განახლდა. პერიოდულად მას კანტი-კუნტად ემატება სიმღერები, რომლებსაც მეგობრების Facebook-ის კედლებზე წავაწყდები და მოსმენა არ დამეზარება. ხანაც Youtube-ზე ხეტიალისას დავაწკაპუნებ ხოლმე რაიმე ახალსა და მადისაღმძვრელს.

რადგანაც შუბლზე ნამუსის ძარღვს ვერ გავიწყვეტ, კი არ გირჩევთ, არამედ გაგიზიარებთ, თუ რას ვუსმენ ხოლმე ახალი წლის დღეებში, რითი ვიქმნი საახალწლო განწყობას და რითი ვცდილობ ყოველდღიური რუტინისგან დროებით გაპარვას.

Soft Eject – Please just carry on

 Soft Ejectის ეს სიმღერა იმდენად მაგარი რამაა, ბავშვობაში მეგონა, რომ შეუძლებელია ქართველები მღეროდნენ-მეთქი. ასეთი მახინჯი განწყობები დღევანდელ ქართველებს ხშირად გვეუფლება (მგონი მოდურიცაა), მაგრამ ჩემს იმდროინდელ განწყობას უფრო იმას მივაწერ, რომ ის ჯეელები, ახლა რომ უკვე ნაოჭიანი კაცები არიან, საოცარი ინგლისური აქცენტით (უფრო სწორად, აუქცენტოდ) მღეროდნენ უტკბილეს სიმღერას, რომელსაც სიმშვიდის, სიმყუდროვის, ჯადოსნობისა და სითბოს განცდა მოჰქონდა. არაჩვეულებრივი იყო სიმღერის ვიდეოკლიპიც. უცხოობის თუ საუცხოობის განცდას სწორედ ის ქმნიდა. ეკრანზე ჩანდნენ ნათელი სახის ადამიანები, რომელთა მსგავსებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვხედავდი. მათ თვალებში არ იდგა პურის რიგი, არ ჩანდა მეცხრე ბლოკი, არ ირეკლებოდა თემურ მღებრიშვილი. ისინი დაცლილნი იყვნენ ყოველდღიურობისგან, ანუ იმისგან, რაც ჩვენ ვირუსივით გვქონდა გამჯდარი ტანში. მიხაროდა, როცა წარმოვიდნედი, რომ კლიპის დასრულების შემდეგ ისინი განაგრძობდნენ ბუხრის პირას ჯდომას. იმ ოთახში, რომლის ყოველ კუთხე-კუნჭულში სითბო ტრიალებდა, გარეთ კი ციოდა. ზუსტად ისე, როგორც ჩვენს სახლებში.

 

My Christmas tree

საოჯახო გარემოს სიტკბოებას მახსენებს ფილმის „მარტო სახლში“ სიმღერა My Christmas tree. ამ მელოდიას ბავშვობაში მივყავარ და მაიძულებს, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდე მოზარდებზე, რომლებსაც საკუთარი ოთახი ჰქონდათ. ამ ოთახში კი ნაირ-ნაირი სათამაში, ტირის თოფი, პლასტმასის ჯარისკაცები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, კარგი ტანსაცმელი, ცალკე გამოყოფილი აბაზანა. ბავშვებზე, რომლებსაც შეეძლოთ ეჭამათ ცხელი პიცა ყველით და კურიერისთვის ხურდაც კი არ გამოერთმიათ. ბავშვებზე, რომლებიც საახალხლო არდადეგებზე თვითმფრინავით მიდიოდნენ. მელოდია მიხატავს განცალკევებულად გაშენებული უბნის კონტურებს, საახალხლოდ მორთულ, აბრდღვიალებულ სახლებსა და საშობაო განწყობას, რომელმალ ლამისაა დაკეტილი კარ-ფანჯარა გამომასხვრიოს და გადმოიღვაროს.

გოგი დოლიძე – საშობაო საგალობელი

 ამ სიმღერას მაშინ ვუსმენ, როცა სურვილი მიჩნდება, რომ ერთი მტკაველით მაინც ავიწიო მიწიდან, ნაბიჯები ჰაერზე გადავდგა და ნაკვალევი არსად დავტოვო. ამ დროს ისეთი მორიდებული ვხვდები, თითქოს ქრისტეს შობიდან მოყოლებული ქველა ცუდი საქციელის გამო მრცხვენია. თითქოს პროფილაქტიკურ სამუშაოებს მიტარებენ ამ სიმღერის მოსმენისას და როცა მელოდია მინელდება, მიწაზე ვეშვები.

Billy Mack – Christmas Is All Around

Soft Eject-ის სიმღერისგან განსხვავებით, Billy Mack-ი თბილ და მყუდრო გარემოში არ მეპატიჟება. Christmas Is All Around-ის მოსმენისას, ისევე როგორც ტექსტშია, ვგრძნობ როგორ შემომარტყა ალყა შობამ და რაც მთავარია, ეს ძალიან მახარებს.

პრაგმატული მეტყველების ზოგიერთი საკითხი

0

თუ ქუჩაში შემხვედრს ვკითხავთ, იცის თუ არა ჩვენთვის საჭირო შენობის ადგილმდებარეობა, ის კი გვიპასუხებს, რომ იცის და გვერდს აგვივლის, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას კომუნიკაციური შეფერხება აღენიშნება, რადგან ჩვენი კითხვა არ მოითხოვს მხოლოდ „კი/არა“ პასუხს – ის გულისხმობს, რომ გამვლელმა აგვიხსნას ნაცნობი შენობის ადგილმდებარეობა. ასეთი შემთხვევები პრაგმატული მეტყველების დარღვევად ფასდება და მსგავსი შეფერხების მქონე პირებს კითხვა უფრო ზუსტად უნდა დავუსვათ.

იგივე სცენარი გაკვეთილსა თუ ლექციაზეც შეიძლება განმეორდეს, თუ ჯერ კარგად არ ვიცნობთ თითოეული მოსწავლის ან სტუდენტის სოციალურ-კომუნიკაციურ უნარებსა და ენობრივ კომპეტენციებს, კერძოდ, მათი პრაგმატული მეტყველების ამა თუ იმ ხარვეზს ან დარღვევას, იმას, რატომ უჭირთ საკითხის გაგება ან რატომ არ ესმით, რა იგულისხმება ნათქვამის მიღმა.

როგორ განიმარტება პრაგმატიკა? ვიკიპედიის თანახმად, ეს არის ენათმეცნიერების განხრა, რომელიც ინტერესდება მეტყველების ისეთი ელემენტებით, რომელთა მნიშვნელობის გაგება მხოლოდ კონტექსტის მიხედვითაა შესაძლებელი. ენათმეცნიერებაში ამ ტერმინის, ისევე როგორც არაერთი სხვის, შემოტანა ბევრისა და ჩემთვისაც ესოდენ საყვარელი სტრუქტურალისტის ფერდინანდ დე სოსიურის სახელს უკავშირდება. მისი აზრით, ენის შემადგენლები უნდა განისაზღვროს სხვებთან ურთიერთობისას, რადგან ის ასახავს ჩვენი სოციალური მეტყველების უნარებს, რომლებსაც კომუნიკაციის პროცესში ყოველდღიურად ვიყენებთ. ენას სოსიური უწოდებს სოციალურად გაზიარებულ კოდს ან პირობით სისტემას, რომელიც ასახავს ცნებებს და აზრებს სიმბოლოებისა და წესების საშუალებით, იმართება ამ სიმბოლოების კომბინაციებით და ადამიანთა ემოციებისა და ქცევების გაგებაში გვეხმარება. სოსიურის აზრით, ენის სამი კომპონენტიდან: ფორმა, შინაარსი და გამოყენება, – რომელიმეს დაქვეითება, გაღარიბება ან ფუნქციური დარღვევა სხვადასხვა სახის პრობლემას ქმნის.

თუმცა პრაგმატიკა როგორც ლინგვისტიკის დარგი და სემიოტიკის ნაწილი კიდევ უფრო გვიან განვითარდა, ვიდრე სინტაქსი. ტერმინი პრაგმატიზმთან ახლო ასოციაციით ჩარლზ მორისმა შემოიღო, თუმცა პრაგმატიკასა და პრაგმატიზმს შორის უშუალო კავშირი არ არის. პრაგმატიკა სწავლობს ენობრივი ნიშნების გამომყენებელთან დამოკიდებულებას. მას აინტერესებს, ენის როგორი მომხმარებელია ადამიანი, რა ნიშნებს იყენებს და რა ძალისხმევას ახმარს მათ.

სემიოტიკურ კვლევებში პრაგმატიკის ფენომენის შემოტანამ მნიშვნელოვნად შეცვალა წინადადების საზრისის გაგება. თავდაპირველად ორფენოვანი სემანტიკის (აღსანიშნისა და მნიშვნელობის) პოზიციაზე მდგარმა ენის ფილოსოფოსმა ლუდვიგ ვიტგენშტაინმაც კი „ფილოსოფიურ გამოკვლევებში“ მნიშვნელობა ენობრივი ნიშნის გამოყენების წესად მიიჩნია და რაკი წესები თამაშში გადამწყვეტ როლს ასრულებს, შეეცადა, ენობრივი აქტივობა მოგვიანებით თამაშის ტერმინებით აღეწერა.

ენობრივ აქტივობას პრაგმატიკული ინტერპრეტაციით ვიტგენშტაინმა შესძინა უფრო მეტი ენის ფუნქცია. როგორც ის „ფილოსოფიურ გამოკვლევებში“ აღნიშნავს, ტერმინმა „ენობრივმა თამაშმა“ უნდა გამოკვეთოს, რომ ენაზე ლაპარაკი საქმიანობის ან სიცოცხლის ფორმის ნაწილია. ამ და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით მან განსაზღვრა ენობრივი თამაშების შემდეგი სახეები:

* ბრძანება და ბრძანების მიხედვით მოქმედება;

* საგნის აღწერა მისი გარეგნული სახის ან ზომის მიხედვით, საგნის დამზადება ნახაზის მიხედვით;

* მოვლენის შეტყობინება;

* მოვლენის შესახებ ვარაუდის გამოთქმა;

* ჰიპოთეზის წამოყენება და შემოწმება;

* ექსპერიმენტის შედეგების წარმოდგენა ცხრილებისა და დიაგრამების მეშვეობით;

* მოთხრობის მოფიქრება და წაკითხვა;

* თეატრში თამაში;

* საფერხულო სიმღერების მღერა;

* გამოცანების გამოცნობა;

* ხუმრობა, ანეკდოტების მოყოლა;

* ამოცანის ამოხსნა;

* თარგმნა;

* თხოვნა, მადლობის თქმა, წყევლა, მისალმება, დალოცვა.

ცხადია, ენობრივი აქტივობის ამგვარი წარმოდგენის შემდეგ ვიტგენშტაინი დარწმუნებული იყო, რომ ენის ფუნქციები უსასრულოდ შეგვიძლია აღვწეროთ. თუ სემანტიკის ძირითადი ენობრივი ელემენტი არის ენობრივი ნიშანი ან ტერმინი, ხოლო სინტაქსისა – წინადადება, პრაგმატიკის ძირითადი სამუშაო ცნებაა გამოთქმა. გამოთქმის სპეციფიკა ის გახლავთ, რომ იგი არა იმდენად წერილის, რამდენადაც მეტყველების პრიმატით განსაზღვრული ერთეულია, მაშასადამე, რას და როგორ ვიტყვით და რა შემთხვევაში, ანუ რა კონტექსტში.

კონტექსტი პრაგმატიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კატეგორიად მიიჩნევა. ძირითადად განიხილავენ მის ორ ნაირსახეობას – ლინგვისტურსა და ექსტრალინგვისტურს. ერთიც და მეორეც საზრისის დეტერმინაციას ახორციელებს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ექსტრალინგვისტური კონტექსტი ითვალისწინებს მოლაპარაკის სოციალურ სტატუსს, მის კომპეტენციას, ვითარებას, რომელშიც გამოიყენება ენა, კონკრეტული ვითარების განმსაზღვრელ სხვადასხვა პარამეტრს და ა.შ. ლინგვისტური კონტექსტი ახორციელებს კონკრეტული გამოთქმის დეტერმინაციას ყოველივე იმის საფუძველზე, რაც მანამდე ითქვა თემის შესახებ და, ამასთან, ყოველივე იმითაც, რის თქმასაც მოლაპარაკე აპირებს თემის შესახებ გამოთქმის შემდეგ.

მაშასადამე, იმ გაგებით, თუ როგორ ვზემოქმედებთ სამყაროზე მეტყველებისას, პრაგმატიკა განისაზღვრება როგორც მეცნიერება, რომელიც ორიენტირებულია წინადადების კონტექსტსა და შინაარსზე ექსტრალინგვისტური მეტყველების გავლენითა და შედეგებით, ხოლო იმ გაგებით, რამდენად არის დამოკიდებული ნათქვამი იმ გარემოებებზე, რომლებშიც იგი გამოითქვა, პრაგმატიკა ინტერესდება მეტყველებაზე კონტექსტის გავლენითა და შედეგებით. ეს პერსპექტივა არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინების საშუალებას იძლევა. ლინგვისტური დისციპლინა მოიცავს როგორც მოსაუბრის ნაგულისხმევ მნიშვნელობას, ასევე სხვადასხვა პრესუპოზიციასაც. ეს ცნება გულისხმობს მეტყველების სტილის მორგებას მსმენლის ასაკზე, სოციალურ სტატუსსა და ენობრივ უნარებზე. ლინგვისტიკაში პრაგმატიკის მაგალითების საფუძველზე აიხსნება, სახელდობრ რომელი უნარია აქტიური მომცემული მომენტისათვის.

ჰატიმი მიიჩნევს, რომ კონკრეტული მეტყველებითი აქტივობები მხოლოდ გლობალურ კონტექსტში შეიძლება გავიგოთ, რომ მეტყველების მნიშვნელობის გაგებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ადამიანის მიერ დამოკიდებულებებისა და ატიტუდების არსებობა, რაც იწვევს პასუხის ინტერპრეტირების სხვადასხვაობას [Hatim 1980, 179-83].

მოლარე: გამარჯობა, როგორ ხართ?

მყიდველი: საშინლად. გუშინ შეყვარბული დამშორდა, მითხრა, რომ ცუდად მოვექეცი. სამსახურშიც პრობლემები მაქვს, ბოლო დროს სულ მეზარება საქმის კეთება.

ჰატიმის მიერ მოყვანილ ამ მაგალითში ჩანს, რომ მყიდველს პრესუპოზიციის დარღვევა აღენიშნება, შესაბამისი პასუხის გაცემას ვერ ახერხებს. ჩვეულებრივ სიტუაციაში მოლარის თავაზიან მოკითხვას ხარვეზების გარეშე მოსაუბრე მყიდველიც თავაზიანად უპასუხებდა, მაგალითად, ასე: „გმადლობთ, კარგად, თქვენ?“ მარტივად რომ ვთქვათ, ეს მექანიზმი ეფუძნება რაციონალურ პრინციპებს, რომელიც ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის გაცვლის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. ეს მექანიზმი განპირობებულია რაციონალური მოლოდინებით, რომლებიც მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ [Cummings 2005].

ზემოთ ჩამოთვლილი ლინგვისტური უნარები ხშირად არ გააჩნიათ პრაგმატული მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებს [Cummings 2005], რომელთა შესახებ მომდევნო წერილში მოგიყვებით – ეს საინტერესო ადამიანები ხომ თავიანთი დახურული პასუხებით იმ ახალი გზებისკენ, უცნობი ადგილებისკენ მიგვიძღვებიან, რომელთა შეცნობა ყოველ ჩვენგანში ახალი ცოდნის დაბადებას, დაგროვებას და კონკრეტულ შემთხვევებში მის გამოყენებას უწყობს ხელს.

 

სასარგებლო რესურსები

  1. Bishop, N.D. Pragmatic language impairement: A correlat of SLI, a distinct subgroup, or part of the autistic continuum, 2000
  2. Bishop, N.D. Children’s communication cheklist, 2003
  3. Cummings. Pragmatic: A multidisciplinary Perspective, 2005
  4. ფერდინანდ დე სოსიური, ზოგადი ენამეცნიერების კურსი, მთარგმნ. ცისანა ბიბილეიშვილი, თბ., 2002

https://www.scribd.com/doc/140202669/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90

 ჩაი და სიყვარული- მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

0

 

„აღზრდა ჩვეულებრივ გვიბიძგებს ჩვენ ყალბი გზისკენ,

ჩვენ გვწამს იმის, რაც ჩაგვინერგეს….

მღვდელი აგრძელებს ძიძის დაწყებულ საქმეს,

და ასე… ზრდასრული ადამიანი ისევ ბავშვის გავლენაშია.“

John Dryden, “The Hind and the Panther”

როდესაც სტუდენტებს რიტორიკის ლექციაზე დავალებას ვაძლევ, შექმნან და წარმოადგინონ მეტაფორები, ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს ვისმენ. ისინი არასდროს არ ჰგვანან ერთმანეთს, თითოეული უნიკალური და ორიგინალურია. სწორედ ეს ანიჭებს ჩვენს ლექციებს შემოქმედებითობას. სტუდენტები არა მარტო ახალ ცოდნას იძენენ, არამედ მდიდრდებიან კიდეც ერთმანეთის ხედვით. თავიდან ცოტა ეჭვი ჰქონდათ და კითხვებს სვამდნენ: როგორ წარმოედგინათ მეტაფორები უფრო კარგად და იმაზეც ფიქრობდნენ, რა იყო „უფრო კარგი“? ან რა ჩაიფიქრა პროფესორმა და გაამართლებდნენ თუ არა ჩემს მოლოდინს. მაგრამ როდესაც ამ წარმოდგენებისაგან გავათავისუფლე და დაიჯერეს, რომ კარგი ის არის, როგორც თავად იფიქრეს, და რომ შეუძლებელია თუნდაც ერთ თემაზე ორი ერთნაირი პრეზენტაცია, აი, მაშინ კი ნამდვილი „აფეთქებები“ დაიწყო… ჩემთვისაც და აუდიტორიისთვისაც შთამბეჭდავი ის გამოსვლაა, როდესაც სტუდენტი საუბრობს თემაზე, რომელიც უყვარს და აინტერესებს, ბევრი ნაფიქრი აქვს მასზე და კიდევ იმაზე, როგორ გაეხადა მისთვის საინტერესო სხვებისთვისაც ინტერესის გამომწვევი.

სამყაროში კი ყველაფერი შეიძლება საინტერესო იყოს: უბრალო ჭანჭიკიდან დაწყებული ბედნიერებით და სიყვარულით დამთავრებული; მით უფრო, როდესაც საგნებს და მოვლენებს რომელიმე კონცეპტის მეტაფორად წარმოადგენ. ესეც არ არის მნიშვნელოვანი…  მნიშვნელოვანი ის არის, ამას როგორ გააკეთებ… დიახ, რიტორიკაში სამი მთავარი ასპექტია, რაც ეფექტურს ხდის კომუნიკაციას: თემა – ანუ რაზე ლაპარაკობ, რაზეც ლაპარაკობ, როგორ ლაპარაკობ და რომ სურვილი გაქვს ილაპარაკო. ამ სამ ასპექტს შეესაბამება: ცოდნა, უნარები და მოტივაცია.

ამ შესავლის შემდეგ მინდა განვიხილო რიტორიკის ჯგუფის სტუდენტის, თამარ დუმბაძის, მიერ შექმნილი მეტაფორა: სიყვარული – ცხელი ლიმნიანი ჩაია…

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო უხარისხოა და სტუდენტსაც მეტყველებაში ბევრი ხარვეზი აქვს (ეს ხომ სავარჯიშოა და ამით სწავლობენ), ყურადღება მინდა მიაქციოთ პრეზენტაციის ფორმატს. თამარი იწყებს ძალიან უშუალოდ: ის ჰყვება, რომ ბევრი იფიქრა იმაზე, რა თემაზე გაეკეთებინა პრეზენტაცია, მერე იმაზე იფიქრა, ეს ყველაფერი როგორ უნდა გაეკეთებინა, რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ შესცივდა და გადაწყვიტა, რომ ცხელი ჩაი ახლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ჩაი მოამზადა და ის იყო, სიამოვნებით უნდა მოესვა, რომ ისევ ფიქრმა წაიღო და ჩაის რომ მიუბრუნდა, ის უკვე გაცივებული იყო და უცებ მიხვდა, სიყვარული ძალიან ჰგავდა ცხელ ლიმნიან ჩაის… და თუ რატომ, ამას თამარი ასე აგვიხსნის: მისთვის ჭიქა, რომელშიც ჩაი ასხია, არის ცხოვრება და ეს ცხოვრება არის ჩაი, ჩაი კიდევ – სიყვარულია. რატომ? თამარისთვის სიყვარული ეს არის: ჩაის ფერი (სიყვარულის მთავარი არომატი), შაქარი (სიყვარულის ტკბილი მხარე), ლიმონი (სიყვარულის ხიფათები), ცხელი წყალი (ის, რაც კრავს და აერთიანებს)  და ეს ყველაფერი აუცილებლად ერთად და აუცილებლად ჭიქაში. უფრო მეტად რომ დაგავრწმუნოს სტუდენტმა, ამისთვის ის ვიდეო-კლიპებს მიმართავს, რომელიც თავად შექმნა და ვიდეოში გვიჩვენებს ცალ-ცალკე ინგრედიენტებს როგორ მიირთმევს:

პირველ კლიპში თამარი მიირთმევს – შაქარს, შემდეგ კლიპში – ლიმნის წვენს, შემდეგ – მდუღარე წყალს და აღნიშნავს, რომ ასე დანაწევრებული სიყვარული არაფრით საინტერესო არ არის… შემდეგ ამ ყველაფერს აერთებს ჭიქაში და ცხელ ჩაის გემრიელად მიირთმევს.

აქ თამარი სიყვარულის მთავარ ბუნებას შეგვახსენებს: რომ სიყვარული არ არის ცალ-ცალკე ან სიტკბო, ან სიმჟავე… რომ ეს ყველაფერი ერთადაა და კიდევ სიყვარულის ძირითადი კანონი: აუცილებლად დროულად უნდა მიირთვათ და არ გააცივოთ სიყვარული!

ეს უბრალოდ, აღწერაა, მაგრამ დამერწმუნეთ, მეტაფორების ასე წარმოდგენა ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

შემოქმედებითი ადამიანები  ყოველთვის მეტაფორებით აღვიქვამენ და აზროვნებენ, ძალიან „ღარიბია“ მეტყველება, რომელიც მხოლოდ ცნებით აზროვნებას ეფუძნება, რადგან მასში არ არის ემოცია, რომელიც თქვენს მარჯვენა ნახევარსფეროზე იმოქმედებდა და შემოქმედებას გააღვიძებდა.

რიტორიკის ლექციაზე ასეთი სავარჯიშოები  სტუდენტებს უვითარებს აბდუქციურ აზროვნებას. აბდუქციურ აზროვნებაზე საინტერესო გამოკვლევების ავტორია ბეიტსონი. მას არ აინტერესებდა ინდუქციურ-დედუქციური აზროვნების ტიპი, არამედ საგანთა ურთიერთკავშირები, დამოკიდებულებები… მისი ბიოგრაფიის მთავრი კონცეფცია იყო “double bind” ანუ ორმაგი კავშირი (ან შეტყობინება). ბეიტსონი თვლიდა, რომ ყოველგვარ სიტყვას, ჟესტს, ტექსტს აქვს „ორმაგი ხასიათი“:  პირდაპირი და გადატანითი, ანუ მეტაფორული. ბეიტსონი ამტკიცებდა, რომ მეტაფორა არ არის მხოლოდ ლიტერატურული ტროპის სახე, ეს არის ადამიანთა შორის კომუნიკაციის  ტიპი – ამის შესახებ ადრეც ვწერდი ჩემს წერილებში და ახლაც ვიმეორებ, როცა მეტაფორების პრაქტიკულ პრეზენტაციაზე გადავედით.

მეტაფორული აზროვნება ანალოგიებით აზროვნებაა, რაც  ნიშნავს, რომ ერთის ახსნისას ვიყენებთ სხვა საგანს, მოვლენას, ფაქტს… უფრო ნაცნობით ვხსნით უფრო უცნობს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული ახსნა, მხოლოდ ერთი ასპექტია, მაგრამ სრულად სიყვარულის და ბედნიერების  ახსნა, არა მარტო ლინგვისტურად შეუძლებელია, არამედ საერთოდაც არ არსებობს…

მეტაფორული ახსნა ეფუძნება იმ კონტექსტს, რომელშიც ვართ. წარმოუდგენელია, სხვა დროს, სხვა დღეს და სხვა კონტექსტში, იმავე სიტყვებით და იმავე მეტაფორით ავხსნათ ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ.

აბდუქციური ანუ მეტაფორული აზროვნება – ეს აღქმისა და შემეცნების სრულიად განსხვავებული რაკურსია, ის გვაფიქრებს იმაზე, რაზე ვსაუბრობთ და სინამდვილეში, რა გვაქვს მხედველობაში…

ისედაც ჩვენს მეტყველებას აქვს  მეტაფორულობის განზომილება, ძალიან ხშირად ვამბობთ ერთს და მხედველობაში გვაქვს სრულიად სხვა რამ და, ზოგ შემთხვევაში, არც ერთი და არც მეორე, არამედ „რაღაც სხვა“, მესამე, რომელიც მეტაფორული კავშრის დროს წარმოიქმნება. მაგალითად: სიშორე თუ სიახლოვე გალაკტიონის მეტაფორაში: „სიშორის შენის სიახლოვე“… რა თქმა უნდა, „რაღაც სხვა“, რაც არსებული ლექსიკით ვერ აღიწერება და ამიტომ გახდა საჭირო მეტაფორის შექმნა.

ახლა ისევ ჩვენს ცხელ ჩაის და სიყვარულს დავუბრუნდეთ (მეც ამ წუთს ცხელ ჩაის მივირთმევ და არავითარ შემთხვევაში არ გავაცივებ…).

მეტაფორები იწვევენ რეფლექსიას, ამიტომ ალბათ იმაზეც დავფიქრდებით, რატომ დაუკავშირა ჩვენმა არაცნობიერმა ცხელი ჩაი სიყვარულს…? და არა ხინკალს ან აჭარულს ხაჭაპურს…

რა თქმა უნდა, „სიყვარული – ცხელი ჩაი“ მომდინარეობს სიყვარულის  უნივერსალური მეტაფორიდან: სიყვარული – სასმელია… სიყვარული ღვთაებრივი სითხეა, რომელსაც შეყვარებულები სვამენ თასიდან… ნამდვილი სიყვარული მედიტაციაა, გასხივოსნებაა… ამას ინტუიციურად გრძნობენ შეყვარებულები.

ოშოს აქვს საინტერესო წიგნი, რომელსაც ჰქვია: „ფინჯანი ჩაი“ – ეს არის 365 წერილი თავისი მოსწავლეებისადმი…  და რატომ „ფინჯანი ჩაი?“…. ფინჯანი ჩაი – ეს მედიტაციაა, ღვთაებრივთან შერთვა, რაც მეტაფორულად ჩაის სმით აღინიშნება.

თუ თქვენ ძენის ოსტატთან მიხვალთ და 1001 კითხვას დაუსვამთ, ის კი დუმილით შემოგხედავთ, ეს ნიშნავს, რომ „თავიდან მოიშორეთ ეს სისულელეები, მიირთვით ფინჯანი ჩაი“.

თუ თქვენ ახლა ჩაის მოამზადებთ და მიირთმევთ, დამერწმუნეთ, სულ სხვა არომატი ექნება… მთავარია, არ გაგიცივდეთ…

გემრიელად მიირთვით.

რატომ არ უნდა შევადაროთ ბავშვები ერთმანეთს

0

 რამდენიმე კვირის წინ სრულიად მოულოდნელად საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის მოწმე აღმოვჩნდი. ორი პატარა ბავშვით ავტობუსში ამოსულ ქალბატონს ახალგაზრდა მამაკაცმა ადგილი დაუთმო. ქალბატონი სკამზე დაჯდა და 3 წლის გოგონა კალთაში ჩაისვა.  4 წლის ბიჭუნა კი  დედის წინ ფანჯარასთან დადგა და ქუჩაში ყურება დაიწყო. ქალბატონის გვერდით მჯდომმა მგზავრმა წამოდგომა სცადა, რათა პატარა ბიჭუნა დედის გვერდით დაესვა. დედამ უკმაყოფილო სახით შვილს გახედა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს სთხოვა, არ ამდგარიყო: „ნუ შეწუხდებით, ის მაინც არ დაჯდება, ისეთი ჯიუტი და ურჩია, ვერაფერს გააგებინებ“; „აი, ეს კი“, – მიუთითა კალთაში მჯდომ მეორე შვილზე – „ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ბავშვია“. ბიჭუნამ განაწყენებული  სახით შეხედა დედას და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. დედის სიტყვებმა მასში აშკარად აგრესია და სიბრაზე გამოიწვია, რადგანაც დროდადრო ხან დედას გახედავდა უკმაყოფილო სახით და ხან დედის კალთაში მოკალათებულ საკუთარ დაიკოს უყურებდა შურის თვალით. მგზავრებს შეებრალათ „დაჩაგრული“ ბიჭუნა და სიყვარულით სავსე სახეებით უყურებდნენ მას. რამდენიმემ გამოლაპარაკება და მოფერებაც სცადა. თუმცა უცხო ადამიანების ასეთმა  „თანაგრძნობამ“  ბიჭუნას გუნება-განწყობა ვერ შეუცვალა – ის ხომ მისმა უსაყვარლესმა და უახლოესმა ადამიანმა სრულიად უცხო გარემოში ყველას წინაშე  „დაამცირა“.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი მაშინაც, როცა ერთ-ერთი მშობელი საკუთარ შვილებს მაცნობდა – „ეს ისეთი კარგი მყავს“, – მიმითითა მის გვერდით ამაყად და თავმომწონედ მდგომ 7 წლის გოგონაზე – „ამას ენაცვალოს დედა, ჩემი სიამაყეა“; „აი, ეს კი“, – მიმანიშნა დედისგან ოდნავ მოცილებით მდგომ 6 წლის ნინიზე, – „ვერ წარმოიდგენთ რა აუტანელია, მომკლა, გამაჭაღარავა, ნამდვილად ბოლოს მომიღებს“. როგორც შემდეგ გავიგე, პატარა ნინი უცნაურ ხერხს მიმართავდა, რომ დედიკოს თვალში თავის დაზე უკეთესი გამოჩენილიყო და მისგან შექება დაემსახურებინა – დილით ადრიანად დგებოდა, დაიკოს ტანსაცმელს უმალავდა, რომ ის დროულად ვერ მომზადებულიყო სკოლაში წასასვლელად,  თვითონ კი სასწრაფოდ სკოლის ფორმაში გამოეწყობოდა და ჩანთით ხელში, კმაყოფილი სახით კართან დგებოდა იმის ნიშნად, რომ დაიკოზე უფრო ყოჩაღია და დროულად მოემზადა სკოლაში წასასვლელად. თუმცა დედა კარგად ხვდებოდა მის ნამოქმედარს და შექების ნაცვლად კვლავ სჯიდა დაიკოს დაჩაგვრის გამო.

     აღნიშნული სიტუაციები კარგად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბავშვის საკუთარ დასთან ან  ძმასთან შედარებამ. ადვილი შესაძლებელია ასეთი შედარებების საფუძველზე მათ შორის აღმოცენებულმა შუღლმა და მტრობამ მოგვიანებით, დიდობაშიც იჩინოს თავი, რაც მშობლებს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.

     ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომელსაც არასოდეს შეუდარებია საკუთარი შვილი სხვისთვის. ხშირად ის არ შემოიფარგლება და-ძმების ერთმანეთთან შედარებით და საკუთარ შვილს ადარებს თანაკლასელს, მეზობლის ბავშვს – „შეხედე, გიო როგორი აქტიურია! ღონისძიება არ ჩატარდება, რომ სცენაზე არ იდგეს, შენ კი ერთი ლექსიც არ გითქვამს ჯერ“; „რა კარგად ლაპარაკობს ნინი ინგლისურად. შენ კი მთელი წელია გამეცადინებ და ორ წინადადებას ვერ ამბობ უშეცდომოდ“. ბავშვები არცთუ ისე იშვიათად ისმენენ ასეთ საყვედურებს მშობლებისგან, რომელთაც სურთ, რომ ყველაზე უკეთესი და წარმატებული შვილი ჰყავდეთ. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ასეთი შედარებებით ბავშვს გაუღვიძებენ სურვილს, მეტს მიაღწიოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შედეგი არცთუ ისე სასურველი და მისასალმებელია. საინტერესოა, რა ემოციები დაეუფლებოდა დედას, საკუთარ შვილს რომ ის მეგობრის დედისთვის შეედარებინა და ეთქვა – „გიოს დედა ბევრად უფრო კეთილი და გაგებულია, ვიდრე დედაჩემი“. ვფიქრობ, ნებისმიერი დედისთვის შვილისგან ასეთი სიტყვების მოსმენა დამთრგუნველი, საწყენი  და გამანადგურებელი იქნებოდა.  მაშინ რატომ უნდა შეხვდეს ბავშვი თანაკლასელთან, ძმასთან ან მეზობლის ბავშვთან მის შედარებას მშვიდად და უმტკივნეულოდ, მით უმეტეს,  როცა ამას მისთვის უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანი, დედა აკეთებს.

     მშობლების მსგავსად, ხშირად პედაგოგებიც იყენებენ მსგავს შედარებებს. მაგალითად, თუ კლასში რომელიმე ბავშვი ბეჯითი, აქტიური  და მონდომებულია, პედაგოგი ცდილობს, ყველა ბავშვს გაუღვიძოს სურვილი, რომ მას მიბაძონ – „როგორ ვამაყობ, რომ ნიკა ჩემს კლასშია, როგორ მინდა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ასეთი იყოს“. ერთი შეხედვით, პედაგოგის მიზანი ძალიან კეთილშობილურია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში უარყოფით შედეგს ვიღებთ და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ მას მიბაძოს, შეიძლება მასაც დაუქვეითდეს მოტივაცია და სწავლის სურვილი, ვინაიდან ზედმეტი ქების გამო, მასწავლებლის „ფავორიტი“ მოსწავლე თანატოლთა ჯგუფიდან გარიყული აღმოჩნდება ხოლმე.

     ამდენად, ალბათ ღირს დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ბავშვების ერთმანეთთან შედარება, მაშინაც კი, როცა ჩვენი მიზანი ძალიან კეთილშობილურია და ბავშვის „სასიკეთოდ“ არის მიმართული. როგორც წესი, თანატოლებთან მუდმივი შედარებების საფუძველზე ბავშვში შეიმჩნევა შფოთიანობის დონის მომატება, უქვეითდება თვითშეფასება, უჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, იკეტება საკუთარ თავში; ეშინია, რომ არაფერი გამოუვა ისე, როგორც სხვებს; წინასწარ განაწყობს საკუთარ თავს მარცხისა და წარუმატებლობისთვის. არსებობს საფრთხე, რომ დაირღვეს მშობელთან სულიერი კავშირი და ბავშვს დაეკარგოს მის მიმართ ნდობა. ამასთან ერთად, ბავშვს უჩნდება შიში იმისა, რომ ის აღარ ეყვარებათ, თუ არ გახდება ისეთი, როგორიც მის მშობლებს მოსწონთ. ეს კიდევ ერთი დარტყმაა მის თავმოყვარეობასა და თვითშეფასებაზე.

     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ბავშვს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის; არ ვეცდებით დავამსგავსოთ სხვას; გვეყვარება და ვიამაყებთ მისით, განურჩევლად იმისა, მარცხს განიცდის, თუ წარმატებას. გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი, ინდივიდუალური გზა და ვერასოდეს დაემსგავსება სხვას. ამდენად, არ არის საჭირო შევადაროთ სხვას და მოვითხოვოთ მისგან, რომ ის სანიმუშო და მისაბაძ თანატოლს დაემსგავსოს. ეს მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდება, როგორც ბავშვისთვის, ასევე მასთან ჩვენი ურთიერთობისთვისაც. ნუ დავივიწყებთ, რომ აღზრდის საფუძველთა საფუძველი ბავშვის სიყვარულია, რომელსაც ის აუცილებლად უნდა იღებდეს ჩვენგან.

მესამე წერილი სანტა კლაუსს

0

რა გაძლებს კიდევ ერთ საათს?

თორმეტს არა, თერთმეტის ნახევარს ველოდები – შუქი მოვა. ცენტრალური.

სხვა მხრივ – ადგილობრივი ჰიდროელსადგურის მცირევოლტიანი დესპანი შემომივლიდა ხოლმე, იმდენად სუსტი – ნათურა გადამწიფებულ კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე მანათობელს. ეს იქით იყოს და იმ წელს DENDY-ს კომპიუტერი მაჩუქეს. ვის აინტერესებს შენი საგანგებოდ დაკლული ინდაური და გოზინაყი. სტუმრები ღვინის ოცლიტრიან ბოცას თვალებით ჭამენ. ისინიც ცენტრალურს ელიან:

„მოსკოვს მაინც მაგარი ესტრადა აქვს, ОРТ-ზე გადავრთოთ როცა მოვა, ჩვენების ბლუყუნს სჯობს”.

როგორც წესი და რიგია, სამზადისი და ბაზარს მიწყდომა წინა დღეს დაიწყო. ეს ტრადიცია ძველთაგან მოგვდევს და ახლაც ნავარდობს. ქალაქს საცობი გუდავს, სოფლის ორღობეებს ტალახი ახრჩობს. მერე თითქოს სული ამოხდაო – 1 იანვარს ქუჩაში გაგივლიათ? მეორე დღეს ახალი წელი ნანადირევივით აგდია და არ ინძრევა. ღამით იმდენი ესროლეს, რა გადაარჩენდა. და ქართველებს ხომ ყველაზე უფრო აღუვსებელი საწყაული გვაქვს – ერთი ახალი წელი  სად გვყოფნის. ჰოდა, მივრბივართ მერე, ხელოვნურ სუნთქვას ვუკეთებთ და თოთხმეტ დღეში ვაცოცხლებთ.

  არის, იყო და იქნება: ნაძვის ხე და ჩიჩილაკი (ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის მოდაში შემოსული მეცხვარის ქუდივითაა და ვატყობ, მალე მიავიწყდებათ) ერთად აღიმართება, ეკრანი ისევ „ბედის ირონიით” გვაამებს, სამი-ოთხი მარად ცნობადი სახე და რომელიმე ქათმის ბარკლის მწარმოებელი კომპანია მოგვილოცავს, ხოლო  სამამულო ესტრადა რესტორნებს განეფინება და კონცერტმოშიებულ ხმას და ჯიბეს აბალახებს. ცუდი ალბათ ამაში არც არაფერია, მაგრამ მაინც…

  ჩემი ახალი წელი, სხვა, უცნაურ ასოციაციებს უფრო აღძრავს: მეზობელი, რომელიც ოთხმოცს გადასცდენოდა, 31 დეკემბერს აივანზე გამოდიოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ათასგვარი მაშხალის ელვა-ქუხილს. წარმოიდგინეთ ადამიანის უკიდურესი ნეტარების გამოხატულება. ვთქვათ ამ მასშტაბის – რომელიმე ჩრდილოურ ტელე-შოუში ალექსანდრ მალინინი პორუჩიკ გალიცინს  უგალობს და კამერა შუა ხნის ქალბატონს უახლოვდება. აი, ამგვარი სახე ჰქონდა ამ კაცს და ჩემი ახალი წელიც ამგვარია – გაუცნობიერებელი ნეტარების და იმედის ტალღა (ბოლო სიტყვათშეთანხმებამ თუ ცუდი რამე მოგაგონათ, ჩემი ბრალი არაა).

ჰოდა, რა გაძლებს  საათსა და 20 წუთს? ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. მითხრეს, რომ არავითარი მარიო არ იქნებოდა – სტუმრებს ტელევიზორის ყურება უნდოდათ. მეც, პროტესტის ნიშნად, ავდექი და დავწექი. სიზმრად ვნახე, განათებულ დარბაზში ვიდექი. საოცარი ფეიერვერკი იყო ცაზე. პრინცესა დავინახე – მივხვდი, რომ ბოლო ტური დავხურე. ეს გოგო ხომ მაშინ ჩნდებოდა. ძალიან, ძალიან მიხაროდა. აივანზე ჩემი ოთხმოცი წლის მეზობელი იდგა და მიცინოდა.

ჰოდა, სანტა-კლაუს. ჩემი მესამე სურვილი ასეთია. მინდა დენდი მქონდეს მარიოთი. ამას რამენაირად შევძლებ. უბრალოდ ბოლო ტურში გავიდე მინდა. დრაკონი მოვკლა. და ის გოგო წამოვიყვანო.

მეთორმეტეკლასელი მასწავლებელი – კარლო ხუციშვილი

0

გამომგონებელ კარლო ხუციშვილს უკვე იცნობენ საქართველოში და მის მიღმაც. ახალციხელი მოსწავლის წარმატებებმა საზოგადოების და სპეციალისტთა ყურადღება ერთბაშად მიიქცია. კარლო სასწავლებლად ჯერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადმოვიდა, ახლა კი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მეთორმეტეკლასელია. კოლეჯი თავად აფინანსებს მის განათლებას. პარალელურად კარლო კომაროვის სკოლაში რობოტექნიკას ასწავლის. ინტერვიუ უკვე მზად იყო, როცა კარლოს 18 წელი შეუსრულდა და 25 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“, ნომინაციაში – “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში” გამარჯვება მოიპოვა.

მოსწავლე მასწავლებელი კარლო ხუციშვილი

_როგორ გახდით გამომგონებელი?

 _ერთ-ერთი სქემის დაშლა-აწყობის დროს გამიჩნდა სურვილი კარგად შემესწავლა მისი ყველა კომპონენტი.   შემდეგ შევიძინე ნაწილები,  ზოგი ძველ ტექნიკას ამოვაცალე და ასე ავაწყვე პირველი მარტივი სქემა. ძალიან დავინტერესდი.   ვატარებდი ექსპერიმენტებს, გამიჩნდა ამბიცია შევჭიდებოდი უფრო რთულ სქემებს. ინტერნეტმა მომცა საშუალება, ბევრი რამ ვიდეომასალით გამეგო, წამეკითხა უცხოური წიგნები ჩემთვის საინტერესო საკითხებზე; თანდათან დამიგროვდა  ცოდნაც და გამოცდილებაც. გამოგონებებზე ფიქრი არ მასვენებდა. შევიტყვე გამომგონებელთა კონკურსის შესახებ, გავეცანი პირობებს. უნდა შემექმნა  პროექტი, რომელიც საგაკვეთილო პროცესს აღწერდა. ავაწყე  ,,იაკობის კიბე“ – რომლის საშუალებითაც  მასწავლებელს შეეძლო აეხსნა  სხვადასხვა ფიზიკური მოვლენები: იონიზაცია,  ნაპერწკლური განმუხტვა.  კონკურსზე მოპოვებულმა პრიზმა ჩემი მოტივაცია გაზარდა. ამას მოჰყვა სხვა გამოგონებები, კონკურსები, წარმატებები.

კარლოს პორტფოლიო უკვე უამრავი დიდ-პატარა შედეგითაა ,,გაბერილი“, მათ შორის, გამორჩეული მიღწევებიც  დაგროვდა: ლეონარდო და ვინჩის კონკურსში წარდგენილი და გამარჯვებული მულტიკლიმატიზატორი, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მოიპოვონ ინფორმაცია მიწის ტენიანობის, ტემპერატურის, მცენარისათვის აუცილებელი ნივთიერებების შესახებ, მიიღონ ინფორმაცია მოსალოდნელ ამინდზე, სეტყვაზე… ამ გამოგონებამ საერთაშორისო ოლიმპიადაზეც (აშშ) მოწონება დაიმსახურა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვება და NACA-ს   კენედის ცენტრში მოგზაურობა ისევ მულტიკლიმატიზატორს და ,,დრონს“ მოაქვს. უპილოტო გამნაღმველი სისტემა, რომელიც აიპადით იღებს კოორდინატებს და  უპილოტო ,,დრონის“ საშუალებით   დაფრინავს.  ,,დრონი“ მიდის მითითებულ ადგილზე და  ჰაერიდან ახდენს ნაღმის გაუვნებელყოფას. მას გადაადგილების მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს: ტანკისებრი მუხლუხები, ბორბლები, პროპელერები, ასევე  გადაადგილდება წყალში და იქაც აღმოაჩენს ნაღმებს.  ამ გამოგონებას საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ იპოს  ოლიმპიადაზე  მე-2 ადგილი,  ხოლო საერთაშორისო ოლიმპიადაზე _პირველი ადგილი და  ოქროს მედალი მოაქვს.

_ახლა რაზე მუშაობთ?

_შშმ პირების საჭიროებათა გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი მუშაობს  ,, Non_stop“-ზე, რომელიც  არის ინოვაციური ეტლი. ეს სიახლე შშმ პირებს გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტულ  შესაძლებლობებს გაუზრდის. ეტლი სხვისი დახმარების გარეშე, სწრაფად და მარტივად იმოძრავებს, იოლად გადალახავს დაბრკოლებებს, უსაფრთხოებისთვის ექნება ღვედი, ციმციმა და დამცავი კამერა(აირბაგი), ექნება ქოლგა უამინდობისთვის, გათვალისწინებული იქნება ხელის მტევნის პრობლემის მქონეთა საჭიროება, ექნება გააქტიურებული GPS სისტემა და სპეციალური აპლიკაცია პარკირებისთვის. მეორე გამოგონება პარკირების პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული სიახლეა, რომელიც გულისხმობს პარკირების ადგილას ისეთი დაბრკოლების შექმნას, რომლის გადალახვაც მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირს შეეძლება სპეციალური ბარათის საშუალებით.

ეს ორი პროექტი წარვადგინეთ  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში,  სადაც 85 გუნდი მონაწილეობდა და საუკეთესო ხუთეულში  მოვხვდით, მოვიპოვეთ დაფინანსება მოდელის სრულყოფისათვის. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც თავად ეტლით მოსარგებლენი არიან, მნიშვნელოვანია ფინალში გასვლა, რადგან ფინალისტი NACA-ს  კენედის ცენტრში გაემგზავრება და ამჯერად,  რაკეტით გაფრენის შესაძლებლობა ექნება.

ახლა ვმონაწილეობ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“ . ამ კონკურსში 2015 წელს მოვიპოვე ,,წლის საუკეთესოს“ წოდება მეცნიერებასა და ინოვაციაში.

 _მასწავლებლობას როგორ შეუდექით?

როგორც გითხარით, უკვე საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რადგან  არ მყავდა შესაბამისი მიმართულების მასწავლებელი, არ მქონდა ლიტერატურა. ძალიან მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადამეცა ჩემი თანატოლებისთვის, უმცროსებისათვის და ეს გზა გამეიოლებინა. ახალციხეშიც ვუზიარებდი ჩემს ცოდნას თანატოლებს, ჩემს დას, მაგრამ როცა ,,კომაროვში“ გადმოვედი 2014 წელს, იქ ჩემს ოთახში პატარა ,,ლაბორატორია“ მოვაწყვე.  ბევრს აინტერესებდა ჩემი საქმიანობა. თავისუფალ დროს შემყავდა ბავშვები და ვუხსნიდი სხვადასხვა საკითხებს. თანდათან გაიზარდა მსურველთა რიცხვი და ოთახი ძლივსღა იტევდა მსმენელებს. გასუსულები მიგდებდნენ ყურს.  ამ პროცესმა სისტემატური სახე მიიღო. ერთ დღეს დირექტორმა შემოგვიღო კარი. ეს ფორმატი ეწინააღმდეგებოდა სკოლის შიდაგანაწესს და  ამის თაობაზე გაგვაფრთხილა. ბავშვებმა გადაწყვიტეს  მიემართათ თხოვნით, რომ რობოტექნიკის გაკვეთილები მე  ჩამეტარებინა. დირექტორმა გაითვალისწინა მათი ინტერესი და მეც მოხალისეობრივად შევუდექი მასწავლებლობას.

რობოტექნიკის გაკვეთილზე

 რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?

არანაირი სირთულე არ მქონია,  ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ცოდნას სხვებს ვუზიარებ, ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრები. მე მათი უფროსი მეგობარი ვარ. რა შეიძლება იყოს რთული? ისინი იძულებით არავის მოუყვანია, საკუთარი სურვილით მოვიდნენ. ძალიან აინტერესებთ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ. მერე პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებენ, თავადაც ქმნიან სქემებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, ჩვენი გვერდიც გვაქვს. ყველაზე მეტად დროის პრობლემა მაქვს, არ მყოფნის.

 რას ნიშნავს სკოლა თქვენთვის, როგორც მოსწავლისთვის?  როგორც მასწავლებლისთვის?

სკოლა ის ადგილია, სადაც ვისწავლე  ბევრი რამ,  მივიღე   ცხოვრებისეული გამოცდილება,  როგორც სწავლაში,  ასევე კლასგარეშე აქტივობებში ….   როგორც მასწავლებლისთვის ის ადგილია, სადაც თავს  ვგრძნობ ძალიან ბედნიერად. ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები  უსაზღვროდ ნიჭიერები და მონდომებულები არიან.

როგორი უნდა იყოს დღევანდელი მასწავლებელი?

მოსწავლეზე ორიენტებული, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს სხვადასხვა საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეს,  თვითგანვითარებაზე იზრუნოს. თანაც მასწავლებელს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. ერთ ცნობილ და ნაამაგარ მასწავლებელს ვკითხე, რატომ არ არის საქართველოში განათლების მაღალი დონე მეთქი, მან მიპასუხა, როცა შენ ყველაფერს აკეთებ, რომ კარგად ასწავლო, მაგრამ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებ და იძულებული ხარ, შვილს სთხოვო დახმარება, დროთა განმავლობაში ხალისი გეკარგებაო. ვფიქრობ, ეს ადამიანი მართალია. სკოლას კარგი მასწავლებელი უნდა ჰყავდეს და მას კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

კარლო, როგორი იქნებოდა შენი სკოლა?

რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც დღესაა. ყველანაირად მორგებული იქნებოდა მომხმარებელზე, ანუ მოსწავლეზე. სკოლაში იქნებოდა წესები, რომელსაც თანაბრად დაემორჩილებოდა ყველა. შეიქმნებოდა ისეთი გარემო, რომელშიც  ყველა ბავშვს გაუხარდებოდა ყოფნა, სწავლა  იქნებოდა სასურველი და არაიძულებითი. სწავლის პროცესი იქნებოდა ღია და გამჭვირვალე პირდაპირი გაგებით: მშობელს და ნებისმიერ პირს შეეძლებოდა ,,ლაივში“ ენახა, რა ხდება საკლასო ოთახში. აუცილებლად შევცვლიდი კლასის მოწყობას: ოთახი  აღჭურვილი იქნებოდა სენსორებით. რაც მთავარია, ხშირად შეიცვლებოდა საკლასო გარემო, რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო.  შევიმუშავებდი პროგრამებს, რომ მასწავლებელს ნახევარი გაკვეთილი  არ დაეკარგა  ცხრილების შევსებაზე,  ნიშნების დაწერას და გამოყვანას თავად პროგრამა შეასრულებდა.  მასწავლებლის როლი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და პროცესის მართვა იქნებოდა. სკოლაში ჩატარდებოდა   გასართობი გაკვეთილებიც, რომელიც მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმებოდა. მათი სურვილით შეირჩეოდა შაბათ-კვირის აქტივობებიც.  სკოლაში გვექნებოდა გაკვეთილები სხვადასხვა პროფესიების არსსა და მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეს თავისი ინტერესებისთვის მიეგნო.  სკოლაში აუცილებლად იქნებოდა რობოტექნიკის ლაბორატორია და სხვა საგნების ლაბორატორიები, რომლებიც  ექსპერიმენტების, აღმოჩენების სასწავლო მიზნით გამოყენებას შეუწყობდა ხელს.

რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი თაობა?

ნიჭიერი თაობაა.  ვფიქრობ, თუ სახელმწიფოსგან, ქველმოქმედებისგან  ხელშეწყობა გვექნება, დიდ წარმატებებს მივაღწევთ. წინსვლა პირდაპირ კავშირშია რესურსებთან. გამომგონებელს მასალებზე ფიქრი და მოპოვება უწევს, ამას ფული ესაჭიროება და დროს და ენერგიას მოითხოვს. ხარისხიან სწავლას რესურსი სჭირდება, რობოტექნიკა მასალებს საჭიროებს. აქ გვჭირდება დახმარება. ჩვენ, წინა თაობებისგან განსხვავებით, ციფრული ტექნოლოგიების თაობა ვართ, ტელეფონებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული თაობა, თუმცა მონდომების და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიების საშუალებით ფართო შესაძლებლობა გვეძლევა, შევიძინოთ ცოდნა და ეს ცოდნა საჭირო მიმართულებით  გამოვიყენოთ.

ჩვენი საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო, კარლოს სპორტული შედეგებიც აქვს, კარატეში შავი ქამრის მფლობელია, თუმცა ცხოვრებაში ეს  არასდროს გამოუყენებია, კარლოს გამოგონებების თანაავტორი ხშირად მისი და ანა ხუციშვილია. მოსწავლე მასწავლებელს უყვარს კონკურსები და უყვარს გამარჯვებები, ახალ ძალას მატებს აღიარება. პროფესიული არჩევანი ელექტროინჟინერიას უკავშირდება. არ უყვარს უსამართლობა. ოცნებობს ახალ გამოგონებებზე, ოჯახის კეთილდღეობაზე, სიყვარულის ამბავი არ გაგვიმხილა, ის კი გვითხრა, რომ მისი რჩეული განათლებული და ორიგინალური ადამიანი იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...