ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
14 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

როდის და როგორ შევისვენოთ ინკლუზიურ საკლასო ოთახში

0

 

„საჭირო ოთახში გავალ რა, მასწ.!

„შეიძლება წყალი დავლიო?

მუცელი მტკივა, შეიძლება დედას დავურეკო? – ეს და სხვა მსგავსი ფრაზა ხშირად გაისმის სკოლაში, მნიშვნელობა არ აქვს, სად მდებარეობის იგი. ბავშვები ნებისმიერ ასაკში კლასის დატოვებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ. მათი შემეცნებითი უნარები და ენობრივი შესაძლებლობები საკმარისდ განვითარებულია, შესაფერისი ფორმით საკლასო სიტუაციებსა და  სასწავლო გარემოს რომ დაუსხლტნენ. სასკოლო პროცესს ხომ მათთვის  გარკვეულწილად სტრესი და გაღიზიანება მოაქვს[1].

მოსწავლეები ხშირად გვიბოდიშებენ და თავაზიანად ითხოვენ-ხოლმე საკლასო ოთახიდან გარეთ გასვლას. უფროსებიც ხომ ასე ვართ. ვინც ერთხელ მაინც მჯდარა საშინლად მოსაწყენ პროფესიულ შეხვედრაზე, რამდენჯერმე მაინც უფიქრია მობოდიშება, რათა თავისი შვილის ამბის გასაგებად შინ ძიძისთვის ან ახლობლისთვის დაერეკა. უფრო დაძაბული სიტუაციებიც არსებობს.  ვიღაცის პირადი ურთიერთობა მეწყვილესთან შეიძლება ძალიან დაძაბოს გაუთავებლად ტრენინგებზე ჯდომამ. უფროსები ვართ და კარგად მოგვეხსენება  დამშვიდების მრავალფეროვანი ტექნიკების შესახებ ჩვენი სტრესების შესამცირებლად. ღრმად ჩავისუნთქავთ, ვითვლით 10-მდე ან  გარეთ გავდივართ.

სტრესის მოხსნის ეფექტური სტრატეგიები

 

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ან აუტისტ ბავშვებს უძნელდებათ სტრესის მოხსნის სტრატეგიების შესწავლა. არადა,  ეს საქმე შესაძლებელი და აუცილებელია. თუკი სკოლაში რამდენიმე სპეცმასწავლებელია, შეიძლება შექმნან როლური სიტუაცია, რომელსაც ბავშვს დაანახვებენ და აუხსნიან, რომ ასეთი ფორმით უნდა ითხოვონ შესვენება. სიმულაციების გათამაშება თანატოლებშიც შეიძლება. მთავარია, ამ არაჩვეულებრივი ბავშვების გასაგონად რამდენჯერმე გავიმეოროთ თითოეული ინსტრუქცია. მათ შეიძლება ირიბად ვკითხოთ და ურთიერთობაში შემოსაყვანად ილეისტური ფორმითაც კი მივმართოთ. მაგ., „თომას სურს შეისვენოს? რაღაც ბარათი ასე აჩვენებს. შეისვენე, თომა!“ ან: „თომას შესვენების ჯერია, მოდი, შეისვენე, თომა! შენთან ერთად მეც შევისვენებ“.

შესვენების მნიშვნელოვნება

 

შესვენება ბავშვების ცხოვრების ყველაზე პოზიტიური და აუცილებელი კომპონენტია. მის მისაღწევად ვიყენებთ ხისგან დამზადებულ ვიზუალურ მასალას, კერძოდ კი – ფერად ბარათებს, რომელთაც მოსწავლეები დაატარებენ თავიანთი  PECS წიგნებით. ეს აბრევიატურა ინგლისურად შემდეგნაირად იშიფრება: Picture Exchange Communication System (სურათხატების  ცვლის საურთიერთო სისტემა). დაახლოებით ამგვარი წიგნები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის წინათ ჩვენშიაც არსებობდა, მაგრამ დღეს მათი მხოლოდ და მხოლოდ უცოეთიდან გამოწერაა შესაძლებელი და ერთი ეკზემპლარის ფასი საკმაოდ ძვირია, თუმცა საგნების მიხედვით ყველა დონის შეძენაა შესაძლებელი, მე-10 კლასის ალგებრის ან გეომეტრიისაც კი. ხის თხელ და ფერად ბარათებს ბავშვები წიგნებით დაატარებენ ან ხშირად მერხებშიც ინახავენ-ხოლმე.

მელისა ფერი ამბობს, რომ მას, როგორც პედაგოგს, საკლასო თუ რესურსოთახში ყოფნისას შესვენების ბარათი ყოველთვის ზონარით ყელზე ჰკიდია. თუკი მოსწავლეს დაღლას შენიშნავს, ის, მისი კოლეგა ან საგნის მასწავლებელი შესვენების ბარათს უჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეს შესვენების დრო დაუდგა და შეუძლია, გამოიყენოს ეს უფლება. სხვა საკითხია, რამდენად ისარგბლებს იგი ამ შესაძლებლობით.

go

შესვენების მიზეზი: ადეკვატური, შესაფერისი გათავისუფლება.

შესვენების მიზანი: ემოციური და ფიზიკური აღგზნებების აღკვეთა.

შესვენების დირექტივა:

შესვენების დირექტივას მაშინ ვაძლევთ, როდესაც ქცევა გვიჩვენებს, რომ მოსწავლე  იმედგაცრუებული, გაღიზიანებული ან ხასიათწალეკილია. აუცილებელია, მოსწავლემ ისწავლოს ასეთი შემთხვევებისთვის ბარათების პირადად გამოყენება. უნდა ვასწავლოთ, მანამ აიღოს შესვენებისთვის დრო, ვიდრე  მისი ნაკლებობა მდგომარეობას გაამწვავებს და უარყოფით ქცევამდე მივა. ვუჩვენოთ შესვენების ბარათი. ხოლო თუ PECS-ის წიგნებს ვიყენებთ, უზრუნველვყოთ მაგალითები შესვენების შეთავაზებით.

 აუცილებლად უნდა მივუთითოთ მოსწავლეს შესვენების ადგილი.  ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყოფნისას ჩვენი გაოცება გამოიწვია დერეფნებში მოხატულმა იატაკებმა. ბავშვები წყნარად, ხმაურის გარეშე ხტიან და შესვენებისას კლასობანას თამაშობენ. ამგვარი ფიზიკური აქტივობა ძალების საუკეთესოდ აღმდგენი და სტიმულატორია. მათ მიერ მოხატულ სივრცეებზე თავისუფლად შეიძლება, პედაგოგებმაც  ისიამოვნონ, თუკი ამის დრო და სურვილი გააჩნიათ. ამით მოსწავლეებთანაც შემცირდება დისტანცია, განწყობაც ამაღლდება და უფრო მეგობრული ურთიერთობებიც ჩამოყალიბდება.

შესვენების დრო

 

თუკი რესურსოთახში ან საკლასო კაბინეტში ვიმყოფებით, ვინიშნავთ რამდენიმე წუთს ტაიმერზე. არ ვესაუბრებით ან ვეურთიერთებით მოსწავლეებს მანამ, ვიდრე ისინი ისვენებენ.

ტაიმერის ხმის შემდეგ დამშვიდებულ მოსწავლეს  დაწყებულ სამუშაოსთან დაბრუნებას ვთხოვთ. თუკი  იგი ჯერ კიდევ ვერ დამშვიდდა, ვეუბნებით, რომ კვლავ სჭირდება დასვენება და ახლა ცოტაოდ მცირე დროით ვრთავთ ტაიმერს. და ასე მანამ, ვიდრე ბავშვი არ დამშვიდდება.

ვასწავლით შესვენების მოთხოვნას

 

უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ვუვითარებთ  უნარს, თავად შეარჩიონ დასვენების დრო, რომ არ დაელოდონ ჩვენს მითითებას. მათ ვაძლევთ დასვენების ბარათს ან ვთავაზობთ სხვა სიგნალს, ამდენად,  მათ თავად შეუძლიათ გვანიშნონ, როდის სჭირდებათ შესვენება.

აი, ბარათიც.

go1

ჰოდა შევისვენოთ.

სასარგებლო რესურსი:

  1. https://www.friendshipcircle.org/blog/?s=breaks
  2. https://www.pecsusa.com/store/large-pecs-communication-book
  3. https://www.google.ge/search?q=break+cards&espv=2&biw=1093&bih=530&tbm=isch&imgil=noDSiPlNVpbi0M%253A%253BPa_f6W-ISljGlM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fdansekulski.blogspot.com%25252F2014%25252F11%25252Fbreak-cards.html&source=iu&pf=m&fir=noDSiPlNVpbi0M%253A%252CPa_f6W-ISljGlM%252C_&usg=__VQwAhkyYe_wbPeo71pjYRyELdDE%3D&ved=0ahUKEwjqz8m5kfbQAhWKCBoKHRDKCssQyjcIJA&ei=CYRSWKonipFokJSr2Aw#imgrc=noDSiPlNVpbi0M%3A

[1] წერილი მომზადდა მელისა ფერის ბლოგის მიხედვით.

 

პროფესია პოლიტოლოგი

0

მეათე კლასში ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემი მისწრაფებებისთვის  მეცნიერების შესაფერისი დარგი არსებობდა. მიყვარდა ისტორია, განსაკუთრებით უახლესი ისტორია, რევოლუციებისა და რესპუბლიკების ისტორია. ჩემი საყვარელი საგანი იყო გეოგრაფიაც. მეათეკლასელი მოსწავლის განსაკუთრებულ ყურადღებას მსოფლიოში სიღარიბის გავრცელების პრობლემა და კონსტიტუციური მონარქიებისა თუ ფედერალური სახელმწიფოების სივრცითი განაწილების საკითხი იმსახურებდა. გამიმართლა, რადგან პედაგოგები პოლიტიკის მეცნიერების აღმოჩენაში დამეხმარნენ. შესაბამისად, 2010 წელს უყოყმანოდ ჩავაბარე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და დიდი დავიდარაბის გარეშე მივადექი პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დანგრეული ოთახის მორყეულ კარს.

სტუდენტობის პირველივე წლებიდან უამრავი უაზრო კითხვის თავიდან აცილება მიწევდა. ხშირად მეუბნებოდნენ: „გასაგებია, შენ პოლიტიკოსი უნდა გამოხვიდე!“. არადა, პოლიტიკოსების უმრავლესობას რომ დააკვირდეთ, მათ შორის იშვიათად აღმოაჩენთ სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებს. ანგელა მერკელი ფიზიკოსია, ევროპარლამენტის ქარიზმატულ ლიდერს, მარტინ შულცს უმაღლესი განათლება საერთოდ არ აქვს მიღებული, ის წარუმატებელი ფეხბურთელი და წიგნებით მოვაჭრე გახლდათ. გერმანიის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ფოტოგრაფობდა, ზვიად ძიძიგური კი საერთოდ ინჟინერ-ელექტრომექანიკოსია. მაშასადამე, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის შესწავლა აქტიურ პოლიტიკასთან ინტენსიურ კავშირს ნამდვილად არ გულისხმობს.

მეორე-მესამე კურსზე შეკითხვების ახალმა ტალღამ გადამიარა. ამჯერად, ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები მიმტკიცებდნენ, რომ ჩემს საუნივერსიტეტო სწავლებას სატელევიზიო ექსპერტად ჩამოყალიბებისთვის ვიყენებდი. არ მოტყუვდეთ- ექსპერტების უმრავლესობას პოლიტიკის მეცნიერების ხარისხი არ გააჩნია. ისინი ექსპერტებად მხოლოდ იმიტომ იწოდებიან, რომ წარსულში პარლამენტში მუშაობდნენ, შევარდნაძის დროს უშიშროების საბჭოში მრჩევლებად მსახურობდნენ, მახაჩკალაში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტთან გადარეკვა და იქაური ჭორების გაგება შეუძლიათ, პრეზიდენტის თანაშემწეები იყვნენ სამი საათის განმავლობაში. მაშასადამე, ქართველი ექსპერტის რანგის მოსაპოვებლად აკადემიური განათლება საერთოდ არ სჭირდებათ, მთავარია, ადგილობრივ ინტრიგებსა და სკანდალური ამბების შეთხზვაში ერკვეოდე. მაშასადამე, ნუ შეგეშინდებათ, პოლიტიკის მეცნიერების დაუფლების შემდეგ თვალებჩასისხლიანებული ყოვლისმცოდნეები არ გამოხვალთ. ყველაფერზე მხოლოდ გული შეიძლება შეგტკიოდეთ, როგორც აქტივისტს.

პოლიტოლოგის პროფესიის შინაარსის გასააზრებლად მეცნიერების ძირითადი ქვედარგები უნდა გამოვყოთ. უხეშად რომ ვთქვათ, პოლიტოლოგები მთელ მსოფლიოში ოთხი მთავარი მიმართულებით მუშაობენ:

  1. პოლიტიკური თეორიის სპეციალისტები იდეებისა და მოძღვრებების განვითარების ტენდენციებს შეისწავლიან. მათ აინტერესებთ, თუ როგორ აღიქვამენ სახელმწიფოს მართვის, ძალაუფლების განაწილებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იდეებისა და მოძღვრებების დროისა თუ სივრცის მიხედვით ცვალებადობის საკითხზე, ეძებენ დამოკიდებულებების ტრანსფორმაციის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორებს. პოლიტიკური თეორიების შემსწავლელ პირებს უამრავი სამუშაო აქვთ. ისინი ყურადღებას, სოკრატეს შეხედულებებიდან დაწყებული თანამედროვე პოსტმოდერნისტების თეორიებით დამთავრებული, ყველაფერზე ამახვილებენ.
  2. მეორე ქვედარგის წარმომადგენლები პოლიტიკურ სისტემებს სწავლობენ. პოლიტიკური სისტემები ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ სტრუქტურას აერთიანებენ. საკუთარი სისტემები აქვთ საზოგადოებებს, პარტიებს, სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. სისტემის მკვლევარს ნებისმიერ დონეზე შეუძლია სტრუქტურების შესწავლა. პოლიტიკის მეცნიერების მთავარი ხიბლი კი ის გახლავთ, რომ ის მხოლოდ ფორმალურ ანუ ფურცელზე დაწერილ, რეგისტრირებულ ინსტიტუტებს არ სწავლობს. ის სისტემებში ჩაბუდებულ არაფორმალურ, დამალულ, გაუმჟღავნებელ გავლენის ცენტრებსაც ეძებს.
  3. ფიზიკოსებსა და მექანიკოსებს ზუსტად შეუძლიათ ბილიარდის ბურთების ტრაექტორიის დადგენა. უბრალოდ, კიის დარტყმის სიმძლავრის, ბურთების სიმძიმის, ზედაპირის ხახუნის ძალის გაგებაა აუცილებელი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ ბურთს გონება აქვს და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თავად ირჩევს გადაადგილების მიმართულებას. ბუნებრივია, რომ უკანასკნელ შემთხვევაში ამოცანა რთულდება და მისი გადაწყვეტის შანსი მინიმუმამდე მცირდება, ვერასდროს მიხვდები, რომელ ბურთს რა მოუვა თავში. პოლიტოლოგებს ასეთი ამოცანების გადაწყვეტაზე გვიწევს ფიქრი. ჩვენი კვლევის მთავარი მეთოდი კი შედარებაა. ჩვენ პოლიტიკურ სისტემებს, იდეებს, ინსტიტუტებს, ქცევებს, ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფენომენს ერთმანეთს ვადარებთ და ასე ვცდილობთ პრობლემატურ კითხვებზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხების მოძიებას. დამიჯერეთ, შედარების საფუძველზე უამრავი კანონზომიერების აღმოჩენაა შესაძლებელი. შედარებითი პოლიტოლოგია პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი საბაზისო სფეროა.
  4. საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო კრიზისები, ომები, ტერორიზმი, მშვიდობის მშენებლობის საკითხები და კონფლიქტების დარეგულირების თემები, გლობალიზაციის გამოწევები, ევროკავშირისა და ნატოს მიზნები, გაერო და მისი მომავალიც პოლიტიკის მეცნიერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. დასახელებულ თემებზე გლობალური პოლიტიკის სპეციალისტები მუშაობენ.

უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკის მეცნიერების პრაქტიკული დარგების განვითარებაც დაიწყო. იქმნება საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლები, სტუდენტები მართვის წესებს, პოლიტიკური ფუნქციების განაწილებისა და იერარქიის საკითხებს სწავლობენ. ცდილობენ  შექმნან პარტიების, საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური დაწესებულებების ორგანიზების საუკეთესო მოდელები, იმუშაონ პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატივების ეფექტიან წარმოჩენაზე. მაშასადამე, პოლიტიკის მეცნიერებაში პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის მოყვარულებისთვისაც მოიძებნება ადგილი.

კიდევ ერთ გულისგამაწვრილებელ კითხვას მისვამენ ხოლმე: სად იმუშავებ? რითი შეჭამ პურს?

პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტებმა ბევრგან შეიძლება იმუშაონ; სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მედიის საშუალებებში, პოლიტიკურ პარტიებში, უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში, არასამთავრობო სექტორში და ა.შ. თანამედროვე ეპოქაში დასაქმების დიდი პერსპექტივა არცერთ პროფესიას არ აქვს. მთავარი პროფესიონალიზმი და შენი საქმის სიყვარულია. თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მშიერი არასდროს დარჩებით. დასაქმება მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, მასზე  გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. განათლება მიზანია და არა საშუალება. განათლება უმთავრესად საკუთარი თავის, ჩვენი შესაძლებლობებისა და ნიჭის, ჩვენი მისწრაფებების აღმოსაჩენად, სამყაროს შესაცნობად, თვითრეალიზებისთვის გვჭირდება და არა შრომის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. ბევრი “უბედური“ მაღალანაზღაურებადი პირი მინახავს, მათ რომ თავისი პროფესია უყვარდეთ, უფრო ხშირად გაიღიმებდნენ ხოლმე.

იმედია, რამდენიმე მასწავლებელი მაინც დაეხმარება გეოგრაფიასა თუ ისტორიაზე შეყვარებულ თავის მოსწავლეს ჩვენი პროფესიის აღმოჩენაში.

ლია სტურუას რომანი პარიზთან      

0

“ხშირად ვიგონებ პარიზს…“

                                               გალაკტიონ ტაბიძე

 შეიძლება თუ არა სინათლეს თვალებში ჩახედო და მერე მისი ფსკერის დამაბრმავებელი სილურჯიდან ამოზიდული განცდა სიტყვებად აქციო, თანაც ისე, რომ სხვამაც იგრძნოს უცნაური თრთოლა პოეზიასთან მიახლებისა. შეიძლება, თუ პოეტი ხარ და ფერსა, ხმასა და სურნელში იმგვარ ჰარმონიას ხედავ, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს, განწმენდს, კათარზისს იწვევს.

ასეთ ფიქრებს აჩენს ლია სტურუას შემოქმედება და წერილები, რომლებშიც საფრანგეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებია გადმოცემული (`ბედნიერი სიჩუმე~).

პარიზი _ ხელოვანთა მექა. იქ ერთხელ მაინც უნდა წახვიდე `მოსალოცად~, თუ თავს პოეზიის ტაძრის მრევლად მიიჩნევ. თუ გინდა მონაწილეობა მიიღო დაუსრულებელ რიტუალში, რომელიც პოეტებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა _ სიტყვის, ფერისა თუ ხმისთვის `ჯვარცმულმა~ ადამიანებმა შექმნეს. იმიტომ, რომ  გადარჩე…

პარიზი, როგორც ხსნა. სწორედ ასე წარმოჩნდება ეს საოცარი ქალაქი ლია სტურუას პოეტურ პროზაში `ბედნიერი სიჩუმე~: `გმადლობ, ღმერთო, რომ მიწყალობე ასეთი საჩუქარი _ პარიზი~.

ბედნიერი სიჩუმე _ პოეზიის განზომილებაში არსებობს და ის გუსტავ ფლობერმა აღმოაჩინა, დახვეწილი სტილის ფრანგმა დიდოსტატმა.

ლია სტურუამ კი, ჩვენი დროის არაჩვეულებრივმა პოეტმა, თავის პარიზულ დღიურებს სათაურად დაარქვა და ამგვარად გამოხატა უძლურება შთაბეჭდილებათა სრულყოფილებით გადმოცემისა, უფრო ზუსტად, იმ განცდის სიტყვაში მოხელთებისა, რომელიც გეუფლება პარიზში მოგზაურობისას.

ეს ეხმიანება ბიბლიურ `დუმილის სიბრძნეს~, როცა სიჩუმეში განიცდი იმას, რასაც უმნიშვნელო ჩქამიც კი დაარღვევს და გააუფერულებს.

პარიზი _ ლია სტურუასთვის `შთაგონების წუთებში~ შექმნილი: `წამახული, წვეტიანი გოთიკა, ჯერ ბაროკომ დაამძიმა და მოაგლუვა, მერე როკოკომ ჩაახუჭუჭა… პარიზი მაინც ამ სტილებზე მაღლა დგას, როგორც პოეტი, რომელმაც კლასიციზმიც იცის, რომანტიზმიც, პარნასი, სიმბოლიზმი, მაგრამ `აქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც უნდა~, ლიტერატურული თეორიების თავზე რომ ცაა, იქ ცხოვრობს, სადაც ყველანაირი გუმბათი, წვეტი, ლოგიკა იშლება  და სინათლის მეტაფორაში ერთიანდება~.

ეს ნაცნობი, მაგრამ თანვე უცნობი პარიზია ქართველი პოეტის პრიზმაში `გარდატეხილი~.

 პოეტი ლია სტურუა პარიზს ხვდება, როგორც სულით მონათესავე პოეტს. ამიტომაც არის მათი `დიალოგები~ ასეთი ხატოვანი, პოეტური. პარიზი თავისი უბრალო ქუჩებითა თუ ღირშესანიშნაობებით  `უყვება~ თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე,  ტკივილსა და სიხარულზე, ლია სტურუას კი მას აცნობს მეოცე საუკუნის 90-იანი წლების თბილისის სევდას, თავის ბავშვობასა და სიზმრებს და ხდება ზიარება. მერე ერთად მიუყვებიან რივოლის ქუჩას კონკორდის მოედნისაკენ, `მერე ვანდომი, სადაც სინათლე უფრო კამერულია, აბრეშუმგადაფარებული~.

 მონმარტრის კიბე, `აქოშინებული, სადაც ხატავენ…~ და მთაწმინდის კიბე… ამ კიბის მოგონებას ბავშვობაში მიჰყავს პოეტი. პარიზულ შთაბეჭდილებებში რამდენიმე ასეთი მოგონება შემოიჭრება, რომლებიც ნოველებივით იკითხება, მაგალითად, ბებიის სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გახსენება. ბებიამ შეაყვარა კლასიკური მუსიკა… მან გაუფაქიზა მზერა, რომ სხვანაირად დაენახა სამყარო და ერთი ამგვარი განსხვავებული მზერის `აღმოჩენა~:  მარა _ `ნარინჯისფერი ყვავილი~: `ჩემს ეზოში, პატარა ქუჩაზე, სადაც აკაციის ხეები იდგა, მარგარიტა გოტიე ცხოვრობდა… მარა შევალიე დაირქვა და ნამდვილ გვარს აღარ ამხელდა… შეიძლება `მანონ ლესკო~ წაიკითხა, დე გრიესგან ისესხა შევალიე და თავის გვარადაც აქცია?~. მარას სევდიანი ისტორია საუცხოოდ ამხელს, რა მიმზიდველი თხრობა შეუძლია პოეტს. როგორ შეუძლია პატარა ადამიანის გმირად ქცევა და მკითხველის სამყაროში დაუვიწყარ ხასიათად შემოყვანა.

დრო უმოწყალოდ ანადგურებს ყოველივეს, მოგონებების გარდა. და რა ძვირფასია ის მოგონება, რომელიც ყოველდღიურობით გაფერმკრთალებული სიცოცხლის მშვენიერებას შეგაგრძნობინებს.

ასეთი მოგონებაა ლია სტურუასთვის პარიზი, რომელსაც ნაგვიანევ სიყვარულს უწოდებს. ეს არის მის თვალში, გულსა და გონებაში არეკლილი ქალაქი, იქ ნანახი პეიზაჟებითა და სიზმრებით. მკითხველსაც ეუფლება განცდა რაღაც სიზმარეულისა, ისეა გადაწნული რეალური და წარმოსახული, მაგრამ, რაც მთავარია, ისეთი ცოცხალია სტრიქონები, ისეა დამუხტული ეს შთაბეჭდილებები ენერგიით, რომ შენც უცნაურად ივსები და იხიბლები, ავტორთან ერთად დადიხარ შორი და უცნობი ქალაქის Qქუჩებში, უცხო ყვავილების სურნელით იჟღინთები და სხვანაირად ხედავ ცას, მიწასა თუ ადამიანებს.

ლია სტურუასთვის ცოცხალია განცდა იმისა, რომ სიცოცხლე ღვთის შემოქმედებაა, სამყაროს გალერეაში გამოფენილი, ადამიანები კი ამ  გონებამიუწვდომელი შედევრის პერსონაჟები არიან.

ეს არის მხატვრული ტექსტი, რომლის წაკითხვა პოეტად გაქცევს, არა `ქაღალდზე რითმებით~ მოლაპარაკეს, არამედ უფრო მგრძნობიარესა და მეოცნებეს, რეალობის მიღმა არსებული სამყაროსკენ მიმსწრაფს.

ეს პროზა ლია სტურუას პოეზიის განუყოფელი ნაწილია _ მისი პოეტიკის ამსახველი. ცალკეული ეპიზოდი _ თეთრი ლექსია _ თხრობის მდინარებაში ჩართული.

პარიზში გაუჩნდა პოეტს განცდა, რომ არსებობს `ესთეტიკური სათნოება~              – მშვენიერი, ნათელი და სიკეთე – მათი ერთობლიობა და იგივეობა. ეს ხომ ღვთის აღმწერი ეპითეტებია. იგივე განიცადა ესპანეთში, პრადოს მუზეუმში, ელ გრეკოს ტილოების თვალიერებისას. წმინდა პოეზის საუფლოში, როგორც გალაკტიონი იტყოდა `საღვთო ბილიკები~ მიდიან. ასე გადაეწვნება ერთმანეთს რწმენა და პოეზია.

და ბუნებრივად ჩნდება აზრი: `პარიზიც კათარზისია~, თავისი ისტორიითა და დღევანდელობით, ქუჩებითა და კაფეებით… მკვდარი და ცოცხალი ხელოვანებით.  .

ავტორს `მზიური თვალი~ აქვს. ყველაფერში უცნაურ გამოსხივებას ამჩნევს. `ხასხასა ბალახის შუქი~ – რეალიზმს ფერს უცვლის.

მისი პარიზული სიზმრები ამხელენ წყურვილს, თბილისში, 90-იანი წლების ჩაბნელებულ და ჩაჟამებულ ქალაქში წაიღოს ეიფელის კოშკი და ბობური, მაგრამ როგორ? `რა საკითხავია. კოშკი ნელ-ნელა ივლის, თან ცას გაკაწრავს წვეტით, წვიმას გამოადენს, ვარსკვლავთცვენას მოგიწყობს, თითქოს თუთის ხე დაბერტყეს…. `ბობური~ (პომპიდუს ცენტრი) მატარებელივით წამოვა: წითელ-ყვითელი ვაგონები, ლურჯი მილები, საიდანაც მწვანე კვამლი ამოდის~.

პარიზი _ გარდაცვლილი ესთეტების ქალაქი. მაგრამ ეს გარდაცვლილები არსად არ წასულან და ლანდებად დადიან ქალაქში. ამიტომაც არის, რომ თბილისიდან ჩასულ მშვენიერ პოეტს ხშირად ხვდებიან ქუჩებებსა და მუზეუმებში. მათი დიალოგი უხმოა და უცნაური, მაგრამ პოეტი მკითხველს უშურველად გადმოუთარგმანებს, რომ მანაც იგრძნოს და დაინახოს ის, რაც აქამდე უცხო და უცნობი იყო: `იმდენს დავდივარ, თითქოს ფეხებში ზმნა ჩამიდგეს~. და ამ სიარულისას ხედავს: `კისერზე თოკმობმული ვიიონი მოდის, წითელი, ახლაგატყავებული ძროხასავით, რომლის ჩაქრობა უფრო ძნელია, ვიდრე ხანძრის~. მისი  აჩრდილი თან დაჰყვება და შეახსენებს:

`და რამდენს იწონის ეს უკანალი,

კისერი გაიგებს მალე~ (დავით წერედიანის თარგმანი~).

მას მოჰყვება ყვავილივით დამჭკნარი რემბო. მოკვეთილი თავი და ფეხი მიხტიან მეტროს ლიანდაგზე, ფეხი პირდაპირ გულში ურტყამს დახვეწილ ვერლენს: `ნიუანსები, ელფერები, ნახევარტონები~.

`შევდივარ ნოტრდამში და სანთლებს ვუნთებ მკვდარ პოეტებს~.

აქ ხვდება გალაკტიონსაც, თავის `სამშობლოს~ და მასთან ასე საუბრობს:

`-შენ რომ პარიზში გეცხოვრა, რას იზამდი?

-`იყო შარლ ბოდლერი, მწარე და ძვირფასი~. აბსენტს დავლევდი და ნოტრდამიდან გადავხტებოდი.

-ეიფელიდან არა?

-ეიფელი თქვენი თაობისაა. მე და გოთიკა უფრო ვეწყობით ერთმანეთს. თითისტარივით იჩხვლიტება მისი წვეტები. მერე მოვა ვინმე შენისთანა და გამაცოცხლებს.

-მართლა გრძნობ ჩემს სიყვარულს?

– ბუნდოვნად, როგორც სიზმრების გადაზნექილ წელს.

– ჩემი ყველაზე საყვარელი მეტაფორა.

-მართლა? შენ რომ კიდევ ერთი ქალი გიყვარს?

-მარინა. არ შეხვდით სადმე ერთმანეთს?

-კი. ჰაერისგან ჩაის აყენებს და მერე ჭურჭელს რეცხავს.~

გალაკტიონი და მარინა ცვეტაევა _ პოეტის თანამდევნი, რომელთაც ყველგან და ყოველთვის ხვდება.

ლია სტურუა მეტაფორებით ფიქრობს და წერს, სხვანაირად არ შეუძლია გადმოსცეს, რასაც ხედავს. და ყოველივე ფერწერულ ტილოდ იქცევა. მათ შორის, `პარიზის სტომაქი~, რომელშიც `მცხუნვარე წითელი ბატონობს~.

ამ ქალაქს ისედაც კარგად იცნობდა პოეტი, მაგრამ ახლა რა დახვდა? `ახლანდელი მონმარტრი ჩემზე ჟოლოსფრად შეღებილი ოთახის შთაბეჭდილებას ტოვებს~, `წმინდა პარიზული ბოჰემა შეიცვალა აღმოსავლეთის კევივით გაწელილი სიტკბოთი, ზანგების რიტმით~.

პარიზი ავტორს თითქოს მშობლიური ტკივილებისაგან დროებით ათავისუფლებს, ავიწყებს, რათა შემდეგ უფრო დაიტანჯოს სინამდვილესთან პირისპირ შეხლით; `მონპარნასზე მოდილიანი დაფრინავს და ბალზაკის რაბლეზიანური ძეგლი დგას. მძიმედ, თბილისურად მტკივა თავი~.

რა არის თავისუფლება?

როდის არის პოეტი თავისუფალი? მაშინ, როცა სინათლითა და სითბოთი სავსე კაფეში ზის და წერს `ხალხით სავსე სიმარტოვეში~, თუ ზღვას რომ უყურებს, უსასრულოს და მაინც `ადამიანის თვალისთვის  აფრების თეთრი ქინძისთავებით შეკრულს, საღამოობით სისხლის გუბეებიანს?~

და კიდევ: თავისუფლება და მარტოობა _ არის თუ არა ეს ორი სიტყვა მნიშვნელობით ტოლფასი?

პოეტი იგონებს, რომ ერთ დღეს საკუთარ თავს პოლ ვალერის წიგნი აჩუქა. `არის რაღაც საკრალური თავის მოტყუებაში~.

და მკითხველიც დაასკვნი, რომ მარტოობაც და თავისუფლებაც თავის მოტყუებაა. ადამიანი ყოველთვის რაიმეს თავდასხმაშია:  ადამიანებისა თუ საგნებისა, სურვილებისა და ოცნებებისა.  თუმცა, რომ არა თავისმოტყუების ტკბილ-მწარე სიტკბო, არც ეს წიგნი დაიწერებოდა.

პარიზმა გააცნო პოეტს კლოშარები _ ქუჩის მხატვრები, თავისუფლად რომ ხატავენ ტროტუარებზე, თუმცა შეიძლება კი იყო თავისუფალი, როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული, იმიტომ ხატავ, რომ საარსებო ფული გიწყალობონ ცნობისმოყვარე გამვლელებმა.

დადიხარ პოეტთან ერთად პარიზის კაფეებში, ბასტილიის მოედანზე, ოპერაში, სადაც `ტრავიატა~ გადის.  და მასთან ერთად მაინც  სძლევ თითქოსდა დაუძლეველ სიმარტოვეს: `ჰაერის ნასვრეტში პეპელა გამოძვრა ფრთებით და შუქით შემეხო, სიხისტე დამირბილა~.

`-წავიდეთ ორანჟრიში! _ამბობს ელგუჯა. მე იქ ხაიმ სუტინი მელოდება, მას მონე, პიკასო _ ინტელექტუალების თამაში ფორმითა და ფერით, და არა გიჟის თავის ხეთქება სიკაშკაშეზე~.

სიტყვა, ფერი, ხმა _ ხელოვნების `წმინდა სამება~ და მეოთხე _  სურნელი, სამივეს თანხმლები _ პოეტის თანამდევნი. ამიტომაც არის, რომ პარიზში მისი ფიქრის მდინარება მუდმივად პოეტებს, მხატვრებსა და მუსიკოსებს დასტრიალებს. უჩვეულო და შთამბეჭდავია მისი დაკვირვებები ცალკეულ ტილოზე.

და მიდიხარ მასთან ერთად ლუვრში. `შესვლის წინ ჩემს თავს ვეკითხები: შეიძლება თუ არა აქ ჩემი დარღვეული პროპორციების შეტანა და ვენერა მილოსელის წინ დადგომა, თუნდაც ერთი ყალბი ბგერის გაჟღერება მის სრულყოფილებაში?~

ლია სტურუას  სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს ცნობილ მხატვართა ტილოებს. ის საოცარ მეგზურად წარმოგვიდგება ხელოვნების სამყაროში და მის `ყველა შრეს~ მოგვახილვინებს.

როგორია ლია სტურუას თვალით აღქმული მარკ შაგალი? `ცაზე ისე ხომ ვერ გაივლი, როგორც მიწაზე, ირიბად, ალმაცერი წვიმასავით უნდა იარო, ყოველ კაცსა და ქალს შუა, თუ ისინი იცნობენ ერთმანეთს ყვავილების ბუჩქი ამოდის, ვიღაცის მუცელში ბავშვი ჭვივის, ვიღაცისაში _ ვიოინო. მიწაზე კი ძროხა დგას, რძით სავსე, შენი პირველყოფილი სამშობლო. შეიძლება შაგალს მოვწონვარ კიდეც თავისი ციდან. ამას რომ გავიფიქრებ _ ისეთი მაღალი ვხდები, თითქოს სი ბემოლის მწვერვალზე ვდგავარ~.

და არაჩვეულებრივი ახსნა: `მორიგი დარბევის შიში ხომ არ აიძულებს შაგალს ჰაერში ჩამოკიდოს თავისი ახლობლების ტანები, რომ მიწა ვერ მიწვდეს, ვერ ავნოს, მით უმეტეს, როცა ისინი ფეხმძიმედ არიან ბავშვზე, ვიოლინოზე, ძროხაზე, ქალებიც და კაცებიც, ახალ სიცოცხლეს აჩენენ, ოღონდ, ცაში მშობიარობენ~.

წიგნის ფურცლებზე შეხვდებით ვან გოგს – ქუდის ფარფლებზე დაწებებული სანთლებით, ღამე სახატავად: `შუადღის მზე არ ყოფნიდა თავის გასაგლეჯად?~ ხაიმ სუტინს, ამადეო მოდილიანის, შალვა ქიქოძეს და კიდევ ბევრს, ხელოვნებისთვის თავგანწირულებს. მათ შორის, ირაკლი ფარჯიანს – სორბონას ტაძარში დაათვალიერა პოეტმა მისი გამოფენა: `სინათლეს რომ ლურჯი თვალები გაუკეთო, ადამიანის ფორმა მისცე, უფრო სწორად, მინიშნება ამ ფორმაზე და მოარგო ბიბლიის დაძველებულ სანთლისფერ ფურცლებს. ასეთია ეს სახარება.  ანგელოზები, წმინდანები და ბატკნები, ცოცხალ არსებებთან მსგავსების მიუხედავად, მაინც სინათლეები არიან, ისეთი ელვარე, რომ თვალს ვერ გაუსწორებ. როგორ იქმება ასეთი თეთრი ფერი? საიდუმლო, რომელიც საფლავში ჩაიტანა მხატვარმა~.

წიგნში პოეზია, ფერწერა და მუსიკა ერთმანეთს გადაეწვნება. ერთზე საუბარი ბუნებრივად იწვევს მეორესა და მესამეს. საუბრის სტილი და მანერა სამივეზე ერთია _ მეტაფორული, ექსპრესიული: `ვიოლინო მუსიკალურ ინსტრუმენტებში გამორჩეულად მიყვარს. იგი ჩემთვის ლურჯია, ისეთი ლურჯი, `რომელსაც ჩაღრმავების საოცარი უნარი აქვს. რაც უფრო ძლიერია ლურჯი, მით უფრო მკაფიოდ ეძახის ადამიანს უსასრულობისკენ, აღვიძებს მასში სევდას უმანკო ზეგრძნობადის მიმართ~ (ვ. კანდინსკი). ეს ძლიერი ლურჯი რომ მოიპოვო, ვან გოგის ყვითელისა არ იყოს, სტიქიას უნდა გაურიგდე, ისეთი ელვარე ტკივილი აიტანო, თითთქოს, ჭრილობაზე მარილი დაგაყარეს~.

`სინათლის წვეთიც არ ჩანს~ _ ასეა დახატული  შუაღამე. ჰაერი `შეღავათიანად, აჟურულად შავია~.

პარიზის სიმშვიდეს დროდადრო არღვევს თბილისის `კოშმარი~: XX საუკუნის ბოლოს თავსდამტყდარი რევოლუცია. ლია სტურუასთვის, რევოლუცია იმ ადამიანთა მოგონილია, `რომელთა ბუნებაში ღმერთი ვერ ამარცხებს ქვეცნობიერის ფსკერზე გატრუნულ ობობას და იქსელება მისი შხამიანი ძაფებით გარემო და ეს ადამიანები ყველაფერს ანგრევენ, მოძმეებს კლავენ, ქვეყანას ლამის გადაშენების გზაზე აყენებენ~.

ავტორის აზრით, პოეტიც რევოლუციონერია, მაგრამ მისი ბრძოლა – `ეს არის ბრძოლა ჭეშმარიტების, პოეზის არსებობისთვის~. ბრძოლის მიზანია არა მკვლელობა, არამედ მტრისთვის  `მშვენიერის გამოცხადების~ ჩვენება.

ლია სტურუამ იცის ამ ბრძოლის გულუბრყვილობა, მაგრამ მაინც იბრძვის თავისი შემოქმედებით. მისი საქმე არ არის პოლიტიკა: `მე მინდა მაგიდასთან ვიჯდე და ვწერო~.

რაც მთავარია, უცხო ქალაქი ვერ აფერმკრთალებს სამშობლოს, პირიქით, მეტად შეაგრძნობინებს მის ღირებულებას: პარიზშიც, მხრებით ლოკოკინას ნიჟარასავით დააქვს თავისი სახლი, ჩვეულებები, ტრადიციები: `ნოტრდამის წინ პირიდან ზონარიით ამოვახვევ ჩემს სვეტიცხოველს, დავხედავ, ცოცხალია, ისევ ისეთი მშვენიერი, სრულიად განსხვავებული გოთიკისგან და ორივე მიყვარს, დავკეცავ, ჩავაბრუნებ ნიჟარაში, გუმბათს ვერ ჩავატევ, შარავანდედად დამიმრგვალდება თავზე და მე, აბსურდის ადამიანს, ღმერთთან მიმაახლოვებს~.

ღვთისკენ უამრავი გზა მიდის, ოღონდ ყოველ გზას სიყვარულით უნდა შეუდგე. პოეტისთვის, ამჯერად, ეს სამშობლოს სიყვარულია _ ასე ცინცხლად განცდილი.

ერთ საღამოს გუჯი ამაშუკელთან ასეთი დიალოგი გამართა; `_ყოველ ღამე ოთხთავს ვკითხულობ… მაგრამ რას ნიშნავს ეს ქართული სული, რომელზედაც გაუთავებლად ლაპარაკობენ, შენც ახსენებ შენს წიგნში?

გუნებაში მეცინება. ესმოდეთ იმათ, ვინც პატრიოტიზმის ნაკლებობას მაბრალებდა ლექსებში!

-აი, შენ რომ ღამღამობით გაიძულებს, ოთხთავი იკითხო~.

 ამიტომაც ზის პრიზში და წერს თბილისზე. რატომ? `მხოლოდ აქ შეიძლება ისე წერა, თითქოს ანგელოზმა მიგკიდა ხელი და მუსიკასთან მიგიყვანა~.  `ვწერ იმაზე, როგორი სქელი და ოქროსფერი თაფლი დიოდა ერთ დროს ცაცხვებიდან, რომ შეიძლებოდა ცა დაგეპირქვავებინა და მისი ტკბილი ნაწილი ქილებში ჩაგესხა~.

პარიზთან რომანი მქონდაო, _ აღიარებს პოეტი და ეს სიყვარული კვლავაც გაახსენებს ქალაქს:  პარიზში, ალბათ, ისევ წვიმს: `ეს რაღაცნაირი, ნატიფი წვიმაა~. `პარიზის სუნი, ალბათ, ყოველთვის მომენატრება, სანამ ცოცხალი ვარ, შემწვარი წაბლისა და ყავის სუნი, მზესავით ყვითელი სუნამოს ნაშთი ფლაკონებში, რესტორნების ჰაერი, ისეთი ეპიკურეული და ელეგანტური, რაბლე და აპოლინერი რომ აურიო ერთმანეთში. მკრეხელობაა თუ ჩვეულებრივი მეტაფორა?~ არც ერთი და არც მეორე. ან ორივე ერთად, ან _ ეს ცოცხალი განცდაა ქალაქისაა, რომელმაც პირველად გაუჩინა სურვილი, რომ `ჩემი წიგნი პარიზის შესახებ, ჩემი ნერვების ერთი პატარა, ზღარბივით ეკლიანი გორგალი, ფრანგულად ითარგმნოს~.

მასწავლებლის პროფესია და ფსიქოლოგიური მდგრადობა (ნაწილი 2)

0

სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ რეზილიენტობის განმარტებასა და მნიშვნელობაზე, საწყის კვლევებსა და თანამედროვე ტენდენციებზე, ასევე მის მახასიათებლებსა და განზომილებებზე. ამჯერად შევეცდებით, მიმოვიხილოთ პრაქტიკულ მაგალითები  და ვისაუბროთ მასწავლებლების რეზილიენტობის მნიშვნელობაზე.

როგორც აღვნიშნეთ, რეზილიენტობა გულისხმობს სტრესულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებას, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების ძიებას ისე, რომ ინდივიდმა უკეთ შეძლოს დაბრკოლებებთან გამკლავება. მკვლევრებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს პროცესის კვლევა. ერთი ნაწილი თვლის, რომ რეზილიენტობა უნდა შეფასდეს და გაიზომოს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას ცდილობს. ისინი თვლიან, რომ მიუხედავად არსებული პოზიტიური თუ ნეგატიური გამოცდილებისა, ადამიანი ყველა სტრესულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს და გარემოპირობებიც სხვადასხვაგვარია. მკვლევართა ამ ნაწილს არგუმენტად მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებზე ჩატარებული კვლევები მოაქვს, რომელზეც წინა სტატიაში გვქონდა საუბარი. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მიუხედავად არასასურველი გარემოპირობებისა, მაღალი რისკჯგუფის ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალი რეზილიენტობით ხასიათდებოდა მოზრდილ ასაკში.  ჰქონდათ კარგი სამსახური, ჰყავდათ ოჯახი და მეგობრები და შეეძლოთ სირთულეებთან გამკლავება.

მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით, რეზილიენტობა პროცესია და არ შეიძლება ყველა დამოუკიდებელ შემთხვევაში ცალკე იქნეს განხილული, რადგან ყოველი მომდევნო შემთხვევა წინა გამოცდილებას ეფუძნება. ამ მოსაზრების მხარდამჭერთა აზრით, რეზილიენტობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სხვადასხვაგვარად ვლინდება და პიროვნების მიერ შერჩეული სტრატეგიებიც სხვადასხვაგვარია. ისინი თვლიან, რომ ადამიანები, რომელთაც პრობლემების გადაჭრის პოზიტიური გამოცდილება აქვთ, თავს არ არიდებენ სტრესულ სიტუაციებს, ბევრად მარტივად პოულობენ გამოსავალს  და მაღალი რეზილიენტობით გამოირჩევიან. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც ვერ ახერხებს თანატოლებთან არსებული პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას, არ შეუძლია გაუმკლავდეს საშინაო დავალებებს და არ გააჩნია პრობლემების დაძლევის პოზიტიური გამოცდილება, მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნება. ასევე შეიძლება იყოს მასწავლებელი, რომელიც ვერ ახერხებს ემოციების მართვას, სამსახურში პირადი პრობლემებისგან დისტანცირებას,  ვერ პოულობს გზებს სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებისთვის.

მასწავლებლის რეზილიენტობასა და მის მნიშვნელობაზე ბევრი კვლევა არსებობს. საინტერესო სტატიებია ასევე მაღალი რეზილიენტობის მქონე მასწავლებლებსა და მოსწავლის მიღწევების კავშირის შესახებ. ამჯერად მიმოვიხილავთ გერმანელი მკვლევრების მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველი სტუდენტების რეზილიენტობის კვლევას მოტივაციასთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ავტორები დაეყრდნენ, ე.წ. თვითგამორკვევის თეორიას (self-determination theory), რომელიც წარმოადგენს ადამიანის მოტივაციის შესწავლისადმი ფსიქოლოგიურ მიდგომას შინაგან და გარეგან მოტივაციაზე დაყრდნობით.

კვლევის ავტორები ეყრდნობოდნენ მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება შინაგანი მოტივაციით გამოწვეულ ცხოვრებისეულ მიზნებსა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას შორის. კვლევის მიზნებს წარმოადგენდა, იმის გარკვევა მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველ სტუდენტებში – არსებობდა თუ არა კავშირი შინაგანი მოტივაციით გამოწვეულ ცხოვრებისეულ მიზნებსა და რეზილიენტობას შორის.

კვლევა ჩატარდა 252 სტუდენტსა და მასწავლებელზე. რეზილიენტობის განზომილებების ხარისხის განსაზღვრის მიზნით მკვლევრებმა ემოციური და მოტივაციასთან დაკავშირებული ფაქტორების გამოკითხვა ჩაატარეს კითხვარით, სოციალური ფაქტორებისა – ინტერვიუს საშუალებით, ხოლო პროფესიული განზომილება – უკვე არსებული სკალის გამოყენებით.

კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას შინაგანი მოტივაციით ირჩევენ, მაღალი რეზილიენტობით გამორჩევიან პროფესიაში, ვიდრე ისინი, ვინც ამას გარეგანი მოტივაციით აკეთებენ. ისინი უფრო მარტივად და ემოციური დაძაბულობის გარეშე უმკლავდებიან პროფესიულ ასპარეზზე არსებულ სირთულეებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სტუდენტები უმეტესად მაღალი რეზილიენტობით და მოტივაციით გამორჩევიან, ვიდრე პროფესიაში გამოცდილების მქონე მასწავლებლები. მესამე და საინტერესო მიგნება მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანები, რომლებიც გარეგანი მოტივაციით ირჩევენ მასწავლებლის პროფესიას, ხშირ შემთხვევაში საერთოდ კარგავენ პროფესიასთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ მიზნებს და ავტომატურად აგრძელებენ საქმიანობას.

მსგავს საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევაში, სადაც 325 სტუდენტი და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, დადგინდა, რომ მასწავლებლის კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებზე მაღალ დადებითი გავლენის მოხდენა ემოციურ ინტელექტსა და რეზილიენტობას შეუძლია. კითხვაზე, თუ რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც სკოლის ყოველდღიურობაში არსებული ემოციური სირთულეების დაძლევაში დახმარება შეუძლია, მასწავლებლებისა და სტუდენტების უმეტესობა პასუხობდა, რომ მნიშნელოვანი სასკოლო გარემო, მოქნილობა და ადაპტაციის უნარია.

საინტერესო იქნებოდა შესწავლილიყო ქეისები – როგორ ახერხებს მაღალი მოტივაციის მქონე მასწავლებელი, რომელიც გამოირჩევა დაბალი რეზილიენტობით, სასკოლო ცხოვრებაში არსებული სირთულეების მოგვარებას. შესაძლებელია აღნიშნულის პირველი კვლევის შედეგებთან შესაბამება. მაგალითად, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სკოლაში კათედრაზე არსებული დაძაბული გარემო მასზე ძალიან მოქმედებს, იწვევს გაღიზიანებას და სურვილს, საერთოდ არ გამოცხადდეს სამსახურში. მეორე პედაგოგს მსგავსი სურვილი უჩნდება მაშინ, როდესაც ის ვერ ახერხებს კლასში არსებული დისციპლინური პრობლემების მოგვარებას და არც დახმარების მიღება შეუძლია კოლეგებისაგან. ორივე პედაგოგი აღნიშნავს, რომ სამსახურში მიღებული სტრესი მოქმედებს მათ განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში მათ დათრგუნვასა და განწყობის შეცვლას იწვევს. აღნიშნული მაგალითები ცხადყოფს, რომ დაბალი რეზილიენტობის მქონე მასწავლებლის მოტივაცია დროთა განმავლობაში მაშინ იკლებს, როდესაც მას არ შეუძლია პრობლემების მოგვარება და ყოველდღიურად ემოციური სტრესის მიღების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ზემოხსენებული კვლევები ადასტურებს სასკოლო გარემოს მნიშვნელობას მასწავლებლის ფსიქოლოგიურ მდგრადობასა და მოტივაციაზე. არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც მასწავლებლები რამდენიმე წლის შემდეგ ტოვებენ სკოლას, ცდილობენ სხვა სამსახურის მოძებნას ან დგანან ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობის საფრთხის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორმა და თითოეულმა მასწავლებელმა ხელი შეუწყოს ჯანსაღი სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებას, რათა ამჟამინდელმა სტუდენტებმა (კვლევაში მონაწილე პირები) პროფესიაში შესვლის შემდეგ იგრძნონ, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს.

დრო ბავშვებისთვის

0

ლიზი პატარა გოგონაა, რომელიც ზაფხულის გასატარებლად მამასთან ერთად სოფლად, მდელოზე მდებარე სახლში დადის. მამა მეცნიერია – პეპლებს იკვლევს და უნდა ისეთი ჯიშის პეპელა ნახოს, რომელიც მისი აღმოჩენა იქნება, რომელსაც ლონდონში კოლეგებთან წაიღებს და სახელს მოიხვეჭს. სოფლადაც მაგ მიზნით ჩამოვიდა. ლიზის ფერიების სჯერა. მათთვის მინიატურულ სახლებს აშენებს, ყველა ქაღალდზე ფერიებს ხატავს. სჯერა, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და ოდესმე მასაც ესტუმრებიან. მეცნიერი მამა კი ამბობს, რომ ის ილუზიებში ცხოვრობს და რომ მხოლოდ იმის შეიძლება გჯეროდეს, რასაც ნამდვილად ნახავ, რაც ნამდვილად არსებობს, ფერიები კი არ არსებობენ, ისინი არავის უნახავს.

ლიზიც და მეცნიერი მამამისიც დისნეის ერთ-ერთი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის პერსონაჟები არიან და ისინი ჩემი შვილის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გავიცანი. მაროსაც, ისევე როგორც ლიზის, ფერიების, პრინცესებისა და ჯადოსნური ამბების სჯერა და ლიზისავით მონდომებული ცდილობს ხოლმე, ჩვენი, ანუ უფროსების ყურადღება მიიპყროს მათზე სალაპარაკოდ. ამ ფილმიდან, რომელმაც ჩემი შვილი ფერიების გამჭვირვალე ფრთებმა და ჯადოსნურმა ფხვნილმა მოხიბლა, ადამიანებს ფრენის უნარს რომ აძლევს, ყველაზე დიდხანს ალბათ ზუსტად ის მემახსოვრება, როგორ იშორებს მამა თავიდან შვილს იმ მიზეზით, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ყოველ ჯერზე სხვა დროისთვის გადადებს მასთან საუბარს. მეც გამიკეთებია ასე და პირობას ვერ დავდებ, რომ აღარასოდეს გავაკეთებ. ზოგჯერ საქმეები მართლაც სასწრაფოა, მაგრამ ერთხელ მაინც თუ ამოწევ თავს  შენი საქმიდან და დაინახავ თვალებს, რომელიც შენს ყურადღებას ელოდება, გაგიჭირდება თქმა, რომ ახლა არ გცალია. ასე დამემართა ერთხელ და იმის მერე სულ ვცდილობ სახლში სამსახურის საქმეები არ გავიყოლო, საღამოობით ტელეფონი ჩემგან მოშორებით დავდო, ლეპტოპი ჩანთიდან არ ამოვიღო და შაბათ-კვირას მხოლოდ ბავშვებთან ერთად ვიყო. ამას მხოლოდ  ბავშვების გამო არ ვაკეთებ, მივხვდი, რომ იშვითად მანიჭებს რაიმე ისეთ დიდ სიამოვნებას, როგორც ბედნიერი შვილის დანახვაა და ეს მეც მჭირდება. თავს მნიშვნელოვან ადამიანად ვგრძნობ და ამის შემდეგ საქმეებსაც უფრო კარგად ვაკეთებ.

ფილმებს ხშირად არ ვუყურებთ. ვცდილობ, რომ შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვეს და ერთი ამბის ნიუანსები გარკვეული დროის განმავლობაში განვიხილოთ, ან კონკრეტული ამბების ალტერნატიული გაგრძელებები მოვიგონოთ და ასე გავერთოთ. ახალ ფილმს მაშინ ვეძებთ ხოლმე, როცა ვხვდები, რომ უკვე ნანახზე სალაპარაკო აღარაფერი დაგვრჩა. საერთოდ, ბავშვები კარგ იმპულსს გვაძლევენ ფანტაზიის გასავარჯიშებლად და ახალი უნარების აღმოსაჩენად. როგორია, მოიფიქრო ყოველდღე რაიმე ისეთი, რაც მათთვის იქნება საინტერესო, რაც მათ გაამხიარულებს, რასაც დაიმახსოვრებენ. სულაც არ არის მარტივი და როცა ჩემი ფანტაზია იწურება ხოლმე, მეგობრებს ვეკითხები, როგორ ართობენ თავიანთ შვილებს და ამ გამოკითხვის პასუხებიდან რამდენიმეს გამოვარჩევ.

ასე, მაგალითად, ვიცი, რომ თუ მსოფლიოს დიდ რუკას გაშლი იატაკზე, ათასი რამ შეგიძლია მოუყვე ბავშვს. დაწყებული სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში გავრცელებული ცხოველებითა და ფრინველებით, დამთავრებული მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით. შეგიძლია სხვადასხვა ქვეყნის შესახებ სხვადასხვა ხალხების ზღაპრები მოჰყვე, ოკეანეების კვეთისას მოგზაურობების ამბები გაიხსენო, მეზობლების ურთიერთობები განიხილო, სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივებზე ისაუბრო – ყველაფერი შენ მონდომებასა და ბავშვის ინტერესებზეა დამოკიდებული.

საღამოს სასეირნოდ გასვლისას შეგიძლიათ ჯიბეში ფერადი ცარცები ჩაიდოთ და ბავშვებთან ერთად რომელიმე კედლის ნახატებით გალამაზება სცადოთ. რამდენიმე დღეში თუ ისევ ამ ადგილს ჩაუვლით, მათ ძალიან გაუხარდებათ საკუთარი ნახატის ქუჩაში ნახვა.

თუ ცუდი ამინდია და გარეთ ვერ გადიხართ, სახლის რომელიმე მიკარგულ კუთხეში რაიმე საინტერესო ნივთი დამალეთ, სახლის გეგმა დახაზეთ და ამ გეგმაზე დამალული ნივთის მდებარეობა მონიშნეთ. თუ ნახაზი ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელი, დამალული ნივთი კი  მიმზიდველი იქნება, შეიძლება საათზე მეტიც კი გაატაროს მის ძებნაში.

აიღეთ ცარიელი სახატავი რვეული, მარტივი ფორმებით ბავშვებისთვის საინტერესო საგნები, ცხოველები, პერსონაჟები, სიტუაციები დახატეთ და საწოლის გვერდით ერთ რომელიმე დილას დაახვედრეთ. სთხოვეთ გააფერადოს ნახატები და თითოეულ ნახატს რაიმე ისტორია მოუფიქროს. თუ ბავშვი პროცესმა ჩაითრია, მას პირველი საკუთარი ხელით გაკეთებული ილუსტრირებული წიგნი ექნება.

დღის ბოლოს, როცა დასაძინებლად დააწვენთ, ჰკითხეთ რა მოეწონა და რა არ მოეწონა დღეს ყველაზე მეტად. ასე ბუნებრივად, გულისგამაწვრილებელი კითხვების გარეშე გაიგებთ, რა აწუხებს, რა ახარებს, რაზე ოცნებობს, რა უჩუყებს გულს, ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს ბავშვს და ეს ინფორმაცია შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს ჩვენს წარმოდგენებს.

რუტინიდან თავის დასაღწევად თვეში ერთხელ ან წელიწადში რამდენჯერმე მოაწყვეთ ყველა სურვილის ასრულების დღე. ასეთი დღეები, გარდა იმისა, რომ ეს თქვენი შვილებისთვის სასურველ ადგილზე წასვლის, ტკბილეულების ათვისების და სათამაშოების მიღების კარგი საშუალება იქნება, ასწავლის მათ თავიანთ სურვილებზე ფიქრს და დროთა განმავლობაში ადვილად გამიჯნავს ნამდვილ სურვილებს უბრალო ახირებებისგან.

ნასტასია არაბული

ზღაპრები და მათი მნიშვნელობა

0

სამყაროს ორი ძალა ქმნის – ზღაპარი და ოცნება, დაბადებული ზღაპრიდან“.

დეიან სტოიანოვიჩი, სერბი მწერალი, პოეტი და ესეისტი

 

ცოტა ხნის წინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოს განათლების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას რამდენიმე კომენტარმა ქართული ზღაპრებისა და, საზოგადოდ, ზღაპრების შესახებ. შეგახსენებთ მინისტრის ერთ ციტატას, რომელიც ძალიან საყურადღებოა: „ერთი განსაკუთრებული ჩავარდნა, მაგალითად, ეხება ჩვენს ზღაპრებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას. დოგმატური არ უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. ზოგიერთმა მშობელმა შეცვალა „წითელქუდა“ და ისე უყვება ბავშვს, რომ იქ ნაკლები ძალადობაა. ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ასევე არ მომწონს, მაგალითად, ყველა ქართველი ბავშვი კომპიუტერთან რომ დამწკრივებულა და „Маша и Медведь“-ს უყურებს. მერე თუ ვინმეს უკვირს რუსეთის მიმართ მეგობრული განწყობა, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე“.

ბატონი მინისტრი თავის კომენტარში ბევრ საინტერესო თემას ეხება: თანამედროვე ფასეულობათა სისტემას, ზღაპრების დოგმატურობას, მათ ერთგვარ შეუსაბამობას თანამედროვეობასთან, ზღაპრების შინარსისადმი მშობლების დამოკიდებულებას, ზღაპრების ალტერნატიულ ვერსიებს და, რაც მთავარია, იმას, რომ „ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე“.

ბატონი მინისტრი სწორად მიგვითითებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის ის სამყარო, გარემო თუ ფორმა, რომელსაც ზღაპრები და ჩვენ, ამ ზღაპრების წამკითხველნი თუ მომთხრობნი, ვქმნით ბავშვებთან ურთიერთობისას.

დღევანდელი წერილიც სწორედ ამ საკითხს ეხება. მსურს, გაგაცნოთ ზღაპრებისადმი დამოკიდებულება, მათი აღქმა და მათ შესახებ გამოთქმული მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებში, კერძოდ, ინგლისურენოვან სამყაროში, რომელიც, შეიძლება ითქვას, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დომინანტური კულტურული სივრცეა. ეჭვგარეშეა, რომ ანგლოსაქსური სამყაროს კულტურულ მოდელზე დაყრდნობით ან მისი ძლიერი ზეგავლენით მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა კულტურა თუ ტრადიცია ვითარდება და ყალიბდება. ამერიკული, ბრიტანული, საზოგადოდ, დასავლური, ევროპულ-ქრისტიანული კულტურული ექსპანსია იმდენად მძლავრია, რომ მედიის, მუსიკის, ლიტერატურის და მათ შორის ზღაპრების, თუ შეიძლება ითქვას, „იმპორტი“ ჩვენთვის ყოველდღიურობად იქცა. უცხოელი ავტორების უცხო ენებზე დაწერილი კულტურული თუ მედიაპროდუქცია ნელ-ნელა, მაგრამ შეუჩერებლად ჩვენი თანამედროვე კულტურის ნაწილი ხდება. აშკარაა რომ „ჰარი პოტერის“, „ნარნიის ქრონიკების“, „ბეჭდების მბრძანებლის“, „სამეფოთა თამაშებისა“ და სხვა მსგავსი „პროდუქტების“ წარმატება, პოპულარულობა, მათი შეჭრა ჩვენს კულტურულ სივრცესა და ჩვენი შვილების წარმოსახვაში უკვე მომხდარი ფაქტია, ჩვენ უკვე ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენ, ქართული კულტურისა და ქართულ ენაზე შექმნილი კულტურული ტრადიციის შვილებს, გვიწევს ამ რეალობის მიღება და მისდამი ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

„უცხოური“ წარმოშობის მედიაჟანრები და მათი პროდუქცია, რომელიც მოიცავს ფენტეზის, ჯადოსნური ზღაპრების, ევროპული ლეგენდებისა და მითების ინტერპრეტაციებს და მათ საფუძველზე შექმნილ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ სატელევიზიო სერიალებს, ჯანსაღ კონკურენციას უწევს ქართულ ტრადიციულ ფოლკლორსა და ეროვნულ მითოსს. აღნიშნული პროდუქციის ასეთი მასშტაბით წარმოება და მისი ექსპანსია გარკვეულწილად ადასტურებს, რომ მისი გავლენა და მნიშვნელობა მცირეწლოვან მსმენელსა თუ მაყურებელზე იზრდება და ხანდახან, ელექტრონული საკომუნიკაციო მატარებლების (სმარტ-ტელეფონების, აიპადების და სხვ.) ხელმისაწვდომობის გამო, უკონტროლოც კი ხდება. ამავე დროს, ამ ხელმისაწვდომობას დადებითი მხარეც აქვს: ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, კერძოდ, ზღაპრები, მათი კინო- თუ ანიმაციური ვერსიები, ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქვეყნისა და სოციალური ფენის ბავშვების უმეტესობისთვის. ზღაპრების თემაზე შექმნილი მედიაპროდუქცია მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველია. ფაქტია, ზღაპრები ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადაშიც პოპულარული და ტრენდულია (ანუ „მოდაშია“). მოკლედ თუ ვიტყვით, დასავლეთში როგორც ბიზნესი, ისე საგანმანათლებლო სისტემა და სახელმწიფო მიიჩნევენ, რომ ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, ხოლო პირიქით თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს, რომ ზღაპრების გარეშე სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბება ფაქტობრივად შეუძლებელია.

სხვა საკითხია, რა ფორმით უნდა ხდებოდეს ამ ლიტერატურული შინაარსის (როგორც ხშირად ამბობენ დღეს, კონტენტის) მიწოდება ბავშვებისათვის, მაგრამ ამაზე დღეს არ ვისაუბრებთ.

სანამ ზღაპრების მნიშვნელობაზე ჩვეულებრივი მოკვდავების აზრს გაგაცნობდეთ, ნახეთ, რას გვეუბნება ზღაპრის შესახებ მეგაპოპულარული „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთვის უცნობი, ახლა კი ყველასთვის საყვარელი ინგლისელი მეზღაპრე და მწერალი, ფენტეზის ჟანრის ამაღორძინებელი და მამამთავარი ჯონ რონალდ როუელ ტოლკინი (და არა „ტოლკიენი“, როგორც გავრცელდა ჩვენში რუსულის გავლენით):

„თუ ზღაპრები საერთოდ იმსახურებენ წაკითხვას, მაშინ ისინი იმსახურებენ იმასაც, რომ დაიწერონ ზრდასრული ადამიანებისთვის და წაკითხულ იქნენ მათ მიერ“.

აღსანიშნავია, რომ ტოლკიინი „ზღაპრის“ აღმნიშვნელ ტერმინად ინგლისური Fairy-tale-ის ნაცვლად ყოველთვის fairy-story-ის იყენებს, ანუ „ჯადოსნურ ამბავს“ ანიჭებს უპირატესობას და, ვფიქრობ, ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამბის თუ მონათხრობის მნიშვნელობას, საზოგადოდ, ადამიანისთვის.

ტოლკიინის მტკიცებით, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ზღაპარს ოთხი ძირითადი ფუნქცია აქვს:

  1. ფანტაზიის განვითარება: „[ფანტაზია] ხელოვნების ამაღლებული და სუფთა ფორმაა, რომელსაც ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს“. მისივე სიტყვებით, „ფანტაზია ადამიანის უფლებად რჩება: ჩვენ ჩვენი საზომით ვზომავთ და ჩვენი მასშტაბით წარმოვიდგენთ, რადგან ჩვენ ვართ ქმნილებები და არა უბრალოდ ქმნილებები, არამედ ქმნილებები, რომლებიც შემოქმედის მსგავსად (ხატად) ვართ შექმნილი“.
  2. საგნებისა და მოვლენების ახლებურად დანახვა, რაც ხშირად გვინარჩუნებს ბავშვურობას.
  3. ჯადოსნურ ზღაპრებს შესწევთ უნარი, გაქცევა, თავის დაღწევა გვასწავლონ: „მითქვამს, რომ გაქცევა ზღაპრების ერთ-ერთი მთავარი თემაა, თუმცა მე ცოტა სხვაგვარად ვუყურებ მას და მის თანამედროვე ინტერპრეტაციებს. რატომ უნდა ვუსაყვედურო ციხეში მჯდომ კაცს, თუ იგი გაქცევაზე ფიქრობს, ციხის დატოვება და შინ ყოფნა უნდა? რატომ უნდა გავამტყუნო ტუსაღი, თუ იგი გაქვევას ვერ ახერხებს, მაგრამ ფიქრობს და საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებიც არ ეხება მხოლოდ მეციხოვნეებსა და ციხის კედლებს?“
  4. „ბედნიერი დასასრული აუცილებელია ყველა ზღაპრისთვის და მისი ფუნქცია სავსებით ჩამოყალიბებულია ზღაპარში, ამ „სხვა სამყაროში“. კეთილი დასასრული მოულოდნელი და სასწაულებრივი მადლია. ეს ის სიხარულია, რომლის შექმნაც ზღაპრებში განსაკუთრებით კარგად ხერხდება“.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ბავშვებისთვის ზღაპრების მნიშვნელობისა ყველას არ სჯერა. ბოლო წლებია, დასავლეთის მედიაში ზღაპრებისა და მათი სატელევიზიო თუ კინოვერსიების გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა და კამათია ატეხილი. ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამომცემლობა „ტელეგრაფის“ მიერ მშობლებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ უფრო გაამწვავა დებატები ზღაპრების შესახებ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მშობლების 25% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს ტრადიციულ ზღაპრებს არ უკითხავს – ურჩევნიათ, პატარებს უფრო თანამედროვე ან თანამედროვეობასთან ადაპტირებული ტექსტები უკითხონ, რადგან, მათი აზრით, „ტრადიციული“ ზღაპრები არც ისე კარგ მაგალითს იძლევა ან, უბრალოდ, საშიში საკითხავია ბავშვებისთვის.

გაზეთმა გამოყო ათი ზღაპარი, რომლებსაც ზოგიერთი მშობელი აღარ უკითხავს შვილებს. სიაში მოხვდა ისეთი ცნობილი ზღაპრები, როგორებიცაა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „რაპუნცელი“ და „წითელქუდა“. სტატიის თანახმად, მშობლებს აშფოთებთ „ის მძაფრი და სასტიკი დეტალები“, რომლებიც ზღაპრების ტექსტში გვხვდება.

მელისა ტეილორი, ამერიკელი მასწავლებელი და ავტორი წიგნისა Book Love, წერს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია მშობლების მიერ მოყვანილი მიზეზები. მაგალითად, ცნობილი ბრიტანული ზღაპრის „ოქროსთმიანი გოგონა და სამი დათვის“ (ჩვენში უფრო ცნობილია მისი რუსული ვერსია – „მაშა და დათვი“) „არაწასაკითხთა“ სიაში მოხვედრა, „რადგან ამ ზღაპარში საუბარია უცხო სახლში შესვლისა და საჭმლის მოპარვის დაუშვებლობაზე“.

ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი მეზღაპრისა და მწერლის, „კორელაინის“, „ამერიკელი ღმერთებისა“ და „ვარსკვლავების მტვრის“ ავტორის ნილ გეიმანის აზრით, ზღაპრებზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რას განვიხილავთ. მისი თქმით, ბევრი ცნობილი ზღაპრის თანამედროვე ვერსიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ორიგინალებისგან და მათზე საუბარი ხშირად არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. „მაგალითად, დისნეის ცნობილ „მძინარე მზეთუნახავს“ არასწორად გაიაზრებენ, რადგან მისი სატელევიზიო ვერსია არ არის დასრულებული ამბავი, ის მხოლოდ ორიგინალში მოთხრობილი ამბის დასაწყისია. ამ ზღაპრის პირველადი ვერსიები უფრო დახვეწილი და დასრულებულია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ნაკლებად „კეთილი“. შარლ პეროს ამ ზღაპრის მეორე ნაწილის ორიგინალში პრინცი მზეთუნახავის მოჯადოებიდან (დაძინებიდან) ასი წლის შემდეგ შედის მოჯადოებულ ციხესიმაგრეში, რომელშიც მზეთუნახავს ძინავს, ცდილობს ამბორით მის გაღვიძებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. პეროს ვერსიით, პრინცს ახალგაზრდა ქალი დანახვისთანვე შეუყვარდება და, არც მეტი, არც ნაკლები, მძინარე მზეთუნახავს დააორსულებს კიდეც. ცხრა თვის შემდეგ ტყუპი გოგო-ბიჭი იბადება. ერთი ახალშობილი დედის ძუძუს წოვას იწყებს, ხოლო მეორე – თითისას, რომელშიც მძინარე მზეთუნახავს შხამიანი ნემსი შეერჭო. საბოლოოდ ბავშვი დედას თითიდან ჯადოსნურ შხამს გამოსწოვს, მზეთუნახავი-დედა გამოიღვიძებს და ჯადო მოეხსნება. ამის შემდეგ პრინცი ახალშეძენილ ოჯახთან ერთად შინ ბრუნდება.

მთავარი ამბავი სწორედ აქ იწყება: პრინცის დედა, ბოროტი დედოფალი, კაციჭამიების შთამომავალია, ცდილობს, რძალი და შვილიშვილები თავის მზარეულს დაახოცვინოს და მათი ხორცი იგემოს. საბოლოოდ კეთილი მზარეული მზეთუნახავსა და ბავშვებს არ დახოცავს, დედა-დედოფალს საქონლის ხორცს შეაპარებს და პრინცესას და მის შვილებს გადაარჩენს.

როგორც ხედავთ, ზღაპრის ძირითადი ხაზი ბოროტ დედამთილსა და მის საშინელ სურვილებზეა აგებული და არა პრინცის სასწაულებრივ ამბორზე. დღეს კი ამ ზღაპრის პირველადი შინაარსი საკმაოდ არის შეცვლილი და ორიგინალთან მისი დაკავშირება ძნელია“.

ასევე ცნობილია, რომ საქვეყნოდ ცნობილმა მეზღაპრეებმა, მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელმა ძმებმა ვილჰელმ და იაკობ გრიმებმა ზღაპრების შეგროვება ფოლკლორის შესასწავლად და გერმანული ენის დიდი ლექსიკონის შესადგენად დაიწყეს და არა ბავშვებისთვის საკითხავი წიგნის შესადგენად. ზღაპრების გადამუშავებისას ვილჰელმმა იაკობს შესთავაზა, შეეცვალათ ზღაპრების შინაარსი და ისინი ნაკლებად სასტიკი გაეხადათ. ცვლილებები შეეხო ისეთ ცნობილ ზღაპრებს, როგორებიცაა „კონკია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ჰანზელი და გრეტელი“, „რაპუნცელი“, „რუმპელშტილტსკენი“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.

ნილ გეიმანი იმავეს ამბობს „ოქროსთმიან გოგონასა და სამ დათვზეც“: შოტლანდიელი მეზღაპრისა და პოეტის რობერტ საუთის მიერ 1837 წელს დაწერილ ორიგინალურ ვერსიაში ოქროსთმიანი გოგონა არ არის – მთავარი გმირი ხანდაზმული მაწანწალა ქალია, რომელსაც საუთიმ „ვერცხლისთმიანი“ უწოდა. შეცივებული და დამშეული ქალი დათვების ქოხში შედის საჭმლის საპოვნელად, მაგრამ დათვები შეუსწრებენ. ქალი გარბის, ფანჯრიდან ხტება და კისერს იტეხს. ამ ზღაპრის „დანიშნულება“, შეიძლება ითქვას, ქურდობის სიავის ჩვენება გახლდათ, მაგრამ „ვერცხლისთმიანი“ დროთა განმავლობაში „ოქროსთმიანად“ იქცა და გმირის ასაკიც მკითხველთა ასაკისთვის შესაფერისი გახდა. „გულახდილად რომ ვთქვათ, ბავშვობაში მეც არ მომწონდა „ვერცხლისთმიანი“ მათხოვარი, დათვები მერჩივნა“, – ამბობს გეიმანი. როგორც ვხედავთ, ცნობილი ზღაპრების სიუჟეტები, გმირები და თვით შინაარსიც კი ხშირად შეცვლილა, იცვლება და კვლავაც შეიცვლება.

ამიტომ ქართულ ტრადიციულ ზღაპრებში შესაძლო ცვლილებების შესახებ ბატონი ჯეჯელავას გულწრფელი სურვილის ადრესატები მწერლები უფრო არიან, ვიდრე ჟურნალისტები, რომლებმაც თემა ასე ზერელედ აიტაცეს და, რბილად რომ ვთთქვათ, ზედაპირულად გააშუქეს.

ქართული სოცქსელებისა თუ მედიის ლოგიკით, გასაკრიტიკებელია ვილჰელმ გრიმიც, რომელმაც „წითელქუდა“ მგლის მიერ საბოლოოდ შეჭმას „გადაარჩინა“ (ორიგინალურ ვერსიაში მგელი წითელქუდას გზას უბნევს და სადილად მიირთმევს, ყოველგვარი ბებიის, მონადირისა თუ ბებიის ქოხის გარეშე). გრიმების მიერ ჩაწერილ „კონკიაში“ უხეირო და უგულო დები (დედინაცვლის შვილები) ფეხებზე ცერა თითებს იჭრიან, რათა კონკიას დაკარგული ფეხსაცმელი მოირგონ და პრინცის ცოლობას გამოჰკრან ხელი… დამეთანხმებით, გრიმებმა ორიგინალის შეცვლით კარგი საქმე გააკეთეს და თავიდან აგვაცილეს მეცხრამეტე საუკუნის გერმანული ბიურგერული ფოლკლორის არცთუ სასიამოვნო ხატები.

(პირველი ნაწილის დასასრული)

„არ წაიკითხავენ, იძულებას კი აზრი არ აქვს“

0
Vector Logo digital generation, head and pixel

Z თაობის[1] წარმომადგენლები 16 წელზე მეტისანი არ არიან, თუმცა „ციფრულმა“ ბავშვებმა უკვე გაუჩინეს მშობლებს თავსატეხი. რატომ შეუცვალა მათ წიგნები გაჯეტებმა? გვეშინოდეს თუ არა ინტერნეტდამოკიდებულების? როგორ ჩნდება ყურადღების დეფიციტის სინდრომი? ამ საკითხების შესახებ საუბრობს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ოჯახის კონსულტანტთა და ფსიქოთერაპევტთა საზოგადოების გამგეობის წევრი, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ სამაგისტრო პროგრამის „სისტემური საოჯახო ფსიქოთერაპია“ აკადემიური ხელმძღვანელი, ოჯახის ფსიქოთერაპევტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ანა ვარგა. ესაუბრება იულია ფუკოლოვა, «Harvard Business Review – რუსეთის“ უფროსი რედაქტორი.

– რა პრობლემები აღელვებთ თანამედროვე მშობლებს?

– პრობლემა სხვადასხვაგვარია, არსი კი ერთი – ბავშვთან კავშირის დაკარგვა, ურთიერთგაგების დეფიციტი და კონტროლის სირთულეები. მუდამ ასე იყო, თუმცა, შესაძლოა, ახლა უფრო მწვავედ განიცდებოდეს, რადგან მშობლები და ბავშვები არა მხოლოდ სხვადასხვა თაობის, არამედ განსხვავებული საკომუნიკაციო სისტემების წარმომადგენლებიც არიან. ბავშვები მთლიანად კომპიუტერულ სამყაროში ცხოვრობენ, მშობლები – ჯერ კიდევ წიგნებისაში.

– როგორ მოვიქცეთ? კითხვა ვაიძულოთ?

– ცხადია, არა. არ წაიკითხავენ. იძულებას აზრი არ აქვს, მხოლოდ კონფლიქტი მოჰყვება. პერიოდულად კაცობრიობის ისტორიაში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცვლილება ხდება. ეს ბუნებრივი პროცესია, უბრალოდ, ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვართ. შეიცვალა სენსორული მოდალობა – ბავშვები აღარ კითხულობენ, უყურებენ. კითხვის დროს წარმოსახვა ერთვება, უნდა წარმოიდგინოთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ. ყურებისას წარმოსახვა არ არის საჭირო. სიგნალი პირდაპირ მიდის თავის ტვინის ქერქის კეფის ნაწილში, ეს სხვაგვარი აღქმაა. ბავშვები ახალი საკომუნიკაციო კულტურის წარმომადგენლები არიან. მშობლებს მხოლოდ ის შეუძლიათ, თავად წაუკითხონ – ისარგებლონ იმით, რომ ბავშვებს მოსწონთ მათ გვერდით ყოფნა, ან აუდიოწიგნები შესთავაზონ.

– რას გულისხმობს ტერმინი „საკომუნიკაციო კულტურა“?

– ტორონტოს სკოლის კომუნიკაციის თეორიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განსაზღვრავს ადამიანთა კულტურასა და მენტალიტეტს. მაგალითად, შუა საუკუნეების ადამიანი განსხვავდება თანამედროვე ადამიანისგან, მას სამყაროს შესახებ განსხვავებული წარმოდგენა და ფასეულობები აქვს. ცნობიერება დამოკიდებულია სოციუმზე, ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ, სოციუმს კი ადამიანთა ურთიერთქმედება განსაზღვრავს. კომუნიკაციის ახალი საშუალების გაჩენა ყოველთვის იწვევს პიროვნების, კულტურისა და საზოგადოების სერიოზულ ცვლილებებს. მკვლევრები კომუნიკაციის განვითარების სამ – ზეპირ, წერილობით და აუდიოვიზუალურ სტადიას გამოყოფენ. შუა საუკუნეებში ადამიანები ურთიერთობისთვის მეტყველებასა და სმენას იყენებდნენ, მთავარი ერთმანეთის ენის ცოდნა იყო. იმ საზოგადოებაში არ არსებობდა ბავშვობა როგორც სოციალური კატეგორია. ხუთი წლიდან, მეტყველების დაწყებისთანავე, ბავშვი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდებოდა. მას ზრდასრულივით აჭმევდნენ და აცმევდნენ. ის ზრდას აგრძელებდა, უფრო ძლიერი ხდებოდა, მაგრამ არავითარი შეღავათი არ ჰქონდა.

– როდის გაჩნდა ბავშვობის თანამედროვე გაგება?

– ზრდასრულობისა და ბავშვობის კონცეფციები წიგნის საბეჭდი დაზგის წყალობით გაჩნდა. წიგნიერმა ადამიანმა თავდაპირველად უნდა ისწავლოს და ინფორმაციულმა უფსკრულმა ადამიანები ორ კატეგორიად დაყო: იმად, ვისაც ინფორმაციის მიღება წიგნიდან შეეძლო და  იმად, ვისაც არ შეეძლო. ბავშვი აღარ აღიქმებოდა პატარა ზრდასრულად, დაიწყეს მისი მიზანმიმართული აღზრდა. ზრდასრული რომ გამხდარიყო, ბავშვს ძალისხმევა სჭირდებოდა, ხოლო მისი აღზრდის პასუხისმგებლობა მშობლებს დაეკისრათ. საზოგადოებაში შეიქმნა განსაზღვრული წარმოდგენა იმის თაობაზე, რას ნიშნავს კარგი ბავშვი, კარგი მშობელი, რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რისთვის უნდა დავსაჯოთ, დავაჯილდოოთ. ეს კარგად არის აღწერილი ფრენსის ბიორნეტის რომანში „პატარა ლორდი ფაუნტლეროი“. ასე გრძელდებოდა 300 წელზე მეტხანს.

– რა მოსდის ბავშვობას ინფორმაციულ ეპოქაში?

– ჩვენ წარმოსახვაზე თანდათანობით ვამბობთ უარს და მხედველობით რეგისტრში გადავდივართ. მხედველობით აღქმას სწავლა არ სჭირდება, შესაბამისად, ბავშვობა კვლავ ქრება, ისევე როგორც ზრდასრულობა. გაქრა საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები კარგი ბავშვისა და მისი სწავლების სავალდებულო შინაარსის შესახებ. ცოდნის მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ არავის შესწევს უნარი, დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც კაცობრიობამ დღემდე დააგროვა.

– როგორც ჩანს, სწორედ ეს – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი აწუხებთ მშობლებს. ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია, ინფორმაციის დიდი ულუფების ათვისება.

– მთლად ასე არ არის. უბრალოდ, სკოლა არ იძლევა ინფორმაციას იმ სახით, რა სახითაც ბავშვს შეუძლია მისი ათვისება.

– მაშ, პრობლემა სკოლაში უნდა ვეძებოთ და არა ბავშვში?

– რა თქმა უნდა. სკოლა არ არის მზად, მოერგოს თანამედროვე ბავშვს და იმ საზოგადოებას, რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება. მოსწავლეებს ძველებურად ახრჩობენ დიდი მოცულობის ინფორმაციით, არადა ის კომპეტენციები, გზები უნდა ვასწავლოთ, რომელთა საშუალებითაც თავად შეძლებენ ცოდნის მოპოვებას. მოწინავე სასწავლო დაწესებულებები არაფრის სწავლას არ აიძულებენ, ისინი წაახალისებენ დისკუსიებს, იყენებენ თამაშებს, ონლაინ სწავლებას, ბავშვები ამზადებენ მოხსენებებსა და პრეზენტაციებს. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი იმის შედეგია, რომ თანამედროვე ბავშვი ძველსა და ახალ თაობას შორის არსებულ ნაპრალში ჩავარდა. ზრდასრულებს დიდი თავსატეხი გაუჩნდათ შვილებისა და მათი მომავლის სახით.

– მიუხედავად ამისა, ბევრი მშობელი მოითხოვს აკადემიურ მოსწრებას, ბავშვები კი სწავლისადმი ყოველგვარ ინტერესს კარგავენ.

– სკოლა კვლავ ნებისმიერ ყურადღებას მოითხოვს, ბავშვი კი მზად არ არის – ის ტელევიზორის, კომპიუტერის, სმარტფონის ეკრანის ტყვეა.

– გამოდის, ბავშვებს გაჯეტები უნდა ჩამოვართვათ?

– არა. უნდა ვასწავლოთ მათსავე უნებლიე ყურადღებაზე დაყრდნობით. ეს ობიექტური მოცემულობაა და ვერ შევცვლით. როცა ახალი თაობის მასწავლებლები გამოჩნდებიან, ისინი ახალ მეთოდებს გამოიყენებენ და ბავშვებს სწორად ასწავლიან. მანამდე კი ბავშვი იძულებულია ისწავლოს სისტემაში, რომელიც არ არის მორგებული აღქმისა და კომუნიკაციის მისეულ ხერხს. ყოველდღე ის ოჯახიდან სხვა სამყაროში ხვდება, ამიტომ მშობელი უნდა დაეხმაროს. სხვათა შორის, სკოლას ძალიან კარგად ესმის საკუთარი უძლურება, ამიტომაც დავალებებს უფრო მშობლებისთვის იძლევა, ვიდრე ბავშვისთვის.

– საშინაო დავალება ცალკე თემაა. ზოგჯერ ზრდასრულებსაც უჭირთ მისი შესრულება. ეს ნორმალურად გეჩვენებათ?

– საქმე დავალებებში როდია, არამედ იმაში, რომ სკოლა ცდილობს, მშობელი ჩაითრიოს სასკოლო პრობლემების გადაჭრაში. ეს სწორად უნდა გავიგოთ.

– კერძოდ ,როგორ?

– ბავშვის მხარეზე უნდა ვიყოთ, დავეხმაროთ სწავლაში და იმედი გვქონდეს, რომ სკოლის საკმაოდ უაზრო წლების გავლით იპოვის იმას, რაც აინტერესებს და ნებისმიერი ყურადღების განვითარებას ისწავლის.

– გამოდის, სკოლაში კარგი შეფასებები უნდა დავივიწყოთ?

– თუ მშობელი სახლში ებრძვის ბავშვს, მასწავლებელი კი სკოლაში, მას არა მხოლოდ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ელის, არამედ მძიმე ნევროზი და შემეცნებითი მოტივაციის დაკარგვაც. ბავშვები პატარა მარსელები არიან, დღეს სწორედ ისინი დგანან პროგრესის დანის პირზე, ამიტომ სამყარო მათ უნდა მოერგოს. დღეს წინა თაობას მომდევნოსთვის არაფრის მიცემა არ შეუძლია. 10–20 წლის შემდეგ თაობათა შორის ნაპრალი ამოივსება, მაგრამ მანამდე ძალიან გაგვიჭირდება.

– კიდევ რა განასხვავებს თანამედროვე ბავშვებსა და მოზარდებს მათივე ასაკში მყოფი მშობლებისაგან?

– თანამედროვე ბავშვები სოციალიზაციას ინტერნეტის საშუალებით ახერხებენ, მათ მშობლებს კი პირადი ურთიერთობები ჰქონდათ.

– დღეს ბავშვები თითქმის არ სეირნობენ, ეზოები დაიცალა. როგორ უნდა შეძლონ პირადი ურთიერთობა?

– უფროსებს სამყარო ძალიან საშიში ეჩვენებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალურად საშიშია. სკოლის გარეთ თანამედროვე ბავშვები, ალბათ, ზაფხულში ან მოგზაურობისას თუ ამყარებენ პირად ურთიერთობებს, სპორტის გუნდურ სახეობებში მონაწილეობაც ეხმარებათ. მათ ონლაინ ურთიერთობა უფრო იზიდავთ. ამისი არ უნდა გვეშინოდეს. ის, რომ საკუთარი შვილისა არ გვესმის, ნორმალურია. სამაგიეროდ, თავად ის შეძლებს, უკეთ გაუგოს შვილებს.

– ინტერნეტი შეიძლება საშიშიც იყოს.

– წინათ მშობლები იმაზე წუხდნენ, რომ შვილი შუაღამემდე ქუჩაში იყო და შესაძლოა ცუდ წრეში აღმოჩენილიყო. ახლა ფსიქოლოგიურ ანალოგად ინტერნეტი იქცა. თუმცა, ცხადია, უნდა არსებობდეს კონტროლი, გარკვეული შეზღუდვები. შეიძლება ფილტრის დაყენება, პროვაიდერთან მოლაპარაკება, რომ ბავშვებს ღამით ინტერნეტი არ ჰქონდეთ.

– პრობლემები ონლაინ ურთიერთობებშიც ჩნდება. გახსოვთ სტიოპას ისტორია? სოციალურ ქსელში მეგობრები დასცინოდნენ მის გვერდს, პატარას უწოდებდნენ. სტიოპას დედამ ნაცნობებს შვილის გვერდის მოწონება სთხოვა. ბავშვი უცებ ზეპოპულარული გახდა. სწორად მოიქცა დედა?

– რა თქმა უნდა, სწორად მოიქცა, ბავშვებს უნდა დავეხმაროთ. დედამ ის კომუნიკაციები გამოიყენა, რომლებიც მისი შვილისთვის აუცილებელი იყო. მშობლები მუდამ ერეოდნენ, თუ შვილს ურთიერთობა არ გამოსდიოდა, უბრალოდ, წინათ დახმარებას სხვა ფორმა ჰქონდა. დედა შვილის მეგობრებს შინ იწვევდა, უმასპინძლდებოდა, მამა ფეხბურთის თამაშს სთავაზობდა. დღეს შვილთან ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ინტერნეტში მისი პირადი გვერდის გაფორმებაზე; უთვალავ ინტერნეტსაზოგადოებას შორის ერთად მოვძებნოთ სასურველი.

– სოციალურ ქსელში ბავშვები ხშირად ბილწსიტყვაობენ. ამას რა მოვუხერხოთ?

– მშობლებს და მასწავლებლებს ეს აშინებთ, მეც ვწუხვარ ჩემს შვილიშვილებზე. აკრძალვით ვერაფერს გავხდებით. ბავშვობაში ბევრი იყენებს უცენზურო ლექსიკას, მაგრამ მხოლოდ პირად ურთიერთობაში. ახლა ბავშვებს ურთიერთობა სოციალურ ქსელში აქვთ, მშობელს ყველაფრის წაკითხვა შეუძლია. მოზარდი საკუთარ პოპულარობაზე ზრუნავს და ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც ბილწსიტყვაობას იწყებს. როგორ მოვიქცეთ? მშვიდად. საზოგადოდ, ინტერნეტურთიერთობა ძალზე სასტიკია, რადგან მეტწილად ანონიმურია.

– ბევრი ბავშვი საათობით ონლაინ რეჟიმშია. როგორ ამოვიცნოთ ინტერნეტდამოკიდებულება?

– თუ ბავშვი არ შორდება გაჯეტს, ხოლო თუ გამოვართვით, ბრაზდება ან სასოწარკვეთილება ეუფლება, ეს უკვე დამოკიდებულებაა. საშიში ნიშანია, თუ ბავშვი არ გამოდის ოთახიდან და არც მასთან შესვლა შეიძლება, საჭმელს კართან ვუტოვებთ. ამ შემთხვევაში საჭიროა პროფესიონალის დახმარება. თუ სკოლაში დადის, სწავლობს, ურთიერთობს ახლობლებთან, დანარჩენ დროს კი კომპიუტერთან ატარებს, არ იდარდოთ, ახლა ეს ნორმალურია.

– მშობელი ძნელად შეურიგდება შვილის ასეთ ყოვლისმომცველ გატაცებას კომპიუტერით.

– მათ მხოლოდ უნდა თანავუგრძნოთ რთული მშობლობის გამო. არსებობს გამოთქმა: „მშობელი ის ადამიანია, რომელიც ჯიბის ფულს გვაძლევს“. არა, მშობელი ის ადამიანია, რომელსაც მოფერება, ნუგეშისცემა, მხარდაჭერა შეუძლია. ინტერნეტში ბავშვი ამას ვერ იპოვის. არასწორი იქნება, თუ მხარდაჭერის ნაცვლად მას დამოძღვრას, ყვირილს და დასჯას დავუწყებთ.

– კიდევ რა უნდა იცოდნენ „ციფრული“ ბავშვების მშობლებმა?

– უარი უნდა თქვან საკუთარ ამბიციებზე. კულტურის რაობა შეიცვალა და ჩვენი ცოდნა ბავშვებს არ გამოადგებათ. ჩვენ შეგვიძლია ემოციურად დავეხმაროთ. თავის ტვინის ქერქქვეშა უბნები უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ქერქი, ამიტომ ბავშვის, ისევე როგორც დიდის, ემოციური ფუნქციონირება არ იცვლება – ჩვენ ისევე განვიცდით, როგორც პირველყოფილი ადამიანები. ბავშვს დასჭირდება ფსიქიკური სიჯანსაღე, რომელსაც მაღალი ფსიქოთერაპიული პოტენციალის ოჯახში მიიღებს. ეს ის ოჯახია, სადაც ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, დროს ერთად ატარებენ და ერთმანეთს მხარში უდგანან. ასე იქმნება ემოციური საყრდენი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.

– რას ფიქრობთ დასჯაზე, ღირს მისი გამოყენება?

– დასჯის მიმართ თანამედროვე ბავშვი ნაკლებმგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ არის საჭირო ბავშვთან ემოციური კავშირის დამყარება, რომ დისტანციამ დისკომფორტი შეუქმნას, ემოციური სითბოს დაკარგვის შიში გაუჩინოს. ეს მთავარი ბერკეტია. სხვაგვარი აღარ არსებობს.

შეძლებული ოჯახების შვილებს დღეს ყველაფერი აქვთ, რასაც მოისურვებენ. ამ პირობებში როგორი მოტივაცია უნდა შევთავაზოთ წინსვლისთვის?

– რთული საკითხია. მყავს ღარიბ ოჯახებში გაზრდილი კლიენტები, რომლებიც გამდიდრდნენ. მათ სურთ, შვილებსაც ჰქონდეთ წარმატების ისეთივე მოტივაცია და ლტოლვა, როგორიც თავად ჰქონდათ. ბავშვებს კი ეს არ სჭირდებათ. ინტერესის გასაღვიძებლად ე.წ. განმავითარებელი დისკომფორტის შექმნაა საჭირო.

არ შეიძლება ბავშვის სურვილების პირველი მოთხოვნისთანავე ასრულება – მოთხოვნილებები უნდა ჩამოყალიბდეს. გაჯეტი არ უნდა წავართვათ, რადგან ის უკვე ციფრულ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ სხვა დანარჩენის თავზე დაყრა აუცილებელი არ არის. განსაზღვრული ასაკიდან ბავშვს შეუძლია, ფული გამოიმუშაოს. ასეთი შესაძლებლობა უნდა მივცეთ, ზოგჯერ უნდა მოვთხოვოთ კიდეც. საზოგადოება, რომელშიც ფული უკვე დიდი ხანია გამომუშავებულია, სწორედ ასე იქცევა. არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი მშობლები გყავს თუ ღარიბი, არდადეგებზე ყველა უნდა ცდილობდეს დამატებითი შემოსავლის შოვნას.

– ნუთუ შეძლებული მშობლები ამისთვის მზად არიან?

– დიახ. ჩვენ დეტალურად ვმსჯელობთ პროგრამაზე, სად და როგორ უნდა გამოიმუშაოს ბავშვმა ფული. სურს უახლესი ვერსიის ტელეფონი? მაშინ გაისარჯოს. ზოგიერთი ბავშვი საკუთარი მშობლების, ნათესავების ან ნაცნობების კომპანიაში მუშაობს, ზოგი საოჯახო საქმეს აკეთებს. პატარასაც შეუძლია დაეხმაროს ბებოს, ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგოს, სუფთა კი კარადაში შეაწყოს, დედ–მამას ბუტერბროდი მოუმზადოს. ბავშვმა გაცვლის იდეა უნდა აითვისოს – ვიღებ, თუ რაღაცას მეც გავცემ.

– როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნების დასახვა და მიღწევა, თუ განსაკუთრებით არაფერი აინტერესებს?

– მიზანი ჩნდება, როცა ჩნდება რაღაცის საჭიროება. საჭიროა დეფიციტი. თანამედროვე ბავშვები გვიან იზრდებიან, რადგან დღეს არ არსებობს ბავშვობა და ზრდასრულობა. თუ ბავშვმა არ იცის, რა უნდა აკეთოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, შეუძლია იმუშაოს და ადრე თუ გვიან იპოვის თავის გზას. სკოლაში მრავალი შესაძლებლობა უნდა მოსინჯოს – ფეხბურთი თუ არ გამოუვა, რობოტების გაკეთება სცადოს. თუ ესეც არ მოეწონა, ძებნა განაგრძოს. ბიჭები იშვიათად ავლენენ სურვილებს, გოგონებთან საქმე უფრო მარტივადაა – სხვა თუ არაფერი, მათ მეგობრებთან ყოფნა მაინც უნდათ. ბევრია დამოკიდებული პედაგოგსა თუ მწვრთნელზე.

– Z თაობის წარმომადგენლები სჭარბობენ წინამორბედებს – Y თაობას. როგორც ჩანს, მათ კიდევ უფრო მკაცრი კონკურენცია ელით ადგილის დასამკვიდრებლად. მუჯლუგუნებიც უნდა აიტანონ?

– დიახ, ასეა. ცხადია, ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სიტუაციას ამსუბუქებს. უმაღლესი განათლების მქონე ამდენი ადამიანი, რომელიც თავით გამოიმუშავებს ფულს, საზოგადოებას არ სჭირდება. ინტერნეტში კი ყველა თანასწორია, აქ ყველას შეუძლია, აკეთოს საქმე და გამოიმუშაოს.

– დღეს მშობლები საუკეთესო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს ეძებენ. გგონიათ, რომელიმე მათგანი შეეგუება იმას, რომ შვილი უმაღლესი განათლების გარეშე დარჩეს?

– ეს მშობლების საქმე არ არის – მშობლები მიმავალი თაობაა. ბავშვებზე ორიენტირებაა საჭირო და არა მშობლებზე. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ აბარებს ან უმაღლეს განათლებას ვერ ძლევს, ესე იგი, სხვა ბედი ელის. მისი ცხოვრებაც აეწყობა. უნდა ავუხსნათ, რომ მთავარი საყვარელი საქმის პოვნაა. სხვას ყველაფერს თვითონ გაუმკლავდება.

წყარო: https://hbr-russia.ru/biznes-i-obshchestvo/fenomeny/a18445/

[1] Y თაობის შემდგომი თაობა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღები უცნობია, დემოგრაფები და მკვლევრები, როგორც წესი, ასახელებენ 1990–იანი წლების შუა პერიოდსა და 2000–იანი წლების დასაწყისში დაბადებულებს. ამ თაობისთვის დამახასიათებელია ინტერნეტის ფართო გამოყენება ადრეული ასაკიდან. ისინი ადვილად ერკვევიან ტექნოლოგიებში, სოციალიზაციას ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ახდენენ. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში (2000–2010) ცხოვრებამ მათ გაუბედაობისა და დაუცველობის განცდა გაუჩინა.

სირიუს ბლეკი ვარ, ნაკვერჩხალში ამოსული

0

ისაკ,

21 წელი გავიდა ჩვენი გაცნობიდან.

იცი რა გამახსენდა? – პირველ კლასში შენზე ამბობდნენ, რომ სკოლაში მოსვლამდე უკვე იცოდი ქართულად წერა-კითხვა. აღმოჩნდა, რომ ცდებოდნენ. თურმე ინგლისურადაც გამართულად წერდი და კითხულობდი. საოცარია, ამდენი წელი, ამდენი თვე, კვირა და საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ; სად არ აღმოვჩენილვართ ერთად, რა ფათერაკი არ გადაგვხდენია და დღემდე ვერ გამირკვევია, რა მოცულობის ინფორმაცია გიდევს მაგ გასიებულ თავში. რამდენს იტევს ეგ მყარი დისკი.

გახსოვს? ერთხელ, ბავშვობაში, ჩვენი სახელები დავწერეთ და ფურცელი სკოლის კედლის ნაპრალში დავმალეთ იმ იმედით, რომ ეს ფურცელი სამუდამოდ ამ შენობაში დარჩებოდა, ჩვენი მეგობრობა კი ისეთივე მყარი იქნებოდა, როგორც ის კედელი. წინასწარ გთხოვ პატიებას იმის გამო, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ დამალვას აზრი აღარ აქვს. ის ფურცელი მალევე გამოვიღე უკან და შევინახე. დღემდე მე მაქვს. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენს მეგობრობას 172-ე სკოლის ნახევრად მონგრეული კედლის იმედად ვერ დავტოვებდი.

ამასწინათ ვფიქრობდი, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვემსგავსებით ტიმონსა და პუმბას, რა თქმა უნდა, მსგავსებაში წონასა და ფორმას ვგულისხმობ. მე თანდათან ვმრგვალდები, შენ კი კარგა ხანია ჩამოცდი 50 კილოგრამიან ნიშნულს. რაც შეეხება დანარჩენს, მათი ცხოვრების სტილს, სილაღესა და თავისუფლებას, ამ სიმაღლეებს ვერცერთი ვერ მივწვდით. ბორკილები, რომლებიც ვაზისუბანურმა ბავშვობამ, 90-იანმა წლებმა, ნავთის სუნმა, მეცხრე ბლოკმა, დენის გადამწვარმა დამცველებმა, აყრილი ასფალტის ორმოში დაგუბებულმა მანქანის ზეთგარეულმა წყალმა, შებინდებულზე სკოლის ეზოში შემჩნეული გოგოსთვის იარლიყის მიკვრის ტრადიციამ, სახლის ტელეფონებზე უმისამართოდ გაშვებულმა ზარებმა, არაგულწრფელად შევსებულმა მეგობრობის დღიურებმა, ვეფხისტყაოსნის ქალთა სახეებმა, თავისუფალმა თემებმა და სუპერ მარიოს მოწინააღმდეგეებმა დაგვადეს, მეჩვენება, რომ დღემდე მაჯებზე გვაქვს.

ადრეც დამიწერია, რომ ჩვენ ორს შორის, შერლოკი შენ ხარ, მაგრამ ყოველთვის პირიქით ჩანდა. მე უმეტესად მონიტორის ფუნქცია მქონდა, შენ კი – პროცესორის, თუმცა განა ბევრი ფიქრობს ასე? არა მგონია. შენ ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებდი. ასე უფრო კომფორტულია შენთვის.

ახალი წელი დადგა. ახალი წელი კი, საცივის ჭამას, მაშხალების ბათქა-ბუთქს, ახლობელ-ნათესავებთან გალეშვას კი არა, საკუთარი თავისთვის ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემას ნიშნავს. ეს განახლების მომენტია. ადრე არ ვიცოდი, თურმე შეიძლება, რომ კომპიუტერის მსგავსად, საკუთარ თავსაც გამოუცვალო ოპერაციული სისტემა. არ ივარგებს? გაჭედავს? პროგრამებს არ წაიღებს? მუსიკას არ დაუკრავს? ფილმებს არ გაგიხსნის? -რა პრობლემაა, გადააყენებ.

მე და შენ მილიონჯერ გვიჩხუბია და ამდენჯერვე გვიწოდებია ერთმანეთისთვის ის, რისი სახელიც ახლა არ ითქმის, მაგრამ როცა არ უნდა მკითხონ, ვის უღალატობაში არ გეპარება ეჭვიო, არც კი დავფიქრდებოდი, ისე დაგასახელებდი შენ, ჩემო ისაკ.

ახლა კი, ამ წინასაახალწლო აურზაურის დროს, როცა ლარი ეცემა, ნიგვზის ფასი კი მაღლა მიიწევს, იმედი მაქვს, რომ შენი გონების ოპერაციულ სისტემას განაახლებ და საბოლოოდ გამოათავისუფლებ იმ ადამიანს, რომელსაც 26 წელია იქ მალავ, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უნდა. მას შეუძლია იყოს თავისუფალი – ის რაც აქამდე ვერცერთმა ვერ მოვახერხეთ.

ალბათ გახსოვს, როცა პირველი მოწონებული გოგოს შესახებ მომიყევი, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მე გირჩიე, მიდი და ტუჩებში ეძგერე-მეთქი. ცხადია, ამ რჩევის სისწორის თავდაც არ მჯეროდა. ის ამბავი ცუდად დასრულდა. ახლა, ამ რჩევისა თუ სურვილის ისე მწამს, როგორც იმის, რომ მე მქვია დავით გორგილაძე, შენ კი ირაკლი ისაკაძე და, რომ 21 წლის წინ ჩამორთმეულ ხელებს ისევ მაგრად უჭირავთ ერთმანეთი და ბოლომდე არ გაუშვებენ.

ბევრ რამეს გისურვებ:

გისურვებ, რომ ჰიდეო კოჯიმა კარგად მოეწყოს ახალ კომპანიაში და კარგი თამაშები შეგიქმნას;

გისურვებ, რომ ტარანტინო კინოდან არ წავიდეს;

გისურვებ, რომ ამ წელს ახალი მიზეზი მოიფიქრო, თუ რატომ არ პასუხობ სატელეფონო ზარებს;

გისურვებ, რომ ორთაჭალამ ჩაიცვას თეთრი, შენ კი არ ჩაიცვა კაბა ყვავილის;

…და ბოლოს, ჩემო ძველო და ერთგულო მეგობარო, გისურვებ, რომ 2017 წლის დამდეგს დაისახო მიზნები და შეეცადო მათ მიღწევას; საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომ იყო ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე, როგორც ცხოვრების დინება გვკარნახობს. მე მჯერა შენი იმაზე მეტად, ვიდრე ტიმონს სჯეროდა პუმბასი, ასტერსს ობელიქსის, ბეტმენს რობინის, შურისმაძიებლებს ერთმანეთის, სირიუს ბლეკს კი – ჰარი  პოტერის.

ახალ წელს გილოცავ ისაკ!

აკუნა – მატატა.

კოგნიტიური მოსწავლეობა

0

საუკუნეთა განმავლობაში დადასტურდა, რომ კოგნიტიური მოსწავლეობა სწავლების ეფექტიანი ფორმაა. ოსტატის ან სხვათა გვერდით მუშაობით ახალგაზრდებმა ბევრი უნარ-ჩვევა და ხელობა შეიძინეს. ცოდნით შეიარაღებული მეგზურები აწვდიან მათ მოდელებს. დემონსტრირება და შესწორებები, ისევე როგორც პირადი მაგალითი, ზრდის მოტივაციას. მოსწავლის კომპეტენციის ზრდასთან ერთად საჭირო მოქმედებები რეალური, მნიშვნელოვანი და უფრო რთული ხდება. რეალურ დავალებებში მონაწილეობის გზით, გამოცდილი მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეები ითვისებენ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ღირებულებებს. ამასთან, ორივეს, „შეგირდებსაც“ და „ოსტატებსაც“, თავიანთი წვლილი შეაქვთ ურთიერთობის ამ პროცესში უნარ-ჩვევების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ალან კოლინსი და მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ სკოლაში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ბევრი არაფერი აქვს საერთო სკოლის გარეთ მათ მოხმარებასთან. ამ დისბალანსის გამოსასწორებლად განათლების ზოგიერთი სპეციალისტი სკოლებს ურჩევს, გაითვალისწინონ კოგნიტიური მოსწავლეობის ბევრი მახასიათებელი. იმის მაგივრად, რომ ისწავლო ძერწვა, ცეკვა ან შენება კაბინეტებში, მოსწავლეობა ფოკუსირებული უნდა იყოს ისეთ კოგნიტიურ მიზნებზე, როგორებიცაა წაკითხულის გაგება, წერა და მათემატიკური პრობლემების გადაჭრა. არსებობს კოგნიტიური მოსწავლეობის მრავალი მოდელი, რომელთა უმრავლესობა იზიარებს შემდეგ 6 მახასიათებელს:

  • მოსწავლეები აკვირდებიან ექსპერტს (როგორც წესი, მასწავლებელს), რომელიც იძლევა საქმის შესრულების ნიმუშს;
  • მოსწავლეები იღებენ გარე მხარდაჭერას წვრთნისა და ზედამხედველობის მეშვეობით (მათ შორის – მინიშნებებით, უკუკავშირით, ნიმუშებითა და შეხსენებებით);
  • მოსწავლეები იღებენ კონცეპტუალურ დახმარებას, რომელიც შემდეგ თანდათან უჩინარდება, როცა მოსწავლე უფრო კომპეტენტური და დაოსტატებული ხდება;
  • მოსწავლეები აგრძელებენ თავიანთი ცოდნის ვერბალიზაციას – პროცესებისა და ნასწავლი მასალის სიტყვებით გამოხატვას;
  • მოსწავლეები ახდენენ თავიანთი პროგრესის რეფლექსიას, ადარებენ რა საკუთარ მოქმედებას პრობლემის გადასაჭრელად ექსპერტის მოქმედებას;
  • მოსწავლეებს მოეთხოვებათ, მოსინჯონ ნასწავლის გამოყენების ახალი გზები, გზები, რომლებიც ოსტატის გვერდით არ უსწავლიათ. სწავლის დროს მოსწავლეებს უწევთ, დაეუფლონ რთულ ცნებებსა და უნარ-ჩვევებს, მოახდინონ მათი რეალიზაცია სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში.

როგორ შეუძლია სწავლებას, უზრუნველველყოს კოგნიტიური მოსწავლეობა? ამის ერთ-ერთი მაგალითია მენტორობა სწავლებაში. მეორეა შერეული ასაკის ჯგუფები. ინდიანაში, ინდიანაპოლისის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ყოველდღიურად გარკვეული ხნის განმავლობაში გვერდიგვერდ მუშაობდნენ წრეში, რომელშიც კოგნიტიური მოსწავლეობის მრავალი მახასიათებელი იყო ჩართული. წრეებში ყურადღებას ამახვილებდნენ რაიმე ხელობაზე ან მიმართულებაზე, მაგალითად, მებაღეობაზე, არქტიტექტურაზე ან “ფულის კეთებაზე”. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებში ექსპერტობის სხვადასხვა დონე იქნა გამოვლენილი. ამრიგად, მოსწავლეებს შეუძლიათ, კომფორტულად ისწავლონ და, იმავდროულად, ჰყავდეთ ზედამხედველი ოსტატი.

კოგნიტიური მოსწავლეობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია მიდგომა, რომელიც ეფუძნება ურთიერთსწავლების (რეციპროკულ) მეთოდს.

კოგნიტიური მოსწავლეობა მათემატიკის სწავლის დროს. კოგნიტიური მოსწავლეობის მოდელის კიდევ ერთი მაგალითია მათემატიკური პრობლემების გადაჭრის სწავლების შოენფელდის მეთოდი. შოენფელდმა აღმოაჩინა, რომ პრობლემის გამოუცდელი გადამჭრელები გამოსავლის ძიების არაეფექტიან გზას მიჰყვებიან (მიუხედავად იმისა, რომ ამ გზას ისინი სწორ გამოსავლამდე არ მიჰყავს). მათგან განსხვავებით, ექსპერტი პრობლემის გადამჭრელები გადაწყვეტილების ძიებისას კოგნიტიურ პროცესებს იყენებენ, მათ შორის – ქცევის დაგეგმვას, განხორციელებას, ვერიფიკაციას – ისინი ამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში ცვლიან ქცევას შედეგების გათვალისწინებით.

იმისთვის, რომ მოსწავლეებს პრობლემათა გადაჭრის ექსპერტებად ქცევაში დაეხმაროს, შოენფელდი მათ სამ მნიშვნელოვან კითხვას უსვამს: რას აკეთებ? რატომ აკეთებ? როგორ დაგეხმარება მიღწეული წარმატება გამოსავლის პოვნაში? ეს კითხვები ეხმარება მოსწავლეებს, აკონტროლონ თავიანთ მიერ გამოყენებული პროცესები და ააგონ თავიანთი მეტაკოგნიტიური ცნობიერება.

აი, ერთი მაგალითი:

სესიები იწყება, როცა ვარიგებ კითხვების სიასხშირად რომელიმე მოსწავლესშთაგონებაეწვევა ხოლმეჩემი დანიშნულება არკი”- ანარა”- თქმა, არც მოსაზრებების შეფასება. მე უფრო დიკუსიისთვის საკითხების წამოჭრა მევალება. როგორც წესი, რამდენიმე მოსწავლე პასუხობს, რომ მათ ვერ გაიგეს პრობლემის არსი. როცა ამოცანიდან აზრს გამოვიტანთ, ზოგს უჩნდება ეჭვი, რომ მოსაზრება [X] უბრალოდ უაზროაამ შემთხვევაში მე გამოვდივარ შუამავლის როლიდან, რათა მთელ კლასს გავაგებინო: ჯერ ვიდრე გამოსავლის ძიებაში გადაეშვებოდეთ, დარწმუნდით, რომ გესმით დასმული პრობლემა. სხვაგვარად გამოვა, რომ ნადირობისას დაუმიზნებლად ესვრით გარეულ იხვს“.

პრობლემის გაგებისა და გადაჭრის პროცესების ამგვარი მონიტორინგი ეხმარება მოსწავლეებს, მათემატიკოსებივით დაიწყონ ფიქრი და მოქმედება. ამ პროცესის განმავლობაში შოეფელდი იმეორებს ზემოთ მოყვანილ სამ კითხვას (რას აკეთებთ? რატომ? როგორ დაგეხმარებათ ეს?). თითოეული ეს კომპონენტი ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ და დაარეგულირონ თავიანთი ქცევა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...