შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

ცხოველების ფერმა

0

 

„ყველა ცხოველი თანასწორია (შემდეგ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები)“.

ჯორჯ ორუელი

რამდენიმე დღის წინ პორტალ edu.aris.ge-ზე წავიკითხე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ შესაძლოა ცვლილებები მოხდეს. „საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კერძო სკოლების დაფინანსების წესი და პირობები. ამის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა დააფინანსოს კერძო სკოლები“, – ვკითხულობთ საიტზე. ამას ეთანხმებიან როგორც განათლების სამინისტროში, ისე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტშიც, სადაც მხარიც დაუჭირეს ცვლილებებს.
კერძო სკოლები აქამდე სახელმწიფოსგან იღებდნენ და იღებენ ერთ მოსწავლეზე გაცემულ ვაუჩერულ დაფინანსებას, გარდა იმისა, რომ მათ მომსახურების ხარისხისა და ინკლუზიურობის მიხედვით დაწესებული აქვთ გადასახადები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე mes.gov.ge მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალში შედის „საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაც, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ 2013 წლიდან ტრანსპორტი ემსახურებოდა 335 საჯარო სკოლის 15174 მოსწავლეს, ხოლო 2015-12016 წლების შემოდგომის სემესტრში ეს რიცხვი 1123 სკოლის 64210 მოსწავლემდე უნდა გაზრდილიყო. როგორ განხორციელდა პროექტი, ამის შესახებ ინფორმაცია განახლებული არ არის, თუმცა ჩვენ, სკოლის მასწავლებლებმა, მშობლებმა, ვიცით, რომ ძალიან ბევრი სოფლის მოსწავლეებსა და სკოლებს, რომლებიც მათ ემსახურებიან, სჭირდებათ ტრანსპორტო სამცხე-ჯავახეთში, მაღალმთიან აჭარაში.

რაიონების სკოლებს, დაფინანსების დღევანდელი სისტემის მიხედვით, აქვთ საიმისო თანხა, რომ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად წარმართონ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვერ არემონტებენ საკლასო ოთახებს, სპორტდარბაზებს, დერეფნებს, საპირფარეშოებში ელემენტარული ჰიგიენური ნორმებიც კი არ არის დაცული. ამ დროს განათლების სამინისტროსა და კომიტეტში საუბრობენ თანაბარ დაფინანსებაზე კერძო და საჯარო სკოლებთან მიმართებით.

გამოდის, რომ სახელმწიფო ათანაბრებს გაცემულ სიკეთეებს – თანხებს, თუმცა იღებს სრულიად განსხვავებულ, არათანაბარ და დისკრიმინირებულ შედეგს: კერძო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ ყველა სასკოლო ინვენტარი და საგანმანათლებლო რესურსი, დამატებით მიიღებენ დაფინანსებას და ეს თანხა მოაკლდებათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ისედაც თითქმის არაფერი აქვთ. უფრო მეტიც – ამ თანხებს კერძო სკოლების მოსწავლეები კი არ მიიღებენ, არამედ სკოლების მფლობელები.

განათლება, რა თქმა უნდა, პროდუქტია, რომელსაც მასწავლებელი ყიდის და ამაში ხელფასს იღებს. განათლებას ყიდის კერძო სკოლაც მასწავლებლების მეშვეობით, უფრო სწორად, ის ყიდის შესაძლებლობას – უკეთეს გარემოში უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას, თუმცა სახელმწიფოს მხრივ ამ მიდგომის წახალისება თავისუფალ, ლიბერალურ ბიზნესგარემოსა და ინტერესებზე ზრუნვა კი არა, უგუნურებაა.

თანაბრობა გაცემული სიკეთეების ერთნაირად განაწილება კი არ არის, არამედ ისე განაწილება, რომ შედეგი იყოს მაქსიმალურად თანაბარი, ან, უფრო სწორად, თანაბარი იყოს შესაძლებლობები  ამ შედეგის მისაღებად.

დღეს კი რას ვიღებთ? – გვაქვს სკოლები, რომელთა მოსწავლეები ყოველდღე ფეხით გადიან რამდენიმე კილომეტრს, არ აქვთ გათბობა, ნორმალური კომპიუტერული ტექნიკა, საგაკვეთილო პროცესში ვერ ხერხდება ტექნოლოგიების გამოყენება, მეორე მხარეს კი არის ძალიან კარგი საკლასო ოთახებით, ინვენტარით, საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი კრეძო სკოლები, რომლებიც, კერძო გადასახადებთან ერთად (რომელთა რეგულაციაც ასევე არ ხდება და სკოლის მფლობელს შეუძლია, ასტრონომიული თანხა დააწესოს გადასახადად), ვაუჩერულ დაფინანსებასაც იღებენ. ამ შემთხვევაში არც კერძო სკოლის მოსწავლეები და მშობლები არიან დაცულნი –რეალურად მათაც კი ვერ და არ იცავს სახელმწიფო.

საბოლოო ჯამში, გამოდის ცვლილებები არა თანაბრობისა და კეთილდღეობისთვის, არამედ ჩაგვრისა და უთანასწორობისთვის და ვიდრე ბევრი კერძო სკოლის დირექტორი მდიდრდება მოსწავლეებისა და სახელმწიფოს ხარჯზე, სანაცვლოდ კი, ხშირ შემთხვევაში, საჯარო სკოლებზე არცთუ ბევრად უკეთეს განათლებას აძლევს მოსწავლეებს, დადიან ბავშვები სკოლებში რამდენიმე კილომეტრზე თოვლში, წვიმაში, ფეხით და ეძებენ ლოგიკას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლებისგან ძალიან შორსაა გადამალული.

დროის, მდინარისა და თავისუფლების შესახებ

0

*

2010 წელს ასეთი გულუბრყვილო რაღაც ჩამიწერია:

„რამდენს ინატრებდიო, რომ მკითხონ, სისხლსავსედ ცხოვრების ხუთ წელს ვიკმარებდი ალბათ, ოღონდ თუ ამაში ძილი და დასვენების საათები არ ჩაითვლება. რომ შემეძლოს, ძილს ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან“.

ახლა ისე ხდება, რომ ყველაზე მეტად დილის ძილს ვერ ველევი, ბავშვებს ოთახიდან დავიფრენ და ჯერაც თბილი, შერჩენილი სიზმრის ფრაგმენტებს მივუბრუნდები ხოლმე.

ამიტომ გურამ რჩეულიშვილზე გაგონილი ლეგენდებიდან გულწრფელად მხიბლავს და მაოცებს ის ერთი, რომელიც ლეგენდარული რეალობა უფროა, და კარგად გვიჩვენებს ახალგაზრდა კაცის ნიჭიერებას, რჩეულობას:

საოცარი ნაყოფიერება!

უნაყოფო მწერლები ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ როდესაც ოცდაექვსი წელი ამოდენა შემოქმედებით მემკვიდრეობას (მოთხრობები, ნოველები, დღიურები, პიესები, პირადი მიმოწერა) ტოვებს, ყველა შეგნებულ ადამიანს/მწერალს უჩნდება სურვილი, თავაუღებლად იშრომოს და სიტყვად აქციოს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება. არაფერი გამორჩეს, გაუფრთხილდეს და შეინახოს წვრილმანიც კი.

ალბათ ესაა გურამ რჩეულიშვილის – უწყვეტი ფიქრისა და შრომის – საიდუმლო.

*

ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი და „პერსპექტიული“ მეთქმოდა, ერთ-ერთი სოფლის გუნდთან დაძაბული მატჩის შემდეგ, მასპინძლებმა ენგურზე „დაგვპატიჟეს“ – მთელი გუნდი ავიყარეთ, მწრთვნელებიან-მშობლებიანად გავავსეთ ავტობუსი და დამტვრეულ გზას გავუყევით მდინარისკენ.

წინა დღის ნაწვიმარია, ბანაობას არ გირჩევთო, – გვაფრთხილებდა ერთი იმათგანი, ეტყობა უფრო გამოცდილი, მაგრამ არ დავიშალეთ ცურვის იშტაზე მოსულებმა და მღვრიე წყალში შევცვივდით ყველანი.

პირველივე გაბრძოლებაზე დავყარე ფარ-ხმალი. ჩქარმა და მრისხანე ნაკადმა გულაღმა დამაგდო, გამკლავება ვცადე, ხელიც გავიქნიე, მაგრამ მეორე შემოქნევაც წამომეწია და ძლივ-ძლივას, ფორთხვა-ფორთხვით გავაღწიე ნაპირამდე.

ნაპირზე ჩემსავით დალეწილი, სიცივისგან მობუზული ბიჭები ეყარნენ. ტუჩები დალურჯებოდათ და ტანზე ხორკლი ეყარათ. მაშინ ვიფიქრე, თუ ოდესმე ფეხბურთში რამის მიღწევა გვინდა, ენგურივით ულმობელი თავდასხმა უნდა გვყავდეს და დაცვა, რომელიც ასეთ თავდასხმას შეაკავებს-მეთქი.

უფრო გვიან, როცა თამაშს თავი გავანებე და სწავლისთვის მოვიცალე, რამდენიმე ისეთი წიგნი შემომხვდა, სადაც ენგური გაელვებად კი არა, ან „ბუნების აღწერის“ შემადგენელ ნაწილად, არამედ, შეიძლება ითქვას, ბედისწერადაც კი მოჩანდა.

კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ პერსონაჟად ექცია ენგური – აბორგებული, სვანეთის ლანქერებიდან გახელებული, დაუდეგარი შხუილით რომ მოჰქრის და ტალღები ცეკვით მისრიალებენ უსრულო სარკისებრ გალაქულ სივრცეში.

გრიგოლ რობაქიძეს კი სულაც თავისი პერსონაჟისთვის შეერქმია – ეს ის თამაზ ენგურია „ჩაკლული სულიდან“, რომელიც ძნელ დროში ყოფნისა და სულიერი მერყეობის მიუხედავად, „მეტყველ სახეს“ მაინც ინარჩუნებს და კათარსისსაც აღწევს.

– გივერგილ, იმე ხარი? – ახლაც მზარავს ლეო ქიაჩელის მოთხრობიდან ალმასგირ კიბულანის ხმა, რომელიც ჯებირის ნგრევას მოჰყვა ნაპირზე. მამა ენგურის ზვირთებში დაკარგულ შვილს უხმობს. მხარბეჭგაშლილს მარჯვენა ხელში თოკის ერთი თავი უჭირავს, მარცხენაში – მეორე თავი. ხან ერთს დახედავს, ხან მეორეს და ცოფმორეული მხეცივით ღმუის: „გივერგილ, იმე ხარი?“. ღმუის და დაეძებს, ქალღმერთ დალის ავედრებს და მართლაც – იქ, სადაც ენგური ზღვას უერთდება, აციალებული ზღვის სიღრმეში დაინახავს მთვარის შუქმფენ სახეს. ეს გივერგილას მფარველი დალია, რომელიც ზეციდან ძირს დაეშვა, სადღაც ახლოს. დალის ოქროს თმებში თვალგახილული, მოღიმარი გივერგილა გაუხვევია და ალერსით გულში ჩახუტებული უფსკრულიდან ამოჰყავს. „გივერგილ!“ – არაადამიანურად გახარებულია ალმასგირი, მძიმე ტანს აიმჩატებს, ჰაერში შემართული ხელების დიდრონ, კაუჭა თითებს მოლანდებული შვილისკენ გაიშვერს, წყალს შეაპობს და ზღვაში შეიჭრება…

2012-ის ზაფხულში, აგვისტოს მოღრუბლულ დღეს, ლატალში ყოფნისას, ლახუშდის ეკლესიასთან მისულმა, ჩავხედე მღვრიე ენგურს. ვერ ვიცანი. ადრე ნანახს და წიგნში წაკითხულს არ ჰგავდა. თითქოს ნაწყენი და გაბრაზებული იყო იმ კაცივით, ჩხუბის დროს რომ გააშველებენ და მეტოქე გაულახავი დარჩება.

*

მდინარე. დინება. დინების საწინააღმდეგო სვლა. „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

უცნაურია, რომ  37-ში რეპრესირებულთა შთამომავლების დიდი ნაწილი ასე დაუფარავად დაუპირისპირდა ეროვნულ მოძრაობას, კონკრეტულად – მოძრაობის ლიდერს ზვიად გამსახურდიას. რასაც შენი მამა-პაპანი ეწირებიან, რისთვისაც მათი ხსოვნა გეძვირფასება, – ქვეყნის თავისუფლება, – რატომ ხდება მერე ასე მიუღებელი, აბუჩად ასაგდები, ჩასაქოლავი, გასამეტებელი? თუ ერთი პიროვნებისადმი სიძულვილი განაპირობებს მის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობაზე უარის თქმას (როგორც ეს 90-იან წლებში გამოჩნდა), მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია მთელი ქვეყანა. ისე კი, არც მაშინ და არც დღეს არ გვიფიქრია, რომ ერთმანეთისთვის შემართულ იარაღს სხვა ვინმეც შეიძლება გამორჩეს რამეს.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გლობალურ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობა და განიარაღებაა, თუმცა არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმი. გლობალური გეოგრაფიის გაკვეთილისთვის გთავაზობთ მასალას და სადისკუსიო კითხვებს, რომლებიც შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

კითხვები გაკვეთილის დასაწყისისთვის:

  • როგორ ფიქრობთ, რა არის ტერორიზმი? რამ წარმოშვა ის?
  • რა აიძულებს ადამიანს, თავი გაწიროს ტერაქტის მოსაწყობად?
  • ვინ უფრო გეცოდებათ – ტერორისტი თუ მისი მსხვერპლი?
  • როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
  • სწორად ებრძვიან თუ არა დღეს ტერორიზმს ზესახელმწიფოები?
  • ერთი და იგივეა თუ არა ტერორიზმთან ბრძოლა და ტერორისტებთან ბრძოლა?

2011 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა. პრაქტიკულად, არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მოვლენის განსაზღვრის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის, 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, სადაც ის ტერორიზმის განმარტებას ცდილობს: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე გლობალური ეფექტებით… თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებზე“.

ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე უკანონო გზით გავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ტერორიზმი არის ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო განსაზღვრავს ტერორიზმის ოთხ ძირითად ნიშანს:

◦ ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი;

◦ ქმედება, რომელიც გამიზნულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

◦ ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ;

◦ დაბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ (იხ. სოციალური და რელიგიური ტერორიზმი).

ფართოდ არის გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს ტერორიზმი იყოს ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავს ასეთად მიიჩნევს) თავისი დამცირებისთვის საჯარო ყურადღების მისაპყრობად. მათთვის, ვინც ებრძვის შეუდარებლად ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია, მეტ-ნაკლებად გააწონასწოროს მხარეთა საბრძოლო საშუალებები. ტერორიზმის მიღმა უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრები იმალება. შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებასთან.

ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პირებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოოდ მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, ხელი შეუწყო 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებას.

თანამედროვე ტერორიზმი შეიძლება დაიყოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ორ მიმართულებად. პირველი, ლოკალური ტერორიზმი, ხშირად სათავეს იღებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისგან და წარმოადგენს ამ მოძრაობის არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს. საყურადღებოა, რომ ასეთი მოძრაობები ხშირად შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით არის ლეგალიზებული. ტერორიზმის მეორე სახესხვაობას დღეს საერთაშორისო (ზოგჯერ – გლობალურ) ტერორიზმად მოიხსენიებენ და, საზოგადოდ, გლობალური საფრთხის შემცველ ქმედებად მიიჩნევენ. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით გვხვდება პრაქტიკულად ყველგან, მთელ მსოფლიოში. 1960-1970-იან წლებში ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) უმთავრესად მარქსისტული ექსტრემიზმის სახით და ლატენტურად დღესაც არსებობს ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილოეთ ირლანდიაში), სადაც ეროვნულ უმცირესობათა (ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ტერორიზმის გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

ხშირად ტერორისტებს უწოდებენ მათ, ვის იდეებსა და მოქმედების მეთოდებსაც არ იზიარებენ. ბრაიან ჯენკინსი (Brian Jenkins) ამბობს: „ის, თუ რა შეფასდება ტერორიზმად, დამოკიდებულია შემფასებლის მსოფლმხედველობაზე. ამ ტერმინის გამოყენება გულისხმობს მორალურ განსჯას. თუ ვინმემ მოახერხა და ოპონენტს ტერორისტის იარლიყი მიაკერა, ეს მის იდეურ გამარჯვებას ნიშნავს და იმის მაუწყებელია, რომ მან მოახერხა სხვების დარწმუნება საკუთარი პოზიციის მართებულობაში“. შესაბამისად, ტერორისტად „მონათვლა“ სუბიექტური საკითხია. თუ ვინმე თავს მსხვერპლად მიიჩნევს, ძალადობის აქტი ტერორიზმად ფასდება, თუ დამნაშავედ – ძალადობის აქტი შესაძლოა უფრო რბილად, პოზიტიურადაც კი შეფასდეს (უარეს შემთხვევაში – პროვოკაციულად). მიდგომას, რომლის მიხედვითაც ძალადობის ტერაქტად შეფასებას მსხვერპლად იდენტიფიცირება განსაზღვრავს, შეიძლება მივაკვლიოთ NATO-ს (რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დასავლური სახელმწიფოების მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვარ სტატუს-კვოს) კომისიების დასკვნებში. 1989 წლის ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის სუბკომიტეტის საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: „მკვლელობა, გატაცება, ცეცხლის გახსნა და სხვა არაკანონიერი ქმედებები წარმოადგენს კრიმინალურ აქტებს, მაგრამ ბევრი არადასავლური სახელმწიფო ტერაქტებს სინამდვილეში თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს“. ამ შემთხვევაში ტერორიზმის მთავარი შემფასებელი ძალადობაა და არა მოტიცავია ან მიზნები.

NATO–ს კომიტეტის განმარტება არ გამოგვადგება, რადგან ის სახელმწიფოსა და ცალკეული ჯგუფების მიერ ჩადენილ ძალადობას ერთსა და იმავე კონტექსტში განიხილავს – ცხადია, უდიდესი განსხვავებაა პლასტიკატის ყუთში მოთავსებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიუგნებელ ადგილას დამალულ კუსტარულ ბომბსა და და ბოლო თაობის ასაფეთქებელ საშუალებებს შორის, რომელსაც სუპერთანამედროვე თვითმფრინავი 7 000 მეტრი სიმაღლიდან აგდებს. მაგალითად გამოდგება Luftwaffe-ს (გერმანიის საჰაერო ძალების სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის დროს; ითარგმნება როგორც „საჰაერო ძალები“) რეიდები ვარშავასა და კოვენტრიში, აშშ-ის მიერ ჩამოყრილი ბომბები ხიროსიმასა და ნაგასაკიში, აგრეთვე ცივი ომის დროინდელი დაპირისპირება სუპერსახელმწიფოებს შორის, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ბირთვული ომით ორივე ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას და არამარტო მას. შეიძლება, ისინი ტერაქტებად მივიჩნიოთ? ტერორისტული ორგანიზაციებია: ალ-ქაიდა, ეტა, „თამილის ვეფხვები“, „პირდაპირი მოქმედება“, რევოლუციური ორგანიზაცია „17 ნოემბერი“, წითელი არმიის ფრაქცია.

 

გლობალური ტერორიზმის ინდექსი

111111111111111111

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

2222222222222222222

ჯგუფებმა უნდა გამოყონ ტერორიზმის ინდექსის მაღალი მაჩვენებლების არეალები და შეადარონ ყველაზე მასშტაბური ტერაქტების რუკას; დაადგინონ, ემთხვევა თუ არა მაღალი მაჩვენებლების არეალები და მასშტაბური ტერაქტების გავრცლება.

 

კითხვები დისკუსიისთვის:

  1. ნიშნავს თუ არა ომის არარსებობა სხვებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას?
  2. არის თუ არა მშვიდობა თანაბრად მნიშვნელოვანი ყველა კულტურისთვის?
  3. არსებობს თუ არა საფუძველი, იმედი გვქონდეს, რომ მომავალში მსოფლიო მშვიდობიანი გახდება?
  4. რატომ არსებობს სხვადასხვა აზრი მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
  5. ადამიანის შინაგან მშვიდობას ხალხი ხშირად უკავშირებს რელიგიას. რატომ ხდება ასე?
  6. აუცილებელია, ადამიანი რელიგიური იყოს, რათა შინაგანი მშვიდობისთვის საჭირო ფასეულობები ჰქონდეს?
  7. მომავალში რამდენად მეტი ომი გაიმართება ძირითადი ბუნებრივი რესურსებისთვის (მაგალითად, წყლისთვის) სხვა მიზეზით წარმოებულ ომებთან (მაგალითად, ეთნიკურ, კულტურულ ან რელიგიურ დაპირისპირებასთან) შედარებით?
  8. როგორ ფიქრობთ, ბუნებასთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელოვნება აქტუალურია თუ არა საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად?

 

მოსწავლეები კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ და მოემზადონ დისკუსიის შედეგების მოსახსენებლად.

აქტივობის ბოლოს იკრიბებიან პლენარულ სხდომაზე და ყველა ჯგუფი აკეთებს მოხსენებას.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები და ლიტერატურა:

  1. https://www.ipress.ge/new/18152-XXI-saukunis-10-yvelaze-masshtaburi-teraqti
  2. ვ. მელიქიძე, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის, თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

სპორტი – ქვეყნები და ადამიანები

0

ალბათ ძალიან ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფეხბურთი სამართლიანი სპორტია და მატჩისას წარმატების მიღწევა ყველას თანაბრად ხელეწიფება. ამ შეხედულების სიმცდარეს თუნდაც მასპინძლის ფენომენი და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი უსამართლობები ადასტურებს.

სპორტის რომელი სახეობაც არ უნდა აიღოთ, მასპინძელ გუნდსა და სპორტსმენს ყველგან  გარკვეული უპირატესობა აქვს. რა ტიპისაა ეს უპირატესობა? პირველი ის, რომ მასპინძელი არ იცვლის ცხოვრების წესს, ცხოვრობს იმ წესით, იმ საჭმელს ჭამს, იმ ჰაერს სუნთქავს და იმ ადამიანებთან ურთიერთობს, რომელიც არანაირად მას დისკომფორტს არ უქმნის. რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ყველა ადამიანი ყველაზე კარგად თავს საკუთარ სახლში გრძნობს. ევროპაში როცა მიგრაციის თავისუფლება გაჩნდა, ყველა იქ წავიდა, სადაც თავი უკეთ იგრძნო. როცა გერმანიის, ინგლისის, ჰოლანდიისა და პაკისტანის საფეხბურთო ნაკრებიც კი სახლში თამაშობენ, მათ აქვთ ეს უპირატესობა. ყველა სტადიონზე მასპინძელთა გულშემატკივარი სჭარბობს მოწინააღმდეგის გულშემატკივართა რაოდენობას. მედია განწყობილია განსაკუთრებულად, იმიტომ, რომ ნაციონალური გუნდი ხარ. შენ, როგორც მასპინძელი, აუცილებლად აღმოჩნდები არა მარტო მთელი ნაციის ყურადღების ცენტრში, არამედ შენს თამაშზე სიარულს პრეზიდენტები და კანცლერები იწყებენ, მათ შეიძლება ცხოვრებაში ათასი წელი ფეხბურთი არ აინტერესებთ, მაგრამ პოლიტიკურად გასაგებია მათი მოტივაცია.

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მასპინძლების მიმართ მსაჯები განსაკუთრებულად კეთილგანწყობილნი არიან. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ყვითელი ბარათის გამოყენება, 100-დან 100 შემთხვევაში მას მიიღებს სტუმარი, 100-დან 80 შემთხვევაში – მასპინძელი. ბოლოს და ბოლოს მსაჯიც ადამიანია. 100 ათასი გერმანელის თვალწინ მაინცდამაინც გერმანელის კვლას ვერ დაიწყებს. ამიტომ მასპინძლის მოწინააღმდეგის მიმართ მიკერძოებული ვერასოდეს იქნება. მაგრამ ყველაზე მთავარი აქ სხვა რამ არის. მასპინძელი ბიოლოგიურადაა ჩაწერილი ამ გარემოში. თუ გინდა 10 წელი ითამაშე უცხოურ კლუბში, გერმანელი რომ ხარ და გერმანიაში თამაშობ, ეს არის გარემო, რომელიც შენთვის საუკეთესოა, იმიტომ, რომ მრავალი წელი შენმა წინაპარმა თავისი გენეტიკა  მაინცდამაინც ამას შეუწყო.

ენა და ფეხბურთის ცოდნა ხომ სხვადასხვა რამ არის, ენა არ გადადის გენეტიკურად. ქართველი ბავშვი თუ იაპონიაში დაიბადება ილაპარაკებს იაპონურად, იაპონელს მასთან შედარებით უპირატესობა არ ექნება, მაგრამ როდესაც იაპონელი ბავშვი ჩამოვა საქართველოში და შეჭამს ცხარე საჭმელს, შეიძლება ავად გახდეს, იმიტომ რომ მას ეს გენეტიკურად აქვს გადაცემული. ზუსტად ასე – როგორ უნდა ითამაშო გერმანიაში,  როგორ მოძრაობს ფეხი, როგორია მინდორი და სხვა ეს იმდენად ღრმად ახლოს არის საკუთრივ გერმანელთან, რომ სხვასთან ასე ვერაფრით იქნება. გაირკვევა, რომ ვიღაცისთვის მინდორი ისეთი არ არის, როგორიც სურდა, ვიღაცისთვის ბურთი არ არის სასურველი. მასპინძლისთვის კი ყველაფერი კარგია.

ძალიან ბევრად უნდა აღემატო მასპინძელს, რომ მოუგო. სხვათა შორის, იტალიელები კარგად ზომავენ საკუთარ ძალებს და იციან რომელ თამაშში რამდენი პროცენტით უნდა დაიხარჯონ. ეს ხშირ შემთხვევაში ამართლებს. ხშირად გერმანიაც კი არ არის იტალიასავით რაციონალური. თანაბარ პირობებში მასპინძელი იგებს, მაგრამ უპირატესობა იმხელა არაა, რომ თუ საქართველოში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი, აუცილებლად ჩვენ გავხდებით ჩემპიონები. თუმცა, ოცნებებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ…

 

 

 

ინტუიცია vs. ლოგიკა – ყველგან ალბათობა

0

 

ახლახანს ჩემმა საყვარელმა ლექტორმა ლატარიაში ჯეკპოტი მოხსნა. გულწრფელად ვულოცავ მას ამ მოგებას. ვის არ გვინდა, ქუდბედიანი ადამიანების მსგავსად გაგვიმართლოს, მაგრამ ლატარიაში მოგებას ყველანი მაინც შემთხვევითობას, იღბალს ვაბრალებთ და არავინ ვიტყვით, რომ ლატარიების რიცხვების ამოცნობას ლოგიკა სჭირდება. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, საკითხი მათემატიკოსებთან გამერკვია, ჰოდა, ერთობლივი გაკვეთილის ამ თემაზე ჩატარების იდეაც მაშინ გაჩნდა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ ჩემს შეკითხვას, რა შანსი მაქვს, ერთ-ერთი მორიგი გამარჯვებული ვიყო მეც (პირობითად). სინამდვილეში კი მე და პეტრეს გვინდა, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მოსწავლეები დაფიქრდნენ, რამდენად სანდოა ინტუიცია და ღირს თუ არა ფულის გამეტება ლატარიის ბილეთების საყიდლად და საერთოდ, ღირს თუ არა ფულზე თამაში ამისთვის განკუთვნილ ნებისმიერ დაწესებულებაში.    

       ერთხელ სოკრატე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, ლამის ძალდატანებით, მიიყვანეს მდიდარი კომერსანტის კეფალეს სახლში. იმ დღეს ზღვისპირა საპორტო ქალაქი პირეოსი ერთი წლის წინ შემოსული ქალღმერთის ბენდისის დღეს აღნიშნავდა. ასეთ ღირსშესანიშნავ მოვლენას სოკრატე ვერ დააკლდებოდა, პატარა ამბავი ხომ არაა, ახალი ღვთაების შემოსვლას დააკვირდე, შენივე თვალით ნახო, დაიმკვიდრებს თუ არა ადგილს ახალი ღმერთი ტრადიციული ღმერთებით გადავსებულ ბერძნულ პანთეონში და, თუ ფეხს ვერ მოიკიდებს, ამის მიზეზებიც ახსნა. თანაც პირეოსი ათენიდან რამდენიმე კილომეტრში იყო და ის, რაც მისაღები გახდებოდა პირეოსისთვის, ათენშიც მალე გავრცელდებოდა. სადღესასწაულო ცერემონიალის დასრულების შემდეგ ასაკში შესული კეფალე მცენარეების ტოტებისგან შეკრული მსხვრეპლშეწირვისთვის დამახასიათებელი გვირგვინით დამშვენებული სავარძელში ჩამჯდარი დახვდა სოკრატეს და თავაზიანი საუბარი გაუბა ფილოსოფოსს. სოკრატეს აინტერესებს, როგორ გრძნობს თავს კეფალეს ასაკის ადამიანი, როცა სიკვდილი კართანაა მომდგარი. დამეთანხმებით, რომ ეს შეკითხვა, არცთუ ისე ზრდილობიანია; თანაც ფილოსოფოსმა ეს შეკითხვა ერთი საინტერესო დაკვირვებიდან გამომდინარე დასვა. ერთი წლის წინ შემოსულ ღვთაებას ტრადიციულ ღმერთებზე წინ არ დააყენებდა მდიდარი ადამიანი. მას ხომ ქონება ამ ძველი ღმერთების თანადგომითა და შემწეობით არ მოუპოვებია. მაგრამ კეფალეს გვირგვინი მიუთითებს, რომ მან შეწყვიტა საქმე და სახლის უკანა კარში სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალს მხოლოდ იმ მიზეზით მოწყდა, სოკრატეს რომ შეჰგებებოდა. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, რადგან წვრილფეხა საქონლისა და ფრინველის მსხვერპლად შეწირვას გამორიცხავდა, მსხვილფეხა პირუტყვი კი ძვირი ღირდა, ამიტომ რიგით ბერძენს მისი ჩატარება გაუჭირდებოდა. სოკრატეს შეკითხვა, თავს როგორ გრძნობს კეფალე მოახლოებული სიკვდილის მოლოდინში, მიუხედავად უტაქტობისა, დროულია, რადგან პასუხის მიხედვით გაირკვევა, რომ, მდიდრებს ღარიბებთან შედარებით, სიცოცხლესთან ერთად სიკვდილიც „იოლი“ ჰგონიათ. კეფალეს პასუხი ამ მოსაზრების ნათელი მაგალითია. კეფალე ამბობს, რომ მისთვის სამართლიანია, ყველას თავისი კუთვნილი მიეგოს, ადამიანმა მიიღოს ის, რაც მას ერგება, ღმერთებმაც – ასევე. ნათქვამი ასე უნდა გავიგოთ: სანამ სიკვდილი კარზე მოგვიკაკუნებს, ადამიანებს ვალები უნდა დავუბრუნოთ, ღმერთებს კი არ უნდა ვაწყენინოთ და მსხვერპლი შევწიროთ, სულ ერთია, დიდი ღვთაება იქნება ეს თუ მცირე, თუნდაც ერთი წლის წინ მცირე აზიიდან შემოსული ბენდისი. მდიდარ კომერსანტ კეფალეს ქონება აქვს და იგი მზადაა, ამ ქონების ნაწილი თამამად დახარჯოს და ღმერთების გული იქამდე მოიგოს, სანამ სიკვდილი წაიყვანს. იმ ქვეყანაში კი, ვაიდა, მართალია ამბები, რომლებსაც მიწისქვეშეთზე ჰყვებიან, წელგამართული გადავიდეს და ისეთივე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს, როგორიც მას, ფულის წყალობით, სააქაოში აქვს.

       ალბათ ბევრს გეცნოთ მდიდარი კაცის განწყობა. ეს განწყობა საუკუნეებია არსად გამქრალა და დღემდე გრძელდება, მხოლოდ რელიგიების დასახელებები და ღმერთების სახელები შეიცვალა. ამის მიზეზი კი ადამიანის ინტუიციაა. ამბობენ, სამი ტიპის ინტუიცია არსებობსო: საგნის ცოდნაზე დაფუძნებული, სოციალური და ძირეული. საგნის ცოდნაზე (აქ აკადემიურ საგანს არ ვგულისხმობთ) დაფუძნებული ინტუიციაა ბიზნესმენების ინტუიცია, როდესაც ალღოთი გრძნობენ, როდისაა მოქმედება დროული. საგნის ცოდნაზეა დამოკიდებული მეცნიერული ალღოც, დედის გრძნობა, როდის გახდება შვილი ავად და მასწავლებლის უტყუარი ალღოც, როდის არ იცის მოსწავლემ გაკვეთილი; სოციალური ინტუიცია ადამიანის უნარია, გარეგნობის, საქციელის მიხედვით იმსჯელოს სხვა ადამიანებზე და იწინასწარმეტყველოს, ვინ როგორ მოიქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში; აი ძირეული ინტუიცია კი მეტაფიზიკურ ცოდნას ეფუძნება – ხვალ რომ დედამიწის გრავიტაცია არ დაირღვევა და ფრენას არ დავიწყებთ, მზე რომ ცაზე „მოძრაობას“ გააგრძელებს, სიცოცხლე რომ სიზმარი არაა, მსგავსი ტიპის „ცოდნა“ ძირეულ ინტუიციას განეკუთვნება. ადამიანის ღმერთების მიმართ კეფალესმაგვარი დამოკიდებულება, რომელიც საუკუნეებია გრძელდება, სწორედ ძირეული ინტუიციის ბრალია.

       ამ ინტუიციის შესახებ იცოდა პასკალმაც, უდიდესმა მოაზროვნემ და გამორჩეულმა მეცნიერმა, ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა-იანსენისტმა. მან ისიც იცოდა, რომ ინტუიცია არადამაჯერებელი არგუმენტია და გადაწყვიტა, ინტუიცია ლოგიკით, ლოგიკაზე დაფუძნებული მსჯელობით ანუ ბევრად უფრო უტყუარი და სანდო მტკიცებულებით, გაემყარებინა. პასკალი შეეცადა, ლოგიკა გამოეყენებინა იმ სფეროში, რომელშიც, ტრადიციულადაა მიჩნეული, რომ მისი ადგილი იქ არ არის.

       არგუმენტს, რომელიც პასკალმა მოიფიქრა, პასკალის ნაძლევს უწოდებენ. პასკალი ამბობს, დავუშვათ ორი ვარიანტი. ერთის მიხედვით, ღმერთი არსებობს, მეორეს მიხედვით, კი ღმერთი არ არსებობს. ამის შემდეგ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ურწმუნო და მორწმუნე ადამიანის ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება. თუკი ადამიანი ამ ქვეყანაზე ღვთაებრივ კანონებს დაარღვევს, ღმერთის არარსებობის შემთხვევაში მას არაფერი ემუქრება, ხოლო ღმერთის არსებობის შემთხვევაში სასტიკი სასჯელი ელის. თუკი ადამიანი ღვთაებრივი კანონებით ცხოვრობს, გარდაცვალების შემთხვევაში ვერანაირ ჯილდოს ვერ მიიღებს, თუკი ღმერთი არ არსებობს; სამაგიეროდ, მოგებული დარჩება, თუკი ღმერთი არსებობს. ამიტომაც, პასკალის აზრით, ყველა შემთხვევაში უმჯობესია (რადგან მას ჯილდო მოაქვს), ღმერთი არსებობდეს და ადამიანიც მორწმუნე იყოს. ცხადია, პასკალთან ბევრი პრეტენზია ჰქონდათ ამ არგუმენტის გამო, მაგრამ ეს არგუმენტი გასაგებია მათთვის, ვინც ალბათობის თეორიას იცნობს.

ღმერთი არ არსებობს ღმერთი არსებობს
ურწმუნო არაფერი სასჯელი
მორწმუნე არაფერი ჯილდო

       ახლა ვნახოთ, რას გულისხმობს ალბათობის თეორია და როგორ მუშაობს იგი მათემატიკაში. მათემატიკის სახელმძღვანელოებში ვაწყდებით ალბათობის ამოცანებს. უმეტესად ეს ამოცანები ეხება ყუთიდან სხვადასხვა ფერის ბურთების ან რაიმე ნივთების შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით კომბინაციების დათვლას -რამდენად სასარგებლოა ეს რეალურ ცხოვრებაში? თუმცა ალბათობის თეორიას  აქვს გასაკვირი გამოყენებებიც – პასუხები  მგძნობიარე კითხვებზე. ადამიანები ზარალდებიან, როცა არასწორად იყენებენ მას ან ვერ იგებენ ალბათობას და ეყრდნობიან საკუთარ ინტუიციას ნაცვლად იმისა, რომ დათვალონ და შეაფასონ შანსები. მოდით, გავშალოთ ეს საკითხები.  დავსვათ შეკითხვა:  რატომ ყიდულობენ ადამიანები ლატარიის ბილეთებს, როდესაც მოგების შანსები საკმაოდ მცირეა ? რა არის ალბათობა იმისა, რომ თქვენ მოიგებთ ლატარიას ? ჯერ განვიხილოთ ალბათობის თეორიის  ცნობილი ამოცანა დაბადების დღის  პრობლემის შესახებ. კლასში 23 მოსწავლეა. რა არის ალბათობა იმისა, რომ ორ  მოსწავლეს დაბადების დღე  ჰქონდეს ერთსა და იმავე დღეს ?  რას ფიქრობთ, რა არის პასუხი? 1%? შეიძლება 5%? ან თუნდაც მთელი 10%? გამოვიყენოთ  მათემატიკა ამის დასადგენად: 23  სტუდენტი ნიშნავს 253 მოსწავლეთა  წყვილს: (23×22)÷2=253. ალბათობა, რომ დაბადების დღე ორ მოსწავლეს ექნება განსხვავებულ დღეს არის 364÷365=0.997260.  ხოლო 253 წყვილისათვის იმის ალბათობა, რომ თითოეულ წყვილში დაბადების დღე ექნებათ  განსხვავებულ დღეს, იქნება  (364÷365)253  =0.4995. მაშასადამე,  ალბათობა იმისა, რომ 253  წყვილში ორ ადამიანს წყვილში ექნებათ  ალბათობა ერთსა და იმავე დღეს, იქნება:  1-0.49995=0.5005 ან 50.05%, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენს ინტუიციას.

       განვიხილოთ კიდევ ერთი  მაგალითი, როცა ინტუიცია  ეწინააღმდეგება  ჭეშმარიტებას. დავსვათ შემდეგი ამოცანა: გვაქვს 20 საგამოცდო საკითხი და ამ 20 საკითხში 5 საკითხი არის ე. წ. იღბლიანი საკითხი. ვთქვათ A, B და C მოსწავლეები რიგ-რიგობით მიდიან საკითხის ასაღებად, რომელს უფრო მეტი შანსი (ალბათობა) აქვს  იღბლიანი საკითხის შეხვედრის  A, B თუ C მოსწავლეს? ამ შეკითხვის დასმის შემდეგ პასუხები არ დააყოვნებს  და  უმრავლესობა ინტუიციაზე დაყრდნობით იტყვის შემდეგ თანმიმდევრობას: A, B,C, ე.ი. იღბლიანი ბილეთის აღების ყველაზე დიდი შანსი პირველ მოსწავლეს აქვს, ხოლო ყველაზე ნაკლები – მესამეს. მოდით ახლა უკვე რეალურად, ლოგიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით, შევაფასოთ თითოეული მოსწავლისთვის იღბლიანი საკითხის შეხვედრის ალბათობა. ამოხსნის შემდეგ მივიღებთ სწორედ ჩვენი ინტუიციის საწინააღმდეგო პასუხს, რომ თითოეულ მონაწილე მოსწავლეს ტოლი შანსები ექნება (ამოხსნა იხ. წერილის ბოლოს)

       ახლა კი შევაჯამოთ გაკვეთილი: რა არის ინტუიცია? ზოგი მას სწრაფ ლოგიკასაც უწოდებს; ინტუიციას „აჰა, მომენტი“-ც ჰქვია. ამიტომაც ბევრი ფიქრობს, რომ ის სანდო პარტნიორია სხვადასხვა საქმეში. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სისწრაფე ხშირად აფუჭებს საქმეს, თუმდაც მის უკან ლოგიკა იდგეს. სისწრაფე მაშინაა კარგი, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ინტუიცია დიდ სამსახურს უწევდა ჩვენს წინაპრებს სხვადასხვა საქმიანობაში, იქნებოდა ეს ნადირობა თუ ბრძოლა; ინტუიცია ეხმარებოდა დიდ მეცნიერებს, პასუხისთვის მიეგნოთ. მაგრამ იმ საქმეში, სადაც დაფიქრება შეიძლება, სადაც დრო არის ავწონ-დავწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, აჯობებს, ლოგიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. რადგან არავინ იცის, სანამ ინტუიცია გაგვიმართლებს, რამდენ ალოგიკურ საქცილეს ჩავიდენთ.

       გაკვეთილის ბოლოს მივცეთ მოსწავლეებს ამოცანა (ლატარიის ბილეთზე 36 ციფრია და უნდა ემოიხაზოს 6 სასურველი ციფრი. რამდენია ბილეთით მოგების ალბათობა) და მიღებულ შედეგზე დაფუძნებული პასუხით გვირჩიონ, რამდენად გვიღირს და რამდენად არ გვიღირს ფულის, თუნდაც მცირე თანხის, დახარჯვა ლატარიის ბილეთზე.

rat

 

ანიმაცია ადამიანის უფლებებისთვის

0

„თავიდან ძალიან უჭირდათ საუბარი, ისხდნენ და ცოტა შეშინებულები გვისმენდნენ. მერე ერთმა გოგონამ ამოიღო ხმა. აღმოჩნდა, რომ მისი არასრულწლოვანი და ცოტა ხნის წინ გაათხოვეს სკოლის მერხიდან. გვიყვებოდა ამბავს და უყურებდა თანატოლებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იცოდნენ ეს ამბავიც და სხვა ასეთი ისტორიებიც. ვუთხარით, რომ მხოლოდ პრობლემებზე ლაპარაკით, ხმამაღალი ლაპარაკით შეიძლებოდა საფრთხის თავიდან აცილება. ჩუმად თუ იქნებოდნენ, ყველა იფიქრებდა, რომ მათ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა. მერე იმ გოგონას ამბავი ნახატებად ვაქციეთ და, აი, ეს გამოგვივიდა“, – დაახლოებით ასეთ ამბავს მიყვება სანდრო და მაჩვენებს კომიქსს, რომელშიც პატარა გოგონას  ამბავია გადმოცემული.

maxresdefault

სანდრო კომიქსებისა და ანიმაციების მოყვარულია და მიაჩნია, რომ ხელოვნების ამ მიმართულებას აქვს შანსი, გასაგებად და მისაღებად გადმოსცეს ადამიანების უფლებების მხრივ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები.

„ცოტა ხნის წინ ერთ ტრანსგენდერ ქალზე გავაკეთეთ ვიდეო. ხომ იცი, მათ უმეტესობას არ უნდა სახის ჩვენება, სახელის თქმა – საშიშია. ანიმაციაში კი ადვილად შეიძლება ანონიმურობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ზუსტად ისე მოვყევით, როგორც იყო, კონკრეტული ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია“, – ესეც სანდროა.

ვიდეო ფატიმას გვაცნობს, გოგონას, რომელსაც ერთ ღამეს მამაკაცების ჯგუფი დაესხა თავს, სცემა და შეაშინა. ფატიმამ თმა შეიჭრა, ჩვეულებრივი სამოსი ჩაიცვა და ცდილობს, თვალში აღარავის მოხვდეს, ფრთხილობს.

ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ანიმაციას, ნახატებს და სხვა მედიუმებს აქტიურად იყენებენ სამიზნე ჯგუფებისთვის ხმის მისაწვდენად. თუ ოდესმე გადაწყვეტთ, მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე ესაუბროთ, შემიძლია, რამდენიმე კარგი ანიმაცია გირჩიოთ:

  1. უნივერსალური ადამიანის უფლებები

  1. ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებები

თმაში ბავშვის უფლებაა

  1. როგორ გამოიყურება გენდერული თანასწორობა

  1. რ არის ადამიანის უფლებები

  1. არასწრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა. რა ხდება, როცა მოძალადე შენი ნაცნობია

  1. როგორ ვასწავლოთ ბავშვს პირად უსაფრთხოებაზე ზრუნვა

„სურნელოვანი“ ნივთიერებები

0

 

ქუჩიდან შემოსული ხმაური მაღვიძებს. თენდება და ქუჩაც მოძრაობას იწყებს. სტამბულში ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაშინაც ასე იყო, თენდებოდა და ქუჩაც ხმაურიანი ხდებოდა (ზამთარ-ზაფხულ ღია ფანჯარაში მიყვარს ძილი, ამიტომ ხმაურიც მესმის). ახლა განსხვავებული ის არის, რომ წამოძახილების აზრს ვხვდები და საქმის კურსში ვარ, რას ყვირიან.

გარეთ ისევ  წვიმს. მე კიდევ ევროპული ნაწილიდან აზიურში უნდა გადავიდე ტრამვაის და მეტროს რაღაც რთული სქემის გამოყენებით.  სინამდვილეში, რთული არაფერია, მე მერთულება, რადგან არ ვიცი. თუმცა, როგორც კი ერთხელ გზას გავიკვლევ, ყველაფერი გამარტივდება. ამიტომ,  დიდ ქოლგას ვშლი და მეტროსკენ ვეშვები.

ჩემი თურქულით გზას ასე თუ ისე ვიგნებ და სწორ სადგურში ამოვდივარ. მასპინძელი პროფესორისგან ვიცი, რომ მეტროს სადგურიდან უნივერსიტეტის იმ კორპუსამდე, სადაც მე უნდა მივიდე, ე.წ. „სალი ბაზარი“, ანუ სამშაბათის ბაზარი უნდა გადავკვეთო. ეს ბოსტნეულის, ხილის, სუნელების ბაზრობაა და ყველანაირ ამინდში, სწორედ სამშაბათობით იმართება. ზემოდან, წვიმისგან თავის დასაცავად,  ბრეზენტებით არის გადაჭიმული, მაგრამ ამ დილაუთენია, თან წვიმაში, მხოლოდ მე და გამყიდველები ვართ. თან მე ხომ მყიდველი არ ვარ, უბრალოდ ბაზრის გავლით უნივერსიტეტში მივდივარ.  რაღაც გაბმულ თოკებს ხან ვახტები, ხან შიგ ვიხლართები.  გამყიდველებმა   არ იციან,  მყიდველი რომ არ ვარ. ჰოდა, ჩემი თითოეული გახლართვით ბოროტად სარგებლობენ. ხან რას მიტრიალებენ ცხვირწინ და ხან რას, იყიდეო, მაწონებენ.

მაგალითად, ნიორს…

-სარიმსაკ ისთიიორ მუსუნუზ (ნიორი გნებავთო),

-ჰაიირ (არა)… ნიორი ამ წვიმიან დილას რატომ უნდა მინდოდეს.

შემდეგ გახლართვაზე, სხვა დახლთან, უკვე რაღაც სუნელებს მთავაზობენ.

-ბაჰარათლარ ისთიიორ მუსუნუზ (სუნელები გნებავთო),

-ჰაიირ (არა)…  ამ წვიმიან დილას არც ბაჰარათი მნებავს.

-ნედენ (რატომ?), უკვირს გამყიდველს, გუზელ იემექ ფიშირაჯაკსინიზ (გემრიელ საჭმელს გააკეთებთო).

ამას ქვია „აგრესიული“ ვაჭრობა. ანუ, როცა არ გეპუებიან და ცდილობენ რამე გაყიდინონ. ე.წ. „აგრესიული“ რეკლამები ხომ ნაცნობია, ყოველ წუთას მოგაკივლებენ ტელეფონით და ნაირ-ნაირი ტექსტებით შენს მაღაზიაში მიტყუებას ცდილობენ.

აჰა, ბოლო დახლსაც ჩავურბინე და ეგაა, ქუჩაში გავედი. გადავალ და კორპუსის ეზოში შევალ.

უნივერსიტეტში პირველი ლექცია იბნ სინას ეძღვნება.

იბნ სინას, იგივე ავიცენას ერთ-ერთი ფუნდამენტური წიგნია „მედიცინის ტრაქტატი“, Kitab al-Qanun fi altibb (The Canon of Medicine), რომლის არაბულ ენაზე წერა  1023 წელს დაასრულა. ეს წიგნი ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროში (მეთორმეტე საუკუნეში ლათინურად ითარგმნა) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად არის აღიარებული. მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე საუკუნეეების ევროპაში 36-ჯერ თარგმნეს.

ტრაქტატი ხუთი წიგნისგან შედგება. პირველ წიგნში უფრო ზოგადი პრინციპებია აღწერილი, მეორე წიგნი სამედიცინო მასალებზე მოგვითხრობს, მესამე წიგნში პათოლოგიებია თავმოყრილი, მეოთხე და მეხუთე წიგნში ზოგადი ალქიმიური ცოდნა და ფარმაცევტული საქმეა გადმოცემული. გავიხსენოთ, რომ იბნ სინა იმ ალქიმიკოსთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ფილოსოფიურ ქვას მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეძებდა. ანუ, ძალიან პროგრესულად მოაზროვნე კაცი იყო.  სწამდა, რომ ადამიანის სული და ფიზიკური სხეული ერთ მთლიანს წარმოადგენდა და ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული უნდა ყოფილიყო. შესაძლოა პირიქითაც იყო საქმე და  სულის სიჯანსაღით ჯანსაღი სხეული მიგვეღო. ამიტომ, „არომატულ ნივთიერებებს“ დიდ ყურადღებას აქცევდა. აქვე ისიც განვმარტოთ, რომ „არომატული“ სულაც არ ნიშნავს კარგი სურნელის მქონეს, უბრალოდ ნიშნავს, რომ სურნელი აქვს.

აფთიაქარები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდნენ. მათ, ვინც იცოდა ყველაფერი სურნელოვანი ნივთიერებების შესახებ al-saydalani, al-saydanani ან  al attar ეწოდებოდათ. იცოდნენ, როგორ ყოფილიყო ადამიანის  თავი ნათელი, სურნელის მეშვეობით და იმავე სურნელის მეშვეობით, როგორ შეიძლებოდა სულის და სხეულის დაზიანება.

თუ იბნ სინასეულ ნააზრევს თანამედროვეობაში გადმოვიტანთ, ყოველდღიურობაში სურნელოვან ნივთიერებებთან ძალიან ხშირად გვაქვს შეხება. თუნდაც ის, რომ „სამშაბათის ბაზრობაზეც“ სულ სურნელოვან რაღაცებს მთავაზობდნენ.

ან, ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ.  ოჯახი მიდის ავეჯის მაღაზიაში. ჰო, ან სახლის თავიდან მოწყობა სურთ, ან სულაც ინტერიერის  განახლება. მიიხედ-მოიხედავენ და აი, იმ ავეჯს დაადებენ ხელს. ლამაზია, ფასიც მოსწონთ, ან ფასი ოდნავ არ მოსწონთ, მაგრამ ავეჯის სილამაზე თავისას აკეთებს. მოკლედ, ყიდულობენ, სახლში მიაქვთ, ლამაზად განალაგებენ და  ბედნიერები არიან. თუმცა…რაღაც დროის შემდეგ,  ოჯახის წევრები დაღლილობაზე წუწუნებენ, თავი სტკივათ, ალერგიულებიც გახდნენ, თან რაღაც სუნი დგება სახლში, განიავებაც არ შველის.

თურმე…

შესყიდვამდე, ავეჯის ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები უნდა ენახათ. მაგალითად, იდეალური ტემპერატურა ავეჯისთვის, რადგან ზოგიერთი ავეჯიდან შეიძლება „სულები“ გამოძვრნენ. „სულებს“ იბნ სინა არომატულ ნივთიერებებს უწოდებდა. მოკლედ, მაღალ ტემპერატურაზე, შეიძლება ზოგიერთი ნივთიერება აორთქლდეს. ყველაზე უსაფრთხო ბუნებრივი მასალაა- ხე, ბამბუკი… თუმცა, მათშიც კი საზიანო ნივთიერებების რაოდენობა შესაძლოა მომატებული იყოს.  თანამედროვე ავეჯს სხვადასხვა ფილებისგან ამზადებენ, სწორედ მათ შემადგენლობაში შესაძლოა იყოს აქროლადი ნივთიერებები. პირველ რიგში, ფორმალდეჰიდი.  მაგალითად,  პოპულარული  შემოკლება „დვპ“-ხებოჭკოვანი ფილა, რომელსაც ავეჯის ან ჭერის გაკეთებისას იყენებენ. იაფი და მოსახერხებელია. ან „დსპ“,ან „მდფ“,ესენიც ფილებია, ოღონდ აქ ფილაში ნაფხვენებია  ერთად შეკრული. თითოეულ ჩამოთვლილ ფილაში ნაფხვენებს ერთმანეთთან სპეციალური კონცენტრანტი აკავშირებს. რა თქმა უნდა, „მდფ“ უფრო თანამედროვეა და გაცილებით უსაფრთხო, მაგრამ დამზადების პრინციპი მაინც იგივეა გამოყენებული და სტანდარტს ყოველთვის არ შეესაბამება. გამოდის, რომ თუ მწარმოებელი ზედმიწევნით ზუსტად არ დაიცავს დამზადების წესებს, ასეთი ფილით დამზადებული ავეჯისგან (ან, რასაც დაამზადებენ, მაგ. იატაკის ფილებს) დროთა განმავლობაში, შეიძლება აქროლადი ნივთიერებების აორთქლება. განსაკუთრებით, ღიად დარჩენილი ზოლებიდან მაღალი ტემპერატურის პირობებში. ვთქვათ, ზამთარში, როცა გამათბობელი ჩართულია და გაციების შიშით, სახლს ნაკლებად ანიავებენ. ან ზაფხულში, თუ მზე პირდაპირ დააჭერს იმ ადგილს, სადაც ნაკეთობა დგას. ევროკავშირის ნორმებით დადგენილია ფორმალდეჰიდის ემისიის დასაშვები ნორმა და სწორედ ამის მიხედვით ფილებიც კლასებადაა დაყოფილი. ყველაზე უსაფრთხო E1 კლასის ფილები ყოფილა. ასევე, ფილების ლამინირება, აქროლადი ნივთიერებების ემისიას აფერხებს.

„სულებიდან“ ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ფორმალდეჰიდია. მისი მეშვეობით გაკვეთილზე საინტერესო ცდის გაკეთებაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ამწოვ კარადაში.

ავიღოთ ფართე სინჯარა და შიგ 4-5 გრამი რეზორცინი ჩავყაროთ, გავხსნათ წყალში (კარგად იხსნება), ამის შემდეგ ფორმალდეჰიდის ხსნარი დავუმატოთ. წკირით კარგად მოვურიოთ და რეაქციის დასაწყებად კონცენტრირებული მარილმჟავას მცირე რაოდენობა ჩავამატოთ. სინჯარაში ვარდისფერი პლასტმასის მსგავსი პოლიმერის წარმოქმნა დაიწყება. როდესაც მთლიანი მასა გამყარდება, შეგიძლიათ სინჯარიდან გამოიღოთ, რათა მოსწავლეებმა უფრო კარგად ნახონ. მასა რბილია და ფერით საღეჭ რეზინსაც ამსგავსებენ, ამიტომ ამ ექსპერიმენტს მეორენაირად „სინჯარაში წარმოქმნილ საღეჭ რეზინასაც“ უწოდებენ. მარილმჟავას დამატებისას,  რეზორცინის და ფორმალდეჰიდის მოლეკულები პოლიმერის გრძელი ჯაჭვის წარმოქმნას იწყებენ.

უნივერსიტეტში ლექციები დასრულდა. ახლა ყავის შესვენებაა, შემდეგ დისკუსია, ბოლოს კი ვახშამი. ფანჯრიდან ვიყურები, დაახლოებით საღამოს ექვსი საათია. ჰმ, ბაზრობის ადგილი მოკრიალებულია. აღარც თოკ-ხლართები, აღარც ბრეზენტები, აღარც დახლები და წარმოიდგინეთ, არც ბოსტნეულის ნარჩენები. ისე მოუსუფთავებიათ  იქაურობა, ბაზრობის კვალიც კი არ არის დარჩენილი.

ერთი კვირა ასე იქნებაო. მომავალ სამშაბათს კი ყველაფერს ახლიდან გააწყობენ. ბრეზენტებს კვლავ გაჭიმავენ, თურმე დროის ამ პერიოდში ნალექმა გაუფრთხილებლად იცის მოსვლა. ხილს და ბოსტნეულს გადმოალაგებენ და მყიდველს ჩაუსაფრდებიან.

არა, მაინც მოუმზადებელმა ვირბინე ამ ბაზარში.  ერთი-ორი ბაჰარათლარი (სუნელი) მაინც შემეძინა.

შემდეგში ვიყიდი…

დაკარგული სახის ძიებაში

0

ამ რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მთხოვა, დამესახელებინა მისთვის ქართული ფილმი, სადაც ქართველის „სახე“, ქართული ხასიათი, სრულყოფილად იქნებოდა გადმოცემული. მის ჩვენებას უცხოელი სტუმრისთვის აპირებდა. ამ თხოვნამ ცოტა არ იყოს დამაბნია, რადგან ვერაფრით მოვიგონე ქართული ფილმი, რომელიც ჩემი მეგობრის თხოვნას დააკმაყოფილებდა. იმავე საღამოს, იმ იმედით, რომ ვინმე ღვთისნიერი დამეხმარებოდა, ფეისბუქზე დავასტატუსე:

მოკლედ, ძმაკაცმა მომწერა დილით, რამე ისეთი ქართული ფილმი მირჩიე, სადაც ქართველის სახე ჩანდეს და ყველანაირად ქართულიფილმი იყოსო. დღეს მთელი დღეა, ამაზე ვფიქრობ. ერთმა ფრანგმა კინომცოდნემ თქვა ერთხელ, თუ გინდა გაიგო ფრანგი როგორია, ერიკ რომერის ფილმებს უყურეო. ჩვენ, სამწუხაროდ, ეგეთი რეჟისორი არ გვყავს. საუკეთესო ქართველი რეჟისორები ქართული კინოს ზეობის ხანაში იგავური მესიჯებით იყვნენ გართული, პრინციპში, სხვა გზა არც ქონდათ“. 


ამ სტატუსს მოჰყვა კომენტარები, ზოგს ეხამუშა კიდეც ჩემი ეს გულისტკივილით ნათქვამი სიტყვები, რამდენიმე მეგობარმა რჩევაც არ დაინანა, წამოვიდა ვარიანტები საუკეთესო ქართული ფილმების: „ნატვრის ხე“, „ჯარისკაცის მამა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“…

კი ბატონო, „ნატვრის ხის“, შესანიშნავი წიგნის ამ შესანიშნავი ეკრანიზაციის განვითარების გეოგრაფიული გარემო ქართულია, მაგრამ გმირები და ფილმში დასმული ძირითადი აქცენტები უფრო განზოგადებულია, ვიდრე კონკრეტულ-ეთნიკური.

„ჯარისკაცის მამაც“ გლობალური მამაა. ამ ფილმის მიერ მსოფლიო ეკრანების ტრიუმფალური შემოვლის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ ზაქარიაძის ამ კოლორიტულ გმირში ყველა თავის „მამას“ ხედავდა. „შერეკილებს“ და „ცისფერ მთებს“ რაც შეეხება, ისინი ტიპიური მაგალითებია იმ მოვლენისა ქართულ კინოში, რომელსაც კინომცოდნეები „ეზოპეს ენას“ უწოდებენ. „შერეკილებზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ, ვინ ვერ მიხვდება, რომ „ცისფერ მთებში“ საბჭოთა წყობის მინიმოდელია დახატული, რომელიც ბოლოს ინგრევა (სწორედაც ამ „შეფარვითმა“ ენამ გადაარჩინა ფილმი და იგი ეკრანებზე დაუშვეს). „ეზოპეს ენამ“, როგორც კინოხერხმა, რომლის წიაღშიც სამოცდაათიანი წლების ქართულმა კინომ მართლა დიდ სიმაღლეებს მიაღწია, განაპირობა ის, რომ ქართველი რეჟისორებისთვის სხვა, თითქმის ყველა თემამ უკანა პლანზე გადაიწია, გარდა „თავისუფლების “ შეპარვითი თემისა. პრინციპში, სხვა გზა არც იყო. კინოს რომ ეარსება, იგავურ სათქმელს უნდა დასჯერებოდა, რომელსაც მეტწილად „ყლაპავდნენ“ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. შეიქმნა სრულიად უნიკალური ქართული კინოკულტურა, რომელსაც, სამწუხაროდ, აქტიური არსებობის დასრულების შემდეგ ძველებურად ღირებული გაგრძელება არ მოჰყოლია.

საბჭოთა კავშირი დაინგრა და „ეზოპეს ენამაც“ დაკარგა მნიშვნელობა. დღეს არავინ უშლის რეჟისორებს, თქვას ის, რისი თქმაც უნდათ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ სათქმელი აღარაფერი აქვთ, არადა, თემები თავზე საყრელადაა. სოციალური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის თემების დამუშავებასთან ერთად, სწორედ დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბებული რეჟისორების საქმეა ისეთი ფილმების გადაღება, სადაც ჩვენი „სახე“, ჩვენი ხასიათი იქნება ნაჩვენები.  დღეს მიდის საუბარი იმაზე, რომ ქართული კინოს რეაბილიტაცია ხდება, რომ ის იბრუნებს დაკარგულ პრესტიჟს მსოფლიოს მასშტაბით. ამის საფუძველს იძლევა რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორის გამოჩენა და მათი ფილმები, რომლებმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვეს ევროპულ (და არამარტო) ფესტივალებზე; ასევე ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს კინოში: ქართულ-ესტონური „მანდარინების“ წარმატებული საფესტივალო ვოიაჟი.  ეს გარემოებები, რა თქმა უნდა, იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ, ვფიქრობ, გადაჭარბებულია, რადგან თანამედროვე ქართულ კინოს არ გააჩნია ერთიანი კალაპოტი, გზა, საერთო ესთეტიკა, ისეთი, როგორიც იყო თუნდაც „ეზოპეს ენა“; ისეთი, როგორიც აქვს ყველა მაღალი კინოკულტურის მქონე ქვეყნის კინემატოგრაფს. მაგალითად: ესპანურ კინოს აქვს თავისი ხაზი, ისევე როგორც ფრანგულს, იტალიურს, პოლონურს… თუმცა საერთო ესთეტიკურ მთლიანობაში სრულიად ინდივიდუალური მანერის რეჟისორები მუშაობენ. თანამედროვე ქართული კინოს ესთეტიკური დაქსაქსულობა კი, ვფიქრობ, დიდი დაბრკოლებაა შემდგომი განვითარებისთვის. უცხოურ ფესტივალებზე პრიზები ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთ ქართულ ფილმს აქვს აღებული, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება, სანამ არ მოინახება ზემოთ ნახსენები საერთო ხაზი, კალაპოტი, რომელშიც იარსებებს ქართული კინო. მე არ ვგულისხმობ რეჟისორების დეკლარირებულ ერთობას, რომლის პრეცედენტი მსოფლიო კინოში არსებობს, მაგრამ რაღაც საერთოს გამონახვა კი აუცილებელია. ჯერჯერობით ამისი შტრიხები არ ჩანს, მაგრამ მომავალში იქნებ სწორედ ამ თაობამ შეძლოს ეს, იქნებ სულ სხვა თაობაა საჭირო, ან იქნებ ერთმა დიდმა რეჟისორმა მოახერხოს, არ ვიცი.

დასასრულ კი: დასაწყისში ნახსენებ, ჩემი მეგობრის უცხოელ სტუმარს რაც შეეხება, მან საბოლოოდ თენგიზ აბულაძის „ვედრება“ ნახა. ვერ გეტყვით, გენიალური ვაჟას ტექსტების მოტივებზე გადაღებულ ამ ფილოსოფიურ კინონოვაციაში დაინახა თუ არა ქართველის „სახე“ და ხასიათი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ, თურმე, აღფრთოვანებული დარჩა.

როგორ დავეხმაროთ შვილს საშინაო დავალების მომზადებაში

0

როცა მისი საშინაო დავალება თქვენი პირადი განსაწმენდელია, აქციეთ ეს ჯოჯოხეთი ზეციურ და სრულყოფილ სიმშვიდედ.

„ბნელ“ საუკუნეებში საშინაო დავალებები იწერებოდა დაფაზე, ან დარეკილი ზარის ხმას რომ არ ჩაეხშო, გაკვეთილის ბოლოს მასწავლებლის მიერ სწრაფად იკითხებოდა. სწორად უნდა გაგეგო დავალება, რადგან ამის გადასამოწმებლად არავითარი ვებგვერდი არ არსებობდა. სამახსოვროები (agendas) და კალენდრები საქმიანი ადამიანებისთვის არსებობდა და არა მოსწავლეებისათვის. საგნის რვეულის ფურცელზე სწრაფად მინაჯღაბნი საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის შესახსენებლად, თუ რის გაკეთება იყო საჭირო. იმ დროს ალბათ მკაცრი განრიგი ჰქონდათ. სახლში მისვლისთანავე  წაიხემსებდნენ და მიდიოდნენ ოთახში წიგნებთან „საბრძოლველად”. სწრაფად გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში. ალბათ გიკვირთ, რატომ აღიქმება მისი საშინაო დავალება თქვენს პასუხისმგებლობად. იქნებ ეს იმ იმეილების გამოა, რომლებიც თქვენს “ინბოქსში” გროვდება და თქვენს ზრუნვასა და დანაშაულის გრძნობას აძლიერებს: “გამარჯობა, მისის ჯონსონ, გწერთ მისის სმიტი, მეთის მათემატიკის მასწავლებელი. მინდა იცოდეთ, რომ მეთმა ისევ ვერ დასძლია  საშინაო დავალება”. იქნებ თქვენ იმეილებს მხოლოდ იმისთვის უვლით გვერდს, შოკი რომ არ მიიღოთ თქვენი ვაჟის სასკოლო დღიურიდან (report card), სადაც ხაზგასმულია მისი წარუმატებლობა. და ეს მას შემდეგ, რაც ის მუდმივად გარწმუნებდათ, რომ სკოლაში ყველაფერი კარგადაა.

თქვენსა და თქვენს შვილს შორის კავშირების გაბმის მცდელობისას ბევრი მასწავლებელი რთულ პროექტებსაც ადგენს, სადაც თქვენი მონაწილეობაც საჭიროა. თქვენი შვილი ხომ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს სამყაროში.

მარტივად რომ ვთქვათ, რატომ გეჩვენებათ, რომ მისი საშინაო დავალება თქვენც გეკუთვნით? რატომ არ იქცევით თქვენი მშობლებივით  – დაე, თქვენი შვილი თვითონ გაუმკლავდეს ყველაფერ ამას.

თუ თქვენი შვილი დამოუკიდებლად ასრულებს საშინაო დავალებებს, კითხვის გაგრძელება აუცილებელი არ არის. დანარჩენი ჩვენგანი კი იმდენ ხანს იტანჯებოდა სიჩუმეში,  დროა ვისაუბროთ, თუ რა ხდება სინამდვილეში. თქვენ ხართ საშინაო დავალების შესრულების ჯოჯოხეთში და მისი შესრულება სულაც არ არის თქვენი პასუხისმგებლობა. როგორც მშობელი, გრძნობთ, თითქოს ეს ყველაფერი თქვენი პრობლემაა. თუ თქვენი მოსწავლე სწავლისას დიდ ძალისხმევას ხარჯავს, სავარაუდოა, რომ საშინაო დავალების შიში ჰქონდეს. ის, რაც შესაძლებელია მოტივაციის ნაკლებობით იყოს შენიღბული, სინამდვილეში შეიძლება თქვენი მოსწავლის თავდაუზოგავი ძალისხმევა იყოს, რომელსაც იგი სიამოვნებით აარიდებდა თავს. სწორედ ამ დროს საშინაო დავალება განსაკუთრებით მძიმედ აწვება მშობლის მხრებს. რა უნდა ქნას მშობელმა?

ლევ ვიგოტსკიმ, 1900-იანების საბჭოთა ფსიქოლოგმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ ბავშვებს მაშინ შეუძლიათ თავიანთი სრული პოტენციალის გამოყენება, როცა მათთვის ავტორიტეტული ადამიანები უწევენ დახმარებას იმ საკითხებში, რომლებსაც დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევენ. მან ამ კონცეფციას “სკაფოლდინგი” უწოდა, (“ხარაჩოს” მეთოდი – ხარაჩო საჭიროა, სანამ შენობა გამყარდება). ის ფიქრობდა, რომ ამ დახმარების  სწორად გაგება ფასდაუდებელია. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ინდივიდია, რომელიც ინდივიდუალური ტემპით სწავლობს. მშობლის მიზანი კი უნდა იყოს ისეთი დახმარებისა და ხელმძღვანელობის გაწევა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვს, გამოიყენოს სრული პოტენციალი. პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ბევრი მშობელი დგას, არის ის, რომ საკუთარ თავზე დახმარების ზომაზე მეტ “ტვირთს” იღებენ. დღეს ხომ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რათა უკეთ გაერკვნენ კონცეპტებში. ოდესღაც ჩვენ არ შეგვეძლო უბრალოდ “დაგვეგუგლა”.

დღეს მიცემული საშინაო დავალებების რაოდენობა ხშირად თავბრუდამხვევი გვეჩვენება. თუ თქვენს შვილს უჭირს ფოკუსირების ან მოტივაციის შენარჩუნება, მეტი დრო სჭირდება სასწავლო მასალის გაცნობაზე, ან სხვა ბავშვებისაგან განსხვავებული ტემპით სწავლობს, მისთვის საშინაო დავალება შესაძლოა მართლაც ბევრი იყოს. იმ ტემპის გამო, რომლის აყოლასაც ბევრი მასწავლებელი სასკოლო საგნის გასავლელად საჭიროდ მიიჩნევს, მასწავლებლები ზედმეტად ტვირთავენ მოსწავლეებს.

მშობლები, რომლებიც ღიზიანდებიან ან ბრაზობენ კიდეც, რადგან აქტიურად ერევიან შვილების დავალების შესრულების პროცესში, ხშირად ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება სხვისი განსჯის საგანი გახდეს.

ზოგ ბავშვს მართლა სჭირდება გაცილებით მეტი დახმარება საშინაო დავალებების შესრულებისას, ვიდრე სხვას. თუკი თქვენ ასეთი ბავშვის მშობელი ხართ, ქვემოთ მოცემულია მცირე რჩევები თქვენთვის, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს მოსწავლეს წარმატების მიღწევაში და შეამციროთ თქვენი ტვირთი:

იცოდეთ, რისი და რამდენის დაძლევა შეუძლია

 

თქვენ უკვე დადიოდით სკოლაში, ასე რომ, ნუ დაისტრესებით თუ მართლაც ვერ გამონახავთ საკმარის მოთმინებასა და დროს, რეპეტიტორობა გაუწიოთ თქვენს შვილს. არსებობს მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის სხვა ვარიანტებიც. ხშირად მოსწავლის დახმარება მშობელზე უკეთ სხვას შეუძლია.

შექმენით ოპტიმალური სამუშაო გარემო

 

დასხედით თქვენს მოსწავლესთან ერთად და განიხილეთ, როგორ შექმნათ გარემო, რომელიც წაახალისებს მის პროდუქტიულობას და ხელს შეუწყობს ყურადღების მობილიზებაში. მასთან ერთად შეიმუშავეთ დავალებების შესრულების ქმედითი განრიგი. ზოგ ბავშვს საშინაო დავალების შესრულებამდე სჭირდება დასვენება. შეიმუშავეთ საგანთა საუკეთესო თანმიმდევრობა. იქნებ, მას ჯერ იოლი დავალებების შესრულება უკეთ გამოსდის; ან იქნებ, მუშაობისას თანდათან კარგავს ენერგიას და ჯერ რთული დავალებების შესრულება ურჩევნია; ან ხშირი დასვენებები სჭირდება. როცა სტრატეგიებს ერთად შეიმუშავებთ, ამით მას გაუწევთ ისეთ დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს დავალებების ეფექტურად და დროულად შესრულებაში.

აუცილებელია მცირედი მონიტორინგი

 

მართალია, ზოგჯერ შეიძლება გსურდეთ, მარტო დატოვოთ მოსწავლე თავის საშინაო დავალებასთან, მაგრამ მცირედი მონიტორინგი შესაძლოა უკეთესი იყოს წარმატების მისაღწევად. რაც უფრო მალე შესთავაზებთ დახმარებას და წინამძღოლობას, თუნდაც ეს არასასურველი ჩანდეს, მით უკეთესი იქნება. ეს განსაკუთრებით ამართლებს იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომლებსაც სწავლაზე დიდი ძალისხმევა ეხარჯებათ. საუკეთესო გზა იმის დასადგენად, თუ როგორ და რამდენ მეთვალყურეობას გასწევთ, არის ინტერაქტიული დისკუსია მოსწავლესთან. გახსოვდეთ, რომ მეთვალყურეობა უნდა იყოს “მხოლოდ ზომიერი”. თუ მოსწავლე კატეგორიულად ეწინააღმდეგება თქვენს ჩართულობას, მიეცით მას მეტი თავისუფლება. სთხოვეთ  მას, ჩამოგითვალოს  თავისი საშინაო დავალებები. თუ სკოლას აქვს ვებგვერდი, სადაც დავალებებს განათავსებენ ხოლმე, გადაამოწმეთ, რათა მის ჩამონათვალს შეადაროთ. როცა მთელი სამუშაო დასრულებულია, სთხოვეთ განახოთ, რომ ყველაფერი შესრულდა. თუ თქვენს მოსწავლეს მეტი მეთვალყურეობა სჭირდება, შეიძლება სჯობდეს გვერდით დაჯდომა და დავალებებისთვის ერთად გადახედვა. იყავით ის ახლოს სანამ დავალებას აკეთებს. მხოლოდ თქვენმა იქ ყოფნამაც კი შეიძლება ხელი შეუწყოს მის  სამუშაოზე ფოკუსირებას. ყურადღება მიაქციეთ მის სამუშაო გარემოს, რათა დარწმუნდეთ, რომ არის სასურველი და არ არსებობს ხელისშემშლელი პირობები.

გამოიყენეთ თქვენი რესურსები

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც საშინაო დავალების სირთულეებს ბავშვთან ერთად უმკლავდება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სხვა ხელმისაწვდომ რესურსებსაც მიმართოთ. დაუკავშირდით მასწავლებლებს, სხვა მშობლებს. დახმარებისთვის მიმართეთ მეუღლეს ან უფროს შვილებს და ა. შ.

თავი აარიდეთ ემოციურ დაპირისპირებებს

როცა თქვენი მოსწავლე დიდ ძალისხმევას ახმარს საშინაო დავალების დასრულებას, სტრესი შესაძლოა აუტანელი იყოს ორივე თქვენგანისთვის. როცა ის იმედგაცრუებულია, უმჯობესია შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შესაძლოა თქვენ იყოთ მისი ბრაზის სამიზნე, მაგრამ გახსოვდეთ, ამის მიზეზი ხშირად საკუთარი თავით ან სიტუაციით უკმაყოფილებაა. ამ დროს უკან დაიხიეთ (ნაბიჯი უკან), მაგრამ სულ ნუ მიატოვებთ. ნუ აგრძნობინებთ, რომ მის ქცევას მოჰყვება მისი მარტო დატოვება, რასაც, შეიძლება თვითონვე ითხოვდეს კიდეც.

ასწავლეთ თქვენს შვილს, მეტი ყურადღება დაუთმოს იმ საგანს, რომლის ნიჭიც აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შედეგად მივიღოთ მოტივაციის დაკარგვა და მცდელობაზე უარის თქმაც კი. შესთავაზეთ სტრატეგიები, რომლებიც მისთვის საჭირო დახმარებას გაწევს. წაახალისეთ, რომ გამოიყენოს ხელმისაწვდომი რესურსები (მოითხოვოს დამატებითი დახმარება სკოლაში, გამოიყენოს ინტერნეტი) და სხვ.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/lets-talk-tween/201701/when-his-homework-is-your-personal-purgatory

ისევ მოტივაციებზე

0

aასეთი მეზობელი მყავდა. გურიკა. უწყინარი და მოწყენილი კაცი. ჩემი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობდა. სულ ჭიშკართან იდგა და ხმას არ იღებდა. მხოლოდ საჭმელად და ტუალეტისთვის ბრუნდებოდა შინ ან შეღამების გამო. ჰკითხავდი რამეს, გიპასუხებდა. თავისით არაფერს ამბობდა. უბრალოდ იდგა და გზას უყურებდა. და გზაზე იშვიათად მიმავალ მანქანებს და ცოტა უფრო ხშირად მიმავალ ადამიანს. ვერაფრით ვწვდებოდი რას ფიქრობდა გურიკა, რა უნდოდა, რატომ ღეჭავდა თვალებით გზის გამხმარ ბოლოს და რატომ არასდროს მიდიოდა იმ გზაზე. ერთი რასაც ვხვდებოდი, ეგ იყო, რომ მე უნდა წავსულიყავი, რომ იმ გზის ბოლოს კიდევ სხვა ბოლოები ჰქონდა და უნდა მეარა და მეარა და მეარა.  ამ კაცმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე. ამ კაცის დგომამ და გზისთვის ცქერამ. სხვამ არავინ და არაფერმა.

გზა კი მარტივი არასდროსაა

როცა ძალიან გავბრაზდი და მივხვდი, რომ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებდი, როცა  თვითონ შევძლებდი იმას, რაც სხვაზე დამოკიდებულს მაჩენდა. უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე და ჩემი მეგობრები ლექსებს ვწერდით და ვთარგმნიდით. ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. მაგრამ როგორც წესია, უკვე სხვების მიხურული კარის შეღება რთული იყო. ამიტომაც ერთ დღეს ზაალ ჩხეიძესთან ერთად გადავწყვიტე ლიტერატურული ჟურნალი გამოგვეცა, სადაც მერე არაერთი ძალიან კარგი ლექსი, მოთხრობა და თარგმანი გამოქვეყნდა, ბოლოს კი ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-დ ვაქციეთ.

თუმცა ამისთვის ფული იყო საჭირო, ფულისთვის სამსახური – მშობლების გამოგზავნილი თვიური სამოცი ლარი, გზას ყოფნიდა და მასაც აკლდებოდა ხოლმე. სად აღარ ვიყავით, რა აღარ ვქენით. ზოგი მცდელობა, მაგალითად მანდარინების ბიზნესის, გურული დღიურების მეორე წიგნშიც მაქვს აღწერილი და აქვე დავურთავ, ამბავ-დანართად. სამსახურის პოვნა კი სრულიად შემთხვევით მოვახერხე. ჩემი მამიდაშვილი, გელა სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. ნაშუადღევს მასთან მივდიოდი საერთო საცხოვრებელში. ვჭამდით, ვლაპარაკობდით, ხან ვრჩებოდი.

ერთხელ მივედი და საპატრიარქოში გადასული დამხვდა. გადავედი მეც. ქვევით, მოსაცდელში დავჯექი. სხვებიც ისხდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია. ევროკავშირის პროექტს იწყებდნენ ციხეებში დამატებითი სწავლების. საპატრიარქოს ცენტრიდან აჰყავდათ ერთი მასწავლებელი – რეზო შარაბიძე. სულ ორი უნდოდათ და მეორეს ეძებდნენ. თქვეს კიდეც ხმამაღლა და მე ვარ მეთქი! გამომხედეს და ამიყვანეს. მერე ეს პროექტი დასრულდა და მე დავწერე ახალი და ხუთკაციანად გადავაკეთე. ამ ფულით ვუშვებდით ჟურნალს. თვითონ ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი კი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა ჩემთვის. მეგობრებიც მომყვება იქაური მოსწავლეებიდან და რაც მთავარია, დიდი ცოდნა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...