შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

ფილიპ დელერმი – საშინაო დავალებები სამზარეულოს მაგიდაზე

0

ილიპ დელერმი ერთგვერდიანი ჩანაწერების კაცია. უფრო დიდი ტექსტებიც დაუწერია, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ეს გამოსდის – მინიატურები: ერთი ჩასუნთქვა, ერთი ამოსუნთქვა. მოზომილი სენტიმენტალიზმი, ყოველდღიური ნივთების მაგიურობის, ყოფით სიტუაციებში მოულოდნელი სიხარულის დანახვის უნარი, მელანქოლიური ინტონაციები – დასასრულისკენ; ამბავი, რომელიც იყო და არც იყო…

მისი ყველაზე გახმაურებული წიგნი – „ლუდის პირველი ყლუპი და სხვა პატარა სიამოვნებები“ „ალიანს ფრანსეზში“ სწავლის ბოლო წელს წავიკითხე – პატრიკ მოდიანოსა და პოლ კონსტანის წიგნებთან ერთად პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა, ეს პროგრამა კი ფრანგულის მასწავლებლის, ლომიგ ლე პაპის შედგენილი იყო. რა ვთქვა ჩემს მასწავლებელზე – მაღალ, გამხდარ, ახალგაზრდა ბრეტანელზე, რომელიც ესეებს წითელი კალმით მისწორებდა, ჯერ ერთიანად გააწითლებდა, ბოლოს კი მიაწერდა ხოლმე – ეს რა კარგი რამე დაგიწერიაო. იცოდა ლომიგ ლე პაპმა თავისი საქმე. ვფიქრობდი, თუ ამდენი საზარელი შეცდომა დავუშვი, კარგი როგორღაა ჩემი ნაწერი-მეთქი, მაგრამ შექება მაინც ძალიან მიხაროდა და ვწერდი და ვწერდი.

ერთ დღესაც დაფაზე სათაურები ჩამოგვიწერა:

„დანა ჯიბეში“

„ვაშლის სუნი“

„ლუდის პირველი ყლუპი“

„ესპადრილების დასველება“

„მოულოდნელი სტუმარი“

„კვირა საღამო“

„წიგნის კითხვა პლაჟზე“

„შემოდგომის პულოვერი“

„ახალი ამბის გაგება მანქანაში“

და სხვები – ფილიპ დელერმის ერთგვერდიანი ჩანაწერების სათაურები.

დაგვავალა: ერთ-ერთი ფრაზა უნდა ამოგვერჩია და მინიატურა დაგვეწერა მომდევნო გაკვეთილისთვის. მეტი არაფერი უთქვამს, არც მითითებები მოუცია. მახსოვს, ბუხარზე დავწერე, ცეცხლის ალზე, ჩემს მაშინდელ ცეცხლსა და ნაცარზე. ისევ ააწითლა მთელი გვერდი თავისი კალმით. ისევ მიაწერა რაღაც წასახალისებლად.

ბოლოს ფილიპ დელერმის ტექსტების ქსეროასლები დაგვირიგა. ამ მწერლის სახელიც მაშინ გავიგე. დიუმას ცენტრის ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე და მინიატურების ქართულად თარგმნა ვცადე. დამწყები მთარგმნელისთვის დაუძლეველი ამოცანაა – მსგავსი სირთულის პროზას თავს ვერ გაართმევს. რაც უფრო მოკლეა ტექსტი, რაც უფრო მარტივი მიგნებებია, მით უფრო რთულია, ერთი მხრივ, ავტორისეული სისადავის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, უჩვეულო კონტექსტში სიტყვების ახლებური ბრწყინვალების ჩვენება.

გამაწვალა ამ წიგნმა, სწორი სიტყვების ძებნაში დღეები და ღამეები გამატარებინა.

ფილიპ დელერმმა – ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, რომელსაც უბრალო ნივთებზე, ამ ნივთების არსში ჩაკარგვაზე, ყოველდღიურ რიტუალებზე, ტკივილის სიტკბოსა და ადამიანად ყოფნის სიხარულზე წერის არ ეშინია – იცის, როგორ უნდა აგიჩქაროთ გულისცემა, როგორ უნდა წამოგიშალოთ მოგონებები. ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის, მაგრამ ვაღიაროთ – მისატევებელი ცოდვაა მისი პროზის უდავო ღირსებების გათვალისწინებით.

ესეც – ოდნავ შესწორებული ძველი თარგმანი ზემოთ ნახსენები წიგნიდან.

მოულოდნელი სტუმარი

 

არსადაც არ მიდიოდი. იმდენი რაღაც უნდა მოგესწრო მეორე დღისთვის. მხოლოდ რაღაცის საკითხავად შეიარე და უცებ:

– ჩვენთან ხომ არ ისადილებ? უბრალოდ, ყველი, პური…

რა შეედრება იმ რამდენიმე წუთს, როცა გრძნობ – აი, ახლა შემოგთავაზებენ. მხოლოდ სიამოვნების გახანგრძლივების კი არა, დროის დამარცხების სურვილიც გკლავს. დღე ხომ ზუსტად ისე გავიდა, როგორც უნდა გასულიყო; საღამოც ისეთი განსაზღვრული, საგულდაგულოდ დაგეგმილი ჩანდა. ორი წამი და ყმაწვილივით თავნებობ – მოვლენათა მსვლელობის შეცვლის ძალა შეგწევს. რა თქმა უნდა, მიპატიჟებაზე იოლად თანხმდები.

ამჯერად ყველაფერი მარტივადაა: არც სასტუმრო ოთახის სავარძელში დაგსვამენ, არც სავალდებულო აპერიტივს შემოგთავაზებენ. საუბარი სამზარეულოში გაიბმება – კარტოფილის გაფცქვნაში ვერ მომეხმარები? ხელში ბოსტნეულის საფცქვნელით, ბევრად უფრო ბუნებრივად და გულითადად საუბრობ. ლაპარაკ-ლაპარაკში ბოლოკსაც გახეხავ.  მოულოდნელი სტუმარი თითქმის ოჯახის წევრია, თითქმის შინაური. სადაც გინდა, შეძვრები, ყველა კუთხე-კუნჭულს მოივლი, განჯინის კარს გამოაღებ. მდოგვს სად ინახავ? საიდანღაც პრასისა და ოხრახუშის სუნი მოგდის, როგორც იმ დროს, საღამოობით საშინაო დავალებებს სამზარეულოს მაგიდაზე რომ წერდი.

თანდათან მიჩუმდებით. აღარ არის საჭირო სიტყვების უწყვეტი ნაკადი. ყველაზე მშვენიერი, ახლა, ფრაზებს შორის დარჩენილი მყუდრო ადგილებია. არანაირი უხერხულობა. თაროდან იმ წიგნს გადმოიღებ, რომელიც ხელში მოგხვდება. გადაფურცლავ. „მგონი, ყველაფერი მზადაა“, – გესმის და აპერიტივსაც გთავაზობენ. უარს ამბობ მასზე – სწორ დროს შემოთავაზებულზე. გაშლილ სუფრას მიუსხდებით და მოწნული სკამების ქვედა ხარიხაზე ფეხებს შემოაწყობთ. მოულოდნელ სტუმრად თავს მშვენივრად გრძნობ – თავისუფლად, მსუბუქად. ნებიერა შავი კატა შენს მუხლებზე მოკალათდა – უკვე შინაური ხარ. ცხოვრება გაჩერდა – მოულოდნელ სტუმრად იქცა.

რუსთაველი და ცისფერყანწელები

0

„მომავალ დიდ ქართველ მხატვარში უნდა შეხვდეს რუსთაველი და მალარმე. რუსთაველი მე მესმის, როგორც ქართული სიტყვის შემკრები ერთეული და მალარმე ამავე აზრით ევროპის პრეზენტიზმის და ფუტურიზმის“ _ ასე ფორმულასავით გამოკვეთა ტიციან ტაბიძემ მომავალი ქართული პოეზიის სახე. ცისფერყანწელთა აზრით, სწორედ რუსთაველის პოეტიკის აღორძინება უნდა  ყოფილიყო ქართული პოეზიის განახლების საფუძველი. მათთვის მოდერნიზმი ნიშნავდა „რუსთველისა და ძველი პოეტების რენესანსს“ (ვალერიან გაფრინდაშვილი).

მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქართულ ლიტერატურაში. მოდერნისტულმა ტენდენციებმა ხელი შეუწყო ახალი ესთეტიკის დამკვიდრებას. მოდერნიზმი დაუპირისპირდა ლიტერატურაში გამეფებულ „ბატონ შაბლონს“, რომელიც „მალაყს გადადიოდა“ ქართულ მწერლობაში (ტიციან ტაბიძე). ქართველმა მოდერნისტებმა  უპირველეს ამოცანად სიტყვის ესთეტიკური ფასეულობის აღდგენა დაისახეს მიზნად. ცისფერყანწელები ფიქრობდნენ, რომ საუკუნეთა  განმავლობაში წმინდა ხელოვნების გატეხილი ხერხემალი სიმბოლისტებს უნდა აღედგინათ რუსთაველთან პირდაპირი კავშირით, მასთან ხიდის გადებით, ხოლო „საყრდენად“ ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკ გაბაშვილი გამოადგებოდათ, რომელსაც რუსთაველის პოეტიკის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ.

ცისფერყანწელები ასაბუთებდნენ იმ კავშირს, რომელიც არსებობდა სიმბოლიზმსა და ნამდვილ ქართულ პოეზიას შორის (რუსთველიდან ბესიკამდე). „ინდივიდუალიზმი, თავისუფლება შემოქმედების, ხელოვნების თვითმიზნობა, რომელსაც დღეს ქადაგებს ეს სკოლა (სიმბოლისტების), საქართველოსთვის ახალი არ არის. რუსთველისა და ბესიკის შემდეგ ამის მტკიცება თითქოს გაუგებრობაა“, _ წერდა ტიცან ტაბიძე.

ქართველი მოდერნისტები არც იმას ივიწყებდნენ, რომ XX საუკუნის ადამიანი  განსხვავდებოდა ძველი საუკუნეების ადამიანისგან ცხოვრების წესით, მსოფლმხედველობით, ცნობიერებით, გარემოს აღქმით _ ყოველივე ეს კი გავლენას ახდენდა კულტურაზე. ახალმა ცხოვრებამ ხელოვნებასაც ახალი პერსპექტივები გაუჩინა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ „ძველი ქართული პოეტიკა“ იყო ნოყიერი ნიადაგი და წყარო მოდერნიზმისთვის. ცისფერყანწელები ფიქრობდნენ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ „საქართველომ შეკრიბა მთელი თავისი მხატვრული ენერგია“ (ტიციან ტაბიძე), მათი შემოქმედებაც გამოირჩეოდა „შემოქმედების ინტენსივობითა“ და „მხატვრული ენერგიით“. მათთვის მთავარი იყო შეექმნათ ახალი პოეზია, როგორც სტეფან მალარმე იტყოდა, შეექმნათ იმგვარი „ლექსი, რომელიც გადაადნობს სიტყვებს ახალ, მთლიან სიტყვად, სიტყვა – შელოცვად, იწვევს საკვირველ შეგრძნებას – თითქოს ასეთი, თავისთავად საკმაოდ უბრალო ენობრივი ფენომენი მანამდე არასდროს გვსმენია და თვით ამგვარი სიტყვით აღნიშნული საგნის გახსენების პროცესიც უჩვეულო ატმოსფეროში მიმდინარეობს“.

ტიციან ტაბიძე წერდა: „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში საფუძველი ეყრება ქართულ პოეტიკას. რუსთაველისათვის შაირობა სიბრძნის ერთი დარგია, „საღვთო საღვთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი“… ამ ტექსტს ბევრი ინკვიზიტორული კომენტარი მიუღია, მაგრამ უბრალო გრამატიკული და ლოგიკური ანალიზი გულისხმობს, რომ რუსთაველისათვის სასმენლად მარგებლობა მოკლებულია იმ ვულგარულ გაგებას, რომელიც მისცეს მას უტილიტარისტებმა. ესთეტიკაში უფრო საგულისხმოა, რომ რუსთაველი იცავს პრიმატს მუსიკისას ლექსში, რაშიც ის ხვდება ედგარ პოს და პოლ ვერლენს“.

რატომ აღიარებდნენ ცისფერყანწელები თავიანთ უპირველეს წინაპრად, რუსთაველთან ერთად, ბესიკს? ტიციან ტაბიძის აზრით, ბესიკმა გააგრძელა რუსთაველის ესთეტიკური იდეალები: “ენის მუსიკალური ენერგიის ჯადოქრობა მას აიყვანს ქართული სიმბოლიზმის მამამთავრად“. საგულისხმოა, რომ ცისფერყანწელები, ევროპელ თანამოკალმეთა მსგავსად, ცდილობდნენ მოდერნიზმის ფესვების ეროვნულ წიაღში დაძებნას. მათი პოეტური ძიებები მიმართული იყო იქითკენ, რომ ენის მუსიკალური ენერგია მაქსიმალურად გამოევლინათ.

ასე რომ, რუსთაველის პოეტიკის აღორძინება მათთვის ნიშნავდა:

  1. სახე-სიმბოლოების უმთავრეს ღირებულებად აღიარებას მხატვრული ტექსტის სისტემაში,
  2. მუსიკალურობას. “მუსიკა, უპირველეს ყოვლისა“ (ვერლენი),
  3. XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში გაღარიბებული რითმის გამდიდრებას,
  4. პოეზიის რიტმის გამდიდრებას,
  5. ფორმის უპირატესობის აღიარებას.
  6. რეალური სამყაროდან ირეალურში გაღწევას მხატვრული სახეების საშუალებით.
  7. „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ იყო ერთგვარი გამოძახილი რუსთველისეული „ტურფა ხსენებისა“ („მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება“), პრინციპისა, რომელიც გულისხმობდა, უპირველესად, გამოთქმის ხელოვნებას; ერთგვარ ასოციალურობას, ამბის „წყობილ მარგალიტად“ გარდაქმნის ოსტატობას.

„ფორმის გაღმერთება“, _ ეს იყო ცისფერყანწელთა ერთგვარი დევიზი და, რობაქიძის აზრით, ეს იყო რუსთველის უმთავრესი თაყვანისცემისა და ფიქრის საგანიც. რობაქიძემ 1910 წელს თბილისსა და ქუთაისში წაიკითხა ლექციები რუსთველის პოეტიკის შესახებ, შემდეგ ამ ლექციების მიხედვით ესკიზი დაწერა, რომელშიც ფორმულებივითაა გამოკვეთილი ის ესთეტიკური იდეალები, რომლებიც ქართველი სიმბოლისტებისთვისაც უმთავრესად იქცა. რობაქიძე ამ ლექციებში გამოწვლილვით აანალიზებს, როგორ აქცევდა რუსთაველი ქაოსს მშვენიერ ფორმად. ამ თვალსაზრისით, ის იხსენებს ძველ ბერძნულ ხელოვნებას, რომელშიც მჟღავნდება “ელინთა ღვთაებრივი ინტუიცია”. ფორმის სრულყოფილების თვალსაზრისით,  იგი საოცარ მსგავსებას ხედავს აფროდიტეს ქანდაკებასა და ნესტანის სახეს შორის. “მთელი ქმნილება რუსთაველისა სხეულის სილამაზით არის აღძრული, მაგრამ მასში არ მოიძებნება არც ერთი ხაზმოსმა, სადაც იჭრებოდეს ცხოველური გრძნობა. ერთი მხრით: ნდომით ფრენილი ოცნება და ტკბობით აღვსილი ნაღველი: „შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“; მეორის მხრით კი სრული უარყოფა ცხოველური სქესისა: „იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი“  და სწორეთ ესაა ელლინური გრძნობა სხეულისა. რუსთაველის ინტუიციით სხეული არ არის უბრალო ხორცი: იგი ცოცხალი სახეა სულისა, იგი თვითონ ხილული სულია… სწორეთ ისე, როგორც ფორმაში მოყვანილი მარმარილო: იგიც ხომ სულდგმულია მშვენიერებაში გაქვავებული ვნებითა… დიახ, სულდგმული მარმარილო – აი, მხატვრული ქმნილება რუსთაველის მიერ გრძნეული სხეულისა!“ „თუ სიყვარული უბრალო ცხოველობაა, მაშინ იგი არ არის ლამაზი, მშვენიერი; თუ იგი უსხეულო ვნებაა, მაშინ იგი არაა ცოცხალი, ხორცსხმული… იგი ერთსა და იმავე დროს მშვენიერი სულის სურვილიცაა და ლამაზი სხეულის წყურვილიც. მშვენიერი სული, ლამაზი სხეულისათვის ლტოლვილი, და ლამაზი სხეული, მშვენიერი სულისთვის ვნებული, – აი უშრეტი წყარო სიყვარულისა“ (გრიგოლ რობაქიძე).

როგორც ცნობილია, სიმბოლისტთათვის მნიშვნელოვანი გახდა საგანთა და მოვლენათა შორის ფარული კავშირების აღმოჩენა და სიმბოლოებში გამოვლენა. ფერის, ხმისა და სურნელის ერთიანობაში წარმოსახვა. არტურ რემბომ ხმოვნებს ფერები შეუსაბამა და ასე შექმნა საოცარი  ფანტასმაგორიული ლექსები. გრიგოლ რობაქიძე ამგვარ „ექსპერიმენტს“ „ვეფხისტყაოსანში“ ხედავს: „რუსთაველმა ისიც კი იცოდა, რომ ყოველს ხმას თავისი ფერი აქვს: ავთანდილი ბრუნდება, შეხვდება ტარიელს, – და უკანასკნელს: „ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა“ (გრიგოლ რობაქიძე).

რობაქიძის აზრით, „ჭეშმარიტი შემოქმედი არის ის, ვინც იდეას სრულად ასახიერებს, ვინც ნამდვილ ფორმაში ასხამს შინა-არსა. რუსთაველი ამ მხრივ ნამდვილი შემოქმედია: მის აზრს სწორედ თავისი სიტყვა მოუნახავს, მისი სიტყვა სწორედ თავის ხორცში ჩამოსხმულა. რუსთაველი ბრინჯაოს ჩამომსხმელია და მარმარილოს მკვეთელი: ლექსი მისი ფოლადის მტკიცე ნაჭედია და მარმარილოს სრული ნაკვთი. დიახ, რუსთაველი სიტყვის მქანდაკებელია: თვით ბენვენუტო ჩელლინიც ვერ გამოჰკვეთდა მარმარილოში ისეთს სხეულის ნაკვთს, როგორიც არის რუსთაველის კეთილი სიტყვა და სხმული ლექსი… ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია რუსთაველის მადლიანი შემოქმედი ხელი“.

„ქართულმა პოეზიამ უნდა შექმნას რუსთაველის მითი“, _ წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი და, მართლაც, ცისფერყანწელების  მიერ შექმნილ „ახალ მითოლოგიაში“ რუსთაველს უპირველესი ადგილი ეკავა. ვალერიან გაფრინდაშვილი წერილში „ახალი 1922 წლის ქართულ პოეზიაში“ აღნიშნავდა: „რუსთველს იმდენი გამართლება აქვს პოეზიაში, როგორც ბოდლერს. პირველი დეკადენტი სიტყვის ფორმის უეჭველად იყო რუსთველი. არც ერთი თანამედროვე ქართველი პოეტი ისეთი გაბედული ბარბაროსობით არ ეპყრობა სიტყვას, როგორც რუსთაველი. ტიციან ტაბიძემ პირველად დააყენა ანალოგია რუსთაველისა და მალარმესი\” (გაფრინდაშვილი 1990: 548).

ასეთი უცხო პარალელები, მაგალითად, ბოდლერი _ რუსთაველი ჩვეული იყო ცისფერყანწელებისთვის. მათ ხიბლავდათ რუსთაველის დამოკიდებულება სიტყვის  მიმართ, როგორ ქმნიდა ის ჩვეულებრივი სიტყვებისაგან საოცარ რითმებს, მეტაფორებს, მუსიკალურობას („მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული“).

საზოგადოდ, წარსულისკენ მიხედვა უცხო არ იყო ქართული პოეზიისთვის („ძველი სახება საქართველოსი / საუკუნეთა ვუალში კრთება“, ტიციან ტაბიძე „ქალდეას სიზმრები“). ამავე წერილში ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა: „ჩვენს მოლოდინს ამხნევებს  ეროვნული ხაზი ახალ ქართულ პოეზიაში. წინათ ბანალური პატრიოტიზმით განისაზღვრებოდა ეს თემა, იყო სიტყვები და არ იყო ვიზიონალური ხილვა წარსულის.  ტიციან ტაბიძემ აღმოაჩინა ქალდეა, როგორც ახალი ქვეყანა. ეს უდრის დამარხული ქალაქების, პომპეიას და გერკულანუმის აღდგენას“.

გაფრინდაშვილი საგანგებოდ გამოარჩევს იმ ქართველ პოეტებსა და პოეტურ ნიმუშებს, რომლებიც, მისი აზრით, ახალი პოეზიის მდინარებას ქმნიან: „ცხენი ანგელოსით“ დიდი გამარჯვებაა ქართული პოეზიის. გრიგოლ რობაქიძე „თბილისის ხერხემლით“ და „მეორე ხორალით“ ქმნის ახალ ეპოქას ქართულ პოეზიაში. კოლაუ ნადირაძე იძლევა თავის ლექსებში საქართველოს დაღუპულს და განადგურებულს. გიორგი ლეონიძემ შექმნა მითოლოგია კახეთის, რომელიც მოცემულია რუბენსის სიუხვით და სიამაყით. ბაგრატოვანების არწივი ფრთადახრილია და ნატახტარი საქართველო აწამებს პოეტის _ სარაცინის ოცნებას“.

ცისფერყანწელები ფიქრობდნენ, რომ როგორც „ვეფხისტყაოსანმა“ გამოავლინა ქართველი ერის რაობა, მისი ჭეშმარიტი სახე სწორედ პოეზიის საშუალებით, ახალ ეპოქაშიც პოეზიას იგივე ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მთავარია, პოეტებს ერწმუნათ სიტყვის ძალისა და სიტყვათა ჩვეულ, გაცვეთილ მნიშვნელობებს მიღმა მათი დაფარული არსი აღმოეჩინათ („დავიწყებული ძველ სიტყვების ვგრძნობ ანდამატებს“, ტიციან ტაბიძე, „წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“).

ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა გრიგოლ რობაქიძის წერილი „სიტყვის როია“, რომელშიც ის სიტყვათა ასტრალურ სხეულებზე საუბრობს. მისი აზრით, სიტყვის ასტრალური სხეულები მჟღავნდება მეტაფორებსა და სიმბოლოებში, თვითონ ასე და ამგვარად წარმოაჩინა რამდენიმე სიტყვის ასტრალური სხეული: „მარია დორვალ: ოქროს თმები ლოკავენ შიშველ თეთრქაფა სხეულს. დოლენა: სირბილე მიწის ძუძუების. როგნედა: სკვითის სიგიჟე სლავურ მოდუნებაში. ოფელია: შეშლილი ფოთლები მდინარეში. ჯიოკონდა: დაეჭვების ღიმილი სივაჟეში. თამარ: გათვალვა დედოფლის …  ქალდეა: ჰალუცინაცია ხაშმით. საგარეჯო: გარუჯული განდეგილი. ორპირი: რასსების ჯვარედინი. გელათი: სინათლე… შარლ ბოდლერი: გენია სპლინში. დორიან გრეი: ლანდი სარკეში ჩარჩენილი. ირრუბაქიძე: მოურავი მოურეველი“.

ცისფერყანწელთა აზრით, ქართველთა რაობა ისევე უნდა გამოკვეთილიყო აღმოსავლური და დასავლური კულტურების ჭრილში, როგორც ეს მოხდა მეთორმეტე საუკუნეში: “ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი ქართული პროფილი, ქართველობის ძირეული განცდა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, აქ იქნება, ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი გონება. ჩვენი იერი. ჩვენ შევაერთებთ დასავლეთის სიმახვილეს და აღმოსავლეთის მზიურ მოდუნებას, დასავლეთის მხატვრული ნებით გამოვსჭრით აღმოსავლეთის ნამზეურს ჭვრეტას”  (გაფრინდაშვილი 2007: 58). „ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“, _ წერს ტიციან ტაბიძე ლექსში „წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“.

ამავე წერილში საგულისხმოა კიდევ ერთი პასაჟი: „1922 წლის პოეზია ღირსეულად დააგვირგვინა პავლე ინგოროყვამ ლექციების ციკლით რუსთაველის შესახებ და ეს „რუსთველიანა“ მეტ სიმაღლეზე აყენებს ჩვენს პოეზიას და მეცნიერებას, ვაჟა და რუსთაველი! ეს ორი პლანეტა სამუდამოდ ამხნევებს ჩვენს იმედებს და მათ დიდებულ აჩრდილებთან ჩვენ მივდივართ წინ“ (ვალერიან გაფრინდაშვილი).

საგულისხმოა, რომ აკაკისგან განსხვავებით, რომელმაც „მარგალიტების მთესველ“ ვაჟას ენა დაუწუნა, ცისფერყანწელებმა სწორედ ეს ენა მოიწონეს, გამდიდრებული ფშაური დიალექტური ფორმებით, ცოცხალი ბუნების საოცარი სიტყვიერი განცდით და სურნელით. ვაჟას პოეზიაში მათ სწორედ ეს ხელშეუხებელი სიცინცხლე სიტყვებისა ხიბლავდათ, იდუმალი მუსიკალურობით აღბეჭდილი: „ვაჟა-ფშაველა პანის ღვთაებრივი მჭვრეტელი, ხევის ნიაღვრით დასოლებული მუზით, რომლისთვისაც ბუნება ემბაზიც იყო, საქორწინო საწოლიც და კუბოც“ (ტიციან ტაბიძე).

ცისფერყანწელთა მიზანი ხომ იყო „სიტყვის, როგორც ნამდვილი სხეულის, განცდა მისი ფერით, მისი ხმაურით, მისი ტემპერამენტით, მისი განუმეორებელი სურნელებით“ (ვალერიან გაფრინდაშვილი).

სერგო კლდიაშვილი აღნიშნავდა: „ცისფერყანწელები“ ჩვენი ქართული კლასიკური ლიტერატურის გულწრფელი ქომაგები ხდებიან“ (კლდიაშვილი 2007: 66). ეს ქომაგობა მათ წარმოაჩენდათ, როგორც ჭეშმარიტ მცველებსა და რაინდებს ქართული სიტყვისა, ამიტომაც იყო, რომ რობაქიძემ, თავის რომანში „მცველნი გრალისა“ გრაალის, იგივე საქართველოს არსის, მეობის, გულის _ უპირველეს მცველებად პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე წარმოაჩინა.

ტიციან ტაბიძე წერილში „რუსთაველი“ წუხდა: „ჭეშმარიტად, სამყოფი არ ყოფილა უსათუოდ გენიოსად ყოფნა ადამიანისა, რომ შეიქნეს ცნობილი. რუსთაველის გენიოსობის ტოლნი ამაყობენ დიდის სახელით. არ კმარა გენიოსობა, გენიოსი უნდა იყოს კიდევ ბედნიერი, უნდა ეკუთვნოდეს ბედნიერ ერს. რუსთაველი რომ ყოფილიყო ფრანგი, იმას ქვეყანა გაიცნობდა, როგორც კორნელს. ქართველები თავიანთი ისტორიული ცხოვრების ათასი წლების განმავლობაში გვიჩვენებდნენ მაგალითებს გმირობისას, რაინდობისას და კეთილშობილებისას იმავე ზომით, როგორც ფრანგები; უბედურება კი გამოიარეს უფრო მეტი, ვინემ ფრანგებმა; მიუხედავად იმისა, რომ ისინი იბრძოდნენ სპარსელების, არაბების, ბიზანტიელების, თათრების და თურქების წინააღმდეგ, როგორც ახალგაზრდა ლომები; მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ ყოფილან დამწვარი და აოხრებული, საბოლოოდ, ისინი მაინც დგებოდნენ ფერფლიდან როგორც ფენიქსები, ყოველთვის მშვენიერები, კეთილშობილები და რაინდები; მიუხედავად იმისა, რომ იმათი სიმღერები იყვნენ უფრო ლამაზი და ძვირფასი, ვინემ სიმღერები ჭილლონ-ს და ღონსარ-ისა, მათი ღვთაებრივი რუსთაველი არ არის გაღმერთებული ევროპაში და თითქმის არც ცნობილი. გენიოსად ყოფნა ცოტა ყოფილა დიდებისათვის, კიდევ საჭიროა თურმე ბედნიერება, ისევე, როგორც არ არის საკმაო კეთილშობილ ნაციად ყოფნა, რომ ღირსეულად იყო მიღებული სხვა ქვეყანათა ერებში“.

ამიტომაცაა, რომ დიდი კამათი და გაღიზიანება გამოიწვია ნიკოლოზ მიწიშვილის პესიმიზმმა, რომელიც წარსულისა და რეალობის „შეუსაბამობიდან“ დაიბადა.

გრიგოლ რობაქიძე წერილში „საქართველოს ხერხემალი“ იმოწმებს ნიკოლო მიწიშვილის რუსთაველზე გამოთქმულ თვალსაზრისს: „ნიკოლოზ მიწიშვილი სწერს: „მეეჭვება თვით რუსთაველიც: თუ ის ჩვენი ცხოვრებისგანაა – უსათუოდ გაუგებრობაა ის; თუ არა და – ან რუსთაველი არ არის ქართველი, ანდა მისი პოემა ადვილად ნაშოვნი საქმეა“. კიდევ კარგი, რომ ავტორს „ვეფხისტყაოსანი“ გენიალ ქმნილებად მიაჩნია. მხოლოდ – როგორც ჩვენი ცხოვრების ნაყოფი – იგი მისთვის „გაუგებრობაა“ უკეთეს შემთხვევაში. უცუდეს შემთხვევაში? ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი ქმნილება „ნაშოვნი“ საქმეა და ისიც „ადვილი“.

რობაქიძე საკმაოდ მკაცრად გამოთქვამს საყვედურს: „ნუ თუ ავტორს ჰგონია, რომ რუსთაველით ამოიწურება ქართული გენია? (ეგებ სხვებსაც ჰგონიათ). 1902 წ. ნიკო მარრმა იერუსალიმში იპოვა ხელნაწერი „ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელის“. ავტორი გიორგი მერჩული. გამოდის: მეოცე საუკუნის თაურამდე არავინ იცოდა, თუ რა საუნჯე ჰქონიათ ქართველებს. ქმნილება ეკუთვნის მეათე საუკუნის ნახევარს. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ეს ქმნილება ქართული გენიის ხალასი ნაყოფია. ქართული სიტყვა აქ მოცემულია ისე, თითქო პირველმიწას რძე სდიოდეს კვლავ ძუძუებიდან. თქმა მოკლე: ნაკვეთი. სიტყვა – თითქო შედედებული სუბსტანცია, რომელიც წარმოთქმის შემდეგ იშლება, როგორც მდინარის სარკეული ზედაპირი, როცა ფრთებგაშლილი გავაზი დაეცემა მას. არავითარი ხორცმეტი, არავითარი მეჭეჭი. სიტყვა ისეთი, რომელსაც აქვს ქალწულური დარცხვენა და ამავე დროს მორკინალის შემართება: სწორედ ისეთი, რომლითაც ძველად წირვადს ჰქმნიდნენ. არც გასაკვირია: გიორგი მერჩულეს ჰყავდა წინამორბედი – იაკობ ხუცესი (მეხუთე საუკუნე), რომელმაც გასაოცარი აღწერა დაგვიტოვა „წმინდა შუშანიკის“ ცხოვრებისა. გიორგი მერჩულმა, ცხადია, ქართული „საგალოობლებიც“ იცოდა, საცა ქართველი ავტორები ფსალმუნობაში დავით წინასწარმეტყველს ედავებიან. მაგრამ ამით არ ამოიწურება მერჩულის ქმნილება. აქ არ არის მოცემული ჩვეული აღწერა ჩვეული წმინდანის, საცა სიცოცხლე მლაშეა და წუთხე. აქ მთელი მსოფლგზნებაა – სრულიად თავისებური.  გრიგოლ ხანძთელი – (მერჩულის აღწერით) – ისე დადის დედამიწაზე, თითქოს უკანასკნელი სიმინდის ჯავარი იყოს, რომელიც დატაროებას ელის. მიწა მისთვის არ არის „ბერწი“. პირიქით: მისი ყოველი ნაყოფი „წყაროს თვალია“, რომელსაც მოაქვს ბუნების მადლი. ამის შემდეგ რასაკვირველია, რუსთაველი აღარ არის „გაუგებრობა“. მაგრამ რუსთაველამდე კიდევ იყვნენ სხვებიც, რომელთაც ქართულ სიტყვაში გენია გააღვიძეს. ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე. თითოეულს მათგანს ცალკე მონოგრაფი სჭირდება. თუ გერმანელები ლუთერს „ბიბლიის“ გერმანულად თარგმნისათვის გენიალობას ანიჭებენ, რა დააშავეს ჩამოთვლილმა მამებმა, რომლებმაც იგივე „ბიბლია“ ქართულად თარგმნეს. და მერე როგორ?! ლუთერის თარგმანი თუ არის ენის-ქმნა, მთაწმინდელების თარგმანიც ენის-ქმნაა ნამდვილი.  თუ რომელი უფრო მძაფრი ქმნაა, ეს კიდევ სადაოა. ასეთია მაგისტრალი, რომლის ბოლოს რუსთაველი მოსჩანს, როგორც დამთავრება და როგორც ასეთი – ხანდახან როგორც გადახრაც (ოდნავი დეკადენსი). ამის შემდეგ რა აზრი აქვს ასეთს დილემას: „ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი პოემა ადვილად ნაშოვნი საქმეა“? რუსთაველი ქართველია და მის პოემას უდიდესი სიტყვის კულტურა უძღვის წინ. რასაკვირველია, „ადვილად შოვნაზე“ ლაპარაკი ამ კულტურის არცოდნაა“.

რობაქიძის ამგვარი დამოკიდებულება წარსულთან ტონის მიმცემი იყო ცისფერყანწელებისთვის, მართალია, ხანდახან რომელიმეს, მაგალითად, ნიკოლო მიწიშვილს შეიძლება ეჭვი გასჩენოდა, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლიდა, თანაც, ისიც უნდა  აღინიშნოს, რომ ამგვარი ეჭვი საკმაოდ გვიან გამოითქვა, როცა ცისფერყანწელების პოეტური ორდენი აღარ არსებობდა და ბევრ მათგანს იძულებით მოუხდა ძველ იდეალებთან გამოთხოვება.

ცისფერყანწელებმა თავიანთი პოეზიით, მართლაც, შექმნეს ახალი მითოლოგია და აქ უპირველესი მითი იყო რუსთაველი. მათ პოეზიაში ხშირად გაიელვებდა მისი სახე. რაც მთავარია, მათ ააღორძინეს რუსთველისეული „სიტყვის კულტურა“.

ყროლები

0

საინტერესო ფენომენია ადამიანის მეხსიერება. თითქოს ერთბაშად ირთვება რომელიღაც ასაკში. მანამდე თავს გადამხდარი არაფერი გახსოვს, მხოლოდ სხვის მონათხრობს თუ სჯერდები.  მეხსიერების ამოქმედების შემდეგ კი თითოეული დეტალი, მომენტი, ნანახ-გაგონილი იწყებს აღბეჭდვას ჩვენი ტვინის რომელიღაც ტალანში. გადის წლები და ისევ ნისლითა და ბურუსით იფარება ბევრი მათგანი. ისტორიის მტვერი გონებაში აღბეჭდილ საგნებს  ისევე ედება და შთანთქავს, როგორც სამზეოზე დარჩენილ მათ ორიგინალებს. თუმცა არსებობს მოვლენები, რომელთა მიმართ დრო-ჟამი უძლურია. ძნელია მათ მრავალჟამიერობას რაიმე დამაჯერებელი ახსნა მოუძებნო… უბრალოდ ფაქტია, რაღაც გუშინდელი დღესავით გახსოვს, თუნდაც ღრმა ბავშვობაში მომხდარი ამბავი…

ყოველთვის დიდად მიზიდავდა მოხუცთა მუსაიფი. რაც წლები მემატება და   გარშემო  ასეთი ადამიანების რიცხვი  იკლებს, მით უფრო მიცხოველდება ეს წადილი. ის კი, რაც მათი დიალოგებიდან მიზიდავს, არის იმ დროის ლექსიკა, წინადადების წყობა და თითოეულ ფრაზას დატანებული აზრი. მგონია, რომ მაშინ ერთი წინადადებით უფრო მეტის თქმას ახერხებდნენ, ვიდრე დღეს ჩვენ.

სამწუხაროდ, არც ერთი პაპა არ მახსოვს საკმარისად.  ჩემს მეხსიერებაში ორივე მუნჯი ფილმის პერსონაჟებად შემორჩენილან რამდენიმე კადრით: სადღაც შორეულ პლანზე მუდმივად  მოფუსფუსენი ბაღ-ბოსტანში.  მხოლოდ ერთი კადრია ფერადი და ხმოვანი. კადრი სულ რამდენიმე წამს გრძელდება: არაგვზე გადებულ  ხის მორებისაგან შეკრულ საცალფეხო ხიდზე გადავდივართ ზაფხულში ფშავში ასულები. ხიდიდან სახლამდე ჭალაა, სახლამდე კი სადღაც ას მეტრზე ცოტა მეტი მანძილია. შუა ჭალაში გვეგებება პაპა – მაღალი, ხმელი მოხუცი ჭაღარა თმებითა და ცისფერი თვალებით და დაბალი, ძლივს გასაგონი ხმით ამბობს: „მომივიდნენ ჩემი ყროლებიო“.  პაპისაგან დანატოვარ ამ სამად-სამ სიტყვაში ისეთი სიყვარული, სითბო, ერთწლიანი განშორების მონატრება იყო ჩაქსოვილი, რომ მან გაუძლო რამდენიმე ათეულ წელს და გუშინდელ დღესავით ნათელ მოგონებად შემორჩა…

ფშავში  „ყროლი“ „ცუდის“ სინომია და სუნთან  არც კი ასოცირდება. ამ სიტყვის განმარტებას სულხან საბას „სიტყვის კონაშიც“ ვერ იპოვით.  ფშაურ ხალხურ ლექსებსა  და კაფიებში კი ხშირად  გვხვდება. თუმცა ამ  სიტყვამ, როგორც ჩანს, მოგვიანებით მნიშვნელობა შეიცვალა და დღეს „ბარში“ სპეციფიკური სუნის, უმეტესად ცუდის, აღსანიშნავად გამოიყენება…

და რა არის სუნის ფენომენი? საიდან მოდის?

ეს მოლეკულის ისეთივე დამახასიათებელი ფიზიკური თვისებაა, როგორც მისი ფერი, აგრეგატული მდგომარეობა, დუღილისა და ლღობის ტემპერატურა თუ სხვა მრავალი მისთანა. შეიძლება ითქვას, რომ სუნი პრაქტიკულად ყველა მოლეკულას აქვს, ზოგს სუსტი, ზოგს ძლიერი. „კარგი“ და „ცუდი“ სუნი კი ჩვენს ყნოსვით ორგანოსა და მით უფრო ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული  და არა მოლეკულაზე.  ის არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ მას ვგუობთ ან ვერა. უფრო მეტიც, ის რაც ერთისთვის სასიამოვნო სურნელად მიიჩნევა, სხვაში შეიძლება საწინააღმდეგო შეგრძნებას ბადებდეს. ერთნი თუ ცხელ შოთსა და გუდის ყველზე დიდი რუდუნებით საუბრობენ, მეორენი ამის მოსმენაზეც კი ცხვირს იბზუებენ…

მართალია, სუნი ყველა მოლეკულას აქვს ზოგადად, მაგრამ სუნის მატარებლებად, ანუ სურნელოვან ნაერთებად, მხოლოდ ამ თვისების ზედმეტად აქტიურად მატარებელი მოლეკულები მოიაზრებიან. ზოგიერთმა მათგანმა სწორედ მათი სპეციფიკური სუნის გამო ჰპოვა გამოყენება.

მაგალითად, მრავალი ესტერი ხილის (არა ციტრუსების) სურნელს მოგვაგონებს. ხილის ეთერზეთებში ასევე შედის აცეტალები და ნახევარ აცეტალები. ყვავილების სურნელში მრავლად მოიპოვება ალდეჰიდები და კეტონები. ცოცხალი თევზის სუნი განპირობებულია ნაჯერი დიამინების შემცველობით – ორმა მათგანმა ტრივიალური სახელიც ამის მიხედვით მიიღო: პუტრესცინი და კადავერინი. სკატოლის – ჰეტეროარომატული ნაერთის სუნი  საპირფარეშოების მძაფრ სუნს მოგვაგონებს, მაგრამ იგი ძლიერ განზავებული ფორმით ხშირად შედის პარფიუმერულ პროდუქციაში. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ „ბუნებრივი“ სუნი არასოდეს არის გამოწვეული ერთი რომელიმე ნივთიერების შემცველობით. ის რამდენიმე სურნელოვანი ნივთიერების ნაკრებს წარმოადგენს. ამიტომ პარფიუმერული ნაწარმისა თუ არომატიზატორების შემუშავებისას ქიმიკოსების ერთ-ერთი ამოცანაა, იპოვონ ზუსტი და საინტერესო კომპოზიცია უკვე არსებული „ცალკეული“ სუნის მქონე ნაერთების შერევით.

და კიდევ, ყველა ქიმიურ ლაბორატორიას თავისი სუნი აქვს. გამოცდილი ქიმიკოსი ლაბორატორიაში შესვლისთანავე ხვდება, თუ რა ტიპის ნაერთებზე მუშაობენ იქ მკვლევრები… უცხოები კი… პირველი კითხვა, რასაც გეკითხებიან, არის „ასეთ სუნში როგორ ძლებთ?“…

რა გითხართ აბა, ასეთი „ყროლები“ არიან ეს მოლეკულები… პაპაჩემის შვილიშვილებივით – ზოგი ანცი და დაუდგომელი, ზოგი დინჯი და ზანტი…

 

იყავი მასწავლებელი

0
Empty desks in classroom

გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი (ამ მონასტერთან არსებული ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი-თავშესაფარი ერთი კეთილი და ნათელი ადგილია მთელ დედამიწაზე), დედა მარიამ ჯაფარიძე, თავის საუბრებში გამუდმებით გვიმეორებდა ხოლმე: „დღეს მასწავლებლობა გმირობის ტოლფასია, წადით სკოლებში მასწავლებლებად!“..

დედა მარიამის სიტყვა ჩემთვისაც და, ვისაც მისთვის ერთხელ მაინც მოუსმენია, იმისთვისაც, ძვირფასია და რაც მთავარია _ საყურადღებო, მასწავლებლობა ბავშვობაში ჩემი დიდი ოცნებაც იყო და რა ფერადი კოშკები არ ამიგია, როცა ჩემს თავს ამ როლში წარმოვიდგენდი, მაგრამ როცა ისე მოხდა, რომ მართლა მომიწია საკლასო ოთახში შესვლა და პირადად შევეხე ამ დიდ, რთულ და გნებავთ, იდუმალ მდგომარეობას, მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ ოცნება არა კმარა, არც ლაღი და ფერადი წარმოდგენები, რომ მასწავლებლობა დიდი ნიჭია და, ის ან გაქვს, ან არა.

მასწავლებლობა მადლიცაა და, რაც უნდა თანამედროვე შესატყვისები მოვუძებნოთ, ის მაინც გულისხმობს იმაზე მეტს, გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ პროფესია, საქმე, სამსახური.

ამიტომაა ხოლმე, რომ ასეთ _ მადლიან მასწავლებელს როცა შეხვდები,  გინდ ქალაქის ან თუნდაც ყველაზე მიყრუებული სოფლის სკოლაში გადააწყდები, გული გინათდება და ზუსტად ისეთი განცდა გიჩნდება, აი, დაახლოებით, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ რომაა _ ბორის წიფურიას გმირი (ქორია), წყაროზე დახრილ ლიკა ქავჟარაძის გმირს (მარიტას) რომ დაინახავს და უნებურად პირჯვარს გადაიწერს…

მე მინახავს ასეთი მასწავლებლები, მათ ერთ საქციელშიც კი იმხელა ძალა ყოფილა, იმხელა სათქმელი გამხელილა, რაც ხშირად ერთად აღებულ მთელ განათლების სისტემას უდრის ან აღემატება კიდეც.

ასეთი მასწავლებლების მხრებზე დგას კიდეც სახელმწიფოც და მომავალიც, რაც უნდა პათეტიკურად ისმოდეს, და ასეთ მასწავლებლობას გულისხმობს ხოლმე დედა მარიამი, როცა ყველა ჩვენგანს სკოლისკენ მიგვითითებს…

ორი წელი ვასწავლიდი ჩემს ყოფილ სკოლა-გიმნაზიაში, ჩემმა ყოფილმა დირექტორმა, არაჩვეულებრივმა პედაგოგმა მერი აფხაზავამ, სრული თავისუფლება მომცა, პროგრამის შედგენაც მე მომანდო,  სწავლის მეთოდის და ხერხის არჩევაც  და შემიშვა რამდენიმე კლასში „საზღვარგარეთის ლიტერატურის“ მასწავლებლად. სახელი კი მეტისმეტად ხმამაღლა ჟღერდა, მაგრამ სინამდვილეში, მთელი ჩემი ამოცანა იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ბავშვებისთვის გაცნობა და შეყვარება იყო, რომლებიც სკოლაში არ ისწავლება და ჩემი აზრით, ზუსტად იმიტომ დაიწერა, რომ გაცხოვრონ და გაგაუკეთესონ.

მიუხედავად იმისა, რომ კლასებში 15 მოსწავლეზე მეტი თითქმის არ იყო (გიმნაზიის პირობებიდან გამომდინარე), ჩემი ორწლიანი შრომა და ძალისხმევა მაინც იმას შეელია, რომ ორმოცდა ან სამოცდარამდენიღაც ბავშვიდან მხოლოდ სამი თუ ოთხი მიმიხვდა, რა გვინდოდა მე და წიგნებს მათგან, ეს სამი და ოთხი იყო მთელი ჩემი მომნუსხველი აუდიტორია და დღემდე არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები, რომლებთან ერთადაც უკვე დიდ და სერიოზულ ცხოვრებისეულ ამბებს ვიყოფ.

დასკვნა ცალსახა და მარტივი გამოვიდა: მე არ აღმომაჩნდა საკმარისი უნარი, ვყოფილიყავი ისეთი მაწავლებელი, რომელიც ორმოცდა ან სამოცდარამდენიღაც ბავშვში ერთდროულად გააღვივებდა წიგნების, ფიქრის სიყვარულს, ვიღაცები ამას ახერხებენ, ვიღაცებს ეს გამოსდით. ჰოდა, მასწავლებლობაც მათი მადლი და ხვედრია!

მე იმ ჩემი სამი-ოთხი კეთილი და ერთგული მსმენელ-მკითხველით ვიხეტიალებ ლიტერატურის და ფიქრის სამყაროში. ვინ იცის, სადმე, რომელიმე მეტაფიზიკურ სივრცეში ან მდგომარეობაში, ჩვენც გავმრავლდეთ და მთელი სამყარო მოვიცვათ!

მასწავლებლობა კი, ცოტათი ჯადოქრობაცაა და თუ პაწაწინა ფოკუსები არ იცი, დიდ სცენაზე არ უნდა გახვიდე _ იქ ისეთი „მაყურებელი“ გელოდება, ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ  და თუ ძალიან მოინდომა, სიყალბეს და ხარვეზს არც გაპატიებს.

მე ვიცნობ ასეთ კეთილ ჯადოქრებს.

ერთი მათგანი, მაგალითად, დღესაც ასწავლის ერთ სკოლაში დაწყებით კლასებს. ერთხელ,  ზამთარში, შუა გაკვეთილზე, როცა  დაფასთან იდგა და რომელიღაც განტოლებას ხსნიდა, ერთი მოსწავლე, ჩუმი, წყნარი და უცნაური გოგონა, წამოდგა, უნებართვოდ მივიდა ფანჯარასთან, უნებართვოდ ჩამოეყრდნო რაფას, თავი ხელისგულს ჩამოადო და დაიწყო ფანჯარაში უნებართვოდ ცქერა… მოსწავლეებმა კლასელის საქციელი მაშინვე გააპროტესტეს და მასწავლებელი დაფიდან ფანჯრისკენ მოატრიალეს _ გოგონამ ხომ ქცევის წესები დაარღვია! მასწავლებელმა ჯერ გოგოს შეხედა, მერე ფანჯარას, მერე საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და ოდნავ მკაცრად დაიჩურჩულა:

„ჩუ!.. ვერ ხედავთ, ის უსმენს, როგორ თოვს!“

ძვირფასო მასწავლებლებო, მე ვიცი, როგორი ძნელია დღეს მასწავლებლობა, რამდენი ტანჯვა, გაჭირვება, პრობლემა და წუხილი ახლავს თან, რამდენი გასამართლებელი მიზეზი არსებობს იმისა, ვინმემ ეგ ტვირთი ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ ოდესღაც თქვენც იყავით ბავშვები და შესაძლოა ყველაფერს სხვაგვარად ხედავდით. ვინ იცის, რამდენი ოცნება ან რამდენი სათქმელი გქონდათ, მსმენელი და გამზიარებელი კი, ვინც იმ დროს, იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებოდათ, _ არ იყო; გაიხსენეთ,  როგორი გინდოდათ  თქვენი მასწავლებლები ყოფილიყვნენ, ან იქნებ სწორედ თქვენივე მასწავლებლის მიბაძვით აირჩიეთ  ეგ პროფესია, ხშირად გაიხსენეთ ისინი, თქვენი ოცნებები და სათქმელებიც ხშირად გაიხსენეთ და იგრძნობთ, როგორ შემოვა თქვენში სიმსუბუქე, ზოგი მადლს რომ ეძახის და ზოგიც წყალობას; ირწმუნეთ, რომ ახლა სწორედ თქვენ ხართ ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ვინც აქ და ახლა, მომავალ თაობას სჭირდება.

ზამთრის თოვაში  ან გაზაფხულის ყვავილობისას, საკლასო ოთახის ფანჯარასთან, შუა გაკვეთილის დროს, ყოველთვის დგას ერთი მოსწავლე, რომელსაც მხოლოდ თქვენ ხედავთ, უფრო მეტიც _ სწორედ იმას ხედავთ, რასაც ის ასე დაჟინებით და საიდუმლოებით სავსე თვალებით გასცქერის…

ეს უწყინარი ჯადოქრობაა, ყველა თქვენგანში ცხოვრობს ეს კეთილი ჯადოქარი.

ცხოვრებაც ამის გამოა უფრო საინტერესო.  ცხოვრება _ ცოდნის გაცემა და  მიღება, სწავლა და მასწავლებლობა…

სულ სხვა ნიურნბერგის პროცესი

0

* * *

ეს ამბავი ნამდვილია და გერმანიაში,  ბავარიის მხარეში მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. მოყოლითაც იქაურმა გერმანელმა მიამბო, ქართულად, სხვათა შორის და ქართველზე არანაკლებ ემოციურადაც. მსგავს ისტორიებს ჩვენ ვიცნობთ ყოფიდან თუ ლიტერატურიდან. ისინი ნებისმიერ ქვეყანაში, მხარეში, ქალაქსა თუ სოფელში მომხდარა, არ არის გამორიცხული, რომ ახლა, ამ წუთებში, ღამის 12 საათსა 35 წუთზეც  ხდება სადმე, როცა მონაყოლი ფურცელზე გადამაქვს, და, სამწუხაროდ, ვერც იმისგან ვიქნებით ვერასოდეს დაზღვეული, რომ მომავალში აღარ მოხდება. შეიძლება ეს ისტორიაც იქცა უკვე გერმანული ლიტერატურის ნაწილად – რომელიმე მწერლის ნოველას, პიესას ან რომანსაც კი დაედო საფუძვლად, თუმცა ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცი. მით უმეტეს, რომ ჩემი მთხრობელი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს  და ვეღარც მისგან შევიტყობ რაიმე სიახლეს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,  რომ ამ  ისტორიის არც გამხატვრულებას ვაპირებ და არც მისაკუთრებას; მე ის უბრალოდ ჩავიწერე, როგორც ერთი მასწავლებლის თავს დამტყდარი ტრაგედია და ჩავიწერე თითქმის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ისე, როგორც მიამბეს. მხოლოდ რამდენიმე ადგილას მომიწია მთხრობელის ემოციის გამო გაკეთებული პაუზების შევსება, ერთი-ორი გერმანული სიტყვის ლექსიკონში მოძებნა და სინტაქსისთვის ხელის შევლება; და კიდევ, იმ გეოგრაფიული ადგილების Google maps-ით მონახულება, სადაც ეს ამბავი მოხდა.

* * *

მერიმეს „მატეო ფალკონესავით“ დაიწყე-მეთქი მოყოლა, – ღიმილით ვუთხარი პირველივე წინადადებების შემდეგ ჩემს მთხრობელს. ისე გულწრფელად მკითხა, მერიმე ვინ არისო, რომ მაშინვე ვინანე  ნათქვამი, მივხვდი, მიბაძვა და თავმოწონება გამორიცხული იყო, რომ ის  ბუნებრივად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიყვებოდა წლობით ნატარებ ამბავს – ისე, როგორც შეეძლო, როგორც ახსოვდა, როგორც განიცდიდა.

მაგრამ,  ვფიქრობ, ტყუილი არ მითქვამს: მისი ამბის დასაწყისიც და თხრობაც, მართლა ჰგავდა მერიმეს ნოველის დასაწყისს და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მისი „პროტაგონისტის“ – ვილჰელმ შტაინმეცის (მამის) ხვედრიც – მატეო ფალკონესას (მამის). თუმცა განსხვავებაც დიდი იყო: მატეომ, როგორც კაცმა და როგორც მამამ, თავისი მორალიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გაცნობიერებულად, მიზანმიმართულად აირჩია ეს გზა, ხოლო რაც ვილის  დაემართა, როგორც იტყვიან ხოლმე,  უფრო ბედისწერის ამბავი იყო – უნებლიე შეცდომა, თუმცა გაუფრთხილებლობით დაშვებული, რომლის თავიდან აცილება  შეიძლებოდა, ისევე, როგორც – მატეოს შეცდომისა. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რას  გრძნობს შვილის მკვლელი მამა ან ვისთვის უფრო ძნელი სატარებელია ეს ტვირთი  –  ვინც შეგნებულად გადადგა  ნაბიჯი თუ ვინც შემთხვევითობის გამო იქცა მკვლელადაც  და მსხვერპლადაც.  ურიგო არ იქნებოდა ამ თემის  ვრცლად გაშლაც (და სხვა მსგავსი მაგალითების მოყვანაც), მაგრამ,  სხვა დროს იყოს, რადგან ამჯერად ამბის ჩამწერად და გადმომცემად დარჩენას ვამჯობინებ.

შედარებისთვის,  მაინც მინდა შეგახსენოთ „მატეო ფალკონეს“ დასაწყისი:

„ჩრდილოდასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის და საკმაოა კაცმა სამი საათი იაროს მიხვეულმოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგალაგ კლდის ნაპრალები გადმოჰყურებს, ხოლო ალაგალაგ თვალუწვდენელი ხრამები სჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს“... – ასე იწყებს თხრობას პროსპერ მერიმე.

ჩემი მთხრობელი კი მიყვება: ნიურნბერგიდან დასავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრი უნდა გაიარო მოასფალტებული გზით, რომელსაც მარჯვნივ ლაპლაპა რელსები მიუყვება, ზედ  მუდმივად მოსრიალე სამგზავრო მატარებლებით; უკან უნდა მოიტოვო ხუთი-ექვსი ჩვეულბრივი გერმანული სოფელი, პატარ-პატარა ტბები, მომცრო და უფრო ფართოდ გაშლილი ველები და მიადგები დიტენჰოფენს, სოფელს, სადაც შრაიერშტრასეზე ვილჰელმ შტაინმეცი ცხოვრობდა.

* * *

თავის წითელსახურავიან სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა ვილი. მისი სახლის ნომერიც მახსოვს – 11. საყვარლად მსუქანი, დაბალი კაცი იყო. უმეტესად სპორტული, ბევრჯიბიანი სამხედრო ფერის ქურთუკები და შარვლები ეცვა. შემეჩხერებული ბანანისფერი თმა ჰქონდა და წითური სახე.  დაწყებით კლასებში ასწავლიდა. გვარი უკვე გითხარი –  შტაინმეცი. ამბის მოყოლას რომ დავასრულებ, თავის გვართან ვილის სიმბოლურ, ალბათ, საბედისწერო კავშირზეც მინდა  გითხრა რაღაც, რაზეც ბევრჯერ მიფიქრია. ჰყავდა გამხდარი ცოლი, მოკლეთმიანი ბერბელი, რომელიც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ბევრს იღიმოდა. მათ ერთადერთ ბიჭს კი ვალტერი ერქვა. მაშინ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა, ჯარში მსახურობდა და შინ შვებულებით იყო ჩამოსული.

მე ვალბურგსვინდენში ვცხოვრობდი, ჰოხშტრასეზე, დიტენჰოფენიდან 2 კილომეტრში. ჩვენს ნაძვნარში ჩაფლულ სახლში რესტორანი გვქონდა და ხან ფეხით, ხან მანქანით, პროდუქტების და სხვა ყოველდღიური ნივთების საყიდლად ხშირად მიწევდა დიტენჰოფენში ჩასვლა. უმეტესად იქ ვხვდებოდით მე და ვილი  ერთმანეთს. ვილი ჩემი მასწავლებელი არ იყო, მაგრამ მაინც ვმეგობრობდით. ვილი ყველა თავის მოსწავლესთან მეგობრობდა. ზოგჯერ მანქანაზეც გვსვამდა ხოლმე ბავშვებს და გვატარებინებდა. რამდენჯერმე სოფლის შუაგულში მდგარი ლეონროდის მე-13 საუკუნის  ციხესიმაგრეც დავლაშქრეთ ერთად. თან ვათვალიერებდით, თან ციხის აგების და მერე მისი დაწვის ისტორიას მიყვებოდა. ახლაც დგას ეს ნახევრადდანგრეული ციხე დიტენჰოფენში.

ძველი ვერცხლისფერი  გოლფი ჰყავდა. პატიოსანი მასწავლებლის შესაფერისი. სოფლის მასწავლებელი უკეთესს ვერც იყიდიდა, თუმცა  ვილის მეტი არც უნდოდა. ჰყოფნიდა.  კეთილი იყო ვილი. ყველას ეხმარებოდა.  2 ძაღლი ჰყავდა და ბევრი ქათამი. ძაღლების სახელები არ მახსოვს.  იცი, როგორ უყვარდა ხეები და ცხოველები, როგორც თავისი მოსწავლეები. საერთოდ ბუნების მოყვარული კაცი იყო. ბევრჯერ მოუყვანია ტყიდან დაჭრილი ცხოველი ან  ფრინველი, მოურჩენია და გაუშვია. ერთხელ სახლში ირემიც  გამოაზამთრა. უფრო ფაქიზი სულის ადამიანი იშვიათად შემხვედრია. მე მინახავს, როგორ მოჰქონდა ტყიდან ყვავილები ბერბელისთვის.

 * * *

 ახლაც მიკვირს მისი ბუნების კაცისგან, მაგრამ ასე იყო და ამან დაღუპა კიდეც – ვილის უნიკალური სანადირო თოფების კოლექცია ჰქონდა. სანადიროდაც დადიოდა, თუმცა ამ ნადირობას ტყეში გასეირნება და ცხოველების ან ხეების დასახმარებლად წასვლა უფრო ერქვა. თავის დიდ კაბინეტში ეწყო თოფებიც და ტყვია-წამალიც. 55 წლის იყო, ეს ამბავი რომ დაემართა.

იმ დღეს სკოლაში  ხელფასი აიღო და რესტორანში დალიეს მამა-შვილმა. შვილიც თავისნაირი ჰყავდა – კარგი. ვალტერი, დაახლოებით, 20-22 წლის იქნებოდა. რესტორნიდან გვიან მისულან სახლში. ვილჰელმი თავის ახალ თოფს აჩვენებდა თურმე. არც ბერბელს სძინებია.

ლეონროდის ციხესიმაგრემ სოფელს ხმამაღალ ექოდ დაუბრუნა უკან თოფის ხმა. უფრო ამ ხმამ გააღვიძა სოფელი. გულში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი ვალტერს. თავისი ხელით დარეკა ვილიმ პოლიციაში. მისი სანადირო თოფების კოლექციაც იმ ღამესვე წაიღეს.

* * *

ვილის პროცესი ნიურნბერგში გაიმართა. ვილის მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ  ხელმოწერები შეაგროვა ხალხმა, მისთვის  სასჯელი რომ შეემსუბუქებინათ. თითქმის მთელი სოფელი ესწრებოდა სასამართლოს – ორი, შეიძლება სამი ათასი კაციც. თქვენ რომ იტყვით, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო, ასეთი კაცი იყო ვილი – ძალიან უყვარდა სოფელს. და მოხდა ის, რასაც მართლა არავინ ელოდა: ვილის მხოლოდ ცხრა თვე მიუსაჯეს.

ციხიდან რომ გამოვიდა, რამდენჯერმე დავურეკე, სახლშიც მივაკითხე, მაგრამ არავისთან აღარ უნდოდა ურთიერთობა. ვილიმ ორი ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგა – შვილი და თავისი პროფესია. „სოფელმა მოიგო, მაგრამ ვილიმ – ვერა“.

ვილის გვარზეც გეტყვი ახლა:  შტაინმეცი გერმანულად ქვისმთლელს ნიშნავს. ვილის ქვაზე მუშაობის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მთელი დარჩენილი სიცოცხლე – თავისი დანაშაულის შეგრძნებით, სინანულით, მარტოობაში ყოფნით (ბერბელი მალევე გარდაიცვალა ამ ტრაგედიის შემდეგ) –  სწორედაც რომ ქვას თლიდა, იმ ქვას, რომელსაც ვილის დარდის, ვილის სინდისის ქენჯნის ქვა ერქვა, რომლის მსგავსიც არცერთ ქვისმთლელს არ გამოუთლია და მასზე მძიმეც, ალბათ, არცერთი  მამის საფლავის ქვა არ იქნება.

ასე იყო ეს ამბავი. იცოცხლა ვილიმ, ვილჰელმმა, საუკეთესო ადამიანმა, მამამ და მასწავლებელმა,  სანამ იცოცხლა, მაგრამ იცოცხლა მკვლელის სახელით…

მთხრობელის P.S.  ერთსაც გეტყვი: მე სასმელის გემო არ ვიცი, არასოდეს დამილევია. არ მიზიდავს, არ მხიბლავს. აქ, თქვენს ქვეყანაში, ყველას უკვირს, რომ არ ვსვამ. ხშირად მეკითხებიან, შეიძლება არაყი და ღვინო  არ დალიო, მაგრამ ბავარიიდან ხარ და ლუდს  მაინც როგორ არ სვამ, ალბათ ახალგაზრდობაში იმდენი დალიე, რომ აღარ გინდაო. ვეუბნები, არ მიყვარს და არც არასდროს დამილევია-მეთქი, მაგრამ არ სჯერათ.

იმედი მაქვს, შენ მაინც დამიჯერებ. რასაც ახლა ვიტყვი, არასოდეს არავისთვის მითქვამს, არც საკუთარი თავისთვის, და საერთოდაც,  პირველად ვამბობ ხმამაღლა: ქვეცნობიერად ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ვილის გამო მოხდა, უფრო სწორად, ჩვენი მეგობრობის გამო. მე სხვა არაფრის გაკეთება არ შემეძლო მისთვის.

ამბის ჩამწერის P.S.  ასე დაასრულა ჩემმა გერმანელმა მთხრობელმა ამბის მოყოლა. მე კი, როგორც მისი ჩამწერი და გადმომცემი, მხოლოდ ერთს დავამატებ: დარწმუნებული ვარ, სხვა ანალოგიური ისტორიების მსგავსად,  არც ვილი შტაინმეცის ისტორიას განიხილავს მკითხველი  ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მომხდარ ერთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედიად და მასზე, როგორც სულ სხვა ნიურნბერგის პროცესზე, ისე იფიქრებს – სწორი აქცენტების დასმით და მარადიულ კითხვაზე, რატომ უშვებენ ადამიანები გამოუსწორებელ შეცდომებს, პასუხის ძებნით.

ქართული ენის გაკვეთილები:  ბარბარიზმები

0
Stacked on the Side 1970 Sir Terry Frost 1915-2003 Presented by Waddington Galleries through the Institute of Contemporary Prints 1975 http://www.tate.org.uk/art/work/P01147

მშობლიურ ენას ადამიანები სკოლაში მისვლამდე ბევრად ადრე ვსწავლობთ. ამ მხრივ, ჩვენი მთავარი მასწავლებელი საზოგადოებაა (ოჯახი, ახლობლები, მედიასაშუალებები და სხვ.). სამწუხაროდ, ენის დაბინძურების მთავარ წყაროსაც ზემოაღნიშნული მასწავლებელი წარმოადგენს.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა. დღესასწაულის დაარსება 1953 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება (ამ დღეს, ბენგალიური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს, ოთხი სტუდენტი დაიღუპა) და მიზნად ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებას ისახავს. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს არსებული ენების თითქმის ნახევარი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

ქართული ენისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რას წარმოადგენს იდენტობის დაკარგვის საფრთხე. ამის გასახსენებლად უახლესი ისტორიის გადაფურცვლაც კმარა.  აქვე, 1978 წელს განვითარებულ მოვლენებს შეგახენებთ, რადგან სწორედ ამ წლის 14 აპრილს გაიმართა  საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხო დემონსტრაციები.

1977 წლის კონსტიტუციურ გეგმაში ქართული სახელწიფო ენად აღარ განიხილებოდა, მომდევნო წელს კი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებისთვის ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა და რუსულით ჩანაცვლება ოფიციალურად გადაწყვიტა.  თბილისში კრემლის ინიციატივას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. საბედნიეროდ, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსი შენარჩუნდა. მას შემდეგ,  14 აპრილს ,,დედაენის დღეს“ აღვნიშნავთ.

მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელ იარაღს წარმოადგენს. საქართველოში მრავალი ეთნოსის წარმომადგენელს შეხვდებით. მათ, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო ენა აერთიანებთ. თუმცა ეროვნულ უმცირესობებს, სახელმწიფო ენის დაცვის გარდა, მშობლიურზე ზრუნვაც უწევთ. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ სამთავრობო ინსტანციებში დიდი ყურადღება ეთმობა ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის დაცვის საკითხს. სახალხო დამცველს განათლების სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს სასკოლო განათლების ფარგლებში მცირერიცხოვანი ენების სწავლების შემოღების თაობაზე. 2015 წელს მის ინიციატივას მხარი დაუჭირეს და  ზოგიერთ სკოლაში ცალკეული ეროვნული უმცირესობებისთვის ოსური, ასურული, უდიური, ქურთული (კურმანჯი) და ავარული(ხუნძური) ენების სწავლება დაიწყო.

ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის საზოგადოებასთან ერთად იზრდება, ვითარდება და იცვლება. ამიტომაც, მას ცოცხალი არსებასავით სჭირდება მოფრთხილება. ენის მთავარ ,,დამბინძურებელს“ ბარბარიზი და კალკი წარმოადგენს. უცხო ენისთვის დამახასიათებელი სიტყვათშეთანხმებები და ლექსიკური ერთეულები ვირუსივით ანადგურებენ ენის სპეციფიკურ სტრუქტურას.

წელს ჩვენი სკოლაც გამოეხმაურა საქართველოში მშობლიური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებულ საინტერესო გამოწვევას (ავტორი: ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი) და  აქტიურად ჩაება ბარბარიზმების წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლაში.

პირველ რიგში, კლასებში ყველაზე გავრცელებული  ბარბარიზმები ,,შევაგროვეთ” . რას არ ნახავდით ჩვენს ,,მაკულატურაში“:  შპილკას” (სარჭი), „შკაფს” (კარადა), „სპიჩკას” (ასანთი), „პოლს” (იატაკი), „პროსტინას” (ზეწარი), ,,ვაზას” (ლარნაკი); ,,ვანას“ (აბაზანა) და ა.შ. მათ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიტყვებიც  მივუმატეთ (ლაიქი, ჩექინი და სხვ.) და გადავწყვიტეთ, ერთ დიდ ლექსიკონად შეგვეკრა (მოსწავლეებმა შეგროვებული ბარბარიზმები ფორმატებზე განათავსეს, პირველწყარო (უცხო სიტყვა) მოიძიეს და ქართულ შესატყვისებთან ერთად მიუწერეს).

ამ კვლევა-ძიებაში მოსწავლეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბარბარიზმად ითვლება უცხო ენიდან შემოსული ყოველი სიტყვა და გამოთქმა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ზოგი მათგანი ,,მასპინძელი“ ენისთვის ისეთი ორგანული ხდება, რომ მის გამოყენებას სალიტერატურო მეტყველებაშიც იწყებენ.

ბარბარიზმის უკიდურეს ფორმებსაც დავაკვირდით, მაგალითად: „საპოჟნიკი პოლსაპოშკებს აპაჩინკებს.” წინადადებაში, ქართული ენის ანარეკლის სახით,  მხოლოდ ფრაზის სინტაქსური წყობა, თავსართ-ბოლოსართები, ბრუნვისა და პირის ნიშნები შემორჩენილა. მსგავსი ლექსიკით გაწყობილ ტექსტებს რუსეთის ბატონობის  ეპოქის დროინდელ ლიტერატურაში მრავლად შეხვდებით.

ენის დამახინჯებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ბარბარიზმებს ვერ დავაკისრებთ.  ერთი ენა მეორეს მხოლოდ ლექსიკური ,,ტყვიებით“ კი არ კლავს, მას სტრუქტურული ცვლილებებითაც ანგრევს. მეტიც, მასპინძელ ენას ლექსიკური ცვლილებების მიღება ადვილად არ შეუძლია, მისი ორგანიზმი ამ ბაქტერიას მთელი ძალით ებრძვის. სტრუქტურული ცვლილებები კი გაუწვრთნელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევი მოვლენაა. ამიტომაც, პროექტის ბოლო შეხვედრა კალკისთვის დამახასიათებელ ენობრივ კონსტრუქციებს დაეთმო. მოსწავლეებისთვის ეს საკითხიც ადვილად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, მაგალითებად მათი ყურადღების ეპიცენტრში, კერძოდ, ინტერნეტ და მედიასივრცეში გავრცელებული, ყველასათვის კარგად ნაცნობი შემთხვევები მოვიყვანე:

  • გაყიდვაშია –  იყიდება
  • შეტევაშია – უტევს
  • მიმალვაშია – იმალება
  • პირდაპირ კავშირშია – კავშირი აქვს
  • მუქ ფერებში დახატა –  მუქი ფერებით დახატა
  • თავდებში ჩაუდგა – თავდებად დაუდგა
  • დახმარება აღმოუჩინა – დაეხმარა
  • წესრიგში მოიყვანა –  მოაწესრიგა
  • სისრულეში მოიყვანა-  აღასრულა
  • შეცდომაში შეიყვანა – შეაცდინა
  • საქმე იმაშია, რომ… –  საქმე ისაა, რომ..

პროექტის დასასრულს იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ხანდახან ბარბარიზმების გამოყენება ერთგვარ მხატვრულ ხერხს – პერსონაჟის სპეციფიკური ხასიათის გამოსაკვეთად საჭირო იარაღს წარმოადგენს (ბარბარიზმების ტიპიზაციის მიზნით გამოყენების ხერხს დღესაც მიმართავენ). აქვე გაჩნდა მორიგი აქტივობის იდეა, რომლის განხორციელებაც, დროის სიმცირის გამო, მორიგი წლისთვის გადავდეთ. ზემოაღნიშნული დავალება მიზნად ტექსტში ბარბარიზმების აღმოჩენა-დამუშავებას და ავტორისეული ჩანაფიქრის ამოცნობას ითვალისწინებს (მოსწავლემ უნდა იპოვოს თხზულებაში გაბნეული ბარბარიზმები, მოიძიოს მათი პირველწყარო და ივარაუდოს, თუ რა მიზნით მიმართა მწერალმა აღნიშნულ ლექსიკურ ერთეულებს). შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ტექსტი XIX საუკუნის მწერლობიდან ( ილია, აკაკი, ალ. ყაზბეგი, გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი და სხვ.), მაგალითად:

„მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის ეგერებმა დარიალი გადმოლახეს, ძველ თბილისს ეშხი ნელ–ნელა გაუხუნდა. ყოველივე ძველთან ერთად ამქრის დიდებასაც პატივი თანდათან ეყრებოდა. დროებამ ნირი იცვალა და ქარმაც სხვაგვარმა იწყო ქროლა. ყაბახი მოიშალა, სალაღობოც დადუმდა. ქალაქი სულ რუსეთუმეებითა და თერგდალეულებით აივსო… „მოდნაც“ სხვა გაჩნდა და ძველებურ ტანსაცმელს იშვიათად თუ ვინმე ჩაიცვამდა. სახლებსაც ახალ ყაიდაზე აშენებდნენ, ნივთიც „გრანიცისა“ შემოდიოდა და ბევრი ხელობა სულ გადავარდა. ოქრომჭედლებს, თერძებს, მექოშეებსა და ძველ ჭონებს მუშტარი ეგრერიგად აღარ ეტანებოდა და მათი ხელობის მაზანდაც ეცემოდა. ათას რვაას სამოცდახუთ წელს შემოღებულმა ახალმა გადასახადებმა მთლად ააფორიაქეს ისინი. სხვა გზა რომ აღარ იყო, არზა დასწერეს და ქალაქის მოურავს შერმაზანა ვართანოვს , დიდის ფეშქაშებით მიართვეს, მაგრამ არა გამოვიდა რა,– „რუსული ატკაზით“ გაისტუმრეს უკან.“ (დ. შენგელაია)

ჩემი აზრით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მსგავსი დავალების შესრულება გაუჭირდებათ, ამიტომ ამ  ტიპის სამუშაოს ჩატარებას საბაზო ან საშუალო საფეხურის მასწავლებლებს ვურჩევ.

რას გვასწავლის ქართული პოლიფონია

0

უკვე რამდენი ხანია, რაც ჩვენი პატრიოტული თავმოწონების  ერთ-ერთი მთავარი მიზეზით, ქართული მრავალხმიანობით, ქართული მუსიკალური ფოლკლორით ვამაყობთ და ყველგან, სადაც კი განსაკუთრებული  შთაბეჭდილების მოხდენა გვინდა, ქართულ სიმღერას ვმღერით და ცნობილი მომღერლების შესანიშნავ ჩანაწერებს ვამზეურებთ.

ამას წინათ, ჩემს მეგობრებთან ერთად სიმღერისას კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ქართული მრავალხმიანობა ხშირად გაცილებით მეტად ორგანიზებულია, ვიდრე ჩვენ – ჩვენს ნებისმიერ მოქმედებასა და აქტივობაში.  სწორედ მაშინ მომივიდა იდეა, როგორ შეიძლება ჩემს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის, ნებისმიერი საერთო საქმის სტრუქტურა და ორგანიზება ქართული პოლიფონიის საშუალებით ვასწავლო. მოვიმარაგე კარგი ჩანაწერები, სიმღერების ტექსტები, სამეცნიერო მასალა და   დავგეგმე ქართული ხალხური სიმღერისა და პოეზიის გაკვეთილი ( იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ქართული ენისა და ლიტერატურის თემატურ ჩარჩოში მომექცია)

მაშ, ასე, თქვენც მოგიყვებით, როგორ საკითხებად გამოვყავი და როგორი  საინტერესო ჩამონათვალი გამომივიდა.

მაშ, ასე, რას გვასწავლის ქართული მრავალხმიანობა:

  1. სხვის მოსმენას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, საერთო მიზნისკენ გეგმაზომიერ, თანადროულ  სწრაფვას;
  2. იმას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს და თამამად გამოთქვას იგი. (გურული სიმღერა, თავისი კრიმანჭულ-მოძახილიანად ამის საუკეთესო ილუსტრაციაა.)
  3. რომ ნებისმიერი ჩართულობა, აქტივობა მნიშვნელოვანია და მთავარია, მიუხედავად იმისა, პირველ ხმას მღერი თუ ბანს, პირველხარისხოვანია შენი როლი თუ არა.
  4. მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ საერთო საქმის კეთებისას იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს აჯობო, მიზანს დაგაშორებს და არც შედეგს წაადგება არაფრით.  როდესაც რომელიმე მრავალხმიანი სიმღერის შესრულებისას ვინმე ცდილობს სხვებზე ხმამაღლა იმღეროს, პოლიფონიის საოცარი სრულყოფილება სადღაც იკარგება.
  5. რომ აზრის გამოთქმა სხვადასხვაგვარად შეიძლება, ზოგჯერ ეს მეგრული სიმღერის ტკბილი მინორი იქნება, ზოგჯერ-კახური სიმღერის მაჟორი და ომახიანობა, თუ გურული კრიმანჭულის საოცარი, ჯაზური მრავალფეროვნება.
  6. მნიშვნელოვანია, გამოხატო საკუთარი თავი, ამასთან ერთად სხვებსაც მისცე თვითგამოხატვის საშუალება.
  7. ის რაც ავთენტური და ბუნებრივია, ყველაზე კარგია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.
  8. ის, როგორი იქნება მრავალხმიანობა დამოკიდებულია გუნდის ყველა წევრზე, ლოტბარიდან დაწყებული და თითოეული მომღერლით დასრულებული.

გაკვეთილის ბოლოს, აუცილებლად გავიხსენებ,  რას წერს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ ილია ჭავჭავაძე, ვფიქრობ ეს ტექსტიც  მშვენივრად გამოგვადგება კამათის, აზრების გაზიარებისა და დასკვნების გამოტანისათვის.

„ქართული სიმღერა, გალობა, სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში მწყობრის ხმა ჰშველის წყობილ-სიტყვაობას  და  წყობილ-სიტყვაობა  მწყობრს   ხმასა, რათა   მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თავისის გულის ძარღვისცემა. სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური “ზარი”, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ “მაყრული” – სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც “ორ-პირი” – ვაჟკაცობისა, მედგრობისა  და  მხნეობისა”…

სიმღერა გულის-თქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე  მთელი ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს… ამის გამო გულის-თქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცთ-შეუსხმელი, სიტყვით არ-განსაზღვრული, სიტყვით არ-გამორკვეული, იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა, ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველება. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-გვარად, სხვა ხმით, სხვა  კილოთი  ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი  ან  გერმანელი…

ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა-მეტყველობას…“

შესაძლებელია თუ არა ბავშვის აღზრდა დასჯის გარეშე

0

რაღა დროს ეს კითხვაა XXI საუკუნეში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქტუალურია ბავშვზე ძალადობის თემა.

ბავშვის ფიზიკური დასჯა ძალადობაა. მნიშვნელობა არ აქვს, დარტყმა იქნება ეს, თმის მოქაჩვა თუ ყურის აწევა, ან დატოვებს თუ არა ხილულ კვალს. ძალადობის მიზანია ბავშვისთვის ზიანის მიყენება, მისი შეშინება და დამორჩილება.

ბავშვები იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. მათ სჯიდნენ აღზრდის მიზნებისა და „მათივე კეთილდღეობისთვის“.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში აღნიშნულია, რომ ბავშვი დაცული უნდა იყოს ყოველგვარი ძალადობისგან, განურჩევლად იმისა, როგორ ამართლებენ ძალადობას ზრდასრული ადამიანები.

ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას, რათა დაიცვან ბავშვი მშობლების, კანონიერი მეურვეების ან მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრივ ყოველგვარი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისგან, შეურაცხყოფისა თუ ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობის ჩათვლით.

შესაძლებელია თუ არა ბავშვის აღზრდა ცემის გარეშე?

ცხადია. ცემა და ძალადობა დაუშვებელია. საზოგადოდ, არ არსებობს აღზრდის მხოლოდ ერთი სწორი გზა ან მეთოდი, რადგან ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია და სხვადასხვა საჭიროებები აქვს. ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა მშობელს ან აღმზრდელს ეკისრება. ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, ბავშვის ინტერესები წარმოადგენს მშობელთა მზრუნველობის მთავარ საგანს.

არაძალადობრივი აღზრდა სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვები ნებაზე მივუშვათ. ისინი დამოკიდებულნი არიან მშობელთა მხარდაჭერასა და მითითებებზე. იმისთვის, რომ ბავშვი დამოუკიდებელ ინდივიდად იქცეს, აუცილებელია როგორც თავისუფლება, ისე გონივრული შეზღუდვებიც.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის დებატებში არაძალადობრივი აღზრდის მომხრეებს ეწინააღმდეგებოდნენ არგუმენტით, რომ არაძალადობრივი მიდგომა ბავშვის აღზრდაზე უარის თქმის თანაბარმნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ შემთხვევაში თავად ბავშვს ვანდობდით საკუთარი თავის აღზრდას. რადიოდისკუსიის დროს შვედ პედაგოგსა და განმანათლებელს გუსტავ იონსონს ჰკითხეს, მისცემდა თუ არა შვილს უფლებას, ჩაქუჩით დაემტვრია მისი პიანინო. იონსონმა უპასუხა, რომ, ცხადია, არ მისცემდა, მაგრამ ეს ძალადობას არ ნიშნავდა. ახალი მიდგომისა და იდეების არსი იყო ბავშვისთვის უარის თქმის განსხვავებული გზების ძიება.

თუ დღეს ვინმეს მიაჩნია, რომ არაძალადობრივი გზით, ცემის გარეშე აღზრდა „ნებაზე მიშვებას“ უთანაბრდება, მას საერთოდ არ ესმის პედაგოგიკა და არ ესმის ბავშვთა უფლებების კონვენცია.

ბავშვის აღზრდა კონფლიქტის გარეშე, როგორც წესი, არ ხდება. არც უნაკლო მშობელი არსებობს. მთავარია, მშობელსა და შვილს შორის ორმხრივი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ურთიერთობისას ხანდახან ორივე მხარე იღლება, ბრაზდება ან იმედგაცრუება ეუფლება. ამ შემთხვევაში ზრდასრულ ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა, კონფლიქტი არაძალადობრივი გზით მოაგვაროს.

მთავრობამ კი უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, შექმნას საჭირო პირობები არაძალადობრივი სააღმზრდელო პრაქტიკისთვის და ხელი შეუწყოს მშობლებს – მათ ეს სჭირდებათ, რათა მეტი ენერგია და დრო დარჩეთ შვილებთან ურთიერთობისთვის.

პოეზიის აფთიაქი: ლექსის ა(მ)ბები აღელვებულთათვის

0

„და თუ გაქრობა არის ხვედრი ყოველი არსის,

თუ საწუთრომან ეს მარგუნა, ვითა წყალობა –
მოვიტან, ზღვაო, შენთან ჩემს გულს, თასივით ავსილს,
კაეშნით სავსეს, რომ ვისმინო შენი გალობა!“

კოლაუ ნადირაძე

 

შემთხვევითი არ არის გულისა და ზღვის (წყლის) მეტაფორული კავშირი, სწორედ ამ კავშირის შედეგია: გულის ღელვა… ავღელდი – ვამბობთ, თითქოს  გული ზღვაა, რომელსაც აღელვება შეუძლია, იტევს ყველა ემოციას, როგორც ზღვა… ამიტომ სევდიანები, აღელვებულები, შეყვარებულები, არაცნობიერად წყლისკენ, ზღვისკენ მიილტვიან,  რათა შეერიონ დიდ სტიქიას და გააყოლონ გულის დარდი, კაეშანი…

„კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას…“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი)

წყალს ყველაფერი მიაქვს და ეს არაცნობიერი რიტუალი, ლტოლვა წყლისკენ, ზღვისკენ, – სულის ერთგვარი თერაპიაა. რამდენი ფილმი, ლექსი,  რომანი, ნახატი, გაგახსენდებათ, როცა აღელვებული ადამიანი მიდის და წყლის (ზღვის) ნაპირზე ჯდება… შინაგანი დიალოგის წყალობით კი ის ცვლის თავის ემოციებს… ეს ერთგვარი „შელოცვის“ რიტუალია, რომელსაც ბუნება უტარებს ადამიანს. შელოცვის რიტუალიც ხომ წყლის გარეშე არ არსებობს.

წყალი თითქოს დიდი სიცარიელე, დიდი ენერგეტიკული ველია და მასთან თანაზიარობით და ენერგიის გაცვლით ერთგვარი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს სევდიანი, აღელვებული, გაბრაზებული, გაშმაგებული ადამიანის გულში.

ტატოს ამ ლექსსაც ხომ ხშირად მაშინ ვამბობთ, როცა სევდიანები ვართ:

„წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად,

აქ, ლბილს მდელოზედ, სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით.“

ეს კი პროექციაა: როდესაც შენი შინაგანი ემოციები გარემოზე ვრცელდება და მარტოობაც თითქოს ქრება, რადგან თქვენს სულს ეს წყალი ენათესავება… ის კი თქვენზე გაცილებით დიდია… ერთი მხრივ, ადამიანს გადააქვს თავისი ემოციები ბუნებაზე და, მეორე მხრივ, ბუნება, სამყარო იჭრება ადამიანის სულში, მას კი ყოველთვის ჰარმონია შემოაქვს, უბრალოდ, უნდა „გაიხსნათ“ ამისთვის….

„ხედავ სამყაროს და ყოველი ფერი და ნივთი
შემოდის შენში და პოულობს საკუთარ სახეს.
წამოწექ ზღვასთან, დაისვენე, იგრძენ და მიხვდი,
რომ ერთი წუთით სასწაული შენ მაინც ნახე“ (კოლაუ ნადირაძე)

დიახ, სევდას წყალი კურნავს… ცუდ სიზმრებსაც ხომ „წყალს უყვებიან“, რომ წაიღოს და გააქროს…

მე უკვე ჩემი დანიშნულების წერა დავიწყე:

სევდიანებო და აღელვებულებო, წაიკითხეთ ბარათაშვილი…

გადით წყლის პირას,

ესაუბრეთ წყალს, მას თქვენი დახმარება შეუძლია….

წაიკითხეთ არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“:

„მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა

და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა

იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ

ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.

უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,

დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ

დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,

გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!“

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა).

და თუ თქვენც სიყვარულმა აგადუღათ, წყალს მიმართეთ და ის გაგაგრილებთ… შეგიძლიათ „ცივი წყალი დალიოთ“ მაშინ, თუ თქვენს სიყვარულს „ცივი წყალი გადაასხეს“, მაგრამ არამც და არამც, არ გადახტეთ მტკვარში, ზღვაში და არ გახდეთ „წყალწაღებულები“, სანაპიროზე ხავსიც არ იქნება, რომ ჩაეჭიდოთ, ამიტომ არ ღირს… ესეც არ იყოს, დაგინახავენ და იტყვიან: „შეხედეთ, შეხედეთ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო“ – და მიუხედავად იმისა, რომ წყალწაღებული იქნებით, ეს შეფასება მაინც არ მოგეწონებათ…

უბრალოდ, ესაუბრეთ წყალს… მოუყევით, რა გაწუხებთ… სიტყვების თავიც არ გაქვთ  და გგონიათ, რომ დიალოგი და ფიქრი მხოლოდ ვერბალური და ლინგვისტური შეიძლება იყოს…? არამც და არამც… შეგიძლიათ, წარმოსახვა, ფანტაზია ამუშაოთ, სცენარი თქვენვე დაწეროთ, პერსონაჟები უკვე გყავთ: თქვენ და ზღვა (წყალი, მდინარე…), დანარჩენსაც ადვილად წარმოისახავთ… არც ფანტაზიის თავი გაქვთ…? კარგი, დაგნებდით… მაშინ სხვა გზაც არსებობს: უბრალოდ, იგრძენით ემოციების დიალოგი, თქვენი შეგრძნებების შეხება ზღვასთან, მერე დაკარგვას იგრძნობთ… და თუ ეს მოხდა, სწორ გზაზე ხართ… დანარჩენი კი რაც მოხდება, უნდა მიამბოთ, რადგან მეც არ ვიცი, ეს ძალიან, ძალიან ინდივიდუალურია…

თუ დამშვიდება არ გინდათ, მაშინ სხვა რეცეპტს გამოგიწერთ, ეს აკაკი წერეთლის რეცეპტია:

„ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე!

აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე!

მარგალიტების სალარო შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ, გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი შენ შემკვრელს არემარესა.

პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი მრისხანე გულის ღელვასა!..

ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი და სიბნელის დროს ელვასა!“

მიხვდით, რატომ არის საინტერესო სევდა, აღელვება, სიბრაზე, შფოთი, ბრაზი, აგრესია…? არ გჯერათ ჩემი, მაგრამ აგერ აკაკის დაუჯერეთ. თურმე მაგ დროს რა ხდება: ადამიანის გული ხომ ზღვაა და თუ ადამიანის გული ზღვაა, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ზღვის ფსკერზე განძი გაქვთ დამარხული… ვიცი, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ აქ მე, პოეზიის და ადამიანთა გრძნობების დასტაქარს, უნდა მენდოთ, მე კი გეუბნებით, რომ თქვენი გული განძსაცავია და ამის შესახებ თქვენ არაფერი იცით და ამის შესახებ როდის გაიგებთ? როცა გაბრაზდებით, აღელდებით, როცა ტალღები თქვენი გულის ფსკერიდან მარგალიტებს ამოყრის… აი, მაშინ მიხვდებით, რომ ნებისმიერი ადამიანური ემოცია, მხოლოდ თქვენთვისაა და განძიც იმიტომ არსებობს, რომ აღმოაჩინოთ და როცა აღმოაჩენთ, კი არ უნდა შეინახოთ, უნდა დახარჯოთ… განძი უნდა დახარჯოთ, მაგრამ ახლა ალექსანდრე საჯაიას ლექსს წაგიკითხავთ (არ ვიცი, საიდან გამახსენდა… უფრო სწორად, ვიცი… „დაუხარჯავ ცრემლების ფასზეა“ აქ ლაპარაკი და არა მარტო…), ესეც აღელვებულთა დასამშვიდებელ წამლების კატეგორიაში მაქვს…

შეგიძლიათ, ზღვას ძებნა არ დაუწყოთ და არც მტკვრისკენ დაადოთ თავი, თუ შეყვარებული ხართ (თუ არ ხართ, სულ ამაოდ წაიკითხეთ ეს სტატია, „წყალში ჩაგეყარათ“ შრომა…), შეყვარებულს ჩახედეთ თვალებში და მისი თვალების სიღრმე ზღვად იქცევა….

ფინალისთვის იყოს ამ ლექსის აბი….

„თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ზღვის არი.

ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა – ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა – თეთრი ხელების ტაში. . .

ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.

ჩემი ხომალდის გზა – სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი…
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.“

 (ალექსანდრე საჯაია, ავდარი)

(ბოლო სტრიქონთან მაქვს მცირე შენიშვნა: დახარჯეთ ცრემლებიც, ფასი არ დაეცემა, უფრო მოიმატებს! – მრავალგზის გამოცდილებიდან არის ეს მინიშნება).

ეს აბები შეგიძლიათ მიიღოთ თანმიმდევრობით, თუ რომელიმე მწარედ მოგეჩვენათ, დაეხსენით… გვერდითი მოვლენები არცერთს არა აქვს…

გამოჯანმრთელდით…. ღმერთიც თქვენი მ-წყალ-ობელია…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...