სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

სულ სხვა ნიურნბერგის პროცესი

0

* * *

ეს ამბავი ნამდვილია და გერმანიაში,  ბავარიის მხარეში მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. მოყოლითაც იქაურმა გერმანელმა მიამბო, ქართულად, სხვათა შორის და ქართველზე არანაკლებ ემოციურადაც. მსგავს ისტორიებს ჩვენ ვიცნობთ ყოფიდან თუ ლიტერატურიდან. ისინი ნებისმიერ ქვეყანაში, მხარეში, ქალაქსა თუ სოფელში მომხდარა, არ არის გამორიცხული, რომ ახლა, ამ წუთებში, ღამის 12 საათსა 35 წუთზეც  ხდება სადმე, როცა მონაყოლი ფურცელზე გადამაქვს, და, სამწუხაროდ, ვერც იმისგან ვიქნებით ვერასოდეს დაზღვეული, რომ მომავალში აღარ მოხდება. შეიძლება ეს ისტორიაც იქცა უკვე გერმანული ლიტერატურის ნაწილად – რომელიმე მწერლის ნოველას, პიესას ან რომანსაც კი დაედო საფუძვლად, თუმცა ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცი. მით უმეტეს, რომ ჩემი მთხრობელი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს  და ვეღარც მისგან შევიტყობ რაიმე სიახლეს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,  რომ ამ  ისტორიის არც გამხატვრულებას ვაპირებ და არც მისაკუთრებას; მე ის უბრალოდ ჩავიწერე, როგორც ერთი მასწავლებლის თავს დამტყდარი ტრაგედია და ჩავიწერე თითქმის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ისე, როგორც მიამბეს. მხოლოდ რამდენიმე ადგილას მომიწია მთხრობელის ემოციის გამო გაკეთებული პაუზების შევსება, ერთი-ორი გერმანული სიტყვის ლექსიკონში მოძებნა და სინტაქსისთვის ხელის შევლება; და კიდევ, იმ გეოგრაფიული ადგილების Google maps-ით მონახულება, სადაც ეს ამბავი მოხდა.

* * *

მერიმეს „მატეო ფალკონესავით“ დაიწყე-მეთქი მოყოლა, – ღიმილით ვუთხარი პირველივე წინადადებების შემდეგ ჩემს მთხრობელს. ისე გულწრფელად მკითხა, მერიმე ვინ არისო, რომ მაშინვე ვინანე  ნათქვამი, მივხვდი, მიბაძვა და თავმოწონება გამორიცხული იყო, რომ ის  ბუნებრივად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიყვებოდა წლობით ნატარებ ამბავს – ისე, როგორც შეეძლო, როგორც ახსოვდა, როგორც განიცდიდა.

მაგრამ,  ვფიქრობ, ტყუილი არ მითქვამს: მისი ამბის დასაწყისიც და თხრობაც, მართლა ჰგავდა მერიმეს ნოველის დასაწყისს და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მისი „პროტაგონისტის“ – ვილჰელმ შტაინმეცის (მამის) ხვედრიც – მატეო ფალკონესას (მამის). თუმცა განსხვავებაც დიდი იყო: მატეომ, როგორც კაცმა და როგორც მამამ, თავისი მორალიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გაცნობიერებულად, მიზანმიმართულად აირჩია ეს გზა, ხოლო რაც ვილის  დაემართა, როგორც იტყვიან ხოლმე,  უფრო ბედისწერის ამბავი იყო – უნებლიე შეცდომა, თუმცა გაუფრთხილებლობით დაშვებული, რომლის თავიდან აცილება  შეიძლებოდა, ისევე, როგორც – მატეოს შეცდომისა. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რას  გრძნობს შვილის მკვლელი მამა ან ვისთვის უფრო ძნელი სატარებელია ეს ტვირთი  –  ვინც შეგნებულად გადადგა  ნაბიჯი თუ ვინც შემთხვევითობის გამო იქცა მკვლელადაც  და მსხვერპლადაც.  ურიგო არ იქნებოდა ამ თემის  ვრცლად გაშლაც (და სხვა მსგავსი მაგალითების მოყვანაც), მაგრამ,  სხვა დროს იყოს, რადგან ამჯერად ამბის ჩამწერად და გადმომცემად დარჩენას ვამჯობინებ.

შედარებისთვის,  მაინც მინდა შეგახსენოთ „მატეო ფალკონეს“ დასაწყისი:

„ჩრდილოდასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის და საკმაოა კაცმა სამი საათი იაროს მიხვეულმოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგალაგ კლდის ნაპრალები გადმოჰყურებს, ხოლო ალაგალაგ თვალუწვდენელი ხრამები სჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს“... – ასე იწყებს თხრობას პროსპერ მერიმე.

ჩემი მთხრობელი კი მიყვება: ნიურნბერგიდან დასავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრი უნდა გაიარო მოასფალტებული გზით, რომელსაც მარჯვნივ ლაპლაპა რელსები მიუყვება, ზედ  მუდმივად მოსრიალე სამგზავრო მატარებლებით; უკან უნდა მოიტოვო ხუთი-ექვსი ჩვეულბრივი გერმანული სოფელი, პატარ-პატარა ტბები, მომცრო და უფრო ფართოდ გაშლილი ველები და მიადგები დიტენჰოფენს, სოფელს, სადაც შრაიერშტრასეზე ვილჰელმ შტაინმეცი ცხოვრობდა.

* * *

თავის წითელსახურავიან სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა ვილი. მისი სახლის ნომერიც მახსოვს – 11. საყვარლად მსუქანი, დაბალი კაცი იყო. უმეტესად სპორტული, ბევრჯიბიანი სამხედრო ფერის ქურთუკები და შარვლები ეცვა. შემეჩხერებული ბანანისფერი თმა ჰქონდა და წითური სახე.  დაწყებით კლასებში ასწავლიდა. გვარი უკვე გითხარი –  შტაინმეცი. ამბის მოყოლას რომ დავასრულებ, თავის გვართან ვილის სიმბოლურ, ალბათ, საბედისწერო კავშირზეც მინდა  გითხრა რაღაც, რაზეც ბევრჯერ მიფიქრია. ჰყავდა გამხდარი ცოლი, მოკლეთმიანი ბერბელი, რომელიც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ბევრს იღიმოდა. მათ ერთადერთ ბიჭს კი ვალტერი ერქვა. მაშინ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა, ჯარში მსახურობდა და შინ შვებულებით იყო ჩამოსული.

მე ვალბურგსვინდენში ვცხოვრობდი, ჰოხშტრასეზე, დიტენჰოფენიდან 2 კილომეტრში. ჩვენს ნაძვნარში ჩაფლულ სახლში რესტორანი გვქონდა და ხან ფეხით, ხან მანქანით, პროდუქტების და სხვა ყოველდღიური ნივთების საყიდლად ხშირად მიწევდა დიტენჰოფენში ჩასვლა. უმეტესად იქ ვხვდებოდით მე და ვილი  ერთმანეთს. ვილი ჩემი მასწავლებელი არ იყო, მაგრამ მაინც ვმეგობრობდით. ვილი ყველა თავის მოსწავლესთან მეგობრობდა. ზოგჯერ მანქანაზეც გვსვამდა ხოლმე ბავშვებს და გვატარებინებდა. რამდენჯერმე სოფლის შუაგულში მდგარი ლეონროდის მე-13 საუკუნის  ციხესიმაგრეც დავლაშქრეთ ერთად. თან ვათვალიერებდით, თან ციხის აგების და მერე მისი დაწვის ისტორიას მიყვებოდა. ახლაც დგას ეს ნახევრადდანგრეული ციხე დიტენჰოფენში.

ძველი ვერცხლისფერი  გოლფი ჰყავდა. პატიოსანი მასწავლებლის შესაფერისი. სოფლის მასწავლებელი უკეთესს ვერც იყიდიდა, თუმცა  ვილის მეტი არც უნდოდა. ჰყოფნიდა.  კეთილი იყო ვილი. ყველას ეხმარებოდა.  2 ძაღლი ჰყავდა და ბევრი ქათამი. ძაღლების სახელები არ მახსოვს.  იცი, როგორ უყვარდა ხეები და ცხოველები, როგორც თავისი მოსწავლეები. საერთოდ ბუნების მოყვარული კაცი იყო. ბევრჯერ მოუყვანია ტყიდან დაჭრილი ცხოველი ან  ფრინველი, მოურჩენია და გაუშვია. ერთხელ სახლში ირემიც  გამოაზამთრა. უფრო ფაქიზი სულის ადამიანი იშვიათად შემხვედრია. მე მინახავს, როგორ მოჰქონდა ტყიდან ყვავილები ბერბელისთვის.

 * * *

 ახლაც მიკვირს მისი ბუნების კაცისგან, მაგრამ ასე იყო და ამან დაღუპა კიდეც – ვილის უნიკალური სანადირო თოფების კოლექცია ჰქონდა. სანადიროდაც დადიოდა, თუმცა ამ ნადირობას ტყეში გასეირნება და ცხოველების ან ხეების დასახმარებლად წასვლა უფრო ერქვა. თავის დიდ კაბინეტში ეწყო თოფებიც და ტყვია-წამალიც. 55 წლის იყო, ეს ამბავი რომ დაემართა.

იმ დღეს სკოლაში  ხელფასი აიღო და რესტორანში დალიეს მამა-შვილმა. შვილიც თავისნაირი ჰყავდა – კარგი. ვალტერი, დაახლოებით, 20-22 წლის იქნებოდა. რესტორნიდან გვიან მისულან სახლში. ვილჰელმი თავის ახალ თოფს აჩვენებდა თურმე. არც ბერბელს სძინებია.

ლეონროდის ციხესიმაგრემ სოფელს ხმამაღალ ექოდ დაუბრუნა უკან თოფის ხმა. უფრო ამ ხმამ გააღვიძა სოფელი. გულში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი ვალტერს. თავისი ხელით დარეკა ვილიმ პოლიციაში. მისი სანადირო თოფების კოლექციაც იმ ღამესვე წაიღეს.

* * *

ვილის პროცესი ნიურნბერგში გაიმართა. ვილის მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ  ხელმოწერები შეაგროვა ხალხმა, მისთვის  სასჯელი რომ შეემსუბუქებინათ. თითქმის მთელი სოფელი ესწრებოდა სასამართლოს – ორი, შეიძლება სამი ათასი კაციც. თქვენ რომ იტყვით, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო, ასეთი კაცი იყო ვილი – ძალიან უყვარდა სოფელს. და მოხდა ის, რასაც მართლა არავინ ელოდა: ვილის მხოლოდ ცხრა თვე მიუსაჯეს.

ციხიდან რომ გამოვიდა, რამდენჯერმე დავურეკე, სახლშიც მივაკითხე, მაგრამ არავისთან აღარ უნდოდა ურთიერთობა. ვილიმ ორი ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგა – შვილი და თავისი პროფესია. „სოფელმა მოიგო, მაგრამ ვილიმ – ვერა“.

ვილის გვარზეც გეტყვი ახლა:  შტაინმეცი გერმანულად ქვისმთლელს ნიშნავს. ვილის ქვაზე მუშაობის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მთელი დარჩენილი სიცოცხლე – თავისი დანაშაულის შეგრძნებით, სინანულით, მარტოობაში ყოფნით (ბერბელი მალევე გარდაიცვალა ამ ტრაგედიის შემდეგ) –  სწორედაც რომ ქვას თლიდა, იმ ქვას, რომელსაც ვილის დარდის, ვილის სინდისის ქენჯნის ქვა ერქვა, რომლის მსგავსიც არცერთ ქვისმთლელს არ გამოუთლია და მასზე მძიმეც, ალბათ, არცერთი  მამის საფლავის ქვა არ იქნება.

ასე იყო ეს ამბავი. იცოცხლა ვილიმ, ვილჰელმმა, საუკეთესო ადამიანმა, მამამ და მასწავლებელმა,  სანამ იცოცხლა, მაგრამ იცოცხლა მკვლელის სახელით…

მთხრობელის P.S.  ერთსაც გეტყვი: მე სასმელის გემო არ ვიცი, არასოდეს დამილევია. არ მიზიდავს, არ მხიბლავს. აქ, თქვენს ქვეყანაში, ყველას უკვირს, რომ არ ვსვამ. ხშირად მეკითხებიან, შეიძლება არაყი და ღვინო  არ დალიო, მაგრამ ბავარიიდან ხარ და ლუდს  მაინც როგორ არ სვამ, ალბათ ახალგაზრდობაში იმდენი დალიე, რომ აღარ გინდაო. ვეუბნები, არ მიყვარს და არც არასდროს დამილევია-მეთქი, მაგრამ არ სჯერათ.

იმედი მაქვს, შენ მაინც დამიჯერებ. რასაც ახლა ვიტყვი, არასოდეს არავისთვის მითქვამს, არც საკუთარი თავისთვის, და საერთოდაც,  პირველად ვამბობ ხმამაღლა: ქვეცნობიერად ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ვილის გამო მოხდა, უფრო სწორად, ჩვენი მეგობრობის გამო. მე სხვა არაფრის გაკეთება არ შემეძლო მისთვის.

ამბის ჩამწერის P.S.  ასე დაასრულა ჩემმა გერმანელმა მთხრობელმა ამბის მოყოლა. მე კი, როგორც მისი ჩამწერი და გადმომცემი, მხოლოდ ერთს დავამატებ: დარწმუნებული ვარ, სხვა ანალოგიური ისტორიების მსგავსად,  არც ვილი შტაინმეცის ისტორიას განიხილავს მკითხველი  ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მომხდარ ერთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედიად და მასზე, როგორც სულ სხვა ნიურნბერგის პროცესზე, ისე იფიქრებს – სწორი აქცენტების დასმით და მარადიულ კითხვაზე, რატომ უშვებენ ადამიანები გამოუსწორებელ შეცდომებს, პასუხის ძებნით.

ქართული ენის გაკვეთილები:  ბარბარიზმები

0
Stacked on the Side 1970 Sir Terry Frost 1915-2003 Presented by Waddington Galleries through the Institute of Contemporary Prints 1975 http://www.tate.org.uk/art/work/P01147

მშობლიურ ენას ადამიანები სკოლაში მისვლამდე ბევრად ადრე ვსწავლობთ. ამ მხრივ, ჩვენი მთავარი მასწავლებელი საზოგადოებაა (ოჯახი, ახლობლები, მედიასაშუალებები და სხვ.). სამწუხაროდ, ენის დაბინძურების მთავარ წყაროსაც ზემოაღნიშნული მასწავლებელი წარმოადგენს.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა. დღესასწაულის დაარსება 1953 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება (ამ დღეს, ბენგალიური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს, ოთხი სტუდენტი დაიღუპა) და მიზნად ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებას ისახავს. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს არსებული ენების თითქმის ნახევარი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

ქართული ენისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რას წარმოადგენს იდენტობის დაკარგვის საფრთხე. ამის გასახსენებლად უახლესი ისტორიის გადაფურცვლაც კმარა.  აქვე, 1978 წელს განვითარებულ მოვლენებს შეგახენებთ, რადგან სწორედ ამ წლის 14 აპრილს გაიმართა  საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხო დემონსტრაციები.

1977 წლის კონსტიტუციურ გეგმაში ქართული სახელწიფო ენად აღარ განიხილებოდა, მომდევნო წელს კი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებისთვის ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა და რუსულით ჩანაცვლება ოფიციალურად გადაწყვიტა.  თბილისში კრემლის ინიციატივას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. საბედნიეროდ, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსი შენარჩუნდა. მას შემდეგ,  14 აპრილს ,,დედაენის დღეს“ აღვნიშნავთ.

მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელ იარაღს წარმოადგენს. საქართველოში მრავალი ეთნოსის წარმომადგენელს შეხვდებით. მათ, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო ენა აერთიანებთ. თუმცა ეროვნულ უმცირესობებს, სახელმწიფო ენის დაცვის გარდა, მშობლიურზე ზრუნვაც უწევთ. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ სამთავრობო ინსტანციებში დიდი ყურადღება ეთმობა ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის დაცვის საკითხს. სახალხო დამცველს განათლების სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს სასკოლო განათლების ფარგლებში მცირერიცხოვანი ენების სწავლების შემოღების თაობაზე. 2015 წელს მის ინიციატივას მხარი დაუჭირეს და  ზოგიერთ სკოლაში ცალკეული ეროვნული უმცირესობებისთვის ოსური, ასურული, უდიური, ქურთული (კურმანჯი) და ავარული(ხუნძური) ენების სწავლება დაიწყო.

ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის საზოგადოებასთან ერთად იზრდება, ვითარდება და იცვლება. ამიტომაც, მას ცოცხალი არსებასავით სჭირდება მოფრთხილება. ენის მთავარ ,,დამბინძურებელს“ ბარბარიზი და კალკი წარმოადგენს. უცხო ენისთვის დამახასიათებელი სიტყვათშეთანხმებები და ლექსიკური ერთეულები ვირუსივით ანადგურებენ ენის სპეციფიკურ სტრუქტურას.

წელს ჩვენი სკოლაც გამოეხმაურა საქართველოში მშობლიური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებულ საინტერესო გამოწვევას (ავტორი: ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი) და  აქტიურად ჩაება ბარბარიზმების წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლაში.

პირველ რიგში, კლასებში ყველაზე გავრცელებული  ბარბარიზმები ,,შევაგროვეთ” . რას არ ნახავდით ჩვენს ,,მაკულატურაში“:  შპილკას” (სარჭი), „შკაფს” (კარადა), „სპიჩკას” (ასანთი), „პოლს” (იატაკი), „პროსტინას” (ზეწარი), ,,ვაზას” (ლარნაკი); ,,ვანას“ (აბაზანა) და ა.შ. მათ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიტყვებიც  მივუმატეთ (ლაიქი, ჩექინი და სხვ.) და გადავწყვიტეთ, ერთ დიდ ლექსიკონად შეგვეკრა (მოსწავლეებმა შეგროვებული ბარბარიზმები ფორმატებზე განათავსეს, პირველწყარო (უცხო სიტყვა) მოიძიეს და ქართულ შესატყვისებთან ერთად მიუწერეს).

ამ კვლევა-ძიებაში მოსწავლეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბარბარიზმად ითვლება უცხო ენიდან შემოსული ყოველი სიტყვა და გამოთქმა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ზოგი მათგანი ,,მასპინძელი“ ენისთვის ისეთი ორგანული ხდება, რომ მის გამოყენებას სალიტერატურო მეტყველებაშიც იწყებენ.

ბარბარიზმის უკიდურეს ფორმებსაც დავაკვირდით, მაგალითად: „საპოჟნიკი პოლსაპოშკებს აპაჩინკებს.” წინადადებაში, ქართული ენის ანარეკლის სახით,  მხოლოდ ფრაზის სინტაქსური წყობა, თავსართ-ბოლოსართები, ბრუნვისა და პირის ნიშნები შემორჩენილა. მსგავსი ლექსიკით გაწყობილ ტექსტებს რუსეთის ბატონობის  ეპოქის დროინდელ ლიტერატურაში მრავლად შეხვდებით.

ენის დამახინჯებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ბარბარიზმებს ვერ დავაკისრებთ.  ერთი ენა მეორეს მხოლოდ ლექსიკური ,,ტყვიებით“ კი არ კლავს, მას სტრუქტურული ცვლილებებითაც ანგრევს. მეტიც, მასპინძელ ენას ლექსიკური ცვლილებების მიღება ადვილად არ შეუძლია, მისი ორგანიზმი ამ ბაქტერიას მთელი ძალით ებრძვის. სტრუქტურული ცვლილებები კი გაუწვრთნელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევი მოვლენაა. ამიტომაც, პროექტის ბოლო შეხვედრა კალკისთვის დამახასიათებელ ენობრივ კონსტრუქციებს დაეთმო. მოსწავლეებისთვის ეს საკითხიც ადვილად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, მაგალითებად მათი ყურადღების ეპიცენტრში, კერძოდ, ინტერნეტ და მედიასივრცეში გავრცელებული, ყველასათვის კარგად ნაცნობი შემთხვევები მოვიყვანე:

  • გაყიდვაშია –  იყიდება
  • შეტევაშია – უტევს
  • მიმალვაშია – იმალება
  • პირდაპირ კავშირშია – კავშირი აქვს
  • მუქ ფერებში დახატა –  მუქი ფერებით დახატა
  • თავდებში ჩაუდგა – თავდებად დაუდგა
  • დახმარება აღმოუჩინა – დაეხმარა
  • წესრიგში მოიყვანა –  მოაწესრიგა
  • სისრულეში მოიყვანა-  აღასრულა
  • შეცდომაში შეიყვანა – შეაცდინა
  • საქმე იმაშია, რომ… –  საქმე ისაა, რომ..

პროექტის დასასრულს იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ხანდახან ბარბარიზმების გამოყენება ერთგვარ მხატვრულ ხერხს – პერსონაჟის სპეციფიკური ხასიათის გამოსაკვეთად საჭირო იარაღს წარმოადგენს (ბარბარიზმების ტიპიზაციის მიზნით გამოყენების ხერხს დღესაც მიმართავენ). აქვე გაჩნდა მორიგი აქტივობის იდეა, რომლის განხორციელებაც, დროის სიმცირის გამო, მორიგი წლისთვის გადავდეთ. ზემოაღნიშნული დავალება მიზნად ტექსტში ბარბარიზმების აღმოჩენა-დამუშავებას და ავტორისეული ჩანაფიქრის ამოცნობას ითვალისწინებს (მოსწავლემ უნდა იპოვოს თხზულებაში გაბნეული ბარბარიზმები, მოიძიოს მათი პირველწყარო და ივარაუდოს, თუ რა მიზნით მიმართა მწერალმა აღნიშნულ ლექსიკურ ერთეულებს). შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ტექსტი XIX საუკუნის მწერლობიდან ( ილია, აკაკი, ალ. ყაზბეგი, გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი და სხვ.), მაგალითად:

„მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის ეგერებმა დარიალი გადმოლახეს, ძველ თბილისს ეშხი ნელ–ნელა გაუხუნდა. ყოველივე ძველთან ერთად ამქრის დიდებასაც პატივი თანდათან ეყრებოდა. დროებამ ნირი იცვალა და ქარმაც სხვაგვარმა იწყო ქროლა. ყაბახი მოიშალა, სალაღობოც დადუმდა. ქალაქი სულ რუსეთუმეებითა და თერგდალეულებით აივსო… „მოდნაც“ სხვა გაჩნდა და ძველებურ ტანსაცმელს იშვიათად თუ ვინმე ჩაიცვამდა. სახლებსაც ახალ ყაიდაზე აშენებდნენ, ნივთიც „გრანიცისა“ შემოდიოდა და ბევრი ხელობა სულ გადავარდა. ოქრომჭედლებს, თერძებს, მექოშეებსა და ძველ ჭონებს მუშტარი ეგრერიგად აღარ ეტანებოდა და მათი ხელობის მაზანდაც ეცემოდა. ათას რვაას სამოცდახუთ წელს შემოღებულმა ახალმა გადასახადებმა მთლად ააფორიაქეს ისინი. სხვა გზა რომ აღარ იყო, არზა დასწერეს და ქალაქის მოურავს შერმაზანა ვართანოვს , დიდის ფეშქაშებით მიართვეს, მაგრამ არა გამოვიდა რა,– „რუსული ატკაზით“ გაისტუმრეს უკან.“ (დ. შენგელაია)

ჩემი აზრით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მსგავსი დავალების შესრულება გაუჭირდებათ, ამიტომ ამ  ტიპის სამუშაოს ჩატარებას საბაზო ან საშუალო საფეხურის მასწავლებლებს ვურჩევ.

რას გვასწავლის ქართული პოლიფონია

0

უკვე რამდენი ხანია, რაც ჩვენი პატრიოტული თავმოწონების  ერთ-ერთი მთავარი მიზეზით, ქართული მრავალხმიანობით, ქართული მუსიკალური ფოლკლორით ვამაყობთ და ყველგან, სადაც კი განსაკუთრებული  შთაბეჭდილების მოხდენა გვინდა, ქართულ სიმღერას ვმღერით და ცნობილი მომღერლების შესანიშნავ ჩანაწერებს ვამზეურებთ.

ამას წინათ, ჩემს მეგობრებთან ერთად სიმღერისას კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ქართული მრავალხმიანობა ხშირად გაცილებით მეტად ორგანიზებულია, ვიდრე ჩვენ – ჩვენს ნებისმიერ მოქმედებასა და აქტივობაში.  სწორედ მაშინ მომივიდა იდეა, როგორ შეიძლება ჩემს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის, ნებისმიერი საერთო საქმის სტრუქტურა და ორგანიზება ქართული პოლიფონიის საშუალებით ვასწავლო. მოვიმარაგე კარგი ჩანაწერები, სიმღერების ტექსტები, სამეცნიერო მასალა და   დავგეგმე ქართული ხალხური სიმღერისა და პოეზიის გაკვეთილი ( იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ქართული ენისა და ლიტერატურის თემატურ ჩარჩოში მომექცია)

მაშ, ასე, თქვენც მოგიყვებით, როგორ საკითხებად გამოვყავი და როგორი  საინტერესო ჩამონათვალი გამომივიდა.

მაშ, ასე, რას გვასწავლის ქართული მრავალხმიანობა:

  1. სხვის მოსმენას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, საერთო მიზნისკენ გეგმაზომიერ, თანადროულ  სწრაფვას;
  2. იმას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს და თამამად გამოთქვას იგი. (გურული სიმღერა, თავისი კრიმანჭულ-მოძახილიანად ამის საუკეთესო ილუსტრაციაა.)
  3. რომ ნებისმიერი ჩართულობა, აქტივობა მნიშვნელოვანია და მთავარია, მიუხედავად იმისა, პირველ ხმას მღერი თუ ბანს, პირველხარისხოვანია შენი როლი თუ არა.
  4. მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ საერთო საქმის კეთებისას იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს აჯობო, მიზანს დაგაშორებს და არც შედეგს წაადგება არაფრით.  როდესაც რომელიმე მრავალხმიანი სიმღერის შესრულებისას ვინმე ცდილობს სხვებზე ხმამაღლა იმღეროს, პოლიფონიის საოცარი სრულყოფილება სადღაც იკარგება.
  5. რომ აზრის გამოთქმა სხვადასხვაგვარად შეიძლება, ზოგჯერ ეს მეგრული სიმღერის ტკბილი მინორი იქნება, ზოგჯერ-კახური სიმღერის მაჟორი და ომახიანობა, თუ გურული კრიმანჭულის საოცარი, ჯაზური მრავალფეროვნება.
  6. მნიშვნელოვანია, გამოხატო საკუთარი თავი, ამასთან ერთად სხვებსაც მისცე თვითგამოხატვის საშუალება.
  7. ის რაც ავთენტური და ბუნებრივია, ყველაზე კარგია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.
  8. ის, როგორი იქნება მრავალხმიანობა დამოკიდებულია გუნდის ყველა წევრზე, ლოტბარიდან დაწყებული და თითოეული მომღერლით დასრულებული.

გაკვეთილის ბოლოს, აუცილებლად გავიხსენებ,  რას წერს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ ილია ჭავჭავაძე, ვფიქრობ ეს ტექსტიც  მშვენივრად გამოგვადგება კამათის, აზრების გაზიარებისა და დასკვნების გამოტანისათვის.

„ქართული სიმღერა, გალობა, სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში მწყობრის ხმა ჰშველის წყობილ-სიტყვაობას  და  წყობილ-სიტყვაობა  მწყობრს   ხმასა, რათა   მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თავისის გულის ძარღვისცემა. სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური “ზარი”, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ “მაყრული” – სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც “ორ-პირი” – ვაჟკაცობისა, მედგრობისა  და  მხნეობისა”…

სიმღერა გულის-თქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე  მთელი ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს… ამის გამო გულის-თქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცთ-შეუსხმელი, სიტყვით არ-განსაზღვრული, სიტყვით არ-გამორკვეული, იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა, ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველება. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-გვარად, სხვა ხმით, სხვა  კილოთი  ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი  ან  გერმანელი…

ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა-მეტყველობას…“

შესაძლებელია თუ არა ბავშვის აღზრდა დასჯის გარეშე

0

რაღა დროს ეს კითხვაა XXI საუკუნეში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქტუალურია ბავშვზე ძალადობის თემა.

ბავშვის ფიზიკური დასჯა ძალადობაა. მნიშვნელობა არ აქვს, დარტყმა იქნება ეს, თმის მოქაჩვა თუ ყურის აწევა, ან დატოვებს თუ არა ხილულ კვალს. ძალადობის მიზანია ბავშვისთვის ზიანის მიყენება, მისი შეშინება და დამორჩილება.

ბავშვები იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. მათ სჯიდნენ აღზრდის მიზნებისა და „მათივე კეთილდღეობისთვის“.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში აღნიშნულია, რომ ბავშვი დაცული უნდა იყოს ყოველგვარი ძალადობისგან, განურჩევლად იმისა, როგორ ამართლებენ ძალადობას ზრდასრული ადამიანები.

ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას, რათა დაიცვან ბავშვი მშობლების, კანონიერი მეურვეების ან მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრივ ყოველგვარი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისგან, შეურაცხყოფისა თუ ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობის ჩათვლით.

შესაძლებელია თუ არა ბავშვის აღზრდა ცემის გარეშე?

ცხადია. ცემა და ძალადობა დაუშვებელია. საზოგადოდ, არ არსებობს აღზრდის მხოლოდ ერთი სწორი გზა ან მეთოდი, რადგან ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია და სხვადასხვა საჭიროებები აქვს. ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა მშობელს ან აღმზრდელს ეკისრება. ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, ბავშვის ინტერესები წარმოადგენს მშობელთა მზრუნველობის მთავარ საგანს.

არაძალადობრივი აღზრდა სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვები ნებაზე მივუშვათ. ისინი დამოკიდებულნი არიან მშობელთა მხარდაჭერასა და მითითებებზე. იმისთვის, რომ ბავშვი დამოუკიდებელ ინდივიდად იქცეს, აუცილებელია როგორც თავისუფლება, ისე გონივრული შეზღუდვებიც.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის დებატებში არაძალადობრივი აღზრდის მომხრეებს ეწინააღმდეგებოდნენ არგუმენტით, რომ არაძალადობრივი მიდგომა ბავშვის აღზრდაზე უარის თქმის თანაბარმნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ შემთხვევაში თავად ბავშვს ვანდობდით საკუთარი თავის აღზრდას. რადიოდისკუსიის დროს შვედ პედაგოგსა და განმანათლებელს გუსტავ იონსონს ჰკითხეს, მისცემდა თუ არა შვილს უფლებას, ჩაქუჩით დაემტვრია მისი პიანინო. იონსონმა უპასუხა, რომ, ცხადია, არ მისცემდა, მაგრამ ეს ძალადობას არ ნიშნავდა. ახალი მიდგომისა და იდეების არსი იყო ბავშვისთვის უარის თქმის განსხვავებული გზების ძიება.

თუ დღეს ვინმეს მიაჩნია, რომ არაძალადობრივი გზით, ცემის გარეშე აღზრდა „ნებაზე მიშვებას“ უთანაბრდება, მას საერთოდ არ ესმის პედაგოგიკა და არ ესმის ბავშვთა უფლებების კონვენცია.

ბავშვის აღზრდა კონფლიქტის გარეშე, როგორც წესი, არ ხდება. არც უნაკლო მშობელი არსებობს. მთავარია, მშობელსა და შვილს შორის ორმხრივი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ურთიერთობისას ხანდახან ორივე მხარე იღლება, ბრაზდება ან იმედგაცრუება ეუფლება. ამ შემთხვევაში ზრდასრულ ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა, კონფლიქტი არაძალადობრივი გზით მოაგვაროს.

მთავრობამ კი უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, შექმნას საჭირო პირობები არაძალადობრივი სააღმზრდელო პრაქტიკისთვის და ხელი შეუწყოს მშობლებს – მათ ეს სჭირდებათ, რათა მეტი ენერგია და დრო დარჩეთ შვილებთან ურთიერთობისთვის.

პოეზიის აფთიაქი: ლექსის ა(მ)ბები აღელვებულთათვის

0

„და თუ გაქრობა არის ხვედრი ყოველი არსის,

თუ საწუთრომან ეს მარგუნა, ვითა წყალობა –
მოვიტან, ზღვაო, შენთან ჩემს გულს, თასივით ავსილს,
კაეშნით სავსეს, რომ ვისმინო შენი გალობა!“

კოლაუ ნადირაძე

 

შემთხვევითი არ არის გულისა და ზღვის (წყლის) მეტაფორული კავშირი, სწორედ ამ კავშირის შედეგია: გულის ღელვა… ავღელდი – ვამბობთ, თითქოს  გული ზღვაა, რომელსაც აღელვება შეუძლია, იტევს ყველა ემოციას, როგორც ზღვა… ამიტომ სევდიანები, აღელვებულები, შეყვარებულები, არაცნობიერად წყლისკენ, ზღვისკენ მიილტვიან,  რათა შეერიონ დიდ სტიქიას და გააყოლონ გულის დარდი, კაეშანი…

„კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას…“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი)

წყალს ყველაფერი მიაქვს და ეს არაცნობიერი რიტუალი, ლტოლვა წყლისკენ, ზღვისკენ, – სულის ერთგვარი თერაპიაა. რამდენი ფილმი, ლექსი,  რომანი, ნახატი, გაგახსენდებათ, როცა აღელვებული ადამიანი მიდის და წყლის (ზღვის) ნაპირზე ჯდება… შინაგანი დიალოგის წყალობით კი ის ცვლის თავის ემოციებს… ეს ერთგვარი „შელოცვის“ რიტუალია, რომელსაც ბუნება უტარებს ადამიანს. შელოცვის რიტუალიც ხომ წყლის გარეშე არ არსებობს.

წყალი თითქოს დიდი სიცარიელე, დიდი ენერგეტიკული ველია და მასთან თანაზიარობით და ენერგიის გაცვლით ერთგვარი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს სევდიანი, აღელვებული, გაბრაზებული, გაშმაგებული ადამიანის გულში.

ტატოს ამ ლექსსაც ხომ ხშირად მაშინ ვამბობთ, როცა სევდიანები ვართ:

„წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად,

აქ, ლბილს მდელოზედ, სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით.“

ეს კი პროექციაა: როდესაც შენი შინაგანი ემოციები გარემოზე ვრცელდება და მარტოობაც თითქოს ქრება, რადგან თქვენს სულს ეს წყალი ენათესავება… ის კი თქვენზე გაცილებით დიდია… ერთი მხრივ, ადამიანს გადააქვს თავისი ემოციები ბუნებაზე და, მეორე მხრივ, ბუნება, სამყარო იჭრება ადამიანის სულში, მას კი ყოველთვის ჰარმონია შემოაქვს, უბრალოდ, უნდა „გაიხსნათ“ ამისთვის….

„ხედავ სამყაროს და ყოველი ფერი და ნივთი
შემოდის შენში და პოულობს საკუთარ სახეს.
წამოწექ ზღვასთან, დაისვენე, იგრძენ და მიხვდი,
რომ ერთი წუთით სასწაული შენ მაინც ნახე“ (კოლაუ ნადირაძე)

დიახ, სევდას წყალი კურნავს… ცუდ სიზმრებსაც ხომ „წყალს უყვებიან“, რომ წაიღოს და გააქროს…

მე უკვე ჩემი დანიშნულების წერა დავიწყე:

სევდიანებო და აღელვებულებო, წაიკითხეთ ბარათაშვილი…

გადით წყლის პირას,

ესაუბრეთ წყალს, მას თქვენი დახმარება შეუძლია….

წაიკითხეთ არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“:

„მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა

და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა

იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ

ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.

უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,

დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ

დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,

გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!“

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა).

და თუ თქვენც სიყვარულმა აგადუღათ, წყალს მიმართეთ და ის გაგაგრილებთ… შეგიძლიათ „ცივი წყალი დალიოთ“ მაშინ, თუ თქვენს სიყვარულს „ცივი წყალი გადაასხეს“, მაგრამ არამც და არამც, არ გადახტეთ მტკვარში, ზღვაში და არ გახდეთ „წყალწაღებულები“, სანაპიროზე ხავსიც არ იქნება, რომ ჩაეჭიდოთ, ამიტომ არ ღირს… ესეც არ იყოს, დაგინახავენ და იტყვიან: „შეხედეთ, შეხედეთ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო“ – და მიუხედავად იმისა, რომ წყალწაღებული იქნებით, ეს შეფასება მაინც არ მოგეწონებათ…

უბრალოდ, ესაუბრეთ წყალს… მოუყევით, რა გაწუხებთ… სიტყვების თავიც არ გაქვთ  და გგონიათ, რომ დიალოგი და ფიქრი მხოლოდ ვერბალური და ლინგვისტური შეიძლება იყოს…? არამც და არამც… შეგიძლიათ, წარმოსახვა, ფანტაზია ამუშაოთ, სცენარი თქვენვე დაწეროთ, პერსონაჟები უკვე გყავთ: თქვენ და ზღვა (წყალი, მდინარე…), დანარჩენსაც ადვილად წარმოისახავთ… არც ფანტაზიის თავი გაქვთ…? კარგი, დაგნებდით… მაშინ სხვა გზაც არსებობს: უბრალოდ, იგრძენით ემოციების დიალოგი, თქვენი შეგრძნებების შეხება ზღვასთან, მერე დაკარგვას იგრძნობთ… და თუ ეს მოხდა, სწორ გზაზე ხართ… დანარჩენი კი რაც მოხდება, უნდა მიამბოთ, რადგან მეც არ ვიცი, ეს ძალიან, ძალიან ინდივიდუალურია…

თუ დამშვიდება არ გინდათ, მაშინ სხვა რეცეპტს გამოგიწერთ, ეს აკაკი წერეთლის რეცეპტია:

„ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე!

აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე!

მარგალიტების სალარო შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ, გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი შენ შემკვრელს არემარესა.

პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი მრისხანე გულის ღელვასა!..

ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი და სიბნელის დროს ელვასა!“

მიხვდით, რატომ არის საინტერესო სევდა, აღელვება, სიბრაზე, შფოთი, ბრაზი, აგრესია…? არ გჯერათ ჩემი, მაგრამ აგერ აკაკის დაუჯერეთ. თურმე მაგ დროს რა ხდება: ადამიანის გული ხომ ზღვაა და თუ ადამიანის გული ზღვაა, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ზღვის ფსკერზე განძი გაქვთ დამარხული… ვიცი, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ აქ მე, პოეზიის და ადამიანთა გრძნობების დასტაქარს, უნდა მენდოთ, მე კი გეუბნებით, რომ თქვენი გული განძსაცავია და ამის შესახებ თქვენ არაფერი იცით და ამის შესახებ როდის გაიგებთ? როცა გაბრაზდებით, აღელდებით, როცა ტალღები თქვენი გულის ფსკერიდან მარგალიტებს ამოყრის… აი, მაშინ მიხვდებით, რომ ნებისმიერი ადამიანური ემოცია, მხოლოდ თქვენთვისაა და განძიც იმიტომ არსებობს, რომ აღმოაჩინოთ და როცა აღმოაჩენთ, კი არ უნდა შეინახოთ, უნდა დახარჯოთ… განძი უნდა დახარჯოთ, მაგრამ ახლა ალექსანდრე საჯაიას ლექსს წაგიკითხავთ (არ ვიცი, საიდან გამახსენდა… უფრო სწორად, ვიცი… „დაუხარჯავ ცრემლების ფასზეა“ აქ ლაპარაკი და არა მარტო…), ესეც აღელვებულთა დასამშვიდებელ წამლების კატეგორიაში მაქვს…

შეგიძლიათ, ზღვას ძებნა არ დაუწყოთ და არც მტკვრისკენ დაადოთ თავი, თუ შეყვარებული ხართ (თუ არ ხართ, სულ ამაოდ წაიკითხეთ ეს სტატია, „წყალში ჩაგეყარათ“ შრომა…), შეყვარებულს ჩახედეთ თვალებში და მისი თვალების სიღრმე ზღვად იქცევა….

ფინალისთვის იყოს ამ ლექსის აბი….

„თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ზღვის არი.

ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა – ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა – თეთრი ხელების ტაში. . .

ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.

ჩემი ხომალდის გზა – სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი…
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.“

 (ალექსანდრე საჯაია, ავდარი)

(ბოლო სტრიქონთან მაქვს მცირე შენიშვნა: დახარჯეთ ცრემლებიც, ფასი არ დაეცემა, უფრო მოიმატებს! – მრავალგზის გამოცდილებიდან არის ეს მინიშნება).

ეს აბები შეგიძლიათ მიიღოთ თანმიმდევრობით, თუ რომელიმე მწარედ მოგეჩვენათ, დაეხსენით… გვერდითი მოვლენები არცერთს არა აქვს…

გამოჯანმრთელდით…. ღმერთიც თქვენი მ-წყალ-ობელია…

ცხოველების ფერმა

0

 

„ყველა ცხოველი თანასწორია (შემდეგ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები)“.

ჯორჯ ორუელი

რამდენიმე დღის წინ პორტალ edu.aris.ge-ზე წავიკითხე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ შესაძლოა ცვლილებები მოხდეს. „საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კერძო სკოლების დაფინანსების წესი და პირობები. ამის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა დააფინანსოს კერძო სკოლები“, – ვკითხულობთ საიტზე. ამას ეთანხმებიან როგორც განათლების სამინისტროში, ისე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტშიც, სადაც მხარიც დაუჭირეს ცვლილებებს.
კერძო სკოლები აქამდე სახელმწიფოსგან იღებდნენ და იღებენ ერთ მოსწავლეზე გაცემულ ვაუჩერულ დაფინანსებას, გარდა იმისა, რომ მათ მომსახურების ხარისხისა და ინკლუზიურობის მიხედვით დაწესებული აქვთ გადასახადები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე mes.gov.ge მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალში შედის „საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაც, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ 2013 წლიდან ტრანსპორტი ემსახურებოდა 335 საჯარო სკოლის 15174 მოსწავლეს, ხოლო 2015-12016 წლების შემოდგომის სემესტრში ეს რიცხვი 1123 სკოლის 64210 მოსწავლემდე უნდა გაზრდილიყო. როგორ განხორციელდა პროექტი, ამის შესახებ ინფორმაცია განახლებული არ არის, თუმცა ჩვენ, სკოლის მასწავლებლებმა, მშობლებმა, ვიცით, რომ ძალიან ბევრი სოფლის მოსწავლეებსა და სკოლებს, რომლებიც მათ ემსახურებიან, სჭირდებათ ტრანსპორტო სამცხე-ჯავახეთში, მაღალმთიან აჭარაში.

რაიონების სკოლებს, დაფინანსების დღევანდელი სისტემის მიხედვით, აქვთ საიმისო თანხა, რომ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად წარმართონ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვერ არემონტებენ საკლასო ოთახებს, სპორტდარბაზებს, დერეფნებს, საპირფარეშოებში ელემენტარული ჰიგიენური ნორმებიც კი არ არის დაცული. ამ დროს განათლების სამინისტროსა და კომიტეტში საუბრობენ თანაბარ დაფინანსებაზე კერძო და საჯარო სკოლებთან მიმართებით.

გამოდის, რომ სახელმწიფო ათანაბრებს გაცემულ სიკეთეებს – თანხებს, თუმცა იღებს სრულიად განსხვავებულ, არათანაბარ და დისკრიმინირებულ შედეგს: კერძო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ ყველა სასკოლო ინვენტარი და საგანმანათლებლო რესურსი, დამატებით მიიღებენ დაფინანსებას და ეს თანხა მოაკლდებათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ისედაც თითქმის არაფერი აქვთ. უფრო მეტიც – ამ თანხებს კერძო სკოლების მოსწავლეები კი არ მიიღებენ, არამედ სკოლების მფლობელები.

განათლება, რა თქმა უნდა, პროდუქტია, რომელსაც მასწავლებელი ყიდის და ამაში ხელფასს იღებს. განათლებას ყიდის კერძო სკოლაც მასწავლებლების მეშვეობით, უფრო სწორად, ის ყიდის შესაძლებლობას – უკეთეს გარემოში უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას, თუმცა სახელმწიფოს მხრივ ამ მიდგომის წახალისება თავისუფალ, ლიბერალურ ბიზნესგარემოსა და ინტერესებზე ზრუნვა კი არა, უგუნურებაა.

თანაბრობა გაცემული სიკეთეების ერთნაირად განაწილება კი არ არის, არამედ ისე განაწილება, რომ შედეგი იყოს მაქსიმალურად თანაბარი, ან, უფრო სწორად, თანაბარი იყოს შესაძლებლობები  ამ შედეგის მისაღებად.

დღეს კი რას ვიღებთ? – გვაქვს სკოლები, რომელთა მოსწავლეები ყოველდღე ფეხით გადიან რამდენიმე კილომეტრს, არ აქვთ გათბობა, ნორმალური კომპიუტერული ტექნიკა, საგაკვეთილო პროცესში ვერ ხერხდება ტექნოლოგიების გამოყენება, მეორე მხარეს კი არის ძალიან კარგი საკლასო ოთახებით, ინვენტარით, საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი კრეძო სკოლები, რომლებიც, კერძო გადასახადებთან ერთად (რომელთა რეგულაციაც ასევე არ ხდება და სკოლის მფლობელს შეუძლია, ასტრონომიული თანხა დააწესოს გადასახადად), ვაუჩერულ დაფინანსებასაც იღებენ. ამ შემთხვევაში არც კერძო სკოლის მოსწავლეები და მშობლები არიან დაცულნი –რეალურად მათაც კი ვერ და არ იცავს სახელმწიფო.

საბოლოო ჯამში, გამოდის ცვლილებები არა თანაბრობისა და კეთილდღეობისთვის, არამედ ჩაგვრისა და უთანასწორობისთვის და ვიდრე ბევრი კერძო სკოლის დირექტორი მდიდრდება მოსწავლეებისა და სახელმწიფოს ხარჯზე, სანაცვლოდ კი, ხშირ შემთხვევაში, საჯარო სკოლებზე არცთუ ბევრად უკეთეს განათლებას აძლევს მოსწავლეებს, დადიან ბავშვები სკოლებში რამდენიმე კილომეტრზე თოვლში, წვიმაში, ფეხით და ეძებენ ლოგიკას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლებისგან ძალიან შორსაა გადამალული.

დროის, მდინარისა და თავისუფლების შესახებ

0

*

2010 წელს ასეთი გულუბრყვილო რაღაც ჩამიწერია:

„რამდენს ინატრებდიო, რომ მკითხონ, სისხლსავსედ ცხოვრების ხუთ წელს ვიკმარებდი ალბათ, ოღონდ თუ ამაში ძილი და დასვენების საათები არ ჩაითვლება. რომ შემეძლოს, ძილს ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან“.

ახლა ისე ხდება, რომ ყველაზე მეტად დილის ძილს ვერ ველევი, ბავშვებს ოთახიდან დავიფრენ და ჯერაც თბილი, შერჩენილი სიზმრის ფრაგმენტებს მივუბრუნდები ხოლმე.

ამიტომ გურამ რჩეულიშვილზე გაგონილი ლეგენდებიდან გულწრფელად მხიბლავს და მაოცებს ის ერთი, რომელიც ლეგენდარული რეალობა უფროა, და კარგად გვიჩვენებს ახალგაზრდა კაცის ნიჭიერებას, რჩეულობას:

საოცარი ნაყოფიერება!

უნაყოფო მწერლები ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ როდესაც ოცდაექვსი წელი ამოდენა შემოქმედებით მემკვიდრეობას (მოთხრობები, ნოველები, დღიურები, პიესები, პირადი მიმოწერა) ტოვებს, ყველა შეგნებულ ადამიანს/მწერალს უჩნდება სურვილი, თავაუღებლად იშრომოს და სიტყვად აქციოს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება. არაფერი გამორჩეს, გაუფრთხილდეს და შეინახოს წვრილმანიც კი.

ალბათ ესაა გურამ რჩეულიშვილის – უწყვეტი ფიქრისა და შრომის – საიდუმლო.

*

ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი და „პერსპექტიული“ მეთქმოდა, ერთ-ერთი სოფლის გუნდთან დაძაბული მატჩის შემდეგ, მასპინძლებმა ენგურზე „დაგვპატიჟეს“ – მთელი გუნდი ავიყარეთ, მწრთვნელებიან-მშობლებიანად გავავსეთ ავტობუსი და დამტვრეულ გზას გავუყევით მდინარისკენ.

წინა დღის ნაწვიმარია, ბანაობას არ გირჩევთო, – გვაფრთხილებდა ერთი იმათგანი, ეტყობა უფრო გამოცდილი, მაგრამ არ დავიშალეთ ცურვის იშტაზე მოსულებმა და მღვრიე წყალში შევცვივდით ყველანი.

პირველივე გაბრძოლებაზე დავყარე ფარ-ხმალი. ჩქარმა და მრისხანე ნაკადმა გულაღმა დამაგდო, გამკლავება ვცადე, ხელიც გავიქნიე, მაგრამ მეორე შემოქნევაც წამომეწია და ძლივ-ძლივას, ფორთხვა-ფორთხვით გავაღწიე ნაპირამდე.

ნაპირზე ჩემსავით დალეწილი, სიცივისგან მობუზული ბიჭები ეყარნენ. ტუჩები დალურჯებოდათ და ტანზე ხორკლი ეყარათ. მაშინ ვიფიქრე, თუ ოდესმე ფეხბურთში რამის მიღწევა გვინდა, ენგურივით ულმობელი თავდასხმა უნდა გვყავდეს და დაცვა, რომელიც ასეთ თავდასხმას შეაკავებს-მეთქი.

უფრო გვიან, როცა თამაშს თავი გავანებე და სწავლისთვის მოვიცალე, რამდენიმე ისეთი წიგნი შემომხვდა, სადაც ენგური გაელვებად კი არა, ან „ბუნების აღწერის“ შემადგენელ ნაწილად, არამედ, შეიძლება ითქვას, ბედისწერადაც კი მოჩანდა.

კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ პერსონაჟად ექცია ენგური – აბორგებული, სვანეთის ლანქერებიდან გახელებული, დაუდეგარი შხუილით რომ მოჰქრის და ტალღები ცეკვით მისრიალებენ უსრულო სარკისებრ გალაქულ სივრცეში.

გრიგოლ რობაქიძეს კი სულაც თავისი პერსონაჟისთვის შეერქმია – ეს ის თამაზ ენგურია „ჩაკლული სულიდან“, რომელიც ძნელ დროში ყოფნისა და სულიერი მერყეობის მიუხედავად, „მეტყველ სახეს“ მაინც ინარჩუნებს და კათარსისსაც აღწევს.

– გივერგილ, იმე ხარი? – ახლაც მზარავს ლეო ქიაჩელის მოთხრობიდან ალმასგირ კიბულანის ხმა, რომელიც ჯებირის ნგრევას მოჰყვა ნაპირზე. მამა ენგურის ზვირთებში დაკარგულ შვილს უხმობს. მხარბეჭგაშლილს მარჯვენა ხელში თოკის ერთი თავი უჭირავს, მარცხენაში – მეორე თავი. ხან ერთს დახედავს, ხან მეორეს და ცოფმორეული მხეცივით ღმუის: „გივერგილ, იმე ხარი?“. ღმუის და დაეძებს, ქალღმერთ დალის ავედრებს და მართლაც – იქ, სადაც ენგური ზღვას უერთდება, აციალებული ზღვის სიღრმეში დაინახავს მთვარის შუქმფენ სახეს. ეს გივერგილას მფარველი დალია, რომელიც ზეციდან ძირს დაეშვა, სადღაც ახლოს. დალის ოქროს თმებში თვალგახილული, მოღიმარი გივერგილა გაუხვევია და ალერსით გულში ჩახუტებული უფსკრულიდან ამოჰყავს. „გივერგილ!“ – არაადამიანურად გახარებულია ალმასგირი, მძიმე ტანს აიმჩატებს, ჰაერში შემართული ხელების დიდრონ, კაუჭა თითებს მოლანდებული შვილისკენ გაიშვერს, წყალს შეაპობს და ზღვაში შეიჭრება…

2012-ის ზაფხულში, აგვისტოს მოღრუბლულ დღეს, ლატალში ყოფნისას, ლახუშდის ეკლესიასთან მისულმა, ჩავხედე მღვრიე ენგურს. ვერ ვიცანი. ადრე ნანახს და წიგნში წაკითხულს არ ჰგავდა. თითქოს ნაწყენი და გაბრაზებული იყო იმ კაცივით, ჩხუბის დროს რომ გააშველებენ და მეტოქე გაულახავი დარჩება.

*

მდინარე. დინება. დინების საწინააღმდეგო სვლა. „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

უცნაურია, რომ  37-ში რეპრესირებულთა შთამომავლების დიდი ნაწილი ასე დაუფარავად დაუპირისპირდა ეროვნულ მოძრაობას, კონკრეტულად – მოძრაობის ლიდერს ზვიად გამსახურდიას. რასაც შენი მამა-პაპანი ეწირებიან, რისთვისაც მათი ხსოვნა გეძვირფასება, – ქვეყნის თავისუფლება, – რატომ ხდება მერე ასე მიუღებელი, აბუჩად ასაგდები, ჩასაქოლავი, გასამეტებელი? თუ ერთი პიროვნებისადმი სიძულვილი განაპირობებს მის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობაზე უარის თქმას (როგორც ეს 90-იან წლებში გამოჩნდა), მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია მთელი ქვეყანა. ისე კი, არც მაშინ და არც დღეს არ გვიფიქრია, რომ ერთმანეთისთვის შემართულ იარაღს სხვა ვინმეც შეიძლება გამორჩეს რამეს.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გლობალურ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობა და განიარაღებაა, თუმცა არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმი. გლობალური გეოგრაფიის გაკვეთილისთვის გთავაზობთ მასალას და სადისკუსიო კითხვებს, რომლებიც შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

კითხვები გაკვეთილის დასაწყისისთვის:

  • როგორ ფიქრობთ, რა არის ტერორიზმი? რამ წარმოშვა ის?
  • რა აიძულებს ადამიანს, თავი გაწიროს ტერაქტის მოსაწყობად?
  • ვინ უფრო გეცოდებათ – ტერორისტი თუ მისი მსხვერპლი?
  • როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
  • სწორად ებრძვიან თუ არა დღეს ტერორიზმს ზესახელმწიფოები?
  • ერთი და იგივეა თუ არა ტერორიზმთან ბრძოლა და ტერორისტებთან ბრძოლა?

2011 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა. პრაქტიკულად, არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მოვლენის განსაზღვრის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის, 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, სადაც ის ტერორიზმის განმარტებას ცდილობს: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე გლობალური ეფექტებით… თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებზე“.

ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე უკანონო გზით გავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ტერორიზმი არის ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო განსაზღვრავს ტერორიზმის ოთხ ძირითად ნიშანს:

◦ ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი;

◦ ქმედება, რომელიც გამიზნულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

◦ ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ;

◦ დაბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ (იხ. სოციალური და რელიგიური ტერორიზმი).

ფართოდ არის გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს ტერორიზმი იყოს ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავს ასეთად მიიჩნევს) თავისი დამცირებისთვის საჯარო ყურადღების მისაპყრობად. მათთვის, ვინც ებრძვის შეუდარებლად ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია, მეტ-ნაკლებად გააწონასწოროს მხარეთა საბრძოლო საშუალებები. ტერორიზმის მიღმა უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრები იმალება. შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებასთან.

ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პირებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოოდ მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, ხელი შეუწყო 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებას.

თანამედროვე ტერორიზმი შეიძლება დაიყოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ორ მიმართულებად. პირველი, ლოკალური ტერორიზმი, ხშირად სათავეს იღებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისგან და წარმოადგენს ამ მოძრაობის არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს. საყურადღებოა, რომ ასეთი მოძრაობები ხშირად შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით არის ლეგალიზებული. ტერორიზმის მეორე სახესხვაობას დღეს საერთაშორისო (ზოგჯერ – გლობალურ) ტერორიზმად მოიხსენიებენ და, საზოგადოდ, გლობალური საფრთხის შემცველ ქმედებად მიიჩნევენ. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით გვხვდება პრაქტიკულად ყველგან, მთელ მსოფლიოში. 1960-1970-იან წლებში ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) უმთავრესად მარქსისტული ექსტრემიზმის სახით და ლატენტურად დღესაც არსებობს ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილოეთ ირლანდიაში), სადაც ეროვნულ უმცირესობათა (ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ტერორიზმის გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

ხშირად ტერორისტებს უწოდებენ მათ, ვის იდეებსა და მოქმედების მეთოდებსაც არ იზიარებენ. ბრაიან ჯენკინსი (Brian Jenkins) ამბობს: „ის, თუ რა შეფასდება ტერორიზმად, დამოკიდებულია შემფასებლის მსოფლმხედველობაზე. ამ ტერმინის გამოყენება გულისხმობს მორალურ განსჯას. თუ ვინმემ მოახერხა და ოპონენტს ტერორისტის იარლიყი მიაკერა, ეს მის იდეურ გამარჯვებას ნიშნავს და იმის მაუწყებელია, რომ მან მოახერხა სხვების დარწმუნება საკუთარი პოზიციის მართებულობაში“. შესაბამისად, ტერორისტად „მონათვლა“ სუბიექტური საკითხია. თუ ვინმე თავს მსხვერპლად მიიჩნევს, ძალადობის აქტი ტერორიზმად ფასდება, თუ დამნაშავედ – ძალადობის აქტი შესაძლოა უფრო რბილად, პოზიტიურადაც კი შეფასდეს (უარეს შემთხვევაში – პროვოკაციულად). მიდგომას, რომლის მიხედვითაც ძალადობის ტერაქტად შეფასებას მსხვერპლად იდენტიფიცირება განსაზღვრავს, შეიძლება მივაკვლიოთ NATO-ს (რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დასავლური სახელმწიფოების მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვარ სტატუს-კვოს) კომისიების დასკვნებში. 1989 წლის ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის სუბკომიტეტის საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: „მკვლელობა, გატაცება, ცეცხლის გახსნა და სხვა არაკანონიერი ქმედებები წარმოადგენს კრიმინალურ აქტებს, მაგრამ ბევრი არადასავლური სახელმწიფო ტერაქტებს სინამდვილეში თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს“. ამ შემთხვევაში ტერორიზმის მთავარი შემფასებელი ძალადობაა და არა მოტიცავია ან მიზნები.

NATO–ს კომიტეტის განმარტება არ გამოგვადგება, რადგან ის სახელმწიფოსა და ცალკეული ჯგუფების მიერ ჩადენილ ძალადობას ერთსა და იმავე კონტექსტში განიხილავს – ცხადია, უდიდესი განსხვავებაა პლასტიკატის ყუთში მოთავსებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიუგნებელ ადგილას დამალულ კუსტარულ ბომბსა და და ბოლო თაობის ასაფეთქებელ საშუალებებს შორის, რომელსაც სუპერთანამედროვე თვითმფრინავი 7 000 მეტრი სიმაღლიდან აგდებს. მაგალითად გამოდგება Luftwaffe-ს (გერმანიის საჰაერო ძალების სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის დროს; ითარგმნება როგორც „საჰაერო ძალები“) რეიდები ვარშავასა და კოვენტრიში, აშშ-ის მიერ ჩამოყრილი ბომბები ხიროსიმასა და ნაგასაკიში, აგრეთვე ცივი ომის დროინდელი დაპირისპირება სუპერსახელმწიფოებს შორის, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ბირთვული ომით ორივე ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას და არამარტო მას. შეიძლება, ისინი ტერაქტებად მივიჩნიოთ? ტერორისტული ორგანიზაციებია: ალ-ქაიდა, ეტა, „თამილის ვეფხვები“, „პირდაპირი მოქმედება“, რევოლუციური ორგანიზაცია „17 ნოემბერი“, წითელი არმიის ფრაქცია.

 

გლობალური ტერორიზმის ინდექსი

111111111111111111

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

2222222222222222222

ჯგუფებმა უნდა გამოყონ ტერორიზმის ინდექსის მაღალი მაჩვენებლების არეალები და შეადარონ ყველაზე მასშტაბური ტერაქტების რუკას; დაადგინონ, ემთხვევა თუ არა მაღალი მაჩვენებლების არეალები და მასშტაბური ტერაქტების გავრცლება.

 

კითხვები დისკუსიისთვის:

  1. ნიშნავს თუ არა ომის არარსებობა სხვებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას?
  2. არის თუ არა მშვიდობა თანაბრად მნიშვნელოვანი ყველა კულტურისთვის?
  3. არსებობს თუ არა საფუძველი, იმედი გვქონდეს, რომ მომავალში მსოფლიო მშვიდობიანი გახდება?
  4. რატომ არსებობს სხვადასხვა აზრი მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
  5. ადამიანის შინაგან მშვიდობას ხალხი ხშირად უკავშირებს რელიგიას. რატომ ხდება ასე?
  6. აუცილებელია, ადამიანი რელიგიური იყოს, რათა შინაგანი მშვიდობისთვის საჭირო ფასეულობები ჰქონდეს?
  7. მომავალში რამდენად მეტი ომი გაიმართება ძირითადი ბუნებრივი რესურსებისთვის (მაგალითად, წყლისთვის) სხვა მიზეზით წარმოებულ ომებთან (მაგალითად, ეთნიკურ, კულტურულ ან რელიგიურ დაპირისპირებასთან) შედარებით?
  8. როგორ ფიქრობთ, ბუნებასთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელოვნება აქტუალურია თუ არა საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად?

 

მოსწავლეები კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ და მოემზადონ დისკუსიის შედეგების მოსახსენებლად.

აქტივობის ბოლოს იკრიბებიან პლენარულ სხდომაზე და ყველა ჯგუფი აკეთებს მოხსენებას.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები და ლიტერატურა:

  1. https://www.ipress.ge/new/18152-XXI-saukunis-10-yvelaze-masshtaburi-teraqti
  2. ვ. მელიქიძე, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის, თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

სპორტი – ქვეყნები და ადამიანები

0

ალბათ ძალიან ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფეხბურთი სამართლიანი სპორტია და მატჩისას წარმატების მიღწევა ყველას თანაბრად ხელეწიფება. ამ შეხედულების სიმცდარეს თუნდაც მასპინძლის ფენომენი და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი უსამართლობები ადასტურებს.

სპორტის რომელი სახეობაც არ უნდა აიღოთ, მასპინძელ გუნდსა და სპორტსმენს ყველგან  გარკვეული უპირატესობა აქვს. რა ტიპისაა ეს უპირატესობა? პირველი ის, რომ მასპინძელი არ იცვლის ცხოვრების წესს, ცხოვრობს იმ წესით, იმ საჭმელს ჭამს, იმ ჰაერს სუნთქავს და იმ ადამიანებთან ურთიერთობს, რომელიც არანაირად მას დისკომფორტს არ უქმნის. რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ყველა ადამიანი ყველაზე კარგად თავს საკუთარ სახლში გრძნობს. ევროპაში როცა მიგრაციის თავისუფლება გაჩნდა, ყველა იქ წავიდა, სადაც თავი უკეთ იგრძნო. როცა გერმანიის, ინგლისის, ჰოლანდიისა და პაკისტანის საფეხბურთო ნაკრებიც კი სახლში თამაშობენ, მათ აქვთ ეს უპირატესობა. ყველა სტადიონზე მასპინძელთა გულშემატკივარი სჭარბობს მოწინააღმდეგის გულშემატკივართა რაოდენობას. მედია განწყობილია განსაკუთრებულად, იმიტომ, რომ ნაციონალური გუნდი ხარ. შენ, როგორც მასპინძელი, აუცილებლად აღმოჩნდები არა მარტო მთელი ნაციის ყურადღების ცენტრში, არამედ შენს თამაშზე სიარულს პრეზიდენტები და კანცლერები იწყებენ, მათ შეიძლება ცხოვრებაში ათასი წელი ფეხბურთი არ აინტერესებთ, მაგრამ პოლიტიკურად გასაგებია მათი მოტივაცია.

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მასპინძლების მიმართ მსაჯები განსაკუთრებულად კეთილგანწყობილნი არიან. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ყვითელი ბარათის გამოყენება, 100-დან 100 შემთხვევაში მას მიიღებს სტუმარი, 100-დან 80 შემთხვევაში – მასპინძელი. ბოლოს და ბოლოს მსაჯიც ადამიანია. 100 ათასი გერმანელის თვალწინ მაინცდამაინც გერმანელის კვლას ვერ დაიწყებს. ამიტომ მასპინძლის მოწინააღმდეგის მიმართ მიკერძოებული ვერასოდეს იქნება. მაგრამ ყველაზე მთავარი აქ სხვა რამ არის. მასპინძელი ბიოლოგიურადაა ჩაწერილი ამ გარემოში. თუ გინდა 10 წელი ითამაშე უცხოურ კლუბში, გერმანელი რომ ხარ და გერმანიაში თამაშობ, ეს არის გარემო, რომელიც შენთვის საუკეთესოა, იმიტომ, რომ მრავალი წელი შენმა წინაპარმა თავისი გენეტიკა  მაინცდამაინც ამას შეუწყო.

ენა და ფეხბურთის ცოდნა ხომ სხვადასხვა რამ არის, ენა არ გადადის გენეტიკურად. ქართველი ბავშვი თუ იაპონიაში დაიბადება ილაპარაკებს იაპონურად, იაპონელს მასთან შედარებით უპირატესობა არ ექნება, მაგრამ როდესაც იაპონელი ბავშვი ჩამოვა საქართველოში და შეჭამს ცხარე საჭმელს, შეიძლება ავად გახდეს, იმიტომ რომ მას ეს გენეტიკურად აქვს გადაცემული. ზუსტად ასე – როგორ უნდა ითამაშო გერმანიაში,  როგორ მოძრაობს ფეხი, როგორია მინდორი და სხვა ეს იმდენად ღრმად ახლოს არის საკუთრივ გერმანელთან, რომ სხვასთან ასე ვერაფრით იქნება. გაირკვევა, რომ ვიღაცისთვის მინდორი ისეთი არ არის, როგორიც სურდა, ვიღაცისთვის ბურთი არ არის სასურველი. მასპინძლისთვის კი ყველაფერი კარგია.

ძალიან ბევრად უნდა აღემატო მასპინძელს, რომ მოუგო. სხვათა შორის, იტალიელები კარგად ზომავენ საკუთარ ძალებს და იციან რომელ თამაშში რამდენი პროცენტით უნდა დაიხარჯონ. ეს ხშირ შემთხვევაში ამართლებს. ხშირად გერმანიაც კი არ არის იტალიასავით რაციონალური. თანაბარ პირობებში მასპინძელი იგებს, მაგრამ უპირატესობა იმხელა არაა, რომ თუ საქართველოში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი, აუცილებლად ჩვენ გავხდებით ჩემპიონები. თუმცა, ოცნებებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ…

 

 

 

ინტუიცია vs. ლოგიკა – ყველგან ალბათობა

0

 

ახლახანს ჩემმა საყვარელმა ლექტორმა ლატარიაში ჯეკპოტი მოხსნა. გულწრფელად ვულოცავ მას ამ მოგებას. ვის არ გვინდა, ქუდბედიანი ადამიანების მსგავსად გაგვიმართლოს, მაგრამ ლატარიაში მოგებას ყველანი მაინც შემთხვევითობას, იღბალს ვაბრალებთ და არავინ ვიტყვით, რომ ლატარიების რიცხვების ამოცნობას ლოგიკა სჭირდება. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, საკითხი მათემატიკოსებთან გამერკვია, ჰოდა, ერთობლივი გაკვეთილის ამ თემაზე ჩატარების იდეაც მაშინ გაჩნდა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ ჩემს შეკითხვას, რა შანსი მაქვს, ერთ-ერთი მორიგი გამარჯვებული ვიყო მეც (პირობითად). სინამდვილეში კი მე და პეტრეს გვინდა, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მოსწავლეები დაფიქრდნენ, რამდენად სანდოა ინტუიცია და ღირს თუ არა ფულის გამეტება ლატარიის ბილეთების საყიდლად და საერთოდ, ღირს თუ არა ფულზე თამაში ამისთვის განკუთვნილ ნებისმიერ დაწესებულებაში.    

       ერთხელ სოკრატე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, ლამის ძალდატანებით, მიიყვანეს მდიდარი კომერსანტის კეფალეს სახლში. იმ დღეს ზღვისპირა საპორტო ქალაქი პირეოსი ერთი წლის წინ შემოსული ქალღმერთის ბენდისის დღეს აღნიშნავდა. ასეთ ღირსშესანიშნავ მოვლენას სოკრატე ვერ დააკლდებოდა, პატარა ამბავი ხომ არაა, ახალი ღვთაების შემოსვლას დააკვირდე, შენივე თვალით ნახო, დაიმკვიდრებს თუ არა ადგილს ახალი ღმერთი ტრადიციული ღმერთებით გადავსებულ ბერძნულ პანთეონში და, თუ ფეხს ვერ მოიკიდებს, ამის მიზეზებიც ახსნა. თანაც პირეოსი ათენიდან რამდენიმე კილომეტრში იყო და ის, რაც მისაღები გახდებოდა პირეოსისთვის, ათენშიც მალე გავრცელდებოდა. სადღესასწაულო ცერემონიალის დასრულების შემდეგ ასაკში შესული კეფალე მცენარეების ტოტებისგან შეკრული მსხვრეპლშეწირვისთვის დამახასიათებელი გვირგვინით დამშვენებული სავარძელში ჩამჯდარი დახვდა სოკრატეს და თავაზიანი საუბარი გაუბა ფილოსოფოსს. სოკრატეს აინტერესებს, როგორ გრძნობს თავს კეფალეს ასაკის ადამიანი, როცა სიკვდილი კართანაა მომდგარი. დამეთანხმებით, რომ ეს შეკითხვა, არცთუ ისე ზრდილობიანია; თანაც ფილოსოფოსმა ეს შეკითხვა ერთი საინტერესო დაკვირვებიდან გამომდინარე დასვა. ერთი წლის წინ შემოსულ ღვთაებას ტრადიციულ ღმერთებზე წინ არ დააყენებდა მდიდარი ადამიანი. მას ხომ ქონება ამ ძველი ღმერთების თანადგომითა და შემწეობით არ მოუპოვებია. მაგრამ კეფალეს გვირგვინი მიუთითებს, რომ მან შეწყვიტა საქმე და სახლის უკანა კარში სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალს მხოლოდ იმ მიზეზით მოწყდა, სოკრატეს რომ შეჰგებებოდა. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, რადგან წვრილფეხა საქონლისა და ფრინველის მსხვერპლად შეწირვას გამორიცხავდა, მსხვილფეხა პირუტყვი კი ძვირი ღირდა, ამიტომ რიგით ბერძენს მისი ჩატარება გაუჭირდებოდა. სოკრატეს შეკითხვა, თავს როგორ გრძნობს კეფალე მოახლოებული სიკვდილის მოლოდინში, მიუხედავად უტაქტობისა, დროულია, რადგან პასუხის მიხედვით გაირკვევა, რომ, მდიდრებს ღარიბებთან შედარებით, სიცოცხლესთან ერთად სიკვდილიც „იოლი“ ჰგონიათ. კეფალეს პასუხი ამ მოსაზრების ნათელი მაგალითია. კეფალე ამბობს, რომ მისთვის სამართლიანია, ყველას თავისი კუთვნილი მიეგოს, ადამიანმა მიიღოს ის, რაც მას ერგება, ღმერთებმაც – ასევე. ნათქვამი ასე უნდა გავიგოთ: სანამ სიკვდილი კარზე მოგვიკაკუნებს, ადამიანებს ვალები უნდა დავუბრუნოთ, ღმერთებს კი არ უნდა ვაწყენინოთ და მსხვერპლი შევწიროთ, სულ ერთია, დიდი ღვთაება იქნება ეს თუ მცირე, თუნდაც ერთი წლის წინ მცირე აზიიდან შემოსული ბენდისი. მდიდარ კომერსანტ კეფალეს ქონება აქვს და იგი მზადაა, ამ ქონების ნაწილი თამამად დახარჯოს და ღმერთების გული იქამდე მოიგოს, სანამ სიკვდილი წაიყვანს. იმ ქვეყანაში კი, ვაიდა, მართალია ამბები, რომლებსაც მიწისქვეშეთზე ჰყვებიან, წელგამართული გადავიდეს და ისეთივე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს, როგორიც მას, ფულის წყალობით, სააქაოში აქვს.

       ალბათ ბევრს გეცნოთ მდიდარი კაცის განწყობა. ეს განწყობა საუკუნეებია არსად გამქრალა და დღემდე გრძელდება, მხოლოდ რელიგიების დასახელებები და ღმერთების სახელები შეიცვალა. ამის მიზეზი კი ადამიანის ინტუიციაა. ამბობენ, სამი ტიპის ინტუიცია არსებობსო: საგნის ცოდნაზე დაფუძნებული, სოციალური და ძირეული. საგნის ცოდნაზე (აქ აკადემიურ საგანს არ ვგულისხმობთ) დაფუძნებული ინტუიციაა ბიზნესმენების ინტუიცია, როდესაც ალღოთი გრძნობენ, როდისაა მოქმედება დროული. საგნის ცოდნაზეა დამოკიდებული მეცნიერული ალღოც, დედის გრძნობა, როდის გახდება შვილი ავად და მასწავლებლის უტყუარი ალღოც, როდის არ იცის მოსწავლემ გაკვეთილი; სოციალური ინტუიცია ადამიანის უნარია, გარეგნობის, საქციელის მიხედვით იმსჯელოს სხვა ადამიანებზე და იწინასწარმეტყველოს, ვინ როგორ მოიქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში; აი ძირეული ინტუიცია კი მეტაფიზიკურ ცოდნას ეფუძნება – ხვალ რომ დედამიწის გრავიტაცია არ დაირღვევა და ფრენას არ დავიწყებთ, მზე რომ ცაზე „მოძრაობას“ გააგრძელებს, სიცოცხლე რომ სიზმარი არაა, მსგავსი ტიპის „ცოდნა“ ძირეულ ინტუიციას განეკუთვნება. ადამიანის ღმერთების მიმართ კეფალესმაგვარი დამოკიდებულება, რომელიც საუკუნეებია გრძელდება, სწორედ ძირეული ინტუიციის ბრალია.

       ამ ინტუიციის შესახებ იცოდა პასკალმაც, უდიდესმა მოაზროვნემ და გამორჩეულმა მეცნიერმა, ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა-იანსენისტმა. მან ისიც იცოდა, რომ ინტუიცია არადამაჯერებელი არგუმენტია და გადაწყვიტა, ინტუიცია ლოგიკით, ლოგიკაზე დაფუძნებული მსჯელობით ანუ ბევრად უფრო უტყუარი და სანდო მტკიცებულებით, გაემყარებინა. პასკალი შეეცადა, ლოგიკა გამოეყენებინა იმ სფეროში, რომელშიც, ტრადიციულადაა მიჩნეული, რომ მისი ადგილი იქ არ არის.

       არგუმენტს, რომელიც პასკალმა მოიფიქრა, პასკალის ნაძლევს უწოდებენ. პასკალი ამბობს, დავუშვათ ორი ვარიანტი. ერთის მიხედვით, ღმერთი არსებობს, მეორეს მიხედვით, კი ღმერთი არ არსებობს. ამის შემდეგ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ურწმუნო და მორწმუნე ადამიანის ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება. თუკი ადამიანი ამ ქვეყანაზე ღვთაებრივ კანონებს დაარღვევს, ღმერთის არარსებობის შემთხვევაში მას არაფერი ემუქრება, ხოლო ღმერთის არსებობის შემთხვევაში სასტიკი სასჯელი ელის. თუკი ადამიანი ღვთაებრივი კანონებით ცხოვრობს, გარდაცვალების შემთხვევაში ვერანაირ ჯილდოს ვერ მიიღებს, თუკი ღმერთი არ არსებობს; სამაგიეროდ, მოგებული დარჩება, თუკი ღმერთი არსებობს. ამიტომაც, პასკალის აზრით, ყველა შემთხვევაში უმჯობესია (რადგან მას ჯილდო მოაქვს), ღმერთი არსებობდეს და ადამიანიც მორწმუნე იყოს. ცხადია, პასკალთან ბევრი პრეტენზია ჰქონდათ ამ არგუმენტის გამო, მაგრამ ეს არგუმენტი გასაგებია მათთვის, ვინც ალბათობის თეორიას იცნობს.

ღმერთი არ არსებობს ღმერთი არსებობს
ურწმუნო არაფერი სასჯელი
მორწმუნე არაფერი ჯილდო

       ახლა ვნახოთ, რას გულისხმობს ალბათობის თეორია და როგორ მუშაობს იგი მათემატიკაში. მათემატიკის სახელმძღვანელოებში ვაწყდებით ალბათობის ამოცანებს. უმეტესად ეს ამოცანები ეხება ყუთიდან სხვადასხვა ფერის ბურთების ან რაიმე ნივთების შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით კომბინაციების დათვლას -რამდენად სასარგებლოა ეს რეალურ ცხოვრებაში? თუმცა ალბათობის თეორიას  აქვს გასაკვირი გამოყენებებიც – პასუხები  მგძნობიარე კითხვებზე. ადამიანები ზარალდებიან, როცა არასწორად იყენებენ მას ან ვერ იგებენ ალბათობას და ეყრდნობიან საკუთარ ინტუიციას ნაცვლად იმისა, რომ დათვალონ და შეაფასონ შანსები. მოდით, გავშალოთ ეს საკითხები.  დავსვათ შეკითხვა:  რატომ ყიდულობენ ადამიანები ლატარიის ბილეთებს, როდესაც მოგების შანსები საკმაოდ მცირეა ? რა არის ალბათობა იმისა, რომ თქვენ მოიგებთ ლატარიას ? ჯერ განვიხილოთ ალბათობის თეორიის  ცნობილი ამოცანა დაბადების დღის  პრობლემის შესახებ. კლასში 23 მოსწავლეა. რა არის ალბათობა იმისა, რომ ორ  მოსწავლეს დაბადების დღე  ჰქონდეს ერთსა და იმავე დღეს ?  რას ფიქრობთ, რა არის პასუხი? 1%? შეიძლება 5%? ან თუნდაც მთელი 10%? გამოვიყენოთ  მათემატიკა ამის დასადგენად: 23  სტუდენტი ნიშნავს 253 მოსწავლეთა  წყვილს: (23×22)÷2=253. ალბათობა, რომ დაბადების დღე ორ მოსწავლეს ექნება განსხვავებულ დღეს არის 364÷365=0.997260.  ხოლო 253 წყვილისათვის იმის ალბათობა, რომ თითოეულ წყვილში დაბადების დღე ექნებათ  განსხვავებულ დღეს, იქნება  (364÷365)253  =0.4995. მაშასადამე,  ალბათობა იმისა, რომ 253  წყვილში ორ ადამიანს წყვილში ექნებათ  ალბათობა ერთსა და იმავე დღეს, იქნება:  1-0.49995=0.5005 ან 50.05%, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენს ინტუიციას.

       განვიხილოთ კიდევ ერთი  მაგალითი, როცა ინტუიცია  ეწინააღმდეგება  ჭეშმარიტებას. დავსვათ შემდეგი ამოცანა: გვაქვს 20 საგამოცდო საკითხი და ამ 20 საკითხში 5 საკითხი არის ე. წ. იღბლიანი საკითხი. ვთქვათ A, B და C მოსწავლეები რიგ-რიგობით მიდიან საკითხის ასაღებად, რომელს უფრო მეტი შანსი (ალბათობა) აქვს  იღბლიანი საკითხის შეხვედრის  A, B თუ C მოსწავლეს? ამ შეკითხვის დასმის შემდეგ პასუხები არ დააყოვნებს  და  უმრავლესობა ინტუიციაზე დაყრდნობით იტყვის შემდეგ თანმიმდევრობას: A, B,C, ე.ი. იღბლიანი ბილეთის აღების ყველაზე დიდი შანსი პირველ მოსწავლეს აქვს, ხოლო ყველაზე ნაკლები – მესამეს. მოდით ახლა უკვე რეალურად, ლოგიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით, შევაფასოთ თითოეული მოსწავლისთვის იღბლიანი საკითხის შეხვედრის ალბათობა. ამოხსნის შემდეგ მივიღებთ სწორედ ჩვენი ინტუიციის საწინააღმდეგო პასუხს, რომ თითოეულ მონაწილე მოსწავლეს ტოლი შანსები ექნება (ამოხსნა იხ. წერილის ბოლოს)

       ახლა კი შევაჯამოთ გაკვეთილი: რა არის ინტუიცია? ზოგი მას სწრაფ ლოგიკასაც უწოდებს; ინტუიციას „აჰა, მომენტი“-ც ჰქვია. ამიტომაც ბევრი ფიქრობს, რომ ის სანდო პარტნიორია სხვადასხვა საქმეში. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სისწრაფე ხშირად აფუჭებს საქმეს, თუმდაც მის უკან ლოგიკა იდგეს. სისწრაფე მაშინაა კარგი, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ინტუიცია დიდ სამსახურს უწევდა ჩვენს წინაპრებს სხვადასხვა საქმიანობაში, იქნებოდა ეს ნადირობა თუ ბრძოლა; ინტუიცია ეხმარებოდა დიდ მეცნიერებს, პასუხისთვის მიეგნოთ. მაგრამ იმ საქმეში, სადაც დაფიქრება შეიძლება, სადაც დრო არის ავწონ-დავწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, აჯობებს, ლოგიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. რადგან არავინ იცის, სანამ ინტუიცია გაგვიმართლებს, რამდენ ალოგიკურ საქცილეს ჩავიდენთ.

       გაკვეთილის ბოლოს მივცეთ მოსწავლეებს ამოცანა (ლატარიის ბილეთზე 36 ციფრია და უნდა ემოიხაზოს 6 სასურველი ციფრი. რამდენია ბილეთით მოგების ალბათობა) და მიღებულ შედეგზე დაფუძნებული პასუხით გვირჩიონ, რამდენად გვიღირს და რამდენად არ გვიღირს ფულის, თუნდაც მცირე თანხის, დახარჯვა ლატარიის ბილეთზე.

rat

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...