შაბათი, ივნისი 21, 2025
21 ივნისი, შაბათი, 2025

ანჯელინა ჯოლი, ოპრა უინფრი და სხვა მასწავლებლები

0

ანჯელინა ჯოლი: ქალთა უფლებები

 

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს კოლეჯის დიპლომიც კი არ გააჩნია, ის მოწვეული მასწავლებლის სტატუსით საკმაოდ წარმატებულად სარგებლობს. წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაეროს მშვიდობის ელჩი ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში სალექციო კურს უძღვება. ბრიტანულ უნივერსიტეტში ლექციებს სხვა მოწვეული პირებიც, მათ შორის უფლებადამცველი ჯეინ კონორსი და  მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი, საერთაშორისო ქალთა ლიგის ხელმძღვანელი მადლენ რიზიც კითხულობენ. ისინი ითავსებენ ექსპერტთა როლს ახალ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც ქალთა პრობლემების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების კვლევით დაკავდა. ცნობილია, რომ ამ ცენტრის ბაზაზე სტუდენტები მაგისტრატურას გადიან. სასწავლო განრიგში მითითებულია ასეთი კურსები: „სქესი და მილიტარიზაცია“, „გენდერული პრობლემატიკა და ადამიანის უფლებები“.

 

ანჯელინა ჯოლის თქმით, ის სიამოვნებით იწყებს სასწავლო პრაქტიკას. სურს ახლგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მოგვიანებით ჯოლის ლექციები ვაშინგტონში, აშშ-ის იმ უძველეს კერძო უნივერსიტეტშიც ჩატარდება,  სადაც სხვადასხვა დროს ბილ კლინტონი და ესპანეთის მეფე, ხუან-კარლოსი სწავლობდა. ანჯელინა აზუსტებს, რომ ლექციების განმავლობაში ის ბევრს ისაუბრებს ქალთა უფლებებზე და იმაზე, თუ რატომ უნდა აღიკვეთოს ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

 

სპაიკ ლი: კინემატოგრაფია

ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი, სპაიკ ლი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის განხრით მაგისტრატურის პროგრამას 2002 წლიდან უძღვება. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები ფილმების შექმნის პროცესს სწავლობენ, სცენარის დაწერიდან – პროდიუსერობამდე. ლის მიზანია პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს კინოს ისტორია გააცნოს, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ფილმების. ამისათვის მან 95 ფილმისგან სია შეადგინა. დამწყები რეჟისორებისთვის ამ ფილმების ნახვა სავალდებულოა. სტუდენტებს ძალიან უყვართ თავიანთი პროფესორი. ის მათთვის წარმატების ცოცხალი მაგალითია.

მარტინ ემისი: კრეატიული წერა

მარტინ ემისი თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია (ცნობილი რომანები: „ორსული ქვრივი“, „ფული: თვითმკვლელის წერილი“, „ღამის მატარებელი“ და სხვ.). ექვსი წლის განმავლობაში ის კრეატიული წერის კურს კითხულობდა მანჩესტერის უნივერსიტეტში, რაშიც რეკორდულ თანხას – საათში 3 ათას ევროს უხდიდნენ. მასტერ კლასების დროს პროფესორი ემისი არა მხოლოდ ტექსტების შექმნას ასწავლიდა სტუდენტებს, არამედ სხვა ავტორების (ნაბოკოვი, სოლა ბელოუ) ნაწარმოებებსაც არჩევინებდა. ის მონაწილეობდა არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, რომელიც ყოველთვის ანშლაგით სრულდებოდა.

 

2011 წელს ოჯახური პრობლემების გამო ემისმა უნივერსიტეტი დატოვა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდს მწერალი აღფთოვანებით იხსენებს და აღნიშნავს, რომ მასწავლებლობის ხანა მისთვის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

 

ჯეიმს ფრანკო: კინემატოგრაფია

 

ფილმების „ადამიანი ობობა“, „127 საათი“ ვარსკვლავი ჯეიმს ფრანკო სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. დააფუძნა საკუთარი კინოს სკოლა ორი ფილიალით აშშ-ს დიდ ქალაქებში. ფრანკოს სტუდენტები იხსენებენ, რომ ხშირად მასწავლებელი მათ ზარებს არ პასუხობდა, ლექციებზეც, სულ ცოტა, 15 წუთით იგვიანებდა და ექსტრავაგანტულად იქცეოდა, მაგალითად, ლექციების კითხვის დროს არ იხსნიდა მზის სათვალეს. სტუდენტთა თქმით, ხშირად ფრანკო გამოუძინებლის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ერთსა და იმავე თემაზე თავისი გულმავიწყობის გამო, რამდენჯერმე საუბრობდა. ვაჟი სტუდენტები მას არ სწყალობდნენ, გოგონებს კი  ფრანკო ძალიან ესიმპათიურებოდათ და მოუთმენლად ელოდნენ მასთან შეხვედრას. მსახიობი გამოირჩეოდა სიურპრიზებით და საინტერესო პრაქტიკული გაკვეთილებით. ერთხელ მან თავისი სტუდენტები მილანის კინოფესტივალზე წაიყვანა.

 

ოპრა უინფრი: ლიდერობის დინამიკა

 

ამერიკული ტელევიზიის ლეგენდა და აშშ-ში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ორი წელი კითხულობდა კურსს „ლიდერობის დინამიკა“ Kellogg-ის მენეჯმენტის სკოლაში. კომპანიონობას მას მეუღლე, ბიზნესმენი სტედმენ გრემი უწევდა. სამწუხაროდ, დროის დეფიციტისა და სხვა პროექტებში ჩართულობის გამო, ოპრამ მასწავლებლობა ვეღარ შეძლო.

 

ოპრას საუნივერსიტეტო ჯგუფში მოხვედრა საკმაოდ ძნელი იყო. ყოველწლიურად მისი ლექციების მოსმენა მხოლოდ 110 მსურველს შეეძლო და იმისათვის, რომ ლექციაზე დასწრების უფლება მოგეპოვებინა, წინა წელს სტუდენტს 2800 ან 3000 ქულა უნდა მოეგროვებინა.

 

ოპრას ლექციებზე უსაფრთხოების მაღალი ზომები იყო დაცული: აუდიტორიის კართან დაცვა იდგა. ყველა სტუდენტი მოწმდებოდა. ოპრას ლექციის ჩაწერა აკრძალული იყო. სტუდენტებს ეკრძალებოდათ სასწავლო გეგმისა და ოპრას მიერ მომზადებული მასალების სხვებისთვის გაზიარება. თუმცა, ოპრას კურსდამთავრებულები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ამბობდნენ, რომ მისი მასწავლებლური ქარიზმა და ორატორული ნიჭი, მართლაც, განუმეორებელი იყო. „მას კარგი იუმორი აქვს, ჯანსაღად აზროვნებს, მის ლექციებზე ყველა აქტიურად იყო ჩართული. ჩემი მოტივაცია სწრაფად იზრდებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ნულიდან დაიწყო და გულმოდგინე მუშაობის შედეგად მთელი იმპერია შექმნა,“ – იხსენებს მისი სტუდენტი სიუზან მოზლი.

 

კანიე უესტი: მოდის ბიზნესი და დიზაინი

 

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცნობილ რეპერს, პროდიუსერსა და დიზაინერს საკუთარი კრეატიული სააგენტო – DONDA აქვს, რომელიც მისი ალბომების გაფორმებით, კლიპების მომზადებითა და მარკეტინგული პროექტებითაა დაკავებული. ამის გამო უესტს შესაშური რეგულარობით იწვევენ ხელოვნებასა და დიზაინისადმი მიძღვნილი ლექციების ჩასატარებლად. მას წაუკითხავს ლექციები ოქსფორდის სტუდენტებისთვის, ჰარვარდის დიზაინის უმაღლესი სკოლისა და Los Angeles Trade Technical კოლეჯში. რეპერს ძალიან მოსწონს მასწავლებლობა. ის გაცილებით მეტ დროს უთმობს ლექციას, ვიდრე ეს მიღებულია. მას სჯერა, რომ „სილამაზე და დიზაინი გადაარჩენს სამყაროს“.

 

თუკი კანიეს გამოჩენა პრესტიჟულ ჰარვარდსა და ოქსფორდში ნებაყოფილობითი და სასიამოვნო იყო, ლოს-ანჯელესში ამას სხვა საფუძველი ჰქონდა.   საქმე ისაა, რომ რეპერს პაპარაციზე თავდასმის გამო სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოსთხოვეს და შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის უესტმა სტუდენტებთან მოდის ინდუსტრიაზე ლექციების ჩატარება არჩია. ჯამში რეპერმა ლოს-ანჯელესელ სტუდენტებს 250-საათინი ექსკლუზიური კურსი ჩაუტარა. მან კარგად მოახერხა ლექციებზე არაფორმალური და საინტერესო გარემოს შექმნა.

 

ტონი ბლეერი: რელიგია გლობალიზაციის პირობებში 

 

ვიდრე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი იელის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა, მამამისმა ამავე უნივერსიტეტში შეთავსებით დაიწყო მუშაობა. ტონი ბლეერი პრესტიჟულ სასწავლებელში გლობალიზაციის პირობებში რელიგიის თემაზე სემინარებს კითხულობდა. „ძალიან ვღელავ. როგორც მოსწავლე არასოდეს ვბრწყინავდი და ამიტომ კარგად მესმის, რომ ბევრი სტუდენტი დღეს ჩემზე გაცილებით განათლებულია“, – ამბობდა ბლეერი კურსის დაწყებამდე.

 

სტუდენტებს მისი ლექციები ძალიან მოწონდათ. მასწავლებელი ხშირად მართავდა დისკუსიებს და უარყოფდა პრეზენტაციებს.

 

ვაიკლეფ ჟანი: ჰაიტის კვლევა

კანიე უესტის კოლეგამ, რომელიც ბევრს ახსოვს შაკირასთან ერთად შექმნილი სიმღერა «Hips Don’t Lie» გამო, 2010-2011 წლებში მოწვეულ პროფესორად იმუშავა ბრაუნის უნივერსიტეტის აფრიკის კვლევის დეპარტამენტში. ვაიკლეფ ჟანმა მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებში, რომელიც მის სამშობლოს უკავშირდებოდა. წაიკითხა ლექციები. რეპერი ენთუზიაზმით ჩაერთო სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაში. „უნივერსიტეტის  ინტელექტუალური საზოგადოების ცხოვრებაში მე ჩემი წვლილი შემაქვს და ვიმედოვნებ, რომ ჰაიტელებს მხარს დაუჭერენ. ეს ჩემთვისაც სწავლის უნიკალური შესაძლებლობაა. მე კი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვსწავლობ,“ – განაცხადა მუსიკოსმა.

კევინ სპეისი: თეატრალური ხელოვნება და მენეჯმენტი

ორი „ოსკარის“ მფლობელი, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ახალ თაობას თავის ცოდნას ხელგაშლილად უზიარებს. ის არა მხოლოდ თეატრალური სკოლების სტუდენტებისთვის ატარებს მასტერკლასებს, არამედ მიწვეული პროფესორის სტატუსით ოქსფორდში, წმინდა ეკატერინეს კოლეჯშიც  კითხულობს ლექციებს. სპეისმა მასწავლებლობის შეთავაზება სიამოვნებით მიიღო და განაცხადა, რომ მდიდარი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის გუნდის ნაწილი დიდი პატივით გახდებოდა: „მინდა სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა მივცე კასტინგებზე და აგენტებთან მუშაობის შესახებ ჩემი გამოცდილება გავუზიარო“. სპეისმა თავის კარიერა თეატრში დაიწყო, 11 წლის მანძილზე მასის მხატვრული ხელმძღვანელი იყო ოლდ ვიკის უძველეს ბრიტანულ თეატრში.

კევინ სპეისი და მისი კომპანიის წარმომადგენლები ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას ცდილობენ. ყოველწლიურად სპეისის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ რეჟისორებს, რომლებიც უკვე 25 წლის შესრულდნენ. გამარჯვებულები პრაქტიკის გასავლელად – კინოს გადასაღებად ჰოლივუდში მიემგზავრებიან.

ფინტი…

0

გულის ტკენის, გულის დაწყვეტის, იმედების გაცრუების მეშინია… კი არაფერი შემეტყობა, კი არაფერს შევიმჩნევ, მაგრამ გულის ტკენა, გულის დაწყვეტა, იმედების გაცრუება ცუდია.

შეიძლება  ამიტომაც არასდროს მყოლია სახლში შინაური ცხოველი. ყოველთვის მეშინოდა… მეშინოდა, რომ შევეჩვეოდი და შემდეგ გული მეტკინებოდა, დამწყდებოდა, იმედები გამიცრუვდებოდა.  ისე ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა. თუ სადმე ვინმეს წავასწრებდი, რომ უმწეო ცხოველს უდიერად ექცეოდა, გამოსარჩლებას ვცდილობდი. ერთ დღეს ჩემს სართულზე ფისო შევნიშნე, პატარა და ოთხფერი იყო. ზედა მეზობლებმა მითხრეს, სხვენიდან ჩამოვიდა, ოთხფერია, იყოს, იხტუნაოს აქ, ვის რას დაუშლისო. თვალში მხვდებოდა ხოლმე, არბოდა-ჩარბოდა. ასე გავიდა წელი, ფისო გაიზარდა და დიდ კატად იქცა, მერე კნუტები მოიყვანა. სულ ოთხნი იყვნენ, აქედან ერთი ჟღალი ყველასგან გამოირჩეოდა, რაღაცნაირი მოუსვენარი და ყოჩაღი იყო. ზედა მეზობლებმა  კატა კნუტებით  სადღაც წაიყვანეს, შემდეგ ისევ უკან დააბრუნეს, ოღონდ ამ წასვლა-მოსვლაში სამი სადღაც დაიკარგა და სართულზე მხოლოდ ოთხფერი დედა და „რიჟიკა“ დაბრუნდნენ. იცით, მე ყურადღებას კვლავ არ ვაქცევდი, შეჩვევა არ მინდოდა. ერთხელ… ივლისის მიწურული იდგა, ძალიან ცხელოდა. სახლში დაღლილი და დასიცხული დავბრუნდი. ჩემი სართულის მოპირდაპირე მეზობლის კართან დედა კატა წამოწოლილიყო და „რიჟიკა“ კნუტი ძუძუს წოვდა. ოღონდ, ისეთი ხმები ისმოდა, რომ აშკარად რძე აღარ იყო და კნუტი უბრალოდ თავს იმშვიდებდა, ვითომ წოვდა. ორივე ისეთი გამხდარი იყო… აღარ მახსოვს, როგორ გამოვუტანე წყალი და კისრისტეხით მაღაზიაში გავიქეცი. იმ დღიდან მივხვდი, მახეში გავები… იმ დღიდან ერთი  ზოომაღაზიიდან მეორეში დავდიოდი. ფასებს ვადარებდი ერთმანეთს, თან მაინც სულ გემრიელობებს ვყიდულობდი. გამაფრთხილეს, ხორცი არ გაასინჯო, თორემ „ჩხარუნა“ საკვებს აღარ შეჭამენო. მე მაინც გულმა ვერ გამიძლო… პატარა ბიჭს „ფინტიკოზ დარდიმანდიანცი“ დავარქვი. რომელი დარდიმანდი ეს იყო, მაგრამ სახალისოდ ჟღერდა. ბოლოს, ფინტი გახდა.

ჰოდა, მოხდა ის, რისიც მეშინოდა. მე და ფინტი  ერთმანეთს შევეჩვიეთ. ფინტი დედა კატასთან ერთად ჩემს სართულზე ცხოვრობდა, სხვადასხვა მიზეზების გამო, სახლში ვერ შევიყვანე.

დილით ვიღვიძებდი თუ არა, ფინტისთან გავდიოდი. „მიაუუუ“, მესალმებოდა. დილის გამამხნევებელი მასაჟის შემდეგ, საუზმის დრო დგებოდა. შემდეგ, ნუგბარს ვუტოვებდი, რომ ჩემს დაბრუნებამდე თავი შეექცია. სახლში დაბრუნებულს თავის ენაზე შეძახილებით მხვდებოდა.

  • სად იყავი? რატომ დააგვიანე? რა მომიტანე? – მეკითხებოდა.

მეც ისეთ შეკითხვებს უსვამდი, შესაფერისი პასუხი გაეცა.

– აქ ვინ დადის?

– მეეე…

– აქ ვინა ზის?

– მეე…

– ვისა შია?

– მეეე, – მპასუხობდა ფინტი.

 

იცით როგორი თვალებით მიყურებდა? რაღაცნაირი სუფთა და სიყვარულით სავსე. წარამარა გარეთ გავდიოდი და ვეთამაშებოდი. ათასგვარი თამაში მოვიფიქრეთ, მაგ. „ვერტმფრენობანა“ – მე „ვერტმფერენი“ ვიყავი, ფინტი – მგზავრი. „ვერტმფრენი“ დაიქოქებოდა, დაიქოქებოდა და გარბენის შემდეგ მგზავრს ჰაერში აიტაცებდა  ხოლმე.

– ვაშაა, გავფრინდიით, – ყვიროდა ფინტი. დიახ, რა თქმა უნდა, ამას მე ვყვიროდი, მაგრამ ფინტიც მეთანხმებოდა, რომ ფრენა კარგი იყო. მიწაზე დაშვებულებს აუცილებლად თვალებში უნდა ჩაგვეხედა ერთმანეთისთვის.

– ფინტი თვალებში, თვალებში შევხედოთ… და ფინტიც მიყურებდა, ვარდისფერი ცხვირი ზემოთ ეპრიხებოდა და თეთრ ულვაშებს სასაცილოდ აცმაცუნებდა. კარგი პატრონის ხელში მინდოდა გაშვილება. მეც ვინახულებდი ხოლმე, სასუსნავებს მიუტანდი… ვერავინ ვიპოვე… ვის აღარ ვკითხე, ვთხოვე, მივწერე, ვეხვეწე… ყველამ მომისმინა და ამით დამთავრდა. რაღაც საიტზეც გამოვაქვეყნე და ვიღაცეებმა დარეკეს კიდეც, მაგრამ მათი საუბარი საეჭვოდ მივიჩნიე, ყველა რაღაც მიკიბულ-მოკიბულად საუბრობდა.

დრო გადიოდა, ფინტი იზრდებოდა. ერთი თეთრი კატა გადაეკიდა. ფინტის მამა იყო, სხვენიდან ჩამოდიოდა ხოლმე და ბოლო თვეები ფაქტობრივად ჯოჯოხეთს აწყობდა. ისე ჩხაოდა, ვეფხვი გეგონებოდათ. ფინტის ემუქრებოდა, შუაში მე ვიდექი. ბოლოს იცით, რაღაც კარგი ადგილი გამოჩნდა, ფინტი იქ იქნებოდა, მეც ხშირად ვივლიდი და გაარძელებდა სიცოცხლეს… იცით რა კარგი ფისო იყო? პლუშის სათამაშოს ჰგავდა, ყველაფერი ესმოდა, სმუსნაობა, თამაში, სიცოცხლე  უყვარდა.

მოკლედ, ბოლო დროს თეთრი კატის გამო ფინტიც და მეც მუდმივ სტრესშში ვიყავით.

ზოგადად, სტრესზე ორგანიზმი პასუხობს სიმპათიკურ-ადრენერგული სისტემის მკვეთრი გააქტიურებით. ამ დროს ორგანიზმს დაახლოებით ასეთი ბრძანება აქვს: გაიქეცი ან იბრძოლე! სტრესის საპასუხოდ მიმდინარეობს ჰორმონების მკვეთრი გამოყოფა: ადრენალინის, ნორადრენალინის,  კორტიზონის… ორგანიზმი მზად არის საპასუხოდ. მიმდინარეობს სისხლის მიმოქცევის ცენტრალიზება, სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ტრავმის შემთხვევაში ორგანიზმს ზედმეტი სისხლის დაკარგვისგან იხსნის. სისხლის შედედების სიჩქარე იზრდება, ადამიანი ტკივილს ნაკლებად შეიგრძნობს, ტკივილის მიმართ რეზისტენტული ხდება. გულის და თავის ტვინის სისხლძარღვები პირიქით ფართოვდება, გული აქტიურად მუშაობს.

ადრენალინი ნეირომედიატორი არ არის, რაც ნიშნავს, რომ ნერვული იმპულსების პირდაპირ გადაცემაში არ მონაწილეობს. ადრენალინი თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ძირითადი ჰორმონია. პირველი ჰორმონია, რომელიც 1901 წელს კრისტალური სახით მიიღეს. მოგვიანებით მისი სინთეზურად მიღებაც გახდა შესაძლებელი. ადრენალინის მიღება ამინმჟავა თიროზინისგან ხდება. თიროზინი-დოფა-დოფამინი-ნორადრენალინი-ადრენალინი – ასეთია პროცესის თანმიმდევრობა.

მისი გამოყოფა მატულობს, როცა რამის გვეშინია, ვნერვიულობთ, როდესაც საპასუხო რეაქცია უნდა გვქონდეს. გამოყოფილი ადრენალინი უჯრედის პლაზმურ მემბრანაში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს და მათთან ერთად მემბრანულ ფერმენტ ადენილატციკლაზას ააქტიურებს. ის კი პროტეინკინაზების (ფერმენტების) მთელ წყებას „გამოაფხიზლებს“, შედეგად გლიკოგენის სინთეზის მარეგულირებელ ერთ-ერთ ფერმენტს-გლიკოგენსინთაზას თრგუნავს. იწყება დათრგუნული პროცესის საპირისპირო პროცესი-გლიკოგენის დაშლა. გამოყოფილი გლუკოზა იჟანგება და გზადაგზა სამი მაკროერგული ბმის მქონე  ATP-ს წარმოქმნის. თითოეული ბმის გაწყვეტით 14,7 კჯ ენერგია გამოთავისუფლდება. ერთი მოლეკულა გლუკოზის დაჟანგვა კი 23 მოლეკულა ATP-ს გამოათავისუფლებს.

ეს ყველაფერი გამართლებული მაშინ არის, როცა ადამიანი ვინმესგან გარბის, თავს იცავს ან სულაც თავად მისდევს ვინმეს დასაჭერად. თუმცა, შეიძლება სტრესული მდგომარეობა ქრონიკულად გაგრძელდეს. ადრენალინის გახანგრძლივებული ზემოქმედებისას ძლიერდება ცილის მეტაბოლიზმი, მცირდება კუნთის მასა, ორგანიზმი იფიტება და ინგრევა. სხვათა შორის, იაპონელ სამურაებს სტრესთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი ჰქონიათ. ალბათ, ამიტომაც არის გამოთქმა – მავანი სამურაივით მშვიდი არისო. ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის მეთოდი კი ძალიან მარტივია,  ადამიანი ზეწარში უნდა გაეხვიოს, ოღონდ ებრიონის პოზაში. ზეწრის კვანძები ვინმე დამხმარემ კარგად უნდა გაკვანძოს და ასე  ოცი წუთი უნდა იწვეს. თუ მეთოდს ხშირად გაიმეორებს, სამურაივით მშვიდი გახდება. ყოველ შემთხვევაში, იაპონელები ასე  ფიქრობენ.

პირველ მარტს, გამთენიისას მოლდოვაში კონფერენციაზე გავფრინდი. ჩამოვიდოდი თუ არა, ფინტიკო იმ ახალ ადგილზე უნდა წაგვეყვანა. მანამდე კი ფინტიკოს საჭმელი დედას დავუტოვე. როცა იქიდან ვრეკავდი, მეუბნებოდა კარგად არისო. სულ ოთხ დღეში ჩამოვედი, მაშინვე ფინტი მოვიკითხე და აღარ დამხვდა. თეთრ კატას ჩემი წასვლის დღეს, პირველ მარტს, დაუმარტოხელებია და  ყელი გამოუჭრია. მეზობლის ბიჭს უნახავს პირველ სართულზე (ჩაიტყუა ეტყობა) სისხლის გუბეში მცურავი ფინტი. თვალები დახუჭული ჰქონია, ძლივს სუნთქავდა თურმე, გვერდზე კი თეთრი კატა ეჯდა, ეტყობა უნდა დარწმუნებულიყო, რომ მოათავა.

საოცარი იცით რა არის?

ეს შუადღეს,  ასე თორმეტის ნახევრიდან პირველ საათამდე მომხდარა. ამ დროს მე თვითმფრინავში ვიჯექი. ვთვლემდი. უცებ გამეღვიძა და თავი ცუდად ვიგრძენი, გულზე ვიღაცამ ხელი მომიჭირა, მომიწურა, მახრჩობდა… ბორტგამცილებელს მოვუხმე და დახმარება ვთხოვე. რაღაც წამალი მომცეს და არ მიშველა, ჟანგბადის ბალონით სუნთქვა დამჭირდა… სალონი გასუსული იყო, ვერ გაიგეს რა ხდებოდა. ოდნავ მოსულიერებულს ტირილი მომინდა, არადა, თითქოს სატირალი არაფერი მქონდა. კარგ კონფერენციაზე, კარგ ხალხთან მივდიოდი. ცრემლი კი თავისით მოდიოდა, ვეღარ ვიკავებდი. ამ დროს თურმე ფინტი სულს ებრძოდა, თვალები დახუჭული ქონდა და ალბათ  მე მიხმობდა.

  • ქეთიი, ცუდად ვარ, მიშველეო, მეძახდა.. მეც ცუდად ვიყავი, ვერ ვსუნთქვდი…

ვერ ვუშველე…  ვერ მივეხმარე..

 

ფინტი… მაპატიე…

 

 

 

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს თვითკონტროლის უნარი

0

როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, უფროსები, პედაგოგები და მშობლები, ბავშვს ყველაზე ხშირად მაშინ საყვედურობენ, როცა ისინი აშკარად ავლენენ საკუთარი ქმედების მართვისა და კონტროლის უუნარობას. „საერთოდ არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. მე თუ არ შევახსენე და გავაკეთებინე, თვითონ არაფერი გაახსენდება, ხელით სატარებელი მყავს“, – ეს სიტყვები ხშირად გვესმის საკმაოდ მოზრდილი ბავშვების განაწყენებული და შვილის საქციელით უკმაყოფილო მშობლებისგან. როგორც ასეთ მშობლებთან საუბრისას ირკვევა, ისინი შვილის ასაკის გამო წუხან მათ პასიურობაზე, უყურადღებობისა და თვითკონტროლის უუნარობაზე. წლების წინ კი, როცა ბავშვი თავად მიისწრაფოდა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ ხელში აღებისკენ, მშობლები აქტიურად ახშობდნენ მას იმ მოტივით, რომ ის პატარა იყო და ამის უფლებას ვერ მისცემდნენ.

მაინც რა არის თვითკონტროლი და როდიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა ბავშვში ამ უნარის განვითარებაზე. თვითკონტროლი ჩვენი ქმედების მარეგულირებელი ფუნქციაა, რომლის როლიც მდგომარეობს საქმიანობის შედეგების დასახულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში, მოსალოდნელი შეცდომების თავიდან აცილებაში ან უკვე დაშვებული შეცდომების აღმოჩენაში. თვითკონტროლის დახმარებით ადამიანი ამა თუ იმ საქმიანობის დროს აცნობიერებს საკუთარი მოქმედების სისწორეს. შემეცნებითი საქმიანობის პროცესში „წარმატებულ“ და „წარუმატებელ“ მოსწავლეებს შორის განმასხვავებელ ერთ-ერთ არსებით ნიშანს წარმოადგენს სწორედ საკუთარი მოქმედების კონტროლისა  და რეგულაციის უნარი. „წარუმატებელ“ მოსწავლეებს იმ წესების ცოდნისა და გაგების შემთხვევაშიც კი, რომლითაც უნდა იმოქმედონ, უჭირთ ისეთი დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, სადაც აუცილებელია რიგი გონებრივი ოპერაციების თანმიმდევრობის დაცვა, თვითკონტროლის და თვითრეგულაციის უნარის გამოვლენა და ამის გამო მუდმივად საჭიროებენ უფროსების დახმარებას. ბავშვში თვითკონტროლის და თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე ზრუნვას უკვე სკოლამდელ პერიოდში, საკმაოდ ადრეულ ასაკში  უნდა ვიწყებდეთ. ალბათ,  შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკუთარი ქცევის მართვის და კონტროლის უნარი ბავშვის სკოლისათვის მზაობის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ქცევის თვითკონტროლი, გარკვეულ დონეზე,  ბავშვს ჯერ კიდევ სკოლამდე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება, თავი გაართვას სკოლასთან ადაპტაციის სტრესს, შეიძინოს თანაკლასელებთან ურთიერთობის ჩვევები და აიტანოს სასკოლო რეჟიმი. სასკოლო პერიოდში ეს უნარი ვითარდება და სრულყოფამდე მიდის. წარმატებული სწავლა-სწავლება სკოლაში თვითკონტროლის უნარის ორი ძირითადი მიმართულებით განვითარებას მოიაზრებს – ქცევის თვითკონტროლი და სასწავლო საქმიანობის თვითკონტროლი. ქცევის თვითკონტროლის არარსებობა ან არასაკმარისი განვითარება ბავშვის სასკოლო ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს. მისთვის რთულია როგორც სასკოლო რეჟიმის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, ისე სასწავლო პროგრამის დატვირთვის ატანა. თვითკონტროლის განვითარება სასწავლო პროცესში ვლინდება მიცემული დავალებების შესრულების უნარში, გარკვეული ნიმუშის მიხედვით მოქმედების უნარში, მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვის უნარში, სამუშაოს შესრულებისას დაშვებული შეცდომების აღმოჩენისა და მათი დამოუკიდებლად გამოსწორების უნარში. ამისათვის საჭიროა ვასწავლოთ მას „ცდისა და შეცდომის“ გზით სიარული, ჩხუბისა და დასკვნების გამოტანის  გარეშე. მასთან ერთად განვიხილოთ მცდარი ნაბიჯების შედეგები. თვითკონტროლის განვითარება ბავშვში ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი რეაქციები გვექნება უფროსებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე.  არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, საშინაო დავალების ნაჩქარევად შესრულების გამო უშვებს შეცდომებს, ბრაზობს, ყველაფერს შლის და როცა უკვე აღარ იცის შემდეგ რა გააკეთოს, დახმარებას ახლობლებს სთხოვს. ასეთ დროს არ არის სასურველი უკმაყოფილების გამოხატვა, ჩხუბი, გაკიცხვა. ნაცვლად ამისა, უკეთესი იქნება, ბავშვს დავეხმაროთ მომხდარის გააზრებაში, მხარი დავუჭიროთ მას, მაგ. ასეთი სიტყვებით: „შენ იჩქარე ამოხსნა, არ დაფიქრდი. ნუ განიცდი! გაბრაზებით შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე გაბრაზდე, მაგრამ, ეს არ დაგეხმარება ამოხსნაში. დამშვიდდი, დაფიქრდი და შენ ყველაფერი გამოგივა“.  დიდი ალბათობით ამ სიტყვების მოსმენისა და ჩვენი მხარდაჭერის შემდეგ ბავშვი თავს გაართმევს დავალებას.

ხანდახან ჩვენ, უფროსები, ჩვენდა უნებურად ბავშვში აღვძრავთ არასწორი მოქმედების, შეცდომების შიშს, ასევე შეცდომების გამო დასჯის შიშს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება გაუქრეს საკუთარი თავის გაკონტროლების, დამოუკიდებლად მოქმედების, შესრულებულ დავალებაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სურვილი. რაც უფრო ძლიერდება კონტროლი უფროსების მხრიდან, მით უფრო მეტად ითრგუნება ბავშვი და სერიოზულად ფერხდება მასში თვითკონტროლის უნარის განვითარება. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ის მშობლები, რომლებიც კონტროლის ფუნქციას მთლიანად საკუთარ თავზე იღებენ, უჭირთ მისი დათმობა და ისწრაფიან, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ის. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ბავშვი საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. მომავალში, როცა მშობლები თავს დაანებებენ, შეწყვეტენ ბავშვის მიერ დავალებების შესრულების კონტროლს, მას გაცნობიერებული, დამოუკიდებელი კონტროლის განხორციელების  უნარი არ ექნება. ყველაფერი ეს კი უარყოფითად იმოქმედებს, ერთი მხრივ, სწავლების პროცესზე, და, მეორე მხრივ, ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.

რეკომენდაციები ბავშვში თვითკონტროლის უნარის გამოსამუშავებლად:

  • ნუ დავაგვიანებთ და დროულად მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებისა და მიზნის მისაღწევად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა;
  • ვაღიაროთ და მოვიწონოთ ბავშვის ინიციატივა, იმოქმედოს დამოუკიდებლად. მივანიჭოთ მას მოქმედების გარკვეული თავისუფლება, რაც, თავის მხრივ, მომავალში დამოუკიდებლობის და თვითკონტროლის განვითარების ხელშემწყობი გახდება;
  • ყურადღება მივაქციოთ დაშვებულ შეცდომებზე ადეკვატური ემოციური რეაქციების გამომუშავებას ბავშვში. წყენის, გაბრაზების და აგრესიის ნაცვლად ბავშვს უნდა გამოვუმუშაოთ სიტუაციის მშვიდად მიღების, მისი გააზრების, გაანალიზების და დასკვნების გამოტანის უნარი;
  • მუდმივი საყვედურებისა და შენიშვნების ნაცვლად, შევაქოთ ბავშვი ისეთ შემთხვევაში, როცა ის აშკარად ავლენს თვითკონტროლის უნარს, ან თუნდაც ცდილობს ამის გაკეთებას. შესაძლოა მან აღნიშნულის მისაღწევად დიდი შრომა დახარჯა. ნუ გავაუფასურებთ მის მიღწევას, დავაფასოთ და ვაღიაროთ ის. ასეთი დადებითი განმტკიცება მასში აღძრავს სურვილს, მომავალშიც გამოამჟღავნოს ეს უნარი;
  • როცა ბავშვი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, ნუ დავიწყებთ ყვირილს, ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და სამართლიანი. თუ ბავშვი ისტერიკაში ვარდება, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავუხსნათ მას, რომ ყვირილი, ბრახუნი და კარის მიჯახუნება ქცევის მიუღებელი ფორმებია, რის გამოც ის დაისჯება და ვუთხრათ კიდეც, თუ კონკრეტულად რა იქნება ეს სასჯელი. საჭიროა დავანახოთ ბავშვს, რომ ისტერიკა ვერ დაეხმარება მას სასურველის მიღწევაში;
  • შევეცადოთ ჩვენ თავად გავუკეთოთ მოდელირება თვითკონტროლს. არ იქნება გამართლებული, საკუთარი ქცევის კონტროლი მოვთხოვოთ ბავშვს, თუ ჩვენ, მისი თანდასწრებით, ისტერიკაში ვვარდებით, ვბრაზობთ და აგრესიას ვაფრქვევთ. შევეცადოთ  გამაღიზიანებელ სიტუაციაში ჩვენი ქცევით დავანახოთ ბავშვს, რომ ემოციებისა და ქცევის კონტროლი საუკეთესო ხერხია რთული სიტუაციიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თვითკონტროლი თანდაყოლილი არ  არის, ის გამომუშავებადია, და თუ ბავშვი არ არის დაუფლებული ამ უნარს, მას საყვედურები, უკმაყოფილება და ჩხუბი კი არა, ჩვენი დახმარება, თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

16.03.2017.

 

 

წინასასკოლო მომზადება და აუტისტური სპექტრის აშლილობა, მშობლის როლი და რეკომენდაციები

0

სექტემბერში ახალი სასწავლო წელი იწყება.  ჯერ ეს წელი არ დასრულებულაო, მეტყვით თქვენ, ჯერ რა დროს ახალ სასწავლო წელზე საუბარიაო, თუმცა, როდესაც იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ, ვინც სულ სულ პირველად უნდა შეაღოს კლასის კარი და მერხსაც მიუსკუპდეს, ახალ სასწავლო წელზე საუბარი იქნებ უკვე დაგვიანებულიც იყოს.

სექტემბერში ახალი სასწავლო წელი იწყება და ნებისმიერი მშობელი, რომელსაც სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს დიდ მზადებასა და ფაციფუცშია, ნერვიულობს, განიცდის, ჯერ სკოლას ეძებს, არჩევს, მასწავლებლებს ხვდება, პროგრამებს ათვალიერებს, მერე სასკოლო ნივთებს მოიმარაგებს, ახალ სრულიად სხვანაირი სისტემურობით დაალაგებს დღესა თუ სამუშაოს.

განსაკუთრებული მღელვარებით და შიშით აავსებს ეს მოლოდინი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს, რადგანაც, სკოლის შერჩევისა თუ მასწავლებლებთან საუბრის დროს, ყველას ერთხელ მაინც შეუმჩნევია ყოყმანი თუ კითხვის ნიშანი.

არის კი მზად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ასას დიაგნოზის ბავშვებისთვის შედეგიანი სასწავლო პროცესი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების გამოცდილება დღითი დღე იმატებს, სულ უფრო მეტი პედაგოგი ცდილობს სასარგებლო მეთოდიკას გაეცნოს, მოსწავლის საჭიროებები გაითვალისწინოს, მაინც, ხშირად, წარმატება სისტემურ მიდგომაზე კი არა, კონკრეტულ, ენთუზიასტ და სენსიტიურ პედაგოგზეა დამოკიდებული.

იმისათვის, რომ წინასწარ მოვემზადოთ სასწავლო წლისთვის, უნდა დავგეგმოთ ჩვენი წინასასკოლო მოქმედებები და ყველაზე დიდი როლი ამ პროცესში, რასაკვირველია, მშობელს აქვს.

მაშ ასე, ვცადოთ ჩამოვთვალოთ ყველა აქტივობა თუ ინიციატივა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სექტემბერში, სკოლაში მისულმა მოსწავლემ თავი გაცილებით კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს, ეს ხომ ასას შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას:

  1. სკოლის შერჩევა:

პირველ რიგში, რასაც ვარკვევ, სკოლის გამოცდილებაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ვესაუბრები სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და ფსიქოლოგს. უპირატესობას ვანიჭებ სკოლას, სადაც კლასში მოსწავლეების ნაკლები რაოდენობაა, კიდევ ერთი, უფრო პატარა და მშვიდ სკოლას ვარჩევ, რადგან, მაგალითისთვის ჩემს პატარა ბიჭს დიდი სივრცეების ეშინია, ( სინამდვიელში, ასეთ გარემოში ორიენტაცია მეც კი მიჭირს-ხოლმე). მნიშვნელოვანია სკოლის ინფრასტრუქტურა, მეტისმეტად ჭყეტელა ფერები კედლებსა თუ სკოლის ავეჯზე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს გააღიზიანებს ან ყურადღებას გაუფანტავს.

  1. თუ სკოლა უკვე შეარჩიეთ, არ დაიზაროთ სკოლის ეზოში, თუნდაც ვესტიბიულში ბავშვთან ერთად გასეირნება, შეახედეთ კლასებში, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ანახეთ სასწავლო პროცესი, გააცანით მისი მომავალი მასწავლებელი და სკოლის ფსიქოლოგი.
  2. მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრამდე მოაგვაროთ ის რამდენიმე პრობლემა, რომელიც შემდგომში ხელს შეგიშლით სასწავლო პროცესში, მაგალითად, თუ თქვენი შვილი გვიან იძინებს და შესაბამისად, დილით ადრე ვერ იღვიძებს, უკვე დროა, თანდათან, ეტაპობრივად შეცვალოთ მისი ძილის რეჟიმი. ასევე, ეცადეთ თანდათან შეაჩვიოთ ადრიან საუზმეს, ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეზღუდული კვებითი ინტერესები აქვს, სანამ სკოლაში ჭამას შეეჩვევა, მაწიერი და ნოყიერი საუზმე კარგ სამსახურს გაგიწევთ.
  3. თუ ბავშვი რომელიმე ცენტრში გადის თერაპიას, კარგი იქნება, თუ ხელახალი დიაგნოსტირების საშუალებით, ის პრობლემატიკა გამოიყოფა, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია, შემდეგ, თერაპევტებთან ერთად მიზანმიმართულ მუშაობას დაიწყებთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
  4. დაგეგმეთ საშინაო მეცადინეობები.  რასაკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ ბავშვს წერა-კითხვა ან შეკრება-გამოკლება უნდა ასწავლოთ, მაგრამ კონცენტრაციის უნარის, ყურადღების, კომუნიკაციისა და ჩართულობის,  მოსმენის, სხვისი მითითებით თუ თხოვნით მუშაობის უნარის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება, არაფერს ვამბობ ნატიფი თუ მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე, რის გარეშეც მოსწავლეს სასწავლო პროცესში ჩართვა გაუჭირდება. შეგიძლიათ ხატოთ, ძერწოთ, სურათები აღწეროთ და პატარა ამბებიც მოყვეთ. „სამეცადინო“ საათი დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში დაგეგმეთ და ერთგვარ რუტინად აქციეთ.
  5. ხშირად ესაუბრეთ სკოლაზე, რომ ეს ის ადგილია, სადაც ბევრ ახალ რამეს გაიგებს და დროს მხიარულად გაატარებს, მეგობრებს შეიძენს, საინტერესო წიგნებს წაიკითხავს. რომ სკოლაში წასვლა ცხოვრების დიდი ეტაპის დასაწყისია, რომ თქვენ ისევ უწინდებურად მასთან იქნებით და ერთად ყოფნისთვის დროც საკმარისად დაგრჩებათ. აქციეთ სკოლაში წასვლა შვილისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლედ.

 

 

 

 

 

ოთარ ჭილაძის ჩანაწერები – „როგორც თაფლი სკიდან“

0

საყვარელ მწერალთან შეხვედრის სურვილი არასდროს გამჩენია – მოსწავლეობის წლებშიც კი. დარწმუნებული ვიყავი, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერი მოხდებოდა, რაც უკვე მომხდარიყო მისი წიგნების კითხვისას და იმაზე მეტს ვერაფერს შევიტყობდი თავად მწერალზე, რაც ამ წიგნებში იყო ნათქვამი. მეორე მხრივ, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, დღიურები, მოგონებები, სიზმრები.

ნაწერში, როგორც სუფთა სარკეში, ყოველთვის უფრო მეტი ჩანდა – დაკვირვებული თვალისთვის მისი სიღრმე თუ ზედაპირი სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო.

ოთარ ჭილაძის ჩანაწერების წიგნი – „ცა მიწიდან იწყება“ ცოტა ხნის წინ ჩამივარდა ხელში. მეორე გამოცემა მწერლის ნახატებით არის გაფორმებული – თითქოს გასართობად მოხაზული მრავალმხრივ საგულისხმო ფიგურებით, რომლებიც ხმადაბლა ჰყვებიან თავიანთ ამბებს. თუ ყურს მიუგდებ, გაიგონებ. თუ მხოლოდ ხმამაღლა ნათქვამი ჭეშმარიტებების მაძიებელი ხარ, მათაც უდავოდ მიაგნებ, ოღონდ ძალისხმევის გაღება მაინც დაგჭირდება – ეს ადვილად წასაკითხი წიგნი არ არის.

მწერალს 1975 წელს ჩაუწერია: „წერის პროცესი: თითქოს ღამით, უცხო ბაღში გადაპარული, ფაციფუცით – არ მომისწრონო – კი არ კრეფ, ძირფესვიანად გლეჯ ყვავილებს შენი გულისსწორისთვის, მაგრამ ბაღიდან გამოსული, სინანულით ამჩნევ, რომ სიბნელესა და სიჩქარეში ბევრი გაუშლელი ან უკვე გადამწვარი ყვავილი მოგიგლეჯია და იმ უზარმაზარი თაიგულიდან, რომელიც ასე გეამაყებოდა და გიხაროდა, შეიძლება, ერთი-ორი ღერიღა ვარგოდეს გამოსაჩენად, მით უფრო, მისართმევად, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დაღამებისთანავე ისევ არ გადაიპარები ბაღში, ისევ იმ იმედით – ამჯერად მაინც გამიმართლებსო“.

თუ ოდესმე მომინდება, ვინმეს ავუხსნა, რატომ და როგორ წერენ მწერლები, ამ ჩანაწერს წავუკითხავ.

წერა ყოველდღიური შრომაა – გადარჩევის, შედარების, შემოწმების, მკაცრი შეფასების პროცესი.

ამასწინათ 115-ე სკოლაში მოსწავლეებს შევხვდი – წიგნებსა და ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ. ერთმა გოგონამ მკითხა: რას ურჩევდით მას, ვისაც მწერლობა გადაუწყვეტიაო? არცთუ რთული კითხვაა, მაგრამ პასუხი უცებ ვერ გავეცი. ბევრი უნდა იკითხოს, ძალიან ბევრი-მეთქი, ვთქვი ბოლოს და გამახსენდა, რომ მანამდეც ამას ვამბობდი – შეხვედრის პირველივე წუთებიდან კითხვის სიხარულსა და  სიკეთეზე, რამდენიმე სამყაროში ერთდროულად ცხოვრებაზე, წარმოუდგენელ ადგილებში მოგზაურობაზე, ენით აუწერელი სიმდიდრის დაგროვებაზე ვლაპარაკობდი.

ოთარ ჭილაძე კი წერს: „იკითხეთ, იკითხეთ ყველაფერი – ცუდიც და კარგიც, გასართობიც და განმანათლებელიც. კითხვა სავალდებულო შრომაა და საკმაოდ მძიმეც, როგორც მიწის ხვნა, გუთნის გამოჭედვა, ღვინის დაყენება. მხოლოდ თვალით აღქმული სიტყვა დაკარგული შრომაა. სიტყვას უნდა ჩასწვდე გონებითაც და გულითაც. განუწყვეტლივ უნდა ეცადოთ, როგორმე შეაღწიოთ სიტყვაში და იქიდან დაინახოთ უთქვენოდ დარჩენილი სამყარო – უპირველეს ყოვლისა, თქვენს ამქვეყნიურ დანიშნულებას, თქვენს მოწოდებას დაინახავთ…“

მხოლოდ წერა კი არა, კითხვაც შრომაა – არ გაირჯები და არაფერი ხარ.

მკაცრია მწერალი შეფასებისას. ზოგჯერ მისი პოზიციის გაზიარება წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ – თითქოს გვერდით ვუზივართ და თავს ვუქნევთ თუ ეჭვს თვალით შევცქერით, ვიცით: ამ გულახდილი საუბრის დავიწყება არ იქნება.

მოსწავლეებთან დიდი სახელების ხსენებას, ციტატებით საუბარს ვერიდები ხოლმე – სჯობს, თვითონ მიაგნონ სათავისო სიბრძნეს. თუმცა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები ამ შეხვედრამდე რომ წამეკითხა, ალბათ ცდუნებას ვერ გავუძლებდი და ზემოთ მოტანილ ნაწყვეტებს წავუკითხავდი.

გულწრფელად მჯერა წიგნების ძალის – იმის, რომ თითოეული წიგნი პასუხია. სწორედ იქ შეიძლება იმის პოვნა, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებ. ცხადია, არა – ხელში მოხვედრილ პირველსავე წიგნში. არა – პირდაპირი აზრით.

ოთარ ჭილაძეს სჯეროდა, რომ ყველა ვარსკვლავს ჰქონდა პოლარულ ვარსკვლავად ქცევის პოტენცია: „გარკვეული დროის შემდეგ ჩვენც შეიძლება გავთავისუფლდეთ, ანუ დავიბრუნოთ პირვანდელი სახე, თუკი, რასაკვირველია, ამ ხნის განმავლობაში ბეჯითად ვისწავლით. დროის გასაყვანად კი არ გადავშლით წიგნს (დრო ისედაც გავა), არამედ იქიდან (წიგნიდან) ცოდნის ამოსაღებად, როგორც ღვინო ამოაქვთ ქვევრიდან, თაფლი – სკიდან, ბადე – ზღვიდან, მადანი – მიწიდან, ტყვია – ჭრილობიდან, წყალი – ჭიდან, პური – თონიდან…“

კიდევ ბევრის ამოწერა შეიძლებოდა წიგნიდან, რომელმაც, ალბათ, ყველაზე არსებითი მითხრა მწერალზე, მისი ფიქრებისა და სიზმრების მოზიარე გამხადა, საგულისხმო აზრების დღიური ულუფა გამიყო.

საყვარელ მწერალთან შეხვედრაც ეს იყო.

 

   შეფასების რუბრიკები გეოგრაფიის გაკვეთილისთვის

0

დ. უზნაძემ სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნის მოსაზრება შემოგვთავაზა. მას მიაჩნდა, რომ ასეთი შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს. თუმცა უზნაძე ამ მოსაზრებას ბოლომდე არ გაჰყოლია. ფაქტი ერთია, ნიშანთან დაკავშირებული საკითხები დღესაც ძალზედ აქტუალური და, ამავე დროს, საკამათოა.

შეფასების როლი და დანიშნულება, მისი გავლენა მოზარდის პიროვნებად ფორმირების პროცესზე მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული არ აქვს. მათი უმრავლესობა ძირითადად, შეფასების მხოლოდ ერთ (გაზომვა) და იშვიათად ორ (გაზომვა, განვითარება) პარადიგმაზე ამახვილებს ყურადღებას. შეფასების აღმზრდელობითი ფუნქცია თითქმის იგნორირებულია.

მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სისტემის სწორად შერჩევა მოსწავლეებში გაზრდის შემეცნებით აქტიურობას, დამოუკიდებლად სწავლის მოტივაციას, პასუხისმგებლობას და ხელს შეუწყობს კოგნიტური და მეტაკოგნიტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმავითარებელ შეფასებას აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო, განმავითარებელი, ხოლო განმსაზღვრელ შეფასებას – შემაჯამებელი ფუნქცია აქვს.

მასწავლებელი შეფასების სისტემის შექმნისას უნდა ეყრდნობოდეს სასწავლო პროგრამებსა და სტანდარტებზე ბუნებრივად მორგებულ შეფასების სანდო მეთოდებს. საჭიროა, შევქმნათ შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც დაგვეხმარებოდა იმის დადგენაში, თუ რამდენად კარგად გავიაზრეთ სასწავლო პროგრამის მიზანი, რამდენად მივუახლოვდით მას და რა ხარისხით ვასრულებთ ეროვნულ სტანდარტებს.

შეფასების სისტემამ უნდა შეძლოს მოსწავლის მრავალმხრივი შეფასება და მოგვცეს საგნობრივი სტანდარტის შესრულების საშუალება. ამიტომ საჭიროა დავადგინოთ საგნის სასწავლო მიზნის არეალები ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ პროგრამებში. მიზნის განსაზღვრა შეფასების რუბრიკების შექმნის წინაპირობაა.

გთავაზობთ შეფასების რამდენიმე რუბრიკას:

მე-8 კლასი

მიზანი: მოსწავლე შეძლებს გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვას და სხვა თვალსაჩინოების ანალიზს. მოსწავლეს შეძლებს განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.

შეფასების ჰოლისტური რუბრიკა

მიღწევის დონეები შეფასების კრიტერიუმები
1-2 ქულა  

მოსწავლეს არ შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი. მოსწავლეს არ შეუძლია, განსაზღვრს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.

           3-4 ქულა  

მოსწავლეს უჭირს გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი; უჭირს, განსაზღვრს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.

          5-6 ქულა  

მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი, თუმცა ვერ ახერხებს გამოყენებას.  მას შეუძლია განსაზღვრს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე, თუმცა ვერ ახერხებს მის გამოყენებას.

7-8  ქულა  

მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი, თუმცა ვერ იყენებს ადევატურად. მას შეუძლია განსაზღვრს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე, თუმცა ვერ იყენებს ადევატურად.

 

9-10 ქულა  

მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად  რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი. მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია განსაზღვრს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.

 

 

შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

მიზანი: მოსწავლე რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ  მდებარეობას; ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს, აჯგუფებს მათ ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

 

შეფასების კრიტერიუმები 1-2 ქულა 3-4 ქულა 5-6 ქულა 7-8 ქულა
მოსწავლე რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ  მდებარეობას. რუკის გამოყენებით ვერ განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ  მდებარეობას. რუკის გამოყენებით ცდილობს განსაზღვროს საქართველოს ზოგადგეოგრაფიული  მდებარეობა. რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ  მდებარეობას; მაგრამ აკლია სიზუსტე. რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ  მდებარეობას.
ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს. ვერ ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს. ცდილობს შეადაროს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნები. ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს, მაგრამ აკლია სიზუსტე. ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს.
აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. ვერ აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. ცდილობს დააჯგუფოს ქვეყნები ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, მაგრამ აკლია სიზუსტე; არაადეკვატურია. აჯგუფებს ქვეყნებს ცხრილში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

 

მე-9 კლასი

მიზანი: მოსწავლე შეძლებს რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; მოსწავლე შეძლებს მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირებას ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.

შეფასების ჰოლისტური რუბრიკა

მიღწევის დონეები შეფასების კრიტერიუმები
1-2 ქულა მოსწავლეს არ შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; არ შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
3-4 ქულა მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; ნაწილობრივ შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
5-6 ქულა მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს, თუმცა ვერ იყენებს მათ. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან, თუმცა ვერ იყენებს.
7-8  ქულა მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; თუმცა მას ვერ იყენებს ადევატურად. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან, ვერ იყენებს მას ადევატურად.
9-10 ქულა მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.

 

შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები            1           2             3             4
მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; მოსწავლეს არ შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; მოსწავლე რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით ცდილობს დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი, მაგრამ აკლია სიზუსტე; მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი;
მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან. მოსწავლე ვერ აკავშირებს მოსახლეობის დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და დინამიკურ მახასიათებლებს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან, მაგრამ აკლია სიზუსტე. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგრამ ვერ იყენებს ადეკვატურად. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.

 

მე-10 კლასი

მიზანი: მოსწავლე შეძლებს, დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

შეფასების ჰოლისტური სქემა

მიღწევის დონეები შეფასების კრიტერიუმები
1-2 ქულა მოსწავლე ვერ აკავშირებს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლე ვერ აანალიზებს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
           3-4 ქულა მოსწავლე ნაწილობრივ აკავშირებს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია, გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
5-6 ქულა მოსწავლეს შეუძლია, დაკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებ, თუმცა ვერ ახერხებს მის გამოყენებას. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე, თუმცა ვერ ახერხებს მის გამოყენებას.
7-8  ქულა მოსწავლეს ხშირად აკავშირებს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს ხშირად შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე, თუმცა ვერ იყენებს მას ადევატურად.
9-10 ქულა მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

 

შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

 

შეფასების კრიტერიუმები 1-2 ქულა 3-4 ქულა 5-6 ქულა 7-8 ქულა
მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს არ შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს ცდილობს  დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. მაგრამ აკლია სიზუსტე; მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.

 

 

 

 

 

ბზებიდან დანახული ეკლესია

0

ლაშა გახარია პირველად მაშინ ვნახე, როცა მურმან ლებანიძემ ის ცნობილი ლექსი დაწერა მეგრელებზე. ზაფხული იყო და ლაშა თავის სოფელში, მუხურში ისვენებდა. ახლაც მახსოვს შავ–თეთრი ტელევიზორის ეკრანიდან მომზირალი გამხდარი, მკაცრი შესახედაობის კაცი, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, დელიკატურად მკაცრი იყო და გაკვირვებას ვერ მალავდა, რამ დააწერინა ასეთი ლექსი ლებანიძეს, რომელთანაც თურმე დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებდა.

იმ ლექსის შემდეგ მთელ სამეგრელოში გარეთ გამოჰქონდათ მურმან ლებანიძის წიგნები და ცეცხლს უკიდებდნენ. ეს ძალიან ჰგავდა ფაშისტების დამოკიდებულებას არასასურველი მწერლებისა და მეცნიერების წიგნებისადმი. ზემოხსენებული ლექსის, რბილად რომ ვთქვათ, რადიკალურობის მიუხედავად, წიგნების დაწვა მაინც სამარცხვინო საქციელად მიმაჩნდა. ცხადია, ლებანიძე ერთ–ერთი გამორჩეული პოეტია, რომელმაც გალაკტიონის შემდეგ ალბათ ყველაზე მეტად გაამდიდრა ვერსიფიკაციული ფორმებით ქართული ლექსი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

ლაშას მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცემული კრებული. მის შემოქმედებას სულ რამდენიმე ხელნაწერით ვიცნობდით, რომლებიც ჩემმა მეგობარმა და თანაკლასელმა მოიტანა სკოლაში. მამამისი ლაშას ახლო მეგობარი იყო და როცა ლაშა ახალ ლექსს წაიკითხავდა სუფრაზე, ჩემი თანაკლასელი მაშინვე იწერდა. თვითონ ლაშა ძალიან უდიერად ეპყრობოდა საკუთარ ლექსებს, მისი ჟურნალისტი მეგობრისგან ვიცი, რომ საზოგადოდ არც ისე მორიდებული იყო, მაგრამ როცა საქმე მის პოეზიას შეეხებოდა, საოცრად თავმდაბალი ხდებოდა.

მერე, როცა მისი კრებული ჩამივარდა ხელში, ის ჩემს საყვარელ პოეტთაგანი გახდა. ვერ ვიხსენებ სხვა ქართველ პოეტს, რომლის პოეზიაც ასეთი მეტაფორული იყოს. ზუსტი, უჩვეულო (ალაგ–ალაგ, ერთი შეხედვით, ხელოვნური) მეტაფორებით, განსხვავებული პოეტური მეტყველებით და აზროვნებით, ალიტერაციით, ტრადიციული სალექსო ფორმების (ძირითადად –5/5 ათმარცვლიანის) ორიგინალური ევფონიით ის უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესოა ქართველ პოეტებს შორის. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი მეგრული ლექსები, სადაც, ჩემი აზრით, მისი ლირიზმი და სიტყვის ფლობა მწვერვალს აღწევს და ვწუხვარ, რომ მას იმდენი მკითხველი არ ჰყავს, რამდენიც მის ქართულ ენაზე დაწერილ ლექსებს. მახსოვს, სოსო მეშველიანმა მითხრა ერთხელ, რომელიღაც ლიტერატურულ შეხვედრაზე ზვიად კვარაცხელიამ ლაშას მეგრული ლექსები წაიკითხაო, არ მესმოდა, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდიო.

ლაშას საოცარი იუმორი ჰქონია. ერთხელ ჩხოროწყუს საკრებულოში იყარა კენჭი და დამარცხდა. ძმაკაცი შეხვედრია ქუჩაში, მიუსამძიმრებიასავით და უთქვამს, მე ხმა შენ მოგეციო. ბიჭოო, – უთქვამს ლაშას, – სულ სამი ხმა მივიღე, ერთი დედაჩემმა მომცა, ერთი – ცოლმა და ერთიც მე მივეცი საკუთარ თავს, ვის ატყუებ შენო.

ქართულ ლიტერატურაში ცოტა არ ყოფილა უკურნებელი სენით – ჭლექით თუ კიბოთი – წასული პოეტი. მათი ავადმყოფობა, როგორც წესი, მათ შემოქმედებაზეც აისახებოდა. ზოგი უკიდურეს პესიმიზმში ვარდებოდა, ზოგი არ ნებდებოდა, მაგრამ მოახლოებულ სიკვდილზე ქილიკი მხოლოდ ლაშასთან შემხვედრია:

 

„გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით…

ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც.

არა უშავს რა, თუკი კიბო მჭირს –

ლუდსაც ხომ უნდა მისატანები“.

 

შეუძლებელია, ამ სტრიქონების ავტორისადმი უდიდესი პატივისცემით არ განეწყო.

ლაშას სახლ–მუზეუმის ეზოში ორი ბზა დგას. ტრადიციის თანახმად, შუაში უნდა გაიარო, თან უნდა გახედო შორს, მთის კალთაზე, მეთერთმეტე საუკუნეში აშენებულ წმინდა გიორგის ეკლესიას და სურვილი ჩაიფიქრო. მე რა ჩავიფიქრე, ცხადია, არ ვიტყვი, უბრალოდ, ყველას გირჩევთ, ლაშას ულამაზეს სოფელს და სახლ–მუზეუმს ესტუმროთ.

„წინასწარმეტყველება“ ისტორიის გაკვეთილზე

0

პედაგოგიკის მეცნიერებაში აღიარებულია, რომ სწავლა/სწავლების პროცესში  მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება ძალზე მნიშნელოვანია, რადგან ის მოიცავს ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა: ცნობისმოყვარეობის გამოვლენა, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენება, შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის მოძიება, ფაქტების არა მხოლოდ დაფიქსირება, არამედ მათი მიზეზებისა და შედეგების გარკვევა. ამიტომ სასწავლო პროცესში კრიტიკული აზროვნების ინტენსიურად გამოყენება ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.

კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგიებიდან მნიშვნელოვანია   ისეთი მიდგომა, როგორიცაა „წინასწარმეტყველების ხე“ (იგივე „პროგნოზების ხე“).   თავისი სტრუქტურით    (თემა       მიზეზი (მიზანი)        შედეგი (არგუმენტი) –  ის ეფექტური საშუალებაა  დასახული საგანმანათლებლო მიზნის მიღწევისა და  მოსწავლეთა შესაფერისი  ცოდნისა და  უნარების ფორმირებისთვის.

გთავაზობთ მოსწავლეთა შორის კრიტიკული აზროვნების განვითარების პრაქტიკულ  მაგალითს „წინასწარმეტყველების ხის“   გამოყენებით:

 

გაკვეთილის თემა: „ასწლიანი ომი“, ისტ. VII.1,2, 4, 6, 7.

მიზანი: ასწლიანი ომის მიზეზების გაგება; ძირითადი საომარი სიტუაციების  გაცნობა; ისტორიული  მოვლენების დაკავშირება ისტორიულ დროსთან; ისტორიული წყაროების შესწავლა; ისტორიული რუკებისა და სქემების გამოყენება; კრიტიკული  აზროვნების განვითარება.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური.

დრო: ორი საგაკვეთილო საათი.

აკვეთილის  მიმდინარეობა:

აქტივობა I

  1. ასწლიანი ომის მიზეზებისა და შედეგების წინასწარმეტყველება“ – წინასწარმეტყველების ხეზე სავარაუდო პასუხების ჩამოწერა.

 

  1. მოსწავლეთა ცოდნის აქტუალიზაცია /„გონებრივი იერიში“ ბარათების გამოყენებით (შეკითხვები და წერილობითი დავალება):

N1 ბარათი:

. როგორ წარმოიქმნა პარლამენტი ინგლისში?

ბ. რა შედეგები მოუტანა ინგლისის საზოგადოებრივ ფენებს პარლამენტმა?

გ. რა როლს ასრულებდა ინგლისის ცხოვრებაში მეფე და პარლამენტი?

დ. რა ძირითადი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემის წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო ინგლისი  მას შემდეგ, რაც  „თავისუფლების ერა“ დაიწყო?

ე. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო  მეფისა და პარლამენტის პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე?

 

N2 ბარათი:

     ა. რატომ დადგა საფრანგეთისთვის დღის წესრიგში გაერთიანების აუცილებლობა?

ბ. მოსახლეობის რომელი ფენები უჭერდნენ მხარს მეფის ხელისუფლებას საფრანგეთის გაერთიანებისათვის ბრძოლაში?

      ბ. რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

გ. რა იყო გენერალური შტატების ძირითადი ამოცანა?

დ. პროგრესული იყო თუ არა საფრანგეთისთვის  გენერალური შტატების მოწვევა?

     ე. რა ძირითადი პრობლემის წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო საფრანგეთი გაერთიანებისთვის ბრძოლაში?

 წერილობითი დავალება: სქემის შედგენა (ნებადართულია სახელმძღვანელოს გამოყენება);  

 I ჯგუფი  –  რა  უწყობდა ხელს ინგლისის  განვითარებას  XIII ს-ში, რა იყო ამის მიზეზები?

ეკონომიკური პოლიტიკური
   

II ჯგუფი  – დაასახელეთ საფრანგეთის გაერთიანების მიზეზები XIII-XIV სს-ში:

ეკონომიკური პოლიტიკური
   

 III ჯგუფი  – ინგლისისა და საფრანგეთის  დაპირისპირების მიზეზები XIII-XIVსს-ში:

 

ეკონომიკური პოლიტიკური
   

 

I აქტივობის შედეგები – ასწლიანი ომის მიზეზების გამოკვეთა „წინასწარმეტყველების ხეზე“.

 

აქტივობა  II –   ახალი  მასალის  შესწავლა-მუშაობა წყვილებში (მიღებული შედეგებით, ანუ პასუხებით ივსება „წინასწარმეტყველების ხე“):

  1. უპასუხეთ შეკითხვას:
  • საფრანგეთის რომელი მიწები ეკუთვნოდა ინგლისს ომის დაწყების წინ? (აქვიტანია, კრესი);
  •  გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საფრანგეთის რომელ რეგიონებთან ექნებოდა ინგლისს მჭიდრო სამეურნეო კავშირები? (ფლანდრია).
  1. ისტორიულ დოკუმენტებზე მუშაობა  „ედუარდ I-ის მიმართვა  ქვეშევრდომებს“:

„..ყველამ გაიგო  საფრანგეთის მეფემ  მოტყუებითა და  ეშმაკობით როგორ ჩამოაშორა ინგლისს გასკონია. ახლა  კი,  შეკრიბა რა ფლოტი და ჯარი,  იმავე მოტყუებითა და უკანონობის გზით აპირებს ფლანდრიის მითვისებას და სურს, მიწისაგან პირისა აღგავოს ინგლისი და ინგლისური ენა…“

უპასუხეთ შეკითხვას:

  • რით არის უკმაყოფილო ინგლისის მეფე?
  • რომელი ტერიტორიის გამო აქვთ უთანხმოება ორ სახელმწიფოს?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ აინტერესებდა ინგლისს  გასკონია და ფლანდრია?

 

  1. იმუშავეთ სქემაზე: „ინგლისის და საფრანგეთის დინასტიური დაპირისპირების მიზეზები“:

 

 

  1. მუშაობა რუკებზე: „ინგლისი და საფრანგეთი  ასწლიანი  ომის  დროს“

 

 

  

 

  1. 5. გლეხთა აჯანყებები საფრანგეთსა  და ინგლისში: ა)  ინგლისის გამარჯვებები და აჯანყებები საფრანგეთში (გლეხთა ომი, ე.წ. ჟაკერია);  ბ) საფრანგეთის წარმატებები და აჯანყებები ინგლისში (გლეხთა აჯანყება უოტ ტაილერის მეთაურობით); გ) ჟანა დარკი – საფრანგეთის მხსნელი.

 

  1. 6. რუკების, სქემის, ისტორიული დოკუმენტის და სოციალური დაპირისპირების საფუძველზე გაკვეთილის  ძირითადი  პრობლემის გამოკვეთა –  „ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირება და  ბრძოლა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ტერიტორიული საზღვრების  ფორმირებისთვის“.

II აქტივობის  შედეგების   ასახვა  „წინასწარმეტყველების ხეზე“.

 

აქტივობა III:

  1. ახალი ცოდნის გამტკიცება:
  • დაასახელეთ ასწლიანი ომის ძირითადი მიზეზი;
  • რომელ წლებში მიმდინარეობდა  ასწლიანი ომი?
  • რა მოუტანა ამ ომმა საფრანგეთის უბრალო მოსახლეობას?
  • რას  უწოდებენ ჟაკერიას? რატომ მიიღო ამ აჯანყებამ ასეთი სახელი?
  • აჩვენეთ რუკაზე ომის მიმდინარე და ძირითადი  შედეგები;
  • როგორ შეძლო ჟანა დარკმა ინგლისელების დამარცხება, მაშინ როდესაც საფრანგეთის მეფეები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ? როგორ ფიქრობთ, რატომ გადასცეს ინგლისელებმა ჟანა დარკი ინკვიზიციის სასამართლოს? განსაზღვრეთ ორლეანთან  ბრძოლის მნიშვნელობა  ასწლიანი ომის ისტორიაში;
  1. 2. შედეგების შეჯამება:
  • გამოიკვეთა თუ არა პასუხი ძირითად საკითხზე?
  • ჩამოაყალიბეთ ასწლიანი ომის მიზეზები და შედეგები;
  • ცნობილია, რომ შარლ VII-მ არაფერი გააკეთა ჟანა დარკის ინგლისელთა ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის. რატომ მოიქცა ასე? მოიყვანეთ თქვენი აზრის შესაბამისი არგუმენტი  და მტკიცებულება:

 

პოზიცია მე ვთვლი, რომ ———————————
არგუმენტი იმიტომ, რომ ————————————-

 

 

III აქტივობის   შედეგების  ასახვა  „წინასწარმეტყველების ხეზე“.

IV აქტივობა – „წინასწარმეტყველების ხის“ წინასწარი პროგნოზების შედარება მიღებულ შედეგებთან.

 

კრიტიკული აზროვნების გამოყენება გაკვეთილზე და ამისათვის „წინასწარმეტყველების ხის“ ტექნოლოგიური მიდგომის გამოყენება ხელს უწყობს  შედეგების მიღწევას,  მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას, მოსწავლეთა კომუნიკაციას, ინდივიდუალურ, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობას, მოსწავლეთა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისათვის პირობების შექმნას, უკვე არსებული სიტუაციების შიგნით  ინტერაქციული შემეცნებისთვის საჭირო ახალი სიტუაციების წარმოქმნას და ამიტომ მისი სწავლებაში გამოყენება მისასალმებელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლექსიკური ყულაბის გასამდიდრებლად

0

ამას წინათ, მეექვსე კლასში გურამ დოჩანაშვილის ,,ყველაზე კარგი პაპა’’  ავხსენი, ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ეპიზოდმა, განრისხებულ ხელმწიფეს ვეზირისთვის საყვედურის თქმა რომ უნდოდა და  რადგან სხვა სიტყვა არ იცოდა , მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა: ,,შე ცუდო, შენაო!’’. ბავშვებთან ერთად ვიმსჯელეთ, როგორი ღარიბი ლექსიკა აქვს მეფეს, როგორ არ ახსენდება სხვა სალანძღავი სიტყვა,  როგორ ვერ ხვდება, აქებენ თუ აგინებენ, როცა  ,,გერგილიანსა’’ თუ ,,ქველმოქმედს’’ ეძახიან, ან ,, თავში მტრედები უფრენენო’’, -ამბობენ მასზე. როგორც ამბობენ, მწირი და ღარიბი ლექსიკა ასეთივე მწირი და ღარიბი გონების ნიშანია, ჩვენი მოსწავლეების სამეტყველო ლექსიკა კი, სამწუხაროდ, სწორედ ასეთია. ბავშვები სულ თითებზე ჩამოსათვლელ ლექსიკურ ერთეულს სჯერდებიან წერისას თუ მეტყველებისას,  ვერ ახერხებენ, შეარჩიონ შესაფერისი რამდენიმე ზედსართავი სახელი ერთი და იმავე საგნის ზუსტად დასახასიათებლად და ამით თავიანთი მეტყველება უფრო ხატოვანი და ემოციური გახადონ. სიტყვიერების ყველა მასწავლებელი აწყდება პრობლემას, როცა ბავშვები ამა თუ იმ გმირს, ამბავს, მოვლენას    მხოლოდ შემდეგი ზედსართავებით ახასიათებენ: კარგი, ცუდი, კეთილი, ბოროტი…  თუ ამ პრობლემას დროზე არ მივხედეთ ,მერე გვიანღა აღმოჩნდება  ,,თითზე კბენანი’’ და ლეონიძისა არ იყოს, ,,მუხლადი, ბედაური’’ ქართული სიტყვაც უკვალოდ გაქრება ბავშვების მეტყველებიდან. ზედსართავი სახელის ახსნისას კი  მასწავლებელს ბევრი საშუალება აქვს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად. ეს პროცესი შეიძლება ძალიან საინტერესოც აღმოჩნდეს მათთვის.

.შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას, რომელიც აპრობირებულია მეექვსე კლასში ზედსართავი სახელის ახსნისას და მოსწავლეებისაგან საინტერესოდაცაა მიჩნეული.

მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ, წარმოიდგინონ სწორი მოასფალტებული გზა და გაზაფხულის ყვავილებით მოფენილი მინდორი.  იმაშიც ადვილად მეთანხმებიან, როგორი მომაბეზრებელი და დამღლელია, დიდხანს უყურონ პირველი მათგანის უსახურ ერთფეროვნებას და როგორ ახარებს თვალს მეორე- სხვადასხვა ფორმის,ზომისა  და შეფერილობის ყვავილებით მოქარგული ველი. სწორედ ამ დროს მივაქცევინებ ყურადღებას, რომ ამ მრავალფეროვნებას ზედსართავი სახელის საშუალებით გამოვხატავთ, სწორედ იგი ანიჭებს ჩვენს მეტყველებას ხატოვანებასა და ფერადოვნებას (თუმცა,აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აქაც დასაცავია ოქროს შუალედი, რათა ისე არ გაგვიტაცოს ზედსართავი სახელებით წინადადების ,,შემკობამ’’, რომ  დავამძიმოთ თხრობა და გადავტვირთოთ გარეგნული ,,სამკაულებით’’).  თავდაპირველად მოსწავლეებს ვთავაზობ რამდენიმე გამოცანას  ზედსართავების გარეშე. ფრჩხილებში ჩასმული ზედსართავები არ წამიკითხავს მათთვის:

1)დედა-(ტურფა) ,მამა-(ჯღანკი) ,შვილი-(გადარეული).

2) (ლურჯი)აბრეშუმი სარკმლისკენ მიიწევს.

3) მოვიდა (თეთრი) მოზვერი,გააგდო  (შავი)  მოზვერი.

4) ფრინველია (გრძელკუდა, ჭარტალა, ქურდბაცაცა).

5) (წითელი) ხარის ნაძოვში ბალახნ არ ამოდიანო.

რა თქმა უნდა, გაუჭირდათ  ზედსართავების გარეშე , მწირი დახასიათებით ამოეცნოთ ღვინო, ბოლი, დღე და ღამე, კაჭკაჭი, ცეცხლი. ამის შემდეგ, შევთავაზე მხოლოდ ზედსართავების მოშველიებით დახასიათებული საგანი, ამბავი თუ გმირი ამოეცნოთ, ამისათვის მათივე შესწავლილი ნაწარმოებები გამოვიყენე:

1)ამ გმირის ამბავი ძალიან სევდიანია, ტკივილიანი, ცრემლისმომგვრელი და გულსაკლავია (შვლის ნუკრი).

2) იგი შეიძლება იყოს  ჭრელიც, უსამართლოც, მშვენიერიც, საყვარელიც, დიდიც, პატარაც…(ქვეყანა- მისანიშნებლად კმაროდა სიტყვა ,,ჭრელი’’, რომლითაც გ. დოჩანაშვილი ახასიათებს ქვეყანას თავის ზღაპარში)

3)იგი შეიძლება იყოს უტკბესიც და უმწარესიც, გრძელიც, წაგდებულიც და ჩაგდებულიც(ენა).

4)იგი შეიძლება იყოს მანუგეშებელიც, გულისმომკვლელიც, ამშენებელიც, დამანგრეველიც, გამაბედნიერებელიც და გამაუბედურებელიც (სიტყვა) .

5)იგი შეიძლება იყოს ნორჩიც, ხასხასაც, დაკბილულიც, მწვანეც, აცახცახებულიც და უკანასკნელიც (ფოთოლი).

6) იგი შეიძლება იყოს საინტერესოც, უინტერესოც, სურათებიანიც, სქელიც, თხელიც, ყდიანიც, უყდოც (წიგნი).

ამ აქტივობის შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა დასკვნაც თავადვე გამოიტანეს, რომ ზედსართავი სახელის დახმარებით შეიძლება საგნის ამოცნობა მის დაუსახელებლადაც კი, მისი გამოტოვებით კი ლაზათი აკლდება ტექსტს და ჭირს იმის მიხვედრა, რის შესახებაა საუბარი.   მეტყველების განვითარებისათვის შესანიშნავი საშუალებაა სურათის აღწერა ზედსართავი სახელების გამოყენებით, რაც, გარდა იმისა,რომ მოსწავლეებს აჩვევს სურათზე ასახული კონკრეტული საგნებისათვის შესაფერისი ზედსართავი სახელების შერჩევას, მშვენიერების დანახვისა და მისით ტკბობის უნარსაც გამოუმუშავებს მათ. სწორედ ამისთვის ვაჩვენე ელენე ახვლედიანის  ცნობილი ნახატის- ,,ზამთრის’’- რეპროდუქცია. მოსწავლეებს უნდა შეერჩიათ ზედსართავი სახელები სოფლის, ეზოების, სახლების, ღობეების, ხეებისათვის, უნდა აღეწერათ უკანა პლანზე გამოსახული მთები,სურათზე ნანახი ბავშვები,მათი განწყობა,არ უნდა გამორჩენოდათ სურათის კუთხეში მდგომი მოხუცი ქალები,აივნიდან მაცქერალი მოხუცი,სადღაც კუთხეში გამოსახული ხურჯინაკიდებული გლეხი ,არ უნდა გამოჰპარვოდათ სურათის მარცხენა მხარეს ჩამავალი მზის სხივებით აელვარებული თოვლის უფრო ნათელი ფერი…  ვიყენებ არა მხოლოდ ისეთ სურათებს, რომელთა აღწერისას უამრავი ზედსართავი სახელის მოხმობა შეიძლება, არამედ ისეთსაც, სადაც ზედაპირზე არ  ჩანს დასახასიათებელი საგანი,  სხვაგვარი ხედვა სჭირდება მათ დანახვასა  და განცდას.

ამიტომაც მივიტანე ერთხელ შავ-თეთრი სურათი ღარიბული ქოხისა. სურათის აღწერისას რამდენიმე მოსწავლემ შეძლო დაენახა გამოკეტილი ქოხის სევდაც, გაუსაძლისი ერთფეროვნების მომაბეზრებლობაც, ნაცრისფერი ყოფაც, უნუგეშო ცხოვრებაც, შემგლისფერებული ცაც.

 საინტერესო აღმოჩნდა შემდეგი აქტივობა, ბავშვები ირჩევდნენ თანაკლასელს და თითოეული ახასიათებდა მას ერთი ზედსართავი სახელით, რომლითაც გამოხატავდა თანაკლასელის გარეგნულ მახასიათებლებსაც და მის ამა თუ  იმ თვისებასაც. ასე დაიხატა რამდენიმე ბავშვის სიტყვიერი პორტრეტი-თმახუჭუჭა თუ გრძელთმიანი, ცისფერთვალება თუ შავთვალა, მაღალი თუ დაბალი,დინჯი თუ ონავარი, მშვიდი თუ დაუდგრომელი,ბეჯითი თუ ზარმაცი,გულისხმიერი თუ უდარდელი…, -ათასგვარი ეპითეტით შეამკეს მოსწავლეებმა ერთმანეთი. (რა თქმა უნდა, კორექტულობის ფარგლებში).

ვიყენებ კიდევ ერთ აქტივობას-შესწავლილი ნაწარმოების გმირთა დახასიათება  ზედსართავ სახელთა მოშველიებით.   მუშაობენ წყვილები და ახასიათებენ ხელმწიფეს (გ.დოჩანაშვილის ,,ყველაზე კარგი პაპა’’),  უცხო მოყმეს (შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’), წვიმის მოყვარულ კაცს (გ.პეტრიაშვილის ,,წვიმის მოყვარული კაცი’’),  სიტყვის პაპას(გ. დოჩანაშვილის  დასახელებული ზღაპარი), ,ვარსკვლავბიჭუნას (ოსკარ უაილდის ,,ვარსკვლავბიჭუნა’’), ეინარ მიხალაინენს (ს.კლდიაშვილის ,,შორეული’’), იოსებას (რ. ინანიშვილის ,,უშიშარი ბიჭი იოსება’’)  და ა.შ.

   მოსწავლეთა ლექსიკის გამდიდრებისათვის არაჩვეულებრივი საშუალებაა სინონიმურ და ანტონიმურ ზედსართავებზე მუშაობა, ამისათვის ვაძლევ მათ ამა თუ იმ ზედსართავს და ვავალებ, გაიხსენონ მისი სინონიმები და ანტონიმები, უნდა შეეცადონ,  თითოეულ ფორმას უპოვონ მაქსიმალური რაოდენობის სინონიმი და ანტონიმი (მაგალითად, შემდეგ ზედსართავებს: ენატკბილი, ხელგაშლილი, ძუნწი, ამაყი, ღარიბი, უშნო, ხარბი, გულკეთილი, ოტროველა, ორგული, ცრუ, მოხუცი, ჭკვიანი, ღონიერი, უმეცარი, ბეჯითი, მარდი, გერგილიანი, ფართო, ავსიტყვა…).  ამ აქტივობზე მუშაობისას, ვცდილობ,აუცილებლად დავუთმო გარკვეული დრო იმაზე საუბარსაც , რომ სინონიმები ყოველთვის თავისუფლად ვერ ჩაენაცვლებიან ერთმანეთს. მაგალითად, გამოთქმებში ,,ჭკუას ასწავლის’’, ,,ჭკუა ვერ ისწავლა’’,  ჭკუას მისი სინონიმით-გონებით ვერ შევცვლით. ვერც წმინდასა და სუფთას შევუნაცვლებთ ერთმანეთს და  მკვეთრად  უნდა გავმიჯნოთ ამ ორი სინონიმის გამოყენების არეალი, თუ წმინდა შეიძლება ვთქვათ გრძნობის, გულის, გონების, ტაძრის, ფიცის, სიყვარულის, სანთლის… დ.ა.შ. დასახასიათებლად, სუფთა შეიძლება იყოს ზეწარი, ფეხსაცმელი, ქაღალდი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ეზო დ. ა.შ.

ერთ-ერთ აქტივობას წარმოქმნილ ზედსართავ სახელებზე მუშაობისას ვიყენებ – ვაძლევ არსებით სახელებს  და ვავალებ  მათგან  ზედსართავი სახელების მიღებას. შეიძლება ამას კონკურსის სახეც მიეცეს-გარკვეული დროის განმავლობაში ვინ მეტ ზედსართავ სახელს აწარმოებს შემდეგი არსებითი სახელებისაგან: ენა, ხელი, გული, თვალი, სული, ქუდი, პირი, მკლავი, თავი, შუბლი. როცა სიტყვა ,,გულიდან’’ ზედსართავ სახელებს აწარმოებენ, როგორც წესი, რამდენიმე ახსენდებათ ხოლმე , სწორედ ამ დროს ვუკითხავ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან ასამდე ზედსართავს, ამ სიტყვიდან წარმოებულს  და თავადვე რწმუნდებიან, რა მდიდარი ენა გვაქვს. კიდევ უამრავი აქტივობის ჩამოთვლა შეიძლება, ვამუშავებ ზედსართავი სახელების გამოყენებით წინადადებების შედგენაზე, საბოლოოდ კი კლასშივე ვაძლევ  დამოუკიდებელ სამუშაოს- ძირეული და წარმოქმნილი ზედსართავი სახელების გამოყენებით აღწერონ თავიანთი საკლასო ოთახი ან სკოლა…     ამ დავალებასაც არანაკლები ხალისითა და ინტერესით ასრულებენ და სწორედ ამიტომ მიჩნდება იმედი, რომ თითოეული ეს აქტივობა საბოლოოდ მათი ლექსიკის გამდიდრება-დახვეწას შეუწყობს ხელს.

 

 

 

მასწავლებლობის ალგორითმი: წინ მოსწავლეებთან ერთად!

0

 

რით განსხვავდებიან მთიანი სოფლის მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლისა და დედაქალაქის კერძო სკოლის მოსწავლეები? ამ კითხვით ვიწყებთ საუბარს რუსუდან ალიბეგაშვილთან, დაწყებითი კლასების მასწავლებელთან, რომელმაც სნოს საჯარო სკოლაში თითქმის 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ მასწავლებლობა თბილისში, კერძო სკოლა „კანდიდში“ გააგრძელა.

– ბავშვი ყველგან ბავშვია, საინტერესო და საყვარელი, მაგრამ გარემო პირობები, რა თქმა უნდა, თავის ნიშანს ადებს თითოეულს. სნო მთის სოფელია, თავისი მკაცრი კლიმატური პირობებით, საკმაოდ რთული სოციალური ყოფით. ოჯახები ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლაში არიან ჩართულნი. ეს იოლი არ არის, ვერც უძლებს ყველა, და ამიტომაც თანდათან ცარიელდება იქაურობა. შეთხელებული სოფელი, დაცარიელებულ სკოლას ნიშნავს, ასეც ხდება. კლასში ორი-სამი მოსწავლე ზის. შემდგომ შევსებას შიშით ველოდებით… იქაური მოსწავლეები ასეთ გარემოში იზრდებიან. მათ არ აქვთ ამდენი ინფორმაცია, ამდენი ხელშეწყობა, მაგრამ არიან მოწადინებულები, ზრდილობიანები, მორიდებულები, რადგან ხედავენ – მასწავლებელს სოფელიც გამორჩეულ პატივს სცემს. აქვთ ერთი დიდი კომფორტი, მუდმივ შეხებაში არიან ბუნებასთან: მცენარეებთან, ცხოველებთან, მთასთან, კლდეებთან, თოვლთან… ამიტომაც უფრო ჩაფიქრებულნი თუ დაფიქრებულნი არიან. სამყაროს უფრო ახლოს აღიქვამენ. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ მოსწავლეებს, ისინი უფრო თამამები, გალაღებულები არიან, ქალაქური გარემო მათ ზღვა ინფორმაციით „ამარაგებს“, მეტიც, საჭირო და არასაჭირო ინფორმაციის წნეხში აქცევს. მათ „ბევრი“ იციან. ეს მკაცრ კლიმატზე ნაკლები გამოწვევა არ არის. მადლობა ღმერთს, მატერიალურად ამ ბავშვებს  არ უჭირთ, მაგრამ ამისთვის მათ ოჯახებსაც დაძაბული ბრძოლა უწევთ ცხოვრებასთან. ეს სხვა პრობლემებს წარმოშობს… ჯერ მარტო ბეტონის კორპუსებს შორის გამომწყვდეული ყოფა რამდენს ნიშნავს? ეს დამთრგუნველი გარემოა, ბუნებრივისგან განსხვავებული. თუმცა, საერთოც ბევრი აქვთ იქაურ და აქაურ ბავშვებს, ერთნაირად გულწრფელები, ცნობისმოყვარეები არიან, სითბოს სითბოთი პასუხობენ, უყვართ შექება, ხან ყოჩაღები არიან, ხან ზარმაცობენ…

– მასწავლებელსაც განსხვავებული მიდგომა სჭირდება იქ და აქ…

– სწავლა-სწავლებაში იქ და აქ არ არსებობს. არსებობს აქ… ანუ კლასი და მასწავლებელი. კლასი, რომელთანაც გიწევს მუშაობა. კლასში მხოლოდ მათთან ერთად, მათთვის უნდა იფიქრო და იმოქმედო, სადაც გინდა ასწავლიდე. სულ ასეა: ყოველ დილას „ვიპრანჭები“ (გარეგნულადაც და შინაგანადაც) მათთან შესახვედრად. იწყება კიდევ ერთი სცენა, რომელიც დაგეგმილი გაქვს და თან გზადაგზა ცვლი, ბავშვების რეაგირების მიხედვით. ასეთ გაკვეთილებში მოგდევენ ბავშვები. თუ შენთვის ილაპარაკე და წინ წახვედი, უკანმოუხედავად, ანუ მათ თვალებში ჩაუხედავად, მიგატოვებენ, ჩამოგრჩებიან და დარჩები წინგაქცეული უმიზნოდ და სასაცილოდ. ხელი უნდა ჩასჭიდო ყველას (თვალით, შეხებით, ხმით, თვალსაჩინოებით…) და გაიყოლო. მე ასე მესახება მასწავლებლობის  ალგორითმი. დანარჩენს სტანდარტები გკარნახობს. ამგვარი მიდგომით ვმუშაობდი იქაც და აქაც. რა თქმა უნდა, კერძო სკოლას თავისი დამატებითი სტანდარტები აქვს და შესრულებაზეც უნდა იზრუნო. სიახლეს უნდა მიჰყვე. სკოლასაც და მშობლებსაც მეტი მოთხოვნები აქვთ. ახლახან გვქონდა საინტერესო პროექტები გარემოს დაცვაზე, წიგნის მნიშვნელობასა და მისი ბეჭდვა-გამოცემის პროცესზე, გვაქვს ახალი ჩანაფიქრი სხვა სკოლასთან ერთობლივ პროექტზე. პროექტში „ხე ჩემი მეგობარია“ სხვა აქტივობებთან ერთად, ბავშვებმა წერილები მიწერეს ხეებს, პრეზენტაცია ეზოში მოვაწყეთ, მშობლებიც მოვიწვიეთ, წერილები ხეებზე და ბუჩქებზე მივაბით. მოკლედ მიზანი, რომ მათ მეტი ეფიქრათ ბუნებაზე, შეხებოდნენ მცენარეებს, მიღწეულია. მეორე პროექტით სტამბას ვეწვიეთ, უნდა გენახათ რა ცნობისმოყვარედ ათვალიერებდნენ იქაურ პროცესს, კითხვები არ ელეოდათ.

– რუსუდან, სნოდან მიგრაციის პრობლემა ძალიან გაწუხებთ, მაგრამ თქვენც წამოხვედით…

– ასეა. ოთხი შვილის დედა და 3 შვილიშვილის ბებია ვარ. ყველა აქეთ ცხოვრობს და მინდა, მათთან ახლოს ვიყო, შვილიშვილებსაც მივხედო. სიახლეები მიყვარს და პროფესიულადაც ახალ გარემოში ვიმკვიდრებ თავს. ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის. საერთოდ, ადვილად არ ვყრი ფარ-ხმალს, წინააღმდეგობა ძალას მმატებს. 19 წლისა – პირველი შვილის დედა გავხდი. ეს იყო ყველაზე მძიმე წლები, სინათლე რომ გვენატრებოდა. მხარდამჭერი არ მყავდა, ჩემი მშობლები საგარეჯოში ცხოვრობდნენ, მე – ყაზბეგში, სნოში. სხვა გარემო, სხვა პირობები… ბავშვები რომ დაიძინებდნენ, მერე ვიწყებდი სადილის მომზადებასა და რეცხვას. სარეცხს რომ ვფენდი ხელები მავთულებზე მეყინებოდა. სოფლის საქმესაც ვასწრებდი. ოთხი შვილის გაზრდა კარგ პირობებშიც ძნელია. მომთხოვნი დედა ვარ, ადამიანი ბავშობიდანვე უნდა მიეჩვიოს პასუხისმგებლობას. ჩემს პირველ მოსწავლეებში ჩემი შვილიც იყო. ყველა საქმის დაწყებისას დიდი მნიშვნელობა აქვს  კოლეგების მხარდაჭერას. სკოლის დირექტორის ტარიელ ფირანიშვილისგან და დაწყებითის მასწავლებლის სანათა ვარდუკაშვილისგან ბევრი რამ ვისწავლე. თავადაც ვაკვირდებოდი ყველაფერს, ვსწავლობდი. მიყვარს ჩანაწერების გაკეთება – კითხულობ და ცოცხლად იხსენებ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვნად მიიჩნიე. მერე, კიდევ ცვლი რაღაცას. სნო ძალიან ძვირფასია ჩემთვის და თავისუფალ დროს ისევ იქით მივდივარ. მიგრაციის საკითხი კი არ მაწუხებს, მტკივა. სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ პრობლემას.

– შვილები? მასწავლებლობა არ მოინდომეს?

– არა, სხვა არჩევანი გააკეთეს. ვერიკომ მხოლოდ  სპორტის სიყვარულში მომბაძა, თუმცა მე ფრენბურთს ვთამაშობდი, მან უფრო ექსტრემალური სახეობა – მეკლდეურობა აირჩია. საუკეთესო ათეულში იყო, მის შეჯიბრებს ვერ ვუყურებდი, მიმძიმდა… ნათიამ წარჩინებით დაამთავრა სკოლა. სწავლის გარდა, ანსამბლ ,,ნაკადულის“ წევრი იყო.  ანა სნოს სკოლაში მიღებული ცოდნით გახდა სტუდენტი. გოგონები დაოჯახდნენ, პატარებს ზრდიან. ნაბოლარა ვაჟი სამედიცინოს მესამეკურსელია, თან იაშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს. ახლახან გავიგე, რომ პრობლემების მქონე ბავშვს დაეხმარა თავისი ხელფასით. გამიხარდა. რასაც ცდილობდი, რასაც ასწავლიდი შვილებს თუ მოსწავლეებს, ამის შედეგს რომ დაინახავ, ეს არის იმ დიდი შრომის ნაყოფი, რაც მათ აღზრდა-სწავლებაში ჩადე.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...