კვირა, ივნისი 22, 2025
22 ივნისი, კვირა, 2025

ბლუზი: ბესი სმითი (II ნაწილი)

0

ბესი ისევე მღეროდა საკუთარ ცხოვრებაზე, როგორც სხვები ავტობიოგრაფიას წერენ.

 

ამბობენ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ხელოვანის შემოქმედება უმეტესად ავტობიოგრაფიულია. ბესისთან მიმართებით ეს სიტყვები განსაკუთრებით სამართლიანია.

 

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ბესი სმითი უფრო და უფრო იხვეჭდა სახელს როგორც ბლუზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი, თუმცა საყოველთაო აღიარებამდე, „ბლუზის დედოფლობამდე“, ჯერ კიდევ შორი იყო. ბესი ბლუზის ბუმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც ამ ჟანრის მომღერლებზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული. ძალზე იშვიათი გახლდათ შემთხვევა, როდესაც აფროამერიკელების მიერ გაღმერთებული შავკანიანი „ვარსკვლავი“ თეთრებს შორისაც უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა.

 

ტრამპლინი

სტუდია „კოლამბია რეკორდსის“ დირექტორმა ფრენკ უოკერმა, რომელმაც შემთხვევით მოისმინა ბესის სიმღერა, ახალორლეანელ კომპოზიტორს მისი პოვნა და ნიუ-იორკში ჩაყვანა სთხოვა. უოკერმა იგრძნო, რომ ბესის გულწრფელი ნამღერი მსმენელს აუცილებლად ააღელვებდა და არც შემცდარა – ბესის მიერ შესრულებულ ბლუზს ხომ არასოდეს ახლდა თან ყალბი პათეტიკა და გადაჭარბებული სენტიმენტალურობა.

ბესი სმითის პირველი ჩანაწერი 1923 წლის 17 თებერვალს გაკეთდა. წარმატება გრანდიოზული იყო – 6 თვის განმავლობაში არნახული რაოდენობის (მილიონამდე) ფირფიტა გაიყიდა, რამაც ბესი უმალ აქცია ვარსკვლავად. ახალგაზრდა ქალმა მასწავლებელს – მა რეინს მიბაძა და საკუთარი შოუთი გასტროლები გამართა ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ბოსტონში, ფილადელფიასა და ამერიკის სხვა ქალაქებში.

ბესი სმითმა დიდების მწვერვალს იმ წლებში მიაღწია, როდესაც ფეხს იდგამდა შავკანიანების შოუბიზნესი. ეს იყო „მუსიკალური მატარებლების“, სპილენძის ჩასაბერი საკრავების, არ-დეკოს სტილის კაბებისა და კლაქსონიანი ავტომობილების ხანა.

 

ხელწერა

ბესი სმითის ბლუზი ტანჯული ადამიანის სულის სიღრმიდან ამოსული წუხილია. გარეგნულად უხეში მომღერლის ხმაში სცენაზეც და მის მიღმაც ფარული სევდა გამოსჭვიოდა. მასში ერთსა და იმავე დროს ისმოდა ძალა და სინაზე. სცენაზე ბესი, ჩვეულებრივ, ნელი ნაბიჯით გამოდიოდა, კიდეს უახლოვდებოდა და ფორტეპიანოს, დასარტყამი საკრავებისა და სპილენძის სურდინიანი საყვირის თანხლებით იწყებდა სიმღერას.

ბლუზის დედოფალი მსმენელებს გასაგებ და ნაცნობ ენაზე ესაუბრებოდა, ენაზე, რომელიც უშუალო და გულღია, ხანდახან – დაუხვეწავი და უხეში, მაგრამ ყოველთვის მგრძნობიარე იყო. მსმენელებს მომღერლის სიმბოლოები და ალეგორიები კარგად ესმოდათ. იმედი და სასოწარკვეთილება, სიხარული და ნაღველი, რომლებზეც ჰყვებოდა ბესი, მათთვის ისეთივე ახლობელი იყო, როგორიც დღისა და ღამის მონაცვლეობა.

 

საკუთარი სარკინიგზო ვაგონი

ბესიმ კარიერა ზანგების ჯურღმულებსა და მიყრუებულ სოფლებში დაიწყო, მისი დიდების პიკზე კი მაღალი წრის აღფრთოვანებულ წარმომადგენლებს საკონცერტო დარბაზები ვეღარ იტევდა.

როგორც ჭეშმარიტი ვარსკვლავი, ბესი გასტროლებზე საკუთარი სარკინიგზო ვაგონით დადიოდა. ეს იმიტომ, რომ შავკანიანებს არც ერთ პირველ კლასის ვაგონში არ უშვებდნენ.

ვაგონზე, ალბათ, ყველას გაგახსენდათ გლენ მილერის ჯაზორკესტრის მიერ შესრულებული „ჩატანუგა ჩუ-ჩუ“, რომელშიც საკრავები ოსტატურად გამოსცემენ მატარებლის ხმაურსა და საყვირის ხმებს.

 

ხასიათი

ბესი რთული პიროვნება იყო, თუმცა რბილი, გულითადი, მეგობრული და სიყვარულით სავსე. ცნობილია, რომ ნიუ-იორკში სახლი იმისთვის შეიძინა, რათა მის ღარიბ მეგობრებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შესძლებოდათ.

 

რეპერტუარი

ბესი სმითმა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა. კონტრალტოს ძლიერი ხმითა და ვნებით აღსავსე მანერით შესრულებული მისი ჩანაწერები შეგვიძლია სხვადასხვა ჟანრს მივაკუთვნოთ – ვოდევილიდან ბლუზამდე. ბესის ყოველი ჩანაწერი საყურადღებოა, მაგრამ ბლუზის ღრმად წვდომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლუი არმსტრონგსა და ჯონ სმითთან ერთად შესრულებული ნამუშევრები. ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ამგვარ ვარსკვლავურ შემადგენლობაშიც კი ბესი მსმენელთა ყურადღების ეპიცენტრში ექცეოდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ლუი არმსტრონგთან ერთად ჩაწერილმა სიმღერებმა საბოლოოდ გაამყარა ბესის როგორც იმ დროის ბლუზის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი.

 

გავლენა

მუსიკალურ სამყაროზე ბესი სმითს განუზომელი გავლენა ჰქონდა. მას უამრავი მომღერალი ბაძავდა. ბლუზის შემსრულებელთა შემდგომი თაობებიც კი დედოფლის შემოქმედებით საზრდოობდნენ. მასთან სტილისტიკური კავშირი თითქმის ყველა ვოკალისტს ჰქონდა.

ლუი არმსტრონგი, რომელიც კარიერის დასაწყისში ბესის აკომპანირებას უწევდა, ამბობდა: „ბესის მანერა ყოველთვის მაღელვებდა. ხმაში არსებული უჩინარი ნოტების წყალობით მას იმგვარი ფრაზირება შეეძლო, როგორსაც ბლუზის ვერც ერთი მომღერალი ვერ ახერხებდა. ბესი ღრმად გრძნობდა ყოველივეს, რასაც მღეროდა. სიმღერაში მის მიერ ჩაქსოვილი გულწრფელობა მსმენელებს ნამდვილ აღმაფრენას ჰგვრიდა“.

გოსპელის დედოფლად აღიარებული მაჰალია ჯექსონი, რომლის ვოკალური სტილი (და არა რეპერტუარი) ბესის მოგვაგონებს, იხსენებს, როგორ იპარებოდა ხოლმე შინიდან, რომ ბესისთვის, რომელიც ახალი ორლეანის თეატრში მღეროდა, ქუჩიდან მაინც მოესმინა. მიუხედავად იმისა, რომ მაჰალიას ბლუზი არასოდეს შეუსრულებია, მასზე ბესი სმითის გავლენა უდიდესი იყო.

ამბობენ, რომ ბლუზის ვარსკვლავი ბილი ჰოლიდეი ახალგაზრდობაში მხოლოდ იმისთვის მუშაობდა ბალტიმორის სამეძავო სახლში, რომ იქ ფონოგრაფზე ბესის ფირფიტებისთვის მოესმინა.

მიმბაძველთა სიმრავლის მიუხედავად, ბესის გამეორება ვერავინ შეძლო. მასთან მუშაობას ისეთი მუსიკოსებიც კი დიდ პატივად მიიჩნევდნენ, როგორებიც იყვნენ ლუი არმსტრონგი, ფლეტჩერ ჰენდერსონი, კოულმენ ჰოკინსი, ბენი გუდმენი, ჩუ ბერი.

 

დაღმასვლა

20-იანი წლების ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მთელი ამერიკა შეძრა და შოუბიზნესსაც დააჩნია კვალი. ამ პერიოდში ცვლილებას განიცდიდა მუსიკალური მოდა. ახალშემოჭრილი სვინგის გამო ბლუზის მიმართ ინტერესი თანდათან ცხრებოდა. სვინგის ეპოქასთან შეგუება ბესის არ გამოუვიდა და მისმა დიდებამაც გაუფერულება იწყო.

ბესის კარიერის დასრულებას სპირტიანი სასმელებისადმი ლტოლვამაც შეუწყო ხელი. 1928-1929 წლებში მომღერალი ერთადერთხელ გამოჩნდა ეკრანზე.

ბესის მხოლოდ მისი ნიჭის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლები შემორჩნენ. 30-იანი წლების დასაწყისში ის უკვე აღარ გამოდიოდა ნიუიორკის, ჩიკაგოსა და ფილადელფიის დიდ საკონცერტო დარბაზებში – კვლავ სამხრეთის მტვრიან გზებზე, ერთი ქალაქიდან მეორეში ხეტიალი უწევდა.

წლები გადიოდა, იცვლებოდა როგორც შავკანიანების, ისე თეთრკანიანთა გემოვნება. ქალაქების აფროამერიკელი მოსახლეობა უფრო და უფრო შორდებოდა მშობლიურ ფოლკლორს – ბლუზის მასაზრდოებელ წყაროს. მას სწრაფი და ვირტუოზული მუსიკა სწყუროდა. შესაბამისად, ავანსცენაზე დიდი ჯაზორკესტრები (ბიგ ბენდები) გამოვიდნენ. სვინგი უფრო და უფრო სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ. თუმცა საზოგადოებას ბესის სიყვარული არ განელებია, მის ბლუზს მოდისგან დამოუკიდებლადაც უსმენდნენ. სადაც არ უნდა გამოსულიყო, კონცერტები ყველგან ანშლაგით მიმდინარეობდა.

ბესის უკანასკნელი ჩანაწერი 1933 წლით თარიღდება. ეს თითქოს წარსულისადმი გაღებული უკანასკნელი ხარკი იყო.

 

ავტოკატასტროფა

ბესი სმითი 43 წლისა გარდაიცვალა საავტომობილო კატასტროფაში მიღებული უმძიმესი ტრავმების შედეგად. უბედური შემთხვევის მიზეზთა შესახებ არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს. ბევრი ამას რასიზმის პრობლემებთსაც უკავშირებს.

ჯაზის თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა, მათ შორის – კრის ალბერტსონი, ბესი სმითის დაღუპვის ასეთ ვერსიას გვთავაზობს: ავტოკატასტროფა მიყრუებულ სოფელში მოხდა და უახლოეს საავადმყოფოში ბესის გადასაყვანად ტრანსპორტი ვერ გამოიძებნა. მძიმედ დაშავებულმა ბლუზის დედოფალმა მოულოდნელად დატოვა სამყარო.

 

ბესი სმითის საფლავის ქვაზე წარწერა გვაუწყებს: „ბლუზის უდიდესი მომღერალი ამქვეყნად, რომელიც სიმღერას არასდროს შეწყვეტს“.

 

ჩატანუგას ღარიბ კვარტალში გაზრდილი პატარა გოგო ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად დარჩა ისტორიას. მისი სახელი ბლუზისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშია აღბეჭდილი, ხოლო სამი გამორჩეული სიმღერა „გრემის“ დიდების დარბაზში იკავებს კუთვნილ ადგილს. 2002 წელს ბესი სმითის „Downhearted Blues“-ის ჩანაწერი აშშ-ს კონგრესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში შევიდა როგორც ამერიკისა და მსოფლიოს კულტურული საგანძურის ნაწილი.

 

https://www.youtube.com/watch?v=go6TiLIeVZA

ინდიგო

0

ეზოპეს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ერთი საინტერესო ფაქტი მოგვხვდება თვალში. ცოტა უფრო შორიდან რომ დავიწყოთ, იმდროინდელ რომსა და საბერძნეთში რიტორიკა ძალიან პოპულარული იყო. ქვეყნების მეთაურებმა უამრავი ხალხის სისხლის ფასად მძლავრი სახელმწიფოები შექმნეს და დიდგვაროვან მოქალაქებს განცხრომით ცხოვრების საშუალება მისცეს, თუმცა უდრტვინველი ცხოვრება მოსაწყენი აღმოჩნდა და ვინაიდან ეს, როგორც საკუთარ თავს უწოდებდნენ, პატიოსანი მოქალაქენი განათლებულებიც ბრძანდებოდნენ, ვისაც გონება უჭრიდა – ფილოსოფიას მიჰყო ხელი, ვინც მუზას შეუამხანაგდა – ლექსებისა და პოემების, პიესებისა და სიმღერების თხზვით იკლავდა ხვაშიადს. თუ ნიჭთან ერთად საჭრეთელიც მოსდევდათ – მთელ დღეს ხარაჩოებზე ატარებდნენ და ხშირად ისეთ შედევრებს ქმნიდნენ, დღესაც რომ აოცებს მნახველს… მოკლედ, ჭკუა-გონებას ადრიდანვე დაედო ფასი, მაგრამ ყველა შეძლებული მოქალაქე ვერ დაიკვეხნიდა ნიჭიერებით, ამიტომ ბევრმა გამოსავალი რიტორიკაში პოვა: დადგებოდნენ ხალხმრავალ მოედნებზე და აფრქვევდნენ ბრძნულ აზრებს. თავის შექცევის ამ სახეობას ერთგვარი სპორტული ჟინიც ახლდა თან – ვისაც მეტი მსმენელი ჰყავდა, უფრო სახელოვნად მიიჩნეოდა. ცხადია, ენა და გონება ყველას ერთნაირად არ უჭრიდა, ამიტომ წარმატების მისაღწევად ათასგვარი ხრიკი გამოიგონეს, მათ შორის – ტაშის დამკვრელთა დაქირავებაც. იოლი ცხოვრება მაცდურია, ამიტომ ქალაქად თუ სოფლად ბევრმა გუთანსა და გრდემლს თავი მიანება და ტაშის კვრას შეუდგა. შეიძება ითქვას, ასე შეიქმნა პირველი „პოლიტიკური პარტიები“…

ეზოპეს დავუბრუნდეთ. ის მონა იყო და ამგვარ საჯარო თავყრილობებზე მუდამ თან ახლდა პატრონს, მაგრამ არცთუ იშვიათად ის უფრო იპყრობდა მსმენელთა ყურადღებას, ვიდრე მისი პატრონი. მაინც რატომ? ეზოპეს წამატების მიზეზი მარტო მისი გონიერება არ ყოფილა – ის ერთი მათგანი იყო, ვინც ტრიბუნის ქვეშ იდგა და თავაწეული შესცქეროდა ორატორს, ამიტომ საზოგადოებას მისი უკეთ ესმოდა, ვიდრე მისი პატრონის.

ეს წესი რიტორიკაში დღესაც აქტუალურია: თუ მომხსენებელს უნდა, მსმენელამდე მიიტანოს თავისი ნათქვამი, პირველი აუცილებელი პირობა ის არის, რომ აუდიტორიამ ის თავისიანად აღიქვას. სხვაგვარად მთელი მისი მონდომება ამაოდ ჩაივლის.

ეს დაუწერელი კანონი მოლეკულების იმპერიაშიც მოქმედებს.

დღეს ქსოვილის უამრავი საღებარი არსებობს. არც ბოჭკოების რაოდენობაა მცირე, მაგრამ ყველა ყველაფერს არ ღებავს. ქსოვილის შესაღებავად აუცილებელი პირობაა  საღებრისა და ბოჭკოს სტრუქტურათა მსგავსება. ბოჭკოს მოლეკულებმა „თავისიანად“ უნდა „აღიქვან“ საღებრის მოლეკულა, სხვაგვარად არ გაუღებენ გულის კარს და თავის სიღრმეში არ შეუშვებენ. უამისოდ კი საღებარი პირველივე გარეცხვაზე მოსცილდება ბოჭკოს ზედაპირს.

ძალიან ზოგადად ქსოვილის ბოჭკოები ორ დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ჰიდროფობურებად და ჰიდროფილურებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოჭკოებად, რომლებიც „არ სველდება“ და ბოჭკოებად, რომლებიც ადვილად იღებს ტენს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოები, როგორიცაა, მაგალითად, ლავსანი და ნიტროცელულოზა. მეორე ჯგუფის ბოჭკოები ძირითადად ბუნებრივი წარმოშობისაა: შალი, ბამბა, სელი და სხვა.

ბუნებრივი ბოჭკოების ღებვისას საღებარი ქსოვილის ზედაპირზე წყალბადური ბმების საშუალებით მაგრდება. ჰიდროფობურ ბოჭკებში ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ საჭირო გახდა სპეციალური კლასის საღებრების შექმნა. მათ დისპერსულებს (წყალში უხსნადებს) უწოდებენ. ჰიდროფობური ბოჭკოების შეღებვისთვის აუცილებელია ბოჭკოს წინასწარი გააქტიურება – მაღალ ტემპერატურაზე წამოდუღება. ამ დროს ბოჭკოს მოლეკულები ჯირჯვდება, მათ შორის მანძილი იზრდება და საღებრის მოლეკულას ბოჭკოს შრეებს შორის შეძრომის საშუალებას აძლევს. გაცივების შემდეგ ბოჭკოს მოლეკულები საწყის ფორმას იბრუნებს და საღებარი მის გისოსებს შორის რჩება მომწყვდეული. ასეთ ქსოვილებს რეცხვა ვერ აშინებს, დიდხანს რჩება შეღებილი და მათგან არც სხვა ქსოვილებს გადასდის ფერი. მაგრამ აუცილებლად უნდა დავიცვათ ნაწარმის იარლიყზე მითითებული რეცხვის რეჟიმი და ტემპერატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოჭკოს მოლეკულები გაიწელება და დატუსაღებულ საღებარს გაქცევის საშუალებას მისცემს.

საღებრების ამ დიდ ამქარს ჰყავს ერთი მეტად ჭკვიანი წევრი, სახელად ინდიგო. ის წყალში არ იხსნება, ამიტომ ბუნებრივი ბოჭკოების შესაღებავად ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ამ საღებარს ტრანსფორმაციის უნარი შესწევს. აღდგენისას იგი ფერს კარგავს და სტრუქტურას იმგვარად იცვლის, რომ ბამბის ბოჭკო თავისიანად მიიჩნევს, ამიტომ ინდიგოს მოლეკულები ადვილად აღწევს ცელულოზის გრძელი მოლეკულების შიგნით და მაგრდება. საკმარისია, უფერული ინდიგოთი შეღებილი ქსოვილი ჰაერზე გავკიდოთ გასაშრობად, რომ უკუპროცესი დაიწყება, ბოჭკოს მოლეკულებს შორის მანძილი შემცირდება და ლეიკო ინდიგო ჰაერის ჟანგბადის ზემოქმედებით ისევ ინდიგოს ფორმაში დაიჟანგება, შედეგად კი მივიღებთ რეცხვისადმი მედეგი მკაფიო შეფერილობის ბოჭკოს.

დღეს ტერმინ „ინდიგოს“ ადამიანებთან მიმართებით ცოტა სხვაგვარი კონოტაციით იყენებენ… ინდიგოს მოლეკულის უნარით აღჭურვილი მასწავლებელი, ჩემი აზრით, ყველაზე წარმატებული მასწავლებელი იქნება.

 

მარტინ სკორსეზე:  საუბარი ფილმების და განათლების ურთიერკავშირზე და მნიშვნელობაზე

0

დაგლას კრუიკშანკის (Douglas Cruickshank) ინტერვიუ ამერიკელ რეჟისორთან, მარტინ სკორსეზესთან (2006 წლის ოქტომბერი).

მარტინ სკორსეზე ვიზუალური წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ

რედაქტორის კომენტარი: „ისტორია ფილმების შესახებ“ წარმოადგენს დისციპლინათშორის პროგრამას, რომელიც მოსწავლეებს აცნობს კლასიკურ კინემატოგრაფსა და ფილმის კულტურულ, ისტორიულ და არტისტულ მნიშვნელობას. პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეასწავლოს ფილმების ვიზუალური ენის  „კითხვა“. ეს პროგრამა გახლავთ „ფილმ ფაუნდეიშენის“ პროექტი, მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორების მიერ 1990 წელს დაარსებული. პროექტში მონაწილეობა აქვთ მიღებული შემდეგ რეჟისორებს: მარტინ სკორსეზეს, ვუდი ალენს, რობერტ ალტმანს, ფრენსის ფორდ კოპპოლას, ქლინთ ისტვუდს, სტენლუ კუბრიკს, ჯორჯ ლუკასს, სიდნი პოლაკს, რობერტ რედფორდს და სტივენ სპილბერგს.

„ისტორია ფილმების შესახებ“ პროექტზე მუშაობისას და მისი ვიდეო ჩანაწერების წარმოებისას კენ ელისმა, ჯორჯ ლუკასის საგანმანათლებლო ფონდის, GLEF-ის მთავარმა ვიდეოპროდიუსერმა ჩაიწერა ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ რეჟისორთან, მარტინ სკორსეზესთან. მათი საუბარი შეეხო როგორც ვიზუალურ განათლებას, ისე ფილმებში არსებულ ძალადობას, კლასიკური ფილმების შენახვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას და სხვა მრავალ თემას, რომელიც განათლებასთან იყო დაკავშირებული. ქვემოთ მოცემულია მარტინ სკორსეზეს თვალსაზრისი ხსენებულ საკითხებზე, რომელსაც გთავაზობთ ამ ინტერვიუს მიმდინარეობისას და რომელსაც რეჟისორის კომენტარები აქვს დართული.

მარტინ სკორსეზე, ვიზუალური განათლების პროცესის შესახებ

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ვიზუალური თხრობისკენ მიბიძგა გახლდათ ის ფაქტი, რომ მე მუშათა ოჯახში დავიბადე. ჩემს მშობლებს ფორმალური განათლებაც კი არ ჰქონდათ მიღებული. ისინი მეორე თაობის იტალიელი იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. ჩვენს სახლში კითხვის ტრადიცია არ იყო. შესაბამისად, არც წიგნები იყო. ამიტომაც, მე მხოლოდ სკოლაში ვკითხულობდი.

ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობა მქონდა. მაწუხებდა საკმაოდ მძიმე ფორმის ასთმა და ამიტომ ვერც სპორტზე დავდიოდი და ვერც ეზოში დავრბოდი სხვა ბავშვებთან ერთად. ამის გამო, მშობლებს ხშირად დავყავდი კინოსა და ეკლესიაში. ფილმებთან ერთად ვუყურებდი სატელევიზიო შოუებს. იმ დროს ჩემი განათლება, ძირითადად ვიზუალური გახლდათ, თუმცა მაშინ არც კი მესმოდა, რომ ამ დროს ჩემი განათლების პროცესი მიმდინარეობდა.

 

მიყვარდა წიგნებიც. თუმცა, წიგნის კითხვის სწავლისთვის წლები დამჭირდა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე მოგვიანებით შევისწავლე, თუ როგორ მეცხოვრა წიგნებთან ერთად, როგორ წამეკითხა რამდენიმე ფურცელი, როგორ შემეგრძნო სიამოვნება წაკითხულისგან, როგორ დავბრუნებოდი წაკითხულს. იმ დროს ბევრად უფრო მიზიდავდა ფილმებში ჩამალული ვიზუალური კოდები. ამაში ვგულისხმობ კინემატოგრაფის უნარს კამერის, შუქის, მსახიობებისა და დიალოგის საშუალებით გადმოსცეს ამბავი – სცენარის ლიტერატურა თარგმნილი გამოსახულების ენაზე.

ფილმებში მოთხრობილი ისტორიები შესანიშნავი იყო. ასევე შესანიშნავი გახლდათ ისიც, თუ როგორ გადმოსცემდნენ რეჟისორები ისტორიებს მაყურებლისთვის. მე, როგორც ახალგაზრდა კაცმა, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ არის ასეთი თხრობა საინტერესო.

ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად შემდეგი რამ დავიწყე: რადგან ფილმების უმეტესობა იმ დროს ტელევიზიით გადაიცემოდა, ხოლო ქალაქის სხვადასხვა კინოთეატრებში ფილმების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა იყო წარმოდგენილი, დავიწყე კინოთეატრებში სიარული და ჩემთვის მიმზიდველი ფილმების მრავალჯერ ნახვა, ფილმებიდან ჩემი საყვარელი მომენტების დაკვირვება. ნელ-ნელა ნანახი ეპიზოდები ვიზუალურ მეხსიერებაში ჩამებეჭდა და ხანდახან დამახსოვრებულ მომენტებს უკვე საკუთარ ვიზუალურ ინტერპრეტაციასაც ვუკეთებდი.

ფილმებს მრავალჯერ ვნახულობდი და თან ნელ-ნელა ვსწავლობდი, როგორ ქმნიან ფილმებს, რას აკეთებს ოპერატორის კამერა. დავიწყე იმის შეცნობაც, რომ კინოში გარკვეულ ხერხებს და საშუალებებს იყენებენ და ეს საშუალებები შემდგომში ჩემი ლექსიკონის ნაწილი გახდნენ. ეს ლექსიკონი ისეთივე მართებულია, როგორც ლექსიკა, რომელსაც ლიტერატურა იყენებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური განათლება?

სკოლაში სწავლისას ჩვენ არაფერს გვასწავლიდნენ ვიზუალურ ხელოვნებაზე ან ვიზუალურ განათლებაზე. დღეს ჩვენი საზოგადოება გაჯერებულია ვიზუალური სტიმულაციებითა და ფორმატებით. დღეს, კარგია ეს თუ ცუდი, ვიზუალურმა გამოსახულებამ უკვე წამყვანი როლი დაიკავა.

მაგრამ რეალობა იმას გვკარნახობს, რომ თუ ვინმეს სურს ბავშვებთან ჰქონდეს ურთიერთობა და მათ რაიმე ასწავლოს, აუცილებელია იცოდეს, როგორ შეიძლება ემოციებისა და იდეების გამოხატვა ვიზუალურად.  ვიზუალური ფორმა ან ვიდეოს სახით წარმოგვიდგება ან ფილმშია მოცემული. მაგრამ მიუხედავად გასული დროისა, მათ ისევ იგივე წესები, ლექსიკონი და გრამატიკა აქვთ, როგორიც ჩემი ახალგაზრდობისას ჰქონდათ.

 

აქ იმ გრამატიკას ვგულისხმობ, რომელიც კინოში გამოიყენება აუდიტორიისათვის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადასაცემად. კინოგრამატიკისა და ლექსიკის ელემენტებია „ფენინგი“ – ფოკუსირებული ობიექტის მოძრაობა მოძრავ, არაფოკუსირებულ  ფონზე ან ფოკუსის გარეშე; „ბუმინგი“ – ხმის ჩაწერა გადაღების დროს, ახლო და საშუალო პლანის გადაღებები და სხვა ბევრი საშუალება, რომლებიც ემოციის ხილულად ჩვენებისთვის არის აუცილებელი.

ჩვენ ახალგაზრდა თაობას უნდა ვასწავლოთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მძლავრ გამომხატველ იარაღად გადაქცევა. დღეს ბავშვები ვიზუალურ ენას უფრო ადრე სწავლობენ, ვიდრე ვერბალურს. ამიტომ მგონია, რომ ვიზუალურ ენას ბავშვებზე მალე ადრინდელზე მეტი გავლენა ექნება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს და ვასწავლოთ მათ ვიზუალური ენის აღქმადი და გასაგები ინტერპრეტაცია. ამისთვის კი აუცილებელია სასწავლო პროგრამაში ფილმის შესახებ კურსის შეტანა. ამ კურსით ჩვენ მოსწავლეებს თვალსა და გულს გავუვარჯიშებთ და ვასწავლით, როგორ შეიძლება შეხედონ ფილმს სხვაგვარად. შეკითხვებით, სხვადასხვა იდეებთან და კონცეფციებთან გაცნობით ბავშვები ამას აუცილებლად შეძლებენ. ეს სწავლება მათ დაეხმარება სხვაგვარად იფიქრონ მონათხრობ ისტორიაზე, რომელიც ვიზუალური მეთოდებით არის მიტანილი მათთან. ხელს შევუწყობთ, ნანახ ამბებზე სერიოზულად იფიქრონ.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ვფიქრობ, იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმანეთთან უმეტესად ვიზუალური მეთოდებით ურთიერთობს და ხშირად ეს ქვეცნობიერია. ახალგაზრდებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასეთი კომუნიკაცია, ძალიან, ძალიან ძლიერი საშუალება გახლავთ.

ძალადობა ფილმებში

იმ სამყაროში, რომლიდანაც მე მოვედი, ძალადობა გამოხატვის მიღებული ფორმა გახლდათ. ეს ადამიანური მდგომარეობაა და, სამწუხაროდ, ეს ტრაგედიაა. თუ ამის შესახებ არ ვისწავლით და მის რაობას არ შევიმეცნებთ, როგორც ბიოლოგიური არსებები, ძალადობა ბოლოს მოგვიღებს.

მე ყოველთვის მიჭირდა იმის გადაწყვეტა, როგორ მეჩვენებინა ძალადობა ეკრანზე. მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია იმ სამყაროზე, რომლის ასახვაც გსურს. იმ აუდიტორიაზე, რომელსაც გსურს ის აჩვენო. შემდეგ კი დგება საკითხი, რა პასუხისმგებლობას იღებ მოსათხრობ ამბავთან მიმართებაში. როდესაც კინოფილმების გადაღება დავიწყე, ვიცოდი, რომ ჩემი ფილმები ბავშვებისთვის არ იქნებოდა განკუთვნილი. ვიცოდი, რომ მათ არასოდეს აჩვენებდნენ ტელევიზიით (აშშ-ში, ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენება მკაცრად არის რეგულირებული კანონებით, ლ.ა.) და თუ სადმე უჩვენებდნენ, მათი რედაქტირება მოხდებოდა. მე თვითონ არ მსურდა, რომ ჩემი ფილმები ჩემს შვილს ენახა ტელეეთერში საღამოს ექვს თუ რვა საათიან გადაცემებში.

როდესაც ტელევიზიაში „ბოროტი ქუჩები“ და „ტაქსის მძღოლი“ უჩვენეს, ორივე კუპიურებით გავიდა (ფრ. Coupure – მხატვრული ნაწარმოებიდან გარკვეული ადგილების ამოღება; შემოკლება, ლ.ა.).

საკაბელო ტელევიზიის გამოჩენამ უკვე სხვა პრობლემები გააჩინა. კაბელი, როგორც იცით, ის მომსახურებაა, რომელშიც რამის სანახავად ფულს იხდი. შესაბამისად, შეგიძლია მთლიანი ფილმი ნახო, კუპიურების გარეშე. ამიტომაც, მგონია, რომ „ტაქსის მძღოლი“ და „მაგარი ბიჭები“ ისეთი ფილმებია, რომელთა ჩვენება მხოლოდ ღამის საათებშია (22 სთ-ზე და გვიან) მიზანშეწონილი. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ფილმის შემქმნელს ეკისრება – მან უნდა უზრუნველყოს, რომ ზოგიერთი კინომასალა არ უნდა მოხვდეს ახალგაზრდების თვალსაწიერში.

წარსულის მოფრთხილება და შენახვა

კინომატოგრაფის ენა, შეიძლება ითქვას, ამერიკული ფენომენია და აქ, ამერიკაში შეიქმნა. კინო ხელოვნების ამერიკული ფორმა გახლავთ, მაგრამ ფილმი თავისთავად, ძალიან ეფემერული და მალფუჭებადი პროდუქტია. შესაბამისად, მისი ფორმა მუდმივად იცვლება. მაგალითად, „მისტერ სმითი  ვაშინგტონში მიდის“ 35 მმ-იან ფირზეა გადაღებული, რათა 1939 წელს დიდ ეკრანზე ეჩვენებინათ. დღეს მისი ნახვა კი უკვე აი-პოდზეა შესაძლებელი. ნუთუ ეს იგივე ფილმია? უამრავი დიდებული ფილმი მაქვს ნანახი 16-დუიმიან ტელევიზორში, დღეს კი მათ კომპიუტერში და აი-ფონებში ნახულობენ. ამიტომ აუცილებელი და საჭიროა, არ დაიკარგოს ის განზრახულობა და გზა, რომლის მიხედვითაც  ორიგინალები იქნა გადაღებული.

ვფიქრობ, წარსულის ფილმები ახალგაზრდებს მოუყვებიან გასული დროის შესახებ და მათი თაობის ამოცანა იქნება, შეინახონ და გადაარჩინონ კინოს ასწლიანი ისტორია და წარსულის კინოხელოვანთა შემოქმედება.

 

 

 

წყარო: https://www.edutopia.org/martin-scorsese-teaching-visual-literacy

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

ისლანდია – გეიზერების ქვეყანა

0

ისლანდიის ფართობი 103 300 კვ. კმ-ია. აქედან დაახლოებით 11 000 კვ. კმ ანუ 11% მყინვარებს უკავია, ხოლო 2 700 კვ. კმ – ტბებს. ქვეყანა ასევე მდიდარია ტყეებით, რომელთა საერთო ფართობი 1511 კვ. კმ-ს აღწევს. ზამთარში კუნძულის ცენტრალური ნაწილი იმდენად უკაცრიელი და უდაბურია და ისე წააგავს მთვარის ლანდშაფტს, რომ ნასამ თავის ასტრონავტებთან ერთად მთვარის ზედაპირზე გადასვლის გეგმა სწორედ აქ დაამუშავა.

ისლანდიას სახელი ნორვეგიელმა ვიკინგმა ფლოკმა დაარქვა – კუნძულის ნაპირებთან აისბერგების დანახვისას მან ამ ტერიტორიას „ყინულის მიწა“ (Ice land) უწოდა.

მართალია, ისლანდია ჩრდილოეთის ქვეყანაა, მაგრამ სინამდვილეში ზამთარში აქ არცთუ ისე ცივა, როგორც ჩვენ გვგონია. ჰაერის ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის -6 გრადუსზე დაბლა. სამაგიეროდ, ზამთარში ისლანდიაში ბნელა: 21 დეკემბერს, წლის ყველაზე მოკლე დღეს, აისი 10.30–ზეიწყება, ხოლო 16 საათზე მზე უკვე ჩასულია. ზამთრის გრძელ ღამეებს ზაფხულში გრძელი დღეები ცვლის – ივლისში მზე ისლანდიაში სულ რამდენიმე საათით ჩადის.

ზამთარში მზის სინათლის უკმარისობას ერთგვარად აკომპენსირებს ჩრდილოეთის ციალი. მასზე დაკვირვება გამუდმებითაა შესაძლებელი, ამიტომ რამდენიმე კვირის შემდეგ მას თითქმის აღარ აქცევენ ყურადღებას. ვინაიდან ზამთარში მზე აქ თითქმის არ ანათებს, რაქიტისა და მზის სხივების უკმარისობით გამოწვეული სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად ისლანდიელები თევზის ქონს იღებენ.

ისლანდიაში უმთავრესად სანაპირო ტერიტორიებია დასახლებული და ადამიანებიც ქვეყნის შიგნით უპირატესად სანაპიროს გასწვრივ მოგზაურობენ. ისტორიულად ისე მოხდა, რომ ისლანდიელები დასავლეთს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ეძახიან, ჩრდილოეთს – ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, აღმოსავლეთს – აღმოსავლეთს, სამხრეთს კი – რეიკიავიკის რაიონს, ამიტომ გამორიცხული არ არის ლინგვისტური კაზუსები: ისლანდიელი, რომელიც კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართება, ამბობს, რომ ჩრდილოეთით მიემგზავრება, მაშინ როცა ფაქტობრივად აღმოსავლეთით მოძრაობს, ხოლო როცა კუნძულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან რეიკიავიკისკენ ანუ, ფაქტობრივად, ჩრდილოეთით მიდის, ამბობს, რომ სამხრეთისკენ უჭირავს გეზი.

ისლანდიის სავიზიტო ბარათი გეიზერების მდელოა. აქ დაახლოებით 7000 ცხელი წყარო მოჩქეფს, რომლებიც ჯამში 250 ჯგუფს ქმნის. ეს მსოფლიოში ფართობის ერთეულზე გეიზერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ისლანდიის სიამაყეა აქაურთა ნაციონალური სიმბოლო – ცისფერი ლაგუნა. ეს სრულიად უნიკალური გეოთერმული ტბაა, რომელიც ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, რეიკიანესოს ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ტბის წყლის ტემპერატურა მთელი წელი +37°С-ია. ტბის ფსკერი შავი ბაზალტური ქვიშითა და თეთრი ტალახითაა დაფარული. ყოველწლიურად ტბას 300 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

მსოფლიოს ყველაზე ფართო „მდუღარე“ მდინარე დეიდარტუნგუვერი რეიკიავიკიდან ჩრდილოეთით მიედინება. მისი საკმაოდ ცხელი წყლის ხარჯი წამში 225 ლ-ს შეადგენს.

ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია. თავად კუნძულზეც მრავლადაა ვულკანები, რომელთაგან 30 ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ამოიფრქვა. 1963 წელს ისლანდიის სამხრეთ ნაპირებთან ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა კუნძული სერტსეი. ქვეყნის ყველაზე ცნობილი ვულკანია ეიიაფიატლაიუკუტლი. ალბათ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია ამ სიტყვის სწორად წარმოთქმა.

ევროპის უდიდესი მყინვარი ვატნა-იოკული („მყინვარი, რომელიც წყალს იძლევა“) ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი 8.5 ათასი კვ. კმ-ია, რაც ევროპის ყველა მყინვარის ფართობთა ჯამს უტოლდება. ისლანდიის ყველაზე დიდი ტბაა დინგვალლავატნი, ხოლო უმაღლესი მწვერვალი – ჰვანნადალსჰნუკური.

ისლანდიაში მდებარე ჩანჩქერი დეტიფოსი ევროპის ყველაზე მძლავრი ჩანჩქერია: იქიდან წამში დაახლოებით 500 მ3 წყალი ვარდება. მისი შხეფები კილომეტრის მანძილზე ვრცელდება, მზიან დღეს კი ჩანჩქერს ცისარტყელა ამშვენებს.

ევროსაბჭოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სკანდინავიელების მიერ მოხმარებული ენერგიის 25%-ზე მეტი აღდგენადი წყროებიდან იწარმოება. შედარებისთვის გეტყვით, რომ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 6%-ია. ისლანდიელები უმთავრესად ენერგიის აღდგენადი წყაროების გამოყენებას ცდლობენ. გაზი და ბენზინი აქ მხოლოდ ავტომობილებისა და კატარღებისთვის გამოიყენება. ისლანდიაში ონკანში ადგილობრივი თერმული წყაროების წყალი მოდის, რომელიც სასმელად ვარგისია, ამიტომ კაფეებსა და რესტორნებში წყლის ფულს არ იხდიან. ცხელი თერმული წყაროების წყალს ლაყე კვერცხის სუნი სდის, რადგან გოგირდითაა მდიდარი. ცხელი თრემული აბაზანების მიღება რეიკიავიკელებისთვის განტვირთვისა და დასვენების ფორმაა.

ისლანდიის ნაპირებთან ნაპოვნია დედამიწის ყველაზე ხანდაზმული არსება – მოლუსკი, რომლის ასაკი მეცნიერებმა მის ნიჟარაზე რგოლების რაოდენობის მიხედვით დაადგინეს და აღმოჩნდა, რომ ის სულ რაღაც 405-410 ათასი წლისაა.

ისლანდია რესპუბლიკური მმართველობის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რითაც ისლანდიელები სამართლიანად ამაყობენ. პარლამენტი აქ X საუკუნიდან, უფრო ზუსტად, 930 წლიდან არსებობს და მსოფლიოში უძველესია. დღევანდელი პარლამენტი, ალტინგი (Alþingi), 63 წევრისგან შედგება, რომლებსაც 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. ისლანდიელები იმითაც ამაყობენ, რომ ევროპის პირველი და მსოფლიოში მეორე ქალი პრეზინდენტი სწორედ ისლანდიელი ვიგდის ფინბოგადოტირი იყო. ის 1980 წელს აირჩიეს და ამ პოსტზე 4 ვადის განმავლობაში – 1996 წლამდე დარჩა.

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში. აქ მხოლოდ 320 ათასი კაცი ცხოვრობს, ხოლო მეორე მსოფლიო ომამდე ქვეყნის მოსახლეობა სულ რაღაც 50 ათასს შეადგენდა. დემოგრაფიული პოლიტიკა აქ ბავშვის ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენაა მიმართული და არა შობადობის გაზრდისკენ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სანაპირო ზოლშია კონცენტრირებული (თითქმის ნახევარი დედაქალაქში ცხოვრობს), ხოლო კუნძულის შიდა რაიონები თითქმის დაუსახლებელია. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია.

ისლანდიაში გვარის მაგივრად პატრონიმია ანუ მამის სახელის ანალოგი იხმარება. მამის სახელს ნაწილაკი „სონ“ (ვაჟი) ან „დოტირ“ (ქალიშვილი) ემატება. მაგალითად, Silia Palmarsdottir – სილია პალმარსის ქალიშვილი. ამიტომ ერთი და იმავე ოჯახის წევრებს სხვადასხვა გვარი აქვთ, რამაც უცხოელი შესაძლოა დააბნიოს. თუ მამა რაიმე მიზეზით არ აღიარებს მამობას, ბავშვი გვარის სახით მატრონიმს იღებს ანუ დედის სახელს იმავე ნაწილაკებს ამატებს.

ისლანდიას არ ჰყავს შეიარაღებული ძალები. მათ ფუნქციას გარკვეულწილად სანაპირო დაცვა ასრულებს. ისლანდიაში პოლიციებიც კი არ ატარებენ იარაღს. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პროფესიებია მხატვარი, მუსიკოსი და დიზაინერი. ყოველი მეორე ბარმენი ან ოფიციანტი ცდილობს განათლების მიღებას შემოქმედებით სფეროში და, ამავე დროს, რომელიმე როკ- ან ფოლკჯგუფში უკრავს.

უკანასკნელი 1000 წლის განმავლობაში ისლანდიური ენა პრაქტიკულად არ შეცვლილა, ამიტომ დამწერლობაში გვხვდება ასოები, რომლებიც ინგლისურ ენაში არ არსებობს. ასე რომ, აქაურებს ადვილად შეუძლიათ ვიკინგების ძველი საგების ორიგინალში კითხვა. მშობლიურ ენასთან ერთად მათ იციან ინგლისურიც. ზოგიერთი მონაცემით, ისლანდიელები ყველაზე ნაკითხი ხალხია მსოფლიოში. ერთ სულ მოსახლეზე წიგნების რაოდენობით ქვეყანას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. ისლანდიელების საყვარელი გამოთქმაა: „თუ თქვენს ცხოვრებას აზრი აქვს, მაშინ მასში აუცილებლად იქნება წიგნები“.

კუნძულზე თითქმის არ არიან მტაცებლები და მღრღნელები, სამაგიეროდ, ნაპირებთან, გოლფსტრიმის თბილ წყლებში, უამრავი თევზია, ამიტომ თევზჭერა ისლანდიის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია, ხოლო თევზის ექსპორტი – საგარეო ვაჭრობის ძირითადი რგოლი. მეთევზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ამ ხელობის ხალხს უნივერსიტეტის პროფესორზე 5-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს.

ისლანდიაში ძირითადად თევზით იკვებებიან, ამასთან, ყველა კერძს უხვად ასხამენ მაიონეზს, მდოგვსა და კეტჩუპს. ისლანდია მსოფლიოში შაქრის ერთი-ერთი უდიდესი მომხმარებელია. აქ ასევე ძალიან უყვართ კოკა–კოლა. სამაგიეროდ, ისლანდიაში ვერ შეხვდებით მაკდონალდსის რესტორანს – უკანასკნელი 2008 წლის კრიზისის დროს დაიხურა.

ისლანდიის ეროვნული კერძი ჰაუკარლი ჩაშუშული გრენლანდიური ზვიგენის წვრილად დაჭრილი ხორცია. თუ ხორცს არ დაღეჭავთ და პირადაპირ გადაყლაპავთ, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ დაღეჭავთ, მაშინვე შარდის გემოს იგრძნობთ. საქმე ის არის, რომ გრენლანდიურ ზვიგენს არ გააჩნია შარდგამომყოფი გზები და მისი ხორცი მომწამლავ ამიაკს შეიცავს. ხორცი საჭმელად ვარგისი რომ გახდეს, მას სამი თვით ტოვებენ გამოსაშრობად სარდაფში ან მიწის ქვეშ.

სკანდინავიელები ისლანდიის ტერიტორიაზე IX საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ. დედაქალაქის დამაარსებლად ნორვეგიელი ვიკინგი ინგოლფურ არნარსონი მიიჩნევა. რეიკიავიკი მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე (ჩ. გ. 64 გრადუსი) მეგაპოლისია. სახელი მან გეოთერმული წყაროებიდან ამოფრქვეული აირების გამო მიიღო და ასეც ითარგმნება – „მბოლავი უბე“. რეიკივიაკის არქტიკული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ბაღია. აქ არქტიკული ფლორის დაახლოებით 400 სახეობაა თავმოყრილი.

ისლანდია ევროპის ეკონომიკური ზონის (ЕЕА) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) აღიარებული წვერია. ისლანდიის ეკონომიკა უმთავრესად თევზჭერაზეა დამოკიდებული. მოსახლეობის დიდი ნაწილი თევზის მომპოვებელ დარგებსა და მასთან დაკავშირებულ საწარმოებშია დასაქმებული. მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგებია ზღვის პროდუქტების ექსპორტი და მეცხვარეობა. ცხვრების სულადობა ისლანდიაში 800 ათასს აღწევს. ზაფხულში მათ მთის საძოვრებზე ერეკებიან, შემდოგომაზე კი პონიზე ამხედრებული სოფლის ახალგაზრდობა ძაღლების თანხლებით ფარის საძებნელად მიდის, ცხვრებს აგროვებს და  პატრონებს უბრუნებს.

დღეს ქვეყანა ტურისტული ინდუსტრიის განვითარებასაც ცდილობს. ტურისტებს შორის მეტად პოპულარულია დაკვირვება ზვიგენებსა და ფრინველებზე, ასევე – სათავგადასავლო ტურიზმი და ველოტურიზმი, ჯომარდობა, ექსკურსიები მყინვარებსა და გეიზერების მდელოზე.

თითქმის ყველა ისლანდიელი ფეისბუკის მომხმარებელია. უკანასკნელი მონაცემებით, ისლანდია ყველაზე აქტიური ქვეყანაა სოციალურ ქსელში. მათაც კი, ვისაც ფეისბუქზე საკუთარი პროფილი არ აქვს, ადვილად იპოვით ინტერნეტის მეშვეობით – ქვეყნის ყველა მცხოვრები რეგისტრირდება სიატზე ja.is, სადაც მიუთითებს სახელს და გვარს, ტელეფონის ნომერს, მისამართს და იმ ადგილს რუკაზე, სადაც მისი სახლი მდებარეობს. ისლანდიის თითოეულ მოქალაქეს აქვს წვდომა მონაცემთა გენეალოგიური ბაზის საიტ Íslendingabók-თან, რომელიც, XVIII საუკუნიდან მოყოლებული, ყველა ისლანდიელის ნათესაური კავშირების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ასეთი ბაზის შექმნა უმთავრესად ქვეყნის მოსახლეობის მცირერიცხოვნებამ და მიგრაციამ ფაქტორმა განაპირობა. ბევრი ახალგაზრდა ამ საიტს იმისთვის იყენებს, რომ დაადგინოს, რამე ნათესაური კავშირი ხომ არ აქვს თავის შეყვარებულთან, რათა თავიდან აიცილოს ინცესტი. საიტს ხშირად იყენებენ ცნობილ ადამიანებთან კავშირის დასადგენადაც. მაგალითად, თითოეულ ისლანდიელს შეუძლია გაიგოს, რომელი თაობის ნათესაური კავშირი აქვს ცნობილ მომღერალ ბიორკთან.

წყარო:
https://damselka.livejournal.com/31626.html

ბარონი მიუნჰუზენი – ტყუილები ყველაზე მართალი კაცისგან

0

აპრილში  მოსწავლეებს „ბარონ მიუნჰაუზენის თავადასავალს“ ვუკითხავ და ტყუილის ფენომენზე ვსაუბრობთ. გრძელცხვირა და ულვაშებაწკეპილი ჩია ბერიკაცის ნაამბობზე გულიანად იცინიან, საუბარშიც განსაკუთრებული ენთუზიამით ერთვებიან.

ვაკვირდები და ვფიქრობ, გაზაფხულის დამსახურებაა ასეთი ხალისიანი განწყობა თუ მართლაც თავისებური  მისტიკა ახლავს აპრილს – სიცრუის, მასხრობისა და თამაშის ხასიათზე რომ გვაყენებს. ფაქტი ჯიუტია: განსხვავებული ეროვნების, რელიგიისა თუ  შეხედულებების ადამიანები შეთქმულებივით სწორედ აპრილში აღვნიშნავთ სიცილის, წითელი ცხვირის, გაუცინარი მზეთუნახავის, აპრილის გიჟის და ვინ მოთვლის,  სანქცირებული ტყუილის რამდენ გამოგონილ დღეს.

მიუნჰაუზენის ამბებით შთაგონებული ბავშვები გულახდილობის ხასიათზე დგებიან და როდესაც ვეკითხები, რა შემთხვევაში ამბობენ ტყუილს, ერთმანეთს პასუხის გაცემას არ აცდიან:

– როცა მეშინია, მასწ! როცა ვნერვიულობ! ბევრს რომ ვფიქრობ მერე! როცა არ ვიცი რა ვთქვა! ისე, უბრალოდ! როცა მინდა სიმართლე არ გაიგონ! შევეჩვიე და ვამბობ!  ზოგჯერ ტყუილი ჯობია, მასწ, თორემ სიმართლე რომ ვთქვა,  შეიძლება მეტი საყვედური მივიღო!

ერთი შეხედვით მარტივი ფრაზებია, მაგრამ ისეთი ცნობისმოყვარე გამოხედვა, აჩქარებული გულისცემა, ალალი მიმიკა და ჟესტიკულაცია ახლავს, წიგნის წაკითხვის ტოლფას განცდებს მიტოვებს.

ინტერესი მიმძაფრდება და კიდევ ერთ შეკითხვას ვაპარებ:  არავის გითქვამთ ტყუილი სხვის გასამხიარულებლად?

– როგორ არა მასწ, მაგრამ ეგ უკვე ტყუილი კი არა, გამოგონილი ამბავი იქნება!

და აი, სწორედ ასეთ მომენტში მეძლევა შანსი ბავშობას დავუბრუნდე, სკეპტიკურობის, კრიტიკისა და ირონიის გარეშე მივიღო ზღაპრები, მიამიტურად ვენდო  მიუნჰაუზენს, როდესაც ამტკიცებს: „სად მე და სად ტყუილი! ჩემისთანა მართლისმთქმელი კაცი დედამიწაზე არ დაიარებაო!“

სიცრუის პავილიონი

დამეთანხმებით ალბათ, რომ არსებობს წიგნები და ლიტერატურული გმირები, რომლებსაც ყველა იცნობს და მათ შორისაა  მიუნჰაუზენიც. ზოგს წიგნი წაუკითხავს, ზოგს ანიმაციური ან მხატვრულ ფილმი უნახავს, ზოგს კი უბრალოდ სმენია მის შესახებ. თუმცა,  პოპულარობის მიუხედავად ყველამ როდი იცის, რომ ფათერაკებიანი ბარონი რეალური პიროვნება იყო – სამხედრო პირი, მამაცი მეომარი, სახელგანთქმული მონადირე და კარგი მთხრობელი, სახელად კი იერონიმ კარლ ფრიდრიხ მუნჰაუზენი ერქვა. მის შესახებ დაწერილი მოთხრობების ავტორი კი XVIII საუკუნის გერმანელი მწერალი, პოეტი და ისტორიკოსი რუდოლფ ერიხ რასპე გახლავთ.

ბარონი მიუნჰაუზენი გერმანიის ქალაქ ბოდენვერდერში ცხოვრობდა. ომიდან რომ დაბრუნდა, ეზოში უზარმაზარი პავილიონი ააგო, რომელიც ნადირის ტყავებითა და ფიტულებით მორთო. ვახშმის შემდეგ პავილიონში მეგობრებისა და მეზობლების სასმელზე მიპატიჟება და საოცარი თავგადასავლების მოყოლა უყვარდა. გადმოცემის თანახმად, როლებში რომ  შეიჭრებოდა სახე წამოუჭარხლდებოდა და თავის მოდურ პარიკს აქე-იქით ატრიალებდა. გარშემომყოფების სიცილ-ხარხარს, დამცინავ  შეძახილებს არად აგდებდა და შეუსვენებლად ყვებოდა ჰაერში პეპლებივით მოფარფატე ქალებზე, კაცზე, რომელიც  თოკისგან განასკვული ყულფით მთლ ტყეს ერთ კონად კრავდა, ცალი ნესტოდან კი ისე უბერავდა, წისქვილის ფრთებს ატრიალებდა, მთვარის მეფისა და მზის იმპერატორის ომზე, ყველის კუნძულზე, სადაც ლუდისა და რძის მდინარეები მორაკრაკებდა და საკვირველად ზრდილობიან ხეებზე, სტუმრებს თავის დახრით რომ ემშვიდობებოდნენ, როგორ აჯირითა  მარხილში შებმული მგელი, როგორ ამხედრდა და დასეირნობდა ნახევარ ცხენზე, როგორ დაამარცხა ცოფიანი  ქურქი…

მალე ეს ამბები „მხიარული ადამიანების გზამკვლევში“ დაიბეჭდ. 1786 წელს კი რასპემ ლიტერატურულად დაამუშავა და წიგნად გამოსცა. ბარონი პოპულარული გახდა, ბოდენვერდერში მის სანახავად მოცლილი ადამიანების ნაკადი დაიძრა. ცნობისმოყარეების მოსაგერიებლად მიუნჰაუზენი იძულებული გახდა სახლის გარშემო დარაჯები დაეყენებინა.

დღეს ბოდენვერდერში მიუნჰაუზენის ძეგლი დგას, მის  ეზოს კი ისევ ამშვენებს  ძველებურ ყაიდაზე აგებულ-რესტავრირებული პავილიონი, რომელსაც ახლა „სიცრუის პავილიონს“ ეძახიან.

სასაცილოდ ყოფნის ფუფუნება ყველას როდი აქვს.

ძნელია, არ გაგეცინოს, როდესაც  მთვარიდან მომავალ ბარონს თოკი არ ყოფნის, გზადაგზა ჭრის, ერთმანეთზე გადანასკვამს და ისე უახლოვდება დედამიწას; ჯოხზე ცხენს მიაბამს, დილით თოვლი დადნება და ცხენი ეკლესიის სამრეკლოზე ჩამოკიდებული აღმოჩნდება; ცხენს იღლიაშ, კარეტას კი მხრებზე მოიგდებს და ისე განაგრძობს გზას; საკუთარ თავს ნაწნავში სწვდება, მოქაჩავს და ჭიდან ამოიყვანს.

– პატივცემულო ბარონო, თქვენ გვარწმუნებთ, რომ ადამიანი თავის თმას ხელს თუ ჩაავლებს, შეძლებს მაღლა აიტაცოს? – უკითხავთ მიუნჰაუზენისთვის, მას კი განუმარტავს, რომ „საღად მოაზროვნე თანამედროვე ადამიანი ვალდებულიც კი არის შიგადაშიგ ივარჯიშოს ამ ილეთზეო.“

რას ვიზამთ, ყველა როდი დავიკვეხნით ასეთი თავდაჯერებულობით, არც იმის ფუფუნება გვაქვს, მუდამ სხვის გამხიარულებაზე ვიფიქროთ და გვჯეროდეს, რომ „ადამიანების მთავარი უბედურება, მათ ზედმიწევნით სერიოზულობაშია. დიახ! ყველაზე მეტ სისულელეს დედმიწაზე სწორედ სერიუზული გამომეტყველების მქონე ადამიანები ჩადიან!“

აპრილის საკადრისი გაკვეთილი გრძელდება

ბევრ მოგზაურს სჩვევია თავს გადახდენილი ამბების გაზვიადება, თუმცა, როგორი დამოკიდებულება გვექნება  ზღაპრების, თავშესაქცევი ამბებისა და ფენტეზის მიმართ ეს ჩვენი პირადი საქმეა. ზოგს არ მოსწონს ან აღიზიანებს  მიუნჰაუზენისეულ არაკები, ვერც ასაკობრივ ცენზს ანიჭებს მის შესახებ დაწერილ წიგნს და ეს ფაქტიც საგონებელში აგდებს. სკეპტიკურ აუდიტორიას ბარონი თავიდანვე აფრთხილებს: „თუ თქვენს შორის არის ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება ჩემს სიმართლეში, ბოდიშის მოხდით ვთხოვ დაგვტოვოს. მე მართალია ბევრ დაუჯერებელ ამბავს გიამბობთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემს ისტორიებს ჭეშმარიტებასთან საერთო არ აქვს!“

აი, ასე მარტივად ირჩევს ავტორი საკუთარ მსმენელსა და მკითხველს.  ბავშვური მიამიტობის მისხალი თუ შეგვრჩენია, დავრჩებით და მოსწავლეებთან ერთად შევთანხმდებით, რომ მიუნჰაუზენი ალალ-მართალი ადამიანია. გახსოვთ ალბათ, „ყველის კუნძულში“ ერთი პასაჟი: მოგზაურებს, რომლებიც საკუთარ თავგადასავალს უსინდისოდ აზვიადებენ, თავდაყირა დაკიდებენ. ბარონი აღშფოთდება, მაგრამ დამსჯელებს როდი უსაყვედურებს, ცრუპენტელების საქციელს დაგმობს და დასძენს: „ჩემს ნაამბობში არც ერთი ტყუილი არ ურევია, ტყუილი მეჯავრება, ყველა ჩემს ახლობელს ყოველთვის ყველაზე მართალ კაცად მივაჩნდიო!“

– მე მჯერა მიუნჰაუზენის, მასწ!  მართლა წუხდა მატყუარების ხელმწიფეს და ტყუილების გუდას რომ ეძახდნენ, მეც არ მომეწონებოდა! დასცინიან, ის კი გულით იცინის, ესეიგი, ბედნიერია! მგონი, მართლა მოსძვრა თავი, მთვარეზეც იქნებოდა, ისეთი ყოჩაღია!  ზედმეტებიც მოსდის, მაგრამ ისე კარგად  ყვება, ვუჯერებ! მიუნჰაუზენი არ ტყუის, მასწ,!

ჩემი აზრით, ბარონის ნაამბობზე ადამიანების რეაქციით რასპე საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ საკუთარი თავი და ბავშვების ქცევასაც დავაკვირდეთ.

სახელოვანი ბარონი ირემს კლავს იმისთვის რომ  შამფურზე წამოაცვას და ზედ მისი შუბლიდან ამოსული ალუბლის ნაყოფისგან მოხარშული კომპოტი დააყოლოს. ნეტავ თუ გაიცინებენ მოსწავლეები, რას იტყვიან, მოიწონებენ ამგვარ გადაწყვეტილებას? მეორე შემთხვევაში სანადიროდ წასული მიუნჰაუზენი დათვს მოკლავს, გაატყავებს, მის ქურქს გადაიცვამს, თეთრ დათვებს გაუშინაურდებ, მერე  კი სათითაოდ ყველას ამოხოცავს. ვინ იფიქრებდა თანამოძმე ასეთი მუხანათი თუ აღმოჩნდებოდა! ნუთუ ამ შემთხვევაშიც მისაღებია სიცილი?  ბარონი გავკიცხოთ თუ არასწორ რეაქციაზე ვისაუბროთ?

ვინ იცის, რა ჩაიფიქრა რასპემ ორი საუკუნის წინ ამ ამბებს რომ წერდა! რაც არ უნდა იყოს აპრილის ერთი გაკვეთილი საკმარისი ნამდვილად არ აღმოჩნდა, მთხოვენ, შემდეგ გაკვეთილზეც  მივიტანო წიგნი, კიდევ წავიკითხოთ და დავხატოთ გასაოცარი ამბები. ინტერნეტში ილუსტრაციებსაც ვათვალიერებთ. ბევრი მხატვრის შთაგონების წყაროდ ქცეულა მიუნჰაუზენი.  ცხოვრებაში ძლიერი აღნაგობის, სრული, მრგვალსახიანი მამაკაცი ყოფილა. დაგრეხილულვაშიანი, გრძელცხვირა და ხმელი მოხუცი კი  ცნობილი ფრანგი გრაფიკოსის, გიუსტავ დორეს გონებამახვილური ილუსტრაციების ზეგავლენით დამკვიდებულა.

მას შემდეგ, რაც რასპეს წიგნმა სახელი გაითქვა, მიუნჰაუზენი იმ ადამიანების ეპითეტადაც იქცა, საკუთარ თავს არარსებულ თვისეებს რომ მიაწერენ. მედიცინაში კი „მიუნჰაუზენის სინდრომი“ ისეთ სიმულაციურ ქცევას ეწოდება, როდესაც პაციენტი აზვიადებს ან ხელოვნურად იწვევს ავადმყოფობის სიმპტომებს, რათა სამედიცინო კვლევა ჩაუტარონ.

ასე სრულდება ჩვენი გაკვეთილი, მიუნჰაუზენად (ან მომავალ რასპედ) ქცეული მოსწავლეები საკლასო ოთახს ტოვებენ და გაიძხიან: მშვენიერმა აზრმა გამიელვა თავში! დიდებული გადაწყვეტილება მივიღე! ყველაზე გულადი მე აღმოვჩნდი! ოჰ, სანადიროდ წავედი და ტყვია ისევ სახლში დამრჩა! აბა, შუბლი მომიშვირე, ალუბლის კურკა უნდა გესროლო, ვნახოთ, ხე თუ ამოგივა! სხვა ჩემს ადგილას დაიბნეოდა, მაგრამ მე ხომ იცით, მამაცი და მოხერხებული კაცი ვარ!

 

პედაგოგის ფორმალური და პირადი ავტორიტეტი

0

მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კარგი ურთიერთობა ურთიერთპატივიცემაზეა დაფუძნებული. მოსწავლე მასწავლებელს პატივს სცემს მისი პროფესიონალიზმის, ცოდნის, პიროვნული თვისებების გამო, მასწავლებელი კი მოსწავლეში აფასებს მის ინდივიდუალურობას, სწავლისადმი ინტერესსა და მონდომებას. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ცალკეული მოსწავლის პატივისცემა იგივე არ არის, რაც საზოგადო პატივისცემა მთელი კლასისადმი. ამასთანავე, მასწავლებელი მხოლოდ მოსაჩვენებლად კი არ უნდა ეწეოდეს პატივისცემის დემონსტრირებას, არამედ მოსწავლეები მას რეალურად უნდა გრძნობდნენ.

 

მოსწავლეებთან კონტაქტი და ფორმალური ავტორიტეტი

დევიდ ჰარგრივსს, განათლების სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტს, მიაჩნია, რომ ახალ კლასთან მუშაობის დაწყებისას მასწავლებელმა უნდა მოითხოვოს მოსწავლეებისგან მისი „ფორმალური ავტორიტეტის“ მიღება. უნდა დაანახოს ბავშვებს, რომ მისი ავტორიტეტი კანონზომიერია და იმისთვის არსებობს, რომ სწავლის შედეგების მაქსიმალიზაცია მოხდეს. პედაგოგი თავდაჯერებულად უნდა იქცეოდეს, რათა მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ მას ხელეწიფება ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვება და შენარჩუნება.

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ მოსწავლეებს პირველივე გაკვეთილზე მოეწონებით – ამისათვის ურთიერთქმედებაა საჭირო, რომელიც საფუძველს უყრის პირად ურთიერთობას. ასე რომ, მოგწონთ თუ არა, კლასთან ფორმალური ურთიერთობით იწყებთ კონტაქტში შესავლას.

მასწავლებლად მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას და მოვალეობას გვაკისრებს, მაგრამ გვანიჭებს უფლებებსაც – თამამად მიიღეთ ისინი!

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ბავშვებისგან თქვენი იმ გადაწყვეტილებების მორჩილება, რომლებიც სამუშაოსა და ყოფაქცევას ეხება. თქვენი უფლებაა, ჩუმად იყვნენ და მოგისმინონ. ზოგიერთ ახალბედა მასწავლებელს ძალაუფლება დისკომფორტს უქმნის, რაც მიუჩვევლობის ბრალია. როდესაც მოსწავლე პირველად ასრულებს ახალბედა მასწავლებლის განკარგულებას, ეს უკანასკნელი გაოცებას ძლივს ფარავს. რატომ უნდა გრძნობდეთ უხერხულობას ან რატომ უნდა გრცხვენოდეთ თქვენი ფორმალური ავტორიტეტისა, როცა მას მოსწავლეთა სასიკეთოდ იყენებთ? თქვენ მოხვედით, რათა ასწავლოთ, რაც წესრიგის გარეშე შეუძლებელია, ასე რომ, თამამად გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება.

როგორ შეინარჩუნებთ ავტორიტეტს და როგორ გამოიყენებთ მას გაკვეთილზე? ეს სასწავლო სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ მოსწავლეები არ გისმენენ, მიზეზი შესაძლოა ბანალური იყოს: მოსწავლეები თქვენს ავტორიტეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებენ, თუ უშიშრად და თავდაჯერებულად გამოიყენებთ მას. თუმცა არსებობს უსიამოვნო პარადოქსი – თავდაჯერებას მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, თუ დაგიჯერებენ!

თქვენ არასდროს მოგეცემათ მეორე შანსი, მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება. დასაწყისისთვის სამსახიობო ოსტატობა დაგჭირდებათ. ისე იმოძრავეთ კლასში, თითქოს ეჭვიც არ გეპარებათ, რომ მოსწავლეებს აკონტროლებთ. ეცადეთ, თავდაჯერებული და მშვიდი გამოჩნდეთ, თუნდაც სინამდვილეში დაძაბული იყოთ, განსაკუთრებით –პირველ გაკვეთილებზე და პრობლემების წარმოშობისას.

ფორმალური ავტორიტეტის შენარჩუნება არავერბალური მეთოდებით ხდება. დადექით გამართული, მხრებში გაიშლილი, მოსწავლეებს თვალებშში უყურეთ, ინსტრუქციები თავდაჯერებული კილოთი გაეცით და დაელოდეთ მათ შესრულებას. როდესაც მოსწავლეს რამის გაკეთებას სთხოვთ, ნუ მიაჩერდებით იმის გამოსაცნობად, შეასრულებს თუ არა თქვენს თხოვნას. მიეცით ინსტრუქციები თავდაჯერებით. თუ მოსწავლეებმა გონივრულ ვადაში არ შეასრულეს დავალება, მაშინაც თავდაჯერებულად იმოქმედეთ. შეგიძლიათ გამოხატოთ გაოცება მათი თავხედობის გამო, მაგრამ ნურასოდეს გამოამჟღავნებთ დაბნეულობას.

ავტორიტეტის დემონსტრირება უმთავრესად სხეულის ენის მეშვეობით ხდება. მაგალითად, შეადარეთ მოსწავლე გოგონას სამუშაოსკენ მობრუნების ორი მეთოდი:

  1. ხუთიოდე მეტრიდან მიმართეთ, ისე, რომ არც კი შეხედოთ: „პაოლა, მორჩი საუბარს და დაიწყე სამუშაოს შესრულება“;
  2. აუჩქარებლად და თავდაჯერებულად მიუახლოვდით გოგონას, ორივე ხელით დაეყრდენით მერხს, მდუმარედ ჩახედეთ თვალებში სამიოდე წამით და მშვიდად ჰკითხეთ: „აქამდე რატომ არ დაგიწყია სამუშაოს შესრულება?“

ეს ორი მეთოდი მოსწავლეზე სრულიად სხვადასხვა გავლენას ახდენს. თუ არ გჯერათ, სთხოვეთ მეგობარს და საკუთარ თავზე გამოსცადეთ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის ინსტრუქციების მიცემისას მათზე გავლენის გაძლიერება შეიძლება არა ყვირილით, არამედ განსაკუთრებული ხერხების გამოყენებით:

  • მანძილი. რაც უფრო ახლოს ხართ, მით უფრო ძლიერია ეფექტი, განსაკუთრებით – თუ მოსწავლის „პირად სივრცეში“ შეიჭრებით და მიიღებთ თავდაჯერებულ პოზას.
  • თვალებით კონტაქტი. არ აარიდოთ თვალი მოსწავლეს, როცა ესაუბრებით.
  • შეკითხვა. ეს მოსწავლისთვის ადგილის მიჩენის უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე დამუნათება. მეტადრე მაშინ, როცა ერთ მოსწავლესთან გაქვთ საქმე. მაგალითად: „რატომ არ დაგიწყია სამუშაოს შესრულება?“

ასეთი ბიძგები მოსწავლეებს აქტიური მუშაობის სტიმულს აძლევს. ხშირად თვალებით კონტაქტიც საკმარისია. პირველი ორი ილეთის გამოყენება უმჯობესია პოზიტიური კომენტარების თანხლებით, მაგალითად: „დროა, დავიწყოთ“.

თუ ზემოთ აღწერილ სამ მეთოდს ეფექტურად გამოიყენებთ, აღარ აგჭირდებათ ხმის აწევა მოსწავლეებზე გავლენის გასაძლიერებლად. მეტიც –  თუ ხმადაბლა ილაპარაკებთ, გაცილებით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ მათზე.

თუ კლასზე კონტროლი დაკარგეთ, წამოდექით, მოშორდით მაგიდას და იარეთ საკლასო ოთახში, თან თვალებით კონტაქტი გამოიყენეთ. თუ რომელიმე ჯგუფი ხშირად საუბრობს, მიდით მასთან და მოსწავლეებს თვალებში ჩახედეთ.

მაღალი ტანი სავალდებულო არ არის. ყველაზე დისციპლინირებული პედაგოგი, რომელიც კი ჩემს სიცოცხლეში მინახავს, მეტრ–ნახევარი სიმაღლისა იყო, უბრალოდ, ძალზე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. მაგრამ ბოროტად ნუ ისარგებლებთ დისციპლინის დამყარების ხერხებით: საინტერესო გაკვეთილები, კარგი ურთიერთობა, პოზიტიური ატმოსფერო გაცილებით ეფექტურია წესრიგის შესანარჩუნებლად. ნუ შეუშინდებით მტრების გაჩენას – იმისთვის, რომ პოპულარული  იყოთ, უნდა აჩვენოთ, რომ პოპულარობის დაკარგვისა არ გეშინიათ.

 

მოსწავლეებთან კონტაქტი და პირადი ავტორიტეტი

მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბების მეორე სტადიაა ფორმალური ავტორიტეტიდან თანდათანობითი გადასვლა პირად ავტორიტეტზე. მასწავლებელი, რომელიც ეფექტურად და სამართლიანად იყენებს ფორმალურ ავტორიტეტს, ახდენს პროფესიული უნარების დემონსტრირებას, აჩვენებს, რომ პატივს სცემს მოსწავლეებს და აფასებს მათ მონდომებას, მოსწავლეთა პატივისცემასაც დაიმსახურებს. თუ სწორი გზით მიდიხართ, გარკვეული ხნის შემდეგ მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობაც ჩამოგიყალიბდებათ. პედაგოგის გავლენის მნიშვნელოვანი წყარო იქნება მოსწავლის სურვილი, მოიპოვოს კარგი რეპუტაცია მასწავლებლის თვალში.

როგორ ხდება პირადი ავტორიტეტის მოპოვება? ეს პროცესი თვეებს მოითხოვს. აშკარაა, რომ მასწავლებელი მოსწავლის პატივისცემას დაიმსახურებს, თუ საკუთარი პროფესიონალიზმის დემონსტრირებას მოახდენს. გარდა ამისა, მას დაეხმარება:

  • გულწრფელი ინტერესის გამოხატვა თითოეული მოსწავლის სამუშაოს მიმართ და ქება, მოსწავლის წვლილის, მისი მონდომების აღნიშვნა, განურჩევლად ადრინდელი შედეგებისა და ბუნებრივი შესაძლებლობებისა;
  • დადგენილი წესების დაცვა მუდმივად და სამართლიანად და არა განწყობის მიხედვით;
  • მოსწავლეებისადმი სახელებით მიმართვა;
  • მოსწავლეებისადმი თავაზიანობის გამოხატვა, ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა: „თუ შეიძლება“ და „გმადლობთ“;
  • ლექსიკონიდან სარკასტული და დამამცირებელი გამოთქმების ამოღება;
  • სწავლებისა და მისი ორგანიზებისადმი პროფესიონალური მიდგომა, მაგალითად, დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული გაკვეთილები, შესაფერისი ჩაცმულობა;
  • მოთმინება;
  • სწავლების ისეთი მეთოდების შერჩევა, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, იაქტიურონ და მათი აქტიურობის წახალისება;
  • ინტერესი მოსწავლეთა გრძნობების, შეხედულებებისა და მოთხოვნილებების მიმართ: „როგორ მოგწონს ჩვენი ახალი ბიბილიოთეკა?“; „ხომ არ ღელავ გამოცდის წინ?“; „ახლა გაიგე თუ კიდევ ერთხელ ავხსნა?“

ამას მოჰყვება:

  • მოსწავლის პიროვნებისადმი ინტერესისს გამოხატვა ღიმილის, თვალებით კონტაქტის, ერთი-ერთზე საუბრის გზით, მოსწავლის პიროვნული თავისებურებების – მისი ხასიათის, ინტერესების, ჩაცმის სტილის და ა.შ. – მიღება;
  • მშვიდი და თავდაჯერებული სწავლების სტილის ჩამოყალიბება, რომელიც არც ისე ფორმალურია და, სიტუაციის შესაბამისად, ეფუძნება იუმორს (რაც საკუთარ თავზე ხუმრობასაც გულისხმობს).

თუ მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის დამყარება მოახერხეთ, თქვენი სამუშაო გაიოლდება და უფრო სასიამოვნო გახდება. მასწავლებლის მთავარი ჯილდო მოსწავლეთა პატივისცემა და სიყვარულია.

თუ მოსწავლეებთან კონტაქტის დამყარება ვერ მოხერხდა, წარმოიშობა ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც მათ ხელს შეუშლით, გესაუბრონ, დაგისვან კითხვები ან დახმარება გთხოვონ. ფსიქოლოგიური ბარიერი უარყოფითად მოქმედებს მოტივაციაზეც და კლასის მართვაზეც. სახელებით მიმართვა, ღიმილი და ყველა მოსწავლისადმი ერთნაირი დამოკიდებულება გაცილებით ეფექტური საშუალებებია და ფსიქოლოგიური ბარიერის წარმოშობას გამორიცხავს.

ნუ ეცდებით ურთიერთობათა ფორსირებას, მოიკრიბეთ მოთმინება. მოსწავლეებს არ მოეწონებით, თუ შეგამჩნიეს, რომ მათთვის თავის მოწონებას ცდილობთ. ნუ გექნებათ ზედმეტის მოლოდინი, თქვენს მოსწავლეებს სრულიადაც არ სურთ, მათი საუკეთესო და უახლოესი მეგობარი იყოთ. ისინი თქვენგან ელიან პროფესიონალიზმს, კლასის მართვას, დახმარებისთვის მზადყოფნას და სწავლის შედეგებისადმი გულწრფელ ინტერესს.

კანადელ მეცნიერებს სთხოვეს, დაესახელებინათ მასწავლებლების რამდენიმე თვისება, რომლებიც მათ ყველაზე ნაკლებად მოსწონდათ. მათ დაასახელეს:

  • მოსწავლეთა იგნორირება;
  • კითხვების დასმის შეზღუდვა ან აკრძალვა;
  • მოსწავლეთა დაცინვა;
  • სარკაზმი, მტრული დამოკიდებულება, აგრესია;
  • ქედმაღლობა;
  • მოსწავლეთათვის სამუშაოს გაწყვეტინება;
  • დისკუსიისა და კითხვების დასმის სტიმულირების არცოდნა.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ვერასოდეს დაამყარებთ კლასთან კარგ ურთიერთობას, თუ ვერ მოახერხეთ მისი ეფექტური მართვა!

 

 

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.2009, p.120-125

პიკი

0

არც ისე დიდი ხანია იმ დროიდან გასული, როცა დედაჩემი ერთ პატარა, ძალიან პატარა ჯიხურში ჟურნალ-გაზეთებს ყიდდა და იქ თვიდან თვემდე აღებულ ჯამაგირს ჩვენი ინგლისურის სწავლაში იხდიდა. სახლში არაფერი მოჰყვებოდა: რასაც აიღებდა, ხელებში ჩაგვითვლიდა მე და ჩემს ძმას და ჩვენ კი ციმციმ მივარბენინებდით მასწავლებელთან თვის ბოლოს.

ყველაზე გულწრფელ აღსარებაში სათქმელი ერთი ისეთი ცოდვა მაქვს, რომელიც ადრე არავისთვის გამიმხელია, მაგრამ დრო რომ გადის, უფრო და უფრო მწარედ მეჭიდება გულზე.

აი, იმ სიცივესა და უიმედობაში ჩვენ რომ შენი იმედები ვიყავით, დედაჩემო, ზოგჯერ გვიღალატია კიდეც შენთვის. იმისთვის, რის გამოც სიმწრითა და წვალებით თავი გქონდა გადადებული, ზურგი გვიქცევია და ერთი-ორჯერ მეცადინეობა ისე გაგვიცდენია, სინდისს წამითაც არ შევუწუხებივართ. ვიცი, ალბათ გაიცინებ, რაღა დროსიაო, ლმობიერად იტყვი, მაგრამ იქიდან მომყვება ის ცხელება და ვერსად, ვერასდროს ვერ ამოვთქვი – წიგნებიც ხომ დავწერე და სადღეგრძელოებსაც ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ ყელში გაჩხერილი ეს ამბავი დღემდე ვერ ვაქციე სიტყვის კერძად.

ჰოდა, მაპატიე – მაპატიებ ალბათ. სულერთია, მე მაინც უნდა დაგიძახო ხოლმე, დროდადრო, ისე საჩქაროდ და ნაუცბათევად გავიხსენო ჩვენს თავს გადახდენილი ამბები, როგორც საჩქაროდ და ნაუცბათევად მოგიხმობ ჩემი ძნელად აღსაზრდელი შვილების მოთვინიერებაში დასახმარებლად. და შენ კიდევ, ერთ დაძახილზე, პირველივე სამარშრუტოთი გამოენთები ზუგდიდის ავტოსადგურიდან ბაგებამდე.

Piki – ტელეფონში ასე მიწერია და ხომ არის, მშობლები რომ აპროტესტებენ ხოლმე შვილებისგან შერქმეულ მეტსახელებს – დედაჩემს ისიც კი არასდროს უთქვამს, ხალხში მაინც ნუ დამიძახებო, რადგან როგორც ყველა ქართველ დედას, მასაც პირველი შვილის ყველა ჭკვიანური და ბრიყვული საქციელი ერთნაირად უყვარს.

დედაჩემი რამდენიმე წელი სკოლის ბუფეტში მუშაობდა – დილაუთენია, ექვსზე დგებოდა, ქადებს, ორცხობილებს, „ტარტალეტკებს“ აცხობდა და სკოლისკენ ხშირად მარტო ეზიდებოდა. სულ მიკვირდა, ამ ჩია ქალს საიდან ჰქონდა ასეთი სიმტკიცე, გამძლეობა და თავისი შესაძლებლობების რწმენა, რომ დღე-ღამეში ოთხი საათი ძილით და ყოველდღიური წვალებით ყველაზე რთული განსაცდელებისა და ხიფათებისგან გამოეთრია ოჯახი. მერე მივხვდი, რომ ბევრი ქართველი ქალის მსგავსად, ის ყველა შემთხვევაში არჩევანს ოჯახის სასარგებლოდ აკეთებდა საკუთარი განცდებისა და სურვილების უარყოფის ხარჯზე. მან უყოყმანოდ დაანება ერთ სამსახურს თავი, როცა შეატყო, რომ მცირეწლოვან შვილებს მისი ყურადღება უფრო სჭირდებოდათ (მამაჩემი უცხო ქვეყანაში იყო საშოვარზე, ბებია-ბაბუები სოფელში ცხოვრობდნენ). დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ უნანია ეს გადაწყვეტილება, ერთი-ორჯერ ჩემთანაც დასცდა წლების შემდეგ, – იქნებ უკეთესი ყოფილიყო თქვენთვის, სამსახური არ მიმეტოვებინაო, მაგრამ მაშინვე გამოერკვეოდა, საუბარს შეწყვეტდა და უთქმელ სიტყვებს სახელდახელო საქმეში ჩააბრუნებდა.

საქმე კი ისაა, რაც დედაჩემს არასოდეს გამოელევა, სანამ დონ კიხოტ-კირილე მიმინაშვილისნაირი ქმარი ჰყავს და შვილები, რომლებიც მის დახმარებაზე უარს ცოცხალი თავით არ იტყვიან.

ამასწინებზე, დილიდან შუაღამემდე რომ არ ჩაიმუხლა და წამით დასვენების უფლებაც არ აღირსა საკუთარ თავს, მე და ჩემმა ძმამ ახალი მეტსახელი შევურჩიეთ. არის ერთი ძალიან მაგარი ფეხბურთელი, საოცრად მშრომელი, თავდაუზოგავიო, რომ იტყვიან, სწორედ ეგ. გაჩერებულს ვერ ნახავ, ჭკუაც აქვს და გამძლეობაც, სადაც კი გაიხედავ, ყველგან ისაა. მოკლედ, არ იღლება. ნგოლო კანტე. ფრანგი ბიჭია, ადრე „ლესტერში“ თამაშობდა, ახლა „ჩელსიშია“. ჰოდა, ვზივართ მე და ჩემი ძმა, ვუყურებთ დედაჩემის ამ ენითაუწერელ მუყაითობას და უცებ ზუკა მეუბნება:

– შეხედე, შეხედე! ნგოლო კანტეა, რა!

– კანტე თუ მაკელელე? – ჩავეძიები, – ალბათ უფრო კანტე, მაგრამ პიკი არ ჩამიჩოჩო, თუ ძმა ხარ!

დედაჩემი იღიმის, სად სცალია გართობას აყოლილი შვილებისთვის. თამაშს აყოლილი შვილიშვილები ჰყავს მისახედი.

მწვანე ბალახზე დაწერილი ისტორიები

0

,,დღეს წითელი პარასკევი,

ხვალ შაბათი შავდებაო,

ხვალზევით რომ კვირა მოვა,

ყელი ჩაიპოხებაო“.

 

აღდგომა მოდის. საგაზაფხულო არდადეგების დაწყებამდე ერთი კვირაღა რჩება. მოსწავლეებს როგორღა ვუსაყვედუროთ, როცა საკლასო ოთახში მასწავლებლებსაც აღარ გვიდგება გული, რაღაც დიდის (თუნდაც გაუცნობიერებლის) მოლოდინი არ გვასვენებს? ამ დროს ყველაზე უკეთ ისმინება მოახლოებული დღესასწაულის შესახებ დაწერილი თხზულებები.

 

ერთ-ერთ კლასში ვაჟა-ფშაველას გავდივართ, ამიტომ მის სააღდგომო მოთხრობას ვუკითხავ პატარა მსმენელებს. მერე „აღდგომის მისაგებებლად მომზადებული ბუნების“, იმ დიდი მოლოდინის ფურცელზე გაცოცხლებას ვცდილობთ:

„სად ქათამი ჩამოსვეს ქანდარიდამ და მოაგდებინეს კისერი, სად ნასუქს ინდაურს მოაშორეს სწორედ ინდაურული, გამოჩერჩეტებული გოგრა, სად ნასუქის ქოსმანის ჭყივილი ისმის, ჭყივილი ვაისა და ვაგლახისა. ამოაშხამეს იმასაც იმდენის სანოვაგის შეყლაპვა და გაოხრება. დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდან კვერცხების ღებით ახალი ფერი. მოისვენებს ამას იქით ლობიოს სადუღარიც… მოხუცებულნი მისხდომიან ცეცხლს კერის პირას, სანთელს ადნობენ და აკეთებენ. მღვდელი და დიაკვანიც, უნდა მოგახსენოთ, დიდს ფაცა-ფუცში არიან. ხურჯინები დააკერეს, ტიჭკორები დარეცხეს… მარილი და შაბიც მოამზადეს ბატკნის ტყავების დასამარილებლად“. აღდგომის წინა ღამეს კოცონთან შეკრებილი პერსონაჟები „გამოპარული ბერისგან“ სააღდგომო ისტორიას ისმენენ. კატის ნაადრევი „გახსნილების“ ეპიზოდი და „ტარასტას“ გულმავიწყობა მონათხრობს იუმორისტულ ელფერს სძენს, რაც შესაძლოა იმასაც უსვამდეს ხაზს, რომ მრევლის ღვთისმოშიშობა უფრო მეტად ტრადიციების მორჩილებას ჰგავს, ვიდრე კარგად გააზრებულ არჩევანს, თუმცა აღდგომის ღამის მადლი ყოველთვის პოულობს ადამიანთა გულებამდე მისასვლელ გზას:

„ხალხი თავჩაკიდებით, მორჩილად ისმენდა მღვდლის სიტყვებს, საბა კი დაჩოქილი იდგა ქრისტეს აღდგომის ხატთან, ცრემლი სიხარულისა ჩამოსდიოდა და ხელაღპყრობით ევედრებოდა მეუფეს“

ზარი ირეკება. გზას ვაგრძელებ და უფროსკლასელებს მეზობელი მთისა და საუკუნის შვილის – გუდამაყრელი მწერლის სააღდგომო ისტორიებს ვუზიარებ. „ლუკას სახარებას“ გვერდს ვერ ავუვლით. ამჯერად მხოლოდ იმ ეპიზოდზე შევჩერდები, სადაც რწმენის უფლება სკოლაში ასე ხელაღებით ირღვევა. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელით მივმართავთ უფალს. მთავარი ისაა, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მისი არარსებობა არ დაგვაძალონ:

 

„ – ხომ არ არსებობს აღდგომა?

– დიახ, მასწავლებელო.

– დიახ კი არა, არა–თქო!

– არა, მასწავლებელო!

– მაშ, ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! – ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.

– დიახ, მასწავლებელო!

– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.

ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:

– აბა, აღდგა ქრისტე?

– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო!“

 

ბავშვებისთვის კიდევ ერთი სააღდგომო ისტორია მაქვს შემონახული, ისიც გოდერძი ჩოხელის საგანძურიდანაა. ეს ამბავი სულეთის ქვეყნის მკვიდრის წყალობით დაიწერა. თან ის ქვეყანაც ყველაზე ახლო სწორედ აღდგომის დღესასწაულზე გვეჩვენება, სიკვდილი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი ხდება. მოთხრობა „ვიცოდი, აუცილებლად დადგებოდა აღდგომა“ ავტობიოგრაფიულია. მწერალი სტუდენტობის წლებს, მოულოდნელ ხიფათს და ბატონ-ძია საშას იხსენებს. სევდანარევი იუმორი, რომლითაც ასე უხვადაა შეზავებული გუდამაყრელი მეცხვარის მოთხრობები, არც თეატრალური ინსტიტუტის გამგის აღწერისას დაუშურებია მწერალს, თუმცა სხვა პერსონაჟებზე საუბრის დროს კარგად ჩანს ის სირთულეები, რომლებიც მას და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ხელმოკლე ახალგაზრდებს გამოუვლიათ სტუდენტობის დროს. ახლა კი ღიმილით იხსენებს, როგორ ეშინოდა წესების დარღვევის და როგორ გამოეცალა ინსტიტუტის ცნობილ დამგვიანებელს მიწა ფეხქვეშ. თუმცა ბატონ საშას იუმორი და წესების დაცვის ჩვევა არც კრიტიკულ სიტუაციაში ღალატობს და უფსკრულიდან ამომზირალ დარეტიანებულ სტუდენტს ჩასძახის: „- არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა, მოგიხსნი სტიპენდიას და იჯექი მანდ მეორედ მოსვლამდე, აღდგომას დაელოდე!“ გოდერძი კი ზის ორმოში, თავბედს იწყევლის და თავის უიღბლობას გუდამაყარში კინოს პირველად ამომტანს აბრალებს. თუმცა სწორედ ეს საბედისწერო შემთხვევა დაატრიალებს აღმა მეცხვარის ჩარხს, ბატონ საშას ძია საშად და ახალბედა რეჟისორის მფარველ ანგელოზად გადააქცევს. ასე დგება გოდერძის ცხოვრებაში პირველი „აღდგომა“. ახლა ძია საშა სულეთის ქვეყნიდან აფრთხილებს მთის ბიჭს, წუთისოფელს არ ჩაუმუხლოო, მაგრამ მწერალს უკვე თავადაც სწამს, რომ ფეხქვეშ მიწა აღარ ჩაეშლება და „აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა“.

 

 

მოსწავლეებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სააღდგომო ტრადიციის შესახებაც ვუყვები. ძველად რამდენიმე კაცი სოფლის ყველა ოჯახს ჩამოუვლიდა და დალოცავდა – ამას ჭონაობას უწოდებდნენ. აღდგომის მოლოდინში სოფლის ახალგაზრდები ცეკვა-თამაშს ან ჭიდაობას მართავდნენ, მეჭონეები კი ყველა სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

 

„ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,

ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,

ლიტანიას შემოვუვლით სამთელ-კელაპტარებითა,

გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.

 

მერე ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ სახლში და სიმღერას აგრძელებდნენ:

 

„ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა,

ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.

 

მასპინძელი კალათაში წითელ კვერცხებს რომ ჩააწყობდა, მეჭონეები სხვა სახლის ბანზე გადადიოდნენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=GqyAWjo5xQI

 

ადამიანთა მოდგმის მსგავსად, მისი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც მრავალფეროვანია. ზოგი მოწიწებით წარმოთქვამს უფლის საყვარელი ძის სახელს, ზოგი მას სულ სხვა სახელით მოიხსენიებს, ზოგსაც მისი არსებობისა სულაც არ სჯერა. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის ნაზარეველი უბრალოდ „კაი ტიპია“. იესო კი ყოველ წელს „,იბადება“ ჩვენთვის და გაზაფხულის ხასხასა ბალახზე სისხლით წერს თავისი ადამიანური ცხოვრების უკვდავ ისტორიას:

 

,,ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!..

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!

ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!..“

ბლოგერობის სიკეთე – დიალოგი სამყაროსთან

0

ბლოგი სხვა ადამიანების ცხოვრებაში, მათ გამოცდილებასა და იდეებში გამავალი ფანჯარაა.

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მიაგნოს საკუთარი ბლოგის გაკეთების მიზეზს და ეს მიზეზი აუცილებლად მოუტანს დადებით გამოცდილებას.

მსოფლიოში ათასობით მასწავლებელი უძღვება ბლოგს. ზოგი მას გამოცდილების გაზიარების მიზნით ხსნის, ზოგი – შემოქმედებითი რეალიზაციისთვის. არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებსაც ბლოგისთვის დრო არ რჩებათ ან ეჭვობენ, რომ ის არავის დააინტერესებს, მაგრამ ეს უსაფუძვლო ეჭვია.

აი, რას წერს რიგელი ისტორიის მასწავლებელი: „მას შემდეგ, რაც ბლოგი გავაკეთე, ისეთი უნარები შევიძინე, რომლებიც აქამდე არ გამაჩნდა. ვცდილობ, ბლოგი ყოველდღიურად განვაახლო, ყოველი დღე შევაჯამო. ეს საუკეთესო გზაა ცხოვრებისეული და პროფესიული სიტუაციების გასაანალიზებლად, დასკვნების გამოსატანად. ბლოგმა უკეთ დამანახა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აზროვნებს და ჩემი ნათქვამიც სხვადასხვანაირად აღიქმება. მან უკეთ გამაცნო ჩემი ბავშვები. მოსწავლეებმა თვითონ მიპოვეს, გამოიწერეს ჩემი ბლოგი და ახლა სკოლაშიც გაცილებით მჭიდროდ მეკონტაქტებიან, თუმცა ვხედავ, რომ ბლოგზე უფრო გახსნილები, თავისუფლები, გულწრფელები არიან. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბლოგზე რაიმეს ვდებ, იმასაც ვითვალისწინებ, რომ ამას ჩემი ბავშვები წაიკითხავენ, რომ ეს გავლენას მოახდენს მათზე. თუმცა ბევრ რამეზე დუმილს არ ვაპირებ. თუ რამე ისეთის თქმა მომინდა, რაც ბავშვებმა არ უნდა იცოდნენ, დახურულ ჯგუფში შევდივარ, სადაც ზრდარული ადამიანები მეგულებიან“.

თავდაპირველად ბლოგის გაძღოლა – ამბების, სიახლეების, განცდებისა და გამოცდილების აღწერა – ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ეს უფრო და უფრო იოლდება. იშვიათია, ვინმეს წერის ნიჭი თავიდანვე დაჰყვეს, მაგრამ თუ განათლებული და მონდომებული ადამიანი ხართ, ტექსტის შექმნის უნარს მალევე შეიძენთ, ერთი პირობით – რეგულარულად უნდა წეროთ.

ნუ გაიკვირვებთ, თუ თავდაპირველად თქვენი ტექსტები ბუნდოვანი და არცთუ გასაგები იქნება. წერა ინსტრუმენტია, რომელიც აზრის გონივრულ ფორმირებაში გვეხმარება. ამ უნარის დახვეწა აუცილებლად გამოგადგებათ სხვა ცხოვრებისეულ საქმიანობაშიც.

ბლოგი გამოცდილების, იდეების, ამბების გაზიარების საშუალებაა. ამ გზით ჩვენი პიროვნება რეალიზდება. რეალიზაციას კი ბედნიერების განცდა მოაქვს.

ბლოგი არა მხოლოდ გარემოზე, გარშემო მყოფებზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, არამედ ჩვენს შინაგან სამყაროზეც აირეკლება. როდესაც სტატიას ან მასალას ვამზადებთ, ამას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თავისთვის ვაკეთებთ, სისტემაში მოგვყავს ჩვენი ნაფიქრი.

ბლოგი ჩვენს თავს გადამხდარ ამბებს შეინახავს. ახალი სტატიების წერისას დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც მოგიწევთ. აუცილებლად შეიტყობთ რაღაც ახალს, სტრუქტურირებული მასალის მომზადება ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

ბლოგის საშუალებით შეგიძლიათ ახალი კონტაქტები დაამყაროთ იმ ადამიანებთან, ვინც პროფესიულად თქვენთან ახლოს დგას, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. ეს გააფართოებს თქვენი ნაცნობების წრეს. თუ მზად იქნებით გამოცდილების გაზიარებისთვის, ინტერესი თქვენი პროფესიის მიმართაც გაიზრდება.

მკითხველებსა და სხვა ბლოგერებთან მიმოწერა ხშირად ცოცხალ ურთიერთობაში გადაიზრდება. ფინჯან ყავაზე, თანამზრახველებთან ერთად, ახალი პროექტის იდეაც იბადება.

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ამ დროს მეგობრებთან გავრბივართ ხოლმე დარდის შესამსუბუქებლად, მათგან ველით მხარდაჭერას, მაგრამ ზოგჯერ ამ საქმეს ბლოგიც გაართმევს თავს. შეგიძლიათ, თქვენი პრობლემის შესახებ ბლოგზე დაწეროთ, რჩევა იკითხოთ, მკითხველები, კოლეგები კრიზისიდან გამოსვლაში დაგეხმარებიან. ბლოგის საშუალებით ხელს უამრავი ადამიანი წამოგაშველებთ.

თანამედროვე სამყარო გჩუქნით მრავალფეროვან პლატფორმას სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ სოციალური ქსელი თუ ფრენდებად, მომხმარებლებად გვაქცევს, სადაც ყველა ერთმანეთში ირევა და ერთიან საინფორმაციო ნაკადს ქმნის, პირადი ბლოგი სხვა მიმართულებისაა, ის დაგეხმარებათ, არ ჩაიკარგოთ ამ სწრაფად ცვალებად ნაკადში. თქვენს ხმას არა მხოლოდ მკაფიოდ გაიგონებენ, არამედ მასზე კონკრეტული რეაქცია ექნებათ.

ახლა – რაც შეეხება მოზარდებს: ადრე თუ მათი კუმირები მსახიობები და ფილმის გმირები იყვნენ, ბოლო ხანს მათ რიცხვს ბლოგერები და ვლოგერებიც (ვიდეობლოგერები) შეემატნენ.

ბლოგერი მოზარდების შემოქმედება უფროსი თაობისთვის არცთუ საინტერესოა, მაგრამ თუ მოზარდს მუდმივად მოჰყავს ციტატები რომელიმე ინტერნეტვარსკვლავის ბლოიდან, დაინტერესდით ამ ბლოგის შინაარსით. დარწმუნდით, რომ ბლოგერი პროპაგანდას არ უწევს სახურავიდან ხტომას. პოპულარულ ბლოგებს, წესისამებრ, უწყინარი შინაარსი აქვს: კომპიუტერული თამაშები, მაკიაჟის საიდუმლოები, სახუმარო ისტორიები სკოლაზე, მასწავლებლებზე და სხვ.

თუნდცაც არ მოგწონდეთ ის, რასაც თქვენი შვილი იუთუბზე ან ბლოგზე უსმენს (აგრესიისადმი მოწოდება, ზედმეტად ექსტრემალური ქმედება, ნარკოტიკები და სხვ.), აკრძალვას ნუ იჩქარებთ – ეს მას ინტერესს გაუმძაფრებს. ეცადეთ, გაარკვიოთ, რატომ აინტერესებს ამ ბლოგის ავტორი, მისი იდეები და გამოცდილება, მშვიდად ესაუბრეთ და არგუმენტირებულად აუხსენით, რა შეიძლება მოჰყვეს ამას და რა შეიძლება იყოს მისთვის ამ ბლოგზე საინტერესო (ერთი ინტერესის მეორით „გადაფარვის“ ხერხი).

მშობლის შიში ყოველთვის როდია საფუძვლიანი. მშობლებს რომც ეჩვენებოდეთ, რომ მათი შვილი კუმირს ბაძავს და მისით მეტისმეტად არის გატაცებული, შესაძლოა, ეს მხოლოდ გარდატეხის ასაკში შესვლის მაჩვენებელი იყოს. მოზარდები ეძებენ გმირებს, ცდილობენ მოიპოვონ დამოუკიდებლობა, მოირგონ ქცევის სხვადასხვა მოდელი. მშობლები კი უკმაყოფილოები არიან შვილების ქცევით, რადგან გამოუცდელი და სამყაროზე ჯერ კიდევ გაურკვეველი წარმოდგენების მქონე ბავშვი ხშირად არცთუ გონიერ და საინტერესო ადამიანს ირჩევს კერპად. ამას ემატება მშობლების ეჭვიანობა, რადგან მანამდე ბავშვისთვის ავტორიტეტს მხოლოდ თავად წარმოადგენდნენ…

ამ პერიოდის პერიპეტიები პიროვნების განვითარების ჩვეულებრივი ეტაპია. ნუ გააუფასურებთ თქვენი შვილის „გმირებს“, მათ შორის – ბლოგერს, რომელსაც ფანების ჯარი ჰყავს.

ამრიგად, მთლიანობაში ბლოგინგი პოზიტიური გატაცებაა. სხვა თუ არაფერი, მოზარდი ისწავლის აზრის გამოთქმას, კამერასთან ურთიერთობას, დაფიქრდება იმაზე, რა შეიძლება უამბოს სხვებს, რადგან, გინდა-არ გინდა, ბლოგი გარკვეული შინაარსის მატარებელი უნდა იყოს.

ონლაინდღიურები ეხმარება მოზარდებს, გაერკვიონ თავიანთ გრძნობებში, შეგრძნებებში. ბლოგი ხშირად პროტესტის გამოხატვის ტრიბუნაც არის. ძალიან კარგია, როდესაც მოზარდი მშობელს სთხოვს მისი ბლოგის შეფასებას – ეცადეთ, ეს ტაქტიანად გააკეთოთ.

თუ მოზარდი გიმალავთ თავის ბლოგს და ანონიმურად ურჩევნია დღიურის წარმოება, ნუ შეეხვეწებით, გაჩვენოთ, რას წერს – მოზარდს სჭირდება პირადი სივრცე და ამგვარად ცდილობს ამ სივრცის შემოსაზღვრას.

ბლოგი როგორც ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობის ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს. აუხსენით მოზარდს, რომ არ არის საჭირო ბლოგზე პირადი მონაცემების აფიშირება ან პირადი შეტყობინებების საეჭვო შინაარსში ჩაღმავება, მაგრამ თუ საფრთხე დაემუქრა, მის გვერდით იქნებით და დაიცავთ.

ბლოგინგით გატაცება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს მოზარდი ინტერნეტსამყაროში საკუთარი ნიშისა და იმ თემების პოვნას, რომლებიც სხვებისთვისაც იქნება საინტერესო. თუ ბლოგს არავინ ათვალიერებს, მოზარდსაც უქრება ინტერესიც. მაგრამ სახშირია შემთხვევა, როდესაც მას საკუთარი მკითხველი და მაყურებელი უჩნდება და ბლოგინგი წლების განმავლობაში აქტიურ გატაცებად რჩება.

 სისტემატიზაციის  პრინციპების  გამოყენება  გაკვეთილზე 

0

გაკვეთილი მოსწავლეთა განვითარების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის მიზანია სპეციფიკური, გაზომვადი შედეგის მიღება – ისეთი უნარ-ჩვევისა და ცოდნის გაზომვა, რომელიც მიიღწევა გაკვეთილზე  მოსწავლეების  მიერ შესრულებული ოპერაციებით: გაგებით, ახსნით, აღწერით, შედარებით, შექმნით, გაანალიზებით, პრობლემის გადაჭრით, შეფასებით, გამოკვლევით და ა. შ. მხოლოდ ასეთი შედეგები შესძენს მოსწავლეს სათანადო კომპეტენციებს და ჩამოაყალიბებს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამ თვალსაზრისით, გაკვეთილი კულტურულ-ისტორიული მოვლენის ნაწილადაც აღიქმება და, შესაბამისად, მისი კარგად ჩატარების ინტერესიც დიდია.

რა მეთოდები, მიდგომები და ტექნოლოგიური ხერხებიც უნდა გამოვიყენოთ გაკვეთილზე კარგი შედეგების მისაღწევად, მაინც დაგვჭირდება გავუმკლავდეთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა ცოდნის  მთლიან სისტემად წარმოდგენა. ამ მიზნის მისაღწევად ძირითად იდეაზე აქცენტირება, ინტერვალებით სწავლა, კონტექსტის დამახსოვრება და ა.შ. ხშირად არასაკმარისია.  ცოდნის სისტემატიზაციისთვის აუცილებელია, მოსწავლემ ყოველი თემის დასრულების შემდეგ შეასრულოს პრაქტიკული დავალებები, რომლებითაც  მიღებული  ცოდნის  სისტემაში მოყვანას შეძლებს. მნიშვნელოვანია ნასწავლი მასალის გამეორებაც, ოღონდ გამეორება არ უნდა გადაიქცეს ნასწავლი საკითების ჩამოთვლად – მოსწავლეს შესწავლილი საკითხების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება უნდა ჩამოუყალიბდეს. აზროვნების სისტემატურობა ასოციაციური წარმოდგენების, წარმოსახვების, კავშირების დამყარების უნარსაც მოითხოვს, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლის გააქტიურება ხელს უწყობს საგანთშორისი კავშირების დამაყრებას და ტრანსფერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისებას. ამისათვის აუცილებელია, წინასწარ გამოიყოს ე. წ. „შემხვედრი წერტილები“, ანუ ის მოვლენები, რომლებიც შეისწავლება სხვადასხვა საგანში და გაკვეთილებზე სისტემატურად გაკეთდეს მათზე აქცენტი (მაგალითად, რომელიმე ისტორიულ ეპოქაში კულტურის განვითარების დონე, რომლის თავისებურებებსაც შეისწავლიან ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე და ა. შ.).

სწავლის პროცესი გაცილებით  გაადვილდება და გაუმჯობესდება, თუ გავითვალისწინებთ სისტემატიზაციის პრინციპებს, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე  შეძლებს  სწავლის  პროცესში თანმიმდევრულობისა და სისტემატურობის როლის დანახვას და ნასწავლი მასალისა და მიღებული ცოდნის სისტემურად გააზრებას. სისტემატიზაციის პრინციპებიდან ზოგიერთი მართლაც უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათი გამოყენება. შევჩერდეთ რამდენიმეზე:

  1. „ნუ ისწავლი, სანამ არ გაიგებ“ – იმ ინფორმაციის დასწავლის მცდელობა, რომლის აზრიც არ გვესმის, ნამდვილად უაზრობაა. მოსწავლეთა უმრავლესობა კი ხშირად ცდილობს, ისე დაისწავლოს მასალა, რომ არც ესმის, რას სწავლობს. მოსწავლემ როგორც უნდა „დაიზეპიროს“ ვესტფალიის ზავის პირობები – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ისტორიის შესახებ რაიმე იცის. მაგრამ თუ დავეხმარებით მასალის სტრუქტურირებაში, ის შეძლებს ინფორმაციის გაგებას და სრულიად შესაძლებელია დიდ წარმატებებს მიაღწიოს ისტორიის შესწავლაში.
  2. „შეისწავლე, სანამ დაიმახსოვრებდე“ – სანამ მოსწავლეს გონება გადაეტვირთება ათასგვარი წესებით და წვრილმანი საკითხებით, საჭიროა დავეხმაროთ შესასწავლი საგნის საერთო სურათის, წარმოდგენის შექმნაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის ინფორმაციის ცალკეული „დეტალებისგან“ მთლიანი მოვლენის აგებას. ეს ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებასაც, რადგან წინა პლანზე გამოდის ძირითადი პრობლემა და არა – შემადგენელი ნაწილები. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე დიდი ბერძნული კოლონიზაციის შესწავლისთვის ჯერ უნდა დავსვათ ძველი ბერძნული ქალაქების შესწავლის საკითხი და განვიხილოთ ის. როცა მოსწავლის გონება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გააქტიურდება, პასუხებსაც ადვილად მიაგნებს და ადვილადაც დაიმახსოვრებს.
  3. „დააშენე ბაზისზე“ – ზოგადი სურათის წარმოდგენისთვის  სულაც არაა აუცილებელი სრული სურათის შექმნა. პირიქით, რაც უფრო მოკლეა ძირითადი ინფორმაცია, მით უკეთესია, რადგან მისი დამახსოვრება და ათვისება გაცილებით იოლია. მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ,  ბაზისურ ინფორმაციას  „ზემოდან დააშენოს“ დანარჩენი დეტალები და ამით მიაღწიოს სასურველ შედეგს.

 

  1. 4. „ინფორმაციის მინიმუმის პრინციპი“ – მოსწავლეს მასალა რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძირითადი საკითხები გამოვტოვოთ. მარტივად გადმოცემული არ უნდა გავაიგივოთ „ცოტასთან“. ცალკეულ ასპექტებად დანაწილებული  ინფორმაციის სისტემატიზაციას კი  მოსწავლე ისევე ადვილად შეძლებს, როგორც პატარა ნაწილებად დაყოფილი ინფორმაციის დამახსოვრებას. მაგალითად, ძალიან ძნელია, მოსწავლემ დაიმახსოვროს, თუ რა  თვისებებით ხასიათდება  „დიდი დეპრესია“. უფრო ეფექტური და სწორი  იქნება, თუ დავყოფთ მას ქვეკითხვებად: ა) როდის მოხდა „დიდი დეპრესია“? ბ) სად ჰქონდა ამ მოვლენას ადგილი? გ) რა გახდა მიზეზი? დ) რატომ  მიიღო მასშტაბური სახე? ე) რის გამო უწოდეს „დიდი დეპრესია“? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეს „დიდი დეპრესიის“ შესახებ გაცილებით მეტი რამ ეცოდინება  და უფრო ადვილადაც დაიმახსოვრებს ინფორმაციას.

 

5. „გამოტოვების მეთოდი“  – წინადადების ცალკეულ ადგილებში წერტილები  ჩავსვათ  და შემდეგ გამოტოვებული ფრაზების  აღდგენა დავავალოთ მოსწავლეს. მაგალითად, „ჯორჯ … იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად იბრძოდა შტატების დამოუკიდებლობისათვის“. აქ  საჭიროა  პრეზიდენტის გვარის გახსენება. ერთი შეხედვით, „შიშველი“  ინფორმაცია –  თუ ვინ იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი –  მოსწავლეს ადვილად დაამახსოვრდება  გარკვეულ კონტექსტთან კავშირში.

  1. 6. მასალის ვიზუალურ ხატს, ანუ ინფორმაციის გრაფიკულ გამოსახულებას გაცილებით დიდხანს იმახსოვრებას გონება („ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია“), ამიტომ მოსწავლე უნდა ვავარჯიშოთ ამგვარ დავალებებზე.

 

  1. გრაფიკული გამოტოვებები“ – მსგავსია „გამოტოვების მეთოდის“. განსხვავება ისაა, რომ სიტყვისა და ფრაზის ნაცვლად გამოსახულებაა გამოტოვებული. მაგალითად, პირველ სავარჯიშოში გვაქვს მთლიანი სურათი, „მიწათმოქმედი გლეხი“ – და მხოლოდ პატარა დეტალია გამოტოვებული, შემდეგ დავალებაში სხვა ნაწილია გამოტოვებული. მოსწავლეს ვავალებთ მთლიანი სურათის წარმოსახვით აღდგენას. ამ გზით ერთი სურათი შეიძლება ჩაენაცვლოს ათობით შეკითხვას, რომლითაც ცნებები – „მიწათმოქმედება“ და „გლეხი“ ადვილად გასაგები გახდება მოსწავლისთვის.

 

  1. მნემოტექნიკის გამოყენებით მარტივდება დამახსოვრების პროცესი. ფსიქოლოგების აზრით, ამ ტექნიკის სისტემატურად გამოყენებისას ინფორმაციის 90% ამახსოვრდება მოსწავლეს.

 

  1. „უარი სიმრავლეს“ – რთულია მრავალრიცხოვანი ობიექტების დამახსოვრება. მაგალითად, მოსწავლეს უჭირს ამგვარად ფორმულირებულ კითხვაზე პასუხის გაცემა: „რომელი ქვეყნები შედიან ევროკავშირში?“ მაგრამ გაცილებით ადვილად ასრულებს სხვა ოპერაციას: „ჩამოთვალე ევროკავშირის ქვეყნები“. ასეთი დავალება მოითხოვს დანაწევრებული ცოდნის გადმოცემას, ანუ ცალ-ცალკე ქვეყნის დამახსოვრებას, რასაც ადვილად ახერხებს გონება.

 

  1. „არ გვინდა სია“ – სიაც ასევე ცუდი ფორმატია დამახსოვრებისთვის, თუმცა სასწავლ საკითხებში უამრავ ჩამონათვალს ხვდება მოსწავლე და გარდაუვალია მათი დამახსოვრება.  „გამოტოვების მეთოდის“ დახმარებით შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.

ცოდნის სისტემატიზაციას მასწავლებელმა შესაძლოა ცალკე გაკვეთილი დაუთმოს გარკვეული თემების დასრულების შემდეგ, ან გაკვეთილის სტრუქტურულ ერთეულად გამოყოს სისტემატიზაციისა და ავტომატიზაციის ფაზა, რომელიც გულისხმობს საშინაო დავალების შემოწმებას, იდეების გენერაციას, ახალი ცოდნის გადაცემას და ამ ცოდნის ავტომატიზაციის მიღწევას.

ამგვარი გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლებია: ცოდნის აქტუალიზაცია, ცოდნისა და უნარ-ჩვევების კონსოლიდაცია, მოვლენათა სრული სურათის შექმნა, ადრე ნასწავლი საკითხების ერთ სტრუქტურაში მოქცევა, განზოგადება, მთავარი პროცესების, შესასწავლი პერიოდის მოვლენების, მთავარი მოქმედი პირების გამოყოფა, მოვლენათა შორის კავშირის დამყარება, რთულ საკითხებში ჩაღრმავება, რაც საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ კიდევ უფრო მეტი თეორიული მასალის გაცნობას მოითხოვს, მოსწავლეთა მიერ სავარჯიშოების შესრულება და ერთიანობაში  საგნის შინაარსის დანახვა.

განვიხილოთ მაგალითი VII კლასის ისტორიის სწავლების მაგალითზე:  ცოდნის სისტემატიზაციისთვის   „ძველი საბერძნეთის“  განყოფილებაში  (რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: კრეტა-მიკენი, არგონავტების ლაშქრობა, ტროის ომი, სპარტა, ათენი, დემოკრატიის საფუძვლები, ალექსანდრე მაკედონელი) მასწავლებელს შეუძლია   გამოიყენოს  სხვადასხვა  აქტივობები და  თითოეულ ეტაპზე ზემოთ მითითებული პრინციპების გამოყენებით შეარჩიოს დავალებები.

I – თავდაპირველად მასწავლებელი იყენებს გონებრივ იერიშს და მოცემული თემიდან შეკითხვებს უსვამს მოსწავლეებს, მაგრამ ისე, რომ აირიდოს „სიმრავლე“. ნაცვლად შემაჯამებელი შეკითხვისა: „რა ნიშან-თვისებებით ხასიათდებოდა ძველი ბერძნული საზოგადოება?“ – იყენებს „ინფორმაციის მინიმუმის“ პრინციპს. ის შეკითხვებს სვამს იმგვარად, რომ მასალა სისტემურადაც წარმოისახოს მოსწავლემ და ადვილადაც დაიმახსოვროს.   შეკითხვები  შეიძლება იყოს ასეთი:

  • რა მიღწევები ერგოთ ბერძნებს კრეტა-მიკენის დროინდელი კულტურიდან? ვინ ფლობდა მონებს ჰომეროსისა და ჰესიოდეს დროს? რა შედეგებით დამთავრდა ბერძენ-სპარსელთა ომები? როგორი პრივილეგიებით სარგებლობდნენ ათენელი მოქალაქეები? რატომ არ იყვნენ მონები დაინტერესებული საკუთარი შრომით? რა ნიშნებით ხასიათდება ძველი ბერძნების რელიგია? რა სახის მეცნიერული აღმოჩენები ეკუთვნით ძველ ბერძნებს? – და ა. შ.

II – შემდეგი  ეტაპია  გამეორება. ამ დროს მასწავლებელი მოსწავლეებს გაამეორებინებს მასალას და ყურადღებას გაამახვილებს თემის ძირითად ცნებებზე: არქონტი, დემოკრატია, ოლიგარქია, პოლისი, ტირანია, მონობა, ფილოსოფია და ა.შ. გამეორება შეიძლება მოხდეს დამოუკიდებელი სამუშაოს (ჩაწერის, ჩანიშვნის) და ზეპირი დიალოგის სახით. ამავე დროს შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ გამოტოვებული ინფორმაციის ჩასმა, მაგალითად: „ბერძნულ პოლისებში არსებული  მმართველობის ფორმა …. თანამედროვე მმართველობის ფორმებიდან უმნიშვნელოვანესია“.

 

გამეორებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ თარიღებს. ამ მიზნით მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ტესტური დავალება „ამოირჩიეთ სწორი პასუხი“.  ერთი დავალება შეიძლება ეხებოდეს ისტორიული მოვლენების შედარებასაც. მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს რამდენიმე თემა შედარების სავარჯიშოების შესასრულებლად, მაგალითად, „ძველი ბერძნების ცხოვრება სპარტასა და ათენში“, „ძველბერძნული და ძველეგვიპტური რელიგიები“ (რადგან მათ პროგრამულად უკვე აქვთ გავლილი ძველი ეგვიპტე), „რა აზრისა იყვნენ ჰომეროსი და არისტოტელე მონობის შესახებ“  და სხვ. დავალებების შესრულებისას მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ სისტემატიზაციის პრინციპებიდან რომელიმე.

 

III – შემდეგი აქტივობა სამუშაო რუკას უკავშირდება:

  • იპოვეთ რუკაზე ძველი საბერძნეთი, მოხაზეთ მისი ტერიტორია, უდიდესი ქალაქები და  კოლონიები.

აქ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სქემატური რუკებიც და „გრაფიკული გამოტოვების“ პრინციპით, თანმიმდევრულად ცვალოს  გეოგრაფიული ობიექტები.

 

მომდევნო გაკვეთილებზე, მას შემდეგ, რაც დაასრულებენ ძველი საბერძნეთის ისტორიის გაცნობას, მასწავლებელს შეუძლია ამგვარი დავალებები შეასრულებინოს მოსწავლეებს რომის ბლოკის სისტემატიზაციისთვის და  ახალი ინფორმაციისა და  ძველი მასალის  (ეგვიპტე, საბერძნეთი და სხვ.) სისტემურად წარმოდგენისთვის. ის გამოიყენებს ასევე  „ბაზისზე დაშენების“ პრინციპსაც  და ამგვარად გააგრძელებს  პროგრამის დასრულებამდე.

ასეთი დავალებებით მოსწავლე შეძლებს ცოდნის სისტემატიზაციას, დაინახავს ისტორიის საგნის შინაარსს  და  ამ საგანში საკუთარ ცოდნასაც.

გაკვეთილზე სისტემატიზაციის პრინციპების გამოყენება მრავალმხრივაა საინტერესო. ეს ხელს უწყობს არა მარტო ცოდნის უფრო მაღალი დონის მიღწევას, შედარებით მოკლე დროში გაცილებით დიდი მოცულობის სასწავლო მასალის ათვისებას, არსის ადვილად წვდომას, ფაქტების განზოგადებასა და კონცეპტუალურ ფორმირებას, საგაკვეთილო დროის რაციონალურად ორგანიზებას, არამედ, ზოგადად, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო  გარემოს შექმნასაც. ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტური და სასარგებლოა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...