კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

ფეხბურთი ჩვენს ბავშვობაში

0

მახსოვს და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცედენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.

ამის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთში უამრავმა წყალმა, ფინალმა და მოვლენამ ჩაიარა, მაგრამ პირველი მაინც პირველია და სულ სხვა გემო აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა ქართული საზოგადოების პარალელურად გაიზარდა, დავაჟკაცდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც კი ქართველ გულშემატკივრებში უკვე სულ სხვა ემოციებს ბადებს.

ქართველებს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვღირსებია ჩვენი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ხილვა, მაგრამ ამ დანაკლისს მეტ-ნაკლებად ლიგაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გვივსებდნენ. ჩვენთვის ესეც ბევრს ნიშნავდა.

ფაქტია, რომ ძველ, უშუქობის პერიოდში ნანახ ლიგის თამაშებს მაინც სულ სხვა გემო ჰქონდა. მეზობლების “ჟიგულებზე” შემოდებულ აკუმულატორებზე ჩართულ პაწაწკინტელა ტელევიზორებთან მიმსხდარნი, რაღაც განსაკუთრებული სიჯიუტით ვცდილობდით, თამაშები არ გამოგვეტოვებინა. ჩვენთვის ქართულ ენაზე კომენტირებული მაშინდელი ჩემპიონთა ლიგა ევროპაში გაჭრილი ლამის ერთადერთი ფანჯარა იყო. ხუმრობა ხომ არ არის – ჩვენს ტელევიზორებს თვით დიდი ზიდანი, რონალდო, ფიგუ და ბატისტუტა სტუმრობდნენ ხოლმე.

იმ მაგიური საათნახევრის განმავლობაში, რაც ფეხბურთს ვუყურებდით, ყველას გვავიწყდებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის მესამედში სეპარატისტები და გალეშილი რუსი სალდათები დაჯლიგინობდნენ, რომ სადარბაზოების წინ ცეცხლს ვანთებდით და საერთო, საუბნო ვახშამს ვამზადებდით, რომ ფაქტობრივად უქონელ-უპოვრები, მაგრამ მაინც ძლიერები ვიყავით, რადგან ვერაფერი შეედრებოდა იმ გრძნობას, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერზე ხელჩაქნეულ ქვეყანაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შოთა არველაძის მიერ “რეინჯერსში”, კახა კალაძის მიერ კიევის “დინამოში” და თემურ ქეცბაიას მიერ “ნიუკასლში” გატანილი გოლების შემდეგ სიხარულისგან ტიროდნენ და კაპიკებს ზოგავდნენ, რომ შვილებისათვის ესოდენ საოცნებო საქართველოს ნაკრების მაისურები ეყიდათ.

ვერ გავამტყუნებ იმ ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციას სკეპტიკურად უყურებენ და ძალიან განიცდიან, რომ ლიგის კარს ყოველ წელს აღებენ სლოვაკეთის, სლოვენიის, დანიისა და ბელარუსის უსახელო კლუბები, ჩვენს კლუბებს კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც უჭირთ.

მე მესმის სკეპტიკოსების, მაგრამ როდესაც მარადიულ ქართულ ოცნებაზე – ლიგაზე ქართული კლუბის მოხვედრაზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდება სწორედ ის 1999 წელი, როდესაც თბილისის “დინამოს” ბობოლათა მარაქაში გარევის არნახულად დიდი შანსი ჰქონდა. არ მიყვარს გამართლება-გაუმართლებლობაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ბილბაოს “ატლეტიკს” ქართველებთან ძალიან გაუმართლა.

არც მკითხაობაა გულშემატკივრის საქმე, მაგრამ მაშინ “დინამო” ჩვენთვის ესოდენ ნანატრ ლიგაზე რომ აღმოჩენილიყო, მართლაც შეიძლებოდა, ქართული ფეხბურთის ჩარხი წაღმა დატრიალებულიყო და სადარბაზოების წინ დანთებულ კოცონებს მიფიცხებულ ქართველებს ეგებ მაშინ მაინც გაეხარათ, მაგრამ ჩვენთან იღბალს რა უნდა?..

ექვსი წელი – მნიშვნელოვანი ასაკი

0

ექვსი წლის ასაკში ბავშვის ცხოვრება კარდინალურად იცვლება. ის სკოლაში მიდის. ყველა წესი, რომლებითაც ბავშვი აქამდე ცხოვრობდა, ტრანსფორმირდება. ახალ პირობებთან შეგუებისას ბავშვი ადაპტაციის რთულ პროცესს გადის. ამ პროცესის მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ წარმართვისთვის მასწავლებლები და მშობლები ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს უნდა იცნობდნენ.

ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარება – ფიზიოლოგიური ფორმირების პროცესშია სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილი. სრულყოფას განიცდის ნერვული სისტემაც – მისი სხვადასხვა ნაწილი დიფერენცირდება. იმატებს ნერვული პროცესების აქტივობა. ნერვული აღგზნება ჭარბობს შეკავებას და ეს განაპირობებს უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა ჭარბი ემოციურობა, მოუსვენრობა. უმჯობესდება მოტორიკა და მოძრაობის კოორდინაციის უნარი, რის გამოც ბავშვი უფრო აქტიური ხდება. მას ემატება ძალა და მოქნილობა, უფრო ამტანი ხდება და მეტ ფიზიკურ დატვირთვას უძლებს.

ბავშვის ორგანიზმი მზად არის დღის რეჟიმის შესაცვლელად. ბავშვი ფიზიკურად ვითარდება, მაგრამ მისი ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს – გული სხეულის პროპორციულად არ იზრდება, ამიტომ არ შეუძლია, დიდხანს გაუძლოს დაძაბულ ფიზიკურ აქტივობას, დასვენების პერიოდები სჭირდება.

ფსიქოლოგიური პროცესების განვითარება – ექვსი წლის ბავშვის ფსიქოლოგია განვითარების ბობოქარ პროცესშია: მუდმივი ვარჯიშის შედეგად მკვეთრად იზრდება მეხსიერების პროდუქტიულობა, ფორმირებას იწყებს ლოგიკური მეხსიერება. ბავშვები იოლად უმკლავდებიან ამოცანებს, რომლებიც მოითხოვს ობიექტის ცნობას, მაგრამ უჭირთ მეხსიერებაზე დაყრდნობით ინფორმაციის აღდგენა, უძნელდებათ ისეთი მარტივი ტექნიკის გამოყენებაც, როგორიცაა გამეორება.

ყურადღების კონცენტრირების უნარი ჯერ კიდევ სუსტია, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. ბავშვებს შეუძლიათ გააანალიზონ, დააჯგუფონ და სისტემაში მოიყვანონ ობიექტები საერთო ნიშნების მიხედვით. ისინი ადგენენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, დამოუკიდებლად ინტერესდებიან ახალი ინფორმაციით, აკვირდებიან, აქვთ სიმბოლოების გაგების უნარი. მასწავლებელს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ სწორად შეურჩევს ნახატებს, სურათებს და აღქმის ორგანიზებაში დაეხმარება.

ბავშვს აქვს საბაზისო ცოდნა გარემოს შესახებ და განსაზღვრული დასკვნების გამოტანა შეუძლია. ამ ასაკის პატარებს ძალიან კარგად აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. უყვართ ფანტაზიორობა.

პირველკლასელმა ბავშვმა შეიძლება წარმოიდგინოს მოძრავი ობიექტი, მაგრამ მის წარმოდგენაში აისახება ობიექტის მხოლოდ საწყისი და საბოლოო მდგომარეობა. მესამეკლასელს კი უკვე შეუძლია ობიექტის გარდამავალი მდგომარეობის წარმოდგენაც.

ამ ასაკის ბავშვები იგონებენ ასოციაციებს, აღიქვამენ სილამაზეს, უყვართ ხატვა, თუმცა ხატვის დროს ცუდად აფიქსირებენ დეტალებს. ფერების მიხედვით გადმოსცემენ ემოციებს. ბავშვს შეუძლია დაათვალიეროს ნახატის დეტალები გარკვეული თანმიმდევრობით, ააწყოს ნაწილებისგან მთელი და ა.შ.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს უჩნდებათ ლოგიკური აზროვნების ნიშნები, რომელიც ჯერ მხოლოდ კონკრეტულია. ბავშვის მსჯელობა, როგორც წესი, ემყარება კონკრეტულ მაგალითებს და პირად გამოცდილებას.

ინტელექტუალური განვითარება – გარდაქმნები მიმდინარეობს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ხელმისაწვდომია ექსპერიმენტი, პრაქტიკული აქტივობა, თამაში. ბავშვები იცავენ თამაშის წესებს. მოსწონთ მოძრავი და სიუჟეტურ-როლური თამაშები. თამაში ეხმარება მათ, დაინახონ მიმართება, მიზეზშედეგობრივი კავშირი ობიექტებსა და მოვლენებს შორის, რაც აფართოებს მათ გამოცდილებას.

ამ ასაკის ბავშვი ძნელად იღებს თეორიულ ცოდნას, რომელიც მზა სახით მიეწოდება. ნამდვილად მხოლოდ მაშინ იგებს ახალ ინფორმაციას, როდესაც მას ობიექტების გამოყენებით – ტრანსფორმაციის, გადაადგილების, დაკავშირების, კომბინაციის გზით ვაწვდით. ამ ასაკშივე ჩნდება მეხსიერების პროცესების კონტროლის უნარი. ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო ძლერდება.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას: საინტერესო და მრავალფეროვანი ფიზიკური გარემო, მათ შორის – სათამაშოები, ყურადღება და ემოციური დამოკიდებულება, ხშირი საუბარი ბავშვთან, გადაჭარბებულ შეზღუდვებსა და კონტროლზე უარის თქმა. მშობლები კი არ უნდა უბრძანებდნენ ბავშვებს, არამედ კომუნიკაციის სხვა ფორმებს არჩევდნენ.

გარემო – ექვსი წლის ბავშვი აქტიურად ეცნობა სამყაროს, უჩნდება ბევრი კითხვა, აქვს პასუხის საკუთარი ვერსიები. ის იოლად ახერხებს სახლის გარეთ ორიენტირებას, ინტერესდება, რისგან რას ამზადებენ, აქვს სამყაროს შექმნის საკუთარი ვერსია, შეუძლია, ახალი ცოდნა ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და თამაშში გამოიყენოს. მარტივად სწავლობს სხვის მაგალითზე.

მეტყველება – ექვსი წლის ბავშვს უნდა შეეძლოს ყველა ბგერის მკაფიოდ წარმოთქმა, ლექსის დაზეპირება და დეკლამირება, ლიტერატურული ნაწარმოების მოყოლა. მისი მეტყველება გასაგები უნდა იყოს.

ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება აზროვნების განვითარებას. ბავშვი გადადის მარტივიდან რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებაზე. წინადადებების ფორმულირებისას იყენებს კავშირებს – „იმიტომ, რომ“, „თუ“, „იმისთვის“ და სხვ.

ექვსი წლის ბავშვის მეტყველების სემანტიკური მხარე შედარებით ღარიბია. სიტყვების მნიშვნელობას აკლია სიზუსტე, ხან შევიწროებულია, ხან – ზედმეტად ფართო. ამ ასაკში ბავშვებს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ესმით.

მათემატიკა – შეუძლია ათამდე და პირუკუ თვლა, ესმის მათემატიკური ნიშნების მნიშვნელობა, იყენებს მათ, უმატებს და აკლებს ათის ფარგლებში, იცის ძირითადი გეომეტრიული ფიგურების სახელები, შეუძლია ოპერირება ცნებებით „ახლოს – შორს“, „მეტი – ნაკლები“, „წვრილი – მსხვილი“ და სხვ. შეუძლია საკუთარი შეცდომების გამოსწორება, ქმედებათა კორექტირება.

ემოციები – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ემოციები მძაფრია და მკვეთრად გამოხატული, მაგრამ არამდგრადი, რაც გამოიხატება ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეში სწრაფი გადასვლით. ბავშვის შეშინება და გაბრაზება ადვილია, თუმცა ასევე ადვილია მისი ინტერესისა და სიხარულის გამოწვევა. მას ადვილად გადაედება სხვა ბავშვების ან უფროსების ემოციები.

ექვსი წლის ბავშვი ემოციურად დაუცველია. ცდილობს, ასიამოვნოს უფროსებს, მიიღოს მათგან ემოციური დაცვა. ის მიჯაჭვულია უფროსებს, ბაძავს მათ და უკრიტიკოდ იღებს მათ ღირებულებებს.

პიროვნების სოციალიზაცია – ამ ასაკის ბავშვი მეგობრულია, უყვარს ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობა. ეს მას უვითარებს თანამშრომლობის უნარს და მატებს თავდაჯერებას, რადგან მისი ცალკეული წარუმატებლობანი ზოგად ფონზე ნაკლებად შესამჩნევია.

ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს როგორც სასკოლო წარმატებები, ასევე მისდამი უფროსების დადებითი დამოკიდებულებაც.

პირველკლასელთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება. ბავშვებს მიაჩნიათ, რომ „კარგები და ჭკვიანები“ არიან. მეორე კლასში თვითშეფასება მკვეთრად ეცემა („მეორე კლასის ფენომენი“). ბავშვები კრიტიკულები ხდებიან საკუთარი თავის მიმართ. ისინი უკვე სასწავლო საქმიანობის ხარისხზე ორიენტირდებიან, ხოლო საკუთარი სასწავლო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები ჯერ ისევ სუსტად აქვთ განვითარებული.

სკოლაში შესვლის დღიდან ბავშვი ახალ სოციალურ როლს – მოსწავლეობას ირგებს. იცვლება თანატოლებთან, უფროსებთან მისი ურთიერთობის პრინციპები და ფორმატი, ბავშვის მიმართ აქამდე არსებული მოთხოვნების სისტემა მკაცრდება.

ბავშვი მზადაა, გააფართოოს თავისი მიკროსამყაროს არეალი. ის მეტი ხალისით ამყარებს კომუნიაკაციას გარშემო მყოფებთან. საკუთარ „მეზე“მისი წარმოდგენა რთულდება. ბავშვს შეუძლია მიზნისა და მოტივაციის აღქმა, რომელიც ქმედებისკენ უბიძგებს და მიახვედრებს, რა შედეგს უნდა ელოდოს.

ექვსი წლის ბავშვს თვითგამოხატვის მოთხოვნილება უჩნდება. ის სხვადასხვა გზით ცდილობს ყურადღების მიქცევას, მათ შორის – ცუდი საქციელითაც, და მტკივნეულად განიცდის წარუმატებლობას.

ექვსი წლის ასაკში საფუძველი ეყრება ბავშვის ზეობრივ სახეს. მის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი უფროსებს აკისრიათ. ბავშვისთვის უფროსი ავტორიტეტია, ამიტომ ის მზად არის, იცრუოს კიდეც, ოღონდაც უფროსების თვალში ღირსეულად გამოიყურებოდეს, მისი ქმედება დადებითად შეფასდეს ან არ დაისაჯოს.

ექვსი წლის ბავშვები ცდილობენ ემოციების მართვას, ცრემლისა და აგრესიის შეკავებას. ისინი ნელ-ნელა ხვდებიან, რომ სამყარო დიდია, რაც მათში უკონტროლო შიშს, ფობიას ბადებს.

ამ ასაკში ხდება საკუთარი სქესის საბოლოო იდენტიფიცირება და ბავშვი არჩეულ როლს ყველგან წარმოაჩენს – მეგობრებისა და სათამაშოების არჩევის დროს, როლურ თამაშებში.

ექვსი წლის ბავშვს კარგად აქვს განვითარებული თვითმომსახურების უნარები, შეუძლია ყველა ძირითადი ჰიგიენური პროცედურის ჩატარება. ყოფასა და ყოველდღიურობაში მისი დამოუკიდებლობის წილი ნელ-ნელა იზრდება.

ქენჯნა

0

ახლა იშვიათად მიწევს მეტროპოლიტენით სარგებლობა, მაგრამ წლების წინ, ჩემთვის უცვლელი ტრანსპორტი იყო. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ორი კვირის წინ ჩავედი მეტროში. ერთი გაჩერების შემდეგ, გაიღო თუ არა მეტროს ვაგონის კარი, მყისვე შემოხტა, თან უკან-უკან იყურებოდა გამარჯვებული ღიმილით და ვიღაცას ენას უყოფდა, ალბათ, კონკურენტ შემწეობის მთხოვნელს, რომელსაც სისხარტემ უმტყუნა. შევხედე თუ არა, ვიცანი, ისევ ის დიდრონი ცისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი და დალალებად დაყრილი ქერა, ხუჭუჭა თმა, გასაოცარი სილამაზის აწ უვე 13-14 წლის ვაჟი. კარის დახურვისთანავე მთელი სერიოზულობითა და პროფესიონალიზმით ჩამოგვიარა უკლებლივ ყველა მგზავრს, საოცარი მოხერხებულობით ჩაგვაბღუჯინა სანთლები, შეარჩია ვაგონის შუა ადგილი და როხროხა, ალაგ-ალაგ ბავშვური დეტონაციებითა და „ყიყლიყოებით“ გაჯერებული ხმით, ოდნავი აქცენტით დაგვამუნათა წმინდანების სახელებით და სანთლის ყიდვის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილთა წყალობის გარდაუვლობაშიც ცდილობდა მგზავრთა დარწმუნებას. როცა დაასრულა, ისეთივე სისხარტით წამოკრიფა სანთლები, მიეყრდნო კარს და მოჰყვა ხურდების თვლას. შემდეგ სადგურში გვერდზე ვაგონში გადაინაცვლა და იქაც ეგრე.

ყველა სხვა ტრანსპორტთან შედარებით მეტრო ბავშვობიდან რატომღაც განსაკუთრებით მიყვარს. მართალია, 90-იანების საწყის ეტაპზე არა ერთხელ მივლია ფეხდაფეხ ჩაკურატებულ ვირთხებთან ერთად ჩაბნელებულ გვირაბში, მაგრამ არასდროს მიღალატია მისთვის. ეს ერთგულება სტუდენტობაშიც გაგრძელდა. დილით მისულები საღამოსკენ ვამთავრებდით ლექცია-სემინარებს. ჰოდა, დავუყვებოდით თსუ-ის პირველი კორპუსიდან გზას რუსთაველის მეტრომდე, თან ვხალისობდით, ვლაზღანდარობდით, ხან ვკამათობდით და განვიხილავდით იმ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ხანაც გადავუხვევდით ხოლმე გზიდან და საერთოდ სხვაგან, მაგალითად, ნარიყალაზე ამოვყოფდით თავს. მოკლედ, გზა მეტროსადგურამდე ჩემი სტუდენტობის ერთ-ერთი ტკბილი მოგონებაა ახლაც. მეტროსთან მისულები უკვე ვშორდებოდით ერთმანეთს, ჩემს მხარეს, დიდუბისკენ (ჩემს ჯგუფელსა და მეგობარ ნინოს თუ არ ჩავთვლით), იშვიათად თუ ვინმე მოდიოდა. შევიდოდი ვაგონში, ავეყუდებოდი სწორედ იმ კარს, სადაც ეწერა, ნუ მიეყრდნობით და ველოდი ჩემს სადგურს. გაჭირვება და მოწყალების მთხოვნელი მაშინ იყო, თუ იყო, ზოგჯერ 2-3 ადამიანი ერთად შემოდიოდა სხვადასხვა ტექსტითა და ერთნაირი შუქჩამქრალი თვალებით. როგორც რუსთაველამდე გზაა ყველაზე მძაფრად ჩემის სტუდენტობის სურათ-ხატებში, ისე განსაკუთრებულად მაქვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ერთი სურათი – დაახლოებით 35 წლის ქალი, ისიც საქმიანი, კონკრეტული მიზნით შემოსული ვაგონში, ჩამოხეული ჭრელი კაბით, მუდამ თავწაკრული, ნაიკისნიშნიან შლოპანცებში ფეხებგაყოფილი და ორი თუ სამი წლის ხელშიატატებული  ულამაზესი, ნათელსახიანი ბიჭუნათი, რომელიც ლურჯ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და შეხედვის დროს დამორცხვებული თავისივე გრძელ ქერა ხუჭუჭა თმებში გემალებოდა. მახსოვს, სანამ დედამისი იმ ყოველდღიური, უკვე რუტინად ქცეული საქმით იყო დაკავებული, ხელი დავუქნიე, რა თქმა უნდა, დაიმალა, მაგრამ როცა ვაგონიდან გადიოდნენ, ამოიჭყიტა, დამიქნია ხელი და კვლავ დედის მხრებში ჩარგო ბუჩქა თავი.  ეს 2003 წელი იყო, პირველ აბზაცში მოთხრობილი ეპიზოდი კი ორი კვირის წინანდელია.

თავშიც ვთქვი, როგორც კი შემოხტა და შევხედე, მაშინვე ვიცანი. ვუყურებდი და  რაღაცნაირად ცრემლი ყელში მებჯინებოდა, მრცხვენოდა, თითქოს იმწამს რაღაც დანაშაული ჩამედინა და ვმალავდი, არ მყოფნიდა შნო და ვაჟკაცობა რომ მეღიარებინა. მერე ყველაზე ერთად გავბრაზდი – ხალხზე, პოლიციაზე, პოლიტიკოსებზე, უკლებლივ მთელ საჩინოვნიკეთზე, წინასაარჩევნო კამპანიებზე, სამთავრობოებზე, არასამთავრობოებზე და, ზოგადად, ყველა ადამიანზე, ვინც მოვახერხეთ, რომ ის ოქროსკულულებიანი ბიჭი 14 წლის შემდეგ იმავე საქმით არის დაკავებული, რითიც წლების წინ დედამისი და ერთადერთი უნარი, რაც გამოვუმუშავეთ, მოწყალების თხოვნის მაღალი კომპეტენციაა. აქ საუბარი ზედმეტია სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების შეუსრულებლობაზე (დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.), სადგურებშივე მოსეირნე პოლიციელების ამ თვალსაზრისით გულგრილობაზე, არსებული პრობლემის საზოგადოების მხრიდან  უგულებელყოფაზე და სხვა.

პირველ რიგში, მე ჩემს თავს ვერჩი, ვერაფერს ვერ ვუშვები ამ სინდისის ქენჯნას.

     პრაქტიკული სამუშაოები გეოგრაფიაში

0

გეოგრაფიის საგნის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ  მის შესასწავლად და გასააზრებლად  აუცილებელია მოსწავლეებს შეეძლოთ სხვადასხვა გეოგრაფიული წყაროების – ტექსტური, კარტოგრაფიული, სტატისტიკური და სხვ.  გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად და ცოდნის შესაძენად. ამ უნარების განვითარება კი  პრაქტიკული სამუშაოების ხშირად შესრულებითაა შესაძლებელი.

პრაქტიკული სამუშაოები გეოგრაფიის სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. პრაქტიკული სამუშაოების შესრულება უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის ფორმირებას, ავითარებს ისეთ  მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა  გააზრებული კითხვა, ანალიზი, რუკების, სტატისტიკური მონაცემების  შედარება, დამუშავება,  გამოყენება და სხვ.  სხვადასხვა  სახის პრაქტიკული სამუშაოების შედეგად მოსწავლეები ეცნობიან და  იყენებენ კარტოგრაფიულ, შედარებით-გეოგრაფიულ, გეოეკოლოგიურ, გეოსისტემურ მიდგომებს და მეთოდებს.  გთავაზობთ პრაქტიკული სამუშაოს რამდენიმე მაგალითს.

 

პრაქტიკული სამუშაო N 1

ა)  განსაზღვრეთ მანძილი ვულკანებს ორისაბასა და კოტოპახს შორის. გაზომვის რომელ ხერხს გამოიყენებთ და რატომ?  (პასუხი: სახაზავისა და მასშტაბის საშუალებით, რადგან ეს ვულკანები სხვადასხვა განედზე მდებარეობენ;  3,5 სმ × 900 კმ= 3140 კმ);

ბ) მსოფლიოს ფიზიკურ რუკაზე იპოვეთ  თითქმის ერთსა და იმავე განედზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტები (მაგ; ლონდონი და ბერლინი);  შეიძლება თუ არა ამ ორ ქალაქს შორის მანძილის განსაზღვრა რუკის გრადუსთა ბადის საშუალებით?  პასუხი დაასაბუთეთ. (პასუხი: ლონდონი – 1 º დ.გ, ბერილინი – 13º ა. გ.; 1+13=14º; 14º×71,7 კმ=1003,8 კმ);

 

პრაქტიკული სამუშაო N 2

რუკის – „დედამიწის ქერქის აგებულება“ –  მიხედვით განსაზღვრეთ:

ა) რა მიმართულებით და არ სიჩქარით მოძრაობს თითოეული ლითოსფეროს ფილა?

ბ) დაასახელეთ დედამიწის რეგიონები, სადაც  ადგილი აქვს ლითოსფეროს ფილების შეჯახებასა და დაშორიშორებას.

გ) რელიეფის რომელი ფორმები წარმოქმნება ლითოსფეროს ფილების შეჯახებისა და დაშორიშორების ადგილებში?

დ) ივარაუდეთ, როგორი განლაგება ექნებათ კონტინენტებსა და ოკეანეებს მრავალი მილიონი წლის შემდეგ.

ე) დახაზეთ კონტინენტებისა და ოკეანეების  განლაგების სქემატური ნახაზი შორეულ მომავალში.

 

პრაქტიკული სამუშაო N3

ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბუნებრივი ზონების რუკების გამოყენებით:

ა) ამოიწერეთ ევროპის, აზიისა  და ჩრდილოეთ ამერიკის ბუნებრივი ზონები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ჩრდილოეთ განედის  400 განედის გასწვრივ.

ბ) დაადგინეთ ბუნებრივი ზონების  ბუნებრივი კომპონენტების მსგავსება და განსხვავება (იანვრისა და ივლისის  საშუალო ტემპერატურები,  ნალექების წლიური რაოდენობა და მათი რეჟიმი,  შიდა წყლები, ნიადაგები,  მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) და წარმოადგინეთ ცხრილის ან სქემის სახით;

გ) გამოიტანეთ დასკვნა ბუნებრივი ზონების მრავალფეროვნებისა და  მათი კონტინენტებზე განლაგების ხასიათის შესახებ;

დ) უპასუხეთ კითხვებს:

  1.  40-გრადუსიან პარალელზე მდებარე ევროპისა და აზიის  რომელი ბუნებრივი ზონები  არ გვხვდება  ჩრდილოეთ ამერიკაში.
  2. 40-გრადუსიან პარალელზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის რომელი ბუნებრივი ზონები არ გვხვდება ამავე პარალელზე ევროპასა და აზიაში?
  3.  რით განსხვავდება  ბუნებრივი ზონების განლაგება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. დაასახელეთ  ამ განსხვავების ძირითადი მიზეზები.

 

პრაქტიკული სამუშაო N 4

აფრიკის ქალაქების  ადის-აბება, ალჟირი, ვალენი და პრეტორიას

კლიმატური დიაგრამების გამოყენებით  შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი, დაადგინეთ კლიმატის ტიპი ამ ქალაქებში. პასუხი დაასაბუთეთ წლიური ტემპერატურის ცვლილებითა და ნალექების მოსვლის რეჟიმით.

 

 

 

პრაქტიკული სამუშაო N5

ადგილის  მარტივი გეგმის შედგენა:

ა) ექსკურსიის დროს  ჩაატარეთ მარშრუტული აგეგმვა და შეადგინეთ ადგილის გეგმა;

ბ)  მოამზადეთ მარშრუტის მოკლე აღწერილობა  რელიეფის ფორმების, შიდა წყლების, ნიადაგისა და მცენარეული საფარის შესახებ.

 

პრაქტიკული სამუშაო N 6

ინდოეთისა და გერმანიის  სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდების გამოყენებით:

ა) დაადგინეთ განსხვავება ამ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შორის და ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

ბ)  იმსჯელეთ  გამოვლენილი განსხვავების მიზეზებზე;

გ) რით აიხსნება გერმანიის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში  მოსახლეობის  „ხარვეზები“;

დ) დახაზეთ გერმანიისა და ინდოეთის დემოგრაფიული პირამიდები 2030 წლისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 5 წლით ზრდა და  მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი მაჩვენებლები (შობადობა, სიკვდილიანობა და ბუნებრივი მატება);

ე)  აღწერეთ, როგორ შეიცვლება დემოგრაფიული პირამიდების ფორმა და  რა ცვლილებები მოხდება ამ ქვეყნების  სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაში;

ვ) გამოიტანეთ დასკვნა სხვადასხვა აღწარმოების ქვეყნებში მოსახლეობის რიცხოვნობისა და  ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებების შესახებ.

პრაქტიკული სამუშაო N 7

მსოფლიოს ფიზიკური რუკის  ან გლობუსის გამოყენებით  შეავსეთ ცხრილი:

 

პრაქტიკული სამუშაო N8

აფრიკისა და ავსტრალიის  ფიზიკური რუკების გამოყენებით  შეავსეთ ცხრილი: „აფრიკისა და  ავსტრალიის  გეოგრაფიული მდებარეობის შედარება“.

 

 

 

 

 

ოჯახი ახალ ბავშვს ელოდება

0

როგორ გავუადვილოთ მცირეწლოვანს უფროსი შვილი როლი.
ახალი ბავშვი ოჯახში სასიხარულო მოვლენაა, თუმცა თუ შვილი უკვე გყავთ, შესაძლოა შფოთვამ შეგიპყროთ, რადგან თქვენ უფრო ნაკლები დრო დაგრჩებათ მისთვის, თქვენი ხელები უფრო დაკავებული იქნება და წინასწარ არ გეცოდინებათ, როგორ შეეგუება ამას თქვენი უფროსი შვილი.
რაც არ უნდა იყოს, ნუ შეშინდებით. ნაცადი და სწორი რჩევები,  ცოტაოდენი მომზადება და ეს ცვლილება უფრო მართვადი გახდება, თქვენ კი უკეთ გაიგებთ, რას გრძნობს თქვენი ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ უკვე უფროსი შვილი.

 

  1. მოჩქარეს მოუგვიანდესო

 

ამაღელვებელია იმის გაგება, რომ თქვენ ისევ ბავშვს ელით და კიდევ უფრო ამაღელვებელია ამ ამბის სხვებისთვის გაზიარება. დიდებულია, გაუზიარეთ ეს სიახლე სხვებს, მაგრამ არა თქვენს მცირეწლოვან შვილს, მით უმეტეს, დროზე ადრე. მათ დროის შეზღუდული შეგრძნება აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ამ ამაღელვებელი ამბის თქმა თვეებით ადრე შფოთვასა და მღელვარებას გამოიწვევს. მცირეწლოვნების (Toddlers) აზრით, როცა რაიმე მოვლენის შესახებ ესმით, ეს ახლა ხდება და ლოდინი მათთვის რთულია. გირჩევდით, მოგეთმინათ შეძლებისდაგვარად დიდხანს, შემდეგ კი თქვენი პატარასთვის მოგეთხროთ კონკრეტული დეტალებით, „რომ გაზაფხულდება და ახალი ყვავილები ამოვა, ჩვენ ბავშვი გვეყოლება”. ბოლო თვემდე მოცდა თქვენი ბავშვისათვის ამის სათქმელად თქვენს ოჯახს სიმშვიდეს შეუნარჩუნებს.

2. “შენ სულ ჩემი პირველი შვილი იქნები”

 

შესაძლოა, თქვენთვის ამაღელვებელია, რომ თქვენი მცირეწლოვანი შვილი უფროსი ძმა ან და გახდება, მაგრამ თქვენს შვილს წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ეს. ბავშვები ეს-ესა არკვევენ, რას ნიშნავს „მედ” ყოფნა. და უკვე ახალი როლი – უფროსი და ან ძმა. ამაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ ის ყოველთვის თქვენი შვილი იქნება, მაშინაც კი, როცა ახალი ბავშვი შემოვა ოჯახში. ამის თქმა არასოდეს იქნება ზედმეტი. აგრეთვე, გაიხსენეთ ხოლმე, რა პატარაა თქვენი უფროსი შვილი. როცა ახალი ბავშვი ჩნდება, ჩვენ გვჩვევია ჩვენი პირმშო აღვიქვათ უფრო დიდად, უფროსად, ვიდრე სინამდვილეშია. ისინი ჯერ კიდევ მოუმზადებელი არიან ცხოვრებისთვის. და თქვენმა უფროსმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ ისევ მის გვერდით იქნებით მათი ბავშვური საჭიროებ(ებ)ისას.

3. ელოდეთ რეგრესს

მცირეწლოვნები განიცდიან რეგრესს. მოზრდილი ბავშვებიც. ეს შესაძლოა მოხდეს, როგორც ახალი ბავშვის მოსვლამდე, ისე ამის შემდეგ (ან – ორივე შემთხვევაში). ეს კომუნიკაციის მათეული გზაა, როცა არ იციან, რა ხდება. ისინი არიან აღელვებულნი, მოლოდინითა და შიშით აღსავსენი. მოსალოდნელია მეტი მიჯაჭვულობა, ტუალეტის ჩვევის მოშლა, მომატებული ტირილი ან ტანტრუმი და ძილის დარღვევები. ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ, რა პატარაა თქვენი უფროსი შვილი და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მასთან კონფლიქტს. იყოლიეთ ის უფრო ახლოს, რადგან მას მეტად სჭირდებით. დამატებითი ჩახუტებები, მათთან ბავშვივით მოქცევა დიდად დაეხმარება მათ თქვენი ოჯახის ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებასთან შეგუებაში.

 

  1. ყველაფერი უფროსი შვილისთვის

 

დააჯერეთ თქვენი შვილი, რომ ახალი და ან ძმა სწორედ მისთვის არის აქ: „ნახე, შენი პატარა გეძებს. აინტერესებს, სად ხარ”. „შეხედე, პატარავ! შენი დაიკო სკოლიდან დაბრუნდა”. საჩუქრები კართან? დაე, თქვენმა უფროსმა შვილმა გახსნას ისინი, ითამაშოს, წაიკითხოს წიგნები და ა.შ. თქვენ მადლობელი იქნებით იმ მეგობრების, რომლებსაც არ ავიწყდებათ საჩუქრის ჩუქება თქვენი უფროსი შვილისთვისაც.

  1. ეჭვიანობა ნორმალურია

 

ჩვენ ვაფართოებთ ოჯახებს იმ იმედით, რომ შვილებს ერთმანეთი ეყვარებათ და სამუდამოდ იმეგობრებენ ერთმანეთთან. ასეც მოხდება. ოღონდ მოგვიანებით. ახლა კი, ახალმა ბავშვმა შესაძლოა თქვენს მცირეწლოვან შვილში გამოიწვიოს არა მხოლოდ სიყვარული, არამედ ეჭვიანობა და სხვა გრძნობები. ეცადეთ, გაიგოთ ის ბრაზი და დაბნეულობა, რომელსაც თქვენი შვილი განიცდის, „დამთრგუნველია, როცა დედას ისევ ამ ბავშვის კვება უწევს!” – ეს დაეხმარება მათ ამ რთულ ემოციებთან გამკლავებაში. გაგებით მოეკიდეთ მის საჭიროებას, იყოს თქვენთან. უთხარით – „მე მალე გამოვუცვლი ბავშვს საფენს, რათა მალევე შევძლო დაბრუნება და შენთვის წიგნის წაკითხვა”. ეს აგრძნობინებს მას, რომ მისი ესმით.

6. დედიკოს დამხმარე

 

პატარა ბავშვებს უყვართ დახმარება. ჩართეთ თქვენი მცირეწლოვანი შვილი თქვენთან ერთად მართვის  საქმეში, მიეცით მას მარტივი დავალებები. ვთქვათ, მოგიტანოთ საფენი ბავშვისთვის, ან დაგიჭიროთ ბავშვის სათამაშო, სანამ მას მანქანის სავარძელში სვამთ. ეს უფლებამოსილების მინიჭება თქვენს პირმშოს საქმიანობის თანამონაწილედ და „დედიკოს პატარა დამხმარედ” აქცევს.

 

  1. ჩაეჭიდეთ უფროს შვილთან განმარტოების უმცირეს მომენტებსაც კი

 

ორის მოვლამ შესაძლოა სირთულეები შექმნას. დროის მცირე მონაკვეთები, რომლებიც მხოლოდ უფროს შვილთან ურთიერთობისთვის გაქვთ, შეიძლება საკმაოდ მოსახერხებელი იყოს. რამდენიმე წუთით წიგნის ერთად კითხვა დაეხმარება თქვენს შვილს, იგრძნოს კავშირი თქვენთან. დაარქვით ამ დროს ზუსტი სახელი – „მხოლოდ დედიკოს და (ბავშვის სახელი) კითხვის დროა. ჩვილი აქ არ არის”. თქვენს შვილს ეცოდინება, რომ რაღაც განსაკუთრებული აკავშირებს თქვენთან.

 

  1. სთხოვეთ დახმარება ყველას, ვისაც შეუძლია

 

მეორე შვილი ნიშნავს სიხარულს და დიდ ცვლილებას, რომელსაც უნდა მოერგოთ.  შესაძლოა, თქვენ ხართ ის, ვისაც მოსწონს, ყველაფერი თვითონ აკეთოს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. საკვები, ბავშვის უფასო მოვლა; ვინმე, ვინც თქვენს შვილს პარკში ან სკოლაში წაიყვანს – დასთანხმდით დახმარებას. შეგიძლიათ, მოგვიანებით თქვენც გასწიოთ საპასუხო სამსახური.

  1. დაივიწყეთ სრულყოფილება

 

სრულყოფილება – ძალიან ხშირად მივილტვით ამისკენ. ხშირად დედები გადაჭარბებულად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის მიმართ. ახლა ამის დრო არ არის. თუ უარს იტყვით სრულყოფილებაზე, მეტს დაისვენებთ და მეტ სიხარულს იგრძნობთ თქვენს „სიხარულებთან” ურთიერთობისას. ჭურჭელი შეიძლება ჭუჭყიანი დარჩეს; ძილის დრო შეიძლება შემცირდეს, მაგრამ დაღლილობა, რომელსაც ორი შვილის დედა დღის ბოლოს  იგრძნობს, დამსახურებული  დაღლილობა იქნება.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/our-thriving-children/201706/welcoming-new-baby-the-family

 

 

 

გზები, რომელთაც ჩვენ ვირჩევთ

0

 

ბოლო წლებია, იმდენჯერ ვიყავი მანქანაზე ამხედრებული და თვითმფრინავის მუცელში გამოკეტილი, თავი უკვე ლაო-ძის წიგნის სათაური მგონია. ხან ისე ვიღლები, ძილში ვუხვევ ხოლმე, სიზმრებს ვჭყლეტ და რამე. ერთი, რაც ძალას მაძლევს, ის ამბებია, რაც ამ წასვლა-წამოსვლებს მოჰყვება. სიახლის გაცნობისა და უცხოს შეცნობის საქმე.

ადამიანი გზების არსებაა. ეს არის მისი ცხოვრების მთავარი არსი. ეგ არის, რომელ გზას ავირჩევთ, თორემ ყველაფერი სადღაც მიდის. ამადაც გამოვიტანე სიმბოლურ სათაურად ო’ჰენრის შესანიშნავი მოთხრობის დასახელება

მოვყვეთ წიგნებზე:

ჰომეროსის „ოდისეა“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნია მოგზაურობაზე – როგორც უკვე ვთქვი – ადამიანის უმთავრეს თვისებაზე და ეგებ მოვალეობაზეც კი წუთისოფელში. ოდისევსის მოდელი უნიკალურია – თუ მთავარ გმირს და მის თანმხლებებს ერთ სხეულად განვიხილავთ – ის ყველაფრის ფასად ბრუნდება უკან – სამშობლოში, ითაკაში. ოღონდ იქ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ან განწმენდილი უნდა მივიდეს. იგივე მოდელი მოჩანს ბიბლიაში – ადამი და ევა და მათი ყველა შთამომავალი ცდილობს დაბრუნდეს უკან. იქ, საიდანაც ოდესღაც ცოდვის გამო გამოაძევეს – ოღონდ დაბრუნდეს შეცვლილი, ცოდვას განშორებული. ცვლილება – აუცილებელი მოთხოვნაა. თვით მოთხოვნაც. აი, მაგალითად, ქართულ ხალხურ ზღაპრებში ხშირად ვხვდებით გზაგასაყარს. არის გზები, რომელთაც აწერიათ –  იოლი ან ოდნავ რთული არის გზა, რომელზეც მეზღაპრე გვაფრთხილებს : ,,იქ წასული ბევრი ენახათ, მაგრამ უკან დაბრუნებული – არავინ’’. და მთავარი გმირი მას ირჩევს და, ცხადია, გამარჯვებული დაბრუნდება უკან. აქ მთავარი ხიბლი სხვა რამ არის – ვიღაც და ალბათ არაერთიც ამ გზაზე დაიღუპებოდა, მაგრამ არ გვგონია, მხოლოდ ჩვენი გმირი გამომდგარიყო ერთადერთი დაბრუნებული. საქმე ის გახლავთ, რომ ის, ვინც უკან მოდიოდა, მოდიოდა უამრავ ჭირ- თუ გნებავთ, ლხინგადამხდარი, სიბრძნე და გამოცდილება შეძენილი და შესაბამისად, გამოცვლილი, გაზრდილი, უცხოშეცნობილი. მეტაფორული აზრით – დამხვდურები მას ვეღარ ცნობდნენ და აი, ამიტომაც არ ენახათ უკან დაბრუნებული არავინ.

წასვლის და დაბრუნების მოდელთან დაკავშირებით, ცხადია, გვახსენდება ამ სქემის უკიდურესი მანიფესტი, ქართული ზღაპარი – „მიწა თავისას მოითხოვს“ – სადაც გმირი უკვდავების მოსაპოვებლად გაემართება და მიაგნებს მას, ოღონდ მიღება ერთი პირობით შეუძლია – არასდროს დაბრუნდეს უკან. გავა ათასი წელი, უკვე არავინაა ცოცხალი და აღარაფერი მთელი, მაგრამ მოულოდნელად გმირი თმობს უკვდავებას და უკან ბრუნდება.  რა ეწევა უკან გმირს? იქ დაბრუნების სურვილი, სადაც საკუთარი თავი, როგორც ადამიანი პირველად გაიცნო? არავინ იცის. ერთი რამ ნათელია: უკვდავება მტანჯველია. მას სიკვდილი სჯობს. ეტყობა.

 

დონ კიხოტიც კი ამ იდეის ამბავია. არა თუ იდალგო, ულისეს (ჯოისი) და ულისე ბაღდადიდან (შმიტი) გმირებიც კი – მოდერნულ-პოსტმოდერნული სამყაროს შვილები. კი, ბატონო – კერუაკიც. გზა – როგორც წრე.
მაგრამ არის სხვა წიგნი, რომლის გმირსაც სამშობლო არ აქვს (აქ გვახსენდება ჰეილის კარგი მოთხრობა ,,უსამშობლო კაცი”). მარკ ტვენის ჰეკლბერი ფინი ახალი სახის ოდისევსია – გზა, რომელსაც ის ადგას (მდინარე, ტივი), იმავე სირთულეებს მოიცავს, რასაც მისი ანტიკური ,,მოსახელე” – ოღონდ ერთი სხვაობით – უკან დაბრუნებას არ გულისხმობს. თუ ჰეკლბერის და მის თანამგზავრებსაც ერთ სხეულად განვიხილავთ – ისიც უამრავი დანაკარგის ფასად მიიწევს წინ – ერთი მიზნით – შეისვენოს და ისევ წინ წავიდეს. ავტორი წარღვნის ალუზიას გვთავაზობს დასაწყისშივე – მამის კიდობანი ლპება. სახლს ფუძიდან მოწყვეტს მდინარე. მამა შიგვე დაიხრჩობა. ჰეკლბერი თავისუფალია წარსულისგან. ის კლავს წარსულს ყოველ წამს და ახალ მომავალს ბადებს.

არავინ იცის, რომელი სვლა უფრო ტრაგიკულია. მაგრამ წიგნი კი ყველა დიდი.

მნიშვნელოვანია კორტასარის სამხრეთის გზატკეცილი, როგორც შორეული გამოხმაურება ლაო ძის ფრაზისა, ოღონდ ამოყირავებული : ,,ვინცა დაიპყრნა ვნებები, იხილა დაო დაფარულისა. ვინცა დაიპყრა ვნებებმა, იხილა დაო ყოფიერისა. ერთია ორივეს დასაბამი, სახელებია სხვადასხვა’’.  თუ აქ დასაბამია იგივე, კორტასართან პროცესი იგივდება – ყველა გზა ერთნაირია, ანუ ამაო. ანუ საცობი. გზა როგორც სიმულაცია. გზა, რომელიც არსად მიდის. ის ,,დგას’’ პარიზთან ახლოს. ჩვენ ვხედავთ პარიზს, მაგრამ ვერასდროს მივდივართ მასთან. ამ საცობში მთელი ცხოვრება ვითარდება და იქვე მთავრდება. უპარიზოდ. უსამოთხოდ.

 

 

 

 

რისი მედიუმია პოეტი, ანუ რატი ამაღლობელის „სეკვენცია“

0

„ის (პოეტი), როგორც ფორმა, არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ლაპარაკობს ღმერთი ან ეშმაკი.…პოეტის ხილული ფორმა არის ისეთივე ნიშანი, როგორც ბგერა, ნოტი… და მხოლოდ“.

მალევიჩი

 

მედიუმი განიხილება, როგორც სემიოტიკური სისტემა, რომელიც აღწერს სამყაროს და ამ აღწერისას გამოყენებული ნიშნებით გადმოგვცემს აზრს, ინფორმაციას, იდეას. რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ფორმათა სამყაროში, აზრი ჩვენამდე მოდის განსხვავებული სემიოტიკური არხებით: ლინგვისტური არხით, მათემატიკური ნიშნებით, აუდიალური და ვიზუალური სემიოტიკური სისტემებით და სხვა.

მედიუმი – სულიერ სამყაროს მატერიალურთან აკავშირებს. მით უფრო, ეს შეიძლება ითქვას პოეზიაზე. ამის გამოხატულებაა პოეტის სიტყვები: „არც მიწისა ვარ, არც ცისა“, ან „ხან მიწისა ვარ, ხან – ცისა“. ამიტომაც ხშირად შეუძლებელია, ლირიკული „მეს“ იდენტიფიკაცია პიროვნულ „მესთან“.

ერთ-ერთი მოხსენების დროს პასტერნაკს უთქვამს: „ცოცხალი სული პიროვნულისგან გაუცხოებულია თავისუფალი სუბიექტურობის სასარგებლოდ – რომელიც არის უკვდავება!“ მიმოქცევა ზეპიროვნულობასა და პიროვნულს შორის პოეტს ხშირად აქცევს ერთგვარი ბრძოლის ველად, კონფლიქტიც მაშინ იბადება, როდესაც პიროვნული ეწინააღმდეგება ღვთაებრივს (მეტაფორული და არა რელიგიური გაგებით).

და მაინც… რისი ან ვისი მედიუმია პოეტი? ან რომელი სამყაროს რიტმები მოაქვს ჩვენამდე? ამისი ზუსტად ახსნა შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან იმ სივრცე-განზომილებებს სახელი არა აქვს. პოეტი მაშინაც კი, როდესაც, შესაძლოა, ძალიან პიროვნულ ამბებზე გვესაუბრება, ეს მხოლოდ ანკესია, რომლის მეშვეობით ის სრულიად სხვა თევზს იჭერს სხვა წყლებში. მედიუმის კავშირი ხან შიგნიდან გარეთაა მიმართული და ხანაც, გარკვეული რიტმებით გარედან შიგნით იჭრება. ყველა შემთხვევაში რეზონანსი მყარდება და ამ რეზონანსის დროს ხდება სწორედ ახალი ინფორმაციის, აზრის, იდეის შემოჭრა ტექსტში. ამიტომ არის, რომ პოეტი ყოველთვის გაოცებული რჩება საკუთარი სიტყვათქმნადობით, ის იქცევა ერთგვარ ინსტრუმენტად, რომელიც იღებს ინფორმაციას (აზრს, იდეას) და გადასცემს სხვებს. ლინგვისტური აპარატით გამოხატული აზრი ერთდროულად ხდება მუსიკალური (რიტმის წყალობით), ვიზუალური და კინესთეტიკური – სახეების მეშვეობით და, შესაბამისად, მკითხველში ანალოგიური პარამეტრების მეშვეობით იწყებს ჩატვირთვას. უბრალოდ, ჩვენი საუკუნის პრობლემა ის გახლავთ, რომ ადამიანთა კომუნიკაცია მშრალი, ზედაპირული და პრაგმატულად ცნებითია. ადამიანებს ესმით სიტყვები და მათი მნიშვნელობები, მაგრამ ამ სიტყვებით გამოხატული აზრის სხვა პარამეტრებით მიღება არ შეუძლიათ. ისინი შესაძლოა, ეტრფიან პოეზიას, იზეპირებენ კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვების კავშირები და მნიშვნელობებია და სხვა არაფერი. ნამდვილი პოეზიის შემეცნება ინტუიციურიცაა და აცოცხლებს რიტმებს, ფერებს, ფორმებს, შეგრძნებებს, რაც, საბოლოოდ ქმნის იმ განზომილების შინაგან სივრცეს, საიდანაც ლექსის აზრი მოედინება.

ბუნებრივია, რომ პოეზია მხოლოდ ერთი განზომილებიდან არ საზრდოობს და როგორც მეტაფორულად ამბობდა მალევიჩი: „ის (პოეზია), როგორც ფორმა, არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ლაპარაკობს ღმერთი ან ეშმაკი.… პოეტის ხილული ფორმა არის ისეთივე ნიშანი, როგორც ბგერა, ნოტი… და მხოლოდ“. ღმერთი და ეშმაკიც მეტაფორებია, რა თქმა უნდა, და აღნიშნავს პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიას.

არსებობს პოეზია, რომელშიც რიტმი და ტემპი ეწირება სახეებს, ფორმებს, საგნებს და, პირიქით – რომელშიც უფრო მნიშვნელოვანია რიტმი და ტემპი, როგორც დრო და მოძრაობა. ამას ქმნის ბგერწერა. ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ამისი საუკეთესო ნიმუში რატი ამაღლობელის პოეზიაა.  რატის რიტმული პოეზიიდან განსაკუთრებით „სეკვენციას“  გამოვარჩევდი.

ეს ლექსი განსაკუთრებულ ძალას იძენს, როდესაც მას თავად პოეტი კითხულობს, რადგან წაკითხვისას პოეტი თავის ტექსტიანად ხდება ერთი მთლიანი ნიშანი (სწორედ ისე, როგორც ზემოთ მოხმობილ მალევიჩის ციტატაშია), რომელიც სწორედ რიტმისა და ტემპის წყალობით უკავშირდება „სხვა სამყაროს“, საიდანაც ეს აზრი მოედინება, როგორც სწრაფი მდინარე და მსმენელში განსხვავებულ შეგრძნებებს აცოცხლებს… მერე სიტყვები აღარ გესმის, რჩება მხოლოდ მოძრაობის შეგრძნება, ბოლოს ეს ყველაფერი დიდ დუმილში გადადის… თითქოს კოსმოსური ხომალდი გაიტყორცნა… ამ დროს ხდება სწორედ „დაკავშირება“, ამ დროს ასრულებს პოეტი-მედიუმი თავის მთავარ დანიშნულებას – შეეხოს ადამიანთა სულებს.

ესეც დღევანდელი აბი: გირჩევთ, რომ მოუსმინოთ რატი ამაღლობელის ლექსის ვიდეოჩანაწერს. ეს აბი საშიში არ არის, შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე მიიღოთ… ასევე ერთ მიღებაზე 2-3-ჯერაც, გვერდითი მოვლენები არა აქვს, ეფექტი კი აუცილებლად ექნება. აბი მოქმედებას იწყებს მიღებისთანავე.

 

სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? – არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

 

 

როგორ უნდა და როგორ არ უნდა გავაუმჯობესოთ სკოლები

0

„სასკოლო რეფორმა ნელი და რთული პროცესია.

მისი დაჩქარება პროცესის დაღუპვას ნიშნავს“.

პასი სალბერგი, ფინელი ავტორი, განმანათლებელი და მკვლევარი

 

სტატიაში გვთავაზობთ აშშ-ის სასკოლო სისტემის მრავალპროფილიანი პრობლემების მოკლე ანალიზს და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტეინჰარდტის კულტურისა და განათლების კოლეჯის პროფესორის, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის განათლების მინისტრის თანაშემწის,  დაიენ სილვერზ რავიჩის მოსაზრებებს დღევანდელი აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

პროფესორი თავის ბლოგში მოგვითხრობს იმ სერიოზული გამოწვევებისა და ალტერნატივების შესახებ, რომელთა შორისაც ამერიკელ სწავლულებს, პოლიტიკის ანალიზის სპეციალისტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უწევთ მოძრაობა და ლავირება.

დაიენ რავიჩი: ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მასწავლებლებს მოუწოდა „შეეწყვიტათ სკოლის მოსწავლეების მხოლოდ გამოცდებისთვის „გამოწრთობა“. საზოგადოებას კი მოსთხოვა „სათანადოდ დაეფასებინათ საუკეთესონი, ხოლო უარესები – ვინც ბავშვებს ცოდნის მიღებაში უშლის ხელს, მოეცილებინათ“.

პრეზიდენტის ნათქვამში თითქოს ყველაფერი ნათელი და სწორია. პროგრამა „გზა მწვერვალისკენ“, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ მოაწერა ხელი, შტატების ადმინისტრაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს ის მასწავლებლები, რომელთა მოსწავლეებიც ტესტებზე კარგ შედეგებს უჩვენებენ (ალბათ ესენი არიან „საუკეთესონი“) და გაათავისუფლოს ისინი, ვისი მოსწავლეებიც ტესტებზე დაბალ ჯამურ ქულებს იღებენ (ალბათ ესენი არიან „უარესნი“).

გამოდის, რომ მასწავლებლები, რომლებსაც ადგილის შენარჩუნება სურთ, ვალდებულნი იქნებიან ტესტებისთვის „გამოაწრთონ“ ბავშვები. პრეზიდენტის სიტყვების თანახმად, იგი მასწავლებლებს მოუწოდებს, ხელი აიღონ იმ პრაქტიკაზე, რომელიც თვითონ ობამას მიერ იყო ჩადებული აშშ-ის განათლების პოლიტიკის საფუძველში.

პროგრამა „გზა მწვერვალისკენ“ და უფრო ადრინდელი, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსის დროინდელი პროგრამ, „არ გამოგვრჩეს არცერთი ბავშვი“, იმ ტენდენციის გამოვლინებაა, რომელსაც პასი სალბერგი (ფინეთის სასკოლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი)  „მიკრობს“ უწოდებს (ალუზია ინგლისური ტერმინი  GERM-იდან, Global Education Reform Movement – მსოფლიო საგანმანათლებლო რეფორმის მოძრაობა, რომელიც თავისი პრინციპებით ბიზნეს-მოდელებს ემყარება და ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ში, ბრიტანეთში, ავსტრალიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში).

სალბერგის აზრით, სწორედ „მიკრობია“ ის ფორმატი, რომელიც ბავშვების მხოლოდ გამოცდებისთვის „გამოწრთობას“ გულისხმობს. „მიკრობის“ მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეები მუდმივად უნდა შეამოწმო და ამ შემოწმების შედეგები, წარმოადგენს როგორც მათი სწავლების შედეგს, ისე – საუკეთესო შეფასების კრიტერიუმს. ტესტირება საშუალებას იძლევა, არა მარტო გავიგოთ ამა თუ იმ სკოლის მუშაობის დონე, არამედ იძლევა იმის საფუძველს, წავახალისოთ თუ დავსაჯოთ მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თვითონ სკოლაც.

ამავე დროს, განათლების სისტემის ხელისუფალნი, ჩინოვნიკები და ხელმძღვანელები, ანუ ის ხალხი, ვინც სკოლებისთვის ინსტრუქციებს წერს და სახსრებს ანაწილებს, საერთოდ არ აგებს პასუხს მათი გადაწყვეტილებების შედეგებზე! „მიკრობის“ მიდგომა იმ მოსაზრებიდან მომდინარეობს, რომელიც მასწავლებლების მოტივაციისა და დასჯისთვის, „მათრახისა და ორცხობილას“ პრინციპს ეყრდნობა.

ჩემს ერთ-ერთ წიგნში აღწერილი მაქვს ფინელი მასწავლებლების ერთობლივი, მუდმივად მიმდინარე მუშაობა განათლების სფეროს ხელმძღვანელებთან. ფინელ მასწავლებლებს არავინ აგებინებს პასუხს „ტესტების შედეგების გამო“ და ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ფინეთში ტესტების სისტემა არ არსებობს.

მასწავლებელი თვითონ მუშაობს  კონტროლის ფორმებზე, რაც საშუალებას აძლევს მას, გაიგოს, რა შეითვისეს მისმა მოსწავლეებმა და რომელ სფეროშია ბავშვების განათლება არასაკმარისი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუშაობა, ძალიან ინტენსიურია, რადგან ფინელ მასწავლებლებს ამისკენ პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალი დონე უბიძგებთ და არა ხელმძღვანელი ჩინოვნიკებისადმი შიში.

თავის წიგნში „ფინური გაკვეთილები“ პასი სალბეგი კარგად აღწერს იმ შინაგან სტიმულებს, რომლებითაც ფინეთის მასწავლებლები, როგორც ნებისმიერი საქმის ოსტატები,  სარგებლობენ კლასში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის. ეს ძირფესვიანად განსხვავდება გათავისუფლების შიშისა და ხელფასზე დანამატის მიღების მოტივაციისგან.

„მიკრობი“ თავისი ფილოსოფიით ცდილობს, შექმნას თავისუფალი ბაზრის ანალოგია, რომელიც მშობლებს მომხმარებლებად განიხილავს, ხოლო მოსწავლეებს – პროდუქტად. მასწავლებელს ამ სქემაში მორჩილი აღმასრულებლების როლი ენიჭება და მისი ერთადერთი ვალდებულება, მითითებებისა და ინსტრუქციების გულმოდგინედ შესრულებაა.

„მიკრობის“ ფორმატის მომხრეებს ძალიან აღიზიანებთ პედაგოგთა პროფკავშირები, რომლებსაც ისინი სწავლების „ეფექტური მენეჯმენტისა“ და მართვის ხელის შემშლელ ფაქტორად განიხილავენ.  პროფკავშირები მათთვის ართულებს სახსრების აუცილებელ „ეკონომიას“, რაც ხშირად მაღალანაზღაურებადი მასწავლებლების გათავისუფლებას და მათ ადგილებზე მცირე ხელფასზე თანახმა ახალგაზრდების მოყვანას გულისხმობს. „მიკრობის“ მომხრეების აზრით, ეს სკოლისთვის ბევრად უფრო „იაფია“.

ფინეთის წარმატებულმა გამოცდილებამ ეჭვქვეშ დააყენა მსოფლიო საგანმანათლებლო რეფორმის მოძრაობის თეორიული დებულებები – პრაქტიკულად ყველა ფინელი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ერთიანი პროფკავშირის წევრია, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან. ამავე დროს მასწავლებლები ერთიანი ძალით აღწევენ ხელფასის ზრდას და ზოგადად, მასწავლებლის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ამერიკაში სასკოლო რეფორმის მოძრაობის წევრები მსხვილი ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი დემოკრატების, მემარჯვენე რესპუბლიკელებისა და „ჩაის მოძრაობის“ წევრი გუბერნატორების, უოლ-სტრიტზე მომუშავე ფინანსური კომპანიებისა და მსხვილი ფონდების უცნაურ ნაზავს შეადგენენ. ყველა ეს ჯგუფი, მტკიცედ იცავს „მიკრობის“ ძირითად პრინციპებს.

ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მეტი სკოლა იქნება კერძო მართვაში და  მცირე იქნება რეგულაციები  ზემოდან, არასასურველი მასწავლებლების სწრაფად „მოცილება“ -გათავისუფლება ან სკოლების ადვილად დახურვა ხელს შეუწყობს სკოლის მეტი კურსდამთავრებულის შესვლას უმაღლესში და სიღარიბის საბოლოოდ დამარცხებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი წარმოდგენები ერთობ არამყარ ნიადაგზე დგას.

ცოტა ხნის წინ დიუკის უნივერსიტეტის ეკონომისტმა ჰელენ ლედმა გაავრცელა დიდი ზომის ანგარიში სათაურით „განათლება და სიღარიბე: მონაცემების შედარება“. ანგარიშში ნაჩვენებია, რომ სიღარიბე აფერხებს განათლების განვითარებას არა მარტო აშშ-ში, არამედ ყველა ქვეყანაში.

„ბიზნესრეფორმის“ მომხრეთა უაპელაციო განცხადებები იმის შესახებ, რომ სიღარიბე მხოლოდ მიზეზია, რომელსაც ცუდი მასწავლებლები იყენებენ თავის გასამართლებლად, სულ მცირე, გულუბრყვილობას წარმოადგენს (თუ არ ვიტყვით, რომ ეს სისულელეა).

ალბათ ამ განაცხადში გამოსჭვივის სურვილი, გვერდი აუარონ სიღარიბის და შემოსავლების უთანაბრობის პოლიტიკურად „მოლიპულ“ თემებს, რომლებიც წლებთან ერთად სულ უფრო მძაფრდება, და რომელთაც შეიძლება კითხვის ქვეშ დააყენონ ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება.

სკოლების “ბიზნესრეფორმატორების“ ჯგუფს იმედი აქვს, რომ კერძო ინიციატივის დანერგვა და ინტეგრაცია კარს გაუღებს შემოქმედებით ნოვაციებს განათლების სფეროში. თუმცა რეალობა საპირისპიროს გვიჩვენებს: კარი ხშირად იმათთვის იღება, ვინც ყველა მეთოდით ტესტირების შედეგების გაუმჯობესებას ცდილობს და კარს მიღმა ის მოსწავლეები რჩებიან, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, ან რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენას წარმოადგენს, მშობლიურის შემდეგ.

მათ კიდევ ერთი მიზანი ამოძრავებთ – მაქსიმალური მოგების მიღება. ამ ტიპის რეფორმის კიდევ ერთი მიმართულებაა განათლებაზე ხარჯების მაქსიმალური შემცირება.  შედეგად, სკოლების ბევრი ხელმძღვანელი ხარჯებს ამცირებს და ათავისუფლებს მასწავლებლებს.

სხვები, იმავე „ბიზნესრეფორმების“ ჯგუფიდან, ცდილობენ ცოცხალი მასწავლებლები „დისტანციური სწავლებით“ ჩაანაცვლონ. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ხარჯების შემცირებისათვის, გახლავთ ახალგაზრდა, გამოცდილების არმქონე მასწავლებლების დაქირავება, რომლებსაც მინიმალური განაკვეთებით უხდიან ხელფასს. ასეთი მასწავლებლების უმეტესობას ურჩევნია საპენსიო ასაკამდე დიდი ხნით ადრე დაასრულოს „მასწავლებლობა“ და სხვა უფრო ადვილ და სარფიან საქმეს მიჰყოს ხელი.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

ანტისისტემური რომანი

0

საქართველოში ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ნომინანტთა სია უკვე ცნობილია. ნომინანტთა შორის კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე ცხვედიანი. ცხვედიანის „მაიაკოვსკის თეატრს“ წლის საუკეთესო რომანის სტატუსის მოპოვების შანსი აქვს. ბევრს გვიხარია, რადგან გამოუცდელი ავტორი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში სრულიად განსაკუთრებული როლის შესრულებას ცდილობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის სტუდენტი ბევრი ასპექტით ენათესავება ჩემს საყვარელ ჯონ სტაინბეკს. ორი შემოქმედის სტილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მათ თემატიკა და სამოქალაქო პოზიციები აერთიანებთ. ქუთაისელიც და კალიფორნიელიც გაჭირვებული, გარიყული ადამიანების ჩაგვრისა და განსაცდელის წარმოჩენისთვის ზრუნავენ. ისინი დამოუკიდებელნი არიან პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტებისგან. ორივე მათგანის ნიჭი პირველყოფილი ქრისტიანებივით დევნილ მოქალაქეთა ყოველდღიურობის დახვეწილად აღქმისა და უზუსტესად ახსნის უნარში ვლინდება. რაც მთავარია, ნობელიანტიც და სტუდენტიც ლიტერატურას მხილებისა და საზოგადოებრივი გარდატეხის ძლევამოსილ იარაღად განიხილავენ. მათთვის მთავარი მკითხველის მდგომარეობა, მკითხველისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა და არა საკუთარი განუმეორებლობისა თუ სწორუპოვრობის წარმოჩენა.

რატომ მიიჩნევენ „მაიაკოვსკის თეატრს“ გამორჩეულ ნაწარმოებად?

„მაიაკოვსკის თეატრი“ ანტისისტემური რომანია. იგი ჩვენს უსამართლო სისტემას წარმოაჩენს და მის ყველა შემზარავ ნაკლოვანებაზე სვამს აქცენტს. ვრცელ მოთხრობაში სიტუაცია ბაღდათში ვითარდება. ვფიქრობ, რომ ავტორმა ეს ქალაქი სპეციალურად შეარჩია. სტუდენტები და პროფკავშირელები ხშირად სტუმრობენ ინდუსტრიულ ქალაქებს, იციან ადგილობრივთა პრობლემები და მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობენ მეშახტეებისა თუ მაღაროელების, მეტალურგებისა თუ სამთო ინჟინრების სირთულეებით ხელისუფლების დაინტერესებას. სამწუხაროდ, მათ აღარ რჩებათ დრო, რომ სამრეწველო ცენტრებზე უარეს მდგომარეობაში მყოფ დასახლებებზე იფიქრონ. ჭიათურელი სიკვდილის ფასად მაინც ახერხებს ელემენტარული შემოსავლის მოპოვებას. ლანჩხუთელს იმის იმედი მაინც აქვს, რომ ბათუმისკენ მიმავალი მანქანა „გადარეული გურულის“ ძეგლის მიმდებარედ გახსნილ მაღაზიასთან გააჩერებს. ბაღდათში კი არც მსხვილი საწარმო მუშაობს და არც ცენტრალური გზატკეცილი გადის. ბაღდათი ჩიხში მომწყვდეული გეტოა, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს საყოველთაოდ გავრცელებული სისტემური ჩაგვრის თითოეული ასპექტი.

რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ცოტნეს მიერ აღწერილ სისტემას?

სისტემა ისედაც გაუბედურებული ადამიანების საბოლოოდ განადგურების სურვილით ხასიათდება. იგი სრულუფლებიან მოქალაქეებად ვერ აღიქვამს ღარიბებს, შეშლილებს, მეძავებს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს. სისტემაში დამყარებულ წესრიგს უდიდეს საფრთხეს უქმნის ნებისმიერი გარიყულისთვის ელემენტარული სიკეთის განაწილება. იერარქიის სათავეში მოქცეული მოთამაშეები საკუთარი უპირატესობებისა და გაბატონებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად მზად არიან შეაჩერონ პროგრესი, შეაფერხონ განვითარების პროცესი, უარი თქვან ყოველდღიურად ფრენის მარტივ და უნიკალურ შესაძლებლობაზე.

სისტემის არსებობასა და უთანასწორობის განვითარებას ხელს  უწყობენ ჟურნალისტები და ინტელექტუალები. ჟურნალისტები ჩაგვრას თავიანთი გულგრილობითა და ზედაპირულობით აძლიერებენ. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფორმაა, რადგან მოვლენათა შინაარსის აღქმის უნარი დაკარგული აქვთ. პოეტებს, ფილოსოფოსებსა და რეჟისორებს კი მხოლოდ პირველ პირში შეუძლიათ ლაპარაკი, დაკარგული აქვთ სხვების განსაცდელის თანაგანცდის ნიჭი. მათ მხოლოდ იმის ძალა შესწევთ, რომ აკრიტიკონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, გამოკვეთონ გლობალიზაციის უარყოფითი ნიშნები, ისაუბრონ ტერორიზმის რაციონალურ ასპექტებზე. ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ბნელ ძალებს, რადგან მათ ინტელექტუალების ფუფუნების უზრუნველყოფის შნო აქვთ. შემოქმედნი საკუთარი კეთილდღეობის ფასად მონობის ქურუმები და მორჩილების აპოლოგეტები ხდებიან.

მჩაგვრელ სისტემაში ქველმოქმედებაც კი დაქვემდებარების განმტკიცების საშუალებაა. მოულოდნელად გამდიდრებული ადამიანები თავიანთი შემოსავლის მემილიონედის ათასში ერთხელ გაღებით მყარი პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ცდილობენ. ქველმოქმედთათვის მნიშვნელობა არ აქვს ვის ეხმარებიან, რატომ ეხმარებიან, საკმარისი არის თუ არა მათი დახმარება. მთავარი სიყალბის საშუალებით სახელის მოხვეჭაა.

ცოტნე შესანიშნავად ასაბუთებს იმას, თუ რა როლი აქვთ უსამართლობის გაღვივების საქმეში რელიგიურ სტრუქტურებს. ეკლესია განწირული ადამიანების თავშესაფრის ნაცვლად, თავშესაფრის ნანგრევებზე აგებულ ქვის აკლდამად არის ქცეული. ნაწარმოების ღრმადმორწმუნე, უნიკალური და უტყვი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ვერა დიდებულ ნაგებობაზე მეტ სიწმინდეს ჩაფხავებულ თეატრში პოულობს.

ცხვედიანი ძალიან კარგად იცნობს „პერესტროიკის“ პერიოდში ჩამოყალიბებულ თაობას: „მამამ და მისმა თაობამ დამოუკიდებლობა გამოგლიჯეს უდიდეს იმპერიას. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ. მათ შექმნილ ქვეყანაში კი აღმოჩნდა, რომ ადგილის დამკვიდრება იოლი არ იყო. თუ არ იბრძოლებდა, თავისი გუშინდელი თანამოაზრეები წაართმევდნენ ყველაფერს…. ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ მამა მოძალადედ იქცა, იმის განცდაა, რომ თვითონ გახდა უსამართლობის მსხვერპლი… მის წინაშე იმდენი დანაშაული მიუძღვით, რომ ახლა მას ყველაფერი ეპატიება“. ავტორი ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ სისტემის წესრიგი სოლიდარობას კონკურენციით ანაცვლებს. სასტიკ კონკურენციასა და ურთიერთქიშპში ჩაფლულ მოქალაქეებს კი პროგრესის საერთო ძალისხმევით მიღწევის შესაძლებლობა სამუდამოდ აქვთ დაკარგული. მაშასადამე, ჩვენს ყოფაში განწირული მსხვერპლიც კი ჯალათის წისქვილზე ასხამს წყალს, თან დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს.

საინტერესოა, არსებობს თუ არა ამ ყოვლისმომცველი ჩაგვრის მექანიზმის გაჩერების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ავტორი რომანის უკანასკნელ გვერდამდე ამტკიცებს, რომ სამყარო აჯანყებულის ყველა შეტევის შემდეგ ბევრად უფრო ძლიერი ხდება და ყველა წინააღმდეგობას კვლავ თავისი წესრიგის ნაწილად აქცევს. თითქოს, წიგნის მთავარი პერსონაჟი იმის მაგალითია, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, რომ ყველანი უძლურნი ვართ დიდი ხნის წინ ამუშავებული, აგუგუნებული მანქანის ხმაურის წინაშე.

არადა, გამოსავალი არსებობს. გეტოებში დაბადებულთაგან ერთეულები წარმატების მიღწევას ახერხებენ. ისინი მშობლიური გარემოდან გარბიან, მწვერვალებს იპყრობენ, საკუთარ თავს პოულობენ და წარმოაჩენენ. დაწინაურებულები პირად კეთილდღეობაში აგრძელებენ ცხოვრებას და დანარჩენებს საკუთარ თავს მისაბაძ მაგალითად სთავაზობენ: „ჩვენც ხომ თქვენ დღეში ვიყავით, ვიშრომეთ, გადავრჩით და  საუკეთესოც დავიმსახურეთ. თქვენც სცადეთ და გამოგივათ!“ ჩვენი მიზანი გეტოდან გაქცევა კი არ უნდა იყოს, არამედ მისი გაუქმებისთვის უნდა ვზრუნავდეთ.

 

 

ფანტაზია ჯულიეტასთვის   (III ნაწილი)

0

ჭეშმარიტი ხელოვანისთვის უცხოა ამპარტავნება. მას კარგად ესმის, რაოდენ ამოუწურავია ხელოვნება და რა შორსაა მიზანი.

ლ. ვ. ბეთჰოვენი

 

სიყრუე აბსოლუტური გახდა. 1815 წლის შემოდგომიდან კომპოზიტორი ხალხთან მხოლოდ წერილობით ურთიერთობდა. „მეგობრები აღარ მყავს, სრულიად მარტო ვარ ამქვეყნად“, – წერს ბეთჰოვენი 1916 წლის ერთ-ერთ ჩანაწერში. საზოგადოებას გარიდებული, სიმშვიდეს მხოლოდ ბუნების წიაღში პოვებდა. მისი დიდი ხნის მეგობარი ტერეზა ფონ ბრუნსვიკი იხსენებდა, რომ ბუნება ბეთჰოვენის ერთადერთი თავშესაფარი იყო და რომ მანამდე არავინ ენახა, ვისაც ასეთი სინაზით ეყვარებოდა ყვავილები და ღრუბლები… თითქოს მათით ცოცხლობდაო. ერთ-ერთ ჩანაწერში თავად კომპოზიტორიც აღიარებდა: „მე შემიძლია, ხე ადამიანზე მეტად მიყვარდეს“.

გავიდა რამდენიმე წელი და 1821 წელს ჯულიეტა ავსტრიაში დაბრუნდა. ბეთჰოვენი მოინახულა და ტირილით გაიხსენა ის შესანიშნავი დრო, როდესაც კომპოზიტორი მისი მასწავლებელი იყო. შემდეგ თავისი ოჯახის ცხოვრებისეულ სირთულეებზე მოუთხრო და ფულადი დახმარება სთხოვა. კეთილშობილმა მაესტრომ ჯულიეტასთვის მნიშვნელოვანი თანხა გაიღო, მაგრამ შემდგომი შეხვედრები აკრძალა. ბეთჰოვენი გულგრილი ჩანდა, მაგრამ ვინ იცის, რა ხდებოდა სინამდვილეში მის მრავალგზის იმედგაცრუებით განაწამებ გულში…

1826 წლის შემოდგომაზე ბეთჰოვენი ავად გახდა. ურთულესმა ოპერაციებმა და დაუძლურებულის მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ლუდვიგმა მთელი ზამთარი საწოლში გაატარა. სრულიად ყრუ, ძალიან განიცდიდა, რომ მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო.

და მაინც, არავითარ ძალას არ შეეძლო, გაეტეხა მისი დაუმორჩილებელი სული, საკუთარ ტანჯვასაც რომ დასცინოდა. „კომედია დასრულდა“, – თქვა და გარდაიცვალა ხელოვნებაში ყველაზე გმირული ძალა, მუსიკის გენიოსი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ის ამ ქვეყნიდან 1827 წლის 26 მარტს, ქარბუქიან დღეს წავიდა. რა სამწუხაროა, რომ მისი ცხოვრებაც ავდრიან დღეს ჰგავდა.

ბეთჰოვენის გარდაცვალების შემდეგ საწერი მაგიდის საიდუმლო უჯრაში იპოვეს წერილი, რომელშიც კომპოზიტორი წერდა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯულიეტას მის ცხოვრებაში, როგორ ჩამოექცა სამყარო თავზე მისი ღალატის გამო, როგორ დაკარგა აზრი მისმა ცხოვრებამ.

უკვდავ სატრფოს

ჩემო ანგელოზო, ჩემო ყველავ, ჩემო მევ… სადაც არ უნდა ვიყო, შენ ჩემთან ხარ. განა ეს ცხოვრებაა?! უშენოდ?! ასე ახლოს! ასე შორს! ღმერთო ჩემო, როგორ ვიცხოვრო უშენოდ?! მე სიცოცხლე მხოლოდ შენს სიახლოვეს შემიძლია, სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებ! რა ნაღველი, მწუხარება და ცრემლები მომგვარა უშენობამ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ, ჩემო მევ…“

შემდეგ ბევრს იკამათებენ იმის შესახებ, ვის ეძღვნებოდა ეს უსტარი. კომპოზიტორის ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ქალი – ტერეზა, მაგრამ არსებობს ფაქტი, რომელიც ჯულიეტა გვიჩარდიზე მიანიშნებს: წერილთან ერთად ინახებოდა უცნობი ოსტატის მიერ შესრულებული ძალზე მცირე ზომის პორტრეტი და „ჰაილიგენშტადტის ანდერძი“.

ასეა თუ ისე, სწორედ ამ უიღბლო სიყვარულის წყალობით შეიქმნა უკვდავი შედევრი „მთვარის სონატა“.

აი, რას წერს ერთი ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსი: „სიყვარულის ძეგლი, რომლის შექმნაც ამ სონატით ბეთჰოვენს სურდა, ბუნებრივად გადაიქცა მავზოლეუმად. ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ბეთჰოვენი გახლდათ, შეუძლებელია, სიყვარული ყოფილიყო რამე სხვა, გარდა საიქიო იმედისა და სულიერი გლოვისა აქ, დედამიწაზე“.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები კომპოზიტორისთვის უმძიმეს პერიოდში შეიქმნა. სონატის წერა ბეთჰოვენმა აღფრთოვანებითა და მთრთოლვარე იმედით დაიწყო და სრულ მრისხანებაში დაასრულა.

1802 წელს ბონში გამოქვეყნებული „მთვარის სონატის“ სათაურის ქვეშ იკითხებოდა კომპოზიტორის მინაწერი: „ეძღვნება გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდის“. სონატის მიძღვნით ბეთჰოვენმა სამუდამოდ უკვდავყო ჯულიეტას სახელი.

საინტერესოა, იყო კი ჯულიეტა ისეთი, როგორიც ლუდვიგს წარმოედგინა? თავს დატეხილი უბედურების მიუხედავად, ბეთჰოვენი ადამიანებში მაინც საუკეთესოს ხედავდა და სისუსტეებს მიუტევებდა. კომპოზიტორისთვის ჯულიეტას ხატებაში ალბათ ქალის იდეალმა შეისხა ხორცი.

ბეთჰოვენის ბუნებაში იყო რაღაც პურიტანული. თამამი აზრები და საუბრები მას ყოველთვის აფრთხობდა. სიყვარული მისთვის სიწმინდეს ნიშნავდა. ამბობენ, რომ ბეთჰოვენი მოცარტს ვერ პატიობდა თავისი გენიის დამცირებას „დონ ჟუანის“ შექმნით. სწორედ ბეთჰოვენის მსგავსნი ხდებიან ყალბი სიყვარულის მსხვერპლნი და ეს მოსაზრება ლუდვიგის შემთხვევაში სავსებით გამართლდა.

ორ საუკუნეზე მეტია, რაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „მთვარის სონატას“ მთელ მსოფლიოში სწავლობენ და ასრულებენ. ალბათ ძნელად იპოვით ადამიანს, ეს ნაწარმოები ერთხელ მაინც რომ არ მოესმინოს. ძნელი წარმოსადგენია, მუსიკალური სკოლის თუნდაც ტანჯვა-წამებით დამთავრების მიუხედავად, მოსწავლეს ერთხელ მაინც არ ეცადოს “მთვარის სონატის“ პირველი ტაქტების გარჩევა-დაკვრა. ამ დროს, უმეტესობას შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რამხელა დრამა იმალება ყოველი ნოტის უკან.

„Quasi una Fantasia“ („ფანტაზიის მსგავსი“) ბეთჰოვენის რიგით მეთოთხმეტე საფორტეპიანო სონატაა. შეგახსენებთ, კომპოზიტორს ფორტეპიანოსთვის სულ 32 სონატა აქვს შექმნილი.

სათაური კი პრაქტიკულად შემთხვევით, მეტიც – სავსებით პროზაულად გაჩნდა, როდესაც კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობარმა, გერმანელმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა, პოეტმა და ლიბრეტისტმა ლუდვიგ რელშტაბმა, სონატის პირველი ნაწილი შეადარა შვეიცარიაში მდებარე ფირვალდშტეტის ტბის პეიზაჟს მთვარიან ღამეში.

სინამდვილეში „მთვარის სონატას“ არაფერი აქვს საერთო მთვარის შუქთან. ეს სამგლოვიარო მარშია სიყვარულზე, რომლითაც კომპოზიტორი უდიდეს გრძნობას გამოეთხოვა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...