კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

მოსწავლეთა სწავლის შეფასების სასკოლო პოლიტიკის გზამკვლევი ( ნაწილი 2)

0

როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა სწავლის შეფასება?

პერიოდულად, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ, სხვადასხვა მეთოდების საშუალებით  შეგროვილი ინფორმაცია ეხმარება მასწავლებელს, რომ მან შექმნას ბავშვის პროგრესისა და მიღწევების დეტალური, ცხადი სურათი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უფრო რელევანტურია  სკოლამდელი და დაწყებითი განათლების საფეხურებზე, რადგან ამ ასაკის მოსწავლეთა სწავლა შესაძლებელია ძლიერ კონტექსტუალიზებული იყოს და, საბოლოო ანგარიშით, გამოიწვიოს ნაკლებად სანდო შეფასებითი ინფორმაციის  არსებობა, ვიდრე უფროსი ასაკის მოსწავლეების შემთხვევაში. იმ კონტექსტის ცოდნა, სადაც მიმდინარეობდა შეფასება, კიდევ უფრო ამდიდრებს მასწავლებლის მიერ შეგროვებული ინფორმაციის შინაარსს. ეს კი ხელს უწყობს მასწავლებლის მიერ სწავლის პროცესის დანახვას ბავშვის გადმოსახედიდან.

მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისთვის შერჩეული მეთოდები შესაფერისი იყოს შეფასების მიზნებისთვის, მოსწავლეთა ასაკისთვისა და განვითარების საფეხურისთვის. შერჩეულმა მეთოდებმა არ უნდა გამოიწვიოს  მოსწავლეთა დისკრიმინაცია. სკოლაში გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ კონტექსტის, კულტურისა და ენის ზეგავლენა შეფასებაზე და იზრუნონ, რომ შეფასება ჩატარდეს ბავშვებისთვის შესაფერის პირობებში. მაგალითად, სასკოლო პერსონალმა ზომები უნდა მიიღოს შეფასების ისეთი ასპექტების მოსაგვარებლად, რომლებიც სსსმ მოსწავლეებისთვისაა რელევანტური; მათვე უნდა უზრუნველყონ საჭირო ალტერნატივები.  ზოგიერთი მოსწავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მოუწევთ მიაკვლიონ პროგრესის და მიღწევების ამოცნობის ისეთ გზებს, რომელთა მიმართ ბავშვები საკმაოდ მგრძნობიარე იქნებიან.  მაგალითად, მეტი წონა მიანიჭონ იმას, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი აქტივობაზე ან მისცენ ბავშვს დამატებითი დრო აქტივობის დასრულებისთვის ან დაიხმარონ მოსწავლე, რომელიც ნაკლებად საჭიროებს მხარდაჭერას აქტივობის დასრულებისთვის.

 

სად უნდა ჩაიწეროს შეფასებით მოპოვებული ინფორმაცია?

სკოლები ქმნიან და ინახავენ ინდივიდუალურ ჩანაწერებს ბავშვის სწავლის შესახებ მანამდე, სანამ ბავშვი მოცემულ სკოლაში სწავლობს.ისინი მშობლებს აწვდიან შეფასების ანგარიშებს, რომლებიც შეიცავს  ზუსტ და ადვილად გასაგებ ინფორმაციას ბავშვის პროგრესისა და მიღწევების შესახებ. სკოლა ინახავს სამი სახის ჩანაწერებს:

  • მასწავლებლის ყოველდღიურ ჩანაწერებს;
  • მოსწავლის პორტფოლიოს;
  • ანგარიშგების ბარათს („ნიშნების ფურცელს“).

მასწავლებლის ჩანაწერები

ჩვეულებრივ, მასწავლებელი ინახავს მის ყოველდღიურ ჩანაწერებს  – დაკვირვების მონაცემებს, კომენტარებს, ინცინდენტებს და სხვა, რომელიც კლასში ან სკოლის ეზოში ხდება. ეს ჩანაწერები მასწავლებელს აწვდის დამატებით ინფორმაციას ბავშვის შესახებ, ეხმარება მას, რომ უფრო ეფექტურად ამოიცნოს ბავშვის ინდივიდუალური  და მთელი კლასის საჭიროებანი.

 

მოსწავლის პორტფოლიო

მასწავლებლები იყენებენ მოსწავლის პორტფოლიოს იმისთვის, რათა დააფიქსირონ ინფორმაცია მოსწავლის სწავლისა და განვითარების ყველა ასპექტის შესახებ. პორტფოლიო იძლევა შეკუმშულ საგანმანათლებლო ისტორიას ბავშვის პროგრესისა და მიღწევების შესახებ ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში. ყოველ მოსწავლეზე ერთი ფაილი მაინც უნდა იყოს შენახული. მოსწავლის საუკეთესო ნამუშევრების გარდა, იგი უნდა მოიცავდეს დოკუმენტებს, რომლებიც მოამზადეს კლასის დამრიგებელმა, კლასის მასწავლებელმა თუ დამხმარე მასწავლებელმა. მოსწავლის პორტფოლიოს დანიშნულებაა:
• ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და მასწავლებელს სწავლის მონიტორინგსა და დასტრუქტურებაში;

  • უზრუნველყოს მასწავლებელი მშობლებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციით;
  • უზრუნველყოს ინფორმაციით ის მასწავლებლები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ბავშვის შემდგომ განათლებაზე.

მოსწავლის პორტფოლიო მოიცავს მოსწავლის ძლიერ მხარეებსაც და საჭიროებებსაც, მის მიერ მიღწეულ პროგრესსა და იმ არეებზე მითითებას, სადაც მოსწავლის განვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. პორტფოლიოში შეიძლება ინახებოდეს სხვა მნიშვნელოვანი და გამოყენებადი ინფორმაციაც, როგორიცაა მისი სახლის მისამართი, სკოლაში ჩარიცხვის მონაცემები,  გაკვეთილების დასწრების ამსახველი ინფორმაცია, სამედიცინო ისტორია, სკოლამდელი გამოცდილების ამსახველი მონაცემები, შეფასების დოკუმენტები (მაგალითად, შევსებული ტესტები). სკოლას შეუძლია შექმნას მოსწავლის პორტფოლიო ნაბეჭდი სახით ან ელექტრონული ფორმით. თუ პორტფოლიო ინახება ელექტრონულად, მაშინ მისი ასლიც უნდა არსებობდეს.

ანგარიშგების ბარათი

ანგარიშგების ბარათი მოსწავლის პორტფოლიოს მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელშიც მოცემულია მოსწავლის პროგრესისა და მიღწევების შესახებ თვალშისაცემი და ყურადსაღები ინფორმაცია მოსწავლის ინტერესების, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების ჩათვლით. ანგარიშგების ბარათის დანიშნულებაა შეფასებით მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება მშობლებისთვის (მათთვის მისაღები ფორმით) ისე, რომ მათ შეძლონ ამ ინფორმაციის გამოყენება ბავშვების დახმარებისთვის და ასე განმტკიცდეს კავშირი სკოლასა და სახლს შორის.

ანგარიშგების ბარათი საშუალებას იძლევა წელიწადში ორჯერ დაფიქსირდეს შეფასებით მიღებული ინფორმაცია. ბარათს ავსებს ყველა, ვინც ასწავლის ბავშვს. შეფასების შედეგები იმისთვის იწერება, რომ ყველაზე რელევანტური და საჭირო ინფორმაცია ბავშვის პროგრესისა და მიღწევების შესახებ ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვის და სხვა სპეციალისტებისთვის, ვინც დაკავშირებულია ბავშვის განათლებასთან.

 

როგორ უნდა იყოს ჩაწერილი შეფასებით მოპოვებული ინფორმაცია?

შეფასებით მიღებული ინფორმაცია სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს მოცემული – ნიშნების, სააღრიცხვო ბარათების, რეიტინგის, სასწავლო პროფილის ან თხრობითი სახის კომენტარების საშუალებით. მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ კომენტარები ობიექტური და კონსტრუქციული უნდა იყოს. რეკომენდებულია, რომ მოსწავლის პორტფოლიოში და ანგარიშგების ბარათში კომენტარები ჩაიწეროს პოზიტიური სულისკვეთებით (მოსწავლის შემდგომი სწავლისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით). გარდა ამისა, კომენტარები ადვილად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს არაპედაგოგი მკითხველისთვისაც – იგულისხმება ჩანაწერების სიცხადე და თანმიმდევრულობა.

უფრო მეტიც, მოსწავლის პორტფოლიოსა და ანგარიშგების ბარათში ჩაწერილი ინფორმაცია ბავშვის სწავლის შეფასების შესახებ ადვილად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის – მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლა მოსწავლეთა მობილობის ზრდის გათვალისწინებით.

 

 

 

ვისთან შეიძლება შეფასებით მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება?

თვრამეტ წლამდე ასაკის მოსწავლეთა მშობლებმა და თვით მოსწავლეებმა, რომლებიც თვრამეტი წლის შესრულდნენ, შეიძლება მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც ამ მოსწავლეებთან დაკავშირებით  ინახება ელექტრონული ან ნაბეჭდი სახით სკოლის დასტრუქტურებულ ფაილთა სისტემაში.

კანონმდებლობის მიხედვით სკოლა ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შეფასებით მიღებული ინფორმაცია სხვა მასწავლებლებს, სხვა სკოლებსა და თვით მოსწავლეებს საჭიროების მიხედვით; აგრეთვე ინდივიდებს, ვინც ჩართულია ბავშვის განათლების სისტემაში – მაგალითად, ლოგოპედებს, ფსიქოლოგს და სხვა.  შეფასების პოლიტიკაში უნდა ჩაიწეროს, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება თითოეული მოსწავლის პროგრესისა და მიღწევების შესახებ  ზემოთმოხსენებული პირებისთვის.

 

როგორ შეიძლება შეფასებით მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება?

შეფასების პოლიტიკის ჩამოყალიბებისას სკოლამ მხედველობაში უნდა მიიღოს:

  • ვის აწვდის სკოლა შეფასებით მოპოვებულ ინფორმაციას?
  • რა სახით იქნება ეს ინფორმაცია მიწოდებული?
  • რა სახშირით მოხდება ინფორმაციის მიწოდება?
  • რა ტერმინებში მოხდება ანგარიშგება შეფასების შესახებ ( ანუ როგორი იქნება უფრო მისაღები ფორმულირებანი სკოლის პერსონალისა და მშობლებისთვის)?

მშობლები წელიწადში ორჯერ გაეცნობიან შეფასების შედეგებს. მათ შორის ერთხელ მაინც, სასურველია წლის ბოლოს, ეს წერილობითი ფორმით მოხდეს.  მეორე გაცნობა შესაძლებელია მოიცავდეს შეხვედრასა და გასაუბრებასაც მასწავლებელსა და მშობელს შორის. სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, რომელია ყველაზე შესაფერისი დრო ასეთი ანგარიშგებისა და შეხვედრებისთვის და აკეთებს კიდევაც შესაბამის ჩანაწერს შეფასების პოლიტიკის დოკუმენტში ანგარიშგების განრიგის შესახებ.

ამ ფორმალური შეხვედრების გარდა მასწავლებლები შესაძლებელია შეხვდნენ მშობლებს არაფორმალურადაც. შეფასების პოლიტიკაში სპეციალურად უნდა აღინიშნოს ამგვარი შეხვედრების დასაშვები სიხშირისა და ხასიათის შესახებ.

სკოლამ შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს, რომ მასწავლებლებისა და მშობლების შეხვედრის ფორმატი წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული იყოს. შეხვედრების გზამკვლევიც კი შეიძლება არსებობდეს, რომლითაც მასწავლებლები ისარგებლებენ შეხვედრების წარმართვისთვის. ასეთი გზამკვლევი, როგორ წესი, მოიცავს ინსტრუქციებს დროის ეფექტურად გამოყენების, აგრეთვე, ბავშვის შესახებ ინფორმაციის პოზიტიურად წარდგენის,   მშობლებისთვის გასაგებ ენაზე კომუნიკაციის, ბავშვის დახმარების თაობაზე რეკომენდაციების შესახებ.

დირექტორმა უნდა დაამტკიცოს სპეციალური განკარგულება შეფასებით მიღებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმ პირთა მხრიდან, ვინც არ არიან მშობლები. შეფასების პოლიტიკის დოკუმენტში უნდა აისახოს ინფორმაციის გადაცემის პროცედურებიც.

 

რა დროის განმავლობაში უნდა ინახებოდეს შეფასებით მოპოვებული ინფორმაცია?

შეფასების სასკოლო პოლიტიკაში უნდა აისახოს, თუ როგორ და სად შეინახება  თითოეული მოსწავლის შეფასების მონაცემები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საიმედოდ იყოს დაცული და ინახებოდეს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა მოსწავლეებმა სკოლის დასრულების შემდგომ პერიოდშიც შეძლონ სარგებლობა ამ ინფორმაციით. კომპიუტერებში შენახული ინფორმაცია დაცული უნდა იყოს ისე, რომ შეზღუდული იყოს მისი ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის ელექტრონული ასლები უნდა იყოს დასათაურებული და საიმედოდ დაცული.

 

კონტურულ რუკაზე  მუშაობა

0

კონტურული რუკა გეოგრაფიაში პრაქტიკული სამუშაოების შესრულების საფუძველია და, როგორც წესი, ერთბაშად არ ივსება.  გთავაზობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს კონტურულ რუკაზე სამუშაოდ.

პრაქტიკული სამუშაო N 1 –  სამხრეთ ამერიკის პოლიტიკური რუკა

ა) სამხრეთ ამერიკის კონტურულ რუკაზე აღნიშნეთ შემდეგი გეოგრაფიული ობიექტები:  არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ვენესუელა, გაიანა, გვიანა, კოლუმბია, პანამა, პარაგვაი, პერუ, სურიმნამი, ტრინიდადი და ტობაგო, ურუგვაი, ფოლკლენდის კუნძულები, ჩილე, ეკვადორი და მიუწერეთ დედაქალაქების  (ადმინისტრაციული ცენტრების) სახელწოდებები.  ბ) შავი ფერით გააფერადეთ საფრანგეთისა და ბრიტანეთის დამოკიდებული ტერიტორიები, მწვანე ფერით – ქვეყნები, რომელთაც არა აქვთ ზღვაზე გასასვლელი, წითელი ფერით კი – სახელმწიფოები, რომლებიც ორ კონტინენტზე მდებარეობენ.

პრაქტიკული სამუშაო N2 – მოსახლეობის მიგრაცია

ა) მსოფლიოს პოლიტიკური რუკის გამოყენებით კონტურულ რუკაზე აღნიშნეთ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს 10 უდიდესი ქვეყნის საზღვრები და სახელწოდებები. ბ) კონტურულ რუკაზე ლურჯი ფერის ისრებით აღნიშნეთ მოსახლეობის მიგრაციის ძირითადი მიმართულებები XVI – ХХ  საუკუნის დასაწყისში: ევროპიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხერთ აფრიკაში; აფრიკიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. წითელი ფერის ისრებით კი თანამედროვე მიგრაციის მიმართულებები:  ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიიდან და მექსიკიდან – აშშ-ში,   ჩრდილოეთ აფრიკიდან და სამხრეთ-დასავლეთი აზიიდან (ახლო აღმოსავლეთიდან) დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.  გ) გამოიტანეთ დასკვნა მოსახლეობის განლაგებისა და მიგრაციის მიმართულებების შეცვლის მიზეზების შესახებ. დ) მწვანე ფერით დაშტრიხეთ ქვეყნები, სადაც ჭარბობს ემიგრაცია, ხოლო ყვითელი ფერით ქვეყნები, სადაც ჭარბობს იმიგრაცია და გაუკეთეთ წარწერები.

პრაქტიკული სამუშაო N 3 – ტურიზმის გეოგრაფია 

ა) მსოფლიოს ან რომელიმე რეგიონის კონტურულ რუკაზე პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ბუნების უნიკალური ძეგლები ან ისტორიული ღირსშესანიშნაობები, რომელთა მონახულებასაც სთავაზობთ ტურისტებს; ბ)  შეარჩიეთ ტრანსპორტის სახეები, რომელთა საშუალებით აპირებთ ამ ობიექტების მონახულებას და დახაზეთ რუკაზე მარშრუტი – ციფრებით აღნიშნეთ მოსანახულებელი ობიექტების თანმიმდევრობა; გ) დაასაბუთეთ თქვენ მიერ შერჩეული ობიექტების მონახულების მნიშვნელობა.

პრაქტიკული სამუშაო N 4 – ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა

ა) კონტურულ რუკაზე წითელი ფერით დაშტრიხეთ კუნძულოვანი ქვეყნები, მწვანე ფერით – ნახევარკუნძულოვანი სახელმწიფოები, ხოლო ყვითელი ფერით – ის ქვეყნები, რომელთაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი.  თითოეულ ქვეყანას გაუკეთეთ შესაბამისი წარწერა: ქვეყნისა და მის დედაქალაქის სახელი.  ბ)  ჩამოთვალეთ რეგიონები, სადაც ჭარბობს სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნები.

პრაქტიკული სამუშაო N 5 – მსოფლიო მეურნეობის ცენტრები

ა) მსოფლიოს კონტურულ რუკაზე სხვადასხვა ფერის დაშტრიხვით აღნიშნეთ მსოფლიოს მეურნეობის ძირითადი ცენტრები; ბ) დამოუკიდებლად შეარჩიეთ წრიული დიაგრამების მასშტაბი (წრის დაიამეტრი), რომლებიც თითოეული რეგიონის ხვედრით წილს ასახავს მსოფლიოს მშპ-ში; გ) ააგეთ წრიული დიაგრამები და განათავსეთ ისინი რუკაზე მსოფლიოს მეურნეობის შესაბამის ცენტრებში; დ) გაუკეთეთ წარწერები მსოფლიო მეურნეობის ცენტრებს და მიუწერეთ მათი წილი მსოფლიო მშპ-ში; ე) გამოიტანეთ დასკვნა მსოფლიო მეურნეობის ძირითადი ცენტრების განლაგების შესახებ.

პრაქტიკული სამუშაო N 6  –  ბუნებრივი და შრომითი რესურსების პრობლემის შესწავლა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის პროცესში.

ა) ევროპის კონტურულ რუკაზე აღნიშნეთ ევროპის ძირითადი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილები;   ბ)  რუკაზე პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ არამინერალური რესურსების – ტყის, თევზის, აგროკლიმატური, ჰიდროენერგეტიკული, გეოთერმული  –  განლაგების ძირითადი რეგიონები. გ) ფურცელზე ამოიწერეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ბუნებრივი რესურსებით შედარებით მდიდარი თუ ღარიბია; დ) ჩამოთვალეთ ძირითადი მიმწოდებლები და აღნიშნეთ ევროპის ქვეყნებისთვის შედარებით მისაღები გზა ნედლეულის ძირითადი სახეების  –  ნავთობი და გაზი, ნახშირი, შავი და ფერადი ლითონები – გადასატანად;  ე) რუკაზე წითელი ფერის წარწერები გაუკეთეთ იმ ქვეყნებს, სადაც ჭარბობს ემიგრაცია, ხოლო ლურჯი ფერის  – სადაც ჭარბობს იმიგრაცია; ვ)   ისრებით აჩვენეთ მიგრანტების გადაადგილების ძირითადი მიმართულებები ევროპის ტერიტორიაზე; ზ)  სხვადასხვა ფერით დაშტრიხეთ ჩრდილოეთ, დასავლეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ტერიტორია; თ) მწვანე ფერით გაუსვით ხაზი ევროკავშირის ქვეყნებს; ი) იმსჯელეთ შრომის, რესურსების და კაპიტალის თავისუფალი გატანის დადებით და უარყოფით მხარეებზე ერთიანი ევროპის პირობებში.

პრაქტიკული სამუშაო N 7 – ევროპის ძირითადი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო რაიონების კარტოსქემის შედგენა.

ა)    ევროპის კონტურულ რუკაზე  გაუკეთეთ წარწერები მეზობელ რეგიონებს და კონტინენტის მოსაზღვრე ოკეანეებსადა ზღვებს; ბ)  პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ ევროპის ქვეყნების მოპოვებითი მრეწველობის ძირითადი რაიონები;  გ) პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ ევროპის ქვეყნების ძირითადი სამრეწველო  რაიონები, ისე რომ ასახოთ მათი სამრეწველო სპეციალიზაცია;  გაუკეთეთ წარწერები რაიონებს;  დ) პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ ქვეყნები, სადაც  ენერგეტიკის სტრუქტურაში ჭარბობს  ჰეს-ები და აეს-ები; ე) სხვადასხვა ფერით  შეაფერადეთ  ქვეყნების ტერიტორიები   სოფლის მეურნეობის ტიპების  მიხედვით; ე) გამოიტანეთ დასკვნა ევროპის მრეწველობისა და სოფლის-მეურნეობის განვითარების შესახებ.

შესრულებული სამუშაოს ნიმუში

პირობითი ნიშნები

 


ა) აფრიკის კონტურულ რუკაზე აღნიშნეთ ჩრდილოეთ და ტროპიკული აფრიკის  საზღვრები და გააკეთეთ წარწერები; ბ) ასევე გაუკეთეთ წარწერები აფრიკის  მეზობელ რეგიონებს და კონტინენტის მოსაზღვრე ოკეანეებსა და ზღვებს;  გ) პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ სასარგებლო წიაღისეულის – ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, რკინის მადნის, ქრომიდების, მანგანუმის, ალუმინის, სპილენძის, კობალტის, პოლიმეტალების, კალის, უარნის, ოქროს, პლატინის, ფოსფორიტების, აზბესტის, გრაფიტის და ალმასების  მოპოვების  ადგილები; დ) პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ რეგიონები, რომლებიც  ტყის, წყლის, ჰიდროენერგიის და რეკრეაციული რესურსებითაა მდიდარი. ე) სხვადასხვა მასშტაბის პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ რუკაზე დამამუშავებელი მრეწველობის  ძირითადი რაიონები და ცენტრები, ისე რომ ასახული იყოს მათი სპეციალიზაცია და გაუკეთეთ წარწერები.  ვ) სხვადასხვა ფერით  შეაფერადეთ  უმთავრესი საექსპორტო კულტურების – არაქისის, ზეთის პალმის, ციტრუსების, ყურძნის, ყავის, კაკაოს, ბამბის მოყვანის ძირითადი არეალები;  ზ)  პირობითი ნიშნებით აღნიშნეთ აფრიკის მეცხოველეობის ძირითადი რეგიონები;  თ) გამოიტანეთ დასკვნა აფრიკის მომპოვებელი და დამამუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ძირითადი რაიონების განლაგებისა და სპეციალიზაციის შესახებ.პრაქტიკული სამუშაო N 8- აფრიკის ძირითადი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო რაიონების კარტოსქემის შედგენა.

ყურადღება: არ დაგავიწყდეთ  პირობითი ნიშნების მითითება

შესრულებული სამუშაოს ნიმუში

 

 

 

 

 

 

 

 

პუბერტატული ასაკის თავისებურებანი

0

პუბერტატულ პერიოდს ხშირად უწოდებენ გარდატეხის ასაკს. გულისხმობენ მოზარდ ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს, რომლებიც განვითარების ერთი სტადიიდან მეორეში გადასვლასთანაა დაკავშირებული. ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადანაცვლება ინდივიდის ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, სოციალური ტრანსფორმაციის პროცესთა ჯაჭვს წარმოადგენს.

ბიოლოგიური თვალსაზრისით, სქესობრივი მომწიფება დამოკიდებულია თავის ტვინში მიმდინარე რთულ ფიზიკო-ქიმიურ პროცესებზე, რომელთა მმართველი იერარქია ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის სტრუქტურებში მდებარეობს. მათ მიერ გამოთავისუფლებული ნივთიერებები განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებათა კასკადს, რომლის წამყვანი ფაქტორია სასქესო და ზრდის ჰორმონების აქტივაცია და მოზარდის გონებრივი და ფიზიკური გარდაქმნა.

პუბერტატული ასაკის დასაწყისი და ხანგრძლივობა დაკავშირებულია ინდივიდის სქესობრივ და ეთნიკურ კუთვნილებასთან, სხეულის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, კლიმატურ სარტყელთან და სხვ. მეცნიერები სავარაუდო ასაკად გოგონებთან 10-11 წელს მიიჩნევენ, ხოლო ვაჟებთან – 12-13 წელს. მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობისას შესაძლებელია დადგენილი ვადებიდან უმნიშვნელო გადახრა.

გარდატეხის ასაკის დადგომასთან ერთად ტრანსფორმირდება სხეულის ზოგადი პროპორციები. ზრდასრულ ზომებს აღწევს ჯერ თავი, მტევნები და ტერფები, შემდეგ – კიდურების დანარჩენი ნაწილები და ტორსი. ხდება რეპროდუქციული ორგანოებისა და მეორეული სასქესო ნიშნების სწრაფი ჩამოყალიბება. ჩონჩხის განვითარება ჩამორჩება კუნთოვან მასას, რაც სხეულს ერთგვარ კუთხოვან შესახედაობას ანიჭებს. შესაძლოა, გამოვლინდეს ტანდეგობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა ან თავი იჩინოს სირთულეებმა ორგანოთა ჟანგბადით მომარაგების თვალსაზრისით. სისხლძარღვოვანი და კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებას ართულებს ე.წ. ჰორმონული ქარიშხალი.

მომწიფების პერიოდში მიმდინარე ცვლილებები აისახება ორგანოთა ფუნქციურ თავისებურებებზე, რაც განაპირობებს ადვილად დაღლას და შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას. ინდივიდი ვერ არეგულირებს ენერგიის დანახარჯს და რესურსებს. მშობლები ხშირად აღნიშნავენ შვილის „გაზარმაცებას“. ზოგჯერ მოზარდი ფიზიკურ აქტიურობას წამოწოლას ამჯობინებს, უარს ამბობს თავის მოვალეობათა შესრულებაზე და დაღლილობას იმიზეზებს.

სხეულის მასის მატება ვაჟებთან უპირატესად კუნთოვანი ქსოვილის განვითარების ხარჯზე ხდება, რაც იწვევს ნატიფი მოძრაობებისა და კოორდინაციის დროებით დისონანსს. მეტყველება ხდება უფრო ლაკონიური, სტერეოტიპული. ამასთან, რთულდება მოსმენილი ინფორმაციის აღქმა და დამახსოვრება. ხშირად ვაჟებს უფუჭდებათ კალიგრაფია, უძნელდებათ ნააზრევის წერილობით გადმოცემა. გოგონები შედარებით ადვილად ახერხებენ განზოგადებულ თემებზე წერას. ისინი ხშირად აწარმოებენ დღიურებს და თხზავენ ესეებს.

გარდატეხის ასაკის მნიშვნელობა განისაზღვრება იმითაც, რომ ამ პერიოდიდან შესამჩნევი ხდება პიროვნების ძირითადი მორალური და სოციალური შტრიხების ჩამოყალიბება. გარდატეხის ასაკში მოზარდი იწყებს ფიქრს საკუთარ მომავალზე და ცდილობს ერთგვარი სცენარის წარმოდგენას. ამასთან, ოცნების შინაარსი კონსტრუქციულია და ნაკლებად ითვალისწინებს შესაძლო სირთულეებსა და დაბრკოლებებს.

მოზარდობის სოციალიზაციის პირველი ფაზა ვლინდება სიმწიფის განცდით. ინდივიდი ცდილობს თავი დაიმკვიდროს როგორც ზრდასრულმა ადამიანმა. ის ჯერ კიდევ თვითგამორკვევის სტადიაზე იმყოფება, როცა საზოგადოება მას მიაკუთვნებს რომელიმე ასაკობრივ ჯგუფს და შესაბამისად ცვლის მისდამი მიდგომებსა და მოთხოვნებს, რაც ბავშვის მოუმზადებელ ფსიქიკაში თავდაცვითი რეფლექსის აღმოცენებას იწვევს. პუბერტატულ პერიოდში გამოვლენილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს „გარდამავალი ასაკის კრიზისის“ სახელით მოიხსენიებენ. ის მოიცავს არაერთ საყურადღებო კომპონენტს, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სპეციფიკურ ქცევით რეაქციებს იწვევს და შესაძლოა, გარშემო მყოფთათვის მიუღებელი ფორმითაც გამოიხატოს. მათ შორის აღსანიშნავია:

1) დამკვიდრებული წესებისა და კანონებისადმი დაუმორჩილება, არსებული ავტორიტეტების ნიველირება და საკუთარი კერპებისა და ნორმების შექმნა, პროტესტის გამოხატვის მარგინალური ფორმა;

2) უკიდურესი თავდაჯერება, ხასიათის სიხისტე და გარემო ფაქტორთა შეფასებისას უაპელაციო დასკვნების გამოტანა;

3) გარშემო მყოფთა მხრივ მისი გარეგნობის შეფასებისადმი მაღალი სენსიტურობა (ძლიერდება ინტერესი საკუთარი მიმზიდველობის, აღნაგობის, წონის, კანის მიმართ; ვაჟები დიდ ყურადღებას აქცევენ კუნთოვანი მასის განვითარებას, სიმაღლსი მატებას, გოგონები – სხეულის წონას, გარშემოწერილობას, ფეხების ფორმას…);

4) ხასიათის არასტაბილურობა, ემოციურ რეაქციათა აფეთქება და მოულოდნელი ჩაქრობა, იმპულსურობა და არამდგრადობა, ემოციების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები;

5) პათოლოგიური მორცხვობა, ჩაკეტილობა, დაბალი თვითშეფასება, განმარტოების სურვილი, დეპრესიისადმი მიდრეკილება;

6) თვითდამკვიდრებისა და საკუთარი პიროვნების იდეალიზების ტენდენცია, სხვებზე დომინირების სურვილი, რაც შესაძლოა გამოიხატოს უფრო სუსტი თანატოლების დაცინვითა და ჩაგვრით.

გარდატეხის ასაკის პრობლემების ბიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს მოზარდის სხეულსა და ფსიქიკაში მიმდინარე პროცესები, თუმცა მათთან დაკავშირებული სირთულეების გაანალიზება და დაძლევა მთელი საზოგადოების საზრუნავია. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლების მზაობა. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, რთული სიტუაციის განმუხტვისას აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის ან ექიმის ჩართვა, ვინაიდან ამ ასაკობრივ კონტინგენტში ხშირად შეინიშნება დეპრესიული მდგომარეობა, აგრესიულობა.

პიროვნული კონტაქტების პროექცია მოზარდისთვის ერთგვარი ორიენტირია ყოველდღიურ ცხოვრებაში. სოციუმში, სადაც ბავშვს აკლია უფროსების ყურადღება და არ არსებობს ნდობა, ყალიბდება გარემომცველი სამყაროს მიმართ მტრული დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი ასპექტია ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ფორმები. ამ პერიოდში ორივე სქესის მოზარდების თვითშეფასების დონეზე დიდ გავლენას ახდენს სამეგობრო წრის ფაქტორიც.

ასაკთან ერთად ოჯახისადმი მიჯაჭვულობა მცირდება. ჩნდება დისტანცია მშობლებსა და შვილებს შორის. ბავშვები იწყებენ პიროვნული დამოუკიდებლობის სურვილის გამოვლენას, თუმცა ემოციურად ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი დედ-მამაზე. თუ ოჯახში არსებობს იმავე სქესის უფროსი დედმამიშვილი, რომელიც წარმატებული და ავტორიტეტული პიროვნებაა, ოჯახის უმცროსი წევრი მის მიბაძვას იწყებს. ეს ყოველთვის არ არის პოზიტიური მოვლენა, ვინაიდან შესაძლოა მოზარდს გაუჩნდეს კონკურენციის გრძნობა, რომელიც ეჭვიანობითა და შურიანობით გამოიხატება.

მომწიფების ასაკში თანატოლებთან ურთიერთობა კომუნიკაციის წამყვან ფორმას წარმოადგენს. მოზარდისთვის მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის აზრი, რომელსაც ეკუთვნის და თანამოაზრეების არსებობა უქმნის თავდაჯერებულობის განცდას. ამავე დროს, პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოლექტივის თავისებურება და ინდივიდის სტატუსი მასში. თინეიჯერის იზოლირებულობა მთლიანობისგან, მარტოობის განცდა იწვევს ფრუსტრაციას და შესაძლოა საფუძვლად დაედოს საკუთარი თავის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას.

გარდატეხის ასაკში მშობლების მფარველობიდან თავის დაღწევის მცდელობის პარალელურად მკვეთრად იმატებს მეგობრების შეძენის სურვილი. ახლობლის შერჩევის კრიტერიუმი მრავალგვარია. მოზარდები ზოგჯერ მსგავსი ინტერესების, მაგ., მუსიკალური მიმდინარეობის, შემსრულებლის, სპორტის რომელიმე სახეობის, გუნდის გარშემო ან უბრალოდ ტერიტორიული პრინციპით – „უბნელების“ სახელით ერთიანდებიან. აგრესიული სუბკულტურის წარმომადგენელთან ურთიერთობა, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ თინეიჯერს ფსიქოლოგის მეთვალყურეობა სჭირდება ან პოტენციური კანონდამრღვევია.

დიდი სიფრთილეა საჭირო თინეიჯერისთვის იარლიყების მიკერების დროს. ხშირად უფროსები განგაშს ტეხენ და ნეგატიურად განეწყობიან მოზარდის მიმართ, თუ დაინახეს, რომ ის ატარებს პირსინგს, არატრადიციულ ვარცხნილობას, მაკიაჟს, უცნაურად იცვამს, აქვს აგრესიული შინაარსის სვირინგი ან იყენებს არანორმატულ ლექსიკას. ეს ყოველთვის არ მიუთითებს სერიოზულ პრობლემაზე, თუმცა, სტატისტიკის თანახმად, სიტუაციაში დროული გარკვევითა და სწორი ანალიზით მრავალი თავსატეხის თავიდან აცილება შეიძლება.

პუბერტატულ ასაკში მოზარდი სქესობრივი იდენტიფიკაციის ახალ საფეხურზე გადასვლას იწყებს. ჩნდება სიყვარულის გრძნობა, რომლის ობიექტი შეიძლება იყოს რეალური პიროვნებაც და რომელიმე ცნობილი ადამიანიც. ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელში მოზარდის კედელი ჭრელდება კუმირის ფოტოებითა და ვიდეოებით, თუმცა საბოლოო ჯამში გაიდეალებულ და მიუწვდომელ ობიექტს სავსებით ხელშესახები ადამიანი ჩანაცვლებს, ან მხოლოდ პირველობას წაართმევს.

სიყვარულთან ერთად მოზარდის ცხოვრებაში იწყება საინტერესო და რთული პერიოდი. ის ცდილობს აღფრთოვანების ობიექტისთვის თავის მოწონებას, რაც გამოიხატება საკუთარ გარეგნობაზე ჰიპერტროფირებული ზრუნვით. გოგონებს წონის მატების ტენდენციისას გაიტაცებთ გასახდომი საშუალებები. პათოლოგიურ შემთხვევაში სხეულის კონტროლი შესაძლოა კვებითი აშლილობის ისეთ ფსიქოსომატურ ფორმებში გადაიზარდოს, როგორიცაა ანორექსია, ბულიმია. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობათა სიღრმე, ორმხრივობა და პიროვნების ფსიქოემოციური სტატუსი. სიტუაციის არასწორად წარმართვის შემთხვევაში ჩნდება გაუაზრებელი ქორწინების, დაუცველი სქესობრივი კონტაქტების, არასასურველი ორსულობის საფრთხე, ხოლო უარყოფის შემთხვევაში – დეპრესიისა და სუიციდისა.

კოგნიტიური განვითარების თვალსაზრისით გარდატეხის ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია. მოზარდი ლოგიკური მსჯელობითა და აბსტრაქტული ცნებებით ეწევა ოპერირებას, ამასთან, არ ითვალისწინებს კონკრეტული გარემოების ობიექტურ სურათს. ის ხარბად მიილტვის ცოდნის შეძენისკენ, თუმცა არ ზრუნავს მის სისტემატურობაზე. ხშირად ამჟღავნებს მუსიკით, სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაკავების სურვილს, პარალელურად სურს ხატვისა თუ უცხო ენების შესწავლაც, იმავდროულად, ნაკლებად ფიქრობს სასკოლო დავალებების მომზადებაზე.

მოზარდები გონებრივ პოტენციალს მიმართავენ იმ სფეროსკენ, რომელიც ყველაზე მეტად ხიბლავთ. ინდივიდი ერთსა და იმავე დროს ამჟღავნებს ხასიათის უკიდურეს მხარეებს: რომანტიკულობასა და ცინიზმს, სინაზესა და უხეშობას, მორცხვობასა და სითამამეს… მომწიფების ასაკისთვის დამახასიათებელია მასისგან გამორჩევის სურვილი, რისთვისაც მოზარდი ცდილობს საკუთარი მოთხოვნილებების, განცდების, შესაძლებლობების, სურვილებისა და აზრების გამოხატვას. თინეიჯერისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ხარისხი. ზეწოლა გარშემო მყოფთა მხრის და დაბალი თვითშეფასება ქმნის წინააღმდეგობებს დასკვნების გამოტანისას, რაც ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ხასიათის სპეციფიკურ შტრიხად იქცეს. კოგნიტიური განვითარების დონეს განსაზღვრავს საარსებო სივრცე, სუბიექტის წიგნიერება, ინტელექტუალური პოტენციალი.

ფიზიკური „მე“-ს გამოსახულებასა და თვითშემეცნებაზე გავლენას ახდენს მომწიფების ტემპი და დასაწყისი. აქსელერაცია იძლევა უკეთეს საშუალებას პიროვნული განვითარებისთვის, თუმცა საწყის ეტაპზე მოზარდს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. თანაკლასელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ბავშვია, როცა იგი ფიზიკურად და გონებრივად უფროსი ასაკის ნიშნებს ავლენს. თვითშეფასება მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ეხმარება მას სოციალურ ადაპტაციაში და გავლენას ახდენს მის სასწავლო და პროფესიულ წარმატებებზე, მორალურ და იურიდიულ კანონებთან მიმართებაზე.

ამრიგად, პუბერტატული პერიოდის მოზარდებთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი წლოვანებისთვის დამახასიათებელ თავისებურებათა წყება მაღალი სენსიტურობისა და აქტუალურობის გამო დელიკატურ მიდგომას მოითხოვს. იმავდროულად, საჭიროა პიროვნებასთან მუდმივი სიახლოვე და სირთულეების დაძლევისას სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა. გადაუჭრელი პრობლემების არსებობისას აუცილებელია შესაბამისი პროფესიის პირთა (ექიმის, ფსიქოლოგის, სამართალდამცავი სტრუქტურების) ჩართვა. მასწავლებლების, ოჯახისა და სოციუმის სხვა წევრების თანადგომითა და მხარდაჭერით უმეტესად ხერხდება „გარდატეხის ასაკის კრიზისის“ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დაძლევა.

ცუდი გოგოების მზე

0

არაფრით გამორჩეული დღე საღამოვდებოდა. უგუნებოდ ჩავუქროლე ფეისბუქის სიახლეებს და ის იყო, უიმედოდ უნდა ჩამეხურა, რომ უცებ, მეგობრის კედელზე ახალგაზრდა ქალის შავ-თეთრ ფოტოს მოვკარი თვალი. გავხსენი. ეს ქალი აქამდე არასდროს მენახა, არც არაფერი გამეგო მის შესახებ. ფოტოს ქვეშ ეწერა: „მედიკო მებურიშვილი. რა ღუპავს სილამაზეს?!“ (თუ რაღაც ამდაგვარი აზრის მცირე კომენტარი).

შავ-თეთრ ფოტოზეც ისეთი ფერადებით ასხივებდა ეს ქალი, რომ თავფეხიანად მოვინუსხე და მაშინვე დავიწყე მისი ამბის გარკვევა. ფიქრშიც ღრმად აღმებეჭდა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე მომდევნო დღეებში ბევრი რამ თავის გარშემო გადაალაგა.

მედიკო მებურიშვილი – გასული საუკუნის 60-იანი წლების თბილისის ლეგენდა! 21 წლისა გარდაცვლილა მეტად უცნაურ ვითარებაში, რაც დღემდე მის საახლობლო წრეებში ათასგვარი მითქმა-მოთქმის საბაბია. მთელი თბილისი ხომ იცნობდა და, ლამის მთელი საბჭოთა კავშირიცო, ამბობენ. ისეთ გოგოებს, მედიკო რომ იყო, საბჭოეთში, ცხადია, ადვილად შეამჩნევდნენ. ვინ დააცდიდა თვითმყოფობას, თავისთავობას!

ეს თავისთავი კი მედიკოს ისეთი ჰყოლია!..

მხოლოდ გარეგნული სილამაზე რომ არა ვთქვათ (ის სილამაზის იმ კატეგორიას ეკუთვნის, ყველა დროში და ყველანაირი ესთეტიკისთვის ერთმნიშვნელოვნად აღიარებული ეტალონი რომაა – სილამაზე თავის მარადიულ ფორმაში!), ეს გოგო ძალიან განათლებული, დახვეწილი, უამრავი ნიჭითა და უნარით დაჯილდოებულიც ყოფილა. გიტარას უკრავდა და მღეროდა, იქცეოდა იმდროინდელი „სტანდარტებისთვის“ სრულიად შეუსაბამოდ – ლაღად, თავისუფლად, ბოჰემურად; რუსთაველზე ცხენითაც კი უჯირითია თურმე, რაც მისი მხრიდან დაახლოებით ისეთივე პროტესტის გამოხატულება მგონია, როგორიც გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობაში“, მოთხრობის გმირის თავგანწირული ავარდნა ალავერდის გუმბათზე… მოკლედ, რჩეული იყო. თან, მდიდარი ოჯახის შვილი. თან, დიდი და პირქუში საბჭოეთის პირმშო, იმ საბჭოეთის, მტერზე უფრო მეტად რომ ეჯავრებოდა თვითმყოფადი ადამიანი.

და, დედასაბჭოეთმა 21 წლის მედიკოსთვისაც მოიცალა და სულ საკუთარივე ლამაზი ხელებით გაანადგურებინა თავისი თავი, ჩააასრესინა საკუთარ თავში პიროვნება, სული და სხეული… რას აღარ ამბობდნენ თურმე მასზე, რა ლეგენდები აღარ დადიოდა, ზედმიწევნით მუშაობდა პროპაგანდის მანქანა, ჰოდა, „ქალი-განგსტერიდან“ დაწყებული, ქურდით, ნარკომანითა და ავაზაკით დასრულებული, მედიკოს მიმართ ხსენებულ უამრავ ეპითეტს გაიგონებდით, ზოგი აწყვეტილი ზიზღით რომ წარმოთქვამდა, შურის და ბოღმის დასანთხევი ექსპრესიით, ზოგიც – დაეჭვებით, დანანებით, მაგრამ მაინც ყოვლისშემძლე „მორალური“ საბჭოთა სისტემის წინაშე ანგარიშვალდებულებით, იმის შიშითაც, ვაიდა მომავალ თაობებზე ეს „უხამსი მაგალითი“ მზარდი პროგრესიით გავრცელებულიყო.

გადავამოწმე სისტემის ნამუშევარი „მასებში“ და დედაჩემსაც ვკითხე სასხვათაშორისოდ, მედიკო მებურიშვილი გაგიგია-მეთქი? აღმოჩნდა, რომ გაუგია კი არა, იმაზე მეტიც სმენოდა, ვიდრე გაზეთებში იწერებოდა ან კულუარებში ითქმოდა. ჯერ გამიკვირდა, რატომ აქამდე არასდროს ჩემთან არ უხსენებია ეს სახელი, მერე, ამ ყველაფრის ეპოქალურ კონტექსტზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, დედაც იმ საყოველთაო ტაბუს მსხვერპლი იყო და იმიტომ. ოდესღაც, როცა მედიკოზე უთხრეს, ეს ტაბუც ტვიფარივით აღუბეჭდეს ცნობიერში, რომ რაც შეიძლება  ნაკლებად ეხსენებინა, პირველ რიგში – შვილებთან.

და საერთოდ, ცუდ გოგოებზე ლაპარაკი ხომ ძალიან ცუდია!

ნაირა გელაშვილი იხსენებს თავის ბიოგრაფიულ რომანში „სარკის ნატეხები“ მედიკო მებურიშვილს; კონსტანტინე გამსახურდიაც იხსენებდა, 21 წლის „განგსტერი ქალის“ გასვენებას რომ შეესწრო რუსთაველის გამზირზე და გაოცდა – ამდენი ხალხი გალაკტიონ ტაბიძის დაკრძალვის შემდეგ თბილისში აღარ ენახა! რუსთაველიდან საბურთალოს სასაფლაომდე ზღვა ხალხი ფეხით მიაცილებდა, ოფიციალური ვერსიით „წამალში გაპარულ“, არაოფიციალურით კი, მუხანათურად მოკლულ გოგოს, დაღუპულ სილამაზეს და, ვის არ ნახავდით თურმე ამ პროცესიაზე – ე.წ ინტელიგენციას, იმდროინდელ თბილისურ არისტოკრატიას, კანონიერ ქურდებს, კრიმინალებს, ბავშვებს, რაც მთავარია – ბავშვებს!

რამ შეყარა ეს ხალხი ერთად, რამ გააერთიანა – სილამაზის სიკვდილზე მწუხარებამ თუ ცნობისმოყვარეობამ? ველურმა ინტერესმა, ეჭვმა, ინტრიგამ თუ ენით უთქმელი საიდუმლოს განცდამ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ჩაესვენა მზესავით, რაღაც გამოუსწორებელი და განუმეორებელი დამთავრდა და ამაში წვლილი ყველას მიუძღოდა?..

იმდროინდელი მორალით (თუმცა, მორალი, როგორც საზოგადოების მართვის მექანიზმი იდეოლოგების და ნაძირლობისკენ მიდრეკილი ხელისუფლების ხელში ყოველთვის მარგინალური და ანტიმორალურია), მედიკო მებურიშვილისნაირი გოგოები ახალგაზრდობას რყვნიან, ცუდ მაგალითს იძლევიან, ისინი თავად ისპობენ თავს და ამით სჩადიან ყველაზე დიდ ბოროტებას, რადგან არაფრად აგდებენ სიცოცხლეს – ამ დიდ საჩუქარს სამყაროში არსებობისა… მე თუ მკითხავთ (ან მე ვინა მკითხავს, ან რა დიდი კითხვა ამას უნდა) – მედიკო მებურიშვილი საბჭოთა სისტემამ მოსპო, გაანადგურა როგორც ინდივიდი, პიროვნება. რამდენი მაგალითი ვიცით მსგავსი ბოროტებისა, რამდენი ასეთი თვითმყოფადი სულის ცოდვა აწევს ურჩხულ საბჭოეთს და ნებისმიერ იმპერიას, გნებავთ – სისტემას, რომელსაც, თავისი არსით, ადამიანი სძულს!

თუმცა, ის სისტემა დაინგრა(?) და ბევრი რამ გადაფასდა, დღეს მედიკოსნაირი გოგოების თავგადასავალი მათ მიმართ თანაგრძნობას უფრო აღძრავს. ზოგმა იქნებ რაღაც დიდი რომანტიზმიც განჭვრიტოს და წინარე წყობისგან მოძულებული ქალი გმირად გამოაცხადოს, ვინ იცის…

მაგრამ, ვინ გაიგებს ამ თავგადასავლების მთელ ჭეშმარიტებას, ვინ ჩასწვდება ბოლომდე ამ საიდუმლოებებს?! ვინ აღწერს გულისგამხეთქი სინამდვილით, ვინ არიან ეს ცუდი გოგოები, რა ძალას დაატარებენ, რა ტკივილებით მიდიან ამ სამყაროდან, რა ვაწყენინეთ ან რაა ის, რაც ყველაზე მეტად უნდა ვაპატიოთ?

ისინი კი, ყოველთვის იქნებიან – ცხოვრებაშიც, დაწერილ და დაუწერელ ტექსტებშიც, სიმღერებში, ნახატებში, ყველგან – ეს ლამაზი და სევდიანი ცუდი გოგოები, დინების წინააღმდეგ მიმქროლავნი, ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური, გოგოები, ვისიც ყოველთვის შეგვშურდება, ვისაც ფარულად, სიზმრებში და ოცნებებში მაინც მივბაძავთ, ვისაც, თუ შევძლებთ, მოვარჯულებთ კიდეც, დავიმსგავსებთ, თუ რომელიმე მათ შორის სუსტი აღმოჩნდა და დაგვყვა… ან, ძლიერი! ვინ იცის!

ხოლო რაც შეეხება ტაბუს, საბედნიეროდ, დღეს სხვაგვარად ფიქრობს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, იმაზე თავისუფლად მაინც, ვიდრე კაცთმოძულე მონსტრი წყობა აიძულებდა. დღეს აღარც იმის საშიშროებაა, ცუდ გოგოებზე ჩურჩულით და იატაკქვეშეთში ვილაპარაკოთ, ბავშვებს მათი ამბები მოვარიდოთ და უფრო მეტიც – საჩვენოდ შევაფერადოთ, მივასწორ-მოვასწოროთ, მოკლედ, „ფაქტები დავამახინჯოთ“, რათა მოზარდებისთვის უფრო ასატანი გახდეს გასააზრებლად ამ გოგოების მწარე გამოცდილება… დღეს ერთმანეთს აღარაფერს ვუმალავთ, არც შვილებს ვაფარებთ ყურებზე ხელს, როცა რაღაც ძნელის და ნამდვილის თქმას დავაპირებთ.

ძნელის და ნამდვილის – ცუდი გოგოების ამბებისაც, მათ შორის…

ამ წერილზე რომ ვფიქრობდი და ვწერდი, ემი უაინჰაუზს ვუსმენდი, კიდევ ერთ გოგოს, ბრიტანელ მუსიკოსს, რომელმაც ვერაფრით  დაიჯერა, რომ სხვანაირი ცხოვრებაც შესაძლებელია.

გიტოვებთ თქვენც, თანამოსასმენად, და ვინ იცის, კიდევ რამდენი ვინმე გაგახსენდებათ, ან სულაც საკუთარი თავი ამოგიტივტივდებათ, ყველაზე საიდუმლო ფათერაკებში, ყველაზე საინტერესო თავგადასავლებში, სადაც მხოლოდ თქვენ იყავით _ თქვენ,  შეცდომები და უნაპირო თავისუფლება, სიყვარულის ცეცხლით აბრიალებული!..

https://www.youtube.com/watch?v=3QDDzaY1LtU

 

 

 

 

 

 

რატომ სალომე უჯარმელი?

0

მემატიანე გვამცნობს, რომ მირიან მეფის მოქცევიდან ოცდამეხუთე წელს გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი რევი, რომელსაც ცოლად ჰყავდა სალომე, სომეხთა მეფე თრდატის ასული. იმავე წელს დასნეულდა მირიან მეფეც. სიკვდილის წინ მან მოიხმო თავისი ცოლი ნანა და უმცროსი ვაჟი ბაქარი, რომელიც მანამდე მძევლად იყო კონსტანტინე კეისრის კარზე. დალოცვისა და მითითებების გაცემის შემდეგ მირიანმა მოატანინა წმინდა ნინოს ჯვარი, ჩამოჰკიდა ჯვარს გვირგვინი, ბაქარს თავზე გამოსახა სახე ჯვარის, აიღო გვირგვინი და დაადგა მას თავზე. მირიანის სიკვდილიდან ერთი წლის თავზე ნანაც გარდაიცვალა, მეფედ კი დაჯდა ბაქარი, მამასავით მორწმუნე. მან ღირსეულად გააგრძელა მამის მიერ წამოწყებული საქმეები, მოაქცია კავკასიის დიდი ნაწილი. მაგრამ მასა და სომეხთა შორის ჩამოვარდა დიდი მტრობა. ცხადია, რომ სომხებს სურდათ ქართლის მეფედ დამჯდარიყო ბაქარის ძმისწული, სალომეს ვაჟი და ქართლის მართვა რევიანთ გაეგრძელებინათ. როგორც ჩანს, ეს შტო ქართლის კარზე სომახთა ინტერესების გამტარებელი იქნებოდა. ბაქარმა მოკავშირეებს მიმართა და სძლია სომეხნი. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბერძენთა და სპარსთა მეფეების შუამდგომლობით, სალომეს და მის შვილებს დააწერინა ხელწერილი: „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა, მისი იყოს მეფობა, და არაოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“. ასე გადავიდა მმართველობა ბაქარიანთა ხელში.

ვისაც არ გახსოვთ, იმასაც შეგახსენებთ, რომ მირიანის რძალი სალომე ის სალომე უჯარმელია, რომლის მონათხრობიდანაც ვიცით წმინდა ნინოს და ქართლის ცხოვრების ამბები. ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, ჩანართი ლეონტი მროველის ისტორიაში, ამ სიტყვებით იწყება: „პირველად ვახსენოთ ცხოვრება წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისა, რომელი-ესე თვით მანვე ნეტარმან მოგვითხრო ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან, ასულმან თრდატ სომეხთა მეფისამან“. გარდა ამისა სალომე უჯარმელი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 15(28) იანვარი დააწესა. სალომე უჯარმელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ წმინდანმა, წმინდა ნინოსთან ერთად, მრავალი ჭირი და განსაცდელი გამოიარა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად, თუმცა კონკრეტულად არაა მითითებული, კერძოდ რა ტიპის ჭირი და განსაცდელი ერგო თავად მირიანის რძალს, ხოლო ქართლის მოქცევის შემდეგ, მირიან მეფის ბრძანებით, უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა – აქედან მომდინარეობს ის სახელიც, რომლითაც წმინდანს დღეს ყველა იცნობს.

ჩემი დაინტერესება სალომე უჯარმელით განაპირობა ვასილ ბარნოვის რომანმა „არმაზის მსხვრევა“. საქმე ისაა, რომ ჩემმა მოსწავლემ თათული ანთიძემ გადაწყვიტა, კვლევა ჩაეტარებინა ამ ნაწარმოებზე. მას მიაჩნდა, რომ ცალკეულ ეპოქებსა და ქვეყნებში ისტორიული ჟანრის აღორძინება ლიტერატურაში რაღაც ტიპის კრიზისულ მდგომარეობებს უკავშირდება და სწორედ მაშინ წამოიწევს ხოლმე წინ, როდესაც ეროვნული სიამაყის გაღვიძებაა საჭირო. გასაბჭოების პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო. ამ წლებს წინ უძღოდა არა მარტო თავისუფლების დაკარგვა, დამოუკიდებლობის გაუქმება, არამედ ერთი ომიც, რომელიც სსრკ პერიოდში გამოცემულ ისტორიის სახელმძღვანელოებში მიიჩქმალა – ეს იყო სომხეთ-საქართველოს ომი. ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ორი ქვეყანა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ომის ბედი ზავმა გადაწყვიტა. ორივე მხარე (მათ შორის ორივე ქვეყნის ისტორიკოსები) ამ კონფლიქტში თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა, თუმცა გამარჯვებულმა საქართველომ დაკარგა სადავო ოლქები (ლორე, ტაშირი…). ომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ეს ჭრილობა დაავიწყა ქართველ ხალხს, რადგან უკვე სოფლები კი არა, მთლიანად საქართველო „დაიკარგა“. ქვეყანა, სახელწოდებით საქართველო, რუკაზე აღარ არსებობდა, ის ერთი ვეებერთელა წითელი ლაქის ნაწილი გახდა. გარდა იმისა რომ შეიცვალა წყობა, რეჟიმმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა რელიგიასაც. ასეთი შეჭირვების ჟამს, 1925 წელს, როდესაც ამბროსი ხელაია დააპატიმრეს, პატრიარქი, რომელმაც სასულიერო პირებს მოუწოდა სამოსიც გაეხადათ და ჯვარიც ჩამოეხსნათ, ოღონდაც სიცოცხლე გადაერჩინათ, ვასილ ბარნოვი წერს რომანს „არმაზის მსხვრევა“. ეს ნაწარმოები ლეონტი მროველის ქრონიკებს ეყრდნობა.

თათულის მიზანი იყო დაედგინა, რამდენად მოახდინა გავლენა იტორიული ჟანრის ნაწარმოების ავტორზე ეპოქამ, რომელშიც ის ცხოვრობდა. საკვლევი შეკითხვისთვის რომ პასუხი გაეცა, თათულის ვურჩიე, შეედარებინა ერთმანეთისთვის ორი ტექსტი და გამოევლინა აცდენები პერსონაჟებს, ეპიზოდებს და სიმბოლოებს შორის. თუკი ასეთი აცდენები დადასტურდებოდა, მაშინ შეძლებისდაგვარად აეხსნა, რა მიზნით ემატება/იკარგება შესაბამისი დეტალები რომანიდან. „მოქცევაი ქართლისას“ და „არმაზის მსხვრევის“ პარალელურ რეჟიმში წაკითხვის შემდეგ მოსწავლეს შევაქმნევინე ცხრილი, რომელშიც გადაიტანდა საკუთარ სახელებს. აღმოჩნდა, რომ 19 სახელი, მათ შორის სალომე უჯარმელიც, ვასილ ბარნოვის ნაწარმოებიდან ქრება. სამაგიეროდ მწერალს შემოაქვს 19 ახალი სახელი, რომლებიც, როგორც ჩანს, სიუჟეტის განვითარებას ესაჭიროება. ამიტომაც იგი ისეთ პერსონაჟებს არც მოიხსენიებს, რომლებიც ამ მიზანს არ ემსახურებიან. მწერლის სხვა მიზანი კი ისაა, ბიზანტიის იმპერიაში რუსეთი დავინახოთ. რუსეთი ტიპური აგრესორი სახელმწიფოა, რომელიც საზღვრებს აფართოებს სხვა ქვეყნების ხარჯზე. ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფო ერთნაირია, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა დროშით და რა საბაბით ხდება ქვეყნების დაპყრობა. ამ შემთხვევაში ბარნოვს არ შეეძლო პირდაპირ ეთქვა სათქმელი და მან რუსეთის ნაცვლად აღწერა რომი, რომელიც, ქრისტიანობის გავრცელების მოტივით, შედის სხვა ქვეყნებში, მაგრამ მკითხველი უნდა მიხვდეს, რომ რომის პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება რუსეთის პოლიტიკისაგან. ყველასთვის ადვილად ასასნელია ის ფაქტი, რომ ლეონტი მროველი არ ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ პრობლემებზე. მის აღწერილ ამბავში ქართლის მოქცევის ჟამს ყველაფერი ღვთის ხელით ხდება და საქართველოს გაქრისტიანებას არაფერი აქვს საერთო რომის პოლიტიკასთან. ცხადია, წყაროები დუმან, როგორ იჭყლიტებოდა საქართველო ორ სახელმწიფოს – ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, როგორ უნდა გეკეთებინა არჩევანი ორიდან ერთზე და აერჩია საგარეო კურსი.

როდესაც რომანს წაიკითხავდა, მკითხველს უნდა გასჩენოდა შეკითხვა, სად გაქრა სალომე უჯარმელი, რატომ ვერ გამოუძებნა მას ნაწარმოებში ადგილი მწერალმა. ვასილ ბარნოვისთვის, შესაძლოა, სალომე უჯარმელი საინტერესო ყოფილიყო მირიანის სიცოცხლეში, მაგრამ ის, რაც მან და მისმა ნათასავებმა იკადრეს (თუმცა ისტორიას ასეთი ფაქტები არ უკვირს, რადგან ყველა ქვეყნის ისტორიას სწორედ ასეთი ფაქტები ამდიდრებს), მიუღებელია „არმაზის მსხვრევის“ ავტორისთვის. ამიტომაც იგი ადვილად დაემშვიდობა წმინდანად შერაცხულ პერსონაჟს და ამ ჟესტით თავის მკითხველსაც ურჩია, დამშვიდობებოდნენ და არ დაევიწყებინათ სამშობლოს მოღალატეები, თუნდაც ისინი სხვა მხრივ უპირობო ავტორიტეტები ყოფილიყვნენ.

ამდენად ორი ტექსტის პარალელური წაკითხვა გვარწმუნებს, რომ ვასილ ბარნოვს ისტორიული ტექსტიდან მხოლოდ ის პერსონაჟები გადმოჰყავს და, ამ პერსონაჟებთნ ერთად, მხოლოდ ის ეპიზოდები გადმოაქვს, რომლებიც მის სათქმელს გამოხატავს. ამ მიზნით ის არ ერიდება არც შესაბამისი ეპიზოდების განსხვავებულ ინტერპრეტაციას და არც ახალი ეპიზოდების შეთხზვას, ასევე თამამად შემოჰყავს სრულიად ახალი პერსონაჟები. მაგრამ ეს ყველაფერი ერთადერთი მიზნით ხდება: მკითხველი დააფიქროს ახლად შექმნილ რეალობაზე და იმედი ჩაუსახოს. ახლად შექმნილი რეალობა კი ისაა, რომ ახლად შექმნილი ქვეყანა – საბჭოთა რესპუბლიკების სოციალისტური კავშირი – ულმობლად დევნიდა რელიგიას, ებრძოდა წარსულს დს მის შემადგენლობაში შემავალი ერების ისტორიას მიზანმიმართულად უგულვებელყოფდა. ცხადია, ვერცერთი ჭეშმარიტი პატრიოტი მწერალი ამ საკითხს გულგრილად გვერდს ვერ აუვლიდა და დუმილით ვერ უპასუხებდა გამოწვევებს. მაგრამ ხმამაღლა სათქმელის გამოხატვაც საკმაოდ საშიში იყო. ამიტომაც ვასილ ბარნოვი იჩენს რა შესანიშნავ ალღოს, დაესესხება ისტორიულ ტექსტს და ამბავს, შემდეგ კი არაჩვეულებრივი სიზუსტით ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას. ეპოქა კი, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა, პირდაპირ გავლენას ახდენს მწერლის სათქმელზე. რომ არა ახალი რეალობა, მწერალი სრულიად განსხვავებულ აქცენტებს დასვამდა. მისთვის ახალი ეპიზოდებისა და პერსონაჟების შემოყვანა ერთადერთ მიზანს ემსახურება: მკითხველს დაუბრუნოს სიამაყის განცდა; ხოლო ზოგიერთი ეპიზოდის, პერსონაჟისა და სიმბოლოს ამოღება რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, ესაა სიფრთხილე და სხვა ინტერესების წინ წამოწევა. სიფრთხილე უკავშირდება სისხლიანი რეპრესიების პირველ პერიოდს, 1925 წელს რომ დაგვირგვინდა სასამართლო პროცესზე გამოტანილი განაჩენით პატრიარქ ამბროსი ხელაიას მიმართ. სხვა ინტერესები კი ისაა, რომ ვასილ ბარნოვისთვის ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც თავისი მიზნების მიღწევა სხვა ერების თვითმყოფადობის დაკარგვის ხარჯზე უნდა, აგრესორი და მოძალადეა. ასეთი ქვეყნები კი ისტორიულადაც მრავლად იყვნენ და მომავალშიც მრავლად იქნებიან, მათი მხოლოდ სახელი იცვლება, ის ხან რომი, ხან სპარსეთი, ხან სომხეთი და ხანაც რუსეთია. მკითხველს კი არ უნდა დაავიწყდეს, ფხიზლად ეჭიროს თვალი ასეთი შემოტევების დროს, უარი არ თქვას წარსულზე, იამაყოს საკუთარი ისტორიით, მიაქციოს მასში ყურადღება დეტალებს, გამოიტანოს სათანადო დასკვნა, თუნდაც აღიარებული ავტორიტეტების შერყევის ხარჯზე და არ შეუშინდეს განსაცდელს, რადგან აგრესორი სახელმწიფოების ბოლო ერთნაირია.

ამბები ქართულ კინოზე

0

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ საქართველო ღვინისა და ოქროს საწმისის ქვეყანაა, ახლა კი დროა გაიგოთ ისიც, რომ საქართველო კინოს ერთ-ერთი სამშობლოც არის და ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიო კინოს, განსაკუთრებით კი ევროპული კინოს განვითარებაში.

 

პირველი კინოსეანსი თბილისში პარიზში გამართული ჩვენებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა, მაყურებელს ლუმიერების ფილმები უჩვენეს.  ეროვნული კინემატოგრაფი სათავეს კი 1908 წელს იღებს. 1912 წელს კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის მოგზაურობისა და პოეზიის სახალხო დღესასწაულის ცოცხალი და შთამბეჭდავი სურათები აღბეჭდა, “აკაკის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში”, თავისი თემატიკით, მეტრაჟითა და მხატვრული დონით, იმდროინდელ მსოფლიო კინემატოგრაფში ანალოგი არ მოეძებნება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მსოფლიოს პირველი კინოვარსკვლავი ფლორენს ლოურენსი იყო, ევროპის მასშტაბით არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ქართველი ნატო ვაჩნაძე, რომლის კინოდებიუტიც 1923 წელს შედგა და ათწლეულების განმავლობაში ქართული კინო მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მასალაზე მუშაობისას მრავალი ავტორი სცოდავდა ყალბი რომანტიკულობითა და ეგზოტიკურობისაკენ სწრაფვით, მათი ფილმები მაყურებელთა მოწონებით სარგებლობდა, რასაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ამ ფილმებში სწორედ ნატო ვაჩნაძის მონაწილეობამ, რომლის ბუნებრივ მომხიბვლელობას, 1923 წლიდან მოყოლებული 50-იან წლებამდე, დაპყრობილი ჰქონდა ეკრანი. ვაჩნაძე წარმატებულად ჩაანაცვლა დიდმა ქართველმა კინოვარსკვლავმა ლეილა აბაშიძემ, რომელიც 1941 წელს, 8 წლის ასაკში გამოჩნდა ეკრანზე და მალევე იქცა ქვეყნის ეროვნულ საგანძურად. როგორც ხშირად ამბობენ, ლეილა აბაშიძე ქართული კინოსათვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის, რწმენის და ეროვნულობის სახე.

ქართულ კინოს არსებობის 100 წლის მანძილზე გამარჯვებებიც ჰქონდა და წარუმატებლობაც. განსაკუთრებულ წარმატებას ქართულმა კინომ 1960-1970-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები აშკარად გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. ტოტალიტარული სისტემა კინოხელოვნებას იდეოლოგიური პროპაგანდის ძლიერ იარაღად მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, საბჭოთა კინორეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობოდა რევოლუციური თემატიკისა და პატრიოტული ჟღერადობის ფილმებს.

რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, რომლებიც მკაცრი ცენზურის პირობებში მაინც ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხებოდნენ აქტუალურ სოციალურ პრობლემებს და გაეკრიტიკებინათ არსებული სისტემა.

ასე იყო თუ ისე, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად ქართულმა კინომ თვითმყოფადობა შეინარჩუნა და როგორც ბერლინის, კანის, ვენეციის, სანდენსისა და სხვა კინოფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო. ამ ტალღის სათავეებში კი ქართველი ქალი რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და რუსუდან ჭყონია მოექცნენ.

 

ნანა ექვთიმიშვილმა, რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად, საკუთარი კინოსცენარით გადაიღო ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები“, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე გაიმარჯვა, მათ შორის ბერლინის, ჰონგ-კონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესისა და ტოკიოს ფესტივალებზე. ფილმი 20-ზე მეტ ჯილდოს ფლობს. 2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრძელი, ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონგ-კონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს “ქართული კინემატოგრაფიის ხელახალი აღორძინების ნიმუში” უწოდა.

წელს ქართულ კინოს მნიშვნელოვანი წელი ჰქონდა იმ მხრივაც, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკმაოდ საინტერესო პროგრამით წარდგა. მაგალითად, აღსანიშნავია უკვე ხსენებული რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ახალი ფილმი – „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიტყვა უკვე თქვა, თუნდაც იმით, რომ ფილმის გლობალურად დისტრიბუციის უფლება ნეტფლიქსმა იყიდა, კინოკრიტიკოსებმა კი ის წლის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ ფილმად შეაფასეს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გამორჩეულად სევდიანი ფილმია, სადაც, მცდელობების მიუხედავად, იუმორის ადგილი აღარ რჩება და მელანქოლია უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ნანა და სიმონი ბრწყინვალედ ახერხებენ, ეტაპობრივად მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა არის ოჯახი, რა არის და სად არის ბედნიერება. თუმცა, ამას დამრიგებლური ტონით არ აკეთებენ. “ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორი რთულია შენი პასუხი იყოს “დიახ”, როცა გინდა, თქვა – “არა”, – წერდა კინოკრიტიკოსი ენდრიუ კრამპი.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნანასა და სიმონის ფილმმა ოდესის ფესტივალის ორი ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისურისა და სამსახიობო ანსამბლისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროპის კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებას FIPRESCI-ს თხოვნით მიმართა, დაესახელებინა წლის 10 საუკეთესო ფილმი. FIPRESCI-მ კი ათეულში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დაასახელა.

ამავდროულად, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა, ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა. მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

გარდა ამისა, ბერლინის კინოფესტივალზე მისულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ენახა რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“, რომელიც 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. ფილმზე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კინოკრიტიკოსმა, ანტონ დოლინმა დაწერა, რომ „მძევლები“ ჩვენი ქვეყნის სახელით აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ოსკარზე – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად, რადგან შანსები რეალურია.

გაცილებით კრიტიკული აღმოჩნდა ქართველი მაყურებელი. ქართულმა პრესამ ერთხმად დაიწუნა კინოსურათი და წერდნენ, რომ „მძევლები“ იდეისგან დაცლილი ფილმია, სადაც რეჟისორმა ვერ მოახერხა, ეჩვენებინა ის, რისი თქმაც, სავარაუდოდ, სურდა.

ბერლინში, ერთ-ერთ სექციაში აჩვენეს დიტო ცინცაძის „ბედნიერების ღმერთიც“, სადაც რეჟისორი აღწერს, თუ რა მარტივად ნადგურდება იმედებით სავსე გზა, როდესაც ემიგრანტები მათთვის უცხო კულტურაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ.

ქართული ფილმების ჩვენებამ წარმატებით  ჩაიარა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზეც, სადაც გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი“ ხიბულა“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“ უჩვენეს. ამ უკანასკნელმა კი პრიზიც დაიმსახურა.

 

რაც შეეხება „ხიბულას“, მიუხედავად იმისა, რომ ოვაშვილი ხელცარიელი დარჩა, ეს დანაკლისი თამამად შეუძლია ამოავსოს გავლენიანი გამოცემების დადებითი რეცენზიებით. პრესამ ერთხმად აღიარა, რომ „ხიბულა“ პოეტური და სულისშემკვრელი ფილმია.

ბოლო პერიოდში გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია, ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“. ეს არის ამბავი,  რომელიც ხდება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, ქალაქში, დედამიწაზე, როცა პეიზაჟი ნისლშია გახვეული, როცა ქალაქში ზღაპარი დგება და როცა არ გეშინია იტირო იმდენი, რამდენიც დაგჭირდება, გრძნობ გმირებთან და ისტორიასთან სიახლოვეს. რეჟისორი ზედმიწევნით კარგად იცნობს იმედგაცრუებულ, დეპრესიულ 90-იანელთა “დაკარგულ თაობას”, როცა უფროსი თაობის მაგალითი ავადმყოფურად გადამდები ხდება, როცა გზა არსაით მიდის, ხოლო თინეიჯერები სკოლის მერხებიდან პირდაპირ “დაკაცების” გაკვეთილებზე გადადიან და როცა მშობლები შვილებს კოშკში კეტავენ, შვილი კი მოუთმენლად ელის იმედს, ხსნას და გადარჩენას, რომელიც არავინ იცის მოვა თუ არა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში  კინოგადაღებისათვის მნიშვნელოვანი ადგილია.  საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით შეიმუშავა წამახალისებელი პროგრამები კონკრეტული ინდუსტრიების განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სფეროების ხელშეწყობისათვის. შესაბამისად, საქართველოში გადაღებების წარმოება სასიამოვნოსთან ერთად მომგებიანი პროცესიც გახდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პროდიუსერებს საშუალება მიეცათ, პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში წამახალისებელი,  ე.წ cash rebate მექანიზმის დახმარებით აინაზღაურონ გადაღებებზე გაწეული ხარჯების 20 პროცენტი.

 

მიუხედავად ქვეყნის მცირე ფართობისა, საქართველო მსოფლიოში მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. აქ შეგძლიათ შეხვდეთ სუბტროპიკულ სარტყელს, ალპურ ზონასა და ნახევარუდაბნოებს. ერთდროულად შეგიძლიათ დააკვირდეთ თოვლს მთებზე, სიმწვანეს, გაზაფხულის ყვავილობას და უღრუბლო ზაფხულს ზღვის სანაპიროზე.

 

რა თქმა უნდა , ერთ სტატიაში სრულად ვერც ქართული კინოს ისტორიას მოვყვებოდით და ვერც ახალი თაობის კინორეჟისორებზე შევძლებდით ვრცლად მოგვეთხრო. მაგრამ მთავარია ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ქართული კინემატოგრაფი, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გადალახა, ერთ-ერთი მოწინავე და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ევროპულ ბაზარზე. აქ შეხვდებით ბულინგს, პიროვნების დაკნინებას, უიმედობას,  ოჯახურ პრობლემებს, ქუჩას, სკოლას, აუხდენელ ოცნებებს, გზააბნეულობას, რომელიც ნაივური ცინიზმითა და ახალგაზრდული ენერგით არის კინოფირზე გადმოტანილი, რომელიც ერთდროულად ანაყოფიერებს და განდევნის ჩვენს უიმედობას, რომელიც რაღაცით ჭაობში ჩაფლული კაცის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც სჯერა, რომ მალე გზა გამოჩნდება.

 

პროტესტის მუსიკა

0

რეპის მიმდინარეობა აშშ-ში 80-იანი წლებიდან მოდის. თავდაპირველად, როგორც წესი, რეპს აფროამერიკელები მღეროდნენ და ეს იყო ერთგვარი პროტესტი არსებულის მიმართ. რეპერი ზანგები იბრძოდნენ თანასწორობისათვის და ამერიკული ქუჩის წესებით ცდილობდნენ გასწორებოდნენ მრავალ სოციალურ უთანასწორობას, რაც ასე ფესვგადგმული იყო დასავლურ სამყაროში. ისინი უპირისპირდებოდნენ პოლიტიკას. შეიძლება ითქვას, ზედმეტსახელის ქონა მათთვის აუცილებელია, მეტიც – ბევრი ცნობილი რეპერების ნამდვილი სახელი თითქმის არავინ იცის.

 

რეპერთა სიმღერები, განსხვავებით თუნდაც როკისაგან, არ არის აგებული მუსიკალურობაზე. ის ერთგვარად სწრაფად წაკითხული ლექსებია, რომელსაც არცთუ ისე რთული მუსიკა ახლავს თან. თუმცა ამას ნამდვილად არ შეუშლია ხელი რეპერებისთვის, მრავალი თაყვანისმცემელი შეეძინათ ჯერ აშშ-ში და შემდგომ მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა ქვეყანაში უმალვე გადმოიღეს ეს მუსიკა და ამჟამად ევროპელი რეპერებიც (კანის ფერის მიუხედავად) არანაკლებ ცნობილ რეპულ ჰიტებს ქმნიან.

 

საქართველოში რეპის შემოსვლა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მუსიკა თითქმის მკვდარი იყო. არ არსებობდა რამე წინაპირობა, რომ ქართველი მსმენელი ამ სიახლის მისაღებად მზად ყოფილიყო. ამიტომ რეპი უმალ მიიჩნიეს ქართული ენისათვის შეუსაბამო სტილად და აქედან გამომდინარე, მიუღებლადაც. თუმცა, სავარაუდოდ, ქართულ ენაზე დაწერილი ნებისმიერი ლექსის რეპად სიმღერა შესაძლებელია, რადგან თვითონ ენის წყობის მუსიკალურობა იძლევა ამის საშუალებას. სხვათა შორის, ამ მხრივ საინტერესოა ქართული მხატვრული ფილმი “ქეთო და კოტე“, სადაც ერთ ეპიზოდში ქალის მზითევის ჩამოთვლა სწორედ რეპის სტილში ხდება.

 

ქართველი რეპერები, განსხვავებით ამერიკელი კოლეგებისაგან, სრულიად საპირისპირო რამეს ქადაგებენ. მაგალითად, ამერიკელი “ქულიო“ თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაში ამბობს: `ფულით ძალაუფლება, ხოლო ძალაუფლებით ფული მოიპოვება და ეს ასეც უნდა იყოს”. ქართველები სრულიად საპირისპიროს მღერიან. მაგალითად, ერთ-ერთი ქართული რეპ ჯგუფი მღერის: “არ გვინდა ფული, არ გვინდა ქონება“ ან “ბევრი ფული იშოვე და დაივიწყე ძმაკაცი, ამის მერე იცოდე, რომ შენ ხარ არაკაცი“..

 

თუ რატომ არის ქართული რეპი ესოდენ არააგრესიული, ერთ-ერთმა პირველმა ქართველმა რეპერმა “ბილომ“ ასე ახსნა: “მე ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდა რეპერებს: ბიძიკო, ეს არ არის ამერიკა. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, ჩვენ ჩვენი და არ გინდათ მათსავით მაფიის გინება“.

 

ახალი თაობის რეპის მომღერალ ქართველ ახალგაზრდებში კი უმთავრესად სოციალურ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული. “დიზი“ (გიგი გვარს თავისი რეპული მოსაზრების გამო არ გვიმხელს), რომელიც ამბობს: “ჩვენ ვმღერით იმას, რასაც ვხედავთ და ვცდილობთ ვებრძოლოთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენი პროტესტის სათავისოდ წარმართვას ცდილობს“.

 

„დეგინი“ კი (გიორგი, ამჯერად ცალკე მღერის – მომავალი ინსტრუმენტალისტი) აცხადებს, რომ ქართული რეპის ესთეტიკა უნდა შეიცვალოს: “ძალიან მინდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც ყველა რეპერი ერთად შევიკრიბებით ხოლმე და ერთმანეთს უფრო დავუახლოვდებით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რეპერი ერთმანეთს არ ვიცნობთ. უფროსი თაობის რეპერებისგან განსხვავებით, ცხოვრების კარგი სტილის ქადაგებით არ გამოვდივართ, რადგან ეს უკვე აღარავის აინტერესებს“.

 

როგორც ხედავთ, ქართული რეპი ჯერჯერობით საინტერესო ფენომენია. უკვე ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ მან შეიძინა ორიგინალობის ელემენტები, ანუ კერძოდ ის, რომ ჩვენში ეს მიმდინარეობა ცუდი ცხოვრების გმობას და ახალი, პატიოსანი ყოფის დაწყებას ქადაგებს.

 

და მაინც, ქართველი მუსიკის მოყვარულთა “თინეიჯერული” ნაწილისათვის რეპი ერთ-ერთი ყველაზე `შინაურული” მუსიკაა, რადგან უმთავრესად მათი თანატოლები ქმნიან ასეთი სტილის ჯგუფებს. საყურადღებოა, რომ რეპერთა უმეტესობას არც სიმღერის ცოცხლად შესრულების სიამოვნებაზე აქვს პრეტენზია. თუმცა დედაქალაქის გლდანის ტიპის უბნებში თითქმის ყველა სკოლასა თუ კორპუსს ერთი რეპ-ჯგუფი მაინც ჰყავდა. ამიტომაც რეპის პოპულარობის ხარისხი იქაურ “თინეიჯერებში“ საკმაოდ მაღალი იყო.

 

ამერიკაშიც სწორედ გარეუბნებში იქმნებოდა მუსიკისა და ცხოვრების ამგვარი სტილი. იქ თითქმის ყველა ზანგ ბავშვს შეუძლია რეპის მოყვარულთა მოხიბვლა თავისი დამახასიათებელი მოძრაობებით თუ სიმღერის “კითხვით”. ისიც საინტერესო ფაქტია, რომ იქ უცნობი რეპერები თავიანთ სიმღერებს სტუდიაში (უფულობის გამო) თუ ვერ წერენ, ქუჩაში მაინც მღერიან ცოცხალი შესრულებით. ქართველები ამ მხრივ მკვეთრად ჩამორჩებიან თავიანთ ოკეანისგაღმელ კოლეგებს. ისინი ქუჩაში არ მღერიან და მხოლოდ ღია ცის ქვეშ (ან ამგვარი სტილის) გამართულ კონცერტებზე თუ შეგვახსენებენ თავს თავიანთი ინგლისურიდან გადმოქართულებული შემოქმედებით, რომელთა ჩაწერაც ქართულ სტუდიებში სულ რამდენიმე ასეულ ლარადაა შესაძლებელი.

 

ჩვენს კითხვაზე: თუ რატომ არ მღერიან ქართველი რეპერები ქუჩაში და მათი სიმღერების უმეტესობა რატომაა უცხოურიდან გადმოქართულებული ანუ ფაქტობრივად – პლაგიატური, ერთ-ერთმა ახალგაზრდა რეპერმა, რომელსაც აუცილებელი ზედმეტსახელი ჯერ კიდევ არა აქვს, გვითხრა: “უმეტესობას მუსიკასთან შეხება თითქმის არა აქვს, რომ არა ყოვლისშემძლე კომპიუტერი, მათ სიმღერის სწორად წაკითხვაც გაუჭირდებათ. გადმოქართულება კი, მოგეხსენებათ, სხვისი დაკრეფილი ხილით პირის ჩატკბარუნებაა“.

ჯავახიშვილი და კამიუ – ინტერტექსტუალური პარალელები

0

ერთი ყველაზე ძველი და მაინც უცვეთელი თემა, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურა დღემდე ერთგულებს, ბედისწერის თემაა. უძველესი დროიდან დღემდე მწერლები ჩხრეკენ და ეძიებენ ამ ამოუხსნელი ფენომენის რაობას. მიხეილ ჯავახიშვილმა თავის მოთხრობებსა და რომანებში ადამიანისა და ბედისწერის რთული ურთიერთდამოკიდებულება წარმოაჩინა.

ჰენრიკ იბსენისადმი მიძღვნილ წერილში ჯავახიშვილი საგანგებოდ ჩაუღრმავდება ამ საკითხს. იგი იხსენებს კლასიკური ხანის ბერძნულ მწერლობას, როდესაც ადამიანი ყველა მოვლენას უცნობ, უხილავ, ყოვლისშემძლე ფატუმს მიაწერდა, რომელიც წინდაწინვე უნიშნავდა ადამიანებს ბედსა და უბედობას, სახელ-დიდებას, სიმდიდრესა და სიღატაკეს, ბედნიერებისა და სიკვდილის დღეს. მწერლის დაკვირვებით, ბერძნული ტრაგედიის შინაარსს შეადგენდა ადამიანის ბრძოლა ბედისწერასთან. ამ ბრძოლაზე იყო აგებული ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები.

ამ წერილში მიხეილ ჯავახიშვილი გამოწვლილვით წარმოაჩენს, თუ რა ცვლილება განიცადა ბედისწერის თემამ ლიტერატურაში. მისი აზრით, აღორძინებისა და რეფორმაციის ხანამ შექსპირის წყალობით ახალ ტრაგედიას ფატუმის საძირკველი გამოაცალა და მის მაგივრად რეალური ნიადაგი მიუსადაგა. წინათ თუ ფატუმი ციდან იძლეოდა ბრძანებას, ახლა მბრძანებლად იქცა `ადამიანის სურვილი, მისწრაფება და ქრისტიანული ელფერით შეღებილი სინდისი, რომელიც დასაწყისი და დასასრულია ადამიანის ცხოვრებისა.

შექსპირის გმირებს ამოძრავებთ მხოლოდ სინდისი და თუმცა ისინი ებრძვიან ამ ძალას, მაგრამ ბოლოს მაინც იღუპებიან თავიანთი სურვილებისგან, როგორც იღუპებოდნენ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმისაგან~.

მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, შემდეგი დროის მწერლობამ, განსაკუთრებით, გოეთემ და შილერმა, მოიწადინეს ფატუმის იდეის გაცოცხლება, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს: `გოეთემ ბუნების მეტყველებაში შეტოპა და იქ დაიწყო ახალი იდეის ძებნა, ხოლო შილერმა თავის გმირებს ბერძნული ტრაგედიის ქურქი წამოასხა და ამით დაკმაყოფილდა~. ჯავახიშვილი თვალს მიადევნებს ამ თემის შემდგომ განვითარებას. მისი აზრით, მეცნიერებამ ახალი სული შთაბერა ბედისწერის იდეას: `კანტმა, ლაპლასმა, ლამარკმა და ჰეგელმა მოამზადეს ის საძირკველი, რომელზეც დარვინმა ააშენა თავისი დიდებული კანონები შთამომავლობისა. შთამომავლობის თეორიას კი მხატვრულად ხორცი შეასხა ემილ ზოლამ, თუმცა ვერ გასცდა თეორიულ ქადაგებას~. ამ თვალსაზრისით, მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, ყველასგან გამოირჩა ჰენრიკ იბსენი, რომელმაც ბედისწერის თემა ახალი კუთხით წარმოაჩინა: `თუ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმის მსხვერპლნი იყვნენ, შექსპირის გმირები თავიანთი ვნებათაღელვითა და სინდისით მარცხდებოდნენ. იბსენის აზრით, უფრო რეალური, სასტიკი, საშინელი და უსამართლო მიზეზი გვმუსრავს, ეს არის შთამომავლობითი სენი~. ამჯერად. ბედისწერის თემა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა `ორი შვილისა~ და კამიუს პიესა `გაუგებრობის~ მიხედვით გვინდა წარმოვაჩინოთ.

კამიუმ ეს ნაწარმოები, მისივე თქმით, `პირქუში პიესა~, 1943 წელს დაწერა დაპყრობილ საფრანგეთში. მწერალი ცდილობდა, როგორც თვითონ წერს `თანამედროვე ფაბულაში  მოექცია ფატალურობის Uუძველესი თემატიკა~. პიესის წინასიტყვაობაში მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომ `უბედურებას ერთადერთი საშუალებით ძალუძს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე _ ამაღლდეს ტრაგიკულობამდე~.

მიხეილ ჯავახიშვილმა `ორი შვილი~ 1928 წელს დაწერა საქართველოში, აგრეთვე, ოკუპირებულ ქვეყანაში.  ფაბულის ერთგვარმა მსგავსებამ გადაგვაწყვეტინა ეს ორი მხატვრული ტექსტი ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.

ჯავახიშვილისა და კამიუს ხსენებული ნაწარმოებების მსგავსება თემის ერთნაირ განვითარებაში მჟღავნდება. 1. ადამიანი ბედისწერას ვერსად გაექცევა; 2. ბედისწერა სათამაშოებივით ეპყრობა ადამიანებს; 3. ცოდვა უწევს ადამიანს; 4. ადამიანი თან მიტევებას სთხოვს ღმერთს და თან ბოროტებას სჩადის _ პირჯვარს გადაიწერს და ადამიანს კლავს.

ორივე ნაწარმოებში მშობელი კლავს შვილს. საგულისხმოა, რომ არც ზაქრომ (`ორი შვილი~) და არც დედამ (`გაუგებრობა~) არ იციან, რომ საკუთარ შვილებს უღებენ ბოლოს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოს კლავენ და სხვისი მკვლელობა თითქოს უმსუბუქებთ ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს. მათ არ სტანჯავთ არც სინდისი და არც ტკივილი, თუმცა როგორც კი გაიგებენ, რომ საკუთარი შვილები მოუკლავთ, თავზარი ეცემათ. ზაქრო (`ორი შვილი~)  ჭკუიდან იშლება, ხოლო დედა (`გაუგებრობა~) თავს იკლავს.

ორივე ნაწარმოებში მკვლელებს ჰყავთ თანამზრახველები. ზაქროს ეხმარება ცოლი ნატო, ხოლო დედას _ ქალიშვილი მარტა. ორივე ნაწარმოებში პერსონაჟები ცდილობენ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას სხვისი უბედურების ხარჯზე. ზაქროს თავისი პატარა ბიჭის მომავალი აღელვებს: `ზურაბს შველა უნდა, თუ მამამ საძირკველი არ შეუმზადა, თუ ათასი თუმანი მაინც არ შეუგროვა, მისი შვილი კაცებში ვერ გაერევა, ადრევე დაიჩაგრება და ჩამორჩება, ამიტომ…~. ამიტომ კლავს ადამიანებს და ძარცვავს. თევდორესგან ცხენი იყიდა, შემდეგ უკან დაედევნა, მაგრამ ბიჭი გაუსხლტა და  ზაქროს სახლს შეაფარა თავი. იქ კი `გაუგებრობა~ მოხდა. სიბნელეში მამამ შვილი ვერ იცნო და მოკლა. დედა და ქალიშვილი მარტაც სხვა ცხოვრებაზე ოცნებობენ: `აჰ! დედა! ბევრ ფულს რომ მოვაგროვებთ და შევძლებთ გავეცალოთ ამ უკიდეგანო მხარეს, უკან რომ მოვიტოვებთ ამ სასტუმროსაც და ამ წვიმიან ქალაქსაც, როცა დავივიწყებთ ამ ბნელ ქვეყანას, ერთ დღესაც, როცა ბოლოს და ბოლოს, აღმოვჩნდებით ზღვის პირას, რაზეც ამდენი მიოცნებია, მაშინ დამინახავთ გაღიმებულს. ამიტომ არა ღირს ყოყმანი. სწორედ ამიტომ  უნდა მოვიცალოთ იმისთვის, ვინც ახლა მოვა. თუ ის საკმარისად მდიდარია, ჩემი თავისუფლება, ალბათ, ამით დაიწყება~.

ორივე ნაწარმოებში შინიდან წასული და გადაკარგული შვილები ბრუნდებიან. მაშინვე არ ამხელენ ვინაობას, მშობლის მოულოდნელი გახარება და გაბედნიერება სურთ, მაგრამ ბედისწერა ულმობლად დასცინით, მშობელთა ხელით იღუპებიან.

ზაქროს ცოლი ნატო თავის უფროს ვაჟს, ანტონს, ვერ იცნობს, უცხო სირაჯად მიიღებს და ქმრის მოულოდნელი მოდუნების გამო თვითონ მოუღებს შვილს ბოლოს. ზაქროს კი განგება თითქოს რაღაცა ნიშანს აძლევს, რომ განზრახვა გადაიფიქროს, მაგრამ ვერ ხვდება. მკვლელებს ცოდვის ჩადენისას ღმერთიც ახსოვთ და მისი სასჯელიც, მაგრამ ეს არ აბრკოლებთ, თავს იმართლებენ კიდევაც: `ღმერთო, აპატიე ზაქროს, ნატოსაც! შენცა ხედავ, რომ გულში ბოროტი არა უდევთ რა. სტუმარი ღვთისაა მაგრამ… მაგრამ რა ჰქნან. ეს კაცი უდროოდ შეეჩეხათ შუა გზაზე, ისე მოეწყო თავისთავად, რომ ვიღაც უნდა გადავარდეს ხრამში ¬_ ან ეს კაცი, ან ზაქრო და მისი ოჯახი~.

ზაქრო არჩევანს თავის სასარგებლოდ აკეთებს, თან იმშვიდებს კიდევაც გულს: `უეჭველად უკანასკნელი იქნება, უეჭველად!  ღმერთი შეეწევა და ფიცს შეასრულებს. ცოდვილია ზაქრო, ცოდვილი! მაგრამ ამასაც მოინანიებს, მოირეცხავს: შუამთაში წავა, შავნაბადას მოივლის, ალავერდსაც ეწვევა, მცხეთასაც _ ყველას თითო საკლავს მიუტანს, სანთელს დაუნთებს და შენდობას მიიღებს~ და სანამ ბავშვს  მოკლავს, კვლავ ღმერთს შეევედრება: `ღმერთო, უშველე ზაქროს და შეიწყალე ცოდვილი~.

კამიუს პიესაში ვაჟი ბრუნდება შინ, სადაც დედა და და ეგულება. მათ სასტუმრო გაუხსნიათ. დროდადრო მგზავრს, რომელსაც ფულს დაუგულებენ, აძინებენ და მდინარეში აგდებენ. ასე გააქვთ თავი და თან სხვაგან წასვლაზე ოცნებობენ. სხვაგან წასვლით თითქოს ჩადენილ ცოდვებს ჩამოირეცხავენ. დედას რელიგიურობა არ აკლია, ქალიშვილი მარტა კი ყველაფრის, მათ შორის, რწმენის მიმართაც გულგრილია და აი, უცნობი მგზავრი, ეტყობა, რომ ფულიანი, კვლავ ეწვიათ. დედას მის დანახვაზე უცნაური შეგრძნება აქვს, მაგრამ ვერ აცნობიერებს. თითქოს რაღაც აკავებს, რომ მორიგი დანაშაული აღარ ჩაიდინოს, მაგრამ თანვე ხედავს: უცნობს `მსხვერპლის სახე აქვს~ და თავსაც იმართლებს: `ცხოვრება, როგორც ჩანს, უფრო ულმობელია, ვიდრე ჩვენ. იქნებ ამიტომაცაა, რომ მიჭირს, თავი დამნაშავედ ვიგრძნო~. მარტას კი აქედან წასვლა სურს და ყველაფრის დავიწყება: `მეჩქარება იმ ქვეყანაში მოხვედრა, სადაც მზე არ გიტოვებს ფიქრის საშუალებას~.

კამიუსთვის გაუგებრობა თუ შემთხვევითობა არის ცხოვრების აბსურდულობის გამოხატულება, ადამიანი კი გარემოებათა ტყვეა. `უბედურება აღმემატებოდა მე~, _ იტყვის პიესის გმირი და ამით წარმოაჩენს ადამიანებს, როგორც ბედისწერის სათამაშოებს.

მიხეილ ჯავახიშვილი კი ბედისწერას გაიაზრებს, როგორც ადამიანის ცხოვრების, ფიქრის, განცდისა თუ განზრახვის გამოძახილს. ცოდვა აუცილებლად უწევს ადამიანს. ცოდვა იქცევა ბედისწერად, ცოდვას კი ადამიანი სჩადის, ე.ი. ბედისწერა ადამიანის ხელითვე მოქმედებს. ჯავახიშვილს ებრალება ბედისწერისა თუ საკუთარი თავის მსხვერპლნი, ამიტომაცაა, რომ შვილის მკვლელ მშობლებს ხალხი რისხვის ნაცვლად სიბრალულითა და ლმობიერებით შესცქერის. კამიუს პიესაშიც გაიხმოვანებს შებრალების პათოსი.

ბედისწერა ორივე ნაწარმოებში გაუგებრობაზე აგებს თავის თამაშს, სინამდვილეში კი ეს გაუგებრობა კანონზომიერებაა, რომელიც შემთხვევითობათა ლოგიკურ ჯაჭვს ეფუძნება. ორივე ნაწარმოების გმირები ცოდვის ქმნით თვითონვე `წერენ~ საკუთარ ბედისწერას. მსხვერპლი კი ყოველთვის უდანაშაულოა, რათა უფრო ცხადად წარმოჩნდეს ცხოვრების აბსურდულობა და სისასტიკე.

მიხეილ ჯავახიშვილმა და ალბერ კამიუმ ცხოვრება. როგორც ტექსტი, თავისებურად წაიკითხეს და ბედისწერის საინტერესო მხატვრული ინტერპრეტაციები შემოგვთავაზეს.

სხვათა შორის, ალბერ კამიუს თავის რომანში („უცხო“, რომელიც ამ ნოველაზე ერთი წლით ადრე გამოაქვეყნა, 1942 წელს) ნოველის ფაბულა ჩართული აქვს, როგორც გაზეთში ამოკითხული ამბავი.  რომანის გმირი, მარტოსული მერსო, ციხეში პოულობს ძველ გაზეთს და კითხულობს: „ფიცარს შორის ვიპოვე ძველი გაზეთის გაცრეცილი და გაყვითლებული ნაგლეჯი; გაზეთი ლეიბზე იყო მიკრული. შიგ ერთი ამბავი ეწერა, რომელსაც დასაწყისი აკლდა. ვფიქრობ, ეს ჩეხოსლოვაკიაში უნდა მომხდარიყო. ერთი კაცი ჩეხური სოფლიდან გასამდიდრებლად წასულიყო. ოცდახუთი წლის შემდეგ, ცოლ-შვილთან ერთად გამდიდრებული დაბრუნდა. ამ კაცის დედას და დას სოფელში სასტუმრო ჰქონდათ.

დედა რომ მოულოდნელად გაეხარებინა, ცოლ-შვილი სხვაგან დატოვა, თვითონ კი სასტუმროში მივიდა. დედამ ვეღარ იცნო. შვილმა ხუმრობით ნომერი აიღო, თან ფულიც დაანახა. დედამ და დამ მისი გაქურდვა განიზრახეს და ჩაქუჩით მოკლეს, ცხედარი კი მდინარეში გადააგდეს. დილით ცოლი მოვიდა, მან არაფერი იცოდა მომხდარი ამბის შესახებ და მგზავრის ვინაობა გაამჟღავნა. დედამ თავი ჩამოიხრჩო, და ჭაში ჩავარდა. ეს ამბავი ათასჯერ მაქვს წაკითხული“ .

 

 

 

 

 

შაქარივით ტკბილი

0

სტომატოლოგის სავარძელს ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ადრე, მოუხერხებელი სავარძლები ჰქონდათ, ახლა  მამა-პაპურად წამოგაწვენენ  და თუ გინდა დაიძინებ  კიდეც. ადრე პირს ბამბებით გამოგიტენიდნენ და ნერწყვი მაინც ასველებდა. ახლა, ქვედა ტუჩზე პაწაწინა მილუკას ჩამოგკიდებენ და წამში გამოგიშრობს მთელ პირს. ადრე,  ბურღი ისე ღმუოდა, მარტო მისი ხმის მოსმენით დაიზაფრებოდი. ახლა  ჩემი სადარბაზოს კატასავით კრუტუნით მუშაობს და მშვიდად ხარ, დაცულად გრძნობ თავს. ადრე ნერვს დარიშხანით გიკლავდნენ. უფრო სწორედ, ათი დღის განმავლობაში კბილში ჩაგიდებდნენ და შემდეგ მაინც ყველაფერს იგებდი. ის კი არა, ერთხელ,  ერთი  ექიმის სახლში, საგულდაგულოდ მოწყობილ კაბინეტ-ოთახში ცოცხალ რიგში ვიჯექი, როცა სავარძელზე სოლიდური გარეგნობის კაცი დაჯდა. ეს კაცი თავს მაინცდამაინც არავის უყადრებდა, თვით კბილის ბურღსაც კი. ექიმმა რაღაც შეუჩხიკინა, მოუჩხრიკ-მოუსინჯა და უცებ იქაურობა გამაყრუებელმა ღრიალმა დაფარა:

  • ოოოოო, უუუუუ, ააააა, ვააააა…

ასე სოლიდურად მომზირალი პაციენტი ყვიროდა, რომელსაც გაუფრთხილებლად ცოცხალი ნერვი ამოაცალეს კბილიდან. უკვე რამდენიმე წუთში ექიმი აწყნარებდა, ეგ არაფერიო, ყველაფერი უკანააო, ნერვიც ჩემთან არისო.

ახლა უკვე ყველგან გამაყუჩებელ ნემსებს იყენებენ და თან პრეპარატების  ისეთი დიდი არჩევანია, კარგი ექიმის ხელში ალერგიასაც  მოატყუებ.

ჩვენი კბილები საკმაოდ მტკიცე  დენტინისგან შედგება. სიმტკიცეს კალციუმის მარილები აძლევს. დენტინის თითოეული კვადრატული მილიმეტრი 60კგ დატვირთვას უძლებს. ზემოდან დენტინს კბილის ემალი ფარავს. ემალიც ალმასივით მტკიცეა. მისი სიმაგრე 397,6 კგ/მმ2-ია. ემალის შემადგენლობა ასეთია: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი, დანარჩენ ნაწილს კი აპატიტების ჯგუფის კრისტალები შეადგენენ. ქსოვილების ცილოვანი მატრიქსი კოლაგენისგან და პროტეოგლიკანებისგან  (გლიკოზამინოგლიკანები-ჰეტეროგენული ნახშირწყლები) შედგება.  კოლაგენის ტიპურ მოლეკულაში  სამი პოლიპეპტიდური ჯაჭვია, სადაც თითოეული მარჯვნივ დახვეული სპირალის კონფორმაციაში იმყოფება. ამინმჟავების თანმიმდევრობა დაახლოებით ასეთია: -Gly-X-Y- ყოველი მესამე ამინმჟავური ნაშთი გლიცინია; X – მდგომარეობაში ხშირად გვხვდება ამინმჟავა პროლინი; რაც შეეხება Y- მდგომარეობას, აქ ასევე ხშირადაა პროლინი ან 4-ჰიდროქსიპროლინი. კოლაგენი ასევე შეიცავს 3-ჰიდროქსიპროლინის და 5-ჰიდროქსილიზინის  ნაშთებსაც. ჰიდროქსიამინმჟავების არსებობა კოლაგენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. პროლინის და ლიზინის ნაშთები ჰიდროქსო ჯგუფებს უკვე ჯაჭვში ჩართვის შემდეგ იკავშირებენ. კოლაგენის დაახლოებით 12 ვარიაცია არსებობს, მათ შორის განსხვავება ალფა პოლიპეპტიდური ჯაჭვების სხვადასხვა შეთანხმებაა. კბილის ქსოვილში გავრცელებულ ტიპს შემდეგი მეოთხეული სტრუქტურა აქვს [α1(I)]2α2(I). კოლაგენს მიკროფიბრილების და ფიბრილების წარმოქმნის უნარიც აქვს. უმეტესად 20-500 ნმ დიამეტრის ცილინდრული ფორმის ფიბრილებს წარმოქმნის.

ადრე… როცა,  დედამ პირველად წამიყვანა სტომატოლოგთან, შიშისგან მუშტისხელა გავხდი. ახლა გაბედულად შევაბიჯებ ხოლმე. ოღონდ, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სავარძლის გვერდზე ვინ დაჯდება. ადრე, პირველად ნათელა ექიმთან მოვხვდი. კარიეზი მქონდა სარძევე კბილზე. კარიეზის მიზეზი ის სპეციფიკური ორგანიზმებია, რომლებიც მეტაბოლიზმისას მჟავას წარმოქმნიან და ემალზე ზემოქმედების შედეგად, ეს მჟავა ემალს აზიანებს. სარძევე კბილების კარიესის მკურნალობაც საჭიროა. დიახ, ალტერნატივაც არსებობს, პირდაპირ ამოღება, ბოლოს მაინც ხომ მოსაცვლელი იქნება. ნათელა ექიმი კი ამბობდა, მოსაცვლელი კბილის დროზე ადრე ამოღება არ შეიძლება, რადგან დიდი ალბათობაა,  ძირითადი კბილი  სწორი მიმართულებით არ ამოვიდეს და თანკბილვა არასწორი  იყოსო. მაშინ თანკბილვის მნიშვნელობა ვერ გავიგე და ამიხსნა, რომ გაიცინებ, კარგი ღიმილი, რომ გქონდეს, აი, ეგ არისო. სხვათა შორის, ბოლო კვლევების თანახმად, თურმე ეს მიკროორგანიზმები, ემალის გარდა, სისხლძარღვებსაც აზიანებენ და უყურადღებობის შემთხვევაში ინსულტის ან ინფარქტის წინაპირობასაც ქმნიან. სისხლძარღვებს ზედმეტი შაქარიც აზიანებს, რადგან გლუკოზა ცილის თავისუფალ ამინოჯგუფებთან სპეციფიკურ ნაერთს წარმოქმნის. შედეგად სისხლძარღვი ისე გამოიყურება, თითქოს დაფხაჭნილიაო. ამიტომაც არის, რომ დიაბეტის ღრმად წასულ ფორმებში სისხლძარღვები და თვალის ბადურა ზიანდება (აქაც კაპილარების პათოლოგიის გამო).

უკვე დავწერე, რომ კარიეზს მიკროორგანიზმები იწვევენ, რომლებიც კბილის ემალზე არიან მოკალათებული და თავიანთ სასიცოცხლო ციკლს ანაერობული გლიკოლიზით აწარმოებენ. შედეგად, ორგანულ მჟავებს გამოყოფენ (რძემჟავა, პროპიონმჟავა, ძმარმჟავა, ერბომჟავა), რომლებიც ემალიდან კალციუმის იონებს გამორეცხავს. ბაქტერიული შაქრის მეტაბოლიზმის კიდევ ერთი პროდუქტია დექსტრანები, უხსნადი პოლისაქარიდები. ისინი ბაქტერიებს იცავენ. ბაქტერიები დექსტრანებთან ერთად კბილის ქვის ძირითად მასას წარმოქმნიან.

ეს ყველაფერი კანფეტიჭამია ბავშვებს უფრო აწუხებს და რადგან, მეც კანფეტიჭამია ვიყავი, ნათელა ექიმთანაც  მოვხვდი. ის დალოცვილი ყველა მანიპულაციას ისე აკეთებდა, მართლა ვერაფერს ვიგებდი. ხელიც ტკბილი ჰქონდა და ენაც. დამეთანხმებით, რომ ამ დროს ბავშვს მიფერება და დაყვავება სჭირდება და არა, მაგ. დაღრიალება – თუ პირის გაღება არ იცოდი, აქ რას მოდიოდი, ბავშვოო. ჰო, ზუსტად ასე შემომძახა ერთმა სტომატოლოგმა, რომლის აზრითაც პირი საკმარისად ვერ გავაღე. ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და  ექიმს ვკითხე:

  • ნათელა ექიმო, ხელებზე შაქარი გაქვთ-მეთქი?

არაო, შეწუხდა, შენს მოსვლამდე ჩაი კი დავლიე, მაგრამ ხომ დაინახე, როგორ დავიბანეო. არა-მეთქი,  ჩემივე ნათქვამი შევასწორე, შაქარივით ტკბილი ხელი გაქვთ და მაგიტომ ვიკითხე-მეთქი.

შაქარზე გამახსენდა… შაქარი ხომ კბილს აზიანებს, ზემოთ, რომ ვახსენე იმ მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმსაც  და კარგად ყოფნასაც ხომ  უწყობს ხელს. ჰოდა, რაოდენ სახალისოა, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთმა ამერიკელმა სტომატოლოგმა ბამბის ნაყინის მოსამზადებელი დანადგარი გამოიგონა. ჩაყრი შიგნით შაქარს, რომელიც ლღობის ტემპერატურამდე ცხელდება და შემდეგ უწვრილესი ნახვრეტებიდან შაქრის ძაფები გამოდის და ჯოხზე მათი ერთ დიდ ფთილად შეკრება შეიძლება. ჰო, მანქანა კბილის ბურღის ტრიალის პრინციპით იყო აგებული. ბამბის ნაყინში შაქარი, ოდნავ წყალი და ჰაერია, ამიტომაცაა ასე გაბერილი. საშუალო ზომის პორცია  28 გრამ  შაქარს შეიცავს.

მანამდე, ბამბის ნაყინი მეთხუთმეტე საუკუნის იტალიიდან იყო ცნობილი. ქუჩაში ხელით ამზადებდნენ და ძვირიც ღირდა, რადგან შრომატევადი იყო და შაქარიც ძვირფას პროდუქტად ითვლებოდა. ჰოდა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამერიკელმა სტომატოლოგმა გააიაფა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. მეცინება, სიმართლე გითხრათ. რა მახსენდება იცით? ჩარლი ჩაპლინის ფილმში „ბიჭუნა“, ბიჭი, რომ ფანჯრებს ამტვრევდა, ჩარლი კი სვამდა… ერთი ფეხსაცმლის წმენდავიც იყო, მისი ძაღლი ტალახში თათებს ამოისვრიდა და გამვლელ-გამომვლელს ფეხსაცმელს უსვრიდა. მწმენდავიც იქვე იყო თავისი ჯაგრისებით. ჰოდა, ეს ჩვენი ბამბის ნაყინს მიძალებული ხალხიც სტომატოლოგის პაციენტები ხდებოდნენ… ალბათ…

ახლა ზაფხულია და ყველაზე მეტად ნაყინი, ბამბის ნაყინი და გაზიანი სასმელები იყიდება. არადა, სასარგებლო არც ერთი არ არის. გაზიან სასმელზე აღარაფერს ვამბობ, არაერთხელ დამიწერია. ბამბის ნაყინი ცარიელი შაქარია, აი, ნაყინი კი ჩემთვის ყველაზე მისაღებია, თუმცა სასარგებლოა-მეთქი, ვერ ვიტყვი.

დავინტერესდი, რომელში რამდენი  კალორიაა. ნაყინის ერთი სტანდარტული პორცია (ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ვაფლით) 180 კკალ-ს შეიცავს. ბამბის ნაყინის 100 გრამზე 108 კკალ. მოდის. გაზიანი სასმელის 100 მლ კი 210 კკალ-ს შეგმატებთ.

ახლა თითოეულში შაქრის შემცველობა ვნახოთ.

ნაყინის ერთი სტანდარტული პორცია (ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ვაფლით)-17გრ. შეიცავს. ბამბის ნაყინის 100 გრამზე – 28 გრ. გაზიანი სასმელის 100 მლ კი 58 გრამ შაქარს  შეგმატებთ.

კვლავ გავიმეორებ… ადრე, ბავშვობაში, კანფეტიჭამია ვიყავი. ალბათ, ამიტომაც მიწევდა სტომატოლოგთან სიარული. ტკბილი სასუსნავი ახლაც მიყვარს, ოღონდ ამ სიყვარულს ძალიან ვაკონტროლებ. სტომატოლოგთან მისვლა ახლაც მიწევს.

იმ დღესაც ჩვეულებისამებრ მივედი. სავარძელში მოვკალათდი და პირი გავაღე. ჩემს ექიმს ახალი თანაშემწე გოგო ეხმარებოდა. ეტყობოდა გამოუცდელი იყო, მაგრამ ყველაფერს სწრაფად იმახსოვრებდა და აკეთებდა. ერთ საღეჭ კბილზე ბჟენი ჩამომიტყდა და ექიმმა, როგორც კი დაზიანება დაათვალიერა, თქვა ამჯერად ბურღი არ მჭირდებაო, უბრალოდ ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს და გაიწმინდოსო. ამ პროცესს კი ნატრიუმის პოლიჰექსამეთილგუანიდინის ხსნარი სჭირდებაო. ამ ბოლო დროს ძალიან პატივს ვცემ ამ სითხესო. მერე თან მე მიბჟენდა კბილს, თან ახალბედა თანაშემწეს უხსნიდა რაღაცებს. ისე კარგად უხსნიდა, მეც სიამოვნებით ვუსმენდი.

წამოსვლისას ერთი წამი შევჩერდი, მაგრამ თქმა გადავიფიქრე, მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი.

ახლა კი, წერილის დასასრულ, იმ ბავშვის ენაზე ვეტყვი, ოდესღაც რომ ვიყავი:

  • ეკა ექიმო, იცით, რომ შაქარივით ტკბილი ხელი გაქვთ?…

 

 

შებრუნებული საკლასო ოთახი  – დისტანციური სწავლება თუ პირისპირ შეხვედრების ოპტიმიზაცია?

0

შებრუნებული საკლასო ოთახი ხშირად, შეცდომით, სასწავლო კონტენტის და საკლასო აქტივობების ვიდეოლექციებით ჩანაცვლება ჰგონიათ და ერთ ნაწილს სიხარული იპყრობს –  რა კარგია გაკვეთილებზე ან ლექციებზე სიარული არ მოგვიწევსო, ხოლო მეორე კი შფოთავს – მაშინ გაკვეთილზე ან ლექციაზე რაღა ვაკეთოთო.

 

სინამდვილეში, შებრუნებული საკლასო ოთახის ძირითადი დანიშნულება ინტერაქციული სწავლებაა, რომელიც მოსწავლესთან ან სტუდენტთან პირისპირ შეხვედრის ოპტიმალურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

 

როგორ შეიძლება ოპტიმალურად გამოვიყენოთ სტუდენტთან პირისპირ შეხვედრა? სწორედ ამ მიზანს ემსახურება შებრუნებული კლასის სწავლების სტრატეგია.

 

შებრუნებული კლასი კოლაბორაციული და ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელია, რომელიც ტრადიციულ სასწავლო გარემოს ცვლის, ისე, რომ  სტუდენტებს ახალი სასწავლო მასალა სწავლების მართვის სისტემაში, კლასში შეხვედრამდე მიეწოდებათ. ისინი უყურებენ მცირე ვიდეოებს/ვოდკასტებს, აწყობენ ონლაინ დისკუსიებს და იკვლევენ მასალას სახლში, ხოლო კლასში შეხვედრები კი აქტიური სწავლების პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შექმნილი ეს მეთოდოლოგია ცნობილია თავისი გავლენით სწავლა-სწავლების ხარისხზე და მოქნილობით, რომელსაც ის მოსწავლეებს უქმნის. შებრუნებული საკლასო ოთახი სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში ხარისხის ნიშანი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2017 წლის აპრილიდან, საკონსულტაციო კომპანია  „მაინდვორქსი“ კოლეჯებში „ბლექსი“ და „ერქვანი“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველოს, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიას ნერგავს.  პროექტი 9 თვის განმავლობაში გრძელდება და მასში ჩართულია 5 სხვადასხვა საგნის პედაგოგი. 2017-2018 სასწავლო წლისთვის ისინი თავიანთ საგნებს „შეაბრუნებენ“

როგორ ამაღლებს შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგია სწავლა-სწავლების ხარისხს?

შებრუნებული კლასი არის ინტერაქციული სწავლების სტრატეგია რომელიც ეხმარება მასალის უკეთ ათვისებაში და ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში.

 

სწავლების პროცესში, ინფორმაციის ახალი ნაკადი გადადის ჯგუფური სივრციდან (გაკვეთილი) ინდივიდუალურ სივრცეში (სახლი),  ხოლო ჯგუფური სივრცე გადაიქცევა დინამიურ სასწავლო გარემოდ, სადაც მასწავლებელი ფასილიტაციას უწევს მოსწავლის ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პროცესს და ორიენტირებულია  მის მაღალ ჩართულობაზე.

 

სტუდენტები სახლში ახალ მასალას ინტერაქციული ვიდეორგოლებით ეცნობიან, რაც გულისხმობს ვიდეოს აქტიურ ყურებას, მოსმენილის ათვისების შემოწმებას, ამოცანების ამოხსნას, კითხვაზე პასუხს.  მასწავლებელი იმასაც აკონტროლებს თუ ვინ ნახა ვიდეო. ვინ რა ნაწილი გაიგო და ვის სად უჭირს. ასე რომ, ეს ინდივიდუალური სივრცე ნახევრად მოდერირებულია.

 

კლასში, მასწავლებელს მეტი დრო რჩება მოსწავლესთან ერთი ერთზე ურთიერთობისთვის. მოსწავლეს დიდ პროექტზე მუშაობით, საშუალება ეძლევა ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს.

შებრუნებული კლასი არ არის ვიდეოგაკვეთილები, არამედ ინტერაქციული გაკვეთილი ჯგუფურ სივრცეში. მთელი მცდელობები არის მიმართული იმისკენ რომ ჯგუფური სივრცე იყოს: საინტერესო, შინაარსიანი და ემსახურებოდეს მიზანს.

 

 

რა ხდება კლასში?

კლასში შეხვედრისას მოსწავლეები ახალი მასალის გაგების მიხედვით, სხვადასხვა ზონებში ნაწილდებიან. საკლასო ოთახში ისინი მენტორის ხელმძღვანელობით ჩართული არიან განხილვებში, გამოცდილების გაზიარებაში, როლურ სავარჯიშოებში, პრეზენტაციებში, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და ბრეინშტორმინგებში. იყენებენ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) ინსტრუმენტებს, როგორიცაა გაფართოებული რეალობის (Augmented Reality), მყისიერი უკუკავშირისა და ხმის მიცემის მობილური აპლიკაციები, რაც მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს.

 

რამდენად რთულია ამ მეთოდოლოგიის დანერგვა?

მეთოდოლოგიის დანერგვა არ გულისხმობს ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის „შებრუნებას“ არამედ სრული საგნის ახლებურად სწავლებას, რაც დასაწყისში საკმაოდ შრომატევადია და მასწავლებლის მხრიდანაც დიდ ენთუზიაზმს მოითხოვს. თუმცა, თავიდან გაწეული შრომა იმდენად აადვილებს სწავლების, შეფასების და უკუკავშირის მიცემის პროცესს მომავალში, რომ მასწავლებლები მზად არიან ამ დატვირთვისთვის.

სამწუხაროდ ლიტერატურა შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიის შესახებ ქართულ ენაზე არ არის, თუმცა ამ პროექტის ერთ ერთი მიზანი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შექმნაც არის.

ინგლისური ენის ცოდნა და ტექნოლოგიური უნარები არის ძირითადი გამოწვევები მასწავლებლებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვისთვის, ამიტომ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიის და შესაბამისი ინსტრუმენტების ქართულენოვანი ინსტრუქციები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბარიერებს და ქართველი მასწავლებლებისთვის შექმნის ინოვაციური განათლების მეთოდების ათვისების უკეთეს შესაძლებლობებს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...