შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

წრეზე სიარული – თვითკონტროლი, შიშები და თავისუფლება

0

როცა ბავშვებთან ურთიერთობის დროს თვითკონტროლის მექანიზმი სუსტდება და სიბრაზის ზღვარს ვუახლოვდები, მაშინვე მახსენდება ეპიზოდი ანე კატარინე ვესტლის საბავშვო მოთხრობების ციკლიდან „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“: მამა გაბრაზებულ მონას უხსნის, როგორ იქცევა, როცა ბრაზობს – გადის შინიდან და დარბის, სანამ ბრაზი არ გაუვლის. ამ ზღვრის მშვიდობიანად გადალახვა დიდი საქმეა, თითქოს ბეწვის ხიდზე გადიხარ და წკიპზე ხარ უფსკრულში ჩასავარდნად, მაგრამ მაინც შეგწევს ძალა, წონასწორობა შეინარჩუნო.

დიდებისა თუ პატარებისთვის ერთნაირად საყვარელ ამ ნაწარმოებში ბევრი მკაფიო შეტყობინებებაა, რომლებიც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან ურთიერთობის დროს, რა გავაკეთოთ, როცა თავს ვეღარ ვიკავებთ, წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებთ, ბრაზი გვძლევს, ზომაზე მეტად ვართ გაგულისებულები და აღარ ვიცით, ვისზე ვიყაროთ ჯავრი, სად ამოვაფრქვიოთ უარყოფითი ენერგია ისე, რომ ახლობლები და ოჯახის წევრები არ ვაზარალოთ, განსაკუთრებით კი პატარები.

ასეთი აფეთქების დროს უფროსების რისხვის ობიექტი ხშირად ბავშვია, ზოგჯერ – დაუმსახურებლადაც კი. ბავშვებს თრგუნავთ უსამართლობა, მეტადრე – უსამართლო სასჯელი. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვხედავთ, როგორ ხდება პატარა უფროსების დამთრგუნველი ძალაუფლების მსხვერპლი, როგორ აჩუმებენ მას, როგორ შთააგონებენ, რომ მისი ყოველი სიტყვა სისულელეა, რომ უგერგილო და ბოთეა – რატომ წაიქცა, რატომ ეტკინა, რატომ ეწყინა, რატომ ვერ გააკეთა ისე კარგად, როგორც ჩვენ – უფროსები გავაკეთებდით და ა.შ. გაუთავებელი საყვედურების, უპატივცემულობისა და უნდობლობის ამ ჯაჭვში ბავშვის პიროვნება აღარ ჩანს, იკარგება. ჩანს მხოლოდ უკმაყოფილება იმით, რომ პატარა ინდივიდმა ჩვენი მოლოდინი ვერ გაამართლა.

ბავშვებთან ურთიერთობა რთულია, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე წარმოგვედგინა. არც საკუთარ შვილებთან ურთიერთობაა იოლი, მანამდე მაინც, სანამ საუკეთესო მოლოდინების წნეხისგან არ გავთავისუფლდებით, სანამ ჩვენი მზრუნველობის ფოკუსში მოქცეული ინდივიდების ავტონომიას არ ვაღიარებთ და თავისუფლებას არ მივცემთ. თავისუფლებას, რომელიც მათ დამოუკიდებლობას შესძენს, შეცდომებზე დააფიქრებს და საკუთარი გამოცდილების რეფლექსიას ასწავლის. ამიტომაც გვეშინია, ამიტომაც ვბრაზობთ, ამიტომაც გვისკდება გული მათ მაგივრად. მათ მაგივრად გვეშინია, ფეხი რამეს არ წამოჰკრან, საიდანმე არ ჩამოცვივდნენ, რამე არ შეერჭოთ, არ მოიწამლონ, არ გაცივდნენ … დამოუკიდებლად სიარულს არ ვაცლით, ფეხებში ვებლანდებით და დამოუკიდებელ ნებას ვართმევთ, ხოლო როცა არ გვემორჩილებიან, ვბრაზობთ, თითქოს ისინი ჩვენი ნების უპირობო აღმსრულებლებად ყოფილიყვნენ გაჩენილნი.

ბავშვებთან დროის გატარება გამოცდაა – საკუთარი თავის, ნერვებისა და წონასწორობის. ისინი გვაიძულებენ, გამოვამჟღავნოთ უნარები, რომლებსაც მანამდე მხოლოდ უფროსებთან ურთიერთობისას ვამჟღავნებდით, გვასწავლიან, როგორ მოვუსმინოთ მათ და ვაცადოთ თავისუფლება – საკუთარი თავისა და შესაძლობლებების შეცნობა ხომ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა არ გვზღუდავენ, არ გვაკონტროლებენ და გისოსებში არ გსვამენ. ვსწავლობთ მათგან, როგორ გადავლახოთ სიბრაზის ზღვარი, ველაპარაკოთ მეგობრულად და არა ქედმაღლურად, უფროსის უპირატესობის წარმოჩენით, ხმამაღალი და იმპერატიული ტონით, ხოლო როცა ეს არ გამოგვდის, დავრბივართ, სანამ ქანცის გაწყვეტამდე არ დავიღლებით და ბრაზი არ გაგვივლის.

ხელოვნება ჩვენს ხელში

0

ხელოვნების ნიმუშების სანახავად დღეს არსად წასვლა აღარ არის საჭირო – ტექნოლოგიებისა და თავად თანამედროვე ხელოვნების მოქნილობის წყალობით  ხელოვნებასა და ადამიანების ყოველდღიურობას შორის საზღვრები თითქმის წაიშალა. შეგვიძლია, გვეცვას ტანსაცმელი, რომელზეც ჩვენი საყვარელი ილუსტრატორის ნამუშევარია დატანილი, ერთი საქმიდან მეორემდე ვაფერადოთ კლასიკოსების ნახატები, ვუსმენდეთ მუსიკას როგორც ტიხარს ინფორმაციებს შორის, რეკლამის ფონად, ფილმის საუნდტრეკად, მაღაზიაში, კაფეში, ტრანსპორტში, ვკითხულობდეთ ტექსტებს, რომლებსაც სხვადასხვაგვარი ეფექტის მოხდენა შეუძლია… ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად იქცა, არაფერი განსაკუთრებული.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თანამედროვე ხელოვნებამ გააკეთა, სწორედ ამ საზღვრების წაშლაა. როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ხელოვნება ჩვენს ხელში, ამაზე დღეს უამრავი მუზეუმი, გამომცემელი, კურატორი და ხელოვანი ფიქრობს. გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ პროექტს, რომლებსაც სწავლების პროცესშიც გამოიყენებთ და იმ მეთოდებზეც შეგიქმნით წარმოდგენას, რომლებსაც იყენებს თანამედროვე სამყარო ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის საზღვრების წასაშლელად.

  1. 2016 წელს ნიუ–იორკის მედიცინის მუზეუმმა წამოაყენა ინიციატივა, მის არქივში დაცული არტეფაქტების ნაწილი გასაფერადებლების ფორმატში გადაეკონვერტებინა და მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ყოველდღიური ნივთები, რომლებიც მათ ინტერესს და მუზეუმში წასვლის სურვილს აღუძრავდა. ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა და მას მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სახელოვნებო დაწესებულება შეურთდა. კოლექცია, რომელიც 50-მდე მუზეუმის, არქივისა და ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, აერთიანებს არქიტექტურას, კლასიკურ მხატვრობას, წიგნებს მხატვრობის შესახებ, მოდის ისტორიულ ჩანახატებს, რუკებს და მასში ნებისმიერი ინტერესების მქონე ბავშვი თუ ზრდასრული იპოვის მსუყე საკბილოს.

არქივის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულზე, საიდანაც, სურვილისამებრ, ნებისმიერ გასაფერადებელს გადმოიწერთ ამოსაბეჭდად, რათა საკუთარ თავზე გამოცადოთ მათი ეფექტი.

https://library.nyam.org/colorourcollections/

 

  1. კომიქსების ციფრულმა მუზეუმმა კომიქსებით დაინტერესებული პირებისთვის ღია გახადა გასული საუკუნის დასაწყისიდან 60-იან წლებამდე შექმნილი კომიქსების სერიების სრული ვერსიები, რომლებზე წვდომისთვისაც საჭიროა მხოლოდ საიტზე რეგისტრაცია და ინტერესი სუპერგმირების ისტორიებისა და მათი მორალის მიმართ. კომიქსების მოყვარულები ამბობენ, რომ გრაფიკულ რომანებს მოზარდებზე მრავალმხრივი გავლენა აქვს, დაწყებული წარმოსახვის უნარის განვითარებით, დამთავრებული თავდაჯერებით, უკეთესი მომავლის რწმენით და საკუთარ თავში სუპერძალების აღმოჩენის სურვილით.

 

  1. ბოსტონის საბავშვო მუზეუმის ვებგვერდზე შეგიძლიათ ვირტუალური ტური მოაწყოთ და შინიდან გაუსვლელად ნახოთ, რა ექსპოზიცია გელით მუზეუმში. 360–გრადუსიანი კამერა სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის მიმდინარე გამოფენაზე. შიში, რომ ამგვარი ტურები ბავშვებს რეალურ მუზეუმში ვიზიტის სურვილს გაუქრობს, უსაფუძვლო აღმოჩნდა. თანამედროვე ბავშვები სხვადასხვა მედიუმს სიამოვნებით იყენებენ კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად.

ვირტუალური ტურის მოწყობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.bostonchildrensmuseum.org/museum-virtual-tour

 

  1. შეგიძლიათ, ვირტუალური ტური მოაწყოთ სიქსტის კაპელაშიც და თითოეული დეტალი იმდენჯერ დაათვალიეროთ, რამდენჯერაც გაგიხარდებათ. გამოსახულებას თან ახლავს ინფორმაციული აუდიოჩანაწერიც. სიქსტის კაპელას შინიდან გაუსვლელად შემდეგ ბმულზე მოინახულებთ: https://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html

 

  1. სან–ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მასწავლებლებისთვის შეიმუშავა სასწავლო პროგრამა, რომლის გამოყენებაც გაკვეთილზეა შესაძლებელი. ინტერესების, ბავშვის ასაკისა და ხელოვნების დარგების ეფექტური ფილტრაციით ადვილად იპოვით კონკრეტულ სქემებს ხელოვნების გაკვეთილებისთვის, სადისკუსიო საკითხებს და საკითხავ მასალას.

https://www.sfmoma.org/teacher-resources/

„ბალიკო“

0

ზოგჯერ განცდა მაქვს, რომ ატრაქციონზე ვზივარ. წრეზე ვტრიალებ. ჯერ ახალ წელს ჩავუქროლებთ, ყოველი მხრიდან ისმის – გილოცავთ, გილოცავთ, გილოცაავთ. ახალი წლის დადგომას გვილოცავენ, მაგრამ წინასწარ ხომ არავინ იცის, რანაირი იქნება ეს ახალი წელი. ჩვენ გვსურს, კარგი იყოს, მაგრამ თავად წელს რა აქვს ჩაფიქრებული, მხოლოდ მან იცის.

შემდეგი გაჩერება ზაფხულია.

  • გეფიცებით, ასეთი სიცხე ჯერ არ მახსოვს. პაპანაქებაა, სიო არ იძვრის.

შარშანაც და იმის წინაც ზუსტად ასე ცხელოდა, რატომ არ გახსოვთ?

შემოდგომას ჩავუქროლებთ და ჰოპ, კვლავ ახალი წელია. ადრე ატრაქციონი ნორმალური სიჩქარით ტრიალებდა, მერე და მერე ტრიალს რაღაც საეჭვოდ უმატა  და აგერ ახლა კვლავ ზაფხულის გაჩერებაა (თუმცა, თქვენ წერილს შემოდგომით წაიკითხავთ).

შარშან ერთ წერილში (https://mastsavlebeli.ge/?p=11245) ვწერდი, როგორ მირემონტებდა მეზობლის ბიჭი სოფლის ეზოს ჭიშკრის საკეტს. მთელი დღე „ბარგალკა“ აღრიტინა და თავიც გვარიანად ამატკივა. წელს კი საკეტი საბოლოოდ მოიშალა და მეც მტკიცედ  დავრწმუნდი, რომ „პური მეპურეს უნდა გამოვაცხობინო და ორი პურით ზედმეტი მივცე“.

„მეპურე“, ანუ საკეტის ნამდვილი ოსტატი მეზობელ სოფელში აღმოვაჩინე, მაგრამ ბედი ხომ გინდა, ციცქნა „ბარგალკა“ წამოუღია და ახლა შეგირდი ჰყავს შინ გაგზავნილი, რომ დიდი „ბარგალკა“ მოაშველოს. მანამდე ზის და შეთავაზებულ ყავას წრუპავს, თან მესაუბრება, იმის შესახებ, რომ ამ ხნის კაცია და ჯერ  აგეთი (სტილი დაცულია) გვალვა არ ახსოვს.

  • შარშანაც ზუსტად ასე ცხელოდა, იმის წინა წელსაც, – ღიმილით ვპასუხობ. მაგრამ რამაზა პაპა თავს აქნევს, ნეტა შენ რა იციო.

ამასობაში ჩემი ბრაზილიელი კოლეგა ხმოვან წერილს წერილზე მიგზავნის. მეც ამავე გზით ვპასუხობ. თემა ბრაზილიის დიდ ქალაქებში კრიმინალურ სიტუაციას შეეხება. საოცარი ხალხი ყოფილა ბრაზილიელები. ქიმიის ისტორიის მსოფლიო კონგრესი ჩაატარეს, სადაც პროგრამაში ჩემი ორი მოხსენებაც იყო და რაღაც ფონდების მეშვეობით დაფინანსებასაც მთავაზობდნენ, ოღონდ მე უარი შევუთვალე. თქვენ თუ გნებავთ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ მართლა უარი შევუთვალე, რადგან: ა) ჩემმა ბრაზილიელმა მეგობარმა-ქიმიკოსმა (რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს, რიოდან ძალიან შორს) მომწერა, რიოში ჩასული არ დაგინახოო… უკან ან დაბრუნდები ან არაო. ბ) დეკემბერში სტამბულში გაცნობილმა ესპანელმა პროფესორმა მომითხრო, საფულის გამო როგორ მოკლეს რიოში ტურისტად ჩასული დედამისი.

ჰოდა, წასვლა გადავიფიქრე. თუმცა, საორგანიზაციო კომიტეტიდან ცირკულარ წერილებს მაინც ვიღებდი. ერთ-ერთ მათგანში იცით, რა ეწერა? ძვირფასო მონაწილეებოო, ოთხი საათის შემდეგ ქუჩაში ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ იაროთო. თუ მაინც გული გარეთ გაგიწევთ, ტაქსით იმოძრავეთ, ისიც სასტუმროდან შეკვეთილით, ღმერთი არ გაგიწყრეთ და ქუჩაში არ გააჩეროთო.

ჰოდა, აი ამ ამბის გარჩევით ვიყავით გართული მე და ჩემი ბრაზილიელი მეგობარი, რომ რამაზა პაპამ გემრიელად დაგვტატანა:

– ვინ არის კაცო, რას გადაგვეკიდა, რა გული შაგვიჭამა (სტილი დაცულია).

– ჩვენც ხომ ვსაუბრობთ, აგზავნოს ამან ხმოვანი წერილები, რას გიშლით-მეთქი,

რა ვიცი კაცოო, იმ დღეს ქალაქში ვიყავი და უკან ძალიან შაღონებული (სტილი დაცულია) დავბრუნდიო. სუნთქვა ჭირს კაცო, იმ თქვენს ქალაქში, ჰკითხე აბა, მაგას ბრაზილიაში თუ სუნთქავენო.

ვერც თბილისში ვსუნთქავთ და დაზუსტებული წყაროდან გეტყვით, რომ არც სხვა დიდ ქალაქებში არის კარგად საქმე. ჰაერია დაბინძურებული, ძალიან დაბინძურებული.

არადა, სულ უფრო მეტი ადამიანი მოილტვის ქალაქისკენ. ქალაქში კარგია, გართობაც არის და კომფორტიც. კიდევ, დაბინძურებული ჰაერიც ბლომადაა. მთავარი დამაბინძურებელი აგენტებია:

  1. გოგირდის დიოქსიდი SO2, რომელიც წიაღისეულის დამუშავება-მოპოვების პროცესში, ასევე ინდუსტრიული პროცესებიდან და მანქანის გამონაბოლქვიდან უერთდება ატმოსფერულ ჰაერს.

მისი გამოყოფის ინტენსიურობა დამოკიდებულია საწვავის ტიპზე. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მას დიზელზე მომუშავე მანქანები გამოყოფენ. მისი კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია დელის, თეირანის და აზიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ასევე, რაოდენობა ნორმაზე მკვეთრად მეტია ლონდონსა და სან პაოლოში. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ პერიოდი ემისიებს შორის საშუალოდ 10 წუთს შეადგენს (გარემოში გოგირდის და მისი ნაერთების შესახებ იხ. სტატია https://mastsavlebeli.ge/?p=13751 ).

  1. აზოტის ოქსიდები NOx, რომლებიც მანქანის გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან და ძალოვანი სადგურებიდან გამოიტყორცნება. მისი გამოყოფის ინტენსივობაც საწვავის ხარისხზე და გამოყენებული სასუქების რაოდენობაზეა დამოკიდებული;
  2. მყარი ნაწილაკები, გამოიტყორცნება სატრანსპორტო გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან;
  3. ნახშირბადის მონოქსიდი CO, უფერო, უსუნო გაზი, რომელიც ატმოსფეროში გამოდის ტრანსპორტიდან, განსაკუთრებით, თუ ის გაუმართავია. წიაღისეულის დამუშავება-გამოყენებისას ინდუსტრიულ პროცესებშიც გამოიყოფა;
  4. ტყვია Pb ატმოსფეროში მეტალურგიული პროცესებიდან გაზოლინზე და დიზელზე მომუშავე ტრანსპორტის გამონაბოლქვით ხვდება. სხვათა შორის, ბრაზილიის ქალაქებში ტყვია ჰაერში ნაკლებად არის, რადგან იქ უკვე დიდი ხანია ბიოსაწვავს იყენებენ.
  5. ოზონი O3 – სხვადასხვა ტიპის ამინდის პირობებში აზოტის ოქსიდების და აქროლადი ორგანული ნაერთების (Volatile organic compounds (VOCs)) გარდაქმნების შედეგად ფორმირდება. ოზონი მეორად დამაბინძურებლად ითვლება და მისი მავნე ზეგავლენა კონცენტრაციაზე და გარემო პირობებზეა დამოკიდებული. ოზონის მაღალი ფორმირებით მეხიკო გამოირჩევა.
  6. აქროლადი ორგანული ნაერთები (Volatile organic compounds (VOCs), აქვე შედის ნახშირწყალბადები, სპირტები, ალდეჰიდები, ეთერები. ძირითადად ტრანსპორტის გამონაბოლქვის შედეგად გამოდის ატმოსფეროში.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციას (WHO) შემუშავებული აქვს სპეციალური რეგულაციები, სადაც გაწერილია თითოეული აგენტის ატმოსფეროში ემისიის (გამოსვლის) სიჩქარე და ატმოსფეროში დარჩენის ხანგრძლივობა. შესაბამისად, დადგენილია ფორმულა, რომლის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს ამა თუ იმ აგენტის  ზემოქმედების  კოეფიციენტი.

აგენტის ზემოქმედება=კონცენტრაციაXდრო

ისიც აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნებს თავისი სპეციფიკური რეგულაციები აქვთ შექმნილი. ასევე ატმოსფეროში შეჩერების დროც სხვადასხვა აგენტისთვის განსხვავებულია. თუ, მაგ. ნივთიერება ატმოსფეროში ერთ საათს ჩერდება, მას ნაკლები ზეგავლენა ექნება (თუმცა, გააჩნია იმ ერთ საათში ნეიტრალდება, თუ ქიმიურ გარდაქმნებში ჩაერთვება და რაიმე ახალ „მონსტრს“ წარმოშობს). 8-საათიანი შეკავება, უფრო ცუდია, მაგრამ აი, მაგ. შავ კვამლში შერეული მყარი ნაწილაკები ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში ერთ წელსაც შეიძლება ატმოსფეროში დარჩეს და ეს გაცილებით საზიანოა.

ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ შეიმუშავა ჰაერის ხარისხის ინდექსის გამოსათვლელი ფორმულა. ამ ფორმულის მეშვეობით  ნახშირჟანგის, აზოტის ოქსიდების, მყარი ნაწილაკების, გოგირდის დიოქსიდის, ოზონის და ტყვიის ინდექსის გამოთვლაა შესაძლებელია.

(C-Clow)+I low

სადაც: I – ჰაერის ხარისხის ინდექსია; C – დამაბინძურებლების გაზომილი კონცენტრაციები; Clow-კონცენტრაციის გარდატეხის წერტილი, რომელიც ≤C-ზე;   Chigh-კონცენტრაციის გარდატეხის წერტილი, რომელიც  ≥ C-ზე,  Ilow-ინდექსის გარდატეხის წერტილი, რომელიც Clow-ს შეესაბამება,   Ihigh-ინდექსის გარდატეხის წერტილი, რომელიც Chigh-ს შეესაბამება.

დელიში ნახშირჟანგის ამ გზით გამოთვლილი ინდექსი 82-ია. თუ ინდექსი <50-ის ფარგლებშია, მაშინ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დასაშვები ნორმაა. 100-მდე არასასურველი ნორმაა ალერგიული და მგრძნობიარე ფილტვებისა და ბრონქების მქონე ადამიანებისთვის. 100-150 ინდექსი ასევე არასასურველია. 150-200 სახიფათო, 200-301-ძალიან სახიფათო, 301-500 კი საგანგაშო ინდექსი გახლავთ.

დამაბინძურებელი აგენტები ატმოსფეროდან ხილსა და ბოსტნეულში, ასევე მათგან დამზადებულ საკვებ პროდუქტებში შეაღწევენ და სწორედ ასე აღმოჩნდებიან ადამიანის ორგანიზმში, ოღონდ უკვე სასუნთქი გზებიდან კი არა, საჭმლის მომნელებელი სისტემიდან.

 

ბლის სეზონზე ჩემი სახლის ქვედა ქუჩაზე სათვალიო ბალს გადავაწყდი. ახლოს მივედი, 11 ლარი ღირდა. ასეთი ფასი პირველად ვნახე და ცოტა არ იყოს გამიკვირდა. გამყიდველმა ენის მოჩლექით (ბალს უჩლექავდა) გამაცნო:

– ეს ბალიკოაო.

გარდა იმისა, რომ „კო“-ა, კიდევ რა ღირსებები აქვს თქვენს ბალიკოს-მეთქი, დავინტერესდი.

ეეეო, არ იცი, ეს სადაა დაკრეფილიო, მანქანას არ გაუვლია იქო. დილის რვაზე უკვე ჩემთან იყოო.

– და დილის რვიდან აქ გიდევთ? ქუჩაში?

– მააშ…!

-ჰოდა, მაშინ იცოდეთ ბატონო, რომ ის  „მტვერიკოა“-მეთქი.

შევატყვე, ვერ გაიგო და განვუმარტე:

  • უკვე „ბალიკო“ აღარ არის, დიდი-დიდი ან „ბა“ არის ან „ლი“, მეტზე ვეღარ ქაჩავს-მეთქი.

რათაო, კიდევ გაიოცა გამყიდველმა…

თქვენ როგორ ფიქრობთ?

რათა?…

 

 

 

 

    გეოგრაფიული ლოტო

0

გეოგრაფიული ცნებების, ტერმინების, ფაქტებისა და ობიექტების დამახსოვრება მოსწავლეებისთვის მარტივი არაა.  ეს პროცესი, რომ  სახალისო  გახდეს, გთავაზობთ  თამაშს „გეოგრაფიული ლოტო” (გეოგრაფიული ბინგო).  თამაშის მსვლელობა ასეთია:

მასწავლებელმა  წინასწარ  უნდა მოამზადოს ლოტოს ბადე და დაურიგოს მოსწავლეებს.  გააცანით მოსწავლეებს ბადის ქვეშ ჩამოწერილი ტერმინები  და აუხსენით თამაშის  წესები: ბადის თითოეულ კვადრატში მათ უნდა ჩაწერონ სიტყვა, ტერმინი ან ფრაზა მოცემული ჩამონათვალიდან. ამასთან, ეს სიტყვები  უნდა შეირჩეს და ბადის უჯრებში განთავსდეს შემთხვევითობის პრინციპით – ერთ უჯრაში ერთი  სიტყვა მოსწავლის სურვილის მიხედვით.  შესაბამისად, სქემაზე  ეს სიტყვები სხვადასხვა თანმიმდევრობით დალაგდება და  თავიდან ავიცილებთ  კლასში ორი ერთნაირი ბადის არსებობას.

 

 

 

 

       
 

 

 

 

       
    თავისუფალი ადგილი

 

 

 

   
 

 

 

 

       
 

 

 

 

       

 

 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სიტყვებს ბადის უჯრებში ჩაწერენ მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით კითხულობს,   ე.წ. „გასაღებს“  – ანუ ამ სიტყვების  განმარტებებს, ისე, რომ  თავად სიტყვას არ ასახელებს.  მოსწავლეებმა უნდა  გამოიცნონ, რაზეა საუბარი, მოძებნონ  ამ „გასაღების“ შესაბამისი სიტყვა ლოტოს ბადეში  და  X სიმბოლოთი მონიშნონ.  როცა ბინგოს ცხრილში, ნებისმიერ ერთ რიგში   – ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დიაგონალზე მათ ექნებათ  5 X  – ანუ X  სიმბოლოთი აღნიშნული ხუთი სიტყვა,  მოსწავლემ ხელი უნდა ასწიოს და  დაიძახოს „ბინგო“.

როცა მოსწავლე   „ბინგოს“ დაიძახებს,  მასწავლებელმა  უნდა შეამოწმოს მისი ბარათი, რომ დარწმუნდეს, აქვს თუ არა მას საჭირო X-ები. თამაში გრძელდება მანამდე,  სანამ   5-10 მონაწილე  არ დაიძახებს  ბინგოს. თამაშის დამთავრების შემდეგ მიმოიხილეთ ყველა „ სიტყვა-გასაღები“  და სწორი ტერმინი.

გეოგრაფიული  ტერმინები, ობიექტების ჩამონათვალი, ცნებები:

ბრაზილია, ატაკამის უდაბნო, მთა აკონკაგუა, წითელი ზღვა, ისლანდია, კანადა, ჰავაი, ეგვიპტე, მთა კილიმანჯარო, ნიაგარას ჩანჩქერი, კასპიის ზღვა, ურალის მთები, იტალია, შავი ზღვა, ალასკა, საუდის არაბეთი, გრენლანდია, ავსტრალია, მაგელანის სრუტე,  საჰარის უდაბნო, რუსეთი, პანამის არხი, გიბრალტარი, ამაზონი,  საქართველო, დიდი ბრიტანეთი, მადაგასკარი, ნორვეგია, გოლფსტრიმი, ნილოსი, ჩინეთი,  ანდები, ტასმანია,  სამხრეთი კორეა, აზოვის ზღვა, მდინარე მტკვარი, არალის ზღვა, ევერესტი (ჯომოლუნგმა),  ბაიკალის ტბა, მარიანის ღრმული,  ბენგალის ყურე, მოზამბიკის სრუტე, ანტარქტიდა, საფრანგეთი, მდინარე კონგო, იელოსტიუნის პარკი, სოფელი ჩერაპუნჯა, მკვდარი ზღვა.

კითხვები   – სიტყვების „გასაღებები“.

  1. შეერთებული შტატების მეზობლი ქვეყანა ჩრდილოეთით – კანადა;
  2. სამხრეთ ამერიკის უგრძესი მთები – ანდები;
  3. კუნძულოვანი ქვეყანა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში, რომელიც განთქმულია გეიზერებით – ისლანდია;
  4. ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიო ოკეანეში – მარიანის ღრმული;
  5. ამ ქვეყნის დედაქალაქი მდინარე სენაზე მდებარეობს – საფრანგეთი;
  6. შეერთებული შტატების შტატი წყნარ ოკეანეში- ჰავაი;
  7. კონტინენტი, რომელზეც მხოლოდ ერთი ქვეყანა მდებარეობს – ავსტრალია;
  8. მსოფლიოს  ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი კუნძული – გრენლანდია;
  9. მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით – ჩინეთი.
  10. თბილი წყლის ნაკადი, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიედინება – გოლფსტრიმი;
  11. ეს ერთადერთი მდინარეა მსოფლიოში, რომელიც ორჯერ კვეთს ეკვატორს – კონგო;
  12. მსოფლიოს უგრძესი მდინარე – ნილოსი;
  13. წყლის ვიწრო ზოლი სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც აღმომჩენის სახელი ჰქვია – მაგელანის სრუტე;
  14. მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკია – იელოსტოუნის პარკი;
  15.  მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ფართობის მიხედვით, რომელიც ორ კონტინენტზეა განფენილი – რუსეთი;
  16. ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა ცხოვრების დონის მიხედვით – ნორვეგია;
  17. ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარსულში „დიდი აბრეშუმის გზა“ გადიოდა – საქართველო;
  18. ეს ტბა ყველაზე მარილიანი ტბაა დედამიწაზე და მასში ცოცხალი ორგანიზმები არ ბინადრობენ – მკვდარი ზღვა;
  19. მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნო- საჰარა;
  20. ეს ადგილი ინდოეთში, ჰიმალაის მთისწინეთში მდებარეობს და ყველაზე ნალექიანი ადგილია დედამიწაზე – სოფელი ჩერაპუნჯა;
  21. ქვეყანა, სადაც სუეცის არხი გადის – ეგვიპტე;
  22. არხი, რომელიც ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს აერთებს – პანამის არხი;
  23. ერთადერთი დამოკიდებული ტერიტორია ევროპაში – გიბრალტარი;
  24. სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანა, რომელიც ორ ნახევარსფეროში მდებარეობს – ბრაზილია;
  25.  დედამიწის ყველაზე უნალექო ადგილი – ატაკამის უდაბნო;
  26. აფრიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი – კილიმანჯარო;
  27.  ჩანჩქერი, რომლიც ნაწილი აშშ-ში, ნაწილი კი კანადაში მდებარეობს – ნიაგარა;
  28. ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე შტატი -ალასკა;
  29. მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი (ჯომოლუნგმა);
  30. მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარე – ამაზონი;
  31. ფართობის მიხედვით ყველაზე  დიდი ყურე მსოფლიოში – ბენგალის ყურე;
  32. სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი – აკონკაგუა;
  33. ზღვა, რომელიც ეგვიპტეს არაბეთის ნახევარკუნძულიდან გამოყოფს და ამავე დროს ყველაზე მარილიანი  წყლით გამოირჩევა – წითელი ზღვა;
  34.  აფრიკის ყველაზე დიდი კუნძული, რომელზეც ამავე სახელწოდების სახელმწიფო მდებარეობს – მადაგასკარი;
  35. ქვეყანა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს იკავებს და სადაც მუსულმანთა წმინდა ქალაქები მდებარეობს – საუდის არაბეთი;
  36. ზღვა, რომელსაც ორსართულიანს უწოდებენ, რადგან მის წყალში  200 მეტრის სიღრმიდან მომწამლავი აირია გახსნილი  – შავი ზღვა;
  37. კუნძული, რომელზეც მდებარეობს ირლანდია, შოტლანდია და უელსი – დიდი ბრიტანეთი;
  38. ქვეყანა, რომლის კონფიგურაცია ჩექმას წააგავს და ხმელთაშუა ზღვაშია შეჭრილი – იტალია;
  39. მთები, რომლებიც ევროპასა და აზიას ჰყოფს- ურალის მთები;
  40.  მსოფლიოში ფართობის მიხედვით უდიდესი ტბა, რომელსაც ზღვასაც უწოდებენ – კასპიის ზღვა;
  41.  დედამიწაზე მდებარეობის მიხედვით ყველაზე შიდა ზღვა – აზოვის ზღვა;
  42. ტრანზიტული მდინარე, რომელიც სამი ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება და კასპიის  ზღვა-ტბაში ჩადის – მდინარე მტკვარი;
  43. ტბა, რომელის ფართობი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა – არალის ზღვა-ტბა;
  44.  ყველაზე ცივი და დაუსახლებელი კონტინენტი – ანტარქტიდა;
  45.  ავსტრალიის სამხრეთით მდებარე კუნძული, რომელიც მისი აღმომჩენის სახელს ატარებს – ტასმანია;
  46.  ყველაზე გრძელი სრუტე დედამიწაზე – მოზამბიკა;
  47.  ყველაზე   ღრმა  და მტკნარწყლიანი ტბა დედამიწაზე – ბაიკალი;
  48.  ამ ქვეყნის დედაქალაქია  სეული – სამხრეთი კორეა.

 

 

 

 

ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისთვის ჰაინრიჰ ბიოლის საიუბილეოდ

0
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და მწერალთა სახლი დიდი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის საიუბილეოდ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს და სტუდენტებს.

 

სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ჰაინრიჰ ბიოლის რომელიმე მცირე მოთხრობის ან ნაწყვეტის (რომანიდან ან ვრცელი მოთხრობიდან) თარგმანი;

 

მოსწავლეებმა ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებების  მიხედვით შეთავაზებული სამი თხზულებიდან უნდა აირჩიონ და დაწერონ ერთ-ერთი:

 

1.      ადამიანი ომის ნაკვალევზე –  ჰაინრიჰ ბიოლის რომანების „კლოუნის თვალთახედვა“  და „უკაცო სახლი“ მიხედვით;

 

2.      ჰაინრიჰ ბიოლი – მწერალი და მოქალაქე;

 

3.      ჩემი საყვარელი ნაწარმოები ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებიდან.

 

საკონკურსო ესეები და თარგმანები გამოგზავნეთ მისამართზე info@writershouse.ge

ნაშრომი უნდა იყოს აკრეფილი Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12).

 

თხზულება არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს; ხოლო თარგმანი – 20 გვერდს.

 

საკონკურსო ნაშრომები მიიღება 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის 18 საათამდე.

 

ესეებს და თარგმანებს შეაფასებს ჟიური, რომლის ვინაობა დაჯილდოებამდე კონფიდენციალური იქნება.

 

გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ სიგელები და წიგნების საყიდელი ვაუჩერები.

გაიცემა შემდეგი პრემიები:

 

  • ორი პირველი პრემია (თხზულებასა და თარგმანში) – 400 ლარიანი ვაუჩერი;
  • ორი მეორე პრემია (თხზულებასა და თარგმანში) – 200 ლარიანი ვაუჩერი;
  • წამახალისებელი პრემია – 100 ლარიანი ვაუჩერი.

 

გამარჯვებული მოსწავლეების და სტუდენტების დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში,  21 დეკემბერს, ჰაინრიჰ ბიოლის დაბადების დღეს.

 

გამარჯვებული ახალგაზრდების მგზავრობას რეგიონებიდან კონკურსის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

 

დამატებითი  კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონზე: 593 39 38 66 (საკონტაქტო პირი ნინო ბექიშვილი).

 

პროექტის მედიამხარდამჭერია mastsavlebeli.ge

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებას!

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დროულად ამეტყველებაში

0

 

მშობლისთვის შვილის განვითარებაში მომხდარი მცირედი ცვლილებაც კი მნიშვნელოვანია, ხოლო პირველ სიტყვებს ის განსაკუთრებულ მოვლენად აღიქვამს და მოუთმენლად ელის, თუმცა ხშირად პროცესი ჭიანურდება და 2-2,5 წლის ბავშვი ერთ სიტყვასაც ვერ წარმოთქვამს გამართულად, რაც, ბუნებრივია უფროსების შეშფოთებას იწვევს.

ბავშვებში მეტყველების განვითარების პრობლემა ჩვენს დროში აქტუალურია როგორც არასდროს. სულ უფრო ხშირად გვხვდებიან პატარები მეტყველების განვითარების შეფერხებით და ამა თუ იმ დარღვევით. დღეს უკვე ვეღარავის გავაკვირვებთ იმით, რომ სამი წლის ბავშვი თითქმის არ ლაპარაკობს, ან ლაპარაკობს, მაგრამ მისი მხოლოდ დედას ესმის. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, ავტეხოთ განგაში და სპეციალისტებს მივმართოთ დახმარებისთვის თუ დაველოდოთ? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, სასურველია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების დარღვევა სერიოზული, თუმცაღა გამოსწორებადი დეფექტია, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაა გამოწვეული. აღნიშნული საკითხი ცალკე განხილვას იმსახურებს და მას სხვა სტატიაში შევეხებით. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ბავშვის აღზრდისა და ცხოვრების პირობებთან. წინამდებარე სტატიაში სწორედ მეტყველების განუვითარებლობის, ჩამორჩენის საკითხსა და ბავშვის დროულად ამეტყველების ხელშემწყობ პირობებზე გვექნება საუბარი.

მეტყველების განვითარება საკმაოდ რთული პროცესია. სრულყოფილად ამეტყველებამდე ბავშვს განსაზღვრული ეტაპების გავლა უწევს. მშობელი, ბუნებრივია, მშვიდად ვერ იქნება, როდესაც ხედავს, რომ მეზობლის ერთი წლის პატარა უკვე ლაპარაკობს, მისი ორი წლის შვილი კი ორიოდე სიტყვას თუ წარმოთქვამს, ისიც – გაჭირვებით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ ბავშვს განვითარების პროცესში საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ასაკობრივ კანონზომიერებთან ერთად არც ინდივიდუალური თავისებურებები უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. მრავლადაა შემთხვევა, როდესაც ბავშვი ორ წლამდე დუმს, სამი წლის ასაკში კი ეწევა და უსწრებს კიდეც განვითარებით მათ, ვინც ენა 10 თვის ასაკში ამოიდგა. ის ფაქტი, რომ ბავშვი არ ლაპარაკობს, ყოველთვის არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მეტყველება არ ვითარდება. შესაძლოა, ამ დროს ის სიტყვას პასიურად ეუფლებოდეს (მეტყველების გაგება), აქტიური დაუფლება (ლაპარაკი) კი გვიან დაიწყოს. ასეთი ბავშვების მშობლები გაოცებით აღნიშნავენ, რომ მათ შვილს ყველაფერი ესმის, მაგრამ ლაპარაკს არც კი ცდილობს. გადის რამდენიმე თვე და იგივე მშობლები სიხარულს ვერ მალავენ, რომ მათმა „მუნჯმა“ ერთბაშად ამოიდგა ენა.

ასე რომ, ნუ ინერვიულებთ – თუ პატარას ესმის მისკენ მიმართული მეტყველება და ჩვენც ყოველგვარ პირობას ვუქმნით ნორმალური განვითარებისათვის, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ალაპარაკდება. რამდენად ადრე ან გვიან მოხდება ეს, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, უპირველეს ყოვლისა – მშობლებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა უშლის ხელს ბავშვს დროულად ამეტყველებაში და როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარას ამ სირთულის დროულად და უმტკივნეულოდ გადალახვაში.

 

  • ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ მეტყველება მხოლოდ მეტყველებითი ურთიერთობის პროცესში შეიძლება განვითარდეს. ამდენად, მეტყველების განვითარებაში ჩამორჩენის პირველი და უმთავრესი მიზეზია ბავშვის არასაკმარისი ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან, უპირველეს ყოვლისა –მშობლებთან. ჩვენს დროში ბევრ მშობელს შვილებთან ხანგრძლივი ურთიერთობის არც დრო აქვს და არც სურვილი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა, თუ ის საგნებით, სათამაშოებით არ იქნა გაშუალებული, ბევრს ვერაფერს შემატებს მეტყველების განვითარებას. საჭიროა არა უბრალოდ ლაპარაკი ბავშვთან, არამედ თამაში და საუბარი თამაშის პროცესში. ასეთი საგნობრივი თანამშრომლობის დროს უფროსი ბავშვის წინაშე აყენებს სამეტყველო ამოცანას, რომელიც მოითხოვს მისი ქცევის მთლიანად გარდაქმნას. იმისთვის, რომ გაუგონ, მან უნდა წარმოთქვას განსაზღვრული სიტყვა გარშემო მყოფებზე გავლენის მოსახდენად. სამეტყველო ამოცანის არსი ის არის, რომ აღუძრას ბავშვს ამა თუ იმ სიტყვის აქტიური გამოყენების სურვილი. თავდაპირველად ბავშვს არავითარი მოთხოვნილება არ აქვს, წარმოთქვას ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელი სიტყვა. ასეთი მოთხოვნილება მას მხოლოდ უფროსთან ურთიერთობამ შეიძლება აღუძრას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი ყველაფერს, მათ შორის – ლაპარაკსაც, მიბაძვით სწავლობს, ამიტომ ჩვენი მეტყველება გასაგები უნდა იყოს მისთვის, თითოეული ბგერა მკაფიოდ, გარკვევით უნდა წარმოვთქვათ, გამოვიყენოთ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ბავშვისთვის გასაგებია. ამასთან, აუცილებელია, პატარასთან ჩვენს მეტყველებით ურთიერთობას ემოციებიც ახლდეს. ნუ დავივიწყებთ ღიმილის მნიშვნელობას, თვალებით კავშირს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ მეტყველების დაუფლების პროცესში ბავშვისთვის აუცილებელია მოლაპარაკე ადამიანის ყურება, მისი ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვება, რაც მოწმობს, რომ ბავშვს არა მხოლოდ ესმის, არამედ „ხედავს“ კიდეც საჭირო სიტყვას. პატარას უნდა ჰქონდეს დაკვირვების საშუალება იმის აღსაქმელად, როგორ წარმოითქმება ესა თუ ის ბგერა ან სიტყვა.
  • ბავშვის გვიან ამეტყველების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად მიიჩნევა ტელევიზორსა და კომპიუტერზე მიჯაჭვულობა. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ადამიანებთან ურთიერთობა ბევრისთვის კომპიუტერსა და ტელევიზორთან ურთიერთობამ ჩაანაცვლა. შესაძლოა, დაგებადოთ კითხვა: ბავშვს ხომ ტელევიზორიდანაც ესმის ლაპარაკი, რატომ არ შეიძლება, ეს ამეტყველებაში დაეხმაროს? საქმე ის არის, რომ ტელევიზორში მოსმენილი საუბარი ბავშვზე სათანადო ზემოქმედებას ვერ ახდენს. ბავშვი ვერ აღიქვამს მას როგორც პირადად მისკენ მიმართულს, არ არის ჩართული მის პრაქტიკულ აქტივობაში, ამიტომაც რჩება მხოლოდ ეკრანზე მოციმციმე მხედველობითი სტიმულების ფონად. დადასტურებულია, რომ ასეთ დროს პატარები ვერ გამოყოფენ ცალკეულ სიტყვებს, არ ესმით დიალოგები. საუკეთესო ტელეგადაცემებსაც კი არ შეუძლია მშობლების შვილთან ურთიერთობის ჩანაცვლება. მეტყველების დაუფლების პროცესში მყოფი ბავშვისთვის ნამდვილად არ არის სულერთი, ვინ და როგორ წარმოთქვამს სიტყვას. მეტყველებითი ურთიერთობის დროს მთავარია არა ინფორმაციის მიღება, არამედ რაღაც სხვა – თვალებში ყურება, დაინტერესებული მზერა, საპასუხო ღიმილი, ემოციური გამომხატველობა. ბავშვისთვის ამ ყველაფრის მიცემა მხოლოდ ახლობელ და ძვირფას ადამიანს შეუძლია.
  • ხშირად ბავშვის დაგვიანებით ამეტყველება იმის ბრალია, რომ გარშემო მყოფ უფროსებს მისი უსიტყვოდაც ესმით, მისი ყველა სურვილის ამოცნობას ახერხებენ და სათანადოდ რეაგირებენ. ამ შემთხვევაში ბავშვი მეტყველების არავითარ საჭიროებას არ განიცდის და არც რაიმე ძალისხმევას იჩენს ამის გასაკეთებლად. ასეთ გარემოში მოხვედრილი ზოგიერთი პატარა დიდხანს იყენებს უფროსისთვის ნაკლებად გასაგებ „ბავშვურ სიტყვებს“. კარგი იქნება, თუ ასეთ დროს ვაგრძნობინებთ, რომ არ გვესმის მისი და ამით მივცემთ სიტყვების სწორად წარმოთქმის სურვილს ჩვენთან ურთიერთობის გასაგრძელებლად.
  • მეტყველების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მოტორული განვითარების არასათანადო დონე. რა უცნაურიც უნდა მოგვეჩვენოს, მეტყველების განვითარება პირდაპირ კავშირშია მოტორულ, განსაკუთრებით კი – ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებასთან. პრაქტიკა მოწმობს, რომ თუ ეს უკანასკნელი შეესაბამება ასაკს, მეტყველების განვითარებაც ნორმის ფარგლებშია, მაგრამ თუ ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებაში შეფერხება შეინიშნება, ჩამორჩება მეტყველების განვითარებაც. მეტყველების განვითარების დონის განსაზღვრისთვის შეიძლება ერთი წლის ბავშვს ვთხოვოთ, გვიჩვენოს ერთი თითი, შემდეგ – ორი ან სამი თითი („გააკეთე აი, ასე“, – ვეუბნებით პატარას და ვუჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოს). ბავშვები, რომლებიც ახერხებენ თითების იზოლირებულ მოძრაობას, „მოლაპარაკე“ ბავშვები არიან, მაგრამ თუ პატარას თითები დაჭიმული აქვს ან ყველას ერთად ხრის და შლის, მას აუცილებლად ექნება შეფერხება მეტყველების განვითარებაში. სანამ თითების მოძრაობა თავისუფალი არ გახდება, მეტყველების განვითარებაში წარმატებას არ უნდა ველოდეთ. თითების დიფერენცირებული მოძრაობის განვითარების კვალდაკვალ ბავშვი იწყებს პირველი სიტყვების წარმოთქმას. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების შესაბამისად ვითარდება მეტყველებაც. ამდენად, კარგი იქნება, თუ უკვე 6-7 თვიდან ჩავუტარებთ ბავშვს მტევნისა და თითების მასაჟს. სათამაშოების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომელიც პატარას საერთო განვითარებას და კერძოდ ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარგია, მაგალითად მსხვილი ხის მძივი, ხის ასაწყობი პირამიდა. მოგვიანებით საჭიროა, ბავშვი ძერწვას და ფანქრებით ხატვასაც მივაჩვიოთ. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თამაშის, ძერწვისა და ხატვის პროცესში პატარას უფროსი გვერდით ყოფნა და მასთან მეტყველებითი ურთიერთობა სჭირდება.

ამრიგად, მეტყველების განვითარების შემაფერხებელი არაერთი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მისი დროული და ნორმალური განვითარებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ბავშვისა და მოზრდილის შინაარსიანი ურთიერთობა. თუმცა ხდება ისეც, რომ მშობლების ძალისხმევას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ და ბავშვი 3 წლის შემდეგაც აგრძელებს დუმილს, გაურბის მეტყველებით ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ჯობს მივმართოთ სპეციალისტს: ლოგოპედს, ბავშვის ფსიქოლოგს, ნევროპათოლოგს. ნუ დავივიწყებთ, რომ მეტყველება ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, რომ მასში აისახება ბავშვის ყველა მიღწევა და პრობლემა.

რას ითხოვს ჩვენგან მუსიკის გაკვეთილები (II ნაწილი)  

0

როდესაც ბავშვს მუსიკალურ საკრავზე დაკვრის შესწავლა არ სურს, მთავარი მიზეზი, წესისამებრ, უფროსების მხრივ ყურადღების ნაკლებობაა.

იმისთვის, რომ ბავშვს თავიდანვე არ ჩამოუყალიბდეს ან შემდგომ გაუქრეს სწავლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ასაკობრივი თავისებურებები და, ამასთან, ბავშვის შინაგან მდგომარეობაში გაერკვიონ.

სწავლის პროცესში ბავშვი რამდენიმე ასაკობრივ საფეხურს გაივლის:

* სკოლამდელი ასაკი (5-დან 7 წლამდე);

* უმცროსი სასკოლო ასაკი (7-დან 10 წლამდე);

* საშუალო სასკოლო ასაკი (11-დან 14 წლამდე).

 

სკოლამდელი ასაკი

 

როგორც ვიცით, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია, ამიტომ განმავითარებელი მეცადინეობები სწორედ თამაშს უნდა ეფუძნებოდეს.

ამ შემთხვევაში ბავშვი სიამოვნებით იმეცადინებს, რადგან თამაშით სწავლა მისთვის საინტერესოა და დადებით ემოციებსაც აღუძრავს. თამაშის გარეშე თუ შევთავაზეთ მეცადინეობა, უარყოფითად განეწყობა, ვინაიდან:

  • ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების დიდხანს დაძაბვა.
  • მიუხედავად ცნობისმოყვარეობისა და სიახლეების ათვისების კარგი უნარისა, კონცენტრირების უნარის ნაკლებობის გამო ახსნილი მალე ავიწყდებათ.

 

ბავშვისთვის, რომელმაც უკვე მრავალი სახის თამაში იცის, საინტერესო იქნება მუსიკის მასწავლებლის როლი, როდესაც თოჯინას აჩვენებს, როგორ დააჭიროს თითი კლავიშს, როგორ დაუკრას და როგორ იმღეროს. მიეცით დღიურიც, რომელშიც თოჯინას ნიშნებს დაუწერს. როლური თამაშის დროს ბავშვი თავს დიდ ადამიანად გრძნობს და თოჯინას ისე ეპყრობა, როგორც მასწავლებელი – მოსწავლეს. ეს თამაში მუსიკის გაკვეთილებს გაახალისებს.

 

უმცროსი სასკოლო ასაკი

 

როგორც ვიცით, ადამიანის განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლება სტაბილური და კრიზისული პერიოდები. ერთ-ერთი კრიზისული პერიოდი 7 წლის ასაკს ემთხვევა, სწორედ იმ დროს, როდესაც ბავშვი სწავლას იწყებს. კრიზისი შესაძლოა გამოიხატოს მკვეთრი ცვლილების – თამაშის ნაცვლად მეცადინეობის – მიუღებლობით.

ბავშვმა, რომელიც მუსიკის სწავლის დაწყებამდე დარწმუნებული იყო საგნის სიმარტივეში, შესაძლოა ძლიერი იმედგაცრუება განიცადოს. გასართობად განწყობილმა, თავი შებოჭილად იგრძნოს.

საშინაო დავალებების შესრულებისას სირთულეები და დაბალი შეფასებები ბავშვს ყოველთვის უარყოფითად განაწყობს შესასწავლი საგნის მიმართ.

როდესაც ბავშვი აცხადებს, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა არ სურს, ნუ აიძულებთ. ნაცვლად ამისა, მიზეზის დადგენა სცადეთ და სასურველი შედეგის მისაღწევად გამოსავალი ეძებეთ.

ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა დავალების მასშტაბურობა იყოს. ამ შემთხვევაში დავალება უნდა დანაწევრდეს და ნაწილ-ნაწილ, შესვენებებით მომზადდეს: დღეს მხოლოდ მარჯვენა ხელის პარტიას შეისწავლოს, მეორე დღეს – მარცხენა ხელისა… ასე შესაძლოა, მეცადინეობა ბავშვის საყვარელ საქმიანობადაც კი იქცეს. განწყობაც გამოუკეთდება და მშვიდად გააგრძელებს სწავლას.

ამ რთულ პერიოდში მშობლების ამოცანა არა ძალდატანება, არამედ დახმარებაა. ვეცადოთ, ვასწავლოთ ბავშვს სირთულეების გადალახვა და გავიხსენოთ, რომ ჩვენც იმის კეთება გვიყვარს, რაც კარგად გამოგვდის.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო სწრაფად ელის დადებით შედეგს. დავეხმაროთ, რომ თავისი შრომის შედეგი დაინახოს და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ უმცროსი ასაკის მოსწავლისთვის მაღალი შეფასება ერთ-ერთი უძლიერესი მოტივაციაა.

სკოლის შემდეგ მშობელმა ბავშვის განტვირთვასა და გახალისებაზე უნდა იზრუნოს. შეცდომაა, როდესაც სკოლის შემდეგ შინისკენ მივიჩქარით და გადაღლილ ბავშვს საშინაო დავალებების შესასრულებლად ვსვამთ. შეუსვენებლად მეცადინეობა ბავშვს სწავლას ვერ შეაყვარებს. გარდა ამისა, პატარა მოსწავლეს დღეში 2-3 საინტერესო გასართობი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ საშინაო დავალებები უფრო ხალისიანად შეასრულოს.

ბავშვი ენერგია და მოძრაობაა, ამიტომ ქვეცნობიერად ის მუდამ მოზღვავებული ენერგიის დახარჯვის საშუალებას ეძებს: გაკვეთილებს შორის, შესვენებებზე, დარბის, ხტუნავს და ა.შ. მუსიკაში მეცადინეობა, განსაკუთრებით – ფორტეპიანოზე დაკვრა, კი საკმაოდ სტატიკური საქმიანობაა და ბავშვს ენერგიის გაცემის საშუალებას არ აძლევს. სასარგებლო იქნება, თუ ბავშვი მოძრაობის მოთხოვნილებას სპორტით დაიკმაყოფილებს.

 

საშუალო სასკოლო ასაკი

 

მუსიკალური ნაწარმოებები თანდათან რთულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების პროცესიც უფრო და უფრო დატვირთული ხდება.

არსებობს ისეთი სუნთქვის შემკვრელი თავშესაქცევი, როგორიცაა კომპიუტერული თამაში ამაღელვებელი სიუჟეტით, ტელევიზია, ინტერნეტი – აქ ხომ, პრაქტიკულად, „ცხოვრებაა“ შესაძლებელი. 

თუ ამ დროისთვის მოსწავლის აზროვნებაში ჩანერგილი არ არის სასარგებლო საქმიანობა, არსებობს საფრთხე, ერთადერთი „სერიოზული გატაცება“ კომპიუტერი გახდეს.

ამ პერიოდში საშუალო სასკოლო ასაკის მოზარდს მეგობრების წრე უკვე შერჩეული ჰყავს და შეუძლია მათი ცხოვრების წესის შეფასებაც. ის გარემოცვის გაანალიზებას იწყებს და როცა ხედავს, რომ მისი მეგობრები სკოლის შემდეგ მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ, კითხვა უჩნდება: ასეთივე ცხოვრებაში თავად მას რა უშლის ხელს? რატომ უნდა იმეცადინოს მუსიკა, რას მატებს? პიროვნულად ჩამოუყალიბებელი მოზარდი, რომელსაც საკუთარი თავისა და სხვათა მოქმედებების შეფასება უჭირს, შესაძლოა გზასაცდენილ ადამიანებს დაემსგავსოს. მაგრამ თუ მისი თანატოლებიც სწავლობენ მუსიკას, დამოკიდებულება თავადაც შეეცვლება და სწავლების პროცესიც უფრო მშვიდად წარიმართება.

 

11-12 წლის მოზარდი ჯერ კიდევ ფიზიკური და გონებრივი განვითარების პროცესშია, თუმცა უფრო გააზრებულად იწყებს საკუთარი წარმატების სხვისასთან შედარებას. თუ საკუთარი უპირატესობა დაინახა, ეს დადებით ემოციებს აღუძრავს და სწავლის სტიმულსაც მისცემს.

პალაციოს საოცრება

0

ავგუსტ პულმანის ისტორიის კითხვა მეტროში დავიწყე, ღამით, როცა მაგისტრატურის ლექციიდან ვბრუნდებოდი. სიმართლე ვთქვა, წიგნი დროის გასაყვანად გადავშალე და ვფიქრობდი, რომ სხვა დროს თავიდან წავიკითხავდი, იმ მომენტში კი მთავარი იყო ყურადღება გადამეტანა და დაღლილობა ნაკლებად შემეგრძნო, თუმცა პირველი რამდენიმე გვერდიდანვე მივხვდი, რომ ვცდებოდი.

ავგუსტ პულმანი, პატარა ბიჭია, რომელიც მეხუთეკლასამდე სკოლაში არ დადიოდა თავისი სახის გამო, რაც დაბადებიდან დაჰყვა. ჯანმრთელობის ხშირმა პრობლემებმა მას ხელი შეუშალა სხვა ბავშვების მსგავსი ყოველდღიურობა ჰქონოდა, თუმცა ოდესმე ეს ასე უნდა მომხდარიყო. ავგუსტი თვითონ აღწერს სკოლის პირველ დღეებს, დირექტორთან შეხვედრას, ოჯახურ ამბებს – როგორ  ეხმარებიან მშობლები. შემდეგ კი სკოლის პირველი დღეებია აღწერილი – უცხო ადამიანები, მასწავლებლები, თანატოლები, უფროსები. როგორ მიიღებენ ისინი ავგუსტს, რომელიც უცნაურად გამოიყურება; დასცინებენ, დაუმეგობრდებიან.

მოკლედ რომ თქვა, მე ამ წიგნის რეცენზიას არ ვწერ და ამიტომ ვწყვეტ მის შინაარსზე, ემოციურ მომენტებსა და სხვა ნიუანსებზე საუბარს. უბრალოდ, მისი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ვფიქრობ ჩვენს რეალობაში მცხოვრებ პატარა „ავგუსტებზე“.

რამდენიმე წლის წინ ბორჯომის ქუჩაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სკოლის მოსწავლეებს რომ ადგილობრივმა მცხოვრებებმა კარი შეუდუღეს, ეს ამბავი სულ მახსენდება. თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ ბლოგში დავწერე კიდეც ამის შესახებ. მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც მოიხსნა მორალური პასუხისმგებლობა და უბრალოდ განაცხადა, რომ ყველაფერს შესაბამისი უწყებები მოიკვლევდნენ. როგორც იტყვიან, ხელები დაიბანა.

წლებია და ათწლეულები, მიუხედავად ერთეული ადამიანებისა და ორგანიზაციების ძალისხმევისა, ვერ ჩამოყალიბდა ჩვენთან ტოლერანტული გარემო. ჯანსაღი ხედვა და დამოკიდებულებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ადამიანებისადმი. არადა, ძალიან ბევრი ავგუსტ პულმანი ახლა სახლში ატარებს დროს, იმიტომ, რომ მეზობლები მასზე ჭორაობენ, გამვლელებს ეცოდებათ და სინანულის გამომხატველი სახით უღიმიან; მასწავლებლებმა ნაკლებად იციან – როგორ დაეხმარონ მათ. და სხედან ეს ძალიან კარგი ბავშვები სახლში, განათლების უფლებაწართმეულები, მათივე საზოგადოებისგან.

ჩვენ კი ისინი რატომღაც მხოლოდ წიგნებში მოგვწონს. სადაც არაფერი ემუქრებათ, სადაც არაა საჭირო კარის შედუღება, გამოკეტვა, დანარჩენებისგან გარიდება.

ვიცი, რომ ჩვენს ელჟურალს ძალიან ბევრი მშობელი კითხულობს. ვეცდები ნაკლებპათეტიკურად გამომივიდეს და ვეტყვი მათ, რომ იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ, სულ ვოცნებობ, რომ ბავშვობაში ავგუსტის მსგავსი ბავშვი ვყოფილიყავი. როგორი? – საოცრება!..

 

ორდღიანი არდადეგები

0

გადაიარა მცხუნვარე, ხანძრებიანმა ზაფხულმა. ვისთვის მხიარულმა და საინტერესომ, ვისთვის გაუსაძლისმა და „ჯერ ასეთი ცუდი არაფერი მქონია“-სტატუსიანმა. არცერთი სხვა სეზონი, მგონი, არაა ისეთი გამჭვირვალე, ისეთი მყიფე და ადვილად დასასათაურებელი, როგორც ზაფხული – ის მზის და პეპლების ფრთებით შემოდის სამყაროში და ამ ფრთებითვე აცლის მას მთელი წლის დაგროვილ მტვერს, ჩრდილს, ყოფის ნამცეცებს; ამჭვირვალებს ადამიანის თვალწინ ყველას და ყველაფერს და, აბა როგორ გინდა თვალი მოარიდო, რამე გამოგრჩეს, ან უსახელოდ დატოვო – დგას შენ წინ აბრეშუმის ნიავში და სიცოცხლეს გთავაზობს!

დავეხსენი ყოფის საგიჟეთებს ორი დღით და შევხსენი ჩემი ყველაზე გემრიელი ზაფხულის კარი. ჩემს მშობლიურ სოფელში ამოვყავი თავი, სადაც ბავშვობის ბედნიერი დღეები გავატარე, მთების და მდინარეების საიდუმლოებები შევიტყვე, უღალატო მეგობრები გავიჩინე, ყოველი წლის ახალ და ახალ საზაფხულო სიყვარულში გავიხარჯე… სადაც ის ვიცხოვრე, რასაც, იმ ყველაფრისგან ძალიან შორს მყოფი და გაუცხოებულიც, ცალი კუზიდან სინათლის რძედ დღემდე ვიცოხნი.

ზემო იმერეთი. საჩხერე. სოფელს ჭალა ჰქვია. საბა ამბობს, რომ ჭალა წყლისპირა, ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ სახელს ექვსი სოფელი ატარებს, ანუ ექვსი მდინარისპირა სოფელი.

მათგან ერთი, ყვირილას ნაპირებზე გაშენებული, ჩემი ჭალაა – დილით ლურჯი, შაბიამნისფერი, მზის ჩასვლისას შვინდივით შეფაკლული სოფელი.

ახლა, ეს ჩემი გულაჩუყება და მეტაფორები ვინმეს გააცინებს კიდეც – ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისი საყვარელი სოფელი აქვს (ყველას თუ არა, ბევრს ხომ მაინც), ენაც ყველას თუ არა, ბევრს უჭრის. მაგრამ მე ისეთი რამ უნდა ვთქვა, რაზეც ის ჩემი გაცინებული მოპაექრეც თავს ჩაღუნავს და თავისი სოფლის ამბავი ჩააფიქრებს.

ჩავედი, ჩავქანდი გულგატიტვლებული. მართალია, არც ბებია-ბაბუა მყავს და აღარც სიბერეში სოფელში გადასაბარგებლად ჯერ კიდევ ჩემს გაჩენამდე მზადმყოფი მამა, ანუ ვინმე, იქაური, მკვიდრი გამომგებებელი, მაგრამ მათი სიყვარული ხომ ახლა ჩვენს დიდ სახლში, ეზოში, იმ მიდამოებში, იმ საყვარელ, ათასჯერ გადაჩხრეკილ და გადაკითხულ ადგილებში განზავდა, რომლისკენაც მივიჩქაროდი! თან, მახსოვს ძველი ზაფხულები, მდინარის პირი და უთვალავი ხალხი – დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად, მანქანებით, უმანქანოდ, ძაღლით, ცხენით ჩამოსული და ჩამოთხლეშილი ნესტიანი ხვატისგან მდინარეში გასაგრილებლად; მახსოვს ის გაუთავებელი ზუზუნი, მდინარიდან რომ ამოჰქონდა საღამოობით ნიავს – იმ ხალხის, დამსვენებლების თუ ადგილობრივების თავშეუკავებელი მხიარულება და უწყინარი ღრიანცელი, ყველაზე მეტად სწორედ ზაფხულს რომ უხდება და მეტიც, აბა ზაფხული და  სოფელი რა არის უამღრიანცელოდ!

ჩავფრინდი ჩემს სოფელზე ფიქრით თავგამოტენილი. გზაში მაღალ ნიშანზე დაგეშილი ბავშვივით გონებაში სულ სხაპასხუპით გადავიმეორე მისი ისტორია. რა ვიცი რისთვის, არც არაფრისთვის, ჩემთვის ალბათ, იმ სიძვირფასის განცდა რომ გამეძლიერებინა, რომლითაც იმ ჩემსას, ჩემს კუთხეს, მიწას, ჰაერს ვეკუთვნი, ან ის მეკუთვნის, ვინ გამიჯნა ან ვინ იანგარიშა ჩემი-შენი წილი…

ჭალის აუზში პალეოლითის დროიდან ისმის ადამიანის ხმა. ამას მოწმობს არა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების, არამედ, ჩვეულებრივი სამეურნეო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნივთები, წერილობითი წყაროები. სწორედ ისინი გვიამბობენ იმაზეც, რომ აქაურ მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა შავი ზღვის სანაპიროზე მოსახლე ბერძნულ კოლონიებთან. მე-8 საუკუნიდან ამ ტერიტორიაზე აფხაზთა მეფის ხელისუფლება ვრცელდებოდა, თამარ მეფის დროს კი რაჭის საერისთავოს დაექვემდებარა. აღმოსავლეთ საქართველოსთან სიახლოვის გამო, ქართველი მეფეები ამ მხარეს სატრანზიტო გზად იყენებდნენ და ჯარითაც ხშირად ჩერდებოდნენ. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელმა სწორედ ამ გზით გადაიყვანა აღმოსავლეთში ყივჩაღები.

ჭალის ისტორია აბაშიძეების გვარის გარეშე ნაკლულია. ამ გვარმა დიდი ღვაწლი გასწია ამ სოფლის კეთილშობილებისათვის. რამდენი დიდებული ამბავი, დიდებული სტუმარი უკავშირდება ჭალის აბაშიძეებს და მათ დახვეწილ, არისტოკრატ, განათლებულ ოჯახობას! იოანე ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ გვარის პირველი მკვიდრნი აბაშიდან, ანუ სამეგრელოდან მოვიდნენ, მათი სათავადო კი იმერეთში ჩამოყალიბდა.

იყვნენ ასეთი აბაშიძეები – ანტონი და ქეთინო, რომლებთანაც სტუმრობა ჰყვარებიათ მარჯორი და ოლივერ უორდროპებს. ქეთინო აბაშიძის სახლის ხშირი სტუმარი იყო ასევე აკაკი წერეთელიც, რომლის ნაჩუქარი ვერცხლის კოვზი ქეთინომ სხვიტორის მუზეუმს გადასცა. მისსავე ეზოშია გადაღებული კადრები ფილმიდან „სამანიშვილის დედინაცვალი“.

აბაშიძეებს მეფეებიც ხშირად სტუმრობდნენ – მაგალითად, იოველ აბაშიძის სახლის ხშირი სტუმარი იყო სოლომონ II.  ამ ოჯახში ყოფილა ციხე, რომლის შიგნით იყო სათავსოები, ალყის შემთხვევაში შეხიზნულ მოსახლეობას რომ თავი გაეტანა, მათ შორის, 365-ფუთიანი ჭური და ციხის ერთი კედელი დღესაც შემორჩენილია.

და არის კიდევ ერთი სახლი ჭალაში,  სილამაზით და  წარსულით გამორჩეული, სადაც, არც მეტი არც ნაკლები, რამდენიმე ხნით  უცხოვრია ინგლისელ მეცენატს ჩემბერსს. როდესაც ღენტორ აბაშიძე გარდაიცვალა, ჩემბერსმა დიდი პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად სპეციალურად დაამზადებინა იტალიაში ანგელოზის თეთრი მარმარილოს ქანდაკება მისი საფლავისთვის. ამ ქანდაკების ნახვა დღესაც შეგიძლიათ აბაშიძეების საგვარეულო სასაფლაოზე.  ქანდაკებას თან სდევს წარწერა, რომლის ავტორი ღენტორ აბაშიძის ოჯახის ნათლია – აკაკი წერეთელია.

რამდენი ხუროთმოძღვრების ძეგლია, ზოგი გაუქმებული, ზოგიც ახლადაღდგენილი, ზოგი, რესტავრაციის მოლოდინში – ჭალის ჩვილი მთების კალთებზე ჩამწკრივებული!.. ვფურცლავ მათ ისტორიებს. აბა რა გასაკვირია, რომ მათ შორის ერთი, ჩემი სახლის თავზე, მთავარანგელოზის სახელობისა, ყველაზე მეტად რომ მიყვარს – 1990-იანი წლების მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა, ქვა ქვაზე არ დატოვა, ისევე, როგორც სხვა ეკლესია-მონასტრები საჩხერეში. ამაზე ამბობდნენ – ამ ტაძრებმა თავიანთ თავზე იტვირთეს სტიქიის საშინელებაო, ადამიანები დაიფარესო. გინდ ისე თქვით და გინდ ასე, ფაქტია, იმ საზარელი მიწისძვრის დროს ერთი კაციც არ დაღუპულა საჩხერეში. ტაძრები, ტაძრები დაინგრა…

ცოტა ხნის წინ აღადგინეს ჩემი საყვარელი პაწაწინა „მთავარანგელოზი“, როგორც ბებიაჩემი ეძახდა – ყოველ დილით მისკენ რომ აიხედავდა და პირჯვარს გადაიწერდა, მისთვის ყველაზე აუცილებელ შემთხვევებში კი, უჩუმრად გაიპარებოდა ძღვნით (მრგვლად მოხარშული ქათამი, ცხელი ხაჭაპურები, მისივე ხელით ჩამოქნილი სანთელი, ხელადით ღვინო). რას ითხოვდა მთავარანგელოზისგან შვილებით და შვილიშვილებით ბედნიერი ბებია, ან იქნებ არც არაფერს და მხოლოდ მადლობის სათქმელად მიცურავდა მზეში ალაპლაპებულ აღმართზე, ასე ჩანდა შორიდან მისი დინება…

კიდევ მახსოვს, რომ ერთ წელიწადს, უკვე ყელში რომ უჭერდა „პოსტპერესტროიკის“ ეპოქა ჩვენს მშობლებს და მათი ფორიაქი ჩვენზეც გადმოდიოდა, სოფელში არდადეგებზე ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი იქაური მეგობრები დიდ მაძიებლობაში ჩაკარგულიყვნენ. ყვირილას ზედა წელში, შენაკადის სათავეებთან ვიღაცას გიშრის მადანი აღმოეჩინა. მუჭებით ყრიაო, ქალაქში გავასინჯინეთ და ნაღდი გიშერიაო, კაი ძვირადაც იბარებენ და არიქა ავშენდებითო – დაძრულიყო მთელი საბავშვეთი გიშრის მოსაპოვებლად. ცხადია, ჩემი უხეირო უნარებით მაინც ავეკიდე და ვერაფრის პოვნის სიმწარეც ვიგემე. სამაგიეროდ, ჩემი ბიძაშვილების წყლისგან ფორმაშეცვლილ ხელისგულებზე აბრწყინებული გიშრის ნამცეცების ყურება რად ღირდა, წივილ-კივილით რომ გამოექანებოდნენ ხოლმე და ფარული ჯიბრით, მაგრამ მაინც ალალად და ბედნიერად მახარებდნენ ახალაღმოჩენილი განძის შესახებ!

სად წავიდა ის ჩვენი გიშრები.. ან ის ტყვიის ჯვრები, აფხაზეთის ომში ნაომარმა და  დევნილად ქცეულმა, ერთი ჩვენი მეზობლის ძმამ რომ ჩამოგვისხა ყველას, უბნის ბავშვებს. სათითაოდ, მთელი თვე თავი მაგით შეიქცია. ომის და მიტოვებული სახლის ბოღმას მაგით იქარვებდა ალბათ. გადაადნო რაც ტყვია ებადა, შეურია მგონი თუთიაში კიდევ და ჩამოგვიქნა უსწორმასწორო ჯვრები. ჩვენც ჩამოვიკონწიალეთ ყველამ და ვიცნობოდით იმ ზაფხულს ამ ნიშნით – ტყვიის ჯვრების რაინდებივით…

ცარიელი დამხვდა ჩემი უბნის გაჩერება, ადრე 6-7 კაცის გარეშე რომ არ იქნებოდა ეგ „ბირჟა“. ცარიელი და ჩუმი, უადამიანო იყო გზაც, ვიდრე სახლამდე ორღობეს მივუყვებოდი. ადრე ისიც – ბავშვების ჟრიამულიანი, ძროხებისგან აბღავლებული, ქათმებისგან აკრიახებული…

ჭალა მაღალმთიან სოფლად არ ითვლება, ზღვის დონიდან სულ რაღაც 560 მეტრზე მდებარეობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წესით და რიგით და იმ ბუნებრივი პირობების, გარემოს, პოტენციალის გათვალისწინებით, რაც სოფელს აქვს, დაცლისთვის ის არასოდეს უნდა გაიწიროს. აბა რისთვის ჰქვია „ჭალა“ – მარტო მდინარისპირა სავარგულებია იმდენი, რომ იმათი დამუშავებით, კულტურების ცვლით, მოსახლეობა შეძლებს თავი გაიტანოს, ზამთარი გადაატაროს. იქ კი, მდინარიან სოფელში, წყალი არა აქვთ სახლებამდე შეყვანილი, აბა რა ვიცი, ვისი უნიათობის – იქაური მთავრობის თუ თავად იქაურების – გამო!

ვისხედით იმ საღამოს მე და ჩემი ნათლიდედა, ჭალის სკოლის პედაგოგი, კეთილშობილი და განათლებული, ნანა ჭიტაძე და ვსაუბროდით სწორედ ამ სატკივარზე – რატომ დაიცალა ეს „სანაპირო“ სოფელი? რა ეშველება? რა მოაბრუნებს იმ ხალხს, იმ კაცებს, ვინც კაი ხნით, სარჩოს საშოვნელად სხვა ქვეყნებში ან დედაქალაქში გადაიხვეწნენ? ან იმ ბავშვებს რა პერსპექტივები აქვთ, ვინც ჭალაში, გნებავთ მთელ საჩხერეში იბადებიან? ვისაც ნანა მასწავლებელი მომავლის გეგმებზე ესაუბრება და ზრდის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ოცნება აიხდინოს. ეს ოცნებები კი, აღარც ამ ბავშვების სოფელში ეტევა, აღარც ამ კუთხეში…

ადრეო, ჭალაში რომ გავთხოვდი და ზამთარში სკოლაში წასასვლელად გავემზადებოდი, ყველაზე ადრე ვდგებოდიო, სკოლამდე მისასვლელ გზაზე ფეხდაუდგმელი თოვლი რომ შემხვედროდა, სხვების ნავალით არ ყოფილიყო გადაგლესილი და მენახა ბოლომდე ის თოვლიო, – მითხრა ნანა მასწავლებელმა, – ახლა კიდე, ისე გავივლი მთელ ამსიგრძე გზას, ხანდახან ერთი წყვილი ნაფეხური არსად შემხვდება. მივდივარ, მივკვალავ უღრან თოვლს და ვნატრობ, ვინმემ დამიძახოს, მომესალმოს, გამომელაპარაკოსო…

ჩემი სოფლის ანგელოზებო, აი მაგ ჩვილ მთებში რომ ხართ შეყუჟული ბებერ საყდრებში და სალოცავებში, ტყეებში და მდინარის წკირებში! თქვენგან მონაბერი ჰაერით არ იბრუნებდა გულს მთელი ამდენი უხსოვარი ხანი ეს კუთხე და ალაგი?! ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ, ყველაზე უხილავებს, ვისთვის ძნელად სარწმუნოებს, ვისთვის სულაც არარსებულებს, მე ხომ ვიცი, რომ ხართ – ამ სოფელში ჩადენილი ყველა სიკეთე და ნაცხოვრები სიყვარული – ეს თქვენ ხართ, თქვენი ხორცია ის იმდენი ნაბრძოლი და ნაწვალები სიცოცხლე, ამ სოფლის მიწაში რომ ჩაიკრიფა; თქვენი ფრთებია ის იმდენი ნალოცი და სულშებერილი ოცნება, ფიქრი, სული – ამ მთებისა და მინდვრების ნისლებმა რომ აიტანეს ზევით; ზევით, საიდანაც ბოლოს ყველაფერი სამყაროს თარგზე სწორდება… ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ – არ წაართვათ ჩემს სოფელს ადამიანი, არ გაწიწკნოთ როგორც დედისგან შვილი, არ მოატყუებინოთ თავი ადამიანს, რომ ის რაიმეა თავისი ფესვის, თავისი მიწის და ჰაერის გარეშე; არ დატოვოთ ეს სოფელი და მიეცით ისევ ადამიანებს ლურჯთვალა რწმენა საკუთარი თავისა და იმ ყველაფრისა, რაც მას, დაღლილსა და დაქანცულს, საკუთარ თავთან მარტომყოფს, ისევ ადამიანად აქცევს!..

ანბანისწინა ანაბანა, ანუ კითხვა ილუსტრაციებით

0

ბავშვის კითხვის პროცესით დაინტერესება არც თუ ისე ადვილი საქმეა. წიგნთან მიტყუების ყველაზე ეფექტურ გზას მასში მოთავსებული ილუსტრაციები წარმოადგენს. ხშირად წიგნის მხატვარი მის  ავტორზე არანაკლებ პოპულარული ხდება, რაც ილუსტრატორის კარგ მკითხველობაზე მეტყველებს და მას ნაწარმოების ერთგვარ თანაავტორად აქცევს.

 

დაწყებით საფეხურზე, ყველა ილუსტრირებულ წიგნებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ფერებისა და ფორმების ანაბანას ბავშვი ბევრად ადრე სწავლობს და ილუსტრაციების დახმარებით წიგნის შინაარსის ამოკითხვა შეუძლია. პირველ კლასში, კითხვის უნარის განვითარების პროცესში ამ ,,ანბანის“ გამოყენება აუცილებელიცაა (სიუჟეტური ილუსტრაციები, ნახატების აღწერა და სხვ.).

პირველად ჩემი ყურადღება ,,ჯუნგლების წიგნის“ ილუსტრაციებმა მიიქცია. მაშინ ერთი ციცქნა გოგო ვიყავი, კითხვა არ ვიცოდი, მწვანეყდიან, ფურცლებშეყვითლებულ წიგნს ადგილიდან ძლივს ვძრავდი და საათობით ვაკვირდებოდი პერსონაჟთა ცხოვრების ამსახველ თითოეულ კონტურს, რომელსაც ჩემთვის უცნობ სამყაროში გადავყავდი. მოგვიანებით, მაუგლის გულის ამაჩუყებელმა ისტორიამ ჩემზე არანაკლებ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მისი ილუსტრაციებით აღფრთოვანება მაინც ვერ დაჩრდილა.

,,ჯუნგლების წიგნის“ ავტორმა, რადიარდ კიპლინგმა არანაკლებ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ინგლისელი მწერალი ინდოეთში დაიბადა და იქ ბავშვობის უბედნიერესი ხანა გაატარა. სამშობლოში დაბრუნებიდან ათი წლის შემდეგ, მომავალი მწერალი ბედმა ისევ ინდოეთში მოახვედრა. სუსტი მხედველობის გამო, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული რადიარდი ,,სამოქალაქო და სამხედრო გაზეთის“ რედაქციაში, ბრიტანეთის ინდოეთის ქალაქ ლახორში ჟურნალისტად მოეწყო. რეპორტიორის სამუშაო მას ფიქრისა და ცხოვრებაზე დაკვირვების პროცესში ეხმარებოდა. ასე გადაიქცა რიგითი რეპორტიორი ინგლისის პირველ ნობელიანტ მწერლად. მაუგლის ისტორიამ მარტო რადიარდის კი არა, მისი წიგნის მხატვრის სახელიც უკვდავყო. შესაძლოა, არავის სცოდნოდა მწერლის მამის, ბომბეის ხელოვნების სკოლის პროფესორის – ჯონ ლოკვუდ კიპლინგის სახელი, მას რომ ,,ჯუნგლების წიგნის“ პირველი გამოცემის (1894 წ.) ილუსტრაციები არ შეექმნა.

 

ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად  ,,ვინი პუჰის“ ილუსტრატორსაც. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დათვის თავგადასავლების (1926-1928 წწ.) პირველი გამოცემის ილუსტრაციები ბრიტანელ მხატვარს, ერნსტ შეპარდს ეკუთვნის. ამას წინათ მისი ნამუშევრები – ,,სახლი ვინის ტყეში“ და ,,ვეფხვებს თაფლი არ უყვართ“ ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე 50 და 32 ათას  დოლარად შეფასდა.

 

ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ამბები პირველად რუსულენოვანი (თავისუფალი) თარგმანიდან გადმოქართულებულ წიგნში ამოვიკითხე. „როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ თავგადასავლები მელოდა“. მიუხედავად თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზებისა (ითარგმნა შეკვეცილი ვერსიიდან), დღემდე ეს წიგნი ისევე მომწონს, როგორც ,,ვინი პუჰის“ მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმების (თედორე ხიტრუკი) რუსული ვერსია, ე. ლეონოვის შესანიშნავი გახმოვანებით. თუმცა წიგნის ორიგინალის ენაზე წაკითხვა რომ შემეძლოს, ალბათ მის უპირატესობაზე ისევე ვისაუბრებდი, როგორც შეპარდისეულ ილუსტრაციებზე, რომელთაც პირველწყაროს მომაჯადოებელი იერი დაჰკრავთ.

 

ვინი ა. მილნის შვილის, ქრისტოფერ რობინის სათამაშო დათუნა იყო და ის წიგნში თავის პატრონთან ერთად მოხვდა. პუჰის გამოსახულება ზემოხსენებულ წიგნზე ადრე, ა. მილნის 1924 წელს გამოცემული ლექსების კრებულში, სათამაშო დათვის შესახებ შეთხზული პოემის ილუსტრაციაში გამოჩნდა. მოგვიანებით კი მხატვარმა ის პუჰის შესახებ შეთხზული მოთხრობების მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებში გამოიყენა. არც ქრისტოფერ რობინის სათამაშოს სახელი გახლავთ შემთხვევითი. ზოოპარკში სტუმრობისას, პატარა მილნიმ დათვის ბელი ვინი დაინახა, ძალიან მოეწონა და თავის სათამაშოს სახელი სწორედ ზემოაღნიშნული ბელის საპატივცემულოდ დაარქვა. ვარაუდობენ, რომ შეპარდის ილუსტრაციებზეც სწორედ ეს ბელია აღბეჭდილი. უკანასკნელი ცნობით, კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის საკუთრებაა.

 

წიგნში მოთხრობილი ამბავივით სათუთი და დაუვიწყარი ილუსტრაციებითაა გაფორმებული  ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ,,პატარა უფლისწული“. მათ შექმნაზე თავად წიგნის ავტორმა იზრუნა.

 

,,პატარა უფლისწული“ პირველად 1943 წელს, ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე გამოიცა, მწერლის სამშობლოში კი სამი წლის შემდეგ დაიბეჭდა. ეკზიუპერის ერთადერთმა ,,საბავშვო“ თხზულებამ მალე გაითქვა სახელი და ყველაზე ხშირად თარგმნილი ფრანგულენოვანი წიგნების სიის სათავეში მოექცა. არსებობს წიგნის ბრაილის შრიფტით შესრულებული ვერსიაც.

 

რაც შეეხება ფრანგი პილოტის მიერ შექმნილ ილუსტრაციებს, ისინი მხოლოდ თხზულების მხატვრულ გაფორმებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ტექსტის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს და მწერლის სათქმელს (სატკივარს) ასაბუთებს. მაგალითად მოვიყვან მახრჩობელა გველის მუცელში მოთავსებული სპილოს ილუსტრაციას, რომელიც ყველას ქუდად ეჩვენება, ან პატარა უფლისწულისთვის დახატულ  ნასვრეტებიან ყუთს, რომელში ჩაძინებული ბატკნის დანახვაც მხოლოდ მწერლის ოქროსფერთმიან მეგობარს შეუძლია.

 

 

 

დღეს ქართული საგამომცემლო ბაზარი ნათარგმნი თუ ქართულენოვანი წიგნების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. განსაკუთრებით მომრავლდა საბავშვო ლიტერატურა, შესაბამისად, საქმე არც წიგნის ილუსტრატორებს ელევათ. წიგნის გაფორმების საქმემ ევოლუცია განიცადა. ზოგიერთი კრებული სამგანზომილებიანი და ხმოვანია, ზოგს სათამაშო მოჰყვება, ან სხვა გასართობი დეტალითაა აღჭურვილი, მაგრამ ერთი რამ მაინც უცვლელი რჩება – ილუსტრაციას საბავშვო ლიტერატურის სამყაროში დღესაც მთავარი ადგილი უჭირავს.

 

ქართულენოვანი საბავშვო წიგნების ფურცლებზე ბევრ საინტერესო ილუსტრატორს შეხვდებით. თავიანთი ჯადოსნური ამბების თანაზიარად ავტორები და გამომცემლები ყველაზე ხშირად ქართველ ფერმწერს, ნინო ჩაკვეტაძეს ირჩევენ.  გურამ პეტრიაშვილის ზღაპრების მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებში, მწერლისა და მხატვრის ფანტაზიათა შერწყმის წყალობით,  ფურცლის დილეგში გამოკეტილი სიზმარ-ცხადი ცოცხლდება და მკითხველში ბავშვობისდროინდელ, გაცრეცილ მოგონებებში ჩაძირულ, მოპარულ მურაბასავით ტკბილ-მწარე შეგრძნებებს აღვიძებს. ყველაზე არაორდინალური ქართველი მეზღაპრის ნაამბობის გაცოცხლება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა, თუმცა მხატვარმა მაინც შეძლო მისი სამყაროს აღქმა და გამოსახვა. ბ-ნი გურამის თხზულებებისთვის  დამახასიათებელი სიკეთის შუქი მის ილუსტრაციებშიც ,,იკითხება“: „სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია, ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის“.

 

„პატარა ქალაქის ზღაპრებისთვის“ 90-მდე ნახატი შეიქმნა. ამ წიგნის გარდა, ნინო ჩაკვეტაძეს გაფორმებული აქვს: „ბერძნულ-რომაული მითები და ზღაპრები“, დ. ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“, ი. გოგებაშვილის „დედაენა“, ი. კარაფიატის ,,ციცინათელები”,  ზ. თვარაძის ,,მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“,  ა. კ. ვესტლის ,,დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“, დ. ზურაბიშვილის ,,მოგზაურობა სიზმარეთში“ და სხვ. გასაკვირი არცაა, რომ ნინო ჩაკვეტაძეს საბავშვო წიგნების ილუსტრირებას ასე ხშირად ავალებენ, მას ხომ ბავშვობაში ყველაზე სწრაფმავალი ტრანსპორტის – სიკეთის შუქის დახმარებით გადაყავხარ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...