შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

ათი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე გამოვლინდა!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა,  ჟურნალ  “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს,  ფარგლებში, ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი  მწერლებისთვის: საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამოაცხადა.  კონკურსში მონაწილეობა მიიღო 62 ავტორმა   საკონკურსო მოთხრობებიდან,   კონკურსის  ჟიურიმ შეარჩია  10  საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

 

საუკეთესო ათეული:

  1.  თორნიკე ჭელიძე–  ჯავახეთის დღიური
  2. დიანა ანფიმიადი – კავშირი
  3. ეკა ქევანიშვილი– მე არ ვარ, მასწ
  4. ზურა აბაშიძე– საშტატო ერთეულები
  5. ლევან ლორია -კურუმ, კურუმ
  6. ლუკა ბაქანიძე- ისროდნენ, მასწ
  7. ნათია როსტიაშვილი– ჩემი საქმე წასულია, მარუს
  8. ცოტნე ცხვედიანი– ცხენების გაშვება
  9. მიშა ბახსოლიანი- ჯართულის მასწავლებელი
  10. ინა არჩუაშვილი– დედუკა ბექაური.

 

კონკურსის სამი  (I,II,III ადგილი)  გამარჯვებული დაჯილდოვდება  2 ოქტომბერს,  მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის მიმდიანრეობისას,  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ ფულადი პრიზი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საჩუქარი  პერსონალური პორტატიული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

 

ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი  700 ლარი;

III ადგილი  500 ლარი;

 

კონკურსის პარტნიორებია:    გამომცემლობა „ინტელექტი,“ გამომცემლობა  „წიგნები ბათუმში“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, რომელმაც  დააწესა განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის!

რა სურთ შვილებს

0

მყარად მჯერა, რომ ჩვენ ირგვლივ ბევრი რამ ეტაპობრივად შეიცვლება, თუ მათზე გამუდმებით ვისაუბრებთ. სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად ვხვდებით თანამედროვე ქართველ მამებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული შვილების აღზრდის პროცესში. თუმცა ვაწყდებით არასახარბიელო შემთხვევებსაც. ოჯახებზე დაკვირვება განსაკუთრებით ადვილდება ზაფხულში, კურორტზე. ჩემს შთაბეჭდილებებსაც მოგახსენებთ და საერთაშორისო გამოცდილებასაც მოვიხმობ.

სულ ახლახან ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ უმამობა არა მხოლოდ ბავშვის ქცევაზე აისახება, არამედ ცვლის მისი ტვინის სტრუქტურას. კვლევის შედეგი კანადის ერთ-ერთმა უძველესმა, მაკგილის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ცენტრმა ჟურნალ Cerebral Cortex-ში გამოაქვეყნა. (ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ირმა კახურაშვილის სტატია: https://mastsavlebeli.ge/?p=10209 )

მამის დეფიციტის ავკარგიანობაზე საუბრისას, ვფიქრობ, საკმარისია ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს დააკვირდეთ, როცა დასასვენეებლად მყოფს მამა ჩამოაკითხავს ქალაქიდან, როცა ეთამაშება, მეგობრულად ესაუბრება და არ ტუქსავს.

ზოგი ახერხებს ოჯახან ერთად დასვენებას, ზოგი – ვერა. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ჯობს ბავშვთან გავატაროთ 1 საათი „ხარისხიანად“, ვიდრე მათთან ერთად ვიყოთ მთელი დღის განმავლობაში და დიდად არ ვკონტაქტობდეთ.

მამის აქტიური მონაწილეობა აღზრდაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონეა. ასეთ დროს მამების ნაწილი ამჯობინებს, არ აღიაროს ბავშვის მდგომარეობა და საკუთარი სტრესის გამო კიდევ უფრო ცოტა დრო დაუთმოს მას. მეტიც, ის შინაგანად მიიჩნევს, რომ შვილს დედამ უნდა მიხედოს, თვითონ დასასვენებლადაა ჩამოსული კურორტზე. არადა პასუხისმგებლობა ბავშვის განვითარებაზე ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება. ერთი შემთხვევა მახსენდება: წარმოიდგინეთ იმდენად პატარა ბიჭუნა, რომ ჯერ დიაგნოზი არ აქვს (პერვაზიული აშლილობის თუ ბავშვთა აუტიზმის დიაგნოზს ექიმები 3 წლამდე არ სვამენ), თუმცა მისი ქცევის დარღვევები, უმეტყველობა და თვითდამაზიანებელი ქცევა აშკარაა. მას უჭირს სხვა ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, სენსორული შიმშილი აქვს – ურჩევნია ფეხზე გაიხადოს და ისე ითამაშოს ქვიშაში, უყვარს ბატუტზე ხტომა. დედა სულ მასთანაა, უგებს. მამა კი გამოსაძინებლადაა ჩამოსული. ბავშვს მხოლოდ მამა უნდა. ჰკიდებს ხელს და ანიშნებს, მეთამაშეო. არადა ჭამის დროა, საწოლიდან შუადღეზე ამდგარი მამა აჩვევს ბავშვს რეჟიმს: ახლა უნდა ისადილონ. მაგრამ ბიჭუნა ეზოსკენ იწევს, რის გამოც დაუმორჩილებელ შვილს კაცი ყურს უწევს. პატარა ისტერიკაში ვარდება – თავში  მუშტებს იშენს… დედების უმეტესობას შეუძლია შვილის ქცევა მართოს და არ მიიყვანოს სიუჟეტი ასეთ მძიმე კადრებამდე. მაშ, რატომ არ შეუძლიათ იგივე მამებს? საქმე ისაა, რომ არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს, არ ვიცით როგორ მივუდგეთ რთულ მომენტებში, არ გვცალია მათთან დასამეგობრებლად… ზემოხსენებულ მამიკოს, ვერ მოვითმინე და, შენიშვნა მივეცი. ავუხსენი, რომ ძალადობა კიდევ უფრო აგრესიულს გახდის მის პაწაწუნა შვილს, რომელსაც ყველაფერი წინა აქვს, ბიჭს, რომელსაც თვალები უციმციმებს მამის დანახვისას… დაყვავება, თვალით კონტაქტი და საუბარი უფრო შედეგიანია, ძალადობა კი ბავშვსაც ძალადობისკენ უბიძგებს. ვფიქრობ, შშმ ბავშვების მშობლებს ფსიქოლოგი თავადაც სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად – ადამიანი, სპეციალისტი, რომელიც ასწავლის შვილთან მიახლოების გზებს, საკუთარი სტრესის მართვას… ზოგადად, ბავშვზე ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ შშმ მოზარდებზე ის განსაკუთრებით მძაფრად მოქმედებს.

მოძალადე დედაც შემხვედრია და მამაც, თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ მამაზე მეტ დედას შეხვდებით სკვერში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, ბაღსა თუ სკოლაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კურორტზე სასიამოვნო ფაქტებსაც შეესწრებით. წააწყდებით ახალაგაზრდა მამიკოებს, რომლებსაც შეუძლიათ პატარა, წუნია ქალიშვილებს საათობით ესხდნენ სასადილო მაგიდასთან და დაყვავებით აჭამონ ულუფა, ეთამაშონ ვაჟებს ფეხბურთი და სხვ. მაშინ, როცა დედებს ამგვარი ურთიერთობისთვის მოთმინება არ ჰყოფნით.

ვფიქრობ, ბევრი მამა საქართველოში საკუთარ შვილს კარგად არ იცნობს. მოზარდის ინტერესების შესახებ რომ გაიგო, უნდა ესაუბრო, ტელეფონსა და კომპიუტერს არ უნდა ჩასცქეროდე გამუდმებით. დეკრეტული შვებულებაც მხოლოდ რამდენიმე მამას თუ გამოუყენებია შვილის შეძენისას, არადა ქართული კანონმდებლობა მშობლებს სქესის მიხედვით არ ზღუდავს. შვილს თუ პატარა ასაკშივე არ დაუმეგობრდი, მერე მისი გაუცხოებაც არ უნდა გაგიკვირდეს. სასურველია ორივე მშობელმა გაინაწილოს განათლების საკითხიც: თითოეულმა ბავშვი იმ საგანში ამეცადინოს, რაშიც თავადაა ძლიერი. მე პირადად არასდროს დამავიწყდება მამაჩემის მიერ ახსნილი ფიზიკის გაკვეთილები, არაფერი შეცვლის მის სიხარულს, ამოცანას კარგად რომ ამოვხსნიდი. ასეთ დროს ეყრება საფუძველი მეგობრობას, აზრთა გაზიარებას… მიზანიც საერთოა – რაც შეიძლება მეტი ცოდნის მიღება და წარმატების მიღწევა.

და მაინც, რა სურთ შვილებს? ჩემი პასუხი ასეთია: მზრუნველობა, ცოტაოდენი თავისუფლება, გამხნევება და… თანაბარი დრო დედებთან და მამებთან.

გონების მიღმა

0

სასწავლო წლის პირველი დღე ასეთი ამბით დაიწყო:  „აუტიზმის მქონე ბავშვი, რომელიც წელს პირველად  მივიდა სკოლაში, საჯარო სკოლის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა”.

ცხელი სექტემბრის დღეებს   შერონ მ.დრეიპერის „გონების მიღმა”-ს კითხვაში  ვატარებ. ეს წიგნი  ერთ არაჩვეულებრივ გოგოზე, თერთმეტი წლის მელოდი ბრუკსზეა, რომელიც  თავისი უბნის სკოლაში სწავლობს. მისი სასკოლო ცხოვრება იმის მუდმივი მტკიცებაა, რომ იგი გაცილებით უფრო ჭკვიანი და საზრიანია,  ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ამის დაჯერება სხვებისთვის მარტივი არ არის. მელოდი ცდილობს, თავის კლასელებს, მასწავლებლებს და სხვა გარშემომყოფებს დაუმტკიცოს, რომ ისიც „ნორმალურია”, მასაც შეუძლია სწავლა და წარმატების მოპოვება, თუ მოინდომებს. მასაც შეუძლია ტესტებში მაქსიმალური ქულის აღება, თუმცა მის მცდელობებს მისთვის ტკივილი მოაქვს, უფრო მეტად ირიყება  კლასელებისგან და ხშირად მათი დაცინვის მსხვერპლიც ხდება.

„ჩვენმა სკოლამ, ეგრეთ წოდებული, „ინკლუზიური კლასი” დაუშვა. რაც, თურმე ზოგად სასწავლო პროცესში ჩვენს ჩართვას ითვალისწინებს. ჰმ, საინტერესოა, აქამდე არაფერში ვყოფილვარ ჩართული. მაგრამ ეს გაკვეთილები იმას ნიშნავს, რომ ჩემისთანა ბავშვებს „ნორმალურ” მოსწავლეებთან ურთიერთობის საშუალება მიეცემათ. მაინც რა არის „ნორმალური” ნეტავ?” – ფიქრობს მელოდი.

თერთმეტი წლის  გოგო  ვარდისფერ ეტლსაა მიჯაჭვული და მისი სამყარო სიტყვებად იშლება, თუმცა მას სიცოცხლეში ერთი სიტყვაც არ უთქვამს და თავისი ნააზრევის გაგონებას მხოლოდ სამეტყველო დაფის საშუალებით ახერხებს. ეს გოგონა შეძლებს  ყველას დაუმტკიცოს, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენები ადამიანებზე, რომლებსაც სპეციალური საჭიროებები აქვთ, მცდარი და ლოგიკას მოკლებულია. იგი ოცნებობს ილაპარაკოს, მარტივი სიტყვების წარმოთქმა შეძლოს. სურს თავისი ნაფიქრი სხვებსაც გააგებინოს და ზოგჯერ მისი მცდელობები წარმატებულია.

ის წარმატებები, რასაც მელოდი აღწევს,  მხოლოდ მისი დამსახურებაც არ არის. ამ საქმეში, ან ამ ბრძოლაში მელოდისთან ერთად  მისთვის სხვა მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩართულნი, რომელთაც სწამთ, რომ „ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე მის ავადმყოფობის ისტორიაში ჩაწერილი დიაგნოზი” და თავიანთ ღრმა რწმენას მელოდისაც გადასცემენ; აჯერებენ, რომ თუ მოინდომებს, გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელიც მის გარშემოა. ეს მისი ოჯახია, დედა, მამა და მომვლელი მისის ვი, რომელსაც შეუძლია ეტლს მიჯაჭვულ გოგოში, რომელიც ვერ ლაპარაკობს, გააღვივოს სწავლის ინტერესი, ზოგჯერ მაგრად შეაჯანჯღაროს, გამოაფხიზლოს, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოს. ეს ზორბა ქალი არის ერთ-ერთი მასწავლებელი მელოდისთვის, რომელიც მასში ჩვეულებრივ ბავშვს ხედავს და დარწმუნებულია, რომ მელოდის სწავლა და განვითარება შეუძლია. „მოდით, არ გვინდა  ინვალიდ ბავშვებზე წიგნებიდან ნასესხები სენტიმენტალური ფრაზები. მელოდი ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც შეუძლია სწავლა და ჩემს ხელში ისწავლის კიდეც”, – ასე ამბობს  მისის ვი და მას ვერავინ ეწინააღმდეგება. პირიქით, მისი ენერგია ყველასთვის გადამდებია: მელოდის მშობლებისთვის და თავად მელოდისთვისაც. ამ ურთიერთობათა ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი სკოლის მასწავლებლები არიან, თავიანთი შეცდომებითა და  მიღწევებით, რომლის არდანახვა შეუძლებელია. „სწავლისთვის მათმა ასეთმა შემართებამ გამაკვირვა. მასწავლებელმა ნამდვილი ფეხბურთის მწვრთნელივით გაუღვივა ყველას სულისკვეთება”, – წერს მელოდი ისტორიის მასწავლებელ მისტერ დიმინგზე, რომელიც მთელ კლასს სწავლისადმი საბრძოლო შემართებით განაწყობს.

 

ზაფხულის გამოყოლილ  საკითხავებს ამ წიგნით მოვრჩი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ლიტერატურა ემპათიისა და თანაგრძნობის უშრეტი წყაროა. ის ხან შეფარვით, ხანაც პირდაპირ თვალში თითის კვრით გვეუბნება, სად ვცდებით.

 

 

 

 

ლოუტონი და ბუტაფორია

0

როცა დიდი ინგლისელი მსახიობი ჩარლზ ლოუტონი სამუშაოდ ჰოლივუდში მიიწვიეს, გაოცებული იყო სტუდიის თანამშრომლების განათლებით. რეჟისორიდან დაწყებული და გამნათებლით  დამთავრებული, ყველა გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ, თუ რა ფილმი უნდა გადაეღოთ შემდეგი, მოჰყავდათ კლასიკური ლიტერატურული ტექსტების სიუჟეტები და იმოწმებდნენ ცნობილ პერსონაჟებს.

როცა ლოუტონმა სტუდიის საწყობში უშველებელი თაროები ნახა, რომლებიც ცნობილი წიგნების ანოტაციებით იყო გამოტენილი, მისთვის ცხადი გახდა, რომ ეს საყოველთაო „ინტელექტი“ მხოლოდ მოჩვენებით იყო, მათ მხოლოდ ამ ანოტაციებიდან იცოდნენ წიგნების შინაარსი და წაკითხული კი ცოტას თუ ჰქონდა.

რა აზრი აქვს ლიტერატურული ტექსტის ასეთ ცოდნას?! ცხადია, არანაირი. ხელოვნების სხვა ჟანრებთან შედარებით ლიტერატურას გააჩნია გადამწყვეტი – შემეცნებითი  უპირატესობა, რომელიც მას ხელოვნების სხვა ყველა ჟანრის საფუძველთა საფუძვლად აქცევს. გონების განვითარებისთვის მთავარი წიგნის კითხვის პროცესია, და არა მოკლე შინაარსისთვის თვალის გადავლება. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ლიტერატურის დასაბამიდან დღემდე მხოლოდ სამ ათეულამდე სიუჟეტია თავისი განშტოებებით. კარგი მკითხველი წიგნს სიუჟეტის გამო არ კითხულობს, შინაარს გამოკიდებული მკითხველი ცუდი მკითხველია.

მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სრულიად კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მეგობარმა წიგნის შინაარსი მოუყვა და წაკითხვა აზრადაც არ მოსვლიათ. ისე ჩაერთვებოდნენ საუბარში, ვერც მიხვდებოდი, რომ კონკრეტული წიგნი წაკითხული არ ჰქონდათ. ამით ადამიანები უარს ამბობენ უმთავრესზე: გონებრივ ვარჯიშზე, სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე და, ბოლოს და ბოლოს, ესთეტიკურ ტკბობაზე. ბევრი მუსიკის მოსმენა, ბევრი სპექტაკლის, ფილმის და სურათის ნახვა ინტელექტუალად ვერ გაქცევს. სწორედ ასეთივეა მოსმენით მიღებული ინფორმაცია ლიტერატურულ ნაწარმოებზე, ის არაფრის მომცემია, ბუტაფორიული ცოდნაა.

იგივე შეიძლება ითქვას აუდიოწიგნებზე, აუდიო წიგნებით მხოლოდ სიუჟეტს იგებ და  ლიტერატურის მთავარ დანიშნულებას მოკლებული ხარ.

კლასიკად აღიარებული წიგნების სიუჟეტები თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ აქვს წაკითხული. მე მინახავს ხალხი, რომლებიც კარგი მკითხველები არიან, ყოველდღიურად კითხულობენ, მაგრამ კითხულობენ მხოლოდ თანამედროვე ან უკიდურეს შემთხვევაში მეოცე საუკუნის ლიტერატურას. მათ ვერაფრით წააკითხებ ვთქვათ „გარგანტუა და პანტაგრუელს“ ან „დონ კიხოტს“. ეს განსაკუთრებით დამწყები მწერლების პრობლემაა, რადგან წერის სწავლა მხოლოდ კლასიკური ლიტერატურის ცოდნითაა შესაძლებელი.

ცალკე ამბავია ცნობილი წიგნების ცოდნა ეკრანიზაციების საშუალებით. ეკრანიზაცია, ამ კუთხით, წიგნის პირველი მტერია. მახსოვს ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ ერთხელ პარლამენტში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ ვის ჰქონდა წაკითხული „დათა თუთაშხია“, აღმოჩნდა, რომ ოთხმოც პროცენტს მხოლოდ ეკრანიზაცია ჰქონდა ნანახი.

კარგი მკითხველები დამეთანხმებიან, რომ არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა სახლში მიდიხარ და იცი, რომ კარგი წიგნის წაკითხვის ბედნიერება გელოდება. მკითხველთა ორი კატეგორია არსებობს: პირველი – რომელსაც წლების შემდეგაც ახსოვს ყველაფერი, რაც წაიკითხა; და მეორე, რომელსაც წაკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, პატრიკ ზიუსკინდის არ იყოს, „ლიტერატურული ამნეზია“ მჭირს – მხოლოდ ის ემოცია მახსოვს, რასაც წიგნის კითხვის დროს განვიცდიდი და თვეების და წლების მერე ამით ვიხსენებ, მომწონდა თუ არა წიგნი. ყოველ ჯერზე წიგნს პირველად ვკითხულობ და, ერთი მხრივ, ეს სულაც არაა ცუდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრჯერ უხერხულობაც მიგრძნია, რადგან ძალიან ცნობილი წიგნების საკვანძო სიუჟეტები და პერსონაჟების სახელებიც ვერ გამიხსენებია, თუმცა ეს არაა მთავარი, მთავარი ის ფსიქოლოგიური სიძლიერის შეგრძნებაა, რომელიც ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ გეუფლება; შეგრძნება, როცა აცნობიერებ, რომ შენთვის შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია.

რიცხვების სემიოტიკა

0

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოშვა ვიზუალური კულტურის ეპოქა, რომელშიც ვერბალურ ინფორმაციაზე დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ ინფორმაციას ენიჭება. ვიზუალური სახის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს კი ციფრებითა და რიცხვებით გადმოცემული ინფორმაცია შეადგენს.

ციფრების საშუალებით ინფორმაციის ვიზუალიზების საკითხს მრავალი მკვლევარი შეეხო. ჯერ კიდევ 1970 წელს სამეცნიერო ჟურნალის „Communications” ფურცლებზე დაიბეჭდა ჟაკ დურანის ნაშრომი „რიცხვის რიტორიკა“ („Rhétorique du nombre“). ავტორი  განიხილავდა  იმ დროისთვის დამკვიდრებულ ორ ძირითად მოსაზრებას: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ რიცხვი არაფერს აღნიშნავდა და ამგვარად, მეტყველების ნაწილს არ წარმოადგენდა; მეორეთა აზრით, რიცხვი იყო ნიშანი, რომელსაც მხოლოდ დენოტაციურ დონეზე ჰქონდა მნიშვნელობა და ამდენად, არ წარმოადგენდა რიტორიკის შესწავლის საგანს. ჟ. დურანი კი თვლიდა, რომ განსაკუთრებით მასკომუნიკაციაში გამოყენებულ რიცხვს გააჩნდა მრავალი ექსპრესიული ნიშან-თვისება. ამ მოსაზრების თანახმად, ციფრებითა თუ რიცხვებით გადმოცემულ ინფორმაციას მართებულად მიიჩნევდა რიტორიკული ანალიზის წყაროდ.

იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთების კვლევის საფუძველზე ჟ. დურანმა დაასკვნა, რომ რიცხვების გამოყენებით მედიატექსტი, მოცემულ შემთხვევაში ბეჭდვითი მედიატექსტი, მიმართავს ისეთ სპეციფიკურ რიტორიკულ ხერხებს, როგორებიცაა:

  • გამეორება – მაგალითად „5 დღე: 555 ფრანკი“ (განცხადება ეარაფრიკა. 1967), რომელმაც მკითხველში უნდა მოახდინოს „ბედისწერის იდეის“ გენერირება;
  • ანტითეზა („დაპირისპირება“) – რომელიც მხატვრულ ლიტერატურასა და ორატორულ ხელოვნებაში სტილისტიკური ხერხია, რაც მდგომარეობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებათა შეპირისპირებაში და გამოიყენება შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, უმეტესწილად, ხდება მცირე და დიდი რიცხვების შეპირისპირება;
  • პლეონაზმი ვიზუალური ხერხებით ილუსტრირებული რიცხვი (მაგალითად, პერსონაჟი თითებით გამოსახავს რიცხვს). (Durand, 1970, 128-129)

დასასრულ, ავტორი აღნიშნავს, რომ რიცხვითი სახელი, ციფრებით თუ სიტყვით გამოსახული, როგორც მეტყველების ნაწილი, წარმოადგენს კოდს, რომელიც არის ნაწილობრივ ექსპლიცისტური, ხოლო იმპლიცისტური კოდები დატვირთულია კონოტაციური აღსანიშნით.

თანამედროვე ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე ხშირად ვხვდებით ისეთ კრეოლიზებულ მედიატექსტებს, რომელშიც არავერბალური კომპონენტი გადმოცემულია დიაგრამის  გრაფიკული მრავალსახეობით, როგორიცაა: ცხრილი, სფერო, სქემა, დიაგრამა, რუკა… ინფორმაციის ვიზუალიზების აღნიშნული სახის არსებობა, რა თქმა უნდა, განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით.

ინფორმაციის ციფრებით გადმოცემას თითქმის ყველა სფეროში ვხვდებით, თუმცა მაინც უნდა გამოვყოთ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სპორტული დისკურსი, რადგან მეტი აქტიურობით სწორედ აღნიშნულ დარგებში გამოიყენება სტატისტიკური მონაცემები. მკვლევრები პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო  ნაშრომში „პოლიტიკაში ციფრების მეტყველება“ („Le langage des Chiffres en politique“), რომელიც 2012 წელს  სამეცნიერო ჟურნალის „Mots. Les langages du politique” მეასე ნომერში დაიბეჭდა და სრულად მიეძღვნა პოლიტიკურ დისკურსში ციფრებისა და რიცხვების შესწავლას, აღნიშნავდნენ: „სადაც არის სტატისტიკა, იქ სახელმწიფოცაა“ (ბაკო, et al., 2012, 5). ამიტომაც, მათ საკითხის შესწავლა დაიწყეს შემდეგ კითხვაზე: ყოველთვის რატომ არის პოლიტიკურ დისკურსში წარმოდგენილი რიცხვები? –  პასუხის მოძიებით.

თუკი ციფრები და რიცხვები წარმოადგენს ისეთი დისციპლინის საბაზისო კონცეფციას, როგორიც არის მათემატიკა, მათი გამომხატველი სიტყვები და სიმბოლოები გვხვდება ნებისმიერი სახის დისკურსში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ციფრებს აქვს ერთდროულად დენოტაციური და კონოტაციური ღირებულება.

ხოლო რაც შეეხება მათი გამოხატვის  მრავალფეროვან ვიზუალურ ხერხებს, (ცხრილი, სქემა, დიაგრამა, სფერო…), ზემოთ დასახელებული მკვლევრების თანახმად, ისინი სემიოტიკური ტრანსფორმაციის მეორე დონეს მიეკუთვნებიან. რადგანაც თავად ციფრი ქმნის ინფორმაციის იკონურ გამოსახვას, სემიოტიკური ტრანსფორმაციის პირველ დონეს.  გრაფიკულად გამოსახული ციფრული მონაცემის გასაფორმებლად უმეტესწილად მიმართავენ ფერებს, რაც ავტორთა აზრით, რეალობის შემცირების დამატებით  დონეს წარმოადგენს, ხოლო ამ დასკვნამდე საკითხის შემდეგი  კუთხით გაშუქებით მივიდნენ.

პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო  სტატისტიკურ მონაცემებს შემდეგნაირად განიხილავენ: „რიცხვებით გამოსახულ რაოდენობრივ ინფორმაციას ქმნიან ექსპერტები, სოციოლოგები, დარგის სპეციალისტები. თუმცა,  მონაცემთა საზოგადოებაში გავრცელებას თავად იშვიათად ეწევიან.  აღნიშნულ ინფორმაციას,   პირველწყაროსთან მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულს, ავრცელებენ სხვადასხვა ინსტიტუციები: პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული, კულტურულ-სპორტული, რეგიონალური, ეროვნული, საერთაშორისო და სხვა მრავალი. მათ მიერ გავრცელებული რაოდენობრივი ინფორმაცია მრავალმხრივ ფორმაშეცვლილი და მედიატიზებულია“ ( ბაკო, et al.,  2012, 9). ერთგვარად პარადოქსულია, რომ ციფრები, რომლებიც მიჩნეულია ზუსტ, ობიექტურ და ნეიტრალურ ინფორმაციად, მანიპულირების კარგ საშუალებას იძლევა, ამიტომაც მას ხშირად მიმართავენ რიტორიკული, არგუმენტაციური და პოლემიკური ხასიათის პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მიზანი მსმენელის დარწმუნებაა.  

მსგავსი ტიპის ინფორმაცია განსაკუთრებულად მატულობს წინასაარჩევნო პერიოდში.  ციფრების, როგორც „ზუსტი და ობიექტური“ ინფორმაციის, მოხმობა ხელს უწყობს პოლიტიკოსის დადებითი იმიჯის შექმნას. არისტოტელესეული დარწმუნების სამი ხერხიდან პირველი – ეთოსი, ანუ სანდოობის მოპოვება ორატორის პიროვნულ თვისებებზე  აპელირებით – სრულად ვლინდება სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრისას. საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, რიცხვებით გადმოცემული რაოდენობრივი ინფორმაცია ხელს უწყობს ადრესანტს, შეიქმნას სერიოზული,  არაზედაპირული, საკითხის ზედმიწევნით მცოდნის იმიჯი.

ამრიგად, ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე  სტატისტიკური მონაცემების ხშირი  გამოჩენა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად მედიასაშუალების იმიჯის შექმნასაც ემსახურება.

ბიბლიოგრაფია

Bacot, P. Desmarchelier, D. et Remi-Giraud, S. (2016 წლის 23 05). Mots. Les langages du politique.მოპოვებული Le langage des chiffres en politique: https://mots.revues.org/20977-დან

Durand, J. (1970). Rhétorique du nombre. Communications.

 

 

 

საბჭოთა მრავალფეროვნება

0

ბევრს გაუკვირდება, როდესაც საბჭოთა სისტემის მრავალფეროვნების ფენომენთან დაკავშირების მცდელობას აღმოაჩენს. თითქმის ყველა თანხმდება, რომ ბოლშევიკური რეჟიმების მთავარი მიზანი საზოგადოების გაერთგვაროვნება გახლდათ. ისინი ვერ იტანდნენ განსხვავებულ ადამიანებსა თუ იდეებს, მიდგომებსა თუ სტრუქტურებს. ისნის საფეიქრო მრეწველობის ფაბრიკაც კი ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ ორმოცდაერთ ნომერ ფეხსაცმელს აწარმოებდა, თუ განსხვავებული ზომის ფეხი გქონდათ, საჭირო საქონელი ჟიგულის მთებს გადაღმა უნდა მოგეძებნათ. თუმცა, დრო ყველაზე მყარ სისტემებსაც კი თავის დაღს ამჩნევს. მრავალფეროვნებას სივრცის უზომოდ გაფართოებაც განაპირობებს.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კომუნისტური ბლოკის გავლენა თითქმის ნახევარ დედამიწაზე გავრცელდა. მოსკოვის ჰეგემონიას დაექვემდებარნენ უმდიდრესი გამოცდილების მქონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიც და სამხრეთ აზიის ფეოდალურ ეპოქაში ჩარჩენილი ტერიტორიებიც. ცხადია, განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად, მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთნაირი ტიპის კომუნისტური მმართველობის დამყარება ვერ მოხერხდა. სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე განსხვავებული საბჭოთა სისტემები აღმოცენდნენ. ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების ზოგიერთ მასწავლებელს შეიძლება გამოადგეს ცნობები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმების მრავალფეროვნებაზე მიანიშნებენ. აღნიშნული მრავალფეროვნება შეიძლება იყოს პასუხი კითხვაზე: რატომ განვითარდნენ კავკასიურ სახელმწიფოებზე მეტად ბალტიის ქვეყნები? რას ეფუძნება ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის უპირატესობა სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან შედარებით?

თავდაპირველად, ისტორიულ გამოცდილებაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იარსება, ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო მალევე აღმოჩნდა ოკუპაციის მსხვერპლი. პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიის ქვეყნები კი ომთაშორის პერიოდში თავისუფლად ცხოვრობდნენ, ატარებდნენ კენჭისყრებს, ირჩევდნენ მრავალპარტიულ მთავრობებს, გამოსცემდნენ ათასგვარი მიმართულების გაზეთებს და ა.შ. ისინი „წითელ საპყრობილეში“ მხოლოდ ომის შემდგომ გამოამწყვდიეს. ბუნებრივია, სხვადასხვა საბჭოთა რეჟიმს შორის არსებული ოცწლიანი „ჩამორჩენის“ აღმოფხვრა სტალინისტური წყობისთვისაც კი დაუძლეველ ამოცანას წარმოადგენდა. შესაბამისად, კომუნისტურ ბანაკში მოგვიანებით გაწევრიანებული რესპუბლიკები ავტორიტარიზმითა და ჩაგვრის ხარისხით ვერასდროს გაუთანაბრდნენ მოწინავეებს.

რეჟიმთა მრავალგვარობა დაკავშირებული გახლდათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების დონესთანაც. ბოლშევიკური წესრიგი ძნელად დასამკვიდრებელი აღმოჩნდა იმ ქვეყნებში, სადაც გადატრიალებამდე უკვე არსებობდა გამართული სავაჭრო-სამრეწველო კომპლექსი, მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა ქალაქის მოსახლეობა, მაღალი იყო ინდუსტრიალიზაციის დონე, მოწოდების სიმაღლეზე იდგა სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი. ბოროტმოქმედთა პოპულიზმმა ადვილად მოიკიდა ფეხი განუვითარებელ, ღარიბ სოფლებად დაქუცმაცებულ, ერთიანი და გამართული ადმინისტრაციის არმქონე საზოგადოებებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის შინაარსს განსაზღვრავდა, თავად კომუნისტთა პოლიტიკური წონა გახლდათ. ზოგიერთ სახელმწიფოში კომუნისტები კარგად ორგანიზებულ და მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილების მქონე ძალას წარმოადგენდნენ. ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუნდობლად გაუსწორდნენ თავიანთ ძველ ოპონენტებს. რამდენიმე ქვეყანაში მოულოდნელად ხელისუფლებაში მოსულმა, სუსტად ორგანიზებულმა კომუნისტებმა ოპოზიციონერებთან შეთანხმება გადაწყვიტეს და მოწინააღმდეგეთა გადაბირებით გავიდნენ ფონს. ძველი აგრარული ქვეყნები სამოქალაქო ომებსაც კი ვერ გადაურჩნენ.

საბოლოოდ, მეცნიერებმა საბჭოთა რეჟიმის სამი ძირითადი ზოგადი ფორმა გამოარჩიეს.

პატრიმონალური კომუნიზმის პირობებში ძალაუფლება ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. ისინი ძლიერი და კარგად ორგანიზებული იერარქიის საშუალებით აკონტროლებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. წარმატების შანსი მხოლოდ ვერტიკალის სათავეში აღმოჩენილ პირებთან დაახლოებულ მოქალაქეებს აქვთ. ბიუროკრატია მთლიანად და უპირობოდ შეზრდილია ერთადერთ პარტიასთან. დისიდენტების დევნა და რეპრესიები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პატრიმონალური კომუნიზმის საუკეთესო მაგალითად საბჭოთა კავშირს, რუმინეთსა და ბულგარეთს მიიჩნევდნენ.

გამოყოფენ განსაკუთრებული ადგილობრივი თავისებურებების მქონე საბჭოთა სისტემებსაც (ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც national-accommodative communism-ს). ამგვარი სისტემა პარტიისა და ბიუროკრატიის, კომუნისტებისა და ადმინისტრაციული მოხელეების ერთმანეთისგან გამიჯვნას უზრუნველყოფს. სისტემა თავისუფალია მოსკოვის სრული და ყოვლისმომცველი კონტროლისაგან. ასეთი ქვეყნების პარლამენტებში ხშირად მრავალპარტიულობის პრინციპიც კი გახლდათ დაცული, გარკვეულ დონეზე უზრუნველყოფილი იყო ადამიანის უფლებების რეალიზების შესაძლებლობაც. უნგრეთსა და პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიაში სხვა საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით რბილი გახლდათ რეპრესიებიც. დროდადრო,  თავისუფლებისკენ მიდრეკილი სატელიტების დამორჩილების მიზნით, კომუნისტურ ბლოკში მათ დასატოვებლად კრემლს სამხედრო ინტერვენციების განხორციელებაც უწევდა.

საუბრობენ ბიუროკრატიულ-ავტორიტარულ საბჭოთა სახელმწიფოზეც, სადაც ეკონომიკის სფეროში გადამწყვეტი სიტყვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, ტექნიკურ ინტელიგენციას და პროფესიონალებს ეთქმოდათ. სანამ კომუნისტები ქვეყანაში პარტიული „რკინის დისციპლინის“ საფუძველზე სრულ სიმშვიდესა და ერთფეროვნებას ამკვიდრებდნენ, ექსპერტები საბჭოთა ქვეყნებს შორის მოწინავე ეკონომიკას აშენებდნენ, სადაც „ფუფუნების საგნებიც“ კი ხელმისაწვდომი იყო. ბებიაჩემი ყოველთვის ოცნებობდა „გედეერის ავეჯზე“ და წლები იდგა რიგში, რათა აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოწერილი უბრალო, მაგრამ სხვებთან შედარებით ხარისხიანი, ავეჯი მოეპოვებინა.

ჩვენ საბჭოთა სისტემაშიც კი არ გაგვიმართლა, სამოცდაათი წლის განმავლობაში სამიდან მმართველობის უარეს ფორმას ვუძლებდით.

 

 

                   საქართველოს მყინვარები – კრიოსფერო

0

გეოკრიოლოგია (მზრალობის მცოდნეობა, ბერძნ. gē– მიწა, kryos – სიცივე,  logos  – მოძღვრება) — გეოლოგიურ მეცნიერებათა დარგი მზრალი ქანების (ნიადაგის, გრუნტის) შესახებ შეისწავლის დედამიწის ქერქში დამზრალი შრეების წარმოქმნას, განვითარებასა და არსებობის პირობებს; მზრალი ან გაყინვისა და ლღობის პროცესში მყოფი ქანების (ნიადაგის, გრუნტის) აგებულებას, შედგენილობას, თვისებებს და მათთან დაკავშირებულ გეოფიზიკურ, გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ მოვლენებს.

კრიოსფერო, რომელიც მოიცავს დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის ყველა სახეობას, დედამიწის კლიმატური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის განსაკუთრებულად მგრძნობიარეა გლობალური დათბობის მიმართ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყინულის საფარის საერთო მოცულობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პროცესს ბუნებრივ ფაქტორთან ერთად, ანთროპოგენური გავლენაც ამძაფრებს. მყინვარული საფარის ფართობის ცვლილება გავლენას ახდენს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ კლიმატზე, ეკოსისტემაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

საქართველოსათვის, რომელსაც კავკასიის რეგიონში სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია, როგორც ეკონომიკური, ისე გეოეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მყინვარული რესურსის შესწავლასა და მის მრავალწლიურ მონიტორინგს.

საქართველოს მყინვარებზე მონიტორინგი და მათ დინამიკაზე დაკვირვება აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება მსოფლიოს იმ მთიან ქვეყანათა რიცხვს, სადაც თანამედროვე მყინვარები საკმაოდ დიდ ფართობზეა წარმოდგენილი და ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. გარდა ამისა, საქართველოს მთის მდინარეების კალაპოტებში წყლის ნაკადების ზრდა ზოგიერთ შემთხვევაში უშუალო კავშირშია მყინვარების აბლაციის ზრდასთან. ასევე, საქართველოს დიდ მდინარეებზე ჰიდროელექტროსადგურების დაპროექტებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს მყინვარული წყლების ჩამონადენი. მყინვარების ნადნობი წყალი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისათვის სასმელი წყლით მომარაგების კუთხით. გარდა ამისა, მაღალმთიან ზონებში (სვანეთი, ყაზბეგი, რაჭა, აფხაზეთი) ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდი როლი სწორედ მყინვარულ პეიზაჟებს ეკუთვნის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მყინვარული ზვავები და ღვარცოფები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც საქართველოსთვის (მაგ. 2014 წლის მყინვარ დევდორაკის სტიქია) ასევე კავკასიის სხვა მთიანი რეგიონებისათვის (მაგ. 2002 წლის მყინვარ კოლკას სტიქია).

საქართველოს მყინვარების წარმოქმნას განსაზღვარვს მისი ტერიტორიის კლიმატური პირობები, შავი ზღვის გავლენა, გეოლოგიური აგებულება და რელიეფის მორფომეტრიული და მორფოლოგიური თავისებურებები.

თანამედროვე მყინვარების რაოდენობისა და ფართობის მიხედვით მდ. ენგურის აუზი უდიდესია საქართველოში. იგი აღემატება ერთად აღებულს ყველა დანარჩენ აუზს.

ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1911-1960 წლებში მყინვარების ფართობი საქართველოში 9.3±6.0%-ით შემცირდა, ხოლო მათმა რაოდენობამ 52.6±9.0%- ით მოიმატა. ამ პერიოდში ფართობის შემცირების პარალელურად მყინვარების რაოდენობის მატება გამოწვეული იყო იმით, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ხეობის რთული ტიპის მყინვარების საერთო ფართობი 200 კმ2-ზე მეტი იყო.

სწორედ აღნიშნული მყინვარების დეგრადაციის შედეგად გაჩნდა შედარებით მცირე ზომის ხეობის მარტივი ტიპის მყინვარები და კიდევ უფრო მცირე ზომის კარული ტიპის მყინვარები. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მყინვარების რაოდენობის გაზრდა სწორედ ხეობის რთული ტიპის მყინვარების დაყოფამ გამოიწვია.

რაც შეეხება 1960-2014 წლებს, ამ პერიოდში ადგილი აქვს მყინვარების როგორც რაოდენობის, ასევე ფართობის შემცირებას. შესაბამისად, 19.0±5.0% და 36.0±2.0%. მყინვარების რაოდენობის ასეთი მკვეთრი შემცირება გამოწვეულია იმით, რომ 1960-1970-იანი წლებისათვის საქართველოში მყინვარების ძირითად რაოდენობას წარმოადგენდა მცირე ზომის კარული ტიპის მყინვარები, რომლებიც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საერთოდ გაქრა.

ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში, მყინვარების ფართობის ყველაზე დიდი შემცირება პროცენტულად აღმოსავლეთ კავკასიონზე, კერძოდ კი მდ. თერგის აუზში ფიქსირდება. 1911-1960 წლებში თერგის აუზში მყინვარების ფართობი 24.6%-ით შემცირდა, ხოლო 1960-2014 წლებში 47.1%-ით. საერთო ჯამში კი 1911-2014 წლებში მყინვარების ფართობი 60.1%-ით შემცირდა. მყინვარების შემცირების პარალელურად ჯვრის უღელტეხილისა და ყაზბეგის მეტეოსადგურის 1961-2009 წლების ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურზე 0.3 და 0.20-ით მაღალი ფიქსირდება. აღმოსავლეთ კავკასიონზე მყინვარების ასეთი ტემპით დნობა განპირობებულია არა მარტო კლიმატური პირობებით, არამედ რელიეფის მორფოლოგიური თავისებურებებით. ზოგიერთი მდინარის აუზის რელიეფი აგებულია იურული დანალექი ქანებით, რომლებიც ძლიერ დენუდაციას განიცდიან. სწორედ ამიტომ პლეისტოცენური გამყინვარების ფორმები, სადაც ყველაზე კარგად ინახება და გროვდება თოვლი, და შესაბამისად მყინვარების არსებობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, აქ ცუდად არის შემონახული.

ცენტრალურ კავკასიონზე გამყინვარების მთავარ კერას ენგურისა და რიონის აუზები წარმოადგენს. 1911-1960 წლებში მდ. რიონის აუზის მყინვარების ფართობი მხოლოდ 3.8%-ით შემცირდა, ხოლო ენგურის აუზის მყინვარების ფართობმა მხოლოდ 3.7%-ით მოიკლო. აღნიშნული მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან რიონისა და ენგურის აუზის გარკვეული მყინვარები ძნელად მისადგომია მენზუალური აგეგმვისთვის. შესაბამისად, როდესაც შედგა კავკასიის პირველი ტოპოგრაფიული აგეგმვა, აღნიშნული მყინვარების ფირნის კონტურები არასწორად იქნა დატანილი. ზოგიერთი პატარა მყინვარი კი საერთოდ გამორჩენილია. კ. პოდოზერსკის 1911 წლის კატალოგი, რომელიც აღნიშნული რუკების საფუძველზეა შედგენილი, ამ შემთხვევაში გარკვეული ხარვეზებით გამოირჩევა. რადგან იგივე 1911-1960 წლების პერიოდში რიონისა და ენგურის აუზში ადგილი აქვს მყინვარების საკმაოდ დიდი რაოდენობით მატებას. კერძოდ: რიონის აუზში 27-ით მეტი მყინვარი, ენგურის აუზში – 125-ით მეტი მყინვარი. ბუნებრივია, რომ მყინვარების ფართობის ასეთი მცირედი შემცირებით მათი რაოდენობა ასე მკვეთრად ვერ გაიზრდებოდა. რაც შეეხება 1960-2014 წლებს, რიონისა და ენგურის აუზებში მყინვარების ფართობის საკმაოდ დიდ კლებასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, 37.8% და 32.8%.

ბეზენგის კედელი

 

რაც შეეხება დასავლეთ კავკასიონს, ბზიფის და კელასურის აუზები საქართველოში ერთადერთია, სადაც 1960 წლის შემდეგ მყინვარების რაოდენობა არ შემცირებულა. ამ ფაქტის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ისაა, რომ ზამთრის პერიოდში დასავლეთ კავკასიონზე (აფხაზეთის მონაკვეთი), განსხვავებით ცენტრალური და აღმოსავლეთი კავკასიონისგან, უფრო მეტი მყარი ატმოსფერული ნალექი მოდის. რაც მყინვარების არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ხეობის ტიპის მყინვარების ფართობი 1820-2014 წლებში 25-35%-ით შემცირდა, ხოლო მათმა ენებმა საშუალოდ 2.1 კმ-ით დაიხია უკან. მცირე გამყინვარების მაქსიმუმის შემდეგ ენების ჰიფსომეტრიულად მაღლა გადაადგილება სხვადასხვა მაჩვენებლით ხასიათდება. აქ ძირითად როლს თამაშობს მყინვარქვეშა ხეობის ფსკერის მორფოლოგიური პირობები და მორფომეტრიული მაჩვენებლები. ჰიფსომეტრიულად ყველაზე მაღლა აიწია იმ მყინვარებმა რომელთაც ენის წინ მაღალი რიგელი აქვთ (წანერი, უშბა, დოლრა, სუათისი, კირტიშო, დიდი ედენა და სხვ.) და ადრე მყინვართა ენები სწორედ ამ რიგელებზე იყო გადმოკიდებული.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 24 მყინვარზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უკან დახევის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ხეობის რთული ტიპის მყინვარებზე ფიქსირდება (ქვიში, ტვიბერი, ლეხზირი და სხვ.), რომელთა ფართობი (თითოეულის) მცირე გამყინვარების მაქსიმუმის დროს 40.0-50.0 კმ2-ს აღემატებოდა, ხოლო მათი ენები დღევანდელთან შედარებით 400-500 მეტრით დაბალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულზე ჩამოდიოდა. შესაბამისად, დნობაც უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. მათი დაყოფის შემდეგ (1900-1960 წწ) კი უკან დახევის ტემპი შენელებულია.

გვიან პლეისტოცენში კავკასიონზე უპირატესად ადგილი ჰქონდა მთა-ხეობათა ტიპის გამყინვარებას, ხოლო ხეობის ტიპის მყინვარები ორ-სამჯერ აღემატებოდა თანამედროვეს. სამხრეთ მთიანეთში ვიურმულ გამყინვარებას დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც დღეს აღმოსავლეთ კავკასიონზეა. იმ დროისათვის მყინვარი პტიში (კოდორის აუზი) ზ.დ. 600 მეტრზე ჩამოდიოდა, ასეთ დაბალ სიმაღლეზე საქართველოში არცერთი მყინვარი არ ჩამოსულა. ხოლო მყინვარი ნენსკრა ზ.დ. 650 მეტრამდე ჩამოდიოდა და ყველაზე გრძელი მყინვარი იყო (36 კმ) არამარტო მდინარე ენგურის აუზში, არამედ მთელ საქართველოში.

ზოგადად აუცილებელია, რომ ტარდებოდეს მუდმივი და დეტალური დაკვირვებები მყინვარების „ქცევაზე” სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის კავკასიაში, სადაც მყინვარები მტკნარი წყლის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. კონკრეტულად საქართველოსთვის კი ის მდინარეები, რომლებიც მყინვარული წყლებით იკვებება (კოდორი, ენგური, რიონი, ცხენისწყალი, თერგი და სხვ.) ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ჰიდროელექტრორესურსს წარმოადგენს.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები: https://www.tsu.ge

 

 

 

„ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა…“ (ორმაგი უარყოფის შესახებ)

0

 

მხატვრული ლიტერატურის შესწავლის პროცესში გრამატიკულ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება ხშირად გვიწევს ხოლმე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ამჯერად ორმაგი და ერთმაგი უარყოფის შესახებ გთავაზობთ მასალას. როდის და როგორ ავუხსნათ მოსწავლეებს ეს საორჭოფო საკითხები? რა ნორმა არსებობს და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი შეცდომებისგან?

ამ კითხვებზე პასუხების  გასაცემად უპრიანი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ მცირე კვლევის ჩატარებას „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამუშავების პროცესში.

რატომ „ვეფხისტყაოსანი“?

ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში, დაწერილ თუ გადაწერილ ტექსტებში, ორმაგი უარყოფის ნიმუშები თითქმის არ გვხვდება. ამ საკითხს საგანგებო კვლევა მიუძღვნა ვარლამ თოფურიამ. ნაშრომში „ორმაგი უარყოფა ქართულში“ ( შრომები, II, თბილისი, 2002)მეცნიერი აღნიშნავს, რომ „ ქართული ენის ბუნებას ორმაგი უარყოფა არ ახასიათებდა, ამიტომ მას ადგილი არ ჰქონდა თვით ბერძნულისგან დამოკიდებულ სახარებაშიც კი ( ბერძნულისთვის ორმაგი უარყოფაა დამახასიათებელი)“…ამავე შრომაში ვარლამ თოფურია აცხადებს: „ თუ ერთი უარყოფითი ნაცვალსახელი ან ზმნიზედა რომელსამე სინტაქსურ ორგანიზაციაში ამოყოფდა თავის, იქ მეორე უარყოფითი ნაწილაკი საჭირო არ იყო და იგი არც იხმარებოდა. გვქონდა მუდამ ერთმაგი უარყოფა“. მკვლევარს ნათქვამის დასადასტურებლად მოჰყავს ამონარიდები ჯრუჭის, პარხლის, ტბეთის სახარებებიდან. მოცემულ ნიმუშებში უარყოფა ყველგან ერთმაგია ( ვერავინ შემძლებელ არს…ნუვინ უარმყოფთ მე…არასადა ეხილვა…ვერასადა წარემართოს…ნუსადა თქუან…).

მაშასადამე, მეათე-მეთერთმეტე საუკუნემდე დაწერილ და გადაწერილ, თარგმნილ თუ ორიგინალურ ტექსტებში ორმაგი უარყოფა არ გვხვდება.

მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ დაწერილ ტექსტებში, ვარლამ თოფურიას თქმით, „ პირველ შემადგენელ ნაწილს უარყოფითობის ძალა დაეკარგა და ენა იძულებეული გახდა მეორე უარყოფითი ნაწილაკის ხმარებისთვის მიემართა“. ამ მხრივ ჩვენი ძვირფასი „ვეფხისტყაოსანი“ განსაკუთრებით საინტერესო საკვლევია, რადგან აქ ერთმაგი და ორმაგი უარყოფის ფორმები პარალელურადაა გამოყენებული. შოთა რუსთველის პოემა საპროგრამო ტექსტია, ამიტომ მასზე დაკვირვებით ამ საკითხის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის. მათ საშუალება ექნებათ კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ ტექსტს და თავადვე გამოიტანონ დასკვნები.

პოემის ტექსტი, მოგეხსენებათ, ვრცელია. ტექსტის ლექსიკურ და შინაარსობრივ დონეზე დამუშავების პროცესში მასწავლებელმა, სასურველია, სთხოვოს მოსწავლეებს იმ სტრიქონების ამოწერა, სადაც უარყოფითი ნაწილაკები, ზმნიზედები და ნაცვალსახელები გვხვდება.  სხვა შემთხვევაში, მთლიანი ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებელს შეუძლია თავად წარმოუდგინოს მოსწავლეებს მასალა, სადაც თავმოყრილი იქნება ერთმაგი და ორმაგი უარყოფის ნიმუშები. სანიმუშოდ გთავაზობთ ჩვენ მიერ ამოკრებილ სტროფებს ( ცხადია, აქ მხოლოდ მცირე ნაწილია ტექსტში წარმოდგენილი ერთმაგი და ორმაგი უარყოფის ნიმუშებისა)

პროლოგიდან:

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად “ჰაი-ჰაი”-ს ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდე

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა:

მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა”.

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასვლა:

ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
და აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს.

მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა…

ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან

ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასერე მით მაწყენო!
გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
და ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
და ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

და სხვა…

როგორც ცნობილია, გარდა გრამატიკული ასპექტებისა, ორმაგი უარყოფის წარმოშობა და განვითარება ფსიქოლოგიური ფაქტორებითაცაა განპირობებული. უარყოფითი ნაწილაკის დამატება აძლიერებს უარყოფის ფსიქოლოგიურ ეფექტს. დავაკვირდეთ ფრაზებს: „ვერაფერს გეტყვი“  და „ ვერაფერსაც ვერ გეტყვი“, „ნურავინ გაბედავს“ და „ნურავინ ნუ გაბედავს“ – ფრაზების ემოციური ელფერის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ მსმენელზე უფრო მძლავრი ეფექტის მოსახდენად  მთქმელი ცდილობს, დამატებით „სიგნალი“ ( უარყოფითი ნაწილაკი)გამოიყენოს.

ვთხოვოთ მოსწავლეებს მოცემულ ნიმუშებზე დაკვირვებით თავად გამოიტანონ დასკვნები. რა შემთხვევაში იყენებს პერსონაჟი ორმაგ უარყოფას? არის თუ არა ორმაგი უარყოფა ფსიქოლოგიურად და ემოციურად განპირობებული? ამ კითხვებზე პასუხების მოძიების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ იმსჯელონ პერსონაჟის სულიერ-ემოციურ განწყობაზე. მაგალითად, ასმათის ნათქვამი ფრაზა „ ვერასათვის ვერ გიამბობ“ ქალის მტკიცე გადაწყვეტილებას კარგად გამოხატავს, როსტევანის განკარგულება „ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა” კი მეფის გულუხვობასა და მეფურ ბუნებას ერთდროულად წარმოაჩენს.

დასახელებულ ნიმუშებში ერთმაგი და ორმაგი უარყოფის მონაცვლეობა თავისუფალია და გრამატიკული თვალსაზრისითაც სავსებით გამართლებულია, თუმცა თანამედროვე მოზარდების მეტყველებაში ხშირად გვხვდება უარყოფის გამოხატვისას მცდარი ფორმები. ამ მხრივ მედიასაშუალებებიც სცოდავენ. როგორც ბეჭდურ, ისე სატელევიზიო თუ ონლაინ სივრცეში ხშირად გვხვდება შეცდომები უარყოფითი ნაწილაკის გამოყენების ( ან გამოუყენებლობის) კუთხით. უფრო ხშირია ერთმაგი უარყოფის მცდარი ფორმები. ამ მიმართულებით სამუშაოდ კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ ბეჭდურ, ტელე თუ ონლაინ მედიაში იმგვარი ნიმუშების ამოკრებას, სადაც დარღვეულია ორმაგი უარყოფის სავალდებულოდ გამოყენების წესები.

დაშვებული შეცდომების გაანალიზების შემდეგ ისინი თავად შეიმუშავებენ წესებს, როდესაც ორმაგი უარყოფის გამოყენება სავალდებულოა.

სანიმუშოდ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

ორმხრივი მოლაპარაკების შედეგებს არც ერთი მხარე ახმაურებს.

…მედიის წარმომადგენლებს არც სტუმართან მიეცა გასაუბრების საშუალება.

პოლიტიკოსებმა ვერავითარი გავლენა მოახდინეს.

მოცემულ მაგალითებში დარღვეულია ორმაგი უარყოფის გამოყენების წესები (ა)როცა უარყოფითი ნაცვალსახელი ან ბ)ზმნიზედა გათიშულია უარყოფითი ნაწილაკისგან ან გ)როცა მათ დაერთვს ნაწილაკი -ც(ა), აგრეთვე როცა უარყოფითნაწილაკიანი სიტყვა მსაზღვრელი წევრია  – ორმაგი უარყოფა აუცილებელია!).

ამ და მსგავსი მაგალითების გაანალიზების შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან ორმაგი უარყოფის გამოყენების სავალდებულო წესებს ( მასწავლებელს შეუძლია იხელმძღვანელოს ავთანდილ არაბულის სახელმძღვანელოთი „ქართული მეტყველების კულტურა“ ან ამავე ავტორის წიგნით „ქართული ენა – ტექსტების ანალიზი და მოდელირება. მართლწერის საკითხები“), სადაც ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც ორმაგი უარყოფა აუცილებელია და აღნიშნულია, რომ გარდა ამ შემთხვევებისა ცალმაგი და ორმაგი უარყოფის ურთიერთმონაცვლეობა თავისუფალია და სტილისტიკის სფეროს განეკუთვნება.

გამოყენებული ლიტერატურა

ვარლამ თოფურია – „ორმაგი უარყოფა ქართულში“

ავთანდილ არაბული – „ქართული მეტყველების კულტურა“

ლეილა გეგუჩაძე – „ერთმაგი უარყოფის ფორმათა შესახებ თანამედროვე ქართულში“

შოთა რუსთაველი – „ვეფხისტყაოსანი“

ესტონური განათლების გამოცდილება

0

ბოლო წლებში PISA-ს შედეგების გასაჯაროების შემდეგ მსოფლიო ესტონელ მოსწავლეებზე ალაპარკდა. საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო სფეროში მათ თავი გამოიჩინეს და მესამე ადგილი დაიკავეს (სინგაპურელი და იაპონელი თანატოლების შემდეგ), რითაც ფინეთი, რომელზეც ესტონეთს სასკოლო რეფორმაში სწორება ჰქონდა, ორი პუნქტით ჩამოიტოვეს. რაშია ესტონური განათლების წარმატების საიდუმლო და შეუძლია თუ არა საქართველოს მისი გაზიარება?

 

განათლების კულტი

ესტონეთში ამბობენ, რომ განათლების კულტი აქვთ. აქ ბავშვს სკოლისათვის ბაღიდანვე ამზადებენ და ამ საქმეს ზედმიწევნით სერიოზულად ეკიდებიან. სკოლაში წასვლამდე ბავშვი სპეციალურ მოსამზადებელ კურსს ესწრება. კვირაში ორჯერ, ორსაათ–ნახევრის განმავლობაში, მას ასწავლიან მათემატიკას, ესტონურ ენას, მუსიკას, ხელოვნებას, „ადამიანმცოდნეობას“ (ბუნებრივი გარემოსა და საგნების შესახებ). ასე რომ, პირველკლასელმა უკვე იცის კითხვა, შეუძლია წაკითხულის შინაარსის გადმოცემა, მარტივი კარნახის დაწერა, ათის ფარგლებში მიმატება და გამოკლება. იცის, რა მისამართზე ცხოვრობს, უშეცდომოდ გეტყვით, რომელი საათია, აქვს ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, წელიწადის რომელ დროს რა მოვლენა ხდება. იცის, რა არის გაკვეთილი, როგორ ტარდება ის, როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე სკოლაში და რას მოითხოვს მისგან მასწავლებელი.

 

კონკურსი პირველკლასელთათვის

ესტონეთში ბავშვი სკოლაში 7 წლისა მიდის. სკოლა ახლოს უნდა იყოს იმ სახლთან, სადაც ბავშვის ოჯახი ცხოვრობს. ჩვეულებრივთან ერთად არსებობს სპეციალიზებული სკოლებიც, სადაც მოსწავლეები სიღრმისეულად სწავლობენ უცხო ენებსა და მათემატიკას. ასეთ სკოლებში მათ მისაღები გამოცდების ჩაბარება უწევთ. საკონკურსო წესით ბავშვს შეუძლია ჩააბაროს სკოლაში, რომელიც მის სახლთან ახლოს არ არის. ასეთი სკოლები განათლების მიღების კუთხით, წესისამებრ, საკმაოდ მაღალრეიტინგულია.

ერთი მესამეკლასელის დედა ეველინ იგი, რომლის შვილიც ფრანგული ენის გაძლიერებულად შემსწავლელ სპეცალიზებულ სკოლაში დადის, ამბობს, რომ განათლების სამინისტროს აქვს საუკეთესო მუნიციპალური სკოლების ჩამონათვალი. ის მათემატიკაში, ესტონურსა და ინგლისურში სახელმწიფო გამოცდების შედეგების მიხედვით დგება. ასეთ სკოლებში არის კლასები, რომლებშიც ბავშვები მხოლოდ საკონკურსო წესით ხვდებიან. თითოეულ კლასში 20 ბავშვია.

ესტონეთში სკოლების უმეტესობა მუნიციპალურია. კერძო სკოლა ცოტაა. ესტონეთის განათლებაის სამინისტრო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ბავშვთა განათლების ხარისხი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მათ სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე. ამისთვის სამინისტრო ყოველგვარ პირობას ქმნის.

 

განსხვავებული შესაძლებლობები

სუსტი მოსწავლეების მიმართ ესტონელებმა ფინური განათლების მოდელი გამოიყენეს: ის, ვინც ცუდად სწავლობს, არ რჩება იმავე კლასში. ჩამორჩენილ მოსწავლეებს ან ცალკე ამეცადინებენ, ან პროგრამას ინდივიდუალურად უდგენენ.

კიდევ ერთი, რითაც ესტონეთში ძალიან ამაყობენ, არის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ღარიბი და შეძლებული ბავშვებისათვის. PISA-ს ტესტების მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულების მესამედი სწორედ ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ მოსწავლეებს ეკუთვნით.

ვაშინგტონის განათლებისა და ეკონომიკის ამერიკული ცენტრის პრეზიდენტმა მარკ ტაკერმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისა და ბალტიისპირეთის მონახულებისას განაცხადა, რომ უნგრეთსა და ჩეხეთში კარგი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენების პრივილეგიაა, ესტონეთმა კი შესანიშნავად მოახერხა, მოერგო „საბჭოთა მემკვიდრეობა“ – განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა – თანამედროვე დემოკრატიული რეალიებისთვის. აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით ევროპის მასშტაბით ესტონეთში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (5%).

 

დემოგრაფიული ორმო

მოსწავლეთა თითქმის მეხუთედი რუსული ოჯახებიდანაა. კვლევებში რუსულენოვანი მოსწავლეები, ტრადიციულად, ესტონელებთან შედარებით დაბალ განათლებას აჩვენებენ (მუნიციპალურ სკოლებში, მათ შორის – რუსულ გიმნაზიებშიც, საგნების 60% სახელმწიფო ენაზე უნდა ისწავლებოდეს).

ესტონური სკოლების პრობლემა რაოდენობრივი შემცირებაა. საქმე ის არის, რომ 20 წლის წინ ქვეყანაში წელიწადში 20 ათასზე მეტი ბავშვი იბადებოდა, დღეს კი 13-14 ათასი იბადება. განათლების სამინისტრო იძულებით „ოპტიმიზაციაზე“ საუბრობს – არ გამორიცხავს იმ სკოლების დახურვას, რომლებსაც ცოტა მოსწავლე ჰყავთ. ესტონეთში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს 50 და 200-ბავშვიანი სკოლები და ბევრი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ესტონური განათლების წარმატება სწორედ ასეთმა პატარა სკოლებმა და 12-ბავშვიანმა კლასებმა განაპირობა.

 

საშინაო დავალება

ესტონური სკოლა არ იზიარებს ფინური განათლებაის ახალ კონცეფციას საშინაო დავალებების უგულებელყოფის თაობაზე. საშინაო დავალებებს აქ დაწყებით კლასებშიც კი აძლევენ. ეველენ იგი ამბობს, რომ ბავშვს საკმაოდ ბევრი საშინაო დავალება აქვს, თუმცა თამაშისა და ჰობისთვის დრო მაინც რჩება. დაწყებით კლასებში მასწავლებლები სთხოვენ კიდეც მშობლებს, დაეხმარონ შვილებს საშინაო დავალების შესრულებაში. ბავშვმა უნდა ისწავლოს დროის დაგეგმვა, გაკვეთილების მომზადება. ფრანგულ სკოლაში, სადაც ეველენის შვილი სწავლობს, მშობლებისთვის ცალკე ტარდება ფრანგული ენის გაკვეთილები, რათა შვილების დახმარება შეძლონ.

 

ელექტრონული ესტონეთი

ესტონეთში „ციფრული დემოკრატია“ საუკეთესოდაა განვითარებული. ქვეყანას ჰყავს ელექტრონულად მომუშავე მთავრობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ორიათასიანი წლებიდან მოყოლებული, ესტონეთის მოქალაქეები არჩევნებზე ხმას ელექტრონულად, შინიდან გაუსვლელად აძლევენ. ხმის მიცემისას ისინი იყენებენ სმარტ-ბარათს ელექტრონული ჩიპით – პირადობის მოწმობას, რომელიც ყველა ზრდასრულ ესტონელს აქვს. გარდა კოლოსალური ფინანსური რესურსის დაზოგვისა, ეს მეთოდი სრულიად გამორიცხავს ე.წ. „კარუსელს“ და სხვა დარღვევებს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს ხმას „იყიდიან“ და ადამიანი მითითებით გააკეთებს არჩევანს, არაფერი შეუშლის ხელს, დაბრუნდეს შინ და ხელახლა მისცეს ხმა იმას, ვინც თავად სურს. გამოთვლითი ელექტრონული სისტემა მხოლოდ იმ ხმას აღრიცხავს, რომელიც მოქალაქემ ბოლოს დააფიქსირა.

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სკოლას? საქმე ის არის, რომ სკოლის განათლება ჩართულია პროგრამაში „ელექტრონული ესტონეთი“: მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და მოსწავლეების კომპიუტერები ჩართულია სისტემაში e-Kool, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საშინაო დავალებებისა და ნიშნებისთვის, საკონტროლო წერებისა და მნიშვნელოვანი სასკოლო ღონისძიებებისთვის თვალის მიდევნება. სისტემის წყალობით მშობელს შეუძლია, ბავშვის ავადმყოფობის ცნობა მასწავლებელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს, ვირტუალურად ადევნოს თვალი შვილის სასკოლო მიღწევებს, მისი ცოდნის დონეს სხვა მოსწავლეებთან შედარებით, კლასის საერთო დონეს და სხვ.

„ბავშვები სახელმძღვანელოებით სწავლობენ, ჩვეულებრივ ცალხაზიან და უჯრედებიან რვეულებში წერენ, მაგრამ გაკვეთილების ნაწილი კომპიუტერულ კლასებში ტარდება. სკოლა აქტიურად იყენებს ნეტს იმისთვის, რომ მოსწავლეს ფრანგულ ენაზე საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმაროს. მოსწავლეს შუძლია, სკოლის საიტზე აუდიოგაკვეთილებს მოუსმინოს. გაკვეთილები პირველი კლასიდანვე ისეა აწყობილი, რომ ბავშვმა პასუხები გუგლსა და ვიკიპედიაში ეძებოს, საზოგადოდ, კომპიუტერი ცოდნის მისაღებად გამოიყენოს, ისწავლოს სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება“, – ჰყვება ეველინი.

ესტონურ სკოლებში ერთ მოსწავლეზე 0,8 კომპიუტერი მოდის. 15 წლის მოზარდთა 79%-ს შინ კომპიუტერი აქვს, აქედან 89%-ს მუდმივად მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.

 

მასწავლებლის ხელფასი

ესტონეთში, თუ ხელფასით ვიმსჯელებთ, მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟულს ვერ უწოდებ. აქ საშუალო თვიური ხელფასი 1200 ევროა, სკოლის მასწავლებლის ანაზღაურება კი 1100 ევროს შეადგენს. ესტონეთში მასწავლებლების დეფიციტი იგრძნობა. სკოლის მასწავლებლების საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, ახალგაზრდა და მამაკაცი მასწავლებლები ცოტანი არიან.

 

სკოლა და დაკარგული ბედნიერება

მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა უფრო ფორმალური ხასიათისაა და თუ სკოლაში რაიმე კონფლიქტი მოხდა, პედაგოგები ამ პროცესში მყისვე ბავშვის ოჯახს რთავენ.

საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, მშობლებს ასწავლიან, რომ ბაღი და სკოლა მათი პარტნიორები არიან, ბავშვის აღზრდასა და განათლებაზე კი უმთავრესად ოჯახია პასუხისმგებელი. მასწავლებლები მშობლებს სკოლაში ხშირად იბარებენ, ნებისმიერ სიტუაციას აცნობენ, ცდილობენ, ბავშვს ერთად დაეხმარონ. სკოლა და მშობლები თანამშრომლობენ. თუ მშობლები აქტიურები არიან, ორგანიზებას უწევენ ექსკურსიებსა და დღესასწაულებს.

ფსიქოლოგებისა და მშობლების დაკვირვებით, უმცროსკლასელები სკოლის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად განწყობა ეცვლებათ, უმეტესად – დიდი დატვირთისა და მუდმივი ტესტირების გამო. უფროსკლასელები ჩივიან, რომ მათ ზედმეტად ტვირთავენ საკონტროლო წერებით, საშინაო დავალებებით. ამას ემატება ბულინგის პრობლემა სკოლაში.

2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობას ეხებოდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ბავშვები სკოლაში თავს მაინცდამაინც ბედნიერად არ გრძნობენ. სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა ამის შესახებ 15 ქვეყნის 53 ათასი მოსწავლე გამოკითხეს (8, 10, 12 წლის ასაკის). კითხვები ეხებოდა ცხოვრების, ოჯახური ურთიერთობების სტანდარტებს, მეგობრებთან კომუნიკაციას, სკოლის ცხოვრებას და სხვა სფეროებს. ესტონელმა ბავშვებმა და მოზარდებმა განაცხადეს, რომ შინ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, კმაყოფილები არიან მეგობრებთან ურთიერთობით. რაც შეეხება სკოლის ცხოვრებას, ესტონელ მოსწავლეთა მხოლოდ 36%-მა დაადასტურა, რომ მასწავლებელი უსმენდა და პატივს სცემდა მათ მოსაზრებას. სკოლაში სიხარულით მხოლოდ გამოკითხულ მოსწავლეთა 23% დადიოდა (შედარებისთვის, ეთიოპიაში მაჩვენებელი 84%-ია, ნეპალში – 69%, თურქეთში – 62%, ნორვეგიაში – 38%).

ბავშვები და ქუჩა (ნაწილი მეორე)

0

 

ნაწყვეტები დებრა ეფროიმსონისა და რუჰან შამას წიგნიდან „სიცოცხლით სავსე ქალაქი: იდეები და ქმედება[1]

 

შეკითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია – ბავშვები თუ მანქანები? – ხალხის უმეტესობისთვის სულელური იქნება ან პასუხად გვეტყვიან – რა თქმა უნდა, ბავშვები.

თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ინვესტირებას ან სხვა სფეროებს შეეხება, ჩვენი პრიორიტეტები უკვე ნათელი ხდება.

როგორია გზებისთვის თუ ესტაკადებისთვის შექმნილი ჩვენი ბიუჯეტების თანაფარდობა ბავშვების ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის გამოყოფილ თანხებთან?

ვითვალისწინებთ თუ არა, რომ ბავშვებმა ეზოში ან სახლების წინ, ქუჩაში უნდა ითამაშონ? თუ იმაზე ვფიქრობთ, რომ ქუჩებში მანქანებმა მძღოლის სურვილის შესაბამისად იმოძრაონ? გვჯერა, რომ პარკები უნდა შევინარჩუნოთ, რათა იქ ბავშვებმა ითამაშონ, თუ მათ ავტომობილების პარკინგებად გადავაქცევთ?

რადგან ტრანსპორტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ – რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანების ტრანსპორტით გადაადგილების  სურვილების დაკმაყოფილება და კერძო ავტომობილების ფლობა-გამოყენება, თუ ბავშვების ძირითადი და საბაზო მოთხოვნილებების უზრუნველყოფა?

მაგალითად, რა უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვის უფლება, ისწავლოს სკოლაში შეფერხების გარეშე, თუ მძღოლის უფლება ავტომობილის საყვირით ასიგნალოს ამ სკოლის წინ?

რას ვიტყვით, თუ შევადარებთ მცირეწლოვანი ბავშვის უფლებას ეძინოს და მძღოლის უფლებას ამანქანის საყვირით ასიგნალოს ამ ბავშვის სახლის კართან? რა შეგვიძლია ვთქვათ ბავშვის უფლებაზე – გადაკვეთოს ქუჩა, ისეირნოს ველოსიპედით და მძღოლის უფლებაზე – ჩქარა ატაროს მანქანა?

როგორ ჩანს, ჩვენ ქვეცნობიერად ჩვენი მობილურობისა და გადაადგილების სურვილების სამსხვერპლოზე მივიტანეთ ბავშვების წყნარი, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს, დამოუკიდებელი გადაადგილებისა და დასვენების უფლება. სანაცვლოდ, ამ უფლებებზე მაღლა დავაყენეთ ავტომანქანების მფლობელთა და მძღოლთა „უფლებები“ – გამოიყენონ თავიანთი ავტომობილი, სადაც მათ სურთ, როგორც მათ სურთ და როდესაც მათ მოუნდებათ.

ალბათ უკვე დროა, გადავხედოთ ამ საეჭვო „პრიორიტეტებს“ და დღეს მიღებული ასეთი  „წესრიგი“ უბრალოდ შევცვალოთ. როგორი იქნება ისეთი ქალაქის მახასიათებლები, რომელშიც უპირატესობა არა მანქანებს, არამედ ბავშვებს მიენიჭება?

პირველი – ასეთ ქალაქში, მკაცრი წესები იქნება საცხოვრებელ რაიონებში (სადაც საცხოვრებელი სახლების საშუალო და დიდი რაოდენობაა) დაბალი სიჩქარით გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად ამ ადგილებში სხვა სერვისების არსებობისა. ეს ბავშვებს საშუალებას მისცემს შიშისა და საავტომობილო მოძრაობასთან დაკავშირებული საფრთხეების გარეშე იმოძრაონ თუ ითამაშონ.

მეორე – ღია სივრცეები (მდელოები, პარკები თუ თავისუფალი ადგილები) ბავშვების სათამაშოდ იქნება გამოყენებული და არა მანქანების გასაჩერებლად.

მესამე – ასეთ ქალაქში მკაცრად შეიზღუდება ხმოვანი საავტომობილო სიგნალების გამოყენება (გარდა გადაუდებელი სიტუაციებისა), როგორც ეს უკვე მიღებულია ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი და ჰონგ-კონგი.

მეოთხე – ქუჩები დაიკეტება საავტომობილო მოძრაობისათვის დღის სხვადასხვა დროს, ან კვირის გარკვეული დღეების განმავლობაში, იმისთვის, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება სახლების მახლობლად, გარეთ ითამაშონ.

დაბოლოს, ასეთ ქალაქში შეიქმნება მუდმივი საფეხმავლო სივრცეები, ცენტრალურ სავაჭრო და რეკრეაციულ ადგილებში, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად და ხიფათის გარეშე იმოძრაონ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საოჯახო რეკრეაციის ჩვევის ჩამოყალიბებას.

დღეს უკვე ბევრ ქალაქში, ქალაქების ცენტრალური უბნები, ნაწილობრივ თუ მთლიანად, საფეხმავლო ზონებად გადაიქცა. ეს ქალაქებია: კარტახენა (კოლუმბია), გუანგჟოუ (ჩინეთი), კოპენჰაგენი (დანია), ბოლონია (იტალია), ლიუბეკი და ნიურნბერგი (გერმანია), იორკი (ინგლისი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), ჟენევა და ციურიხი (შვეიცარია). ზოგიერთ ქალაქში კი მანქანები თითქმის სრულიად გაქრა. ასეთებია: ვენეცია (იტალია) და ცერმატი (შვეიცარია).

რა ხდება, როდესაც ქალაქის ქუჩები ფეხით მოსიარულეთა „მფლობელობაში“ გადადის და ტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ველოსიპედებისა, სრულიად იკრძალება? პირველი შედეგი არის ის, რომ ეს ადგილები ძალიან პოპულარული ხდება – იხსნება უამრავი მცირე მაღაზია, კაფე და რესტორანი, რომლებიც წარმატებულად მუშაობენ; ისინი ადამიანებს იზიდავენ და ქმნიან ქალაქის მთავარი მიზიდულობის ზონას; ყვავის ტროტუარებზე გახსნილი კაფეები;  ბავშვები დარბიან და თამაშობენ; ადამიანები იკრიბებიან კიბეებზე თუ პარკებში; ცივილიზებულობა და ჰუმანურობა მთავარ ნორმებად ყალიბდება.

ასეთი ადგილები ქალაქის „გულად“ გარდაიქმნება. ადგილად, რომელიც ყველაზე პოპულარულია. ექსპერიმენტი „ცხოვრება ქალაქში მანქანების გარეშე“, რომელიც კოპენჰაგენში გასული საუკუნის 60-იან წლებში განხორციელდა, იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ დანიის დედაქალაქის მიმდებარე ქუჩების ბიზნესების მფლობელებმა დაუყონებლივ მიმართეს ქალაქის მთავრობას თხოვნით, მათი ქუჩებიც საფეხმავლო ზონებად ექციათ, რათა მათ საქმიანობასაც მისცემოდა მაღალი შემოსავლების მიღების შანსი. დღეს, მსგავსი გეგმების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადეს ოსლომ და ჰელსინკიმ. შესაბამისად,  2019 და 2015 წლებში, ამ ქალაქებში აიკრძალება კერძო ავტომობილების გამოყენება ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში. ავტომობილებით მოძრაობა გარკვეულ ადგილებში და გარკვეულ დღეებში უკვე აიკრძალა პარიზში, მეხიკო-სითიში, ნიუ-იორკში და სამხრეთ კორეულ სუვონში.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოლოდინების საწინააღმდეგოდ, მსოფლიოს მაღალშემოსავლიან ქალაქებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალაქში ფეხით გადაადგილების ინიციატივა. ქალაქების ადმინისტრაციები, გააზრებულად და გეგმურად აფართოებენ როგორც საფეხმავლო ზონებს, ისე – აუმჯობესებენ გარემოს ფეხით მოსიარულეთათვის. ფეხით სიარული აღარ გახლავთ ღარიბთა ხვედრი; ქალაქის ცენტრის ოფისების კლერკები, სამთავრობო სამსახურებში მომუშავენი თუ მაღაზიების მფლობელნი, თანაბრად იზიარებენ სეირნობის სიკეთეებს, ხელსაყრელ და მოხერხებულ გარემოში.

დღეს ნელ-ნელა უკვე არა ფეხით მოსიარულენი, არამედ მანქანები ხდებიან  დაუპატიჟებელი სტუმრები ქალაქებში; მანქანებისთვის განკუთვნილი ზონების ლითონის ღობეებში და მავთულხლართებში ჩასმის ნაცვლად, მანქანები ადამიანების საფეხმავლო ზონებიდან მოშორებით გაისტუმრეს. ასეთ ქალაქებში ქუჩის ვაჭრობა აყვავდა, გამოცოცხლა ქალაქური ცხოვრება, მცირე ბიზნესებს შემოსავლიანი დრო დაუდგათ, ადამიანებს საშუალება მიეცათ, იარონ, იდგენ, ისხდნენ და ერთმანეთთან უსაფრთხოდ ისაუბრონ და, რაც მთავარია, ბავშვებს გაუჩნდათ სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ ირბინონ, იხტუნონ, იცინონ და იყვნენ ბავშვები!

 

 

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

[1] Making Cities More Livable: Ideas and Action   Debra Efroymson, Ruhan Shama, HealthBridge – WBB Trust, Dhaka, May 2007

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...