სამშაბათი, ივნისი 3, 2025
3 ივნისი, სამშაბათი, 2025

რატომ არის ცურვა სპორტის შეუცვლელი სახეობა მოზარდისათვის

0

ცურვა რომ სასწაულებს ახდენს, ყველამ იცის. ორგანიზმისათვის მის მარგებლობასა და ცალკეულ ეფექტებზე ჩვენს ჟურნალშიც არაერთი საინტერესო ინფორმაცია დაბეჭდილა. ცურვის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მათი ჯანმრთელობისა და მხნეობის მთავარი საფუძველი წყალია. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ცურვის შესახებ:

 

კალორიების სწრაფად დაკარგვა

წყალში ყოფნა სხეულს აიძულებს, აქტიურად დახარჯოს კალორიები. ცურვის წყალობით საათში დაახლოებით 500 კილოკალორია იხარჯება. ერთი საათის განმავლობაში წყლის ზედაპირზე სხეულის შენარჩუნებით (ტივტივით) თქვენ დაწვავთ 200-300 კილოკალორიას, რაც ნოყიერი საუზმის ტოლფასია.

 

წყლის ოპტიმალური ტემპერატურა

ადამიანის ორგანიზმისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსია. აკვააერობიკისთვის გამოყენებულ აუზებში, ჩვეულებრივ, წყლის ტემპერატურა 22-25 გრადუსს შეესაბამება, რაც ენერგიის კიდევ უფრო აქტიურად ხარჯვას უწყობს ხელს. საყურადღებოა, რომ 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი მხოლოდ მომადუნებელი აბაზანებისთვისაა რეკომენდებული.

 

სიმაღლეში ზრდა

ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან ეხმარება (20-ჯერ ზრდის!) ზრდის ჰორმონის – სომატოტროპინის გამომუშავებას.

 

სარგებლობა სისხლძარღვებისა და გულისათვის

სტატისტიკურად, პროფესიონალ მოცურავეებ შორის ორჯერ უფრო იშვიათია ჰიპერტონიული დაავადება, ვიდრე სპორტის სხვა სახეობის მიმდევართა შორის. რეგულარული ცურვა აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს.

 

სარგებლობა გონებისათვის

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 180 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ცურავდნენ, თანატოლებზე გაცილებით გონებამახვილები და ჭკვიანები იყვნენ.

 

სარგებლობა კუნთებისა და სახსრებისათვის

ესპანური (ექსტრემადურა) და პორტუგალიური (ევორა) უნივერსიტეტების მკვლევრები 8 თვე აკვირდებოდნენ ფიბრომიალგიით დაავადებულ 33 ქალს. აღმოჩნდა, რომ პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც კვირაში სამჯერ თითო საათის განმავლობაში მაინც ცურავდნენ, სახსრებისა და კუნთების ტკივილი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდათ (ზოგს სულაც მოეხსნა) მათთან შედარებით, ვინც აუზზე საერთოდ არ დადიოდა.

 

ცურვა ზრდის ჰემოგლობინის დონეს

20-გრადუსიან წყალში ერთი წუთით დგომაც კი საკმარისია სისხლში ჰემოგლობინის დონის მოსამატებლად.

 

ბრასი წონის კლებისთვის

წონის დასაკლებად ყველაზე სასარგებლოა ცურვის სტილი – ბრასი.

წვრილი მოტორიკის როლი ბავშვის განვითარებაში

0

რთულია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი ბავშვის განვითარება არ არის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, სკოლამდელ პერიოდში, მისი მოვლით, სასკოლო პერიოდში კი მის სწავლებაზე ფიქრით შემოიფარგლება. ბევრი მშობლის აზრით, თუ მის შვილს ბევრი ეცოდინება, მაღალ შეფასებებს დაიმსახურებს, მუდმივად კითხვით და მეცადინეობით იქნება დაკავებული, ის ინტელექტუალურად კარგად განვითარდება. იმდენად დიდია ასეთი მშობლების სურვილი, რომ მათი შვილი რაც შეიძლება ადრე დაეუფლოს წერა-კითხვას, თვლას, რომელიმე უცხო ენას, რომ ისინი ჯერ კიდევ სკოლამდელი პერიოდის ბავშვთან სპეციალურად იწვევენ მასწავლებელს კერძო გაკვეთილების ჩასატარებლად. ამასთან, თავის ქმედებას ისინი შვილის სკოლისათვის მომზადების და მის განვითარებაზე ზრუნვის მოტივით ხსნიან. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი „მზრუნველობა“ არც სკოლაში  სწავლისათვის მომზადების თვალსაზრისით იძლევა რაიმე შედეგს და არც მისი ინტელექტუალური განვითარების ხელშემწყობი ხდება.

ადრეულ ბავშვობაში და სკოლის წინარე პერიოდში შვილის გონებრივ განვითარებაზე მზრუნველი მშობელი, პირველ რიგში, მის მოტორულ განვითარებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს და ყურადღებას სწორედ აღნიშნული მიმართულებით წარმართავდეს. ვფიქრობ, ასეთი მტკიცებულება ბევრს ძალიან გააკვირვებს და კითხვის ნიშნებსაც გაუჩენს – რა კავშირშია ინტელექტუალური განვითარება და ხელის წვრილი მოტორიკა. უნდა ითქვას, რომ მათ შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირი არსებობს, ვინაიდან, კარგად განვითარებული წვრილი მოტორიკა ბავშვის საერთო ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი მეტყველების განვითარებისთვის. ბავშვის მეტყველების განვითარების დონე პირდაპირ არის დამოკიდებული ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების დონეზე. თუ ხელის თითების მოძრაობის განვითარება (წვრილი მოტორიკის განვითარება) ჩამორჩება, ფერხდება მეტყველების განვითარებაც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში საერთო მოტორული განვითარების დონე ნორმაზე მაღალიც კი შეიძლება იყოს. ხელის თითების მოძრაობები სტიმულს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აჩქარებს მეტყველების განვითარებას. ხელის წვრილი მოტორიკის კარგად განვითარების შემთხვევაში  მეტყველებაც სწორად ვითარდება. მეტყველებას კი, თავის მხრივ, არსებითი მნიშველობა აქვს აღქმის განვითარებისთვის. სამყაროს შემეცნების პროცესში პატარა ბავშვი ყველაზე აქტიურად ხელს იყენებს. მას აუცილებლად ესაჭიროება საგანთან შეხება, მისი ხელით მოსინჯვა. რაც უფრო კარგად არის განვითარებული წვრილი მოტორიკა, მით უფრო მეტ ინფორმაციასა და წარმოდგენას მიიღებს ბავშვი საგნის შესახებ მასთან შეხებისას და მით უფრო სრულყოფილად შეძლებს სიტყვიერად მის აღწერას. შემდგომ, ისევ წვრილი მოტორიკის წყალობით, ბავშვი გამოსახავს საგანს ქაღალდზე, ხატავს მას. ეს კი ხელს უწყობს საგნის სრულყოფილ აღქმას, სხვა საგნებისგან მის გამოყოფას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განმასხვავებელი ნიშნების საფუძველზე. ამ ნიშნების წყალობით პატარა უკეთესად იმახსოვრებს მას და ამ ყოველივეს მოჰყვება ბავშვის ყურადღების, აზროვნებისა და მეხსიერების განვითარებაც.

წვრილი მოტორიკის განვითარება განსაზღვრავს ასევე ბავშვში სენსორული კოორდინაციის  –  თვალისა და ხელის შეთანხმებული მოქმედების ფორმირებასაც. მხედველობის დახმარებით ბავშვი შეიცნობს გარემომცველ სამყაროს, აკონტროლებს მოძრაობებს, რომლებიც, დროთა განმავლობაში უფრო სრულყოფილი, დახვეწილი და ზუსტი ხდება. თვალი თითქოს „ასწავლის“ ხელს. ხელის მოძრაობებით, საგნებთან შეხებითა და მათი მანიპულირებით კი ბავშვი სულ უფრო მეტ და ახალ ინფორმაციას იღებს სამყაროს შესახებ. მხედველობა და ხელის მოძრაობები ბავშვის მიერ გარემომცველი სინამდვილის შეცნობის ძირითადი წყარო ხდება. სხვადასხვა საგნების შესწავლისას მათი შეხებით ბავშვი მიდის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, წვრილი მოტორიკის განვითარების გარკვეული დონე წარმოადგენს ბავშვის სკოლისათვის მზაობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება დაეუფლოს წერას და გამოიმუშაოს საჭირო უნარები.

ჩვეულებრივ, ბავშვი, რომელსაც წვრილი მოტორიკა გამოკვეთილად მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, გამოირჩევა მსჯელობის, კონცენტრაციის, კოორდინაციის, წარმოსახვის კარგი უნარით.  მას ასევე კარგად აქვს განვითარებული მეხსიერება, ყურადღება, გაბმული მეტყველება. ამიტომ, წვრილი მოტორიკის განვითარებაზე ზრუნვა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში უნდა დავიწყოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის  შვილის აღნიშნული მიმართულებით განვითარება ნაკლებად საინტერესოა. მათ შეიძლება ძალიან აწუხებდეთ, რომ 6 წლის პატარა კარგად ვერ წერს, ვერ კითხულობს, მაგრამ თუ ის ჩამორჩება მოტორულ განვითარებაში, რის გამოც ჯერ კიდევ არ არის დაუფლებული თვითმომსახურების ჩვევებს, უჭირს დამოუკიდებლად გახდა, ჩაცმა, ღილების და ფეხსაცმლის ზონრების შეკვრა, სასწავლო ნივთებისა და სათამაშოების დალაგება, კოვზის ნორმალურად ხმარება ჭამის დროს, როგორც წესი, ეს დიდად   შემაწუხებელი და შემაშფოთებელი არ ხდება მშობლისთვის. უფრო მეტიც, თავიანთი ქმედებით ისინი ხშირად თავადვე აფერხებენ აღნიშნული მიმართულებით ბავშვის განვითარებას და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ეს კი, თავის მხრივ, წვრილი მოტორიკის განვითარების მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

ამდენად, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებაზე ვზრუნავთ, ყურადღების მიღმა ნუ დავტოვებთ მის მოტორულ განვითარებას, პირველ რიგში კი ხელის წვრილი მოტორიკის  განვითარებას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, მივცეთ ბავშვს ცალკეული მოქმედებების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალება, მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში თავადაც მიისწრაფის ამისაკენ. ალბათ, ბევრჯერ გავმხდარვართ ისეთი სცენის მოწმე, როდესაც 3-4 წლის ბავშვი დედას ხელიდან სტაცებს ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს და ცდილობს თავად, დამოუკიდებლად ჩაიცვას, ან ითხოვს, რომ კოვზი მისცენ, რათა დამოუკედებლად ჭამოს. მართალია, მისი მოქმედებები ჯერ კიდევ საკმარისად დახვეწილი არ არის, მაგრამ, ბავშვის მონდომების და მცდელობის უგულებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება, რადგანაც ამ პერიოდში აღნიშნულ მოქმედებებში ჩვენმა აქტიურმა ჩარევამ ადვილი შესაძლებელია, ბავშვს დაუკარგოს დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, რაც მოგვიანებით ახალ პრობლემებსა და სირთულეებს წარმოშობს აღზრდის პროცესში. მივცეთ ბავშვს საშუალება დამოუკიდებლად ჩაიცვას, გაიხადოს, შეიკრას ღილები, ფეხსაცმლის ზონრები, დამოუკიდებლად ჭამოს, ჩაალაგოს თავისი ნივთები ჩანთაში, დაალაგოს სათამაშოები საჭირო ადგილას. აღნიშნული მოქმედებები  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთის მხრივ, თვითმომსახურების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და, მეორეს მხრივ, ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ბავშვის, როგორც მოტორული, ასევე ინტელექტუალური განვითარებისთვის და სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად.

 

 

 

 

სიტყვის თავისუფლების დილემა

0

სიტყვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების პატივისცემას შორის საზღვრის გავლება მთელ მსოფლიოში უჭირთ ხოლმე. გამონაკლისი არც საქართველოა. ამ საკითხზე ადგილობრივი მაგალითების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა კალამი გაგვექცეს და ჟურნალ „მასწავლებლის“ მაღალ სტანდარტებს ერთგვარი საფრთხე შევუქმნათ. აქედან გამომდინარე, ალბათ, აჯობებს, ისევ ევროპას მივაშუროთ და ჩვენი საუკუნის ათიან წლებში მომხდარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი გავიხსენოთ.

რამდენიმე წლის წინ საყოველთაოდ ცნობილმა ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა. კარიკატურების გამოქვეყნებას წინ დიდი პოპულისტური კამპანია უძღოდა. ტირაჟის გაზრდისა და სკანდალების საფუძველზე აქტუალობის შენარჩუნების მიზნით „შარლი ებდოს“ ავტორები არ ერიდებოდნენ ისლამის თემაზე საკმაოდ ვულგარული შინაარსის მასალების გამოქვეყნებას. კამპანია შემაძრწუნებლად დასრულდა: ფუნდამენტალისტური ისლამის წარმომადგენლები, ტერორისტები, რედაქციას თავს დაესხნენ. ექსტრემისტებმა ათზე მეტი ადამიანი იმსხვერპლეს. ჟურნალის თანამშრომლებთან ერთად სიცოცხლეს ორი პოლიციელიც გამოესალმა. მილიარდობით ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა ტერორისტული აქტის ამსახველი კადრები. მთელი სამყარო შეძრა განწირული ადამიანების ყვირილის ხმამ.

ტერორისტული აქტების დასრულებისთანავე ყველა შეთანხმდა, რომ ტერორიზმი და ძალადობა დაუშვებელი და გაუმართლებელია. არავის აქვს უფლება, გამოთქმული მოსაზრების გამო სხვა გაანადგუროს. ტერორისტები ნებისმიერ შემთხვევაში უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. საზოგადოებისგან მათი იზოლირება და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა ქსელის გაცამტვერება სამართალდამცავი ორგანოების უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. ტერორიზის მიზეზი შეიძლება ახსნა, მაგრამ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელი და ამორალურია.

თუმცა ტერორისტულმა შეტევამ, საზოგადოების კონსოლიდაციასთან ერთად, საკმაოდ მძიმე დისკუსიებსაც დაუდო სათავე. კერძოდ, მოქალაქეთა და საჯარო ინტელექტუალთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაეთანხმა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შარლი ებდოს“ ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებას შეწირული გმირები არიან.

რა არგუმენტებით გამოდიოდნენ პრეზიდენტის მოსაზრების მოწინააღმდეგეები?

უპირველეს ყოვლისა, „მთავარი დინების“ ოპოზიციაში მყოფმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ სატირა მნიშვნელობას კარგავს, თუ ის სუსტების დაჩაგვრას ემსახურება. ტრადიციული ისლამის მიმდევარი პირები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ ფუნდამენტალიზმთან, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ და საფრანგეთის უღარიბესი, უსამართლოდ სტიგმატიზებული მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ამასთანავე, მათი ყოფა, მათი ოჯახების ისტორია დამძიმებულია საფრანგეთის კოლონიური და იმპერიალისტური წარსულის ტრაგიკული შეცდომებით. შეუძლებელია, მუჰამედის კარიკატურები მხოლოდ ექსტრემისტების საქმიანობის გასაპროტესტებლად იქმნებოდეს – მათ პირდაპირი გავლენა აქვთ ყველა მუსლიმზე, მათ შორის – პატიოსან მოქალაქეებზეც. იაფფასიანი სატირა მათ არაფორმალურ დისკრიმინაციასა და შევიწროებას, ასევე რადიკალიზაციას უწყობს ხელს.

დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მედიის ორმაგ სტანდარტებზეც. ევროპული საზოგადოება და პრესა ხშირად ძალიან მკაცრად აკრიტიკებს ირანულ გაზეთებს, რომლებიც ანტისემიტური კომპოზიციების შექმნისა და გავრცელების მთავარ ბასტიონს წარმოადგენენ. ამ გამოცემებს სამართლიანად ადანაშაულებენ რასიზმში. საფრანგეთის პრეზიდენტის ოპოზიციონერებს უჩნდებათ კითხვა: რატომ არ ვრცელდება აღმოსავლური პრესის კრიტიკის სტანდარტები დასავლურ პრესაზე? აქვე ევროპელმა ინტელექტუალებმა „შარლი ებდოს“ ისტორიიდან ერთი მოვლენაც გაიხსენეს. 2008 წელს რედაქციიდან გაათავისუფლეს კარიკატურისტი, რის მიზეზადაც ნიკოლა სარკოზის შვილის გამოსახულებით შექმნილი ნაშრომის „ანტისემიტისტური“ შინაარსი დასახელდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ებრაელთა რასობრივი ნიშნით ჩაგვრა უბედურებაა. ანალოგიურად უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დამცირებაც არაჰუმანური და ანტიდემოკრატიული ქმედებაა.

რა მოითხოვეს მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით აღშფოთებულმა პირებმა?

მათ ცენზურის დაწესება და გემოვნების სტანდარტების განმსაზღვრელი სამინისტროების ან ინსტიტუტების შექმნა არ მოუწადინებიათ. არც ძალადობისა და შევიწროების მომხრეებად ქცეულან. ოპოზიციონერებმა მხოლოდ იმაზე მიანიშნეს, რომ მეტი თვითკრიტიკაა საჭირო; რომ ტირაჟის გაზრდისთვის ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა სოციალურად არასასურველი და არაპრესტიჟული უნდა გახდეს. მოაზროვნეებმა საზოგადოებას მოუწოდეს, რომ სიტყვის თავისუფლებისა და სხვათა პატივისცემის ღირებულებებს შორის იერარქია მოეშალათ და ისინი თანასწორ პრიორიტეტებად მიეჩნიათ.

ყველაფერს კანონი ვერ დაარეგულირებს, ბევრ დამოკიდებულებას შინაგანი კულტურა განაპირობებს. მასწავლებლებმა უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ მოსწავლეებს არასდროს მოუნდეთ სიტყვის თავისუფლების პრივილეგიის სხვათა დასამცირებლად გამოყენება.

გაკვეთილების შემდეგ საკითხავი 

0

(ახალი სერია და ძველი წერილები)

 

– ბავშვებო, ოდესმე თუ გიოცნებიათ, თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლისთვის წერილი მიგეწერათ, მისგან კი პასუხი მიგეღოთ? ციფრულ გზავნილებსა და სოციალურ ქსელში მიმოწერას როდი ვგულისხმობ, ნამდვილ წერილზე გეკითხებით: ფურცელზე პასტით  დაწერილზე, მარკიან კონვერტში დალუქულზე, საფოსტო ყუთში რომ ჩააგდებთ და ადრესატამდე ფოსტალიონს მიაქვს… და თუ გიოცნებიათ, რომელ ავტორს აირჩევდით „კალმის მეგობრად?“

ჩემი აზრით, ზემოთ დასმული კითხვები ორიგინალური გაკვეთილის ჩატარების მშვენიერი წინაპირობაა. პასუხების მოსმენაც საინტერესო იქნება და ხელასყრელ ნიადაგსაც მოვამზადებთ ერთი წიგნის წარსადგენად, რომელსაც „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ ჰქვია.

„შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“  შვედი გოგონა სარა იუნგკრანცისა და საქვეყნოდ ცნობილი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ოცდაათწლიან მიმოწერას ასახავს. წიგნში გაერთიანებული 80 წერილი თავიდან ასტრიდ ლინდგრენის არქივში, შემდგე შვედეთის ბიბლიოთეკაში ინახებოდა, 2005 წლიდან კი მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადდა. წელს წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და მნიშვნელოვან სერიასაც ჩაუყარა საფუძველი.

„გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა დროის, ჟანრობრივად განსხვავებულ ბესტსელერებს გააერთიანებს. ამ სერიით გამოცემულ წიგნებში განსაკუთრებულ აქცენტს თინეიჯერების პრობლემებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე დასვამენ. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მოზარდებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებსაც დააინტერესებს.

სწორედ ასეთი წერილები

„გამარჯობა ასტრიდ ლინდგრენ! მე მქვია სარა იუნგკრანცი. მე ვარ 12 წლის. მსახიობი უნდა გამოვიდე,“ – ასე იწყებოდა პირველი წერილი, რომელიც 1971 წლის აპრილში სარამ ასტრიდს მისწერა. გოგონას მხატვრულ ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლის შესრულება სურდა და იმედოვნებდა, სახელგანთქმული მწერალი მიზნის მიღწევაში დამეხმარებაო.

ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ათასობით ნახატს, სკოლის მოსწავლეები კი აურაცხელ წერილს უგზავნიდნენ თავიანთ ფავორიტ მწერალს. ლინდგრენი თვლიდა, უპასუხოდ არც ერთი ბავშვის წერილი არ უნდა დარჩენილიყო, წერილების ავტორებიც მოლოდინით იყვნენ განმსჭვალულები. ასტრიდი ხომ ერთხელ მაინც  ყველა ბავშვს პასუხობდა, სარას შემთხვევა კი სრულიად განსაკუთრებული აღმოჩნდა!

12 წლის გოგონა

„ძალიან ხშირად მემართება ასე, ჯერ რაღაცას ვაკეთებ და მერე ვნანობ; აურზაური გამოვიწვიე, გავიქეცი, გავიპარე, სკოლა გავაცდინე და… შედეგიც შესაბამისი მოჰყვა; მოზარდთა ფსიქიატრიულ კლინიკაში მომათავსეს, იმის გამო სიბნელის რომ მეშინია და სახლში კი სულ ჩხუბი და დავიდარაბაა; თუ გინდა ამ ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, შენზე ძლიერს (პოპულარულ მეგობრებს) უნდა დაეთანხმო და მიეკედლო; თუ ვინმე მაწყენინებს, ტყეში შევრბივარ და იქ ვბღავი და მოვთქვამ. საკუთარი თავი მებრალება და იმიტომ; ზოგჯერ ხმამაღლა სიცილს ვიწყებ და მთელ კლასს ვიყოლიებ; მე თან კარგად ვარ თან ცუდად – ყოველდღე სხვადასხვანაირად ვარ;  რომ შემეძლოს საერთოდ არ ვივლიდი სკოლაში, მეზიზღება სკოლა, ქანცს გაძრობს და არანაირი სარგებლობა არ მოაქვს… სადაც არ უნდა გადახვიდე, სკოლა ყველგან ერთნაირად საძაგელია; მეზიზღებიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავისი უპირატესობა დამიმტკიცონ; მეზიზღება ყველა, ვინც რაიმე სახით ძალადობს სხვა ადამიანზე. დაჯერებაც მიჭირს, რომ ისინიც პატარა ბავშვები იყვნენ და მოსიყვარულე მშობლები ჰყავდათ; დიდი ხანია მინდა გავერკვე იმაში, ჩემი ცხოვრება რატომ არ ჰგავს ნამდვილ ცხოვრებას; შენიშვნები მცდარი იქნება თუ ნამდვილი, ყველა ერთნაირად მეზიზღება;  მთელი სამყარო სიყალბით არის სავსე; ნეტავ ერთი ვინმე მაინც მყავდეს, რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის ჩემს მხარეს რომ იქნება;!“

ვფიქრობ, სარას ეს ფრაზები თინეიჯერებისთვის ნაცნობი ემოციებით უხვადაა გაჯერებული. ახალგაზრდები წიგნის წაკითხვის შემდეგ არაერთ პრობლემურ შეკითხვაზე მიიღებენ პასუხს, მეამბოხე გოგონასთან მეტ საერთოს აღმოაჩენენ და წერილების ლეიბის ქვეშ შენახვის მიზეზსაც შეიტყობენ.

55 წლის მწერალი

რით დაიმსახურა რიგითმა შვედმა გოგონამ მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის ყურადღება? პასუხს ასტრიდის წერილებში მიაგნებთ: „სარა, შენში არის რაღაც, რაც ძალიან მომწონს, მიუხედავდ იმისა, რომ არაერთხელ გატკინეს გული, ცდილობ თავი სხვა ადამიანების ადგილას წარნომოიდგინო, იგრძნო, რას გრძნობენ ისინი.“

დროთა განმავლობაში მწერალი უფრო და უფრო დაუახლოვდა სარას, მისთვის სასარგებლო რჩევებს არ იშურებდა, ესაუბრებოდა რწმენაზე, განათლების მნიშვნელობაზე, მომავალ პროფესიაზე. არწმუნებდა სიმთვრალის, აბორტისა და სიგარეტის მავნებლობაში: „როგორ იცხოვრებ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოეპყრობი შენს ორგანიზმს.“ უხსნიდა, რომ „მამაკაცის გარეგნობით მოხიბვლა და შეყვარებულობა“ განსხვავებული მცნებებია. ზოგიერთი წერილში კი ასტრიდ ლინდგრენი გულახდილობის ხასიათზე დგებოდა და უმცროს მეგობარს ფამილიარულად უმხელდა საკუთარ „ახირებებს:“

ცეკვა კოლოსალურ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ყველაზე დიდი ხალისით მაშინ ვცეკვავ, როცა მარტო ვრჩები გრამოფონის წინ; ბავშვობაში და მოზარდობაში ბევრს ვტიროდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 30-40 წლისა აღარ ვიტირებდი; შობის დღეს ძვირფასი სამკაულივით ვუფრთხილდები. ამ დღეს არსად მივდივარ და სტუმრებსაც არ ვიეღებ, სრულებით მარტო ვზივარ, ვკითხულობ, მუსიკა ვუსმენ და ვცდილობ მაქსიმალუი სიამოვნება მივიღო. ჩემი აზრით, შობა ყველაზე კარგი დღეა; უცნობი ადამიანები მირეკავენ, ათას რამეზე ჩივიან და ჰგონიათ, რომ მე ყოვლისშემძლე ვარ!“

საბოლოოდ ლინდგრენისთვის სარას ცხოვრება ერთ საინტერეო წიგნად იქცა, უმცროსი მეგობრისგან პასუხებს სულმოუთქმელად ელოდა, რათა გაეგო როგორ მიედინებოდა მისი ცხოვრება სკოლისა თუ კოლეჯის დსარულების, სამსახურის არჩევის, დაოჯახების შემდეგ:

 „ არავის არ უნდა მისცე უფლება დაგჩაგროს! შენ იმათ რიცხვს მიეკუთვნები, ვისაც ზოგჯერ ძალიან უჭირს თავის ყოფასთან შეგუება, იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი და მგრძნობიარე ხარ. შენნაირ მგრძნობიარე ახალგაზრდებს ყველაგფერი გულთან ახლოს მიაქვთ და ამიტომ მკვეთრად შეიგრძნობენ ჩვენს გარშემო დაგროვილ ყველა დარდსა და წუხილს. ისინი კი ვინც ზედმეტად თავდაჯერებულნი არიან, დროს მხიარულად ატარებენ და მოზარდთა ფსიქიატრიულ კლოინიკაშიც არასდროს ხვდებიან; შენ შენი ასაკისთვის უჩვეულოდ ბევრს ფიქრობ და განიცდი. იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნები, რომლებიც მთელი სამყაროს დარდსა და საზრუნავს განიცდიან. მეც ხშირად შემომაწვება ხოლმე  ეგ გრძნობა. ზოგჯერ ყველა ვხედავთ იმ საზარელ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ, რომელშიც ადამიანები მარტოსულები, სევდიანები და სასოწარკვეთილები არიან;  როგორ მინდა, ერთი ნამდვილი მეგობარი მაინც გყავდეს, რომელსაც ბოლომდე ენდობი; ყველაზე მეტად მინდა ვნახო, როგორ განვითარდება სარა, ოღონდ ობიექტივით კი არ დაგაკვირდე, გისურვებ ბედნიერი და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრო. შეძლო შენს წინაშე არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება.“

როდესაც გოგონა 53 წლის გახდა

„თუ სინამდვილე უნდა აღვწეროთ, მაშინ მხოლოდ ნათელი მოგონებები კი არ უნდა გავიხსენოთ, ცუდზე და კარგზე ერთნაირად უნდა ვილაპარაკოთ. სხვანაირად ჩვენი მოყოლილი ამბავი არ იქნება გულწრფელი,“ – ამ სიტყვებს ამოიკითხავთ 53 წლის სარა იუნგკრანცის ბოლო წერილში, რომელიც მკითხველს ეკუთვნის. ბუნებრივია, რომ 12 და 53 წლის ადამიანები ცხოვრებას სხვადასხვანაირად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, როდესაც წერილები გამოსაცემად მზადდებოდა, სარამ გადაწყვიტა უცვლელად, ყოველგვარი რედაქტირებისა და ჩასწორების გარეშე დაებეჭდათ და გამოემზეურებინათ ყველაფერი. მას ხომ ყოველთვის მოსწონდა შეულამაზებელი ცხოვრება – „სწორედ ისეთი, როგორიც არის მაშინ, სტუმრებს რომ არ ელოდები.“

P.S იმედს გამოვთქვამ, „შენს წერილებს ლეიბის ქვეში ვინახავ“ უმცროსი თაობის ქართველი მკითხველისთვის საინტერესო წიგნი აღმოჩნდება და ინსპირაციის წყაროდაც იქცევა (თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერლებთან არაერთ საინტერესო მიმოწერას ჩაუყრის საფუძველს).

ექსპერიმენტული პოეზიის ანტიესთეტიკა და ეპატაჟი – ჟურნალი: „H2SO4“

0

ქართველი ფუტურისტების ერთგვარ ანტიესთეტიკურ პლატფორმას წარმოადგენდა მათ მიერ 1924 წელს გამოცემული ჟურნალი  „H2SO4“, რომელშიც თავი მოიყარეს ახალგაზრდა ავანგარდისტებმა ხელოვნების გარდაქმნის რადიკალური იდეებით. ესენი იყვნენ: ბენო გორდეზიანი, ნიოგოლ ჩაჩავა, ირაკლი გამრეკელი, პავლო ნოზაძე, ჟანგო ღოღობერიძე, აკაკი ბელიაშვილი, ბიძინა აბულაძე, სიმონ ჩიქოვანი, ნიკოლოზ შენგელაია, შალვა ალხაზიშვილი. თავიანთი შეხედულებებით ხელოვნებისა თუ ყოფის სხვადასხვა საკითხზე ისინი მკვეთრად ემიჯნებოდნენ წინარე ლიტერატურულ სკოლებს, უპირველესად კი, სიმბოლისტებს, რომელთა ესთეტიზმი  გადმონაშთად და რომანტიკული მსოფლგანცდის დაგვიანებულ გამოძახილად მიაჩნდათ.

ამ ჟურნალში წარმოჩნდა ყველა ის ექსპერიმენტი, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ სიტყვიერი გამოთქმის სფეროში. მათ ენობრივ „სალტომორტალეებს“ ამძაფრებდა ორიგინალურად, სხვადასხვა ვარიაციით გამოყენებული შრიფტი, დიდი და პატარა ასოების მონაცვლეობა, თავდაყირა დაბეჭდილი ტექსტი, კონოენისთვის დამახასიათებელი მონტაჟური ტექნიკით აწყობილი მასალა, გრაფიკული ფიგურები, სარეკლამო ნარატივისთვის ნიშანდობლივი ელემენტების გამოყენება. ორიგინალური გამოხატვის მეთოდს, ზაუმს, უნდა წარმოეჩინა თანამედროვე სამყაროს უსაზრისობა, ქაოსურობა, სააზროვნო ცენტრების მოშლა, ძველი, ტრადიციული ცხოვრების სრულიად შეცვლა და ამის საფუძველზე ყოფის  არსობრივად გამოსახატავად სრულიად ახალი გზების ძიების მეამბოხური სულისკვეთება. ყოველივე ამას ხაზს უსვამდა და ამძაფრებდა ირაკლი გამრეკელის აბსტრაქციონისტული ნახატები, რომლებსაც მკითხველი უჩვეულო წარმოსახვითი სივრცეებისა და განზომილებებისთვის უნდა ეზიარებინა.

ისინი ფიქრობდნენ, რომ ქართული ხელოვნება სრულიად დაშორებული იყო თანადროულობას, ამიტომ საჭირო იყო მისი გარდაქმნა, ტრანსფორმაცია, რათა გამოხატულიყო ტექნოლოგიების განვითარების ხანაში ადამიანის ახალი ძიებების გზები, ის ტემპი, რიტმი და ენერგეტიკა, რომელიც ურბანიზმის პირობებში იბადებოდა, ვითარდებოდა და კაცობრიობას წარმოუდგენელ პერსპექტივებს უქმნიდა სამყაროს შესამეცნებლად. ამიტომ მხატვრული შემოქმედებისთვის სრულიად გამოუსადეგარი იყო რეალისტური, რომანტიკული, სიმბოლისტური, იმპრესიონისტული თუ ამ რიგის სხვა იზმისთვის დამახასიათებელი სტრატეგიების გამოყენება.

ქართველ ფუტურისტებს საქართველოში არსებული მოდერნისტული სკოლები პლაგიატად მიაჩნდათ და ამტკიცებდნენ, რომ მათს სულისკვეთებას ან საერთოდ არაფერი, ან მცირე რამ  ანათესავებდა იტალიურსა, ფრანგულსა თუ რუსულ ფუტურიზმთან.  ისინი უარყოფდნენ იტალიურ ფუტურიზმს, როგორც „არისტოკრატიის კომფორტს“, ფრანგულს, თავისი დადათი, ემიჯნებოდნენ, როგორც „სალონურ რევოლუციონერობას“ და რუსულს, როგორც მხოლოდ პლაკატსა და აგიტაციას. რა თქმა უნდა, ამგვარი რადიკალიზმი იყო ერთგვარი ექსტრემალური პოზა, რომელსაც მათი ინდივიდუალურობა მეტად უნდა გამოეკვეთა.

„პოეზია სიტყვის გარეშე“ იყო მათი მთავარი ამოცანა, რომელსაც ნაცნობი სიტყვების ბანალური შინაარსისგან გათავისუფლებით, მათი მნიშვნელობის ტყვეობისგან ხსნით, სრულიად ახალ კონტექსტში მოქცევის მცდელობით თავიანთი განცდების გამოსახატავ ინსტრუმენტად იყენებდნენ. მათთვის მიუღებელი იყო ის ლექსიკა, რომლის შინაარსი გულისხმობდა სუფთას, შეურყვნელს, ამაღლებულს, წმინდას. ისინი ფიქრობდნენ, რომ პოეზიას  უნდა მოეშორებინა ეს სიყალბე, გაცვეთილი ლირიკა, შაბლონური და სტერეოტიპული რეალიზმი და სიტყვის ხელახალი აღმოჩენით, ცალკეულ ბგერაზე აქცენტირებით ადამიანის შინაგანი სამყაროს ის ნიუანსები გადმოეცა, რომლებიც ზუსტად შეესატყვისებოდა მის განცდებს და გამოხატვის პროცესში არ მრუდდებოდა და გადასხვაფერდებოდა. სიტყვის მონტაჟი, აკრობატიკა, სანახაობა, ჯამბაზობა,  ინჟინერია, მასთან შეხება, ზმნის გარეშე მოძრაობის გამოხატვა – იქცა მათ მთავარ საფიქრალად, რათა სამყაროსა და ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარე ეპოქალური კატაკლიზმები გამოეხატა. ნიოგოლ ჩაჩავა: „უწინ იყო მუზა. ეხლა არის ტექნიკა. იყო პოეზია – კეთილშობილება. არის ავანტიურა” (ჟურნ. H2SO4; 1924, გვ. 5).  ფუტურისტებისთვის ილიას „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის მიწიერი ზეციერსა…”, ან მოდერნისტული, ვალერიან გაფრინდაშვილისეული „სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა, გარდა სიგიჟის…”, ან აკაკის „ჩონგურს სიმები გავუბი, მოვმართე ნელა-ნელაო” იყო მხოლოდ „ჩონგურის სიმღერები” და მეტი არაფერი. „პოეტის აკადემია – რუსთაველი” იყო მხოლოდ ხსოვნა, „ფეხით სასიარულო წარსული ნაფტალინიანი ისტორია”. მათ უარყვეს რომანტიკა დაა სენტიმენტალური გრძნობების გამოხატვა, შესაბამისად, თემები: „სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა, ცრემლები, მისტიკა, ფერუმარილი, ქინაქინა, სარკე, მამულიშვილობა, თავადაზნაურობა…” (ჟურნ. H2SO4; 1924, გვ. 4). ლექსის შექმნას ჩაენაცვლა როშვა, რომელიც უდრიდა სიტყვის „მონტაჟსა და ინდუსტრიას”. „პოეზია+პოიეტი=0” (ასე ირონიულად მოიხსენიებდნენ პოეტს). ბენო გორდეზიანი წერდა: „საქართველო არის ქოთანი, სააკაძე და მეწისქვილე”. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბგერათა კომბინაციით უნდა გამოეხატათ ის, რასაც „ახალ სამყაროში”, ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში ხედავდნენ.

„ნატიფი ფრაზის ადგილს იჭერს უხეში გამოთქმა. ჭარბად შემოდის ურბანული გარემოს, ტექნიციზმის ამსახველი სპეციფიკური ლექსიკა („ელექტროს შადრევანი“, „მოტორი“, „აეროპლანები“, „ფოლადის კუნთები“, „ცეცხლის ცეპელინი“, „ტელეფონი“, „ბატონ-ბეტონი:, „ავტომობილი“, „დებეტი-კრედიტი“, „პროსპექტი“, „ეკრანი“, „ტრესტი“, „ფაბრიკანტები“, „ტროტუარი“, „ტრანსპორტი“…), რომელსაც მოაქვს შესაბამისი განწყობილება და რიტმი. რომანტიკული პათოსის წილ იწყება ცნებების, საგნების, სახელების გამიწიერება, მათ შემოეცლებათ შარავანდედი. მაგრამ ჭარბი ნიჰილიზმი აბსურდამდე მიდის”, – აღნიშნავს სოსო სიგუა.

ამ ჟურნალის ექსპერიმენტებში, რომელსაც გოგირდმჟავას ფორმულა ჰქონდა, როგორც პროვოკაციული სათაური, აქტიურად მონაწილეობდა სიმონ ჩიქოვანი. ისიც იზიარებდა იმ აზრს, რომ ბანალურ მხატვრულ სახეებში მოქცეული ქართული პოეზია უნდა განწმენდილიყო მათი იდეებით ისევე, როგორც გოგირდმჟავა მოქმედებდა ანტისანიტარიის წინააღმდეგ.

ამ ავანგარდისტულმა ექსპერიმენტებმა, რა თქმა უნდა, თავისი კვალი დატოვა ლიტერატურის ისტორიაში. ფუტურისტული იდეები საქართველოში მეოცე საუკუნის 10-იანი წლებიდან გააქტიურდა, რადგან სწორედ ამ დროს ჩამოვიდა რუსი ფუტურისტი იგორ სევერიანინი, რომელმაც თავისი მოგზაურობისას თბილისსა, ბათუმსა და ქუთაისში ბევრი ახალგაზრდა შემოქმედის გული დაიპყრო და მიმდევარიც გაიჩინა. ქართული საზოგადოებისთვის სრულიად უცხო უყო რუსი პოეტის სტილი, ლექსების კითხვის მანერა და ინტონაციები. „იტალიურ ფუტურიზმთან მას ანათესავებდა ეპატაჟური ნარცისიზმი, ძველი კულტურის ხელაღებით უარყოფა, ურბანიზმის გაფეტიშება,  ტექნიკური პროგრესის აპოლოგია” (ლ. ავალიანი). ფუტურიზმის გავლენას ხელი შეუწყო 1914 წელს ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავიდ ბურლიუკისა და ვასილი კამენსკის  და სხვების ჩამოსვლამ, ასევე, რუსეთში უკვე სახელმოხვეჭილი ფუტურისტების, ძმები, ილია და კირილე ზდანევიჩების შემოქმედებამ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლალი ავალიანი დაასკვნის: „რუსული ფუტურიზმის აკვანი თბილისშიც დაირწა”. 10-იან წლებშივე გაეცნო ქართველი ახალგაზრდობა მარინეტისა და მის მიმდევართა მანიფესტებსა და იდეებს. მათით გატაცებულთა შორის  იყვნენ ცისფერყანწელებიც, რომელთა წერილებში ირეკლებოდა სწორედაც ფუტურისტებისთვის დამახასიათებელი დაპირისპირება წარსულთან. პაოლო იაშვილის „წინათქმაში” ჩანს მარინეტის ფუტურისტული მანიფესტის გამოძახილი: „ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას. უარვყოფთ წარსულს… ცეცხლი, ცეცხლი ყველაფერს, რაც შობს მწუხარებასა და დაღლილობას” (პაოლო იაშვილი).  თუმცა ეს მხოლოდ გამოძახილი იყო და მათ ესთეტიკურ კრედოზე უმნიშვნელოდ იმოქმედა.

ფუტურისტული იდეების გავლენა დაგვირგვინდა 1922 წლის 22 აპრილით, როდესაც კონსერვატორიის დარბაზში  გაიმართა მათი პირველი საღამო, ამას მოჰყვა მანიფესტი „საქართველო _ ფენიქსი”,  ჟურნალები:  H2SO4, „ლიტერატურა და სხვ” (რედაქტორი: ნიკოლოზ ჩაჩავა”, 1924-25), „მემარცხენეობა” (პირველ ნომერი რედკოლეგიის სახელით, მეორის რედაქტორი: სიმონ ჩიქოვანი (1927-28 წელი) და გაზეთი „დროული” (რედაქტორი: ჟანგო ღოღობერიძე, 1925). ისინი აპირებდნენ, რომ გამოეცათ ჟურნალი „ზერო” და გაზეთი „0”, მაგრამ ვერ მოახერხეს.  სოსო სიგუას აზრით, „H2SO4“ არ იყო მხოლოდ ჟურნალის სახელწოდება, არამედ ჯგუფი, რომელმაც გააერთიანა  დადაიზმის, კონსტრუქტივიზმის და ფუტურიზმის პრინციპები.

1924 წლის 25 მაისს გამოცემულ ამ ჟურნალში დაბეჭდილია სიმონ ჩიქოვანის შემდეგი ტექსტები: სამი ლექსი („სანაპირო სიმღერა ხაბო”, „რომანტიული პლაკატი” და უსათაურო) და ორი წერილი („პროექტი ახალი კრეისერის, ფოკუსი მობრუნებული შემოქმედების, H2SO4 პოეზიის პარალიტიკებს, კრეტინების ქარხანა”), რომლებზედაც ამჯერად გავამახვილებთ ყურადღებას. მათში კარგად წარმოჩნდა ფუტურისტული მსოფლმხედველობის  არსი და სარკესავით აირეკლა  სამყაროს აღქმისა და გამოსახვის ძირითადი პრინციპები. ორივე ესე ეკლექტურობით გამოირჩევა და წარმოაჩენს ავტორის სურვილს, დაასაბუთოს ფუტურისტული ანტიესთეტიკური პოზიციის ჭეშმარიტება.

წერილში „ფოკუსი მობრუნებული შემოქმედების” 22 წლის სიმონ ჩიქოვანი იზიარებს აზრს, რომ „მობრუნება უდრის მოძრაობის ახალ კომბინაციებს”. მისი აზრით, სამყარომ, საგნებმა რღვევა დაიწყეს და ამ აპოკალიფსურ დრო-სივრცეში დედამიწის რექვიემი უნდა შეექმნა ახალ პოეზიას. მისი აზრით, რომანტიზმი დაიღუპა, ჩაიარეს „რომანტიკულმა სეზონებმა” და თან წაიღეს მისთვის დამახასიათებელი მშვენიერების კულტი, საჭირო იყო ახალი რიტმი, რათა დაეხატა „ადამიანი მანქანა” – პირმშო თანამედროვე ცივილიზაციისა. მან მარინეტი კოლუმბად გამოაცხადა, რომელმაც ადამიანის შინაგანი სამყაროს ახალი სივრცეები აღმოაჩინა. დიდმა ქალაქებმა, განვითარებულმა ტექნოლოგიებმა მოსპეს რელიგია და მისტიკა, საკრალურისა და ღვთაებრივის განცდა, მათი ადგილი დაიკავეს უტილიტარულმა ნივთებმა და ყველაფერი გადალაგდა. იგი ამ პროცესში  სამ ეტაპს გამოყოფს:

  1. საგნების დაშლა;
  2. საგნების განივთება;
  3. ათვისება ნივთების.

„დაღუპვისა და მობრუნების პოეტიკამ”, როგორ თვითონ უწოდებს ახალ ესთეტიზმს, მოიტანა ახალი სახეები, მაგალითად: ჟიულ ლაფორგის: „მზე მკრთალი, როგორც ნაფურთხი” – მოწმობს იმას, რომ საგანი, როგორც მისტიკური ფენომენი, დაიკარგა. მაიაკოვსკის: „მზე  – “ყვითელი მღებავი” – მიგვანიშნებს იმაზე, რომ „ღვთაებრიობა გადავიდა კომფორტში”,  მარინეტის: „გული წითელი შაქრის” – ასახავს იმას, რომ „საგანი გახდა უტილიტარული, ე.ი. ნივთი” და  პასტერნაკის: „მზე აკრობატი”_ მოწმობს იმას, რომ „საგანმა შეითვისა აკრობატიკა (ღვთაებრიობის ნაცვლად) და გახდა ნივთი” (H2SO4, 1924 წ. გვ. 36).

სიმონ ჩიქოვანი ყურადღებას ამახვილებს ომების შემდეგ მოტანილ კრიზისზე, კომუნისტური რევოლუციების პერსპექტივებზე და ახალი პოეზიის შექნის აუცილებლობაზე. იგი ზედმიწევნით მიმოიხილავს დადას, როგორც ფუტურიზმის წიაღში წარმოშობილ ახალი პოეტური ენის შექმნის წარმატებულ მცდელობას: „დადაისტებმა ლექსებისთვის აფრიკული ლექსიკონი შეადგინეს, ხშირად კი მთლიანად მოსპეს მეტყველება”. მას აინტერესებს უფრო ამ ექსპერიმენტის პროცესი, ვიდრე შედეგი და მიიჩნევს, რომ დადაისტების სიტყვიერი აკრობატიკა საზრდოობს სხვათა (აპოლინერი, ლოტრეამონი, მარინეტი) იდეებით და  „დეკადენტური ნარჩენი დადაში ლოტრეამონის ვაგონიდან არის გადმოტვირთული” (H2SO4, 1924წ. გვ. 37).  სიმონ ჩიქოვანის აზრით, „ფუტურიზმი არის ეკრანი მყოფადერი რეალობის”. მას არა აქვს მიზანი, ის მხოლოდ ნივთებს ქმნის, თან იგი არის კონსტრუქცია მომავლის ფსიქიკისა.  ესე იგი, პოეზია არის ნივთი. თავის მსჯელობას ის ამთავრებს ამ ახალი პროექტის, ფუტურიზმის იდეების, ერთგვარ ფორმულებში მოქცევით: ამისთვის ის მოიხმობს მათემატიკისა და ფიზიკის ცნებებს და აზრს ასე  აყალიბებს:

  1. 1=2. ეს ნიშნავს შემდეგს: დედამიწა ორბიტის გარშემო მოძრაობისას მოხაზავს მოძრაობის ორ ფორმას: მოძრაობას ღერძისა და მოძრაობას ორბიტის გარშემო. მიწის ბურთი არის 1, მოძრაობის ფორმა 2. უმოძრაო მიწის ბურთი არის საგანი, რომელიც მოძრაობაში კარგავს საგნობრიობას და იქცევა ნივთად (დაბადება რგოლების). ხელოვნებაში რგოლი არის სუპრემატული ნივთი. ეს რგოლი იტევს მოძრაობასაც და მიწის ფორმასაც. მოძრაობას საგანი გადაჰყავს რამდენიმე ნივთში. ამ მსჯელობის შემდეგ კი ავტორი მეტაფორულად დაასკვნის: „აქ არის მშობიარობა ფორმების და ეს ფორმულიროვკა უდრის თანამედროვე რიტმს” („H2SO4“, 1924 წ. 39).

მეორე  წერილში, ეპატაჟური სათაურით „კრეტინების ქარხანა” სიმონ ჩიქოვანი აკრიტიკებს მოდერნისტულ სკოლებს, უპირველესად, ცისფერყანწელების სიმბოლისტურ ესთეტიკას. მისი ლექსიკა და შეფასებები ზედმეტად უხეში და თავხედურია, რაც სრულიად მიესადაგება ქცევის იმ  კოდექსს, რომელსაც მიჰყვებოდნენ მსოფლიოს ფუტურისტები. მაგალითად, ყანწელების სკოლას უწოდებს მასხრულს, მათს შემოქმედებას „თაგვების რეპერტუარს”. „მთელი იდეოლოგია და პრაქტიკა „ყანწელების” იყო იმერული სადღეგრძელოები”. რობაქიძე-გამსახურდიას ერთ ტაფაში მოაქცევს და დასცინის მათს ექსპრესიონისტულ ცდებს. „გამსახურდია რუსული ჟურნალ-გაზეთების ბიბლიოგრაფიული წერილებით კითხულობდა ლექციებს  და პროსპექტზე უკანასკნელი მოდის ფრაკით დაიარებოდა”, რობაქიძეს „მალარიის დეგენერატად”  და „კარდონის მუმიად” მოიხსენებს, აგრეთვე, ქართული ბულვარული ჭორების შემკრებად, „ამის შედეგი იყო ის, რომ პოეზია გადაიბარგა ჭაობების კურორტებში”. კოლაუ ნადირაძეს უწუნებს „კომბოსტოს გემოვნებას”, პაოლო იაშვილს – „შეტრუსულ ფარშევანგებს”. „პაოლო იაშვილი გამოდის დამცველად ყველა ნაგვის, რომელიც დარჩენილია საქართველოში სიცარიელის ამოსავსებად… იგი არის პოეზიაში მეთაური „მმაჩის” ბიუროს დაარსების”.  „ტიციან ტაბიძეს აქვს ბალალაიკის სტილი. ტიტეს არა აქვს სმენა. ქალდეას მისტიკა და ირონია ერთად დეზინტერიის დროს თუ მოთავსდება”. ვალერიან გაფრინდაშვილი კი „აგონებს ციყვს, რომელიც სარკეში ზის და რომლის ამოყვანაზეც ოცნებობს”. ყანწელების პოეზიას მიიჩნევს ბალმონტისა და ბრიუსოვის პლაგიატად, ვერსიფიკაციულ ძიებებს  – „ყროყინად”, „მოშლილი გრამაფონის” ჟღარუნად. მასხრად იგდებს მათს ევროპელობასაც: „პატივცემულ ევროპიელებს კალოშები გემზე დარჩათ”. იგი კბილს გაჰკრავს გალაკტიონსა და გრიშაშვილს: „ყანწელები ეფარებოდნენ გალაკტიონ ტაბიძის გრეხას და კაბას და გრიშაშვილის აბანოს”, გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენები – შამილი, შავი პელიკანი – ვაშა, ვაშა (არღნის მოტივი)”.  „გრიშაშვილის ლექსები იმღერება სოფლის გიტარაზე”. არც ინგოროყვასა და კოტეტიშვილს ინდობს: ინგოროყვას – „ჩახრუხაძეზე შემჯდარ მოგზაურ მხედარს” უწოდებს. „ქართული სიტყვა” ვახტანგ კოტეტიშვილის გაზეთად გადაიქცა. აქ გროვდება საქართველოს მთელი სანაგვე მასალები. პოეტები ანბანზე მოინახებიან”. „რა უნდა ამ ხალხს, არავინ იცის”. იგი აკრიტიკებს ამ „ნაგვის” მკვლევრებსაც – ზაქარია ჭიჭინაძესა და ივანე გომართელს.

იგი მოდერნისტ მწერლებს უწოდებს „პარალიტიკებს”, რომლებიც  სხვადასხვა ჟურნალის გზით ცდილობენ თავიანთი „ბულვარული შემოქმედების” გასაღებას. ამ ლანძღვას იგი ასრულებს ამგვარად: „ამიერიდან ყურადღება უნდა მიექცეს ხელოვნების ანტისანიტარულ მდგომარეობას და დაწყებული გალტაბ ტიტტაბიდან კასრაძეთი დათავებული გარეკილ იქნენ შემოქმედების არენიდან. ჰაერის დასაწმენდი რეცეპტი მოცემული არის: H2SO4” („H2SO4“, 1924წ. გვ. 39).

შემდეგ სიმონ ჩიქოვანმა შედარებით ნაკლები ეპატაჟურობითა და ზომიერი  მსჯელობით  განაგრძო თეორიული შეხედულებების წარმოჩენა ფუტურისტთა ზემოთ დასახელებულ ჟურნალ-გაზეთებშიც.

ამ ჟურნალში დაბეჭდილ სამ ლექსთაგან კი, პირველი, „სანაპირო სიმღერა „ხაბო”, გამოირჩევა  სურვილით, ბგერების კომბინაციებით, პუნქტუაციის გარეშე, ახალი სიტყვების თამაშით, ხალხური შელოცვის მსგავსი სინტაქსით, გადმოსცეს შეგრძნებათა ხლართები:

„ხიფათი ხაბოს

ორბები ხაბოს

ზორომი, ზორომი,

ღრუბლებს ანღრეულს

კლდეებს ციცაბოს” (H2SO4, 1924წ. გვ. 35).

მეორე ლექსი „რომანტიული პლაკატი” ვერლიბრია, რომელშიც პოეტი, იგივე როშარი, უარყოფს რა „პოეტის სულს”, აქაც პუნქტუაციის გარეშე, ცდილობს მკითხველი გაასეირნოს თანამედროვე ქალაქის პროჟექტორებით განათებულ ქუჩებში, რომლებიც დაცლილია ყოველგვარი რომანტიკისაგან:

„გულს აგარაკზე ვგზავნი ბაგაჟად

და ტელეფონის სვეტების ქსელი

ბებერ რომანტიზმს კიდევ აკაჟებს

„რეკორდ” რეკლამა მკერდზე მიიკარ

კოფთებიც კი პროსტიტუტებს მოაქვთ ბაკალით.

კედლებთ შპალერზე პოულობენ კარტებს დაკარგულს

თქვენ ჩიქოვანი ფრჩხილით დაახრჩვეთ

ჟანგეულ დანით სქესი დაკალით

ჩემი ოცნება მუცელ ძაღლი დახირწნის ხორცს

კამერებივით ამოავსებს კაბელის კათხებს

მე რომანტიზმზე წავიკითხავ ბოლო „რექვიემს”

კრახმალის ლექსი ისტერიკით შუბლის ძარღვს გატკენს” („H2SO4“, 1924წ. გვ. 35).

მესამე, უსათაურო,  ლექსიც ურბანულ თემაზეა. პოეტი ასოციაციური ნაკადებით ხატავს თანამედროვე ქალაქის ხმაურში ჩაკარგულ ნივთებს, იყენებს ალიტერაციებს, რომლებიც ატონალური მუსიკის განცდას ბადებენ. ხანდახან ყველაფერი ემსგავსება იმ ხმაურს, რომელსაც კონცერტის დაწყების წინ მუსიკოსები საკრავების აწყობისას ქმნიან:

„როგორც დეპეშა შესაპყრობი, კვამლის ბულბული,

ღმერთებს გაუგზავნეთ, კომკავშირის რაკეტებით წვერებშეტრუსული”.

სამივე  ლექსს ახლავს ვიზუალური ეფექტები – გრაფიკული ხაზები, გამუქებული სხვადასხვა  ზომის შრიფტი („H2SO4“, 1924წ. გვ. 39).

სწორად შენიშნავს სოსო სიგუა: „სიმონ ჩიქოვანი მოვიდა პოეზიაში და ააყირავა ძველი საგნები, დაარღვია დეკორაციები, რათა შეექმნა ნივთთა ახალი კომბინაცია… სიმონ ჩიქოვანის ლექსის კონსტრუქცია ავანგარდისტულ პერიოდში ჩამოყალიბდა. შემდეგ იგი დაიხვეწა, დაზუსტდა, შეივსო ახალი განცდებით და აზრებით, მაგრამ სისტემა, აზროვნების წესი უცვლელი დარჩა”.

სიმონ ჩიქოვანის მხატვრული სისტემის გასაგებად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის ექსპერიმენტული სააზროვნო პირველმოდელებიც, რომლებიც ჟურნალ „H2SO4“-ის ფურცლებზე დაიბეჭდა.

 

 

ცოდნა თავის ტვინის „მექანიზმების“ შესახებ და განათლების პერსპექტივები

0

(ნაწილი პირველი)

სოციალურ ქსელებში უკანასკნელ ხანს მიმდინარეობს დისკუსია საბაზო საფეხურის საგაკვეთილო ბადის შესახებ. მასწავლებელთა ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ტრადიციული დისციპლინების შევიწროების და მათ ხარჯზე ფიზიკური კულტურისა და სახელოვნებო საგნების არეალის გაფართოების გამო. საკუთარი საგნის გულშემატკივრობა ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ ამ დისკუსებში გვავიწყდება ახალი, მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომები განათლების სისტემებში. სპორტისა და ხელოვნების ჯგუფის საგანთა წილი სასწავლო პროგრამებში იმატებს. ამ მიდგომას თავისი არგუმენტები აქვს. სტატია, რომლის ავტორიც მარიო ვისენტეა, კოგნიტური სწავლების სხვადასხვა ფორმას მიმოიხილავს და სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად სპორტისა და სახელოვნებო საგნების სწავლების მნიშვნელობასაც ეხება.

„კოგნიტური სწავლება არის მთელი ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ვსწავლობთ გამოცდილებით, ემოციებით, სიახლეებით, სხვა ადამიანებთან პირადი ურთიერთობებით და ასე შემდეგ. სწავლა-განათლება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განაპირობებს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ.

სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ განათლებაში სამეცნიერო ცოდნა თავის ტვინის მუშაობის შესახებ, იმისთვის, რომ უკეთ ვისწავლოთ და უკეთ ვასწავლოთ, გავერკვიოთ, როგორ მუშაობს ჩვენი თავის ტვინი, რა შესაძლებლობებს გვიქმნის ის. ჩვენ ვისაუბრებთ კოგნიტური სწავლების მეთოდებზე. შესაძლებლობა, ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი ტვინის სწავლისუნარიანობა, ჩვენს ხელთაა.

ტრადიციულად, სკოლაში ასწავლიან, რომ ინფორმაციის კარგად დასამახსოვრებლად საჭიროა მისი რამდენჯერმე გამეორება. სინამდვილეში როგორ სწავლობს ტვინი? ინფორმაციის დაზუთხვა ვერაფრით გვეხმარება პოტენციალის გაზრდაში, ჩვენი პიროვნებისა და შესაძლებლობების გახსნაში, მიზნისა და წარმატების მიღწევაში.

ჩვენი სწავლა-განათლება განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ ცხოვრებას. და მაინც, მიუხედავად ყველა აღმოჩენისა, რომელიც გაკეთდა კოგნიტური აზროვნების სფეროში, მის ფორმებსა და მეთოდებს განათლებაში ნაკლებად იყენებენ. ხარისხიანი განათლებისათვის საჭიროა, ვისწავლოთ სწავლა აზროვნებით, ჩვენი თავის ტვინის ყველა თავისებურებისა და მახასიათებლის გათვალისწინებით.

რა არის კოგნიტური სწავლება? როგორია კოგნიტური ტექნოლოგიით სწავლების მახასიათებლები?

კოგნიტური სწავლების თეორია ეფუძნება ემოციების, მოულოდნელობების, მოძრაობისა და ნეიროგანათლების სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებსაც თითოეული ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობების განვითარება შეუძლია.

როგორც განმარტავენ, სწავლა – ეს არის რაიმე ცოდნის შეძენა შესწავლის ან გამოცდილების გზით. მეორე მხრივ, ტერმინ „კოგნიტურს“ უკავშირებენ ცნება „კოგნიტურობას“ (აზროვნებას) – ადამიანის უნარს, დაეუფლოს ცოდნას აღქმისა და თავის ტვინის ორგანოების საშუალებით. კოგნიტური სწავლების კონცეფცია გულისხმობს ორგანიზმში ახალი ინფორმაციის მიღებისას მიმდინარე პროცესებს, რომლებიც იწყება გრძნობის ორგანოებიდან, გრძელდება კოგნიტურ სისტემაში და სრულდება ინფორმაციით აღძრულ ეფექტზე საპასუხო რეაქციით.

პლანეტის სხვა ცოცხალი არსებებისგან ადამიანს ყველაზე მეტად სწავლის უნარი გამოარჩევს. ჩვენ წარმოვადგენთ იმის ცოცხალ მაგალითსა და მტკიცებულებას, რომ მუდმივი და უწყვეტი სწავლით კაცობრიობამ მიაღწია ცხოვრების იმ დონესა და განვითარებას, რომლის მომსწრეც ვართ.

თავის ტვინი მეგზური და მცველი ამ ცოდნისა. განვითარების შესაბამისად, ადამიანი სულ უფრო მეტ ცოდნას ეუფლება. „ჩვენ უფრო ჭკვიანები ვხდებით“. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ რაც მეტს ვსწავლობთ, უფრო ჭკვიანები ვართ. თუმცა ასე არ არის. მთავარი ისაა, თუ როგორ ვსწავლობთ. სწავლის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ ცოდნა თავის ტვინის მუშაობის თავისებურებების შესახებ, რათა გავიგოთ, როგორ დავიმახსოვროთ ინფორმაცია ადვილად და ხარისხიანად.

 

სწავლების სახეები

იმპლიციტური სწავლება – ეს ისეთი სწავლებაა, რომლის დროსაც ჩვენ გაუცნობიერებლად ვიღებთ ცოდნას, ანუ საგანმანათლებლო პროცესი გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. ამ ტიპის სწავლების ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს არაწინასწარგანზრახულობა, რადგან მოსწავლემ არ იცის, რომ სწავლობს, ხოლო სწავლის პროცესი განსაზღვრული მოქმედების ავტომატურ შესრულებაში მდგომარეობს. ზოგიერთ ქმედებას, მაგალითად, ლაპარაკს, სიარულს, ჩვენ წინასწარგანზრახვის გარეშე ვსწავლობთ. ბევრ რამეს ვიმახსოვრებთ გაუცნობიერებლად, იმპლიციტურად.

წინა ტიპის სწავლებისაგან განსხვავებით, ექსპლიციტური სწავლებისთვის წინასწარგანზრახულობა და გაცნობირებულობაა დამახასიათებელი. უამრავი მაგალითი შეიძლება დავასახელოთ. მაგალითად, ამ წერილის კითხვა, რასაც თქვენ შეგნებულად, ახალი ინფორმაციის მისაღებად აკეთებთ, ექსპლიციტურია.

ექსპლიციტური სწავლება გააზრებულია, მოითხოვს ყურადღებასა და ძალისხმევას სწავლის გასაგრძელებლად.

 

კოოპერაციული და კოლაბორაციული სწავლება

კოოპერაციული სწავლება არის ჯგუფში სწავლება. მაგალითად, როცა მოსწავლე ასრულებს დავალებას თანაკლასელთან ან თანაკლასელებთან ერთად. ამ ტიპის სწავლების მიზანია, თითოეული სწავლობდეს თავისი შესაძლებლობების შესაბამისად და, იმავდროულად, სწავლობდეს გუნდურ მუშაობას, იუმჯობესებდეს გუნდური მუშაობის უნარს.

კოოპერაციული სწავლების ოთხი ბურჯია პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, თანაბარი მონაწილეობა და ერთდროული ურთიერთქმედება.

მსგავსი (მაგრამ არა იდენტურია) კოლაბორაციული სწავლება. ამ ტიპის სწავლებაში, როგორც წესი, ჯგუფისთვის დავალების ან თემის მიმცემი ადამიანი (მასწავლებელი თუ აღმზრდელი) არის ამ ჯგუფის გარეთ.

აზრობრივი სწავლება

სწავლების ეს სახე მოიცავს კოგნიტურ, ემოციურ და მოტივაციურ შემადგენლებს და წარმოადგენს ინფორმაციის ორგანიზებისა და მანამდე დაგროვილ გამოცდილებასთან დაკავშირების პროცესს. ახალი ინფორმაცია დაეშენება წინა გამოცდილებას. ამგვარად, მიღებული ცოდნა ხდება უნიკალური თითოეული ადამიანისათვის, რამდენადაც ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება განსხვავებულია. ეს აღიქმება, როგორც სწავლა საკუთარი გამოცდილების პრიზმაში.

ასოციაციური სწავლება

პავლოვის ექსპერიმენტების თემა, ამ მიდგომას გასაგებს ხდის. ის ითვალისწინებს კავშირს განსაზღვრულ სტიმულსა და ქცევას შორის. პავლოვის ძაღლების შემთხვევაში, მათ გამოკვებამდე რეკავდნენ ზარს, შედეგად ყოველი ზარის ხმაზე ძაღლებს ნერწყვის გამოყოფა ეწყებოდათ.

არაასოცირებული სწავლება

მიჩვევა და სენსიბილიზებულობა_ ეს ორი პროცესი წარმოადგენს არაასოციაციური სწავლების შემადგენელს. სწავლების ეს სახე განსაზღვრავს მუდმივი სტიმულისა და გამაღიზიანებლის შედეგად ჩვენში მიმდინარე ცვლილებებს. შეჩვევა წარმოადგენს სწავლების პრიმიტიულ სახეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევეგუოთ გარემოს. ეს ყოველდღიური და ძალიან გავრცელებული მოვლენაა ჩვენს დროში. იგულისხმება სიტუაცია, როცა ჩვენ ვწყვეტთ ყურადღების მიქცევას რომელიმე გამაღიზიანებელსა ან სტიმულზე (სტიმულზე პასუხის შემცირება). ამის კარგ მაგალითს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ხმაურიან მაგისტრალთან ახლოს ცხოვრობენ. თავდაპირველად მათ აწუხებთ ძლიერი ხმაური, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება შეგუება, ეს ხმაური ისე აღარ აღიქმება, როგორც ადრე.

მეორეს მხრივ, სენსიბილიზაცია გვევლინება საპასუხო რეაქციად: ჩვენი პასუხი განმეორებად ნიშნებზე ძლიერდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო ხშირად მეორდება სტიმული, მით მეტად ვრეაგირებთ მასზე. სენსიბილიზაცია არის სწავლების ძალიან პრიმიტიული ადაპტური სახე.

(გაგრძელება მეორე ნაწილში)

მხატვრული ტექსტის  ისტორიული ქვეტექსტი

0

ფილოლოგებისთვის ცნობილია, რომ  ლიტერატურული ნაწარმოების  წაკითხვა-გააზრების მრავალფეროვანი მიდგომები არსებობს და მასწავლებელს შეუძლია ტექსტის სპეციფიკისა და მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩიოს ოპტიმალური მიდგომა. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ  ბოლო დროს  მეთოდურ ლიტერატურაში  პოპულარულ მიდგომას,  რომელიც ითვალისწინებს ტექსტის შესწავლის შემდეგ  მოსწავლემ დაწეროს თხზულება მოცემული სამი მითითების შესაბამისად.

 მაგალითად  –   იოვანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების,  „აბოს წამების“, პირველი თავის მიხედვით:

  1. იმსჯელეთ, რაში ხედავს ავტორი ქართველთა სიამაყის საფუძველს;
  2. იმსჯელეთ იმ ხერხებსა და საშუალებებზე, რომელთაც ავტორი იყენებს ქართველი ერის დასამორჩილებლად;
  3. რაში ხედავს ეროვნული კატასტროფის მიზეზს და გამოსავალს ამ მძიმე მდგომარეობიდან.

 

ეს მითითებები, ფაქტობრივად, უნივერსალურია ყველა იმ ნაწარმოების აღსაქმელად და

გასააზრებლად, რომლებშიც დამპყრობლის სახე აქვთ დახატული ავტორებს. ამ თხზულებამ მოგვაწოდა იდეა, პარალელები სხვა ნაწარმოებებშიც მოგვეძიებინა და მოსწავლეთათვის შეგვეთავაზებინა სიახლე, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო საინტერესოს გახდიდა საგაკვეთილო პროცესს.

  „ქართულ ლიტერატურაში დამპყრობლის სახე ფაქტობრივად არ შექმნილა. მკითხველმა იცის, ვინ იბრძოლა მისი ბედნიერებისათვის, მაგრამ არ იცის, ვის ებრძოდა იგი“.( თ. წოწონავა). სწორედ ეს მოსაზრება შევთავაზეთ მოსწავლეებს მსჯელობისა და ანალიზისათვის. ამისთვის სამი ნაწარმოები გამოვიყენეთ: იოანე საბანისძის „აბოს წამება“, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ და აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“.

 

    „რომანტიკული ისტორიული წარსული ჩვენ უფლებას გვაძლევს, ვიყოთ მედიდურნი… მაგრამ წარსულით ტრაბახი, თვითკმაყოფილება… კარგს არაფერს მოუტანს ქართველ კაცს. ჩვენმა ერისკაცებმა იმის მაგალითი მოგვცეს, თუ როგორ  უნდა შევანჯღრიოთ თვითკმაყოფილებას მიცემული ერი“ (ნ. წულეისკირი).

ყოველი ერი და ადამიანი იბადება გარკვეული მისიითა და ფუნქციით – ამ მისიასა და ფუნქციას ზოგი ჯვარს უწოდებს,ზოგი- გოლგოთას, ზოგიც-ტვირთს, თუმცა, რა თქმა უნდა, ლიტერატურული პარალელის მოხმობით შეგვიძლია თამამად ვასწავლოთ მოსწავლეს, რომ ეს ერთგვარი „პატივიც “ არის და „პატიჟიც“. ადამიანურ მისიასა და მოვალეობაზე საუბრისას მოსწავლეს იმასაც განვუმარტავთ, რას ნიშნავს „საცნობლად თავისადაო“ ანუ საკუთარი ადამიანური მოვალეობის გააზრება-გაცნობიერება ყველაზე მთავარი საგანძურის, ცოდნის, დახმარებით.

ადამიანური მისიის გააზრება ხელოვნების უმთავრესი ფუნქციაა- ლიტერატურა კი ხელოვნების დარგია და იგი სინამდვილეს მკითხველს სწორედ „საცნობლად თავისადაო“ სთავაზობს. მოსწავლის მსჯელობის, ანალიზისა და მართებულად დასანახი ლიტერატურული პარალელების აღმოჩენების უნარების გასავითარებლად აუცილებელია ლიტერატურული პასაჟის არა მხოლოდ დამახსოვრება, არამედ მწერლის ჩანაფიქრის მართებულად დანახვა.

ქართული სახელმწიფო დასაბამიდან უამრავ მტერს უმკლავდებოდა – დამპყრობლის მიზანი, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილება და მისი წინააღმდეგობის უნარის მოსპობაა. ეს მხოლოდ ძალადობრივი გზით ვერ მიიღწევა – ამგვარია ლიტერატურული ვერსია რამდენიმე ავტორისა. საილუსტრაციოდ ავირჩიეთ სამი ნაწარმოები. როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილში ვნახავთ, დამპყრობელი სხვადასხვაა – ახლა მოსწავლეს უნდა დავანახვოთ, რა არის საერთო ამ სხვადასხვა დამპყრობლის ხერხებსა და საშუალებებს შორის?

იოვანე საბანისძე მე-8 საუკუნის მოღვაწეა,  რომელიც აღწერს არაბთა ბატონობის უმძიმეს სურათს; აკაკი წერეთელი მე-19 საუკუნის მოღვაწეა და  იგი აღწერს სპარსელთაგან აოხრებული მე-17 საუკუნის  ქვეყნის ძნელბედობას, თუმცა ნაწარმოების მე-5 თავი ალეგორიული სურათია მე-19 საუკუნის საქართველოსი; ილია ჭავჭავაძე კი საუბრობს მე-19 საუკუნის ეპოქალურ ქარტეხილზე , რომელიც მოყვრად მოსულმა მტერმა თავს დაატეხა გუბერნიად ქცეულ  მამულს.

ავტორისა და მტრის გამოკვეთის შემდეგ მოსწავლემ უნდა გამოყოს ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც თითოეული დამპყრობელი იყენებს ერის დასამოჩილებლად, შემდეგ ეტაპზე უნდა იმსჯელოს მიზანზე, რომელიც დაისახა დამპყრობელმა და ბოლოს, გამოკვეთოს შედეგი, რომელიც დამპყრობელმა მიიღო – ასევე, მოსწავლემ უნდა იმსჯელოს  შედეგებზე, რომლებიც დაპყრობილ ქვეყანას „ხვდა წილად“. ასეთი შედეგები უფრო ერის ზნეობრივი სახის წარმოჩენით განისაზღვრება, ვიდრე ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტატუსის განმარტებით.

 

I.ხერხები და საშუალებები

 

   იოვანე საბანისძე,

„აბოს წამება“(არაბი)

   ილია ჭავჭავაძე,

„მგზავრის წერილები“ (რუსი)

  აკაკი წერეთელი,

„ბაში-აჩუკი“        (სპარსელი)

 

ქართველები გარდაგულარძნეს:

 

მძლავრებით,

 

შეტყუვილით,

 

სიყრმესა შინა უმეცრებით,

 

მზაკუარებით,

ხარკით,

ბეგრით.

 

ქვეყნის ერთი თაობა:

 

როზგქვეშ გაატარეს,

 

გენერლის ჩინები დაურიგეს,

 

იზლერის ბაღი განათლების წყაროდ უქციეს,

 

გენერლების რაოდენობა -ცივილიზაციიის სიმბოლოდ;

 

შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა;

 

ქართველები სპარსეთში გადაასახლა,

 

მათ მიწებზე ულუსები გადმოასახლა,

 

ლომის ტოტი მელიის კუდით შეიცვალა ანუ დაუტკბა,

 

სპარსეთის ერთგული ქართველები დააწინაურა,

 

საკენკით მიიტყუა და ალერსით თვალები აუხვია.

 

  II დამპყრობლის მიზანი:

ეროვნების უგულებელყოფა: „რა ქართველობა, რის ქართველობა, ვითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?“(ნ. ბარათაშვილის შეფასება)

ზნეობრივი ფასეულობების მოშლა: „ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა“…(იოვანე საბანისძე)

  III. შედეგები:

  1. „აღვერიენით ერსა უცხოსა“- იოვანე საბანისძე
  2. „კუჭმა გულს სძლია, სულმა ხორცს დაუთმო“… ამან ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე მეზვრეობდა და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა ოდესმე სახელგანთქმული ქართველობა“. (აკაკი წერეთელი)
  3. ზნეობრივ ორიენტირდაკარგული ქართველი ქრისტიანულ ღირებულებებს ვერ ალაგებს. მან ხომ თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა დათმო ქრისტიანობის შესანარჩუნებლად- ამ დროს, ქრისტიანული იმპერიის ოფიცერი ზნეობრივ ორიენტირად და განათლების წყაროდ უსახავს მრუშობის „სავანედ“ მიჩნეულ იზლერის ბაღს – ეს არის მისი, როგორც განმანათლებლის, უდიდესი მიღწევა.(ილია ჭავჭავაძე)
  4. ცივილიზაციის შემომტანი დამპყრობელი ცივილიზაციის საფუძვლად გენერლების რაოდენობის ზრდას ასახელებს – დამპყრობლის მიზანი მიღწეულია: ქართველი არა სამშობლოს, არამედ იმპერიას იცავს და სალდაფონად ქცეული ნელ-ნელა მანქურთად ყალიბდება…(ილია ჭავჭავაძე)
  5. იმპერიის წარმომადგენელს ოდესღაც „პირველ მეომრად ცნობილი“ ქართველი ლუარსაბად უქცევია და ბუზების მთვლელად განუწესებია- ასეთია შედეგი „პირად და გულად ჯუღურ“ ქცეული ქვეყნისა… (ილია ჭავჭავაძე).

 

ილია ჭავჭავაძე წერდა: „სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი, ქვითკირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, სადაც ღმერთს ადიდებენ“(ილია ჭავჭავაძე). იოვანე საბანისძე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს შეტყუვილსა და მზაკვრებაში, თუმცა ილიასა და აკაკის ნაწარმოებები ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეს, რა ტყუილით შეიძლება მოხიბლო ერი და რა მზაკვრობა უნდა მოიფიქრო დამპყრობელმა, რომ უმთავრესი, სათნოება, დაავიწყო.

  აუცილებელია მოსწავლემ მიაგნოს მწერლის მთავარ სათქმელს – ეს მთავარი სათქმელი ამ შემთხვევაში მართებულად მოძებნილი პარალელებით თვალსაჩინოვდება. ამ მთავარი აქცენტების მიხედვით მოსწავლემ უნდა ჩამოაყალიბოს მთავარი სათქმელი.

საუკეთესო, რასაც ისტორია გვაძლევს, არის ენთუზიაზმი – წერდა იოჰან ვოლფანგ გოეთე. იქნებ, ენთუზიაზმზე გადის ის გზა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ასწავლის, რომ ერთსა და იმავე ორმოში ჩავარდნა გონებრივი სიბეცის ნიშანია. ენთუზიაზმია ის საშუალება, რომელიც ცოდნას მოაწყურებს, რათა მავანი „სწავლული“ საკენკით არ მოტყუვდეს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად,, ტ. 5. გვ.49.
  2. აკაკი წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, მე-3 ტ., „ბაში-აჩუკი“, გვ.143.
  3. მ. გიგინეიშვილი, ლ. გრიგოლაშვილი, ვ. როდონაია, ქართული ენა და ლიტერატურა, X კლასის სახელმძღვანელო, გვ. 72-73; სწავლანი, 2012
  4. ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი, ლ. დათაშვილი, ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლასის სახელმძღვანელო, სწავლანი 2012,
  5. თ. წოწონავა, არგუმენტირებული ესე, გვ. 28. საავტორო გამომცემლობა 2012.

 

 

ქართული ენის დასაცავად

0

უკვე 40 წელი გავიდა, რაც ქართველი ხალხი სახელმწიფო ენის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. მას შემდეგ საქართველო 14 აპრილს განსაკუთრებულად აღნიშნავს.  ამ დღეს სკოლაშიც სათანადოდ ვხვდებით. როგორც წესი, ჯერ წარსულში გადავინაცვლებთ და 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციიდან გამქრალ მუხლს ქართულის სახელწიფო ენად აღიარების შესახებ უკან ვაბრუნებთ. ფეხდაფეხ მივყვებით ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების გარშემო შეკრებილ სტუდენტებსა და მოსახლეობის ტალღას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან ამჟამინდელი პარლამენტის შენობამდე. ამ დღის შესახებ ცნობების მოგროვება არავის უძნელდება, რადგან ზემოაღნიშნული მიტინგის ზოგიერთი მონაწილე უახლესი ისტორიის ცოცხალ წყაროს წარმოადგენს. ისინი დიდი სიამაყით მოგვითხრობენ, თუ როგორ გაერთიანდნენ ქართული ენის შესანარჩუნებლად. მართალია, პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას ხელისუფლების მხრიდან ჩხრეკა და შევიწროვება მოჰყოლია, მაგრამ ხალხი ქუჩაში მაინც გამოსულა. ამბობენ, რუსთაველის გამზირი 70 ათასამდე ,,ენის მცველმა“ გაიარაო. დემონსტრანტებს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევიათ, თუმცა სასურველი შედეგის მიღებამდე სახლში არავინ დაბრუნებულა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არაერთი პრობლემის წინაშე იდგნენ, 14 აპრილის შეკრება მხოლოდ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის აღდგენას მიეძღვნა. ყველას გასაკვირად, ხალხის მოთხოვნა სისხლის დაუღვრელად დააკმაყოფილეს. პოლიტოლოგთა აზრით, მომიტინგეებს გაუმართლათ, რადგან სახელმწიფო ენის დასაცავი მიტინგის დარბევა რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა.

დღეს საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ გვეუბნება, რომ ,,ქართული ენა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო-სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა. საქართველოს სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს, იცავს მას და განსაზღვრავს მისი, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას.“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ქვეყანაში სხვა ენათა და კულტურათა თანაარსებობას და ჰარმონიულ განვითარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვა კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს.

ჩრდილოელი მეზობლის ბორკილებისგან დახსნილი ენა დროდადრო სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგება. მართალია, სახელმწიფო ენის სტატუსს არაფერი ემუქრება, მაგრამ ე.წ. საერთაშორისო ენის კალაპოტში მოქცეული ქართული სიტყვა ნელ-ნელა თავისი ნებით იხევს უკან და გზას უთმობს ,,ჰეშთეგებს“, ,,მესიჯებს“, ,,ჩექინებს“ და ვირტუალურ საკომუნიკაციო ენაში გაბატონებულ სხვა პოპულარულ გამონათქვამებს, რაც, თავის მხრივ, ენის ლექსიკური თვალსაზრისით გაღარიბებას უწყობს ხელს.

ჩემი აზრით, სკოლამ ხშირად უნდა შეახსენოს მომავალ თაობას, რომ ქართულ ენას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ქართველური ენების ჯგუფს მიაკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებს, რომლებსაც არქაული ქართული ენის ნიშნები ჯერ კიდევ აქვთ შენარჩუნებული.

მოსწავლეებს ყველაზე მეტად მაძიებლების როლში ყოფნა მოსწონთ. ამიტომ სჯობს, მათ სიტყვებზე დაკვირვების საშუალება მივცეთ. წელს ჩვენი სკოლის ახალბედა ლექსიკოგრაფებმა მეგრულ და სვანურ ლექსიკონებზე იმუშავეს და საკომუნიკაციო ენაში ხშირად გამოყენებული სიტყვებისგან სახელდახელო ლექსიკონები შეადგინეს. შემდეგ კი ,,სიტყვობანას“ თამაშში ჩაერთნენ. ზემოაღნიშნული აქტივობების მონაწილეები წლის ბოლომდე ,,სიტყვის მცველების“ სტატუსით და გარკვეული პრივილეგიით ისარგებლებენ. რაც შეეხება მათ მოვალეობას,  ისინი სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანაშემწეებად მოიაზრებიან, პერიოდულად უმცროსკლასელებს ბეჭდური თუ ელექტრონული ლექსიკონების მიზანმიმართულად გამოყენებას ასწავლიან და საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში ეხმარებიან.

ერთ დღეს საკუთარი ქალაქის ქუჩებში ქართული წარწერების მოძიებას თუ გადაწყვეტთ,  აღმოაჩენთ, რომ თბილისი მართლაც საკმაოდ ჭრელი, ლათინური თუ არაბული დამწერლობით აჭრელებული ქალაქია. ზოგიერთ აბრაზე დაწესებულების სახელი ქართულადაც წაუწერიათ, მაგრამ ჯერ კიდევ მრავლად შეხვდებით ისეთ ,,ბუწიკს“ და ,,მოლს“, რომლის უცხოელ მეპატრონეს მასპინძელი ქვეყნის დამწერლობის გამოყენება აზრადაც არ მოსვლია. წელს ჩვენც გავაპროტესტეთ არაქართული წარწერებით აჭრელებული დედაქალაქი და პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე უცხოენოვანი აბრების ამსახველი ფოტომასალა გამოვფინეთ, რითაც გამოვეხმაურეთ ყველასათვის ცნობილ მოწოდებას ,,წერე ქართულად“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამწერთა ხელოვნებას გვერდს ვერ ავუვლიდით და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც ვესტუმრეთ. სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი პროექტის მონაწილეებმა გადამწერ-ილუსტრატორთა როლი მოირგეს და რჩეული მხატვრული ნაწარმოებები ასომთავრული და მხედრული ანბანით გადაწერეს.  ერთ-ერთმა კლასმა ხელებით ,,დაწერილი“ ქართული ფოტო-ანბანი დაამზადა. ზემოთ ვახსენე, რომ იმ დღეს ,,სიტყვის მცველებიც“ გამოვავლინეთ, თუმცა თავად თამაშის შესახებ არაფერი მითქვამს.

,,სიტყვობანა“

ამ აქტივობათა ჯაჭვის ერთად ან ცალ-ცალკე გამოყენება სწავლების ყველა საფეხურზე შეიძლება. ხანდახან რესურსად მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერლის ლექსიკურ მარაგს ვიყენებ, რათა მოსწავლეები ადვილად გაუშინაურდნენ მათთვის უცნობ, სპეციფიურ ენას. თუმცა თამაშს უფრო ხშირად გავლილ ტექსტებში აღმოჩენილი ლექსიკური ერთეულების გახსენება-გამოყენების მიზნით ვგეგმავ.

მოსწავლეებს შეუძლიათ, წინასწარ დაიყონ გუნდებად და სამუშაოც (გადასამეორებელი ,,სიტყვის სკივრები“) თანაბრად გადაინაწილონ, ან წინასწარ არაფერი დაგეგმოთ და ჯგუფები თამაშის დაწყების წინ, შემთხვევითობის პრინციპით შეადგინეთ. თამაში სახელმძღვანელოდან ამოკრეფილი ლექსიკური ერთეულების ცოდნით არ შემოიფარგლება. პირველ ტურში ყუთიდან ამოსული გარკვეული რაოდენობის სიტყვების განმარტების შემდეგ,  მონაწილეებმა მცირე დროში ერთმანეთში არეული სიტყვებისგან წინადადებების აწყობა (სიტყვის ლოტო), თამაშის დასასრულს კი – ერთ გრძელ სიტყვაში არსებული ასო-ბგერების გამოყენებით რაც შეიძლება მეტი სიტყვის აწყობა უნდა მოახერხონ.

ზემოაღნიშნული აქტივობების გამოყენება I კლასშიც შეგიძლიათ, ოღონდ ,,სიტყვის ლოტო“ მარტივი (2-3 სიტყვიანი)  წინადადებებით უნდა დააკომპლექტოთ, სიტყვების ასაწყობად კი გუნდებს მოძრავი ანბანი დაურიგოთ (სჯობს, ასაწყობი სიტყვების ნიმუშები დაფაზე ეწეროს ან თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული). თამაშს ბონუს-აქტივობად შეგიძლიათ მიამატოთ რებუსები, რომლებსაც პირველკლასელები ყოველთვის დიდი ხალისით ხსნიან. აქვე შემოგთავაზებთ ზემოთ აღწერილი აქტივობებისთვის საჭირო რესურსის ნიმუშებს, რომელთა დამზადებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

,,სიტყვის სკივრის“ ფუნქციას თავისუფლად შეითავსებს ნებისმიერი მასალისგან (ხის, რკინის, ქაღალდის) დამზადებული ყუთი, რომელიც თამაშისთვის საჭირო სიტყვათა მარაგს დაიტევს.

 

,,სიტყვის ლოტოც“ მარტივი შესადგენია. დაგჭირდებათ მხოლოდ სასურველი შინაარსისა და სირთულის წინადადებების აგება და ამ დაფის ერთი – მთელი და ერთიც – სიტყვებად დაშლილი ეგზემპლარი, მაგალითად:

დედაენის დღე თოთხმეტ აპრილს აღინიშნება.
,,დედაენა“ ი.გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოა.
ქართული (ენა)

 

 

იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.
ასომთავრული (მრგვლოვანი) ნუსხა-ხუცური მხედრული ქართული დამწერლობებია.

 

შენიშვნა: თუ ზემოაღნიშმული აქტივობის გართულებას მოისურვებთ, მოსწავლეებს სიტყვებისგან წინადადებების ნიმუშის გარეშე აწყობა შეგიძლიათ დაავალოთ. ინსტრუქციის თანახმად, მონაწილეებმა წინადადებების ასაწყობად რაც შეიძლება მეტი სიტყვა უნდა გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, რომელ გუნდსაც ნაკლები გამოუყენებელი სიტყვა დარჩება, ის მოიგებს. პირველკლასელებისთვის კი ანბანის ლოტოს ან ისეთი სიტყვის ლოტოს გამოყენებას გირჩევთ, სადაც სათამაშო დაფაზე გამოსახულ ფიგურებს ბარათებზე დატანილი ლექსიკური ერთეულები შეესაბამება.

რაც შეეხება გრძელ სიტყვაში გამოყენებული ასო-ბგერებისგან სიტყვების აგებას, აქ შეზღუდულ დროში რაც შეიძლება მეტი სიტყვის აგებაა საჭირო. ეს თავსატეხი ჩემი თაობის  არაერთი აღსაზრდელისთვის სამაგალითო პედაგოგის – ფაცია პაიჭაძის (შემოქმედ ბავშვთა სტუდია) გაკვეთილებიდან შემორჩა ჩემს მეხსიერებას, დღეს კი მას ჩემს აღსაზრდელებს ვუზიარებ.

,,ც ა ფ ი რ უ ზ ხ მ ე ლ ე თ ზ უ რ მ უ ხ ტ ო“

(აწყობილი სიტყვების ნიმუშები: ცა, რუ, მუხტი, თელა, მხარი, ტორი, მელია, მუმლი, ზარი, ფარი, ლახტი, მუხლუხო, მარტი, თოხი, ფრთა და ა.შ.)

მთავარ სიტყვაში 21 ასო-ბგერაა (8 ხმოვანი და 13 თანხმოვანი). შედგენილ ლექსიკურ ერთეულებში თითოეული მათგანის იმდენჯერ გამოყენება შეიძლება, რამდენჯერაც ის ნიმუშში გვხვდება. მაგალითად, ასო ,,უ“ სამჯერ გვხვდება, ე.ი. მისი სამჯერ გამოყენება შეგვიძლია. ამას გარდა, გვაქვს თითო-თითო ,,ა“, ,,ი“, ,,ო“ და ორი ,,ე“. მონაწილეებს უნდა ურჩიოთ, რომ ასევე ამოიწერონ მონაწილე თანხმოვნები და ხმოვნების მსგავსად, გვერდით მიუწერონ რაოდენობაც. ზემოაღნიშნული ხერხით მონაცემების დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს სიტყვების შედგენა გაცილებით გაუადვილდებათ.

არა მგონია, ვინმეს ქართული ლიტერატურის საგანძურში ე.წ. მთავარი სიტყვის ანალოგის მოძიება გაუჭირდეს. მაგალითად ,,ვეფხისტყაოსნის“ მოყვანაც კმარა, პოემის დამუშავების პროცესში ხომ  ,,სათამაშოდ“ საჭირო ,,მასალას“ ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდებით.

რაც შეეხება რებუსებს, რომლებიც პირველკლასელთა სათამაშო ვერსიაში ჩასართავად გირჩიეთ, ისინი ქართული ენის სხვადასხვა დამხმარე სახელმძღვანელოში შეგიძლიათ მოიძიოთ ან თავად შეადგინოთ. წლების წინ, ზემოაღნიშნული თამაშისთვის რამდენიმე ქართული ანდაზა შევარჩიე და რებუსებად ვაქციე და ,,სიტყვობანას“ დასკვნით ეტაპზე დღემდე აქტიურად ვიყენებ. აი ერთ-ერთი მათგანიც:


კვესტის  მაგალითი  გეოგრაფიაში

0

თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიების  მეტად ეფექტური და  პოპულარული სახეა ინტერაქტიური თამაში –  საგანმანათლებლო კვესტი.  თავად ტერმინი „კვესტი“ (ინგ. quest – ძიება)  ძიებით თამაშს ნიშნავს. კვესტი სათავგადასავლო თამაშია, რომელიც სიუჟეტიდან გამომდინარე  მონაწილისგან სააზროვნო დავალებების შესრულებასა  და აქტიურობას მოითხოვს. თამაშში მათ ინტუიცია, მოხერხებულობა, მიხვედრილობა და სხარტი აზროვნება სჭირდებათ. თამაშის სიუჟეტი კი  შესაძლებელია წინასწარცნობილი ან  მრავალპასუხიანი იყოს,  სადაც პასუხის შერჩევა მოთამაშეზეა დამოკიდებული.

ცოცხალი კვესტი  შეჯიბრის ელემენტებს შეიცავს და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. კვესტი მოსწავლეების განვითარებისა და თვითრეალიზაციის საუკეთესო პირობებს  ქმნის და მათ კომუნიკაციური უნარების, პასუხისმგებლობის განვითარებაში, თანამშრომლობით სწავლაში, ჯგუფურ  მუშაობაში, ექსტრემალურ სიტუაციაში მობილურად და სწორად მოქმედებაში, არასტანდარტული ამოცანების  სწრაფად ამოხსნაში  ეხმარება.

საგანმანათლებლო კვესტი შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სივრცეში, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ.  მაგ:   საკლასო ოთახში, მუზეუმში,  პარკში, (კვესტი ორიენტირება  ქალაქში – „გაქცეული ქალაქი“),  კვესტი ადგილზე – საიდუმლო ადგილების  ძიებით ( გეოკეშინგი),  ორიენტირების ელემენტებითა (მათ შორის GPS-ით) და მხარეთმცოდენოებითი მიმართულებით.  საუკეთესოა შერეული ვარიანტები, რომელშიც  შერწყმულია, როგორც მოსწავლეთა გადაადგილება, ძიება და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე სიუჟეტი და წინასწარმიცემული დავალება – ლეგენდა.

სიუჟეტის მიხედვით, კვესტები რამდენიმე სახის არსებობს. ხაზოვანი კვესტი, როცა თამაში აგებულია ჯაჭვურად: ერთი დავალების შესრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ შემდეგ დავალებას  და ეს  გრძელდება მანამდე, სანამ ისინი მთელ მარშრუტს არ გაივლიან. კვესტი იერიში, როცა მონაწილეები ძირითად დავალებას  და  წერტილების ჩამონათვალს მინიშნებებით იღებენ, მაგრამ ამავე დროს, დამოუკიდებლად ირჩევენ ამოცანის გადაჭრის გზებს. წრიული კვესტი, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, რაც ხაზოვანი. თუმცა მისგან განსხვავავებით  ჩაკეტილ  წრეს წარმოადგენს. ჯგუფები სხვადასხვა წერტილიდან იღებენ სტარტს, რომელიც ამავე დროს მათთვის საფინიშო წერტილიცაა.

საგანმანათლებლო კვესტის სტრუქტურა ასეთია: შესავალი (სიუჟეტის, როლების  განსაზღვრა), დავალებები (ეტაპები, კითხვები, როლური დავალებები),  შესრულების რიგითობა (ბონუსები, ჯარიმები) და შეფასება (შედეგები, ქულები,  პრიზები).

თამაში მოითხოვს, როგორც მასწავლებლის, ასევე  მოსწავლეების წინასწარ საკმაოდ სერიოზულ მომზადებას და ასევე კრეატიულობას. მასწავლებელმა, რომელიც კვესტის შედგენას გადაწყვეტს, აუცილებელია, განსაზღვროს კვესტის მიზანი და ამოცანები, სამიზნე აუდიტორია და მონაწილეთა რაოდენობა, კვესტის ფორმა და სიუჟეტი,  აუცილებელი სივრცე და რესუსრები, დამხმარეთა რაოდენობა, ორგანიზატორი, წინასწარ დაწეროს სცენარი,  დაადგინოს  ჩატარების თარიღი. განვიხილოთ კვესტის ერთი მაგალითი გეოგრაფიაში.

გაკვეთილის თემა: ჩრდილოეთი ამერიკა

გაკვეთილის ფორმა: თამაში – კვესტი

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა უნდა განაზოგადონ და სისტემატიზაციაში მოიყვანონ ცოდნა ჩრდილოეთ  ამერიკის ბუნებისა და მოსახლეობის შესახებ, შეძლონ რუკებზე  მუშაობა.

გაკვეთილის მსვლელობა:   მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. სიუჟეტის მიხედვით, თამაში რამდენიმე სადგურისგან შედგება და მათი წარმატებით გასავლელად მოსწავლეებს  სხვადასხვა დავალების შესრულება მოუწევთ. ყოველ სადგურზე ისინი იღებენ ქულებს, რომელსაც მასწავლებელი ცალკე ფურცელზე ინიშნავს.

სადგური I – ციფრები. დავალების შესრულების დრო 1 წუთი.

მოსწავლეებს ეძლევათ ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია ციფრები, ამ ციფრებიდან  ზოგიერთს გარკვეული კავშირი აქვთ ჩრდილოეთ ამერიკასთან.  მოცემული ციფრებიდან   მოსწავლეებმა  უნდა ამოარჩიონ ის ციფრები, რომლებიც დაკავშირებულია  კონტინენტთან და მიუწერონ, თუ რას ნიშნავს ისინი. რომელი გუნდიც  ყველაზე სწრაფად შეასრულებს დავალებას ხელის აწევით ანიშნებს მასწავლებელს.  ყოველ სწორ პასუხზე ჯგუფი იღებს 1 ქულას.

ციფრების და პასუხები ნიმუში:  22,9  – მოსახლეობის სიმჭიდროვე;  24 709 000 – კონტინენტის ფართობი; 50 – შტატების რაოდენობა აშშ-ში ; 1492  – კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის წელი; 6193 –  კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის  – დენალის სიმაღლე; 565 265 000 – მოსახლეობის რაოდენობა.

სადგური II –  „რა არის?“  „ვინ არის?“.  დავალების შესრულების დრო – 30 წამი.

მასწავლებელი თვლის სახელებს. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა (ჯგუფი თავად ირჩევს) სწორად უნდა უპასუხოს რაც შეიძლება მეტ კითხვას.  მასწავლებელი ინიშნავს დროს  და მისი ამოწურვის შემდეგ წყვეტს თამაშს, სწორ პასუხებს კი ფურცელზე ინიშნავს.

ჩამონათვალი: მისისიპი, პრინც უელსი, იუკონი, ქრ. კოლუმბი, პრერია, ტორნადო, ალიასკა, მერჩისონი, ჰუდსონი, კაბოტი, ერიკ როუდი, იუკატანი, კანადის არქტიკული, ფლორიდა, კალიფორნია, მექსიკა, სარგასი, ალეუტის,  ზემო, ბაფინის, კორდილიერები, კლდოვანი, ონტრაიო, აპალაჩი, ჰურონი, ნიაგარა, მიჩიგანი, ესკომოსები, კოლორადო, რიო-გრანდე, წმინდა ლავრენტი, იელოუსთოუნი, სექვოია, მონების, მისური, მაკენზი, დენალი,  ერი, ლაბრადორი, ნიუფაუნდლენდი,   გრენლანდია, ვიქტორია, კუბა, ფლინტ მამონტი, ათაბასკა,  ბიზონი, სენტ-ჩარლზი, ბერინგი, ბოფორტს, ვინიპეგი. (პასუხია ნიმუში:  მისისიპი  – მდინარე).

სადგური III – „რატომ?“   დავალების შესრულების დრო –  1 წუთი.

მასწავლებელი მაგიდაზე  აწყობს ბარათებს ამოცანებით. ჯგუფის ერთი წევრი იღებს რომელიმე ბარათს.  ჯგუფი ერთად განიხილავს  ამოცანას და ამზადებს პასუხს.  მასწავლებელი სწორ პასუხებს ინიშნავს ფურცელზე.

ამოცანები ბარათებისთვის:  ა) რატომ უწოდეს ამერიკას ამერიკა? ბ) რატომ მდებარეობს  ჩრდილოეთ ამერიკაში მთები დასავლეთით, ხოლო ვაკეები აღმოსავლეთით? გ) რატომაა კანადის დროშაზე გამოსახული ნეკერჩხლის ფოთოლი? დ) რატომ ქრის ჩრდილეოთ ამერიკაში ხშირად ტორნადო? ე) რატომ შემცირდა  კატასტროფულად ბიზონების  რაოდენობა?

სადგური IV – „შავი ყუთი“.  დავალების შესრულების დრო  – 1 წუთი.

შავ ყუთში  მოთავსებულია რაიმე ნივთი,  მაგ; მცენარე, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილოეთ ამერიკასთან.  მინიშნებებით ჯგუფებმა უნდა გამოიცნონ, რომელი მცენარეა ყუთში. თუ პირველი მინიშნების შემდეგ  ჯგუფი ვერ იტყვის სწორ პასუხს, ის კარგავს ერთ ქულას. მასწავლებელი მინიშნებებს იძლევა სწორ პასუხამდე.

მინიშნებები: ა) კოლუმბმა ამ  არაჩვეულებრივი მცენარის თესლები ევროპაში წაიღო; ბ) იგი წმინდა მცენარედ ითვლება ცენტრალურ ამერიკასა და  მექსიკაში;  გ) ამ მცენარეს მაისს ეძახდნენ; დ) მისი მცენარის ღეროსა და ფოთლებისგან  შესაძლებელია საქონლისთვის ნოყიერი საჭმლის  – სილოსის მიღება; ე) ამ მცენარის მარცვლებს ქილებში ინახავენ და სალათების მოსამზადებლად იყენებენ.  (პასუხი – სიმინდი).

სადგური  V – კაპიტნები. დავალების შესრულების დრო – 1 წუთი.

ჯგუფების კაპიტნებმა გეოგრაფიულ რუკაზე ჩრდილოეთ ამერიკის რაც შეიძლება მეტი  გეოგრაფიული ობიექტი უნდა აჩვენონ.

სადგური VI – „იპოვეთ შეცდომები“.  დავალების შესრულების დრო -2 წუთი.

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ტექსტს, რომელშიც მათ უნდა იპოვონ შეცდომები და გაასწორონ.  თითოეული ნაპოვნი შეცდომა 1 ქულაა, ხოლო სწორად გასწორება – 2 ქულა.  მასწავლებელი ითვლის ტექსტში აღმოჩენილ და გასწორებულ  შეცდომებს  და ინიშნავს ქულას.

ტექსტის ნიმუში: ერთმა მოგზაურმა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობის შემდეგ  ანგარიში დაწერა, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. იპოვეთ ეს შეცდომები და გაასწორეთ:

„ჩრდილოეთ ამერიკა ეკვატორიან სამხრეთით, ანუ სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. კონტინენტი აფრიკის ბაქანზეა განთავსებული. ჩრდილოეთით  ხმელეთში ღრმად იჭრება კალიფორნიის ყურე. კონტინენტი ყველა კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და მის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს  წყნარი ოკეანე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კონტინენტზე არ  იცის ქარები,  განსაკუთრებით  კი ძლიერი ქარი.  ძალიან ლამაზია მდინარე დუნაი, რომელიც სამხერთიდან ჩრდილოეთით მიედინება და მექსიკის ყურეში ჩაედინება.  ასევე ბევრ ტურისტს იზიდავს ჩანჩქერი ვიქტორია, რომელიც მდინარე მაკენზზე მდებარეობს“.

სადგური VII – „კონტურული რუკა“. დავალების შესრულების დრო  -1 წუთი.

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ჩრდილოეთ ამერიკის კონტურულ რუკებს და მოსწავლეებმა რუკებისა და ატლასის გამოყენების გარეშე მასზე რაც შეიძლება მეტი გეოგრაფიული ობიექტი უნდა აღნიშნონ. მასწავლებელი ითვლის ობიექტებს და ინიშნავს ქულას.

სადგური VIII – „ექსკურსია».  დავალების შესრულების დრო – 5 წუთი.

მასწავლებელი  აცნობს ჯგუფებს, რომ ისინი არიან გიდები და მათი მოვალეობაა,  რაც შეიძლება სწრაფად  მოიძიონ ინფორმაცია და აღწერონ ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი რომელიმე ღირშესანიშნაობა.  ღირშესანიშნაობებს ჯგუფებს აძლევს მასწავლებელი. მაგალითი: იელოუსთოუნის ეროვნული პარკი, კ. გრენლადია,  კოლორადოს დიდი კანიონი, სექვოიას ეროვნული პარკი, ნიაგარას ჩანჩქერი, ფლინტ-მამონტის მღვიმე.

მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას ამ ობიექტების შესახებ და ამზადებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი ჯგუფებს უწერს ქულებს.

თამაშის დასასრულ მასწავლებელი აჯამებს მთლიან ქულებს და ავლენს გამარჯვებულ ჯგუფს.

სკოლა, ოჯახი და საზოგადოება – არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის

0

ოთხ მეთორმეტეკლასელს ერთ-ერთი  სწრაფი კვების ობიექტში შემთხვევით ვხვდები. ისინი იმ თემაზე ლაპარაკობენ ხმამაღლა, რომელზეც ახლა დავიწყე მუშაობა- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია. ოღონდ, ეს შინაურული საუბარია, გულწრფელი, მეგობრებს შორის. მივდივარ და ვთხოვ, თუ სურვილი ექნებათ,   დამელაპარაკონ.  მთანხმდებიან, ოღონდ სკოლა არ უნდა დავასახელოთ. ოთხი მეთორმეტეკლასელი-  ნიკა, გიო, დავითი და ლუკა  იწყებენ საუბარს, თუ რა პრობლემები აქვთ მოზარდებს სკოლაში, ვინ შეიძლება  მათ დახმაროს, როდესაც კონფლიქტური სიტუაცია აქვთ . როგორ იცავენ თავს, რა როლი აქვს სკოლას და ოჯახს მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებაში, რა უბიძგებს მოზარდებს დანაშაულის ჩადენისკენ და ა.შ . ზოგჯერ რიგითობა ირღვევა, ერთმანეთს საუბარს აწყვეტინებენ, თუმცა მათი მოსმენა ძალიან საინტერესოა.

,, ჩვენ არ ვართ იდეალური ადამიანები, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ არ ვართ პროვოკატორები, ანუ აგრესიის წყარო. ჩვენც გვიწევს არსამართლებრივი გზებით თავის დაცვა, ანუ ,,ჩვენით”. მართალია, ვგმობთ ქუჩის აკადემიას, მაგრამ ზოგჯერ მისი ელემენტები გამოგვიყენებია . შეიძლება ადამიანი იყოს ძალადობის წინააღმდეგი, მაგრამ მაინც უწევდეს მისი ელემენტების გამოყენება თავის დასაცავად. “- ამბობს ლუკა.

როდესაც გარემოს შეფასებას ვთხოვ, ისინი სკოლის შესახებ იწყებენ საუბარს.

,, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ბავშვისთვის არის სკოლა. როგორია სკოლა, ეს ბავშვებისგან უნდა გაიგოთ, რადგან რეალური სიტუაცია მხოლოდ იმან იცის, ვინც იქ სწავლობს. სკოლები კი ძალიან განსხვავდება შინაარსით ერთმანეთისგან. გამიჭირდება იმის თქმა, სად არის ყველაზე უსაფრთხო და დაცული სკოლა, მაგრამ არის სკოლები, სადაც  კარგი სწავლაა და სადაც ბავშვებს აქცევენ დიდ ყურადღებას, მაგრამ ისეთი სკოლებიც არის, სადაც ბავშვები არ სწავლობენ, არ კონტროლდებიან და ,,სხვანაირ” ცხოვრებას მისდევენ. ეს სხვაობა სხვადასხვა გარემოს შორის  ბევრ რამეს განაპირობებს მომავალში. თუ არის ისეთი სკოლა, სადაც გარემო და ხალხი მობილიზებულია სწავლაზე, ბავშვებსაც ნაკლები აქვთ ინტერესი სხვა გზა აირჩიონ”.

ხორავას ქუჩის ინციდენტი, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა ჩვენი საუბრის თემაც ხდება. ბიჭები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევის  დროს სკოლა ვერაფერს იზამს, რადგან სიტუაცია უკვე ქუჩაში ინაცვლებს, სადაც მანდატურს და სკოლის ადმინისტრაციას  აღარ შეუძლია გააკონტროლოს ვითარება. ,,მაინც ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც მოხდა” – ამ სიტყვებს ხშირად იმეორებენ და ამბობენ, რომ ყველაზე მთავარი იმ ღირებულებების და მენტალობის შეცვლაა, რომელიც მოზარდებს აქვთ და ,,ქუჩის აკადემია” ისევ აქტუალურია.

,,ინციდენტებისგან დაზღვეული არავინ არის. შეიძლება კარგ სკოლაში სწავლობდე, კარგი პირობები გქონდეს და ვიღაც შეგეჩეხოს ქუჩაში და რაღაც მოხდეს. კონფლიქტების მოგვარების მთავარი საშუალება არის ბავშვის ფსიქოლოგიის სწორად ჩამოყალიბება. გარემოში კი მარტო მასწავლებელი არ მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ მას მართლაც დიდი როლი აქვს, ვერც მასწავლებელი და ვერც   მანდატური საბოლოოდ ვერაფერს ვერ ცვლიან. ოჯახი, მშობლები, გარემო, ინტერესები, სპორტი და სკოლა, თუ ყველა ერთად არის ჩართული მოზარდის განვითარებაში, ალბათ რაღაც გამოვა. ის ბავშვები კი მაინც იჩხუბებდნენ ან მეორე დღეს, ან მესამე დღეს. თავიდან აგრესიულ ინციდენტებს  ცდილობ გაერიდო, მაგრამ თუ მოძალადე  ისევ აგრძელებს  ძალადობას და ზემოქმედებას, იძულებული ხდები უპასუხო. ზოგჯერ, არპასუხის შემთხვევაში უფრო უარესი ხდება. ყველა სხვადასხვანაირად მანევრირებს. ყველა მომენტში ვერ გაერიდები”- ამბობს ნიკა.

ვინ შეიძლება დაეხმაროს მოზარდს მსგავს სიტუაციაში, როდესაც მას კონფლიქტური სიტუაცია აქვს და გადაწყვეტის გზებიც  არავინ იცის როგორ განვითარდება. კლასელებიდან ერთ-ერთი დავითი ამბობს, თუ ვინ შეძლებდა მათ დახმარებას. ეს ალბათ უფროსი მეგობარი იქნებოდა. მისი თქმით,   ასეთ დროს, უმეტესწილად მშვიდობიანად გვარდება კონფლიქტი.

,,ძალიან არარეალურია კონფლიქტური სიტუაციის დროს მე-12 კლასელმა ბიჭმა მასწავლებელი ჩარიოს. ხშირად მშობელსაც  ვერ უმხელს ბავშვი საკუთარ პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის და შვილის სიახლოვე ასეთ დროს, რომ შვილმა მშობელს თავისი გულისტკივილი გაუმხილოს. თუმცა, ეს ურთიერთობა თავიდანვე მყარი  უნდა იყოს. ჩემი აზრით, სკოლაში ფსიქოლოგის არსებობა მსგავს პრობლემებს უფრო ეფექტურად  გადაჭრიდა.  ჩვენს სკოლაშიც ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის, მაგრამ ვფიქრობ,  ნაკლებად ეფექტურია. ერთჯერადი შეხვედრები ვერაფერს ცვლის. ბულინგის მსხვერპლს სხვანაირად უნდა დაელაპარაკო, ბულინგის ინიციატორს სხვანაირად და ერთიანი ტრენინგები ამას ვერ შველის. ბულინგის მსხვერპლი ტრენინგზე არ მოყვება  თავის ისტორიას და არც მოძალადე აღიარებს  თავის დანაშაულს. ამით კი ძნელია რამის მიღწევა. რაღაც რეჟიმში ფსიქოლოგთან შეხვედრა, ვფიქრობ, სიტუაციას ბევრად შეცვლიდა. სკოლებში უნდა იყვნენ ფსიქოლოგები. ის უფრო ადვილად შეამჩნევს, რა პრობლემები აქვს ბავშვს და უფრო დაეხმარება.”- ამბობს ლუკა.

ზვიად ხაფავა ოთხი შვილის –  ზუკას, ნატალის, იოანას  და მირიანის მამაა. ასევე მას წალკის რაიონში, დაბა ბედიანის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელობა აბარია.  სექტემბერში ზვიადის ოჯახი ბედიანიდან თბილისში გადავიდა  საცხოვრებლად, თვითონ კი ძირითადად ბედიანში უწევს ყოფნა, თუმცა ცდილობს შვილებთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს და კრიტიკულ მომენტში მათ გვერდით იყოს. ქალაქის  სკოლაში ზვიადის შვილებს სხვადასხვა სირთულეები დახვდათ. ყველაზე რთული კი ახალ  სკოლაში დამკვიდრება 12 წლის ზუკასთვის აღმოჩნდა.

,, მე ხან თბილისში ვარ, ხან ბედიანში. ყოველდღე ტელეფონით მაქვს კონტაქტი ბავშვებთან. თბილისში როცა ვარ ,აუცილებლად მე მიმყავს ზუკა ვარჯიშზე, მე მიმყავს სკოლაში, მარტო იმიტომ არა, რომ მე მიხარია, უბრალოდ ისინი ძალიან ბედნიერები არიან, თუ მივაკითხე და მე წავიყვანე სახლში. თვითონ ითხოვენ მამის მხრიდან  ძალიან დიდ ჩართულობას. ზუკა 12 წლისაა და მე-7 კლასშია და  ისეთი ასაკი აქვს, სხვანაირად უნდა ელაპარაკო. მეც ვცდილობ ფსიქოლოგების რჩევები გავითვალისწინო და მეგობარი მშობლების გამოცდილებაც, რომლებმაც ეს ეტაპები უკვე გაიარეს. ფსიქოლოგებთან მარტო ჩემი შვილების გამო არ მივდივარ, ხშირად მიწევს კონსულტაციების გავლა ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელების გამოც. ამიტომ, მათთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია და მათი რჩევები ძალიან მეხმარება. ზუკასაც და ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს  ყოველთვის ვეუბნები – შენ ნუ დაჩაგრავ, შენ ნუ იქნები მოძალადე,  შენ ნუ იქნები დამნაშავე, ყოველთვის იყავი მართალი. ერთხელ ასეთი რაღაც მოხდა, ზუკას მეგობარს მოუვიდა კონფლიქტი  ბავშვთან და როგორც ხდება, გაკვეთილების შემდეგ წავიდნენ საქმის ,,გასარჩევად”. ეს ამბავიც ჩხუბით დასრულდა და მერე სკოლაში იყო  მტყუან-მართლის გარკვევევა… ისე გამოვიდა, რომ მარტო ზუკას უნდა ეთქვა,  რაც  მოხდა სინამდვილეში. როდესაც  დამირეკა და მკითხა როგორ მოქცეულიყო, მე ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ვერ ვუთხარი, რომ სიმართლე ეთქვა. მე ვიცი, რომ ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი შვილი ვერ ჩავაყენე ამ მდგომარეობაში. ასეთ დროს ყველას თვალში ცუდი ტიპი ხდები, გოგოების თვალში, ბიჭების თვალში, მეგობრების თვალში, ძალიან ცუდი იარლიყების მიკერება ხდება,  თან რთული ასაკი აქვს.  ვწუხვარ, რომ არ ვურჩიე,  ადექი და ყველაფერი მოყევითქო, მით უმეტეს როდესაც ცალსახად, მათ მხარეს იყო სიმართლე”.

ნანა ბიჩინაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის” დამფუძნებელია. ორგანიზაცია ხუთი წელია სასკოლო კონფლიქტების შესწავლითა და მართვით არის დაინტერესებული. სკოლებში კონფლიქტის პრევენციისთვის სამ სამიზნე რგოლთან უწევთ მუშაობა , – მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. ორგანიზაცია ამ დროისათვის ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,მოვუსმინოთ მოსწავლეებს”. ნანა გვიყვება:,, შეხვედრებმა დაგვანახეს, რომ მოსწავლეებს შორის ყველაზე მწვავე პრობლემად  დგას ერთმანეთის დაცინვა ჩაცმის ინდივიდუალური სტილის , ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის გამო. ისინი ფიქრობენ, რომ თავდაცვის ერთ-ერთი გზა ასეთ ვითარებაში აგრესიაზე აგრესიით პასუხია  ან მეორე უკიდურესობა – იგნორით პოზიციის გამოხატვა. მათთან მუშაობით ვცდილობთ მოსწავლეებს დავანახოთ, რომ კონფლიქტი მხოლოდ საშიში და შემზარავი მოვლენა არ არის, რომ მისი კონსტრუქციულად მოგვარება პიროვნულ ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. დღესდღეობით სკოლების უმეტესობა ორიენტირებულია მოვალეობის მინიმუმის შესრულებაზე- მოსწავლე სკოლიდან გაუშვას ზოგადი განათლების  დამადასტურებელი ატესტატით”. ნანა ამბობს, თუ სკოლა უფრო ღია იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  სამთავრობო დაწესებულებებთან კავშირისათვის, ასეთ ურთიერთობებს და კავშირებს  შეუძლია სკოლის გაძლიერება.

“არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი”-ს  ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა სუბელიანი გვეუბნება, რომ მის  ორგანიზაციას  ახლა უკვე საჯარო სკოლებთანაც შეუძლია მუშაობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით,  თუმცა მათთან თანამშრომლობის დაწყებას რამდენიმე წელი დასჭირდა . ანა ფიქრობს  რომ სკოლა ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად, მოზარდს უნდა დაეხმაროს სრულყოფილ  სოციალურ ფუნქციონირებაში, სწორი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში და ჯანსაღ განვითარებაში.

,, მასწავლებელი ვალდებულია, ამოიცნოს ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევა და გადაამისამართოს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რაც უმეტესად არ სრულდება. ამ მექანიზმს სკოლები მხოლოდ უკიდურეს, განსაკუთრებით კრიზისულ შემთხვევებში იყენებენ, როდესაც ჩარევა უმეტესად დაგვიანებულია. სამწუხაროდ, განათლების სამინისტროს არ აქვს მკაფიოდ გააზრებული ამ მიმართულებით მუშაობის აუცილებლობა. დღემდე არცერთ მინისტრს არ წარმოუდგენია ბულინგისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მკაფიო დოკუმენტი. აუცილებელია, ყურადღების გამახვილება იმ მოზარდებზე, რომლებიც არ იმყოფებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკში, ანუ 14 წლის ჯერ არ გამხდარან, თუმცა ჩადიან ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირდებოდა დანაშაულად , 14 წელს მიტანებული რომ იყვნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული სკოლის  და მისი თემის საჭიროებას, ერგება კონკრეტულ ბავშვებს , მშობლებს და მასწავლებლებს, მიზნად ისახავს ბულინგის პრევენციას, მის ადრეულ გამოვლინებას, მასზე სწორი რეაგირების მექანიზმის შექმნას და გამოყენებას” – ამბობს ანა სუბელიანი.

რა გზებით ცდილობს სკოლა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას,  ამის შესახებ აზრი მარნეულის N 2 საჯარო  სკოლის დირექტორს, შორენა ხუხუას  ვკითხეთ.  სკოლა მრავალეთნიკურია და მრავალრიცხოვანი.  სკოლაში 1300- მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პრობლემები ამ მიმართულებით ყველა სკოლაშია და არც მისი სკოლაა  გამონაკლისი, თუმცა მიზანმიმართული მუშაობის შედეგად შემთხვევები შემცირდა და სკოლის ადმინისტრაციის დასაყრდენს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით  მუშაობაში მასწავლებლებთან ერთად, უკვე მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს.

,, ძალიან ბევრ მასწავლებელს გაუკვირდა , როცა დიდი დრო დავუთმეთ მოსწავლეთა  თვითმართველობის ფორმირებას და გაერთიანებას. თვითმართველობა  ყურადღებას აქცევს კლასებში კონფლიქტის მცდელობებს, ცდილობს დაგეგმოს ღონისძიებები, აქტივობები ბულინგის აღმოსაფხვრელად. საბაზო და საშუალო საფეხურზე ყველა კლასიდან ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ  და ერთობლივი აქტივობები ძალადობის პრევენციისთვის უფრო ეფექტურია. სკოლისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, ამიტომ ნებისმიერი პრევენციული ხასიათის ღონისძიება თუ აქტივობა პედაგოგის განსახორციელებელია,  რადგან ის  უკეთ იცნობს თავის მოსწავლეებს და შეუძლია საფრთხეების გაანალიზება. კლასის დამრიგებელი თუ გულწრფელი  და ყურადღებიანია,  თუ ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს, აუცილებლად იგრძნობს კლასის გულისცემას. უმთავრესია, კლასი შეიკრას ერთ გუნდად, ამიტომ კარგია სპორტული შეჯიბრი სხვა კლასთან, სხვა სკოლასთან, ლაშქრობები, სირთულეების დაძლევა ერთად, როცა მოსწავლე ერთი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას და საჭიროებას გრძნობს. მთავარია, მოზარდმა იგრძნოს, რომ მისი სჯერათ, უყვართ და ენდობიან”.

არასრულწლოვანთა  დანაშაულის პრევენცია სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის , სტრატეგიისა და დანაშაულის პრევენციის კოორდინაციას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. არასრულწლოვანთა დანაშაულის სტრატეგიაში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები დაყოფილია მიზნობრივი ჯგუფისა  და პრობლემის განვითარების სტადიის მიხედვით: პირველადი/ადრეული პრევენცია მიმართულია ყველა არასრულწლოვანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე დონის პრევენცია ორიენტირებულია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე – რისკ ჯგუფებისა და დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე. მესამე დონის პრევენცია გამიზნულია განმეორებითი დანაშაულის  თავიდან აცილებაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს უფროსი მაია ნასრაშვილი ამბობს, რომ სოციალიზაციის პროცესში გამოყოფილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო : ოჯახი, განათლება, საზოგადოება და მასმედია. მიჩნეულია, რომ ამ სფეროების განვითარების გზით, შესაძლებელია არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია.

,,2017 წლიდან დაიწყო დანაშაულის პრევენციის მიმართულებით საგანმანათლებლო თუ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების გაძლიერება, მათი ცოდნის დონის და პრაქტიკული უნარების განვითარება.კერძოდ, შეიქმნა ტრენინგ-სემინარები, ადრეული პრევენცია განათლების სისტემაში და ადრეული პრევენცია ზრუნვის სისტემაში. განათლების სამინისტროდან პროცესში ჩართული არიან სკოლის დირექტორები, სკოლის სპეც.პედაგოგები, ფსიქოლოგები და მასწავლებლები.  დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიზნების მიღწევისათვის იყენებს არაფორმალური განათლების ინსტრუმენტს, როგორც უშუალოდ ახალგაზრდებთან, ასევე პედაგოგებთან და მშობლებთან”- გვეუბნება მაია ნასრაშვილი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ანტისოციალური ქცევის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად თავად მოზარდობის ასაკობრივ თავისებურებებს და ცვლილებებს მიიჩნევს. როდესაც მოზარდი უფრო იოლად ღიზიანდება, პროტესტს უფრო მეტად გამოხატავს, იზრდება თანატოლებთან თვითდამკვიდრების, ინტეგრაციის სურვილი, როდესაც იმატებს სარისკო ქცევების და სარისკო სიტუაციებში აღმოჩენის სურვილი, რომელიც მოზარდს ეხმარება საკუთარი იდენტობის და საკუთარი ,,მე” კონცეფციის განსაზღვრაში.

,,  ძალიან ბევრი სარისკო რამ დევს მოზარდობის ასაკში, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ანტისოციალურ ქცევას. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი თავად მოზარდობის ასაკია. ამას ემატება  სხვადასხვა ტიპის გარემოებები, ძალადობის გამოცდილება, ძალადობის შემსწრეობა ოჯახში, კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში,  თუ  ის სკოლაში არ არის აღიარებული, თუ  ის ბულინგის მსხვერპლია და ა.შ.  ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის ანტისოციალური ქცევის რისკებს. სარისკო ფაქტორები არ არის მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, უნდა შევხედოთ გლობალურად, რომ სარისკო გარემოებები არის ოჯახშიც, სკოლაშიც და იმ საზოგადოებაშიც, სადაც ეს მოზარდი ცხოვრობს. ეს ძალიან კომპლექსური, მულტიფაქტორული საკითხია, რასაც მიჰყავს მოზარდი ანტისოციალურ ქცევასთან. თუ ინდივიდუალურ დონეზე განვიხილავთ იმ მოზარდების ქცევას, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მოდიან, ისინი გარკვეული უნარების დეფიციტს განიცდიან. ეს არის სოციალური უნარების დეფიციტი, თვითრეგულაციის უნარის დეფიციტი, არაძალადობრივი კომუნიკაციის დამყარების უნარი, როცა მოზარდი მოკლებულია უნარს გაუძლოს თანატოლების დევიაციურ ზეწოლას. ინდივიდუალურ დონეზე ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია  მოზარდის მორალური განვითარების შეფერხება. ასევე რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ძალადობრივი აღზრდა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ანტისოციალურ ქცევას. თუ მოზარდთან ძალადობრივ კომუნიკაციაში შედიოდნენ, ღირსებას ულახავდნენ, ფიზიკურად ეხებოდნენ, ემოციურ ზეწოლას ახდენდნენ,  მას ახლა ეს სოციალური მოდელი აქვს აღებული და ამ მოდელით იწყებს ურთიერთობას სხვა ადამიანთან. ასეთი ტრავმული და ძალადობრივი გამოცდილება, არაერთხელ განცდილი და პერმანენტული, ხშირ შემთხვევაში ადამიანს უჩენს რევანშისტულ იმპულსებს და იგი რევანშისთვის ეძებს თავის მსხვერპლებს. თუ სკოლის პრიზმიდან შევხედავთ ამ საკითხს, ძალიან ხშირად ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ტიპის სწავლის უნარის დარღვევები, ვერ ახერხებენ კლასთან ინტეგრაციას, არ უყალიბდებათ თვითეფექტურობის განცდა, ჩამორჩებიან სწავლაში, აამ შემთხვევაშიც სკოლის როლი არის ძალიან დიდი.  სკოლას კარგად უნდა ჰქონდეს  გააზრებული ანტიბულინგური პროგრამები, რომელიც ბავშვსაც და თანატოლებსაც დაიცავს ძალადობრივი ურთიერთობისგან. სკოლამ უნდა აწარმოოს ძალადობრივი შემთხვევის ორივე მხარესთან მიზანმიმართული მუშაობა, არ მოახდინოს უფრო მეტი ვიქტიმიზაცია, დაეხმაროს მათ სოციალური უნარების შეძენაში . სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს ამ ყველაფერს და განათლების სისტემის როლი ამ მხრივ ძალიან დიდია , მაგრამ  მარტო ერთი უწყება ვერაფერს გახდება, ეს არ უნდა იყოს მარტო სკოლის ვალდებულება, ასეთ დროს პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ყველა უწყება”- ამბობს მაია ცირამუა, რომელიც ორგანიზაცია GCRT- ის თანამშრომელია  და ანტისოციალური ქცევის რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებთან  მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ფოკუსში ვეცადეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ თავად მოზარდები ამ თემაზე, როგორ შეიძლება დაეხმაროს მას ოჯახი, სკოლა და საზოგადოება, რათა მან სწორად განსაზღვროს ცხოვრებისეული ღირებულებები და თავიდან აირიდოს ანტისოციალური ქცევა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...