შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

ეკონომიკის გაკვეთილები სკოლაში- ქადების წარმოება

0

ეკონომიკური კონცეფციები: სპეციალიზაცია, წარმოების ფაქტორები, მწარმოებლურობა, მწარმოებლურობის გაზრდა, ალტერნატიული ღირებულება, შრომის განაწილება, სპეციალიზაცია, კაპიტალდაბანდებები

მიზანი: დაინახონ სპეციალისტების შრომაზე დამყარებული წარმოების უპირატესობა;

გაიგონ, რომ მწარმოებლურობა არის პროდუქციის გამოშვება ერთ მუშაკზე გაანგარიშებით;

გაიგონ ახალი ტექნოლოგიების გავლენა შრომის მწარმოებლურობაზე;

გაიგონ, როგორ შეიძლება მწარმოებლურობის გაზრდა სპეციალიზაციის, სპეციალისტთა მომზადებისა და სწავლების, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სრულყოფის ხარჯზე.

თეორია: საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად საწარმოს სჭირდება საწარმოო რესურსები, ანუ წარმოების ფაქტორები. ის ყიდულობს ბუნებრივ, ადამიანურ და კაპიტალურ რესურსებს. საწარმოს ასევე სჭირდება მეწარმეობის უნარით დაჯილდოებული ადამიანიც, რომელიც შეძლებს საწარმოო რესურსების კომბინირების საუკეთესო ვარიანტების პოვნას. ჩვენ ხშირად გვესმის ერთი ქვეყნის მუშათა მწარმოებლურობის უპირატესობის შესახებ მეორე ქვეყანასთან შედარებით. მწარმოებლები დაინტერესებულები არიან მწარმოებლურობის მუდმივი ამაღლებით. მწარმოებლურობის ამაღლებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა წარმოების ფაქტორების განსაზღვრული რაოდენობით ვაღწევთ დიდი მოცულობის პროდუქციის გამოშვებას. მწარმოებლურობის ამაღლება ხდება მაშინაც, როცა იმავე მოცულობის გამოშვებას ვაღწევთ ნაკლები რაოდენობის წარმოების ფაქტორების გამოყენებით. არსებობს მწარმოებლურობის ამაღლების სამი საშუალება: სპეციალიზაცია და შრომის განაწილება, კაპიტალდაბანდება კაპიტალურ რესურსებში და კაპიტალდაბანდება ადამიანურ რესურსებში (სწავლება და მომზადება).

მასალები: 2 მაკრატელი, წითელი ფლომასტერი, შავი ფლომასტერი, 100 ცალი თაბახის ფურცელი, ცხრილი „ქადების წარმოება და დანახარჯები“.

მსვლელობა: გამართეთ პატარა დისკუსია იმის შესახებ, რატომ არის, რომ სწრაფი კვების სასაუზმეში უფრო სწრაფად გვემსახურებიან, ვიდრე სხვა სასაუზმეში. მიაქციეთ მოსწავლეთა ყურადღება წარმოების სხვადასხვა გზებს.

  1. კლასი დაამზადებს ქადებს. აჩვენეთ დამზადების თანამიმდევრობა:

–        მოკეცეთ თაბახის ფურცელი ორად. გაკეცილი ფურცელი კიდევ ორად მოკეცეთ;

–        ოთხად მოკეცილ ფურცელს მაკრატლით მოაჭერით წვერი ისე, რომ გაშლისას წრე მიიღოთ;

–        წითელი ფლომასტერით წრეზე დახატეთ 10 ცალი პატარა წრე – „ალუბლები“;

–        შავი ფლომასტერით დახატეთ 20 ცალი პატარა წრე – „მაყვლები“;

–        ქადა მზადაა.

  1. დაალაგეთ საწარმოო მასალები მაგიდაზე.
  2. აირჩიეთ მოსწავლეებიდან ერთი „ქადების მწარმოებელი“ და ერთი „ხარისხის კონტროლის ინსპექტორი“. „ინსპექტორი“ შეამოწმებს, შეესაბამება თუ არა ქადა საწარმოო სტანდარტებს. დაავალეთ „ქადების მწარმოებელს“, „გამოაცხოს“ რაც შეიძლება მეტი ქადა სამი წუთის განმავლობაში.
  3. სამი წუთის შემდეგ საწარმოო პროცესი უნდა შეწყდეს. „ინსპექტორი“ შეამოწმებს ქადების ხარისხს და განზე გადადებს წუნიანებს.
  4. დაურიგეთ მოსწავლეებს ცხრილი „ქადების წარმოება და ხარჯები“. ჩაწერეთ ერთი მცხობელის მიერ გამოცხობილი ქადების რაოდენობა.
  5. აირჩიეთ მეორე მოსწავლეც მცხობელად. ახლა უკვე ორმა მოსწავლემ იმავე კაპიტალური რესურსით სამი წუთის განმავლობაში უნდა დაამზადოს რაც შეიძლება მეტი ქადა.
  6. ინსპექტორი ამოწმებს ქადების ხარისხს და ითვლის ხარისხიან ქადებს. მოსწავლეები ავსებენ ცხრილს ორი მცხობელისთვის.
  7. იმავეს ვაკეთებთ 3, 4, 5, 6, 7 და 8 მოსწავლისთვის. ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ორი მთავარი პირობა – მოსწავლეები იდგნენ მაგიდის ერთ მხარეს და კაპიტალური რესურსების რაოდენობა არ იცვლებოდეს.
  8. გაყავით კლასი ორად. ერთი ნახევარი კერძო მცხობელი იქნება, მეორე ნაწილი კი – საცხობის მუშაკი. გამოყავით ხარისხის კონტროლის ინსპექტორი თითოეული ჯგუფისათვის.
  9. კერძო მცხობელები ვერ გაანაწილებენ შრომას, ისინი თავიდან ბოლომდე თვითონ უპატრონებენ ქადებს. საცხობის მუშაკებს კი შეუძლიათ შრომის განაწილება. თითოეული მათგანი შეასრულებს სამუშაოს გარკვეულ ნაწილს.
  10. მიეცით მასალები და დრო სამუშაოს ორგანიზებისთვის.
  11. მიეცით სამი წუთი ქადების დასამზადებლად. სამი წუთის შემდეგ ინსპექტორები ითვლიან დამზადებულ ქადებს და ამოწმებენ მათ ხარისხს. (დაუმთავრებელი ქადები არ ითვლება).
  12. პირველი პერიოდისათვის შეავსეთ გრაფები 1-4. მე-5 გრაფა აჩვენებს შრომის მწარმოებლურობას. გამოთვალეთ ის პროდუქციის მოცულობის (4) მცხობელთა რაოდენობაზე (3) გაყოფით.
  13. იმსჯელეთ:

–        რომელ ჯგუფში იყვნენ უფრო პროდუქტიული მცხობელები?

–        რომელი მეთოდია უფრო პროდუქტიული?

–        რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს თითოეულ მეთოდს? (საცხობის მუშაკები: დადებითი მხარეები – სისწრაფე და უნარები, რომლებიც საჭიროა სამუშაოს მხოლოდ ერთი ნაწილის შესასრულებლად;  მაღალი მწარმოებლურობა; არ არის საჭირო ადგილის შეცვლა და წარმოების ფაქტორების ლოდინი; უარყოფითი მხარეები – მოსაწყენია ერთი და იმავე სამუშაოს კეთება. ხელოსნები: დადებითი მხარეები – მეტი კმაყოფილება წარმოების სრული პროცესით, მრავალფეროვნება; უარყოფითი მხარეები – ბევრი დრო და ძალისხმევა, დაბალი მწარმოებლურობა.)

  1. უთხარით, რომ გსურთ მათი შრომის ანაზღაურება, ოღონდ არ იცით, რომელი მეთოდი ჯობს ამისათვის. თუ თავად არ შემოგვთავაზებენ, უნდა გადავუხადოთ ხელფასი წარმოებული ქადების მოცულობის შესაბამისად. სთხოვეთ, ჯერ არ დახარჯონ ხელფასი.
  2. იმსჯელეთ მწარმოებლურობის ამაღლების გზებზე (დავაოსტატოთ მუშაკები ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეში და მივცეთ მეტი რესურსი). უთხარით, რომ იქნება წარმოების კიდევ ერთი პერიოდი, მაგრამ მათ არ შეეძლებათ არც წარმოების მეთოდის შეცვლა, არც რესურსების რაოდენობის გაზრდა (გარდა ქაღალდისა). ისინი უნდა ეცადონ მწარმოებლურობის გაზრდას უცვლელი პირობებით. მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ სხვა პრობლემები ან გაუცვალონ ერთმანეთს სამუშაო.
  3. ამ პერიოდის შემდეგ შეამოწმეთ შედეგები, გადაუხადეთ ხელფასი და ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლურობის ცვლილებას.
  4. უთხარით, რომ გსურთ მწარმოებლურობის გაზრდა, რისთვისაც სთავაზობთ ახალ გამოგონებას – სახვრეტელას. სამწუხაროდ, ის მხოლოდ ერთი ცალია. სთხოვეთ გირჩიონ, ვის და რა ნიშნით უნდა ერგოს ის – არამწარმოებლურ ჯგუფს თუ მწარმოებლურს. მათ შეუძლიათ სახვრეტელას ყიდვა აღებული ხელფასით. მიჰყიდეთ ის იმ ჯგუფს, რომელიც მეტს გადაიხდის.
  5. ჩაატარეთ მესამე პერიოდი.
  6. იმსჯელეთ:

–        რის ხარჯზე მოახერხა სახვრეტელას არმქონე ჯგუფმა მწარმოებლურობის გაზრდა? (გამოცდილება, შრომის ორგანიზაციის ახალი მეთოდი ან მეტი კაპიტალი, რომელიც მათ შეიძინეს სახვრეტელას მქონე ჯგუფისგან)

–        რა გავლენა მოახდინა სახვრეტელამ მწარმოებლურობაზე? (მოსალოდნელია, რომ არ შეეცვალა)

–        რა გავლენა მოახდინა სახვრეტელამ იმ მუშაკების შრომაზე, რომლებსაც ადრე გაზომვა და მონიშვნა უხდებოდათ? (ისინი აღარ არიან საჭირონი, უმუშევრები რჩებიან და სხვა საქმე უნდა მოძებნონ)

–        რა მოხდება, თუ მუშაკები არ იქნებიან მზად ახალი მანქანების (კაპიტალის) სამართავად? (მწარმოებლურობა დაეცემა)

–        ამ შემთხვევაში როგორ უნდა ავამაღლოთ მწარმოებლურობა? (სწავლებითა და მომზადებით)

–        რა უნდა გაითვალისწინოს მეწარმემ კაპიტალში ფულის ჩადების, ინვესტირების დროს? (ღირებულება, ფულის სესხით გამოტანის რისკი, მუშაკთა სწავლების საფასური)

განმტკიცება.

საზოგადოებასთან კავშირი. შეიძლება, წავიყვანოთ მოსწავლეები ნებისმიერ საწარმოში და ვაჩვენოთ, მწარმოებლურობის ამაღლების რა გზებს იყენებენ იქ. დასვან კითხვები და ჩაინიშნონ საინტერესო ინფორმაცია მშრომელთა მომზადებისა და სწავლების, სპეციალიზაციისა და შრომის განაწილების, კაპიტალდაბანდების შესახებ.

პრესასთან კავშირი. მოძებნონ სტატია, რომელშიც საუბარი იქნება რომელიმე ფირმის მწარმოებლურობაზე.

 

ცხრილი „ქადების წარმოება და დანახარჯები

 

1 2 3 4 5
ქადების რაოდენობა მწარმოებლურობა (ქადა/მუშაკი)
ჯგუფის სახელწოდება წარმოების მეთოდი მუშაკები I

რაუნდი

II რაუნდი III რაუნდი I რაუნდი II რაუნდი III რაუნდი

 

 

წყარო: Caulson E., McCorkle S., (1996). Master Curriculum Guide in Economics Teaching Strategies 5-6, National Council on Economic Education.

როგორ ვასწავლოთ სახალისო ჭადრაკი სკოლამდელი განათლების საფეხურზე

0

დიდი ხანია, მინდა დავწერო იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოიტანა ჩემმა გადაწყვეტილებამ, რომ საბავშვო ბაღში ჭადრაკის აქტივობა შემეტანა.

ბავშობიდან მახსოვს შთაბეჭდილებები და ფრაზები, როდესაც  ახლობლები/ნაცნობები იგებდნენ, ჭადრაკზე რომ  დავდიოდი:

„რა კარგია, მანჩო, ძალიან დაგეხმარება, ჭადრაკი გონებას ხსნის…“

„მათემატიკა აღარ გაგიჭირდება…“

„შენ ხომ დამახსოვრება გიჭირს, ახლა კი უკეთ შეძლებ, დამიჯერე!..“

ასეთი ფრაზები არც თუ ცოტა იყო. კარგად ვერც ვიგებდი, რა კავშირში იყო ამ ჩამონათვალთან  ჭადრაკი. ის უბრალოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა იყო ჩემთვის. თან მე საკმაოდ დაკავებული ბავშვი ვიყავი: მხატვრული კითხვა, ბალეტი, ცურვა, სიმღერა, ფორტეპიანო… პირველი შვილი ვარ და რაც კი არსებობს სპორტისა თუ ხელოვნების დარგი (აქტივობა), ყველაფერზე დავყავდი მშობლებს, მაგრამ აი ჭადრაკი მაინც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა ხალხში. მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასე.

გავიდა დრო და, რა თქმა უნდა, თავადაც მივხვდი –

რატომ მაინცდამაინც ჭადრაკი… რისთვის არის სასარგებლო…

ძნელად  თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ჭადრაკის მნიშვნელობის შესახებ არ სმენია. ამიტომ აქ არ გიამბობთ ჭადრაკის ისტორიას.

მოკლედ, გავიდა დრო და ვერც მივხვდი, როდის შემიყვარდა ეს უნიკალური თამაში, უმოძრაო  სპორტი და, ამავდროულად, ხელოვნება – პატარა სათამაშო 32 ფიგურით, ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციის, გამარჯვებისკენ სწრაფვის უნარს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში რომ ავითარებს. დიახ, ჭადრაკი ადამიანებს ამზადებს ცხოვრებისთვის.  ასწავლის ფიქრს, გააზრებას, წესრიგს და საკუთარი საქციელის მიზეზშედეგობრიობაზე აფიქრებს.

ერთხელ გონებაში რაღაც იდეურმა მონახაზმა გამიელვა და ვიფიქრე, ვცდი, ვნახავ, იქნებ გაამართლოს, ბავშვებსაც მოეწონოთ ჭადრაკი და რამე პატარა შედეგიც მოგვიტანოს-მეთქი.    ჭადრაკის გაკვეთილები უკვე ბევრ სკოლაში ტარდება, მაგრამ ბაღში არც ისე ხშირად შეხვდებით. ამიტომ ვიფიქრე, რატომაც არა, სახალისო ჭადრაკს გავაკეთებ-მეთქი.

პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ის იყო, რომ ბავშვებისთვის ეს იდეა  საინტერესოდ და მიმზიდველად უნდა მიმეწოდებინა. ასე დავიწყეთ გაცნობა: პატარა ქაღალდის ჩანთაში ჩავდე ციცქნა ჭადრაკი თავისივე ფიგურებით. ჩანთა ხელში მეჭირა და დემონსტრაციულად ვამოძრავებდი. ფიგურები ამ დროს ერთმანეთს ეჯახებოდნენ და წკრიალა ხმას გამოსცემდნენ. ბავშვები იმწამსვე დაინტერესდნენ, თუ რა იდო ქაღალდის ჩანთაში. ერთმანეთის მიყოლებით მორბოდნენ და მეკითხებოდნენ – რა არის? რა არის?  სანამ ყველა არ მოგროვდა და მოუთმენელი ინტერესით სავსე თვალებით არ მომაჩერდნენ, არაფერი მითქვამს. ბოლოს ვთქვი, მინიშნებებით გეტყვით რა არის და უნდა გამოიცნოთ-მეთქი. უფრო გაუმძაფრდათ ინტერესი და დაძაბულობამაც იმატა. პასუხის ჩქარა თქმა უნდოდათ.

– პირველი მინიშნება: ჩანთაში დევს სათამაშო.

დაუფიქრებლად დაიწყეს ძახილი, უბრალოდ, მთავარია, დაესწროთ ერთმანეთისთვის:

– დათუნია…

– ლეგო…

– ბურთები…

მე გავაგრძელე:

– აქ დევს სათამაშო, რომელსაც ორი ადამიანი ერთდროულად თამაშობს.

კვლავ პასუხების ზღვა:

– იქს ბოქსი?

– სათამაშო ფეხბურთი?

-დომინო?

ჩემი მესამე მინიშნება:

– ამ სათამაშოს აქვს 62 უჯრა და 32 ფიგურა ჰყავს. მთავარი კი მეფეა.

ერთხმად შესძახეს: ჭადრაკი! ჭადრაკი! მე ვიცოდიი, ვამბობდიი…..

ჭადრაკი ჩანთიდან ამოვიღე, რომ ენახათ. აიღეს, შეეხნენ, დაათვალიერეს და ამ დროს მე ისევ განვაგრძე.

– ერთი იდეა მაქვს, რომელიც მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ, რადგან თქვენი დახმარება მჭირდება. დიდი ჭადრაკის დაფა მინდა გავაკეთოთ ერთად მე და თქვენ, ისეთი, ჩვენც ზედ რომ დავდგეთ და ვითამაშოთ, გინდათ? გავაკეთოთ ერთად?

დათო: „ეეე, რა მაგარიააა!!!“

ანდრია: „ახლავე რო დავიწყოთ?“

ლიზი: „კი, კი, გვინდა!“

მოკლედ, მასალა გავამზადე და ბავშვებმა მუშაობა დაიწყეს. დაიწყეს ჭადრაკის შენება, დიახ, შენება, რადგან ეს უნდა ყოფილიყო უზარმაზარი ჭადრაკის დაფა. ჭადრაკის დაფის შექმნაში უშუალო მონაწილეობა ბავშვებს უნდა მიეღოთ, მე მხოლოდ მიმთითებელი ვიყავი.  თაბახის 32 ფურცელი გააფერადეს შავი გუაშებით, ასოებისთვის და ციფრებისთვის გამოიყენეს სხვადასხვა ფერი, მე მხოლოდ ასოებისა და ციფრების მოხაზულობა დავიტანე ფურცელზე. მთელი პროცესი ბავშვებს მიჰყავდათ, მე მხოლოდ მაშინ ვეხმარებოდი, როცა კითხვები უჩნდებოდათ, მაგალითად, რამდენი ფურცელი გაეფერადებინათ, სად და როგორ აეწყოთ დაფა ხალიჩაზე, რითი დაემაგრებინათ და ა.შ. ჩვენ შევძელით – მათ თავიანთი ხელით გააკეთეს დაფა.

 

რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც გაამართლებდა თუ არა, არ ვიცოდი. დრო გვიჩვენებდა, როგორ მოერგებოდნენ ბავშვები ჭადრაკს… თუმცა ბავშვების ჩართულობა და აქტიურობა იმდენად დიდი იყო, რომ ხშირად კამათობდნენ კიდეც,  რომლები იქნებოდნენ  შავები/თეთრები ან რომელი ფიგურის როლს ითამაშებდნენ.

ჭადრაკის დაფის გაკეთებაზე მუშაობისას ბუნებრივად შეიქმნა ბავშვებში გუნდური მუშაობის განწყობა. ისინი  ორ ჯგუფად გაიყვნენ, თითოეული ჯგუფი პასუხისმგებელი იყო თეთრ ან შავ ფურცლებზე. თითო ჯგუფში 7 მოსწავლე იყო, საქმე თანაბრად ჰქონდათ განაწილებული. ერთი იღებდა ფურცელს, ამოატრიალებდა, მეორე კი ორმაგ  სკოჩს აკრავდა პირველთან ერთად, ამ სკოჩს კი მესამე და მეოთხე ბავშვი ჭრიდა (ერთს სკოჩის თავი  ეჭირა,  მეორე კი მაკრატლით ჭრიდა). შემდეგ მეხუთეს აწვდიდნენ ფურცელს, მეხუთე და მეექვსე სკოჩის ზედა ნაწილს აძრობდნენ.  მეშვიდეს კი ფურცელი მიჰქონდა ხალიჩაზე, სადაც ჩემი მითითებით დაფა კეთდებოდა. მუშაობის პროცესში, გასამხიარულებლად, საყვარელ სიმღერებს ვურთავდი და უფრო მეტი ხალისით აკეთებდნენ ყოველივეს. ასე თანმიმდევრულად და ორგანიზებულად კეთდებოდა ჩვენი დაფა.

ეს პროცესი ბავშვებისთვის იყო ძალიან ინფორმაციული და შემოქმედებითი, ვაკვირდებოდი მათ დიდ ინტერესს, ძალისხმევასა და  სიხარულს და ეს ყველაფერი ჩემთვის აღუწერელი ბედნიერების მომტანი იყო. მუშაობის პროცესი თავიდან ქარიშხალს ჰგავდა: ყველა ერთხმად მეკითხებოდა: „მანჩო, ახლა რა გავაკეთო?“ „მანჩო, ახლა როგორ გავაკეთო? “ „მანჩო, ეს ესეა?“  „მანჩო, ეს ფურცელი გაიხა!“ „მანჩო, ეს არ გამოვიდა!“ მაგრამ ცოტა ხანში ეს ქარიშხალი დამშვიდდა, ირგვლივ ყველაფერი დაიწმინდა, თავის ადგილს მოერგო -ბავშვებმა გაიგეს, რა უნდა გაეკეთებინათ და ყველა დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.

დასრულებული ჭადრაკის დაფის ნახვა არამარტო ჩემთვის, ბავშვებისთვისაც უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელი იყო. საბოლოოდ, ბავშვებს არამხოლოდ სიხარული მოუტანა ჭადრაკის დაფის გაკეთებამ, არამედ თავდაჯერებულობა შეჰმატა. მათ შეძლეს ის, რაც ძალიან ბევრს უჭირს – გუნდური, ერთსულოვანი, შეთანხმებული მუშაობა, იყვნენ მეგობრულები, იყვნენ მზად, რომ ერთმანეთს დახმარებოდნენ. ეს იყო ნამდვილი მეგობრობა. საოცარი სანახავი იყო ჩემთვის მათი მუშაობის პროცესი, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე აგებული, თითქოს მათგან დამოუკიდებლად, ყველაფერი ეს თავისთავად ხდებოდა, რადგან მათ საყვარელი და საინტერესო საქმე  ართიანებდათ.

განა ამას რამე სჯობს?!

დაფის გაკეთების მერე, პირველი აქტივობის მოლოდინი დიდი იყო: აინტერესებდათ, სინამდვილეში როგორი იქნებოდა ეს „ცოტა მოსაწყენი“ თამაში. მხიარული რამე უნდოდათ – როლების მორგება და თამაში.

პირველი საჭადრაკო აქტივობის დროც დადგა.

ოთახში შემოსულ მოსწავლეებს ერთი სული ჰქონდათ, რომ  ეთამაშათ. „მანჩო, როდის ვითამაშებთ?“ (დათო) „მე ვიცი უკვე ცოტა ჭადრაკი და დაგეხმარები, მასწავლებელო!“ (ბარბარე)

ავუხსენი, რომ ჯერ ვერ მოვახერხებდით თამაშს, რადგან ჯერ რაღაცები არ ვიცოდით.  პატარა ბავშვი, რომელმაც სიარული ჯერ არ იცის, ოჯახში, მეგობრებში, ნათესავებსა თუ მეზობლებში თუ გყავთ-მეთქი, ვკითხე. შეძლებს ის ბავშვი სირბილს-მეთქი? რა თქმა უნდა, უმრავლესობის პასუხი იყო – ვერა! ასე ვართ ჩვენც, ჯერ ნაბიჯების გადადგმა უნდა ვისწავლოთ ჭადრაკში, მერე კი შევძლებთ თამაშს და გამარჯვებასაც მოვიპოვებთ-მეთქი. ჩვენი ჭადრაკის დაფის ირგვლივ მოკალათებული  ბავშვები დიდი ინტერესით (მართლა გაფართოებული თვალებით) მისმენდნენ.

პატარა ჭადრაკი, ფიგურებით, ჩვენს დიდ ჭადრაკზე დავდე. გავაცანი, რამდენი ფიგურაა და როგორ არის განაწილებული, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს. ხელით ეხებოდნენ მათთვის საინტერესო ფიგურას და  მეკითხებოდნენ: „მანჩო, ცხენი როგორ დადის?“ „მეფე?“ „მანჩო, ეს ეტლია თუ კოშკი?“  ვუჩვენებდი ფიგურებს და ვუხსნიდი, რომ თითოეულ ფიგურას თავისი მოვალეობა, საქმე აქვს, ზუსტად ისე, როგორც ამას წინათ თქვენ გაინაწილეთ საქმე ჭადრაკის დაფის კეთებისას-მეთქი. მათთვის საინტერესო ფიგურების მოძრაობას თავად ვასახიერებდი.

შემდეგ დავიწყეთ ციფრებისა და რიგითობის სწავლა. ყველაფერს მოძრაობით ვასახიერებდით. ბავშვებმა რიგი გააკეთეს და ელოდებოდნენ თავიანთ ჯერს. პირველი იდგა ნიკოლოზი – დახტა პირველ უჯრაზე და დაიძახა „ერთი“. გადაინაცვლა მეორეზე და დაიძახა „ორი“ და ასე, მერვე უჯრის ჩათვლით. შემდეგ კი უკუსვლით, ისევ ხტუნვა-ხტუნვით დაბრუნდა უკან. მას მიჰყვა ლიზი, დათო, გიო და ა.შ.

 

 

 

ციფრების სწავლის შემდეგ ასოებზე გადავინაცვლეთ და იგივე გავაკეთეთ – მხიარულად, ხტუნვა-ხტუნვით. აქ უფრო მეტი დრო დაგვჭირდა (რა თქმა უნდა) და მეორეჯერაც ვცადეთ – უკვე ასკინკილით.

 

ციფრების და ასოების შესწავლის შემდეგ, დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ ყველა უჯრას, ისევე, როგორც ყველა ბავშვს, თავისი სახელი აქვს. და დავიწყეთ უჯრების  დასახელების შესწავლა. აქაც ყველა ერთსულოვნად იყო ჩართული. ერთმანეთს ასწრებდნენ, ეხმარებოდნენ: „არაა, მანდ არა! გვერდით დადექი…“ „მანდ არა, წინ გადადი…“ „ეგ E4 უჯრაა, მანჩომ E5 გითხრა…“ აქტიურად ისმოდა ასეთი შეძახილები…

ამასობაში, ჭადრაკთან დაკავშირებული თამაში მათ საყვარელ საქმიანობად იქცა.

ერთ დღეს  დათომ, საკმაოდ მკაცრად, დიდი საყვედური მითხრა (რამდენიმე დღე ჭადრაკის აქტივობა არ გვქონია). დერეფანში დამინახა: „ მანჩო, ცხენს როდის ვისწავლით?“ „შემდეგ გაკვეთილზე ავხსნათ, კარგი-მეთქი?“ „ოოო, კარგი რა, სულ შემდეგზე, შემდეგზე, როდის იქნება ეს შემდეგი?“

ერთხელ გიოს ფრაზამ ძალიან გამახარა. ჭადრაკით ძალიან დაინტერესებული რაღაცას აკეთებდა. უცებ თავი ასწია: „მანჩო, ძალიან მომშივდა. ახლა რომ ვჭამოთ და მერე ისევ ჭადრაკზე შემოვიდეთ, შეიძლება?“ „კი, კი, სადილის დროა, გავიდეთ და ჭადრაკი სხვა დროს გავაგრძელოთ-მეთქი…“ „არა, არა! მაშინ ჯერ პაიკის თამაშები დავამთავროთ და ისე გავიდეთო“. საყვარელ სადილსაც კი პაიკის თამაშები არჩია…

ასე ნელ-ნელა, ინტერესით და მხიარულად მივდივართ წინ და ვფიქრობ, იმაზე მეტად გაამართლა ჭადრაკმა, ვიდრე ველოდი. გარდა იმის, რომ მან დააინტერესა ბავშვები, თავი შეაყვარა და ყოველ აქტივობას სიხარულით ელოდებიან, ნათლად ვხედავ, როგორ ვსწავლობთ პაიკის, ცხენის, ეტლის, მეფის თუ დედოფლის თამაშებთან ერთად, ფიქრს, გააზრებას, წესრიგს და საკუთარი საქციელის მიზეზშედეგობრიობაზე დაკვირვებას, ათას რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

 

 

 

 

 

 

 

როგორ გავაღვიძოთ შემოქმედებითი ბუნება?

0

განათლებისათვის ინტელექტუალური განვითარება არ კმარა. იგი იმდენივე ყურადღებას უნდა უთმობდეს ემოციურ განვითარებას. თანამედროვე საზოგადოებაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით ინტელექტისა და გრძნობის კონცეპტებს შორის უთანხმოებას. დღეს ადამიანთა გამოცდილებები ძირითადად აზროვნების გამოცდილებებია, ვიდრე უშუალო ემოციური შეგრძნებები, ის, რასაც ხედავს, ის, რასაც ისმენს. ფაქტობრივად კონცეპტთა ასეთმა გათიშვამ თანამედროვე ინდივიდი თითქმის შიზოიდურ კონდიციამდე მიიყვანა.

ა.ს. ნილი

 

როცა ცხოვრება მოსაწყენი ხდება, როცა აცნობიერებ, ყოველდღიური ცხოვრების მექანიკურობას, როცა ადამიანსა და რობოტს შორის ზღვარი სულ უფრო იშლება და ადამიანი ემგვანება წინასწარ დაწერილ პროგრამას…  ფიქრობ, საიდან იწყება ეს ყველაფერი… რატომ არ არის ადამიანი ბედნიერი? საერთოდ, რას ეძებს იგი? რა როლი აქვს ადამიანს ამ მომხმარებლურ სამყაროში? – მოიხმაროს, რაც შეიძლება მეტი ნივთი და სხვა დანარჩენიც, როგორც ნივთი (ე. წ. სულიერი საკვები) და თავადაც იყოს „მოხმარებული“. ყველაფერი დაგეგმილია, ყველაფერი განსაზღვრულია – ბედნიერება და თავისუფლებაც კი… მხოლოდ ასე იმუშავებს სისტემა. სწორედ ამაზე წერს ფრომი: „ეკონომიკური სისტემა ინდივიდს აიძულებს მოერგოს საყოველთაო ტენდენციებსა და თამაშის წესებს. ქმნის ნახევრად მექანიკურ არსებას, რომელსაც უნდა მოიხმაროს მეტი და მეტი საქონელი. სისტემა ქმნის ინდივიდს, რომლის გემოვნება სტანდარტიზებულია, რომელზეც ფსიქიკური გავლენის მოხდენა ადვილად შეიძლება. სისტემას სჭირდება მასა, რომელიც თავს დამოუკიდებლად და თავისუფლად გრძნობს, თუმცა მათი ოცნებები და მისწრაფებებიც კი წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებს არ სცილდება, მასა, რომელიც სოციალური მანქანის სახელით მოირგებს ინდივიდებს, როგორც ჭანჭიკებს, იმართება ძალდაუტანებლად, რომელსაც ადვილად უხელმძღვანელებ ლიდერების გარეშეც (დეტალური ანალიზი ინდუსტრიული სისტემისა და ინდივიდის მახასიათებელი შტრიხების ურთიერთობაზე იხილეთ: E. Fromm, The Sane Society, Rinehart and Co. Inc., New York, 1955.)

ყველაფერი კი სკოლიდან იწყება. განათლება ქმნის „ჯარისკაცებს“, მომავალ მომხმარებლებს, ჭანჭიკებს, რგოლებს, სტანდარტიზებულებს, „გადახრის“ წინასაწრ დაგეგმილი სტანდარტით. შედეგად კი ვიღებთ რუტინულ ცხოვრებას. სისტემა კი მუშაობს, მაგრამ…

თანამედროვე სკოლის კლიმატი სწორედ ასეთი მექანიკური ადამიანის აღზრდას შეესაბამება. ადამიანში რომ შემოქმედებითობა და ინდივიდუალობა გააღვიძო, სკოლებში სხვა კლიმატი უნდა შეიქმნას. სწორედ ამ კლიმატზე საუბრობდა თანამედროვე განათლების ექსპერტი კენ რობინსონი, რომელიც ამბობდა, რომ ყველა ადამიანში თვლემს შემოქმედის პოტენციალი და შესაბამისი კლიმატის შექმნით და ამ კლიმატის კონტროლით შეგვიძლია შემოქმედებითი ადამიანის აღზრდაო. ამ იდეას ის საუკეთესოდ გამოხატავს „მკვდარი ხეობის“ მეტაფორით. ხეობა მკვდარი იყო იმიტომ, რომ იქ წვიმა არ მოდიოდა… ერთხელაც ნალექი მოვიდა ამ მკვდარ ხეობაში და გახრიოკებული ხეობა აყვავდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე ყოველთვის მიმდინარეობს, თვლემს და შესაბამისი კლიმატის შექმნით შესაძლებელია მისი გაღვიძება. „განათლების მკვდარი ხეობის“ მეტაფორით მთავარი სათქმელი გადმოცემულია: შეცვალე განათლების სისტემა, სკოლის ცხოვრება და შეიცვლება ადამიანი. თითქოს ბავშვი ნიადაგია, რომელშიც ყოველგვარი მცენარის თესლია და მხოლოდ ის აღმოცენდება, რომლისთვისაც შესაბამის კლიმატს შექმნი.

ა.ს ნილის ბავშვის აღზრდის „რადიკალური მიდგომის“ მეთოდის გაცნობისას პირველ რიგში, რობინსონი გამახსენდა: ძალდაუტანებელი, „თავისუფლებით აღზრდა“ ნილის მთავარი მეთოდია სამერჰილის სკოლაში. თუ ეს მოხდა სამერჰილში, ეს შეიძლება მოხდეს ყველგან, სადაც საამისო მზაობა იქნება.

ერიჰ ფრომი განიხილავს და აჯამებს რა ნილის სისტემას, გამოჰყოფს რამდენიმე ძირითად დებულებას, რომელთა შორის ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება შემდეგი:

„განათლების მიზანი, ფაქტობრივად ცხოვრების მიზანი – საყვარელი საქმის სიხარულით კეთება და ბედნიერების ძიებაა. ბედნიერება კი, ნილის თანახმად, ნიშნავს უწყვეტ ინტერესს – იყო ცნობისმოყვარე ცხოვრების მიმართ, ანდაც, როგორც მე მესმის, უპასუხო, რეფლექსია მოახდინო ცხოვრებაზე არა მხოლოდ ტვინით, არამედ მთელი ინდივიდუალურობით, ხასიათის თავისებურებებითა და ემოციურობით“.

თანამედროვე განათლების სისტემისთვის განსაკუთრებით უცხოა, ე.წ. ემოციური ინტელექტი, რადგან განათლება მეტწილად ეფუძნება დასწავლას და არა „კეთებას“. თითქოს, ყველაფერი ვერბალური, ლინგვისტური გახდა და ადამიანი აღარ განიცდის სიტყვით მოტანილ ემოციას (ან განიცდის სტანდარტულ ემოციებს), აზრს, შეგრძნებებს; მთავარი ინფორმაციაა და ინფორმაციის დაგროვება და არა ის, აცნობიერებს თუ არა ადამიანი ამ ინფორმაციას, ცოდნას. დიახ, რუსთაველის ცნობილი აზრი ისევ გამახსენდა ამჯერადაც: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა“. „არა ვიქმ“-ში მაინცდამაინც მატერიალური საგნების შექმნა არ იგულისხმება, „ქმნა“ – არის გაცნობიერება, როდესაც ცოდნა ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ იწვევს ჩვენს ცვლილებას. მაგრამ მხოლოდ ლინგვისტურად და სიტყვებით ზემოქმედება ცოდნას არ შეუძლია, აუცილებელია მისი „მიღება“ ემოციურად, შეგრძნებებით, მთლიანად, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთი. აი, სწორედ ამგვარი მიღებაა პრობლემა. თანამედროვე ადამიანს დახშული აქვს შეგრძნებები და ძალიან ბევრისთვის სრულიად გაუგებარი იქნება ის, რის შესახებაც ახლა ვწერ.

ა.ს ნილი წიგნში – „აღზრდა თავისუფლებით“ – საუბრობს თანამედროვე სკოლაზე, როგორც ჩაკეტილ სისტემაზე, როდესაც სკოლაში მიღებული განათლება სკოლის კედლებს არ სცილდება და საერთოდ არ არის დაკავშირებული ცხოვრებასთან. ბავშვს კი ყოველთვის ბუნებრივი ინტერესი ამოძრავებს, ის სავსეა სიყვარულის პოტენციალით და ცნობისმოყვარეობით, ამიტომ თუ გავყვებით მის ცნობისმოყვარეობას და ისე მივაწვდით ცოდნას, მაშინ დაძალება და დასჯა აღარ იქნება საჭირო.

მაგრამ დაბადებისთანავე თუ ჩვენ ცხოვრება ყველაფერს გამზადებულს გვახვედრებს და ხელისკვრით გვაგდებს მკვდარ სისტემაში, როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა აქედან გამოსვლა? თუ არც ოჯახში, არც სკოლაში არ გაუღვივებენ ინტერესს? შეთავაზებულ თანამედროვე სისტემაში ყველაფერი ისე ხდება, რომ ბავშვების ინტერესს აღვივებენ კი არა, კლავენ, რადგან ბავშვის ცნობისმოყვარეობა არ შეესაბამება ცხოვრებას. და რა არის ცხოვრება…? ვიღაცისგან დაგეგმილი სისტემა, მეტი მოგების მიღების მიზნით..?  მერე გავიხსენებთ ილიას ამ ფრაზას: “თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკის ნაბადსა”, რა თქმა უნდა, „გათელვა“ არ მოგვინდება და ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებთ, ჩაყოლის შედეგი კი ისაა, რომ ვერასოდეს ამოვალთ იმ ჭაობიდან, რასაც ვიღაცამ „ცხოვრება“ დაარქვა. იქნებ უფრო ადეკვატური ყოფილიყო ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზების გახსენება:

„ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი – ხატებითა და სურათითა”.

ადამიანს კი მთლიანობისთვის ორივე სჭირდება: მეცნიერებაც და ხელოვნებაც… სწორედ ამას შეესაბამება ჩვენი თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები, მეტაფორულად ამ ნახევარსფეროებს მეცნიერებისა და ხელოვნების ნახევარსფეროებსაც უწოდებენ. რატომ უნდა ვიყოთ „ნახევრები“, როცა შეგვიძლია გავამთლიანოთ ცოდნაც და საკუთარი თავიც.

 

როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეების წერითი კომუნიკაციის უნარი – რეფლექსიები

0

წერითი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად მასწავლებელმა მრავალფეროვანი დავალებები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს. ერთ-ერთი ასეთი დავალებაა რეფლექსიების წერა. მიუხედავად იმისა, რომ რეფლექსია პირველ პირში იწერება და ნაწერი, ერთი შეხედვით, თითქოს არაფორმალურ ხასიათს ატარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლე უნდა გაცდეს და გაარღვიოს აკადემიური ჩარჩოები. თუმცა, თუკი ჩარჩოების გარღვევა კრეატიულად მოხდება, მაშინ გადაცდენა მისასალმებელიც კი იქნება. ეს ყველაფერი მასწავლებლის შესაფასებელია და მან უნდა უთხრას მოსწავლეებს, როგორი რეფლექსია იქნება მისთვის მისაღები და ჩაეთვლება თუ არა მოსწავლეს ყველა ტიპის რეფლექსია შესრულებულ დავალებად. როდესაც სიტყვა შეფასებას ვხმარობ, არ ვგულისხობ იმას, რომ მასწავლებელი რეფლექსიებს ნიშნით უნდა აფასებდეს. ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. რეფლექსიის წერა მოსწავლისთვისაც სახალისო უნდა იყოს და მასწავლებელიც დამატებით ტვირთს არ იკიდებდეს კლასში ამ კომპონენტის შემოტანით. კარგია, თუკი თითო მოსწავლე სემესტრში ერთ რეფლექსიას მაინც დაწერს. ეს სამუშაო მას დაეხმარება, იყოს თანმიმდევრული, არ გამორჩეს დეტალები, ჩაუღრმავდეს საკუთარ სუსტ მხარეებს და გააანალიზოს ძლიერი მხარეები. რაზე დავაწერინოთ რეფლექსია? მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რომელმაც ძალიან გაამართლა.

სანამ რეფლექსიას დაწერდეს, კარგი იქნება, თუკი მოსწავლეს ვთხოვთ, მოახდინოს დისკუსიის ინიცირება (ერთი შესწავლილი ტექსტი და ერთი ან მეტი დისკუსია, გააჩნია, რომელ ტექსტზე რამდენი საათია გამოყოფილი და რამდენად იძლევა რამდენიმე დისკუსიის ჩატარების საშუალებას ერთი ტექსტი. თუ ტექსტი ვრცელია, მაშინ ოთხი დისკუსია სავსებით მისაღებია. თუკი ტექსტი მხოლოდ ერთი ლექსია, მაშინ, ცხადია, რომ მოსწავლის მიერ ინიცირებულ დისკუსიაზე საუბარიც კი ზედმეტია). ასეთ დროს მოსწავლე დროებით ითავსებს მასწავლებლის როლს. მოსწავლე აუცილებლად წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ კლასში მომზადებული მოვიდეს. მან სახლში იმ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება უნდა შეძლოს, რომელიც განსაკუთრებულს გახდის მის მიერ ინიცირებულ დისკუსიას. ჩვენი, მასწავლებლების, როლი ამ დროს ისაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, შეძლონ სანდო ინფორმაციის მოძიება, შევაფასოთ, სწორ გზაზე დგანან თუ არა, საჭიროების შემთხვევაში დავუსახელოთ წყაროები, დამხმარე ლიტერატურა, რომელსაც უნდა დაეყრდნონ, ინტერნეტრესურსები და ა.შ.

როგორ ხდება დისკუსიის ინიცირება? როდესაც გავდივართ რომელიღაც ნაწარმოებს, სხვადასხვა საკითხია ასახსნელი. ამ საკითხთა შორისაა მწერლის ბიოგრაფია, ეპოქის მიმოხილვა, ზოგიერთი კულტურული და სოციალური ასპექტი, მხატვრული სახეები, სტილისტური და ენობრივი სპეციფიკა, ჟანრული თავისებურებანი. მოსწავლის მიერ ინიცირებული დისკუსია არ არის აუცილებელი, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ მოახდინოს. ინიცირებული დისკუსიის მოთავე ერთდროულად ორი, სამი ან ოთხი მოსწავლეც შეიძლება იყოს – გააჩნია, რა თემაა განსახილველი, რამდენად შესაძლებელია, მოხდეს ამ თემის დანაწევრება ერთი დისკუსიის ფარგლებში მცირე ნაწილებად და რამდენად აჯობებს თემის დაყოფა საკითხის შესასწავლად.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ვასწავლით მიხეილ ჯავახიშვილის რომანს „ჯაყოს ხიზნები“. ამ ნაწარმოებზე მოსწავლეებს მრავალფეროვანი დისკუსიის ინიცირება შეუძლიათ. მაგრამ მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ მთავარს, იყვნენ თანმიმდევრულნი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც, მაგალითად, საუბარია მხატვრულ სახეებზე, ბოლომდე ამოწურონ საკითხი და არ გადახტდნენ ერთიდან მეორეზე.

გთავაზობთ სხვადასხვა სტრატეგიას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დისკუსიის ინიცირება:

1.მოსწავლემ მოიძიოს და შეარჩიოს ფილმი (ცხადია, საუბარია რომელიღაც ერთ მონაკვეთზე და არა სრულ ფილმზე), რომელიც, მისი აზრით, გადაიზრდება ისეთ დისკუსიაში, რომელიც, თავის მხრივ, დაეხმარება თანაკლასელებს ტექსტის, ნაწარმოების რომელიმე ეპიზოდის, მწერლის მიერ წამოჭრილი აქტუალური პრობლემის, სოციალური ან კულტურული ფონის უკეთ გასაგებად – ან უფრო ზუსტად, მწერლის სათქმელის ამოსაცნობად. ფილმის გარდა ამ როლის შეთავსება, ანუ მედიუმის როლის მორგება, შეუძლია სხვა ვიზუალურ მასალასაც. „ჯაყოს ხიზნების“ შესწავლისას მოსწავლეს შეუძლია აჩვენოს ის კადრი ფილმიდან „ფრანით მორბენალი“, როცა ამირი ჭუჭრუტანიდან უყურებს, როგორ აუპატიურებენ ჰასანს ასეფი და მისი თანამზრახველები. დისკუსიამ, რომელიც მოჰყვება ამ კადრს, მოსწავლეებს უნდა ამოაცნობინოს მწერლის სათქმელი. რა სათქმელია ეს? მოსწავლე, რომლის ინიცირებულიცაა დისკუსია, უხსნის თანაკლასელებს, რომ ასეფი მომავალში თალიბანის აქტივისტი გახდება, თალიბანი კი ანგრევს და მიწასთან ასწორებს ავღანეთს, წელში გადატეხავს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჰაზარა მოსახლეობას, მოკლედ, თალიბანი ყველანაირად იძალადებს საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე. ასეფი თალიბანის სიმბოლოა, ჰაზარა ჰასანი ავღანეთია, ხოლო ამირი ავღანელი ხალხი. ხალიდ ჰოსეინისთვის სამშობლო პატარა ბიჭია, რომელსაც ვერ იცავს მეგობარი/ძმა. ამ დისკუსიის ინიცირებისთვის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მომზადებული ამონარიდი ჰომეროსის პოემის მეექვსე სიმღერიდან ამონარიდი, რომელიც აჩვენებს, რომ ჰომეროსის „ილიადაშიც“ ჰექტორის სიკვდილი გაიგივებულია ტროას დაცემასთან. შესაბამისად, სხვადასხვა კულტურაში სამშობლო ხან მდედრობითი სქესისაა (მადლობა ჩემს კოლეგას, რომელმაც ამ დისკუსიის ინიცირების პროცესში მომაწოდა იდეა, მოსწავლისთვის მერჩია ირაკლი თოიძის პლაკატი „დედასამშობლო გვეძახის“) და ხანაც – მამრობითის, ხოლო მას ვერ იცავს ხან მეუღლე, ხან ძმა, ხანაც – დედა (აქ ვგულისხმობ ნაბოკოვის „ლოლიტას“, რომლის ერთი წაკითხვაც [ნაბოკოვი წინააღმდეგია წაკითხვისას ალეგორებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებით] გულისხმობს იმას, რომ ლოლიტა ავტორის ბავშვობის დროინდელი რუსეთია, რომელსაც ვერ იცავს დედა და, რომელზეც ძალადობს ჰუბერტ ჰუბერტი). ჩემი მოსწავლეების მიერ ინიცირებული ეს დისკუსია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ნაწარმოების შესწავლისას. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებს თუთიყუშებივით ემეორებინათ, მარგო საქართველოა, ჯაყო ოკუპანტი და თეიმურაზი ქართველი ხალხიო, ისინი თავად მივიდნენ დასკვნამდე. ამ დისკუსიის დროს „უბის წიგნაკის ჩანაწერებიც“ ძალიან დაგვეხმარა.

  1. საქმე ისაა, რომ სკოლაში მე ორ შეწყვილებულ გაკვეთილს ვატარებ და თითქმის ორი საათი საკმარისი დროა კარგი დისკუსიის სრულფასოვნად ჩასატარებლად. თუ თქვენ ეს დრო არა გაქვთ, მაშინ მოსწავლემ შეიძლება წარმოადგინოს „ჯაყოს ხიზნების“ ყდის რამდენიმე ფოტო (ადვილად იძებნება ელემენტარული დაგუგლვითაც) და თხოვოს თანაკლასელებს ილუსტრაციების ანალიზი. არ შეიძლება, რომ მოსწავლეები ვერ გავიდნენ მთავარზე და ვერ ამოიცნონ მწერლის სათქმელი ილუსტრაციების მეშვეობით.
  2. კონტექსტის გასაგებად ძალიან ხშირად სწორ მიმართულებას გვაძლევს მწერლის ბიოგრაფიისა და ეპოქის შესწავლა, ასევე კულტურული და სოციალური ასპექტების შესახებ საკმარისი ინფორმაციის მიღება. თუკი არცერთი ასპექტის შესწავლას არ გავყავართ ნაწარმოების იდეის სწორად გასახსნელად, მაშინ დისკუსია წარუმატებელი იქნება. ინიცირებული დისკუსიის მიზანი ისაა, რომ მოსწავლეებმა დამატებითი რესურსის დახმარებით შეძლონ ნაწარმოების გაგება. თუკი რესურსები ნაწარმოების იდეისა და მწერლის სათქმელის გაგებაში არ გვეხმარება, მაშინ აზრი არა აქვს დისკუსიას. მოსწავლე ინიცირებული დისკუსიის ჩატარების წინ რამდენიმე ხნით ადრე უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელს, რომ მასწავლებელმა შეძლოს მისი/მათი სწორ გზაზე დაყენება, მითითებების მიცემა და, რაც მთავარია, დისკუსიის მიზნის გამოკვეთაში მოხმარება. რა და როგორ ეს თავად მოსწავლემ უნდა მოიფიქროს. აუცილებელია, მასწავლებელმა ისიც გაითვალისწინოს, რომ ჯგუფის მიერ დისკუსიის ინიცირებისას ერთი მოსწავლე არ უნდა იყოს გამწევი ძალა ან ლოკომოტივი, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი მატარებლის მგზავრები. ჯგუფის ყველა წევრს თანაბარი წვლილი უნდა ჰქონდეს ინიცირებული თემის მომზადების საქმეში, თუნდაც კლასში მათი როლი ჯეროვნად არ წარმოჩინდეს. მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებიდან კონკრეტული ეპიზოდების გახსენება კარგი იქნება დისკუსიის ინიცირებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპოქის დამახასიათებელი იმ ნიშნების გამოკვეთა, რომლებსაც რომანშიც ვხვდებით. მაგალითად, ნაშინდარის დაკავშირება დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერთან ან დასავლეთის როლზე (1924 წლის აჯანყებულთა მოლოდინები, რომ მათ დასავლეთი დაეხმარებოდა), რომელიც რომანში ორჯერ აისახა (მაგალითად, როდესაც პერსონაჟი გასცქერის დასავლეთს. ცხადია, რომ დასავლეთი აქ ტყუილად არაა ნახსენები, ისევე როგორც ზაფხული, როცა მოქმედება მიმდინარეობს).
  3. ხანდახან მოსწავლეებს ინიცირებული დისკუსიის დროს არ სჭირდებათ ვიზუალური მასალა. საკმარისია მხოლოდ კარგი შეკითხვების მოფიქრება, რომლებიც მიმართულებას მისცემს დისკუსიას. ასეთი შეკითხვების მომზადებას მაინც დიდი დრო სჭირდება, რადგან მოსწავლე მზად უნდა იყოს თანაკლასელთა ნებისმიერი პასუხისთვის, უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში რა შეკითხვა უნდა დასვას და როგორ უნდა გაართვას თავი მოდერირების პროცესს – მან ხომ უნდა მოახერხოს, რომ მისი გაკვეთილი არ გადაიზარდოს ჩხუბში და არ გასცდეს აკადემიურობის ფარგლებს. შესაძლოა, მოსწავლემ მოინდომოს და დრო მიუძღვნას იმ საკითხების განხილვასაც, რომელიც მან ვერ გაიგო კარგად და ჰგონია, რომ დისკუსია საუკეთესოდ დაეხმარება მას საკითხის გასარკვევად.

მოსწავლის მიერ ინიცირებული დისკუსიისას ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მეც, მასწავლებელიც ისევე ვიღებ მონაწილეობას დისკუსიაში, როგორც ჩემი დანარჩენი მოსწავლეები, თუკი ამის სურვილს დისკუსიის ინიციატორი გამოთქვამს. თუ მას ეს არ უნდა, მე ჩვეულებრივი დამკვირვებელი ვარ.

მთავარი, რისთვისაც ეს დისკუსიები გვჭირდება მაინც ის არის, რომ ამ დისკუსიის შემდეგ მოსწავლემ ან მოსწავლეებმა, რომლებმაც დისკუსია მოაწყვეს, უნდა დაწერონ რეფლექსია. მათ უნდა აღწერონ, როგორ წარიმართა გაკვეთილი, შედგა თუ არა მათი ჩანაფიქრი, შესრულდა თუ არა დასახული მიზანი. ეს რეფლექსია, სულ ცოტა, 500 სიტყვიანი უნდა იყოს (თითო მოსწავლემ ერთი რეფლექსია უნდა დაწეროს დისკუსიის ჯგუფის მიერ ინიცირების შემთხვევაშიც. რეფლექსია არ უნდა იყოს საერთო, რადგან საბოლოო მიზანი მაინც წერითი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა). რეფლექსიაში აუცილებელია, მოსწავლემ ობიექტურად გააანალიზოს დისკუსიის სუსტი და ძლიერი მხარეები. მათ რეფლექსია მხოლოდ სხვების პასუხებზე კი არ უნდა ააგონ, არამედ უნდა წარმოადგინონ საკუთარ გეგმები და მიზნები. სანამ რეფლექსიის წერას დაიწყებენ, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მან რამდენიმე შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: რომელი თემის ინიცირება მოხდა და როგორ დაეხმარა შემოთავაზებული რესურსი საკითხის გააზრებისას; თავიდან რომ ჰქონდეთ ჩასატარებელი დისკუსია, რას შეცვლიდნენ; რა გამოუვიდათ ყველაზე კარგად და რას ვერ გაართვეს თავი. ასევე მათ უნდა გასცენ პასუხი შეკითხვას, რა არ იცოდნენ, რა არ ესმოდათ და რა გაიგეს უკეთ პროცესის შემდეგ. რეფლექსია არ უნდა იყოს მხოლოდ იმის აღწერა, რაც მოხდა გაკვეთილზე. რეფლექსია უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, გააცნობიეროს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

როდესაც შემაჯამებელ წერას დავაწერინებთ, მოსწავლეები უკვე მომზადებულები  იქნებიან, თავი გაართვან ნაშრომს. მანამდე მათ საკუთარი მოსაზრებაც ჩამოუყალიბდებათ (იმის ნაცვლად რომ ჩვენი და სხვა ავტორიტეტების აზრები თუთიყუშებივით იმეორონ), არგუმენტებიც საკმარისად ექნებათ (თანაკლასელებთან დისკუსია არგუმენტების ჩამოყალიბებისა და კონტრარგუმენტების წარმოსაჩენად საუკეთესო გზაა) და წერაშიც გავარჯიშებულებიც იქნებიან – ამაში ხომ სახელდახელო ნაწერები და რეფლექსიები დაგვეხმარება.

 

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის

0

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და რა როლი აკისრია ოჯახს ადრეული განათლების მხარდაჭერაში? რა არის სასკოლო მზაობა? როგორ წავახალისოთ ბავშვში სწავლის მოტივაცია, როგორ დავეხმაროთ მას სკოლასთან ადაპტაციასა და სასკოლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, აუცილებელი სოციალური თუ ემოციური უნარების განვითარებაში? ასაკითხებზე გვესაუბრა საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ტექნიკური პროგრამის კოორდინატორი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური და ადრეული განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია.

 

რა მნიშვნელობა  აქვს ადრეულ განათლებას?

ადრეული განათლება ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა და დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვების ხარისხიანი ადრეული განათლება.

რვა წლის ჩათვლით სწავლისა და განვითარების წამყვანი სტრატეგია თამაშია. ეს არის წამყვანი ქცევა, რომლითაც ბავშვი შეისწავლის, შეიგრძნობს და ითვისებს სამყაროს.

მშობლები, აღმზრდელები, დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხშირად ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ ბავშვი „ამეცადინონ“, სიტყვებით ასწავლონ. ბავშვისთვის კი ეს სიტყვები არაფრისმთქმელია და თუნდაც ამ დროს ჩუმად იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვისმენს, ესმის და ამ ერთფეროვანი დიდაქტიკით რამეს სწავლობს ან ვითარდება.

თამაშით სწავლა ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. იმავდროულად, თამაშის დროს ბავშვებს უვითარდებათ მსხვილი და წვრილი მოტორიკა, კოორდინაცია; თამაში ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებით განვითარებას და ავითარებს მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარებს.

შემეცნებითი განვითარების კუთხით არსებითია, ხელი შევუწყოთ ბავშვის, მაგალითად, მეხსიერების განვითარებას, თუნდაც ლექსების სწავლებით, მაგრამ ლექსებიც უნდა იყოს სახალისო, რიტმული, შინაარსობრივად ბავშვის ასაკის შესაბამისი – ცხოველებზე, ფრინველებზე, წელიწადის დროებზე, იმაზე, რაც ბავშვს აინტერესებს.

ადრეულ ასაკში პრიორიტეტულია სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური განვითარება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება იაპონელი არქიტექტორი ტაკაჰარუ ტეძუკა, რომელმაც ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებზე დაყრდნობით შექმნა პროექტი და ააშენა საბავშვო ბაღი. ბაღი წრიული ფორმისაა, სივრცეებადაა დაყოფილი და აქცენტი დასმულია ბავშვის ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობაზე. როცა ბაღში ბავშვების მოძრაობას დააკვირდნენ, აღმოაჩინეს, რომ პატარების უმეტესობა დღეში საშუალოდ 4000 მეტრს გაივლის. ქართულ ბაღებში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ბავშვები უმეტესად სხედან, ძერწავენ, ხატავენ და უსმენენ მასწავლებელს. ასეთ დროს ბავშვი არის არა სუბიექტი, რომელიც ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში, არამედ ობიექტი, პასიური პირი, რომელშიც ვცდილობთ „ჩავდოთ“ ცოდნა, ინფორმაცია.

ბავშვის ადრეული განათლების პროცესში ჩართულმა პირებმა იმდენად ცოდნაზე არ უნდა დასვან აქცენტი, რამდენადაც გაკეთდეს უნარებზე (თუმცა, ცხადია, ცოდნის, ინფორმაციის მიღებაც საშუალებაა უნარების განვითარებისა). ემოციურად და სოციალურად განვითარებული ბავშვი შფოთვის გარეშე ფუნქციონირებს, ნაკლებად ეშინია სკოლაში წასვლის.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, თამაში ბავშვის განვითარების წამყვანი სტრატეგია იყოს. რაც უფრო ხალისიანია თამაში და რაც უფრო მეტადაა ბავშვის ინტერესებზე დაფუძნებული, მით უფრო ცნობისმოყვარეა ბავშვი.

 

რა არის სასკოლო მზაობა?

სასკოლო მზაობა არ ნიშნავს წერა-კითხვის ცოდნას. სასკოლო მზაობაა, როდესაც ბავშვი სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად მზად არის, შევიდეს სრულიად ახალ გარემოში, რომელიც უფრო ფორმალურია, ვიდრე სკოლამდელი დაწესებულება ან სახლი, დამოუკიდებლად შეუძლია თავის მოვლა (ტუალეტით სარგებლობა, თავის მოწესრიგება და ა.შ.). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან დროულად უნდა მოხდეს ამ საჭიროებათა იდენტიფიცირება და უზრუნველყოფა მათი სასკოლო მზაობის ხელშესაწყობად.

კვლევები მოწმობს, რომ იმ ბავშვებს შორის, რომლებიც დადიოდნენ საბავშვო ბაღში და რომლებიც არ დადიოდნენ, სასკოლო მზაობის თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა, თუმცა აქ არსებითია, სკოლამდელი განათლება იყოს ხარისხიანი. თუ ბავშვი ბაღში დადიოდა, მაგრამ ასაკის შესაბამის, ხარისხიან განათლებას ვერ იღებდა, სასკოლო მზაობის კუთხით (და არამხოლოდ) განსხვავება დიდი არ იქნება.

სოციალური და ემოციური მზაობა ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების გამომჟღავნება, ერთმანეთისგან გარჩევა და სახელდება. მაგალითად, როდესაც ბავშვს უხარია, გამოხატავს ამას და, ამასთან, იცის რომ ეს არის სიხარული. ის ამბობს: „მე მიხარია, მომწონს, მსიამოვნებს“, – და ა.შ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვისა და სახელდების შესაძლებლობაც. მაგალითად, რა ეწყინა, რაზე გაბრაზდა… სოციალური უნარები გულისხმობს ინიციატივიანობას, ზრდასრულთან ურთიერთობას, არანაკლებ ერთი მეგობრის ყოლას.

ზოგიერთი ბავშვი უფრო ექსპრესიულია, ზოგიერთი – შედარებით მორცხვი. მიუხედავად ამისა, შვიდი წლის ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი სურვილების გამოხატვა. თუ ბავშვი არ არის ინიციატივიანი, უნდა დავეხმაროთ თავისი საჭიროებების გამოხატვაში. ასეთ დროს მშობელს, აღმზრდელს, მასწავლებელს მართებს, იყოს ძალიან მომთმენი და ბავშვზე ორიენტირებული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წიგნიერების უნარების განვითარებაც, რაც გულისხმობს კითხვამდელ და წერამდელ პროცესს, როდესაც ვუკითხავთ, მერე კი წაკითხულის შესახებ კითხვებს ვუსვამთ. ამ დროს ბავშვი გაიაზრებს ტექსტის შინაარსს და ავითარებს თავის აზრს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ფანტაზიის განვითარებისთვის.

ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით ბავშვს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მოძრაობის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს კავშირშია შემეცნებითი უნარების განვითარებასთან. თუ ბავშვს ადრეულ ასაკში არ მიეცა მოძრაობის, ემოციების გამოხატვის, ინიციატივისა და დამოუკიდებლობის გამომჟღავნების შესაძლებლობა, მას სკოლაში გაუჭირდება საკუთარი ქცევის მართვა, მასწავლებლისა და თანაკლასელების ყურადღებით მოსმენა, კომუნიკაცია და სასკოლო აქტივობებში სათანადოდ ჩართვა.

სკოლაში წასვლამდე აუცილებელია, ხელი შევუწყოთ თავის მოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას. ბავშვი, რომელმაც იცის, როგორ ჩაიცვას, მოიწესრიგოს თავი, დაიბანოს ხელები საპირფარეშოს შემდეგ და ა.შ., ნაკლებად შფოთავს.

ამ ყველაფრის სწავლება სკოლაში წასვლის პირველ დღეს კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ გაცილებით ადრე, თანაც საღამოობით, როცა ბაღში ან სამსახურში არ გვეჩქარება. შეიძლება ვურჩიოთ ბავშვს, მოამზადოს ტანსაცმელი, რომლის ჩაცმაც ხვალ სურს, შევთავაზოთ სეზონის შესაბამისი სამოსი, ოღონდ ორი ან სამი, საიდანაც ის სასურველს აარჩევს. ამით ის მიეჩვევა დამოუკიდებლობას და საკუთარ თავთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებას.

კიდევ ერთი რეკომენდაციაა, სკოლაში წასვლამდე ბავშვი გაეცნოს იქაურ გარემოს, მაგრამ ჩვენთან ეს პრაქტიკა უფრო სპონტანურია, ვიდრე გეგმაზომიერი.

მნიშვნელოვანია სხვა უნარებიც: ნებისყოფა, მოთმინება, ნივთის გაზიარება, ზრუნვა, ემპათია, მოსმენა, ყურადღება… ბავშვს უნდა დავაკვირდეთ და მივყვეთ მის ინტერესებს: რა მოსწონს? როგორ აინტერესებს? ხშირად ბავშვისგან ელიან, თვალებში შესციცინებდეს ზრდასრულს. შესაძლოა, ის რაღაცას ინიშნავდეს, ხატავდეს, ან სულაც იატაკს ჩასცქეროდეს, მაგრამ ყურადღებით ისმენდეს ყველაფერს. საერთოდ, ქცევის მართვის ლოკუსი ბავშვშია – მან იცის თავისი ქცევის მართვა, აცნობიერებს სწავლის მნიშვნელობას და აქვს სურვილი და მოტივაცია, ისწავლოს. რაც უფრო ნაკლებია დიდაქტიკური სწავლება და მეტია ბავშვის მიერ სწავლის ხელშეწყობა, მით უფრო საინტერესო და ნაყოფიერია საგანმანათლებლო პროცესი, მით უფრო ცნობისმოყვარეა და მოტივირებული ბავშვი.

 

რას გვეტყვით გარემოზე, უსაფრთხოებაზე, საკუთარი სხეულის უფლებების დაცვაზე?

გარემო უსაფრთხო და ჰიგიენური უნდა იყოს. საპირფარეშოში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა. ხშირია, როდესაც სკოლის ტუალეტის კარი არ იხურება ან საპირფარეშო არ არის მოწესრიგებული და ბავშვი, რბილად რომ ვთქვათ, გრძნობს დისკომფორტს. მან უნდა იცოდეს, რომ აქვს უფლება, გამოხატოს ამის თაობაზე თავისი აზრი. ამ დროს ის გარკვეულწილად საკუთარ საჭიროებებს უწევს ადვოკატირებას.

ასევე მნიშვნელოვანია, ჩაცმის, გახდის, მოვლა-დაბანის პროცესში მშობელმა ბავშვს საკუთარი სხეულის უფლებების დაცვა ასწავლოს. უთხრას, რომ არავის აქვს უფლება, ზედმეტად შეეხოს მის სხეულს (მით უმეტეს – სხეულის იმ ნაწილს, რომელიც საცვლითაა დაფარული). წინათ ბავშვს ასწავლიდნენ: უცხო ადამიანს არ გაჰყვე, არ დაელაპარაკო, თუმცა, სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობის გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოძალადე, როგორც წესი, ნაცნობი და ახლობელი ადამიანია. ამიტომ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არავინ, უცხოა თუ ნაცნობი, არ უნდა შეეხოს მისი სხეულის განსაკუთრებულად დაფარულ ნაწილს.

ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს მშობლების ტელეფონის ნომერი. ის უფრო ნაკლებად შფოთავს, როცა იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკავშირდეს დედას ან მამას.

 

როგორ მოემზადოს მშობელი? რა უნდა გაითვალისწინოს?

მშობელს შესაძლოა ჰქონდეს პირადი არასასიამოვნო გამოცდილება სკოლასთან მიმართებით, მაგრამ მან უნდა შეძლოს და საკუთარი შიში არ გადასდოს ბავშვს. სკოლისადმი ბავშვის პოზიტიური დამოკიდებულება დიდწილად არის დამოკიდებული მშობლის მხარდაჭერაზე.

სკოლაში მისვლამდე ბავშვს, როგორც წესი, ერთი სული აქვს, როდის გახდება მოსწავლე. უფროსებისგან კი ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები: „შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ/დიდი გოგო ხარ, ეს შენი სამსახურია“, – და ა.შ. მე მომხრე ვარ, ბავშვებს სიმართლე ვუთხრათ: სკოლა სამსახური არ არის, სკოლა ადგილია, სადაც მან უნდა ისწავლოს. როგორც აღვნიშნეთ, ახალ გარემოში მოხვედრა იწვევს სტრესს. სტრესი ყოველთვის ცუდი არ არის. ის აძლევს ადამიანს სიგნალს, რომ ახლა განსხვავებულად უნდა მოიქცეს. თუმცა სტრესი არ უნდა გადაიზარდოს ტოქსიკურ სტრესში ან დისტრესში. ამ დროს ფუნქციონირება ძლიერი შფოთვის ფონზე მიმდინარეობს, რაც არ არის კარგი ბავშვის განვითარებისთვის.

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან, სკოლასთან დაკავშირებით გარკვეული წარმოდგენები და მოლოდინები აქვთ. კარგი იქნება, ერთი წლით დავიწყოთ მასთან სკოლაზე საუბარი, ერთად გავაკეთოთ ჩანაწერები, ვხატოთ, პატარა დღიური ვაწარმოოთ. კარგი იქნება, ბავშვთან იყვნენ ნაცნობი ნივთები და ადამიანები, მაგალითად, დღიურში ჩაკრული მშობლების ფოტოები. როგორც კი ბავშვი ცუდად იგრძნობს თავს, დახედავს ფოტოს და შფოთვა გაუნელდება.

კარგი იქნება, სწავლის დაწყებამდე ბავშვი რამდენჯერმე მივიყვანოთ სკოლაში, გავაცნოთ მომავალი მასწავლებელი.

ამრიგად, სკოლისთვის მომზადება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს სკოლამდელი განათლების უკანასკნელ წელს და პირველი კლასის პირველ რამდენიმე თვეს. ეს პროცესი მაქსიმალურად მოქნილი და გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს ბავშვისთვის მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

 

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა?

დაწყებითი კლასის მასწავლებელი პირველი ადამიანია, ვისაც უშუალო შეხება აქვს მშობელსა და ბავშვთან. მათი თანამშრომლობითი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებელი მზად უნდა იყოს, ბავშვს დაახვედროს ემოციურად უსაფრთხო გარემო, ესმოდეს და პატივს სცემდეს მის ასაკობრივ თავისებურებებს და მონაწილეობა მიიღოს დომინანტურად თამაშზე დაფუძნებული გარემოდან დომინანტურად აკადემიურ გარემოსკენ გარდამავალი პროცესის – ტრანზიციის უზრუნველყოფაში. ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს, შესაძლოა დაიბნეს. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ამისთვის. მან კი არ უნდა უსაყვედუროს ბავშვს, პირიქით, უნდა აგრძნობინოს, რომ მისი დამხმარეა, რომ შეუძლია, ნებისმიერი რამ გაუზიაროს და მისგან მხარდაჭერა მიიღოს.

 

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს სწავლის მოტივაცია?

ამისთვის უნდა წავახალისოთ, ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ საკითხს, დავაინტერესოთ სხვადასხვა თემით, მაგრამ არ უნდა ვაიძულოთ იმ ინფორმაციის ათვისება, რომელიც არ აინტერესებს.

მნიშვნელოვანია, სწავლასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყოს ასაკის შესაბამისი და ბავშვის ინტერესებს მორგებული, აკმაყოფილებდეს ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს. ბავშვს უნდა მივცეთ დრო და საშუალება, თავად გადაჭრას პრობლემები, იპოვოს გამოსავალი. ამ პროცესში შესაძლოა მას ზრდასრულის დახმარება დასჭირდეს, მაგრამ ეს არ გულისხმობს დავალების მის მაგივრად შესრულებას. ხშირად მინახავს, „მაკდონალდსში“ როგორ აწყობენ მშობლები შვილებისთვის „ჰეფი მილის“ სათამაშოებს. ეს ბავშვმა თვითონ უნდა გააკეთოს. როცა დაინახავს, რომ მას ეს შეუძლია, თავდაჯერება მოემატება და თანდათან უფრო დიდი გამოწვევებისაც აღარ შეეშინდება – ეცოდინება, რომ ან თავად, დამოუკიდებლად დაძლევს სირთულეს, ან, თუ დასჭირდა, ვინმე დაეხმარება.

ასევე მნიშვნელოვანია წახალისებაც, თუმცა ბავშვმა უნდა იცოდეს, რატომ აქებენ და რატომ საყვედურობენ. მაგალითად: „ჩვენ შევთანხმდით, რომ კომპიუტერთან დაჯდომამდე იმეცადინებდი, მაგრამ პირობა არ შეასრულე და მე ეს ძალიან მეწყინა“. თუ მივმართავთ ასე: „შენ ცუდი ადამიანი ხარ, პირობას არასდროს ასრულებ, რა უნდა გელაპარაკო!“ – ამით ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ დავთრგუნავთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სწავლა არ არის მხოლოდ აკადემიური, მხოლოდ შემეცნებითი პროცესი; სწავლა ემოციური პროცესიცაა და, რაც მთავარია, ეს არის თანატოლებს შორის და ბავშვსა და ზრდასრულს შორის სასიამოვნო, საინტერესო და მამოტივირებელი კომუნიკაციის შედეგი.

 

რას გვეტყვით ბულინგსა და მის პრევენციაზე?

ბულინგი დიდი გამოწვევაა საქართველოში, მაგრამ ჩვენ ახლა ვიწყებთ ამის დანახვას და აღიარებას. რა ამცირებს ბულინგის რისკს? უპირველეს ყოვლისა, ემოციური ინტელექტის განვითარების ადრეული ასაკიდანვე ხელშეწყობა, ემპათიის განვითარება, მრავალფეროვანი ემოციების სათანადოდ გამოხატვის წახალისება. ეს აძლევს ბავშვს შესაძლებლობას, დაინახოს სხვისი განცდები. ასევე მნიშვნელოვანია ბულინგის პრევენციის სისტემური ხელშეწყობაც. თუ მასწავლებელი და ოჯახი არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რათა შეაჩერონ ბულინგი, თუ ეტყვიან ბავშვს, რომ ბულინგის მხილებას „დაბეზღება“ ან „,ჩაშვება“ ჰქვია ან მხოლოდ გააშველებენ დაპირისპირებულ მხარეებს და მეტს არაფერს იღონებენ, ბავშვი ვერ ისწავლის პოზიტიურ ინტერაქციას და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან სტრატეგიებს.

 

კარგად სწავლის სწავლა შესაძლებელია

0

სწავლა ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიხარულია. როდესაც რაიმე ახალს ვსწავლობთ, უკეთ გვესმის საკუთარ თავისა და გარემომცველი სამყაროსი. საკუთარ გამოქვაბულში დარჩენისა და უკეთესი ცხოვრების იმედად ყოფნის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეთ და საკუთარ თავზე გამოვცადოთ მისი უკეთ გაგების მაგია. ამით უკეთესობისკენ შევცვლით როგორც საკუთარ, ისე გარშემო მყოფთა ცხოვრებას. სწორედ ესაა ადამიანად ყოფნა.

სიბრძნე ხშირად ბევრი შეცდომის შედეგად მოიპოვება. ფორმალური განათლება სხვათა შეცდომებზე სწავლას ნიშნავს. ეს კი უნდა ვისწავლოთ.

სწავლას იშვიათად გვასწავლიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია სწავლის სწავლა. საბედნიეროდ, არაერთმა მკვლევარმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმის შესწავლას, რა არის ეფექტიანი. თქვენც შეგიძლიათ ისწავლოთ მათგან.

ქვემოთ მოყვანილია 10 მნიშვნელოვანი უნარი, რომელთა გამოყენებაც დაგეხმარებათ, წარმატებას მიაღწიოთ სწავლაში. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს:

  1. შეამოწმეთ საკუთარი თავი

გააკეთეთ ჩანაწერები, სთხოვეთ მეგობრებს დაგისვან კითხვები ან თავად გააკეთეთ ეს. დამახსოვრების საუკეთესო წინაპირობაა, რამდენად ხშირად დაგიმახსოვრებიათ ეს ინფორმაცია წარსულში. გადაკითხვა უშედეგოა მაშინაც კი, როცა ყველაზე მნიშვნელოვნის გამოსაყოფად ან ხაზგასასმელად ხარჯავთ დროს. ამით ინფორმაციის ისე ეფექტურად ვერ დაიმახსოვრებთ, როგორც საკუთარი თავის შემოწმებით. სამწუხაროდ, კვლევები ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ სჯერა ამის და შედეგად ნაკლებს სწავლობს. ნუ იქნებით ერთი მათგანი. გადაკითხვა პასიურია, შემოწმება – აქტიური. შეამოწმეთ საკუთარი თავი, მერე კი გამოასწორეთ შეცდომები. გაიმეორეთ.

 

  1. განავრცეთ შემოწმება დროში

დაიწყეთ სწავლა ადრე, რათა გქონდეთ დრო, განავრცოთ, დროში გაწელოთ სწავლის პროცესი. კვლევები გვიჩვენებს, რომ ერთბაშად სწავლა ცუდია. ეს იწვევს სულ ახლახან ნასწავლის დავიწყებას – ის, რასაც ხუთი წუთის შემდეგ ისწავლით, გავლენას მოახდენს იმაზე, რასაც ახლა სწავლობთ. ეს დავიწყების ნომერ პირველი მიზეზია. ერთბაშად სწავლისას ინფორმაცია  ხანგრძლივ მეხსიერებაში არ განთავსდება. ხანგრძლივი მეხსიერება მოითხოვს ცილის ტრანსკრიფციას ახალი სინაფსების ასაგებად, ეს კი ხდება მაშინ, როცა ნეირონები „მოელიან“ ერთი და იმავე ინფორმაციის დამუშავებას უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ერთბაშად სწავლა ცუდია გაგებისთვის, რადგან თქვენ ვერ იგებთ ინფორმაციას საკმაოდ ღრმად დასამუშავებლად. ერთბაშად სწავლა ძილზეც ახდენს გავლენას. დაბოლოს, ის გსტრესავთ. დასტრესილ მოსწავლეებში ხშირია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ თქვენ ეს შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ მშვიდი მიდგომით და წინასწარი დაგეგმვით.

რაც უფრო ხანგრძლივად გსურთ რამის ცოდნა და რაც უფრო უკეთ გსურთ რამის გაგება, მით უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ მის სწავლას. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ყოველდღე და ასეც უნდა მოიქცეთ, მაგრამ მოგვიანებით ისევ და ისევ აუცილებლად გადახედეთ ხოლმე უკვე ნასწავლ მასალას. ოც დღეზე განაწილებული სწავლის ათი დღე უკეთესია, ვიდრე ათი დღე ზედიზედ სწავლა. დაგეგმეთ საჭიროებისამებრ. და დაიწყეთ ადრე.

3. ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამ გააკეთეთ

ნუ შეეჭიდებით სწავლისას მრავალ საქმეს. გამონახეთ სწავლისთვის მშვიდი ადგილი, ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის გარეშე, და დაუთმეთ დრო იმის გაგებას, რასაც აკეთებთ. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ბევრი საქმის ერთდროულად კეთების მცდელობა (multitasking) გაყოვნებთ, ქმნის დაბრკოლებას, რომელიც ბლოკავს სწავლას და, როგორც წესი, ანადგურებს თქვენს შესაძლებლობას, ღრმად იფიქროთ იმაზე, რასაც სწავლობთ. ცუდია ისიც, რომ ამ დროს ორი საქმის კეთება მეტ დროს მოითხოვს. თქვენ იხდით ე.წ. გადართვის საფასურს, როდესაც თქვენს ტვინს არაერთხელ უწევს ერთი რამიდან მეორეზე გადართვა. თუკი ორ ბავშვს აუზში ერთდროულად არ ატივტივებთ, მაშინ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ რამეზე გაამახვილეთ ყურადღება.

  1. აუხსენით საკუთარ თავს (და სხვებსაც)

თქვენ იცით, რისი ახსნაც შეგიძლიათ. განმარტეთ, რატომ და როგორ არის დაკავშირებული ახალი ცნება იმასთან, რაც უკვე იცით. როდესაც მეხსიერებაში უკვე მყარად არსებულს უკავშირებთ ახალს, ეს უკეთ დამახსოვრებაში გეხმარებათ. ღრმად გაიაზრეთ, რაც იცით. ეს უმთავრესი გზაა გონებაში კვალის გავლებისა, რაც მოგვიანებით დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. ვინც ამბობს, რომ ცუდად იმახსოვრებს სახელებს, სინამდვილეში ცუდად გაიაზრებს მათ – თუ იფიქრებენ ახალგაგონილ სახელზე, გაიხსენებენ სხვას, ვისაც იგივე სახელი ჰქვია, გაურითმავენ რამეს ან წარმოიდგენენ ამ სახელს ადამიანის შუბლზე ამოსვირინგებულს, მეტი შანსია, დაიმახსოვრონ. მეცნიერები ამას ელაბორაციას უწოდებენ.

აუხსენით სხვებს. თუ ეს ისე მოახერხეთ, რომ სხვებმაც გაიგონ, ესე იგი, მართლაც იცით.

თუ ცოდნა კოშკია, ახსნა ხარაჩოა, რომელიც მის აგებაში გეხმარებათ. არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ახსნა ამარცხებს შეჯამებას ბალახზეც და თიხაზეც. შეჯამება შესაძლოა ითვალისწინებდეს მხოლოდ თქვენს წინ, ფურცელზე არსებულის ორგანიზებას. ახსნა კი მოითხოვს ამის გახსენებას, როგორც ბებიის სახლისაკენ მიმავალი ბილიკისა. ახსნა ცალკეულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ფაქტებს გაგების ციტადელად აქცევს.

5. გააკეთეთ ჩანაწერები ხელით

მეხსიერების კვლევის ასმა წელმა გვასწავლა ერთი უმთავრესი რამ – თქვენ იმახსოვრებთ იმას, რასაც ღრმად ამუშავებთ. თუ გსურთ დაიმახსოვროთ რამე, რაც მიზეზთა გამო ჯერნაკლებ საინტერესოა თქვენთვის, მოგიწევთ მისი საკუთარ გონებაში “მოწვევა” მასზე ფიქრით, მისი დაკავშირებით იმასთან, რაც უკვე იცით, მასზე საკუთარი სიტყვებით საუბრით და კარგად გააზრებული ასოციაციების შექმნით. რაც უფრო მეტს სწავლობთ თემის შესახებ, მით უფრო გიადვილდებათ სწავლა, მაგრამ თავიდან გარჯა და ყოველი კონცეპტის რიგრიგობით დამახსოვრება მოგიწევთ. ჩანაწერების კომპიუტერზე ბეჭდვა ნაკლებეფექტურია, ვიდრე ხელით წერა – თქვენ ბეჭდავთ მეტს, მაგრამ გაიაზრებთ და, შესაბამისად, იმახსოვრებთ ნაკლებს. ხელით წერა საშუალებას მოგცემთ, გააკეთოთ ჩანახატები, მონიშნოთ და მიუხატოთ ისრები კითხვებს, რომლებიც აუცილებლად გაგიჩნდებათ და რომლებსაც მოგვიანებით დასვამთ. თქვენ უკვე იცით, რომ ინტერნეტს შეუძლია თქვენი (და თქვენს გარშემო მყოფების) ყურადღების გაფანტვა, ასე რომ, აიღეთ ქაღალდის ბლოკნოტი და გახდით ხელოვანი.

შინ რომ დაბრუნდებით, გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს და შეავსეთ ისინი იმით, რასაც გაიხსენებთ. მონიშნეთ, თუ რამე გაუგებარია და შემდეგ ჰკითხეთ თქვენს მასწავლებელს (ლექტორს). ისინიც ადამიანები არიან და ხშირად აქტიურად ეხმარებიან დაინტერესებულ მოსწავლეებს. კითხვების დასმით თქვენ მათი საქმიანობისადმი ინტერესს გამოხატავთ. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც სხვები ინტერესდებიან მათი საქმიანობით.

6. (წა)იკითხეთ

იკითხეთ, რათა გაიგოთ მთლიანი სურათი და დაინახოთ, როგორ უკავშირდება იდეები ერთმანეთს. იკითხეთ გასამხნევებლად. იკითხეთ, რათა ისწავლოთ თქვენთვის საინტერესო თემის შესაბამისი ლექსიკონი და ის, თუ როგორ საუბრობენ სხვები მასზე. მონიშნეთ ან ხაზი გაუსვით, მნიშვნელოვანი იდეების პოვნა მოგვიანებითაც რომ შეძლოთ. ჩაიწერეთ, რათა გაგიადვილდეთ მოძიება და ჩაინიშნეთ კითხვები, რომლებიც სწავლისას წარმოიშვა. ნუ მოელით, რომ ეს ყველაფერი ინფორმაციას ხანგრძლივ მეხსიერებაში განათავსებს. ხაზგასმას და მონიშვნას ინფორმაცია წიგნიდან მეხსიერებაში კი არ გადააქვს, არამედ ასე გამოყოფთ იმას, რასაც მოგვიანებით უფრო ღრმად დაამუშავებთ ახსნისა და შემოწმების (გამოცდის) გზით. მაგრამ კითხვა ხშირად საკუთარი სფეროს ოსტატად ქცევისკენ მიმავალი გზაა.

  1. მოძებნეთ გონიერი ბავშვები და დაუმეგობრდით მათ

თუ მართლა გსურთ რამის კარგად სწავლა, დაუმეგობრდით სხვებს, ვისაც მსგავსი მიზნები ამოძრავებს. იპოვეთ გონიერი მოსწავლეები და სთხოვეთ, იმეცადინონ თქვენთან ერთად. მარტო სწავლა შესაძლოა კარგიც იყოს, თუ ეს თქვენი ძლიერი მხარეა, მაგრამ გარემოცვა დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ისინი ასევე გასწავლიან, თუ როგორ ისწავლოთ.

8. გამოდით ინტერნეტიდან

ნიკოლას კარის წიგნი “ზედაპირულები” (the shallows) გვიჩვენებს, რატომ გვაქცია კომპიუტერულმა ეპოქამ უფრო ზედაპირულებად; რატომ აღვიქვამთ თავებს არა მთლიან ადამიანად, არამედ თოჯინად, ერთი იდეიდან მეორეზე, ერთი ბმულიდან მეორეზე რომ გადახტება ხოლმე. ის ასევე აღწერს კვლევებს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ონლაინ კითხვა “სულელის გამბიტია”. ინტერნეტში კითხვისას დიდხანს ვერ ვკითხულობთ. აქ ბევრ რამეს შეუძლია ყურადღების გაფანტვა – მოციმციმე რეკლამას, ფეისბუქის შეტყობინებებს, შემომავალ ფოსტას, ახალ ამბებს და სხვ. კვლევები ასევე გვიჩვენებს, რომ ინტერნეტში (ონლაინ) წაკითხული ნაკლებად გვამახსოვრდება. ყურადღების გაფანტვა თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ და უნდა იღონოთ კიდეც რამე, რომ არ მისცეთ მას თქვენი მართვის საშუალება. იკითხეთ offline, ისწავლეთ offline. დაიბრუნეთ თქვენი გონება და ყველაფერი გაადვილდება.

9. გადაწყვიტეთ, რომ ეს მოგეწონებათ

მეცნიერად ყოფნა აუცილებელი არ არის იმის გასარკვევად, რომ ადამიანები მეტს სწავლობენ იმის შესახებ, რაც მოსწონთ და მოსწონთ ის, რის შესახებაც მეტს სწავლობენ. მოძებნეთ იმის მოწონების გზები, რის სწავლასაც აპირებთ და წარმატების მეტი შანსი გექნებათ. წაიკითხეთ პოპულარული წიგნები ამ თემაზე, უყურეთ TED-ის ლექციებს ან დოკუმენტურ ფილმებს. თუ არაფერი გამოგდით, გაითვალისწინეთ ადამიანური ფაქტორი – ყველაფრის უკან დგას ადამიან(ებ)ის ისტორიები. მოკლედ, თუ შეძლებთ მოიწონოთ ის, რასაც სწავლობთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

  1. ენდეთ საკუთარ თავს

გაითვალისწინეთ ის, რაშიც უკვე მიაღწიეთ წარმატებას და გააცნობიერეთ, რომ ეს არ არის შემთხვევითი. თქვენ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. თუ გექნებათ შესაბამისი გარემო და მოტივაცია, ნებისმიერი რამის სწავლას შეძლებთ.

ადამიანს შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. ერთ-ერთი კვლევა შეეხება სასურველ სიძნელეებს, სწავლის მოქნილობის გაზრდას მის მისაღწევად გაწეული ძალისხმევის პროპორციულად. დაფიქრდით, როგორ გააადვილა GPS-მა მოგზაურობა და როგორ შეასუსტა ჩვენი გარემოს ცოდნა. დაფიქრდით, რა ადვილია სიტყვის განმარტების პოვნა google-ში და რამდენად მეტია მისი დამახსოვრების შანსი, თუკი მასზე თუნდაც ერთ წუთს იფიქრებთ.

ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. შიში ცუდი თანამგზავრია. ენდეთ საკუთარ თავს (“მე”-ს უკეთეს ნაწილს) და ის ყოველთვის თქვენთან იქნება, როცა დაგჭირდებათ.

 

10 და 1/2. გადაიკითხეთ ეს ჩამონათვალი და იფიქრეთ მასზე!

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/statistical-life/201701/top-10-science-based-study-skills-the-classroom

„სიყვარული ბედნიერებაა, რომელსაც ერთმანეთს სჩუქნიან“

0

შოპენს მძიმე ხვედრი ერგო. ნამდვილი საბედისწერო დარტყმა მოცარტზე, ბეთჰოვენზე, შუმანზე გაცილებით ადრე, დაახლოებით 19 წლის ასაკში მიიღო. მუსიკოსის სისხლიანი ხველის მიზეზი ტუბერკულოზის მძიმე ფორმა აღმოჩნდა. ექიმების აზრით, შოპენს, დიდი–დიდი, ერთი წლის სიცოცხლე დარჩენოდა, მაგრამ, ყველას გასაკვირად, მან კიდევ ოცი წელი იცოცხლა. შესაძლოა, საიდუმლო შოპენის დანიშნულებაში იმალებოდა: ჟორჟ სანდის დაკვირვებით, კომპოზიტორი მხოლოდ მუსიკის წერის დროს არ ახველებდა… უცნაურია, მაგრამ ფაქტია – „შემოქმედებით ლაბორატორიაში არსებობა“ სრულიად აბათილებდა შოპენის სასიკვდილო დიაგნოზს. უცნაური იყო მისი ფიზიკური მონაცემებიც: 176 სმ სიმაღლისა, სულ 46-48 კილოგრამს იწონიდა. მის სხეულში მხოლოდ „სულის ადგილი თუ რჩებოდა“.

დრამატული კონტრასტებით აღსავსე პარიზულ ცხოვრებას დაუკავშირდა შოპენის შემოქმედებითი მოღვაწეობაც და ბედიც. 1836 წელს კომპოზიტორმა გაიცნო ქალი, რომელმაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.

XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სასიყვარულო ისტორია სწორედ ამ წყვილზე მოგვითხრობს – პოლონელ კომპოზიტორ ფრიდერიკ შოპენსა და ფრანგ მწერალ ჟორჟ სანდზე.

თავისი დროის მოწინავე ადამიანი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მწერალი ავრორა დიუპენი (ქორწინების შემდეგ – დიუდევანი), ლიტერატურული ფსევდონიმით „ჟორჟ სანდი“, ფემინიზმის პირველი მაუწყებელი გახლდათ. მან პირველმა აიმაღლა ხმა ქალების თანასწორუფლებიანობის დასაცავად.

მწერალი ცნობილი იყო „თავისუფალი“ ქცევით, უყვარდა საზოგადოების გაოცება მამაკაცის კოსტიუმითა და სიგარით. სიყვარულის ობიექტსაც ხშირად იცვლიდა. საზოგადოების ნაწილი ჟორჟ სანდს უსინდისო და გარყვნილ ქალად მიიჩნევდა, ნაწილი კი აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით, ჭკუითა და სითამამით.

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრიდერიკ შოპენისა და ჟორჟ სანდის სასიყვარულო კავშირი ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა. ისინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან: ავადმყოფურად სუსტი, მოკრძალებული, ნაზი, მაგრამ რაინდული მანერების მქონე შოპენი და მამაკაცის სამოსში გამოწყობილი, კბილებში ჩიბუხგაჩრილი გაბედული ქალბატონი სანდი. მიუხედავად ამისა, მათი შეხვედრა შედგა. ორი გენიალური პიროვნების ათწლიანმა სასიყვარულო ურთიერთობამ კაცობრიობას საუკეთესო მუსიკალური (მაგიური) და ლიტერატურული (თამამი) მემკვიდრეობა დაუტოვა.

ჟორჟ სანდმა და ფრიდერიკ შოპენმა ერთმანეთი ფერენც ლისტთან, წვეულებაზე გაიცნეს. ახალგაზრდა კომპოზიტორი სტუმრებს ფორტეპიანოზე დაკვრით ართობდა. უნდა ითქვას, რომ მათი პირველი შეხვედრა ოდნავაც არ მოასწავებდა მრავალწლიან კავშირს – კომპოზიტორს მწერალი ძალიან არ მოეწონა. მაგრამ თამამი ქალბატონის ინიციატივამ მათ დაახლოებას ხელი შეუწყო. შოპენი გაიტაცა სანდის არა ფანტაზიებმა და მტანჯველმა, კეკლუცმა სასიყვარულო თამაშმა, არამედ გრძნობათა სითამამემ და ძალამ, რაც თანაცხოვრებისთვის ძლიერ საყრდენს აძლევდა.

ამრიგად, სანდთან პირველმა შეხვედრამ შოპენზე არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბედი მათ კიდევ არაერთხელ შეახვედრებს ლიტერატურულ სალონებში. შოპენის დაძაბული და უარყოფითი დამოკიდებულება თანდათან ვნებაში გადაიზრდება. ახლო კონტაქტი ურთიერთსიმპათიას გამოიწვევს და, საიდუმლო შეხვედრების მიუხედავად, 1938 წელს ამ რომანის შესახებ მთელი პარიზი ალაპარაკდება. იმ დროისთვის ჟორჟ სანდს 33 წელი უსრულდებოდა და ერთი უიღბლო ქორწინება უკვე გამოვლილი ჰქონდა. ამასთან, ორი შვილის დედა შოპენზე ექვსი წლით უფროსი იყო.

ბედნიერი წყვილი ზამთარს პარიზში ატარებდა, ზაფხულს – სანდის მამულში. აქ იქმნებოდა მუსიკალური და ლიტერატურული შედევრები. ვარდების არომატსა და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად შოპენის მუსიკალური აფეთქებები კაბინეტში მომუშავე ჟორჟ სანდის სულამდე აღწევდა.

ჟორჟ სანდთან კავშირი შოპენის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია. კომპოზიტორის შემოქმედების მწვერვალად აღიარებული ყველა ნაწარმოები 1838-1847 წლებით თარიღდება. ეს შოპენის შემოქმედების მხატვრული სრულყოფის პერიოდია. ნუ დავივიწყებთ, რომ ჟორჟ სანდმა ის პარიზის ყველაზე შემოქმედებით და მოაზროვნე ადამიანებთან დააკავშირა. გარდა ამისა, შოპენმა თანამედროვე სამყაროს იდეები სწორედ სანდისა და მისი გარემოცვის გავლენით შეიმეცნა. ამ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებების მნიშვნელობა და სერიოზულობა შოპენის დიდ ინტელექტუალურ და სულიერ ზრდაზე მიანიშნებს.

შოპენის ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. ჟორჟ სანდი ცხრა წლის განმავლობაში თავგანწირვით უვლიდა ჭირვეულ საყვარელს, მაგრამ მომვლელი ქალის მოვალეობები ხელს არ უწყობდა მათ მხურვალე გრძნობებს.

სანდისა და შოპენის ურთიერთობა მუდამ საზოგადოების მსჯელობის საგანი იყო. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ სანდი კლავდა შოპენს, მეორენი კი კომპოზიტორს „ბოროტ გენიას“ და ჟორჟ სანდის „ჯვარს“ უწოდებდნენ. თავად მწერალი დაუღალავად ცდილობდა უგონოდ შეყვარებული კომპოზიტორის დახმარებას.

მშფოთვარე ურთიერთობა, სამწუხაროდ, ბედნიერად არ დასრულებულა. ჟორჟ სანდის ვაჟიშვილსა და შოპენს შორის უსიამოვნებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა (სანდის შვილები დედის გატაცებას უარყოფითად აფასებდნენ) და მათი სასიყვარულო კავშირი საბოლოო რღვევამდე მიიყვანა. მწერალსა და კომპოზიტორს შორის მიმოწერა თანდათან შეწყდა.

უნდა ითქვას, რომ სანდისა და შოპენის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მარტივი.

ჟორჟ სანდთან დაშორებამ და პროგრესირებადი ტუბერკულოზით გამოწვეულმა ფიზიკურმა სისუსტემ შოპენის შემოქმედებით მოღვაწეობას მძიმე დაღი დაასვა. უკანასკნელი წლები კომპოზიტორის ცხოვრებაში ყველაზე მწუხარე და უსიცოცხლო იყო. ეჭვგარეშეა, ურთიერთობის გაწყვეტამ ძალზე დააჩქარა მისი გარდაცვალება.

შოპენს უკანაკნელი სიხარული მოუტანა დის ჩამოსვლამ, რომელიც მასთან უკანასკნელ წუთებამდე დარჩა. 1849 წლის 16–17 ოქტომბრის ღამეს ფრიდერიკ შოპენი გარდაიცვალა. დიდი პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი პიანისტის თხოვნით, მისი გული სამშობლოში დაბრუნდა და დღემდე ვარშავის წმ. ჯვრის ეკლესიაში ინახება.

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ შოპენს სანდის მიმართ გრძნობები გაუნელდა, რომ არა მისი უკანასკნელი ფრაზა: „ის შემპირდა, რომ სულს მის მკლავებში დავლევდი“. შოპენის გარდაცვალების შემდეგ ფრიდერიკის უბის წიგნაკში ჟორჟ სანდის კულული იპოვეს. ცხადია, შოპენი უკანასკნელ წუთამდე აღმერთებდა ქალს. ის იყო მისი გადია, კომპანიონი, მუზა და სიყვარული.

სანდმა შოპენის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 27 წელი იცოცხლა. კითხვაზე, დაავიწყდა თუ არა შოპენი, გიპასუხებდათ: „ცხოვრება ღრმა ჭრილობაა, რომელიც არასდროს ხორცდება“.

 

„ბახის „კარგად ტემპერირებული კლავირის“ მსგავსად, შოპენის ეტიუდები, პრელუდიები, ბალადები და სონატები ყოველი პიანისტისთვის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს“.

 

ხანმოკლე (39 წელი) სიცოცხლის მიუხედავად, შოპენმა ბევრი რამ მოასწრო: განავითარა რომანტიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა; მაზურკას, პოლონეზსა და ვალსს პოეტურობა და დრამატიზმი შესძინა, ხოლო სკერცო დამოუკიდებელ ნაწარმოებად აქცია, გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.

პრელუდიის ჟანრისადმი შოპენის ინტერესი იმპროვიზაციის შესაძლებლობამ, თვითგამოხატვის თავისუფალმა ფორმამ განაპირობა. შოპენის პრელუდიებში ვხვდებით არა მხოლოდ სხვადასხვა ჟანრის ნიშნებს, არამედ მათ შეხამებასაც. იმ დროისთვის შოპენის პრელუდიები ჟანრთა ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენდა. სინამდვილეში მან შექმნა პრელუდიების ციკლი, რომელიც აღიქმება როგორც დღიური. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შოპენი ნაწარმოებებს პროგრამულ დასახელებებს არ აძლევდა. მათში ასახული ფიქრები, განცდები და მოვლენები ერთადერთ იმედს იძლევა – თავად გავიკვლიოთ გზა კომპოზიტორის იმდროინდელ ვნებათა ღელვაში.
პრელუდია, რომლის შესახებაც მსურს გესაუბროთ, წყვილის ლეგენდებით მოცულ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული. მითქმა-მოთქმა სათავეს იღებს შოპენის წერილებიდან და ჟორჟ სანდის მოგონებებიდან „ჩემი ცხოვრების ისტორია“.

ვინაიდან ტუბერკულოზით დაავადებულ შოპენს პარიზის ჰაერი არ უხდებოდა, ახალშექმნილმა „ოჯახმა“ (სანდი, მისი ორი შვილი და შოპენი) ბინა მცხუნვარე მაიორკაზე დაიდო.

მოგონებებიდან ვიგებთ, რომ, მოსახლეობის გასაკვირად, მზიან კუნძულს მოულოდნელად წვიმები დაატყდა თავს. გამოჯანსაღების იმედად მყოფ შოპენს ნესტის გამო დაავადება გაურთულდა. ერთ-ერთ ცივ დღეს მან გასეირნებას შინ დარჩენა და მუსიცირება ამჯობინა. როდესაც სანდი შვილებთან ერთად დაბრუნდა, ჰალუცინაციებით შეპყრობილი შოპენი ფორტეპიანოსთან გულწასული დახვდა. გონზე მოსული კომპოზიტორი თურმე განწირული ხმით ყვიროდა: „ცოცხლები ხართ?! მეგონა, ტბაში დაიხრჩეთ! ცოცხლები ხართ!“ მოგვიანებით გაირკვა, რომ შეუძლოდ მყოფი კომპოზიტორი რე ბემოლ მაჟორულ პრელუდიას წერდა.

შეიძლება ითქვას, რომ პრელუდია №15 („წვიმის წვეთები“) შოპენის შინაგან მდგომარეობას მთელი სიზუსტით აღწერს. ის სამი ნაწილისგან შედგება. პრელუდიების ციკლიდან Des-dur ერთადერთია, რომელიც აგებულია კონტრასტული სახეების განვითარებაზე, განაპირა ნაწილებში ნათელი ლირიკული მელოდიით და შუა ნაწილის პირქუში, მოქუფრული განწყობით. სწორედ კონტრასტულ შუა ნაწილში იცვლება თემა, ფაქტურა, ტონალობა და დინამიკა.

I ნაწილი ნოკტიურნია, ჩაფიქრებული, მომხიბლავი მელოდიით, რომელშიც ჩაქსოვილია ლუწი რიტმული დაყოფა იმპროვიზაციული სეპტოლებით. მაჟორს ერთხანს მელანქოლიური მინორი ენაცვლება. წვიმის წვეთების მშვიდი კაკუნი სასიამოვნო ოცნებებს აღძრავს, თუმცა პირველი ნაწილი მაინც მწუხარედ სრულდება.

II ნაწილი სიცარიელის შთაბეჭდილებას ქმნის. მელოდია თითქოს ქრება. ბანში „ნაფლეთ-ნაფლეთ ნისლიანი“ ინტერვალური ხმოვანება „ცურავს“ და სივრცეს პიანისიმოდან ფორტისიმომდე ნაბიჯ-ნაბიჯ ფეთქებით ავსებს.

როგორც სასიამოვნო მოულოდნელობა, III ნაწილში სინათლის სხივივით იჭრება I ნაწილის მელოდია. რეპრიზა უკიდურესად შემცირებულია: გაელვებულმა სიხარულმა თითქოს „ნისლის ბორკილები“ გაარღვია და ყველაფერი განიმუხტა, მიჩუმდა.

ფრიდერიკ შოპენის ნაწარმოებები დღემდე რჩება მსოფლიოში ცნობილი პიანისტების რეპერტუარში – არა მხოლოდ განსაკუთრებული ვირტუოზულობის, არამედ პოეტური სილამაზის, გამომსახველობითი ხერხების სიმდიდრის, დახვეწილობის გამოც.

ფრანგი პიანისტისა და პედაგოგ მარგერიტ ლონგის რეკომენდაციით, შოპენის შესრულება მხოლოდ შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით არის შესაძლებელი: 1. აგოგიკურ ნიუანსთა ბუნებრიობა; 2. აქცენტების სამეტყველო ლოგიკა; 3. ყველა ფრაზა უნდა მღეროდეს; 4. ტემპის თავშეკავებულობა გამომსახველობითი ორნამენტიკით ნაკარნახევი; 5. დაკვრის სიმსუბუქე, გამოხატული ძალდაუტანებელი, თავისუფალი პიანისტური აპარატით.

შოპენის რჩევა, რომლითაც მასწავლებლები დღემდე ხელმძღვანელობენ: იმისთვის, რომ საკრავზე ბგერა ლამაზად გაჟღერდეს, საჭიროა შესრულებამდე ფრაზის გამღერება. თურმე შოპენი ერთსა და იმავე ბგერას ოცი განსხვავებული ჟღერადობით უკრავდა, იმდენად ვირტუოზულად შეეძლო ენერგიის, ტონალობისა და ბგერის სიძლიერის ცვლა. სწორედ ამის ჩვენებისკენ ისწრაფვის მსოფლიოს ყოველი გამოჩენილი პიანისტი.

გთავაზობთ ფრიდერიკ შოპენის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმს „სიყვარულის სურვილი“:

https://w1.zona.plus/movies/shopen-zhelanie-lyubvi

როგორ ვიმოქმედოთ: აუტიზმის დროს ეფექტური ინტერვენციის შესახებ

0

წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: მოძრაობთ მანქანებით გადაჭედილ გზაზე, იწყება ძლიერი წვიმა და თქვენ ვეღარ არჩევთ, რა ხდება თქვენ წინ, მანქანაში კი გამაყრუებელ ხმაზეა ჩართული მუსიკა. თქვენ მუსიკას თიშავთ და მთელი ყურადღება მანქანის მართვაზე გადაგაქვთ. თქვენი ტვინი ალბათ სწორედ ამდენ სენსორულ დატვირთვას გადაამუშავებს ერთდროულად. ამ სცენარიში თქვენი ვიზუალური და სმენითი შეგრძნების სისტემები გადაიტვირთა, ამიტომ თქვენ ერთი მათგანი (სმენა) დატვირთვისგან გაათავისუფლეთ და ფოკუსირება მეორეზე (მხედველობაზე) მოახდინეთ.

დაახლოებით ამავეს განიცდის აუტიზმის მქონე ადამიანი, რომელსაც ვიზუალური და სმენითი ინფორმაციის გადამუშავება ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სიტუაციებშიც კი უჭირს. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რამდენად უფრო დიდია დატვირთვა ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის ხდომილების მიზეზი და ვერ ახერხებს სხვებთან თავისი შეგრძნებების კომუნიკაციას. დაძაბულობას შეუძლია, ის მღელვარებამდე, შფოვამდე და არასასურველ რეაქციებამდე მიიყვანოს.

უახლესი კვლევების თანახმად, დღეს ყოველი 68 ახალშობილიდან ერთს აუტიზმი აქვს. ეს გამაოგნებელი მატებაა. CDC-ს (აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) სტატისტიკური ანგარიშის თანახმად, 2000 წელს აუტისტური სპექტრის დარღვევები (autism spectrum disorder, ASD) 150-დან მხოლოდ ერთ ბავშვს აღენიშნებოდა. აშშ-ს აუტიზმის საზოგადოების მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევები ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გადახრაა და ამჟამად ეს დიაგნოზი აქვს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს.

აუტიზმის დიაგნოსტიკა დაახლოებით ორი-სამი წლის ასაკში ხდება, როდესაც უკვე შესამჩნევია განმეორებითი მოძრაობები და სოციალური უნარების განვითარების შეფერხება. შეფერხება სხვადასხვა სიმძიმისაა, ისევე როგორც კომუნიკაციური დეფიციტი, რომელიც აუტიზმის დიაგნოზის ერთ-ერთი საფუძველია, ძლიერ ინდივიდუალურია, ისევე როგორც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეთა გრძნობითი უნარები, პრობლემები და ქცევა. აუტიზმისთვის დამახასიათებელი გადახრების მქონე პირებს ასევე აღენიშნებათ ძლიერი და სუსტი მხარეების (უნარების) ფართო სპექტრი – ამბობენ, რომ თითოეული აუტისტი ბავშვი თავისი აუტისტური სპექტრით უნიკალურია.

აუტიზმის ნიშნებისა და სხვა შეფერხებების მქონე ბავშვებისათვის აუცილებელია მასწავლებლებისა და ლოგოპედების (სამეტყველო ენის პათოლოგიების თერაპევტი) დახმარება. ისინი აძლიერებენ გადახრების მქონე ბავშვების სოციალურ და საკომუნიკაციო უნარებს და ასწავლიან მათ, თუ რას შეიძლება მოელოდნენ ისინი ახალ გარემოში ან უცნობ პირობებში მოხვედრისას. ეს რთული საქმეა, რადგან „სოციალური უნარები“ არ გახლავთ რაიმე პირდაპირი ცოდნა თუ ცნება, რომელსაც გაკვეთილზე დაისწავლი. მაგალითად, ადამიანის ქცევა მეგობრის დაბადების დღეზე ან ახლობლების წრეში დროსტარებისას ალბათ დიდად განსხვავდება სამსახურში, ბიბლიოთეკაში თუ დასაფლავებაზე ქცევისგან. ეფექტურმა კომუნიკატორმა კარგად იცის, როგორ „შეცვალოს“ ქცევის წესები საჭიროების მიხედვით და ამისთვის წამიც კი არ სჭირდება, რადგან ეს არ არის პრობლემური „ცვლილება“ სოციალური კომუნიკაციის უნარების მქონე ადამიანისთვის. მაგრამ ეს საჭირო „ცვლილებები“ სრულიად განსხვავებული ამოცანაა ადამიანისთვის, რომელსაც აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი გადახრები აქვს.

სხვადასხვა სოციალურ სცენართან ადაპტაცია აუტისტებისთვის საჭირო ინტერვენციების მხოლოდ ნაწილია.

კიდევ რა უნარებს ასწავლიან აუტიზმის ნიშნების მქონე მოსწავლეებს სპეციალისტები? ამ საჭირო გაკვეთილებიდან რამდენიმეს დავასახელებთ: პირადი სივრცის მოვლა-შენარჩუნება, საუბრის დაწყება, თვალებით კონტაქტის დამყარება, საუბრის თემის შენარჩუნება-გაგრძელება, საზოგადოებაში მიღებული სასაუბრო ფრაზების გამოყენება, მისაღები მოცულობის ტექსტის გამოყენება საუბრისას, განმარტების მოთხოვნა, როდესაც იბნევით და სხვა მსგავსი უნარ-ჩვევები.

როგორ ხდება მათი სწავლება? ვიზუალური მასალა და სოციალური მოთხრობები/ამბები ამ ამოცანისთვის გამოსადეგი მასალებია. ვინაიდან აუტისტების ნაწილს საკომუნიკაციო დეფიციტი აქვს, შესაძლოა სმენითი (აუდიო) აღქმა შეფერხებული ჰქონდეთ და მათთან ვერბალური კომუნიკაცია არ იყოს საკმარისი თემისა თუ კონცეფციის აღსაქმელად. ამიტომ სოციალური მოთხრობები, რომლებიც კომუნიკაციისთვის გამოიყენება, საკმაოდ ეფექტურია აუტისტებთან კომუნიკაციისას, მოთხრობებთან/ამბებთან დაწყვილებული ვიზუალური მასალა კი ამყარებს აღქმის პროცესს. მოთხრობები არა მხოლოდ „სწორ“ ქცევას სთავაზობენ აუტისტ მსმენელებს, არამედ სოციალურ სცენარსაც აღწერენ სხვადასხვა გარემოში. ეს ბავშვებს იმის გაცნობიერებაში ეხმარება, რა არის მოსალოდნელი სხვადასხვა სიატუაციაში თუ ადგილას. ეს მოთხრობები შეიძლება ბავშვებთან თავიდან „გავიაროთ“ და დავეხმაროთ მათ, „გაითავისონ“ მათი მეშვეობით გადაცემული ცოდნა თუ გამოცდილება. საბოლოოდ ეს აუტისტებს დაეხმარება, უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი ახალ ადგილას, ახალ გარემოში თუ სიტუაციაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნეგატიური ქცევის შემცირებას.

აუტიზმის შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა აუტიზმის შესახებ ცოდნაც. დღეს აპრილი უკვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მისთვის ყურადღების მიქცევას ყველა დაინტერესებულ ჯგუფში თუ, საზოგადოდ, სასკოლო აუდიტორიებში.

რამდენიმე წლის წინ ორგანიზაცია „Autism Speaks“-ის ინიციატივამ „ლუჯად გავანათოთ!“ („Light it Up Blue”) დიდი გამოხმაურება პოვა ამერიკულ საზოგადოებაში: აშშ-ს დიდ და პატარა ქალაქებში ყველაზე მაღალი და ღირსშესანიშნავი შენობები თუ ობიექტები ლურჯად განათდა. ეს აქცია აუტიზმისადმი ყურადღების მისაქცევად ჩატარდა.

პოპულარულმა საბავშვო გადაცემებმა, Sesame Street[1]-ის ჩათვლით, პროგრამებს დაუმატეს ახალი მთავარი პერსონაჟები, რომლებსაც აუტისტური სპექტრის გადახრები აქვთ. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვებმა გაიგონ ასეთი გადახრების მქონე ბავშვების ქცევის თავისებურებები. „სეზამის ქუჩის“ ერთ-ერთ პერსონაჟს, ჯულიას, ხანდახან ასენსორული შეგრძნებებისა და კომუნიკაციის სირთულეები აქვს – ეს მილიონობით ბავშვს აცნობიერებინებს აუტისტური ქცევის (ASD) თავისებურებებს და ზრდის ამ გადახრებისადმი ყურადღებას. ბავშვები ხვდებიან, რომ ჯულია ცუდად არ იქცევა და მას სხვებივით სჭირდება მეგობრები, სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა.

ბეჭდური მასალები, ტელეინფორმაცია და წიგნები, რომლებიც მშობლების უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი საინფორმაციო ნაკადის ნაწილია, ძნელად აღსაქმელი და გასაგებია აუტისტი ბავშვებისათვის.

მიუხედავად იმისა რომ ჯულია ამ საქმის დიდებული დასაწყისია და დიდად უწყობს ხელს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯერ კიდევ დიდია სპეციალური წიგნებისა თუ გასართობი პროგრამების საჭიროება, რომლებიც გაგვაცნობენ აუტისტებს და შემოგვთავაზებენ სპეციალურ ტექსტებს ASD გადახრების მქონე აუდიტორიისთვის.

მნიშვნელოვანია ისეთი ლიტერატურის მოძიებაც, რომელიც უბიძგებს მოსწავლეებს, გამოამჟღავნონ თანაგრძნობა აუტისტური ქცევის დროს და სხვა რთულ სიტუაციებში, რომელბიც ASD–ს უკავშირდება და რომლებსაც სკოლაში შეიძლება შეეჯახონ აუტისტი თანაკლასელები.

აუტისტური სპექტრის გადახრების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი ბეჭდური მასალების სიმცირის გამო მასწავლებლებსა და ლოგოპედებს ბევრი დრო ეხარჯებათ თერაპიული დანიშნულების ინდივიდუალური სოციალური უნარების განმავითარებელი ამბების/მოთხრობების მომსამზადებლად, რომლებიც აუცილებელია აუტისტი ბავშვების ინტეგრაციისთვის.

სწორედ პალმ-ბიჩის აუტიზმის სკოლაში მუშაობისას გამოჩნდა თვალნათლივ, რამდენად მცირეა აუტიზმის თემაზე დაწერილი და დაბეჭდილი წიგნების რაოდენობა. განსაკუთრებით აშკარაა სოციალური უნარების განვითარებასა და განსხვავებულ სცენარებზე დაწერილი ამბები/ისტორიების სიმცირე.

სწორედ ამ დროს წარმოიშვა იდეა, დაგვეწერა წიგნი „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს“ („Lou Knows What to Do“). ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ ყურადღება სოციალური უნარების განვითარების შესახებ დაწერილი წიგნების სიმცირეზე უნდა გამახვილებულიყო. იმ რამდენიმე წიგნიდან, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ფართო აუდიტორიისათვის, უმეტესობა აღწერდა სპეციფიკურ ქცევას (მაგ., ბავშვებისა და მეგობრების ცემის აკრძალვა) , მაგრამ არც ერთში არ იყო აღწერილი ან ნახსენები ჩვეულებრივი სოციალური სიტუაციები (დაბადების დღე, სტადიონზე მატჩის ყურება, სხვა).

ამიტომაც წამოვიწყეთ პროექტი „ლუ“, რომელიც მთავარი პერსონაჟის მეშვეობით აღწერდა, „როგორ მოვიქცეთ“ სხვადასხვა სიტუაციაში, ბევრი ბავშვის გარემოცვაში და ხალხმრავალ ადგილას. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა თერაპიული საშუალებები (ამბები/ისტორიები) მშობლებისა და მასწავლებელების დასახმარებლად, მსგავსად გაკვეთილებზე გადაცემული მასალებისა.  ამიტომ გამოცემას დავამატეთ ტექსტის შინაარსის აღქმისთვის გამიზნული კითხვები და სახელმძღვანელო მშობლებისთვის მათ მიერ მასალის ოპტიმალურად გამოსაყენებლად.

როდესაც დავამთავრეთ რამდენიმე „სოციალური“ ისტორიის/სიტუაციის აღწერა, გაგვიჩნდა კითხვა: „როგორ მივაწოდოთ ეს წიგნი ადამიანებს?“

საბედნიეროდ, ვიპოვეთ გამომცემლობა „Boys Town Press“, რომელიც მსგავსი თემატიკის წიგნებს გამოსცემდა. ეს ნამდვილად „ბუნებრივი დამთხვევა“ გამოვიდა და, როგორც თვითონ აღნიშნეს, „ეს უკვე ისტორიაა“.

აუტიზმის სოციალური უნარების სერიის პირველი წიგნი „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს: სუპერმარკეტი“ უკვე იყიდება გამომცემლობის მაღაზიებში და შესაძლებელია მისი ონლაინ ჩამოტვირთვაც. მომდევნო წიგნები, „სპეციალური დიეტა“ და „დაბადების დღე“, შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

ავტორები:

ვენიტა ლიტვაკი (Venita Litvack, M.A., CCC-SLP), მეცნიერების მაგისტრი, აუტისტური სპექტრის გადახრების სერვისების სპეციალისტი, ლოგოპედი და ქცევის ანალიზის ასისტენტი, „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს“ წიგნების სერიის თანაავტორი

ქიმბერლი ტაისი, (Kimberly Tice, MS, CCC-SLP), მეცნიერების მაგისტრი, სერტიფიცირებული ლოგოპედი და მასწავლებელი. აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მეტყველების, სწავლებისა და კვების სპეციალისტი. „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს“ წიგნების სერიის თანაავტორი

 

წყარო: https://www.teachmag.com/archives/9914

[1] Sesame Street („სეზამის ქუჩა“) – პოპულარული ამერიკული საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აშშ-ს საზოგადოებრივ არხზე გადაიცემა 1969 წლიდან. იდეისა და გადაცემის ავტორები არიან ჯოან განც გუნი და ლოიდ მორისეტი.

„მეფე-ირემი“: ცხოვრება სხვის სხეულში

0

„მეფე-ირემი“ მე-18 საუკუნის იტალიელი დრამატურგის, კარლო გოცის ის ზღაპარი-პიესაა, რომლის დადგმისას მრავალ მოწადინებულ რეჟისორს მოეცარა ხელი. სად აღარ დგამენ, რა თანამედროვე საშუალებას აღარ მიმართავენ დაუვიწყარი სანახაობის შესაქმნელად, მაგრამ კრიტიკოსები ყველაზე ხშირად მაინც იმას წერენ, ზედმეტად მორალისტური, გარეგნულ ეფექტებზე გათვლილი, იაფფასიანი ხუმრობებით სავსე გამოვიდა, მოზარდებით სავსე დარბაზს კი კინაღამ ჩამოეძინაო. ცხადია, სახელდახელოდ, რამდენიმე სიტყვით გადმოვეცი ის შეფასებები, რომლების წაკითხვამ დიდი დრო წამართვა. ჰო, არ დავიზარე და „მეფე-ირემის“ დადგმის ისტორიას გადავხედე. შთამბეჭდავი თეატრები, შთამბეჭდავი დეკორაციები და კოსტიუმები, ქორეოგრაფია… ბოლოს კი მაინც ერთგვარი უკმაყოფილების განცდა: ის არასდროს გამოდის, რაც უნდა გამოსულიყო.

ამ გადმოსახედიდან, ერთგვარ გამბედაობად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მარჯანიშვილის თეატრმა სწორედ კარლო გოცის ამ ზღაპარ-პიესაზე შეაჩერა არჩევანი. სპექტაკლის პრემიერა, სულ ცოტა ხნის წინ, 23 მარტს გაიმართა. ცხადია, კარგი ამბავია, როდესაც თეატრი რეპერტუარის შედგენისას მოზარდებისთვის განსაზღვრულ წარმოდგენებსაც ითვალისწინებს. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „მეფე-ირემი“ დიდების ზღაპარიცაა; ან პირიქით: ჯერ დიდებისაა და მერე – მოზარდების. ასეა თუ ისე, 3 აპრილს, როცა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის სანახავად მივედი, უამრავი ახმაურებული ბავშვი და ჩვეულებრივი ალიაქოთი დამხვდა: სელფები,  სარკეებთან ტრიალი, ჯგუფური ფოტოების გადაღება, სკოლის ამბების გარჩევა, მასწავლებლების ბოლო გაფრთხილებები…

– ამ სპექტაკლზე სულ ეს ამბავი იქნება, ბავშვები, ბავშვები… – გადაულაპარაკა შუა ხნის ერთმა მაყურებელმა მეორეს.

თავად „მეფე-ირემზე“ რისი თქმა შეიძლება? თუ ხელოვნებას ასწავლით და „კომედია დელ არტეზე“ საუბრის დაწყებას აპირებთ, მაშინ შესანიშნავი საშუალება გეძლევათ, წარმოდგენა შეუქმნათ მოსწავლეებს ნიღბების თეატრსა და მის ზოგიერთ პერსონაჟზე; გააცნოთ პანტალონე, ტარტალია, ბრიგელა, სმერალდინა… დეკორაციის სისადავე, კოსტიუმების ფერადოვნება უდავოდ მოგხიბლავთ. ზღაპარს შესწევს იმის ძალა, რომ მაყურებელს ორიოდე წუთით მაინც დაავიწყოს საკუთარი თავი, საზღვრები გააუქმოს, დრო-სივრცე სრულ პირობითობად აქციოს, თვალსაჩინო გახადოს ის, რაც ყველაზე მთავარია…

მოგეწონებათ პაატა ინაური დერამოს როლში. დერამო ის მეფეა, რომლის სულიც ირმის სხეულში უნდა ჩასახლდეს. მან გრძელი გზა უნდა გაიაროს საკუთარ თავთან, ცოლთან, სამეფოსთან დაბრუნებამდე.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა აღინიშნოს: საბედნიეროდ, სპექტაკლი თავისუფალია მორალისტური შეგონებებისგან, არ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ მთავარი სულია და არა – სხეული. სხეულის შესაძლებლობების კვლევისთვის, სხვადასხვა ცოცხალ არსებად ქცევის გამოცდილებითვის – ამ უპირობო უპირატესობისთვის ალბათ უფრო მეტი ყურადღების დათმობაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ ჯერზე ისიც კარგია, რომ სცენიდან გაკვეთილს არ გვიტარებენ.

ახლა კი იმის თაობაზე, რითაც ჰგავს მარჯანიშვილის თეატრის ეს სპექტაკლი ზემოთ ნახსენებ იმ წარმოდგენებს, კრიტიკოსები რომ მაღალ შეფასებას არ აძლევენ: ზედმეტად ბევრია ისეთი ხუმრობა, იუმორისტულ ტელეშოუებს რომ მოუხდებოდა; ერთგვარი იაფფასიანი სვლები, განსაკუთრებით წარმოდგენის დასაწყისსა და დასასრულს; გაუმართლებელი მცდელობები სცენასა და დარბაზს შორის ზღვარის წასაშლელად. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ უკანასკნელმა ტენდენციამ მეტ-ნაკლებად საინტერესო ზოგიერთ სხვა სპეტაკლსაც დაუკარგა სახე – ერთგვარ თვითმიზნად იქცა, იმთავითვე განწირულ ჩანაფიქრად.

ეპოქებს შორის შორის ხილული ძაფების გაბმა ამჯერად არ გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამის აუცილებლობა არც იყო.

და მაინც, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მოზარდები გულიანად იცინოდნენ. წარმოდგენის მიმართ ინტერესი ბოლო წუთებამდე არ განელებულა, არც სიუჟეტური ხაზი გამხდარა იმდენად ბუნდოვანი, რომ ვინმეს აზრის გამოტანა გასძნელებოდა (არადა, საფრთხე ნამდვილად იყო: „მოიცა, ახლა ვისი სულია ამ სხეულში?“, „რომელიმე სული უსხეულოდ ხომ არ დარჩა?“, „ტარტალიას სხეულს თუ დაკრძალავენ, სულს როგორღა უნდა გაუსწორდნენ?“, „მეფე უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ იცოცხლოს?“…)

და ბოლოს, რჩევები მშობლებისა და მასწავლებლებისთვის:

ნუ წაიყვანთ 7-8 წლის ბავშვებს ამ სპექტაკლზე. მართალია, „მეფე-ირემი“ ზღაპარია, მაგრამ არა უმცროსკლასელთათვის დაწერილი და დადგმული. მოსწყინდებათ, დაიღლებიან – წარმოდგენა ორსაათნახევარს გრძელდება.

თეატრში წასვლამდე ესაუბრეთ ბავშვებს – ცოტა უფროსებს – „კომედია დელ არტეს“ პრინციპებზე, პერსონაჟებზე… ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად საჭირო ინფორმაციის მოძებნას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება. განწყობა, მოლოდინი, მერე – წარმოსახულისა და სცენაზე ნანახის შედარება… ასე უფრო დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გახდება ის, რაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა უკვალოდ გამქრალიყო, ან მხოლოდღა ცარიელ ნიღბებად შემორჩენოდა მეხსიერებას.

 

 

 

 

ქვიშა ცაში

0

დილით ჩვეულებისამებრ გავიღვიძე. უფრო სწორედ, ბოლო ორი წელია ჩემი გაღვიძება იძულებითია. დიახ, სისხამ დილიდან „ჩანჩქერის“ ხმა ჩამესმის. ეს „ჩანჩქერი“ სინამდვილეში მანქანების სამრეცხაოა, რომელიც გარეთ არის გახსნილი და გარშემო საშინელი დქაფუნ-ჩქაფუნის ხმებს ავრცელებს. სხვათა შორის, გარემოს ქიმიის სახელმძღვანელოებში (განსაკუთრებით, ბოლო წლების გამოშვებებში) ცალკე თავად არის აღწერილი, ე.წ. გარემოს ხმაურით დაბინძურება. მეც ვაპირებ ამ თემაზე „მასწავლებლისთვის“ სტატიის დაწერას, რადგან  ხმაურით დამაბინძურებლები ძალიან მომრავლდნენ და სიბინძურის გავრცელების გამო სინდისის ქენჯნას სულაც არ გრძნობენ.

მოკლედ, ავდექი და ფანჯრიდან გავიხედე. ცა რაღაცნაირად ყვითლად მომეჩვენა. ყურადღება სულაც არ მიმიქცევია, ჩავთვალე, რომ ჯერ ისევ მეძინა. იმ დღეს შესავალ კურსთან მქონდა ლექცია. ალქიმიკოსებს მიმოვიხილავდით და ალბერ მაგნუსს ვერაფრით ავუვლიდი გვერდს. ალბერ მაგნუსმა „ალქიმიის დიად წიგნში“ ალქიმიის შვიდი საოცარი წესი აღწერა… ზოგჯერ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ალქიმიკოსები მომავალში  იხედებოდნენ, ისეთი სიზუსტით ერგება მათი მსჯელობა ყველა დროს.

წესი #1

ზედმეტი ყბედობით საფრთხეში აგდებ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საერთო საქმესაც.

და მართლაც… რამდენი დაუღუპავს ზედმეტ ლაპარაკს. კარგი, ტონი შევარბილოთ: რამდენი დათარსულა ზედმეტის  საუბრით.

წესი #2

დაიწყე შენი საქმე დროულად და დროულად დაასრულე. არ აჩქარდე, მაგრამ არც ნელა იმოქმედო, თორემ წააგებ.

და მართლაც… დროის სწორად განაწილება თითქმის, საქმის წარმატებით დასრულების გარანტიაა. იღბალიც თუ მოგეშველა, გაიმარჯვებ და ეგ არის.

წესი #3

იყავი მომთმენი! მოთმინების გარეშე არაფერი გამოდის.

და მართლაც… მოთმენა მნიშვნელოვანია. არადა, რა ძნელია ზოგჯერ მოთმინება.

წესი #4

მონდომებით დაიწყე და დაასრულე შენი საქმე. დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანია.

და მართლაც… შენ ისვენებ, ვიღაც კი მუშაობს და იმარჯვებს… აქ, ჩემი აზრით, უფრო თვითგანვითარებაზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ მუშაობა-დასვენებაზე. თუ გაჩერდები  და საკუთარ თავზე მუშაობას შეწყვეტ, ზუსტად მაშინ დაიწყება შენი დამარცხება.

წესი #5

იცოდე შენი საქმე. უცოდინარობას სიკვდილი მოსდევს.

და მართლაც… პროფესიას თუ ვერ ფლობ… ცოდო ხარ წუთისოფელში.

წესი #6

ყოველთვის იყავი თავდაჯერებული და გაიმარჯვებ.

და მართლაც… საკუთარი თავის რწმენა ნახევარ გამარჯვებას უკვე უდრის, დანარჩენი ცოტა იღბლის საქმეა.

წესი #7

ყურადღებით მოეპყარი გარემოს. ეს ის ადგილია, სადაც ცხოვრებას აპირებ.

და მართლაც… დაბინძურებულ გარემოში ისევ ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც რა მონდომებით ვანადგურებთ მას.

თბილისი დაბინძურებული ჰაერის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმსივნით გარდაცვალება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სენი გაციებასავით მოედო ყველას და ყველაფერს. მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული გარემოა.  ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, აეროზოლებს შეიცავს.

აეროზოლებში იგულისხმება მყარი და თხევადი ნაწილაკები. აეროზოლის შემადგენელი ნაწილაკების ატმოსფეროში დარჩენის ხანგრძლივობა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები დიდხანს დარჩებიან, მცირე ზომისები კი მალევე კოაგულირდება უფრო დიდი ზომის ნაწილაკებად. მათ სხვადასხვა სახელწოდება  აქვთ, რაც  წარმომავალ წყაროზეა დამოკიდებული.

მყარი ნაწილაკები შეიცავენ ნახშირს, ვერცხლის იოდიდს, საწვავის წვის პროდუქტებს, ზღვის მარილის ნაწილაკებს. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები ცემენტის, ქარის მიერ მოტანილი ნიადაგის, ფერო-შენადნობის წარმოების მტვერს შეიცავენ. თხევადი ტიპის მასალაში  წვიმის წვეთებიცაა, ასევე ნისლი და გოგირდმჟავას კვამლი. ზოგიერთი ნაწილაკი ბიოლოგიური წარმომავლობისაა. მათ მიეკუთვნება ვირუსები, ბაქტერიები, ბაქტერიების და სოკოების სპორები, მტვერი. მასალა შეიძლება იყოს ორგანული ან არაორგანული, ორივე მათგანი ატმოსფეროს სერიოზულ დამაბინძურებელს წარმოადგენს.

დისპერსული აეროზოლები, როგორიც მტვერია, ფორმირდება 1 მიკრო/გრამი სიდიდის მყარი ნაწილაკებისგან. ამას უერთდება ტრანსპორტის გამონაბოლქვიც. საბადოების მტვერი.  მტვერი, წარმოებული ეროზიული პროცესებიდან.

ნაწილაკების ფორმირების წყარო ძირითადად წვის პროცესებია, მათ შორის წიაღისეულის  წვაც, სახლის ღუმლებიც, კოცონებიც და ბუხრებიც. ასევე ცემენტის ქარხნები. ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება ტყეები, ტყის ხანძრები და აქტიური ვულკანები. ასეთი მცირე ზომის ნაწილაკები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ისინი უფრო იოლად შეაღწევენ ფილტვების ალვეოლებში. ამავე დროს, მათთან იოლად შეკავშირდება მომწამლავი მძიმე მეტალების და დარიშხანის იონები.

წვის პროცესის ერთ-ერთი მაგალითია პირიტის შემცველი ნახშირის წვის პროცესი:

 

3FeS2+8O2=Fe3O4+6SO2

ორგანული ვანადიუმი ნარჩენი საწვავია, რომელიც ვანადიუმის ოქსიდს წარმოქმნის. ნახშირის ფერფლში შედის კალციუმის კარბონატი, რომელსაც სითბო გარდაქმნის კალციუმის ოქსიდად.

 

CaCO3 (მაღალი ტემპერატურა)=CaO+CO2

 

გოგირდმჟავას კვამლის წარმოქმნა აეროზოლებში შემდეგი რეაქციით მიმდინარეობს:

 

2SO2+O2+2H2O=2H2SO4

 

აეროზოლში წარმოქმნილი გოგირდმჟავა იქ უკვე არსებულ ამიაკის ორთქლთან ამ მყარ კალციუმის ოქსიდდთან შედის რეაქციაში. რეაქციები განსაკუთრებულად კარგად წარიმართებიან ნესტიან გარემოში.

 

H2SO4+2NH3(გაზი)=(NH4)2SO4

 

H2SO4+ CaO=CaSO4+H2O

 

გაზოლინზე და დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე ტრანსპორტის გამონაბოლქვის მეშვეობით აეროზოლებში შეიძლება აზოტშემცველი ორგანული ნაერთები მოხვდეს. ასევე, აქ შეიძლება იყოს ნ-ალკანები, ბენზალდეჰიდი, ბენზოის მჟავა, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, მათ შორის დაჟანგული ფორმითაც,  პენტაციკლური ტრიტერპანები. ასევე, ბენზოპირენი, რომელიც უძლიერესი კარცეროგენია.

ყველაზე საშიშად ბენზოპირენი, ბენზილანთრაცენი, ინდენოლი ითვლება. მათი სახიფათო რაოდენობა  20 µg/m3 დან იწყება.

არაორგანული შემადგენლობა აეროზოლში მათ წარმომავლობაზე მიუთითებს, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის რეაქციები, რომლებიც ამ შემადგენლობას შეცვლიან. მაგ. ოკეანის თავზე აეროზოლში შეიძლება იყოს  გოგირდის დიოქსიდი, ხოლო უკვე სანაპირო ზოლის თავზე  გოგირდმჟავა ფიქსირდებოდეს. ან, შუა ოკეანის თავზე იყოს ნატრიუმის ქლორიდი და სანაპირო ზოლის თავზე ქლორწყალბადმჟავა. შემადგენლობა მართლაც მრავალფეროვანია და არაორგანული კლასის ნივთიერებათა ოთხივე  წარმომადგენელს მოიცავს, მათ შორის აზოტ, გოგირდ შემცველ მარილებს, სხვადასხვა მეტალს და რადიონუკლიდებს. ე.წ. „კვალის იგივე შლეიფის“ ელემენტებიდან აეროზოლი შეიცავს: ალუმინს, კალციუმს, ნახშირბადს, რკინას, კალიუმს, ნატრიუმს, სილიციუმს. ასევე, შეიძლება მასში იყოს: სპილენძი, ტყვია, ტიტანი, თუთია, ბერილიუმი, ბისმუტი, კადმიუმი, კობალტი, ქრომი, ცეზიუმი, ლითიუმი, მანგანუმი, ნიკელი, რუბიდიუმი, სტრონციუმი და ვანადიუმი. ეს მეტალები ოქსიდების და მარილების სახით შედიან აეროზოლებში და მათ „მოფარფატე ფერფლს“ უწოდებენ.

აქედან:

  1. Al,Fe,Ca,Si წყაროა – ნიადაგის ეროზია, ქვების მტვერი, ნახშირის წვა.
  2. C წყაროა – ნახშირბადის შემცველი საწვავის არასრული წვა.
  3. Na, Cl წყაროა – ზღვის აეროზოლები, პოლიმერული ნარჩენები;
  4. Sb, Se წყაროა – ზეთების, ნახშირის, საწვავის წვა;
  5. V წყაროა – საწვავის ნარჩენი ფრაქციების წვა;
  6. Zn წყაროა – წვის შედეგად გაბნევა, საბადოებიდან.
  7. Pb წყაროა – ტყვია შემცველი საწვავის წვა.

ტყვია შეიძლება შემდეგ რეაქციაში ჩაერთოს:

Pb(C2H5)4+O2+ჰალოგენის წყარო=CO2+H2O+PbCl2+PbClBr+PbBr2; თითოეული პროდუქტი საკმაოდ აქროლადია.

ატმოსფეროში შემავალ ვერცხლისწყალზე ცალკე აღვნიშნავ და ვიტყვი, რომ შეიძლება არსებობდეს დიმეთილ და მონომეთილ მერკურის სახით. აეროზოლში მოხვდება ძირითადად ანთროპოგენური ფაქტორებით. უფრო ვრცლად ვერცხლისწყალზე ადრე დაბეჭდილი სტატიებიდან წაიკითხეთ https://mastsavlebeli.ge/?p=14195, https://mastsavlebeli.ge/?p=3819.

სხვა საქმეა, ე.წ. აზბესტური  დამაბინძურებლები. აქ იგულისხმება  ბოჭკოვანი აღნაგობის სილიკატური მასალა. მიახლოებითი ფორმულით: Mg3P(Si2O5)(OH)4. საშიშ დამაბინძურებლად ითვლება, რადგან მისი შემცველი ჰაერის ჩასუნთქვისას პნევმონიის პროვოცირებას იწვევს. ასეთი ჰაერით ხანგრძლივი სუნთქვისას კი შეიძლება ფილტვების კიბო განვითარდეს.

 

რადიოაქტიური ნაწილაკები

 

მათ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს რადონი. ატმოსფეროში შეიძლება ორი იზოტოპის სახით იყოს: 222Rn (ნახევრად დაშლის პერიოდი 3,8 დღე) და 220Rn (ნახევრად დაშლის პერიოდი 54,5 წამი). ასევე შეიძლება შევხვდეთ შემდეგ იზოტოპებს: 218 Po და  216 Po; 7Be და 10Be; 14C; 39Cl;3H; 22Na; 32P და 33P;

შეიძლება იყოს რადიოაქტიური ინერტული აირი 85Kr (ნახევრად დაშლის პერიოდი 10,3 წელი), რომელიც განიბნევა ბირთვული რეაქციების შედეგად.

 

ლექციებს შორის შესვენებაზე ყავა მოვიდუღე. ხომ ვიცი, რომ მავნებელია. არა, ჯიუტად ვაგრძელებ სმას. ფანჯრიდან ვიყურები, ცა ისევ მოყვითალოა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაზიარებულ შესაბამისი სამსახურის განმარტებასაც ვკითხულობ. თურმე ნუ იტყვით, ატმოსფეროში ქვიშის ნაწილაკები მოხვედრილა და ეს სიყვითლეც აქედან არის.

მშვენიერია, ახლა უკვე ქვიშა ცაშიც გვაქვს.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...