ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან

0

ბულინგის შესახებ საუბრისას, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აგრესორზე/ბულერზე ყურადღების გამახვილება. ბულინგის თემას, ნორვეგიელი ფსიქოლოგის ქრისტინე აუდმაიერის წიგნიდან – „როგორ  დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან“ – გავეცანით და ამიტომ აგრესორის შესახებ მისი შეხედულებები, ვფიქრობ, მკითხველისათვის ძალიან საინტერესო იქნება.

მაშ ასე, „ერთხელ, რადიოინტერვიუს მსვლელობისას – იხსენებს ავტორი – ასეთი შეკითხვა დამისვეს: არჩევანი რომ გქონდეთ, რას აირჩევდით: თქვენი შვილი დევნის მსხვერპლი გახდეს თუ დევნის დამწყები/ბულერი? უნდა ვაღიარო, ამ შეკითხვამ იმდენად გამაოგნა, რომ დიდხანს ვერ შევძელი პასუხი, ბოლოს ამოვღერღე: ბულინგის მსხვერპლი ბავშვის მშობლობა მიჯობს, რადგან აგრესორის მშობლობა საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად სამარცხვინოა. აქვე გეტყვით, ასეთი პასუხი ისევე, როგორც შეკითხვა ახლა ძალიან სულელურად მიმაჩნია. ამ შემთხვევას კი იმიტომ ვიხსენებ, რომ მან დამაფიქრა იმ სტერეოტიპეპზე, რომლებიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში მსხვერპლისა და განსაკუთრებით აგრესორის შესახებ.

სტერეოტიპები:

  • აგრესორები ძირითადად არაკეთილსაიმედო, არასრული ოჯახების შვილები არიან;
  • მოძალადეები წარსულში თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

მე, როგორც პრაქტიკოს ფსიქოლოგს, არ შემხვედრია მშობელი, რომელმაც შეიტყო საკუთარი შვილის ცუდი საქვიელის შესახებ, ანუ რომ მას აქვს აგრესია და ავლენს ძალადობრივ ქცევებს სხვა ბავშვების მისამართით და უკიდურესად არ გაუჭირდა ამ ამბის დაჯერება. „ჩემი შვილი ზრდილობიანი, კარგად აღზრდილია. სწავლითაც კარგად სწავლობს, ბევრი მეგობარი ჰყავს, თანატოლებთან, და არა მხოლოდ მათთან, ურთიერთობა არ უჭირს“. აი, მშობლების ტიპური რეაქციები და შეხედულება საკუთარ, სავარაუდოდ, მოძალადე შვილზე. მაგრამ საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ ბულერი ბავშვები ყოველთვის არაკეთილსაიმედო და არასრული ოჯახების შვილები არ არიან. ასევე, მცდარია შეხედულება იმის შესახებ, რომ მოძალადეები წარსულში თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

მოძალადეები შესაძლოა თანატოლებს შორის ყველაზე პოპულარული ბავშვები/მოზარდები აღმოჩნდნენ. ისინი ლიდერების თვისებებით გამოირჩევიან, აქვთ მაღალი სტატუსი საკუთარ გარემოცვაში და რაც ყველაზე საგულისხმოა, მათ შესახებ ძალიან ძნელია რაიმე ცუდის თქმა და მით უფრო იმის, რომ ისინი ჩაგრავენ საკუთარ კლასელებს, თანატოლებს ან სხვა ადამიანებს. ფსიქოლოგების აზრით, ზოგიერთი აგრესორი ასე იკმაყოფილებს საკუთრ სოციალურ მოთხოვნილებებს – ძალაუფლებისადმი ლტოლვას, თვითდამკვიდრების სურვილს, სიტუაციის გაკონტროლების მოთხოვნილებას და რჩეული ადამიანებისადმი მისი მიკუთვნებულობის სურვილს. კოლექტივისაგან სხვა ბავშვების გარიყვით აგრესორები უფრო მძაფრად შეიგრძნობენ ამ კოლექტივთან საკუთარ იდენტობას. ჭორაობით, ხმების გავრცელებით ბულერი უფრო მეტ თანამზრახველს იძანს და პოტენციური მსხვერპლის წინააღმდეგ განაწყობს დანარჩენ ბავშვებს/მოზარდებს. თუმცა დევნაში მონაწილე ბავშვების/მოზარდების გარკვეული ნაწილი მხოლოდ იმიტომ ერთვება ბულინგში, რომ ის მათთვის ურთიერთობების ერთგვარი ფორმაა. ისიც შესაძლებელია, რომ ასეთები ვერც კი აცნობიერებენ, რა ხდება სინამდვილეში მათ გარშემო. ისიც საგულისხმოა, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის/მოზარდისთვის სხვების დევნა საკუთარი თავდაცვის საშუალებაა. ასეთი ბავშვები ხშირად აგრესორს აჭარბებენ სისასტიკის გამოვლინებებში, რადგან ამ დროს ისინი როლებს ცვლიან და მსხვერპლობიდან მოძალადეებად იქცევიან. ბავშვებისა და მოზარდების ნაწილი იმის გამო ერთვება დევნაში, რომ ეშინია თავად არ გახდეს შემდეგი მსხვერპლი.

ახლა, როგორც ქრისტინე აუდმაიერი ამბობს: მოდით, შევეცადოთ, ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებითაც აგრესორები ხასიათდებიან. უფროსებს ძალიან უჭირთ საკუთარ შვილებში/აღსაზრდელებში მოძალადე ბულერის შემჩნევა. მშობლებს/აღმზრდელებს უძნელდებათ შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი საყვარელი, მშვიდი, კეთილი შესანიშნავი ბავშვები, უფროსების თანდასწრებით ანგელოზებივით რომ იქცევიან, შესაძლებელია ძალიან სასტიკი ქცევების გამხორციელებლები აღმოჩნდნენ, მაშინ, როდესაც მარტონი რჩებიან. მინდა ერთი ტიპური ისტორია გაგიზიაროთ, რომელიც მე ბულინგის მსხვერპლი გოგონას მშობელმა მომიყვა.

„ჩემი ცხრა წლის გოგონა დიდი ხნის განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო. დევნა ხორციელდებოდა სკოლაში, დასასვენებელ ცენტრში და ქუჩაშიც კი. ბულერები დევნის სხვადასხვა ფორმას იყენებდნენ. ეს იყო როგორც ფარული აგრესია, ასევე აშკარა იგნორირება. მჩაგვრელები დასცინოდნენ ჩემს გოგონას, ეძახდნენ მას სხვადასხვა დამამცირებელ სიტყვებს და სულ მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს. მე, როგორც მშობელმა, ვეცადე პრობლემის მოგვარება. დასაწყისში კლასის დამრიგებელს მივმართე, შევატყობინე პრობლემის შესახებ სხვა მშობლებს და ბოლოს უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციაც ჩავრთე საქმეში. როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი ადვილი გასაკეთებელი სულაც არ იყო, რადგან უფროსებს სურდათ, ეს ამბავი უბრალო, მარტივი, „მეგობრული“ გაუგებრობისათვის მიეწერათ. სიმართლე უნდა ითქვას, თავდაპირველად მეც ასე ვფიქრობდი. მაგრამ ერთ დღეს ჩემი შვილი სახლში ატირებული დაბრუნდა, რადგან მას მთელი გზა ხმამაღლა უყვიროდნენ ბავშვები: „მახინჯო, უმაქნისო, შენ არავის უყვარხარ“. ამის შემდეგ, სიტუაციის სერიოზულობა მთელი სიცხადით შევიგრძენი. ჩემს ზრდასრულ ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოცდილება, რადგან ძალიან გამიჭირდა უფროსების მთელი არმიისათვის ამეხსნა, რა ხდებოდა, რას გრძნობდა ჩემი შვილი და რომ საჭირო იყო დავხმარებოდით ბავშვებს.

დავეხმაროთ ორივე მხარეს, რადგან დახმარება არა მხოლოდ მსხვერპლს სჭირდება, არამედ აგრესორ ბულერებსაც, რომლებსაც ჩემი ღრმა რწმენით სერიოზული პრობლემები აქვთ. ბულინგის განმახორციელებელმა ბავშვებმა ხომ მშვენივრად იციან, რომ ძალიან ცუდად იქცევიან და, რაც მთავარია, მათ ეშინიათ, რომ ადრე თუ გვიან ამის შესახებ უფროსები შეიტყობენ. მე ბევრ რამეზე ვფიქრობდი და მგონია, რომ მოძალადე ბავშვებს რაღაც მომენტში თავადაც სურდათ დაესრულებინათ ეს უმსგავსობა, მაგრამ ეშინოდათ იმ შედეგების, რომლებიც დადგებოდა მაშინ, როდესაც ისინი სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავდნენ. მოკლედ, მსგავსი გარემოებები, ჩემი დაკვირვებით უფროსების და განსაკუთრებით მასწავლებლების სწორი პოზიციაა გადამწყვეტი, რათა დაბნეულ და შეშინებულ ბავშვებს დაეხმარონ“.

მშობლის ცხოვრებაში შესაძლებელია დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც რომელიმე მასწავლებელი ან სხვა მშობელი შეატყობინებს მისი შვილის აგრესიული ქცევების შესახებ, რომ ის მონაწილეობს მეგობრის, თანაკლასელის დევნაში. მესმის ეს უსიამოვნი მოსასმენია, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ ასეთ გარემოებებს:

  • თქვენს შვილს უყვარს თავის დამკვიდრება სხვების ხარჯზე, მბრძანებლობა, თამაშის დროს სხვებით მანიპულირება;
  • ბავშვი მის გარშემო არსებულ სამყაროს მხოლოდ შავად და თეთრად ჰყოფს. ზოგიერთი ადამიანი მისთვის ძალიან საყვარელია, ხოლო სხვები ბოროტები, არაკეთილსაიმედოები არიან და ამიტომ ისინი ცუდ დამოკიდებულებას იმსახურებენ;
  • ბავშვი ძალიან ზედმიწევნით შეარჩევს მათ, ვისთანაც სურს ურთიერთობა;
  • ძალიან ადვილად ღიზიანდება ადამიანების მხრიდან გამოთქმული ან გახორციელებული თუნდაც უმნიშვნელო ნეგატიური დამოკიდებულების გამო;
  • მეგობრების მიმართ არასტაბილური დამოკიდებულება. მაგალითად, გოგონები ხშირად ჯგუფებად მეგობრობენ და ვერ რიგდებიან, თუ შემთხვევით მხოლოდ სამნი აღმოჩნდებიან;
  • თქვენ ხედავთ, რომ თქვენს შვილს მოსწონს სხვების ცუდი ეპითეტებით მოხსენიება, დაცინვა, წვალება, წყენინება და ფიზიკური დამცირებაც კი;
  • თქვენ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენი შვილი ასაკისათვის შეუფერებლად აგრესიული, თავხედი, ჭირვეული და ჯიუტი გახდა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია: მშობლები, რომლებიც შეიტყობენ, რომ მათი შვილი სხვა ბავშვების დევნაშია ჩართული, არ ჩადგეს თავდაცვის პოზიციაში და არ დაიწყოს შემხვედრი ბრალდებების წამოყენება მსხვერპლი ბავშვის მისამართით. აუცილებელია (მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც ფსიქოლოგი, სრულად ვაცნობიერებ რამდენად რთულია ამის გაკეთება) უფროსმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და გააცნობიეროს კონსტრუქციული გამოსავლის ძიების საქმეში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ბულინგის პრობლემებზე მომუშავე ფსიქოლოგების დაკვირვებით პრობლემის მოგვარება გაცილებით ადვილდება მაშინ, როდესაც მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია ურთიერთბრალდებების ნაცვლად იწყებენ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას და ინტერვენციის დაგეგმვას.

ჩემი რჩევები უფროსებს:

Ø  იყავით გახსნილი და კონსტრუქციული. ნუ დაიკავებთ თავდაცვის პოზიციას და არ დაიწყოთ იმისი მტკიცება, რომ თქვენს შვილს არ შეუძლია ცუდი საქციელის ჩადენა;

Ø  შეეცადეთ, საკუთარი უარყოფითი ემოციები ბავშვებზე არ გადაიტანოთ;

Ø  ბევრი ბავშვი და მოზარდი შვებას განიცდის მაშინ, როდესაც მოახერხებს საკუთარ ქმედებაზე გულწრფელად საუბარს. არიან ისეთებიც, რომლებსაც დიდი დრო სჭირდებათ გულწრფელობის მოსაკრებად. ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია არ დავაძალოთ ბავშვს საუბარი. არ შევაწყვეტინოთ, არ ვეჩხუბოთ და არ დავუწყოთ მომაბეზრებელი ჭკუის სწავლება;

Ø  დიდი გულისყურით უნდა მოუსმინოთ ბავშვს. მას ნათლად და მკაფიოდ უნდა გავაგებიმოთ, რომ ბულინგი სრულიად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მას ამისი „მიზეზი“ ჰქონდა;

Ø  მნიშვნელოვანია ბავშვს დავანახოთ განსხვავება თავის დაცვასა და აგრესიას შორის;

Ø  აუცილებელია, ვესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რას განიცდის ბულინგის მსხვერპლი. სთხოვეთ ბავშვს, მოჰყვეს, რა განცდები შეიძლება ჰქონდეს მას თავად, იმ შემთხვევაში, თუ ის დევნის მსხვერპლი გახდება;

Ø  არასოდეს დაუმალოთ ბავშვს, რომ თქვენ უნდა ესაუბროთ იმ ბავშვის მშობლებს, რომელიც დევნის მსხვერპლი გახდა. ასევე, უთხარით, რომ საუბარი გექნებათ სკოლის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან. თუ დევნაში ბევრი ბავშვი მონაწილეობდა, მათთანაც საჭიროა გასაუბრება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკუთარი შვილის წინააღმდეგ გამოდიხართ. დროთა განმავლობაში ბავშვი მიხვდება, რომ თქვენ მართებულად მოიქეცით.

იმ ბავშვების ქმედებები, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვების ჩაგვრაში, მშობლებისათვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ საგულისხმოა, რომ თავად ბავშვები მაინც კარგ ადამიანებად რჩებიან, მათ უამრავი დადებითი თვისება აქვთ. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ ბავშვებმა, ისინი მაინც საჭიროებენ უფროსების მხარდაჭერას.

 

მეტი დრო გარემოზე დაკვირვებისთვის

0

 

გაზაფხულის წვიმიან ამინდებში ბოტებს ვიცვამთ ხოლმე და ახლო-მახლო რომელიმე პარკში მივდივართ ლოკოკინების საძებრად. დასვენების დღეებში აივანზე ვზივართ და ჩიტების ხმებს ვუსმენთ. სეირნობისას ვცდილობთ, უცხო ქუჩებზე აღმოვჩნდეთ და იქ ვიპოვოთ რაიმე საინტერესო: ორნამენტი კედელზე, წარწერიანი ქვის ფილა რომელიმე სახლის შესასვლელთან ან ისეთი სახლი, “ზღაპრების წიგნებში რომ ხატავენ”.

 

ჩვენი გამოგონილი გასართობები ბავშვებს ამხიარულებს, მე კი მეხმარება მარტივად ავუხსნა ისეთი ამბები, რომლებიც მგონია, ადამიანმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს. მაგალითად, ის, რომ ურბანული გარემო გაცილებით ხმაურიანი და შემაწუხებელია და თუ გინდა, აქ გადარჩე, აუცილებლად უნდა გამონახო დრო ბუნებასთან სიახლოვისთვის – იქნება ეს ლოკოკინების ძებნა, ყვავილების მოვლა თუ ფეხით ტყეებში სიარული. რომ მუსიკა ბევრნაირია და სმენის ვარჯიში ჩიტების ხმების დიფერენციაციით და გამეორებითაც შეიძლება. რომ ბუნება ყველაზე კარგი მხატვარია და ამაში დასარწმუნებლად ფრინველების ბუმბულების ფერების შეთანხმებაც კი გარწმუნებს. რომ ზოგჯერ, როცა უღრან ტყეში ან ტრიალ მდელოზე მარტო აღმოჩნდები, შენი თავი შენვე უნდა გაართო, შენ უნდა დააყენო სწორ გზაზე და შენ უპატრონო მას. რომ ცხოვრება ხშირად გაყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უღრან ტყეში ან ტრიალ მდელოზე მარტო ყოფნას ჰგავს და ამისთვის სჯობს, მზად იყო. სჯობს შენი თავის რწმენა და შენი ძალების გამოყენების უნარები გქონდეს.

 

იმასაც ვეუბნები ხოლმე, რომ ზოგჯერ ცხოვრება ისეთ წვიმიან დღეებს ემსგავსება, რომლებსაც ბოლო არ უჩანს, ან ისეთ ქარიშხალს, რომელიც გგონია არასოდეს ჩადგება, ხალხი კი შენ გარშემო შეიძლება ისე ხმაურობდეს, როგორც გაფუჭებული მუსიკალური საკრავი ცუდი ფლეილისტით, შიშინა ხმით და დაკარგული გამოსართავით. ასეთ შემთხვევებში ერთადერთი, რაც გადაგარჩენს, იმის ცოდნაა, რომ ბოლოს მზე გამოდის, ქარი დგება და ცუდ ხმაურს თუ ვერ გაეცლები, ყურადღება არ უნდა მიაქციო.

 

ამას წინათ ერთი კარგი წიგნი შემომეკითხა, რომელიც მგონია ბავშვებთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა: „რა შეემთხვა ძაღლს ღამით და სხვა უცნაური ამბები“ ჰქვია და პატარა ბიჭზეა, რომელიც მამასთან ცხოვრობს და აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. ეს ბიჭი ამბობს; ზოგჯერ, როცა ხალხმრავალ ადგილას ვხვდები და ბევრი ხმები მესმის, გონებაში წითელ ხაზს ვავლებ ხოლმე, რომელმაც ა პუნქტიდან ბ პუნტამდე უნდა მიმიყვანოს და იმ ხაზს მივყვები, რომ გარშემო არსებულმა ხმაურმა და ხალხმა თავგზა არ ამიბნიოს, არ დამკარგოს და არ შემყლაპოსო. გადასარევი მეთოდია. ზარმაცების და სკეპტიკოსების ხმებს ვახშობ ხოლმე ეგრე, ჭრის.

 

ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ იმაზე კარგად შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა და საკუთარი პოზიციის დაცვა, ვიდრე მე შემეძლო სკოლის დამთავრებისას, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩემზე არავინ ამბობდა, თვითგამოხატვის უნარების ნაკლებობას განიცდისო. ვცდილობ, მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, მაგრამ ჩემი არსებობა სულს არ უხუთავდეთ, არ აწუხებდეთ და არ აშინდებდეთ. მინდა, თვითონ წყვეტდნენ, გარეთ ყოფნისას სად აცოცდნენ, სად წავიდეთ, ვის რაზე ელაპარაკონ, რა ჩაიცვან, რა წიგნი აირჩიონ მაღაზიასა თუ ბიბლიოთეკაში, რას მოუსმინონ და ვინ ნახონ. როგორც წესი, აუცილებლად გვხვდება ვინმე, ვინც ეუბნება, რომ ჩამოვარდებიან იქიდან, სადაც აცოცდნენ; დაიკარგებიან, თუკი დედას ხელს არ მოჰკიდებენ; დაეცემიან, თუკი სწრაფად იქროლებენ და ასე უსასრულოდ. ვუყურებ ხოლმე და ვახსენებ წითელ ხაზებს, რომლებსაც უნდა მისდიონ, როგორც ის პატარა ბიჭი მისდევდა, როცა გარშემომყოფები აწუხებდნენ და ვეუბნები, რომ გარემო მარტო ხეები, ლოკოკინები, უღრანი ტყეები და ჩიტების ჭიკჭიკი არ არის. გარემო ის ადამიანებიცაა, რომლებიც ყველგან გვხვდებიან. ზოგი მოგვწონს, ზოგი არა და მათით შეწუხებულ ან მოხიბლულ ყოფნას შესაძლოა სჯობდეს მათზე დამკვირვებლები ვიყოთ და ვითამაშოთ გამოცნობანა, რატომ ეშინიათ სხვების ყოჩაღი შვილების მაგივრად, როცა შეუძლიათ თავიანთ შვილებს ეთამაშონ ან ელაპარაკონ; რატომ თვლიან თავიანთ საქმედ მისცენ შენიშვნა ბავშვს, რომელიც არაფერს, საერთოდ არაფერს არ უშავებს; რატომ სჭრით ყურს მათი ომახიანი პასუხები და თვალს მათი სწრაფი ქროლვა და ხმამაღალი სიცილი. ამ ყველაფერს ხომ თავისი მიზეზი აქვს.  ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ უფროსების უმეტესობამ რთული, მძიმე, არათავისუფალი და თავზარდამცემი წლები გამოიარეს, რომლებიც ისეთივე თავზარდამცემი იყო, როგორც ქარიშხალი, რომელიც გგონია, არასოდეს ჩადგება და ისეთივე გულისგამაწვრილებელი, როგორც წვიმიანი დღეები, როცა გგონია, რომ აღარასოდეს გამოანათებს მზე. მათთვის, სავარაუდოდ, არავის უთქვამს, იქროლე, ცხვირი ჰაერის ნაკადს შეუშვირე და ყველაფერი ცუდი უკან დაგრჩებაო; არავის უთქვამს, სხვებს ნუ მოუსმენ, წითელი ხაზები დახატე და იმათ მიჰყევი, მიზანს რომ მიაღწიოო; არავის უსწავლებია, მაღლა რომ ახვალ, სანამ ქვემოთ ჩამოხვალ, ზემოთ აიხედე, კიდევ უფრო მაღლა ხომ არ შეგიძლია ასვლაო.

 

მგონია, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მეტი დრო გარემოზე დაკვირვებისთვის, ჩვენთვის სასიამოვნო საქმეების პოვნისთვის, გადარჩენის მეთოდების მოფიქრებისთვის და გარშემომყოფების შესწავლისთვის – და თუ ადამიანები ამაზე ვარჯიშს პატარაობიდანვე დაიწყებენ, ნაკლებად შეწუხდებიან სხვებით და მეტად შეძლებენ ცხოვრებისთვის იმ დროის გამოწიწკვნას, რომელიც დილაობით ჩიტების მოსმენას ან გაზაფხულობით ლოკოკინების ძენბას სჭირდება წვიმიან პარკებში.

 

 

 

შეფასება – დაბრკოლება, ავტორიტარიზმის გამოვლენა თუ ..

0

ავტორიტარული პედაგოგიკა ვერ გაუძლებს ამ ბავშვებს – ეს სიტყვები შალვა ამონაშვილს ეკუთვნის. ჩემი აზრით, დღეს შეფასება გარკვეულწილად ავტორიტარიზმს ემსახურება.

შეფასება რომ პედაგოგთა (მათ შორის ჩემიც) პრობლემაა, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, როცა საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტში ჩანაწერი გამოჩნდა, ყოველდღიური საკლასო და საშინაო დავალებების შეფასება აღარ იქნებაო, საზოგადოება ვნებათაღელვამ მოიცვა. პედაგოგთა უმეტესობა განმსაზღვერელი შეფასების ამოღების წინააღმდეგ დაირაზმა. მათი არგუმენტები ძირითადად გარეგანი მოტივაციის მამოძრავებელი ქულის დაცვისკენ იყო მიმართული: ნიშნების ამოღება მოტივაციას დაუკარგავსო. რომელ მოტივაციაზე იყო საუბარი, არავინ აკონკრეტებდა. აქ ყველას დაავიწყდა მოტივაციის ორი სახე: გარეგანი და შინაგანი.

არადა, ჩვენი მიზანია, რომ ვასწავლოთ (რა და როგორ ახლა ამაზე არაფერს ვამბობ) და არა დავსაჯოთ იმიტომ, რომ დღეს რვეული დარჩა (ადამიანები ვართ, რამდენჯერ დაგვიწყებიათ ყველაზე მნიშვნელოვანი?), ან სტუმრები ჰყავდათ ოჯახში, ან ბებო იყო შეუძლოდ, ან უბრალოდ წიგნის კითხვას შეჰყვა და დრო გაეპარა (მერწმუნეთ ასეც ხდება)… უამრავი ხელის შემშლელი მიზეზია ჩვენ გარშემო, შესაბამისად ეს მოსწავლეზეც ახდენს გავლენას.

ჩვენი მიზანია ვისწავლოთ.

ყველაფერი დასაშვებია რაც კი სწავლაში გვეხმარება – ეს არის ჩვენი დევიზი გაკვეთილზე, ნებისმიერ კლასში. უფროსკლასელებმა უკვე იციან და თავისუფლად ითხოვენ ჩემს მობილურს, რომელშიც ყოველთვის ჩართული მაქვს ინტერნეტი (მათი ტელეფონები კლასის დამრიგებელთან ინახება). ხელიდან ხელში გადადის 20 წუთის განმავლობაში ჩემი ტელეფონი, ეძებენ, პოულობენ; დისკუსიაში, რეზოლუციებისა და დეკლარაციების შექმნაში იყენებენ. მათ მიერ შემუშავებული რამდენიმე რეზოლუცია უკვე გაგაცანით. ყოველ ჯერზე გვაქვს განმავითარებელი შეფასება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება. რეზოლუციებისა და დეკლარაციების ყოველ პუნქტს განიხილავენ და ერთმანეთს უკუკავშირს აძლევენ.

ეს X-XI კლასებში. ამ ეტაპამდე მოსვლა არცთუ ისე ადვილი იყო. წლები მოვანდომეთ სწავლა-სწავლების პრინციპების შეგუებას, დაზეპირება-ჩაჭიკჭიკების გადაჩვევა რთული პროცესი იყო. ქცევის წესების დაცვა უჭირდათ, შემაჯამებელშიც დაბალი შედეგები გვქონდა, მაგრამ შევძელით, გამოგვივიდა. დღეს მოდელირებისა და დებატკლუბის იდეის ავტორები არიან. წარმატებით გამოდიან გაერო-ისა თუ ევროსაბჭოს მოდელირებებზე. ხან ვუწერდი განმსაზღვრელ შეფასებას, ხანაც უმეტესწილად განმავითარებლით შემოვიფარგლებოდით. ახლა ურთიერთშეფასებაც სათანადოდ შეუძლიათ. რაც მთავარია, იციან, რომ ჩასაფრებული არ უნდა იყვნენ, არც არიან. საჭიროა კი ამ დროს განმსაზღვრელი შეფასება, მაშინ, როდესაც შეიძლება განვითარებაზე ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. ჩვენი მიზანი თუ სწავლებაა, საჭიროა კი ყოველდღიური, ეგრეთ წოდებული, მიმდინარე ქულები, მაშინ, როცა მეტად ეფექტური განმავითარებელია? თემის დასრულების შემდეგ (ესგ-ის ახალ ვარიანტში ასე იყო) შემაჯამებელი სამუშაოს დროც ხომ დადგება? ყველამ კარგად ვიცით, რომ განმსაზღვრელი შეფასება სწორედ კლასის მართვის არქონის შემთხვევაში მოსწავლეთა მართვისთვის (დაშინებისთვის) სჭირდება მასწავლებელს. დღეს უმეტესწილად ავტორიტარული პედაგოგიკა ბატონობს. მშობლების უმრავლესობაც კმაყოფილია მის შვილს თუ „მკაცრი“ პედაგოგი ჰყავს. ძალიან მცირე ნაწილი თუა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. და ვართ ასე წრეზე.

ახლა, რაც შეეხება საბაზო საფეხურს:

ახალი მე-7 კლასები მყავს. მართლაც რომ პატარა ზვიგენები არიან. ვერ ისვენებენ, უჭირთ თვითრეგულაცია. თუმცა ინტერესი აქვთ, ფიქრობენ, კითხვებს სვამენ, ხშირად თავადაც პასუხობენ… ხატავენ, სლაიდებსა და ფილმებს უყურებენ. ქულებს ელოდებიან… აი, აქ მე ვარ ჩასაფრებული.

  • ქულას გვიწერთ დღეს?
  • როგორ შეაფასებ საკუთარ თავს? – შემხვედრ კითხვაზე თავდაპირველად დაიბნენ. ვახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.
  • აბა ახლა შენ მითხარი დღეს რა ქულას იმსახურებ და აქ იხევენ უკან.
  • მას, არა ნუ დაგვიწერთ, შემდეგში გავითვალისწინებთ. შემდეგში მართლა ითვალისწინებენ და ჟურნალში ჩნდება 10 და 9.

პირველივე შემჯამებელში გამოიკვეთა პრობლემა. ცოტა დიდი მოცულობის ტექსტის გააზრება უჭირთ (წიგნიერების გამჭოლი კომპეტენცია). ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო მუშაობა. პირველი აქტივობა, რომელიც გამოვიყენე, მნიშვნელოვანი ტერმინების გამოყოფა დავავალე. მშვენივრად გაართვეს თავი, ერთმანეთს რეკომენდაციებიც მისცეს.

მეორე აქტივობა უფრო საინტერესო მოეჩვენათ. კითხვები დასვეს მოცემული თემის შესახებ. ჯერჯერობით მხოლოდ მარტივი და რთული კითხვები მოიფიქრეს, შემდეგი ეტაპი უკვე ბლუმის გვირილის შედგენა იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ ნელი ტემპით მივალთ მიზნამდე, რომელიც არც თუ ისეთი რთული და დიადია. მინდა, რომ გეოგრაფიული აზროვნება და ხედვა განვუვითარო სხვა არაფერი. თუ რა არის გეოგრაფიული აზროვნება, ეს გეოგრაფებმა კარგად იციან, მეც არაერთხელ დამიწერია სტატიებში.

არ მინდა ჩემი შეფასება დასჯადი და დამაბრკოლებელი გახდეს…

 

მწვანე კაბა

0

სკოლის დამთავრებისას დედამ მწვანე კაბა მიყიდა. სხვანაირი მწვანე იყო, გეგონება  ასხივებსო. თეთრი საყელო და მანჟეტები ჰქონდა. როდესაც მოვიზომე და სარკეში ჩავიხედე, ისე მომეწონა, სუნთქვა შემეკრა… და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომელიც სულ „მინდას“ გაიძახოდა… პირიქით, სულ მოკრძალებულად უკან ვიხევდი და დედა აქეთ მაძალებდა ხოლმე „გინდაო“, დედის კითხვაზე:

  • ქეთი, ხომ გინდა ეს კაბა?

უმალ მივუგე:

  • კი, დედა, მინდა…

კაბა, არა მხოლოდ ლამაზი იყო და მიხდებოდა, კარგი ენერგეტიკაც მოჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა და სტუდენტობისას ზაფხულის გამოცდებზე სულ ამ კაბით დავდიოდი. საკუთარი თავისა და ცოდნის იმედს, მწვანე კაბის ენერგეტიკაც მიძლიერებდა. „მწვანის“ მჯეროდა და ვენდობოდი.

ეს კაბა კვლავ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად ზუსტად მერგება, ბოლო დროს აღარ ჩამიცვამს. თუმცა, გასაჩუქებლადაც ვერ გავიმეტე. მეტისმეტად მიყვარს, სხვას ვერ ვუსახსოვრებ.

რატომ მიყვარს? კარგი მოგონებები მაკავშირებს, თან დედამ მაჩუქა… თან მწვანეა…

„მწვანე“ ძველი ინგლისური სიტყვიდან – growan, “to grow” – მოდის, რაც გაზრდას ნიშნავს. მწვანე სიცოცხლის და ბუნების განახლების ფერია. იმედს და უკვდავებას ასახავს. ალქიმიკოსი ანდრეი ლიბაუ თეზაფს, ანუ ოქროს გამხსნელს, „მწვანე ლომს“ უწოდებდა.

მხატვრობაში მწვანეს ყვითელი ოქრას და ლურჯი აზურიტის შერევით ღებულობდნენ.

ნეოლითურ ხანაში ჩრდილოეთ ევროპაში მწვანე საღებავი ტანსაცმლისთვის მცენარეული პიგმენტებიდან გამოჰყავდათ. თუმცა, უხარისხო გამოდიოდა და ყავისფერი ხდებოდა.

პაპირუსებზე საწერად ან აკლდამების მოსახატად ეგვიპტეში მალაქიტს იყენებდნენ. ტუტანხამონის აკლდამაში მალაქიტის პიგმენტიანი ზარდახშაც იქნა აღმოჩენილი.

ოსირისის სახე მწვანედ არის შეღებილი. ეგვიპტელებს მწვანე ფერი თავდაცვის ფერად მიაჩნდათ და ოსირისს „დიად მწვანეს“ უწოდებდნენ.

მეც მწვანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამას ადრინდელ წერილშიც ვწერდი https://mastsavlebeli.ge/?p=3984. ვამბობდი, მწვანე თვალები და სული მაქვს და ჩემიანებს („მწვანე სულიანებს“) შორიდანვე ვცნობ-მეთქი.

თუმცა… სულ ახლახან ისიც დავწერე „მედალს ორი მხარე აქვს“-მეთქი https://mastsavlebeli.ge/?p=21327&fbclid=IwAR3bc_k58sN7jt7LABuuUDqFk94EYVtJCKgSmb8mTw6nGTTFQJqsLhtz6QU  და ინებეთ ამის კიდევ ერთი დასტური.

მე-15 საუკუნეში ეშმაკი იყო მწვანე. ის სწორედ ასე ჰყავს გამოსახული წმინდა ვოლფრამის პანელზე მაიკლ პაჩერს (1471-1475, Alte Pinakothek, Munich). შუა საუკუნეების პოეტი ჩოსერიც ირწმუნებოდა, რომ ეშმაკი მწვანე კვამლით  მოვიდა.  მონადირეებიც ამ ფერს ირჩევდნენ, რათა ნადირი არ დაეფრთხოთ.

მწვანე სამოსს ირლანდიელები წმინდა პატრიკის დღეს იცვამენ. მწვანე საშინელ სიკვდილთანაც ასოცირდება.

ყოველ შემთხვევაში, ვიქტორიანულ ეპოქაში ასე იყო.

1814 წელს ერთმა გერმანულმა საწარმომ (the Wilhelm Dye and White Lead) მწვანე საღებავის წარმოება დაიწყო.

თუმცა, მანამდე ის 1775 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ შეელემ შექმნა. სწორედ ამ საღებავით შეღებეს ბონაპარტის საძინებელი და მის იდუმალებით გარდაცვალებასაც ამავე საღებავს მიაწერენ.

საღებავი სხვებთან შედარებით უფრო კაშკაშა იყო. მას „ზურმუხტოვანი-მწვანე“ უწოდეს. მალე საღებავის გამოყენება დაიწყეს ქსოვილების, კედლების და ხალიჩების შესაღებად. მწვანე ქსოვილებისგან შეკერილი კაბები ქალბატონებში გასაოცარი პოპულარობით სარგებლობდა. საქმე ის გახლდათ, რომ გაზზე მომუშავე  გამანათებლები ახალშემოსული იყო, რომლებიც სანთლებთან შედარებით, შენობაში უფრო კაშკაშა შუქს აფრქვევდნენ  და მწვანე ფერი ასეთ შუქზე სხვანაირად თამაშობდა.

საღებავი დარიშხანის შემცველი იყო, სწორედ ამიტომ კაშკაშებდა (ელის  მეთიუ დეივიდი „მოდის სხვერპლნი“). დარიშხანი სასიკვდილოა და მთელ სხეულზე წყლულებს აჩენს. იწვევს სისხლიან ღებინებას, თმის ცვენას, საბოლოო სამიზნე კი ღვიძლი და თირკმელებია.

საღებავზე რას აღარ წერდნენ… 1871 წელს ერთმა ქალბატონმა მოდის პრესტიჟულ სახლში მწვანე ხელთათმანები შეიძინა. პირველივე ჩაცმისას ხელები იარებით დაეფარა. იყო ამბები ბავშვებზე, რომლებიც თავიანთ ოთახებში მწვანე ხალიჩაზე თამაშის შემდეგ კვდებოდნენ. გარდა ამისა, ასეთ ოთახებში თითქოს თაგვის სუნიც იგრძნობოდა. სწორედ ამ სუნის გამო დედოფალ ვიქტორიას ოთახში კედლებიდან მწვანე შპალერი ჩამოხიეს.

უარეს დღეში აღმოჩნდნენ ის ქალები, რომლებსაც საღებავთან უშუალო შეხება ჰქონდათ. მატილდა შოირერი, 19 წლის გოგონა დარიშხანის შემცველი მწვანე საღებავით ხელოვნურ ყვავილებს ღებავდა. 1861 წელს ის საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა, მთელი სხეული გაუმწვანდა, სიკვდილის წინ კი ამტკიცებდა, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი მწვანე იყო.

ადამიანებზე საღებავის ზემოქმედება ექიმებმა ჯერ კიდევ 1857 წელს შენიშნეს და საუბარი ინგლისში მიმდინარე „ხანგრძლივ მოწამლვაზე“ დაიწყეს. მალე გაზეთებში გამოჩნდა მწვანე კაბებში მოცეკვავე ჩონჩხების ილუსტრაციები. გაზეთ „თაიმსში“ ავტორები ვრცელ სტატიებს უძღვნიდნენ და წერდნენ: რაღას უნდა ენდო დღევანდელ დღეს, როდესაც წინდის ჩაცმაც კი სახიფათოაო.

თუმცა, ხალხის მასა ამ ამბებს ყურადღებას არ აქცევდა. „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიას“ პრინციპით და წლების მანძილზე ამ საშიშ მოდას იყვნენ აყოლილი. აბა, „მოსაწყენ რუხს, ყვითელსა და ყავისფერს“ ხომ არ ჩაიცვამდნენ? საღებავის წარმოებაც არ გაჩერებულა, პირიქით, უზარმაზარ ინდუსტრიად გადაიქცა.

დარიშხანის შემცველობაზე რეგულაციები ფაბრიკებისთვის მხოლოდ 1895 წელს დაწესდა.

დარიშხანი ბუნებაში გავრცელებულია სულფიდური მადნების სახით: As2S3-აურიპიგმენტი, As4S4-რეალგარი, FeAsS-დარიშხანის ალმადანი. იშვიათად გვხვდება თავისუფალ მდგომარეობაშიც. დარიშხანის მინერალების გამოფიტვის პროდუქტია არსენოლიტი As2O3. გოგირდოვანი მადნებიდან მოპოვებული ლითონები თითქმის ყოველთვის შეიცავენ დარიშხანის მინარევებს. საქართველოში (რაჭა-ლეჩხუმი) დარიშხანის მდიდარი საბადოებია. ამასთან, საქართველოს რეალგარ-აურიპიგმენტური მადნები უნიკალურია მთელ მსოფლიოში დარიშხანის – მაღალი, ხოლო მინარევი ელემენტების დაბალი პროცენტული შემცველობით.

ძველი იბერები 5 000-6 000 წლის წინად დარიშხანის სპილენძთან შედნობით იღებდნენ ბრინჯაოს. ამასთან, დარიშხანის რაოდენობას ბრინჯაოში ნაკეთობის დანიშნულების მიხედვით არეგულირებდნენ. თუ ბრინჯაო საბრძოლო იარაღის დასამზადებლად უნდა გამოეყენებინათ, მასში დარიშხანის რაოდენობა მთელი მასის 20-22%-ს აღწევდა. თუ საოჯახო ან საიუველირო ნივთის დამზადება სურდათ, მის მასურ წილს ამცირებდნენ.

დარიშხანი ძირითადად ტყვიის დანამატად გამოიყენება, რადგან მას სიმაგრეს ანიჭებს. მისი ნაერთები გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა და მედიცინაში. დარიშხანის შემცველი პრეპარატები სტომატოლოგიურ პრაქტიკაშიც იხმარებოდა. როგორც ინსექციდები, გამოიყენება მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ. დარიშხანი შედის ზოგიერთი შენადნობის შემადგენლობაში (თოფის საფანტი, სპილენძის შენადნობი). რუხ დარიშხანს ახასიათებს ნახევარგამტარული თვისებები. სუფთა დარიშხანი მომწამლავი არ არის, მაგრამ წყალში ან კუჭის წვენში ხსნადი ყველა მისი ნაერთი ძლიერი საწამლავია. დარიშხანის (III) ოქსიდი, ისევე, როგორც მისი წყალხსნარი, ძლიერი შხამია. 0,1გ. As2O3 უკვე სასიკვდილოდ მოქმედებს ადამიანზე. განსაკუთრებით, საშიშია დარიშხანოვანი წყალბადი AsH3-არსინი.

დარიშხანი ლითონური ბზინვარებით ხასიათდება. ჩვეუბებრივ პირობებში შედარებით მდგრადია, ე.წ. ლითონური, ანუ რუხი დარიშხანი. მყიფე კრისტალური მასა, ჰაერზე სწრაფად მკრთალდება, რადგან თხელი ოქსიდური შრით იფარება. დარიშხანის ორთქლის კონდენსაციის დროს ცივ ზედაპირზე წარმოიქმნება ყვითელი დარიშხანი – გამჭირვალე, ცვილივით რბილი კრისტალები.  სინათლის მოქმედებით ან გახურებით იგი რუხ დარიშხანად გადაიქცევა. ცნობილია აგრეთვე, დარიშხანის მინისებრ-ამორფული მოდიფიკაციები – შავი და წაბლისფერი დარიშხანი. ისინი გახურებით რუხ დარიშხანად გარდაიქმნება.

დარიშხანმა  „შეელეს მწვანის“  მეშვეობით გარშემო იმდენი სიკვდილი და შიში დათესა, რომ დღესაც კი, ზოგან „მწვანეს“ ცუდი რეპუტაცია აქვს. მაგალითად, „შანელის“ ფირმაში მომუშავე  მკერავებს სჯერადთ, რომ „მწვანეს“ უიღბლობა მოაქვს. თუმცა, დღევანდელი „მწვანე“ ტანსაცმელი  დარიშხანისგან სრულიად თავისუფალია.

მე კი…

მთელი ეს აურზაური მწვანე ფერზე აზრს ვერ შემაცვლევინებს. ჩემი საყვარელი ფერია, სიცოცხლეს და განახლებას ნიშნავს.

მთელი ამ  აურზაურის შემდეგ მაინც ვიტყვი, რომ მწვანე თვალები მაქვს და ჩემი სულიც „მწვანეა“.

მთელი ამ  აურზაურის შემდეგ, ისევ ვიტყვი, რომ „მწვანე სულიანი“ ადამიანები ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

 

ამ გახსენებაზე… წავალ ჩემს მწვანე კაბას კიდევ ერთხელ გადმოვიღებ და მოვიზომავ.

ფინეთის განათლების სისტემა – რა არის მასში განსაკუთრებული? (მეორე ნაწილი)

0

 

კარი აუტერო – ფინეთის მოქალაქე

შეკითხვა: სასკოლო სწავლება ბავშვებისთვის ფინეთში 7 წლის ასაკიდან იწყება. როგორც წესი, გაკვეთილები ჯამში 5 საათი გრძელდება (სწავლა დილის 9 საათზე იწყება). ყოველი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს 15-წუთიანი შესვენება აქვთ. 16 წლის ასაკამდე, მოსწავლეებს არ აქვთ ფორმალური გამოცდები და მიუხედავად ასეთი გრაფიკისა, ფინეთი მუდმივად ხვდება მსოფლიოს საუკეთესო სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების სისტემების სამეულში. რატომ არ გადაიღებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნები სისტემას, რომელიც უკვე დადასტურებულად მიახლოებულია იდეალურთან?

კარი აუტერო: „მსოფლიომ“ განსაზღვრა თავისი პრიორიტეტები განათლებასთან დამოკიდებულებაში. როგორც ჩანს, სხვადასხვა ქვეყნისთვის ისინი განსხვავებულია. ძნელია იმ პრიორიტეტებსა და მიზნებში გარკვევა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აქვს.

პასი სალბერგს (Pasi Sahlberg), განათლების ფინელ ექსპერტს (რომელიც ფინეთის საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთ შემოქმედად მოიაზრება, ლ.ა.) ამ საკითხზე ბევრი აქვს დაწერილი. იგი თავის შრომებში ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებებს: არ შეიძლება ვინმემ „უბრალოდ“ აიღოს და გადაიტანოს ფინური განათლების სისტემა რომელიმე სხვა ადგილას, სრულიად განსხვავებულ კულტურულ გარემოში, რადგან შეუძლებელია ფინური განათლების დადებითი მხარეები მექანიკურად სხვაგან დანერგო – თუ ამას გააკეთებ, მაშინ უნდა „დანერგო“ და „მიიღო“ ის გარემოებებიც, რომლებიც ამ გამოცდილებას ან ‘სისტემას“ ახლავს თან. მაგალითად, აშშ-ში, ფინეთი ბევრის მიერ განიხილება როგორც „სოციალისტური“ ქვეყანა. რა შეიძლება ამის შემდეგ ითქვას? რამდენად არის მოსალოდნელი რომ ამერიკელები რაიმე „სოციალისტურს“ გადაიღებენ? შესაძლოა სხვა ქვეყნებს უფრო მეტად ესმით ფინური სისტემის თავისებურებები ან „ჩრდილოური მოდელი“ (ინგლ. Nordic Model), მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, რაც გამოცდილების გადატანას (ტრანსფერს) უფრო შესაძლებელს გახდიდა.

ფინური განათლების სისტემის ერთი თავისებურება, რომელსაც პასი სალბერგი აღნიშნავს, გახლავთ „ნდობის კულტურა“, რომელიც მიღებულია სკანდინავიის ქვეყნების ხალხებში: ხალხი, ძირითადად ენდობა თავის მთავრობასა თუ ხელისუფლებას.

ეს ალბათ დამახასიათებელია ყველა „ნორდიული“ ქვეყნისათვის. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ჩვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ამას, ძალიან დიდი გავლენა აქვთ მასწავლებლების პროფესიულ დამოუკიდებლობასა და მოსწავლეების ცოდნის შემოწმების მეთოდებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმოქმედებთ წესებით, გვყავს ბიუროკრატია და გვაქვს კონტროლის მექანიზმები, მაგრამ ბევრი რამ ურთიერთნდობაზეა დამყარებული.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მასწავლებელები ისე აკეთებენ თავიან საქმეს, რომ ყოველ ჯერზე არ მოეთხოვებათ „შედეგების“ მიღწევა. იგივე ვრცელდება მოსწავლეებზეც. ჩვენ ვატარებთ გამოცდებს, მაგრამ ყოველთვის არ ვცდით. ჩვენ გვჯერა მათი პასუხისმგებლობისა და იმისა, რომ ყველა ეცდება შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღოს საკუთარი განვითარებისთვის.

კიდევ ერთი კულტურული თავისებურება გახლავთ პრიორიტეტის დასახვა განათლების გადაცემის წესებში: საუკეთესოებს შევთავაზოთ ყველაზე საუკეთესო, თუ ყველასთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემა დავისახოთ მიზნად? ჩვენ ამ ბოლო ვერსიას ვანიჭებთ უპირატესობას. ეს, როგორც ხვდებით, კულტურული არჩევანია. როგორც მესმის, აშშ-ის არჩევანი განსხვავებულია.

ფინური განათლების კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ იქ ძალიან ძნელია მასწავლებლისთვის აუცილებელი განათლების დონის მიღწევა; მასწავლებლის პროფესია ძალიან ფასობს და მათი ხელფასები საკმაოდ მაღალია. სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს და სწავლების სირთულეები უფრო მასწავლებლის გადასაჭრელია, ვიდრე ვიდრე სკოლების. როდესაც მასწავლებელს სკოლაში სწავლების უფლება ენიჭება, ისინი თავიანთ საქმეს ძალიან კარგად ასრულებენ.

 

ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგები საერთაშორისო ტესტირებაში (ვთქვათ, PISA-ის ტესტებში – PISA გახლავთ 15 წლის მოსწავლეთა უნარების შეფასების საერთაშორისო სისტემა მათემატიკაში, მეცნიერებებსა და კითხვაში, ლ.ა.). ალბათ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ, ფინეთში არ ვიცოდით ჩვენი შედეგების შესახებ, სანამ არ იქნა შემოღებული PISA-ის შეფასების სისტემა. შესაბამისად, ჩვენი განათლების სტილი არ გახლავთ ტესტირების მონაცემების შედეგი, ეს უფრო პირიქით მოხდა.

ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ვცადე, აღმეწერა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კულტურულ ღირებულებებს საგანმანათლებლო სისტემის ორგანიზებაზე და არ მგონია, რომ ზოგადად, სისტემის ასლის შექმნა შესაძლებელია სხვა კულტურულ სივრცეში, თუმცა შესაძლებლად მიმაჩნია ჩვენი განათლების წესებიდან ზოგიერთის გამოცდა სხვა მოცემულობასა და კულტურულ სივრცეში.

 

ვიივი აჰტი – ასისტენტ-პროფესორი, ფინეთი.

მოკლედ გამოვყოფ განათლების ფინური სისტემის რამდენიმე თავისებურებას:

The size of a Finnish class is not large. Each teacher works with 7-8 students and pay attention to each student student’s need. (s) he follows students’ progress and stay in close contact with school principals and parents about the performance. /

  • ფინეთში, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა არ არის დიდი. ყოველი მასწავლებელი მუშაობს დაახლოებით 7-8 ბავშვთან და ყურადღებით ეკიდება ყოველი მათგანის საჭიროებებს. მასწავლებელი აკვირდება და სწავლობს თითოეული მოსწავლის განვითარებას და მუდმივად მჭიდრო შეხება აქვს სკოლის დირექტორთან და ბავშვების მშობლებთან მოსწავლის სასკოლო მოსწრების საკითხებზე.

 

  • ბავშვებს, როგორც წესი, აქვთ საშინაო დავალებები, თუმცა სამუშაოს უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) სკოლაში სრულდება, სხვა მოსწავლეებთან ერთად. ისინი სწავლობენ ერთად და პრაქტიკულ სამუშაოსაც ერთად აკეთებენ. გარდა ამისა, თითოეული საკითხის განხილვა კლასში მრავალჯერ ხდება. შედეგად, ფინელ ბავშვებს კარგად ახსოვთ, თუ რა ისწავლეს საკლასო მეცადინეობისას და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.

 

  • მასწავლებლები ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ თითოეული ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მათი ადრეული ასაკიდან. ეს მასწავლებელსა და მოსწავლეს დიდად ეხმარება, გაიაზრონ ახალგაზრდის სამომავლო კარიერა, მისი სურვილები და მოლოდინები, რომლებიც დამყარებული იქნება მათ ძლიერ მხარეებზე. ეს მოსწავლეს ეხმარება, სამომავლო საქმიანობად აირჩიოს ის, რაც კარგად გამოსდის და უარი თქვას იმაზე, რაც არ მოსწონს ან არ სჭირდება.

 

  • ფინური კულტურა დიდ ყურადღებას უთმობს ინდივიდს (ინდივიდუალიზმის ხარისხი საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩამორჩება შვედეთს ან დანიას). სასკოლო სისტემაში (ისევე როგორც ოჯახებში) ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს ექცევიან და განიხილავენ, როგორც ზრდასრულებს. მათი მოსაზრებები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მშობლები ყურადღებით ისმენენ ბავშვის ნათქვამსა და სურვილებს.

თუმცა ყოველ მონეტას ორი მხარე აქვს. ის ფაქტი, რომ ბავშვებს ზრდასრულებივით ექცევიან, ხანდახან მოულოდნელი შედეგებით სრულდება. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი სამუშაოდან წასულა, რადგან მას ბავშვმა შეურაცხყოფა მიაყენა!

ვეცდები, მოგითხროთ რეალური ისტორიები, რომლებიც განასხვავებენ ორ სასკოლო სისტემას. ჩემი დის მასწავლებელმა აღნიშნა მისი ნიჭი ლიტერატურასა და ლინგვისტიკაში, როდესაც ჩემი და 10 წლის იყო. 19 წლის ასაკში ჩემი და ეკონომიკის შესწავლას ფიქრობდა, მაგრამ მოულოდნელი გარემოებების წყალობით მან კინოფილმების ფაკულტეტზე ჩააბარა. დღეს იგი თავისი ასაკისათვის (21 წლის) უკვე ცნობილი სცენარისტია და ცოტა ხნის წინ ბრიტანული სასწავლო სტიპენდიაც მოიპოვა განათლების გასაგრძელებლად. არ ვიცი, გახდებოდა თუ არა ჩემი დაიკო ცნობილი ეკონომისტი, მაგრამ იგი ხშირად იმეორებს, რომ დღემდე კარგად ახსოვს სკოლაში ნასწავლი მათემატიკა, ფსიქიატრია, ისტორია და გეოგრაფია.

ახლა ჩემი დის ისტორია ჩემს გამოცდილებას შევადაროთ. მე, ოჯახის უფროს შვილს, ოჯახური ვითარების  გამო, ბავშვობისა და სასკოლო წლების გატარება ირანში მომიხდა. იქ, საერთაშორისო სკოლაში, გაძლიერებულად მასწავლიდნენ მათემატიკასა და ფიზიკას, არა იმიტომ, რომ მე ეს მომწონდა, არამედ იმიტომ, რომ ეს „ჭკვიანი“ ბავშვის ატრიბუტად ითვლებოდა და თანაც, ეს ჩემს მშობლებს სურდათ. მე ყოველთვის პოლიტიკა და სოციოლოგია მაინტერესებდა, მაგრამ ჩემი სურვილები უგულვეყოფილი იყო. ექიმობა ან ინჟინრობა – ეს იმ დროს „წარმატებული“ სპეციალობები იყო. შესაბამისად, ჩემს სურვილებსა და მიდრეკილებებს არაფრად აგდებდნენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბევრი არაფერი მახსოვს ისტორიის ან გეოგრაფიის სასკოლო კურსებიდან, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყოველდღე 6 საათს ვატარებდი, ხოლო საღამოს უამრავი დრო მჭირდებოდა საშინაო დავალებების შესასრულებლად. როგორც ხედავთ, ჩვენ ვართ ორი და, რომლებსაც ერთი და იგივე მშობლები გვყავს და რომლებიც ორ სრულიად განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემაში გავიზარდეთ.

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

20/04/2019

ხანდახან მასწავლებლებიც ტირიან

0

შენ, რომელმაც ახლა ეს სტატია გახსენი და კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით, რომ თუ კი მასწავლებელი ხარ და  ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება  სევდიანიც შეიძლება იყოს, ხან მხიარულიც, ხან უცნაურიც, ხან იდუმალიც, რომ ცხოვრება ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ. რომ დაცემის გარეშე ვერ ავდგებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია.

ნუ დაუმალავ, იმას რომ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში დგება რაღაც ძალიან განსაკუთრებული და მტკივნეული მომენტები, როდესაც ჩვენთვის ცრემლები ყოველდღიურობის ნაწილი  ხდება, როდესაც სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გვირჩევნია, ვიკრებთ უკანსაკნელ ძალებს, უკან ვიბრუნებთ ცრემლებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ.

მივდივართ  მათთან, რადგან გვახსოვს, რომ ისინი ჩვენ გველოდებიან.

იმიტომ რომ ჩვენ მასწავლებლები ვართ.

ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც ბავშვები ჩვენი ფანტაზიით ვიგონებდით სათამაშოებს და შემდეგ ვქმნიდით, რომ როგორმე გაგვეყვანა ზაფხულის გრძელი და შემოდგომის ყვითელი დღეები, ფოთლებისგან და სიმინდის გამხმარი ღეროებისგან თოჯინები შეგვექმნა, ბუმბულებით მოგვერთო და ბებიების ახალგაზრდობის საკაბე ნაჭრების ნაკუწებით ფრიალა და ჭრელი, კოპლებიანი კაბები გვეკერა, მაშინ როდესაც ჭიაკოკონობის ცეცხლი ცას წვდებოდა, და სკოლებში გაყინულ ხელებს ნედლი, სველი შეშით ძლივს მბჟუტავ, მხრჩოლავ ღუმელზე ძლივს ვითბობდით, და სათითაოდ მოგროვილ გირჩებს ვიზოგავდით გასახურებლად, მაშინ დავიწყე ოცნება რომ მასწავლებელი გამოვსულიყავი.

არა მომღერალი, არა მოცეკვავე, ან მსახიობი, ან მაშინ ასე პოპულარული და მოდაში შემოსული მოდელი, არა ასე პრესტიჟული ექიმი ან იურისტი, არამედ უხელფასო, თმაშეუღებავი, ოდნავ ნაღვლიანი, თვალებჩაღამებული მასწავლებელი, რომლის ერთადერთ სასწავლო რესურსს ცარცი და დაფა წარმოადგენდა.

სკოლიდან დაბრუნებული, როდესაც ყველა დავალებას შევსარულებდი, ჩემს დიდ ეზოს მივაშურებდი, რომ გადამექექა კოცონის ადგილი, სადაც ან თათარა მოეხარშათ ან არაყი გამოეხადათ, ან უბრალოდ წყალი აედუღებინათ ბავშვების დასაბანად, სარეცხის დასარეცხად. კოცონის ნარჩენების ქექვისას ყველაზე დიდ ნახშირებს ვპოულობდი, ვიწყობდი ჯიბეებში და უკანა ეზოს ღობეს მივაშურებდი, რომელზეც ნახშირით შესანიშნავად იხატებოდა და იწერებოდა.

იწყებოდა ჩემი წარმოსახვითი გაკვეთილები, წარმოსახვითი მოსწავლეებით, ნამდვილი ჟურნალებით და „არებით“ (ჟურნალს წინასწარ თავადვე ვამზადებდი, შიგ კი ჩემი კლასელების გვარ-სახელები მეწერა).

ამ ამბებს იმიტომ ვყვები, რომ ნათელი იყოს ის, რომ  ასე უცბად არ ჩნდება მასწავლებლობის სურვილი,  წლების განმავლობაში ყალიბდება, რაღაცნაირად შიგნიდან გღრღნის, იქამდე სანამ არ ასრულდება და ფრთებს არ შეისხამს.

იმიტომ, რომ მასწავლებლობა ისეთი რამეა რომ არა ეს ფრთები, რომ არა ძლიერი ფრთები, შეიძლება პირველივე კვირასვე ჩამოვარდე და სკოლისკენ გახედვა აღარ მოგინდეს.

მასწავლებლობა პროფესია არ არის, მასწავლებლობა შინაგანი მდგომარეობა და მოწოდებაა – ეს კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გავაცნობიერე, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე, ყველაზე უბდურების ჟამს, ყველაზე სასოწარკვეთილ და  სევდიან პერიოდში, ჩემს მიტოვებულ მოსწავლეებზე რომ მეფიქრებოდა.

ჩვენ ხომ მხოლოდ საგნის წამკითხველი მოწყობილობები ან მექანიკური არსებები არ ვართ, რომლებიც იქექებიან ფურცლებში, ადგენენ გეგმებს, წერენ ნიშნებს, იმახსოვრებენ ინფორმაციებს, და ყველა შემთხვევაში მშვიდად არიან, სულ ბედნიერები და სულ მომღიმარეები. არა ჩვენ ადამიანები ვართ, ადამიანებს კი ხანდახან ემართებათ ისეთი რაღაცები, რაც არ დაიმალება ან ვერ დაიმალება, ძალიანაც რომ ვეცადოთ.

განსაკუთრებით დღეს, ამ გაუცხოვებულ, სოციალური ქსელებითა  და ინტერნეტით დამძიმებულ მოზარდებისთვის მასწავლებლის ემოციების ჩვენება მნიშვენლოვანია. ცოცხალი და რეალური განცდები უფრო უკეთ მუშაობს და მოქმედებს მათზე, ვიდრე წაკითხული ტექსტები – რაც არ უნდა იყოს ნამდვილთან მიახლოვებული.

ჩვენ ისეთი გზა ავირჩიეთ, რომ საკუთარი ტკივილი და ცრემლები რესურსად უნდა ვაქციოთ, რომ ბავშვები თანაგრძნობაზე დავაფიქროთ და პრაქტიკულად ამის განხორციელება კი ჩვენ მიმართ აპათიით დაიწყონ.

ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე, მოეწერათ ჩემთვის ისეთი წერილები, რომლებითაც იმას მეტყოდნენ, რისი თქმაც ასე ხმამაღლა და პირდაპირ არ შეეძლოთ, შევპირდი, რომ ზეპირ კომენტარსაც კი არ გავუკეთებდი და არც კი შევიმჩნევდი, უბრალოდ მეცოდინებოდა და დავფიქრდებოდი, და თუ ოდესმე თავად მოუნდებოდა ამის შესახებ დალაპარაკება მე მუდამ მზად ვიქნებოდი.

ზოგიერთმა მათგანმა საკმაოდ პირადული ამბები მომწერა, განცდები და შიშები, ოცნებები და მოლოდინები. მოკლედ რომ ვთქვათ დიდი ემოციების ზღვა იყო.

გადავწყვიტე, თითოეული მათგანისთვის მეც მიმეწერა წერილი, აი, ასე ინდივიდუალურად და ძალიან პირადულად, სადაც ჩემს განცდებზე და გრძნობებზეც ვისაუბრებდი, ასევე ჩემს შიშებზე და ემოციურ მდგომარეობაზე.

თავადაც წარმოიდგენთ, ბავშვებისთვის რამხელა რამეს ნიშნავს მასწავლებლის მხრიდან ამდაგვარი ნდობა მათ მიმართ.  ეს იყო ყველაზე დიდი გულახდილობისა და გულაჩუყებების დღეები, როდესაც ჩემი ემოციები მათ პატარა გულებში ბინას პოულობდა.

რაღა თქმა უნდა, მოსაწვლეები არ დამიმძიმებია, უბრალოდ მინდოდა რომ მასწავლებლები  სიმბოლურ კვარცხლბეკიდან ჩამომეყვანა და ჩვეულებრივ ადამიანად წარმომეჩინა – სისუსტეებითა და შიშებით. ამდაგვარ მიმოწერას ახალ კლასთან და პირველივე კვირას ვერ გააჩაღებ, ჯერ ნდობის და ცოტაოდენი სიყვარულის მოპოვებაა საჭირო.

გავა წლები, და ვინ იცის შენ, ან შენმა რომელიმე განსაკუთრებულმა მოსწავლემ, გამოამზეუროს თქვენი ძალიან ნამდვილი და გულწრფელი მიმოწერა, აკინძოს წიგნად, წიგნს კი დაარქვას: „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“,  და მოყვეს იმაზე, როგორ გაუმართლა შენნაირი მასწავლებელი რომ ჰყავდა, ან  მოყვე იმაზე შენმა მოსწავლეებმა რამდენი რამ გასწავლეს, რომ მძიმე დღეები გაგიფერადეს და რომ დღეს რაც ხარ, მათი დამსახურებით ხარ.

ვინ იცის, იქნებ ერთხელ, შორეულ მომავალში, რობოტების და მანქანების ხანაში აღმოაჩინონ ეს მიმოწერა და გაკვირვებულებმა წამოიძახონ: „ თურმე მასწავლებლებსაც უტირიათ“.

 

 

 

 

 

“მოსიარულე გაკვეთილები”

0

ერთმა ჩვეულებრივმა დღემ ქალაქში შესაძლოა ფერადად გაიაროს. იგივე დღე კი სოფელში უფერულად დაღამდეს. არადა, სოფლად უფრო მეტი ფერები ერევა ერთმანეთს. თანაც ბუნებრივი ფერები: ხეების, მინდვრების, ცის, მდინარეების. ქალაქში კი, მართალია ცა იგივეა, თუმცა კორპუსების სინაცრისფერე ყველაფერს ერთფეროვანს ხდის.  მიუხედავად ამისა, კონტრასტი მაინც გვაქვს: სინაცრისფერეში პოულობენ ფერებს და სიფერადე ხანდახან მოსაწყენი ხდება.  რადგან სინამდვილეში ყველანაირი ფერების და ხასიათის შემქმნელები, ადამიანები და მათი განწყობაა, ამიტომ ხშირად ასეა: ქალაქში მყოფი ათი ბავშვი ერთად ყოფნით ისეთ სამყაროს იქმნის, რომ კორპუსების ერთფეროვნება და უჰაერობა უმეტესად მათ ყურადღებას ვეღარ იქცევს. სოფელში მყოფ ერთ ბავშვს კი, თუნდაც მდინარის პირას, მწვანე ბალახსა თუ ნაძვნარში წამოგორებულს, მარტოობის გამო ყველაფერი ისე მობეზრდება ხოლმე, რომ აღარაფრად უღირს. არაფერმა ისეთი მოძულება არ იცის, როგორც გაუთავებელმა სიჩუმემ, როცა ძალიან გინდა შენი თანატოლის ხმა გაიგონო და ირგვლივ, ამხელა აუთვისებელ ტერიტორიებზე, მასთან ერთად ირბინო. ეს ორი რეალობაა. ერთ სივრცეში პარალელურად თანაარსებული, თუმცა კი ადამიანს ეგონება, რომ ეს სხვადასხვა განზომილებაში ხდება.  და მიუხედავად იმისა, რომ ყველა წერტილში დაკიდებული საათი ერთსა და იმავე დროს უჩვენებს, განსხვავება სოფელსა და ქალაქში ცხოვრებას შორის კიდევ უფრო დიდია. ორივე რეალობას სჭირდება თუნდაც მცირედი ცვლილება და მინიმუმ ერთი ადამიანი-მიწისძვრა, რომელმაც იცის, რომ მხოლოდ მოცემულობის შეცვლას აქვს აზრიც და შედეგიც, რომ ყოველთვის შეიძლება ცხოვრება თავიდან დაიწყო და შენი ერთი ახალი ცხოვრებით ათობით სხვისას დაუდო დასაბამი.

ასე ღამდებოდა ერთი ჩვეულებრივი დღე თბილისში. დღის ნათება კორპუსებს შორის დარჩენილ პატარა სივრცეებში ნელ-ნელა მიიპარებოდა და ცაზე ფერად ნაკვალევს  ტოვებდა. ერთ-ერთ კორპუსში მჯდარი გოგონა მორიგ დღეს აცილებდა და კვლავ თავის ოცნებაზე ფიქრობდა: მაღალმთიან რაჭაში მასწავლებლად სურდა წასვლა. პარალელურ რეალობაში – სოფლად, ჰაერში ნაძვების სურნელი ტრიალებდა, რიონი ჩვეულ რიტმში მოგრუხუნებდა და ქარი თავისუფლად დაჰქროდა უზარმაზარ ხეებს შორის, ცას აქაც ღებავდა მიწურული დღე და ღამე თავისი ამალით სოფლისკენ მოემართებოდა. სიწყნარეში ჩაძირულ სოფელს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მალე აქ ერთი გოგო გადმოსახლდება და ყველაფერს  აახმაურებს. სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მალე ოცნების მასწავლებელი მართლაც ეწვევათ. ქალაქში ჩუმად მჯდომ გოგოს, ჯერ საკუთარი თავის არ სჯერა. ვერ იჯერებს, რომ მალე მისი ფიქრები მყარ გადაწყვეტილებად გადაიქცევიან, ოცნებები გაცოცხლდებიან და იდეები ხორცს შეისხამენ. გაივლის ბევრი დღე და ამ ამბებს ერთად და ძალიან ხშირად მოჰყვებიან ის ადამიანები, რომლებსაც ახლა ერთმანეთის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ.

ზუსტად ასე იწყება ლელა კოტორაშვილის ამბავი, რომელიც  ერთის ნაცვლად სამ წელიწადს გაგრძელდა და რომელმაც ჯამში ათობით უცხო ადამიანი შეახვედრა და დააახლოვა ერთმანეთს. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბავს აქვს დასასრული, მგონია, რომ ეს ამბავი არცერთი წამით და არსად არ დასრულებულა. პირიქით, სულ პოულობდა ძალას გაგრძელებულიყო. თუკი სწავლების ერთ წელს მეორე მოჰყვა, მეორეს კი – მესამე, მაშინ ამ ყველაფერს ერთად ბლოგები მოჰყვა, ლიტერატურული შეკრებები, ქვეყნისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ადამიანებთან დაკონტაქტება, უამრავი სტატია, არნახული გამოცდილება, პიროვნულად გაზრდილი მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც და ბოლოს ერთი დიდი წიგნი, რომელმაც ყველა, ამ ამბებისა თუ  უბრალოდ, ამბების მოყვარულები ისე შეგვკრა ერთად, როგორც ლელას სჩვევია: ვარსკვლავი მზესავით, ირგვლივ პლანეტები რომ დაუცურავენ. მერე კი  სხვა უამრავი ადამიანი-პლანეტაც დაგვემატა.  ასე განვაგრძეთ ერთად სიარული, ერთად გადავწყვიტეთ მოგზაურობა და ყველაზე მთავარი – მისგან  ვისწავლეთ, როგორ შეგვეყვარებინა ჩვენი საქმე, რადგან ეს ყველაზე მთავარია, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. თუმცა, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მხოლოდ სიყვარული თითქმის არასდროსაა საკმარისი. პასუხისმგებლობის გრძნობა, სიახლეების მიღების უნარი, შენი პროფესიის, კოლეგებისა და  ირგვლივ მყოფი ადამიანების პატივისცემა სულ მცირე ჩამონათვალია იმისათვის, რაც აუცილებლად გვჭირდება საკომუნიკაციოდ ახალი გზების გამოსანახად. კომუნიკაცია კი ბევრნაირად შეიძლება შედგეს და სხვადასხვანაირად წარიმართოს, შედეგი კი, თუ სურვილია, ყოველ ჯერზე საუკეთესო იქნება.

ლელა კოტორაშვილის მზაობა სიახლებიისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. შედეგმაც არ დააყოვნა და მისმა რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიანსა და ულამაზეს სოფელში გატარებულმა დღეებმა და ჩატარებულმა გაკვეთილებმა პირად ბლოგზე გადმონაცვლება დაიწყეს. თვეების მანძილზე იწერებოდა სოფლის ის ამბები, რომლებიც, რომ არა ლელა, სარაიონო ცენტრამდეც კი ვერ ჩააღწევდა. ლელა კოტორაშვილი წერდა არამხოლოდ თავის მოსწავლეებსა და მათ თავგადასავლებზე, არამედ სხვა მასწავლებლებზე, მეზობლებზე, ამბებზე, რომლებიც შესაძლოა სკოლასთან და საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებული არ იყო, მაგრამ სოფელში მუდამ ასე ხდება, თითოეული ამბავი სხვა მეორე ამბავთან გაკავშირებს, თითოეული ადამიანი კი სხვა მეორე ადამიანთან.

თუმცა წლების მანძილზე სათავგადასავლო ამბების პარალელურად  გამოცდილებაც დაგროვდა. ნაცად აქტივობებთან ერთად, ლელა კოტორაშვილს თანდათან ახალი იდეებიც დაებადა.  წიგნში „მოსიარულე გაკვეთილები“, რომელშიც მთელი სამი წლის ამბებია თავმოყრილი, ყველა ამ აქტივობასა და სწავლების სხვადასხვა მეთოდს შეხვდებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დაინტერსებული მასწავლებელი ამ აქტივობების პრაქტიკაში განხორციელებისას, აუცილებლად მიხვდება, რომ პირველ რიგში მათი უნიკალურობა ის არის, რომ წრეზე არ გატრიალებს, ჩარჩოებში არ გაქცევს და პირიქით, ახალ და ახალ იდეებს ბადებს, რაც ერთიანად კარგია მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც.

ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მასწავლებლებისთვის მოსწავლეების ლიტერატურასთან მიყვანაა. სამწუხარო რეალობაა, რომ ბავშვების უმეტესობას იმის წაკითხვაც კი ეზარება, რაც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში კლასგარეშე ლიტერატურაზე მით უმეტეს არავინ იფიქრებს. ამ პრობლემის აღმოფხვრა ყველაზე მეტად მასწავლებლის საქმეა და აუცილებლად გამოუვა კიდეც, ოღონდ, ერთია: ზოგი მასწავლებელი უბრალოდ არ ცდილობს.

დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია ბავშვები ათასგვარ გასართობს მოწყვიტო და წიგნთან მიიყვანო. თუმცა ყოველთვის შეიძლება რამე ისეთის მოფიქრება, რისი საშუალებითაც ბავშვებს წიგნში შევიტყუებთ. რაც უფრო პატარა ასაკის არამკითხველთან გვაქვს საქმე, მით უფრო მარტივია ყველაფრის გამოსწორება. პირველ რიგში იმიტომ, რომ პატარა ასაკში ბავშვები ყველაფერს მიბაძვით სწავლობენ. შესაბამისად თუ ხედავენ, რომ მათი მასწავლებელი ძალიან ბევრს და გატაცებით კითხულობს, ბუნებრივია, პირველ ჯერზევე სურვილი თუ არა, ინტერესი მაინც გაუჩნდებათ, თუ რა შეიძლება იყოს ასეთი ამ წიგნებში.

ლელა კოტორაშვილი თავადაც ძალიან აქტიური მკითხველია. მსგავსი სიყვარული ყოველთვის გადამდებია, თუმცა გადადებისას მაინც საჭიროებს დახმარებას. კითხვის ინტერესის გასაღვივებელი ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მან თავის წიგნში შემოგვთვაზა, გაკვეთილის ერთგვარი  გეგმაა და შესაძლოა სახელად „ერთი ლექსი, ერთი ნახატი, ერთი მუსიკალური ნაწარმოები“ ვუწოდოთ. ამ ასოციაციურ თამაშში ვიღებთ ერთ ლექსს, ვფიქრობთ, რომელ ნახატს, მხატვარს, კომპოზიტორსა თუ კომპოზიციას გვახსენებს. შემდეგ ამ სამს ერთმანეთს ვუკავშირებთ და მიღებული ინფორმაცია დოზაზე მეტი გამოდის. თუ კლასში იშვიათია მოსწავლე, რომელიც კითხულობს, მის პარალელურად შეიძლება იჯდეს ერთი ან რამდენიმე მოსწავლე, რომელსაც სახვითი ხელოვნება აინტერესებს უფრო მეტად, ან იქნებ ხატავს კიდეც, ხოლო იშვიათია მოსწავლე, რომელიც მუსიკას არ უსმენს. სწორედ ასე შეიძლება მოვარგოთ თითოეულ განსხვავებულ და ტექსტებისადმი ჩაკეტილ ინდივიდს თავისი გასაღები. მთავარია, მოსწავლეების ინტერესებს პატივი ვცეთ და დავანახოთ, რომ ლიტერატურას შეუძლია ყველაფერი თანაბრად დაიტიოს. რომ ლიტერატურაში ჩვენი ყველა არსებული ინტერესი შეგვიძლია ვიპოვოთ და ახალიც აღმოვაჩინოთ.

მეორე და ყველაზე საინტერესო მეთოდი ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების საშუალებასაც იძლევა. გარდა იმისა, რომ ტექსტის მრავალმხრივ გააზრებაში გვიწყობს ხელს, კითხვის პროცესში იმ მოსწავლეებსაც რთავს, რომელთა საყვარელი საგანიც, შესაძლოა, ქართული ენა და ლიტერატურა სულაც არაა, თუმცა განსაკუთრებით აინტერესებთ ისტორია-გეოგრაფია. მათ შეუძლიათ ტექსტის მიღმა არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული ფონი იკვლიონ, რაც, როგორც წესი, ტექსტზე უდიდეს გავლენას ახდენს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარება. მსგავს სიტუაციებში ასევე შეიძლება დავიხმაროთ ხელოვნების მასწავლებელიც. თუკი რომელიმე მოსწავლე, რომელსაც ხატვა განსაკუთრებით უყვარს, წიგნიდან ეპიზოდის დახატვას შევთავაზებთ, მასში შესაძლოა დიდი ინტერესი აღიძრას და უფრო მეტი იკითხოს. თუმცა ხატვა ბავშვებისთვის თვითგამოხატვის პირველი საშუალებაა, ამიტომ კითხვის პარალელურად მუდამ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ხატონ. ასე პროცესი ბევრად უფრო მხიარული გახდება. ამასთანავე არ შეიძლება არ ვახსენოთ წიგნში არსებული კიდევ ერთი ნაცადი მეთოდი: ჯგუფური კითხვა და თანაც გარემოს გამოცვლით. ამას „მოსიარულე გაკვეთილებში“ ბუნებაში კითხვა ჰქვია. სოფლის პირობებში ბევრად მარტივია, მოსწავლეები სადმე სკოლის ეზოს გარეთ, ტყის პირას გაიყვანო, პლედებითა და სენდვიჩებით. თუმცა შეუძლებელი არც ქალაქშია. მართალია, აქ შედარებით რთულია ახლომახლო იპოვო საპიკნიკე ადგილი, თუმცა გარემოს შეცვლა, თუნდაც ორი ოთახით, ყოველთვის დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ თუნდაც მხოლოდ ერთ გაკვეთილს კლასის მაგიერ, მაგალითად, სკოლის ეზოში ჩაატარებთ.

მწერლის დაბადების დღის აღნიშვნა, რაც ლელა კოტორაშვილის წიგნში  „ასტრიდობის“ სახელით შეგხვდებათ, თანაკლასელის დაბადების დღის აღნიშვნასავით მხიარული შეიძლება გახდეს. თუმცა, ვიდრე ბავშვები საყვარელ მწერალს დაასახელებენ, მანამდე საკმაოდ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. კითხვის დაძალება რომ ყველა ვარიანტში უნდა გამოვრიცხოთ, ამის შეხსენება არავის სჭირდება. „წიგნების სამყაროსთან დამეგობრება ადვილი არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პატარა ადამიანების მკითხველად ჩამოყალიბებისას. კითხვის პროცესი თავისუფალ არჩევანს გულისხმობს. ამის გარეშე არაფერი გამოვა“, – წერს ლელა კოტორაშილი. იგი პატარა ბავშვების წიგნებით დაინტერესებისთვის გვთავაზობს, რომ ჩვენც მათთან ერთად, იმავე ტემპით  ვიკითხოთ ის, რასაც ისინი კითხულობენ. ეს ერთგვარი წახალისება იქნება პატარებისთვის, ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ შანსი ექნებათ თავიანთი ემოცია ვინმეს გაუზიარონ, რაც მკითხველად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.

ავტორი  საკმაოდ გრძელ თავს  უთმობს „ვეფხისტყაოსანზე“ საუბარსაც. ძალიან ხშირად სავალდებულო სასწავლო ლიტერატურა ბავშვებს ტექსტის სწორად აღქმაში უშლის ხელს. მსგავს შემთხვევაში  მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ლელა კოტორაშვილი გვირჩევს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ პატარებს ისე მოვუყვეთ, როგორც ზღაპარი და ვიზრუნოთ, რომ ეს ამბავი პატარა ასაკიდანვე შეუყვარდეთ. მაღალ კლასებში კი უმჯობესია, ბავშვებს არაფორმალური გზები შევთავაზოთ ტექსტთან დასაკავშირებლად. მის შემთხვევაში ეს ლიტერატურული კაფესთვის „ვეფხისტყაოსანის“ მიხედვით შექმნილი კომიქსები იყო, რაც ბავშვებს დაეხმარა რთული ტექსტის სწორად აღქმაში, პოემასთან ისევ და ისევ მიბრუნებაში და ერთმანეთის ნამუშევრების მიმართ ინტერესის გამოვლენის გამო ურთიერთობის დამყარებაში.

ავტორი  ლიტერატურული დღიურების გამოყენებასაც გვთავაზობს, რაც მანამდეც ნაცადი და წარმატებული ხერხია, თუმცა ყველაზე საინტერესო, რაც კი ამ სამი წლის მანძილზე შექმნილა, ჩემი აზრით, პროექტი „წაიკითხე ჩემი წიგნია“. ამ პროექტის იდეა ლელა კოტორაშვილის ერთ-ერთ მოსწავლეს ეკუთვნის, იდეა კი შემდეგში მდგომარეობს: მე ვკითხულობ წიგნს, ვნიშნავ საყვარელ ადგილებს, გიწერ წერილს ან წერილებს, რომლებიც უნდა წაიკითხო წიგნის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ და ამ წიგნს გიგზავნი შენ. ანალოგიურად იქცევი სხვისთვის, სხვა კიდევ სხვისთვის და ასე უსასრულოდ. მსგავსი ქმედებით კითხვის პროცესში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ჩავრთოთ, თანაკლასელიდან მშობლამდე, მასწავლებლიდან მეზობლამდე. მთავარი კი ისევ და ისევ ადამიანების წიგნით დაინტერესებაა.

„მოსიარულე გაკვეთილებს“ აქვს რესურსი გახდეს ყველა მასწავლებლის სამაგიდო წიგნი, ამავდროულად არაჩვეულებრივი მასალაა მშობლებისთვისაც. ეს წიგნი უნდა იკითხონ იმ ადამიანებმაც, რომლებსაც გულწრფელად მოყოლილი ამბები აინტერესებთ და უყვართ. ასე რომ, დაიხმარეთ ლელა მასწავლებლის მეთოდები, რომლებიც მან  ყველას აჩუქა და მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბდნენ. გაანდეთ მათ შემდეგი: „თქვენ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ და ეს სიტყვები აზრს იძენენ. თქვენ გარეშე ისინი არ გაცოცხლდებიან, მათ არსებობას აზრი არ ექნება. თქვენ ტექსტის შექმნის უშუალო მონაწილე ხართ. კითხვის ყველაზე დიდი მაგიაც, ალბათ, ეს არის: მე, ავტორი და ჩვენ შორის ხიდად გაბმული სიტყვები“.

 

 

ბავშვები, ცხოველები, ცირკი – რას „სწავლობს“ ბავშვი ნაწამები ცხოველების ცქერით?

0

რა ასოციაციები გებადებათ ცირკის ხსენებისას?

გართობა, ჯამბაზები, არენა, მხიარულება, აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები…

გაწვრთნილი ცხოველები…

ველური ცხოველები, საბრალო, გატანჯული და ნაწამები ცხოველები…

სწორედ ასეა.

რაც არ უნდა სახალისო და გასაოცარი გეჩვენოთ საცირკო სანახაობა, თუ ცირკის მრგვალ არენაზე შინაურ ან ველურ ცხოველებს უყურებთ, რომლებიც იმას აკეთებენ, რაც მათთვის ბუნებრივი არ არის, უნდა იცოდეთ, რის ხარჯზე და როგორ აღწევენ მწვრთნელები ამას.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვა მასალაა გავრცელებული ცირკში ცხოველების წვრთნა/წამების შესახებ, მაინც უამრავი ადამიანი მიდის ამ საბრალო ნაწამები ცხოველების სანახავად და თან ბავშვებიც მიჰყავთ.

4 მაისსაც თბილისის ცირკში ცხოველების მონაწილეობით გამართულმა წარმოდგენამ ბევრი მაყურებელი მიიზიდა, თუმცა შესვლამდე მათ ე.წ. „სირცხვილის კორიდორის“ გავლა მოუხდათ. ცხოველთა მოყვარულებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს მოთხოვნით, აიკრძალოს ქვეყანაში საცირკო წარმოდგენები, სადაც ნაწამები ცხოველები მაყურებლის გასართობად იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც არ უნდათ და არ შეუძლიათ.

აქციაზე, ცხადია, წავედი.

ვიდექი იმის გასაპროტესტებლად, რაც იმ დღეს უნდა მომხდარიყო – რუსეთიდან მოწვეული საცირკო დასი მხიარული მუსიკის ფონზე არენაზე გამოიყვანდა ლომებს, ვეფხვს, ძაღლებს და მაიმუნებს, ამ გატანჯულ, საბრალო არსებებს – ადამიანების სახორხოცოდ და გასართობად.

გასაოცარი, გამაოგნებელი და გაუგებარია თბილისის ცირკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღფრთოვანებული, ნასიამოვნები და მადლიერი მაყურებლების კომენტარების კითხვა.

გვერდის ადმინისტრატორს მე დაბლოკილი ვყავარ, რადგან ცხოველების წამების („წვრთნის“) ამსახველ ვიდეოკადრებს ვუზიარებდი მათ, ვინც ბილეთის ფასს ან „რომელი ცხოველები იქნებიანო“, კითხულობდა.

არადა, რამდენი კითხვა მინდა დავუსვა ამ ნასიამოვნებ ადამიანებს.

უპასუხობისთვის ან საღ აზრს მოკლებული პასუხებისთვის განწირული კითხვები, რადგან გასართობად ცხოველის წამება ის შემთხვევაა, სადაც მეორე მხარე, განსხვავებული აზრი და საწინააღმდეგო შეხედულება არ არსებობს.

როგორ შეიძლება, იცოდე, რას უშვრებიან ოთხფეხა არსებას იმისთვის, რომ ორ ფეხზე გაიაროს და მაინც გიხაროდეს ამის ნახვა?

ნუთუ სულ მცირე თანაგრძნობაც არ გააჩნია ადამიანს?

ასე როგორ გაიზარდა? ასე როგორ აზროვნებს? სულ არ ეცოდება? ოდნავაც არ წუხდება?

ბავშვებს რას ეუბნებიან? როგორ აწვდიან ამ უცნაურ სანახაობას?

რა უნდა ისწავლოს ბავშვმა ამ სანახაობით? როგორ შეიძლება, შემეცნებითი ან გასართობი დანიშნულება ჰქონდეს წამების შედეგის ყურებას?

პასუხები ამ კითხვებზე ცხადი და ერთმნიშვნელოვანია.

მას, ვისაც ნეიტრალური პოზიცია უკავია ან აქამდე არ დაფიქრებულა, რა ბოროტებაა ცირკში ცხოველების ტანჯვა, სავარაუდოდ, არც უნახავს ის მძიმე კადრები, სადაც „წვრთნის“ პროცესია ნაჩვენები. კადრები უმძიმესია, ყველა ვერ უყურებს, ამიტომ სიტყვიერადაც გადმოვცემ.

 

როგორ აიძულებენ ცხოველებს ამა თუ იმ ქცევის დასწავლას

ცირკებში ცხოველების გასაწვრთნელად გამოიყენება ისეთი ძალადობრივი მეთოდები, როგორებიცაა:

  • დიდი ხნის განმავლობაში სასმლისა და წყლის გარეშე დატოვება;
  • იძულება;
  • ტკივილის მიყენება (ჯოხით, ბასრი, მჩხვლეტავი საგნებით, ელექტროშოკერით. დიდ კატისებრებთან, მაგალითად, ელექტროშოკის გამოყენება ყოველდღიურადაა საჭირო, რათა მათ შიშის რეფლექსი ჩამოუყალიბდეთ);
  • ფსიქოლოგიური ზეწოლა – ყვირილი, პატარა გალიაში გამოკეტვა, მოკლე საბლით მოძრაობის შეზღუდვა, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, სხვა ცხოველებისგან იზოლაცია.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ცხოველები, როგორც წესი, მოთავსებულნი არიან ანტისანიტარიულ პირობებში, ხოლო მათი სამედიცინო საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია.

სხვა მეთოდი, გააკეთებინო ცხოველს ის, რაც მის ბუნებაში არ დევს, უბრალოდ არ არსებობს. ყველა, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ტყუის.

ცხოველი არ შეხტება მათრახის გატკაცუნებაზე, თუ მანამდე ამ მათრახის სიმწარე არ უგემია, ლომი საკუთარი ნებით არ გაძვრება ალმოდებულ რგოლში, თუ მანამდე ხანგრძლივი წამებით არ აიძულეს, ინსტინქტი დაეთრგუნა და ბრძანებას დამორჩილებოდა, დათვი ვერ მართავს ველოსიპედს, თუ მანამდე რკინის კონსტრუქციით იძულებით არ დააფიქსირებინეს სხეული ზეაღმართულ მდგომარეობაში. იმის თქმა, რომ მწვრთნელები სინამდვილეში „ოჯახის წევრებივით“ ექცევიან ცირკის ცხოველებს, ცინიზმი და ადამიანების მოტყუებაა!

დასასრულ, ისევ კითხვები, ოღონდ კითხვები – პასუხებით.

 

რა გავლენას ახდენს სასტიკი მოპყრობა ცხოველებზე?

ცირკში არსებული პირობები და სასტიკი ცხოველებში დაუცველობის განცდას იწვევს, რაც შემდგომ აგრესიით და თვითდესტრუქციული ქცევით გამომჟღავნდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ცირკის ცხოველები თავს ესხმიან მწვრთნელებს ან მომვლელებს. ამის შემდეგ, ცხადია, ისინი განწირულები არიან მოსაკლავად.

 

რატომ უნდა ვთქვათ უარი საცირკო წარმოდგენებზე ცხოველების მონაწილეობით?

ცხოველის დანიშნულება ადამიანების გართობა არ არის. ცხოველი ცოცხალი არსებაა, რომელიც განიცდის, სტკივა, გრძნობს. ცხოველთა სამყაროს და მისი საბინადრო გარემოს დაცვის ვალდებულებას კანონი ითვალისწინებს და ამ პირობებში სრულიად გაუგებარია, როგორ ან რატომ უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც მათ აწამებენ.

როდესაც ცირკის ბილეთს ვყიდულობთ და ველით წარმოდგენას ველური ან შინაური ცხოველების მონაწილეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ სისასტიკეს, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა.

 

დაბოლოს – მნიშვნელოვანი კითხვა: მიგვაჩნია თუ არა თავი ცივილიზებული, ჰუმანური სამყაროს ნაწილად? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ერთმნიშვნელოვანი, დღესავით ცხადი უნდა იყოს გადაწყვეტილებაც – ცირკი ცხოველების გარეშე!

ცნობისთვის: ევროპის არაერთ ქვეყანაში აკრძალულია ცირკი ცხოველებით. მათ შორის – ავსტრიაში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ფინეთში, ესტონეთში, დანიაში, რუმინეთში, სლოვენიაში, იტალიაში, მალტაზე, ნიდერლანდებში, შვედეთში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში…

ცხოველების წარმოდგენები იკრძალება გერმანიის 50 ქალაქში, ირლანდიის, ესპანეთის, უკრაინის, პორტუგალიის, ნორვეგიისა და პოლონეთის ქალაქებში).

საქართველოში – არა.

იმედია, ჯერჯერობით.

 

(მასალის მომზადებისას გამოყენებულია ინფორმაცია ფეისბუქგვერდიდან „ცირკი ცხოველების გარეშე“)

 ინოვაციური მეთოდები ერთი ნაწარმოების ირგვლივ

0

ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ გავუადვილო და გავუხალისო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროცესი? როგორ გავხადო მოსწავლე ამ პროცესის აქტიური მონაწილე მისი ცოდნის, ინტერესების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების გათვალისწინებით? როგორ დავგეგმო და განვახორციელო გაკვეთილი ისე, რომ შესაძლებლობა მივცე ახალგაზრდებს, გამოამჟღავნონ დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის, შეძენილი ცოდნის ტრანსფერის, თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, საკუთარი და სხვისი საქმიანობის შეფასებისა და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები?

        ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ ის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც არა მხოლოდ ვრცელი ნაწარმოების ტექსტის გაგება-გააზრებას შეეხება,არამედ  დემოკრატიული აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს . ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით განხორციელებული  პროექტები  თუ  ჩატარებული  გაკვეთილები საკუთარი თავის შეცნობისა და კრიტიკული გააზრების, ენისა და კომუნიკაციის,  ცოდნა-შემეცნებისა უნარის,ემპათიისა და კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს მოსწავლეებს.

ჩემი გამოცდილებიდან  გამომდინარე , ვფიქრობ, რომ ფრიად მოტივირებულია მოსწავლე იმ გაკვეთილზე, რომელზეც თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს და შეუძლია გულწრფელად ისაუბროს პრობლემასა და მისი გადაწყვეტის გზებზე,ამ მხრივ გავიხსენებდი თავისუფალ გაკვეთილს- „დისნეის სამი სკამის“ მეთოდის გამოყენებით (მოდიფიცირებული ვარიანტი)  და ერთ-ერთ  ჩემს უსაყვარლეს მეთოდს- „მე ვარ მეტაფორა“,რომელიც შემოქმედებით  და წარმოსახვით უნარ -ჩვევებს უვითარებს მოსწავლეებს.

როგორც მოგეხსენებათ, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის“ არქაული ლექსიკა შინაარსის გაგების სირთულესაც უკავშირედება და ვრცელი ნაწარმოების დაძლევის შიშსაც. ამის შესახებ არაერთგზის მიმიმართავს მოსწავლეებისთვის შეკითხვით,მინი-კვლევაც ჩავატარე-„თუ როგორ წარმოედგინათ „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის მარტივი გზა?“ პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, უმეტესობას ეძნელებოდა ტექსტი  და  სურდათ,  მხოლოდ სახალისო აქტივობებით გადაელახათ ეს ლაბირინთი. ამასთან დაკავშირებით უამრავი  აქტივობა გამოვიყენე, რათა მათთვის მოტივაცია აღმეძრა და სასურველი შედეგისთვის მიმეღწია… მინდა გითხრათ, რომ პროგრამა kahoot-ის https://create.kahoot.it/search?creator=maikogoguadze1234&filter=1

აღმოჩენის შემდეგ, ეპიზოდების მიხედვით ვქმნიდი ტესტებს და ყოველ მეორე გაკვეთილს ვიწყებდი ამ პროგრამით–ე.ი. სახალისო ტესტებით გამოვიკითხავდი შინაარსს. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროგრამა უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას და ჯგუფურ მუშაობასაც. მონიტორზე მათი სახელებისა და ქულების გამოჩენა გასაოცარ ხალისს იწვევდა, მეორე დღე კი უფრო დიდი მოტივაციით იწყებოდა.

           რაც შეეხება ტქსტის გაგება-გააზრებისა და  პრობლემის ირგვლივ  მსჯელობას, მნიშვნელოვანი გახლდათ გაკვეთილი “დისნეის სამი სკამის მეთოდის“ გამოყენებით

  1. გაკვეთილის თემა-არღვევს თუ არა ტარიელი ხვარაზმშას შვილის მოკვლით რაინდულ ეთიკას?

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები იმსჯელებენ პრობლემაზე და გაანალიზებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს; გაავლებენ პარალელს თანამედროვე ეპოქასთან , სხვა ტექსტებთან. განივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით, წარმოსახვისა  და  ფანტაზიის  უნარებს;

გამოწვევის ფაზა–მასწავლებელს მოსწავლეებისთვის წინასწარ მიცემული აქვს ტექსტიდან თავები: „ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა“, „ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მისვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა“. მასწავლებელი სთხოვს მათ– გაიხსენეთ სამი რამ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ორი რამ, რომელიც მომეწონა/არ მომეწონა და ერთი კითხვა, რომელსაც დავუსვამდი ნაწარმოების მთავარ გმირს.

მასწავლებელი შეახსენებს  მოსწავლეებს ნაცნობი აქტივობის შესახებ, რომელსაც „დისნეის სამი სკამის მეთოდს“ უწოდებენ.

შინაარსის რეალიზება–კლასს ყოფს სამ ჯგუფად; მეოცნებეებად, რეალისტებად, კრიტიკოსებად.

მასწავლებელი აძლევს ინსტრუქტაჟს: თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს სამივე პოზიციიდან საკუთარი თავი, ჯერ  მეოცნებეებია, მერე ამ ოცნებას რეალისტები პასუხობენ, მერე კი კრიტიკოსები აანალიზებენ…ასე იტრიალებს პრობლემა.(დრო და დრო  სხვადასხვა კუთხეში გადაადგილდებიან ბავშვები და  ასეთი ქმედება გაკვეთილსაც საინტერესოს ხდის ვიზუალური თვალსაზრისითაც და როლების მორგებისას თავად გრძნობენ საკუთარ თავს  იმ ეპოქის ნაწილად. დრო განისაზღვრება ქვიშის საათის მიხედვით-თითოეული პოზიციისთვის 3 წუთი, წარმოდგენისთვის 5წუთი…მეოცნებეები- რაზე ოცნებობენ ? შეგიძლიათ მოირგოთ როლი(მაგ,ერთ-ერთი მოსწავლის პასუხი ასეთი იყო: მე ვიოცნებებდი, რომ არ მოვხვედრილიყავი იმ სიტუაციაში, რათა არ დამეკისროს  ხვარაზმშას მოკვლის ვალდებულება.)

რეალისტები-ვინ არიან რეალისტები და რატომ არიან პრაგმატულად „მოაზროვნეები“( მაგ, ყოველი ტექსტის ესთეტიკა უნდა შევაფასოთ ეპოქის პარადიგმების შესაბამისად. ქრისტიანული თვალსაზრისით, მკვლელობა მძიმე ცოდვაა, მაგრამვეფხისტყაოსანიარ არის ქრისტიანული თეზისის გამომხატველი ნაწარმოები, ის ზერელიგიური და ზოგადსაკაცობრიოა და არც 21– საუკუნის ძეგლია, რომ ადამიანის უფლებები და სამართალი შუა საუკუნეების რაინდებს ისე ესმოდეთ, როგორც ეს  დღეს  გვესმის).

კრიტიკოსები-შეაფასებენ პრობლემას არა მხოლოდ იმ ეპოქის მახასიათებელი სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ დღევანდელი რეალობის შესატყვისად.

       რეფლექსიის ფაზა- მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს იმუშონ სამწუთიან ესეზე „ხელაუღებელი წერის“ მეთოდის გამოყენებით. ავალებს მათ , იფიქრონ მათ მიერ შესწავლილ ეპიზოდებზე, გაიხსენონ ის მოსაზრებები, რომლებიც მათმა თანატოლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციის დროს  და დღევანდელ რეალობაში მოიძიონ შესაბამისი ანალოგები(თუ ამის შესაძლებლობა არის)..ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაწერონ:   რაინდები გუშინ და დღეს

      შეფასება–სამივე პოზოციიდან გამომდინარე აფასებენ როლებს და ავსებენ პოსტერს ფერადი სტიკერებით, რომელი პოზიცია იყო საინტერესო და რატომ?

 

  1. რაც შეეხება მეთოდს „მე ვარ მეტაფორა“ თამამად შემიძლია თქმა, რომ შემოქმედებითი  გაკვეთილის სავიზიტო ბარათია… ამით მხატვრული სამკაულების მიმართ ე.წ.“შიში“ და სიძნელეც დაძლეულია და გაკვეთილიც ძალიან სახალისოა და ინტერაქტიული.

შემოქმედებითი უნარების გასაუმჯობესებლად მივმართავ წერის სტრატეგიებს და ხშირად ვსაუბრობთ მეტაფორული ფერებით. ბავშვები ტექსტში ეძიებენ მეტაფორებს და შეუსაბამებენ მუსიკას, ხატვას… შეიცნობენ   სივრცულ მეტაფორას, რეალობიდან დანახულ  საზღვარს და მერე მოირგებენ როლს, რათა ადვილად მიხვდნენ მეტაფორის დანიშნულებსაც  და  ამასთანავე შემოქმედებითი უნარებიც დაეხმარება თავად იგრძნონ თავი მეტაფორად.

ხშირად გაკვეთილს მეტაფორების მოხმობით ვიწყებ,  დაფაზე ვწერ  მნიშვნელოვან ფრაზებს, ვისმენ მათ მსჯელობას, თუ რისთვის გამოიყენა ავტორმა ეს მეტაფორა და რა განცდა ეუფლებათ მათი მოსმენისას…მერე ვთხოვ ბავშვებს, მათი გამოყენებით შექმნან ჩანახატი… პრეზენტაცია ფრიად საინტერესოა და სახალისო…ერთ-ერთი გაკვეთილის სათაური კი  ასეთი გახლდათ-

“მე შემიძლია მზე გაჩუქოთ, მზის სხივები მოგართვათ პეშვით“ ან კიდევ „მე მზე ვარ და არ მსურს ზღვამ ჩამყლაპოს“

ამგვარი ინოვაციური მიდგომები ერთგვარი გასაღებია იმ ღირებულებების ჩამოსაყალიბებად, რომლებიც  ემსახურება დემოკრატიული პრინციპებს:

  • შეუძლიათ დაფიქრდნენ მორალურ ღირებულებებზე, შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია.. გამოიმუშაონ მსჯელობის, დისკუსიაში მონაწილეობის, აზროვნებისა და მეტყველების, ანალიტიკური,შემოქმედებითი წერის  უნარები…საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვის უნარ – ჩვევები.

 

ლიტერატურა

  1. სოფიკო ლობჟანიძე-„სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები“(ინტერნეტ- გაზეთი)
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-„ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში“.თბ.2016

 

 

 

 

როგორ გაუღვივოთ ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ

0

მოზარდებს ძალიან აინტრესებს და  უყვართ ისეთი საკითხები, რაც მათ გაოცებასა და დაინტერესებას იწვევს.

ასეთი შინაარსის სტატიები მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. ვეცადე, გამეერთიანებინა სხვადასხვა წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია მირაჟის წარმოქმნისა და მისი სხვადასხვა სახის შესახებ.

მირაჟი (ფრან. Mirage) ეს არის ატმოსფეროს ოპტიკური მოვლენა, როდესაც ჰორიზონტთან ჩნდება დედამიწაზე არსებული საგნების ცრუ გამოსახულებანი. მირაჟის დროს ჰორიზონტს იქით მდებარე საგნები აირეკლებიან ჰაერის არათანაბრად გახურებულ ფენებში და ხილულნი ხდებიან. მირაჟი ხშირია ცხელი ქვეყნების უდაბნოებში.

მოგზაურმა უდაბნოში დაკარგა გზა. მწყურვალმა და მშიერმა, მოულოდნელად დაინახა ოაზისი, მაგრამ მისი სიხარული ილუზია აღმოჩნდა, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა მირაჟს.

მირაჟი არის ოპტიკური ილუზია ატმოსფეროში, რომელსაც იწვევს ჰაერში სინათლის სხივის გარდატეხა – როგორც ეს ლინზაში ხდება. ამ დროს იქმნება რეალური საგნის გამოსახულება. ბუნება, როგორც საუკეთესო ილუზიონისტი, თავისი ოსტატობის დემონსტრირებას ახდენს. მართალია, მოვლენის ფიზიკურმა ახსნამ მას მისტიკური შინაარსი დააკარგვინა, მაგრამ ვერანაირად ვერ დააკნინა მისი სილამაზე და შთაბეჭდილების უნარი.

მირაჟის ფიზიკური ახსნა შესაძლებელია ოპტიკის კანონებით – სინათლის არეკვლისა და გარდატეხის კანონებით.

სხვადასხვა ტემპერატურის ჰაერის ფენებს გარდატეხის განსხვავებული მაჩვენებელი აქვთ. რაც უფრო ახლოსაა ჰაერი მიწასთან, მაღალი ტემპერატურის გამო მას გარდატეხის ნაკლები მაჩვენებელი ექნება.

ასევე უნდა გვესმოდეს, რას წარმოადგენს შიდა არეკვლა. თუ სინათლე გადადის მინიდან ჰაერში, ვინაიდან მინის გარდატეხის მაჩვენებელი აღემატება ჰაერისას, გარდატეხის კუთხე ყოველთვის აღემატება დაცემის კუთხეს. დაცემის კუთხის გაზრდით, რაღაც მნიშვნელობაზე, სხივი იმავე გარემოში ბრუნდება. ამ მოვლენას სრული შინაგანი არეკვლა ეწოდება.

როდესაც სინათლის სხივი ოპტიკურად მეტად მკვრივი ჰაერიდან ოპტიკურად ნაკლებად მკვრივ ჰაერში გადადის, მაშინ ჩნდება მირაჟი. წარმოიქმნება საგნის ილუზია.

ჰალუცინაციისგან განსხვავებით, მირაჟი ნამდვილი ოპტიკური ფენომენია, რომელიც შეიძლება გადაღებული იყოს კამერაზე, რადგან სინათლის სხივები რეალურად აღიქმება დამკვირვებლის მიერ ადგილმდებარეობის მიხედვით ცრუ გამოსახულების შექმნისას.

„მფრინავი თეფშების“ გარკვეულ ტერიტორიაზე დანახვა ითვლება, რომ არის ოპტიკური ილუზია. თუ საგანი ჰორიზონტს მიღმაა, მაშინ ჩანს მისი მოჩვენებითი გამოსახულება.

მირაჟი შეიძლება იყოს საგნის ქვევით (ქვემო მირაჟი), ზევით (ზემო მირაჟი) და გვერდით (გვერდითი მირაჟი).

მირაჟების შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ისინი არასოდეს მოდიან დაკვეთით, არამედ ჩნდებიან მოულოდნელად.

ხშირია მირაჟი უდაბნოში. გავარვარებული ქვიშა ახურებს ჰაერის ქვედა ფენებს, რის შედეგადაც მცირდება ჰაერის სიმკვრივე. შორი საგნებიდან მომავალი სინათლის სხივი ზღვრული კუთხით ეცემა ჰაერის ქვედა ფენებს, რის შედეგადაც სხივი კი არ გარდატყდება, არამედ განიცდის სრულ შინაგან არეკვლას და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება თვალს.

ასე იქმნება მოჩვენებითი სურათი, ამ გზით წარმოქმნილ მირაჟს ქვედა მირაჟი ეწოდება.

არსებობს ზედა მირაჟიც. ამ შემთხვევაში მისი სრული შინაგანი არეკვლა ხდება ჰაერის ზედა ფენებში. ზედა მირაჟი იშვიათი მოვლენაა და მისი გაჩენა დილაობით ან ცხელი დღის დასასრულ, წყნარ ამინდშია მოსალოდნელი.

მზის ჩასვლის წინ, როდესაც ჰაერი მტვრითაა გაჯერებული, ხშირად იქმნება მირაჟები – წარმოსახვითი ოაზისები, ტბები ან მთები.

ატმოსფერო შედგება სხვადასხვა ტემპერატურის ფენებისგან და რაც უფრო ვარდება ტემპერატურა, მით უფრო ძლიერია სინათლის ძალა. თითქოს იქმნება გიგანტური, ჰაეროვანი ლინზა, რომელიც ყოველ წუთს მოძრაობს და შესაბამისად, ამ ობიექტის მაყურებელი ადამიანი, ამ უზარმაზარი საოცრების შიგნით ხვდება. რაც უფრო ძნელადაა აწყობილი ატმოსფეროს ფენები ერთმანეთზე, მით უფრო გასაოცარია მირაჟი.

მირაჟი შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როდესაც ერთნაირი სიმკვრივის მქონე ჰაერის ფენები ატმოსფეროში განლაგებულია არა ჰორიზონტალურად, არამედ დახრილად ანდა ვერტიკალურად.

ასეთი პირობები ატმოსფეროში ზაფხულობით, დილაობით, მზის ამოსვლის შემდეგ ზღვების ან ტბების კლდოვან სანაპიროებზე იქმნება. ამ დროს სანაპირო უკვე განათებულია მზით, წყლის ზედაპირი და ჰაერი კი ჯერ კიდევ ცივია.

ატმოსფერული მირაჟი იყოფა რამდენიმე ნაწილად: ფსკერის, ტბის, შორეული ხედვის ან განივ მირაჟებად.

უფრო რთული სახის მირაჟს ფატა-მორგანი ეწოდება.

ფსკერის მირაჟი შედარებით ნაკლებად გასაოცარია, ვიდრე სხვა ტიპის მირაჟი. მაგალითად, წყალი, რომელიც ეჩვენებათ უდაბნოში ან გახურებულ ასფალტზე. “ყალბი წყალი” გზაზე, არასრულყოფილი მირაჟის ყველაზე გავრცელებული მაგალითია. გზა შეიძლება გამოიყურებოდეს, თითქოს წყალი ან თუნდაც ზეთი, დაიღვარა. ამ შემთხვევას ხშირად უწოდებენ “გზატკეცილის სასწაულებს”.

ფატა-მორგანი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ატმოსფეროს ქვედა ფენებში გამოისახება რამდენიმე მონაცვლე ფენა სხვადასხვა სიმკვრივით, თუ მათ შეუძლიათ სარკისებრი არეკვლა. სხივების გარდატეხის შედეგად რეალურად არსებული საგნები ჰორიზონტზე წარმოქმნიან რამდენიმე გამოსახულებას, რომლებიც ერთმანეთზე ლაგდება და ხშირ-ხშირად იცვლის სახეს. სწორედ ასეთი მოვლენები აჩენს ფატა-მორგანის უჩვეულო გამოსახულებას.

ანალოგიური მირაჟები, არანაკლებ შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი, იქმნება კოსმოსშიც. თუ შორეულ კვაზარსა და ჩვენ შორის აღმოჩნდება გალაქტიკა, ჩვენ შეიძლება დავინახოთ ერთის ნაცვლად ორი ან რამდენიმე მნათი წერტილი – ,,ფანტომი“ კვაზარები. ზოგჯერ გალაქტიკები იღებენ უცნაურ, რკალისებურ ფორმას, რაც ასევე ილუზიაა.

ეს მოვლენა არ არის დაკავშირებული ატმოსფეროსთან, მისი შემოქმედია გრავიტაცია – სამყაროს გიგანტური სიურრეალისტური მხატვარი ან იმპრესიონისტი, ვის როგორ უნდა მისი შეფასება.

მასიური სხეულები იზიდავენ არა მარტო ნივთიერებებს, არამედ სინათლის სხივსაც. ეს იყო ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება – თეორიის, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ფიზიკაში და ძირეულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სივრცესა და დროზე.

ფარდობითობის თეორია ამბობს, რომ სინათლე, რომელიც, ჩვეულებრივ სწორხაზოვნად ვრცელდება, მასიური სხეულის გრავიტაცულ ველში გადაიხრება, მისი ტრაექტორია მრუდდება.

შეგვიძლია გავაკეთოთ ანალოგია გამადიდებელ შუშასთან, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ლინზაში სულ სხვა ფიზიკური პროცესი მიმდინარეობს – ერთი გარემოდან მეორე განსხვავებულ გარემოში გადასვლა. ამის გამო, სინათლის წყაროს (კვაზარს, ვარსკვლავს) ჩვენ ვხედავთ არა იქ, სადაც ის სინამდვილეში იმყოფება, არამედ წანაცვლებულ ადგილას.

1919 წელს, მზის დაბნელების დროს ბრიტანელი ასტრონომი, არტურ ედინგტონი აკვირდებოდა მზის მახლობლად მყოფ ვარსკვლავს და აღმოაჩინა, რომ მისი მდებარეობა სხვა მნათობების მიმართ განსხვავებული იყო იმასთან შედარებით, როცა ვარსკვლავი არ იმყოფებოდა მზესთან ახლოს. ამით დადასტურდა აინშტაინის ამ თეორიის წინასწარმეტყველება.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სინათლის სხივის გამრუდებას გრავიტაციულ ველში უნდა შეეცვალა გალაქტიკების ფორმა და უნდა დაგვენახა მნათობების ორმაგი და მრავალჯერადი გამოსახულებები. ამ მოვლენას ეწოდება გრავიტაციული ლინზირება.

ლინზირების საშუალებით აღმოჩენილ იქნა დღეისთვის ყველაზე შორეული გალაქტიკა, 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ჩვენგან. ამ გალაქტიკას სხვა შემთხვევაში ვერ დავინახავდით – ყველაზე დიდი ტელეკოპითაც კი.

ლინზირების ეფექტის საშუალებით ხდება ეგზოპლანეტების აღმოჩენა და შესწავლა (ეგზოლპანეტა არის პლანეტა, არა მზის, არამედ რომელიმე ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს). წყაროს და ლინზის როლს ამ შემთხვევაში ასრულებენ ვარსკვლავები.

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ მიკროლინზირების ხერხი დაეხმარებათ მათ დედამიწისხელა პლანეტების აღმოჩენაში. გრავიტაცული ლინზირების განაწილება კოსმოსში საშუალებას მოგვცემს, უფრო კარგად შევისწავლოთ ჩვენი სამყარო, უფრო ზუსტად დავადგინოთ მისი ზოგიერთი მახასიათებელი, მაგალითად, ე.წ. ჰაბლის მუდმივა – სიჩქარე, რომლითაც ფართოვდება სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ.

როგორც ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, სამყარო, სავარაუდოდ, მუდმივად ფართოვდება, თანაც სულ უფრო სწრაფი ტემპით. ამან წარმოშვა ჰიპოთეზა ფარული ენერგიის არსებობის შესახებ. ამის აღსანიშნავად მეცნიერებმა შემოიღეს, ე.წ.კოსმოლოგიური მუდმივა – სიდიდე, რომელიც პირველად შემოიტანა აინშტაინმა, შემდგომ კი უარი თქვა მასზე და თავისი „უდიდესი შეცდომა“ უწოდა. აინშტაინის აღიარება, რომ მან უდიდესი შეცდომა დაუშვა, შეცდომა იყო…

კოსმოსური მირაჟი, გრავიტაციული ლინზირება, მიუხედავად იმისა, რომ ,,ამახინჯებს“ ციური სხეულების რეალურ სურათს, გვაძლევს საშუალებას, უკეთ შევისწავლოთ სამყარო და ჩავწვდეთ მის საიდულოებებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Mirage_of_astronomical_objects
  2. https://www.hk-phy.org/iq/mirage/mirage_e.html
  3. ,,კოსმოსური მირაჟი“ -ჟურნალი ტაბულა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...