სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

ვიდეო თამაშები: პრობლემა თუ მოკავშირე?

0

2013 წლის 17 სექტემბერს Rockstar North-მა Playstation 3-ისთვის, ხოლო 2015 წლის აპრილში Microsoft Windows-ისთვის კომპიუტერული თამაში Grand Theft Auto V გამოუშვა.

პირველივე დღეს, თამაშმა 800 მილიონი, პირველ სამ დღეში კი (თამაშების შემოსავალს ზოგადად უქმეებით ითვლიან) 1 მილიარდი ამერიკული დოლარი მოგება მოიტანა. მსოფლიო თამაშების ისტორიაში, ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ონლაინთამაშდამოკიდებულება მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა, რომლის წინაშეც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც დგანან. ელექტრონულ მოწყობილობებზე „ჩამოკიდებული“ თაობა, რომელსაც წიგნიერება აღარ აინტერესებს, ბევრი მშობლის წუწუნის მიზეზია.

პრობლემა რეალურია, რადგან ხშირ შემთხვევაში, თამაშდამოკიდებული ბავშვები უჩივიან დაღლილობას, თავისა და თვალების ტკივილს, ხასიათის გაუარესებას, მადის დაკარგვას და უძილობას.

ბევრი მშობელი, გამოსავალს, ხელოვნურ ჩარევასა და თამაშების მექანიკურ აკრძალვაში ხედავს, რასაც ხშირად სხვა, უფრო დიდ პრობლემებამდე მივყავართ – ასეთი ბავშვები ფარულად თამაშს იწყებენ და ხდებიანი უარესი ხაფანგის – ლუდომანიის მსხვერპლი.

მაშ, რა უნდა გააკეთოს გონიერმა მშობელმა, თუ ცივილიზაციის მსვლელობაში შვილთან ერთად ალესილ დანის პირზე სიარული უწევს?

 

ჩემი უფროსი შვილი ფიქრობს, რომ 2 პროფესია უნდა ჰქონდეს. ის პერიოდულად იცვლის აზრს მომავალ ერთ-ერთ საქმიანობაზე –  ხან გამომგონებლობა სურს, ხან მთამსვლელობა, ხან ასტრონავტობა, მაგრამ ყოველთვის უცვლელი რჩება მისი მეორე პროფესიული სურვილი – მას ვიდეოთამაშების შექმნა სწადია.

მათე 8 წლისაა და კომპიუტერული თამაშებით ორიოდე წლის წინ დაინტერესდა. თამაშდამოკიდებულება რომ დიდი პრობლემაა, მოსწავლეებთან ურთიერთობით ვიცოდი, ამიტომ ამ ამბავს მწვავედ შევხვდი და ვცადე დროის შეზღუდვის მეთოდით, რბილად, მაგრამ მაინც ამეკრძალა კომპიუტერთან ხშირად დაჯდომა. შედეგი იმედის მომცემი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა, რადგან, მოდი, გულწრფელად ვთქვათ – ჩვენ ყველანი დამოკიდებულები ვართ ცივილიზაციის მსვლელობაზე, ვინ სოციალურ ქსელს, ვინ მობილურ თამაშებს და ვინ სერიალებს.

მეტიც, ჩემი თავი გამახსენდა, „დენდი 2“ რომ პირველად ვნახე და სათამაშოდ ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში დავდიოდი ბიძაშვილთან სუპერ მარიო რომ ერთი ტურიდან მეორეში გადამეყვანა, არადა აზარტული არ ვარ, მეტიც, მალე მბერზრდება ყველანაირი გასართობი და მაინც – ერთი სული მქონდა ეს მარტივი და ყოველგვარ შინაარსს მოკლებული თამაში „დამეხურა“.

კომპიუტერულ თამაშებზე ბავშვების დამოკიდებულების, მავნე დამოკიდებულების საკითხზე მხატვრული ფილმისთვის სცენარის დაწერა 2016 წელს დამიკვეთეს და სწორედ მაშინ გავარკვიე, რომ ეს პრობლემა იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ძალიან რთული.

რაკი ბავშვებთან მუშაობა მიწევს და ვცდილობ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა შინაარსობრივ სხვაობაში არ გადაიზარდოს, მუდმივად ვეკითხები მათ, რა აინტერესებთ, რა უყვართ და რის გარეშე ვერ გაძლებდნენ – კომპიუტერული თამაში ყოველთვის, ყველგან პირველია.

იმიტომ, რომ პედაგოგი მქვია, გარკვეული პასუხისმგებლობა მაკისრია და შვილიც მყავს, ცივილიზაციის მსვლელობას მე ვერ შევაჩერებ და არც მგონია ეს სწორი, გადავწყვიტე კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, კაცობრიობის უხილავი მმართველი, ზოგი შეფასებით მტერიც, მოკავშირედ გამეხადა და მოსწავლეებთან ლიტერატურული გაკვეთილების მოდელი სწორედ ასე – ონლაინ თამაშების პრინციპით ამეგო. შედეგი იყო ფანტასტიკურად დიდი და სწრაფი. იმდენად კარგი და იმედისმომცემი (ამ მეთოდზე ცალკე დავწერ), რომ თამაშების არსის გაანალიზება გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი კვლევებით, არც ისე უიმედოდაა საქმე – მთავარია, რომ მშობელი განზე არ გადგეს და ბავშვის თამაში კონტროლირებადი და შემეცნების ნაწილი გახადოს.

მაგალითისთვის, შემცირდეს აგრესიული ტიპის First Shooting სახის თამაშების ციფრი და მეტი დატვირთვა მიეცეს სტრატეგიულ და შემეცნებით გასართობ თამაშებს.

 

ფსიქოლოგები გვამშვიდებენ, რომ თუ ამ პრობლემას, როგორც ნებისმიერ პრობლემას, სწორ გასაღებს მოვუძებნით, იქნებ ვიდეოთამაშები ნაკლებადსაშიში კი არა სასარგებლოც კი აღმოჩნდეს ჩვენი შვილების განვითარებისთვისო.

 

გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას, რა სიკეთე მოაქვს ვიდეოთამაშებს ჩვენი შვილებისთვის:

 

პირობებში, როდესაც ბავშვებს სათამაშო სივრცე უბრალოდ აღარ დარჩათ, ეზოები სავსეა მანქანებით, ფეხბურთის მოედნებზე კი კორპუსები დგას, გართობას მოწყვეტილი  და წიგნზე და განათლებაზე კონცენტრირებული  ბავშვის, როგორც სანიმუშ მოდელის წარმოდგენა, არასწორი იქნებოდა.

 

ვიდეოთამაშები და პრობლემის გადაწყვეტა:

ნებისმიერ ვიდეოთამაშში არის მარტივი მოდული, რომელიც პრობლემის დასმას და მის გადაწყვეტას მოითხოვს. მაგალითად, თუ ერთ ძველ თამაშს,  Nintendo_ს ლეგენდარული დიზაინერის Shigeru Miyamoto-ს შექმნილ Legend of Zelda-ს სიუჟეტს ვნახავთ, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყრის თავს, რაც ბავშვის განვითარებისთვის ალბათ ცუდი არ იქნება – პროტაგნისტი ლინკი მთელი თამაშის მანძილზე ებრძვის ანტაგონისტ ბოროტ ძალებს, რათა გადაარჩინოს პრინცესა ზელდა. ამისთვის კი მას რთული პროგრამული ალგორითმისთვის ალღოს აღება და დაძლევა უწევს. ამ ერთი შეხედვით მარტივი ამოცანის შესრულება კი, მცირე ასაკის ბავშვისთვის გენიალური სავარჯიშოა, რაც იქვე, მარტივი ტესტი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის გონებრივი განვითარების ეტაპების შეფასებისთვის.

 

ინტერესი ისტორიისა და კულტურის მიმართ

 

როგორც გავარკვიე, უდიდესი ვიდეოთამაშები კარგა ხანია საკუთარ სამყაროს გვთავაზობენ, როგორც დიდ მწერლებს სჩვევიათ, გამოგონილ ადგილებს, ისტორიულ პერსონაჟებსა და ამბებს გვაყვარებენ და მერე წლიდან წლამდე მათთან ერთად გვამოგზაურებენ. მაგრამ ამის მიღმა, უამრავი თამაში სავსეა ისტორიული კონტენტითა და კონტექსტით, რაც მოთამაშის დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს (სწორედ აქ უნდა გახდეს მშობელი გზამკვლევი).

როდესაც ჩემი შვილი რომელიმე ისტორიულ ამბავზე დაყრდნობილ თამაშს თამაშობდა, პარალელურად ამ ამბების განხილვასაც ვაწყობდით და მაგალითად, ვიკინგების თავგადასავლების თამაშის პარალელურად, სკანდინავიური მითოლოგიის წაკითხვას ვურჩევდი. დღეს, ჩემმა 8 წლის ბავშვმა ამ მიმართულებით უფრო მეტი იცის, ვიდრე მე, რაც ერთგვარი გამარჯვება მგონია.

ნებისმიერი თამაშის კონტენტის განხილვის მერე ინფორმაციის მოძიება ონლაინ შემეცნების ნაწილი შეიძლება გახდეს. ბავშვმა იცის, რომ მშობელი მისი „მტერი“ და „აკრძალვაზე“ ორიენტირებული კი აღარაა (მაინც უშედეგოა), მეკავშირეა და ერთად თამაშიც იწყება.

 

ვიდეო თამაშები და მეგობრები

 

ყველაზე ჩაკეტილ ბავშვებსაც კი უცბად აალაპარაკებთ, თუ რომელიმე ვიდეო თამაშზე ჩამოუგდებთ სიტყვას. ასევე უადვილდებათ პატარებს ერთმანეთში საერთო ენის გამონახვაც. მეტად უცნაურია, მაგრამ საერთო თამაშის მოთამაშე ბავშვები, თუ ეს აგრესიული, ე.წ. „დაუსრულებელი“ ტიპის თამაში (მაგალითად Counter Strike) არაა, თითქმის არასოდეს ჩხუბობენ ერთმანეთში. ონლაინ თამაშებს კი ხშირად სოციალური კონტაქტის განვითარებაც შეუძლია (აქაც კონტროლით, რადგან ონლაინ არ ჩანს ვინაა მეორე მხარეს და ეს კარგი წყაროა პედოფილებისთვის).

 

ვიდეოთამაში, როგორც სავარჯიშო

 

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვიდეოთამაში რეაქციის სისწრაფეს ავითარებს. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, ვინც მაგალითად ფეხბურთზე დადის და ამავე სპორტის თამაშებს თამაშობს, მოედანზე ხელოვნურად შექმნილი რესურსის მიბაძვას ცდილობს. თამაშისას, მათი ტვინი არაცნობიერად იმახსოვრებს მოთამაშის მოძრაობებს და ამის მერე, ბავშვი ცდილობს საკუთარი ადამიანური რესურსი სწორედ ამ „დამახსოვრებულის“ რეალიზებამდე ასწიოს.

 

ვიდეოთამაში და შეჯიბრი

 

ვიდეოთამაშებს, სადაც ორი მოთამაშე ერთმანეთს ეჯიბრება, ბავშვში კონკურენციის უნარის განვითარება შეუძლია. მსგავსი ტიპის თამაშები განსაკუთრებით ბიჭებისთვისაა მისწრება, მითუმეტეს, თუ მათ სიმორცხვისკენ აქვთ მიდრეკილება. ასეთი შეჯიბრი იდეალურია იმ ბავშვებისთვისაც, ვინც საკუთარი თავის რეალიზებას, გარკვეული მიზეზის გამო სპორტით ვერ ახერხებს.

 

ლიდერობა და ჯგუფურად მუშაობა

 

ნიკ იის კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ბავშვები, ვინც ჯგუფურ ონლაინ თამაშებს თამაშობენ, უნებურად ივითარებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა საერთო ინტერესების გათვალისწინება (მაგალითად Cossacks), უფრო გამოცდილი მოთამაშის მიბაძვა და მერე თავად გახდომა ლიდერად და მისაბაძ ობიექტად. სოციალური კიბის მსგავსი როლური თამაში მათ ცხოვრებაშიც ეხმარება, სადაც გამოუცდელობიდან პროფესიონალობამდე მისვლის მეთოდოლოგიას ხვეწენ.

 

თამაში, როგორც საშუალება ასწავლო

ბავშვები ამბობენ, რომ მათ განსაკუთრებით მოსწონთ ახალი თამაშების ათვისება, რათა მერე სხვას აუხსნან როგორ გაიარონ ესა-თუ-ის ტური. შეგრძნება, რომ შეიძლება აზრი მოგეკითხოს, განსაკუთრებით ახალისებთ სწორედ მოზარდებს და გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს. სწორედ ეს სტრატეგია გამოვიყენე მეც, როდესაც შვილს ვთხოვე ამ სტატიის დასაწერად ზოგიერთი ონლაინ თამაშის ნაწილში კონსულტაცია მოეცა.

ის სიხარულით დამთანხმდა და რაღაც რჩევებიც მომცა, რაც, ცხადია თქვენამდე მოვიტანე.

ვფიქრობ, ამ თანამშრომლობით, კონტროლირებული თავისუფლებით უკეთესი შედეგის მიღება შემიძლია.

ვნახოთ.

ისე კი, არც თუ ისე ურიგოა ხანდახან თამაში.

 

დასასრულისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზაციის განვითარების ეს ეტაპი სწორად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მსოფლიოს 10 ყველაზე ბიუჯეტურ თამაშს თუ მოძებნით, 7-ის ავტორი იაპონელია. ამ ერმა ადვილად აუღო ალღო მომავლის პროფესიებს, რაც მათი, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკის წამყვანი მოთამაშის ადგილას დგომა, პროგნოზირებადია. განვითარების ამ მიმართულებაზე ორიენტირებული პატარა ერებისთვის კი მომავალში შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ტექნოლოგიურ ავანგარდში დგომა, რადგან მცირემიწიანი ქვეყნები მხოლოდ სოფლის მეურნეობის იმედად ვეღარ იქნებიან კონკურენტულები.

გასართობ ბიზნესში კი, ყველაზე მაღალი შემოსავლის მომტან სფეროებს თუ შევხედავთ, ოთხეული ასე გამოიყურება:

მუსიკალური ინდუსტრია – 17 მილიარდი წელიწადში

კინო – 41 მილიარდი

ტელევიზია – 105 მილიარდი

ვიდეოთამაშები – 116 მილიარდი

 

იქნებ, ჩვენმა ბავშვებმა განვითარების ახალი გზა იციან და მათი არჩევანია სწორი?

მე არ ვიცი.

 

 

 

 

 

სატირული პარტიის ფენომენი

0

2019 წელს ჩატარებულმა ევროპარლამენტის არჩევნებმა ერთი უცნაური ფენომენის წარმოჩენას შეუწყო ხელი. პოლიტიკოსებისადმი საყოველთაო უკმაყოფილებითა თუ იმედგაცრუებით იუმორის შესანიშნავი გრძნობის მქონე მოქალაქეებმა ისარგებლეს. გერმანიის კვოტით ევროკავშირის წარმომადგენლობით ორგანოში სატირული პარტიის ორი წევრი აირჩიეს. ისინი გროტესკული ხერხების გამოყენებით შეეცდებიან თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოწინავე პოლიტიკოსების წინაშე აქტუალიზებას.

რას ნიშნავს სატირული პარტია?

სატირულ პარტიად იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოიხსენიებენ, რომლებიც თავიანთ საქმიანობას პროგრამულ ღირებულებებზე არ აფუძნებენ. ამგვარი ჯგუფებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში აღმოჩენაა. პარტიული პროგრამაც ორგანიზაციის ლიდერთა იუმორისა და ცინიზმის გადმოცემის მთავარ საშუალებად გვევლინება. სატირული პოლიტიკური დასების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წეს-წყობილების კრიტიკა ტრადიციული მეთოდებით აბსოლუტურად უშედეგოა. ისინი ამტკიცებენ, რომ სისტემის წინააღმდეგ გაბრძოლება მხოლოდ მშვიდობიანი, შოკისმომგვრელი და არაორდინალური სტრატეგიებით არის შესაძლებელი. სატირიკოსები გამაოგნებელი და უცნაური პოლიტიკური გზების გამოყენებით უარს ამბობენ ტრადიციული პარტიების სათამაშო მოედნით სარგებლობაზე. პირიქით, ისინი სხვებს იწვევენ თავიანთ ველზე საასპარეზოდ.

პირველი სატირული პარტია თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში არ შექმნილა. თავდაპირველად ამგვარი პოლიტიკური ორგანიზაცია მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩეხეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. მოძრაობას სათავეში მწერალი იაროსლავ ჰაშეკი ჩაუდგა. ენამახვილმა ხელოვანმა გაერთიანებას დახვეწილი სახელი შეურჩია – „პარტია კანონის ფარგლებში მოზომილი წინსვლისათვის“. პარტია დაუჯერებელი ლოზუნგებით გამოვიდა ავსტრო-უნგრეთის იმპერიული საბჭოს არჩევნებზე. ჰაშეკის მხარდამჭერები ხალხს მოუწოდებდნენ, რომ მათთან ერთად დაეწყოთ ბრძოლა ალკოჰოლიზმის საკანონმდებლო ვალდებულებად დაწესებისთვის, ინკვიზიციის განახლებისთვის, ჭკუასუსტი დეპუტატების სარეაბილიტაციო სამსახურების შექმნისა და მონობის აღდგენისთვის. სამწუხაროდ, ჩეხი მწერლის იუმორისტულ პროვოკაციას წერტილი დაუსვა მსოფლიო ომების ეპოქის დაწყებამ.

ჰაშეკის მოძრაობის დაარსებიდან ასი წლის შემდეგ საფუძველი თანამედროვეობის ყველაზე წარმატებულ სატირულ პარტიას ჩაეყარა. ალბათ, გაინტერესებთ რა სახელი შეურჩიეს ექსტრაორდინალურ პოლიტიკურ ჯგუფს. მათ ჩემი რუსულის მასწავლებლის, აწგანსვენებული სვეტლანა ივანოვნა იპატოვას ლოგიკით იხელმძღვანელეს. ვერელმა რუსმა ქართული კარგად არ იცოდა, ენის შესწავლის მიზნით კი მის ირგვლივ მყოფ არსებებს მათი თვითსახელებით მოიხსენიებდა. მაგალითად, მის ძაღლს ძაღლი ერქვა, კატას კი კატა. გერმანული იუმორისტული ჟურნალის – „ტიტანიკის“ რედაქტორმა, მარტინ ზონენბორნმა თავის პოლიტიკურ პარტიას „პარტია“ უწოდა. ორგანიზაციის სახელწოდების გამოცხადებამ, ბუნებრივია, რეპორტიორთა მხიარულება გამოიწვია, რომელსაც ახალი ძალის ლიდერი სერიოზულად გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ „Die Partei“ გაერთიანების სრული სახელის შემოკლებულ ვარიანტს წარმოადგენს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქართული „ნიანგის“ გერმანული ექვივალენტის ავტორებმა თავიანთ პოლიტიკურ გუნდს “შრომის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ცხოველთა უფლებების დაცვის, ელიტების ხელშეწყობისა და საბაზისო დემოკრატიული ინივიატივების პარტია“ დაარქვეს. სრული ვარიანტიც და აბრევიატურაც დღემდე თანაბრად უცნაურად ჟღერს ევროპელი დამკვირვებლებისათვის.

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე შოკისმომგვრელი იყო ზონებორნის კრებულის პროგრამული პრიორიტეტებიც. სატირიკოსებმა სასწრაფოდ მოითხოვეს მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირიდან „ავსტრია-უნგრეთის“ გარიცხვის თაობაზე. მოქალაქეებს გერმანული ატომური ბომბის ლაბორატორიის შექმნას დაპირდნენ. Die Partei თვითფრინავებით მგზავრობის აკრძალვის მომხრედაც გვევლინება. ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა კი ასაკობრივი საარჩევნო ცენზის დაწესება გახლავთ. ისინი პენსიონერთა ნაწილისათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდნენ.

მარტინ ზონებორნი შესანიშნავი პერფორმერიც არის. მას ათობით პოლიტიკური ოინი აქვს განხორციელებული. პარტიის ლიდერი ხშირად დადის კარდაკარ, ხალხს ქვეყნის მმართველი კოალიციის წარმომადგენლად ეცნობა და ათას სისულელეებს უყვება ხოლმე ამომრჩევლებს. 2017 წელს მან საკუთარი მამა წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად. წინასაარევნო პერიოდში ენგელბერტ ზონებორნის მთავარ უპირატესობად მისი შვილის არსებობა სახელდებოდა. Die Partei-მ პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში განახორციელა. პარტიის ლიდერები ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ჯგუფს შეხვდნენ. თბილისში მყოფმა გერმანელებმა მასპინძლებს მოატყუეს, რომ ბუნდესტაგში 30 დეპუტატი ჰყავთ, ლუდის ჭიქები ღვინის სასმისებად მიასაღეს და დღის ბოლოს ქართველ ოპოზიციონერებს სულ გერმანიის საბოლოოდ დანაწევრების სადღეგრძელო დაალევინეს.

მორიგი ხუთი წლის განმავლობაში Die Partei-ს ევროპარლამენტში ორი დეპუტატი ეყოლება. მორიგი ხუთი წლის განმავლობაში ევროპული პოლიტიკით დაინტერესებული პირები არ მოიწყენენ. პრობლემა ის არის, რომ მალე ტრადიციული პარტიების სისუსტის გამო კრიზისში ჩაფლული სამყაროს ბედს კლოუნები გადაწყვეტენ.

ტვინის ალფა და ბეტა სიხშირეები და ცოდნის მიღება

0

„ჩვეულებრივ ნეირონს სჭირდება 1 მიკროწამი, რომ უპასუხოს სტიმულს, მაგრამ როდესაც მილიონობით ნეირონი რეაგირებს უნისონში, ისინი წარმოქმნიან რხევად ელექტრონულ მუხტებს, ეს მუხტები ქმნიან რიტმს, რომელსაც ეწოდა „ტვინის სიხშირე“.

David Silver

 

მრავალგვარი მეტაფორა შეგვიძლია შევურჩიოთ ჩვენს თავის ტვინს და მის ფუნქციონირებას. გავრცელებული მეტაფორაა, რომ ტვინი მუშაობს როგორც რადიომიმღები და ის იჭერს სხვადასხვა სიხშირეს. თუმცა ის არა მხოლოდ მიმღებია, არამედ გადამცემის ფუნქციასაც ასრულებს და, საბოლოოდ, ფუნქციონირებს ინფორმაციულ ველში, სადაც ყველაფერი „ჩაწერილია“ და ინახება დედამიწის დაბადებიდან დღემდე…

ამ ინფორმაციის გარდა, კიდევ არავინ იცის, რა ინფორმაციები იჭრება გალაქტიკიდან დედამიწის საინფორმაციო ველში. თუ წარმოვიდგენთ, რომ თითოეული ადამიანი არის რადიო-მიმღები და გადამცემი, ჩვენ თვალწინ დავინახავთ გლობალურ ქსელს, რომელშიც ყველა ჩართულია და ყველას ყველასთან კავშირი აქვს, სწორედ ისე, როგორც მობილური ქსელები.

ხშირად ვიყენებთ ასეთი ფრაზეოლოგიზმებს: „თავში აზრი მომივიდა“, „აზრმა დამიპყრო“, „აზრებს ვერ ვიშორებ“, „ჩემი აზრით“, „აზრებმა გამიტაცა“, „აზრზე არა ვარ“ და სხვა. ამ მეტაფორულ გამოთქმებს თუ პირდაპირ გავიაზრებთ, მართლა საინტერესო გახდება, საიდან მოდის ჩვენთან აზრები და მამარდაშვილისა არ იყოს, უფრო საინტერესოა: ჩვენი აზრები ნამდვილად ჩვენია?

ამის გამოცდილებაც ხშირად აქვს ადამიანს, როდესაც რაღაც „თავისი აზრით“ ატაცებული მოქმედებს და ამ აზრების „გადავლის“ შემდეგ ამბობს: ნეტა საიდან მომივიდა თავში ასეთი აზრიო?

ზუსტი პასუხები ამ კითხვებს არა აქვს…. საიდან და რატომ მოდიან ჩვენთან აზრები და როდის როგორი აზრები აქტიურდება? თუ უბრალოდ მიმღებ-გადამცემები ვართ? სხვადასხვა განზომილების მედიუმები?  მაშინ ვინ არის ოპერატორი? და ყოველთვის ჩვენ განვაგებთ თუ არა, ჩვენში რომელი აზრები შემოედინება და გაედინება…? და საერთოდ, ვინ ვართ ის „ჩვენ“? რომელსაც ეკუთვნის ეს რადიოგადამცემი (ტვინი) და სად ვართ…? საიდან იმართება ტვინები?

ამ კითხვებს ცოტა ხანი თავი დავანებოთ და  ახლა დავუბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ: ჩვენი თავის ტვინს და მის ფუნქციონირებას.

მეცნიერების აღწერით, ტვინი განსხვავებული რეჟიმებით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ის განსხვავებული სიხშირეების მიმღებ-გადამცემია.

არსებობს ტვინის ხუთი ძირითადი ტალღა: ბეტა, ალფა, ტეტა, დელტა და გამა. მათი სიხშირეები განსხვავებულია და დამოკიდებულია ძალიან ბევრ შიდა და გარე ფაქტორზე. დღის განმავლობაში ადამიანის თავის ტვინს განსხვავებული სიხშირის ტალღები მართვას.

ჰანს ბერგერი და აზრების გადაცემა დისტანციაზე

გერმანელი მეცნიერი ჰანს ბერგერი ცნობილია, როგორც ელექტროენცეფალოგრამის შემქმნელი, რომელიც აფიქსირებს თავის ტვინის აქტივობას. მან პირველმა გახსნა და შეისწავლა ტვინის ალფა-რიტმი, 8-12 ჰერცი სიხშირის ტალღები. ტვინის საიდუმლოებების შესწავლა მან დაიწყო ერთი პირადი შემთხვევის გამო, რომელიც შეეხებოდა დისტანციაზე ინფორმაციის გადაცემას.

ჰანს ბერგერმა სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში და უნდოდა ასტრონომი გამოსულიყო, მაგრამ ერთი სემესტრის შემდეგ სურვილი გაუქრა, მიატოვა უნივერსიტეტი და ჩაეწერა სამხედრო სამსახურში, კავალერიის ჯარში. ჰანსი სამხედრო წვრთნების დროს ცხენმა გადმოაგდო. სასიკვდილო ხიფათის დროს მისი მდგომარეობა ტელეპატიურად იგრძნო მისმა დამ, რომელიც ასეულობით კილომეტრით იყო დაშორებული და მან მყისიერად შესაბამისი ზომები მიიღო.

ჰანს ბერგერის მომავალ ინტერესს საფუძვლად სწორედ ეს შეთხვევა დაედო: ის დაბრუნდა უნივერსიტეტში, შეისწავლა მედიცინა, დაიცვა დოქტორის ხარისხი და იკვლევდა კორელაციას ტვინის ობიექტურ აქტივობასა და სუბიექტურ  ფსიქიკურ მოვლენებს შორის.

ალფა-რიტმი ასოცირდება თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროსა და ფსიქიკის არაცნობიერი ნაწილის აქტივობასთან. ამ დროს, როგორც მეცნიერები აღწერენ, თქვენი ყურადღება ფოკუსირდება გარე და შიდა სამყაროზე ერთდროულად;  ერთგვარი ძილ-ღვიძილის მდგომარეობაა, სომნამბულე. ეს არის შემოქმედებითი აქტივობის, რელაქსაციის, მედიტაციის ფაზა, როცა ცნობიერება გაფართოებულია და ერთგვარად ჰიპნოზური. შემოქმედი ადამიანები ამ მდგომარეობას უწოდებენ შთაგონებას.

დიადი აღმოჩენები უკავშირდება სწორედ ალფა-რიტმის აქტიურობას. შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ აღმოაჩინა მენდელეევმა ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში, ნიუტონმა მიზიდულობის კანონი მაშინ აღმოაჩინა, როცა მძინარეს ვაშლი დაეცა!

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, თავის ტვინის ალფა-რიტმი შეესაბამება დედამიწის ატმოსფეროს სიხშირეს, შუმანის ტალღები, 8 ჰერცი. ადამიანის ტვინის სიხშირეების რეზონანსი დედამიწასთან გვიხსნის განუზომელ შესაძლებლობებს, მივიღოთ ინფორმაციის ოკეანიდან ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. ამ მდგომარეობაში იხსნება ადამიანის ექსტრასენსორული და პარანორმალური შესაძლებლობები.

ბეტა-რიტმი – ეს არის 12-30 ჰერცის ტალღები. ის ასოცირდება თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს და ფსიქიკის  ცნობიერი ნაწილის აქტივობასთან.

 

ალფა და ბეტა-რიტმები სწავლებაში

ალფა-რიტმების დროს ადამიანს შეუძლია მიიღოს დიდი ოდენობით ინფორმაცია, ამიტომ სწავლებაში მას განსაკუთარებული როლი აქვს.

ჩემი გამოცდილებით, შესაძლებელია სტუდენტები (მოსწავლეები) მომართო ალფა-რიტმზე, შემოქმედებით ტალღაზე. სრულიად განსხვავებულია ლექცია (ან გაკვეთილი), როდესაც განსხვავებულ ტვინის სიხშირეებზე მიმდინარეობს.

როგორც საყოველთაოდ მიღებულია, განათლება ძირითადად ორიენტირებულია მარცხენა ნახევარსფეროს (დასწავლა-დამახსოვრება) განვითარებაზე, შესაბამისად, უნივერსიტეტები და სკოლები მომართულია ბეტა-რიტმზე;

რით განსხვავდება ალფა (შემოქმედებით) სიხშირეზე წარმართული პროცესი ბეტა-სიხშირეზე წარმართული სასწავლო პროცესისგან?

ჩემი სტუდენტები ხშირად ამბობენ, რომ ჩემს ლექციებზე: განიცდიან პოზიტიური ენერგიის მოზღვავებას, შეგრძნება აქვთ, რომ ყველაფერი შეუძლიათ, ებადებათ შემოქმედებითი და კრეატიული იდეები, ავიწყდებათ პრობლემები, კარგავენ დროის შეგრძნებას, ხშირად უნდათ წერა, ხატვა, კვლევა, კეთება….

ეს არ ნიშნავს, რომ ბეტა-სიხშირე გამორიცხული გვაქვს. ლექცია უფრო არის გადასვლა-გადმოსვლა… სიღრმეში ჩასვლა – ზედაპირზე ამოსვლა, განცდა-გაანალიზება… რადგან მხოლოდ ერთ სიხშირეზე თავის ტვინის მუშაობა ხდება მოსაწყენი.

 

თუ ჩვენ ვისწავლით საკუთარი ტვინის მართვას სხვადასხვა სიხშირეებზე, მაშინ ეს გადადის ჩვენს საუბარში და ავტომატურად ხდება აუდიტორიის სინქრონიზაცია იმ სიხშირესთან, რომელშიც ჩვენ ვართ!

როგორ მოვმართოთ ტვინი ალფა-სიხშირეზე? ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი შემოქმედებითი პროცესი და შესაძლოა, ხელოვნურადაც გამოვიწვიოთ:

სიხშირეთა სინქრონიზაცია შეიძლება გამოვიწვიოთ სტერეო-სიგნალებისგან შემდგარი ტრეკის მოსმენით; ღრმა სუნთქვით;  მედიტაციით, ვიზუალიზაციით და სხვა.

ბეტა-სიხშირეს გამოვიწვევთ: ბეტა სიხშირის შემცველი სპეციალური მუსიკით,  წიგნის კითხვით, კოფეინის მიღებით და სხვა.

გამოიწვიო რაიმე ხელოვნურად, ნიშნავს, რომ რაღაც გაკლდეს ან გტკიოდეს და მიიღო აბი გასაყუჩებლად.  მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ შესაბამისი რიტმები გამოიწვიო ბუნებრივად და ამით მართო არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანთა განწყობები და ცოდნის მიღების ხარისხი!

 

 

 

 

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი და წიგნის კითხვა

0

ვფიქრობ, დღეს აღარავის უკვირს, წიგნთან და წიგნის კითხვასთან დაკავშირებით, უფროსების მხრიდან ბავშვების მიმართ გამოთქმული საყვედურების მოსმენა: „საერთოდ არ უნდა წიგნის გადაშლა, მხატვრულ ლიტერატურას ვინ ჩივის, სკოლის  სახელმძღვანელოსაც არ კიდებს ხელს. არ მესმის, საერთოდ როგორ ახერხებს სკოლაში ნიშნების მიღებას, წიგნით მე მას ვერასოდეს ვხედავ!“ „ჩემი გიოც იგივე მდგომარეობაშია, სმარტფონს არის მიწებებული და თუ არ დავუმალე, შეიძლება ღამეც კი გაათენოს“ – თავის გულისტკივილს გიოს დედაც ვერ მალავს. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს წიგნის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის მიზეზები, რომლებიც არსებულ პრობლემას აყალიბებს.

წიგნის და წიგნის კითხვის მიმართ ინტერესის არარსებობის ძირითადი მიზეზები:  

  • კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობა – უკანასკნელ ათწლეულებში კომპიუტერული ტექნიკის უეცარმა შემოჭრამ ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ ბავშვებს, უფოსებსაც დაუკარგა წიგნის მიმართ ინტერესი; თუ ადრე ტრანსპორტსა და ქუჩაში წიგნით ხელში ადამიანის დანახვა არავის უკვირდა, დღეს ტრანსპორტში მყოფი, წიგნში თავჩარგული ადამიანი შეიძლება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეს და ირონიული ღიმილიც არ დაიშურონ მის მიმართ, მაშინ, როცა სმარტფონს „მიწებებული“ და კომპიუტერული თამაშებით დაკავებული ადამიანის დანახვა აღარავის აკვირვებს;
  • ინფორმაციის სწრაფად მიღების სურვილი – ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად მოხმარებადი ინფორმაციის საუკუნეში, სადაც ჩვენს მაგივრად უკვე ყველაფერი მოიძიეს, „დაღეჭეს“ და ახლა მხოლოდ გადაყლაპვა სჭირდება. წიგნის წაკითხვა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად კი უფრო მეტ დროს, ძალისხმევას, ნებელობას საჭიროებს. იმის გამო, რომ აღნიშნული უნარები ბავშვს ჯერ კიდევ საკმარისად არა აქვს განვითარებული, ის იოლ გზებს ეძებს სასურველი ინფორმაციის მისაღებად;
  • მშობლების დაკავებულობა და მოუცლელობა ბავშვისთვის წიგნის წასაკითხად – როგორც წესი, ყველაზე ხშირად კითხვით დაინტერესებული ბავშვები ისეთ ოჯახებში გვხვდება, სადაც ადრეული ბავშვობიდან მშობლები ბევრს უკითხავენ თავის პატარებს. სამწუხაროდ, დღევანდელი ცხოვრების რიტმი და არსებობისათვის ბრძოლა ბევრ მშობელს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოყოს საჭირო დრო ბავშვთან ურთიერთობისათვის და მისთვის წიგნის წასაკითხად;
  • წიგნის კითხვის პრესტიჟულობის დაქვეითება მოზარდებში – სამწუხაროდ, წიგნის კითხვა მოზარდს თანატოლთა წრეში სასურველი ადგილის დამკვიდრებაში, ხშირ შემთხვევაში, ვერანაირ დახმარებას ვერ უწევს, პირიქით, წიგნის კითხვით უზომო გატაცებამ შეიძლება ის ერთგვარი დაცინვის ობიექტადაც კი აქციოს. კომპიუტერული ტექნიკის ოსტატურად ფლობა და სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშების ცოდნა კი მის ავტორიტეტს, როგორც წესი, თანატოლთა წრეში საკმაოდ ამაღლებს. ამიტომ, თუ ბავშვს მეგობრებში ავტორიტეტის მოპოვება სურს, საეჭვოა, რომ მან ეს წიგნის კითხვით გააკეთოს.

     რეკომენდაციები ბავშვის წიგნით და წიგნის კითხვით დასაინტერესებლად:

  • ბავშვს ვერ ვაიძულებთ შეიყვაროს წიგნი. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ მას წიგნის სიყვარული და უკეთესია ეს საკუთარ მაგალითზე გავაკეთოთ. უპირველეს ყოვლისა, დავამკვიდროთ ჩვენ სახლში კითხვის კულტურა. თუ ბავშვი ვერ ხედავს, რომ ვკითხულობთ და ამასთან სიამოვნებას ვიღებთ წიგნის კითხვით, საეჭვოა, რომ მას წიგნი შეუყვარდეს და აქტიური მკითხველი გახდეს. ბავშვებს ასწავლის და მათზე აღმზრდელობით ზეგავლენას ახდენს არა სიტყვები, არამედ ჩვენი მოქმედებები;
  • წავუკითხოთ ბავშვს წიგნები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან, უკეთესი იქნება უკვე დაბადებიდან მივაჩვიოთ ის წაკითხულის მოსმენას. მართალია, ამ დროს პატარა ჯერ კიდევ ვერ გაიგებს, ვერ გაიაზრებს წაკითხულს, მაგრამ ახლობელი ადამიანის რბილი და ნაზი ხმა მასზე შესანიშნავად იმოქმედებს. ამასთან, მომავალში მას გაუადვილდება ბგერების და სიტყვების დამახსოვრება. მშობლიური ენის ჟღერადობა, საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო, წიგნის კარგ მეგობრად აღქმის ჩვევა ხელს შეუწყობს, რომ მომავალში ის კარგ მკითხველად ჩამოყალიბდეს და გატაცებით დაიწყოს კითხვა;
  • წიგნები უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და სახლში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული. თუ პატარა წიგნების გარემოცვაში ცხოვრობს, ისინი მისი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი ხდება;
  • ვაქციოთ კითხვა აქტიურ პროცესად, ნუ ვაიძულებთ ბავშვს წაიკითხოს დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშე, თუ მას ეს ჯერ კიდევ არ გამოსდის კარგად. პირიქით, უკეთესი იქნება, თუ ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გავაგრძელებთ მისთვის წიგნის კითხვას მას შემდეგაც, რაც ის დაეუფლება კითხვას. ზოგიერთი მშობლის შეცდომა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უკითხავს ბავშვს მანამ, სანამ ის პატარაა და წყვეტს ამის კეთებას, როგორც კი ბავშვი ისწავლის ასოების ცნობას. უფრო მეტიც, 6-7 წლის ბავშვს ასეთი მშობელი პირდაპირ აიძულებს კითხვას და დაჟინებით უმეორებს ერთი და იგივე სიტყვას – „საჭიროა“. გავითვალისწინოთ, რომ ასე შეიძლება გამოვიწვიოთ მხოლოდ სიძულვილი წიგნის კითხვის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება სამუდამოდაც კი. თავდაპირველად კითხვა რთული პროცესია და არ ღირს დამწყებ მკითხველს ბევრი მოვთხოვოთ. გავაგრძელოთ ბავშვისთვის წიგნის კითხვა სანამ ის დაწყებით კლასებში სწავლობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ცოტა მოგვიანებითაც კი. ბავშვში კითხვისადმი ინტერესის გასაღვიძებლად შეიძლება შევწყვიტოთ კითხვა ყველაზე საინტერესო ადგილას, მოვიმიზეზოთ რაიმე გადაუდებელი საქმე და შევთავაზოთ ბავშვს თავად განაგრძოს კითხვა იმ ადგილიდან, სადაც გავჩერდით. ამასთან, შეგვიძლია გამოვიჩინოთ დაინტერესება ვთხოვოთ მას მოგვიანებით მოგვიყვეს, რასაც წაიკითხავს, რადგან ჩვენ თავად დრო არ გვქონდა მის წასაკითხად. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვისთვის კითხვა ასოცირდებოდეს არ სიტყვასთან „საჭიროა“, არამედ სიტყვებთან „მინდა“ და „საინტერესოა“;
  • ნუ მოვახდენთ ზეწოლას ბავშვზე. მოვერიდოთ მისთვის ულტიმატუმის წაყენებას – „თუ ამ წიგნს წაიკითხავ, მიიღებ ჯილდოს“! ასეთი მიდგომა აბსოლუტურად დესტრუქციულია, განსაკუთრებით თუ გვინდა, რომ ბავშვს კითხვისადმი სიყვარული და ინტერესი გამოვუმუშაოთ და არ მივაღწიოთ იმას, რომ  გაიზუთხოს ტექსტი სახელმძღვანელოდან ჩვენთვის სასურველი შეფასების მისაღებად. ტერორით ადამიანს ვერ შევცვლით. ულტიმატუმები, რომლებსაც ჩვენ ვუყენებთ ბავშვს, მის ცნობიერებაში აყალიბებს სრულიად ნათელ სურათს – „ სიამოვნება და წიგნები შეუთავსებელი რამ არის, წიგნები მტერია“. ყოველივე ამის შემდეგ ადვილი არ იქნება შევაყვაროთ ბავშვს წიგნი. ხანდახან პატარას შეიძლება არ უნდოდეს კითხვა, ნუ აიძულებთ მას აკეთოს ეს – კითხვა უნდა იყოს სიამოვნება და არა ვალდებულება;
  • წიგნის შერჩევისას გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები. მნიშვნელოვანია, რომ წიგნის შინაარსი იყოს იმის შესაბამისი, რითიც ცხოვრობს ბავშვი მოცემულ მომენტში, მნიშვნელობა არა აქვს იქნება ის 2 წლის, თუ 12 წლის. თუ პატარა წყალქვეშა სამყაროთია გატაცებული, მივცეთ მას თემატური საბავშვო ენციკლოპედია; თუ ბავშვს მოზარდებისთვის დამახასიათებელი პრობლემები აწუხებს (თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობა, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სურვილი), შევურჩიოთ ისეთი მხატვრული ნაწარმოებები, სადაც პერსონაჟებს მსგავსი პრობლემები აქვთ;
  • ვიზრუნოთ ანალიზის უნარის განვითარებაზე ადრეული ბავშვობიდან. კითხვის დროს ხშირად დავუსვათ ისეთი შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემისას ის საკუთარ პოზიციას, საკუთარ დამოკიდებულებას დააფიქსირებს წაკითხულთან დაკავშირებით;
  • ნუ ვაიძულებთ ბავშვს იკითხოს ის, რასაც ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას და საიდანაც უფრო მეტ ცოდნას მიიღებს. როცა მას გამოუმუშავდება კითხვის ჩვევა და შეუყვარდება წიგნი, ის თავად შეცვლის ბევრ რამეს არჩევანში და უფრო სერიოზულ წიგნებსაც აირჩევს;
  • ჩავრთოთ თამაშის ელემენტები კითხვის პროცესში, მაგ. შევთავაზოთ ბავშვს მოაწყოს ჩრდილების თეატრი ან სპექტაკლი წაკითხული ნაწარმოების მიხედვით. თუ პატარას არ სურს წიგნის ბოლომდე წაკითხვა, შევეცადოთ ერთად მოვიფიქროთ, თუ რითი შეიძლებოდა დამთავრებულიყო მთავარი გმირის ისტორია;
  • აქტიურად გამოვიყენოთ ემოციები კითხვის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ძალიან კარგად „კითხულობენ“ ემოციებს, შეიძლება პატარამ ყველაფერი ვერ გაიგოს, რასაც წავუკითხავთ, მაგრამ ის აუცილებლად ჩაწვდება, იგრძნობს მის არსს კითხვის პროცესში ჩვენ მიერ გამოხატული ემოციებით;
  • შევარჩიოთ ბავშვისთვის წიგნები ხარისხიანი სურათებით. გავითვალისწინოთ, რომ მისთვის სურათების დათვალიერება წიგნში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე კითხვა. ამიტომ, რაც უფრო მეტი ლამაზი ილუსტრაციების შემცველი წიგნით იქნება პატარა გარემოცული, მით უფრო აქტიურად დაინტერესდება ის წიგნებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში შანსებიც მეტი იქნება, რომ ბავშვს კითხვა შეუყვარდეს;
  • პატარებს ძალიან უყვართ, როდესაც მათ ერთი და იგივე წიგნს რამდენჯერმე უკითხავენ. ხშირად რამდენიმე წაკითხვის შემდეგ უკვე ზეპირად იციან ესა თუ ის ზღაპარი, მაგრამ, 10-ჯერ წაკითხვის შემდეგაც მზად არიან კვლავ მოისმინონ ის. ნუ დავიზარებთ და კვლავაც წავუკითხოთ პატარას მისთვის საინტერესო წიგნი. ახლა, ჩვენ ამაზე 10 წუთს დავხარჯავთ, 10 წლის შემდეგ კი აღარ დავიჩივლებთ, რომ კომპიუტერის გარდა ბავშვი არაფრით ინტერესდება.

დაბოლოს, ვიზრუნოთ და ყველაფერი  გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვმა ტელევიზორი და კომპიუტერი წიგნზე ადრე არ გაიცნოს და მათთან უფრო მეტი დრო არ გაატაროს, ვიდრე მშობლებთან, რომლებიც მისთვის წიგნის კითხვით იქნებიან დაკავებული. მაგრამ, თუ მაინც ასე მოხდება, სავარაუდოდ ბავშვი ვერასოდეს გაიგებს, რომ კითხვა ეს სიამოვნებაა. ხოლო უფროსების მხრიდან თავის მართლება სიტყვებით – „ახლა ასეთი დროა“ – მათ საქციელს ნამდვილად ვერ გაამართლებს. თუ ბავშვი 5-6 საათის განმავლობაში თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს და ამისათვის იყენებს სმარტფონს, რომელიც მას მშობლებმა აჩუქეს, პასუხისმგებლობა შვილის ტექნიკაზე მიჯაჭვულობაში სწორედ მათ  ეკისრებათ.  გავითვალისწინოთ, რომ კითხვა ჩვევაა, რომელიც სიამოვნებას უნდა ბადებდეს. ის მშობლები, რომლებმაც ბავშვები წიგნებისაგან სიამოვნების მიღებას მიაჩვიეს, მომავალში სავარაუდოდ ნამდვილად არ დაიჩივლებენ, რომ მათი შვილი წიგნებს არ კითხულობს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კითხვის ჩვევის ქვეშ არ მოიაზრება კითხვის სისწრაფე, რომელსაც ასეთ პატივს სცემს ბევრი მასწავლებელი. კითხვის ჩვევა, პირველ რიგში ეს არის წიგნის კითხვით მიღებული კმაყოფილება და სიხარული. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წაკითხულის განხილვის, გაანალიზების უნარი და სურვილი. სისწრაფე თავად გამომუშავდება, განსაკუთრებით, თუ ამაზე დიდად არ შევწუხდებით და არ ვინერვიულებთ. „კითხვა – ეს სიხარულია“! – ასეთი უნდა იყოს ჩვენი დევიზი, როცა ვცდილობთ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი და წიგნის კითხვა.

სიზმრის მიღმა ქვეყანაში (ნაწილი მეორე)

0

-თქვენ დააცემინეთ?

ზევით ავიხედე და ვიღაც ბაფთებიანი ქალი დამყურებდა თავზე.

-არაა, ხმა არ ამომიღია,უპასუხე.

-ნუ უარყოფთ, მკაფიოდ გავიგონე, როგორ თქვით ორჯერ „ამფცხი“.  სხვათა შორის, ორი დაცემინება კარგია, თქვა და გვერდით მომიჯდა.

-ქალბატონო, არ დამიცემინებია…

ვიგრძენი, რომ თავს ვიმართლებდი…

-დეიდა ტერეზა, ასე მქვია,-ღიმილით გამეცნო და ალბათ მეც საპასუხოდ ჩემი სახელი უნდა მეთქვა, მაგრამ ისე განაგრძო, არ დამაცალა:

-სიაში შეგიტანთ, რომ ორჯერ ზედიზედ დააცემინეთ, თქვა და სქელი რვეული  მოიმარჯვა ჩასანიშნად.

არც კი ვიცი, უნდა გავბრზადე, თუ გავიცინო…

 

მკითხველმაც, რომ იცოდეს, მე ახლა მძინავს და სიზმარს ვხედავ. დეიდა ტერეზაც ამჟამად  ჩემს სიზმარშია. ისე, ჯანი როდარის ზღაპრის გმირია და პატარა ქალაქის მაცხოვრებლების დაცემინებებს აგროვებს.

-იმას გეუბნებოდით, გააგრძელა ტერეზამ, ჩვენმა აფთიაქარმა ერთ ჯერზე შვიდჯერ დააცემინა, წარმოგიდგენიათ? თავისით შეძლო ნეტა? თუ რაიმე ჩაისუნთქა? პოლიციელმა კი თოთხმეტჯერ დააცემინა.

-შეუძლებელია, შევაპარე…

-ცხვირი მომძვრეს, თუ გატყუებდე, გაცხარდა ტერეზა. მართალია, ერთდროულად თოთხმეტივე „ამფცხი“ არ ყოფილა, სამ-სამად აცემინებდა ხუთ-ხუთ წუთიანი ინტერვალით.

-გამოდის, რომ თქვენთან ყველა აცემინებს?-დავინტერესდი.

-ყველა, დარწმუნებით თქვა ტერეზამ. თუმცა… სენიორ დელიო ძალიან იშვიათად მყავს შემჩნეული. ან, არ აცემინებს, ან ეშმაკობს და ჩუმად აცემინებს, მე რომ ვერ გავიგო.

იქვე განაგრძო:

-როგორ არ დააცემინებენ, გარემო მოწამლულია, ჰაერი დაბინძურებული, ყველანი ეწევიან. თან თავს იიმედებენ, ფილტრიან სიგარეტს ვეწევითო, ნაკლებად საშიშიაო. რას ბრძანებთ? სიგარეტის ფილტრი არაფერსაც არ შველის, პირიქთ, ვნებს. მათ ცელულოზის აცეტატისგან ამზადებენ. პლასტმასის არ იყოს, მიწაში ათ წელს იშლება, ზღვის წყალში ხუთი წელი ძლებს. მათი უზარმაზარი რაოდენობა სწორედ ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება, რადგან ადამიანები ნამწვებს დაუფიქრბლად  აქეთ-იქეთ ისვრიან. ზღვის ფრინველების და კუების კუჭშიც კი იპოვეს, წარმოგიდგენიათ?-არ ცხრებოდა ტერეზა.

-სიგარეტის ფილტრი პირველად 1950 წელს გამოიგონრეს, ვითომ ტოქსინების შესაკავებლად და კიბოს გავრცელების შესამცირებლად. შემდეგ კი გაარკვიეს, რომ სწორედ ნიკოტინი და ფილტრში შემავალი ცვილი იწვევს შეჩვევას და ფილტრები ნაკლებ ეფექტური გახდა. ამიტომ, ახლა მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია და ადამიანი თავს იმშვიდებს, ვითომ უსაფრთხოდ ეწევა.

-ჩვენთან შენობებში მოწევა აკრძალეს, -დრო ვიხელთე და მეც ჩავრთე სიტყვა.

-ჩვენთან კი არა,-მრისხანედ დაარტყა ხელი ტერეზამ სკამს და იქვე დააცემინა.

-ჯანმრთელობა,  მივუგე და აღვნიშნე, რომ ცემინება მასაც სცოდნია.

ტერეზა დეიდამ თქვა, რომ ახლავე შეიტანდა საკუთარ „ამცხისაც“ საერთო ნუსხაში.

-თუმცა, ეს რა მოსატანია. ამას წინად, გოგოებთან ერთად (მეგობრებს გულისხმობდა) ბაღში ვიჯექი და იმხელაზე დავაცემინე, შეშურდათ და დამემდურნენ.

-როგორ?-გავიოცე, დაცემინების გულისთვის გაგებუტნენ?

-დიახ, ერთი უბრალო „ამცხის“ გულისთვის, თავი დამიქნია ტერეზამ და თვალები ჩემს პაკეტს დააწყო.

-ეს რა გიყიდია, პაკეტში რა გაქვს?

-რა ვიცი, ჰიგიენის ნივთები ვიყიდე  სახლისთვის,-კვლავ თავის მართლების რეჟიმში მყოფი პასუხი გამომივიდა.

-ქვითარი მოგცეს?-მკითხა ტერეზამ.

-კი, სადღაც აქ უნდა მქონდეს, უპასუხე და პაკეტში ფათური დავიწყე ქვითრის მოსაძებნად.

-ხელი არ ახლო!… განწირული ხმით იყვირა უცებ… და, საერთოდაც, რატომ ართმევ ქვითარს მაღაზიებს?

-მმმ, აბა არ გამოვართვა?

-არა!-იყო გადამჭრელი პასუხი. თუ მაინც და მაინც, ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნონ.

-უი, მაგას ვინ გააკეთებს, გულიანად გამეცინა. თუმცა, ერთი სააფთიაქო ქსელი ბოლო დროს სწორედ მასე იქცევა, ქვითარს კი არ გაძლევს, მესიჯით აგზავნის.

-ხომ ხედავ? -კმაყოფილმა ჩაიცინა ტერეზამ.

-კი, მაგრამ,-არ შევეშვი-რატომ არ უნდა მოვკიდო ხელი ქვითარს?

– ქვითარი  მაკულატურა არ არის. ის მეორადად არ გადამუშავდება, რადგან თერმულად დამუშავებული  ქაღალდია და 1953 წლიდან არსებობს.   ზედაპირი მომწამლავი ნივთიერებით ბისფენოლით არის დაფარული.  ჩვენს ენდოკრინულ სისტემას ემტერება. ქვითრის ერთი ქაღალდი  დაახლოებით 60მგ ბისფენოლს  შეიცავს.  ბისფენოლი A სტრუქტურით ჰორმონ ესტროგენს წააგავს.  ის ნერვულ, იმუნურ და ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. ბისფენოლ A-მ შეიძლება ორგანიზმში კანიდან შეაღწიოს   და  დაგროვდეს. თუ თერმული ქაღალდი ჩვეულებრივ ქაღალდთან ერთად გადამუშავდება, მას დააბინძურებს. ასევე, აბინძურებს ნიადაგს და შესაბამისად მომავალ საკვებსაც და წყალსაც.  მსგავს თერმო ქაღალდს ფაქსებისთვისაც იყენებენ. ქვითრებს  ნაკლებად შეეხე  და ხელები ხშირად დაიბანე. გაიგე?-გამომცდელად შემაცქერდა ტერეზა.

-თქვენ ბევრი წაგიკითხავთ, თუ ცემინების ლოდინისას მოისმინეთ სადმე?

ტერეზამ ყური არ მათხოვა, ისე განაგრძო.

-ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გიყიდია…ყოჩაღ, რომ ცვლი. ხშირად ცვლი?-გამომცდელად ჩამაშტერდა.

-ძალიან ხშირად, იყო ჩემი პასუხი.

-ჰო, რადგან ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი მრავალი ბაქტერიის სახლიცაა. თავად პოროლონისგანაა დამზადებული.  ეს აქაფებადი ქაფპოლიურეთანია, ანუ პლასტმასი, რომელიც 90% გაზს შეიცავს.  ორ-სამ კვირაში ერთხელ ძველს ახალზე ვცვლით. სხვები ცელულოზისგან არიან დამზადებული და შესაბამისად, უფრო ბუნებრივებიც, რადგან ხის ბოჭკოს შეიცავენ. თუმცა, ბოლოს ორივე მათგანს ნაგავსაყრელზე მოისვრიან და კიდევ მრავალ წელს დარჩებიან ღრუბლებად. მათი მეორადი გადამუშავება არ არის გათვალიწინებული. არადა, შეიძლება სითბოს საიზლაციოდ გამოყენებულიყო.

-ქაფპლასტებზე ადრე სტატია დავწერე (https://mastsavlebeli.ge/?p=10906), კვლავ შევეცადე საუბარში ჩაბმა.

-ჰოო? ყოჩაღ, შემაქო ტერეზამ და განაგრძო:

– 1937 წელს გერმანელმა ქიმიკოს-ტექნოლოგმა პოლიურეთანის წარმოება დაიწყო. ექსპერიმენტის დროს შეცდომით მასალა ჰაერის  ბუშტუკებით აივსო. ასეთი ღრუბლების გაყიდვას 1954 წლიდან  მიჰყვეს ხელი.

-უჰ, გოგო, ესენი რამ გაყიდინა?

სანამ მე ტერეზას უსმენდი, თავად ჩემი პაკეტი მუხლებზე დაედო და შიგ იჩხრიკებოდა.

-რა უცერემონიო ქალია, გავიფიქრე გულში და შევეცადე მისი ზედმეტი ფამილარობა ხუმრობაში გამეტარებინა.

-რამე საინტერესო იპოვნეთ? ღიმილით შევეკითხე.

-ვიპოვე, ყურის ჩხირები…რატომ იყიდე?

-გაუგებარია? ოდნავ გაღიზიანება დამეტყო, ყურის ჩხირები ყურისთვის ვიყიდე.

-ჰო, მაგრამ, ექიმები ამბობენ ყურს აზიანებსო, რა ვიცი… მხრები აიჩეჩა ტერეზამ. შემდეგ განაგრძო:

-აქ საქმე სხვა რამეშია. ყურის ჩხირის ძირითადი ნაწილი პლასტმასია. დიახ, პლასტმასსზე ბამბას ახვევენ. ავტომატურ დანადგარზე წუთში 500 ცალ ჩხირს ამზადებენ. გამოყენების შემდეგ სად მიდიან? ნაგავსაყრელზე… და გაუგებარი გზებით ბევრი მათგანი ოკეანეებსა და ზღვებში ხვდება. ასე თუ გაგრძელდება 2050 წელს ოკეანეში თევზზე  მეტი პლასტმასი იქნება.

-კი მაგრამ, ახლა თქვენს ქალაქში რომელი წელია? ვკითხე ტერეზას.

-1970, რა იყო?

-ის იყო, რომ მე 2019-დან ვარ და რასაც ამბობთ, სწორედ ჩემს დროში ხდება. თქვენ კი ვითომ არაფერიო, 2050-ზე მესაუბრებით.

-ჰო, ანუ, გძინავს, დამამშვიდა ტერეზამ, სიზმრის იქეთა ქვეყანაში ხარ და აქ მხედავ. მე საიდან ვიცი?  მეც არ ვიცი, რა ვიცი… მე ვიცი, რომ სენიორ დელიო საერთოდ არ აცემინებს და ეგ საქმე მაქვს გასარკვევი.

-ახლა, ორ წუთში შენ დააცემინებ და გაგეღვიძება. ასე, რომ ბარემ დაგემშვიდობები.

…მართლაც, ცემინებამ გამაღვიძა. ორჯერ ზედიზედ იყო და გავიფიქრე, რომ კარგის ნიშანია. უნდა იყოს კარგის ნიშანი, ტერეზამ ასე თქვა.

თავად ტერეზა ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არც ნათესავი ყოლია, არც მეგობარი („ცხიკების“ გამო დაემდურნენ). სრულიად უცხო ხალხმა მიაბარა მიწას. მისი რვეული  უპოვნიათ „ცხიკების“ აღნიშვნებით. ვერ გაუგიათ, რას ინიშნავდა და ჩაუთვლიათ, რომ თითოეული აღნიშვნა გაკეთებულ სიკეთეს გულისხმობდა.

მთელი რვეული ყოფილა სავსე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იგი სინათლის გადამცემია

0

 

(ფიქრები ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიული მოთხრობის გმირზე)

 

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ უნდა ამეხსნა მეთორმეტეკლასელებთან. ალექსანდრე გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრო გაკვეთილს და დამპირდა, რომ ტექსტს დამოუკიდებლად წაიკითხავდა, რათა მომდევნო გაკვეთილის აქტივობებში ჩართვა არ გასჭირვებოდა. დაახლოებით ღამის 11 საათზე მესენჯერში სანდროს შეტყობინება შემოვიდა. ჯერ გამომიგზავნა ბმული, სადაც მოთხრობის ტექსტი იყო განთავსებული და ამ მისამართს მოსდევდა ალექსანდრეს სიტყვები: „აუუუ, მაააას, ეს რა ყოფილააააა… ფინალმა ჩვეულებრივად დამადნო… ახლა ვფიქრობ, გრაფიკულად როგორ გადმოვცე ის სიმბოლოები, რომელთაც ეს გმირები განასახიერებენ“… და მეორე დღეს დაფაზე ცარცით, მარტივად და გენიალურად, ჩემმა უნიჭიერესმა ალექსანდრემ, რომელიც ახლა უკვე გამოცდილი მსახიობია, თეატრშიც თამაშობს და უნიკალური გამხმოვანებელიც გახლავთ თავისი უიშვიათესი ხმით, გამოსახა ეს გრაფიკული სიმბოლოები, რომლის ფოტოც ჩემს წერილს ახლავს. ალექსანდრესეული გრაფიკა შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველი მეჩვენა. ის მინიმალისტურად, მაგრამ ზუსტად გადმოსცემდა ბიჭის ემოციებს და ვინაიდან ცარცით დაწერილს მალე გაქრობა ემუქრება,  სასწრაფოდ ფოტო გადავუღე და ფეისბუქზეც პერიოდულად, ე.წ. „ქავერზე“ ვათავსებ ხოლმე მას. ალექსანდრემ ერთად დაწერა „იგინი“, თან ისე, რომ ასო ნარის მუცელი გულს გამოხატავდა, იმ გულს, რომელიც იგისა და ნის აკავშირებდა შეუცნობელი, მაგრამ ჟრჟოლისმომგვრელი გრძნობებით, რომლებიც გასაოცარი ექსპრესიულობით გადმოსცა სიტყვის ჯადოქარმა ქარჩხაძემ. ასო ნარის მუცელი ალექსანდრემ დაამსგავსა ნის მრგვალ მუცელს, რომელიც ნელა ადიოდა და ჩადიოდა ვნებებისგან, როცა ნაკადულის პირას, ის მოხდა, რაც მოხდა… იგისა და ნის სახელების გაერთიანებით ალექსანდრემ გადმოსცა მოთხრობის მთავარი იდეებიდან ერთ-ერთი, რომ სიყვარული ადამიანურ სასიცოცხლო გრძნობებს შორის უპირველესია. ხოლო როცა მეორედ გამოსახა ნარი ზღვის ტალღასავით, აქაც ალექსანდრე გულწრფელი აღმქმელი იყო ქალური საწყისის „ზღვაური“ ბუნებისა, ქალური ინიციაციისა, რომელსაც ნი განასახიერებს მოთხრობაში, ხოლო ზუს სახელის გამოსახვისას ასო ზენს სპირალი მიაბა ალექსანდრემ, რითაც სიმბოლურად გამოსახა, რომ ზუ რაღაცის განგრძობადობის, მომავლის, სპირალისებური ზეაღსვლის სიმბოლოა, რომ ყმაწვილი ზუ არის ახალგაზრდა, მაგრამ ძალმომრეობას და პროგრესისთვის ბრძოლას შეწირული იგის იდეების გამგრძელებელი.

სიტყვა „მესია“ ცოტაზე მეტად ამბიციური, პრეტენზიული და საფრთხილოა. მე კი ხშირად და თამამად ვიყენებ ხოლმე ამ სიტყვას ქართული მწერლობის რჩეულ გმირთა პორტრეტების დეკოდირებისას. რას ნიშნავს მესია? – მხსნელს ხომ? და მხსნელი მხოლოდ ერთი ქრისტე ხომ არ იქნება? ან ერთი მუჰამედი? ან ერთი ბუდა? ჩემთვის მესიაა ყველა გმირი, რომელიც გარემოს ცვლის, ხალხს აკეთილშობილებს, სხვებზე გავლენას ახდენს, რაღაცას ასწავლის და ზოგადად გადამცემი, გამტარი სახეა. უამრავ მესია-გმირს ვიცნობ ჩვენი მწერლობიდან: შუშანიკს, ჰაბოს, გრიგოლ ხანძთელს, ტარიელს, ავთანდილს და ფრიდონს, ლეონს, ოთარაანთ ქვრივს და გიორგის, თორნიკე ერისთავს და გაბრიელ სალოსს, ბაში-აჩუკს, ხევისბერ გოჩას, ალუდას, ჯოყოლას, ზვიადაურს, კვირიას, ლელას, ლუხუმს… მოკლედ, შორს წაგვიყვანს მათი გალერეის დათვალიერება, ამიტომ აქ შევწყვეტ…

ერთხელ მეთერთმეტე კლასში „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტზე მუშაობის დროს ვთქვი, რომ ქვრივი და გიორგი მესია-გმირებად მესახებიან, რომელთაც ყველა და ყველაფერი შეცვალეს წაბლიანში, ხოლო იმ ეპოქის წაბლიანი მთელი ქვეყნის მეტაფორული ქრონოტოპია. ამან ზოგიერთი მოსწავლის აგრესია და ირონიული დამოკიდებულება გამოიწვია. ზოგმა გაიზიარა ჩემი თვალსაზრისი, ხოლო ერთი მოსწავლე ცდილობდა, რომ ამის გამო პროვოკაციები მოეწყო. ერთხელ გაკვეთილიდან გავიდა და როცა მობრუნდა, ყვირილით ამბობდა: „რა დროს მესიაა, როცა მეფსია“… მის ეპატაჟს მდუმარედ ავუარე გვერდი, ხოლო მისი ოჯახის წევრი ჩემი სკოლიდან მოკვეთას და კოლექტიური წერილის მომზადებას ცდილობდა მასწავლებლის „მწვალებლური აზრების“ აღსაკვეთად…

არ მაქვს ილუზია, რომ ყველა გაიზიარებს ლიტერატურულ გმირებში ასე მხსნელის აღმოჩენას, მაგრამ სულ რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდეთ ამგვარ წაკითხვას, ბოლო-ბოლო ურყევი ჭეშმარიტება ის მაინც არის, რომ ლიტერატურული ტექსტებისა და გმირების დეკოდირებისას უამრავი განსხვავებული ხედვა და თვალსაზრისი ჩნდება და ყველას აქვს არსებობის უფლება, მით უმეტეს, თუ მყარი არგუმენტები უმაგრებენ საფუძველს ამგვარ აღმქმელობას.

  • რატომ მიმაჩნია, რომ იგი მესია-გმირია?

ჩემთვის უდავოდ და უაპელაციოდ არის იგი ამ ბუნების მატარებელი, რადგან ის თავის ტომში პირველია, ვინც გაიაზრა, რომ წელში უნდა გაიმართოს. ის პირველი მიხვდა, რომ მოხრილი ადამიანი განუვითარებლობის, რეგრესის, მიწასთან მიჯაჭვულობის და სამყაროს ვერშემეცნების განსახიერებაა. აქ უსათუოდ გაგვახსენდება გურამ პეტრიაშვილის არაჩვეულებრივი ლიტერატურული ზღაპრის, „პატარა დინოზავრის“, მთავარი გმირი, რომელმაც ასევე არ ისურვა თვისტომებივით მიწაზე თავჩარგულად ბალახის ძოვა, ცაში აიხედა და იხილა წითელი ბურთი. მიხვდა, რომ გარშემო ბალახის ძოვაზე ბევრად უფრო მიმზიდველი რამეები ხდებოდა და მოისურვა ყველა კითხვაზე პასუხების ძიება. ასე იქცა პატარა დინოზავრი ჟირაფად, დედაც კი ეწინააღმდეგებოდა მის სურვილებს და გაქცევისას კუდი მოაწყვიტა, ხოლო მუდმივად ცაში ცქერამ კისერი გაუზარდა, მზემ შეიყვარა და კოცნიდა და მზის ნაკოცნები ლაქებად გამოესახა. დინოზავრის ჟირაფად ქცევა ალეგორიულად გამოხატავს ადამიანის თვითგანვითარებისკენ ლტოლვას, რაც მის ცნობიერებას მთლიანად ცვლის, აფაქიზებს მის სულსა და  გულს, აფართოებს გონებას, სააზროვნო დიაპაზონებს.

იგი ყველაფერში ნოვატორია. ის იყო კაცი, რომელმაც პირველმა გაიაზრა, რომ გარდა სქესობრივი ინსტინქტებისა, არსებობს საოცარი გრძნობა – სიყვარული, რომელიც ორ ადამიანს შორის მაცოხლებელი ფლუიდებით მიდი-მოდის და ამდიდრებს მათ სამყაროებს. მან პირველმა გაიაზრა, რომ თავისი ვნებები შეუძლია ხელოვნების ქმნილებაში გარდასახოს, დახატოს და ეს იქნება ის, რაც დარჩება დიდი დაძინების ქარაფზე გადავარდნილი ადამიანისგან. მან პირველმა შეიგრძნო, რომ „ერთ არსად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო… ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო“…

გმირის ამ განცდის ქარჩხაძისეული გადაწყვეტა ჩემთვის იყო ადამიანური განღმრთობის ექსტაზის იმდენად შთამბეჭდავი გამოსახვა, როგორიც მანამდე არსად, არცერთი მწერლის ნაწარმოებში არ შემხვედრია.

იგი თვისტომთა შორის პირველია, ვინც „ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოიყვანოს“…

ცოდნა, რომელიც იგის საკუთარი ემპირიული ძიებებით მიეცა, მან არ დაიტოვა საკუთარ თავში და ამით კეკლუცობა კი არ დაიწყო, გადაწყვიტა, რომ ის გადასცეს თავის ხალხს, პირველ რიგში ქალს, რომელიც უყვარს, მერე – ყმაწვილ ზუს, რომელიც მასავით მაძიებელი სულია და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, ყველას, ყველას…

და ეს სინათლის, ცოდნის გადაცემის იდეა იმდენად ამაღლებულია, რომ მასთან არაფერია სიკვდილი, მტრობა, აგრესია, იგიმ განიცადა განღმრთობა, რამაც მისი სული მთლიანად გაათავისუფლა შურისგან, აგრესიისგან, ამიტომაც უარი თქვა ბელადთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

იგი მოგვაგონებს ჰაბო ტფილელს, რომელმაც ასევე გოლგოთის გზა აირჩია ნათელი იდეის სამსხვერპლოზე. როცა ჭაბუკი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ ქალაქის ქუჩებში, მისი სული გაშორდა სხეულს და ზეციდან დაჰყურებდა საკუთარ თავს.

როცა ბელადმა იგი გარიყა და მასზე ძალადობა დაიწყო, იგიმ უარი თქვა ძალადობითვე პასუხის გაცემაზე. „იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს“…

ნაცვლად მოძალადისა, მასში ხელოვანი იბადება. „სისხლი სისხლის წილ“ უცხოა იგისთვის, სამაგიეროდ იბადება ხელოვნება, რომელიც „თავად უკვდავებაა“ (კ. გამსახურდია)…

სინათლის გადამცემ ადამიანს, მესია-გმირს, თავისი ტომი უსიტყვოდ „უკვეთავს“ იდეას, ან უფრო სწორად, ვინაიდან ამ ტიპის ადამიანს აქვს ხედვა, რომელიც სხვებს არა აქვთ, ის ამოიცნობს, იოლად „კითხულობს“ მაცოცხლებელ იდეას და მის ხორცშესხმას სთავაზობს ხალხს. მოთხრობის ფინალში, იგის დიდი დაძინების ქარაფზე მორჩილად ასვლის დროს, ნათლად გამოჩნდა იგის სულიერი მისია. როცა გმირმა უკან მოიხედა, დაინახა, რომ  ამაყად იდგა გამართული, მხრებში გაშლილი ზუ, ხოლო ქარაფში გადავარდნის წინ იგიმ იხილა თავისი ხალხის მომავალი: „იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა – მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ… და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა“.

ამ თემაზე უამრავი სხვა შედევრი დაწერილა და ყველა მათგანში გმირი ეწირება ამაღლებულ იდეას, სამაგიეროდ ცვლის ყველაფერს, მას ყოველთვის გამოუჩნდებიან მიმდევრები. გავიხსენოთ რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ ფლეტჩერ ლინდი, ვაჟას „ალუდა ქეთელაურის“ მინდია, გოდერძი ჩოხელის „ცასწავალას“ მოლაღური…

მე რომ ფერმწერი ან სკულპტორი ვიყო, იგის სხეულს, რომელიც სამყაროს იტევდა, გამოვსახავდი „ჭურჭლად“, საიდანაც სინათლის მოელვარე სხივები გამოდის და გარეშემომყოფთა სხეულებში გადადის…

იგი სინათლის გადამცემია… ეს კი ყველაზე მაღალი ადამიანური მისიაა წუთისოფელში, მისია, რომელიც უკვდავებას გვპირდება…

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2019  წლის მესამე   ნომერი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,  საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

 

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

მასწავლებელი#3

 

დავეხმაროთ მოსწავლეებს საგამოცდო შფოთვის დაძლევაში

0

წარუმატებლობის შიშმა შეიძლება ხელი შეუშალოს მოსწავლეს გამოცდისას ცოდნის სათანადოდ წარმოჩინებაში, თუმცა 10-წუთიან წერით სავარჯიშოს მისი დახმარება შეუძლია.

 

აჩქარებული გულისცემა, ოფლიანი ხელისგულები, არეული ფიქრები; ბევრი მოსწავლისათვის, ყველაზე დიდი დაბრკოლებაა შფოთვა, რომელსაც ის განიცდის.

 

სტრესსა და შფოთვას შეუძლია არეულობა შეიტანოს მოსწავლის კონცენტრირების უნარში, რასაც მოაქვს დაბალი შედეგები და წარუმატებლობა. ახალი კვლევა ხაზს უსვამს ეფექტიან გადაწყვეტილებას: ასწავლეთ მოსწავლეებს, სხვაგვარად შეხედონ სტრესს – როგორც გაძლიერებას და არა როგორც ტვირთს. მარტივი 10-წუთიანი წერითი სავარჯიშოების მიცემა უშუალოდ გამოცდის წინ დაეხმარა მოსწავლეებს, დაენახათ სტრესი, როგორც “სასარგებლო და ენერგიის მომმატებელი ძალა”, რომელსაც მათი დახმარება შეეძლო.

 

წერითი სავარჯიშოები განსაკუთრებით ეფექტიანი იყო სოციალურად დაუცველი  მოსწავლეებისთვის, ვინც შესაძლოა განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს სიტუაციებისადმი, რომლებიც ხაზს უსვამს რიგითობას და სტატუსს – რაც ახასიათებს ტესტებს, სადაც “ფსონები მაღალია”. მათ უფრო შეძლებულ თანატოლებს შეიძლება მეტ შესაძლებლობებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორიცაა – რეპეტიტორები, ვისაც შეუძლია გაზარდოს სკოლაში მათი წარმატების შანსები. შედარებისთვის, უფრო დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან გამოსულ მოსწავლეებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ წარმატების მისაღწევად, რადგან მათ “შეცდომის დაშვების ნაკლები შესაძლებლობა” აქვთ, რაც ზრდის მარცხის შესაძლებლობას.

 

ფსიქოლოგები ქრისტოფერ როზეკი, გერარდო რამირესი, რეიჩელ ფაინი და შონ  ბეილოკი მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ საშუალო სკოლის ბიოლოგიის 1175 მოსწავლეს, რათა შეესწავლათ, თუ რა გავლენას ახდენდა სტრესი მათ შესაძლებლობაზე, ჩაებარებინათ მნიშვნელოვანი გამოცდები. მათ შენიშნეს, რომ ნაკლებშემოსავლიან მოსწავლეებს მეტი ზიანი ადგებოდათ საგამოცდო შფოთვის რეგულირების სიძნელის გამო. ეს მოსწავლეები წინასწარ განიცდიდნენ „შფოთვას ჩაჭრის შესაძლებლობის გამო”: ჩაჭრის შიშით გამოწვეული სტრესი ზრდიდა ჩაჭრის ალბათობას. მაგრამ 10-წუთიანი წერითი სავარჯიშოები, რომლებიც მოსწავლეებს უარყოფითი ფიქრების დაძლევაში, ემოციების რეგულირებასა და სტრესის, როგორც დადებითი ძალის აღქმაში ეხმარებოდა, ხელს უწყობდა, მათ უკეთესი შედეგი ეჩვენებინათ.

 

ამ კვლევისას ორგვარი წერითი სავარჯიშო ინიშნებოდა უშუალოდ სემესტრის დასრულების გამოცდების წინ:

 

– ექსპრესიული წერა. მოსწავლეებს სთავაზობდნენ, დაეწერათ მათი ფიქრები და გრძნობები გამოცდის შესახებ, რომლის ჩაბარებასაც აპირებდნენ. მათ ასევე სთავაზობდნენ დაეწერათ სხვა შემთხვევებზე მათ ცხოვრებაში, როდესაც შფოთვას განიცდიდნენ.

 

– სტრესის გადაფასება. სტუდენტებს სთავაზობდნენ, ეფიქრათ თავიანთი სტრესის სიმპტომებზე, როგორც გამოცდის ჩაბარების დამხმარე საშუალებაზე. მაგალითად, “როდესაც აღმოაჩენ, რომ ნერვიულობ ან შფოთავ გამოცდის ჩაბარების დროს, იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეუძლია შენი სხეულის რეაქციებს ენერგიით აგავსოს და დაგეხმაროს”. მოსწავლეები ასევე კითხულობენ ნაწყვეტს, სტრესისას (აჩქარებული გულისცემა და გაძნელებული სუნთქვა) – როგორ ეხმარება მათ ტვინისათვის ჟანგბადის მიწოდების გაზრდა, რაც ხელს უწყობს ყურადღების გაძლიერებას.

 

სავარჯიშოების ორივე ტიპი ეფექტიანი გამოდგა მოსწავლეთა მიღწევის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით ხელმოკლე მოსწავლეებისთვის. დაბალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი ოჯახებისდან გამოსული მოსწავლეების მიღწევათა შორის სხვაობა 29 პროცენტით შემცირდა, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისდან გამოსული მოსწავლეების ჩაჭრის სიხშირე კი – 50 პროცენტით, რაც ამ ჩარევას პოტენციურად ღირებულ საშუალებად აქცევს.

 

სტრესი სასარგებლოა, მაგრამ ზომიერად

 

სტრესი ყოველთვის ცუდი არ არის. TED-ის პოპულარულ გამოსვლაში, ფსიქოლოგი კელი მაკგონიგალი განმარტავს, რომ სტრესის რეფრეიმინგი შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, გახდნენ უფრო პროდუქტიული: “ეს მფეთქავი გული მოქმედებისათვის გამზადებთ. თუ უფრო სწრაფად სუნთქავთ, არაფერია. ასე თქვენს ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება”.

 

თუკი ქრონიკულ სტრესს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მოკლევადიანი სტრესი შესაძლოა სასარგებლოც იყოს – გააძლიეროს ყურადღება და მეხსიერება. 1908 წელს ფსიქოლოგებმა რობერტ იერკესმა და ჯონ დოდსონმა თაგვებზე მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სტრესსა და სწავლას შორის კავშირის დადგენას. მათ აღმოაჩინეს, რომ რთული დავალებებისას სტრესის ზომიერი რაოდენობა იდეალურია: ძალიან მცირეს აპათიისაკენ მივყავართ, ხოლო ძალიან ბევრი ამცირებს ეფექტიანობას.

 

იერკესისა და დოდსონის ორიგინალური ექსპერიმენტები ბევრ ხარვეზს შეიცავდა, მაგრამ მათ სტრესისა და სწავლის ურთიერთდამოკიდებულების კვლევის ახალი არეალები აღმოაჩინეს, მათ შორის ადამიანებშიც. მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევამ გაიმეორა მათი აღმოჩენები უფრო მკაცრ პირობებში, ხოლო 2015 წლის კვლევამ აღმოაჩინა, რომ სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დაბალი დონე აძლიერებს მეხსიერებას, ხოლო მაღალი – ასუსტებს მას.

 

რატომ შეიძლება სტრესი სასარგებლო იყოს? მკვლევრები ფიქრობენ, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ადრეული ადამიანების გადარჩენისას. ის გვეხმარებოდა არა მხოლოდ საფრთხის იდენტიფიცირებაში, არამედ უპირატესობის მოპოვებაშიც. ჩვენ მიჩვეული ვართ, ვიფიქროთ სტრესზე, როგორც უარყოფითი მოვლენებით გამოწვეულ რეაქციაზე და რადგან ხშირად ასეც არის, სტრესი გვეხმარება ფოკუსირებაში. ნერვიულობთ ვინმე ცნობილთან შეხვედრის გამო? მუცელში პეპლებია პრეზენტაციის წინ? ეს შეგრძნებები გეუბნებიან – “ეს მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციე “.

 

სტრესის ტრანსფორმაცია

 

საკლასო ოთახში საგამოცდო შფოთვა შესაძლოა საყოველთაო იყოს და გავლენა იქონიოს მოსწავლეთა შესაძლებლობაზე, გამოიყენონ მთელი მათი პოტენციალი. მაგრამ მასწავლებლებს შეუძლიათ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რათა მოსწავლეებს საგამოცდო შფოთვის დამარცხებაში დაეხმარონ:

 

ნაბიჯი 1: აღიარეთ, რომ გამოცდები ზომავს არა მხოლოდ აკადემიურ შესაძლებლობებს, ასევე იმასაც, თუ რამდენად ძლიერი საგამოცდო შფოთვით “იტანჯება” მოსწავლე.

 

ნაბიჯი 2: შეცვალეთ სტრესის შესახებ წარმოდგენა. ეს ტვირთი კი არ არის, არამედ სხეულის ენერგიით ავსების გზა. იფიქრეთ, რა სტრესთან გამკლავება უწევთ, მაგ. სპორტსმენებსა და მუსიკოსებს. NBA ჩემპიონი კობი ბრაიანტი ამბობს: “ყველაფერი ნეგატიური – წნეხი, გამოწვევები – ზრდის შესაძლებლობაა ჩემთვის”.

 

ნაბიჯი 3: მთავარ გამოცდამდე მიეცით მოსწავლეებს მოკლე შესვენება, რომ გამოავლინონ ნეგატიური ფიქრები. როგორც ბოლოდროინდელი კვლევა გვიჩვენებს, წერითი სავარჯიშოები ეფექტიანია, მაგრამ ასეთივე ეფექტიანია “ტვინის შესვენებები”, მედიტაცია, ყურადღების სავარჯიშოები და “მოძრაობის შესვენებები”.

 

ძალიან ხშირად, მოსწავლეები ფიქრობენ – “ეს გამოცდა ძალიან რთულია, და მე ალბათ ჩავიჭრები”. მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაერიონ და წაახალისონ დადებითი განწყობა სტრესის მიმართ, ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეებმა იფიქრონ – “ეს გამოცდა მართლაც გამოწვევაა  და მე მთელი ძალები უნდა მოვიკრიბო”.

 

დასკვნა: გამოყავით 10 წუთი გამოცდამდე, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს დადებითად შეხედონ სტრესს. მარტივია, გჯეროდეთ ტესტის სიზუსტის, მაგრამ მოსწავლეთა შფოთვამ შეიძლება ხელი შეუშალოს მათ ცოდნის სრულად გამოვლენაში.

 

 

 

წყარო:

https://www.edutopia.org/article/helping-students-beat-test-anxiety?fbclid=IwAR0willWK8oLeRxPmNLJkL_-FFQ6qTNv8pF8EOi4yVC8XBbsIskep05nv60

ლიტერატურა და სიმართლეები

0

მხატვრული ლიტერატურა არ არის ჩაფიქრებული იმ სახელმძღვანელოდ, რომელმაც შეიძლება,  ჩვენ ხვალ უკეთეს მოქალაქეებად გვაქციოს. თუ კი ჩვენ ასე წავიკითხავთ წიგნებს, ბუნებრივია, თავიდანვე შევცდებით და რეალურად, ზუსტად ვერ გავიგებთ მხატვრული ლიტერატურის არსს. მხატვრული ლიტერატურა არის ჩაფიქრებული იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებს გვქონდეს ბევრი არჩევანი და  ეს არჩევანი გულისხმობდეს ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ ის ბევრია, სხვადასხვაგვარობას ჩვენი მიმართებებისა ცხოვრებასთან. ანუ რეალურად, ლიტერატურა ვერ გაგვხდის ჩვენ ვერც უკეთესებს, ვერც – უარესებს. მხატვრული ლიტერატურის ფუნქცია ეს არასდროს არ ყოფილა. მხატვრული ლიტერატურა ჩვენ გვაქცევს უფრო საინტერესოდ და რეალურად გვაჩვენებს ბევრ გზას და ეს ბევრი გზა, მათ შორის, შეიძლება ხშირ შემთხვევაში გადაიკვეთოს მოქალაქეობასთან. თუმცა, მოქალაქეობის განცდა, ბუნებრივია, რომ ადამიანებს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარი ჰქონდათ და ასევე ცხადია, რომ ეს სხვადასხვაგვარობა სხვადასხვა პერიოდში აღიქმებოდა სხვადასხვაგვარადვე . ანუ ის მოქალაქეობა, რომელსაც ჩვენ დავინახავთ მაგალითად, ანტიკურ ეპოქაში, დავინახავთ შუმერულ სამყაროში , დავინახავთ შუა საუკუნეებში, დავინახავთ მე-20 საუკუნის დასაწყისში, რეალურად, თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და მით უფრო, განსხვავდება იმ მოქალაქეობისგან, რომელსაც თქვენ ახლა ატარებთ, იმ მოქალაქეობრივი ვალდებულებებისგან და მოვალეობებისგან , რომლითაც  ხართ დატვირთული.  შეიძლება ვინმემ დასვას კითხვა, რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა ამ აზრით, თუკი ის რეალურად სრულიად უსარგებლოა. საქმე ის გახლავთ, რომ მხატვრული ლიტერატურა კაცობრიობის გამოცდილებათა ჯამია . ეს გამოცდილებები კი არ უნდა გადმოვაკოპიროთ, არამედ, გავისიგრძეგანოთ , ვიცხოვროთ ამ გამოცდილებებში და მერე რეალურად გავითვალისწინოთ  ან არ გავითვალისწინოთ. ამბავი ლიტერატურის არის „ან -ან“ – ის, რაც თავის დროზე  კიერგორმა დაარქვა თავის წიგნს და რაშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, მეც და თქვენც  – ლიტერატურა მერყეობს ამ ამბავში და სიმართლე ითქვას, მოქალაქეობაც ამ ამბავში მერყეობს.  ჩვენ ვიცით ძალიან მკაცრად განსაზღვრული მოცემულობები, რომელსაც კანონი არეგულირებს, მაგრამ იმის იქით ჩვენ ვიცით ბევრი კითხვის ნიშანი , რომელსაც ვსვამთ  და ეს ავითარებს კანონსაც და ეს ავითარებს ყოველდღიურობასაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მხატვრული ლიტერატურის გამოცდილებები ჩვენ შეიძლება გამოგვადგეს აქაც, როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთულია რაღაც რუტინით და   ნაკლები ინტერპრეტაციით. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ გადავშლით რომელიმე წიგნს , იქნება ეს ბიბლია, იქნება ეს გუსტავ ფლობერის წიგნი , თუ იქნება ეს თომას მანი, იქ წავიკითხოთ საკუთარი თავი. რეალურად, ადამიანი ყოველთვის არის ადამიანი.  თავისი შურით, ტკივილით,  სიხარულით და ა.შ. იცვლება სამოქალაქო კოდექსები, იცვლება მოქალაქეობის განცდა, მაგრამ ადამიანის განცდები, როგორც ასეთი, არ იცვლება.  მისი მიდრეკილებები არ იცვლება. იცვლება კონტექსტები, რომლითაც ადამიანი გამოხატავს ამ ყველაფერს.   მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს:  „ მე შენ მიყვარხარ“ – ოდესღაც ამას ამბობდა ჩურჩულით რომელიღაცა გამოქვაბულში,  შეიძლება მერე ვიღაც  ატანდა მტრედს  მიბმული  ბარათით, მერე საფოსტო ყუთს იყენებდა და დღეს მობილურით ვუგზავნით ერთმანეთს. რეალურად, ერთსა და იმავე რამეს განვიცდით. ანუ ადამიანი არ იცვლება. იცვლება მხოლოდ და მხოლოდ კონტექსტები. ისევე, როგორც სიძულვილი, შური და სხვა დანარჩენი გრძნობები დარჩა მყარად . აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პერიოდის ლიტერატურა არის ჩვენთვის საინტერესო. ნებისმიერი პერიოდის ადამიანმა შეიძლება მოგვცეს გამოცდილება და ეს გამოცდილება გამოდგეს სასარგებლო ჩვენი მოქალაქეობისათვის. მოქალაქეობა რა არის?!   მოქალაქეობა არის საზღვრების დადგენა საკუთარი თავისუფლებასა და სხვის თავისუფლებას შორის. ანუ რეალურად, მოქალაქეობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვიყოთ თავისუფლები სხვისი თავისუფლების გათვალისწინებით და ამასთან დაკავშირებით, არსებობს ბრწყინვალე მაგალითი, რაზეც სხვებსაც უსაუბრიათ და მეც ხშირად ვამბობ ხოლმე. ეს არის ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.

გავიხსენოთ უფრო დეტალურად. რა ხდება აქ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ სკოლაში ვსწავლობთ ამ ტექსტს და ვამთავრებთ სადღაც, სადაც არ უნდა ვამთავრებდეთ და ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის თემისა და პიროვნების დაპირისპირება. შეგვიძლია, გადავასხვაფეროთ და ვთქვათ, რომ ეს არის მოქალაქის , როგორც თავისუფალი ფენომენის და სახელმწიფოს, როგორც რეპრესიული მანქანის დაპირისპირება, თუკი მაინცდამაინც თანამედროვე ენაზე გვინდა ლაპარაკი. მხოლოდ ამ განსაზღვრებით ძალიან შევცდებით. როგორ მიდის საქმე. საქმე მიდის ასე, რომ ალუდა ქეთელაური არის წარმატებული მოქალაქე. ახალ მეტყველებაზე ალუდა ქეთელაური არის მოქალაქე, რომელიც იხდის ყველა გადასახადს, არ გადადის წითელზე  და იცავს სხვის უფლებებს. ეს არის ზუსტად იგივე, რასაც იგი აკეთებდა თავის სამოქალაქო საზოგადოებაში. ანუ იცავდა იმ წესებს, რომელიც განუსაზღვრა გამოცდილებამ და თემმა. ანუ კლავდა მტერს, აჭრიდა მარჯვენას და თავის სახლზე კიდებდა. კი, დღევანდელი გადასახედიდან ბრუტალურია ეს გამოცდილება, მაგრამ   მაშინ ეს წესი მოქმედება  და ალუდა ქეთელაური იყო ამ წესის ნაწილი. გავლენიანი ადამიანი იყო. ისეთი, როგორსაც თქვენ შეიძლება დღეს პატივს სცემდეთ სხვა თვისებების გამო. ჩვენ რომ ვუკიჟინოთ აქედან, რომ ეს რა უბედურებაში იყავი შე კაცო და სხვანი, დიდი აბსურდი იქნება. ისევე, როგორც ვიღაცას რომ მოვთხოვოთ ანტიკურ დროს,  ასე  და ასე რატომ არ წერდი ან  შუა საუკუნეებში რომ გადავძახოთ, უფლებებს რატომ არ იცავდი და ა.შ. და ა.შ.  ეს პოლიტკორექტულობის უარესი მხარეა. მოკლედ, ალუდა ქეთელაური არსებობს საკუთარი საზოგადოების მოცემულობაში და მას შეხვდება ადამიანი, მუცალის სახით , რომელიც ასევე არის ხსენებული ინერციის ნაწილი. და შეერკინებიან ერთმანეთს. ბატალური სცენა არის აღწერილი ბრწყინვალედ.  ვაჟა-ფშაველას ყველანი იოლად გადავშლით და იოლადვე წავიკითხავთ. არ არის რთულად ხელმისაწვდომი.  მოკლედ, ალუდა ქეთელაური მოკლავს მუცალს ბრძოლაში და არ მოაჭრის მარჯვენას. ეს მარჯვენის არმოჭრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოვარდნა საზოგადოებრივი წესრიგიდან. მარჯვენის არმოჭრით   ალუდა ქეთელაური რაღაცა ერთ დიდ ნაბიჯს დგამს ახალი სამყაროსკენ. ამ ნაბიჯს ემატება მეორე, კიდევ უფრო რთული ნაბიჯი, მეც და თქვენც, რომლის გადადგმაც  ძალიან გაგვიჭირდებოდა. ეს კაცი, ვინც მოკვდა, არის მუსლიმური თემის წარმომადგენელი. ალუდა ქეთელაური კი – ქრისტიანული თემის წარმომადგენელია.  ცხადია, მისი წარმოდგენები შერწყმულია მთის ტრადიციებთან, ნაწილი სულაც წარმართულია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. თავისი არსით ეს არის ქრისტიანული კულტურა.  და არის ხატობა და ალუდა ქეთელაური მიიტანს მუცალის სახელს შესაწირად. ეს არის მეორე სერიოზული ამოვარდნა იმ მოცემულობებიდან, რომელშიც ალუდა ქეთელაური ცხოვრობდა. ანუ ორი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ალუდას და მის ოჯახს თემი გააძევებს. და ხშირად წერტილი.

მაგრამ  მთავარი ამბავი ბოლოსაა შემონახული. ამას ჩვენ  უმეტეს შემთხვევაში ვერ ვამჩნევთ ხოლმე და  ვრჩებით ფრაზასთან, რომელიც გაყინულია და ბევრს არაფერს არ გვაძლევს – ,,თემისა და პიროვნების დაპირისპირება’’  და სადაც თითქოს იმარჯვებს თემი, მაგრამ პიროვნება ასწლეულების მერე რჩება გამარჯვებული. და ამას ხშირად ვამბობთ  ჩვენ, ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, უფრო ხშირად, თემის მხარეს ვართ ხოლმე და  ყველა ალუდა ქეთელაურს ვმიჯნავთ. ის ყოველთვის არის უმცირესობა და ტექსტში ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად მოჩანს, მაგრამ პრაქტიკულად რთულად გასაკეთებელია. მოკლედ, გაძევებული ალუდას  ოჯახი ბუნებრივია, ძალიან განაწყენებული თემს წყევლის და  ალუდა ქეთელაური  თავის ოჯახს ეუბნება სიტყვებს, რომელიც არის გადამწყვეტი აი, ამ პოემის და მე ვფიქრობ, საერთოდ  ვაჟა- ფშაველას და ალბათ, ქართული მე19-20 საუკუნის ცნობიერების ისტორიაში გადამწყვეტი, მაგრამ არგათვალისწინებული: „ თემს ნუ სწყევთ’’ . ანუ ალუდა ქეთელაური გვთავაზობს, რეალურად  მომავლის სამოქალაქო პროექტს, რომელიც გვეუბნება, რომ მე , ადამიანს, რომელსაც მაქვს ჩემი სიმართლე, შემიძლია დავინახო ის სიმართლეც, რომელიც არ ემთხვევა ჩემსას და ვაღიარო ეს. ანუ მოქალაქეობა რა არის?! მოქალაქეობაც ზუსტად ეს არის , რომ მე და თქვენ ვიცხოვროთ ერთ მოცემულობაში ისე, რომ გვქონდეს ჩვენი სიმართლეები და ეს სიმართლეები შევინარჩუნოთ.

 

ადამიანი, მიუხედავად ვთქვათ, თავისი შინაგანი,  ღვთიური, გნებავთ, თავისუფლებისა, მაინც არის საზღვრების არსებობა . ეს საზღვრები გულისხმობს მეორე ადამიანს და სადაც ჩვენ ვამჩნევთ  მეორე ადამიანს, იქ უკვე ბუნებრივია, შემოდის მეორე ადამიანის  გათვალისწინების აუცილებლობა. როდესაც ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, ვართ ცუდი მოქალაქეები. მოქალაქეობა სწორედ ეს არის და არა მაინცდამაინც, გუშინწინდელი კოდექსის წესებში გამოკეტვა. თუ ალუდას პარალელი გვინდა, აი, მაგალითად, სუფისტურ სიბრძნეში ჩვენ გვაქვს მთელი სერია მოლა ნასრედინის იგავებისა, რომელიც სხვათა შორის, იგივეს ამბობს, ოღონდ ცოტა უფრო მოკლე ნაბიჯია იმ მასშტაბებისკენ, რასაც ვაჟა- ფშაველამ მიაღწია: მოლა ნასრედინი როცა არის ყადი  და განსჯის ორ  ადამიანს.  ერთი მივა და საკუთარ გასაჭირს ეტყვის. მოლა მიუგებს: შენ მართალი ხარ და აიღებს გასამრჯელოს. მერე მოვა მეორე, რომელიც ასევე, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. იმისგანაც აიღებს გასამრჯელოს და მასაც უპასუხებს – ,,შენ მართალი ხარ’’  ამას მისი შვილიშვილი უსმენს, გამოვა და შესჩივლებს; როგორ შეიძლებაო, ორი ადამიანი სხვადასხვა აზრით, სხვადასხვანაირი   პრობლემით, ერთ საკითხთან დაკავშირებით იყოს მართალი და მოლა ,,შენც მართალი ხარო’’ შვილიშვილს ეტყვის. ანუ ყველა მართალი ვართ საკუთარ თავთან. აქ ნასრედინის ნაბიჯი მთავრდება, მაგრამ უკვე ვაჟა-ფშაველა გვეუბნება, რომ  ერთის სიმართლე არ უნდა იყოს სხვისი დამაზარალებელი. აი, ამიტომაც დამარცხდა თემი ვაჟა-ფშაველასთან და არა იმიტომ, რომ საუკუნის მერე ვითომ ალუდას მხარეს დავდექით. ზოგადი აზრით ალუდა გულისხმობს ემპათიასაც. მარტო სხვისი სიმართლის შემჩნევას კი არა,  ამავდროულად გულისხმობს იმასაც, რომ თუ ვინმე წუმპეშია, ამოვიყვანოთ და გადავარჩინოთ. ეს ძალიან რთული საქმეა. ძალიან რთული – საკუთარი თავის ოდნავ გვერდით გაწევა და სხვისთვის გაწირვა თუ არა, ცოტა ტკივილს ფასად მაინც შეშველება. მხატვრული ლიტერატურა ამასაც სწავლობდა და მაგალითად კამიუს „დაცემა“ ამის საკუთესო მანიფესტია. მამარდაშვილი ამბობდა: ადამიანს  არ  ძალუძს ამოხტეს საკუთარი თავიდან, მას შეუძლია, მხოლოდ  თავისი სამყაროს კიდესთან დადგეს. ამ კიდესთან მისვლაც  ძალიან მნიშვნელოვანია – დავინახავთ, რომ არსებობენ  სხვები,   მსგავსები, რომლებიც შეიძლება  ჩვენზე უარეს დღეში იყვნენ, ან რიგ შემთხვევებში შეიძლება – უკეთესშიც. მაგრამ ის,  ვინც ჩვენზე უარეს დღეშია , აუცილებლად უნდა ამოვიყვანოთ, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ. იმიტომ, რომ მათი გადარჩენა არის პოტენციურად ხვალ  ჩვენი გადარჩენა. კი, ყველაფერი ეგოს უკავშირდება. კი, ყველაფერი ტრიალებს ამის ირგვლივ, მაგრამ მერე რა.

 

 

სამაგიდო თამაშები – სასწავლო წლის ხალისიანი ბოლო კვირა

0

რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეთათვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნას; მათი სურვილების გათვალისწინებით  საინტერესო, ინტერაქტიური დავალებების შექმნას; და რაც ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს ბავშვებს – თამაშით სწავლებას.

ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ვეძებ რაღაც განსხვავებულს, სახალისოს. როდესაც  ცხელა და რაღაცნაირად მოსაწყენი ხდება სკოლაში სიარული, მართლა ძნელია მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირება და ძალაუნებურად პატარ-პატარა თამაშებით ვცდილობ ხოლმე ამ დღეების გახალისებას.

სკოლის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე, ჩემს ჭკვიან მეოთხეკლასელებს შევთავაზე, ეფიქრათ ისეთი სამაგიდო თამაშების შექმნაზე, რომლებიც სახალისოც იქნებოდა და ამავდროულად,  წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილი მასალის გამეორებას შეუწყობდა ხელს.

გულწრფელად გეტყვით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც მათ შეძლეს. მუშაობდნენ წყვილებში, ოთხეულში (სურვილისამებრ) და ბოლოს, სამოდელო გაკვეთილზე, მაღალ დონეზე შესრულებული სამაგიდო თამაშები წარადგინეს.

ოცნებობენ, მოიპოვონ დაფინანსება, რათა მათ მიერ შექმნილი თამაშები ბევრი ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სურვილი აქვთ, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ნამუშევრებს.

ყველაზე მეტად, რამაც უდიდესი სიხარული მომგვარა, ის იყო, რომ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლეს აბსოლუტურად ჩემგან ჩაურევლად. ვხედავდი, ერთმანეთში როგორ აზუსტებდნენ დეტალებს, არ მოდიოდნენ ჩემთან, და არც მე ვუსწორებდი რამეს.

საბოლოოდ, მოსწავლეებმა, წყვილებში და ოთხეულში შექმნეს სრულიად ორიგინალური, განსხვავებული და შემეცნებითი ექვსი სამაგიდო თამაში.

 

 

,,ცისარტყელას ლექსიკონი’’, რომელშიც ცისარტყელას ფერები განსაზღვრავს დავალების პირობას, რა სირთულის სიტყვები უნდა განმარტონ მოსწავლეებმა.

 

 

 

 

 

,,გამოიყენე შენი ცოდნა’’ – სათამაშო დაფაზე და კონვერტებში განთავსებულია ანდაზები, ფრაზეოლოგიზმები, მეტყველების ნაწილები, ნაწარმოებების სათაურები, დაუსრულებელი  წინადადებები. სადაც კამათელი გაჩერდება, მინიშნებით ეძებენ მოსწავლეები შესაბამის კონვერტს.

 

 

,,მოთხრობანა’’  –  სათამაშო დაფაზე განთავსებულია ილუსტრაციები. რომელ ილუსტრაციაზეც კამათელი გაჩერდება, ამის მიხედვით მოთამაშეები ადგენენ  წინადადებებს, შემდეგ – მოთხრობებს.

 

,,გაიქეცი სიტყვების ტყვეობიდან’’ – სათამაშო დაფაზე, ,,ა’’-დან ,,ჰ’’-მდე ასო-ბგერების ,,ტყვეობაში’’, განთავსებულია ლაბირინთი, უამრავი პირობითი ნიშანი და ისარი, რომელთა დახმარებით მოთამაშეებმა უნდა ახსნან სიტყვები; გაიხსენონ ანდაზები ობობას ქსელიდან თავის დასაღწევად; დაალაგონ არეული წინადადებები, კასრიდან რომ ამოვიდნენ; განმარტონ რთული სიტყვები, ხიდი რომ ააშენონ; უნდა შეადგინონ წინადადებები, რომლებიც გვირაბიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს ნაწარმოებების პერსონაჟებს.

 

,,გამოცანები’’ – ფერად  ყუთებში მოთავსებულია ფურცლებზე დაწერილი გამოცანები. სათამაშო დაფაზე განთავსებული პირობითი ნიშნების, ნაწარმოებების პერსონაჟებისა და ისრების დახმარებით მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ და ამავდროულად, თვითონ მოიფიქრონ გამოცანები.

 

 

 

,,ამოუხსნელი ლექსიკონი’’ – სათამაშო დაფაზე განთავსებულია ორიგინალური დავალებები: ,,განმარტე სიტყვა 20 სხვადასხვა მნიშვნელობით’’, ,,ახლა დაისვენეთ რთული სიტყვებისგან’’, ,,კარგი’’ და ,,ცუდი’’ ბარათები. სწორად ახსნილი სიტყვები ფასდება  10000 ქულით.

 

 

 

ასეთი სახალისო იყო ჩემი მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო ცხელი კვირა.

განსაკუთრებულად უხაროდათ, როცა სხვა კლასის მოსწავლეებს უზიარებდნენ და მათთან ერთად თამაშობდნენ, ან დროებით ათხოვებდნენ სათამაშოდ…

და როცა, პირობის თანახმად შემახსენეს, როდის ექნებოდათ საფინალო შემაჯამებელი გაკვეთილი, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ უკვე შეჯამებული ჰქონდათ მთელი წლის გარჯის შედეგად მიღებული ცოდნა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...