შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

გაზვიადებული ამბები

0

სიტყვა „გაზვიადებაზე“ სულ იპოლიტე ხვიჩიას გმირი მახსენდება, ცოლს და სიდედრს, ყაჩაღების მოგერიებაზე, რომ უყვებოდა. ერთი ისე მოვისროლე, ბეჩავი სად გადავარდა, თავადაც ვერ გაიგოო.  არადა, მე და თქვენ ხომ  ვიცით, შიშით თვითონვე კანკალებდა   და ყაჩაღებისგან გარბოდა.

„გაზვიადებას“ ცხოვრებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. უყვართ ადამიანებს არა რეალული ამბების შეთხზვა და მოყოლა. ასეთი ამბების გამო წაკინკლავებულან და სერიოზულად უჩხუბიათ კიდეც. დედა თავის ნათლია-ნინა იარაჯულს იგონებს ხოლმე. სიმართლის პირდაპირ  მთქმელი წითელ თმიანი ხევსური ყოფილა, რომელსაც ზედმიწევნით კარგად სცოდნია ბუნებრივი საღებრების მომზადება და გამოყენება. ჰოდა, ნინა ნათლია, თურმე ხშირად ყვებოდა სისხლადუღებულ ხევსურებზე, რომლებიც რაღაც გაზვიადებული ამბების გამო ხმლებით კენწლაობასაც არ ერიდებოდნენ.

-გავყარე ის ბალღებიო, ამბობდა თურმე. ანუ, დავაშოშმინე, დავაწყნარეო.

სხვების მოსმენისას, რას არ გაიგებ…„ომის დროს მხოლოდ ცხენებით კი არა, ქვემეხის ჭურვზე  ამხედრებულმაც ვიმგზავრე! ერთ-ერთ ქალაქს ალყა შემოვარტყით და გასარკვევი გახდა, ქვემეხების   რა მარაგი ქონდათ. მთელ ჩვენს რაზმში ერთი გულადიც კი არ მოიძებნა, ვინც მტრის ბანაკში შეუმჩნევლად შეიპარებოდა და ინფორმაციას გამოიტანდა. თუმცა…მე იქ არ ვიყავი? დავდექი ქვემეხის  პირას, როგორც კი ჭურვი გამოტყორცნა,  ზედ მოვახტი და ასე გადავფრინდი მტრის ქალაქში. ჩვენები ყვიროდნენ: ბრავოოო, ყოჩაღ! თავიდან სიამოვნებით მივფრინავდი, მერე კი ცოტა შფოთვამ შემიპყრო. ჰო, ვთქვათ და ჩავფრინდი, მაგრამ მტრები იქიდან ცოცხალს  გამომიშვებდნენ? ამ დროს ქალაქიც გამოჩნდა და იქ განლაგებული ქვემეხებიც. ყველა დავთვალე, თოთხმეტი იყო. ბიჭოს?.. მტრებსაც უსვრიათ ჩვენი მიმართულებით ჭურვი. ბევრი აღარ მიფიქრია, შემხვედრ ჭურვზე გადავჯექი და ასე მშვიდობიანად დავბრუნდი ჩვენებთან. ჰო, ქვემეხების  რაოდენობა მეთაურს მოვახსენე“.

ეს ცნობილი ცრუპენტელა იცანით?

დიახ, ბარონი მიუნჰაუზენია, ამბების გამზვიადებელი და მითების შემქმნელი. ცოტას კიდევ მოუსმენთ და იმასაც მოგიყვებათ ჭაობიდან ცხენი და თავისი თავი როგორ ამოათრია. ჰო, რა გასაკვირია, საკუთარ   ნაწნავს  მოეჭიდა და ჰაერში აწია.

მითები და გაზვიადებული ამბები ქიმიაშიც მოიძებნება. სხვათა შორის, ქიმიის კლუბისთვის  მშვენიერი გასართობ-შემეცნებითი აქტივობაც არის.

მაშ ასე, მოიფიქრეთ  მითები ქიმიაში და შემდეგ კლუბური მეცადინეობის დროს გაარჩიეთ.

მითების ძიება ქიმიის ისტორიიდან შეგიძლიათ დაიწყოთ.

დიახ, ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ქურუმები ამტკიცებდნენ, რომ წყალი ორ სხვა ახალ ნივთიერებას წარმოქმნიდა-ყინულს და ორთქლს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ახალი ნივთიერება კი არა,  წყლის აგრეგატული მდგომარეობა გახლდათ.

მოგვიანებით დადგინდა და დაფიქსირდა, რომ მხოლოდ სამი აგრეგატული მდგომარეობა არსებობს: აირადი, თხევადი და მყარი. მეცნიერებმა კი დიდი ხანია, რაც პლაზმა მეოთხე აგრეგატულ მდგომარეობად აღიარეს. პლაზმა პირველად ირვინგ ლანგმურმა აღწერა 1920 წელს.  ზოგიერთ წყაროში კი კოლოიდებსაც აგრეგატული მდგომარეობის ერთ-ერთ ნაირსახეობად შეხვდებით (Chemistry in Action, #113), რომელიც განსხვავდება გაზისგან, მყარი და თხევადი მდგომარეობისგან.

ან, მაგალითად…

თითქოს ნახშირბადს, მხოლოდ ორი ალოტროპული სახესხვაობა ჰქონდეს და ეს, რა თქმა უნდა, ბრილიანტი და გრაფიტია. აბა, 1985 წელს აღმოჩენილი ფულერენი რაღაა? დღეისათვის სრულად არის შესწავლილი C60 ფულერენი, რომელიც 20 ექვსკუთხედისა და 12 ხუთკუთხედისგან შედგება. მასში ყველა ატომი ექვსვალენტიანია. ფულერენის კრისტალები ნახევარგამტარია. C60 ფულერენი ფეხბურთის ბურთს მოგვაგონებს, C70 ფულერენი კი რაგბის ბურთს. სინთეზირებულია ფულერენი 600-მდე ნახშირბადის ატომით.

ზოგადად კი დღეისათვის ნახშირბადის 8 ალოტროპული სახესხვაობაა ცნობილი: 1) ბრილიანტი; 2) გრაფიტი; 3)ლონსდელეიტი ; 4) C60 ფულერენი; 5) C540 ფულერიტი; 6)  C70; 7)ამორფული ნახშირბადი; 8) ნახშირბადის ნანო-მილაკი.

 

დაბნეულობას იწვევს კიდევ ერთი  ამბავი.

განზავებული მჟავა სუსტია, კონცენტრირებული კი ძლიერი.

მოსწავლეებში (მხოლოდ?) მართლაც გაურკვევლობას  იწვევს კონცენტრაციასა (კონცენტრირებული და განზავებული, მოლ/ლ) და მჟავას (ან ფუძის) სიძლიერეს  შორის გარკვევა. არადა საქმე  ეხება მჟავას ან ფუძის დისოციაციის ხარისხს ხსნარში.

1М მარილმჟავა და ძმარმჟავას აქვთ ერთნაირი კონცენტრაცია მოლ/ლ მაგრამ,   HCl-ს უფრო დაბალი pH აქვს, ანუ, უფრო ძლიერი  მჟავაა, რადგან ხსნარში, ძმარმჟავასთან შედარებით, ~ 100% დისოცირდება. ძმარმჟავას, თავის მხრივ,  ნაკლები დისოციაციის ხარისხი აქვს. თუმცა, თუ მათი მეშვეობით გავტიტრავთ 1 М NaOH-ს, ორივე ერთნაირ ექვივალენტურ წერტილს მოგვცემს.

ახლა, კვლავ ქიმიის ისტორიაში დავბრუნდეთ…ვიტალიზმის ეპოქაში.

ვიტალისტები, ანუ ვიტალისტური თეორიის მიმდევრები  მეცხრამეტე საუკუნის ქიმიკოსები იყვნენ, რომლებსაც სწამდათ, რომ ცოცხალ ორგანიზმში არსებული ქიმიური ნივთიერებების მიღება სინთეზური გზით შეუძლებელი იყო.

1807 წელს ბერცელიუსმა ცოცხალი ბუნებისთვის დამახასიათებელ ნივთიერებებს ორგანული უწოდა.  არაცოცხალი ბუნებისთვის დამახასიათებელ ნივთიერებებს კი არაორგანული. ყურადღება მიაქცია, რომ ორგანული ნივთიერებები გახურებით არაორგანულ ნივთიერებებს წარმოქმნიდნენ, თუმცა პირიქით ვერ ხერხდებოდა.

1828 წელს ბერცელიუსის მოსწავლემ, ფრიდრიხ ველერმა  გამოაქვეყნა თავისი აღმოჩენა. ის აცხელებდა ამონიუმის ციანატს და იღებდა შარდოვანას.  ანუ, არაორგანული მარილიდან  ლაბორატორიაში  მიიღო ორგანული ნაერთი. ბერცელიუსი კი ჯიუტად იმეორებდა, არაო. შარდოვანა ამონიუმის ციანატში ატომური გადაჯგუფებით წარმოიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის (შარდოვანა), არაორგანული პროდუქტებისგან არ წარმოქმნილაო. ეს კამათი  1845 წელს დასრულდა. ამ დროისთვის  ადოლფ კოლბემ   ნახშირბადისგან, წყალბადისგან და ჟანგბადისგან ძმარმჟავა მიიღო.

თუმცა, იმ დროინდელი მითი, ოდნავ სახეცვლილი, არსებობას აგრძელებს და ამბობს, რომ ცოცხალი ორგანიზმებიდან გამოყოფილი ნივთიერებები აბსოლუტურად განსხვავდებიან იმავე, ოღონდ სინთეზურად მიღებული ნივთიერებებისგან.

არადა, ბუნებრივი წყაროდან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერება იმავე შედგენილობის არის, როგორიც იგივე ნივთიერება მიღებული ლაბორატორიაში. აქ ალბათ ხაზი უნდა გაესვას სიტყვას „სუფთა“-ს, რადგან ბუნებრივი წყაროსგან გამოყოფილ პროდუქტს ზოგჯერ მინარევები ახლავს  თან და სწორედ ეს მინარევებია უფრო  სასარგებლო. მაგ.   ყავისფერი შაქარი განსხვავდება თეთრი რაფინირებულისგან, რადგან მასში დამატებითი კომპონენტებია. თუმცა, ორივე შაქარია და ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმისთვის მავნეა.

ან, ვარდისფერი მარილი… მის ფერს სხვადასხვა მინერალების თანაარსებობა განაპირობებს. შეიცავს კალიუმს, ფთორს, იოდს, მაგნიუმს, სპილენძს და ა.შ. მათი საერთო რაოდენობა მხოლოდ 3%, თუმცა შეფერილობისთვის სრულიად საკმარისია. დანარჩენი 97% ნატრიუმის ქლორიდია, რომელიც კარგია თუ ცუდი თქვენთვის მომინდვია https://mastsavlebeli.ge/?p=18691

მოკლედ, ვიტალიზმის იდეა კვლავ ცოცხალია  ე.წ. „ორგანული საკვების“ იდეით, რომ ბუნებრივი კარგია და სინთეზური ცუდი https://mastsavlebeli.ge/?p=20116

ან, ასეთი ამბავი…გარკვეული  პროდუქტი ქიმიკატებს არ შეიცავს.

ჰო, მაგრამ  ყველაფერი ქიმიური ნივთიერებისგან შედგება. თითოეული პროდუქტის ფერს, სუნს, გემოს სწორედ მასში არსებული ქიმიური ნივთიერებების ნაკრები განაპირობებს. პროდუქტი ქიმიურად სუფთაა, ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, როგორიცაა ფერის მიმცემი, გემოს გამაძლიერებელი და ა.შ. პროდუქტში მათი არ არსებობა   მნიშვნელოვანია, რადგან  უმრავლესობა ტოქსიკურია და კანცეროგენური თვისებები ახასიათებს.

კიდევ ერთი მითი: ქიმიური ზემოქმედება, შენელებული მოქმედების ნაღმი გახლავთ.

სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინები: „ქიმიური ნივთიერებების კოქტეილი“ და „შენელებული მოქმედების ნაღმი“. გვაფორიაქებს და გვაფიქრებს. თუმცა, ადამიანები მუდამ „ქიმიურ კოქტეილში“ ცხოვრობდნენ. მე თუ მკითხავთ, ეს მითი რეალობასთან ახლოს არის. უფრო, რომ განვმარტოთ, დიახ, ადამიანები მუდმივად ქიმიურ ნივთიერებებთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა, 21-ე საუკუნეში „კოქტეილს“ საშიში ნივთიერებები დაემატა და გამოდის, რომ მართლაც „შენელებული მოქმედების ნაღმი“ გვაქვს.

სანამ თქვენთვის გაზვიადებულ ამბებს ვწერდი, ბარონი  მთვარეზე გაფრენას ლამობდა. უფრო სწორედ,  წარმატებით აცოცდა და ჩამოცოცდა კიდეც.

„ნიადაგში თურქული ბარდა ჩავთესე. მაშინვე ზრდა დაიწყო. ხუთ წუთში თვალი ვეღარ ავაწვდინე, იმხელაზე აიჭრა ცაში. ბევრი არ მიფიქრია, ზედ ავცოცდი. ასე აღმოვჩნდი ერთ საათში მთვარეზე. იქ ვერცხლის ტარიანი ცული ამივარდა, ხომ გახსოვთ. მთვარეც ვერცხლისფერია, ცულის ტარიც ვერცხლის იყო, ამიტომ პოვნა გამიჭირდა, მაგრამ მოვძებნე. დაბრუნება დავაპირე, მაგრამ…მზეს ჩემს მიერ დარგული ბარდა გაეხმო. სხვა რა დამრჩენოდა? გამხმარი ბარდისგან თოკის წვნა დავიწყე. ოდნავ მოკლე გამოვიდა, თუმცა მაინც ჩამოვცურდი. გარკვეული დროის შემდეგ თოკი დამთავრდა და ცასა და მიწას შორის გამოკიდებული დავრჩი. ცულით ზედა ნაწილი მოვჭერი და ქვედას მოვაბი. ასე აღმოვჩნდი მიწაზე.

ჰმ, თქვენც ხომ იცით, მიუნჰაუზენი არსად დაიკარგება.“

კი, ასეთი ფანტაზიორი არსად დაიკარგება.

ჩვენ კი მსგავსი გაზვიადებული ამბები ქიმიის კლუბში საკამათოდ და სადისკუსიოთ გადავიტანოთ…ისევ და ისევ, ცოდნის გაღრმავების მიზნით.

 

რჩევები მამებს

0

შეუქმენით თქვენს შვილს კარგი მოგონებები ბედნიერ ბავშვობაზე, რასაც მას ვერავინ და ვერასდროს წაართმევს, რაც მთელი ცხოვრება გაათბობს, შექმნის მომავალი პიროვნების ემოციურ ფუნდამენტს, გაანაყოფიერებს ნიადაგს, რომელზეც შემდგომში მის კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

  1. უპირობო მიმღებლობა

ეს ნიშნავს – თქვენი შვილი რაღაცის გამო კი არ გიყვართ, არამედ ისე, უბრალოდ გიყვართ. მან შეიძლება გაგაბრაზოთ, ხანდახან გაგამწაროთ, მაგრამ სიყვარულის ძირეულ გრძნობას ეს ვერ შეცვლის. მით უმეტეს, არ უნდა შეახსენოთ ბავშვს, რომ გეყვარებათ, “თუ…“. ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ყოველთვის გიყვართ, სიტუაციის მიუხედავად.

  1. ბავშვთან ერთად გატარებული დრო არასდროს ჩათვალოთ ფუჭად დახარჯულად

სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ – პატარა ბავშვთან ერთად ყოფნა ხშირად მოსაწყენად გვეჩვენება. ნახევარი საათი მივეფერებით, გავერთობით და შემდეგ რაღაც უფრო გააზრებულის კეთება გვინდება. პატარა ბავშვთან ჯდომა ჩვენი დროის კარგვად გვეჩვენება. ეს ასე არაა. ბავშვთან გატარებული ყოველი ადამიანური საათი გროვდება ბედნიერი ბავშვობის ყულაბაში. უბრალოდ, იყავით მასთან, გაატარეთ დრო, აკეთეთ რაღაც ერთად.

  1. დაშვებულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის

გასაგებია, რომ აკრძალვების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ამ დროს ვდგებით ცდუნების წინაშე – ავუკრძალოთ თითქმის ყველაფერი, საკმაოდ მწირი ჩამონათვალის გარდა. ასე უფრო ადვილია.  შემდეგ შეიძლება ყველაფერზე პრეტენზია წავუყენოთ ბავშვს: „ასე რატომ გააკეთე? ვინ გითხრა, რომ ეს შეიძლება?“ შედეგი – ცუდი მოგონებები „მძიმე ბავშვობაზე“. უფრო სწორი, თუმცა უფრო საწვალებელი გზაა – მისცეთ ბავშვს სრული თავისუფლება, იმ გამონაკლისებს გარდა, რაც ფიზიკურ და მატერიალურ დაზიანებებთანაა დაკავშირებული.  და თუ ბავშვმა განიზრახა გაზეთის დახევა ან კუბიკების კარადაზე სროლა, ჯერ დაფიქრდით, ღირს თუ არა ‘’არას“ ყვირილი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქცევა თქვენთვის მიუღებელი და უცნაურია.  არსებითად, ამ ქცევისგან არაფერი შავდება, ზედმეტი აკრძალვა კი, რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო, პიროვნების შეზღუდვაა.

 

 

  1. ბავშვები აკეთებენ არა იმას, რასაც ეუბნებიან, არამედ რასაც მშობლები აკეთებენ

ეს პრინციპი ბევრ ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა ტანსაცმელი უწესრიგოდ არ მიმოყაროს ოთახში, მაშინ თქვენი ტანსაცმელიც მოწესრიგებული უნდა ეკიდოს სკამის საზურგეზე. ბავშვები ყველაფერში მშობლებს ბაძავენ, მათ ნაკლოვანებებს თუ დადებით თვისებებს. თქვენი ქცევა ბევრად ეფექტური აღმზრდელობითი საშუალებაა, ვიდრე სიტყვები.

  1. შეიტანეთ შესწორებები ბავშვის შეფასების სისტემაში

მოზრდილების საზომით ყველა ბავშვი ნორმალურიდან გადახრაა. ისინი საკუთარ თავს ელაპარაკებიან, შეუძლიათ გიკბინონ, მთელი საათი იწვალონ რაღაც სიმაღლეზე ასაბობღებლად, როცა მეორე მხარეს კიბეა. უბრალოდ, მათ სხვა სამყარო აქვთ და ის ყველაფერი, რაც ჩვენ უაზრობად გვეჩვენება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა სასაცილოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ბავშვის სურვილი, იჯდეს სარკმელთან და ჭუჭრუტანიდან შემოსული სინათლის ყურებაში მიეძინოს, ან თეფზე კარტოფილის პიურეს კოშკი ააშენოს, შეეცადეთ, ამ ყველაფერს სერიოზული თვალით შეხედოთ. რადგანაც ამ „უაზრობაზე“ უარის თქმამ შეიძლება „პატარა შეშლილში’’ მთელი ტრაგედია დაატრიალოს. და პირიქით, თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენ გეგმები შეცვალეთ, რათა კედლის გაზეთის გაფორმებაში მიეხმაროთ, საკუთარი თავის რწმენას აუმაღლებთ. ის გაიგებს, რომ თქვენ არ ხართ დიდების სულელური სამყაროს წარმომადგენელი, რომელთაც არაფერი ესმით, არამედ მისი ნამდვილი იმედი და მხარდაჭმჭერი ხართ.

  1. პატივი ეცით მის პიროვნებას

სერიოზულად მიუდექით თქვენი შვილის პიროვნებას. იშვიათად დააყენეთ ფაქტის წინაშე, ხშირად ელაპარაკეთ, გაიგეთ მისი აზრი, სად უნდა წახვიდეთ დასასვენებლად? როგორი სავარძელი უნდა იყიდოთ? ჰკითხეთ აზრი, როგორც დისკუსიის სრულუფლებიან წევრს. საეჭვოა, რომ ჭკვიანური რჩევა მოგცეთ, მაგრამ იმის ილუზია, რომ მას ეკითხებიან და არჩევანში მონაწილეობს, აამაღლებს მის თვითშეფასებას, ამასთან თქვენდამი მის პატივისცემას.

  1. აუხსენით

ყველაზე უარესი პასუხი, რაც მის შეკითხვას შეგიძლიათ გასცეთ არის – ‘შენ ჯერ პატარა ხარ, ვერ გაიგებ“. უფრო ადვილია უთხრათ – „სულელი ხარ“. სინამდვილეში კი არცთუ ისე ბევრი რამეა, რისი ახსნაც მართლაც არ შეგიძლიათ ბავშვისთვის მისთვის გასაგებ ენაზე.  და თუ ასეთი საკითხები მაინც არის, ბევრ მოზრდილსაც არ შეუძლია მისი გაგება.

 

  1. ნუ შეგეშინდებათ, იყოთ ალერსიანი

არსებობს ასეთი ტერმინი – „თერაპიული ჩახუტება“ . ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი საჭიროებს ტაქტილურ კონტაქტს სხვა ადამიანებთან. იდეალურ შემთხვევაში ადამიანს დღეში სულ ცოტა 4 ჩახუტება სჭირდება. ეს მოზრდილს. აი,  ბავშვების მოთხოვნილება კი მეტად ბევრია. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ,  ხშირად ჩაეხუტოთ თქვენს პირმშოს. საბაბით და საბაბის გარეშეც. ყოველ მოხერხებულ შემთხვევაში ხშირად მიეფერეთ და ალერსიანი სიტყვები უთხარით.

  1. არ გააკრიტიკოთ ბავშვი მისი თანდასწრებით

ალბათ თავადაც მშვენივრად გახსოვთ, რა ადვილად შეეძლოთ თქვენს მშობლებს თქვენი შეცბუნება სრულიად მოულოდნელად.  წესი უბრალოა: აკრძალულია ნებისმიერი ინტიმური ფიზიოლოგიური ან ემოციური საკითხების განხილვა უცხოების დასწრებით,  თუნდაც ისინი ნათესავები ან მეგობრები იყვნენ ან თუნდაც მეორე მშობელი. “ქეთუნამ დღეს ბლომად მოისაქმა. ხო, მართლა, მას კლასში ახალი შეყვარებული ჰყავს, ხომ მართალია, ქეთო?“ და ქეთო მზადაა მიწაში ჩაძვრეს და შურს ობლების, ვისაც ასეთი „მზრუნველი“ ახლობლები არ ჰყავთ.

  1. ეცადეთ ბავშვს მიუძღვნათ არა ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში, არამედ ყველაზე საუკეთესო საკუთარ თავში

ბოლო წესი: ყოველთვის ვერ შეძლებთ მატერიალურად ბავშვის ყველაფრით უზრუნველყოფას.  ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც უკეთესი სათამაშო ექნება, უკეთესად დაისვენებს და უკეთესი მშობლები ეყოლება. არც ეცადოთ.  მიეცით ბავშვს არა მსოფლიოში საუკეთესო, არამედ საუკეთესო საკუთარ თავში, თქვენში.  დაე, მეზობლის ბავშვს უფრო გაუმართლოს იმაში, რომ მშობლებმა დისნეილენდი აჩვენეს, სამაგიეროდ, თქვენ ერთად ააწყვეთ თვითმფრინავი, რომელიც ვერც ფრინავს. ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, თქვენ ხომ ეცადეთ! ბავშვი ამას ხედავს და აფასებს. და ყოველთვის ყველაზე საუკეთესო მამად მიგიჩნევთ.

 

განმავითარებელი დავალებების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე

0

სასკოლო საქმიანობა მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც გადამწყვეტი ხდება მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლის ასაკთან შესაბამისი ინტერესების, ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, აზროვნება, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი მოღვაწეობა, ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში (ლ. ვიგოტსკი) მოცემული საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვარიანტად ითვლება  განმავითარებელი დავალებების აქტიური გამოყენება სწავლებაში.  

განმავითარებელი დავალებების მიზანი და ამოცანაა: მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის განვითარება, ისტორიული პროცესის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებების ჩამოყალიბება/გამოვლენა, შესასწავლი თემის მიახლოება მთავარ მიზანთან, სწავლისას სიხარულისა და კმაყოფილების გამოწვევა და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა.

განმავითარებელი ხასიათის დავალებებს გააჩნიათ  გარკვეული თავისებურებები:

  • ისინი სწრფად აღვივებს მოსწავლის ინტერესს, ააქტიურებს ფსიქიკურ პროცესებს: ყურადღებას, მახსოვრობას, აღქმას (როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ, სიმბოლურ, სახეებით აზროვნებას, ასოციაციურ კავშირებს);
  • ხასიათდება დავალების პირობის ლაკონურობით, გასაგები და მარტივი ენით, შეიცავს „ღერძს“ – ძირითად სიტყვას, ცნებას, ორიენტირს;
  • ამტკიცებს მოსწავლე-მასწავლებელს შორის დადებით ემოციურ კავშირებს;
  • ავითარებს მოსწავლის პიროვნულ თვისებებს.

განმავითარებელი სწავლება ერთგვარად ცვლის ჯგუფურ, ახსნა/განმარტებაზე ორიენტირებულ სწავლებას და უფრო მეტად აქცენტირებულია სწავლების ინდივიდუალიზაციაზე, ეფუძნება მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონას და მოსწავლის შინაგანი ფსიქიკური პროცესების ახლებურად წარმართვით თვითონაც ხელს უწყობს ასეთი ზონის გამოკვეთა/ჩამოყალიბებას.

მაგრამ განმავითარებელ სწავლებას არ ექნება შედეგი, თუ არ გავითვალისწინებთ საგნობრივი განათლების შინაარსს, მისი ათვისების ხარისხს და არ ვაღიარებთ, რომ მოსწავლის უნარების ფორმირება კონკრეტულ საგნობრივ მასალაზეა „მიბმული“. შესაბამისად, სასწავლო გარემოს ოპტიმალიზაციისთვის მასწავლებელმა:

  •  უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონა, შექმნას პრობლემური სიტუაცია, გამოიყენოს მრავალფეროვანი დავალებები და მიაღწიოს აზროვნების სტიმულაციას;
  • შექმნას შეფასების ისეთი სისტემა, რომლითაც შეფასდება სწავლის არამარტო საბოლოო შედეგი, არამედ მოსწავლის საქმიანობის პროცესიც.

ისტორიის სწავლება კვლევა-ძიებასა და ინფორმაციის გადამუშავებაზე კონცეტრირებული სწავლებაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასწავლო პროცესის ძირითადი ელემენტი გაკვეთილია. მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო პროცესის საჭიროების მიხედვით ვარირება და დასახული მიზნის მიღწევა შესაფერისი, განმავითარებელი ხასიათის დავალებით.

განმავითარებელი ხასიათის დავალებებისა და აქტივობების მაგალითი:

კლასი – XI, გაკვეთილის თემა: „რეფორმაცია (XVI ს.)“:

მასწავლებელი, ეყრდნობა რა მოსწავლის წინარე ცოდნას კათოლიკური ეკლესიის როლის შესახებ შუა საუკუნეების ევროპაში:

  1. ხსნის რეფორმაციის არსს (ცნება „რეფორმაცია“ დაკავშირებულია რეფორმასთან, გარდაქნასთან, ცვლილებებთან, რაიმეს რეფორმირებასთან. გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რისთვის და რატომ განიცადა კათოლიკურმა ეკლესიამ რეფორმა, რა და რატომ იყო „სარეფორმო“);
  2. მოსწავლეები ცდილობენ, დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები: უპასუხონ კითხვაზე, „რა არის რეფორმაცია?“ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება და გააკეთონ დასკვნა (პასუხის გაცემისას ისინი ძირითადად ეყრდნობიან სახელმძღვანელოს ტექსტს, გაიაზრებენ, როდის და როგორ დაიწყო რეფორმა, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში მარტინ ლუთერს, რამ მიიყვანა ეკლესია ამ ნაბიჯამდე, ცდილობენ, ახსნან პაპ ლეო X -ის დამოკიდებულება რეფორმაციის მიმართ);
  3. მასწავლებელი ავსებს მოსწავლეთა საუბარს დამატებითი ინფორმაციით, მიუთითებს პაპის როლზე მიმდინარე მოვლენებზე, შემდეგ კი მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად აგებენ მოვლენათა ჯაჭვს;
  4. გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შეკითხვებზე: ა) დაასახელეთ წყარო, რომელიც წარმოადგენს ქრისტიანული სწავლების საფუძველს; ბ) რა განსაკუთრებული როლი შეასრულა მარტინ ლუთერმა ევროპის ისტორიაში?
  5. მასწავლებელი თავისი კომენტარებით ამდიდრებს მოსწავლეთა პასუხებს;
  6. მოსწავლეები ადარებენ და აჯგუფებენ ინფორმაციას, აკეთებენ დასკვნებს.

ამგვარად, მასწავლებელი მოსწავლის სწავლას მიმართავს მისი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენისკენ და განვითარების უახლოესი ზონიდან „უბიძგებს“ აზროვნების სფეროს „გაფართოებისა“ და განვითარებისკენ.

განმავითარებელი დავალებებისას აქტიურად გამოიყენება ტექსტთან დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია, როგორიცაა:

  • კითხვა-პასუხის რეჟიმი (პასუხი კითხვებზე: რატომ?.. როგორი?.. რანაირი?.. დაასახელე… საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა… არგუმენტირება… სხვადასხვა ხასიათის შემოქმედებითი პროექტების მომზადება, კროსვორდების, რებუსების, ისტორიული შეცდომების შემცველი ტექსტების, შედარების ცხრილების შედგენა და სხვ.

მაგალითად, VII კლასში „ძველი საბერძნეთის“, „ძველი რომის“ (სქემა 1) ან XI კლასში თემა „გერმანიის გაერთიანება“. (სქემა 2) შესწავლის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ წინარე ცოდნა და შეავსონ ცხრილი, გამოყონ მასში ის ნიშან-თვისებების, რომლებსაც თვითონ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად (აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცხრილები მოსწავლეს მასალის განმეორება-განზოგადების საშუალებასაც აძლევს):

  ძველი საბერძნეთი ძველი რომი
სამოსი    
საკვები    
სამშენებლო საქმე    
რელიგიური თემატიკა    

სქემა 1  

  გერმანიის გაერთიანება
პოლიტიკური მოღვაწე  
მისი პოლიტიკური შეხედულებები  
მისი მიმდევრები/მომხრეები  
მისი მიმდევრები/მოწინაღმდეგეები  

სქემა 2  

განმავითარებელი სწავლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან დავალებას წარმოადგენს ლოგიკური ხასიათის ამოცანების გამოყენება გაკვეთილზე.

ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებების ნიმუში (სქემა 3):

ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებები პასუხი
ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქაში საფრანგეთის სასარგებლოდ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ჭრიდა და კერავდა ევროპის პოლიტიკურ რუკას, პირადი გამორჩენის მიზნით, ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს. მასზე ამბობდნენ, ის რომ გვარს „ამართლებდა“.

  • თქვენი აზრით, რა საფუძველს ასე ფიქრის იძლეოდა მინისტრის გვარი?
ტალერი – ფულის ერთეული
რომაელები ბარბაროსთა ტომებს მოიხსენიებდნენ  ერთი ზოგადი სალანძღავი სიტყვით. მოგვიანებით ფრანგები ამავე ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ტაძრებს, რომლებიც არ მოსწონდათ. შემდეგში ეს  სახელწოდება ევროპული არქიტექტურის გამორჩეულ სტილად  დამკვიდრდა.

  • რაზეა საუბარი?  
გოთური სტილი
პეტრე I  საყვარელ ქვეშევრდომებს  ჩუქნიდა  ძვირადღირებულ მაკეტებს, რითაც გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემასა და ინტერესს  თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროს მიმართ.

  • რომელ სფეროზე მიანიშნებდა პეტრე I?
გემთმშენებლობა
ამ პიროვნებამ საგუბერნიო მმართველობის გატარებიდან 8 წლის შემდეგ  ცბიერებით ჩაიგდო ხელში გუბერნატორის თანამდებობა; არ იცოდა არც წერა-კითხვა, მაგრამ ის გახდა რუსეთის კავალერიის პირველი გენერალი; ამავე დროს ის გახდა პირველი რუსი, რომელსაც მოწვევა უცხოეთიდან აკადემიის წევრობაზე თავად სერ ისაკ ნიუტონმა გაუგზავნა, რითაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრა, ე.წ. „ისტორიის უცნაურობების“ სერიაში.

  • ვისზეა საუბარი?
ა. მენშიკოვი
შეადგინეთ ისტორიული შინაარსის ტერმინების (ცნებების) ჯაჭვი ისე, რომ ახალი ტერმინი იწყებოდეს წინა ტერმინის ბოლოსწინა ასო-ბგერიდან.

 

გლეხი – ხალხი – ხევი – ვილაიეთი – თორი – რომი – მეფე…და ა.შ.);
აღადგინეთ  დავით აღმაშენებლის დროინდელი ისტორიული ტერმინები და თარიღები:

·         რ – – – – -ა; ყ – – – – – ი; ე – – – – – – ი; ჭ – – – – – – – – ი; და ა.შ.

·         1 – – 4;  1- -8; 1- – 2; და ა.შ.

 

რეფორმა; ყივჩაღი; ერისთავი; ჭყონდიდელი; 1004 წ; 1008 წ; 1122 წ.
შეადგინეთ კროსვორდი ძირითად ცნებებზე დაყრდნობით:

„ფეოდალიზმი“…“მეფე“…“სახელწმიფო“…“გადასახადი“… „ერისთავი“ და ა.შ.

—–
დასკვნა: ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებები „უადვილებს“ მოსწავლეს „ისტორიის მკვლევრის“ როლს მისანიშნებელი ფრაზებითა და ცნებებით, უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის სავალდებულო პროგრამულ მასალას, უვითარებს ისტორიულ აზროვნებას და შეფასების მიღების თვალსაზრისით უფრო მისაღებია მოსწავლისთვის.

 

განმავითარებელი მუშაობისას აუცილებელი წესის დაცვა – სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობა და მოსწავლის წინარე ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება, დავალებების შესრულება დროის შეზღუდვის გარეშე და მასწავლებლის აქტიური მხარდაჭერა, რეალურად დასაძლევს ხდის განმავითარებელი დავალებების გამოყენების მიზანს. საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი ტიპის დავალებების გამოყენება სწავლებაში მოსწავლეთა ცოდნის ხარისხისა და შედეგების ამაღლების, მათი დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული სრულყოფის მნიშვნელოვანი პირობაა.

 

შინაური მღვდლის ამბები

0

უძველესი ქართული ანდაზა ამბობს: „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ანდაზის საფუძვლები ბიბლიიდან მოდის. ახალ აღთქმაში არის ერთი საინტერესო ეპიზოდი, რომელიც იესო ქრისტესა და ნაზარეთელების ურთიერთობას უკავშირდება. იესო მთელს პალესტინაში ქადაგებს, მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს თაყვანს სცემენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა მხარეში, თითქმის ყველგან უპირობოდ აღიარებენ მაცხოვრის ძლევამოსილებას. ერთადერთი დასახლება, სადაც დიდი მკურნალის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ მისი მშობლიური ქალაქი ნაზარეთია. ნაზარეთელებს უბრალო ხუროს ოჯახში დაბადებული კაცის ამაღლების არ სწამთ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ გვერდით გაზრდილი ადამიანი მათზე უკეთესი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა. თანაქალაქელებზე დაკვირვება ნაზარეთელს უპირობო, ათასწლეულების განმავლობაში ურყევად მოქმედი ჭეშმარიტების მკაფიოდ წარმოჩენის წინაპირობას უქმნის: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და საკუთარი სახლისა“.

საქართველოს უახლეს ისტორიას უდიდესი ადამიანების დაუფასებლობის, დამცირებისა და გარიყვის არაერთი მაგალითი ახსოვს.

1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან ათი წლის იუბილე აღნიშნა. პირველმა ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა არაერთ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა. სხდომებს, ლექციებს, შეხვედრებს ასობით ადამიანი დაესწრო. უნივერსიტეტის ბაღსა და მთავარ შენობაში ყველა სოციალური ფენის, პროფესიისა და გამოცდილების ადამიანს შეხვდებოდით. მხოლოდ ერთი პროფესორი არ ჩანდა. იგი „მხოხავ ემპირისტად“ და „ფაქტების ფალსიფიკატორად“ გამოაცხადეს. მას ლენინისა და სტალინის სამეცნიერო მრწამსის ოპოზიციონერობას აბრალებდნენ. პარტიული სკოლის ახალგაზრდა კურსდამთავრებულები მიზნად ისახავდნენ ღვაწლმოსილი პროფესორისა და მისი მიმდივრების „ცხელი შანთით ამოწვას“ უნივერსიტეტის წიაღიდან. გარიყული მეცნიერი დევნა ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მას რამდენჯერმე ჩამოართვეს აკადემიური თანამდებობა. 1930-იან წლებში კომკავშირულმა რაზმებმა უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელის კარიც კი გადაუღობეს ცნობილ ისტორიკოსს და მას შენობაში შესვლის შესაძლებლობაც არ მისცეს.

დევნილი მოღვაწე ივანე ჯავახიშვილი გახლდათ. ჯავახიშვილმა საუკუნის დასაწყისში რუსული და ევროპული კარიერის მშენებლობის პერსპექტივა არაფრად ჩააგდო, სასათბურე პირობებზე უარი თქვა და ომის ქარცეცხლში გახვეულ სამშობლოს დაუბრუნდა, რათა ყველასგან დავიწყებულ მხარეში ქართულენოვანი უმაღლესი სასწავლებლისთვის ჩაეყარა საფუძველი. ისტორისკოსს დასცინოდნენ, მის განზრახვას აბსურდად მიიჩნევდნენ, არ სჯეროდათ, რომ ქართული უნივერსიტეტი ოდესმე დღის სინათლეს იხილავდა. მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, ჯავახიშვილმა შიშვლელი ხელებით მაინც მოახერხა სწავლებისა და კვლევის ქართული კერის ამუშავება. წლების შემდეგ კი საკუთარი სახლის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში ჩამოჯდომის უფლებაც კი ჩამოართვეს.

ქართულ ფეხბურთს ბევრი გამორჩეული მოასპარეზე ჰყოლია. მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. თუმცა, თავად ყოყმანის გარეშე შემიძლია მოწინავე სპორტსმენის დასახელება. ჩემი რწმენით, ქართულ ფეხბურთს მიხეილ მესხზე უკეთესი მოთამაშე არასდროს ღირსებია. მთელს მსოფლიოში აღფრთოვანებით ეგებებოდნენ მინდორზე ქართველი გარემარბის გამოჩენას. მისი გოლები, კომბინაციები, სტილი და ტაქტიკა სამწვრთნელო სახელმძღვანელოებში მაგალითებად არის წარმოჩენილი. თავისი კარიერის განმავლობაში მიხეილ მესხმა ყველა ის ტიტული დაიმსახურა, რის მოპოვებაც საბჭოთა ფეხბურთელს შეეძლო. 1960 წელს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო, 1964 წელს კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თასს დაეუფლა.

ჩემი თაობის წარმომადგენლებმა ბევრი არაფერი ვიცით მიხეილ მესხისთვის შექმნილი წინააღმდეგობების შესახებ. სოციალიზმის ნიღბის ქვეშ დამალულ რუს შოვინისტებს არ სურდათ, რომ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებებში პატარა რესპუბლიკის წარმომადგენელს გამოეჩინა თავი. ეროვნული კუთვნილების გამო მესხს ხშირად არ იძახებდნენ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ნომენკლატურის წევრები ცდილობდნენ, რომ ფორვარდს მალე დაემთავრებინა კარიერა. ხელს უშლიდნენ საერთო ბაზაზე ვარჯიშში. თავდამსხმელს ხშირად დიღმის ტყეებსა და მთებზე ინდივიდუალურად უწევდა მომზადება. შესანიშნავ ფორმაში მყოფი მიხეილ მესხი 1970 წელს „დინამოდან“ „ლოკომოტივში“ ჩამოალაბორანტეს, შემდეგ კი აიძულეს, რომ ნაადრევად ჩამოეკიდებინა ბუცები ლურსმანზე.

მიხეილ მესხის წვალება აქტიური ფეხბურთიდან წასვლასთან ერთად არ დასრულებულა. მესხის ოჯახის წევრები საჯაროდ დიდი ფეხბურთელის ცხარე ცრემლით ტირილის ერთადერთ ფაქტს იხსენებენ. საბჭოთა სამართალდამცველებმა საშვის არქონის გამო  (სახლში დარჩა) საყოველთაოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი სტადიონზეც კი არ შეუშვეს. ალაყაფის კარს მიღმა დატოვებულ მესხს არც არავინ გამოექომაგა.  სტადიონზე, სადაც გულშემატკივრები ორ-ორ ბილეთს ყიდულობდნენ, რათა ორივე ტაიმის მიმდინარეობისას მესხთან ყველაზე ახლოს მდებარე ტრიბუნა მოკალათებულიყვნენ, ცოცხალ ლეგენდას შესვლის უფლება არ მისცეს.

რატომ არ ვინდობთ „შინაურ მღვდლებს“? უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმიტომ, რომ სიახლოვისა და ადვილად ხელმისაწვდომობის გამო, მათი არაჩვეულებრიობის აღქმა გვიჭირს. ვერ ვიჯერებთ, რომ ჩვენ გვერდით ჩვენსავით მშრომელი ადამიანი ჩვენზე უკეთესი და გამორჩეულია. მეორე მიზეზი კი, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება. როდესაც თავად არ შეგიძლია ცაში აფრენა, მაშინ სხვა უნდა დაანარცხო მიწაზე, შენ გვერდით.

,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”

0
hand holding globe on a white background

ეროვნება, როგორც კულტურის ფენომენი – ეროვნებისა და ეროვნული ურთიერთობებისა პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მრავალწახნაგოვანია. ის განიხილება სხვადასხვა თვალსაზრისით – ფილოსოფიური, სოციოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური, ეთნოგრაფიული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი, ლინგვისტური და ა.შ.

ეჭვგარეშეა, რომ მეცნიერთა უმრავლესობა, ეხება რა ეროვნების განმარტებას, იყენებს ამ ტერმინს ნეიტრალურ-ღირებულებითი, ობიექტურ-აღწერილობითი გაგებით. თუმცა, უაზრობა იქნებოდა იმფაქტების უარყოფა, სადაც ,,ნაცია”, ,,ნაციონალური” ღირებულებითი გააზრებით გამოიყენება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კულტურული ერთიანობა ეროვნების გაგების მხოლოდ ერთი არსებული ნიშანი იქნებოდა, კულტურის ფილოსოფიას ექნებოდა სრული უფლება აპელირებულიყო, უპირატესად, ამ საკითხთან მიმართებით. თუმცა, კულტურული ერთობა – ეს არა უბრალოდ ერთ-ერთი არსებული ნიშანია ეროვნების გაგებისა, არამედ (კულტურის ფილოსოფიის თვალთახედვით) ყველაზე არსებითია, რის მიხედვითაც ფორმირდება ეროვნება, როგორც ასეთი. სხვა ნიშნები (ტერიტორიული მთლიანობა, ენა, ეკონომიკური ცხოვრება), თვით ისეთი ისტორიული ნიშანიც კი, როგორიცაა ისტორიულობა, ასახავს აუცილებლობას მათი ერთ კულტურულ ორგანიზმად შერწყმისა – ისტორიულ დროსა და სივრცეში ცვალებადობა ადამიანთა თაობებისა, რომლებიც ცხოვრობენ განსაზღვრულ გეოგრაფიულ რაიონში, საუბრობენ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე და დაკავშირებულნი არიან სამეურნეო-ეკონომიკური პირობითობებით. ბირთვი კი ერის გაგებისა მისი კულტურულ-ფილოსოფიურ-აქსიოლოგიურ გააზრებაშია.

ყველას გვიფიქრია, რა არის სამშობლო, ერი? ეს სამივე დროში განსახილველი ცნებებია. ამიტომ ძალიან სცოდავს, ვინც მათ აუგად მოიხსენებს. თუ დღეს ის საკუთარი შვილების მკვლელ დედად წარმოუდგენიათ, ამაში ჩვენ, შვილები, ადამიანები ვართ დამნაშავე, რადგან, ვაჟას თქმისა არ იყოს, ,,მას არა დაუშავებია რა”. ,,იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს. რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული” (ნოდარ დუმბაძე). ეს ის სიყვარულია, გამუდმებულ მსხვერპლს რომ მოითხოვს და მამულიშვილობაც ,,მსხვერპლია და არა სეირი” (ილია ჭავჭავაძე). ერი, ქვეყანა, რომლისთვისაც თავს სწირავენ, ცოცხალია და გადარჩება.

სამშობლო და ეროვნული კულტურა არის ის ერთადერთი და ჭეშმარიტი საფუძველი, რომელზეც უნდა აიგოს ადამიანური არსებობის შენობა. ამის გარეშე არავინაა თითოეული ჩვენგანი, ანუ ,,უსამშობლოოდ კაცი არა ხარ”. (გ. დოჩანაშვილი).

დღეს არის ტენდენცია ეროვნული ღირებულებების ნიველირებისა. მავანნი ცდილობენ იმის დაკნინებით, რაც ყველაზე ღირებული გაგვაჩნია, თავი პროგრესულებად და ზეეროვნულებადაც წარმოაჩინონ. ეს სენი არაა ახალი და ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გამოავლინეს სოციალ-დემოკრატებმა თავიანთი კოსმოპოლიტური (თუმცა ამ სიტყვის ჯანსაღი გაგება მშვენივრადაა მოცემული ვაჟას წერილში ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”) ლტოლვებით. დღეს ამას სხვა სახელი აქვს და ,,გლობალისტობა” თუ ,,ლიბერალობა” ჰქვია (თუმცა ილიას ლიბერალიზმი სულ სხვას მოიაზრებდა). ,,მჟავე პატრიოტი არავინ დაგვიძახოსო. ამისთანა მკვლევართ და მაძიებელთ რომ ავყვეთ, შეიძლება მთელ ჩვენს ისტორიულ წარსულზე ხელი აგვაღებინონ და მთელი ჩვენი წარსული ისტორია და კულტურა ჭირსა და წყალს წააღებინონ…” (ვაჟა-ფშაველა). ,,მჟავე” პატრიოტობაზე უარესი სწორედ ეროვნულის იგნორიებაა, ურომლისოდაც არც კაცობრივი წარმოსდგება და ეს ძალიან კარგად აქვს გამიჯნული ვაჟას თავის ცნობილ წერილში ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიტიზმი”. ერის ინდივიდუალობა, რომელზე უკეთესიც ალბათ არაფერი შეუქმნია ღმერთს, მისი სიყვარული არის საფუძველი კაცობრიობის (რასაც ჯანსაღი კოსმოპოლიტიზმი მოიაზრებს) სიყვარულისა. სწორედ ეროვნული კოლორიტი, განსხვავებულობა ქმნის უაღრესად საინტერესოს მსოფლიოს სურათს, თავისი განუმეორებელი ფერებით, ხასიათით, გენეტიკით. ,,შენის” დაფასებით სწავლობ ,,სხვისის” პატივისცემასაც და ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. როგორც ინდივიდუალურია საზოგადოებრივის საფუძველი, ისე ეროვნული კაცობრულისა და ზოგადად, დაყოფის, გამოყოფის, დასაზღვრის პრინციპითაა შექმნილი მთელი სამყარო წარმართული თუ ქრისტიანული ფილოსოფიით. ამიტომ ამ საზღვრების მოშლა, სახეობრიობების ერთმანეთში გათქვეფა უსახურობისა და არაფრობისკენ სწრაფვაა უკუპროცესი. შესაბამისად, განვითარებასაც არ გულისხმობს. გენიალური რამაა პიროვნულობა, ინდივიდუალიზმი, როგორც საფუძველი ისტორიისაც, კულტურისაც, ერისაც და ზოგადად, სიცოცხლის, ყოფიერების განვითარების წინაპირობა. პიროვნების ცნებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერის, საზოგადოების, კულტურის გაგებას. ერიც ხომ პიროვნებათა კულტურით (ტრადიციითა და ისტორიული ცნობიერებით) შეკავშირებული საზოგადოებრივი მთლიანობაა, ერი, საზოგადოება, პიროვნება, კულტურა კი – დაუნაწევრებელი ერთობა.

,,ეროვნული არსებობის განცდა ის უძირითადესი საფუძველია, რომელზედაც აიგება პიროვნების შესაქმე და რომლის ღალატი ღმერთისადმი ღალატთანაა გაიგივებული – ესაა მკვდარი კაცობა თავის არსებაში, რამეთუ პიროვნებაა მხოლოდ ღმერთთან მოლაპარაკე. ხოლო ,,ღმერთთან მისთვის ლაპარაკობს, რომ წარუძღვეს წინა ერსა” – როგორც დიდი ილია იტყოდა” (ჯანრი კაშია).

დღევანდელობა შორსაა იმ მაღალზნეობრივი იდეალებისაგან, რომლებიც ყველა დროში გამოსავალია ძნელბედობისაგან გადასარჩენად. სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმის განმაპირობებელიც – ,,მართალია, დღეს ჩვენ კაცები აღარა გვყავს და აღარა გვყავს იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრებაც აღარა გვაქვს, საკუთარი ინტერესი ჩვენის ქვეყნისა ჩვენ აღარ გვაბარია, საკუთარის აღზრდის წესით აღარ ვიზრდებით. ევროპაში თვით ცხოვრების ვითარება, თვით საზოგადოება უწყობს ხელს, რომ კაცები გამოჩნდნენ, კაცები აღიზარდონ: იქ ყველა კაცის ღირსება ძვირად ფასობს და ყველასათვის სასიხარულო და სასიქადულოა. სიყრმიდანვე ისეთს საზოგადოებაში იზრდება ყრმა, ისეთი რამ ესმის, სკოლას თუნდ ნუ ვახსენებთ, რომ მისი გონებრივი და ზნეობრივი ნიჭი ვითარდება, ღონეს იძენს, ძლიერდება”. (ვაჟა-ფშაველა). ეს შეფასებაა, თითქოს, დღევანდელობისა და ესეც, ილიასეული: ,,განთვითვეულდით და თვითვეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასთვის ადვილად საზიდია. თვითვეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა… დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი. დიდი ,,მამული” დავშალეთ, პატარები გავიკეთეთ”.

ჩვენი პერმანენტურლი უბედურებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თავისუფლების დეფიციტია, ერისა თუ პიროვნებისა. ყოველ ჩვენგანს უფიქრია, სად არის თავისუფლება: გულსა თუ გონებაში? თავის უფლობაში თუ თვით უფლის მორჩილებაში, სიკეთის სამსახურსა თუ მთლად უპირობითობაში? თუ ეს, უბრალოდ, სწრაფვაა უსასრულობისკენ ან სულაც არყოფნაა… ერთი კია: ქვეყნის თავისუფლება წარმოუდგენელია პიროვნული თავისუფლების გარეშე. პიროვნების არსებობა, როგორც საფუძველი საერთოდ თავისუფლების შესაძლებლობისა, ერთადერთი თავისუფალი არსებობაა. მაგრამ ეს უკანასკნელი არაა რაღაც აბსტრაქტული ადამიანის არსებობა, არამედ ამა თუ იმ ერის კონკრეტულ სახიერებას წარმოადგენს. ერი ამგვარ პიროვნებათა კრებულია, ისევე როგორც კაცობრიობა არის თავისუფალ ერთა, როგორც პიროვნებათა კრებული. არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება (უპირობო მხოლოდ ცხოველის თავისუფლებაა) ამ წუთისოფლის პირობითობებში, თუ ამ სოფლისგან განდგომაში. თვითონ ბერებიც კი, ქართულ სინამდვილეში, თავიანთ ქვეყანასთან მიმართებით განიხილავდნენ თავს: ,,ხმა ღვთისა და ხმა ერისაო”. მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო. – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად – თავისუფლება და ბედნიერება სინონიმები არიან” (ვაჟა-ფშაველა) – გამოდის, რომ ვერც ბედნიერი და ვერც თავისუფალი ვერ იქნება კაცი თავისი სამშობლოს ბედნიერებისა და თავისუფლების გარეშე. აღმოსავლელ ბრძენთა და დერვიშთა ოჯახის, საზოგადოების თუ სახელმწიფოს პირობითობებისგან განცალკევების სურვილი აშკარა უტოპია იყო. ვაჟა ამ შემთხვევაში ნამდვილი რეალისტია. რაც შეეხება ჩვენი აზროვნების თავისუფლებას მას საზოგადოება და სკოლა აყალიბებს. ბუნებასთან მტრობაც, ისევ და ისევ, საკუთარი თავის მტრობაა. საკუთარი თავის მტრობაა პასიურობაც, უიმედობაცა და უმოქმედობაც. ამ თვისებებს თუ თავისუფლების (ქმედებასა თუ აზროვნებაში) დეფიციტსაც დავამატებთ, მივხვდებით ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი გადაულახავი პრობლემის, სიღარიბის მიზეზსაც.

დღეს მოდად იქცა ჩვენი ერის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მისი ისტორიის, კულტურული ღირებულებების, ტრადიციების აბუჩად აგდება, გაკომიკურება, უპატივცემულობა. ესენი კი საძირკველია ნებისმიერი ეროვნული ცნობიერებისა. ისედაც, ერი არაა დროის ერთ ლოკალში განსახილველი ცნება. ის წარსულსაც მოიაზრებს, აწმყოსაც და მომავლასაც, რადგან ეს არის ზეისტორიული არსებობა, ამა თუ იმ კონკრეტულ ისტორიულ პირობებში გამოვლენილი. ამიტომ არ შეიძლება მასზე იმის ლაპარაკი, რაც პირზე მოგვადგება, შეურაცხმყოფელია.

ცხოველებშიც არსებობს ინსტინქტი მშობლიურ ადგილებთან მიჯაჭვულობისა და ისინი ბრუნდებიან იქ დიდი ხნის განშორების შემდეგ. ბუნებაში არაბუნებრივი არაფერია და სწორედ ეს ბიოლოგიური საწყისი აქვს ადამიანსაც, მაგრამ მასზე უკვე სხვა რამაა დამყნობილი – ჩვენი სხეულიდან სამშობლო გადადის სულში, როგორც მარადადამიანური კატეგორია, მაღალგანვითარებული გულისა და გონების პროდუქტი, ცხოველებისგან განსხვავებით, უკვე სრულიად გაცნობიერებული, მტკივნეული განცდა ,,გასაკვირველი”. ეს განცდა გადაზრდილია მოვალეობაში. ამიტომაც უნდა გავიაზროთ სრულიად მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენი მამულიშვილობა, მოქალაქეობა, ქვეყნისა და სახელმწიფოს შვილობა თანაშეზრდილია ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობასთან და თუ ეს უკანასკნელი გვინდა, რეფორმატორობა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.

 

 

 

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი mascavlebeli.ge და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას,  სიხარულს და მრავალ წარმატებას!

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდა საბავშვო ლიტერატურის დახმარებით

0

იდეები ლიტერატურული კვირეულისათვის

 

ჩვენ გლობალური კატასტროფების ეპოქაში ვცხოვრობთ. კლიმატური ცვლილებები, ადამიანთა დაუდევრობა, ინდუსტრიული რევოლუცია თუ ბუნებისადმი მომხმარებლური, გაუფრთხილებელი დამოკიდებულება ყოველდღიურად ართულებს ჩვენს ცხოვრებას, ცვლის სამყაროს, რომელშიც ვარსებობთ, გვიმატებს შიშს და ცვლილებების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

ეკოლოგიური წიგნიერება  განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენმა მოსწავლეებმა, მომავლის მოქალაქეებმა, რომელთაც მრავალ პრობლემასთან შეჯახება მოუწევთ, უნდა გააცნობიერონ ბუნების დაცვის აუცილებლობა, აიმაღლონ ეკოლოგიური ცნობიერება.

ლიტერატურაში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვპოულობთ პასუხს, საბავშვო ლიტერატურაში, მითუმეტეს, ბუნებისა და ადამიანის მეგობრობა, ერთიანობა, ურთიერთზეგავლენის შედეგები – მრავალი ჩვენთვის საყვარელი საბავშვო წიგნის მთავარი თემაა.

ლიტერატურისა და ეკოლოგიის ინტეგრირება ჩვენს სკოლებშიც შეიძლება დავგეგოთ, ლიტერატურული კვირეულისთვის ინტერმედიალური, ინტერდისციპლინური აქტივობების დაგეგმვა საინტერესო, მრავალფეროვანი სასკოლო საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში სწორედ ისაა, რაც ჩვენს სკოლებსა და მოსწავლეებს სჭირდებათ.

ჩამოვთვლი რამდენიმე მიმართულებას, რომელზე ყურადღების გამახვილება შეიძლება ამ ეკოლოგიურ-ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში.

ეს მხოლოდ საკითხების ჩამონათვალია, იდეებია, რომელსაც ფრთები თითოეულმა მასწავლებელმა საკუთარი გემოვნების, გამოცდილებისა და კონკრეტული სკოლისა თუ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების მიხედვით შეიძლება შასხას.

 

  1. მწვანეთითება ტისტუ – ყვავილები და პაცეფიზმი, ლიტერატურა- ჰუმანიზმის წყარო, ბუნება და ადამიანი, ომი და ბავშვები… ვკითხულობთ ნაწყვეტებს მორის დრიუონის შესანიშნავი  წიგნიდან და ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება ბუნების, სილამაზის, ყვავილების დახმარებით ადამიანებს მშვიდობა ვასწავლო. პრაქტიკულ ნაწილში ვასწავლით, როგორც მრავლდება მცენარეები, ყვავილებს ვთესავთ, ვაკვირდებით მარცვლის გაღვივებას( წინასწარ წყლიან კონტეინეტში ვამზადებთ გაღვივებულ მარცვლებს“), ვალამაზებთ სკოლის ეზოს და ა.შ.
  2. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, პატარა პრინცი – ეკოლოგიური განათლების აუცილებლობა, გახსოვთ პატარა პრინცცის მთავარი დილემა? როგორ გადაარჩინოს თავისი პლანეტა ბაობაბებისგან, როგორ დაიცვას მეგობარი ვარდი მავნებლებისა და ქარისაგან, ვკითხულობთ ტექსტს, მიმოვიხილავთ ბუნების დამცველი ორგანიზაციების მუშაობას, პრაქტიკულ ნაწილში ვარდების დაკალმვას ვსწავლობთ, ვაფესვიანებთ და ვრგავთ ვარდებს.
  3. ყვავილები და პოეზია- ვკითხულობთ ლექსებს ქართული თუ მსოფლიო პოეზიიდან, ვრგავთ ყვავილებს ფერების მიხედვით, ვუსმენთ ჩაიკოვსკის „ყვავილების ვალსს“ , მიმოვიხილავთ სხვადასხვა მხატვრების შესრულებულ პეიზაჟებს, ვხატავთ.
  4. პეპი გრძელიწინდას ბაღი – ვსწავლობთ მცენარეების სწორად მორწყვას და მავნებლებისგან გათავისუფლებას;
  5. ბოსტნეულის გაკვეთილები ყველაზე პატარებისთვის -ვკითხულობთ“ ჩიპოლინოს თავადასავალს“, ვსაუბრობთ ბოსტნეულის სარგებლიანობასა და ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე. ვრგავთ ბოსტნეულს, ვამზადებთ ბოსტნეულის სალათს.
  6. ვაჟა-ფშაველას სამყარო, „ხმელი წიფელი“, ქუჩი“ – ვყვებით ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესახებ, ვკითხულობთ, ვრგავთ  ქართული ენდემური ჯიშის რომელიმე მცენარეს, შეგვიძლია სტუმრად მოვიწვიოთ სპეციალისტი, რომელიც გვიამბობს კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ, გავიგებთ რა არის „წითელი წიგნი“.
  7. რეზო ინანიშვილი, ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი, ვკითხულობთ, ვსაუბრობთ, ვსწავლობთ და ვიხსენებთ წელიწადის დროებს, რომელი მცენარე რომელ სეზონზე ყვავილობს, როდის რა უნდა დავრგოთ, ვგეგმავთ პრაქტიკული სამუშაოს – ვრგავთ ჯუჯა ნეკერჩხალს, ვხატავთ, ვაგროვებთ ფოთლებს და ვაკეთებთ შემოდგომის კომპოზიციებს.
  8. მაუგლი- გაკვეთილი მსოფლიოს უდიდესი ტყეების შესახებ, მრავალფეროვნების, ფლორისა და ფაუნის, ვაგროვებთ ინფორმაციას ბუნებრივი საშიშროებებისა და კატასტროფების შესახებ.
  9. ბემბი – გავუფრთხილდეთ ფაუნას, არ დავხოცოთ ცხოველები, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა პოპულაციის გაქრობა ბუნებაზე. ვკითხულობთ ნაწარმოებს, ვნახულობთ დისნეის მულტფილმს და ვიხსენებთ რა წაგვიკითხავს თუ გვინახავს ამ თემაზე.

 

საკლასო ოთახის ეკრანი ყველა პედაგოგისათვის

0

ალბათ ნებისმიერ მასწავლებელს უფიქრია, როგორი ფორმით მისცეს მოსწავლეებს ინსტრუქციები, როგორ აკონტროლოს დრო, როგორ შეარჩიოს მოსწავლეები შემთხვევითი პრინციპით, სხვადასხვა საგაკვეთილო აქტივობის დროს და ა შ. ყოველივე ეს, ერთი შეხედვით, წვრილმანია და ჩვეულებრივ, გამოცდილ მასწავლებელს მასთან გამკლავება არ უნდა გაუჭირდეს.  მიუხედავად ამისა, პედაგოგის საქმიანობა ბევრად უფრო გამარტივდებოდა, თუკი ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესის წარსამართავად მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტები ერთად იქნებოდა თავმოყრილი. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მინდა გაგაცნოთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილი შესანიშნავი რესურსი „საკლასო ოთახის ეკრანი“ („classroomscreen“), რომელიც ვებგვერდის სახით არსებობს და მისი გამოყენება, ონლაინ-რეჟიმში, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.  ქვემოთ მოცემულია რესურსის მისამართი:

www.classroomscreen.com

 

როგორ შეიქმნა „საკლასო ოთახის ეკრანი“?

„საკლასო ოთახის ეკრანი“ ახალგაზრდა ჰოლანდიელმა მასწავლებელმა ლორენს კოპერსმა (Laurens Coppers ) შექმნა. ის ცდილობდა ეპოვა ისეთი რესურსი, სადაც ერთად იქნებოდა თავმოყრილი ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარებოდა მის მოსწავლეებს, უფრო მეტად ყოფილიყვნენ ფოკუსირებულნი სასწავლო პროცესზე. მსგავსი ვერაფერი იპოვა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავად შეექმნა ის. ასე გაჩნდა ონლაინ-რესურსი „საკლასო ოთახის ეკრანი“. რესურსის ავტორმა, საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, შესანიშნავად გაითვალისწინა მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებანი. გარდა იმისა, რომ ეფექტური გაკვეთილის წარსამართავად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები ერთადაა თავმოყრილი, „საკლასო ოთახის ეკრანს“ სხვა უპირატესობებიც აქვს:

  • უფასოა და ყველასათვის ხელმისაწვდომი;
  • მარტივია მისი გამოყენება, არ მოითხოვს პედაგოგისაგან განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს;
  • პრაქტიკული და სასარგებლოა: რა გამოცდილებაც არ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რესურსი აუცილებლად იპოვის ადგილს მის საკლასო ოთახში.

 

რას წარმოადგენს  „საკლასო ოთახის ეკრანი“?

„საკლასო ოთახის ეკრანი“ მარტივი ვებრესურსია. მას შემდეგ, რაც დასახელებულ საიტს ეწვევით ( www.classroomscreen.com ), თქვენ  წინ გაიხსნება ფანჯარა, რომლის ქვედა ნაწილში, 12 ინსტრუმენტი, ე.წ. ვიჯეტია განლაგებული. განვიხილოთ ისინი თანმიმდევრულად:

  1. ენა – ვიჯეტის დახმარებით შეგიძლიათ აირჩიოთ ვებგვერდის ენა. მართალია, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ჩამონათვალში ქართული ენა არ არის. მიუხედავად ამისა, მარტივი დიზაინი, ენის არცოდნის შემთხვევაშიც გვაძლევს საქმეში სწრაფად გარკვევის საშუალებას.
  2. ფონი – თავად შეარჩიეთ ფონი თქვენი გაკვეთილისათვის. რესურსი სურათების საინტერესო არჩევანს გვთავაზობს (მათ შორის gif ფორმატშიც). სურათი თქვენი გაკვეთილის თემატიკას შეუსაბამეთ. იმ შემთხვევაში, თუკი სასურველ ფოტოს ვერ ნახავთ, შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობიდან ატვირთოთ, ან იქვე გადაიღოთ კიდეც.
  3. შემთხვევითი სახელი / კამათელი – ვიჯეტის ფუნქციაა სახელის შემთხვევითი პრინციპით შერჩევა. გახსნილ ფანჯარაში ჩამოწერთ სახელებს (მაგალითად, მოსწავლეთა სახელებს, როდესაც ჯგუფიდან გსურთ პრეზენტატორის არჩევა), შემდეგ კი დააწკაპებთ ღილაკზე არჩევა. ინსტრუმენტი შემთხვევითი პრონციპით შეარჩევს სახელებს. აქვეა ვირტუალური კამათელი.
  4. ხმაურის დონე – ვიჯეტი დაგეხმარებათ საკლასო ოთახში ხმაურის დონის კონტროლში. საგაკვეთილო აქტივობების განხორციელების დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ხმაურმა დასაშვებ ზღვარს არ გადააჭარბოს და ერთმანეთს არ შეუშალონ ხელი მუშაობის პროცესში. მას შემდეგ რაც ვიჯეტზე დააწკაპებთ, ჩაირთვება მიკროფონი. სათანადო ღილაკების დახმარებით შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ ხმაურის მიმართ მგრძნობელობა, ხმაურის ზღვარი, დააყენოთ ხმოვანი სიგნალი. თუკი ხმაურის დონე დასაშვებ ზღვარს გადააჭარბებს, მწვანე ფერი წითელით შეიცვლება.
  5. QR კოდი – თანამედროვე სამყაროში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მას შემდეგ, რაც ვიჯეტს გახსნით, მისამართის ზოლში ჩაწერთ სასურველ ვებ-მისამართს. შემდეგ მოსწავლეები სათანადო მოწყობილობებით ( ipad, სმარტფონი, შესაბამისი აპლიკაციით) კოდს დაასკანერებენ და მარტივად გახსნიან ვებგვერდს. ბუნებრივია, თუკი მსგავსი მოწყობილობების გამოყენება გათვალისწინებული აქვს პედაგოგს გაკვეთილზე.
  6. ხატვა (დიდ ფორმატში) – ვიჯეტში ხატვისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტებია წარმოდგენილი. შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაბამისი ზომის ფუნჯი, ფერები და ა. შ. ხატვისათვის განკუთვნილი სივრცე მთელ ფანჯარას მოიცავს, შეგილძიათ ხატოთ, როგორც სპეციალურად შერჩეულ ფონზე, ასევე უკვე არჩეულ ფონურ სურათზე. ინსტრუმენტის დახმარებით, მაგალითად, შესაძლებელია დავხაზოთ სივრცე  და სხვადასხვა ტიპის დავალებები გაუნაწილოთ მოსწავლეთა ჯგუფებს.
  7. ხატვა (მცირე ფორმატში) – იგივე ფუნქცია აქვს, თუმცა ფანჯარა მცირე ზომისაა. აქვე შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერიდან ფოტოს ატვირთვაც.
  8. ტექსტი – ვიჯეტის დახმარებით შეგიძლიათ ეკრანზე თქვენი საჭიროების შესაბამისად, ტექსტების განთავსება. ეს შეიძლება იყოს მიზნები, დავალებები, ინსტრუქციები და სხვ. გარდა ამისა, ამავე ფანჯარაში შესაძლებელია ინტერნეტიდან დაკოპირებული ფოტოს მოთავსება (Ctrl + V ).
  9. სამუშაო სიმბოლოები – წარმოდგენილია ოთხი სიმბოლო „სიჩუმე“, „ჩურჩული“ „კითხე მეზობელს“, „ერთად მუშაობა“. სიმბოლოების გამოყენება პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებისათვის ინსტრუქციების მიცემისა და საგაკვეთილო აქტივობების განხორციელების დროს.
  10. შუქნიშანი – ვიზუალური ინდიკატორია, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა დანიშნულებით არის შესაძლებელი. მაგალითად, პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს ხმაურის დონის დასარეგულირებლად (შესაბამისი ფერის ანთებით აჩვენოს, გასცდა თუ არა დასაშვებ ზღვარს). მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მოწყობილობის გამოყენებით აჩვენონ მუშაობის პროგრესი ან როგორ გაიგეს ესა თუ ის კონცეფცია.
  11. ტაიმერი – ვიჯეტის დახმარებით, შეგიძლიათ როგორც სასტარტო პოზიციიდან დროის ათვლა, ასევე მოსწავლეებისათვის განსაზღვრული დროის მიცემა სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. დროის ამოწურვის შესახებ ინსტრუმენტი მელოდიის საშუალებით გამცნობთ. მელოდიის შერჩევა თქვენ თავად შეგიძლიათ.
  12. საათი – ვიჯეტი წარმოადგენს როგორც საათს, ასევე კალენდარს. დროს აჩვენებს როგორც 12-საათიან, ასევე 24-საათიან რეჟიმში.

თუკი ინსტრუმენტის გამოყენება აღარ გვსურს და მის ჩაკეცვას აპირებთ, ამისათვის დავაწკაპებთ წითელ, ჯვრის ფორმის ნიშანზე, რომელიც ვიჯეტის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩნდება.

 

როგორ გამოვიყენოთ „საკლასო ოთახის ეკრანი“?

რესურსის გამოყენებისას მოსწავლეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ჩვეულებრივ, უფრო აქტიურად იყენებენ დაწყებით და საბაზო საფეხურზე, თუმცა პედაგოგს ნებისმიერ კლასში შეუძლია მისი გამოყენება.

სანამ რესურსით სარგებლობას დაიწყებთ განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები: რა სახის აქტივობები გაქვთ დაგეგმილი, საკლასო მუშაობის როგორ ფორმებს გამოიყენებთ, რა ინსტრუქციები უნდა მისცეთ მოსწავლეებს დ ა. შ. რესურსის გამოყენების ფორმა თავად შეუძლია პედაგოგს განსაზღვროს, გაკვეთილის მოთხოვნების შესაბამისად. პედაგოგს შეუძლია ისარგებლოს ცალკეული ვიჯეტებით, გაკვეთილზე წარმოშობილი აუცილებლობის შესაბამისად, ასევე დავალებები და ინსტრუქციები წინასწარ მოამზადოს ეკრანზე, რათა გაკვეთილის მსვლელობისას დრო არ დაკარგოს. შესაძლებელია ბრაუზერში ერთდროულად რამდენიმე  ფანჯრის გახსნა და სხვადასხვა ინსტრუმენტების მომზადება. ჩვეულებრივ საკლასო ოთახის ეკრანი ეფექტურად მუშაობს Google Chrome–ს ბრაუზერში. ქვემოთ წარმოგიდგენთ რესურსის გამოყენების ერთ მაგალითს.

 

როგორ მივიღოთ მოსწავლეთა უკუკავშირი რესურსის დახმარებით“?

„საკლასო ოთახის ეკრანს“ კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს: ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში იპოვით  გამოხმაურების, ე.წ. ეგზიტპოლის ღილაკს. ის ახალ გვერდზე გადაგიყვანთ, რომლის დანიშნულებაც მოსწავლეთა უკუკავშირის მიღებაა. პირველ რიგში შეარჩიეთ შეფასება, რომელიც მოცემულ სიტუაციაში თქვენთვის ოპტიმალური იქნება (გააჩნია, რა ხარისხით გსურთ შეფასების დიფერენცირება). შემდეგ მოსწავლეები მიდიან თქვენს მოწყობილობასთან და შესაბამის სიმბოლოზე დაწკაპებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ჩატარებულ გაკვეთილთან (შესაძლებელია, ეს გააკეთონ თავიანთი ადგილებიდან, ეკრანზე კი პედაგოგმა ასახოს).

მოსწავლეთა გამოხმაურებების მიღების დასრულების შემდეგ პედაგოგი შესაბამისი ღილაკის გამოყენებით ( show results ) შეაჯამებს შედეგებს. რა თქმა უნდა, მასწავლებელს უკაკავშირის მიღება სხვა გზითაც შეუძლია, მაგრამ რესურსი მარტივი და სახალისოა, თვალსაჩინოდ წარმოადგენს მოსწავლეთა გამოხმაურების შედეგებს და ზოგავს საგაკვეთილო დროს.

 

რატომ უნდა გამოვიყენოთ „საკლასო ოთახის ეკრანი“?

დღესდღეობით, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, მსგავსი რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პრაქტიკაში უდავოდ მნიშვნელოვანია:

  • რესურსი პედაგოგს გაუმარტივებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვას;
  • აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის ზრდას;
  • საგაკვეთილო პროცესს ინტერაქტიურს, მრავალფეროვანს გახდის;
  • დაეხმარება პედაგოგს საკლასო მენეჯმენტის გაუმჯობესებაში.

რესურსის სიმარტივის გამო, მის გამოყენებას ყველა პედაგოგი შეძლებს. მას ამისათვის დასჭირდება ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკა და  პროექტორი,  რაც დღესდღეობით ყველა სკოლაში ხელმისაწვდომია.

 

 

 

ტერმინოლოგია:

ვიჯეტი (widget ) – გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის ელემენტი.

 

 

გამოყენებული მასალები:

 

 

 

დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა

„სინგაპურის მეთოდი“ – აზროვნება და არა მხოლოდ ცოდნა

0

სინგაპურში გლობალური ცოდნა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ აზროვნება.

აი, სწორედ ამიტომ დავინტერესდი სინგაპურის მეთოდებით.

თანამედროვე განათლების პრიორიტეტული მიზანია, ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მოსწავლეს პრობლემის დამოუკიდებლად კვლევის, გადაჭრის გზების პოვნის, პროცესის კონტროლის და შედეგის შეფასების უნარები – ასწავლოს სწავლა. „ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის“ – ლუციუს ანეუს სენეკამ ეს ჯერ კიდევ როდის გვითხრა, არადა ჩვენ ახალი გვგონია.

თანამედროვე განათლების სისტემა და მისი მუდმივი ცვლილებები მასწავლებლებისგან მოითხოვს მოქნილობას, ახალი მეთოდების გამოყენებას. როგორც თავად მსოფლიო, ისევე სწრაფად იცვლება ბოლო ხანს საკლასო ოთახში მუშაობის ფორმებიც. საგანმანათლებლო სტანდარტების ძირითადი დებულებების გათვალისწინებით, გაკვეთილი, სასწავლო პროცესის შედეგებთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა სოციალიზაციას, შემეცნებითი და ემოციური სფეროების, სამეტყველო უნარის გავითარებას, ერთმანეთის მიმართ მეგობრული და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა ერთმანეთთან ურთიერთობას, რათა თითოეული მათგანი საგანმანათლებლო პროცესის აქტიური მონაწილე გახდეს საკუთარ კომფორტულ ზონაში.

„მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო. ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“, – ამბობდა პლუტარქე.

ჩვენ გვავიწყდება ეს. ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია გადავცეთ და დავაზეპირებინოთ, საგნის „ფუნდამეტური“ ცოდნა მივცეთ, რომელსაც ვერ გამოიყენებს, თუ არ ვასწავლეთ, რა კავშირი აქვს მას ცხოვრებასთან. ჩვენი ვალია, ყველა საგანი გავაცოცხლოთ, გავასულიეროთ და ისე მივაწოდოთ.

სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება სინგაპურის განათლების სისტემა და მეთოდიკა, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ყველა მოსწავლე ჩააბას საგანმანათლებლო პროცესში და მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

სინგაპურის მეთოდი განაპირობებს ყველა მოსწავლის ჩართულობას აქტიური სწავლების პროცესში და გაკვეთილის ორგანიზების რეალური პრობლემის მოგვარებაში ისე, რომ 45 წუთში არა მხოლოდ ყველაზე აქტიური მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს, არამედ პასიურებიც. არა მხოლოდ ისმენენ, არამედ სხვების მოსაზრებებსაც იაზრებენ და ითვალისწინებენ.

სინგაპურის სკოლებში ძირითადი საგნებია მათემატიკა და სამეცნიერო დისციპლინა. დაწყებით კლასებშიც კი მათემატიკას სპეციალური მასწავლებელი ასწავლის. ზედა კლასებში მოსწავლეებს შეუძლიათ ჰუმანიტარული საგნები აირჩიონ, მაგრამ მათემატიკა მაინც გაძლიერებულად ისწავლება.

“სინგაპურული მეთოდი” 1980-იან წლებში შეიქმნა. მას სამ ეტაპად სწავლობენ: რეალურ ობიექტებზე, ნახატებზე, სიმბოლოებზე.

სინგაპურელი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თვალსაჩინოების მეთოდს. კლასები ნაკლებადაა დეკორირებული, რათა ბავშვს დაფიდან თუ ეკრანიდან თვალი არ გაექცეს.

ევროპელი მოსწავლეებისგან განსხვავებით, სინგაპურელი ბავშვები დაწყებით კლასებში ნაკლებ საგანს სწავლობენ, სამაგიეროდ საფუძვლიანად. სპეციალისტების აზრით, სწორედ ესაა სინგაპურული სისტემის საიდუმლო.

სინგაპურის განათლების სისტემა თითქმის ნულიდან შეიქმნა და დამოუკიდებლობის განმავლობაში სახელმწიფომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. მრავალი ქვეყანა იღებს განათლების აქაურ სისტემას განვითარების მაგალითად, რადგან ის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.

სინგაპურის მეთოდი ემყარება გუნდურ მუშაობას, მოსწავლეთათვის ფსიქოლოგიურად კომფორტული, უსაფრთხო გარემოს შექმნას, იყენებს მრავალფეროვან სტრუქტურას როგორც აკადემიური მიზნებისთვის, ისე კლასის ერთ გუნდად შეკვრისთვის, თიმბილდინგისთვის (შეკრული გუნდის ჩამოყალიბების თანამედროვე მეთოდი, რომელშიც გუნდის თითოეული წევრი პოულობს თავის ადგილს და შესაძლებლობა ეძლევა, გამოავლინოს თავისი ნიჭი) და ა.შ.

განათლების სპეციალისტების აზრით, პროგრამა შედგება ხუთი მოდულისგან:

  • 21-ე საუკუნის განათლების განვითარების ტენდენციები;
  • მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება;
  • ერთობლივი ჯგუფური სწავლება;
  • ინოვაციური სასწავლო ჯგუფების შექმნა.

ეს არის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვებს ფიქრი, საკუთარი აზრის გამოთქმა, მუდმივი აქტიურობა.

კითხვებზე პასუხის გაცემისას ყველამ უნდა გამოთქვას თავისი აზრი სიტყვიერად ან წერილობით, დაეხმაროს სუსტებს. არავინ უნდა დარჩეს თამაშს გარეთ. არ არსებობს ლიდერი, ყველა თანასწორია. მოსწავლეებს მოსწონთ ეს მეთოდი. მასწავლებლებს ეს ეხმარება, სწორად გაანაწილონ დრო გაკვეთილზე, შეამოწმონ ყველა მოსწავლის ცოდნა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად უნდა დააკვირდეს საგანმანათლებლო პროცესს. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ახალი სტრუქტურები, ხოლო მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად ფიქრი, უპასუხონ დასმულ კითხვებს, შეავსონ ერთმანეთის პასუხები, გაცვალონ მოსაზრებები. ეს ტექნიკა არ მოითხოვს მთელი გაკვეთილის მსვლელობის შეცვლას. ის ითვალისწინებს მეთოდოლოგიის მხოლოდ ერთი ან ორი ელემენტის გამოყენებას, მასწავლებელს აქვს არჩევანის უფლება. უფრო მეტიც – მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო ოთახში, ასევე კლასგარეშე თუ სადღესასწაულო ღონისძიებებზეც.

სინგაპურის მეთოდოლოგიის საფუძველს წარმოადგენს კოოპერატიული ანუ ერთობლივი მუშაობა, რომელიც ეფუძნება გასული საუკუნის დასაწყისში გაჩენილ იდეებს, გამოთქმულს ისეთი ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგების მიერ, როგორებივ იყვნენ კურტ ლევინი, ჯონ დიუი, მორტონი დოიჩე, ჟან პიაეჟე, ლევ ვიგოცკი.

სწავლების სინგაპურული მეთოდი – ეს არის თეზისები და ფორმულები, რომლებსაც სტრუქტურები ეწოდება. ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ისინი ერთმანეთთან ნებისმიერი მიზნით. თითოეულ სტრუქტურას აქვს მყარი ჩარჩო და საკუთარი სახელი. სულ დაახლოებით 250 სტრუქტურაა, რომელთაგან 35 ძირითადია. ახალ მასალას მოსწავლე შეისწავლის დამოუკიდებლად. თითოეული მოსწავლე ირგებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლებს. პედაგოგი ეწევა ე.წ. ჩართულ დაკვირვებას, უსმენს მოსწავლეებს, აფასებს მათ, უსწორებს შეცდომებს, ეხმარება და მიმართულებას აძლევს. როგორც ჩემმა მოსწავლეებმა აღნიშნეს ამ საკითხების განხილვისას, ახალი არაფერია – ამას ხომ ჩვენც ვაკეთებთ, უბრალოდ, ყოველთვის, ყველა გაკვეთილზე არა. აი რა ყოფილა პრობლემა: ამას ჩვენთან სისტემატური ხასიათი არ აქვს.

ამ მეთოდოლოგიის მომხრეები აღნიშნავენ, რომ სწავლების სინგაპურულ მეთოდოლოგიას არაერთი დადებითი მხარე აქვს. გაკვეთილში ჩართულია მთელი კლასი, გამოიყენება მრავალფეროვანი ფორმები და საშუალებები, რომლებიც ზრდის და ასტიმულირებს მოსწავლეთა შემოქმედებით საქმიანობას. მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებას, პასუხობენ დასმულ კითხვებს, ავსებენ და ხვეწენ ერთმანეთის მოსაზრებებს. მათ უვითარდებათ ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, იზრდება შესწავლილი საგნის მიმართ ინტერესი. შედეგად მოსწავლე უფრო ეფექტურად აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას.

სინგაპურის მეთოდოლოგია მძლავრი იარაღია მოსწავლის შესაძლებლობების მრავალმხრივი განვითარებისთვის.

მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ მეთოდოლოგიას ბევრი ნაკლი აქვს. ეს ტექნიკა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აითვისონ როგორც მასწავლებლებმა, ისე მოსწავლეებმაც. მასწავლებელმა უნდა გამონახოს დრო, რათა გაკვეთილზე სტუქტურების გამოყენება ისწავლოს. ჯგუფური მუშაობის ორგანიზება მისგან მოითხოვს სპეციალურ უნარებს, დროსა და ძალისხმევას. ჯგუფების არასათანადო დაკომპლექტებისას ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა, ისარგებლოს ძლიერი თანაკლასელების მუშაობის შედეგებით.

ზოგიერთი მშობელი განიცდის, რომ განათლების ამგვარი სისტემა “მოსწავლე-რობოტებს” ქმნის, რომლებსაც საკოორდინაციო სისტემაში ერთი ორიენტაცია აქვთ: “სწორია-არასწორია”. ბავშვებს უხშობენ კრეატიულობასა და ინიციატივას.

გარდა ამისა, მაღალი შედეგისთვის ბრძოლა ბავშვობას აკარგვინებთ: სკოლა-საშინაო დავალება-მასწავლებელი. არ არსებობს ბალანსი თამაშს, დასვენებასა და თანატოლებსა თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას შორის. სინგაპურული მეთოდი განსხვავდება ფინურისგან, სადაც თამაში და სოციალური აქტიურობა პრიორიტეტულია.

მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვება ყოველთვის არ ნიშნავს მაღალ IQ-ს. ქვეყანაში კრეატიული მეწარმეების ნაკლებობაა. ამ სფეროს მალაიელი და ჩინელი ბიზნესმენები იკავებენ.

და მაინც, სინგაპურის მეთოდი უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის სრულფასოვან მონაწილეობას საგანმანათლებლო საქმიანობაში;

უზრუნველყოფს სოციალიზაციას;

ხელსმუწყობს კომფორტული და მეგობრული ატმოსფეროს შექმნას.

სინგაპურის მეთოდების სტრუქტურებს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://docplayer.ru; https://infourok.ru; https://eduinspector.ru ; https://ped-kopilka.ru ; https://laughteachlove.com/kagan-inspired-fan-n-pick-manage-mats-free-printable-classroomtips-funinfirstgrade/

აქ წაიკითხავთ ათ საუკეთესო მოთხრობას მასწავლებლისთვის !

0

ჟურნალ “მასწავლებლის” სპეციალური ნომერი, რომელიც  ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის” მიეძღვნა.

 

მოთხრობების წაკითხვა შესაძლებელია აქ:

 

ათი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...