სამშაბათი, აპრილი 29, 2025
29 აპრილი, სამშაბათი, 2025

როგორ დავძლიოთ კითხვის სირთულეები სარემედიაციო პროგრამის დახმარებით

0

კითხვის პრობლემის მქონე ბავშვები მასწავლებლებისგან განსაკუთრებულად სათუთ მიდგომას საჭიროებენ, რადგან კითხვა რთული ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესია.

,,კითხვა მრავალმხრივი უნარია, რომელიც გულისხმობს გამოსახული სიმბოლოების დეკოდირებას აზრის გაგების მიზნით” და რეალურად, კითხვაში პრობლემა  სწორედ დეკოდირების, დაწერილი სიტყვის, როგორც ცალკეული ასოებისგან შედგენილი ერთი მთლიანი კოდის გაშიფვრის /სიტყვის ამოცნობის/ და წაკითხულის გაგება-გააზრების დროს იჩენს თავს.

ცნობილია, რომ კითხვის პროცესში მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის ანალიზატორები. შესაბამისად, მოსწავლეებში კითხვის პრობლემები სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. შეიძლება ეს  იყოს: მეტყველების, სმენის, ფონემური ცოდნის არქონის და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, კითხვასთან დაკავშირებული სირთულეების ადრეულ ასაკში გამოვლენა და მოგვარება. მასწავლებლები სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ კითხვის სირთულეების დასაძლევად.

გთავაზობთ დაწყებითი განათლების პროექტის (USAID G-Pried) ფარგლებში განხორციელებული კითხვის სარემედიაციო პროგრამის  გზამკვლევის ზოგად რეკომენდაციებს.

რას ნიშნავს რემედიაცია და ვინ წარმართავს სარემედიაციო პროგრამას?

ტერმინი რემედიაცია ნიშნავს კონკრეტული აქტივობების საშუალებით არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას. პროგრამა ორიენტირებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რომელსაც სკოლის ადმინისტრატორის, კლასის დამრიგებლისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით ახორციელებს რემედიატორი მასწავლებელი.

 

რა არის კითხვის სარემედიაციო პროგრამის მიზანი?

პროგრამის მიზანია, რომ პრობლემურმა მკითხველებმა შეძლონ სიტყვის დეკოდირება, სწრაფად ცნობა და გაწაფული კითხვა.

 

როგორ ხდება მოსწავლეთა იდენტიფიცირება და რემედიაციის პროგრამაში ჩართვა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, რა ტიპის პრობლემა აქვს მოსწავლეს კითხვაში და ამის შემდეგ დავგეგმოთ შესაბამისი ინტერვენცია. სარემედიაციო პროგრამა არ სჭირდებათ მოსწავლეებს, რომლებთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. იდენტიფიცირება ხდება შემდეგი ძირითადი საფეხურების გათვალისწინებით:

 

  1. კითხვის უნარების სკრინინგი და შედეგების ანალიზი.

სკრინინგის პროცესში, სიტყვებისა და ტექსტის წაკითხვის, ლექსიკური მარაგის, გაგება-გააზრების ტესტების საფუძველზე  ხდება მოსწავლეთა მონაცემების დადგენა სასწავლო წლის დასაწყისში დასაუფლებელ უნარებთან მიმართებით და გარკვევა, თუ რომელ მოსწავლეებთან იქნება საჭირო პირველადი ფოკუსირებული დიაგნოსტიკა. /ტესტები და შესაბამისი კრიტერიუმები იხილეთ ვებპორტალზე  https://kargiskola.ge/SC/eaccess1.php დიაგნოსტიკური შეფასების ველში./

A, B, C კატეგორიების ნიშნის განსაზღვრის შემდეგ, სადაც A აღნიშნავს მოსალოდნელზე მაღალ შედეგს, B – მოსალოდნელის შესაბამისს და C – მოსალოდნელზე დაბალს, რემედიატორი მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა სიას, რომელთაც შემდეგ საფეხურზე ჩაუტარდებათ პირველადი ფოკუსირებული დიაგნოსტიკა.

  1. პირველადი ფოკუსირებული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური გასაუბრება მოსწავლესთან.

აღსანიშნავია, რომ ეს საფეხური ორი ეტაპისგან შედგება:

ა) კითხვის თანმხლები ჩანაწერების გაკეთება, რომელშიც აისახება შეცდომების ანალიზი, რომელი სიტყვა წარმოთქვა მოსწავლემ არასწორად და შეძლო თუ არა  წარმოთქმული სიტყვების შესწორება შემდეგ ცდაზე, დაითვლება უზუსტობებისა და სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობა, გაიყოფა ეს რიცხვი ტექსტის სიტყვების (ტექსტი უნდა იყოს მცირე მოცულობის) სრულ რაოდენობაზე, მიღებული რიცხვი მრავლდება 100-ზე და ამგვარად განისაზღვრება სწორად წაკითხული სიტყვების პროცენტი. /იხ.დანართები/

ბ) ინდივიდუალური გასაუბრება მოსწავლესთან იმის გასარკვევად, თუ როგორია მისი დამოკიდებულება კითხვისადმი.

 

  1. მოსწავლის მოსწრების ანალიზი სხვადასხვა საგანში.

 

  1. მშობელთან გასაუბრება მოსწრებასთან დაკავშირებით და თანხმობა პროგრამაში ჩართვაზე.

 

განხორციელებული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება მოსწავლის

ინდივიდუალური საჭიროებები, მისი პროფილი და განაწილდება სარემედიაციო ჯგუფში.

 

რა ძირითადი საფეხურების გავლა ხდება სარემედიაციო ჯგუფის შექმნის შემდეგ?

  1. სარემედიაციო პროგრამის და გაკვეთილების გეგმების შედგენა;
  2. სარემედიაციო გაკვეთილების წარმართვა;
  3. პროგრესის მონიტორინგი და შუალედური შეფასება;
  4. შემაჯამებელი შეფასება.

რა სიხშირით და როგორ ტარდება რემედიაციის გაკვეთილები?

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ, არასაგაკვეთილო დროს, 40-50 წუთის განმავლობაში. გარემო, სადაც მეცადინეობები ჩატარდება, მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისთვის, მრავალფეროვანი რესურსებით უზრუნველყოფილი, როგორიცაა სიტყვების ბარათები, მულტიმედია ტექსტები, სხვადასხვა დონის საკითხავი ტექსტები, აქტივობების ბარათები, სამუშაო ფურცლები, აუდიოწიგნები და სხვა.

სარემედიაციო გაკვეთილის სტრუქტურა მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. მასწავლებელმა, მოსწავლეთა რაოდენობისა და საჭიროებების მიხედვით, წინასწარ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს კონკრეტულ გაკვეთილზე მისაღწევი ერთი მიზანი და შეარჩიოს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც აუცილებლად ლოგიკურად უნდა ებმოდეს ერთმანეთს. ამავდროულად, ყოველი ახალი აქტივობის განხორციელებას წინ უნდა უძღოდეს  მოდელირება მასწავლებლის მიერ.

 

როგორ ვაწარმოოთ პროგრესის მონიტორინგი?

პროგრესის მონიტორინგი ხორციელდება სამი ძირითადი ინსტრუმენტის დახმარებით:

  1. გამეორებითი კითხვის გრაფიკი;
  2. წაკითხვის თანმდევი ჩანაწერები;
  3. რეფლექსიის ფურცელი.

 

პირველი და მეორე ინსტრუმენტის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია

გაზომოს მოსწავლის კითხვის ტემპი, ამავდროულად, მოსწავლე აკვირდება საკუთარ პროგრესს გაწაფულ კითხვაში, ხოლო მესამე ინსტრუმენტი მოსწავლე-მასწავლებელს ეხმარება კვირის ბოლოს ათვისებული მასალის შეჯამებაში.

 

კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ვრცელი ინფორმაცია, გაკვეთილების აქტივობების ნიმუშები,  კითხვის თანმხლები ჩანაწერების დანართები და დიაგნოსტიკური შეფასების სქემები იხილეთ გზამკვლევში ,,კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლებში’’   https://drive.google.com/open?id=1Igl9SeY3UIB-PgSOLDg6MnQtHFS3nw6S

 

დანართები: კითხვის თანმხლები ჩანაწერების ფორმები და კოდები

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კითხვის ეფექტური მეთოდები – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – 2013 წელი
  2. კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

  1. კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლებში

https://drive.google.com/open?id=1Igl9SeY3UIB-PgSOLDg6MnQtHFS3nw6S

 

სიჩუმის მუსიკა და ფერადები – ცისფერყანწელი სანდრო ცირეკიძე

0

სანდრო ცირეკიძე ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის ერთი ერთგული „რაინდი“ იყო. „ცისფერი ძმობის“ სხვა წევრებთან ერთად იღვწოდა პოეტური სიტყვის აღორძინებისა და განახლებისათვის, საქართველოს სულიერი კულტურის გამდიდრება-გამრავალფეროვნებისთვის, რაც, მათი აზრით, საფუძვლად უნდა დასდებოდა ქართველი ერის მომავალ სიმტკიცეს, ერთიანობას, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. შეიძლება ითქვას, რომ სანდრო ცირეკიძის შემოქმედებისა და მოღვაწეობის გარეშე წარმოუდგენელია ქართული სიმბოლისტური სკოლის სრულყოფილი აღქმა თუ შემეცნება, კერძოდ კი, ქართული სიმბოლისტური პროზისა, რომლის ყველაზე თამამი „ექსპერიმენტატორი“ იგი გახლდათ. `სანდრო ცირეკიძე იყო სანთელი არა ფიგურალური, სანთელი ანთებული ხის საჯვარეში უცნობი ხელით. სიგრილე, სიმარტოვე, იდუმალება ირგვლივ, როგორც სამარეში~. ეს სიტყვები გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის და მათში ხატოვნად წარმოჩენილია სანდრო ცირეკიძის პოეტური სულის ძირითადი თვისებები, მის მინიატურებსაც რომ ახასიათებთ. `სანდრო ცირეკიძის შემოქმედება იყო ფარდის შერხევა, რომლის იქით იმალება გამოუთქმელი~_ ესეც გრიგოლ რობაქიძის სიტყვებია, სანდრო ცირეკიძეზე თქმული. მართლაც, სწორედ მიღმურის, მისტიკურის გზნება და გამოთქმაა სანდრო ცირეკიძის შემოქმედება.

სანდრო ცირეკიძემ, ერთი მხრივ, გააგრძელა ქართული კლასიკური პროზის ტრადიციები, მეორე მხრივ კი, ხორცი შეასხა ახალ პოეტურ შეხედულებებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა ტრადიციული მხატვრული აზროვნებისაგან. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან შეძლო მრავალმხრივ გამოევლინა თავისი ნიჭი. იგი წერდა შესანიშნავ მინიატურებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მომცრო კრებულის გამოცემა მოასწრო, სახელწოდებით `მთვარეულები~.  სანდრო ცირეკიძემ თავისი თარგმანებითაც გაამდიდრა ქართული ლიტერატურა. იგი იყო რედაქტორ-გამომცემელიც. ქუთაისში საგანგებოდ დაარსა ცისფერყანწელთა გამომცემლობა `კირჩხიბი~ და გამოსცა კიდეც კოლაუ ნადირაძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური კრებულები. იგი იყო ჟ. `შვილდოსნის~ რედაქტორი და ჟ. `მეოცნებე ნიამორების~ თანარედაქტორი. თავისი ესეებით კი სანდრო ცირეკიძემ გაამდიდრა ქართველ სიმბოლისტთა თეორიული წარმოდგენები ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. ხშირ შემთხვევაში, იგი გვევლინება ახალი პოეზიის ერთგვარ კომენტატორადაც კი, რადგან მის ესეებში მოცემულია ახსნა იმ ძირითადი პრინციპებისა, რომელთა საფუძველზე ხორციელდებოდა სამყაროს სრულიად ახლებური პოეტური გააზრება. მან თავისი თარგმანებით დიდი დახმარება გაუწია ქართველ მკითხველს ფრანგ სიმბოლისტ მწერალთა გასაცნობად. სანდრო ცირეკიძე თავისი პრაქტიკული მოღვაწეობითაც ხელს უწყობდა ახალი სკოლის განვითარებას.

მან დახვეწა და გაამდიდრა მინიატურის ჟანრი თავისი შემოქმედებით. `ლაია~, `მოზაიკის ღვთისმშობელი~, `მთვარეული~, `პირიმზე~, `მუნჯი მოციქული~, `რაინდთა ლანდები~ და სხვა _ ეს მინიატურები იყო ახალი სიტყვა ამ ჟანრში. მწერალმა უფრო მეტად გაამახვილა ყურადღება ირეალობაზე და სინამდვილე წარმოაჩინა, მხოლოდ როგორც ნიშანი, სიმბოლო, ფარდა, რომლის იქით იმალებოდა გამოუთქმელი. მისი მინიატურები პოეტურია, უფრო თეთრ ლექსებს ჰგავს. დაფარულის შეგრძნება  და გამოხატვა იყო მისთვის მთავარი. მას სჯეროდა სამყაროს ფენომენალობისა და პოეტური ხატებით, მეტაფორებით, სიმბოლოებით ცდილობდა საგანთა და მოვლენათა არსში წვდომას, იდუმალის ახსნასა და გადმოცემას.

მის პოეტურ სამყაროში წაშლილია საზღვარი წარმოსახულსა და რეალობას შორის. გმირები თანაბრად განიცდიან როგორც ნამდვილ, ასევე სიზმარეულ, ოცნებისეულ სამყაროს. სანდრო ცირეკიძის შესახებ შეიძლება გავიმეოროთ სიტყვები, რომლებიც ვალერიან გაფრინდაშვილმა მალარმეზე თქვა: `იგი იყო ბრწყინვალე იმპროვიზატორი თავისი ოცნების და ცხოვრება, როგორც უვარგისი სუფლიორი სამუდამოდ უარყოფილ იქნა პოეტის მიერ~.

სანდრო ცირეკიძის მინიატურებში ბევრი რამ ხშირად აგებულია სიზმრისეულ პრინციპებზე. აქ არის გარკვეული ბუნდოვანება, ნახევარტონები და გამოცანები, მკითხველი უნდა მიჰყვეს მინიატურისეულ განწყობილებებს და  ემოციურად განიცადოს სათქმელი. მწერლისთვის უმთავრესი იყო მშვენიერებისთვის ეზიარებინა მკითხველი. მშვენიერება კი მას ეგულებოდა წარმავალ საგანთა და მოვლენათა მიღმა, ამიტომ ცდილობდა  უჩინარის მოხელთებას და მარადიულთან ზიარებას.  მის მინიატურებში ჩანს ძიება სიტყვათა დაფარული `შესაძლებლობების~ აღდგენისა, გაცოცხლებისა. იგი ხშირად იყო `ძუნწი~ წერისას, უფრთხილდებოდა, არჩევდა, ნაკლებად იმეტებდა სიტყვებს, ამიტომ `სიჩუმის მოციქულსაც~ უწოდებდნენ მეგობრები. სანდრო ცირეკიძის მინიატურებში თითქოს შეერთდა მუსიკა და ფერწერა და სიტყვიერად გამოვლინდა. სიტყვა მასთან არა მხოლოდ გარკვეული სემანტიკის შემცველია, არამედ ფერია, მელოდიაა.

სანდრო ცირეკიძე პოეტი იყო აზროვნებითა და წარმოსახვებით. ბავშვობაში წერდა ლექსებს, მაგრამ შემდეგ პროზამ გაიტაცა, ცდილობდა, მალარმეს მსგავსად, თავისებური ნაზავი შეექმნა პროზისა და ლექსისა და მიაღწია კიდევაც ამას. ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა: `სანდრო ცირეკიძე პოეტია ჩემთვის. ის წერს პოემებს მინიატურის სახით~. მისი მინიატურები, მართლაც, პროზისა და პოეზიის ზღვარზეა, მსგავსად, სტეფან მალარმესა და შარლ ბოდლერის პოეტური პროზისა. სანდრო ცირეკიძის აზრით, წინადადებაში სიტყვების თავისებური დალაგებით შეიძლება შექმნილიყო სათუთი, გრძელი რიტმი, ასეა, მაგალითად, მის მინიატურა `მთვარეულში~:

`დამწვარ დუქანში ღამეს თვალი დაუხუჭავს~.

ამ სტრიქონში მარცვლების: და- დუ- დუ- თანაზომიერი გამეორება ქმნის  ღამის სიჩუმის ილუზიას. თითქმის დუდუნით წარმოითქმის მთელი ფრაზა.

`ქალაქის ბაღის ჭლექიანი ხეები ინაზებიან მთვარის ნათელში~.

ქალაქი თითქოს ჭლექს ერითმება, მთვარე_ნათელს. ყოველივე ეს კი ქმნის საოცარ მუსიკალურ რიტმს.

ადრევე შენიშნა სერგო კლდიაშვილმა სანდრო ცირეკიძის მინიატურათა უჩვეულო არქიტექტონიკის შესახებ: `სანდრო ცირეკიძეს აქვს თავისი პრინციპები კომპოზიციისა. სტრიქონები ჩქარა მთავრდება წერტილით, მაგრამ წინადადება დასრულებული და ნათელია. ყოველი სტრიქონი სინთეზია მრავალი წინადადებისა, რომელიც შეიძლებოდა დაწერილიყო და მხოლოდ ამ სინთეზს გვიჩვენებს მწერალი~.

სანდრო ცირეკიძე ერთმანეთისგან განარჩევდა ხმოვნებისა და თანხმოვნებისგან შექმნილ რიტმს, ამ უკანასკნელს ბევრისთვის რთულად და ხელმიუწვდომლად მიიჩნევდა. მისი აზრით: `მეტად მახვილი სმენა უნდა, რომ აითვისო წყნარი, მგლოვიარე დენა თანხოვნებისა. ერთი ინტენსივობისა და მგვანი ტონალობის ბგერები ხვდებიან ერთმანეთს მეზობლობის აღმართ-დაღმართებში და სულის ქანაობას აბრუნებენ ერთ სწორ ხაზზე მუსიკის ლაიტმოტივით~.  მას თვითონ სწორედ ამგვარი მგრძნობიარე და მახვილი მუსიკალური სმენა ჰქონდა, ამიტომ უწოდა მას ვალერიან გაფრინდაშვილმა მინიატურის უნაზესი მოცარტი. სანდრო ცირეკიძის მინიატურების რიტმულ სამყაროზე საინტერესო გამოკვლევა აქვს თინანო თევზაძეს. მან მინიატურა `ზამთრის ქიმერაში~ უჩვეულო სიმეტრია აღმოაჩინა თანხმოვნებს შორის და ამის მიხედვით გრაფიკული სქემები გამოკვეთა. ისიც აღნიშნა, რომ დაუჯერებელია, ავტორს სიტყვები წინასწარ ამ სქემის მიხედვით შეერჩია და დაელაგებინა.

გრიგოლ რობაქიძე   რითმას ირაციონალური ენერგიის მატარებლად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ სწორედ მისი საშუალებით წარმოჩნდებოდა ირეალური სამყარო, თუმცა, მისივე აზრით, რითმაში მაინც იყო რაღაც გამოანგარიშება, ამიტომ იგი შემოქმედის ძლიერების გამოხატულებად მიიჩნევდა, ურითმოდ წარმოჩენილიყო ირაციონალური. სანდრო ცირეკიძის შემოქმედებაში სწორედ ურითმოდ ჩნდება ირაციონალი. მისი პროზა ეყრდნობა არა ხილულ, არამედ უხილავ რიტმულ კანონზომიერებებს.

სადრო ცირეკიძის მინიატურებში მუსიკასთან ერთად, ფერებიცაა, ძირითადად, ეს არის დანისლული, ღრუბლიანი დღის ფერები, ამიტომაც ჩნდება მისი პროზის კითხვისას ჩუმი  ნაღველი, მარტოობისა და უსაშველობის განცდები. მის დახვეწილ, მოხდენილ და მომხიბლავ სტრიქონებს მკითხველისთვის მოაქვთ იდუმალების განცდა. რაზეც უნდა წერდეს იგი, წარსულსა თუ აწმყოზე, ადამიანებსა თუ ბუნებაზე, სათქმელს ყოველთვის შესაბამისი რიტმითა და მელოდიით გადმოსცემს. ვალერიან გაფრინდაშვილისთვის, მისი უმთავრესი მელოდია იყო ჩუმი და  ნაზი, როგორც `დედოფლის მომხიბლავი გაზმორება~. იგი მის პროზაში სამგლოვიარო სურნელებას გრძნობდა და ბრუვდებოდა მისი სიტყვებით: `მისი პეიზაჟი მოთენთილია, როგორც გობელენი~.

რა იყო ამ მელოდიურობის წყარო?  სანდრო ცირეკიძემ იცოდა, რომ პროზაში ლექსზე მეტად მოქმედებდა ერთი კანონი _ გამონაკლისი  კანონიდან. იგი წერდა: `უცნაური შვენებაა რიტმის ერთნაირი დენისას მის მოულოდნელ დარღვევაში~. იგი ცხოვრებაშიც გატაცებული ყოფილა მუსიკით, განსაკუთრებით, კლასიკურით. პეტერბურგის უნივერსიტეტში იგი ისმენდა ლექციებს ვაგნერის მუსიკალურ შემოქმედებაზე. შალვა აფხაიძე იგონებს: `სახალხო სახლში შალიაპინი მღეროდა. ძნელი იყო მის სპექტაკლებზე მოხვედრა. გადავწყვიტეთ ცოცხალრიგში ჩადგომა. იყო ზამთარი, ყინვა და ცივი ქარი. ასმი დღ-ღამე ვიდექით რიგში ერთმანეთის შენაცვლებით. მაშინ მოვისმინეთ შალიაპინის ჯადოქრული ხმა. სანდრომ თეატრში ცუდად იგრძნო თავი, სპექტაკლის ბოლომდე აღარ დარჩა, შინ წამოვიდა. დავბრუნდი თეატრიდან, თვალში მეცა წამოწოლილი სანდრო და სისხლი, ტაშტზე დაქცეული~. ჭლექით გამოწვეული შინაგანი განცდები, სიკვდილთან ყოველდღიურად მიახლოების გრძნობა თავისებურად მოჟონავდა მის მინიატურებში. სევდის, წარმავლობის, მიუსაფრობის განწყობილებათა  წყარო ესეც იყო.  სანდრო ცირეკიძემ უდიდესი ყურადღება გაამახვილა სიტყვათა მუსიკალობასა და ფერწერულობაზე, მან გაამრავალფეროვნა მინიატურა რიტმის თვალსაზრისით.  მან შექმნა ორიგინალური `სონეტი პროზით~. საზოგადოდ, ის ჟანრებზე მაღლა პოეზიას აყენებდა, რომელიც შეიძლება გამოვლენილიყო ნებისმიერ ფორმაში. მის მინიატურებში  სხვადასხვა გზით შექმნილი  უმშვენიერესი რიტმებია. მისი პროზის დახვეწილ, მოხდენილ და მომხიბლავ სტრიქონებს მკთხველისთვის მოაქვთ იდუმალების განცდა.

ფრანგი პოეტები: შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, სტეფან მალარმე, ლოტრეამონი, ჟიულ ლაფორგი, პოლ ვერლენი და სხვა _ ცისფერყანწელთა კერპები იყვნენ, რომელთაც ხშირად ბაძავდნენ კიდეც, მაგრამ მთავარი იყო, რომ ისინი თარგმნიდნენ ახალ პოეზიას და ცდილობდნენ ქართული კულტურის `ევროპის რადიუსით გამართვას~ (ტიციან ტაბიძე). ეს იყო კეთილშობილური მიზანი, ქართული კულტურა დაებრუნებინათ ევროპულ არეალში. ცისფერყანწელები, მართალია, ეთაყვანებოდნენ ფრანგებს, მაგრამ მათ  სამშობლოშიც ჰყავდათ მისაბაძნი, უპირველესად, რუსთაველის, გურამიშვილის, ბესიკის, ვაჟა ფშაველას სახით. რაც შეეხება სულიერ ნათესაობას, ვფიქრობ, სანდრო ცირეკიძე ცხოვრებითა და შემოქმედებით რაღაცნაირად ჩამოჰგავდა ჟიულ ლაფორგს, რომლის პოეზიასაც კარგად იცნობდა და აფასებდა. ამავე დროს, ისინი წააგავდენენ როგორც გარკვეული თემების, ასევე  ამ თემათა მხატვრული დამუშავების პრინციპებითაც. თუმცა ამგვარ ნათესაობაზე საუბარი პირობითია, მაგრამ ხელს უწყობს  იმ ძირითადი ტენდენციების გამოკვეთას, რითაც გამოირჩეოდა ორივე შემოქმედი.

სანდრო ცირეკიძემ ვალერიან გაფრინდაშვილსა, კოლაუ ნადირაძესა და შალვა აფხაიძესთან ერთად თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს `ლექსები და პროზა~. ამასთან დაკავშირებით იგონებდა სერგო კლდიაშვილი. ერთ მშვენიერ საღამოს, ქალაქგარეთ, პატარა წისქვილში შეკრებილან ქუთაისელი ახალგაზრად პოეტები. 1919 წელი იყო. პაოლო ჩამოვიდა არგვეთიდან ქუთაისში ერთი დღით, მერე ტიციანის დეპეშაც მოსულა_თბილისიდან ჩამოვდივარო და პაოლოც დარჩენილა. ტიციანის ჩამოსვლა აღუნიშნავთ სწორედ მეგობრებს ამ წისქვილში: `ჩამოვსხედით სიმინდით სავსე ტომრებზე. სანდრო ცირეკიძემ საიდუმლოდ მითხრა, რომ გამზადებული აქვს სიურპრიზი ტიციანისა და პაოლოსთვის. გახსნა პატარა შეკვრა და ჩამოარიგა თავისი გამოცემული ლექსების კრებულ ქართულ ენაზე. პირველი ეგზემპლარები იყო, რომლებიც სახელდახელოდ დაამზადებინა სტამბაში და აქ წამოიღო მეგობრებისთვის.

_ღმერთო ჩემო!_ლამაზად გამოცემულ წიგნს ფურცლავს ტიციანი და ჩუმად ამბობს: სად წისქვილი და სად მალარმე… რამ გაფიქრებინათ ქუთაისში მისი გამოცემა?

ტიციანის ტუჩებს ღიმილი არ შორდება, კიდევ რაღაც უნდა თქვას, მაგრამ  მის ნაცვლად, სანდროს ისე ეხვევა, თითქოს რაიმე დანაშაულს პატიობდეს~.

მალარმეს პოეზიის თარგმნა, ვალერიან გაფრინდაშვილის სიტყვით,  სანდროსთვის იყო `უკანასკნელი ცხადება. როგორც იუველირი თლიდა ის ფაზისის წყლისაგან განბანილ სიტყვებს~.

ტიციან ტაბიძის აზრით, სანდრო ცირეკიძის გამოცემები შესრულებული იყო ევროპული სტილით. მანამდე კი ლექსების წიგნს ვერ გაარჩევდით აგრარულ Gთემაზე დაწერილი ბროშურებისგან. სანდრო უდიდესი ყურადღებით ეკიდებოდა ყოველ ნაბეჭდ სტრიქონს, ყოველ ასოს. ტიციან ტაბიძე იგონებს, თუ როგორ ჩაუსწორებია მას საკუთარი ხელით გრიგოლ რობაქიძის ლექსში `პანი~ ერთი ასო. ეს ლექსი დაიბეჭდა მის მიერ გამოცემულ ათასტირაჟიან ანთოლოგიაში. ტიციანი წერდა: `დარჩება ალბათ საქართველოში პოეტისა და გამომცემლის სახელი _ ყველაზე უფრო მის მეგობრებში. ჩვენმა დრომ ბევრი გამომცემელი გაამდიდრა. სანდრო ცირეკიძეს შეუძლია გაიმეოროს დორიან გრეიდან ანტრეპრენიონის სიტყვები: მთელი სიცოცხლე იშრომო გამდიდრებისთვის, რომ უეცრად გაკოტრდე შექსპირზე. შექსპირის მაგიერობას, რასაკვირველია, პოეზია გასწევს~.

1921 წელს სანდრო ცირეკიძემ გამოსცა თავისი მინიატურების მცირე კრებული, `მთვარეულების~ სახელწოდებით. უდიდესი სიმკაცრით შეაჩია ყველა მინიატურა, მხოლოდ ბოლო დროს შქმნილი ნაწარმოებები შეიტანა, რომლებშიც მკვეთრად იყო წარმოჩენილი ახალი პოეტური პროზის თავისებურებანი. სერგო კლდიაშვილი თავის რეცენზიაში წედა: `მთვარეულებმა~ დაგვანახა სამყარო ჯერ არვისგან დანახული. ცირეკიძის თვალმა სხვანაირად დაინახა ის და თავისებურად გადმოგვცა… ცირეკიძე უკანასკნელი სიტყვაა ქართულ პროზაში. ქართული პროზისთვის ახალი გზა იწყება და შემდეგ წარმოუდგენელია საქართველოში პროზა, რომელსაც არ ახასიათებდეს სიტყვის ყნოსვა და მათი გახელება. ეს ახასიათებს `მთვარეულების~ ავტორს~. ტიციან ტაბიძე წერდა: `სანდრო ცირეკიძე გაჯერებთ, რომ არ არის ლეგენდა ქართული მოზაიკა. ქართველი მთწმინდელები და ქართველი გადამწერლები“.

სანდრო ცირეკიძის ესეებში საინტერესოდ და საფუძვლიანად არის განხილული პოეზიისა და პოეზიასთან დაკავშირებული მარადიული საკითხები. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა მისი ესეები `პოეზიის ნაპირები~, `ორსახიანი იანუსი~, `პარალელები~, `რიტმი პროზაში~ და სხვა. საგანთა  იდუმალი მხარეების წარმოჩენას მიიჩნევს  იგი პოეზიის საგნად. მისი აზრით, პოეზია აღიძვრება მაშინ, როცა ადამიანი, შეგნებულად თუ ინტუიციურად, ეჭვს შეიტანს რეალურ სამყაროში, არ დააკმაყოფილებს ხილვად საგანთა ცქერა და მათ მიღმა გადაიხედება. მისთვის პოეტები იყვნენ სხვანაირი ადამიანები, ისეთები, რომელთაც ქვეყანას `უცნაურად შეხედეს~, რადგან, როგორც თვითონ წერდა: `მოვლენებს იქით საგნები იზმორებიან უცხონი~. იგი პოეზიასა და რელიგიას ერთ სიბრტყეზე მოაზრებდა, მაგრამ მათ არსებითად განასხვავებდა.  მისი აზრით, `რელიგია ეძებს ნამდვილ ორეულს ქვეყნისას და უნდა ეზიაროს  უკვდავებას. პოეტმა თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა ამ ძიებას. იმან დაიჯერა, რომ ღმერთს ჭეშმარიტს ვერ იპოვის და ეძებს მხოლოდ მის ბუტაფორიას~. სანდრო ცირეკიძისთვის პოეტი იყო მოგვი და მისტიფიკატორი. მის ესეებში ასახა სიმბოლიზმის ძირითადი ესთეტიკური საკითხები.

 

 

ასტრიდ ლინდგრენის კიდევ ერთი, ჩვენთვის უცნობი გმირი

0

შეგიძლიათ გაძლოთ იქ, სადაც არაფერია ლამაზი და სახალისო? თუ არა, მაშინ მშვენივრად გაუგებთ მალინს – რვა წლის გოგონას, რომლის შესახებაც ახალგაზრდა ასტრიდ ლინდგრენმა, რამდენიმე გვერდში უამბო პატარებს. მოთხრობას „უკრავს ჩემი ცაცხვი, მღერის ჩემი ბულბული?“ ჰქვია და დარწმუნებული ვარ, დაგვიანების მიუხედავად სიხარულით მიიღებს ლინდგრენის ქართველი თაყვანისმცემელი.

***

დიდი ხნის წინ, „როცა ხალხი ძალიან ღარიბი იყო,“ შვედეთის ყველა სამრევლოში არსებობდა ღატაკთა თავშესაფარი, სადაც მოხუცები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, უპოვარნი, სნეულნი, საპყარნი და სანახევროდ შეშლილნი ცხოვრობდნენ. მალინის უცნაური თავგადასავალი კი იმ დღეს დაიწყო, როდესაც იგი სოფელ ნორკას ღატაკთა თავშესაფარის ბინადარი გახდა, როდესაც მას  ხტუნვა-თამაში აუკრძალეს და ოთახის კუთხეში, იატაკზე მიუჩინეს ლოგინი (გოგონას მშობლები ჭლექით დაეხოცა და ნორკელმა გლეხებმა გასამრჯელოს სანაცვლოდაც არ აიყვანეს მალინი – შიშობდნენ, ჭლექს გადაგვდებსო).

ობოლი და გაჭირვებული გოგონა ერთი შეხედვით სტანდარტულ ზღაპრის პერსონაჟს წააგავს, სიძნელეების გადალახვის შემდეგ „პრინცესად გადაქცევა“ რომ უწერია. თუმცა… აჯობებს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და ფეხაკრეფით გავყვეთ პატარა გმირს, რომელიც თავშესაფარის პარმაღს გადააბიჯებს თუ არა, გულში სიმძიმეს იგრძნობს, ტირილი მოუნდება და გაიფიქრებს: „რა საწყალი ვარო…“

სიდუხჭირისა და უბადრუკობის ფონზე ასტრიდ ლინდგრენი თავშესაფარში მცხოვრებ დანარჩენ პერსონაჟებსაც გვაცნობს: სიმახინჯით განთქმულ სიფათას, იოკე-ბიჭს, რომლისთვისაც ღმერთს გონება წაურთმევია, მუდამ მშიერ იულელ ულას, ხისფეხა ზაფხულ-ნისეს, ავთვალა ქათამ-ჰილას, პატარჯოხას, კეთილგულას, პერკელ-ანას და თავშესაფარის მმართველ, ვეებერთელა პომპადულას. ადამიანებს, რომელთა  ერთადერთი თავშესაქცევი გზის ყურება გახლდათ – იმ უღიმღამო გზისა, ერთ დღეს მათთან საოცარი მალინი შეუმჩნევლად რომ მიიყვანა.

***

შეგიძლიათ გაძლოთ იქ, სადაც არაფერია ლამაზი და სახალისო? თუ არა, ალბათ უკვე მშვენივრად გესმით მალინის. გესმით და მისი ისტორიის ზღაპრული გაგრძელების სურვილიც არ გასვენებთ. არც ლინდგრენია თავისი გმირის მიმართ გულგრილი და აი, მის მოთხრობაში „ერთი მშვენიერი დღე დგება,“ როდესაც მრევლში სამათხოვროდ მოხეტიალე მალინი და პომპადულა მღვდლის კარ-მიდამოს მიადგებიან. იქ, ფაფის საჭმელად მაგიდასთან შემოსკუპებული გოგონას ცხოვრებაში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი მოხდება. გვერდითა ოთახის შეღებული კარიდან მალინი ისეთ ლამაზ სიტყვებს მოისმენს, რომლებიც მის გულს ნუგეშით აავსებს და არასოდეს აღარ დაივიწყებს…

„უკრავს ჩემი ცაცხვი,

მღერის ჩემი ბულბული?“

ამ სიტყვების ელვარებაში თანდათან უჩინარდება თავშესაფარის სიდუხჭირე და უბადრუკობა, იფარება ოხვრა, კვნესა,  შიმშილი და შიში. რატომ? გოგონა ამას ვერ ხვდება, „მაგრამ მომხდარი მისთვის ზეციურ სასწაულს უდრის…“ დროთა განმავლობაში მალინს ნატვრად ექცევა ცაცხვი, რომელიც უკრავს და ბულბული, რომელიც მღერის (სწორედ ისეთები, დედოფალს რომ ჰქონდა მღვდლის სამზარეულოდან მოსმენილ ზღაპარში). სურვილი მოსვენებას არ აძლევს. დარწმუნებულია, რომ მომღერალი ცაცხვისა და ბულბულის არსებობა ნორკას ღარიბთა თავშესაფარს სილამაზითა და ხალისით აავსებს, მის ბინადრებს კი იმედს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას მოუტანს.

ის მშვენიერი დღეც დადგება, მალინი  კარტოფილის კვლებში შიშველი ხელებით ორმოს რომ ამოთხრის და იქ „ცაცხვის თესლს“ ჩააგდებს, მაგრამ… რა აღმოცენდება ზაფხულ-ნისეს გახეული ქისიდან გადმოვარდნილი პატარა მოყვითალო-მომრგვალო მარცვლიდან?.. რის ფასად უწერია ცაცხვს დაკვრა და ბულბულს ამღერება?.. ამ კითხვებზე პასუხს მას შემდეგ მიიღებთ, მოთხრობას რომ წაიკითხავთ.

***

მსოფლიოში ცნობილი საბავშვო წიგნების ავტორი, კარლსონის, პეპი გრძელწინდას, მადიკენის, კალე ბლუმკვისტისა და სხვა უამრავი გმირის გამომგონებელი ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება. მისი მოთხრობა მწვავე პრობლემებს ეხება და ადამიანური ტკივილითაა სავსე. თითოეული დეტალი ისეთი სიმძაფრიდაა გადმოცემული, რომ ზოგჯერ გვგონია, ნორკას თავშესაფარის დაბზარულ კედლებზე გუნდ-გუნდად მიმომავალი რწყილები ჩვენს კანზეც დადიან და იქაურ ბინადრებთან ერთად ჩვენც გვისინჯავენ გემოს. თითქოს საწოლების ქვეშ მათხოვრობით მოპოვებული, ფუთებში გამოკრული ნივთები ჩვენგან ერთი ხელის გაწვდენაზეა მიმობნეული. პერსონაჟებთან ერთად ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით სასწაულს და იმასაც ტკივილით ვიაზრებთ, რომ ზოგჯერ კარტოფილის მოსავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშვენიერი ცაცხვის აღმოცენება. რომ შესაძლოა, სანუკვარი სურვილის ასასრულებლად სული გაიმეტო, მაგრამ მსხვერპლი არავინ არაფრად ჩაგიგდოს.

ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობამ გარკვეული თვალსაზრისით ოსკარ უაილდის „ბულბული და ვარდი“ მომაგონა, იმედი მაქვს, ამ ორ ამბავს შორის თქვენც გაავლებთ საინტერესო პარალელებს. გაავლებთ და დარწმუნდებით, რომ სასწაულის მოხდენა მხოლოდ მას ხელეწიფება, ვინც ვერასოდეს გაძლებს იქ, სადაც არ ეგულება სიყვარული, სადაც არაფერია ლამაზი და სახალისო…

„უკრავს ჩემი ცაცხვი, მღერის ჩემი ბულბული?“ ქართველი მკითხველისთვის ბაკურ სულაკაურმა თარგმნა, ქარჩხაძის გამომცემლობამ კი საბავშვო მოთხრობების ანთოლოგიის სერიით გამოსცა (ტომში „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია“). ამ არაორდინალური მოთხრობის დებიუტი შესაძლოა არც ისე ხმაურიანად შედგა, როგორც ამას ასტრიდ ლინდგრენი იმსახურებდა. შესაძლოა, ჯერაც არაფერი გსმენიათ მის შესახებ (ისევე გამოგეპარათ, როგორც „უღიმღამო გზით“ ღატაკთა თავშესაფარში მიმავალი მალინის ზღაპრულობა ვერ შენიშნეს თანასოფლელებმა). თუმცა… არც ნორკაში მომხდარა ნამდვილი სასწაული ხანგრძლივი ლოდინის გარეშე და წინ კარგი მოთხრობის წაკითხვა გელით!

 

როგორ ვასწავლო ჰაგიოგრაფია

0

დიდხნიანი ტაიმაუტის შემდეგ წელს ისევ უნდა ვასწავლო მეათეკლასელებს და ზაფხული ზაფხულად არ შემრგებია, თავი გამისკდა იმაზე ფიქრით, როგორ ვასწავლო ტრადიციული ქრონოლოგიური პრინციპის წყალობით ერთად თავმოყრილი ქართული ლიტერატურის ეს უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ნაწარმოებები ერთმანეთის მიყოლებით ისე, რომ არც თავი შევაძულო ბავშვებს, არც ქართული ( ამ პროცესის შესაბამისი ზერთული წინადადება გამომივიდა, მომიტევეთ!). სანამ სწავლებას დავიწყებდე, საკუთარ თავს უნდა დავეხმარო და უნდა დავიწყო სტატიების ციკლი:

  • ,, როგორ ვასწავლო ჰაგიოგრაფია“,
  • ,, როგორ ვასწავლო დავით გურამიშვილი“,
  • ,, სულხან- საბა როგორ ვასწავლო ისე, მხოლოდ ,,კუ და მორიელი“ რომ არ წამოუტივტივტივდეს მოსწავლეს გონებაში“…
  • ,, როგორ ვასწავლო ,,ვეფხისტყაოსანი“ – ამაზე ერთი- ორი კარგი სტატია მეგულება და დაბალი კლასების გამოცდილებაც დამეხმარება.

გამახსენდა, ერთ დროს პროექტით გავუმკლავდი ზოგიერთ სირთულეს და ეს სტატიაც იმ პროცესს ეხება. პროექტს ასე დავარქვი: ,,ჰაგიოგრაფიის სხვა ასპექტები“ და მისი იდეა,ზემოთ ხსენებულის გარდა, სამმა უმნიშვნელოვანესმა მიზეზმაც შთამაგონა:

I – მე –10 კლასის მოსწავლეებისთვის ჰაგიოგრაფია სრულიად ახალი, ძნელად დასაძლევი და საკმაოდ ვრცელი მასალაა. მასწავლებლისთვისაც რთულია, ინტერესიც გაუღვივოს მოსწავლეს სასულიერო მწერლობის მიმართ და იდეურ მხარესთან ერთად, საფუძვლიანად შეასწავლოს ტექსტები, მხატვრული მხარე, ავტორები, ისტორიული კონტექსტი, გეოგრაფიული გარემოც. ეს ასპექტები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება შეზღუდული საკონტაქტო საათებისა და მასალის სირთულის გამო.

II – პროექტებით სწავლება ძალიან ეფექტიანი და ეფექტურიც რომაა, ბევრ უნარს ერთობრივად რომ ავითარებს, ახალ ინტერესებს რომ უღვივებს ბავშვებს და შესაბამისად მათი აყოლიებაც ადვილია,  ამაზე აღარ კამათობენ.

III – 21-ე საუკუნის  გამოწვევათა შორის უმნიშვნელოვანესია მედიაწიგნიერების განვითარება.

,, მედია-წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზის, მათი წარმოების ტექნიკის,  აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება. აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის ან ფორმატის მედია-პროდუქციის შექმნა.“ – ამონარიდი ესგ-დან.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა. ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.

როგორ მიმდინარეობდა პროექტიკლასი დავყავი 4 ძირითად ჯგუფად: ბიოგრაფები, გეოგრაფები, ისტორიკოსები,ლიტერატორები. სათითაოდ გავწერე თითოეული ჯგუფის მოვალეობები, რომელიც ამობეჭდილი ედოთ თითოეულ საქაღალდეში. აქვე გთავაზობთ უცვლელად.

ჯგუფების მოვალეობანი

ბიოგრაფების ჯგუფი – იმუშავებენ სამივე ნაწარმოების ავტორზე, ისაუბრებენ მათ მიმართებაზე  ნაწარმოებებთან და მოიძიებენ დამატებით ცნობებს თითოეულ მათგანზე;

  • ამოიწერენ ტექსტში მოცემულ ყველა ცნობას ავტორის შესახებ (ვინაობა, ხასიათი, ქცევა, დამოკიდებულება, პრობლემა…) და გვერდით თითოეული წევრი თავის ინტერპრეტაციასა და ანალიზს მიუწერს;
  • მოიძიებენ დამატებით ცნობებს ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი ისტორიის მასწავლებელთან ერთად გააანალიზებენ და დაადგენენ მოძიებულ ცნობათა სანდოობას;
  • მოიძიებენ და შეაგროვებენ თემასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეო მასალას.
  • დაწერენ რეფერატს, სადაც დაწვრილებით და არგუმენტირებულად ისაუბრებენ ავტორის ფსიქოლოგიურ პორტრეტზეც.
  • შეუძლიათ, შექმნან მხატვრული ტექსტიც, რომელშიც მათ მიერ დანახული ავტორი წარმოჩინდება ( ეს პუნქტი განსაკუთრებით მოეწონათ).

გეოგრაფების ჯგუფი – მოინიშნავენ სამივე ნაწარმოებში გეოგრაფიულ პასაჟებს  და სახელმძღვანელოების, ენციკლოპედიების, ინტერნეტრესურსებისა და გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით მოიძიებენ დამატებით ცნობებს;

  • ამოიწერენ ტექსტიდან ყველა გეოგრაფიულ სახელს (ქვეყანა, ქალაქი, დაბა, მხარე… ტაძრების, ციხეების, მდინარეების სახელებსაც) და გვერდით მიუწერენ, რა ფუნქცია აკისრია ტექსტში ამა თუ იმ გეოგრაფიულ სახელს;
  • მოიძიებენ დამატებით ცნობებს მოცემული გეოგრაფიული სახელების შესახებ ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად გააანალიზებენ და დაადგენენ მოძიებულ ცნობათა სანდოობას;
  • ეცდებიან, გეოგრაფიიის მასწავლებლის დახმარებით შექმნან პატარა ლოკალური რუკები ამა თუ იმ ეპიზოდისთვის.
  • მოიძიებენ და შეაგროვებენ თემასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეო მასალას.
  • შეგროვილ მასალებს თვალსაჩინოებისთვის გადაიტანენ Power point – ში.

ისტორიკოსების ჯგუფი – ყურადღებას მიაქცევენ თითოეული ნაწარმოების ისტორიულ ფონსა და ფაქტებს, ამოიწერენ ეპოქის მარკერებს ნაწარმოებებიდან   და სახელმძღვანელოების, ენციკლოპედიების, ინტერნეტრესურსებისა და ისტორიის მასწავლებლის დახმარებით მოიძიებენ დამატებით ცნობებს;

  • ამოიწერენ ტექსტში მოცემულ ყველა ისტორიულ ცნობას (ეპოქა, საზოგადოებრივი წყობილება, პოლიტიკური გარემო…) და გვერდით თითოეული წევრი თავის ინტერპრეტაციასა და ანალიზს მიუწერს;
  • მოიძიებენ დამატებით ცნობებს იმავე საკითხებზე ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი ისტორიის მასწავლებელთან ერთად გააანალიზებენ და დაადგენენ მოძიებულ ცნობათა სანდოობას;
  • მოიძიებენ და შეაგროვებენ თემასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეო მასალას.
  • შეადგენენ რეფერატს, სადაც გამოკვეთილი იქნება ნაწარმოებში ასახული ეპოქის თავისებურება სხვადასხვა კუთხით.

 

ლიტერატორების ჯგუფი – მათი დაკვირვების საგანი ძირითადად იქნება თითოეული ნაწარმოების მხატვრული მხარე და ბელეტრისტიკული ნაკადი, ამოიწერენ მხატვრულ სახეებს, გააანალიზებენ თითოეული მათგანის შინაარსსა და ფუნქციას.

ჯგუფის წევრები ამოიწერენ და თავიანთ კომენტარებს გაუკეთებენ, გააანალიზებენ ნაწარმოებებში მოცემულ მხატვრულ სახეებსა და ნაწარმოების მხატვრული მხარის ყველა მახასიათებელს( დიალოგი, მონოლოგი, მწერლის ენა, პერსონაჟის მეტყველება, გარეგნობა, პეიზაჟი, ტროპის სახეები: მეტაფორა, შედარება, ეპითეტი, ჰიპერბოლა, სიმბოლო, ალეგორია, ალუზია …).

შენიშვნა:

  • ჯგუფის ხელმძღვანელს დამატებით ევალება თვალი ადევნოს ჯგუფის მუშაობას და პასუხისმგებელი იყოს შეგროვილ მასალაზე.
  • ჯგუფს ექნება საერთო საქაღალდე, სადაც შეაგროვებენ დათარიღებულ მასალებს კვირების მიხედვით;

მუშაობის მნიშვნელოვანი პრინციპი იყო ის, რომ ჯგუფები იცვლებოდნენ ახალ ნაწარმოებზე გადასვლასთან ერთად. მაგალითად, ვინც ,,შუშანიკის წამების“ სწავლისას ლიტერატორი იყო, როცა ,,აბოს წამებაზე“ გადავედით, ისტორიკოსის ან გეოგრაფის როლში აღმოჩნდებოდა.

ყოველკვირეული მუშაობის შეჯამებას ეთმობოდა პარასკევი. ისინი ვალდებულნი იყვნენ, დაგროვებულ – დამუშავებული მასალა გაეცნოთ კლასისთვის, ერთად გვემსჯელა პრობლემებსა და სამომავლო სტრატეგიებზე. კვირის სხვა დღეები გვრჩებოდა ნაწარმოებში ასახული პრობლემების განხილვისა და სხვადასხვა საინტერესო და საჭირო აქტივობებისთვის.

როცა სამივე ნაწარმოები შევისწავლეთ, ჯგუფებმა შეაჯამეს თავიანთი ნამუშევარი, მისცეს საბოლოო სახე რეფერატის, სლაიდშოუს, გამოფენის… მოვიწვიეთ სტუმრები და 2 ღია გაკვეთილი ამ შეჯამებას დავუთმეთ.

ამ პროექტის საინტერესო ნაწილი იყო ასევე საგანგებო ბლოგის შექმნა, რომელზეც ბავშვები პერიოდულად, პროექტის განმავლობაში ტვირთავდნენ და თავი მოუყარეს თავიანთ მოპოვებულ თუ შექმნილ მასალებს.

პროექტზე მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი, ფუნქციური, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. შეიძინეს და განივითარეს ბევრი აუცილებელი უნარ-ჩვევა, შედარებით ადვილად დაძლიეს რთული ტექსტები და რაც მთავარია, მათი ყურადღება არ მოდუნებულა ერთობრივი მუშაობის წყალობით.

სტატიის ბოლოში კი გავედი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, წელს ამ პროექტს გავაცოცხლებ თუ სხვას მოვიფიქრებ: გამეორება კი ცოდნის დედაა, მაგრამ შემოქმედებითობა ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

 

P.S. ჩემს ფიქრებს მოჰყვა და რომ არ აღვნიშნო, ისე ვერ დავასრულებ ამ სტატიას: ასეთ დამოკიდებულებაზე მეცინება – რაც უფრო მაღალ საფეხურზე ასწავლი, მით უფრო მაღლა რომ იწევს შენი პრესტიჟი. საკმარისია მშობელთა საზოგადოებაში თქვა, რომ მე-10, მე-11, მე-12 კლასებს ასწავლი, მაშინვე გადაეფინებათ ხოლმე პატივისცემის გამომხატველი იერი სახეებზე. თუ მე-8- ზე დაბალი კლასები დაასახელე, იქნებ თანაგრძნობის გამომხატველი კითხვაც ( შესაბამისი ინტონაციითა და გამომეტყველებით)  დაგადევნონ: მაღლებს არა? – ეს კითხვა იმასაც გულისხმობს, რომ უფრო მეტს მოელოდნენ შენგან …

აი, რეპეტიტორი თუ ხარ, ეს უკვე სერიოზული განაცხადია. მოსწავლეთა რაოდენობას ჩაგეკითხებიან აუცილებლად და 20-ს თუ აჭარბებს, ეს თქვენი პედაგოგიური (მასწავლებლური აქ მდაბიურად ჟღერს) ავტორიტეტის ურყევი საბუთია.

არადა, სანამ რეპეტიტორობის ინსტიტუტი ასე მასობრივად იარსებებს ( გარდა ცალკეული გამონაკლისებისა), მანამ იქნება ის დასტური ჩვენი განათლების სისტემის კრიზისის.

ისიც უნდა დავამატო – საფუძველს ( დაწყებით განათლებას) რომ არ ვაქცევდით იმ სულმნათი იაკობის მერე  ყურადღებას და პირდაპირ მწვერვალებს ( უმაღლეს განათლებას) ვეპოტინებოდით, იმიტომ გვჭირს, რაც გვჭირს განათლების კუთხით.

 

 

პროექტებით სწავლება – საინტერესო, სასარგებლო თუ ორივე ერთად?!

0

თანადროულად განათლებული, მომავალზე ორიენტირებული  მოქალაქის მისაღებად მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ერთობლივად უნდა  ჩაერთონ სწავლების პროცესში, ერთად ეძებონ  და  უფრო საინტერესო გახადონ ცოდნის მიღების ისეთი გზა, რომ  არა მხოლოდ „მწარე” ,არამედ საინტერესოც იყოს.

ერთი-ერთი ასეთია პროექტებით სწავლება, სადაც მოსწავლე თვითონ არკვევს, რა არის პრობლემა, რაში მდგომარეობს, ეძიებს მისი გადაწყვეტის გზებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლე მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური, კომუნიკაბელურია, იკვლევს და ეძებს სხვადასხვა ინფორმაციას(სპეციალური ლიტერატურა, თემატური კვლევები, ელექტრონული ინფორმაცია, ინტერვიუ…) და ამ უკვე ახალი ცოდნით  ადვილად ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას;

სწორედ პროექტული სწავლების აქტუალობის გამო გთავაზობთ, IX კლასელებისთვის  საინტერესო პროექტს, სადაც მოსწავლესთან ერთად ჩაერთვება როგორც მასწავლებელი ,ასევე თემი, რაც უფრო მიმზიდველს ხდის როგორც პროცესს, ასევე მიღებულ შედეგს, პროდუქტს.

 

მიზანი: სკოლაში  შეიქმნას მოცემული თემის ეთნოგრაფიული კუთხე, განუვითარდეთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კვლევის, სამუზეუმო მუშაობის უნარები.

სამუშაოს ორგანიზება – საშუალო (საბაზო) საფეხურის მოსწავლეებისთვის პროექტის გაცნობა, ჯგუფური მუშაობის პრინციპის კიდევ ერთხელ შეხსენება, ჯგუფების დავალების გაცნობა და შემდეგ მოსწავლეთა სურვილის მიხედვით ჯგუფებად დაყოფა;

I ჯგუფი-იკვლევს ისტორიულად სოფლის მეურნეობის რომელი დარგები იყო გავრცელებული  ადგილობრივ( შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, ინტერვიუ სოფლის უხუცესებთან, მოსახლეობაში ეთნოგრაფიული მასალის მოძიება-შეგროვება);

II ჯგუფი-ახლომახლო მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, ფოტოების გადაღება;

III ჯგუფი- სოფლის დამსახურებული, გამორჩეული ადამიანების ბიოგრაფიის, ფოტოების მოძიება.

 

მიმდინარეობა

I პუნქტი

პროექტის მონაწილეები მოაწყობენ შეხვედრებს და თემს გააცნობენ პროექტის მიზანს და სთხოვენ, შეძლებისდაგვარად სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას, კერძოდ, შემოწირულობებით დაეხმარონ და ხელი შეუწყონ სასკოლო ეთნოგრაფიული კუთხის შექმნას: ძველი სამუშაო(შესაფერისი ზომის) იარაღები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ძველი ფოტოები.

II პუნქტი-მოსწავლეები იღებენ ინტერვიუს თემის უხუცეს წევრებთან, აჯერებენ ერთმანეთში პასუხებს, აგროვებენ თემში ეთნოგრაფიულ და ფოტომასალას, თავს უყრიან სკოლაში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ოთახში(სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის,  ილია ჭავჭავაძის სახელობის, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  თანამშრომლობით, თემთან მოძიებული ფოტოების გაციფრულება).

III პუნქტი-მოსწავლეები  დაუკავშირდებიან მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სთხოვენ დახმარებას თავმოყრილი ეთნოგრაფიული და ფოტო  მასალის  დამუშავება- დახარისხებაში, რათა შემოწირულ ნივთებს მიეცეთ სამუზეუმო ექსპონატის სახე, აგრეთვე, მუზეუმის თანამშრომლები კონსულტაციას გაუწევენ და ასწავლიან, როგორ მოაწყონ  საგამოფენო  სტენდები,  შემდეგ  მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ სასკოლო ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობას;

IV პუნქტი-მოსწავლეთა ინიციატივით, უკვე ჩატარებული კვლევით და სამუზეუმო ცოდნის გათვალისწინებით, შეიქმნება ეთნოგრაფიული კუთხე(ოთახი), რომელიც  იქნება სასკოლო ისტორიის წრის, არა მხოლოდ ზრუნვის საგანი, არამედ ძალიან კარგი საშუალება, თემის, სკოლის სტუმრებისთვის  თემის წარსულის საინტერესოდ გასაცნობად,  მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსწავლეები იქნებიან ეთნოგრაფიული კუთხის გიდები, არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხო ენაზეც.

შედეგი: მოსწავლეების, მასწავლებლის და თემის ერთობლივი კვლევით და შემოწირულობებით შეიქმნება ეთნოგრაფიული კუთხე (სასურველია გამოიყოს ოთახი, მით უმეტეს, სოფლად, სკოლის შენობების უმრავლესობა იძლევა ამის საშუალებას)

შედგება სხვადასხვა თაობის კომუნიკაცია-დაახლოება. მოსწავლეებს განუვითარდებათ  კვლევის უნარი, გაეცნობიან და დაუახლოვდებიან სამუზეუმო საქმიანობას. ასევე განუვითარდებათ საკუთარი, მშობლიური კუთხის სიყვარული, ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ტრადიციების პატივისცემა, მისი მოვლის და პოპულარიზაციის სურვილი.

 

 

 

წაკითხული ტექსტის გააზრება ( წერითი დავალების ნიმუში)

0

წაკითხული ტექსტის გააზრება და მისი ანალიზი ერთ–ერთი რთული დავალებაა როგორც სასკოლო, ისე ეროვნული გამოცდების პროგრამაში.

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ წერას განსაკუთრებული უნარი სჭირდება.

თხზულების შესაქმნელად გონების გაკონტროლება  და დავალებაზე ორიენტირება –  „გადართვაა“ საჭირო. უფრო მარტივად თუ ვიტყვი, ამისთვის განწყობა გჭირდებათ. გავიხსენოთ, წერის დაწყების წინ ამ საქმეში დახელოვნებულებიც კი „საშველად“ მუზებს მოუხმობდნენ. ჩვენში მოკლამე ცისა და ქვეყნის შუამავალს ერქვა, რომელიც მხოლოდ ღვთის შეწევნით კიდებდა ხელს ამ საქმეს. ახლა წარმოიდგინეთ, რა რთული ყოფილა წერითი გამოცდა, როცა წინ მხოლოდ  თეთრი ფურცელი, კალამი და საათი გიდევს.

რადგან წერითი გამოცდის წესი ისეთია, როგორც არის, ამ გამოწვევისთვის მზად უნდა იყოთ!

მრავალი წელია სკოლაში წაკითხული ტექსტის გააზრებასა და ანალიზის წერის მეთოდებს ვასწავლი. ამ დავალებისთვის თავის იოლად გართმევის ერთ – ერთი გზა, ჩემი აზრით, მისი დაწერის სტრატეგიის ანუ ე.წ. ჩარჩოს ცოდნაა, რაც ერთგვარი ხრიკიც კია.

როგორც ვიცით, გასააზრებელ დავალებად მოდის მთლიანი უცნობი/ნაცნობი ტექსტი ან ამონარიდი ტექსტიდან.  ნაცნობი ტექსტის ნაწყვეტი თუ შეგხვდათ, რომელიც  ერთ დროს სადღაც სრულად წაგიკითხავთ, თქვენთვის ამოსავალი მხოლოდ მოცემული ნაწყვეტი უნდა იყოს და ნუ გამოეკიდებით მასთან დაკავშირებულ სხვა ნაცნობ დეტალებს – ეს საქმეს გაგირთულებთ. ამავე დროს, ტექსტი სამჯერ მაინც უნდა წაიკითხოთ, გზადაგზა გახაზოთ ან  სხვადასხვა ფიგურით მონიშნოთ თქვენთვის საინტერესო ადგილები, ტროპული მეტყველების ნიმუშები და სხვ. რაც წერის დროს საქმეს გაგიიოლებთ და  დროსაც მოიგებთ.

მაგალითად განვიხილოთ გ. ჩოხელის „ანაბარი“ ( შემოგთავაზებთ მისი დაწერისთვის აუცილებელ ე.წ. ჩარჩოს და გაანალიზების სტრატეგიასაც).

I – დასაწყისი მნიშვნელოვანია! (ტექსტის დასაწყისი და დასასრული აქილევსის ქუსლია ხოლმე). დავიწყოთ ასე: გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარში“ საუბარია … (ნებისმიერი ავტორის ტექსტის გააზრება შეგიძლიათ ასე დაიწყოთ). წერა არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ მოცემული თხზულების შინაარსით (ის აქ არავის არ სჭირდება!). უნდა დაწეროთ, თუ რაზეა ტექსტში საუბარი, რაზეა ყურადღება გამახვილებული. მაგ, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ბოროტებაზე, ადამიანის დანიშნულებაზე, ღალატის შედეგზე და სხვ. აზრი უნდა ჩამოაყალიბოთ მოკლე მსჯელობით თითოეული საკვანძო საკითხის შესახებ.

II – გადავდივართ იმ კონკრეტული პუნქტების შესრულებაზე, რომელიც ტექსტს ბოლოში ერთვის და იმ სამი  ძირითადი დავალებისგან შედგება, რომელიც ტექსტის აგებაში უნდა დაგვეხმაროს და ასე იწყება: გააანალიზეთ ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით და თქვენი პასუხი დაასაბუთეთ!

პირველი დავალება ასეთია – * იმსჯელეთ ბასილას მხატვრული სახის შესახებ.

წერას ვიწყებთ აბზაცით. ვახასიათებთ ბასილას (ყურადღებას ვამახვილებთ მის ფიზიკურ და სულიერ მახასიათებლებზე – შინაგან თვისებებზე), ჩვეულებრივ, აღვწერთ ბასილას და ჩვენი ნათქვამის გასამყარებლად ტექსტიდან მოგვყავს ციტატა  (ერთი ციტატაც საკმარისია). ტექსტიდან მოხმობილი ციტატის გარდა  ანდაზების, გამოცანებისა და  აფორიზმების გამოყენებაც შეგიძლიათ. ეს თქვენს წიგნიერებასა და აზროვნებას წარმოაჩენს.

III – გადავდივართ სამი ძირითადი შეკითხვის მეორე პუნქტზე – გვეკითხებიან,  რა არის ამ ტექსტის მთავარი სათქმელიო.

ვიწყებთ აბზაცით. რა თქმა უნდა, თქვენ უკვე იცით, მიხვდით, რატომ დაწერა ავტორმა ეს ნაწარმოები, რის თქმა სურდა ამა თუ იმ ეპიზოდით და, აქედან გამომდინარე, დაწერეთ, რა არის ამ ტექსტში მთავარი, რატომ გგონიათ  ასე და თქვენი ნაამბობი გაამყარეთ ტექსტისეული ციტატით. თქვენი სათქმელი შეგიძლიათ სხვა ავტორთა (ფილოსოფოსთა, ფსიქოლოგთა, ისტორიკოსთა და სხვ.) ნააზრევს ან ცნობილ პიროვნებებს დაუკავშიროთ და ამით გაამრავალფეროვნოთ ის.

IV – გადავდივართ სამი ძირითადი მითითების მესამე პუნქტზე: იმსჯელეთ ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ – გამომსახველობითი თვისებების შესახებ.

გაითვალისწინეთ, ვიდრე ამ პუნქტის შესრულებას შეუდგებოდეთ, ასე დაიწყეთ (ასე ვთქვათ, აქეთ ავტორი და თხზულება): ტექსტი დაწერილია ადვილად აღსაქმელი მარტივი სასაუბრო ენით. მწერალი მხატვრული ოსტატობითა და ტროპული მეტყველების საშუალებების გამოყენებით შთამბეჭდავად ახერხებს სათქმელის საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოცემას. (და აქვე ჩამოწერეთ თქვენ მიერ ტექსტში ნაპოვი მხატვრულ –გამომსახველობითი საშუალების ყველა მაგალითი (თითო–თითოც საკმარისია). მოიხმეთ მაგალითები შედარებისა, მეტაფორისა, ეპითეტისა, ჰიპერბოლისა, გრადაციისა. ტექსტი თუ დიალოგსა და ალეგორიაზეა აგებული, ესეც მიუთითეთ.

V – ალბათ ყველას აინტერესებს, სად უნდა გამოვიყენოთ სკოლაში ქართულის გაკვეთილზე ნასწავლი მხატვრული ლიტერატურა. აი, პასუხიც – V აბზაცში! ვიწყებთ ასე: მოცემულ ტექსტში აღწერილი ამბავი ძალიან ჰგავს, მაგალითად,  ს.ს. ორბელიანის  X  ნაწარმოებში მოთხრობილ ამბავს. და ვწერთ, რითი ჰგავს ეს ორი თზულება ერთმანეთს. (ანუ გასააზრებლად მოცემული ტექსტი უნდა დავაკავშიროთ სკოლაში ნასწავლ რომელიმე ავტორის საპროგრამო ტექსტთან).

VI – ამ ნაწილში ვწერთ ტექსტთან დაკავშირებულ მოსაზრებას. (დავალების ბოლოს ხომ გვთხოვენ, თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთო. დასაბუთება იგივე არგუმენტირებაა, რაც V მუხლში უნდა შევასრულოთ, VI -ში კი უნდა დავწეროთ, რა მოგვეწონა ტექსტში, რა – არა, რას შევცვლიდით, რას ვაპროტესტებთ, რა იყო მოსალოდნელი, სად ვხედავთ გამოსავალს, ახალი რა აღმოვაჩინეთ და ა.შ.

 

 

 

ყურადღებით წაიკითხეთ გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარი“

ბარელებმა ცხენი ამოიყვანეს სოფელში გასაყიდად.

– ქალო! – ცოლს დაუძახა ბასილამ.

– ქალო, არ გეყურება შენა!

– რა გინდა, რა!

– გამაიყვანე ძროხა.

– კაცო, ლუკმა პურს ხომ არ გამოგვიწყვეტ ოჯახში, ცხენს რომ ჰყიდულობ. რა ჯანდაბა შეგვინახავს, ეგ ერთი ძროხა გვიგდია.

– გამაიყვანე, რომ გელაპარაკები!

ცოლი ცივად შებრუნდა და ბოსლიდან ალვანი ძროხა გამოიყვანა.

– რომელი ცხენი გინდა? – იკითხა ბარელმა.

– საღარი

– ესა?

– ჰო, ეგა.

– ამას ერთი ძროხა არ ეყოფა, ორი უნდა მომცე; თუ გინდა, წითელი ცხენი წაიყვანე მაგ ძროხაში.

– წითელი არ მინდა, საღარს ვყიდულობ. – ბასილაი ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:

– გადადი, აკეენთ გამოართვი სესხად ძროხა, უთხარი, ექვს ცხვარს მოგცემთ შემოდგომაზეო.

– მე არაფერსაც არ გამოვართმევ.

– რამდენს ლაპარაკობ შენა, ჰა!

ცოლი ისევ უხმოდ წავიდა და ცოტა ხანში ძროხით დაბრუნდა.

– უნაგირი არ გინდა? – ჰკითხა ბარელმა ბასილას და ვერცხლის უნაგირზე ანიშნა.

– რამდენს აფასებ?

– ათი ცხვარი მომეცი და შენი იყვეს.

– ცხვარი არ მყავს ეხლა, თუ გინდა, მატყლს მოგცემ.

– ოთხმოცი კილო მოიტა და წაიღე.

– ქალო! – გასძახა ბასილამ ცოლს, რომელსაც ნაყიდი ცხენი ეჭირა საბლით.

– კარგი, კაცო, წამოდი, მშივრები ხომ არ გავწყდებით.

– გადადი და ქორაანთ ოთხმოცი კილო მატყლი ესესხე.

– არ წავალ.

– ვის ველაპარაკები მენა, ჰა!

– არ წავალ, თუ ყიდვა გინდა, ადექი და ის ოქრო მიეცი.

– რაა? ვინ გაკითხებს შენ იმ ოქროსა, ჰა? – საცემრად გაედევნა ცოლს ბასილაი. ქალმა ცხენს ხელი გაუშვა და გაიქცა.

**
ხატობიდან ცხენით ბრუნდება მთვრალი ბასილაი. ბილიკზე მოაჭენებს იორღა საღარას. უცებ ცხენს ფლოქვები ნამიან ბალახზე გაუსხლტა და უფსკრულში ელვასავით გადაენთო მხედრიანად.

კვდება ბასილაი. მოუთმენლად მოელის სიძეს, რომელსაც უნდა უთხრას, სად აქვს ოქრო შენახული.

– მე მითხარ, კაცო, არ მენდობი? – ეუბნება ცოლი.

– ქალებთან არ ითქმის, – ამბობს ბასილაი.

– აბა, ამდენ ვალებს რომ მიტოვებ, რითი გავისტუმრო, რითი?

– ხომ იცი, ის ოქრო ჩემი არ არის.

– ხომ ხედავ, აღარ მობრუნდა პატრონი.

– შეიძლება მობრუნდეს, მერე?

– აღარ მოვა, მომკვდარა.

ბასილამ იცის, რომ აღარ მოვა დუმაცხოელი აკაი, რომელმაც ეს ერთი ქოთანი ოქრო ჩააბარა ჯარში წასვლის წინ, მაგრამ მაინც ვერ ღალატობს სინდისს. დღემდე ერთი ოქროც არ მოაკლო ანაბარს.

– ხომ ხედავ, იგვიანებს სიძე. მითხარი, სად არის. – ეხვეწება ცოლი.

– მერე რა ვუთხრა?

– ვის? ხომ გითხარი, აღარ არის-მეთქი.

– იმის არყოფნას რა ვუთხრა, ანაბარი გაგინიავე-მეთქი?

– მაშ, მე რითი გადავიხადო ამდენი ვალები?

– ცხენი გაყიდე.

– ცხენს ფეხი აქვს მოტეხილი, ვინ იყიდის?

– უნაგირი გაყიდე.

– არ ეყოფა.

– ჩემი ბუხრის ქუდი და ქამარ-ხანჯალი გაყიდე.

ბასილაი სიძის უნახავად გაშრა.

რამდენიმე წლის მერე იმის ცოლიც გაშრა.

ქარმა დაუქროლა ცარიელ საბძელს.

სიძეებმა ჩამონგრეული სახლის კედლები გაყიდეს.

ჭიკნიაის კაცაი ნაყიდ კედლის ქვებს მარხილით ეზიდება თავის ახალ სახლამდე. ოქროთი სავსე ქოთანს მძიმედ ჩადგამს მარხილზე დაწყობილ ქვებში და ზემოდანაც ქვებს დააყრის, რომ სოფელმა არ შეამჩნიოს.

ორღობეში ჭრიალით მიდის ხარ-მარხილი. ზემოთ გორზე ხავსი ეკიდება ბასილაის საფლავზე დაგდებულ რიყის ქვას.

 

 

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

 

  • იმსჯელეთ ბასილას მხატვრული სახის შესახებ;
  • იმსჯელეთ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;
  • იმსჯელეთ ავტორის სტილსა და ტექსტის მხატვრულ – გამომსახველობითი თვისებების შესახებ.

თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

Top of Form

Bottom of Form

 

გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარი“  ყოველდღიური რუტინული საყოფაცხოვრებო პრობლემების საინტერესოდ აღწერის გარდა მკითხველს მორალურ – ეთიკური პრინციპებითაც აოცებს.

მიუხედავად პიროვნული თავისებურებისა და ცხოვრებისეული სირთულისა, აქ ნათლად ჩანს, როგორ ემარტივება ნამდვილ ადამიანს სუფთა სინდისთან და პირგაუტეხელობასთან გვერდიგვერდ ცხოვრება.

მოთხრობის დასაწყისიდანვე იქცევს ყურადღებას ცოლ – ქმარს შორის გამართული დიალოგი, რომელიც მთის კაცის, როგორც ოჯახში დომინანტის, ფუნქციას საინტერესოდ წარმოაჩენს.

ქართული მწერლობა კარგად იცნობს მსგავს ფაქტებს. მაგ, „შუშანიკის წამებაში“ ვარსქენი გამუდმებით აყვედრის და ეკამათება მეუღლეს მისი ნების წინააღმდეგ სვლის გამო და ძალადობს კიდეც მასზე.

მოთხრობაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ( ტრადიციულიც კი) – ეს ცხენის კულტის გაფეტიშებაა. ცხენისა და მხედრის ურთიერთობას უძველეს წარსულში აქვს ფესვები გადგმული. გავიხსენოთ, რა უცებ მომჯობინდა ლომ – ვეფხვთან ნაბრძოლი და გონდაკარგული ტარიელი ცხენზე შეჯდომის შემდეგ. ცხენის ქურდობასთან დაკავშირებული მეგრული ტრადიციაც გავიხსენოთ, რომელიც რაინდულ სამოსელშიც კი იყო გახვეული და მპარავს სულაც არ აკნინებდა.

როგორც ჩანს, ისეთი მთის კაცისთვის, როგორიც ბასილაა, კარგი ცხენის ყოლა სიმბოლურად სიამაყესაც უკავშირდებოდა და, რა თქმა უნდა, ცხვარ–ძროხაზე ძვირად ფასობდა.

კითხვამ შეიძლება ისე გაგვიტაცოს, ერთი მიჩქმალული დეტალი გამოგვრჩეს, რომელიც ბასილას სოფლის კეთილმეზობლობას ადასტურებს: „გადადი და ქორაანთ ოთხმოცი კილო მატყლი ესესხე“, „გადადი, აკეენთ გამოართვი სესხად ძროხა, უთხარი, ექვს ცხვარს მოგცემთ შემოდგომაზეო“.  აქვე ერთი ხალხური  ანდაზა მახსენდება: „ კარგი მეზობელი ამომავალ მზეს ჯობიაო“.

ამ პატარა მოთხრობას, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი უფრო ამაღელვებელს ხდის: ცხენმა ბასილას სიკეთე არ მოუტანა და უფსკრულში გადაჩეხა ხატობიდან მობრუნებული. კარგავს ბასილას ოჯახი მამა – მარჩენალსა და თავკაცს, ტოვებს ბასილა ოჯახს ვალებსა და სიდუხჭირეში, ამქვეყნად ერთხელ მოსული ერთხელ კვდება. ცხოვრების მოლიპულ ბილიკებზე ფეხი თავისი ცხენივით რომ ასრიალებოდა, ალბათ რამდენჯერმეც შეძლებდა  სიკვდილს. ძალას იკრებს და არა და არ ამხელს საბრალო ჯარისკაცის მიერ შესანახავად მიბარებული ქოთანი ოქროს ადგილს და ამ საიდუმლოსთან ერთად კვდება.

ზოგი მკითხველი იფიქრებს, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ბასილას სიკვდილისშემდგომ მოსალოდნელი სასჯელის შეეშინდა და ამიტომ არ ახლო ხელი სხვის ოქროსო, მაგრამ მას ხომ არც სიკვდილამდე დაუკლია მისთვის რამე და საკუთარი სინდისივით უფრთხილდებოდა! ( როგორც არ უნდა აღიქმებოდეს, ბასილამ ექვთიმე თაყაიშვილი გამახსენა. მერე რა, რომ პირველი პატარაზე პატარაა ამქვეყნად და უძეგლოდ დაკარგულიც, მეორე კი ბუმბერაზი).

მოთხრობა სევდისმომგვრელია. განსაკუთრებით მისი დასასრული – ბასილას ნასახლარის კედლის ქვებში ვიღაცამ ოქრო იპოვა (იმედია „ძუნწი და ოქროს“ პერსონაჟივით არ მოიქცევა) და მიითვისა.

საინტერესო პერსონაჟია ბასილა. დიალექტი კი, რომლითაც მწერალი მას, უძველესი წარმართული ნაყოფიერებისა და გამრავლების ღვთაების მოსახელეს, ამეტყველებს,  უფრო კოლორიტულს ხდის. ის, ერთი შეხედვით, უსამართლო, ახირებული  და შეუვალი კაცია, ვისთვისაც  ოჯახის წევრის აზრი უმნიშვნელოა. ის ცოლს უცხოს წინაშეც შეურაცხყოფს: „რამდენს ლაპარაკობ შენა?“, „ვის ველაპარაკები მენა?“, „საცემრად გაედევნა ცოლს ბასილაი“.

ცოლი, თავის მხრივ, ქმართან სამართლიან დაპირისპირებას ცდილობს, რათა ახირება გადაათქმევინოს და მარჩენალი ძროხა ხელიდან გამოსტაცოს, თუმცა ვერაფერს ხდება – ქმარი ხმას აკმენდინებს და  მეზობლებში ვალის ასაღებად იძულებით გზავნის.

ბასილა ამაყიცაა. ბუნებითი სიკვდილით რომ გარდაცვლილიყო, ალბათ სიკვდილთანაც აიყრიდა ფაფარს, თუმცა ახლა ისე კვდება, არაფერს ნანობს – ტექსტში ვერსად შეხვდებით სიკვდილის შეგინებას, თუმცა არც სიცოცხლის ქება ისმის. გრძნობს ბასილა საღარას ბედისწრობას, ეს ცხენი მისთვის გაჭენებული, დაუდგრომელი,  წერტილდასმული  დროის სიმბოლო აღმოჩნდა.  გრძნობს, რომ მოსახდენი მოხდა და ეგუება ( მით უმეტეს, ხატობა დღეს მოხდა).

ეს პატარა მოთხრობა, როგორც ვთქვით, მორალურ – ეთიკური პრინციპებითაა დახუნძლული – სინდისიერება, პატიოსნება, სხვისი ქონების გაფრთხილება, სულიერი გამარჯვება, ნდობა – რას არ იპოვით აქ?! ეს ყოველივე კი ბასილას აღამაღლებს და თავისი ზოგიერთი მიუღებელი საქციელის გამო უკვე  აღარ იწვევს ბრაზსა და სიძულვილს.

გ. ჩოხელის ამ პატარა მოთხრობაში ერთი უბრალო პერსონაჟის პირით ორ წინადადებაშია გაცხადებული  კაცობრიობის უდიდესი თავსატეხი: „ შეიძლება მობრუნდეს!“, „იმის არყოფნას რა ვუთხრა?“ ბასილამ იცის,  ოქროს პატრონი მკვდარია, თუმცა გრძნობს, არც არსად წასულა – მის ნაკვალევზე მისივე არყოფნა დაიარება. აქ არყოფნად მოვლენილს იქ შეიძლება პირისპირ შეხვდეს. მერე რა უთხრას, ანაბარი გაგინიავეო?

მოთხრობის მთავარი სათქმელიც ესაა – სააქაოში სახელზე ზრუნვა!  „ კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს, – ამბობს ჩვენი ერი, – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლებელი“ – წერს ილია ჭავჭავაძე. ნათქვამია, სახელი ალამაზებსო ადამიანს და მეც ასე ლამაზად ჩამრჩა გონებაში ბასილას ყოველდღიურობა, სახელზე ზრუნვა და აღსასრული.

პირველი, რაც კითხვის დასასრულს გამახსენდა, ავთანდილის ანდერძი იყო  „ვეფხისტყაოსნიდან“. აი, ის ეპიზოდი, როსტევან მეფეს რომ ეუბნება, არ წავალ ტარიელის საშველად, პირს გავტეხ, ის იქაა, მე აქ, სააქაოში ერთმანეთს აღარც შევხვებით, თუმცა საიქიოში ჩვენი შეხვერდა გარდაუვალი იქნება და შევრცხვებიო: „ვერ ვეცრუები, ვერ ვიზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის – პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა“.

ტექსტი დაწერილია ადვილად აღსაქმელი მარტივი სასაუბრო ენით. მწერალი მხატვრული ოსტატობით (ეპითეტებით: „წითელი ცხენი“, „მთვარლი ბასილა“, ფრაზეოლოგიზმებით: „ბასილა სიძის უნახავად გაშრა“, „უფსკრულში ელვასავით გადაენთო“,  დიალოგური მეტყველებით)  შთამბეჭდავად ახერხებს სათქმელის საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოცემას. კილოური მეტყველება კი (გამაიყვანე, მენა, შენა, იყვეს) მას კოლორიტულობას სძენს და სასიამოვნოდ აღსაქმელია.

ჩემი აზრით, ტექსტში მრავალი სადისკუსიო საკითხია. მაგალითად, ვფიქრობ, ბასილას ის ოქრო კეთილი საქმეებისთვის უნდა მოეხმარა. ზოგიერთი პრინციპის ფანატიკური გაიდეალება დამაზიანებელიც შეიძლებ გახდეს.

მეორე, ბასილას გენდერული უთანასწორობის პროპაგანდას ვუწუნებ. მიმაჩნია, რომ ეს მისი ყველაზე დიდი  ნაკლია.

დაბოლოს, მოთხრობის სათაური „ანაბარი“ მწერლის მიერ სიმბოლურად შერჩეული  სიტყვა მგონია, რომელიც მხოლოდ დაგროვილი თანხის შენახვას კი არ გულისხმობს, არამედ უფრო ძვირფასი ღირებულებებისას, რომელიც სხვათა სიკეთისთვისაც  უნდა გამოვიყენოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა არ უნდა გააკეთოს დამწყებმა მასწავლებელმა

0

სასწავლო წლის დასაწყისში ახალგაზრდა მასწავლებლები გულმოდგინედ ითვალისწინებენ   გამოცდილი კოლეგების რჩევებს. ისინი მთელი სიმძაფრით განიცდიან ყოველი ახალი სასწავლო დღის დაწყებას. მათ, უმეტესად, მხოლოდ თეორიულად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილზე შექმნილი მეგობრული ატმოსფერო, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესების საკითხები და საკლასო ოთახის სივრცეში შექმნილი კონფლიქტების უმტკივნეულოდ მოგვარების ხერხები. დღეს იმ ტიპურ შეცდომებზე ვისაუბრებთ, რასაც ახალბედა პედაგოგები ხშირად გამოუცდელობის მიზეზით უშვებენ.

ახალბედა მასწავლებლები ერთდროულად ცდილობენ ყველა არსებული ტექნიკისა და მეთოდიკის გამოყენებას – რასაკვირველია, ეს დაუშვებელია და ძალიან ჰგავს ქვემეხიდან ჰაერში და უმისამართოდ სროლას. ასეთ რეჟიმში ბავშვებს გაურთულდებათ ბევრი ახალი ინფორმაციისა და მასალის გააზრება, მასწავლებელი კი დღის ბოლოს დაღლილობისგან უმოქმედო იქნება. სიმარტივე, ეტაპობრიობა და გონიერება – მხოლოდ ეს არის ახალბედა მასწავლებლის დამხმარე.

საჯაროდ გამოსვლის შიში – საშიში არაფერია, ამაში ვარჯიში დაეხმარებათ და იმის გაცნობიერებაც, რომ შეიძლება ისე ვერ ისაუბრონ გაკვეთილზე, როგორც გეგმავდნენ. ეს არ არის ტრაგედია. ახალბედა მასწავლებელს შეუძლია ივარჯიშოს ნათესავების, მეგობრების თანდასწრებით ან მათ წინაშე, ვისაც ენდობა. ახლობლებისგან ყველა კრიტიკა მისაღებია. კიდევ ერთი კარგი ხერხია, საკუთარი გამოსვლის კამერით ჩაწერა და გაანალიზება, შეფასება, დაფიქრება, თუ  რის გამოსწორებაა შესაძლებელი. ასევე, მასალის წინასწარი შესწავლა მასწავლებელს საჯარო გამოსვლის დროს მეტ თავდაჯერებას სძენს. დროთა განმავლობაში აუდიტორიის წინაშე გამოსვლის მღელვარება უკან დაიხევს.

არ გეგონოთ, რომ ყველაზე-ყველაზე ჭკვიანი ხართ – ნამდვილად არა. განვითარებას არ აქვს დასასრული. მასწავლებელი სულ მუდამ ვითარდება და ყოველთვის იარსებებს ისეთი რამ,  რაც არ იცის, რის შესახებაც არ სმენია. მასწავლებელმა უნდა შეიმუშავოს ის კონკრეტული უნარები, რომელიც თავის საქმიანობაში კონკრეტულ დროს და ადგილას სჭირდება.

ახალბედა მასწავლებელი მაინცდამაინც არ უნდა იყოს იმის იმედად, რომ რაღაც ახალს, განსაკუთრებულს მოიგონებს – ვიდრე გამოცდილება არ დაუგროვდება, ეს თითქმის შეუძლებელია. ზოგჯერ ახალიც კარგად დავიწყებული ძველია, რომლის შესახებ ნოვატორმა უბრალოდ არ იცის. ცხადია, ნოვატორულ მცდელობებსაც უნდა ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც ახალბედა პედაგოგი ნიჭიერი, წარმატებული მასწავლებლების გამოცდილებას ეზიარება, შეისწავლის მათ მიდგომებს, რაც მისთვის პროფესიულ მოტივაციად იქცევა.

ყველასათვის თავის მოწონება – არსებობს უამრავი მოსაზრება და მტკიცებულება. თუკი ახალბედა მასწავლებელი ეცდება, რომ სკოლაში ყველას აზრი გაიზიაროს და ამით თავი მოაწონოს, არაფერი გამოუვა. ერთი ოქროს წესი არსებობს – სხვას კი ნუ შეედრები, არამედ შეედარე საკუთარ თავს. შეადარე საკუთარი წარსული საკუთარ აწმყოს! გაიუმჯობესე საკუთარი შედეგი! მასწავლებელი უნდა ეცადოს გაკვეთილები საინტერესო და სახალისო იყოს. ეს მხოლოდ მის სურვილზე და უნარებზეა დამოკიდებული.

რა გაუადვილებს ახალბედა მასწავლებელს სწავლების პროცესს, რის გათვალისწინებაა სასურველი გაკვეთილებისთვის მოსამზადებლად.

  1. თქვენი გატაცება

ჩართეთ თქვენი გატაცება, ჰობი სასწავლო დავალებებში, რათა სასწავლო პროცესი საინტერესო,  გაკვეთილი კი უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამ გზით თქვენც მეტი შემართებით და უფრო ჩაღრმავებულად ისაუბრებთ დავალებებზე, მიიღებთ მეტ სასიამოვნო შეგრძნებას. დავუშვათ, თქვენ ფანტასტიკა გიტაცებთ და საუბარი გიწევთ ბუნებაში არსებულ ფიზიკურ მოვლენაზე. აღწერეთ ის მხატვრულად, მაგალითად, მოყევით თუ რატომ არის საღამოს ღრუბლები მოვარდისფრო-ვერცხლისფერი. აღწერის მერე, შეადგინეთ ღია კითხვები. ეს საინტერესოც არის და სასარგებლოც!

  1. ტანსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა

რაც არ უნდა დავარწმუნოთ თავი, რომ ამ ყველაფერს მოსწავლეთა აუდიტორიის წინაშე პოზიციონირებისას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, გამოცდილება საპირისპიროზე მეტყველებს. ახალბედა მასწავლებელი ბავშვებში განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს. ისინი ყველა დეტალს აკვირდებიან. ცხადია, მასწავლებელი თავად წყვეტს და ეს მისი პირადი საქმეა, თუ როგორ გამოიყურება, რა აცვია, აქვს თუ არა მაკიაჟი. ერთადერთი, რაც ალბათ დავის საგანი არ უნდა იყოს, აკურატულობაა. სხვა მხრივ, ძირითად პედაგოგიურ იარაღად კვლავ რჩება: საგნის ცოდნა, ღიაობა, ინტონაცია, ცოცხალი ემოციები, ღიმილი.

3.გამომსვლელის მეტყველება

იმისთვის, რომ ახალბედა მასწავლებელს კლასმა ყურადღებით უსმინოს, სასურველია მეტაფორების, ეპითეტების, შედარებების, ზოგჯერ გაზვიადებების მოშველიება. თხრობაში მხიარული ისტორიების, პრაქტიკული შემთხვევების ჩართვა, წიგნებიდან გარკვეული მომენტების გახსენება. ამ გზით მოსწავლეებს ფიქრისკენ უბიძგებთ. ისინიც გაიხსენებენ თავიანთ ცხოვრებისეულ მომენტებს, ამბებს, წაკითხულ ისტორიებს.

  1. ტექნიკური საშუალებები დავალებებისთვის

ტვინისთვის ინფორმაციის დამუშავება იოლდება თვალსაჩინოების თანხლებით. სურათების დათვალიერება ხომ ყოველთვის საინტერესოა!  მასალა უფრო კარგად აღიქმება. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ჩართეთ პროექტორი, გამოიყენეთ ეკრანი, ფლიპ-ჩარტები, მარკერები, რადიო, საინფორმაციო სტენდები, პრეზენტაციები, სურათები, ვიდეო და აუდიო.

5.შესაძლო შეცდომები კლასში   

შეცდომის უფლება ახალბედა მასწავლებელსაც აქვს. მთავარია დასკვნის გამოტანა, რაც პედაგოგს პოზიტიურ განვითარებამდე მიიყვანს. განვითარებს ის, რასაც აქამდე არ აკეთებდი. თუ გაკვეთილზე რაიმე  გამოგრჩათ, ამის გამო ღამის თევა არ ღირს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ამის თქმა შემდეგ ჯერზე ან ელფოსტით  შეტყობინების გაგზავნა.

6.ახალი მასალის  გარჩევა

ახალი ინფორმაციის გასარჩევად, მის წარსადგენად და კითხვებზე პასუხის გასაცემად, ახალბედა მასწავლებელმა უნდა მოიპოვოს ლიტერატურა, ვიდეო, სტატიები. მასალები  მაღალი ხარისხის უნდა იყოს და თემას პასუხობდეს. ყველაზე მარტივია თემის ნაწილ-ნაწილ, ნაბიჯ-ნაბიჯ დამუშავება, მასალის ფრაგმენტებად დაყოფა. დღეში ერთიდან ორ საათამდე იკითხეთ, აქტიურად დაუსვით თავს კითხვები: გესმით, რა დაწერა ავტორმა, რა იდეის გატარება სურდა? წაკითხვის შემდეგ დააფიქსირეთ ძირითადი ცნებები თეზისებად.  პროცესში დაისვენეთ და ყოველ ორ-სამ საათში ტექსტი წერილობით აღადგინეთ. მასალის შესწავლისას შეიმუშავეთ რამდენიმე სლაიდი. მეორე დღეს გაიმეორეთ წაკითხული, შემდეგ შეისწავლეთ მეორე ნაწილი, კვლავ შექმენით რამდენიმე სლაიდი. ძალიან კარგი!

7.მოსწავლეთა კითხვების სახეები

შეკითხვები სხვადასხვა ტიპისაა: საქმიანი (დამაზუსტებელი); მას შეაქვს ეჭვი, რომ მის წინაშე პროფესიონალია (მთხრობელის „გამოჭერა“: „რა არ იცის მასწმა?“) და არა თემატური კითხვები, რომლებმაც შეიძლება დააბნიონ ახალბედა მასწავლებელი. ამ დროს მასწავლებელი ინარჩუნებს შინაგან სიმშვიდეს. არ გამოხატავს უკმაყოფილებას, სიბრაზეს.

8.უკმაყოფილება, კონფლიქტები

რა უნდა გააკეთოს ახალბედა მასწავლებელმა, თუ შეამჩნია, რომ კონფლიქტი მწიფდება? მოუხმოს გონიერებას. თუ მოსწავლის შეკითხვა გასცდა მის კომპეტენციას, უბრალოდ პასუხობს, რომ ამ საკითხში არ არის კომპეტენტური. დიახ, ეს უნდა ვაღიაროთ, რადგან სიმართლეა.

ან ასეთი შემთხვევა: მოსწავლე ახსნილ მასალას გაუგებარს უწოდებს. ჰკითხეთ, რა იყო მისთვის რთული, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით გაუჩნდა კითხვა, სად სჭირდება დეტალური ახსნა? სთხოვეთ, რომ სხვა მოსწავლეებმაც განუმარტონ.

თუ მოსწავლეები მიზანმიმართულად „უჩხიკინებენ“ დამწყებ მასწავლებელს, მას შეუძლია ასე უპასუხოს: „წეღან გასაგებად ვხსნიდი, მაგრამ თუ მაინც ვერ გაიგეთ, ვეცდები, რომ ჩემ თავზე უფრო მეტი ვიმუშაო“. გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს სიტუაცია და მოიფიქროს, როგორ შეიძლება მასალის უფრო მარტივად ახსნა.

კონფლიქტებს, ჩხუბს, სიბრაზეს დადებითი შედეგი არ მოაქვს. მასწავლებლის ამოცანაა, შექმნას სამუშაო და სანდო ატმოსფერო.

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლებო, მშობლებო,  ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი,” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას ! მასწავლებლის საქმიანობა ძალიან რთული, მაგრამ საინტერესეო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ  გვქონდეს ჩვენი პროფესიული განვითარების სურვილი და შესაძლებლობა.  ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო მეტად შევაყვაროთ სკოლა და გავუჩინოთ  ცოდნის მიღების სურვილი. ვისურვოთ, რომ მშობელსა და სკოლას შორის იქნება წარმატებისათვის აუცილებელი  ურთიერთთანამშრომლობა. ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!

ზაფხულის სკოლის ამბები

0

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 ივნისს სრულდება. როგორც წესი, მოსწავლეებს ერთი სული აქვთ, როდის ჩააბარებენ წიგნებს და სამი თვით დაისვენებენ მასწავლებლებისგან, ყოველდღიური რუტინისგან, უამრავი საშინაო დავალებისგან…

სამი წელია, ჩვენი მოსწავლეები ივლისის თვეში სკოლაში დადიან,  ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში (მარნეულში განსაკუთრებით ცხელა). ამას აკეთებენ არა რაიმე ვალდებულების ან ზემოდან წამოსული დირექტივის გამო, არამედ საკუთარი სურვილით. ისინი აცნობიერებენ, რომ საზაფხულო სკოლა მათი პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, იძენენ ისეთ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მედიაწიგნიერების და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლები ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასაც გულისხმობს.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ დავგეგმოთ სკოლის ბაზაზე საზაფხულო სკოლა, ისე, რომ იყოს საინტერესო და ნაყოფიერი. ერთი შეხედვით, აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს დიდბიუჯეტიან გრანტს, ან სხვა სახის ფინანსურ რესურსს. ვფიქრობ, საზაფხულო სკოლის დაგეგმვა და განხორციელება, პირველ რიგში, მოითხოვს მოტივაციასა და ენთუზიაზმს. გარდა ამისა, საჭიროა რესურსები, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და სანდო კოლეგა – პარტნიორი. ფინანსური ნაწილი არის მეორეხარისხოვანი და ის მთლიანად დამოკიდებულია პროექტის განმახორციელებელი პირის მონდომებასა და მოხერხებულობაზე.

მოსწავლეებთან ერთად მოიფიქრეთ თემატიკა – მოსწავლეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა ზრდის მათ წილ პასუხისმგებლობას. ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ვკითხე, თუ რაზე ისურვებდნენ გამოცდილების გამდიდრებას საზაფხულო სკოლის ფარგლებში. თუ თქვენ ხშირად ესაუბრებით გარემოსდაცვით საკითხებზე, მედიაწიგნიერებაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, სპორტზე, ხელოვნებაზე და ა.შ. ისინი მაშინვე ასახელებენ იმ თემატიკას, რაზეც სასწავლო პროცესის განმავლობაში ამახვილებდით ყურადღებას.

შეარჩიეთ ხელსაყრელი დრო – სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, მოსწავლეებიის ერთი ნაწილი მიდის დასასვენებლად, დარჩენილ ნაწილს, რომელიც ვერ ახერხებს გასვლას, ვთავაზობთ, რომ საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარონ თავისუფალი დრო.

შეადგინეთ სამოქმედო გეგმა/პროგრამა – მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით სწორად ჩამოვაყალიბოთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. დასახეთ მიზნები და აქტივობები, რომლებიც გვეხმარება მიზნების მიღწევაში. გაკვეთილებს სასწავლო წლის განმავლობაში ისედაც ესწრებიან.  ეცადეთ, საზაფხულო სკოლა არ დაემსგავსოს საგაკვეთილო პროცესს. გამოიყენეთ ტრენინგ – სემინარის ფორმა, ეცადეთ, მოსწავლეებმა თავი არ იგრძნონ პასიურ მსმენელებად, თავიდან ბოლომდე ჩართეთ პროცესში.

გამოიყენეთ პირადი კონაქტები – საზაფხულო სკოლის თემატიკისა და დროის შერჩევის შემდეგ, დრო დგება, ვიფიქროთ სტუმრებზე. ივლისში სკოლაში მოსულ მოსწავლეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ტყუილად ხარჯავს დროსა და ენერგიას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დავახვედროთ სტუმრები. ერთკვირიანი საზაფხულო სკოლის პირობებში, სასურველია გყავდეთ ორი ან სამი მოწვეული სტუმარი. მიმოიხედეთ ირგვლივ, შეიძლება სამეგობრო წრეში, კოლეგებში, სანათესაოში აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელიც თემატიკიდან გამომდინარე საინტერესო დისკუსიას მოაწყობს მოსწავლეებთან.

აქტიურად გამოიყენეთ სოციალური ქსელები – სოციალური ქსელების ეპოქაში საინტერესო ადამიანების მიგნება და მათთან კავშირის დამყარება სულაც არ არის რთული. მოსწავლეებთან ერთად, შერჩეულ თემატიკაზე საინტერესოდ მოსაუბრე ცნობილი ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად არიან ჩამოვიდნენ რეგიონებში და ესაუბრონ ბავშვებს. თუ პრობლემას წამოადგენს გეოგრაფიული დაშორება, სავსებით შესაძლებელია ვიდეოკავშირის დამყარებაც.

მოვიძიოთ პარტნიორები – თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ პარტნიორების მოძებნა ყველაზე რთული პროცესია. თუმცა ჩემ გამოცდილებაზე დაყრდნობით გარწმუნებთ, რომ თუ მოვინდომებთ, აუცილებლად მოვიძიებთ თუნდაც ორ მხარდამჭერ ორგანიზაციას ან კეთილ ადამიანს. მიმართეთ თქვენს სოფელში, ქალაქში, მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებს, ორგანიზაციებს, ბიზნესმენებს. იდეის სწორად მიწოდების შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევთ დადებით შედეგს.

თუ ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეთ, თქვენ მზად ხართ საზაფხულო სკოლის მოსაწყობად. მომდევნო სტატიაში გაგიზიარებთ „საოცარი სკოლის“ ამბებს და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით მოგიყვებით როგორ ვაქციეთ ივლისის ცხელი დღეები საოცარ სკოლად.

საოცარი სკოლა 2019

 

გასათვალისწინებელი რეკომენდაცია  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას

0

პროფესიულად მზარდი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს და განაახლოს საკუთარი პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. აკვირდებიან საკუთარ პრაქტიკას, გამოკვეთენ პრობლემას, ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარების გზები მოძებნონ და გამოსცადონ პრაქტიკაში.

კვლევის ჩატარება საკმაოდ შრომატევადი და სპეციფიკური სამუშაოა.  მასწავლებელს, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს გამოიკვლიოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა, იცის, რომ უნდა წარმოადგინოს კვლევის ანგარიში, რომელიც კარგად  ორგანიზებული და სათანადოდ სტრუქტურირებული იქნება, ხოლო მასში ასახული ინფორმაცია –  ზუსტი.

ამ სტატიის მიზანია,  აქცენტი გაკეთდეს იმ  მნიშვნელოვან რჩევებზე, რაც აუცილებელია განხორციელებული კვლევის დადებითად შეფასებისთვის. კვლევის პროცესში აუცილებელია კვლევის ეთიკის ნორმების დაცვა. კვლევისთვის მნიშვნელოვანია კვლევაში ჩართულ პირთა ნდობის მოპოვება. პედაგოგიური კვლევების მიმდინარეობისას   არ უნდა დაზარალდეს არცერთი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგვეხმარება პრაქტიკის კვლევისას ეთიკური ნორმების დაცვაში:

  • ინფორმირებული თანხმობა – მოიპოვეთ კვლევაში მონაწილე პირთა თანხმობა. მაგალითად, თუ თქვენ იყენებთ კვლევაში სახელს და გვარს, ფოტოსურათებს ან ვიდეოჩანაწერებს, როგორც მონაცემებს და განსაზღვრული გაქვთ მათი საჯაროდ გამოტანა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კვლევაში მონაწილე პირის თანხმობა მასალების გამოყენებაზე.

თანხმობა უნდა იყოს დოკუმენტალური და არა ზეპირსიტყვიერი, რადგან კვლევის ანგარიშის შეფასებისას ნახოს შემფასებელმა. მაგალითად, განცხადების სახით დააწერინეთ პირს, რომ თანხმობას აცხადებს ამა თუ იმ პირადი ინფორმაციის საჯაროდ გამოყენებაზე და წარუდგინეთ შეფასების ჯგუფს, შეფასების ჯგუფი განათავსებს შესაბამის ელექტრონულ სისტემაში. კვლევის ანგარიშში კი მიუთითებთ, რომ გაქვთ ამ  თუ იმ პირის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც თან დაერთვება კვლევის შეფასების ოქმს.

ხშირად პედაგოგები აწარმოებენ კვლევას, წარმოადგენენ ანგარიშს, რომელშიც უხვადაა კვლევის პროცესის  ამსახველი ფოტომასალა, ისინი  ნაკლებად აქცევენ ამ  საკითხებს ყურადღებას. რატომღაც ფიქრობენ, რომ ფოტომასალა ერთგვარი დამადასტურებელი დოკუმენტია და ამით  უფრო დამაჯერებელი იქნება  კვლევა, სინამდვილეში კი ასე არ არის.

 

მოერიდეთ კვლევის ანგარიშში სახელისა და გვარის გამოყენებას ან იმ მასალების ჩართვას, სადაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება. გახსოვდეთ, არ შეიძლება არასრულწლოვნის პირადი მონაცემების გასაჯაროება, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, მოიპოვეთ  მშობლის წერილობითი თანხმობა.

 

  • კონფიდენციალობის დაცვა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კონფიდენციალობის დაცვა. იგი იცავს კვლევის მონაწილეებს უხერხულობის ან ინფორმაციის გამჟღავნებისაგან. მაგალითად, კვლევის პროცესში შეიძლება კოლეგებმა მკვლევარ კოლეგას გაანდოს სკოლის ცხოვრების ესა თუ ის ნაკლოვანება. ეს ინფორმაცია მკვლევარმა პედაგოგმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაახმაუროს.
  • ეთიკური ხედვა -კვლევის პროცესში ხშირად იქმნება უხერხული სიტუაციები, რომელთა თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ საკუთარი ეთიკური ნორმები, განსაზღვრეთ ფასეულობები და იმოქმედეთ მათ შესაბამისად.
  • კვლევაში ჩართულ პირთა პატივისცემა – კვლევა არ უნდა ავაგოთ ტყუილზე. მაგალითად, თუ ინტერვიუს დროს კვლევაში მონაწილე პირი რაიმეს გაგიმხელთ და გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია არ აისახოს კვლევაში, თქვენ ვალდებული ხართ, პატივი სცეთ მის თხოვნას. არ შეიძლება ინტერვიუს ფარული ჩაწერა, ამისთვის მოიპოვეთ თანხმობა.
  • სიზუსტე- განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონაცემების სიზუსტეს. არ შეეცადოთ მონაცემების შეცვლას თქვენი პირადი შეხედულებების შესაბამისად. მონაცემების გაყალბება არამეცნიერული და არაეთიკურია.

მასწავლებელს საკუთარი საქმიანობის სრულყოფისათვის სჭირდება უფრო გამოცდილი და კომპეტენტური კოლეგის რჩევები. ამ ფორმით   თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა არა მარტო რჩევის მიმღებისათვის , არამედ პირადად ჩემთვისაც. მე შემიძლია მივიღო და გავითვალისწინო, ასევე საჭიროებისამებრ გავცე და გავუზიარო სხვას საჭირო ცოდნა და გამოცდილება. ამიტომ არის მასწავლებლობა განსაკუთრებული, ერთდროულად შეგიძლია ასწავლო და ისწავლო კიდეც.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზამკვლევი (მე-2 ნაწილი) https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...