სამშაბათი, აპრილი 29, 2025
29 აპრილი, სამშაბათი, 2025

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ცრუ-ინფორმაციის, ანუ „ფეიკ ნიუსების“გამოვლენა? (ნაწილი მეორე)

0

ცრუ ახალი ამბების, ანუ ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ ეპოქაში, სკოლებში ბავშვებს ასწავლიან თუ როგორ შეიძლება ფაქტების შემოწმება

ყველასთვის ნათელია და სიმართლეა ის, რომ სოციალური მედია და ციფრული პლატფორმების ორაზროვნება ხელს უწყობს მიკერძოებული და ტყუილი ინფორმაციის ადვილად გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის მთავარ ღერძს ტექნოლოგია არ წარმოადგენს – პრობლემას ვერ გადაწყვეტს ‘ფეიკ-ამბების’ ახალი ფილტრები თუ შემაკავებელი ალგორითმები. როგორც სთოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის ახალი ამბების შესწავლის ცენტრის დირექტორი, რიჩარდ ჰორნიკი აღნიშნავს, ეს „ადამიანური პრობლემაა. ეს ჩვენი თვისებაა“

სხვა სიტყვებით, ადამიანი როგორღაც მირდეკილია ცრუ-ამბებისადმი. ჟურნალ „ატლანტიკში“, ავტორი რობინსონ მეიერი შემდეგს წერს: „ ცრუ-ამბები და ჭორები უფრო მეტ ადამიანამდე აღწევს, უფრო ღრმად შედის სოციალურ ქსელებში და უფრო ჩქარა ვრცელდება, ვიდრე აკურატულად მოწოდებული ამბები“. ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ ადამინს იზიდავს ამ „ამბების“ სიახლე და მძლავრი ემოციები (შიშიდან ზიზღამდე და გაკვირვებამდე), რომელსაც ეს „ამბები“ იწვევენ. როგორც 2018 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი კვლევის შედეგებშია აღნიშნული, „ცრუ ახალი ამბები იმიტომ არის ასე გავრცელებული ონლაინ გამოცემებში და პლატფორმებში, რომ მას ადამიანები (და არა რობოტები) ავრცელებენ“.

უფრო მეტიც, „ცრუ-ახალ ამბებში არაფერია ახალი“, აღნიშნავს კელი მენდოსა, ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, არამომგებიანი ორგანიზაციის, Common Sense Media-ს დირექტორი. 1672 წელს, ინგლისის მეფემ, ჩარლზ II გამოსცა ბრძანება „მცდარი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ“; მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ კონტროლირებადი მაუწყებლები მასობრივად ავრცელებდნენ ტყუილებს მათ მიერ ოკუპირებული ქვეყნების მოსახლეობაში  ევროპის მასშტაბით.

როგორც სმითსონიანის ინსტიტუტის (Smithsonian – მსოფლიოს უმსხვილესი სამუზეუმო, კვლევითი და საგანმანათლებლო ამერიკული ინსტიტუტი ვაშინგტონში)  წარმომადგენელი, ჯაკი მანსკი აღნიშნავს, „ ცრუ ახალი ამბების გავრცელება, ამ საქმიანობის ნაწილი იყო პირველი თავისუფალი მედიის შექმნის დღიდან“. „დღეს ადამიანი უნიკალურ მდგომარეობაში იმყოფება – რაც იბეჭდება, ის იმ ადგილას ვრცელდება, სადაც ნაბეჭდს მიიტანენ და მას ზღვრული გავრცელება აქვს. რაც შეეხება ციფრულ ინფორმაციას, მისი გავრცელების სისწრაფე გეომეტრიული პროგრესიის მსგავსია. დღეს ძალიან ადვილია, სწრაფად გაავრცელო ის, რაც სიცრუეს წარმოადგენს“, დასძენს კელი მენდოსა.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს არ აქვს საკმარისი უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან მომდინარე ინფორმაციის იმ უპრეცენდენტო მოცულობის ასათვისებალად, შესაფასებლად და დასახარისხებლად. ჩვენ უფლებას ვაძლევთ ციფრულ პლატფორმებს, ტელეფონებს, სოცმედიასა და კომპიუტერებს, გვმართონ. ჩვენ მათ უპირატესობას ვემორჩილებით“, ამბობს პროფესორი უაინბურგი.

აშშ-ს რამდენიმე შტატმა (როდ-აილენდი, ნიუ-მექსიკო, კალიფორნია და კონექტიკუტი), უკვე მიიღო და დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც სკოლებს ბავშვებისთვის ახალი ამბებისა და მედიაწიგნიერების გაკვეთილების ჩატარებას ავალდებულებს. თუმცა, კრიტკოსების აზრით, ამ პროგრამების დაფინანსება პრობლემურია, ხოლო მასწავლებლებს ისედაც უამრავი გაკვეთილები აქვთ სასწავლო გეგმაში. სკოლების დახმარებას ცდილობენ ამერიკული არასამთავრობოებიც. მათ შეიმუშავეს რამდენიმე სია-ჩამონათვალი (ე.წ. „ჩექ-ლისტი“, ინგლ.), ისეთი კრიტერიუმებით, რომელთა მიხედვით მოსწავლეებს უნდა გაუადვილდეთ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა ახალ ამბებში.  სახელმძღვანელო 30-მდე შეკითხვას შეიცავს, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია: „აქვს სტატიის ავტორს იმის კვალიფიკაცია, რომ ამ საკითხზე წეროს?“, ან „არის თუ არა პუბლიკაციაში გამოყენებული მიკერძოებული ან გამაღიზიანებელი ენა?“

სამწუხაროდ, მასწავლებლების ნაწილი უკმაყოფილოა ასეთი მიდგომით და თვლის რომ „ჩექ-ლისტები“ უსარგებლოა, გრძელია და ხშირად მოძველებული. პროფესორ ჰორნიკის აზრით, „ჩექ-ლისტები“ ვერაფერს უშველის. საჭიროა „ტყუილების დეტექტორის“ (ინგლ. Bullshit Detector) მიდგომის განვითარება. “ამ დროს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ის უნარები, რომლებიც ინფორმაციის „გამოძიებას“ დაასწავლის მათ, ინფორმაციის უბრალოდ „მოხმარების“ ან „ჩაყლაპვის“ ნაცვლად; განუვითარებს მათ ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების უნარებს, პუბლიკაციის სხვებისთვის გაზიარებამდე; უჩვენებს ბავშვებს, რომ ხშირად, ინფორმაციის გამომგზავნი ან გამზიარებელი არ წარმოადგენს ინფორმაციის/პუბლიკაციის ავტორს; გაითვალისწინებენ ყველა იმ წარმოდგენას თუ ცრურწმენას, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ატარებს. „ამის გარეშე, ნებისმიერი კრიტიკული შეფასება თუ სწავლება, დროის ფუჭი ხარჯვა იქნება“, ამბობს ჰორნიკი.

როგორც ცრუ ამბებისა და ტყუილების ფენომენის მკვლევრები აღნიშნავენ, მთავარი კითხვა შეიძლება ასე ჟღერდეს: „საიდან უნდა გავიგოთ რომ „ფეიკ“-ნიუსების საწინააღმდეგოდ მიმართული პროგრამები წარმატებულად მუშაობენ, ან რომელი მათგანია სხვებზე უკეთესი? – ექსპერტების პასუხები განსხვავებულია. თუმცა ერთზე ყველა თანხმდება: მოსწავლეთა მიერ ახალი ამბების მოხმარების წესის შეცვლას წლები შეიძლება დასჭირდეს. როგორც პროფესორი უაინბურგი აღნიშნავს, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ალბათ ადამიანის გენომის გამოკვლევის პროექტის დონის საგანმანათლებლო ეკვივალენტი დაგვჭირდება, რომელზეც ათეულობით წლის სამუშაო, მილიარდობით დოლარი, ათასობით მეცნიერი და საერთაშორისო თანამშრომლობა იქნება აუცილებელი“.

 

(მეოავტორი: Anabelle Timsit, ჟურნალების Quartz-ისა და Politico-ს რეპორტიორი (აშშ) მეორე ნაწილის დასასრული)

სტატია მომაზადა ლევან ალფაიძემ

 

 

კადრიდან ამოჭრილი მავთულხლართები

0

 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ 2019 წლის

6 სექტემბერია  – მზე დროდადრო გამოტეხავს ხოლმე ღრუბლის ნაჭუჭებს და დღის ტყავს მშვიდ ზოლებად ყოფს. ჰაერი უცნაურადაა დამუხტული  –  კაკლის ხეების საშემოდგომო ალმურს ტაძრის ღია კარიდან გამოდენილი დილის წირვის მუხტი ერთვის. გული ყველას ამოვარდნას აქვს. ყველას, ვინც იცის, რა მიწაზე დგას და სულ ოდნავ, რამდენიმე ეზოს იქით რომ გადაიხედოს, რას დაინახავს…

ეს ნიქოზია. ქართლის შუაგული, რამდენიმე ასეული მეტრის შორიახლოს კი ცხინვალი მოჩანს, ახლა უკვე საგულდაგულოდ გამიჯნული და „დაკარგული.“ ნიქოზის ტაძრის და მეუფე ისაიას რეზიდენციის ეზო ხალხითაა სავსე. შემოდგომა ნიქოზში სულ ასე, ხალხმრავლობით იწყება _ უკვე მეცხრე წელია, აქ, ამ ნატანჯ ადგილას ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.

ფესტივალის იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის. საქართველოში მგონი ყველამ იცის მეუფე ისაიას სახელი და საქმე. ვინც არ იცის კიდევ, მოკლედ ვეტყვით _ ეს ის სასულიერო პირია, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდგომ პერიოდში წამითაც არ დაუტოვებია ნიქოზი და ახალგორი, ვინც საკუთარი ნებით არჩია მძევლობა ახალგორში, რათა იქაურ მრევლს  – ქართველებსაც და ოსებსაც, გვერდიდან არ მოშორებოდა, გაემხნევებინა, სამეურნეო საქმეშიც დახმარებოდა, სულის საზრდო მიეცა; ვინც წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებისთვის ნაჩუქარი და მთელი ქვეყნის მიერ ყბადაღებული „ჯიპი“ ჩუქებისთანავე გაყიდა და სოფელს ავტობუსი უყიდა, დღესაც ემსახურება ის ავტობუსი ნიქოზს. ასეთი მოღვაწეა მეუფე ისაია –  ჩვენი დიდი წინაპრების ღირსეული შთამომავალი, თავად პროფესიით ანიმატორი, ხელოვნების დიდი მოყვარული და სულით და გულით შემოქმედი.

„რომელიმე სხვა სოფლის მსგავსად იქნებ ვინმემ სოფელ ნიქოზსაც უწოდოს ქვეყნის დასალიერი, მაგრამ მადლობას გეტყვით, რომ თქვენი წვლილი შეგაქვთ ასეთი კულტურული სივრცის არსებობაში და კიდევ უფრო გვიღრმავებთ რწმენას, რომ სოფელი ნიქოზი ქვეყნად ჩვეულებრივი სოფელი კი არაა, არამედ სწორედ იგი არის სამყაროს ცენტრი…“

– ესაც მეუფე ისაიას  სიტყვებია, რომლითაც ის წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს მიესალმა.

ფესტივალი 1-6 სექტემბერს გაიმართა და როგორც წინა წლებში, ახლაც მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე. შთამბეჭდავი იყო როგორც მოწვეული სტუმრების, ასევე ქართული პროგრამა _ ანიმაცია, სახვითი ხელოვნება, მუსიკა.

წელს ფესტივალს ათამდე ქვეყნიდან ესტუმრნენ ცნობილი ანიმატორები. ფესტივალის სამხატვრო დირექტორი ფერნანდო გალრიტო გახლდათ _ პორტუგალიელი ანიმატორი, რომელმაც პორტუგალიური ანიმაციის რეტროსპექტივა შესთავაზა ფესტივალის მონაწილეებს და მაყურებლებს. საფრანგეთი, პოლონეთი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, ჩეხეთი  –  ასეთი მასშტაბური რუკით წარდგა წლევანდელი ფესტივალი და ამ რუკაზე, უკვე მერამდენე წელია, მონიშნულია საქართველოც, ქართველი არტისტები, რომლებიც ძალიან საინტერესო  და შთამბეჭდავ ანიმაციურ ფილმებს ქმნიან.

მეუფე ისაიას ინიციატივით, ნიქოზის ხელოვნების სკოლაში რამდენიმე წელია ისწავლება ანიმაცია. წელს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, ქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები  –  მხიარული, ბედნიერებით გამსჭვალული პაწაწინა ანიმაციები წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებამ ერთი სიახლის შესახებაც შეიტყო: ნიქოზში იგეგმება „ხელოვნების სახლის“ მშენებლობა, რომელიც ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად იქნება განკუთვნილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს, სადიპლომო ნამუშევრებისთვის, მიეცათ დავალება შეესრულებინათ „ნიქოზის ხელოვნების სახლის“ და „ნიქოზის ხელოვნების სკოლის განვითარების“ პროექტები. სწორედ ეს პროექტები იყო წარმოდგენილი ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე.

ფესტივალის ბოლო დღეს ნიდერლანდების  ცნობილი ჰოლანდიელი (მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში) ანიმატორის, მაიკლ დუდოკ დე ვიტის ფილმების ჩვენება და მასტერ-კლასი გაიმართა. მაიკლ დუდოკის ფილმებმა „ბერი და თევზი“, „მამა და პატარა გოგონა“ უამრავი პრიზი მოიპოვა. მისი შემოქმედება გამოირჩევა სულიერებით, მშვენიერების სამყაროს მიმართ სწრაფვით, სევდისა და სიხარულის გულწრფელობით. ჩვენების შემდეგ დუდოკმა ნიქოზში გატარებულ დღეებზეც ისაუბრა, როგორც სამომავლო გამოცდილებაზე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მოუხიბლავს ქართულ მუსიკას, არქიტექტურას და დამწერლობას. ვფიქრობ, ეს შთაბეჭდილება ჩემს ანიმაციებშიც იჩენს თავსო, _ გამოუტყდა მაყურებელს.

გორის ქალთა კაპელას სულისშემძვრელი კონცერტის შემდეგ კი, მეუფე ისაიამ სტუმრები რეზიდენციის აივანზე დაპატიჟა. ამ აივნიდან ხელისგაწვდენაზე მოჩანს ცხინვალი. ცხადია, ყველა სტუმარმა იცოდა, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში მოდიოდა, იმ სოფელში მოდიოდა, სადაც ოკუპაციის ჭრილობა ყველაზე მტკივნეულია. ამ დღეების განმავლობაში უამრავჯერ ახსენეს სიტყვები: „ომი“, „ოკუპაცია“, „მავთულხლართები“…

„მავთულხლართები და თხრილები, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზიდან სულ რამდენიმე მეტრში იქნა გავლებული, ჩვენი ღრმა რწმენით  –  დაიძლევა! მას შეეწევა ისეთი საქმიანობა, როცა ურთიერთობები გახსნილია, როცა შესაძლებელია დიალოგი, თანამშრომლობა, ერთანეთის პატივისცემა, დახმარება, მეგობრობა და სიყვარული“  –  ესეც მეუფე ისაიას სიტყვებია, რომლებითაც მან სტუმრებს მიმართა. ზოგადად, ფესტივალის მრწამსიც ესაა, უფრო ზოგადად  –  ხელოვნების, შემოქმედების მთავარი აზრია!

ნიქოზშიც ეს განწყობა ტრიალებს, ფესტივალის დროსაც და ისედაც, როცა არ უნდა მოხვდეთ იქ. ცოტათი ზღაპრული, მხატვრული, შემოქმედებითი, თითქოს ადამიანებმა ძალიან მოინდომეს და საკუთარი ძალისხმევა მხოლოდ იმას დაახარჯეს, რომ გარემო გაეფერადებინათ. ნაომარი, მოწყენილი, სამშობლოდაკარგული გარემო. და, გამოუვიდათ. ყველას ერთად  –  დიდებსაც და ბავშვებსაც.

მათ მთავარი ანიმაციიდან  –  ცხოვრებიდან, მავთულხლართების კადრები ამოჭრეს.

 

სურათებიანი წიგნების მნიშვნელობა

0

თქვენთვის, ალბათ, სიახლე არ იქნება, რომ ბავშვებისათვის კითხვას ბევრი სარგებელი ახლავს, როგორიცაა  მაგ. ენის ცოდნის  და წიგნიერების   ხელშეწყობა. Scholastic-ის 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, 3-დან 5 წლამდე ბავშვების მშობლების 62% თითქმის ყოველდღე უკითხავს  შვილებს და ბავშვების უმრავლესობა ამბობს, რომ მოსწონთ ან უყვართ მშობლებთან გატარებული ეს განსაკუთრებული დრო. თუკი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის კითხვას ნათელი და ხშირად თვალსაჩინო სარგებელი ახლავს, არსებობს მტკიცებულებები, რომ ასევე მნიშვნელოვანია წაკითხვა ჩვილებისათვის, ახალშობილთათვისაც კი.

ამერიკის პედიატრთა აკადემია  გვირჩევს, რომ მშობლებმა შეძლებისდაგვარად მალე უნდა დაიწყონ ჩვილებისათვის კითხვა. ეს რეკომენდაცია დაფუძნებულია კვლევაზე, რომელმაც უჩვენა, რომ ბავშვებს, ვისაც მშობლები ხშირად ელაპარაკებიან, უპირატესობა აქვთ იმ ბავშვების მიმართ, ვისაც მშობლები ნაკლებს ელაპარაკებიან. ძირითადი განსხვავება  უნდა ეფუძნებოდეს სიტყვების რაოდენობას, რომელთაც ბავშვები იღებენ, როდესაც მშობლები ხმამაღლა ესაუბრებიან მათ. ეს უპირატესობა თვალსაჩინო ხდება, როცა ბავშვები 2 წლის ხდებიან.

ბავშვებთან საუბრის გარდა,  ხმამაღლა კითხვა ასევე უნდა აცნობდეს ბავშვებს  ახალ და განსხვავებულ სიტყვებს, რომელთაც მშობლები ყოველდღიურ საუბარში ხშირად არ იყენებენ. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ სიტყვების რაოდენობა, რომელთაც ჩვილები წარმოთქვამენ და ესმით, განისაზღვრება იმით, თუ რამდენს უკითხავენ მათ.

სიტყვების ზემოქმედების  სარგებლიანობის გარდა, ირკვევა,  რომ ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ სპეციფიკური კონტენტი  წიგნებიდან, რაც შეიძლება მათ დაბადებამდეც დაიწყოს. მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ კონკრეტული წიგნის  რიტმი ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ალბათობის შესამოწმებლად მკვლევრებმა სთხოვეს 7 თვის ორსულ ქალებს, წაეკითხათ, The Cat in the Hat, მუცელში მყოფი ნაყოფისათვის დღეში ორჯერ, ორსულობის დასასრულამდე. როდესაც ეს ბავშვები დაიბადნენ,სხვა ამბებზე მეტად, ჩვილებს უფრო სიამოვნებდათ  The Cat in the Hat-ის მოსმენა.

ამაში მკვლევრები ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაარწმუნა.  საწოვარა მიამაგრეს ორ დინამიკს, და დააპროგრამეს – როდესაც ჩვილი სწრაფად წოვდა, ირთვებოდა ერთი ამბავი, თუ ნელა – სხვა.  ბავშვები მალე მიხვდნენ, რომ სიტუაციის კონტროლი შეეძლოთ და წოვდნენ ისე, რომ მათთვის  ჩაერთოთ The Cat in the Hat – ამბავი, რომელსაც მუცელში ყოფნისას  მუდმივად ისმენდნენ.

ერთერთ კვლევაში მკვლევრებმა 18-დან 30 თვემდე ჩვილებს წაუკითხეს  წიგნი, აღწერილი იყო , როგორ დაელაგებინათ სხვადასხვა საგანი ერთად, ახალი   ნივთის გასაკეთებლად.  ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ 2 წლამდე ჩვილებს შეუძლიათ როგორც სიტყვების, ასევე ქმედებების შესწავლაც მოკლე და მარტივ წიგნებთან ურთიერთობით.

სიტყვებისა და ქმედებების გარდა, სკოლამდელ ასაკში,  წიგნებიდან ბავშვებს შეუძლიათ   საკმაოდ რთული ინფორმაციის აღქმა. ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია კამუფლაჟის შესახებ, 3-4  წლის ბავშვებს  აუხსნეს, როგორ ეხმარება მიმიკრია ცხოველებს გადარჩენაში. მოგვიანებით, როდესაც ჰკითხეს, თუ რომელი ცხოველების შეჭმა შეეძლო მშიერ ჩიტს, ბავშვებმა დაასკვნეს, რომ ყავისფერი კამუფლიაჟის მქონე  ხვლიკი შეძლებდა დამალვოდა ჩიტს, როცა მის კაშკაშა შეფერილობის მეგობარს  დიდი ალბათობით, ჩიტი შეჭამდა.

ერთ კვლევაში 5 და 6 წლის ბავშვებს გააცნეს გამოგონილი ცხოველები პილოსები,  რომელთაც წვრილი  ცხვირები ჰქონდათ. წიგნის განმავლობაში ბავშვები ეცნობოდნენ დეტალურ აღწერას, თუ ნელ-ნელა როგორ იცვლებოდნენ პილოსები მრავალი თაობის განმავლობაში. წიგნის წაკითხვის შემდეგ უმცროსმა და უფროსმა ბავშვებმა ისწავლეს,  რომ ადაპტაცია  ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადარჩენისა და რეპროდუქციის სხვადასხვა ხარისხით ხასიათდება.  მათ შეეძლოთ გაეხსენებინათ ინფორმაცია 3 თვის შემდეგაც კი და მიესადაგებინათ ის სხვა  სახეობებისთვისაც.

მარტივ წიგნებს აქვთ ძალა, რომ ასწავლონ ჩვილებს და ბავშვებს ახალი სიტყვები, ქმედებები და უფრო რთული მეცნიერული კონცეპტებიც კი, როგორიცაა კამუფლიაჟი  და ევოლუცია.

ამიტომ, როცა  წიგნს ვუკითხავთ პატარებს, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ კითხვისადმი ინტერესს ადრეულ ასაკშივე ვუყალიბებთ.  მშობლებმა ხშირად უნდა უკითხონ პატარებს, ეს არის ერთად გატარებული  დროის საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/the-baby-scientist/201908/the-importance-picture-books

საინტერესო პროექტი

0

ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ იმ პროექტის შესახებ რომლის იდეაც მაშინ გაჩნდა, როდესაც დავიწყე მუშაობა  ნ. დუმბაძის მოთხრობაზე  „ძაღლი“. პროექტ-გაკვეთილის გეგმის სასწავლო მიზნის ფორმულირება წერის პროცესში რამოდენიმეჯერ შევცვალე და საბოლოოდ ასე ჩამოვაყალიბე: მოსწავლემ შეძლოს მოთხრობის წაკითხვა და მისი შინაარსის გააზრება. მოთხრობაში დასმულ პრობლემებზე მსჯელობა და ჩვენს მშობლიურ ქალაქში მიუსაფარი ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების პრაქტიკული გამოვლენა.    პროექტ-გაკვეთილის  გეგმის წერისას  მივხვდი – ჩემი მესამეკლასელები მზად იყვნენ თემატური პროექტისთვის.

მოსწავლეებს  გავაცანი თემატურ პროექტებზე მუშაობის წესები. ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ  პროექტის გეგმა. დავგეგმეთ კითხვის საათზე ჩასატარებელი სამუშაოები. ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა, ტექსტზე მუშაობის პარალელურად, გაინაწილეს აქტივობები:

1) მასალების მოგროვება ძაღლების წარმოშობის, მათი ჯიშების ისტორიების შესახებ

2) ფოტო-ალბომი სხვადასხვა წყაროებიდან

3) ცნობები იმ  სიკეთეების შესახებ რაც უკეთებია და დღესაც აკეთებს ძაღლი ადამიანისთვის.

4)  ამბროლაურის ქუჩებში  მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკა და ისტორიები

5) ნაწარმოების მიხედვით გურულ დიალექტზე მინი დიალოგების შექმნა.

6) ნ. დუმბაძის ბიოგრაფიაზე პოსტერის მომზადება.

პროექტის ფარგლებში  ვიმუშავეთ:

  1. მოთხრობის პერსონაჟების რუკაზე;
  2. გურულ დიალექტებზე შეადგინეს სცენარები: „გოგიტა და მებუფეტე“, „სპირიდონ ბაბუას ანდერძი“, „ბაბუას სუბარი ძაღლთან“, „სოფელი უძაღლოდ“

თითოეული სცენარის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობდნენ, რა ჯადოსნური ძალა აქვს მწერლის კალამს და მხატვრულ კითხვას.

გოგიტას განცდებმა გადააწყვეტინა მოსწავლეებს „გაესამართლებინათ“ ძაღლზე მოძალადე ადამიანები. თავდაპირველად არავის უნდოდა „ბრალდებულის“ როლის შესრულება, მაგრამ როცა გურული დიალექტით „აჭიკჭიკდნენ“, კარგად მოირგეს: მოსამართლის მანტია, მდივნის დამცველის მოწმის და ბადრაგის ფუნქციებიც კი. „იმიტირებულ სასამართლოზე“ მუშაობის პროცესმა დამარწმუნა, რომ გააზრებული კითხვის სწავლებისათვის თხზულების პერსონაჟთა გასამართლება კარგი საშუალებაა, რადგან მოსწავლეები უფრო მეტად უღრმავდებიან პერსონაჟებს, კრიტიკული თვალით უყურებენ მათ ქმედებებს, აანალიზებენ და სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას და არგუმენტირებულ მსჯელობას.

გოგიტას ცხოვრების ისტორიამ უარყოფითი ემოციებით დატვირთა კლასი და სიხარულით მიიღეს ჩემი შეთავაზება თხზულების სხვაგვარად დამთავრების ან გაგრძელების თაობაზე. ასე შეიქმნა  მოთხრობის დასასრულის ალტერნატიული ვარიანტები.

პროექტის  მიმდინარეობისას  განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა „იმიტირებულმა სასამართლომ“. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის  ჩვენი პროექტის კონსულტანტს, პროფესიონალ მოსამართლეს  ქალბატონ ლეილა გურგუჩიანს (ცაგერის რაიონის მოსამართლეს).  ის გვესაუბრა ცხოველებზე მოძალადე ადამიანების მიმართ გასატარებელი სანქციების შესახებ.

დისკუსიების დროს მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს პარალელის გავლება გასულ საუკუნეში ჩოხატაურში მომხდარ ამბავსა და დღევანდელობას შორის; რომ დღეს ამროლაურის ქუჩებში უგულო ადამიანების წყალობით  დაეხეტებიან მაწაწალა ძაღლები, რომლებიც ცხოვრობენ უოჯახოდ, უპატრონოდ. მათ შიათ და სწყურიათ, ზამთრის სიცივეში ვერსად აფარებენ თავს. პრობლემის გადასაწყვეტად ჯგუფებმა იმუშავეს ცალ-ცალკე, შეჯერების შემდეგ შეადგინეს ბუკლეტები მოსახლეობაში გასავრცელებლად.

დადგა პროექტის პრეზენტაციის დღეც –  მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს ის მასალები, რაც ამ პროექტზე მუშაობისას შეაგროვეს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მიუსაფარი ძაღლებისათვის ახლად გამოგონებული კვების აპარტი, მისი მუშაობის წესები. ბავშვებმა მიმართეს ადგილობრივ სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს –   ერთად ეფიქრათ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებაზე.

სკოლის დირექციამ  მადლობის ფურცლები გადასცა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს.

პროექტის  კონსულტანტმა  ლ. გურგუჩიანმა  მიგვიწვია ცაგერის რაიონული  სასამართლოს დარბაზში პროექტის პრეზენტაციისთვის. იქ გულთბილი შეხვედრა მოგვიწყო ცაგერის სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა. მოსწავლეებმა ნამდვილ სასამართლო დარბაზშიც კარგად გაართვეს თავი პრეზენტაციას.

 

მინდა ავღნიშნო, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის  მოსწავლეების მიერ  გაჟღერებული პრობლემები უცხო არ იყო.  ისინი დაპირდნენ მოსწავლეებს,  რომ იმუშავებდნენ  პრობლემებზე,  რაზეც ბავშვებმა ისაუბრეს. ჩვენთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ამბავი, რომელიც   ხელისუფლების ოფიციალური  ფეისბუქ გვერდიდან  შევიტყვეთ:

ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის  ბოლო სასწავლო წელს ამბროლაურის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელებულმა ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,  რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურის სწავლებისას მოსწავლეს განვუვითაროთ  ის უნარები, ღირებულებები და დამოკიდებულებები, რაც აუცილებელია სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების ფორმირებისთვის.

 

კონსტრუქტივისტული სწავლების აქტივობები

0
colorful math fractions on the bright backgrounds. interesting math for kids. Education, back to school concept. Geometry and mathematics materials.

 

        მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმისათვის აუცილებელია ინტერაქტიული სწავლება, რომელიც  ორიენტებულია  არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.  სწავლების პროცესისადმი ეს ახალი მიდგომა ეყრდნობა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება – შენება.  მასწავლებელს ამ პროცესში ფასილიტატორის ფუნქცია აქვს.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია:

  • სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს  ცოდნა  წინარე ცოდნაზე დაყრდნობით;
  • მოსწავლეს  მასალა მზა სახით არ მივაწოდოთ, მხოლოდ დავეხმაროთ ცოდნის აგებაში;
  • ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს ცოდნის კონსტრუირებაში;
  • შევუქმნათ სწავლის მოტივაცია, გავაგებინოთ სწავლის მიზანი;
  • ვამუშაოთ საყოფაცხოვრებო ტიპის ამოცანებზე;
  • დამსახურებულად წავახალისოთ მოსწავლეები, არ დავუკარგოთ სტიმული;
  • შევუქმნათ სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო, გამოვიყენოთ მათემატიკური ხელსაწყოები და სწავლების სხვა ინსტრუმენტები-პლაკატები, მათემატიკური დავალების ბარათები, მოდელები,  მანიპულატივები.

გთავაზობთ კონსტრუქტივისტული მეთოდით  დაგეგმილ გაკვეთილის გეგმას და რეფლექსიას.

 

სწავლებლის საფეხური /კლასი :  საბაზო/ VII კლასი

გაკვეთილის თემა: „ პროცენტი“

 

გაკვეთილის მიზნები:

  • მოსწავლემ შეძლოს რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.
  • პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით.

 

გაკვეთილის  გეგმაში  გამოყენებული აქტივობები  ორიენტირებული როგორც დაბალი, ისე  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე.

  • მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ და შეუძლიათ  რიცხვის  წილადის, ან ათწილადის სახით წარმოდგენა, ეს არის წინარე ცოდნა – ცოდნა/ გაგება/ გამოყენება- დაბალი სააზროვნო უნარები;
  • ფონური ცოდნის გააქტიურებითა და ტრანსფორმაციით მოსწავლეებს „აღმოეჩინათ“, როგორ ჩაეწერათ რიცხვი პროცენტის სახით და პირიქით, წარმოედგინათ პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვი წილადის, ან ათწილადის სახით-ანალიზი, სინთეზი, შეფასება-მაღალი სააზროვნო უნარები.

A –ფაზა ( გამოწვევის ფაზა)

გონებრივი იერიში ფონური ცოდნის გასააქტიურებლად.

წინარე ცოდნის გააქტიურება წილადი და ათწილადი რიცხვების შესახებ. აქცენტის  გადატანა სიდიდეთა მეასედებად ჩაწერის საჭიროებაზე, რაც საჭიროა ახალი ცოდნის  კონსტრუირებისათვის. ფოკუსირება ხდება  მათემატიკური ოპერაციებზე, რომლებსაც 100-ზე გამრავლება, ან გაყოფა სჭირდება და  კავშირშია პროცენტთან. ეს მაგალითები, გამოიყენება  , როგორც სკაფოლდინგი ახალი ცოდნის ასაგებად ( ურთიერთმიმართება ლარსა და თეთრებს შორის, ასევე მეტრსა და სანტიმეტრს შორის ).

 

მოსწავლეები უკვე არსებული ცოდნის  საფუძველზე მარტივად ააგებენ ახალ ცოდნას. ადვილად დაუკავშირებენ 100-ზე გამრავლება/ გაყოფას პროცენტის  ცნებას.

B ფაზა – ცოდნის კონსტრუირება

თვალსაჩინოება მათემატიკური ცნების წარდგენისათვის

გაკვეთილის პრეზენტაციიდან მოხმობილი თვალსაჩინოება ორ  მიზანს ემსახურება:

  • მოსწავლეთა პროვოცირებასა და მოტივაციის გაზრდას;
  • ჯერ კიდევ შეუსწავლელი ცნების ვიზუალიზაციას .

ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მოსწავლეები ადვილად დააკავშირებენ წილადებისა და ათწილადების შესახებ გააქტიურებულ წინარე ცოდნასა  და ახალ ცნებას ( შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იცნობენ ამ სიმბოლოს და გამოყენების არეალსაც  დაასახელებენ).

 

 

 

 პროცენტის ეტიმოლოგია, ანუ  საკითხის ისტორიისათვის

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ცნებებისა და ტერმინების გაცნობისას მოსწავლეებს ხშირად აინტერესებთ ამა თუ იმ ტერმინის ისტორია და უკეთ იმახსოვრებენ, როცა მათი წარმოშობის ისტორია,  ან რაიმე სახალისო კურიოზი იციან.  პროვოცირების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზოთ სლაიდი პროცენტის წარმოშობის ისტორიიდან, რომელიც ჩვენი აზრით, თავისთავად საინტერესოცაა, მაგრამ ამავე დროს კარგად წარმოაჩენს  პროცენტის, როგორც მათემატიკური  ცნების არსს.

მოსწავლეთათვის მათემატიკურ კატეგორიებზე უფრო მარტივად გასაგებია  ის, რომ ვაჭრები მოგებას ანგარიშობდნენ ფულის ყოველ 100 ერთეულზე, ამან თვალსაჩინო გახადა პროცენტის ცნების არსი.

    თუმცა, გაკვეთილის დაგეგმვისას წინარე ცოდნიდან მხოლოდ იმ მათემატიკურ  საკითხებზე  შესაძლოა მოვახდინოთ ფოკუსირება, რაც ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვისაა საჭირო. საკითხის ისტორია კი რაკი ადვილად აღსაქმელია,   შესაძლოა სლაიდის სახით შევთავაზოთ,   პროცენტის წარმოშობის შესახებ აქტივობა შეიცვალოს  და  თავად მოსწავლეებს დაევალოს    ინტერნეტში სათანადო მასალის მოძიება. ასეთ შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ გადაამუშაონ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია, დაახარისხონ და შეაჯამონ, ეს:

  • დაზოგავს დროს და გამოთავისუფლებული დრო მათემატიკურ სამუშაოს მოხმარდება;
  • მოსწავლეები დამოუკიდებლად შეასრულებენ უფრო მარტივ დავალებას, შეიქმნიან წარმოდგენას საკითხის არსის შესახებ;

თვალსაჩინოებით ახსნილი მათემატიკური ცნება

ახალი მასალის ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მოსწავლეებს მასწავლებელი შესთავაზებს 4  სლაიდს, რომლებზეც ასახსნელი მასალა ილუსტრაციის სახით იყო წარმოდგენილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვები ვიზუალურ მასალაში ადვილად ამოიცნობენ, მთელის რა ნაწილი იყო გაფერადებული და დააკავშირებენ პროცენტის ცნებასთან.

თეორიული მასალის ახსნის პარალელურად სასწავლო რესურსის შექმნა

განსაკუთრებით საინტერესოა   მოსწავლეების  მიერ შექმნილი  რესურსი.  (წილადი/ათწილადი/პროცენტის ცხრილი).

წილადი ათწილადი პროცენტი
0,01 1%
0,04 4%
0,1 10%
0,2 20%
0,25 25%
0,5

 

50%

 

0,75 75%
1=100%

 

მოსწავლეებს   ზემოთ მოტანილი ილუსტრაციების დამუშავების პარალელურად სხვადასხვა მონაცემი სხვადასხვა ფერის მარკერით შევატანინოთ წინასწარ  დახაზულ ცხრილში.

მოსწავლეების მიერ შეიქმნება რესურსი (წილადი/ათწილადი/პროცენტის ცხრილი).

ამ ტიპის  აქტივობა  შესაძლებელია შევაჯამებინოთ თავად მოსწავლეებს და გამოვაყვანინოთ თეორიული დასკვნები, რასაც შევინახავთ ფლიპჩარტზე რუბრიკით- „ ჩვენი აღმოჩენები“ . ხოლო შემდგომ დავავალოთ, ეს „თეორიული აღმოჩენები“  შეადარონ სახელმძღვანელოს თეორიულ ნაწილს.

ამგვარი შედარების  დროს უფრო თვალსაჩინო გახდება, რა „აღმოაჩინეს“ გაკვეთილზე თავად  და რა გაიგეს სახელმძღვანელოს თეორიული ნაწილიდან. შესაძლოა გამოვაყენებინოთ კოგნიტური სქემა:

რა „აღმოვაჩინე“ გაკვეთილზე რა გავიგე სახელმძღვანელოდან რის  გაგება მსურს
     

 

ახლადაგებული ცოდნის განმტკიცება

სამუშაო წყვილებში

გაკვეთილზე კარგად მუშაობს ურთიერთსწავლების მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ  განმამტკიცებელ აქტივობაში წყვილებში მუშაობისას.  ტესტების ამოხსნის დროს  –  წყვილებს  შეიძლება მივცეთ  არჩევანის საშუალება.  დავალებად მიცემული სამი ტესტიდან მათ  სურვილისამებრ უნდა  შეარჩიონ ერთ-ერთი. მოსწავლეები ჯერ მუშაობენ ინდივიდუალურად , ხოლო შემდეგ წყვილებში  ადარებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, მსჯელობენ.   თუ რომელიმე მათგანს გაუჭირდება ეხმარება მისი მეწყვილე.

აქტივობის  შეჯამების დროს შეიძლება  ამ  ტესტების განხილვა დაფასთან.

 

განმამტკიცებელი აქტივობები და ცოდნის თანდათანობით“ „ულუფებად“ მიწოდების სტრატეგია.

             შემდეგ   მოსწავლეების ჩართულობით ვხსნით და ვაანალიზებთ უფრო რთულ  დავალებას. მოსწავლეები მოახდენენ   რიცხვის პროცენტის სახით ჩაწერის წესის  განზოგადება-განმარტებას.

გაკვეთილის დაგეგმვისას დასახული იყო 2 ძირითადი მიზანი. პირველი მიზნის შესრულების შემდეგ გადავდივართ  მეორე მიზანზე. ესაა – პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის , ან ათწილადის სახით.  წინა აქტივობაში ბავშვების მიერ შექმნილი რესურსი გამოგვადგება  ცოდნის „ულუფებად“ მიწოდებისა და „თანდათანობით“ აღმოჩენების კეთებაში.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი ცხრილი ახლა შებრუნებით განვიხილოთ და მოსწავლეები  შებრუნებული პროცესს აღმოაჩენენ, კერძოდ_100-ზე  გამრავლება შეცვალა 100-ზე გაყოფამ.

ახლადაღმოჩენილი  „ შებრუნებული ცოდნის“ განსამტკიცებლად მოსწავლეებს მიეცათ საკლასო სამუშაო, რომლის შემოწმება მოხდა დაფაზე დემონსტრირებით.

 

C რეფლექსიის ფაზა

 

შემაჯამებელი სამუშაოს სახით მოსწავლეებს მიეცათ ქვიზი ( ინდივიდუალური სამუშაო) , რომელიც შემოწმდა სადემონსტრაციო  მასალისა და დაფაზე  ამოხსნის მეშვეობით.

საშინაო დავალება

მოსწავლეებს მიეცათ საშინაო დავალება ახლად აგებული ცოდნის განმტკიცების მიზნით;

გაკვეთილის შეჯამება/ შეფასება

 

გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა შეფასების სხვადასხვა სახე და ფორმა-  კერძოდ:

  • თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.;
  • მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება.

თვითშეფასება  და ურთიერთშეფასება  მოხდება გაკვეთილის ბოლოს გასასვლელი ბარათების შევსებისას.

გასასვლელი ბარათებს ორმაგი დანიშნულებით ვიყენებ:

  • მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისათვის ( საკუთარი ცოდნის მონიტორინგი, მიღწევებისა და შედეგების გააზრება/ გაზომვა);
  • მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისათვის, რაც ამოსავალია შემდგომი გაკვეთილის დაგეგმვის დროს.

მასწავლებლის შეფასების შესახებ აღვნიშნავთ, რომ გამოვიყენე მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, რადგან ეს ახალი თემის პირველი გაკვეთილი იყო და ამ დროს არ არის რეკომენდებული განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება. განმსაზღვრელ შეფასებამდე  მოსწავლეებს უნდა მივცეთ განმავითარებელი უკუკავშირი.

 

                    წარმოგიდგენთ გაკვეთილის გეგმას, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი  მიზნის  შესაბამისი აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები და რესურსები,  რომელიც  VII კლასის საგნობრივი  სტანდარტითაა განსაზღვრული.  ვფიქრობ,   გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს შეეძლება   სხვადასხვა ფორმით ჩაწერილ რიცხვებს შორის მიმართების დადგენა.  რაც მთავარია, მოსწავლე მიღებულ ცოდნას გამოიყენებს პროცენტის შესახებ მომდევნო თემების შესწავლისას. შესაბამისად, მოცემული გაკვეთილის მიზანი  ემსახურება  როგორც ახლი ცოდნის აღმოჩენას, გააზრებას და შესწავლას, ასევე  წარმოადგენს ერთგვარ ,,დამაკავშირებელ ხიდს’’ შემდგომი თემით განსაზღვრული ახალი ცოდნის კონსტრუირებისას.

გაკვეთილის თემა :  ,,პროცენტი’’

გაკვეთილის მიზანი :                 ა) მოსწავლემ შეძლოს რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.

ბ)  პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით.

 

 

გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :

გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმის VII კლასის მათემატიკის საგნობრივ  სტანდარტთან :

მათ. VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს, მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობას, მათ თვისებებსა და დაჯგუფებას გამოთვლების გასამარტივებლად;
  • ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან;
  • ირჩევს და იყენებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულების ხერხს (ზეპირი, ტექნოლოგიების გამოყენებით, წერითი ალგორითმები);

საგაკვეთილო პროცესში დაგეგმილი  აქტივობების პარალელურად განვახორციელებ სსსმ მოსწავლისათვის მიზნის შესაბამის აქტივობას.

 

N აქტივობის მიზანი და აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ.)
1 ●       საორგანიზაციო საკითხები;

●       მისალმება, განწყობის შექმნა;

●       გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა

●       შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა

 

 

ვერბალური –

ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით

საერთო საკლასო შეფასების რუბრიკები; „ფლიპჩარტზე“ დაწერილი მიზანი.   მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს მიზანს და შეფასების რუბრიკებს და აკრავს თვალსაჩინო ადგილზე.

 

2წთ
2 აქტივობა 2  წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ იმ ცოდნის გააქტიურება, რომელიც საჭიროა ახალი მასალის სრულყოფილად გაგებისათვის.

 აქტივობის აღწერა:  კითხვა-პასუხის  რეჟიმში მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ  საკითხებს

სავარაუდო კითხვები:

1) რა მოქმედებაა საჭირო ლარის თეთრებში გადასაყვანად?

2)  რა მოქმედებაა საჭირო  მეტრის სანტიმეტრში გადასაყვანად?

3) რა მოქმედებაა საჭირო თეთრების  ლარებში  გადასაყვანად?

4)  რა მოქმედებაა საჭირო   სანტიმეტრის  ლარში  გადასაყვანად?

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს

 ,, შესასვლელ ბარათებს”,  რომელზეც მოცემული იქნება შემდეგი ამოცანები:

1)  თიკომ  იყიდა  ფანქარი, რომელშიც გადაიხადა 0,75 ლარი.  დარჩა 20 თეთრი. რამდენი თეთრი ჰქონდა თიკოს თავდაპირველად?

2) მკერავმა კაბის შესაკერად დახარჯა ნაყიდი ქსოვილის 2/3 ნაწილი.  დარჩა 80 სმ. რამდენი მეტრი ქსოვილი ჰქონია მკერავს თავდაპირველად?

მოსწავლეები ინდივიდუალურად ხსნიან ამ ამოცანებს ( დრო 3 წთ)

დროის ამოწურვის შემდეგ მოხდება მოსწავლეთა მიერ ნამუშევრების გადამოწმება  სადემონსტრაციო ეკრანზე წარმოდგენილ ამოცანების ამოხსნებთან შედარების საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში  მოხდება ნამუშევრების პრეზენტაცია.

მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.

 

 

 

 

 

 

ფრონტალური გამოკითხვა

ანალიზის მეთოდი

 

 

 

 

მთელ კლასთან

ინდივიდუალური

 

 

 

 

·   რვეული, შესასვლელი ბარათები,

·   კალამი,

·   ცარცი, დაფა,

·   პროექტორი,

·   Power-Point ში შექმნილი საპრეზენტაციო მასალა

 

 

 

 

 

 

 

 

 

8წთ
3

 

აქტივობა № 3.  ახალი მასალის  ახსნა.

აქტივობის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.

 აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფოტოს.( დანართი 1)  და ეკითხება:,, რა სიმბოლო მოიჩქარის თქვენკენ? სად შეგხვედრიათ ეს სიმბოლო?

პასუხების მოსმენის შემდეგ შედგება

მასწავლებლის მინილექცია:

მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, ადამიანებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, რომ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას მოსახერხებელია სხვადასხვა სიდიდეთა მეასედი ნაწილების გამოყენება  და მათთვის სპეციალური სახელიც კი მოიგონეს-,,პროცენტი’’.  ,,პროცენტი’’ ლათინურად მეასედს ნიშნავს. მაგალითად,  პროცენტს იტალიელი ვაჭრები მოგებული თანხის შესაფასებლად იყენებდნენ. თუ მოგება ფულის ყოველ 100 ერთეულზე 20 იყო, წერდნენ ,, 20 pro centum(  პროცენტუმ ) ანუ  ,,20 ყოველი 100-დან. ასე გაჩნდა  პროცენტის აღმნიშვნელი მათემატიკური  სიმბოლო- ,, %’’. 

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს კვადრატს, (დანართი2) რომელიც  დაყოფილია 100 ტოლ პატარა კვადრატად და  ლურჯად გაფერადებულია 1 უჯრა.

კითხვა: ფიგურის რა ნაწილია გაფერადებული?

პასუხი:  ნაწილი.
=1%  იკითხება:  ,, 1 პროცენტი’’

კითხვა: კვადრატის რა ნაწილია  ყვითლად შეფერადებული? მწვანედ? წითლად? (დანართი 3,4,5)

სავარაუდო პასუხები: ყვითლად შეფერადებულია  მთელი კვადრატის  ნაწილი  ანუ 4% .

მწვანედ, მთელი კვადრატის =10%   წითლად, 20 უჯრა ანუ =20%

მწვანედ გაფერადებულია   25 უჯრა ანუ =25%

ცისფრად  გაფერადებულია მთელი კვადრატის  50 უჯრა ანუ =50%

ყვითლად  კი 100 უჯრა, =1 ე.ი. 100% მაშასადამე, 1=100%

 

წილადი ათწილადი პროცენტი
0,01 1%
0,04 4%
0,1 10%
0,2 20%
0,25 25%
0,5

 

50%

 

0,75 75%
1=100%

მოსწავლეები ასკვნიან:

პროცენტი  მეასედებად ჩაწერილი რიცხვია ანუ თუ  რაიმე წილადი ჩაწერილია  m:100 სახით, მაშინ ეს წილადი m%-ის ტოლია.

 

 

 

 

ცოდნის ვიზუალიზაცია-

დემონსტრირების მეთოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვალსაჩინოებით ახსნილი მათემატიკური ცნება

 

 

ინდივიდუალური

საერთო საკლასო

 

 

ფლიფჩარტზე  ან (პროექტორით) გამზადებული პროცენტის ეტიმოლოგია.

 

თვალსაჩინოებები, რომლებიც  ხელს უწყობს ახალი ცნების უკეთ გააზრებას და ათვისებას.

ფლიფჩარტზე  გამზადებული ცხრილი, რომელშიც სურვილის მიხედვით შერჩეული 3 მოსწავლე  სხვადასხვა ფერის მარკერით ავსებს ცხრილს  თანაკლასელების მიერ გაცემული  პასუხების მიხედვით.

მოსწავლეების მიერ შეიქმნება რესურსი, რომელიც გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე და გამოიყენება მიმდინარე  თემის შესწავლისას.

 

10

წთ

4 აქტივობა 4.  განმამტკიცებელი აქტივობები .

 

მიზანი: შეძლონ ჩაწერონ  პროცენტის სახით სხვა ფორმით ჩაწერილი რიცხვები. მასწავლებელი მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს: ერთი მთელი 100%-ია (1=100%)

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს დავალებად მიეცემათ  ტესტი სახემძღვანელოდან  გვ. 214  ტესტი ჩაწერეთ პროცენტის სახით №1 =  №2   =   №4  0,9=

მასწავლებლის ინსტრუქცია: წყვილებმა აირჩიეთ ამ სამიდან  ნებისმიერი ერთი და  ჩაწერეთ პროცენტის სახით მოცემული რიცხვები.

მოსწავლეები ჯერ მუშაობენ ინდივიდუალურად. შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ შედეგს.  თუ განსხვავებული პასუხები ექნებათ, ერთმანეთს აუხსნიან.  კლასთან ერთად გაირჩევა შესრულებული სამუშაო და მოსწავლეები ისაუბრებენ, როგორ გაართვეს  თავი დავალებას.

ამის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით  წარმოადგენენ     -ს  პროცენტის სახით. ისევ დაკვირვება ხდება ცხრილზე და ყურადღება მახვილდება  ტოლობაზე 1=100%.

= x1= x100% =37,5%.

მოხდება განზოგადება:

მოსწავლეები დაასკვნიან –  რიცხვი პროცენტის სახით რომ ჩავწეროთ, საჭიროა ეს რიცხვი გავამრავლოთ 100%-ზე .

 

 

,,დაფიქრდი- დაწყვილდი-გაუზიარე’’

(თანამშრომლობითი სწავლება)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდუქციის მეთოდი

 

 

 

 

 

 

 წყვილებში  მუშაობა ·   სახელმძღვანელო ,,მათემატიკა VII კლ“.ავტორები: გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე. მებონია, ქურჩიშვილი.

 

7

წუთი

5  აქტივობა №5   და ცოდნის თანდათანობით“ „ულუფებად“ მიწოდების სტრატეგია.

მიზანი:   პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაუბრუნდება გაკვეთილის დასაწყისში  შევსებულ ცხრილს და  მოსწავლეები  ცხრილზე  დაკვირვებით   ადვილად დაადგენენ, რომ

 პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის  წილადის სახით ჩასაწერად საკმარისია, პროცენტის რიცხვი გავყოთ 100-ზე.

ცოდნის განმტკიცება.  ჩაწერე პროცენტი  წილადის ან ათწილადის სახით:

მაგ.  1)127%=  2) 23%=   3) 5%=     4) 0,7%=

შემთხვევითობის პრინციპით  შერჩეული მოსწავლე დაფასთან  ასრულებს დავალებას. დანარჩენი მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად და  ამოწმებენ   თავიანთ შედეგს.

 

ცოდნის თანდათანობით“ „ულუფებად“ მიწოდების მეთოდი

 

 

 

 

საერთო საკლასო ფლიფჩარტზე  გამზადებული ცხრილი.

გამოსაძახებელი ჩხირები

5 წთ
6  აქტივობა 6.   

მიზანი:  რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმით ჩაწერილ რიცხვებს შორის მიმართება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ინდივიდუალურად შეავსებინებს შესაბამისობის ცხრილს ქვიზის სახით.

დააკავშირე პროცენტი შესაბამის წილადთან ან ათწილადთან.

5%   0,1
10%
30% 0.83
75%
 83% 0,75

კლასთან ერთად გაირჩევა შესრულებული სამუშაო

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს . მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე:

პროცენტი, წილადი, ათწილადი, რიცხვის ჩაწერის განსხვავებული ფორმებია. მაგალითად, ქვემოთ მოცემული ყველა რიცხვი ტოლფასია.

პროცენტი წილადი ათწილადი
50% ½ 0,5

ანუ საუბრისას შეიძლება ვთქვათ, რომ  მობილური ტელეფონის მეხსიერების   ან  50%   ან 1/2,ანუ ნახევარი, ან 0,5 ნაწილია დაკავებული. სამივე ფრაზას ზუსტად ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს.

 

 

 წერითი მუშაობის მეთოდი

(პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულება)

ანალიზის მეთოდი

ინდივიდუალური

საერთო საკლასო

§  დაფა, ცარცი. ფლიფჩარტზე (პროექტორზე) გამზადებული პასუხი დროის მოგების მიზნით.

§  სლაიდები

8

წუთი

7 აქტივობა №7  საშინაო დავალების მიცემა.

აქტივობის მიზანი: განიმტკიცონ  ახალი მასალის ცოდნა სავარჯიშოების ამოხსნით.

აქტივობის აღწერა: საშინაო დავალება.  სახელმძღვანელოდან. გვ.214. სავარჯიშო   №8. ინსტრუქციის მიცემა.

ვერბალური

 

მთელ კლასთან სახელმძღვანელო ,,მათემატიკა VII კლ“.ავტორები: გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე. მებონია, ქურჩიშვილი.

·    დაფა, ცარცი.

 

2 წთ
8 აქტივობა  №8 თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

მასწავლებელი  აკეთებს განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებანი.  ავსებენ  თვითშეფასების  და ურთიერთშეფასების ბარათებს და ათავსებენ სპეციალურად მომზადებულ ყუთში.

ანალიზის მეთოდი ინდივიდუალური ·         გასასვლელი ბარათები, რომელშიც ჩაწერილია კითხვები თვითშეფასებისათვის და ურთირთშეფასებისთვის

 

3 წთ

 

 

 

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლე გაიაზრებს პროცენტის ცნებას. შეძლებს რიცხვის ჩაწერას პროცენტის სახით.
  • პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადის ან ათწილადის სახით.

შეფასება :   განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები დაბალი საშუალო საშუალოზე მაღალი მაღალი
მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება;მათემატიკური ენის ფლობა

 

ადეკვატურად ვერ იყენებს ცნებებს და ტერმინებს, დებულებებს, ვერ მეტყველებს მათემატიკურ ენაზე. იყენებს ზოგიერთ ცნებას და ტერმინს, ასევე იყენებს დებულებებს, უჭირს  მათემატიკური

ენის ფლობა

იყენებს ცნებებსა და ტერმინებს, იყენებს დებულებებს, მსჯელობს და ასაბუთებს მცირედი ხარვეზებით ცნებებს, ტერმინებს და დებულებებს იყენებს ადეკვატურად, უშეცდომოდ ფლობს მათემატიკურ ენას.
 

რიცხვის ჩაწერა

პროცენტის სახით.

ვერ ამყარებს შესაბამისობას რიცხვსა და პროცენტს შორის ცდილობს დაამყაროს შესაბამისობა რიცხვსა და პროცენტს შორის,  საჭიროებს დახმარებას . ამყარებს  შესაბამისობას რიცხვსა და პროცენტს შორის, იშვიათად უშვებს შეცდომას. ამყარებს შესაბამისობას რიცხვსა და პროცენტს შორის.
     პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადისა და ათწილადის სახით.

 

ვერ  ახერხებს პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადისა ან ათწილადის სახით. ცდილობს პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადისა და ათწილადის სახით. საჭიროებს დახმარებას.      შეუძლია პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით, იშვიათად უშვებს შეცდომას.      წარმატებით ახერხებს პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადისა და ათწილადის სახით. ირჩევს დაკავშირების ოპტიმალურ ფორმას.

 

გასასვლელი ბარათი:   1+1

  • რაც დამამახსოვრდა ————————-

 

  • რაც ბუნდოვანია —————————-

ურთიერთშეფასების კითხვარი –  გაეცი პოზიტივი!

დღეს ყველაზე აქტიური იყო ––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი) რადგან––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დღეს ყველაზე საინტერესოდ მსჯელობდა ––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი) რადგან––––––––––––––––––––––––––

ქართულენოვანი სკოლები აზერბაიჯანში -ისტორიული ექსკურსი და დღევანდელობა

0

 

საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ქართულენოვანი სკოლები ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებები – სრული ზოგადსაგანმანათლებლო ციკლის მქონე სკოლები, რომლებშიც სწავლა მთლიანად ან ნაწილობრივ მიმდინარეობს ქართულ ენაზე და გაიცემა იმ სახელწიფოს სტანდარტის ზოგადი განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ატესტატი. ასეთი სკოლების უმრავლესობა სწორედ აზერბაიჯანში, კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებშია თავმოყრილი. რამდენიმე ქართულენოვანი სკოლაა რუსეთის ფედერაციაშიც, მაგალითად, ვლადიკავკაზში აკაკი წერეთლის სახელობის ქართულენოვანი სკოლა, დაარსებიდან  130 წელზე მეტს ითვლის. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებები – ძირითადად, საზღვარგარეთის ქვეყნების ქართულ სათვისტომოებთან არსებული საკვირაო სკოლები, სადაც გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს მეცადინეობები, მათ შორის დისტანციური სწავლების პრინციპით.

აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარე – ჰერეთი, შემდგომში საინგილოდ წოდებული, ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა წერა-კითხვის გავრცელების თვალსაზრისით. ფეოდალურ საქართველოში სწავლას-განათლებას დიდი ყურადღება ეთმობოდა. საგანმანათლებლო კერებიდან, რომელთა უმრავლესობა ეკლესია-მონასტრების ბაზაზე იყო შექმნილი, პერიფერიებში რელიგიური სწავლების გასაძლიერებლად და მოსახლეობისათვის წერა-კითხვის შესასწავლად ინტენსიურად იგზავნებოდნენ საეკლესიო მოღვაწეები. სოფ. კაკში (თანამედროვე კახი) არსებობდა გადამწერთა სკოლა, საიდანაც ჩრდილოეთ კავკასია მარაგდებოდა ხელნაწერი წიგნებით. ერთიანი საქართველოს დაშლისა და ცალკეულ სამეფო სამთავროებად დაყოფის, სპარსელებისა და ლეკების გაუთავებელი შემოსევების შედეგად საგანმანათლებლო კერები ნელ-ნელა მოიშალა და განადგურდა.

სამრევლო სკოლებისა და ზოგადად განათლების ხელახალი აღორძინება ამ მხარეში, XIX საუკუნის მეორე ნახევარში „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“ თაოსნობითა და დაფინანსებით იწყება. ამ პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი იყო. 2018 წელს კახში პირველი სასწავლო დაწესებულების გახსნიდან 150 წლის  იუბილე აღნიშნეს.

XIX  საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ძალისხმევითა და ადგილობრივი პატრიოტების თაოსნობით ქალთა და ვაჟთა სამრევლო სკოლები გაიხსნა ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში: ალიბეგლოში, ქოთოქლოში, მეშაბაშში, ყორღანში (ამ სოფელში დღეს ორიოდე ქართული ოჯახი ცხოვრობს). თუმცა, აღნიშნულ სკოლებს, მაშინაც აწუხებდათ რიგი პრობლემები. სოფელ კაკის ქართული სკოლის მასწავლებელი გრ. აფშინაშვილი 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს აუწყებდა ხელფასის შემცირებისა და ამ მიზეზით სკოლებიდან მასწავლებლების წასვლის შესახებ.

ამიერკავკასიაში წითელი არმიის შემოჭრისა და იძულებით გასაბჭოების შემდეგ საინგილოში არსებული ქართული სკოლები საბჭოთა აზერბაიჯანის საზოგადოებრივი განათლების კომისარიატს დაექვემდებარა. საბჭოთა პერიოდში ქართული სკოლები აშენდა და გაიხსნა ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში, დაბა ალიაბადში და ბელაქანის რაიონ სოფელ ითითალაში.

დღეს კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში 7 ქართულენოვანი სკოლა და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში 4 ქართული სექტორი მოქმედებს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, დაბა ალიაბადში (ისტორიული ენისელი), ოთხი ქართულენოვანი სრული საშუალო სკოლა არსებობდა, თუმცა სამი მათგანის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და აზერბაიჯანულენოვან სკოლებად გადაკეთდა. დაბაში, სადაც მოსახლეობის თითქმის 90% ეთნიკური ქართველია მხოლოდ ერთი სექტორი შემორჩა.

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო დღეს არსებულ ზოგად ეთნიკურ სურათს, რომელიც გვაქვს კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში. ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ როგორც რაიონულ ცენტრებში, ასევე მიმდებარე სოფლებში. აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების  რაოდენობის დასახელება არ შემიძლია, რადგან ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს.  სამაგიეროდ, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ თვალსაჩინოა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობს რაოდენობის შემცირება, რაც გამოწვეულია ახალგაზრდების აქტიური მიგრაციით საქართველოში (ერთ-ერთი მაგალითი ხომ მე თვითონ ვარ).

უშუალოდ ქალაქ კახში ფუნქციონირებს კახისთავის N1  სრული საშუალო და კახ-ინგილოს სრული საშუალო სკოლები და ინტერნაციონალური სკოლის ქართული სექტორი. კახისთავის N1 სრული საშუალო სკოლაში კონტინგენტი ისე შემცირდა, რომ მისი კახ-ინგილოს სკოლასთან გაერთიანების საკითხი რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში. ადგილობრივი მოსახლეობა ამის წინააღმდეგ წავიდა, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო.

კახისთავის N1 სრული საშუალო სკოლა

სრული საშუალო (ქართულენოვანი) სკოლებია კახის რაიონის სოფლებში: ქოთოქლოში, ალათემურსა და ალიბეგლოში (ძველი სახელწოდება ქათმის ხევი), ხოლო მეშაბაშში აშენებული ახალი სკოლა ცხრაკლასიანია.

სოფელ ალიბეგლოს სკოლა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (სწორედ აღნიშნული სკოლა დავამთავრე 2006 წელს). წლების განმავლობაში სკოლა სავალალო მდგომარეობაში იყო. 2018 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, 216 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის ასაშენებლად 1 მილიონი აზერბაიჯანული მანათი გამოიყო. სკოლის მშენებლობა უკვე დასასრულს მიუახლოვდა. 16 სექტემბერს ალიბეგლოში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ახალ, ულტრათანამედროვე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრული საშუალო სკოლა

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ,  ქართულენოვანი სკოლები და სექტორები საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მარაგდებოდა სახელმძღვანელოებითა და სასწავლო პროგრამებით. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, თითქმის ყველა სახელმძღვანელო საქართველოში იყო დაბეჭდილი. გამონაკლისს წარმოადგენდა სახელმწიფო ენისა და  აზერბაიჯანის ისტორიის წიგნები. მიდგომა 2008 წლის შემდეგ შეიცვალა. სახელმძღვანელოები აზერბაიჯანში დაბეჭდილი ქართულენოვანი წიგნებით ჩანაცვლდა. აქვე დავძენ, რომ კარგი იქნება, თუ ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან აზერბაიჯანში ქართულენოვანი სახემძღვანელოების მომზადების პროცესში ისევე, როგორც მისაღებია საქართველოში დასაბეჭდ აზერბაიჯანულენოვანი სახელმძღვანელოების მომზადებისას აზერბაიჯანელი ექსპერტების ჩართვა.  ბევრი მასწავლებელი ჩივის სახელმძღვანელოებში გაპარულ ხარვეზებზე და უზუსტობებზე. ამ პროცესსში ექსპერტების ჩართვა აღმოფხვრის ამ პრობლემებს.

აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები

დღეს აღნიშნულ სკოლებში/სექტორებზე მხოლოდ ქართული ენის (დედა-ენის) სახელმძღვანელოების მიწოდება ხდება საქართველოს მხრიდან.  ბოლოს ქართული მხარის მიერ, დამხმარე წიგნებისა და ლიტერატურის ოფიციალურად ჩატანა 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში მოხერხდა (ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვიყავი. 2012 წელს გვქონდა შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან, რომელიც წიგნების ჩატანის მომენტში უკვე საქართველოს პრეზიდენტი იყო).

ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დამხარე სახელმძღვანელოებისა და სკოლის ბიბლიოთეკებში კლასგარეშე ლიტერატურის მცირე რაოდენობა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის პრობლემა, ქართულ სკოლებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც აზერბაიჯანში მოქმედ ქართულენოვან სკოლებს და სექტორებს აწუხებთ. განსაკუთრებით რთული პრობლემებია ზაქათალასა და ბელაქნის რაიონებში მოქმედ სექტორებზე, რადგან, სახელმძღვანელოების პრობლემასთან ერთად, თვალსაჩინოა სწავლების დაბალი ხარისხი, რის გამოც ადგილობრივებს შვილები პირველივე კლასიდან აზერბაიჯნულ სექტორზე შეჰყავთ. შედეგად თანდათან იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა ქართულენოვან სექტორზე.

აზერბაიჯანში მოქმედი ქართულენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთგვარი მარგალტია და მას სათანადო გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. საუკუნეებისა და წლების მანძილზე ამ სკოლებში არაერთი პატრიოტი აღიზარდა. დღესაც უამრავი გულანთებული ახალგაზრდა სწავლობს და იკვლევს გზას წარმატებული მომავლისკენ.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი სახელმწიფოები არიან. ორივე ქვეყანა ჩართულია ერთობლივ პროექტებში, ეკონომიკურ თუ სამხედრო პროგრამებში. მჯერა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებით, მოლაპარაკებითა და შეთანხმებით შესაძლებელია აზერბაიჯანში არსებული ქართულენოვანი სკოლების გაძლიერება და არსებული პრობლემების გადაჭრა.

 

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსები:

  1. ისტორიული ექსკურსი – ზ. ედილი „საინგილო“, თბილისი, 1997
  2. თემურ სუყაშვილი, სამაგისტრო ნაშრომი „ზაქარია ედილი საინგილოს მკლევარი“, თბილისი, 2013
  3. ვლადიკავკაზში საუკუნე-ნახევრის წინ აშენებული ქართული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს – https://gza.kvirispalitra.ge/qveyana/istoriis-labirinthebi/3835-vladikavkazshi-saukune-nakhevris-tsin-ashenebuli-qarthuli-skola-dghesac-funqcionirebs.html
  4. მიხეილ ყულოშვილი და სკოლის დაარსება სოფელ კაკში – https://m.geotimes.ge/news.php?news_id=25948
  5. კაკში ქართული სკოლის დაარსების 150 წლის იუბილე – https://heretissaxli.000webhostapp.com/index.php?p=16
  6. 1918 წლის მოხსენება საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ – https://society.iliauni.edu.ge/persons/article/12527
  7. საქართველოს ელჩი საინგილოში და ქართველთა პრობლემები – https://ufleba.ge/index.php?do=fullmod/news&id=1291&mid=7
  8. ფოტო: კახისთავის N1 სრული საშუალო სკოლა – https://www.facebook.com/კახისთავის-N_1-სრული-საშუალო-სკოლა-229281861086158/
  9. ჰერეთში, ალიბეგლოს ქართული სკოლის ასაშენებლად ალიევმა მილიონიანი დაფინანსება გამოყო – https://intermedia.ge/სტატია/105451-ჰერეთში-ალიბეგლოს-ქართული-სკოლის-ასაშენებლად-ალიევმა-მილიონიანი-დაფინა/19/
  10. 2008 წლის შემდეგ პირველად საინგილოში სკოლებს ქართული სახელმძღვანელოები გადაეცა – https://ufleba.ge/index.php?do=fullmod/news&id=1291&mid=7

 

როგორ ვასწავლოთ წერა-კითხვა სიმღერით

0

ეს იყო ოთხი წლის წინ…

მეოთხე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის  პირველი გაკვეთილი  სიმღერით დავიწყეთ, რადგან ვ. როდონაიას სახელმძღვანელოს პირველი ტექსტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ ანა კალანდაძის  ,,საქართველოო ლამაზო’’ -ს ჰანგებით ავავსეთ საკლასო ოთახი,  ამას მოჰყვა აკაკი წერეთლის  ,,ჩონგურს სიმები გავუბი’’ და ერთმა ძალიან საყვარელმა და ენაკვიმატმა მოსწავლემ  ხმამაღლა იყვირა:

-ლელა მას, თქვენ ქართულის მასწავლებელი ხართ, თუ სიმღერის?..

გავიდა დრო და სასწავლო წლის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სიმღერით შესწავლილი ლექსები, რომლებსაც წლის განმავლობაში მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით ვიმეორებდით, წლის ბოლოს, თითქმის ყველა მოსწავლეს ძალიან კარგად ახსოვდა…

 

რატომ უნდა ავირჩიოთ სტრატეგია  კითხვა-წერის სწავლება სიმღერით?

სიმღერა ქმნის პოზიტიურ განწყობას, ამაღლებს მოტივაციას, სტიმულს აძლევს, ეხმარება მოსწავლეებს კითხვა-წერასა და დამახსოვრებაში, გამეორებული სიტყვები და ფრაზები ამარტივებს დასწავლას, სიმღერის ტექსტიდან ამოწერილი საკვანძო სიტყვები ხელს უწყობს ზეპირი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, წიგნიერების უნარების განვითარებას. ჯგუფურად  შესრულებული სიმღერა მეგობრობისა და სოციალური თანაზიარობის განცდას აღძრავს.

,,კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის ზემოქმედებით სინქრონულად აქტიურდება ადამიანის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები, რაც ნაყოფიერი, ფოკუსირებული, მოტივაციით გაძლიერებული სწავლისათვის განაწყობს და შეამზადებს მას.

ბევრ სიმღერას ნარატიული/თხრობითი სტრუქტურა აქვს, ამა თუ იმ ამბავს გადმოგვცემს. ამიტომ ის იძლევა ტექსტის აგებულებაზე  ფოკუსირების,  ვიზუალიზების,ვარაუდების გამოთქმის, კავშირების დამყარების, მთავარ აზრში ჩაღრმავების საშუალებას, რაც აძლიერებს გაგება-გააზრების უნარს’’. (კარგი სკოლა – მეთოდური გზამკვლევი)

 

როგორ ვასწავლოთ კითხვა-წერა სიმღერით?

საგანმანათლებლო ვებგვერდზე https://kargiskola.ge/index.php განთავსებულია ელექტრონული რესურსი, სიმღერა ,,მზე და ცა’’.

https://kargiskola.ge/teacherintro/songs.php?fbclid=IwAR3qV5GOWGNNWP-eTvT_EzNbl8K4d2mR88uoqL5e2Jc7Kl7YpocEhEa4U0c

რესურსს ახლავს მეთოდური გზამკვლევი.

სიმღერა წარმოდგენილია აუდიოვერსიისა და ვიდეოკლიპის ფორმატით.

აუდიოვერსია:

სრული ვარიანტი (ვოკალითა და ინსტრუმენტული ფონით)

კარაოკე (მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილი, ვოკალის გარეშე)

ვიდეოკლიპი:

ვიდეოკლიპი (სუბტიტრების გარეშე)

ვიდეოკლიპი სუბტიტრებით

კარაოკე (ვიდეოკლიპი სუბტიტრებით, ვოკალის გარეშე)

კარაოკე (მხოლოდ სუბტიტრები)

 

სასწავლო მიზნის შესაბამისად, შესაძლებელია სიმღერის სხვადასხვა ვერსიის გამოყენება. სიტყვები, ფრაზები, მელოდია, რიტმი, სახალისოა და მოსწავლეებისთვის ადვილად დასამახსოვრებელი.

სიმღერით კითხვა-წერის სწავლების მეთოდიკა ეფუძნება ყველასთვის ნაცნობ, იაკობ გოგებაშვილისეულ ანალიზურ-სინთეზურ მიდგომას. სიმღერის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ტექსტს შლიან ფრაზებად, სიტყვებად, მარცვლებად, ასო-ბგერებად და  შემდეგ განავრცობენ საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ტექსტით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეთოდურ გზამკვლევში მოცემულია აქტივობების ნიმუშები.

  • სიმღერის მოსმენა და შთაბეჭდილებების გაზიარება

სიმღერის მოსმენამდე მასწავლებელი ბავშვებს საშუალებას აძლევს, გამოთქვან ვარაუდები,  ,,გააღვიძონ’’ მკვიდრი წარმოდგენები მზისა და ცის შესახებ. შემდეგ უჩვენებს ანიმაციურ ვიდეოკლიპს. მოსწავლეები საუბრობენ მოსმენილი სიმღერის შესახებ და საკუთარ შთაბეჭდილებებს  უზიარებენ ერთმანეთს.

 

  • სიმღერის კარაოკე-ვერსიის შესრულება

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს კარაოკეს მოდელირებას და მათთან ერთად შეასრულებს სიმღერას. (დაფაზე ან ეკრანზე წინასწარ აქვს მომზადებული კარაოკე ვერსიის ტექსტი)

 

  • ტექსტის კითხვა

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  წინასწარ ამობეჭდილ სიმღერის ტექსტს ან უჩვენებს ეკრანზე, ან  დაფაზე/დიდფორმატიან ქაღალდზე დაწერილს. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით (ერთობლივი კითხვით ან მიმდევრობით).

  • სიმღერის გაფორმება ნახატებით

მასწავლებელი გაუნაწილებს მოსწავლეებს დასახატ ეპიზოდებს ან მოსწავლეები თავად შეარჩევენ მათ და ხატავენ. იმართება ნამუშევრების პრეზენტაცია.

  • ფონოლოგიური სავარჯიშოები

მასწავლებელი ასახელებს სიმღერის ტექსტიდან ამოკრებილ სიტყვებს (მზე, ხე, ტბა) და ფრაზებს. მოსწავლეები დასახელებულ სიტყვებს/ფრაზებს შლიან მარცვლებად და ბგერებად.

შენიშვნა: შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა დასახელების ნაცვლად ნახატიანი ბარათები გამოიყენოს.

  • ტექსტიდან სიტყვების ამოწერა/გადაწერა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ ამოიწერონ სიმღერის ტექსტიდან სიტყვები სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ.: სიტყვები, რომლებშიც არის ასო-ბგერა ,,მ’’, სიტყვები, რომლებიც იწყება ამა თუ იმ ასო-ბგერით და სხვ.) მოსწავლეები ამოიწერენ ან გადაწერენ სიტყვებს სიმღერის ტექსტიდან.

  • მოუსმინე, გაიხსენე, ჩამოწერე

მასწავლებელი მოასმენინებს ბავშვებს სიმღერის აუდიოვერსიას. სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ და ჩამოწერონ ის სიტყვები, რომლებიც სიმღერის ტექსტიდან დაამახსოვრდათ.

  • კარნახით წერა

მასწავლებელი მოასმენინებს მოსწავლეებს სიმღერის აუდიოვერსიას ან თავად წაუკითხავს სიმღერის ტექსტს. მოსწავლეები ჩაწერენ ნაკარნახევ სიტყვებს ან მთლიან ფრაზებს.

  • ინტერაქტიული წერა

მასწავლებელი სიმღერის სათაურს დიდი ასოებით წერს დაფაზე. მოასმენინებს მოსწავლეებს სიმღერის მხოლოდ პირველ ფრაზას (,,ეს არის მზე’’) და მოდელირების მეთოდით   იწყებს მოსმენილი ფრაზის წერას. შემდეგ თანმიმდევრულად ასმენინებს მოსწავლეებს მომდევნო ფრაზებს (მაგ. ,,ეს არის ცა’’) და  რთავს წერის პროცესში (ერთობლივი წერა).

  • ერთობლივი კითხვა

მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს სიმღერის ტექსტს ან მის რომელიმე ნაწილს, იწყებს კითხვას და  სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით (ქორო, ექო, მცირე ჯგუფებში კითხვა) მოსწავლეებს რთავს კითხვის პროცესში.

  • ენობრივი პრაქტიკა

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიმღერის გაგრძელებას და ტექსტის შექმნას. მოსწავლეები კარნახობენ მასწავლებელს სიტყვებსა და ფრაზებს. მასწავლებელი წერს მოსწავლეების მიერ ნაკარნახევ ტექსტს თვალსაჩინოდ, დიდი ასოებით. ტექსტის ერთობლივი კითხვის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მისი რედაქტირება, ასევე ერთობლივად. მოსწავლეები ასრულებენ სიმღერას ახალი ტექსტის გამოყენებით.

  • სიტყვების კედელი

მასწავლებელი კედელზე საგანგებო ადგილას აკრავს მცირე ზომის ბარათებზე დაწერილ სიტყვებს სიმღერის ტექსტიდან. მოსწავლეები კედელზე ეძებენ, გადააჯგუფებენ,  წინადადებებს ადგენენ, კლასიფიკაციას უკეთებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვებს (მაგ., ბუნებასთან დაკავშირებული სიტყვები; სიტყვები, რომლებშიც ორი თანხმოვანია გვერდიგვერდ; მ-ზე დაწყებული სიტყვები და სხვ.)

  • ტექსტის აწყობა/დაშლა (წინადადებებად, სიტყვებად, მარცვლებად, ასო-ბგერებად)

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ბარათებს, რომლებზეც სიმღერის ტექსტის ნაწილებია მოცემული. მოსწავლეები სწორი თანამიმდევრობით ალაგებენ ბარათებს.

  • ტექსტის ,,გაცოცხლება’’

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიმღერის ინსცენირებას: ,,გაყინული ეპიზოდი’’ (ბავშვების ერთი ჯგუფი ,,გაყინავს’’ სიმღერის ტექსტის რომელიმე მონაკვეთს, დანარჩენმა ჯგუფებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ეპიზოდია ,,გაყინული’’). ბავშვები კისერზე ჩამოიკიდებენ ან ტანსაცმელზე მიიმაგრებენ ფურცლებს, რომლებზეც წერია/ხატია სიმღერის ტექსტში ხშირად გამოყენებული სიტყვები (ცა, ზღვა, მთა..) და გაითამაშებენ ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს, ან ინტერპრეტირებულ ეპიზოდს.

  • ტექსტური რედაქტორი

დაკარგული სიტყვები – ჩახატე გამოტოვებული სიტყვა ნაწერში.

გააფერადე ტექსტში სიტყვა ,,მზე’’ ყვითლად, ,,ზღვა’’ – ლურჯად და ა.შ.

სიტყვების რეიტინგი – რომელი სიტყვა გვხვდება ტექსტში ყველაზე ხშირად?

მაგ.: ,,ზღვა’’ – 6, ,,მთა’’ – 3, ,,ცა’’ – 4, ,,ეს’’ – 7, ,,არის’’ – 8 და ა. შ.

მოიგონე წინადადებები ტექსტში ბევრჯერ გამოყენებულ სიტყვებზე.

მაგ.: ზღვაში თევზები ცხოვრობენ, მთაზე ასვლა შემიძლია და ა.შ.

 

მიაწერე ნახატებს შესაბამისი სიტყვები. მაგ.:

 

 

 

ცხადია, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეთა სამიზნე უნარ-ჩვევებისა და შემოქმედებითი მიდგომის გათვალისწინებით, დაამატოს, ან მოდიფიცირება გაუკეთოს აღნიშნულ აქტივობებს.

ვეთანხმები მეთოდური გზამკვლევის ავტორების მოსაზრებას, ,,მულტისენსორული სწავლება მეტად ეფექტურია და ხელს უწყობს აქტიურ სწავლას. სიმღერის მოსმენისას ჩვენ ერთდროულად აღვიქვამთ მელოდიას, რიტმს, ჰარმონიას, სიტყვებს, ფრაზებს, იდეებს. სიმღერა იწვევს ემოციურ, კოგნიტურ, კინესთეტიკურ რეაქციებს და ამით იძლევა საშუალებას, რომ ერთი კონკრეტული რესურსის თანხლებით მოსწავლეები ჩავრთოთ მოსმენის, წარმოთქმის, მოძრაობის, ხატვის, თხზვის, წარმოსახვისა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებში.’’

სასურველია,  მოსწავლეებთან და მუსიკის მასწავლებლებთან ერთად, სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტების მიხედვით, ჩვენ, მასწავლებლებმა შევქმნათ მსგავსი ტიპის  რესურსები. მით უფრო, რომ 21-ე საუკუნის მოსწავლეები გამოირჩევიან ტექნოლოგიური უნარების ფლობის განსაკუთრებული ნიჭით. უფროსკლასელების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსებით გამდიდრდება სკოლაში არსებული ელექტრონული რესურსების ბაზა და ამგვარი აქტივობები მისაბაძი მაგალითი იქნება სხვა მოსწავლეებისთვის, საკუთარი წვლილი შეიტანონ ციფრული რესურსების ბაზის შექმნაში.

 

 

ჩემი სკოლა შენსას სჯობს, არა ჩემი სჯობს შენსას

0

1829 წელს მდინარე ტემზაზე 2 ბაიდარი დაიძრა. ერთი მუქი ლურჯი, მეორე კი ცისფერი იყო. პირველში ოქსფორდის, მეორეში კი კემბრიჯის სტუდენტები ისხდნენ. მას შემდეგ, ამ ორ, მსოფლიო დონის, სასწავლებელს შორის ყოველწლიურად იმართება შეჯიბრი გრძელი ბაიდარის ჯგუფურად მართვაში.

ამ სპორტულ შეჯიბრს, რომელსაც კემბრიჯის სტუდენტმა ჩარლზ მერივალმა ჩაუყარა საფუძველი, სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს – ორი უმსხვილესი საგანმანათლებლო დაწესებულება პირველობისთვის იბრძვის, რათა მომდევნო წლისთვის, სტუდენტებს გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო მეტად გაუღვივოს და თან, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის და სწორედ ისაა N 1 უნივერსიტეტი… იმ წელს მაინც.

 

სპორტული აქტივობა, როგორც განათლების შემადგენელი ნაწილი, მსოფლიოს ცივილური ნაწილისთვის უცხო არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკოლებში 60-ზე მეტი სახეობის სპორტულ აქტივობაში ჩართვაა შესაძლებელი. აშშ-ს განათლების სისტემა აუცილებელ საგნადაც კი ითხოვს სპორტულ აქტივობას, არჩევანი კი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის ფართოა – ჭიდაობიდან დაწყებული პეინტბოლით დამთავრებული. საერთო მოსწრება და ნიშნებიც სწორედ ამ სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის მიხედვით ითვლება.

 

არცთუ ისე იშვიათად, საგანმანათლებლო დაწესებულებების (High School, Collage) სპორტული კლუბები უმაღლეს დივიზიონში თამაშობენ და ამ ტრადიციას თავისი, გამორჩეული დატვირთვაც აქვს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაკვირვებით, სკოლის ყველა საფეხურზე სპორტულ აქტივობებში ჩართულობა აკადემიურ მოსწრებაზე კარგად აისახება, რაც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის ურიგო არ უნდა იყოს, მაგრამ სკოლებში არსებული სპორტული კლუბების დიდი ნაწილი ფასიანია, ან მხოლოდ კერძო და საკმაოდ ძვირიანი სკოლების მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი მაშინ, როდესაც სპორტის (და არა საბჭოთა გადმონაშთის – ფიზკულტურის) მასწავლებლების უმეტესობა პროფესიონალი სპორტსმენი არ არის, რაც ბავშვების მომზადებასა და მოტივაციაზე შესაბამისად აისახება. არადა, სწორედ რომ ვეტერანი სპორტსმენების ჩართვა სასკოლო პროგრამაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის ყველაზე კარგი პროპაგანდაა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი დაავადებების პრევენციის წინაპირობაა (ცნობილია, რომ მკურნალობა სამჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე მისი პრევენცია), რაც თავისდაუნებურად მოახერხებდა მოზარდებში მწეველთა რიცხვის კლებას.

 

მოვიძიე რა მსოფლიოს წამყვანი სკოლების გამოცდილება, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რასაც წარმატებული სასწავლო დაწესებულებების დირექტორები და მასწავლებლები დანარჩენ მსოფლიოს უზიარებენ:

1: დასწრება

დანიელი პედაგოგები გვირჩევენ, ყველა საბავშვო შეჯიბრს დავესწროთ მასწავლებლები (სხვა დისციპლინისაც), რათა დავანახოთ მოსწავლეებს, რომ მათი წარმატება სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დასწრების პარალელურად, ალბათ კარგი იქნება,  მოსწავლეებიც აუცილებლად მივიყვანოთ სპორტულ ღონისძიებებზე (თუნდაც დამსწრედ), ამით, სულ მცირე, გულშემატკივრობისა და სხვისი წარმატების გაზიარების უნარებსაც გაითავისებენ, რაც სპორტულ მოედნებზე ასე აკლია საქართველოს.

 

2: ღირსეული სპორტი

იაპონელი  სკოლის დირექტორები გვირჩევენ გამარჯვებისა და დამარცხების კულტურა ერთნაირად გავითავისოთ. მათი დაკვირვებით, გაბრაზებულ მშობლებს გაბრაზებული შვილები, აგრესიულ მწვრთნელებს კი აგრესიული სპორტსმენები ჰყავთ. იაპონური საგანმანათლებლო სისტემა კი სიმშვიდესა და პოზიტიურ ენერგეტიკაზეა აგებული. შეჯიბრს არ უნდა ჰქონდეს სხვისი დამცირების სახე, რამაც ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება კონფლიქტის ესკალაციაც კი გამოიწვიოს.

 

3: იყავით პოზიტიური

 

ამერიკული სკოლა გვირჩევს სასკოლო შეჯიბრებებს მხოლოდ დადებითი მხრიდან შევხედოთ. გამარჯვებულები წავახალისოთ, მოვუწყოთ განსაკუთრებული დახვედრა, აღვნიშნოთ მათი წარმატება და როდესაც სპორტულ თავყრილობებზე ვიქნებით, თანაგუნდელების კრიტიკასთან ერთად, აუცილებლად აღვნიშნოთ მინიმუმ სამი დადებითი რამ, რასაც თანაგუნდელებში ვამჩნევთ. მიმაჩნია, რომ ეს რჩევაც ჩვენი რეალობისთვის ძალიან კარგია, რადგან პატარა ერებში განსაკუთრებით ხშირია თანამემამულეების მძაფრი კრიტიკა და არა მათ წარმატებაზე ორიენტაცია და შექება-წახალისება.

 

 

4: ყველას მიეცით შანსი

ეს უკვე გერმანული მოდელია. ყველა გუნდში აუცილებლად უნდა იყოს მთავარი და მისი შემცვლელი 1 ან 2 მოთამაშე მაინც. ერთია, როგორ გამოსდის ბავშვს თამაში და მეორეა, როგორ სურს მას ითამაშოს. სწორედ ამ შანსის მიცემაა აღზრდის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ვიღაც თუ ცუდად დარბის, სპორტული მოედნიდან არ უნდა გავაძევოთ. დაე, მასაც ჰქონდეს შანსი, მეტად სცადოს და თავად მიხვდეს, არის მოწოდებით ფებურთელი, თუ არა.

 

5: კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მშობლებს შორის

ნიდერლანდების დირექტორების ეს რჩევა ალბათ ყველაზე რთულად მიღწევადია ქართულ რეალობაში, მაგრამ პირობა ძალიან საინტერესო და საჭიროა. მშობლის, როგორც გულშემატკივრისა და მენტორის ჩართულობა მიკროჯგუფების უკეთესად შეკვრას უწყობს ხელს. ამისათვის, ჰოლანდიელებმა მიაგნეს საინტერესო მეთოდოლოგიას, როდესაც სპორტული კლუბის წარმატებისთვის მშობლები საკუთარ კონტრიბუციას გაიღებენ ხოლმე. დამატებითი ვარჯიში, გასვლა ქალაქგარეთ, ან სხვა – ყველაფერ ამას მშობელთა საბჭო აგვარებს, რომელიც სპორტული კლუბების წევრების მშობლებისგან შედგება.

 

6: ნუ შეზღუდავთ ლიდერებს

ბრიტანული მეთოდი სწორედ ამას გვასწავლის. რატომ უნდა იყოს გუნდში მხოლოდ ერთი ლიდერი, თუ ბუნებრივად ორია? მასწავლებელი არ უნდა ჩაერიოს სიტუაციის ბუნებრივ განვითარებაში და მეტიც, გუნდის კაპიტნად სწორედ ის ადამიანი უნდა დანიშნოს, ვისაც მეტი პატივისცემა აქვს და არა ის, ვინც უკეთესად არტყამს პენალტს.

 

7: შეეჯიბრეთ მუდმივად

შეჯიბრება განვითარების საუკეთესო საშუალებაა. განვითარებისა და საკუთარ თავზე გამარჯვების და არა შურის. ამაში პედაგოგს მთავარი როლი აქვს. წელს დავმარცხდით? გაისად გავიმარჯვებთ! – ეს პრინციპი იმედს, თავდაჯერებასა და ხალისს მატებს მოსწავლეებს. „მსაჯმა დაგვჩაგრა“, „მასონებმა ჩააწყვეს“, „გამგებელმა დარეკა“ და სხვა ტიპის გამართლებები სპორტისთვის დემოტივაციაა. ვასწავლოთ ბავშვებს, რომ თუ ორი თავით მაღლა დადგებიან, მათი შრომა დაფასდება და ვეღარავინ „დაჩაგრავს“, ეს კი შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს და ზრდასრულობის  გზისკენ გადადგმული ნაბიჯია.

შეჯიბრებები მეზობელი სკოლების მოსწრებაზეც დადებითად აისახება. ეს შინაგანი და სრული მობილიზება ძალიან კარგი სტიმული იქნება. აბა, წარმოიდგინეთ, გოგოლესუბნისა და ჩოხატაურის N 1 სკოლა რომ მაგიდის ტენისში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რა სანახაობა იქნება.

 

მაგრამ ამისთვის, ჯერ სწორედ ასეთი სპორტის კულტურაა დასანერგი, აგერ ოქსფორდსა და კემბრიჯში ლამის 2 საუკუნის ისტორიას რომ ითვლის და მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ შეწყვეტილა.

 

საინტერესო პრაქტიკა მოსწავლეების უკეთ გასაცნობად

0

 

ყველა მასწავლებელს მოსწავლეების გაცნობის საკუთარი სტრატეგია აქვს, მაგრამ ბევრი პედაგოგი მხოლოდ ზედაპირული ცოდნით შემოიფარგლება. კარენ ლოუმ, საშუალო სკოლის ამერიკელმა მასწავლებელმა, გადაწყვიტა ბავშვების შფოთვის შესახებ მეტი გაეგო. მისი ისტორია ძალიან პოპულარული გახდა და ფეისბუქზე ნახევარ მილიონზე მეტ „გაზიარებას“ გადააჭარბა.

 

სკოლაში კარენი 20 წელზე მეტია მუშაობს. როგორც თავად წერს, წელს მის ცხოვრებაში ყველაზე გასაოცარი დღე იყო. მოსწავლეებთან შეხვედრისას – ახლა კარენი მე-7 და მე-8 კლასებში ასწავლის – მოუწოდა მათ, აეღოთ ფურცლები და იმ შფოთვების შესახებ დაეწერათ, რომლებიც ტკივილს იწვევდა. ყველა ჩანაწერი ანონიმური იყო. ბავშვებმა ფურცლები დიდ ჩანთაში მოათავსეს, აურიეს, შემდეგ კი თითოეულმა ერთი ფურცელი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა. ტექსტის ავტორს შეეძლო საკუთარი ვინაობის დასახელება ან დამალვა.

 

„ახლა მე ვწერ იმიტომ, რომ გითხრათ, არასოდეს განმიცდია ასე. ის, რაც ბავშვებმა კლასში ამოთქვეს, გამაოგნა. თვითმკვლელობა, ნარკოტიკი, ციხეში გამწესებული მშობლები, განქორწინებები, გარდაცვალება, სიმსივნე, შინაური ცხოველების დაკარგვაც კი. ბევრმა ბავშვმა, როდესაც სხვის ფურცელს კითხულობდა, იტირა… ემოციურად ძალიან რთული დღე იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ამის შემდეგ ბავშვები  სხვებს არ განსჯიან სასტიკად, უფრო მეტად ეყვარებათ და შეძლებენ პატიებას.

 

ჩანთა ისევ კარზე ჩამოვკიდეთ, როგორც შეხსენება, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ემოციური ბარგი აქვს. ჩანთა კარზე დავტოვეთ. როდესაც იმ დღეს ბავშვებს დავემშვიდობე, ვუთხარი, რომ ისინი მარტო არ არიან. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ისინი უყვართ. დიდი პატივია ჩემთვის მათი მასწავლებლობა“.

 

Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კარენმა განაცხადა, რომ ეს იდეა მას მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთ ჟურნალის გაცნობის შემდეგ მოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დარწმუნებული, თუ როგორ აღიქვამდნენ მას მოსწავლეები, მაინც გადაწყვიტა ეცადა.

 

პრობლემების გაზიარება მასწავლებელმა მოსწავლეებს გაცნობიდან მეექვსე სასწავლო დღეს სთხოვა. ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, არა მარტო გაერკვია, თუ რა აწუხებთ მოსწავლეებს, არამედ საკლასო ოთახი ექცია სივრცედ, სადაც ყველა ბავშვი იგრძნობდა, რომ მისი პიროვნება საინტერესოა მასწავლებლისა და თანაკლასელებისთვის, სადაც თითოეულ მოსწავლეს ისე ესაუბრებიან, როგორც პიროვნებას, ურთიერთობის ძირითად პრინციპად კი სიკეთე რჩება.

 

„არა მგონია ოდესმე მქონოდა დღე, როდესაც ვიგრძნობდი, რომ ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ბავშვები ისედაც მიზიარებენ თავიანთ გრძნობებს, მაგრამ გასახსნელად მეტი დრო სჭირდებათ. ალბათ ისინი წარმოუდგენლად მადლიერები არიან, როდესაც მასწავლებლები უსმენენ“, – აღნიშნავს ლოუ.

 

განქორწინებებზე, მშობლების ოჯახებიდან წასვლაზე, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებაზე – ამის შესახებ ბევრმა მოსწავლემ დაწერა. ასევე, ბევრმა ბავშვმა დაწერა ნარკომანიის პრობლემაზე. „შოკირებულიც კი ვიყავი“, – აღიარებს ამერიკელი მასწავლებელი.

 

ანალოგიური სიტუაცია იყო თვითმკვლელობებთან დაკავშირებით: აღმოჩნდა, რომ ბევრ მოსწავლეს ჰყავს მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებმაც თვითმკვლელობა ჩაიდინეს.

 

„ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მთლიანად შეცვალა ჩვენი კლასი. საუბრის დროს ბავშვები ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ეს იყო სიტუაცია, როდესაც ყველამ მაქსიმალურად პატივი სცა ერთმანეთს.  ვწუხვარ,  რომ ეს ადრე არ გავაკეთე“, – ციტირებს  Today მასწავლებელს.

 

ეს ისტორია კარენმა თავდაპირველად ფეისბუქზე მხოლოდ მეგობრებს გაუზიარა, შემდეგ კი, პოსტისადმი მაღალი ინტერესის გამო, ყველასათვის საჯარო გახადა. ერთ კვირაში პოსტს ნახევარ მილიონზე მეტი გაზიარება ჰქონდა. ლოუს თქმით, მას უამრავი ქვეყნის მასწავლებელი გამოეხმაურა – ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ავსტრალიიდან… მასწავლებლებს სურდათ სცოდნოდათ, რას ფიქრობს ამ ყველაფრის მერე ლოუ, რამე თუ უნდა მოიმოქმედოს.

 

„რომ მცოდნოდა ჩემი პოსტი ასე პოპულარული გახდებოდა, ყველაფერს დეტალურად ჩავიწერდი,“ – ამბობს მასწავლებელი.

 

ორგანიზაცია Mental Health America-ის თანახმად, 11-17 წლის ასაკის მოზარდების 48%-ი აღიარებს, რომ ძალიან სტრესულ სიტუაციაში ცხოვრობს. შფოთვის მიზეზები განსხვავებულია: სწავლა, ოჯახი, გარეგნობა, ტოტალური მარტოობის განცდა. „ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჰყავს გვერდით ვიღაც, ვინც მზად არის მოუსმინოს. თუ თქვენს შვილს სტრესის ნიშნებს შეამჩნევთ , არ დაელოდოთ, ვიდრე რამე მოხდება, ელაპარაკეთ, იზრუნეთ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე,“- აცხადებენ ექსპერტები.

 

ბრიტანეთის ბავშვთა საზოგადოების („The Children’s Society“)  მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობას იკვლევს, აჩვენა, რომ 8-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების ცხოვრებით კმაყოფილების დონე ყველაზე დაბალია. ბავშვებში სტრესს სკოლასთან დაკავშირებული სიტუაციები იწვევენ, მათ შორის სკოლის არჩევა. ასევე, მომავალზე ფიქრი, სახლი, ოჯახი და მრავალი სხვა ფაქტორი.

 

სკოლასთან დაკავშირებული შფოთვის კვლევისას კომპანია Harris Insights & Analytics-მ LEGO Education-თან თანამშრომლობით, დაადასტურა, რომ ყველაზე მეტს რუსი ბავშვები განიცდიან.  მეორე ადგილი ჩინელმა, მესამე – გერმანელმა ბავშვებმა დაიკავეს. კვლევამ დაადასტურა, რომ შფოთვის და დაუცველობის გრძნობა ბავშვებს სწავლაში ხელს საგრძნობლად უშლის.

 

რას ნიშნავს ურთიერთქმედება?

0

აქამდე ვსაუბრობდით სხეულის მოძრაობაზე, მოძრაობის სახეებზე,  მოძრაობის მახასიათებელ სიდიდებზე, მაგრამ არაფერი გვითქვამს მოძრაობის გამომწვევ მიზეზებზე. თუ რატომ იქცევა ასე სხეული? რატომ მოძრაობს იგი? რატომ იცვლის სიჩქარეს? არადა, მოძრაობის გამომწვევი მიზეზების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ხომ უკვე ცნობილია, რომ ფიზიკა არა მხოლოდ მოვლენების შემსწავლელი მეცნიერებაა, იგი ამ მოვლენების გამომწვევ მიზეზებსაც იკვლევს. უფრო მეტიც, პირობების შეცვლის შემთხვევაში მოვლენების განვითარების პროგნოზსაც აკეთებს. მაშ, სხვანაირად როგორ შეიქმნებოდა კომპიუტერი? მობილური ტელეფონი? და კიდევ მრავალი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო?

დავუბრუნდეთ ჩვენს ფიზიკას. განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ძაფზე დაკიდებულ ფოლადის ბურთულას მივუახლოოთ მაგნიტი (ნახ.1).

 

მაგნიტის მიახლოებამდე ფოლადის ბურთულა წონასწორობაში იყო და მისი სიჩქარე იყო 0. მაგნიტის მიახლოების შემდეგ ბურთულა ამოძრავდა და მაგნიტისკენ გადაიხარა, ე.ი.  მან სიჩქარე შეიცვალა.

სიჩქარე ვექტორული სიდიდეა. შესაბამისად, მისთვის რიცხვით მნიშვნელობასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანია მიმართულებაც.  სხვანაირად, მიმართულების  შეცვლა ზოგადად სიჩქარის შეცვლასაც გულისხმობს. მაგალითად, წრფივად მოძრავ ბურთულას გვერდით თუ მივუახლოებთ მაგნიტს, ბურთულა აჩქარდება (ან შენელდება) და ტრაექტორია გამრუდდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგნიტის მოქმედებით, სიჩქარის სიდიდის ცვლილებასთან ერთად, ბურთულას სიჩქარის მიმართულებაც შეიცვალა. ტრაექტორიის გამრუდება კი სიჩქარის მიმართულების ცვლილებას ნიშნავს.

აღწერილ ცდებში სხეულის სიჩქარის ცვლილების მიზეზი მაგნიტის მოქმედებაა. ასეთ შემთხვევაში ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ, ერთი სხეულის სიჩქარე შეიცვალა მეორე სხეულის მოქმედებით, ამბობენ, რომ ბურთულას სიჩქარე შეიცვალა (მაგნიტური) ძალის  მოქმედებით, სხვანაირად ძალის მოქმედება წარმოადგენს სხეულის სიჩქარის შეცვლის მიზეზს.

განვიხილოთ ახალი მაგალითი. ერთ ურიკას მივამაგროთ დრეკადი ფირფიტა, რომელიც მოღუნულია და ძაფით არის შეკრული. მას მეორე მხრიდან მივადგათ მეორე ურიკა (ნახ.2). ძაფის გადაწვის შემდეგ ორივე ურიკა ამოძრავდება და წავა სხვადასხვა მხარეს.

ნახ.2

რა მოხდა? რატომ ამოძრავდა ორივე სხეული? რადგან ორივე ურიკა ამოძრავდა, მაშასადამე ორივემ შეიცვალა სიჩქარე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სიჩქარის შეცვლის მიზეზი არის ძალის მოქმედება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალამ იმოქმედა ორივე ურიკაზე. რომელ ძალაზე შეიძლება აქ საუბარი?

მოღუნული(დეფორმირებული) ფირფიტა, რომელიც ძაფით იყო შეკრული, ძაფის გადაწვისას გასწორდა. დრეკადობის ძალამ, რომელიც ფირფიტის დეფორმაციისას აღიძვრება (ამ ძალას უფრო ახლოს მოგვიანებით გავეცნობით) იმოქმედა მეორე ურიკაზე და სიჩქარე შეუცვალა მას – აამოძრავა. ფირფიტა მიმაგრებულია პირველ ურიკაზე, ამიტომ ფირფიტის მოქმედება უნდა განვიხილოთ როგორც პირველი ურიკის მოქმედება მეორეზე. მაგრამ რამ აამოძრავა  პირველი ურიკა?

საქმე იმაშია, რომ ბუნებაში ცალმხრივი მოქმედება არ არსებობს. თუ პირველი ურიკა მოქმედებს მეორეზე, მაშინ მეორე ურიკაც მოქმედებს პირველზე, სხვანაირად –  ისინი ურთიერთქმედებენ.

პირველ მაგალითში ფოლადის ბურთულაზე იმოქმედა მაგნიტმა. ისმის კითხვა: მოქმედებს თუ არა ბურთულა მაგნიტზე? ამის გასარკვევად ძაფებზე ჩამოკიდებულ მაგნიტს მივუახლოოთ ფოლადის ბურთულა. მაგნიტი ბურთულასკენ ამოძრავდება (ნახ.3).

ნახ. 3

მაშასადამე, ბურთულამ იმოქმედა მაგნიტზე და   შედეგად მაგნიტმაც შეიცვალა სიჩქარე.

ასევე სხეულთა ურთიერთქმედებით შეიძლება აიხსნას, ბიჭის  ნავიდან  ნაპირზე გადმოხტომისას,  ნავის ამოძრავება ხტომის საპირისპირო მხარეს (ნახ.4).

ნახ.4

ნავის კიდეზე მდგარი ბიჭი უბიძგებს ნავს, ე.ი. მოქმედებს ნავზე და ხტება საპირისპირო მხარეს. თავის მხრივ, ნავიც მოქმედებს ბიჭზე, შედეგად, ბიჭი იძენს ნაპირისკენ მიმართულ სიჩქარეს. ბიჭის მოქმედების შედეგად კი ხტომის საპირისპირო მიმართულებით ამოძრავდება ნავი. ე. ი. ნავიც იცვლის სიჩქარეს.

ამრიგად, ჩვენს მიერ განხილულ ცდებში ყველგან სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ. სხვანაირად, სხეულები ურთიერთქმედებენ და ამ ურთიერთქმედებაში მონაწილეობს სხეულთა წყვილი: ლითონის ბურთულა – მაგნიტი, ფირფიტიანი ურიკა – მეორე ურიკა, ნავი – ბიჭი. გავარკვიეთ, რომ ურთიერთქმედება ხასიათდება ძალით.

მაშასადამე, ძალა არის ფიზიკური სიდიდე, რომლითაც ხასიათდება სხეულთა ურთიერთქმედება და იგი სხეულის სიჩქარის ცვლილების მიზეზს წარმოადგენს.

 

ლიტერატურა:

 

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. ილუსტრაცია აღებულია ვებ-გვერდებიდან:

https://infourok.ru/prezentaciya-k-uroku-fiziki-vzaimodeystvie-tel-massa-3080035.html

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...