ორშაბათი, აპრილი 28, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

 რა არის განათლება?

0

 ციტატები მსოფლიოს სახელგანთქმული მოაზროვნეებისგან

ავტორი: მერილინ პრაის-მიტჩელი: ფსიქოლოგიის დოქტორი, ავტორი და ბლოგერი

დღევანდელი განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და რეფორმირებაზე ფიქრისას, ადამიანი საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას „რა არის განათლება?“. ის პასუხები, რომლებიც ქვემოთ წერილშია მოყვანილი, საშუალებას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ მე-5 საუკუნიდან დღემდე გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც გამორჩეულ მოაზროვნეებს ეკუთვნით. ვფიქრობთ, განათლებაზე გამოთქმული აზრები საინტერესო იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე – მოზრდილთათვის, რომლებსაც 21-ე საუკუნეში უწევთ სწავლა და სწავლება.

ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტში შევჩერდეთ, დავივიწყოთ სტანდარტული ტესტები, დისკუსია მოსწავლეთა ნიშნებზე და მასწავლებლების შეფასებებზე და დავფიქრდეთ განათლების მნიშვნელობაზე, მის შინაარსზე. ამიტომაც შევარჩიე მსოფლიოს სახელგანთქმულ ფილოსოფოსთა, პოეტთა, ისტორიკოსთა, თეოლოგთა, პოლიტიკოსთა და განმანათლებელთა გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ წიგნებში უნდა იყოს დაბეჭდილი, არამედ უნდა გადაიქცეს განათლების შესახებ მიმდინარე დიალოგის ქვაკუთხედად.

მე, როგორც განვითარების ფსიქოლოგიის მკვლევარს, მუდმივად მიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა იმ წონასწორობის შესანარჩუნებლად, რომელიც საჭიროა ფორმალური განათლებისა და ჯანმრთელი, ბედნიერი ბავშვების აღზრდის მიზნებზე ფიქრისას. აკადემიურ უნარებთან ერთად, მოგზაურობა განათლების სამყაროში, საბავშვო ბაღიდან საუნივერსიტეტო მერხამდე, გულისხმობს იმ გზაზე სიარულს, რომლის დროსაც ახალგაზრდა ადამიანები სწავლობენ, ავითარებენ მრავალ, ერთმანეთთან დაკავშირებულ უნარს, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა ჩამოყალიბდნენ ოჯახისა და საზოგადოების ნამდვილ, მზრუნველ წევრებად.

ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამების ნაკრები აერთიანებს განათლების ინტელექტუალურ, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ ასპექტებს. ჩემთვის კარგი განათლება ერთგვარ „შიდა კომპასს“ წარმოადგენს, რომელიც ადამიანს ცხოვრების განმავლობაში კარნახობს მოძრაობის სწორ მიმართულებას.

 რა არის განათლება: პასუხები მე-5-დან 21-ე საუკუნემდე

 

  1. სკოლებში, განათლების მთავარი პრინციპი უნდა იყოს იმ მამაკაცებისა და ქალების ჩამოყალიბება, რომლებსაც შეეძლებათ რაიმე ახლის კეთება და არა მხოლოდ იმის გამეორება, რაც წინა თაობებმა შექმნეს – ჟან პიაჟე, 1896-1980, შვეიცარელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი.
  2. განათლება არ ნიშნავს იმას, რამდენი ჩატია შენს მეხსიერებაში, ან თუნდაც რამდენი იცი. განათლება უნარია, რომელიც გაძლევს საშუალებას, განასხვავო, რა იცი და რა – არა. ანატოლ ფრანსი, 1844-1924, ფრანგი მწერალი.
  3. განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო სამყაროს შესაცვლელად. ნელსონ მანდელა, 1918-2013, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, აქტივისტი, ფილანთროპი.
  4. განათლების მიზანია, გვასწავლოს სილამაზის სიყვარული. პლატონი, 424-348, კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი.
  5. განათლების ფუნქციაა, ვისწავლოთ ინტენსიურად და კრიტიკულად აზროვნება. გონებას მიმატებული ხასიათი – ეს გახლავთ ნამდვილი განათლება. მარტინ ლუთერ კინგი, უმცროსი. 1929-1968, ამერიკელი პასტორი, აქტივისტი და ჰუმანიტარი.
  6. განათლება არის ის, რაც გრჩება სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ. ალბერტ აინშტაინი, 1879-1955, გერმანელი ფიზიკოსი და მოაზროვნე.
  7. განათლებული გონების თვისებაა ისეთ მოსაზრებაზე ფიქრი, რომელსაც არ იზიარებ. არისტოტელე, 284-322, ბერძენი ფილოსოფოსი.
  8. განათლება, ნათლად აზროვნების ძალაა, ძალა, რომელიც საქვეყნო საქმეს გაკეთებინებს და ძალა, რომელიც სიცოცხლის დაფასების საშუალებას გაძლევს. ბრიგემ იანგი, 1801-1877, ამერიკელი რელიგიური ლიდერი, სოლტ-ლეიქ-სიტის დამაარსებელი.
  9. განათლება ჭურჭლის გავსება არ გახლავთ. განათლება ჩირაღდნის ანთებაა. უილიამ ბათლეტ იეტსი, 1865-1939, ირლანდიელი პოეტი.
  10. განათლება თავისუფლებაა. პაულუ ფრეირე, 1921-1997, ბრაზილიელი განმანათლებელი, ფილოსოფოსი.
  11. განათლება არ გახლავთ ცხოვრებისათვის მომზადება. იგი თავად არის ცხოვრება. ჯონ დიუი, ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების რეფორმატორი.
  12. განათლება ის გასაღებია, რომლითაც იღება თავისუფლების ოქროს კარი. ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი, 1864-1943, ამერიკელი მეცნიერი, ბოტანიკოსი, გამომგონებელი, განმანათლებელი.
  13. განათლება განსაცვიფრებელი რამ არის, მაგრამ ალბათ დროდადრო უნდა გავიხსენოთ ხოლმე, რომ ვერაფერს, რისი ცოდნაც ღირებულია, ვერ ასწავლი. ოსკარ უაილდი, 1854-1900, ირლანდიელი მწერალი, პოეტი
  14. განათლების მთელი არსი ის გახლავთ, რომ სარკეები ფანჯრებად ვაქციოთ. სიდნი ჯ. ჰარისი, 1917-1986, ამერიკელი ავტორი, „ჩიკაგო დეილი ნიუსის“ ჟურნალისტი.
  15. განათლების დანიშნულებაა ცარიელი გონების ღია გონებით შეცვლა. მალქოლმ ფორბსი, 1919-1990, ამერიკელი გამომცემელი, ჟურნალ „ფორბსის“ მფლობელი, პოლიტიკოსი.
  16. ჯერ არავის გაუცნობიერებია ის თანაგრძნობა, სიკეთე და გულუხვობა, რომელიც ბავშვის სულშია ჩამალული. ნამდვილი განათლების მთავარი მიზანი ამ საგანძურის აღმოჩენა უნდა იყოს. ემა გოლდმანი, 1869-1940, რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკელი ანარქისტი, პოლიტიკური აქტივისტი, მწერალი.
  17. დღევანდელი განათლება მონუმენტალურად არაეფექტურია. ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებს უმეტესწილად მოკრეფილ ყვავილებს ვურიგებთ, მაშინ, როცა ყვავილების გაზრდას უნდა ვასწავლიდეთ. ჯონ. უ. გარდნერი, 1912-2002, აშშ-ის ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დახმარების სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონის დროს.
  18. განათლება საზოგადოების სულია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გილბერტ კ. ჩესტერტონი, 1874-1936, ინგლისელი მწერალი, თეოლოგი, პოეტი და ფილოსოფოსი.
  19. განათლება სიბნელიდან სინათლისკენ მოძრაობაა. ალან ბლუმი, 1930-1992, ამერიკელი ფილოსოფოსი-ლასიცისტი, მოაზროვნე და ავტორი.
  20. განათლება იმის სწავლაა, რაც თქვენ იცოდით, რომ არ იცოდით. დენიელ ჯ. ბურსტინი, 1914-2004, ისტორიკოსი, პროფესორი, იურისტი.
  21. განათლების მიზანია არა ფაქტების დასწავლა, არამედ ღირებულებების აღმოჩენა. უილიამ ს. ბეროუზი, 1914-1997, ამერიკელი, „ბიტნიკი“, პოსტ-მოდერნისტი მწერალი, ესეისტი, მხატვარი.
  22. განათლების მიზანია ახალგაზრდების მომზადება თვითგანათლებისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში. რობერტ მ. ჰატჩინსი, 1899-1977, ამერიკელი ფილოსოფოსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი და კანცლერი.
  23. განათლება, როგორც ასეთი, დამაკავშირებელი ხიდების გადებას გულისხმობს. რალფ ელისონი, 1914-1994, ამერიკელი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი.
  24. რაც სკულპტურაა მარმარილოს ნაჭრისათვის, იგივეა განათლება სულისათვის. ჯოსეფ ადისონი, 1672-1719. ინგლისელი ესეისტი, პოეტი, დრამატურგი, პოლიტიკოსი.
  25. განათლება მომავლის პასპორტია, რადგან ხვალინდელი დღე მათ ეკუთვნით, ვინც მისთვის დღეს ემზადება. მალქოლმ იქსი, 1925-1965, ამერიკელი მუსლიმი მოძღვარი, ადამიანის უფლებათა დამცველი.
  26. პატიოსნებისა და ღირსების ყველა წყარო განათლებიდან მომდინარეობს. პლუტარქე, 46-120 წწ. ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი.
  27. განათლების ფაქტორებიდან, ყველაზე დიდი გავლენა ბავშვის მშობლიურ სახლში საუბრებს აქვთ. უილიამ თემფლი, 1881-1944, ინგლისელი ეპისკოპოსი, მასწავლებელი.
  28. განათლება ადამიანის სულს საუკეთესო მიზნისკენ მიუძღვება და მათგან საუკეთესოს ქმნის. ჯონ რასკინი, 1819-1900, ინგლისელი მწერალი, ხელოვნების კრიტიკოსი და ქველმოქმედი.
  29. განათლება ათანასწორებს სათამაშო მოედანს და ყველას აძლევს შეჯიბრების საშუალებას. ჯოის მეიერი, 1943, ქრისტიანი მქადაგებელი და ავტორი.
  30. მოდით, შევხედოთ განათლებას, როგორც ჩვენი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას, რადგან ყოველ ჩვენგანში არსებობს ჩვენი პირადი იმედი და ოცნება, რომელთა შესრულება, შეიძლება ყველა ჩვენგანის სიკეთედ და ჩვენი ერის ძლიერებად გადაიქცეს. ჯონ ფ. კენედი, 1917-1963, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი.
  31. ჩვენი ბავშვების გონების განათლებისას არ უნდა დავივიწყოთ მათი გულების განათლებაც. დალაი ლამა, ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი.
  32. განათლება წარმოადგენს უნარს, მოუსმინო თითქმის ყველაფერს ისე, რომ არ დაკარგო მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა. რობერტ ფროსტი, 1874-1963, ამერიკელი პოეტი, პულიცერის პრემიის ოთხგზის ლაურეატი.
  33. განათლების საიდუმლო მოსწავლისადმი პატივისცემაში მდგომარეობს. რალფ უოლდო ემერსონი, 1803-1882, ამერიკელი ფილოსოფოსი-ტრანსცენდენტალისტი, ესეისტი და პოეტი.
  34. დედაჩემი მეუბნებოდა, რომ შეუწყნარებელი უნდა ვყოფილიყავი უვიცობისადმი, მაგრამ გამეგო, რომ ვინმე, ვისაც სკოლაში სიარულის საშუალება არ მიეცა, შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარი ყოფილიყო; რომ ზოგიერთი ადამიანი, სკოლის განათლების გარეშე უფრო გონიერია, ვიდრე ზოგიერთი უნივერსიტეტის პროფესორი. მაია ანჯელუ, 1928-2014, ამერიკელი პოეტი ქალი, აქტივისტი, აფრო-ამერიკელთა უფლებადამცველი.

ექსპრომტი

0

*     *     *

ტრაგიკულები, მაგრამ გენიალურები, ბედის წინააღმდეგ ამხედრებულნი… მათ ბევრი დაითმინეს, გახდნენ ძლიერნი, ქედუხრელნი და შექმნეს დიდი შემოქმედება, საკუთარი საოცარი სულების გამონაშუქით ბრწყინვალე… რომ მაშინ სევდიანებს, გაუხარლებს, დღეს ჩვენი ნაღველი განექარვებინათ, ოპტიმიზმი, მხნეობა ჩაენერგათ, არსობის ფილოსოფიური სიდიადე გადმოეცათ: ,,…და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!”, ისინი გვასწავლიან, რა არის თავისუფლება, ბრძოლა ბრძოლისათვის, აი, გამართლებაც მათი ტკივილიანი არსებობისა, ,,განწირული სულისკვეთებისა”…

 

*     *     *

არის ცხოვრებაში ტკივილისა და უსიამოვნებების მუტაციები, მაგრამ რისთვისაა წიგნი, ჩემი განუყრელი მესაიდუმლე და ნუგეშისმცემელი? მიშელ უელბეკის ,,მორჩილებაში”, მიუხედავად იმისა, რომ მთლად აპოკალიფსური ვითარებაა, სულიერებისაგან ადამიანის დაცლის ტრაგედია და პოლიტიკად ნაქცევი ისლამი, წალეკვით რომ ემუქრება მთელ სამყაროს (მოქმედება მომავალში ხდება), მაინც ვიპოვე შვება. ნაწარმოების მთავარი გმირი, ფრანსუა, ჩემსავით მე-19 საუკუნეს რომ ეტრფიალება, სრულიად უმწეოა საკუთარი ტკივილებისგან გაუცხოებულ, სიყვარულისგან დაწრეტილ გარემოსთან: ,,კომპიუტერის ეკრანს თვალი მოვაცილე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ფანჯრისკენ; ოსპის მარცვლის ფორმის განცალკევებული ღრუბელი, რომლის გვერდები ჩამავალ მზეს ნარინჯისფრად შეეღება, შარლენის სტადიონის თავზე ეკიდა, ისეთივე უმოძრაო, ინდიფერენტული, როგორიც პლანეტათაშორისი ფრენისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდი. მხოლოდ ყრუ, შენელებულ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისად მტანჯველს, რომ ნათლად აზროვნებისთვის ხელი შეეშალა; მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთხელ მარტო დავრჩი, სიცოცხლის მისუსტებული სურვილით, და მომავალში მოსალოდნელი უთვალავი უსიამოვნებით… ეს იყო ნელი დეგრადაცია ,,იმ ფუნქციების ერთობლიობის, რომლებიც სიკვდილს ეწინააღმდეგება”. ის ეძებს ხსნას და ამაოდ ესტუმრება გარეუბნის ერთ-ერთ მონასტერს, რომელშიც სუსტადაა ცივილიზაციის ნიშნები. გადაწყვეტს, რომ იქ მისი ადგილი არაა, თუმცა მასში იღვიძებს სიცოცხლის სასიამოვნო შეგრძნება: ,,ამქვეყნად ცხოვრების ყველაზე უმწიკვლო სიხარულია საწოლში ჩაწვე მარტო, ხელის გაწვდენაზე გქონდეს კარგი წიგნები და თამბაქოს პაკეტი”… გმირისადმი თანაგრძნობამ ტვინი აქტიურად ამიმუშავა. მაინტერესებს, წიგნშიც და ცხოვრებაშიც რამდენად გადარჩება ტექნოკრატიის, გაუცხოების ბრჭყალებში მოქცეული ადამიანი, თუ მორჩილებით, ჩათრევას, ჩაყოლას ამჯობინებს. ანაც სადაა ხსნა, წიგნში თუ ადამიანებში, რომლებსაც ერთმანეთის აღარ ესმით, თუ რწმენაში, რომელიც ყველაზე ამაღლებული, ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს სულისა და არა თავს მოხვეული ყრუ ფანატიზმი… ცხოვრება სრულად ვერა ან საერთოდ არ პასუხობს კითხვებს, მაგრამ კითხვის დასმა უკვე ცხოვრებაა…

 

*     *     *

მიწას ჩაეზარდა ჩემი საწოლი, ბალახზე მძინავს და გრილი ნიავი მახურავს. ხეები ამოვიდა და მათი დღისით დაღლილი ფოთლების ჩუმი შრიალი და ზღაპრის ჭაობისფერი ჩიტების მწუხრის ,,იავნანა” ჩამესმის ჩემი ტვინის მუდამ მღვიძარე, იდუმალ ხვეულებში ჩაკარგულს. იქ კი სიზმრის ველებია, ღამის ლურჯი ბატონის მდუმარე საუფლო, ქვესკნელთან წილნაყარი. მისი სინოტივე გსუსხავს, მაგრამ არ ფხიზლდები, ბნელი დინებით გამოგზაურებენ, რომ სიცივეატანილს უფრო მოგენატროს სინათლის ქალაქის მკვეთრი ფერები, კონტურები, თბილი ხელები, რომლებსაც უფრო ენდობი, ვიდრე ჩაციებით მომზირალ, მდუმარე ქიმერებს, ნიმფებს, სიშიშვლეს ბურუსითა და ორთქლით რომ იფარავენ. ბრუნდები და უკვე დავიწყებულში გამოვლილი ჩურჩულებ: იყავნ ნათელი!…..და კვლავ ვიბადები.

 

*     *     *

ადამიანი – იდეის ანარეკლი, ჩვენი წარმოდგენები თუ ილუზიები – ჩვენი ანარეკლები. რეალობის ზუსტი შეგრძნება სჯობს თუ ილუზორულობა? ვისთვის როგორ… წარმოდგენა საპნის ბუშტს ჰგავს, ხელის შეხებით ქრება. ილუზიაც ასეა – რეალობა კლავს. თუმცა ისინი ხშირად გადარჩენაა. ამიტომ სანამ გაქრება (იქნება და, სულ იარსებოს?!), თავი შეაფარე ანარეკლის ანარეკლს, როგორც ლამაზ სათამაშო სფეროს, რომელშიც ყვავილის ფანტელები ცვივა და ყურში ჩაგესმის წყნარ მელოდიად: ,,სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის… ითქმის… ის…..”.

 

*     *     *

 

გუშინ მეგობართან ვსაუბრობდი ადამიანის ემოციურ ასაკზე და გალაკტიონი ბოლომდე იყო მარადი ბავშვი, რომელიც მკაცრად დავსაჯეთ, დავტანჯეთ, რადგან საქართველოში მკვდარი პოეტები უფრო უყვართ. თუმცა ღმერთი მასთან იყო მაშინაც, როცა თავს იკლავდა და მერეც, ,,ვარდისფერი გზით” მარადისობას რომ შეერთო. მისთვის აქაც და ,,იქაც” მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობდა და არსებობს. გალაკტიონი ამქვეყნად მოვიდა, რომ ჩვენც შეგვძლებოდა მოვხვედრილიყავით მისი ლექსით სამოთხეში…

 

*     *     *

ფიქრები უილიამ ფოლკნერის წიგნზე ,,დროშები მტვერში”

წუთისოფლის ლაბირინთში ,,მოხეტიალეებზე” – არსებობს სიცოცხლის ვნება, რაც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც. (წიგნში – ვაჟას ალუდა, მიტია კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა „ომი და მშვიდობაში” ან ბაიარდ სარტორისი ,,დროშები მტვერში”, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი: რჩეულიშვილი და თიკანაძე…) ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით მოწესრიგებულობას და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და, ძირითადად, ფატალურად მთავრდება, რადგან სამყარო, როგორც წესი, არავის პატიობს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია…
*     *     *

თოჯინას სიკვდილი

იყო კიდეც და არც იყო. ეზოში, ქვიშაში ძველი, გატეხილი თოჯინა ეგდო. აწვიმდა მის უხელო ტანს, უთვალებო, ერთ დროს ულამაზეს თავს. იწვა მორჩილად, ბედს მინებებული. წვიმის წვეთები უფერულ ლოყებზე ეღვრებოდა და თითქოს ტიროდა თავის წარსულს: უღრუბლოს, ბავშვებით მხიარულს…
ეს არ იყო ტკივილი, მხოლოდ პირზე შერჩენილი მქრქალი, ნიღბად ქცეული ღიმილი და თოჯინას სევდა, რომელიც აუცილებლად ტრანსფორმირდებოდა ნაკადულების, ახლად გამოღვიძებული ჩიტუნიების ხმად, დილის სიოს მოლამუნებად, ციცინათელების მოულოდნელად გამომკრთალ, იდუმალ, ბურუსიან ნათებად და ასე განიბნეოდა სამყაროში…

 

*     *     *

უსარგებლო ნივთები… უსარგებლო ადამიანები… დაძველებულები, მობეზრებულები, არასაჭირონი, გამოუსადეგარნი, ყავლგასულები, დაუშნოებულები, გულმიუსვლელნი, გაცრეცილები და ფერ-დანიშნულებადაკარგულნი… არც ისე ადვილია მათგან გათავისუფლება: მათში უცნაური ენერგეტიკაა, ჯერ კიდევ ჩაუმქრალი მუხტი, შინაარსი, ისტორია, თავგადასავალი, ნაღველი და სულისშემძვრელი სიმარტოვე. მათ სჭირდებათ ყურადღება, მაგრამ აღარ ითხოვენ მას, მათ სჭირდებათ მოვლა, მაგრამ არ გავალდებულებენ. მათი არსებობა ერთ დიდ კითხვის ნიშნად ქცეულა.
,,რატომ?”- მდუმარედ კივიან ისინი.
,,რისთვის?” – მოისმის პასუხად.
სამყარო კი ხვნეშით ცდილობს გათავისუფლდეს ყველა დრომოჭმულისგან…
,,დროზე! დროზე!” – მათ მოსწყინდათ.
,,სანაგვეზე?” – კითხულობს დრო…………

 

*     *     *

ნათელი და ბნელი, ორი ურთიერთგანმსაზღვრავი მოცემულობა, რომელიც წუთისოფელში ,,სუფთა” სახით არ არსებობს, სულ ნარევია. ეს ნარევი განსაზღვრავს სამყაროს, ადამიანთა ბედს…
თუ ბედისწერა წინასწარგანზრახულობაა, მაშინ ბედისწერა იყო იუდას ღალატიც, პეტრეს მამლის ყივილამდე სამგზის ღვთის უარყოფაც და თვით იესოს მოვლინებაც. ამაზე მეტყველებს ბიბლიურ თუ ამსოფლიურ წინასწარმეტყველთა არსებობა, რომლებიც დროს უსწრებდნენ და კაცობრიობას ამცნობდნენ სხვადასხვა კატაკლიზმებს.
მაგრამ ამ წინასწარგანზრახულობებში არის საბედისწერო შემთხვევითობებიც, რომლებიც ადამიანს შეუძლია შეცვალოს. სწორედ ესაა ადამიანის ნება.
ხოლო ღვთის ნებაა, რომ დროში მოჩვენებითად მზარდი და ,,გამარჯვებული”ბოროტების წყვდიადი საბოლოოდ მაინც მარცხდება ნათლის, კეთილის მიერ.
დიდი იშვიათობა, მარად მოუწესრიგებელი ცხოვრების ჰარმონიაა სინერგია – ღვთისა და კაცის ნების შერწყმა.

 

*     *     *

– რად მოგიწყენია, თოჯინავ, შენ ხომ ადამიანი უნდა გაართო და გაამხიარულო?
– ახლა ვისვენებ აქ, ოთახის ბნელ კუნჭულში და ,,ვფიქრობ”…
– რაზე? –
-კაცად ყოფნაზე.
– რატომ? ადამიანები ხომ ყველაზე დარდიანები არიან ამქვეყნად, შენ ბევრად უზრუნველი ხარ, იდუმალი. თან ისედაც ჰგავხართ ერთმანეთს, ისიც ,,თოჯინაა”…
– კი, მაგრამ მომბეზრდა ვიყო ხის იმიტაცია. მინდა ნამდვილი სევდა, ოცნება, მინდა, ჩემს თვალებში არა ანარეკლი, ცის სიღრმე და სიფაქიზე… ტკივილი, სიკვდილიც მინდა!…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ებრაული არაფორმალური განათლების შესახებ

0

თანასწორობა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, ყურადღების გამახვილება მოსწავლეთა ემოციებზე – ეს არა იდეალური სკოლის აღწერა, არამედ ებრაული არაფორმალური განათლების პრინციპებია. ისახავს თუ არა ის მიზნად ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში და ექმნება თუ არა ბავშვს მოტივაცია, რათა იმოქმედოს და ისწავლოს საკუთარი ინტერესების მიხედვით?

ფორმალურ განათლებაში მასწავლებლის მუშაობის წარმატება სწავლის შედეგით იზომება. მოსწავლე ცდილობს გარკვეული ქულის მიღებას და, შესაბამისად, მას ეშინია დაუშვას შეცდომა. არაფორმალური განათლება არ  არის  ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. არაფორმალური განათლება ისეა სტრუქტურირებული, რომ სწავლა ბავშვისთვის ერთგვარი თავგადასავალი იყოს. არავინ გიტარებს საკონტროლოებს, ტესტებს, სწავლის ეფექტიანობას კი ხშირად მხოლოდ ის განაპირობებს, თუ რამდენად უჩნდება მოსწავლეს წინსვლის სურვილი.

არაფორმალური განათლების ელემენტები ბევრგან, მათ შორის არაერთი სამთავრობო უწყების პროგრამებში გვხვდება. ამავდროულად, მარტივადაა შესაძლებელი სკოლამდელი განათლების ფორმალიზებაც.

არაფორმალურ ებრაულ განათლებას მდიდარი ტრადიცია აქვს. გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად ფაბულას.

„ბავშვისთვის სწავლა საინტერესო უნდა იყოს. თუ ბავშვს ვერ დავაინტერესებთ, ეს აღარ იქნება არაფორმალური განათლება“, – განმარტავს ლეონიდ როზენჰაუსი, ბავშვთა და მოზრდილთა საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მასწავლებლის ამოცანაა გამოიწვიოს, აღძრას ინტერესი. მასწავლებელი ბავშვებს ანიმატორივით კი არ ართობს, არამედ ცოდნის მიღების სასიამოვნო გზებს მიუთითებს.

„არსებობს ზოგადი ფორმულა – „თუ არ მოგვწონს, არც ვაკეთებთ“, – განმარტავს ლეონიდი. – მაგრამ თითოეულ შემთხვევას თავისი აქცენტი აქვს. არაფორმალური განათლების ფორმულა ასეთია: „თუ არ მოგწონს, რასაც ვაკეთებთ, ვცადოთ სხვანაირად“. ცხადია, არაფორმალურ განათლებასაც აქვს თავისი პედაგოგიური მიზნები და ამოცანები.

„გვინდა, რომ ბავშვმა მეტი გაიგოს, კერძოდ, ებრაული ტრადიციების ან ისტორიის შესახებ. ამიტომ ვცდით სხვადასხვა მიდგომას“, – ამბობს ლეონიდი. მისი აზრით, ცოდნა არ უნდა იყოს „მკვდარი“. ყველაფერი, რის სწავლასაც მასწავლებლები ბავშვს სთავაზობენ, აქტუალური უნდა იყოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნობია, რისთვის არის საჭირო ცოდნა. „თუ ებრაულ ისტორიაზე ვსაუბრობ, ვცდილობ, ეს გასაგები საკითხების – მეგობრობის, ღალატის, სიყვარულის, ოჯახური ურთიერთობების წინ წამოწევით გადმოვცე“, – განმარტავს მასწავლებელი.

ეს თემები მოზარდი თაობისთვის აქტუალური და გასაგებია. ანდა, თუ მასწავლებელი ებრაულ ეთიკაზე საუბრობს, ის არ ამახვილებს ყურადღებას სამართლიან მოქმედებაზე, არამედ ჰყვება, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში, მოჰყავს რეალური მაგალითები, აზიარებს თავის ან სხვის გამოცდილებას.

მეცადინეობის პროცესი ისეა აგებული, რომ ბავშვს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება აქვს. ჯგუფში ყოფნისას მან ჯერ უნდა ჩამოაყალიბოს, რის თქმა სურს, შემდეგ კი გააზიაროს, იაქტიუროს დიალოგის დროს.

თავდაპირველად ბევრ ბავშვს უკვირს, რომ მას აზრს ეკითხებიან. ეს, ერთი მხრივ, ქმნის ნდობის ატმოსფეროს და, მეორე მხრივ, უბიძგებს მას ფიქრისკენ, აზრის ჩამოყალიბებისკენ.

ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკები არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმაა. ასეთ ბანაკში ორკვირიანი ყოფნის შემდეგ, შედეგი თვალსაჩინოა. ბანაკში ბევრი ახალგაზრდა ლიდერია, რომელსაც თვითონაც აქვს გავლილი ბანაკური ცხოვრება. ებრაული ბანაკების ერთ-ერთი მიზანია ტრადიციების შენარჩუნება, თვითმყოფადობის აღორძინება, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში 17 ებრაული ბავშვთა ბანაკია, სადაც არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავენ. 2018 წელს ბანაკის მონაწილეთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა. ებრაელ ბავშვთა ბანაკები არსებობს ისრაელში, გერმანიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბავშვებთან მეცადინეობა მოგვაგონებს სადისკუსიო კლუბის მუშაობას. არავის მოეთხოვება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე. ბავშვები ყველაფერზე მსჯელობენ – ისტორია, ტრადიცია, ოჯახის ისტორია… მცირეწლოვან ბავშვებთანაც კი მიმდინარეობს დისკუსიები ებრაელთა მოდგმის შესახებ. მსჯელობის დროს ყველა თავის ინტერპრეტაციას გამოთქვამს, თუმცა რჩება კითხვის ნიშნებიც.

ზოგჯერ სწავლებას თამაშის ფორმა აქვს. ეს ზრდის ბავშვების დაინტერესებას სხვადასხვა თემით ბიოლოგიაში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში და სხვ. აქტივობები მდიდრდება სხვადასხვა რესურსით, აუდიო- და ვიდეომასალით.

ფორმალური განათლების მთავარი იდეაა, აიძულო ბავშვს, დაფიქრდეს.

ებრაულ განათლებაში ბავშვს აჩვენებენ, რომ ერთი და იმავე რელიგიური მრწამსის ადამიანებსაც კი შეიძლება განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ. ებრაულ ტრადიციებში არსებული პრინციპები ორგანულად ეხმიანება არაფორმალურ განათლებას.

ებრაულ განათლებაში ბავშვი საზოგადოების, თემის ნაწილია. ეს მნიშვნელოვანია. ამ გაგებით, ბანაკი წარმოადგენს ებრაული საზოგადოების გარკვეულ მინი-მოდელს.

ინდივიდუალური მეტოქეობა ბანაკში ჯგუფურ შეჯიბრებაშია გადაზრდილი. ამრიგად, შედეგები და მიღწევები საერთოა. ზოგ ბანაკში სხვადასხვა ასაკის ბავშვები ჯგუფდებიან. ჯგუფში შეიძლება იყვნენ, როგორც მცირე ასაკის (6-7 წლის), ისე თინეიჯერები (16–17 წლის). ამას თავისი სირთულეები ახლავს. მეცადინეობის დროს, ინფორმაცია ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის საინტერესო იყოს. ეს რთულია. მცირეწლოვანი ბავშვები დიდხანს ვერ ჩერდებიან, მათ ადრე უნდა დაიძინონ, მაგრამ აქ თავს იჩენს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო – უფროსი ბავშვების, ლიდერების მენტორობის, ურთიერთდახმარების მომენტი.

ყველას ესმის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ფიზიკურად არ შეუძლიათ რაიმე საქმის დიდხანს კეთება, ამიტომ, მაგალითად, სპორტული შეჯიბრებების დროს უფროსებს ისინი ხელში აჰყავთ და ისე ატარებენ. მთავარი ფოკუსი ბავშვების სწავლებაზეა: „ჩვენ ერთად ვაკეთებთ აღმოჩენებს, აქ და ახლა“.

თუ არ არსებობს ერთი სწორი მოსაზრება, მაშინ ყველას აქვს საკუთარი პასუხის უფლება. ბავშვს შეუძლია ნებისმიერი შეკითხვა დასვას.

ბავშვი დარწმუნებულია, რომ მას მოუსმენენ, ამიტომ აქვს უსაფრთხოების განცდა და თავისუფლად მსჯელობს. თავისუფალი მსჯელობა კი ხელს უწყობს რაიმე ახლის შეცნობაში, განვითარებაში, თვითგამოხატვაში.

„შიში, ისევე როგორც შიმშილი, დომინანტია. თუ ადამიანმა მეცადინეობის დაწყებამდე არ ჭამა, ის მშიერია, თქვენ უნდა მისცეთ საჭმელი. თუ სცივა, უნდა გაათბოთ. ეს მნიშვნელოვანია, – ამბობს ლეონიდ როზენჰაუსი, – თუკი ბავშვი გაკვეთილზე მოვიდა და უხასიათოდაა იმის გამო, რომ მეგობართან იჩხუბა ან შეყვარებულს დაშორდა, მათი ასაკიდან გამომდინარე კი ეს სავსებით შესაძლებელია, მას აღარ დააინტერესებს ებრაული განათლების მიმართულებები. უპირველეს ყოვლისა, მე უნდა დავეხმარო ბავშვს, გაუმკლავდეს თავის პრობლემებს, შემდეგ კი ცოდნა გადავცე. მასწავლებელი ფსიქოლოგი კი არ უნდა იყოს, არამედ ადამიანი“.

არაფორმალური მიდგომით, არ არსებობს გაყოფა „სტუდენტი“ და „მასწავლებელი“. იდეალურ შემთხვევაში, ყველა სწავლობს. ცოდნა იბადება დიალოგში. „ვინც სწავლების პროცესის ორგანიზაციას უძღვება, მისი ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ყველა მონაწილე ცოდნის ფრაგმენტებს ტრანსლირებდეს – დისკუსიის, კრეატიული გამოხატვის, თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობით“, – განმარტავს ლეონიდ როზენჰაუსი.

არაფორმალურ განათლებაში მთავარი ადამიანია. თუ მას აქვს პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ცოდნის მიღებაში, უნებურად, საგანმანათლებლო სურვილები მეორე პლანზე ინაცვლებს. „ამას არ სჭირდება სპეციალური მომზადება, – ამბობს ლეონიდი, – თქვენთან მოწყენილი ადამიანი რომ მოვიდეს, ხომ ჰკითხავთ: „როგორ ხართ?“ შემდეგ გადაწყვეტთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის. მთავარია, მან თქვენთან თანაბარ მდგომარეობაში იგრძნოს თავი. თქვენ არ გჭირდებათ ფსიქოლოგიური განათლება, რათა იფიქროთ: „მე რომ მომეწყინა, მომინდებოდა კი ცოდნის მიღება?“ სინამდვილეში, ხომ ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – ასკვნის ლეონიდი.

 

 

 

 

ზაფხულიდან სკოლის მერხზე

0

როცა ჩემი შვილი პირველ კლასში მივიდა, თვითონაც ახალბედა მასწავლებელმა ისეთი მისასალმებელი დახვედრა მოუწყო, გულაჩუყებულს ცრემლები მდიოდა და, მგონი, ცოტა სულელურადაც ვიღიმოდი. ხელზე წამოცმული სათამაშო მაიმუნის დახმარებით უხსნიდა ბავშვებს, რომ სწავლა ტალღებში ცურვას ჰგავს, ხანგრძლივი მოგზაურობაა, სადაც ათას ვინმეს შეხვდები, ათასი თავგადასავალი, ფათერაკი და სირთულე გელის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენთან თქვენი მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები არიან და ყველაფერს შეძლებენ, ყველაფერს გაუმკლავდებიან; რომ თავგადასავლის მაძიებელს გართობა, გემრიელი საჭმელი და ტკბილი ძილი სჭირდება, იმისათვის, რომ ყოჩაღად იყოს; რომ თავგადასავალი გართობის გარეშე არაფერია, ამიტომ ბევრს იმღერებენ, იცეკვებენ და ითამაშებენ; რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდე, ენდობოდე და გიყვარდეს შენი ექსპედიციის წევრები, ამიტომაც ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ თითოეული ბავშვის კარგად გასაცნობად და გასაგებად, ერთმანეთის სისუსტეები და სიძლიერეები დააბალანსონ და ასე შემდეგ. დიდი არაფერი, ქაღალდისგან გაკეთებული გემი ჰქონდა, ნაჭრის სათამაშო მაიმუნი, უკულელე და წყლის საღებავები, რომლითაც ბოლოს ეს გემი შეღებეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდებოდა ჩემი და ალბათ უამრავი სხვა ბავშვის სკოლის პირველი დღისგან, რომელიც ცრემლთან, სტრესთან, მერხთან გამართული ჯდომის ვალდებულებასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე დიდი და ხანგრძლივი, სასიამოვნო მოგზაურობის დასაწყისთან. როცა სკოლაში მივდიოდი, არავის, არც მე, არც ჩემს მშობლებს და ეჭვი მაქვს, არც მასწავლებელს არ სჯეროდა, რომ სასიამოვნო თავგადასავალს ვიწყებდით.

 

ყოველ ჯერზე, როცა არდადეგები მთავრდებოდა და სკოლა იწყებოდა ხოლმე, სულ პირიქით ვფიქრობდი, რომ ტყეში ქრიალი, თავისუფლება, მდინარეში ბანაობა, ციცინათელებისა და ვარსკვლავების თვლა შებინდებულზე და სხვა გასართობები მთავრდებოდა და იწყებოდა მოსაწყენი თვეები, როცა ნაკლები დრო დამრჩებოდა არასასკოლო წიგნებისა და თამაშისთვის. დღემდე ზაფხული ჩემი საყვარელი დროა, ახლა უკვე ჩემს შვილებთან ერთად ვცდილობ, არადადეგები ბუნებასთან სიახლოვისთვის, სიჩუმის მოსასმენად, დიდი წიგნების გადასაყლაპად და საკუთარ თავთან დასაბრუნებლად გამოვიყენო. თუმცა ვცდილობ, ბავშვებს სჯეროდეთ, რომ თავგადასავალი სკოლაშიც შეიძლება ჰქონდეთ, გართობა სწავლის დროსაც შეიძლება და მართლაც, მიუხედავად ათასი სირთულის, დავალებისა და წვრილმანი თუ შედარებით მნიშვნელოვანი სასკოლო კონფლიქტისა, ეს ყველაფერიც თავგადასავალია და შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ის. და ცოტათი სხვებზეც, შენს გარშემომყოფებზე.

 

თანამედროვე, ურბანულ გარემოში მცხოვრები ბავშვებისთვის ზაფხული კიდევ უფრო სულის მოსათქმელი ხდება ალბათ, ვიდრე ჩვენს ბავშვობაში იყო, როცა მშობლებს ასე არ ეჩქარებოდათ, როცა 6 საათამდე სკოლაში ამდენი ბავშვი არ რჩებოდა.

 

და ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე, როცა ბავშვები ზაფხულიდან სკოლის მერხებს დაუბრუნდებიან, მათ იქ საინტერესო ამბები დახვდეთ. ერთ-ერთი მხიარული გასართობი, რაც მე და ჩემმა შვილებმა არდადეგებიდან სასკოლო პერიოდზე გარდამავალი პერიოდისთვის მოვიფიქრეთ, იმ ამბების მოფიქრებაა, როგორ გაგრძელდებოდა იმ წიგნების გმირების ცხოვრება სკოლის დაწყების შემდეგ, რომლებსაც ზაფხულის თავგადასავლებით ვიცნობთ; ან როგორ დაისვენებდნენ ისინი, ვინც წიგნებში სკოლაში დადიან. აბა თქვენც დაუსვით ეს შეკითხვა მოსწავლეებს დავალების შესრულებისას, ფანტაზიასაც შეასხამენ ფრთებს, თავიანთ საყვარელ წიგნებსაც გააცნობენ ერთმანეთს და იმასაც მიხვდებიან, რომ ყველას ზაფხული და ყველას შემოდგომა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ისევე, როგორც თავად ადამიანები.

 

 

რეზო ჭეიშვილი

0

კლასიკოსი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს

 

არსებობენ და ჩვენ გვერდით, ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით ეპოქა შექმნეს. ფრაზები და სიტუაციები მათი შემოქმედებიდან ყოველდღე გვესმის, ყოველდღე წარმოვთქვამთ. ასეთი ტექსტები არ კარგავენ აქტუალურობას, პირიქით რაც დრო გადის, მით უფრო კარგად ერგებიან თანამედროვე ყოფასა და სიტუაციას.

რა თქმა უნდა, რეზო ჭეიშვილის  დაუვიწყარი „ცისფერი მთები “ გაგახსენდებათ, დღესაც  – ჩაკეტილი წრე, ჩაკეტილი სივრცე, ერთ წრეზე ტრიალი, აბსურდის თეატრი – არც ისე უცხოა.

როცა შენს ბიბლიოთეკაში ფურცელგაყვითლებულ „ნაკადულის“,  „მერანის“ გამოცემულ წიგნებს ათვალიერებ, უკვე მერამდენედ კითხულობ „ჩემი მეგობარი ნოდარის“,  „ბზიანეთს“, „მუსიკა ქარში“ თუ „ქარების დაბრუნებას“ – რთულია წარმოიდგინო, რომ მათი ავტორი იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც შენ.  შენი ბავშვობის პერსონაჟების შემქმნელი, ის ადამიანი, რომლის ფანტაზიისა და მწერლური უნარების წყალობით ღრმა ემოციებით დატვირთულს მთელი კვირა გიფიქრია, ან გემრიელად გიცინია და  ხშირად დაუფიქრებიხარ კიდეც იმაზე, რომ ცისფერი მართლაც დაკარგული წლებისა და დამსხვრეული იმედების სიმბოლოა,  და ამ სიცისფრეში იმალება სიცოცხლის მარადიულობის საფუძველთა საფუძველი – იმედი; რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამ აბსურდისა – ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი მაშინ და იმ ადგილას აღმოჩნდება, სადაც ყველაზე მეტად არ ელი. და ყველაფერი მაინც სულერთია, ცხოვრება გრძელდება წრეზე ტრიალით, წრეს კი დასასრული არ აქვს. ვერც გაჩერდები, ვერც შეისვენებ.

რეზო ჭეიშვილთან საუბარს წიგნებზე ვიწყებთ. მის გარშემოც უამრავი წიგნი და ჟურნალია, ძალიან ძველები, ძველები და ახლები. მაგიდაზე ქვები უწყვია, კაჟის, წითლები. მეუბნება, რომ ბოლო დროს ქვებს აგროვებს. თვალებზე იდებს, როდესაც სტკივა. შველის, შვებას აძლევს.

  • უამრავი წიგნი მაქვს, ქუთაისშიც მაქვს ბიბლიოთეკა. წიგნებთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: პირველი წიგნების მაღაზია თბილისში, რუსთაველზე იყო. ერთხელაც ალექსანდრე დიუმა ჩამოვიდა ჩვენთან და აჩვენეს ეს წიგნების მაღაზია. იქ ეტყობა, იცოდნენ, რომ მოვიდოდა და მაღაზია გაავსეს, გამოფინეს მისი წიგნებით. გაუხარდა ძალიან. შემდეგ იკითხა: კი, მაგრამ სხვა მწერლის წიგნები არ არისო? გამყიდველი დაბნეულა და უპასუხია: სხვა გაიყიდა, ბატონოო. გამოვიდა რომ ამისი დარჩენილა მარტო გასაყიდი. ჩემს ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა. ჩვენს დროს უფრო ვკითხულობდით,  იშვიათი იყო კინო და თეატრი.

სახლი, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი დაუსრულებელი იყო, შემდეგ ომი დაიწყო და მისთვის ვიღას ეცალა. მამაჩემი წაიყვანეს ფრონტზე, დედაჩემს კი დავრჩით  შვილები – სამნი. ერთ დღეს სახლის დაუსრულებელ ნაწილში ორი დიდი ჩემოდანი წიგნი ვიპოვეთ. როგორც გაირკვა ვიღაცებს მოუპარავთ, რაღაც  ძვირფასი ჰგონებიათ, შემდეგ კი, როცა ნახეს წიგნების მეტი არაფერი იყო, ჩვენთან დატოვეს. სულ ვფიქრობდი, რომ მოაკითხავდნენ, მაგრამ აბა ვის რად უნდოდა. ყველანაირი წიგნი იყო ქართული, რუსული. საკითხავი წიგნები. ეს იყო ჩემი პირველი ბიბლიოთეკა.

 

მწერლებიდან გამორჩეულად რომელმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

 

  • მწერლებიდან დიუმას გამოვარჩევდი. ჩემთვის ყველაზე დიდი საკითხავი წიგნი კი სტენდალია – „წითელი და შავი“. ახლა  ჩემს დაწერილ წიგნებს ვკითხულობ უფრო ხშირად. „ომი და მშვიდობა“ მაქვს ხელით მთლიანად გადაწერილი, მთელი ექვსი ტომი. დიდ პატივს ვცემ ლევ ტოლსტოის, მისი „ბავშვობა, ყრმობა,  სიჭაბუკე “ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია.

 

რომელიმე წიგნი ხომ არ გამხდარა თქვენი შთაგონების/ინსპირაციის წყარო?

 

  • კი, როგორ არა – მერიმე, ჩემი სათაყვანებელი მწერალი სტენდალი, ჩეხოვი. ჩეხოვის სახლშიც ვარ ნამყოფი, მისი პიესები მომწონს ძირითადად.

 

ქართველი ავტორებიდან ვის გამოყოფდით?

 

  • ქართველებიდან ნიკო ლორთქიფანიძე მომწონს ყველაზე მეტად. მწერლები როგორ არ გვყავს. გვყავს გასაცოდავებული მწერლები. ქვიშხეთში ჩვენი დასასვენებელი სახლი ახლაც არის. ამ  დასასვენებელი სახლიდან გაიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი, მანქანაში ჩასვეს და იქვე მიუხვრეტიათ თურმე. ასეთი დრო იყო. რას ერჩოდნენ მიხელ ჯავახიშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, სხვა უამრავს.

გავიდა დრო და მწერლების სხვა თაობა წამოვიდა. მაშინ  უკვე თავისუფლება იყო. თუმცა ცენზურა კიდევ დიდხანს არსებობდა. მაგრამ აღარავის ვერიდებოდით. ძალა აღარ ჰქონდა, ეშინოდა კიდეც ჩვენი. ადრე, ასე ინფანტილური არ იყო საზოგადოება. ჩვენც უფრო ერთმანეთის გვესმოდა, ერთმანეთის გვშურდა და გვიხაროდა კიდეც. იყვნენ კარგი შემფასებლები გურამ ასათიანი, ნოდარ ჩხეიძე, კარგი მკითხველები იყვნენ.

ამბობენ, რომ დღეს წიგნებს ნაკლებად კითხულობენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

  • ჩვენს დროს რომ ყოფილიყო ტელევიზია და კომპიუტერი, აღარც ჩვენ დავწერდით არაფერს. მაგრამ ჩვენს დროს წიგნი და ჟურნალი იყო მხოლოდ. ბუნებრივი პროცესია. თუმცა, დღეს ისეთ ავტორებს ბეჭდავენ და თარგმნიან, ევროპელ მწერლებს, რომ ხანდახან სასიამოვნოდ გავოცდები ხოლმე. ვფიქრობ, რომ შეიკუმშება მწერლობა და რაღაც კასტასავით ჩამოყალიბდება. მწერლობას ეხმარება დრამატურგიაც.

ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა წავიდეს. ხალხი რომ წუწუნებს, ადრე სხვანაირად იყოო, არ არის მართალი. იმიტომაა ასე, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მნათობების მოძრაობაზეა დამოკიდებელი შენი აზროვნებაც, გაქანებაც,  მისწრაფებაც და შეშლაც ჭკუიდან.  რამ გააბოროტა სტალინი, ამდენი ხალხი რომ ამოხოცა. რა ჰქონდა სისხლში, რომ სიამოვნებდა. შეზღუდული აზროვნების ხალხი კი დღესაც ითხოვს მისი ძეგლის აღდგენას.

 

 როდის დაწერეთ და დაბეჭდეთ პირველად თქვენი ნაწარმოები?

 

  • ჯერ ლექსებს ვწერდი სკოლიდან, მერე გადავედი პროზაზე.

უნივერსიტეტიდან დავიწყე გამოქვეყნება. „პირველი სხივი“ გამოდიოდა, ლიტერატურული წრის წევრები იქ იბეჭდებოდნენ. პირველი ოთხი მოთხრობა იქ დაიბეჭდა. წრის ხელმძღვანელები: ბესო ჟღენტი, ტარიელ კვანჭილაშილი და ნოდარ ჩხეიძე  იყვნენ.  ტარიელს და ნოდარს მოულაპარაკებიათ, რომ ჩემი ოთხი მოთხრობა ბესოსთვის ეჩვენებინათ. ბესო „პირველი სხივის“ რედაქტორი იყო. თან შეთანხმებულან, ბესოს არაფერი ვუთხრათ, არ შევუქოთ, თორემ არ დაბეჭდავსო; არც ვაძაგოთ, რომ არ გვისაყვედუროს, თუ არ ვარგოდა, რას მოგქონდათო. მოკლედ, უსიტყვოდ გადასცეს. იმედი ჰქონდათ, თუ ხმას არ ამოიღებდნენ, ორს მაინც დაბეჭდავდა. დილით უნივერსიტეტში მოსულ რედაქტორს უთქვამს, ეს ვინ ყოფილაო,  ოთხივე გავა მომავალ ნომერშიო. რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, თუმცა უფრო მეტად გაუხარდათ. პირველი ოთხი მოთხრობა „პირველ სხივში“ დაიბეჭდა.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მოვხვდი კინოსტუდიაში და ძალიან ბევრი წელი იქ გავატარე. სცენარებს ვწერდი, კოლეგიის წევრი ვიყავი. ჩემთან ერთად მოღვაწეობდნენ ედიშერ ყიფიანი, ნოდარ დუმბაძე, გურამ ასათიანი.

 

თქვენი „ცისფერი მთები“ დღესაც ძალიან აქტუალურია, შეიძლება ითქვას, უნიკალურია ყველა ეპოქისთვის. რას გვეტყვით მის შესახებ?

 

  • ფილმიც ძალიან კარგი გამოვიდა. პროფესიონალის, ელდარ შენგელაიას გადაღებულია. მთავარ როლს – დირექტორისას თამაშობდა უნიჭიერესი კაცი თეიმურაზ ჩირგაძე, რომელიც  ექიმი იყო, ბუნებით არტისტი. „ცისფერ მთებში“  არც  სიყვარულია, არც კაცის კვლა, არც ჩხუბია, სიმღერაც კი არ არის. მხოლოდ ლაპარაკია და ბოლომდე უყურებ. უკრაინაში წავიღეთ და გასუსული უყურებდა მთელი დარბაზი. ვფიქრობდი,  რომ არ მოეწონებოდათ და ელდარის გამო ვნერვიულობდი, ჩემ გამო უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო. იქ არის ასეთი სცენა: ლიფტშია გაჭედილი ბატონი ვასო, რომელიც სცენარს კითხულობს. ბატონო ვასო, ჩვენ მივდივართო – ეუბნებიან, კარგით წადითო, ლიფტშია გაჭედილი და ვერ გამოდის. მოუბრუნდა ერთი და ეუბნება თქვენ აქ დარჩებითო? აქედან რომ დაიწყო ხალხმა ხითხითი, არ გაჩერებულან ბოლომდე.

თავიდან მოთხრობა იყო „ცისფერი ხიდები“, რომელიც „ცისფერ მთებად“ გადაკეთდა. ხანდახან ვჯდები და თვითონ ვკითხულობ, მიკვირს კიდეც. ამბები კინოსტუდიიდან ავიღე, იქ იყო ასეთი სიტუაციები, იქ გროვდებოდა. ვინ არ მოდიოდა, ვინ არ გადიოდა, დერეფანი იყო დიდი და სულ ვიღაცა აღებდა კარს უკითხავად.  შემოიხედავდნენ, გაიხედავდნენ.

 

თქვენი ნაწერებიდან, რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?

 

  • „მუსიკა ქარში“ და „ქარების დაბრუნება“. „ქარების დაბრუნება“ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი, თითქმის რეალური პერსონაჟები არიან.

 

 რომელი ლიტერატურული ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?

  • რეალისტური, შენი თვალით დანახული უნდა წაიკითხოს კაცმა.

 

თქვენი წერის პროცესი როგორია, იდეა რომ ჩნდება, შემდეგ რა ხდება?

 

  • იდეა რომ ჩამებეჭდება თავში, შეიძლება ის სიზმარშიც ვნახო, ის უნდა დავწერო, სხვანაირად არ შეიძლება. ხელით რომ ვწერ, ცოტა დიდი ხანი უნდა, საბეჭდ მანქანაზე უფრო სწრაფად გამოდიოდა.

ადრე საბეჭდ მანქანაზე პირველ ხელნაწერს ვბეჭდავდი ხოლმე შავად, შემდეგ იმასაც ვასწორებდი და უკვე დასრულებულ, თეთრ პირს ვბეჭდავდი. მანქანაზე ვმუშაობდი როგორც გამოცდილი მბეჭდავი. ახლა ხელით ვწერ. კომპიუტერს შევეშვი.

 

 

 

 

 

„მოგზაურობა სიზმარეთში“ – სათავგადასავლო წიგნი ყველაზე პატარა მკითხველისთვის.

0

არდადეგები დასრულდა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უფროსებმა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სია ცხრა თვით უნდა დავივიწყოთ, პატარებმა კი გართობასა და თამაშზე თქვან უარი. ბავშვები, ისევე როგორც კითხვა, ვერ იტანენ ბრძანებით კილოს! ასე რომ, არ ვნებდებით და ვაგრძელებთ იმ ჯადოსნური წიგნის ძებნას, უკურნებელ სენს, „კითხვის სიყვარულს“ რომ შეჰყრის ჩვენს მოსწავლეებსა თუ შვილებს.

ჩემი წერილის ადრესატები ამჯერად ყველაზე პატარები იქნებიან, უფროსების იმედად რომ შესცქერიან საბავშვო წიგნების გვერდებზე გაბნეულ ასოებს ან კითხვა სულ ახლახანს ისწავლეს. სწორედ მათი გემოვნების, სურვილებისა და ოცნებების გათვალისწინებით მსურს თქვენთან ერთად გავარკვიო, როგორი წიგნები მოსწონთ პატარებს? კარგად თუ დავფიქრდებით და ჩვენს ბავშვობას ობიექტურ თვალს გადავავლებთ, მარტივი პასუხის გაცემა არ გაგვიჭირდება: ისეთები, გულიანად რომ გააცინებთ, გაართობთ, თავგადასავლებისა და თამაშის ხასიათზე დააყენებთ!

მეგულება კიდეც ასეთი: თავსატეხებიან-გამოცანებიან-რუკებიანი, „ძირძველი ჯადოსნური წესებით:“

დავით ზურაბიშვილის

„მოგზაურობა სიზმარეთში

ანუ

 გიორგის და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი.“

გადაშლისთანავე, არა მხოლოდ პატარებს, უფროსებსაც მოგხიბლავთ. გულიანად გაგაცინებთ სრულიად სიზმარეთის გეოგრაფიული თუ საკუთარი სახელები და შესაძლოა, სანამ შვილებს ან შვილიშვილებს წაუკითხავთ, ჯერ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაუზიაროთ რუკაზე აღმოჩენილი ქვეტექსტიანი კუთხე-კუნჭულები: ბერმრუდის ოთხკუთხედი, დუქანი „ლომის ხახა,“ კედლისმნგრეველის სასახლე, გიორგეთი, გრინლანდია, ბლურჯინია, გოლდონია, ალიონია, მაგნომია და დიდი როდინის ნაკრძალი, სადაც ვარჯებგაშლილი წმინდა გარგარის ხე ხარობს!..

ახლა, პერსონჟებს აღარ იკითხავთ? კიტუს ანთროპიკუსი, ბაბოიგა, ოხრადბეგი, ალთა ბალთაზარი, პროთევზი, ფუტროს-მუტროსი, ფერია ლორიელი, დრაკონიერი, წარჩინებული მეხანძრე ალხანა, ყოფილი მეხანძრე ჩალხანა, მეხანძრეთუხუცესი ჯაბახანა, მოლაპარაკე ნათურა და სხვა უამრავი გმირი თქვენთან ერთად თავგადასვლების მოლოდინშია.

უფროსები სათანადოდ რომ გაერთობით, ბავშვების ჯერიც დადგება ანუ იმ ორი მთავარი გმირის გაცნობის, ძალიან რომ უყვართ ზღაპრები, ომობანას თამაში და ბოროტებთან შერკინება. გიორგი და ანასტასია პირველივე თავში ჩაგვითრევენ სახიფათო მოგზაურობაში და თვალნათლივ დაგვანახვებენ, რა გაუთვალისწინებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტელეფონით თამაშს!

დიახ, დიახ, ნომრების  ალალბედზე აკრეფისთანავე, შესაძლოა ოთახში მოულოდნელად ჩამობნელდეს (დასიბნელდეს, როგორც ანასტასია იტყოდა) და მწვანეთვალება, გრძელწამწამა, თეთრი, ქათქათა პირისკანიანი ფერია გამოგეცხადოთ, მხრებამდე ჩამოშვებული ღია ფერის ტალღოვანი თმით,  ვარდისფერი, გრძელი კაბითა და მხარზე ჩანთით (რომელშიც ჯადოსნური, ბრჭყვიალა ჯოხი იმალება)… და რადგან გამოიძახებთ, ეს ზღაპრული ქალბატონი (ფერიების წესის მიხედვით) ერთ სურვილსაც აგისრულებთ (გიორგისა და ანასტასიას შემთხვევაში – ორს). არ გეგონოთ შესაძლებლობები და სურვილების სია შეზღუდული ჰქონდეს – ახალი ფერარი და მაკლარენი თვალის დახამხამებაში ჩნდება ბავშვების სახლის წინ, ეზოში!..

თუმცა… ტელეფონით თამაშის თანამდევი მოვლენები ფერიას ვიზიტით არ ამოიწურება, მალე ლურჯკოსტუმიანი, თმაგაჩეჩილი, ულვაშიანი, უჟმური კაციც გამოჩნდება (ერთი შეხედვით ჯიჯღინაა, მაგრამ კეთილი), მალე კი ისეთი დავიდარაბა ატყდება, ახალთახალი ფერარი და მაკლარენი წიგნის ბოლომდე არავის გაახსენდება.

ალბათ გაგიკვირდათ და იკითხავთ, რატომო? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივი იქნება: ბავშვებს ხომ სერიოზულად არავინ უსმენს. რამდენიც არ უნდა ეჩიჩინონ მშობლებს, შორეულ ქვეყანაში, სადაც მეფეები, ჯადოსნური მეომრები და ფერიები ცხოვრობენ, უფლისწულია გადასარჩენიო, ირონიული ღიმილის მეტს ვერაფერს დაიმსახურებენ. სწორედ ამიტომ არის იძულებული ლურჯი ქვეყნის ჯადოქარი ბამბურა (ლურჯკოსტუმიანი, თმაგაჩეჩილი, ულვაშიანი, უჟმური, ჯუჯღუნა მაგრამ კეთილი კაცი) დრო გააჩეროს, ჩანთიდან დიდ მაღვიძარა ამოიღოს და ირგვლივ ყველაფერი გააშეშოს: ბებია, ბაბუა, ონკანში მოშვებული წყალი, მოშრიალე ხეები, ჰაერში მონავარდე ჩიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან გაუჩინარებულ ბავშვებს უფროსები ძებნას დაუწყებენ, სიზმარეთის მომავალი უფლისწული კი საურ-მაგ ბუნდოვანის …

საკმარისია, აჯობებს აქ გავჩერდე და არაფერი აღარ გითხრათ!

თუ წიგნით დაინტერესდით, თავადაც მშვენივრად დარწმუნდებით როგორი ზღაპრული ხერხებით აგვარებენ საქმეებს პატარები. როგორ ინაცვლებენ მგლის ხახიდან მძინარე გამოქვებულში, ჭინკების გარემოცვიდან ზღვის ფსკერზე, დიდბორცვის ველიდან გოლდონიის ქუდბედიანი უფლისწულის გარემოცვაში. კეთილისა და ბოროტის მარადიულ ჭიდილში ჩართულები, ცოდნას და გამოცდილებას აგროვებენ და ხვდებიან, რომ ტკბილი „ნამცხვრებით გამსპინძლება სულაც არ ნიშნავს ტკბილ მასპინძლობას,“ რომ „გზის არჩევაში გზა კი არ არის მთავარი, არამედ არჩევანი!“

უფროსებს კი ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ კარგი საბავშვო წიგნის დანიშნულება მხოლოდ წიგნიერების დონის ამაღლება როდია. გართობა და თამაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გაგაფრთხილეთ კიდეც თავიდან – პატარების ოცნებებსა და სურვილებს გავითვალისწინებ-მეთქი. გაგაფრთხილედ თამამად, ვინაიდან მეგულებოდა წიგნი, რომლის სათაურშიც შეთხვევით არ გახლავთ ნახსენები სიტყვა „არაჩვეულებრუივი!“

 

შვლის ნუკრებისთვის ადგილი აქ არ არის

0
  • ე, ფიუ, ჩემი ძმა, მოიწი აქეთ..
  • რა ხდება?
  • აქ კაი ბიჭებს ცოტა ფული გვჭირდება და დაგვეხმარე რა..
  • აა.. არ მაქვს ფული..
  • ხურდაც არ გაქვს ბრატ?
  • არაა..
  • აბა ახტი!
  • რა?
  • ახტი, ახტი ერთი, თუ ხმა არ გაისმა – გაიარე შენ გზაზე, თუ აჩხარუნდი – დაგენძრა.

 

ეს იყო ადრე. არც ახლა აკლებენ, ხანდახან, მაგრამ ეგრე ხშირად აღარ. ეს რო იყო, დრო გავიდა მაგის მერე. მაგის მერე შუმახერი სრიალისას დაიმტვრა და ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაშორდნენ. ლესტერი საერთოდაც პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, ტრამპი კიდე – აშშ-ს პრეზიდენტი. ბაუმგარდტნერი ძაან მაღლიდან გადმოხტა, რობერტ პატინსონისგან კაი მსახიობი დადგა (აუ ამაზე ატყდება ახლა..) და ასტანას ნურსულთანი დაერქვა. მოკლედ, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ეგეთი მეთოდები მოძველდა, ცოტა, გოიმობადაც იქცა, ემაგ კაიბიჭების წრეებშიც კი, სხვა მუღამები გაჩნდა, იუთუბის დიქტატი დაიწყო და ბავშვებმა Twenty One Pilots-ის მოსმენა დაიწყეს (ეს ფაქტი, აბა, მე რა ვიცოდი და შესაბამისად, ვმადლობ ჩემს უმცროს მეგობრებს, რომლებიც თურმე ხშირად უსმენენ ამ მაგათ თაობაში პოპულარულ დუოს, ანდა ორკაცას). ჰოდა, ახლა სხვა “პონტი” “გაიჩითა”, როგორც რომ თავანკარა ქართულით ვიტყოდეთ, “პალაჟენია” შეიცვალა და მეც, თქვენმა ასისტენტ-სპეციალისტმა (“მონა-მორჩილის” თანამედროვე ვერსიად იტყვიან) გადავწყვიტე ჩაგვრის, წნეხისა თუ ბულინგის იმ მეთოდებზე გესაუბროთ, რომელიც თანამედროვე სკოლებში ბუდობს, ძველი ქუჩური მენტალიტეტისგან მიზან-მიზეზებით განსხვავდება და შინაარსით კი ტყუპისცალობს.

 

ახლა მიდებ-მოდების გარეშე. სკოლების უმეტესობაში სოციალურ ნიადაგზე ბულინგის მწვავე პრობლემა დგას. უკეთ ჩაცმული ბავშვები შედარებით ნაკლებ ბრენდულად შემოსილებს ჩაგრავენ, ბოლო აიფონიანები – შედარებით ძველ მობილურიანებს, კაიმანქანიანმშობლიანები – უმანქანომშობლიანებს და ა.შ. ეს გავიგე და პირადადაც შევესწარი. მამამ შვილი სკოლაში ჰამერის ლიმუზინით მიიყვანა. არა, განა რა, მიიყვანა და მიიყვანა, მაგრამ ჩამოსვა თუ არა, იქვე დააყოლა, მიდი ახლა შენ კლასელებს დაუძახე და ნახონ, რა მანქანით ხარ მოსული, იცოდნენ ვინა ხარო. აეგრე უთხრა. ჩემი თვალით რომ არ მენახა, რაღაცა მახინდრობა მონაგონი მეგონებოდა, მარა არა. ეგრეა.

 

საერთოდ, ბულინგი ათასნაირი ფორმით გამოიხატება და ათასნაირი მიზან-მიზეზით არსებობს. ამ საკითხებზე პროფესიონალთა თუ უბრალო გულშემატკივართა მიერ არაერთხელ დაწერილა ჩვენს ვებ-გვერდზეც, მრავალი სტატია, კვლევა თუ ბლოგპოსტი მიძღვნია ბულინგის პრობლემას, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და როგორც ჩანს, უფრო მეტადაც ღვივდება აქამდე ნაკლებად პოპულარული მიმართულებებით, რომელთაგან ერთ-ერთი უმძიმესი სწორედ სოციალური ბულინგია. თუ ადრე ქუჩური მენტალიტეტი იყო ძირითადი დამნაშავე ბავშვებში ბულინგის, ახლა ზოგ-ზოგ ადგილებში ღარიბი ბავშვები გამხდარან დასაცინი. აი, აქ კი, მომკალით და მგონია, რომ პირდაპირ მშობლის დანაშაული იკვეთება. სად იბადება მაღალი კლასის მისაბაძი კულტი? საიდან ჩნდება ლტოლვა კლასობრივი დაყოფის მიმართ 21-ე საუკუნის განვითარებად და ღარიბ ქვეყანაში? ეს, შესაძლოა, ცალკე კვლევის საგანი იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ კერპს ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა ბავშვებში, მეტად სამწუხაროა. სამწუხაროა, რადგან ხელოვნურადაა ჩანერგილი, ეს ნასწავლია და არა ინსტინქტური. თუ შიმშილი აიძულებს ადამიანს დანაშაული ჩაიდინოს, თუ სიღარიბე, საფრთხე, სტრესი და სხვა გამღიზიანებლები უარყოფითად მოქმედებენ მის საქციელზე, სოციალურ და კლასობრივ დიფერენციაციას გამღიზიანებელი ფაქტორი ნაკლებად გააჩნია და მთლიანად ელიტურ მიუკარებლობაზე, სოლიდარულობის დეფიციტზე და სიძულვილზეა დაფუძნებული. მაგრამ ბავშვები? როგორ იქცევიან მათი მხიარული ბატონები ბუზთა ბატონებად? ვინ მონაწილეობს ამ შეთქმულებაში საზოგადოების წინააღმდეგ?

 

ჰო, მართლა, ამ მდგომარეობას, მეტი ფულის ქონის გამო, ნაკლებფულიანის ჩაგვრის მოთხოვნილებას, კიდევ სხვა რაღაცებიც უწყობს ხელს: მშობლებისა თუ სხვა გარშემომყოფთა მიერ ბავშვებისთვის არასწორი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, წარმატების ტოტემი, მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულის ოფისში მჯდომი კასტიუმიანი “ლიდერის” ხატი, სოლიდარობის ნაცვლად ბუნებრივ პირობითობად კონკურენციის მიღება, გამარჯვების იდეალიზაცია და დამარცხებულის გარიყვა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რისგანაც დღევანდელი მსოფლიო შედგება, რაც სამყაროს ერთ დიდ არენად აქცევს და რაშიც ერთად იხარშება დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც. ჰოდა, ბავშვი რა, ისიც ამ რეალობით იკვებება და თავისებურად თამაშობს “სახლობანას” ანდა “ცხოვრებობანას”. სწორედ ამიტომ, ეს იმაზე დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს პრობლემა ხუთკუნჭულასავით ყოველდღიურად იზრდება და ჩვენს ავთენტურ ჯუნგლებში ახალ-ახალ მგლის ლეკვებს აჩენს, ლეკვებს, რომელთა ტყეშიც შვლის ნუკრებისთვის ადგილი არ არის.

 მოხუცების ადგილი არის აქ

0

(სამი დიალექტური ნოველა)

ადიგენში, ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის, დერცელის ცენტრში, დაბალ ფიცრულ სკამზე ისხდნენ მოხუცები დ საუბრობდნენ. თავისას ამბობდნენ… იმ მთისას, ამ ბარისას. ნებართვა ავიღე, ჩავიწერ-მეთქი თქვენს საუბარს, თუ ნებას დამრთავთ, ცოტას გკითხავთ ცხოვრებასა და წარსულზე. ღიმილით დამთანხმდნენ.

მოხუცების საუბარზე მიყურადება, მათი ამბების მოსმენა, გაზიარება, გარდასულ დღეთა მოგონება, იმ დროის გახსენება, რომელშიც არ გიცხოვრია – ფასდაუდებელი გამოცდილებაა. „აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი…“, როგორც ამბობდა ჰერმან ჰესე. ამ ყვავილების სურნელი დაუვიწყარია. სიბერის მეშინია, ახალგაზრდობას ძნელად ველევი და ეს წარმოსახვითი მოგზაურობა დროში, მოხუცების სიმშვიდესთან მიახლოება თერაპიაა. რა ლამაზია მათი ქართული, რა მშვიდია მათი აწმყო და როგორი სევდაა წარსულის მოგონებაში.

ეზიზ (რეზო) ბერიძე 71 წლის

ამჟამად თბილისში ცხოვრობთ თქვენა? ახალგაზდები ხართ…ჰე…

მე რომ მამა-ბაბუები მიყვებოდნენ და იგი რომ ახლა ჩემს შვილიშვილებს მუუყვე? ზღაპარი დარჩა ყველაფერი, ევროპის დონეზეა გადასული ახლა ყველაფერი. ვინმეს მოხუცისა აღარ სჯერავს. რაღაცას ჩემებურს რომ ვიტყვი სახლში და სადმე, რომელ საუკუნეში ხარო, მაგას გეტყვიენ. მოსმენა აღარ არის. ჩვენი მოხუცები იყვენ, დაჯდებოდენ, ძველ ისტორიას ილაპარაკებდენ, გაგაგონებდენ, ვისმენდით. დღეს მაგი აღარ არის. დღეს პარლამენტში რა ხდება გლეხი აქედან სჭრის და კერავს, მთავრობას რა გაუკეთებია, ტელევიზორში რა ხდება, ამას ეპოტინება რაცხას, მანაც რომ არ იცის.

ჩვენ მოხუცებს უჯერიდით, მოხუცებს პირადობა ჰქონდენ, უპირატესობა ჰქონდენ.

ჩვენ ორმოცდათორმეტში ვართ ჩამოსული ხულოს რაიონიდან. მე თითქმის აქ გაზდილი ვარ, მიწაზე ვმუშაობ, ვარ გლეხი კაცი, მოგვყავ კარტოფილი, რასაც ფასი არ აქ,  მოსავალი იმდენი არაა.

ამ სიცხეს უყურებ? სიცხე… როგორი სიცხეა. საქონელი გვყავს, საქონელი ძალიან შრომატევადია, შაბათი მაგას არ აქ, კვირა მაგას არ აქ, დასვენება არ იცი. მოსწყინდა ახალგზარდობას. და რაცხა  გზებს ეძებს, სხვას, იოლ ცხოვრებას ეძებს, ადრე ჩვენ დროს გასაქანი არ იყო, გინდა არ გინდა უნდა, ყოფილიყავ აქ და გემუშავა, ახლა, გო, ამერიკიდან ფქვილი შემოდის და დერსელში და კიდო ბოლო სოფელში ამოდის, ყიდულობს ხალხი.

ძაან ჯაფა გვაქ გავლილი ჩვენ, ჩემ ტოლ ხალხს. ასე ვერ დაჯდებოდი ა, ახლა რო ვართ. ფეხით დავდიოდით რაიმხელა გზებს, ახლა ყველაფერი გაიოლდა.

მე რომ ჩემ შვილს ვუთხარ, ასე გავაკეთოთ, ასე ჯობიაუ, მამაჩემო, ეგ დრო აღარ არო, მითხრა, არ გიმიგონა. არადა, გავლილი მაქ, ვიცი ის მე. აღარ ჯერავს, ჩემი აღარ ჯერავს, მოხუცის, რა’ნდაქნა. დიდპატარაობა ადგა. რა ვიცი, ამის ლაპარაკი ზედმეტია, ვერ მოვსპობთ და ვერაფერი.

ოსმან ბერიძე

56-ში ჩამევედით ჩვენ აქ. ეხლა რო შეადარო ის ამბავი ამ ამბავს, თვეში ერთჯელ თუ გამეიარდა მაშინაი აქ, თვეში ერთჯელ თუ მევდოდა. მეტი არ გეიარდა.

ახლა ერთი საათის წინ ჩვენ ამას ვლაპარაკობდით აქა, რამითმა გეიარა და გამეიარა მაშინამ აქა, რომ ორმოცდათექსმეტ წელში ადიგენში არ იარებოდა ამდენი. ახლა ამ ჩემ შვილიშვილს რომ აი უთხარ, აუო, რა არიო, ჯო, ზღაპარიაუ თუ რას ყობიო. იმისთვინ ზღაპარია ეს, ხო…

მე რომ მაგიტოლა ვიყავ, გაჭირვება იყო მაშინ. ერთად ხუთი და ექვსი მეტი ოჯახი ცხოვრობდენ. ბუხარი ხომ იცი, ბუხარი, იქ უნდა შესულიყვენ ამ ექვსი ძმის ცოლი და ნაგრამი და ყველაი, ფეჩი არ იყო, ფეჩი, გასათბობი არ იდგა, გინდა არ გინდა, იქ უნდა გამთბარიყა, რავდენი’ნდა დატევლიყო, ოთხი დაჯდებოდა, დანარჩენი გარეთ იყავ დამდგარი ასე. ცივა ზამთარში, ხის სახლები… სიცივე, ქალები დაავადებულნი იყნენ სიცივით, იმიტომ ესენი ამ ბუხართან ვერ თბებოდენ, იქით იყნენ დარჩენილი. ხანდაზმული ხალხი იყო ბუხართან და არ იყო ადგილი, ამას მოსწრილი ვარ, ესენი დანახული მაქ.

ახლა ფეჩი რაღაა, სხვა რაცხები შემევდა, კაი რაცხები.

ძველი ცხოვრებისა ბევრი მახსოვს. ქორწილი რომ იქნებოდა, ქორწილში რომ დაგპაიჟებდენ, წევდა ხალხი ქორწილში, ხომ? ხოდა რა ხდებოდა, თუ მდიდარი იყო, იმასთან პური გამოცხვებოდა, შავი პური, ჩვენ ბავშები რომ მივდოდით, რამე არ გვინდოდა პურის მეტი, პური მეეტეხათ ჩვენთვინ და მეეცათ. და პური შეგვეჭამა, ოღონდ პური შეგვეჭამა, სად იყო პური. სიმინდს ვჭამდით, ჭადს ვჭამდით. პურს ვერ იყიდდი, არ იყო საშვალება, არ იყო საშვალება. ღარიბობა იყო და ის პური… დადგებოდა სუნი იმისი… ახლა ვილაპარიკებ, არც შენ არ გჯერავს, ახლა ყველაფერი სავსეა.

ამ დროს იმ დროსთან შედარება არ აქ. იმიტომ არ აქ რომ შეიძლება კაცს ბრმაწელი ჰქონდა, ბრმა წელის ტკივილი ჰქონდა, მუცელი ტკივაო და მოკტებოდა, შეიძლება მარტო აი ბრმაწელი იყო, აპერაციას გუუკეთებდი, გადარჩებოდა ადამიანი და არ  მოკტებოდა მაგრამ ეს არ იყო. რა იქნაო? მუცელი ტკიოდა და მოკტაო, ვინ იცოდა. თავი ტკიოდა და მოკტაო, დამთავრდა. ეს იყო საბაბი. ამის გამომკლევა არ იყო.

მე ოცდაჩვიტმეტიანი ვარ. მე რომ აქ ჩამეველი, კიდო არ იყო განათლება. გახტებოდა ავად, ექიმთან არ მიგყვავდა, ახლა მოვა სკორი, მოგადგება იმწუთში, ავად ყოფილაო, ავამტყოფი ყოფილაო. იმ დროებში არც სკორი მოდიოდა, არაფერი.

გავლილ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ჯაფა იყო, სიამოვნება, კარგადყოფნა ახლა არის.

ჯო, აქედან აჭარა რამდონია შენ არ იცი, ბევრია, ფეხით უნდა ჩასულიყავ-ჩამოსულიყავ. ახლა აჭარაში მაშინით დავჯდები აქედან წავალ, ერთ საათში ჩავალ. ადამიანი მოკტებოდა, ტელეფონით ვერ დოუკავშირდებოდით და… არ იყო.

თოვლი მოდიოდა, ორი მეტრი, სამი მეტრი, მეტი კიდო მთაში, წევდოდით ოცი ადამიანი და გადავამტრევდით ამ გორებს, ზამთარში, და დილამდის ჩახვიდოდი, მთელი ღამე ‘ნდა გევლო რო გეთქვა და ამბავი ჩეგეტანა რომ აქ მოკვტა ეს, ჭირისუფალი იქ არიან, გააგებინო’ნდა იმათ რომ ამბავი მიგვეცა, ჩამოვიდოდა ხალხი და ნახევდნენ.

ნატვრა მქონდა, მაშინით გევიარო, ამდენი წვალება არ ვნახო, იმისრულდა. მოვესწარ ახლა ა. 81 წლისა ვარ, მაშინით გევიარ, ჩემი ნათესავი ხარ, მოვალ, გნახავ, ფეხით ვერ მოვდოდი, ვერ გნახევდი. კარგად ვართ დღეს, არ ვართ გლახათ. საჭმელი სავსეა.

წიფელა გაგიგონია, ხე, წიფელა. ომიანობის დრო იყო მაშინ და სიმინდიც აღარ გვქონდა. და მაგ წიფელას იმ სქელ ქერქს შეხდიდენ, მეიტანდენ, გაახმობდენ და დაფქვავდენ და ჭადის ფქვილს შუურევდენ და იმას ვჭამდით, სიმინდის ტაროსაც დაფხნიდნენ, წისქვილზე ჩამოფქვავდენ და იმასაც ვჭამდით. მაგენს ყველაფერს მოსწრილი ვარ მე, ნაჭამი მაქ. არიყო საშუალება.

შენ წახვალ ახლა, მე გამახსენდება კიდე ძველი დროება. ეს მოხდება აუცილებლად.

 

თ. ბერიძე

აქ ჩამოვსახლდი ხულოდან, ღორჯომისკენ არი, მეკეიძეები სოფელი, მე ბერიძე ვარ. ორმოცდათქევმეტში ჩამევეი, მას მერე აქ ვარ, ერთი ჯარში ვიყავ და მერე აქ.

ჩემ დროს უფროსთან უმცროსს არ უნდა ელაპარიკა.

როცა რო სახლში შედიხარ და არ ათვალიერებ რო რა უნდა ჭამო, აგია ბედნიერება გაჭირვება რომ არ ნახო. ბოდიში მომითხოვია, ღორი ხომ არ ხარ, ჭამაზე იფიქრო, მარა გაჭირვება არ იყოს, აგია ბედნიერება.

მე რაც მინდოდა, ყველაი გავლილი მაქ, კაიც ვნახე, გლახაც ვნახე, გული მაქ დაბეყვილი, მარა არ ვემდური.

მომისმინე, მე ერთ რაცხას გეტყვი ახლა. თუ რაცხა გემრიელი და კაი დევნახე, მაშინ დევნახე, ახალგაზდა რომ ვიყავ. სამოცდაერთი წლიდან ოთხმოცდარვა წლამდი. ფულიც ვნახე, ადამიანობაც ვნახე. ჩემი შვილები დავაყენე თავის გზაზე და მე ახლა გვერდიდან ვდგავარ. ახლაც ძალიან მშვენიერ კარგად ვატარებ დღეებს, დამჯდარი ვარ სახლში, ჰოდა მყავს რამოდენიმე თავი ფუტკარი, გავალ იმათთან, ზოგი მიკბენს, ზოგი არა. ვარ ასე.

მადლობას გეტყვი…

 

მშობლის ქცევა, როგორც მოტივაცია

0

სკოლაში ბევრს საუბრობენ მოსწავლეთა მოტივაციის საჭიროებაზე. ამასთან, ყველას არ ესმის, საიდან უნდა გაუჩნდეს მოსწავლეს სწავლის სურვილი. ხშირად ამ პროცესში ვერც მშობელი ერთვება ან თუ ერთვება, შეცდომებს უშვებენ.

ხდება ისეც, რომ მშობლები ცუდი მოტივაციის სტიმულატორები ხდებიან. მოტივაცია უნდა მოიცავდეს ბავშვის სურვილებს, მის აშკარა და დაფარულ მიზნებს, სწავლისგან მიღებულ მოლოდინს და თავდაჯერებულობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობლებმა გაიაზრონ – არსებობს კარგი და ცუდია მოტივაცია. შინაგანად მოტივირებული ბავშვი ნამდვილად დაინტერესებულია სწავლით, დავალებებით, მოსწონს ამოცანების გადაჭრა, ამით ის სიამოვნებას იღებს. მისი უპირველესი მიზანია რაღაცის კეთება.

მშობლების მიერ ცუდი მოტივაციის სტიმულირების გავრცელებული ფორმებია, როდესაც ბავშვი სწავლის სანაცვლოდ საჩუქარს ელის, ანდა სხვის დასანახად სწავლობს, ანდა ფიქრობს, რომ სწავლით თავის დანაშაული გამოისყიდის. მშობლებიც თვლიან, რომ თუ ბავშვი დივანზე არ კოტრიალობს, ტელეფონში არ თამაშობს და თვალებში შესციცინებს მასწავლებელს, ის მოტივირებულია. ეს შეიძლება ასე არ იყოს.

ფსიქოლოგთა ნაწილი გვირჩევს, საჯაროდ, საზოგადოებაში ნაკლებად ვაქოთ ბავშვები. დიახ, შექება მოტივაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, მაგრამ მასში ჩვენ ძალიან ხშირად ვცდებით. იდეა „ვაქოთ ბავშვები ხშირად“ ყოველთვის არ ამართლებს. ჩვენგან ბავშვებს უფრო პოზიტიური უკურეაქცია და მხარდაჭერა სჭირდებათ.  ამიტომაცაა, რომ ხშირად ბავშვები უარყოფითად რეაგირებენ ქებაზე: ისინი გრძნობენ, რომ ამით მშობლები მათ მანიპულირებას ცდილობენ, მათი ქმედების/საქმიანობის მეტად წახალისებას. შექებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის პროგრესის, წინსვლის მხარდაჭერაა მის თავთან და არა სხვასთან შედარებით.

მაგალითად, მასწავლებელმა არა მხოლოდ უნდა შეაფასოს, თუ როგორ შესრულდა პროექტი, არამედ დააკვირდეს თითოეული მოსწავლის საპროექტო წვლილს: დღეს დაშვებული ათი შეცდომა, გუშინდელ თორმეტთან შედარებით, კარგი შედეგია. მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწორედ ამ დინამიკის ჩვენება, რის მერეც თვითონვე გაუჩნდება წინსვლის სურვილი.

ქება არა საჯაროდ, არამედ ინდივიდუალურად, პირისპირ სასურველია. როდესაც ბავშვს სხვების თანდასწრებით ვაფასებთ, ისინი მათ თავს ძალაუნებურად ადარებენ და რადგანაც ბავშვის პოზიტიურ აზროვნებაზე მიზანმიმართულად იშვიათად ვზრუნავთ, ის არასწორ დასკვნებს აკეთებენ: „მე სხვაზე უარესი ვარ, სხვაზე უნიჭო“. ბავშვი ითრგუნება, ფიქრობს, რომ სუსტია, მისი თვითშეფასება იკლებს, ის გადადის არაპოდუქტიულობის რეჟიმში და კარგავს ორიენტირებს.

სხვისი წარმატება მოტივაციად მხოლოდ მეგობრულ გარემოში შეიძლება იქცეს. PISA-ის უახლესმა კვლევამ და მეტაანალიზმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ პრაქტიკულად კავშირი ბავშვის აკადემიურ მიღწევებსა და მისი ცხოვრებით კმაყოფილებას შორის არ არსებობს. წარმატებისადმი სწრაფვა დანაშაული ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამით შეპყრობილი ხარ და აიძულებ ბავშვიც შეპყრობილი იყოს,  საპირისპირო შედეგებს ვიღებთ.

გვახსოვდეს, სწავლაში წარმატებული ბავშვებიც შეიძლება იყვნენ უბედურები და, პირიქით, წარუმატებელი ბავშვები შეიძლება სრულიად ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილები იყვნენ.

ხშირად, უბრალოდ ყურს არ ვუგდებთ, რა აინტერესებს ჩვენს ბავშვებს, არ ვუსმენთ მათ გულისძგერას, რაც ძალიან ცუდია.

როდესაც ბავშვი ისეთ გარემოშია, სადაც მისდამი წაყენებული სწავლისა და შრომის მოთხოვნები აღემატება მისსავე შესაძლებლობებს, ეფექტიც შეიძლება განსხვავებული მივიღოთ. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. როდესაც ბავშვი ხედავს კარგი შედეგის მიღწევის სხვადასხვა მოდელს, შეიძლება დაინტერესდეს ამ პროცესით. ძლიერ კლასში მას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს რომელიმე სამოქმედო მოდელი და ისწავლოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მოდელს მეგობრისგან გაიზიარებს.

ამავე დროს, არ შეიძლება გამორიცხოს სიტუაცია, როდესაც ბავშვი ვერავის უმეგობრდება კლასში ან კლასი მას ვერ იღებს „თავისიანად“. სხვისი წარმატება ნამდვილად შეიძლება გახდეს მოტივაცია, მაგრამ რა გზით მიიღწევა ეს, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

ინტერესი, შინაგანი მოტივაცია, მიზანდასახულობა – არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება. ის ყალიბდება ბავშვის განვითარების პროცესში და დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებს ბავშვი, რა სახის უკუკავშირებს იღებს, რა მოდელები ხვდება ცხოვრების განმავლობაში.  მაგალითად, თუ ბავშვის დედა საკუთარ თავს პატივს არ სცემს და სხვებიც ასე ექცევიან, მაშინ ბავშვის ყურადღებაც დედის მიმართ ასაკთან ერთად იკლებს.

მშობლები კომპლექსური მოდელები არიან. ბავშვის სენსორები „იჭერენ“ იდეების, ემოციების და დამოკიდებულებების მთელ სისტემას, რომელიც ზრდასრულთა ქცევის მიღმაა. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედა სახლს ალაგებს, მაგრამ ამას უხალისოდ, ნეგატიური ემოციებით აკეთებს, ის არ დააკოპირებს მის აკურატულობას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელთა ქცევა იყოს სისტემური, დაფიქრებული, პროდუქტიული.

თუ მშობლები წიგნებს სიამოვნებით და ინტერესით კითხულობენ, უყვებიან მათ შესახებ შვილებს და უზიარებენ შთაბეჭდილებებს სხვებთან ერთად, ბავშვიც ინდომებს კითხვას. თუ იტყვით: „კითხვა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ამ ცხოვრებაში არავინ იქნები!“, მაშინ ბავშვი პირიქით დაიწყებს მოქმედებას. თუ თქვენ თვითონ არ მოგწონთ კითხვა, ნუ აიძულებთ ეს ბავშვმა აკეთოს.

მშობლები ორგანულად უნდა ინტერესდებოდნენ შვილებით, მათი საქმიანობით, სურვილებით. მშობლის კლასიკური შეკითხვა „დღეს რამდენი ქულა მიიღე სკოლაში?“, ყალბია, მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს მეორე კრიტიკული კითხვა: „და მარიამმა რა მიიღო?“ გამოდის, რომ თქვენ შორის დიალოგი ვერ დგება.

კითხვა, რომელიც კარგი იქნებოდა ბავშვისთვის დაგვესვა, სხვაგვარად ჟღერს. უნდა გაარკვიოთ, რა იყო საინტერესო დღეს სკოლაში. დიახ, ხშირად პასუხად გვესმის: „არც არაფერი“. შემდეგ საჭიროა კითხვის გავრცობა და დაზუსტება. თუ თქვენი შვილი  ემზადებოდა პროექტისთვის ქიმიაში, გაიგეთ, როგორ აღიქვეს ის. გამოჰკითხეთ მშვიდად, ზეწოლის გარეშე. თუ ბავშვს არ სურს პასუხის გაცემა, აცალეთ, იქნებ უბრალოდ დაიღალა. გახსოვდეთ: შფოთვამ და ნეგატიურმა მოლოდინებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ინტელექტის დონეც კი.

მშობლების სიმკაცრე, ზოგჯერ სიუხეშე, ქცევის წესები და ჩარჩოები, სურვილი, მიუთითონ როგორ იცხოვროს ბავშვმა, განსაკუთრებით საშიშია მოზარდობის ასაკში. თქვენი შვილი პატარა ბავშვი აღარ არის.  შეუძლია უარის თქმა, ბევრს ფიქრობს. ამ მომენტში ის უკვე უტოლდება მოზრდილს ფიზიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, მაგრამ ამას ჩვენ მხედველობაში არ ვიღებთ. მან კი უნდა განაგრძოს სკოლაში მერხთან ჯდომა და მასწავლებლის მოთხოვნების შესრულება. ამ ასაკში მშობლები მოზარდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, მან შეიძლება მოისურვოს მათი დატოვება, თავის დაღწევა ზედმეტი ზრუნვისგან. თანატოლებთან ურთიერთობისას, ის პოულობს თანასწორუფლებიან ურთიერთობას, სადაც ყველას შეუძლია სხვებთან საკუთარი მოსაზრებების გაზიარება.

მაგრამ ხომ შეიძლება მშობელსაც ემეგობრო? მეტიც, ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, მოზარდს მეგობრებიც სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰყავდეს ერთი ნამდვილი მეგობარი მაინც. თუმცა, როდესაც დედ-მამა შვილის ყველაზე საიმედო მეგობარია, ეს ძალიან ფასეულია.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...