შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

გრამატიკა  ლიტერატურისათვის და პირიქით – მარადიული ერთობის შესახებ

0

ყველანი ვაღიარებთ, რომ ჩვენი მოსწავლეები გრამატიკას გაუუცხოვდნენ. ვეძებთ მიზეზებს, ვგეგმავთ გაკვეთილებს, ვწერთ სახელმძღვანელოებს, მაგრამ  რატომღაც, სასურველ შედეგამდე ჯერ კიდევ შორია.

ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მაინც ისაა, რომ გრამატიკისა და ლიტერატურის ურთიერთგანპირობებულობა, კავშირი ვერ დავანახეთ სათანადოდ, თვალსაჩინოდ, სისტემურად. მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ და ჩამოვწეროთ  ამ ურთიერთკავშირის გამომხატველი მნიშვნელოვანი საკითხები:

ლიტერატურისა და ენის კავშირის მთავარი აქცენტები:

  1. ენის ფუნქცია ლიტერატურის „მშენებლობაში“;

 

  • ენა ქმნის ლიტერატურას;
  • ტექსტი არის ენა;
  • ენა განაპირობებს ტექსტის თავისებურებას;
  • ენა ქმნის ჟანრს, ფორმას, მიმართულებას, ლიტერატურულ სახეებს;
  • მწერალი – მისი ენაა;
  • ენა განაპირობებს ლიტერატურულ აზროვნებას.
  1. ლიტერატურის მნიშვნელობა ენისათვის:
  • ლიტერატურა – განაპირობებს ენას,
  • ქმნის ლიტერატურულ ენას,
  • ავსებს, ავითარებს ენას;
  • ქმნის ტექსტურ მასივს, რომელიც ენის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია;
  • ლიტერატურა – ენის შემნახველია;
  • განაპირობებს ენობრივ მიმართულებებს, სტილს, ენობრივ პოლიტიკას.
  1. განვიხილოთ ენის ფუნქცია მის ყველა დონეზე:

ა. ფონეტიკა

  • ტექსტის ფსიქოლოგიური, ემოციური აღქმა; განწყობა, ქვეცნობიერი,

მაგ: როგორ მუშაობს ფონოსემანტიკა, დადგენილია, რომ ყველა ფონემას რომ თავისი განწყობა და შინაარსი აქვს. რატომ და როგორ გამოიყენება ბგერათა რაგვარობა შინაარსისათვის?

( გალაკტიონის ქარი ჰქრის)

  • ფონეტიკური სინესთეზია, როდესაც რომელიმე ბგერა ფერს ან ხმას უკავშირდება და სხვა;
  • (ტაკეტა და მალუმას ექსპერიმენტი, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები და სხვა)
  • ტექსტის ფონეტიკური კეთილხმოვანების გამოყენება ესთეტიკური აღქმისთვის, ბგერწერითი პოეზია, ასონანსი, დისონანსი და სხვა;
  • რითმა, რიტმი.

 

(  სინესთეზიაზე  საუბარი მოსწავლეებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. როგორგ გვესმის ბგერა, რა ფერისაა ესა თუ ის სიტყვა, მრავალი საინტერესო თამაშისა და აქტივობის მოფიქრება შეიძლება.

უფროსკლასელთათვის სინესთეზიის შესანიშნავ ილუსტრაციად გამოგვადგება არტურ რემბოს გენიალური ლექსი „ხმოვნები“ დავით წერედიანის გენიალურივე თარგმანით.

ხმოვნები

არტურ რემბო

 

ა – შავი ფერის, ე – თეთრისა, ი – მეწამულის,

უ – მწვანეა და ო – ლურჯია: ერთხელაც ზუსტად

ავხსნი მათ ყველა საიდუმლოს: ა – მბზინავ ბუზთა

შავი, ბუსუსა კორსეტია, შმორში ნამული,

ზღვის უბე ღამით; ე – კარვები, ცის ნისლი ნაზი,

შროშნების ჟრჟოლა, მყინვარების ცივი მახვილი;

უ – ზღვის ტრიალი მარადისი წრებრუნვის ხატად,

სიმშვიდე მაღალ იალაღთა, ნაოჭთა ღრმათა,

ალქიმიისგან რომ სხდებიან შუბლზე ტვიფრებად;

ო – უზენაეს ბუკთა ხმობა ცათამიერი,

სერაფიმული მდუმარება არ-ამიერი;

ომეგა – თვალთა სანატრელთა შემოცისფრება!

 

ბ. მორფოლოგია

  • სიტყვა, როგორც ლიტერატურული ტექსტის შემადგენელი ნაწილი;
  • მორფემები, ბრუნება, უღლება;
  • მთავარი გმირი, პერსონაჟი – არსებითი სახელი;
  • არსებითი სახელის ტიპების მნიშვნელობა – აბსტრაქტული სახელები, როგორც ნაწარმოების მთავარი კონცეფცია;
  • ზედსართავი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ერთეული, როგორც ლიტერატურული განსაზღვრება და როგორც ტროპი;
  • დრო და სივრცე – გარემოებების როლი მხატვრულ ტექსტში;
  • ზმნა და ზმნური ფორმები – ლიტერატურული ტექსტის, მოქმედების, სიუჟეტის, ამბის განვითარების ძირითადი ხერხემალი.

გ. სინტაქსი

  1. წინადადება განსაზღვრავს ავტორს, ავტორი არის მისი წინადადება:
  2. ტექსტს გამოვარჩევთ იმით, თუ როგორ იყენებს წინადადებას ავტორი
  3. ავტორი არის სტილი, სტილი არის ენა.
  4. აბზაცისა და ტექსტის მთლიანობის მნიშვნელობა;
  5. სწორედ სინტაქსი აქცევს სიტყვათა ჯამს მოწესრიგებულ, აზრის მქონე სისტემად.

მაგ:

  • წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელზედაც ჯვარედინად ეწყო სარკე და სამართებელი“ /ჯოისი/
  • ინსტიტუტმა დაუმატა ფრანგული.

ტოლ-ამხანაგებმა – ცეკვა და მიმოხრა.

და გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილთა სასარგებლოდ გამართულ ბალზე.

ნ. ლორთქიფანიძე

 

დ. პუნქტუაცია

  • გრამატიკის სწავლისას სულ მიგვითითებენ, რომ პუნქტუაცია მნიშვნელოვანია, სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება აზრის გამოთქმას ამარტივებს, აზრს ნათელს, გასაგებს, ლოგიკურს ხდის, რომ სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ დავიკარგებით სიტყვათა მოუწესრიგებელ ლაბირინთში.
  • პუნქტუაციას მთლიანად შეუძლია აზრის შეცვლა, აი, წარმოიდგინეთ, ილია ჭავჭავაძის ცნობილ მოთხრობას „კაცია-ადამიანი?!“ კი არა ერქვას, არამედ,“კაცია ადამიანი“ – თხრობითი წინადადება, სადაც ავტორი გადაწყვეტილ, დასრულებულ აზრს გვთავაზობს, სცადეთ,  სახელმძღვანელოში შესული ნებისმიერი მოთხრობის სათაურს კითხვის ნიშანი დაუსვით, როგორ უცებ შეიცვლება ნაწარმოების აზრი და დატვირთვა.
  • პუნქტუაცია შეიძლება გაცილებით მეტი შინაარსის შემცველიც იყოს. ზოგი მწერალი სასვენ ნიშნებს გამიზნულად იყენებს ან არ იყენებს, ამით თავის სათქმელს გამოკვეთს, თავის სტილს ქმნის.

ცნობილი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის „ულისე“ მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს შედევრთა შორისაა, წიგნის მეორე ნაწილში, სულ რამდენიმე სასვენ ნიშანს იპოვით, თავისებური პუნქტუაცია აქვს მარსელ პრუსტის, ბეკეტის, უილიამ ფოლკნერის, ელუარის და სხვა დიდი მწერლების ნაწარმოებებს.

  • განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პუნქტუაციას პოეზიაში ენიჭება, ის ქმნის ან არღვევს რიტმს, ზოგჯერ სპეციალურ პაუზას, პოეზიის ენაში ხშირად გვხვდება კითხვა-ძახილის ნიშნები, მრავალწერტილი.

 

 

 

 

„მახსოვს პირველად სასწავლებელი“ ანუ ერთი ჩვეულებრივი ამბავი

0

სკოლის გახსენებისას ყველას სხვადასხვა მოგონებები აქვს. რა დასამალია და უამრავი ადამიანისათვის სკოლა ალბათ ყველაზე ცუდი გამოცდილებაა ცხოვრებაში. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია სასკოლო კვლევები – მაგ. მასწავლებლების დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, უსაფრთხოების თემები, სწავლა-სწავლების ხარისხი და ა.შ. საკმარისია სახალხო დამცველის ანგარიშებს გადავხედოთ, რომ მივხვდეთ, რატომ არის სკოლა ბევრი ბავშვისათვის არასასურველ გარემოდ აღქმული. საინტერესოა, ჩვენ თავად რა გვახსენდება სკოლის შესახებ. მაგალითისათვის, შევეცდები ამ სტატიაში მოკლედ მოვყვე ჩემს გამოცდილებაზე რამდენიმე ისტორია, რაც სკოლის შესახებ მაგონდება.

რატომღაც, სკოლაზე ფიქრისას, პირველი თავში ამომიტივტივდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „მოგონება“ – „მახსოვს, პირველად სასწავლებელში წასაყვანად რომ მე გამამზადეს…“. ჩემს შემთხვევაში, ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება შეაძულო სკოლა მოსწავლეს. ჩემი აზრით, სკოლის მოსწავლისათვის, მით უმეტეს დაწყებითი კლასების მოსწავლისათვის, ამ შეუსაბამო ლექსის დაზეპირებით გამოწვეული გაუგებრობა (მათ შორის უსამართლობა) შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სკოლაზე ხელის ჩასაქნევად. სხვების შემთხვევაში ეს შეიძლება სხვა ლექსი ან მოთხრობა იყოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ბევრისათვის ეს ვეფხისტყაოსანიც არის. ჰაგიოგრაფიაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ. აზრი რომ დავასრულო, ერთია ასაკისათვის შეუსაბამო ტექსტები, მეორე – (არა)სავალდებულო საზეპიროები და მესამე – სწავლების [უინტერესო] მეთოდები, მაგ. გამოდი-მოყევი-დაჯექი.

მეორე, რაც სკოლის შესახებ მახსენდება, და რომელიც მეგონა რომ პირველი გამახსენდებოდა, ეს არის ეთიკის მასწავლებლის მიერ გაწნილი სილა. საინტერესოა არა? – ეთიკის მასწავლებელი და 8 წლის მოსწავლისათვის ხელის გარტყმა. მიზეზი ათი წუთით დაგვიანება და გაკვეთილზე ცოტა სწრაფად, ცოტა მოუსვენრად შესვლა იყო. სიმართლე რომ ვთქვა, იმ მომენტისათვის წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა ეთიკა. მოკლედ, ესეც მეორე ამბავი. პირველ შემთხვევაში თუ მასწავლებლებთან ერთად სახელმძღვანელოს თემაც იყო, აქ უკვე მხოლოდ მასწავლებლებისა და ძალადობრივი სასკოლო გარემოს ამბავია. სხვათა შორის, სამართლიანობა მოითხოვს მხოლოდ მასწავლებლებლებზე არ ვთქვათ. არც სკოლის ადმინისტრაცია აკლებდა ამ საქმეში.

მესამე მოგონება ძალიან ზუსტად მახსოვს. ალბათ მეორე თუ მესამე კლასში ვიქნებოდი როდესაც ჩემი თანაკლასელი შეწუხებული მიყვებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ. იმდენად შემეცოდა რომ თანაგრძნობის მიზნით ვუთხარი, ნუ ნერვიულობ ჩემთანაც ზუსტად ეგრეა-მეთქი. ამის შემდეგ დედაჩემი გაკვირვებული ისმენდა მის მიმართ გამოთქმულ მწუხარებებს. სხვათა შორის, ამ ამბავზე დღემდე მეცინება ხოლმე.

წინა ამბავის რომ გავაგრძელო, არაერთი ჩემი სკოლელი მახსოვს ჩალურჯებული რომ მოსულიყოს სახლიდან. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღესაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე.

მეოთხე და სტატიისათვის ბოლოსწინა ისტორია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც 2018 წლის 1 დეკემბრის ამბავი, რომელიც 51 სკოლაში დატრიალდა. სამწუხაროდ, მაშინდელი სკოლა კიდევ უფრო ძალადობრივი და აგრესიული იყო. შესაბამისად, ძალიან კარგად მახსოვს უამრავი გარჩევა, ნაცემი, დაჩეხილი და გასისხლიანებული მოსწავლე (არც მე ვიყავი გამონაკლისი). კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყო გამოყენებული ინსტრუმენტები – დრინები, დანები, დუბინკები, იარაღები და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში, სასკოლო ინვენტარიც გადასარევად გამოიყენებოდა (მაგ. მასწავლებლის სკამი).

სამწუხაროდ, ამ ტიპის ამბები მაშინდელი უფროსებისათვისაც ნორმა იყო. ამიტომ რეაგირება გაცილებით ნაკლებად ხდებოდა (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსოვს).

მეხუთე ისტორია უფრო კლასობრივ სხვაობასა და უთანასწორობას ეხება. კარგად მახსოვს, როდესაც კერძო სკოლაში გადავედი, ჩემი ერთ-ერთი კლასელის პირველი შეკითხვა – „შენ რა ტელეფონი გაქვს?“ – რომელიც იმ მომენტში იმდენად დამაბნეველი აღმოჩნდა, გაკვირვება სახეზე დამეტყო. მოკლედ რომ ვთქვა, სკოლებს შორის რადიკალური განსხვავებები, ბავშვებს შორის სულ სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები, პრობლემები და მიზნები, კიდევ ერთი სერიოზული გაკვეთილი იყო, რომელიც სკოლაში მივიღე. იქამდეც და იმის შემდეგაც მძულს უთანასწორობა, რომელიც დღესაც გამეფებულია საქართველოში. სამწუხარო ის არის, რომ სკოლის ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც ზუსტად რომ თანაბარი შესაძლებლობების მიცემაა ბავშვებისათვის, დღესაც არ აქვთ გააზრებული ამ ქვეყანაში.

შეჯამებისათვის, ბუნებრივია, იყო კარგიც და ძალიან კარგი ისტორიებიც, მაგრამ სკოლის დანიშნულებიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული „აცდენები“ უფრო ამახსოვრდება ადამიანს.

დაბოლოს, საინტერესოა თქვენ რა გახსენდებათ სკოლაზე?

ოფელია

0

შექსპირის ტრაგედიების პირველი ტომი, მაგარყდიანი, ნაცრისფერყდიანი. გადაშლილი წიგნიდან მოქმედი პირების მთელი წყება შემომყურებს. რამდენი წლის ვარ? როგორც მახსოვს, ცამეტის. მშობლების განიერ საწოლზე ვწევარ და ვცდილობ, გამოვიცნო, რატომ შეიძლება შეუყვარდეს ვინმეს ოფელია – მეტისმეტად მორჩილი, ხვედრს შეგუებული, სიყვარულისა და სიცოცხლის მარტივად დამთმობი. დასაწყისშივე ჩანდა, რომ გულითად მეგობრობას ვერავის გაუწევდა, შეყვარებულის გადასარჩენად არაფერს იღონებდა. მის სიტყვებს გულში ვიმეორებ, მის სიმართლესთან მიახლოებას ვერ ვახერხებ.

შემოდგომის მიწურულია. ცივზე ცივი დღეები, როცა ერთადერთი სიხარული სკოლის გაცდენა და მძიმე წიგნების კითხვაა. მერე რა, რომ წაკითხულიდან ბევრი არაფერი მესმის და მოქმედი პირების ჩრდილების ერთმანეთისგან გარჩევაც მიძნელდება.

ქალებს – დედაჩემს, დეიდაჩემს, ორივე ბებიას – სახლის დალაგება წამოუწყიათ და რასაც დაინახავენ, ყველაფერს გულმოდგინედ ხეხავენ, წმენდენ, კარგა ხნის წინ დაკარგულ იერსახეს უბრუნებენ. ოთახში, სადაც წიგნს ვკითხულობ, უკვე ყველაფერი ბრწყინავს, არამიწიერ სინათლეს გამოსცემს. მხოლოდ მე არ ვარ მოსაწონი – ხელშესახებ სამყაროს მოწყვეტილი, გამოგონილი სასახლის დერეფნებში დაკარგული.

– უთხარი ამას რამე, ადგეს, მოგვეხმაროს.

ვიცი, არაფერს მეტყვის დედაჩემი. ერთს გადმომხედავს და საქმეს გააგრძელებს.

– ასწავლე, თორემ დრო მოვა და არაფერი ეცოდინება.

ვიცი, წიგნის გვერდზე გადადებას არასდროს მთხოვს და მხიარულად ვუგდებ ყურს ნაცნობ ხმებს. თითქოს სხვაზე მოსდიოდეთ გული. თითქოს ვიღაც სხვის გასაგონად ამბობდნენ გაუთავებელ საყვედურებს.

– გათხოვდება და გამოაგდებენ. აი, ნახავ, თუ არა…

აქ უკვე დედაჩემსაც ეცინება. დანარჩენების დარწმუნებას აღარ ცდილობს, ოთახიდან გადის.

მე კი ისევ იქ ვბრუნდები, სადაც ოფელიას შეშლილობამ შეყვარებულისა უნდა გაიმეოროს – ჩუმად, მოკრძალებით, ჩემთვის გაუგებარი ვალდებულების გაცნობიერებით.

***

2020 წლის იანვარია. მეორედ ვკითხულობ „ჰამლეტის“ ახალ თარგმანს – ჩემი მეგობრისას, ლელა სამნიაშვილისას – და ვგრძნობ, რომ ცრემლი მერევა. მინდოდა, ამ თარგმანის უდავო ღირსებებზე დამეწერა, სწორად მიგნებულ ენასა და ინტონაციებზე, ივანე მაჩაბლისთვის ჩვენი საუკუნიდან გაწვდილ ხელზე, ცამეტი წლის უცნობ გოგოზე, რომელიც ალბათ ამ ახალი თარგმანის კითხვისას წარმოიდგენს წარმოსადგენს და პირველ მცდარ გადაწყვეტილებებსაც ერთმანეთს გადააბამს… მინდოდა, იმ მკითხველისთვის, ვის ხელშიც ეს თარგმანი ჯერ არ მოხვედრილა, რამდენიმე სტრიქონი ამომეწერა და მერე თვალი ჯიუტად გამესწორებინა სინამდვილისთვის – ისეთისთვის, როგორიც წინ დამხვდებოდა. და ბოლოს კმაყოფილს დამეხურა წიგნი.

მაგრამ ვერაფრით დავაღწიე თავი იმ მოგონებას, რომლითაც წერილის წერა დავიწყე. წარმოსახვის ერთ ნაწილში მარადიული ხეხვა-წმენდის დღეა, მე კი მშობლების განიერ საწოლზე ვწევარ და გადაშლილი წიგნის სტრიქონებს თვალს მშვიდად ვაყოლებ. შექსპირია. ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი და ამდენად, ყველა სხვა დიდ მწერალზე ბევრად სასურველი…

როგორც კი ახალი თარგმანის კითხვა დავამთავრე, დედაჩემმა გამომართვა და მეოთხედიც არ ექნებოდა წაკითხული, რომ უკვე შეკითხვებს მისვამდა და აღფრთოვანების დამალვას ვერ ახერხებდა. გულახდილადაც კი მითხრა: მიკვირს, მიკვირს, აქამდე რომ არ წამაკითხეო. მაჩაბლისას გულისხმობდა. ძველს.

სამოცდათოთხმეტი წლისაა. მარცხენა თვალით ცუდად ხედავს. ცალი თვალით წაიკითხა „ჰამლეტი“ და კითხვებიც ისეთი დამისვა, გამეორების რომ არ შემრცხვება.

ცრემლი მერევა, როცა მახსენდება, როგორ დამადგა თავზე ახლად გაღვიძებულს, გამოუფხიზლებელს – წაკითხულზე სასაუბროდ.

ის დღე, რა თქმა უნდა, არ ახსოვს, ახლობლების საყვედურებს რომ ყური მოუყრუა და საოჯახო საქმიანობის ამაოება რომ თავიდან ამარიდა.

არც ამ საღამოს დაიმახსოვრებს, შეშის ღუმელთან რომ ვსხედვართ და ფიქრებით ერთი და იმავე ისტორიის დეტალებს ვუბრუნდებით.

ტელეფონს ჩავყურებ – ინგლისურ ტექსტში იმ ადგილებს ვეძებ, ჩემს მეგობარს რომ ყველაზე კარგად გამოუვიდა. ვპოულობ. ვკითხულობ. მერე ისევ თარგმანს ვფურცლავ.

„რუს პირას ერთი ტირიფი დგას, ტანგადახრილი,

და შუშასავით გამჭვირვალე წყალი ირეკლავს ვერცხლისფერ ფოთლებს.

იქ მისულიყო ოფელია, რომ ის ფოთლები ჩაებნია ყვავილწნულებში –

ღიღილოებში, გვირილებში, ჭინჭარებში, გრძელ იისფერ ორქიდეებში,

ენაკვიმატი მწყემსები რომ უწოდებენ ათასნაირ უწმაწურობას,

თავდაჭერილი ქალწულები კი მკვდრის თითებად იხსენიებენ…“

ახლა ოფელიას სიმღერა მახსენდება. ადვილად დასამახსოვრებელი. ადვილად ასახსნელი.

„როგორ უნდა გავარჩიო ყალბისგან,

ჭეშმარიტი სიყვარული სად არის?

თავზე ალბათ მგზავრის ქუდი ახურავს

და აცვია გაცვეთილი სანდალი“.

გაცვეთილი სანდალი. არა, დედა, არ მოგესმა…

ისევ თებერვალი, ისევ ოკუპაცია

0

დადგა თებერვალი – ეს თვე, სამწუხაროდ, ქვეყნის ბედის ჩარხის უკუღმა დატრიალებასთან არის დაკავშირებული. ხშირად ვფიქრობ საქართველოზე 1921 წლის ოკუპაციის გარეშე. ხშირად მიჩნდება კითხვა – როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს, თავიდან რომ აგვერიდებინა „გაწითლება“?..

 

1918-1921 წლებში დაარსდა პირველი უნივერსიტეტი, გაიხსნა სკოლები, სასოფლო თემში ყალიბდებოდა კოოპერატივები, საზოგადოებას ჰქონდა ინიციატივები, იმართებოდა კულტურული ღონისძიებები. რუსეთის იმპერიის 117 წლიანი ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ქვეყანა განვითარების გზაზე იდგა. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები მართვა-გამგეობის კუთხით, ფინანსურ-ეკონომიკური, უამრავი დაშვებული შეცდომა…

 

მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ პარადოქსების პირისპირ დგანან, დავეხმაროთ  ისტორიული ფაქტების გააზრებაში, ვინაიდან  მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობა განსხვავებული კონტექსტით, რაკურსით აწვდიან ინფორმაციას. მაგალითისათვის, 23 თებერვალი მათ დღემდე ე.წ. „კაცების დღე“ ჰგონიათ. მოსწავლეს, ამ თემასთან დაკავშირებით, ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებად სკოლა და გაკვეთილი რჩება. მათ უნდა ვესაუბროთ – თუ როგორი დემოკრატიული რეფორმის გატარება მოესწრო სამწლიან პერიოდში, მივაწოდოთ პირველი რესპუბლიკის შესახებ ინფორმაცია, სხვადასხვა საგნის ჭრილში. ამ კონტექსტში ყველაზე კარგ საშუალებად მიმაჩნია 1918-1921 წლების მთავარი მიღწევებისთვის ხაზის გასმა, იმ პერიოდის ქვეყნებთან შედარება და ოკუპაციის შემდეგ განვითარებული მოვლენების წარმოჩენა.

 

ამ სტატიის მიზანი არ არის დემოკრატიული მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების, დამარცხების მიზეზებისა და საბრძოლო მოქმედებების სიღრმისეული ანალიზი. სასურველია, შევქმანთ მარტივად ადაპტირებადი რესურსი ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესისთვის. შემოთავაზებული ცხრილის  გამოყენება შეუძლიათ დამრიგებლებს სადამრიგებლო საათზე და სხვა, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, რადგან ის შედარებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის საშუალებას გვაძლევს.

 

დემოკრატიულ-საზოგადოებრივი ძვრები პირველ რესპუბლიკაში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ განვითარებული მოვლენები მსოფლიო ქვეყნები
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები –

1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოში გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელიც ეპოქალურ მოვლენად შეფასდა. არჩევნებს წინ უსწრებდა მოსამზადებელი სამუშაოები, რისთვისაც შეიქმნა ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო მონაწილე სუბიექტების/პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია და ამომრჩეველთა სიების დაზუსტება. არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიები აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას.

შედეგად, საყოველთაო არჩევნები იმ დროინდელ მსოფლიოში დემოკრატიულად შეიძლება ჩაითვალოს.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პირველი დარტყმა სწორედ ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოებს მიაყენეს. ერთმანეთის მიყოლებით ფუნქცია დაუკარგეს დამფუძნებელ კრებას, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებს/საბჭოებს, ერობებს და სასოფლო საბჭოებს.

ქვეყნის მართვა-გამგეობა „კომისართა საბჭოს“ დაეკისრა. დაარსდა რევოლუციური კომიტეტები. თანამდებობები კი გახდა დანიშვნითი.

დაიწყო მასშტაბური ტერორი იმ ადამიანების  მიმართ, რომლებიც არ ეგუებოდნენ ოკუპაციას.

პირველი საპარლამენტო არჩევნები ესტონეთში გაიმართა 1920 წლის 27-29 ნოემბერს.

XX საუკუნეში პირველი თავისუფალი არჩევნები პოლონეთში გაიმართა 1919 წელს.

 

დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესისა თუ ეროვნებისა.

საქართველოს დამფუძნებელ კრებაში არჩეულ იქნა 5 ქალი.

ოკუპაციის შემდეგ არჩევნები ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. საბერძნეთში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1930 წელს მიიღეს.

 

ქალებმა დანიის ნაციონალურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1915 წელს მიიღეს.

 

1970 წლამდე შვეიცარიაში ქალებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება.

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა. რომლის მიზანი ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების ადგილობრივ ორგანოებზე გადანაწილება იყო.

34 წლის მუსლიმმა ქალმა, ფერი-ხანუმ სოფიევამ,  ყარაიაზის ოლქში გაიმარჯვა და თვითმმართველობის ორგანოში იქნა არჩეული.

საბჭოთა ოკუპაციის პირველივე დღეებში დამყარდა მკაცრი, ცენტრალიზებული სისტემა. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ბრძანებებს იღებდნენ კომისართა საბჭოდან და რევოლუციური კომიტეტებიდან.  
1921 წლის 21 თებერვალს თბილისში, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია აღიარებდა ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს,  კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას, კრძალავდა წოდებრივ განსხვავებებს. დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი ბოლშევიკებმა დაიკავეს.  1924 წელს მიიღეს პირველი საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია.

 

რუმინეთმა დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება 1991 წელს მოახერხა;

თურქეთში პირველი კონსტიტუცია 1961 წელს მიიღეს;

ფინეთში პირველი კონსტიტუცია მიიღეს 1919 წელს;

ესტონეთმა პირველი კონსტიტუცია 1920 წელს მიიღო;

1918-1921 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა კულტურული ღონისძიებები.

მიუხედავად არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა პირველი რესპუბლიკის პერიოდში იყო წინსვლა კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით.

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია აღიარებდა ხელოვნების, მეცნიერებისა და მათი სწავლების თავისუფლებას. სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, ამ სფეროების მფარველობასა და განვითარებაზე.

1918-1921 წლებში შექმნილი კულტურისა და ხელოვნების მიღწევებს დაედო ტაბუ.

ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მოხელეები დევნიდნენ კომუნებს, ცვლიდნენ სოფლის თვითმართველობებს, ახშობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებს, ხურავდნენ სამეურნეო ამხანაგობებსა და კოორპორაციებს.

 

 

კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ ამ ინფორმაციას, მოარგებთ კონკრეტულ აქტივობას,  ჩართავთ  მოსწავლეებს დისკუსიაში და დასკვნების გამოტანას მათ მიანდობთ.

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები განაპირობებდა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ხოლო 1921 წელს ბოლშევიკებმა სრულიად საპირისპირო ქმედებები დაიწყეს. ამასთან, საქართველო 1918-21 წლებში არათუ ჩამოუვარდებოდა მაშინდელ დემოკრატიულ მსოფლიოს, არამედ ზოგიერთ სფეროში სჯობნიდა კიდეც.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ – პარიზი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გამოცემა, 1921 წლის ოქტომბერი;

პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

საქართვცელოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები 1918-1921

https://www.youtube.com/watch?v=KXc0-GGTGVY – დოკუმენტური ფილმი „ინიციატივა არ ისჯება“

https://archive.ge/ka/blog/9 – ყარაიაზის მატრიარქი – ფარი-ხანუმ სოფიევა

https://pirvelirespublika.blogspot.com/ – საქართველოს პირველი რესპუბლიკა

https://en.wikipedia.org/wiki/Women%27s_suffrage – ქალთა ხმის უფლება

https://en.wikipedia.org/wiki/Elections_in_Poland პოლონეთის საარჩევნო ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/1920_Estonian_parliamentary_election ესტონეთის საარჩევნო ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Turkey – თურქეთის კონსტიტუციონალიზმის  ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Romania – რუმინეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Finland – ფინეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Estonia – ესტონეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორია;

 

ოცდამეერთე საუკუნის გაკვეთილების სერიიდან

0

მასწავლებელი, რომელიც არ უშინდება სიახლეებს, სიახლეებიდან გამოარჩევს ღირებულს,  შექმნის ისეთ სასარგებლო მედიაპროდუქტს,  რომელიც  ხელს შეუწყობს სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში, უკვე 21-ე საუკუნის კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელია.  მეც ვცდილობ, ვიყო ისეთი მასწავლებელი, რომელიც გამოწვევას  არ უშინდება. ვცდილობ შევქმნა ისეთი მედიაპროდუქტი, რომელიც   სწავლებას სახალისოს, ცოდნას კი გამოყენებადს  გახდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნათლად დავანახო საზოგადოებას, როგორ შეიძლება, ტრადიციული  გაკვეთილი ვაქციოთ  სახალისო სწავლების პროცესად, რომლის დროსაც მოსწავლეები მოახერხებენ ახალი ინფორმაციის მოძიებას (გამოვიყენოთ სახელმძღვანელო, ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი), ინფორმაციის დახარისხებას და ძირითადი გზავნილების გააზრებას, მოსაზრებების მტკიცებულებით გამყარებას,  პერსონაჟის როლის მორგებას და ისეთი მედიაპროდუქტის შექმნას,  რომელიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, ისე ისწავლონ ახალი მასალა, რომ  მხოლოდ ისტორიული მოვლენები კი არ  დაამახსოვრდეთ, არამედ არსებული ვარაუდების შესახებ მტკიცებულებები თავადაც მოიძიონ  და კლასელების დახმარებით შექმნილი მედიაპროდუქტიდანაც შეიტყონ; ეს კი სწორედ ის უანრებია, რომელიც  სასიცოცხლოდ აუცილებელია 21-ე საუკუნეში;

ნაბიჯი 1. გამოცდილების გაზიარება სოციალურ ქსელში

დღეს ერთ-ერთი საინფორმაციო სივრცე მასწავლებლებისთვის სოციალური ქსელია, ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელმა მიიღოს საინტერესო ინფორმაცია, დაახარისხოს, მნიშვნელოვანი გამოარჩიოს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვენების გამოტანის მერე სიახლე შეიტანოს საგაკვეთილო სივრცეში.   მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკაში ახალი რომ არ არის გამოცდილების გაზიარება,   ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ ხდება ამ გამოცდილების მორგება ჩვენს საგაკვეთილო სივრცეში, დღეს ეს მთავარია. ამიტომ მე ხშირად ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში იმ მასალას, რომელიც „ერთი ხელის გაწვდენაზეა“. ალბათ ადვილად მიმიხვდით, Facebook -ზე რომ ვსაუბრობ; ეს არის ადგილი, სადაც ხშირად ერთმანეთს ვესაუბრებით სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები, ვეხმარებით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, ვიღებთ და გავცემთ ახალ ცოდნას და კარგად ვიცით, რომ ჩვენ არ „ვიგონებთ ახალ ველოსიპედს“, ჩვენ ვხედავთ, ვაფასებთ, როგორ მუშაობენ სხვები და საჭიროებისამებრ ვიყენებთ ჩვენს საგაკვეთილო პროცესშიც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაბიჯი 2. ინფორმაციის გამორჩევა

ერთ მშვენიერ დღეს, ჩვეულებისამებრ, ფეისბუქის მთავარ გვერდს ვათვალიერებდი. სოციალურ ქსელში გაზიარებული იყო უცხოელი კოლეგის საინტერესო მასალა. ინგლისურენოვანი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ,  შესაბამისი დასკვნის გამოტანა მოვახერხე და მივხვდი,  რომ ამ მასალას ჩემი საგაკვეთილო პროცესის დროს, კერძოდ კი ახალი მასალის ახსნისთვის გამოვიყენებდი; სხვადასხვა კუთხით  შევაფასე ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობები, ჩამოვწერე ძირითადი აქტივობები და მეორე დღისთვის საინტერესო გაკვეთილი დავგეგმე.  ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ დავინახე, როგორ შეიძლებოდა კიდევ ერთი,  თავგადასავლებით სავსე, საინტერესო გაკვეთილი ჩაწერილიყო ჩემი მოსწავლეების ცხოვრებაში.  აუცილებელი იყო მომეფიქრებინა,  როგორ მოვახერხებდი ყველა მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში ისე, რომ ინტერესი არ განელებოდათ არა მხოლოდ კლასში, არამედ სახლში მისვლის შემდეგაც. ასევე ვიცოდი, ისე უნდა მიმეწოდებინა ახალი აქტივობა, რომ  ყველა თანაბრად ყოფილიყო ჩართული. ფერად ფურცლებზე ჩამოვწერე ყველა იმ ისტორიული პერსაონაჟის სახელი, რომელიც თამარ მეფის პერიოდს უკავშირდებოდა, სულ 15-მდე გამომივიდა ასეთი პიროვნება. ვიფიქრე, რომ აჯობებდა წყვილებში ემუშავათ…

 

ნაბიჯი 3.

                            21-ე საუკუნის გაკვეთილი მე-9 კლასში

თამარ მეფის ეპოქა , ისტორიული პერსონაჟები და მოვლენები სოციალურ ქსელში ;

გაკვეთილის დაწყებამდე საკლასო ოთახში, ერთ-ერთ მაგიდაზე ფერადი ფურცლები ისე დავალაგე, რომ წარწერა მოსწავლეებს არ დაენახათ; კლასში შესვლის დროს ერთ-ერთი მოსწავლის სიტყვები მომესმა: „თავგადასავლები გრძელდება, ნეტავ, ახლა რა მოიფიქრაო.“ ამ ფრაზამ კიდევ უფრო მეტად გამიღრმავა აზრი, რომ მოსწავლეს უნდა უხაროდეს გაკვეთილზე ყოფნა, შიშით არ უნდა ელოდეს საკუთარი გვარის ამოკითხვას ჟურნალში. მოსწავლეებმა მაგიდიდან  აიღეს ფურცლები და მაშინვე გამოთქვეს  აზრი:

-მას, ეს რომ ჯერ არ გვისწავლია?

-მას, ცოქალი რომ ორს შეგვხდა, რა უნდა ვქნათ?

ყველას შევახსენე, რომ არც ერთ აქტივობას კლასში არ ვიწყებთ ზუსტი და მკაფიო ახსნა-რეკომენდაციების გარეშე . როდესაც ადგილები  დაიკავეს,  ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსენი ჯერ გაკვეთილის მიზანი და შედეგ ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ.  პირველ რიგში, მოსწავლეებს შევახსენე აუცილებელი პირობა – ერთად გვეთამაშა,  ანუ ყველა ერთად უნდა გადავფრენილიყავით მე-12 საუკუნეში, მიგვეხედა-მოგვეხედა, ეპოქა გაგვეაზრებინა, გვეგრძნო, რომ იმ პერიოდის მოქალაქეები ვიყავით 21-ე საუკუნის  შესაძლებლობებით . ამისათვის კი ნაბიჯები ნელა და ყურადღებით უნდა გადაგვედგა, რადგან პირადი გვერდები უნდა შეგვექმნა Facebook-ში . ამ   შეთავაზებას  საოცარი ემოცია მოჰყვა. მივხვდი, რომ ძალიან კარგ მედიაპროდუქტს შევქმნიდით; უმჯობესია  მოგიყვეთ,  როგორ განვითარდა მოვლენები .

მაშ, ასე :

ნაბიჯი 1. ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ისტორიული პროცესების გაანალიზება. როგორც უკვე ვახსენე, ამისათვის ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ  ინფორმაციულ ტექნოლოგიას, რაზეც ხელი მიგვიწვდება საკლასო ოთახში და ასევე სახელმძღვანელოს. თუ ინტერნეტის საშუალება არ გვაქვს კლასში, შესაძლებელია, მასწავლებელმა წინასწარ მოიძიოს თემის შესაბამისი საინტერესო მასალები, ამობეჭდოს და შემდეგ მოსწავლეებს უწილადოს. ამ მხრივ,  ძალიან საინტერესოა წყვილში მუშაობა.  ეცნობიან ახალ მასალას, ერთმანეთს უზიარებენ მოძებნილ ინფორმაციაზე მოსაზრებებს, არჩევენ მნიშვნელოვან მოვლენებს. შემდეგ იწყებენ საკუთარი პერსონაჟის მახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლას, პირადი პროფილის სურათის დახატვას და რაც მთავარია, ჩემი მოსწავლეებიც არასოდეს უშინდებიან სიახლეებს, დამოუკიდებლად აზროვნებენ, სვამენ რთულ კითხვებს და ჩვენ ერთად ვეძებთ პასუხებს, პასუხებისგან კი შეიქმნა ისეთი ფეისგვერდები, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოსწავლემ არა მხოლოდ გაიაზრა ისტორიული პროცესები და შეისწავლა პიროვნება,  არამედ შეძლო,  ისე დაეხატა მისი პირადი გვერდი, რომ მთავარი გზავნილები სხვებისთვის ყოფილიყო  სახალისოც, პროდუქტიულიც და საინტერესოც.

ნაბიჯი 2. წარდგენა . ეს ის პროცესია, რომელსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. სამუშაო პროცესის დროს ჩემს მოსწავლეებს ვაკვირდებოდი, თვალს ვადევნებდი მათ ჩართულობას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას,  როცა ვუსმენდი, როგორ მსჯელობენ, ხვდებოდი , რომ მათ ეს სამუშაო ძალიან მოსწონთ, თეთრი ქაღალდები ნელ-ნელა გადაიქცა ფეისბუქის გვერდებად, გათვალისწინებული იყო ყველა ის დეტალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევიტყოთ პიროვნების შესახებ საინტერესო ინფორმაცია, გავიგოთ, რა ახარებთ და რას აქცევენ ყურადღებას, ყველაზე სახალისო კი ის კომენტარები ჩანდა, რომელიც განსაკუთრებული გაფორმებით გამოირჩეოდა. ასეთი სამუშაო პროცესების გადაღება ჩვენი გაკვეთილების მეგზურია.  ამჯერად წარდგენის ვიდეო-მასალას გთავაზობთ და თავადვე შეძლებთ შეაფასოთ,  რამდენად საინტერესოდ წარიმართა ჩვენი გაკვეთილი

ზარის დარეკვას კვლავ მოსწავლეების ფრაზა მოჰყვა:

-მას , ჩვენ უკვე იმაზე მეტი ვიცით , ვიდრე სახელმძღვანელოშია …

დიახ, ნამდვილად ასე იყო, ერთმანეთის მოსმენის შემდეგ თამარის ეპოქაზე , სოციალურ-ეკონომიკურ სიახლეებზე, ისნის კარვის მოთხოვნებზე, მისი მოგვარების გზებზე ინფორმაციას გავეცანით. მოვისმინეთ, როგორ „დაჩეკინდა“ აბუბაქრი შამქორს და როგორ გააქციეს ქართველებმა, გავიცანით შოთა რუსთაველი, რომელმაც თავისი გვერდით გვამცნო, რომ დაასრულა  „ვეფხისტყაოსანი“… კლასმა ჩაინიშნა ახალი დავალება და დავთქვით

შეხვედრა საღამოს, რეალურ სოციალურ ქსელში  ირეალური პერსონალური გვერდებით.

ნაბიჯი 3 .  ისტორიული პირები სოციალურ ქსელში ჩნდებიან .

-ნინო,  ბასილ ეზოსმოძღვარი დამეგობრებას მთხოვს, შენი მოსწავლეა?

-ნინო, გიორგი რუსი მეჩხუბება, ვერ გავიგე, რა დავუშავე !

– ვინაა ეს, არა თამარ მეფესო, რომ წერს?

ასეთი აურზაური დაატრიალეს საღამოს ჩემმა მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში. რაც ყველაზე მთავარია, ყველა იღიმოდა და აზიარებდა  ჩემების კომენტარებს. მეტიც, მალევე გამოჩნდა გამოცდილების ახალი მაგალითები, გამომეხმაურნენ ის მასწავლებლებიც, რომლებსაც  უკვე გამოყენებული ჰქონდათ მსგავსი აქტივობა .. მაგრამ… ყველაზე კმაყოფილები მაინც ჩემი მოსწავლეები იყვნენ.  ამიტომაც არ დავაყოვნე დიდი ხანი და სულ რაღაც ორ კვირაში  უკვე „დატვიტვინება“ შევთავაზე ტვიტერზე..

ეს უკვე ახალი  “თამაშის” ისტორიაა…

 

 

   „თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…“

0

ჩემი სამი წლის ძმისშვილი სესილი მთელი ზამთარი თავგამოდებით მღერის: „ფიფქებო, ფიფქებო, ქათქათა ფიფქებო“, მაგრამ წარმოდგენაც არა აქვს, რა არის ეს ფიფქები – ტკბილეული, ფუშფუშა კაბები, თოჯინები თუ ყვავილები. სესილის, რომელიც თბილისში იზრდება, ჯერ თოვლი არ უნახავს.

არადა, სადაც ზამთარია, იქ თოვლის მოლოდინიც ხოა და, ვისაც თბილისში დიდი და ფუმფულა თოვლი ახსოვს, მისთვის განსაკუთრებით დამთრგუნველი ამბავია ეს ქრონიკული უთოვლობა. იფიქრებთ, ამ თემაზე ხომ ისედაც აჭრელებულია სოცმედიაც და ჩვენი ყოველდღურობაც, რა სალაპარაკო ახლა ესააო, მაგრამ, თუ არ დაიზარებთ და ამ წერილს ცოტა ქვემოთ კიდევ ჩაჰყვებით, ჩემს მთავარ სათქმელსაც მიადგებით.

თოვლისა და თბილისის ურთიერთსიყვარულის, მერე ამ სიყვარულში გაჩენილი კონფლიქტის და თბილისის ქუჩებიდან, ხეებიდან და სახურავებიდან ფეხამოკვეთილი თოვლის ამბავი ისეთივე გრძელია, როგორც თავად თბილისი ან ეს მონატრებული, მშვენიერი და სადედოფლო ძღვენივით სპეტაკი თოვლი. ამ გრძელ ამბავს სად აღარ წააწყდებით – ფოტოებში, ვიდეო-არქივებში, უფროსი თაობის ზეპირ გადმოცემებში (მაგალითად, დედაჩემი ირწმუნება, რომ თავის ბავშვობაში ისეთი დიდთოვლობაც ახსოვს, როცა ვარაზისხევის აღმართიდან დაშვებული ბავშვები პირდაპირ ცირკის კარიბჭესთან მიაგელვებდნენ ხოლმე ლაგამამოდებულ ციგებს, ისე იყო გადასწორებული ცა და დედამიწა). მეც მახსოვს უხვთოვლიანი ზამთრები, ამ თოვლში აჟრიამულებული ქალაქი და ლამპიონების თაფლისფერ შუქზე ირიბად დაშვებული ფიფქების ფარდა, რაღაც აუხსნელი სიმშვიდის და ჯადოსნური ჟრუანტელის მომგვრელი…

მაგრამ, ალბათ ყველაზე უკეთესად, თბილისური თოვლის ამბები მაინც ლიტერატურამ შემოინახა. კარგმა წიგნებმა, სადაც მწერლებმა თბილისური თოვლი ისე აღწერეს, არავის რომ არ დაავიწყდება. თან ეს თოვლი მხოლოდ ფონი კი არაა, არამედ, პირველ რიგში, განწყობა და გარემო, რომელიც პერსონაჟებს არსებითი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, უმსუბუქებს ან პირიქით, უმძაფრებს ამ პროცესს.

ვისაც გურამ რჩეულიშვილის დიდი შემოქმედება კარგად ახსოვს, ალბათ პირველი მასაც ეს მწერალი მოაგონდება. რჩეულიშვილის შემოქმედება მთლიანობის საზრისითაა გამსჭვალული, შესაბამისად, მისთვის ყველაფერი თანაბარი ვნებით აღიქმება – თოვლიც და გაზაფხულიც, ქალაქიც და მთაც, ყველაფერს მწერლის ღონიერი ხელი ატყვია, ისეთი მხატვრული ოსტატობითაა გადამუშავებული ნიუანსურ დეტალშიც და მთლიან ატმოსფეროშიც.

„მთელი ღამე თოვდა. დილით ჩემს ქუჩაზე სრიალით დავეშვი… ცა იწმინდებოდა. აქა-იქ მოყინულ წყალზე ფეხს განგებ ვაცურებდი. დიდ ქუჩაზე თოვლს უკვე მოესწრო ატალახება. მეეზოვეები ქვაფენილებიდან მანქანის ბორბლებს შუა ყრიდნენ გამდნარ გუნდებს. მე ლაპლაპა ყინულზე ვცადე გაცურება, მაგრამ ჩამიტყდა და ფეხი დავისველე. ბევრი ველოდე ტროლეიბუსს.

შემცივდა. როგორც იყო, მივედი რადიოკომიტეტში. ჩემი როლი სხვისთვის მიეცათ, სამაგიეროდ მეორეხარისხოვანი პარტიის შესრულება შემომთავაზეს.

გული დამწყდა. გამოვედი გარეთ. ღრუბელი ისევ შეკრულიყო და თოვას იწყებდა. ცოტა ხნის შემდეგ წამოთოვა კიდეც; ჯერ წვრილი ფიფქებით, მერე ბარდნა დაიწყო. დათბა. მე ისევ კარგ ხასიათზე დავდექი“.

ეს ფრაგმენტი გურამ რჩეულიშვილის ნოველიდანაა. ნოველას  „კოლა და ვანო“ ჰქვია და 1956 წლის ოქტომბერშია დაწერილი. კიდევ უამრავი ასეთი ფრაგმენტის მოხმობა შეგვიძლია მისი შემოქმედებიდან, სადაც ხან უხვი და გაუკვალავი თოვლის შარიშურს, ხან მზეში აჭრილი ნათოვლარის ჭყაპაჭყუპსაც მოისმენთ, ხელშესახებადაც იგრძნობთ, როგორ თოვდა თბილისში, როგორ უცვლიდა ფერს და იერს ეს თოვლი ქალაქს, მერე როგორ გადაინაცვლა მან ლიტერატურაში და სამუდამოდ, აუღებლად დარჩა იქ, როგორც თბილისური ზამთრის წარუშლელი ხსოვნა.

თუ ვინმეს თოვლზე უწერია, ალბათ ყველაზე უფრო მგზნებარედ და ხვავრიელად – პოეტ ბათუ დანელიას. ამ ვითარების გათვალისწინებით, მას თოვლის პოეტიც კი შეიძლება ვუწოდოთ და თოვლში მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა კი არა, ბევრად უფრო მიღმიერი, უთვალსაწიერო სისპეტაკის წყურვილი და ვნება ვიგულისხმოთ. მის ერთ ლექსს სულაც „თოვლომანია“ ჰქვია და კარგად გამოხატავს პოეტის თოვლის მიმართ აღმამფრენ ახირებას. ჭაშნიკად კი, ბათუ დანელიას ლექსს „მთაწმინდის წერილი მეტეხს“ გთავაზობთ:

როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითესათათეს _
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,
ვისთვისაც ვარამი ადათობს,
უთხარი, ფიქრები გადადოს
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და გულში დაგროვილ წვათათვის
დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის
არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს!“.

 

მახსენდება ბექა ქურხულის  მოთხრობა „ქალაქი თოვლში“, რომელიც პირდაპირ თოვლიანი პეიზაჟით იწყება და მკითხველსაც ასეთ გარემოში ეპატიჟება:

„დიდი თოვლი მოვიდა. გადაბურული იყო მთელი უბანი. აი, ისე, რომ გგონია, რომ აღარასოდეს გაზაფხულდება და ასფალტზე დაყინული თოვლიც აღარასოდეს გალღვება. უბერავდა ქარი, ატრიალებდა ნამქერს.

იმ დღეს ქარი არ იყო და თითქოს მზეც გამოეპარა შავ, ჩაკუნაპეტებულ ღრუბლებს. თეთრი თოვლიდან უცნაურად ანათებდა ლურჯი ყინული. დათოვლილი, ტოტგადაღუნული, მარტოხელა შავი ხე ტროტუარიდან თითქოს უადგილოდ ამოზრდილიყო. ეს ხე ბავშვების საყვარელი სათამაშო ადგილი იყო და მთელი უბანი იმ უცნაურად გადაბრეცილ ტოტზე გაიზარდა“.

 

ამ მოთხრობაში თოვლიც ისეთივე მთავარი პერსონაჟია, როგორც დანარჩენი, რეალური გმირები – ომგამოვლილი ქალაქის ბინადარი, გადარეული, ლამაზი და დარდებისმმალავი გოგოები და ბიჭები. ეს თოვლი ერთი გაბმული მოტივია, ე.წ. 90-იანების ქართულ პროზაში, ყველა სხვა თოვლისგან გამოარჩევთ, რადგან მასზე დროის უტყუარი ანაბეჭდია დადუღებული – ავტომატის ჯერით დაცხრილული ცის მტვერით, სისხლით და გამხმარი ცრემლითაა დასვრილი…

 

მართალია, თბილისის ნაცვლად ქუთაისზე hყვება, მაგრამ როცა ისეთ ტექსტებს ვიხსენებ, თოვლიანი ქალაქი სადაცაა აღწერილი, შეუძლებელია რეზო გაბრიაძის მოთხრობის გარეშე ჩავათავო ეს ფიქრი. „ექიმი და ავადმყოფი“ – ასე ჰქვია ამ გენიალურ მოთხრობას და იქ რომ თოვლია აღწერილი, სულ მგონია, რომ ერთხელაც გადმოლახავს მოთხრობის ფურცლებს და მკითხველს ხელისგულზე გადმოიბნევა. ისეთი უხვი, გემრიელი და ნამდვილზე კიდევ უფრო მეტია თოვლი, რომელმაც შობისთვის უნდა მოამზადოს ადამიანთა გულები – ჯერ ტკივილების, ეჭვების და წარსულის ნამქერით ამოავსოს, ამოჩურთოს, მერე ამ გაუკვალავზე ანგელოზის ნაფეხურები გვირისტივით გადაატაროს და ამ ნაკერს გააყოლოს ადამიანი, შობის ღამეს ქრისტესავით ხელახლა დაბადებული, განწმენდილი და გალამაზებული…

„მთვარის ნათება თოვლის სითეთრისაგან გასამებული იყო. ქარიც ჩაწყნარდა, აგერ-აგერ ანაწილებდა თოვლს ღობეებში, ისე, ტყვილა, თავისთვის.

ქუჩები გასუფთავდა, აღარ ჩანდნენ ჩამპალი კიბეები, დაგრეხილი აივნები, ორმოები, წუმპეები, დაღრეცილი ბორდიურები, ჟეშტები, ფანერკები, სვარკა. ყველაფერი გალამაზდა და განაზდა. ძველებურ შობის ატრიტკას დაემსგავსა ქუთაისი“.

კიდევ უამრავი ტექსტის მოხმობა შეიძლება, ალბათ თქვენც რამდენი მოთხრობა თუ ნოველა გაგახსენდათ, სადაც ქალაქური თოვლია აღწერილი. ყველა მათგანი იმ ხსოვნის საცავში მიათვალეთ, რომელზეც ამინდები არ მოქმედებს, პირიქით – თავად ქმნის ამინდებს და გაგანია ზაფხულშიც, ან ყველაზე უთოვლო ზამთარშიც შეუძლია ხელისგულებზე ფიფქების დნობა განგაცდევინოთ, მუხლამდე თოვლი გაგაკვალინოთ ან ცისკენ აგაშვერინოთ თვალები, ბალიშისხელა ფანტელების ჩასახუჭად…

ეს შეუძლია ლიტერატურას. უფრო მეტიც, მას შეუძლია, ნამდვილი თოვლი მოიყვანოს, გამოიწვიოს ზეციდან. თუკი ხშირ-ხშირად გაიმეორებთ ასეთ სტრიქონებს, შელოცვასავით სიტყვებს, ასეთებს, როგორის გალაკტიონის ამ ლექსშია:

„…თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,

იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი,

ნუ ჩამიქრები… და იქაც შიგნით, სულში,

თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…“.

 

 

ქიმიკოსები არ ხუმრობენ

0

ვინ იცის, რამდენ ადამიანს დაუდგამს ფეხი ადამის მოდგმის გაჩენის დღიდან ამ სველ, ტალახიან დედამიწაზე… და კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე, მიუხედავად ომებისა, ვირუსებისა და გეოგრაფიული კატაკლიზმებისა. ყოველი ეპოქა, ყოველი ერი თავის კვალს აჩნევს ისტორიას – იბრძვის, აშენებს, აქანდაკებს, ხატავს, წერს და მერე საუკუნოდ მოაქვს თავი თავისი ხელქმნილით.

საუკუნო საქმის ჩამდენთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მოაზროვნეებს, ძველი დროის ფილოსოფოსებით დაწყებული, ჩვენი თანამედროვეებით დამთავრებული. ძნელი სათქმელია, როდენი უფრო დიდია თუ მიქელანჯელო. დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვით, პითაგორას აზრის საჭრეთელი უფრო ბასრი იყო თუ კანტის მოქნეული სიტყვა. თუმცა ყველას ჰყავს თავისი რჩეული… თითქმის ჩვენს თანამედროვეს, კონსტანტინე კაპანელს, უდიდეს მოაზროვნედ ვაჟა-ფშაველა მიაჩნდა, ხოლო უდიდეს ფილოსოფიურ ნაშრომად – მისი „გველისმჭამელი“. მინდიამ ტანჯვით (გველის ხორცის ჭამით) შეიმეცნა სამყარო, ანუ მიაღწია ადამიანის ყველაზე შორეულ და საოცნებო მდგომარეობას. მას ესმის სამყაროს ენა: ენა ნადირ-ფრინველის, ხის, ბალახის… ჩვენმა გონიერმა წინაპარმა სამყაროს „ენის“ შემსწავლელ მეცნიერებას ზედმიწევნით ზუსტი და მოხდენილი სახელი შეურჩია – „ბუნებისმეტყველება“, რომლის სადარიც სხვა ენაში არ მეგულება.

ბუნებისმეტყველების კანონების ცოდნა თითოეულ ჩვენგანს „პატარა მინდიად“ აქცევს. რამდენი რამ ხდება ქვეყნად ისეთი, რაც ამ კანონების არცოდნის გამო ვერ აგვიხსნია? კლდიდან მოწყვეტილ ქვას თუ ციდან ჩამოვარდნილ ყინულის ნატეხს თავი ერთნაირად რომ უნდა ავარიდოთ, ყველამ ვიცით. ვიცით პრაქტიკით – ან თავად გვიწვევნია მოხვედრის სიმწარე, ან სხვა გვინახავს თავგატეხილი. მაგრამ რამდენმა იცის, რატომ იძირება წყალში იგივე ქვა, ხოლო ყინული – არა? აი, ბუნებისმეტყველებმა კი ვიცით. ცნობილია, რომ ნივთიერებები გაცხელებისას ფართოვდება, ხოლო გაცივებისას იკუმშება. მაგრამ ეს საყოველთაო წესი არ გახლავთ. ზოგიერთ ნივთიერებას, მათ შორის – წყალსაც, ანომალიური თვისებები აქვს. წყალი მოცულობის მინიმუმს +4°-ზე აღწევს. ამ ტემპერატურის ზემოთ და ქვემოთ მოლეკულებს შორის მანძილი იზრდება. შესაბამისად, მცირდება ნივთიერების სიმკვრივეც. ამიტომ ერთი კუბური სანტიმეტრი ყინული უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე იმავე მოცულობის +4° ტემპერატურის წყალი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყინული წყალზე მსუბუქია. ამიტომაც არ იძირება წყალში არც თხილისოდენა სეტყვის მარცვალი და არც „ტიტანიკზე“ დიდი აისბერგი.

კიდევ რა ყოფითი მაგალითი მოვიყვანოთ? ყველას გვინახავს მოყინულ გზებზე დაყრილი მარილი, მისი დანიშნულებაც ბევრმა იცის, მაგრამ რამდენს შეუძლია ახსნას, რატომ იქცევა წყლად მარილმოყრილი ყინული? თოვლი გათბობისას ლღვება, მაგრამ თუ გგონიათ, მარილი თოვლს ათბობს, მწარედ ცდებით. უფრო მეტიც: თოვლის ტემპერატურა თუ დაახლოებით 0 გრადუსია, მარილის მოყრის შემდეგ შეიძლება მინუს 10°-მდე დაეცეს. მაშ, რა ხდება? საქმე ის არის, რომ 0°C სუფთა წყლის გაყინვის ტემპერატურაა, მარილების (დიახ, მარილების, რადგან ქიმიკოსისთვის „მარილი“ ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე უბრალოდ სუფრის მარილი – NaCl) წყალხსნარები კი სხვა ტემპერატურაზე იყინება. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გაყინვის ტემპერატურა, მარილის რაოდენობის მიხედვით, შეიძლება -20°C-ც კი იყოს. ასე რომ, თოვლი მარილის დაყრისას ცივდება, მაგრამ ლღვება. ცხადია, თუ გარემოს ტემპერატურა -20°C-ზე დაბალია, მოყინულ გზებზე მარილის დაყრას აზრი არ ექნება.

რამდენჯერ გვიტირია ხახვის დაჭრისას? არადა, რაც უფრო ცხარე ცრემლით გვატირებს, მით უფრო გემრიელია ეს ბაღჩეული. მაგრამ თუ პირს ასე უყვარს, რატომ ვერ იტანენ ჩვენი თვალები?

ვიცით, რომ ხილი და ბოსტნეული ეთერზეთებს შეიცავს. სუნი და გემო სწორედ მათზეა დამოკიდებული. მაგრამ ხახვის დაჭრისას თვალებს უშუალოდ ეთერზეთი კი არა, მისი დაშლის პროდუქტი გვწვავს, რომელიც ლაკრიმატორების ჯგუფს მიეკუთვნება.

ხახვი შეიცავს 1-პროპენილ-L-ცისტეინ სულფოქსიდს, რომელიც დაჭრის შემდეგ ენზიმ ალინაზასა და წყლის ზემოქმედებით იძლევა 1-პროპენილსულფონმჟავას, ეს უკანასკნელი კი უმალვე იშლება ლაკრიმატორული თვისებების მქონე პროპანთიალ S-ოქსიდად. თითოეული მათგანის თვისებებს თუ ჩახედავთ, შეიძლება შეშინდეთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ; ქიმიკოსების ყველაზე დიდ ოპონენტებს, ტოქსიკოლოგებს, ეკუთვნით ფრაზა: „არ არსებობს ტოქსიკური ნივთიერება, არსებობს ტოქსიკური დოზა“. რას გვაძლევს ამ „ფორმულების“ ცოდნა? იმას, რომ ერთი და იმავე სახეობის ხახვს თუ ისეთ ნიადაგში მოვიყვანთ, რომელშიც გოგირდის შემცველობა მაღალია, უფრო მძაფრი სუნი ექნება და უფრო მწარედ გვატირებს.

როგორ დავჭრათ ხახვი უცრემლოდ? წინასწარ კარგად გავაცივოთ. დაბალ ტემპერატურაზე მცირდება როგორც ნივთიერებათა აქროლადობა, ისე ქიმიური რეაქციის სიჩქარეც და 1-პროპენილ-L-ცისტეინ სულფოქსიდისგან ცრემლმდენი პროპანთიალ S-ოქსიდი ნაკლებად წარმოიქნება.

ვაჟა-ფშაველას „მინდიად“ ქცევისთვის ათეულობით უნივერსიტეტის დამთავრებაც არ გვეყოფა, ზემომოყვანილი მაგალითების არსში გასარკვევად კი სკოლის მერხიც საკმარისია.

„გაბაასება“ , ანუ – „ვეფხისტყაოსანი“ და „პარციფალი“

0

ცოტა ხნის წინ ერთ უჩვეულო და საინტერესო წარმოდგენას დავესწარი. აფიშა იუწყებოდა:

გასაუბრება რუსთაველისა და ვილი ვესპერისა

 

სკოლის დარბაზში მოწყობილ სცენაზე მე-11 კლასელებმა ხალისით, ხალასად, ინტერესით და საოცარი მოწადინებით  „გააცოცხლეს“ ჩვენი პოემის „ბიჭები და გოგოები“ და გერმანული ეპოსის ცნობილი გმირის, „პარციფალის“ პერსონაჟები.

ამ მოულოდნელი „გაბაასების“ ნახვის შემდეგ უამრავი აზრი და ემოცია მომეძალა. საბოლოოდ ეს აზრები და ემოციები კითხვებად დაიწურა და ამ კითხვებზე პასუხების გაცემა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნუნუ მილორავას ვთხოვე.

დარწმუნებული ვარ, მისი წარმატებული პროექტის გაცნობა საინტერესო იქნება კოლეგებისთვის.

ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა რომ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამის შესახებ არაერთი მოსაზრება გამოთქმულა. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, სკოლა და მასწავლებელი გარკვეული გამოწვევის წინაშე დგას. ამ ვითარებაში წარმატებული გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორია თქვენი ხედვა? როგორ მიაღწიეთ იმას, რომ მოზარდები ინტერესით და ხალისით შეუდგნენ ტექსტის შესწავლას და კვლევას?

ნუნუ მილორავა: თუ გავიხსენებთ გია მურღულიას სიტყვებს: „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა არ შეიძლება ერთი წაკითხვით, ეს მარადიულობას ნაზიარები დიდი სიბრძნისა და მხატვრული ღირებულების მქონე პოემა ისეთი მრავალწახნაგოვანი სამყაროა, რომლის შეცნობასაც ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება მოანდომოს’’. პოემის  გაცნობას ეპოქის ისტორიულ-ლიტერატურული მიმოხილვით ვიწყებ. უცილო პირობად მიმაჩნია კლასის მაქსიმალური ჩართულობა. თითოეულმა მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი და მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში, არ უნდა დარჩეს პასიურ მსმენელად. ტექსტზე მუშაობას ვიწყებ ე.წ. გონებრივი იერიშით:

  • რა ვიცით „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ?
  • პოემის რომელ ეპიზოდები იცით?
  • რომელ პერსონაჟებს იცნობთ?
  • თქვენი აზრით რა განაპირობებს პოემისადმი ესოდენ დიდ ინტერესს, მის უკვდავებას?

 

მოსწავლეებს მოსწონთ სიუჟეტი, აფორიზმები, სენტენციები, მიიჩნევენ, რომ თითოეულ ბრძნულ გამონათქვამზე შესაძლოა დაიწეროს არგუმენტირებული ესე და წერენ კიდეც. საინტერესოდ, თანამედროვე გადასახედიდან, იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებიდან, მორალური კოდექსიდან  გამომდინარე, რაც შეუძლებელია გადაფასდეს, რაც სრულად შლის ზღვარს წარსულსა და აწმყოს შორის…

დილემა…

„ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას ტექსტის შინაარსობრივი გააზრება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მხოლოდ სიუჟეტით შემოვიფარგლებით, ჩვენი მიზანი – აღვზარდოთ მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონე „მშვენიერ წიგნის“ მკითხველი თაობა, რომლისთვისაც  „ვეფხისტყაოსანი“ „დიდი მარგი“ გახდება, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება, სამაგიეროდ, წავახალისებთ „გადამკითხველებს“, რომლებიც ამ გენიალურ ნაწარმოებს არასოდეს გადაშლიან…

ინტერკულტურული დიალოგი

სკოლაში, სადაც ვასწავლი (ვალდორფის სკოლა) მაღალ კლასებში ქართული ლიტერატურა ისწავლება ევროპული და ზოგადად მსოფლიო ლიტერატურის ჭრილში, რაც თავისთავად გულისხმობს, არამარტო მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებით მოსწავლეების დაინტერესებასა და თვალსაწიერის გაფართოებას, არამედ ქართული ეროვნული კულტურისა და ლიტერატურის  კავშირს მსოფლიო ლიტერატურასთან და ამავე დროს მისი თვითმყოფადობის, ორიგინალობისა და განსაკუთრბულობის გააზრებას.

რაც შეეხება მონოკულტურულ ჭრილში პოემის განხილვას, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ამის უფლებას რუსთაველი არ მოგვცემს იმ სულიერი და ზნეობრივი ფასეულობებით, ეგზისტენციალური თემებით, სხვდასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებით, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ – ეს სიყვარულისა და მეგობრობის ენაა:  ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ – მოყვარე კი ხან არაბია, ხან ინდოელი და ხანაც   გეოგრაფიულ რუკაზე არარსებული ქვეყნის წარმომადგენელი, ისინი ერთ მთლიანობას ქმნიან და ეს მთლიანობა არის ჰუმანიზმით გასხივოსნებული სამყარო, სადაც დევიზია: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად…“

გერმანელ კოლეგასთან თანამშრომლობა, ურთიერთდასწრება,  შეიძლება ითქვას, ერთობლივი, ინტეგრირებული გაკვეთილები ვალდორფის სკოლაში ერთგვარ ტრადიციადაა ქცეული, გამოცდილების გაზიარება ბევრის მომცემია, ჩემი კოლეგა მალტე შუხარტი ხელოვნებათმცოდნეა, იკვლევს ქართული ლიტერატურის კავშირს, არა მარტო გერმანულ მწერლობასთან, არამედ ევროპულთანაც. ის დაინტერესდა „პარციფალისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ პარალელებით, წელს ავიღეთ ვილი ვესპერის „პარციფალი“ (ვიტალი დარსანიას თარგმანი).

წინარე ცოდნა და კვლევის წახალისება…

„გრაალის ციკლის“ ნაწამოებებს მოსწავლეები დაბალ კლასებში ეცნობიან, ხოლო ეშენბახის „პარციფალს“ – მე-11 კლასში. ბუნებრივია, შუა საუკუნეების, საგმირო-სარაინდო რომანის გააზრება წარმოუდგენელია „ვეფხისტყაოსანთან“ პარალელის გარეშე. მოსწავლეები აფიქსირებენ მსგავსება-განსხვავებას, საკვლევად ვუთითებ გულჩინა აკოფაშვილის „შუა საუკუნეების რაინდობა საქართველოში“. წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია ფრანგი ქართველოლოგის, მარი ბროსეს, კვლევებით   დაწყებული – კაკაბაძის დიდგორის ომით დამთავრებული.

მოსწავლეებისთვის „პარციფალი“ საინტერესო, სათავგადასავლო რომანია, რომელშიც ადამიანის სულიერი განვითარების გზაა აღბეჭდილი, მთელი თავისი სირთულეებით, სიხარულითა და ტკივილით, გამარჯვებითა და მარცხით, მიმტევებლობითა და დაუნდობლობით, გულუბრყვილობითა და სიბრძნით… მოსწავლეები ინტერესით ეცნობიან სიუჟეტს, ითავისებენ პერსონაჟთა პრობლემებს, წერენ წერილებს და აძლევენ რჩევებს…

ყოველ ახალ კლასს მოაქვს რამდენადმე განსხვავებული, თავისებური განწყობა,  დამოკიდებულება – ეს თავისთავად სიახლეა, რაც საინტერესო შენაკადებს ქმნის.

სცენა, როგორც შემეცნების ასპარეზი

რაც შეეხება სასცენო წარმოდგენას „გასაუბრება რუსთაველისა და ვილი ვესპერისა“- შეიძლება ითქვას, იდეა ერთობლივად გაჩნდა. შედარებამ, რომლის ფონზე გამოიკვეთა  რაოდენ მნიშვნელოვანია თანადგომა, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის მოზიარეობა, რომელიც ჩვენი ადამიანური არსებობის უცილო პირობაა: „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“.

ზოგადად, ვალდორფის სკოლებში სპექტაკლი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, სწავლების აქტიური ფორმა, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენს მიზანს  კონკრეტული სასწავლო მასალის გააზრება-გათავისება წარმოადგენდა. მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით შექმნეს სცენარისტთა ჯგუფი, სცენარის მიხედვით, რომელიც კლასის აქტიური კონსულტაციებითა და განხილვით მიმდინარეობდა, საბოოლო ვარიანტში რუსთაველისა და ვილი ვესპერის გარდა მონაწილეობდნენ ტარიელი და პარციფალი, ავთანდილი და გურნემაცი, ჰერცელაიდე და თინათინი, ნესტანი და იეშუტე.

იყო სრული ჩართულობა ყველა მოსწავლის მხრიდან და თითოეული მათგანი დიდი სერიოზულობით მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობას.

ფაქტია, რომ რამდენადაც გრძნობენ დამოუკიდებლობას, ნდობას იმდენად იზრდება მათი პასუხიმგებლობის ხარისხი.

მოსწავლეთა პერსპექტივიდან…

„ვეფხისტყაოსანი“ და „პარციფალი“ გვესაუბრება მეგობრობასა და სიყვარულზე; თვითშემეცნებისაკენ მიმავალ გზასა და მიზნებისაკენ სწრაფვაზე. თემები, რომლებიც აქტუალურია სხვადსხვა ეროვნებისა და კულტურის ავტორთა შემოქმედებაში გვიფართოებს თვალსაწიერს… ჩემთვის „სცენარისტის“ ამპლუა იყო საინტერესო და საპასუხისმგებლო.“ (ანანო ეხვაია).

„პარალელებმა გააჩინა იდეა შეგვეხვედრებინა ტარიელი და პარციფალი, მეტიც, დაგვემეგობრებინა ისინი. სხვა პერსონაჟებსაც გაეცნოთ ერთმანეთი, ისე გაგვიტაცა ამ მოსაზრებამ, რომ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო გუნდური მუშაობა შედგა, რომელიც  არაჩვეულებრივი, ჩვენთვის დაუვიწყარი შედეგით დაგვირგვინდა.“(ნინო ქოიავა).

„არასოდეს დამავიწყდება „ვეფხისტყაოსნი“ და „პარციფალი“. ორივე ნაწარმოები გვაფიქრებს, გვასწავლის და გამოცდილებას გვძენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველ და ევროპელ რაინდებს შორის საერთო, რომელიც კიდევ ერთი დასტურია ჩვენი კულტურისა და ზნეობრივი ღირებულებულებებისა.“ (ნატა გაბათაშვილი).

დასასრულ…

ნუნუ მილორავა: ვფიქრობ, პედაგოგისათვის, სირთულეების მიუხედავად, სიხარულის მომნიჭებელი უნდა იყოს მოსწავლეებთან მუშაობა. უნდა  ვაღიაროთ თითოეული მათგანის ინდივიდუალობა და პიროვნულობა. შევძლოთ ზომიერების დაცვა როგორც შექების, ასევე საყვედურისას.  ყოველი ახალი მასალა შევიტანოთ  სიახლის განცდით, ისე, თითქოს პირველად შეგვაქვს, ინტერესით მოვისმინოთ თითოეულის მოსაზრება, შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც პატივისცემა და ურთიერთდახმარება პრიორიტეტებად დაისახება და რაც მთავარია, ზნეობრივი მოთხოვნები პირველ რიგში, წავუყენოთ საკუთარ თავს და შემდეგ ჩვენს აღსაზრდელებს.

 

 

 

ილუზია და ცოდნა

0

„ადამიანთა 99% რეალობას აღიქვამს არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთად, როგორადაც ის ინტერპრეტირებულია წარსულის გამოცდილებისა და მზა შეხედულებების მიერ“.

ჯო დისპენზა

 

„ცნობიერება ხრიკების ნაკრებია“.

მარვინი

 

რამდენი რამ გვეჩვენება სამყაროში ისეთად, როგორიც ის არასდროს ყოფილა? ეს ეხება საგნებს, ფაქტებს, მოვლენებს, ურთიერთობებს… მერე ვამბობთ, რომ „მოგვეჩვენა“.

გიფიქრიათ, რატომ გვეჩვენება რეალობა დამახინჯებულად და ზოგჯერ ასიმეტრიულადაც კი? რაზეა დამოკიდებული ჩვენი „მოჩვენებები“?

უცნაურია, როცა რაღაცას ვუყურებთ და ხან თვალი გვატყუებს, ხან – ყური, ხან – გონება, და რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით ამ საკითხს, მით უფრო ყალბად გამოიყურება სამყარო და ადამიანთა ქცევა და ურთიერთობა ამ სამყაროში. რა თქმა უნდა, ადამიანი ამას უმეტესად ვერ აცნობიერებს და ცხოვრობს ასე, სტერეოტიპებისა და წარმოდგენების ტყვეობაში; მუდამ ზედაპირზე დაფარფატებს და ვერასდროს სწვდება სიღრმეს.

ყველაფერი კი შეიძლება სკოლიდან დაიწყოს!

ბავშვის ცნობისმოყვარეობა მაშინ იზრდება, როდესაც ის რაღაც შეუსაბამოს აღმოაჩენს თავის გარშემო და „გამოძიებას“ იწყებს. აი, სწორედ ახლაა დრო, აუხსნა, ასწავლო, ცოდნა მიაწოდო. ამ გზით მიღებული გამოცდილება არასდროს დაავიწყდება. ასე რომ, ღირს, გავაოცოთ მოსწავლეები – კლასში, სტუდენტები – აუდიტორიაში და მერე ერთად ვიმოგზაუროთ ცოდნის სამყაროში.

ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც თბილისში „ილუზიების მუზეუმს“ ვეწვიე და ბავშვებთან ერთად მეც დიდი სიამოვნება მივიღე. საქართველოც შეემატა მსოფლიოს იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასეთი მუზეუმი არსებობს. ქართული მუზეუმის გახსნის იდეა „სარკე ჯგუფს“ ეკუთვნის. სწორედ მისი ინიციატივის შედეგია, რომ „მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს“.

საკმაოდ შთამბეჭდავი იდეაა ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად და არა მხოლოდ ბავშვებისთვის.

ილუზიის შესახებ სალექსიკონო სტატიებში ვკითხულობთ: მას შემდეგ, რაც 1854-55 წლებში ჯ. ოპელმა ილუზიის პირველი მეცნიერული ანალიზი გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ბუნებაში, შეგრძნებებში, აღქმასა და ხელოვნებაში არსებულ ილუზიებზე. ილუზიების შესწავლაში ოპელის მოკრძალებული წვლილი გახლდათ ხაზებით შემოსაზღვრული სიბრტყე, რომელიც უფრო გრძელი ჩანდა, როცა რამდენიმე სეგმენტად იყო დაყოფილი (ვარიანტი ა), ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ განაპირა ხაზებს ვხედავდით (ვარიანტი ბ).

ილუზიების მუზეუმში წარმოდგენილი 70-ზე მეტი ინსტალაცია ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას უფრო მეტად შეგაყვარებთ. რა საინტერესო იქნებოდა, ასეთი მოვლენების ასახსნელად მოსწავლეს კომპლექსური ცოდნა მიეღო სკოლაში! შესანიშნავი იდეაა ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაც, რომელიც ბავშვს დაეხმარებოდა, მთლიანობაში გაეაზრებინა მოვლენა.

ილუზიების მუზეუმის ერთ დარბაზში – მიაბიჯებ და ფეხდაფეხ „მოგყვება“ აინშტაინის ჰოლოგრამა; სხვა კედელზე სარკეების ეფექტით უსასრულობას ჩახედავ თვალებში; მერე ის გაგაოცებს, როგორ განსხვავდება სარკეში არეკლილი სურათი რეალობისგან. ხიდზე გადადიხარ და – ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამო გგონია, ხიდი ირწევა და სადაცაა, გადავარდები, სინამდვილეში კი მსგავსიც არაფერი ხდება.

მაშ, რა მოსდის ჩვენს გონებას? რატომ აღიქვამს მოძრაობას იქ, სადაც მოძრაობა არ არის? საინტერესოა, ხომ?

 

მსგავსი „ილუზიების“ მეცნიერული გააზრება საჭიროა. სხვაგვარად ეს ცრუ ცოდნა საგნებიდან და მოვლენებიდან სოციალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში გადაინაცვლებს და ბედნიერებაში ხელს შეგვიშლის.

როგორც ფილიპ ზიმბარდო წერს: ცრურწმენა (Prejudice) სამიზნე ობიექტის მიმართ წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს (არმოწონება ან შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს (სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებს არსებულ დამოკიდებულებას და ქცევით განზრახვებს – აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნეს ის, ვინც ამ სამიზნე ჯგუფს ეკუთვნის.

ამასთან დაკავშირებით ზიმბარდო ასეთ ამბავს გვიამბობს:

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდისპირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდისპირებს, იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე და ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ორივე ჯგუფის წევრებს მიმართავდნენ ჯგუფის ფერის შესაბამისი სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდა და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, საკუთარ ჯგუფს ცდისპირები უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც: მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდე გამოვლინდა, სანამ ცდისპირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ (Rabbie, 1981).

დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიასაც“ თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ფიქსირებულ განწყობათა შექმნა ადვილია, მით უმეტეს, რომ ეს მოვლენა, წესისაებრ, არაცნობიერია, ადამაინი კი მხოლოდ პრობლემებს, ანუ ზედაპირს ხედავს; სიღრმეში კი, აი, ეს ხდება: ფიქსირებული განწყობები იწვევს რეალობის დამახინჯებას; როდესაც რაღაც იცვლება (ან არსებობს შესაძლებლობა, შეიცვალოს), ჩვენი ცნობიერება მოვლენებს კვლავ ისე „ხედავს“, როგორც „მიჩვეულია“.

ახლა თუ ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ ცრურწმენებსაც გავიხსენებთ, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის, ამ სტერეოტიპების მიღმა აღიქვან სამყარო, მივხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობაა, ასწავლო ბავშვს, როგორ ტყუვდება თვალი, გონება, ცნობიერება და ის, რაც „ნამდვილი“ გვგონია, სინამდვილეში ილუზორულია, ცრურწმენებს ეფუძნება.

როცა ბავშვისთვის საინტერესო ფოკუსის ახსნას ცდილობენ, ის უარობს, რადგან ადამიანს სურს, სასწაულების სჯეროდეს. ბევრი ზრდასრულ ასაკშიც ილუზიების ტყვეობაში დარჩენას ამჯობინებს. ჰოდა, სანამ ასე მოხდება, მანამდე ჩვენ უნდა გავიკეთოთ „ცოდნის სათვალეები“ და ისე შევხედოთ სამყაროს.

განმავითარებელი შეფასება_ ,,რეფლექსიური დღიური“

0

განმავითარებელი შეფასების მიზანს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. მისი ნებისმიერი ფორმის გამოყენებისას, მასწავლებელი მოსწავლის შემდგომი წინსვლის ხელშესაწყობად, მაშინათვე, თანაც ნათლად და გასაგებად  მიუთითებს მიღწეულ შედეგზე და ამით მოტივაციას უზრდის და აქ კი არ ჩერდება, არამედ შეაშველებს ასევე კონკრეტულ და გასაგებ რჩევას გაუმჯობესებისთვის საჭირო  შემდგომი ნაბიჯზე/ნაბიჯებზე. შედეგებზე თვალმისადევნებლად ისეთი დავალების მოფიქრებაა საჭირო, რომელიც საგნის წინაშე დასახულ გრძელვადიანი მიზნებთან მიმართებაში მოსწავლის ცოდნასა და უნარებზე თვალის მიდევნების საშუალებას იძლევა.

დავალების დასრულების და წარდგენის შემდეგ, უკეთესია, როცა მოსწავლე თვითშეფასებას  აკეთებს, რადგან გაიაზრებს კიდეც რა და რატომ გააკეთა და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.

თუ მოსწავლეს თანდათანობით თვითშეფასებისთვის საჭირო გამოცდილებას შევძენთ, ის შეძლებს საკუთარი საქმიანობის_ სწავლის მართვას. ეს არ იქნება ერთჯერადი ქცევა. ამ უნარის განვითარებით, ის მუდმივად გაუწევს მონიტორინგს საკუთარ სწავლას.  მისთვის სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და შედეგიანი გახდება.  სხვადასხვა აქტივობებში საკუთარი მონაწილეობისა და შედეგების შეფასების უნარი, მას ხელს შეუწყობს თავად აიღოს პასუხისმგებლობა  სწავლის გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირის ეგიდით განხორციელებული პროექტის ,,შეფასების ინსტრუმენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ შემოთავაზებული  განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სკოლის დონეზე ადაპტირების საშუალებას იძლევა.  შევეცადეთ სტრუქტურირებული ,,რეფლექსიური დღიურის“ გამარტივებული ფორმის შექმნას  დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. თუ მესამე-მეოთხე კლასიდან დავაფიქრებთ მოსწავლეებს თავიანთ სასწავლო გამოცდილებაზე, გავაანალიზებინებთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ამით ბევრ  სასარგებლო უნარს განვუვითარებთ, რომელიც მათ გააზრებული სწავლა-სწავლების მონაწილედ აქცევთ და წინ უბიძგებთ.

მესამეკლასელებს  რომელიმე აქტივობის დასრულების შემდეგ  გავაცნობთ  ,,რეფლექსიური დღიურის“ შინაარსსა და მისი წარმოების პროცესს, რაც თავდაპირველად ჩვენთან ერთად და ზეპირი ფორმით წარიმართება.

  გაცნობიერება

 

შეფასება შემდგომი საჭიროება
 

გონებრივი

ამ აქტივობით რა შევისწავლე?

რა გავაკეთე?

 

 

 

 

რა მიზნით ვსწავლობ ამ საკითხს? რაში გამომადგება?

 

როგორ გავიგე ნასწავლი?

დამატებით რისი შესწავლა მჭირდება?

 

 

 

 

მოცემულმა აქტივობამ სწავლის უნარის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რა შემძინა?

საკითხის უკეთესად გასაგებად რა გავაკეთებდი?

სად შემიძლია დამატებითი ინფორმაციის მოძიება?

 

დამატებით რომელ მიზანს/მიზნებს ვისახავ?

 

ქცევითი

როგორ შევისწავლეთ/ შევისწავლე ეს საკითხი? რა ნაბიჯები გადავდგი?

საკითხის შესასწავლად რომელი სტრატეგიები გამოვიყენე?

 

სწავლის ეფექტური სტრატეგიები გამოვიყენე? როგორ შემიძლია ამ სტრატეგიის/ების გაუმჯობესება?
 

ემოციური

აქტივობის დროს როგორ ვგრძნოვბდი თავს?

რა მომეწონა, რა არ მომეწონა?

 

რატომ მქონდა ეს განცდა? რამ გამოიწვია? როგორ უნდა ვმართო ჩემი ემოცია, რომ მეტი შევძლო?
 

აკადემიური

 

 

 

 

 

 

 

რა გამიჭირდა? რა გამიადვილდა?

 

 

 

რა შევმატე ჩემს წინარე ცოდნას?

რა იყო სირთულის წყარო?

რა დამეხმარა, კარგად გაგებაში?

 

როგორ დავაკავშირე ახალი ცოდნა ძველს?

როგორ დავძლიო სირთულე?

 

 

 

წინარე ცოდნასთან და უნარებთან ამ აქტივობის დასაკავშირებლად რომელ ხერხს/ ტექნიკას გამოვიყენებდი?

პიროვნული განვითარება ჩემს შესახებ რა გავიგე?

რა იყო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე?

რას გავართვი თავი კარგად?

რა გამოწვევები დავინახე?

რა შესაძლებლობები დავინახე ჩემში?

 

 

რის გაუმჯობესებას ვისურვებდი ჩემში?

როგორ შემიძლია ამ მიგნებების გათვალისწინებით, ჩემი პიროვნული თვისებების გაუმჯობესება?

 

პირველ ეტაპზე მთელი კლასისთვის ვსვამთ ცალკეულ  კითხვებს გონებრივი იერიშის სახით, ვისმენთ ზეპირ პასუხებს, ვაძლევთ დამატებით კითხვებს და განმარტებებს, რომ ამ ინსტრუმენტის შინაარსში გავარკვიოთ. ორ-სამი ასეთი პროცესის შემდეგ, როცა დავრწმუნდებით, რომ ცხრილის კითხვები და სტრუქტურა მეტ-ნაკლებად გასაგებია კლასისთვის, ყველა მოსწავლეს ვურიგებთ ამ სქემას. ვთხოვთ, შექმნან რვეული ,,რეფლექსიური დღიურებისთვის“ და ცხრილი დააწებონ ყდის შიდა მხარეს.

ახალი აქტივობის განხორციელების შემდეგ კი, ვაძლევთ დროს და ვთხოვთ მოემზადნონ მოცემულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. მსურველებს ვთხოვთ, გაგვაცნონ თავიანთი პასუხები ან ჩანაწერებით ან ზეპირად.  თავიდან შესაძლებელია, კითხვების თითო ან ორ ჯგუფზე  ვამუშაოთ. თანდათან ხდება ინსტრუმენტის სრულად გააქტიურება. საბოლოოდ,  მოსწავლეები შეძლებენ პერიოდულად დაწერონ მოკლე რეფლექსიები, დღიურების სახით. ამ ეტაპს მეოთხე კლასშიც რომ მივაღწიოთ, არაფერი დაშავდება. წინარე სამუშაო თავის შედეგს მაინც გამოიღებს და მოსწავლეს სწავლის პროცესზე დაკვირვება-აზროვნებას მიაჩვევს. ასე რომ, აქ ასაჩქარებელი არაფერია. ჩანაწერებით, მოსწავლე თავის წინსვლასაც მიადევნებს თვალს.

ინსტრუმენტის რამდენიმეჯერ დამოუკიდებლად  გამოყენების შემდეგ საჭიროა მოსწავლეების მიერ შეფასდეს თავად ,,რეფლექსიური დღიური“, ამისათვის მათთან ერთად მოხდეს კრიტერიუმების გამოკვეთა, რომ დაფიქრდნენ: სასარგებლოა თუ ზედმეტი შრომაა, რაში მეხმარება და რაში მიშლის ხელს? რა შედეგი დავინახე? დამეხმარა თუ არა ჩემი პიროვნების შეცნობა-გაუმჯობესებაში? სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში?

ხშირად ამ ინსტრუმენტის გამოყენება სულაც არ არის რეკომენდირებული, მთავარია, მოსწავლეებს ჩვევაში გადაუვიდეთ იმ კითხვებზე დაფიქრება, რომელიც იქ არის წამოჭრილი, თორემ ამ ფიქრს წერილობით ფორმას მისცემენ, გაახმოვანებენ თუ გონებაში ატრიალებენ, მაინც სასარგებლო იქნება. მათ  სწავლის პროცესზე დაკვირვება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა  ჩვევაში გადაუვათ, ეს უნარი მკვიდრად განუვითარდებათ. წერილობითი დღიურები უფრო ეფექტური იქნება.

პარალელურად გამოყენებული განმავითარებელი შეფასების სხვა ფორმები_ ურთიერთშეფასება, მასწავლებლის უკუკავშირი, კომენტარი და ასე შემდეგ უკვე ქმნის განმავითარებელი შეფასების მთლიან და უწყვეტ პროცესს, რომელიც ასევე უწყვეტ განვითარებაზე და შედეგების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

 

გამოყენებული მასალა: პროექტით ,,შეფასების ინსტრუმენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ შემოთავაზებული რესურსი;

მოამზადა ნინო კაპანაძემ

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...